воскресенье, 20 марта 2022 г.

ქართლის გაქრისტიანება უცხოურ წყაროებში (უ. მურღულია)

1. ანონიმი კიზიკელი (V ს.)
საეკლესიო მწერალი გელასი კესარიელი (გარდ. 395 წელს) იყო იერუსალიმის ეპისკოპოსის კირილეს ძმისწული. 367–373, 379–395 წლებში იგი პალესტინის კესარიის ეპისკოპოსი იყო. 373–379 წლებში, როგორც ნიკეის კრების მტკიცე მიმდევარს, არიანელებმა იძულებით დატოვებინეს საპისკოპოსო კათედრა. მონაწილეობდა კონსტანტინეპოლის საეკლესიო კრებებზე 381 და 394 წლებში.
მას დაუწერია ევსები კესარიელის ეკლესიის ისტორიის გაგრძელება. გელასის შრომა რომელშიც დაცულია ცნობები ქართველთა მოქცევისა და უფლისწულ დიდი ბაკურის შესახებ დაკარგულია და ცნობები შემოგვინახეს ანონიმმა კიზიკელმა (ე.წ. გელასი კიზიკელი), რუფინუსმა და სხვა საეკლესიო ისტორიკოსებმა.
გელასი კესარიელის თხზულება ძირთადი უცხოურენოვანი წყაროა, რომელიც ადასტურებს „მოქცევა ქართლისა“-ში დაცული ცნობების სისწორეს. მისი წყარო ყოფილა სალომე უჯარმელის შვილიშვილი ბაკური, რომელმაც გელასის თავისი ბებიის მიერ დაწერილი წმიდა ნინოს ცხოვრების შემოკლებული შინაარსი გადასცა.
ანონიმი კიზიკელის ვერსია: „იმავე ხანებში (კონსტანტინე დიდის ავგუსტობის დროს) ღმერთის ცნება მიიღეს პონტოს გასწვრივ მდებარე მიწა-წყალზე მცხოვრებმა იბერებმა და ლაზებმა, რომელთაც მანამდე ის არა სწამდათ. ამ უდიდესი სიკეთის მიზეზი გახდა ერთი დედაკაცი, რომელიც მათთან იყო ტყვედ; მან სათნო ცხოვრებას მიაღწია და თავისი კრძალულობითა და სხვა კეთილი საქმეებით აღტაცებაში მოჰყავდა ყველა ისინი. როდესაც მას ეკითხებოდნენ მისი ასეთი განდეგილობის მიზეზის შესახებ, ის წმინდა დედაკაცი მარტივად უპასუხებდა ხოლმე, ქრისტეს მიზეზისათვის, ძისა ღმრთისაო. მიუხედავათ ამისა, ამით მან ვერავინ დაარწმუნა კეთილსათნოებაში; მათ მხოლოდ აკვირვებდა ეს ქალი; ისინი ხედავდნენ მის უცნაურ ცხოვრებას და რას არ ფიქრობდნენ.
იბერებში ჩვეულება იყო, რომ თუ ვინმეს ბავშვი გაუხდეობოდა ავად, დედა სათითაოდ ყველა სახლთან ჩამოატარებდა და დახმარებას ითხოვდა, თუ ვინმემ იცოდა რაიმე გამოცდილი საშუალება ავადმყოფობის მოსარჩენად. ასე მიადგა სახლების ჩამოვლისას ამ ტყვე-ქალს და დახმარება სთხოვა. ხოლო ამან მიმართა ქალს, რომელიც კარებში იდგა ბავშვით ხელში და უთხრა: „მე ვერ შევძლებ ვუშველო ბავშვს; ქრისტეს კი, რომელზედაც ხშირად მილაპარაკია თქვენთან, ვიცი, შეუძლია მკვდრებიც აღადგინოს და მიტოვებულთ განკურნება არგუნოს“. ხოლო ბავშვის დედა ემუდარებოდა ტყვე-ქალს. მაშინ ამან აღძრულმა სიბრალულით მთხოვნელის მიმართ, თავს გარესამოსში გაახვია ბავშვი, შეავედრა ღმერთს და განკურნებული გადასცა იგი დედას.
ეს ამბავი მოედო ყველას და დედოფლის ყურამდისაც მიაღწია; დედოფალი მაშინ ლოგინად იწვა მძიმე სენით დაავადებული. კარგა ხანია, რაც ის ავად გამხდარიყო, და უკურნებელი ჩანდა ძიმე სენი, ის რომ შეეპყრო. და აი მან გაგზავნა ტყვე-ქალთან თავისიანები და თხოვა მას ეახლოს. ის კი შიშისა და მოკრძალების გამო უარს ამბობდა დედოფალთან მისვლაზე, რადგან იცოდა, რომ ადამიანური (ე.ი. მიწიერი) დიდებისაგან საცთური შემოიპარებოდა ხოლმე. ამიტომ დედოფალმა, როგორც კი გაიგო, რომ ტყვე-ქალს არასგზით არ უნდოდა მოსვლა, ბრძანა საწოლით წაეყვანათ იგი მასთან. ნეტარმა ტყვე-ქალმა უსიამოვნოდ შეხედა დედოფლის ასეთ დამცირებას და იმნაირადვე როგორც წინათ გაახვია დედოფალი თავის გარესამოსში, მუხლმოდრეკით შეევედრა ღმერთს, ლოცვით მიმართა ქრისტეს და განკურნებული გაისტუმრა შინისკენ გახარებული დედოფალი, რომელიც საკუთარი ფეხით მიდიოდა; ამით ამცნობდა ყველა ადგილობრივ მცხოვრებს ახალსა და უცხო საკვირველებას და მადლობას უძღვნიდა ქრისტეს, როგორც ეს იმ ტყვე-ქალისგან ისწავლა, და მიმავალი ცხადად ჰღაღადებდა: დიდება შენდა ქრისტე უფალო ტყვე-ქალისაო, – ამბობდა ის, – მადლობა შენდა და ყოველივე პატივი შენდა, მაცხოვარო ჩვენო, რომელიც ღირსი ვიქმენით შენდამი რწმენით განმსჭვალვისა“.
