воскресенье, 20 марта 2022 г.

ქართლის სამეფო VI ს-ის I ნახ-ში. მეფობის გაუქმება (უ. მურღილია)

1. დვინის საეკლესიო კრება (506 წელი)
506 წელს დასრულდა სპარსეთ-ბიზანტიის მორიგი, ოთხწლიანი ომი, რომლის ძირითადი ფრონტი კავკასიის სამხრეთით, სამხრეთ არმენიასა და ჩრდილოეთ მესოპოტამიაში იყო. საზავო მოლაპარაკების შედეგად აღსდგა ძველი საზღვარი და აღნიშნულ რეგიონში 20 წლიანი მშვიდობა დამყარდა, თუმცა როგორც 523 წლის დიპლომატიური მოლაპარაკებიდან ჩანს უპირატესობა სპარსეთმა მოიპოვა, რის შედეგადაც ეგრისის მეფე შაჰის მსახური გახდა და ვაჟთან ერთად გამაზდეანდა. ქართული წყაროებიდან კი აშკარად ჩანს, რომ ვახტანგ გორგასლის გარდაცვალების შემდეგ ქართლში სპარსელთა ბატონობა აშკარა გახდა.
მიუხედავად ამ წარმატებისა შაჰი არ ჩქარობდა დაქვემდებარებული კავკასიელი ხალხების იძულებით საკუთარ სარწმუნოებაზე გადაყვანას და პირველ ხანებში ამჯობინებდა მოეგვარებინა თავისი გავლენის სფეროში მოქცეულ ქვეყნებში ქრისტიანებს შორის არსებული უთანხმოება, რაც ქაოსს იწვევდა და სიტუაციას არამყარს ხდიდა.
მეორე მხრივ, ბიზანტიაც იყო დაინტერესებული, რათა ქართულ და სხვა კავკასიურ ეკლესიებს მიეღოთ ის სარწმუნოებრივი პლატფორმა, რომელიც მნიშვნელოვანი იყო იმპერიისათვის იმ ეპოქაში. საქმე ის იყო, რომ ქალკედონის კრებამ გააღიზიანა ბიზანტიელი მონოფიზიტები, რომელნიც მოსახლეობის საკმაო რაოდენობას წარმოადგენდნენ. საიმპერიო ცენტრები, განსაკუთრებით კი პერიფერიები, დაძაბულობის კერებად იქცა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ შესაძლო დიდი სამოქალაქო ომის თავიდან ასაცილებლად ბიზანტიის ავგუსტმა ზენონმა 482 წელს გამოსცა ერთიანობის აქტი, რომელსაც ჰენოტიკონი ეწოდა. ბიზანტია დაინტერესებული იყო ჰენოტიკონის გავრცელებით კავკასიაში, განსაკუთრებით კი არმენიაში, რომელიც მნიშვნელოვან სადავო ქვეყანას წარმოადგენდა სპარსეთსა და ბიზანტიას შორის. იმ დროისათვის მსოფლიო ეკლესიაში არსებული წესის თანახმად, როგორც ქართული, ისე კავკასიური ეკლესიები წარმოადგენდნენ ერთ ნაწილს მსოფლიო კათოლიკე, ანუ საყოველთაო ეკლესიისა და ქართული ეკლესიის მეთაურს მსოფლიო ეკლესიასთან კავშირის განსამტკიცებლად ურთიერთობა ჰქონდა დამყარებული რომისა და იერუსალიმის ეკლესიების მეთაურებთან, ცხადია, ანტიოქია-კონსტანტინოპოლთანაც. მოღწეულია რომის პაპის გრიგოლ დიალოღოსის წერილობითი პასუხი კირიონ ქართლის კათალიკოსისადმი, რომელიც სარწმუნოებრივ საკითხებს ეხება, ე.ი. მართალია, ქვეყანაში სპარსელები ბატონობდნენ, მაგრამ ქართულ ეკლესიას მჭიდრო სარწმუნოებრივი ერთობა ჰქონდა მსოფლიო ეკლესიებთან. დვინის კრებაც არ შეიძლება განვიხილოთ მსოფლიო ეკლესიიდან მოწყვეტის მცდელობად, რადგანაც, როგორც გაარკვია ზ. ალექსიძემ, ეს კრება ბიზანტიის ინიციატივით იქნა მოწვეული.
ამრიგად, 506 წელს ორი იმპერიის შეთანხმებით, არმენიის ქალაქ დვინში ადგილობრივმა კათალიკოსმა ბაბგენ I-მა მოიწვია ამიერკავკასიის ქვეყნების გაერთიანებული საეკლესიო კრება, რომელსაც დაესწრო ქართლის კათალიკოსი 23 სხვა ქართველი ეპისკოპოსთან ერთად. 20 სომეხ ეპისკოპოსთან (სულ 32 ეპისკოპოსი იყო სომხეთში) ერთად ესწრებოდა აგრეთვე სომხეთის მარზპანი ვარდან მამიკონიანი /505–509/ და ალბანეთის ეპისკოპოსები (ალბანეთში 8 საეპისკოპოს იყო ამ დროს).
სომხური ეპისტოლეთა წიგნში მოხსენიებულია 506 წლის კრების მონაწილე ქართველი კათალიკოსისა და ეპისკოპოსთა სახელები: „1. გაბრიელ ეპისკოპოსი მცხეთისა სახელოვანი (ქართლის კათალიკოსი); 2. პალგენ ეპისკოპოსი სეფესახლისა; 3. ელიფას ეპისკოპოსი სამურიალი; 4. სამუელ ეპისკოპოსი ტუმასუელი; 5. დავით ეპისკოპოსი ბოლნისისა; 6. იაკობ ეპისკოპოსი ორტავისა; 7. სტეფანოზ ეპისკოპოსი რუსთავისა; 8. საჰაკ ეპისკოპოსი ტფილისისა; 9. ელაგეს ეპისკოპოსი მანგლისისა; 10. ენეს ეპისკოპოსი მარუელი; 11. ევგენეს ეპისკოპოსი სამთაველი; 12. იოსებ ეპისკოპოსი ადსუელი; 13. იოვან ეპისკოპოსი სარუსთიელი; 14. იოსებ ეპისკოპოსი კუხორდოსი; 15. ეზრას ეპისკოპოსი კისდადისა; 16. ენუქ ეპისკოპოსი წილკნისა; 17. იოსებ ეპისკოპოსი მიდამილი; 18. ლაზარ ეპისკოპოსი ბოლდბილი; 19. თეოდოროს ეპისკოპოსი ფორთის; 20. ზაქარია ეპისკოპოსი კასდრელი; 21. ფოკას ეპისკოპოსი ტსერმილი; 22. ისააკ ეპისკოპოსი ქუნანაკერტისა; 23. თომა ეპისკოპოსი ტარსისა; 24. ესტგენ ეპისკოპოსი ქორზონისა. ეს ნეტარი ეპისკოპოსები, რომლებიც თქვენი ქვეყნიდან იყვნენ, ალბანელებთან და სივნიელებთან ერთად არმენიაში შეიყარნენ ბაბგენ არმენიის კათალიკოსის დროს კრებაზე“.
დვინის კრებაზე დამსწრე ზემოთ ჩამოთვლილი ეპისკოპოსთა სახელები დროთა ვითარებაში გადამწერთა და მთარგმნელთა მიერ დამახინჯებულა. უკვე VII ს-ის დასაწყისში ზოგიერთი სახელის ამოცნობა ჭირდა, მით უმეტეს, რომ ცნობა მათ შესახებ ბერძნულიდან უთარგმნიათ არმენიულ ენაზე, რადგანაც არმენიული დედანი დაკარგულა, მაგრამ აბრაამ არმენთა ეპისკოპოსის თქმით, არსებულა ქართული დედანიც, რომლის მიხედვითაც კირიონს შეეძლო მცდარად დაწერილი სახელების აღდგენა.
მ. ბროსე ცდილა აღედგინა ზოგიერთი საეპისკოპოსოს სახელი. მაგალითად, „ფორთის“ ეპისკოპოსი სავარაუდოდ მიუჩნევია ფოთის ეპისკოპოსად, ტიმუელ – თმოგველად და ასე შემდეგ. პ. ინგოროყვა „ფორთის“ საეპისკოპოსოს მესხეთში ათავსებდა.
მოვიტანოთ ივ. ჯავახიშვილის, კ. კეკელიძისა და ს. კაკაბაძის ცდებს სიის აღდგენისა…
ივ. ჯავახიშვილი: მცხეთის, სამეფო სახლის, ასურეთის, თმოგველი? (დმანელი?), ბოლნელი, ცურტაველი, რუსთავის, თბილისის, მანგლელი, მროველი, სამთავნელი, აძველი? წყაროსთაველი, კუმურდოელი, გიშისა? წილკნელი? ბოდბელი, ბორტის, კარსნის, ხუნანის, ტარსის? და ქორბანისა (ქორჯანისა?).
ს. კაკაბაძე: მცხეთის, მეფის კარის, სამთავრელი, დმანელი, ბოლნელი, ცურტავის, რუსთავის, თბილისის, მანგლისის, მროველი, სამთავისის, აწყვერის, წყაროსთაველი, კუმურდოელი, ახიზის, წილკნელი, ნინოწმინდელი, ბოდბელი, ბერთას (ჩელეთი), კაწარელი, ჭერემი, ხუნანის, ტისუს? ხორანთა (ხორნაბუჯი).
კ. კეკელიძე: მცხეთის, მეფის კარის, სამთავრო, დმანელი, ცურტავი, რუსთავი, მროველი, აწყვერელი, წყაროსთაველი, კუმურდო, ახიზა, ნინოწმიდა//ბერთა, კაწარეთი, ჭერმელი, ხუნანი, ნიქოზი? ქორზანენე (ხორანთა, ხორნაბუჯი).
