воскресенье, 20 марта 2022 г.

ქართლის სამეფო ახ.წ. III საუკუნეში. ტეტრარქია რომში (უ. მურღულია)

1. რევ I მართალი (დაახლ. 206–223)
ლეონტი მროველი მოგვითხრობს: „ამან რევ მოიყვანა ცოლი საბერძნეთიდან, ასული ლოღოთეთისი, სახელით სეფელია. ამან სეფელიამ მოიტანა თან კერპი, სახელით აფროდიტოს, და აღმართა თავსა ზედა მცხეთისასა.
ეს რევ მეფე თუმცა იყო წარმართი, მაგრამ იყო მოწყალე და შემწე ყოველთა გაჭირვებულთა, რამეთუ სმენილ იყო მისდა სახარება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ჰქონდა რამე სიყვარული ქრისტესი.
მან მეფობასა შინა მისსა აღარავის მისცა უფლება ქართლსა შინა ყრმათა კვლისა, რომელსაც ისინი ამისა უწინარეს და პირველ კერპთა მიმართ შეწირავდნენ მსხვერპლად ყრმათა, მათ ნაცვლად კი ცხვრისა და ძროხის შეწირვა დაუწესა. ამისთვის ეწოდა მას რევს მართალი. და მოკვდა რევ, მეფე იქმნა ძე მისი სახელით ვაჩე (სპარსულად ნიშნავს „ყმაწვილს“, „ბიჭუნას“)“.
ეს მცირე ფაქტები, ცემი აზრით ამყარებს რევის არაპართიულ წარმომავლობას, რადგან „საბერძნეთიდან“ ანუ რომის იმპერიიდან ცოლის მოყვანა პართიელი უფლისწულისგან რომ–პართიის მწვავე დაპირისპირობის პირობებში ნაკლებსავარაუდოა. რევის მხრიდან ეს რომზე ორიენტაციის აღებას უნდა ნიშნავდეს.
2. არშაკიდული პართიის აღასასრული და სასანიანთა გამეფება სპარსეთში
III საუკუნის პირველ მეოთხედში საქართველოს სამხრეთით მნივნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები მოხდა.
208 წელს გარდაიცვალა პართიის მეფე ვოლოგეზ V და ტახტზე მისი უფროსი ვაჟი ვოლოგეზ VI (208–216/223) ავიდა. მას აუჯანყდა უმცროსი ძმა არტაბან V (216–224), რასაც მრავალწლიანი ომი მოჰყვა. 216 წელს არტაბანმა იმარჯვა და ტახტი დაიკავა, ხოლო ვოლოგეზს მხოლოდ ბაბილონის მხარე შერჩა.
215 წელს აღმოსავლეთის პოლიტიკით დაინტერესდა რომის სასტიკი ავგუსტი კარაკალა (211–217), რომელიც თვლიდა, რომ პართიის შიდა ომის მას აღმოსავლეთში გაბატონების საშუალებას მისცემდა. ამ მიზნით ავგუსტმა თავისთან მიიწვია ოსროენას1 მეფე აბგარ IX, დაატყვევა და ეს მხარე დაიპყრო. შემდეგ იგივე მიზნით მოიწვია დიდი არმენიის მეფე ხოსროვ I არშაკიდი (198–217) ოჯახით, დაატყვევა და ჯარი გაგზავნა არმენიის დასაპყრობად, მაგრამ ქვეყანა აჯანყებამ მოიცვა და კარაკალას ჯარი სრულად იქნა განადგურებული.
216 წელს კარაკალამ პართიის წინააღმდეგ ლაშქრობა წამოიწყო და არმენიასთან მტრობა აღარ აწყობდა, ამიტომ ხოსროვი უკან გაუშვა. 217 წელს არმენიის მეფის სიკვდილის შემდეგ მისი ვაჟი ტირიდატ II (217–252) კარაკალამ გამოაცხადა მეფედ, თუმცა მის კორონაციამდე რომის ავგუსტმა ვეღარ იცოხლა.
216 წელს კარაკალამ პართიის დას. მხარეები დაიპყრო და გააპარტახა. არტაბან V თავიდან აპირებდა მარცხის აღიარებას და რომაელთა მოხარკედ ქცევას, მაგრამ კარაკალას სისასტიკე იმდენად დიდი იყო, რომ იძულებული გახდა ომისთვის მზადება დაეწყო. კარაკალას თანაშემწე მაკრინიუსს არ სურდა პართიასთან ომის გაგრძელება, ამიტომ კარაკალა მოაკვლევინა (217 წ. აპრილი) და თავი ავგუსტად გამოაცხადა. მაკრინიუსი (217–218) რომში წასვლას აპირებდა, მაგრამ ამ დროს პართიელთა ლაშქარი მოვიდა და ბრძოლის მიღება მოუხდა. ნისიბინის ბრძოლაში რომაელები სასტიკად დამარცხდნენ და კონტრიბუციად 50 მილიონი სესტერცი გადაიხადეს.
ნისიბინის ზავის დადების შემდეგ ავგუსტმა გაათავისუფლა 11 თვიანი ტყვეობიდან ტირიდატე დედამისთან ერთად და სომხეთში გამოისტუმრა. მისი მეფობა ცნეს რომმა და პართიამ. ტირიდატე II (217–252) იყო პირველი არმენიელი მეფე რომელმაც დაიწყო ქრისტიანთა დევნა, რაცას აგრძელებდნენ მისი მემკვიდრეები.
ამ დამარცხების შემდეგ რომი გარკვეული ხნით შეეშვა აღმოსავლეთის საკითხებს, რითაც ისარგებლა არტაბანმა და პართიის იმპერიის ერთიანობა აღადგინა, თუმცა სიხარული დიდი ხნით არ დასცალდა.
II საუკუნეში ცხოვრობდა ვინმე სასანი (შაშანი), რომელიც ქალღმერთ ანაჰიტას ქურუმი იყო ისტახრის2 ტაძარში. მან ცოლად შეირთო ფარსის მმართველის ასული რამბეხიშტი, რომელთანაც შეეძინა პაპაკი. სასანმა თავისი თანამდებობისა და სიმამრის წყალობით მიაღწია პაპაკისათვის ქალაქ ხირას „მეფის“ ტიტული მოეპოვებინა. პაპაკმა მემკვიდრედ უფროსი ვაჟი შაპური გამოაცხადა, ხოლო უმცროს ვაჟს არდაშირს ქალაქ დარაგბერდის მმართველობა მისცა. 220 წლისთვის არდაშირმა დაამარცხა ძმა, წაართვა სამფლობელოები და მალე მთელი ფარსის მმართველი გახდა, რის შემდეგაც პართიის მეფეს ურჩობა გამოუცხადა. მაშინ არტაბან V-მ 224 წელს თვითონ უსარდლა სადამსჯელო არმიას და ფარსში შეიჭრა. ორმიზდაკანის ბრძოლაში არტაბანი დამარცხდა და დაიღუპა, რითაც არშაკიდული დინასტიის მმართველობა ირანში დასრულდა. 326 წელს არდაშირი შევიდა პართიის ქალაქ ქტესიფონში და სპარსეთის შაჰინ-შაჰად (მეფედ-მეფე) ეკურთხა. შემდეგ მან დაიპყრო ხორასანი, საკასტანი, მიდია, ატროპატენა და მესოპატომიასა და არმენიას შეუტია. 10 წლიანი ომის შემდეგ 238 წელს დიდი არმენია სასანიდების ვასალი გახდა.
არდაშირის შესაჩერებლად გამოილაშქრა რომის ავგუსტმა ალექსანდრე სევერმა (222–235), თუმცა დამარცხდა და მხოლოდ სტასტუს-კვოს შენარჩუნებაღა მოახერხა.
3. ვაჩე (დაახლ. 223–241)
და შემდგომად ვაჩესსა მეფობდა ძე ვაჩესი ბაკურ.
