воскресенье, 20 марта 2022 г.

ეგრისის (ლაზიკას) სამეფო I–V საუკუნებში (უ. მურღულია)

1. როდის გაჩნდა ეგრის-ლაზიკას სამეფო?
ოქტავიანე-ავგუსტუსიდან მოყოლებული რომის მმართველები ცდილობდნენ აღმოსავლეთის საზღვრებზე სტატუს-ქვოს შენარჩუნებას და მშვიდობის შენარჩუნებას ბუფერული სახელმწიფოების (მაგ. პონტო) შენარჩუნებას. ნერონის (54–68) დროს იმპერიის პოლიტიკა აღმოსავლეთში კარდინალურად შეიცვალა. მან უარყო აღნიშნული პოლიტიკა და პირველ რიგში ახ.წ. 57 წლიდან, დასავლეთიდან კაპადოკია-არმენიის საზღვარზე XII და XV ლეგიონები გადაისროლა. მათ აქვე რამდენიმე სტრატეგიული სასიმაგრო ნაგებობაც ააგეს. შემდეგ ახ.წ. 63 წელს პოლემონიდების სამეფო გააუქმა და იგი კოლხეთთან ერთად რომის „პროვინცია გალატიის“ შემადგენლობაში შეიყვანა. ამასთანავე, განსაკუთრებით ყურადღება მიაქცია კავკასიის ზღვისპირეთში რომის პოზიციების გამყარებას. დასახული ამოცანის წარმატებით გადაჭრისათვის საჭირო იყო იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციებში მნიშვნელოვანი ძალების თავმოყრა, რასაც გამუდმებით მოითხოვდა რომაელთა გამოცდილი მხედართმთავარი გნეიუს დომიციუს კორბულონი.
იოსებ ფლავიუსი მოგვითხრობს: „კოლხების, ტავრების, ბოსფორელების, პონტოსა და მეოტიდის ირგვლივ მცხოვრებლების შესახებ, რომლებიც წინათ საკუთარ მმართველებსაც კი არ ცნობდნენ, ახლა 3000 მებრძოლს ჰყავს მორჩილებაში და ამასთანავე ორმოცი გემი იცავს მშვიდობას ზღვაზე, რომელზედაც უწინ ცურვა შეუძლებელი და შემაძრწუნებელი იყო“. ამ წერილობით წყაროში ახ.წ. 66 წლის ამბებია გადმოცემული.
ამდენად ახ.წ. 63–66 წლებში აღმ. შავიზღვისპირეთში დგება რომაული გარნიზონები, რომლებიც აგებენ ციხესიმაგრეებს – ე. წ. კასტელუმებს. საქართველოში ასეთი კასტელუმები მოეწყო აფსაროსში, ფაზისსა და სებასტოპოლისში. სხვათაშორის თუ აფსაროსისა და ფაზისის კასტელუმები ქალაქთან ახლოს იდგა და მისი ორგანული ნაწილი იყო, სებასტოპოლისის ახლოს განაგრძობდა არსებობას ბერძნების დაარსებული ქალაქი დიოსკურია.
131/134 წელს აღმ. შავიზღვისპირეთის გამაგრების სისტემა საგანგებოდ მოინახულა და მისი თავდაცვითუნარიანობა შეამოწმა კაპადოკიის ლეგატმა ფლავიუს არიანემ. არიანეს ცნობით აფსაროსში იდგა 5 სპეირა (1 სპეირა = 150/200 კაცს) ანუ დაახლ, 1000 ჯარისკაცი რაც შეესაბამება აფსაროსის კასტელუმის ტევადობას (195 X 245 მ).
აფსაროსის ჩრდილოეთით 60 კმ-ზე, თანამედროვე ფოთის ნავსადგურიდან 5 კმ-ის დაშორებით მდებარეობდა ფაზისის ციხესიმაგრე. აქ, არიანეს ცნობით, მდგარა „400 რჩეული“ მეომარი, რომელიც ლოდსარტყორცნი მანქანებით იყო აღჭურვილი. ციხესიმაგრე „იმგვარად ყოფილა მოწყობილი, რომ ვერავინ მიუახლოვდებოდა“. ციხესიმაგრე ოთხკუთხა ფორმისაა, კუთხეებში მრგვალი კოშკებით; ციხის კედლებს შორის მანძილი უდრიდა 160X180 მ.
სებასტოპოლისის გარნიზონი, ძირითადად, კავალერიის ნაწილებისაგან შედგებოდა, და კასტელუმის ფართობით (0,7 ჰა) ვიმსჯელებთ, მისი გარნიზონი 200 ჯარისკაცს არ აღემატებოდა. როგორც ირკვევა სამივე კასტელუმში XII ელვისებური ლეგიონის ვექსილაციები უნდა მდგარიყვნენ.
ახ.წ. 69 წ. პონტოს მოსახლეობა სამეფოს აღდგენის მოთხოვნით აჯანყდა, რომელსაც სათავეში პონტოს უკანასკნელი მეფის პოლემონის ყოფილი მონა ანიკეტი ჩაუდგა. ანიკეტის აჯაყება მთელს პონტოსა და კოლხეთს მოედო. რომის იმპერიას მთელი ძალების გამოყვანა დასჭირდა მის ჩასახშობად. ვესპასიანეს (69–79) მმართველობისას ახ.წ. 72 წლიდან კოლხეთი პონტოსთან ერთად ერთიანი კაპადოკია-გალატიის პროვინციის, ე.წ. „კაპადოკიური კომპლექსის“ ნაწილი იყო; დომიციანეს (81–96) დროიდან კი კაპადოკიის პროვინციის ნაწილი.
ტრაიანუსმა გადაწყვიტა რა სომხეთისა და პართიის სრულად დაპყრობა, აღმ. შავიზისპირეთის მიმართ პოლიტიკა კვლავ შეცვალა და აქაურ პროვინციებში ავტონომიური სამეფოები აღადგინა, რომლებსაც აქაური რომაული გარნიზონები აკონტროლებდნენ. ასე ჩამოყალიბდა ახ.წ. I–II საუკუნეების მიჯნაზე დას. საქართველოს ტერიტორიაზე 4 ავტონომიური სამეფო: სანიგეთი, აფშილეთი, აბაზგეთი და ლაზიკა (ეგრისი). მათ მეფეებს რომის ავგუსტები ნიშნავდნენ. ეს მეფეები იხდიდნენ ხარკს და გამოჰყავდათ ჯარი რომის სასარგებლოდ.
ზემოთ ნახსენები კაპადოკიის პროვინციის მმართველმა ფლავიუს არიანემ დას. საქართველოს მიწაწყლის სანაპირო ზოლი თავისი ფეხით შემოიარა ბიზანტიონიდან დიოსკურიამდე. დიოსკურიის შემდეგ კი ბოსფორამდე ლიტერატურულ წყაროებსა და სხვების მონაყოლს ეყრდნობა, ამიტომ ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ადგილთა დადგენა არიანეს მიხედვით მეტად ჭირს. აქ საჭიროა ანტიკური და ახალი რუკების მონაცემებზე დაყრდნობა. არიანეს შრომა ფასდაუდებელია ძველი საქართველოს ისტორიის შესასწავლად, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ გეოგრაფიულ პუნქტებს შორის გაზომვის მისი ტექნიკა კრიტიკას ვერ უძლებს.
2. არიანეს „მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო“
არიანე ახ.წ. 131/134 წელს დაწერილ ნაწარმოებში „მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო“, რომელიც ავგუსტ ადრიანეს მისწერა ასე აღწერს შავი ზღვის აღმ. სანაპიროს ტრაპიზონიდან მოყოლებული:
„მოვედით აფსაროსში. აქ ხელფასი დავურიგე ჯარისკაცებს და დავათვალიერე იარაღი, კედელთ თხრილი, ავადმყოფები და ისიც, თუ რა მდგომარეობაში იყო პურის მარაგის დამზადება. თუ რა აზრის ვიყავი აქ ყველაფრის შესახებ, მოგწერე ლათინურ წერილში. ამბობენ, რომ ადგილი აფსაროსი ძველად აფსირტედ იწოდებოდა. აქ აფსირტე მედეას მიერ იქნა მოკლული და კიდეც აჩვენებენ აფსირტეს საფლავს. შემდეგ ეს სახელი დამახინჯებულ იქნა მეზობელი ბარბაროსების მიერ, როგორც სხვა მრავალია დამახინჯებული: როგორც ტიანას კაპადოკიაში თურმე წინათ ერქვა თოანა.
ათინადან (დღევ. ფაზარი, ბათუმიდან 92 კმ-ზე) წამოსულებმა გავიარეთ მდინარე პრიტანიდი (ფორტუნა, ფირტინ დერე), რომელთანაც აშენებულია ანქიალეს სასახლე, და ეს მდინარე დაშორებულია ათინადან 40 სტადიონით (7,6 კმ). პრიტანიდს ემეზობლება მდინარე პიქსიტე (ვიწე-წყალი, ტაიროღლუ), მათ შორის მანძილი 90 სტადიონია (17 კმ). ასევე პიქსიტიდან არქაბისამდე (არხავ-სუ) 90 სტადიონია (17 კმ). არქაბისიდან აფსაროსამდე – 60 სტადიონია (11,3 კმ). აფსაროსიდან გავიარეთ მდინარე აკამფსისი (ჭოროხის შესართავი ნაწილი) ღამით, იგი აფსაროსს დაშორებულია 15 სტადიონით (3 კმ). აკამფსისიდან ღრმა მდინარე ბათისამდე (ყოროლის წყალი) 75 სტადიონია. მდინარე აკინასე (კინტრიში) ბათისიდან 90 სტადიონითაა დაშორებული. აკინასიდან ისისი (ნატანები) – 90 სტადიონით (17 კმ). აკამფსისი და ისისი სანაოსნო მდინარეები არიან და მათგან დილაობით ძლიერი ქარი უბერავს.
ისისის შემდეგ გავიარეთ მდინარე მოგროსი (სუფსა). მოგროსსაა და ისისს შორის 90 სტადიონია (17 კმ). ეს მდინარეც სანაოსნოა.
აქედან შევედით მდინარე ფასისში (რიონი), რომელიც მოგროსიდან დაშორებულია 90 სტადიონით. ჩემთვის ცნობილი მდინარეების წყლებს შორის ფასისის წყალი უმსუბუქესია და ფერიც მეტად განსხვავებული. მის სიმსუბუქეს შეიტყობს კაცი წონის გასინჯვით და კიდევ იმით, რომ, როდესაც იგი ზღვას ერთვის, ზღვის წყალს ზედ მოექცევა არა შეერევა ისევე, როგორც ჰომეროსი ამბობს, რომ „ტიტარესი პენეოსის წყლის (თესალიის მდინარეები) ზემოთ მიმდინარეობს, როგორც ზეთი“. და, როდესაც, ზემოდან ამოხაპავენ წყალს, ის მტკნარია; თუ ვინმე სიღრმეში ჩაუშვებს ჭურჭელს – მარილიანი. თუმცა პონტოს მთელი წყალი უფრო მტკნარია, ვიდრე ხმელთაშუაზღვისა. ამის მიზეზი მასში ჩამავალი მდინარეებია, რომელთა სიდიდე და რიცხვი განუსაზღვრელია. წყლის სიმტკნარის საბუთი, თუკი საბუთი გრძნობათათვის თვალსაჩინო საგნებსაც სჭირდებათ, არის ის, რომ ზღვის ნაპირზე მცხოვრებთ საქონელი წყლის დასალევად ზღვაზე მიჰყავთ და საქონელი აშკარა სიამოვნებით სვამს ამ წყალს. ამასთან ამბობენ, რომ ეს წყალი უფრო სასარგებლოა მათთვის ვიდრე მტკნარი წყალი. ფასისის წყალს ტყვიის თუ კალის ფერი გადაკრავს, მაგრამ რომ გააჩერებ, ძალიან წმინდა ხდება ამიტომ ჩვეულებაა ასეთი, რომ ფასისში შემსვლელებმა არ უნდა შეიტანონ იქ სხვა წყალი, და შევლენ თუ არა მის კალაპოტში, ბრძანება იცემა, რომ ხომალდზე არსებული ძველი წყალი სულ გადაიღვაროს. ამბობენ, რომ ვინც ამას არ შეასრულებს, მას ბედნიერი მგზავრობა არ ექნება. ფასისის წყალი არ შმორდება და ათ წელზე მეტ ხანს გაუფუჭებელი რჩება, უფრო მეტადაც ტკბება.
ფასისში რომ შედიხარ, მარცხნივ აღმართულია ქალღმერთ ფასიანეს ქანდაკება. გარეგნობის მიხედვით ის ჰგავს რეას, რადგან ხელში წიწილა უჭირავს. აგრეთვე მისი სავარძლის წინ წვანან ლომები და თვით ის ზის როგორც ფიდიასის ქანდაკება ათენის მეტროონში. აქ უჩვენებენ „არგოს“ რკინის ღუზას. არა მგონია, რომ იგი ძველი იყოს, თუმცა სიდიდით არ ჰგავს ახლანდელ ღუზებს და მოყვანილობითაც განსხვავდება, მაგრამ, მაინც, ვფიქრობ, რომ გვიანდელ ხანას უნდა ეკუთვნოდეს. აქვე მაჩვენეს მე ქვის ძველი ღუზის ნაჭრები, რომლებიც უფრო მეტად შეიძლება მივიჩნიოთ არგოს ღუზის ნაშთად. რაიმე სხვა ძეგლი, იაზონის მითებში მოხსენებული, აქ არ იყო. თვით ციხესიმაგრე რომელშიც თავსდება ოთხასი რჩეული მეომარი, მე მეჩვენა მეტად მიუდგომლად ადგილის ბუნების მიხედვით, უშიშროების თვალსაზრისით მეტად მოხერხებულ ადგილზე მოთავსებულად აქ მომსვლელთათვის. ორმაგი თხრილი ერტყმის კედელს. ორივე ფართოა. წინათ კედელი თიხისა იყო და ხის კოშკები იდგა მასზე, მაგრამ ახლა კედელი კოშკები გამომწვარი აგურისაგანაა გაკეთებული. საძირკველი მისი მყარია, ზედ სამხედრო მანქანებია დადგმული. ერთი სიტყვით, ყოველმხრივ იმდაგვარადაა მოწყობილი, რომ ვერავინ მიუახლოვდეს ბარბაროსთაგან და რომ ალყის საფრთხე არ მოელოდეს ციხის დამცველთ, ხოლო, რადგან ნავსაყუდელი უშიშარი თავშესაფარი უნდა ყოფილიყო ხომალდთათვის, საიმედო უნდა გამხდარიყო აგრეთვე ციხის გარშემო მდებარე სხვა ადგილებიც; რომლებიც დასახლებულია სამსახურიდან გადამდგარი სამხედრო პირებით და ვაჭრებით. გადავწყვიტე, რომ ციხის კედლის გარშემო არსებული ორმაგი თხრილი გამეყვანა მდინარემდე სხვა თხრილით, რომელიც გარს შემოუვლიდა ნავსადგურს და ციხის კედლის გარეთ მდგომ სახლებს.
ფასისიდან ჩვენ გავიარეთ სანაოსნო მდინარე ქარიენტი (ხობი); მათ შორის მანძილი 90 სტადიონია (17 კმ). ქარიენტიდან გავიარეთ 90 სტადიონი (17 კმ) და შევცურეთ მდინარე ქობოსში (ენგური), სადაც ღუზაზე დავდექით. თუ რატომ შევისვენეთ აქ და რა მოვიმოქმედეთ, შენთვის ცხადი გახდება ლათინური წერილიდან. ქობოსის შემდეგ გავიარეთ სანაოსნო მდინარე სინგამე (ოქუმი), რომელიც ქობოსს დაშორებულია მხოლოდ 210 სტადიონით (40 კმ). მდინარე სინგამის შემდეგ არის მდ. ტარსურა (მოქვი), მათ შორის მანძილია 120 სტადიონი (22,7 კმ). მდინარე ჰიპოსი (კოდორი) დაშორებულია ტარსურას 150 სტადიონით (28,4 კმ). ჰიპოსიდან მდინარე ასტელეფს (პატარა კოდორი) 30 სტადიონი (5,7 კმ) აშორებს. ასტელეფი რომ გავიარეთ, სებასტოპოლისში მივედით შუადღემდე ქობოსიდან წამოსულები; ასტელფიდან გავიარეთ 120 სტადიონი. იმავე დღეს მოხერხდა ჯარისკაცთათვის ხელფასის მიცემა, ცხენების და იარაღის დათვალიერება, მხედრების გავარჯიშება ცხენზე შეხტომაში, ავადმყოფების მონახულება, პურის მარაგის შემოწმება, ციხე-სიმაგრის კედლის და თხრილის შემოვლა. მდინარე ქობოსიდან სებასტოპოლისამდე სულ 630 სტადიონია (114 კმ), ხოლო ტრაპეზუნტიდან სებასტოპოლისამდე 2260 სტადიონი (403 კმ). სებასტოპოლისი ძველად დიოსკურიადად იწოდებოდა და მილეტის ახალშენია.
შემდეგი ტომები გავიარეთ: ტრაპეზუნტელების მოსაზღვრენი, როგორც ქსენოფონტიც ამბობს, არიან კოლხები და ტომი, რომელიც უგულადესია და ტრაპეზუნტელების მოსისხლე მტერი, ქსენოფონტი დრილებს უწოდებს, მე კი ვფიქრობ, რომ ისინი სანები (ჭანები) არიან (სანებს სტრაბონი მაკრონებთან აიგივებს). ესენი მეტად კარგი მეომრები არიან და ახლაც დიდი მტრები ტრაპეზუნტელებისა. გამაგრებულ ადგილებში ცხოვრობს ეს ტომი. მეფე არ ჰყავს. ძველითგანვე რომაელების მოხარკეა, მაგრამ ყაჩაღურ ცხოვრებას ეწევა და სისტემატურად არ შემოაქვს გადასახადი. მაგრამ ამის შემდეგ თუ ღვთის ნება იქნება აწ წესიერად გადაიხდის ეს ტომი გადასახადს, ან ჩვენ მას გავაძევებთ ქვეყნიდან. ამათ გვერდით არიან მაკრონები და ჰენიოხები, მათი მეფე ანქიალეა. მაკრონების და ჰენიოხების მეზობლები ძიდრიტები არიან, ესენი ფარსმანის (ფარსმან ქველი) ქვეშევრდომნი არიან. ძიდრიტების გვერდით ლაზები არიან. ლაზების მეფე მალასაა, რომელსაც ტახტი შენგან აქვს მიღებული. ლაზების მეზობლები აფსილები არიან, მათმა მეფემ იულიანემ მეფობა შენი მამისაგან მიიღო. აფსილების მეზობლები აბასკები (აბაზგები) არიან. აბასკთა მეფე რესმაგაა, ამასაც ტახტი შენგან აქვს მიღებული. აბასკთა მეზობლები სანიგები არიან. მათ მიწაზე იმყოფება სებასტოპოლისი. სანიგთა მეფემ სპადაგამ შენგან მიიღო ტახტი.
აფსაროსამდე ჩვენ მივცურავდით აღმოსავლეთისაკენ, ევქსინის მარჯვნივ, ხოლო აფსაროსი მე მეჩვენა პონტოს სიგრძის უკიდურეს საზღვრად. აქედან უკვე ჩრდილოეთისკენ მივცურავდით. მდინარე ქობოსამდე და ქობოსის ზემოთ სინგამემდე. სინგამიდან ჩვენ შევბრუნდით პონტოს მარცხენა მხარეს მდინარე ჰიპოსამდე. ჰიპოსიდან დაწყებული ასტელეფამდე და დიოსკურიადამდე ჩვენ ვხედავდით კავკასიონის მთას, რომელიც სიმაღლით წააგავს ყველაზე მეტად კელტურ ალპებს. გვიჩვენეს ერთ-ერთი მწვერვალი კავკასიონისა – სტრობილი, (ალბათ იალბუზის მთა) რომელზედაც მითის მიხედვით ზევსის ბრძანებით პრომეთეოსი ჩამოკიდებულ იქნა ჰეფესტოს მიერ.
ამრიგად, დიოსკურიადიდან რომ მიდიხარ, პირველი სადგურია პიტიუნტში (აქედან არიანე სხვების ნათქვამს და დაწერილს ეყრდნობა), 350 სტადიონის (66 კმ) მანძილზე. აქედან ნიტიკემდე (გაგრასა და ფსოუს შორის) 150 სტადიონია (28 კმ). აქ ძველად ცხოვრობდა სკვითთა ტომი, რომელსაც იხსენიებს ისტორიკოსი ჰეროდოტე. მათ ის ფთიროფაგებს (გირჩის მჭამელებს) უწოდებს. ეს აზრი დღემდეა შემონახული მათ შესახებ. ხოლო ნიტიკიდან მდინარე აბასკოსამდე (ფსოუ) 90 სტადიონია (17 კმ). ბორგისი (დღევ. ლიაპიპსტისთან) აბასკოსს დაშორებულია 120 სტადიონით (22,7 კმ). ნესისი (ადლერის რაიონში) ბორგისს – 60 სტადიონით (11,3 კმ); აქ არის კონცხი ჰერაკლეა. ნესისიდან მასაიტიკემდე (დღევ. მატცი) 90 სტადიონია (17 კმ). აქედან მდინარე აქეუნტამდე (შახე) – 60 (11,3 კმ). ეს მდინარე ჰყოფს ძილქებსა  და სანიგებს. ძილქების მეფე სტაქემფაკია. ამასაც შენგან აქვს ტახტი მიღებული“.
