пятница, 2 ноября 2018 г.

იმერეთის სამეფოს უკანასკნელი პერიოდი (ზ. სულაბერიძე)

ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, რუსეთის იმპერიის დღის წესრიგში დასავლეთ საქართველოს სამეფოსამთავროების დაკავების საკითხი დადგა. მე-19 საუკუნის დასაწყისში, დასავლეთ საქართველო დაყოფილი იყო ერთ სამეფოდ და ოთხ სამთავროდ, რომელთა შორის პოლიტიკურ დაპირისპირებას ბოლო არ უჩანდა. იმერეთის მეფის ხელისუფლება ფაქტიურად დამოკიდებული იყო მსხვილ ფეოდალთა პოლიტიკურ ნებაზე, რომლებიც დიდწილად განსაზღვრავდნენ სახელმწიფოს პოლიტიკას.
იმერეთის მეფე სოლომონ მეორე, რომელიც 1789 წელს ავიდა სამეფო ტახტზე, თავისი მოღვაწეობის პირველ წლებში, ქართლ-კახეთის მეფის მსგავსად, სამეფოს შემდგომი გაძლიერების პერსპექტივას რუსეთთან ურთიერთობაში ხედავდა.
1794 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში მყოფ რუსეთის ჯარების უფროს გუდოვიჩისადმი გაგზავნილ წერილში იმერეთის მეფე აღნიშნავდა, რომ მან დაამარცხა სამეგრელოს მთავარი და მისი მოკავშირე აფხაზი ფეოდალები. სოლომონიქრისტიანული მოდგმისხალხის ოსმალებისგან დაცვის მიზნით რუსეთს დახმარებას თხოვდა. აღნიშნული წერილი იმპერატორ ეკატერინე მეორეს 1795 წლის 17 თებერვალს გადაეცა, მაგრამ რუსეთის იმპერატორისაგან მას შემდგომი რეაგირება არ მოჰყოლია1.
1800-1801 წლიდან ქართლ-კახეთის სამეფოს ავტონომიის დღითიდღე გაუქმება და სამეფოს საშინაო ცხოვრებაში რუსეთის აქტიური ჩარევის პროცესი, იმერეთის სამეფო კარისათვისაც არ დარჩენილა შეუმჩნეველი. შექმნილ ვითარებაში, იმერეთის სამეფოს ყველზე ოპტიმალურ გამოსავალს წარმოადგენდა შემდეგი: დასავლეთ საქართველოში იმერეთის მეფის ხელისუფლების გამყარება, მთავართა დამორჩილება და ზრუნვა ქართლ-კახეთის სამეფოს შთამომავლის, იულონის მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად2.
1800 წლის სექტემბრით დათარიღებული დოკუმენტიდან ჩანს, რომ რუსეთის წინააღმდეგ გამოსასვლელად იმერეთის მეფე იულონ ბატონიშვილთან ერთად გამოდის. სამხედრო გეგმის მიხედვით, ომარ ხანს კახეთზე უნდა განეხორციელებინა თავდასხმა, აბას მირზას თბილისზე, ხოლო იმერლებსა და ახალციხის ფაშას ერთიანი ძალით ქართლზე. დოკუმენტის ავტორი იმერეთის ხელისუფლებისადმი სეპარატისტულად განწყობილი იმერეთის დიდებული დავით აბაშიძეა და შესაძლებელია ის ტენდენციური ხასიათის იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთის პოზიციების გაძლიერებას საქართველოს სამეფო ხელისუფლების იგნორირების ფონზე, ქართული ფეოდალური ელიტა ნეგატიურად აღიქვამდა.
1. Акты, собранные Кавказской археографической комиссией, Том I, Тифлис, 1866; стр. 553-554 (შემდეგ ასე: АКАК, т. 1)
2. დუმბაძე ., დასავლეთ საქართველო მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, თბ., 1957 გვ. 135-136 (შემდეგ ასე: დუმბაძე ., დასავლეთ საქართველო მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში)
გენერალი კნორინგი ცდილობდა სოლომონ მეორესთან ურთიერთობაში მშვიდობიანის ატმოსფეროს შექმნას და მეფესთან გაგზავნილ წერილებში მოუწონებდა, „საქართველოს მიწებირუსეთთან ერთობაში ყოფილიყო1.
იმერეთის სამეფოს დესტაბილიზაციას ხელს უწყობდა მემკვიდრეობის ირგვლივ წარმოქმნილი პრობლემა. სამეფოს ერთადერთ რეალურ კანდიდატს მეფობიდან გადაყენებული დავით გიორგის ძის შვილი კონსტანტინე წარმოადგენდა. მაგრამ, კონსტანტინე, ქართლ-კახეთის დედოფლის დარეჯან დადიანისათვის არ იყო მისაღები. რომელმაც დავით გიორგის ძის ოჯახის წინააღმდეგ დევნა, მისი ტახტიდან გადადგომისთანავე დაიწყო.
ყოველგვარი საარსებო პირობების გარეშე დარჩენილ დავით გიორგის ძეს, 1795 წელს ახალციხეში აღმოხდა სული. ანა დედოფალმა შეძლო მეუღლის ცხედრის ახალციხის საფაშოდან იმერეთში ჩამოსვენება და იგი ჯრუჭის მონასტერში, დავითის საგვარეულო სასაფლაოზე, დაკრძალა2. დავით გიორგის ძისა და ანას ერთადერთი შვილი 3 წლის კონსტანტინე კი, დარეჯან დადიანის წაქეზებით, ციხეში იქნა გამოკეტილი.
1. АКАК, т. 1, стр. 555
2. ბარათაშვილი ., „დედოფალ ანაზედ“, „ლიტერატურული ძიებანი“, 2002 წლ. N30, ნაწ. 1.
დედოფალ ანამ კეფინის ხევში დაჰყო ცხოვრების გარკვეული წლები. თუმცა მას არც აქ აძლევდნენ ნორმალური ცხოვრების პირობებს. ანას წერილებიდან ჩანს, 1801 წლის ივნისში მას გიორგი აბაშიძე უპირებდა მიეყიდა თათრებისთვის და სიკვდილითაც ემუქრებოდა. აბაშიძის ძალადობისაგან გამოხსნილი დედოფალი რუსების ჯარების სარდლობამ სურამს შეიფარა. დავით გიორგის ძის ოჯახისადმი განხორციელებულ ზეწოლაში, ანა დარეჯან დადიანს სდებდა ბრალს და რუსეთის ხელისუფლებას დახმარებას ითხოვდა1.
სამეფო კარის წევრებს შორის არსებული დაპირისპირება, იმთავითვე ხელს უწყობდა რუსეთის ხელისუფლებას ჩარეულიყო საქართველოს საშინაო საქმეებში. ანა დედოფლის თხოვნას დადებითად გამოეხმაურნენ და პეტერბურგში გაგზავნეს. ამ პერიოდიდან მოყოლებული კნორინგი და კოვალენსკი თითქმის ყოველ წერილში ახსენებდნენ სოლომონ მეორეს დავით გიორგის ძის კონსტანტინეს გათავისუფლების შესახებ2.
კავკასიაში მყოფი რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობისაგან განსხვავებით, იმპერიის ცენტრალური ხელისუფლება აშკარა მოქმედებისაკენ მაინც თავს იკავებდა. 1801 წლის 17 სექტემბრის რესკიპტის მე-11 მუხლით, იმპერატორი ალექსანდრე პირველი მიუთითებდა რუსეთის წარმომადგენლებს, რომ ყოველგვარი კავშირ-ურთიერთობა დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროებთან, რათა ის ოსმალეთის ხელისუფლებისთვის თვალშისაცემი არ ყოფილიყო 3.
ზემოაღნიშნული გარემოების მიუხედავად, რუსეთის მთავარმართებელმა კოვალენსკიმ, საქართველოში თავისი მოღვაწეობის დაწყებისთანავე, იმერეთის მეფესთან ოფიციალური ურთიერთობა დაამყარა. სოლომონი რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენელთან მიმოწერაში აღნიშნავდა, რომ მისი სამეფოს სურვილი იყო რუსეთის მფარველობაში მიღება. ასევე სოლომონი გამოხატავდა თავის მხარდაჭერას იულონის კანდიდატურაზე4. რუსეთის მთავრობა ეჭვის თვალით უყურებდა სოლომონის წერილებს. იმ პერიოდის რუსეთის მთავრობის ყველაზე ოდიოზური წარმომადგენელი კნორინგი, იულონის ტახტზე აყვანასთან დაკავშირებით აღნიშნავდა, რომ ბაგრატიონთა სახლის წარმომადგენლები: ანტონი, მირიანი, ვახტანგი, იოანე, ბაგრატი და მიხეილი უკვე სარგებლობდნენ იმპერატორის მიერ მიცემულიწყალობით“. ამდენად, მისი აზრით, ისინი ბევრად უფრო მომგებიან მდგომარეობაში იყვნენ. ამდენად, იულონის გამეფებასა და თუნდაც მის ხელში იმერეთის ტახტის გადასვლას კნორინგიც ეწინააღმდეგებოდა5.
1. АКАК, т. 1, стр. 556-558
2. АКАК, т. 1, стр . 558
3. АКАК, т. 1, стр . 559-560
4. დუმბაძე ., დასავლეთ საქართველო მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, გვ. 121
5. АКАК, т. 1, стр . 563
კნორინგის ამგვარ მოქმედებას ხელს უწყობდა იმპერატორ ალექსანდრე პირველი სპეციალური რესკრიპტი, რომელშიც ის კნორინგისაგან მოითხოვდა, არ დაეშვა ბაგრატიონების მიერ ანტირუსული მოქმედების განხორციელება იმერეთში და ყველაფერი ეცადა იმისათვის, რომ ფარნავაზი და იულონ ბატონიშვილები რუსეთში გადმოეყვანა1.
ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებამ და საუკუნოვანი სახელმწიფოებრიობის მქონე პოლიტიკური ერთეულის რუსეთის ჩვეულებრივ პროვინციად გადაქცევამ საქართველოში პოლიტიკური ვითარება ძირფესვიანად შეიცვალა.
მე-19 საუკუნის რუსი მოხელე და იმ პერიოდისათვის ფრიად განათლებული პიროვნება ადოლფ ბერჟეც კი აღიარებდა, რომ რუსის ჯარს ხელახლა მოუხდანებაყოფლობით შეერთებული საქართველოს დაპყრობა2.
1. АКАК, т. 1, стр 571
2. Берже А., Присоединение Грузии к России 1799-1801гг. Русская старина, 1880, т. 28, стр. 1-30; ორჯონიკიძე ., რუსული მმართველობის დამყარება საქართველოში, თბ., 1992, გვ. 11
თანამედროვე რუსული ისტორიოგრაფიის ზოგიერთი წარმომადგენელი აღიარებს, რომ რუსეთის საიმპერატორო კარმა თავისი უარყოფითი წვლილი შეიტანა მე-19 საუკუნის დასაწყისის საქართველოში განვითარებულ პოლტიკურ დაპირისპირებაში. მან მოახდინა ამიერკავკასიის და მათ შორის საქართველოს საუკუნოვანი პოლიტიკურ კულტურის იგნორირება და განახორციელა დესტაბილიზაციის გამომწვევი არაერთი ნაბიჯი1.
საქართველოს მთავარსარდლად პავლე ციციანოვის დანიშვნის შემდეგ, დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებები განხორციელდა. ციციანოვის მმართველობა დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც საქართველო უკიდურესად რთული მდგომარეობაში იყო. ქვეყანაში ახალი პოლიტიკური სისტემის დამკვიდრებამ, კნორინგის მმართველობის სუსტმა ნიჭმა, კოვალენსკის დაუსრულებელმა ინტრიგებმა და ფეოდალურ ძალებს შორის დაპირისპირებამ ქვეყანა უმძიმეს პირობებში ჩააგდო. ამ ფაქტს თავის დროზე საიმპერატორო კარის ოფიციალური ისტორიკოსებიც კი არ მალავდნენ2.
1. Лапин В., Цицианов, М. 2011, стр.142
2. Белявский Н., Утверждение русского владычества на кавказе. Т.1, Тифлис, 1901. გვ. 45; (შემდეგ ასე: Белявский Н., Утверждение русского владычества на кавказе). ფირცხალაიშვილი ალ, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1955, გვ. 16
კავკასიის მეფისნაცვლის თანამდებობაზე დამტკიცებისთანავე ციციანოვი შეუდგა რუსეთის საიმპერატორო კარისგან მიღებული ვრცელი სამოქმედო გეგმის შესრულებას. აღნიშნული გეგმა მდგომარეობდა შემდეგში: ბაგრატიონთა სახლის წარმომადგენლების რუსეთში გადასახლება; წინააღმდეგობა გაეწია ბაბა-ხანისათვის, რომელიც იულონ ბატონიშვილს ქართლ-კახეთის მეფედ აღიარებდა; თვალ-ყური ედევნებინა ეჩმიაძინის პატრიარქის თანამდებობის დაკავებასთან არსებული დაპირისპირებისათვის და სომხები სრულიად გადმოებირებინა რუსეთის მხარეზე. ინსტრუქციის ერთ-ერთი მუხლით, შესაბამისი დროის დადგომისთანავე, ციციანოვს უნდა მიეღო პოლიტიკური გადაწყვეტილება დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროების დასაპყრობად1.
დასავლეთ საქართველოში პოლიტიკური მიზნების განსამტკიცებლად და იმერეთის სამეფო კარზე ნდობის ასამაღლებლად, რუსეთის საიმპერატორო კარი სხვადასხვა ხერხებს მიმართავდა. 1803 წლის 13 აგვისტოს, იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა სოლომონ მეორე ალექსანდრე ნეველის ორდენით დააჯილდოვა, ხოლო იმერეთის მიტროპოლიტს, ძვირფასი თვალ-მარგალიტებით შემკული პანაგია გადაეცა2. ყოველივე ეს მიმდინარეობდა იმერეთის მეფესა და ოდიშის მთავარს შორის დიდი დაპირისპირების ფონზე, რომელიც წლების მანძილზე გრძელდებოდა ლეჩხუმის დაკავებასთან დაკავშირებით. 1803 წლის 2 იანვარს სოლომონ მეორე იმერეთის სასულიერო პირის, სიმონ მაჭავარიანის ხელით კოვალენსკის უგზავნიდა წერილს, სადაც გრიგოლ დადიანს ანტისახელმწიფოებრივ დამოკიდებულებაში სდებდა ბრალს, რომელიც აფსუების, ჯიქების, ალანებისა და ახალციხის ფაშას დაქირავებული ძალების გამოყენებით იმერეთის სამეფოს დაუსრულებლად ესხმოდა თავს3.
საიმპერატორო კარი დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროების საშინაო საქმეებში ჩასარევად რუსეთის მთავრობამ მუხურის ციხეში გამოკეტილი კონსტანტინეს (დავით გიორგის ძის შვილი) გამოყენება სცადა.
1. Акты, собранные Кавказской археографической комиссией, Том I, Тифлис, 1868, стр. 341-342 (შემდეგ ასე: АКАК, Т. 2)
2. ქორთუა ნ., საქართველო 1806-1812 წლების რუსეთ-თურქეთის ომში, თბ. 1964, გვ. 73 (შემდეგ ასე: ქორთუა ნ., საქართველო 1806-1812 წლების რუსეთ-თურქეთის ომში)
3. АКАК, Т. 2, стр. 340-341
ანა დედოფალმა ჯერ ქართლიდან აღძრა საქმე, ხოლო შემდეგ წავიდა პეტერბურგს და პირადად თხოვა იმპერატორს დატყვევებული ვაჟის განთავისუფლებას. იმპერატორი ალექსანდრე პირველი მიმართავდა ციციანოვს, რომ შესაძლებლობის მაქსიმუმი გამოეყენებინა კონსტანტინეს გასათავისუფლებად1.
1802 წელის დასაწყისში იმერეთში გაგზავნილ იქნა იმპერიის საგარეო საქმეთა კოლეგიის მოხელე სოკოლოვი, რათა პირადად გადაეცა სოლომონ მეორისათვის მოთხოვნა კონსტანტინეს განთავისუფლების შესახებ2.