4. ბაკურ I (დაახლ. 241–256)
გრძელდებოდა ომები რომსა და სპარსეთს შორის. 242 წელს ახალგაზრდა ავგუსტმა გორდიანე III-მ (238–244) სასანიანებთან ომი განაახლა. პირველი ბრძოლა 234 წ. რასანესთან (სირიაში) რომაელებმა მოიგეს, რითაც ანტიოქია სპარსელთაგან აღებას გადააირჩინეს. ამასთან ფარის გასაკეთებლად გორდიანემ აღადგინა ოსროენას (ედესის) სამეფო და ტახტზე აბგარ X დასვა.
244 წელს  მასისთან (დღევ. ფალუჯა, ქალაქი ერაყში) ბრძოლაში სპარსელებმა იმარჯვეს. ცოტა ხანში გორდიანე მისმა თანაშემწე ფილიპე არაბმა მოკლა და თავი ავგუსტად გამოაცხადა ფილიპე I-ის (244–249) სახელით. მალე ფილიპემ შაპურთან ზავი დადო, რომლითაც გადაიხადა კონტრიბუცია 2750 კგ ოქრო და დაუთმო სადაო ტერიტორია მესოპოტამიაში.
სპარსეთის ახალმა შაჰმა შაპურ I-მა (240–270. ის სიცოცხლეშივე დაისვა თანა-მეფედ არდაშირმა) სომხეთის დაპყრობისათვის ომი წამოწყო. ტირიდატე II-ს მხარში ამოუდგა ბერის მეფე ბაკური და ქუშანთა სახელმწიფოს3 მეფე ვასიშკა (240–250). ბაკური გააღებდა დარიალის კარს და გამოიყვანდა ოვსებს, ლეკებსა და დურძუკებს, მივიდოდა ტირიდატ მეფისა თანა სომეხთასა ბრძოლად სპარსთა. და პირველსავე შესლვასა სპარსეთად შეებრძოლა შაბური, მეფე სპარსთა, და აოტეს იგი და მოსრეს სპა მისი. და ამიერიდან ვერ-ღა-რა წინა-აღუდგა ამათ მეფე იგი სპარსთა და განამრავლეს შესლვა სპარსეთად და ტყვენვა სპარსეთისა.
251 წელს შაპურ I ქუშანთა სატახტო ბაგრამს დაესხა, გაანადგურა, აიღო მეორე სატახტო ფეშავარი, ვასუდევა II ჩამოაგდო და გამოაცხადდა სასანიდური პროტექტორატი. ამის შემდეგ არმენიის ჯერი დადგა.
შაპურმა რადგან ბრძოლით ვერ მოახერხა არმენიის დაპყრობა, ერთ დღეს დიდებულები შეკრიბა და რჩევა თხოვა. ამ დროს გამოვიდა ერთი პართიული წარმომავლობის არმენიელი დიდებული ანაკ არშაკიდი, რომელიც არმენიის მეფის ნათესავი იყო და სამეფო კართან უთანხმოების გამო იყო არმენიიდან სპარსეთს დევნილი. ანაკი შაპურს საიდუმლოდ მოელაპარაკა და განუცხადა „მე დამავალე სომხეთის საკითხის მოგვარება. წავალ ჩემი ოჯახით არმენიაში და მეფე ტირიდატეს განვუცხადებ რომ სპარსეთიდან ვარ დევნილი. იგი სიხარულით შემიფარებს და როცა შანსი მომეცემა მოვკლავ, რის შემდეგაც ადვილად დაიპყრობთ არმენიას. გახარებულმა შაპურმა საქმის წარმატებით დასრულების შემთხვევაში ანაკს არმენიის ტახტი აღუთქვა.
ანაკი ძმასთან და ცოლშვილთან ერთად ჩავიდა არმენიის დედაქალაქ ვაღარშაპატში, თითქოს სპარსეთიდან გამოძევებული და ტირიდატს თავი შეაფარებინა. ტირიდატმა სიხარულით შეიფარა და დიდი პატივითაც ეპყრობოდა. ანაკმა როგორც კი შესაფერისი მომენტი შეარჩია არმენიის მეფე სანადიროდ გასული სიცოცხლეს გამოასალმა, თუმცა საწადელს მაინც ვერ მიაღწია, რადგან არმენილმა დიდებულებმა მალე ყველაფერი შეიტყვეს და მეფის მკვლელი ოჯახთან ერთად ამოჟლიტეს. გადარჩა მხოლოდ მცირეწლოვანი ძე – გრიგორი, რომელიც ამ ამბამდე მის აღზრდელ სოფიას წაეყვანა კაპადოკიაში. მოგვიანებით გრიგოლი გაქრისტიანდა და სომხეთის გამაქრისტიანებელ გრიგოლ პართელად იქცა.
ამასობაში შაპურმა დაიკავა სომხეთი და მის ტახტზე დასვა მისი უფროსი ვაჟი ჰორმიზდ არდაშირი – არტავაზდ V-ის სახელით (არმენიის მეფე 252–270; სპარსეთის შაჰი ჰორმიზდ I-ის სახელით 270–71 წლებში). სომხეთის მეფის შვილები ხოსროვი და ტირიდატი რომში გაიქცნენ.
6. ამაზასპ II (დაახლ. 256–263)
ბაკურის შემდეგ იბერიის ტახტზე იჯდა ამაზასპი.
259 წელს რომის ავგუსტი ვალერიანე (253–260) აღმოსავლეთში სალაშქროდ წამოვდა, რათა არმენიიდან სპარსელები გაეყარელად. შაპურმა და ვალერიანემ დასახმარებლად მოუწოდეს ამაზასპს, თუმცა მან შორს დაიკავა თავი, რადგან თვლიდა რომ ამ ბრძოლაში ჩარევა მის ბევრ მოლაშქრეს შეიწირავდა, გამარჯვებული მხარე კი ისევ მის დამონებას მოინდომებდა.
ედესას ბრძოლაში (259/260 წ.) ვალერიანე დამარცხდა და დარჩენილი ცხოვრება შაპურის საპატიო ტყვეობაში გაატარა. ამით არმენიაში სპარსელთა ბატონობა განმტკიცდა.
ამ ამბით შეშინებულმა იბერთა მეფემ ქვეყნის გადასარჩენად დიპლომატიას მიმართა; ერთის მხრივ შაპურის უზენაესობა აღიარა და მეორეს მხრივ რომის სარდლობას ჩუმად სწერდა რომ რომის მოკავშირე იყო და ყველანაირ სამხედრო ძალას იხმარდა ვალერიანის გამოსახსნელად.
თანამედროვე ქ. შირაზის ჩრდილოეთით, პერსეპოლისიდან დაახლოებით 12 კილომეტრში – ნაყშე რუსტამში (როსტომის ნახატი) მდებარეობს ცნობილი არქიტექტურული ნაგებობა: მართკუთხა ფორმის ძეგლი, რომელიც ცნობილია როგორც – „ზოროასტრის ქააბა“. მის კედლებზე შემორჩენილია მეფე შაპურ I-ის და უმაღლესი ჰერბადის – კარტირის წარწერები. კარტირის წარწერა შაპურის წარწერის ქვემოთაა მოთავსებული და იგი გვიანაა შესრულებული, სავარაუდოდ ბაჰრამის გამეფებისას.
შაპურ I-ის წარწერა (262 წ.) „ზოროასტრის ქააბაზე“ სამეფოს დიდებულებს სამ კატეგორიად ჰყოფს: 1. ვინც ძალაუფლება მიიღო არდაშირ პირველის მამის – პაპაკის დროს (ეს უკანასკნელი იყო არშაკიდების დინასტიისას ფარსის ფროვინციის გამგებელი); 2. ვინც ძალაუფლება მიიღო თავად არდაშირის (224–242) დროს; 3. ვინც ძალაუფლება მიიღო შაპურ I-ის (240–272) დროს. ამ უკანასკნელ, მესამე კატეგორიაში ადიაბენას, ქერმანის და მეშანის მმართველთა შემდეგ მოდის იბერიის მეფე – ამაზასპი:
პართიულ ტექსტში – „ხმზასპ ვირშან მალქა“
ფალაურ ტექსტში – „ამაჩასპი ვალუჩან მალქა“
ბერძნულ ტექსტში – „ჰამასასპუ ტუ ბასილეოს ტეს იბერიას“.