3. V საუკუნის ანონიმის „პერიპლუსი“
V საუკუნის უცნობმა ავტორმა გადაამუშავა არიანეს „პერიპლუსი“ და შეავსო ახალი ცნობებით, რომლისთვისაც გამოიყენა შემდეგი წყაროები: 1. მენიპე პერგამონელის (ახ.წ. I ს.) „მოგზაურობა ხმელთაშუა ზღვის გარშემო“. 2. ფსევდო-სკიმნოს ქიოსელის (ძვ.წ. II ს.) ლექსად დაწერილი გეოგრაფიული აღწერა. 3. ფსევდო სკილაქს კარიანდელის (ძვ.წ. IV ს.) „პერიპლუსი“. ამასთან გეოგრაფიულ ობიექტებს თავის ეპოქისთვის შესაბამისი სახელებიც მიუმატა.
ანონიმი მოგვითხრობს: კოტიორიდან ვიდრე პოლემონიონის მიდამოებამდე წინათ ცხოვრობდა მეზობელი ტომი ტიბარენებისა, რომლებიც სულ იცინოდნენ, ყოველგვარი შემთხვევის გამო და თვლიდნენ, რომ ეს ბედნიერება იყო.
ფარნაკიიდან ვიდრე კოტიორის მიდამოებამდე წინათ ცხოვრობდა ტომი ე.წ. მოსინიკებისა, რომლებიც თავიანთი ჩვეულებებით, ადათებით და საქმიანობით მეტისმეტად ბარბაროსები იყვნენ: ამბობენ რომ ისინი ყველანი ცხოვრობენ ხის ძალიან მაღალ კოშკებში, მუდამ აშკარად აკეთებენ ყოველგვარ საქმეს: თავიანთ მეფეს, რომელიც კოშკის ზემო სართულშია გამომწყვდეული და ჩაკეტეილი, ყურადღებით უთვალთვალებენ; ვინც მას ყურადღებით დარაჯობს, მათ დავალებული აქვთ უყურონ, რომ მან ყველაფერი კანონიერად განაგოს: თუ ის გადაუხვევს კანონიერებას, ამბობენ, რომ მას უდიდეს სასჯელს ადებენ და საჭმელს არ აძლევენ.
ტრაპეზუნტი ელინური ქალაქია, სინოპელთა ახალშენი და ზღვის ნაპირად მდებარეობს. ტრაპეზუნტიდან ვიდრე არეტიადის კუნძულამდე და ფარნაკიამდე წინათ ცხოვრობდა ხალხი ე.წ. მაკრონებისა ანუ გრძელთავიანებისა. ტრაპეზუნტიდან ჰისოს ნავსადგურამდე, რომელსაც ახლა ეწოდება სუსარმია, 180 სტადიონია, ანუ 24 მილი.
სუსარმიიდან ოფიუნტის-წყლამდე, სადაც არის საყუდელი ხომალდების საკმაო რაოდენობისათვის, არის 90 სტადიონი, ანუ 12 მილი. ეს ოფიუნტის-წყალი ჰყოფს კოლხთა ქვეყანას თიანიკესგან (ე.ი. ჭანეთიდან).
ოფიუნტის-წყლიდან მოყოლებული არიან ორივე პონტოს ტომები, ხოლო მეზობლად არიან სხვადასხვა ბარბაროსული ტომები. ოფიუნტის-წყლიდან ე.წ. ცივ-წყლამდე არის 30 სტადიონი, ანუ 4 მილი.
ცივ-წყლიდან კალოს-წყლამდე, ახლანდელ „ახალ ბანაკამდე“ არის 30 სტადიონი, ანუ 4 მილი. „ახალ ბანაკიდან“ ე.წ. რიზეს-წყლამდე და რიზეს ნავსადგურამდე არის 120 სტადიონი, ანუ 16 მილი. რიზედან აწყურის-წყლამდე არის 30 სტადიონი, ანუ 4 მილი. აწყურის-წყლიდან ადინეონის წყლამდე, ახლა რომ ადინეონს ეძახიან, არის 60 სტადიონი, ანუ 8 მილი; აქვს ხომალდებისთვის კარგი მისადგომი. ადინეონის-წყლიდან სოფელ კორდილემდე არის 100 სტადიონი, ანუ 13,1/3 მილი.
კორდილიდან სოფელ ათინამდე არის 80 სტადიონი, ანუ 10,2/3 მილი. იქ არის მისადგომი ხომალდებისთვის: ევქსინის პონტოში ხომ არის სოფელი, რომელსაც ათინა ჰქვია, სადაც არის ათენას ელინური ტაძარი: ჩემი აზრით, ამ სოფლის სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს; არის ციხე-სიმაგრეც, მოუვლელად მიტოვებული; ხოლო ნავსაყუდელს შეუძლია წლის შესაფერ დროს (ზაფხულში) შეიფაროს რამდენიმე ხომალდი და აღმოუჩინოს მათ საფარი სამხრეთის (ნოტის ქარისგან და თვით ევრისაგანაც) ის იცავს იქ დაბინავებულ ნავებს ჩრდილოეთის ქარისგანაც, მაგრამ ვერ იცავს აპაქტიისაგან და იმ ქარისაგან, რომელსაც პონტოში ეძახიან თრასკიასს, ხოლო ელადაში სკირონს.
ათინიდან ზაგატის-წყლამდე არის 7 სტადიონი. ათინიდან პრიტანის-წყლამდე არის 40 სტადიონი, ანუ 5,1/3 მილი; აქ არის ანქიალეს სასახლე. პრიტანის-წყლიდან არმენად წოდებულ ადგილამდე არის 24 სტადიონი, ანუ 3,1/3 მილი. არმენიდან პიქსიტის-წყლამდე არის 66 სტადიონი, ანუ 8,2/3 მილი. პიქსიტის-წყლიდან მდინარე არქაბემდე არის 90 სტადიონი, ანუ 12 მილი. მდინარე არქაბიდან აფსარის-წყლამდე არის 60 სტადიონი, ანუ 8 მილი.
სოფელ აფსაროსს, როგორც ამბობენ ძველად აფსირტოსი ერქვა; აფსირტოსი ხომ აქ იქნა მოკლული მედეას მიერ; აფსირტეს საფლავსაც უჩვენებენ; შემდეგ ხანებში ეს სახელი დაამახინჯეს იმ მიდამოების ბარბაროსებმა, ისევე როგორც ბევრი სხვა სახელიც დამახინჯდა, ვინაიდან ტიანასაც, კაპადოკიაში რომ არის, როგორც ამბობენ თოანა ეწოდებოდა ტავრთა მეფის თოანტის სახელისაგან, იმ თოანტის, რომელიც ორესტეს და პილადეს ამალას ერეკებოდა და გადმოცემით, ამ ადგილამდე მოვიდა და აქ გარდაიცვალა ავადმყოფობისგან.
მდინარე არქაბისიდან მდინარე ოფიუნტამდე წინათ ცხოვრობდა ტომი ეკქეირიებად წოდებული, ახლა ცხოვრობენ მაქელონები და ჰენიოხები. მდინარე აფსაროსიდან მდინარე არქაბისამდე წინათ ცხოვრობდნენ ე. წ. ბიძერები ახლა კი ცხოვრობენ ძიდრიტები.
მდინარე აფსაროსიდან სანაოსნო მდინარე აკამფსისამდე, 15 სტადიონია, ანუ 2 რომაული მილი. მდინარე აკამფსისიდან მდინარე ბათისამდე 75 სტადიონია, ანუ 10 მილი. მდინარე ბათისიდან მდინარე კინასამდე 90 სტადიონია, ანუ 12 მილი. მდინარე კინასიდან სანაოსნო მდინარე ისისამდე 90 სტადიონია, ანუ 12 მილი. აკამფსისი და ისისი სანაოსნო მდინარეებია. დილაობით მათზე ქრის ძლიერი ქარები. მდინარე ისისიდან ე. წ. მოგროსამდე (ან ნიგროსამდე) ხომალდების მიერ გასავლელია 90 სტადიონი, ანუ 12 მილი. აქედან ფაზისამდე 90 სტადიონია ანუ 12 მილი.
ეს მდინარე ფასისი არმენიიდან მოედინება (ავტორი აქ ურევს ფასისსა და აფსასროსს, ანუ რიონსა და ჭოროხს). მის ახლოს ცხოვრობენ იბერიიდან არმენიაში გადასახლებული იბერიელები. მდინარის შესასვლელთან, ფასისის (აქ უკვე რიონზე საუბრობს) მარცხენა ნაპირზე, მოთავსებულია მილეტელების მიერ დაარსებული ელინური ქალაქი ე. წ. ფასისი, რომელშიაც, როგორც ამბობენ, თავს იყრის 60 სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ტომი. მათ რიცხვში იმყოფებიან ინდოეთიდან და ბაქტრიიდან მოსული ბარბაროსები. მათ შემდეგ არის ბარბაროსული ქვეყანა კორაქსიკე, რომელსაც ეკვრის ე.წ. კოლიკე. ახლა მელანქლაინების და კოლხების ტომია იქ.
ეს მდინარე (ფასისი) სანაოსნოა 100 (180?) სტადიონის, ანუ 12 (24?) მილის მანძილზე. მასზე არის დიდი ქალაქი, ეგრეთ წოდებული აია, საიდანაც მედეა იყო.
ფასისს აქვს მეტად მსუბუქი წყალი, ერთვის ზღვას და ერევა ზღვის წყალს. თუ ზემოდან ამოიხაპება წყალი მეტად მტკნარია, თუ ვინმე ჭურჭელს სიღრმეში ჩაუშვებს – მარილიანი. თუმცა მთელი პონტოს წყალი უფრო მტკნარია, ვიდრე ხმელთაშუა ზღვისა. ამის მიზეზია მდინარეები, რომელთა რაოდენობის და სიდიდის განსაზღვრა არ შეიძლება. სიმტკნარის საბუთი (თუ კი საბუთი გრძნობათათვის ცხად საგნებსაც ესაჭიროებათ) არის ის, რომ მცხოვრებთ საქონელი მიჰყავთ ზღვასთან და იქ ასმევენ წყალს. საქონელი აშკარა სიამოვნებით სვამს ამ წყალს. ამბობენ, რომ ეს სასმელი საქონლისათვის მტკნარ წყალზე უფრო სასარგებლოა. ფერი ფასისისა თავისებურია, გავს ტყვიით და კალით შეღებილ წყალს. დაყენების შემდეგ კი ის მეტისმეტად იწმინდება. ამიტომ არაა მიღებული რომ ფასისში ზღვიდან შემსვლელმა წყალი თან მოიტანოს. არამედ, როდესაც მოგზაურნი მდინარის კალაპოტში შევლენ, გაიცემა ბრძანება ხომალდზე არსებული მთელი წყალი გადაღვარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში გადმოცემის მიხედვით, მოგზაურობა არ იქნება ბედნიერი. ფასისის წყალი არ შმორდება, არამედ უცვლელი რჩება ათ წელს, ის უფრო მეტად ტკბება ამ ხნის განმავლობაში.
მდინარე ფასისიდან მდინარე ქარიენტამდე 90 სტადიონია, ანუ 12 მილი. მდინარე ქარიენტიდან სანაოსნო მდინარე ქობოსამდე 90 სტადიონია, ანუ 12 მილი. მდინარე ქობოსიდან მდინარე სიგამემდე რომელსაც ზიგანისიც ეწოდება, 210 სტადიონია, ანუ 28 მილი. ზიგანისიდან მდინარე ტარსურამდე (ახლა რომ მოქვი ეწოდება) 120 სტადიონია, ანუ 16 მილი. ხოლო მდინარე ტარსურიდან მდინარე ჰიპოსამდე (ახლა რომ ლაგუმფსა ეწოდება) 150 სტადიონია, ანუ 20 მილი. მდინარე ჰიპოსიდან მდინარე ასტელეფამდე (ახლა რომ ევრიპე ჰქვია და ხომალდთა მისადგომია) 30 სტადიონია, ანუ 4 მილი. მდინარე ასტელეფიდან ქალაქ დიოსკურიადამდე, რომელსაც ნავსადგური აქვს და ახლა სებასტოპოლისი ეწოდება, 135 სტადიონია, ანუ 18 მილი.
დიოსკურიადიდან ანუ სებასტოპოლისიდან მდინარე აფსაროსამდე წინათ ცხოვრობდა ხალხი კოლხებად წოდებული, ახლა ლაზებად სახელშეცვლილია.
ჩვენ გავიარეთ შემდეგი ტომები: ტრაპეზუნტელების მეზობლად, როგორც ქსენეფონტიც ამბობს, ცხოვრობენ კოლხები, და ისინი, რომლებიც მას მიაჩნია მეტად კარგ მეომრებად და ტრაპეზუნტელების მოსისხლე მტრებად. ქსენოფონტი მათ დრილებს უწოდებს, მე კი მგონია, რომ ისინი სანები არიან. ესენი ახლაც მეტისმეტად კარგი მეომრები არიან და ტრაპეზუნტელების დიდი მტრები. გამაგრებულ ადგილებში ცხოვრობენ. მეფეები არ ჰყავთ. წინათ ისინი რომაელების მოხარკენი იყვნენ, მაგრამ ახლა ყაჩაღურ ცხოვრებას ეწევიან და სრულიად არ იხდიან ხარკს კოლხების ზემოთ მაქელონები და ჰენიოხები ცხოვრობენ. ამათი მეფე ანქიალეა.
ჰენიოხთა ტომი ნარევი ტომია. ზოგიერთნი ამბობენ, რომ ამათ ჰენიოხები ქვიათ ამფისტატესაგან და ტელქისაგან. კასტორი რისა და პოლიდევკის მეეტლეებისაგან. ხომ გადმოგვცემენ, რომ ისინი აქ მოვიდნენ იაზონთან ერთად ლაშქრობის დროს, ამ ადგილებში დასახლდნენ თავისიანებისაგან მიტოვების შემდეგ. ასე მოგვითხრობს მითი. ჰენიოხების ზემოთ ე. წ. კასპიის ზღვაა, მას გარშემო ჰყავს შემოხვეული ბარბაროსთა ტომები, რომელნიც ცხენის ხორცით იკვებებიან. მის ახლოს მიდიელთა საზღვრებია.
მაქელონთა და ჰენიოხთა მეზობლად ძიდრიტები ცხოვრობენ. ფარსმანის ქვეშევრდომნი არიან. ძიდრიტების გვერდით ლაზები არიან. ლაზთა მეფემ: მალასამ შენგან მიიღო მეფობა. ლაზების გვერდით აფსილები, ცხოვრობენ. აფსილთა მეფე იულიანეა. ამას შენი მამისაგან აქვს ტახტი მიღებული აფსილების მეზობლები აბასგები არიან. აბასგთა მეფე რიმაგაა, ამასაც ტახტი შენგან აქვს მიღებული. აბასკების გვერდით სანიგები არიან, მათ მიწა-წყალზეა სებასტოპოლისი. სანიგთა მეფემ სპადაგამ შენგან მიიღო.
აფსაროსამდე აღმოსავლეთით მივცურავდით ევქსინის მარჯვენა მხარეს. აფსაროსი მე მეჩვენა პონტოს სიგრძის ბოლო საზღვრად, რადგან უკვე აქედან ჩვენი მოგზაურობა ჩრდილოეთით წარიმართა ქობოსამდე და ქობოსის ზემოთ სიგამემდე. სიგამიდან ჩვენ შევბრუნდით პონტოს მარცხენა მხარეს მდინარე ჰიპოსამდე. მდინარე ჰიპოსიდან ასტელეფამდე და დიოსკურიადამდე ჩვენ უკვე აშკარად პონტოს მარცხენა მხარეს მივცურავდით და მივემართებოდით მზის დასავლისაკენ. როდესაც ჩვენ მოვბრუნდით ასტელეფიდან დიოსკურიადისაკენ, დავინახეთ კავკასიონის მთა, რომელიც სიმაღლით კელტურ ალპებს შეედრება. გამოჩნდა ერთ-ერთი მწვერვალი კავკასიონისა, სახელით სტრობილე, სადაც, მითის მიხედვით, ზევსის ბრძანებით ჩამოკიდებულ იქნა პრომეთე ჰეფესტოს მიერ.
ბიზანტიონიდან მარჯვნივ მიმავალს დიოსკურიადამდე ასეთი გზა ექნება: ციხე-სიმაგრე დიოსკურიადა რომის სამფლობელოების საზღვარია (მარჯვენა მხარეს) პონტოს შესასვლელიდან. როდესაც მე მივიღე ცნობა ე. წ. კიმერიული ბოსფორის მეფის კოტისის გარდაცვალების შესახებ, განვიზრახე ამეწერა შენთვის ბოსფორამდე ზღვის გზა, რათა თუ რაიმეს მოისურვებ ბოსფორის მიმართ, საშუალება გქონდეს იმსჯელო ამ გზის კარგი ცოდნის საფუძველზე.
ვასრულებ ამას და ვამბობ შემდეგს: დიოსკურიადა-სებასტოპოლისიდან წამოსულს პირველი სადგური ექნება პიტიუნტში, სებასტოპოლისიდან, სადაც ხომალდთა სადგომია, 350 სტადიონზე, ანუ 46,2/3 მილზე.
აქამდე მოდის პონტოს ბარბაროსული სამეფო ტიბარანიაში, სანიკეში და კოლხიდაში; მათ მოსდევს ავტონომიურ ბარბაროსთა ქვეყნები.
პიტიუნტიდან სტენიტიკის მხარემდე (ძველად ტრიგლიტედ რომ იწოდებოდა) 150 სტადიონია, ანუ 20 მილი. ამ ქვეყანაში წინათ სკვითური ტომი მოსახლეობდა, რომელსაც იხსენიებს ისტორიკოსი ჰეროდოტე. ის ამბობს, რომ ეს ტომი გირჩის მჭამელია. მართლაც, ეს აზრი ახლაც არსებობს ამ ტომის შესახებ. სტენიტიკიდან მდინარე აბასკამდე 90 სტადიონია, ანუ 12 მილი. მდინარე აბასკიდან მდინარე ბრუქონტამდე (ახლა მიზიგი რომ ჰქვია) 120 სტადიონია, ანუ 16 მილი. ბრუქონტიდან მდინარე ნესისამდე რომელშიაც ჰერაკლეს კონცხიც გვაქვს (პიქსიტედ წოდებული), 60 სტადიონია, ანუ 8 მილი. მდინარე ნესისიდან მდინარე მასეტიკის წყლამდე 90 სტადიონია, ანუ 12 მილი. მდინარე მასეტიკიდან აქეუნტამდე (სანაოსნო მდინარემდე) 60 სტადიონია, ანუ 8 მილი. ეს მდინარე აქეუნტი იწოდება ბასისად და ჯიქებსა და სანიგებს შუა არის. ჯიქების მეფე სტაქემფლასია. ამასაც შენგან აქვს მეფობა მიღებული. ამრიგად, მდინარე აქეუნტიდან მდინარე აბასკამდე სანიგები ცხოვრობენ.
მდინარე აქეუნტიდან ჰერაკლეს კონცხამდე (ახლა ერემა ქვია) 150 სტადიონია, ანუ 20 მილი. ჰერაკლეს კონცხიდან იმ კონცხამდე, რომელზედაც ახლაცაა სიმაგრე, ბაგად წოდებული, 10 სტადიონია, ანუ 1,1/3 მილი. ამ კონცხიდან იმ კონცხამდე, რომელიც დაცულია თრასკიისა და ბორეის ქარებისაგან (სადაც ახლა იმყოფება ე.წ. მარცხენა), 80 სტადიონია, ანუ 10,2/3 მილი. „მარცხენადან“ ე. წ. „ძველ ლაზიკემდე“ (სადაც მოთავსებულია ე.წ. ნიკოფსისი, რომლის ახლოს მდინარეა ახლა ფსახაფსისად წოდებული) 120 სტადიონია, ანუ 16 მილი. „ძველი ლაზიკიდან“ ძველ აქაიამდე (სადაც არის ახლა ტოფსიდად /ტუაფსე/  წოდებული მდინარე) 150 სტადიონია, ანუ 20 მილი.
ამრიგად ძველი აქაიიდან ძველ ლაზიკემდე და შემდეგ მდინარე აქეუნტამდე წინათ ცხოვრობდნენ შემდეგი ტომები, რომელთაც ეწოდებოდათ: ჰენიოხები, კორაქსები, კოლიკები, მელანქლაინები, მაქელონები, კოლხები და ლაზები; ამჟამად კი აგრეთვე ცხოვრობენ ჯიქები. ძველ აქაიიდან პაგრის ნავსადგურამდე (ახლა ჰეპტალის ნავსადგური ეწოდება), 350 სტადიონია, ანუ 46,2/3 მილი. პაგრის ნავსადგურიდან ძველ აქაიამდე წინათ ე.წ. აქეელები ცხოვრობდნენ, ახლა კი ჯიქები ცხოვრობენ“.