მისაღებია მ. ბროსეს ვარაუდი იმის შესახებ, რომ ეპისტოლეთა წიგნის „ფორთის საეპისკოპოსო“ იგივე ფოთის საეპისკოპოსოა. ამ ვარაუდს მხარს უჭერს არმენიური წყაროების ცნობა, რომლის მიხედვითაც კირიონი „წინანდელ წესთა“ თანახმად, VI ს-ის მეორე ნახევარში არჩეულ იქნა არა მარტო კათალიკოსად, არამედ ეგრისის არქიეპისკოპოსად და მას ფოთის მიტროპოლიტადაც მიიჩნევენ. მეორე მხრივ, არსებობს VI ს-ის ბერძენი ისტორიკოსის პროკოპი კესარიელის ცნობა, რომელიც წერს, რომ დასავლეთ საქართველოს ქრისტიანები ემორჩილებიან „კათალიკოსს“, კათალიკოსი კი იმ დროისათვის იჯდა არა დასავლეთ საქართველოში, არამედ მცხეთაში, თუ კირიონი VI ს-ის ბოლოს „წინანდელ წესთა“ თანახმად დადგენილ იქნა „ეგრისის არქიეპისკოპოსად“ და ფოთის მიტროპოლიტად. სრულიად შესაძლებელია, რომ მცხეთის კათალიკოსს VI ს-ის დასაწყისში დვინის კრების დროისათვის ფოთში ჰყოლოდა თავისი ეპისკოპოსი, რომელსაც „ფორთის“ ეპისკოპოსს უწოდებდა ეპისტოლეთა წიგნი.
პროკოპი კესარიელი წერს: „ქრისტიანთა მღვდელმთავარსაც კათალიკოსს უწოდებენ ელინთა ენით, რადგან ის ერთი განაგებს აქაურ სოფლებს“, თუმცა ძნელი გასაგებია, ამ „სოფლის“ ქვეშ დასავლეთ საქართველოს გულისხმობს თუ არმენიას, თუმცა კირიონის „ეგრისის არქიეპისკოპოსად“ დადგენის შესახებ ცნობა უეჭველია. ზ. ალექსიძის დასკვნით, „ყოველი ქართლის“ კათალიკოსი კირიონი ლაზიკის მიტროპოლიტის ხელს ითავსებდა“.
არმენი ისტორიკოსის იოანე დრასხანაკერტელის ცნობით, არმენიელმა კათალიკოსმა „ხელი დაასხა წმიდა კათოლიკე (საკრებულო) ეკლესიის უხუცესს კირიონს ქართლის სამწყსოს, გუგარქის და ეგრისის არქიეპისკოპოსად“.
ეპისტოლეთა წიგნში ასევე ნახსენებია „სეფე სახლის ეპისკოპოსი“, რომელსაც „სამთავრო სახლის“ ეპისკოპოსს უწოდებს ზოგიერთი მკვლევარი. ეს უნდა იყოს სამთავროს ეპისკოპოსი. როგორც ჩანს, სიტყვა „სამთავრო“ არმენიურად უთარგმნიათ პირდაპირი გაგებით, როგორც „მთავრობის სახლის“, ანდა „სეფესახლის“ ეპისკოპოსი. აღსანიშნავია, რომ სამთავროელი ეპისკოპოსი, რომელიც მცხეთაში იჯდა და, როგორც ჩანს, მართლაც მთავართა სახლის, ანუ „ერისმთავართა“ სახლის ეპისკოპოსი იყო, თავის სამწყსოში აერთიანებდა დასავლეთ საქართველოს ქრისტიანებსაც. ვახუშტის ცნობით, მცხეთელი ეპისკოპოსის სამწყსოში შედიოდა დასავლეთ საქართველოს ე.წ. სამოქალაქო, ხონი. ვახუშტი წერდა: „არს ხონს ეკლესია დიდი, გუმბათიანი, მშვენიერი ნაგები, ზის ეპისკოპოსი, მწყემსი ვაკისა. ეს იყო ერთობასა შინა ქართლის მთავარეპისკოპოზისა. შემდგომად განყოფისა დასვეს აქა ეპისკოპოსი“. ქართლის მთავარეპისკოპოსის ტიტული კათალიკოსობის დაწყების შემდეგ დარჩა მცხეთაში მჯდომ სამთავროს ეპისკოპოსს. როგორც ჩანს, „ერთობასა შინა ქართლის მთავარეპისკოპოსისასა“ ვახუშტი უწოდებს ხანას აფხაზეთის საკათალიკოსოს დაარსებამდე, ე.ი. VIII ს-მდე. როგორც ჩანს, ქართლის კათალიკოსის სამწყსოში შემავალ სამთავროელ ეპისკოპოსს დასავლეთ საქართველოში „ვაკე“ და ხონი ექვემდებარებოდა VI ს-ში, რადგან VII ს-ის 20-იანი წლებიდან, ჰერაკლე კეისრის ლაშქრობის შემდეგ, დასავლეთ საქართველოს ერთი ნაწილი თავის იურისდიქციაში შეიყვანა კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ. აღსანიშნავია, რომ მთელი დასავლეთ საქართველო (მდ. ეგრისწყლამდე და კლისურამდე) და ასევე კახეთი სამეფო მამულებს (დომენს) წარმოადგენდა. ეს კარგად ჩანს „ქართლის ცხოვრებიდან“, – ერისმთავარ („მეფე“) არჩილ მეფეს მირის სიკვდილის შემდეგ მთელი დასავლეთ საქართველო გადაეცემა, როგორც „საუხუცესო“ ტერიტორია. აქედან გადასული არჩილი თავისსავე მამულს აფარებს თავს კახეთში. საფიქრებელია, რომ სამეფო დომენები კახეთი და დასავლეთ საქართველო ეკლესიურად სამთავრო სახლს, ანუ სამთავროს ეპისკოპოსს ექვემდებარეობდა.
დვინის საეკლესიო კრებამ საბოლოოდ დაგმო ნესტორიანელობა და მიიღო ზენონ კეისრის დიოფიზიტ-მონოფიზიტთა შემარიგებელი „ჰენოტიკონი“. აქტები შედგა ქართულ, სომხურ, ალბანურ და ბერძნულ ენებზე. მათ სპარსეთის ქვეშევრდომ ქვეყნებში მცხოვრებ ორთოდოქსებთან თავიანთ ენაზე შედგენილი ეპისტოლეები გაატანეს ნესტორიანელებისაგან თავის დასაცავად სპარსეთიდან ჩამოსულ დელეგაციას. ეპისტოლეებში გადმოცემული იყო ამიერკავკასიის ეკლესიების მრწამსი და მათი რელიგიური პოლიტიკა.
ასურელი მონოფიზიტი მოღვაწის სიმეონ ბეთ-არშამელის (VI ს. დამდეგი) სიტყვით, მის დროს ჰენოტიკონი შეიწყნარეს და მის აღსარებას მისდევდნენ ქართლის ეკლესიის 33 ეპისკოპოზი მეფითა და აზნაურებითურთ და სპარსეთის სომხეთის 32 ეპისკოპოზი და მარზპანი. რატომ არ ესწრებოდა დანარჩენი 9 ქართველი და 12 სომეხი ეპისკოპოსი ჩვენთვის უცნობი რჩება.
2. სპარსელთა ბატონობის დამყარება ქართლში.
მრავალათასწლოვანი ისტორიის მანძილზე ქართველ ხალხს ბევრი მძიმე პერიოდი ჰქონია, მაგრამ მათ შორის განსაკუთრებით მძიმეა VI საუკუნე, როდესაც ქართველი ერი გადაშენების საფრთხის წინაშე დადგა. ამ პერიოდში პოლიტიკური დამოუკიდებლობა დაკარგა ორივე ძირითადმა ქართულმა სახელმწიფომ – ეგრისმა (ლაზიკე) და ქართლმა (იბერიამ) და იძულებული გახდა უცხო ქვეყნების მმართველთა დანიშნულ მოხელეებს დაქვემდებარებოდა.
VI საუკუნის დასაწყისისთვის კავკასიაში სამი მეტნაკლებად დამოუკიდებელი სამეფო იყო: ეგრისი, ქართლი და ალბანეთი (არმენიის სამეფო საბოლოოდ 428 წელს გაუქმდა). მათ ჩრდილოეთიდან დაბალგანვითარებული ტომები ესაზღვრებოდნენ, ხოლო სამხრეთიდან ორი უზარმაზარი იმპერია – ბიზანტია (აღმოსავლეთ რომი) და სასანიდური სპარსეთი. ტრადიციულად ბიზანტია, ისევე როგორც მისი წინაპარი რომის იმპერია თავის საკუთრებად მიიჩნევდა დასავლეთ კავკასიას (ანუ ეგრისსა და დასავლეთ სომხეთს), ხოლო სპარსეთი აღმოსავლეთ კავკასიას (ანუ ქართლს, აღმ. სომხეთსა და ალბანეთს). თუმცა ბუნებრივია ისინი ამით არ კმაყოფილდებოდნენ და ცდილობდნენ ერთმანეთის სამფლობელოებს დაუფლებოდნენ.
VI საუკუნის დასაწყისში განსაკუთრებულად გაძლიერდა სასანიდური სპარსეთის იმპერია. შაჰმა კავადმა (ზეობდა 488–496; 499–531) ისარგებლა ბიზანტიის პოლიტ-ეკონომიკური სისუსტით და განდევნა იგი კავკასიიდან. 510 წელს სპარსელებმა ხელმეორედ გააუქმეს ალბანეთის სამეფო და თავიანთ რიგით სამარზპანოდ (მხარედ) აქციეს. სპარსეთის უზენაესობა აღიარა ეგრისის მეფე დამნაზემ, რომელმაც მაზდეანობა მიიღო თავის ვაჟ წათესთან ერთად. სპარსელთა უღელი დაუმძიმდა იბერიასაც, სადაც ამ დროს ვახტანგის ძე დაჩი (დაახლ. 502–517) მეფობდა.