კარტირის წარწერა; „და მე, კარტირმა, იმთავითვე ღმერთებისა და მეუფეთა სამსახურში და სულისა ჩემისა გამო ბევრი შრომა და ტანჯვა განვიცადე, ჩემი წყალობით მრავალნი ცეცხლნი (ე.ი. ცეცხლის ტაძრები) და მოგვნი ირანის მთელ ქვეყანაში... ასურისტანში... მეშანში... ატრუპატაკანში, სპაჰანში, რეიში, ქერმანში, საკასტანში, გურგანში... მერვში, ჰერათში... აპარშაჰრში, ვიდრე პეშევარამდე, გაიფურჩქნენ. და აგრეთვე არაირანის ქვეყნებში ცეცხლნი და მოგვნი, ვინც კი იყვნენ არაირანში, იქ, სადაც შაპურის, მეფეთა-მეფის ცხენებმა და ხალხმა (ე.ი. მეგობრებმა) მიაღწიეს – ქალაქი ანტიოქია და ქვეყანა სირია და ის, რაც სირიის პროვინციაშია, ქალაქი ტარსი და ქვეყანა კილიკია და ის, რაც კილიკიის პროვინციაშია, ქალაქი კაისარა და ქვეყანა კაპადოკია და ის, რაც კაპადოკიის პროვინციაშია, ვიდრე საბერძნეთის ქვეყნამდე, ქვეყანა არმენია და იბერია, და ალბანია და ბალასკანი, ვიდრე ალბანთა კარამდე... მოგვნი, ვინც ამ ქვეყნებში იყვნენ, გავაერთიანე მაგუსტანში (ე.ი. მოგვთა თავშეყრის ადგილზე)“
ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით, უკვე 263 წელს, ანუ შეთანხმებიდან 1 წლის შემდეგ იგი აუჯანყდა სასანიანთა სპარსეთს და სწორედ მათთან ბრძოლაში დაიღუპა. ამიერიდან სპარსელთა ბატონობა ქართლში აშკარა გახდა.
5. მირდატ IV (დაახლ. 263–279)
ამაზასპის შემდეგ იბერიის სამეფო ტახტზე იჯდა ბაკურის ძე მირდატი.
7. ასფაგური (დაახლ. 279–282)
მირდატის შემდეგ იბერიის სამეფო ტახტზე მისი ძე ასფაგური იჯდა, რომელმაც კახეთში ციხე-ქალაქი უჯარმა ააშენა.
მეფე ასფაგური უმალვე შეუდგა სპარსეთისგან თავის დასაცავად მზადებას: გაამაგრა სასაზღვრო ციხეები და იქ მხედრობა გაამრავლა.
შაპურის გარდაცვალების შემდეგ სპარსეთის ტახტი მისმა უფროსმა ვაჟმა, არმენიის მეფე ჰორმიზდ I-მა (270–271) დაიკავა, რომლის მეფობამ 13 თვეს გასტანა. მისი სიკვდილის შემდეგ შაჰი უმცროსი ძმა ბაჰრამ I (271–274) გახდა, ხოლო არმენიის ტახტზე შაპურის მესამე ძე ნარსე დაჯდა (არმენიის მეფე 270–293; სპარსეთის შაჰი 293–302). ბაჰრამის მმართველობა გამოირჩეოდა სისასტიკითა და რომის იმპერიასთან გაუთავებელი ბრძოლებით, რის გამოც ხორასანში დაიწყო აჯანყებები. ბაჰრამი დიდ ყურადღებას აქცევდა რელიგიას, კულტურასა და ხელოვნებას. მის დროს სპარსეთში მოღვაწეობდა წინასწარმეტყველი და მანიქეიზმის ფუძემდებელი, მანი, რომელიც თავად შაჰის ბრძანებით იქნა მოკლული.
3 წლიანი მეფობის შემდეგ ბაჰრამი მოკვდა და სპარსეთის ტახტზე მისი ძე ბაჰრამ II-მ (274–293) ავიდა. ბაჰრამ მეორე ხუზისტანში გაიზარდა. ის ქრისტიანი სწავლულების მიერ იყო აღზრდილი და არსებობს ვარაუდი, რომ ქრისტიანობას აღიარებდა. მან ცოლად შეირთო მისი ბიძაშვილი, შაბურდუხთაქი, რომლისგანაც შეეძინა მემკვიდრე, ბაჰრამ III (შაჰი 293 წ.).
ბაჰრამის მმართველობა მამამისის მსგავსად სისასტიკით გამოირჩეოდა. ტახტზე ასვლისთანავე ბრძანება გასცა მოეკლათ მისი ყველა წარჩინებული დიდებული, რადგან მათი მხრიდან შეთქმულების ეშინოდა. ის ასევე დევნიდა კულტურულ მოღვაწეებს, ქურუმებს, თავის თავს კი აჰურამაზდას შვილად იხსენიებდა.
282 წელს ბაჰრამმა ქართლის დასაპყრობად დიდი ლაშქარი გამოგზავნა. მაშინ ასფაგურმა გაამაგრა ციხე-სიმაგრეები და სასწრაფოდ ოვსეთს წავიდა ჩრდ. კავკასიელთა დასაქირავებლად, მაგრამ ყუბანის სათავეებთან მისული მოულოდნელად დაავადდა და გარდაიცვალა. მეფე მცხეთაში გადმოასვენეს და მამა-პაპათა საძვალეში დაკრძალეს.
ასფაგურის სიკვდილის შემდეგ სამეფო ოჯახში აღარავინ დარჩა, ამიტომ დიდებულებმა შაჰის ნებართვით ტახტზე დასვეს მეფეთა ნათესავი 7 წლის მირიან რევის ძე, რომელსაც ცოლად შერთეს ასფაგურის ასული აბეშურა. მირიანის სრულწლოვანებამდე ქართლს მისი მამა რევ II (282–290) მართავდა. ამასთან შაჰმა მცხეთაში თავისი კაციც დასტოვა, რაც ქართლზე სპარსეთის აშკარა გავლენის დაწესებას ნიშნავდა:
ლეონტი მროველი მოგვითხრობს: „დაუტოვა მამა-მძუძედ და განმგებელად წარჩინებული ერთი, რომელსაც ერქვა სახელად მირვანოზ. ჰყავდა მირვანოზს 40000 მხედარი რჩეული, მათგანი რჩეული 7000 მხედარი ყოვლადვე ქალაქსა შინა ჰყავდა მცველად ძისა მისისა.
მირვანოზმა ჰმატა ყოველთა სიმაგრეთა ქართლისათა და უმეტეს ყოველთასა მოამტკიცა ზღუდენი ნეკრესისა ქალაქისანი.
აღიზარდა მირიან მსახურებასა მას შინა შვიდთა მათ კერპთასა და ცეცხლისასა. და ჰმატა შემკობა კერპთა და ბომონთა, კეთილად იპყრა ქურუმნი კერპთანი, და ყოველთა მეფეთა ქართლისათა უმეტეს აღასრულებდა მსახურებასა მას კერპთასა, და შეამკო საფლავი ფარნავაზისი. ხოლო ესე ყოველი ქართველთა სათნოებისათვის ქმნა, და კეთილად იპყრა ქართველნი ნიჭითა და ყოვლითა დიდებითა. და შეიყვარეს იგი ყოველთა ქართველთა უმეტეს ყოველთა მეფეთასა.
ხოლო გახდა რა მირიან თხუთმეტისა წლისა, მოუკვდა ცოლი, და მოიყვანა ახალი ცოლი პონტოდან, ასული ოლიღოტოსისი, სახელით ნანა“.
8. ტეტრარქიის დაწესება რომში
279/280 წელს არმენიის მეფე ნარსე სასანიანმა თავისი ძმის სპარსეთის შაჰ ბაჰრამ II-ის სახელით დას. არმენია დაუთმო რომის ავგუსტ პრობუსს (276–282), მან კი თავის ვასალს, მოკლული ტირიდატ II-ის უფროს ვაჟს ხოსროვ II-ს (279/80–287) გადასცა.
