воскресенье, 20 марта 2022 г.

„იბერიელი“ უფლისწულები უცხოეთში (უ. მურღულია)

    წინა თავში უკვე აღვნიშნეთ, რომ გურგენი ბიზანტიაში ძმებთან და ძეებთან ერთად წავიდა. ბიზანტიურ ისტორიულ წყაროებში ქართლის სამეფო ოჯახის მხოლოდ 3 წევრზე არის ცნობები დაცული. აღნიშნული მცირერიცხოვანი ცნობებიდან ვგებულობთ, რომ ქართველი უფლისწულები ბიზანტიის სამხედრო სამსახურში ჩადგნენ და დიდი წარმატებებსაც მიაღწიეს. უკეთ რომ გავიგოთ ქართველ უფლისწულთა მოღვაწეობის არსი მოკლედ იუსტინიანეს იმ ომებზეც ვთქვათ, რომელში მონაწილეობაც მათ მიიღეს.
    527 წელს ბიზანტიის ტახტზე ავიდა იუსტინეს დისშვილი იუსტიანიანე I (527–565), რომელმაც თავის მთავარ მიზნად დას. რომის იმპერიის ტერიტორიაზე არსებული გერმანული სამეფოების განადგურება და რომის იმპერიის აღდგენა დაისახა.
    533–534 წლებში იუსტინიანეს ჯარებმა გამოჩენილი სარდლისა და იუსტინიანეს მეგობრის ველისარის სარდლობით დაიპყრეს ჩრდ. აფრიკაში მდებარე ვანდალთა სამეფო. 535 წელს იუსტინიანემ ველისარი იტალიის ტერიტორიაზე არსებული ვესტგოთების სამეფოს დასაპყრობად გაგზავნა. გამოცდილმა სარდალმა რამდენჯერმე დაამარცხა ოსტგუთები, რიგ-რიგობით დაიპყრო იტალიის ქალაქები და მათი მეფე ვიტიგესის შეპყრობით (540 წ.) კატასტროფის პირას მიიყვანა ოსტგუთთა სამეფო, მაგრამ ამ დროს აზიაში ხოსრო ანუშირვანმა ბიზანტიის წინააღმდეგ ომი წამოიწყო. ამის გამო ველიზარი სასწრაფოდ გაიწვიეს აღმოსავლეთის ფრონტზე.
    541 წელს ოსტგუთების ტახტზე ავიდა ტოტილა, რომელიც ბრწყინვალე სარდალი გამოდგა. მან არაერთი მარცხია აწვნია ბიზანტიელებს და ნელნელა წაართვა იტალიის ქალაქები. მაშინ 544 წელს სპარსელებთან 5 წლიანი ზავის დადებისთანავე ველისარი სასწრაფოდ იტალიაში დააბრუნეს, მაგრამ მან ვეღარ შეძლო ტოტილას შეჩერება და ბოლოს რომიც გუთების ხელთ აღმოჩნდა. ველისარმა შეძლო ქალაქის დაბრუნება მაგრამ წინ ვეღარ წაიწია, რის შემდეგაც სარდლობა ჩამოართვეს და მრავალი წლით სამხედრო საქმეს ჩამოაშორეს.
    551 წელს იტალიის ფრონტის მთავარსარდლობა ველისარის ყოფილ თანაშემწესა და მეტოქეს ნარსესს მიანდეს. 552 წლის ზაფხულში მან აპენინებში დაამარცხა ოსტგუთების მეფე ტოტილა, დაიპყრო შუა იტალია და აიღო რომი. 552 წლის მიწურულს მდ. სარნუსთან გაანადგურა ოსტგუთები. ამით მათმა სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა. ახლა კი ქართველ ემიგრანტ უფლისწულებზე გადავიდეთ.
პერან იბერიელი
    უფლისწული პერანი გურგენ მეფის უფროსი ძე იყო. იგი მალევე შევიდა ბიზანტიის სამხედრო სამსახურში და უკვე 535 წლიდან იტალიის კამპანიაში ჩართეს და კონსტანტინე და ბესა თრაკიელებთან ერთად წარმატებით სარდლობდა ბიზანტიელთა ჯარებს ოსტგუთთა მეფის თეოდოტის (534–536) წინააღმდეგ. 537 წელს ვივარიოსთან პერანისა და ბესას ჯარები ძალიან შეავიწროვა ოსტგუთთა ახალმა მეფე ვიტიგესმა (536–540), რის შემდეგაც დახმარება სთხოვეს ველისარს. ამის შემდეგ ერთობლივი ძალებით ვიტიგესი დამარცხებულ იქნა. 537 წელსვე პერანიმ მცირე რაზმით იერიში მიიტანა გუთებზე სალარიის კარიდან და მოწინააღმდეგე გააქცია.