დასავლეთ საქართველოში ჩასულ სოკოლოვს დადიანმა წერილი გადასცა, რომელშიც იმერეთის სამეფოსაგან განცალკევებისა და მთავრის ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, მზად იყო რუსეთის მფარველობის ქვეშ შესულიყო. სამეგრელოს მთავარი დასძენდა, იმ შემთხვევაში თუ იგი რუსეთისგან დახმარებას ვერ მიიღებდა, უკიდურეს შემთხვევაში, დახმარებისთვის ოსმალეთის სულთნის კარისაც კი მიმართავდა. დადიანი ფოთთან ერთად სთავაზობდა რუსეთის მფარველობაში შესვლას. მისი აზრით, ფოთი რუსეთისათვის ფრიად სასარგებლო იქნებოდა აღმ. შავიზვისპირეთში იმპერიის პოზიციების განსამტკიცებლად3. სოკოლოვის შუამდგომლობის მიუხედავად, უფლისწული კონსტანტინე პატიმრობიდან არ გაათავისუფლეს4.
1. გონიკაშვილი მ., იმერეთი მე-18-19 საუკუნის მიჯნაზე, თბ., 1979. გვ. 85 (შემდეგ ასე: გონიკაშვილი მ., იმერეთი მე-18-19 საუკუნის მიჯნაზე)
2. АКАК, Т. 2,стр. 341
3. АКАК, Т. 2,стр. 342
4. Н. Белявский, утверждение русского владычества на кавказе, გვ. 106
სოლომონ მეორე ხელს უშლიდა დადიანსა და ციციანოვს პირდაპირი კომუნიკაციის დამყარებაში. რუსეთის კარსა და სამეგრელოს შორის დამყარებული ნებისმიერი კონტაქტი სოლომონ მეორის მიერ აღიქმებოდა როგორც მის საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედება.
1803 წლის ივლისში ციციანოვმა წერილი გაუგზავნა სამეგრელოს მთავარს დავით მამაცაშვილის მეშვეობით. მამაცაშვილი სამეგრელოში ახალციხის გზით გაემგზავრა. გრიგოლ დადიანმაც თავისი წარმომადგენლები ქაიხოსრო და როსტომ კვინიხიძე გაგზავნა. თბილისში ჩასვლამდე სამეგრელოს წარმომადგენლები იმერეთის საზღვარზე მძევლებად იქნა აყვანილი. მათ ჩამოართვეს წერილები და რამდენიმედღიანი ტყვეობის შემდეგ გათავისუფლეს. კვინიხიძეებმა მაინც ჩააღწიეს თბილისში და ზეპირად გადასცეს ინფორმაცია სამეგრელოს მთავრის პოზიციის შესახებ. ციციანოვმა კი მათ გადასცა დადიანისათვის გადასაცემი წერილის ასლი, რის შემდეგ სამეგრელოსკენ გამოემართნენ.
სამეგრელოში დაბრუნებული ქაიხოსრო და როსტომ კვინიხიძე, იმერეთში კვლავ შეიპყრეს. ერთ-ერთი მათგანი მოკლულ იქნა, ხოლო მეორემ კი გაქცევით უშველა თავს. სოლომონის ამგვარმა საქციელმა ციციანოვსა და იმერეთის მეფეს შორის დამოკიდებულება უკიდურესად გაამწვავა 1. ციციანოვი პირდაპირ ითხოვდა სოლომონისგან გადაეცა რუსეთის მხარისთვის იმერეთს შეხიზნული ერეკლეს შვილები იულონი და ფარნაოზი, რომლებიც ზურგს უმაგრებდნენ სამაჩაბლოსა და შიდა ქართლში განვითარებულ ანტირუსულ მოძრაობას2.
1. АКАК, Т. 2,стр. 351
2. Н. Белявский, утверждение русского владычества на кавказе. Т.1, გვ. 110
იმერეთის მეფე ხვდებოდა, რომ რუსეთთან დაპირისპირებით ვერანაირ სასურველ შედეგს ვერ მიაღწევდა. საბოლოოდ, 1803 წლის 12 ივნისს, 10 წლიანი პატიმრობის შემდეგ კონსტანტინე ბატონიშვილი ციხიდან გათავისუფლებულ იქნა1.
იმერეთის მეფის რუსეთთან დაახლოების ნაბიჯები, მხოლოდ ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა, რადგან სოლომონს არ სურდა დამოკიდებულება უკიდურეს დაძაბულობაში გადასულიყო. ფაქტობრივად კი ის კვლავ იულონის მომხრე პროირანულად განწყობილ ძალებთან ერთად მოქმედებდა.
ფათ-ალი ხანი 1803 წლის დეკემბერში სპეციალურ წერილს უგზავნიდა სოლომონს. წერილში, ირანის შაჰი კიდევ ერთხელ გამოთქვამდა თავის პრეტენზიას საქართველოზე. ხანი იუწყებოდა, რომ ირანის ტახტის მემკვიდრის, აბას მირზას მეთაურობით აგზავნიდა 50 ათასიან ჯარს, რომლებსაც თან გააყოლებდა სპარსეთში გახიზნულ ალექსანდრე და თეიმურაზ ბატონიშვილებს. ირანის შაჰი ასევე იმედოვნებდა, რომ 1804 წლის დასაწყისში ირანის გამარჯვების ალამი თბილისსა და ყიზლარში აღემართებოდა და „ირანული ხმლით საბოლოოდ გაძევებდნენ რუსებს კავკასიიდან“. შაჰი სთავაზობდა იმერეთის მეფეს, მათთან ერთად გამოსულიყო რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად2.
1. კიკვიძე ა., საქართველოს ისტორია (მე-19 საუკუნე) თბ., 1954, გვ. 66; (შემდეგ ასე: კიკვიძე ა., საქართველოს ისტორია) აქტი, ტ. 2, გვ. 352
2. АКАК, Т. 2,стр.363
1804 წლის იანვარში საქართველოდან რუსეთში დიპლომატიური მოლაპარაკებისთვის გაგზავნილ იქნა ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე სოლომონ ლიონიძე. ფაქტია, რომ იმერეთის მეფე თავს არიდებდა პირდაპირ დაპირისპირებას და ხშირად დიპლომატიურ მანევრებსაც მიმართავდა. ლიონიძემ 1803 წლის 5 აგვისტოს იმპერატორ ალექსანდრე პირველს იმერეთის მეფის წერილი გადასცა, სადაც ის რუსეთის მფარველობის მიღებას ითხოვდა1. ლიონიძე პატივით იქნა მიღებული. ცოტა მოგვიანებით ის სწერდა: „მიღებული ვიქმენ ალექსანდრე პირველის ყოვლად მოწყალის ხელმწიფის კარზეო“2.
საიმპერატორო კარზე ჩასული ლიონიძე საიდუმლო მრჩევლის ტატიშჩევის მიერ წარმოთქმულ ბრალდებაზე პასუხობა, რომ დაპირისპირება დადიანსა და მეფეს შორის იმით იყო გამოწვეული, რომ ოდიშის მთავარი ხელყოფდა იმ ტერიტორიას, რომელიც უძველესი პერიოდიდან იმერეთის შემადგენლობაში იყო. ასევე ფარულად აწარმოებდა მოლაპარაკებას იმპერიის კართან ქვეშევრდომობაში შესვლასთან დაკავშირებით3.
სოლომონ ლიონიძესთან აუდიენციის შემდეგ, ტატიშჩევმა დიპლომატს სპეციალური ნოტა გადასცა. ნოტაში რუსეთის ხელისუფლება ადანაშაულებდა სოლომონს მეორეს სტუმართმოყვარეობის იმ წესის დარღვევაში, რომელიც აღმოსავლეთის ქვეყნებში ხელშეუხებლად ითვლებოდა. ასევე ადანაშაულებდა სამეგრელოზე თავდასხმასა და 400 ადამიანის დატყვევებაში. ამ მოქმედებისთვის იმერეთის მეფე იმსახურებდა დასჯას რუსეთის მხრიდან. მაგრამ რუსეთის ხელისუფლება სოლომონს თითქოს აძლევდა „შანსს“ დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად. ის უახლოეს პერიოდში უნდა გამგზავრებულიყო თბილისში და ციციანოვისთვის წარმოედგინა აქტი იმერეთის რუსეთის მფარველობაში შესვლის შესახებ4.
1. Дубровин Н., Закавказье от 1803-1806, СПБ., 1886, стр. 193-194 (შემდეგ ასე: Дубровин Н., Закавказье от 1803-1806)
2. რუხაძე ტრ., სოლომონ მსაჯული, ლიტერატურული ძიებანი, ტ. 3, თბ., 1946, გვ. 180-181 (შემდეგ ასე: რუხაძე ტრ., სოლომონ მსაჯული)
3. АКАК, Т. 2,стр. 364-365
4. АКАК, Т. 2, стр. 366
ტატიშჩევთან აუდიენციის შემდეგ, სოლომონ ლიონიძემ რუსეთის საიმპერატორო კარს იმერეთის მეფის სათხოვარი პუნქტები წარუდგინა. დოკუმენტი დიდ ყურადღებას იმსახურებს და ამიტომ მას დაწვრილებით განვიხილავთ.
იმერეთის მეფის სათხოვარ პუნქტებში აღნიშნული იყო, რომ რუსეთის მეფის ქვეშევდრომობაში ყოფნით ის ბევრ სარგებელს მიიღებდა. უპირველეს სარგებლად ის მიიჩნევდა აფხაზეთის დაბრუნებას იმერეთის მეფის იურისდიქციაში, რომელიც გვიან ფეოდალურ ეპოქაში განვითარებული ჟამთა სიავის გამო დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად ჩამოყალიბდა. იმერეთის მეფე ხაზს უსვამდა, რომ ის აფხაზეთის მთავრები ოდითგან იმერეთის სამეფოს ქვეშევრდომნი იყვნენ. ზოგჯერ კი ოდიშის მხარდაჭერით ისინი ცალკე იყვნენ. საუკუნეების მანძილზე ქვეყანაში შექმნილი ქაოსისა და ოსმალთა ბატონობის შედეგად, აფხაზეთის მოსახლეობა გამუსულმანდა.
სოლომონ მეფე მეტი ინტერესის აღძვრის მიზნით, ხაზს უსვამდა აფხაზეთის იშვიათ გეოსტრატეგიულ მდებარეობას, რომელიც გარდა იმისა, რომ განლაგებული არის შავ ზღვის სანაპიროზე, ესაზღვრებოდა დიდ ყაბარდოს ხოლო ზღვით ყირიმსა და ანაპას. სოლომონ მეორე არწმუნებდა რუსეთის ხელისუფლებას, რომ აღნიშნული ტერიტორიის დაკავებით, რუსეთი კავკასიაში მნიშვნელოვნად გააფართოებდა თავის საზღვრებს1.
სოლომონ მეორის სათხოვარ პუნქტებში ასახული იყო ასევე, იმერეთის ფრიად მოსახერხებელი მდგომარეობას რუსეთის კავკასიაში განსამტკიცებლად. სათხოვარ პუნქტებში ასევე საუბარი იყო ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრისა და შავი ზღვით დასავლეთ საქართველოს ყირიმთან და კონსტანტინოპოლთან დაკავშირების საკითხი2.
1. АКАК, Т. 2,стр. 366
2. АКАК, Т. 2,стр. 366
იმერეთის მეფე სამხედრო ძალითაც სთავაზობდა რუსეთს დახმარებას. ის მზად იყო საჭიროების შემთხვევაში 1000 ქვეითი მეომრით დახმარებოდა საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში.
სათხოვარი პუნქტის ბოლო ნაწილი ეხებოდა ყველაზე უფრო მნიშვნელოვან სამეფო ტახტის გადაცემის საკითხს. იმერეთის მეფეს, რომელსაც არ ჰყავდა ტახტის პირდაპირი მემკვიდრე, მისი სურვილი იყო ხელისუფლება მისი შთამომავლობითი ხაზიდან გადაეცემოდა მემკვიდრეს, რომელსაც თავად მიიჩნევდა მიზანშეწონილად და დაახლოებული იქნებოდა იმერეთის სამეფო კართან. საიმპერატორო კარი საბოლოოდ უნდა დაემტკიცებინა ტახტის მემკვიდრე1.
იმერეთის სამეფო ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით, მეფე „სათხოვართა პუნქტის“ თითქმის ყველა აბზაცში უპირობოდ აღიარებდა რუსეთის ხელისუფლების უზენაესობას. გარდა ამისა, მთავარი პირობა, რის საფუძველზეც სოლომონ მეფე ითხოვდა რუსეთის მფარველობას, იყო დასავლეთ საქართველოს სამთავროების იმერეთის მეფის იურისდიქციის ქვეშ აღიარება, რომლებიც საუკუნეების მანძილზე დამოუკიდებლად განაგრძობდნენ არსებობას2.
1. АКАК, Т. 2,стр. 367
2. პაიჭაძე გ., იმერეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიის 1804 წლის შეთანხმება, ქართული სამეფო-სამთავროების საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან, ტ. 2, თბ., 1973, გვ. 191 (შემდეგ ასე: პაიჭაძე გ., იმერეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიის 1804 წლის).
საუკუნეების განმავლობაში ოსმალეთის ბატონობის ქვეშ მყოფი დასავლეთ საქართველოს სამთავროების იმერეთის სამეფოს უფლებამოსილების ქვეშ მოქცევა, იმერეთის სამეფოსა და სულთნის ხელისუფლების დაპირისპირების საგანი შეიძლებოდა გამხდარიყო. ასეთ პირობებში, „სათხოვართა პუნქტებში“ თურქეთის მხრიდან შესაძლო აგრესიის განხორციელების შემთხვევაში, რუსეთის არც ერთ შემხვედრ ნაბიჯზე არ იყო საუბარი.
სოლომონ ლიონიძის მისია რუსეთში წარუმატებლად დასრულდა. 1804 წლის 17 მარტს იგი პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნდა. დაბრუნებულ ელჩს ციციანოვი აცნობებდა, რომ იმპერატორთან იმერეთის ელჩის წარუმატებელი მოლაპარაკება აიძულებდა მას იმერეთი იარაღის ძალით დაეპყრო. იმერეთის მეფეს ლიონიძის მეშვეობით უთვლიდა, რომ იმერეთის მეფეს სხვა გზა არ ჰქონდა დარჩენილი, გარდა იმისა, რომ რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლაზე თანხმობა განეცხადებინა1.
1804 წლის 16 და 19 აპრილს ელაზნაურში ციციანოვისა და სოლომონ მეორის შეხვედრა შედგა. მეფე და მთავარსარდალი ლეჩხუმის საკითხში საბოლოოდ მაინც ვერ შეთანხმდნენ, რუსეთი ლეჩხუმს კვლავ სამეგრელოს იურისდიქციაში აღიარებდა2.
თავად ელაზნაურის შეთანხმება განსაკუთრებულ პოლიტიკურ ვითარებაში დაიდო. აღნიშნულ პერიოდში, რუსეთმა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, კავკასიის მასშტაბურ დაპყრობას შეუდგა3. რუსეთისთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაცვა და მისი გაძლიერება სავსებით მიუღებელი იყო. რუსეთის პოლიტიკის მესვეურთა აზრით, მხოლოდ ამიერკავკასიის ქვეყნების უშუალო დაპყრობით შეძლებდა თავისი მიზნების საუკეთესოდ განხორციელებას შუა აღმოსავლეთში4.
1804 წელს 25 აპრილს საბოლოოდ სოფ. ელაზნაურში გაფორმდა ტრაქტატი იმერეთის სამეფოს რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლაზე5.
1. ქორთუა ნ., საქართველო 1806-1812 წლების რუსეთ-თურქეთის ომში, გვ. 101
2. АКАК, Т. 2,стр. 374
3. პაიჭაძე გ., იმერეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიის 1804 წლის შეთანხმება, გვ. 189
4. ბერძენიშვილი ნ., საქართველოს მე-19 ს-ის პირველ ნახევარში, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. 2, თბ.,1965, გვ. 291 (შემდეგ ასე: ბერძენიშვილი ნ., საქართველოს მე-19 ს-ის პირველ ნახევარში,).
5. ქორთუა ნ., საქართველო 1806-1812 წლების რუსეთ-თურქეთის ომში, გვ. 102
აღნიშნული დოკუმენტი დიდი ხანია მკვლევართა ყურადღებას იმსახურებს. საკითხს საგანგებოდ შეეხო ცნობილი მეცნიერები: ნ. დუბროვინი1, ზ. ავალიშვილი2, ალ. ფირცხალაიშვილი3, ა. კიკვიძე4, მ. დუმბაძე5, შ. ბურჯანაძე6, გ. პაიჭაძე7, ი. დოლიძე8 და სხვები. ხელშეკრულების დედანი ინახება რუსეთის ძველი აქტების არქივში, რომელიც სრული სახით გამოსაცემად მოამზადა პროფ. ვ. მაჭარაძემ. დოკუმენტი გამოქვეყნდა მხოლოდ მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ, გ. ჟუჟუნაშვილის მიერ9.