ამით არ დაკმაყოფილდა ახალი ავგუსტი კარუსი (282–283), რომელმაც მოაწყო ლაშქრობა სპარსეთის წინააღმდეგ და მისი ორივე დედაქალაქის, სელევკიისა და ქტესიფონის აღება მოახერხა. მართალია, ასეთი წარმატებით დაწყებული ლაშქრობა ავგუსტის მოულოდნელმა სიკვდილმა შეწყვიტა, მაგრამ 283 წ. დადებული ზავი მაინც ხელსაყრელი იყო რომაელებისთვის, რომლებმაც მიიღეს მესოპოტამია და არმენია. ქართლი კი ისევ სპარსელთა გავლენის სფეროში რჩებოდა.
კარუსის სიკვდილის შემდეგ ავგუსტებად გამოცხადდნენ მისი ძეები – კარინუსი და ნუმერიანე. 284 წელს ავადმყოფობისგან გარდაიცვალა ნუმერიანე, რომლის ნაცვლად სამხედრო საბჭომ ავგუსტად საიმპერატორო ცხენოსანი დაცვის სარდალი ვალერიუს დიოკლუსი აირჩიეს. უკანასკნელმა სახელად დიოკლეტიანე მიიღო მისი სოფლის დიოკლეტიის4 მიხედვით. მისი გამეფებით იწყება რომაული იმპერიის მეორე და უკანასკნელი მონაკვეთი – დომინატი.
წარმოშობით დალმატიელი, გააზატებული მონის შვილი, სამსახური რიგით მეომრად დაიწყო  ავგუსტ გალიენეს (253–268) არმიაში. მსახურობდა გალიაში. ავგუსტ პრობუსის დროს დაინიშნა მეზიის მმართველად. ამ დროს მან გაიცნო და დაიმეგობრა მაქსიმიანე. ავგუსტ კარუსის სპარსეთზე ლაშქრობისას სარდლობდა ერთ დანაყოფს. შემდეგ მეთაურობდა ავგუსტ ნუმერიანეს პირად შეიარაღებულ დაცვას.
285 წელს მოკვდა კარინუსიც, რის შემდეგ დიოკლეტიანემ თავისი მეგობარი მაქსიმიანე აკურთხა თავის კეისრად (ავგუსტის თანაშემწე) და სამმართველოდ გერმანია და გალია ჩააბარა.
მაქსიმიან ჰერკულიუსი დაიბადა პანონიაში, ილირიელი ვაჭრის ოჯახში. არანაირი განათლება არ მიუღია. ავრელიანეს დროს (270–275) თავი გამოიჩინა დუნაიზე, ევფრატზე, რეინზე და რიტანიაში მოწყობილ კამპანიებში. პრობუსის დროს (276–282) დაუმეგობრდა დიოკლეტიანეს და მონაწილეობდა მასთან ერთად კარუსის სპარსეთზე ლაშქრობაში და დიოკლეტიანეს არჩევაში. 285–286 წლებში ჩაახშო ბაგაუდების აჯანყება გალიაში, რის შემდეგაც დიოკლეტიანემ მას იმავ 286 წელს ავგუსტის ტიტული მისცა, თვითონ კი დუნაისპირეთისა და აზიური სამფლობელოების მისახედად გაემგზავრა.
რადგან იმპერიას ამიერიდან ოფიციალურად ჰყავდა ორი ავგუსტი დაარსებულ იქნა ორი სატახტოც. დიოკლერიანემ სატახტოდ აქცია ნიკომედია (დღევ. იზმითი, სტამბულთან ახლოს), ხოლო მაქსიმიანემ მედიოლანი (დღევ. მილანი).
სანამ დიოკლეტიანე რეფორმებითა და აზიური სამფლობელოების დაცვით იყო დაკავებული, მაქსიმიანე 286–293 წლებში წარმატებით ომობდა რეინისპირა გერმანელებთან.
ბარბაროსების მასობრივი შემოსევების გამო იმპერიის უზარმაზარი საზღვრების დაცვა სულ უფრო რთული ხდებოდა. ამის გამო მაქსიმიანემ 291 წელს დიოკლეტიანეს შესთავაზა კიდევ ორი თანამმართველი დაენიშნათ კეისრის ტიტულით. კანდიდატებად შერჩეულ იქნა გალერიუსი და კონსტანციუს ქლორუსი.
კონსტანციუს I ქლორუსი დაიბადა ილირიაში, დარდანიელი (დღევ. აღმ. მაკედონია) არისტოკრატების ოჯახში. ავრელიანეს დროიდან ეკავა სხვადასხვა სამხედრო თანამდებობა. კარუსის დროს დანიშნეს დალმაციის პროვინციის მმართველად. 284 წელს შეუერთდა დიოკლეტიანეს ბანაკს. კონსტანციუსს 288 წელს ამოეწურა პროვინციის მმართველის ვადა და მაქსიმიანემ თავისი პრეტორიანული გვარდიის პრეფექტად (სარდლად) დანიშნა, რითაც იგი იმპერიის დასავლეთ ნაწილში ფაქტობრივად მეორე კაცი გახდა. ერთგულების დასამტკიცებლად 289 წელს კონსტანციუსი გაეყარა მეუღლე ელენას და შეირთო მაქსიმიანეს ასული თეოდორა.
293 წლის 1 მარტს მედიოლანში კონსტანციუსი გამოცხადდა მაქსიმიანეს კეისრად და სამართავად გადაეცა გალია, ბრიტანეთი და ესპანეთი. სატახტოდ მან აირჩია ავგუსტა ტრევიროვი (დღევ. ტრირი).
კონსტანციუსს პირველ რიგში დაავალეს ჩრდ. გალიისა და ბრიტანეთის რომისადმი დაქვემდებარება. ამ მხარეებს 286 წლიდან მოყოლებული ე.წ. უზურპატორები მართავდნენ, რომლებიც თავს რომის ავგუსტებად აცხადებდნენ. 296 წელს კონსტანციუსი შეიჭრა ბრიტანეთში და იგი ცენტრს დაუქვემდებარა. ამის შემდეგ იგი წარმატებით იცავდა გალიას გერმანელთა თავდასხმებისგან.
კონსტანციუსი ერთადერთი იყო ტეტრარქებისგან, რომელიც გულგრილად შეხვდა ქრისტიანთა დევნის გამოცხადებას. მან მხოლოდ რამდენიმე ეკლესია დახურა ავგუსტების რისხვა რომ არ გამოეწვია. მეტიც, ევსევი კესარიელის ცნობით იგი ქრისტიანად იყო ფარულად მონათლული.
გალერიუსი დაკიელი (სერდიკიდან, დღევ. სოფიადან) გლეხის შვილი იყო. ავრელიანესა და პრობუსის დროს რიგითი სამხედრო იყო, ხოლო დიოკლეტიანეს დროს სწრაფად აღმასვლა იწყო. დიოკლეტიანემ გალერიუსი იშვილა. გალერიუსი გაეყარა ცოლს და შეირთო დიოკლეტიანეს ასული ვალერია.
293 წელს 21 მაისს ფილიპოპოლში დიოკლეტიანემ გალერიუსი თავის კეისრად გამოაცხადა და სამფლობელოდ გადასცა ილირია და დუნაისპირა პროვინციები. ამიერიდან იმპერია ოფიციალურად გაიყო 4 ნაწილად.
ასე რომ დიოკლეტიანემ შეიმუშავა მმართველობის ახალი ფორმა – „ტეტრარქია“, რაც ოთხი კაცის (4 პრეფექტის) გამგებლობას გულისხმობდა. მანამდეც იყო შემთხვევები, როცა რომის ერთიან იმპერიას ორი ან სამი ავგუსტი თანამმართველობით განაგებდა. მან ეს თანამმართველობა პოლიტიკურ სისტემად აქცია.
დიოკლეტიანემ დაადგინა, რომ ოცი წლის ხელმწიფების შემდეგ ორივე ავგუსტუსი გადადგებოდა და მათ ადგილებს მემკვიდრე-კეისრები დაიკავებდნენ. დიოკლეტიანემ სატახტო ქალაქად აზიური ქალაქი ნიკომედია აირჩია და სამართავად აზიური პროვინციები თრაკია და ეგვიპტე აიღო. მაქსიმიანემ ტახტი თავის მშობლიურ ქალაქ სირმიუმში დადგა და ჩაიბარა დუნაისპირეთი და საბერძნეთი.