4. საზღვრები
ანტიკური ისტორიკოსების (პლინიუს უფროსი, არიანე, V ს. ანონიმი) ცნობების ანალიზით ზემოთ აღნიშნული ქვეყნების საზღვრები ახ.წ. I–II ს-ში ასე გამოიყურებოდა: მაკრონებისა და ჰენიოხების სამეფოს ტერიტორია მთიელი სანების (ჭანები) ჩრდილოეთით და ტრაპეზუნტის მხარის აღმოსავლეთით მდებარეობდა და მდინარე რიზესწყალიდან მდ. არქაბისამდე ვრცელდებოდა. მდ. არქაბისი კი მდ. ორხოფია, რომელიც ხოფადან 1,5 კმ-ზე მდებარეობს. დიონ კასიუსის ცნობით ავგუსტი ტრაიანუსი ანქიალეს შეხვედრია პართიაზე ლაშქრობის დროს ქალაქ სატალაში და დაუსაჩუქრებია. „მახელონებისა და ჰენიოხების სამეფო“ რომის ერთგული მოკავშირე ყოფილა.
მაკრონების ჩრდილო-აღმ-ით შავიზღვიპირეთში ვიდრე ციხე-ქალაქ აფსაროსამდე (გონიო) ცხოვრობდნენ ძიდრიტები. აფსაროსი რომაული ტერიტორია იყო. ჭოროხიდან ჩრდილოეთით მდ. ღალიძგამდე ვრცელდებოდა ლაზიკას (ეგრისის) სამეფო. ღალიძგა მეგრულად სიტყვა-სიტყვით ნიშნავს: ღელე კიდისა, მდინარე საზღვრისა. სხვათაშორის ღალიძგას შერჩენილი ჰქონდა ძველი სახელწოდება ეგრის-წყალი ვიდრე XVII–XVIII საუკუნეებამდე (არქანჯელო ლამბერტს ღალიძგა მოხსენებული აქვს სახელწოდებით „ეკარისი“ = ეგრისი).
ლაზების ჩრდილოეთით, მთელ დასავლეთ საქართველოს მთიანეთში ცხოვრობდნენ სვანური ტომები. მათი სამხრეთ საზღვარი გადიოდა კოდორის, სვანეთის და ლეჩხუმის ქედებზე.
აღმოსავლეთით ლაზიკას საზღვარი შორაპან-სკანდას ხაზამდე ვრცელდებოდა.
მდ. ღალიძგადან – მდ. კელასურამდე ცხოვრობდნენ აფსილები, რომელთა ტერიტორიაზე იყო რომაული ციხე-სიმაგრე გიენოსი. მათ ჩრდ-აღმოსავლეთით ცხოვრობდნენ მისიმიელი სვანები, ხოლო ჩრდილოეთით, მთებში, კელასურის სათავიდან კოდორის ხეობამდე აბაზგები. აფსილებისა და აბაზგების დასავლეთით, მდ. კელასურიდან – მდ. აქეუნტამდე (მდ. შახე) ცხოვრობდნენ სანიგები. მათ ტერიტორიაზე იყო რომაული ციხე-სიმაგრე სებასტოპოლისი.
ამდენად ახ.წ. I–II საუკუნეების მიჯნაზე ყოფილი კოლხეთის სამეფოს ტერიტორიაზე ერთდროულად რამდენიმე სამეფო არის წარმოქმნილი. მათგან კოლხეთის უშუალო პოლიტიკურ მემკვიდრეს წარმოადგენს ლაზიკას სამეფო, რასაც ადასტურებს არაერთი ისტორიკოსი:
ლაზებს პირველად პლინიუს უფროსი ახსენებს თავის „ბუნების ისტორიაში“: „აბსაროსთან ახლოს, მთებს გადაღმა იბერიაა, სანაპიროზე კი – ჰენიოხები, ამპრევტები, ლაზები, მიედინება მდინარეები აკამფსეონი (=აკამფსისი, მდ. ჭოროხის შესართავი ნაწილი), ისისი (დღევ. მდ. ნატანები), მოგრუსი (ან ნოგრუსი, ან ნიგერი, დღევ. მდ. სუფსა), ბათისი (ნიშნავს „ღრმა წყალს“, დღევ. ყოროლის წყალი), შემდეგ კოლხიდის ხალხი, ქალაქი მატიუმი (პტოლემეოსის მადიუმი, ქალაქი კოლხეთში), მდინარე და კონცხი ერთი და იგივე სახელით ჰერაკლეა (საძიებელია ბიჭვინთიდან ნოვოროსიისკამდე ტერიტორიაზე), პონტოს ყველაზე სახელგანთქმული მდინარე ფასისი (მდ. რიონი)“.
მემნონ ჰერაკლეელი „ჰერაკლეის ისტორიის“ ფრაგმენტებში წერს: სინოპელი კლეოხარეს მიმდევრები „ნავებზე დასხდნენ და გაიქცნენ პონტოს უკიდურეს აღმოსავლეთის მხარეებში. ამ ადგილებში ხომ სახლობდნენ სანიგები და ლაზები“. პონტოს უკიდურესი აღმოსავლეთის ნაწილი ბერძნებისათვის ნიშნავს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ მონაკვეთს.
კლავდიოს პტოლემაიოსი „გეოგრაფიკაში“ წერს: „კოლხეთის ზღვისპირა ნაწილში მოსახლეობენ ლაზები, შემდეგ მოდის მანრალის მხარე, შემდეგ კი ეკრეკტიკა“.
V საუკუნის ანონიმი წერს: „დიოსკურიიდან (რომელსაც აგრეთვე სებასტოპოლი ეწოდება) ვიდრე აფსარის წყლამდე წინათ ცხოვრობდა ის ხალხი, რომელსაც კოლხები ეწოდებოდათ და შემდეგ გადაერქვათ ლაზები“.
იოანე ლიდე (V–VI ს-ბი) წერს: „კოლხები, რომელთაც აგრეთვე ლაზები ეწოდებათ“.
იგივეს აღნიშნავს ბიზანტიელი მწერალი და ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი (ახ.წ. VI ს.): „სახელი „კოლხები“, როგორც სხვა მრავალი ტომებისა, ამჟამად „ლაზთა“ სახელად შეიცვალა“.
აგათია სქოლასტიკოსი (536–582 წლ.) აღნიშნავს: „ლაზებს რომ ძველად კოლხები ეწოდებოდათ და სწორედ ისინი არიან, ამაში ეჭვი არ შეეპარება არავის“; „ძლიერსა და მამაც ტომს წარმოადგენენ ლაზები და სხვა ძლიერ ტომებსაც მბრძანებლობენ; ამაყობენ კოლხთა ძველი სახელით და ზომაზე მეტად ქედმაღლობენ, შესაძლებელია არცთუ ისე უსაფუძვლოდ“. მისივე ცნობით ლაზი აიეტი თავის სამშობლოს კოლხების ქვეყანას უწოდებს. იგი ასე მიმართავს თავის თანამემამულეებს: „გაქრა კოლხთა ძველი ღირსება და ამიერიდან ვეღარ ვეღირსებით იმას, რომ სხვებს ვმბრძანებლობდეთ… მე ვინატრიდი კოლხეთის…სახელმწიფოს ჰქონდეს მისი ძველი ძლიერება, რომ მას არ დასჭირებოდეს უცხო და გარეშე დახმარება…“.
აგათია ლაზ ფარტაზს უწოდებს „კოლხთა შორის გავლენიანს, გონიერს და თავისი ქცევით მეტად მდაბიურს“. ფარტაზი ლაზების თათბირზე თავის თანამემამულეებს მიმართავს როგორც კოლხებს. იგი ასე იწყებს თავის სიტყვას: „ჩვეულებრივი ამბავი დაგემართათ, კოლხებო, რომ მეტად მოხერხებულად და წარმტაცად თქმულმა სიტყვებმა გონება შეგირყიეს“. შემდეგ ფარტაზე განაგრძობს: „თქვენ კი, კოლხებო, არასდროს არ უნდა დაუკავშიროთ თქვენი აზრები გარეშე მოსაზრებებს… ჰო და, აბა, რის გულისათვის უნდა გადავიდეთ, კოლხებო, სპარსელების მხარეზე… ეს არ შეეფერება მეფეს, ისიც ლაზთა მეფეს, მით უმეტეს გუბაზს. ის რომ აქ იყოს, უეჭველია ის, როგორც ღვთისნიერი და გონიერი ადამიანი, გაგვკიცხავდა ჩვენ ამგვარი ზრახვებისათვის; მოგვიწოდებდა აღვჭურვილიყავით კოლხის თავისუფალი შეგნებით“.
აგათია სქოლასტიკოსის თხზულებაში ასეთი ადგილები მრავლად მოიპოვება. იგი კოლხს უფრო ხშირად ხმარობს ვიდრე ლაზს.
კოლხეთს ლაზიკესთან აიგივებს VII ს-ის ანონიმი სომეხი გეოგრაფიც: „კოლხეთი, მდაბიურად ლაზიკე“.
ბერძენი მწერლის ლიკოფრონი ქალკიდეკელის (ძვ.წ. IV–III ს-ბი) პოემის „ალექსანდრას“ კომენტირებისას იოანე ცეცე (1110–1180 წლ.) გადმოგვცემს: „კოლხები ინდოელი სკვითები (ანუ ბარბაროსები, არაბერძნები) არიან, მათ ლაზებიც ეწოდებათ“. სხვაგან წერს: „კოლხები, რომელთაც ლაზებსაც ეძახიან“; „კოლხები ლაზური ტომია“.
ნიშანდობლივია, რომ ახ.წ. V ს-ის სომეხი ისტორიკოსი მოვსეს ხორენაცი თავის თხზულებაში „სომხეთის ისტორია“ ალექსანდრე მაკედონელის დროინდელ ბრძოლების აღწერისას საერთოდ არ ასახელებს კოლხეთს, სამაგიეროდ მოხსენიებული აქვს ლაზიკა, შესაძლებელია მის ნაცვლად. იგი წერს: „ლაზიკა, პონტოსი, ფრიგია, მაჟაქი და სხვები მტკიცედ იცავდნენ ერთობის პირობას მაკედონელთა სახელმწიფოსთან“.
5. უცხოელთა შემოსევები
ახ.წ. II საუკუნიდან ჩრდილო კავკასიიდან მომთაბარეთა შემოსევები უფრო გაძლიერდა, რის გამოც 135–152 წლებში რომაელებმა კასტელუმი ააგეს პიტიუნტშიც. პიტიუნტში რომაული გარნიზონი კასტელუმის ზომების მიხედვით (140X170 მ), ერთ კოჰორტას არ აღემატებოდა და XV ლეგიონის ნაწილებიდან კომპლექტდებოდა. XV ლეგიონის მთავარ ფუნქციას კი იმპერიის შორეული მისადგომების ჩრდილოეთ კავკასიის მთიელებისაგან დაცვა წარმოადგენდა. გარნიზონი, როგორც ბიჭვინთის №18 კოშკის IV ს-ის ფენაში აღმოჩენილი ბალისტის ღერძის ნაწილი ადასტურებს, ქვის სატყორცნი მანქანით ყოფილა აღჭურვილი.
როგორც ბერძენი და რომაელი ისტორიკოსების მწირი ცნობების ანალიზიდან ირკვევა II–III ს-ის მიჯნაზე გაძლიერებული ლაზიკა უარს აცხადებს რომის მორჩილებაზე, რის გამოც ავგუსტ ალექსანდრე სევერუსს (193–211) სამხედრო ძალით უწევს მისი დამორჩილება. გიორგი სინგელოზი (VIII–IX) მოგვითხრობს: „სევერემ გააქცია სპარსელთა მეფე ულიგისსე (ვოლოგეზე) და დაიმორჩილა ნისიბინი და სხვა ქალაქები, რომლებიც სპარსელებს ჰქონდათ გადაცემული, წინათ კი რომაელებს ეკუთვნოდა. 196 წელს სევერემ დაიმორჩილა ადიაბენები და არაბებები, რომლებიც ნიგერთან იბრძოდნენ. მანვე დაიმორჩილა კოლხიკე, ესე იგი ლაზიკე“.
ახ.წ. 253 წელს სკვითებმა აღმ. შავიზღვისპირეთში გრანდიოზული ლაშქრობა მოაწყვეს, რომლის დროსაც მათ აიღეს და სასტიკად დაარბიეს პიტიუნტი და ტრაპიზონი. სრულად გაჟლეტილი იქნა იქ მდგარი რომაული გარნიზონები. სკვითები ამ დროს ფაზისსაც დაესხნენ და სურდათ აქაური არტემიდას ტაძრის გაძარცვა, მაგრამ აქ მდგარმა რომაულმა მცირე გარნიზონმა ლაზების დახმარებით მოახერხა სკვითების დამარცხება და უკუქცევა.
ახ.წ. 238 წლიდან იწყება რომის იმპერიის დუნაისპირეთისა და ბალკანეთის პროვინციებზე გუთების შემოსევები. მათი ლაშქრობები მხოლოდ ბალკანეთ-დუნაისპირეთით არ შემოფარგლულა. ახ.წ. III ს-ის 40-იან წლებში გუთების თავდასხმების შედეგად ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის ქალაქები განადგურდა. ახ.წ. 252–267 წლებში გუთებმა მცირე აზიისა და შავი ზღვის სანაპიროებზე ლაშქრობები მოაწყვეს. ლაშქრობათა ტალღამ საქართველოს ზღვისპირეთსაც გადაუარა.
შავიზღვისპირეთის აღმოსავლეთ სანაპიროს დასახლებებზე ნომადური გუთების ლაშქრობათა შესახებ მოგვითხრობს ბიზანტიელი ისტორიკოსი ზოსიმე: „როდესაც გუთებმა დაიწყეს მოოხრება ყველაფრისა, რაც გზაში ხვდებოდათ, პონტოს სანაპიროს მცხოვრებლები გაიქცნენ გამაგრებულ ადგილებში. ბარბაროსები, პირველ ყოვლისა, თავს დაესხნენ პიტიუნტს, რომელიც შემოზღუდული იყო უზარმაზარი კედლით და რომელსაც ჰქონდა კარგად მოწყობილი ნავსადგური. ადგილობრივი ჯარის სათავეში იდგა სუკესიანუსი. მან მთელი თავისი ჯარებით შეუტია ბარბაროსებს და გარეკა ისინი. გუთებმა იმის შიშით, რომ სხვა სიმაგრეების მცველებმაც არ გაიგონ და არ შეუერთდნენ პიტიუნტის ჯარებს და საბოლოოდ არ გაგვანადგურონო – აი ამის შიშით ხელთ იგდეს ხომალდები; რაც კი შეეძლოთ და ძალიან შეშინებულებმა მოჰკურცხლეს ისე, რომ პიტიუნტთან ბრძოლებში ბევრი თავისი მეომარი დაჰკარგეს. ექვსინის პონტოს სანაპიროს მცხოვრებლები, რომლებიც გადარჩნენ სუკესიანუსის სტრატეგობის წყალობით, იმედოვნებდნენ, რომ გუთები, რომლებიც ამნაირად უკუქცეულ იქნენ, ვერასოდეს გაბედავდნენ გადმოსვლას.
მაგრამ, როდესაც ავგუსტმა ვალერიანემ სუკესიანუსი გაიწვია, სამეფო კარზე მისცა თანამდებობა და მიჰყო ხელი ანტიოქიის საქმეების მოგვარებას და მის დასახლებას, მაშინ გუთები კვლავ გამოჩნდნენ; ახ.წ. 256 წელს გუთებმა ბოსფორელებს გამოართვეს ხომალდები და გადავიდნენ აზიაში. მათ ბოსფორელებს აღარ დაუბრუნეს ხომალდები, როგორც წინათ, და არც შინ გაუშვეს, არამედ ამ ხომალდებით მიადგნენ ფაზისს, სადაც, როგორც ამბობენ, აშენებული იყო ფასისის არტემიდეს ტაძარი და აიეტის სასახლე. მათ სცადეს ამ ტაძრის აღება, მაგრამ უნაყოფოდ; ამის შემდეგ პირდაპირ წავიდნენ პიტიუნტისკენ. ეს ციხე აიღეს მათ დაუბრკოლებრივ, მთელი მისი მცველი ჯარი გაწყვიტეს და განაგრძეს გზა. იშოვეს დიდი რაოდენობა ხომალდებისა და ცურვისათვის გამოიყენეს ტყვეები, რომლებმაც იცოდნენ ნიჩბების ხმარება“.
მეორე ლაშქრობა კი ახ.წ. 257 წელს მოეწყო და პირველთან შედარებით უფრო მასშტაბური ხასიათისა ყოფილა. გუთების თავდასხმები ამ დროს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის არაერთ დასახლებულ პუნქტს შეეხო. ზოსიმეს თანახმად, გუთებს თავდაპირველად ალყა ფასისისათვის შემოურტყამთ, მაგრამ უშედეგოდ. ფასისის დამცველებმა მომხდურნი უკუაქციეს, რაც, ერთი შეხედვით, გაოცებას იწვევს, ვინაიდან გუთებმა თითქმის დაუბრკოლებლად აიღეს ისეთი ძლიერი და საკმაოდ მრავალრიცხოვანი მეომრებით დაცული ქალაქები, როგორიც იყო ტრაპეზუნტი, გორგიპია, ფილიპოპოლისი, აბრიტუსი, ნოვუმი, პიტიუნტი. ეს მაშინ, როცა ფაზისს მხოლოდ მცირერიცხოვანი გარნიზონი იცავდა.  მართალია, ზოსიმე ფასისს არც ქალაქსა და არც ციხეს უწოდებს, მაგრამ კონტექსტიდან ნათლად ჩანს, რომ მას არა მარტო ბრძოლისუნარიანი გარნიზონი ჰყოლია და მტკიცე ციხესიმაგრე ჰქონია, არამედ მრავალრიცხოვანი და გამაგრებული ქალაქი უნდა ყოფილიყო.
ფასისიდან უკუქცევის შემდეგ, როგორც ზოსიმე გადმოგვცემს, გუთებს პიტიუნტისაკენ გაულაშქრიათ და ის იოლად აუღიათ. აქ დატრიალებული ეს კატასტროფა არქეოლოგიურადაც კარგად დასტურდება. ნაქალაქარის თითქმის ყველა უბანზე ძლიერი ნგრევისა და ხანძრის კვალი ჩანს. ციხე-ქალაქის დასავლეთ კარიბჭის მისადგომებთან გამოვლინდა დაღუპულ ადამიანთა უწესრიგოდ ჩაყრილი ჩონჩხების გროვა. პიტიუნტზე გუთების თავდასხმის სურათი კარგად აისახა, აგრეთვე, ნუმიზმატიკურ მასალაშიც. პიტიუნტის ბედი, როგორც ჩანს, სებასტოპოლისსაც გაუზიარებია, რასაც მოწმობს სებასტოპოლისის ციხის კედლის გარეთ დადასტურებული ძლიერი ხანძრის კვალი.
გუთების წასვლის შემდეგ რომაელებმა შავიზღვისპირეთის კასტელუმების აღდგენა დაიწყეს. ახ.წ. III ს-ის შუა ხანებიდან რომაელებმა ტრაპეზუნტში I პონტოური ლეგიონი ჩააყენეს. ამავე პერიოდიდან უნდა დაწყებულიყო სებასტოპოლისის კასტელუმის გადაკეთება-გაფართოება. გვიანდელი ციხესიმაგრის ფართობი 2 ჰექტარი იყო და უკვე ერთ კოჰორტას იტევდა.
სამუშაოები ჩატარდა პიტიუნტის გამაგრება-გაძლიერების მიმართულებითაც. ახ.წ. IV ს-ის დასაწყისში რომაელებს პიტიუნტის საქალაქო დასახლებისათვის სასიმაგრო ნაგებობანი შემოუვლიათ. რაც შეეხება თავად კასტელუმს, როგორც ეს XXII თხრილში აღმოჩენილი თავდაცვის მეორე რიგის კედელი მოწმობს, მისი ტერიტორია სამოქალაქო დასახლების ხარჯზე ჩანს გაფართოებული, რაც, ალბათ, გარნიზონის მებრძოლთა რაოდენობის გაზრდაზე მიუთითებს. ამ დროისათვის ციხე-სიმაგრეს შეეძლო დაახლოებით 700–800 ჯარისკაცი დაეტია.
ახ.წ. III ს-ის ბოლოს ან IV ს-ის დასაწყისში უნდა აღდგენილიყო აფსაროსის (გონიო) კასტელუმიც.
ლაზებისათვის ცუდად დასრულდა 291–292 წლებში ბოსფორის მეფის თოთორსის (286–308) ბრძანებით ლაშქრობა აღმ. შავიზღვისპირეთში. კონსტანტინე პორფიროგენეტი (X ს.) მოგვითხრობს: „თოთორსის სარდალმა სავრომატემ შეკრიბა მეოტიის ტბასთან მცხოვრები სარმატები და ილაშქრა რომაელების წინააღმდეგ: ჯერ მან დაიპყრა ლაზთა ქვეყანა /რომელიც დროებით ბაზად გაიხადა/, ეომა იქაურ მცხოვრებლებს და ჰალისის მდინარემდეც კი მივიდა. როდესაც დიოკლეტიანე ავგუსტმა გაიგო, ლაზთა ქვეყანა და პონტოს მხარე მოოხრებულ იქმნაო, გაგზავნა იქ ჯარი იმ განზრახვით, რომ ის სარმატების წინააღმდეგ დარაზმულიყო. ჯარის ეგზარქოსად იყო ტრიბუნი კოსტა. კოსტა ჰალისს რომ მიადგა თავისი ჯარით, იქ დაბანაკდა და აფერხებდა სარმატებს, რომ ისინი მდინარეზე არ გადმოსულიყვნენ.