მოლაპარაკების დროს სოლომონ მეორემ სცადა ციციანოვის მიერ შედგენილი მუხლები შეემსუბუქებინა. მეფის სურვილი იყო ტექსტში ჩაწერილიყო ისეთი გარემოება, რომ რუსთა ჯარის სარდლობაზე უკმაყოფილების შემთხვევაში, მეფეს ჰქონოდა იმპერატორთან ჩივილის უფლება. ასევე, გურიის სამთავრო რუსეთს იმერეთის სამეფოს დაქვემდებარებაში ეცნო. წარდგენილი თხოვნიდან ერთადერთი, რაზეც თანახმა იყო ციცანოვი, ეს იყო გურიის აღიარება იმერეთის სამეფოზე დამოკიდებულ პოლიტიკურ ერთეულად10. ეს ნაბიჯიც შემდგომი სამხედრო-პოლიტიკური სვლებისთვის იყო გათვლილი. სათხოვარი პუნქტები სულ 17 მუხლისგან შედგებოდა და შემდეგი შინაარსის იყო:
იმერეთის სამეფო რუსეთის იმპერიაში შემავალ ქვეყნად ცხადდებოდა. სოლომონს მეფობა საშვილიშვილოდ უმტკიცდებოდა, ხოლო პირდაპირი შთამომავლის არყოლის შემთხვევაში, მემკვიდრედ კონსტანტინე ბატონიშვილი გამოცხადდებოდა. იმერეთის მეფე განახორციელებდა მართლმსაჯულებას მანამ, სანამ საიმპერატორო კარი ახალ კანონს („უამაღლეს სჯულს“) გამოსცემდა.
1. Дубровин Н., Закавказье от 1803-1806 года, СПБ., 1866
2. Авалов З., Присоединение России к Грузии, СПБ., 1906
3. ფირცხალაიშვილი ალ., რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტროიიდან, თბ., 1955
4. კიკვიძე ა., საქართველოს ისტორია (მე-19 საუკუნე), თბ., 1954
5. დუმბაძე მ., დასავლეთ საქართველო მე-19 ს-ის პირველ ნახევარში, თბ., 1957
6. ბურჯანაძე შ., იმერეთის სამეფოს ურთიერთობა რუსეთთან სოლომონ მეორის დროს,„მაცნე“, თბ., 1967, #3
7. პაიჭაძე, იმერეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიის 1804 წლის შეთანხმება, ქართული სამეფო-სამთავროების საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან, ტ. 2, თბ., 1973, გვ. 202-213
8. ქართული სამართლის ძეგლები ი. დოლიძის რედაქციით, ტ. 2, თბ., 1965 იმერეთი შეზღუდული იქნებოდა „ვითარცა ყოვლისა რუსეთის მონობისა შინა მყოფი“ და „რუსეთის მხედრობის“ მიერ, საუკუნოდ უნდა დაცულიყო გარეშე მტრებისგან.
9 მაჭარაძე ვ., რუსეთ-იმერეთს შორის 1804 წლის ელაზნაურის შეთანხმება, კრ: „მესხეთი“, VI-VII, თბილისი-ახალციხე, 2005, გვ. 395-415
10. АКАК, Т. 2,стр. 374-377; მაჭარაძე ვ., რუსეთ-იმერეთს შორის 1804 წლის ელაზნაურის შეთანხმება, გვ. 397
იმერეთის მეფეს უნდა მიეღო გარკვეული სარგებელი ქვეყანაში არსებული ბუნებრივი მარაგიდან, წიაღისეული სიმდიდრეებისგან და ასევე იმერეთის იმ ქალაქებისგან, რომლებიც რუსეთის მიერ იქნებოდა აღდგენილნი. სათხოვართა პუნქტები რუსეთს იმერეთის მიმართ ანიჭებდა თითქმის შეუზღუდველ მბრძანებლობას და აძლევდა სამეფოს საშინაო საქმეებში ჩარევის უფლებას.
ხელშეკრულების მე-12 მუხლი უკრძალავდა მეფეს რაიმე პრეტენზია ჰქონოდა დადიანის სამფლობელოზე და ავალებდა დაეცალა ოდიშისა და ლეჩხუმის ციხეები. დადიანთან შედარებით ერთ-ერთი უპირატესობა რაც მეფეს ენიჭებოდა, ის იყო, რომ მეფე მხოლოდ საქართველოს მთავარსარდალს უნდა დამორჩილებოდა.
მე-13 მუხლი ეხებოდა გზის სათანადოდ მოწყობას ქუ- თაისიდან ვახანამდე და ასევე, ოდიშისა და ფოთისაკენ. მე-14-15 მუხლები ეხებოდა კონსტანტინე დავითის ძისათვის სამკვიდრო მამულების ხელუხლებლობას და მის საქართველოში ცხოვრების საკითხს. დოკუმენტის მიხედვით, „...მეფის ძე კონსტანტინე დავითის ძე იმყოფებოდეს საქართველოსა ანუ რუსეთსა შინა“, ვიდრე გარდაიცვლებოდა სოლომონ მეორე. სამშობლოში ყოფნისას მას სათანადო აღზრდა და განათლება უნდა მიეღო.
მე-16 მუხლი ითვალისწინებდა დასავლეთ საქართველოს საზღვაო ნავსადგურებიდან ბაჟის აღების საკითხს. იმერეთის მეფის მსგავსად დადიანსაც ვაჭრობის განვითარების მიზნით არ უნდა აეღოთ ბაჟი რუსეთიდან შემოსულ საქონელზე. მაგრამ, აღნიშნულ დანაკლისს შევსება მოხდებოდა „უმოწყალესისა ჩემისა ხელმწიფისა და მბრძანებლისათა საბაჟოთა რუსეთის შემოსავალთაგან“.
ხელშეკრულების მე-17 მუხლი იმერეთ-ქართლ-კახეთის ურთიერთობას ეხებოდა და სცნობდა მეფის სუვერენულ უფლებებს თავის ქვეშევრდომებზე, განსაზღვრავდა ჩვენი ქვეყნის ამ ორი მხარის მკვიდრთა გადასვლა-გადმოსვლის ოფიციალურ წესს. დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში თავისუფალი მიმოსვლა იკრძალებოდა; გადასვლისათვის მეფის ან მთავარსარდლის სპეციალური ნებართვა იყო საჭირო. იმერეთის მეფესთან ერთად რუსეთის ერთგულებაზე დააფიცეს სამეფოს წარჩინებული პირები და დიდი გავლენის მქონე ფეოდალები1.
საყურადღებოა ერთი გარემოება, სოლომონ მეფეს არ სურდა მსგავს აქტზე ხელისმოწერა, მას განზრახული ჰქონდა სათხოვარი მუხლები საგანგებოდ დამზადებული ახალი ბეჭდებით დაემოწმებინა ხელმოწერის გარეშე. მაგრამ ციციანოვმა მეფეს დოკუმენტზე ხელრთვა მოსთხოვა2.
1804 წლის 25 აპრილს, ციციანოვი პატაკით ატყობინებდა საიმპერატორო კარს, რომ „მისი იმპერატორობის უდიდებულესობის“ ბრძანება „იმერეთის სამეფოს რუსეთთან მიერთების შესახებ და სამეგრელოს სანაპიროდან თავრიდთან დამაკავშირებელი გზის მოწყობის შესახებ“, სისრულეში იყო მოყვანილი. ციციანოვის სიტყვით, სოლომონ მეორისა და მოწინავე თავადების ერთგულების ფიცი იყო დასტური იმისა, რომ იმერეთის სამეფო რუსეთის ერთ-ერთ პროვინციად გადაქცეულიყო3.
1. მაჭარაძე ვ., რუსეთ-იმერეთს შორის 1804 წლის ელაზნაურის შეთანხმება, გვ. 410; პაიჭაძე გ., იმერეთის 1804 ხელშეკრულება, გვ. 202-213; დუმბაძე მ., დასავლეთ საქართველო მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, გვ. 170-172;
2. Пирцхалайшвили А., Имеретия и Гурия в период 1804-1840гг. წიგნში: მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, 1942, ტ. 1, გვ. 39-40 (შემდეგ ასე: Пирцхалайшвили А., Имеретия и Гурия в период 1804-1840 гг.)
3. АКАК, т. 2, стр. 374
სათხოვარი მუხლები ორ ენაზე - ქართულად და რუსულად დაიწერა. ელაზნაურის შეთანხმებით, იმერეთის სამეფო რუსეთის იმპერიის მფარველობაში მყოფ ქვეყნად ცხადდებოდა და სოლომონს მეფობა საშვილიშვილოდ უმტკიცდებოდა. თუ მას მემკვიდრე არ ეყოლებოდა, ტახტის მემკვიდრედ კონსტანტინე დავითის ძე იქნებოდა აყვანილი.
პ. ციციანოვმა იმერეთის მეფეს მისცა საიდუმლო წერილი, რომლითაც ჰპირდებოდა, რომ ლეჩხუმის ციხეებში იმერეთის მეფის ჯარები იქნებოდნენ მანამ, ვიდრე რუსეთის იმპერატორი არ განიხილავდა ლეჩხუმის კუთვნილების კანონიერებასთან დაკავშირებით, სოლომონ მეფის მიერ წარდგენილ საბუთებს1.
მიუხედავად ჯერ კიდევ არსებული დაბრკოლებებისა, რუსეთის მთავრობამ დიდი ნაბიჯები გადადგა დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროების სრული დამორჩილებისთვის2. სოლომონისთვის ადვილი მისახვედრი უნდა ყოფილიყო სამეფოსა და მისი მომავალი პოლიტიკური ხვედრი. მან ვერ მიაღწია ვერც დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური გაერთიანებას და ვერც საშინაო დამოუკიდებლობის დაიცვას. ელაზნაურის ხელშეკრულების დადების პერიოდში, როგორც ჩანს კვლავ დაძაბული რჩებოდა დამოკიდებულება იმერეთის მეფესა და სამეგრელოს მთავარს შორის. 1804 წლის ივნისში ლიტვინოვმა მოახერხა სოფ. საჭილაოში სოლომონ მეორისა და დადიანის ერთად დაფიცება რუსეთის ერთგულებაზე3.
1. АКАК, т. 2, стр. 377
2. დუმბაძე მ., დასავლეთ საქართველო მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, 172-173
3. АКАК, т. 2, стр. 383-384; ფირცხალაიშვილი ალ., რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტროიიდან, გვ. 34-35
განზრახული იყო ორივე მხარეს პეტერბურგში გაეგზავნა წარჩინებული გვარის წარმომადგენლებისაგან შემდგარი დელეგაცია, რომელსაც მადლობა უნდა გამოეცხადებინათ იმპერატორის მიერ გაწეული „წყალობისთვის“. სოლომონი აჭიანურებდა ამ პროცესს, რადგან ციციანოვის დანაპირებსელოდებოდა ლეჩხუმთან დაკავშირებით. იმერეთის მეფის აზრით, შექმნილი ვითარებიდან ერთადერთ გამოსავლად გრიგოლ დადიანის თავიდან მოშორება იყო. ამ შემთხვევაში ციციანოვს მიეცემოდა სრული შესაძლებლობა იმისა, რომ ლეჩხუმი იმერეთის განუყოფელ ნაწილად ეღიარებინა. ამ ვითარებაში, 1804 წლის 25 ოქტომბერს გრიგოლ დადიანი მოწამლეს. მკვლელობის ინიციატორი სოლომონი იყო. ეჭვი მიიტანეს კათოლიკე პატრ ნიკოლზე, რომელიც ამ დროს სამეგრელოში მკურნალად იყო ჩასული. რუსეთის ხელისუფლებამ ზემოაღნიშნული ბრალდებით, კათოლიკე პატრი დაიჭირეს და გაასამართლეს1.
იმერეთის მეფის მისწრაფებას სრულიად სხვა შედეგი მოჰყვა. რუსეთის საიმპერატორო კარმა გადაწყვიტა არა თუ დაებრუნებინა ლეჩხუმი იმერეთის მეფისთვის, არამედ ის იმერეთიდანაც გაეძევებინა. სამეგრელოში კი გრიგოლის სიკვდილის შემდეგ, იმპერატორ ალექსანდრე პირველის მიერ, დადიანად გრიგოლის ვაჟი ლევანი იქნა დამტკიცებული. არასრულწლოვნების გამო, ლევანს მეურვედ მისი დედა ნინო გიორგის ასული დაუნიშნეს. ზემოაღნიშნულ პერიოდში სამეგრელოს ფაქტობრივად ლიტვინოვი მართავდა.
ლიტვინოვი, იყენებდა რა იმპერიის ხელისუფლების მიერ მინიჭებულ უფლებამოსილებას, მისი დამოკიდებულება იმერეთის მეფისადმი უკიდურესად უარყოფითი იყო. რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური განმტკიცების მიზნით, ლიტვინოვი ეყრდნობოდა მის განკარგულებაში მყოფ რაზმს და შემდგომ ყირიმიდან მოსულ სამხედრო ნაწილებს2.
1. Акты, собранные Кавказской археографической комиссией, Том 3, Тифлис, 1869, стр. 115 (შემდეგ ასე: АКАК, т. 3)
2. ფირცხალაიშვილი ალ., რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტროიიდან, გვ. 36-37
სოლომონ მეორე, რასაკვირველია, რუსეთის ჯარის რიცხვის მომრავლების ვერ ურიგდებოდა. 1804 წლის 18 ნოემბერს მეფემ ლიტვინოვთან გაგზავნა ზურაბ წერეთელი და სოლომონ ლიონიძე, რათა ახალი სამხედრო ბატალიონი ქუთაისში არ განეთავსებინათ. მეფის თხოვნით, ვიდრე იმერეთის დეპუტაცია ჯერ კიდევ რუსეთში იმყოფებოდა, სასურველი იყო მხოლოდ ერთი ბატალიონით შემოფარგლულიყვნენ. საპასუხო წერილში ციციანოვი აღნიშნავდა, რომ იმერეთის მეფეს არანაირი საფუძველი არ ჰქონდა ეჭვის თვალით ყოფილიყო განწყობილი მათდამი დამოკიდებულებაში. რამეთუ რუსეთს „მხოლოდ სიკეთე“ სურდა ამ ქვეყნისთვის1.
ლიტვინოვი ყველაფერს აკეთებდა იმერეთის მეფის შესავიწროებლად. მეფის გვერდის ავლით, იგი ურთიერთობას ამყარებდა ქუთაისელ ვაჭრებთან და აიმედებდა მათ აღებ-მიცემობის გაფართოებაში, არწმუნებდა მათ, რომ იმპერიის ხელისუფლების მხარდაჭერით, მათ გაუადვილდებოდათ თანხების მიღება რუსეთის სხვადასხვა ბანკებში. ლიტვინოვი დღენიადაგ ცდილობდა დაემცირებინა მეფის ავტორიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის თვალში2. როგორც ერთ-ერთი დოკუმენტიდან ჩანს, რუსი მოხელე აიძულებდა იმერეთის დიდებულებსა და ვაჭრებს, რომ სოლომონი ეღიარებინათ აწ უკვე ყოფილ მეფედ, ხოლო თავად კი იმერეთის ახალ მეფედ [Он старый де-царь, а новый царь - я]3. სოლომონი ციციანოვს არაერთხელ ჩივლობდა რუსი მოხელის აღვირახსნილი მოქმედების შესახებ, მაგრამ უშედეგოდ.
