пятница, 9 ноября 2018 г.

ძველი კოლხეთისა და ქართლის ქალაქების გენეზისისათვის (მ. ინაძე)

    კოლხეთის ქალაქების ჩასახვა-განვითარების შესწავლას მყარი საძირკველი ჩაეყარა მხოლოდ დასავლეთ საქართველოს უმნიშვნელოვანეს ნაქალაქარებზე ვანში (.. ახვლედიანების გორაზე), საირხის მიდამოებში და ნოქალაქევის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრებით მოპოვებული მასალის მეცნიერულ მიმოქცევაში შემოსვლის შემდეგ, რამაც შესამჩნევად გაამდიდრა და გააფართოვა მკვლევართა ცოდნა-წარმოდგენა აღნიშნულ ქალაქთა მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ.
1975 და 1983-4 წლებში ახვლედიანების გორის ცენტრალურ ტერიტორიაზე მიკვლეულმა საკულტო დანიშნულების არქეოლოგიურმა ძეგლებმა ძვ.. VIII-VII სს-ის დიდი საკულტო კერა, რამდენიმე ასეული შეწირული ჭურჭლის ფრაგმენტებით და სხვადასხვა ცხოველის (ვერძის, ხბოს, ირმის) ორთავიანი თიხის ქანდაკებებით ნათელი გახადა, რომ ჯერ კიდევ წინაანტიკური ხანიდან აქ არსებობდა ვანის ქვეყნის მთავარი სამლოცველო, სადაც სრულდებოდა ღმერთების დიდი დედისადმი მიძღვნილი რთული საწესო რიტუალები1.
დაახლოებით იმავე ხანებში (გასული საუკუნის 70-იან 80-იან წლებში) სოფელ საირხის მახლობლად მდებარე ბორცვებზე ჩატარებული გათხრებისა და დაზვერვების შედეგად, ასევე ადგილ ლომინაურში აღმოჩენილი საკულტო დანიშნულების საგნების (ლომის თავის გამოსახულებების ფრაგმენტების, ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებული სიმბოლოებისა და ქალღვთაების მცირე ქანდაკებების) საფუძველზე შესაძლებელი გახდა იმის დადგენაც, რომ კოლხეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამლოცველო ძვ.. VIII-VII სს-ში იქმნება ყვირილის ზემო წელის ხეობაშიც2.
ვანსა (ახვლედიანების გორაზე) და საირხეში გამოვლენილი შემდგომი ხანის (ძვ.. VI-III სს-ის) არქეოლოგიური ძეგლების კვლევა-ძიებით დადასტურდა ისიც, რომ კოლხეთის საზოგადოების წინსვლასთან ერთად ადრე აქ არსებული სამლოცველოები ძვ.. VI--დან სავსებით განვითარებული სატაძრო ორგანიზაციისთვის დამახასიათებელ ფორმებს იღებენ. ვანსა და საირხის მიდამოებში მსხდომი ინტენსიური მიწათმოქმედების მიმდევარი საზოგადოების რელიგიურ ცხოვრებაში ძვ.. VIII-VII სს-დან დაწყებული ეს პროცესი თავის უმაღლეს განვითარებას აღწევს ძვ.. VI -ის მეორე ნახევარში. ამ დროიდან საბადურის გორის დასავლეთი ფერდობი ხდება ადგილობრივი დაწინაურებული თეოკრატიული საგვარეულოს საძვალე. აქვე კეთდება ქურუმთა დაკრძალვასთან დაკავშირებული საკულტო რიტუალების შესრულებისთვის განკუთვნილი მოედანი3.
საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ საირხესა და ვანში უზენაეს კულტმსახურთა მდიდრული სამარხები თითქმის ერთდროულად (ძვ.. V -ის შუა ხანებიდან) იჩენს თავს, რაც იძლევა საფუძველს ქურუმთა ფენის საბოლოო ჩამოყალიბება შიდა კოლხეთის ამ სატაძრო ცენტრებში ძვ.. VI -იდან ვივარაუდოთ.
ამავდრულად, კოლხეთში ინტენსიური მიწათმოქმედებისა და მრავალდარგობრივი ხელოსნური წარმოების განვითარების კვალდაკვალ სატაძრო ორგანიზაციებთან დებიან და მათთან თანაარსებობენ მსხვილი დასახლებები ხელოსნური წარმოებით და სახელოსნო უბნებით.
როგორც საირხის მიდამოებში აღმოჩენილი ძვ.. VIII-VII სს-ის ფერადი და შავი მეტალის საწარმოთა ნაშთების მიხედვით გაირკვა, ყვირილის სათავეებში რკინის მადნის მდიდარი გამონასვლების არსებობამ და აქედან დიდი რაოდენობით მადნის ჩამოტანამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აღებული ხანისათვის საირხესთან შავი მეტალის წარმოების მძლავრი კერის შექმნაში4. ყველაფერი ეს ხელს უმართავდა საირხის სახელოსნო უბნების მახლობლად ბერძნულ-მცირეაზიურ სამყაროსთან სააღებმიცემო ურთიერთობით დაკავშირებული მსხვილი ადგილობრივი სავაჭრო-საქალაქო ცენტრის წარმოქმნას.
წინა და ადრეანტიკურ ხანაში ვანსა და საირხეში სატაძრო ორგანიზაციებთან საქალაქო ცხოვრების ჩასახვა-განვითარების ზემოთ წარმოდგენილმა სურათმა დადასტურება ჰპოვა დღ. ნოქალაქევში ბოლო 20 წლის მანძილზე გამოვლენილი არქეოლოგიური ძეგლებითაც. ამ მასალის საფუძველზე ძვ.. VIII-VII სს-ში ნოქალაქევი ასევე გვევლინება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკულტო ცენტრად, სამლოცველოდ, სადაც კონცენტრირებულია როგორც რკინის ჩამოსასხმელი, ისე სარდიონისა და ოქროს მძივების დამამზადებელი საკმაოდ მსხვილი სახელოსნოები. აღებულ ხანაში, როგორც ჩანს, განსაკუთრებით ინტენსიური უნდა ყოფილიყო ნოქალაქევის საკულტო-სახელოსნო დასახლების კავშირი მდინარე ოჩხომურის ნაპირზე არსებულ რკინის საწარმოო სახელოსნოებსა და მათ მახლობლად მდებარე ასევე ოჩხომურად წოდებულ სამოსახლოსთან, საიდანაც შეიძლებოდა მდ. ტეხურის სამდინარო გზით ნოქალაქევში დიდი რაოდენობით რკინის, სპილენძის, ოქროს, ასევე სარდიონის ჩამოტანა. რკინის წარმოებისა და საიუველირო საქმის დიდი მასშტაბები ნოქალაქევის მიდამოებში გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის კოლხეთის ამ რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკურ და სამეურნეო ურთიერთობის მაღალ დონეზე და უთუოდ გულისხმობს ნოქალაქევში არსებული კომბინირებული სახელოსნო ცენტრის ჩართვას იმდროინდელი მსოფლიოს სააღებმიცემო პროცესებში, მჭიდრო კულტურული კონტაქტების თანხლებით, რაც, ჩანს, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდა ნოქალაქევის სატაძრო-საწარმოო სამოსახლოს ადგილას დიდი ქალაქის განვითარებისათვის5.
