воскресенье, 20 марта 2022 г.

წმინდა ნინო და ქართლის სამეფოს გაქრისტიანება (უ. მურღულია)

ქრისტიანობა საქართველოში I საუკუნეში შემოვიდა და II–III საუკუნეებში უკვე საკმაოდ ღრმა ფესვები ჰქონდა, თუმცა სახელმწიფო რელიგიად მხოლოდ IV საუკუნეში, წმინდა ნინო მოღვაწეობის შედეგად გახდა.
ქართული ეკლესიის ისტორია თითქმის I საუკუნიდან (მცხეთელების ჩასვლა მაცხოვრის ჯვარცმაზე დასასწრებლად, კვართის ჩამოსვენება საქართველოში და სხვა), აღწერილია უძველეს ქართულ საისტორიო წყაროში, რომელსაც „მოქცევა ქართლისა“ ეწოდება. მასში მოთავსებული „წმიდა ნინოს ცხოვრების“ ე.წ. ვრცელი რედაქციის ავტორად დასახელებულია სალომე უჯარელი (IV ს.). მისი თხრობა წმიდა ნინოს მოღვაწეობისა და პირველი ქართული ეკლესიის დაფუძნების შესახებ ეთანადება გელასი კესარიელისა და სხვა ბერძენ-ლათინი ისტორიკოსების ცნობებს. უცხოელი ავტორები წმიდა ნინოს აღნიშნული ცხოვრების რამდენადმე შემოკლებულ შინაარსს გადმოგვცემენ. ისტორიკოსი მ. ჩხარტიშვილი, რომელმაც საგანგებოდ გამოიკვლია „მოქცევა ქართლისა“, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სალომე უჯარმელის შვილიშვილმა ბაკურმა გელასი კესარიელს (გარდ. 395 წ.) თავისი ბებიის მიერ დაწერილი წმიდა ნინოს ცხოვრების შემოკლებული შინაარსი გადასცა.
სალომე უჯარმელი პირველი ქართველი ქრისტიანი მეფის, მირიანის ძის ცოლი იყო. იგი მასპინძლობდა ბოდიში მომაკვდავ ნინოს და მისგან ჩაუწერია ქართლის მოქცევის ისტორია. მას შეუკრებია აგრეთვე ებრაელი ქალის სიდონიას, მამამისის აბიათარის, საბერძნეთიდან ჩამოსული მღვდლის იაკობის, მეფე მირიანის მოგონებები, თავისი თხზულებისათვის „წმიდა ნინოს ცხოვრება“ უწოდებია და მისთვის დაურთავს შესავალი. სალომე უჯარმელის თხზულებაში, როგორც წესი, ყველა ფაქტს თავისი მხილველი და მთხრობელი ჰყავს. ასე რომ პირველი ქართველი საეკლესიო ისტორიკოსი IV ს. ავტორი სალომე უჯარმელი გამოდის.
„წმინდა ნინოს ცხოვრება“ ჩვენამდე სხვადასხვა რედაქციებით არის მოღწეული. ძირითადი რედაქციებია შატბერდული (X ს.), ჭელიშური (XIV ს.) და სინური (X ს.). გარდა ამისა, ნინოს ცხოვრების განსხვავებული რედაქცია არის ჩართული საისტორიო თხზულებაში – „ცხოვრება ქართველთა მეფეთა“ („ქართლის ცხოვრება“), სადაც თხრობა, განსხვავებით „მოქცევა ქართლისა“-ს რედაქციებისაგან, მესამე პირში მიმდინარეობს.
„წმინდა ნინოს ცხოვრება“
იმ დროში, როდესაც გიორგი კაპადოკიელი იწამა ქრისტესთვის, მათ დღეთა კაპადოკიის ქალაქში ცხოვრობდა ვინმე დიდგვაროვანი სახელით ზაბილონი. ის წავიდა რომში და მსახურობდა ავგუსტ მაქსიმიანესთან (285–305). იმავ პერიოდში კაპადოკიის ქალაქ კოლასტრაში1 ცხოვრობდა ერთი კაცი, რომელსაც ჰყავდა ძე – იობენალი და ასული – სუსანა.
იობენალსა და სუსანას მშობლები ადრე დაეღუპათ, რის შემდეგაც წავიდნენ იერუსალიმს და იქაურ ქრისტიანულ თემს მიეკედლნენ. იობენალი გახდა ჯერ დევტალარი2, შემდეგ კი იერუსალიმის ეპისკოპოსი ერმონის (283–314) სახელით. ხოლო სუსანა მსახურად დაუდგა ნიაფორს – სარა ბეთლემელს.
ზაბილონმა თავი გამოიჩინა რეინის აუზში მცხოვრები ფრანკების აჯანყების ჩახშობის საქმეში (297–298 წლ.), რის შემდეგაც ქრისტიანად მოაქცია ისინი. „აჯანყებულ იყვნენ მას ჟამსა ფრანკნი3 ბრძოლად რომთა, ველსა ზედა პიტალანისასა (პატალანისა). მოსცა ღმერთმა ჭაბუკსა მას კაპადოკიელსა ძალი უძლეველი და ქმნა წინაღდგომა მტერთა მიმართ უზომოთა, აოტნა ფრანკნი, შეიპყრა მეფე ფრანკთა და მის თანა მთავარნი მრავალნი. წაიყვანა წინაშე ავგუსტუსისა მეფე ფრანკთა და ყოველნი მთავარნი. ხოლო ავგუსტუსმან განაწესა სიკვდილი მათი. მაშინ იწყეს ტირილად ფრანკთა მათ და ევედრებოდნენ ზაბილონს: „მოგვეც სჯული შენი და შეგვიყვანე ჩვენ ტაძარსა ღმრთისა თქვენისა, და მაშინ ჰყავ სიკვდილი ჩვენი, რამეთუ შენვე შეგვიპყრე და შენვე ჰყავ ეს ჩვენ ზედა, რათა უბრალო იქმნე სისხლისა ჩვენისაგან, ახოვანო“.
ზაბილონს როდესაც ესმა ეს, სასწრაფოდ აუწყა ავგუსტუსს და ეპისკოპოსს სიტყვა მათი. და მოსცეს ნათელი ხელსა ქვეშე ზაბილონისსა და შეიყვანეს ტაძარსა შინა ღმრთისა, წმიდასა ეკლესიასა, აზიარეს საიდუმლოთა საიდუმლოთა, ხორცსა და სისხლსა ქრისტესთა. და უჩვენეს მათ დიდებანი იგი წმიდათა მოციქულთანი. და დილით ადრე აღდგნენ ფრანკნი იგი და სამოსელი სასიკვდილოდ შეიმოსეს და გავიდნენ ადგილსა მას კაცთა საკლავსა და სისხლის დასათხეველსა, ლოცულობდნენ და მადლობდნენ ღმერთსა ნათლისღებისათვის მას ზედა და ზიარებასა და იტყოდნენ: „ჩვენ სიკვდილსა შინა უკვდავი ვართ, რამეთუ ღირს-გყვნა ჩვენ ღმერთმან ესევითარსა დიდებასა მიღებად საგზალსა მას დაულეველსა, ხორცსა და სისხლსა ქრისტეს, ძისა ღმრთისა უკვდავისა მის მეუფისასა, რომელიც არს უფროს უმაღლეს ყოველთა მაღალთა და უქვესკნელეს ყოველთა ქვესკნელთა. ხოლო ვაი ნაშობთა ჩვენთა, ნაყოფთა სიმწარისათა, მკვიდრთა ბნელისათა“. და იხმობდნენ ისინი: „მოვედით მეხმლე ეგე და მოკვეთეთ თავნი ჩვენნი ჩვენგან“ და მოიდრიკეს თავნი თვისნი წარკვეთად.
ამას როცა ხედავდა ზაბილონი, აღიძრა გონებითა და ტიროდა. შემდეგ შევიდა ზაბილონ წინაშე ავგუსტუსისა და ითხოვა, სიკვდილმისჯილთა პატიება. მაქსიმიანემ კი უთხრა: „მიმინიჭებია ისინი შენთვის, და რაცა გნებავს უყავ მათ“. ზაბილონმა გაათავისუფლა ისინი. ხოლო ფრანკები ევედრებოდნენ ზაბილონს, რათა წაჰყვეს ქვეყანად მათსა და მისცეს სჯული ქრისტესი და ნათლისღება წყლითა ყოველსა ერსა მათსა.
ხოლო ისმინა მათი ზაბილონ და მოსთხოვა მღვდელნი ეპისკოპოსსა. შემდეგ კი ზაბილონი, მღვდლები და განთავისუფლებული ფრანკთა მეთაურები წავიდნენ დანარჩენ ფრანკთა ტომებთან.
როდესაც ისინი მიუახლოვდნენ ერთი დღის სავალსა, ფრანკებს მიუვიდა ამბავი, რომ მათი მეფე ცოცხალი არის, მოდის და ყოველნი მთავარნი მის თანა არს. მაშინ შეიძრნენ ათნი იგი ტომი: ხოლამა და ხოზაბა, ხლაჭა, ხენეშაგი, ტიმგარაგი, ზაქა, გზა, ზარგა, ზარდა, ზარმა და თმონიგონი სამეუფო და მოეგებოდნენ მდინარესა ზედა დიდსა და ღრმასა.
გაჰყო მეფემან ერი იგი და დაადგინა წყალსა მას იმიერ და ამიერ. და აკურთხეს მღვდლებმა მდინარე და ჩავიდა ყოველი ერი მდინარესა მას და განიბანებოდნენ, და ამოვიდოდნენ გამოსავალსა ერთსა. დაადებდა ზაბილონი ხელს ყოველ მათგანს.  გრძელდებოდა ასე ათი დღე. და აღმართეს კარავნი და შეწირეს მღვდელთა ჟამი, და აზიარეს ქრისტეს საიდუმლოთა. ზაბილონმა დაუტოვა მღვდელნი და განკარგა ყოველი წესი ქრისტეანობისა, დაუტოვა კურთხევა და წავიდა რომს“.
ცოტა ხნის შემდეგ ზაბილონმა გადაწყვიტა თავი დაენებებინა სამხედრო სამსახურისთვის და საცხოვრებლად იერუსალიმში გადასულიყო. როდესაც ჩავიდა იერუსალიმში, რაც თანხა ჰქონდა გლახაკებს დაურიგა. იქ ცხოვრებისას მან გაიცნო და დაიმეგობრა ეპისკოპოსად აღზევებული იუბენალი.
ერთხელაც უთხრა სარა ნიაფორმან იუბენალს: „ეს ზაბილონი – მამა და ემბაზი ფრანკთა, კაცი სრული სიბრძნითა და ღმრთის მოშიშებითა არის ყოვლადვე: ამას მიეც და შენი სუსანა ცოლად“. და მოეწონა იერუსალიმის ეპისკოპოსს სიტყვა მისი და მისცა სუსანა ცოლად. რის შემდეგაც დაქორწინებულები საცხოვრებლად წავიდნენ ქალაქად კოლასტრას.
მათ შეეძინათ (290–300 წლებს შორის) ასული სახელად ნინო. ზაბილონი და სუსანა დღე და ღამე გაჭირვებულთა ზრუნვაში ატარებდნენ.
როდესაც ნინო 12 წლის გახდა, მშობელებმა გაყიდეს ყველაფერი, გაუყვეს გლახაკებს და წავიდნენ იერუსალიმს. მაშინ ზაბილონი ეპისკოპოსის კურთხევით ცოლისგან გაიმიჯნა და წავიდა მდ. იორდანის გაღმა ასკეტური ცხოვრებისთვის, რის შემდეგაც იგი არავის უნახავს. წასვლის წინ მან ნინო ჩაიხუტა მკერდში და ცრემლმორეულმა უთხრა: „შენ, მხოლოდ ასულო ჩემო, ესერა დაგტოვებ შენ ობლად ჩემგან და მიგითვალავ შენ ღმერთსა ცათასა, მამასა ყოველთა მზრდელსა და უფალსა, რამეთუ იგი არის მამა ობოლთა და მსაჯული ქვრივთა. ნუ გეშინია, შვილო ჩემო! ხოლო შენ მაგდანელისა მარიამის შური აიღე სიყვარულისათვის ქრისტესისა და დათა მათ ლაზარესთა. და თუ შენ ასეთ გეშინოდის მისა, ვითარცა მათ, მან ეგრეთ მოგცეს ყოველი, რაცა სთხოვო მას, ოდეს რაც გინდეს მისგან“.
სუსანა ეპისკოპოსმა დააყენა გლახაკებისა და უძლური ქალების მომვლელად. მარტო დარჩენილი ნინო ორი წელი იერუსალიმში ემსახურებოდა ნიაფორს, დვინელ სომეხს, რომელიც ქრისტიანული რჯულის საუკეთესო მცოდნე ყოფილა. ნინომ სთხოვა მას მოეყოლა ქრისტეს ამბავი. ნიაფორმა კი უთხრა: „ვხედავ, შვილო ჩემო, ძალსა შენსა, ვითარცა ძალსა ძუ ლომისა, რომელიც იძახებნ ყოველსავე ზედა ოთხფეხსა, გინა ვითარცა ორი დედალი, რომელიც აღვიდის სიმაღლესა ჰაერთასა უფროს მამლისა და ყოველი ქვეყანა გუგასა თვალისა მისისასა, მცირესა მარგალიტის სწორსა, შეაყენის განიხილის და განიცადის საჭმელი მისი, ცეცხლებრ დაინახის, მოუტევნის ფრთენი შრიალებად და მიიმართის მის ზედა. ეგრეთვე იყოს ცხოვრება შენი წინამძღვრებითა სულისა წმიდისათა“.
ნინო უყვება სალომე უჯარმელს
მითხრა მე ნიაფორმა: აწ ვიწყო და გითხრა ყოველი, ოდეს-იგი იხილეს ღმერთი უკვდავი კაცთა მოკვდავთა ქვეყანასა ზედა, რომელიც მოსულ იყო მოწოდებად ყოველთა უცხოთა ნათესავთა, უცხოთა ღმერთთა მონებულთა, ვითარცა თვით უნდა ხსნა სოფლისა, რომელშიც დაიბადა.
იწყო კეთილის-ყოფად ჰურიათა: მკვდართა აღდგინებად, ბრმათა აღხილვად, ყოველთა სნეულთა განკურნებად. რომელი-ესე შეიშურვეს, შეიზრახნეს და წარავლინეს სტრატიოტნი ყოველსა ქვეყანასა სწრაფით მოსლვად ჰურიათა და იტყოდნენ, რამეთუ: აჰა ესერა წავწყმდებით, მოვიდეთ და შემოვიკრიბოთ ყოველნი“.
მაშინ მოვიდნენ ყოვლით სოფლით კაცნი ჰურიანი, მეცნიერნი სჯულსა მოსესსა, რომელნიც წინაღუდგნენ სულსა წმიდისასა და რა-იგი ჯერ იყო ყოფად ქრისტესსა, მათ აღასრულეს: ჯვარს აცვეს და სამოსელსა მისსა ზედა წილ გაიყვეს. და წილით ჰხვდა ჩრდილოთა, მცხეთელთა, კვართი იგი უფლისა იესოსი, და დაჰფლეს მათ დამბადებელი თვისი და დაკრძალეს და დაბეჭდეს საფლავი იგი მისი. ხოლო იგი აღდგა, როგორაც თქვა პირველად. როდესაც გათენდა მოვიდა პილატე და მისი ცოლი იესოს საფლავთან და მხოლოდ ტილონი იგი იპოვეს. მაშინ მოიხურა იგი ცოლმან პილატესმან და წავიდა სისწრაფითა დიდითა პონტოდ, სახლად თვისსა, და გახდა მორწმუნე ქრისტესა.
ხოლო შემდგომად ჟამთა რამდენიმეთა მივიდნენ ისინი ხელთა ლუკა მახარებელისათა და დასხნა ისინი მან, სადაცა თვით იცის. ხოლო სუდარი ვერა იპოვა. თქვეს ზოგმა პეტრესთვის, ვითარმედ ხელ-ეწიფა მოპარვა და ექნება მასო, გარნა განცხადებულად არა მიუთხრეს, ვითარ სხვა ყოველი.
ხოლო ჯვარნი ამას ქალაქსა შინა დამარხულ არიან, ხოლო ადგილი მათი არავინ იცის, როდესაც ინებოს ღმერთმან, გამოჩნდეს ისინიცა.
მაშინ მივეც კურთხევა უფალსა ღმერთსა და მადლი დედოფალსა მას ჩემსა ამას ყოველსა ზედა თხრობასა. და კვლავ ვკითხე: „სადღაც ჩრდილოეთით არის ქვეყანა, სადაც არის სამოსელი იგი უფლისა ჩვენისა?“ მითხრა მე: „სომხეთის მთების ჩრდილოეთით არის წარმართული ქვეყანა ჟამთა ამას ქალდეველთა სახელმწიფოდ შექმნილ არის იგი“.
ერთხელ (ეს უნდა მომხდარიყო 313 წელს) იერუსალიმში ჩამოვიდა ვინმე დედაკაცი ეფესელი რომელიც რომის სამეფო კარზე მსახურობდა. ჰკითხა ნიაფორმა დედაკაცსა მას, თუ: „ელენე დედოფალი ეგეთსავე ცთომილებასა და ბნელსა შინა არის?“
ხოლო მან უთხრა: „მე ვარ მხევალი მათი და შემსრულებელი განზრახვასა მათსა ყოველსა, ცხადსა და დაფარულსა, და ვუწყი მე მისი, რამეთუ აქვს მას დიდი სურვილი ქრისტეს სჯულისა და ნათლისღებისათვის“.
ხოლო მე ვუთხარი ნიაფორს: „წარმგზავნე და მივალ წინაშე ელენე დედოფლისა, ნუ უკვე მიმიახლოს სიტყვისგებად მის წინაშე ქრისტესთვის“. ხოლო მან აუწყა იერუსალიმის ეპისკოპოსს ნინოს სურვილი. ხოლო მან მოუწოდა, წმიდამან მამამან ჩემმან ეპისკოპოსმან, ძმამან დედისა ჩემისამან, და დამადგინა აღსავალსა საკურთხეველისასა და დამადო ხელნი მისი მხართა ჩემთა. და სულთ-ითქვა ცად მიმართ და თქვა: „უფალო ღმერთო მამათაო და საუკუნეთაო, ხელთა შენთა შევავედრებ ობოლსა ამას, შვილსა დისა ჩემისასა და წარვავლინებ ქადაგებად შენისა ღმრთებისა და რათა ახაროს აღდგომა შენი, სადა-ცა შენ სათნო-იყო სირბილი მისი ექმენ ქრისტე ამას გზა, მოგზაურ, ნავსადგურ, მოძღვარ, ენა მეცნიერების, ვითარცა-იგი წინათა მათ მოშიშთა სახელისა შენისათა“.
იობენალმა გამმიჯნა დედისაგან ჩემისა და მომცა მე ჯვარი და კურთხევა საგზლად. გავემართე ეფესოელ დედაკაცთან ერთად. როდესაც მივედით სამეფოსა რომს სახლად მისა, იქ ვიპოვეთ დედოფალი ვინმე მეფეთა ნათესავი, სახელით რიფსიმე და დედა-მძუძე მისი გაიანე, მონასტერსა შინა ქალწულთასა, რომელიც ელოდა იერუსალიმით ნათლისღებასა და ქრისტეს აღსარება სურდა.
მაშინ დედაკაცმან მან მოიყვანა წმიდა ნინო და მისცა წმიდასა რიფსიმეს, და აუწყა საქმე მისი, რომელი-იგი იხილა რა ქრისტეს მოყვარემან რიფსიმე, სიხარულით შეიტკბო და შეიწყნარა სახიდ თვისად, წინაშე მისსა, წმიდა ნინო ხელითგან მის დედა-კაცისა თანა-მოგზაურისა.
ასე იმყოფებოდა რა მასთან ნინო. იმავ წელიწადს ნათელ-იღო რიფსიმემ, გაიანემ და სხვათა მათ სახლეულთა მისთა, რიცხვითა ორმოცმან სულმან სხვამან; და უმრავლესთა მათგანთა ხელსა ქვეშ წმიდისა ნინოსსა ნათელი იღეს. შემდეგ წავიდნენ ესე ყოველნი მონასტერსა თვისსა. ცხოვრობდა მათთან ნინო ორი წელი.
313 წლის მედიოლანის ედიქტმა საშუალება მისცა ნინოსა და მის მოწაფეებს თავისუფლად ექადაგად იმპერიის ტერიტორიებზე. ისინიც გაემგზავრნენ აღმოსავლეთ პროვინციებში საქადაგოდ.
ამასობაში აღმოსავლეთის ავგუსტს ლიცინიუსს ესმა ხმა რიფსიმეს გასაოცარი სილამაზისა და სიწმინდისა და მოინდომა მისი ხარჭად დასმა. იგივე ბედი დაემუქრა ნინოს მხლებელ ქალწულებსაც.
როდესაც რიფსიმემ და მისმა მეგობრებმა გაიგეს, თუ რა ელოდათ, დატოვეს ქვეყანა ფარულად, შავი ზღვის გავლით, ორმოცდაცამეტმა სულმა და მივიდნენ ლტოლვილნი არეთა სომხეთისა, ადგილსა სამყოფელსა სომეხთა მეფისა თრდატისა4 და იყო მაშინ პირველი თვის თხუთმეტი (316 წლის). შევიდნენ იქ საწნეხელთა ვენახისათა, რომელიც გაშენებული არის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით, და იზრდებოდა იქ შინა ხელთ-საქმისაგან ვაჭრობით.
ხოლო ავგუსტუსი აივსო მწუხარებითა და გაგზავნანა კაცნი ყოველთა ადგილთა მოძიებად მათდა. მაშინ მივიდნენ მოციქულნი ლიცინიუსისანი წინაშე თრდატ სომეხთა მეფისა და მიართვეს წიგნი ავგუსტისა, რომელშიც ეწერა: „თვით-მპყრობელი ავგუსტი საყვარელსა ძმასა და მეგობარსა და თანა-მოსაყდრესა ჩემსა თრდატს გიკითხავ. უწყებულ იყავნ ძმობა შენი და თანა შემწეობა, რომლისათვის-იგი ყოვლადვე გვევნების შეცთომილისა მისგან ქრისტიანეთა ნათესავისა. რამეთუ ყოვლადვე შეურაცხ იქმნება ჩვენი უფლება მათისაგან კრებულისა, და საწუნელ არის ჩვენი ხელმწიფება მათგან. რამეთუ იგინი ჯვარ-ცმულსა ვისმე მომკვდარსა მსახურებენ და ძელსა თაყვანს ცემენ, და ძვლებსა კაცთასა პატივს სცემენ, და თავისა მათისა სიკვდილი უფლისა მათისათვის დიდებად შეურაცხეს და არა ეშინის ჰურიათაგან და ჰურიათა ჯვარ-ცმულისაგან ეშინიათ და შეცდომილ არიან; მეფეთაც აგინებენ, ღმერთთა შეურაცხჰყოფენ, და ძალსაცა ნათლისა მზისა და მთვარისასა და ვარსკვლავთასა არად შერაცხენ, არამედ შექმნულად იტყვიან მათ ჯვარცმულისა მის მიერ. და ასე მიაქციეს ქვეყანა, ვიდრემდის მამანი დედათაგან და დედანი მამათაგან ცოცხლივ განეშორნენ. მიუხედავად დიდითა წამებითა და ტანჯვითა ამოვწყვიტეთ, მაგრამ უფრო მეტად გამრავლდნენ. ხოლო აწ შემემთხვია მე ხილვად ნათესავისა მათისაგან ჭაბუკი ერთი ქალი, და განვიზრახე მოყვანება მისი ხარჭად ჩემდა. ხოლო მას არა თუ ვითარცა მეფისა გული უთქმიდა სურვილად ჩემდა, არამედ საძულელად-ცა და არა-წმიდად შემრაცხეს. გაიქცნენ ფარულად ჩემგან, და კერძოთა ქვეყანისა შენისათა წამოსულ არიან. უწყებულ იყავ შენდა, ძმაო ჩემო, მოიძიე ისინი და, იპოვნე რა მისთანანი იგი, სიკვდილით მოაკვდინე. ხოლო რომელი-იგი შეაცთუნეს, მშვენიერი ხატითა და სახელით რიფსიმე, ჩემთან გამოგზავნე. და თუ შენ მოგეწონოს, თავისა შენისათვის იგულე, რამეთუ არავინ იპოვება სხვა, მსგავსი მისი, იონთა სოფელსა შინა. და ცოცხლები იყავთ ღმერთთა მსახურებით“.