თავის მეუღლესაც უამბო ყველაფერი დედოფალმა და დაარწმუნა ღირსეულად დაესაჩუქრებინა ტყვე-ქალი; ამიტომ მეფემ მოინდომა ფულით დაესაჩუქრებინა ტყვე-დედაკაცი იმის გულისათვის, რომ მან კეთილი საქმე უყო მის მეუღლეს. ხოლო დედოფალმა ასეთი სიტყვებით მიმართა მას: „ტყვე-ქალი იგი, მეფევ, არც ვერცხლისთვის ილტვის და არ ოქროსთვის იღწვის. ის მოითხოვს ჩვენგან ღირსეულ საჩუქარს: ის მოითხოვს მხოლოდ იმას, რომ ჩვენ ვირწმუნოთ, რომ ქრისტე არის ძე მაღალი ღმერთისა. მისთვის მთელი სიცოცხლე მარხვა და განდეგილობაა, ხოლო ოქროს და ვერცხლის განძები – ზედმეტია. მე გამოვცადე ის სათნომოყვარე ქალი. ჭეშმარიტებას მოგითხრობს, მეფევ, ასე რომ თუ შენ ზრუნავ ჩემს ცხონებაზე, განსაკუთრებულად დავასაჩუქროთ ის დედაკაცი და თაყვანი ვსცეთ მის ქრისტეს“.
ხოლო ერთხანს მეფე არაფერს წყვეტდა; თუმცა ხშირად მოაგონებდა ხოლმე მას მეუღლე, მაგრამ ის თავს არიდებდა თხოვნას დაპირებებით და ამბობდა, რომ უცდიდა ამ საქმისათვის მისთვის მოსახერხებელ დროს.
ერთხელ, როდესაც ის ნადირობდა მრავალჭალიან უღრან ტყეში, მას დღისითვე ჩამოუღამდა მოულოდნელად. უცბად შუადღეს ღრმა ბურუსმა მოიცვა მთელი ტყე, სადაც მეფე იყო. ხოლო რადგან მისი მხლებლები იქ იყვნენ სანადიროდ გაფანტული, უდიდესმა შიშმა მოიცვა მეფე და სრულებით ვერ მოესაზრა საშუალება, თუ როგორ აეცდინა თავიდან უბედურება, ხოლო რადგან მისი ყველა თანმხლებელი იმავე გასაჭირში იყო და ყოველი მათგანი, რომელნიც მეფესთან მისვლას ისწრაფვოდნენ, წყვდიადმა გააშეშა იმ ადგილას, სადაც ისინი იდგნენ, ამიტომ მათ არ შეეძლოთ წინ წაწევა ერთმანეთის დასაძახებლად.
მაშინ მეფეს მოაგონდა მეუღლე და ის ტყვე-ქალი, რომელმაც განკურნა მისი, უკურნებელი სენით შეპყრობილი მეუღლე, შესძახა და თქვა: „ქრისტე, უფალო ტყვე-ქალისაო, მეოხ მეყავ აწ, რათა ავიცდინო მოწეული უბედურება; მე უკვე მაქვს მეტად ნათელი შედეგი შენი ღვთაებრივი ძალის მოქმედებისა, სახელდობრ ჩემი მეუღლე“. და როგორც კი მან გაათავა ლოცვა, მაშინვე გაიფანტა ბურუსი, დღის შუქმა წინანდელზე უფრო მძლავრად გაანათა მთელი ტყე, სადაც ისინი სვეტივით იყვნენ გაშეშებულნი.
შინ რომ დაბრუნდნენ საღი-სალამათი, მაშინვე იპოვეს მეფე, რომელსაც დაეძახა იმ ტყვე-ქალისთვის და შეეთვალა, რომ ამიერიდან სხვა ღმერთს არა სცემს თაყვანს, თუ არა იესო ქრისტეს, რომელსაც ის დედაკაცი თაყვანს სცემდა. და აჰა მოვიდა დედაკაცი იგი და შეიქნა მასწავლებელი მეფისა და ასწავლიდა მას ყველაფერს, რაც რწმენას შეეხებოდა. მეფე გახარებული იყო და მას არ რცხვენოდა ღვთისმოყვარების სწავლა უბრალო დედაკაცისგან; პირიქით მას თავი მოჰქონდა იმის წინ, და უბრძანა შუა ხალხში გამოეყვანათ ტყვე-ქალი და მოურიდებლად თქვა მის შესახებ: „ჩემმა მეუღლემ სიკვდილი აიცდინა ამისი ლოცვის წყალობით ქრისტეს მიმართ, ყოველთა უფლისა“. და არწმუნებდა ქვეშევრდომებს, „თუ ცხონება სურთ, გაიზიარეთ ეს, აირჩიეთ ქრისტეს თაყვანისცემა და კერპები უკუაგდეთო“. ხოლო როდესაც ისწავლა იმ წმინდა დედაკაცისგან, რომ საჭიროა ეკლესიების დაფუძნება ქრისტეს თაყვანისცემისათვის, აგრეთვე წარმატებით შეუდგა ამისათვის ზრუნვას.
როდესაც ღვთის სახლის გალავანს აშენებდნენ, საჭირო იყო, სხვათაშორის შუაში სვეტების აღმართვაც მამაკაცებსა და დედაკაცების შესაკრებთა გასაყოფად. და ღმერთმა მოისურვა მტკიცე აზრი ჩაენერგა მეფისა და მისი ქვეშევრდომებისათვის ტყვე-ქალის საშუალებით უწყებული ევანგელიონისა იესო ქრისტესისა, ძისა თვისისა, და ის აკეთებს შუაში აღმართულ მესამე სვეტს, რომელიც ჯერ კიდევ მრუდედ იდგა, ისე, რომ ის საბოლოოდ არ გასწორდეს, როგორც სხვა ორი სვეტია გასწორებული. ბევრს ეწვალნენ ხელოსნები, დახიეს და დაფხრიწეს აფრები ყველა მანქანებითურთ და უკან გამოიქცნენ შეშინებულნი, რომ იქ დარჩენით არ დახოცილიყვნენ სვეტის მიერ მიწაზე დამარცხებულნი, რადგან სვეტი იდგა ჰაერში მრუდედ დაკიდებული და წინააღმდეგ ხელოსანთა ჩვეულებისა, ვერავითარი საშუალება ვერ იქნა მათი მხრიდან მოაზრებული.
