воскресенье, 20 марта 2022 г.

ვახტან გორგასალი და მისი დრო (უ. მურღულია)

1. საგდუხტის რეგენტობის ხანა (დაახლ. 449–457)
არმენიაზე არანაკლებ მძიმე დღეში იყო იბერიაც. ჯუანშერი მოგვითხრობს: „მაშინ საგდუხტ დედოფალმა, შეწუხებულმა მამისა მისისა ბარზაბოდისგან, ამბობდა: „ვაი თუ შური იძიოს მამამან ჩემმან მამამთილისა და ქმრისა ჩემისა, რომელთა გამო ეგეოდენი ბოროტებანი მოეწია მის ზედა, და ვაი თუ შური იძიოს ჩემ ზედა დატოვებისათვის სჯულისა, და წარწყმიდოს შვილი ჩემი, გარყვნას ქართლი და სჯული ქრისტესი წარწყმიდოს“ – ეს ყოველი მოიგონა და ჩავარდა მწუხარებასა შინა დიდსა. ევედრებოდა ღმერთსა და განიზრახა წასლვა წინაშე მამისა მისისა და შევრდომა მისი. მოიყვანა ყოველი ერისთავნი სპასპეტისა თანა, და ცრემლითა სიმწარისათა შეავედრა ძე მისი სპასპეტსა და ყოველთა ერისთავთა.
და წავიდა მამისა თვისისა თანა. მოიხადა მანდილი, მოიყარა მუხლნი, ამოყარა ძუძუნი მისი, დავარდა პირსა ზედა და დადვა პირი თვისი ფეხთა მისთა ზედა, ასველებდა ფეხთა მამისა თვისისათა ცრემლითა და ითხოვდა მისგან შეწყალებასა და არა შეხსენებასა ნაქმართა მამამთილისა და ქმრისა მისისათა, და შენდობასა დატოვებისათვის სჯულისა. და ევედრებოდა, რათა არ აიძულოს დატოვება ქრისტეს სჯულისა, რამეთუ იგი არის ღმერთი ჭეშმარიტი. ევედრებოდა, რათა იპყრას შვილი მისი მამულსა შინა მისსა, და შუამავალ ექმნეს იგი სპარსთა მეფესა წინაშე.
მაშინ ბარზაბოდმა, გამზადებულმა ბოროტის ყოფად ქართველთათვის, შეიწყალა ასული თვისი: არ აიძულა დატოვება სჯულისა, და აღასრულა ყოველი თხოვნა მისი, ხოლო სჯულისათვის ასე თქვა: „იძულებით არავის ქართველსა დავაგდებინებ სჯულსა ქრისტესსა, თუმცა მივგზავნნე ცეცხლის მსახურნი ქალაქსა თქვენსა და იყვნენ იქა მაგები მათ ზედა სჯულისა ჩვენისანი. და ვინცა ქართველი ნებითა თვისითა აირჩევს სჯულსა ჩვენსა, ნუ შეავიწროვებთ“. საგდუხტს ჰქონდა შიში დიდი მამამისის მიმართ და ამის გამო დათანხმდა ამაზე და წამოვიდა ქართლად.
მაშინ ბარზაბოდმა წარმოგზავნა ცეცხლის მსახურნი მცხეთას და მათ ზედა მაგად (მობიდანად) ბინქარან, და დასხდნენ მოგვთა უბანს. და საგდუხტ დედოფალი განაგებდა მეფობასა ძალითა და შეწევნითა მამისა თვისისათა. და მოკვდა ბარზაბოდ, მამა საგდუხტისი, და მის წილ დაადგინა სპარსთა მეფემან ძე-ვე მისი ვარაზ-ბაკურ, ძმა საგდუხტ დედოფლისა. 
და მოკვდა საურმაგ სპასპეტი, მამა-მძუძე ვახტანგისი. მაშინ მეფემან დაადგინა სხვა სპასპეტი, რომელსაც ერქვა ჯუანშერ. ხოლო ბინქარან, მაგი ცეცხლის მსახურთა, ასწავლიდა ქართველთა სჯულსა თვისსა, თუმცა არავინ ემხრობოდა წარჩინებულთაგანი, მხოლოდ წვრილი ერისგან (გლეხობა) მიიქცა მრავალი ცეცხლის მსახურებასა.
და შეერია ქართლს წვრილსა ერსა ცეცხლის მსახურება, ამისთვის მწუხარე იყო საგდუხტ დედოფალი, თუმცა მძლავრებისგან სპარსთასა ვერას იკადრებდა. მაშინ მოიყვანა მღვდელი ჭეშმარიტი საბერძნეთიდან, სახელით მიქაელ, და დაადგინა იგი მთავარეპისკოპოსად ზემოსა ეკლესიასა. რადგან მობიდან სპარსი გარდაცვალებულ იყო და ეს მიქაელ ეპისკოპოსი წინააღუდგა ბინქარან მაცთურსა, რამეთუ ასწავლიდა ყოველთა ქართველთა სჯულსა ჭეშმარიტსა. ამან იპყრნა სარწმუნოებასა ზედა ყოველნი წარჩინებულნი ქართლისანი და ერი-ცა უმრავლესი, მაგრამ მცირედნი ვინ-მე წვრილისა ერისაგანნი მიიქცნენ ცეცხლის მსახურებასა“.
ამას მალე ახალი უბედურება დაემატა. პრისკე პანიონელი (V ს. II ნახ.) მოგვითხრობს: „451 წელს იმიერკავკასიიდან ჰუნების ერთი ტომი, სარაგურები, სპარსეთის წინააღმდეგ ამხედრდა. წამოვიდნენ და კასპიის კარს (დარუბანდი) მოადგნენ. მაგრამ ეს ადგილი მათ გამაგრებული დახვდათ: სპარსელებს აქ თავისი მცველები ეყენათ. დაბრუნდნენ უკან და სხვა გზით, (იორის ხეობაზე) იბერიაში შევიდნენ, დაიწყეს ქვეყნის გაპარტახება და აქედან თავდასხმებით არმენიელთა დასახლებების შეწუხება. იბერია დაარბიეს და აიკლეს. ეს რომ სპარსელებმა შეიტყვეს, შეწუხდნენ იმიტომ, რომ უამათოდაც ჰუნებს-კიდარელებს ეომებოდნენ და ეხლა ესენიც რომ სპარსეთსა სწვეოდნენ, საქმე ძალიან გაუჭირდებოდათ. ამიტომ, ბიზანტიელებს კაცები მიუგზავნეს და სთხოვეს: მაინც ხომ ჰუნები თქვენი სამფლობელოსათვისაც საშიშარი არიან და ქვეყანას თქვენც დაგიწიოკებენ, ისევ ან ფულით ან ჯარით დაგვეხმარეთ, რომ იორის ხეობა გავამაგროთ და ჰუნები შევაკავოთო. ამაზე ბიზანტიელებმა უპასუხეს: თითოეულმა სახელმწიფომ თავისი სამფლობელო თითონვე უნდა დაიცვასო“.
ჯუანშერი მოგვითხრობს: „როდესაც იქმნა ვახტანგ წლისა ათისა (ე.ი. 451/52 წ.), გადმოვიდნენ ოვსნი სპანი ურიცხვნი და მოარბიეს ქართლი თავიდან მტკვრისა ვიდრე ხუნანამდე, და მოაოხრეს ველნი, თუმცა ციხე-ქალაქნი გადაურჩათ, გარდა კასპისა. ხოლო კასპი ქალაქი შემუსრეს და ტყვე ყვეს, წაიყვანეს და ვახტანგისი მირანდუხტ, სამი წლის ქალი. რომელიც დარჩათ წარუტყვენველად ხევნი ქართლისანი, კახეთი, ჩავლეს ჰერეთსა და მოვაკანსა, მოარბიეს იგი-ცა და განვლეს კარი დარუბანდისა, რამეთუ თვით გზა მისცეს დარუბანდელთა, და შევიდნენ ოვსეთს გამარჯვებულნი.
მაშინ ვახტანგ იზრდებოდა და ისწავლიდა მიქაელ ეპისკოპოსისაგან ყოველსა მცნებასა უფლისასა, და სიყრმისა-ვე დღეთა შეიყვარა სჯული ქრისტესი მეტად ყოველთა მეფეთა ქართლისათა. და მწუხარე იყო იგი ამისთვის, რამეთუ შემორეოდა ქართლს ცეცხლის მსახურება ტყვეობისა და საზღვართა წართმევისაგან. და უმეტეს სწუხდა სჯულისათვის გონებასა შინა, თუმცა მძლავრებისაგან სპარსთასა ვერ იკადრებდა გამოცხადებად“.
ალან-ოვსები ხშირად იბრძოდნენ ჰუნებთან, გერმანელებთან და სხვა ხალხებთან ერთად. ქართული წყაროები ჰუნებს არ იცნობენ და მათ აღსანიშნავად სხვადასხვა ხალხის სახელს (ინდოელებს, სინდებს აბაშებს...) იყენებენ. ასე რომ დიდი ალბათობით ოვსთა და სარაგურ-ჰუნთა ლაშქრობა ერთი და იგივეა, უბრალოდ პრისკემ ოვსები გამოტოვა, ხოლო ჯუანშერმა სარაგურები. ასეა თუ ისე იბერიის ყმაწვილ მეფეს სამართავად აწიოკებული ქვეყანა ერგო.
2. ქალკედონის IV მსოფლიო საეკლესიო კრება (451 წელი)
მსოფლიო ქრისტიანული ეკლესია ძლიერ შეაშფოთა ახალი მწვალებლობის – მიაფიზიტობის (მონოფიზიტობის) გამოჩენამ, რომელიც სწრაფად გავრცელდა V ს-ის პირველი ნახევრიდან და რომლის იდეოლოგი იყო ფრიგიის ქალაქ დორილეის მონასტრის არქიმანდრიტი ევტიქი.
ევტიქი ნესტორის გააფთრებულ მოწინააღმდეგედ ითვლებოდა, მაგრამ თავად ჩავარდა საპირისპირო უკიდურესობაში და დაიწყო მტკიცება, რომ უფალ იესო ქრისტეში კაცობრივი ბუნება სრულად შთანთქა ღვთაებრივმა, ამიტომაც მაცხოვარში მხოლოდ ეს ერთი – ღვთაებრივი ბუნება უნდა იქნეს აღიარებული.
ზოგიერთმა ეპისკოპოსმა კონსტანტინოპოლის პატრიარქის, პროკლეს მემკვიდრე ფლაბიანეს, წინაშე მოითხოვა, რომ ევტიქის ერეტიკული შეხედულებანი განეხილა ადგილობრივ კრებას, რომელიც ზუსტად მაშინ, 448 წლის ნოემბერში, მიმდინარეობდა კონსტანტინოპოლში. მშვიდობისმოყვარე ფლაბიანეს არ უნდოდა დავის დაწყება; ეშინოდა, არ დაერღვია ახლახანს დამკვიდრებული სიმშვიდე და ცდილობდა, პირადად შეეგონებინა ევტიქისთვის მის შეხედულებათა მცდარობა, მაგრამ ამაოდ.
კრება იძულებული გახდა, ამ ბრალდების საფუძველზე საპასუხოდ ეხმო ევტიქი, რომელმაც რამდენჯერმე უარი განაცხადა მისვლაზე. პირველად კრებას ეწვია აბრაამ არქიმანდრიტი, რომელიც შეეცადა ევტიქის იდეების დაცვას. ხოლო მესამედ მოხმობის შემდეგ, იგი შეიარაღებულ მცველებთან ერთად გამოცხადდა და თანაც მანამდე იზრუნა ავგუსტთან დაახლოებული პირების მფარველობის მოეპოვებაზე.
კრებაზე ეპისკოპოსების შეკითხვებს იგი ორაზროვნად პასუხობდა და ფლაბიანეს არად აგდებდა. ევტიქი ერესში ამხილეს და კრების განჩინებით საეკლესიო ხარისხი ჩამოართვეს. მაგრამ ის ამ გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა და მისი ხელახალი განხილვა მოითხოვა; დააგზავნა წერილები ეპისკოპოსებთან, მათ შორის რომის პაპ ლეონ დიდთანაც, და ფლაბიანე ნესტორიანელობისკენ მიდრეკაში დაადანაშაულა. პაპმა ფლაბიანესგან შეიტყო საქმის ნამდვილი ვითარება, ამხილა ევტიქის ნააზრევი და წერილობით ჩამოაყალიბა ეკლესიის სწავლება ქრისტეში ორი ბუნების: ღვთაებრივისა და კაცობრივის შეერთების შესახებ.
მაგრამ ევტიქის ძლიერი მფარველები ჰყავდა – დედოფალი ევდოკია და ავგუსტ თეოდოს II-ის უახლოესი საჭურისი ქრისათე, რომელიც დიდი ძალაუფლებით სარგებლობდა. მას სძულდა ფლაბიანე, რადგან როცა ფული სთხოვა, მისგან უარი მიიღო ასეთი პასუხით – „ეკლესიის სახსრები მხოლოდ ეკლესიის საჭიროებას ან ღარიბებს უნდა მოხმარდესო“. გარდა ამისა, ევტიქიმ ერთგულ მოკავშირეს მიაგნო დიოსკორე ალექსანდრიელის (ამაყი და ძალაუფლების მოყვარე ადამიანი, რომელსაც არ სიამოვნებდა კონსტანტინოპოლის კათედრის პირველობა) სახით, რომელმაც ხელიდან არ გაუშვა შემთხვევა, წინ აღდგომოდა კონსტანტინოპოლის პატრიარქს.
ამ უღირსმა თანამზრახველებმა ფლაბიანეს ერესში დასდეს ბრალი და ავგუსტი დაარწმუნეს, ეფესოში მოეწვია საეკლესიო კრება.
იგი შედგა 449 წელს დიოსკორეს თავმჯდომარეობით. ფლაბიანეს ხვედრი თავიდანვე იყო გადაწყვეტილი. დიოსკორეს განკარგულებაში იყო შეიარაღებული მეომრების რაზმები, მანვე მოიყვანა ათასამდე თავისი ერთგული მონაზონი; ხალხში ხმა დაყარა, თითქოს ფლაბიანე და მისი მომხრეები უფალ იესო ქრისტეს ერთ პიროვნებას ორად ხლეჩენ. მანვე გაამართლა კრებაზე ევტიქის სწავლება. როდესაც რამდენიმე ეპისკოპოსმა გამოთქვა სურვილი პაპის წერილის წაკითხვისა, დიოსკორემ ეს არ დაუშვა და გამოაცხადა ფლაბიანეს, თეოდორიტე კვირელისა და დომნა ანტიოქიელის, როგორც ერეტიკოსების, დამხობა. ეპისკოპოსები მუქარით აიძულა, დათანხმებოდნენ მის გადაწყვეტილებას; ზოგიერთს იძულებით მოაწერინეს ხელი სუფთა ფურცელზე.
დიოსკორეს ყოველ სიტყვას მისი მომხრეები შეძახილებით ხვდებოდნენ და აქტებში შეჰქონდათ, როგორც კრების განჩინება. საწინააღმდეგო აზრებს არავინ უსმენდა, მათ ხმაურითა და ყვირილით ახშობდნენ. როგორც კი ფლაბიანემ ხმა აღიმაღლა უკანონო ქმედებათა წინააღმდეგ, დიოსკორემ მეომრებს უხმო. ისინიც იარაღით შეიჭრნენ და მონაზვნებთან ერთად პატრიარქს ეცნენ, თან გაჰყვიროდნენ, რომ უნდა დაეწვათ ან შუაზე გაეჭრათ ერეტიკოსები, რომლებიც ქრისტეს ორად განყოფას ქადაგებდნენ. პატრიარქ ფლაბიანეს მრავალი მძიმე ჭრილობა მიაყენეს, რისგანაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მისი ხსენების დღეა 16 თებერვალი.
დიოსკორემ ეკლესიიდან პაპის განკვეთაც გამოაცხადა. ასეთი აურზაურით დასრულდა ეს უკანონო კრება, რომელსაც უწოდებენ „ავაზაკთა კრებას ეფესოში“.
ავგუსტმა, რომელიც შეცდომაში შეიყვანეს, დაადასტურა უკანონო კრების განჩინებები. კრებიდან რომში დაბრუნებულმა რწმუნებულებმა შეატყობინეს პაპს დიოსკორეს უკანონო ქმედებათა შესახებ. პაპი ლეონ I და ბევრი ეპისკოპოსი მოუწოდებდა თეოდოსის, მოეწვია ახალი მსოფლიო კრება, მაგრამ მას ეს არ დასცალდა. ავგუსტი მოულოდნელად გარდაიცვალა და უკვე მისმა დამ, პულხერიამ, და სიძემ – ახალმა ავგუსტმა მარკიანემ 451 წლის 8 ოქტომბერს ქ. ქალკედონში (დღევ. სტამბოლის აზიური ნაწილის რაიონი კადიკოი) მოიწვიეს IV მსოფლიო კრება (დასრულდა 1 ნოემბერს).
კრების სხდომა მიმდინარეობდა წმინდა მოწამე ეფემიას ტაძარში. მონაწილეობდა 630 ეპისკოპოსი, პაპის წარმომადგენლები, ავგუსტი და დედოფალი. თავმჯდომარეობდა ფლაბიანეს მემკვიდრე, პატრიარქი ანატოლი. კრებამ დაგმო ევტიქის ერესი, ის და დიოსკორე დაამხეს და განდევნეს. კიდევ ერთხელ დაგმეს ნესტორის ერესიც. შემდეგ წაიკითხეს პაპი ლეონის წერილი და ჩამოაყალიბეს დოგმატი, რომლის თანახმად, იესო ქრისტე არის სრულყოფილი ღმერთი და სრულყოფილი კაცი, ყველაფრით ჩვენი მსგავსი, ცოდვის გარდა. იესო ქრისტეს ერთ ჰიპოსტასში ორი ბუნება (ღვთაებრივი და კაცობრივი) შეერთებულია შეურწყმელად, შეუცვლელად, განუყოფლად, განუყრელად.