ამდენად, კვლევა-ძიებამ აჩვენა, რომ ძვ.წ. VIII-VII სს-იდან შიდა კოლხეთში წინაურდებიან დიდი საკულტო ცენტრები კომბინირებული ხელოსნური წარმოებით, ფართო საგარეო სააღებმიცემო ურთიერთობებით, რაც დაკავშირებული იყო ქვეყანაში მომხდარ მნიშვნელოვან სოციალიურ-ეკონომიკურ ძვრებთან – რკინის ფართო ათვისება, მოსახლეობის უჩვეულო ზრდა, ინტენსიური მიწათმოქმედების განვითარება და სხვა. საგარეო და საშინაო სავაჭრო კავშირების დამყარებაში წამყვან როლს ასრულებს რკინა.
ამრიგად, შიდა კოლხეთის ქალაქების გენეზისის კვლევით ირკვევა, რომ ქვეყნის ურბანიზაციის საწყისი ეტაპი ემთხვევა იმ ხანას, როდესაც აქ ჯერ კიდევ არ არის დასრულებული სახელმწიფოსა და მისი ადმინისტრაციული აპარატის ჩამოყალიბების პროცესი; ამ დროს საზოგადოების სულიერი და საერო ცხოვრების წარმმართავ ძალად გამოდიან დაწინაურებული ტაძრები და მათ სათავეში მდგომი კულტმსახურნი, რომელნიც ითავსებენ თემის ყოველი სახალხო საქმის წარმოებას. ამის გამოა, რომ ძვ.წ. I ათასწლეულის პირველ საუკუნეებში მკვეთრად იზრდება რთული ორგანიზაციის, დიდი მეურნეობისა და სიმდიდრის მქონე სამლოცველოების როლი.
მაგრამ ძვ.წ. VI ს-ის მეორე ნახევრიდან კოლხეთში ვითარება იცვლება, იქმნება პოლიტიკური გაერთიანება სამეფო ხელისუფლებით, რომელიც სატაძრო ცენტრებისა და მათი „ქვეყნების“ სათავეში მდგომ თეოკრატიული საგვარეულოს წარმომადგენლებს აკისრებს ადმინისტრაციულ ფუნქციებს, ყალიბდება სკეპტუხთა ინსტიტუტი. ამასვე უკავშირდება ის მნიშვნელოვანი ფაქტიც, რომ კოლხეთის სამეფოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრები იქმნებიან ადრე დაწინაურებულ დიდ ტაძრებსა და მათთან არსებულ საწარმოო-სახელოსნო დასახლებებთან, რის შემდეგ სრულდება აღნიშნული ცენტრების ფორმირება რელიგიურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ-ადმინისტრაციულ საქალაქო ერთეულებად6.
ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან დასმულ საკითხებზე მხოლოდ ასეთი დასკვნა შეიძლება გაკეთდეს:
შიდა კოლხეთის ქალაქები (ვანი, საირხე, ნოქალაქევი-არქეოპოლისი) სათავეს იღებენ საკომუნიკაციოდ მოსახერხებელი მაგისტრალების მახლობლად განლაგებულ მთავარ სამლოცველოებსა და მათთან არსებულ მსხვილ დასახლებებში, კონცენტრირებული ხელოსნური წარმოებით, სააღებმიცემო ურთიერთობით. სწორედ ასეთი ტიპის დასახლებების არსებობა შეიძლება განვიხილოთ, როგორც მოწმობა წინაანტიკურ ხანაში კოლხეთის საზოგადოების ურბანიზაციისა და შესაბამისად მის მიერ წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი ქალაქური ცივილიზაციისაკენ.
კოლხეთის ნაქალაქარების ზემოთგანხილული მასალის მეცნიერულ მიმოქცევაში შემოსვლის შემდეგ საქართველოს ძველი ქალაქების გენეზისის შესწავლის თვალსაზრისით განსაკუთრებული ჟღერადობა მიიღო შიდა ქართლის გორასაცხოვრისებზე, მსხვილ დასახლებებსა და ნაქალაქარებზე გასული საუკუნის 50-იან 60-იან წლებში აღმოჩენილმა არქეოლოგიურმა ძეგლებმა და მათი შესწავლის შედეგებმა. ამ შედეგების განხილვა გვარწმუნებს, რომ ქართული ქალაქის ჩასახვა-განვითარების პროცესის უფრო სრულად გააზრება, მისთვის ბოლომდე თვალის გადევნება მხოლოდ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში მოპოვებული ნივთიერი მონაცემების ერთობლივი კვლევითაა შესაძლებელი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ XX საუკუნის მეორე ნახევარში ქართლის ქალაქების გენეზისის შესწავლის სფეროში ბევრი რამ უკვე გაკეთდა, იბერიის ქალაქების ისტორიის საკითხებს მიეძღვნა არაერთი საინტერესო გამოკვლევა, მაგრამ საირხესა და ნოქალაქევში უკანასკნელ ხანებში გამოვლენილმა უაღრესად საყურადღებო ძეგლებმა მკვლევართა წინაშე კვლავ წამოჭრა ძველი საქართველოს ურბანიზაციის საწყისი ეტაპის რთული პრობლემა, მისი შემდგომი შესწავლის აუცილებლობა.