ესმა ეს ტყვე-ქალს და ძალიან შეშფოთდა, რომ ხალხი ისევ არ მისცემოდა კერპთათაყვანისცემას; მზის ჩასვლისას ის მიდის იმ ადგილას და მუხლმოდრეკით იყო დილამდე ღმერთის წინაშე; თავისი ლოცვის საშუალებით მან აღადგინა სვეტი, არა ხარისხზე მდგომარე, არამედ სწორად ჩამოკიდებული ხარისხს ზემოთ დაახლოებით ერთი წყრთის მანძილზე, და ღმერთმა განაწესრიგა ისე, რომ ტყვე-ქალი არ წასულიყო შინ ხალხის მოსვლამდე, რათა მათ შეეცნოთ იგი მის მიერ ქადაგებული ჭეშმარიტი ღმერთის რწმენაში.
რიჟრაჟზე ხალხი მეფესთან ერთად მივიდა და რომ დაინახეს სწორად დაკიდებული ამხელა სვეტი, გაუკვირდათ. ზოგი მაინც არ იჯერებდა და ფიქრობდა, რომ როდესაც ტყვე-ქალმა ლოცვას თავი დაანება და ადგა, სვეტი მაშინვე ვიღაც ხელოსნებმა რაც შეიძლება კარგად მიაკრესო. მაგრამ ერთი ფაქტი იყო; იმ სვეტს მანამდე და შემდეგ აღმართულ სვეტებთან შედარებით უდიდესი ურყევობა ჰქონდა. ამის გამო მეფის ირგვლის შეკრებილმა ხალხმა გაიზიარა მეფის რწმენა. მაშინ მან მოუწოდა ხალხს მათაც მიეღოთ მონაწილეობა ლოცვაში.
შემდგომად ეკლესიის დასრულებისა ტყვე-ქალი წინადადებას აძლევს მეფეს და დედოფალს, რათა მათ გაგზავნონ ერთმორწმუნე მეგობართან და ღვთისმოყვარე კონსტანტინე მეფესთან მოციქულები და სთხოვონ, რათა მან გამოუგზავნოს მათ ვინმე ამ ეკლესიის საკურთხევლად.
მაშინ მეფისა და იბერიის კრებულის მიერ გაგზავნილი მოციქულები მიდიან კონსტანტინეპოლში, აუწყებენ კონსტანტინე მეფეს იქ იბერიაში ქრისტეს რწმენის განმტკიცებას და სთხოვენ მიეცეს მათ მისგან ეპისკოპოსი მათთან არსებული ეკლესიების კურთხევისათვის და აგრეთვე საეკლესიო წესების ჩამოყალიბებისათვის. სათნო და ქრისტეს მოყვარე კონსტანტინე მეფემ ისინი მეგობრულად მიიღო, რადგან უხაროდა უფლისათვის; მან შეიწყნარა თხოვნა და კონსტანტინეპოლის ეპისკოპოსს ალექსანდრეს (ბიზანტიონის ეპისკოპოსი 314–326; არქიეპისკოპოსი 326–337) ხელთ-დაასმევინა იბერთა ეპისკოპოსი (ეპისკოპოსი ალექსანდრე ამ ამბებთან დაკავშირებით არცერთ სხვა ისტორიკოსთან, რომელიც აღნიშნულ ამბებს აღწერს და გელასი კესარიელსაც იყენებს, არ არის მოხსენიებული. ამიტომ მაჩნიათ რომ ეს ამბავი კიზიკელის ჩაკერებულია); ამავე დროს მას კარგად ესმის, რომ ეს არის ნიში ღმერთისა, რომელიც უცხო თესლთ უქვემდებარებს მას.
ეს ჩვენ გვიამბო ფრიად სარწმუნო ბაკურიმ, კაცმა ფრიად ღვთის-მოშიშმა, მეფის შთამომავალმა და იბერთა შორის სახელოვანმა, რომელიც გახდა რომაელთა სატრაპი და აწარმოა ომი ბარბაროს საკინოზთა წინააღმდეგ პალესტინის მწვერვალებზე და მათზე ბრწყინვალედ გამარჯვა“.
იბერიის მეფის შთამომავალ სახელოვან ბაკურს იცნობენ სხვა ავტორებიც:
ბაკურ იბერიელი ბიზანტიაში დაახლოებია ცნობილ ფილოსოფოს ლიბანიოსს (314–393), მის წრეს და დიდი ავტორიტეტი დაუმსახურებია. „იყო იგი ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული, სამართლიანი და ზომიერების მოყვარული“ – წერს ლიბანიოსი. ბაკურ იბერიელისადმი მიწერილ წერილში (392) ლიბანიოსი წერს: „...ზოგი ადიდებს შენს ზომიერებას და იმას, რომ უფრო მეტად ბრძანებლობ ვნება-სურვილებს, ვიდრე ჯარისკაცებს, სხვა კიდევ აქებს შენს სიბრძნეს, შენს სულს არ მიჰკარებია არავითარი შიში რაიმე საფრთხის წინაშე. მე კი შენ ღირსებათაგან ყველაზე უფრო მნიშვნელოვნად მეჩვენება ის, რომ შენ გიყვარს ლოგოსები და ისინიც, ვინც ლოგოსებს მისდევენ“. ლოგოსები აქ ნახმარია რიტორიკული ხელოვნების მნიშვნელობით. არისტანეტესადმი წერილში კი ლიბანიოსი ბაკურ იბერიელზე ამბობს, რომ იგი „სხეულითაც ბრწყინავს და სულიც მას ასეთივე აქვს“.