1. АКАК, т. 2, გვ. 416-417
2. ვაჭრიძე გ., იმერეთის დროებითი მმართველობა (1810-1840), ქუთაისი, 1999; გვ. 72-73 (შემდეგ ასე: ვაჭრიძე გ., იმერეთის დროებითი მმართველობა)
3. АКАК, т. 2, გვ. 442
ლიტვინოვის ანტიქართული მოქმედება და თავად რუსეთის იმპერიის სწრაფვა დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური დაქსაქსულობისაკენ, კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა 1805 წლის შემოდგომაზე ლიტვინოვის გურიაში გამგზავრებისას, სამთავროს ტახტის მემკვიდრეებსა და იმერეთის მეფესთან დამოკიდებულების გარკვევის შესახებ. გურიაში ჩასული ლიტვინოვი ციციანოვს წერდა, რომ რუსეთის მხრიდან დიდი შეცდომა იყო დაშვებული გურიის ოფიციალურად იმერეთზე გადაცემის შესახებ. მისი შეხედულებით, სამთავროს რეალურ მემკვიდრეს სიმონ გურიელის ვაჟი, მამია წარმოადგენდა და ვახტანგს ტახტის დაკავების არანაირი ლეგიტიმური უფლება არ ჰქონდა. ქაიხოსრო გურიელიც, თავისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მამიას სამთავროს ტახტზე დამტკიცებას უჭერდა მხარს. ციციანოვი კი თავის მხრივ უმტკიცებდა სოლომონ მეორეს, რომ გურია ტრაქტატით ჰქონდა დამტკიცებული იმერეთის მეფეს და მისი შეშფოთება „სრულიად უსაფუძვლო“ იყო (АКАК, т. 2, стр. 443). რუსეთის იმპერატორთან ყოველდღიურად მიდიოდა ცრუ დასმენები და გადაუმოწმებელი ინფორმაციებს სოლომონის თურქეთთან კავშირის არსებობის შესახებ.
სოლომონ მეორის გადასვლა პროთურქულ პოზიციაზე გამოწვეული იყო თავად რუსეთის იმპერიული პოლიტიკით, რასაც იგი ახორციელებდა საქართველოს სამეფო-სამთავროების მიმართ ქვეყანაში ფეხის შემოდგმის პირველივე დღიდან. მართალია იმერეთის სამეფო საუკუნეების განმავლობაში განიცდიდა პოლიტიკურ ზეწოლას ოსმალეთის ხელისუფლების მხრიდან და იბრძოდა კიდეც ოსმალური ბატონობისათვის თავის დასაღწევად, მაგრამ, რაც შეეხება თავად იმერეთის მეფის ხელისუფლების პოლიტიკური ინსტიტუტის არსებობას, ის XVI-XIX საუკუნეების მანძილზე ფაქტობრივად ხელშეუხებელი რჩებოდა. რაც შეეხება რუსეთის იმპერიას, მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდის საერთაშორისო არენაზე ის გამოდიოდა, როგორც ერთმორწმუნე და „ქრისტიანების მხსნელი“ სახელმწიფო და ასევე საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა მთავარ დასაყრდენს ქართული სამეფო-სამთავროებისათვის ირან-ოსმალური ბატონობის წინააღმდეგ ბრძოლაში, საქართველოში ფეხის დადგმისთანავე დაიწყო ქართული ფეოდალური პოლიტიკური ინსტიტუტების მიზანმიმართული ნგრევა, რათა ქართული სამეფოები იმპერიის უმნიშვნელო პროვინციებად გადაექცია. ასეთ ვითარებაში, სოლომონ მეორეს სხვა გზა არ ჰქონდა დარჩენილი გარდა იმისა, რომ კვლავ ოსმალეთის სულთნის კართან დაახლოებითა და შესაფერისი საერთაშორისო ვითარების გამოყენებით გაეგრძელებინა ბრძოლა სამეფო ხელისუფლების დასაბრუნებლად. ამ პოლიტიკური მიზნების მიუხედავად, სოლომონ მეორე რუსეთს დღენიადაგ უმტკიცებდა მის ერთგულებას და ახსენებდა იმპერატორის პირობას ლეჩხუმის გადაცემასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს და სხვა მისი თხოვნა ყოველგვარი რეაგირების გარეშე რჩებოდა. სოლომონ ლიონიძე და იმერეთის დიდებულები მეფეს ურჩევდნენ ზამთრის ვარციხეში გატარებას, რათა საჭიროების შემთხვევაში, შეძლებოდა ახალციხეში გაქცევა. სოლომონ ლიონიძე იმასაც კი ახსენებდა, რომ ადვილი შესაძლებელი იყო იმერეთს ქართლ-კახეთის, პოლონეთისა და ყირიმის ბედი გაეზიარებინა (АКАК, т. 2, стр. 447). რთულ პოლიტიკურ ვითარებას თან დაერთო მძიმე სოციალური ფონი. იმერეთში გავრცელებული შავი ჭირის შედეგად, სოფლები ცარიელდებოდა. ასევე ტოვებდნენ ქვეყანას სომეხი და ებრაელი ვაჭრებიც.
1805 წლის 30 ივლისს რუსეთის იმპერატორმა მიიღო სამეგრელოს სამთავროს დელეგატები, რომლებმაც კიდევ უფრო გააღვივეს სიძულვილი იმერეთის სამეფოსადმი. დეპუტატებს ნაწილი იმერეთის მეფეს რუსეთისადმი ღალატში სდებდნენ ბრალს1.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 1805 წლის 2 თებერვალს სპეციალური წერილით ავალებდა იტალინსკის, რომ ყველა შესაძლებლობა გამოეყენებინა იმისათვის, რომ დაედგინა ნამდვილად იყო თუ არა მსგავსი შინაარსის წერილი სოლომონ მეორის მიერ გაგზავნილი ოსმალეთის კარისადმი2. იმავე იტალინსკის 1805 წლის მაისს დათარიღებული ერთ-ერთი წერილით, ევალებოდა განსაკუთრებული ყურადღება გამოევლინა თურქეთში ჩასული ქართველების მიმართ და ნებისმიერი სახის ინფორმაციის არსებობის შესახებ გენერალ ციციანოვისათვის ეცნობებინა3.
როგორც ჩანს, კონსტანტინოპოლში გამოჩენილი თითოეული ქართველის გამოჩენა რუსეთის საგარეო საქმეთა უწყებისთვის ახალი სამხედრო-პოლიტიკური ინტრიგის მომასწავებელი იყო და დიდი ყურადღებით აკვირდებოდნენ კონსტანტინოპოლსა თბილისს შორის არსებულ ნებისმიერ მიმოწერას, რათა ქართველ მეფეებს რამე კავშირი არ დაემყარებინათ სულთნის კარისთვის.
ბრძოლა სამეფო ხელისუფლების შენარჩუნებისთვის
1806 წლის თებერვალში ბაქოს ციხის გადაცემისას, ციციანოვი თავად ელიზბარ ერისთავთან ერთად, მუხანათურად იქნა მოკლული. ციციანოვის მოკვეთილი თავი ირანის შაჰისათვის იქნა გაგზავნილი. ციციანოვის სხეული 1811 წელს საქართველოში გადმოასვენეს და სიონში დაკრძალეს.
1. დუმბაძე მ., დასაველთ საქართველო მე-19 ს-ის პირველ ნახევარში, გვ. 179
2. Архив внешней политики России, ф. Канцелария, д. 2247. л. 33-34 (შემდეგ ასე: АВПР)
3. АВПР, ф. Канцелария, д. 2247. л. 120-121
ზემოაღნიშნული მოვლენების შემდეგ, მთავარმართებლად გუდოვიჩი იქნა დანიშნული. გუდოვიჩის იმერეთში ჩამოსვლამდე, დასავლეთ საქართველოში გენერალ-მაიორი რიკჰოფი იმყოფებოდა, რომელმაც ბელევსკის რაზმის მეშვეობით, დაიკავა ქუთაისი და მარანთან გამაგრდა. შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ხელისუფლების შიში გამართლდა იმასთან დაკავშირებით, რომ ციციანოვის გარდაცვალებისთანავე, იმერეთის მეფის კავშირი ახალციხის საფაშოსთან უფრო ინტენსიური გახდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რუსი ისტორიკოსი დუბროვინი ბრალს სდებდა სოლომონს რუსეთთან კავშირის გაწყვეტასა და ანტირუსული დამოკიდებულების ღიად დაფიქსირებაში1.
ხობიდან ქუთაისში მომავალ ბელევსკის პოლკთან მოხდა ქართველებისა და რუსების პირველი სამხედრო შეტაკება. ამ მოვლენების შემდეგ რუსეთის პოლკი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მათ საკვები და საომარი აღჭურვილობა არ მიეწოდებოდათ. ხოლო ფოთის ფაშამ ტვირთის გასატარებლად 500 ჰოლანდიური ჩერვონეცი მოითხოვა, რაც იმ პერიოდისათვის საკმაოდ დიდი თანხა იყო. მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა, აღმოსავლეთ საქართველოში განვითარებული ანტირუსული ამბოხის გამო, რუსეთის ხელისუფლება იმერეთის მეფის წინააღმდეგ აშკარა სამხედრო დაპირისპირებაზე თავს იკავებდა. ასევე თურქეთის მხრიდანაც არანაირი დახმარება ჩანდა. რადგან თავად ოსმალეთის იმპერია, 1806 წლისთვის ქვეყანაში გავრცელებული ეპიდემიის გამო, მძიმე სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობაში იყო2.
1. Дубровин Н., История войны и владычества русских на Кавказе, т. 5, СПБ., 1887, стр. 7 (შემდეგ ასე: Дубровин Н., История войны и владычества русских на Кавказе)
2. Дубровин Н., История войны и владычества русских на Кавказе, т. 5, стр. 9
გარდა ამისა, ქვეყანაში ადგილი ჰქონდა შიდა სოციალპოლიტიკურ დაძაბულობას, რის შედეგად, ძველი სამხედრო ძალების უნარიანობა არ იყო საკმარისი ცენტრალიზებული ხელისუფლების ავტორიტეტის შესანარჩუნებლად. განაპირა რეგიონების პოლიტიკური ლიდერების გავლენა ქვეყანაში საკმაოდ დიდი იყო. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ბალკანეთსა და არაბულ ქვეყნებში დღითიდღე იზრდებოდა1.
სელიმ მესამემ არმიის რეორგანიზაციის მიზნით, იანიჩრებისა და პროვინციული არმიის პარალელურად, შექმნა თანამედროვე ტიპის არმია „ნიზამი ჯედიდის“ სახელწოდებით. რომლის სახელმწიფო შეკვეთა ქვეყნის ფინანსებისა და ადმინისტრაციის რესტრუქტურიზაცია იყო. ასევე სულთნის ბრძანების დროულ და უპრობლემო აღსრულებას. აღნიშნულ საჯარისო ფორმირებას უნდა მოეხდინა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული აჯანყებებისა და პოლიტიკური გამოსვლების ჩახშობა2.
როგორც სამეცნიერო ლიტერატურიდან ჩანს, იმერეთის სამეფოს საკითხი იმ პერიოდის ოსმალეთის იმპერიის საგარეო პოლიტიკაში, პრაქტიკულად არც კი განიხილებოდა განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხად.
1. Новичев А., История Турции, ч.2, Л. 1968, стр. 52 (შემდეგ ასე: Новичев А., История Турции).
2. The Cambridge History of Turkey, Volume 3, (The later Otoman Empire 1603-1839), Edited by Suraiya N. Faroqhi, 2006, p. 61 (Semdeg ase: The Cambridge History of Turkey).
ზემოაღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე სოლომონ მეორე, ხედავდა რა არსებულ რეალობას, კვლავ რუსეთთან საერთო ენის გამონახვა დაიწყო. 1806 წლის 28 ივნისს ის წერდა გენერალ გუდოვიჩს ლეჩხუმთან მიმართებაში ციციანოვის შეუსრულებელი პირობის შესახებ და რუსი გენერლისგან დახმარებას ითხოვდა. უმტკიცებდა რუს გენერალს, რომ ციციანოვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მის შესახებ ოსმალეთის სულთნის კარზე ელჩების გაგაზავნისა და დადიანის წარმომადგენლის მკვლელობის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამებოდა1.
1806 წლის 25 ივლისს რიკჰოფსა და სოლომონ მეორეს შორის გელათში მოლაპარაკება უნდა შემდგარიყო. მაგრამ რუსი გენერლის ავადმყოფობის გამო, მოლაპარაკება არ შედგა2.
ცოტა მოგვიანებით, 1806 წლის სექტემბერში, იმერეთის მეფე 11 მუხლისაგან შემდგარ დოკუმენტს უგზავნიდა რუსეთის ხელისუფლებას, რომელშიც კიდევ ერთხელ აღნიშნავდა ციციანოვის მიერ შეუსრულებელ პირობებსა და უმადურ დამოკიდებულებას იმერეთის მეფისადმი3. თუმცა პოზიტიური გამოხმაურება იმერეთის მეფის არც ამ წერილებს მოჰყოლია.
გურიის სამთავროსთან მიმართებაში სოლომონის მიერ საკითხის არაერთხელ აღძვრამ, გარკვეული შედეგი გამოიღო. რუსეთის ხელისუფლება იძულებული გახდა, გურია ოფიციალურად იმერეთის სამეფოს ხელისუფლების ქვეშ ეღიარებინა, რაც იმერეთის დიპლომატიის უდავოდ დიდი გამარჯვება იყო. მაგრამ რუსეთი ამჯერადაც ურთიერთობის ორმაგ სტანდარტს იყენებდა. მართალია, გუდოვიჩის მიერ იმერეთის მეფისადმი გაგზავნილ წერილში გურია იხსენიება, როგორც იმერეთის სამეფოს განუყოფელი ნაწილი, თუმცა იმავდროულად, რუსეთის წაქეზებით, ვახტანგ გურიელი უარს აცხადებდა იმერეთის ხელისუფლების უზენაესობის აღიარებაზე. არსებული დამოკიდებულების გამო, ორ ქართულ პოლიტიკური სუბიექტებს შორის დაპირისპირება დღითიდღე იზრდებოდა. გუდოვიჩი თითქოს კი მოუწოდებდა, რომ დაპირისპირებით ქვეყანა კიდევ უფრო გავერანდებოდა და, მაგრამ რეალურად, კონფლიქტის გაღვივებას უწყობდა ხელს4.
იმერეთში განვითარებული მღელვარების ჩასაცხრობად ნიკო დადიანი რუსეთს ჰპირდებოდა, რიონით 50 ჯარისკაცისა და ერთი ქვემეხის მარნამდე გადატანას, სადაც მათ ელოდებოდა 200-მდე სამეგრელოდან გამოგზავნილი ლაშქარი5.
სამწუხაროა ის გარემოება, რომ რუსეთის შემოსვლამდეც და მის შემდეგაც, ქართველი მეფე-მთავრები თავიანთი ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე, ერთმანეთს არ აკლებდნენ თავდასხმასა და აოხრებას, რაც იმთავითვე რუსეთის პოზიციებს აძლიერებდა.
1807 წლის შემოდგომაზე როგორც იმერეთის ხელისუფლება, ისე რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელები ინფორმირებულები იყვნენ რუსეთ-საფრანგეთ-თურქეთის მოლაპარაკებების შესახებ.
სოლომონ მეფე წერდა რუსეთის ხელისუფლებას, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთის, საფრანგეთისა და ინგლისის ელჩები ოსმალეთის სულთანთან იმყოფებოდნენ და მოილაპარაკეს, იმერეთი და ყირიმის ნახევარკუნძული კვლავ სულთნის განკარგულების ქვეშ გადასულიყო. თითქოს ყირიმში ოსმალეთს უკვე დანიშნული ჰყავდა თავისი ხანი, ხოლო შუშაში, განჯაში, თბილისსა და ყულევში მდგარი რუსების ჯარი დერბენდში უნდა შეკრებილიყვნენ და რუსეთში დაბრუნდებოდნენ6.
1. АКАК, т. 3, стр. 115; 121
2. АКАК, т. 3, стр. 117
3. АКАК, т. 3, стр. 122-123
4. АКАК, т. 3, стр. 129
5. АКАК, т. 3, стр. 132
6. АКАК, т. 3, стр. 142
საყურადღებოა გუდოვიჩის 1807 წლის 3 სექტემბრის წერილის შინაარსი, რომელშიც რუსი გენერალი ერთგვარ შეგონებას აძლევდა სოლომონ მეორეს იმ პერიოდში შექმნილი საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე. მისი სიტყვებით, ოსმალეთი დროის მცირე პერიოდში შეუერთდებოდა რუსეთსა და საფრანგეთს შორის დადებულ ხელშეკრულებას. გენერლის სიტყვებიდან ჩანს, რომ იმერეთის საკითხის განხილვა დიდი ქვეყნების დიპლომატიური მოლაპარაკებისას და სამეფოს ოსმალეთის გავლენის ქვეშ დატოვება პრაქტიკულად გამორიცხული იყო1.