როდესაც წაიკითხა თრდატმა ბრძანება ესე ავგუსტისა, მსწრაფლ იწყო ძიება მათდა, იპოვა ისინი საწნახელთა მათ შინა პირველ ხსენებულთა.
იხილა რა რიფსიმე, აღივსო გულის-თქმითა და გაიხარა სიხარულითა დიდითა, და განიზრახა ცოლად მოყვანება მისი. ხოლო არ დაემორჩილა წმიდა რიფსიმე. მაშინ პირველი თვის ოცდაათს, დღეს პარასკევს რიფსიმე, გაიანე და სხვანი მრავალნი (სულ 38-მდე) მათგანი წამებით დახოცეს. ხოლო ზოგიერთი მათგანი დაიმალა და გაიქცა.
ხოლო მე დავიმალე ეკალთა შინა ვარდისათა, რამეთუ ვარდი და ნუში ყვაოდა მას ჟამსა და ვღაღადყავ: „უფალო, უფალო, რად დამტოვე მე შორის ასპიტთა და იქედნეთა?“. მაშინ ხმა მესმა მე, რომელიც მეტყოდა მე: „ესრეთვე იყოს წაყვანება შენი, როდესაც ეს ეკალი, რომელიც შენსა გარემოს არის, ყოველივე იქმნეს ვარდივით მეწამულ, სურნელ შენ მიერ. ხოლო შენ აღდეგ და წახვედ აღმოსავალით, სადაც არის სამკალი ფრიად და მუშაკნი ყოვლადვე არა არიან“.
ხოლო მე წამოვედი და მოვედი საზღვართა სომხეთისათა და დავიზამთრე ულუპორეთს5 ჭირთა შინა მრავალთა.
შემდეგი წლის (317 წლის) თვესა მეოთხესა, რომელიც არის ივნისი, წავედი მთათა ზედა ჯავახეთისათა, რათა გავიგო, თუ საით არის მცხეთა. და მივაღწიე მთასა ზედა... ტბასა დიდსა, რომელსაც ერქვა ფარავანი.
დავდექი იქ ორი დღე. ვითხოვე საკვები მეთევზურთაგან, ტბასა მას შინა მონადირეთასა. გავძლიერდი ძალითა მით საკვებითა, და მადლი შევსწირე ღმერთსა. მწყემსნი იყვნენ მასვე ადგილსა და დარაჯობდნენ სადარაჯოსა ღამისასა სამწყსოთა შინა მათთა. და მოუწოდებდნენ ღმერთთა მათთა დაწყეულთა არმაზს და ზადენს და უთქმიდნენ შესაწირავთა: „როდეს მოვიდეთ მშვიდობითო“.
მე ვიყავ მცირედ მცოდნე სომეხთა ენისა, რომელიც მასწავლა ნიაფორმა. დილასა ადრე მივედ და ვკითხე ერთსა მათგანსა სომხურად, თუ რომლისა სოფლისანი ხართ თქვენ, ხოლო მან მომიგო მე: „ზოგნი ელარბინით (?) და ზოგნი საფურცლით6 და ზოგნი ქინძარელნი და რაბატელნი დიდისა ქალაქისა მცხეთისანი, სადაც ღმერთნი ღმერთობენ და მეფენი მეფობენ“. და ვკითხე, თუ „საით არის მცხეთა?“ ხოლო მწყემსმან მან ეს მაუწყა, „რომელი მდინარეც გამოდის ამ ტბიდან გაჰყევი და მიხვალ მცხეთას“.
მივიხედე მთათა ჩრდილოსათა, რამეთუ დღეთა ზაფხულისათა სავსენი ჩანდეს ჰირირითა და თოვლითა სასტიკითა. და შევძრწუნდი ფრიად და ვთქვი: „უფალო, უფალო, მიმიღე სული ჩემი ჩემგან“. მოვიღე ლოდი ერთი, დავიდევ სასთუმლად თავსა, და ტბის პირას დავიძინე. როდესაც მეძინა, მოვიდა ჩვენებით კაცი ერთი ასაკითა ზომიერი, თმითა ნახევარ-თმოსანი. მომცა მე წიგნი დაბეჭდილი და მითხრა მე: „აღსდეგ და სწრაფად მიართვი ესე მცხეთას მეფესა მას წარმართსა“. და ვიწყე ტირილით ვედრებად მისსა და ვუთხარი: „უფალო, დედაკაცი ვარ უცხო და უმეცარი, ვითარ მივიდე მე, არცა ენა ვიცი, თუ რა ვთქვა უცხოსა ქვეყანასა და უცხოთა ნათესავთა თანა“? მაშინ გახსნა წიგნი იგი და მომცა მე კითხვად. დაწერილი იყო რომაელებრ და დაბეჭდილი იყო, იესოისი. დაწერილი იყო მას შინა ათი სიტყვანი, ვითარცა-იგი პირველ ფიცართა ქვისათა.
ა~. „სადაცა იქადაგოს სახარება ესე, იქაც ითქმოდეს დედაკაცი ესე“.
ბ~. „არცა მამაკაცება, არცა დედაკაცება, არამედ თქვენ ყოველნი ერთი ხართ“.
გ~. „წავედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი. და ნათელ-სცემდით სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“.
დ~. „ნათელი გამობრწყინებად წარმართთა დიდებად ერისა შენისა ისრაელისა“.
ე~. „სადაცა იქადაგოს სახარება ესე სასუფეველსა, იქაც ითქმოდეს ყოველსა სოფელსა.
ვ~. „რომელმაც თქვენი ისმინოს და შეგიწყნაროს მეც შემიწყნარებს, და რომელმაც მე შემიწყნაროს, შეიწყნარებს მომავლინებელი ჩემი“.
ზ~. რამეთუ ფრიად უყვარდა მარიამ უფალსა, რამეთუ მარადის ისმენ მისსა სიბრძნესა ჭეშმარიტსა.
თ~. „ნუ გეშინის მათგან, რომელთა მოსწყვიდნენ ხორცნი თქვენნი, ხოლო სულისა ვერ შემძლებელ არიან მოწყვეტად“.
ი~. უთხრა მარიამ მაგდალენელსა იესომ: „წარვედ, დედაკაცო, და ახარე დათა და ძმათა ჩემთა“.
კ~. სადაცა ქადაგებდეთ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა.
როდესაც ეს წავიკითხე, ვიწყე ვედრება ღმრთისა მიმართ. და ვიფიქრე, რომ ზეცით იყო ჩვენება ესე. და ავიხილე თვალნი ჩემნი ზეცად და მაღალი იგი ვაკურთხე და მისგან ვითხოვე შეწევნა ჩემი ჭირთა შინა.
შემდგომად ამისა გავყევი მდინარესა მას ტბისასა (მდ. ფარავანი), და იყო დინება მისი დასავლეთით. შევუდექი გზასა ძნელსა და ფიცხელსა, და ვიხილე დიდნი ჭირნი გზათაგან და შიშნი მხეცთაგან, ვიდრემდე მოვაღწიე ამ ადგილას, სადაც წყალმან აღმოსავლეთით იწყო დინებად (ე.ი. მიადგა მტკვარს). ამიერიდან იქნა ლხინება ჩემი, რამეთუ ვიპოვე მოგზაურნი და მივაღწიე სანახებსა ქართლისასა, ქალაქსა ურბნისისა7 და ვიხილე ერი უცხო, უცხოთა ღმერთთა მსახური: ცეცხლსა და ქვათა და ძელთა თაყვანს სცემდნენ. მათ შემხედვარე დამწუხრდა სული ჩემი და მოვედ ბაგინსა ჰურიათასა (ე.ი. ებრაელთა სალოცავს) ენისათვის ებრაელებისა და ვიყავ იქ ერთი თვე და განვიცდიდი ძალსა ამის ქვეყანისასა.
დღესა ერთსა აღიძრნენ ერნი ძლიერნი და ურიცხვნი სიმრავლითა მით ქალაქით მიმავალნი დიდ ქალაქად მცხეთად, რომელიც იყო საჯდომელი დიდთა მეფეთა, ვაჭრობად და ლოცვად არმაზ ღმრთისა მათისა.
ხოლო მე წავყევ მათ თანა და მივაღწიეთ ქალაქად მცხეთად, უბანსა მოგვთას, ხიდსა ზედა დავდეგით იქ და ვხედავდით ცეცხლის მსახურსა მას ერსა. და მოგვებასა და ცთომასა მათსა ზედა ვტიროდი წარწყმედისა მათისათვის და უცხოებასაცა ჩემსა ვგლოვობდი.
შემდეგ დღეს, რომელიც იყო თვე მეექვსის დღე მეექვსე (ე.ი. 6 აგვისტო) იყო ხმა ოხრისა და საყვირისა. გამოვიდოდა ერი ურიცხვი; როგორც ყვავილნი ველისანი, ხოლო მეფე ჯერ არ გამოსულიყო. როდესაც მოვიდა ჟამი, იწყეს გაქცევა და მიმომალვა ყოვლისა კაცისა, შიშითა გარბოდა ყოველი კაცი საფარველსა ქვეშ, რადგან სადაც იყო გამოვიდოდა ნანა დედოფალი.
როდესაც გაიარა ნანა დედოფალმა, მაშინღა ნელ-ნელა გამოვიდოდა ყოველი ერი. შეამკვეს მოედანი ყოველი სამოსლითა თითოპირითა და ფურცლითა. და იწყო ყოველმან ერმან ქება მეფისა. მაშინ გამოვიდა მირეან მეფე საზარელითა და თვალთ-შეუდგამითა ხილვითა. და ვკითხე ჰურიასა დედაკაცისა, თუ: „რა არის ესე?“ და მან მითხრა: „ღმერთი ღმერთთა მათთა უწესს მას, არმაზ, რომელ არა არის გარეშე სხვა კერპი“.
ხოლო მე წავედი ხილვად არმაზისა. აივსო მთანი იგი დროშათა და ერითა, როგორცა ყვავილითა. ხოლო მე შევედი ციხე არმაზს და დავდეგ ახლოს კერპისა მის, ნაპრალსა ზღუდისასა და ვხედავდი საკვირველებათა და საშინელსა, რომელიც თქმად ენითა ვერ ეგების, რადგან იყო ზარის აღსახდელი შიშით და ძრწოლით მეფეთა, მთავართა და მათ და ყოვლისა ერისა კერპთა მათ წარმოდგომილთა. და საზარო დგომა ვიხილე: და აჰა, ადგა კაცი ერთი სპილენძისა და ტანსა მისსა ეცვა ჯაჭვი ოქროსა, და ჩაბალახი ოქროსა, და თვალნი ჰქონდა ზურმუხტის და ბივრიტის, და ხელსა მისსა ჰქონდა ხმალი ლესული, რომელიც ბრწყინავდა და იქცეოდა ხელსა შინა, რეცა თუ რომელიც შეეხების, თავი თვისი სიკვდილად განწიროს და იტყვიან: „ვა თუ დავაკლო სადა რა დიდებასა დიდისა ღმრთისა არმაზისსა და შევცთე მე სიტყვასა ებრაელთა თანა, გინა მოგვთა სმენასა ოდენ დახვდომილ ვიყო მზის მსახურთა. ზოგიერთი იტყვიან უცებნი დიდსა ვისმე ღმერთსა ცათასა, და ნუუკვე იპოვოს რაიმე ჩემ თანა ბიწი, და მცეს მახვილი იგი მისი, რომლისაგან ეშინის ყოველსა ქვეყანასა“. შიშით თაყვანს სცემდნენ ყოველნი.
მარჯვენით მისა იდგა კერპი ოქროსი და სახელი მისი გაცი. და მარცხენით მისა უდგა კერპი ვეცხლისა და სახელი მისი გა (გაიმ).
მაშინ ვტიროდი და სულთ-ვითქვემდი ღმრთისა მიმართ ცთომათა მათთვის ქვეყანისა ჩრდილოსათა, დაფარვასა მათგან ნათლისასა და დაპყრობასა ბნელისასა.
ვხედავდი მეფეთა მათ ძალ-დიდთა და ყოველთა მთავართა, რამეთუ ცოცხლივ შთაენთქნენ ეშმაკსა, ვითარცა მკვდარნი ჯოჯოხეთსა. და იტყოდნენ დამბადებელად ქვათა და ძელთა, და სპილენძსა და რკინასა და რვალსა გამობერვით განჭედილსა, ღმრთად თავყვანს სცემდნენ. ამათ თვლიდნენ ცისა და ქვეყანისა შემოქმედად.
მაშინ მოვიხსენე სიტყვა იგი, რომელი მამცნო იობენალ ეპისკოპოსმან, წმიდამან მამამან ჩემმან: „ვითარცა მამაკაცსა სრულსა წარგავლინებ და მიწევნად ხარ ქვეყანასა უცხოსა, ნათესავთა კაცთა ღმრთის მხდომთა, მბრძოლთა და წინააღმდგომთა“.
მაშინ ავიხედე ზეცად და ვთქვი: „უფალო, მრავლითა ძალითა შენითა გეცრუვნეს შენი მტერნი ესე. და ესე არის დიდითა სულგრძელებითა შენითა, და იქმან, რასაცა იგონებენ მტერნი ესე და ნაცარნი ქვეყანისანი, არამედ ნუ უგულებელჰყოფ, რამეთუ ხატი შენი არის კაცი, რომლისათვის ერთი სამებისაგანი კაც იქმენ და აცხოვნე ყოველი სოფელი. ამათცა ნათესავთა მოხედე და შერისხე სულთა ამათ უჩინოთა, სოფლის მპყრობელთა, მთავართა ამის ბნელისათა. და მიჩვენე მე, ღმერთო მამისა და დედისა ჩემისაო, მხევალსა ამას, ნაშობსა მონისა შენისასა, რათა იხილონ მაცხოვარება შენი ყოველთა კიდეთა ქვეყანისათა და რათა ჩრდილოეთი სამხრეთსა თანა იხარებდეს და ყოველმან ენამან შენ მხოლოსა ღმერთსა თავყვანი გცეს ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომელსაც შვენის მადლობით დიდებისა შეწირვა აწ და მარადის და მერმეთა მათ საუკუნეთა, ამენ“.
როდესაც დავასრულე ლოცვა, წამის-ყოფა თვალისა იყო, დასავალით ჰაერნი და ქარნი შეიძრნენ და ხმა-სცეს ქუხილთა ხმითა საზარელითა. გამოჩნდა ღრუბელი მოსწრაფე, ნიშნითა საშინელი. და მოიღო ნიავმან მზის დასავალისამან სული ჯერკვალი სიმწარისა და სიმყრალისა. მაშინ გარბოდა ყოველი კაცი სოფლად და ქალაქად. და ეცა მათ დრო, რათა შეიჭრნენ კაცნი საყოფლად. და მყის მოიწია რისხვისა იგი ღრუბელი და მოიღო სეტყვა ლიტრისა სწორი მას ადგილსა ოდენ და დალეწა კერპნი იგი, დაფქვნა და დააწვრილა. დაარღვია ზღუდენი იგი ქარმან სასტიკმან და ჩაყარა ისინი კლდესა, რომელსა-იგი თქვენ-ცა ხედავდით ანუ არა... და თქვა მეფემან ცრემლით: „ჰე, ჰე, რათ-მებო ხოჯათ სთაბანუბ რასულ ფსარზად“. ხოლო თარგმანი ესე არს: „მართალსა იტყვი, ბედნიერო დედოფალო და მოციქულო ძისა ღმრთისაო“.
ხოლო მე დავრჩი მშვიდობიან ადგილსა მას, სადა პირველად შევედი.
მეორე დღეს  (7 აგვისტოს) გამოვიდა მირეან მეფე და ყოველი იგი ერი, ეძებდნენ ღმერთთა მათთა და ვერ იპოვეს. რის გამოც დაეცათ მათ შიში და ძრწოლა. გლოვობდა გულ-ფიცხელი ერი იგი და იტყოდა: „ქალდეველთა ღმერთი ითრუჯან და ჩვენი ესე ღმერთი არმაზ ყოვლადვე მტრები არიან: ამან ადრე მას ზედა ზღვა მოუქცია, და აწ მან შური იძია და მის მიერ მოიწია ესე“. ხოლო ზოგნი იტყოდა: „რომლისა ღმრთისა ძალითა თრდატ მეფე ეშუად იქმნა და მისვე ღმრთისა ძალითა კაცად იქმნა, და მან უკვე ღმერთმან მოაწია ესე. რამეთუ სხვა ღმერთი ვერ შემძლებელ არს ესევითარისა ქმნად“. ესევითარსა ამას იტყოდნენ, რამეთუ ვინათგან თრდატ მეფე ქრისტეს ძალითა ეშუად ქმნილ იყო, და ქრისტეს ძალით-ვე კვლავ კაცად მოქცეულ იყო. ამიერიდან ქება-დიდება ქრისტესი აღარა ფარულად ითქმოდა ქართლს შინა, რამეთუ მადლსა ღმრთისასა ეწყო მიფენად აღმოსავლეთს.
ხოლო მასვე დღესა რისხვისასა, როდესაც დაცხრა სეტყვა და ქარი სასტიკი, მაშინ გამოვედი კლდის ნაპრალისგან და ვიპოვე თვალი ბივრიტი, ავიღე და წამოვედ წინა კერძო დასასრულსა მის კლდისასა, სადაც ძველ ქალაქი ყოფილ იყო, და მას ადგილსა არის ციხე.
იქ იდგა ხე მშვენიერი ბრინჯისა, მაღალი და რტო-მრავალი, სადაც ყოფილ-იყო ბარტომ მეფისა საგრილი და განსასვენებელი. მოვედ ქვეშე ხესა მას და გამოვინიშე ნიში იგი ქრისტეს ჯვარისა. და ვლოცულობდი იქ ექვსი დღე. ვევედრებოდი, რათა მოხედოს წყალობით ერსა მას შეცდომილსა და იხსნას ეშმაკისაგან. ხოლო როდესაც იქნა ესე, ჟამი იყო მეექვსე, და დღე მეექვსე და თვისა მის, ოდეს იგი ევმანუელ თაბორს მამისა ხატი აჩვენა თავთა მათ ცხოველთა და თავთა მათ მიცვალებულთა. მაშინ მოვიდა სეფექალი ერთი, სახელით შროშანა, მიხილა იმ ხის ქვეშ; გაუკვირდა და მოიყვანა ბერძნულად მეტყველი დედაკაცი და მკითხა ყოველი გზა ჩემი.
ხოლო მე ვაუწყე და ვუთხარი ყოველი გზა და საქმე ჩემი. რომ ვიყავი „ტყვე ქალი“ (ნიშნავს მხევალს, ნაყიდს ან ნამზითევ ქალს, მოახლეს, ხელზე მოსამსახურე ქალს). მაშინ შევეწყალე შროშანას და ვხედავდი მე თვალთა მისთა ცრემლთა დინებასა. როდესაც გაიგო ყოველი საქმე ჩემი, მაიძულა წაყვანება ჩემი სეფედ, ხოლო მე არა ვინებე, და იგი წავიდა.
შემდგომად ამისსა მესამესა დღესა ჩამოვედი ქალაქად მცხეთად, გამოვლე მტკვარი და მივიმართე მეფის სასახლის ბაღისაკენ. მივედ კარსა ზედა სასახლის ბაღისა, იყო სახლაკი მცირე, სასახლის მცველისა, შევედი შინ, იჯდა ესე დედაკაცი სახელით ანასტო. როდესაც მიხილა, ადგა და შემიტკბო მე ვითარცა მეცნიერმან და მეგობარმან და დამბანა ფეხნი ჩემნი და მცხო ზეთი და დამიგო ტრაპეზი8 და ღვინო და მაიძულა მე ჭამად და სმად. დავყავი მასთან ცხრა თვე.
იყვნენ ეს ანასტო და ქმარი მისი უშვილო და ზრუნავდნენ ფრიად უშვილოებისათვის. მაშინ ვიხილე ჩვენებასა შინა: მოვიდა კაცი ნათლისა ფერი და მითხრა მე: „სამეფო ბაღში შევედი, ნაძვთა ქვეშ ბაბილოთა ადგილი არის მცირე, საუფლოდ შემზადებული, მიწა აიღე ადგილისა მისგან და შეაჭამე კაცთა მაგათ, და ესვას შვილი“. ხოლო მე გავაკეთე ასე და ვუთხარი მათ: „ძალითა ქრისტეს ძისა ღმრთისათა დაუსაბამოსათა, რომელიც თანა-მოსაყდრე არის მამისა და სულისა წმიდისა და ხსნისათვის ჩვენისა განკაცდა, ჯვარს ეცვა, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა, და ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯვენით მამისა და კვლავ მოვალს დიდებითა განსჯად ცხოველთა და მკვდართა, მან მოგცეს გულის-ხმის ყოფა“. და ვაუწყე ყოველი გზა ჭეშმარიტი.
მაშინ ცოლ-ქმართა მათ აღიარეს ქრისტე და დამემოწაფნენ ფარულად. მაშინ ქალაქისა ზღუდეთა გარეგნით ვიპოვე ქოჩი (მაყვლის ბარდი) ერთი ბარწამი მაყვლისა, (სადაც აწ არის საკურთხეველი ზემოსა ეკლესიისა საეპისკოპოსო) და იგი შევქმენ საყოფლად თვისად. შევქმენ ჯვარი ნასხლევისა და აღვმართე იმ ქოჩის ქვეშ, და ვლოცულობდი დღე და ღამე დაუცხრომელად. მსახურებდნენ ცოლ-ქმარნი იგი, და იყვნენ დაკვირვებულ ღვაწლთა ჩემთა, მარხვასა, და ლოცვასა, და მღვიძარებასა.