ჯუანშერი მოგვითხრობს: „დაჯდა საყდარსა მისსა ძე მისი დაჩი, ხოლო ცოლი და ორი ძენი ვახტანგისნი წაიყვანეს სამთა მათ ერისთავთა, და დაიკავეს დასავლეთი ქართლისა, რომელიც მისცა ვახტანგმა. და დასხდნენ წუნდას ქალაქსა ზაფხულობით, და ზამთრობით იყვნენ ოძრხეს. და არა ეწოდებოდათ მათ მეფედ, არამედ ერისთავთა-მთავრად, და იყვნენ მორჩილებასა ძმისა მათისა დაჩი მეფისასა. ხოლო ამან დაჩი მეფემან იწყო შენებად ქართლისა, რამეთუ მოოხრებულ იყო ყოველი ხევნი ქართლისანი, გარდა კახეთისა და კლარჯეთისა. და განასრულნა ზღუდენი ტფილისისანი, და, როგორც ებრძანა ვახტანგს, იგი შექმნა სახლად სამეუფოდ.
მოკვდა პეტრე კათალიკოსი და დაჯდა სამოელ. და მეფემან მას მიათვალა მცხეთა, რამეთუ ეგრე ებრძანა მეფესა ვახტანგს. ამან-ვე მეფემან დაჩიმ დაჰპატიჟა მთეულთა კახეთისათა, რათა აღიარონ ქრისტე, ხოლო მათ არა ინებეს, და განდგნენ ყოველნი ნოპატელნი1. ხოლო ორთა-ვე მათგან ძეთა ვახტანგისთა, ნაშობთა ბერძნისა ცოლისათა, მოკვდა რომელსაც ერქვა ლეონ და დარჩა მირდატ მხოლოდ. ამას მირდატს მისცა ჯავახეთი ფარავნიდან მტკვრამდე. დაიკავა მირდატმა, ძემან ვახტანგისმან, ფარავნიდან და ტაშისკარიდან ვიდრე ზღვამდე სპერისა (ე.ი. შავ ზღვამდე), და ერისთავობდა იქ; და იყო მორჩილი დაჩი მეფისა, ძმისა თვისისა. ამან ააშენა ჯავახეთს ეკლესია წყაროსთავისა და მოკვდა დაჩი მეფე“.
„მოქცევა ქართლისა“ მოგვითხრობს: „და ამისა შემდგომად მეფობდა დაჩი უჟარმელი, კათალიკოზი იყო პეტრე. და კათალიკოზი იყო სამოველ. და მისა ზე ტფილისს კაცნი დასხდებოდნენ, და მარიამ-წმიდა ეკლესია ააშენეს“.
დაჩის შემდეგ ქართლის ტახტზე მისი ძეები ბაკურ IV (დაახლ. 517–522. „ამისა შემდგომად მეფობდა ბაკურ, ძე დაჩისი, და კათალიკოზი იყო სამოველ“).
ბიზანტიული წყაროებით 522–523 წლებში იბერიის ტახტზე ზის მეფე სახელით გურგენი (სპარსულად ნიშნავს „მგლისა“).
თეოფანე აღმსარებელი (760–818) მოგვითხრობს: „კავადი ფლობდა ლაზიკას, ძალიან უყვარდა მისი მეფე წათე II (დაახლ. 522–529), რომელიც საკუთარი ხელით დასვა ტახტზე. ამის მიუხედავად 522 წელს ეგრისის მეფე კონსტანტინეპოლში ეწვია კეისარ იუსტინე I-ს (518–527) და თხოვა ქრისტიანად მონათვლა და ეგრისის მეფედ დამტკიცება. იუსტინემ სიხარულით მიიღო ის, მონათლა, „საკუთარ შვილად გამოაცხადა“, ეგრისის მეფედ დაამტკიცა, ცოლად ბიზანტიელი დიდებულის ომოსის ასული ვალერიანა შერთო, სამეფო სამოსელითა და დიდძალი ძვირფასეულობით დააჯილდოვა და შინ გამოისტუმრა. ამ ამბავმა საშინლად განარისხა სპარსეთის შაჰი“.
პროკოპი კესარიელი (დაახლ. 507–554) მოგვითხრობს: „თუმცა კავადს განზრახვა ჰქონდა რამენაირად შეჭრილიყო რომაელთა მიწა-წყალში, მაგრამ მან ეს მაშინვე ვერ მოახერხა, რადგან მას შემდეგი დაბრკოლება შეხვდა. იბერები, რომელნიც აზიაში ცხოვრობენ, დამკვიდრებულან სადღაც კასპიის კარებთან, რომელიც მათგან ჩრდილოეთით არის. მათ მარცხნივ, დასავლეთით მდებარეობს ლაზიკე, ხოლო მარჯვნივ, აღმოსავლეთით ცხოვრობენ სპარსელთა ტომები. იბერები ქრისტიანები არიან და ამ სარწმუნოების წესებს ყველა მეზობელ ხალხზე უკეთ იცავენ. ისინი ძველი დროიდანვე სპარსეთის ქვეშევრდომნი იყვნენ და სპარსეთის შაჰმა კავადმა გადაწყვიტა ძალით მოექცია თავისი სარწმუნოების წესებზე და 523 წელს მათ მეფეს გურგენს შეუთვალა სხვა რამეშიაც ისე მოქცეულიყო, როგორც სპარსელებში იყო მიღებული და მაზდეანობის სარწმუნოების მიხედვით მიცვალებულები მიწაში კი არ დაემარხათ, არამედ ფრინველებისა და ცხოველებისათვის გადაეგდოთ. ასეთმა სიმკაცრემ და სისასტიკემ იბერიაში აჯანყება გამოიწვია. მეფე გურგენმა კეისარ იუსტინე I-ს ელჩები გაუგზავნა და შეუთვალა: „მოგემხრობით და თქვენკენ გადმოვალთ, თუკი პირობას მოგვცემთ, რომ თქვენ ჩვენ,  იბერებს არასოდეს სპარსელებს აღარ გადაგვცემთო“. ავგუსტმა დიდი სიამოვნებით მისცა მას ეს დაპირება და ბოსფორში გაგზავნა დიდძალი ფულით პრობე, გარდაცვლილი ავგუსტის ანასტასის ძმისწული, რათა ჰუნების ჯარი ფულის საშუალებით დაეყოლიებინა და იბერთა დასახმარებლად გაეგზავნა. ბოსფორი (შავი) ზღვისპირა ქალაქია, ე.წ. ევქსნის პონტოში რომ შედიხარ – მარცხნივ, ხოლო ქ. ქერსონს, რომელიც არის რომაელთა მიწა-წყლის უკანასკნელი ადგილი, ოცი დღის სავალ გზაზეა დაშორებული. მათ შუა მდებარე ადგილი ჰუნებს უჭირავთ. ბოსფორიტები კი ძველად თვითავადად ცხოვრობდნენ, ხოლო დიდი ხანი არ არის, რაც იუსტინე მეფეს მიეკედლნენ. რადგან პრობე იქედან უშედეგოდ დაბრუნდა, მეფემ პეტრე სტრატეგოსი გაგზავნა ლაზიკეში რამდენიმე ჰუნითურთ, რომ ის დახმარებოდა გურგენს, რამდენადაც შესაძლებელი იყო. ამავე დროს კავადმა იბერთა განდგომის ამბავი შეიტყო თუარა, მაშინვე იბერიაში დიდი ლაშქარი გაააგზავნა უარიზის პატივის მქონე ვოის სარდლობით. გურგენმა დაინახა რომ მისი ძალები საკმარისი არ იყო სპარსელთა იერიშის მოსაგერიებლად, ხოლო რომაელების მიერ გამოგზავნილი დამხმარე ძალები მეტად მცირე იყო, ამიტომ ლაზიკეში გაიქცა იბერთა ყველა დიდებულებითურთ და თან წაიყვანა ცოლი, ძმები და შვილები, რომელთაგან უფროსი იყო პერანი. ლაზიკის საზღვრებში რომ მივიდნენ, აქ გაჩერდნენ და ძნელგასავლელი ადგილებით დაცულნი იგერიებდნენ მტერს. სპარსელები კი დაედევნენ მათ, მაგრამ მაინცადამაინც ვერაფერი დააკლეს, რადგან საქმეს აფერხებდა ძნელგასავლელი ადგილები. შემდეგ იბერები ბიზანტიონში ჩამოვიდნენ“.
ამრიგად ლაზიკის გავლით გურგენი კონსტანტინეპოლს გაეშურა. ეტყობა მეფე ფიქრობდა, რომ პირადი თხოვნის ფაქტობრივი უპასუხოდ დატოვების შემდეგ, ამ გზით მაინც დავითანხმებ ავგუსტსო. სამწუხაროდ მისი იმედები არ გამართლდა და გურგენის ოჯახს სამუდამოდ ბიზანტიაში მოუწია დარჩენა. იბერიის ტახტი ფარსმან VI-მ (ბერძნული წყაროებით ძამანორსი დაახლ. 523–537) დაიკავა. ასე დაიწყო პირველი ქართული პოლიტიკური ემიგრაცია უცხოეთში.
სხვათაშორის ზუსტად 1200 წლის შემდეგ იგივე, იმავე მიზეზით გააკეთა ქართლის მეფე ვახტანგ VI-მ, როდესაც ოჯახის, ნათესავებისა და დიდაზნაურების 1200 კაციანი ამალით გაემგზავრა რუსეთში (რომელიც ამავე დროს ბიზანტიის პოლიტიკური მემკვიდრე გახდა). ამ ემიგრაციის ბედიც ზუსტად ჰგავს გურგენის ემიგრაციის ბედს.
ჯუანშერი მოგვითხრობს: „დაჯდა მეფედ ძე ბაკურისი ფარსმან და მოკვდა კათალიკოსი სამოელ, და დაჯდა კათალიკოსად თავფეჩაგ. და მოკვდა თავფეჩაგ, და დაჯდა კათალიკოსად ჩერმაგ.