ქალკედონის კრებამ დაადასტურა ადრინდელი სამი მსოფლიო და შვიდი ადგილობრივი კრებების განჩინებები და მრავალი კერძო და საორგანიზაციო საკითხი გადაჭრა, რაც ამ კრების აქტებშია აღწერილი. ამ საკითხებს შორის უმნიშვნელოვანესი იყო 27 საეკლესიო დისციპლინარული კანონი. კრების მე-15 სხდომა სპეციალურად საეკლესიო კანონმდებლობას მიეძღვნა. ანტიოქიის კრების ეს 27 კანონი შეტანილია იოანე სქოლასტიკოსის მიერ VI ს-ში შედგენილ 50-ტიტლოვან ნომოკანონში. 14-ტიტლოვანი კრებულის I რედაქციაში კრების აქტებიდან 28-ე კანონი დაემატა, რომელიც აღრმავებს II მსოფლიო კრების მესამე კანონს კონსტანტინოპოლის საეკლესიო კათედრის რომის ეკლესიასთან გათანაბრებული უფლებების შესახებ. 14-ტიტლოვანი ნომოკანონის საბოლოო რედაქციაში კი ამ კრების კანონებს კიდევ ორი ამონაწერი დაუმატა (ნუმერაციის გარეშე) კრების მეოთხე სხდომის აქტებიდან. ზოგ ნუსხებში (მათ შორის „დიდ სჯულისკანონში“) ეს ორი დანამატი 29-ე და 30-ე კანონებად არის დანომრილი.
სამწუხაროდ, ვერც ქალკედონის მსოფლიო კრებამ შეძლო უთანხმოებების მოგვარება. ევტიქის მიმდევრებმა – მიაფიზიტებმა (ბერძ. mia – ერთი, physis – ბუნება) ყველგან გაავრცელეს ცილისწამება, თითქოს ქალკედონის კრებას მიეღოს ნესტორის სწავლება, რითაც კვლავ აურზაური და განხეთქილება ჩამოაგდეს. დიოსკორეს მრავალრიცხოვანი მომხრეები მტრულად შეხვდნენ ალექსანდრიის ახალ პატრიარქს, პროტერიოსს, და ცოტა ხანში მოკლეს კიდეც. პალესტინასა და სირიაში ამბოხებულმა ევტიქიანელებმა ბევრი მომხრე შეიძინეს. უდაბნოს სავანეებში მღელვარება არ ცხრებოდა; დაპირისპირება ზოგჯერ სისხლისღვრითაც მთავრდებოდა. იერუსალიმში მცხოვრები თეოდოსის ქვრივი, დედოფალი ევდოკია, ევტიქის ერესს მფარველობდა. ერეტიკოსებმა განდევნეს იერუსალიმის პატრიარქი იუბენალი და მის მაგიერ დაადგინეს მონაზონი თეოდოსი, რომელიც სდევნიდა დიოფიზიტებს და მონოფიზიტობის დამკვიდრებას ცდილობდა. შედეგად აღმოსავლეთის ეკლესიები სირიაში, პალესტინაში და არმენიაში მიაფიზიტური გახდა.
3. ვახტანგ გორგასალის მეფობა
ჯუანშერი მოგვითხრობს: „გახდა რა ვახტანგი წლისა თხუთმეტისა (დაახლ. 457 წ.), მოუწოდა ყოველთა წარჩინებულთა ქართლისათა და შემოკრიბა ყოველი ქალაქად. გაამზადა მეფემან სახლი ერთი და დაჯდა საყდართა ზედა მაღალთა, ხოლო ჯუანშერ სპასპეტი და ორივე ეპისკოპოსი დასხდნენ საყდართა-ვე, და სხვანი ყოველი ერისთავნი დასხდნენ სელის სკამებზე, ათასისთავნი და ასისთავნი და ყოველი ერი დადგნენ ფეხზე.
მაშინ მეფემან, თითქოს მოხუცებულმან და ბრძენმან და ვითომ აღზრდილმან ფილოსოფოსთა თანა, იწყო საუბარი ხმითა მაღლითა და განაცხადა: „მეფეთა და ერთა ზედა მოიწევს განსაცდელი და ჭირი ღმერთისა მიერ ცოდვათა მათთაგან: როდესაც მორწმუნეთა აკლონ მსახურება ღმერთისა და გარდახდნენ მცნებასა, მოაწევს ჭირთა ასეთი, რომელიც აწ ესე მოიწია ჩვენზედა. როგორც მამა კეთილი წვრთნის შვილსა კეთილად კეთილთა ზედა საქმეთა, და უკეთუ არა კეთილად აღასრულებდეს სწავლასა მამისა თვისისასა, გვემს მამა იგი გვემითა და სწავლითა, რათა ისწავლოს ყოველი კეთილი და იქმნას სახმარ კეთილისა. ეგრეთ-ვე გვწვრთნა ჩვენ ღმერთმან, დამბადებელმან ცისა და ქვეყანისამან. ამისთვის გვიხმობს ჩვენ, რათა ვმადლობდეთ მოწყალებათა მისთა“. მაშინ ყოველთა მისცეს მადლი ღმერთსა.
კვლავ იწყო საუბარი მეფემან ვახტანგ და უთხრა ყოველთა წარჩინებულთა: „ისმინეთ ხმისა ჩემისა; მართალია ყრმა ვარ და არა გინახავს ჩემგან კეთილი მამათა კვლა ჩემთაგან გინახვან დიდნი კეთილნი და დიდებანი თქვენ, რომელნიც დადგინებულ ხართ მთავრობასა ზედა. აწ უკეთუ გვაცოცხლებს ღმერთი, მოგხვდენ კეთილნი და დიდებანი, რომელნიც არა გეხილნენ მამათა ჩემთაგან. აწ რომელსაც გეტყვი თქვენ, მართალია ჩემ ზედა და თქვენ ზედა სწორად მოწევნულ არის განსაცდელი ესე, მაგრამ ისე გაიგეთ, თითქოს არა მოწევნულ არის თქვენ ზედა, არამედ ჩემ ზედა მხოლოდ. და არა იყოს გულსა ჩემსა სიტყვა, თუ რომელ მოიწივნეს მათ ზედა განსაცდელნი, თვისისა შურისგებისათვის ჰყოფენ ამას. არამედ ყოველნი ჩემდა სამსახურებელად დავითვალო, ყოვლისათვის კეთილი მოგაგო. და არა მოვითმინო რბევა ოვსთა, არამედ სასოებითა და მინდობითა ღმრთისათა, სამებისა ერთარსებისა დაუსაბამოსათა, და წარმძღვანებითა ჯვრისა მის პატიოსნისათა, რომელიც მოცემულ არის წინამძღვრად და საჭურველად გულითა მოსავთა მისთა, და ვიძიოთ შური ოვსთა ზედა უკეთუ-მცა წარგვკიდებოდა ესე სპარსთა მეფეთაგან, ან ბერძენთა მეფისაგან, მო-მცა-ვითმინეთ. რაც მოწევნულ არის ჩვენ ზედა ოვსთა რბევისგან, არ ღირს მოთმენა: სიკვდილი სჯობს თავთა ჩვენთათვის“.
მაშინ ადგა ჯუანშერ სპასპეტი და თქვა: „ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე დიდებით და მტერთა შენთა ზედა ნება-აღსრულებით. ჭეშმარიტი ბრძანე, ცოდვათა ჩვენთა მიერ მოიწია განსაცდელი ესე ჩვენ ზედა, და სამართლად დაგვსაჯა ღმერთმა: რამეთუ განვამრავლეთ ცოდვა წინაშე მისსა. და გვიღირს მადლობა ღმრთისა მიმართ: რამეთუ დიდსა პატიჟსა ღირს ვიყვენით და არა ეზომსა, რომელიც მოიწია ჩვენ ზედა; არამედ მრავალ-მოწყალემან არა შეცოდებათა ჩვენთა ოდენი პატიჟი მოგვაგო, და ამით კნინითა პატიჟითა გვწვრთნა. და ჩვენ, მკვიდრთა ქართლისათა, ამისთვის დიდი მადლობა გვიღირს ღმრთისა მიმართ. რამეთუ შენ, უმჯობესი ყოველთა მეფეთა ქართლისათა და მამათა შენთა უფროსი, ყოვლითავე სრული, გამოგაჩინა წინამძღვრად ჩვენდა და მოცემულ ხარ ღმრთისა მიერ განმაქარვებელად ჭირთა ჩვენთა, ძველთა და ახალთა. და უკეთუ ცოდვანი ჩვენნი არა დასძლევენ, შენ მიერ მოველით განქარვებასა ყოველთა ჭირთა ჩვენთასა და უმეტეს წარმატებასა საზღვართა ჩვენთასა ყოვლისა ჟამისასა, რამეთუ არავინ ყოფილ არის მამათა ჩვენთაგანი მსგავს შენდა. ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე, რათგან მოწევნულ არის ოვსთაგან ხუთსა ამას წელსა შინა, ყოფილ-ვართ ჩვენ მწუხარებასა შინა დიდსა, ამისთვის რამეთუ ყრმა იყავ, და არა ძალ-გედვა მხედრობა და წყობათა წინა-მძღვრობა, და არ-ცა შინა მეფობისა განგება. აწ, მეფეო, მართალია სრული ხარ სიბრძნითა და ძალითა, სიმხნითა და ასაკითა, მაგრამ გაკლია სისრულე დღეთა მხედრობისათვის. ხოლო ვხედავ სიბრძნესა შენსა: მართალია ყრმა ხარ, მაგრამ ძალ-გიც განგება მეფობისა, ხოლო მხედრობისა და წყობათა წინა-განწყობისა შენისა არ არის ჟამი. ეს არის განზრახვა ჩემი, რათა სიბრძნითა შენითა და კითხვითა დედისა შენისათა გამოარჩიე ერთი ვინ ჩვენგანი წინამძღვრად სპისა ჩვენისა, და მიგვცენ ჩვენ ყოველნი მას, და ვიყვეთ მორჩილ როგორცა მამისა შენისა, და ძალითა სამებისა, ღმერთისა ერთარსებისათა, წავიდეთ და ვიძიოთ შური. ხოლო შენ იყავ შინა და განაგებდე მეფობასა. უკეთუ ცოდვათა ჩვენთაგან დავმარცხდეთ ოვსთაგან, მეფობა შენი უვნებელად დარჩება; ხოლო თუ კვლავ თავითა შენითა ცოდვათა ჩვენთაგან დამარცხდეთ, სრულიად წარწყმდება ქვეყანა ჩვენი, რამეთუ ნაცვალი შენი არ არის ქვეყანასა ზედა“. ეს თქვა ჯუანშერ სპასპეტმან და დაემოწმნენ ყოველი წარჩინებულნი და ერისთავნი ზრახვასა მისსა.
მაშინ თქვა მეფემან: „ვხვდები სრულსა სიბრძნესა და ერთგულობასა შენსა, ეგრე წარმოსთქვი ყოველი, ჯუანშერ, ხოლო მე არა ვარ მორჩილ ზრახვისა მაგის შენისა, რადგან მოწევნულ არის განსაცდელი იგი ჩვენ ზედა, ყოველი დღენი ცხოვრებისა ჩემისანი მწუხარებასა შინა დამიყოფიან, როგორცა მყოფსა ბნელსა შინა. და სიბრალული დისა ჩემისა განლევს გულსა ჩემსა როგორცა მახვილი ცეცხლისა, და სიკვდილი მირჩევნია თავისა ჩემისა, ვიდრე-ღა სიცოცხლესა. მინდობითა ღმრთისათა და წინამძღვრობითა ჯვარისა მის პატიოსნისათა თავითა ჩემითა წავალ, და ვიმედოვნებ მრავალ-მოწყალებათა მისთა, – არა გამწიროს და მომცეს ძლევა“.
მაშინ რადგან ვერ-ღა-რა დაუშლიდნენ, დაეემოწმნენ ყოველნი იგი წარჩინებულნი და თქვეს: „ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე! იქმნეს განზრახვა შენი, ღმერთმან დამბადებელმან მოავლინენ ანგელოზი მისი ძალად შენდა, და დასცენ ყოველნი მტერნი შენნი, დაამტკიცენ მეფობა შენი“.
დაამტკიცეს ლაშქრობა ოვსეთისა, და განიყარნენ ყოველნი სახლად თვისად შეკაზმად. ხოლო ვახტანგ მეფემან წარავლინა მოციქული გარდმან-მოვაკანის პიტიახშის, დედის ძმის ვარაზ-ბაკურის წინაშე: აუწყა ლაშქრობა ოვსეთისა და ითხოვა მისგან შეწევნა. ხოლო მან სიხარულით აღუთქვა, რამეთუ ქვეყანა მისი-ცა ტყვე-ქმნილ იყო ოვსთაგან. ხოლო ვახტანგმა მოუწოდა ყოველთა სპათა ქართლისათა; და შემოიკრიბნენ ყოველნი და დაიბანაკეს მუხნარს და ხერკს1, ამიერ და იმიერ არაგვსა: გამოგზავნა ვარაზ-ბაკურმა სპანი თვისნი თორმეტი ათასი მხედარი. და ვახტანგ მეფე გავიდა ქალაქ მცხეთიდან და განასრულნა სპანი თვისნი და განასხნა: მოეწონა სიმრავლითა, ცხენ-კეთილობითა და მოკაზმულობითა, და იხილა ყოველი იგი მხიარულად და აზარვით, რამეთუ სავსენი იყვნენ შურითა ოვსთათა. აივსო სიხარულითა და მადლობდა ღმერთსა. შემოვიდა ქალაქად, და აღასრულა შვიდეული ერთი ლოცვითა, და მარხვითა, და ღამის-თევითა; და გაუყო ხვასტაგი (სიმდიდრე, ქონება) დიდძალი გლახაკთა. და დაუტოვა განმგებელად სამეფოსა თვისისა დედა მისი საგდუხტ და და მისი ხვარამზე, და დაწერა ანდერძი ასე: „თუ აღარ შემოვიქცე ცოცხალი, ჩემი და ხვარამზე შეირთოს მირიანმა, რომელიც მეკუთვნის მამის ბიძაშვილის წულად, ნათესავისაგან რევისა, მირიანის ძისა, რომელიც სიძე იყო თრდატ სომეხთა მეფისა, მან შეირთოს და ჩემი, და მან იპყრას მეფობა“. და ესე დაწერილი დედასა მისსა მისცა, და სხვას არავის აუწყა. და იგი მირიან, მამის ბიძაშვილის წული მისი, დაუტოვა მცხეთას.
წავიდა ვახტანგ და დადგა თიანეთს, სადაც შეუერთდნენ ყოველი მეფენი კავკასიანნი. და წარემართა სახელსა ზედა ღმერთისასა, განვლო კარი დარიალისა. შესლვასა მისსა ოვსეთად და იყო ვახტანგ წლისა თექვსმეტისა.
მაშინ მეფეთა ოვსეთისათა შეკრიბეს სპანი მათნი, მოირთეს ძალი ჰუნთა და მოეგებნენ მდინარესა ზედა, რომელიც გაივლის დარიალსა და ჩაივლის ველსა ოვსეთისასა. და მას-ცა მდინარესა არაგვი ჰქვია, რამეთუ ერთის მთისგან გამოდის თავი ორთა-ვე: ქართლისა არაგვისა და ოვსეთისა არაგვისა.
დაიბანაკეს ორთავე სპათა ამიერ და იმიერ, რამეთუ მდინარისა მის პირსა ორგნით-ვე ქარაფნი2 იყვნენ კლდისანი, ჭალაკნი და ველოვანნი პირთა მდინარისათა. და განეკრძალნენ ერთმანეთისაგან, და დაიცვეს გზანი ქარაფთანი, და დადგნენ ასე შვიდი დღე. ამა შვიდსა დღესა ბრძოლა იყო ბუმბერაზთა მდინარესა მას ზედა. მაშინ ოვსთა თანა იყო კაცი ერთი გოლიათი, სახელით თარხან. გამოვიდა ეს თარხან ჰუნი, და ხმა ყო ხმითა მაღლითა, და თქვა: „გეტყვი თქვენ, ყოველთა სპათა ვახტანგისთა, ვინ-ცა არის თქვენ შორის უძლიერესი, გამოვიდეს ბრძოლად ჩემდა“.
ხოლო ვახტანგ მეფეს თანა იყო კაცი ერთი სპარსელი, რომელსაც ერქვა ფარსმან-ფარუხ: ამისდა ვერ-ვის დაედგეს ბრძოლასა შინა, რამეთუ მრავალი ლომი ხელითა შეეპყრა. ეს გავიდა ბრძოლად თარხანისად. შემოსძახეს ორთავემ და მიეტევნენ ურთიერთს. პირველსავე შეკრებასა უხეთქა ხმალი ფარსმან-ფარუხსა ჩაბალახსა ზედა და გაუპო თავი ვიდრე ბეჭებამდე. მაშინ დაჭმუნდა ვახტანგ და სპანი მისნი, რამეთუ არავინ დარჩა მათ შორის მსგავსი ფარსმან-ფარუხისი. შეძრწუნდნენ ყოველი მისი სპანი და აივსნენ მწუხარებითა.
დაღამდა დღე იგი და ვახტანგ შევიდა კარვად თვისად. დადგა ლოცვად, და ცრემლითა ევედრებოდა ღმერთსა, და ვიდრე გათენებადმდე არ დაჯდა ქვე ლოცვისაგან: ითხოვდა ღმერთისაგან შეწევნასა. და მინდობითა ღმრთისათა ეგულებოდა თვით-ბრძოლა თარხანისი, რამეთუ უშიშ იყო თითქოს უხორცო, და იმედი ჰქონდა ღმრთისაგან და ძალისა თვისისაგან.
როდესაც გათენდა, კვლავ ჩამოვიდა თარხან კიდესა მდინარისა, აყვედრებდა კვლავ, და ითხოვდა მუქარასა, და არავინ იპოვა სპათა შორის ვახტანგისთა მებრძოლი მისი.
მაშინ ვახტანგმა უთხრა სპათა თვისთა: „არა მინდობილ ვარ მე ძალისა ჩემისად და სიმხნისა ჩემისად, არამედ მინდობითა ღმერთისა დაუსაბამოსათა, სამებისა ერთარსებისა ყოვლისა დამბადებელისათა გავალ თვით-ბრძოლად თარხანისა. მაშინ გაუკვირდათ წარჩინებულთ, აყენებდნენ ვახტანგს და მრავალ-ღონედ ძრახვიდნენ, რათა-მცა დააყენეს ბრძოლისაგან რამეთუ ყრმა იყო ვახტანგ, და არ იცოდნენ გამოცდილება მისი.