ჩემს მიერ ბოლო წლებში ჩატარებული მუშაობაც ძირითადად სწორედ ამ მიზანს ემსახურება. როგორც ზემოთ აღინიშნა, გასული საუკუნის 50-იანი 60-იანი წლებიდან არქეოლოგიურად შესწავლილ იქნა შიდა ქართლის არაერთი გორასაცხოვრისი და მსხვილი დასახლება თავისი საკულტო კერებით. სამოსახლო და სამლოცველო გამოვლინდა როგორც თვით უფლისციხის კლდეში ნაკვეთ კომპლექსში, ისე მის დასავლეთით ყათნალიხევში, ცხინვალის ნაცარგორაზე (III), ხოვლეგორაზე. ამავე რიგის ძეგლებს განეკუთვნება მელიღელე I-II, მელაანი და სხვა.
გორასაცხოვრისების კვლევა-ძიებამ აჩვენა, რომ ძვ.წ. II ათასწლეულის მიწურულსა და ძვ.წ. I ათასწლეულის დამდეგს იბერიის ბარსა და მთისწინა ზოლში ქვეყნის შემდგომ სოციალურ-ეკონომიკურ წინსვლასა და სამოსახლოთა სამეურნეო დაწინაურებასთან ერთად იქმნება სატომო და სათემო საკულტო ცენტრები, რომლებიც უკვე საცხოვრებელი ნაგებობის კომპლექსში კი არ შედიან, არამედ მათგან განცალკევებით დგანან. ამავე დროს ძირეულად იცვლის შინაარსს სამოსახლოს გამაგრებული ნაწილი, რომელიც ეხლა მთავარ სათემო ღვთაებათა სადგომად და სატაძრო თემის სათავეში მდგომთა საცხოვრისად იქცევა.
ბორცვზე მხოლოდ კულტის მსახურებისა და ქურუმებისათვის განკუთვნილი ნაგებობები რჩებიან, ე.ი. გორასაცხოვრისის გამაგრებული – ცენტრალური ნაწილი ვითარდება თემის სალოცავად (გორასამლოცველოდ), სადაც, ამავე დროს ქურუმები და მათი თანმხლები პირნი (სათემო ზედაფენის წარმომადგენელნი) ცხოვრობენ7. ამასთან იქმნება სატომო ღვთაების (ან ღვთაებების) კულტიც, რომელიც რელიგიას აძლევს საკმაოდ ჩამოყალიბებულ სახეს. თაყვანს სცემენ ერთიდაიმავე ღვთაებებს, რომელთა შორის განსაკუთრებული პატივით სარგებლობენ ნაყოფიერება-განაყოფიერებისა და ხარის კულტები. საწესო კომპლექსები ერთმანეთს გვანან საამშენებლო ტექნიკით, საკურთხევლებით, ინვეტარითაც8.
როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია აღნიშნული, ამ ხანის შიდა ქართლის მსხვილ სამოსახლოთა თავისებურებას წარმოადგენს ისიც, რომ აქ ვითარდება სოფლის მეურნეობისგან ცალკე გამოყოფილი ხელოსნური წარმოების დარგები. ამ სამოსახლოებთან იქმნება სახელოსნო უბნებიც. ხოვლეს დასახლებას უჩნდება საკუთარი კერამიკული სახელოსნო უბანი, რომელიც მისგან 500-ოდე მეტრის მანძილით არის დაცილებული9.
ამავე ხანის (ძვ.წ. IX-VIII სს-ის) შიდა ქართლის მსხვილ სამოსახლო-სამლოცველოებთან ხელოსნური წარმოების არსებობას მოწმობს „ნაცარგორა III“-სთან აღმოჩენილი ყალიბები და ლითონის ჩამოსხმასთან დაკავშირებული სხვა საგნები. „ნაცარგორა III“ ძვ.წ. I ათასწლეულის დამდეგს რიგითი გორასამოსახლოდან განვითარებული გორასამლოცველოა, ისევე როგორც ხოვლეგორა, ყათნალიხევის და უფლისციხის სამლოცველოები. ყალიბები შეწირული საგნებია, ხოლო მათი და აქ გამოვლენილი სხვა ნივთების შემწირავად ამ სამლოცველოს გარშემო შემოკრებილი სატაძრო თემის წევრები გამოდიან. აღნიშნულიდან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ ისევე როგორც ყათნალიხევში, ნაცარგორას სამლოცველოს მახლობლადაც არსებობდა ლითონჩამოსხმასთან დაკავშირებული სახელოსნოები10.
ამრიგად, იბერიაში, ისევე როგორც კოლხეთში, მსხვილი სამოსახლოები და მათთან არსებული სამლოცველოები მხოლოდ თემის რელიგიურ ცენტრს და საქვეყნო საქმის გამგებელ კულტმსახურთა სამყოფელს კი არ წარმოადგენდნენ, არამედ იყვნენ საწარმოო სახელოსნო-ცენტრებიც, სადაც კონცენტრირებული იყო ხელოსნური წარმოების სხვადასხვა დარგი და მათი პროდუქცია.
რამდენადაც უფლისციხე შიდა ქართლის ერთ-ერთი უძველესი ქალაქთაგანია, რომელიც დღესდღეობით არქეოლოგიურად უკეთ არის შესწავლილი და წერილობით წყაროებთან ერთად მეტად საინტერესო მასალას გვაწვდის იმისათვის, რომ უფრო ცოცხლად წარმოვიდგინოთ ადრე აქ მდებარე დასახლების და მასთან არსებული სამლოცველოს ქალაქად გარდაქმნის პროცესი, საჭიროდ მიმაჩნია ვრცლად განვიხილო უფლისციხის კლდეში ნაკვეთ ნაქალაქარსა და მის დასავლეთით 3 კმ-ის დაცილებით მდებარე ყათნალიხევის სამლოცველო ბორცვზე მოპოვებული განათხარი მასალა და მისი შესწავლის შედეგები.
1958-62 წლებში უფლისციხის დასავლეთით ყათნალიხევში დადასტურებულ სამლოცველო ბორცვზე გამოვლინდა ძველი ნამოსახლარი, რომლის მეორე ფენა შეიცავდა საკულტო ნაგებობათა კომპლექსს.
