понедельник, 5 ноября 2018 г.

საქართველო-თურქეთის სასაზღვრო ურთიერთობების 550 წლიანი ისტორია (მ. სანაძე; თ. ბერაძე)

ოსმალეთის თურქეთს თავისი არსებობის პირველი 150 წლის მანძილზე საქართველოსთან ფაქტობრივად პოლიტიკურ-დიპლომატიური ურთიერთობა არ ჰქონია. გამონაკლისად ამ მხრივ 1330-იანი წლები შეიძლება ჩაითვალოს, როდესაც XVIII საუკუნის გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, სულთან ორხანის მარბიელი ლაშქარი საქართველოში შემოიჭრა. საქართველოს მეფემ გიორგი V ბრწყინვალემ ოსმალებს მშვიდობა შესთავაზა, ხოლო, როდესაც უარი მიიღო, ბრძოლა გაუმართა. ბრძოლაში ქართველებმა გაიმარჯვეს და დიდი ნადავლი იგდეს ხელთ.1
ოსმალთა შემდეგ ლაშქრობას საქართველოში ვახუშტი ბაგრატიონი 1451 წლით ათარიღებს, როდესაც მისი ცნობით, ოსმალთა 50 კატარღისაგან (გალერა) შემდგარმა ფლოტმა ქალაქი ცხომი (სოხუმი) და აფხაზეთის სანაპირო დაარბია. როგორც ფიქრობენ, ძველი ქართველი ისტორიკოსის ეს თარიღი ზუსტი არაა. ოსმალეთის ფლოტის ამ სამხედრო ოპერაციაში უნდა იგულისხმებოდეს ოსმალების 1454 წლის რეიდი შავ ზღვაზე, როდესაც მათ საქართველოს ზღვისპირეთთან ერთად, დასავლეთ და ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის სანაპირო დაარბიეს3.
ამ თავდასხმაზე ერთი წლით ადრე 1453 წლის ზაფხულში ბიზანტიელი ისტორიკოსი დუკას ცნობით, კონსტანტინოპოლის დაპყრობის შემდეგ ანდრიანოპოლში დაბრუნებულ მეჰმედ II ფათიჰს მორჩილების გამოხატვის ნიშნად ელჩები ესტუმრენ. ელჩები წარმოგზავნილები იყვნენტრაპიზონელების და ყველა იმათი ვინც შავიზღვისპირას ცხოვრობენ“4. გამოთქმულია თვალსაზრისი, რომ ამ ელჩებში საქართველოს წარმომადგენლებიც იყვნენ, თუმცა ამ მოსაზრების დასაბუთება არ ხერხდება.5
ამავე ხანებში ერთიანი საქართველოს სამეფო პოლიტიკური დაშლილობის გზას ადგა, რომელიც XVI -ის 70-იან წლებში საბოლოოდ დასრულდა. საქართველო კახეთის, ქართლის, იმერეთის სამეფოებად და სამცხე-საათაბაგოდ, იგივე სამცხის სამთავროდ დაიშალა. მოგვიანებით XVI- -ის 50-იან წლებში იმერეთის სამეფოსაგან ოდიშისა და გურიისა და აფხაზეთის სამთავროები გამოცალკევდა.
სამცხის სამთავრო ამ დროისათვის ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა. მის საზღვრებში შედიოდა როგორც მტკვრის აუზის ზემო წელი (ჯავახეთი, სამცხე, ერუშეთი, არტანი, კოლა...), ისე მთელი ჭოროხის აუზი (შავშეთი, კლარჯეთი, ნიგალის ხევი, აჭარა, ტაო, სპერი, ბაიბურთი...). სამცხის სამთავროს ტერიტორია მდინარეების ჭოროხისა და არაქსის წყალგამყოფ მთათა სისტემების სამხრეთითაც ვრცელდებოდა. მდ. არაქსის ზემო წელში მის საზღვრებში შედიოდა ბასიანი, ხოტევანი, ზარიშტიანი, ხოლო XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე კარის (ყარსის), კაღზევანის, ვალაშკერტისა და ანისის მხარეები.
ოსმალები საქართველოს 1461 წელს, ტრაპიზონის იმპერიის ანექსიის შემდეგ, სამხრეთ-დასავლეთიდან გაუმეზობლდნენ. იმხანად ოსმალეთ-საქართველოს სასაზღვრო ხაზი მანამდე საქართველოსა და ტრაპიზონის იმპერიას შორის არსებულ სასაზღვრო ხაზს იმეორებდა. საქართველოს დაშლის შემდეგ კი საქართველო-ოსმალეთის ეს საზღვარი უკვე სამცხის სამთავროსა და ოსმალეთს ყოფდა.
უშუალოდ შავიზღვისპირეთში სამცხის სამთავროს საზღვრებში, XV -ის 60-იანი წლების დასაწყისში ჭანეთიც შედიოდა, თუმცა ეს მხარე გურიისა და სამცხის სამთავროებს შორის ცილობის საგანს წარმოადგენდა და მომდევნო ცხრა ათეული წლის მანძილზე დროგამოშვებით გურიის ერისთავს ემორჩილებოდა. ოსმალეთს სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში საქართველოს პროვინცია ჭანეთი და პონტოს ქედის ის განშტოება საზღვრავდა, რომელიც ქემერის კონცხთან უშუალოდ შავ ზღვამდე ეშვება. ქართველებიქემერ ბურუნსანუ ქემერის კონცხს (სიტყვასიტყვით - ქემერის ცხვირი) „რკინის პალოსეძახდნენ.
XIX. 70-იან წლებში ოსმალეთის ლაზისტანის სანჯაყში ჩაწერილი ერთი გადმოცემის მიხედვით ძველად აქ იდგა რკინის ბოძი, რომელიც საქართველოსა და საბერძნეთს (იგულისხმება ტრაპიზონის იმპერია) შორის სასაზღვრო ნიშანს წარმოადგენდა. აქედან მოყოლებული საზღვარი ოსმალეთსა და საქართველოს შორის ციხე-ქალაქ ბაიბურთამდე უშუალოდ პონტოს ქედს გასდევდა. ბაიბურთის მიდამოებში საქართველოს ტერიტორია პონტოს ქედის დასავლეთით გადადიოდა და მდინარე ჰარშიდ-დერეს ხეობის დიდ ნაწილს მოიცავდა.
ტრაპიზონის ტერიტორიის დაპყრობისთანავე ოსმალეთის თურქეთმა საქართველოს ტერიტორიაზე თავდასხმები დაიწყო. ჯერ კიდევ 1461 . სტამბოლიდან დასავლეთ ევროპაში გაგზავნილ ერთ-ერთ დიპლომატიურ წერილში არის ცნობა თურქების გამარჯვებაზე კოლხიდაში. ტრაპიზონის იმპერიის ანექსიის შემდეგ ოსმალეთის საქართველოზე თავდასხმების შესახებ აღნიშნული აქვს ვახუშტი ბაგრატიონს.
ოსმალებისათვის იმჟამად ყველაზე ადვილი მისადგომი საქართველოში ჰერშიდ-დერეს ხეობა იყო. ოსმალეთის საზღვრებშიც პირველად ამ ხეობისა ქართული ტერიტორია შევიდა.
XV-XVI საუკუნეების საუკუნეების თურქი ისტორიკოსის იბნ-ქემალის ცნობით ტრაპიზონის სანჯაყის გამგებელმა, უფლისწულმა ბაიაზედმა, შემდგომში სულთან ბაიაზედ II-, 1479-1480 წლებშისაქართველოში ძლევამოსილი ლაშქარი გაგზავნა: „... ბოლოს თორული, ჯეზრე, და ჯანეჰაჰი - ამგვარად რომ იწოდებოდნენ - სამი ძლიერი ციხე-სიმაგრე აიღო და გიაურების ქვეყანა ყირამალა დააყენა...“ ამ ლაშქრობის მიზეზი ის ყოფილა, რომ ქართველიურჯულონი ჯერაც არ იყვნენ დანერგილები და ვალდებულნი ეხადათ ჯიზია, ხარაჯა, საბაჟო საქონელი ...“ თანაც ქართველებს თორულის ციხესთან მუსლიმი ვაჭრები გაუძარცვავთ10.
აღსანიშნავია, რომსაქართველოშიოსმალების მიერ თორულის ციხის დაპყრობის შესახებ 1481 წლით დათარიღებული ცნობა XVI საუკუნის სპარსელი ისტორიკოსის ჰასან რუმლუს თხზულებაშიც გვხვდება11.
იბნ-ქემალის თხზულებაში უფლისწული ბაიზეთის მიერ დაპყრობილი თორულის, ჯეზრეს და ჯანეჰაჰის ციხე-სიმაგრეები მდებარეობდნენ ჰარშიდ დერეს შუა წელზე, თორულს დღესაც თორული ეწოდება. ჯეზრეს ციხე-ქალაქს ძველად ქურთუნსაც ეძახდნენ. ჯანეჰაჰი დამახინჯებული ქართულ-ბიზანტიური ჭანიხაა. თურქების მიერ დაპყრობის შემდეგ მას, აქ არსებული ვერცხლის საბადოების გამო გუმუშხანე ეწოდა12.
აღსანიშნავია, რომ ჰერშიდ დერეს ხეობაში ქართველების კვალი 300 წლის შემდეგაც იყო შემორჩენილი. 1769 წელს გუმუშხანეს მიდამოებში ქართული ეკლესიები ნახა ქართველმა საეკლესიო მოღვაწემ და მოგზაურმა ტიმოთე გაბაშვილმა. ამ დროისათვის მოსახლეობას ჯერ კიდევ ახსოვდა, რომ ეს მხარე ადრე საქართველოს ეკუთვნოდა და ვერცხლის საბადოების შემოსავალიც საქართველოს ხაზინაში შედიოდა13.