არ დაემორჩილა ვახტანგ და დაამტკიცა ბრძოლა მისი; გადახდა ცხენისაგან და დავარდა ქვეყანასა ზედა, თაყვანი სცა ღმერთსა, ააპყრო ხელნი თვისი და თქვა: „ჰე, უფალო, დამბადებელო ყოვლისაო და შემმატებელო კეთილთაო, აღმამაღლებელო მოსავთა შენთაო! შენ იყავ შემწე ჩემდა, მოავლინე ანგელოზი შენი ძალად ჩემდა, და დაეც უსჯულო იგი, და არცხვინე მგმობართა შენთა, რამეთუ არა ძალისა ჩემისად მინდობილ ვარ, არამედ მოწყალებისა შენისად“. მოიქცა ვახტანგ და შეჯდა ტაიჭსა (დაკოდილი ცხენი) თვისსა, და უთხრა სპათა თვისთა: „ევედრებოდეთ ღმერთსა და ნუ შეძრწუნდებით“. წავიდა ვახტანგ, და დადგნენ სპანი მისნი ზურგით მისსა; შეძრწუნებულნი და სავსენი მწუხარებითა თვის-თვისსა სჯულსა ზედა ევედრებოდნენ ღმერთსა.
მაშინ ვახტანგმა ჩავლო გვერდი და ჩადგა მდინარისა პირსა; ჰქონდა ხელთ ჰოროლი (შუბის ნაირსახეობა). შემოხედა თარხანმა და უთხრა: „მე გოლიათთა და გმირთა გამოცდილთა მებრძოლი ვარ, არა ყმა-წვრილთა, განა შენ ზედა-ცა დავიმდაბლო თავი ჩემი“. შემოსძახეს და მიეტევნენ ურთიერთს, და პირველსავე შეკრებასა სცა ვახტანგმა ჰოროლი სარტყელსა ზედა; ვერ უფარა სიმაგრემან საჭურველისამან, განვლო ზურში და მოკლა.
ხოლო ქართველთა ნუგეშინის-ცემულთა და სავსეთა სიხარულითა შემოსძახეს ხმითა საშინელითა, და შეწირეს მადლობა ღმერთისა მიმართ. ხოლო ვახტანგ მას-ვე ადგილსა გადახდა ცხენისგან, დავარდა მიწასა ზედა, თაყვანი სცა ღმერთსა და თქვა: „კურთხეულ ხარ შენ, უფალო, რომელმაც მოავლინე ანგელოზი შენი და დაეც მტერი ჩემი; შენ ხარ აღმამაღლებელი მოსავთა შენთა; შენ ხარ, რომელმან აღადგინე ქვეყანისაგან გლახაკი და გვამისგან აღამაღლი დავრდომილი“. მოჰკვეთა თავი თარხანს, დაჯდა ცხენზე და წავიდა ლაშქართა თვისთა თანა. და ყოველთა მათ სპათა ხმითა აღწევნულითა შეასხეს ქება ვახტანგს და მადლობდნენ ღმერთსა.
მეორე დღეს სხვა ბუმბერაზი გამოვიდა ოვსთაგან, რომელსაც ერქვა ბაყათარ. იგი იყო გოლიათი; რაც ესწავლა მხედრობა, ვერავინ დადგომოდა ბრძოლასა შინა; მოესრა ყოველი მებრძოლი მისი: იყო სიგრძე მშვილდისა მისისა თორმეტი მტკაველი და ისარი მისი ექვსი მტკაველი. მოდგა ესე ბაყათარ პირსა მდინარისასა და ხმა ყო ხმითა მაღლითა და თქვა: „ვახტანგ მეფეო, ნუ განლაღდები შენ მოკლვისათვის თარხანისა: არა ერთო იგი გოლიათთა და ამისთვის მოიკლა იგი ყმა-წვრილისა მიერ. აწ უკეთუ შენ-ვე გამოხვიდე მებრძოლად ჩემდა, მოგხვდება ჩემგან ბრძოლანი ფიცხელნი, რომელთაგან ვერ-ღა-რა განერიდები. თუ არა ვინ-ცა სპათა შენთაგანი გამოვიდეს, იმისთვის-ცა მზად ვარ“.
მაშინ პასუხი უგო ვახტანგმა ბაყათარს: „არა ძალითა ჩემითა ვსძლიე თარხანს, არამედ ძალითა დამბადებელისა ჩემისათა. და არა მეშინია მე შენი, რამეთუ ძალი ქრისტესი არის ჩემ თანა, და ჯვარი მისი პატიოსანი საჭურველ ჩემდა“. და განაწესა ვახტანგ სპანი და დაადგინა გამზადებულად; და დაჯდა ტაიჭსა შეჭურვილსა ჯავშნითა, და აიღო ფარი მისი ვიგრის ტყავისა, რომელსაც ვერ კვეთდა მახვილი, და ჩავლო გვერდი და მიდგა მახლობლად მდინარისა. ხმა უყო ბაყათარს და უთხრა: „არა გამოვალ მე მდინარესა, რამეთუ მეფე ვარ; არა მივეახლები მე სპასა ოვსეთისასა, რამეთუ წარწყმედითა ჩემითა წარწყმდების სპა ჩემი ყოველი. ხოლო შენ მონა ხარ, და წარწყმედითა შენითა არა ევნების სპათა ოვსეთისათა, ვითარცა ძაღლისა ერთისათა. გამოვედ მდინარესა ჩემ-კერძო“. მაშინ ბაყათარ ოვსმან აღასრულა სიტყვა მისი და უთხრა: „მე მომკლველმან შენმან გამოვივლი მდინარეს და პირისაგან მდინარისა დაიხიე სამი უტევანი (ებრაულად უტევანი უდრის 185 მ)“.
მაშინ ვახტანგმა უკან დაიხია. გამოვლო მდინარე ბაყათარმა და უწყო სროლად ისრითა. მაშინ ვახტანგ სიფიცხლითა თვალთათა, და სიმახვილითა გონებისათა, და სიკისკასითა ტაიჭისა მისისათა ირიდებდა ისარსა: რამეთუ შორს-ვე ხედავდა ისარს მომავალს, უსხლდებოდა და სიმარჯვით მიეახლებოდა. ამიერ და იმიერ სპათაგან იყო ცემა ბუკებისა და დაბდაბთა. იძახდნენ ხმითა აღწევნულითა სპანი ორივე, ქართველნი და ოვსნი, რომლითაც იძროდნენ მთანი და ბორცვნი. და ვერა ჰკრა ისარი, ორისა ისრისაგან მეტი, ბაყათარმა ფარსა ვახტანგისსა, და ვერ ჰკვეთა ყოვლად. და კვლავ ჰკრა სხვა ისარი ცხენსა ვახტანგისსა, და გააგდო შიგა. და ვიდრე დაეცემოდა ცხენი ვახტანგისი, მიუხდა ზედა და უხეთქა ხმალი მხარსა ბაყათარისსა, და ჩაჰკვეთა ვიდრე გულამდე.
მაშინ-ღა დაეცა ცხენი ვახტანგისი, სწრაფად მიჰყო ხელი და შეიპყრა ცხენი ბაყათარისი. და პირველი დავარდა ქვეყანასა ზედა. თაყვანი სცა ვახტანგმა ღმერთსა, და შეწირა მადლობა უმეტეს პირველისა. აღჯდა ცხენსა ბაყათარისსა, მივიდა მახლობელად სპათა თვისთა, და უთხრა ხმითა მაღლითა: „მხნე იყვენით და გაძლიერდით, რამეთუ ღმერთი ჩვენთან არს“. ხოლო სპანი იგი წარემართნენ გამზადებულნი, ცხენ-თორნოსანნი და ჯაჭვ-ჩაბალახოსანნი, წინა კერძო და მათ უკანა ქვეითნი, და ქვეითთა უკანა სიმრავლე მხედართა, და ასე მიმართეს ოვსთა, ხოლო ოვსნი წარმოდგნენ დიდ კლდესა ზედა და დაასხეს ისარი, როგორც წვიმა მძლავრი.
მაშინ ვახტანგ მეფე მოქცეულ იყო სპასა მისსა ზურგით რჩეულითა მხედრითა, უძახებდა და განაძლიერებდა და ნუგეშსცემდა სპათა მისთა. მაშინ წინა ცხენ-თორნოსანთა განვლეს გზა კლდისა, ავიდნენ ვაკესა, და აღუდგნენ უკანა ქვეითნი და შემდგომად სიმრავლე მხედართა. და იქმნა ბრძოლა ძლიერი მათ შორის. ვახტანგი როდესაც მარჯვენა ფლანგზე იბრძოდა, მტრის მარცხენა მხარე ძრწოდა; როდესაც მარცხენა მხარეს იბრძოდა, მარჯვენა მხარე ძრწოდა. და ეგოდენსა სიმრავლესა სპათასა იცნობებოდა ხმა ვახტანგისი, ვითარცა ხმა ლომისა; და თან მიჰყვებოდა მას ორი მხედარი: არტავაზ ძუძუს-მტე, ძე საურმაგ სპასპეტისა, და ბივრიტიან სეფე-წული. და ისინი-ცა იბრძოდნენ მხნედ.
მაშინ იძლივნენ ოვსნი და ივლტოდა ბანაკი მათი. მოისრნენ და ტყვედ იქმნნენ, ხოლო უმრავლესი მეოტი ოვსთა მათგანი ცოცხალი შეიპყრეს გამოსახსნელად ტყვეთასა, რომელნიც შეპყრობილ იყვნენ ოვსთა შემოსევის დროს. როდესაც მოიქანცნენ დევნისაგან, დაიბანაკეს ბანაკსავე თვისსა: სამი დღე განისვენეს და შეწირეს მადლობა ღმერთისა მიმართ. და შემდეგ გაიბნივნენ ტყვენვად ოვსეთისა, შემუსრეს ქალაქნი მათნი, აიღეს ტყვე და ნატყვენავი ურიცხვი.
შემდეგ ვახტანგმა ააშენა დარიალის კარს ზედა გოდოლი მაღალი და დაადგინა მცველად მახლობელი მთიელნი, რითაც უზრუნველყო ჩრდილოეთ საზღვარი.
მეფენი ოვსთანი შელტოლვილ იყვნენ სიმაგრეთა კავკასისათა, გამოგზავნეს მოციქულნი და ითხოვეს ვახტანგისგან ნაცვლად დისა მისისა ტყვენი ოვსეთისა. მისცა ვახტანგმა ტყვენი, გაათავისუფლა და თვისი და წამოიყვანა. 6 წლით ადრე დატყვევებული ქართველებიც ოს ტყვეებში გაცვალა.
ლაშქრობის დასრულების შემდეგ მოვიდა სახლსა მისსა, ქალაქსა სამეუფოსა მცხეთას. გაეგება წინა დედა მისი, და დანი მისნი, და სიმრავლე ქალაქისა მამათა და დედათა მიუფენდნენ სახელთა და სამოსელთა მათთა ფეხთა ქვეშ მისთა. და აყრიდნენ თავსა დრაჰმასა და დრაჰკანსა, და აღწევნულითა ხმითა შეასხმიდნენ ქებასა; რამეთუ არა რომელსა მეფესა ექმნა ასეთი ძლიერი წყობა.
მაშინ ვახტანგ მეფემან შეწირა მადლობა ღმერთისა მიმართ მრავლითა ლოცვითა და ღამისთევითა, და გლახაკთა მიცემითა. და გასცა ნიჭი ერსა თვისსა, და წარჩინებულ ქმნა მხედარნი, მსახურნი მხნედ და გამოცდილნი წყობასა მას შინა ოვსთასა. და გაუგზავნა ძღვენი ნატყვენავისა მისგან დედის ძმას ვარაზ-ბაკურს: მონა ათასი, ცხენი მამალი ათასი, დედალი ცხენი ათასი. და ასევე გაგზავნა წინაშე სპარსთა მეფისა (ჰორმიზდ III, 457–459) მონა ათი ათასი, ცხენი მამალი ათი ათასი, ცხენი დედალი ათი ათასი. ესე ყოველი მიუძღვნა სპარსთა მეფესა ხელითა ბინქარან ეპისკოპოსისათა, და ითხოვა სპარსთა მეფისაგან ასული ცოლად; ხოლო სპარსთა მეფემან მოსცა ასული მისი ცოლად, რომელსაც ერქვა ბალენდუხტ და მოსწერა მის თანა წიგნი, რომელშიც ეწერა: „ჰორმიზდისგან, ყოველთა მეფეთა მეფისა, ვახტანგის მიმართ, ვარან-ხოსრო-თანგისა, ათთა მეფეთა მეფისა ახოვანისა“.
457 წელს გარდაიცვალა როგორც ბიზანტიის ავგუსტი მარკიანე, ისე სპარსეთის შაჰი იეზდიგერდი. ბიზანტიის ტახტი ბარბაროსმა ოფიცერმა ლეონ I-მა (457–474) დაიკავა, რომელსაც 471 წლამდე ძალაუფლების გაყოფა მისსავე გამხელმწიფებელთან, ბიზანტიის მთავარსარდალ არდავურ ასპართან უწევდა.
სპარსეთის ტახტზე დაჯდა ჰორმიზდ III, რომელსაც უფროსი ძმა პეროზი აუჯანყდა. სამოქალაქო ომმა ჰორმიზდის დაღუპვამდე გასტანა, რის შემდეგაც პეროზი ეღირსა ტახტს. ბედის ირონიიდან გამომდინარე პეროზმა გვირგვინის დადგმა ჰუნ-ეფთალიტების დახმარებით მოახერხა და ამის შემდეგ მთელი მეფობის გატარება ჰუნებთან ბრძოლაში მოუწია და ამ საქმეს შეეწირა კიდეც.
ამასობაში ურჩობას განაგრძობდა ალბანეთის მეფე ვაჩე, თუმცა ბოლოს შაჰის ძეწოლის შედეგად 463 წელს იძულებული გახდა ტახტიდან გადამდგარიყო, რის შემდეგაც სპარსეთმა ალბანეთში მეფობა გააუქმა და რიგით სამარზპანოდ აქცია.
ჯუანშერი განაგრძობს: „ვახტანგი მარტო იყო ძე მამისა მისისა, და ერთი და მისი ხვარამზეცა იყო ძლიერი და მშვენიერი. და ნათესავისაგან მირიან მეფისა მორწმუნისა ვახტანგ და დანი მისნი დარჩენილ იყვნენ: ისინი იყვნენ ნათესავნი ბაქარ მირიანის ძისა. ხოლო მირიანი და გრიგოლი იყვნენ ნათესავისაგან რევისა, მირიანის-ვე ძისა, და ჰქონდათ მათ კუხეთი, და ცხოვრობდნენ რუსთავს ციხე-ქალაქსა. თუმცა შემცირებულ იყვნენ ურთიერთისა კლვითა.
464 წელს „მოსწერა ახალმა შაჰმა პეროზს და მოსთხოვა ბრძოლა ბიზანტიასთან. მაშინ ვახტანგმა აუწყა ყოველთა სპათა მისთა და ყოველთა მეფეთა კავკასისათა. შემოკრიბეს და დადგნენ მტკვარსა იმიერ და ამიერ და შეუერთდა ვარაზ-ბაკურ, დედის ძმა მისი, ბრძანებითა სპარსთა მეფისათა, სპითა ატროპატენისა, გარდმანისა და მოვაკანისათა. გამოემართნენ აგრეთვე ერისთავნი სომხეთისანი: სივნელი არევ, ვასპურაკანელი ჯუანშერ, ტარონელი ჰამაზასპ.
მას ჟამსა იყო ვახტანგ წლისა ოცდაორისა; და იყო იგი უმაღლეს კაცთა მის ჟამისათა, და უმშვენიერესი სახითა და ძლიერი ძალითა“.
არსენ კათალიკოზის სიტყვით მეფე ვახტანგი მაღალი ტანის კაცი ყოფილა. მეფის სამხედრო იარაღი და სამოსელი თურმე არსენის დროსაც კი ინახებოდა. იგი ამბობს: ვახტანგ მეფე იყო „ჰასაკითა უმეტეს ყოველთა კაცთა, რამეთუ თორმეტი ბრჭალი კაცისა იყო სიმაღლე მისი და აწცა რომელ არა აბჯარი და სამოსელი მისი, მისგან უფროს საცნაურ არს“ მეფის გოლიათური სიმაღლეო.
იბერთა ლაშქარს სარდლობდნენ: სპასპეტი ჯუანშერი, მეფის აღმზრდელ საურმაგის ძმა ვარაზ-მიჰრ, საურმაგისვე ძე და ძუძუმტე არტავაზდი, ერისთავები – დემეტრე, ნასრე, ადარნასე. ბიზანტიელთა ლაშქარს სარდლობდა ავგუსტ ლეონის დისწული პოლიკარპოს ლოგოთეტი.
მოკავშირენი შეიჭრნენ ბიზანტიის საზღვრებში და მიადგნენ ციხე-ქალაქსა, რომელსაც ერქვა კარახპოლა, ხოლო აწ ეწოდება კარნუ-ქალაქი. და ებრძოდნენ მას, ხოლო ვერ შეძლეს დაპყრობად, რამეთუ იყო იგი ზღუდითა მაღლითა სამითა. და დაუტოვეს ორნი ერისთავნი ბრძოლად ქალაქისად. წავიდა ვახტანგ პონტოს და მოაოხრა გზასა ქალაქნი სამნი: ანძორეთი (ძველი ანი, დღევ. კემახი კარა სუზე), ეკლეცი (ანძორეთის აღმოსავლეთით, კარა სუს გაყოლებაზე) და სტერი (ანტიკური სატალას, აკილისენა-ეკლეცის ჩრდილოეთით, ჭოროხის სათავეებამდე).
აქედან აიყარა ვახტანგის ლაშქარი და დაიძრა ჩრდილოეთით და 5 დღეში გაიარა სპერი და ზღვისპირეთისკენ გზა განაგრძო. მაშინ კეისარმა ლეონმა მოციქული გამოუგზავნა და შესთავაზა: „შევიკრიბოთ და მოგცემ ციხე თუხარისსა და საზღვარსა ქართლისასა“. ვახტანგმა მოსალაპარაკებლად მამა-მძუძე ვარაზ-მიჰრი გაუგზავნა, თუმცა წინსვლა გააგრძელა მიადგნენ ლაშქარნი პონტოსა ქალაქსა დიდსა ზღვის-კიდესა და ებრძოდნენ სამ თვეს. შეთანხმება არ მოხერხდა, რის გამოც გადამწყვეტი ბრძოლის გამართვა გარდაუვალი გახდა.