დროთა განმავლობაში ცოლ-ქმარს გაუჩნდათ ძეები და ასულები მრავლად. იმ დღეებში ორგზის და სამგზის ვიხილე ჩვენება მცირე მითვლემასა ჩემსა მუხლთა ზედა: მოვიდიან ფრინველნი ცისანი, ჩავიდიან მდინარესა, დაიბანიან და მოვიდიან სამოთხესა მას, და ბაბილოსა მას მოისთულებდიან და ყვავილსა მას ძოვდიან, და მოწლედ ჩემდამო ღაღადებედ, რეცა ჩემი არის სამოთხე იგი, გარე მომადგიან ჟღავილით და ხმობენ ჩემდა მომართ; მრავალფერად და მშვენიერად იყო ხილვა იგი მათი. და მრავალგზის იყო ესე. და უთხარ ესე დასა ჩემსა, ასულსა აბიათარისა. მომიგო და მითხრა მე მან: „უცხო და აქ არ შობილო, ტყვეო და ტყვეთა მხსნელო, უწყი, რამეთუ შენზე მოიწია ახალი იგი ჟამი და შენ მიერ ისმეს ამბავი იგი ძველი, მამათა ჩვენთა ნაქმარი, ზეცისა მის კაცისა უბრალოსა სისხლისა უსამართლოდ დათხევისა, რომლითა-ცა ქმნა ღმერთმან ჰურიათა სირცხვილი, ცის კიდეთა გაბნევა, მეფობისა დაცემა და ტაძრისა მის წმიდისა მოღება, ერისა მის უცხოსა მოგება და თვისად წოდება, და დიდება მათა მიცემად“. და კვლავ თქვა: „იერუსალემ, იერუსალემ, ვითარ განგიმარტვან შვილნი შენნი! და შეიკრებ ყოველთა ცის კიდისა ნათესავთა ფრთათა ქვეშე შენთა“. აჰა ესერა აქა-ცა მოსულ იყო დედაკაცი ესე და შეცვალოს ყოველი წესი ქვეყანისა ამის“. და მომექცა და მითხრა: „ჩვენება შენი არის ესე, რამეთუ ადგილი ესე სამოთხისა შენ მიერ იქმნეს სამოთხე სადიდებელად ღმრთისა, რომლისა არის დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ“.
მრავალგზის მივიდიოდი უბანსა ურიათასა ენისათვის ებრაულისა და გამოძიებისათვის კვართისა უფლისა, რომელიც გავიგე იერუსალიმს ნიაფორისგან: „კვართი უფლისა მცხეთელთ ჰურიათა წაუღიაო“. ამისთვის გამოვიძიებდი ჰურიათა მათ თანა, რათამცა გამეგო რამე საქმე კვართისა მის.
ერთხელ ვიპოვე ჰურია ერთი მღვდელი, სახელით აბიათარ, და უქადაგე მას და ასულსა მისსა სიდონიას სახარება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ხოლო მათ ირწმუნეს და დამემოწაფნენ, ისინი და ექვსნი დედანი სხვანი ჰურიანი. აიღეს უღელი სწავლისა გარდა ნათლისღებისა, რამეთუ არა იპოვებოდა მღვდელი, რომელიც ნათელსცემდა, და ფარულად იყვნენ მოწაფენი მისი. და ვყოფდი კურნებათა და საკვირველებათა ძალითა ქრისტესითა: მრავალნი ავამყოფნილნი განიკურნა.
მოგვითხრობს  აბიათარ მღვდელი
მე, აბიათარ მღვდელი, ვიყავი წილით ხვედრებული მის წელიწადისა, როდესაც წმიდა ესე და ნეტარი ნინო მოვიდა მცხეთად. ხოლო მე, როდესაც მესმა ესე, ვიწყე კითხვად დედაკაცისა მის ნინოსგან ქრისტესთვის, თუ ვინ იყო იგი, ანუ რომლისა მიზეზისათვის იქნა კაც ძე ღმრთისა. მაშინ გააღო პირი თვისი წმიდამან ნინო და იწყო სიტყვად საუკუნითგან, და წიგნთა ჩვენთა ზეპირით აღმოიტყოდა და განმიმარტებდა, და ვითარცა მძინარესა გამაღვიძებდა და ვითარცა დასულებულსა გონიერ-მყოფდა, და მამათა ჩვენთა შემაწყალებდა, და სჯულისა ცვალებასა დამაჯერებდა, ვიდრემდის მარწმუნა სიტყვათა მისთა: იესო ქრისტე ძე ღმრთისა, ვნება მისი და აღდგომა, მეორედ მოსლვა მისი საშინელი და სადა-იგი არის მოლოდება წარმართთა. მე და შვილი ჩემი ღირს ვიქმნენით მოღებად საპკურებელსა მას განსაწმედელსა ცოდვათაგან, ემბაზისა წყალსა, რომელსაც ინატრიდა დავით და ვერ ეწიფა. და მესმა ხმა ახლისა სჯულისა, ეჰა საგალობელთა. და ღირს ვიქმნენით ზიარებად ხორცსა და სისხლსა ქრისტეს ძისა ღმრთისასა, და კრავსა ცოდვათათვის სოფლისათა შეწირულსა, რომლისა ტკბილ არის გემოს-ხილვა მისი. და ამას ზედა, უფალო, ყავ განსლვა ჩემი ხორცთაგან ჩემთა. და კვლავ მრავალნი სასწაულნი იხილა თვალმან ჩემმან მცხეთას, წმიდისა ნინოს მიერ აღსრულებული დღეთა ჩვენთა“.
მოგვითხრობს აბიათარ მღვდლის ასული სიდონია
ამას ქვეყანასა ქართლისასა იყვნენ ორნი მთანი და მათ ზედა ორნი კერპნი: არმაზ და ზადენ, რომელნიც იყნოსდნენ სულმყრალობით ათასსა სულსა ყრმისა პირმშოსასა. არმაზ და ზადენ, და შესაწირავად უჩნდეს მშობელთა მათთა მსხვერპლად, ვითარ-მცა უკუნისამდე არა იყო სიკვდილი. და ესე იყო მოაქამდე.
ხოლო იყვნენ კერპნი სხვანიცა სამეფონი: გაცი და გა. და შეიწირვოდა მათა ერთი სეფეწული ცეცხლითა დაწვად და მტვერი გარდაბნევად თავსა კერპისასა.
აწ ესერა აღდგა კაცი ერთი, და სახელი მისი იესო, თავით თვისით ჰხადის ღმერთსა მამად და რეცა თუ არის იგი თვით როგორც ღმერთი, მოვედით ყოველნი სიკვდილსა მისსა და აღვასრულოთ მცნება ღმერთისა და მოსესი“.
წავიდა აქათ მამის დედის ძმა ჩემი ელიოს, კაცი მოხუცებული. ჰყავდა მას დედა ტომისაგან ელია მღვდელისა, ერთი და ელიოზს.
ევედრებოდა დედა ძესა თვისსა და ეტყოდა: „წავედ, შვილო, წოდებასა მეფისასა და წესსა რჯულისასა. ხოლო რომელსაც ისინი განიზრახვენ, ნუ შეერთვინ ცნობა შენი მას ყოვლადვე, ნუ, შვილო ჩემო, რამეთუ სიტყვა იგი არის წინასწარმეტყველთა და იგავი ბრძენთა, საიდუმლო არის დაფარული ჰურიათაგან, ხოლო წარმართთა ნათელ და ცხონება საუკუნო“.
წავიდა ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი, და ყოველნი ჰურიანი ქართლიდან, და იქ შეხვდნენ უფლის ჯვარცმას.
როდესაც დამსჭვალეს უფალი და პასანიკმან ჯვარსა ზედა სამსჭვალსა დასცა კვერი მჭედლისა იერუსალიმს, აქა ესმა ხმა დედასა ელიოზისსა და იკრჩხიალა მწარედ დედაკაცმან მან და თქვა: „მშვიდობით, მეფობაო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალთ თავისა მაცხოვარი და მხსნელი და იქმენით ამიერითგან მტერ შემოქმედისა. ვა თავსა ჩემსა, რომელ არა წინარე მოვკვედ, რომელმან-მცა ესე არღარა სმენილ იყო, და არცა კნინ უკუანასრე დავრჩი, რომელმცა მეხილვა ნათელი გამობრწყინვებული წარმართთა ზედა და დიდება ერისა ისრაელისა“. და ამას სიტყვასა ზედა შეისვენა დედაკაცმან მან, დედამან ელიოსისმან.
ხოლო ამან ელიოზ წამოიღო კვართი იგი მაცხოვრისა იესო ქრისტესი მცხეთად, წამოიღო სახლად ჩვენდა, და იხილა, რამეთუ მომკვდარ იყო დედამისი ამას სიტყვასა ზედა. ხოლო და მისი მიეგება შესვარული ცრემლითა, როგორც სისხლითა, და მოეხვია ყელსა ძმისა თვისისასა და გამოართვა სამოსელი იგი იესოსი და შეიტკბო მკერდსა თვისსა ზედა. და მსწრაფლ სული განუტევა სამი ამით სიმწარითა: სიკვდილითა დედისათა, და უმეტეს ტკივილითა სიკვდილსა ზედა ქრისტესსა და სურვილითა მის სამოსლისათა.
მაშინ იყო საკვირველი დიდი და შფოთი დიდი მცხეთას შინა. რამეთუ განცვიფრდა თვით დიდი მეფე ადერკი და მთავართა და ყოვლისა ერისა. და იხილა მეფემან ადერკი სამოსელი იგი იესოსი და მოინდომა წაღება მისი, ხოლო ზარსა მას ზედა დედაკაცისა მკვდრისა ხელთ-გდებასა, შეშინდა და ვერ იკადრა. ხოლო ელიოზ დამარხა და იგი თვისი, და ხელთა მისთა ჰქონდა სამოსელი იგი. და არის ადგილი იგი, რომელიც ღმერთმან იცის, და იცის დედამან ჩემმან ნინო და არა იტყვის, რამეთუ არა ჯერ-არის სიტყვად აწ.
შემდგომად მრავალთა წელიწადთა ძის-წულის შვილმან ადერკი მეფისამან, მეფემან არმაზაელ (სინამდვილეში მეფე ადერკი იყო მეფე არმაზელის ძე), ძიება ყო სამოსლისა მის ჰურიათა თანა და ვერ იპოვა. რამეთუ აუწყეს ესე ყოველი, რომელიც იყო, და არავინ უწყის ადგილი იგი გარდა ამისა, რომელიც „არის მახლობელად ნაძვისა მის ლიბანით მოღებულისა და მცხეთას დანერგულისა და აღორძინებულისა“. გარდა ესე მესმა მამისა ჩემისაგან: „არის სხვაცა ძალითა შემოსილი, ორი იგი-ცა, ხალენი ელიასი ამას ქალაქსა შინა ხელთა ჩვენთა, საკურთხეველისა სიმტკიცესა ქვეშე, ქვათა შინა ულპოლველად ვიდრე ჟამადმდე მისა“, რამეთუ მრავალგზის ბრძანა მე დედამან ჩემმან ნინო მამისა ჩემისა მიმართ, რათა მოვიძიო ადგილი იგი სამოსლისა მის გულითად. ხოლო მან ესთენ დადვა ნაწილი ჩემ თანა და მითხრა: „აქა არისო ადგილი სამარხვო მისიო, რომელსა ენანი კაცთანი არა დადუმნენ გალობად ღმრთისა მიმართ, მას ზედა არს ადგილი იგი, ვითარცა ადგილი იაკობისი, კიბედ ხილული და ზეცად აღწევნული ამიერითგან და უკუნისამდე, დიდება და ქება მოუკლებელ“. ხოლო სახლი ელიოზისი იყო ქალაქსა დასავლეთით, წიაღ მოგვთასა, ხიდსა ზედა.
მათ დღეთა შინა მრავალგზის იხილა ჩვენება წმიდამან ნინო მცირედსა მას მითვლემასა მისსა მუხლთა მისთა ზედა, როცა მოვიდიან მფრინველნი ცისანი, ფერითა შავნი, და ჩავიდიან მდინარესა მას შინა, განიბანნიან და განსპეტაკნიან, და აღვიდიან სამოთხესა მას, ბაბილოსა მოისთულებდიან და ყვავილსა მას ძოვდიან, და ასე მოწლედ და სურვილით წმიდისა ნინოს და მივლენ, რე-ცა მისი არის სამოთხე იგი, გარე მოადგიან ჟივილით მშვენიერად. ესე უთხრა წმიდამან ნინო მოწაფესა თვისსა სიდონიასა, ასულსა აბიათარისსა. ხოლო სიდონიამ უთხრა წმიდასა ნინოს: „უცხოო და აქა შობილო ტყვეო და ტყვეთა მხსნელო, უწყი, რამეთუ შენ მიერ მოიწია ახალი ესე ჟამი, და შენ ძლით ისმის ამბავი იგი ძველი, მამათა ჩვენთა ნაქმარი ზეცისა მის კაცისა ზედა, უბრალოსა მის სისხლისა უსამართლოდ დათხევა, რომლითა-ცა იქმნა ჰურიათა სირცხვილი: ცის-კიდეთა გაბნევა, მეფობისაგან დაცემა, ტაძრისა მის წმიდისა მიღება, ერისა უცხოსა წოდება და დიდება მათი მათდა მიცემად: იერუსალემ, იერუსალემ, ვითარ განგიმარტვან ფრთენი შენნი და შეიკრებ ყოველთა ცის-კიდისა ნათესავთა ფრთეთა შენთა ქვეშე. აჰა, აქა-ცა მოსულ არის დედაკაცი ესე, რომელმან შესცვალოს ყოველი წესი ამის ქვეყანისა“ და კვლავ-ცა მიექცა წმიდასა ნინოს და უთხრა: „ჩვენება ესე შენი არის, რამეთუ ადგილი ესე შენ მიერ იქმნეს სამოთხე“.
ნინომ გამოაჩინა ჯვარი იგი ნასხლევისა, და მით იქმოდა საკვირველებათა დიდთა. რამეთუ გარღვეულნი განკურნის გარეშე წამლისა, შეხებითა ჯვარისათა. და მის თანა ქადაგებდნენ მოწაფენი მისნი, რომელნიც პირველად ფარულად დაემოწაფნენ შვიდნი დედანი, ნათესავნი ჰურიათანი: სიდონია, ასული აბიათარისი, და ექვსნი სხვანი; და სამოთხისა მცველნი იგი ცოლ-ქმარნი, და აბიათარ მღდელი, რომელიც უშიშად და დაუცხრომელად ქადაგებდა სჯულსა ქრისტესსა, ფრიად მცოდნე იყო ძველისა სჯულისა, და ახალი ესე სჯული ესწავლა წმიდისა ნინოსაგან და უმეტეს ნინოსსა ამხილებდა ყოველსა კაცსა სჯულსა ჭეშმარიტსა.
მაშინ აღიძრნენ ჰურიანი აბიათარს ზედა, რათა-მცა ქვა დააკრიბეს მას. ხოლო მირიან მეფემან მიავლინნა მსახურნი და განარიდა აბიათარ სიკვდილისაგან, არ იყო მდევნელი უცხო სარწმუნოებისა. ხოლო ნანა დედოფალი გულ-ფიცხელ იყო უმეტეს და შეურაცხყოფდა ქადაგებასა მას.
ხოლო წმიდა ნინო ლოცულობდა დაუცხრომელად საყუდელსა მას თვისსა მაყვალთა ქვეშ. გაკვირვებულნი უყურებდნენ წარმართნი ლოცვასა მისსა და მღვიძარებასა. ერთხელაც იწყეს გამოკითხვად მისა, ხოლო იგი აუწყებდა ძველთა და ახალთა წიგნთა, და განაგრძობდა უგუნურთა და უგულისხმოთა მათ, და ჩაუგდებდა გულსა მათსა სიყვარულსა ქრისტესსა.
იყო ასე სამ წელს, მეოთხესა წელსა იწყო თქმად ქრისტე ღმერთი და სჯული და დაიმოწაფნა მრავალნი. მაშინ იყო ვინმე ყრმა-წული, უფალი მძიმისა სენისა, და დაატარებდა დედამისი კარითი-კარად, რათამცა ეპოვა მცოდნე ვინმე კურნებისა, და ჰყო-მცა სარგებელი მისი. და შეისწავლეს იგი ყოველთა და ვერ იპოვეს სარგებელი კურნებისა ყრმისა მისთვის. და მკურნალთაცა უთხრეს დედაკაცსა მას: „არა სარგებელ ეყვის ყრმასა მაგას“. ხოლო დედაკაცი იგი იყო წარმართი, გულ-ფიცხელი, და მარადის სძაგებდა სჯულსა ქრისტიანეთასა. მაგრამ როდესაც სასოწარკვეთილ იქმნა მკურნალთა მიერ, მოვიდა და დავარდა წინაშე წმიდისა ნინოსსა, და ევედრებოდა კურნებასა ყრმისასა. მაშინ უთხრა წმიდამან ნინო: „კურნება, რომელიც კაცთაგან არის, მე არ ვიცი; ხოლო ღმერთმან ჩემმან ქრისტემან მოსცეს ყრმასა მაგას კურნება, რომელიც ყოველთაგან განწირულ არის“. კილიკსა რომელზეც მუდამ ლოცულობდა წმიდა ნინო, მას ზედა დადება უბრძანა ყრმისა მის, და იწყო ვედრებად ღმრთისა მიმართ. და მასვე ჟამსა განიკურნა ყრმა იგი და გაცოცხლებული მისცა დედასა მისსა. ხოლო დედამან ყრმისამან აღიარა ქრისტე და თქვა: „არა არის სხვა ღმერთი გარდა ქრისტესა, რომელსაც ქადაგებს ნინო“. და დაემოწაფა წმიდასა ნინოს, და შეუდგა კვალსა მისსა, და ადიდებდა ღმერთსა.
მაშინ დედოფალი ნანა ჩავარდა სენსა დიდსა და მწარესა, რომლისა კურნება ვერავინ შეძლო. რამეთუ ყოველთა ხელოვანთა მკურნალთა მოიტანეს წამალნი მათნი და ვერ შეუძლეს კურნება მისი, უღონო იქნენ და სასოწარკვეთილ. ხოლო აუწყეს დედოფალს: „დედაკაცისა მის რომისა ტყვისა მიერ, რომელსაც ერქვა ნინო, ლოცვითა მისითა მრავალნი სნეულნი განიკურნებიან“. მაშინ უბრძანა მსახურთა თვისთა, რათა მოიყვანონ ნინო.
მივიდნენ მსახურნი დედოფლისანი, და იპოვეს წმიდა ნინო მაყვლისას ქოჩის ქვეშ, ლოცულობდა ჟამსა მეექვსესა, და მოუთხრეს ბრძანება დედოფლისა. ხოლო წმიდამან ნინო უპასუხა: „არა ბრძანებულ არის ჩემდა, რათა გავიდე, სადაც შვება ჩვენი არა არის, არამედ დედოფალი მოვიდეს საყოფელსა ამას ჩემსა, და ჭეშმარიტად განიკურნოს ძალითა ქრისტესითა“. ხოლო მსახურთა მოუთხრეს დედოფალსა თქმული ნინოსი. მაშინ დედოფალი გულმოდგინედ ეტყოდა მათ: „შემამზადეთ მე ცხედარი და მიმიყვანეთ მასთან“. მაშინ წაიყვანეს ცხედარი მსახურთა მათ, და ძე მისი რევ, და სიმრავლე ერისა მის თანა.
როდესაც მივიდნენ სამყოფელსა ნინოსსა და დადვეს დედოფალი კილიკსა მისსა ზედა, იწყო წმიდამან ნინო ლოცვად და ვედრებად ღმერთისა მიმართ, მოიღო ჯვარი იგი, რომელიც ჰქონდა, შეახო თავსა, ფეხთა და მხართა ჯვარის სახედ, და მყისეულად განიკურნა, და აღდგა გაცოცხლებული. ირწმუნა ქრისტე და თქვა: „არ არის სხვა ღმერთი, გარდა ქრისტესა, რომელსაც ქადაგებს ტყვე ესე დედაკაცი“. და ამიერიდან შექმნა იგი მეგობრად თვისად შინაურად, და მარადის ჰკითხავდა და გამოიძიებდა სჯულსა ქრისტესა, და ასწავლიდა წმიდა ნინო, აბიათარი, და ასული მისი სიდონია. გახლდა დედოფალი მორწმუნე და შეიცნო ღმერთი ჭეშმარიტი. ეს მოხდა ნინოს ქართლში მოსვლიდან მეექვსე წელს.
ჰკითხა დედოფალსა მეფემ, ასე მყისეულად როგორ განიკურნა. და მოუთხრო დედოფალმა ყველაფერი რაც გადახდა, თუ როგორ განიკურნა გარეშე წამლისა, მხოლოდ ლოცვით და ჯვრის შეხებით. დედოფლის მხლებლებიც, რომელთაც ეხილათ ეს სასწაული, დაამტკიცებდნენ დედოფლის სიტყვას.
მაშინ მირიან მეფე განცვიფრდა და იწყო გამოძიებად სჯულსა ქრისტესსა და მრავალ-გზის ჰკითხავდა ჰურია-ყოფილსა მას აბიათარს ძველთა და ახალთა წიგნთასა, და იგი აუწყებდა ყოველსა. მარადის ევედრებოდა დედოფალი აღსარებასა ქრისტესსა. და იყო მეფე დედოფლისა მოქცევითგან წელიწადსა ერთსა ორგულებასა შინა. ხოლო ასწავლიდა ერსა დაუცხრომელად წმიდა ნინო, და არავის აუწყებდა, თუ „ვინ ვარ, და საიდან მოვედი“, არამედ ტყვედ იტყოდა თავსა თვისსა.
იხილა სიდონიამ წმიდა ნინო თავსა ციხისასა პირველ მცხეთისასა, კოშკსა მას მაღალსა ბრინჯთა მათ ქვეშ, ბარტომ მეფისა საგრილთა და სასვენებელთა იჯდა, როდესაც შემუსრა უფალმან არმაზ და სხვანი იგი კერპნი საზარელითა რისხვითა პირისა მისისათა.
სანატრელმან წმიდამან ნინო დაყო ექვსი წელი, ვითარ-იგი თვით იტყვის ყოფასა შინა მისსა, და ოდესმე შვიდნი დედანი დაგვიმოწაფნა სჯულსა მისსა, რამეთუ ჰყოფდა ფარულად კურნებათა მრავალთა, ვიდრემდის ნებით იწყო კურნება განგებითა ღმრთისათა. დედოფლისა ნანას ზედა აჩვენა ღმერთმან პირველად ძალი მისი მიერ მაყულოვანსა მას შინა, განკურნა ლოცვითა მისითა სენისა მისგან მძიმისა, რომლის ხელოვნებამან კაცთამან ვერ შეუძლო განკურნება მისი.
შემდგომად ამისა მოგვი მთავარი სპარსი სახელით ხუარა სნეულ იყო, სულითა უკეთურითა ფიცხლად იგვემებოდა და სიკვდილს მიახლოებულ იყო. იყო მთავარი იგი დედის ძმა ნანა დედოფლისა. მაშინ ევედრა დედასა ჩემსა ნინოს ნანა დედოფალი; და მეფე-ცა იხილვიდა მცირე-მცირედ საქმესა მას და ორგულებით ეტყოდა ნინოს: „რომლისა ღმრთისა ძალითა იქმ საქმესა ამას კურნებისასა? ანუ ხარ შენ ასული არმაზისი, ანუ შვილი ზადენისი, უცხოვებით მოხვედ და შეუვარდი, ხოლო მას ზედა-აწ მოწყალება, და მიგანიჭეს ძალი კურნებისა, რათა მით სცხოვნდებოდი უცხოსა ამას ქვეყანასა. და დიდებულ-მცა არიან უკუნისამდე! ხოლო შენ წინაშე ჩვენსა იყავ მარადის, ვითარცა ერთი მაწოვნებელთაგანი, პატივცემულ ქვეყანასა ამას, არამედ უცხოსა მას სიტყვასა ნუ იტყვი, რომთა მათ შეცთომილთა სჯულსა, და ნუ გნებავს ყოვლადვე აქა თქმად, რამეთუ აჰა ესერა ღმერთნი, დიდნი,  ნაყოფთა მომცემელნი და სოფლის მპყრობელნი, მზის მომფენელნი და წვიმისა მომცემელნი. ქვეყანისა ნაყოფთა განმზრდელნი, ღმერთნი ქართლისანი – არმაზ და ზადენ, ყოვლისა დაფარულისა გამომძიებელნი, ძველნი ღმერთნი მამათა ჩვენთანი – გაცი და გა, და თავი შენი იგი იყავნ დასარწმუნოვებად კაცთა მიმართ. და აწ, უკეთუ განკურნო მთავარი ესე, გაგამდიდრო და გყო მკვიდრ მცხეთას შინა მსახურად არმაზისა, დაღაცათუ ჰაერისა მით და სეტყვითა მოიწია მის ზედა შეიმუსრვა, არამედ მისი ადგილი შეუძრავი არის. ესე არმაზ და ქალდეველთა ღმერთი ითრუჯან ყოვლადვე მტერ არიან. ამან მის ზედა ზღვა შემოადგინა და მან ამას ზედა ერთი უბედურება მოაწია, როგორც აქვთ ჩვეულება სოფლის მპყრობელთა, და კმა-გეყავნ ჩემგან ბრძანებად ესე“.