ტრაპიზონის იმპერიის დაპყრობის შემდეგ, ოსმალებმა ჭანეთსაც შეუტიეს, რომელიც რკინის პალოდან მდ. ჭოროხის შესართავამდე ვრცელდებოდა. ამ საქმეში მათ პირველ წარმატებას 1502-1512 წლებში მიაღწიეს. ჭანეთი შეტანილია ტრაპიზონის სანჯაყის 1515 წლის პირველ დავთარში. ამ დავთარის ცნობები ჭანეთის შესახებ უცვლელად არის გადატანილი ამავე სანჯაყის 1523 წლის დავთარში14. საფიქრებელია, რომ ჭანეთი ამ დავთარში მექანიკურად მოხვდა, რადგან ქართული წყაროების მონაცემებით XVI ს-ის 20-30-იან წლებში ეს მხარე სამცხის მთავარს ემორჩილებოდა.
1514 წელს ოსმალთა ლაშქარი სეფიანთა სამფლობელოში შეიჭრა. ასე დაიწყო ოსმალეთ-სპარსეთის პირველი ომი, რომლის ერთ-ერთ ასპარეზად საქართველო გადაიქცა. მალე ოსმალებმა ერზერუმი აიღეს და საქართველოს სამხრეთ-დასავლეთიდანაც გაუმეზობლდნენ.
XVI -ის 20-იან წლებში ანისი, კარი (ყარსი), ვალაშკერტი სეფიანთა სპარსეთის საზღვრებში იყო მოქცეული. ამისდა მიუხედავად სამცხის მთავარი მდ. არაქსის სათავეებში საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას ფლოდა.
თურქეთის მინისტრთა საბჭოს არქივში დაცულია XVI -ის 30-იანი წლების დასაწყისში შედგენილი უცნობი თურქი მზვერავის პატაკი, სადაც საქართველოს სამეფო-სამთავროები და საქართველოს შიდა მხარეებისაკენ მიმავალი სალაშქრო გზებია აღწერილი. ამ დროისათვის ოსმალეთის მომავალი დაპყრობების პირველ ობიექტს სამცხის სამთავრო წარმოადგენდა, ამიტომ მის აღწერას თურქი მზვერავი განსაკუთრებით დიდ ადგილს უთმობდა.
მზვერავის პატაკიდან კარგად ჩანს, რომ XVI -ის 30-იანი წლების დასაწყისისათვის ჭოროხის სათავეები, ბაიბურთი და სპერი (თურქულად ისპირი) ოსმალეთის საზღვრებშია. ამავე პატაკის მიხედვით ირკვევა, რომ ამ დროისათვის სამცხის მთავარს ჯერ კიდევ ემორჩილება კაღზევანის დაბლობის დიდი ნაწილი, საკუთრივ კაღზევანის გამოკლებით და ბასიანი15.
XVI -ის 30-იანი წლების დასაწყისში ჭოროხის აუზის დაუფლებისათვის ოსმალებმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგეს. 1534 წელს სულთნის ხელისუფლებამ ერზრუმის საბეგლარბეგო დააარსა, რომელშიც თორთუმის სანჯაყიც შეიყვანა16. ამჯერად ოსმალური ადმინისტრაცია თორთუმის მხარეში ვერ დამკვიდრდა და თორთუმის ციხეც ქართველების ხელში დაბრუნდა.
1535 წელს იმერეთის მეფე ბაგრატ III-თან მურჯახეთის ბრძოლაში სამცხის მთავარი ყვარყვარე III დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. იმერეთის მეფემ სამცხის სამთავროში შემავალი ჯავახეთი - ქართლის მეფე ლუარსაბ I-, აჭარა-ჭანეთი - გურიის მთავარს გადასცა, თვითონ კი სამთავროს უდიდეს ნაწილს უშუალოდ დაეუფლა. სანამ ყვარყვარე III ცოცხალი იყო, მისი ვაჟი და მემკვიდრე ქაიხოსრო იმერეთის მეფის წინააღმდეგ მოქმედებას ვერ ბედავდა, მაგრამ დატყვევებული მამის გარდაცვალებისთანავე, ის სამცხის დიდი ფეოდალის ოთარ შალიკაშვილის წაქეზებითა და მეშვეობით ოსმალეთის სულთნის კარს დაუკავშირდა და ოსმალთაგან იმერეთის მეფის წინააღმდეგ დახმარება გამოითხოვა. სულეიმან კანუნმაც მას ლაშქარი გამოუგზავნა. აღმოუჩინა. მიუხედავად ამისა, ქართველებმა 1543 . ქარაღაქთან (ოლთისის სამხრეთით) ქაიხოსრო და მისი დამხმარე ოსმალები დაამარცხეს და უკუაგდეს. 1545 . ოსმალებმა ქართველებს ახალი ძალით შემოუტიეს. ბაგრატ III- ქართლის მეფე ლუარსაბიც მოეშველა. გადამწყვეტი ბრძოლა სოხოისტას ველზე (ბასიანი) გაიმართა. ამჯერად ოსმალებთან ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ, რასაც ქაიხოსრო I-ის გაათაბაგება მოჰყვა17. იმ ადგილების მიხედვით, სადაც ეს ბრძოლები მოხდა, აშკარაა, რომ ამ ხანისათვის საქართველოს ტერიტორია კვლავინდებურად მდ. არაქსის სათავეებში ვრცელდებოდა და ბასიანსა და, საფიქრებელია, კაღზევანის ველის დიდ ნაწილსაც მოიცავდა. 1545 . სოხოისტასთან ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ, ოსმალეთმა ბასიანისა და კაღზევანის ოლქების ის ნაწილი დაიპყრო, რომელიც აქამდე საქართველოს ეკუთვნოდა. ამის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე ოსმალეთის შემოჭრა კიდევ უფრო გაძლიერდა.
1547 წ. ოსმალეთის ლაშქარი, გურიის სამთავროს საზღვრებში შემავალ ჭანეთში შეიჭრა. შემდეგ - ჭოროხი გადალახა და ბათუმი დაიკავა. ამჯერად, ოსმალებმა ბათუმის შენარჩუნება ვერ შეძლეს, მაგრამ ჭანეთში ფეხი მძლავრად მოიკიდეს. ეს მხარე მათ ე. წ. ტრაპიზონის ლივაში გააერთიანეს და ცალკეულ ყაზებად დაყვეს. 1556 წ. ოსმალებმა ბათუმის სანჯაყი შექმნეს, თუმცა ბათუმი მათ საზღვრებში არ შედიოდა. ეს სანჯაყი მთელ ჭანეთს მოიცავდა. სანჯაყ ბეგის რეზიდენცია გონიო და ტრაპიზონი იყო18. ამის შემდეგ, საზღვარი შავიზღვისპირეთში, ოსმალეთსა და გურიას შორის, რომელიც 1550 წლიდან იმერეთის მეფის დაქვემდებარებიდან გამოვიდა და დამოუკიდებელ სამთავროდ გაფორმდა, მდ. ჭოროხი გახდა.
1547-1548 წლებში ოსმალეთმა საქართველოს მტკვრისა და ჭოროხის სათავეებიდანაც შეუტია. 1549 წელს ოსმალეთის ლაშქარმა თორთუმის ციხე, 1551 წ. არტანუჯი დაიკავა. 1554 წ. ოსმალეთს დაპყრობილი ქონდა მტკვრის ხეობაში კოლა და არტანი, აგრეთვე ტაო, შავშეთი, კლარჯეთი .... ფაქტობრივად სამცხის სამთავროს ჭოროხის აუზში მდებარე მთელი ტერიტორია19.
ირან-ოსმალეთის პირველი ომი 1555 წ. 29 მაისის ამასიის ზავით დასრულდა. ამ ზავით მეომარ მხარეებს ის ტერიტორია დარჩათ, რომელიც ზავის ხელმოწერის დროს ეკავათ. ამასიის ზავით ქართლის და კახეთის სამეფოები და სამცხის სამთავროს მტკვრის აუზის ტერიტორია, კოლა არტანის გამოკლებით, სეფიანთა სპარსეთის სამფლობელოდ გამოცხადდა. ხოლო დასავლეთ საქართველო, ჭოროხის აუზის სამცხის სამთავრო და კოლა-არტანი ოსმალეთის შემადგენელ ნაწილად ჩაითვალა20.
საქართველოსთან მიმართებაში ამასიის ზავი, ფაქტობრივად, ამ ორი დიდი იმპერიის მიზნებს უფრო გამოხატავდა ვიდრე რეალობას. სინამდვილეში გარდა ოსმალეთის მიერ 1547-1554 წლებში დაპყრობილი სამცხის სამთავროს ნაწილისა დანარჩენი საქართველო ჯერ კიდევ დასაპყრობი რჩებოდა. ამიტომაც აქ არც სპარსეთის არც ოსმალეთის უშუალო მმართველობა ზავის შემდეგ არ დამყარებულა და იმჟამად ვერც დამყარდებოდა.
ამასიის ზავით დასრულდა ოსმალეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის დაპყრობის პირველი ეტაპი, რაც ძირითადად ჭოროხის აუზის საქართველოს: ჭანეთს, ტაო-კლარჯეთ-შავშეთ-პარხალ-ნიგალის ხევს და მტკვრის აუზში კოლა-არტანს მოიცავდა.
1578 წ. დაიწყო ირან-ოსმალეთის ახალი ომი, რომლის მთავარ ასპარეზს პირველი ომის მსგავსად საქართველო წარმოადგენდა. ეს ომი იმავდროულად ოსმალეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ახალ, მეორე ეტაპად იქცა. ოსმალთა ლაშქარმა, რომელსაც ლალა მუსტაფა ფაშა მოუძღოდა ჩრდილის (ჩილდირის) ველზე სპარსელები დაამარცა. ამის შემდეგ სამცხის მთავრის ძმა მანუჩარი, რომელიც მისი მიწაწყლისათვის ამ ორი დამპყრობლის ორთაბრძოლას იქვე ახლო მყოფი გორაკიდან ადევნებდა თვალს, ლალა მუსტაფა ფაშას ეახლა და მორჩილება გამოუცხადა. ოსმალებმა სამცხის სამთავროს დაპყრობის შემდეგ თბილისი აიღეს და ქართლის სამეფოში უშუალო ოსმალური მმართველობის შემოღებას შეეცადნენ. ამ მიზნით მათ თბილისის საბეგლარბეგო და გორის სანჯაყი დააარსეს. ამის შემდეგ ლალა-ფაშა შაქისა და შარვანისაკენ გაემართა. გზად მას კახთა მეფე ალექსანდრე II ეახლა და მორჩილება გამოუცხადა. რამდენიმე წლის განმავლობაში ოსმალებმა შაქი, შარვანი და საერთოდ მთელი აღმოსავლეთ ამიერკავკასია დაიპყრეს და ჩრდილოეთ სპარსეთსაც კი დაეუფლნენ.
