воскресенье, 20 марта 2022 г.

ქართლის სამეფო ახ.წ. II საუკუნეში. ფარსმან ქველის ეპოქა (უ. მურღულია)

1. ფარსმან III ქველი
ტრაიანუსის წარუმატებელმა აღმოსავლურმა კამპანიამ დიდი გავლენა მოახდინა იმპერიის საგარეო პოლიტიკაზე. იმპერიის სოციალურ-ეკონომიკური ბაზის სისუსტისა და საზღვრებზე შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო ავგუსტი ადრიანუსი იძულებული გახდა უარი ეთქვა აგრესიულ პოლიტიკაზე და ოქტავიანე-ავგუსტუსისეულ თავდაცვით დოქტრინას დაუბრუნდა. ახალი ავგუსტის ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური ნაბიჯი იყო რომაელთა მიერ ევფრატის აღმოსავლეთით ოკუპირებული ტერიტორიების დაუყოვნებლივი დაცვა. ეს იყო აღმოსავლეთში რომაელთა აგრესიის სრული მარცხის აღიარება. თუმცა, შექმნილი სიტუაციით სარგებლობა ვერც პართიის სამეფომ შეძლო. ტრაიანუსის კამპანიის დროს განცდილი მძიმე მარცხის შემდეგ, მასაც არ აღმოაჩნდა კონტრშეტევაზე გადასვლისა და წინა აზიაში პოლიტიკური ინიციატივის საკუთარ თავზე აღების ძალა. ადრიანუსის მიერ შეთავაზებული „Pax Romana“ არშაკიდთა სამეფო სახლმა ყოველგვარი ზედმეტი პრეტენზიების გარეშე მიიღო.
ასე, რომ, აღმოსავლეთში საუკუნეების მანძილზე პოლიტიკური ამინდის განმსაზღვრელმა ორივე სახელმწიფომ – რომმა და პართიამ თანდათანობით დათმო პოზიციები. მათ უკვე აღარ შეეძლოთ მთლიანად გაეკონტროლებინათ პოლიტიკური სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში. ასეთ პირობებში იწყება უფრო პატარა პოლიტიკური ერთეულების გაძლიერება-გააქტიურება, რომლებიც იწყებენ ამ ორი ზესახელმწიფოსაგან დამოუკიდებელი და ხშირად მტრული პოლიტიკის გატარებას. ასეთი იყო პირველ რიგში იბერიის სამეფო, რომლის ამბიციები და საზღვრების გაფართოების აგრესიული პოლიტიკა, რომელსაც იგი ახ.წ. I საუკუნიდან ატარებდა, კიდევ უფრო ძლიერდება II ს-ის I ნახევარში. ამ პირობებში იბერიის სათავეში დგას მეფე ფარსმანი, რომელიც ქართულ წყაროებში „ქველის“ ეპითეტითაა შემკული. ფარსმანის მეფობის პერიოდში რომზე დამოკიდებულება, ე.წ. „მეგობრობა-მოკავშირეობა“ სრულ ფიქციად იქცა და იგი მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა. უფრო მეტიც, ფარსმანი არ ერიდება იმპერიის ავტორიტეტსაც კი, მასთან ღია დაპირისპირებაზეც მიდის და რომის პოლიტიკურ სისტემაში ჩართული კოლხეთის ზღვისპირეთის ერთ-ერთ სექტორს – მაკრონ-ჰენიოხებსა და ლაზების შორის მოსახლე ძიდრიტთა ოლქს ეუფლება. ძიდრიტებს ეკავათ ჭოროხსა და არდაშენეს შორის ზღვისპირა ზოლი. ფარსმანის მიერ ძიდრიტთა რაიონის მიტაცებას ადგილი უნდა ჰქონოდა 117–129 წლებს შორის. ჩვენ არ ვიცით თუ როგორ და რა პირობებში მოხდა იბერიის ძალაუფლების გავრცელება კოლხეთის ზღვისპირეთის ამ სექტორზე, ფარსმანის ექსპანსიას დასავლეთისაკენ შეხვდა თუ არა რომაელთა წინააღმდეგობა, მაგრამ სავარაუდოა, რომ საბრძოლო მოქმედებებს ადგილი არ ჰქონდა, რადგანაც უშუალოდ ძიდრიტთა სამოსახლო ტერიტორიაზე რომაული გარნიზონები არ იყო დისლოცირებული. იბერიის მიერ განხორციელებული ასეთი აგრესიული აქციის მიუხედავად, ადრიანუსი უარს ამბობს ვითარების შემდგომ ესკალაციაზე და დიპლომატიური გზით ცდილობს ფარსმანთან ურთიერთობის მოგვარებას.
ადრიანუსმა ტახტზე ასვლიდან 3 წელი რომში გაატარა, რათა ქვეყნის ეკონომიკა მოწესრიგებინა, რის შემდეგაც იმპერიის სხვადასხვა მხარეებში მოგზაურობა დაიწყო, რათა იქაური სიტუაციები მოეგვარებინა: საზღვრებზე ბარბაროსებისგან თავის დასაცავად კედლები აეგო, კულტურისა და განათლების ხელშესწაყობად თეატრები, ბიბლიოთეკები და ტაძრები.
121–125 წლებში მან მოიარა გალია, ბრიტანეთი, ესპანეთი, თრაკია საბერძნეთი, აფრიკა, სიცილია. 128 წელს ისევ გაემგზავრა. მოინახულა ნუმიდია, მცირე აზია, სირია და 130 წელს ეწვია 70-იანი წლების აჯანყების დროს დანგრეულ იერუსალიმს. ადრიანუსმა მის ადგილზე ბრძანათ აეგოთ ახალი ქალაქი სახელით კოლონია აელია კაპიტოლინა, ხოლო სოლომონის ტაძრის ნანგრევებზე აეგოთ იუპიტერის ტაძარი. აქედან იმოგზაურა ეგვიპტეში, სადაც ნილოსში დაიხრჩო მისი საყვარელი ანტინოი, რამაც ავგუსტზე დიდი ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინა. შემდეგ ადრიანუსმა გაიარა სირია, მცირე აზია და ათენში ყოფნისას შეიტყო იუდეველთა ახალი აჯანყების შესახებ, რომელმაც 4 წელს გასტანა (132–136) და დიდი გაჭირვებით მოხდა მისი ჩახშობა.
იბერთა მეფე ფარსმანი იყო ფარსმან III ქველი, მეფე მირდატ III-ის ვაჟი. „ქართლის ცხოვრება“ მას ასე ახასიათებს: „ესე ფარსმან იყო ქველი, ნიჭიერი, მოწყალე, ტანად დიდი და ძლიერი, მამაცი და მხნე მხედარი“. იგი დაქორწინებული იყო დიდ არმენიის მეფე ვაღარშ I-ის ასულ ღადანაზე.
ადრიანუსის ბიოგრაფი ელიუს სპარტიანუსი ავგუსტის კაპადოკიაში II მოგზაურობის აღწერის დროს მოგვითხრობს: „კაპადოკიაში მყოფმა ავგუსტმა კაპადოკიელებს გამოართვა მონები, რომლებიც გამოსადეგი იყვნენ ომისთვის. მან მოიწვია მეგობრული შეხვედრისთვის ადგილობრივი მმართველები და მეფეები; მოიწვია აგრეთვე პართიის მეფე ხოსრო, რომელსაც დაუბრუნა ქტესიფონის აღებისას ტყვედჩავარდნილი ქალიშვილი და შეჰპირდა წართმეული ტახტის უკან დაბრუნებას. როცა მასთან მივიდა ზოგიერთი მეფე, ადრიანე ისე კარგად მოეპყრა, რომ სინანული გამოიწვია მათში, ვინც არ მოისურვა მოსვლა. ასე მოიქცა უმთავრესად (იბერიის მეფის) ფარსმანის გამო, რომლებმაც ქედმაღლურად უარი თქვა მის მოწვევაზე“.