კოსტამ ვერ შეძლო გამკლავებოდა სარმატებს და გადაწყვიტა სხვა გზით აეძულებინა სავრომატე უკან დაბრუნებულიყო. კოსტამ და დიოკლეტიანემ მართლაც მიუსიეს ბოსფორელებს ხერსონესელები, რომლებმაც აიღეს ბოსფორი და ელჩები გაგზავნეს სავრომატეთან მომხდარი ამბის შესატყობინებლად. შემდეგ ეს ელჩები, სავრომატესთან მოლაპარაკების შემდეგ, გადავიდნენ ჰალისის ნაპირებთან, კოსტასთან. კოსტამ მოსთხოვა სავრომატებს დაებრუნებინა ტყვეები. ტყვეები რომ მიიღო კოსტამ, ხერსონელ ელჩთაგან ორი თავისთან დაიტოვა, ხოლო დანარჩენი სავრომატეს გაუგზავნა.
სავრომატემ ხერსონესელი ელჩები რომ ჩაიბარა, წინდაწინ გაგზავნა ლაზთა ქვეყნიდან ისინი, თან გააყოლა თავისი საკუთარი კაცები, რომლებისთვისაც იმათ უნდა გადაეცათ ბოსფორი და მათი ოჯახები“.
ახ.წ. IV ს-ის დასაწყისში დღევ. ოზურგეთის რ-ში, ს. გურიანთასთან რომაელები აარსებენ ახალ პატარა კასტელუმს, ე.წ. ვაშნარის ციხეს, რომელიც შიდა ფართობის ზომებიდან (500 X 400) გამომდინარე 300–400 ჯარისკაცს იტევდა.
6. ეგრისის სამეფოს გაძლიერება IV–V საუკუნებში
IV საუკუნეში დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ რაიონში მდებარე ლაზთა (ეგრისის) სამეფო შემდგომ გაძლიერებას აღწევს. ამ საუკუნის პირველ ნახევარში დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ქალაქებში, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ბიზანტიელთა გარნიზონები მდგარა.
ისტორიკოსი ზოსიმე (V ს.) აღნიშნავს, რომ ავგუსტმა კონსტანტინე I-მა დაჰყო რა მთელი იმპერია ოთხ საგამგებლოდ, ერთ-ერთს სხვა ოლქებთან ერთად, მიათვალა „მთელი ზღვისპირეთი პამფილიიდან ვიდრე ტრაპეზუნტამდე და ფასისზე მდებარე სიმაგრეებამდე“. მაგრამ შემდგომ ხანებში, ვიდრე VI საუკუნის 20-იან წლებმადე ასეთი გარნიზონები საკუთრივ ლაზეთის ტერიტორიაზე არსად ჩანს.
ეგრისის სამეფოს გაძლიერების მაჩვენებელია, უპირველეს ყოვლისა, მისი ტერიტორიული გაფართოება.
ისტორიკოსი ამიანუს მარცელინუსი 368 წლის ამბების თხრობისას აღნიშნავს, რომ როცა არმენიაში სპარსელები შეიჭრნენ, არმენიის მეფემ, პაპმა და მისმა კარისკაცებმა „სცადეს შეეფარებინათ თავი მაღალ მთებში, რომლებიც ჩვენ მიწებს (ე. ი. რომაელთა მიწებს) ლაზიკისაგან ჰყოფენ“. აქ, როგორც ჩანს, იგულისხმება ჭოროხის შესართავის სამხრეთით მდებარე მაღალი მთიანეთი.
ამიანუსის ამ ცნობას ავსებს და აკონკრეტებს მერმინდელ ბიზანტიელ ავტორთა, პირველ რიგში, პროკოპი კესარიელის (VI ს.) ცნობები. ამ ცნობების ანალიზი ცხადყოფს, რომ ლაზეთის სამეფოს ტერიტორია სამხრეთით დაახლოებით მდ. ჭოროხის შესართავის სექტორამდე აღწევდა.
სამხრეთიდან ლაზეთის სამეფოს უშუალოდ ემეზობლებოდნენ ფაქტიურად დამოუკიდებელი მთის ტომები (ჭანები), ხოლო შემდეგ უკვე იწყებოდა საკუთრივ ბიზანტიის მფლობელობაში მყოფი ტერიტორია.
ბიზანტიელებს ეკუთვნოდა ათინა (დღევ. ფაზარი) და რიზე. ხოლო რიზესა და ლაზეთის სამეფოს შორის, პროკოპი კესარიელის სიტყვით, მოსახლეობს ერთი თვითთავადი ხალხი. ასეთივე ცნობა აქვს აგათიას სქოლასტიკოსსაც. მაშასადამე, შავი ზღვის სანაპიროს სამხრეთ-აღმოსავლეთ ოლქებში ახ.წ. პირველ საუკუნეებში არსებული მაკრონ-ჰენიოხთა სამეფო და ძიდრიტების იბერიისადმი დამორჩილებული მხარე აღარ იხსენიება. აშკარაა, რომ ამ პოლიტიკურ ერთეულთა ნაწილი ბიზანტიის უშუალო მფლობელობაში შევიდა (რიზე-ათინას სანახები), ნაწილი დამოუკიდებლობას ინარჩუნებს; იბერია ზღვის სანაპირო ზოლიდან გაძევებულია და მისი კუთვნილი ძიდრიტთა ტერიტორია ბიზანტია-ლაზეთს გაუნაწილებია.
ბიზანტიელთა და ლაზეთის სამეფოს მოსაზღვრედ მცხოვრებ ჭანურ ტომთა შესახებ პროკოპი კესარიელი აღნიშნავს, რომ, თუმცა ისინი არც რომაელთა და არც ლაზთა ქვეშევრდომები არ არიან, მაგრამ ლაზთა ეპისკოპოსები კი უწესებენ მათ მღვდელმსახურებასო. ეს გარემოება უნდა მიუთითებდეს ლაზეთის გარკვეულ კულტურულ გავლენაზე ჭანების მიმართ.
ლაზთა სამეფოს საზღვრები აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოებულია. დასავლეთ საქაროთველოს აღმოსავლეთი ნაწილი (არგვეთი), რომელიც II–III საუკუნეებში იბერიის ერთ-ერთ საერისთავოს წარმოადგენდა, VI საუკუნეში უკვე ლაზეთის სამეფოს შემადგენლობაში ჩანს. კერძოდ, პროკოპი კესარიელის სიტყვით, აქ მდებარე ციხე-ქალაქები შორაპანი და სკანდა ლაზების მიერ ყოფილა აგებული. სკანდისა და შორაპნის საფორტიფიკაციო ნაგებობათა ანალიზი კი პირველის აგებას IV ს-ით ათარიღებს, მეორისას კი V საუკუნით. მაშასადამე, IV საუკუნეში ეს მხარე – არგვეთი – უკვე იბერიის მიერ დაკარგულია და ლაზეთის (ეგრისის) სამეფოს შემადგენლობაში შედის.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეგრისის სამეფოს საზღვრების გაფართოება ჩრდილოეთის მიმართულებით.
სვანები თავდაპირველად უფრო ვრცელ ტერიტორიაზე იყვნენ განსახლებულნი. მათ თავის დროზე ეჭირათ ლეჩხუმისა და რაჭის მნიშვნელოვანი ნაწილი. სვანებს, სტრაბონის სიტყვით, ეპყრათ კავკასიის უღელტეხილი დიოსკურიადან მოყოლებული, ე.ი. დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზეც ყოფილან განსახლებულები, რასაც უდავოდ მოწმობს ის სვანური ტოპონიმები, რომლებიც არაერთია აფხაზეთში და მათ შორის „სოხუმი“, რომლის თავდაპირველი სახელწოდება „ცხუმი“ იყო. სვანები განსახლებულნი ყოფილან ჩრდილოეთ კავკასიაშიც, მდინარეების – თერგისა და ყუბანის სათავეებში, სადაც ასევე დასტურდება სვანური ტოპონიმები. თერგის, ბახსანის და ყუბანის სათავეებში ამჟამადაც არის სვანური ტიპის სხვადასხვა შენობა-ნეგებობანი.
აღმოსავლეთისა და სამხრეთის საზღვრები ბერძნებისა და რომაელების მწერლებს ნაჩვენები არა აქვთ, მაგრამ უეჭველია ძველად სვანები გაცილებით უფრო სამხრეთით ბინდრობდნენ, ვიდრე ახლა ცხოვრობენ; ამას უნდა ამტკიცებდეს საგეოგრაფიო სახელების დაკვირვება, მაგ., ლეჩხუმი, ლებაჩილე და სხვა. შემდეგ სვანების მიწები კოლხებს დაუპყრიათ, ისინი კი კავკასიის უღელტეხილზე მოუმწყვდევიათ; დაპყრობილ სვანებს კოლხური შეუთვისებიათ; მაშასადამე, კოლხებსა და სვანებს შორისაც ნარევი ტომი უნდა გაჩენილიყო. ამას პტოლემეს ცნობაც ამტკიცებს; თავის გეოგრაფიაში იგი სვან-კოლხების (სუანნო-კოლხოჲ) ტომს ასახელებს; ამავე ნარევ ტომს, სომხების ისტორიკოსი ფავსტოს ბუზანდიც იხსენიებს.
ანტიკურ ხანაში სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო, შემდეგ ეგრისის სამეფოსი, თუმცა რეალურად სვანეთი შიდა საქმეებში მუდმივად დამოუკიდებელი იყო რაზეც სტრაბონი მოგვითხრობს: „პონტოს სანაპიროზე ცხოვრობენ აქეელები, ზიგები (ჯიქები), ჰენიოხები, კერკეტები და მაკროპოგენები (ანუ გრძელწვერებიანები). მათ სამხრეთით მდებარეობს ფთიროფაგების (ანუ გირჩისმჭამელები) ხეობა.
მითრიდატეს ისტორიკოსები, რომლებიც დიდ ნდობას იმსახურებენ, ასახელებენ პირველად აქეელებს, შემდეგ ზიგებს, შემდეგ ჰენიოხებს, შემდეგ კერკეტებს, მოსხებს, კოლხებს, მათ ქვემოთ მცხოვრებ ფთიროფაგებსა (გირჩისმჭამელები) და სოანებს (სვანები) და სხვა პატარა ხალხებს კავკასიისა.
იმ ხალხებს, რომლებიც დადიან დიოსკურიადაში არიან ფთიროფაგებიც, რომლებმაც ეს სახელი ბინძურად ცხოვრების გამო მიიღეს. მათ ახლოს ცხოვრობენ სოანები, რომლებიც არ ჩამოუვარდებიან მათ სიბინძურეში, თუმცა სჭარბობენ ძალაუფლებით. შესაძლოა სოანები ყველაზე მებრძოლი და ძლიერი ხალხია. ყოველ შემთხვევაში ისინი მბრძანებლობენ ყველა მათ ირგვლივ მცხოვრებ ხალხებზე და უკავიათ კავკასიის სიმაღლეები, რომლებიც აღმართულია დიოსკურიადასთან. მათ ჰყავთ მეფე და 300 კაციანი საბჭო და ამბობენ, რომ შეუძლიათ გამოიყვანონ 200000 მეომარი. სინამდვილეში მთელი ხალხი წარმოადგენს საომარ, თუმცა არაორგანიზებულ ძალას. მათ ქვეყანაში, როგორც ამბობენ მთის მდინარეებს ჩამოაქვთ ოქრო და ბარბაროსები დაჩვრეტილი ჭურჭლითა და ცხვრის ტყავებით აგროვებენ. ამბობენ რომ აქედან გაჩნდა მითი ოქროს საწმისის შესახებ. სვანები იყენებენ შხამიან ისრისპირებს, რომელსაც სუნითაც კი მოაქვს ტანჯვა არადაჭრილ მოწინააღმდეგისათვის.
კავკასიონის სამხრეთ ნაწილი გადაჭიმულია ალბანეთში, იბერიაში, კოლხებისა და ჰენიოხების ქვეყნებში. აქ ცხოვრობენ ტომები, რომლებიც როგორც ზემოთ აღვნიშნე (გულისხმობს სვანებსა და მათი მეზობლებს) დადიან დიოსკურიადაში და დადიან ძირითადად ისინი იქ მარილისათვის. ამ ტომებისგან ზოგიერთს უჭირავთ მაღალ მთები, ზოგი ცხოვრობენ ტყიან ხეობებში, იკვებებიან ნადირის ხარცით, ველური ხილითა და რძით. ზამთარში მაღალი მთები მიუვალია და მიმოსვლა წყდება, გაზაფხულზეც კი ადამიანი თხილამურებს იკეთებს ფეხებზე, რომ თოვლში არ ჩაიფლას. მთიდან კი ტყავზე დამჯდარი ჩამოცურდებოდნენ ხოლმე, თორემ სხვაფრივ მოგზაურობა საშიში იყო“.
VI საუკუნეში ბიზანტიელი ელჩები სპარსეთის მეფე ხოსრო ანუშირვანთან მოლაპარაკების დროს ამტკიცებდნენ, რომ „ლაზთა მეფეები ადგენდნენ სვანთა წინამძღოლებს დაწყებული ბიზანტიელთა ავგუსტ თეოდოსიდან და სპარსთა მეფე ბაჰრამიდან ვიდრე თვითმპყრობელ ლეონამდე და პეროზამდეო“. აქ იგულისხმება თეოდოსი I (379–395) და ბაჰრამ IV (388–399) ან თეოდოსი II (408–450) და ბაჰრამ V (420–438). მაშასადამე, სვანეთის დამორჩილება ლაზთა სამეფოს მიერ 388–395 ან 420–438 წლებში უნდა მომხდარიყო. აშკარაა, რომ მაღალსა და მიუვალ მთებში მოსახლე სვანთა დამორჩილებას წინ უსწრებდა ლაზების უშუალო ჩრდილოელი მეზობლების – აფშილების და აბაზგების და დამორჩილება.
IV–V საუკუნეებში აფხაზეთში საზღვრები მკვეთრად შეიცვალა სანიგების შევიწროვების ხარჯზე. აბაზგებმა სამხრეთ-დასავლეთით წაიწიეს და დაიკავეს აფხაზეთის მონაკვეთი მდ. გუმისთადან – მდ. ბზიფამდე. ამ პერიოდიდან მათი პოლიტიკური ცენტრები იყო ტრაქეა და პიტიუნტი. ხოლო აფსილებმა საზღვარი გადაწიეს კელასურიდან გუმისთამდე. IV საუკუნის ბოლოს აფშილეთი ეგრისის უშუალო პროვინციად იქცა, ხოლო  აბაზგია ეგრისის მეფეს ვასალურად დაექვემდებარა და მის მთავარს ეგრისის მეფე ამტკიცებდა.
ლაზთა მეფეების ქვეშევრდომთა შორის VI საუკუნისათვის ჩანან აგრეთვე თანამედროვე წებელდის მიდამოებში მოსახლე მისიმიანთა სვანური ტომები და სკვიმნიის (აწინდელი ლეჩხუმის) მოსახლეობაც.
მაშასადამე, IV საუკუნის ბოლოსათვის ლაზეთის (ეგრისის) სამეფო აერთიანებს უკვე მთელ დასავლეთ საქართველოს. მისი ტერიტორია სამხრეთით მდ. ჭოროხის შესართავის სექტორამდე ვრცელდება, აღმოსავლეთით სურამის ქედამდე, ხოლო ჩრდილოეთით მოიცავს თანამედროვე აფხაზეთსა და მაღალმთიან სვანეთსაც.
IV საუკუნის ბოლო არის ლაზეთის სამეფოს განსაკუთრებული გაძლიერების ხანა. ლაზეთის (ეგრისის) სამეფოს გაძლიერება თანდათან მოხდა და გამოწვეული იყო რიგი საგარეო და საშინაო მიზეზებით.
III საუკუნის მიწურულში რომის იმპერიის ცენტრმა აღმოსავლეთისკენ გადმოინაცვლა, რამაც აღმოსავლურ პროვინციებში რომის ბატონობის განმტკიცება გამოიწვია. მაგრამ IV საუკუნის მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ რომის (ბიზანტიის) პოზიციები აღმოსავლეთში მნიშვნელოვნად შეირყა. ბიზანტია რამდენიმე მნიშვნელოვან მარცხს განიცდის სასანიდურ სპარსეთთან ბრძოლაში.
სპარსეთი ნელ-ნელა მკვიდრდება ამიერკავკასიის ქვეყნებში, კერძოდ, არმენიას, ალბანიასა და ბოლოს იბერიაში. იმპერიას აღარ შესწევს ძალა წინ აღუდგეს სპარსელთა მიერ მისი პოზიციების სულ უფრო შევიწროებას. 387 წ. თეოდოსი იძულებულია ზავი შეკრას სპარსელებთან და დათმოს სომხეთის უდიდესი ნაწილი; ბიზანტიის გავლენის ქვეშ მხოლოდ სომხეთის ერთი მეხუთედი რჩება.
ასეთ ვითარებაში ბიზანტიის ხელისუფლებას აღმოსავლეთში მორჩილ ვასალზე უფრო ძლიერი მოკავშირე ესაჭიროებოდა და იგი იძულებულია არამარტო შეურიგდეს ლაზეთის სამეფოს გაძლიერებას, არამედ დაეხმაროს კიდეც მას.
ლაზეთის სახელმწიფოს გაძლიერებას ხელი შეუწყო, აგრეთვე, ჩრდილოეთის მომთაბარე ტომების გააქტიურებამ და რომის პროვინციებზე თავდასხმებმა. ჯერ კიდევ III საუკუნეში რომს მძიმე ბრძოლები უხდება გუთების ტომებთან. გუთები თავს ესხმიან ბოსფორსაც და აქედან მცირე აზიის სანაპიროებსაც. გუთების თავდასხმის ობიექტი ხდება შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპიროც. გუთებთან ბრძოლაში აქტიურ მონაწილეობას იღებს დასავლეთ საქართველოს მოსახლეობაც.
IV საუკუნეში გუთები ახალმა ძალამ შეცვალა. ეს იყო აღმოსავლეთიდან დაძრული ჰუნების ურდოები, რომლებიც IV საუკუნის 70-იან წლებში ანადგურებენ ალანთა გაერთიანებას, არბევენ ბოსფორის სამეფოს ტერიტორიას და თავდასხმებს აწარმოებენ ჩრდილო კავკასიის ზეკარებით სამხრეთის ოლქებზე. ასეთ ვითარებაში ამ ზეკარების დაცვა რომის (ბიზანტიის) ხელისუფლებისათვის უაღრესი მნიშვნელობის საკითხად იქცა და ძლიერი ლაზთა სამეფო რომისათვის ამ მხრივაც მთავარი დასაყრდენი გამხდარა. ნიშანდობლივია პროკოპი კესარიელის სიტყვები, რომ „კავკასიაში მოსახლე ბარბაროსთათვის ლაზიკე არის წინააღმდეგობის ტიხარი“.
უფრო გარკვევით ლაზეთის ამგვარ როლზე პროკოპი კესარიელი სხვა ადგილას ლაპარაკობს. აღნიშნავს რა ლაზეთის ძველთაძველ დამოკიდებულებას რომთან და იმას, რომ ლაზები არც ხარკს იხდიდნენ, არც სხვა რამეში ემორჩილებოდნენ რომაელებს, პროკოპი დასძენს, ლაზები მტკიცედ იცავდნენ თავიანთ საზღვრებს, „რათა მტრულად განწყობილი ჰუნები, მათი მოსაზღვრე კავკასიის მთიდან ლაზიკეზე გამოვლით რომაელთა მიწა-წყალში არ შემოჭრილიყვნენ“.
მაშასადამე, ლაზეთისა და ბიზანტიის ურთიერთობა ნებაყოფლობით კავშირზე იყო დამყარებული და საკუთრივ ლაზთა ადგილსაცხოვრისის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიების დაპყრობა (აფშილების, აბაზგების, სვანების) ბიზანტიელებისთვისაც სასარგებლო იქნებოდა, ვინაიდან ეს უკეთ უზრუნველყოფდა ჩრდილოეთის ზეკარების დაცვას.
ლაზეთის სამეფოს გაძლიერება იბერიასთან ურთიერთობითაც იყო განპირობებული. II საუკუნეში გაძლიერებული იბერია, რომელიც ხელთ იგდებს დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილს – არგვეთს და გზას იკაფავს შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე (ძიდრიტების ტომის დამორჩილება), უდავოდ, საერთოდ, დასავლეთ საქართველოს დამორჩილების ზრახვებსაც ამჟღავნებდა. ამიტომ რომისათვის ლაზები ამ შემთხვევაშიაც აუცილებელი მოკავშირენი იყვნენ, ხოლო, როდესაც IV საუკუნისათვის, სასანური სპარსეთის შემოტევების შედეგად, იბერიის სამეფომ დასუსტება იწყო, ლაზეთმა მოახდინა მისი ბატონობის ლიკვიდაცია არგვეთში და ამ მხარეს თვით დაეპატრონა.
ამრიგად, ლაზეთის სამეფოს გაძლიერება აღმოსავლეთ რომის (ბიზანტიის) ინტერესთა საწინააღმდეგოდ არ ხდებოდა. პირიქით, რომს სჭირდებოდა აღმოსავლეთში ძლიერი მოკავშირე, რომელიც, ფორმალურად მაინც მის ვასალად ჩაითვლებოდა; მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეგრისის განმტკიცება-გაძლიერება მაინც რომის დასუსტებასთან იყო დაკავშირებული.