ამავე 1578 წ. ზაფხულში ოსმალეთის ფლოტმა დასავლეთ საქართველოს სანაპიროსაც შეუტია. მათ სოხუმში დესანტი გადასხეს, აფხაზეთის სანაპირო დაიმორჩილეს და სოხუმის საბეგლარბეგო დააარსეს.
1579 წ. ოსმალებმა ფოთის ციხე დაიკავეს და ფოთის ფაშის მეთაურობით საგანგებო საკაპიტანო შექმნეს, რომელსაც მთელი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი დაუმორჩილეს.
იმავე 1579 წელს ოსმალებმა გურჯისტანის, იგივე ჩილდირის საფაშო დააარსეს, რომელშიც მთელი სამცხე-საათაბაგო გააერთიანეს21. აშკარა იყო, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ოსმალეთი თავისი უშუალო მმართველბის დამყარებას აპირებდა, თუმცა რეალურად ამის განხორციელება მან მხოლოდ სამცხის სამთავროს მიმართ შეძლო. საქართველოს სხვა სამეფო-სამთავროებში ოსმლეთმა თავისი უშუალო მმართველობა ვერ დაამყარა. ამის მიზეზი ის ბრძოლა იყო, რომელიც ოსმალეთს ჯერ სამცხის მთავარმა მანუჩარ II (მუსლიმობის მიღების შემდეგ - მუსტაფა ფაშა), ხოლო შემდგომ კი მისმა ვაჟმა, სამცხის უკანასკნელმა მთავარმა მანუჩარ III გაუმართა. მათმა ბრძოლამ სამცხის სამთავრო ოსმალთა მიერ დაპყრობისაგან თუმცა ვერ იხსნა, მაგრამ საშუალება მისცა ქართლის მეფეს სიმონ I-ს ოსმალთა წინააღმდეგ მეტი ეფექტურობით ემოქმედა. ამან კი ფაქტობრივად, დანარჩენ საქართველოს იმხანად ოსმალთაგან დაპყრობა ააცილა. მართლაც, 1581 წ. ოსმალეთი იძულებული გახდა ახლად დაარსებული სოხუმის საბეგლარბეგო გაეუქმებინა, ხოლო 1588ჰ1589 წ. კი მისთვის ნაკლებად სასურველი ხელშეკრულება დაედო სიმონ I-თან და ის ქართლის მეფედ ეცნო22. ეს ოსმალეთის მიერ ქარლის სამეფოს უშუალო შეერთებაზე უარის თქმის ტოლფასი იყო. ეს მით უფრო აღსანიშნავია, თუ გავითვალისწინებთ, რომ იმ ხანად ოსმალეთი თავისი სიძლიერის ზენიტში იმყოფებოდა და უზარმაზარი სეფიანთა სახელმწიფოს ახალი ენერგიული მბრძანებელი შაჰ აბასიც კი იძულებული შეიქმნა 1590 წ. ოსმალეთთან სპარსეთისათვის ფრიად წამგებიან საზავო ხელშეკრულებაზე მოეწერა ხელი და მისი ბატონობა ეცნო, როგორც აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში, ისე საკუთრივ ჩრდილოეთ ირანშიც.
სულთან მურად III-ის წერილში, რომელიც ფაქტობრივად ამ ზავის ოსმალურ ტექსტს წარმოადგენს ვკითხულობთ: „ჰიჯრის ცხრაას ოთხმოცდათვრამეტ წელს, ნოვრუზის დღეს ცხადდება, რომ ოსმალეთის სახელმწიფოს მფლობელობასა და ზედამხედველობაში მოქცეული ქვეყნები და გზები და დაპყრობილ-შემომტკიცებული უცხო სახელმწიფოში მდებარე ციხეები და ქვეყნების მოსახლეობა ნებსით თუ უნებლიეთ თავს ანებებს წინააღმდეგობას და ჩვენ გვემორჩილება .... განჯის და ყარაბაღის მხარეები, შირვანი სანჯაყებით და საქართველო მისი ნაწილებით .... ყიზილბაშისათვის წართმეული ადგილები ირანის მხრიდან დალაშქრული და ხელყოფილი არ იქნან“ 23. ამ ხელშეკრულებიდან აშკარაა, რომ მიუხედავად სამეფო-სამთავროებად დაშლისა საქართველო თურქეთისათვის ერთიანი ცნებაა. ამავე ხელშეკრულებიდან აშკარაა რომ საქართველოს სამეფო სამთავროები არიან ოსმალეთის ვასალურ დაქვემდებარებაში, განსხვავებით საქართველოს, ანუ გურჯისტანის ერთი ნაწილისა, კერძოდ, სამცხის სამთავროსი, რომელიც ოსმალეთმა აღწერა, შესაბამისი დავთარი შეადგინა და გურჯისტანის ვილაიეთის სახელით უშუალოდ იმპერიის შემადგენლობაში შეიყვანა. XVI ს-ის 90-იანი წლებში შედგენილი „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის“ მიხედვით ოსმალეთის უშუალო მმართველობის ქვეშ მოქცეული იყო სამცხე-საათაბაგოს ტერიტორია სოფ. ქვიშხეთის ჩათვლით24.
1603 წ. სპარსეთის მბრძანებლის შაჰ-აბას I-ის ლაშქარი ჩრდილოეთ ირანში შეიჭრა. ასე დაიწყო ოსმალეთ-სპარსეთ შორის ახალი ომი, რომელიც საბოლოოდ 1639 წ. სტამბულში დადებული ზავით დასრულდა. სტამბულის ზავმა სპარსეთ-ოსმალეთს შორის ძველი, ამასიის ზავით დადგენილი საზღვარი აღადგინა. ერთის გამოკლებით: სამცხის სამთავროს ტერიტორია გურჯისტანის ვილაიეთის სახით ახლა მთლიანად (და არა მახოლოდ ჭოროხის ხეობა ქართული ქვეყნები და მტკვრის ხეობაში არტანი და კოლა, როგორც ეს ამასიის ზავით იყო) ოსმალეთის საზღვრებში იქნა ცნობილი. ამ ვრცელი მხარიდან საქართველოს, იურისდიქციაში მხოლოდ ქვიშხეთიდან აწყურამდე ტერიტორია აღმოჩნდა, რომელიც ქართლის სამეფოს გადაეცა 25. „ახალციხის, ყარსის, ვანის, შეჰრიზორის, ბაღდადის, ბასრას და სხვა საზღვრებისა და მიჯნების შიგნით მოქცეული ციხეები- ვკითხულობთ ხელშეკრულების ტექსტში- მხარეები სანაჰები, მიწები, მინდვრები, გორაკები და მთები შეუვალი და დაულაშქრავი იყოს მეორე მხრიდან“. 1639 წ. ზავის ეს პირობები ამ ხელშეკრულების სპარსული წყაროებითაც დასტურდება26.
1640 წელს დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროების გაერთიანებულმა ლაშქარმა იერიშით აიღო ფოთის ციხე-სიმაგრე. ამის შემდეგ ფოთში 60 წლის მანძილზე ოსმალეთის გარიზონები აღარ დგანან საქართველოს შავიზღვისპირეთის სანაპირო ციხე-სიმაგრეებში. მხოლოდ XVII ს-ის დასასრულს თურქი მეციხოვნეები კვლავ გამოჩნდნენ ფოთსა და სოხუმის ციხე-სიმაგრეებში27.
საქართველოში, ამჯერად მის ზღვისპირეთში ოსმალეთის დაპყრობების ახალი მესამე ეტაპი 1703 წლიდან დაიწყო. ოსმალებმა ციხე-სიმაგრეები ააგეს ბათუმსა და ანაკლიაში. ამავე წელს მათ პირველად დაიპყრეს ბათუმი, სადაც საბოლოოდ ფეხი 1701 წ. მოიკიდეს28.
1722 წლის შემოდგომაზე აჯანყებული ავღანელების ბელადმა მაჰმუდმა სპარსეთის შაჰის ტახტი დაიკავა და სეფიანთა სახელმწიფო ერთბაშად დაიშალა. ამის შემდეგ აღმოსავლეთ ამიერკავკასიაზე და ჩრდილოეთ ირანზე პრეტენზია ერთდროულად რუსეთმა და ოსმალეთმა განაცხადეს. 1722-1723 წლებში რუსეთის ჯარმა დასავლეთ და სამხრეთ კასპისპირეთი დაიკავა. 1723 წელს აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ოსმალეთის ჯარი შემოიჭრა და ქართლის და კახეთის სამეფოები დაიპყრო. 1724 წ. 12 ივნისს სტამბოლში რუსეთმა და ოსმალეთმა ხელი მოაწერეს ტრაქტატს, რომლის მეორე პუნქტის მიხედვით რუსეთმა ცნო ოსმალეთის გაბატონება აღმოსავლეთ საქართველოში: „საქართველოს მთელი პროვინცია მაღალი პორტის ხელქვეითი რჩება“29. ეს იყო რუსეთ-თურქეთის პირველი ხელშეკრულება, რომელშიც საქართველოს საკითხი აისახა.