ტექსტის სხვა ადგილებში სპარტიანუსი კიდევ ორჯერ უბრუნდება ფარსმანის საკითხს: „ადრიანუსს ალბანელებისა და იბერების სახით ერთგული მეგობრები ჰყავდა, მათი მეფეები მან უხვად დაასაჩუქრა, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელებმა უარი თქვეს მასთან გამოცხადებაზე“. „ადრიანუსი დიდი პატივით ეპყრობოდა ბევრ მეფეს, ბევრისაგან ყიდულობდა მშვიდობას, რის გამოც ზოგიერთი ზიზღით უყურებდა მას. ბევრს მისცა მან ურიცხვი საჩუქარი, მაგრამ ყველაზე მეტი – იბერთა მეფეს, რომელსაც, ძვირფასი საჩუქრების გარდა, მიუძღვნა კიდევ სპილო და 500 კაციანი კოჰორტა (ტექსტში 50 სწერია მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ 1. კოჰოტა 500–600 კაცისაგან შედგებოდა; 2. ეს რაზმი უეჭველია გამოგზავნილი იყო იმისათვის, რომ ფარსმანს ჩაეყენებინა კავკასიონის გადმოსასვლელებზე, რათა იქედან ალან-სარმატები არ გადმოსულიყვნენ და ამ საქმისათვის 50 კაცი ძალიან ცოტა იყო) როდესაც ფარსმანისაგანაც დიდი საჩუქარი მიიღო, მათ შორის მოოქრული წამოსასხამები, ადრიანუსმა მის დასაცინად არენაზე გამოუშვა 300 დამნაშავე ამ მოოქრულ წამოსასხამებში“.
ქართულ ისტორიოგრაფიაში, ელიუს სპარტიანუსის ცნობაზე დაყრდნობით, ძირითადად მიღებულია, რომ ფარსმანმა იუკადრისა ავგუსტთან გამოცხადება. ელიუს სპარტიანუსის მტკიცება იმის შესახებ, რომ ფარსმანმა ქედმაღლობის გამო თქვა უარი ადრიანუსთან მისვლაზე, რეალურ ვითარებას არ უნდა ასახავდეს. ქედმაღლობას (superbia) რომაელები საერთოდ მეფეთათვის დამახასიათებელ ნაკლად თვლიდნენ და სპარტიანუსიც, მართალია, ამით ცდილობს ფარსმანის ამ ნაბიჯის ახსნას, მაგრამ რეალური მიზეზი სხვა რამ უნდა იყოს. ძნელი წარმოსადგენია, რომ ფარსმანს მხოლოდ სიამაყის გამო ეთქვა უარი ადრიანუსთან გამოცხადებაზე და მას გაცნობიერებული არ ჰქონდა ის შესაძლო გართულებები, რასაც ეს ნაბიჯი მის ქვეყანას მოუტანდა. იმპერიის იგნორირება და მისი მოწვევის დემონსტრაციული უგულებელყოფა ფარსმანისათვის მომგებიანი არ იქნებოდა და მის ასეთ არადიპლომატიურ გადაწყვეტილებას სხვა რაღაც უფრო მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა ჰქონოდა.
აღნიშნული შეკრება გაიმართა 129 წ. სატალაში ან სამოსატაში. ადრიანუსთან არ გამოცხადდა აგრეთვე ალბანეთის მეფეც. კაპადოკიაში არ ჩასულა პართიის მეფე ხოსროც, მიუხედავად იმისა, რომ ადრიანუსმა მას დაუბრუნა ტრაიანუსის მიერ ქტეზიფონის აღებისას დატყვევებული ქალიშვილი და ოქროს ტახტის დაბრუნებასაც იყო დაპირებული. დ. ბრაუნდის მოსაზრებით „ფარსმანის გადაწყვეტილებაზე გავლენა უნდა მოეხდინა პართიაში მიმდინარე შინა ომს. როგორც ჩანს, ფარსმანმა და ალბანეთის მეფემ ამჯობინეს დარჩენილიყვნენ თავიანთ ქვეყნებში და დალოდებოდნენ მოვლენათა განვითარებას პართიაში, სადაც დინასტიური ომი გადამწყვეტ ფაზაში იყო შესული“. სადავო არაა, რომ პართიაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები გარკვეულ გავლენას ახდენდა ამიერკავკასიის ქვეყნების მდგომარეობაზეც. ცნობილია ისიც, რომ ამ პერიოდში პართიის სამეფოში ძალზე მძიმე პოლიტიკური სიტუაცია იყო შექმნილი. პართიის სახელმწიფოში, რომელიც განვითარების სხვადასხვა საფეხურზე მყოფი ხალხებისა და ქვეყნების ამორფულ კონგლომერატს წარმოადგენდა, ფაქტობრივად პერმანენტულად მიმდინარეობდა სეპარატისტული პროცესები თუ დინასტიური ომები. თუმცა, დეცენტრალიზაციის პროცესი განსაკუთრებით I–II ს-ის მიჯნაზე გაძლიერდა. 105/106 წელს იფეთქა ფართომასშტაბიანმა დინასტიურმა ომმა, რომელიც ერთბაშად სამ პრეტენდენტს შორის მიმდინარეობდა. ტრაიანუსის ექსპედიციის გამო ეს დაპირისპირება დროებით შეჩერდა, მაგრამ რომაელებმა როგორც კი დატოვეს შუამდინარეთი, ბრძოლა ხოსროსა და მის ძველ მეტოქეს ვოლოგეზ III-ს შორის კვლავ განახლდა. ეს ომი 10 წელზე მეტხანს გაგრძელდა და კულმინაციას სწორედ ჩვენთვის საინტერესო პერიოდში მიაღწია. როგორც ჩანს, ხოსრო იმიტომ ვერ ჩავიდა ადრიანუსთან, რომ იგი ამ დროს რთულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მართლაც, მისი უკანასკნელი მონეტები 128/129 წლით. ამრიგად, 129 წელს კაპადოკიაში ჩატარებული კრებიდან მოკლე ხანში, ხოსრო საბოლოოდ დამარცხდა და გაქრა პოლიტიკური ასპარეზიდან.
129 წელს მოკვდა პართიის მეფე ხოსრო, რომელმაც სამეფოს თავისი წილი უმცროს ძმა მითრიდატე IV-ს (129–140) დაუტოვა. მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ შეძლო ვოლოგეზ III-მ (105–147) ერთპიროვნულად ემართა პართიის სამეფო. სხვათაშორის, როგორც ირკვევა აღნიშნულ პერიოდში ფარსმან მეფე დაქორწინდა ვოლოგეზ III-ის ასულ ღადანაზე (Le Muséon, Volume 72; Volume 1, Issue 2 – გვ. 34), რომელთანაც ტახტის მემკვიდრე ადამი შეეძინა.