ვახტანგიდან აქამომდე ეს მეფენი მშვიდობით იყვნენ, და შვილნი მირდატისნი ჰმონებდნენ შვილთა დაჩისთა. ამის ფარსმანის მეფობასა მოვიდნენ სპარსნი, მოაოხრეს ქართლი და ალბანეთი. ხოლო ფარსმან, მეფემან ქართველთამან, ითხოვა სპარსთ მეფისაგან, რათა არა მოაოხრონ ეკლესიანი და შეუნარჩუნოს ქართლს ქრისტეს სჯული. რამეთუ მას ჟამსა ბერძენნი უცალო იყვნენ: დასავლეთით მტერნი აღდგომილ იყვნენ, და ვერ შემძლებელ იყვნენ შეწევნად ქართველთა და წინა-აღდგომად სპარსთა. მაშინ სპარსთა მეფემან ისმინა ვედრება მისი და დაიცვა ეკლესიანი. და ფარსმანმა დაუწერა მას მორჩილება და მსახურება, და წავიდა სპარსთა მეფე.
ამიერიდან გაიყვნენ ნათესავნი ვახტანგ მეფისანი. რამეთუ შვილნი დაჩისნი ჰმორჩილობდნენ სპარსთა, ხოლო შვილნი მირდატისნი დაადგნენ მორჩილებასა ბერძენთასა. მოკვდა ფარსმან და დაჯდა მეფედ ძმისწული მისი, რომელსაც ერქვა ფარსმან-ვე“.
„და მისა შემდგომად მეფობდა ფარსმან, და კათალიკოზი იყო თავფაჩაგ. და მისა ზე-ვე ჩიმაგა. და მისა ზე-ვე სპარსთა მეფობა მცხეთად მოვიდა და შეაშფოთა ქართლი და ქალაქნი და წავიდა“ – მოგვითხრობს „მოქცევა ქართლისა“.
532 სპარსეთის შაჰ ხოსრო I-სა (531–579) და ბიზანტიის ავგუსტ იუსტინიანე I-ს (527–565) შორის „უვადო ზავი“ (ე.წ. საუკუნო ზავი) დაიდო, რომლის თანახმად ლაზიკა ბიზანტიის საკუთრებად გამოცხადდა, ხოლო იბერია სპარსეთის. ამასთან გაქცეულ იბერებს ნება მიეცემოდათ მოქცეულიყვნენ ისე როგორც უნდოდათ: ან დარჩენილიყვნენ იქვე, ბიზანტიონში, ან დაბრუნებულიყვნენ თავიანთ სამშობლოში. ბევრი იყო, რომელიც დარჩა, ბევრი კიდევ დაბრუნდა სამშობლო ქვეყანაში. კავკასიის გადმოსასვლელებს იბერიაში სპარსელები დაიცავდნენ, ხოლო ბიზანტია სანაცვლოდ სპარსეთს ყოველწლიური თანხას გადაუხდიდა.
გურგენის გაქცევის შემდეგ სპარსელები ცდილობდნენ ქართლში მეფობის გაუქმებას და მის სამარზპანოდ ქცევას, მაგრამ ქართველები არ მორჩილობდნენ და ბრძოლას განაგრძობდნენ.
პროკოპი კესარიელი გვამცნობს: „იმის შემდეგ რაც ამ ბარბაროსთა დიდებულნი გურგენ მეფესთან ერთად განდგომას იზრახავდნენ, იმ დროიდან არც სპარსელები აძლევდნენ ნებას მათ მეფე ჰყოლოდათ, არც იბერები ემორჩილებოდნენ სპარსელებს თავისი ნებით, ასე რომ დიდი ეჭვითა და უნდობლობით ეპყრობოდნენ ერთმანეთს. ცხადი იყო, რომ იბერებს ძალიან უჭირდათ ასეთ მდგომარეობაში ყოფნა და ახლო მომავალში განზრახული ჰქონდათ აჯანყება, თუკი შეძლებდნენ ოდესმე შესაფერისი დრო ეხელთათ“.
სპარსელთაგან შევიწროვებული ფარსმან მეფე იძულებული გახდა დახმარების სათხოვნელად ბიზანტიაში წასულიყო. თეოფანე აღმსარებელი გვამცნობს: „535 წელს იბერიელთა მეფე ძამანორსი (იოანე მალალა უწოდებს ძამანაძი-ს) მოვიდა კონსტანტინეპოლში კეთილსათნო იუსტინიანე კეისართან (527–565) თავისი მეუღლითა და დარბაისლებითურთ; მან სთხოვა იუსტინიანეს მიეღო იგი რომაელთა მოკავშირედ და ჭეშმარიტ მეგობრად. კეისარმაც შეიწყნარა ეს თხოვნა, დიდი პატივი სცა მასაც და მის დარბაისლებსაც; ამგვარადვე დედოფალმაც აჩუქა მის მეუღლეს მრავალნაირი სამკაული, მარგალიტებით მოჭედილი და იუსტინიანემ გაისტუმრა ისინი მშვიდობით მათ საკუთარ სახელმწიფოში“.
ასეთი პატივისცემის მიუხედავად, ბიზანტიამ იბერიას რეალური დახმარება ვერ აღმოუჩინა, რადგან იუსტინიანე რომის იმპერიის აღდგენით იყო დაკავებული და სპარსეთთან ომისთვის არ ეცალა.
ძამანორსის გარდაცვალების შემდეგ ქართლის მეფე მისი ძმისშვილი ფარსმან VII (დაახლ. 537–552) გახდა, რომელიც ქართლის მთიანეთს იყო შეფარებული. შიო მღვიმელის ცხოვრება ფარსმანზე მოგვითხრობს, რომ იგი 550 წელს აბაზგების აჯანყების დროს ბიზანტიელებს ჯარით მიეხმარაო.
ჯუანშერი მოგვითხრობს: „იყო იგი მორწმუნე როგორც მამის ძმა მისი, და ჰმატა ყოველთა ეკლესიათა შემკობა. ხოლო ითხოვეს იუსტინიანესგან ქართველთა, რათა დასხდებოდნენ კათალიკოზად ნათესავნი ქართველთანი. რამეთუ მოდიოდნენ კათალიკოსნი საბერძნეთიდან. ხოლო იუსტინიანემ დაწერა წიგნი და დაბეჭდა თვისითა ბეჭდითა ესრეთ, რათა დასხდებოდნენ კათალიკოსად ნათესავნი ქართველთანი, და ჰქონდათ უაღრესობა ყოველთა ეკლესიათა და მღვდელთ-მთავართა ზედა. მოკვდა კათალიკოსი ჩერმაგ, და ამან-ვე ფარსმან მეფემან დასვა საბა. აქედან აღარ მოიყვანებდნენ კათალიკოსსა საბერძნეთიდან, არამედ ქართველნი დასხდებოდნენ, წარჩინებულთა ნათესავნი. და მოკვდა კათალიკოსი საბა, და მან-ვე მეფემან დასვა კათალიკოსად ევლათი“.
„მოქცევა ქართლისა“ გვამცნობს: „და მისა შემდგომად მეფობდა ფარსმან სხვა, და კათალიკოზი იყო დასაბია, მკვიდრი მცხეთელი. და აქედან ორთა სახლთა აიღეს კათალიკოზობა მცხეთელთა მკვიდრთა. და მის-ვე მეფისა ზე კათალიკოზი იყო ევლალე“.
3. მარზპანი და აზნაურები
510 წელს ალბანეთის მეფე ვაჩაგან III (487–510) გარდაიცვალა და ქვეყანა კვლავ სპარსეთის სამარზპანოდ იქცა. როგორც ჰაგიოგრაფიული ძეგლებიდან ჩანს, მისი პირველი მარზპანი გახდა ფირან გუშნასპი, რომელსაც 530-იანი წლებიდან აღმ. საქართველოც დაექვემდებარა და „გურზანისა და არანის“ მმართველად იწოდა. თუმცა იბერიაში მეფობა ნარჩუნდებოდა, ნამდვილი ძალაუფლება სპარსეთის მოხელეს – მარპზანს გადაეცა. იგი კრეფდა ხარკსა და სხვა გადასახადებს. მას ემორჩილებოდა ქართლში ჩამდგარი სპარსული ჯარი ციხე-ქალაქების ციხისთავები; მაგ. მცხეთის ციხისთავს, რომელსაც სპარსული მხედრობა ჰყავდა ხელქვეით. მარზპანს დაბალი წოდების ადამიანების გასამართლების უფლება ჰქონდა. აზნაურებსა და ერისთავებს კი მხოლოდ შაჰი ასამართლებდა. ციხისთავს მსუბუქ დანაშაულზე სასამართლოს წარმოება და მსჯავრის დადება შეეძლო, ხოლო როცა ბოროტმოქმედება სიკვდილით უნდა დასჯილიყო, მაშინ ციხისთავი დამნაშავეს საგამოძიებო მასალებთან ერთად მარზპანთან გზავნიდა.
შენარჩუნებული იყო ძველი სამოხელეო თანამდებობა „ქართლის მამასახლისი“, თუმცა მისი უფლებამოსილების შესახებ ცნობები არ გვაქვს.
ამიერიდან ქართლის ყველა დიდ ციხე-ქალაქში (მათ შორის მცხეთასა და თბილისში) სპარსული ჯარი ჩადგა. მარზპანს დაექვემდებარა ქართლის მამასახლისი, პიტიახში, და ერისთავები. შემოვიდა სპარსული კანონები და გაჩაღდა ქრისტიანობის სასტიკი დევნა. ხოცავდნენ მღვდლებს და არბევდნენ ეკლესიებს.
მარზპანი და ციხისთავები ქვეყნის ბატონები იყვნენ, ქვეყნის პატრონებად, მისი შინაური საქმეების გამგეთ კი აზნაურთა წოდება გახდა. სუმბატ დავითის ძე გვამცნობს: „როდესაც მოაკლდა მეფობა შვილთა გორგასლისათა, იმ ჟამიდან ეპყრა უფლება ქართლისა აზნაურთა“.