ოსმალეთის მონაპოვარი აღმოსავლეთ ამიერკავკასიასა და ჩრდილოეთ ირანში, ავღანელი მაჰმუდ შაჰის მემკვიდრემ აშრაფ შაჰმაც აღიარა, რომელმაც 1727 წლის 4 ოქტომბერს ოსმალეთთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის მე-10-ე მუხლის თურქულ ტექსტში აღნიშნულია, რომ: „განჯის, თბილისის და ერევნის მხარეებში დაპყრობილი, ჩვენს მფლობელობაში გადმოსული ტერიტორიები მთლიანად: ციხეები, ადგილები, ჩვენი მაღალი სახელმწიფოს ქვეშ დარჩეს“30.
1723 წ. აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში შეჭრის დროს ოსმალეთმა გადაწყვიტა საბოლოოდ დაეპყრო საქართველოს სანაპირო ზოლი და საქართველოს ზღვისპირეთიდან აღმოსავლეთ საქართველოში პირდაპირი სახმელეთო გზა გაეხსნა. ოსმალო მეციხოვნეებმა ხელახლა დაიკავეს ფოთის, ანაკლიისა და სოხუმის ციხესიმაგრეები. თურქული გარნიზონები ჩადგნენ ციხისძირში, ანაკოფიაში (დღ. ახალი ათონი) და ბიჭვინთაში. XVIII ს-ის მეორე მეოთხედში თურქებმა დაიკავეს გურიის სამთავროს ზღვისპირა ქალაქი ქობულეთი და მთელი ზღვისპირა ზოლი მდინარე ჩოლოქამდე.
1727 წ. ქართლის მეფე გამაჰმადიანებული იესე გარდაიცვალა. ოსმალებმა ქართლში ახალი მეფე აღარ დანიშნეს, სამეფო ექვს ნაწილად დაყვეს და უშუალოდ ოსმალური მმართვეობის შემოღება დაიწყეს. კახეთის სამეფო კი კლავაც ოსმალეთის ვასალურ ქვეყნად ითვლებოდა31.
1739 წელს ნადირ ხანმა სპარსეთი ავღანელთა ბატონობისაგან საბოლოოდ გაათავისუფლა. იმავე წელს მან ჩრდილო სპარსეთში გაბატონებულ ოსმალთა ჯარებს შეუტია. 1735 წელს ნადირ ხანის ლაშქარმა თბილისსა და ქართლის სამეფოში ოსმალების ბატონობას ბოლო მოუღო და აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში სპარსელების ბატონობა აღადგინა. 1736 წლის 17 ოქტომბერს სტამბულში ხელი მოეწერა სპარსეთ-ოსმალეთის ხელშეკრულებას, რომლის დამატების მიხედვით ამ ორ ქვეყანას შორის საზღვრები 1639 წელს სულთან მურად IVV-ის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებით დადგინდა. “რამდენადაც ჩვენი ბრწყინვალე სულთნის, მისი აღმატებულების მურად ხან მეოთხის ზეობაში სეფიანთა დინასტიასთან დადებული ხელშეკრულება საზღვრების მოგვარებას ეხება - ვკითხულობთ ამ ხელშეკრულების თურქულ ტექსტში - ამდენად ჩვენი სამეფოსა და შაჰის ოლქების დღევანდელი საზღვრებიც ზემოთხსენებულ საკითხებში განსვენებულის დროინდელი გამიჯვნის მიხედვით მოწესრიგდეს.”32
ნადირ შაჰმა სტამბულის ხელშეკრულება არ დაამტკიცა და 1743 წელს ოსმალეთთან ომი განაახლა, რომელიც 1746 წლის 6 სექტემბრის ქერმანის ზავით დასრულდა. ამ ზავმაც ამ ორ ქვეყანას შორის სასაზღვრო ხაზი 1639 წ. ოსმალეთ-სპარსეთის ხელშეკრულების მიხედვით დაადგინა: “ორი სახელმწიფო იხელმძღვანელებს მისი უდიდებულესობის სულთან მურად ხან მეოთხის უბრწყინგვალეს ხანაში დადებული საზავო ხელშეკრულებით. ამ ხელშეკრულებით დადგენილი საზღვრები და მიჯნები ძალაში დარჩეს! მათ საფუძვლებში ცვლილებების შეტანა დაუშვებელია”.33
1746-1762 წლებში აღმოსავლეთ საქართველო ირანის ვასალობიდან ფაქტობრივად გათავისუფლდა და ქართლ-კახეთის სამეფოდ გაერთიანდა.
1768 წლის 6 ოქტომბერს ოსმალეთმა რუსეთს ომი გამოუცხადა. 1769 წ. ამ ომში რუსეთის მხარეს ქართლ-კახეთის სამეფო და დასავლეთ საქართველოს სამეფო სამთავროები ჩაებნენ. ომის მსვლელობაში გურიის სამთავრომ ქობულეთის მხარე დაიბრუნა და თავის საზღვარი მდინარე კინტრიშზე გადაიტანა. ომი 1774 წლის 21 ივლისი ქუჩუკ-კაინარჯის ზავით დასრულდა. ზავის შედეგად სასაზღვრო ხაზი ოსმალეთსა და საქართველოს სამეფო-სამთავროებს შორის უცვლელი დარჩა. რუსეთმა ქუჩუკ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულების 23-ე მუხლით დასავლეთ საქართველო ოსმალეთის ქვეშევრდომ ქვეყნად ცნო. 34 მალე ოსმალეთმა ხელახლა დაიპყრო ქობულეთის მხარე და საზღვარი გურიის სამთავროსა და ოსმალეთს შორი ს ისევ მდ. ჩოლოქზე გავიდა.
1801 წელს რუსეთმა ქართლ-კახეთის სამეფო დაიპყრო. 1804-1810 წლებში რუსეთის იმპერიამ დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები ფორმალურად ნებაყოფლობით შეიერთა, რომლებიც მან ადრე ოსმალეთის ქვეშევრდომ პოლიტიკურ ერთეულებად აღიარა.
რუსეთის მიერ დასავლეთ საქართველოს შემოერთების პარალელურად 1806 წელს დაიწყო რუსეთ-ოსმალეთის მორიგი ომი. ამ ომის დროს რუსეთის ჯარებმა საქართველოს ზღვისპირეთში ოსმალური გარნიზონების მიერ დაკავებული ფოთის და სოხუმის ციხეები აიღო, ხოლო ახალციხის საფაშოში ახალქალაქის ციხე-სიმაგრე დაიკავა. ეს ომი 1812 წლის 28 მაისი ბუქარესტის საზავო ხელშეკრულებით დასრულდა, რომენლმაც ხელშეკრულებებში დასავლეთ საქართველოს საკითხი ფაქტობრივად ღიად დატოვა. ხელშეკრულების ტექსტში დასავლეთ საქართველოს სამეფო სამთავროები საერთოდ არ მოიხსენიება. იგულისხმება, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო ხელშეკრულების მე-6-ე მუხლის მიხედვით, სადაც აღნიშნულია, რომ „აზიის მხარის და სხვა ადგილების საზღვრები ზუსტად ისე უნდა იყოს აღდგენილი, როგორც ეს იყო ომამდე“. ამის შემდეგ რუსეთის საიმპერატორო კარი ოტომანების ბრწყინვალე პორტას აძლევს და უბრუნებს ამ საზღვრების შიგნით მდებარე ციხე-სიმაგრეებს და ციხე-დარბაზებს, იმ მდგომარეობაში, რომელშიც ისინი ამჟამად იმყოფებიან ...“35
რუსეთმა ამ მუხლით ოსმალეთს მხოლოდ ფოთისა და ახალქალაქის ციხეები დაუბრუნა, ხოლო სოხუმის ციხიდან და საერთოდ დასავლეთ საქართველოდან ჯარები არ გაიყვანა.
დასავლეთ საქართველოში რუსეთის გაბატონება ოსმალეთმა მხოლოდ 1826 წლის 7 ოქტომბრის რუსეთ-ოსმალეთის აკერმანის კონვენციით აღიარა. ამ კონვენციის მე-4-ე მუხლში ვკითხულობთ: „ბუქარესტის ხელშეკრულების მე-6-ე მუხლში აღნიშნულია, რომ საზღვარი რუსეთის იმპერიასა და ოტომანების პორტას შორის აღდგება იმ სახით, როგორც ეს იყო ომამდე და რომ რუსეთის საიმპერატორო კარი ოტომანთა ბრწყინვალე პორტას დაუბრუნებს იმ ციხეებსა და ციხე-სიმაგრეებს, რომელიც ამ საზღვრებში მდებარეობენ. ამის საფუძველზე რუსეთის საიმპერატორო კარმა ზავის დადებისთანავე დატოვა და დააბრუნა ბრწყინვალე პორტას ჯარებისაგან იარაღის ძალით დაკავებული ციხეები და ციხე-სიმაგრეები. ამიტომ ურთიერთთანხმობის საფუძველზე, მომავალში აზიის საზღვრები მოლაპარაკე მხარეებს შორის იქნება ისეთი, როგორც არის დღეს“.36
1828 წელს დაიწყო მორიგი ომი ოსმალეთსა და რუსეთს შორის, რომელიც 1829 წლის 14 სექტემბრის ადრიანოპოლის ზავით დასრულდა. საზავო ხელშეკრულების მე-4-ე მუხლში ოსმალეთმა პირველად წერილობით ცნო საქართველოს შეერთება რუსეთთან და ამავე მუხლის თანახმად რუსეთს დაუთმო ახალციხის საფაშოს ერთი ნაწილი: „საქართველო, იმერეთი, სამეგრელო, გურია და ამიერკავკასიის სხვა ბევრი ოლქი დიდი ხანია რაც რუსეთის იმპერიას სამუდამოდ მიერთებულია. ამის შემდეგ აზიაში რუსეთის საიმპერატორო კარსა და ოსმალეთის ბრწყინვალე პორტას შორის საზღვრად ჩაითვალოს ხაზი, რომელიც მისდევს გურიის ეხლანდელ საზღვარს შავი ზღვიდან, აღწევს იმერეთის საზღვრამდე და აქედან პირდაპირ მიემართება იმ წერტილამდე, სადაც ახალციხისა და ყარსის საფაშოების საზღვრები უერთდება საქართველოს საზღვრებს, ისე, რომ ქალაქი ახალციხე და ციხე-სიმაგრე ახალქალაქი დარჩნენ ამ ხაზის ჩრდილოეთით, არა ნაკლები ორი საათი გზის მანძილის დაშორებით. ყველა მიწა, რომელიც ამ ზემოხსენებული ხაზის სამხრეთით და დასავლეთით ყარსისა და ტრაპეზუნტის მხარეს მდებარეობს ახალციხის საფაშოს დიდ ნაწილთან ერთად დარჩება ბრწყინვალე პორტას მუდმივ მფლობელობაში. მიწები, რომლებიც მდებარეობენ ამ ხაზის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით საქართველოს, იმერეთის და გურიის მხარეს, ისე როგორც შავი ზღვის მთელი სანაპირო, ყუბანის შესართავიდან წმინდა ნიკოლოზის ნავმისადგომის ჩათვლით, იქნება რუსეთის იმპერიის მედმივ მფლობელობაში”.37
წმინდა ნიკოლოზი ამ დროისათვის მდინარე ჩოლოქის შესართავთან, მარჯვენა ნაპირას მდებარე შეკვეთილის სიმაგრეს ეწოდებოდა. ასე, რომ ადრიანოპოლის ხელშეკრულებით, ოსმალეთმა თითქმის მთელი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი, მდინარე ყუბანის შესართავიდან მდინარე ჩოლოქის შესართავამდე რუსეთის საზღვრებში ცნო.