III–IV საუკუნეებში იმპერიას უკვე აღარ შესწევდა ძალა თვით გადაეჭრა ყველა ის საჭირბოროტო საკითხი, რომლებზედაც ზევით იყო საუბარი. სასანური სპარსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში განცდილმა მარცხებმა, სპარსეთის, ამიერკავკასიის ქვეყნებში (ალბანეთსა, სომხეთსა და ქართლში) დამკვიდრებამ, გუთებისა და შემდეგ ჰუნების შემოსევებმა აიძულეს რომი შერიგებოდა ლაზეთის მმართველთა დამოუკიდებლობისა და გაფართოებისაკენ მისწრაფებას და ხელი შეეწყო კიდეც ამ პროცესისათვის. ეს მოვლენა ლოგიკური გაგრძელება იყო რომის პოზიციების თანდათანობით შესუსტებისა აღმოსავლეთში ჯერ კიდევ ახ.წ. პირველი საუკუნეებიდან.
რატომ მოხდა, რომ დასავლეთ საქართველოს გამაერთიანებლის როლში სწორედ ლაზეთის სამეფო გამოვიდა? ეს, უპირველეს ყოვლისა, ამ სამეფოს მეურნეობრივი მდგომარეობით უნდა აიხსნას. მდინარე რიონის ორივე ნაპირზე განლაგებული ლაზეთის სამეფოში ძველთაგანვე ყველაზე მეტად მიწათმოქმედება იყო განვითარებული. ძველი კოლხეთის ეს ცენტრალური და ნოყიერი რაიონი ჩვენთვის საინტერესო დროშიაც მეურნეობრივად წამყვან ოლქად ჩანს. გვიანდელი ხანის წყაროების, კერძოდ, იგივე პროკოპი კესარიელის ცნობების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ლაზიკის მიწა-წყალი, საერთოდ, საკმაოდ მწირი იყო და სოფლის მეურნეობა ნაკლებგანვითარებული. ასე მაგალითად, სკანდასა და შორაპნის მიდამოებში, პროკოპის სიტყვით, „არ მოდის არც ხორბალი, არც ღვინო, არც სხვა რამ სიკეთე“ და ადგლობრივი მოსახლეობა თავის გამოკვებას მხოლოდ ფეტვით ახერხებს. სხვა ადგილას პროკოპი ზოგადად ლაზიკაზე ლაპარაკობს და აღნიშნავს, რომ აქ „არსად არ არის მარილი, არც ხორბალი მოდის, არც ღვინო, არც სხვა რამ სიკეთე“. მაგრამ, იგი სულ სხვაგვარად ახასიათებს ე.წ. „მოხირისის მხარეს“. „მოხირისი ერთი დღის სავალ გზაზეა არქეოპოლისს დაშორებული და შეიცავს მრავალს მჭიდროდ დასახლებულ სოფელს. კოლხეთის მიწა-წყალზეც ის საუკეთესო მხარეს წარმოადგენს: „ღვინოც კარგი მოდის და სხვა ნაყოფნიც იქ კარგად ხარობენ“.
როგორც პროკოპი კესარიელის ცნობებიდან ირკვევა, საკუთრივ მოხირისის მხარე ცხენისწყალსა და რიონს შორის მდებარეობდა და ამ მხარის თავისებურ საყრდენ პუნქტს ქუთაისი წარმოადგენდა. უფრო ფართო გაგებით, მოხირისის მხარე მოიცავდა საკმაოდ დიდ რაიონს, რომელიც შეიცავდა თანამედროვე ქუთაისის, ბაღდადის, ვანის, სამტრედიის, აბაშისა და მარტვილის რაიონების ვაკე ნაწილს, რომელიც სამეურნეო თვალსაზრისით გარკვეულ მთლიანობას შეადგენს.
ამ მხარის სამეურნეო დაწინაურებაზე მეტყველებს ლაზეთის უდიდესი და უმდიდრესი ქალაქების: ქუთაისის, მოხირისისა და როდოპოლისის აღმოცენების ფაქტი და მთელი ამ მხარის ძველქართული სახელწოდება „სამოქალაქო“.
მოტანილი ცნობებით აშკარაა, რომ ეგრისის სამეფოს ეს ცენტრალური, რიონისპირა ოლქი მეურნეობრივად დასავლეთ საქართველოში ყველაზე დაწინაურებული ყოფილა, რამაც უდავოდ შეუწყო ხელი აქ ახ.წ. I–II საუკუნეებში ჩამოყალიბებულ ლაზთა სამეფოს გაძლიერებას და მთელი დასავლეთ საქართველოს გამაერთიანებლის როლში გამოსვლას.
ამრიგად, IV საუკუნის მიწურულისათვის დასავლეთ საქართველო გაერთიანებულა ლაზების (ეგრისის) სამეფოს მიერ. ლაზეთის (ეგრისის) მეფე ბიზანტიის ავგუსტის ვასალად ითვლებოდა, მაგრამ ეს დამოკიდებულება მეტად ფორმალურ ხასიათს ატარებდა. როგორც აღინიშნა, ლაზეთის ტერიტორიაზე IV–V საუკუნეებში არსად იდგა რომაული ჯარი. პროკოპი კესარიელი პირდაპირ აღნიშნავს, რომ ლაზები არც ხარკს იხდიდნენ, არც სხვა რამეში ემორჩილებოდნენ რომაელებს. მათი ერთადერთი ვალდებულება იყო ჩრდილოეთის საზღვრების დაცვა მომთაბარე ტომთა შემოსევისაგან; მაგრამ ეს „ვალდებულება“ მთლიანად ემთხვეოდა ლაზეთის სამეფოს საკუთარ ინტერესებს: მომთაბარე ტომთა შემოსევებისაგან თავიანთი სამეფოს ტერიტორიის დაცვაში ხომ პირველ რიგში თვით ლაზთა ხელისუფალნი იყვნენ დაინტერესებულნი.
რომაელების წასვლას საქართველოს ზღვისპირეთიდან ადასტურებს არქეოლოგიური მასალებიც. მხოლოდ პიტიუნტზე აქვთ ეჭვი ისტორიკოსებს, რომ იქ შესაძლოა მცირე რაზმი მაინც მდგარიყო, რაც გამოიწვია ერთმა ცნობამ: V ს-ის ბიზანტიელი ავტორი თეოდორიტე კვირელი (393–457 წლ.) იოანე ოქროპირის პიტიუნტში გადასახლებასთან დაკავშირებით გვამცნობს, რომ „პიტიუნტი არის უკიდურესი საზღვარი პონტოსა და რომაელთა სამფლობელოსი, უველურესი ბარბაროსების მეზობლად“.
ლაზეთის მეფის ვასალური დამოკიდებულების გარეგნულ გამოხატულებას წარმოადგენდა მხოლოდ მეფედ კურთხევის წესი. „როდესაც მათ (ე.ი. ლაზებს) მეფე მოუკვდებოდათ, – წერს პროკოპი კესარიელი, – რომაელთა მეფე უგზავნიდა სამეფო ტახტის მემკვიდრეს ძალაუფლების სიმბოლოს“.
ამასვე ადასტურებს აგათია სქოლასტიკოსიც, რომელიც დაწვრილებით ჩამოთვლის კიდევაც იმ სამეფო ნიშნებს, რომელთაც ძველთაგანვე მიღებული წესის მიხედვით ავგუსტი უგზავნიდა ლაზთა მეფეს: „ოქროს გვირგვინი თვალმარგალიტით შემკული; კოჭებამდე გრძელი ქიტონი, ოქრომკედით მოქარგული; მიტრა, აგრეთვე ოქროთი და თვლებით შემკული, წითელი წაღები და თეთრი ქლამიდა, ოქროქსოვილითა და მეფური აბზინდით მორთული.
ლაზეთის მეფეს, თავის მხრივ, საკუთარი ვასალები ჰყავს. ასე მაგალითად, აბაზგებს, მიუხედავად იმისა, რომ პროკოპის სიტყვით, ისინი „ძველთაგანვე ლაზების ქვეშევრდომნი იყვნენ“, ჰყავდათ ორი მთავარი. ასევე საკუთარი მთავრები ჰყავთ სკვიმნიისა (ლეჩხუმი) და სვანთა ტომებს, თუმცა ისინიც ლაზთა ქვეშევრდომები არიან. ამ ტომთა მთავრების გარდაცვალების შემთხვევაში, მათ ახალ მთავარს თვისტომთაგან ლაზეთის მეფე უნიშნავს“.
უფრო გარკვევით შეიძლება მსჯელობა სვანების დამოკიდებულების შესახებ ლაზეთის მეფესთან. მენანდრე პროტიქტორი გადმოგვცემს ბიზანტიელი ელჩების მიერ ამ ურთიერთობის დახასიათებას: „ლაზებში ძველი წესი იყო, რომ სვანეთის სარდალი ემორჩილებოდა ლაზს და მასთან ის აღრიცხული იყო სახარკო სიაში, და ლაზი კი იღებდა მისგან ფუტკრების ნაყოფს და ტყავებს და ზოგ სხვა რამესაც. ხოლო როდესაც სვანების მთავარი გარდაიცვლებოდა, ლაზების მეთაური ახელისუფლებდა მას, ვისაც უნდა მიეღო და დაეცვა გარდაცვლილის ძალაუფლება“.
ამრიგად, სვანეთის მთავრებს და, როგორც ჩანს, ლაზეთის მეფეზე დამოკიდებულ სხვა ტომთა ხელისუფლებს, ევალებოდათ ხარკის გადახდა და მათი დანიშვნაც ლაზთა მეფის მიერ ხდებოდა. საფიქრებელია, რომ ისინი ვალდებულნი იყვნენ სამხედრო სამსახურიც გაეწიათ ლაზეთის მეფისათვის, კერძოდ, ლაზთა სამეფოს ჩრდილოეთი საზღვრები დაეცვათ.
რაც შეეხება აფსილეთს, მისი სტატუსის შესახებ წყაროები არაფერს ამბობენ, გარდა იმისა, რომ აფსილები ლაზთა ქვეშევრდომები არიან. ამიტომ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ აფსილეთი უშუალოდ შევიდა ლაზეთის სამეფოს შემადგენლობაში. ხოლო VI საუკუნის ამბების აღწერიდან ჩანს, რომ ლაზთა მეფეს აფსილეთში თავისი მოხელეები (მაგისტროსი) ჰყავდა და ციხეებშიც ლაზური გარნიზონები იდგა.
ყოველივე ეს აძლევდა, როგორც ჩანს, აგათია სქოლასტიკოსს საფუძველს ეთქვა, რომ „ძლიერსა და მამაც ტომს წარმოადგენდნენ ლაზები და სხვა ძლიერ ტომებსაც მბრძანებლობდნენ; ამაყობენ კოლხთა ძველი სახელით და ზომაზე მეტად ქედმაღლობენ, შესაძლებელია არც თუ ისე უსაფუძვლოდ“. ამავე დროს იგივე აგათია, ეხება რა VI საუკუნის მდგომარეობას ლაზეთში, ათქმევინებს ლაზ წარჩინებულს, რომ ამ დროს „გაჰქრა კოლხთა ძველი ღირსება და ვეღარ ბატონობენ ლაზები სხვებზე“. მაშასადამე, ლაზთა ზემომოტანილი დახასიათება VI საუკუნის წინა ხანას ეხება.
V საუკუნის ბიზანტიელი ავტორი თეოდორე კვირელი აღნიშნავს: „არც ლაზები, არც სანნები, არც აბაზგები, რომლებიც რომაელთა ბატონობას ელოლიავებიან, არ სდებენ ერთმანეთში ხელშეკრულებებს რომაელთა კანონების მიხედვით“.
როგორც ჩანს ეგრისის მეფეებს ბიზანტიისადმი ფორმალური დაქვემდებარებაც არ სიამოვნებდათ და ცდილობდნენ მისგან განთავისუფლებას. V საუკუნის შუა ხანებში ლაზიკის მეფე გუბაზ I-მა ბიზანტიასთან შეუთანხმებლად საკუთარი შვილი წათე ეგრისის მეფედ აკურთხა. ბიზანტიამ ეს აჯანყებად ჩათვალა და ეგრისში ჯარი გამოაგზავნა. პრისკე პანიონელი მოგვითხრობს: „456 წელს რომაელები მივიდნენ კოლხიდაში და ომი გააჩაღეს ლაზებთან; (როგორც ჩანს ომი რამდენიმე წელს გაგრძელდა და მართალია გუბაზმა გაიმარჯვა და ბიზანტიელთა ჯარი უკან გაბრუნდა, თუმცა ლაზიკასაც დიდი ზარალი უნდა მიეღო. ამით ისარგებლეს სვანებმა და ლაზიკის გავლენისგან თავი გაითავისუფლეს.) შემდეგ მეომრები დაბრუნდნენ სახლში და სამეფო კარის მოხელეებმა დაიწყეს მზადება ახალი ომისთვის, ფიქრობდნენ გაეგრძელებინათ თუ არა ომი, დაძრულიყვნენ ძველი გზით, თუ არმენიის გავლით სპარსეთის მეზობელ მხარეზე გავლით და ელჩობის გაგზავნით თავის მხარეზე გადმოეყვანათ სპარსეთის მეფე, ანდა ზღვით მოეარათ მიუღწეველი ადგილები, რაც რთული იყო, რადგან კოლხეთს არ ჰქონდა ნავსადგურები. გუბაზმა თავის მხრივ ელჩები გაგზავნა სპარსეთის მეფესთან, მაგრამ უკანასკნელს ბრძოლა ჰქონდა მისი სახელმწიფოს საზღვრებში შემოჭრილ ჰუნ-კიდარიტებთან და ამიტომ გუბაზს დახმარებაზე უარი უთხრა.
გუბაზმა ელჩები გაუგზავნა რომაელებსაც. რომაელებმა განუცხადეს მათ, რომ ისინი თავს შეიკავებენ ომისგან, თუ ან თვითონ გუბაზი გადადგება ტახტიდან, ან მის შვილს წაართმევს მეფობას, რადგან არ შეიძლება ორი მბრძანებლობდეს ერთდროულად ძველი წესის მიხედვით. გუბაზის ელჩებს ავგუსტ მარკიანეს მთავარმა მაგისტრმა ევფემიოსმა პირდაპირ მოსთხოვა, რომ ორიდან რომელიმემ უნდა დათმოს ტახტი და ამ გზით შეწყდება ომიო (შესაძლოა, ბიზანტიის ხელისუფლებას განზრახული ჰქონდა მამა-შვილს შორის ქიშპი ჩამოეგდო). მაშინ გუბაზმა არჩია თვითონ დაეთმო ტახტი და ავგუსტთან გაგზავნა ელჩები თხოვნით მასზე სიბრაზის გამო აღარ აღემართა იარაღი კოლხების წინააღმდეგ. 
მაშინ მარკიანემ მოითხოვა, რომ გუბაზი თვით ხლებოდა ავგუსტს რომაელთა მიწაზე და აეხსნა თავისი ზრახვების შესახებ. გუბაზი ამაზე დათანხმდა, მხოლოდ მოითხოვა, რომ მასთან ადრინდელი უთანხმოების დროს მყოფი დიონისეს დავალებოდა ეს საქმე და პირობა მიეცა გუბაზისთვის, რომ არაფერს დაუშავებდნენ. ამის გამო დიონისე კვლავ გაიგზავნა კოლხეთში და ისინი ყველაფერზე შეთანხმდნენ.
ქალაქში მომხდარი ხანძრის (465 წლის 2 სექტემბერი) შემდეგ ლეონ I-ის ავგუსტობის დროს გუბაზი დიონისესთან ერთად ეწვია კონსტანტინეპოლს (როგორც ჩანს მოლაპარაკები დიდხანს გაიწელა და ვიზიტი მხოლოდ 465–6 წლების მიჯნაზე შედგა) ჩაცმული სპარსული ტანისამოსით და მიდიური წესით მცველებით გარშემოტყმული. ავგუსტის კარის კაცებმა მიღებისთანავე ჯერ გაჰკიცხეს იგი რომაელთა წინააღმდეგ ამბოხებისათვის, ხოლო შემდეგ კეთილგანწყობილად მოეპყრნენ და ისე გაისტუმრეს უკან. გუბაზმა მოხიბლა ისინი თავისი სიტყვა-პასუხით და საქრისტიანო ნიშნების ტარებით.
რომაელებს და ლაზებს ძლიერი მტრობა ჰქონდათ სვანთა ტომთან. 468 წელს ლაზთა მეფე სემატმა (წათემ?) სვანეთში ჯარები შეიყვანა. მაშინ სვანეთის მთავარმა დასახმარებლად სპარსეთს მიმართა. როდესაც სპარსელებმა გადაწყვიტეს ეომათ იმ სიმაგრეებისთვის, რომელიც წაართვეს სვანებს, სემატმა გაუგზავნა ელჩები ბიზანტიელებს თხოვნით ავგუსტს მიეცა დამხმარე რაზმი იმ ჯარიდან, რომელიც იცავს რომის არმენიის საზღვრებს, რადგან იგი ახლოსაა და არ იქნება საფრთხე შორიდან მომავალი ჯარის დაგვიანებისა, ხოლო თვითონ არ დაიშურებს სახრსრებს მათთვის თუ ომი ძალიან არ გაჭიანურდება. როდესაც სემატს მოუვიდა ჯარი ჰერაკლეს (ფლორუს ედესელის ვაჟი) სარდლობით, სვანეთში მყოფი იბერები და სპარსელები მათივე ქვეყანაში შეჭრილი ჰუნების (კიდარიტების) წინააღმდეგ საომრად წავიდნენ. მაშინ სემატმა სახსრების დაზოგვის მიზნით ბიზანტიის ლაშქარი უკან გაუშვა. ამ დროს იბერ-სპარსელებს დაემარცხებინათ ჰუნები (კიდარიტები) და სვანების დასახმარებლად ისევ ლაზიკის საზღვრებში შემოიჭრნენ. სემატმა ისევ სთხოვა დახმარება ბიზანტიას. ავგუსტი დათანხმდა, მაგრამ ამასობაში ბიზანტიაში ჩავიდნენ სპარსეთის ელჩები და აცნობეს, რომ ჰუნ-კიდარიტებზე გაიმარჯვეს და მათი ქალაქი ბალაამი ალყაში მოაქციეს, რის შემდეგაც მზად არიან გამოიყვანონ მთელი ძალები. ლეონმა სპარსეთთან ომს, მისთვის სვანეთის დათმობა ამჯობინა და ეგრისმაც ამ მხარეზე გავლენა დაკარგა“.
აღნიშნულ მოვლენებზე ეპიზოდური ცნობაა დაცული V საუკუნის ესპანელი ქრონისტის ჰიდატიუსის „ქრონიკაში“: „ტრიბუნი ჰესიხიუსი, რომელიც თეოდორიხესთან იყო გაგზავნილი დიდძალი საჩუქრებით, გალისიაში მოვიდა და აცნობა მას, რომ კორსიკაში მოკლულ იქმნა დიდი სიმრავლე ვანდალებისა და ავიტუსი იტალიიდან გალიაში არელატეს მიადგა. აღმოსავლელთა ხომალდები ჰისპალისში მივიდა და ამბავი მოიტანეს, რომ ლაზები იქნენ ამოჟლეტილი მარკიანეს ჯარის მიერ“.
*        *       *
რომაულ საგზაო რუკაზე, ე.წ. Tabula Peutingeriana-ზე, რომელიც ახ.წ. IV საუკუნის მეორე ნახევარში რომაელი გეოგრაფის კასტორიუსის მიერ ყოფილა შედგენილი, საგანგებოდ არის აღნიშნული დასავლეთ საქართველოზე გამავალი სავაჭრო გზებიც. ერთი ასეთი გზა მიჰყვებოდა შავი ზღვის სამხრეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებს და აკავშირებდა რომის აღმოსავლეთ პროვინციებს დასავლეთ საქართველოს ტერიტორიასთან, აღწევდა რა სებასტოპოლისამდე. ძირითადად ამ გზით უნდა გაეტანათ ბიზანტიელებს დასავლეთ საქართველოდან სხვადასხვა ნედლეული და შემოეტანათ თავისი ნაწარმიც.
კასტორიუსის რუკის მიხედვით, სებასტოპოლისიდან გზა სამხრეთისაკენ ბრუნდებოდა და სომხეთის ქალაქ არტაშატში ჩადიოდა. მაგრამ, როგორც ეს აკად. ს. ჯანაშიას მიერ იყო შენიშნული, „უეჭველია, რომ სებასტოპოლიდან უკვე მაშინაც, ისე როგორც შემდეგში, გზა გადიოდა ჩრდილო კავკასიაში“. აღსანიშანვია, რომ ქართული წყაროები ადასტურებენ ასეთი გზის არსებობას და მას „აფხაზეთის გზას“ უწოდებენ. ამ გზით ჩრდილო კავკასიიდან პირდაპირ შეიძლებოდა გადმოსვლა აფხაზეთში (დასავლეთ საქართველოში).
საინტერესოა, რომ დასავლეთ საქართველოს ჩრდილო კავკასიასთან დამაკავშირებელ ერთ-ერთ გზას VII საუკუნის რავენელი ანონიმის „კოსმოგრაფიაც“ გვიჩვენებს. იმეორებს რა ზემოაღნიშნული გზის აღწერას (ზღვის გაყოლებით სებასტოპოლისამდე), ანონიმი სებასტოპოლისთან კი არ წყვეტს ამ სანაპირო მაგისტრალს, არამედ აგრძელებს ნაპირის გაყოლებით ვიდრე ტამანის ნახევარკუნძულზე მდებარე ქ. ერმონასამდე. ზემოაღნიშნული კარგად მოწმობს ასეთი გზის არსებობას. ამასვე ადასტურებს წინარე ხანებში არქეოლოგიურადაც კარგად დამოწმებული დასავლეთ საქართველოს მჭიდრო კავშირი ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთთან. მაგრამ ამ გზის აღუნიშვნელობა კასტორიუსის რუკაზე თავისთავად ნიშანდობლივი ფაქტია. საქმე ისაა, რომ, როგორც ეს კარგად ჩანს ნუმიზმატიკურ მასალაზე, III საუკუნის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს კავშირი შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროებთან საგრძნობლად კლებულობს, ეს ფაქტი უკავშირდება გუთების და შემდეგ ჰუნების შემოსევებს ბოსფორის სამეფოში. სავაჭრო მაგისტრალით უნდა ყოფილიყო ეგრისი დაკავშირებული აგრეთვე არმენიასთან, რომელიც ამ ხანებში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობაში.