4. VI ს-ის ანონიმი სირიელი ავტორის „ფირან გუშნასპის წამება“
„პეროზის მეფობიდან მოყოლებული ხოსროს მეფობის მეათე წლამდე (541 წ.) სპარსეთში ქრისტიანები მოსვენებით, უვნებლად და თავისუფლად ცხოვრობდნენ, ხოლო ამ წელს მოგვებმა მათ დევნულობა აუტეხეს. ხოსროს მეფობის მეათე წელს მაგებმა დაიწყეს ქრისტიანთა დევნა. სადაც ქრისტიანები სუსტები იყვნენ ტაძრები და მონასტრები დაანგრიეს. ამ დროში ცხოვრობდა ადამიანი რეიში, სპარსეთში განთქმული საგვარეულოს მიჰრანის გვარიშვილი, რომელსაც თავიდან ერქვა ფირან გუშნასპი, ხოლო მონათვლის შემდეგ უწოდეს გრიგორი. იგი სპარსეთის მეფისაგან ჩრდილოეთის საზღვრის გამგე-უფროსად იყო დანიშნული და გურზანის და არანის ქვეყანაში სანაპირო საზღვრის დაცვა ჰქონდა ჩაბარებული. მის ხელქვეით იქ ბევრი ათასეული მხედარი იყო.
კავადის მეფობის ოცდამეათე წელს (518 წ.) ფირანი გაქრისტიანდა და, რის გამოც, 3 წელი წყლიან ავზში გაატარა. შემდეგ (521 წელს) სპარსეთის მეფე დაარწმუნა კვლავ ძველი თანამდებობაზე დაებრუნებინა. როცა სპარსელებსა და რომაელებს შორის გურზანისა და არანის მხარეში ომი დაიწყო (527–531 წლებში) ფირან გუშნასპი სპარსელთა ჯარს სარდლობდა და დამარცხდა, რომაელებმა იგი დაატყვევეს,  ავგუსტს მიგვარეს და ციხეში ჩასვეს. ზავიდან მეორმოცე წელს ხოსრო ავიდა ტახტზე და უბრძანა თავის სამ წარმომადგენელს წასულიყვნენ რომაელებთან, რომ გაგრძელებულიყო ზავი ორ სამეფოს შორის. ავგუსტმა კარგად მიიღო ელჩობა, დათანხმდა ზავზე (532 წ.) და გრიგორიც ტყვეობიდან გაათავისუფლა, რის შემდეგაც (533 წელს) სპარსეთის მეფემ იმ მხარეთა მმართველობა დაუბრუნა, რომელთაც ადრე მართავდა.
ამის მიუხედავად იგი ქრისტიანად რჩებოდა, რის გამოც განაწყენდნენ მისი ახლობლები მიჰრანის სახლიდან, იჩივლეს მეფესთან და მოითხოვეს მისი დასჯა. გრიგორი გადააყენეს, დააპატიმრეს და მოთხოვეს ქრისტიანობაზე უარის თქმა. გრიგორმა უარი თქვა და ყველანაირ წამებას გაუძლო. გურზანისა და არანის მმართველად გრიგორის ძმა (არვანდ გუშნასპი) დანიშნეს. ამ დროს რომაელებსა და სპარსელებს შორის ომი დაიწყო.
მეფობის მეცხრე წელს (540 წ.), სპარსეთის მბრძანებელმა სირიაში გაილაშქრა, ანტიოქია დაანგრია და გადასწვა.
ერთი წლის შემდგომ, სპარსეთის მეფე იძულებული იყო ჰეგართა ქვეყანაში (ეგრისი) გაელაშქრა (542 წელს). გამარჯვების შემდგომ შინ მიმავალმა ხოსრო მეფემ იმ ჰეგართა ქვეყანაში სანაპიროს დასაცავად სწორედ ფირან გუშნასპი დასტოვა.
მოგვების მოთხოვნით მეხუთმეტესა წელსა მეფობისა ხოსრო სპარსთა მეფისა (546 წ.), გამოიცა მეფისაგან ბრძანება თავის საბრძანებლის ყველა ქვეყნისადმი, რომ ვინც სპარსთა ტომისაგან ქრისტეს აღმსარებელი აღმოჩნდება, შეიპყრონ, ციხეში დაამწყვდიონ, მკაცრი ტანჯვით ღვთისმსახურების დატევება აიძულონ და მზესა და ცეცხლს თაყვანი აცემინონ. გრიგორი, როგორც ქრისტიანი, კვლავ შეპყრობილ იქნა და დიდად ტანჯული ქართველთა მარზპანისაგან, რომელსაც ერვანდ ვშნასპი ერქვა. დიდი ხანი წამების მიუხედავად ვერ გატეხეს, რის გამოც გაასამართლეს და თავი მოკვეთეს“.
5. VI ს-ის ანონიმი ავტორის „ევსტათი მცხეთელის წამება“
„წელსა მეათესა ხოსრო მეფისასა (541 წ.) და არვანდ გუშნასპისა მარზპანობასა ქართლისა მოვიდა კაცი ერთი სპარსეთიდან, სოფლისა არშაკეთისა, ძე მოგვისა, და წარმართი იყო იგი. და სახელი ერქვა მას გვირობანდაკ, და დღითა იყო იგი ოცდაათი წლის.
მოვიდა იგი ქალაქად მცხეთად და სწავლობდა ხელსა მეხამლობისასა (ხარაზობას ანუ ფეხსაცმლის კერვას) და აკვირდებოდა იგი რჯულსა ქრისტეანეთასა და მსახურებასა ქრისტესსა და წმდისა ჯვარისა ძალისა ჩინებასა. შეიყვარა მან რჯული ქრისტეანობისა და ირწმუნა ქრისტე. და როდესაც ისწავლა მეხამლობა, ითხოვა მან ცოლი ქრისტეანე და თვით ქრისტეანე იქმნა და ნათელი მოიღო. ხოლო ნათელის-ცემასა მისსა უწოდეს მას სახელი ევსტათი (ბერძნულად ნიშნავს „კეთილადმდგომს“)“.
როგორც ზემოთ ვნახეთ 546 წელს ხოსრომ გამოსცა კანონი მის სამფლობელოებში ქრისტიანობის დევნის შესახებ.
„მას ჟამსა შეიკრიბნენ სპარსნი, რომელნიც მცხეთად იყვნენ, მეჯადაგენი (იგივეა რაც მეჯღანე ანუ ფეხსაცმლის შემკეთებელი) და მეხამლენი, ტოზიკობდნენ (ტოზიკი ნიშნავს დღესასწაულს, ლხინს. ე.ი. მაზდეანურ დღესასწაულს ზეიმობდნენ) და მიავლინეს ევსტათისა და უთხრეს: „მოხვედი და შემოგვიერთდი შვებასა ამას ჩვენსა“. ხოლო ევსტათიმ გაიცინა და უთხრა მათ: „თქვენი ტოზიკიცა ბნელი არის, და თქვენ, მეტოზიკენიცა, ბნელი ხართ. ხოლო მე ქრისტეს ბეჭედი მიმაღებიეს და ქრისტეს ტოზიკსა ვტოზიკობ (ე.ი. აღდგომას ვდღესასწაულობ), რამეთუ ქრისტეს ბეჭდითა აღბეჭდულ ვარ და ბნელსა მაგას განშორებულ ვარ“. (როგორც ჩანს მაზდეანები ზეიმობდნენ ახალწლის დღესასწაულს, ნავროზობას, რომელიც ამ დროს აღდგომას ემთხვეოდა. მაზდეიანთა ახალი წელი, ნავროზობა, დადებული იყო გაზაფხულის დამდეგს, ის გრძელდებოდა 22 მარტიდან – 28-მდე /სხვათა შორის, ქრისტიანთა აღდგომის წითელი კვერცხი ხმარებაში იყო მაზდეიანთა ამ დღესასწაულზედაც/, ქრისტიანთა აღდგომა 22 მარტიდან 28-მდე მოდიოდა 547 წელს. ამ წელს ის 24 მარტს მოდიოდა, მაშასადამე, პირველად ევსტათი 547 წელს დაუბეზღებიათ).
როდესაც ტოზიკი იგი გადაიხადეს, შეიკრიბნენ იგივე მეჯადაგენი და მეხამლენი და ზრახვა-ყვეს წინაშე უსტამისა, მცხეთელ ციხისთავისა, და უთხრეს: „აქ კაცი ერთი არის ჩვენისა რჯულისაგანი და ჩვენ თანა ტოზიკსა არ მოვიდა და ცეცხლი არა გამოსცა, და ჩვენსა რჯულსაცა ჰგმობს და ჩვენ გვაგინებს და იტყვის: „რადგან მე ქრისტეანე ვარო“. ხოლო აწ შენ მოუწოდე და ჰკითხე, რამეთუ ამას ქალაქსა შინა ხელმწიფე ხარ“.
უსტამ, ციხისთავმან მცხეთისამან, ისმინა მათი და მიავლინა ერთი მხედართაგანი მოწოდებად ევსტათისა, და როდესაც მივიდა მხედარი იგი მრისხანედ უთხრა ევსტათის: „გიწვევს შენ ციხისთავი!“.
ხოლო ევსტათი მცირედ შებრკოლდა და უნდოდა მორიდება და შემდეგ განიზრახა და თქვა: „ესე მოყვასნი ჩემნი არიან, ამათგანღა რომ შევშინდე, შემდეგ დიდთა მთავართა წინაშე როგორ წარვდგე, უნდა მივიდე მისა და ცხადად ვაღიარო ქრისტე, რამეთუ მსმენია წმიდისა ევანგელესაგან, როგორც-იგი თქვა: „რომელმან მაღიაროს მე წინაშე კაცთა, ვაღიარო მეცა იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა, და რომელმან უარმყოს მე წინაშე კაცთა, უარვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა, რომელიც არის ცათა შინა“. და დაიწერა ჯვარი შუბლსა და გულსა და თქვა: „უფალი ჩემ თანა არის“.
და მოვიდა იგი ევსტათი და წარმოდგა წინაშე უსტამ ციხისთავისა მცხეთელისა, და მწოდებელმან მან უთხრა უსტამს: „ეს არის ჩვენისა რჯულისა მომაგინებელი“. და მიხედა ციხისთავმან მან ნეტარსა ევსტათის და ჰკითხა: „შენ გეტყვი, კაცო, მითხარ მე, რომლისა სოფლისა (ანუ ქვეყნიდან) ხარ, ანუ რომლისა ქალაქისა, ანუ რომელი რჯული გიპყრია?“.