თავის მხრივ სოლომონ მეორე კვლავინდებურად ითხოვდა, რუსეთის ჯარები გაეყვანათ ქუთაისიდან. ფაქტია, რომ რუსის ჯარის ქუთაისიდან გაყვანით, მას მეტი მოქმედების საშუალება მიეცემოდა რუსეთის წინააღმდეგ გამოსასვლელად2. იმ პერიოდის საერთაშორისო ვითარების ისტორიის გაცნობისას შეიძლება დავასკვნათ, რომ არც იმერეთის მეფე და არც გუდოვიჩი, არ იყვნენ ბოლომდე გარკვეულნი გლობალური პოლიტიკის საკითხებში. 1807 წლის 9 ივლისის საფრანგეთსა და რუსეთს შორის დადებული ტილზიტის ზავით, იმ შემთხვევაში თუ თურქეთი სამი თვის განმავლობაში არ ჩაერთვებოდა მოლაპარაკების პროცესში, ნაპოლეონი იღებდა ვალდებულებას, რომ რუსეთთან ერთად დაიწყებდა თურქეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებას ე.წ „ევროპული თურქეთის (რუმელიისა და კონსტანტინოპოლის) გასათავისუფლებლად.
იმპერატორი ალექსანდრე პირველი და რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელი რუმიანცევი იმედოვნებდნენ, რომ შეძლებდნენ საფრანგეთის გადმობირებას ოსმალეთის იმპერიის დაყოფის საკითხში. თუმცა რუმიანცევის მოლაპარაკება, ფრანგ დიპლომატთან კოლენკურთან ოსმალეთის დანაწილებასთან დაკავშირებით უშედეგოდ დასრულდა3.
1. АКАК, т. 3, стр. 139;141
2. АКАК, т. 3, стр. 143
3. Пичет В., Международная политика России после Тильзита, в книге:Отечественная война и Русское общество» 1812-1912, т. 3, стр. 9-10.
ნაპოლეონის პოლიტიკური სვლა ასევე ითვალისწინებდა თურქეთისა და რუსეთის ყოველგვარი პოლიტიკური კავშირის გაწყვეტას და მესამე კოალიციაში შემავალ სახელმწიფოებთან ერთად საფრანგეთის ირგვლივ გაერთიანებას. ამ დავალებით 1806 წელს დიპლომატი სებასტიანი ოსმალეთის კარზე იქნა მივლინებული1.
საფრანგეთის ახალმა სამხედრო-პოლიტიკურმა წარმატებებმა, მნიშვნელოვნად აამაღლა ამ ქვეყნის ავტორიტეტი საერთაშორისო არენაზე. საფრანგეთის ზეწოლის შედეგად, ოსმალეთმა დაარღვია რუსეთ-საფრანგეთის 1805 წლის 23 სექტემბრის საიდუმლო ხელშეკრულება და რუსეთის სამხედრო გემებს უარი ეთქვათ თურქეთის სრუტეებით სარგებლობაზე. რეის-ეფენდი 1806 წლის 20 აპრილის ნოტით აცნობებდა დიპლომატ იტალინსკის, რუსეთის ხელისუფლებისათვის ეცნობებინა სულთნის პოლიტიკური გადაწყვეტილება2.
1807 წლის ნოემბერში მაიორი მოიზა ატყობინებდა გენერალ რიკჰოფს, რომ 1000-მდე ლეკი ახალციხეში იყო დაბინავებული. რომლებსაც იმერეთის მეფე თხოვდა, დახმარებოდნენ მას ყულევსა და ოდიშზე თავდასხმაში. ლეკები მძევლად ითხოვდნენ 3 თავადს წერეთლების საგვარეულოდან, ასევე წულუკიძესა და აგიაშვილს. აცხადებდნენ, რომ მათი მძევლად ჩაბარების შემთხვევაში, იმერეთში დასახმარებლად გამოემართებოდნენ3.
1. Новичев А, История Турции, т. 3, стр. 78
2. Горянов С., Босфор и Дарданелли, СПБ, 1907, стр. 7-8 (შემდეგ ასე: Горянов С., Босфор и Дарданелли)
3. АКАК, т. 3, стр. 143
1807 წლის დეკემბერში ახალციხეც არეულობამ მოიცვა. ფაშასა და მის შვილს შორის დაპირისპირებამ აიძულა შვილი თავი ჭანეთს შეეფარებინა. ჭანეთის მმართველმა სული-ბეკისგან შეაგროვა 6000-მდე ჯარი ახალციხის დასარბევად. ახალციხის ფაშამ, მისი შვილის დასასჯელად 10000-იანი ჯარი გაგზავნა ჭანეთისკენ და გადაწვა იქაურობა. საომარ მოქმედებას ახალციხის ფაშას მხრიდან შეეწირა 200 ადამიანი, ხოლო ფაშას შვილის მომხრეებიდან 100 მებრძოლი დაიღუპა1.
1808 წლის იანვრიდან კონფრონტაცია იმერეთის მეფესა და რუსეთს შორის ღია სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდა. 8 იანვარს, ახალციხის ფაშას ჯარის ნაწილები თავლივაკეში განთავსდნენ. მათ გადაკეტეს ახალციხესა და იმერეთს შორის სავალი გზები. ახალციხისკენ მიმავალი გზა ასევე იმერეთის მეფის მხრიდანაც ჩაკეტილ იქნა. გადაადგილება აეკრძალათ ასევე იმერეთის ვაჭრებსაც. თავადებსა და დიდებულებს ებრძანათ ყოფილიყვნენ მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში. შექმნილ ვითარებაში თავდაცვის მიზნით ქუთაისის მოსახლეობა მიუვალ ადგილებში გაიხიზნა.თავიანთი პოზიციები გაამაგრეს ასევე რუსმა სამხედროებმა, რომლებმაც მზადყოფნაში მოიყვანეს ეგერთა ერთი ბატალიონი ორი ქვემეხითურთ, რათა საჭიროების შემთხვევაში დაძრულიყვნენ სურამიდან ქუთაისისკენ2. ფოთის ციხეში განლაგებული თურქთა რაზმი დუზჩუ-ოღლის მეთაურობით, დღედღეზე აპირებდა რედუტ-კალეზე თავდასხმას3.
1. АКАК, т. 3, стр. 145
2. АКАК, т. 3, стр. 146-147
3. АКАК, т. 3, стр. 155
1808 წლის თებერვალში იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა შეიმუშავა სპეციალური რესკრიპტი, რომლის მიხედვით გენერალ გუდოვიჩს ევალებოდა შემდეგი: ა) იმერეთის მეფე სოლომონი კონსტანტინესთან ერთად გაეცილებინათ რუსეთში. დაეფარათ მისი გზის ხარჯი ვორონეჟამდე, სადაც მას დაენიშნებოდა ანაზღაურება იმ ოდენობით, რაც სხვა ქართველი სამეფო შთამომავლობის იყო განკუთვნილი. 2. სოლომონის რუსეთში გადასახლების შემდეგ იმერეთში უნდა დამყარებულიყო დროებითი მმართველობა, რომელსაც სათავეში თავად გუდოვიჩი და რუსეთის კართან დაახლოებული იმერეთის წარჩინებული თავადები ჩაუდგებოდნენ. 3. იმერეთის მთავარები, დიდებულები, სასულიერო პირები და რიგითი ხალხი კვლავინდებურად ძველ უფლებებში უნდა დარჩენილიყვნენ, რათა რუსეთის ქვეშევრდომობაში ყოფნით „უფრო ბედნიერად და დაცულად“ ეგრძნოთ თავი1.
საქართველოს მთავარსარდალმა გენერალმა გუდოვიჩმა 1808 წლის მარტში მიიღო იმპერატორის ახალი ბრძანება იმერეთში მეფის ხელისუფლების გაუქმებისა და იქ „დროებითი მმართველობის დამყარების შესახებ“. ამ ამოცანის განხორციელება დაემთხვა რუსეთ-ოსმალეთთან საომარი ოპერაციების განახლებას, კერძოდ კი ფოთისათვის ბრძოლას2.
ფოთის ციხის აღების დასახმარებლად სპეციალურად გაგზავნილ ჯარს, პოლკოვნიკ სიმონოვიჩის ხელმძღვანელობით, ფოთი აღებული დახვდათ, რის შემდეგ ეს პოლკი შეუდგა მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას - იმერეთის სამეფოს საბოლოოდ დაპყრობას და სოლომონ მეორის დატყვევებას.
დასავლეთ საქართველოში ჯარების საერთო სარდალს დ. ორბელიანს დავალებული ჰქონდა, რომ იმერეთის მეფე რუსეთის მომხრე თავად-აზნაურების მეშვეობით დაეპატიმრებინა. სოლომონ მეორეც ხედავდა შექმნილ ვითარებას და, თავის მხრივ, ყოველ ღონეს ხმარობდა, საკუთარი თავისა და სამეფო ხელისუფლების გადასარჩენად.
1. Российский военно-историчесский архив, ф. ВУА, д. 6176 на 22 листах, лл. -1-2об; (შემდეგ ასე: РГВИА) АКАК, т. 3, стр. 154
2. დუმბაძე მ., დასავლეთ საქართველო მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, გვ. 186
გენერალი ტორმასოვი ახლო ურთიერთობას ამყარებდა სახლთუხუცეს ზურაბ წერეთელთან. სამწუხაროდ, რეაქციული და გავლენიანი თავადი, რუსეთს მეფის დამორჩილების საშუალებებსაც კი კარნახობდა. მანვე მისცა რჩევა ტორმასოვს, რომ სოლომონზე ზეგავლენის მოსახდენად მიემართა იმერეთის ფეოდალებისთვის.
რუსეთის ახალი როტის შემოსვლამ, უფრო მეტ საგონებელსა და შიშში ჩააგდო იმერეთის მეფე. სოლომონი გურიასთან მოსაზღვრე მთებში, სოფელ მუხაკრუაში, გაიხიზნა. გურიელის დასჯის მიზნით, 1808 წლის 18 აპრილს სოლომონ მეორემ სიმონ წერეთელი 600-მდე ჯარით გაგზავნა გურიაში დავით გურიელის დასასჯელად. გურიელმა წინააღმდეგობა გაუწია იმერეთის ჯარს, როს შედეგად წერეთელი დამარცხებული დაბრუნდა უკან. საბრძოლო შეტაკებისას იმერლების მხრიდან 9 მეომარი დაიღუპა, 20-მდე კი დაიჭრა1.
1808 წლის 31 მაისს გუდოვიჩი წერდა სოლომონს, რომ იმერეთიდან ჯარის გაყვანა არც იდგა განხილვის საკითხად, რამდენადაც ქუთაისთან ჯარის განლაგებით ისინი იცავდნენ ქალაქს ახალციხის მხრიდან თავდასხმისაგან. საპასუხო წერილში სოლომონი წერდა, რომ ქუთაისს ახალციხის მხრიდან არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა. თურქების თავდასხმის საფრთხე მხოლოდ ქართლის მხრიდან იყო მოსალოდნელი2.
1. АКТЫ, т. 3, стр.159
2. AKAK, т. 3, стр. 161-162
სოლომონ მეორე დახმარების მისაღებად ოსებთან ურთიერთობასაც არ ერიდებოდა. ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, 1808 წლის აგვისტოს დასაწყისში, იმერეთის მეფემ და ზურაბ წერეთელმა ჯავის ხეობაში მცხოვრებ ოსებს გაუგზავნა მიმართვა, რომელშიც ითხოვდა დახმარებოდნენ რუსების წინააღმდეგ გამოსვლაში. როგორც ჩანს ჯავის ოსები დადებითად გამოეხმაურნენ ამ მოწოდებას და ვინმე პიბო ცხოვრებაშვილის მეშვეობით აცნობებდნენ თავიანთ დადებითი გამოხმაურების შესახებ1.
1808 წლის აგვისტოში ზურაბ წერეთელი და იმერეთის მეფე ვარციხესთან შეხვდნენ თურქეთის წარმომადგენელს ხალილ-აღას. ელჩი აცნობებდა იმერეთის წარმომადგენლებს, რომ მათი სურვილის შემთხვევაში, ოსმალეთის ხელისუფლება მზად იყო გამოეგზავნა სპეციალური სიმბოლოები: ხანჯალი, ქურქი და ფირმანი იმერეთის მეფის ხელისუფლების აღიარებისა და მხარდაჭერის გამოსახატავად. წარმოდგენილი ფაქტებით ნათლად ჩანს, რომ რუსეთის ერთგული ზურაბ წერეთელიც კი იმერეთის სამეფო ხელისუფლების შენარჩუნების მხარზე იყო. სოლომონ მეორისა და ზურაბ წერეთლის შეხვედრა თურქეთის ელჩთან უყურადღებოდ არ დარჩენილა რუსეთის წარმომადგენლებისათვის და მეფისგან სათანადო ახსნა-განმარტება მოითხოვეს. პასუხად სოლომონი არწმუნებდა, მართალია სულთნის კარისგან მას ჰქონდა შემოთავაზება მფარველობის ქვეშ ყოფნაზე, მაგრამ რუსეთთან ურთიერთობა მისთვის უმთავრესი იყო. იმ ფაქტსაც უსვამდა ხაზს, რომ რუსეთმა უკიდურესად დაამცირა სამეფოს მდგომარეობა და მათი მხრიდან არანაირი სიკეთის მოლოდინში არ იყო2.
1. AKAK, т. 3, стр. 163
2. AKAK, т. 3, стр. 164
1808 წლის 11 ოქტომბერს იმერეთის მეფე კვლავ გაემართა გურიის ასაღებად. მაგრამ ამჯერადაც უშედეგოდ. რუსეთმა დავით და ვახტანგ გურიელს გაუწიეს დახმარება. სოლომონ მეორის კი მოსთხოვეს, თავისი ჯარით უკან დაბრუნებულიყო. ბრძოლისას დანაკარგი იმერეთის მეომრების მხრიდან იყო. სოლომონ მეორე აღშფოთებას ვერ მალავდა და რუსეთს ადანაშაულებდა გურიის სეპარატისტი მთავრების მფარველობაში: „...ვინ წამართვა მეფობრივი თანამდებობა? თუ ყოვლადმოწყალე ხელმწიფე მართმევს ჩემს ქვეყანას...“1
რიკჰოფის გარდაცვალების შემდეგ, დასავლეთ საქართველოს დასამორჩილებლად გამოგზავნილი იქნა გენერალ-მაიორი თავადი ორბელიანი. გუდოვიჩის 1809 წლის 10 თებერვლის სპეციალური დოკუმენტით გენერალ ორბელიანს ევალებოდა ეხელმძღვანელა დასავლეთ საქართველოში განლაგებული რუსეთის ჯარისათვის 2.
1809 წლის 6 მაისს ტორმასოვი ბრძანებით საბოლოოდ გადაწყდა სოლომონ მეორის ქუთაისში შემოტყუებისა და შეპყრობის საკითხი3. სამეფოს არსებობის ამ კრიტიკულ პერიოდში, იმერეთის ფეოდალების უმრავლესობა მეფის მხარეზე აღმოჩნდა. უკმაყოფილება იზრდებოდა არა მხოლოდ ფეოდალთა წრის წარმომადგენლებში, არამედ ფართო მასებშიც. ყოველივე ამის გამო, ტორმასოვი საყვედურობდა ორბელიანს, რომ მან ვერ შეძლო იმერეთში რუსეთის მომხრეთა პარტიის შექმნა4.
1. AKAK, т. 3, стр. 169
2. AKAK, т. 3, стр. 171
3. Акты, собранные Кавказской археографической комиссией, том IV, Тифлис, 1870, стр. 195-196 (შემდეგ ასე: AKAK, т. 4) დუმბაძე მ., დასავლეთ საქართველო მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, გვ. 188
4. AKAK, т. 4, стр. 199-200; დუმბაძე მ., დასავლეთ საქართველო მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, გვ. 189
რუსეთის მიერ პატივაყრილი იმერეთის მეფე ეძებდა არსებული ვითარებიდან გამოსავლის ახალ გზებს და მაჰმადიანურ ქვეყნებთან ამყარებდა ურთიერთობას. ეს ფაქტი კარგად ჩანს ერევნის ხან ხუსეინისადმი 1809 წლის თებერვალში მიწერილი წერილიდან. სოლომონი იუწყებოდა, რომ მას შეეძლო 30 ათასამდე ჯარის გამოყვანა და უკანასკნელი წვეთი სისხლის დაღვარა ქვეყნისათვის. სოლომონი უფრო მასშტაბური გეგმით გამოდიოდა. სთავაზობდა ასევე, რომ მისი ბიძის ალექსანდრე ბატონიშვილის [ალექსანდრე მირზა] ხელით გაეგზავნათ წერილი ჩილდირის ვალთან სელიმ-ფაშასთან, რათა თავისი სამხედრო ძალითა და ლეკებითურთ გაეწიათ მათთვის დახმარება. იმ შემთხვევაში, თუ სპარსელები განახორციელებდნენ წინააღმდეგობის გაწევას თბილისზე, ყოველგვარი პრობლემა იქნებოდა მოხსნილი. სოლომონის ერთადერთი თხოვნა მდგომარეობდა, რომ რუსებისაგან თავის დაღწევის შემთხვევაში არ დავიწყებოდათ იმერეთის მეფის ღვაწლი და დაეფასებინათ ის სათანადოდ1.