ახლა რაც შეეხება დანარჩენ მეფეებს. შესაძლოა, მართალიც იყოს დ. ბრაუნდის მოსაზრება, რომ ალბანეთის მეფემაც იმავე მიზეზით, პართიაში არასტაბილური მდგომარეობის გამო, თქვა უარი თავისი ქვეყნის დატოვებაზე და არჩია დალოდებოდა თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები პართიაში. კაპადოკიის შეკრებაზე ხოსროსა და ალბანთა მეფის გამოუცხადებლობა შეიძლება სწორედ ამ ფაქტით, პართიაში შექმნილი რთული მდგომარეობით აიხსნას. მაგრამ იგივეს მტკიცება იბერიის მიმართ სათუოა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, უდავოა, რომ პართიაში მიმდინარე პროცესები დიდ გავლენას ახდენდა ამიერკავკასიის ქვეყნებზე და მათ შორის, იბერიაზეც, მაგრამ, მიუხედავად ამისა, დ. ბრაუნდის ზემოთ მოტანილი შეხედულების მექანიკური გავრცელება იბერიაზე, რამდენიმე გარემოების გამო, მიუღებელად ჩანს. ჯერერთი, იბერია, ალბანეთთან შედარებით, უფრო დაშორებული იყო პართიის სამეფოს და პართიაში მომხდარი ცვლილებები მასზე მყისიერ ზემოქმედებას ვერ მოახდენდა. გარდა ამისა, თუ დავუშვებთ, რომ პართიაში მიმდინარე შინაომი იბერიასაც რეალურ საფრთხეს უქმნიდა და სწორედ ამ მიზეზით არ გამოცხადდა ავგუსტთან ფარსმანი, მაშინ, ასეთ შემთხვევაში ადრიანუსისთვის გასაგები უნდა ყოფილიყო თავისი მოკავშირის საქციელი და არ უნდა განაწყენებულიყო ფარსმანზე, როგორც ამას სპეციალურად აღნიშნავს სპარტიანუსი. თუ იბერიისა და ალბანეთის მეფეები ერთი და იმავე მიზეზის გამო არ გამოცხადნენ ადრიანუსთან, მაშინ სპარტიანუსი რატომ აღნიშნავს მხოლოდ ფარსმანის „ქედმაღლობას“ საიმპერიო კარზე ალბანეთსა და იბერიის მეფეები ერთი რანგისანი, „რომაელი ხალხის მეგობარი და მოკავშირეები“ იყვნენ და ამ მეფეთა ერთი და იგივე საქციელი მხოლოდ ფარსმანის „ქედმაღლობად“ რატომ იქნა მიჩნეული? პასუხი ამ კითხვებზე ერთია – ალბანეთისა და იბერიის მეფეების ავგუსტთან გამოუცხადებლობას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა. ელიუს სპარტიანუსი პირდაპირ წერს, რომ ადრიანუსი მასთან მისულ მეფეებს „ისე მოექცა, რომ იმათ, ვინც არ ისურვა მასთან მისვლა, სანანებელი გაუხდათ. ის ასე, პირველ რიგში, ფარსმანის გამო მოიქცა, რომელმაც ქედმაღლურად უგულებელყო მისი მოწვევა“. ესე იგი, ადრიანუსი განსაკუთრებით ფარსმანზე იყო განაწყენებული, განსხვავებით ალბანთა მეფისაგან, რომელმაც შესაძლოა მართლაც იმით იმართლა თავი, რომ შექმნილ სიტუაციაში არ შეეძლო ქვეყნის დატოვება. ყოველ შემთხვევაში მას, როგორც ჩანს, ავგუსტთან ვიზიტზე უარის თქმის გასამართლებელი რაღაც საბუთი მაინც ჰქონდა, განსხვავებით ფარსმანისაგან, რომელსაც ეტყობა არც კი დაუსახელებია მისი უარის ოფიციალური, ყოველ შემთხვევაში ავგუსტისათვის დამაკმაყოფილებელი მიზეზი.
როგორც ჩანს ფარსმანის ეს ნაბიჯი განპირობებული იყო კონკრეტულად იმ პერიოდში იბერია-რომის ურთიერთობაში არსებული ერთი მწვავე პრობლემით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კაპადოკიის შეკრებამდე არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ფარსმანი შეიჭრა რომის ხელდებულ ტერიტორიაზე და მიიტაცა კოლხეთის ზღვისპირეთის ერთ-ერთი სექტორი – ძიდრიტთა ოლქი, რითაც მან ერთმანეთისაგან გათიშა რომაული სამფლობელოები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. ჩვენი აზრით, ფარსმანის მიერ განხორციელებული ეს აქცია გახდა იმ კონფრონტაციის მიზეზი, რომელიც ადრიანუსის პრინცეპსობის მთელ მანძილზე შეიმჩნეოდა იბერიასა და რომს შორის.
ძიდრიტთა მხარის მიტაცებით იბერიამ გარკვეულწილად დაარღვია აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის რომაული სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემის, პონტო-კავკასიის სასაზღვრო ხაზის მთლიანობაც. ეს სისტემა სათავეს ტრაპეზუნტში იღებდა და ადრიანუსის მმართველობის პერიოდისათვის სებასტოპოლისამდე ვრცელდებოდა. ამ ერთიან სასაზღვრო პერიმეტრზე იბერიის გამოჩენით კი, ორ უმნიშვნელოვანეს რომაულ ფორპოსტს – აფსაროსსა და ტრაპეზუნტს შორის გადაჭრილ იქნა სახმელეთო კომუნიკაცია, რის შედეგადაც მათი ერთმანეთთან დაკავშირება მხოლოდ საზღვაო გზით გახდა შესაძლებელი. ამის დაშვება კი რომს, რა თქმა უნდა, არ შეეძლო. თუმცა, „ომზე მეტად მშვიდობისმოყვარე“ (სპარტიანუსი) ავგუსტს, რომელმაც საბოლოოდ თქვა უარი შეტევით ომებზე, არ აწყობდა კავკასიაში ვითარების კიდევ უფრო გამწვავება და იმიერკავკასიელი ნომადებით ზურგგამაგრებული ფარსმანის წინააღმდეგ ღია საბრძოლო მოქმედებების დაწყება. ამიტომ, ადრიანუსი, რომელიც მუდამ „ყიდულობდა მშვიდობასა და ზავს“, დიპლომატიური გზით ცდილობს ფარსმანთან ურთიერთობის დარეგულირებას და ძიდრიტთა ოლქში შექმნილი პრობლემის მოგვარებას. ადრიანუსი სახელმწიფოს მართვაში, მოკავშირე ქვეყნების მმართველებთან თუ მოწინააღმდეგეებთან ურთიერთობაში მუდამ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა პიროვნულ კონტაქტებს. ეს აშკარად მისი ძლიერი მხარე იყო. რა თქმა უნდა, კაპადოკიის შეკრებაზე ავგუსტი ეცდებოდა „ძიდრიტთა პრობლემის“ მოგვარებას. შესაძლოა, ადრიანუსმა სპეციალურად ამ მიზნით მიიწვია კიდეც „მეგობრულ შეხვედრაზე“ ფარსმანი. ყოველ შემთხვევაში, ცხადია, რომ ავგუსტთან ჩასულ ფარსმანს ამ საკითხზე აუცილებლად მოუწევდა საუბარი და გამორიცხული არაა, რომ რომაელები მას ძიდრიტთა ოლქს დაათმობინებდნენ კიდეც. როგორც ჩანს, სწორედ ეს უნდა ყოფილიყო იმის მიზეზი, რომ ფარსმანმა უარი განაცხადა კაპადოკიაში ჩასვლაზე. იგი არ აპირებდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ძიდრიტთა ოლქის, ზღვაზე  ამ ახალმოპოვებული გასასვლელის დათმობას და ავგუსტთან მძიმე საუბარს არჩია საერთოდ უარი ეთქვა მასთან ვიზიტზე.
თუმცა, რა თქმა უნდა, ფარსმანის ადრიანესთან გამოუცხადებლობით ძიდრიტთა ოლქის პრობლემა არ ამოწურულა. კაპადოკიის კრების შემდეგ, რომის ხელისუფლებამ ფარსმანზე ზემოქმედების მოსახდენად, კოლხეთის სანაპიროზე არსებული რომაული სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემის მოდერნიზაცია დაიწყო. თუმცა, ადრიანემ მაინც ვერ შეძლო ურჩი ფარსმანის დაშოშმინება.