თუ კი ძვ.წ. II ათასწლეულის მიწურულამდე ყათნალიხევი ჩვეულებრივ გამაგრებულ დასახლებას წარმოადგენდა, მომდევნო ფენებში დადასტურდა სათემო ღვთაებების კულტთა სადგომი. გამოვლინდა ნაყოფიერების ღვთაების დარბაზი, ხატის ბეღელი, ხატის ჭურჭელი, ხატის თანმხლები საკმაოდ მდიდრული საკულტო-სარიტუალო ინვენტარით – ადამიანის თავის თიხის ჰორელიეფური გამოსახულება, ხარის თავის თიხის მოდელებით შემკული საკურთხევლები, დისკოს ფორმის თიხის ნივთები, ფალის მოდელები და სხვა. მთელი ამ მასალის საფუძველზე დ. ხახუტაიშვილი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ აქ დიდი დედის სამლოცველო უნდა ყოფილიყო ძვ. წ. II-I ათასწლეულების მიჯნაზე11. მაგრამ შემდგომი გათხრებით დადასტურდა ერთი მეტად საგულისხმო მოვლენაც. ძვ.წ. IX-VIII სს-ში ყათნალიხევის გორასამლოცველო დაუნდობელი სისასტიკით განადგურდა და მას შემდეგ ფერფლიდან აღარ აღმდგარა, მიუხედავად იმისა, რომ ის თემები, რომელთა სამლოცველოსაც იგი წარმოადგენდა, განაგრძობდნენ არსებობას და განვითარებას. ამის მიზეზი, როგორც დ. ხახუტაიშვილი ვარაუდობდა, არც მტრის თარეშს უკავშირდება, არც სტიქიურ უბედურებას და მოსახლეობის უეცარ ამოწყვეტას. ყველა მონაცემი იმის სასარგებლოდ მეტყველებს, რომ ყათნალიხევის გორასამლოცველო (ტაძარი) გაანადგურა უფლისციხესთან მცხოვრებმა თემმა, რომელსაც თავის სამლოცველო ჰქონდა და ყათნალიხევის გორასამლოცველოს განადგურების შემდეგ იმაზედაც ზრუნავდა, რომ განადგურებული ხატის აღდგენა არ დაეშვა. აქედან ნათლად ჩანს, რომ ამ აქტში უნდა იმალებოდეს ჰეგემონობისათვის ბრძოლის პროცესი, რომელიც კლდე-სამოსახლოს თემსა და უფლისციხის მიდამოებში მცხოვრებ თემებს შორის გაშლილა ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისში. აღნიშნული პროცესი, ჩანს ყათნალიხევის გორასამლოცველოს განადგურებით დამთავრებულა. ამიერიდან უფლისციხის კლდეში ნაკვეთი სამოსახლო თემი ამ რეგიონის ერთადერთი ჰეგემონი თემი ხდება, ხოლო მისი სალოცავი – მთავარი რელიგიური ცენტრი12.
ყათნალიხევის სამლოცველოს განადგურების ფაქტზე ასე ვრცლად იმიტომ შევაჩერეთ ყურადღება, რომ იგი შესანიშნავად ადასტურებს ადრეული ხანიდან (ძვ.წ. IX-VIII სს.) ქართლის საკულტო კერების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ამ კერებთან არსებული მსხვილი დასახლებების ქალაქებად განვითარების პროცესში. ზემოთ¬მოტანილ ფაქტში მთავარი ის არის, რომ ყათნალიხევის სამლოცველოს განადგურების შემდეგ მასთან მოსახლე თემი კვლავ განაგრძობს ცხოვრებას, მაგრამ ქალაქი და საქალაქო ცხოვრება ისახება და თავის შემდგომ განვითარებას ჰპოვებს მხოლოდ უფლისციხის კლდეში ნაკვეთ სამოსახლოში და მის მიდამოებში, იქ სადაც მკვიდრდება გამარჯვებული სამლოცველო თავის კულტმსახურებით და მის გარშემო შემოკრებილი სატაძრო თემებით. აქ უნდა გავიხსენოთ ი. კიკვიძის მიერ გამოთქმული მოსაზრება გვიანბრინჯაოს ხანის ქართლის თემების ცხოვრებაში ტაძრების მნიშვნელობის შესახებ: „კულტმსახურის, ... ხევისბერის ავტორიტეტი მთლიანად დამოკიდებულია სატაძრო ორგანიზაციაზე. ტაძარი, ღვთის სახლი, გარდა კულტმსახურებისა ითავსებს ტომისა და თემის ყოველი საერო საქმის წარმოებას, სახალხო კრებებს სამლოცველოებში იწვევენ და აქ კულტის სახელით მას ღვთისმსახურნი წარმართავენ“13. ერთი სიტყვით, კულტმსახური თავის ნებას თემს ტაძრის მეშვეობით უმორჩილებს და რამდენადაც ძლიერია სატაძრო ორგანიზაცია და მისი ავტორიტეტი, იმდენად პრივილეგიური და ავტორიტეტულია მის სათავეში მდგომი ქურუმი. კულტის ყოვლისმომცველი ხასიათი თემის წინამძღოლს განუსაზღვრელ უფლებას ანიჭებს თემსა და მეთემეებზე14.
ამდენად, ეჭვი არ არის, რომ ყათნალიხევის და უფლისციხის სამლოცველოების მძაფრი დაპირისპირების გამომხატველი ზემოთწარმოდგენილი სურათი სწორედ მათ სათავეში მდგომ ქურუმთა შორის ხელისუფლებისათვის ბრძოლას უნდა ასახავდეს. ეჭვს არ უნდა იწვევდეს ისიც, რომ უფლისციხის კლდეში ნაკვეთი დასახლების სატაძრო ორგანიზაცია, რომელიც აკანონებს ქურუმის ძალაუფლებას, სხვებზე მნიშვნელოვნად ძლიერია და რელიგიური მომენტი საერთოდ დიდ როლს ასრულებს როგორც უფლისციხის წინა საქალაქო, ისე მისი გაქალაქების ხანის ცხოვრებაში.