ეგრისის სამეფოს გაძლიერებამ გამოიწვია დასავლეთ საქართველოში საქალაქო ცხოვრების მნიშვნელოვანი გამოცოცხლება. ლაზეთის ზღვისპირა ქალაქები – სებასტოპოლისი, პიტიუნტი და ფასისი კვლავ მსხვილ სავაჭრო-სახელოსნო ცენტრებად და ძლიერ ქალაქებად ჩანან. ეს, პირველ რიგში, ამ ქალაქებში ფართო სააღმშენებლო სამუშაოების ჩატარებით მჟღავნდება, რასაც ადგილი ჰქონდა სწორედ ამ ეპოქაში. სააღმშენებლო მოღვაწეობის აშკარა კვალი შეიმჩნევა ძველი სებასტოპოლისის ტერიტორიაზე. აქ ადრე არსებული ციხე-სიმაგრე სწორედ IV თუ V საუკუნეებში გაუფართოვებიათ და ახალი სიმაგრე დაუმატებიათ. ამ ახალი მშენებლობის კვალი კარგად ჩანს სოხუმის სანაპიროზე, სადაც არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამომჟღავნდა III ს-ის მძლავრი გალავანი კონტრფორსებითა და კოშკებით და აგრეთვე ციხის კედელი კოშკისმაგვარი ნაგებობებით ბოლოებში, რომელიც წყობის ხასიათით IV–V ს-ით თარიღდება.
საკმაოდ ფართო სააღმშენებლო საქმიანობა დასტურდება IV–V საუკუნეებში, აგრეთვე პიტიუნტში. აქ არის აღმოჩენილი ამ დროის მძლავრი საფორტიფიკაციო ნაგებობები, სხვადასხვა ფორმის კოშკებითა და ბურჯებით, – ტაძრები, აბანო და სხვა დანიშნულების შენობები. ეს მშენებლობა მოწმობს მოსახლეობის მატებასაც და ამ ქალაქთა თავდაცვითი მნიშვნელობის ზრდასაც. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოპოვებული მასალა ცხადყოფს ამ ქალაქებში ადგილობრივი ელემენტების გაძლიერებას. ამ მხრივ საინტერესოა პიტიუნტის IV–V საუკუნეების დათარიღული მოზაიკები. ეს მოზაიკები, ერთი შეხედვით, სტილისტურად ახლოს დგას სირიისა და პალესტინის მსგავს ძეგლებთან, მაგრამ სპეციალისტები მაინც გარკვევით აღნიშნავენ მათ თავისებურებებს როგორც ნახატის, ისე გამოსახულებებში სხვა მოტივების შეტანის თვალსაზრისით. ეს თავისებურებანი აშკარას ხდის, რომ ისინი ადგილობრივი ოსტატების მიერ იყო შესრულებული და ადგილობრივი მოქალაქეების ტრადიციებსა და მოთხოვნილებებს შეეფერებოდა.
საქალაქო ცხოვრების აღმავლობა და ადგილობრივი ელემენტის დიდი როლი ეგრისის ზღვისპირა ქალაქებში კარგად ჩანს არქეოლოგიური მასალის შესწავლის საფუძველზედაც. ბიჭვინთისა და სოხუმის არქეოლგიურ მონაპოვრებში, წინა ხანასთან შედარებით, სულ უფრო მატულობს ადგილობრივი წარმოების კერამიკა. განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია რუხკეციანი სამზარეულო კერამიკა. ასეთი ნაწარმი II–III საუკუნეებში შედარებით მცირე რაოდენობითაა და ფორმებით იდენტურია ჩრდ. შავიზღვისპირული კერამიკისა, რაც ძირითადად მის იმპორტულობაზე უნდა მიუთითებდეს. IV–V ს-ის სამზარეულო დანიშნულების კერამიკა, პირიქით, ძალზე მრავალრიცხოვანია, ამასთან, ჭურჭლის ფორმები და ორნამენტაცია ადგილობრივია და გენეტიკურადაა დაკავშირებული წინამორბედი ხანის კოლხურ კერამიკასთან.
მრავლად მოიპოვება ბიჭვინთასა და სოხუმში IV–V ს-ის ფენებში აგრეთვე ადგილობრივი წარმოების ამფორები. უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას იქცევს ამფორების დიდი ჯგუფი – მასიური, დიდი ზომის გოფრირებული, მაღალი ყელით, ფართო ოვალური პირით, კვერცხისებური მოყვანოლობის ტანითა და წაწვეტებული ქუსლით. ამგვარი ამფორების კეცი იდენტურია ადგილობრივი კრამიტისა და აგურის კეცისა, რაც ამ ამფორათა ადგილობრივ წარმოებაზე მიუთითებს.
მრავლად არის IV–V ს-ის ე.წ. წელშეზნექილი ამფორებიც, რომლებიც გარდა  ბიჭვინთისა და სოხუმისა, ნაპოვნია აგრეთვე ურეკსა და წებელდაშიც. კეცისა და აღმოჩენის რაოდენობის მიხედვით მათაც ადგილობრივ ნაწარმად მიიჩნევდნენ. საკმაოდ მრავლად არის წარმოდგენილი IV–V საუკუნეების წითელლაკიანი კერამიკაც. ცალკეული ტიპები, როგორც ჩანს, იმპორტულია, მაგრამ ზოგიერთი, შესაძლოა, ადგილობრივაც იყოს დამზადებული. სოხუმისა და ბიჭვინთის წითელლაკიანი კერამიკა თითქმის სავსებით იდენტურია, რაც მათი საერთო საწარმოო ცენტრიდან წარმომავლობას გულისხმობს. მკვლევართა აზრით, გამორიცხული არ არის ამგვარი საწარმოო ცენტრის არსებობა შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე. ხოლო რამდენადაც IV–V ს-ის უშუალო კავშირი ეგრისსა და ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთს შორის შემწყდარია, უნდა ვიფიქროთ, რომ არც ამ კერამიკის შემოტანა ხდებოდა მასობრივად და ამგვარი კერამიკა მიუხედავად ჩრდილოეთ შავიზღვისპირული ფორმებისა, ადგილობრივ მზადდებოდა.
ზოგიერთი ტიპის წითელლაკიანი ჭურჭლის თვით დამზადების ხარისხიც თითქოს მის იმპორტულობას უნდა გამორიცხავდეს. ასე მაგალითად, ბიჭვინთაში, სოხუმში, გონიო-აფსაროსში აღმოჩენილია პირფართო, შედარებით ღრმა ჯამები, რომელთაც მეტად მდარე ხარისხის წერნაქი აქვს და კალთებიც უხეშადაა დამზადებული. ასეთ უხეშ ნაწარმს საგანგებოდ შემოტანილად ვერ მივიჩნევთ, მით უფრო, რომ ამ ტიპის ჯამების კეციც ახლო დგას ბიჭვინთის კრამიტისა და აგურის კეცთან.
ბიჭვინთის წითელლაკიანი კერამიკის ფრაგმენტებს შორის ყურადღებას იქცევს აგრეთვე სავარცხლით გამოყვანილი ტალღისებური ორნამენტით შემკული რამდენიმე ფრაგმენტი. ასეთი ფრაგმენტია აღმოჩენილი სოხუმშიც. ტალღისებური ორნამენტი არაა დამახასიათებელი ანტიკური კერამიკისა და, საერთოდ, ანტიკური ხელოვნებისათვის. ამიტომ, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ეს ორნამენტი სათავეს სარმატული კერამიკიდან იღებს. მაგარამ, ვინაიდან ტალღისებური ორნამეტი, როგორც კერამიკის დეკორატიული ელემენტი, გაცილებით ადრეა დადასტურებული ძველი საქართველოს ტერიტორიაზე, და განსაკუთრებით დამახასიათებელია ადრეანტიკური და ელინისტური ხანის კოლხური კერამიკისათვის, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამგვარი ორნამენტით შემკული კერამიკაც ადგილობრივი, ეგრისული წარმოშობისაა.
დაწინაურებული ჩანს ამ დროს ქალაქი ფასისიც. ძირითადი სამდინარო მაგისტრალის – რიონის შესართავთან მდებარე ქალაქი ასრულებდა ისეთი პუნქტის როლს, რომლის მეშვეობით ხორციელდებოდა, როგორც ჩანს, ძირითადი ურთიეთობა შავიზღვისპირეთისა და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ქვეყნებთან. ფასისის მნიშვნელობაზე მიუთითებს ამ დროს ის ფაქტიც, რომ სწორედ მის მახლობლად მდებარეობდა III–IV საუკუნეებში ფართოდ ცნობილი რიტორიკული უმაღლესი სკოლა, ხოლო მოგვიანო ხანებში ფასისი წარმოადგენდა ლაზეთის სამიტროპოლიტო ცენტრს. სხვათაშორის IV–VI საუკუნეში ლაზეთის მიტროპოლიტს ექვემდებარებიან ეგრისის სამხრეთით მცხოვრები ჭანები, რომლებიც VI ს-ის შუა ხანებამდე, ვიდრე ბიზანტიამ არ დაიპყრო, არავის არ ემორჩილებოდნენ.
ამრიგად, IV–V საუკუნეებში ეგრისის ზღვისპირა ქალაქები მეტად განვითარებულ სახელოსნო და სავაჭრო ცენტრებს წარმოადგენდნენ და ადგილობრივი მოსახლეობის წამყვანი როლით ხასიათდებოდნენ. ეს ფაქტი განსაკუთრებით საინტერესო და საგულისხმოა იმ მხრივ, რომ ამავე ხანებისათვის ბოსფორის ქალაქებმა გუთებისა და ჰუნების შემოსევათა შემდეგ ვერ შეძლეს აღედგინათ ძველი ძლიერება. ეგრისის შავიზღვისპირეთის ქალაქებს მეტი სასიცოცხლო ძალა აღმოაჩნდათ. ეს განპირობებული იყო ეგრისის სახელმწიფოს საერთო გაძლიერებით და იმ გარემოებით, რომ ამ სასიცოცხლო ძალას ეს ქალაქები ეგრისის შიდა რაიონებიდან იღებდნენ. ხოლო, რომ ასეთი ძალა ეგრისის შიდა რაიონებში საკმაოდ იყო, ეს კარგად ჩანს თუნდაც შიდა რაიონების ქალაქების ზრდა-გაძლიერებიდან სწორედ IV–V საუკუნეებში.
უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია  ლაზეთის სახელმწიფოს დედაქალაქი არქეოპოლისი, ანუ ნაქალაქევი. VI საუკუნის ბიზანტიელი მწერლები ხშირად აღნიშნავენ არქეოპოლისის დიდ მნიშვნელობას და სპარსელთა არაერთგზის ცდას ხელთ იგდონ ლაზეთის ეს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. „არქეოპოლისის“ („ძველი ქალაქი“) სახელით ამ პუნქტის მოხსენიება VI საუკუნეში უნდა მოწმობდეს მის ბევრად უფრო ძველ დროში არსებობას. არქეოლოგიური შესწავლა ცხადყოფს, რომ აქ თავდაპირველი ნაგებობანი უკვე ადრერომაულ ხანაში უნდა ყოფილიყო, კერძოდ, ციხე და პატარა სამოსახლო. შემდგომ გვიან რომაული თუ ადრებიზანტიური ხანიდან აქ უკვე ძლიერი ქალაქი გაჩენილა. ამ დროის ნაგებობებიდან შემორჩენია მსხვილკვადრებიანი წყობის კედლები. ბოლოს, IV–V ს-ში ახალი ნაგებობებიც გაჩენილა და ქალაქს ფრიად სოლიდური სახე მიუღია.
არქეოპოლისის ნაშთებში კარგად ჩანს ამ დროის აკროპოლისი, რომელიც თვით ქალაქისაგან საგანგებო კედლით არის გამოყოფილი.
არქეოლოგიური შესწავლის შედეგად გამოვლენილი ქალაქის აღნაგობა კარგად ეთანხმება პროკოპი კესარიელის აღწერას, რომელიც არქეოპოლისში ასახელებს ძლიერ ციხე-სიმაგრეს ორი კარიბჭით, აკროპოლისს, ანუ ფილაქტერიონს და დაფარულ გასასვლელს წყლის ნაპირზე.
არქეოპოლისი მდებარეობს ქ. სენაკის ჩრდილო-აღმოსავლეთით 17 კმ-ის დაშორებით აწინდელ სოფ. ნოქალაქევთან. როგორც ჩანს, დედაქალაქად არჩევისას გათვალისწინებული იყო მისი შესანიშნავი სტრატეგიული მდებარეობა. არქეოპოლისი მდ. ტეხურით სამი მხრიდან გარშემორტყმულ პატარა პლატოსა და მისგან ჩრდილო-აღმოსავლეთით აღმავალ მთის თხემზე იყო გაშენებული, რაც მას მტრისათვის ძნელად მისაწვდომს ხდიდა. ამასთან, მდ. ფასის-რიონიდან დაშორებული იგი ფაქტიურად განზე რჩებოდა იმ გზიდან, რომელიც დასავლეთ საქართველოში შემოსული მტრისათვის ძირითად საკომუნიკაციო ხაზს წარმოადგენდა და ამ გზის ზურგში იყო მოქცეული.
გარდა ამ ქალაქისა, IV–V საუკუნეებში ლაზიკაში მნიშვნელოვან როლს კიდევ რამდენიმე ქალაქი ასრულებდა. VI საუკუნის მწერლები ასახელებენ აქ მოხირისს, ქუთაისს, როდოპოლისს, სკანდას, შორაპანს და სხვ. ამათგან არქეოლოგიურად მეტ-ნაკლები შესწავლა ჯერჯერობით მხოლოდ როდოპოლისის (ვარციხე), შორაპნისა  და სკანდის მოხერხდა. აქ აღმოჩენილი აგურებისაგან შემდგარი სარტყლიანი წყობის ანალიზი საშუალებას იძლევა დავასკვნათ, რომ ძირითადი მშენებლობა ვარციხეში III საუკუნეში განხორციელებულა, სკანდაში – IV საუკუნეში და შორაპანში V საუკუნეში.
მაშასადამე, IV–V საუკუნეებში, ე.ი. ლაზეთის სამეფოს განსაკუთრებული გაძლიერების ხანაში, ეს პუნქტები მსხვილ საქალაქო ცენტრებს წარმოადგენდნენ და ეგრისის სამეფო ხელისუფლება საგანგებოდ ზრუნავდა მათ გამაგრებაზე. გარდა არქეოპოლისისა, განსაკუთრებული მნშივნელობა უნდა ჰქონოდათ სკანდასა და შორაპანს, რომლებიც იბერიის საზღვრებზე მდებარეობდნენ და გადმოსასვლელ გზებს კეტავდნენ. იბერიაში სასანური სპარსეთის მიერ ფეხის მოკიდების შემდეგ ამ გზების საიმედოდ დაკეტვა პირველხარისხოვანი ამოცანა იყო.
არანაკლები მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა როდოპოლისსაც. როდოპოლისი მდებარეობდა დღევანდელ სოფელ ვარციხის ახლოს, იქ, სადაც მდ. ხანისწყალი ყვირილას ერთვის და ეს უკანაკნელი – რიონს. სამი მდინარის შერთვისში მდებარე როდოპოლისი თავისებურ საკვანძო პუნქტს წარმოადგენდა ამ მდინარეთა ხეობებით მომავალი გზებისათვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სწორედ ხანის წყალს მიჰყვება გზა, რომელიც ზეკარის უღელტეხილით სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში გადადის და კასტორიუსის რუკის მიხედვით, დასავლეთ საქართველოს სომხეთთან აკავშირებს. მაშასადამე, როდოპოლისი მდებარეობდა სწორედ იმ ადგილას, სადაც სამხრეთიდან მომავალი ეს გზა რიონის აუზში შემოდიოდა. ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ სწორედ როდოპოლისი იგულისხმება ასტორიუსის რუკაზე სებასტოპოლის–არტაშატის დამაკავშირებელი გზის ერთ-ერთი სადგურის Ad fontem felicem-ის სახელში.
ასეთ ვითარებაში გასაგებია ის დიდი როლი, რომელსაც ამ ქალაქს ანიჭებდნენ VI ს-ში სპარსეთ-ბიზანტიის ომების დროს მებრძოლი მხარეები. ასევე შემთხვევითი არ არის ის გარემოებაც, რომ როდოპოლისში იყო შემდეგში დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი საეკლესიო კათედრა.
7. აფშილების საკითხი
აფსილებს (ანტიკური წყაროებით აფსილები/აბსილები; ქართული წყაროების აფშილები) პირველად იხსენიებს პლინიუს უფროსი (ახ.წ. 23–79), როგორც ლაზებისა და სანიგების მეზობელ ხალხს, რომლებიც ცხოვრობდნენ კოდორ-კელასურის მდინარეებსა და ქ. ცხუმს შორის. ფლავიუს არიანე კი იგივე ტერიტორიაზე აფსილების სამეფოს ახსენებს, რომლის მეფეებს რომი ნიშნავს.
IV საუკუნის ბოლოდან აფსილეთი ეგრისის სამეფოს შეუერთდა. როგორც ბერძნული წყაროებიდან ჩანს VI საუკუნის ბოლოდან ეგრისის პატრიკოზების ერთ-ერთი (მთავარი?) რეზიდენცია აფსილეთის ტერიტორიაზე მდებარე ციხე-ქალაქ ჯიხახორაში გადააქვთ, რომელიც სოფელ მოქვის ზემოთ, მოქვსა და კოდორის ქედს შორის მდებარეობდა. VIII საუკუნის დასაწყისში აფშილეთი ეგრისთან ერთად ქართლის საერისმთავროს შეუერთდა. VIII ს-ის ბოლოს კი აფსილეთი აფხაზეთის სამეფოს ნაწილი გახდა.
აფსილების ეთნიკური კუთვნილების თაობაზე ისტორიოგრაფიაში დიდი კამათი მიმდინარეობს. ერთი ნაწილის თავლსაზრისით ისინი აფხაზურ-ადიღეული ჯგუფია, მეორეს თვალსაზრისით კი ქართველური ჯგუფი. დიდი რუსი მეცნიერი ი. დიაკონოვის აზრით კი აფსილები არ წარმოადგენდნენ ეთნიკურ ჯგუფს თავისი გაგებით, უბრალოდ ეს სახელი ეწოდა კონკრეტული ადგილის მცხოვრებთ. „აფსილი“ ბერძნულად „არა შიშველს“, „არა მელოტს“ ნიშნავს.
ის ისტორიკოსები და ენათმეცნიერები, რომლებიც აფსილებს აფხაზურ-ადიღეური მოდგმის ხალხად აღიარებენ, ამ ტომს დღევანდელ აფხაზებთან მათი თვითსახელის „აფს“-ძირის გამო აკავშირებენ. მათგან ცალკე გვსურს გამოვყოთ მ. ინაძის თვალსაზრისი, რადგანაც მკვლევარმა ეს საკითხი ყველაზე უფრო მეტად განავრცო. მ. ინაძის აზრით: „აფხაზურ-ადიღეური ტომის აფსილების ხანგრძლივი ყოფნა ქართული მოსახლეობის გარემოცვაში უთუოდ ზეგავლენას ახდენდა მათ ენასა და კულტურაზე. ერთის მხრივ აფსილების და სვანების თანაარსებობის შედეგად ამ ორი ტომის მოსაზღვრე ტერიტორიაზე წარმოიშვა მისიმიანთა გაერთიანება, რომელშიც წამყვანი ეთნიკური ელემენტი სვანთა ერთ-ერთ ტომს უნდა ჰქონოდა. მეორეს მხრივ, აფსილთა სამოსახლოს სამხრეთ ნაწილში, სადაც ისინი ლაზთა სამეფოს ესაზღვრებოდნენ, მიმდინარეობდა ლაზ-აფსილთა შერწყმის პროცესი, რაც გამოიხატა აფსილთა გალაზებით უკვე VI ს-ში. მისივე აზრით, საწინააღმდეგო პროცესი მიმდინარეობს აფსილთა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, რაც ჯერ იწყება აფსილთა და სანიგთა ერთმანეთში შეკავშირებით, ხოლო შემდგომ, ახ.წ. VI ს-თვის მათი და აბაზგთა თანაარსებობით, რის შედეგადაც აბაზგები VIII ს-დან საკუთარ ფარგლებში აქცევენ აფსილებს და აფსილეთის ქალაქი ცხუმი აფხაზეთის ქალაქი ხდება.
