пятница, 30 ноября 2018 г.

ინგლისელი მოგზაური ჯეიმს ბრაისი თბილისის შესახებ (1876)


შესავლის მაგიერ
ჯეიმს ბრაისი (1838-1922) დაიბადა ბელფასტში. განათლება მიიღო ჯერ გლაზგოს უმაღლეს სკოლაში შემდეგ გლაზგოსა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებსა და ოქსფორდის სამების კოლეჯში. ჰაიდელბერგის უნივერსიტეტმა ის აზიარა გერმანულ ისტორიულ და იურიდიულ მეცნიერებებს და გახდა ტევტონური თავისუფლების მხარდამჭერი. მისი აზრით აშშ, ბრიტანეთის იმპერია და გერმანია იყვნენ ბუნებრივი მეგობრები. როგორც ისტორიკოსმა, სახელი გაითქვა 1864 წელს ნაშრომითრომის საღვთო იმპერია. როგორც სამოქალაქო სამართლის დარგის პროფესორი, ის გაიწვიეს ლონდონიდან ოქსფორდში, სადაც იმყოფებოდა 1870-1893 წლებში.
1872 წელს იმოგზაურა ისლანდიაში, როგორც იქაური საგებისთაყვანისმცემელმა. 1876 წელს მოიარა რუსეთი არარატის მთებამდე, რომელზეც ავიდა როგორც მთამსვლელი. 1880 წელს აირჩიეს პარლამენტში, რომლის წევრადაც დარჩა 1907 წლამდე. ინტელექტმა და პოლიტიკაში გარკვეულობამ ის გახადა ლიბერალური პარტიის დაფასებულ წევრად. 1882 წელს ბრაისმა ჩამოაყალიბანაციონალურ-ლიბერალური კლუბი, რომლის წევრები იყვნენ გლადსტონი [1], ბერნარდ შოუ [2], დევიდ ლოიდ ჯორჯი [3], უინსტონ ჩერჩილი [4]. 1892 წელს შეუერთდა გლადსტონის უკანასკნელ კაბინეტს, 1894-95 წლებში იყო ლორდ სოლსბერის ახალ კაბინეტშისავაჭრო საბჭოს პრეზიდენტი. 1897 წელს იმყოფებოდა სამხრეთ აფრიკაში და გამოაქვეყნა შთაბეჭდილებები ამ მხარეზე, რამაც გარკვეული გავლენა იქონია ბურების მეორე ომის [5] თაობაზე მიმდინარე დისკუსიაზე. ის იყო ერთი უმძაფრესი კრიტიკოსი ბრიტანეთის რეპრესიული პოლიტიკისა ბურების წინააღმდეგ.
1907 წელს დაინიშნა ბრიტანეთის ელჩად აშშ-ში, სადაც დაუახლოვდა პრეზიდენტ თეოდორ რუზველტს [6] და გერმანიის ელჩს აშშ-ში გრაფ ჰენრიხ ფონ ბერნშტოფს. ის იყო ანგლო-ამერიკული მეგობრობის დიდი მოამაგე. ჯერ კიდევ 1882 წელს ის აირჩიესამერიკის ანტიკვარული საზოგადოების წევრად.
1888 წელს დაწერა წიგნი ამერიკული სახელმწიფო, რამაც სახელი გაუთქვა ამერიკაში და ისტორიული და კონსტიტუციონალური სამართლის თვალსაზრისით უცბად იქცა კლასიკურ სახელმძღვანელოდ. 1907-1908 წლებში იყო ამერიკული პოლიტიკურ მეცნიერებათა ასოციაციის პრეზიდენტი. ამერიკის ელჩობიდან 1913 წელს დაბრუნებული დიდ ბრიტანეთში, გახდა ვიკონტი ბრაისი, ხოლო 1914 წელსლორდთა პალატის წევრი. 1913-1917 წლებში იგი ბრიტანეთის აკადემიის პრეზიდენტია.
1915 წელს პირველი მსოფლიო ომის დროს ბელგიიდან იწერებოდა გერმანელთა სასტიკ საქციელზე მოქალაქეთა მიმართ. ასევე მკაცრად გმობდა ოტომანთა იმპერიაში 1915 წელს სომეხთა გენოციდს. ის პირველი იყო, რომელმაც ლორდთა პალატაში ილაპარაკა გენოციდის შესახებ 1915 წლის ივლისში. მოგვიანებით ისტორიკოს არნოლდ ტოინბისთან (თოყნბეე) ერთად წარადგინა დოკუმენტური ჩანაწერი ჟლეტის შესახებ, რომელიც ბრიტანეთის მთავრობამ გამოაქვეყნა 1916 წელს როგორც ლურჯი წიგნი. 1921 წელს ბრაისმა დაწერა, რომ ოტომანთა იმპერიაში მზადდებოდა მსგავსი სისასტიკე იქ მცხოვრები ასირიელების მიმართ. სიცოცხლის ბოლო წლებში ბრაისი მსახურობდა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში და მხარს უჭერდა ერთა ლიგის დაფუძნებას [7]. 1921 წელს გამოქვეყნებული მისი წიგნი თანამედროვე დემოკრატიაწარმოადგენდა ომის შემდგომი დემოკრატიის საკმაო კრიტიკას. როგორც დედოფალმა ვიქტორიამ [8] განაცხადა, ბრაისი იყო ერთი ყველაზე მეტად ინფორმირებული ყველა საკითხში, ვინც კი შემხვედრიაო.
წიგნი, რომლიდანაც ჩვენ ამოვიღეთ ცნობები თბილისის შესახებ, გამოქვეყნდა ლონდონში 1878 წელს შემდეგი სათაურითამიერკავკასია და არარატი. 1876 წლის შემოდგომის არდადეგების დროს შემდგარი ექსპედიციის ჩანაწერები1, თავი IV, ტფილისი, გვ. 131-156.
ტფილისი
ამიერკავკასიის დედაქალაქი არის ქვეყნის ტიპიური სახე. ეს არის კონტრასტების ქალაქი; ის ნახევრად ევროპულია, ნახევრად აზიური. ის ძევს მდინარე მტკვარზე, რომელიც სწრაფია და მღვრიე და აქედან ტოვებს მთიან არეს და გადის სტეპებში, რაც კასპიის ზღვამდე ვრცელდება. ქალაქს ყოველი მხრიდან არტყია მაღალი და ფიქალიანი კირქვის მთები; ამათგან ზოგი სამხრეთისა აღმართულია მდინარის დონიდან 800-1200 ფუტის სიმაღლეზე. ესენი არაა თვალწარმტაცი; მეტადრე მაისის შემდეგ, როცა ბალახეული სრულიად გადამწვარია სიცხის გამო. ამიტომ ისინი გამორჩეულად არიან შიშველი, მოყავისფრო რუხი, მკაცრი და უფერული, სანამ ჩამავალი მზე მცირე ხნით არ დააფენს წითელ შუქს. თუმცა ისინი ქალაქს ისეთ ხასიათს აძლევენ, რომ არ შეიძლება მათი უყურადღებოდ დატოვება. ამას გარდა ისინი იცავენ ქალაქს ცივი ძლიერი ქარებისგან, რომლებიც ზამთრობით უბერავენ კავკასიონიდან. ამდენად, ზამთრის ჰავა ყველაზე სასიამოვნოა ამ განედზე   თბილი და თანაბარი, არც ისე ნოტიო, როგორიც შავი ზღვის სანაპიროზეა2. მაშინ როცა მტკვრის ქვემო დინებაზე სტეპები თოვლითაა დაფარული და აღიგვება ჩრდილო-აღმოსავლეთის სუსხიანი ქარის მიერ, ჭლექიან პაციენტებს შეუძლიათ ქალაქში მთელი ზამთრის მანძილზე გარეთ სიარული. წლიური საშუალო ტემპერატურა ცოტა უფრო დაბალია, ვიდრე რომში, რომელიც იმავე განედზე ძევს. მეორე მხრივ, ზაფხულში ტფილისი აუტანლად ცხელია და დახუთული. ქვემოთ ამ ქვაბურში, სადაც ჰაერი მთებიდან თქვენამდე ვერ აღწევს, სადაც მზის სხივები აირეკლება შიშველი ფერდებიდან და თეთრი სახლებიდან, სადაც ხშირად თვეობით თავსხმა არ მოდის, ადამიანი იხუთება და უბრალოდ კი არ იწვის, არამედ იხრჩობა. მე რამდენჯერმე შევესწარი ჭექა-ქუხილსა და წვიმის ვრცელ ზოლს ქალაქის ირგვლივ რამდენიმე მილის მოშორებით, ქუჩები ღამის სიბნელეში ნათდებოდა ელვის შუქით, მაგრამ ტფილისში წვეთიც არ ჩამოვარდნილა. გამომდინარე იქიდან, რომ წყალი არაა საკმაო, ხოლო მტვერი ნამდვილად აღმოსავლური, ადვილი გასაგებიაზაფხული არ არის დრო, რათა ისიამოვნო ამიერკავკასიის დედაქალაქით. ზაფხულში თითქმის ყველა, ვისაც შეუძლია და თავისუფალია ოფიციალური სამსახურისგან, ადის მთებში. სასახლე (კარი), .. დიდი მთავარი[9], რომელიც არის ამ სისტემის მზე და მისი თანამგზავრი პლანეტებიადიუტანტები, მიემგზავრებიან ბორჯომში; ესაა მშვენიერი ადგილი ტყიან მთებში, 80 ვერსზე დასავლეთით ჩრდილო-დასავლეთით მტკვრის ზემო ხეობაში. სხვები, კავკასიონის გადავლით მიდიან პიატიგორსკსა ან კისლოვოდსკში ესაა მინერალურ წყაროებიანი საყვარელი ადგილები იალბუზის ჩრდილო ძირში. ცოტანიც ოდესის გზით გადიან ევროპაში. სექტემბრის შუა რიცხვებში ისინი იწყებენ დაბრუნებას, ხოლო ნოემბერში საზოგადოება კვლავ გახურებულ საქმიანობაშია.