ფოთის ციხის აღების შემდეგ გენერალი ორბელიანი იმერეთიდან გაიწვიეს. რომლის შემდეგ, იმერეთის მეფის შეპყრობის საქმეს გენერალი სიმონოვიჩი თაოსნობდა. სიმონოვიჩს თან გამოაყოლეს დაქირავებული აბრაგული რაზმი ასლან-ბეის (ყაზი-ყუმუხის ძმიშვილის) მეთაურობით. მიუხედავად ამ განწყობისა, სემიონოვიჩი დარწმუნდა, რომ ფეოდალური საზოგადოება მეფეს მტკიცედ უჭერდა მხარს. ცარიზმის ერთგული ზურაბ წერეთელიც კი არ იყო სამეფო ხელისუფლების გაუქმების მომხრე2.
იმერეთის სამეფოს ხელისუფლების ლიკვიდაციისათვის, რუსეთის მთავრობამ ფეოდალური შუღლის ჩამოგდება სცადა3. მართალია, დადიანმა და გურიელმა არაფერი დაიშურეს იმერეთის მეფის წინააღმდეგ გამოსასვლელად, მაგრამ სოლომონი ქუთაისში მაინც ვერ შეიტყუეს. სოლომონ ლიონიძე, რომელიც იმერეთის მეფისა და მოგილევსკის შეხვედრებს ესწრებოდა, ამხილა კიდეც რუსეთის დამპყრობლური გეგმები, რის გამო მოლაპარაკებამ უშედეგოდ ჩაიარა.
1. AKAK, т. 4, стр. 174
2. დუმბაძე მ., დასავლეთ საქართველო მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, გვ. 190
3. AKAK, т. 4, стр. 217-218; დუმბაძე მ., დასავლეთ საქართველო მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, გვ. 191
ამ პერიოდში გურიელი და დადიანი თავიანთი ჯარებით იმერეთს მოადგნენ. 1810 წლის 20 თებერვალს ქუთაისის ეკლესიებში გამოქვეყნდა გენერალი ტორმასოვის მოწოდება სოლომონ მეორის ხელისუფლების გაუქმების შესახებ. რუსეთის ძალები ქართლიდან, ქუთაისიდან, სამეგრელოდან და ლეჩხუმიდან სათანადო ადგილას განთავსდნენ, რათა ვარციხეში განთავსებული სოლომონის 4000-იანი ჯარის ყურადღება გაეფანტათ. იმერეთის ჯარები განლაგებული იყო გაუვალ ტყეებსა და ჭაობში, რიონის გაუვალ ჭალებში, ყვირილასა და ხანის ხეობაში. აღნიშნული მდგომარეობის გამო, იმერეთის მოსახლეობა იძულებული იყო წინააღმდეგობის გასაწევად სიმაგრეებში განთავსებულიყო, მაგრამ ძირითადი ნაწილი, ხედავდა რა წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა, რუსეთის ერთგულების ფიცს დებდა1.
იმავე დღეს, ქუთაისში, რუსებმა იმპერატორის სახელით პროკლამაცია გაავრცელეს, რომელშიც გამოცხადებული იყო ინფორმაცია იმერეთის სამეფოს საბოლოოდ გაუქმებისა მისი რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლის შესახებ. რუსეთის ჯარის ოფიცრებმა: მაიორებმა უშაკოვმა, შელკაჩევმა და კაპიტანმა ტიტოვმა განსაკუთრებული ჯარის ნაწილებით, დაიკავეს სტრატეგიული ადგილები - მაღლაკის, ჩხარისა და ჯიხაიშის ციხე-სიმაგრეები. ბელიავსკის ჯარმა კი ოკრიბა და რაჭა, ხოლო გედრიმოვიჩმა – საჯავახო2.
1. РГВИА, ф. ВУА. №6183, л. 58 об
2. РГВИА, ф. ВУА. №6183, л. 58 об, აქტი, ტ. 4, გვ. 247
სემიონოვიჩის სწრაფი გადასვლა რიონის მეორე მხარეზე, მოულოდნელი იყო იმერეთის მეფისთვის. სოლომონმა ვარციხე დატოვა და ბაღდათში გადავიდა. ბოლოს კი ხანოს ხეობაში გამაგრდა. ამ გზით იგი ცდილობდა ხეობის დატოვებას და ახალციხეში გადასვლას, რაც ვერ განახორციელა. იმერეთის მეფე იძულებული გახდა კვლავ მოლაპარაკება გაემართა სემიონოვიჩთან. შეხვედრისას სოლომონი აცხადებდა, რომ იგი არ იქნებოდა საშიში რუსეთის ხელისუფლებისათვის და ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მზად იყო გამგზავრებულიყო თბილისში, რათა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობისაგან პატიება მიეღო 1.
ხანოს ხეობიდან სემიონოვიჩი 500 მეომრითა და კაზაკით ქართლში გადავიდა, რათა იმერეთის მეფე სოფელ დირიდან ოსეთში არ გადასულიყო. გორში 100-მდე სოლომონის მომხრე იმერეთის დიდებულმა კვლავ რუსეთის მფარველობაზე დადო ფიცი, რის შემდეგ თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ. თავად სოლომონი თბილისში გააგზავნეს, სადაც მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ იქნა აყვანილი. იმერეთის მეფე რუსებისგან ითხოვდა 1000 მანეთს ყოველთვიურად, ვიდრე ხელმწიფისგან არ მიიღებდა ოფიციალურ შეწყალებას. გარდა ამისა იმერეთის მეფე ითხოვდა იმერეთის ტახტზე დაბრუნებას. იმ შემთხვევაში, თუ ეს წინადადება მიუღებელი იქნებოდა იმპერატორისთვის, სიკვდილამდე მაინც მიეცათ ცხოვრების უფლება იმ მიწაზე, სადაც მისი წინაპრები განისვენებდნენ2.
რუსეთის წარმომადგენლები ამ აზრს საერთოდ არ იზიარებდნენ, რადგან მათი აზრით, სოლომონ მეორე მათთვის ყოველთვის იქნებოდა დესტაბილიზაციის წყარო. ისინი შუამდგომლობდნენ იმპერატორთან, რომ იმერეთის მეფე რუსეთის რომელიმე გუბერნიაში გადაესახლებინათ და მიეცათ მისთვის კარგი ანაზღაურება და სათანადო საცხოვრებელი პირობები3.
1. AKAK, т. 4, стр. 248
2. AKAK, т. 4, стр. 249
3. AKAK, т. 4, стр. 249
იმერეთის მეფე ხანის ხეობაში დადგა. იქ მან გენერალი სიმონოვიჩი და მოგილევსკი მიიღო. მათ შეძლეს მეფის მოტყუება და დაითანხმეს საქართველოს მთავარსარდალთან შეხვედრაზე. რუსმა გენერლებმა საჯაროდ დაიფიცეს, მეფეს არ შეიპყრობდნენ, მას მეფური პატივისცემით მიიღებდნენ და მთავარსარდალთან შეხვედრის შემდეგ უკან გამოისტუმრებდნენ. იმერეთის მეფე მაინც იკავებდა თადარიგს და შეხვედრის წინა დღეს თავისი უახლოესი მოხელეები ლიონიძე და მალხაზ ანდრონიკაშვილი ახალციხეში საიდუმლოდ გააგზავნა, რათა შარიფ ფაშისგანს საჭიროების შემთხვევაში ჯარი მიეღო.
რუსეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება 8 დღის განმავლობაში გრძელდებოდა. სოლომონ მეორე ცდილობდა დრო გაზაფხულამდე გაეყვანა, რადგან გაზაფხულის დაბურული ბუნების ფონზე საბრძოლო მოქმედების დაწყება უფრო მოსახერხებელი იქნებოდა1. იმერეთის სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად, რუსის ჯარის შეუერთდა ასევე ლევან დადიანისა და მამია გურიელის 3000-იანი ჯარი2.
რუსეთის მთავარსარდალმა არ გაუწია ანგარიში საჯაროდ დადებულ ფიცს და 1810 წლის 1 აპრილს მეფე დაატყვევა3. სოლომონი თბილისში იქნა გადმოყვანილი და მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ დაბინავებულ იქნა თავად ნონია სუმბათაშვილის სახლში4.
1810 წლის 11 მაისს, როგორც გენერალი ახვერდოვი ატყობინებდა ტორმასოვს, სოლომონის გაპარვის შესახებ, როგორც ჩანს, სადილის შემდეგ დასაძინებლად წასული მეფე, ღამით გაიპარა იმ კარიდან, სადაც ყარაული არ იდგა5. მათ, ვისაც ევალებოდა სოლომონის ზედამხედველობა, პირიქით, სოლომონის მხარეზე აღმოჩნდნენ და იმერლებს გასაქცევად ცხენები შეაშველეს.
1. AKAK, т. 4, стр. 445, დუმბაძე მ., დასავლეთ საქართველო მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში, გვ. 191-192
2. AKAK, т. 4, стр. 248
3. AKAK, т. 4, стр. 239
4. РГВИА, ф. ВУА. №6183, л. 58
5. AKAK, т. 4, стр. 264
გაქცეული სოლომონი მის თანმხლებ პირებთან ერთად (ქაიხოსრო, როსტომ და სიმონ წერეთელებთან, გრიგორ და დავით ერისთავებთან და თავად გაბაშვილთან – სულ 23 მხლებელთან ერთად) ტაბახმელასთან მდგარმა მეციხოვნეებმა შეამჩნიეს. სოლომონის ერთ-ერთი მხლებელი დაჭრილი იქნა. ხელისუფლების ბრძანებით, ყველა მხრით გადაკეტილ იქნა ახალციხისკენ მიმავალი გზები. სოლომონის ახალციხეში თავშესაფრის მიუღებლობის შემთხვევაში, ფრთხილობდნენ იმერეთის მეფეს სპარსეთში არ გახიზნულიყო1.
სოლომონ მეორის გაქცევა დიდი თავსატეხი გახდა რუსეთისათვის. 1810 წლის 22 აგვისტოს იმპერატორი ალექსანდრე პირველის ბრძანებით, ყარაულის უფროსს პოლიცმეისტერ ბარათაშვილს ჩამოერთვა თავადობა და რიგით ჯარისკაცებად იქნა გაყვანილი. თავადობა ჩამოერთვა ასევე სახელმწიფო ექსპედიციის მრჩეველს ნონია სუმბათაშვილს, რომელიც გარკვეული ხნის განმავლობაში პატიმრობაშიც იმყოფებოდა2. სასჯელის უმაღლესი ზომით, სიკვდილით დასაჯეს ციხის ასეულის მეთაურები: ფალავანდიშვილი, პენტელოვი, ავთანდილოვი და ათეულის მეთაური ერივანსკი3.
სოლომონის გაქცევის შემდეგ, ტორმასოვი მიმართავდა ქუთაისის მიტროპოლიტსა და გელათისა და ნიკორწმინდის მთავარეპისკოპოსებს, რომ გაქცეული მეფის იმერეთში დაბრუნების შემთხვევაში ისინი პასუხისმგებელნი იქნებოდნენ4.
1. AKAK, т. 4, стр. 266
2. РГВИА, ф. ВУА, д. 6176, л. 13. AKAK, т. 4, стр. 342-343
3. РГВИА, ф. ВУА. №6183, л. 137
4. AKAK, т. 4, стр. 267; 270
1810 წლის 17 მაისს სოლომონ მეორე სწერდა გაენათის მიტროპოლიტს ექვთიმეს, რომ მან მხოლოდ მაშინ მიიღო გაქცევის გადაწყვეტილება, როდესაც თანხმობის გარეშე გადაწყვიტეს მისი რუსეთში გადასახლება. იმერეთის მეფე სთხოვდა მიტროპოლიტს, რომ დახმარებოდა მეფეს იმერეთის ტახტის დაბრუნებაში. სოლომონის წერილში ჩანდა უკიდურესად ნეგატიური დამოკიდებულება რუსეთის ხელისუფლებისადმი: „... მაგრამ ვიცი და თქვენც ხედავთ, რომ როგორც სხვა თქვენი მეზობელნი იმათს ხელში უნუგეშოდ კვნესიან, და დღე და დღე ოჯახის პატივიდამ მდაბლდებიან, სახლისა და ცოლ-შვილის უპატიობისათვის სიკვდილს ნატრულობენ, თუ იმერეთის დამორჩილებაზე გულდასმულნი შეიქნენ, მერე უმწარესი და ყოველს მეზობელზე უძნელესი დღე იმერეთს მოადგება, და რომელსაც დღეს ოქროს აძლევენ, ხვალ მათის ოჯახის საცხოვრებელსაც წაართმევენ; დღეს რომ პატივსცემენ, ხვალ ყოვლის ქვეყნისაგან იმერეთში უმეტესად დაკრძალულს ცოლ-შვილის პატიოსნებას, უპატიოდ გახდიან...“.
იმერეთის მეფე მოუწოდებდა იმერეთის საზოგადოებას, მხარი დაეჭირათ სამეფო ხელისუფლების აღსადგენად: „ნუ დაიდებთ საუკუნოდ საძრახისს საქმეს და ნუ დაიღუპებით ქართლსავით, რომელნიც სულიერად დიდ პარასკევს ხორცს სჭამენ და ხორციელად გატანჯულნი სიკვდილს ნატრულობენ“1.
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, 1810 წლის 23 მაისს სოლომონ მეფე სწერდა სახლთუხუცესს ზურაბ წერეთელს. წერილში მეფე გამოხატავდა ნდობასა და პატივისცემას სახლთუხუცესისა და მისი ოჯახისადმი. თან სთხოვდა დახმარებას დაპირისპირებისა და სისხლისღვრის გარეშე იმერეთში დასაბრუნებლად.
1. AKAK, т. 4, стр. 268-269
2. РГВИА, ф. ВУА, д. 6176. л. 10
წერეთელი დადებითად გამოეხმაურა სოლომონის თხოვნას და 1810 წლის 28 მაისს შუამდგომლობდა გენერალ ტორმასოვის წინაშე2. იგივე შინაარსის იყო სახლთუხუცესის წერილი დიმიტრი ორბელიანისადმი1. იმერეთის სახლთუხუცესის წერილებს არც ტორმასოვის და არც ორბელიანის მხრიდან შედეგი არ მოჰყოლია. პირიქით, დიმიტრი ორბელიანი გენერალ ტორმასოვს სთავაზობდა იმერეთიდან ტახტის გაუქმებას2.
ფაქტია, რომ სოლომონ მეორე სამეფო ხელისუფლების დაბრუნებაზე იყო ორიენტირებული და ქვეყანაში დარჩენითა და დროის გაყვანით ცდილობდა ძალების მოკრებას. მან კარგად იცოდა რუსეთის მე-19 საუკუნის დასაწყისის რთული საგარეო პოლიტიკა და ცდილობდა ქვეყნის სასარგებლოდ ეს პოლიტიკური ვითარება გამოეყენებინა. ამ მიზნის მისაღწევად ის არ თაკილობდა ალიანსში შესულიყო მის მოწინააღმდეგე ძალებთანაც კი.
1810 წლის 20 ივნისს სოლომონ მეორე ახალციხიდან, 600-მდე ლეკის თანხლებით, ბაღდადის მხარეს ჩავიდა, სადაც მეფის მომხრე იმერლებიც შეუერთდნენ. ბაღდათიდან იგი ტყაჩირში გადავიდა და აგიაშვილის სასახლეში გაჩერდა. ხალხის მობილიზაცია იმერეთის მეფის ჩასვლამდე იყო დაწყებული და ციხე-სიმაგრეებში გამაგრებულ 2000-მდე მებრძოლს მოეყარა თავი3.