ამ დროს მოვიდა ბიზანტიელთა ჯარი პოლიკარპოსის სარდლობით, რომელსაც ბრძოლა გაუმართა მოკავშირეთა მეწინავეებმა ვარაზ-ბაკურის სარდლობით. გაძლიერდა ბრძოლა და მოკლეს დედის ძმა ვახტანგისი, ერისთავი სპარსთა, მოკლეს იპაჯაჯ, მეფე ლეკთა, და მრავალნი ერისმთავარნი, და იძლია ბანაკი აღმოსავლეთისა. იყო ბერძენთა სპასალარი პალეკარპოს ლოღოთელი, დისწული მეფისა და იყო იგი ძლიერი, და მას მოეკლა ძლიერად მბრძოლნი სპარსთანი და ესე-ცა ერისთავი მანვე მოკლა. მაშინ გარდამოხდა მეფე ვახტანგ ეტლთაგან და თქვა: „არა რომელიც ჩვენ გვინდა, არამედ რომელიც ღმერთსა სურს, რამეთუ ჩვენ ვიტყოდით მშვიდობასა, მაგრამ სილაღემან სპარსთამან აგინა ღმერთსა, და ღმერთმან შურ-იგო, და მოკლეს ერისთავი გარდმანისა. რომლისათვის ყოველი სპარსეთი ვითარცა მოოხრებასა სპარსეთისასა იგლოვს აწ დამდაბლდა სილაღე სპარსთა, მოიყვანეთ ჯვარი და წარვიძღვანოთ, რათა რომლითა გვძლევდენ მით-ვე იძლივნენ, და იქმნენით ძედ ძლიერებისად, და ნუ-ვინ ბაძავთ ურთიერთას სხვისა მიერ, და ნუ ეძიებთ ძლევასა მტერთასა; არამედ იყვნენ ხელნი თქვენნი ვითარცა ხელნი ჩემნი, რათა არა ვიძლივნეთ სრულიად. არა ხოლო თუ აქა ვდევნნეთ, არამედ ვიდრე ადარბადაგანამდე, ვითარცა იდევნიან ყორანნი მართვეთაგან თვისთა“.
და აიღო მეფემან ჯვარი, და თქვა: „დადეგ წინაშე პირსა მტერისასა და ერისა ჩვენისასა, და მიმართა ყოველთა – „თაყვანი ეცით ჯვარსა და ვსძლიოთ მტერსა“ და რომელმაც არა თაყვანი სცეს, მოკალით“ და უბრძანა დემეტრეს, ერისთავსა თვისსა, და ჯუანშერს სპასპეტსა, რათა მიჰყვენ ჯვარსა თანა. და ქადაგი უხმობდა ძლიერად: „რომელმაც არა თაყვანი სცეს ჯვარსა, მოკვდებით“ და მივიდოდა ყოველნი ერნი, და თაყვანს სცემდნენ და დადგებოდნენ წინაშე ჯვარსა. ხოლო ბორზო მოვაკნელმან მეფესა უთხრა: „არა დაუტევებ ნათელსა შემწველსა, და არა თაყვანს-ვცემ ძელსა ცარიელსა, რომელიც განშვენებულ არს ოქროთა და ანთრაკითა“, და სცა მას ლახვარი ჯუანშერ სპასპეტმან, და დაეცა მძორი მისი. ამიერიდან აღარა-ვინ იკადრა გმობად ჯვარისა, და აღთქმით ეტყოდა ერი იგი მეფესა ვახტანგს: „თუ შემეწიოს ჩვენ ჯვარი, აღარა იყოს ჩვენდა სხვა ღმერთი გარდა ჯვარ-ცმული“. და გარდახდა მეფე და თაყვანი სცა მას, და ყოველმან ერმან მის თანა და თქვა მეფემან: „აჩვენე ძალი შენი ერსა ამას შენსა ურწმუნოსა, რათა მოიყვანნე სარწმუნოებად, უფალო ღმერთო, მორწმუნენი შენნი; დაღაცათუ მოკვდენ, არამედ ცოცხალ არიან, და ცხოველნი შენნი შენ ცხოველისაგან ძლიერ არიან. და სპანი იგი ბერძენთანი გამოვიდნენ ვითარცა ელვა. ხოლო პალეკარპოს ვითარცა მგელი სისხლითა აღმოსრვილი და ვითარცა ლომი გამძინვარებული მოიძახდა და შეურაცხჰყოფდა სპათა მათ. ხოლო მეფემან მიმართა: „ვინ არს თქვენ შორის კაცი, რომელიც ეწყოს იმას და სწორ იყოს მეფობისა ჩემისა“. წარვლო ქადაგმან ორ-გზის, და ვერ-ვინ იკადრა ყოვლად სიტყვად. აქა ვახტანგ გორგასლისა და პალეკარპოს ბერძენთა სპასპეტისა ომი და მოკლვა პალეკარპოსისი ვახტანგისაგან მაშინ თქვა ვახტანგ: „არა ძალითა განძლიერდება კაცი, არამედ ღმერთმან მოსცეს ძალი. და მე ვენდობი ძალსა შენსა, და ვითარცა დავით განვალ ნიშითა ჯვარისათა; მომეც ძალი ვითარცა დავითს გოლიათსა ზედა, რამეთუ ესე-ცა მაყვედრებელად და შეურაცხებით მოუხდა ჯვარსა შენსა; რაჟამს იხილა ჯვარი აღმართებულად ძალად ჩვენდა, არა ივლტოდა მისგან, არამედ სასოებითა ძალისა მისისათა განვიდეს ბრძოლად“ და თქვა: „იხილე, ღმერთო, ამპარტავანი და დაამდაბლე; კვლავ იხილე ჭირვეული და იხსნე. ხოლო ის შეურაცხად მიჩნს და არა მეშინია, რამეთუ ძალი შენ მიერ მოცემული დიდ არს, რომლითა ვსძლიო; არამედ მეშინია მე შენგან, რამეთუ მდაბალთა ხმანი ისინნი და შენ გხადი შემწედ ჩემდა“. 
აღმოიხადა ხმალი და შეამთხვია ჯვარსა, და გავიდა შორის განწყობილთა მათ, და თქვა: არა ჰბაძავს ლომი ხარსა, რამეთუ მე მეფე ვარ და შენ მონა, მაგრამ უნდა დავდვა თავი ჩემი ერისა ამისთვის სიმდაბლით, რათა ირწმუნონ ძალი ჯვარისა“. და მოეტევა პალეკარპოს. ხოლო ვახტანგ მსუმრიად და ნებასა მიეახლებოდა. და შემოსძახეს ორთა-ვე მათ განწყობილთა ხმითა საშინელითა, და იყო ხმა იგი ვითარცა ხმა ქუხილისა, რომლითაც შეიძრა ქვეყანა. და დასცა ლახვარი პალეკარპოს ფარსა ვახტანგისსა, რომელიც იყო ვიგრის (ნიანგის) ტყავისა, და განავლო ფარსა ვითარ წყრთა ერთი, რამეთუ სიმსხო ლახვრისა ვითარ მკლავი კაცისა. და მისცა ფარი იგი მეფემან ლახვარსა მისსა, და მიეტევა პირისპირ, და სცა ხმალი ჩაბალახსა ზედა და განაპო თავი მისი ვიდრე ბეჭთამდე. და მიჰყო ხელი და უპყრა თავისა მისისა ნახევარი, და მოიღო წინაშე ჯვარისა, და თქვა: „ყოვლისა განდგომილისა შენისა ესე იყავნ ნაწილი“. და მიეტევნენ სპანი ვახტანგისნი სპათა ბერძენთასა, და აოტეს იგინი, და აღიჭრნეს გუნდ-გუნდად, და მიაწყვდინეს ზღვის-პირსა; და არა-ვინ გადარჩა მათგანი, გარდა იმათა რომელიც შეესწრა ზღვად და ივლტოდნენ ნავითა. როდესაც მობრუნდნენ სპანი იგი ვახტანგისნი და მივიდნენ გვამსა ზედა ვარაზ-ბაკურისსა, ვახტანგის დედის ძმისასა, იგლოვეს და შემურეს იგი საბრითა (ერთგვარი ბალახი) და მურითა (სურნელოვანი ზეთი), და გაგზავნეს გარდმანსა. ხოლო მეფემან ვახტანგ მოუწოდა ყოველთა სპათა, და უბრძანა მოყვანება ყოველთა ტყვეთა, და მოიყვანეს დაუკლებელად. და გაგზავნა იგი ყოველი წინაშე კეისრისა, ხელითა ნასრესითა და ადარნასესითა, ერისთავთა მისთათა. და მიწერა წიგნი: „სიბრძნე ღმრთისა მიუწვდომელ არს, და სიბრძნესა კაცთასა და ნებასა სძლევს ნება ღმრთისა. მე უწყი, რამეთუ არა არს ნება შენი საქმესა ამას, რომელი-ესე იქმნა პალეკარპოსისაგან, არ-ცა თუ იყო ნება ჩემი, რომელი-ესე ქმნა დედის ძმამან ჩემმან, და ორივე ესე ძვირის-მოქმედნი ძვირმან-ვე მოინადირნა. ამისთვის ყო ესე ღმერთმან, რათა ახალ-ნერგნი ესე მოიყვანეს სარწმუნოებად შიშსა მისსა, ვითარცა იგი უძღებისა შვილისათვის ყო საქმე განსაცხრომელი. ხოლო თქვენ პირმშონი შვილნი ხართ ღმრთისანი, და მარადის მისნი ხართ აწ მწუხარება ესე დედის ძმისა ჩემისა, დის-წულისა თქვენისა მიერ ნუგეშინის-ვეც, რაჟამს ვიძიე შური მკლველთა მისთა ხოლო თქვენ ნუგეშინის-გეცით ერისა ამისთვის, რომელი იხსნა ღმერთმან. და უკეთუ ბრძანებდე მიმთხვევად ჩემდა, გამოისწრაფე; და უკუეთუ არა მოციქულითა განაგე საქმე ჩვენი. რამეთუ დამძიმდა დგომა ჩვენი ქვეყანისა ამისთვის მოოხრებულისა“.
ხოლო ვიდრე მისლვამდე მოციქულთა ფრიად მწუხარე იყო კეისარი. მაგრამ რაჟამს უთხრეს, რომ ტყვე პირველ შეპყრობილი და ტყვე ერისაგან მეოტისა ყოველი დაუკლებელად განუტეობია, მაშინ განიხარა ფრიად და ყოველთა დაუტევა მწუხარება. და მოსწერა ვახტანგს; და ყვეს ურთიერთას აღთქმა და ფიცი, და განაგეს საქმე წინდობისა. და უკუ-მოსცა კეისარმან საზღვარი ქართლისა, ციხე თუხარისი და კლარჯეთი ყოველი, ზღვიდან ვიდრე არსიანამდე, და ხევნი რომელნიც მოსდგმანან ღადოთა.
და წარმოვიდა ვახტანგ გზასა კლარჯეთისასა, და სპანი მისნი განუტევნა გზასა სომხითისასა. როდესაც მოიწია თუხარისად, მიხედა და შეუყვარდა ციხე, და თქვა: „ჭეშმარიტად თუ ხარ შენ ციხე“ და როდესაც წამოვიდა, იხილა კლდე შუა კლარჯეთსა, რომელსა სოფელსა ერქვა არტანუჯი. და მოუწოდა არტავაზს, ძუძუს-მტესა მისსა, და დაადგინა იგი იქ ერისთავად; და უბრძანა, რათა ააგოს ციხე არტანუჯისა; და უბრძანა, რათა გამონახოს ხევსა მას შინა ადგილი სამონასტრე და ააშენოს ეკლესია, და ქმნას მონასტრად, როგორცა ეხილა მონასტერნი საბერძნეთისანი. და უთხრა არტავაზს: „უკეთუ გაძლიერდნენ სპარსნი ჩვენ ზედა, საყუდელი ჩვენი აქა ყოფად არს“.
ამ ლაშქრობის დროს ვახტანგმა გაიცნო ორი მღვდელი პეტრე და სამოელი და გადაწყვიტა სამომავლოდ ჩამოეყვანა ისინი ქართლში, რათა მათი დახმარებით იბერიის ავტოკეფალური ეკლესია შეექმნა.
ხოლო არტავაზმა ააშენა ციხე არტანუჯისა, და მონასტერი რომელიც არის ოპიზა, და სამი ეკლესია: დაბა მერისა, შინდობისა და ახიზისა. და განაახლა ციხე ახიზისა, და ქმნა იგი ქვაბად.
შემდეგ წამოვიდა ვახტანგ და მოვიდა ქალაქად თვისად მცხეთად, იყო სიხარული დიდი და მადლისა მიცემა ღმრთისა, რამეთუ მოვიდა იგი მშვიდობით. და მისცა ნიჭი დიდი ერსა თვისსა.
ვახტანგ მეფესა უშვა ცოლმან ძე და ასული ტყუპად, და მოკვდა შობასა შინა ბალენდუხტ დედოფალი, ასული სპარსთა მეფისა. ხოლო ვახტანგმა უწოდა ძესა თვისსა სახელი სპარსულად დარჩილ და ქართულად დაჩი. მაშინ ვახტანგ მეფემან ვერ მოიცალა მოყვანებად ცოლი ბერძენთა მეფისა ასული, და ვერ-ცა კათალიკოსისა და ეპისკოპოსთა, რამეთუ მოელოდა იგი სპარსთა მეფისა მოსლვასა: ამაგრებდა ციხეთა და ქალაქთა, და ჰკაზმიდა მხედართა, და განამზადებდა ბრძოლად სპარსთა. მაშინ შეაგდო საპყრობილესა შინა ბინქარან მაცთური, ეპისკოპოსი ცეცხლის მსახურთა (სადაც მოკვდა), და მოსრა და განასხა ყოველნი ცეცხლის მსახურნი საზღვართაგან ქართლისათა.
სპარსეთის შაჰმა გადაწყვიტა ძალაუფლება გაემყარებინა ქართლში და დიდებულების გადმობირება დაიწყო. ერთ-ერთი პირველი გადაბირებული აღმოჩნდა გუგარქის პიტიახში ვარსქენი, რომელიც სპარსეთში ჩავიდა (467 წ.), შაჰი თავის მეფედ აღიარა, მაზდეანობა მიიღო, შაჰის ქალიშვილი შეირთო და ქვემო ქართლის გამაზდეანობის პირობა დასდო.
ცოტა ხნის შემდეგ პეროზი წარმოემართა ბრძოლად ვახტანგისად, და მოიწია ინდაბრიანთა, და დაიბანაკა იქ. ხოლო ვახტანგ წარავლინა ბერძენთა მეფისა თანა და ამცნო: „აჰა დღე იგი, რომელიც აღმითქვამს, სპარსნი შემოვაწყვდინე ხელსა შენსა; აჰა ესე-რა, მომიყვანებიან ისინი შუა საზღვართა ქართლისათა. რამეთუ ჰგონებდა იგი განმრავლებასა სპათა მისთასა სომხითით და მეფეთაგან კავკასიანთასა, ხოლო მათ ვერ იკადრეს განრთვად მისა. რამეთუ რომელთა-მე მათგანთა ჰქონდათ სასოება ჯვარ-ცმულისა, ხოლო რომელნიც იძლივნენ ეშმაკისაგან, მეფენი დარუბანდისანი გაერთნეს. აწ აღმისრულებიეს აღთქმა ჩემი, რომელიც აღმითქვამს: რამეთუ სადა-ცა მიპოვნია სახლი ცეცხლისა, დამივსია ფსლითა, და მოგვნი და მზირნი მათნი მიმიცემიან სატანჯველსა ბოროტსა, და მაცთური ბინქარან მივეც საპყრობილესა, და სიკვდილის შიშით გადაიხვეწა. მან მოიყვანა სპარსნი ქართლად, და დავსვი ეპისკოპოსად მიქაელ, კაცი სარწმუნო. ხოლო ბინქარან, როდესაც მოიწია საზღვართა ქართლისათა, მოკვდა. აწ სწრაფად უნდა წარმოემართონ სპანი შენნი, რათა აქა შინა დაეცნენ ყოველნი მტერნი ჯვარისანი, და მოიცალო შენ ყოველთა მტერთა შენთაგან, ხოლო უკეთუ ჩვენ გვძლოს, გაძლიერდება იგი და შემოვა საზღვართა შენთა გზასა შიმშატისასა“.
ხოლო ვიდრე მიიწეოდნენ მოციქულნი ვახტანგ მეფისანი, წასულ იყო კეისარი (დასავლეთის იმპერიის) საქმეთა მოსაგვარებლად (ამ დროს ლეონმა დასავლეთის ტახტზე თავისი კაცი ანთემიუსი /467–472/ აიყვანა) და ვერ მოიცალებდა მოსლვად ქართლად. მაშინ ვახტანგმა გააძლიერა ციხენი ქალაქისანი, და ურჩეულესი მებრძოლი ერისა მისისა იპყრა მის თანა, და დაიბანაკა დიღმით ვიდრე ქართლის კარამდე, და სპარსთა დაიბანაკეს ცხენის ტერფიდან ჩაღმართ.
ვახტანგმა გააფართოვა ხიდი მოგვეთისა სამოცი მხარი ქცევისათვის მას ზედა სპათასა (რომლითაც უნდა მომხდარიყო რეზერვების სწრაფი გადასროლა ბრძოლის ერთი უბნიდან მეორეზე), ხოლო მეფე და ჯუანშერ სპასპეტი დადგნენ მცხეთას, და ნასრა და მირდატ დაუტოვა სპათა ზედა სომხეთისა და ქართლისათა, რომელნიც იდგნენ არმაზით კერძო. და რა იბრძოდნენ სპარსნი არმაზით კერძო, მცხეთით განვიდიან; და რა განვიდის ლაშქარი იგი მიერ კერძო მცხეთით, ეწყვნიან არაგვსა ზედა. და ოდეს-მე განვლიან ფონი მტკვრისა და შეიბნიან ფონსა ზედა ტფილისისასა, და რომელსა-მე დღესა მათ სძლიან და რომელსა-მე დღესა ამათ.
ხოლო ვახტანგ მეფესა ჰქონდა ჩაბალახი ოქროსი, და გამოესახა წინ მგელი და უკან ლომი; და რომელსა ადგილსა იძლეოდიან ქართველნი, იქ მიემართებოდა და მოსრიდა სპასა სპარსთასა, როგორცა ლომმან კანჯარნი2. ამიერიდან ვერ-ღა-რა შეუძლებდნენ სპარსნი წყობად მისა, რამეთუ დაისწავლეს იგი, რომელსაც ეწერა მგელი და ლომი, და როდესაც იხილიან ვახტანგ, ყვიროდნენ: „დურ აზ გორგასალ“, რომელიც ნიშნავს: „მოერიდეთ თავსა მგლისასა“ და მის მიერ სახელ-ედვა ვახტანგ მეფესა გორგასალ.