მთები, რომლებიც მე ვახსენე, ციცაბოდ ეშვება მდინარისკენ; ქალაქი უმთავრესად ძევს მის დაბალ ფერდზე მდინარის მარჯვენა, ანუ სამხრეთ-დასავლეთის გაცილებით მაღალ ნაპირზე. ასე რომ, ქალაქი ტერასებად ეშვება მდინარისკენ, რომელიც აქ მიედინება სამხრეთაღმოსავლეთისკენ. ქალაქის აღმოსავლეთ ბოლოში ორი კლდოვანი ნაპირი თითქმის ხვდება ერთმანეთს და მტკვარი ჭორომებითა და მორევებით მიიკვალავს გზას მათ შორის. ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეზე დგას სიმაგრე (ციტადელი), რომელიც ამჟამად საპატიმროცაა, და ძველი ქართული კათედრალი (ეკლესია)[10]. ამის უკან ტერასის მსგავს ადგილზე უზარმაზარი ყაზარმებია. მოპირდაპირე კლდეები ლამაზი სპარსული ციხის[11] ნანგრევებითაა დაგვირგვინებული, საიდანაც დავინახეთ გრძელი ტყიანი ზოლი დაღესტნის უშორესი მთებისა, ხოლო მოწმენდილ ამინდშიყაზბეგის მბრწყინავი თოვლი, რომელიც აზიდულია ევროპისა და აზიის წყალგამყოფზე. ეს უსწორმასწორო გარემო სწრაფი მდინარით, რომელიც მიექანება ციცაბო ნაპირებს შორის, აძლევს ტფილისს დიდ მომხიბვლელობას და წარმოაჩენს მას უფრო დიდად, ვიდრე სინამდვილეშია. მისი ხედი ძალზე საოცარია, არა იმიტომ, რომ ცალკეული შენობებია ლამაზი; თუმცა ისინი თითქმის ყველა თანამედროვეა რუსული სტილის მსგავსი და უინტერესო; სამაგიეროდ, უამრავი სახლი გაფანტული ჭალებითა და ბაღებით, მთების მკაცრი ყავისფერი დეკორაცია, ხალხის ჭრელი ჯგუფები, რომლებიც ჩანან ხიდებზე, შორეული მთების ციალი, ყოველივე ძნელად დასავიწყარია. მე ვერ ვიხსენებ რომელიმე ევროპულ ქალაქს, რომელიც მისი მსგავსი იყოს. ხალხმა ის შეადარა პრაღას; მაგრამ პრაღა ისევე ჩამორჩება მდებარეობით, როგორც აღემატება არქიტექტურის სილამაზით. ტოლედოც ასევე დაგვაფიქრებს, მაგრამ, ჩემი აზრით, მსგავსება იწყება და თავდება მკაცრი ყავისფერი მთებით და მღვრიე მდინარით.
ზემოდან დანახული ტფილისი არის ერთი მთლიანი ქალაქი, მხოლოდ აქა-იქ გაწყვეტილი საზოგადო ან კერძო ბაღებით. სინამდვილეში ის შედგება სამი სრულიად განცალკევებული ქალაქისგან, რომლებიც განსხვავდებიან წარმომავლობით, შენობებითა და მოსახლეობით. პირველია რუსული ქალაქი, ყველაფერი ახალი, ფართო, ეფექტური და ბოლოს გარეგნულად სუფთა. ის მდებარეობს მდინარის სამხრეთ-დასავლეთ ნაპირზე და შვეულად აღიმართება მთებისკენ; ეს, რა თქმა უნდა, არის ფეშენებელური სამთავრობო უბანი. აქვეა საუკეთესო მაღაზიები, ოპერის შენობა[12], საუწყებო დაწესებულებები და .. ქუჩები განიერი და სწორია, სახლები მაღალი, ახლად ნაშენები და ყველა ერთმანეთის მსგავსი, როგორც პარიზსა თუ ჩიკაგოში. ხეების რიგი დარგულია სარკისებურმინიანი ევროპული მაღაზიების წინ. ეს ნაწილი, ცხადია, გაიზარდა მხოლოდ ბოლო 60 წლის მანძილზე. აქ ცხოვრობს კარი დიდ მთავარს აქვს ლამაზი სასახლე [13]; ის გადის მთავარ ქუჩაზე, რომელსაც სტ. პეტერბურგის მსგავსად ეწოდება გოლოვინის პროსპექტი [14]. რა თქმა უნდა, ამ ნაწილშია თითქმის ყველა დაწესებულება და, ამას გარდა, ცხოვრობს მდიდარი სომხების გარკვეული რაოდენობა. თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თავი ოდესაში, ან მოსკოვის ერთერთ უახლეს საუკეთესო გარეუბანში.
ამ რუსული ქალაქის აღმოსავლეთით და ღრმად დაბლა მდინარის გასწვრივ არის ძველი ტფილისი, ნამდვილი აღმოსავლური ქალაქი ვიწრო და დაკლაკნილი ქუჩებით, რომლებიც ცუდად, ან საერთოდ არაა დაფენილი, სახლები მხოლოდ ერთ ან ორ სართულიანია; ყველაფერი საშინლად ჭუჭყიანია, თუმცა შეუდარებლად მიმზიდველი, ვიდრე ახალი ქალაქის მოდურად გამართულობა. ხელოსნობა-ვაჭრობის ყოველ ძირითად სახეობას ჰქონდა თავისი ქუჩა ან ქუჩები, ანდა საკუთარი არკადა ბაზარში. ასე მაგალითად: ერთ ქუჩაზე გვხვდებოდნენ იარაღით მოვაჭრენი, მეორეზემეტყავეები, მესამეზეიუველირები, მეოთხეზეხალიჩებით მოვაჭრენი, მეხუთეზებეწვეულის გამყიდველები, რომელთა კედლებზე ეკიდა კავკასიური დათვისა და ჰირკანიის ვეფხვის ტყავები. ქვედა სართულის ოთახი ღიაა და გადის ქუჩაში ერთი ან ორი საფეხურით; აქ ვაჭარი ფეხმორთხმით ზის ჭილობის ნაჭერზე, გარშემორტყმული დამხმარეებით; მისი საქონელი ჰკიდია ან აწყვია მის უკან ირგვლივ კედლებთან და იმ ოთახში, უკან რომ მოჩანს. თუ ის ეწევა ხელოსნობას, ამას ყველას თვალწინ აკეთებს, მთლად ისევე, როგორც ზოგ ძველ ინგლისურ სოფელში, სადაც ხარაზი წინა ღია ოთახში დამჯდარი ურტყამდა ჩაქუჩს მოზრდილი ფეხსაცმლის ლანჩას... შემდგომ, თუ აირჩევ გზას დაბლა ქუჩებში, მის შუაგულში მოიჭყლიტები ხალხის მასის მიერ, ან თითქმის გადაგივლის მქროლავი დროშკა; აქ სრულად ნახავთ გახურებულ მუშაობას: პურს აცხობენ ერთ ქუჩაში, ხმლებს ჭედავენ მეორეში; მესამეში ქსოვენ ქსოვილებს. აქ არ არის სამმართველო (ორგანიზაცია), რომელიც ხელოსნებს მყარად აგრძნობინებდა თავს; ალბათ ეს არ ეხება იმათ, ვინც ამზადებს მოსევადებულ იარაღსდამბაჩებსა და ხანჯლებს, ვერცხლის ფიალებსა და სურებს, რომელთა მორთულობა ხშირად ძალიან მშვენიერია. ვხედავთ უამრავს გასაყიდად გამოტანილს; მე ვფიქრობ, რომ საუკეთესოები ძველი ნახელავები უნდა იყოს; არ ჩანს დიდი გამომგონებლობა თანმედროვე ხელოსნებში... ძველი ვერცხლის საქონლის ფასი კარგადაა ცნობილი. მცირეა იმედი ივაჭრო (შეთანხმდე) იქ, სადაც მრავალი რუსი მყიდველია ირგვლივ, ხოლო გამყიდველები ძირითადად სომხები. მშვენიერი ნივთები, განსაკუთრებით სარტყლები დამზადებულია მოსევადებით. გაგვაკვირვა სამკაულებმასპარსეთის ახლოს მყოფი მოელი, რომ საკმაოდ უხვად ნახავ დიდებულ ფირუზს მაინც, რომ არაფერი ვთქვათ მოოქროვილ ზურმუხტსა და ლალზე. ჩვენ საათობით ვიარეთ იუველირთა ქუჩაზე; შეიძლება ჩვენ ავცდით საუკეთესო მაღაზიებს, მაგრამ დიდი რაოდენობით ფირუზებიდან, რომლებიც გვიჩვენეს,ზოგი იყო დიდი, ძალიან ცოტა კი საგანგებოდ ლამაზი ფერის; პატარები ბევრად იაფია, ვიდრე პეტერბურგში. საუკეთესოები ალბათ შეძენილია სპარსეთში, რათა გამოიგზავნოს პირდაპირ აქეთ, ან კონსტანტინოპოლში. მათი ბუდეები მეტწილად ძალზე უბრალოა და ერთგვაროვანი. რაც მეტად მოგვეწონა, იყო დიდი ბნელი ოთახები, განლაგებული ქუჩის სიღრმეში, რომლებშიც ხალიჩების დილერები, მეტწილად სპარსელები ან თათრები, ინახავდნენ თავის საქონელს; სიბნელე არა მარტო სასარგებლოა ზაფხულში, არამედ საგრძნობი ხეირი გამყიდველისთვის. აქ არის საოცარი ნაირგვარობა პლედების, ნოხების; შეიძლება ნახოთ საუკეთესო ხალიჩები, ალბათ სპარსული თავრიზიდან და ხორასნიდან; ასევე მრავლადაა სხვაგვარი პატარები, რა თქმა უნდა, დაბალი ხარისხისა შემახადან და ნუხადან (ესაა ბაქოსკენ მიმავალ გზაზე), აგრეთვე ქურთისტანიდან და ტიგროსის ხეობიდან. მგზავრობისას ყველას მიაქვს თავისი პლედი, რაც უხეში ხარისხისა გამოიყენება უფრო ნატიფი საქონლის შესაფუთად. ჩვენ ვიყიდეთ სხვადასხვა და გაცილებით ძვირად შეფასებული. ვადარებთ რა იგივე საქონლის ფასებს ლონდონურს, დავასკვენით, რომ ხალიჩები ტფილისში დაახლოებით ორმოცი პროცენტით იაფია.