    539 წელს ველიზარმა პერანი ქალაქ ურბიბენტუმზე ალყის შემოსარტყმელად გაგზავნა. ქართველმა უფლისწულმა მტრის ბანაკიდან გამოქცეულთაგან გაიგო, რომ ურბიბენტუმის დამცველებს სურსათი ელეოდათ და სასწრაფოდ ველისარს შეუთვალა, თქვენც თუ შემოგვიერთდებით სურსათისგან შეწუხებული გუთები მხნეობას საბოლოოდ დაკარგავენ და ადვილად დაგვნებდებიანო. ველისარი დათანხმდა და ქალაქიც მართლაც მისი მისვლისთანავე დანებდა.
    540 წელს პერანის დახმარებით ველისარმა ვიტიგესი საბოლოოდ დაამარცხა და დაატყვევა, რის შემდეგაც იტალიის უდიდესი ნაწილი მის ხელთ აღმოჩნდა.
    ამასობაში სპარსეთის შაჰმა ხოსრო I-მა საუკუნო ზავი დაივიწყა და ბიზანტიის მესოპოტამიურ სამფლობელოებს შეუტია. მაშინ იუსტინიანემ ველისარი სასწრაფოდ აღმოსავლეთის ფრონტზე გადმოისროლა, რომელსაც თან გაჰყვა პერანიც.
    541 წელს ბიზანტიელი მოხელეების საშინელმა ქცევამ ეგრისი ააჯანყა. მისმა მეფე გუბაზმა ქვეყანაში სპარსეთის ჯარები შემოიყვანა და ეგრისის ციხე-ქალაქებში უნებართვოთ ჩამდგარი ბიზანტიელები განდევნა. ასე დაიწყო „დიდი ომიანობა ეგრისში“, რომელმაც 20 წელს გასტანა და დას. საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი შეიწირა.
    სირია-მესოპოტამიის ფრონტზე ომი სპარსელთა უპირატესობით მიმდინარეობდა. ბიზანტიელები დიდ ბრძოლას ერიდებოდნენ და უკან-უკან იხევდნენ. ჯერ კიდევ ომის გაჩაღებამდე 541 წელს ხოსრომ წინააღმდეგობის გარეშე აიღო აპამეა. 542 წელს დაიკავა აგრეთვე ანტიოქია და მისი მცხოვრებლები იქედან ქტესიფონის ახლოს გადაასახლა სადაც დააარსა ახალი ქალაქი „სპარსეთის ანტიოქია“. პირველი სერიოზული ბრძოლა მოხდა 543 წელს ანგლონთან სადაც ველისარისა და პერანის ჯარები დამარცხდნენ და უკან დახევა განაგრძეს.
    ამასობაში იუსტინიანეს მიუვიდა ცნობა იტალიაში ოსტგუთთა მეფის ტოტილას წარმატებების შესახებ, რის გამოც ველისარი იტალიაში დააბრუნეს. პერანთან ერთად აღმოსავლეთის ფრონტის სარდლობა ავგუსტმა მის ძმისწულ იუსტეს მიანდო. მათ მოახერხეს სპარსელთა წინსვლის შეჩერება და პერიოდულად მეტოქის ტერიტორიაზე თავდასხმებსაც აწყობდნენ. ერთ ასეთ რეიდზე მოგვითხრობს პროკოპი კესარიელი: 543 წელს იუსტინეს ძმისწული იუსტე და პერანი დაბანაკდნენ ფისონის სიმაგრის მახლობლად, რომელიც მარტიროპოლის (ბიზანტიის დიოცეზი, მოიცავდა სირიას, პალესტინას, კიპროსსა და სინაის) საზღვრების მახლობლად არის. იუსტესა და პერანის რაზმები შეიჭრნენ ტარავნონთან მდებარე სოფლებში და ზოგიერთი მათგანის დარბევის შემდეგ მაშინვე უკან გამობრუნდნენ.
