воскресенье, 20 марта 2022 г.

ქართლის სამეფო და არმენია V ს-ის I ნახ-ში (უ. მურღულია)

1. ფარსმან V (დაახლ. 397–409)
მამის გარდაცვალების მომენტში ფარსმანი არასრულწლოვანი (დაახლ. 14 წლის) იყო, რის გამოც მცხეთის ტახტი მირიან III-ის შვილიშვილს, თრდატ რევის ძეს ერგო. თრდატის გარდაცვალების მომენტში კი ფარსმანი უკვე სრულწლოვანი იყო და ტახტის დაკავებაც შეეძლო, მაგრამ ბაკურ თრდატის ძეს უფრო მეტი მომხრე აღმოაჩნდა და ტახტიც მას დარჩა. შესაბამისად ფარსმანიც იძულებული გახდა ბიზანტიაში გაქცეულიყო (რადგან სპარსეთი ბაკურს აღიარებდა) და თეოდოს I-ს შეკედლებოდა. იბერიელი უფლისწული ნიჭიერი ახალგაზრდა იყო და სამხედრო საქმეში თავი მალევე გამოიჩინა.
თეოდოსის სიკვდილის (395 წ. 17 იანვარი) შემდეგ აღმ. რომის იმპერია უნიჭო, უზნეო და უნებისყოფო არკადიუსს დარჩა, რომელიც კონსტანტინოპოლის სასახლეში უზრუნველ ცხოვრებას მისცემოდა. ავგუსტმა სახელმწიფო საქმეები წარმოშობით გალ მინისტრს რუფინუსს  ჩააბარა, სამხედრო მინისტრად („Magíster mílitum“) კი ფარსმანი დანიშნა.
რუფინუსმა ძალაუფლების გასამყარებლად გადაწყვიტა არკადიუსი თავის დაზე დაექორწინებინა. ცოტა ხანში, როდესაც იგი ანტიოქიაში წავიდა იქაურ მცხოვრებთა ასაწიოკებლად, საჭურისმა ევტროპიუსმა (რომელიც აგრეთვე ცდილობდა ავგუსტი თავისი გავლენის ქვეშ მოექცია) არკადიუსს აჩვენა რომის არმიის ფრანკი სარდლის ბაუტონის ულამაზესი ასული ევდოქსია. ავგუსტმა ევდოქსია უყოყმანოდ შეირთო ცოლად (395 წლის 27 აპრილი), რის შემდეგაც რუფინიუსი ჯერ დააქვეითეს, შემდეგ კიდევაც მოჰკლეს (395 წ. 27 ნოემბერი). ევტროპიუსი პირველი კაცი გახდა, მაგრამ მალე მის დიდებას საფრთხე დაემუქრა. როგორც ევტროპიუსის მზვერავებმა შეიტყვეს ბიზანტიის ახალ დედოფალს საყვარლად გაუხდია ფარსმან იბერიელი და მის აღზევებას აპირებდა. ევტროპიუსმა ამბავი არკადიუსს უამბო, რომელმაც ფარსმანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. დედოფალმა ყველაფერი მალევე შეიტყო და ფარსმანს აცნობა. ქართველი უფლისწულიც სასწრაფოდ გაიქცა კონსტანტინეპოლიდან და შინ დაბრუნდა, სადაც მეფე ბაკური ახალ გარდაცვლილი დახვდა და ქართლის ტახტზე ასვლაში ვეღარავინ შეუშალა ხელი.
ლეონტი მროველი მოგვითხრობს: „დაჯდა მეფედ ძე ვარაზ-ბაქარისი, ძის-წულის წული ფეროზისი, სახელით ფარსმან. რამეთუ იგი უხუცესი იყო ძმათა მისთა. და მოკვდა ელია ეპისკოპოსი, და დასვეს სვიმონ. ეს ფარსმან იყო კაცი მორწმუნე, მხედარი შემმართებელი.
შემდგომ წელს ფარსმან IV-მ ბიზანტიელებზე შური იძია. 398 წელს მან ჩრდილო კავკასიიდან გადმოიყვანა თეთრი ჰუნები და სომხეთის ბიზანტიურ ნაწილს შეუსია. ევტროპიუსმა დიდი ძალისხმევით მოახერხა მათი დამარცხება და განდევნა. იგივე ფარსმანმა მოგვიანებით არაერთხელ გაიმეორა.
399 წელს ევტროპიუსიც დაემხო და ძალაუფლება სიცხოცხლის ბოლომდე (გარდ. 404 წ.) დედოფალ ევდოქსიას გადაეცა.
408 წლის 1 მაისს არკადიუსი გარდაიცვალა და აღმოსავლეთ რომის იმპერიის ტახტი მის შვიდი წლის ვაჟს, თეოდოსი II-ს დარჩა. იმპერიის ნამდვილი გამგებელი კი ეგვიპტელი პრეფექტი ანთემიუსი იყო, ჭკვიანი და დაკვირვებული სახელმწიფო მმართველი (მართავდა 405–414 წლებში), რომელმაც იბერიასთან კავშირის აღდგენა გადაწყვიტა. სპარსეთის ზეგავლენისგან თავი დასაღწევად ბიზანტიათან კავშირი ჭირდებოდა ფარსმანსაც.
ლეონტი მროველი მოგვითხრობს: „ფარსმან ეზრახა მეფესა ბერძენთასა (ე.ი. ბიზანტიელთა) და ითხოვა მისგან შეწევნა; და აღასრულა თხოვნა მისი კეისარმან. მაშინ განუდგა და აღარ მისცა სპარსთა ხარკი; და გაამრავლა ჯვარნი, და განაახლა ეკლესიანი ყოველსა ქართლსა შინა, და ააშენა ეკლესია ბოლნისისა. და მცირედ-ჟამს მეფობდა და მოკვდა“.
მოქცევა ქართლისას ცნობით „შემდგომად მეფობდა ფარსმან, და მთავარეპისკოპოსი იყო სვიმეონ“.

შენიშვნა
1. ფარსმანის ბიზანტიასთან ურთიერთობის დეტალებს გვამცნობს იოანე რუფუსის „პეტრე იბერის ცხოვრება“.

2. მირდატ VI (დაახლ. 409–411)
ლეონტი მროველი მოგვითხრობს: „დაჯდა მეფედ ძმა მისი მირდატ, ასულის-წული თრდატისი, ძე ვარაზ-ბაქარისი, მამულად ბაქარიანი, დედულად რევიანი, ორითა-ვე მირიანის ძეთა ნათესავი და იყო ესე მირდატ კაცი ქველი, მხედარი შემმართებელი, ურწმუნო და უშიში ღმერთისა, ლაღი და ამპარტავანი, და მინდობილი მხედრობასა თვისსა. არა ემსახურა ღმერთსა, არცა ააშენა ეკლესია, არ-ცა-რა მატა შენებულთა, და სილაღითა მისითა მტერ ექმნა ბერძენთა და სპარსთა. ბერძენთაგან ეძიებდა კლარჯეთს, საზღვარსა ქართლისასა, ხოლო სპარსთა არა მისცემდა ხარკსა.
მაშინ სპარსთა მეფემან (იეზდიგერდ I, 399–420) გამოგზავნა მარზპანი, რომელსაც ერქვა უფრობ, სპითა ძლიერითა, მირდატის ზედა. მაშინ მირდატ, სილაღითა თვისითა, არა მოერიდა სიმრავლესა სპარსთასა, მცირედითა სპითა მიეგება გარდაბანს და ეწყო: აოტეს და შეიპყრეს სპარსთა; მოვიდნენ ქართლად, დაიპყრეს ქართლი და გარყვნეს ეკლესიანი. ხოლო ნათესავნი მეფეთანი დარჩნენ ხევსა კახეთისასა, და სვიმონ ეპისკოპოსი მათ თანა-ვე. ხოლო მირდატ წაიყვანეს ქტესიფონსს და იქ მოკვდა“.
„მოქცევა ქართლისა“ გვამცნობს: შემდგომად მეფობდა მირდატ. და იგი წაიყვანა პიტიახშმან ვარაშ ქტესიფონს და იქ მოკვდა“.
ჯუანშერი გვამცნობს: „როდესაც შეიპყრეს ქართველთა მეფე მირდატ სპარსთა წყობასა შინა, დაიპყრეს ქართლი სპარსთა, და ყოველთა შინა ეკლესიათა ქართლისათა ცეცხლის-მსახურთა სპარსთა აღაგზნეს ცეცხლი.
შემდგომად სამისა წლისა უცალო იქმნა სპარსთა მეფე, რამეთუ მოადგნენ მტერნი აღმოსავლეთიდან. მაშინ შეითქვნენ აზნაურნი ქართლისანი, მოიყვანეს და დასვეს მეფედ მცხეთას ძე თრდატისი, ძმისწული მირდატისი, მეფისა წარტყვენულისა, სახელით არჩილ (სპარსულად – „წრფელი“, „მართალი“, „ნათელი“, „მადლმოსილი“)“.
3. არჩილი (დაახლ. 414–434).
ჯუანშერი მოგვითხრობს: „ამან არჩილ მოიყვანა ცოლი საბერძნეთიდან, ნათესავი იოვიანოს მეფისა (ავგუსტი 363–364 წლებში), სახელით მარიამ, და განაცხადა მტერობა სპარსთა; გამოაჩინა ჯვარნი და მოკაზმნა ეკლესიანი; მოსრა და განასხა ყოველნი ცეცხლის მსახურნი საზღვართაგან ქართლისათა; მოირთო ძალი საბერძნეთიდან და წარმძღვანებითა ჯვარითა იწყო ბრძოლად სპარსთა.
მაშინ ერისთავი სპარსთა მეფისა, რომელიც მართავდა გარდმანსა და მოვაკანს, ვიდრე არჩილის მეფობადმდე, მისი-ვე განსაგებელი იყო ქართლი. ამან შეკრიბა სპა გარდმანისა და მოვაკანისა და ადარბადაგანისა, და მომართა არჩილს. ხოლო არჩილ, სასოებითა და მინდობითა ღმერთისათა, მიეგება საზღვართა ზედა ქართლისათა, მოეწყო იქ მდინარესა ზედა ბერდუჯისა, და ძალითა პატიოსნისა ჯვარისათა მოსრა და ტყვედყვნა; შევიდა მოვაკანს, მოარბია და მოვიდა შინ გამარჯვებული. განავლინა ქადაგი ყოველსა შინა ქართლსა და უთხრა ყოველთა: „არა ძალითა ჩვენითა, არ-ცა სიმხნითა, არ-ცა სიბრძნითა, არ-ცა სიმრავლითა სპათათა ვსძლიეთ მტერთა, არამედ ჯვარითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, ძისა ღმრთისათა, რომელმაც მოგვცა წინა-მძღვრად და საჭურველად ჯვარი მისი პატიოსანი. აწ ყოველთა ქართველთა ადიდეთ სამება ერთარსება, ღმერთი დაუსაბამო, დამბადებელი ყოვლისა. შეწირეთ მადლობა, და მტკიცე-მცა არიან გულნი თქვენნი სარწმუნოებასა ზედა სამებისა წმიდისასა. და ყოველთა ქართველთა შეწირეს მადლობა ღმერთისა მიმართ, და განაახლეს ეკლესიანი“.
მაშინ არჩილ მეფემან ააშენა ეკლესია სტეფან-წმიდისა მცხეთას, კართა ზედა არაგვისათა, სადაც იყვნენ კოშკნი მტკიცენი საბრძოლნი, რომელნიც მას-ვე აღეშენებინა.
აღიზარდა უფლისწული მირდატ, და დადგა ასაკსა მამაკაცობისასა. მირდატ იყო მორწმუნე და ღმრთის-მსახური, როგორც მამა მისი; და იყო იგი ქველი და შემმართებელი. ამან უმეტესად უწყო ბრძოლად სპარსთა, შესლვად და ტყვენვად გარდმანსა და მოვაკანსა; რამეთუ მას ჟამსა უცალო იყო მეფე სპარსთა, და ებრძოდა ჰუნების ტომებს – ხიონიტებს, კიდარიტებს და ეფთალიტებს (უტევდნენ სპარსეთს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან) და ვერ შემძლებელ იყო სპისა დიდისა გამოგზავნად; და სპათა ბარზაბოდისა ემძლავრებოდნენ ქართველნი. წინამძღვარ იქმნა მირდატ სპათა მამისა თვისისათა, და მარადის ტყვენვიდა გარდმანსა და მოვაკანსა.
მას ჟამსა შინა იყო გარდმანსა და მოვაკანს ერისთავად ბარზაბოდ, და ვერასოდეს წინააღუდგებოდა იგი ქართველთა, ამიტომ გაამაგრა ციხენი და ქალაქნი. და შესლვასა ქართველთასა გარდმანს, სადა-ცა ეწყვნიან სპარსნი ნაწყვედთა ლაშქართა, მტყვენველთა ქართველთა, მარადის სპარსნი იძლეოდიან. ხოლო ბარზაბოდს ესვა ასული ქმნულ-კეთილი, მშვენიერი, რომელსაც ერქვა საგდუხტ. უთხრეს მირდატს, ძესა არჩილისსა, სიმშვენიერე მისი, და სმენითა სიშვენიერისა მისისათა ტრფიელ იქმნა მირდატ მის ზედა. მოახსენა მამასა თვისსა: „ვევედრები მეფობასა შენსა, მომგვარე ცოლად ჩემდა საგდუხტ, ასული ბარზაბოდისი, და შევქმნათ ჩვენ შორის მშვიდობა. მართალია ძალითა ქრისტესითა ჩვენ ვართ მძლენი, მაგრამ ვერ ვიღებთ ციხეთა და ქალაქთა გარდმანისათა. თუ მოიცალოს მეფემან სპარსთამან, და იძიოს ჩვენ ზედა შური, და მოაოხროს ეკლესიანი და საზღვარნი ჩვენნი. და აწ ამით გაქარდეს მტერობა ჩვენ შორის; რამეთუ ჩვენთვის რა-ცა მოვახსენო მეფესა სპარსთასა, უსმენს იგი. და ამით მტკიცედ და შეურყეველად ვიპყრათ საზღვარი ქართლისანი, და განმტკიცნეს სჯული ქრისტესი ქართლს, და აღარ შეიქმნას გულსა ქართველთასა ეჭვი და გმობა სჯულისა ქრისტესისა მძლავრებისათვის სპარსთასა“. ეს ყოველი სიყვარულისათვის ქალისა მირდატ წარმოთქვა.
მაშინ არჩილ მეფემან აუსრულა ნება მისი. წარგზავნა მოციქული ბარზაბოდისსა, და ითხოვა ასული მისი ცოლად ძისა თვისისა. ხოლო ბარზაბოდმა გაიხარა სიხარულითა დიდითა, რამეთუ მოოხრებულ იყო ქვეყანა მისი და შესჭირვებოდა: ითხოვა ფიცი და აღთქმა მშვიდობისათვის და მისცეს ფიცი. და მოსცა მან ასული თვისი მზითვითა დიდითა: მოიყვანეს მცხეთას და ქმნეს ქორწილი, შვება და განცხრომა დღეთა მრავალთა. და მისცა მეფემან სამშვილდე ძესა თვისსა საერისთავოთა მისითა, და იქ დასხდნენ მირდატ და საგდუხტ.
ხოლო ამან საგდუხტ დედოფალმან გამოიკითხა სჯული ქრისტესი: რამეთუ ქმარმან მისმან მოჰგვარა კაცნი სჯულისა მცოდნენი, და უთარგმნეს სახარება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. და ამხილეს, რამეთუ ჭეშმარიტი ღმერთი ქრისტე არის, რომელიც განკაცდა ხსნისათვის ჩვენისა. მაშინ საგდუხტ გულის-ხმა ჰყო და იცნა სჯული ჭეშმარიტი, დატოვა ცეცხლის-მსახურება, ნათელ-იღო და იქმნა მორწმუნე. და მან ააშენა სიონი სამშვილდისა.
არჩილის დროს გარდაიცვალნენ სამნი ეპისკოპოსნი: იონა, გრიგოლი და ბასილი. ბასილის შემდგომად არჩილმა დასვა ეპისკოპოსი, რომელსაც ერქვა გლონოქორ. ამ დროს ქართლში დაჯდა ცეცხლმსახურთა მობიდანი (ე.ი. წინამძღვარი). ესე იყო ნათესავად სპარსი, და შეაჩვენებდა იგი ქრისტიანობასა. იყო იგი მოგვი ურჯულო და შემშლელი წესთა, და ვერ იგრძნო არჩილ მეფემან და ძემან მისმან უსჯულოება მობიდანისი, რადგან ეგონათ მორწმუნე. და ვერ-ცა განაცხადებდა ქადაგებასა რჯულისა მისისასა შიშისაგან მეფისა და ერისა, თუმცა ფარულად წერდა წიგნებსა ყოვლისა საცთურებისასა, რომელიც შემდგომად მისსა დაწვა ყოველი წერილი მისი ჭეშმარიტმან მთავარეპისკოპოსმა მიქაელმა.
ხოლო ამან არჩილ მეფემან ყოველნი დღენი ცხოვრებისა მისისანი აღასრულა სარწმუნოებასა შინა სამებისა წმიდისასა, ეკლესიათა შენებასა, და ყოველსა ქართლსა შინა გაამრავლა მღვდელნი და დიაკონნი და მსახურნი ეკლესიათანი, და მოკვდა“.
„მოქცევა ქართლისა“ გვამცნობს: „მის შემდგომად მეფობდა არჩილ, და მთავარეპისკოპოსი იყო იონა. და მაშინ დაეცა ქვემო ეკლესია. და იონა მოიცვალა გარეუბნისა ეკლესიასა და სვეტი იგი ცხოველი თანა-წარმოიღო“. ე.ი. იონას დროს დაინგრა მირიანის აგებული „ქვემო ეკლესია“ (I სვეტიცხოველი), რის შემდეგაც იონა საჯდომად გადავიდა „ზემო ეკლესიაში“. სწორედ ამ დროიდან ეწოდა ამ ეკლესიას სახელად „სამთავრო“, როგორც მთავარეპისკოპოსის რეზიდენციას.
„მის დროს აზნაურთა სტეფანე-წმიდა ააშენეს არაგვსა ზედა. და მოგვნი მოგვეთას მოგვობდნენ ცეცხლისა მსახურებასა ზედა. და მის-ვე არჩილის ზე ოთხნი მთავარეპისკოპოსნი გარდაიცვალნენ“.
არჩილს ახსენებს კორიუნი მაშტოცის ცხოვრებაში: „იბერიაში პირველი სტუმრობიდან რამდენიმე წლის შემდეგ ალბანეთიდან მაშტოცი ისევ გაემართა იბერიისკენ. როდესაც ის მივიდა გარდმანის ხეობამდე (დღევ. მდ. შამქირჩაის ხეობა), მის შესახვედრად გამოვიდა გარდმანის იშხანი სახელით ხურსი, რომელმაც ღვთისმოყვრული სტუმართმოყვარეობა გამოიჩინა და ვარდაპეტის განკარგულებას დაუქვემდებარა თავი და მთელი თავისი სამთავრო. ისიამოვნა რა აქაური მრავალფეროვანი ხილითა და წვენებით, მაშტოცმა განაგრძო გზა და იბერიამდე პირადად მთავარი მეგზურობდა.
იმ დროს იბერიაში მეფობდა მეფე სახელით არძიული (არჩილი), რომელიც განსაკუთრებული გულმოდგინებით უწყობდა ხელს მისი საქმიანობის წარმატებას, და მაშტოცმა მოინახულა ყველა თავისი მოწაფე და დაავალა ეარათ სწორი გზით.
მაშინ ტაშირის იშხანი, კაცი ღირსეული და ღვთისმოყვარე, სახელით არშუშა, გადასცა მის განკარგულებაში საკუთარი თავი და მთელი თავისი გავარი (საერისთავო). მაშტოცი აქაც მთელი გულით შეუდგა სწავლების გავრცელებას, ისევე როგორც სხვა გავარებში.
ბოლოს ჩააბარა წმინდა ეპისკოპოს სამუელს, იმას ვინც ზემოთ მოვიხსენიეთ თავისი საქმე და თვითონ დაბრუნდა არმენიაში...“.
„პეტრე იბერის ცხოვრებით“ დაახლოვებით 429-437 წ.წ. შუა იბერიაში მეფედ იჯდა უკვე დიდი ბაკურის ძმა, ძალზე მოხუცებული არჩილი, რომელიც დიდად ზრუნავდა ქრისტიანობაზე. იბერიაში ქართული წყაროებითაც ზის ამ დროს არჩილი, მაგრამ ის არა რევიანი თრდატის, არამედ ვარაზ-ბაკურის ძე თრდატის ძეა და შესაბამისად ახალგაზრდა და არა მცირე ხნით, არამედ დაახლოებით 24 წელი მეფობდა.
4. „დიდი არმენიის სამეფოს“ გაუქმება
ამ დროს სპარსეთში ქრისტიანობა საკმაოდ იყო ფეხმოკიდებული, ხოლო რელიგიების დაპირისპირება ქვეყნის სიმტკიცეს საფუძველს უთხრიდა, ამიტომ ჭკვიანმა შაჰმა იეზდიგერდმა ჯერ ქრისტიანთა რბევა აკრძალა (409 წ.), შემდეგ კი მათ ქვეყნის მთავარ ქალაქებში საეპისკოპოსოების დაარსების უფლებაც მისცა. შაჰი უფრო შორსაც წავიდა და 419 წელს სპარსეთის საეპისკოპოსოების საეკლესიო კრება ჩაატარა ქ. სელევკიაში, რომელზეც სელევკიისა და ქტესიფონის ეპისკოპოსი აირჩიეს სპარსეთის ეკლესიის მეთაურად, რომელიც რომის პატრიარქს დაექვემდებარა.
სპარსეთ-ბიზანტიის ურთიერთობა იეზდიგერდის დროს უკიდურესად მეგობრული იყო. გარდა რელიგიური საკითხისა თანხმობა სუფევდა პოლიტიკურ სარბიელზეც. ბიზანტია კისრულობდა თანხის გადახდას, რომლითაც სპარსელებს კავკასიის კარები უნდა დაეცვა ჩრდ. კავკასიის მხრიდან ბარბაროსების შემოსევებისგან. მეტიც, პროკოპი კესარიელის ცნობით არკადიუსმა თავისი მცირეწლოვანი მემკვიდრის – თეოდოსის მფარველად სწორედ სპარსეთის შაჰი გამოაცხადა.
414 წელს გარდაიცვალა პერსარმენიის მეფე ვრამშაპურ არშაკიდი (400–414), რომელსაც დარჩა 10 წლის არტაშესი, რაც ქვეყანას არეულობას უქადდა. მაშინ სომეხთა კათალიკოსი სააკ I (387–428; 432–436) გაეგზავრა შაჰთან და თხოვა ადრე დამხობილი ხოსროვ IV-ის (387–392; 414–415) აღდგენა ტახტზე, რაზეც იეზდიგერდი დათანხმდა, თუმცა 1 წლის შემდეგ პერსარმენიის ეს მეფეც გარდაიცვალა და კვლავ ქაოსი დაიწყო. მაშინ სპარსეთის შაჰმა არმენიის ტახტზე თავისი უფროსი ვაჟ და ტახტის მემკვიდრე შაპური (415–420) დასვა.
პროქრისტიანული და სხვა ერების მიმართ შემწყნარებული პოლიტიკის გამო იეზდიგერდი ძველმა სპარსულმა არისტოკრატიამ ძალიან შეიძულა. ცეცხლზე ნავთი დაასხა სუზის ეპისკოპოსმა ავდამ, რომელმაც დაანგრია მაზდეანების ტაძარი. მაშინ მაზდეანებმა ქრისტიანების რბევა იწყეს. ამას დაემატა ბიზანტიური სავაჭრო ქარავნების მასობრივი ძარცვა. ასეთ მწვავე ვითარებაში მოულოდნელად გარდაიცვალა იეზდიგერდი, რითაც ბიზანტია-სპარსეთის მეგობრობაც დასრულდა.
მამის სიკვდილის შეტყობინებისთანავე შაპურმა მიატოვა პერსარმენია და სპარსეთის ტახტის მისაღებად გაემართა.
ამ დროს სპარსულ არისტოკრატიას გადაწყვეტილი ჰქონდათ იეზდიგერდის ოჯახის ამოხოცვა, რათა ამით მისი პოლიტიკა დაესრულებინათ და როგორც კი დედაქალაქში შაპური შევიდა, შეთქმულებმა სიცოცხლეს გამოასალმეს და სპარსეთის ტახტზე მისი ნათესავი ხოსრო სასანიანი დასვეს. მაშინ ასპარეზზე გამოვიდა იეზდიგერდის უმცროსი ვაჟი ბაჰრამი, რომელსაც მამამ ტახტზე უფლება ბავშვობიდანვე ჩამოართვა და აღსაზრდელად არაბ-ლახმიდების მეფეს ნუმან I-ს (400–418) მიაბარა, რომლის სამეფო დღევ. სამხრეთ-აღმოსავლეთ ერაყს მოიცავდა. როგორც კი სპარსეთში დატრიალებული ამბები შეიტყო, ბაჰრამმა მის მეგობარს, არაბ-ლახმიდების მეფე მუნდირ I-ს (418–462) გამოართვა ჯარი, ქტესიფონში ჩავიდა და მოითხოვა დიდებულთა კრება კანონიერი მეფის ასარჩევად. მსჯელობის შემდეგ დიდებულებმა ჩაატარეს არჩევნები, რომელშიც იეზდიგერდის ვაჟმა გაიმარჯვა და დაჯდა ტახტზე ბაჰრამ V-ის (421–438) სახელით.
ასეთი მონდომების მიუხედავად, ბაჰრამი პრაქტიკულად არ ერეოდა ქვეყნის მმართვის საქმეებში და მთელს დროს ქალებთან გართობასა და ნადირობაში ატარებდა. ქვეყნის რეალური ხელმძღვანელი კი იყო უზენაესი ვეზირი მიჰრ-ნარსე, რომელიც ამ თანამდებობაზე ჯერ კიდევ იეზდიგერდმა დანიშნა.
სანამ სპარსელები მმართველს არკვევდნენ, ამოქმედნენ მეზობლები. ხორენაცის ცნობით სომეხი ნახარარები აჯანყდნენ ნერსეს ჭიჭრაკაცის მეთაურობით, მოკლეს სპარსეთის არმიის სარდალი და ცოტა ხნით თავისუფლება დაიბრუნეს.
პარალელურად დავაჟკაცებულმა თეოდოსი II-მ რეგენტობა ჩამოართვა დას და პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯად სპარსეთის წინააღმდეგ ლაშქრობა მოაწყო. ბიზანტიელებმა მაგისტრ არდავურის სარდლობით გაძარცვეს აზაზინი, შეიჭრნენ მესოპოტამიაში და ალყაში მოაქციეს ნისიბინი. საპასუხოდ სპარსელებმა მიჰრ-ნარსესა და ბაჰრამის სარლობით ალყაში მოაქციეს თეოდოსიპოლი (ერზერუმი). რამდენიმე თვიანი დაპირისპირების შემდეგ უპირატესობა ბიზანტიამ მოიპოვა, მაგრამ ამ დროს (422 წელს) თრაკიაში ჰუნების შეჭრამ აიძულა თეოდოსი ზავი ეთხოვა სპარსელებთან. შეთანხმებაც მალევე შედგა, რომლის მიხედვითაც ბიზანტიელები დაიცავდნენ მათ ტერიტორიაზე მცხოვრები მაზდეანების უფლებებს, ხოლო სპარსელები ქრისტიანებისას; ბიზანტია გადაიხდიდა თანხას იმ სპარსული ჯარების შესანახად, რომელსაც უნდა დაეცვა კავკასიონის გადმოსასვლელები. ამასთან ორივე მხარეს ეკრძალებოდა სასაზღვრო მხარეებში ციხე-სიმაგრეთა აგება.
ხელშეკრულების დადებისთანავე ბაჰრამი გამოეხმაურა კათალიკოს საჰაკის თხოვნას და პერსარმენიის ტახტზე დასვა არტაშეს IV (422–428), რომელიც გარყვნილი და ყოვლად უხეირო მმართველი გამოდგა, რითაც თავი შეაძულა ნახარარებს.
424 წელს ბაჰრამმა სპარსეთის ქრისტიანული ეკლესია ბიზანტიის ეკლესიისგან დამოუკიდებლად გამოაცხადა.
428 წელს არმენიის დიდი ნახარარების თხოვნით ბაჰრამმა საბოლოოდ გააუქმა არმენიის სამეფო1 და იგი სპარსეთის პროვინციად აქცია, რომელსაც სპარსელი მოხელე – მარზპანი მმართავდა2. პირველ მარზპანად დაინიშნა ვეჰ მიჰრ შაპური (428–442), რომლის თანაშემწე გახდა ნახარარი ვაჰან ამატუნი. დიდი თანამდებობები გაინაწილეს სხვა ნახარარებმა: ტიროც ბაგრატუნმა, ვასაკ სიუნიკმა (სიუნკიკის მთავარი. გვარი სისაკიანი, ჰაიკაზუნების განაყოფი), ვარდან მამიკონიანმა და ნერშაპურ არწრუნმა. მართალია მარზპანი იყო ქვეყნის მეთაური, მაგრამ ნახარართა სამფლობელოების შიდა საქმეებში იგი არ ერეოდა. ანუ სამეფოს გაუქმება ნახარართა თავისუფლების ზრდას ხელს უწყობდა და ქვეყნის ცენტრალიზაციასა და დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვას ძირს უთხრიდა.

შენიშვნები
1. ნახარარები აცხადებდნენ – არტაშესი გარყვნილია და მმართველად არ გამოდგებაო, მეტი კანდიდატი კი არშაკიდებში დარჩენილი აღარ იყო. რეალურად ნახარარები ამით თავისი ძალაუფლების გაზრდას ვარაუდობდნენ. უკანასკნელი არშაკიანი სპარსეთში გაიწვიეს და უკან აღარ დააბრუნეს. გადაყენებულ იქნა მისი მფარველი კათალიკოსი სააკიც.
2. მარზპანი სიტყვა-სიტყვით ნიშნავს საზღვრის მცველს. მას ორი მნიშვნელობა ჰქონდა: ა) ქვეყნის, მხარის, ოლქის მმართველი სასანიანთა ირანში. ბ) უმაღლესი მოხელე, რომელიც IV–VI საუკუნეებში ინიშნებოდა სპარსეთის მიერ დაპყრობილი ქვეყნის (ჩვეულებრივ, ასეთ ქვეყანაში სამეფო ხელისუფლება აღარ არსებობდა, ანდა დროებით იყო გაუქმებული) მმართველად და შაჰის ადგილობრივ ნაცვლად. პერსარმენიის მარზპანი თავიდან არტაშატში იჯდა, ხოლო 452 წლიდან დვინში.

5. იბერიის მეფე მირდატ VII (დაახლ. 434–449)
ჯუანშერი მოგვითხრობს: დაჯდა მეფედ მის წილ ძე მისი მირდატ და მეფობდა იგი, როგორცა მამა მისი, დიდსა სარწმუნოებასა შინა. მიუდგა დედოფალი საგდუხტ და შვა ასული, და უწოდა სახელი მისი ხვარამზე (სპარსულად – მზიანი, მზისა). კვლავ ევედრებოდნენ ღმერთსა მეფე მირდატ და დედოფალი საგდუხტ, რათა მოსცეს ძე. და შემდგომად ოთხისა წლისა საგდუხტ მიუდგა და შვა ძე, და უწოდა სახელი მისი სპარსულად ვარან-ხოსრო-თანგ, ხოლო ქართულად ეწოდა ვახტანგ. აივსნენ სიხარულითა მშობელნი მისნი შობასა ყრმისა ამის ვახტანგისსა, და განავლინეს მახარობელი ყოველთა თანა ერისთავთა. და გამოიღეს ხვასტაგი დიდ-ძალი, ოქრო და ვეცხლი, და გაუყვეს გლახაკთა, და შეწირეს მადლობა ღმრთისა მიმართ, ლოცვითა და ღამის-თევითა, დღეთა მრავალთა. და შემდგომად ამისა მოხადა მეფემან ყოველთა წარჩინებულთა ქალაქად; და დღეთა მრავალთა გამართა პურობა და განცხრომა, და ევედრებოდნენ ყოველნი ღმერთსა აღზრდისათვის ყრმისა ვახტანგისსა. მოითხოვა მეფისაგან აღსაზრდელად საურმაგ სპასპეტმან ვახტანგ, დიდითა ვედრებითა, ხოლო მიანიჭა მეფემან და მისცა ძე მისი ვახტანგ საურმაგს სპასპეტსა აღსაზრდელად. რამეთუ წესი იყო შვილნი მეფეთანი წარჩინებულთა სახლსა შინა აღიზრდებოდნენ. შემდგომად ამისსა, მეექვსესა წელსა, შვა საგდუხტ ასული სხვა, და უწოდა სახელი მისი მირანდუხტ. და მოითხოვა იგი აღსაზრდელად სპასალარმან კასპისამან, და მისცა იგი მეფემან; და წაიყვანა იგი ქალაქად კასპისა, და იზრდებოდა იქ. შემდგომად ამისსა წელსა მეორესა მოკვდა მეფე მირდატ; და დარჩა ვახტანგ შვიდისა წლისა ყრმა“. ამით ქართლში 15 წლიანი მშვიდობის ხანა დასრულდა...
„მოქცევა ქართლისა“ გვამცნობს: „და მერე მეფობდა მირდატ. და მთავარეპისკოპოსი იყო გლონოქორ (ბოლნოქონ, ბოლონქონ). და ესე მთავარეპისკოპოსი ერის-თავადცა იყო ბარაზბოდ პიტიახშისაგან ქართლს და ჰერეთს“.
6. კავკასიელთა აჯანყება სპარსეთის წინააღმდეგ
ბაჰრამ V-ის გარდაცვალების შემდეგ სპარსეთის ტახტი დაიკავა მისმა ვაჟმა იეზდიგერდ II-მ (439–457). მაშინ ბიზანტიამ უარი თქვა 422 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდაზე, რის გამოც იეზდიგერდი შეიჭრა მის სასაზღვრო ქალაქებში, დაარბია და ქრისტიანების ჟლეტა მოაწყო. თეოდოსიმ მოახერხა სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა, რის შემდეგაც, 441 წლის ზავით აღსდგა 422 წლის ხელშეკრულების პირობები რელიგიური შემწყნარებლობის გამოკლებით.
442 წელს სპარსეთზე ჰუნ-კიდარიტების რეგულარული და მძლავრი შემოსევები დაიწყო, რამაც აიძულა შაჰი 7 წლით დედაქალაქი ქტესიფონიდან ხორასანის ცენტრ მერვში გადაეტანა. მომთაბარეთა სპარსეთზე თავდასხმებმა სარგებელი არც არმენებს მოუტანა, რადგან შაჰის ბრძანებით არმენიელთა საუკეთესო კავალერია მუდმივად იგზავნებოდა სპარსეთის ჩრდ-აღმ. საზღვრების დასაცავად.
სომეხი ისტორიკოსები ეგიშე (410–475) და ლაზარ ფარპეცი (443–515) საინტერესო ცნობებს გვაწვდიან კავკასიელი ხალხების სპარსეთის წინააღმდეგ აჯანყების შესახებ: „449 წელს შაჰმა მერვთან ბრძოლაში მოახერხა ჰუნების სასტიკად დამარცხება, რის შემდეგაც ქტესიფონში დაბრუნდა და გულდამშვიდებულმა დაიწყო არმენიის საბოლოოდ დამორჩილებისთვის ზრუნვა. იქ იეზდიგერდმა მიავლინა დენშაპუხი, რომელმაც აღწერა მოსახლეობა და ქრისტიან ნახარარებს არსებულ მიწებზე გადასახადების გაზრდასთან ერთად ცარიელ მიწებზეც დაუწესა გადასახადი, რათა ამით ეკონომიკურად გაეტეხა ისინი და სპარსეთის სამსახურში ჩაეყენებინა. პირველად ისტორიაში გადასახადი დაუწესეს ქრისტიანულ ეკლესიას.
ნახარართა გადაბირებას უშუალოდ ხელმძღვანელობდა მარზპანის თანამდებობაზე აღზევებული ვასაკ სიუნიკი (442–452), რომლის უფლებამოსილება საკმაოდ დიდი ყოფილა: „ვასაკი იყო სპარსეთის მეფის წარმომადგენელი იბერთა მეფის წინაშე“ – გვამცნობს ლაზარ ფარპეცი.
არმენიის უკმაყოფილო ნახარარებს სათავეში ჩაუდგა არმენიის სპარაპეტი ვარდან მამიკონიანი1, ძმებთან – ჰმაიკათან და ჰამაზასპიანთან ერთად. მათი მომხრეები უარს აცხადებდნენ სარწმუნოების შეცვლასა და უსამართლო გადასახადების გადახდაზე. საპასუხოდ იეზდიგერდის ბრძანებით ისინი კარგავდნენ მნიშვნელოვან თანამდებობებსა და მამულებს.
ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ფანატიკოსმა მაზდეანმა დიდვეზირმა მიჰრ-ნარსემ არმენიის სამღვდელოებას მისწერა – დაეტოვებინა არასწორი სარწმუნოება და გადასულიყო მაზდეანობაზე, რის შემდეგაც იბერები და ალბანელების ვეღარ შეეწინააღმდეგებიან სპარსელებს ამ საკითხშიო. იგივე წერილი გაგზავნა იბერია-ალბანიაშიც.
მაშინ არტაშატში შეკრებილმა არმენიის სასულიერო და საერო დიდებულებმა, მიუხედავად სამემკვიდრეო მამულების ჩამორთმევის საშიშროებისა, უარი თქვეს რელიგიის გამოცვლაზე, თუმცა დაუდასტურეს რომ არ იღწვიან სამეფოს აღდგენისკენ. რელიგიის შეცვლაზე უარი თქვეს იბერიელებმა და ალბანელებმაც. მაშინ განრისხებულმა შაჰმა თავისთან იხმო სამივე ქვეყნის გავლენიანი დიდებულები. არმენიიდან გაეგზავრნენ მარზანი ვასაკი (იგი ორმაგ თამაშს თამაშობდა), ყოფილი მეორე კაცი ვაჰან ამატუნი და სპარაპეტი ვარდან მამიკონიანი. იბერიიდან წავიდნენ დიდგვარიანი მამასახლისები და გუგარქის პიტიახში არშუშა2. მათ შაჰის ერთი მოხელის (ფარული ქრისტიანის) რჩევით, სტუმრებმა აუდენციაზე (449 წ. აპრილი) დაუდასტურეს იეზდიგერდს, რომ გადადიან მაზდეანობაზე და შინ დაბრუნებისთანავე გაამაზდეანებენ მოსახლეობასაც. ლაზარ ფარპეცის ცნობით: „არშუშამ უმალვე მიიღო ფორმალური მაზდეანობა და განსაკუთრებით აქტიურად ცდილობდა მაზდეანობის მიღებაზე დაეყოლიებინა ვარდან მამიკონიანი, ოღონდ არა პირადი კეთილდღეობისთვის, არამედ პატრიოტული და საზოგადოებრივი მოსაზრებებით. ვარდანს იგი ეუბნებოდა: „თუ შენ არ დაგვეთანხმები, სამივე ქვეყანა დაიღუპება, ხოლო თუ დაგვეთანხმები და ამას თავს იდებ, მრავალი გადარჩება და ჩვენს თავს მოვუპოვებთ მონანიების იმედს“. მაშინ ვარდანი დათანხმდა და ყველანი გამაზდენადნენ. გახარებულმა შაჰმა ყველანი დაასაჩუქრა და შინ გამოისტუმრა. მხოლოდ მძევლად დაიტოვა ვასაკის ორი ვაჟი და პიტიახში არშუშა, ხოლო შინ მობრუნებულებს გამოატანა ამ საქმისთვის 700 მოგვი შეიარაღებული დაცვით“.
მალე აღნიშნული ცნობა არმენიის სამღვდელოებამ შეიტყო და მოსახლეობას აჯანყებისკენ მოუწოდა. როდესაც სოფელ ანგხში მისულმა მოგვებმა სცადეს ადგილობრივი ტაძრის მაზდეანურად გადაკეთება (449 წლის სექტემბერი), ადგილობრივმა მოსახლეობამ გალახა და გაჰყარა, ხოლო სპარსელთა რაზმი, რომელიც მოგვებს აცილებდა – გაჟლიტა. ამის შემდეგ სტიქიურად დაიწყო აჯანყება. ოქტომბერში გაჟლიტეს არტაშატში მდგარი სპარსული გარნიზონი და პერსარმენიის ცენტრი გაწმინდეს დამპყრობლებისგან. ნახარარები ერთხანს ჩუმად იყვნენ ჩაკეტილი თავიანთ სამფლობელოებში, მაგრამ მალე მთელი პერსარმენია აჯანყებამ მოიცვა და ისინი იძულებულნი გახდნენ ასპარეზზე გამოსულიყვნენ. ლოგიკურად აჯანყების მეთაურებად არჩეულ იქნენ მარზპანი ვასაკი და სპარაპეტი ვარდანი (უკანასკნელი ფარპეცის ცნობით, დიდხანს იკავებდა თავს აჯანყებაში ჩართვისგან, რადგან ამით არ სურდა საფრთხე შეექმნა მძევლად დატოვებულთათვის). ანტისპარსული მოძრაობები დაიწყო იბერიასა და ალბანეთშიც.
აჯანყებულებმა დასახმარებლად ბიზანტიას მიმართეს. თეოდოსიმ იმ მიზეზით, რომ ჰუნების ბელად ატილასგან თავდასხმას ელოდა უარი განაცხადა დახმარებაზე. 28 ივლისს იგი გარდაიცვალა და ბიზანტიის ტახტზე მისი დის ქმარი მარკიანე (450–457) ავიდა, რომელმაც კატეგორიული უარი თქვა სპარსეთთან არსებული ზავის დარღვევაზე.
ვარდანმა არმენიის ჯარები გაჰყო 3 ნაწილად: პირველი მირშაპუხ არწრუნის სარდლობით განალაგა ატროპატენას საზღვართან; მეორე, თავისი სარდლობით, დაძრა ალბანეთში განლაგებული სპარსული ჯარების წინააღმდეგ; მესამე, ვასაკ სიუნიკის სარდლობით, დატოვა ზურგის დასაცავად.
ვარდანმა მოკავშირეების წყალობით მოახერხა სპარსეთის ფრონტებზე გაწვეული არმენიული კავალერიის სამშობლოში დაბრუნება, რომელთა დახმარებით 450 წლის აგვისტოში დაარბია ატროპატენა (სურდა ამ ქვეყნის გზით მოეწვია ჰუნები და მათთან გაერთიანებულიყო), ოქტომბერში კი არმენთა, იბერთა და ალბანთა გაერთიანებულმა ძალებმა ქ. ხალხალთან (ალბანეთის მეფის ზამთრის რეზიდენცია) დაამარცხა სპარსთა მოზრდილი არმია, რის შემდეგაც მათი გარნიზონებისგან გაწმინდა მტკვრის მარცხენა მხარე. შემდეგ მოკავშირეებმა ილაშქრეს დარიალის ხეობისკენ (სხვა ცნობით დარუბანდზე3) და გაჟლიტეს იქ მდგარი სპარსული გარნიზონი, რათა გზა გაეხსნათ აქედან მომავალი ჰუნებისა და ალანებისთვის და გამოეყენებინათ ისინი სპარსელთა წინააღმდეგ.
ვარდანმა მოახერხა ჰუნ-ეფთალიტებთან კავშირის დამყარება, რის შემდეგაც მოკავშირეებს ორივე მხრიდან უნდა დაერტყათ სპარსელებისთვის, თუმცა ამ დროს გამომჟღავნდა მარზპანის ღალატი. ვასაკი, რომელმაც ორი ძე დატოვა მძევლად და აქამდე მოსახლეობას მოუწოდებდა სპარსელების მიმართ დადებითად ყოფილიყვნენ განწყობილნი, დაინახა რა ვარდანის აღზევება პირდაპირ სპარსელთა ბანაკში გადავიდა.  ნოემბრის ბოლოს ვარდანმა დაამარცხა ვასაკის ბანაკი, თავისი ყველა მოწინააღმდეგე განდევნა ქვეყნიდან და მათ მიწებს დაეუფლა. მაშინ არტაშატში შეკრებილმა ამბოხებულმა ნახარარებმა ვარდანი არმენიის მეთაურად აირჩიეს.
ჰეფთალიტებისგან შევიწროვებულ იეზდიგერდს არ ძალუძდა მთელი ძალების არმენიაში გაგზავნა, ამიტომ დაუჯერა ვასაკის რჩევას და გამოსცა ბრძანება ქრისტიანებისადმი გადასახადების შემცირებისა და რელიგიური შემწყნარეობლობის შესახებ, რის შემდეგაც აჯანყებულთ ჩამოშორდნენ იბერები, ალბანელები და არმენიის ზოგიერთი განაპირა მხარე.
დარწმუნდა რა იეზდიგერდი მარკიანეს ჩაურევლობაში, არმენიაში გაგზავნა არმია მუშკან ნისალავურტის სარდლობით, რომელსაც ვასაკი შეუერთდა თავისი რაზმებით და დაბანაკდა ვასპურაკანში, არტაზის გავარის სოფელ ავარიარის დაბლობზე, მდ. ტხმუტთან. ვარდანმა არტაშატში შეკრიბა ჯარი და გაეშურა მტრის წინააღმდეგ.
451 წლის 26 მაისს გამართული სასტიკი ბრძოლა ამბოხებულთა დამარცხებით დასრულდა. ვარდანი გმირულად დაიღუპა, რის შემდეგაც მისი რაზმები მთიან მხარეებში გაიფანტა და დიდხანს აგრძელებდნენ პარტიზანულ ბრძოლას. სპარსელებმა დაატყვევეს მთებში გახიზნული არმენი ნახარარების ცოლ-შვილნი. ტყვეებს შორის იყო ჰმაიკაის ცოლი და 3 ვაჟი – ვაჰანი, ვასაკი და არტაშესი (მეოთხე ტყვეობას გადაურჩა).
ავარიარის ბრძოლის შემდეგ ვასაკი არმენიის ბატონ-პატრონი გახდა და ტახტისკენ იცქირებოდა. ვასაკმა დაიკავა დარუბანდი რათა დაეკეტა, თუმცა 452 წელს ისევ აიღეს და დაარბიეს ჰუნ-ეფთალიტებმა. შემდეგ საიდუმლო კავშირები გააბა იბერიისა და ალბანეთის მმართველ პოლიტიკურ წრეებთან და მოუწოდებდა აჯანყებისკენ; მოწინააღმდეგე ნახარარებს ართმევდა მამულებს და სჯიდა სიკვდილით, ან აპატიმრებდა.
452 წელს არმენიის სპარსელმა წარმომადგენელმა უჩივლა ვასაკს შაჰთან, დაადანაშაულა რა ქვეყნის გაპარტახებასა და სისხლისღვრის შეჩერების უუნარობაში. მარზპანი ქტესიფონში სასამართლოზე დაიბარეს, სადაც გამოვლინდა ყველა მისი საქმე, რის შემდეგაც სიკვდილი მიუსაჯეს. მის ნაცვლად პერსარმენიის მარზპანად ადურ ჰორმიზდი (452–465) დანიშნეს.
453–454 წლებში ეფთალიტების მძლავრი თავდასხმები მოაწყვეს სპარსეთის მხარეებზე. სასტიკად აოხრებული იქნა ატროპატენა. ასეთ ვითარებაში იეზდიგერდმა დროებით გადადო არმენიის საკითხების მოგვარება.
454 წელს, როდესაც ჰუნთა შემოსევები შეწყდა, სიკვდილით დასაჯეს არმენიის კათალიკოსი იოვსებ ვაიცძორცი ბევრ სასულიერო პირთან ერთად, ხოლო 35 გავლენიანი ნახარარი ქტესიფონში გაიწვიეს, დააპატიმრეს და სპარსეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში გადაასახლეს მომთაბარეებთან საომრად (მათ დაბრუნება მხოლოდ პეროზის დროს შეძლეს).
მიუხედავად აღნიშნული ღონისძიებისა იეზდიგერდს მაინც მოუწია გამაზდეანების პოლიტიკაზე უარის თქმა, რადგან მრავალწლიანი დაპირისპირებით არმენია გაპარტახებული იყო და გადასახადების გადახდა არ ძალუძდა. მეტიც, ძალით გამაზდეანებულებს მიეცათ უფლება ქრისტიანობას დაუბრუნებოდნენ.
455 წელს არშუშა შაჰის კარზე ისევ ჩავიდა ქვისლის ოჯახის გამოსასყიდად. მან დიდი ფული დახარჯა, მოისყიდა შაჰის დიდებულები და ნებართვა მიიღო შაჰისგან წაეყვანა თავისთან ჰმაიაკის ოჯახი. ლაზარ ფარპეცი მოგვითხრობს: „ქართლის იშხანი არშუშა შეეხვეწა სამეფო კარის ავაგებს (დიდებულებს), მრავალი და ურიცხვი საჭურჭლე დაახარჯა ყოველ მათგანს, განსაკუთრებით კი ურჯულო ჰაზარაპეტ (შაჰის მთავარ მინისტრს) მიჰრნერსეჰს, რომელიც დიდი ჯაფითა და მრავალი შრომით დაიყოლია ეთქვა მეფე იაზკერტისთვის, რათა ეწყალობებინა მისთვის ნეტარი მოწამის ჰმაიაკის, მამიკონიანთა გვარიდან, ვაჟები, რომელნიც სივნიელთა ვერაგ იშხან ვასაკს წაერთმია მისი აღმზრდელებისთვის, როგორც სიკვდილით დასასჯელთა შვილები და წაეყვანა ისინი შაჰის კარზე, რათა იქ მოეკლათ. შაჰმა უწყალობა ისინი არშუშას, როგორც ფრიად საყვარელსა და ღვაწლმოსილ კაცს და აუსრულა ყველასთვის დაუჯერებელი მისი დიდი თხოვნა.
გახარებული არშუშა შაჰის წინ დავარდა, აქეთ-იქით გაგორდა და თავს მიწაზე ურტყამდა. გაკვირვებულმა შაჰმა ჰკითხა: „ქართლის ბდეხშო, რა არის ეგ ახალი საქმე, რაც დღეს გვიჩვენე“-ო? არშუშამ უპასუხა: „კეთილმოქმედო მეფევ, თქვენ მე ახალი საჩუქარი მომანიჭეთ, რომელიც ჩემს სხვა მეგობართაგანს, თქვენს მსახურს, თქვენგან არ მიუღია. მეც თქვენთვის ახლებური თაყვანისცემით უნდა მეცა თაყვანი, როგორიც თქვენ სხვა მსახურთაგან არასოდეს გინახავთ“-ო. არშუშას საქციელი მეტად მოეწონათ შაჰსაც და დიდებულებსაც“.
მამიკონიანების ოჯახი ქართლში რამდენიმე წელი დარჩა, ვიდრე საშუალება არ მიეცათ შინ დაბრუნებულიყვნენ. შესაძლებელია ეს მოხდა პეროზის მეფობის მეექვსე წელს, როდესაც მან გაათავისუფლა აჯანყების მონაწილენი თავიანთი ოჯახებით.
7. ფეოდალიზმის შემოსვლა
V საუკუნეში იბერიაში საბოლოოდ დასრულდა მონათმფლობელობის ხანა და დაიწყო ადრეფეოდალური ხანა. მოსახლეობა ორ ძირითად ფენად – მიწათმფლობელ აზნაურებად („აზნ“ – სპარსულად „წარჩინებული“) და უაზნოებად (ანუ ყმადნაფიცებად, დამორჩილებულებად) გაიყო. აზნაურებში თანდათან გამოიკვეთა მდიდარ აზნაურთა ფენა ე.წ. დიდაზნაურები, რომლებიც ერისთავისა და სხვა მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებდნენ. დიდაზნაურები ოჯახის წევრებს სეფეწულებს და სეფექალებს ეძახდნენ, ცხოვრობდნენ განსაკუთრებულ სასახლეში, რომელსაც დიდი ეზო და ე.წ. პალატი ჰქონდა. დიდებული აზნაური მოხელე კიდევ, როგორც მაგალითად პიტიახში, სასახლეში, „ტაძარში“ ცხოვრობდა ხოლმე. ამ ტაძარს ერქვა აგრეთვე „სახლი სამეუფო“. ტაძარში იყო „გალიაკები“ და „სენაკები“ დიდი და მცირე. დიდებული აზნაურ-მოხელის ცოლს, რომელსაც მაშინ ჩვეულებრივ „დედოფალი“ ეწოდებოდა, ტაძარში საკუთარი „სენაკი“ ჰქონდა. ამ სენაკს განსაკუთრებული მოსამსახურე მიყენებული ჰყავდა და „სენაკაპანი“ ერქვა.
აზნაურებს ემორჩლებოდნენ უაზნონი, მსახურნი და მხევალნი. დიდაზნაურებს საკუთარი მსახური ხელოსნებიც კი ჰყავდათ. უაზნონი „სახლებში“, „სახლაკებში“ და „ვან“-ში ცხოვრობდნენ.
რასაკვირველია, იბერიაში ვაჭრები და ხელოსნებიც იქნებოდნენ და იყვნენ კიდეც, მაგრამ მათ შესახებ უმნიშვნელო ცნობები მოგვეპოვება. ვიცით მხოლოდ, რომ მცხეთაში სპარსელი და ასურელი ხელოსნების, მეხამლეებისა და მეჯადაგეთა, ახალშენი არსებობდა. შუშანიკის ცხორებიდან ჩანს, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ტანისამოსისათვის ძვირფასი ქსოვილი, „პალეკარტად“ წოდებული, ანტიოქიით შემოჰქონდათ.
ფეოდალური პრინციპით გადაეწყო იბერიული ლაშქარიც, რომელიც ომის დროს ასე ლაგდებოდა: წინ მძიმე მხედრობა – „კატაფრაქტები“, შემდეგ ქვეითი ჯარი, ბოლოს კი მსუბუქი ცხენოსნები. ჯუანშერისეული ტექსტის მიხედვითვე ჩანს, რომ იბერიელი მეომრები იყვნენ „ცხენ-თოროსანნი და ჯაჭვ-ჩაბალახოსანნი“, ანუ როგორც მხედარი, ისე ცხენი აბჯრით იყო დაფარული. ე.ი. საქმე გვაქვს სპარსულ კატაფრაქტებთან.
მხედრები თავისუფალ წვრილ მესაკუთრე მიწათმფლობელთა რიგებიდან გამოდიოდნენ. ცხენი და იარაღი მათ საკუთარი უნდა ჰქონოდათ. ვისაც ქონებრივი შეძლება ჰქონდა, ცხენს ჯავშანს ადგამდა („თორნი“) და თვითონაც „ჯაჭვ-ჩაბალახით“ იმოსებოდა. მძიმედ შეჭურვილი მხედრები – „თოროსნები“, ჯარის ავანგარდულ ნაწილს ქმნიდნენ, მათ მოჰყვებოდნენ ქვეითები („მკვირცხლი ერისაი“), რომელთაც ზურგში ედგნენ მსუბუქად შეიარაღებული ცხენოსნები – „სიმრავლე მხედართა“.
მხედრებს სამსახურის სანაცვლოდ, ჩვეულებრივ, ულუფა და სარგო ეძლეოდათ, რასაც „როჭიკი“ ეწოდებოდა. ფეოდალური ურთიერთობის ჩასახვა-განვითარების შედეგად, მხედრის სამსახურის საფუძვლად თანდათან მიწა იქცა. საერთოდ, მემამულეთა თვალსაზრისით, „მხედრები“ ძირითადად წვრილი მიწათმფლობელები არიან. ისინი, ვის ხელშიც საკმარისი მიწა აღმოჩნდა, ლაშქრობასა და სამსახურს ახლა უკეთ ახერხებდნენ და აზნაურდებოდნენ. ამ მხრივ საყურადღებოა ვახტანგ გორგასლის ღონისძიება, რომელმაც ოსებზე გამარჯვების შემდეგ „წარჩინებულ ქმნა მხედარნი, მსახურნი მხნედ“ (ჯუანშერი). ჯარის ორგანიზაციის ეს ტიპი ქვეყნის შიგნით არსებული ეკონომიკური და სოციალური დიფერენციაციის შედეგი იყო.
ვახტანგ გორგასლის დროს უნდა დაწყებულიყო იმ საზოგადოების ფორმირება, რომელიც შემდეგში ტაძრეულის სახელით გახდა ცნობილი. „მსახურების“ ერთ განსაზღვრულ, პრივილეგირებულ ჯგუფს ქმნიდნენ „ტაძრეულები“. თუ „მსახური“ „სახლისგან“ არის ნაწარმოები, „ტაძრეულები“ „ტაძრისგან“ მომდინარეობს (ძვ. სპ. თაცარა ნიშნავს სასახლეს). „ტაძრეულები“ „სამეფო სახლის“, „სეფექვეყნის“ ხალხია. ისინი რანგით მაღლა დგანან ჩვეულებრივ მსახურზე. მათი დაწინაურება-გააზნაურების შესაძლებლობაც, ცხადია, მეტია.
მართალია ფეხოსნები იბერიის ჯარში არ ასრულებდნენ ძირითად როლს, მაგრამ მიუხედავად ამისა, კავალერიის მიღწეული შედეგი მათ უნდა გაემტკიცებინათ, დაეკავებინათ პოზიციები და დაერტყათ ცხენოსნებისგან მოცელილი და დაფანტული მოწინააღმდეგისთვის. ასევე ფეხოსნები იღებდნენ მტრის ციხესიმაგრეებსაც. მათ შორის უმეტესობა მსუბუქად იყო შეიარაღებული, რადგან აბჯარ-საჭურველი ძვირი ჯდებოდა, ხოლო ღარიბ ყმებს არ შეეძლოთ, დიდებულთა მსგავსად აღჭურვილიყვნენ. იქნებ ამასთან დაკავშირებით უწოდეს მათ „მკვირცხლი ერისა“.
მსუბუქი ქვეითი ჯარი შეიარაღებული იყო ძირითადად ხელშუბებით, მშვილდ-ისრებით, შურდულებით, შუბებითა და ფარებით. მათ უკან მოჰყვებოდა მსუბუქი მხედრობა, რომელსაც ის ფუნქციაც გააჩნდა, რომ არ მიეცა საშუალება საკუთარი ქვეითებისთვის, ბრძოლის ველიდან გაქცეულიყვნენ. სპარსული მაგალითის მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვახტანგის არმიის მსუბუქი ცხენოსნები მოქირავნე ან მოკავშირე ჩრდილოკავკასიელები იყვნენ (თუნდაც ჯუანშერის „მეფენი კავკასიანნი“), რომელთაც სასანიდებიც იყენებდნენ.

შენიშვნები
1. ვარდანის მამა ამაზასპი მამიკონიანების მეთაური და პერსარმენიის სპარაპეტი ანუ მთავარსარდალი იყო 422 წლამდე. დედა სააკანუში კათალიკოს სააკის და იყო. 420–422 წლებში ვარდანი ბიზანტიური არმენიის ჯარებს სარდლობდა. მამის სიკვდილის შემდეგ დაბრუნდა პერსარმენიაში და ჯერ მამიკონიანთა მეთაური გახდა, 432 წლიდან კი არმენიის სპარაპეტი. 442–449 წლებში იბრძოდა სპარსეთის არმიაში არმენიული ჯარების სარდლად ჰუნების წინააღმდეგ.
2. არშუშა ქართული და სომხური წყაროების ცნობით ყოფილა კაცი „ჭკვიანი და გამომრჩეველი“, მშობლიური კულტურის, ქრისტიანული ეკლესიის მოამაგე. მოგვიანებით არშუშა სამშობლოში გამოისტუმრეს. არშუშას ცოლად ჰყავდა ანუშვრამ არწრუნი, რომლის და ძვიკი ჰმაიაკ მამიკონიანის ცოლი იყო. გოგონების უფროსი და კი გათხოვილი იყო ნახარარ კამსარაკანების გვარის უფროს არშავირზე, რომელიც ვარდან მამიკონიანის თანამებრძოლი იყო აჯანყების დროს. არშავირის სამმა ძემ თავი გამოიჩინა 482–484 წლების აჯანყების დროს. გოგონების ძმა ალან არწრუნი კი ცნობილი სომეხი საეკლესიო მოღვაწე იყო. არშუშას ანუშვრამთან შეეძინა ვარსქენ პიტიახში და ჯოჯიკი.
3. სხვათაშორის წყაროებში დაცული ცნობით, ამ პერიოდში ალბანეთის მეფე ვაჩე II-მ (444–463) დაიქირავა მეზობელი მასკუტები, აიღო ქ. ჩოლი (დარუბანდი) და კავკასიონის მთიელების დახმარებით 1 წელი უწევდა წინააღმდეგობას სპარსელებს. ვაჩე  მომავალშიც  განაგრძობდა ურჩობას, თუმცა ბოლოს მოუწია შაჰ პეროზს დამორჩილებულიყო და ტახტიდან გადამდგარიყო (363 წ.).

Комментариев нет:

Отправить комментарий