ჭყლეტა, ხმაური და გაწამაწია ამ აღმოსავლური ქალაქისა ყველაზე მეტად იმ ხიდზეა, რომელიც მის შუაგულშია გადებული მტკვარზე [15]; მისი ტალღები ასკდება კლდეებს, რომელთა შორისაცაა მოქცეული, ხოლო მისი ხეთქება ძლივს ისმის იმ ხმამაღალ და უხეშ ხმებში, რომლებიც ჩვეულებრივია აღმოსავლელებში. აქვე ახლოს მიდის გზა მეზობელ აღმოსავლეთის კარისაკენ [16], რომლითაც შემოედინება მთელი ტრანსპორტი სომხეთიდან, სპარსეთიდან და სტეპებიდან; ესაა ხან აქლემების ჯაჭვი, ხან ხილით ან ნახშირით დატვირთული სახედრების გუნდი, ხან მძიმე, ნელი, ხარებშებმული მასიურთვლებიანი ადგილობრივი ურმები, ხანაც ცხენოსანი კაზაკების თქარათქური ქვაფენილზე. ხილის გროვები გერმანული ბაღებიდან დაყრილია მიწაზე, არეული კახური ღვინით სავსე ხარის ტყავის უზამაზარ რუმბებთან. ზემო კლდეებიდან დაბლა იმზირებიან ციხის პირქუში კედლები, ხოლო მათ გვერდით ჩანს ნაცრისფერი გუმბათი ყველაზე ძველი ქართულლ ეკლესიათაგანის [17]; ახლოს და ნახევრად დაფარული სახლების უწესრიგო მასაში ხედავთ გუმბათებს და მინარეთებს ერთმანეთის მოწინააღმდეგე სუნიტი თათრების და ერეტიკოსი სპარსელი შიიტების მეჩეთებისა. ძნელი დასაჯერებელია, რომ რუსული პარიზი მხოლოდ ნახევარ მილზეა აქედან.
დატოვებთ რა ამ უბანს, გაივლით მდინარის სამხრეთ ნაპირს, გადახვალთ მთავარ ხიდზე, რომელიც დამშვენებულია ამიერკავკასიის გამოჩენილი მმართველის, თავად ვორონცოვის ქანდაკებით [18] და შეხვალთ მესამე უბანში; ეს უკვე არ ჰგავს პირველ ორს, რომელთა აღწერა უკვე ვცადე. თქვენ ივიწყებთ რუსეთს, ივიწყებთ აზიას: თქვენ წარმოიდგენთ თავს შვაბების მდინარის ნაპირზე. ეს გახლავთ გერმანელთა დასახლება, რომელსაც ჯერაც ყველა უწოდებს „კოლონიას“; ეს იყო წარმოშობით მთლად ცალკე ქალაქი და მხოლოდ ახლახანს ტფილისის ზრდასთან ერთად შეუერთდა მას სახლების უწყვეტი რიგით [19]. ის დასახლებულია გერმანელებით, ვიურტემბერგიდან 60 წლის წინათ აქ ჩამოსული ემიგრანტების შთამომავლებით. ისინი გამოაძევეს თავისი სახლებიდან ახალი საეკლესიო ჰიმნის წიგნის (საგალობლების) გამო, რომელიც მათმა მმართველმა ძალით მოახვია თავს და რომელიც ამათ ჩათვალეს სუსტად დოგმის ფორმულირების თვალსაზრისით. რუსული მთავრობა ყოველთვის სიამოვნებით იცავდა მშრომელ და მშვიდობიან კოლონისტებს; ისინი მიიღეს თბილად; ჯერ ოდესის მახლობლად განასახლეს, ხოლო საბოლოოდ, მათივე სურვილისამებრ, აქეთ გადმოიყვანეს [20]. მას შემდეგ ისინი აქ ცხოვრობენ, ძალზე არ გამრავლებულან, თუმცა მათ კიდევ ცოტანი შეუერთდნენ გერმანიიდან; შეინარჩუნეს ყველა თავისი წეს-ჩვეულებები, ინახავენ თავიანთ პროტესტანტულ მრწამსს და მღერიან თავისი ძვირფასი ძველი საგალობლიდან. ხეების რიგი მიუყვება მთავარ ქუჩას; ლუდსახდელები და ლუდხანები ესაზღვრება მას, სადაც პატიოსანი მოქალაქეები სხდებიან ღამით და ვახშამთან ერთად უსმენენ მუსიკალურ ჯგუფს (ბენდს), ისევე როგორც მათი ნათესავები ამავე დროს იქცევიან შტუტგარტის გარეუბნებში. ფაქიზი პატარა ქალბატონები (ფრაუები) საღამოს სიგრილეში გამოდიან კარის ზღურბლზე, ქსოვენ და ესაუბრებიან თავის ლამაზთმიან კარლებს და გრეტჰენებს. მათ აქვთ საკუთარი სკოლები, გაცილებით უკეთესი, ვიდრე რუსული. ისინი თითქმის ყველა პროტესტანტია და აქვთ ზნეობრივი პროტესტანტული უპატივცემულობა მათი ცრუმორწმუნე ქართველი და სომეხი მეზობლების მიმართ. ერთმანეთში მხოლოდ გერმანულად ლაპარაკობენ და არ ამჟღავნებენ, ან მცირედ სურვილს რუსულის მიმართ, ასევე ხელს უშლიან გაითქვიფონ ირგვლივ მცხოვრებ ხალხებში. საოცარია შეადარო ტევტონიზმის ეს სიჯიუტე აქ, არაჩვეულებრივად სწრაფ ათქვეფას გერმანელებისას სხვა მოქალაქეებთან, როგორც მაგალითად ჩრდილო ამერიკის დასავლეთის შტატებში — მილუოკში, სადაც მოსახლეობა მეტწილად გერმანელია და ლაპარაკობენ ინგლისურად შესამჩნევი უცხო აქცენტით. ამის ფენომენი ადვილი ასახსნელია. აქ ისინი გადმოსახლდნენ უფრო მაღალი ცივილიზაციიდან დაბალში; იქ თავიანთი თავი დაკარგეს მონათესავე ხალხებში, რომელთა იდეებსა და პოლიტიკურ დაწესებულებებს მალე უთანაგრძნეს.