როგორც ვხედავთ, ამ ხელშეკრულებით ოსმალეთ-რუსეთის სასაზღვრო ხაზი დასავლეთ საქართველოში უცვლელი დარჩა. ამ ორ სახელმწიფოს შორის საზღვარი საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში შეიცვალა. სასაზღვრო გამიჯვნა რუსეთ-ოსმალეთს შორის მხოლოდ 1835 წელს მოხდა. საბოლოოდ რუსეთის საზღვრებში ახალციხის საფაშოს 11 სანჯაყიდან 7 სანჯაყი მთლიანად და 3 სანჯაყი ნაწილობრივ გადავიდა38.
1853 წლის 16 ოქტომბერს დაიწყო რუსეთ-ოსმალეთის ახალი ომი, რომელიც ისტორიაში ყირიმის ომის სახელით შევიდა. ამ ომს საბოლოო წერტილი 1853 წლის 3 მარტს პარიზის ტრაქტატმა დაუსვა, რომლის XXX მუხლში აღნიშნულია: „რომ მისი უდიდებულესობა რუსეთის იმპერატორი და მისი უდიდებულესობა სულთანი თავის სამფლობელოებს მთლიანად ინარჩუნებენ აზიაში, ისე როგორც ისინი კანონიერად იყვნენ განხეთქილებამდე”.
ამ ხელშეკრულების თანახმად უნდა შექმნილიყო სასაზღვრო კომისია, რომელშიც ოსმალეთისა და რუსეთის ორ-ორი და ინგლისისა და საფრანგეთის თითო-თითო წარმომადგენელი შევიდოდა. ამ კომისიამ თავისი მუშაობა დაიწყო 1857 წლის ივლისში და დაასრულა 1858 წლის ბოლოს.
ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე ოსმალეთ-რუსეთის საზღვარი დაახლოებით 50 წლის შემდეგ, 1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ შეიცვალა. საზღვრის ამ ცვლილებას საფუძველი დაუდო სან-სტეფანოს ხელშეკრულებამ, რომელსაც მეომარმა მხარეებმა 1878 წლის 3 მარტს ხელი მოაწერეს.
სან-სტეფანოს ხელშეკრულების მე-19-ე მუხლში ჩამოთვლილია ის ტერიტორიები, რომელსაც, ოსმალეთი რუსეთს 100 მილიონ 100 ათასი მანეთის კონტრიბუციის გადახდის ნაცვლად უთმობდა.
ამ მუხლის “ბ” პარაგრაფში მოხაზულია ის ტერიტორია, რომელიც ამ კონტრიბუციის ანგარიშზე, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ხელში უნდა გადასულიყო: არდაგანი, ყარსი, ბათუმი, ბაიაზეთი და ტერიტორია საღანლუღამდე. ზოგად ხაზებში საზღვარი შავი ზღვის ნაპირიდან გაუყვება მთათა თხემს, რომლებიც მდინარეების ჭოროხის და ხოფას შენაკადების წყალგამყოფნი არიან და მთათა ჯაჭვს ართვინიდან სამხრეთით მდინარე ჭოროხამდე, სოფლების ალათას და ბეშაგეთას მახლობლად. შემდეგ საზღვარი დერვენიქ-გექის, ხორჩეზორა და ბაჯიგან-დაღის მთათა მწვერვალებს გაუყვება, ქედით, რომელიც გამოყოფს თორთუმ-ჩაისა და ჭოროხის შენაკადებს და იაილი ვახინას ახლო სიმაღლეებით, მდინარე თორთუმ-ჩაის. აქედან სასაზღვრო ხაზი გაუყვება სივრი-დაღის მთებს, ამავე სახელწოდების უღელტეხილამდე, სოფელი ნარიმანის სამხრეთით. შემდეგ საზღვარი მოუხვევს სამხრეთ-აღმოსავლეთით, გაემართება ზივინისკენ, აქიდან გაივლის რა ზივინიდან სოფლების არდოსტისა და ხორასანას გზის დასავლეთით, გაემართება სამხრეთისაკენ საღანლუღის მთებისაკენ, სოფელ გილიჩმანამდე. შემდეგ შარიან-დაღის ქედით, სამხრეთით 10 ვერსტის დაშორებით აღწევს ხამურამდე, მურადჩაის ხეობამდე. შემდეგ საზღვარი გაივლის ალლა-დაღის თხემზე, ხორის და თანდურეკის მწვერვალებზე და სამხრეთიდან გაივლის ბაიაზეთის ველს და მიაღწევს თურქეთ-სპარსეთის საზღვარს კაზლი გოლის სამხრეთით39.
30 მაისს რუსეთ-ინგლისს შორის დაიდო შეთანხმება სან-სტეფანოს ხელშეკრულების გადასინჯვის თაობაზე. ამის საფუძველზე 1878 წლის ბერლინის კონგრესზე სან-სტეფანოს ხელშეკრულების მუხლები გადაისინჯა. ბერლინის კონგრესზე 1878 წლის 13 ივლისს ხელი მოეწერა ბერლინის ტრაქტატს, რომლის 58-ე მუხლმა მნიშვნელოვად შეამცირა ის ტერიტორია, რომელიც სამხრეთ კავკასიაში ოსმალეთმა რუსეთის იმპერიას დაუთმო: “ბრწყინვალე პორტა აზიაში რუსეთის იმპერიას უთმობს არდაგანის, ყარსის და ბათუმის ტერიტორიას. უკანასკნელის ნავსადგურით, ისევე როგორც ყველა ტერიტორიებს, რომლებიც მდებარეობენ ძველი რუსეთ-თურქეთის საზღვარსა და შემდეგ სასაზღვრო ხაზს შორის.
ახალი საზღვარი მიემართება რა შავი ზღვიდან სან-სტეფანოს ხელშეკრულების მიერ დადგენილი სასაზღვრო ხაზის თანახმად პუნქტამდე ხორდას ჩრდილო-დასავლეთით და ართვინის სამხრეთით, პირდაპირი ხაზით გრძელდება მდინარე ჭოროხამდე, გადალახავს ამ მდინარეს და გაივლის რა აშმიშენის აღმოსავლეთით, პირდაპირი ხაზით მიემართება სამხრეთით სან-სტეფანოს ხელშეკრულებით დადგენილ რუსეთის საზღვრამდე. ნარიმანის სამხრეთით უტოვებს ქალაქ ოლთისს რუსეთს. ნარიმანის ახლოს აღნიშნული პუნქტიდან საზღვარი უხვევს აღმოსავლეთისაკენ, გაივლის თებრენეკზე, რომელსაც უტოვებს რუსეთს და მიდის ფენეჯჩაიმდე. ის მიუყვება ამ მდინარეს ბარდუზამდე, შემდეგ მიემართება სამხრეთით, უტოვებს ბარდუზას და იონიკიოის რუსეთს. პუნქტიდან, რომელიც მდებარეობს სოფელ ყასაუგანოს დასავლეთით, საზღვარი მიემართება მეჯიგერთამდე, გრძელდება პირდაპირი მიმართულებით ყარადაღის მთის მწვერვალამდე და მიემართება ჩრდილოეთით მდინარე არაქსისა და სამხრეთით მურად-სუს შენაკადების წყალგამყოფზე, რუსეთის ძველ საზღვარზე.”40
1879 წლის 8 თებერვალს კონსტანტინოპოლში დაიდო რუსეთ-თურქეთის საზავო ხელშეკრულება, რომელმაც ბერლინის ტრაქტატის შედეგები ორმხრივად გააფორმა.41
1880-1881 წლებში რუსეთის, თურქეთის და ინგლისის შერეულმა კომისიამ, რუსეთსა და თურქეთს შორის ახალი სასაზღვრო ხაზი საბოლოოდ დაადგინა.42
ბერლინის ტრაქტატით რუსეთს აქამდე ოსმალეთის საზღვრებში მოქცეული საქართველო-სომხეთის ისტორიული მხარეები გადაეცა. რუსეთის ხელისუფლებამ ჭოროხის აუზის ქართული მხარეების დიდი უმეტესობა ბათუმის ოლქში გააერთიანა, რომელიც ბათუმისა და ართვინის ოკრუგებისაგან შედგებოდა. გამონაკლისს ოლთისის მხარე წარმოადგენდა, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ ოლთისის ოკრუგის სახით ყარსის ოლქში გააერთიანა. ამავე ოლქში სომხურ ყარსისა და კაღიზმანის ოკრუგებთან ერთად, არდაგანის ოკრუგის სახით მტკვრის ხეობის ზემო წელის ისტორიული ქართული მიწები: ფოცხოვის ხეობა, არტანი (თურქულად არდაგანი) და კოლა (თურქ. გელე) შევიდა.43
1914 წ. 1 აგვისტოს გერმანიამ რუსეთს ომი გამოუცხადა. ასე დაიწყო I მსოფლიო ომი, რომელიც 1918 წლამდე გრძელდებოდა. რუსეთის თავდაპირველი მოკავშირეები ინგლისი და საფრანგეთი იყვნენ, შემდეგ კი მათ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა შეუერთდა. გერმანიის მხარეზე თავდაპირველად ავსტრია-უნგრეთის იმპერია გამოვიდა. 1914 წლის ნოემბერში ომში მათ მხარეზე თურქეთი, ხოლო 1915 წლიდან - ბულგარეთი ჩაებნენ.