ამიერიდან ფარსმანი რომის მტრად იქცა. კაპადოკიის პროვინციის მმართველად დანიშნულმა ფლავიუს არიანემ (131–137 წლ.) 131/134 წ. მოიარა შავი ზღვის აღმ. სანაპიროები აღწერა აქაური ვითარება და ავგუსტს მისწერა რომ იბერიის მეფე ფარსმანი ერთის მხრივ არმენიას აწუხებს და ხარკს თხოვს და მეორეს მხრივ შენი ხელქვეითი ტომი ძიდრიტები დაიმორჩილაო.
დიონ კასიუსის ცნობით ირკვევა, რომ იბერიის მეფემ კი 134 წელს ალანები ჩრდ. კავკასიიდან გადმოიყვანა და რომისა და პართიის სამფლოებელოებს შეუსია. „იუდეის ომი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, როდესაც ფარასმანმა საომრად მოიწვია ალანები /რომლებიც მასაგეტები არიან/. მათ გამოიწვიეს დიდი ნგრევა ალბანეთსა და მიდიაში (ატროპატენა), არ დაინდეს აგრეთვე არმენია და კაპადოკიაც. პართიის მეფე ვოლოგეზემ (III) მათგან თავი მხოლოდ „საჩუქრებით“ დაიხსნა, ხოლო ფლავიუს არიანემ დიდი სამხედრო მზადება წამოიწყო, რის შემდეგაც ალანები უკან გაბრუნდნენ“.
იგივე მეორდებოდა როგორც ჩანს შემდგომ წლებშიაც. „136 წელს როდესაც ვოლოგეზემ და იაზიგებმა (სარმატული ტომი) ელჩები გამოგზავნეს, პირველი რაღაცაში ადანაშაულებდა ფარასმანეს, ხოლო მეორენი ზავს მოითხოვდნენ; მან (ე.ი. ადრიანუსმა) ელჩები სენატში შეიყვანა და მისთვის (ე.ი. ფარსმანისთვის) პასუხის მოთხოვნა ბრძანა. ჩააწერინა ჩვენება და ელჩებს წაუკითხა“.
ალანები ამის შემდეგაც ესხმოდნენ თავს სამხრეთ კავკასიას, რის გამოც არმენიის მეფე იძულებული იყო აგრესორთაგან თავის დასახსნელად ყოველწლიური ხარკი ეხადა.
როგორ გათავდა ეს დაპირისპირება? ადრიანუსის როგორც უკვე აღვნიშნეთ ძალიან ფრთხილი მმართველი იყო და ომებს გაურბოდა. ცდილობდა შეენარჩუნებინა რომის არსებული საზღვრები და დროის უმეტეს ნაწილს აღმშენებლობაში ატარებდა.  იბერიასთან დაპირისპირება, რომ იმპერიისათვის არახელსაყრელი იყო ეს რომმა არაერთხელ გამოსცადა, რადგან სწორედ იგი აკავებდა ალან-სარმატთა უზარმაზარ ურდოებს (ალბანეთის ტერიტორიაზე გადმოსასვლელებს ჯერ კიდევ ავგუსტ დომციანეს დროიდან იცავდა რომის XII ლეგიონი, რომელმაც არაერთი მარცხი იწვნია ალან-სარმატებისგან). რომთან პირდაპირი დაპირისპირება არახელსაყრელი იყო ფარსმანისთვისაც. საინტერესოა ამ კუთხით VI ს. ავტორის იოანე ლიდუსის ცნობა, რომ ფლავიუს არიანემ მოინახულა კავკასია და გაეცნო კავკასიონის გადასასვლელებს. თუ გავითვალისწინებთ იბერიასა და რომს შორის ამ დროს არსებულ დაჭიმულ ურთიერთობას, უნდა ვიფიქროთ, რომ არიანე იბერიაში შეიძლებოდა მოხვედრილიყო მხოლოდ დიპლომატური მისიით. არიანეს სამფლობელო სწორედ ფარსმანის სამფლობელოებს ეკვროდა და ზარალი სარმატებისგან პირველ რიგში მას ადებოდა, ამიტომ ზავი და კავკასიის გადასასვლელების დაკეტვა მას უპირველეს რიგში სწყუროდა. აქედან გამომდინარე სრულიად შესაძლებელია მირდატ I-ის დროინდელი ხელშეკრულება აღსდგა და სარმატების არგადმოშვების სანაცვლოდ დარიალის ხეობაში რომაელთა რაზმი დაბრუნდა. ამაზე უნდა მეტყველებდეს დარიალის ხეობაში არიანეს ვიზიტი, რადგან როგორც წესი იგი სწორედ რომის დანაყოფების შესამოწმებლად მოგზაურობდა იმპერიის აღმ. საზღვრებზე.
ყველაფერთან ერთად გასათვალისწინებელია აგრეთვე ორი ფაქტორიც, რომელიც ადრიანუსის იბერიასთან საომრად საშუალებას არ მისცემდა: 1. აღნიშნულ პერიოდში რომის ლეგიონთა ერთი ნაწილი იუდეის უკანასკნელი აჯანყების (132–136) ჩახშობით იყვნენ დაკავებულნი, მეორე ნაწილი დასავლეთ ევროპის საზღვრებს იცავდნენ ბარბაროსთაგან. 2. ადრიანუსის ავგუსტობის მიწურულს პოლიტიკური ვითარება რომში გართულდა. დაავადებული ავგუსტი და სენატორები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ცხადია, ასეთ სიტუაციაში საგარეო საკითხები გვერდზე გადაიდებოდა.
იბერია-რომის ურთიერთობა გამოსწორდა ადრიანუსის მემკვიდრის, ანტონიუს პიუსის (პიუსი – ლათინ. ღვთისმოსავი) ავგუსტობის (138–161) დროს. მან აღიარა იბერიის გაფართოებული საზღვრები, რის შემდეგაც 141–144 წლებს შორის ფარსმანი ოჯახთან და მრავალრიცხოვან ამალასთან ერთად რომს ეწვია. დიონ კასიუსი მოგვითხრობს: „როდესაც ფარსმან იბერიელი მეუღლითურთ მივიდა რომში, ანტონინუს პიუსმა გააფართოვა მისი სამფლობელო (ე. ი. ცნო იბერიის შორს გაწეული საზღვრები), ნება დართო მსხვერპლი შეეწირა კაპიტოლიუმში; მისი ცხენოსანი ქანდაკება ენიალიონზე (ენიალიონი – ღმერთ მარსის ბერძნული სახელწოდებიდან „ენიალიოს“; აქ იგულისხმება ომის ღმერთის მარსის ტაძარი. დღეს მისი ნანგრევებია.) დაადგმევინა და უყურებდა ფარსმანის, მისი ძისა და სხვა იბერიელი დიდებულების სამხედრო ვარჯიშობას“.