სამწუხაროდ, ამ კარგმა შვაბებმა არაფერი მოიმოქმედეს, რათა თავისი უპირატესი ცივილიზაცია განევრცოთ...ეს ითქვა თითქმის ყველა გერმანულ კოლონიაზე რუსეთში: მათმა უმეტესობამ შეინარჩუნა საკუთარი ენერგია და შრომისმოყვარეობა, ხოლო ზოგმა მათგანმა, განსაკუთრებით მენონიტებმა [21] შეძლეს აყვავება (ისინი შეიძლება შევადაროთ ჩვენ კვაკერებს, ან მორაველ საძმოს). მაგრამ მათ ვერ გააუმჯობესეს ქვეყნის ძირითადი მოსახლეობის მდგომარეობა. ალბათ რელიგიების სხვაობა უდევს საფუძვლად ამ სეპარატიზმს. ეს ხელს უშლის ერთმანეთში ქორწინებას: რუსეთში შედარებით მიუღებელი კანონი მოქმედებს, ვიდრე ინგლისის მიერ ირლანდიაში იძულებით გატარებული კანონია, რომ შერეული ქორწინებიდან გაჩენილი ბავშვები მოაქციონ ორთოდოქსულ აღმოსავლურ მრწამსზე, მაშინაც კი, თუ არცერთი მშობელი ამ აღმსარებლობას არ ეკუთვნის. სადაც არ არის ურთიერთქორწინება, იქ ბოლო-ბოლო არის კარგად ნაცნობი (უცერემონიო) სქესთა კავშირი. მე არ ვცდილობ განვმარტო ფაქტი, მაგრამ მომყავს ის, როგორც საკვირველი მაგალითი იმედგაცრუების, როგორადაც წარმოჩნდება სახელმწიფო მოღვაწეთა ჩანაფიქრი... განსაკუთრებული აზრი ჰქონდა, რომ რუსი ქვეშევრდომებისთვის ესწავლებინათ შრომისმოყვარეობა-მომჭირნეობის ჩვევები და აგრიკულტურის უკეთესი საშუალებები, რასაც ეკატერინე II [22] მოითხოვდა მრავალი გერმანული კოლონიებისგან სამხრეთ რუსეთში. ეს იყო გეზი იმ კოლონიებისთვის, რომლებიც დარწმუნდნენ მოგვიანებით და გაყვნენ მას.
გერმანელი მოსახლეობა ტფილისში დღეს უნდა ითვლიდეს 5-6 ათას სულს. მათი უმეტესობა ხელოსანია, ან მებაღე (მებაღეობა მთლიანად მათ მიანებეს ზარმაცმა ქართველებმა), მხოლოდ ცოტანი არიან დუქნების (მაღაზიების) მფლობელები, ან ვაჭრები. რა თქმა უნდა, მეცნიერთა უმრავლესობა და საკმაოდ დიდი ნაწილი საჯარო მოხელეთა ეკუთვნიან ე.წ. „კულტურფოლკს“ (კულტურულ ხალხს). მაგრამ ესენი არიან მეტწილად გზააბნეული მგზავრები ბალტიის პროვინციებიდან, ან თვით ძველი გერმანიიდან და არა უბრალო კოლონისტებიდან, რომლებიც წარმოადგენენ მეგობრულ, სასიამოვნო ხალხს; მათ შორის ინგლისელი თავს გრძნობს როგორც სახლში. ისინი მზად არიან დაანახონ მას ყოველგვარი სიკეთე. მე ვიქნებოდი უმადური, რომ არ აღვნიშნო ის დახმარება და რჩევები, რაც ზოგი მათგანისგან მივიღე და ეს იმ პირთაგან, რომელთათვისაც ჩვენ არ გვიჩვენებია წარდგინება (რეკომენდაციები).
მიუხედავად იმისა, რომ ტფილისში არის სამი განსხვავებული ქალაქი, აქ ცხოვრობს ექვსი გამოკვეთილი ეროვნება. გარდა რუსებისა და გერმანელების, რომლებზეც უკვე ვისაუბრე, ქართველები, სომხები, თათრები და სპარსელები წარმოადგენენ მოსახლეობის შესამჩნევ შემადგენელ დიდ ნაწილს. ქართველები შინაურები და ალბათ არიან ყველაზე მრავალრიცხოვანი. ქუჩებში ჭრელ სახეებში მათი ტიპი ყველაზე მრავლადაა. მათი უმრავლესობა წარჩინებულია, მაგრამ ხალხის მეტი წილი კი ღარიბი, რომლებიც ალბათ შეადგენენ დღიური მუშებისა და მოსამსახურეების ერთ მესამედს. კაცები ქალაქში ძირითადად ატარებენ ევროპულ პიჯაკებსა და შარვლებს; სოფლად სამოსი უფრო მეტად წააგავს ჩერქეზულს და აცვიათ ზედა ფენებს. მათში იოლად არ ამოიცნობ ქართველს, ვიდრე ქალებში, რომელთა ერთადერთ თავსაბურავს შეადგენს ნაჭრის (მაუდი, ტილო) ოთხკუთხა კეპი შემკული გვირგვინის მსგავსით, რომლიდანაც მხრებზე ჩამოეშვება გრძელი თეთრი გამჭვირვალე ვუალი, რაც მათ აქცევს ქუჩის საოცარ სამკაულად. უწინ ისინი აკეთილშობილებდნენ აღმოსავლურ რეზერვებს. მე მახსოვს ერთი მოგზაურის 40 წლის წინანდელი ჩანაწერი, რომელიც ამბობს, რომ ქალაქში მან ვერ ნახა ბებერი და დამჭკნარი სახეების გარდა ვერაფერი. ამჟამად ეს ყოველივე შეცვლილია: ნამდვილად დიდებული შესახედაობის რასაა ეს ქართველები, კაცებიც და ქალებიც, მაგრამ მეეჭვება, რომ კიდევ სხვა რამით გამოირჩეოდნენ... ისინი ხელში ჩაუვარდნენ რუსებს იმიტომ, რომ ვერ გაუმკლავდნენ სპარსეთის დასუსტებულ დესპოტიზმს. ამჟამად მათ ნამდვილად არ უყვართ (მოსწონთ) რუსები, მაგრამ ვერ დავუშვებ, რომ როდისმე ასწევენ თითს მათ წინააღმდეგ. ალბათ მათი სული გატყდა ხანგრძლივი და უთანასწორო ბრძოლაში, რომელსაც ეს პატარა ერი მუდამ აწარმოებდა ისეთი მრისხანე მტრების წინააღმდეგ, როგორებიცაა თურქები და სპარსელები. შეიძლება ზოგმა იფიქროს, შეადარონ ისინი არა ევროპელებს, არამედ ნახევრად-ცივილიზებულ ხალხს, რომელიც დაიმონა უცხოელმა... სპარსეთის უღლის გადაგდების შემდეგ ისინი გამოკეთდნენ და ასევე გააგრძელებენ მომავალშიც3...
ყველაზე შესამჩნევი ფიგურები ქუჩებში ქართველი ქალბატონების შემდეგ არიან სასულიერო პირები; მათი მოღიმარი სახეები გვირგვინდება უზარმაზარი ცილინდრული ქუდებით, რომელთაგან ჩამოშვებულია გრძელი ჩადრი შავი სამგლოვიარო ვუალის მსგავსი; შავი სარჟის მანტია ვეება სახელოებით უფარავს სხეულს კოჭებამდე. ვისაც ახსოვს საფრანგეთი, იტალია, ან ესპანეთი, გაოცდება ნახო ამდენი ეკლესიური სახე, რომელშიც არ ჩანს არც ასკეტიზმი, არც სასულიეროთა ძალა, არც პროფესიონალური გამომეტყველება, გარდა ერთგვარი უაზრო და თვითკმაყოფილი გუნება-განწყობისა იმ ზარმაცი ადამიანისა, რომელსაც უხვად აქვს საჭმელ-სასმელი.
თუ თქვენ შეხვდებით დაძაბულ, ან მოუსვენარ სწრაფ გამოხედვას, უნდა იყოთ დარწმუნებული, რომ ეს სომხის თვალია. სომხები არიან დიდი და, როგორც ჩანს, მზარდი ნაწილი მოსახლეობისა, რომელსაც ადვილად გამოიცნობთ მათი მუქი სახის ფერითა და დამახასიათებელი ფიზიონომიით. ისინი არიან ყველაზე ენერგიული და მიმწოლი ხალხი ქვეყანაში; მათ ხელთ უპყრიათ თითქმის მთელი ვაჭრობა და არა მარტო მაღაზიათა ფლობა, ასევე ვრცელი კომერციული წარმოება. ბევრნი ასევე საკმაოდ წარმატებულები არიან რუსულ სამსახურში. ამბობენ, რომ ამიერკავკასიაში მომსახურეთა ნახევარზე მეტი არიან სომხები. როგორც ყველა წარმატებული ხალხი, ისინიც შურის საგანს წარმოადგენენ და ცუდად მოიხსენებენ; ეს ალბათ ცილისწამებაა მათი ნაკლებ ენერგიული მეზობლების მხრივ. ბიზნესში გონიერი პიროვნებები არიან მომჭირნეები, შეუძლიათ აწარმოონ მძიმე გარიგებები და ერთმანეთს საუცხოოდ უდგანან გვერდში. მათ შორის არიან ნასწავლი და გონიერი პიროვნებები და რამდენადაც იზრდება მათი ქონებრივი მდგომარეობა, იმდენად სრულყოფილდება მათი განათლება; ასეთი პიროვნებების რიცხვი ალბათ გაიზრდება. ამგვარად მათ წინაშეა მნიშვნელოვანი მომავალი. ისინი კარგ ურთიერთობაში არიან რუსებთან; თუმცა ბევრნი არც მათზე და არც გერმანელებზე არ ქორწინდებიან. აქვთ საკუთარი საკმაოდ დამოუკიდებელი (თვითკმარი) საზოგადოება.