ბაკური პირველად ასპარეზზე ჩნდება ადრიანოპოლის ბრძოლის დროს, როგორც ავგუსტ ვალენტის (364–378) ერთ-ერთი სარდალი. ამიანუს მარცელიანუსი (დაახლ. 330–400) მოგვითხრობს: „როდესაც ფლავიუს რიქომერესი (რომაელი სარდალი) მიწაყრილისკენ მიდიოდა, მშვილდოსნები და ფაროსნები, რომელთაც მაშინ ვინმე ბაკურ იბერიელი სარდლობდა და კასიონი, ფიცხი იერიშით უფრო თავშეუკავებლად გაიჭრნენ წინ და უკვე მტრებს შეებნენ; მაგრამ რაკი უდროო დროს გაიჭრნენ წინ, ასევე უშნო უკან დახევით ბრძოლის დასაწყისი წაახდინეს“.
როგორც ჩანს ვალენტის დაღუპვის შემდეგ ბაკური ავგუსტ თეოდოსი I-ის (379–395) სამსახურში ჩადგა და გმირულად დაიღუპა კიდეც: ისტორიკოსი ზოსიმე (V ს.) მოგვითხრობს: „თეოდოსიმ აარჩია შემდეგი სარდლები: რომაელთა ბანაკებისათვის დანიშნა მეთაურად ტიმასიოსი და ამას დაუმატა სტელიხონი /ეს ხომ სერენეს მეუღლე იყო, თეოდოსი მეფის ძმის ქალიშვილისა/. მასთან ერთად მოკავშირეებად მყოფ ბარბაროსთა მეთაურად დააყენა გაინა და საული: მათი გამგებლობის მოზიარე იყო აგრეთვე ბაკური, კაცი რომლისთვისაც უცხო იყო ყოველგვარი ბოროტება და ამავე დროს იყო გაწვრთნილი საომარ საქმეებში.
ფრიგიდის ბრძოლის პირველ დღეს მეტი წილი თეოდოსი მეფის მოკავშირეებისა დაიხოცა, და სარდალთა შორის უმამაცესი ბაკურიოსი ყველა თავსიანებზე უფრო წინ იბრძოდა (ე.ი. ბაკური დაიღუპა), ხოლო სხვები მოულოდნელად გაქრნენ იმათთან ერთად, ვინც ცოცხალი გადარჩა“.
ბაკურს ფრიგიდის ბრძოლის აღწერისას პატივით იხსენიებს აგრეთვე ბიზანტიელი მწერალი გიორგი ამარტოლიც (IX ს.): „სარდლები... საბრძოლველად გამხნევდნენ, განსაკუთრებით კი ბაკური, კაცი ყოვლად ღირსეული როგორც რწმენითა და სათნოებით, ისე სულიერი და ხორციელი სიკეთით: ვინც კი მის ახლოს მოხვდებოდა, ზოგს შუბით დაანარცხებდა, ზოგს ისრებით, ზოგს კიდეც მახვილითაც. მან გაარღვია მტრის წყებანი, რომლებიც მჭიდროდ იყვნენ შეერთებული და შეკრული. დამარცხებული ჯარის შუაში წყებები გასწი-გამოსწია, გვამების გორაკებს გვერდი აუხვია და თვით ტირანთან (ევგენიოსთან) მივიდა“.
2. რუფინუსის (345–410) ვერსია
რომაელი საეკლესიო ისტორიკოსი ტურანიუს რუფინუსი დაიბადა კონკორდია-საჯიტარიაში (დღევ. ვენეციის ოლქი), აკვილეასთან ახლოს. აღიზარდა მონასტერში და ბერად შედგა და დიდხანს ცხოვრობდა ეგვიპტის უდაბნოში. შემდეგ იყო პრესვიტერად აკვილეაში. მისი შემოქმედების დიდ ნაწილს წარმოადგენს ბერძნული თხზულებების თარგმანები. მათ შორის გამორჩეულია ევესევი კესარიელის „საეკლესიო ისტორია“ რომელიც სწორედ რუფინუსმა შემოგვინახა თავის ნაწარმოებში ანალოგიური სათაურით „საეკლესიო ისტორია“, რომელიც 402–410 წლებში დაწერა. რუფინუსი გელასი კესარიელის უმცროსი თანამედროვე იყო. გელასი კესარიელმა განაგრძო ევსევი კესარიელის „საეკლესო ისტორია“. შესაბამისად რუფინუსმა ეს ნაშრომიც სრულად თარგმნა და თავის თხზულებაში შეიტანა, რის შემდეგაც რუფინუსმაც შემოგვინახა გელასი კესარიელის ცნობა ქართველთა მოქცევის შესახებ. არსებობს მოსაზრება, რომ რუფინუსმა ქართლის მოქცევის ამბავი გელასი კესარიელისგან დამოუკიდებლად დაწერა და როგორც ჩანს პირდაპირ პრინც ბაკურისგან უნდა ჩაეწერა.
იოანე რუფინუსის ვერსია: „ამავე ხანებში იბერთა ტომმაც, რომელიც ცხოვრობს პონტოს მხარეში, მიიღო ღმერთის მცნების კანონები და მომავალი საიქიო ცხოვრების რწმენა. ამ დიდი სიკეთის მიზეზი გახდა ერთი ტყვე ქალი; ის იმათთან მოხვდა ტყვედ და ეწეოდა სათნო და საკმაოდ ფხიზელ და უმანკო ცხოვრებას, მთელი დღეები დაუცხრომლად ლოცულობდა ღმერთისა მიმართ; ბარბაროსებს საკვირველებად მიაჩნდათ თვით სიახლე საქმისა და გულომდგინედ იძიებდნენ, თუ რას ნიშნავდა ეს.
ტყვე-ქალმა მარტივად აღიარა, როგორც მართლაც იყო, რომ ამ წესით ის ქრისტეს სცემდა თაყვანს როგორც ღმერთს. ამით ბარბაროსებმა მეტად არაფერი გაიკვირვეს გარდა სახელის სიახლისა. მაგრამ როგორც ჩვეულებრივ ხდება თვით ამ მედგრობამ ტყვე-ქალისამ ერთგვარი ცნობისმოყვარეობა აღძრა ქალებში, თუ რამე სარგებლობა მიიღებოდა ასეთი დიდი თავგანწირვისაგან.