ეტყობა, ფარსმანის ვიზიტს რომაელები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. გარდა ზემოთქმულისა, ამაზე მიუთითებს 1958 წელს ჰ. ნესელჰაუფის მიერ „Athenaeum“-ში გამოქვეყნებული აქამდე უცნობი ფრაგმენტი ლათინური წარწერისა მარმარილოს ფირფიტაზე, რომელიც ძლიერი რომის ნავსადგურის, მდ. ტიბრის შესართავთან მდებარე ოსტიას ადგილზე აღმოჩნდა. ფრაგმენტი ეკუთვნის იმ კარგად ცნობილი წარწერების კატეგორიას, რომლებიც შეიცავდნენ მნიშვნელოვანი ამბების აღნუსხვას სათანადო წლის დიდმოხელე-ეპონიმებზე (Fasti consul ares) მითითებით (რომში ტრადიციად ჰქონდათ ყოველი წლის ბოლოს დიდ სტელაზე წინა წლის მნიშვნელოვანი ამბების ამოკვეთა. ამ სტელას ფასტები ეწოდება. ისინი დიდი ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე იდგმებოდა.). წარწერა იწყება კონსულთა სახელებით, მერე მოდიოდა ქალაქ რომში იმ დროს მომხდარი დიდმნიშვნელოვანი ამბების ჩამოთვლა. პირველად აქ მოხსენიებული ყოფილა სწორედ „ფარსმანის, იბერთა მეფის“ ჩამოსვლა რომში ვაჟითა და მეუღლით. ორივენი სახელებით ყოფილან მოხსენიებულნი, მაგრამ ვაჟის სახელიდან შემორჩა მხოლოდ ბოლო „e“, ხოლო დედოფლის სახელისაგან საწყისი ასოები: Phr, საიდანაც ჩანს, რომ ისიც სპარსული წარმომავლობის სახელს ატარებდა. ეტყობა ფარსმანის ვიზიტმა ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რომში, რომ იგი საქალაქო ქრონიკაში პირველ რიგში აღიბეჭდა. 
ამ ამბის შესახებ ლაპარაკია აგრეთვე ავგუსტის ბიოგრაფიის შემდგენელ იულიუს კაპიტოლინის თხზულებაში. ავტორი ანტონინუს პიუსის განსადიდებლად ხაზს უსვამს, რომ „მისდამი ფარსმანმა მეტი პატივისცემა გამოიჩინა, ვიდრე ადრეანუსისადმი“.
იბერია-რომის შეთანხმების შემდეგ წერილობითი წყაროების თანახმად, ალანთა შემოსევები იმპერიის საზღვრებში აღარ განახლებულა. ზოგი ისტორიკოსი ამას იმ ფაქტს მიაწერს, რომ ადრიანუსის მიერ ფარსმანისადმი გამოგზავნილი 500 ლეგიონერი იბერიის მეფემ დარიალის ხეობაში ჩააყენა, თუმცა კი ამის დამამტკიცებელი არცერთი საბუთი არ გვაქვს.
ამავე ხანებში ანტონიუსმა ჩამოაგდო დიდი არმენიის ტახტიდან პართიის მოკავშირე ვაღარშ I და მის ნაცვლად წარმოშობით არშაკიდი რომაელი სენატორი თუკიდიდე სოჰემოსი (144–161; 164–180) გაამეფა. სხვა გადმოცემით იგი აქამდე ქ. ემესას (დღევ. ჰომსი) მართველი იყო.
ამასობაში ფარსმანს მტერი საკუთარ ოჯახში გამოუჩნდა. მას აუჯანყდა ძმა მირდატი, რომელიც სპასპეტი იყო, მაგრამ ამით არ კმაყოფილდებოდა და იბერიის ტახტზე ასვლას ლამობდა.
ლეონტი მროველი მოგვითხრობს: „აქამდე ესენი იყვნენ მოყვრობასა ზედა: ერთგან მოყვარენი ვისნი-მე და ერთგან მტერნი ვისნი-მე. მაშინ მირდატმა მოიყვანა ცოლი სპარსი, ნათესავი მეფეთა (იგულისხმება პართიის  მეფე), და წვევითა სპარსთათა მტერ ექმნა ფარსმან ქველსა, და განიზრახა მუხთლად სიკვდილი ფარსმან ქველისა. მირდატმა მოიწვია ფარსმანი სახლსა თვისსა ნადირობად და განცხრომად. მაგრამ უცნობმა შეატყობინა ფარსმანს მირდატის განზრახვა და იგი აღარ მივიდა“. ეს მოხდა დაახლოებით 145 წელს.
ამიერიდან იქმნენ მტერ ურთიერთას, და მირდატს შეეწეოდეს სპარსნი. ეს მირდატ იყო კაცი ჭირვეული და მოსისხლე, ხოლო ფარსმან ქველი იყო კაცი კეთილი და უხვად მომნიჭებელი და შემნდობელი, ასაკითა მშვენიერი, ტანითა დიდი და ძლიერი, მხნე მხედარი და შემმართებელი ბრძოლისა, უშიში ვითარცა უხორცო და ყოვლითა-ვე უმჯობესი ყოველთა მეფეთა ქართლისათა, რომელნიც გარდაცვალებულ იყვნენ უწინარეს მისსა. ეს უყვარდათ ქართველთა და სძულდათ მირდატ მესისხლეობისა და მედგრობისა მისისათვის და მიატოვეს უმრავლესმა მირდატი, ემძლავრა ფარსმან ქველი, აოტა და წავიდა მირდატ სპარსეთს“ ვოლოგეზ III-სთან.
ხოლო იყო მაშინ სპასპეტი ფარსმან ქველისა, ეგრეთვე ქველი და გოლიათი, სახელით ფარნავაზ („მოქცევა ქართლისა“ უწოდებს ფარსმან ავაზს), ეს ფარნავაზ ძუძუმტე იყო ფარსმანისი, სარწმუნო, ერთგული და მისანდობელი. და იგი დაადგინა შიდა ქართლსა, ადგილსა მირდატისსა. და ყოვლადვე იყო ფარნავაზ სპასპეტი ქართლსა შინა, ხოლო მეფე ფარსმან ქველი დადიოდა და განაგებდა სამეფოსა თვისსა.
მაშინ მირდატმა გამოიყვანა სპარსნი, სპანი ძლიერნი, და მომართა ფარსმანს, ხოლო ფარსმანმა შემოკრიბა სპანი ქართლისანი და მიეგება ვიწროთა რკინის-ხევისათა. და იწყეს ბრძოლად ბუმბერაზთა დღეთა მრავალთა; და თუ გამოჩნდებოდა ბუმბერაზი სპარსთა შორის, რომელსაც ვერ ებრძოდნენ ბუმბერაზნი ქართლისანი, მას ზედა გავიდოდა თვით მეფე ფარსმანი ან სპასპეტი მისი ფარნავაზი, და ასე აჯობებდნენ და სძლევდნენ. და მას ბრძოლასა შინა მოკლა ფარსმან მეფემან ჩვიდმეტი ბუმბერაზი სპარსთა, ხოლო სპასპეტმა მისმა ფარნავაზ მოკლა ოცდასამი.
მაშინ იყო სპარსთა შორის კაცი ერთი გოლიათი, სახელით ჯუმბერ, რომელიც ლომსა ხელითა შეიპყრობდა. და მან სთხოვა ბრძოლა თავის-თავ მეფესა ფარსმანს. ხოლო ფარსმან ქველი სიხარულით აღიჭურა და გავიდა. და შემოსძახეს ორთავემ ხმითა სასტიკითა, მიეტევნენ ურთიერთს და იწყეს ბრძოლა ხმლითა. და ხმა ბრძოლისა მათისა ემსგავსა ხმასა ქუხილისა და ტეხისასა. აჯობა ფარსმანმა, ჩამოაგდო და მოკლა, და მოიქცა სპისა თვისისა კერძო, და ხმა-ყო ხმითა მაღლითა და უთხრა მათ: „აჰა, ლომნო მძვინვარენო, ცხვარნი დასეტყვილნი!“
მაშინ მიეტევნენ ქართველნი და სომეხნი სპარსთა ზედა, აოტეს, ამოსწყვიტეს, ტყვედ ყვეს ურიცხვი. მაშინ წავიდა მირდატ მეოტი სპარსეთად-ვე.