როგორც ამბობენ, ტფილისში 10.000 სპარსელია. ყველა ისინი ცხოვრობენ ქალაქის ძველ ნაწილში. მათ მატებს მიმზიდველობას გრძელი მუქი ან მოყვითალი-ყავისფერი მოსასხამი და შავი ბატკნის ბეწვის წვეტიანი ქუდი. ტფილისი ერთხელ იმყოფებოდა სპარსეთის უშუალო მორჩილებაში და უფრო მეტხანს მათ ბატონობაში; ამდენად შეიძლება დაიჯერო, რომ ეს ირანული მოსახლეობა მას შემდეგ აქ დარჩა და არ არიან ახალი მიგრანტები. მათგან ცოტანი ვაჭრობენ ხალიჩებით, აბრეშუმით და თავისი ქვეყნის სხვა საქონლით; დანარჩენები ხელოსნობენ. ზოგი ხელობა მათ თითქმის გაითავისეს, კერძოდ კალატოზობა, რაშიც, როგორც ამბობენ, აღემატებიან ამ ქვეყნების სხვა ყველა ხელოსანს. არიან მაგარი მუშები და სხვა არაფერი აქვთ საარსებოდ.
თათრებიც იგივე რაოდენობის უნდა იყვნენ. ბევრი მათგანი არიან გადამზიდავები; მოდიან კასპიისპირეთიდან და სპარსეთიდან; ისინი უფრო მოძრავი ხალხია, ვიდრე მკვიდრი; ყველა ღარიბები არიან, აქვთ კარგი სახელი შრომისმოყვარეობისა და მშვიდობიანობის გამო; ასრულებენ დიდი რაოდენობის არაკვალიფიციურ სამუშაოს. ყველა აბანოში არიან მეაბანოვეები, რაც მნიშვნელოვანი პროფესიაა აღმოსავლურ ქალაქში. რა თქმა უნდა, ყველა მაჰმადიანია, ზოგი სუნის აღმსარებლობის, თუმცა ბევრი მათგანი, განსაკუთრებით სპარსეთის საზღვრებიდან მოსულები, შიიტებია.
გარდა ამ ექვსი მთავარი ეროვნებისა, ტფილისი სავსეა ყველა ჯურის გაურკვეველი ხალხით, ჩამოსული კავკასიის სხვადასხვა მხარიდან. ძიძები ყველა ოსებია, ქართველი ქალები— შინამოსამსახურენი. ბევრ წამოზრდილ ბავშვს შეუძლიათ ლაპარაკი იმ საინტერესო ენაზე, რომელზეც ვარაუდობენ, რომ ახლოს უნდა იყოს ტევტონურ ენის ოჯახთან; მათ აიგივებენ გერმანულთან. ეს აზრი კი ემყარება მხოლოდ ორ-სამ სიტყვას და ლუდის მსგავსი რაღაც სასმელის გემოს [23].
იმერლები, მეგრელები და აფხაზებიც შავი ზღვისპირეთიდან არცთუ იშვიათად მოდიან აქ სამუშაოს საძებნელად; ხანდახან აღმოაჩენ დახვეწილ არწივისებურ სახის ნაკვთებს და ლეკების მწვავე მზერას, შეიარაღებულს თავით ფეხამდე და ჩამოსულებს დაღესტნის მთებიდან.
ევროპაც არაა სრულად წარმოდგენილი, თუმცა იქ არიან ცოტა იტალიელები თუ ინგლისელები; უკანასკნელთაგან მხოლოდ სამი ადამიანი შემხვდა: ერთი გარუსებული ფოტოგრაფი, მეორე ბიბლიური საზოგადოების აგენტი, მესამე ახლად ჩამოსული, დაეწყო უნივერსალური მაღაზიით და ეწეოდა სუფრის ჭურჭლისა და მწარე ლუდის კარგ ბიზნესს. ამათ გარდა აქ არიან პოლონელები, საკმაოდ ფრანგები — სასტუმროს მფლობელები, ავეჯის გადამკვრელები, მღებავები, ტანსაცმლის მწმენდავები, კონდიტერები და უმ- თავრესად პარიკმახერები. მოსახლეობის ასეთი საოცარი ნარევი ძნელად თუ მოიძებნება სადმე, თუნდაც აღმოსავლეთში. თქვენ ვერასდროს გამოიცნობთ, თუ რა ენაზე ლაპარაკობენ ქუჩაში გვერდზე ჩამვლელი ადამიანები; ეს იქნება ერთერთი იმ რვა თუ ცხრა ენიდან, რომელზეც თითქმის თანაბრად საუბრობენ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვანსხვავებდით ფრანგულსა და გერმანულს, ზოგჯერ რუსულსაც, მაგრამ ამხანაგები, რომლებიც გვერდით მოგვყვებოდნენ, არსებული ვითარების მიხედვით ხანდახან ამბობდნენ: „ესენი საუბრობენ სომხურად, თათრულად, ქართულად, ოსურად, ან სპარსულად“. რუსული ენა საერთოა, არა იმიტომ, რომ უმრავლესობას წარმოადგენენ, არამედ ესაა ოფიციალური ენა, მეორე ენა, რომელსაც საკუთარი ენის დამატებით სწავლობენ ყველა ეროვნებები. თითქმის ყველა გერმანელი, კაცები მაინც, ლაპარაკობენ რუსულად. მე ვფიქრობ, რომ ასევეა სომხებიც, რადგან არიან კარგი ენათმცოდნენი და უფრო ამბიციურები, ვიდრე ქართველები. მაღაზიებზე გარედან ჩანს წარწერები შესრულებული რუსულად, ფრანგულად, გერმანულად, სომხურად და ქართულად; უფრო იშვიათად სპარსულად. აქ ცოტა ებრაელია; ალბათ სომხები არ უტოვებენ მათ სივრცეს.
ტიფლისის ადგილობრივი სახელია ტფილისი, რაც წარმოსდგება ქართული სიტყვისაგან თბილი (ცხელი) და მომდინარეობს თბილი წყაროებიდან4... რუსების შემოსვლისას ეს იყო ძალზე პატარა პუნქტი, შემოფარგლული იმ უბნით, რომელიც მდებარეობს დაბლა ხიდის ირგვლივ (მასზე უკვე ვისაუბრე). ჯერ კიდევ 1834 წელს აქ იყო 25.000 მცხოვრები. რაც ეხება ქვეყნის ზრდას და ვაჭრობის კონცენტრირებას ამ კონკრეტულ ადგილას, სადაც გზები ხვდებიან შავი ზღვისკენ მიმავალ რკინიგზას[24], ქალაქი ძალზე სწრაფად გაიზარდა და ამჟამად 80.000 ან მეტ მცხოვრებს უნდა ითვლიდეს. შენება ახლაც გრძელდება და სახლის რენტა წარმოუდგენლად მაღალია.
ქალაქს ღირსებას სიახლეები აძლევენ, რომელსაც მოგზაურთა მეტი წილი, რაც არ უნდა თქვან, დაფარულად მაინც შეაფასებენ. აქ არ არის მრავლად ღირსშესანიშნაობები — სურათების გალერეა, ეკლესიები, ძეგლები, მუზეუმები, ქარხნები, არსენალები, მწვანე კამარები და ა. შ. — სათანადოდ აღნიშნული თქვენს გზამკვლევებში... ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია დასახლდე სასტუმროში და რაც გსიამოვნებთ, ის აკეთოთ — დილით გაისეირნოთ ყურძნის საყიდლად და შეერიოთ მრავალენოვან ნაკადს ხორცისა და ხილის ბაზარზე, ჩათვლიმო დახუთული შუადღის მერე დივანზე, ხოლო გრილ საღამოს გახვიდე რომელიმე მეგობრის სანახავად, ან დაჯდე საზოგადო ბაღში სამხრეთის მთვარის შუქზე და შუაღამემდე ისმინო ბენდის სამხედრო მუსიკა. იქ არ არის შენობა მე-17 საუკუნეზე ადრინდელი, გარდა ძველი პატარა მეტეხის ეკლესიისა. არაა კოლექციები, გარდა მუზეუმისა [25], რომელიც საინტერესოა და ძალზე ლამაზად მოწყობილი და მიხედული, მაგრამ მცირე, თუკი მხედველობაში მიიღებ ქვეყნის საშუალებებს მინერალების, ცხოველებისა და სიძველეთა თვალსაზრისით. ასევე კარგადაა მოწყობილი გერმანელი ბოტანიკოსის მიერ ბოტანიკური ბაღი[26], მაგრამ შემცირებულია საქმე თანხების საჭიროების გამო. იქ მართლაც არაფერია მნახველისთვის, გარდა უსაქმო დროსტარების და გართობისა, ათვალიერო ადამიანთა ჭრელი ჯგუფების ჩაცმულობა და მანერები. სინამდვილეში ქალაქი თავისთავად მუზეუმია: მოსახლეობაა ტფილისის ღირსშესანიშნაობა, სრულიად საკმარისი, რათა შეინარჩუნო ცნობისმოყვარეობა დღეებისა და კვირების მანძილზე.