როდესაც განვიხილავთ იბერიასა და კოლხეთში ქალაქებისა და საქალაქო ცხოვრების ჩასახვა-განვითარების პროცესს არ შეიძლება არ აღინიშნოს ისიც, რომ კულტის ყოვლისმომცველ ძალასთან ერთად სამლოცველოების და მათ კულტმსახურთა სიძლიერე უთუოდ დიდად იყო დამოკიდებული სხვა არსებით ფაქტორზე, როგორიცაა სამლოცველო-სამოსახლოს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, სასიმაგრო სისტემის შექმნისთვის საჭირო ბუნებრივი პირობები, სიახლოვე მნიშვნელოვან სამდინარო მაგისტრალებსა და სახმელეთო გზებთან, რომელთა მეშვეობით შესაძლებელი იყო საშინაო და საგარეო სავაჭრო ურთიერთობებში ჩაბმა, ნაყოფიერი მიწების ფლობა, ხელოსნობის წამყვანი დარგების, განსაკუთრებით რკინის წარმოების განვითარება და სხვა. ზემოაღნიშნული ფაქტორების გარეშე მსხვილი სამოსახლო და მასთან არსებული სამლოცველო ქალაქად რომ ვერ განვითარდებოდა, ამის თვალსაჩინო მოწმობაა თუნდაც ხოვლეგორა და მისი სალოცავი ხატი, რომელიც უფლისციხის გაქალაქების შემდეგ (ძვ.წ. IV ს-დან) საერთოდ წყვეტს არსებობას.
მასალის სიმცირის გამო ძნელია თვალი მივადევნოთ უფლისციხის კლდეში მოსახლე თემის საქალაქო ერთეულად შემდგომი განვითარების დეტალებს, მაგრამ დადგენილია, რომ ეს გორასაცხოვრისი, რომელიც ძვ.წ. VIII ს-დან მის გარშემო მცხოვრებ თემთა ჰეგემონად გვევლინება, ძვ.წ. VI-V სს-დან ქალაქური ტიპის მსხვილი დასახლების სახეს იღებს. უფლისციხის კლდეში ნაკვეთი დასახლება ამ დროს მოიცავდა რამდენიმე გრანდიოზულ კომპლექსს, რომელიც შემდეგ შიდა ქალაქის ცენტრალურ უბნად გადაიქცა15.
არქეოლოგიური მონაცემების, სახელდობრ, უფლისციხის შიდა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში განლაგებული გრანდიოზული, მდიდრულად გამართული დარბაზების მიხედვით ასკვნიან, რომ ძვ.წ. VI-V სს-ის უფლისციხე „ზენა სოფლის“ უდიდესი პოლიტიკური და შესაძლოა რელიგიური ცენტრია. გ. მელიქიშვილის აზრით, მისთვის სახელი უფლისციხის მიკუთვნება იმის მოწმობა ჩანს, რომ იქ „ზენა სოფელის“ უფალი, უზენაესი გამგებელი, თუ მეუფე იჯდა. ანალოგიურ მოსაზრებას გამოთქვამდა დ. ხახუტაიშვილიც. მისი აზრით, იბერიაში უფლისციხეს ყველაზე ადრე უნდა შეეძინა ქალაქის ნიშნები16.
არქეოლოგიური კვლევა-ძიებით მიღებულ დასკვნას მნიშვნელოვნად ავსებს „ქართლის ცხოვრებაში“ დაცული ერთი მეტად საინტერესო ცნობა.
ცნობაში ვკითხულობთ: „ხოლო ვითარცა მოკუდა მცხეთოს, ძე ქართლოსისი, შთავარდა შური შორის შვილთა ქართლოსისასა: იწყეს ბრძოლად და ხდომად ურთიერთას. რამეთუ უფლოსს.... არა ერჩდეს, არცა ხადოდეს უფლად, რომელი დატევებულ იყო საყდართა ქართლოსისათა, რამეთუ მამისა მისისაგან მიცემული იყო უფლობა ქართლოსიანთა. იწყეს ბრძოლად და ხდომად ურთიერთას; ....და გაგრძელდა მათ შორის ესევითარი საქმე, და არავინ იყო მათ შორის უწარჩინებულეს და უსახელოვანეს, არამედ ადგილითი-ადგილად თავადნი იჩინიან, ხოლო ვინცა იყვის მცხეთას, რეცა თავადი იგი იყვის ყოველთა მათ სხვათა ზედა და არცა სახელ-ედებოდათ მეფედ, არცა ერისათავად, არამედ მამასახლისი ეწოდებოდათ, და იგი იყვის მაზავებულ და ბჭე სხვათა ქართლოსიანთა ყოველთასა, და უწოდდეს დედაქალაქად“17.
მოტანილი ცნობიდან იმ დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ სამეფოს შექმნამდე ქართლში არსებობდნენ წინასახელმწიფოებრივი წარმონაქმნები ანუ ხევები, „ქვეყნები“, რომელთაც „თავადნი“, იგივე ხევისუფალნი ედგნენ სათავეში. „ქართლის ცხოვრებაში“ შემორჩენილ ამ ცნობის თანახმად, ყოველი მათგანი ცდილობს ქართლში არსებულ წარმონაქმნთა ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებას და ამით ქართლის სამეფო ტახტის მოპოვებას, მაგრამ გადმოცემიდან თვალნათლივ ჩანს, რომ ამ ადრეულ ხანაში ქართლის „ქვეყნების“ გაერთიანების მოთავე სამეფო ტახტის ყველაზე სრულუფლებიანი მემკვიდრე უფლოსი, ანუ უფლისციხის სატაძრო ცენტრში მჯდომი მეუფე-გამგებელი ამას ვერ ახერხებს, რადგან ქართლის სხვა „თავადნი“ მას უფლად-მეფედ არ სცნობენ და საბოლოოდ „ქვეყნების“ გამაერთიანებლად მაინც დიდი მცხეთის მამასახლისი და (როგორც ამას უკვე „ფარნავაზის ცხოვრება“ გვაუწყებს), ამ მამასახლისის ჩამომავალი – ფარნავაზი გამოდის.
ეხლა თუ კვლავ დავუბრუნდებით ქართლის ტერიტორიაზე არაერთ ადგილას აღმოჩენილ ძვ.წ. VI-IV სს-ის არქეოლოგიურ ძეგლებს, არ შეიძლება სოციალური თვალსაზრისით გარკვეული კავშირი არ დავინახოთ უფლისციხის სატახტო-საქალაქო ცენტრში მჯდომ მეუფე-გამგებელსა და ადრეანტიკური ხანის ქართლის მდიდრულ სამარხებში დაკრძალულ ხელისუფალთა შორის.
როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია აღნიშნული, პუნქტები, სადაც ეს სამარხებია გამოვლენილი (ახალგორი, ყაზბეგი, ყანჩაეთი, ალგეთი, წინწყარო), ხევის საკულტო-პოლიტიკური ცენტრებია. ხევისუფალი კულტმსახურია, ტაძრეული და ამდენად, საფიქრებელია, რომ აღნიშნული მდიდრული სამარხები ეკუთვნოდა ხევის სამლოცველოების გარშემო შემოკრებილი სატაძრო თემების სათავეში მდგომ, მათი სულიერი და საერო ცხოვრების წარმმართავ უზენაეს ქურუმებს.
აღნიშნულ ქურუმთა კუთვნილებას ხევის დაწინაურებული საგვარეულოსადმი მოწმობს ზემოხსენებულ სამარახებში აღმოჩენილი მდიდრული ინვენტარი, ხოლო მათ ხელში საერო და სასულიერო მოვალეობათა თავმოყრაზე მეტყველებს სამარხებში ნაპოვნი საბეჭდავები და შტანდარტები, რომლებიც ხევის დროშებს წარმოადგენდნენ და თავისი სიმბოლიკით შეიცავდნენ როგორც მეომარი, ისე ნაყოფიერების ღვთაების ემბლემებს. ასეთი შტანდარტების მოთავსება წარჩინებულ პირთა სამარხებში იმის ნიშნად არის მიჩნეული, რომ ადრეანტიკური ხანის ქართლის საზოგადოების ზედაფენიდან გამოსულ ხევისუფალთა, ხევისთავთა მიერ უზურპირებულია საერო და სასულიერო ხელისუფლება, ხოლო ის პუნქტები, რომლებშიც შტანდარტების შემცველი სამარხებია დამოწმებული, მათი ადგილსამყოფელი და ხევის საკულტო-რელიგიური ცენტრებია, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ სატაძრო თემის ცხოვრებაში18. ეს მოსაზრება დადასტურებას პოულობს ქართლის სხვა არქეოლოგიურ ძეგლებშიც. მხედველობაში გვაქვს ციხიაგორა, რომელიც უთუოდ წარმოადგენდა ქართლის წინა თუ ადრესახელმწიფოებრივი ტიპის ტერიტორიული წარმონაქმნის – „ქვეყნის“ დიდ რელიგიურ და პოლიტიკურ ცენტრს, თეოკრატიული მმართველი ზედაფენის ადგილსამყოფელს19.
ამრიგად, ძვ.წ. VI-V სს-იდან იბერიის, სახელდობრ, „ზენა სოფლის“ წიაღში სრულდება ქალაქური ტიპის დასახლებათა ფორმირების პროცესი; თუმც მათ ჯერ კიდევ არ მიუღიათ ელინისტური ხანის ქალაქების სახე, მაგრამ თავის განვითარებით ისინი უკვე შორს გასცდნენ წინარე¬ანტიკური ხანის დიდ სამლოცველოებთან არსებულ მსხვილ სამოსახლოებს. როგორც ზემოთ ითქვა, ამ პერიოდის ქალაქურ დასახლებათა შორის განსაკუთრებით გამოირჩევა უფლისციხე20.
სწორედ ამ დროისათვის შიდა ქართლში შეინიშნება სიმდიდრის მკვეთრი კონცენტრაცია დიდ რელიგიურ-პოლტიკურ ცენტრებში მჯდომი თეოკრატიული გამგებლების ხელში, რისი დასტურიცაა ზემოთნახსენები მდიდრული სამარხები (მათი ანალოგიური არიან კოლხეთში აღმოჩენილი ვანის, საირხის უზენაეს კულტმსახურთა სამარხები).
იბერიის ქალაქთა განვითარებაში მკვეთრი გარდატეხა ელინისტური ხანიდან იწყება. ქვეყანაში იქმნება სახელმწიფო ძლიერი სამეფო ხელისუფლებით, სამხედრო-ადმინისტრაციული აპარატით, ერისთავ-პიტიახშებით. იბერიაში წესდება სახელმწიფო კულტი – არმაზის კულტი, რომლის თაყვანისცემა ემსახურება სამეფო ხელისუფლების ავტორიტეტის განმტკიცებას.
ცენტრალური ხელისუფლება ცდილობს დასძლიოს თეოკრატიული ზედაფენისა და მის უზენაეს კულტმსახურთა ყოვლისმომცველი გავლენა. ამას უკავშირდება სატაძრო მიწების გარკვეული ნაწილის გადასვლა სამეფო სახლისა და მასზე დამოკიდებულ მეთემეთა ხელში, რაც ძირს უთხრის ტაძრების ეკონომიკურ სიძლიერეს და ძალაუფლებას. თავის მხრივ, კულტმსახურნი ცდილობენ თავის კუთვნილი და მათზე მსხდომ სატაძრო თემებზე თავისი ძალაუფლების შენარჩუნებას. ამ დროს ჯერ კიდევ განაგრძობს არსებობას ზოგიერთი დიდი სატაძრო მეურნეობა, განსაკუთრებით, იბერიის აღმოსავლეთ რეგიონში (დღ. კახეთი), სადაც თეოკრატიული მმართველობა უფრო რელიეფურად ჩანს. ელინისტურ ხანაში დიდი სატაძრო გაერთიანება არსებობდა, როგორც ზემოთ ითქვა, შიდა ქართლში – ციხიაგორა, ცენტრალურ კოლხეთში – ვანის სატაძრო ქალაქი.
ამრიგად, არქეოლოგიური და წერილობითი მონაცემებით ნათლად იკვეთება ის ფაქტი, რომ ელინისტური ხანის შიდა ქართლში ე.წ. „ქვეყნების“ თეოკრატიულ ხელისუფალთა მმართველობა ძირითადად უკვე განვლილი ეტაპია საზოგადოების სოციალურ განვითარებაში. ამ დროიდან სატაძრო ცენტრების დიდი ნაწილი გარდაიქმნა სამეფო ადმინისტრაციულ ცენტრებად და მნიშვნელოვან ქალაქებად, რომელნიც დიდ როლს ასრულებდნენ იბერიის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ასეთ ქალაქებად წარმოგვიდგება დიდი მცხეთა, ურბნისი, სამადლო, რომელიც, ჩანს, ასევე გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანაში აქ არსებულ სამლოცველოში იღებს სათავეს21.