იბერებში ჩვეულება იყო, რომ თუ ვინმეს ბავშვი გაუხდეობოდა ავად, დედა სათითაოდ ყველა სახლთან ჩამოატარებდა და დახმარებას ითხოვდა, თუ ვინმემ იცოდა რაიმე გამოცდილი საშუალება ავადმყოფობის მოსარჩენად. როდესაც ქალმა თავისი ბავშვი ყველასთან ჩამოატარა, მოათვალიერა ყველა სახლი, მაგრამ ვერავითარი წამალი ვერ მიიღო. ბოლოს მივიდა აგრეთვე ტყვე-ქალთან, რათა მას მიეთითებინა, თუ რამე საშუალება იცოდა.
ტყვე-ქალმა განუცხადა, რომ ადამიანური საშუალება არაფერი იცის, მაგრამ არწმუნებს მას, რომ მის ღმერთს ქრისტეს, რომელსაც იგი თაყვანს სცემს, შეუძლია მიანიჭოს მას ხსნა, რომლის იმედი ადამიანებს გადაუწყდათ. და იმის შემდეგ რაც მან ბავშვი დადვა თავის გარესამოსზე (მატყლისგან შეკერილ უხეშ ტანისამოსზე) და ზედ უფლისადმი ვედრება შეწირა, გამოჯანმრთელებული ბავშვი უკან დაუბრუნა დედას.
ხმებმა ამ დიდებული ამბის შესახებ ბევრამდე მიაღწია და მივიდა დედოფლამდეც, რომლის სხეული რაღაც უმძიმესი ტკივილით იყო შეპყრობილი და ამის გამო უდიდეს სასოწარკვეთილებაში იყო ჩავარდნილი. მან მოითხოვა, რომ მასთან მიეყვანათ ტყვე-ქალი. მან კი მისვლაზე უარი თქვა, რათა ისე არ გამოსულიყო, რომ ის რაღაცას უფრო მეტს წინასწარვე კისრულობს, ვიდრე ამის ნებას აძლევს მისი სქესი. მაშინ დედოფალმა ბრძანა ტყვე-ქალის სახლში წაეყვანათ იგი. ეხლაც, როგორც მაშინ გარესამოსზე დადვა დედოფალი, მოიხმო ქრისტეს სახელი და ლოცვის შემდეგ მაშინვე ჯანმრთელი და მხნე წამოაყენა ფეხზე. ამასთანავე ის ასწავლის დედოფალს, რომ ეს ქრისტე-ღმერთი იყო, ძე მაღალი ღმერთისა, რომელმაც მას ეს ხსნა მოუტანა: ურჩევს, რომ მოუხმოს ხოლმე მას, რომელიც, როგორც მან უნდა იცოდეს, არის მისთვის მიზეზი მისი სიმთელისა და სიცოცხლისა. ის არის, რომ მეფეებსაც სამეფოებს ურიგებს და მოკვდავებსაც სიცოცხლეს ანიჭებს. შინ დაბრუნების შემდეგ იმანაც სიხარულით გაუმჟღავნა თავის ქმარს მიზეზი ასეთი სწრაფი გამოჯანმრთელებისა, როდესაც ის შეეკითხა ამის შესახებ; და როდესაც მეფემ, გახარებულმა მეუღლის ხსნისათვის, ბრძანა საჩუქრები მიეტანათ იმ ქალსათვის, დედოფალმა უთხრა მეფეს: „ამათგან, ოი მეფევ, არაფერს არ სცნობს ტყვე-ქალი, ოქროს არად აგდებს, ვერცხლს უკუაგდებს, მარხვით ისე იკვებება, თითქოს საჭმელი იყოს; მხოლოდ იმას მიიღებს საჩუქრად, თუ თაყვანს ვცემთ მას, ვინც მე მომარჩინა ლოცვით, – ქრისტე ღმერთს.
მეფე ამას მაშინ გულგრილად შეხვდა და ჯერჯერობით გადადო, თუმცა მეუღლე ხშირად აგონებდა, სანამ არ მოხდა შემდეგი ამბავი: ერთ დღეს მეფე ნადირობდა ტყეში თავის მხლებლებთან ერთად და დღე დააბნელა ძალიან სქელმა წყვდიადმა და რადგან სინათლე გაქრა საზიზღარი ღამის შიშით გზის გაგნება ბრმა ნაბიჯებით არ ხერხდებოდა. მხლებელთაგან ზოგი სად წავიდა ზოგი სად ისე დაიბნენ, თვითონ კი მარტო დარჩა წყვდიადით გარემოცული და არ იცოდა რა მოემოქმედა, ან საით წასულიყო; უცბად მას, შეშინებულს იმის გამო, რომ გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდა, ასეთი აზრი მოუვიდა: თუ მართლა ღმერთა ის ქრისტე, რომლის შესახებაც მისი მეუღლისთვის უთქვამს ტყვე-ქალს, დაე, ახლა იხსნას მან იგი ამ წყვდიადისაგან, რათა ამიერიდან მას სცეს თაყვანი და სხვა ღმერთები უკუაგდოს. მაშინვე, როგორც კი მან ეს აღთქმა მხოლოდ გაიფიქრა და სიტყვით არც კი გამოეთქვა, ქვეყანას სინათლე დაუბრუნდა და მეფე უვნებელი ქალაქში შევიდა.
მან მაშინვე დედოფალს აუწყა საქმის ვითარება თუ რა დაემართა მას. მოითხოვა, რომ უმალვე გამოიძახონ ტყვე-ქალი, რათა მან გადმოსცეს მეფეს თაყვანისცემის წესები: დაბეჯითებით ამბობს, რომ ამიერიდან სხვა ღმერთს გარდა ქრისტესი, არ ეთაყვანება. მოდის ტყვე-ქალი და მოძღვრავს მეფეს ქრისტე ღმერთის შესახებ და უმართავს მას, რამდენადაც ამის შესახებ შეეძლო ქალს განმარტების მიცემა, ლოცვებს და თაყვანისცემის წესებს ასწავლის. ამასთანავე ურჩევს მას ეკლესია ააგოს, კიდევაც აუწერს ეკლესიის აგებულებას.