ავგუსტუსებმა დიოკლეტიანემ და მაქსიმიანემ გაატარეს ადმინისტრაციული რეფორმა. რესპუბლიკისა და პრინციპატის დროს, რომის მბრძანებლობის ქვეშ მოქცეული პროვინციები უმეტეს წილად თავისი ადრინდელი, ტრადიციული საზღვრებით იყო შემოსაზღვრული. დიოკლეტიანემ ეს ტრადიცია პირველმა დაარღვია და იმპერია ახალი ადმინისტრაციული პრინციპით დაანაწილა. მან რომის სახელმწიფო დაჰყო დიოცეზებად. სულ იყო 12 დიოცეზი. თითოეულ დიოცეზში შედიოდა რამდენიმე პროვინცია. სულ იყო 101 პროვინცია. დიოცეზების სათავეში იდგნენ პრეტორიანული გვარდიის პრეფექტთა მოადგილეები, რომელთაც ვიკარიუსები ეწოდებოდათ. ახალი პრეტორიანული გვარდია თავიანთი პრეფექტებით იყო ორი: ერთი დიოკლეტიანესთან მეორე – მაქსიმიანესთან. ახლად წარმოქმნილ დიოცეზებსა და პროვინციებში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლება ერთმანეთისგან მკაცრად იყო გაყოფილი. ამით დიოკლეტიანეს სურდა აღეკვეთა ახალი უზურპაციების ცდები. მხოლოდ პრეტორიანული გვარდიის პრეფექტები ინარჩუნებდნენ სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფლების ერთიანობას.
293 წლიდან მოყოლებული გალერიუსი დუნაისპირეთის პროვინციების დაცვისათვის ყოველწლიურად ეომებოდა სარმატულ, გერმანულ და თრაკიულ ტომებს, რომლის დროსაც არაერთ ბრწყინვალე წარმატებას მიაღწია. 297–299 წლებში იგი სარდლობდა სპარსეთის წინააღმდეგ ომს არმენიის, სირიისა და მესოპოტამიისათვის.
303 წლის 23 თებერვალს დიოკლეტიანემ მაქსიმიანეს რჩევით ქრისტიანობის დევნა გამოაცხადა.
303 წლის შეთანხმების შედეგად 305 წელს დიოკლეტიანე და მაქსიმიანე გადადგებოდნენ, მათი კეისრები ავგუსტები გახდებოდნენ, ხოლო უკანასკნელთა კეისრები იქნებოდნენ მაქსიმიანეს ძე მაქსენიუსი და კონსტანციუსის ძე კონსტანტინე.
304 წელს გალერიუსმა დაარწმუნა დიოკლეტიანე, მან კი თავის მხრივ მაქსიმიანე, რომ 305 წელს კეისრებად გალერიუსის მეგობარი სევერუსი და გალერიუსის დისშვილი მაქსიმინ დაზა. ორივენი ილირიელი დაბალი ფენის წარმომადგენელთა შვილები იყვნენ, რომლებმაც წარმატებას სამხედრო სამსახურით მიაღწიეს.
305 წ. 1 მაისს დიოკლეტიანემ და მაქსიმიანემ უარი თქვეს ტახტზე, რის შემდეგაც მედიოლანში კონსტანციუსი გამოცხადდა ავგუსტად, ხოლო სევერუსი კეისრად. სევერუსს გადაეცა იტალია, აფრიკა და პანონია.
ნიკომედიაში გალერიუსი გამოცხადდა ავგუსტად, ხოლო მაქსიმიან დაზა კეისრად. დაზას სამართავად გადაეცა სირია, იუდეა და ეგვიპტე. იქ იგი ქრისტიანთა სასტიკ დევნას აწყობდა.
ავგუსტობის პირველ წელსვე, დას. რომის იმპერიის მმართველი კონსტანციუსი ავად გახდა ბრიტანეთში და თავისი ვაჟი კონსტანტინე, რომელიც აღმოსავლეთში, გალერიუსის ჯარში მსახურობდა, იხმო. გალერიუსს კონსტანტინე არ უყვარდა, რადგან ჯარი აღმერთებდა და მასში მეტოქეს ხედავდა. გალერიუსმა მისი მოკვლა გადაწყვიტა, მაგრამ კონსტანტინემ ავგუსტის განზრახვა დროზე შეიტყო და დასავლეთში გაიქცა. კონსტანტინემ პიქტებზე5 წარმატებული ლაშქრობა მოაწყო. კონსტაციუსი კამპანიის გაგრძელებას აპირებდა მაგრამ 306 წლის 25 ივლისს გარდაიცვალა, რის შემდეგაც მისი თხოვნითვე ბრიტანეთში მდგარმა იმპერიის ჯარებმა კონსტანტინე დასავლეთის ავგუსტად გამოაცხადეს. ამ დროს იგი 32 წლის იყო.
კონსტანციუსის სიკვდილის გაგებისთანავე გალერიუსმა დასავლეთის ავგუსტად დანიშნა სევერუსი, ხოლო კონსტანციუსის შვილი კონსტანტინე მისი კეისრობით დააკმაყოფილა. ამ გადაწყვეტილებამ აღაშფოთა ყოფილი ავგუსტის, მაქსიმიანეს ვაჟი მაქსენიუსი, რომელმაც მიიმხრო პრეტორიანელთა გვარდია, რომი და სამხრეთ იტალია დაიკავა და დაითანხმა მამა კვლავ ავგუსტად გამოცხადებულიყო, რათა მისი დახმარებით გაემყარებინა პოზიციები. 307 წელს მაქსიმიანემ დაამარცხა სევერუსი, ტყვედ იგდო და მოგვიანებით სიკვდილითაც დასაჯა.
მაქსიმიანე შიშობდა, რომ გალერიუსი და კონსტანტინე ერთობლივად არ გამოსულიყვნენ მის წინააღმდეგ, ამიტომ კოსტანტინესთან ფარული კავშირი გააბა, რომლის დროსაც შესთავაზა „ავგუსტის შვილი“-ს წოდება და საკუთარი ასულის ფაუსტას შერთვა. სამაგიეროდ კონსტანტინეს მაქსენიუსი უნდა ეცნო ავგუსტად. კონსტანტინე გაეყარა ცოლს მინერვინას (მისგან დარჩა 1 ძე კრისპუსი) და დაქორქინდა ფაუსტაზე, თუმცა სამხედრო კამპანიის დროს ნეიტრალიტეტი აირჩია. მოგვიანებით მან დასავლეთის ავგუსტად გამოაცხადა თავი.
სევერუსის მკვლელობისთანავე 307 წელს გალერიუსმა დასავლეთის კეისრად თავისი მთავარსარდალი ლიცინიუსი გამოაცხადა, ილირიისა და თრაკიის დასაცავად დატოვა და თვითონ იტალიისაკენ გაემართა.
ლიცინიუსი მეზიელი გლეხი იყო და დაკიაში დაიბადა. სამხედრო სამსახურში შესვლისას დიოკლეტიანეს არმიაში აღმოჩნდა. 298 წელს სპარსეთზე კამპანიისას იგი დაუმეგობრდა გალერიუსს და მალევე მის ერთ-ერთ სარდლად იქცა.
გალერიუსი წინააღმდეგობის გარეშე მივიდა რომთან, მაგრამ არმიის მცირერიცხოვნობისა და სურსათის არქონის გამო მალევე უკან დაიხია და ილირიაში დაბრუნდა.
მაქსიმიანეს მალევე მოწყინდა შვილის პირველობა და 308 წელს აჯანყება წამოიწყო მის წინააღმდეგ, თუმცა არმია მაქსენიუსს მიემხრო და მაქსიმიანე იძულებული გახდა გაქცეულიყო გალიაში კოსტანტინესთან.
ამ არეულობით ისარგებლა აფრიკის მმართველმა დომიციუს ალექსანდრმა და თავი ავგუსტად გამოაცხადა. აფრიკის დამორჩილება მაქსენიუსმა სხვადასხვა ცნობით მხოლოდ 309 ან 311 წელს მოახერხა.