ხოლო ევსტათიმ უთხრა მას: „მე სოფლისა სპარსეთისა ვიყავ, ხევისა არშაკეთისა, ქალაქისა განძაკისა ვიყავ. მამა ჩემი მოგვი იყო და მეცა მოგვებასა მასწავლიდა, და მე მოგვება არა თავს ვიდევ, რამეთუ განძაკს ქალაქსა ქრისტეანენი უფრო არიან და ეპისკოპოსი და მღვდელნი და მათგანღა ყოველსა ზედა მივიწიე, რამეთუ უფროსი არის ყოველსა რჯულსა ქრისტეანობა, ვიდრე უღმრთოება. და აწ მე ქრისტე მწამს და ქრისტეს მსახურებასა შინ ვარ“.
ხოლო უსტამ ციხისთავმან უთხრა მას: „არავინ გაპატიებს ქრისტეს მსახურ ყოფას და, თუ მშვიდობით არა განუტევო სიცოფე ეგე შენი, ტანჯვა დიდი მოიწიოს შენ ზედა“.
ხოლო ევსტათიმ უთხრა: „არა მხოლოდ ტანჯვად განმზადებულ ვარ ქრისტეს სიყვარულისათვის, არამედ სიკვდილისთვისაც თავი ჩემი არა მეწყალის“.
როდესაც იხილა უსტამმა გულს-მოდგინედ დამტკიცება ევსტათისი, განიზრახა და თქვა: „ამის კაცისა პატიჟი მე არარა ხელ-მეწიფების, არცა აღბმა ძელსა, არცა პყრობილება, არამედ წარუძღვანო ეგე ტფილის ქალაქსა არვანდ გუშნასპს, ქართლისა მარზპანსა, და რა-იგი შეჰგვანდეს, მან უყოს, რამეთუ ყოვლისა კაცისა ქართლს მას ხელ-ეწიფების სიკვდილი და ცხოვრება“.
და ბრძანა უსტამ ციხისთავმან მცხეთისამან ორთა მხედართა წაყვანება ნეტარისა ევსტათისი ტფილისს. და შეიკრიბნენ იგივე მეჯადაგენი და მეხამლენი და მოვიდნენ უსტამისა და უთხრეს: „არიან აქა სხვანიცა ჩვენისა რჯულისანი და ისინიცა ქრისტეანე არიან და მათიცა ბრძანე მოწოდება და ტფილისს მათიცა წაყვანება“.
ხოლო უსტამმა ჰკითხა მათ: „ვინ არიან ისინი?“. და მათ უთხრეს სახელები მათი და თქვეს: „ერთსა გუშნაკ ქვია, ერთსა ბახდიად, ერთსა ბორზო, ერთსა პანა გუშნასპ, ერთსა პეროზაკ, ერთსა ზარმილ, ერთსა სტეფანე“.
და უბრძანა უსტამმა მოწოდება მათი, ხოლო განკითხვა მათი არარა-ყო, გარნა ამათ რვათა-ვე შეკრვა ბრძანა და წაყვანა ტფილისს არვანდ გუშნასპთან, მარზაპანსა ქართლისასა, და ასე მისწერა: „ესე კაცნი ჩვენისა რჯულისანი იყვნენ, და აწ ქრისტეანეთა რჯული უპყრიათ. ხოლო მე შევიპყრე და შენ, უფალსა, მიგიძღვანე, რამეთუ შენ ხელ-გეწიფების მაგათი განკითხვა“.
და წარადგინეს ესე რვანივე წინაშე მარზპანსა, ხოლო მან ჰკითხა მათ: „ვინანი ხართ, ანუ რომელი რჯული გიპყრიეს?“ და მათ უთხრეს კაცად-კაცადმან სოფელი თვისი და დაბა თითოეულისა და უთხრეს ყოველთა: „მამულსაღა ზედა რჯულსა ვიყავით, სპარსთა რჯული ვიცოდით, ხოლო რაჟამს ქართლად შემოვედით და ქრისტეანეთა რჯული ვიხილეთ, ქრისტეანე ვიქმნენით და აწ ქრისტეანე ვართ, რამეთუ ქრისტეანეთა რჯული წმიდა და სურნელ არის და ფრიად კეთილ და მშვენიერ არის, ხოლო სხვა რჯული ვერ ესწორების რჯულსა ქრისტეანეთასა“.
ხოლო სიტყვის მიმგებელ იყო მათ შორის მსაჯულისა მიმართ ევსტათი. როდესაც ესმინა ესევითარნი სიტყვანი მათგან, გული განუწყრა და უბრძანა მსახურთა თვისთა პირსა ცემა მათ და გარე გაყვანება მათ ყოველთა და ბრძანა: „დაყვინეთ მაგათ თავი და წვერი და გაუხვრიტენით მაგათ ცხვირნი, და ჯაჭვი დასდევით ქედსა მაგათსა და ბორკილნი შეუბით ფეხთა და შესხენით ეგენი საპყრობილესა, და, თუ ვინმე აღიაროს მაგათგანმან მამული რჯული, განუტევეთ და ჩემდა მოაწიეთ და მე განვამდიდრო იგი ბოძითა დიდითა, ხოლო რომელმაც მამული რჯული არა აღიაროს, იგი საპყრობილესა შინა მოაკვდინეთ!“.
როდესაც ესმა მარზპანისა სიტყვა იგი, „რომელმაც აღიაროს მამული რჯული, იგი ვაცხოვნო, და რომელმაც არა აღიაროს, საპყრობილესა შინა მოაკვდინეთო“, მას ჟამსა შეშინებულმა ბახდიადიმა და პანა გუშნასპმა და უარყვეს ქრისტე და უღმრთოება აღიარეს. ხოლო მათ ნაწილი ჯვარის-მცვმელთა თანა მიიღეს, ხოლო ევსტათი, გუშნაკ, ბორზო, პეროზაკ, ზარმილ და სტეფანე, გულს-მოდგინედ და მტკიცედ იდგნენ სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა. როდესაც უთხრეს მარზპანსა, რომ ორთა მათგანთა აღიარეს მამული რჯული, გაიხარა მარზპანმან და ბრძანა შეყვანება მათი, გვერდით დაისხა ისინი და უქადებდა მათ საფასესა დიდსა და კეთილად პყრობასა. ხოლო ევსტათისი და სხვათა მოყვასთა მისთა ბრძანა თავისა და წვერისა დაყვენა და ჯაჭვსა ქედსა დადება და ბორკილითა საპყრობილესა შესხმა მათი. ხოლო მსახურთა მათ აღასრულეს ბრძანება მარზაპნისა მის და დაყვინეს ისინი თმითა და წვერითა, და ჯაჭვით დაბორკილი საპყრობილედ შეყარეს. ხოლო ბახდიადს და პანა გუშნასპს ნუგეში სცა და განუტევა ისინი, ხოლო საფასესა და კეთილსა, რომელსაც უქადებდა მათ, თუმცა ერთი ფსირიდი (ფულის უმცირესი ერთეული) არ მისცა მათ.
ხოლო ევსტათი და სხვანი იგი მოყვასნი მისნი შეპყრობილ იყვნენ ექვსი თვე. და შემდგომად ექვსისა თვისა (დაახლ. 547 წლის ოქტომბერი) მწოდებელი სპარსთა მეფისა მოიწია არვანდ გუშნასპისა. როდესაც მარზპანი აპირებდა მეფისა წინაშე წასვლას, შეიკრიბნენ ქართლისა მთავარნი და მარზპანთან სასაუბროდ მოვიდნენ.
რაჟამს ამხედრდებოდა მარზპანი იგი, აღდგნენ მთავარნი ქართლისანი და სამოელ ქართლისა კათალიკოზი და გრიგოლ ქართლისა მამასახლისი და არშუშა ქართლისა პიტიახში და სხვანი სეფეწულნი და მარზპანსა უთხრეს: „ვევედრებით შენსა მაგას უფლებასა, სათხოველსა ერთსა გთხოვთ“. ხოლო მან უთხრა მათ: „თქვით რაცა გნებავთ, რაცა იყო რომელიც თქვენ არა დაგამადლოთ!“. ხოლო მათ ყოველთა თქვეს: „გევედრებით შენ, შეგიძლია შენ, უფალო, განტევება კაცთა მათ, რომელნიც იგი მცხეთელნი ქრისტეანობისათვის საპყრობილედ მიცემულ არიან“. უთხრა მათ მარზპანმა: „იგი კაცნი მოსაკლავად გაამზადეს, მაგრამ თქვენითა თხოვნითა განუტევნი მათ“. ხოლო მათ მადლი მისცეს მას, და უბრძანა განტევება მათი და გამოიყვანეს ისინი მიერ საპყრობილით და მოვიდნენ ისინი ვანად თვისა. ზოგიერთმა მათგანმან ნებითა ღმრთისათა შეისვენა (მოკვდა) ჟამად-ჟამად და ზოგიერთი ცოცხალ არიან.
ხოლო რომელთაც უარყვეს ქრისტე, ბახდიად ეშმაკეულ იქმნა (გაგიჟდა) და ძნელად (ტანჯვით) მოკვდა, ხოლო უბადრუკმა პანა გუშნასპმა გლახაკობითა ატარა დღენი, რომელსაც პური საჭმლად არა ჰქონდა და ხორცთა საფარველი სამოსლად არა ჰქონდა, და ვიდრე იგი ცოცხალ იყო, გაჭირვებით და ჭირით იყვნენ დღენი მისნი.
შემდგომად სამისა წლისა (დაახლ. 550 წელს), შემოვიდა ვეჟან ბუზმირ ქართლისა მარზპანად. და წავიდნენ სპარსნი მცხეთით, შემასმენელნი ნეტარისა ევსტათისნი, ტფილისს, და წარდგნენ წინაშე ვეჟან ბუზმირ მარზპანისა და უთხრეს: „კაცნი არიან მცხეთას ჩვენისა რჯულისანი და განდგომილ არიან იგინი ჩვენგან და ქრისტეანობენ, აწ განკითხვა მათი თქვენ ხელ-გეწიფების“. და უბრძანა ვეჟან ბუზმირ ორთა მხედართა წასლვა და მოწოდება ევსტათისი და სტეფანესი. და როდესაც მივიდნენ მხედარნი იგი, უთხრეს ევსტათის და სტეფანეს: „გიწვევს თქვენ მარზაპანი“. და მათ უთხრეს: „მოვალთ თქვენ თანა, არა გვეშინია“.