იმ მკვლევართა შორის, რომელნიც აფსილებს ქართველებად აცხადებენ, გვსურს თავდაპირველად ივ. ჯავახიშვილის მოსაზრება წარმოვაჩინოთ. მართალია, მას საკითხი სპეციალურად არ შეუსწავლია, მაგრამ აფსილებს იგი რამდენიმეგზის ახსენებს. ერთგან მკვლევარი წერს: „როგორც ვხედავთ, კოლხეთის მოსახლეობა ქართველთა სამ შტოს ჰკუთვნებია: ლაზ-მეგრელებს, აფსილ-აფხაზებს და სვანებს“. სხვაგან კიდევ, როდესაც ქართველ ტომთა გადაადგილების შესახებ საუბრობს, ამბობს: „საფიქრებელია, რომ კავკასიაში პირველად ის ქართველი ტომები უნდა მოსულიყვნენ, რომელნიც ისტორიულად კარგად ცნობილ დროში დანარჩენებზე ჩრდილოეთით ბინადრობდნენ. მაშასადამე, ჯერ აფხაზ-აფსილები, სვანები, თუშები და სხვა მთიელები, შემდეგ კოლხები და ქასქები“. როგორც ვხედავთ, მკვლევარი აფშილებსა და აფხაზებს ქართველ ტომებად, თანაც მთიელ ქართველებად მიიჩნევს. იმავე აზრისა იყო პ. ინგოროყვაც. მისი თქმით, სახელწოდება აბსილეთი მომდინარეობს სატომო სახელიდან ბასილი, საიდანაც შემდეგ აბსილთა ტომის სახელი დამკვიდრდა. ბასილები მესხი ტომისანი იყვნენ. მკვლევარი გეოგრაფიულ ნომენკლატურას, ქართულ გვარ-სახელებსა და სომხურ წყაროთა მონაცემებს ეყრდნობა. ქ. ბერძენიშვილი წებელდის რაიონში აღმოჩენილი კერამიკული ჭურჭლის შესწავლის შედეგად ასკვნის, რომ ეს მასალა კიდევ ერთი დამადასტურებელი არგუმენტია აბშილთა ქართველობის წარმოჩენისთვის. მკვლევარი ნ. აფხაზავა ლინგვისტური მონაცემების (ოსურ ენაში არსებული ქართული სიტყვები) ანალიზით ვარაუდობს, რომ „აფშილ-აფსილები ქართველური მეგრულენოვანი ტომია, ვისგანაც ალან-ოსებს „მეგრელიზმი“ შეუთვისებიათ“. აკად. დ. მუსხელიშვილი სიტყვა „აფსილი“-ს მორფოლოგიური ანალიზისა და აფსილთა შესახებ არსებული ისტორიული ცნობების საფუძველზე აფსილებს „ერთ-ერთ დასავლურ-ქართულ ტომად მიიჩნევს, რომელიც გვიან საუკუნეებში „ნაწილობრივ აბსოლუტურად შეერწყა მეგრელებს, ნაწილობრივ კი გააფხაზდა“. ერთი სიტყვით, აფსილთა რაობის თაობაზე ერთიანი აზრი არ არსებობს. ერთადერთი, რაც კამათს არ იწვევს, ის არის, რომ მკვლევართა აზრით, აფშილები თავინათ სამკვიდრო ადგილებში I საუკუნეზე ადრეც უნდა ყოფილიყვნენ და მათი არსებობა წინარე ხანიდან იღებს სათავეს. ამასთან, მკვლევართა ის ჯგუფი, რომელიც აფსილებს აფხაზურ-ადიღეურ ეთნოსს მიაკუთვნებს, ფიქრობს, რომ ისინი იგულისხმებიან ხსენებული რეგიონის იმ მრისხანე სტიქიაში, რის შესახებაც წყაროებში კონკრეტული ცნობები შემონახული არ არის. მეორე ნაწილი კი ვარაუდობს, რომ აფსილები უფრო ადრეულ პერიოდში ნახსენები სხვა ქართველი ტომის (ბასილები) სახელწოდებით არსებობდნენ. მეტიც, პ. ინგოროყვას აზრით, აბსილების მოსახლეობა იყო ნარევი ორი ქართველი ტომისა – აფხაზეთის მესხების (ბასხი-ბასილი) და აფხაზეთის კოლხების (კორახები). იმის გამო, რომ მკვლევარნი აფსილთა ეთნიკურობას ერთ-ერთ არსებით და მნიშვნელოვან საკითხად აღიარებენ, ამასთან, იგი ამომწურავად შესწავლილი არ არის, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ ტომის თაობაზე არსებული ყველა სახის მასალის კიდევ ერთხელ შეჯერება და გაანალიზება. გვიანანტიკური და შემდგომი ხანის წყაროებში შემონახულია ცნობები აფსილთა ადგილმოსახლეობის, აღმსარებლობის, ეთნიკური კუთვნილების, სამეტყველო ენისა და სხვ. შესახებ. ვინაიდან ბერძნულ-რომაული წყაროები ქართულ და სხვაენოვან მატიანეებთან შედარებით უფრო ძველია, უპირველესად ამ წყაროთა მონაცემებს მოვიხმობთ.
პლინიუს უფროსი: „...სვანთა მხარეზე გავლით კავკასიიდან მოედინება მდ. ქობოსი (ენგური). შემდეგ – როანი (ჭურია, ხობის რაიონში), ეკგრიტიკეს მხარე (ეგრისი), მდინარეები: სიგანია (ოქუმი), ტერსოსი (მოქვი), ასტელეფოსი (კოდორი), ქრისოროასი (კელასური), აბსილთა ტომი (აფსილები), სებასტოპოლის ციხე-სიმაგრე... სანიგების ტომი, ქ. კიგნუმი (გიენოსი), მდინარე და ქალაქი პენიუსი (ქალაქი პენიუსი პიტიუნტი უნდა იყოს, ანუ ბიჭვინთა შესაბამისად მდინარე პენიუსი პტოლემეოსის კორაქსი ანუ ბზიფია), და ბოლოს ჰენიოხთა ტომები...“.
ამრიგად, რომაელი ავტორი აფსილებს კოდორ-კელასურის მდინარეებსა და ქ. ცხუმს შორის ათავსებს. „ჩრდილო-დასავლეთით მათი მიწა-წყალი ციხე-ქალაქ სებასტოპოლისამდე აღწევდა, ჩრდილო-აღმოსავლეთით კი – სვანთა ქვეყნამდე. რაც შეეხება სანაპირო ზოლს, აფსილებს აქ დიდი მონაკვეთი არ უნდა სჭეროდათ“ (არბოლიშვილი). მუსხელიშვილის აზრით, ტოპონიმი, რომელმაც აფშილეთ-ეგრისის (ლაზიკის) საზღვარი შემოგვინახა, არის მთა აფშარა, ენგურისა და ღალიძგის ზემო წელის წყალგამყოფ ქედზე.
II ს-ის ავტორი არიანეც განსაზღვრავს პონტოს ზღვისპირას აფსილთა ადგილ-საცხოვრისს: „ლაზების მეზობლები აფსილები არიან... აფსილების მეზობლები აბასკები არიან“ – ამბობს იგი. თითქმის სიტყვა-სიტყვით იმეორებს არიანეს ნათქვამს V ს-ის ანონიმიც. VII საუკუნის რავენელი ანონიმიც ანტიკურ წყაროებს მიყვება და წერს: „ლაზიას ესაზღვრება აბსილია, რომელზეც მიედინება მდინარე, სახელით აბსილისი. შემდეგ, იქვე ამ ქვეყანასთან მდებარეობს ქვეყანა სახელით აბასგია. მასში არის რამდენიმე ქალაქი; მაგ დამიუპოლისი, სებასტოპოლისი, ბასგიდასი“.
VIII საუკუნის ბიზანტიურ წყაროშიც ნათქვამია, რომ აფსილეთის მიწიდან შეიძლება ზღვის სანაპიროზე გასვლა: „რომაელთა ჯარის უფროსი დაიძრა აფსილიისკენ, იქიდან ჩავიდა ზღვის სანაპიროზე და იუსტინიანესთან გადაცურა. ქართულ წყაროში პირდაპირაა მითითებული, რომ VIII ს-ში ქ. ცხუმი აფსილეთის ქალაქია: „და ვითარცა შევლო ყრუმან კლისორა, რომელი მას ჟამსა იყო საზღვარი საბერძნეთისა და საქართველოსა და შემუსრა ქალაქი აფსილეთისა ცხუმი და მოადგა ციხესა ანაკოფიისასა...“.
VII ს-ის „სომხურ გეოგრაფია“ ანტიკურ წყაროებზე დაყდნობით წერს: „ბულგარებსა და პონტოს ზღვას შორის ცხოვრობენ ხალხები: გარშები, კუტები და სვანები ქ. პიტიუნტამდე, რომელიც აბაზგთა ქვეყნის სანაპიროზეა და სადაც აფშილები და აბხაზები თავიანთ სანაპირო ქალაქ სებასტოპოლისამდე სახლობენ...“.
ამავე სახის ცნობას შეიცავს ერთი არაბული წყაროც, რომელსაც მ. ბროსე ეყრდნობა ლაზიკის შესახებ საუბრისას: „ვიღაც გურჯელი მეფე, რომელიც აფსილიიდან მოსული ფოთში ხომალდში ჩამსხდარიყოს და აქედამ სისში და პტოლემაიდაში გამგზავრებულიყოს“. ალბათ, VI ს-ის ეგრისში წარმოებული ომის გამო „კულბაზ მეფის შვილს გურჯელ მეფეს“ ქ. ცხუმის ნავმისადგომით ვერ უსარგებლია და ფოთიდან გამგზავრებულა მცირე აზიისკენ. მაგრამ აფშილები მხოლოდ სანაპირო ზოლის მკვიდრნი როდი იყვნენ; იუსტინიანე (VI ს.) თავის „ნოველებში“ მათ ეგრისის მთიანი ზოლის ტომთა შორის ჩამოთვლის: „ამ (ჭანთა) ქვეყნის შემდეგ დამკვიდრებულნი არიან სხვა ტომებიც: სუანები, სკვიმნები, აფსილები, აბაზგები და სხვ.“. მენანდრე პროტიქტორის თანახმად აფსილეთში მისვლა შემოვლითი (დარინის) გზით კავკასიონის მხრიდანაც შეიძლებოდა: „ზემარქე დარინის გზით მივიდა აფსილიაში, რადგანაც მისიმიანთა ქვეყანაში წასვლა არ შეიძლებოდა“. თეოფანე ჟამთააღმწერლის მიხედვითაც აფსილეთი კავკასიონის ქედამდე ვრცელდებოდა: „იუსტინიანეს მიერ ალანიაში გაგზავნილი ლეონი მივიდა აფსილიაში, იქ გადალახა კავკასიის მთები და ალანიაში გადავიდა“. ასევე ერთ-ერთ ბიზანტიურ წყაროში, რომლითაც ნ. მარი სარგებლობდა, მითითებულია, რომ აფსილები მთიან რეგიონში ცხოვრობდნენ: „552 წლის დამლევს მისიმიანები, რომელნიც ცხოვრობდნენ აპსილსა და სვანეთს შუა, ჩამოცილდნენ ბერძნებს...“. მისიმიანთა გვერდით სახელდება აფსილეთი მ. ბროსეს მიერვე მოხმობილ სომხურ წყაროში, სადაც წერია: „ლაზები დაერქვათ ეგრისის მკვიდრთ... რომელიც მდებარეობდა... აპსეგების, ანუ აპესეგების და მისილიანების ქვეყნამდე...“. VII ს-ის იმავე „სომხურ გეოგრაფიაში“ აფსილები კავკასიის მთიელ ტომებთან ერთადაც არიან ნახსენები: „სარმატიაში ცხოვრობენ აპშეგები, აფხაზები, მარგოლები, წანარები, თუშები, მასკუტები, გუდამაყრები და სხვ.“. ამრიგად, ქართული, სომხური, ბერძნულ-რომაული, არაბული წყაროებიდან დასტურდება, რომ აფსილეთის მიწა, ქ. ცხუმის მიდამოებიდან დაწყებული, კავკასიონის ქედამდე განეფინებოდა. სანაპიროზე სამთავრო ვრცელ ტერიტორიას არ ფლობდა, რადგანაც, როგორც სწორად შენიშნავს მკვლევარი მ. ინაძე, შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთი სანაპირო დასახლებული იყო ერთის მხრივ ლაზებით, მეორეს მხრივ კი სანიგებით. აფსილეთი, ძირითადად შიდა ტერიტორიაზე, მთაგორიან ზონაში მდებარეობდა, აბაზგიისა და მისიმიან-სვანეთის სამთავროებს შორის. მის საზღვრებში იყო მოქცეული ჩრდილოკავკასიაში გადასასვლელი უღელტეხილებიც, საიდანაც აფსილები და იმიერკავკასიელი ტომები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.
აფსილთა ეთნიკურობის გასარკვევად თავდაპირველად განვიხილოთ არგუმენტები, რომლებითაც საკუთარ თვალსაზრისს ის მკვლევარნი ასაბუთებენ, აფსილებს აფხაზურ-ადიღეურ ჯგუფს რომ მიაკუთვნებენ. დავიწყოთ იმით, რომ ენათმეცნიერთა კვლევა „აფს“ ერთეულის თაობაზე არ გახლავთ უნაკლო და არა ერთ კითხვას ბადებს. ეს ნაკლი წარმოაჩინა ისტორიკოსმა, აკად. დ. მუსხელიშვილმა, რომელმაც ისტორიული ცნობების მოშველიებითა და ლინგვისტური ანალიზით აჩვენა, რომ სიტყვის „აფსილი“ ფუძე არ შეიძლება იყოს „აფს“ ძირი, ანუ ეთნონიმი აფსილი არ გახლავთ შედგენილი ტერმინი, სადაც „აფს“ – ფუძეა, ხოლო „ილ“ სადაურობის მაწარმოებელი. მკვლევარმა დაასაბუთა, რომ „აფსილი“ არის მთლიანი, დაუნაწევრებელი ფუძე, რომელიც ეთნიკურ ერთეულს აღნიშნავს. მისი აზრით: ჯერ ერთი, „აფს“ რომ ეთნონიმად წარმოვიდგინოთ, გამორიცხულია „აფსილი“-ც ეთნონიმი იყოს ისევე, როგორც არ შეიძლება არსებობდეს ერთდროულად „მესხი და მესხელი“. მეორეც, აფსილი „მეორადი წარმოების“ ეთნონიმი რომ იყოს, მაშინ ამ შემთხვევაში უნდა გვქონდეს გეოგრაფიული ტერმინი „აფსეთი“ და არა „აფსილეთი“ (მაგ. კახი – კახეთი – კახელი), რაც ასევე შეუსაბამოა. მესამეც, „აფსილი“ რომ იყოს შედგენილი ტერმინი, მაშინ ქართული სიტყვათწარმოებითი აზროვნების წესის მიხედვით მისგან ვერ მივიღებდით გეოგრაფიულ ტერმინ „აფსილეთ“-ს ისევე, როგორც წარმოუდგენელია ხორონიმები „კახელეთი“, „რაჭველეთი“ და სხვ. და ბოლოს, მკვლევარი ასკვნის, რომ ეთნონიმი „აფსილი“ არ არის შედგენილი ტერმინი, იგი მთლიანი ფუძეა ისევე, როგორც მის მეზობლად მოსახლე „ბასილი“ და „აფსილს“ არც გეოგრაფიულად, არც ქრონოლოგიურად და არც ფორმალურ-ლინგვისტურად არაფერი აქვს საერთო „აფსუასთან“. მაგრამ ჰიპოთეზურად რომც წარმოვიდგინოთ „აფს“ საერთო ფუძის არსებობა, ამ არგუმენტს მაინც ვერ მოვიხმობთ აფსილთა ადიღეურობის დასამტკიცებლად. მართალია, ჩერქეზულად „ფსგ“ წყალს აღნიშნავს, მაგრამ იმავე „ფს“ ძირიანი სიტყვა არქაული ხანის ქართულშიც არსებობდა, საიდანაც ჩერქეზულს უნდა ესესხებინა. ქართულ ენაში რომ „ფას“ – „ფს“ ფუძიანი სიტყვა ძირეულია და არა მერმინდელი, ამას ამ ფუძის მრავალგვარი განშტოება ადასტურებს (ფშა – წყარო, მდინარე; ფშატალა – თოვლნარევი წყალი, ფსორი – გუბე, ფოსო – ჩაღრმავებული, წყლიანი ადგილი, ფ(ა)სელი – urina, ფსია – დიდწყლიანობა და სხვ.). სწორედ ეს მრავალსახეობა ამ ფუძისა მაჩვენებელია, რომ იგი ძირეულია და თავდაპირველად წყლის ცნებას გადმოცემდა (მ. ჯანაშვილი, პ. ინგოროყვა). ერთი სიტყვით, „ფს“ ფუძიანი სიტყვა პირვანდელი ქართულია და ამდენად აფსუათა თვითსახელი არ გამოდგება აფსილთა და ამ ადიღეური ტომის ეთნიკური ერთობის დამადასტურებელ არგუმენტად.
ძვ.წ. II ს-ის ავტორის სკიმნე ქიოსელის ცნობა, რომელიც შემოინახა V ს-ის ანონიმმა და მოგვითხრობს ფოთის ნავსაყუდელის შესახებ: „მდ. ფასისის მარცხნით მდებარეობს ქალაქი ფასისი, რომელშიაც, ამბობენ ჩამოდის სამოცი ტომი, სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე, მათ შორის ამბობენ, ზოგნი არიან ბარბაროსები ინდოეთიდან და ბაქტრიანიდან. მათ შორის ბარბაროსული ქვეყანაა კორაქსიკე, რომლის შემადგენელი ნაწილია ე.წ. კოლიკე, რომელიც ახლა უჭირავს მელანქლენებისა და კოლხების ტომს“.
აქაც ანტიკური ხანის ავტორი წვრილად ყვება, რომ ფოთში მრავალ ენაზე მოლაპარაკე ტომები „ჩამოდიან“, მათგან იგი შორეული ბაქტრიის და ინდოეთის მაცხოვრებლებსაც მოიხსენიებს, ხოლო, რაც შეეხება ეგრისის სამეფოს მკვიდრთ, მათ შორის არცერთ სარმატ ტომს არ აღნიშნავს, თუმც კი კოლები, კორაქსები, კოლხები და მელანქლაინები მისი თვალსაწიერის მიღმა არ დარჩენილან. სკიმნე ქიოსელის ტექსტიდანაც ჩანს, რომ მრავალ ენაზე მოსაუბრე ტომთა უმრავლესობა კავკასიონის იმიერი მიწებიდან სავაჭროდ ჩამოსული ხალხია, რომელთაც შეუფერხებლად შეეძლოთ ეგრისის ჩრდილო სასაზღვრო ზონაში მდებარე უღელტეხილებით გადმოელახათ კავკასიონის ქედი და ნავმისადგომებში ევაჭრათ.
აფსილთა ეთნიკური რაობის გარკვევისთვის საყურადღებო მონაცემებს არქეოლოგიური მასალაც იძლევა. წარმართ აფსილთა ტოტემის თაობაზე წებელდის გათხრების შედეგად მოპოვებული კერამიკული ჭურჭელი მეტყველებს. მათზე არაერთი ღვთიური ფიგურაა დატანებული. კერძოდ, დიდ წრეში ჩახატულია ღორის (ტახის) თავი, რასაც შუბლზე აქვს მრგვალი, ჭდეური ორნამენტი შუაში ჩასმული წერტილით. მკვლევარმა ქ. ბერძენიშვილმა დაადგინა, რომ წებელდაში, რაჭაში, სვანეთში, ღრმაღელეში, თრიალეთში, სამთავროში, დაბლაგომსა და სხვაგან ნაპოვნ ნივთებზე გამოსახული წერტილიანი სპირალები თუ წრიული ხაზები ერთსა და იმავე ასტრალურ სიმბოლოს წარმოადგენდნენ, რომლითაც ღვთაებათა წრეს აღნიშნავდნენ. ეს კი იმის მაუწყებელია, რომ აფსილეთსა და საქართველოს სხვა კუთხეებში მცხოვრებ ტომებს საერთო სახის ასტრალური ნიშნები ჰქონდათ. მკვლევარმა ასევე შეისწავლა წებელდის კერამიკაზე გამოხატული ღორის თავის სემანტიკა და დაასკვნა, რომ იგი აფსილთა შორის ღვთაება ბასილას არსებობას უნდა მიანიშნებდეს. ცნობილია, რომ „ღორის სალოცველი“ საქართველოს მრავალ კუთხეში (რაჭა, ლეჩხუმი, სამეგრელო, სვანეთი) იყო აღნუსხული, რაც უკავშირდებოდა ზოგადქართულ ღვთაება „ბოსელ-ბოსლა-ბოსლო“-ს. (გურიაში დღესაც არსებობს ამ სახელწოდების სოფელი ბასილეთი, ქვემო ქართლში – ბოსლეთი, იმერეთში მდებარეობს ამავე დასახელების სოფელი ბოსლევი და სხვ.) ჩანს, აფსილთა ტომის ეს ღვთაება (ბასილი), წრეში გამოსახული ტახის თავის სახით, „ბოსლა-ბოსლოს“ პარალელური ეპითეტი უნდა ყოფილიყო.
მართალია წარმართობის დროინდელი ღორის თავის გამოსახულება დამოწმებულია რუსეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილ სარმატულ სამარხებშიც, თუმცა ეს მათ არ უნდა ეკუთვნოდეთ. ჰეროდოტეს თანახმად, სკვითთა ტომებს საკუთარ „ქვეყნებში“ ღორი საერთოდ არ ჰყოლიათ მოშინაურებული და ისინი თავიანთ ღვთაებებს მსხვერპლად ღორის გარდა „ყოველგვარ საქონელს, განსაკუთრებით კი ცხენს სწირავდნენ. ასეთია სკვითების მსხვერპლშეწირვა, ღორს ისინი მსხვერპლად საერთოდ არ სწირავენ და საკუთარ ქვეყანაში მათი მოშენება არც სურთ“ – აღნიშნავს ჰეროდოტე.