ასეთ სიტუაციაში გალერიუსის თხოვნით დიოკლეტიანემ მოიწვია ტეტრარქთა საბჭო, რომელმაც 308 წლის 11 ნოემბერს დაადგინა: 1. მაქსიმიანე წავიდოდა კვლავ პოლიტიკიდან; 2. მაქსენიუსი ცხადდებოდა უზურპატორად; 3. კონსტანტინე დასავლეთის ავგუსტის ტიტულს უთმობდა ლიცინიუსს (სამართავად გადასცემდნენ რეციასა და პანონიას), ხოლო კონსტანტინე მისი კეისარი გახდებოდა.
ლიცინიუსის აღზევებამ განარისხა, როგორც კონსტანტინე, ისე მაქსიმინ დაზა, რომლებმაც არ ცნეს მისი ავგუსტობა. მათ დასაშოშმინებლად გალერიუსმა ორივეს „ავგუსტის შვილის“ წოდება მისცა, თუმცა უშედეგოდ.
310 წელს მაქსიმინ დაზამ მაინც ვერ მოითმინა და თავი ავგუსტად გამოაცხადა. მაშინ გალერიუსი იძულებული გახდა მეორე კეისარი – კონსტანტინეც იგივე ხარისხში აეყვანა. ამრიგად ამ დროისთვის იმპერიას 5 დამოუკიდებელი ავგუსტი მართავდა.
ცოტა ხანში, როდესაც კონსტანტინე ფრანკებზე საომრად იყო წასული, მაქსიმიანემ თავი ისევ ავგუსტად გამოაცხადა და აჯანყება დაიწყო. კონსტანტინემ შეწყვიტა კამპანია და მაქსიმიანესკენ დაიძრა. მაშინ უკანასკნელი ყველამ მიატოვა, რის შემდეგაც იძულებული გახდა თავი ჩამოეხრჩო.
გარდა პოლიტიკური დაძაბულობისა, იმპერიას სიმშვიდეს ურევდა აგრეთვე ძველი კერპთაყვანისმცემლებისა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირება. ამ ვითარების მოსაგვარებლად 311 წლის 30 აპრილს გალერიუსმა ნიკომედიაში მოიწვია კონსტანტინე, ლიცინიუსი, მაქსიმინ დაზა და ქრისტიანთა დევნის შეწყვეტა გამოაცხადა.
311 წლის მაისში გარდაიცვალა და მისი ევროპული სამფლობელოები ლიცინიუსს ერგო, ხოლო აზიური მაქსიმინ დაზას.
მალევე იმპერიაში 2 პოლიტიკური ბანაკი ჩამოყალიბდა: კონსტანინე-ლიცინიუსისა (ლიცინიუსმა შეირთო კონსტანტინეს და კონსტანცია) და მაქსიმიანე-მაქსენიუსის.
პოზიციების გამყარების შემდეგ 312 წლის ზაფხულში კონსტანტინე შეიჭრა იტალიაში. მაქსენიუსს პრეტორიანული გვარდიის, იტალიკებისა და აფრიკელების მრავალრიცხოვანი ლეგიონები ჰყავდა და მეტოქის ჯარებს მნიშვნელოვნად აღემატებოდა, თუმცა ამავე დროს იგი სასტიკი ტირანი იყო და ჯარისკაცებს არ უყვარდათ.
კონსტანტინემ ზედიზედ დაამარცხა ჩრდილოეთ და ცენტრალურ იტალიაში მდგარი მაქსენიუსის სარდლები და რომს მიუახლოვდა. მაქსენიუსს ქალაქი კარგად ჰქონდა გამაგრებული და სურსათიც ბლომად ჰქონდა, თუმცა ამის მიუხედავად ქალაქი მაინც დატოვა და მტერს რომიდან 3 კმ-ზე მულვიის ხიდთან შეხვდა (ეს ხიდი მისი ბრძანებით ჩაანგრიეს – „თუ გავიმარჯვე ისევ ავაგებ, თუ დავმარცხდი აღარ დამჭირდებაო“). როგორც ჩანს ამის მიზეზი აჯანყების შიში იყო, რადგან რომში ის საშინლად სძულდათ, ხოლო კონსტანტინეს პოპულარობა სულ უფრო იზრდებოდა და ამიტომ დიადი გამარჯვების მოპოვება სჭირდებოდა ტახტზე გასამყარებლად.
312 წლის 28 ოქტომბერს გამართული ბრძოლა კონსტანტინემ მოიგო. მაქსენიუსის ჯარისკაცებმა გაქცევა იწყეს, მათ მიჰყვა ავგუსტიც, რომელიც ტიბრის გადაცურვისას დაიხრჩო.
ერთი გადმოცემით გადამწყვეტი ბრძოლის წინ კონსტანტინეს ფრიად შეშფოთებულს ჩაეძინა, ძილში ცით მოევლინა მას ვარსკვლავიერი ჯვარი რომელზედაც, ირგვლივ ეწერა: „ამით სძლიე“. მან ამ ჯვარის მსგავსი დროშა გააკეთა, წინ წაიმძღვარა და ბრძოლაში გაიმარჯვა. ბრძოლის მოგებისთანავე კონსტანტინემ სვლა განაგრძო და უბრძოლველად, ტრიუმფით შევიდა რომში.
მეორე დღეს კონსტანტინემ გაუგზავნა მოთხოვნა მაქსიმინ დაზას შეეწყვიტა ქრისტიანთა დევნა. დაზა ხვდებოდა რომ ძალები მოკავშირეთა წინააღმდეგ არ ჰყოფნიდა, ამიტომ ქრისტიანთა დევნა შეწყვიტა და ხელსაყრელ დროს დაელოდა მათ წინააღმდეგ გამოსასვლელად.
313 წლის თებერვალში მედიოლანში (დღევ. მილანი) ერთმანეთს შეხვდნენ კონსტანტინე და ლიცინიუსი, რომლებმაც განაახლეს მეგობრობის შეთანხმება და დაადგინეს: 1. მაქსენიუსის სამფლობელოების დას. ნაწილი ერგოს კონსტანტინეს, აღმ. ნაწილი კი ლიცინიუსს. 2. ქრისტიანობა სხვა რელიგიების თანასწორად გამოცხადდეს და ქრისტიანებს ჩამორთმეული ქონება დაუბრუნდეთ.
313 წლის გაზაფხულზე, როდესაც კონსტანტინე გერმანიაში ომობდა და ლიცინიუსის საშველად მისვლა არ შეეძლო, მაქსიმინ დაზამ სწრაფად გაიარა მცირე აზია და აიღო ბიზანტიონი. 1 მაისს თრაკიაში მის წინააღმდეგ გამოვიდა ლიცინიუსი, რომელსაც მეტოქეზე ორჯერ ნაკლები ჯარი ჰყავდა, თუმცა დაზას მეომრები ხანგრძლივი მგზავრობით გადაღლილები იყვნენ. ეს ფაქტორი გადამწყვეტი აღმოჩნდა, დაზა სასტიკად დამარცხდა, უკან მცირე აზიაში გაბრუნდა, სადაც მალე ავად გახდა და გარდაიცვალა. ლიცინიუსმა მისი აღმოსავლური სამფლობელოები სრულად იგდო ხელთ. ამრიგად იმპერია ორ ნაწილად იყოფოდა. ბალკანეთი, აზიის სამფლობელოები და ეგვიპტე ჰქონდა ლიცინიუსს, ხოლო გალია, ბრიტანეთი, ესპანეთი, იტალია და პროვინცია აფრიკა კონსტანტინეს.
რადგან სხვა მეტოქე აღარ ჰყავდათ, მათი მეგობრობაც დასრულდა და 314 წელს ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ დაიძრნენ. კონტანტინე I-მა ბრძოლა მოიგო. საზავო პირობებით კონსტანტინეს დამატებით ერგო დალმაცია, პანონია, დაკია, მაკედონია და საბერძნეთი.
ამიერიდან 10 წლის მანძილზე მეტოქეებს შორის სიმშვიდე იყო და ორივენი ბარბაროსებთან ომებით იყვნენ დაკავებულნი. ამასთან, მიუხედავად ორგზის დადებული პირობისა ლიცინიუსი მაინც დევნიდა ქრისტიანებს თავის სამფლობელოებში.