    544 სირიის ფრონტზე ხოსრომ დიდი შეტევა წამოიწყო, რომელსაც თავად სარდლობდა. სპარსელებმა ქალაქ ედესას ალყა შემოარტყეს, რომელშიც გამაგრებული იყო ბიზანტიელთა მთავარი ძალები პერანის, მარტინესა და პეტრე სტრატეგოსის მეთაურობით. სპარსელებმა ქალაქის ასაღებად კედლებთან ხელოვნური ბორცვის აგება დაიწყეს. მაშინ პერანმა მათ შესაფერხებლად ჰუნების რაზმი გაგზავნა, თუმცა ამით მხოლოდ მცირე დრო მოიგო, დამხმარე ძალები კი არ ჩანდა. შემდეგ ედესიდან ერთი ექიმი გაგზავნეს ხოსროსთან ზავზე მოსალაპარაკებლად. ხოსრომ უარი განაცხადა ზავზე, მანამ სანამ რომაელები მას არ გადასცემდნენ პეტრესა და პერანის, რომლებიც მისი თქმით შაჰის მამაპაპეული მონები იყვნენ და გაბედეს მის წინააღმდეგ მოქმედება. ხოლო თუ რომაელებს ამის შესრულება არ სურთ, აუცილებელია მათ ორში ერთი აირჩიონ: ან მისცენ 500 კენდინარი (1 კენდინარი = 100 ლიტრს), ან მიიღონ ქალაქში მისი ზოგიერთი კაცები, რომლებიც გამოჩხრეკენ მთელ ოქროსა და ვერცხლს, რაც იქ აღმოჩნდება და მას მოუტანენ, ხოლო დანარჩენ ქონებას პატრონებს დაუტოვებენ.
    ბიზანტიელებმა დანებებაზე უარი თქვენს. მაშინ სპარსელებმა აიღეს წინა კედელი და ქალაქში შევიდნენ, თუმცა პერანი გამოვიდა მთელი ძალებით, სასტიკ ბრძოლაში გაიმარჯვა და განდევნა მტერი. სპარსელებმა მძიმე დანაკარგი განიცადეს, რის გამოც ხოსრო იძულებული გახდა ედესელებისგან ზავის სანაცვლოდ მხოლოდ 5 კენდინარი მიეღო და უკან გაბრუნებულიყო. ცოტა ხანში ბიზანტია-სპარსეთმა ახალი 5 წლიანი ზავი გააფორმეს, რომელიც ბიზანტიას 20 კენდინარი ოქრო დაუჯდა. ამის შემდეგ ორ გიგანტს შორის ომი მხოლოდ ეგრისის ფრონტზე მიმდინარეობდა, სადაც ბიზანტიელებს უმნიშვნელო ძალები ჰყავდა გაგზავნილი, რადგან მისთვის უპირველესი ამოცანა დას. ევროპის დაპყრობა იყო.
    ედესასთან გამარჯვებამ პერანს დიდი სახელი მოუტანა და გზა გაუხსნა დიდი მწვერვალებისკენ, მაგრამ სწორედ ამ დროს უმუხთლა ბედმა. ცოტა ხნის შემდეგ ქართველი უფლისწული ნადირობისას ცხენიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა.
ფაზა იბერიელი
    უფლისწული ფაზა პერანის ძმისწული იყო. მანაც პერანივით ბიზანტიის სამხედრო სამსახური აირჩია. ფაზა იბერიელის შესახებ ისტორიულ წყაროებში სულ ორი ცნობა გვხვდება და ისიც მხოლოდ პროკოპი კესარიელთან.
    „542 წელს მრავალი გამარჯვევების შემდეგ ტოტილა ნეაპოლს მიუახლოვდა. მაშინ იუსტინიანე I-მა იტალიის პრეფექტორ-ეპარქოსად დანიშნა მაქსიმიანე, მისცა მას სამხედრო ფლოტი, რომელიც შედგებოდა თრაკიელებისა და არმენიელებისაგან. თრაკიელთა ჯარს მეთაურობდა ჰეროდიანე, ხოლო არმენიელებისას ფაზა. ნეაპოლის მახლობლად ზღვაზე ამოვარდნილმა ქარიშხალმა მთლად დაქსაქსა რომაელთა ხომალდები, რითაც ისარგებლეს გუთებმა და მეფე ტოტილას (541–552) მეთაურობით ბევრი მათგანი ხელთ იგდეს. ჰეროდიანემ და ფაზამ ნაპირზე გამოსვლა მოასწრეს და ტყვეობას თავი დააღწიეს და გოთებთან ბრძოლა განაგრძეს, რის გამოც ნეაპოლმა 543 წლის გაზაფხულამდე გაძლო და მხოლოდ იმის შემდეგ დანებდა გერმანელებს, როდესაც სურსათ-სანოვაგე და დახმარების იმედი სრულად ამოიწურა.