მიუხედავად დიდი რაოდენობის ქარვასლებისა და დუქნებისა (ესაა მცირე ტრაქტირები, ან ტავერნები), რომლებსაც ხშირად სტუმრობენ ადგილობრივები, აქ არის სამი სასტუმრო, რომელთაგან ორს, და ვფიქრობ მესამესაც (ეს ახლახან დასრულდა), ფლობენ ფრანგები. ისინი მდებარეობენ ფეშენებელურ ახალ ქალაქში, ბაზრისა და ე. წ. სოლოლაკის (ახალი სარეზიდენციო უბანი) ახლოს. ერთს იმ ორი ძველი სასტუმროთაგანს დამკვიდრებული აქვს რეპუტაცია კარგი სამზარეულოსი და ფულის გამომძალველის. ამიტომ ჩვენ ავირჩიეთ მეორე, რომელიც აღმოჩნდა სუფთა და ზომიერად კომფორტული. ფასები მაღალია, როგორც ჩვეულებრივ აღმოსავლეთში, მაგრამ დაბალი, ვიდრე სტ. პეტერბურგსა თუ კონსტანტინოპოლში.
ქალაქის შიდა სოციალურ ცხოვრებაზე ბევრს ვერ ვიტყვი, რადგან არ მქონია კარგი საშუალება ამ მხრივ მისი გაცნობისა. რასაც უცხოელი ნახავს, ეს იქნება რუსებისა და გერმანელების, რომელთა ცხოვრება ყველგან მათი მსგავსია. ბალებზე, წვეულებებზე, ოპერაში ხედავ ცხოვრების გარე სახეს. ამას გარდა, სექტემბერი არ არის დრო ხალხში (საზოგადოებაში) გასასვლელად. მდიდრები მეტწილად გასული იყვნენ ქალაქიდან და, ჩვენდა სამწუხაროდ, იმათგან ჩვენ ცოტანი ვიპოვნეთ, ვინც წერილებში იყვნენ მოხსენებული და ვისთანაც მოგვქონდა რეკომენდაციები. დრო ნელა გადიოდა; ჩვენ სხვადასხვა სამზადისი გვქონდა სომხეთში სამგზავროდ, რაც საჭიროებდა ქალაქში მუდმივად აქეთ-იქით მიმოსვლას, რომ გვენახა ხალხი და გაგვეკეთებინა საყიდლები. ტფილისში ყველა, უქონელიც კი ქვეითად არ დადის: ქართველი თავს დამცირებულად ჩათვლის, თუ რამდენიმე იარდს ფეხით გაივლის, როცა ეგულება გადაადგილების საშუალება. ჩვენ უნდა მოგვეძებნა თარჯიმანი ან შიკრიკი, რისი მოგვარება ამ ქალაქში მოულოდნელად გაძნელდა, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი მრავალენოვანია, თუმცა არაორგანიზებული.... ამას გარდა მისაღები გვქონდა ოფიციალური ნებართვის საბუთები სამოგზაუროდ, სარეკომენდაციო წერილები და სამგზავრო პასპორტები, რაც მოგვცემდა საფოსტო სადგურებზე ცხენების აყვანის უფლებას. ამ დოკუმენტების გარეშე ნაბიჯს ვერ გადადგამ რუსული დომინიონების დიდ გზებზე, თუმცა ძალიან ძნელად მათთან ერთადაც. ჩვეულებრივი საგზაო პასპორტი („პადოროჟნაია“) არაა საკმარისი; თქვენ უნდა გქონდეთ სახელმწიფო „პოდოროჟნაია“, რაც გაძლევს საგანგებო უპირატესობას. საბედნიეროდ, რუსი მოხელეები ჩვეულებრივ არიან ზრდილობიანი და მეგობრული, ძალიან ოფიციალურები; უეჭველად ნაკლებ მკაცრები (სალდაფონები), ვიდრე ფრანგები, ან პრუსიელები. ჩვენ გამოვიჩინეთ წინდახედულება, რომ მოვიტანეთ სტპეტერბურგის მაღალ ხელისუფალთაგან მოცემული რეკომენდაციები; ასე რომ ყველა პირობა ფაქტიურად უცბად შეასრულეს.
ყოველივე ამის მოგვარების შემდეგ დაგვრჩა საყიდლები, რაც ინგლისში უნდა წაგვეღო. ამჟამად შესყიდვა აღმოსავლეთში ძალზე განსხვავებულია და გაცილებით სერიოზული საქმეა, ვიდრე იქ არნამყოფს შეუძლია წარმოიდგინოს. უბრალოდ არ ხდება, რომ მისცე საქონელში მოთხოვნილი ფასი: ეს ხდება უსიტყვოდ. ვაჭრობის პროცესი უნდა წარიმართოს მშვიდად და ღირსეულად, დასრულდეს ყავის შემოტანით, ან ჩაით (ამ ქვეყნებში) და საუბრით. რა თქმა უნდა, საქმე არ წყდება პირველი ან მეორე დაჯდომისას, არამედ დრო და დრო გადაიდება შემდგომი განხილვისთვის. ჩვენ არ გვქონდა საკმაო დრო, რომ გადაგვეჭრა ყოველივე სათანადოდ და ოფიციალური ფორმით; ალბათ ჩვენ მეტი გადავიხადეთ ხალიჩებში, სარტყლებში, ხანჯლებსა და აბრეშუმში... მეორე მხრივ დიდი უპირატესობა გვქონდა დილერთა უმეტესობასთან, რომ არ შეგვეძლო გველაპარაკა მათ ენაზე. გამყიდველის ყოველი ენაწყლიანი შედავება ჩვენამდე აღწევდა შეკვეცილად გერმანელი მეგობრის მეშვეობით, რომელმაც თავაზიანად იკისრა თარჯიმნობა....ეს ბიზნესი მალე წარიმართა და დაბლა, გრილ, ბნელ ბაზარში დავყავით მხოლოდ სამი საათი ხალიჩების ყიდვაში; ხალიჩები სასურველად საკმარისი იყო, რომ შეექოთ ჩვენს მცოდნე მეგობრებს ინგლისში.
საკმაოდ ცხელოდა, რომ გვევლო ან გვემგზავრა ქალაქის გარეუბნებში, თანაც არაფერი იყო იქ სანახავი. სახლებს იქით თქვენ მოხვდებით წარმოუდგენლად ღარიბულ და დუხჭირ მხარეში; განსაკუთრებით მოსაწყენია წელიწადის ამ დროს, როცა ნათესი მოსავალი აღებულია. თუმცა ერთი მოკლე მარშრუტია საყურადღებო, რომელსაც გზამკვლევის მიხედვით მოგზაურმა გვერდი არ უნდა აუაროს. მაღალი ქედი აღიმართება ტფილისის უკან სამხრეთ-დასავლეთის მხარეზე, რომელიც ციცაბო ფერდით ეშვება დაბლა მდინარისკენ. მას აქვს გრძელი, ვიწროკლდოვანი ქედის ფორმა და უწოდებენ სოლოლაკის ქედს, რომლის ჩრდილოეთი კალთა ქალაქისკენ ბრუნდება, ხოლო უკანა ფერდები ეშვება პატარა ნაკადულის ხეობისკენ, რომელსაც ჰქვია წავკისი. მისი კალაპოტი ზაფხულობით მშრალია და ძალიან ცოტა წყალი რჩება ბოტანიკური ბაღისა და ქალაქის მომარაგებისთვის. ერთი ყველაზე მაღალი და გამოყოფილი მწვერვალი ამ ქედისა დაგვირგვინებულია სპარსული ციხის ნანგრევებით [27], რომელიც ბატონობს ქალაქზე; დანგრეულ მრგვალ და ოთხკუთხა კოშკებს აერთებს კედლების რიგი, რომელიც ლამაზად აღიმართება ცისკენ. მეორე ადგილას არის ადგილობრივი ძველის ნაშთები; ამბობენ, რომ ეს არის სასანიდ მეფეთა დროინდელი მზისა თუ ცეცხლის სპარსული ტაძრისა, სანამ ისლამს იქადაგებდნენ. ერთი გზა ადის ამ ქედის წვერამდე, ბოტანიკური ბაღის ჩრდილიან ალეაზე გავლით, რომელიც ძევს მის დაქანებაზე ქალაქს გარეთ და გადაჰყურებს მშრალ და მიტოვებულ წავკისის ხეობას, რომლის მოშორებულ მხარეზე მოჩანს მიწაში ჩარჭობილი, შემოუღობავი და უპატრონო უამრავი საფლავის ქვა; აქ მარხავდნენ ტფილისელი სპარსელები თავიანთ მიცვალებულებს. როცა დატოვებ ბაღის ხეებს, აღმართი უფრო ციცაბო ხდება და უცბად თავდება ჭიშკრით (კარით) კლდოვან ქედში [28]. აქედან ხედავ მთელ ტფილისს მდებარეს შენს ფეხთით, აღმოსავლელ ადამიანთა მასას ხიდზე, რუს ყარაულს დიდი მთავრის სასახლესთან გოლოვინსკის ბულვარზე, შვაბი კოლონისტების ხილის ბაღებში ჩაფლულ სახლებს მდინარის იქითა მხარეს, რომლის სწრაფი დინების ხმაური თითქოს გესმის საქმიანი ქუჩების გუგუნსა და ფუსფუსთან ერთად. შორს კი არის ტყიანი ქედები, რომელთა შორისაც დარიალის გზა ეშვება არაგვის ხეობიდან; კიდევ უფრო შორს აღიმართება ქედების წყება კავკასიონის ცენტრალურ ხაზამდე, სადაც თოვლიანი ყაზბეგი ელვარებს ყველაზე მაღლა.