ამგვარად, მეფემ მთელი ტომის ხალხი შეკრიბა და უამბო ყველაფერი თავიდან, თუ რა გადახდა თავს მას და დედოფალსაც; ხალხი დამოძღვრა ახალ სარწმუნოებაში და თუმცა თვითონაც ჯერ კიდევ არ იყო ზიარებული საიდუმლოს, მაგრამ თავისი ტომის მოციქული გახდა. მამაკაცებმა ირწმუნეს მეფის მეშვეობით: ყველას ერთსულოვანი მოთხოვნით დაუყონებლივ აგებენ ეკლესიას: და აი გარშემო კედლები უკვე აღმართულია; დადგა დრო, რომ სვეტები უნდა ყოფილიყო შედგმული. როდესაც აღმართულ იქნა პირველი და მეორე სვეტი და ჯერი მიდგა მესამე სვეტზე, მიუხედავად იმისა, რომ გამოყენებულ იქნა ყოველგვარი მანქანები, აგრეთვე ხარებისა და ადამიანთა ძალები, შუამდე ცერად აღიმართა ეს სვეტი, ხოლო დანარჩენი ნაწილი ვერავითარი მანქანებით ვერ ასწიეს და თუმცა მეორეჯერ გაიმეორეს, მესამეჯერაც და უფრო ხშირადაც, მაგრამ შეუძლებელი გახდა ადგილიდან დაძვრა: ყველანი საშინლად მოიქანცნენ. მთელი ხალხი საკვირველებას მიეცა. მეფის სიმხნეც მოდუნდა: ყველასთვის ერთნაირად გაურკვეველი იყო, თუ რა უნდა მოემოქმედათ.
მაგრამ, როდესაც დაღამებისთანავე ყველანი წავიდ-წამოვიდნენ და ყველა მოკვდავი და თვით საქმეც უქნარად იყვნენ, მხოლოდ ტყვე-ქალი დარჩა შიგნით და მთელ ღამე ლოცვაში გაატარა: და აი, როდესაც დილით მოვიდა თავის მხლებლებიანათ შეწუხებული მეფე, აღმართული დაინახა სვეტი, რომელიც ამდენმა მანქანამ და ამდენმა ხალხმა ვერ დაძრა ადგილიდან და რომელიც თავის საფუძვლის ზემოთ თავისუფლად იყო დაკიდებული, მაგრამ ზედ კი არ იდვა, არამედ ჰაერში ეკიდა ამ საფუძვლიდან დაახლოებით ერთი ფუტის მანძილზე. მაშინ ამის დანახვაზე მთელმა ხალხმა ადიდა ღმერთი და თქვა, რომ ჭეშმარტია მეფის რწმენა, და ამ საკვირველების წყაროდ ჩათვალა იმ ტყვე-ქალის სარწმუნოება. და, აი, აქამდე რომ ყველანი გაკვირვებისგან გაშეშებულიყვნენ, მათ თვალწინ სვეტი თანდათან დაეშვა თავის საფუძველზე, ისე რომ არავინ შეხებია მას; და დაედგა სრულიად მორგებული თავის საფუძველს. ამის შემდეგ დანარჩენი სვეტებიც ისეთი სიადვილით იქნა აღმართული, რომ ყველა რაც კი დარჩენილიყო, იმავე დღეს იქნა დადგმული თავის ადგილას.
მის შემდეგ რაც ეკლესია დიდებულად იქნა აგებული და ხალხი დიდი სიმხურვალით იყო მოწყურებული ღვთის რწმენას, ტყვე-ქალის რჩევით კონსტანტინე მეფესთან გაგზავნენ მოციქულები მთელი ხალხის სახელით; მათ უამბეს მომხდარი ამბავი, სთხოვეს იბერებისათვის მღვდელმსახურნი გაეგზავნა, რომ დაესრულებინათ მათ მიმართ უკვე დაწყებული ღვთის წყალობა.
კონსტანტინემ დიდი სიხარულით და პატივით გაისტუმრა მოციქულები; ის ამით უფრო მეტად იყო გახარებული, ვიდრე მაშინ იქნებოდა, რომ რომის იმპერიისათვის უცნობი ხალხები და უცნობი სახელმწიფოები რომ შეეერთებინა.
რომ ეს ყველაფერი ასე მოხდა, ჩვენ გვიამბო ფრიად სარწმუნო კაცმა, ბაკურიმ, თვით ამ ხალხის მეფემ (რუფინუსის ტექსტში შეცდომით მეფის შთამომავლის ნაცვლად მეფე სწერია), რომელიც ჩვენში იყო დომესტიკთა კომსი. იგი უაღრესად ზრუნავდა, როგორც მორწმუნეობაზე ისე ჭეშმარიტებაზე. როდესაც ჩვენთან ერთად ცხოვრობდა სრული ერთსულოვნებით იერუსალიმში; მაშინ ის იყო პალესტინის საზღვრების სარდალი“.
3. სოკრატე სქოლასტიკოსის (380–440) ვერსია
„ახლა დროა იმის შესახებ მოვყვეთ, თუ როგორ გაქრისტიანდნენ იბერიელები იმავე ხანებში /ანუ როდესაც გაქრისტიანდნენ ინდოელები IV ს-ის დასაწყისში/.
ერთი სიწმინდითა და უბიწოებით მცხოვრები ქალი ღვთის განგებით იბერიელთა ტყვეობაში აღმოჩნდა. ეს იბერიელები /ესპანელი იბერიელების ახალშენი/ ევქსინის პონტოს (შავი ზღვის) ნაპირებზე ცხოვრობენ. ამ ბარბაროსთა შორის ტყვე ქალი კეთილმსახურებით ცხოვრობდა – დიდი მოთმინებით მოღვაწეობდა, დროს მკაცრ მარხვასა და განუწყვეტელ ლოცვაში ატარებდა. ამის შემხედვარე ბარბაროსები გაკვირვებულნი იყვნენ ქალის უცნაური ცხოვრებით.