    544 წელს იტალიაში ჩამოსულ ველიზარს ფაზაც შეუერთდა. 547 წელს როდესაც ველიზარი ქ. ტარენტოს წინააღმდეგ გაემართა ცხენოსანთა რაზმს ფაზა იბერიელი სარდლობდა ბარტაბტიონთან ერთად. ამ ბრძოლაში ბიზანტიელებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს გუთებზე. გამარჯვებით გათამამებულებმა სიფრთხილე მოადუნეს და სანოვაგის საშოვნელად მახლობელ დასახლებებში დახეტიალებდნენ. ამით ისარგებლა ტოტილამ, ახალი ძალები მიაშველა დამარცხებულ გუთებს, რომლებმაც იერიში მიიტანეს დაქსაქსულ და მიმოფანტულ ბიზანტიელებზე. ფაზა იბერიელი ამ დროს ქალაქის მახლობლად კარავში ისვენებდა და იშვიათი სიმამაცით დაუხვდა მტრებს, ისე რომ ბევრი მათგანი კიდეც აჩეხა, მაგრამ მოწინააღმდეგე ბევრად ჭარბობდა და ბოლოს თავის მცირე რაზმთან ერთად გმირულად დაიღუპა. ძალიან სამწუხარო იყო ეს ამბავი რომაელებისათვის, რადგან მთელი მათი იმედები ამათზე, როგორც საუკეთესო მებრძოლებზე იყო დამყარებული“.
ბაკურ იბერიელი
    უფლისწული ბაკური პერანის ძე და გურგენ მეფის შვილიშვილი იყო. მანაც სამხედრო კარიერა აირჩია და დიდ წარმატებებსაც მიაღწია. ბაკური ისტორიულ წყაროებში ჩნდება 547 წელს, როდესაც ის უკვე სახელმოხვეჭილი სარდალია. 547 წელს ოსტგუთების შეტევებით შევიწროვებული ველისარის მუდმივი თხოვნების საპასუხოდ იუსტინიანემ იტალიაში გაგზავნა ბაკური პერანის ძე და სერგი სოლომონის ძმისწული მცირეოდენი ჯარით. იტალიაში რომ მივიდნენ, მაშინვე შეუერთდნენ ბიზანტიელთა დანარჩენ ჯარებს.
ბაკურის დახმარებით ველისარმა შეძლო იტალიის ფრონტზე სტაბილიზაციის მიღწევა და რამდენიმე მცირე წარმატების შემდეგ რომიც კი დაიბრუნა, მაგრამ წარმატება ვერ განავითარა, რის გამოც, როგორც უკვე გვქონდა აღნიშნული გადააყენეს და მთავარსარდლობა ნარსესს მიანდეს.
    551 წელს ნარსესი იტალიაში ჩავიდა და თანაშემწედ მანაც ბაკური აიყვანა. 552 წლის დასაწყისში სამხრეთ იტალიაში ქალაქ კროტონის მცხოვრებელები მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნენ გუთების შემოტევის გამო: გუთებმა ქალაქს ალყა შემოარტყეს. იუსტინიანემ როდესაც ეს გაიგო თერმოპილეში მდგარ რაზმებს უბრძანა იტალიაში გაეცურათ. გუთებმა რომ ბერძენთა მომდგარი ფლოტი დაინახეს, ალყა მოხსნეს და უკან დაიხიეს. მალე კროტონესთან ბრძოლაში მათ გამანადგურებელი მარცხი იწვნიეს.
    552 წლის ივლისში ტოტილამ შემოიერთა ფრანკები და ნარსესის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლის გასამართად დაიძრა. ნარსესმა მის წინააღმდეგ რიცხობრივად მეტი და უკეთ აღჭურვილი არმია გამოიყვანა, რომლის ერთ ფლანგს ბაკური სარდლობდა. სასტიკი ბრძოლა გუთების დამარცხებით დასრულდა. ტოტილა 6000 თანამემამულესთან ერთად დაეცა ბრძოლის ველზე. ამ ბრძოლაში იბერიელმა უფლისწულმა თავი წარმოაჩინა, როგორც ნიჭიერმა და მამაცმა სტრატეგმა.