რუსეთსა და თურქეთს შორის ბრძოლები სამხრეთ კავკასიაში – კავკასიის ფრონტზე მიდიოდა. 1916 წლის ბოლოსათვის რუსეთის არმიას ოსმალეთის ტერიტორიაზე ერზინჯანი და ტრაპიზონი ეჭირა.
1917 წელს რუსეთში ორი რევოლუცია მოხდა და საბოლოოდ ხელისუფლება ბოლშევიკების ხელში აღმოჩნდა. შეიქმნა რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა, რომელმაც სეპარატიული ზავის დადება გადაწყვიტა. თავდაპირველად დროებითი ზავი დასავლეთის ფრონტზე დაიდო. 1918 წლის 18 დეკემბერს დროებითი დაზავება კავკასიის ფრონტზეც მოხდა.(44) ბოლშევიკური გადატრიალების გზით რუსეთში მოსული ახალი ცენტრალური ხელისუფლება ამიერკავკასიაში არ ცნეს. ჯერ კიდევ 1917 წლის 15 ნოემბერს შეიქმნა ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელიც ფაქტობრივად საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის ერთობლივ დამოუკიდებელ მთავრობას წარმოადგენდა.
1917 წლის 28 დეკემბერს ბრესტ-ლიტოვსკში (დღევანდელი ბრესტი) რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის დელეგაციამ გერმანიასთან და მის მოკავშირეებთან საზავო მოლაპარაკება დაიწყო. ეს მოლაპარაკება 1918 წლის 3 მარტს საზავო ხელშეკრულების ხელმოწერით დასრულდა, რომელიც ისტორიაში ბრესტის ზავის სახელით შევიდა. ამ ზავით საბჭოთა რუსეთი იძულებული გახდა ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიის დაახლოებით 1 მილიონი კვადრატული კილომეტრი დაეთმო. ამ დათმობებში ოსმალეთის სასარგებლოდ სამხრეთ კავკასიაში ტერიტორიების დათმობაც შედიოდა. ამ ხელშეკრულებაში, რომელსაც ოფიციალურად “სამშვიდობო ხელშეკრულება ერთ მხრივ რუსეთსა და მეორე მხრივ გერმანიას, ავსტრია-უნგრეთსა, ბულგარეთსა და თურქეთს შორის” ეწოდება IV მუხლის მე-2 და მე-3 აბზაცში ვკითხულობთ: “რუსეთი ყველაფერს გააკეთებს, რაც მისგანაა დამოკიდებული, რათა უზრუნველყოს აღმოსავლეთ ანატოლიის პროვინციების უსწრაფესი გაწმენდა და თურქეთისათვის მოწესრიგებული დაბრუნება. არდაჰანის, ყარსის და ბათუმის ოლქები ასევე დაუყოვნებლივ გაიწმინდება რუსეთის ჯარისაგან. რუსეთი არ უნდა ჩაერიოს ამ ოკრუგების სახელმწიფო-სამართლებრივ და საერთაშორისო-სამართლებრივ ორგანიზაციაში და ამ ოკრუგების მოსახლეობას საშუალება უნდა მისცეს ახალი წყობილება დაამყაროს მეზობელი სახელმწიფოებისა და განსაკუთრებით თურქეთის თანხმობით”.45
როგორც ვხედავთ, ბრესტის ზავის IV მუხლის 3-ე აბზაცის ასეთი ფორმულირება ზუსტად ვერ ასახავს იმ ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებს, რომელსაც საბჭოთა რუსეთი თმობდა. ეს ოკრუგები, როგორც უკვე ვნახეთ, ყარსისა და ბათუმის ოლქებში შედიოდა. ამ აბზაცის ასეთი ფორმულირების წინადადება თურქეთიდან მოდიოდა. როგორც გვახსოვს, ბერლინის ტრაქტატის 58-ე მუხლით “ბრწყინვალე პორტამ” რუსეთს აზიაში “არდაჰანის, ყარსის და ბათუმის ტერიტორიები” გადასცა. ახლა კი დამარცხებულ რუსეთს ოსმალეთი ამ ტერიტორიას დაახლოებით იმავე ფორმულირებით ათმობინებდა.46
ბრესტის საზავო ხელშეკრულება ფორმალურად რუსეთის მიერ ოსმალეთისათვის ყარსისა და ბათუმის ოლქების გადაცემას არ გულისხმობდა. ამ ხელშეკურულების მეოთხე მუხლში აღნიშნული იყო, რომ თავისი პოლიტიკური ბედი ამ ოლქების მოსახლეობას რეფერენდუმით უნდა გადაეწყვიტა, რომელსაც ზედამხედველობას ოსმალეთთან ერთად სხვა მეზობელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველოც გაუწევდა. ბრესტის საზავო ხელშეკრულება აგრეთვე ბათუმისა და ყარსის ოლქების საზღვრების ზუსტად დადგენასაც ითვალისწინებდა. ამას მოწმობს იმავე 1918 წლის 3 მარტს რუსეთსა და თურქეთს შორის ხელმოწერილი დამატებითი ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების I მუხლის მიხედვით რუსეთს დაუყოვნებლივ უნდა დაეტოვებინა ომის დროს დაკავებული თურქეთის ტერიტორია. ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლით 3 თვის მანძილზე უნდა შექმნილიყო შერეული თურქულ-რუსული ორი კომისია, რომლებსაც 1880 წლის რუკების და საოქმო ჩანაწერების მიხედვით “ყარსის, არდაგანის და ბათუმის სანჯაყების” საზღვრები უნდა შემოეხაზა. აგრეთვე ამ სანჯაყებსა და რუსეთს შორის ძველი 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომამდე არსებული საზღვარი უნდა აღედგინა.47 მალე რუსეთი კავკასიის ფრონტი მთლიანად მოიშალა და ხელშეკრულების ამ მუხლმა ყოველგვარი აზრი დაკარგა.
ამიერკავკასიის კომისარიატის წარმომადგენლები ბრესტის საზავო მოლაპარაკებას არ ესწრებოდნენ. მათ 1918 წლის 14 მარტს ტრაპიზონში პირდაპირი საზავო მოლაპარაკება დაიწყეს ოსმალეთის მთავრობის წარმომადგენლებთან. ოსმალეთი ამიერკავკასიის კომისარიატისაგან ბრესტის ზავის ცნობას ითხოვდა, რაზედაც ის ერთხანს უარზე იყო. ამის საპასუხოდ 1918 წლის 25 მარტს ოსმალეთის ჯარმა დროებითი დაზავება დაარღვია და ყარსის და ბათუმის ოლქებში შემოიჭრა. ამის შემდეგ ამიერკავკასიის კომისარიატმა ტრაპიზონიდან თავისი დელეგაცია გაიწვია. მოკლე ხანში ოსმალეთის ჯარმა არამარტო ბათუმისა და ყარსის ოლქები, არამედ 1829 წლის ადრიანოპოლის ზავით, რუსეთისთვის დათმობილი ახალციხის და ახალქალაქის მხარეები - სამცხე-ჯავახეთი - დაიკავა. ასეთ პირობებში ოსმალეთთან საზავო ხელშეკრულების ხელმოწერა უკვე 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებულ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას მოუხდა. ხელშეკრულებას ხელი 1918 წლის 4 ივნისს ბათუმში მოეწერა. ამ ხელშეკრულებით საქართველო ოსმალეთს არამარტო ბათუმის ოლქს და ყარსის ოლქის ქართულ მიწებს უთმობდა, არამედ ჯავახეთი და სამცხეც აწყურისა და აბასთუმნის უბნების გამოკლებით ოსმალეთის ხელში გადადიოდა. ეს ხელშეკრულება ერთი თვის მანძილზე უნდა ყოფილიყო რატიფიცირებული, რაც არ მომხდარა. ასე, რომ ბათუმის ხელშეკრულება ფორმალურად ძალაში არ შესულა.48
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ საყოველთაოდ განაცხადა, რომ მან ამ ხელშეკრულებას ხელი იძულებით მოაწერა. უფრო მეტიც, მან მოკლე ხანში “სახელმწიფოებს და ერებს” საგანგებო “მემუარი” გაუგზავნა, სადაც თავის საზღვრებში ოსმალების მიერ დაკავებული ქართული მიწებიც მოიხსენია: “საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია შესდგება ამიერკავკასიის ყოფილი სამი გუბერნიისაგან: თფილისის, ქუთაისის და ბათუმის და ორი ოლქისაგან: - სოხუმისა და ზაქათალის. ეს ტერიტორია შეიცავს დაახლოებით 80. 000 ოთხკუთხ კილომეტრს და მასზე ცხოვრობს დაახლოებით 3. 100. ათასი სული. აქედან ბათუმის გუბერნია, დაახლოებით 7 000 ოთხკუთხა კილომეტრი 200. ათასი მცხოვრებლით დაჭერილი აქვს სრულიად უკანონოდ ოსმალეთის ჯარს, რომელიც თანახმად პრეზიდენტ ვილსონის პროგრამისა, დაუყოვნებლივ გაყვანილ უნდა იქნას იქედან...