მიუგო ნეტარმან ნინო მეფესა და უთხრა: „მეფე, შენ უკუნისამდე ცხოვნდი სახელითა ქრისტესითა და ვედრებითა წმიდისა დედისა მისისათა და მის თანა ყოველთა წმიდათათა. მოავლინენ შენ ზედა ღმერთმან, ცისა და ქვეყანისა შემოქმედმან, დამბადებელმან ყოვლისა დაბადებულისამან, დიდისა დიდებულისა მისისაგან და აურაცხელისა მოწყალებისა მისისაგან, ვითარცა სახუმილისაგან ნაპერწკალი ერთი მადლისა მისისა, რათა სცნა და გულისხმა-ჰყო სიმართლე ცისა და სინათლე მზისა, სიღრმე ზღვისა და საძირკველნი მისნი, სივრცე ქვეყანისა და საფუძველნი მისი, და რათა უწყებულ იყო შენ, მეფე, თუ ვინ შემოსნა ცანი ღრუბლითა და ქუხილი ხმითა ჰაერისათა, და იძრვის ქვეყანა სიმძაფრითა მისითა და რბიან მეხისტეხანი, კვალსა მისსა ეგზების ცეცხლი გულისწყრომითა მისითა, ანუ როდესაც შეიძრას ვეშაპი იგი დიდი, რომელიც არის ზღვასა შინა, და შეიძრის ყოველი ქვეყანა, ვიდრემდის დაირღვიან მთანი მყარნი, კლდენი და ქვანი; და მეცნიერ გყავნ შენ ამას ყოველსა მიწევნად, რამეთუ ღმერთი არის ცათა შინა, უხილავ არის თავადი იგი ყოვლისაგან დაბადებულისა, გარდა მისა, რომელი-იგი მისგან გამოვიდა.
ესე მოივლინა ქვეყანასა ზედა ვითარცა კაცი, რომელმან ყოველივე აღასრულა, რომლისათვისაც მოსულ იყო, და ავიდა მათვე სიმაღლეთა მამისა თანა. მან მხოლომან იხილა დაუსაბამო იგი, და იგი მხოლო მის თანა არის, რომელი-იგი მდაბალთა ხედავს და მაღალნი იგი შორით იცნის. ხოლო აწ, მეფე, ახლოს არის მიახლება შენი ღმრთისა. მე ვხედავ, რამეთუ არის ქალაქსა ამას შინა სასწაული ერთი: სამოსელი ძისა ღმრთისა აქა არის, და ხალენისა მის ელიასისა ყოფა ვიეთ-მე აქა თქვეს. და მრავალნი სასწაულნი არიან აქა, რომელნიც თვით ღმერთმან გაუწყეს. აწ მე ესე მთავარი განვკურნო ძალითა ქრისტეს ჩემისათა და ჯვარითა ვნებისა მისისათა, როგორც დედოფალი ნანა განკურნა ღმერთმან სენისა დიდისა. და რა იგი ვაუწყე მას, ჰყოფს მას იგი, რათა სულიცა თვისი განაბრწყინოს და ერიცა თვისი მიაახლოს ღმერთსა“.
მაშინ მოჰგვარეს მთავარი იგი, და მოვიდა დედოფალი-ცა. წაიყვანა წმიდამან ნინო ნანა დედოფალი სამოთხესა მას შინა, ნაძვთა მათ ქვეშ, დაადგინა იგი და აღმოსავლით აღპყრობინა ხელნი მისნი და ათქმევინა სამგზის: „ვიმიჯნები შენგან, ეშმაკო, და შეუდგები ქრისტესა, ძესა ღმრთისასა“. და ტიროდა სულთქმითა სულისა თვისისათა წმიდა ნინო და ითხოვდა ღმრთისაგან შეწევნასა კაცსა მას ზედა, და ჩვენ მის თანა ერთ დღე. და მწრაფლ გავიდა ასული იგი ბოროტი და დაემოწაფა წმიდასა ნინოს იგი და ყოველი სახლი მისი, და ადიდებდა ღმერთსა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ნინოს ქართლში მოსვლიდან მეშვიდე წელს, დღესა ერთს, ზაფხულის პირსა, თვესა ივლისსა ოცსა, დღესა შაბათსა, ადგა მეფე და გავიდა ნადირობად მუხნარს. მოუხდა უჩინო იგი მტერი, ეშმაკი, და ჩაუგდო გულსა სიყვარული კერპთა და ცეცხლისა; და იგონებდა ყოველსა მსახურებასა მათსა და მახვილითა მოწყვედასა ყოველთა ქრისტიანეთასა. უთხრა მეფემან ოთხთა თანა-მზრახველთა მისთა: „ღირს ვართ ჩვენ ღმერთთა ჩვენთაგან ბოროტის ყოფასა, რამეთუ უდებ ვიქმნენით მსახურებასა მათსა და მიუშვით ჩვენ ქრისტიანეთა გრძნეულთა ქადაგებად სჯულსა მათსა ქვეყანასა ჩვენსა: რამეთუ გრძნებითა ჰყოფენ საკვირველებათა მათ. აწ ესე არის განზრახვა ჩემი, რათა ბოროტად მოვსრათ ყოველნი მოსავნი ჯვარ-ცმულისანი და უმეტეს შევუდგეთ მსახურებასა ღმერთთა მათ მპყრობელთა ქართლისათა; ვამხილოთ ნანას, ცოლსა ჩემსა, შენანება და დატოვება სჯულსა ჯვარ-ცმულისასა, და თუ არა მერჩდეს, დავივიწყო სიყვარული მისი და სხვათავე თანა წარვწყმიდო ისიცა“.
დაუმტკიცეს განზრახვა მისი თანა-მზრახველთა მათ, რამეთუ მხურვალედ იყვნენ ისინი საქმესა ამას, და ნებვიდა პირველითგან და ვერ იკადრებდნენ განცხადებად.
ხოლო მოვლო მეფემან სანახები ყოველი მუხნარისა და გავიდა მთათა ზედა თხოთისათა9 ტყეთა. რათა-მცა მოიხილა ციხეთა მათ დიდთა ასპად, კასპად და უფლისციხედ. და განვიდა თხემსა მის მთისასა. და შუა სამხარის დროს დაბნელდა მზე მთასა ზედა, და იქნა როგორც ღამე უკუნი, ბნელი ფრიად დაფარა ბნელმან არენი და ადგილნი იგინი. და გაიბნენ მწუხარებისა მისგან და ჭირისა ურთიერთარს ყოველნი ერნი მისნი, და დარჩა მეფე მარტო და დადიოდა მთათა ზედა და ტყეთა შინა შეშინებული და შეძრწუნებული. დადგა ერთსა ადგილსა და გადაეწურა სასოება ცხოვრებისა მისისა. როდესაც მეფე მოეგო ცნობასა და განიზრახვიდა გულსა თვისსა და თქვა: „აჰა ესერა, ვხედავ, რამეთუ ვთხოვდი ხმითა მაღლითა არმაზს და ზადენს და არა ვპოვე ლხინება ჩემ ზედა. აწ უკვე ვთხოვ, რომელსაც ნინო ქადაგებს ჯვარსა და ჯვარცმულსა და ჰყოფს კურნებათა მრავალთა მისითა სასოებითა. აწ არამცა ძალ-იდვა ხსნა ჩემი ამის ჭირისაგან, რამეთუ ვარ მე ცოცხლივ ჯოჯოხეთს შინა, და არა ვუწყი ესე, თუ ყოვლისა ქვეყანისათვის იქნა დაქცევა და ნათელი ბნელად გადაიქცა, ანუ ჩემთვის ოდენ არს ჭირი ესე“. მყისეულად ხმა-ყო და თქვა: „ღმერთო ნინოსო, განმინათლე ბნელი ესე და მიჩვენე საყოფელი ჩემი, და ვაღიარო სახელი შენი, და აღვმართო ძელი ჯვარისა შენისა და თაყვანი ვსცე მას, და აგიშენო სახლი სახლად შენდა და სალოცველად ჩემდა, და ვიყო მორჩილ ნინოსსა და სჯულსა ზედა რომთასა“. და ესე რა წარმოთქვა, მაშინ გათენდა და მსწრაფლ გამობრწყინდა მზე.
მაშინ ჩამოვიდა მეფე ცხენისაგან და დავარდა პირ-დაქცევით ქვეყანასა ზედა სულთქმით და ტირილით. შემდგომ ადგა, ააპყრო ხელნი აღმოსავლეთით და თქვა: „შენ ხარ ღმერთი ყოველთა ზედა ღმერთთა და უფალი ყოველთა ზედა უფალთა, ღმერთი, რომელსაც ნინო ქადაგებს, და საქებელი სახელი შენი ყოვლისაგან დაბადებულისაგან ცასა ქვეშ და ქვეყანასა ზედა. რამეთუ შენ მიხსენ ჭირისაგან და მსწრაფლ გამინათლე ბნელი ჩემი. აჰა ესერა მაცნობე, რამეთუ გინდა ხსნა ჩემი ლხინება და მიახლება ჩემი შენდა, უფალო კურთხეულო. აწ ამას ადგილსა აღვმართო ძელი ჯვარისა შენისა, რომლითა იდიდებოდეს სახელი შენი და იხსენებოდის საქმე ესე სასწაულთა ამათ უკუნისამდე“. და ისწავლა ადგილი იგი, და წარმოემართა და გამოვიდა. და როდესაც იხილეს ნათელი ერმან მისმან, მყოვარ ჟამ შეერთდნენ გაბნეულნი ესე და შეწუხებულნი. მეფე ღაღადებდა და ეტყოდა ყოველსა მას ერსა მისსა: „მიეცით დიდება ღმერთსა ნინოსსა ყოველმან ერმან, რამეთუ იგი არის ღმერთი საუკუნო და მხოლოდ მას  მშვენის ქება უკუნისამდე“.
ხოლო ნანა დედოფალი და ყოველი ერი გავიდა მიგებებად მეფისა, რამეთუ პირველ ესმინა წარწყმედა და შემდეგ მოქცევა მშვიდობით. მიეგებნენ ქინძარს10 და ღართს11. იყო სიხარული დიდი მშვიდობით მოქცევისათვის. ხოლო ნეტარი ნინო დადგომილ იყო ლოცვასა მწუხრისასა ჩვეულებისამებრ მაყლოვანსა მას შინა, და ჩვენ მის თანა ორმოცდაათი სული. და იყო, ვითარცა შემოვიდა მეფე, იძრვოდა ყოველი იგი ქალაქი, და ხმითა მაღლითა ღაღადებდა მეფე და იტყოდა: „სად არის დედაკაცი იგი უცხო, რომელიც არის დედა ჩემი, და ღმერთი იგი მისი მხსნელი ჩემი?“.
როდესაც უთხრეს, რომ „აქა მაყვლოვანსა შინ არის და ილოცება“, მივიდა მეფე და ყოველი იგი ლაშქარი, მოვიდა და ჩამოხტა სახედრისაგან (ან ცხენისგან) და ეტყოდა ნინოს: „აწ ღირსი ვარ მოუწოდო სახელსა ღმრთისა შენისასა და მხსნელისა ჩემისასა?“ ხოლო წმიდა ნინო ასწავლიდა და ეტყოდა მწრაფლ თავყვანისცემას აღმოსავლეთით და აღსარებად ქრისტესა, ძისა ღმრთისასა.
მაშინ იყო გრგვინვა და ტირილი ყოვლისა მის ერისა, რამეთუ ხედავდნენ მეფისა და დედოფლისა ცრემლთა დინებასა სიხარულისგან და საკვირველებისა დიდისა, რომელიც მოხდა.
მალევე გაგზავნა მოციქულნი მირიან მეფემან წინაშე რომის მეფე კოსტანტინესთან მეფისა და გაატანეს წიგნი ნინოსი მისი დედის ელენე დედოფლის წინაშე. რათა ეუწყებინათ ესე ყოველი სასწაული ქრისტესმიერი, რომელიც იქმნა მცხეთას შინა მირიან მეფესა ზედა, და ეთხოვათ მოსწრაფებით მღვდელნი ნათლისღებისათვის. ხოლო წმიდა ნინო და მოწაფენი მისნი ქადაგებდნენ ერსა მას ზედა დღე და ღამე დაუცხრომელად, და უჩვენებდნენ გზასა ჭეშმარიტსა სასუფეველისასა“.
რომიდან მღვდლების მოსვლამდე, ქრისტიანობის გზაზე გულმოდგინედ დამდგარმა მირიან მეფემ მცხეთაში ეკლესიის აშენება განიზრახა და ჰკითხა წმიდასა ნინოს: „სადა ავაშენო სახლი ღმერთისა?“ ხოლო ნეტარმან მან უთხრა: „სადაცა მეფეთა გონება მტკიცე არის“. ხოლო მეფემან უთხრა: „მიყვარს მაყვალნი ეს შენი და იქ მნებავს გონებითა ჩემითა, მაგრამ მსურს არ დავეზოგო სამეფო ბაღი, მასში მდგარი რტომრავალი ნაძვები და ყვავილთა სურნელება და სწორედ იქ ავაშენო სახლი ღმერთისა სალოცველად ჩვენდა ვიდრე მოსლვადმდე მღვდელთა“.
მყისეულად მოიღეს ძელი და იწყეს შენებად. ასწავლიდა ხუროთა, და მოკვეთეს ნაძვი იგი და ნაძვისა მისგან შემზადეს შვიდნი სვეტი ეკლესიისანი და ძირთა მისთა ზედა დადვეს საფუძველი ეკლესიისა. როდესაც ააშენეს კედელი იგი ძელითა, და აღმართეს ექვსი სვეტი თვის-თვისად. ხოლო სვეტი იგი უდიდესი, რომელიც საკვირველი იყო ხილვითა, შუა ეკლესიისა შესაგდებელად განმზადებული, ხუროთა ვერ შეძლეს აღმართებად მისა. და აუწყეს მეფესა საკვირველი იგი ყოვლად ვერ-ძრვა ადგილით-ცა სვეტისა მის.
მაშინ შეიკრიბა სიმრავლე ურიცხვი და მეფე მათ თანა. იწყეს ფერად-ფერადთა ღონეთა და მანქანათა მზადებად. არა თუ აღმართებად ვერ შეუძლეს, არამედ შეძრვადცა. უქმი გახდა ყოველი სიბრძნე და ღონისძიება კაცთა, და იყო გაკვირვებულ მეფე და სიმრავლე ერისა, და იტყოდნენ: „რა არის ეს“?
რადგან ვერ შეძლეს აღმართება და წაგებულ იქნა საქმე იგი, წავიდა მეფე და ყოველი ერი დამწუხრებული. ხოლო ნეტარი ნინო დარჩა ადგილსა-ვე, და თორმეტი დედანი სხვანი. ხოლო სანატრელი იგი გოდებდა და დაადენდა ცრემლთა სვეტსა მას ზედა.
როდესაც შუაღამე იყო ნინოს მოწაფე ქალწულებს ჩვენება ჰქონდათ: ჩამოიქცნენ, ჩამოირღვნენ ორნი ესე მთანი – არმაზ და ზადენ, და შეაჩერეს მტკვარი და არაგვი. მტკვარმან გადმოხეთქა და მიჰქონდა საშინელად ქალაქი. მიერ შეიქმნენ ხმანი საშინელნი და საზარელნი ტყებისა და გოდებისანი. ეგრევე არაგვი გადმოვიდა ბებრის ციხესა ზედა და ატყდა საშინელნი გრგვინვანი. შეშინდნენ დედანი და ივლტოდნენ, და მეცა მათ თანავე, ხოლო ნეტარი წმიდა ნინო ღაღადებდა: „ნუ გეშინიათ, დანო ჩემნო, მთანი იქვე დგანან და წყალნი იქავე მიედინებიან და ერსა ყოველსა სძინავს. ხოლო ესე, რომელ რეცა მთანი დაირღვნენ, სამართლად გეჩვენების, რამეთუ ურწმუნოებისა მთანი დაირღვნენ ქართლს შინა. და წყალნი რომელიც დაეყენნეს, სისხლი იგი ყრმათა კერპთა მიმართ შეწირული, დაეყენოს. ხოლო ხმანი ესე ტყებისანი არიან ეშმაკთა სიმრავლისანი, რამეთუ იგლოვიან თავთა მათთა ოხრებასა, რამეთუ არიან ისინი მეოტ ამით ადგილით ძალითა მაღლისათა და ჯვარითა ქრისტესითა. მოიქეცით და ილოცეთ ღმრთისა მიმართ, შვილნო!“ და მყისეულად დაცხრა ხმანი იგი, და იყო არა რა.
დადგა წმიდა ნინო და ააპყრო ხელნი თვისნი ცად მიმართ, და თვალნი ღმრთისა მიმართ, ილოცვიდა და ევედრებოდა, რათა არა დააბრკოლოს საქმე ესე სარწმუნოვებისა მტერმან, რომელსა წადიერებით წარმართებულ არის მეფე და ყოველი ერი.
მამლის ყივილამდე კიდევ მეორე ჩვენება იხილეს: სამთავე კართა სცა ზარსა ლაშქარმან ძლიერმან და დალეწეს კარნი ქალაქისანი. და აივსო ქალაქი სპარსთა ლაშქრითა და მყისეულად შეიქმნენ ზარის აღსახდელნი ზრინვანი, და ყივილნი და კლვა ერისა, რადგან სისხლი დიოდა. და აივსო ყოველი ადგილი, და მოვიდა ჩვენ ზედა სიმრავლე ძახილთა და მახვილთა, და დადნენ ხორცნი ჩვენნი და განილია სული ჩვენი. ხოლო მე ვტიროდე მამისათვის და ნათესავთა ჩემთათვის, და მწრაფლ მესმა, ხმობდეს ძლიერად: „ამას ბრძანებს მეფე სპარსთა ხუარა და მეფეთ-მეფე ხუარან ხუარა, ყოველი ჰურია განარინეთ პირისაგან მახვილისა“. ვითარცა ესე მესმა, მოვეგე გონებასა, შეორგულდი მე და ათნი იგი ჩემ თანა. და მოახლებულ იყვნეს მახვილოსანნი და ჩვენსა გარემოს სცემდეს და კლვიდეს.
ისმა ხმა ძლიერად, მირეან მეფე შეიპყრესო. და გარე-მოიხილა მხნემან მოღვაწემან მან და თქვა: „ეს რომელიც ყივის?, ვიცი რომელიც აწ სადმე დიდად სჭირს“. და ვმადლობ ღმერთსა, რამეთუ ესე ნიშანი მათისა წარწყმედისა არის, და ქართლისა ცხოვრებისა და ამის ადგილისა დიდებისა“. და ნუგეშს გვცემდა, როგორც მოძღვარი ხელოვანი, ნამდვილვე ჭეშმარიტად მოძღვარი და მოციქული ქრისტესი წმიდა ნინო.
მოექცა ერსა მას მომავალსა ჩვენ ზედა და თქვა: „სადა არიან მეფენი სპარსთანი ხუარა და ხუარან-ხუარა? სებასტანით გუშინ წარმოხვედით? მალე სადმე მოხვედით. და დიდი სადმე არის ლაშქარი, უზომო ვიდრემე ხართ, და ძლიერად დალეწეთ ქალაქი ესე, მახვილი დაეცით. უბრძანებ ქართა და ნიავთა: წავედით ბნელთა ჩრდილოსათა მთათა მათ კედარისათა. აჰა მოვიდა იგი, რომელსაც თქვენ ევლტოდით“. და გაანძრია მარჯვენა თვისი და დასწერა ხელითა სახე ჯვარისა. და მყისეულად უჩინო იქმნა ყოველი იგი სიმრავლე ერისა, და იქნა დაყუდება დიდი. და ჩვენ ვადიდებდით ღმერთსა, და ვნატრიდით წმიდასა და სანატრელსა ნინოს.
როდესაც ცისკარი ამოვიდა მცირედ, მიეთვლიმა დათა მათ ჩემთა, ხოლო მე სიდონია, მღვიძარე ვიყავ. და წმიდა ნინო იდგა ხელ-აპყრობილი. და აჰა ესერა ზედა მოადგა ჭაბუკი ერთი ყოვლადვე ნათლითა შემოსილი, და მოებლარდნა ცეცხლის-სახედ ზეწარი. და უთხრა სამი რამე სიტყვა ნეტარსა ნინოს. ხოლო იგი დაეცა პირსა ზედა თვისსა. ხოლო ჭაბუკმან მან შეჰყო ხელი სვეტსა მას და უპყრა თავი და აღამაღლა და წაიღო სიმაღლესა ცათასა. და მე გაკვირვებული მივეახლე და ვუთხარი ნეტარსა: რა არის ესე?“. ხოლო მან მითხრა: „მოიდრიკე თავი ქვეყანად“. და მე ტირილი ვიწყე ზარისა მისგან. და მცირედისა ჟამისა შემდგომად ადგა ნეტარი იგი და მეცა ამაყენა და განვეშორენით ადგილსა მას.
ხოლო დედანი იგი იყვნენ კიდევ. და იხილეს მათცა სვეტი იგი ცეცხლის-სახედ ჩამოვიდოდა და მოახლდებოდა ხარისხად მონაკვეთსა ზედა ძირსა ნაძვისასა. და ვითარ დაემართა, და დადგა ზედა ხარისხსა მას ქვეყანით აღშორებულად ვითარ თორმეტი წყრთა და ნელიად ჩამოიცვალებდა თვისსა-ვე მას ზედა ნაკვეთსა, რამეთუ ხარისხად იყო ძირი იგი მისი, რომლისაგან მოკვეთილ იყო სვეტი იგი ცხოველი.
როდესაც ოდენ რიჟრაჟი  იყო, ადგა მეფე, დამწუხრებული, და გახედა მის სასახლესთან დაწყებულ ეკლესიას, და იხილა იქ ნათელი, ვითარცა ელვა ზეცადმდე აღწევნული სასახლესა მას შინა.
იწყო სირბილად, მკვირცხლ მოსლვად, და ყოვლისა ერისა სიმრავლე მის თანა. როდესაც მოვიდნენ, იხილეს საკვირველი, ნათლითა მბრწყინვალე სვეტი ჩამოსულიყო და დადგმულიყო თავის ადგილზე ხელთ-შეუხებელად კაცთაგან.
ნეტარ იყო მას ჟამსა შინა, რამეთუ, რა იგი იქმნებოდა, შიშითა და სიხარულითა აივსო მცხეთა ქალაქი, და მოდიოდნენ მდინარენი ცრემლთანი მეფესა და მთავართა და ყოველსა ერსა. სულთქმითა სულისა მათისათა, და ადიდებდნენ ღმერთსა და ნატრიდნენ ნეტარსა ნინოს. და იქმნებოდა მას დღესა შინა სასწაულნი მრავალნი.