სანამ გაემართებოდნენ ევსტათი და სტეფანე ტფილისს, უთხრა ევსტათიმ სიდედრსა თვისსა, და ცოლსა და შვილთა თვისთა და მონა-მხევალთა თვისთა: „ჯმნულმცა ვარ მე თქვენგან, რამეთუ მე აქა არღარა მოქცევად ვარ და ქრისტე მე არა უვარ-ვყო და მათ მე არღარა განმიტეონ ცოცხლებით, ხოლო სიკვდილი ჩემი ტფილისს ყოფად არის საპყრობილესა და თავი მოკვეთად არის ჩემდა, ხოლო გვამი ჩემი მოიწიოს აქავე ნებითა ღმრთისათა“.
და როდესაც ესე თქვა, იჯმნა ყოველთაგან და მათ ყოველთა დაიწერეს ჯვარი და გაემართნენ ტფილისს, იგი და სტეფანე მხედართა მათ თანა. ხოლო სახლეულნი, ნათესავნი და თვისნი მოსტიროდნენ უკანა და ვითარ წიაღ-ხდეს ველად და მიიწივნენ წინაშე ჯვარსა მცხეთისასა, აიპყრა ხელნი წმიდამან ევსტათიმ და თქვა: „უფალო, ღმერთო იესუ ქრისტე, უკუეთუ ღირს მყო მე სიკვდილსა სახელისა შენისათვის ქრისტეანებით, ხორცთა ჩემთა ნუ ჯერ გიჩნს განგდება გარე და შეჭმა ძაღლთა და ფრინველთა ცისათა, არამედ ხორცთა ჩემთა ბრძანე აქავე მოქცევა და დამარხვა მცხეთას, სადაცა ნათელ-მიღებიეს“.
როდესაც ეს სიტყვა თქვა ევსტათიმ, ჯვარსა თაყვანი სცა და იჯმნა კრებულისა მისგან, და გაემართნენ ტფილისს. და როდესაც მივიდნენ მხედარნი იგი, წარუდგინეს ევსტათი და სტეფანე წინაშე ვეჟან ბუზმირ მარზპანისა და უთხრეს: „ესე არიან ახალ ქრისტეანენი იგი მცხეთელნი“. ხოლო ვეჟან ბუზმირმა ჰკითხა ევსტათის და სტეფანეს: „ვინანი ხართ ანუ რომელი რჯული გიპყრიათ?“ და ადგნენ ასურნი მთავარნი კაცნი სტეფანესთვის და თქვეს: „ესე კაცი ჩვენ ვიცით, ჩვენი მდაბური არის, მამა და დედა და ძმანი და დანი მაგისნი ქრისტეანე არიან, და ეგეცა ქრისტეანე არის“. ხოლო სტეფანე მათითა მით სიტყვითა განუტევეს, ხოლო ევსტათის კითხა: „შენ ვინა ხარ, ანუ რომლითა რჯულითა სცხოვნდები?“
ევსტათიმ თქვა: „უკეთუ მკითხავ, ისმინე გულს-მოდგინედ და გითხრა შენ ყოველი: მე ვიყავ ქვეყანისა სპარსეთისა, ხევისა არშაკეთისა, ქალაქისა განძაკისა. და მამა ჩემი მოგვი იყო და ძმანი ჩემნი მოგვნი იყვნენ, და მეცა მამა მოგვებასა მასწავლიდა. ხოლო მე მამული რჯული არა მიყვარდა და ვთქვი გონებასა: ესე რჯული არა მიყვარს, აწ ჰურიათაცა ვისმინო და ქრისტეანეთაცა, და რომელიც უკეთეს იყოს, იგი რჯული შევიყვარო. და დღისით მამა ჩემი მოგვებასა მასწავლიდა და ღამეღა ქრისტეანეთა დაჰრეკიან, ეკლესიად მივიდოდი და ვისმენდი ჟამობასა მას მათსა და ვხედავდი მსახურებასა მას ქრისტეანეთასა, რომელსაც ჰყოფდნენ ღმრთისათვის. და ჰურიათა თანაცა ბაგინად შევიდოდი და მათსაცა მას მსახურებასა ვჰხედავდი. ხოლო ქრისტეანეთა ლოცვასა ხმა მათი, ვითარცა ხმა ანგელოზისა, მესმოდა და ფრიად სურნელ არის და საამო ჟამობა მათი. ხოლო ბაგინად ღამე შევედი ჰურიათასა, ვერა ვცანი, რასაც ამბობდნენ. და შემდეგ კვლავ შევედი ეკლესიად და მომეახლა მე სამოელ არქედიაკონი და რჯულის მცოდნე და მითხრა მე: „რას შემოხვედი შენ ეკლესიად ასე გულს-მოდგინედ?“ – ხოლო მე ვუთხარი მას: „უფალო, შენცა იცი, ვინ ვარ მე, მაგრამ არა მიყვარს მე რჯული ესე მამული ჩემი და მინებს ვინმცა მაცნო რჯული ჰურიათაცა და ქრისტეანეთაცა, რომელიმცა რჯული უწმიდე იყო, იგიმცა შევიყვარო“.
მაშინ სამოელ არქედიაკონმან მითხრა მე: „უკეთუ გინებს ჭეშმარიტად ცნობა, ორივე რჯული მე გითხრა შენ კეთილად. ხოლო გამორჩევა არა შენი არის, როგორც უფალმან გიბრძანოს“. ხოლო მე ფრიად ვევედრე და ვუთხარი მას: „რომლითა ღმრთისა სათნო ვიყო, იგი მინებს რჯულის პყრობად და იგიცა მიბრძანე“. ხოლო სამოელ არქედიაკონმან იწყო თხრობად და მითხრა მე: „გულს-მოდგინედ ისმინე ძმაო! წინათ სპარსთა რჯული იყო, როგორც შენ თვით იცი, ხოლო ღმერთსა სძაგდა რჯული იგი სპარსთა და არა მოსწონდა, შემდეგ ჰურიანი გამოარჩია ღმერთმან და სათნო იყვნა და მისცა მათ რჯული და მცნება დამარხვად. მაშინღა ქრისტეანენი სათნო იყვნა ღმერთმან უფროს ჰურიათასა“. და შემდეგ ვევედრე სამოელს არქედიაკონსა და ვუთხარი: „უფალო, ნუ გეწყინების და კეთილად მაცნობე“. და მერე ვჰკითხე: „უფალო, ჰურიანი ვიეთნი იყვნენ, ვინა მოვიდნენ და შეიყვარა ისინი ღმერთმან?“ – მაშინ მითხრა მე სამოელ არქედიაკონმან: „თხრობა ეგე ჰურიათა დიდი არის, ძმაო, ხოლო თუ განჰმარტე სასმენელნი შენნი და გულს-მოდგინედ ისმენდე, მეცა უწყინოდ ყოველი გითხრა და გამცნობო შენ“: და მოუთხრო არქედიაკონმა ჰურიათა სჯულისა და ქრისტიანობის წარმოშობის შესახებ.
მაშინ, ვითარცა გულისხმა-ვყავ და ვცან სამოელ არქედიაკონისაგან, დასაბამიდან ყოველი ვიდრე აქამომდე, და მივიწიე ყოველსა ზედა რჯულსა ჰურიათასა და ქრისტეანეთასა, მარწმუნა მე ღმერთი დაუსაბამო და ძე მისი, იესუ ქრისტე, და სული წმიდა მისი. და ამით ნათელ მიმაღებიეს და ვერავინ განმაშოროს მე ქრისტესგან ვიდრე სულისა ჩემისა ამოსლვად, ხოლო მამულისა ჩემისა რჯულისათვის სიტყვავდე ზარმაც და მრცხვენისცა, რამეთუ ღმერთმან, რომელმან ქმნა ცა და ქვეყანა, მზე და მთვარე და ვარსკვლავნი, ზღვა და ხმელეთი, მდინარენი და შესაკრებელნი წყალთანი, მთანი და ბორცვნი, ველნი და ტყენი, შეშა და ცეცხლი, ოთხფეხნი პირუტყვნი და მხეცნი, ქვეწარმავალნი და ფრინველნი ცისანი და შემდეგ კაცნი შექმნა ღმერთმან. და მას ყოველსა ზედა უფალ-ყო იგი, და ყოველი ესე დაამორჩილა კაცსა მას, და ჩვენ ამის ყოვლისა შემოქმედი ღმერთი დავუტევოთ და ამას ღმრთისა დაბადებულსა ღმერთად ვხადოდითა? ნუ იყოფინ ესე! მზე და მთვარე და ვარსკვლავნი არა ღმერთი არიან, არამედ ღმერთმან მზესა განათლება დღისა უბრძანა და მთვარესა და ვარსკვლავთა განათლება ღამისა უბრძანა, ხოლო ღმერთი არა არიან. ღმერთმანღა ღრუბელსა უბრძანა და მოეფინოს ბრწყინვალება მზისა და მთვარისა დააბნელოს. მზე და მთვარე ამისთვის არა ღმერთ არიან. შემდეგ კვლავ ცეცხლი არა ღმერთ არის ამით, რამეთუ ცეცხლი კაცმან აღაგზნო და კაცმანვე დაშრიტა, რამეთუ კაცი უფალ არის ცეცხლისა, ამისათვის არა ღმერთ არის ცეცხლი. თუ ვინმე განერიდება და წავა, რასაცა მიჰმართოს, გინა ტყესა, გინა ველსა, გინა სახლსა, თუ კაცი დახვდეს, და-ვე-წვის. ხოლო ცეცხლსაღა წყალი მიეხლის, ეგოდენი იგი ძალი ცეცხლისა დაშრიტის და უჩინო იქმნის ცეცხლი იგი, ამით არა ღმერთ არის, ხოლო ჩვენ ღმრთად გვწამს.