ერთხელ მეფის მცირეწლოვანი ვაჟი დასნეულდა. იქაური ჩვეულების მიხედვით მეფის ცოლი ბავშვს სხვა ქალებთან სამკურნალოდ აგზავნიდა – იმ იმედით, რომ იქნებ მათ გამოცდილებით რაიმე საშუალება სცოდნოდათ სნეულებისგან განსაკურნებლად. ბავშვი ძიძამ სხვადასხვა ქალებთან მიიყვანა, მაგრამ სნეულს ვერავინ უშველა. ბოლოს ის ტყვე ქალთან მიიყვანეს. მან ბავშვს არანაირი ნივთიერი საშუალება არ მისცა, ასეთი რამ არც იცოდა (ამ დროს იქ სხვა ქალებიც იმყოფებოდნენ). ტყვემ ბავშვი აიყვანა, თმებისგან დაწნულ საწოლზე დააწვინა და მხოლოდ წარმოთქვა: „ქრისტე, რომელმაც მრავალნი განკურნა, ამ ბავშვსაც განკურნავს“. როდესაც ამ სიტყვების შემდეგ ქალმა ლოცვა და ღვთის მოხმობა დაიწყო, ბავშვი უცბად განიკურნა და იმ წუთიდან თავს კარგად გრძნობდა. ამ ამბის შესახებ შეიტყვეს სხვა ბარბაროსმა ქალებმა და თვით დედოფალმა; ტყვე კიდევ უფრო ცნობილი გახდა.
ამ ამბის შემდეგ მალე დედოფალი დასნეულდა და ტყვე ქალი თავისთან მიიწვია. როდესაც მან თავისი მოკრძალებული ხასიათის გამო უარი შეუთვალა, დედოფალი მიიყვანეს მასთან. ტყვემ მისთვის იგივე მოიმოქმედა, რაც მანამდე ყრმისათვის გააკეთა. დედოფალიც იმწამსვე განიკურნა და მადლობას უხდიდა ქალს. ის კი ამბობდა: ეს ჩემს მიერ არ არის აღსრულებული, ეს ქრისტემ აღასრულა, რომელიც ღვთის ძეა, ქვეყნის შემოქმედისა. ქალი იქ მყოფთ არწმუნებდა, ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად ეღიარებინათ.
იბერიელთა მეფეს გაუკვირდა თავისი მეუღლის ასეთი სწრაფი გამოჯანმრთელება და როდესაც შეიტყო ვინც განკურნა იგი, ტყვეს საჩუქრები გაუგზავნა. მან კი თქვა, რომ სიმდიდრე არ სჭირდება, რომ მისი სიმდიდრე კეთილმსახურებაა, და რომ მისთვის უდიდესი საჩუქარი იქნება, თუკი მეფე ირწმუნებს იმ ღმერთს, რომელსაც თვითონ აღიარებს. ეს რომ თქვა, ტყვემ მეფის საჩუქრები უკან გაგზავნა. მეფემ მისი სიტყვები სულში დაიმარხა. ერთი დღის შემდეგ ის სანადიროდ წავიდა, და აი რა მოხდა. იმ ადგილას, სადაც მეფე ნადირობდა, ჩამოწვა სქელი ნისლი და ბურუსი, ისე რომ ნადირობაც შეუძლებელი იყო და გზაც გაუვალი. ასეთ გაჭირვებაში რომ იყო, მეფე ბევრს ემუდარა იმ ღმერთებს, რომლებსაც თაყვანს სცემდა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ტყვე ქალის ღმერთი გაიხსენა და მას შესთხოვა შველა. როგორც კი ლოცვა დაიწყო, ნისლით გამოწვეული ბურუსი მაშინვე გაიფანტა. ამ ამბით გაკვირვებული მეფე სახლში მხიარული დაბრუნდა და მომხდარის შესახებ ცოლს მოუყვა. შემდეგ სასწრაფოდ მოუწოდა ტყვეს და გამოჰკითხა, ვინ არის მის მიერ თაყვანისცემული ღმერთი. ქალი წარმოუდგა მეფეს და ისიც ქრისტეს მქადაგებლად აქცია. მეფემ კეთილმსახური ქალის მეშვეობით ქრისტე რომ ირწმუნა, ყველა თავის ქვეშევრდომ იბერიელს მოუხმო და მოუყვა თავისი შვილისა და ცოლის განკურნების შესახებ და იმის შესახებაც, რაც ნადირობისას შეემთხვა, არწმუნებდა მათ ტყვე ქალის ღმერთისთვის ეცათ თაყვანი.
ამგვარად ორივემ დაიწყო ქრისტეს ქადაგება, მეფე კაცებს უქადაგებდა, ტყვე ქალი კი – ქალებს. შემდეგ მეფემ ტყვე ქალისგან შეიტყო, როგორი ფორმის ტაძრები აქვთ რომაელებს, ბრძანა სამლოცველო სახლი აეშენებინათ და მოემზადებინათ ყველაფერი, რაც საჭირო იყო მშენებლობისთვის. შენობას აშენებდნენ. როდესაც ხელოსნები სვეტების დადგმას შეეცადნენ, ღვთის განგებამ ისევ მოაწყო რაღაც, მაცხოვრებელთა სარწმუნოებაზე მოსაქცევად. ერთ-ერთი სვეტი ადგილიდან ვერ დაძრეს, ვერანაირ ღონეს ვერ პოულობდენენ მის გადასაადგილებლად; თოკები წყდებოდა და თვით მანქანებიც იმტვრეოდა. მშენებლებმა უარი თქვეს და წავიდნენ. აქ ტყვე ქალის რწმენა გამოაშკარავდა. ღამით, ყველასგან დაფარულად, ის მშენებლობის ადგილას მივიდა და მთელი ღამე ლოცვაში გაატარა. მაშინ ღვთის ნებით სვეტმა დაიწყო ამაღლება და ჰაერში გაჩერდა, საფუძვლის ზემოთ, ისე რომ საყრდენს საერთოდ არ ეხებოდა. დადგა დღე და მეფე, რომელმაც მშენებლობის ხელოვნება იცოდა, მშენებლობის ადგილზე მივიდა. როდესაც დაინახა, რომ სვეტი თავისი საფუძვლის ზემოთ ეკიდა, თავადაც განცვიფრდა და მასთან ერთად მყოფნიც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მალევე მათ თვალწინ ის თავის საფუძველზე დაეშვა და დადგა. აქ შეძახილები გაისმა, მეფის რწმენას ყველა ჭეშმარიტს უწოდებდა და ტყვე ქალის ღმერთს ადიდებდნენ. საბოლოოდ ყველამ ირწმუნა და დიდი გულმოდგინებით დააფუძნეს დანარჩენი სვეტები.