პირველად მოვიდა ვინმე ჰურია, ბრმა შობითგან და მიეახლა სვეტსა მას ცხოველსა, და იქვე იქმნა იგი მხედველი უმალვე და ადიდებდა ღმერთსა.
მეორედ ყრმა ვინმე სეფეწული ამაზასპანი; იყო რვა წლისა. სნეული, წარმართი, მოიღო იგი დედამან მისმან სარწმუნოებით, დადვა იგი ცხედარი ზედა წინაშე სვეტისა მის ნათლისასა და ნამდვილვე ნათლით შემოსილისა. და ევედრებოდა ნეტარსა ნინოს და ეტყოდა: „მოხედე, დედოფალო, ძესა ამას ჩემსა, მიახლებულსა სიკვდილსა, რამეთუ ვიცი, რომ იგი არის ღმერთი ღმერთთა, რომელსაც შენ მსახურებ და ჩვენ გვიქადაგებ“. მაშინ შეახო ნეტარმან ნინო ხელი თვისი სვეტსა მას ცხოველსა და დაადვა ყრმასა მას ზედა და უთხრა: „გწამს იესო ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისა, ხორცითა მოსული ცხორებისათვის ყოვლისა სოფლისა?“ და უთხრა ყრმამან მან: „ჰე, დედოფალო, მწამს იესო ქრისტე, მხსნელი დაბადებულთა“. მაშინ უთხრა მას წმიდამან ნინო: „განიკურნე ამიერითგან და ადიდებდი მას, ვისმან ძალმან განგკურნა“. და მწრაფლ აღდგა ყრმა იგი ვითარცა უტკივნელი.
დაეცა შიში დიდი მეფესა და ყოველსა სიმრავლესა ერისასა. და თითო-სახენი სნეულნი მოვიდოდნენ და განიკურნებოდნენ, ვიდრემდის მეფემან შექმნა საბურველი ძელისა გარემოს სვეტსა მას და დაფარა ხედვისაგან. და ეგრეთვე შეეხებოდნენ ერნი სართულსა მას და განიკურნებოდნენ სწრაფად და ადიდებდნენ ღმერთსა საკვირველთ-მოქმედსა.
როდესაც მირიანის მოციქულები ჩავიდნენ და კონსტანტინეს მოუთხრეს ყოველი, რაც მოხდა. მაშინ აივსო სიხარულითა მეფე და დედა მისი ელენე დედოფალი, რამეთუ მადლი ღმრთისა მიეფინებოდა ყოველთა ადგილთა და ხელსა ქვეშე მათსა ნათელს იღებდა ყოველი ქართლი. კოსტანტინემ გამოუგზავნა მირიანს: მღვდელი ჭეშმარიტი იოვანე ეპისკოპოსად, ორი მღვდელი ორნი და სამი (ან ერთი) დიაკონი; წიგნი ლოცვისა და კურთხევისა ღმრთისა მადლობისა; ჯვარი და ხატი მაცხოვრისა, და მის თანა ნიჭი დიდი. ელენე დედოფალმა მოსწერა წიგნი ქებისა და ნუგეშინისცემისა.
როდესაც დაბრუნდნენ იოვანე ეპისკოპოსი და მის თანა მღვდელნი და დიაკონნი და მოციქულნი მცხეთას, აივსეს სიხარულითა მეფე და დედოფალი და ყოველი ერი მათი, რამეთუ სურვილ იყვნენ ყოველნივე ნათლისღებისათვის. მაშინ მსწრაფლ გაგზავნა ბრძანება მირიან მეფემან ყოველთა თანა ერისთავთა, სპასალართა და ყოველთა პირთა სამეფოსათა მოწოდებად წინაშე მისსა; და მსწრაფლ მოიწივნენ ყოველნი ქალაქად.
მაშინ ნათელიღო მეფემან ხელსა ქვეშე წმიდისა ნინოსსა, და შემდგომად დედოფალმან და შვილთა მათთა ხელსა ქვეშე მათ მღვდელთა და დიაკონთასა. ამის შემდგომად  აკურთხეს მდინარე მტკვარი, და ეპისკოპოსმან შემზადა ადგილი ერთი, მიწურვით ხიდისა კარსა მოგვეთისასა, სადაც ადრე იყო სახლი ელიოზ მღვდელისა, და იქ ნათელსცემდა წარჩინებულთა თვითოსა და ეწოდა ადგილსა მას მთავართა სანათლო. ხოლო ქვემოთ მისსა, მდინარისავე პირსა, ორგან, ორნი იგი მღვდელნი და დიაკონნი ნათელსცემდნენ ერსა. და მიაწყდებოდა ერი იგი ურთიერთს მოსწრაფებით და ევედრებოდნენ მღვდელთა, რათა პირველად მას ნათელსცეს. და ესეთ სურვილ იყო ერი იგი ნათლისღებისათვის, რამეთუ ესმინა ქადაგება წმიდისა ნინოსი, რომელსა იტყვიან: „ყოველმან რომელმან არა ნათელიღოს, არა იპოვოს მან ნათელი საუკუნო“ და ამისთვის მოსწრაფე იყვნენ ნათლისღებად ყოველნი. ასე ნათელიღეს ყოველმან ერმან და სიმრავლემან ქართლისამან, გარდა მხოლოდ არა ნათელიღეს მთიულთა კავკასიანთა, არცა მოვიდნენ მოფენასა მას ნათლისასა, არამედ დაადგნენ ბნელსა შინა ჟამ რამოდენმე. და ჰურიათა მცხეთელთა არა ნათელიღეს, გარდა ბარბიანთა (ავაზაკ ბარაბას შთამომავლები) ნათელიღეს ორმოცდაათმან სახლმან და გახდნენ ქრისტიანე ჭეშმარიტ. ამის გამო დიდად გახდნენ ისინი წინაშე მეფისა; და მიუბოძა მათ დაბა, რომელსაც ქვია ციხე-დიდი12. არა ნათელიღო ფეროზ, სიძემან მირიან მეფისამან, არცა ერმან მისმან ნათელ-იღო, არამედ ხორციელ ოდენ მსახურებდა მირიან მეფესა.
მოგვითხრობს ეპისკოპოსი იაკობი
როდესაც ნათელი იღეს მეფემან, და დედოფალმან, შვილთა მათთა და ყოველმან ერმან, მაშინ გადაწყვიტეს აღემართად ჯვრები. დაიწყეს ძიება ხუროებმა შესაბამისი ხისა და იპოვეს ხე ერთი, მდგომარე  ბორცვსა ზედა კლდესა შეუვალსა, და იყო ხე იგი მშვენიერი ფრიად და სურნელოვანი, რომელსაც ფოთოლი მისი არასოდეს დასცვიოდა. და ესე საკვირველება იყო ხისა მისგან, რამეთუ ისარ-ცემული ნადირი, რომელიც მოვიდის და ჭამის ფოთოლი მისი და გინა თესლი მისი, განერის სიკვდილისაგან, დაღაცათუ საკლავსა ადგილსა დიდად წყლულ იყვის. ესე დიდად საკვირველად ეჩვენათ ხუროებს და აუწყეს ხის შესახებ ეპისკოპოსსა იოვანეს და მეფეს. ხოლო ეპისკოპოსმან თქვა: „აჰა ესე-რა, ჭეშმარიტად პირველითგანვე დამარხულ არის ქვეყანა ესე ღმრთისაგან მსახურად თვისად, რამეთუ ღმრთისაგან აღმოსცენდა ხე იგი დამარხული ჟამისა ამისთვის. რამეთუ აწ მოეფინა მადლი ღმრთისა ქართლსა, და მის ხისაგან ჯერ არის შექმნად ჯვარი პატიოსანი, რომელსაც თაყვანი სცეს ყოველმან სიმრავლემან ქართლისამან.
მეფემ გაგზავნა რევ, ძე მეფისა, მთავარდიაკონი, და სიმრავლე ერისა. იხილეს მშვენიერად დგომა იმ ხისა. და იტყოდა მთავარდიაკონი იგი მუხლსა დავითისსა: „ესე ხე არის დანერგული თანა წასავალსა კლდისასა ზეგარდამოთა ცვარითა მორწყული და ფოთოლნი მისნი არა დასცვივენ უკუნისამდე“. რევმა უბრძანა ხუროთა მოკვეთა ხისა. მოკვეთეს ხე იგი და წამოიღეს რტოთურთ თვისით. მოჰქონდა ხე ათსა ათეულსა კაცსა და შემოჰქონდა ქალაქად. შეიკრიბა ერი ხილვად მწვანის ფერობასა მას და ფოთლიანობასა დღეთა გაზაფხულის დასაწყისათა, ოდეს სხვა ყოველი ხე ხმელი იყო, ხოლო იგი ყოვლადვე ფურცელდაუცვნებელი და სულჰამო და სახილველად მშვენიერი იყო. მაშინ ძირსა ზედა აღმართეს, კარსა ეკლესიისასა სამხრეთისა, სადაც უბერავდა წყალთაგან ნიავი და შლიდა ფოთლებსა ხისა და ანძრევდა რტოთა მისთა. და იყო ხილვა მისი მშვენიერი და სულჰამო, ვითარცა სმენით ვიცით ხისა მისთვის ალვისა.
ეს მოვჰკვეთეთ თვესა მარტსა ოცდახუთსა, დღესა პარასკევსა (ე.ი. 326 წელს). დავადგით ხე იგი ოცდაჩვიდმეტ დღედმდე, და არა შეიცვალა ფოთოლი მისი, როგორცა ძირსა ზედა მდგარისა თავსა წყაროსასა, ვიდრემდე ყოველი ხენი ტყისანი შეიმოსნენ ფოთლითა და ხენი ნაყოფიერნი შეიმკვეს ყვავილითა.
მაშინ თვესა მაისსა ერთსა და შექმნეს სახე პატიოსნისა ჯვარისა, როგორაც ასწავლა მთავარდიაკონმა. სამ გვამად შექმნეს ხის ტანისაგან სამი ჯვარი და პირველი აღმართეს მცხეთას, შვიდსა ამავ თვისასა. აღმართეს ხელის დადებითა მეფისათა, სიხარულითა და დიდითა წადიერებითა ყოვლისა ერისა ქალაქისათა, იყვნენ რა ყოველნი ისინი ეკლესიასა შინა. და იხილეს უმრავლესმან ერმან ქალაქისამან ბნელთა მათ ღამეთა: აჰა ჩამოვიდა ჯვარი ცეცხლისა ზეცით და მისა გარემოს, მსგავსად გვირგვინისა ვარსკვლავისათა, და დაადგა ზედა ეკლესიასა ვიდრე განთიადმდე, და ყოველნი ადიდებდნენ ღმერთსა ამას ზედა. განთიადს, რიჟრაჟს ოდნავ, გამოვიდა მისგან ორი ვარსკვლავი: ერთი წავიდა აღმოსავლეთით, და მეორე დასავლეთით, და იგი თავადი ასევე დგას ბრწყინვალედ, და ნელ-ნელად განვიდა არაგვსა და დადგა ბორცვსა მას ზედა კლდისასა, ზემო კერძო, ახლოს წყაროსა მას, რომელიც აღმოაცენეს ცრემლთა წმიდისა ნინოსთა, და იქვე აღმაღლდა ზეცად. ესე მრავალგზის იხილა ყოველმან სიმრავლემან ერისამან მაცხოვარება ღმრთისა ჩვენისა.
მაშინღა ვიწყეთ ნეტარისა ნინოსა კითხვად: „რა ნიშნავს, რამეთუ გამოვიდა ნაპერწკალი და წავიდა აღმოსავლეთით და დასავლეთით?“
ხოლო წმიდამან მან უთხრა მეფესა და ყოველსა ერსა: „განავლინენით კაცნი მთათა ზედა მაღალთა აღმოსავლეთით ვიდრე კახეთისა მთამდე, და დასავალეთით, ვიდრე მიაწევდეს სამეფო შენი. და როდესაც მთებნი იგი გამობრწყინდენ, იხილონ, თუ სადაც დადგენ და იქ აღმართეთ ეს ორი  ჯვარი საცოდ ყოველთა ქრისტეანეთა და დასამხობელად მტერისა“.
ხოლო მეფემან გააკეთა ასე და შეიცვნა თავნი მთათანი მიწყებით, ესე იყო პარასკევსა, შაბათდღე გათენდებოდა, და იყო სასწაული იგივე, მოხდა ეგრეთვე, როგორცა ყოვლადვე ხდებოდა.
მაშინვე მოვიდნენ აღმოსავლეთიდან, კახეთის მთიდან და თქვეს: „ვიხილეთ ვარსკვლავი აქეთ მომავალი და დაადგა დაბასა ბოდისა13 კუხეთისა ქვეყანასა“. მაშინ ბრძანა ნეტარმან ნინო, რომ წაიღონ ეს ორი  ჯვარი და აღმართონ ერთი თხოთს, სადაც იგი ამხილა ღმერთმან მეფესა ძალი თვისი, და მეორე მიეცით სალომეს უჯარმელსა, ჭეშმარიტსა მხევალსა ქრისტესსა, და აღმართოს იგი უჯარმას ქალაქსა. რამეთუ დაბა ბოდი, დაბა კუხეთისა არა წინა-აღუდგეს ქალაქსა მეფეთასა, რამეთუ ერისა სიმრავლე არის იქ. დაბა ბოდის დაბა თვით ვიხილოთ სათნო იგი ადგილი ღმრთისა“. და ვყავით ეგრეთ, ვითარცა გვიბრძანა ჩვენ წმიდამან ნინო.
ხოლო ესე სასწაულთაგან ზეცისათა ჩვენებით პატიოსანი ჯვარი მცხეთას  ვიპყარით ხელთა და მივედით ბორცვსა მის ქვეშ, წყაროსა მას ზედა და ვათიეთ ღამე და ვლოცულობით ღმრთისა მიმართ. ხოლო ნეტარი წმიდა ნინო ცრემლითა განზავებდა წყაროსა მას, და იქმნებოდნენ კურხვალისა დღე მოვიდეს დასავალისანი, რომელნიც დგეს მთათა ზედა ქვაბთა თავისათა, და მიუთხრეს მეფესა: „გამოვიდა ვარსკვლავი იგი, ამაღლდა და მიიწია მთასა ზედა თხოთისასა და ჩავიდა არაგვის კასპისასა, დაადგა ადგილსა ერთსა და ყოვლად უჩინო იქნა“.
შემდეგ დღეს ავედით კლდესა მას ზედა. მივიდა ნეტარი ნინო ბორცვსა მას ზედა, და დავარდა ქვათა მათ ზედა ბორცვისათა, ტიროდა იგი და მეფე და ყოველნი მთავარნი და ყოველი იგი სიმრავლე ერისა, მამათა და დედათა, და იყო ყრმათა ჩვილთა ჟივილი, ვიდრემდე მთანიცა ხმას სცემდნენ. და დაადვა ხელი წმიდამან ნინო ერთსა ქვასა და უთხრა იაკობ ეპისკოპოსსა: „მოვედ, შენდა ჯერ-არს, დაწერე ჯვარი ქვასა ამას“. და მან გააკეთე ასეე. და იქ აღიმართა ჯვარი იგი დიდებითა მეფეთაგან. და მოდრკა მეფე მუხლთა თვისთა ზედა და ყოველნი მთავარნი, და ყოველი სიმრავლე ერისა და თავყვანი-სცეს ძლევით შემოსილსა ჯვარსა, და აღიარეს ჯვარცმული იესო ქრისტე ჭეშმარიტად ღმერთად და ძედ ღმერთისა ცხოველისად და რწმენა სამებით დიდებული ღმერთი ყოველთა, რომელსა შვენის დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
ხოლო დიდი მთავარნი არა განეშორებოდნენ წმიდასა ეკლესიასა და სვეტსა ნათლისასა და ჯვარსა ცხოველსა, რამეთუ ხედავდნენ სასწაულთა მათ უზომოთა და კურნებათა მიუთხრობელთა.
მაშინ დაუტევა წმიდამან ნინო მცხეთა ქალაქი და წავიდა მთიელთა ხარებად პირუტყვთ-სახეთა მათ კაცთა და შემუსრვად კერპთა მათ.
ხოლო აქა შინა დაუტოვა აბიათარ, ჰურია-ყოფილი იგი მღვდელი, რომელიც იყო მეორე პავლე, რომელიც არა დასცხრებოდა ღამე და დღე ქადაგებასა ქრისტესსა, დიდებასა მისსა, ვიდრემდის სივლტოლად იწყეს ჰურიათა ხოლო ბაგინისათვის აიძულებდა მეფესა, რათა არა შეძრან ნაშენები იგი მისი, არამედ რათა შესძინოს აღშენება. რამეთუ ვიდრე არა გამოჩინებულ იყო ახალი მადლი ქვეყანასა ამას, იქ შინა იყო დიდებული სახელი საუკუნოსა მის ღმრთისა. და ერჩოდა მეფე მისთა დღეთა, და იყვნენ იქ შინა ელიოზის ნათესავნი მღვდელად ჰურიათა ზედა.
მოგვითხრობს აბიათარი
მე, აბიათარ, მღვდელი ვიყავ წილით ხვედრებული სამღვდელოსა ზედა მის წელიწადისასა, ოდეს ესე ნეტარი დედაკაცი ნინო მოვიდა მცხეთად. ხოლო მე ვიწყე კითხვად დედაკაცისა მის ნინოსა ქრისტესთვის, თუ ვინა იყო იგი, ანუ რომლისა მიზეზისათვის იქმნა ღმერთი კაცად. მაშინ ნეტარმან მან გააღო პირი თვისი, ვითარცა ჯურღუმულმან აღმომდინარემან და ვითარცა წყარომან დაუწყვედელმან. იწყო საუკუნითგანთა, ჩემთა წიგნთა ზეპირით წარმოიტყოდა და განმიმატებდა და ვითარცა მძინარესა გამაღვიძებდა და როგორცა დასულებულსა განმანათლებდა და მამათა ჩემთა შემაწყალებდა და რჯულისა ცვალებასა შემაჯერებდა, ვიდრემდის მარწმუნა სიტყვითა მისითა ქრისტე, ძე ღმრთისა, და ვნება მისი და აღდგომა დიდებით, და მეორედ მოსლვა მისი საშინელებით, და ჭეშმარიტად იგი არის მოლოდება წარმართთა.
მას ჟამსა მე და ასული ჩემი ღირს ვიქმნენით საპკურებელსა და განსაწმედელსა ცოდვათასა, ემბაზსა, წყალსა მას წმიდასა. და მრავალნი სასწაულნი იხილეს თვალთა ჩემთა ნინოს მიერ მცხეთას შინა დღეთა ჩემთა.
ხოლო სახლი ელიოზისი იყო ქალაქსა შინა დასავლითსა, იყო კარსა მოგვეთისასა, მტკვარსა ზედა. და იყო მცირე ბაგინი, სამარხვო მათი, რომელსა ზედა აღმართა წმიდამან ნინო ჯვარი ქრისტესი. და ერთი ერთსა ნათელ-სცემდა იქ შინა ხელითა იაკობ მღვდელისათა და პროსილა მთავარდიაკონისათა, მთავართა შვილებსა, წიაღთა ქალაქისათა. და ერქვა ადგილსა მას მთავართა სანათლო. და ფრიად დიდებულ იყო ადგილი იგი დღეთა ჩვენთა, რამეთუ იდგა იგი ველსა გარდა ნაშენებსა. და მათ დღეთა შემეშურვნეს ფრიად ჰურიანი მცხეთელნი ჩემ ზედა და დასცეს ხე იგი კილამო, რომელიც იდგა კარსა ზედა ბაგინისასა, რომელიც განაშვენებდა ადგილსა მას, რამეთუ გარდაერთხნეს რტონი მისნი ყოველსა მას სტოვასა ბაგინისასა და იწყეს სადათვე წასლვად გარდა ხოლო ბარაბეანთასა, რომელნიცა მოინათლნენ ორმოც და ათი სული სახლისა მათისა. და მკვიდრ იქმნენ მცხეთას შინა. მიუბოძა მირეან მეფემან დაბა ერთი, რომელსაც ჰქვია ციხე-დიდი, და იყვნენ დიდ წინაშე მეფისა და ქრისტეანეთასა მადლითა ნეტარისა ნინოსითა და მოძღვრებითა მისითა.
რაჟამს მოიქცა ყოველი ქართლი, ზრახვა-ყვეს მღდელთა მათ, რომელნიც მოსული იყვნენ საბერძნეთიდან, აღმართებად ნიში ჯვარისა.
უთხრეს მღვდელთა მათ მირეან მეფესა: „ჯერ და წეს-არს აღმართებად საუფლო ნიში ჯვარისა“. და სათნო უჩნდა მეფესა და ყოველსა ერსა. სიხარულით შეიწყნარეს სიტყვა იგი მღვდელთა მათ და სწავლა. უბრძანა მირეან მეფემან ძელი საჯვარედ. წავიდნენ ხურონი და მოჰკვეთეს ხე ერთი ჰაეროვანი. და უბრძანა მეფემან შექმენთ ჯვარი. ხოლო მღვდელნი იგი ასწავლიდნენ სახესა მას ჯვარისასა, და რაჟამს შექმნეს ჯვარი იგი, მოვიდნენ და უთხრეს მირეან მეფესა ხუროთა მათ: „შევქმენით ჩვენ ჯვარი იგი, როგორაც მღვდელთა მათ გვასწავლეს“.
მყის ადგა მეფე იგი სიხარულით და ყოველმან ერმან იხილეს სახე იგი ჯვარისა მის. და დაუკვირდა ფრიად და ადიდებდნენ ღმერთსა.
მას ჟამსა გულისხმაყო და მოეხსენა მეფესა, ოდეს-იგი დღე დაუბნელდა მთასა ზედა. როდესაც იყო ნათელი მბრწყინვალებისა დიდისა იხილა მსგავსად ჯვარისა, და როდესაც იხილა, იცნო. მაშინ მოუთხრობდა მღვდელთა მათ და ყოველსა ერსა ხილვასა მას და ვითარ გაუნათლა ბნელი იგი ნიშმან ჯვარისამან წინაშე თვალთა მისთა. მაშინ, ვითარცა ესმა ერსა მას სიტყვა იგი მეფისა, უმეტესადღა და უფროს რწმენა იესო ქრისტე და ნიში იგი ჯვარისა მისისა, და ყოველთა ერთობით სიხარულით თაყვანი სცეს მას და ადიდებდნენ ღმერთსა.