როცა ოსმალეთი გაიყვანს თავის ჯარებს ყოფილ ყარსის გუბერნიიდანაც, მაშინ ეს უკანასკნელი უნდა გაიყოს შუაზე და აქედან დასავლეთი ნახევარი (არტაანის და ოლთისის ოლქები) უნდა შეუერთდეს ეთნოგრაფიულად და ისტორიულად მონათესავე საქართველოს, ხოლო მეორე აღმოსავლეთი ნახევარი (ყარსის და ყაღიზმანის ოლქები) უნდა შეუერთდეს სომხეთს”.49
გერმანიის მთავრობის ჩარევით გადაწყდა, რომ სტამბულში მოეწყობოდა საგანგებო კონფერენცია, რომელიც კავკასიაში სახელმწიფოებს შორის გამიჯვნის საკითხს ხელახლა განიხილავდა.
1918 წლის 24 ივლისს საერთაშორისო ნორმების დარღვევით, ოსმალეთის ხელისუფლებამ ბათუმის ოლქში რეფერენდუმი ჩაატარა. ამის საფუძველზე 1918 წლის 15 აგვისტოს გამოვიდა სულთან მურად VI-ის ბრძანებულება ბათუმის, ყარსის და არტაანის ოლქების ოსმალეთის სახელმწიფოსთან შეერთების შესახებ. 50
საქართველოს ხელისუფლებამ ბათუმის რეფერენდუმის გამო დიდი პროტესტი განაცხადა.51
1918 წლის 15 სექტემბერს თურქეთის ჯარებმა ბაქო დაიკავეს. ამის გამო 1918 წლის 20 სექტემბერს საბჭოთა რუსეთის მთავრობამ პროტესტის ნიშნად გააუქმა ბრესტის ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებს შეეხებოდა. ამის თაობაზე საბჭოთა რუსეთის საპროტესტო ნოტაში საგანგებოდ იყო აღნიშნული ოსმალეთის მიერ ჩატარებული რეფერენდუმის უკანონობა, ხოლო 1918 წლის 13 ნოემბერს საბჭოთა რუსეთის მთავრობამ მთლიანად მოახდინა ბრესტის საზავო ხელშეკრულების დენონსირება.52
1918 წლის ნოემბერში ოსმალეთი I მსოფლიო ომში დამარცხდა და ხელი მოაწერა მუდროსის დაზავებას, რომლის ძალით ომის დროს დაკავებული ტერიტორიიდან ჯარები უნდა გაეყვანა. ბათუმის და ყარსის ოლქებში ოსმალეთის ჯარი თავდაპირველად ინგლისის ჯარმა შეცვალა. ინგლისის ჯარების გაყვანის შემდეგ, ისტორიულ ქართულ ტერიტორიაზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარები შევიდნენ. 1920 წლის დასასრულისათვის საქართველოს საზღვრებში ბათუმი, ართვინი, არტაანი (არდაჰანი), კოლა (გელე) და ოლთისი შედიოდა. ასე, რომ საქართველომ ბერლინის ტრაქტატით რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორია თითქმის მთლიანად დაიკავა.
მალე ვითარება შეიცვალა. 1920 წლის აპრილში ანკარაში ქემალ ფაშას (ათა თურქი) მეთაურობით საფუძველი ჩაეყარა ახალ თურქულ სახელმწიფოს. თურქეთის სახელმწიფო საზღვრების შესახებ ახალი მთავრობა 1920 წლის 28 იანვარს პარლამენტის მიერ მიღებული “ეროვნული აღთქმით” ხელმძღვანელობდა. ამ “აღთქმის” მე-2 მუხლის მიხედვით, ახალი თურქეთი ძველი ბათუმის და ყარსის ოლქებზე ხელახლა პრეტენზიას აცხადებდა: “რაც შეეხება სამი სანჯაყის, ყარსის, არდაჰანის და ბათუმის ბედს, რომლის მოსახლეობამ თავის განთავისუფლების დღიდან საზეიმო კენჭისყრით დაამტკიცა თავისი ნებისყოფა დაუბრუნდეს სამშობლოს, ამ პაქტის ხელმომწერნი, თუ საჭიროა, დაუშვებენ, რომ ხელმეორედ მოხდეს პლებისციტი, თავისუფლად გამოთქმული.”53
საქართველოს ტერიტორიისადმი ასეთი პრეტენზიის მიუხედავად, 1921 წლის 8 თებერვალს თურქეთის ახალმა მთავრობამ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა, რითაც ფაქტიურად ცნო მისი საზღვრები.54
1921 წლის 11-12 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა რუსეთის ჯარები შემოიჭრნენ. ასე დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი, რომელიც იმავე წლის თებერვალ-მარტში საქართველოს ფაქტობრივი ანექსიით და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის გამოცხადებით დასრულდა.
1921 წლის 23 თებერვალს რუსეთ-საქართველოს ომში, რუსეთის მხარეზე ფაქტობრივად თურქეთიც ჩაება, რომელმაც თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე შემოიყვანა.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ 1921 წლის 17 მარტს საქართველო დატოვა. ერთი დღით ადრე, 16 მარტს, როდესაც საქართველოში ჯერ კიდევ კანონიერი მთავრობა იმყოფებოდა, რუსეთსა და თურქეთს შორის მოსკოვში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელმაც თურქეთ-საქართველოს ახალი საზღვარი დაადგინა. ამ ხელშეკრულების პირველი მუხლის ბოლო აბზაცში ვკითხულობთ: “თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვარი განისაზღვრება ხაზით, რომელიც შავიზღვისპირა სოფელი სარფიდან დაწყებული გადის ხედისმთის მთაზე, შავშეთის მთისა და კანან-დაღის მთის წყალგამყოფ ხაზზე, შემდეგ მიემართება არდაჰანისა და ყარსის სანჯაყების ჩრდილოეთ ადმინისტრაციულ საზღვარს – არფა-ჩაის და არაქსის ტალვეგზე, მდინარე ყარა-სუს შესართავამდე”.
ამავე ხელშეკრულების მეორე მუხლში აღნიშნულია, რომ “თურქეთი თანხმდება დაუთმოს საქართველოს სიუზერენიტეტი ბათუმის პორტზე და ქალაქზე და ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს იმ საზღვრების ჩრდილოეთით, რომელიც აღნიშნულია ამ ხელშეკრულების პიველ მუხლში და უტოვებს ბათუმის ოლქის ნაწილს შემდეგი პირობით, რომ ამ სტატიაში მოხსენიებული ტერიტორიის მოსახლეობა ისარგებლებს ადმინისტრაციული თვალსაზრისით ფართო ადგილობრივი ავტონომიით, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული თემის კულტურულ და რელიგიურ უფლებებს და მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა მიიღოს კანონი, რომელიც შეესაბამება მის მოთხოვნებს.
თურქეთს უზრუნველყოფილი ექნება ყოველგვარი საქონლის თავისუფალი ტრანზიტი, რომელიც იგზავნება თურქეთში ან კიდევ თურქეთიდან. თურქეთს უფლება ენიჭება ბათუმის ნავსადგურით ისარგებლოს უბაჟოდ, ყოველგვარი შეფერხების და მოსაკრებლების გარეშე.”55
საბჭოთა რუსეთის მხრივ ანექსიის მიუხედავად, ამიერკავკასიის ქვეყნები - აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო ერთხანს ფორმალურად დამოუკიდებელ სახელმწიფოებად რჩებოდნენ. ეს კი თურქეთსა და ამ რესპუბლიკებს შორის საგანგებო სასაზღვრო გამიჯვნას აუცილებელს ხდიდა. ამიტომ მოსკოვის ხელშეკრულების საფუძველზე 1921 წლის 13 ოქტომბერს ყარსში ხელი მოეწერა ხელშეკრულება “სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკებისა ოსმალეთის დიდი ეროვნული ყრილობის მთავრობასთან”, რომელმაც კიდევ ერთხელ დააფიქსირა 1921 წლის 16 მარტის მოსკოვის ხელშეკრულებაში დადგენილი საქართველო-თურქეთის საზღვარი. ამ ხელშეკრულების IV მუხლში ვკითხულობთ: “თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის საზღვარი განისაზღვრება ხაზით, რომელიც იწყება შავიზღვისპირა სოფელ სარფთან, გაივლის მთა ხედის-მთაზე, წყალთა გამყოფი ხაზით - მთა შავშეთი – მთა კანნი-დაღი, შემდეგ იგი მოჰყვება არტაანისა და ყარსის ოლქების წინანდელ ჩრდილო-ადმინისტრაციულ საზღვარს მდინარე არფა ჩაისა და არაქსის ტალვეგზე ქვემო ყარა-სუს შესართავამდე”.
ხელშეკრულების მე-6-ე მუხლში აღნიშნულია: “ოსმალეთი თანხმდება დაუთმოს საქართველოს სუვერენიტეტი ბათუმის პორტზე და ქალაქზე და იმ ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ამ ხელშეკრულების IV მუხლში ნაჩვენები საზღვრის ჩრდილოეთით და, რომელიც შედიოდა ბათუმის ოლქში იმ პირობით, რომ: 1. მოსახლეობა ამ ადგილებისა, რომელიც ნაჩვენებია ამ მუხლში, ისარგებლებს ადმინისტრაციული თვალსაზრისით ფართო ადგილობრივი ავტონომიით, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული თემის კულტურულ და რელიგიურ უფლებებს და რომ მოსახლეობას მიეცემა საშუალება შეიმუშავოს და მიიღოს ისეთი საადგილ-მამულო კანონი, რომელიც შეესაბამება მის სურვილებს.