და წელსა მეორესა კვლავ მოვიდა მირდატ სპითა უძლიერესითა. ხოლო ფარსმან ქველმან შემოკრიბა სპანი თვისნი, მხედარნი და ქვეითნი, და დადგა მცხეთას ქალაქსა შინა, რამეთუ არ ჰყავდა სპანი მირდატის სპათა ოდენი. მოვიდა მირდატ და დადგა ჯაჭვს (მცხეთის რაიონში, სოფ. წიწამურის მახლობლად, მდ. არაგვის მარცხენა მხარეს), და ასე ყოველთა დღეთა იბრძდნენ ბუმბერაზნი. და ბრძოლასა მას შინა მოკლა ფარსმან მეფემან თავის-თავ თორმეტი ბუმბერაზი, ხოლო სპასპეტმან ფარნავაზ თექვსმეტი ბუმბერაზი.
მაშინ ფარსმან მეფემან სიფიცხითა გულისა თვისისათა აღარ ჩააგდო სიმრავლე სპარსთა. გავიდა ჟამსა განთიადისასა სპითა თვისითა, და დაესხა. და მოსცა ბედმა მისმა ძლევა: აოტა ბანაკი მათი და ამოწყვიტა ურიცხვი. და წავიდა მირდატ მეოტი სპარსეთად-ვე. და ამიერიდან გაითქვა სახელი ფარსმან ქველისა და სპასპეტისა მისისა ფარნავაზისი. და წინა-მძღვარ ექმნა იგი სპათა ქართლისა და სომხითისათა. და იწყო ბრძოლად სპარსთა და შესლვად სპარსეთს. და ვერასოდეს ვინმე წინა-აღუდგა ფარსმან ქველსა.
მაშინ სპარსთა მუხანათობას მიმართეს, მოიყვანეს მზარეული ერთი, და აღუთქვეს მას კეთილი დიდი, და უთხრეს: „წადი და შეეწყნარე ფარსმან ქველსა, და წაიღე შენ თანა წამალი სასიკვდილე, და შეუზავე საჭმელსა თანა მისსა და შეაჭამე მას“.
ხოლო წავიდა მზარეული იგი და გააკეთა ეგრეთ, როგორც უთხრეს სპარსთა მათ. და ასე მოკლა ფარსმან მეფე ქველი. მაშინ იქმნა გლოვა და ტირილი, და ტყება ყოველთა ზედა ქართველთა წარჩინებულითგან ვიდრე გლახამდე.
იტყებდნენ ყოველნი თავთა თვისთა ყოველთა შინა ქალაქთა და დაბებთა, რამეთუ დასხდებოდნენ მგოსანნი გლოვისანი, და შეიკრიბიან ყოველნი და ახსენებდნენ სიმხნესა და სიქველესა, და სიმშვენიერესა და სახიერებასა ფარსმან ქველისასა, და იტყოდნენ ასე: „ვაი ჩვენდა, რამეთუ მოგვიძინა ბედმან ბოროტმან, და მეფე ჩვენი, რომლისაგან ხსნილ ვიყავით მონებისაგან მტერთასა, მოიკლა იგი კაცთაგან მგრძნებელთაგან (=ვარსკვლავთ-მრიცხველი, გრძნეული), და აწ მივეცით ჩვენ წარტყვენვად ნათესავთა უცხოთა“.
მეფის ასეთი სიკვდილის შემდეგ ქართლის კარზე შემოიღეს წესი, რომლის მიხედვითაც მეფისათვის განკუთვნილი საკვები პირველად მეფის მოხელეს – ეზოსმოძღვარს უნდა გაესინჯა.
2. ფარსმან III ქველის მემკვიდრეები.
ლეონტი მროველი მოგვითხრობს: ფარსმან ქველის სიკვდილის შემდეგ მოვიდნენ სპარსნი, მოიყვანეს თან მირდატ, დაიპყრეს ქართლი, და მისცეს მირდატს ნაწილი. ხოლო ნაწილი თვით დაიჭირეს, და დატოვეს ერისთავი არმაზს. ხოლო ფარნავაზ სპასპეტმან წაიყვანა ცოლი და ძე ფარსმან ქველისა, და ივლტოდა, და მივიდა სომხეთს. რამეთუ სომეხთა მეფისა ასული იყო ცოლი ფარსმანისი. და დაიპყრეს ქართლი მირდატ და ერისთავმან სპარსთამან. ხოლო ეგრნი დადგნენ ერთგულობასა ფარსმანის ძისასა.
ხოლო მას ჟამსა მოყვარე იყვნენ სომეხნი და რომაელნი. მაშინ სომეხთა მეფემან (სოჰემოსი) მოირთო ძალი რომაელთაგან, და წამოემართა ბრძოლად სპარსთა და მირდატსა. შეუერთნენ ეგრნი, და შეიკრიბა სიმრავლე ურიცხვი. მაშინ მირდატ და ერისთავმან სპარსთამან მოირთეს ძალა სპარსეთიდან. ხოლო სომეხნი, რომაელნი და ეგრნი შევიდნენ შიდა ქართლს, და იქ მიეგებნენ სპარსნი და ქართველნი მდინარესა ზედა, რომელსაც ჰქვია ლიახვი. და იქ იქმნა ბრძოლა მათ შორის ადგილსა, რომელსაც ჰქვია რეხა1. და ამოწყდა ორმხრითვე ურიცხვი, იძლივნენ სპარსნი და ქართველნი, და მოკლეს მირდატ და ერისთავი სპარსეთისა, და მოსრეს სპანი მათნი“.
შემდეგ დასვეს მეფედ ძე ფარსმან ქველისა, სახელით ადამი (რადამი, დაახლ. 149–152). იმეფა რა სამ წელს, და მოკვდა, და დარჩა ძე მისი ერთისა წლისა ყრმა და ვიდრე აღიზარდებოდა ყრმა იგი, რეგენტად გახდა დედა ადამისი, ცოლი ფარსმან ქველისა, სახელით ღადანა. ხოლო მეფედ იჯდა ქსეფარნუგი (დაახლ. 152–166), რომელიც ფარსმან ქველის მეორე ვაჟი ან ნათესავი იყო. მისი არსებობის შესახებ ქართული წყაროები არაფერს მოგვითხრობენ და ფარსმანის შემდეგ რადამს იხსენიებენ. ქსეფარნუგი ნახსენებია მხოლოდ არმაზის ბილინგვას ორენოვან წარწერაში:
ბერძნული ვარიანტი: „სერაფიტი, ასული პიტიახშ ჯავახ მცირისა, მეუღლე პუბლიკიოს აგრიპა პიტიახშის ძის იოდმანგანისა – ქართველთა მეფის დიდი ქსეფარნუგის მრავალ გამარჯვებათა მომპოვებელი ეზოსმოძღვრისა, გარდაიცვალა ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ოცდაერთი წლისა, მქონებელი შეუდარებელი სილამაზისა“.
არამეული ვარიანტი: „მე ვარ სერაფიტი, ასული ზევახისა, მცირისა პიტიახშისა ფარსმან მეფისა, მეუღლე იოდმანგანისა – ძლევამოსილისა და მრავალი გამარჯვების მომპოვებელი ეზოსმოძღვრისა ქსეფარნუგ მეფისა, ძისა აგრიპა ეზოსმოძღვრისა ფარსმან მეფისა. ვაება ვაებისა. ის ვინც იყო ახალგაზრდა და იმდენად კეთილი და მშვენიერი იყო, რომ არავინ იყო მისი მსგავსი სილამაზით და გარდაიცვალა 21 წლისა“.
ამ წარწერებიდან ჩანს აგრეთვე ახალი თანამდებობა – ეზოსმოძღვარი, რომელიც მემკვიდრეობით მამიდან შვილზე გადადის და აშკარად ქვეყნის მთავარსარდალია.