მაშინ განაზრახვიდა მეფე ყოველსა მას ერსა, თუ რომელსამე ადგილსა აღმართონ სახე იგი ჯვარისა. ხოლო კაცად-კაცადი იტყოდა, სადა ვის მარჯვე უჩნდა, არამედ ვერ სადა გამოირჩიეს. მას ჟამსა მირეან მეფე ილოცვიდა და იტყოდა: „უფალო იესო ქრისტე, რომელიც გურწამ ტყვისა ამის მიერ და გვასწავლეს მღვდელთა ამათ შენთა, შენ, იესო ქრისტე, რომელმან თავი თვისი დაიმდაბლე და ხატი მონებისა ჩაიცვი სიმდაბლითა შენითა, რომელიც გარდამოხედე კურთხეულთაგან წიაღთა მამისათა, რომელმან დაუტევენ ჩვენთვის საყდარნი, უფლებანი და ძალნი და დაემკვიდრე საშოსა წმიდისა ქალწულისასა, და შემდეგ ჯვარს ეცვი პონტოელისა პილატეს მიერ, დაეფალ გულსა ქვეყანისასა და მესამესა დღესა აღსდექ და აღასრულე ყოველივე თქმული წინასწარმეტყველთა, აღმაღლდი ზეცად და დაშჯედ მარჯვენით მამისა, და შემდეგ მოსლვად ხარ განსჯად ცხოველთა და მკვდართა, და დაგვიტევე ჩვენ ნიში ჯვარისა შენისა დასარღვეველად უხილავთა მანქანებითა მტერისათა; ხოლო ჩვენ, მოშიშთა შენთა, მოგვიღებიეს სასწაულად, რათა განვერნეთ პირსა ეშმაკისასა, რომლისაგანცა წარტყვენულ ვიყვენით. ხოლო აწ შენ, უფალო ღმერთო მაცხოვარო ჩვენო, ინებე გამოცხადება ადგილისა, რომელსა აღვმართოთ ნიში ჯვარისა შენისა, რათა იხილონ მოძულეთა ჩვენთა და რცხვენოდის, რამეთუ შენ, უფალი, შემეწიე ჩვენ და ნუგეშინის-მეც ჩვენ“. როდესაც შემწუხრდა, მას ღამესა ჩვენებით დაადგრა ანგელოზი უფლისა მირეან მეფესა და უჩვენა მას ბორცვი ერთი არაგვსა წიაღ კერძო, მახლობელად მცხეთასა და უთხრა მას: „ესე ადგილი გამოურჩევიეს ღმერთსა. ამას ზედა აღმართე ნიში ჯვარისა“. როდესაც გათენდა, უთხრა მირეან მეფემან მღვდელთა მათ ჩვენება იგი ანგელოზისადა სიტყვაცა იგი, რომელმაც თქვა. და ბორცვიცა იგი, რომელი უჩვენა. ვითარცა ესმა ჩვენება იგი და ადგილიცა იგი იხილეს, სათნო უჩნდა ყოველსა ერსა ბორცვი იგი, და სიხარულითა და გალობითა დიდითა ყოველთა ერთბამად აიღეს ჯვარი იგი და აღმართეს ბორცვსა მას ზედა მძლე ნიში ჯვარისა მცხეთასა მახლობელად, მართლ წინაშე აღმოსავალით, დღესა კვირასა, აღვსებისა ზატიკის ზატიკსა.
როდესაც აღიმართა ნიში ჯვარისა ქვეყანასა მას ქართლისასა, მყისეულად მას ჟამსა დაეცნენ ყოველნი კერპნი, რომელნიც იყვნენ საზღვართა ქართლისათა, და შეიმუსრნენ, და საკერპონი დაირღვნენ. როდესაც იხილეს ესე საკვირველი საქმე და სასწაული, რომელიც ქმნა ძლევის-მყოფელმან მან ნიშმან ჯვარისამან კერპთა ზედა, უფროს განუკვირდებოდა საქმე ესე და ადიდებდნენ ღმერთსა და სიხარულით თავყვანს- სცემდნენ პატიოსანსა ჯვარსა. და გამოყო მირეან მეფემან და ყოველმან ერმან მცხეთისამან შესაწირავი დიდი მას დღესა შინა პატიოსნისა ჯვარისა. და დააწესეს დღესასწაული ძლევით შემოსილისა ჯვარისა.
აღვსებისა ზატიკსა (აღდგომა), დღესა კვირასა, ჰყო მირიან მეფემან და ყოველმან ქართლმან, შეწირეს შესაწირავი იგი დღე განაწესეს ჯვარისა მსახურებად, ვიდრე დღენდელად დღედმდე და ვიდრე უკუნისამდე.
რაოდენისამე ჟამისა შემდგომად, მარტვილისა უკანა, იხილეს სასწაული დიდად საშინელი, დღესა ოთხშაბათსა. აჰა ესერა სვეტი ნათლისა სახედ ჯვარისა იდგა ზედა ჯვარსა მას და თორმეტნი ანგელოზნი დაგვირგვინებულ იყვნენ გარემოს მისა, ეგრევე სახედ თორმეტნი ვარსკვლავნი დაგვირგვინებულ იყვნენ. ხოლო ბორცვი იგი ჯვარისა ერთ-სახედ კუმოდა სულნელად. და როდესაც ხედავდნენ სასწაულსა მას, მრავალნი უღმრთოთაგანნი მოიქცევოდნენ და ნათელს იღებდნენ და აშენებდნენ ეკლესიათა. ხოლო მორწმუნენი უფრო მორწმუნე იქმნებოდნენ და ადიდებდნენ ღმერთსა.
შემდეგ კვლავ იხილეს სხვა სასწაული პატიოსნისა ჯვრისა: ვითარცა ცეცხლი იდგა თავსა ზედა მისსა, და ვითარცა ალი ეგზებოდა ზედა თავსა ჯვარისასა სამგზის მზისა უბრწყინვალესი, და როგორც ღუმილსა რა ნაპერწყალი აღვალნ ძლიერად, ეგრე სახედ იყო: აღვიდოდნენ ანგელოზნი და გარდამოვიდოდნენ ზედა პატიოსანსა ჯვარსა. ხოლო ბორცვი იგი ჯვარისა იხარებდა ძლიერად და ყოველი ქვეყანა იძრვოდა, და მთათა და ბორცვთა და ღელეთა არმური სულნელებისა აღვიდოდა ცამდე, და კლდენი შეიმუსრვოდნენ, და სულნელება დიდძალი მიეფინებოდა ყოველსა ქვეყანასა. და ესე არა ზედა-მოთ იყო და არცა თანა-წასლვით, არამედ მყოვარ ჟამ. და ხმანი დიდნი ისმოდეს და ყოველი იგი ერი ხედავდა მას და ესმოდა ოხრა იგი გალობისა; შეშინდნენ და უკვირდათ ფრიად, შიშით და ძრწოლით თავყვანს სცემდნენ პატიოსანსა ჯვარსა და სიხარულითა დიდითა ადიდებდნენ ღმერთსა.
რაოდენისამე ჟამისა შემდგომად, ვითარცა სასწაულნი და ხილვანი დასცხრებოდნენ, ეგრევე ძრვანი იგი დიდ-დიდნი და საშინელნი დასცხრნენ. და შემდგომად ამისა სხვანი მრავალნი სასწაულნი და ნიშნი იქმნებოდნენ ზედა პატიოსანსა ჯვარსა ზეცით გარდამოსული.
და ხედავდა ყოველი ერი და შიშით და ძრწოლით უვლენდა თავყვანისცემად გულმოდგინედ პატიოსანსა ჯვარსა და სიხარულით ადიდებდნენ ღმერთსა.
მას ჟამსა იყო ვინმე კაცი ერთი მოშიში ღმრთისა, რომელსაც ერქვა რევ, ძე მეფისა. და იყო ძე რევისი სნეული და მიწევნულ სიკვდილს. რამეთუ იგი ერთადერთი ესვა, მოიყვანა იგი და დააგდო წინაშე პატიოსნისა ჯვარისა და ცრემლით ითხოვდა მისგან: „უკეთუ მომიბოძო ყრმა ესე, გუმბათი აღვაშენო საყოფლად შენდა“. რადგან იგი მწარედ და უწყინოდ ტიროდა წინაშე პატიოსნისა ჯვარისა, მალევე განიკურნა ყრმა იგი, და სიხარულითა დიდითა წაიყვანა და ადიდებდა ღმერთსა და პატიოსანსა ჯვარსა. შემდეგ მოვიდა აღთქმულისა აღსრულებად და უყო მადლისა მიცემა და დიდი სიხარული, და გულმოდგინედ გუმბათი აღაშენა მცხეთისა რევის ძემან, და წლითი-წლად მოვიდოდა და აღასრულებდა მსახურებას იგი პატიოსნისა ჯვარისა. და ამიერითგან უფროსღა და უმეტეს მოდიოდნენ სნეულნი მრავალნი და უძლურნი და განიკურნებოდნენ და სიხარულით ადიდებდნენ ღმერთსა და პატიოსანსა ჯვარსა.
იყო ერთი ვინმე ჭაბუკი ორივე თვალით ბრმა. მოვიდა და დაუჩოქა პატიოსანსა ჯვარსა და ევედრებოდა გულმოდგინედ. შემდგომად შვიდისა დღისა აეხილა თვალნი და სიხარულით ადიდებდა ღმერთსა და პატიოსანსა ჯვარსა.
დედაკაცი ვინმე იყო მარადის გვემული სულითა უკეთურითა, და ეგოდენ გვემა მოიღო, რაჟამს პატიოსანსა ჯვარსა შეამთხვევედ, სამოსელსა ჯვარისასა მოაპებნ. და იყო მეთოთხმეტისა დღისა შემდგომად განიკურნა დედაკაცი იგი და წავიდა იგი ფეხითა თვისითა სიხარულით, ადიდებდა ღმერთსა და პატიოსანსა ჯვარსა.
კვლავ იყო ვინმე დედაკაცი სხვა, და ესვა მას ძე და მყისეულად დასწყვიდნა ყრმასა მას; და აღიქვა იგი დედამან მისმან, მოიყვანა იგი და დააგდო წინაშე პატიოსანსა ჯვარსა, და იდვა ყრმა იგი მწყდარი წინაშე წმიდასა ჯვარსა დილიდან ვიდრე მწუხრადმდე, ხოლო დედა ყრმისა მის ტირილით ილოცვიდა წინაშე პატიოსნისა ჯვარისა. და ეტყოდნენ მას იქ მდგომარენი: „მომკვდარ არის ეგე. წაიღე და დამარხე და ნუღარა აწყინებ!“
ხოლო მან არა წარიკვეთა სასოება, არამედ უფროსადღა საწყალობელად ცრემლოდა და ითხოვდა შეწევნასა. მწუხრისა ოდენ ჟამსა სულნი უკუნ-იბრუნა ყრმამან მან და თვალნი აიხილა და შემდგომად სამისა დღისა განკურნებული წაიყვანა იგი დედამან თვისმან და ადიდებდა ღმერთსა და პატიოსანსა ჯვარსა.
როდესაც იხილეს ყოველთა სასწაულნი ესე დიდებულნი პატიოსნისა ჯვარისანი, მრავალნი უშვილონი მოდიოდნენ და ითხოვნდნენ მისგან შვილიერებასა და შვილითა გამაძღარნი ადიდებდნენ ღმერთსა და შესაწირავთა და მადლთა მისცემდნენ პატიოსანსა ჯვარსა. არა მხოლოდ იქ მისულთ უსრულებდა სათხოველსა, არამედ მათცა, რომელნიც შორს იყვნენ, გინათუ ბრძოლასა, ღვაწლსა შინა ხადიედ პატიოსანსა ჯვარსა მცხეთისასა, იქ თქვესვე მძლე-ექმნიან მტერთა, შეწევნითა პატიოსნისა ჯვარისათა, და დიდითა სიხარულითა მოვიდიან მადლისა მიცემად პატიოსნისა ჯვარისა. მრავალნი უღმრთონიცა ჭირსა შეცვივეს, ხოლო რაჟამს სარწმუნოებით ხადოდეს პატიოსანსა ჯვარსა მცხეთისასა, იქ ქვესვე განერნიან, და სიხარულითა დიდითა მოვიდიან თავყვანის-ცემად პატიოსანსა ჯვარსა, და ნათელი მოიღიან, და სიხარულით ადიდებდნენ ღმერთსა და პატიოსანსა ჯვარსა. ხოლო სხვანი მრავალნი მრავალსა ჭირსა შეცვივეს და ვედრებითა პატიოსნისა ჯვარისათა განერნიან, და მრავალნი სნეულნი პირად-პირადითა სენითა მავლენედ ვედრებად პატიოსნისა ჯვარისა და განიკურნებიენ ვიდრე დღენდელად დღედმდე. და სხვანიცა სასწაულნი იქმნებოდნენ წინაშე პატიოსნისა ჯვარისა ზეცით გარდამო ღმრთისა მიერ, რომელნიც არა დაწერილ არიან წიგნსა ამას. ხოლო ესე ოდენ დაიწერნეს საქებელად ღმრთისა და სადიდებელად პატიოსნისა ჯვარისა და რათა ჩვენ ყოველნი ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომლისა არის დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
ჯვრების აღმართვის შემდეგ დღის წესრიგში დადგა სამეფოს ყველა კუთხეში ტაძრების აგება და მღვდლების გამრავლება, რათა სწრაფად მომხდარიყო მოსახლეობის მონათვლა ახალ სარწმუნოებაზე.
მაშინ გაგზავნა მირიან მეფემან ეპისკოპოსი იოვანე და მის თანა წარჩინებული ერთი წინაშე კოსტანტინე მეფისა, და ითხოვა ნაწილი ძელისა ცხოვრებისა, რომელი მას ოდენ ჟამსა გამოეჩინა ღმრთის-მოყვარესა ელენე დედოფალსა. და ითხოვა მღვდელნი მრავალნი, რათა განაწესოს ყოველთა ქალაქთა და ადგილთა და ნათელსცემდენ ერსა, რათა მსწრაფლ ნათელიღოს ყოველმან სულმან ქართლისამან. და ითხოვნა ქვისა მთლელნი და კირით ხურონი აღშენებისათვის ეკლესიათა.
როდესაც მივიდნენ წინაშე კოსტანტინე მეფისა, სიხარულით მოანიჭა ნაწილი ძელისა ცხოვრებისა, და ფიცარნი იგი, რომელთა ზედა ფეხნი დამსჭვალულ იყვნენ უფლისანი და სამსჭვალნი ხელთანი. და წარმოგზავნნა მღვდელნი და ხურონი ფრიად მრავალნი: რამეთუ კოსტანტინე მეფემან მეფობასა შინა მისსა აღაშენა წმიდა ეკლესია, ტაძარი ღმრთისა ხუთასი. და მოსცა განძი დიდძალი ეპისკოპოსსა იოვანეს და უბრძანა: „სადა-ცა ჯერ იჩინო ადგილთა ქართლისათა, აღაშენენ ეკლესიანი სახელსა ზედა ჩემსა; და ნიჭნი ესე დაამკვიდრენ ქალაქთა ქართლისათა“.
წამოვიდა ეპისკოპოსი და მის თანა მოციქული. და ვითარ მოვიდნენ ადგილსა, რომელსაც ჰქვია ერუშეთი. იქ დადვეს საძირკველი ეკლესიისა. დაუტოვეს ხურონი ეკლესიის ასაგებად და დაუტოვეს ფეხთა ფიცარნი მაცხოვრისანი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. შემდეგ მივიდნენ წუნდას, დატოვეს ხურონი და როდესაც დაიწყეს ეკლესიის მშენებლობა გზა გააგრძელეს და მივიდნენ მანგლისს. იქაც დაიწყეს ეკლესიას შენება, დატოვეს სამსჭვალნი უფლისანი ასე მოვიდნენ მცხეთას და იწყო მეფემან შენებად ქვითა ეკლესიასა გარეუბნისასა.
როდესაც გაიგო მეფემან, რომ პირველ არა სამეუფოსა ქალაქსა მოვიდნენ, არამედ სხვათა ქალაქთა და ადგილთა იწყეს შენებად ეკლესიათა და დაუტოვეს ნაწილნი, შეწუხდა მირიან მეფე ამისთვის. მაშინ ქართლის მთავარეპისკოპოსის რანგში ამაღლებულმა იოვანემ მეფეს უთხრა: „ნუ სწუხ, მეფეო, რამეთუ ასე ჯერ არის: სადამ მოვიდოდნენ, დასთესეს სახელი ღმრთისასა. შენთან არის ამას ქალაქსა შინა სამოსელი ქრისტესი, ზეგარდამო ქსოვილი, რომელიც ჯვარის მცველთა მათ გაიყვეს, და კვართი იგი ამათ შეიხვედრეს, ჩრდილოსა ამას ქალაქსა შინა დაფარეს, და აწ შვილნი მათნი არიან, ვინ უწყის, თუ ადგილიცა იცოდნენ. ხოლო დადგა დრო გამოჩნდეს დიდებით ქვეყანასა ზედა. ეგრეთვე მოსასხამი ელიასი აქვე დამარხული არის“.
აივსო სიხარულითა მეფე და უმალვე მოიყვანა მეფემან აბიათარ მღვდელი და მასთან მრავალი ჰურიათა და ჰკითხა, თუ: „ნამდვილია თუ არა ეს?“ და მათ დაუდასტურეს და თქვეს: „აქეთ წავიდნენ ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი და თალენავ და მისაელ“. და კვართისა მის თქვეს წილით ხვედრება ამათი, ხოლო ადგილი იგი უარყვეს. მაშინ გამხიარულდა მირიან მეფე, რაჟამს ეუწყა: „პირველ მოწევნულ იყო კვართი იგი ქრისტესი იერუსალიმით მცხეთად“. მადლობდა ღმერთსა და ხელაპყრობილმა თქვა: „კურთხეულ ხარ შენ, უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისა ცხოველისაო, რამეთუ გინდა ცხოვრება ჩვენი და ხსნა ჩვენი ეშმაკისაგან და ადგილისა მისგან ბნელისა. ამისთვის სამოსელი შენი ებრაელთა მათ წარმოეც წმინდით ქალაქით იერუსალიმით ებრაელთა მათ, ღმერთებისა შენისაგან უცხო-ქმნილთა, და მომეც ჩვენ უცხოთა ნათესავთაგან“.
გაემართა მეფე და ყოველი ქართლი მაყვალთა მათ ზედა, საყოფელსა წმინდისა ნინოსსა, სადა აწ არის ეკლესია საეპისკოპოსო. მაშინ თქვა წმიდამან ნინო: „კურთხეულ არის უფალი ღმერთი იესო ქრისტე და მამა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, რომელმაც მოავლინა სიტყვა მისი წმიდა ზეცითგან მაღალათ, თვით ძლიერისაგან საყდრისა გარდამოსული ქვეყანად მდაბლად, შობილი. უეჭველად თესლისაგან დავითისა, დედაკაცისაგან მარტოდ შობილისა, წმიდისა და უბიწოსა; რომელიც სათნო ეყო მას მიზეზითა, მიზეზი ცხოვრებისა ჩვენისა, რომელმან ცასა ქვეშე ყოველივე გაანათლა და მორწმუნენი აცხონა; რომელიც იშვა ვითარცა კაცი, ნათელი ყოველთა, ხატი ღმრთისა მამისა, და ვითარცა მსახურმან ვინმე სჯულისამან ნათელიღო წყლისაგან და სულისა, ჯვარს ეცვა, დაეფლა და აღდგა მესამესა დღესა, და ავიდა სიმაღლესა მამისა თანა, და კვლავ მოვალს დიდებით; რომელსა შვენის ყოველივე დიდება, პატივი და თაყვანისცემა თანა მამით და სულით წმიდით“.
მათ დღეთა შინა მოვიდა წიგნები რომიდან წმინდისა პატრეარქისა ნეტარისა ნინოსა და მირეან მეფისა და ყოვლისა ერისა ქართველისა. და მოევლინა ფრანკი მთავარდიაკონი ქებისა შესხმად და კურთხევისა მოცემად, და წმიდისა და ნეტარისა ნინოს ლოცვისა წაღებად და მადლისა ზიარებად. და ჰქონდა წიგნი ფრანკთა მეფისა ნეტარისა ნინოსა, რამეთუ მოენათლნენ ისინი მამასა მისსა ზაბილონს. და ესე ყოველი მისმენილ იყო მათა იერუსალიმით, რომით, კოსტანტინეპოლით, ასევე ქვეყანასა მას ჩრდილოსასა. მიფენილ არის მზე იგი სიმართლისა, ნათელი, მამისა მიერ მოსული – ქრისტე და ამისთვის სანატრელი წიგნი მოეწერა, რათამცა აუწყეს საქმენი იგი და სასწაულნი და სვეტისა მის და მაყვლოვანისა მის საკვირველებანი და ძალი იგი კურნებათა, რომელიც იხილა მთავარდიაკონმან და გაკვირვებით ადიდებდა ღმერთსა. და წაიღო წიგნები და წავიდა.
ცოტა ხნის შემდეგ უთხრა მეფემან წმიდასა ნინოს და ეპისკოპოსსა: „მნებავს ესრეთ, რათა იძულებით მახვილითა მოვაქცივნეთ მთეულნი და სიძე ჩემი ფეროზ, და დავამონნეთ ძესა ღმრთისასა და ვათაყვანნეთ პატიოსანსა ჯვარსა“. მათ უპასუხეს: „არა ბრძანებულ არის უფლისაგან მახვილისა აღება, არამედ სახარებითა და ჯვარითა პატიოსნითა უჩვენოთ გზა ჭეშმარიტი, მიმყვანებელი ცხოვრებად საუკუნოდ, და მადლმან ღმრთისამან განანათლოს ბნელი იგი გულთა მათთა.
წავიდა წმიდა ნინო და იაკობ მღვდელი, და მათ თანა გაატანა მეფემან ერისთავი ერთი. მივიდნენ და დადგნენ წობენს14, და მოუწოდეს მთეულთა, პირუტყვთა სახეთა მათ კაცთა, ჭართალელთა15, ფხოველთა16, წილკანელთა17 და გუდამაყრელთა18. და უქადაგეს მათ სჯული ქრისტესი. ხოლო მათ არა ინებეს ნათლისღება. მაშინ ერისთავმან მეფისამან მცირედ წარმართა მახვილი მათ ზედა, და შიშით მოსცეს კერპნი მათნი დასალეწად.
გადავიდა ერწოს19 და დადგა ჟალეთს20, დაბასა ედემს(?), და უქადაგეს ერწო-თიანეთელთა. ხოლო მათ შეიწყნარეს და ნათელიღეს. ხოლო ფხოველთა ესმათ რა ეს ამბავი დატოვეს ქვეყანა მათი და გადაიხვეწეს თუშეთს21. რომელნიც შემდგომ იპოვა თრდატ მეფემან, მოიყვანა და მონათლა.
სხვანი მთიელნი უმრავლესნი არა მოიქცნენ და დაუმძიმა მათ მეფემან ხარკი, ოდეს არა ინებეს ნათლისღება. ზოგიერთი მათგანი მოაქცია აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსმან, ზოგიერთი მათგანი კი დარჩნენ წარმართობაზე შინა დიდი ხნის მანძილზე.
ხოლო წმიდა ნინო გაემართა მოქცევად ფეროზისა. როდესაც ნინო ჩავიდა კუხეთს და დადგა კაწარეთს22 და მონათლნა კუხელნი და სოჯელნი23 ერითურთ მათით.
აქედან გადავიდა კახეთს და დადგა ქცელ-დაბას24. იქ მოიყვანა კახნი მთავარნი და მონათლა.
ბოლოს ნინო დასნეულდა და გამოემართა მცხეთად. და როდესაც მოიწია კუხეთს, დაბასა, რომელსაც ჰქვია ბოდინი, ვეღარ შეძლო სლვა. გაიგეს რა რევმა და მისმა ცოლმა სალომემ, რომლებიც უჯარმას ცხოვრობდნენ, სასწრაფოდ მოვიდნენ ბოდს და ზედა-ადგნენ მომვლელად. ამავე დროს აცნობეს ყველაფერი მეფეს. მეფემან და ცოლმან მისმან ნანამ მცხეთიდან გაუგზავნეს იოვანე მთავარეპისკოპოსი ხილვად და სასახლეში წასაყვანად. ხოლო მან არა ინება, არამედ შეავედრა იაკობ მღვდელი: „რათა შემდგომად შენსა მან დაიპყრას საყდარი“.