2. ოსმალეთს უზრუნველყოფილი ექნება ბათუმის ნავსადგურის გავლით ოსმალეთში ან კიდევ ოსმალეთიდან ყოველგვარი საქონლის თავისუფალი, უბაჟო და სხვადასხვა გადასახადებით დაუბეგრავი ტრანზიტი. ოსმალეთს უფლება ენიჭება ისარგებლოს ბათუმის ნავსადგურით სპეციალური ხარჯების გადაუხდელად.”56
1922 წლის 30 დეკემბერს საბჭოთა რუსეთის მიერ დაპყრობილი ამიერკავკასიის რესპუბლიკები რუსეთმა გააერთიანა ახლად შექმნილ საბჭოთა კავშირში. ამის შემდეგ 69 წლის მანძილზე საქართველო-თურქეთის საზღვარი საბჭოთა-კავშირ-თურქეთის საერთო საზღვრის ერთ მონაკვეთად იქცა.
1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 1992 წლის 30 ივლისს თბილისში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას “საქართველოს რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობის შესახებ” რომლის პრეამბულაში ნათქვამია: “მხარეები აცხადებენ, რომ დაიცავენ მათ შორის დადებულ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს, დაწყებული 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულებით”. მხარეები ხელმძღვანელობენ იმით, რომ ამ შეთანხმებით საბოლოოდ დადგინდა საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის”.57
შენიშვნები
1 ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება ტ.IV, თბ. 1973, გვ.259
2 იქვე, გვ.289
3 Сванидзе М. Х. Из хронологии Вахушти Багратиони (первое вторжение турок в Черноморское побережье Грузии – Источниковедческое разыскания. Тбилиси 1985, გვ. 107-111; Kirzioğlu, M. Osmanlilarin Kafkas Elerini fethi (1451-1590), Ankara, 1976, გვ. 6-7
4 Ducae, Michaelis, Historia Byzantina – Patrologia craeca, t. CLVII,გვ. 1128
5 Рансимен С. Константинеполя в 453 г. М. 1983, გვ. 150. Kirzioğlu, M., გვ.. 4.
6 თ. ბერაძე, მ. სანაძე. საქართველოს ისტორია, წ.I, ანტიკური ხანა და შუა საუკუნეები, გვ. 222; მ.სანაძე, თ. ბერაძე, კ.თოფურია, საქართველოს ისტორიული ატლასი, რუკა №22
7 Акты собранные кавказской археологической комиссией, т. II, Тифлис, 1868, ud. 539; Казбек Г. Три месяца в турецкой Грузии (записки кавказского отдела императорского русского географического общества, т. X, вып. I, Тифлис, 1876 გვ. 129
8 ლ.ტარდი, უნგრეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1968,გვ. 19
9 ვ.ბაგრატიონი აღწერა..., გვ., 48-49
10 ნ.ჯაველიძე, იბნ-ქემალის ერთი ცნობა XV საუკუნის საქართველოს სესახებ - მაცნე, ისტორის, ეთნოგრაფიის და ხელოვნების ისტორიის სერია, თბ., 1990, № 2, გვ., 119-121.
11 კ.კუცია, „აჰსან ალ თავარიხის“ ცნობები XV საუკუნის საქართველოს შესახებ, საქართველოს ისტორიის აღმოსავლური მასალები, II,თბ., 1979, გვ.81.
12 მ.სვანიძე,საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XV ს-ის II ნახევარში, ქართული დიპლომატია, წელიწდეული, თბ.,2001,გვ. 208-213.
13 ტ. გაბაშვილი, მიმოსვლა, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებელი დაურთო ელ.მეტრეველმა. თბ., 2001, გვ.208-213.
14 Kirzioğlu, გვ.48-49
15 თურქული წყაროები XVI ს-ის I მეოთხედის სამცხე საათაბაგოს ისტორიისატვის. თურქული დოკუმენტები ქართული თარგმანით, გამოკვლევებით და სენიშვნებით გამოსცა ს. აბულაძემ, თბ., 1983, გვ., 53-55, 64-65.
16 H. Inalcik, Erzerum, The encyclopedia of Islam, v. II London, 1963 გვ. 712
17 ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა... გვ.717,812. ქართლის ცხოვრება II, გვ.499; ჰასან რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, სპარსული ტექსტები ქართული თარგმანით და შესავლით გამოსცა ვლადიმერ თუფურიძემ, თბ., გვ.23-24.
18 პ. ინგოროყვა, გიორგი მერჩულე, ქართველი მწერალი X საუკუნისამ თბ., 1954, გვ.284; მ.სვანიძე, საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან, XVI- XVII სს. თბ,. 1971, გვ.,84; Kirzioğlu,46,49, 417-419.
19 ცხოვრებასაქართველოსა (პარიზის ქრონიკა), ტექსტი გამოსაცემად მოამზადა შესავალი და შენიშვნები და საძიებლები დაურთო გიული ალასანიამ, თბ., 1980, გვ. 43; ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა ... გვ. 711; ქართლის ცხოვრება II; მცირე ქრონიკები (კინკლოსების ისტორიული მინაწერები) ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, შესავალი წერილი, და კომენტარები დაურთო ჯ. ოდიშელმა, თბ., 1968, გვ. 30-33, 38-39. იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოს და კავკასიის შესახებ, ტექსტი ქართული თარგმანით გამოსცა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ს. ჯიქიამ, თბ., 1968, გვ. 26-28.
20 ვ. ჩოჩიევი, მახლობელი აღმოსავლეთის საერთაშორისო ურთიერთობანი XVI-XVIII საუკუნეებში, დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად, თბ. 1972, გვ. 123.
21 მ. სვანიძე, საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან (XV-XVII საუკუნეებში), თბ., 1977, გვ.
22 მ. სვანიძე, ს. ჯიქია საქართველო-თურქეთის ურთიერთობის ისტორიიდან, 1588-1590 წლებში – მაცნე, 1966 №6, გვ. 226-229
23 ვ. ჩოჩიევი, სადისერტაციო ნაშრომი, გვ. 409. მისივე ირან-ოსმალეთის 1639 წლის ზავი და საქართველო – ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან (ფეოდალური ხანა), თბ., 1957, გვ. 333-334.
24 გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, თარგმანი, გამოკვლევა და კომენტარები ეკუთვნის ს. ჯიქიას, ტ. III, თბ., 1938, გვ. 469
25 ჩილდირის ვილაიეთის ჯაბა-დავთარი, 1694-1732 წწ. თურქული ტექსტი ქართული თარგმანით გამოსაცემად მოამზადა ცისანა აბულაძემ, გამოკვლევა დაურთო მიხეილ სვანიძემ, თბ., 1979, გვ. 81
26 ვ. ჩოჩიევი, ირან-ოსმალეთის 1639 წლის ზავი და დასავლეთ საქართველო - ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან (ფეოდალური ხანა), თბ., 1957, გვ. 371-375
27 Т.Берадзе. Мореплавание и морская торговля в средновековой Грузии. Тбилиси,1989, გვ.61-62
28 იქვე, 92-93
29 полное собрание российских законов №4531. Авалов, присоединение Грузии к России, СПб,1901, გვ. 67-68
30 ვ. ჩოჩიევი, სად. ნაშრომი, გვ.455
31 დ. მეგრელაძე, ბრძოლა ოსმალო დამპყრობლების წინააღმდეგ – საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV, თბ.1973, გვ. 433-444
32 ვ. ჩოჩიევი, სადის. ნაშრომი, 461
33 იქვე, გვ. 455
34 Т. Юзефович договоры России с востоком, 1869, გვ. 35-36
35 იქვე, 53
36 იქვე, გვ. 60-61
37 იქვე, გვ. 71-72
38 ცინცაძე, სამცხე-საათაბაგოს (ახალციხის საფაშოს) პოლიტიკური რუკა XIX ს-ის 20-30 –იან წლებში – საისტორიო კრებული, IV., თბ., 1973, გვ. 293-294
39 Сборник Договоров Росии с другими Государствами(1856-1917) М. 1952, გვ. 170
40 იქვე, გვ. 204
41 იქვე, გვ. 211-221
42 И.Стребницкий Русско-Турецкая граница в Малой Азии-Известия кавказского отдела Русского географического оттдела, т. МШЩ, вып. Шб 1881, გვ. 149
43 ზ. ცინცაძე, ჭოროხის აუზის ტერიტორიულ ადმინისტრაციული დაყოფა XIX საუკუნესა და XX ს-ის დასაწყისში. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძეგლები, IX, თბ., 1980, გვ. 79-101. Б. Есадзе, Карская область, Тифлис,1912
44 Документы внешней политики СССР, т. Ш. М.1957 გვ. 53-57
45 იქვე, გვ. 121
46 იქვე, გვ. 200-201
47 იქვე, გვ. 199-201
48 Документы и материалы внешней политики Закавказья и Грузии, Тифлис 1919, გვ. 344-345
49 მემუარები საქართველოს რესპუბლიკის მთავრობისა სახელმწიფოებსა და ერებს, 1918, გვ. 1-3
50 მ. სვანიძე, დიპლომატიკური ბრძოლა ბათუმისა და ბათუმის ოლქისათვის 1918-1921 წლებში – ქართული დიპლომატიკა, ტ. 10, თბ. 2003, გვ. 157.
51 Документы и материалы ... გვ. 370-371
52 Документы внешней политики .. т.I, გვ. 491-492, 565-567
53 ვიქტორ ნოზაძე, საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო, თბ. 1989, გვ. 76. Документы внешней политики .. т.III, V. 1959, გვ. 682-283
54 მ. სვანიძე. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება საქართველოსა და ქემალის თურქეთის მთავრობებს შორის-ქართული დიპლომატია წელიწდეული, ტ.7, თბ.2000, გვ.153
55 Документы внешней политики... т.III, М. 1959, გვ. 128
56 ლევან ალექსიძე, დავით კობახიძე, ყარსის ხელშეკრულება (საერთაშორისო სამართლებრივი ანალიზი), ქართული დიპლომატია (წელიდწლეული), ტ. I, გვ. 245.
57 იქვე, 238




Комментариев нет:

Отправить комментарий