როდესაც აღიზარდა და სრულწლოვან ქმნა ძე ადამისა მეფედ იქმნა ფარსმან IV-ის (დაახლ. 166–202) სახელით.
161 წელს გარდაიცვალა ანტონიუს პიუსი და რომის ავგუსტებად ერთდროულად გამოცხადდნენ მარკუს ავრელიუსი (161–180) და ლუციუს ვერუსი (161–169). ამ ამბის შეტყობისთანავე პართიის მეფე ვოლოგეზ IV-მ (148–191) ომი აუტეხა რომს, რომელმაც რამდენიმე წელს გასტანა. პარალელურად რომის საზღვრებს გამუდმებით თავს ესხმოდნენ გერმანული ტომები. 161 წელს ვოლოგეზმა არმენიის მეფე სოჰემოსი გააძევა და მის ნაცვლად თავისი მომხრე პაკორი გაამეფა. ლუციუს ვერუსის ორწლიანი უშედეგო ბრძოლების შემდეგ საქმეში მარკუს ავრელიუსი ჩაერთო, რომლის ლეგიონებმა სირიის ლეგატ ავიდიუს კასიუსის სარდლობით 163 წლის ზაფხულში დაიკავეს არმენია, დააპატიმრეს პაკორი ძმასთან – მიჰრდატთან ერთად და რომის პირდაპირი მმართველობა შემოიღეს. არმენები 1 წელი უშედეგოდ ელოდნენ სამეფოს აღდგენას რის შემდეგაც აჯანყდნენ. მაშინ რომი იძულებული გახდა სოჰემოსი ტახტზე დაებრუნებინა. პართიელები განდევნეს ოსროენადაც.
დიდ წარმატებებს მიაღწიეს რომაელებმა 165 წელს, როდესაც ავიდიუს კასიუსმა უზარმაზარი არმიით დაიპყრო მთელი შუამდინარეთი და შემდეგ მიაყოლა პართიის მთავარი ცენტრები – ქტესიფონი და სელევკია. ისინი რომაელებმა გაძარცვეს და დაანგრიეს, თუმცა ეს მათი უკანასკნელი წარმატება აღმოჩნდა. რომაელთა ჯარში გავრცელდა ეპიდემია, რომელმაც მეომართა დიდი ნაწილი იმსხვერპლა (აღნიშნული ეპიდემია რომში 189 წლამდე მძინვარებდა). ამის გამო 166 წელს დადებული რომ-პართიის ზავით რომაელებმა დააბრუნეს ყველა დაპყრობილი ტერიტორია მესოპოტამიაში, დაიტოვეს მხოლოდ ქალაქი ნისიბინი და ოსროენასა და არმენიაზე გავლენა.
დაახლ. 180 წლის მარტში გერმანიაში ლაშქრობისას, ეპიდემიისგან გარდაიცვალა რომის ოქროს ხანის უკანასკნელი დიდი ავგუსტი მარკუს ავრელიუსი, რის შემდეგაც ტახტი დარჩა მის შვილ კომოდუსს, რომელიც 177 წლიდან იყო ნაკურთხი ავგუსტად. კომოდუსს საერთოდ არ აინტერესებდა ქვეყნის მართვა და მხოლოდ გლადიატორთა ბრძოლებში მონაწილეობა და გარყვნილება სწყუროდა, რამაც მნიშვნელოვნად შეარყია იმპერიის სიძლიერე.
180 წელსვე პართიის ლაშქარი შეიჭრა სომხეთში, დაიკავა მისი დიდი ნაწილი და იქ ტახტზე დაჯდა ვოლოგეზ IV-ის უფროსი ვაჟი ვოლოგეზი – ვაღარშ II-ის სახელით (180–198 არმენიის მეფე; პართიის მეფე 191–208 წლებში ვოლოგეზ V-ის სახელით). სოჰემუსმა რომაელთა დახმარებით შეინარჩუნა დას. არმენიის მცირე ნაწილი, სადაც მისი სიკვდილის შემდეგ მეფობდა ასევე რომის ქვეშევრდომი ვინმე სანატრუკ II (186–197).
3. ამაზასპ I (დაახლ. 202–206)
ლეონტი მროველი მოგვითხრობს; „ფარსმანის შემდეგ მეფობდა ძე მისი ამაზასპ. იყო ეს ამაზასპ კაცი ძლიერი, დიდი და გოლიათი, მიმსგავსებული ფარსმან ქველისა. და ამისსა მეფობასა შინა გადმოვიდნენ ოვსნი, დიდი სპით, გზასა დვალეთისასა. ხოლო ვერ გაიგო ამაზასპ მეფემან გადმოსლვა ოვსთა ვიდრე გადმოვლამდე მთისა.
მოვიდნენ რა ოვსნი, დადგნენ ლიახვსა ზედა რვა დღე დასვენებად, და არსად გავიდა მარბიელი, რამეთუ მოსულ იყვნენ ქალაქისა მცხეთისა შესამუსრად.
მაშინ მოუწოდა ამაზასპ ყოველთა ერისთავთა ქართლისათა, და მოვიდნენ ერისთავნი აღმოსავლეთისა: ერისთავი კახეთისა, ერისთავი ხუნანისა, და ერისთავი სამშვილდისა, და შემოკრიბეს მხედარნი სპასპეტისანი. ვიდრე მოსლვადმდე დასავლეთისა ერისთვისა, მოვიდნენ ოვსნი ჩრდილოსა კართა ქალაქისათა, რომელიც არის მუხნარი2.
მაშინ ამაზასპ მეფემან გაავსო ციხენი და კარნი მცხეთისანი ლაშქრითა. და იყო სიმრავლე ქვეითთა მცხეთელთა, რომელნიც კართა და ზღუდეთა იცავდნენ მათგან კიდე, რომელნიც გარე მეომრად გავიდოდნენ, ოცდაათი ათასი ქვეითი ყოვლადვე, და მაშინ სხვა, რომელიც ჰყავდა მხედარი, – ათი ათასი.
გავიდა ამაზასპ და განაწესა ქვეითნი იგი არაგვსა იმიერ და ამიერ სიმაგრეთა შინა კართასა. ხოლო მხედრითა ლაშქრითა გავიდა ადგილსა, რომელსაც ჰქვია საფურცლე3, და დატოვა უკან ქალაქი და ქვეითნი იგი, რომელნიც დაადგინა კართა მათ შინა.
იწყეს ბრძოლად ბუმბერაზთა. გავიდა ამაზასპ მშვილდითა და იწყო ბრძოლად გულითა ფიცხელითა და მკლავითა ძლიერითა, ისე შორიდან ისროდა, რომელ დამართებითა მდგომთა ოვსთაგან არა შეეტყობოდა, და არცა ჩანდა სიშორის გამო, თუ საერთოდ აქვს მშვილდი. იგი ჰკრავდა ისარს, რომელსაც ვერ დაუდგებოდა სიმაგრე საჭურველისა. მას დღესა მოკლა ამაზასპ თავისთავით თხუთმეტი რჩეული და ცხენი მრავალი. და სხვათაცა ბუმბერაზთა ამაზასპისთა მოკლეს ბუმბერაზნი მრავალი ოვსთანი და დასდვეს დიდი ვნება ოვსთა ზედა.
მას დღესა შემოვიდა ამაზასპ მხედრითა ქალაქად, ხოლო ქვეითნი იგი იდგნენ ადგილსავე თვისსა, კართა შინა. და ღამესა მას მოემატნენ მხედარნი, რომელნიც ვერ ჩამოეყვანათ თანა ერისთავთა მათ სისწრაფითა.