გაგრძელდა მათ შორის ბრძოლა ოთხი თვე და მოვიდა მოციქული კეისრისგან, მოართვა ძღვენი ვახტანგს, და მოჰგვარა სპათაგან ბერძენთასა მხედარნი ლეონ ანთიპატის მეთაურობით. და მოწევნულ იყო ლაშქარი ბერძენთა ჯავახეთს. როდესაც ცნა სპარსთა მეფემან ბერძენთა მოსვლა შველად მათდა, იწყო ზრახვად ვახტანგისა. გამოუგზავნა მოციქული და შესთავაზა დაზავება. ვახტანგი დათანხმდა იმ პირობით, რომ სპარსელები შეეგუებოდნენ ქრისტიანობას ქართლში. მაშინ სპარსთა მეფემან შეიწყნარა და გამოუგზავნა ძღვენი გორგასალსა ძლიერად, და მის თანა გვირგვინი ანთრაკოანი, და ჟამი დადვეს შეკრებისა. აიყარა მეფე სპარსთა, და უკუ-დგა რუსთავად, და გამოვიდნენ ისინი განთიადზე და დადგნენ ველსა კალაისასა: რამეთუ ტფილისი სოფელი და კალაი-ცა (კალას ციხე, დღევ. ნარიყალა) მოოხრებულ იყო მაშინ. ხოლო მეფე ვახტანგ დადგა ჯაჭვს, და შეიკრიბნენ მას-ვე ველსა ორნი-ვე მეფენი, და მოიკითხეს ურთიერთი, და ყვეს აღთქმა თავის-თავისა სჯულსა ზედა გარდაუვალ. და შეხვდა მას დღესა სპარსთა მეფეს გორგასალი ლაშქრითურთ თვისით ტფილისად, და უძღვნა გორგასალმან მხევალი ათასი, მონა ხუთასი, დედალი ცხენი ათი ათასი, ცხენი ბარგისა ხუთასი, ჯორი სამასი, ძროხა ოთხი ათასი, ცხვარი ათი ათასი.
და წავიდა ვახტანგ შინა; მეორე დღეს მოუვლინა მეფემან ვახტანგს ბარზაბან, საკუთარი მობიდანი, და უთხრა გორგასალს: „რომელიც გინდა ჩემგან, მე ვქმნე აწ. განაგე საბრძანებელი შენი, როგორცა გნებავს: აწ ესე არის სათხოველი ჩემი, რათა და შენი მომცე ცოლად, და შენ წამოხვიდე ჩემ თანა ქვეყანასა მამულსა ჩვენსა, რათა ჰნახე ნათესავნი შენნი და შენ შემწე მეყო მე თავითა შენითა მტერთა ჩემთა ზედა, რამეთუ უძვირესი ბოროტი და დამდაბლება მეფობისა ჩემისა მათ ყვეს. აწ როდეს მოხვიდე ჩემ თანა, და ესრეთ თქვა მოხუცებულთა და მარზაპანთა ჩემთა, რამეთუ სიყვარული ვყავ ჩემი და მოყვარეთა ჩემთა, რამეთუ ასე ინება ძმამან ჩემმან ვახტანგ მეფემან. ხოლო შენ თავითა შენითა მინებ ძალად ჩემდა, არამედ სპანი შენნი ადგილსა-ვე იყვნენ“.
მისცა სპარსთა მეფესა და მისი ვახტანგ მეფემან ცოლად, რომელსაც ერქვა მირანდუხტ, რომელიც წარტყვენულ იყო ოვსთაგან და გამოეხსნა ვახტანგს. ხვარამზე ამისთვის არა მისცა, რამეთუ დაწინდებულ იყო სომეხთა პატიახშისა. და მოიყვანა ვახტანგ ძე მისი, რომელსაც ერქვა სპარსულად დარჩილ, ხოლო ქართულად დაჩი. იყო ხუთისა წლისა, და დაადგა გვირგვინი, და დაუტევა მეფედ, და დაუტოვა მის თანა შვიდნი წარჩინებულნი მისნი:
პირველად ჯუანშერ სპასპეტი, მპყრობელი შიდა ქართლისა და მფლობელი ყოველთა ერისთავთა: დემეტრე, ერისთავი კახეთისა და კუხეთისა; გრიგოლი, ერისთავი ჰერეთისა; ნერსარან, ერისთავი ხუნანისა; ადარნასე, ერისთავი სამშვილდისა.
ამათ შეჰვედრა ძე თვისი დაჩი, და უბრძანა აშენება უჯარმისა და იქ შინა ზრდა დაჩი მეფისა, რამეთუ სიმარჯვედ გამონახა იგი ნადირთა და ცხვართათვის და წაიყვანა თანა ოთხნი წარჩინებულნი მისნი: არტავაზ, ერისთავი კლარჯეთისა; ნასარ, ერისთავი წუნდისა; ბივრიტიან, ერისთავი ოძრხისა; საურმაგ, ეჯიბი მისი დიდი; და მათ თანა ათი ათასი მხედარი ლაშქრისა მისისა დარჩეული. აგრეთვე ერისთავნი სამნაღირ და ბაკურ.
და ლეონ ანთიპატმან დაუტევა ლაშქრისა მისისაგან ათი ათასი ბერძენი, და თვით წავიდა წინაშე კეისრისა. და ვახტანგ მეფემან გაატანა თანა მოციქულად არტავაზ, ერისთავი კლარჯეთისა; და გაგზავნა მრავალი საჩუქრები წინაშე კეისრისა, რომელიც გამოეგზავნა მიენიჭა მეფესა პეროზს; ყოველი გაუგზავნა და უბრძანა არტავაზს, რათა შირიაში შეუერთდეს ლეონ ანთიპატთან ერთად.
ხოლო ვახტანგს ევედრეს დედა და და მისი ხვარამზე, რათა წაიყვანოს თან და ილოცონ იერუსალემს. წაიყვანა, და წავიდნენ ვახტანგ მეფე და პეროზი გზასა ატროპატაკანისასა; და იქიდან წავიდნენ ვახტანგ და დედა და და მისი იერუსალემს, და პეროზი ელოდა ანტიოქიას. შევიდნენ და ილოცეს წმიდასა აღდგომასა, და მოილოცეს ყოველი ადგილნი წმიდანი, და შეევედრეს წმიდასა აღდგომასა, შეწირეს შესაწირავი დიდი და წამოვიდნენ ანტიოქიას.
ხოლო ლეონ, ანტიპატოსი კეისრისა, და არტავაზ, ერისთავი ვახტანგისი, მოვიდნენ ოცი ათასითა მხედრითა რჩეულითა, და მოართვეს პეროზს კეისრისგან ძღვენი მიუწდომელი და ვახტანგს საჩუქრები მიუწვდომელი.
მაშინ უბრძანა სპარსთა მეფემან ვახტანგს: „ვინაიდან დედა და და შენი აქამდის დაღლილნი არიან, მოვიდნენ ისინი-ცა სამეფოდ ჩემდა, რათა ერთობით აღვასრულოთ სიხარული ჩვენი მერმე თუ ინებონ წასლვა ქართლს, წავიდენ ისინი გზასა ალბანეთისასა. ხოლო თუ ინებონ ლოდინება შენი, დაგელოდონ ურაჰას ქალაქსა შინა“.
წაჰყვა ვახტანგი პეროზს და მოეგებნენ ყოველნი წარჩინებულნი სპარსეთისანი სიხარულითა დიდითა. და აღასრულეს ქორწილი სამეუფო, ექვს თვე განცხრომითა და განსვენებითა მიუწვდომელითა. და შემდგომად ქორწილისა მისცა საჩუქრები დიდძალი დედასა და დასა ვახტანგისსა, და წამოვიდნენ ურაჰას. და პატივ-სცემდა ვახტანგს ყოველი ერი სპარსეთისა როგორც პეროზს, მეფესა მათსა, და შემდეგ გაემართნენ მტერთა ზედა“.
პირველად სპარს-იბერთა ლაშქარი სვანეთის საკითხში ჩაერია (საკითხი დეტალურად იხილეთ ზემოთ პარაგრაფი „ეგრის/ლაზიკა I–V საუკუნეებში“), როდესაც ამ მხარის მთავარმა დასახმარებლად მიმართა. ამასობაში სპარსეთს კიდარიტები შეესივნენ, რის გამოც სპარს-იბერებმა ამჯერად მათ წინააღმდეგ გაილაშქრეს.
ჰუნების წინააღმდეგ ბრძოლა დღითიდღე რთულდებოდა. დარიალისა და დარუბანდის გზებით მოდიოდნენ სარაგურები და აკაცირები. კასპიისპირეთიდან კიდარიტები. კიდარიტების საკითხი პეროზმა საბოლოოდ გადაჭრა 468 წელს, როდესაც აიღო მათი დედაქალაქი ბალაამი (მდებარეობდა დღევ. ერ-ყორღანზე, კარშინის ოაზისში, უზბეკეთში). კიდარიტთა ნარჩენები შეუერთდნენ ჰეფტალითებს, რომლებსაც დაეპყროთ შუა აზია ხოტანიდან ამურდარიამდე.
ამ გამარჯვების შემდეგ სპარს-იბერთა ლაშქარი კვლავ შევიდა სვანეთში, ეს მხარე საბოლოოდ ჩამოაშორა ეგრისის მეფეს და სპარსეთის შაჰს დაუქვემდებარა.
კიდარიტების განადგურების შემდეგ სპარსეთზე გამანადგურებელი თავდასხმები წამოიწყეს ჰეფტალითებმა. პეროზი იმდენჯერ დამარცხდა მათთან რომ ტერიტორიულ დათმობებთან ერთად უზარმაზარი ხარკის გადახდაც კი იკისრა და რათა თანხა საკმარისი არ ჰქონდა უფროსი ძე კავადი 2 წელი მათთან მძევლად იყო გაგზავნილი.
ჰეფტალითებთან ბრძოლებში როგორც ჩანს ხშირად მონაწილეობდა ვახტანგ მეფეც და სახელიც გაითქვა, თუმცა ამან საერთო საქმეს ვერ უშველა.
ჯუანშერი განაგრძობს: „ერთხელაც პეროზმა ვახტანგს შესთავაზა ცოლად თავისი ასული შეერთო, თუმცა უარი მიუგო: „არა ჯერ არის ჩემგან ორთა ცოლთა პყრობა, რამეთუ მყავს მე ცოლი ასული კეისრისა“. დაუმძიმდა ესე მეფესა პეროზს, მაგრამ ვერა თქვა.
ცოტა ხანში ვახტანგმა წარავლინა მოციქული საბერძნეთს წამოყვანებად ცოლისა მისისა, და პეტრესთვის კათალიკოსისა და სამოელ ეპისკოპოსისა. წამოვიდა ვახტანგ ქართლად, და მიეგება ძე მისი დაჩი და მის თანა ყოველნი სპასალარნი, და მათ თანა ეპისკოპოსნი. და როდესაც ცნა ეპისკოპოსმან, რომ წარავლინა მეფემან მოციქული მოყვანებად კათალიკოსისა და ეპისკოპოსთა, დაუმძიმდა მას ზედა. და იწყო რე-ცა ამბოხებად და მიზეზობად, და მიუვლინა მეფესა მოციქული და შეუთვალა: „შენ დაგიტოვებია ქრისტე და ცეცხლსა ემსახურები“. ხოლო ვახტანგმა საპასუხოდ მოუვლინა მოციქული და უპასუხა: „ძალითა ქრისტესითა შევედ და სიმართლით გამოვედ ძალითა-ვე ქრისტესითა, და უბრალო ვარ, ღმერთმან იცის, თუმცა მართლა წარმივლენია მოციქული მოყვანებად კათალიკოსისა და ეპისკოპოსთა“.
როდესაც ესმა ესე ეპისკოპოსსა, დაიდასტურა; და ჰგონებდა, რათა შფოთითა დააცადოს საქმე იგი და მოსლვა მათი, დაწყევლა მეფე და ყოველნი სპანი მისნი. ხოლო მეფემან თქვა: „რადგან უბრალო ვართ, სიმდაბლე ჯერ არის ჩვენგან“ და მივიდა მეფე, და გარდახდა სახედარსა, რათა-მცა შეემთხვია ფეხთა ეპისკოპოსისათა. და განაძრო მან ფეხი, და მიამთხვია პირსა მეფისასა ქუსლითა და შემუსრა კბილი მისი. ხოლო მეფემან თქვა: „სილაღე ესე ამპარტავანებისა არის საცთური ეშმაკისა; უკეთუ სიმრავლემან ცოდვათა ჩემთამან აღგძრა, არა გაქვს ხელმწიფება ბოროტისა, არამედ შენდობისა, როგორც იტყვის სახარება ასე: არა დაშრიტო პატრუკი მგზებარე, არ-ცა გასტეხო ლერწამი დაჩეჩქვილი“. ხოლო შენ ჰგონებ ვითარ-მცა შენითა სივერაგითა ჩვენ დაგვაცადენ სიყვარულსა ქრისტესსა. მაშინ გამოჩნდა ცხადად, რაჟამს გესმა უმთავრესისა შენისა ქართლად მოყვანება, და აღეგზენ შურითა ბოროტად, როგორც იუდა პეტრესითა; რამეთუ შენ ხარ როგორც იუდა, ხოლო ეკლესია როგორც პეტრე. ვეცხლის მოყვარე ხარ შენ, რამეთუ შენ-ცა მეგუადრუცე (მოლარე, სიმდიდრის დამგროვებელი) ხარ ქრისტესი. აწ მიგავლინო შენ პატრიარქისა კოსტანტინეპოლედ და, როგორც ჯერ იყოს, განგიკითხოს“.
მეფემ მიქაელი გადააყენა და დროებით მთავარეპისკოპოსად გარდამავალ ეტაპზე ვინმე სამოელი (468-474 წლებს შორის), რომელიც მოხსენიებულია „შუშანიკის წამებაში“ (იხილეთ ქვემოთ). ხოლო გაგზავნა მიქაელი და მის თანა კბილი მისი, და შეუთვალა, რათა კათალიკოსი და თორმეტი ეპისკოპოსი სწრაფად წარმოავლინეთ. და მათ შორის-მცა არის პეტრე კათალიკოსად და სამოელ ეპისკოპოსად, და სხვანი ვინ-ცა გსურთ. და როდესაც მიიყვანეს მიქელ ეპისკოპოსი, უთხრა მას პატრიარქმან: „ვინაიდან დაითხია სისხლი შენ მიერ ქვეყანასა ზედა, აღარ ღირს ხარ შენ ეპისკოპოსად, და კადრებისათვის მეფისა თანა-გაც შენ სიკვდილი, ვითარცა იტყვის: დაემორჩილენით თქვენ მეფეთა, რამეთუ არა ცუდად ხმალ აბიეს, რამეთუ ღმერთისა მიერ მთავრობს, როგორც ლომი შორის ცხვართა“. და გამოჰკეტეს მიქაელ ეპისკოპოსი მონასტერსა მღვიძარეთასა.
წარავლინეს პეტრე მღვდელი და სამოელ მონაზონი ანტიოქიას. და მოუწერეს ანტიოქიისა პატრიარქსა მეფემან და პატრიარქმან კოსტანტინეპოლელმან ასე: „პირველად, დასაბამსა ქართლის მოქცევისასა დედა-კაცისა რომაელისა ნინოს მიერ, დაინიშნა აქ ეპისკოპოსი, რამეთუ შორის სპარსთა და ბერძენთა შფოთი იყო, და მით ვერ მოაწიეს საქმე ესე ჯერისამებრ სჯულისა: რამეთუ ჩვენ უწყით, ქართლი და აღმოსავლეთი და ჩრდილო მაგის წმიდისა საყდრისანი არიან, როგორც განაწესეს მოციქულთა სახარებასა შინა, რომელიც არის უწინარესობა“. და მიუწერეს ყოველი საქმე დიდისა ვახტანგ მეფისა, ასე: „ეპისკოპოსი იგი, რომელიც მათ მიერ დადგინებულ იყო, გადავაყენეთ, და დღეს იცოდეთ ახალ-ნერგად ჭეშმარიტად ქართლი. აწ ორნი ესე მათნი თხოვილნი აკურთხეთ, სხვანი თორმეტნი, ვინ-ცა-ვინ შენ გენებოს, ისინი აკურთხეთ. და ჩვენდა წამოვიდენ, რათა ჩვენ ნიჭითა და სახმრითა ყოვლითა განუტევნეთ“. და ანტიოქელმან პატრიაქმან აკურთხა თორმეტი ეპისკოპოსნი და პეტრე კათალიკოსად.
და მოვიდნენ კოსტანტინეპოლედ, და მეფემან მისცა ნიჭი დიდძალი, და ასული თვისი მისცა, სახელით ელენე, მეფესა ვახტანგს, და გამოავლინა იგი სპითა დიდითა ვიდრე საზღვარამდე სომხითისათა. და იქ მიეგება ვახტანგ მეფე, და შეიქცნენ სპანი ბერძენთანი, ხოლო ქართველნი წამოვიდნენ მცხეთად.
მცხეთას მეფემან ვახტანგ ააშენა ეკლესია მოციქულთა სვეტი ცხოველი, და უპყრა სვეტსა შინა სამხრეთით ადგილსა მას, სადაც დაცემულ იყო ეკლესია, რომელიც არის სიონი დიდი (ქვის ბაზილიკური ტიპის სვეტიცხოველი). და იქ შინა დასვეს პეტრე კათალიკოსად და სამოელ ეპისკოპოსად მცხეთასა-ვე საეპისკოპოსოსა.
და დასვა ერთი ეპისკოპოსად კლარჯეთს, ეკლესიასა ახიზისასა; ერთი არტანს ერუშეთს; ერთი ჯავახეთს, წუნდას; ერთი მანგლისს; ერთი ბოლნისს; ერთი რუსთავს; ერთი ნინოწმიდას, უჯარმის კარსა, რომელიც გორგასალმა ააშენა; ერთი ჭერემს, მისსა-ვე აღშენებულსა, და იქ ქმნა ქალაქი ერთი შორის ორთა-ვე ეკლესიათა, რომელი-იგი მან-ვე ააშენა; ერთი ჩელეთს, რომელიც სოფელსა ააშენა; ერთი ხორნაბუჯს და ერთი აგარაკს, რომელიც არის ხუნანის პირისპირ.
შემდგომად ამისა ააშენა ეკლესია ნიქოზისა საგზებელსა თანა ცეცხლისასა. და დასვა ეპისკოპოსი, სადაც ეფლა გვამი წმიდისა რაჟდენისი, რომელიც იწამა სპარსთა მიერ წყობასა ვახტანგისსა.
ეს რაჟდენ იყო მამა-მძუძე ვახტანგის ცოლისა, რომელიც პირველად მოეყვანა სპარსთა მეფისა ასული; მოიქცა იგი ქრისტიანედ და იქმნა დიდად მორწმუნე; და იყო იგი ბრძოლასა მას შინა ძლიერ, შეიპყრეს იგი სპარსთა და აიძულებდნენ, რათა-მცა უარყოს ქრისტე. ხოლო მან წმინდამან აირჩია წარუვალი იგი დიდება და იწამა ქრისტესთვის“.
კათალიკოსისა და 12 ეპისკოპოსის დანიშვნა დამოუკიდებელი ქართული ეკლესიის დაარსებას ნიშნავდა. ანუ ვახტანგის რეფორმის შემდეგ ქართლის ეკლესიამ მოიპოვა ავტოკეფალია (თვითმმართველობა). ეს ამბავი 473–475 წლებში მოხდა.
„მოქცევა ქართლისა“ მოგვითხრობს: „და მისა შემდგომად მეფობდა დიდი ვახტანგ გოლგასარი, და მთავარეპისკოპოსი იყო იოველ. მაშინ წაიყვანეს ვახტანგი სპარსთა. და შემდგომად რაოდენისა-მე ჟამისა დაბრუნდა, და მთავარეპისკოპოსი იყო მიქაელ. და მან მიამთხვია ფეხი პირსა მეფისასა ვახტანგს. ხოლო მეფემან წარავლინა მოციქული საბერძნეთს და ითხოვა მეფისაგან და პატრეარქისაგან კათალიკოზი. ხოლო მან მოსცა პეტრე კათალიკოზი. და თანა ჰყავდა მას სამოველ მონაზონი, წმიდა და ღირსი. და ააშენა ქვემო ეკლესია ვახტანგ მეფემან და დასვა პეტრე კათალიკოზი“.
ჯუანშერი განაგრძობს: „ჰყავდა ვახტანგს ბერძნისა ცოლისაგან სამი ძე და ორი ასული. ხოლო ძესა მისსა პირმშოსა პირველისა ცოლისასა, დაჩის, მისცა ქალაქი ჭერემისა და ნეკრესისა, ქალაქი კამბეჩოვანისა, რომელიც არის ხორნაბუჯი და ყოველი ქვეყანა მტკვარსა აღმოსავლეთით. და თვით ვახტანგი დაჯდა უჯარმას, და ააშენა იგი ნაშენებითა უზომოთა (უჯარმაში მეფემ სამეფო სასახლე მოაწყო და თავის მთავარ რეზიდენციად გაიხადა.). და მისი ხვარამზე მისცა ბაკურს ცოლად, პატიახშსა სომხეთისასა“.
*       *       *
ამასობაში გარდაიცვალა ბიზანტიის ავგუსტი ლეონ I და ტახტზე მისივე ანდერძის მიხედვით მცირეწლოვანი შვილიშვილი (ასულ არიადნეს ძე) ლეონ II (474 წ. იანვარი–ნოემბერი), რომელიც რამდენიმე თვეში უცნაურ ვითარებაში გარდაიცვალა. მაშინ ბიზანტიის ტახტი მამამისმა ზენონ ისავრიელმა (474–475; 476–491) დაიკავა, რომლის მმართველობის დიდი ნაწილი აჯანყებების გამკლავებაში გაილია.
475 წლის იანვარში ზენონს აუჯანყდა ლეონ I-ს ცოლის ძმა ბასილისკოსი, რომელმაც დაამარცხა იგი და კონსტანტინეპოლიდან გადევნა, თუმცა ხალხში პოპულარობა ვერ მოიპოვა და 476 წლის აგვისტოში ზენონმა ტახტი დაიბრუნა.
475 წლის აგვისტოში დასავლეთ რომის იმპერიის მთავარსარდალმა (რომლის ჯარები ძირითადად დაქირავებული გერმანელებისგან შედგებოდა) ფლავიუს ორესტმა ტახტიდან ჩამოაგდო დასავლეთის ავგუსტი იულიუს ნეპოტი (474–475 დას. ავგუსტი, 475–480 დალმაციის ავგუსტი. მეუღლე ლეონ I-ის ნათესავი იყო, რის გამოც შეარქვეს ნეპოტი ანუ ნათესავი. სწორედ ლეონმა დანიშნა იგი დასავლეთის ავგუსტად.), რომელიც დალმაციაში გაიქცა და აგრძელებდა წინააღმდეგობას. რავენაში დასავლეთის ახალ ავგუსტად ორესტმა საკუთარი 15 წლის ვაჟი რომულუს ავგუსტუსი გამოაცხადა, რომლის უზენაესობა იტალიას არ გასცილებია. იგი არ სცნო არც აღმოსავლეთის ავგუსტმა, არც ნეპოტმა, არც ესპანეთსა და აფრიკაში მოკალათებულმა გერმანელებმა, არც გალიის მმართველმა სიაგრიუსმა. ამასთან რეალური მმართველი ფლავიუს ორესტი იყო.
ორესტის წინააღმდეგ აღმოსავლეთის ავგუსტმა გაგზავნა გერმანული რაზმი ყოფილი ავგუსტის დაცვის წევრის გერმანელი ოდოაკრის სარდლობით. ოდოაკრმა ორესტს მორიგების სანაცვლოდ მოსთხოვა იტალიის მიწების მესამედი, რაზეც უარი მიიღო. მალე ორესტის დაქირავებულ გერმანელთა დიდი ნაწილი ოდოაკრს მიემხრო, რომელმაც პავიასთან ბრძოლაში (476 წლის 23 აგვისტო) გაანადგურა უზურპატორი ორესტი და მოკლა იგი. ამის შემდეგ ოდოაკრმა გადააყენა უკანასკნელი ავგუსტი რომულუს ავგუსტუსი და კამპანიაში გადაასახლა. ამით დასავლეთ რომის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა.
აღმოსავლეთის ავუსტი ზენონი ვითარებას შეეგუა და ოდოაკრს შეუთანხმდა. ოდოაკრი ცნეს იტალიის მმართველად, ოღონდ რომის ავგუსტის წარმომადგენლად და აკურთხეს რომაელ პატრიციუსად. საპასუხოდ ოდოაკრმა ცნო ნეპოტის ფორმალური ავგუსტობა.
შეთანხმების მიუხედავად ოდოაკრი არაფერში ეკითხებოდა ნეპოტს და თავისი პოლიტიკური მოსაზრებით 477 წელს ესპანეთსა და სამხრეთ გალიაში გაბატონებულ ვესტგუთებს დაუთმო პროვანსი.
480 წელს საკუთარმა მცველებმა ნეპოტი სიცოცხლეს გამოასალმეს, რის შემდეგაც ოდოაკრმა უკვე დალმაციაც შემოიერთა და აღმ. რომს იმპერიას დაემუქრა. მაშინ ზენონმა შეწყვიტა დასავლეთის ავგუსტების დანიშვნა და ოსტგუთების მეფე თეოდორიხს დაავალა დაეწყო ომი ოდოაკრის წინააღმდეგ. მართალია ოდოაკრმა იტალია დაკარგა, მაგრამ ბიზანტიამ ვერაფერი მოიგო. ოდოაკრის სიკვდილის (493 წ.) შემდეგ იტალიასა და დალმაციაში ოსტგუთების სამეფო შეიქმნა თეოდორიხ დიდის ხელმძღვანელობით.
ბიზანტიას ამას გარდა სხვა ბევრი პრობლემაც ჰქონდა. ზენონის წინააღმდეგ შემდეგშიაც არაერთი აჯანყება მოხდა. ყველაზე სახიფათო მათ შორის იყო 479 წელს დასავლეთ რომის ავგუსტ ანთემიუსის ვაჟის მარკიანეს აჯანყება, (მარკიანე, ამავე დროს, იყო ბიზანტიის ავგუსტ მარკიანეს შვილიშვილი.) რომელიც, ასევე დაამარცხა და გადაასახლა კილიკიაში.
პარალელურად დაძაბული იყო ურთერთობა მონოფიზიტებსა და დიოფიზიტებს შორის. მართალია 482 წელს ზენონმა და კონსტანტინეპოლის პატრიარქმა აკაკიოსმა გამოსცეს ე.წ. „ჰენოტიკონი“3 (ერთობა), რომლითაც სცადეს შეერბილებინათ საეკლესიო განხეთქილება და მოერიგებინათ მოქიშპე მხარეები, მაგრამ ამან სასურველი შედეგი არ გამოიღო. არც ერთი მხარე კმაფოფილი არ იყო, რის გამოც ბრძოლა გაგრძელდა და ზოგიერთ პროვინციაში აჯანყებაშიც კი გადაიზარდა.
მალე მონოფიზიტები დაიყვნენ მრავალ სხვადასხვა სექტად, ემტერებოდნენ დიოფიზიტებსაც და ერთმანეთსაც.
ანტიოქიის ზოგიერთი პატრიარქი ერესისკენ მიიდრიკა. მაგალითად, პატრიარქი პეტრე გნათევსი ამტკიცებდა, რომ განხორციელდა და ივნო არა ერთი პირი, არამედ მთელი სამება. ამიტომ საგალობელი „სამწმიდაო“ ასე გადააკეთა: „წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, ჯვარცმულო ჩვენთვის...“ მისი მიმდევრები ცალკე სექტად ჩამოყალიბდნენ. მათივე მიზეზით ბევრი სამწუხარო უთანხმოება და სისხლიანი შეტაკება მოხდა. ეს სწავლება ნაწილობრივ მიიღო არმენიის ეკლესიამ, რომელმაც არ სცნო ქალკედონის კრება. იგი, აგრეთვე, არ აღიარა ავგუსტმა ანასტასიმ (491–518) და დევნა-შევიწროებით ცდილობდა თავისი შეხედულებების გავრცელებას. თავი იჩინა უთანხმოებამ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებს შორის. რომის პაპმა ფელიქს II-მ დაგმო პატრიარქი აკაკიოს კონსტანტინოპოლელი ჰენოტიკონის მიღებისთვის და მისი სახელი დიპტიქონიდან ამოშალა.
ქალკედონის კრების მოწინააღმდეგენი არ სცნობდნენ მის განჩინებებს, რადგან მან არ დაგმო თეოდორე მოფსუეტელის, თეოდორიტე კვირელისა და ივა ედესელის შეხედულებები. კრების ამ ნაბიჯს ისინი ნესტორის ერესის გამართლებად მიიჩნევდნენ. ამასვე ამტკიცებდნენ ნესტორიანელები და თვლიდნენ, რომ ქალკედონის კრებამ ისინი გაამართლა. ას წელზე მეტ ხანს გაგრძელდა ეს შფოთი, სანამ 553 წელს ავგუსტმა იუსტინიანემ არ გადაწყვიტა, მოეწვია მეხუთე მსოფლიო საეკლესიო კრება.
ასეთ ვითარებაში ბიზანტიის იმპერიას არ შეეძლო აქტიური პოლიტიკა ეწარმოებინა აღმოსავლეთის საზღვრებზე. პირიქით, მისთვის ხელსაყრელი იყო და აუცილებელიც სპარსეთთან მშვიდობანი ურთიერთობის შენარჩუნება, რათა ყურადღების კონცენტრირება მოეხდინა დასავლეთში და გუთების მხრიდან საშიშროების ლიკვიდაციაზე ეზრუნა. ეს მით უფრო გამართლებული იყო, რომ ამ მიმართულებით პასიურობა მისთვის საშიში არ უნდა ყოფილიყო, რადგან თვით სასანური სპარსეთიც, შინაგანი წინააღმდეგობებითა და ჰუნთა ტომებით დასუსტებული, ვერ ატარებდა აქტიურ ანტიბიზანტიურ პოლიტიკას.
*       *       *
არმენიის მარზპანი ადურ გუშნასპი (465–482), რომელსაც სამეფოს გაუქმების შემდეგ ალბანეთიც დაუქვემდებარეს, ყველა ღონეს ხმარობდა, რათა სპარსეთის გავლენა კავკასიაში გამყარებულიყო, რაც შედეგად აჯანყების მომწიფებას იწვევდა. პირველად ხმალი ალბანელებმა იძრეს, რომელთაც მალე იბერთა მეფემაც მიჰბაძა.
ლაზარ ფარპელი მოგვითხრობს: „ქართლის ქვეყანაში მოხდა შფოთი და არეულობა. ვახტანგმა მოკლა ქართველ მაზდეანელთა პოლიტიკური ლიდერი ურჯულო ბდეხში ვაზგენი (ე.ი. გუგარქის პიტიახში ვარსქენ არშუშას ძე) მეფე პეროზის (457/459–484) ოცდამეხუთე წელს (ანუ 482 წელს)“.
აჯანყების დრო კარგად იყო შერჩეული: სპარსეთს ძალიან გართულებული ჰქონდა მდგომარეობა შუა აზიაში, ანტისპარსული აჯანყება უკვე დაწყებულ იყო ალბანეთში და არმენიაც მცირე ბიძღსა ელოდა, რომ თვითონაც იარაღი აეღო ხელში. ამას ემატებოდა ისიც, რომ სპარსელებს ამიერკავკასიაში ცოტა ჯარები ჰყავდათ, რადგან მათი დიდი ნაწილი აღმოსავლეთში ჰყვადათ გადაყვანილი.
არმენთა ეროვნული ლიდერი ამ დროს ვაჰან მამიკონიანი იყო, რომელიც 449–51 წლების აჯანყების მეთაურის ვარდან მამიკონიანის ძმის, ჰმაიაკის შვილი იყო. მას მხარში ედგნენ ძმებიც. ვაჰანი გამორჩეული ვაჟკაცი იყო, რის გამოც ბევრი შიდა მტერი ჰყავდა, რომელიც მას სპარსეთის შაჰთან აბეზღებდა. ამდენი დაბეზღება მობეზრდა ვაჰანს, შაჰის კარზე ჩავიდა და მაზდეანობა მიიღო, მაგრამ ამითაც ვერ შეაჩერა მტრები, რის გამოც ბევრი ოქრო შეაგროვა ერთ ხანს ბერძნებთან წასვლასა და აჯანყებაზე ფიქრობდა, თუმცა ბოლოს შაჰთან წავიდა, ოქრო მიართვა და ერთგულებაში კიდევ ერთხელ დაარწმუნა.
ამრიგად სასჯელს გადაურჩა, მაგრამ ახლა ვაჰანი უფრო უბედური იყო, რადგან ღმერთის უარმყოფელის სახელი ჰქონდა და ამ მდგომარეობის გამოსწორებაზე ფიქრობდა. სწორედ ასეთ ფიქრებში იყო გართული, როდესაც არმენიაში ვახტანგის აჯანყების შესახებ ცნობამ მოაღწია. ვრცელდებოდა ხმა, რომ ვახტანგი შეთანხმებული იყო ჰუნებთან, რომელთაც დიდი რაოდენობით ჩამოიყვანდა და სპარსელები ვერ შეძლებდნენ მათ გამკლავებასო.
ამ ცნობამ დიდი აღფრთოვანება გამოიწვია არმენ სარდლებში, რომლებიც იმ დროს სპარსელების მიერ ძალით იყვნენ გაყვანილნი აჯანყებულ ალბანელთა წინააღმდეგ საბრძოლველად. განსაკუთრებით დიდ იმედს აძლევდა არმენებს ცნობა ვახტანგის ჰუნებთან კავშირისა და თვით ვახტანგის პიროვნება, რადგან ამ დროს ვახტანგი უკვე ცნობილი ყოფილა როგორც მამაცი და ჭკვიანი მეომარი. არმენთა სარდლებმა ითათბირეს და გადაწყვიტეს მხარი დაეჭირათ აჯანყებული ქართველებისათვის, რის შემდეგ სპარაპეტად (მთავარსარდალი) აირჩიეს ვაჰან მამიკონიანი, რომელმაც დასახმარებლად ბიზანტიას მიმართა, თუმცა უარი მიიღო.
არმენთა მთავარსარდალი აპირებდა მოულოდნელად დასხმოდა თავს დვინში მყოფ მარზპანს, თუმცა ერთი რაზმის მეთაურმა ვარაზ შაპურ ამატუნიმ უღალატა და ყველაფერი ადურ გუშნასპს აცნობა. მარზპანმა მოკავშირე არმენ დიდებულებთან ერთად სასწრაფოდ დატოვა დვინი და ანის გავლით ჩავიდა არტაშატში. ვაჰანი სასწრაფოდ დაედევნა მას. მაშინ მარზპანი საერთოდ სპარსეთში გაიქცა დამატებითი ძალების მოსაყვანად. ვაჰანი შევიდა დვინში და მარზპანად საჰაკ II ბაგრატუნი დანიშნა.
ცოტა ხანში ადურ გუშნასპმა აჯანყებულების წინააღმდეგ გამოგზავნა 7000 მხედარი, რომელიც ვაჰანის ჯარებმა სოფელ აკორისთან (არარატის მთის ჩრდილოეთით) ბრძოლაში გაანადგურეს. ამის მიუხედავად არმენთა მთავარსარდალი მომდევნო წლამდე დარჩა დედაქალაქში და ამაგრებდა მას.
აჯანყების პირველ წელს ვახტანგს, ეტყობა, მოუხერხებია სპარსელების ქართლიდან განდევნა. მიუხედავად ამ წარმატებისა, აჯანყებულთა მდგომარეობა მძიმე იყო, რადგან ვახტანგმა ვერასგზით ვერ მიიღო ჰუნთაგან შეპირებული ჯარი. მას მხოლოდ რამდენიმე ასეულისაგან შემდგარი რაზმი მიუვიდა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ არავითარი დახმარების იმედი არ იყო ბიზანტიელებისაგან, რომელთაც თვითონაც დიდი გაჭირვება ადგათ ამ დროს, ცხადია, ჰუნებთან დადებული პირობების ჩაშლა ფაქტიურად მნიშვნელოვანწილად წყვეტდა აჯანყების ბედს. ჰუნთა მოუსვლელობა, ეტყობა, მძიმე მორალური მარცხიც იყო. ლაზარ ფარპეცის კარგად აქვს ნაჩვენები, როგორ აწუხებდათ ეს ამბავი არმენებს. ვახტანგი თურმე სულ ამშვიდებდა მათ – ეს-ეს არის მოვლენო. სინამდვილის გასარკვევად არმენები დაჟინებით თხოვდნენ მას გაეგზავნა არმენიაში ჰუნთა ჯარი. ვახტანგს ჯერ დაუყოვნებია, შემდეგ კი, ალბათ, არმენების ეჭვების გასაფანტავად, გაუგზავნია მათთვის სამასკაციანი ჰუნთა რაზმი. ყველაფერი ეს ხდებოდა ზამთარში, როდესაც საომარი მოქმედება შეწყვეტილი იყო. ჩანს, ჰუნთა რაზმს უფრო მორალური ფუნქცია ეკისრებოდა.
მაგრამ ვახტანგს, როგორც ჩანს, მდგომარეობა გაურთულდა შინაურობაში. ჯერ კიდევ შუა ზამთარში ის იძულებული გამხდარა უკან გაეწვია ასე დაჟინებით ნათხოვნი რაზმი. ვინაიდან ზამთარში საომარი მოქმედება სპარსელებთან შეწყვეტილი იყო, უნდა ვიფიქროთ, რომ ეს რაზმი ვახტანგს შინაურ მტერთან ბრძოლისათვის სჭირდებოდა.
შემდგომ 483 წელს, სპარსელებმა უფრო მტკიცედ მოჰკიდეს ხელი აჯანყებასთან ბრძოლის საქმეს. გაზაფხულზე ქართლსა და სომხეთში ორი დიდი ლაშქარი გამოგზავნეს. პირველს სარდლობდა შაპურ მიჰრანი, მეორეს – ატრნერსეჰი, სპარსეთის ფუშტიპანსალარი (მონასპის უფროსი).
ვაჰანმა ნერსეჰაპატის ბრძოლაში (არტაზის მხარე, დღევ. მაკუს რაიონი, ირანის პროვინცია დას. აზერბაიჯანში) სასტიკი მარცხი აგემა სპარსელთა ჯარებს და მათ საბოლოოდ გასადევნად იწყო მზადება. სამაგიეროდ მძიმე იყო იბერთა მდგომარეობა, რადგან მათ წინააღმდეგ გაცილებით დიდი ლაშქარი იყო გაგზავნილი, რომლის გამკლავება ვახტანგს არ ძალუძდა, რის გამოც თავი შეაფარა არმენიის მთებს ქართლის საზღვრის მახლობლად. იქიდან მან დახმარება სთხოვა ვაჰანს, თან იტყობინებოდა, რომ სულ ახლო მომავალში ელოდა ჰუნების მაშველი ჯარების მისვლასაც. ვახტანგის დესპანის მისვლისთანავე ვაჰან მამიკონიანი სომეხთა მთელი ჯარით სასწრაფოდ გაემართა ვახტანგის დასახმარებლად და კანგარის მთებში დაბანაკდა.
როგორც ჩანს, ვახტანგი სწრაფი და გაბედული მოქმედების მომხრე იყო. მას ეშინოდა, რომ სპარსელები ქართლის შიდა რაიონებში შეიჭრებოდნენ და იქაურობას ააოხრებდნენ. ამიტომ ცდილობდა დაეყოლიებინა არმენები, ბარში ჩასულიყვნენ და სპარსელებს შებრძოლებოდნენ, თუნდაც ჰუნების მოსვლამდე. ვაჰან მამიკონიანი და სხვა არმენი სარდლები კი ფრთხილობდნენ. ეტყობა, მათ აფიქრებდათ სპარსელთა ჯარის მრავალრიცხოვნება. ჰუნების გარეშე ბრძოლის დაწყება სომხებს მიზანშეწონილად არ მიაჩნდათ და უმჯობესად თვლიდნენ მთებში დარჩენას, სადაც სპარსელები ვერ გამოიყენებდნენ თავის რიცხობრივ უპირატესობას. ყურადღებას იქცევს ისიც, რომ, როგორც ლაზარ ფარპეცი გადმოგვცემს, ვაჰან მამიკონიანმა „იცოდა არმენთა ჯარის სისუსტე და ხედავდა, რომ მას დაჰკარგვოდა მხნეობა, დაუძლურებულიყო და სრულებით არა ჰგავდა სხვა დროის გულმოდგინებასა და მონდომებას“. ლაზარ ფარპეცის ეს სიტყვები ისე უნდა გავიგოთ, რომ აჯანყებულ არმენთა ჯარში არ იყო ერთიანობა, მრავალი შიშით მონაწილეობდა აჯანყებაში და პირველსავე შემთხვევაში მზად იყო აჯანყებისათვის ეღალატა და სპარსელთა მხარეზე გადასულიყო. საყურადღებოა, რომ იმ თათბირზე, რომელზედაც არმენებს უნდა გადაეწყვიტათ, დაეჭირა თუ არა მხარი აჯანყებული ქართლისათვის, ერთადერთი კაცი, რომელიც ამის წინააღმდეგი გამოვიდა, იყო თვით ვაჰან მამიკონიანი, აჯანყებულთა სარდალი. თავისი აზრის დასამტკიცებლად ერთ-ერთ უმთავრეს არგუმენტად ვაჰანს მოჰყავდა ის, რომ მისი სიტყვით, არმენებს შორის არ იყო ერთიანობა და მოსალოდნელი იყო ღალატი. როგორც შემდგომში აღმოჩნდა, ვაჰანის შიში არ იყო მოკლებული რეალურ საფუძველს.
ვახტანგი ყოველ ღონეს ხმარობდა, რათა დაერწმუნებინა არმენები მისი გეგმა მიეღოთ და ბარში ჩასულიყვნენ. ლაზარ ფარპეცის გადმოცემით, ის აშკარა ტყუილზეც კი მიდიოდა არმენების გასამხნევებლად, ვითომ ჰუნები უკვე მოვიდნენო. ვახტანგს ასეთი ხერხიც უხმარია: სომეხთა და ქართველთა ჯარიდან გაუგზავნია მზვერავები, რომელთაც შორიდან დაანახეს დანთებული ცეცხლი და მეომართა მსგავსად გამოწყობილი ხის კუნძები. ვახტანგის განმარტებით ეს ჰუნთა ლაშქარი იყო, რომელიც ბარში დაბანაკებულიყო და მთაში არ ადიოდა, რადგან ვითომც თავის მხრივ არ სჯეროდა არმენების მოსვლა. ვახტანგს უთქვამს, ჰუნები მეუბნებიან, ოღონდ არმენები აქ ჩამოიყვანე და დაგვანახე, მერე კი სპარსელები ჩვენ დაგვანებეთ და თქვენ თავს ნუ შეიწუხებთო. ვახტანგი ეუბნებოდა სომხებს, თუ თქვენ ბარში არ ჩახვალთ, ჰუნები არ დამიჯერებენ და ადგილიდან ფეხსაც არ მოიცვლიან, მიჰრანი კი მიბრუნდება და ქართლს ააოხრებსო. მაშ რაღა სარგებლობა ექნება ჩემთვის თქვენს აქ მოსვლასო.
ბოლოს და ბოლოს ვახტანგმა თავისი გაიტანა. მიუხედავად ზაფხულის სიცხისა და ზოგიერთი არმენი ნახარარის წინააღმდეგობისა, აჯანყებულთა ლაშქარი ჭარმანაინის ველზე (გარდაბნის მხარეში) ჩავიდა და მტკვრის ნაპირას დაბანაკდა. რამდენიმე დღის შემდეგ, იქვე, ოღონდ მტკვრის გაღმა დაბანაკდა სპარსელთა ლაშქარიც. ღამით არმენთა ბანაკიდან მრავალი მოღალატე საიდუმლოდ დაუკავშირდა სპარსელებს. ისინი უთვლიდნენ მტერს, ჩვენი ნებით როდი მოვსულვართ, ვაჰანმა ძალით მოგვიყვანა, მაგრამ ბრძოლის ველს მივატოვებთ და სხვებსაც თან გავიყოლებთო. მეორე დღეს არმენ-იბერთა გაერთიანებული ლაშქარი ბრძოლის ველზე გავიდა. ვახტანგი უკანასკნელ წუთამდე ამხნევებდა და არწმუნებდა არმენ სარდლებს, გამარჯვება ჰუნების გარეშეც შეიძლებაო. მაგრამ, ვახტანგმა მაინც ვერ შეძლო მათი დარწმუნება და საბრძოლოდ შემართება.
ბრძოლის წინ ქართველთა ლაშქარი ვახტანგის მეთაურობით მარცხენა ფრთას შეადგენდა. ცენტრში და მარჯვენა ფრთაზე არმენები იდგნენ. ვაჰან მამიკონიანმა, რომელიც ცენტრს სარდლობდა, გაბედულად შეუტია მტერს, დიდი ზიანი მიაყენა მას და უკან დაახევინა, ისე რომ სპარსელებს მტკვარზე გადასვლაც კი მოუხდათ. მაგრამ ამ დროს მოღალატეებმა თავისი დანაპირები შეასრულეს, მიატოვეს ბრძოლის ველი, არევ-დარევა შეიტანეს მებრძოლთა რიგებში, რის შემდეგაც მოკავშირეთა მთელი ლაშქარი შედრკა და გაიქცა. სპარსელები დაედევნენ გაქცეულებს, ბევრი დახოცეს, ბევრიც ტყვედ ჩაიგდეს. დაღუპულთა შორის იყვნენ საჰაკ ბაგრატუნი და ვასაკ მამიკონიანი. ვაჰანი ტაოში შეეფარა, ხოლო ვახტანგმა ქართლის სიღრმეში დაიხია.
სპარსელებმა თავისი გამარჯვება მაინც ვერ მიიყვანეს ბოლომდე, რადგან მათი სარდალი შაპურ მიჰრანი იმავე წლის სექტემბერში სპარსეთში გაიწვიეს“.
ლაზარი არ გვეუბნება რა ხდებოდა ქართლში 483 წლის შემოდგომიდან 484 წლის გაზაფხულამდე, მაგრამ ერთი მისი ცნობა გვაფიქრებინებს, რომ იქ გრძელდებოდა სამხედრო მოქმედებები. კერძოდ, მის თხზულებაში აღნიშნულია, რომ ჭარმანიანში დამარცხების შემდეგ არმენები ომისაგან თავს იკავებენ. „მათ უნდოდათ ცოტათი დაესვენათ და სული მოეთქვათ დაღლილობისგან. უცბად არმენთა ზორავარ ვაჰანთან ვოსტანში მივიდნენ ქართლის მხარიდან ეშმაკ-მოსილი უგუნური კაცები. ისინი ამბობდნენ ცრუ სიტყვებს, რათა განხეთქილება შეეტანათ მის ჯარში“. თუ გამოვტოვებთ იმ არცთუ კორექტულ სიტყვებს, რომლებითაც ლაზარი ამკობს ქართველთა დესპანებს, მისი თხრობიდან შემდეგი სურათი ისახება: ვახტანგ გორგასალი სპარსელებთან აქტიური ბრძოლის მომხრე იყო, როგორც ჭარმანიანამდე, ასევე მის შემდეგ და ყველანაირად ცდილობდა არმენიული მხარეც უფრო აქტიურად ჩაება საერთო მტრის წინააღმდეგ ომში. მართლაც, არმენთა ჯარში განხეთქილება მოხდა და დიდი რაზმი სეპუჰ მუშელის სარდლობით ქართველებს გაჰყვა. „მათ წაიყვანეს ისინი ქართლის საზღვრებში და ატარეს ეშმაკის კვალზე, რომლის მსახურნი თვითონვე იყვნენ... ამგვარად გონებას უბნევდნენ და აქეთ-იქით ატარებდნენ მამიკონიანთა სეპუჰს მუშელს და იმ რაზმს, რომელიც მასთან იყო, ვიდრე არ დამთავრდა ზამთრის სუსხიანი და ცივი ქარების ქროლვა“. სავარაუდოა, რომ მუშელის რაზმი ქართლში სპარსელთა წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება. სხვამხრივ გაუგებარია, რატომ გააჩერებდნენ მას ამდენ ხანს თავისთან ქართველები. ასე რომ, როგორც ირკვევა, 483–484 წლების ზამთარში ვახტანგ გორგასალი სამხედრო მოქმედებებს აწარმოებდა. საკუთრივ სომხეთში კი, ლაზარ ფარპეცის ცნობით, გაზაფხულამდე ბრძოლას ადგილი არ ჰქონია.
ფარპეცი განაგრძობს: „484 წლის გაზაფხულის ბოლოს არმენიაში დიდი ლაშქრით შევიდა ზარმიჰრ ჰაზარავუხტი. მან შეუტია აჯანყებულ არმენებს და გაფანტა ისინი. ვაჰან მამიკონიანმა ბიზანტიის სამფლობელოებს შეაფარა თავი. ქართლში, როგორც ჩანს, სპარსელებს ასე წარმატებულად არ მიუდიოდათ საქმე და, ამიტომ, მეფეთ მეფე პეროზმა, ჰეფთალებზე თავისი უკანასკნელი გალაშქრების წინ, ბასიანში მყოფ ჰაზარავუხტს უბრძანა გადასულიყო ქართლში, რათა მეფე ვახტანგი ან შეეპყრა, ან მოეკლა, ანდა იმ ქვეყნიდან განედევნა. ჰაზარავუხტი გადავიდა ქართლში, სადაც შეკრიბა ადგილობრივი დიდებულები, რომლებიც თავიდანვე მხარს არ უჭერდნენ ვახტანგს. მათ შეუერთდნენ ისინიც, ვინც გორგასალს შემდგომში განუდგნენ. ჰაზარავუხტმა დიდი წყალობა აღუთქვა ყველას და მათგან რაზმიც კი შეადგინა. ვახტანგმა თავი შეაფარა „ეგრისის ქვეყნის მხარეებს“.
როდესაც ჰაზარავუხტი ქართლში იმყოფებოდა, მას სპარსეთიდან ეახლა მოციქული, რომელმაც ჩამოუტანა საშინელი ამბავი ჰეფთალების მიერ სპარსთა არმიის განადგურებისა და მეფე პეროზის მოკვლის შესახებ. შეშფოთებულმა ჰაზარავუხტმა სპარსეთის დედაქალაქს, ქტესიფონს, მიაშურა, სადაც გამეფდა პეროზის ძმა ვალარში. ჰაზარავუხტის რჩევით, მან შეცვალა პეროზის ძალისმიერი პოლიტიკა ამიერკავკასიაში მმართველობის ახალი, უფრო ლმობიერი ხაზით. კერძოდ, გაიზარდა არმენიის თვითმმართველობის დონე, ანტისპარსული აჯანყების მონაწილე არმენი ნახარარები ახალმა შაჰმა შეიწყალა და დაასაჩუქრა, ვაჰან მამიკონიანი კი არმენიის მარზპანად (485–505) დანიშნა. მაგრამ ამასთან არმენია კვლავ რჩებოდა სასანიანთა უზენაესობის ქვეშ და მისი ლაშქარი ვალდებული იყო მონაწილეობა მიეღო სპარსეთის ომებში. ზავის დადებისთანავე არმენთა რაზმი სპარსეთში იქნა გაწვეული, სადაც მონაწილეობა მიიღო ახალი შაჰის მოწინააღმდეგეებთან ბრძოლაში“.
დიდ დათმობებზე წავიდნენ სპარსელები ალბანეთშიც. ვალარშმა აქ აღადგინა 463 წელს გაუქმებული სამეფო ხელისუფლება და ტახტი დაუბრუნა ძველი დინასტიის წარმომადგენელს, ვაჩაგან III-ს (487–510). ალბანეთში აიკრძალა მაზდეიზმის ძალით გავრცელება და დაიწყო ქრისტიანობის აღორძინება.
ამასობაში ვახტანგი ქართლში დაბრუნდა და აღმშენებლობა განაგრძო. თუმცა კი ქვემო ქართლზე ვარსქენის მკვლელობის მიუხედავად კვლავ სპარსეთის პროტექტორატი ნარჩუნდებოდა რაც ნაჩვენებია ბოლნისის სიონის წარწერებშიაც, სადაც ნათქვამია: „შეწევნითა წმიდისა სამებისათა ოც წლისა პეროზ მეფისა-ზე იქმნა დაწყება ამის ეკლესიასა და თოთხმეტ წლისა შემდგომად განეშორა“ და სხვ. ამ შემთხვევაშიც ყურადღებას იქცევს ის, რომ დასახელებულია სპარსეთის მეფე პეროზი და არ იხსენიება ქართლის მეფე. როგორც ვხედავთ, თვით 90-იან წლებშიც კი (წარწერა გაკეთებულია 493–494 წლებში) ქვემო ქართლის საპიტიახშოში შესაფერის ანგარიშს არ უწევდნენ ქართლის მეფეს.
მალე ანტიოქიის საპატრიარქომ ქართლის ეკლესიის ავტოკეფალია იურიდიულად აღიარა, თუმცა ქართლის კათალიკოსის კურთხევა 614 წლამდე ანტიოქიაში ამავე პატრიარქის მიერ ხდებოდა.
488 წელს ვალარში ტახტიდან ჩამოაგდეს და ახალგაზრდა და ენერგიული კავად I (488–496; 498–531) გაამეფეს. მან ძირეულად შეცვალა ვალარშის დროინდელი უნიათო პოლიტიკა. ჰუნებთან ხანგრძლივი ბრძოლის გამო, ქვეყანა შინაგანად დასუსტებული იყო. მისი ეკონომიკურად მოძლიერება მხოლოდ ბიზანტიიდან მიღებული ოქროთი შეიძლებოდა (ჯერ კიდევ იეზდიგერდ II-ის დროს დადებული ხელშეკრულებით კავკასიის ზეკარების დაცვის გამო, იმპერია სპარსეთს 500 ოქროს უხდიდა). კავადმა კონსტანტინოპოლში ელჩები გააგზავნა და იმპერიისაგან მოითხოვა ან ოქრო გამოეგზავნათ, ან ომი მიეღოთ. ეს ელჩობა ჯერ კიდევ გზაში იყო, როცა ავგუსტი ზენონი (491 წლის 9 აპრილს) გარდაიცვალა და მისმა ქვრივმა არიადნემ ტატხზე თავისი ფავორიტი სასახლის დაბალი რანგის მოხელე ანასტასიოს I (491–518) აიყვანა, რომელსაც ერთ თვეში გაჰყვა კიდეც ცოლად. კავადმა ელჩებს დაავალა ოქრო ახალი ავგუსტისგან მოეთხოვათ, რაზეც კატეგორიულ უარი მიიღეს. მოლაპარაკებამ ერთ წელს გასტანა და უშედეგოდ დასრულდა.
ანასტასიოსმა 5 წლიანი (492–497) სამოქალაქო ომით მოახერხა ისავრიელთა პოლიტიკურად გავლენიანი არისტოკრატიის დამორჩილება. გამოსცა კანონი მიწათმფლობელობის შესახებ, გააუქმა ქრისარგირონი (ვაჭარ-ხელოსანთა ფულადი გადასახადი). ნატურით გადასახადის ნაცვლად შემოიღო მიწაზე ფულადი გადასახადი – ქრისოტელია. მფარველობდა მონოფიზიტებს. ჩაახშო ფედერატების მიერ ვიტალიანეს წინამძღოლობით მოწყობილი ფედერატების რამდენიმე აჯანყება. მეგობრული ურთიერთობა დაამყარა ფრანკთა მეფე ხლოდვიგთან.
წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, მმართველობის ბოლოსათვის ხაზინა 23000000 სოლიდით (დაახლ. 230000 გირვანქა ოქრო, დღევანდელი საზომით 100 ტონაზე მეტი) გაამდიდრა. ამის მიუხედავად მისი საგარეო პოლიტიკა სუსტი იყო. სწორედ ანასტასიოსის დროს დაიწყო ბალკანეთსა და ბიზანტიაზე სლავების თავდასხმები. მათგან თავის დასაცავად და კონსტანტინოპოლის გასამაგრებლად ააგო ახალი ქვის კედელი, რომელსაც ანასტასიოსის კედელი ეწოდა. საბოლოოდ დაკარგული იქნა გავლენა ბარბაროსულ სახელმწიფოებზე და ვერც სპარსეთთან დაპირისპირებაში იქნა რაიმე წარმატება მოპოვებული.
კავადის დროს სპარსეთში დაიწყო თავის განთქმული ქადაგება მაზდაკმა. მას უნდოდა, რომ ხალხში მშვიდობიანობა და სიყვარული დამყარებულიყო. ამისთვის უნდა ადამიანთა შორის მოვსპოთ და ძირიანად აღმოვფხვრათ სიძულვილისა და უთანხმოების მიზეზიო, ამბობდა მაზდაკი. ხოლო რადგან ყოველგვარი უსიამოვნებისა და ურთიერთობისადმი მტრობის დედა-ბუდე საკუთრებისა და ლხინისამდი მისწრაფებააო, ამიტომ, თუ ჩვენ ქვეყნიერებაზე მშვიდობიანობის დამყარება გვსურს, მთელი საკუთრება უნდა გაიყოს და ხალხს თანასწორად მიეცესო. ცოლებიც კი კერძო კუთვნილებას არ უნდა შეადგენდნენ. უნდა მოისპოს აგრეთვე წოდებრივი უსწორმასწორობა და სულდგმული ცხოველების დაკვლა და ჭამაც აიკრძალოსო.
მეფე კავადი მაზდაკს მიემხრო ალბათ იმ აზრით, რომ დიდებულები დაემხო, მაგრამ განრისხებულმა სპარსელმა დიდებულებმა 496 წელს მეფე დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს. ხოლო მის მაგიერ მისივე ძმა ჯამასპი გაამეფეს. კავადის ცოლმა თავისი ქმარი ციხიდან გაათავისუფლა და 498 წელს ჯამასპმა ისევ თავის ძმას დაუთმო სამეფო ტახტი.
გამეფების დროს კავადს ჰუნები დაეხმარნენ და ამისათვის მათთვის სასყიდელი უნდა მიეცა. თითონ რომ საჭირო ფული არ ებადა, 502 წელს სპარსეთის შაჰმა ბიზანტიას ომი აუტეხა და ვახტანგს შემოუთვალა: „მომეც ასული შენი და ერთობლივი ძალებით შევიდეთ საბერძნეთს“. როდესაც მოვიდა მოციქული წინაშე ვახტანგ მეფისა, და ვახტანგ აშენებდა ქალაქსა ტფილისისასა, თუმცა მხოლოდ საფუძველი დაედვა.
როცა უთხრა მოციქულმა შეთვლილობა კავად მეფისა, თქვა მეფემან: „ამაზე ამბობენ: მჭედელო, გამახვე მახვილი შენი, რათა მსწრაფლ განეწონოს ასოთა შენთა“. მაშინ ვახტანგ დღეთა მიწევნულ იყო თითქმის სამოცისა წლისა და თქვა ესე: „უთხარით მეფესა კავადს: პირველად განემზადე ბრძოლად ჩვენდა, და ეგრე შევედ საბერძნეთად, რამეთუ ძალნი რომელნიც იქმნეს ყოველნი ძალითა ჯვარისათა იქმნეს. აწ ცხოვრება ჩვენი იყავნ სასოებითა ჯვარ-ცმულისათა“.
და დაგზავნა მაცნენი, რათა დატოვონ სოფლები და ქალაქები, რომელიც იყო არა ძლიერი, და შეივლტოდნენ კავკასიის მთებსა და კახეთად, რამეთუ კახეთი ტყე იყო და შეუვალი მტერისა მიერ. ხოლო დაჩი და დისწული მისი გადავიდნენ კახეთად, და დადგნენ ხევსა ლოპოტისასა, ქვეყანასა მას კლდითა მოზღუდვილსა /და იყვნენ სოფლისა მის კაცნი ცეცხლისა და წყლისა მსახურ, და სავსე იყო ხევი იგი სიმრავლითა კაცთათა ვიდრე ნოსრამდე/, ხოლო გორგასალისა ცოლი და შვილნი – უჯარმის ხევსა. და წინასა ციხესა თვით მეფე შედგა, და მის თანა ჯუანშერ და ადარნასე. ხოლო მცხეთას დემეტრე და ნერსე და ბივრიტიანი დაუტევა, წარავლინა მოციქული და ამცნო ავგუსტსა.
და მოვიდა კავად და შემუსრა ქალაქი კამბეჩოვანი, და ჭერმისა ციხე, და ველისციხე. და როდესაც მოიწივნენ კახეთად, დაიბანაკეს იორსა ზედა. ხოლო სპანი ვახტანგისნი დადგნენ ველსა ზედა, გარემოს ციხე-ქალაქსა უჯარმას, სადაც ჰქვია დარფაკა4 და შეიბნენ იორსა ზედა, და სამი დღე ყოველთა დღეთა იბრძოდნენ, და დაეცემოდა ორთავე სპათაგან ურიცხვი. მაშინ ვახტანგმა მოუწოდა პეტრე კათალიკოსსა და უთხრა: „უწყოდე, რამეთუ არა ხარკისა მიცემისათვის გვებრძვიან, არამედ ქრისტეს არდატოვებისათვის. აწ მე ესე განმიზრახავს, რამეთუ ცხოვრებასა ჩემსა სიკვდილი უმჯობეს არის სახელსა ზედა ქრისტესსა, რათა სასუფეველი გვქონდეს, აღთქმული მათ თანა, რომელთა ეტყვის: რომელმაც წარიწყმიდოს თავი თვისი ჩემთვის, მან პოვოს იგი“.
უთხრა მას პეტრე კათალიკოსმან: „გიხილვან საქმენი, რომელნიც არავინ ნათესავთა შენთაგანმან იხილა, შეწევნანი ქრისტესმიერნი. რამეთუ უწყის სიბრძნემან შენმან, რომ მტერი იგი გამომცდელი ჩვენი აცილობს ღმერთსა ჩვენთვის როგორცა იობისთვის; რამეთუ ღმერთი მიუშვებს მოძულებულთა მათ თვისთა წარწყმედად, ხოლო შეყვარებულთა თვისთა განღმრთობად. იყავ შენ, როგორცა გაზრახოს ღმერთმან, დაღაცათუ არა მოჰკვდეთ, მოვკვდეთ“. და ამით სიტყვითა ამხილა, რომ წყობასა მას არა დარჩეს, და უთხრა: „არა-ხოლო-თუ ქართლი მიეცეს გასარყვნელად, არამედ იერუსალემიცა, რომელიც არის მშობელი ყოველთა შვილთა ნათლისათა“.
და თქვა მეფემან: „დადექ ეკლესიასა შინა რაჟდენ წმიდისასა, რომელიც რაბატსა შინა უჯარმოსასა ამიშენებია; და ვეჭვობ რომ ყოველი ქალაქნი გარემოს უჯარმოსა იძლივნენ, რამეთუ მტკიცენი და ძლიერი ზღუდენი აქა დავსხენით“. და მოიქცა ასე კათალიკოსი. ხოლო ეპისკოპოსი ყოველი წმიდანი იქ შეიკრიბნენ.
გაჰყო ვახტანგმა ლაშქარი მისი სამად: და კლდით კერძო მოავლინა ქვეითი; და ერთ-კერძო მოავლინნა პატიახშნი და სპასპეტი; და სადათ სპარსთა მეფე იყო, იქ თვით მივიდა ვახტანგ.
ღამესა ნისლისაგან ოდნავ გაცისკრებულსა დაესხა ვახტანგ სპარსთა ზედა და მიმართა ყოველსა ერსა მისსა: „ყოველი კაცი, რომელიც დარჩნენ სიკვდილისაგან და მტერთა ჩვენთაგანისა თავი ან ხელი არა გამოიტანოს, ჩვენ მიერ მოკვდეს იგი“. და ცისკარი რა აღეღებოდა, დაესხა და შევლო ვიდრე პალატამდე მეფისა. შევიდა კარავსა შინა მეფისასა და მეფე შეესწრა ცხენსა ზედა, და ძე მისი ბაჰრამ მოკლა და მოჰკვეთა თავი მისი. და იქ შინა სპარსმან ვინმემ სცა ისარი მკერდსა ვახტანგისსა, და იყო ბრძოლა ვიდრე შუადღემდე. სძლია ვახტანგ სპარსთა მათ და წამოიღეს ნატყვენავი ცხენი მრავალი და სრულიად ვერ იოტნენ სიმრავლისაგან. აიყარა იქიდან სპარსთა მეფე, და ჩადგა რუსთავს. და დამძიმდა წყლულება ვახტანგისი, რამეთუ შეღწეულ იყო ისარი ფილტვში. და წავიდა უჯარმას, და უბრძანა სპასალართა ქართლისათა, რათა ადგილსავე იდგენ.
ცნეს სპარსთა, რომ დამძიმდა ვახტანგ წყლულებისაგან, მოაოხრეს ტფილისი და არმაზი, ხოლო მცხეთა ვერ დაიპყრეს; გარეუბნები რომელიც ზღუდესა გარეთ იყო მოაოხრეს, რომელიც მუხნარიდან და არაგვსა ხერთვისსა იყო.
აქედან სპარსელებმა კარნუ-ქალაქზე (არზრუმზე) გაილაშქრეს, აიღეს და არმენია-მესოპოტამიაზე ლაშქრობა გააგრძელეს.
ხოლო ვახტანგმა შეიტყო რომ კვდებოდა მოუწოდა კათალიკოსსა, და ცოლსა თვისსა, და ძეთა და ყოველთა წარჩინებულთა, და თქვა: „მე ესე-რა წავალ წინაშე ღმრთისა ჩემისა, და ვმადლობ სახელსა მისსა, რამეთუ არა დამაკლო გამორჩეულთა წმიდათა მისთა. აწ გამცნებ თქვენ, რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდგეთ და ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა სახელსა მისსა ზედა, რათა წარუვალი დიდება მოიგოთ“.
და უთხრა ყოველთა წარჩინებულთა: „თქვენ, მკვიდრნო ქართლისანო, მოიხსენენით კეთილნი ჩემნი, რამეთუ პირველად სახლისა ჩემისა მიერ მიიღეთ ნათელი საუკუნო, და მე ხორციელებრითა დიდებითა გადიდენ თქვენ ნათესავთა ჩემთა. და სახლსა ჩვენსა ნუ შეურაცხყოფთ, და სიყვარულსა ბერძენთასა ნუ დაუტეობთ“.
და უთხრა ძესა თვისსა დაჩის: „შენ ხარ პირმშო (უფროსი) შვილი ჩემი, შენდა მიმცემია გვირგვინი მეფობისა ჩემისა, და ნაწილად ძმათა შენთა მიმიცემია ტაშისკარიდან და წუნდიდან ვიდრე სომხეთამდე და საბერძნეთამდე და ეგრისამდე, და იყვნენ შენდა ერისთავად მორჩილებასა ქვეშე ნათესავისა შენისასა.
და მოუწოდა ნასარს, ერისთავსა წუნდისასა, და არტავაზს, ერისთავსა კლარჯეთისასა, და ბივრიტიანს, ერისთავსა ოძრხისასა, და მათ მიათვალა ცოლი თვისი ელენე და შვილნი მისი, რომელთაც ერქვა ლეონ და მირდატ, და შეავედრა მათ სამთავე ერისთავთა ცრემლითა და შეხედვებითა ღმრთისათა.
მაშინ წარჩინებულთა და ყოველსა ერსა ზედა დღე იყო სასჯელისა, და იტყებდნენ ყოველნი თავთა თვისთა, ისხმიდნენ ნაცარსა, და ყოველნი ინატრიდნენ სიკვდილსა თავისა თვისისასა; და ხმისაგან ტირილისა და გოდებისა იძრვოდა ქვეყანა; და მორწმუნე ერი ჰნატრიდა მეფესა, რამეთუ ქრისტესთვის მოიკლა. და მოკვდა ვახტანგ, და დაეფლა მცხეთას, საკათალიკოსოსა ეკლესიასა შინა სვეტსა თანა, რომელსა შინა არის ღმრთივ-აღმართებულისა სვეტისაგან დაპყრობით“.
ვახტანგ გორგასალის სიკვდილის გარემოების შესახებ ძველად განსხვავებული გადმოცემაც ყოფილა, რომელიც დაცულია თ. ჟორდანიას მიერ გამოქვეყნებულ „საეკლესიო მატიანე“-ში: „მოიკლა იგი სპარსთა ბრძოლასა შინა მონა ყოფილისაგან მისისა, რამეთუ იცოდა განახევი ჯაჭვისა ღლიასა ქვეშე: და აღიპყრა რა ხმალი თვისი ვახტანგ მეფემ, რათა სცეს კაცსა სპარსთაგანს, მონამან მან ბოროტმან ჰკრა ისარი იღლიასა ქვეშე და ამით მოიკლა და ქრისტესთვის იწამა ქრისტეს მოყვარე იგი მეფე“ და მისი მოკვლის „შემდგომად მისა მოიწივნენ სპარსთაგან ქართველთა ზედა დიდნი ჭირნი“ (ქრონიკები წ. I).
თამარ მეფის პირველი ისტორიკოსი მოგვითხრობს, რომ მეფე ვახტანგი აღესრულა „ციხესა შინა უჯარმოისასა, რომელიც აგებული იყო ვახტანგ გორგასლისაგან“-ო.
არსენ კათალიკოსის ცნობით ვახტანგ გორგასალი დასაფლავებული იყო მისგანვე აგებულ მცხეთის დიდებულ სიონში, თვით ეკლესიაში „...წინაშე სვეტსა ცხოველსა და მისსა ზედა საფლავსა წერილ არის ხატი მისი სწორი ჰასაკისა მისისა“. მაშასადამე, საფლავის ქვაზე სურათი ყოფილა გამოყვანილი იმავ ზომისა, რა ზომისაც თვით განსვენებული გვირგვინოსანი ყოფილა, – ეს ალბათ მისი საფლავის ქვის ძეგლი იქნებოდა.
ომი 506 წელს დარას ზავით გათავდა. ბიზანტიამ 300 კგ ოქრო გადაიხადა და დათმო ეგრისზე გავლენა. სამაგიეროდ კი მხოლოდ ქ. ამიდას დაიბრუნებას მიაღწია.
„მოქცევა ქართლისა“ გვამცნობს: „და მისა შემდგომად მეფობდა დიდი ვახტანგ გოლგასარი, და მთავარეპისკოპოსი იყო იოველ. მაშინ წაიყვანეს ვახტანგ სპარსთა. და შემდგომად რაოდენისამე ჟამისა მოიქცა, და მთავარეპისკოპოსი იყო მიქაელ. და მან მიამთხვა ფეხი პირსა მეფისასა ვახტანგს. ხოლო მეფემან წარავლინნა მოციქულნი საბერძნეთა და ითხოვა მეფისაგან და პატრეარქისაგან კათალიკოზი. ხოლო მან მოსცა პეტრე კათალიკოზი. და თანა ჰყავდა მას სამოველ მონაზონი, წმიდა და ღირსი. და ააშენა ქვემო ეკლესია ვახტანგ მეფემან და დასვა პეტრე კათალიკოზი. და ესე იყო ქართლის მოქცევითგან რო (170) წელსა. მეფენი გარდაცვალებულ იყვნენ ათნი, და მთავარეპისკოპოსნი ცამეტნი. ხოლო პირველი კათალიკოზი იყო პეტრე“.

შენიშვნები
1. ხერკის ხევი (იგივე თემი) მდ. არაგვის დინების სამხრეთით მარცხენა მხარეს (დღევ. მცხეთისა და დუშეთის რაიონების ტერიტორიის ნაწილი) მდებარეობს. ხერკი იგივე საგურამოს ან თეზმის ხევია. ვახუშტის ლოკალიზაციით აღმოსავლეთით საზღვრავდა ერწოს მთა, სამხრეთით – ზედაზნის მთა, ჩრდილოეთით – ნიკორნა-ბოკოწანს შორის მდებარე მთები, დასავლეთით მდ. არაგვი. ხერკის ცენტრი იყო ზედაზნის ციხე. ანტიკურ ხანაში ხერკი მუხრანთან ერთად მცხეთის „სამოქალაქოს“ (მცხეთის საგამგებლო რეგიონი) ქმნიდა.
2. კენტჩლიქოსანი ცხოველი ცხენისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 2 მ აღწევს.
3. მასში აღიარებული და დადასტურებული იყო სამი მსოფლიო კრების დოგმატები, დაგმობილნი იყვნენ ნესტორი და ევტიქი, მაგრამ მეოთხე მსოფლიო კრების აღიარებაზე და ქრისტეს ორი ბუნების შესახებ სწავლებაზე არაფერი იყო ნათქვამი, ამ საკითხზე დუმილი იყო ნაბრძანები (იკრძალებოდა ისეთი გამოთქმები, როგორიცაა „ერთი ბუნება“ ან „ორი ბუნება“.).
4. ლოკალიზდება საგარეჯოს რაიონში. უნდა მდებარეობდეს ციხე-ქალაქ უჯარმის მიდამოებში. ტოპონიმი დარფაკა დღეისათვის აღარაა შემორჩენილი. სავარაუდოა, რომ დარფაკა ერქვა ციხე-ქალაქ უჯარმის ახლო მდებარე ველს.

Комментариев нет:

Отправить комментарий