20 ივნისს სოფელ საქარის ტყეში ქაიხოსრო აბაშიძის მეთაურობით 200-მდე აჯანყებული იმერელი შეიკრიბა. იმპერიის ხელისუფლებამ აჯანყების ჩასახშობად მაიორი კალატოზოვი გაგზავნა ორი ასეულითა და ქვემეხით. აჯანყებულებმა დაამარცხეს რუსების რაზმი. თავად კალატოზოვი კი მოკლულ იქნა. სიმონოვიჩი არაფერს ერიდებოდა აჯანყებულთა დასასჯელად, მაგრამ აჯანყება დღითიდღე ძლიერდებოდა. რუსის ჯარს არ აღმოაჩნდა საკმარისი სამხედრო ძალა და დახმარების ოდიშიდან მიღება გახდა საჭირო.
1. AKAK, т. 4, стр. 227
2. AKAK, т. 4, стр. 277-278
3. გონიკაშვილი მ., იმერეთი მე-18-19 საუკუნის მიჯნაზე, გვ. 172-173
8 ივლისს ორბელიანის შენაერთებმა ელაზნაურს მიაღწიეს. აჯანყებულთა დიდმა ნაწილმა თავი მარელისში მოიყარა. ორბელიანმა ვერ განახორციელა იერიში იმერლების წინააღმდეგ. აჯანყებულებმა ზიანი მიაყენებს ტიხოცის შენაერთებს. დამპალასთან ოთხი დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შეიარაღებული ბრძოლა იმერლებსა და რუსის ჯარებს შორის1.
1810 წლის ივლისში სოლომონ მეორის დასახმარებლად 12500-მდე კაცმა მოიყარა თავი. იმერეთის მეფის მხარეზე დადგა რაჭის ერისთავების ნაწილი. ხოლო საწერეთლოდან სოლომონის დასახმარებლად თითქმის არავინ გამოსულა, რადგან დავით მიტროპოლიტი და ზურაბ წერეთელი შვილებითურთ რუსეთის მიერ იყვნენ მოსყიდულნი2. ორბელიანის შემუშავებული გეგმით, 12 ივლისს ორბელიანის ჯარის ნაწილები შეტევაზე უნდა გადასულიყვნენ. მაგრამ აჯანყებულების მიერ გადაღობილმა გზებმა გენერალი აიძულეს უკან დაბრუნებულიყო. 1810 წლის 6-დან 12 ივლისამდე ბრძოლებში რუსების შენაერთებმა დაღუპული და დაჭრილის სახით 117 მებრძოლი დაკარგეს. დიდი ზიანი განიცადა არტილერიამ და საცხენოსნო პოლკმა. ზარალი დიდი იყო ასევე იმერლების მხრიდანაც. ადგილობრივი მოსახლეობა დარწმუნდა, რომ ცარიზმის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მაინც უძლური იყვნენ3.
18 ივლისს თავგანწირული ბრძოლის მიუხედავად, აჯანყებულთა ჯარმა მოლითს მიაღწია. გააფთრებული ბრძოლის შემდეგ, რუსებმა მდინარე მოლითი გადალახეს და ზედუბანში დაბანაკდნენ. ტორმასოვი უკმაყოფილო იყო ორბელიანის მოქმედებით, რის გამო იგი გადაყენებულ იქნა მთავარსარდლობიდან. ორბელიანის ადგილი გენერალ-ლეიტენენტ როზენმა დაიკავა.
1. გონიკაშვილი მ., იმერეთი მე-18-19 საუკუნის მიჯნაზე, გვ.178-180
2. გონიკაშვილი მ., იმერეთი მე-18-19 საუკუნის მიჯნაზე, გვ. 179
3. გონიკაშვილი მ., იმერეთი მე-18-19 საუკუნის მიჯნაზე, გვ. 183
1810 წლის 22 ივლისს გამართა ბრძოლა ჩხერის ციხესიმაგრესთან. ქართველებმა სამწუხაროდ ვერ შეძლეს სამხედრო პოზიციის შენარჩუნება. ორსაათიანი ბრძოლის შემდეგ აჯანყებულები უკუიქცნენ. რუსებმა ჩხერი დაიკავეს და განაგრძეს წინსვლა. უშედეგოდ დასრულდა ასევე იმერეთის აჯანყებულთა შეტაკება ცხრაწყაროს ეკლესიასთან. 27 ივლისს რუსებმა გადალახა მდინარე ყვირილა და სიმონეთში შევიდნენ. რუსის ჯარის ნაწილები გაუვალი და ჩახერგილი გზებით ქუთაისისკენ დაიძრნენ. მეფის მომხრე 7000-იანი ჯარი ქაიხოსრო წერეთლისა და იმერეთის თავადების ხელმძღვანელობით, ქუთაისისკენ მიმავალ გზაზე არსებულ სიმაღლეზე გამაგრდნენ. იმერლები მდ. ჭიშურასთან ცდილობდნენ პოზიციის შენარჩუნებას. ქაიხოსრო წერეთლის ლაშქარი ოთხი საათის განმავლობაში იცავდა თავის პოზიციებს. ხელჩართულ ომში იმერლებმა მოკლულთა და დაჭრილთა სახით 200-მდე ადამიანი დაკარგა. ამავე ბრძოლაში გარდაიცვალა სულეიმან ბეი (გონიკაშვილი მ. გვ. 185-188).
1810 წლის 29 ივლისს როზენი ქუთაისში შევიდა. რუსის ჯარი 5 ასეულითა და 50 კაზაკით, გელათის მონასტრისკენ დაიძრა. მოწინააღმდეგის წინსვლამ სოლომონი აიძულა მაღლაკიდან წასულიყო. ტყაჩირის სიმაგრის დასაცავად იმერლები თავგანწირვით იბრძოდნენ. მაიორმა პრიბილევსკიმ გელათის ირგვლივ მიმდებარე სოფლები დაიმორჩილა და 4 აგვისტოს სოფ. რიონს მიადგა. რიონთან ბრძოლაში თავად სოლომონიც მონაწილეობდა. მებრძოლები ერთმანეთს ხიშტებით ებრძოდნენ. რუსების მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი ჯარის დასახმარებლად როზენმა ორი ასეული გაგზავნა კაპიტან კულიკოვის მეთაურობით1. ბრძოლა გაგრძელდა ნაგორევის მიმართულებით. ძალთა არათანაბრობის გამო აჯანყებულებმა ამჯერადაც ვერ შეძლეს მოწინააღმდეგის დამარცხება. მეფე იძულებული შეიქნა დაეტოვებინა ადგილი და ჯერ სოფ. ცუცხვათში, შემდეგ კი სოფ. გოქსში გაქცეულიყო. გოგსში ყოფნისას სოლომონს აცნობებდნენ, რომ ბაბა ხანს თბილისისკენ ჰქონდა გეზი აღებული და ქსნის, ქართლისა და არაგვის ხეობის მცხოვრებნი რუსეთის წინააღმდეგ იყვნენ გამოსულნი2.
სოფელ გოქსიდან სოლომონ მეორემ მიტროპოლიტი დავითი სიმონოვიჩთან გაგზავნა და რუსეთის ხელისუფლებას პატიებას თხოვდა. ამ შემთხვევაშიც სოლომონი დროს გაყვანას ცდილობდა. სოლომონის თხოვნას ამ შემთხვევაშიც არ გაეწია ანგარიში.
1810 წლის 10 აგვისტოს მოლაპარაკება გამართეს ოკრიბას თემის მაცხოვრებლებთან დამშვიდების თაობაზე. თავად აგიაშვილის სახლ-კარი კი ცეცხლს მისცეს. ოთხი დღე-ღამის განმავლობაში ტყედ გახიზნული მოსახლეობა თავის ოჯახებს დაუბრუნდა და ხელმეორედ მიიღეს რუსეთის იმპერატორის ერთგულების ფიცი.
1. გონიკაშვილი მ., იმერეთი მე-18-19 საუკუნის მიჯნაზე, გვ. 189-190
2. AKAK, т. 4, стр. 313
3. გონიკაშვილი მ., იმერეთი მე-18-19 საუკუნის მიჯნაზე, გვ. 190-191
რუსები მძიმე ტექნიკისა და დიდი რაოდენობის სამხედრო ძალის პირობებში აგრძელებდნენ წარმატებულ სვლას გაგის ხეობისა და მუხურასკენ3. სოლომონ მეორემ უკან დაბრუნებულზე რამდენიმე თავდასხმა მოაწყო რუსების პოზიციებზე. ამასობაში საქარაში 3000-მდე იმერელმა მოიყარა თავი, სადაც ბრძოლა 26 აგვისტოს გაიმართა. შეტაკება, სამწუხაროდ, ქართველებისათვის მარცხით დასრულდა, რომელსაც შეეწირა თავადი გიორგი წულუკიძე, 12 იმერელი აზნაური და 200-მდე გლეხი1.
აღნიშნული მოვლენების შედეგად, სვირის, საზანოს, არგვეთისა და საქარის მოსახლეობამ რუსეთის ერთგულების ფიცი მიიღეს. ზედიზედ განცდილი მარცხის გამო, იმერეთის ჯარმა დემორალიზაცია განიცადა და აჯანყებულებმა უკანდახევა იწყეს. თურქებმაც ბრძოლის ველი დატოვეს. ახალციხის რაზმმა ამ ბრძოლაში 400-მდე მეომარი დაკარგა2. რუსეთის მხრიდან შეეწირა სულ 116 ოფიცერი, ხოლო დაიჭრა 295 სამხედრო პირი3.
სოლომონ მეორე დასავლეთ საქართველოს დატოვებამდე ხანის ხეობაში იყო გამაგრებული. მასთან ერთად ხეობას თავს აფარებდა 1500 მაჰმადიანი ქართველი, ახალციხელ ოსმალთა 1500 კაცისგან შემდგარი რაზმი და 500 იმერელი მეომარი.
1810 წლის 23 სექტემბერს გენერალ სიმონოვიჩმა თავისი ჯარი სამ ნაწილად დაჰყო. პირველ და მეორე საჯარისო შენაერთს ხეობისთვის მარცხენა და მარჯვენა მხრიდან უნდა შემოევლო, მესამე კი პირდაპირ შეტევაზე უნდა გადასულიყო. იმერეთის მეფისთვის ნათელი იყო მოახლოებული უბედურება და ბრძოლის ველი დატოვა. თავის გადასარჩენად ის ახალციხეში გადავიდა. გაუვალი გზების გამო, რუსებმა ვერ შეძლეს მეფის შეპყრობა. სოლომონს ახალციხეში თან გაჰყვა 17 თავადი, 8 აზნაური თავიანთი ოჯახის წევრებითურთ, მღვდელი ნიკოლოზ დევდარიანი და 150 გლეხი. მათ მეფესთან ერთად განვლეს ცხოვრების მძიმე წლები და ბოლომდე თავიანთი ხელმწიფის ერთგული დარჩნენ. სოლომონის გარდაცვალების შემდეგ, თანმხლებთა უმრავლესობა იმერეთში დაბრუნდა, მცირე ნაწილმა კი ტრაპიზონში გააგრძელა ცხოვრება. დარჩენილებმა გვარები ბერძნულ ყაიდაზე - „ივერპულოდ“ გადაიკეთეს და ამ გვარით იყვნენ ცნობილნი მე-20 საუკუნის ოციან წლებამდე4.
ზემოაღნიშნული მოვლენების გაცნობის შედეგად სავსებით არასწორად მიგვაჩნია ისტორიკოს აბელ კიკვიძის შეფასება, იმერეთის მეფის ბრძოლის რეაქციული ხასიათისა და ამ ბრძოლაში გლეხთა სტიქიური აჯანყების გამოყენების შესახებ. აბსურდია ასევე მეცნიერის მოსაზრება, რომ ამ ბრძოლას არაფერი საერთო ჰქონდა სოლომონის პოლიტიკურ ორიენტაციასთან5.
რუსეთის ხელისუფლებისათვის სოლომონის გაქცევა მიუღებელი იყო. სოლომონის შესაპყრობად ან მოსაკლავად 2000 ჩერვონეცი იქნა დაწესებული. აჯანყების მეთაურთა უმეტესი ნაწილი შეპყრობილი და ციმბირში გადასახლებული იქნა. რაც შეეხება იმერეთის დედოფალს, მარიამ კაციას ასულ დადიანს, იგი სოლომონ მეორის დასთან მარიამ არჩილის ძესთან და მის ვაჟთან ერთად, იმავე წელს ვორონეჟში გადაასახლეს6.
1. AKAK, т. 4, стр. 329
2. გონიკაშვილი მ., იმერეთი მე-18-19 საუკუნის მიჯნაზე, გვ. 194-195
3. AKAK, т. 4, стр. 331
4. გონიკაშვილი მ., იმერეთი მე-18-19 საუკუნის მიჯნაზე, გვ. 195-196
5. კიკვიძე ა., საქართველოს ისტორია, გვ. 71
6. AKAK, т. 4, стр. გვ. 338
ახალციხეში გადასულმა სოლომონ მეორემ კვლავ აღძრა შუამდგომლობა თურქეთის სულთნის წინაშე დამხმარე ძალების მისაღებად, მაგრამ ტორმასოვმა დაასწრო და ჯარები შეუსია თვით საფაშოს. ამის შემდეგ, სოლომონმა ერევანს მიაშურა, საიდანაც ის ირანის შაჰს სთხოვდა დახმარებას, მაგრამ ირანიდანაც არანაირი დახმარება ჩანდა. სოლომონი კვლავ ახალციხეში დაბრუნდა. ახალციხესთან დაბანაკებულ ჯარებში შავი ჭირის გაჩენის გამო ტორმასოვმა ჯარი უკან გამოაბრუნა, ხოლო სოლომონს დესპანები გაუგზავნა და წინადადება მისცა, რომ დაეტოვებინა ახალციხის საფაშო. სოლომონმა ტორმასოვის წინადადება არ მიიღო1.
1811 წლის 25 აგვისტოს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა სპეციალური დოკუმენტი გამოსცა იმ პირთა ჩინ-მედლებითა და ფულადი თანხით დასაჯილდოებლად, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს იმერეთის მეფის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნაში. პირთა სია 116 ადამიანს მოიცავს2. მათი სახლების სრულად წარმოდგენა აქ შეუძლებელია, მათი გაცნობა შესაძლებელია ნაშრომის ბოლოს ჩვენს მიერ წარმოდგენილ დანართში. ეს არიან ის მოღალატე ქართველები, რომლებმაც ზურაბ წერეთლის მეთაურობით უარი თქვეს მრავალსაუკუნოვანი იმერეთის სამეფოს პოლიტიკურ არსებობაზე და რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის მხარეზე აღმოჩნდნენ.
მარიამ არჩილის ასული ვაჟითურთ, თავისი სურვილით, 1824 წელს საქართველოში დაბრუნდა და სოფელ ფხოველში დასახლდნენ. მარიამის შვილმა ივანე მალხაზის ძე ანდრონიკაშვილმა სამხედრო განათლება მიიღო და ნიჟეგოროდსკის პოლკში მსახურობდა. მარიამ არჩილის ძე თავისი ძმის ტრადიციებს აგრძელებდა და ვერ ურიგდებოდა რუსების ბატონობას საქართველოში. ის ასევე წინააღმდეგი იყო თავისი შვილის რუსეთის სამხედრო სამსახურში ყოფნისა და ეწინააღმდეგებოდა ივანეს. რაკი ვერაფერს გახდა, მარიამმა დატოვა ოჯახი და საქვეყნოდ ხატზე შეაჩვენა ერთადერთი ვაჟი და თავად კი ანჩისხატში გადავიდა საცხოვრებლად. ცოტა მოგვიანებით, ანჩისხატის მოძღვრის შუამავლობით, დედაშვილი შეარიგეს ერთმანეთს, მაგრამ მარიამის გული მაინც არ გამრთელებულა და სიცოცხლის ბოლომდე ანჩისხატში ცხოვრობდა, სადაც 1854 წელს გარდაიცვალა.