მთების მასა, რომლისგანაც ეს სოლოლაკის ქედი შედგება, შემდგომ დასავლეთისაკენ განშტოვდება მთიანეთის ზეგანში, სადაც მდებარეობს ზაფხულის სასიამოვნო პატარა თავშესაფარი კოჯორი. ეს გახლავთ ტფილისთან ყველაზე ახლოს მდებარე სამთო სადგური, სადაც ქალაქის მაცხოვრებლები პაპანაქებისას აფარებენ თავს. ჩვენ გავემართეთ იქითკენ (ეს იყო ერთადერთი ექსკურსია, რომლის დროც გვქონდა), რათა წარვდგენოდით გენერალს, რომელიც მაშინ იყო დიდი მთავრის მიხეილის (კავკასიის სარდლის) მოქმედი სამხედრო ადიუტანტი [29], და რომელიც ამიტომ პრაქტიკულად იყო კავკასიურ პროვინციებში მთავარსარდალი და სამხედრო მინისტრი5.გზა შეადგენდა 8-9 მილს. ღირსების შესაფერისად რომ გვემგზავრა, ჩვენმა სასტუმროს დიასახლისმა გვიშოვნა ფაეტონი; ასე ეწოდება ტფილისში ორცხენიან ეტლს, ხოლო ერთცხენიანი არის დროშკა. სხვათაშორის, ტფილისური დროშკები გაცილებით უკეთესია სტ. პეტერბურგისა თუ მოსკოვურზე; აქ არსებობს რეგულარული ტარიფი ფასზე, რომლის გადახდით უცხოელი გულითადად მადლობელია, რადგან პეტერბურგელ მეეტლესთან ხარჯავს ბევრ ძვირფას წუთს თითებით ვაჭრობაში საფასურთან დაკავშირებით.
გზა მიიკლაკნება უწყვეტი მოსახვევებით მაღლა მთაში, ქალაქიდან სამხრეთით; შემდეგ უხვევს დასავლეთისკენ და მცირე შეღმართით ადის პლატოზე, რომელიც აქა-იქ იკვეთება მინდვრებით, სადაც ჯუჯა მუხები იჩრდილავენ თავს და მეტწილად დაფარულია პურის ყანებით, სადაც 12 ან 16 ხარშებმული გუთანი ხნავდა მას. ჰაერი სულ უფრო სუფთავდებოდა, რაც ტფილისის თონედან ზევით ავდიოდით, სანამ ორიოდ საათში მივაღწიეთ კოჯორს. აქ ზღვის დონიდან 5000 ფუტზე და ტფილისიდან 3700-ზე ჩვენ ვტკბებოდით ალპების შუა ფერდების მსგავსი ჰაერით; მკვეთრი გრილი ბრიზი ძლიერ მზესაც სასიამოვნოს ხდიდა. ირგვლივ საკმაოდაა ტყეები, რაც მატებს სიგრილეს...
თავადი გენერალ-ადიუტანტი, რომელსაც ვესტუმრეთ მის ლამაზ პატარა ხის ვილაში, არ იყო უსაქმოდ. ცხენოსან კაზაკებს ოთხით ამოჰქონდათ გზავნილები, უცდიდნენ გარეთ და შემდეგ ისევ ეშვებოდნენ ციცაბო გზით ტფილისისკენ. ამას არ შეუშლია ჩვენთვის ხელი, მიგვეღო გულითადი მასპინძლობა და გვესიამოვნა ვრცელი და წყნარი საუბრით, რაც შედგა სადილის შემდეგ ღია ცის ქვეშ. აქ ჩვენმა მასპინძელმა გვიჩვენა, რომ საკმაოდ კარგად იცნობდა არა მარტო ევროპულ, არამედ ინგლისური მხარის პოლიტიკასაც და ჩვენი მმართველი სახელმწიფო მოღვაწეების შეხედულებებსა და სიმპათიებს, რაშიც ჩვენი ჯარისკაცები თუ დიპლომატები მცირენი თუ შეედრებოდნენ...
კოჯორი ახლა პატარა პუნქტია, თუმცა ტფილისის ზრდასთან ერთად ისიც ნამდვილად გაიზრდება. აქ ჩვენ ვესტუმრეთ მხოლოდ კიდევ ერთ პიროვნებას, გენერალ ხოძკოს (ჩჰოდზკო); ის არის ცნობილი ინჟინერ-ოფიცერი, რომელიც 1860 წელს მეთაურობდა არარატის შემსწავლელ ჯგუფს. მისგან და მისი მდივნის ბ-ნ შაროიანისგან მივიღე მნიშვნელოვანი რჩევები არარატზე ასასვლელად (რასაც ვაპირებდით), რომ უფრო სანდო იყო კლდეები, ვიდრე თოვლი და არავითარ შემთხვევაში მარტო არ ავსულიყავი. საღამოს დავბრუნდით ტფილისში, შემაგრებული ყველა რეკომენდაციებით, რაც გაგვყვებოდა გზაში სომხეთისკენ, საითკენაც მეორე დღეს დავიძარით.
მე მგონია, რომ ამ მცირე გვერდებზე წარმოვაჩინე არასაკმაო ცნობები ამიერკავკასიის დედაქალაქის ღირსშესანიშნაობების შესახებ. მსურდა პრაქტიკულად დამეზუსტებინა ფასი ილუსტრირებული შესწავლისა, გამოკვლევისა და ციტირებისა, რაც სიამაყეა ჩვენი დიდი ინგლისური სერიის გზამკვლევთა. ადგილის სილამაზეც ზარალდება მოგზაურის ხელში, რომელმაც უნდა აღიაროს, რომ ვერ ხედავს მას. ჩემი მობოდიშება იმაშია, რომ ტფილისში არ არის განსაკუთრებულად სანახავი, რაც ზემოქმედებას მოახდენდა მეხსიერებაზე: თავისთავად ეს არის ქალაქი — საოცარი ნარევი ბევრი ეროვნების, ენის, რელიგიის, ტრადიციების. მისი დამახასიათებელი ნიშანია ის, რომ მას არ აქვს ერთი მახასიათებელი, არამედ ბევრი განსხვავებული. აქ ყველა ეს ხალხი ცხოვრობს გვერდიგვერდ, ყიდულობენ და ყიდიან, მუშაობენ ქირით, არასდროს შედიან უფრო ახლო კავშირში, რჩებიან გულგრილნი ერთმანეთის მიმართ; არც სიყვარული, არც ზიზღი, არც ამბიცია, მშვიდად ემორ- ჩილებიან უცხო მთავრობას, რომელმაც დაიპყრო ისინი წინააღმდეგობის გარეშე და აჩერებენ მათ ყოვლად დაუძაბავად. რაც შეეხება ეროვნულ ან მუნიციპალურ ცხოვრებას, იქ არ ბრწყინავს: ადგილობრივი მკვიდრი ამ ქვეყნისა თითქმის უცხოელი გეგონება ქუჩებში, ვიდრე ყველა სხვა, რომლებიც ავიწროებენ მას. ძნელი სათქმელია, რა სამომავლო მარაგი აქვს ასეთ ქალაქს; ამჟამად ის აღმავლობის გზაზეა (წარმატებულია), სამუდამოდ თავისუფალია სპარსელთა მხრივ განადგურებისგან. მიუხედავად სრულიად ახალი ბულვარებისა და მობათქაშებული მაღაზიათა ფასადებისა, ის საოცრად თვალწარმტაცია.