მაშინ წავიდა თვით მეფე და სიმრავლე ერისა. და შეიკრიბა მის ზედა სიმრავლე ერთა ძლიერთა. რამეთუ ხედავდა ყოველი იგი ერი პირსა ნინოსსა, ვითარცა პირსა ზეცისა ანგელოზისასა, დასცვეთოდა მცირედ მას და ძველი სამოსელი მისსა მთხვევითა სარწმუნოებით და იძულებით. ევედრებოდნენ ყოველნი დედოფალნი, გარემოს მსხდომნი, რომელთა გადმოსდიოდათ ნაკადულნი ცრემლთანი თვალთაგან მათთა განშორებისათვის მოძღვრისა მათისა და მოღვაწისა, და სნეულთა მკურნალისა ხელოვანისა.
ეტყოდნენ სალომე უჯარმელი და პეროჟავრი სივნელი და მათ თანა ერისთავნი და მთავარნი ჰკითხავდნენ, თუ „ვინა ხარ და საიდან მოხვედ ამა ქვეყანასა მაცხოვრად ჩვენდა, ანუ სად იყო აღზრდა შენი, დედოფალო; მაუწყე ჩვენ საქმე შენი. რასა იტყვი ტყვეობასა, ტყვეთა მხსნელო სანატრელო, რამეთუ ესე-რა გვასწავლე შენ, ვითარმედ ყოფილ არიან წინასწარმეტყველნი პირველ ძისა ღმრთისა, და შემდგომად მოციქული თორმეტნი და სხვანი სამოცდაათნი, და ჩვენდა არავინ მოავლინა ღმერთმან, გარნა შენ, და ვითარ იტყვი, ვითარმედ ტყვე ვარ მე, ანუ ვითარ უცხო“.
მაშინ იწყო სიტყვად ნინომ და თქვა: „ასულნო სარწმუნოებისანო, მახლობელნო ღმრთისანო, დედოფალნო ჩემნო. გხედავ თქვენ, ვითარცა პირველთა მათ წმიდათა დედათა, ყოველსა მას სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა, და გნებავს გზათა ჩემთა ცნობა, გლახაკისა მხევლისა თქვენისათა და აწ გაუწყო, რამეთუ ესე-რა მოსულ არის სული ჩემი ხორცად ჩემდა, და მეძინების მე ძილითა დედისა ჩემისათა საუკუნოდ. არამედ მოიხუენით საწერელნი და დაწერეთ გლახაკი და უდები ცხოვრება ჩემი, რათა უწყოდიან შვილთა თქვენთა სარწმუნოება თქვენი, და შეწყნარება ჩემი, და სასწაულნი ღმრთისანი, რომელ გიხილვან მცირედნი მთათა მათ ზედა, მაყვლოვანსა მას შინა, სვეტისა აღმართებასა, და მიერ წყაროსა მას ზედა, და ვიდრე აქა მოსლვადმდე ჩემდა. თვით უფალმან იცის და სულმან ჩემმან, რომელი უხილავს თვალთა ჩემთა ზეცით გარდამო ქვეყანასა ზედა“.
მის წინაშე მისცა წერილი სალომეს ელენე დედოფლისა მოწერილი, რომელიც მოეწერა ნინოსთვის, დედოფლობით და მოციქულად და მახარებელად შეემკო და ძელი ცხოვრებისა წარმოეცა დედოფლისა ნანასა.
მაშინ მსწრაფლ მოიმარჯვეს საწერელნი სალომე უჯარმელმან და პეროჟავრი სივნელმან: იწყო სიტყვად წმიდამან ნინო, ხოლო ისინი წერდნენ. და წარმოუთხრა ყოველი, რომელიც ზემოთ დავწერეთ, ცხოვრება მის წმიდისა და ნეტარისა. და შევედრა მეფესა იაკობ მღდელი, რათა შემდგომად იოვანესსა იგი იყოს ეპისკოპოსი.
მაშინ იოვანე ეპისკოპოსმან შეწირა ჟამი და აზიარა წმიდა ნინო ხორცსა და სისხლსა ქრისტესსა. და შევედრა სული თვისი მეუფესა ცათასა, ქართლად მოსლვითგან მისით მეთხუთმეტესა წელსა.
მაშინ შეიძრნენ ორნი-ვე ესე ქალაქნი, მცხეთა და უჯარმა, და ყოველი ქართლი, მიცვალებასა ნინოსსა. იქ მივიდნენ და დამარხეს ძლევით შემოსილი გვამი მისი ადგილსავე ზედა კუხეთს, დაბასა ბოდისასა25 რამეთუ იქ ითხოვა თვით დაფლვა მეფისაგან, შეხედვებითა ღმრთისათა: სიმდაბლისათვის ქმნა ესე წმიდამან, რამეთუ ადგილი იგი შეურაცხი იყო. და მწუხარე იყო მეფე და ყოველნი წარჩინებულნი იქ დაფლვასა მისსა, არამედ მცნებისა და ანდერძისა მისისა აღსრულებისათვის დაფლეს იქ. მისი გარდაცვალების მიზეზი იყო „სიცხე და ხურვება“, რაც დღევანდელი ტერმინოლოგიით მალარიას შეესაბამება.
მაშინ შეიძრნენ ორივე ესე ქალაქნი, მცხეთა და უჯარმა და ყოველი ქართლი მიცვალებასა მისსა, იქ მოვიდოდნენ სიმრავლე ერისა ფრიადისა და ურთიერთარს დათრგუნვიდნენ, რათა შეეხნენ ფესვსა სამოსლისა მისისასა; ხოლო მეფემან ძლივს დააცხრო შფოთი ერისა და განიზრახა რათა გვამი მისი წაიყვანოს და დაკრძალოს მახლობლად სვეტისა ცხოველისა და როდესაც ხელი მოკიდეს აღებად გვამს მის წმიდისა, ხელნი მათნი უქმ იქმნიან და ყოვლად ვერ უძლიან შეძრვად; მაშინ გადაწყვიტეს და დაკრძალეს მასვე ადგილსავე ზედა კუხეთს, დაბასა ბოდისასა, რამეთუ იქ ითხოვა თვით დაფლვა მეფისაგან შეხედვებითა ღვთისათა და სიმდაბლისათვის ქმნა ესე წმინდამან, რამეთუ ადგილი იგი შეურაცხ იყო. მწუხარე იყო მეფე და ყოველი წარჩინებულნი იქ დაფლვასა მისსა, არამედ მცნებისა ანდერძისა მისისა აღსრულებისათვის დაფლეს იქ. წავიდა მირეან მეფე და ყოველი ერი, რამეთუ იქმოდნენ ზემოსა ეკლესიასა ქვითა. დაასრულეს მეოთხე წელსა და ეპისკოპოზი განაჩინეს მას ზედა.
მოგვითხრობს იაკობ მთავარეპისკოპოსი
როდესაც მოიწია ჟამი და მოვიდა წმიდა ნინო, პირველ ვითარცა ტყვე, ვითარცა უცხო და ვითარცა მწირი, ვითარცა შეუწევნელი ვითარცა უსმი და უტყვი, რომელიცა აწ მექმნა ჩვენ ტყვე იგი დედოფალ, უცხო იგი – დედა, შეუწევნელი – შესავედრებელ ყოველთა, და უტყი იგი – ქადაგ ძლიერ და მეცნიერ დაფარულთა ჩემთა გულის-სიტყვათა, ამან წმიდამან აღანთო გულსა ჩემსა სანთელი ნათლისა და შუაღამეს ოდენ მეჩვენა მე მზე მბრწყინვალე, ქრისტე ღმერთი ჩვენი, რომლისა ნათელი მისი არა მოაკლდეს უკუნისამდე. და მექმნა ჩვენ მოძღვარ და შემრთნა ჩვენ ერსა ქრისტესსა ნათლის-ღებითა წმიდითა და პატიოსნისა ძელისა თავყვანისცემითა. და მომცა ჩვენ რჯული ახალი ცხორებისა და სიხარულისა და ღირს-მყვნა გემოს-ხილვად საიდუმლოთა უხრწნელთა ზეცისათა. მე ვიქმენ მორჩილ ბრძანებათა მისთა, რომელიცა მასწავლა და ავაშენე ეკლესია სალოცველად სამოთხესა მას მამათა ჩემთასა, და მას შინა სვეტი ესე ნათლისა, რომელიცა მე ყოვლად ვერ შეუძლე ყოვლითა ძალითა და ცნობითა კაცობრივითა, ხოლო ღმერთმან მაღალმან მოავლინა ერთი მსახურთა მისთაგანი და წამის-ყოფითა მისითა ქვეყანით ცად აიწია. და თვით თვალნი თქვენნი ხედავენ საშინელებასა და საკვირველებასა მისსა და შემდეგ კურნებათა მათ მისთა. როდესაც მაუწყა აღმართება, წარვავლინე ხურონი ძიებად ხესა. როდესაც იპოვეს ხე ერთი მარტო, მდგომარე კლდესა ზედა, რომლისადა არა შეხებულ იყო ხელი კაცისა, არამედ მონადირეთაგან სმენით გვესმინა სასწაული ხისა მის, რამეთუ ოდეს ირემსაღა ეცის ისარი, მიივლტინ ბორცვსა მას ქვეშ, რომლის ზედ იდგა ხე იგი, და სწრაფად ჭამდა თესლსა მას მის ხისასა ჩამოცვივნებულსა და სიკვდილისაგან განერის.
ესე მითხრეს და ვიყავ დაკვირვებულ ამისთვის. მოვკვეთე მე ხე იგი და შევქმენ მისგან სამი ჯვარი: ერთი ესე, რომელიც ზეცით იყო სასწაული მისი, და ერთი აღვმართე ადგილსა მას, სადა-იგი მხილება უფლისამიერი ვიხილე, მთასა ზედა თხოთისასა, ხოლო ერთი იგი ქალაქსა უჯარმას, რომელიც წაიღო სალომემ. და ავაშენე ეკლესია მაყვლოვანსა მას შინა ნინოსსა, და ვქმენ მას შინა საქმე, ქმნული უჩინო და ცხადი, დიდება მაყვლოვანთა მათ, რამეთუ არა გამოვახუ ფურცელი ერთიცა მათგან, არამედ ხარისხითა გარე-შევიცვენ, რამეთუ მეხილვნეს მრავალნი სასწაულნი მას შინა და კურნებანი დიდნი. და ავაშენე ზემო ეკლესია თავისა ჩემისათვის ქვითა და ერისა სიმრავლითა, რამეთუ ქვემოსა ეკლესიასა ერქვა „წმიდაწმიდათა“ და ყოვლადვე ვერ ვიკადრებდი კართა მისთა განხუმად გარდა ხოლო დღესა კვირასა, არცა შესლვად ვინ იკადრებდა გარდა მღვდელთასა, რომელნიც გალობენ მას შინა, რამეთუ შიში დიდი დაცემულ იყო ყოველსა ზედა კაცსა სვეტისა მისგან ცხოველისა. და ხედავდა ყოველი კაცი სვეტსა მას ვითარცა ძალსა ღმრთისასა. და მიხედვადცა ვერ შეეძლო კაცთა სართულსა მისსა, რომელსაც თვით ვხედავთ. და ვერ ვიკადრე წინაშე მისსა აღმოკვეთად მიწა სამარედ ჩემდა, რათამცა დავსხენ ხორცნი ჩემნი მის წინაშე, რამეთუ მეშინოდა მისგან ცოდვისა ოდენ მოქმედსა. და შევიმზადე ზემოთ საფლავი ჩემი, რათა თვალსა მისსა მივრიდო და წყალობასა მისსა მივემთხვიო აღდგომასა. და ვითარცა შევიმზადე კეთილთა ღმრთისათა განსრულებასა ჩემ ზედა და ვიტყოდე: „შევავედრო სული ჩემი დედასა ჩემსა წმიდასა ნინოს“, ხოლო წმიდამან მან შეავედრა სული თვისი უბიწო ხელთა დამბადებელისა თვისისათა, რამეთუ აღასრულა ყოველივე მცნება ღმრთისა და სწავლა წმიდისა მის დედის ძმისა მისისა, მამისა ჩვენისა პატრიარქისა და დაგვაობლა ჩვენ ახლად-შობილნი ჩვილნი უმეცარნი. და ფრიად შევძრწუნდი სულითა ჩემითა და ყოველი ნათესავი ჩრდილოსა აივსო მწუხარებითა, რამეთუ ოდნავ ამოსულ იყო მზე სიმართლისა და ოდნავ მოფენილ იყო ჭეშმარიტება. და დაფარა ღრუბელმან წმიდა ნინო. ხოლო წმიდა იგი ყოვლადვე ნათელსა შინა არის და ყოველთა გაგვანათლებს. ხოლო მე განვიზრახე წმიდა იგი გვამი მისი რათამცა წარმოვიდე გულმოდგინებითა დიდითა აქა, წინაშე სვეტსა ნათლით შემოსილსა და არა ვიპოვე ღონე ყოვლადვე, რამეთუ ვერ გაანძრიეს ორასთა კაცთა მცირე იგი ცხედარი, რომელსა ზედა შეისვენა წმიდამან და სანატრელმან ნინო. მაშინ დავმარხეთ წმიდა იგი გვამი მისი ყოვლადვე დიდებულისა ბოდს, დაბასა კუხეთისასა. და ვგლოვობდით სიობლესა ჩვენსა ოც და ათ დღე ყოვლითურთ სამეუფოთ ჩემით. და ავაშენე მას ზედა ეკლესია და განვადიდე ფრიად, და მისითა მეოხებითა მაქვს სასოება ძისა ღმრთისაგან და სარწმუნოებასა ზედა დაუსაბამოსა ღმრთისა მამისასა და ყოვლად ძლიერისა ძისასა და ცხოველსმყოფელისა სულისა წმინდისა უკდავისასა. და ვეძიებ და მოველი აღდგომასა მკვდრეთით და შევავედრებ სულსა ჩემსა ქრისტეს მეუფისა და, რომლისა არის დიდება, სიმტკიცე და ძლიერება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ“.
როდესაც დაასრულა სირბილი თვისი სარწმუნოებასა ზედა წმიდისა სამებისასა წმიდამან და სანატრელმან დედოფალმან ნინო, რომელიც გვექმნა მახარებელ გულთა ჩვენთა და მლხინებელ სულთა და ხორცთა ჩვენთა, ვითარ დაასრულა ერთი ესე სამეუფო, ქვეყანა ჩრდილოსა, მცხეთისა მეფეთა სამეფო, არწმუნა ყოველთა აღსარება მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, ნათლისღებითა მოსვლა ქრისტესი და შობა წმინდისაგან ქალწულისა, ნათლისღება და სიკვდილი ქრისტესი და აღდგომა მკვდრეთით, შემდგომად სიკვდილისა უკვდავება და ცხონება, მეორედ მოსვლა ძისა ღმერთისა ქვეყანად, მართალთა ცხოვრება და ცოდვილთა შურისგება, რამეთუ მისა არის სუფევა უკუნითი უკუნისამდე და შემდეგ, ამენ.
*       *       *
როდესაც აღასრულა ეს ყოველი მირიან მეფემან, განამტკიცა ყოველი ქართლი სარწმუნოებასა ზედა სამებისა წმიდისასა, ერთარსებისა ღმერთისა დაუსაბამოსასა, დამბადებელისა ყოვლისასა; განმტკიცდნენ სრულსა სარწმუნოებასა ზედა.
მაშინ მეფესა კოსტანტინეს რომელსაც ჰყავდა მძევალი, ძე მირიანისი, სახელით ბაქარ, გამოგზავნა იგი ნიჭითა დიდითა, და მოსწერა: „მე, კოსტანტინე მეფე, თვით-მპყრობელი, ახალი მონა ცათა მეუფისა, პირველ ეშმაკისაგან წარტყვენული და შემდეგ გამოხსნილი დამბადებელისა მიერ, მოგწერე შენდა ღმრთივ-განბრძნობილისა და ჩემთანა-ვე ახალ-ნერგისა, მორწმუნისა მეფისა მირიანისსა. იყოს შენ თანა მშვიდობა და სიხარული! ვინაიდან იცან შენ სამება ერთარსება, ღმერთი დაუსაბამო, დამბადებელი ყოვლისა, არღარა მიხმს მე შენგან მძევალი, არამედ კმა არის ჩვენ შორის შუამდგომელად ქრისტე, ძე ღმრთისა, პირველ ჟამთა შობილი, რომელიც განკაცდა ხსნისათვის ჩვენისა, და ჯვარი მისი პატიოსანი, რომელიც მოცემულ არის ჩვენდა წინა-მძღვრად, გულითა მოსავთა მისთა, და შუა-მდგომელობითა ღმრთისა დამბადებელისათა ვიყვნეთ ჩვენ სიყვარულსა ზედა ძმებრივ. და შვილი შენი შენდა-ვე მიმინიჭებიეს, იხილე და განიხარე; და ღმრთისაგან მოვლინებული ანგელოზი მშვიდობისა იყავნ შენ თანა მარადის; განდევნენ ღმერთმან დამბადებელმან ეშმაკი მაცთური საზღვართაგან შენთა“.
მოვიდა ბაქარ, ძე მეფისა მირიანისი, და მოციქული კოსტანტინე მეფისა მცხეთას. აივსნენ სიხარულითა მირიან მეფე და ნანა დედოფალი, და მადლობდნენ ღმერთსა, ნიჭთა სრულთა მომცემელსა.
ნინოს გარდაცვალებიდან მეოთხე წელს მირიან მეფემან დაასრულა ზემო ეკლესია (დღევ. მცხეთის სამთავრო), მაგრამ სიხარული დიდხანს არ დასცალდა, რადგან უფროსი ძე მოუკვდა: „შეიქმნა კუბო რევმა და გაიკეთა საფლავი ქვემოსა ეკლესიასა (სვეტიცხოველი, სამთავარეპისკოპოსო). მოკვდა რევ და დაიმარხა იქვე აკლდამასა-ვე ცოლითურთ“.
მირიან მეფის ანდერძი დედოფალ ნანას და ძე ბაქარს (ბაკურს)
მას-ვე წელიწადსა დასნეულდა მირიან მეფე, რომელი-ცა აღესრულა. და მოიყვანა ძე მისი ბაქარ და ცოლი მისი ნანა, და უთხრა ნანას: „აჰა ესე-რა, მე წავალ როგორც მოვედი, ვმადლობ მრავალ-მოწყალესა ღმერთსა, დამბადებელსა ცისა და ქვეყანისასა, რომელმაც ეშმაკისაგან მიხსნა მე პირისაგან ჯოჯოხეთისა, და ღირს მყო მე მარჯვენით მის თანა. შენ, ნანა, უკეთუ გეცეს-ღა მოცალება ცხოვრებისა ჩემისა შემდგომად განყავ სამეფო განძი ჩვენი ორად, და მიეც სამარხავსა ნინოსა, განმანათლებელისა ჩვენისასა, ჟამთა შეცვალებისათვის, რათა არა შეირყიოს უკუნისამდე იგი ადგილი; რამეთუ მეფეთა საჯდომი არის, არამედ მწირ არის. ეგრეთ-ვე ვავედრებ ეპისკოპოსთა, რათა ადიდონ დიდება მის ადგილისა, „რამეთუ ღირსი არის პატივისცემასა“.
ხოლო ძესა თვისსა უთხრა: „აჰა ესერა შვილო ჩემო, შეიცვალა ბნელი ჩვენი ნათლად და სიკვდილი ჩვენი ცხოვრებად. შენდა მომიცემია გვირგვინი მეფობისა ჩემისა. ღმერთმან დამბადებელმან ცისა და ქვეყანისამან დაგამტკიცენ შენ სრულსა სარწმუნოებასა ზედა. იწვრთიდი ყოვლადვე მცნებათა ძისა ღმრთისათა, და დაადგერ სრულიად მათ ზედა: და სახელსა ზედა ქრისტესსა სიკვდილი ცხოვრებად გიჩნდინ, რომლითა წარუვალი ცხოვრება მოიგო. სადაც იპოვო ვნებანი იგი ცეცხლისანი კერპნი, ცეცხლითა დაწვი, და ნაცარი შეასვი რომელნიც მათ ესვიდენ. და ესე შვილთაცა შენთა ამცნე, რამეთუ მე ვიცი იგი, რომელ კავკასიათაცა შინავე დაილევიან. ხოლო შენ ამას შეუდეგ გულითა შენითა, და თავი შენი შეავედრე ძესა ღმრთისასა, პირველ ჟამთა შობილსა, და განკაცებულსა, და ვნებულსა ხსნისათვის ჩვენისა. და წარმძღვანებითა პატიოსნისა ჯვარისათა სძლიე მტერთა, როგორცა აქვს ჩვეულება გულითა მოსავთა მისთა. პატივს სცემდე სვეტსა მას ცხოველსა ღმრთივ-აღმართებულსა, და იყავნ ყოვლითურთ სასოება შენი მისა მიმართ, და იყავნ მისლვა შენი ძილად საუკუნოდ სარწმუნოებასა ზედა სამებისასა“.
მოაყვანებინა ჯვარი იგი წმიდისა ნინოსი, რომელიც პირველიდან ჰქონდა, და ჩამოჰკიდა გვირგვინი სამეფო ჯვარსა მას. და მოიყვანა ძე თვისი ბაქარ. თავსა მისსა გამოსახა სახე ჯვარისა; აიღო გვირგვინი ჯვარისაგან და დადგა თავსა ძისა თვისისასა.
აღესრულა მირიან მეფე, და დაეფლა ზემოსა ეკლესიასა (სამთავროში), საშუალსა სვეტსა სამხრითსა, ჩრდილოთ-კერძო. და მას სვეტსა შინა არის ნაწილი ღმრთივ-აღმართებულისა მის სვეტისა.
მეორესა წელსა მოკვდა ნანა დედოფალი, და დაეფლა მას-ვე სვეტსა დასავლეთით, სადაც მირიან მეფე დამარხულ იყო. 
მეფე-დედოფალი სვეტიცხოვლი ტაძრის ახლოს, თანამედროვე სამთავროს ტაძრის ტერიტორიაზე არიან დაკრძალული.
წმინდა ნინოს ხსენების დღე არის ძველი სტილით 14 იანვარი და 19 ივნისი, ახალი სტილით – 27 იანვარი და 1 ივნისი. მირიან მეფისა და ნანა დედოფლის ხსენების დღე არის ძველი სტილით 1 ოქტომბერს, ხოლო ახალი სტილით 14 ოქტომბერს. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად აღიარებას საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია 326 წლით ათარიღებს.
პირველი ქართული ქრისტიანული ტაძრის აგებულება
ქართული და უცხოური წყაროების მონაცემების ანალიზით შეგვიძლია აღვადგინოთ პირველი ქართული ტაძრის აგებულება. იგი არსებითად მომდინარეობს ელინისტური ტაძრიდან და მისი შემდგომი განვითარებაა. ელინისტურ ტაძარში კი მრველი საერთოდ არ შედიოდა; ტაძარში შესვლის უფლება ჰქონდა მხოლოდ ქურუმს, რომელიც იყო კავშირი ღმერთსა და მრევლს შორის: მავედრებელი მრევლი ტაძრის გარეთ გალავანში ანუ პორტიკში იცდიდა და ელოდებოდა ქურუმის ღაღადის მოსმენას.
როგორც ჩანს, ეს წესი შერჩა პირვანდელ ქრისტიანულ ეკლესიას: მლოცველი გალავანში იყო და არა ტაძარში. ამასთან ქრისტიანულმა ეკლესიამ ქალებიც შეუშვა სალოცავში და შესაბამისად საჭირო გახდა გალავანში მლოცველთა ადგილის ქალთა და კაცთა სამყოფისად სპეციალური კედლით გაყოფა.