აფსილთა ტომის სამეტყველო ენის თაობაზე საუბრობენ ბიზანტიური წყაროები. ამას გარდა, ისტორიულ აფშილეთში მდებარე ტოპონიმიკაც გვაძლევს საშუალებას გავარკვიოთ, თუ რა ენაზე მეტყველებდნენ აფსილები. VI ს-ის ავტორი აგათია სქოლასტიკოსი რამდენიმეგზის საუბრობს აფსილთა ეთნიკური კუთვნილებისა და სამეტყველო ენის თაობაზე. როდესაც იგი მისიმიელებს ახასიათებს, შენიშნავს, რომ ისინი „კოლხთა მეფის ქვეშევრდომნი არიან მსგავსად აფსილებისა, ხოლო განსხვავებულ ენაზე ლაპარაკობენ და სხვა კანონებსაც მისდევენ. ცოტა ქვემოთ აგრძელებს, რომ ლაშქრობის დროს ბიზანტიელებმა მისიმიელებთან მოციქულებად გაგზავნეს „წარჩინებული კაცები აფსილიელთა ტომიდან... მაგრამ მისიმიელებმა უკუაგდეს საერთაშორისო კანონები და მოკლეს მოციქულები, თუმცა ისინი მათ მონათესავე და მეზობელ აფსილიელთა ტომს ეკუთვნოდნენ“. ბიზანტიელი ავტორი შენიშნავს, რომ აფსილნი და მისიმიელნი მონათესავე ტომები იყვნენ, თუმცა მისიმიელნი ლაზთა და აფსილთაგან განსხვავებულ ენაზე მეტყველებდნენ და სხვა კანონებსაც მისდევდნენ. ე.ი. აგათია სქოლასტიკოსისთვის ცნობილი ყოფილა, რომ ლაზ-აფსილ-მისიმიელნი მონათესავე (ანუ ქართველური) ტომები იყვნენ, მაგრამ მისთვის ლაზ-აფსილნი და მისიმიელნი განსხვავებულ ენაზე მეტყველებდნენ“. უცხოელისთვის თვალშისაცემი ეს „განსხვავებული მეტყველება“, რა თქმა უნდა, მას აფიქრებინებდა, რომ ეს ტომები სხვადასხვა ენით მოუბარნი იყვნენ, თუმც კი მისივე მონათხრობიდან ირკვევა, რომ ხსენებული ტომები ერთ ეთნოსს წარმოადგენდნენ. ამასთან დაკავშირებით გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ ბიზანტიელებს მისიმიელებთან მოსალაპარაკებლად აფსილთა წარჩინებულები გაუგზავნიათ. ცხადია, აფსილებსა და მისიმიელებს ერთი სამეტყველო ენა რომ არ ჰქონოდათ, ისინი ერთმანეთს ვერ დაელაპარაკებოდნენ. ის ფაქტი, რომ მისიმიელები და ლაზ-აფშილები „განსხვავებულ ენაზე საუბრობდნენ“, მაგრამ აფშილებს და მისიმიელებს ერთმანეთში შეეძლოთ ესაუბრათ, გვაფიქრებინებს, რომ მათი „განსხვავებული ენები“ სვანური და ლაზურ-მეგრული კილო-ენები უნდა ყოფილიყო, ხოლო ყველანი ერთად ქართულენოვანი ტომები იყვნენ.
აფსილნი რომ ლაზების მსგავსად მეგრულენოვანი მოსახლეობა იყო, ამის თაობაზე მათ სამთავროში აღნუსხული ტოპონიმების შინაარსიც მეტყველებს. პროკოპი კესარიელი აღნიშნავს, რომ აფსილეთში მდებარეობდა მეტად მტკიცე ციხე-სიამგრე, რომელსაც „ადგილობრივი მცხოვრებლები წიბილეს უწოდებდნენ“. აგათია სქოლასტიკოსი აზუსტებს წიბილეს ადგილმდებარეობას და ამბობს, რომ „ტიბელეოსი მდებარეობდა მისიმიანთა მხარესთან საზღვრის სიახლოვეს“. პროკოპი კესარიელის ნათქვამიდან ყურადსაღები ისაა, რომ ციხე-სიმაგრესთვის სახელი წიბილე ადგილობრივ მცხოვრებლებს შეურქმევიათ. წიბილე არის იგივე „წიბელი-წიფელი“ და აქედან ჩანს, რომ აფსილეთის მცხოვრებლები ქართველურად მეტყველებდნენ. მაგრამ, ვინაიდან პროკოპი კესარიელი არ განმარტავს, თუ ვინ იგულისხმებიან სიტყვით „მოსახლეობა“, ამდენად მკვლევართა შორის გაჩნდა ეჭვი, არიან თუ არა ისინი აფსილები, თუ სხვა ტომები. ასე მაგ., მ. ინაძის აზრით, აფსილთა მიწა-წყალზე დადასტურებული არაერთი ქართული ტოპონიმი (მათ შორის წიბილე) აფსილთა ქართულ ეთნიკურ სამყაროსთან ოდენ მჭიდრო ურთიერთობის მოწმობა ყოფილა. მაგრამ აფსილეთის მიწაზე, იმავე ბიზანტიური წყაროებით, გარდა „წიბილე“-სი არა ერთი სხვა ქართული ტოპონიმიცაა დადასტურებული: თეოდოსი განგრელი გვაუწყებს, რომ აფსილეთში იყო შემდეგი ციხე-სიმაგრეები:
1. სკოტორი – იგი მდებარეობდა აბაზგიის მახლობლად, თანაც წყაროებში წერია, რომ ხსენებულ ციხე-სიმაგრეს ამ სახელით თვითონ აფსილები მოიხსენიებდნენ. ასე რომ, აქ საეჭვო აღარაფერია – ეს სახელწოდება ციხე-სიმაგრესთვის აფსილებს დაურქმევიათ. აფსილეთ-აბაზგიის საზღვარი V-VII საუკუნეებში მდ. გუმისთაზე უნდა ყოფილიყო. აბაზგიის ცენტრი იყო ანაკოფია (ბერძნული ტრაქეა, დღევ. ახალი ათონი). ამრიგად სკოტორი მდ. გუმისთის აუზში, მდინარის აღმოსავლეთითა და დღევ. სოხუმის ჩრდილოეთით არის საძიებელი. კ. კეკელიძის აზრით, კოდორი ქართველურ დიალექტებზე „ზეგანს ან უტყეო ადგილს“ აღნიშნავდა.
2. მოქვი – სოფელი, რომელიც აფსილეთში მდებარეობდა და რომლის მსგავსი ტოპონიმები (ჩაქვი და სხვ.) საქართველოს სხვა კუთხეებშიც მოიპოვება.
3. თუსუმი/თუსავი – ეს დასახლებული პუნქტი მოქვის ზემოთ, აფშილეთის საზღვარზე, აბაზგებისა და ალანების მახლობლად იყო. უნდა იყოს დღევ. სოფელ თოუმიშთან, ოჩამჩირის რაიონში. მისი მსგავსი ტოპონიმიც არაერთია საქართველოში (მანავი, ცურტავი, თელავი და სხვ.).
4. ფუსტა – თეოდოსი განგრელის თანახმად, ეს ციხე-სიმაგრე „აფსილიის და მისიმიანის მხარეებში“ იყო. ტერმინი „ფუსტელები“ ეპიფანე კონსტანტინეპოლელის (VIII ს.) თხზულებაშიც გვხვდება. ფუსტი სვანურად იყო უფალი, ბატონი, ქვეყნის გამგებელი. სვანეთში არის ფუსტის სახელობის ეკლესიები და დღესასწაული. ამტყელის ტბის (კოდორის მარჯვენა მხარეს, მდინარის შუა წელის ჩრდილოეთით) სამხრეთ აღმოსავლეთით არის აფუსტას ხეობა (ა აფხაზური თავსართია). მკვლევარი ი. ვორონოვი აქ ფუსტას ციხეს უთითებს მდინარე ცივ წყალზე (ცივი წყალი მდ. ამტყელს უერთდება, ამტყელი კი კოდორს სოფელ ლანთასთან, იქ სადაც კოდორი მკვეთრად უხვევს დასავლეთისკენ). მის აღწერით, შემორჩენილია მშრალი წყობით აგებული ციხის კედლის ნანგრევები, რომელთა სიგრძე 350 მეტრს შეადგენს. ამ მიკრორეგიონში ბათის, ფალის, ლარის და ახისთას მთებზე სხვადასხვა საფორთიფიკაციო ნაგებობების ნაშთებია აღმოჩენილი. ა. ვინოგრადოვი ფუსტას ციხედ ფალის სიმაგრეს თვლის. აქედან კოდორის გაყოლებით გზა ბაგადას ვიწროების გავლით სოფელ ლათასკენ მიემართება, შემდეგ კი დალის ხეობაში შედის. ლათა სვანურად გამყოფ ადგილს, გასაყარს ნიშნავს. აქვე უნდა ითქვას, რომ ფუსტას ლეონტი მროველი „ფოსტაფორს“ უწოდებს. ეს ტერმინი აგებულების მიხედვით უდავოდ მსგავსებას ავლენს სამხრეთ საქართველოში დამოწმებულ ტოპონიმთან „კარმიფორი“ (კარნიფოლა), რომელიც მესხეთში მდებარე მხარეს და მთას ეწოდებოდა.
5. ჯიხახორა – ეს ციხე-სიმაგრეც თეოდოსი განგრელის მიერ გამოცემულ ანასტასის წერილშია დადასტურებული, რომელსაც ბერძნულად ზიხახორეოსი ეწოდება. „ჯიხა“ მეგრულად ციხეს ნიშნავს, „ხორა“ ბერძნულად ქვეყანას, მიწა-წყალს ან გამაგრებულ ადგილს. მართალია, ანასტასი აპოკრისიარი პირდაპირ არ უთითებს, თუ სად მდებარეობდა ეს ტოპონიმი, მაგრამ მის მიერ აფსილეთის მხარის აღწერიდან შესაძლებელია გაირკვეს, თუ სად იყო ეს დასახლება. ბიზანტიელი დესპანი წერს, რომ ლაზიკის მთავარმა იგი, სქემარის ციხისკენ გაგზავნილი, უკან დააბრუნა და მოათავსა თავისი სახლიდან ხუთი სიგნის მანძილზე მდებარე მოქვში. თავად თეოდოსი განგრელის „მოგონებებში“ იგივე ამბავი უფრო დაწვრილებითაა მოთხრობილი და ნათქვამია, რომ ანასტასი აპოკრისიარი მოათავსეს არა შიგ მოქვში, არამედ თუსავის ციხეში, რომელიც მდებარეობდა „სოფელ მოქვის ზევით, აფსილიის მხარის საზღვარზე, კავკასიის მთების ზედ ძირში, ალანებისა და აბაზგების ტომის მახლობლად, ხუთი სიმიის მანძილზე სოფელ ჯიხახორიდან – ლაზთა პატრიკიოსისა და მაგისტროსის პირველი სახლიდან“. ამ აღწერილობიდან ირკვევა, რომ ანასტასი იმყოფებოდა თუსავის ციხეში, ხოლო ლაზიკის მთავრის ერთ-ერთი რეზიდენცია სოფელ ჯიხახორაში ყოფილა. ამდენად სოფელი ჯიხახორი, სოფელ თოუმიშიდან 4-5 კმ-შია საძიებელი, მდინარე კოდორთან და მას სახელწოდებაც, ცხადია, აფსილებმა დაარქვეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ტოპონიმები არა მხოლოდ აფსილეთში, ეგრისის მთელ ტერიტორიაზე აღინიშნებოდა. მაგალითად: გურიაში არსებობს მთა ჯიხან-ჯირი, იმერეთში სოფლებს დღემდე შემორჩათ სახელი ჯიხაიში და ნაჯიხევი, სამეგრელოში ნაკახაო... ამის თაობაზე ივ. ჯავახიშვილი შენიშნავდა, რომ ხსენებული სოფლების არსებობა ადასტურებდა ამ მიწა-წყალზე (გურიასა და იმერეთში) თავდაპირველად მეგრელების განსახლებას. ცხადია, აფსილნიც, რომელთა სამეტყველო ენაზეც შეიქმნა ზემონახსენები ციხეებისა და სოფლების დასახლებები, ქართველურენოვანი მოსახლეობა იყო.
აფსილთა აღმსარებლობის შემცველი ცნობები დაცულია ბიზანტიურ წყაროებში და წებელდაში ჩატარებული გათხრების დროს აღმოჩენილი მასალაც იძლევა შესაძლებლობას მათი მრწამსის წარმოსაჩენად. VI ს-ის ბიზანტიელი ავტორი პროკოპი კესარიელი აღნიშნავს, რომ იმ დროისათვის აფსილები დიდი ხნის გაქრისტიანებულნი იყვნენ („ძველთაგანვე ქრისტეანები“). პროკოპის მიერ ნათქვამი სიტყვა „ძველთაგანვე“ იმის მაუწყებელია, რომ აფსილები ქრისტეანობას მისი საქართველოში გავრცელებისთანავე თუ არა, მალევე უნდა ზიარებოდნენ. აფშილთა აღმსარებლობის ამსახველი ცნობები VII ს-ში მოღვაწე ანასტასი აპოკრისიარის წერილშიც არის შემონახული. ანასტასი აფსილეთის სოფელ მოქვში ყოფნისას წერს, რომ მის საძებნელად ლაზიკაში ჩამოსული იოანე ხუცესის შვილი სტეფანე მცხოვრებლებმა დიდი ხალისით და სიამოვნებით მიიღეს და მას პატივი სცეს. სტეფანემ, „როგორც სულიერმა ცხენმა მოირბინა მთელი ლაზიკე, აფსილია და აბაზგია“, სადაც ჭეშმარიტების და ახალი მიმართულების შესახებ უშიშრად ქადაგებდა. როგორც ჩანს, სტეფანეს მთელ ეგრისში და, მათ შორის, აფსილეთშიც ქრისტიანობის შესახებ უშიშრად იმიტომაც უქადაგია, რომ აფსილნი, სხვა ეგროსისანთა მსგავსად, „ძველთაგანვე“ ქრისტეანები იყვნენ და უცხო მისიონერისთვის ქრისტიანობის გავრცელება არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენდა.
ბიზანტიური წყაროების ცნობები წებელდის არქეოლოგიური მასალით კიდევ უფრო სარწმუნო ხდება. აქ აღმოჩენილ ჭურჭელსა და მინის სასმისებზე აღბეჭდილია ჯვრები. ნაპოვნია პატარა ზომის ოქროს ჯვარი და ვერცხლის მედალიონი, რომელზეც წერია: „ერთარსი ღმერთი, მშველელი შემწირველთა“. სამარხებში დადასტურებული დასაფლავების წესიც აშკარა ქრისტიანულია. ერთი სიტყვით, ყოველივე მეტყველებს, რომ აფსილნი ეგრისის უძველესი ქრისტიანი მცხოვრებლები იყვნენ.
ამრიგად, ისტორიული წყაროების, არქეოლოგიური მასალის, ეთნოგრაფიული, ლინგვისტური მონაცემების და გეოგრაფიული ნომენკლატურის მიხედვით აფსილებისა და აფსილეთის თაობაზე შეიძლება შემდეგი ითქვას: აფსილთა ტომი, წყაროთა თანახმად, ისტორიულ სარბიელზე ახ.წ. I საუკუნიდან ჩნდება. მათი საცხოვრისი ეგრისის („ანუ აფხაზეთისა ანუ იმერეთისა“) სამეფოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობდა. აფსილეთი ზღვის სანაპიროზე მცირე ტერიტორიას მოიცავდა, ცხუმი VIII ს-ში აფსილეთის სამთავროს ქალაქი იყო. სამთავროს მიწა-წყალი ძირითადად მთაგორიან ზონაში მდებარეობდა, ხოლო ჩრდილოეთით სასაზღვრო მიწები კავკასიონის ქედამდე აღწევდა.
8. ქრისტიანობის დამკვიდრება დასავლეთ საქართველოში
ლაზიკას სამეფო რომის იმპერიის გავლენის სფეროში მოქცეული ქვეყანა იყო და ბუნებრივად რომის იდეოლოგია მასზე ავტომატურად ვრცელდებოდა. ასე, რომ გასაკვირი არ არის გელასი კესარიელი ცნობა იმის შესახებ, რომ ლაზებმა და იბერებმა ქრისტიანობა კონსტანტინე დიდი დროს მიიღესო. აგათანგელოსის „გრიგოლ პართელის ცხოვრება“ კი გადმოგვცემს რომ იბერიაში, ალბანეთსა და ლაზებში ქრისტიანული ეკლესიები არმენიის ეკლესიის დამაარსებელმა გრიგოლმა შექმნაო. კონკრეტულად დას. საქართველოში ამ საქმისთვის გრიგოლმა კაპადოკიელი მღვდელი სოფრონიუსი მოიყვანა და ეპისკოპოსად დანიშნაო.
ლაზიკას დედაქალაქ ციხე-გოჯში არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩნდა IV საუკუნის დიდი ზომის ერთნავიანი ბაზილიკა (დღეისთვის მხოლოდ აფსიდია შემორჩენილი). მოგვიანებით უფრო დიდი ბაზილიკა აუგიათ, მაგრამ მისი დანგრევის შემდეგ ვეღარ აღუდგენიათ და VI საუკუნის დამდეგს უფრო მცირე ზომის ბაზილიკა აუშენებიათ. სავარაუდოდ ეს უნდა ყოფილიყო ლაზიკის მთავარეპისკოპოსის საჯდომი. ეს უკანასკნელი რამდენჯერმე გადააკეთეს და ბოლოს გუმბათოვან ეკლესიად აქციეს, რომელმაც დღემდე მოაღწია და 303 წელს წამებული 40 სებასტიელის სახელს ატარებს.
ლაზიკაში რომ IV საუკუნეში ქრისტიანობა გაბატონებული არ ყოფილიყო დედაქალაქში ქრისტიანულ ეკლესიას ვერავინ ააგებდა.
ლაზიკის ეკლესია ფასისის სამიტროპოლიტოში იყო გაერთიანებული, რომელიც დაახლ. V–VIII საუკუნეებში არსებობდა და მას 4 საეპისკოპოსო ექვემდებარებოდა: პეტრა-ციხისძირის, ზიგანევ-გუდავასი, ცაიშისა და როდოპოლის-ვარდციხისა.
ქრისტიანობას ფეხი მოკიდებული ჰქონია აფშილეთსა და აბაზგიაშიც. წებელდის IV–V საუკუნეების სამარხებში მრავლად აღმოჩნდა კერამიკული ჭურჭელი და მინის სასმისები ჯვრის გამოსახულებით. საერთოდ ამ პერიოდის წებელდის სამარხთა დაკრძალვის წესი სუფთა ქრისტიანულია.
პროკოპი კესარიელი, რომელიც კარგად იცნობდა დას. საქართველოს მოსახლეობას, პირდაპირ ამბობს, რომ აფსილები და ლაზები ძველთაგანვე ქრისტიანები არიანო.
აფხაზეთის ტერიტორიაზე მძლავრი ქრისტიანული კერის არსებობას ადასტურებს 325 წელს პიტიუნტის ეპისკოპოს სტრატოფილეს ნიკეას მსოფლიო საეკლესიო კრებაზე ყოფნა. აღნიშნულ კრებაზე ყველა ეპისკოპოსი არ იყო მიწვეული და მხოლოდ მრავალრიცხოვანი მრევლის მქონე ეპისკოპოსები გამოიძახა რომის ავგუსტმა კონსტანტინემ.
პიტიუნტის ნაქალაქარის გარეთ, ასევე გალავნით შემოზღუდულ ტერიტორიაზე, აღმოჩენილია ქრისტიანული ტაძრის – სამნავიანი ბაზილიკის ნანგრევები, რომელსაც შვერილი ხუთწახნაგოვანი აფსიდი ჰქონია. შუა ფართო ნავი გვერდის ნავებისაგან ხუთი წყვილი ბურჯით იყო გამოყოფილი. დასავლეთის მხრიდან ტაძარს ნართექსი ეკვროდა, რომელიც ნავებს 3 შესასვლელით უკავშირდებოდა. ტაძარი V საუკუნეს მიეკუთვნება. იგი აუგიათ, როგორც ჩანს, უფრო ძველი, IV საუკუნის ბაზილიკის ნანგრევებზე, რომელიც რამდენადმე უფრო დიდი ზომისაც ყოფილა და უფრო მდიდრულად მორთულიც. ამას მოწმობს მარმარილოს არქიტექტურული ფრაგმენტები და მოზაიკით შემკული იატაკი. ტაძრის მოზაიკური წარწერით ქტიტორად იხსენიება ქართველი წარჩინებული ვინმე „ორელი“. VII საუკუნემდე პიტიუნტის საეპისკოპოსო პოლემონის პონტოს ეპარქიაში შედიოდა ტრაპიზონის, ნეოკესარიის, კერასუნტის, პოლემონიისა და კომანის საეპისკოპოსოებთან ერთად. VII საუკუნეში აბაზგიის ავტოკეფალური ეკლესია არსდება.

Комментариев нет:

Отправить комментарий