როდესაც გათენდა, გავიდა შემდგომად ამაზასპ იქვე, და აიღო ოროლი, და გამოვიდა ოვსთაგან კაცი ერთი, სახელით ხუანხუა; ურჩეულესი სპათაგან ოვსთასა. შემოსძახეს ორთავემ და მიეტევნენ ურთიერთს. პირველსავე მისვლასა სცა ოროლი ამაზასპ და განავლო ზურგში და მოკლა იგი, და ამოიღო ხმალი და მიეტევა სხვათაცა ბუმბერაზთა, და მოკლა სხვანი. შემოიქცა და შემოვიდა ქალაქად მხედრებითურთ, და დადგნენ ქვეითნი იქვე, კართა შინა, და მასვე ღამესა კვლავ მოემატნენ მხედარნი. მაშინ განიზრახა თავდასხმა ოვსებზე, გავიდა და დაესხა ოვსთა განთიადისა ჟამსა მხედრითა და ქვეითითა ყოვლითა, სძლია და აოტა ბანაკი მათი და მოკლა მეფე ოვსთა და მოსრა ყოველი სიმრავლე მათი.
და წელსა მეორესა მოირთო ძალი სომხეთდან, შეიკრიბა სპანი მისი ყოველნი და გადავიდა ოვსეთს და ვერავინ წინააღუდგა. და მოარბია ოვსეთი, და მოვიდა შინ გამარჯვებული.
შემდგომად ამისა გამარჯვევებით გათამამებულსა შეექმნა სილაღე და იწყო მესისხლეობად, და ამოწყვიტა მრავალი წარჩინებულნი. ამისთვის მოიძულა იგი ერმან ქართლისამან.
მაშინ განუდგნენ ერისთავნი დასავლეთისანი ხუთნი: ორი ერისთავი ეგრისისა, ერთი ოძრხისა, ერთი კლარჯეთისა და ერთი წუნდისა. ეზრახნენ ესენი სომეხთა მეფესა და ითხოვეს ძე მისი მეფედ, რამეთუ დისწული იყო ამაზასპისი.
მაშინ სომეხთა მეფე ძალითა მრავლითა წამოემართა ქართლად და მოირთო ძალი რომისგან, და ეზრახნენ ოვსთაცა. ხოლო ოვსნი სიხარულით წამოვიდნენ, რამეთუ მესისხლე იყო ამაზასპ მათი, და გადმოვლეს გზა თაკვერისა და მოვიდნენ ერისთავთა თანა ეგრელთანა.
მაშინ ამაზასპმა შეკრიბა ქართველნი, რომელნიც დარჩენოდნენ. მაშინ ოვსთა და ეგრელთა გარდამოვლეს მთა მცირე, და შეიკრიბნენ ისინი და ერისთავნი ქართლისანი განდგომილნი, და მოვიდნენ ესე ყოველნი წინაშე სომეხთა მეფისა.
ხოლო გამოემართა ამაზასპ, და მოეგება იგი გუთისხევს4 და არავინ იპოვა ეგეოდენთა სპათა შინა რომაელთა და სომეხთა, ოვსთა და ეგრელთა და ქართველთა მარტოდ მებრძოლი, ამაზასპისი, არამედ ეწყვნენ ურთიერთ პირისპირ სპანი, და იქმნა ბრძოლა მათ შორის. იძლია ამაზასპ, და ივლტოდა სპა მისი. დაიპყრეს ქართლი და მოკლეს ამაზასპ, და მოსრეს სპა მისი.
და დაუტევა სომეხთა მეფემან ძე თვისი მეფედ ქართლსა, სახელით რევ (სპარსულად ნიშნავს მდიდარს), დისწული ამაზასპისი“.
ამრიგად, ლეონტის ცნობით ქართლის ტახტზე ადის სომეხი უფლისწული. ამავე დროს  ამაზასპს თითქოს ეხმარებიან სპარსელები.
ახლა განვიხილოთ თუ რა სიტუაცია იყო სინამდვილეში ამ დროს და შევუდაროდ ქართული წყაროს ცნობებს:
არმაზციხის აბანოს მახლობლად, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სხვადასხვა დანიშნულების სათავსებში კერამიკულ ნაწარმთან ერთად აღმოჩნდა 3 ეპიგრაფიკული ძეგლი, რომლებიც თარიღდება II–III სს-ით.
I წარწერა: „მეფის.... მამამძუძემ და ეზოსმოძღვარმა გააკეთებინა თავისი საზრდულით (ან სახსრით) მიწისქვეშა გაყვანილობა (ან წყალსადენი და აბანო) და შესწირა დრაკონტის დედოფალს“.
II წარწერა: „(ქალის სახელი მიცემით ბრუნვაში) არმენიის მეფის ვოლოგეზის ასულს, ხოლო იბერთა მეფის ამაზასპის მეუღლეს, ანაგრანესმა, მამამძუძემ და ეზოსმოძღვარმა საკუთარი სახსრით (გაკეთებული) აბანო შესწირა“.
მესამე წარწერაშიც საუბარია იმაზე, რომ იბერთა მეფის ასულებს მეფის მოხელემ რაღაც შესწირა.
ამგვარად აშკარა ხდება რომ ამაზასპს არმენიასთან მჭიდრო კავშირი ჰქონია. რაც შეეხება არმენიის მეფე ვოლოგეზეს (არმენიულ ენაზე ვაღარში), იგი იყო პართიისა (191–207/8) და არმენიის (180–191) მეფე. არმენია პართიის გავლენის ქვეშ მყოფი ქვეყანაა და სპარსეთთან (პართიასთან ვერ იომებდა. აქვე უნდა გავიხსენოთ ის ფაქტიც, რომ ახ.წ. I ს-ის დასაწყისში არტაბან III-ის ტახტზე ასვლით პართიაში არშაკიდული დინასტია კაცის ხაზით შეწყდა, თუმცა დინასტიური გვარი შენარჩუნებულ იქნა. ანალოგიურად ხდებოდა იბერიის სამეფოშიც, როდესაც ქალის ხაზით ტახტის გადაცემის შემდეგაც სამეფო გვარად „ფარნავაზიანები“ რჩებოდნენ. ყველაფერი ამის გათვალისწინებით უფლისწული რევ არა სომეხთა მეფის ძე, არამედ სომეხთა მეფის შვილიშვილი და ამაზასპის ძე უნდა ყოფილიყო, რომლიდან მოყოლებული იბერიის მეფეებს ფარნავაზიანობასთან ერთად არშაკიდების გვარი უნდა ეტარებინათ.

შენიშვნები
1. ვახუშტის მიხედვით: „ხოლო სამთავისის ჩრდილოეთით, ჭალას, შენობა დიდი სასახლეთა... ჭალას ზევით არის დაბა რეხი, რომლისა გამო იწოდა მდინარე ესე“. მდებარეობს კასპის რაიონში, მდ. ლეხურას მარჯვენა ნაპირზე, თანამედროვე სოფ. საკორინთლოს ტერიტორიაზე.
2. იგივე სოფ. მუხრანი, მდებარეობს მცხეთის რაიონში, ქსნის მარცხენა ნაპირას, მცხეთიდან 23 კმ-ზე. მუხრანის ციხე-გალავანი მდებარეობს სოფლის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მდ. ქსნის მარცხენა ნაპირზე.
3. მდებარეობს მცხეთის რაიონში, მცხეთიდან ჩრდილოეთით 14 კმ-ზე, მდ. არაგვის მარჯვენა ნაპირზე, სოფ. ნატახტარის ტერიტორიაზე.
4. ძველი დასახლება სამცხეში, ქართლის საზღვართან.

Комментариев нет:

Отправить комментарий