    ამდენმა დამარცხებებმა ოსტგუთების არმიებს მხნეობა დააკარგვინა. ამის გამო ტარანტოში მდგარი გუთების ჯარის სარდალმა რაგნარიმ და აქერონტიის მცველი რაზმის მეთაურმა მორამ თავიანთი ჯარისკაცების მოთხოვნისამებრ მოლაპარაკება გამართეს ბაკურისთან, პერანის ძესთან, რომელიც დრიუნტში მდგომ რომაელებს სარდლობდა. „თუ იუსტინიანესგან ხელშეუხებლობის პირობას მივიღებთ, დავნებდებით ჩვენი ჯარისკაცებითურთ და იმ ციხეებსაც გადვცემთ რომელთაც ჩვენ ვიცავთო“. ეს პირობა ბაკურმა ავგუსტს გაუგზავნა და თანხმობაც მიიღო. როდესაც რაგნარიმ ბაკურისგან ავგუსტის დასტურით ხელშეუხებლობის რწმუნება მიიღო, პირობა დადო რომაელთა მხარეს გადმოვალო და ამ თანხმობის ნიშნად 6 გუთი გაუგზავნა მძევლებად. მაგრამ როდესაც გაიგო გუთებს მეფედ ტეია (552 წ. ივლისი-ოქტომბერი) დაუყენებიათ, მას დასახმარებლად ფრანკები მოჰყავს და მთელი ლაშქრით მტრის წინააღმდეგ გამოლაშქრებას აპირებსო, შეცვალა გეგმა და დაპირების შესრულება აღარ მოისურვა. მაშინ გადაწყვიტა მძევლები უკან მიეღო და ხერხი იხმარა. ბაკურის შეუთვალა რამდენიმე რომაელი ჯარისკაცი გამომიგზავნე, რომ იმათი დახმარებით შესაძლებელი გახდეს დრიუნტში მივიდეთ და იქიდან იონიის ზღვის გავლით ბიზანტიონისკენ გავემგზავროო. ბაკური ვერ მიხვდა გუთის ჩანაფიქრს და გაუგზავნა 50 რომაელი მებრძოლი. რაგნარიმ ისინი დაატყვევა და ბაკურის შეუთვალა: თუ გსურს შენი ჯარისკაცები ცოცხლები გადაარჩინო, გუთთა მძევლები უნდა დამიბრუნო უკანო. ამ ამბით განრისხებულმა ბაკურიმ დრიუნტის დასაცავად მცირეოდენი ჯარი დატოვა და დანარჩენი ჯარით გაემართა მტრის წინააღმდეგ. რაგნარიმ მოკლა დატყვევებული 50 რომაელი და მტრის დასახვედრად ტარანტოდან გაიყვანა გუთები. ბრძოლაში გუთები სასტიკად დამარცხდნენ (552 წლის სექტემბერი). რაგნარმა, რომელმაც ბრძოლაში თავისი გერმანული ლაშქრის უმეტესი ნაწილი დაკარგა, თვითონ მაინც მოახერხა გაქცევა. ბაკურმა ტარენტუმიც აიღო, აქერონტიც და ორივეში ბიზანტიური ციხიონი შეაყენა.
    ამის შემდეგ შეშინებული ტეია სამხრეთისკენ გაიქცა. ნარსესი მას ნეაპოლის უბესთან დაეწია. ტეია 3 დღე ებრძოდა ბიზანტიელებს და ბოლოს გმირულად დაეცა. მეფის გარეშე დარჩენილი ოსტგოთები კი კიდევ ორი წელი განაგრძობდნენ ბრძოლას ვიდრე ნარსესმა საბოლოოდ არ გაანადგურა.
    552 წელს ბაკური დიდების მწვერვალზე იყო. სწორედ ამ დროს მის შესახებ ბიზანტიურ წყაროებში ცნობები წყდება. კონსტანტინეპოლის კარზე ნებისმიერ სახელმოხვეჭილ სარდალს უმალვე მრავალი მტერი უჩნდებოდა, რასაც მოჰყვებოდა ხოლმე სასახლის კარის ინტრიგები. იმსხვერპლა ამ ინტრიგებმა, თავისით დაიღუპა, სამხედრო-პოლიტიკურ ავანსცენას თავისით გაეცალა, თუ სამშობლოში დაბრუნდა? სამწუხაროდ ამის შესახებ არანაირი ცნობა არ არის შემონახული.

Комментариев нет:

Отправить комментарий