რაც შეეხება დიდ მცხეთას, გვიანბრინჯაოს და ადრერკინის ხანაში სამთავრო-მცხეთის ტერიტორიაზე იწყება სამოსახლოთა ერთი ჯგუფის გაძლიერება. აქ უფრო და უფრო წინაურდება და გამორჩეულ ადგილს იჭერს ის თემი, რომელიც მცხეთის გორასაცხოვრისზე სახლობდა და სამაროვანი სამთავროს ველზე ჰქონდა. სამთავროს სამაროვანზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა მკვლევართ აძლევს საფუძველს საქალაქო ცხოვრების წარმოქმნა უფრო ადრეული ხანიდან იგულისხმონ, ვიდრე მცხეთა დედაქალაქი გახდებოდა22.
ძვ.წ. VI-V სს-ში მცხეთა, ჩანს, ქალაქური ტიპის დასახლებაა, რომელსაც მცხეთის რაიონის სხვა დასახლებათა შორის განვითარების უკეთესი პირობები ჰქონდა. სარკინეს არქეოლოგიური გათხრებით დადასტურდა, რომ დიდი მცხეთის, როგორც მსხვილი ხელოსნური ცენტრის განვითარებაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა რკინის დიდი რაოდენობით დამუშავებას. სარკინეს უბანში, როგორც ეს 1954-1956 წლების გათხრებით დადგინდა, რკინის ფართო წარმოებასთან ერთად ხდებოდა სპილენძისა და ტყვიის გამოდნობა23.
იბერიის ქალაქებში ერთმანეთს ხვდებოდნენ ჩრდილო კავკასიიდან თერგისა და არაგვის ხეობებზე გამავალი საქარავნო გზები და ფასის-კიროსის სამდინარო მაგისტრალი, რომელიც კოლხეთსა და იბერიაზე გავლით დასავლეთს აღმოსავლეთის ქვეყნებთან აკავშირებდა. აღნიშნული გზების მეშვეობით „დიდი მცხეთა“ თავის უბნებით ერთვება ელინისტურ სამყაროსთან კომერციულ ოპერაციებში, ფულად ურთიერთობებში და ხდება სატრანზიტო ვაჭრობის ერთ-ერთი უდიდესი ცენტრი, საიდანაც იბერიის საზოგადოების ზედაფენაში საქონელთან ერთად გზას იკვლევს იმდროინდელი ცივილიზებული სამყაროს კულტურის მონაპოვარი24.
საქალაქო ცხოვრება მაღალგანვითარებას აღწევს უფლისციხეშიც, რომელიც კასპთან და გორთან ერთად ერთ საქალაქო კომპლექსს ქმნის. დაახლოებით ასეთივე სურათია ურბნისშიც, რომელიც ელინისტურ ხანაში სხვა დასახლებებთან – რუისთან, ხიზანაანთ გორასთან, ქვაცხელასთან გაერთიანების შედეგად ქალაქად განვითარდა.
ქალაქების მეშვეობით იბერიის სამეფო ხდება ელინისტური სამყაროს ორგანული ნაწილი, რასაც თან სდევს ქვეყანაში ელინიზმისათვის დამახასიათებელი პროცესების განვითარება, კულტურის, ეკონომიკური და სოციალური ურთიერთობების სფეროში, ასევე საზოგადოების სწრაფი წინსვლა-აღმავლობა. იბერიის სამეფო ამ დროს გამოდის ფართო პოლიტიკურ სარბიელზე. მისი საერთაშორისო პრესტიჟის ზრდას დიდად უწყობს ხელს ჩრდილო კავკასიიდან – მომთაბარეთა ქვეყნებიდან ცივილიზებულ სამყაროსკენ მომავალი გადმოსასვლელი გზების ფლობა და მათზე იბერიის კონტროლის დაწესება.
ამრიგად, კოლხეთისა და იბერიის ქალაქების გენეზისის კვლევის შედეგად იმ დასკვნამდე მივედით, რომ ძველ საქართველოში ურბანისტული ცენტრების ჩასახვის პროცესი ერთი კანონზომიერებით მიმდინარეობს, მაგრამ ელინისტური ხანიდან ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების კვალდაკვალ ყოველი ქალაქის განვითარება ფუნქციონალური თვალსაზრისით საკუთარი გზით წარიმართება, რაც მათ ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებულ იერს აძლევს.
ელინისტური ხანიდან შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასთან ერთად განვითარების განსხვავებული გზით წარიმართებიან და მთელი რიგი თავისებურებებით ხასიათდებიან შიდა კოლხეთის ზემოთხსენებული ქალაქებიც25.
დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა
1. В.Н. Толордава. Культовый комплекс VIII-VII вв. до н.э. из Вани – Причерноморье в VII в. до н.э., Тбилиси, 1987. მ. ინაძე, სატაძრო ცენტრები ძველ კოლხეთში, „მაცნე“, ისტრიის სერია, 1986, #4, გვ. 97-103; მისივე, ძველი კოლხეთის საზოგადოება, თბილისი, 1994, გვ. 77, 78, 79.
2. ჯ. ნადირაძე, ყვირილის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები, თბილისი, 1975, გვ. 80, 130-140. გ. მახარაძე, საბადურის გორის სტრატიგრაფია და საირხის ნაქალაქარის ისტორიის ძირითადი ეტაპები (პრეპრინტი), თბილისი, 1991, გვ. 12.
3. ჯ. ნადირაძე, საირხე საქართველოს უძველესი ქალაქი, წ. I, თბილისი, 1990, გვ. 22-97; გ. მახარაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 9-13; მ. ინაძე, ძველი კოლხეთის საზოგადოება, გვ. 83, 93-97, 102.
4. ჯ. ნადირაძე, საირხე საქართველოს უძველესი ქალაქი, გვ. 18-21; გ. მახარაძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 9.
5. დ. ლომიტაშვილი, ცენტრალური კოლხეთი ძვ.წ.VII-ახ.წ. VI სს. (ციხეგოჯი – არქეოპოლისი-ნოქალაქევი). თბილისი, 2003, გვ. 13, 14; მისივე, ნოქალაქევი I, საწარმოო-ნამოსახლართა კულტურა.... (ТГУ – Вопросы истории и теории культуры, XIII, Тбилиси, 2002, გვ. 91-95); ნ. ქებულაძე, დ. ლომიტაშვილი, საოქრომჭედლო საქმე ძვ.წ. VIII-VII სს. კოლხეთში (ნოქალაქევის მასალების მიხედვით) („მესხეთი“, III, თბილისი, 1999, გვ. 82-84); დ. ხახუტაიშვილი, მასალები რკინის წარმოების ადრეული საფეხურის ისტორიისათვის ჩრდილოეთ კოლხეთში, სდს, IX, 1980, გვ. 36, 37.