317 წელს კეისრის რანგში აიყვანეს კონსტანტინეს ვაჟები კრისპუსი და რამდენიმე თვის კონსტანტინე II და ლიცინიუსის 2 წლის ვაჟი ლიცინიუს უმცროსი.
323 წელს კონასტანტინემ ლიცინიუსის წინააღმდეგ ომი განაახლა და საზღვაო ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. 324 წლის 3 ივლისს ადრიანოპოლთან სახმელეთო ბრძოლაში კონსტანტინემ გაანადგურა ლიცინიუსის ძირითადი ძალები. იმავ დროს ჰელესპონტთან კრისპუსმა საზღვაო ბრძოლაში გაანადგურა ლიცინიუსის ფლოტი, რომელსაც აბანტუსი სარდლობდა. მაშინ ლიცინიუსი აზიაში გადავიდა და ახალი ძალების შეკრებას დაელოდა.
324 წლის 18 სექტემბერს გაიმართა უკანასკნელი ბრძოლა ქრისოპოლისთან6. ლიცინიუსი კვლავ დამარცხდა და ნიკომედიაში შეიკეტა. კონსტანტინემ მას ალყა შემოარტყა და მეტოქეს სიცოცხლის შენარჩუნების სანაცვლოდ დანებება შესთავაზა. ლიცინიუსი დათანხმდა, ტახტზე უარი თქვა და მეტოქეს დანებდა, რომელმაც თესალონიკში გაგზავნა, სადაც დაახრჩვეს.
შედეგად 324 წლის შემოდგომაზე კონსტანტინე იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა.
მალევე ბიზანტიონში კონსტანტინემ ახალი დედაქალაქის აგება დაიწყო, რომელიც 330 წელს დაასრულა და „ახალი რომი“ უწოდა, თუმცა ეს სახელი მალევე დაივიწყეს და უკვე მის სიცოცხლეშივე ქალაქს „კონსტანტინოპოლს“ (კონსტანტინეს ქალაქს) ეძახდნენ.
9. ნისიბინის ზავი, თრდატ IV-ისა და მირიან III-ის მეფობის დასაწყისი
287 წელს ხოსროვ II მოკლეს, რის შემდეგაც ტახტი დაიკავა მისმა უმცროსმა ძმამ, ტირიდატ III-მ (დას. არმენიის მეფე 287–296). ხოსროვის ძე ტირიდატი კაპადოკიის კესარიაში გაიქცა და კარიერა დაიწყო რომის არმიაში. მალე მის სამსახურში ჩადგა მეფის მკვლელ ანაკის ვაჟი გრიგორი, რომელსაც სურდა ამით მამის დანაშაული ტირიდატის მიმართ გამოესყიდა.
293 წელს გარდაიცვალა სპარსეთის შაჰი ბაჰრამ II და ტახტზე ავიდა მისი მცირეწლოვანი ვაჟი ბაჰრამ III. მამის გარდაცვალების დროს იმყოფებოდა ფარსში. მისი მმართველობა მხოლოდ 4 თვემდე გაგრძელდა. რომაელთა შემოსევების გამო ხელისუფლება დასუსტდა და სახელმწიფო ხაზინა დაცარიელდა. 293 წელს ირანში დიდმა აჯანყებამ იფეთქა. ბაჰრამის მომხრე ვეზირებმა სცადეს წინააღმდეგობა, მაგრამ უშედეგოდ. დიდებულებმა ბაჰრამის ბაბუის ძმა, ნარსე I (293–302) გამოაცხადეს შაჰინშაჰად, ხოლო ბაჰრამი კი შეიპყრეს და ციხეში გამოკეტეს, სადაც მალევე გარდაიცვალა.
296 წელს ირანის შაჰმა ნარსემ გამოუცხადა ომი რომს, შეიჭრა დას. არმენიაში, განდევნა იქედან ტირიდატ III და შემდეგ რომის აღმ. პროვინციებიც დაიპყრო. 297 წელს ნარსე უკვე სამხრეთით დაიძრა და რომის მესოპოტამიას დაესხა. მის წინააღმდეგ გამოვიდა გალერიუსი მცირერიცხოვანი არმიით, რომელიც შაჰმა კარრის ახლოს (სირიაში) ბრძოლაში სასტიკად დაამარცხა. 298 წელს გალერიუსს მოუვიდა ილირიისა და მეზიის ლეგიონები და 25000-იანი არმიით შეიჭრა არმენიაში. ნარსემ აქ უკან დაიხია და ამით მთიანი რელიეფის გამო მძიმე დღეში ჩააგდო თავისი კავალერია. რომაელთა ლეგიონებმა ისარგებლეს მათთვის ხელსაყრელი მდებარეობით, მოულოდნელათ თავს დაესხნენ და სატალესთან ბრძოლაში გამანადგურებელი მარცხი აწვნიეს სპარსელებს. გალერიუსის ხელთ აღმოჩნდა ნარსეს ოჯახის წევრები (დები, ცოლები, შვილები) და სამეფო საგანძური.
ნარსემ გაუგზავნა ელჩი გალერიუსს ოჯახის წევრთა დაბრუნების თხოვნით, მაგრამ უარი მიიღო. 299 წლის გაზაფხულზე დაიწყო დიპლომატიური მოლაპარაკება. დიოკლეტიანემ ელჩად გამოჰყო კანცელარიის უფროსი სიკორიუს პრობუსი, ხოლო სპარსეთის მხრიდან მოლპარაკებაში მონაწილეობას იღებდნენ თვით შაჰი ნარსე და მისი ახლობლები: აფარბა, არხაპეტი და ბარსაბორსი.
პეტრე პატრიკოსის (VI ს.) ცნობით ე. წ. ნისიბინის 40 წლიანი ზავის პირობები შემდეგნაირად გამოიყურებოდა: 1. რომს უნდა გადასცემოდა ინტილენა, სოფენა, არზანენა, კორდუენა და ზაბდიკენა. 2. საზღვარი სპარსეთთან უნდა გასულიყო ტიგროსზე. 3. უნდა დაზუსტებულიყო არმენიისა და სპარსეთის საზღვარი (მიდიის მონაკვეთში). 4. იბერიის მეფეებს ამიერიდან რომაელებისგან უნდა მიეღოთ სამეფო ნიშნები. 5. ნისიბინი იქნებოდა რომისა და სპარსეთის ერთადერთი საერთო ვაჭრობის ადგილი და თანაც ეს ტერიტორიაც რომს რჩებოდა.
ამასთან არმენიის ტახტზე დაჯდებოდა ყოფილი მეფე ტირიდატ III-ის ძმისწული ტირიდატ IV (299–330), რომელიც რომის კაცი იყო. ამიერიდან არმენიაზე რომის ფაქტობრივი პროტექტორატი დამყარდა. ნარსეს დაუბრუნდა ოჯახის წევრები.
ამიანეს ცნობით რომს გადაეცა 5 ოლქი ზემო მესოპოტამიაში: არზანენა, მოკსოენა, ზაბდიკენა, რეგიმენა და კორდუენა.
რომის ავგუსტებმა დიოკლეტიანემ და მაქსიმიანმა რომში ტრიუმფი გადაიხადეს. რაც შეეხება ნარსეს, მისი ავტორიტეტი სულ უფრო ეცემოდა, ამიტომ 302 წლის დასაწყისში ტახტიდან გადადგა უფროსი ვაჟის ჰორმიზდ II-ს სასარგებლოდ.
ნისიბინის ზავმა 60 წლის მანძილზე დაამყარა რომის ჰეგემონია წინა აზიის რეგიონში.
III საუკუნის ბოლო მეოთხედში იბერიის ტახტზე ადის მირიან III (დაახლ. 280–336) რევის ძე.