ასე რომ თავდაპირველად კაცთა და ქალთა სამყოფელი ადგილები არის ტაძრის გალავანში: ტაძარში მხოლოდ ქურუმია, რომელიც ღმერთთან კავშირის განხორციელების შემდეგ გამოვა ტაძრიდან და გალავანში მყოფ მავედრებლებს, კაცებსა და ქალებს, გაუზიარებს ღმერთთან კავშირში მოპოვებულ მადლს.
V–VI საუკუნეებში კაცთა და ქალთა სამყოფელი ადგილი გახდა ტაძრის ორგანული ნაწილი (მცხეთის ჯვარი, ატენის სიონი) და ქალთა გამოყოფილმა ადგილმა დაჰკარგა თავისი მნიშვნელობა (ძველი შუამთა, მარტვილი).
არმენიისა და ქართლის გაქრისტიანების დათარიღება
ეკეგეაცის მხარის დაბა ერიზაში მეფე თრდატი ატარებდა ქალღმერთ ანაჰიტას მიმართ მსხვერპლშეწირვას. მასში მონაწილეობაზე კი ქრისტიანმა გრიგორმა უარი თქვა. მალე მეფემ გაიგო, რომ ეს გრიგოლი მეფისმკვლელი ანაკის ძე იყო. ამიტომ თრდატის ბრძანებით გრიგორი დააპატიმრეს და მრავალთვიანი წამების შემდეგ არტაშატთან, ხორ ვირაპის მიწისქვეშა სიკვდილმისჯილთა ციხეში (არარატის პროვინციაში, არარატის მთასთან) ჩააგდეს, სადაც 15 წელი გაატარა. იმავ წელს თრდატმა ბრძანა დაეპატიმრებინათ ყველა ქრისტიანი და ჩამორთმეოდათ ქონება.
რიფსიმიანთა წამებიდან 6 დღის თავზე სანადიროდ მიმავალ თრდატ მეფეს სასწაული დაატყდება თავს „შეცვალებული იქმნა სახისაგან კაცთასა სახედ ღორისა“.
თრდატის დის კუსაროდუხტის ხილვიდან გამომდინარე „ჯურღმულსა მას ბნელსა არარატისასა“ ჩაგდებულ გრიგოლს ამოიყვანენ და თრდატ მეფესთან მიიყვანენ. შეიტყობს რა გრიგორი თრდატის თავზე დამტყდარი ღვთაებრივი სასჯელის მიზეზს, მოძებნის რიფსიმესა და მასთან ერთად წამებულთა წმინდა ნაწილებს და დამარხავს მათ, რის შემდეგაც გრიგოლის თხოვნითა და თრდატის ძალისხმევით იწყება ტაძრების შენება არმენიაში.
გარკვეული დროის შემდეგ,  გრიგორის ლოცვისა და ღვთის განგებულებით, თრდატს უბრუნდება ადამიანური სახე „ხოლო ღმერთი, რომელი იგი მოშიშთა მისთა სწყალობს, ვითარცა მამა, აქაცა განამრავლა ყოფა წყალობისა და უჩინო-ყო გარემოსილი იგი თრდატის სახე ღორებრივი და შინაგან მისსა დამკვიდრებული იგი განდევნა ბოროტი ეშმაკი“.
თრდატის ქრისტეს რჯულზე მოქცევის შემდეგ, საჭირო იყო მღვდელმთავარი, რომელიც სომხეთში ქრისტიანულ ეკლესიას გაუძღვებოდა. ამ მიზნით, საეკლესიო ხარისხის არმქონე გრიგორი იგზავნება კესარიის მთავარეპისკოპოს ლეონტისთან (315–325). „გამოარჩია მთავართა თვისთაგან კაცნი რიცხვით თექვსმეტნი და თან გაატანა ნეტარსა გრიგორის და გაგზავნა კესარიად კაპადოკიისა, რათა ლეონტის მიერ, რომელიც იყო მაშინ მთავარეპისკოპოსი კესარიისა, ხელთ-დასხმულ იქმნენ ნეტარი გრიგოლი პატივითა ეპისკოპოსობისათა“.
ლეონტი კესარიელი გაიგებს რა გრიგორის ხელით თრდატისა და მთელი სომხეთის გაქრისტიანების ამბავს, სიხარულით მიიღებს გრიგოლს. ეპისკოპოსად აკურთხებს მას და გამოუშვებს სომხეთში: „ესე და ესევითარი რა ეპისტოლე მიიღო მთავარეპისკოპოსმან ლეონტი, პატივით და სიყვარულით შეიწყნარა დიდი გრიგოლი და მოციქულნი იგი მის თანა და მყის შეკრებულთა მათ თანა მისთანათა ეპისკოპოსთა ხელნი დაასხნა და პატიოსნად და დიდებულად წარმოგზავნა იგი“.
უკან დაბრუნებულ გრიგორს თრდატი, მთელი თავისი ოჯახითა და ხალხით „მიეგება მას მდინარესა ზედა ევფრატსა“.
30 დღიანი მარხვის შემდეგ გრიგორმა „იწყო თვით მეფისათ და დედოფალსა და სამეფოსასა და ყოველთა მთავართა ნათელ-სცა მდინარესა შინა ევფრატსა და გამოაჩინა ისინი ძედ ნათლისა და დღისა, და კვლავ სხვა ეკლესია ააშენა კიდესა მდინარისასა და მას შინა აღასრულა საღმრთო საიდუმლო და ყოველივე წესი სამღვდელო.
სომხური წყაროების მიხედვით წმ. გრიგოლი სომხეთის სამღვდელმთავრო ტახტზე თრდატის მეფობის მეჩვიდმეტე წელსაა ასული. რიფსიმიანთა წამებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ლეონტი კესარიელთან წასული გრიგოლი, მომდევნო წლის ოქტომბერში დაბრუნებულა სომხეთში.
თრდატი სომხეთის ტახტზე 299 წელს დაჯდა, ნისიბინის ზავის დადების შემდეგ. შესაბამისად მეჩვიდმეტე წელი 316 წელზე მოდის, რაც კარგად უდგება ქართული წყაროს ინფორმაციას რიფსიმესა და ნინოს სხვა მიმდევართა წამების თარიღს:
„მოქცევა ქართლისას“ ცნობით რიფსიმე დედოფალი და გაიანე დედამძუძე და ორმეოცდაათი სული წარმოვემართენით თვესა პირველსა თხუთმეტსა და გამოვედით არეთა სომხითისათა, სამოთხესა მას თრდატ მეფისასა, ისინი მოიკლნენ იქ თვესა პირველსა ოცდაათსა, დღესა პარასკევსა. ხოლო მე დავჩი ეკალთა შინა ვარდისათა, რამეთუ ვარდი და ნუში ყვავოდა მას ჟამსა.  ნუში ყვავილობს მარტ-აპრილში, ზოგან თებერვალშიც, ნაყოფი ივნის-ივლისში მწიფდება. ვარდიც აგრეთვე მარტში ყვავილობს.
„თვესა პირველსა“ ბიბლიურ კალენდარულ ათვლის სისტემაზეა დამყარებული და მარტის თვეს გულისხმობს, შესაბამისად, რიფსიმიანთა წამების თარიღად ქართულ წყაროში – 30 მარტზე უნდა იყოს მინიშნება.
325 წ. ნიკეაში გამართულ I მსოფლიო საეკლესიო კრებამდელ ხანაში, ვ. კალანდაძის კალენდრის მიხედვით  ჩვენთვის საძიებელ დროში 30 მარტის პარასკევი დღე მხოლოდ – 305, 311, 316, 322 წელს იყო.
რადგან ლეონტი კესარიელი ეპისკოპოსი 315 წელს გახდა, ხოლო ელენე დედოფალი 311–318 წლებს შორის მოინათლა. ამდენად 305 და 311 წლები გამოირიცხა. აქედან გამომდინარე რჩება 316 და 322 წლები.
322 გამოუსადეგარია, რადგან ქართული წყაროებით ნინო მეგობრების წამებიდან შემდეგ წელს ჩამოდის ქართლში და 3 წელი ფარულად ლოცულობს და მხოლოდ მეოთხე წელს ახერხებს ღიად ქადაგების დაწყებას. თუ ავიღებთ 322 წელს, მაშინ გამოვა, რომ მხოლოდ 327 წლისთვის შეძლო ღიად ქადაგების დაწყება ნინომ, რაც წარმოუდნელია, რადგან 324 წელს კონსტანტინემ იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილიც დაიქვემდებარა და ამიერიდან როგორც იმპერიაში, ისე მის დაქვემდებარებულ ქვეყნებში ქრისტიანთა დევნა აიკრძალა.
ყველაფრის გათვალისწინებით დავათარიღოთ ნინოს ქართლში მოღვაწეობასთან დაკავშირებული თარიღები:
„მოქცევაი ქართლისაის“ მიხედვით: „ნინო იყო სამ წელს ეგრეთ. ილოცვიდა ფარულად ადგილსა ერთსა შებურვილსა ბრძამლითა მაყვლისაბითა. და შექმნა სახე ჯვარისა, ნასხლევისა და იქ დადგა და ილოცვიდა. და ადგილი იგი იყო ზღუდესა გარეგან. ხოლო მან მაყვალთა ადგილი არის ზემობსა ეკლესიისა საკურთხევლისა ადგილი. და მეოთხესა წელსა იწყო თქმად ქრისტე ღმერთი და სჯული: და მეექვსესა წელსა არწმუნა ცოლსა მეფისასა ნანას სენსა შინა მისსა და მეშვიდესა წელსა მეფესა არწმუნა სასწაულითა ქრისტესმიერითა. და მწრაფლ აღაშენა ეკლესია ქვემო სამოთხესა შინა. და სვეტი იგი იყო ძელისა, რომელიც თვით აღემართა.
ლეონტი მროველი კი აზუსტებს, რომ მეგობრების წამების შემდეგ გამოქცეულმა ნინომ სომხეთის მთებში გამოზამთრა და მომდევნო წლის ივნისში შემოვიდა ქართლში.
აქედან გამომდინარე ნინო ქართლში მოვიდა 317 წლის ივნისში და 3 წელი ფარულად ლოცულობდა. მეოთხე ანუ 321 წელს დაიწყო ღიად ქადაგება; მეექვსე ანუ 323 წელს მონათლა ნანა დედოფალი, ხოლო 324 წელს მირიან მეფე. ამის შემდეგ დაიწყო ეკლესიის მშენებლობა. 324 წლის 19 სექტემბერს კონსტანტინე დიდმა რომის იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილიც შემოიერთა, რის შემდეგაც დაიწყო ერთის მხრივ პოლიტიკური ცენტრის რომიდან ბერძნულ ქალაქ ბიზანტიონში, მეორეს მხრივ კი პირველი ქრისტიანული მსოფლიო საეკლესიო კრების მზადება. ბუნებრივია ასეთი ინფორმაცია სწრაფად ჩამოაღწევდა მცხეთამდე, რის შემდეგაც მირიან მეფე გზავნის კონსტანტინესთან თხოვნას მღვდლების გამოგზავნის თაობაზე. შესაბამისად იოვანე ეპისკოპოსისა და მხლებელი მღვდლების ჩამოსვლა 325 წლის მეორე ნახევარში უნდა მომხდარიყო, რის შედეგადაც მოინათლა მეფე და ქართლში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.
„ნინოს ცხოვრების“ მიხედვით ქართლის გამაქრისტიანებელი გარდაიცვალა ქართლში მოსვლიდან მეთხუთმეტე წელს: „მაშინ იოვანე ეპისკოპოსმან შეწირა ჟამი და აზიარა წმიდა ნინო ხორცსა და სისხლსა ქრისტესსა. და შევედრა სული თვისი მეუფესა ცათასა, ქართლად მოსლვითგან მისით მეთხუთმეტესა წელსა“. ეს კი უდრის 332 წელს.
ნინოს გარდაცვალებიდან მეოთხე წელს (336 წ) მირიანმა დაასრულა მის საფლავზე ტაძრის აგება. მალევე გარდაიცვალა ჯერ რევი, შემდეგ კი „მის-წელსვე“ მირიანი. შემდგომ (337) წელს გარდაიცვალა ნანა დედოფალიც.
325 წლისთვის ძლიერ მოხუცებულმა გრიგოლმა თავისი ხელით აკურთხა სომხეთის მთავარეპისკოპოსად საკუთარი უმცროსი ვაჟი, არისტაკე (აროსტაკი) დატოვა თავის შემცვლელად ხოლო თვითონ დარანალიქის გავარში, მანის ქვაბთა მთაზე დაივანა. ამის გამო ნიკეის საეკლესიო კრებაზე (მიმდინარეობდა 325 წლის 20 მაისიდან–19 ივნისამდე) კონსტანტინემ სომხეთიდან მიიწვია თრდატ სომეხთა მეფე და გრიგოლის ვაჟი მთავარეპისკოპოსი აროსტაკი: „ხოლო კრებასა მას ნიკიისასა იხილეს ურთიერთას ორნივე ეს მეფენი და ჯეროვანი პატივი და ნიჭი აჩვენეს ურთიერთთას და ღმრთისმსახურებისათვის ერთობა გონებათა მათთა განაცხადეს. და მთავარეპისკოპოსიცა სომხეთისა აროსტაკი მიწოდებულ იქნა“.

შენიშვნები
1. დღევ. თურქეთში, კაპადოკიის ქალაქი კუძისტრა.
2. წმინდა წერილის მკითხველი
3. წყაროში უწოდებენ ბრანჯებს.
4. ისინი მოვიდნენ როგორც ჩანს ბასიანის ოლქში, მდ. არაქსის ზემო წელში მდებარე ქალაქ ვაღარშავანში, თუმცა ლეონტი მროველი ასახელებს დვინს.
5. შესაძლოა იყოს დამახინჯებული ბერძნული სიტყვა ύλοφόρος//ύληφόρος = ტყიანი ადგილი. ლეონტის ცნობით ეს ადგილი იყო ორბანთა.
6. ვახუშტი ბაგრატიონი საფურცლის შესახებ გადმოგვცემს: „ხოლო ნარეკუავის ჩრდილოთ, არაგვის პირს, არს საფურცლე და საფურცლის ჩდილოთ მისაქციელი, მთის ძირს“. მდებარეობს მცხეთის რაიონში, მცხეთიდან ჩრდილოეთით 14 კმ-ზე, მდ. არაგვის მარჯვენა ნაპირზე, სოფ. ნატახტარის ტერიტორიაზე.
7. ვახუშტი ბაგრატიონი ურბნისის შესახებ გადმოგვცემს: რუისის მთის „დასავლით, მტკურის კიდესა ზედა, არს ურბნისი. აღაშენა ქალაქი უფლოს, ძემან ქართლოსისამან, და იყო ქალაქი ყრუსადმდე, ხოლო აწ არს ეკლესია დიდი, უგუმბათო, ზის ეპისკოპოზი, მწყემსი დიდის ლიახვისა, და რომელი ირწყვის ლიახვითა მით“. მდებარეობს ქარელის რაიონში, ქარელიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 10 კმ-ის დაშორებით, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, თანამედროვე სოფ. ურბნისის ტერიტორიაზე.
8. პატარა ოთხკუთხა მაგიდაზე გაწყობილი სუფრა.
9. მდებარეობს აღაიანის სამხ-აღმ-ით 2 კმ-ზე და ჰყოფს მდ.მტკვრის ხეობასა და მუხრანის დაბლობს, მისი აღმოსავლეთ კალთები კი მდ.ქსნისკენ ეშვება.
10. ქინძარი მდებარეობდა მცხეთის ჩრდილოეთით, შორი-ახლოს. მას ესაზღვრებოდა ღართი.
11. მცხეთის მახლობლად, სახელდობრ ჩრდილოეთით, უნდა დებულიყო ღართი. ღართის კვალი უნდა შენახული იყოს ეხლანდელს ღართის კარში, რომელიც არაგვზე მდებარეობს.
12. ციხედიდი მდებ. მცხეთის რაიონში, სოფელ ძეგვსა და მარტაზისხევს შორის, მდ. მტკვრის დინების მარჯვენა მხარეს, ციხედიდის ხევში.
13. დაბა ბოდი (ბოდე, ბოდინი, ბოდისი) წმინდა ნინოს გარდაცვალებისა და დაკრძალვის ადგილი. მდებარეობდა ისტორიულ კუხეთში. სარგის კაკაბაძე მიიჩნევდა, რომ ისტორიულ წყაროების ბოდისი ახლანდელი საგარეჯოს რაიონის სოფ. ნინოწმინდის (მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ მთისწინეთზე, საგარეჯოდან 2 კმ-ზე) ძველი სახელწოდებაა, ხოლო აქ არსებული ტაძარი წმინდა ნინოს დაკრძალვის ადგილზეა აგებული მირიან მეფის მიერ IV საუკუნეში. ნინოწმინდის დღეს არსებული ტაძარი VI საუკუნის საყურადღებო ძეგლია.
მკვლევრის აზრით, „მოქცევა ქართლისა“-ს მიხედვით, წმინდა ნინო შეჩერდა კაწარეთში, აქედან იგი გადავიდა კახეთში, რომელიც ამ დროისათვის ახლანდელი კახეთის ჩრდილოეთ მთიან ნაწილს მოიცავდა. შემდეგ, მცხეთისკენ მომავალი დასნეულდა და გარდაიცვალა ბოდისში, რომელიც წყაროს მიხედვით კუხეთშია. სარგის კაკაბაძის მოსაზრებას ეთანხმება ბაადურ მჭედლიშვილი, ზურაბ კიკნაძე, თენგიზ მირზაშვილი, ლელა პატარიძე.
გარდა ზემოთაღნიშნულისა, არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება, რომლის მიხედვითაც წმ. ნინო გარდაიცვალა და დაკრძალეს, კუხეთის საზღვრის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ბოდავში (სოფელი დუშეთის რაიონის ჟინვალის თემში. მდებარეობს მდინარე ბოდავისხევის მარჯვენა მხარეს. დუშეთიდან 20 კმ-ზე). დღეს იქ ბოდავის ღვთისმშობლის ეკლესია ეკლესია დგას. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ საქადაგებლად წობენიდან ერწოში წასასვლელად არსებობდა მხოლოდ ერთი გზა, რომელიც კუხეთის დაბა ბოდავზე გადიოდა. ერწო-თიანეთში ქადაგების შემდეგ წმინდა ნინო უკან სწორედ აღნიშნული გზით დაბრუნდებოდა მცხეთაში. შესაძლოა იქ სადაც დასნეულდა წმინდა ნინო, XIII საუკუნის I ნახევარში აშენდა ბოდავის ღვთისმშობლის ეკლესია (სოფელ ბოდავის ჩრდილო-აღმოსავლეთით 2–3 კმ-ზე). ბოდავი, რადგანაც კახეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს, სავარაუდოთ იქედან გადმოსული ქრისტიანი კახელები (ფხოველები და თიანელები) ნახულობდნენ წმინდა ნინოს.
14. წობენი მდებარეობს ახლანდელი დუშეთის რაიონში, მდ. არაგვის მარცხენა ნაპირზე, დაბა ჟინვალსა და სოფ. ჩინთს შორის. ადრე შუა საეკუნეებში წობენი ერქვა აგრეთვე მდ. არაგვის მარცხენა ნაპირზე, საგურამო-ხერკის ჩრდილოეთით ჟინვალამდე მოსახლე თემს.
15. ჭართალი მდებარეობდა მდინარე მთიულეთის არაგვის შუა წელზე, სოფ. ანანურიდან მდ. ხანდოსხევამდე. დღევ. დუშეთის რაიონის ჭართლის თემის ტერიტორია. 
16. ფხოვი მოიცავდა დღევანდელი ფშავისა და ხევსურეთის ტერიტორიებს. ი. ჯავახიშვილი ფხოვის ისტორიულ ტერიტორას ასე ფარგლავს: „გუდამაყრის ხეობის აღმოსავლეთით ფხოელთა მთებზე არის ფხოეთი, რომელსაც აღმოსავლეთით დიდოეთი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით თუშეთი საზღვრავს“.
17. წილკანი მდებარეობდა თეთრი არაგვის (მთიულეთის არაგვის) სათავეებში. დღევ. ყაზბეგის რაიონის ტერიტორია.
18. გუდამაყარი მდებარეობს მდინარე გუდამაყრის (შავი) არაგვის ხეობაში. დასავლეთით მას ესაზღვრება მთიულეთი, ჩრდილოეთით – ხევი, აღმოსავლეთით – ხევსურეთი და ფშავი, სამხრეთით – ხანდო და ჭართალი.
19. ერწო მდებარეობდა მდინარე იორის ზემო წელზე, უჯარმის ციხესა და სიონის წყალსაცავს შორის.
20. ჟალეთი იყო ადრე შუა საუკუნეების კახეთის პოლიტიკური და კულტურულ-რელიგიური ცენტრი. მდებარეობდა მდინარე ივრის შუაწელზე, ამჟამად დაბა სიონის წყლით დატბორილ მიდამოებში. ჟალეთი ეწოდებოდა ისტორიულ კახეთის შემადგენლობაში შემავალ მთელ მხარესაც, „ქვეყანას“, რომელიც მოიცავდა ივრის ხეობის მნიშვნელოვან მონაკვეთს სოფელ ბოჭორმასა და თიანეთს (სოფ. ალოტს) შორის.
21. თუშეთი ქართლის სამეფოს მხოლოდ ვახტანგ გოგრგასარის პერიოდიდან შეუერთდა.
22. კაწარეთი, ფეოდალური ხანის საეპისკოპოსო ცენტრი კახეთში, ამჟამად ნასოფლარი საგარეჯოს რაიონში, მდინარე იორის მარცხენა ნაპირზე. ვარაუდობენ, რომ უძველეს ხანაში აქ კუხებისა და სუჯების ტომთა წარმართული რელიგიის ცენტრი იყო.
23. სუჯნი, ადიღეური ტომი, მოსახლეობდნენ მდინარე ივრის შუა დინების აუზში.
24. ქცელ-დაბა მდებარეობდა სოფ. ჭერემთან ახლოს, გურჯაანის რაიონში.
25. შეცდომით დამკვიდრებულია აზრი იმის შესახებ, რომ თითქოს ნინო ისტორიული ჰერეთის (და დღევ. სიღნაღის რაიონის) სოფელ ბოდბეშია, სადაც წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერია აღმართული. არადა უკანასკნელი წმ. გიორგის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია. სამნავიანი ბაზილიკაც სადაც დღეს წმინდა ნინოს საფლავია გაკეთებული VIII–IX საუკუნეებისაა და წმინდა გიორგის სახელობისაა.
26. ისტორიკოსთა აზრით ქართლის პირველი ეპისკოპოსი გამოაგზავნა ანტიოქიის ეპისკოპოსმა ევსტათიმ (324–331), რადგან აღმოსავლეთის ეკლესიები ამ დროს ანტიოქიას ექვემდებარებოდა. სხვათაშორის ევსტათი მეთაურობდა ნიკეას საეკლესიო კრებას 325 წელს. თუმცა IV ს-ის ბიზანტიელი საეკლესიო ისტორიკოსი გელასი კესარიელი პირდაპირ ამბობს, რომ იმპერატორმა ქართლში მღვდლების გაგზავნა ბიზანტიონის ეპისკოპოსს ალექსანდრეს (314–337) დაავალა.

Комментариев нет:

Отправить комментарий