შენიშვნები
1. Transcaucasia and Ararat: being Notes of a Vacation Tour in the Autumn of 1876. By James Bryce, Author of "The Holy Roman Empire", London, 1878.
2. ტფილისი მდებარეობს ზღვის დონიდან 1335 ფუტის სიმაღლეზე; წლიური ნალექის ნორმაა 19 დიუიმი.
3. შემდეგ მოყავს ამონარიდი შარდენიდან, რასაც ჩვენ ვტოვებთ _ გ.გ.
4. ამას მოსდევს მოკლე ისტორიული მიმოხილვა ქალაქის დაარსებიდან რუსების შემოსვლამდე, რაც გამოვტოვეთ _ გ.გ.
5. გამოჩენილი ოფიცერი, ერთი უნიჭიერესი და პატივცემული პიროვნება რუსულ სამსახურში; ამჟამად, რამდენადაც ვიცი, მეთაურობს რუსული არმიის ერთ-ერთ დივიზიონს ბულგარეთში.
მცირე კომენტარები
[1] გლადსტონი, უილიამ იუარტ (1809-1898), ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე. 1868 წლიდან ლიბერალური პარტიის ლიდერი. ინგლისის პრემიერ-მინისტრი 1868-74, 1880-85 და 1892-94 წლებში.
[2] ჯორჯ-ბერნარდ შოუ (1856-1950), ინგლისელი მწერალი, დრამატურგი.
[3] ლოიდ ჯორჯი (1863-1945), ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე; ლიბერალური პარტიის ლიდერი; ინგლისის პრემიერ-მინისტრი 1916-1922 წლებში.
[4] ჩერჩილი, უინსტონ ლეონარდ სპენსერ (1874-1965). ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე. 1904 წლიდან კონსერვატოღთა პარტიიდან გადადის ლიბერალურ პარტიაში, რომლიდანაც უკან ბრუნდება 1914 წელს. იყო სამხედრო კორესპონდენტად ბურების ომში. ინგლისის პრემიერ-მინისტრია 1940-45 და 1951-55 წლებში.
[5] ინგლის ბურების ომი სამხრეთ აფრიკაში 1899-1902 წლებში.
[6] თეოდორ რუზველტი (1858-1919), რესპუბლიკური პარტიის წევრი. აშშ პრეზიდენტი 1901-1909 წლებში.
[7] „ერთა ლიგა“ სახელმწიფოთა პოლიტიკური თანამშრომლობის პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, შეიქმნა 1919 წელს. შეწყვიტა საქმიანობა 1940 წელს, ხოლო ოფიციალურად დაიშალა 1946 წელს. სსრკ მისი წევრი იყო 1934-39 წლებში.
[8] ვიქტორია (1819-1901), დიდი ბრიტანეთის დედოფალი 1837 წლიდან.
[9] დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი; კავკასიის მეფისნაცვალი 1862-1881 წლებში.
[10] მეტეხის ღვთისმშობლის ეკლესია; აგებული ვახტანგ გორგასლის და აღდგენილი დემეტრე II თავდადებულის დროს. მეტეხის ძველი ციხის ადგილას XIX საუკუნეში რუსებმა ააშენეს საპატიმრო.
[11] უძველესი ციხე აშენებული სპარსი ერისთავის მიერ იწოდებოდა „შურის ციხედ“; სახელის შეცვლის მერე დღეს ამ მიდამოებს უწოდებენ „ნარიყალას“.
[12] ოპერის შენობა ააგეს 1851 წელს ერევნის (დღევანდელი თავისუფლების) მოედანზე, რომელიც დაიწვა 1874 წელს. ახალი ოპერის შენობა (არქიტექტორი შრეტერი) 1896 წლიდან არსებობს; ის შენდებოდა 1880 წლიდან. ჩვენი ავტორი, ცხადია, ოპერას ვერ ნახავდა. ის ალბათ ადრე შედგენილ გზამკვლევს ეყრდნობა.
[13] დღევანდელი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე (ყოფილი პიონერთა სასახლე). გადაკეთდა და გაფართოვდა 1835-1868 წლებში.
[14] დღევანდელი რუსთაველის პროსპექტი. ევგენი ალექსანდრეს ძე გოლოვინი იყო საქართველოს მთავარმართებელი 1838-1842 წლებში.
[15] მეტეხის ხიდი, ე.წ. „თათრის მოედანთან“.
[16] აღმოსავლეთის კარი არის „განჯის კარი“.
[17] ხომ არ იგულისხმება ნარიყალას ციხის კედლებს შიგნით ფერისცვალების ქართული ეკლესიის ნანგრევები?
[18] ეს ხიდი აიგო 1851 წელს. დღევანდელ საარბრიუკენის მოედანზე 1867 წელს გაიხსნა მიხეილ სიმონის ძე ვორონცოვის, საქართველოში პირველი მეფისნაცვლის (1844-1854) ბრინჯაოს ქანდაკება. მოედანსაც და ხიდსაც მისი სახელი დაერქვა.
[19]-[20] ვიურტემბერგელი გერმანელები საქართველოში დასახლდნენ 1818-19 წლებში ერმოლოვის მმართველობისას. ეს იყო კოლონია „ნოი-ტიფლისი“ სოფელ კუკიასთან. შემდეგ ის გაფართოვდა ამჟამინდელი დავით აღმაშენებლის გამზირისკენ და ქალაქს შეუერთდა 1852 წელს.
[21] მენონიტები — პროტესტანტული სექტა, დაარსებული ჰოლანდიაში მენო სიმენსის (1446-1561) მიერ XVI საუკუნის დასაწყისში. აღიარებდნენ ბიბლიას, მაგრამ უარყოფდნენ სამებას. 1581 წელს როგორც დევნილები, გავიდნენ სხვადასხვა ქვეყნებში. რუსეთში ეკატერინე II-მ მისცა დასახლების ნება. მათაც რუსეთის სამხრეთის ორ გუბერნიაში დააარსეს თავისი კოლონიები (ტავრიასა და ეკატერინოსლავში).
[22] რუსეთის იმპერატორი 1762-1796 წლებში.
[23] ოსების წარმომავლობასა და ნათესაობას გერმანელებთან საკმაოდ ბევრი ძველი, თუ ახალი მკვლევარ-მოგზაური ეხება თავის ნაშრომებში. ამ საკითხს ვრცლად განიხილავს გერმანელი მეცნიერ-მოგზაური აუგუსტ ჰაქსტჰაუზენიც. მან ტფილისიდან საგანგებოდ იმოგზაურა ოსებში 1843 წელს და დაგვიტოვა მათი ვრცელი აღწერა-დახასიათება და ერთგვარი გამოკვლევა მათი წარმომავლობის, განსახლების და გერმანელებთან სავარაუდო ნათესაობის შესახებ, მიმოიხილა რა სხვადასხვა ავტორთა აღწერილობანი ოსებზე. აი, ერთი ამონარიდი მისი ნაშრომიდან: „ყოველივეს იმდენი საერთო ჰქონდა გერმანულთან თუ ევროპულთან, რომ დაბადებით კავკასიელ დრ. საბალოვსაც კი, რომელიც ოთხი წელი იმყოფებოდა გერმანიაში, ნამეტნავად მოხვდა თვალში“.
[24] ქვეყნის განვითარებას ფართო გასაქანი მისცა რკინიგზების გაყვანამ, რომლის მშენებლობა დაიწყო 1865 წელს და 1872 წელს ამოქმედდა ფოთი-თბილისის ხაზი.
[25] კავკასიის მუზეუმი დაარსდა 1852 წელს; აღადგინეს ცნობილი გერმანელი ბუნებისმეტყველის და გეოგრაფის გუსტავ რადდეს ინიციატივით და გაიხსნა 1867 წლის 2 იანვარს.
[26] ბაღი არსებობდა ლეღვთახევის ტერიტორიაზე. ადრე ერქვა „სამეფო“, ან „ციხის“ ბაღი. 1845 წლიდან ეწოდა „ბოტანიკური ბაღი“.
[27] იხილე კომენტარი [11].
[28] ხომ არ არის ეს ე.წ. „წავკისის კარი“ (ვახუშტით „კოჯრის კარი“, ან „მაღლა კარი“), თუ წავკისის ხევთან „აბანოს კარი“?
[29] ეს უნდა იყოს დიმიტრი ივანეს ძე სვიატოპოლკ-მირსკი (1825-1899), გენერალ-ადიუტანტი, ინფანტერიის გენერალი; იყო კავკასიის კორპუსის მთავარსარდლის ადიუტანტი. 1876 წლიდან დიდმთავარ მიხეილ რომანოვის თანაშემწე.
დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა
1. „ქართლის ცხოვრება“, I, თბილისი, 1955.
2. ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, „ქართლის ცხოვრება“, IV, თბილისი, 1973.
3. თბილისის ისტორია, შოთა მესხიას რედაქციით, თბილისი, 1958.
4. აუგუსტ ჰაქსტჰაუზენი საქართველოს შესახებ, თბილისი, 2011.

Комментариев нет:

Отправить комментарий