ზემოთ აღნიშნული მოვლენების ამსახველი უნდა იყოს „ქართლის ცხოვრებაში“ მოთხრობილი მირიან მეფის ომი სომხეთთან. მირიანი ხომ 290-იანი წლებისთვის სპარსეთის ვასალი იყო, ხოლო სომხეთის მეფეები კი რომის. აქედან გამომდინარე ისინი თავისდაუნებურად ჩათრეულნი იქნებოდნენ ერთმანეთთან ომში. „ქართლის ცხოვრება“ მოგვითხრობს: „მირიანმა მოიყვანა ნათესავი მისი სახელით ფეროზ, რომელსაც ჰყავდა სპა დიდი. და ამას ფეროზს მისცა მირიანმა ასული თვისი ცოლად და მისცა ქვეყანა ხუნანიდან აღმოსავლეთით – გარდმანი და მოვაკანი, მტკვარსა ორივე კერძი, და დაადგინა იგი ერისთავად იქ. შემდეგ სხვა ძალებიც მოირთო სპარსეთიდან და უწყო ბრძოლა სომხეთის მეფე თრიდატს. როდესაც თრიდატს დაეხმარებოდნენ რომაელები მირიანი უკან დაიხევდა და გაამაგრებდა თავის ციხეებსა და ქალაქებს, როდესაც მირიანს სპარსელები მოეშველებოდნენ უკვე ტირიდატი გადადიოდა თავდაცვაზე. და ასე დაუცხრომელად იყო შფოთი მათ შორის წელთა მრავალთა.
ერთხელაც მოვიდა რომაელთა დიდი ლაშქარი, ხოლო მირიან დადგა ქართლად და განამაგრნა ციხე-ქალაქნი. უღონო იქმნა მირიან და შეეშინდა სრულიად ოტებასა ქართლით, რამეთუ დაწყვეტილ იყვნენ წყობასა მას შინა ყოველნი წარჩინებულნი მისი. და ამისთვის-ცა გაგზავნა მოციქული წინაშე კეისრისა და ითხოვა მისგან მშვიდობა, აღუთქვა მას მსახურება. კეისარი დაეზავა მირიანს, ოღონდ წაიყვანა უმცროსი შვილი მირიანისი მძევლად, რომელსაც ერქვა ბაქარ (ბაკური). შემდეგ მან შეარიგა თრიდატი და მირიანი და ამზახლა ურთიერთს. რამეთუ მოსცა თრიდატმა ასული თავისი, რომელსაც ერქვა სალომე, ძესა მირიანისსა ცოლად, რომელსაც ერქვა რევ. და განუჩინა საზღვარი მირიანს და თრიდატს ასე: რომელთა ქვეყანათა მდინარენი დიან სამხრეთით და მიერთვიან არაქსსა, ესე ქვეყანანი თრიდატის კერძად დაყარა; და რომლისა ქვეყანისა მდინარენი ჩრდილოთ დიან და მიერთვიან მტკვარსა, ესე მირიანის კერძად დაყარნა. ესე რა განუგო კეისარმან და შუამდგომლად ექმნა მათ და წავიდა თვისად სამეფოდ“. როგორც ჩანს არმენიამ ამ ზავით კვლავ წაიღო ტაო, ხორძენე და გოგარენე.
„მირიანმა  მისცა ძესა მისსა რევს საუფლისწულოდ კახეთი და კუხეთი, და დასვა იგი უჯარმას. რევ და ცოლი მისი სალომე, ასული თრიდატისი ცხოვრობდნენ უჯარმას. ხოლო ფეროზს, სიძესა მირიანისსა, ჰქონდა ქვეყანა, რომელიც ზემოთ ვახსენეთ მიცემულად მირიანისგან, და იყო იგი იქ ერისთავად“.

შენიშვნები
1. მდებარეობდა ჩრდ. შუამდინარეთში ტიგროსის ზემო წელზე, ძვ.წ. 132–ახ.წ. 244 წლებში, დედაქალაქი იყო ქალაქი ედესა.
2. ისტორიული ქალაქი პერსეპოლისის ჩრდილოეთით 5 კმ-ზე. ფარსის მხარის ძველი ცენტრი.
3. ქუშანის სამეფო ბაქტრიის ტერიტორიაზე აღმოცენდა ძვ.წ. I. თავისი აყვავების პერიოდში (I–III საუკუნე) იგი მოიცავდა ახლანდელ შუა აზიის მნიშვნელოვან ნაწილს, ავღანეთს, პაკისტანს, ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილს. ახ.წ. IV საუკუნეში სამეფო სასანიდებმა დაიპყრეს.
4. შემდგომში ჩერნოგორიული ქალაქი დუკლა. მისი ნანგრევები ალბანური ქ. შკოდერის ახლოს მდებარეობს.
5. დღევ. სკოტლანდის უძველესი მოსახლეები.
6. ანტიკურ ქალაქ ქალკედონთან, რომლიც დღევ. სტამბულის აზიური ნაწილში მდებარე უბან კადიკოის წარმოადგენს.

10. ძველი სომხური გეოგრაფია და იბერიის სამეფო
ქართლის (იბერიის) ოლქების სრულ სიას გვთავაზობს სომხური გეოგრაფიის (VII ს.) ანონიმი ავტორი. მას ცნობები აუღია პაპი ალექსანდრიელისგან, რომელიც ცხოვრობდა თეოდოსი დიდის დროს (IV ს-ის II ნახ.) და ერთ-ერთ წყაროდ იყენებდა პტოლემაიოსის გეოგრაფიას. ანონიმის მოგვითხრობს: ვერია იგივე ვირქი, ეგერის აღმოსავლეთით, ემიჯნება სარმატიას კავკასიონთან, ვრცელდება ალბანიამდე მდ. მტკვარზე. ვერიაში არის შემდეგი პროვინციები: 1. კლარჯი, 2. არტაანი, 3. შავშეთი, 4. ჯავახი, 5. სამცხე, 6. აჭარა, 7. გორგოვათის ან გოროთის (გორათის) ხევი, 8. ტორნის ხევი (ტორნე დღევ ასლანკი, ქციის შენაკადი), 9. მანგლიაც-ფორი (მანგლისის ხევი), 10. ქვიშა ფორი (ქვეშის ხევი. მდ. ქვეშა ჩადის მაშავერაში, ქციას შენაკადში), 11. ბოლნო ფორი (ბოლნისის ხევი), 12. ტრელი (თრიალეთი), 13. კანგარი, 14. ტაშირი, 15. აჩაი (აჩაბეთის ხევი), 16. გუანი, 17. ერისხი (ერწო), 18. კუდიტი (კუხეთი?), 19. კოსხ (?), 20. საცხუმეთი (საცხენეთი), 21. ხანიცხ (?). არის ქალაქები: ტიფლისი, შამშუდე (სამშვილდე) და მცხითა, რომელშიც ინახება წმინდა ნინოს ჯვარი. მდინარეებში უხვადაა თევზი.
ანონიმი სარმატიის მხარეში ათავსებს კავკასიის მთების მცხოვრებთ, მათ შორის ქართველურ კუთხეებს: აფშეგი (აფშილები), აფხაზი, ფთიროფაგები, გუდამაყარი, დუიჩიკი (დუისი?), ცხავატი.
ანონიმი ალბანეთში აქცევს კამბეჩანის მხარეს, ხოლო გუგარქს, ტაიკს (ტაო), სპერს და ხორძენეს დიდ არმენიაში.
ანონიმის ცნობით გუგარქი მდებარეობს უტიკის დასავლეთით და აქვს 9 ოლქი, რომელსაც ფლობენ ქართველები: 1. ძორო-ფორი (ხევი), 2. წოფო-ფორი (ხევი), 3. კოლბო-ფორი (მდ. კოლბას ხევი, დღევ. ინჯა სუს ხევი), 4. ტაშირი, 5. ტრელი (თრიალეთი), 6. კანგარი, 7. არტაანი, 8. ჯავახი, 9. კლარჯი.
ტაიკი (ტაო) გუგარქის გვერდითაა, მდიდარია ციხე-სიმაგრეებითა და სასახლეებით და აქვს 9 ოლქი: 1. კორ (?), 2. პარტიზაც-ფორ (?), 3. ბერდაც-ფორ (ბერთას ხევი), 4. ჩაკს (?), 5. ბუხა (?), 6. ოკაგე (?), 7. აზორდის ხევი 8. კა-ფორ (?), 9. ასისფორი. ტაიკში არის ლეღვი, ბროწეული, კომში, ნუში...

Комментариев нет:

Отправить комментарий