6. M. Inadze, Zur Entstehung der Städte in der Innerkolchis – Georgica. Zeitschrift fűr Kultur, Sprache und Geschichte Georgiens und Kaukasiens. 28,Iahrgang 2005, 24-25. მ. ინაძე, ცენტრალური კოლხეთის ქალაქების ჩასახვა-განვითარების საკითხისათვის. – საიუბილეო კრებული მიძღვნილი შოთა მესხიას დაბადების 90 წლისთავისადმი, თბილისი, 2006, გვ. 99-113.
7. დ. ხახუტაიშვილი, უფლისციხე, I, 1957-1963 წწ. არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგები. თბ., 1964, გვ. 14-50; მისივე, კლდეში ნაკვეთი ქალაქი, თბილისი, 1965, გვ.47-65; მისივე, იბერიის ქალაქთა ისტორიის საკითხები, თბილისი, 1966, გვ. 66-67.
8. ი. კიკვიძე, მიწათმოქმედება და სამიწათმოქმედო კულტი ძველ საქართველოში, თბილისი, 1976, გვ. 195-199.
9. დ. ხახუტაიშვილი, იბერიის ქალაქთა ისტორიის საკითხები, გვ. 68.
10. გ. გობეჯიშვილი, სტალინირის ნაცარგორა, გვ. 255, 268-270; მისივე, ბრინჯაოსა და რკინის მეტალურგიის საწყისი საფეხური, „საქართველოს არქეოლოგია“, თბილისი, 1959, გვ. 218.
11. დ. ხახუტაიშვილი, უფლისციხე, I, გვ. 18-44; ი. კიკვიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 198.
12. დ. ხახუტაიშვილი, იბერიის ქალაქთა ისტორიის საკითხები, გვ. 93-95.
13. ი. კიკვიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 115.
14. იქვე.
15. დ. ხახუტაიშვილი, იბერიის ქალაქთა ისტორიის საკითხები, გვ. 97-99.
16. იქვე. Г.А. Меликишвили, К истории древней Грузии, Тбилиси, 1959, გვ. 271.
17. ქც., I, გვ. 10, 11.
18. ი. კიკვიძე, დასახ. ნაშრომი, გვ. 225.
19. გ. ცქიტიშვილი, ციხიაგორას სატაძრო კომპლექსი, თბილისი, 2003, გვ. 23-25.
20. უფლისციხის არქეოლოგიური გათხრებისას გამოვლენილი ადრეანტიკური ხანის მრავალფეროვანი კერამიკული ნაწარმისა და სხვადასხვა სახის სამეურნეო იარაღის საფუძველზე თ. სანიკიძე გამოთქვამს მოსაზრებას, რომ უფლისციხე სწორედ ამ პერიოდში ძლიერ სატაძრო თემად ჩამოყალიბდა და საკმაოდ დიდი ტერიტორიის ჰეგემონის ძალმოსილებაც მოიპოვა. მკვლევარის აზრით, უფლისციხის ისტორიაში ახალი დიდი აღმავლობა იწყება ძვ.წ. IV ს. ბოლო ათეულ წლებში. III ს-ის დასაწყისში იგი უკვე სატაძრო ქალაქს წარმოადგენს და შედარებით მცირე დროის მანძილზე აქ ხორციელდება გრანდიოზული სამუშაო, რომელიც მოიცავს მთელ კლდოვან მასივს (თ. სანიკიძე, უფლისციხე, თბილისი, 2002, გვ. 25).
21. სამადლო III-ის ქვედა ფენებში მიკვლეული მასალის – ვოტივური საგნების მიხედვით ი. გაგოშიძე ვარაუდობს, რომ სამადლო გვიანბრნჯაო ადრერკინის ხანაში (ძვ.წ. XIV-VII სს.) წარმოადგენდა სამლოცველოს. მომდევნო – წინაელინისტური ხანის კულტურულ ფენაში აღმოჩენილი კერამიკული მასალის და ძვ.წ. VI-IV სს-ის კოშკისებური ნაგებობის ნანგრევების საფუძველზე გამოთქმულია მოსაზრება, რომლის თანახმად აქ უნდა ყოფილიყო აქემენიდური ცეცხლის ტაძარი, რომელიც უთუოდ ფუნქციონერებდა და საკულტო დანიშნულებას ასრულებდა ელინისტურ ხანაშიც.
საქალაქო ცხოვრების გაფურჩქვნა სამადლოში ძვ.წ. IV ს-ის დასასრულს – II-I სს-ის დასაწყისში ივარაუდება, ანუ ქართლის სამეფოს არსებობის ადრეული ხანიდან. ამ დროს ქალაქი გაშლილი იყო სამადლო-ნასტაკისის ტერიტორიაზე და მოიცავდა მდ. მტკვრის ორივე ნაპირს. აქ გამოვლენილი იმპორტული ნაწარმის მიხედვით ასკვნიან, რომ ქალაქი ელინისტურ ხანაში ჩართული იყო ფართო საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.
ძვ.წ. IV-II სს-ის სამადლოში დიდ ქალაქთან ერთად ვარაუდობენ აკროპოლის არსებობასაც (Ю.М.Гагошидзе, Самадло, Тбилиси, 1979, გვ. 51, 52, 54, 66, 100).
22. ა. აფაქიძე, მცხეთა, ქართლის სამეფოს ძველი დედაქალაქი, თბილისი, 1959, გვ.52-53,65-66; მისივე, საქართველოს უძველესი კულტურა ახალი არქეოლოგიური აღმოჩენების შუქზე, თბილისი, 1963, გვ. 215-220.
23. А.М. Апакидзе. Результаты археологического изучения античных городов Грузии. Античный город, Москва, 1963. გვ. 145-149.
24. იქვე, გვ.149;
25. მ. ინაძე, დასახ. ნაშრომი, 24-25.
 
 

Комментариев нет:

Отправить комментарий