ამგვარად, ეს საქმე მალე დასრულდა და მეფე კონსტანტინესთან ელჩები გაგზავნეს. ელჩები ითხოვდნენ მომავალში რომთან კავშირს და ამბობდნენ, რომ მიიღებენ ეპისკოპოსსა და სამღვდელო დასს, რადგან გულწრფელად იწამეს ქრისტე.
რუფინუსი წერს, რომ ამის შესახებ შეიტყო ბაკურისგან, რომელიც ადრე იბერიელი თავადი იყო, შემდეგ რომაელებთან ჩავიდა, პალესტინის საზღვრების უფროსი გახდა და ბოლოს ჯარის წინამძღოლი, და მეფე თეოდოსის ტირან მაქსიმეს წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდა. ასე გაქრისტიანდნენ იბერიელები კონსტანტინეს დროს“.
4. თეოდორიტე კვირელი (393–458)
გელასი კესარიელის შრომა გამოიყენა თავის „საეკლესო ისტორიის“ შედგენისას აგრეთვე თეოდორიტე კვირელმა, რომელიც იმეორებს კიზიკელისა და რუფინუსის თხრობას ოდნავ შემოკლებით და თან ცალკეულ დეტალებით ავსებს. ასე მაგალითად აღგვიწერს ნინოს ყოფას და გვიამბობს, რომ „ის თვითონ თავის დროს გამუდმებულ ლოცვაში ატარებდა; საწოლად და რბილ ლოგინად მას ჰქონდა ტომარა, იატაკზე გაგებული; ხოლო უმწვერვალეს ფუფუნებად მარხვას თვლიდა. ამ დამაშვრალობამ მოაპოვებინა მას ნიჭი მოციქულობისა“.
მკურნალობის მეთოდისას კვირელი აზუსტებს, რომ ნინომ ბავშვი მის ღარიბულ სარეცელზე დააწვინა, ხოლო დედოფლის განკურნების შემდეგ „დედოფალმა გასამრჯელოდ მოუტანა ოქრო ვერცხლი, ქიტონები და წამოსასხამები და რაც კი არსებობს საჩუქარი, მეფური ღირსების შესაფერისი. ღვთაებრივმა დედაკაცმა კი უთხრა: ესენი მე არ მჭირდება, უდიდეს გასამრჯელოდ ჩავთვლიდი კეთილმორწმუნეობის აღიარებასო. ამასთან ურჩია დედოფალს საღმრთო ტაძარი აუგე შენს მხსნელ ქრისტესო.
ეს რომ გაიგონა დედოფალმა დაბრუნდა სახლში, მოუყვა მეფეს ყველაფერი და თხოვა ტაძარი აეგო ქრისტესთვის, მაგრამ მეფემ არ ინდომა“.
ბოლოს კვირელი აზუსტებს იბერიის პირველი მთავარეპისკოპოსის პიროვნებას: „ხოლო კონსტანტინე მეფემ თხოვნის მიზეზი, რომ შეიტყო, მოციქულებს მიუზღო უდიდესი კეთილგანწყობილება და ღვთის შეცნობის მქადაგებლად გაუგზავნა ამ ერს კაცი, შემკული როგორც მორწმუნეობით და გონიერებით ისე პატიოსანი ცხოვრებით და მთვდელმთავრობის პატივის მქონე და დიდძალი საჩუქრებიც გაატანა“.
5. მოვსეს ხორენაცი (V ს.)
„ერთი ქალი, სახელად ნუნე, დევნილ და გაფანტულ წმიდა რიფსიმიანთა ამხანაგთაგანი, ილტვოდა და მიაღწია ქართველთა ქვეყანას, მათ დედაქალაქს, მცხეთას...
შემდგომ სანატრელი ნუნე წავიდა იქიდან, რათა თავისი ადვილგასაგები საუბრით ქართველთა ქვეყნის სხვა კუთხეებიც დაემოძღვრა; იგი დადიოდა სამკაულების, ყოველივე ზედმეტის გარეშე, მას არ იზიდავდა ეს ქვეყანა და არც არაფერი ამქვეყნიური, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ის ჯვარს ეცვა, სიცოცხლე საიქიოს მოთხოვნებს დაუქვემდებარა, საქმით დაადასტურა ღვთის სიტყვა და თავისი გულმოდგინებით სისხლის გვირგვინი მოიპოვა. გავბედავ და ვიტყვი, რომ ნუნე მოციქული ქალი გახდა; მან იქადაგა სახარება კლარჯეთიდან დაწყებული ვიდრე ალანთა და კასპიის კარებამდე, მასქუთთა (ცხოვრობდნენ ალბანეთის აღმოსავლეთით კასპიის ზღვამდე) საზღვრებამდე, როგორც ამას აგათანგელოზი გაუწყებს შენ“.
*       *       *
უდიდესი ქართველი საეკლესიო მოღვაწე ეფრემ მცირე (XI ს.) აღნიშნული საკითხის შესახებ არსებული წყაროების შესწავლის შემდეგ აცხადებს, რომ იბერთა განმანათლებელ ქალს ბერძნულად ნონნას უწოდებენ, ხოლო ჩვენებურად ნინოს ვუწოდებთო. ხოლო იმ ეპისკოპოსად, რომელმაც მირიან მეფეს გამოუგზავნა სასულიერო პირები ეფრემი თვლის ანტიოქიის არქიეპისკოპოს ევსტათის, რომელიც ამ თანამდებობაზე 324–331 წლებში მოღვაწეობდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий