воскресенье, 20 марта 2022 г.

ქართლის სამეფო და არმენია 340–390-იან წლებში (უ. მურღულია)

ბაკურ II (დაახლ. 336–359)
ლეონტი მროველი მოგვითხრობს: „დაჯდა მეფედ ძე მისი ბაქარ, და იყო მორწმუნე, ვითარცა მამა მისი. და ამან მოაქცია უმრავლესნი კავკასიონის მთებში მცხოვრებნი, რომელნიც ვერ მოექცია მამასა მისსა. და ჩავარდა შორის მისსა და სომეხთა მტერობა. რამეთუ სომეხნი ბაქარის ძმისწულის, რევის ძისა, თრდატ სომეხთა მეფის ასულის-წულის მეფობასა ლამოდეს ქართლსა. მოვიდნენ სომეხნი ეწვნენ ჯავახეთს.
ხოლო ეს ბაქარ ეზრახა სიძესა მისსა ფეროზს და გაუცვალა ქვეყანა: გამოართვა გარდმანი და მოვაკანი მიცემული მირიანისგან, და მისცა მის წილ სამშვილდიდან მიღმართ ქვეყანანი ვიდრე თავამდე აბოცისა. მაშინ-ღა ნათელ-იღო ფეროზ და ერმან მისმან. ბაქარმა და ფეროზმა ჯავახეთში სძლიეს და აოტეს სომეხნი.
მაშინ მეფემან ბაქარ, შუამდგომლობითა რომის მეფისა და სპარსთა მეფითა, დაწერა ხელით-წერილი ძმისწულთა მისთა და დედისა მათისა სალომესგან: „ვიდრემდე იყოს ნათესავი ბაქარისი, რომელსაც შეეძლოს პყრობა მეფობისა, მისი იყოს მეფობა, და არასოდეს ძებნონ მეფობა ნათესავთა რევისთა“.
მაშინ-ღა მოიყვანა ძმისწულნი მისი და მისცა კუხეთი, და დასხა რუსთავს ერისთავად. ამან ბაქარ ყოველი დღენი ცხოვრებისა მისისანი დიდსა სარწმუნოებასა შინა აღასრულა, და გაამრავლა მღვდელნი და დიაკონნი ყოველსა ქართლსა და მოვაკანსა ეკლესიათა მსახურებად. ამან ააშენა ეკლესია წილკნისა. მოკვდა და დაეფლა ძმასავე თვისსა თანა“.
„მოქცევა ქართლისა“-ს შატბერდული ვერსია გვამცნობს: „დაჯდა მეფედ ბაკურ, ძე რევისი. და მოკვდა იოვანე ეპისკოპოსი და დაჯდა იაკობ, მღვდელი იგი იქიდანვე მოსული, მთავარეპისკოპოსად. და ოცდამესამესა წელსა აღმართებიდან პატიოსნისა ჯვარისა შეუქმნა კუბო რევ და შეიქმნა საფლავი ქვემოსა ეკლესიასა.
მოკვდა რევ და დაემარხა ცოლითურთ. და შემდგომად მისა, მეათესა წელსა, ამან ბაკურ დაიწყო წილკნისა ეკლესიასა და დაასრულა ოცდამეთხუთმეტესა წელსა. და მოკვდა და დაეფლა ქვემოსა ეკლესიასა“.
„მოქცევა ქართლისა“-ს ჭელიშური ვერსია გვამცნობს: „...და წავიდა მეფე მირიან და ყოველი ერი, რამეთუ იქმოდენ ეკლესიასა ზემოსა. და განასრულეს მეოცესა წელსა. და ოცდამეერტესა წელსა მოკვდა მირიან მეფე, დაემარხა საშუალსა ეკლესიასა და სვეტსა კერძოსა მას სამხრეთისასა, ხოლო ჩრდილოეთით მას სვეტსა შინა არის ნაწილი სვეტისა მის ნათლისა ცხოვლისასა... მეორედ დაჯდა მეფედ ბაკურ ძე რევიზი... და მესამესა წელსა აღმართებიდან პატიოსნისა ჯვარისა შექმნა კუბო რევ, მოკვდა და დაემარხა ცოლითურთ ქვემოსა ეკლესიასა. და შემდგომად მისსა ამან ბაკურ მეფემან, ძემან რევისამან, დაიწყო წილკნის ეკლესია და განასრულა ოცდამეერთესა წელსა, მოკვდა და დაეფლა ქვემოსავე ეკლესიასა“.
მირდატ V მერიბან (დაახლ. 359–367) და იულიანე გამდგომილის ლაშქრობა სპარსეთში
ლეონტი მროველი მოგვითხრობს: „დაჯდა მეფედ ძე მისი მირდატ, და მეფობდა დიდსა სარწმუნოებასა შინა. მან ააშენა ეკლესია თუხარისის ციხესა შინა, რამეთუ ხევსა კლარჯეთისასა არა იყო ეკლესია, და იქ შინა დაადგინა მღვდელნი მოძღვრად კლარჯთა. და მატა შემკობა და შენება ერუშეთისა და წუნდისა ეკლესიათა.
მაშინ ამის მირდატის მეფობასა იწყეს ქართველთა სვეტისა ცხოველისაგან ნაწილის გამოღებად და ქმნად ჯვარად, რამეთუ დიდი სასწაული და კურნებანი იქმნებოდა, სადაცა იყო ნაწილი სვეტისა ცხოველისა. არა აყენებდა მირდატ მეფე ნაწილისა გამოღებად, რამეთუ ეპისკოპოსმანცა ჭეშმარიტმან იაკობ ეგრეთ ჯერ იჩინა და თქვა: „მინიჭებულ არის უფლისაგან და ჯერ არის სვეტისა მის ღმრთივ-აღმართებულისა ქმნა სახედ ჯვარისა“. და განეფინა ყოველთა ადგილთა ქართლისათა ნაწილი სვეტისა ცხოველისა.
მაშინ ამან მეფემან მირდატ მისვე სვეტისაგან შექმნა ჯვარი ზომიერი და რომელიც დარჩა სვეტისა მისგან ცხოველისა, მას გარე მოქმნა ქვითკირითა, და აამაღლა ქვითკირი პირველ სვეტისა ოდნად; და თავსა მის სვეტისასა აღმართა ჯვარი იგი, ძელი განმაცხოველებელი. და ყოველი დღენი ცხოვრებისა მისისანი უშფოთველად აღასრულა სარწმუნოებასა შინა დიდსა. და მის დროს მოკვდა იაკობ ეპისკოპოსი, და დაჯდა იობ სომეხი, ნერსე კათალიკოსისა დიაკონი“.
IV ს-ის შუა ხანებში ირანის შაჰმა შაპურ II-მ (309–379) რომთან ომები განაახლა და გარკვეულ უპირატესობასაც მიაღწია. მოიგო სინგარის 344 წ. და ამიდის (დღევ. დიარბაქირი) 359 წ. ბრძოლები და ხელთ იგდო ამიდი და რამდენიმე ციხე-სიმაგრე. 360 წელს მათ მიაყოლა სინგარი და ბეზაბდუ. ასეთ პირობებში რომაელები დიდძალ საჩუქრებით ცდილობდნენ მოკავშირეთა შენარჩუნებას. 
ამიანუს მარცელინუსი მოგვითხრობს: „ვინაიდან ეშინოდათ, რომ კარგი ამინდის დადგომისთანავე უფრო ძლიერ თავდასხმას მოაწყობდა სპარსეთის მეფე, რომელიც გაჭირვებით იქნა უკან დახევინებული ზამთრის დროის სიძნელეების გამო, ტიგრს გადაღმელ მეფეებთან და სატრაპებთან უხვი საჩუქრებითურთ ელჩები იყვნენ გაგზავნილნი, რათა ყვალასათვის მოეწოდებინათ და ჩაეგონებინათ, ჩვენთვის თანაეგრძნოთ და არაფერ მოტყუებას ანდა ღალატს ცდილიყვნენ. მაგრამ ყველაზე უფრო მეტად მოქრთამულ იქნენ არშაკი და მერიბანი, არმენიისა და იბერიის მეფეები, ბრწყინვალედ შემკული სამოსით და მრავალნაირი საჩუქრებით, რადგან, თუ მაშინდელ საეჭვო ვითარებაში ალბანეთის მეფესავით სპარსელებს მიემხრობოდნენ, ავნებდნენ რომის საქმეებს“.
361 წელს კონსტატინეპოლის ტახტზე ავიდა ენერგიული ავგუსტი იულიანე II განდგომილი (361–363), რომელმაც პირდაპირ ირანის დედაქალაქ ქტესიფონზე გალაშქრება გადაწყვიტა და საამისო მზადებას უმალვე შეუდგა. იულიანეს გეგმით თავისი ჯარით უნდა გამოსულიყო არმენიის მეფე არშაკ II (350–367), რომელსაც უნდა შეერთებოდა რომის 30000-იანი არმია პროკოპისა და სებასტიანის მეთაურობით და მათ უნდა გაემაგრებინათ არმენია-სპარსეთის საზღვარი, რათა არ დაეშვათ სპარსელთა ჩრდილოეთის მხრიდან მოვლა და რომაელთა ალყაში მოქცევა.
363 წლის მარტში იულიანე გავიდა ანტიოქიიდან, შეიერთა სხვა დანაყოფები და უზარმაზარი არმიითა (რომელიც 15 კმ-ზე იყო გაწელილი) და ფლოტით დაუყვა ევფრატზე სამხრეთის მიმართულებით. აპრილის შუახანებში რომაელები შევიდნენ სპარსეთის საზღვრებში და მცირე დროში მოსყიდვითა და ბრძოლით აიღეს ქალქები – ანაფუ, პირისაბორი, მაიოზამალჰი, გადაწვეს და მაისის ბოლოს ქტესიფონს მიადგნენ (გზად გამუდმებით ესხმოდნენ სპარსული და არაბული კავალერიის დანაყოფები პარტიზანულად და დიდი ზანს აყენებდნენ რომაელებს).
ქალაქის კედლებთან მოხდა პირველი სერიოზული ბრძოლა, რომელიც რომაელებმა მოიგეს. სპარსელებმა დაკარგეს 2500 კაცი, ხოლო რომაელებმა 70. ამის მიუხედავად იულიანემ გამაგრებული ქალაქის ალყას არჩია სპარსეთის შუაგულში შეჭრა. ამიტომ დაწვა მთელი ფლოტი, წაიღო რასაც წაიღებდნენ სურსათი და დანარჩენის შევსებას სპარსეთის სოფლების ძარცვით აპირებდნენ.
შაპური მიუხვდა ჩანაფიქრს და სრულიად გააპარტახა და დაცალა ის სპარსული სოფლები, რომელზეც რომაელებს უნდა გაეარათ. შედეგად რომაელებს საკვები ელეოდათ. არ ჩანდა ტიგროსზე მდგარი სომხურ-რომაული არმიაც, რომელსაც სურსათი უნდა ჩამოეტანა. ასეთ მძიმე ვითარებაში, ივნისში იულიანემ გეგმა შეცვალა და ჩრდილოეთით, რომაული პროვინცია კორდუენასაკენ წავიდა, სადაც სომხურ-რომაული ძალები უნდა შეერთებინა.
რომაელების უკანდახევით გათამამებული სპარსელები მერენისა და შაჰის ორი ვაჟის სარდლობით 26 ივნისს მარანგასთან რომაელებს შეებრძოლეს. ბრძოლაში სპარსელებმა ცოტათი მეტი დანაკარგი განიცადეს, თუმცა რომაელები უმფრო მძიმე დღეში იყვნენ, რადგან ერთის მხრივ მათ შიმშილი და პარტიზანული თავდასხმები ქანცს აცლიდა, მეორეს მხრივ კი ბრძოლაში დაიღუპა თვით ავგუსტი იულიანე.
მეორე დღეს (27 ივნისს) არმიაში გაიმართა ავგუსტის არჩევნები, რომელშიც გაიმარჯვა ერთი კორპუსის მეთაურმა იოვიანე ვანონიანეს ძემ (363–364). იგი უმძიმეს დღეში იყო. სამი მხრიდან სპარსელები უახლოვდებოდნენ და ალყაში აქცევდნენ, ამიტომ ერთხანს იარა მშიერი არმიით ჩრდილოეთით და 1 ივლისს ქ. დურასთან მივიდა, მაგრამ უკვე ეს გზაც სპარსელებმა გადაუჭრეს. მაშველი ძალა და სურსათი არსაიდან ჩანდა. შაპურმა, რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა რომაელთა ალყაში მოქცევის ოპერაციას, იცოდა რა რომაელთა გამოუვალი მდგომარეობა, საქმის უსისხლოდ გათავება გადაწყვიტა და იოავიანეს ელჩობა გაუგზავნა თავისთვის სასარგებლო პირობებით, რომლის სიმძიმის მიუხედავად იოვიანე უყოყმანოთ დათანხმდა. ასე გაფორმდა ნისიბინის 363 წლის ზავი, რომლის მიხედვითაც: 1. სპარსელებს გადაეცათ 5 რომაული პროვინცია – არზანენა, მოკსოენა, ზაბდიცენა, რეგიმენა და კორდუენა, ქალაქების ნისიბინისა (შაპურმა ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქიდან გააძევა ადგილობრივები და მათ ადგილზე 12000 სპარსელი ჩაასახლა) და სინგარის ჩათვლით. 2. რომი უარს ამბობდა სომხეთის მფარველობაზე. ზავი გაფორმდა 30 წლის ვადით, რაც განმტკიცდა ძვირფასი მძევლების გაცვლით. ზავის დადების შემდეგ შიმშილით მოქანცული რომაული არმია პანიკურად გაიქცა შინისაკენ.
უკან წასულმა იოვიანემ გზაში ერთადერთი მნიშვნელოვანი დეკრეტი გამოსცა, რომლითაც აღსდგა პრო-ქრისტიანული სახელმწიფო პოლიტიკა. მეტი უბრალოდ ვეღარ მოასწრო. იგი დედაქალაქ კონსტანტინოპოლამდე ვერც ჩავიდა. 364 წლის 17 თებერვალს გზაში გამოასალმეს სიცოცხლეს, რის შემდეგაც ავგუსტად ვალენტინიანე I გრაციანეს (გრაციანე დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა არმიაში) ძე (364–375) აირჩიეს, რომელიც დედაქალაქში ავგუსტადაც აკურთხეს. კონსტანტინოპოლში მისულმა ვალენტინიანემ ძმა ვალენტი (364–378) თანაავგუსტად გამოაცხადა, რის შემდეგაც იმპერია ორად გაჰყო. ვალენტს დაუთმო აღმოსავლეთი და დატოვა კონსტანტინეპოლში, ხოლო თვითონ აირჩია დასავლეთი და წავიდა მედიოლანში (დღევ. მილანი).
შაჰს სურდა დაუყონებლივ ესარგებლა ნისიბინის ზავის პირობებით. უკვე მომდევნო, 364 წელს, სპარსელთა ლაშქარი სომხეთში შეიჭრა. სომხეთის მეფე არშაკ II მეტისმეტად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან ბრძოლა უხდებოდა არამარტო სპარსელების წინააღმდეგ, არამედ თვით ქვეყნის შიგნით არსებულ ნახარართა ოპოზიციასთანაც. სომეხი ისტორიკოსის მოვსეს ხორენაცის ცნობით, შაბურს გაუგზავნია ერთ-ერთი სარდალი თავის მომხრე სომეხთა რაზმთან ერთად არშაკის შესაპყრობად, „მაგრამ მან თავს უშველა მათგან კავკასიის მხარეში ქართველთა დახმარებით“.
შაჰის მოსყიდულმა სომეხმა ნახარარებმა ვაჰან მამიკონიანმა და მერუჯან არწრუნმა ისარგებლეს არშაკის არყოფნით და დაანგრიეს არშაკის ერთ-ერთი უმთავრესი დასაყრდენი, მის მიერ დაარსებული ქალაქი არშაკავანი, მაგრამ „არშაკი დაბრუნდა ქართლის ჯარით, შეაგროვა აგრეთვე მცირეოდენნი თავისი ერთგულნი სპარაპეტ ვასაკ მამიკონიანის მეთაურობით და შეებრძოლა ნახარარებს თავისი ქალაქის არშაკავანის დანგრევისათვის შურის საძიებლად“. არშაკის ჯარებმა გაიმარჯვეს და მოახერხეს სპარეთისგან თავის დაღწევა.
ვესტუთების დასახლება რომის იმპერიის საზღვრებში
აღმოსავლეთის ავგუსტი ვალენტი თავის უპირველეს ამოცანად აღმოსავლეთში რომის დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ისახავდა, ამიტომ სათანადო მზადების შემდეგ 365 წლის ზაფხულის ბოლოს დატოვა კონსტანტინეპოლი და სომხეთისკენ დაიძრა. ავგუსტის წასვლით ისარგებლა იულიანე განდგომილის ბიძაშვილმა (დედის მხრიდან) პროკოპიუსმა, 26 სექტემბერს თავი ავგუსტად გამოაცხადა და აღმოსავლური პროვინციების შემომტკიცება დაიწყო.
კაპადოკიის კესარიაში მისულმა ვალენტმა ყველაფერი შეიტყო და დასახმარებლად ძმას მიმართა, თუმცა უარი მიიღო, რადგან ვალენტინიანე დაკავებული იყო გერმანულ ტომ ალემანებთან ომით.
პროკოპიუსმა მოახერხა ბევრი პროვინციის და დაბალი ფენების მიმხრობა. ამასთან მისი მოკავშირე გახდა ვესტგუთების ბელადი ატანარიხი (363–381). აღმ. ნაწილში გაბატონების მიუხედავად პროკოპიუსის მდგომარეობა მაინც მძიმე იყო, რადგან მას არ ემორჩილებოდა ქვეყნის მდიდარი პროვინციები, რის გამოც ჯარისკაცებისათვის ხელფასების გაცემა უჭირდა. შედეგად დაქირავებული ბარბაროსები მას თანდათან ტოვებდნენ. მაშინ პროკოპიუსმა ქვეყნის მდიდართა ქონების ქონფისკაცია დაიწყო, რამაც აღმოსავლეთის მთელი არისტოკრატია ვალენტის მხარეს გადაიყვანა. ყველასგან მიტოვებული უზურპატორი 366 წლის 27 მაისს ვალენტმა ხელთ იგდო და სიკვდილით დასაჯა.
ამის შემდეგ აღმოსავლეთის ავგუსტი ვესტგუთებს მიუბრუნდა, რომლებიც მუდმივად არღვევდნენ 332 წლის შეთანხმებას, კვეთდნენ დუნაის და თავს ესხმოდნენ რომის პროვინციებს. 367 წ. გაზაფხულზე ვალენტიმ გადალახა დუნაი ტრანსმარისკისთან (დღევ. ქ ტუტრაკანი ჩრდ-აღმ. ბულგარეთში) და დაიწყო ომი გუთებთან, რომლებიც დნესტრამდე და პრუტამდე იყვნენ განსახლებულნი. ატანარიხმა პარტიზანულ ომს მიმართა. ომმა 2,5 წელს გასტანა და 369 წ. სექტემბერში დასრულდა ზავით, რომლის მიხედვითაც აღსდგა საზღვარი დუნაიზე და რომმა იკისრა გადასახადი მის ტერიტორიაზე დასახლებულ გერმანელების შესანახად. გოთებმა გასცეს მძევლები. ზავის დადების შემდეგ ავგუსტი კონსტანტინეპოლში დაბრუნდა და აღმოსავლეთის საქმეების მოსაგვარებლად იწყო მზადება.
სპარსელთა ლაშქრობა იბერიასა და არმენიაში. იბერიის ორად გაყოფა
ამიანუს მარცელინუსი მოგვითხრობს: „სანამ რომი გერმანელებთან ომით იყო დაკავებული შაპურმა გადაწყვიტა არმენიისა და იბერიის დაპყრობა მოესწრო. შაჰმა დიპლომატიურ ხრიკებს მიმართა. შაპურ II მოუწოდებდა არშაკს წვეოდა ქტესიფონში და საზავო პირობებზე მოლაპარაკებოდა, რასაც არშაკი უარობდა, არადა სპარსელებისა და მისი მომხრე არმენიელი ნახარარებით შეწუხებული მოსახლეობა მეფისაგან ზავს ითხოვდა. 368 წლის ბოლოს არშაკი დათანხმდა წასვლაზე და შაჰის ელჩებისგან უვნებლობის ფიცის მიღების შემდეგ სპარსეთში ჩავიდა მის სპარაპეტთან და მარჯვენა ხელთან, ვასაკ მამიკონიანთან ერთად.
როგორც მოსალოდნელი იყო შაპურ II-მ ფიცი დაივიწყა, არშაკი და ვასაკი დააბრმავა და სიცოცხლის ბოლომდე აგაბანას ციხეში გამოკეტა. შემდეგ შაპურმა ჯარები გაგზავნა არმენიაში ზიკისა და კარენის სარდლობით. არმენიის მეფის მთავარი მოხელეები გლაკი (კილაკე, გილაკი, გვარად მარდპეტი) და არტაბანი (ადონცის აზრით სომხური წყაროების მუშეღ მამიკონიანია), რომლებიც არმიას სარდლობდნენ, სპარსელების მხარეს გადავიდნენ და არმენიაში სპარსული მმართველობა დამყარდა. დედოფალი ფარნაძემი უფლისწულ პაპთან ერთად არტაგერსის ციხესიმაგრეში შეიკეტა, რომელსაც სპარსელებმა ალყა შემოარტყეს. ალყამ დიდხანს გასტანა და სპარსელები მშვიდად ელოდნენ ციხიონის დანებებას. ამასობაში გლაკი და არტაბანი კვლავ დედოფალს მიემხრნენ, 370 წ. მოულოდნელად თავს დაესხნენ მოალყეებს, გაარღვიეს ალყა და პრინცი პაპი კონსტანტინეპოლის გზას გაუყენეს. ვალენტიმ პრინცი პატივით მიიღო და ქ. ნეოკესარიაში (დღევ. ქ. ნიქსარი მდ. კელკიტზე, თურქეთი) დასახლება შესთავაზა.
სპარსეთთან ომებით გატანჯულ არმენიის მეფეს არაერთი დიდებული განუდგა და მეზობელი ქვეყნების მმართველებს დაემორჩილა. მათგან ყველაზე გავლენიანები იყვნენ უტიკის, გუგარქისა და გარდმანის მმართველები. პირველი ალბანეთის მეფის სამსახურში გადავიდა, ხოლო გუგარქის და გარდმანის მმართველები იბერიის მეფეს დაექვემდებარნენ.
არმენიის დაკავების შემდეგ 369 წელს შაბურმა იბერიიდან გააძევა იბერთა მეფე საურმაგ II/სავრომაკი (დაახლ. 367–369; 371–378), რომელიც რომაელთა შემწეობით განაგებდა ქვეყანას, მისი სამეფო გვირგვინი მის ნათესავს1 ასპაკურს (ვარაზ-ბაკური, დაახლ. 369–383/89) გადასცა, რომელიც სპარსელთა მომხრე და ქრისტიანობის მოძულე იყო“.
ლეონტი მროველი მოგვითხრობს: „ვარაზ-ბაკურმა (სპარსულად „ვარაზ“ – „ტახი“, „ბაკურ“ – „ღვთის შვილი“) ერთდროულად შეირთო 2 ცოლი და ორივე ახლო ნათესავი. პირველი იყო ასული თრდატისა, რევის ძისა, მირიან III-ის შვილთაშვილი, მეორე კი ფეროზ გარდმანელის ძის ასული. პირველთან შეეძინა 2 ვაჟი მირდატი და თრდატი, ხოლო მეორესთან ერთი ვაჟი – ფარსმანი.
ეს ვარაზ-ბაქარ მეფე იყო კაცი ურწმუნო და მოძულე სჯულისა, და ვერ იკადრებდა ერისაგან განცხადებად სჯულისა სიძულვილისა, რამეთუ მოქცეულ იყო ქართლი და დიდსა სარწმუნოებასა შინა იყვნენ აზნაურნი და ყოველი ერი ქართლისა. და ვარაზ-ბაქარ შიშისა მათისაგან ვერ განაცხადებდა დატევებასა სჯულისასა; არსად ააშენა ეკლესია, არ-ცა-რა მატა შენებულთა, და ყოვლითა-ვე იქცეოდა უსჯულოდ“.
ამიანუს მარცელინუსი მოგვითხრობს: „მალე გხაკმა და არტაბანმა ავგუსტს თხოვეს პაპი არმენიის მეფედ ეკურთხებინა და უკან გამოეგზავნა. ავგუსტი ჭკვიანურად მოიქცა; არ სურდა სპარსეთთან ზავის ამ ჯერზე დარღვევა, არმენიაში სარდალი ტერენციუსი მცირერიცხოვანი ჯარით გამოუშვა და მართალია პაპი მას სამშობლოში გამოაყოლა, თუმცა მისთვის მეფობა ან რაიმე სტატუსი არ მიუნიჭებია. ამის მიუხედავად შაპური საშინლად განრისხდა და შეუდგა არმენიის აშკარად მოოხრებას. მისი მოსვლით შეშინებულმა პაპმა, გლაკმა და არტაბანმა, რაკი ვერსაიდან ვერ ხედავდნენ შველას, სცადეს შეეფარებინათ თავი მაღალ მთებში, რომლებიც ჩვენს მიწებს ლაზიკისაგან ჰყოფენ. იქ ხუთ თვეს იფარავდნენ თავს უღრან ტყეებსა და დაკლაკნილ სერებში და თავს აღწევდნენ შაჰის მრავალ ცდას მათი დაჭერისათვის.
როცა შაპურმა ნახა, რომ ამაოა მისი შრომა ზამთრის ამ სუსხიან დროს, გადაწვა ხეხილი, გამაგრებული ციხეები და ბანაკები, რომლებიც ძალით ან ღალატით აიღო და მთელი თავისი მთავარი ძალებით შემოერტყა გარს არტაგერსს. რახან მაშველი არსაიდან ჩანდა 14 თვიანი ალყის შემდეგ სპარსელებმა აიღეს არტაგერსი და დედოფალი ფარნაძემი განძითურთ წაიყვანეს.
სამეფო ხელისუფლების შევიწროვებით ისარგებლეს მოღალატე ნახარარებმა მერუჯან არწრუნიმ და ვაჰან მამიკონიანმა, დაიპყრეს არმენიის დიდი ქალაქები: არტაშატი, ვაღარშაპატი, ერვანდაშატი, ზარეხავანი, ზარიშატი ვანი, გაძარცვეს და მოსახლეობა ტყვედ გაგზავნეს სპარსეთში.
ბოლოს, 371 წელს მაინც გადაწყვიტა სპარსეთის წინააღმდეგ ომის დაწყება ვალენტიმ და არმენიისაკენ გამოაგზავნა სარდალი ფლავიუს არინთეოსი. სანამ რომაელები მოვიდოდნენ, შაპურმა ცბიერებას მიმართა და მოახერხა პაპის თავისივე დიდებულებთან დაპირისპირება. პაპმაც გლაკსა და არტაბანს თავები დაჭრა და შაჰს გაუგზავნა ერთგულების ნიშნად. შაპური არმენიაში მეორედ შეჭრას აპირებდა, მაგრამ გაიგო, რომ არინთეოსი ჩამოსულიყო და არმენების დახმარებით ბაგავანთან გაენადგურებინა სპარსული რაზმები, რის შემდეგაც თავდასხმა გადაიფიქრა. ამ ბრძოლაში არმენებს სარდლობდა ვასაკ მამიკონიანის ვაჟი სპარაპეტი მუშეღ მამიკონიანი. პაპი არმენიის ტახტზე დაჯდომას ეღირსა, ხოლო რომის გარნიზონები ჩადგა არმენიის ყველა ციხე-სიმაგრეში.
ამის შემდეგ ტერენციუსის 12 ლეგიონით (აქ რეგულარული ჯარის სრული ლეგიონები კი არ იგულისხმება, არამედ მათი ე.წ. ვექსილაციონები, რომლებიც რეგულარული ლეიონების დამხმარე დამატებით რამზებად ითვლებოდნენ ამიანეს დროს) ზურგგამაგრებული საურმაგი ქართლში შევიდა. როდესაც იგი მტკვარს მიუახლოვდა, ვარაზ-ბაკური შეევედრა, ქართლის სამეფო გავიყოთო, იმ მიზეზით, რომ არც გადადგომა შეეძლო, არც რომაელების მხარეზე გადასვლა, რადგან მისი ძე ულტრა2 აქამდე მძევლის წესით სპარსელებს ჰყავდათ. საურმაგი დათანხმდა ვარაზ-ბაკურის წინადადებას. ეს რომ ავგუსტმა შეიტყო, რათა გონიერი განსჯით გაერიგებინა ამის გამო კიდევ მოსალოდნელი უთანხმოებანი, დათანხმდა იბერიის გაყოფას ისე, რომ საზღვრად შუაში მდინარე მტკვარი დადებულიყო და საურმაგს არმენიისა და ლაზების მოსაზღვრე მხარე რგებოდა, ვარაზ-ბაკურს კი – ალბანიისა და სპარსელების მომიჯნავე“.
ამდენი დამარცხების სპარსთა მეფე უკვე დიპლომატიური გზებით ცდილობდა იბერიასა და არმენიაში თავის პოზიციების აღდგენას, მაგრამ ვალენტი უკან დახევას არ აპირებდა.
ცოტა ხნის შემდეგ პაპის ერთგულმა სპარაპეტმა მუშეღ მამიკონიანმა ილაშქრა გამდგარი ნახარარების წინააღმდეგ, დაატყვევა და ამოხოცა გამდგარი მხარეთა მმართველნი, რის შემდეგაც უტიკა, გუგარქი და სხვა ბოლო წლებში დაკარგული პროვინციები ისევ არმენიის მეფეს დაუმორჩილა.
სომეხი ისტორიკოსი ფავსტოს ბიზანტიელი ძალიან გაზვიადებულად გადმოგვცმს ამ ამბავს: „სპარაპეტი მუშეღი წავიდა იბერიელთა მეფეზე, შეავიწროვა და გაანადგურა იგი, დაიპყრო იბერიის მთელი ქვეყანა, ხმალს მისცა ყველა აზატი და ყველა ნახარარული გვარი, რომელიც იპოვა. სპარაპეტმა მუშეღმა ბრძანა ჯვარზე გაეკრათ იბერთა ქვეყნის ფარნავაზიანები, ხოლო გუგარქის ბდეშხი (მთავარი, ერისთავი, პიტიახში), რომელიც ადრე ემსახურებოდა არმენიის მეფეს და ბოლოს აუჯანყდა, შეიპყრო, თავი მოკვეთა, გაჟლიტა მის გვარში მამაკაცები, ქალიშვილები წაიყვანა ტყვედ. და საერთოდ ყველა ნახარარს ამ მხარისა თავი მოკვეთა, მთელი გავარი კვლავ დაიპყრო და წაიყვანა ტყვეები, ხოლო დანარჩენებს დააკისრა ხარკი. და დაიკავა ტერიტორია სასაზღვრო მხარისა, რომელიც იყო არმენიასა და იბერიას შორის, ეს არის დიდ მდინარე მტკვრამდე, და დაბრუნდა იქედან“.
372 წელს რომაელთა მხარდაჭერით მუშეღ მამიკონიანმა გაილაშქრა სპარსელთა წინააღმდეგ და ატროპატენაში შაპურის ბანაკი გაანადგურა.
4 წლიანი მმართველობის შემდეგ პაპს მოსწყინდა რომაელთა „მფარველობით“ და „რჩევებით“ ქვეყნის მართვა და აჯანყება გადაწყვიტა.
ძალაუფლების განსამტკიცებლად და ფინანსური სახსრების გასაზრდელად არმენიის მეფემ ეკლესიას შეუტია. პირველ რიგში შეუწყვიტა დაფინანსება, შემდეგ კი იწყო მისთვის მამულების ჩამორთმევა. ამის შემდეგ სპარსეთის შაჰთან საიდუმლო მოლაპარაკებები წამოიწყო. რომაელებმა ეს გაიგეს და პაპის შეპყრობა განიზრახეს. სომხეთის მეფე ვითომ მოსალაპარაკებლად მიიწვიეს კილიკიის ქ. ტარსონში და დააპატიმრეს. პაპმა მოახერხა 300 მებრძოლის თანხლებით სომხეთში გაქცევა. მაშინ მისი მოკვლა სომხეთში მდგარ რომის ჯარების სარდალს ტრაიანოსს დაავალეს. მანაც მიიწვია იგი მოსალაპარაკებლად და სიცოცხლეს გამოასალმა.
ამის შემდეგ ვალენტმა სომხეთის ტახტზე დასვა ვარაზდატი (374–378), რომელიც ზოგიერთი ცნობით პაპის ძმის ანობის ძე იყო. ვარაზდატი ფორმალური მეფე იყო, ქვეყანას კი რომთან შეთანხმებით გავლენიანი სომხეთის სპარაპეტი მუშეღ მამიკონიანი მართავდა, რომელიც ქვეყნის აღორძინებისთვის იღწვოდა.
რომაელებს არ მოსწონდათ მამიკონიანის ასეთი აღზევება, ამიტომ მათმა წარმომადგენელმა და ვარაზდატის მრჩეველმა პროკოპიუსმა დაარწმუნა არმენიის მეფე, რომ მისი ძალაუფლებისთვის სასარგებლო იყო მუშეღის მოკვლა. მალე სპარაპეტი ღალატში დაადანაშაულეს და სიცოცხლეს გამოასალმეს.
ამიანუს მარცელინუსი მოგვითხრობს: „მის მხარეზე გადასული პაპის მოკვლამ ძალიან დაამწუხრა შაჰი. მან ავგუსტს გაუგზავნა ელჩად არშაკი და ურჩევდა მუდმივი უბედურობის მიზეზი არმენია სრულიად დატოვეო; ხოლო თუ ამას არ ინდომებდა მაშინ იბერიის გაყოფის შეწყვეტას, იქედან რომაელთა წასვლას და ქვეყნის ვარაზ-ბაკურისთვის დატოვებას მოითხოვდა.
ამაზე ვალენტმა ამნაირი პასუხი გასცა: არაფრის შეცვლა არ შემიძლია იმაში, რაშიც ერთობლივად შევთანხმდით; პირიქით, იმას უფრო მეტი გულმოდგინებითაც კი დავიცავო... ზამთრის მიწურულს შაჰმა მოთხოვნა გაიმეორა და თან მოითხოვა საქმეში შუამავლებად იოვიანუსთან დადებული ხელშეკრულების მცოდნენი არ ჩაერიონო.
ამჯერად ვალენტმა ცხენოსანი ჯარის სარდალ ვიქტორსა და მესოპოტამიის სარდალ ურბიციუსს უბრძანა, სწრაფად გამგზავრებულიყვნენ სპარსეთში და მხოლოდ ერთადერთი პასუხი წაეღოთ: უპატიოსნება იყო შაჰისგან, რომელიც, როგორც ტრაბახობდა, სამართლიანი და თავისი ქონებით კმაყოფილი ბრძანდებოდა, არმენიის ხელში ჩაგდების წადილი, რომლის მცხოვრებთ მისგანვე ჰქონდათ მიცემული უფლება თავიანთ ნებაზე ეცხოვრად და რომ თუ მომავალი წლის დამდეგს (როგორც გადაწყვეტილია) სავრომაკის მცველი ჯარი დაუბრკოლებლივ არ იქნებოდა დაბრუნებული, შაპურს აიძულებდნენ უნებურად გაეკეთებინა ის, რის გაკეთებაზეც თავისი ნებით უარს ამბობდა.
ეს ელჩობა მართლაც პირდაპირი და წრფელი იყო; რომ არ გადაეხვიათ იმაში, რომ განკარგულების გარეშე მიიღეს იმავე არმენიაში მცირე ოლქები.
მათი დაბრუნების შემდგომ ჩამოვიდა სურენა, შაჰის შემდეგ ძლიერებით მეორე ხელისუფალი, და შემოსთავაზა ავგუსტს სწორედ იგივე ადგილები, რომლებიც ჩვენმა ელჩებმა წინდაუხედავად აიღეს.
იგი თავაზიანად და დიდებულად მიიღეს, მაგრამ ისე გაბრუნდა, რომ ვერ მიაღწია, რასაც ითხოვდა, და დიდი მზადება გასწიეს ომისათვის, რათა ზამთრის შესუსტებისთანავე ავგუსტი სამ რაზმად შეჭრილიყო სპარსეთში და ამისთვის ფრიად სასწრაფოდ სკვითების დამხმარე ჯარსაც ქირაობდნენ.
ამიტომ შაპურმა ვერ მიაღწია რა იმას, რისი იმედიც ამაოდ ჰქონდა გულში, და თან უზომოდ გაჯავრებულმა, რადგან შეეტყო, რომ ჩვენი გამგებელი ლაშქრობისათვის ემზადებოდა, არად ჩააგდო ვალენტის რისხვა და განკარგულება მისცა სურენას, რომ ის, რაც სარდალ ვიქტორსა და ურბიციუსს ჰქონდათ მიცემული, იარაღით დაებრუნებინა უკანვე, თუ ვინმე წინაღუდგებოდა; აგრეთვე სავრომაკი დასაცავად გამწესებული ჯარისკაცებისათვის რაც კი შეიძლებოდა უსასტიკესად ევნო.
ეს განკარგულებანი სასწრაფოდ ასრულდა კიდეც და ვერც ვერაფერი ეშველა ამ საქმეს, ვერც დასჯილი იქნენ, ვინაიდან რომის სახელმწიფოს სხვა საფრთხეც დაატყდა თავს მთელი გუთიის თავხედური თავდასხმით თრაკიაზე“. ე.ი. რომაელების მოუცლელობით (გუთებთან ომით) ისარგებლეს სპარსელებმა და არმენია-იბერიაზე გავლენა აღადგინეს, რაზეც ქართული წყაროები გვამცნობენ:
ლეონტი მროველი: „მოვიდა სპარსეთის მარზპანი სპითა დიდითა სომეხთა და ქართველთა ზედა ხარკისა დასადებად. მაშინ სომეხთა გამოგზავნეს ვარაზ-ბაქართან მოციქული და უთხრეს, რათა ერთად შეიკრიბონ, შემოირთონ ძალი რომაელთაგან, გააღონ კარნი კავკასიანთანი, გამოიყვანონ ოვსნი და ლეკნი, და წინაღუდგნენ სპარსთა. წარჩინებულნი თავისნიც ეტყოდნენ მეფეს წინა-აღდგომასა სპარსთასა. არ უსმინა არ-ცა სომეხთა, არ-ცა წარჩინებულთა თავისთა, რადგან იყო იგი ჩუკენი და მშიშარა: დაჯდა იგი ხევსა კახეთისასა, და ააშენა ციხე ხიდარს (მცხეთის რაიონში, სოფ. მისაქციელის ჩრდილოეთით, მდ. არაგვის ნაპირას.), გაამაგრა ციხე-ქალაქნი და უბრძანა ყოველთა, რათა დამალონ ჯვარნი.
მოვიდნენ სპარსნი პირველად სომხეთს და მოაოხრეს სომხეთი, შემდეგ შემოვიდნენ ქართლს, და აღაშენა მარზპანმა სპარსთამან ტფილისის კართა შორის ციხე მცხეთისად. მაშინ ვარაზ-ბაქარ ეზრახა შევრდომით და ჩამოართვა მარზპანმა გარდმანი და მოვაკანი და უთხრა: „რამეთუ ესენი საზღვართა სპარსეთისაგანთა არის, და მათი არის, რომელნიც სრულიად შვილნი არიან სპარსთა მეფეთანი და სხედან საყდართა მამათა მათთასა; და თქვენთვის საკმარისი არის ქართლი, რომელნიც ნაშობნი ხართ მხევლისანი. გქონდეთ ქართლი და ხარკსა მისცემდეთ მეფეთა სპარსთა“.
მაშინ ვარაზ-ბაქარ ვერ-ღა-რა პასუხი მიუგო შიშისაგან დიდისა მისცა გარდმანი და მოვაკანი, და განუსაზღვრა ხარკი, ხოლო მარზპანმა სპარსთამან მოსცა ციხე ტფილისისა და წავიდა. და ამიერიდან იქმნენ სომეხნი და ქართველნი სპარსთა მოხარკენი“.
„მოქცევა ქართლისა“: „შემდგომად მისა დადგა ვარაზ-ბაკურ მეფედ. და მის დროსვე სპარსთა მეფისა მარზპანი შემოვიდნენ სივნიეთსა და იგი ხიდარს გადაჯდა. და მთავარეპისკოპოსი იყო იგივე იობ.
და მაშინ მოვიდა ქრამხუარ-ბორზარდ3, სპარსთა მეფისა პიტიახში, ტფილისად ქალაქად, ციხედ. და ქართლი მისსა ხარკსა შედგა, და სომხეთი და სივნიეთი და ვასპურაკანი. და მისა ზე აღაშენეს აზნაურთა წმიდა ეკლესია მცხეთას და აჩუქეს დიდსა მას ეკლესიასა სოფლები ქართლს შინა“.
როგორც ჩანს ვარაზ-ბაკურის უბედურება ამით არ ამოწურულა. მისი მეფობის ბოლოს „განდგნენ კლარჯნი ვარაზ-ბაქარისაგან და შეუერთნენ რომაელთა. და დაიპყრეს რომაელთა თუხარისი და ყოველი კლარჯეთი ზღვიდან არსიანამდე. და დარჩა ვარაზ-ბაქარს ქართლი და ჰერეთი. მანვე მარზპანმა სპარსთამან წაიყვანა ტყვედ შვილნი ფეროზისნი, ასულის-წულნი მირიანისნი, მორწმუნისა მეფისანი, და ქვეყანა მათი საზღვარი ქართლისა მოსცა ვარაზ-ბაქარსვე“.
პროფესორმა ზაზა ალექსიძემ და მიხეილ ქანთარიამ 1990 წელს სინას მთაზე შეისწავლეს წმინდა ეკატერინეს მონასტრის ახალი კოლექციის ქართული ხელნაწერები, რომელნიც შემთხვევით იქნა აღმოჩენილი 1975 წელს. ამ კოლექციის ერთ კრებულში, რომელშიც, ზ. ალექსიძის ვარაუდით, X საუკუნის I ნახევრის უნდა იყოს, მოხსენიებულია რუვისთაველთა და მეწკევნელთა საგვარეულოს წარმომადგენლები გამოხატავენ ინიციატივას ქართლის მეფისა და მისი ოჯახის ხიდარიდან ზედაზენს გადასვენების შესახებ (ეს ამბავი VIII ს-საა): „ერთი ლუსკუმა ვარაზ-ბაკურ მეფისა ხიდარელისა არს. და ორნი ძენი მისნი – ვარაზ, ვარაზ-ჰარან და სამნი ასულნი და დედა მათი სიმენავრი გუ(ა)სპურაგნელი მთავართა შვილი“. აშკარაა რომ VIII ს-ში ნეშტები მტრის ხელყოფას განარიდეს და უსაფრთხო ალაგას გადაასვენეს.
აღნიშნული ცნობიდან ნათელი ხდება, რომ ვარაზ-ბაკური კიდევ ერთხელ ყოფილა დაქორწინებული, ამჯერად ვაპურაკანის მმართველის ასულზე, რომელთანაც კიდევ ორი ძე და სამი ასული შესძენია. სპარსელთა ლაშქრობის შემდეგ კი ხიდარს დარჩენილა და იქვე დაკრძალულა ოჯახის წევრებთან ერთად.

შენიშვნები
1. ა. ბოგვერაძეს დაკვირვებით მარცელიანუსს ასფაგურ სავრომაკის ნათესაობის აღსანიშნავად გამოყენებული აქვს სიტყვა, რომელიც აღნიშნავს ნათესავებს დედის მხრიდან.
2. ულტრა ლათინურად – უმაღლესი, საუკეთესო.
3. ბ. ხურცილავას აზრით ქრამხუარ-ბორზარდ სინამდვილეში სპარსეთის მეფე ბაჰრამ IV-ის (388-399) მარზპანი ბარზაბოდია. სხვათაშორის სომხურ წყაროებში ბაჰრამს მართლაც ქრამი ეწოდება, ხოლო ბარზაბოდი ქართულ წყაროებში V ს-ის დასაწყისიდან ჩანს. ამდენად, ასკვნის ხურცილავა, რომ ბაჰრამის კაცი ბარზაბოდი თბილისში არაუადრეს 388 წელს მოვიდა.

ვალენტის ბრძოლა გუთებთან
ამასობაში რომის ავგუსტი ვალენტი გამალებით ემზადებოდა სპარსეთთან ახალი ომის წამოსაწყებად, მაგრამ ამ დროს გუთების აჯანყება დაიწყო.
375 წელს ცენტრალური აზიიდან წამოსული თურქულ-მონღოლური წარმოშობის ჰუნების უზარმაზარი ურდოები შავი ზღვის ჩრდ-დასავლეთში მცხოვრებ გუთებს თავს დაესხნენ და აიძულეს საცხოვრებელი ტერიტორია დაეთმოთ. ვესტგუთების ერთ-ერთმა  ბელადმა ფრიტიგერნმა (370–380; თანაბელადები ატანარიხი /363–381/ და ალავივი /?–376/) თხოვა ავგუსტს მისი ტომისთვის მეზიაში დასახლების უფლება მიეცა და სამაგიეროდ იმპერიის ჩრდილო-აღმოსავლეთს დაიცავდა. ვალენტი დათანხმდა და 376 წლის შემოდგომაზე 40000 ვესტგუთმა (მათ შორის 8000 მებრძოლი) ალავივისა და ფრიტიგერნის მეთაურობით ქ. დუროსტორთან (დღევ. ბულგარეთის ქ. სილისტრია) გადალახა დუნაი, მეზიაში შევიდა და ფიქრობდა, რომ სამშვიდობოს იყო გასული, თუმცა მთელი უბედურება ახლა იწყებოდა. რომაელი სარდლები – ლუპიცინი (თრაკიის სარდალი) და მაქსიმუსი გუთებს არაადამიანურად ექცეოდნენ. მათ აიძულეს გუთები ეყიდათ უვარგისი საკვები პროდუქტები. რადგან ფული არ ჰქონდათ გუთები საკვებს საკუთარ ტანსაცმელში, იარაღში, სამკაულებში და სხვა საშუალებებში ცვლიდნენ, ხოლო როცა ესენიც გამოელიათ საკუთარ შვილებს მონებათ ჰყიდნენ და იმ ფულს აძლევდნენ რომაელებს. გუთებში მღელვარება დაიწყო, ამიტომ მათ დასაშოშმინებლად ლუციპინმა მოხსნა დუნაისპირა საზღვრიდან ლაშქრის ნაწილი და მეზიაში გაგზავნა. ამით ისარგებლეს სხვა ბარბაროსებმა, წინააღმდეგობის გარეშე გადალახეს დუნაი და შევიდნენ იმპერიის საზღვრებში. ეს იყო კოალიცია, რომელშიც შედიოდნენ ოსტგუთები (ისინი ორ ნაწილად იყოფოდნენ; ერთს მეთაურობდნენ ალატეი და საფაკი, რომლებიც ოსტგუთთა ამ დაჯგუფებას მართავდნენ ბელად ვიდირიხის მცირეწლოვანების გამო. მეორე ნაწილს სარდლობდა ფარნობია) გერმანული ტომი ტაიფალები, ჰუნები და ალანები. როგორც კი ბარბაროსებმა დუნაის გადალახვა დაასრულეს ალატეი და საფაკი უმალ დაუკავშირდნენ ფრიტიგერნს და მიმოწერა გააბეს.
ლუციპინი მიხვდა საფრთხეს და გუთთა ბელადები ალავივი, ფრიტიგერნი და სხვა გავლენიანი პირები სადილზე მიიწვია მაკრიანოპოლში (დღევ. ბულგარეთის ქალაქი დევნია). სადილზე სიტუაცია დაიძაბა, რადგან მხარეები ვერ ახერხებდნენ შეთანხმებას. ამასთან ქალაქის კარებთან ბობოქრობდა ქალაქში ვესტგუთები, რომლებიც ქალაქში შეშვებას და საკვებს მოითხოვდა. მაშინ ლუციპინმა ბრძანა ვესტგუთთა მეთაურების დახოცვა. უმრავლესობა მათგანი დახოცეს, თუმცა ფრიტიგერნმა მოახერხა გაქცევა, ვესტგუთების აჯანყება გამოაცხადა, ცეცხლითა და მახვილით მოედო მეზიისა და თრაკიის რომაულ დასახლებებს.
377 წლის დასაწყისში ლუციპინმა სასწრაფოდ შეკრიბა თავისი არმია, მაგრამ მაკრიანოპოლიდან 9 მილზე გამართულ ბრძოლაში სასტიკი მარცხი განიცადა და გაიქცა. ამ გამარჯვების შემდეგ ფრიტიგერნს შეუერთდნენ მთის მაღაროებში მომუშავე ფრანკი მუშები, რომის სამსახურში მდგარი ვესტგუთური არმიის ნაწილები სვერიდისა და კოლიის სარდლობით (დაპირებული ხელფასის არმიცემის გამო), ბარბაროსული წარმოშობის ღატაკები, მონები და გაერთიანებული ძალებით ფრიტიგერნმა წარუმატებლად ალყა შემოარტყა ადრიანოპოლს (დღევ. თურქეთის ქ. ედირნე).
ვალენტმა მალე გააცნობიერა საფრთხის სერიოზულობა და თრაკიაში გაიწვია სომხეთიდან ძალები ქვეითების სარდალ ტრაიანესა და კავალერიის სარდალ პროფუტურის მეთაურობით. გაწვეული იქნა იბერიაში და აღმ. შავიზღვისპირეთში მდგარი ნაწილებიც, რადგან ახლა საფრთხე თავად იმპერიის გულს, კონსტანტინეპოლს ემუქრებოდა და კავკასიის პოლიტიკა აღარავის ადარდებდა. ამასთან, დახმარებისთვის მიმართა დასავლეთის ავგუსტს – მის ძმისშვილ გრაციანეს (იგი ჯერ კიდევ 367 წელს. 8 წლის ასაკში აკურთხა მამამისმა ავგუსტად. 375 წ. ვალენტინიანეს მოულოდნელად გარდაცვალების შემდეგ გრაციანემ თანაავგუსტად 4 წლის ძმა ვალენტინიანე II გამოაცხადა, რომელიც ნამდვილი მმართველი არასდროს ყოფილა). უკანასკნელმა ბიძას გამოუგზავნა პანონიის არმია ფრიგერიდის სარდლობით და გალიის არმია რიხომერის სარდლობით. მიუხედავად ამისა გუთების არმია რიცხოვნობით მაინც ბევრჯერ აღემატებოდა რომაელებისას. ამასთან რომაელთა სარდლობაში არ იყო თანხმობა საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით.
სანამ დამხმარე ძალები მოვიდოდნენ, აღმოსავლეთის ელიტურმა ნაწილებმა გუთები დობრუჯასთან ალყაში მოაქციეს და მშვიდად ელოდნენ, თუ როდის ამოწყდებოდნენ შიმშილით. რეალურად კი გუთებმა სალიციასთან გამართეს სამხედრო ბანაკი და მშვიდად ელოდნენ მოწინააღმდეგეს. დიდი ფიქრის შემდეგ, 377 წლის ზაფხულში რომაელები დაესხნენ აღნიშნულ ბანაკს, მაგრამ ბრძოლა უშედეგოდ დასრულდა. ორივე მხარემ დიდი ზარალი განიცადა, თუმცა გუთები დარჩნენ ადგილზე, ხოლო რომაელები დაბრუდნენ მაკრიანოპოლში.
ამასობაში რიხომერი წავიდა გალიაში ახალი ძალების შესაკრებად, ხოლო ფრიგერიდი გადავიდა ილირიაში და იქ ელოდა გრაციანეს ახალ ბრძანებას. მაშინ ვალენტმა აღმოსავლეთის კავალერიის სარდლად დანიშნა სატურნინი და მას დაევალა მთების გადმოსასვლელები ჩაეკეტა, რის შემდეგაც თრაკიაში განლაგებულ ვესტგუთებს საბოლოოდ ალყაში მოაქცევდნენ.
ფრიტიგერნი მიხვდა სიტუაციას და სასწრაფოდ დაითანხმა ალატეა და საფრაკი თავიანთი ძალები დაეძრათ რომაელთა წინააღმდეგ. მათ გაანადგურეს სატურნინის არმია და შევიდნენ თრაკიაში. მაშინ გრაციანემ ფრიგერიდი ამჯერად ილირიის ჯარების სარდლად დანიშნა და კვლავ გაუგზავნა ვალენტს.
377–378 წლების ზამთარში გრაციანე თავისი არმიით დაიძრა ბიძის დასახმარებლად, მაგრამ ამ დროს (378 წ. თებერვალი) გერმანული ტომის – ალემანების ერთ-ერთი დაჯგუფება ლენტიენზები გალიაში შეიჭრნენ და გრაციანეც ზემო რეინისაკენ წავიდა. მის მისვლამდე დასავლეთის სარდლებმა ნანიენმა და მალობავდმა არგენტარიასთან გაანადგურეს გერმანელთა 35000-იანი ლაშქარი. შემდეგ თვით გრაციანე შეიჭრა მათ მიწებზე და მძიმე ბრძოლით აიძულა ისინი რომის მსახურები გამხდარიყვენ. პრობლემის მოგვარების შემდეგ დასავლეთის ავგუსტი კვლავ თრაკიისაკენ დაიძრა, მაგრამ მთავარ ბრძოლას ვეღარ ჩაუსწრო.
ამასობაში თრაკიის ფრონტზე სარდლები შეიცვალა. მიუხედავად არაერთი წარმატებული ოპერაციისა ფრიგერიდი მისი თანაშემწით ჩაანაცვლეს. ქვეითთა უუნარო სარდალი ტრაიანი დასავლეთიდან მოსული სებასტიანით ჩაანაცვლეს.
ივლისში გრაციანე თრაკიაში შევიდა. მოახლოებული იყო რიხომერიც გალიის ლეგიონებით. წარმატებებს აღწევდა თავის ფრონტზე სებასტიანი. ვალენტს ისღა დარჩენოდა ცოტა დაეცადა და ერთიანი ძალებით ბარბაროსები მიწასთან გაესწორებინა, მაგრამ ასე აღარ ფიქრობდა აღმოსავლეთის ავგუსტი. გრაციანეს წარმატებებით შურით აღვსილმა და მალარიით დაავადებულმა აღმოსავლეთის ავგუსტმა ყოველგვარი მზადების გარეშე სასწრაფოდ დაძრა არმია ადრიანოპოლთან საკუთარ სამხედრო ბანაკში გამაგრებული გუთების გასანადგურებლად და საშინელ სიცხეში მშიერ-მწყურვალი 18 კმ ატარა. ადრიანოპოლთან მისულმა კი აღმოაჩინა, რომ მტერი ბევრად მეტი იყო ვიდრე წარმოედგინა. ამის მიუხედავად ვალენტი 378 წ. 9 აგვისტოს ბარბაროსებთან ბრძოლაში შევიდა.
ფრიტიგერნმა კარგად გამოიყენა სიტუაცია, სწრაფად მოაქცია გადაღლილი რომაელები ალყაში და სასტიკი მარცხი აიწვნია. 2/3 რომაელი დაიღუპა. დაჭრილი ვალენტი გაიქცა, მაგრამ წამოეწივნენ და ერთ სახლში შეაფარებული ცოცხლად გამოწვეს.
წარმატებამ თავბრუ დაახვია გუთებს. ისინი სრულიად მოუმზადებელნი აღმოჩდნენ არსებული ვითარებისათვის. მიუხედავად არაერთი შეტევისა მხოლოდ ერთი პატარა ქალაქი – ნიკოპოლი აიღეს, არადა მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი – საკვები პროდუქტები სწორედ ქალაქებში იყო შეფარებული. შედეგად გუთებში ისევ შიმშილი მეფობდა, რის გამოც დაიფანტნენ და სოფლების ძარცვა-რბევით დაკავდნენ, რითაც საშუალება მისცეს იმპერიის ხელმძღვანელობას მომზადებულიყო.
გრაციანე საგონებელში იყო ჩავარდნილი, რამეთუ მარტო ამოდენა იმპერიის მართვა არ ძალუძდა, მის მცირეწლოვან ძმას, აღმოსავლეთის მმართველობას ვერ მიანდობდა, ხოლო ყველა მისი ერთგული სარდალი წარმოშობით ბარბაროსი იყო და ავგუსტად ვერ გამოცხადდებოდა. აქედან გამომდინარე, დიდი ფიქრის შემდეგ, 379 წლის 19 იანვარს სირმიაში (დღევ. სერბეთის ქალაქი სრემსკა-მიტროვიცა, ვოივოდინას მხარეში) აღმ. ავგუსტად გამოაცხადა ძველი დიდებული რომაული გვარის წარმომადგენელი თეოდოსი (სხვათაშორის მამამისი სახელგანთქმული სარდალი იყო, სახელად ასევე თეოდოსი და 376 წელს გაურკვეველი მიზეზით სიკვდილით დასაჯეს), რომელიც 374 წლიდან მეზიაში, 376 წლიდან კი ილირიაში იყო სარდლად და წარმატებით ებრძოდა სარმატებს.
თეოდოსი I-მა (379–395) სწრაფად მოახერხა არმიის ორგანიზება და რამდენიმე მარცხი აწვნია გუთებს. მის წარმატებას ხელი შეუწყო ვესტგუთთა ორივე ბელადის – ფრიტიგერნისა (379/380 წ.) და ატანარიხის (381 წ.) გარდაცვალებამ, რის შემდეგაც ვესტგუთები რამდენიმე თვე მოუნდნენ ორგანიზებას და მხოლოდ 382 წელს აირჩიეს ფრიტიგერნის უფროსი, 12 წლის ვაჟი ალარიხი მეთაურად. ამ დროს კი თეოდოსი მზად იყო შეტევისთვის. შედეგად გუთები მის შეთავაზებულ საზავო პირობებზე დათანხმდნენ და თრაკიაში დასახლდნენ რომის მოკავშირის სტატუსით.
ამის შემდეგ იმპერიაში სიმშვიდე უნდა დამყარებულიყო, თუმცა 383 წელს ბრიტანეთის ლეგიონების სარდალმა მაგნუს მაქსიმუსმა თავი ავგუსტად გამოაცხადა და გრაციანეს წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო. გრაციანე გალიისკენ დაიძრა, მაგრამ დამარცხდა და დაიღუპა, რის შემდეგაც მაქსიმუსმა მთელი გალია და ესპანეთი დაიქვემდებარა. 384 წლის დასაწყისში მცირეწლოვანმა ვალენტინიანე II-მ ოფიციალურად ცნო მაქსიმუსი ბრიტანეთის, გალიისა და ესპანეთის ავგუსტად.
თეოდოს I ამ ამბით ძლიერ იყო შეშფოთებული (მემკვიდრეობის უზრუნველსაყოფად მან ჯერ კიდევ 383 წლის იანვარში აღმოსავლეთის ავგუსტად გამოაცხადა თავისი 5 წლის ვაჟი არკადიუსი). იგი ხვდებოდა, რომ ადრე თუ გვიან ბარბაროსთა თავდასხმები განახლდებოდა და საფრთხე უშუალოდ იმპერიის არსებობას დაემუქრებოდა. აქედან გამომდინარე კავკასია დაივიწყა და მზად იყო მაქსიმალური დათმობით, როგორმე ზავს მიეღწია სასანიდურ სპარსეთთან.
„დიდი არმენიის“ გაყოფა
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ რომის ჯარის წასვლით ისარგებლა სპარსეთმა და 378 წელს აღმ. კავკასიაზე გავლენა აღადგინა. არმენიის სპარაპეტობა ხელთ იგდო სპარსეთის მომხრე მუშეღის ძმა (სხვა მონაცემით ბიძაშვილი, არტაშესის ძე) მანუელ მამიკონიანმა (სპარაპეტი 378–386 წლ.), რომელმაც 378 წელსვე ვარაზდატი რომში გააქცია (სადაც მუშეღის მკვლელობის გამო დააპატიმრეს და ბრიტანეთში გადაასახლეს) და ქვეყნის ფაქტიური მმართველი გახდა. მან ქვეყნის მმართველად გამოაცხადა პაპის ქვრივი დედოფალი ზარმანდუხტი, რომელიც საყვარლად დაისვა და თვითონ თავი სომხეთის რეგენტად გამოაცხადებინა. ამასთან მანუელმა თავისი ასული ვარდანდუხტი ტახტის მემკვიდრე პაპის უფროს ძე არშაკზე დააქორწინა, ხოლო პაპის მეორე ძე ვაღარში მეორე გავლენიანი ნახარარის სააკ ბაგრატუნის ასულზე დააქორწინა.
მანუელი თავიდანვე სპარსეთის ქვეშევრდომობაში შევიდა და მის უსაფრთხოებას იცავდა სპარსეთის მარზპანი სურენი სპარსული 10000 კაციანი კავალერიით.
379 წელს გარდაიცვალა შაპურ II და სპარსეთის ტახტზე ავიდა მისი მშვიდობისმოყვარე ძმა არდაშირ II (379–383).
ამ დროს ერთმა არმენიელმა დიდებულმა მერუჟანმა აცნობა, რომ თითქოს სპარსელთა გარნიზონის კომენდანტი მის მოკვლას აპირებდა. განრისხებული მანუელი დაეცა სპარსელებს და 10000-ივე გაჟლიტა. ცოცხლად გაუშვეს მხოლოდ მარზპანი სურენი. მაშინ შაჰმა მის წინააღმდეგ გაგზავნა ლაშქარი ვარაზ-გრიგორის მეთაურობით, რომელიც მამიკონიანმა დაამარცხა.
მანუელი შიშობდა, რომ სპარსეთი ახალ ძალებს გამოაგზავნიდა, ამიტომ მოლაპარაკება გააბა თეოდოსი I-თან, თუმცა დახმარება არ დასჭირდა, რადგან სპარსეთი ამჯერად ომს არ აპირებდა.
383 წელს შაჰმა არდაშირმა სომხეთის ტახტზე მოკლული მეფე ვარაზდატის უფროსი ვაჟი ხოსროვი წამოაყენა (რომელიც სპარსეთს იყო შეფარებული და თავის ასულზე ზაროვანდუხტზე ჰყავდა დაქორწინებული) და ამ საკითხზე თეოდოსისთან მოლაპარაკება წამოიწყო. რომს სომხეთში თავისი კაცი სურდა და ბუნებრივია მოლაპარაკება გაიწელა.
ამასობაში არდაშირი გარდაიცვალა და სპარსეთის ტახტი შაპურ II-ის ვაჟმა შაპურ III-მ (383–388) დაიკავა. ახალმა შაჰმა სომხეთის საკითხის გადაწყვეტა მანუელ მამიკონიანის გადმობირებით სცადა და მას და სომხეთის სამეფო ოჯახის წევრებს ძვირფასი საჩუქრები გაუგზავნა, თუმცა სომეხი სპარაპეტი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ორმაგ თამაშს განაგრძობდა.
384 წელს აღმ. რომის ავგუსტსა და სპარსეთს შორის წინასწარი ზავი დაიდო, რომლის მიხედვით არმენიის ტახტზე ერთდროულად პაპის ორი ძე არშაკ III (384–390) და ვაღარშ III (384–386) დასვეს. არშაკს აღმ. არმენია ერგო, ხოლო ვაღარშს დასავლეთ არმენია. ამით მანუელ მამიკონიანის ძალაუფლებას ბოლო უნდა მოღებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. სპარაპეტი არშაკის მარჯვენა ხელად რჩებოდა.
386 წელს ვაღარში გარდაიცვალა და მანუელის თანადგომით არშაკმა არმენიის ერთიანობა აღადგინა, მაგრამ ეს უკანასკნელი წარმატება აღმოჩნდა. გავლენიანი სპარაპეტი მალევე გარდაიცვალა, რის შემდეგაც ნახარარებმა არშაკის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყეს. ამით ისარგებლა შაჰის კაცმა პრინცმა ხოსროვმა და არმენიის ტახტი დაიკავა ხოსროვ IV-ის (386–392; 414–415) სახელით. არშაკი გაიქცა დას. არმენიაში სადაც რომაული ჯარი იდგა.
სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა, მაგრამ ომი აღარ დაიწყო. თეოდოსი დაკავებული იყო ერთის მხრივ ბარბაროსებთან, მეორეს მხრივ კი რომის ტახტის მაძიებლებთან ომებით და არმენიისათვის არ ეცალა. ამას კარგად ხედავდა შაჰი, რომელმაც 386 წელსვე ელჩობა აფრინა კონსტანტინეპოლში. საპასუხოდ თეოდოსმა ქტესიფონში გაგზავნა თავისი მარჯვენა ხელი, ვანდალური წარმოშობის სარდალი ფლავიუს სტილიხონი. 387 წელს დაიდო საზავო ხელშეკრულება, რომლითაც სომხეთის 4/5 სპარსეთს (კერძოდ: აირარატი, ტაურუბერანი, არძინიკი, მოკსი, კორჩაიკი, ვასპურაკანი, პარსააიკი, სიუნიქი, პაიტაკარანი, ტაო, ძორი) ერგო 1/5 კი რომს (სოფენა და „ზემო არმენიის“ დიდი ნაწილი). სპარსეთმა თავისი წილის დიდ ნაწილში არმენიის სამეფო არშაკიდების დინასტიით ფორმალურად შეინარჩუნა და ამ მხარეს „პერსარმენია“ უწოდა. შაჰმა დააჯილდოვა მის სამსახურში მყოფი ალბანეთისა და იბერიის მეფეები – ურნაირი (313–371) და თრდატი. ალბანეთს გადაეცა 3 არმენიური პროვინცია უტიკი, არცახი და შაკაშენი (უტიკის ნაწილი).
იბერიის მეფე თრდატ რევის ძე (დაახლ. 383/9–389/91)
ლეონტი მროველი მოგვითხრობს: დაახლ. 383 წელს „მოკვდა ვარაზ-ბაქარ, და დარჩნენ ძენი მისნი სამნი მცირეწლოვანნი, რომელნიც ვერ იპყრობდნენ მეფობასა. მაშინ წარჩინებულთა ქართლისათა ზრახვა ყვეს და დასვეს მეფედ სიმამრი ვარაზ-ბაქარისი, ძე რევისი, ძის-წული მირიანისი, კაცი მოხუცებული, სახელით თრდატ, და მისცეს შვილნი ვარაზ-ბაქარისნი საზრდოდ, ასულის-წულნი მისნი. ხოლო მესამესა შვილსა, მეორისა ცოლისასა, ზრდიდა ერისთავი სამშვილდისა, რომელსაც ერქვა სახელი ფარსმან. ხოლო მეფობდა ესე თრდატ მოხუცებული კეთილად, იყო კაცი მორწმუნე, ბრძენი და გონიერი, ამან სიბრძნითა თვისითა დაამშვიდა სპარსნი, გამოაჩინა ჯვარნი და შეკაზმა ეკლესიანი. და ამის დროს მოკვდა ეპისკოპოსი იაკობ, და დასვა მის წილ ელია. და ხარკსა მისცემდა სპარსთა მეფესა. ხოლო მან გამოიღო რუსთავი და ააშენა ეკლესია; და მანვე ააშენა ეკლესია ნეკრესისა. და მეფობდა უშფოთველად, და მოკვდა სარწმუნოებასა შინა დიდსა.
„მოქცევა ქართლისა“ გამცნობს: „დაჯდა მეფედ თრდატ. და მთავარეპისკოპოსი იყო ნერსე სომეხთა კათალიკოზისა დიაკონი იობ. და მეფემან რუსთავსა რუ გამოიღო და ეკლესიისა საფუძველი დადვა. და მის ზე-ვე ნეკრესს კახეთისასა ეკლესია ააშენეს განსრულებით“.
387 წელს დიდი არმენიის დაყოფის დროს, იბერიას, როგორც სპარსეთის მოკავშირეს, საბოლოოდ დაუბრუნდა ხორძენე და გოგარენე. ამასთან გარდმანის მთავარი იბერიის მეფის ქვეშევრდომად დარჩა. ტაო დარჩა დიდ სომეხ ნახარარებს – მამიკონიანებს, ხოლო ზემო სპერი – ბაგრატიონებს. უკანასკნელი დას. არმენიის მიწებთან ერთად არმენიის რომაულ ნაწილში აღმოჩნდა და 4 წლის შემდეგ საბოლოოდ მის პროვინციად იქცა.
იბერიის მეფე ბაკურ III (დაახლ. 389/91–397)
„მოქცევა ქართლისა“ გვამცნობს: „თრდატის შემდგომად მეფობდა ბაკურ ძე თრდატისი და მთავარეპისკოპოსი იყო ელია. და ამან ააშენა ეკლესია ბოლნისს. და იმიერ გავიდა და განაახლა არმაზი სპარსთა შიშის გამო“.
ბაკურის შესახებ მოგვითხრობს სომეხი მემატიანე კორიუნი „მესროპ მაშტოცის ისტორიაში“ და ხორენაცი, რომელსაც ცნობები კორიუნისგან აქვს აღებული.
სომეხი ისტორიკოსი მოვსეს ხორენაცი (V ს. ან VII ს. ანდა IX ს.) გვამცნობს: არმენთა განმანათლებელი, მისიონერი და ბიბლიის მთარგმნელი მესროპ მაშტოცი (დაახლ. 361–440) „გაემართა იბერთა ქვეყანაში, რათა მათთვის შეექმნა დამწერლობა. მას თან ახლდა ბერძნულისა და არმენიული ენების მცოდნე ვინმე ჯალა. იბერთა მეფე ბაკური და მოსე ეპისკოპოსი ეხმარებოდნენ მესროპს. გამოართვა მათ ბავშვები, გაჰყო ორ კლასად და მასწავლებლებად მათ დაუტოვა ხორძენელი ტერა და ტარონელი მუშე და წავიდა ალბანეთში...“
მაშტოცის მოწაფე კორიუნი (დაახლ. 380–450) მოგვითხრობს: „რამდენიმე ხნის შემდეგ ღვთისმოყვარემ (მაშტოცმა) იზრუნა ბარბაროსულ ქვეყნებზეც. და ღვთის შეწევნით იბერიელებისათვის ანბანის შედგენას შეუდგა. მაშტოცმა გამოხაზა ყოველივე ასო, დაალაგა და გამართა. თავის საუკეთესო მოწაფეებთან ერთად გამოემართა იბერთა ქვეყანაში, სადაც იგი წარუდგა იბერიის მეფე ბაკურს და ეპისკოპოს მოსეს. მეფე და მისი მეომრები ყველა ოლქიდან ღვთის შეწევნით უსმენდნენ და ემორჩილებოდნენ მას. და მან აჩვენა მათ წინაშე თავისი ხელოვნება, ურჩევდა და არიგებდა მათ. და ყველა ისინი პირდებოდნენ მისი სურვილის შესრულებას. და როცა ნახეს ერთი თარჯიმანი იბერიული ენისა, კაცი განათლებული და მორწმუნე, სახელით ჯაგა.
შემდეგ იბერთა მეფემ ბრძანა სხვადასხვა მხარიდან და შერეულტომიანი გავარებიდან (საერისთავოებიდან) შეეკრიბათ ყმაწვილი ვაჟები და გადაეცათ ვარდაპეტისთვის (განათლებული ბერი, მასწავლებელი) სასწავლებლად. ისინი ვინც შეაგროვეს სასწავლებლად, მაშტოცმა შეკრა ერთ ხალხად, რომელნიც ადიდებდნენ ერთ ღმერთს. მათ შორის მოიპოვებოდნენ ეპისკოპოსის ჩინისთვის საკადრისნი: პირველის სახელია სამუელი; კაცი წმინდა და ღვთისმოსავი, რომელიც გახდა ეპისკოპოსად სამეფო კარზე.
იმის შემდეგ, რაც იბერიის ყველა ადგილში მოაწესრიგა ღვთისმსახურების საქმე მაშტოცმა, დაემშვიდობა მათ და დაბრუნდა არმენიაში“.
ასე რომ, თუ დავუჯერებთ ძველ სომხურ წყაროებს გამოვა შემდეგი: ქართული ანბანი შეიქმნა სომხური ანბანის შექმნის (405 წლის შემდეგ) შემდეგ, სომეხი განმანათლებლის მიერ და ამ დროს ქართლის მეფე იყო ბაკური.
1. როგორც უახლოესმა გამოკვლევებმა ცხადჰყო, ქართული ანბანი არსებობდა როგორც მინიმუმ ახ.წ. II საუკუნიდან (მაგ. ნეკრესის წარწერები).
2. ქართული წყაროებით მეფე ბაკურ თრდატის ძე გარდაიცვალა ახ.წ. 400 წლამდე და 405 წლისთვის მეფე ვერ იქნებოდა.
3. ეპისკოპოსი სახელად მოსე ქართულ წყაროებში არ სჩანს.
4. არცერთი V საუკუნის სომხური წყარო, რომელიც ყვება მაშტოცის შესახებ, არ ახსენებს მის მიერ ქართული ანბანის შექმნას და საერთოდ ქართლში მოღვაწეობას. გამონაკლისია ხორენაცი, რომელსაც ეს ამბავი გადაწერილი აქვს კორიუნისგან.
მიუხედავად აღნიშნულისა მაშტოცის საქართველოში მოღვაწეობის გამორიცხვა არ შეიძლება. როგორც ჩანს მას საკმაოდ დიდი ავტორიტეტი ჰქონდა კავკასიაში და აქედან გამომდინარე ბაკურმა კარგად მიიღო და საშუალება მისცა იბერიაში საგანმანათლებლო-რელიგიური საქმიანობა ეწარმოებინა, რაც კორიუნმა გადათარგმა ისე, თითქოს სწორედ მაშტოცმა მისცა ქართველებს დამწერლობა, რადგან მანამდე არ ჰქონდათო.
აღნიშნულ მეფე ბაკურზე უნდა იყოს საუბარი „პეტრე იბერის ცხოვრებაში“, რომლის მიხედვთ ბაკურ მეფის თანამეცხედრეს სახელად „დუხტი“ რქმევია. ცოლიცა და ქმარიც, მეტად მორწმუნე და ქველმოქმედნი იყვნენ. კვირაში სამჯერ მეფე თავის ხელით სატახტო ქალაქის ეკლესიაში მოწყალებას აძლევდა, სასახლეში საჭმელს ამზადებინებდა და ღამ-ღამობით თითონვე ღარიბებს ურიგებდაო. ბაკურ მეფემ ღარიბთათვის თავშესაფარიც კი ააგო. ხოლო დედოფალი დუხტი იმდენად გულმოდგინე ყოფილა, რომ სამეფო სამოსელსა და სამკაულს ქვეშე თითქოს ძაძა სცმია, თავისი ოქრო-მარგალიტი კი ვითომც ღარიბთათვის გაუყვია.
სპარსთა ხელმწიფეს ბაკურ მეფესთან პირობა ჰქონია დადებული, რომ ქართველთა მეფე ლაშქრობაში სპარსელებს უნდა მიჰშველებოდა ხოლმე. თვით ბაკური სპარსეთის სამეფოს სარდლადაც კი ითვლებოდა. ამის მიუხედავად, როცა ბაკურ მეფემ სპარსთ ბანაკში მყოფმა მაზდეანობისაებრ მზეს თაყვანი არა სცა, სპარსთა დიდებულებმა დაასმინეს შაჰთან ქართველთა ბატონი და თუმცა მაშინ შაჰი განრისხდა, მაგრამ მას ვერა დააკლო-რა.
პეტრე იბერის ცხოვრებით ბაკურის ასული ე.წ. ბაკურდუხტი ცოლად ჰყავდა იბერის მეფე ბუზმარს, რომელიც ქვეყანას V ს-ის 10–20-იან წლებში მართავდაო. მეცნიერთა ვარაუდით ეს ბუზმარი ან იბერიის გავლენიანი დიდებული ანდა იბერიის რომაული ნაწილის მმართველი და სპარსელთაგან განდევნილი საურმაგის შთამომავალი იყო. ეს ბუზმარი იბერიელი დიდებული ბუზმარისა და იბერის მეფე ვარაზ-ბაკურის ასულის ოსდუხტის შვილი ყოფილა. თავს მხრივ „მეფე ბუზმარს“ ბაკურდუხტთან ჰყავდა ძე მურვანი (სირიული წყაროებით – ნაბარნუგი). „პეტრე იბერის ცხოვრებით“ ბუზმარზე გავლენს მოსაპოვებლად სპარსთა მეფე მას მოუწოდებდა შენი შვილი მძევლად გამოგვიგზავნეო. თავი რომ როგორმე დაეღწია, მან თავისი მცირეწლოვანი შვილი, შემდეგ განთქმული საეკლესიო მოღვაწე პეტრე იბერი, მაიუმელი ეპისკოპოსი, მთაში დასამალავად გახიზნა. მაგრამ ამავე დროს ბიზანტიის კეისარი თეოდოსი II-ც (408–450) ბუზმარს შვილსა სთხოვდა მძევლად, მაშინ ბერძნებსა და სპარსელებს შორის ომი იყო და კეისარს ეშინოდა, იბერები ჩემ მტერს არ მიემხრონო. მრავალგზისი თხოვნით თავმობეზრებულმა ბუზმარმა ისევ ქრისტიანი კეისარი ირჩია და თევდოსის თავისი შვილი 421–424 წ. შუა კოსტანტინეპოლში გაუგზავნა, სადაც იგი მეფურად იზრდებოდა.
შვილის გასტუმრების შემდგომ მას დიდხანს აღარ უცოცხლია და გარდაცვლილა. ბუზმარის დაქვრივებული თანამეცხედრე დედოფალი ბაკურდუხტი მთელ თავის ქონებას და დროს ქველმოქმედებას ანდომებდა და უძლურთა და სნეულთათვის სასტუმრო-ფუნდუკები და სასნეულოები აუგია.
რომის იმპერიის გაყოფა ორ ნაწილად და ბიზანტიის დაარსება.
სანამ რომ-სპარსეთის მოლაპარაკება აქტიურ ფაზაში მიმდინარეობდა 387 წლის ზაფხულში მაქსიმუსმა გაგზავნა ლეგიონები ჩრდ. იტალიაში და ვალენტინიან II განდევნა. იგი თესალონიკში თეოდოსისთან ჩავიდა. აღმოსავლეთის ავგუსტმა სასწრაფოდ მოაგვარა სპარსეთთან ზავის საქმე და სათანადო მზადების შემდეგ იტალიისკენ დაიძრა. მაქსიმუსი დამარცხდა, ქ. აკვილეაში ტყვედ ჩავარდა და 388 წლის 28 აგვისტოს თეოდოსის ბრძანებით სიკვდილით იქნა დასჯილი.
თეოდოსიმ 3 წელი მოანდომა იტალიის საქმეებს და მხოლოდ 391 წლის ნოემბერში დაბრუნდა კონსტანტინეპოლში, რის შემდეგ აღმოსავლეთის იმპერიის გარდაქმნას შეუდგა. 391 წელს გარდაიცვალა არშაკ III, რის შემდეგაც სომხეთის რომაული ნაწილი რომის პროვინციად იქცა. 393 წელს საბოლოოდ აიკრძალა ოლიმპიური თამაშები და სასტიკი ბრძოლა გამოცხადდა როგორც წარმართების, ისე სხვადასხვა ქრისტიანული თემების მიმართ, რომელთა მოძღვრებას მწვალებლობას უწოდებდნენ.
როგორც კი თეოდოსი იტალიიდან წავიდა, ძალაუფლება ხელთ იგდო დასავლეთის ჯარების სარდალმა არბოგასტმა (წარმოშობით გერმანელი, ფრანკების ტომიდან), რასაც ვერ ეგუებოდა თეოდოსის მიერ ტახტზე აღდგენილი 20 წლის ავგუსტი. მაშინ 392 წ. 15 მაისს არბოგასტმა ვალენტინიანე სიცოცხლეს გამოასალმა და, რადგან თვითონ გერმანული წარმოშობის იყო და ტახტზე ვერ ავიდოდა, დასავლეთის ავგუსტად (22 აგვისტოს) გამოაცხადა თავისი მეგობარი, ავგუსტის კანცელარიის უფროსი ფლავიუს ევგენიოსი, თუმცა რეალურ მმართველად თვითონ რჩებოდა. თეოდოსმა ევგენიოსი უზურპატორად გამოაცხადა, 393 წლის იანვარში დასავლეთის ავგუსტად საკუთარი უმცროსი ვაჟი ჰონორიუსი აკურთხა და დაიწყო მზადება მედიოლანზე სალაშქროდ.
ევგენიოსმა შეწყვიტა წარმართთა დევნა და ცდილობდა ქრისტიანული და წარმართული საზოგადოების ერთმანეთთან მორიგებას. წარმართებს საშუალება მიეცათ აღედგინათ დანგრეული ტაძრები. მათ მიიღეს სახელმწიფო მმართველობის პოსტებიც კი, რის გამოც ევგენიოსს წარმართს ეძახდნენ, თუმცა ის ქრისტიანი იყო.
არბოგასტის რეინზე რამდენიმე რეიდის შემდეგ, გარკვეული ხნით გერმანელები „დამშვიდებულ იქნა“. ამის შემდეგ ევგენიოსმა გაგზავნა ელჩობა თეოდოსთან, რათა მიეღწია მასთან ზავს, თუმცა უკანასკნელმა უზურპატორის ელჩი არ მიიღო.
394 წლის გაზაფხულზე თეოდოსი იტალიისაკენ დაიძრა. არბოგასტი და ევგენიოსი მას აღმ. ალპების მთისწინეთში, მდ. ფრიგიდთან (დღევ. სლოვენია) შეხვდნენ. 6 სექტემბერს გამართული ბრძოლა არბოგასტმა მოიგო და თეოდოსის მოწინავე ათიათასეული გაანადგურა. აღმოსავლეთის ავგუსტის სიტუაცია კრიტიკული გახდა, თუმცა ბედმა გაუღიმა. დაღამებისთანავე მას ბანაკში ესტუმრა არბოგასტის ერთ-ერთი სარდალი არბიციონი და თავისი არმიის მიმხრობის სანაცვლოდ პატივი ითხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო. მაშინ არბიციონი თეოდოსს შეუერთდა და მოულოდნელად დაეცნენ არბოგასტის ბანაკს. ევგენიოსის არმია სრულად აირია, დამარცხდა და დაიფანტა. ევგენიოსი შეიპყრეს და თავი მოკვეთეს. არბოგასტმა ძლივს გაასწრო სიკვდილს, თუმცა მალე სასოწარკვეთილებამ მოიცვა და ორი დღის შემდეგ თავი მოიკლა.
ასე რომ, 394 წლის სექტემბერში, იმპერიის ერთიანობა თეოდოსის ხელში უკანასკნელად აღსდგა. ცოტა ხნის შემდეგ მან რომში ოფიციალურად აკურთხა ჰონორიუსი დასავლეთის ავგუსტად და დასავლეთის იმპერიის საქმეთა მოწესრიგებას შეუდგა.
395 წლის 17 იანვარს თეოდოსი მედიოლანში გარდაიცვალა და მასთან ერთად დომინატი და რომის ერთიანი იმპერიაც ისტორიას ჩაბარდა.
ამიერიდან აღმოსავლეთ რომის იმპერიის (დედაქალაქი კონსტანტინეპოლი) მართველად გამოცხადდა 18 წლის არკადიუსი (383–408), რომლის ფაქტობრივი რეგენტი იყო პრეფექტ პრეტორი რუფინუსი, ხოლო დასავლეთ რომის იმპერიის  მმართველად გამოცხადდა 11 წლის ჰონორიუსი (393–423), რომლის რეგენტი იყო ვანდალი სარდალი სტილიხონი (395–408). ჰონორიუსის სატახტო იყო ჯერ მედიოლანი, შემდეგ კი რავენა.
აღმ. რომის იმპერიას მეორენაირად ბიზანტიასაც უწოდებდნენ, რადგან მისი დედაქალაქი ძველი ბერძნული ქალაქის ბიზანტიონის ადგილზე იყო გაშენებული. ქართველები კი ბიზანტიას საბერძნეთს ეძახდნენ, ხოლო მის ავგუსტებს კეისრის ტიტულით მოიხსენიებდნენ.

Комментариев нет:

Отправить комментарий