ხოლო ჩვენ ღმერთმან ცეცხლი სამსახურებელად მოგვცა, ყინულისა გასათფობლად და ყოვლისა სანოვაგისა საქმარად და, როდესაც გვინებება, აღვაგზნით და როდესაც გვინებება დავშრიტით, ასე რომ არა ღმერთ არის ცეცხლი იგი.
შემდეგ ღმრთისა შექმნილნი კაცნი საცხოვართა პირუტყვთა მსგავს ვიყვენით. და ასე სახედ, როგორც პირუტყვთა მამლობასა და დედლობასა არა იციან მშობელი, არცა შობილი მათგანი, და ასე აღრეულად გარდაიხადიან მამლობა და დედლობა მათი, და ეგრეცა ჩვენ კაცნი პირმეტყველნი მათ პირუტყვთა მსგავს ვიყვენით, რომელთაც არა ვიცოდეთ მშობელი თვისი, გინა შობილი, და აღრეულად გარდავიხადით ბუნება იგი ჩვენი. ხოლო აწ მადლითა ღმრთისათა, ვინაიდან, იქმნა ნათლისა-ღება და რჯული ქრისტეანობისა, იციან კაცთა, ამიერიდან დაიხსა და გაქარდა უწესო იგი საქმე... ხოლო ამას გევედრები, უფალო ჩვენო, იესუ ქრისტე, რათა გვამი ჩემი დაემარხოს მცხეთას სადაცა იგი ნათელი მოვიღე სამოელ კათალიკოზისა ხელითა და ღირს ვიქმენ რჯულსა ქრისტეანეთასა. ამიერიდან ვერავინ განმაშოროს მე სიყვარულსა შენსა და სარწმუნოებასა და სურვილსა, როგორცა წერილ არის: – „არცა ტანჯვათა, არცა გვემათა, არცა შიმშილმან საპყრობილესა შინა, არცა მახვილმან, არცა სიკვდილმან ამათ ხორცთა ჩემთამან შემიძლოს მე განყენებად შენდა, უფალო იესუ ქრისტე“.
მაშინ უთხრა მას ბუზმირ მარზპანმან: „შვილო ჩემო ევსტათი, ისმინე ჩემი და ნუ დაიმცირებ დღეთა ცხორებისა შენისათა ქრისტეანებისათვის და ნუ ქვრივ სვამ ცოლსა შენსა და ობოლ შვილთა შენთა და ნუ მოსწყდები მოყვასთა შენთა ამას ცხოვრებასა“.
უთხრა მას ევსტათიმ: „უწინარეს შენსა სხვათა ხელმწიფეთა მტანჯეს მე ფრიად და მგვემეს და არა დავემორჩილე მათ. აწ შენი ვირწმუნო? ნუ იყოფინ ეგე ჩემდა!“.
მაშინ, რადგან ცნა ბუზმირ მარზპანმან დამტკიცებული და შეუძრველი გული და გონება ევსტათისი და ვერ შინებითა და ტანჯვითა და ვერცა კეთილისა ქადებითა არწმუნა მამული რჯული პყრობად, უბრძანა მსახურთა: „წაიყვანეთ ეგე საპყრობილედ და იდუმალ ღამით თავი წარკვეთეთ, რათა არავინ ქრისტეანეთა ცნან და პატივ-სცენ გვამსა მისსა. და წაიღეთ ხორცი მისი ქალაქსა გარე, განაბნიეთ შესაჭმელად მხეცთა და ფრინველთა“.
ხოლო მსახურთა მათ წაიყვანეს ევსტათი საპყრობილედ, რათამცა აღასრულონ ბრძანებული იგი მარზპანისა მის.
უთხრა მათ ევსტათიმ: „მცირედ მგებდით მე, ძმანო ჩემნო, რამეთუ ხელთა შინა თქვენთა ვარ, რათა ვილოცო მე ღმრთისა ჩემისა მიმართ“. ხოლო მათ მცირედ მოითმინეს და აცალეს და უთხრეს: „ეგრე ვყოთ“. მაშინ მოიდრიკა მუხლი თვისი და აიხილა თვალნი თვისი ზეცად და თქვა: „უფალო ღმერთო, ყოვლისა მპყრობელო, რომელსაც ყოველთა კაცთა გნებავს ცხოვრება, რომელნიც ესვენ სარწმუნოებით სახელსა წმიდასა შენსა, რომელმაც ისმინე ლოცვა პირველთა მათ მოწამეთა, რომელიც პირითა მახვილისათა ამოსწყდნენ, რომელნიმე ტბასა შინა ყინულითა, რომელიც ზღვასა შინა ჩაყრითა ამოსწყდნენ, რომელიც ცეცხლითა და რომელიც მხეცთა მიერ შეიჭამნენ სახელისა შენისათვის და მოიღეს შენ მიერი იგი აღთქვმული, რომელიც თვალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი-იგი განუმზადე წმიდათა მათ მოწამეთა შენთა, მეცა, უფალო, ღირს მყავ მონაწილე მათ თანა, და სამკვიდრებელსა მათ თანა, სიხარულსა მათ თანა, უოხჭნოსა შვებასა მათ თანა. მიუკუანასთა ჟამთა ნარჩევი მოწამეთა, როგორც იტყვის პავლე მოციქული – მე ვარო ნარჩევი მოციქულთა, – შენ იცი, უფალო ჩემო იესუ ქრისტე, რამეთუ არავინ ვირჩიე შენსა, არცა მამა, არცა დედა, არცა ძმანი, არცა ნათესავნი, გარნა შენ მხოლოდ უფალი შეგიყვარე და სახელისა შენისათვის ესერა თავი წარმეკვეთების დღეს. და ამას ვილოცავ და და გევედრები და ვითხოვ შენ სახიერისაგან, რათა არა დაეტეოს გვამი ჩემი აქა ტფილისს შინა, არამედ რათა დაემარხოს იგი მცხეთას წმიდასა, სადა იგი შენ გამომიჩნდი. და რათა ჰქონდეს მადლი და კურნება ძვალთა ჩემთა, როგორცა-იგი პირველთა მათ“.
როდესაც დაასრულა ლოცვა და ვედრება და თხოვნა უფლისა მიმართ, უთხრა მსახურთა მათ მარზპანისათა: „აწ აღასრულეთ განჩინებული იგი ბრძანება ჩემ ზედა“. ხოლო მათ არ უნდოდათ მოკლვა. ხოლო ერთმა მათგანმა თქვა: „ჩვენ ამოვწყდებით, უკეთუ ეგე ეგოს ცოცხალი“. მაშინ მიყვნენ ხელნი მათნი მის ზედა და სცეს მახვილითა პატიოსანსა ქედსა მისსა და წარჰკვეთეს თავი მისი.
ხოლო გვამი მისი ღამე წაიღეს ქალაქს გარეთ და დააგდეს იქ. ხოლო ცნეს ვინმე ქრისტეანთა და წაიღეს იგი მცხეთას, რამეთუ სტეფანეს ემცნო იქ მყოფთა ქრისტეანეთადა. როდესაც მიიწივნენ მცხეთას, უთხრეს სტეფანეს, და სტეფანემ აუწყა სამოელს კათალიკოზსა. ხოლო მან ფრიად გაიხარა და დამარხა იგი დიდითა დიდებითა და პატივითა წმიდასა ეკლესიასა მცხეთისასა და ვიდრე აქამდე იქმნებიან კურნებანი სნეულთანი მადლითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესითა“.

შენიშვნა
1. ნუხპატი, ნოპატი, ციხე-ქალაქი, ეკლესია. ვახუშტი ბაგრატიონი ნუხპატის შესახებ გადმოგვცემს: „ბელაქნის წყალი გამოსდის ხუნზახსა და ამათ შორისს კავკასს... აქ მთის კალთას, არს ციხე მაკაბელი და სასახლე მეფეთა, რომელსა ეწოდა პირველ ნოხპატო. აქ აღაშენა ... მეფემან არჩილ ციხე და ეკლესია“.
ნოხპატოს ლოკალიზაციის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებაა გამოთქმული: 1. ნოხპატო მდებარეობს ბელაქანში და ლეკეთის ნაწილს შეადგენს (ბროსე 1849). 2. ნოხპატო ახლანდელი ნუხია და მდ. გიშისწყალზე მდებარეობს (ბაგრატიონი 1904; ბერძენიშვილი 1953; 1965). 3. ნოხპატო ჰერეთის მთიანეთი იყო, რომელიც ქართლის სახელმწიფოში შემავალ ქვეყანას წარმოადგენდა. ნოხპატო მდებარეობდა მდ. ბელაქნის წყლის აუზში, მის შუა დინებაზე, კავკასიონის ერთ-ერთ სამხრეთ კალთაზე (პაპუაშვილი 1970). 4. ნოხპატო მდებარეობდა დაღესტანსა და საინგილოს შორის, შაქის ანუ ნუხის მიდამოებში (ომარაშვილი 1999).
ქართლის ცხოვრების ცნობით ციხე-ქალაქი ნოხპატო VIII ს-ის შუა ხანებში დაარსა ქართლის მეფე არჩილმა (VIII ს-ის 40–50-იანი წლები). შესაბამისად ჩვენთვის საინტერესო ტექსტში გვანდელი შეტანილია კახეთის მეზობელი ხალხების აღსანიშნავად.
ნუხის რაიონის არქეოლოგიური შესწავლა 1925–1926 წწ. მიმდინარეობდა (ხელმძღ. დ. შარიფოვი). გაითხარა ძველი ალბანეთის დედაქალაქის – კაბალას ნანგრევები და სამარხები, სადაც ძვ.წ. I–ახ.წ. I ს-ის იალოილუ-თეფეს კულტურის კერამიკა და ძველი ალბანეთის დედაქალაქ კაბალას ნანგრევები დადასტურდა (ტრევერი 1959).

Комментариев нет:

Отправить комментарий