1. კიკვიძე ა., საქართველოს ისტორია, გვ. 71
2. РГВИА, ф. ВУА, д. 6176, на 22 листах, лл. 16-22 (об)
თავად ივანემ კარგი სამხედრო კარიერა გაიკეთა. ის დაჯილდოებული იყო კავალერიის გენერლის სამხედრო ჩინით. საბოლოოდ ივანემ თავი დაანება სამხედრო სამსახურს და საცხოვრებლად სოფელ ქოდალოში გადავიდა. როგორც ჩანს, სიცოცხლის ბოლო წლებში ის ამართლებდა დედამისის საქციელს და ამბობდა: „დედაჩემი მართალი იყო: ჩემის გულის წადილი ბოლოს მაინც ვერ ავასრულეო“. ივანე ანდრონიკაშვილი 1873 წელს გარდაიცვალა და დაკრძალეს ქოდალოს საგვარეულო ეკლესიაში1.
იმერეთის დედოფალი მარიამი კი ვორონეჟიდან გარკვეული ხნის მანძილზე ვორონეჟში იყო. მას ჩამორთმეული ქონების ნაცვლად წლიურ ჰონორარად 20000 მანეთი დაუნიშნეს. 1817 წელს დედოფალი მარიამი მოსკოვში გადადის, ხოლო 1818 წელს პეტერბურგში გადაასახლეს, სადაც სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ცხოვრობდა. დედოფლის პეტერბურგში ცხოვრების შესახებ მწირი ცნობები შემორჩა დღემდე.
იშვიათი გამონაკლისია კონსტანტინე ბოროზდინის თხზულება „იმერეთის დედოფალი მარიამი“, რომელიც 1903 წლის გაზეთ „ივერიის“ №189-190-ში იქნა გამოქვეყნებული. აღნიშნული თხზულება რუსულიდან ქართულად თარგმნილ იქნა ცნობილი ქართველი მეცნიერის სარგის კაკაბაძის მიერ, რომელიც ხშირად ს. დავითიანის ფსევდონიმით აქვეყნებდა ნაშრომებს. მართალია, ბოროზდინის თხზულება ტენდენციური ხასიათისაა, მაგრამ მასში ვხდებით მარიამ დედოფლის პირადი ცხოვრებას მრავალ საინტერესო დეტალს. ბოროზდინი წერს: „მეცხრამეტე საუკუნის დამდეგს, პირველ ათეულ წლებში, ლიტეინი პროსპექტისაკენ მიმავალ ქუჩაზე, განმარტოებულ ხის სახლში, როგორიც მაშინ ასე ბლომად იყო პეტერბურგს, ცხოვრობდა მოხუცი ქალი - იმერეთის დედოფალი მარიამი. თავის ცხოვრებას ის მშვიდად, სადად ატარებდა, სხვაგან ძვირად დადიოდა, ტანთ იცვამდა ეროვნულ ტანისამოსს და უკვე მოხუცის სახეზე, კარგად ჩანდა უწინდელი მისი გასაოცარი სილამაზის კვალი. დედოფლის შტატს შეადგენდა რამდენიმე მასთან დაახლოებული ქალ-ვაჟი, მოხუცი და ახალგაზრდა. ესენი დედოფალს მოჰყოლოდნენ შორეული სამშობლოდან და განსაკუთრებული პატივისცემითა და მოწიწებით ეპყრობოდნენ2.
თხზულებიდან ჩანს, მარიამ დედოფალი ყოველ კვირას, სასახლის კარეტით სალოცავად დადიოდა მახლობელ ეკლესიასა და ნეველის ლავრაში, ხოლო საუფლო დღესასწაულებსა და უქმე დღეებში ესწრებოდა სამეფო გამოსვლას და მეჯლისებს. მისი სადღესასწაულო ტანისამოსი ყოველთვის ერთნაირი იყო: თეთრი ატლასის კაბა, ასეთივე ოქრომკედით ნაკერი ქათიბი, რომლის ქვეშ მოჩანდა წმ. ეკატერინეს ორდენის ლენტი და ვარსკვლავი, ხოლო თავი მორთული ჰქონდა ძვირფასი ქვებით შემკული თავსაკრავისა და გრძელი ლეჩაქისაგან. იმერეთის დედოფალი დიდი პატივით სარგებლობდა საიმპერატორო კარზე. როგორც ბოროზდინი წერდა, რომ ხანში შესულ დედოფალს ძლიერ ეალერსებოდნენ სამეფო კარზე. მისდამი მოწყალებას იჩენდა ასევე იმპერატორიც. ხელმწიფე ხანდახან ერთ საათზე მეტს ხანს რჩებოდა მასთან სასაუბროდ და დედოფალი არასოდეს ივიწყებდა, თუ როგორ მოწყალედ და დაწვრილებით გამოიკითხავდა იმპერატორი მის ამბავს3.
1. პაპავა თ., დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში, თბ., 1990, გვ. 315-316 (შემდეგ ასე: პაპავა თ., დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში).
2. ივერია, 1903, #189
3. ივერია, 1903, #189
კონსტანტინე ბოროზდინის თხზულებაში წარმოდგენილია ერთი ფრიად საინტერესო მომენტი დედოფლის ცხოვრებიდან. როგორც ცნობილია, იმერეთის აჯანყების ჩახშობის შემდეგ, სოლომონ მეორის მომხრე აჯანყების მონაწილეთა ნაწილი ციმბირში გადაასახლეს, გადასახლებულთა შორის ერთ-ერთი იყო მეფის განსაკუთრებულად ერთგული გლეხი სალარიძე.
იმპერატორის ერთ-ერთი შეხვედრის დროს, დედოფალმა გადაწყვიტა განეცხადებინა ხელმწიფისათვის თავისი გულითადი თხოვნა: „ეხლა, რადგან ჩემი უბედური ქმარი მკვდარია, კეთილ ინებეთ ხელმწიფევ და უმოწყალესად მიაქციეთ ყურადღება იმ უბედურ გლეხს, რომელიც უკვე ათ წელიწადზე მეტია, რაც იტანჯება შორეულ ციმბირში, მართალია, ის იყო ჩემის ქმრის დამხმარე მოღალატეობაში, მაგრამ, ისეთი დამხმარე იყო, რომელიც დაუფიქრებლად თავის თავს სწირავდა მსხვერპლად თვის ბატონს განუსაზღვრელი ერთგულების გამო. მე ვიტანჯები იმისი უბედურის ბედით, ის ჩემთვის ძვირფასია და გადავწყვიტე, გთხოვოთ, ხელმწიფევ, მაპატიეთ და დააბრუნეთ აქ, ჩემთან, რათა შემეძლოს მისთვის ზრუნვა“.
ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე, დედოფალი დაემხო იმპერატორის ფეხის წინაშე, რამაც მასზე ძლიერ იმოქმედა. თავად იმპერატორსაც კი თვალებზე ცრემლები მოადგა, ააყენა დედოფალი და დახმარებას დაჰპირდა.
ამის შემდეგ, ხელმწიფე მალე გაეშურა პეტერბურგიდან თავისი იმპერიის შიდა გუბერნიისაკენ, ხოლო უბედური დედოფლის ცხოვრება, მისთვის ძვირფასი სარალიძის მოლოდინში, წინანდებურად წყნარად, ერთფეროვნებით მიდიოდა. თითქოს ამაოდ უცდიდა დედოფალი თავის ერთგულ გლეხს, მას შემდეგ, რაც მთავრობამ აუწყა, რომ სარალიძის კვალი ციმბირში დაკარგულიყო. ერთ წელზე მეტი ხნის ლოდინის შემდეგ, დედოფალმა უკვე იწყო შესანდობელ ლოცვაში ქმართან ერთად მისი მოხსენიება. ერთ მშვენიერ დღეს მარიამს მოახსენეს, რომ ვიღაც უბრალოდ ჩაცმულ მოხუცს სურდა დედოფლის ნახვა. რამეთუ კარგად იცნობდნენ დედოფლის გულკეთილობასა და ქველობას, ხშირად დადიოდნენ მასთან მნახველები შემწეობის სათხოვნელად. მარიამმაც იფიქრა, რომე ეს გლეხი ერთი ამისთაგანი იქნებოდა და ბრძანა, მისი შემოიყვანა. მოხუცი როგორც კი შემოვიდა, ერთის თვალის გადაკვრაც საკმაო იყო დედოფლისათვის, რომ ეცნო სარალიძე. ხმაამოუღებლივ მოეხვივნენ ერთმანეთს და დიდხანს ტიროდნენ. შეუძლებელია იმის აღწერა, თუ რამდენად სასიხარულო წუთები იყო ეს ორთავესათვის1.
ამ სიტყვებით ნათლად იკვეთება ის მაღალზნეობრივი თვისებები და იმერეთის დედოფლის ქალური კდემამოსილება, რითაც ის გამოირჩეოდა იმ პერიოდის რუსეთის არისტოკრატიისგან, რისთვისაც დიდ პატივისცემასა და სიყვარულს იმსახურებდა და იმსახურებს დღესაც.
საბოლოოდ მარიამ დედოფალი ვერ მოესწრო ვერც სამშობლოს ხილვას და ვერც საკუთარი მეუღლის გადმოსვენებას. იმერეთის დედოფალი 1841 წლის 18 მარტს გარდაიცვალა და დაკრძალულ იქნა ალექსანდრე ნეველის ლავრაში2.
ოთხთვიანი ბრძოლების შემდეგ სოლომონ მეორემ თავი ისევ ახალციხეს შეაფარა. დიდი პატივით, ღირსეულად შეხვდნენ მეფეს. სოლომონმა ისევ ხონთქარს მიმართა დახმარებისთვის, შემდეგ - ირანის შაჰს, მაგრამ ამაოდ. ხელმოცარულმა რამდენჯერმე გაუგზავნა თხოვნის წერილი საფრანგეთის იმპერატორ ნაპოლეონ I-ს. არც ამ წერილებს მოჰყოლია შედეგი3. ყოველი მხრიდან შეჭირვებული მეფე არზრუმში გადავიდა, სადაც სულთანმა მუდმივი ბინა მისცა საცხოვრებლად. მაგრამ ტორმასოვის მიერ მოსყიდულმა არზრუმის ფაშამ მეფის შევიწროება დაიწყო, რის გამო იმერეთის მეფე იძულებული იყო ტრაპიზონს გადასულიყო. იქაურმა ფაშამ, წარმოშობით ქართველმა ოსმან-ოღლიმ, დიდი პატივით მიღო იგი. ლტოლვილი მეფის ნუგეში და მესაიდუმლე ამ დროს მისი მოძღვარი იესე ყანჩაველი (წმიდა ილარიონ ქართველი) იყო4.
ტრაპიზონში სიცოცხლის ბოლო წლებში იმერეთის მეფის საქმიანობის შესახებ შედარებით მცირე ცნობებია. ჩვენამდე მოღწეული დოკუმენტებიდან კარგად ჩანს, იგი თურქეთში საპატიო ტყვის მდგომარეობაში ჩავარდა. აღმოსავლეთ ანატოლიის ფაშებისა და სერასქერებისაგან იმედგაცრუებულს, დახმარების მოლოდინით თავმობეზრებულ სოლომონს, ავადმყოფობის მიუხედავად, თავად განუზრახავს სტამბულში ჩასვლა, მაგრამ სულთნის კარზე გამგზავრება ვერ მოახერხა5. იგი ტრაპიზონში გარდაიცვალა 1815 წლის 15 თებერვალს. ქართველებმა იგი დამარხეს ბერძნების წმინდა გრიგოლის ეკლესიაში. იმერეთის მეფესთან მყოფი თანამებრძოლების ძირითადი ნაწილი კი სამშობლოში დაბრუნდა. რუსეთის ხელისუფლებამ პოლიტიკური მოსაზრებით მათ მამულები დაუბრუნა და ხელი აიღო რეპრესიებზე.
1. ივერია, 1903, #190
2. პაპავა თ., დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში, გვ.312; გონიკაშვილი მ., იმერეთი მე-18-19 საუკუნის მიჯნაზე, გვ. 197
3. იმერეთის მეფე სოლომონ II-ის წერილი საფრანგეთის მეფე ნაპოლეონ პირველისადმი (ახალციხე, 1810 წლის 20 ოქტომბერი). გამოაქვეყნა პროფ. ი. ტაბაღუამ] / სოლომონ II // საისტორიო ვერტიკალები. - , 2002. - N3. - გვ.136
4. კენკიშვილი კ., სამშობლოდან ლტოლვილმა სოლომონ II-მ უცხო მიწაზე დალია სული.
5. აბულაძე ც., ტრაპიზონის ფაშის სეიდ სულეიმანის წერილები სოლომონ მეორესთან / ცისანა აბულაძე // მრავალთავი / საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. - , 1971. - N1. - გვ. 403.
დროებითი მმართველობის დამყარება იმერეთში
1810 წლის 29 აპრილს დასავლეთ საქართველოს დასახლებულ პუნქტებში: ქუთაისში, ჯიხაიშში, ხონში, ოკრიბაში, რაჭაში, კაცხში, ჩხერში, ბაღდათში, ჭვიშში, საჭილაოში, არგვეთში, მუხურში, ციკოლში, საწერეთლოში, სვირში, ზეგანში, ბაღდათში, საჩინოში, ხანში, სვერში, ასევე დასავლეთ საქართველოს ოსებით დასახლებულ სოფლებში: კუდაროში, გუმიამთაში, ნადარბაზევში, ქვემო ბოჟში, დიდ ბოჟაში, კობიმთაში, ჯაჩპარში, წონში, ზამთრეთში, ჯავისთასა და ჩიორაში შეკრებილმა მოსახლეობამ ფიცი აღავლინეს რუსეთის იმპერატორის სიმბოლოებისადმი. ფიცში აღნიშნული იყო, რომ ისინი სისხლის უკანასკნელ წვეთს დაღვრიდნენ იმპერატორის დიდებულებისა და სიწმინდის დასაცავად1. ფიცის დადების შემდეგ, რუსეთი შეუდგა თვისი საჯარისო ნაწილების განმტკიცებას დასავლეთ საქართველოს რეგიონებში2.
1810 წლის 12 აპრილს, დროებითი მმართველობის დამყარებამდე, იმერეთის სახულთუხუცესს ზურაბ წერეთელს დაავალეს შეექმნა სპეციალური გეგმა, რომელშიც წარმოდგენილი იქნებოდა იმერეთის ყველა სამეფო სოფელი. ასევე, რა სახისა და ოდენობის შემოსავლის მიღება იყო შესაძლებელი. ზურაბ წერეთელმა გადასცა სათანადო ინფორმაცია რუსეთის წარმომადგენლებს იმერეთის სამეფოს ჩინოვნიკების, შემოსავლების და მმართველობასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ3.
1. АКАК, т. 4, стр. 254
2. РГВИА, ф. ВУА, д.6176. на 22 листах л.11
3. АКАК, т. 4, стр. 255
რაც შეეხება გურიისა და ოდიშის მთავრებს, ისინი რუსეთის მოხელეებისადმი არ გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით და ხშირად აყოვნებდნენ მათთვის მიცემული დავალებების შესრულებას1.
იმერეთის დრობითი მმართველობის ჩამოსაყალიბებლად შემუშავებულ იქნა სპეციალური პროექტი, რომელიც ძირითადად ფეოდალური მმართველობის სისტემას ემყარებოდა. დროებითი მმართველობის სისტემაში გადავიდა იმერეთის სამეფოს მთელი რიგი წოდებრივ-თანამდებობრივი ინსტიტუტები. პროექტი მრავალმხრივად არის საინტერესო, რომელიც ასახავს იმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოწყობის არაერთ მნიშვნელოვან საკითხს.
დროებითი მმართველობის სასამართლო ხელისუფლება ძირითადად ვახტანგ მე-6 სამართლის წიგნს ემყარებოდა. ძალაში რჩებოდა სიკვდილით დასჯა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც წავიდოდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ და თანამემამულეებს მიჰყიდდნენ თურქებს. სასამართლო ხელისუფლების პირველი პირები მდივან-ბეგები იყვნენ, ხოლო საქმის აღსრულება ბუქაულთუხუცესებსა და ბოქაულებს ევალებოდა2.
რაც შეეხება იმერეთის სამეფოს შემოსავლებს, მისი ძირითადი ნაწილი ემყარებოდა საბაჟო გადასახადებს. ასევე, ხაზინა ივსებოდა სამღებროებიდან და დაფნიდან შემოსული თანხებით. შაურავები სათავადოებზეც იყო დაწესებული3.
იმერეთი იყოფოდა თანაბარი უფლების მქონე 4 ადმინისტრაციულ ერთეულად: ქუთაისის, რაჭის, ჩხერისა და ბაღდათის. დროებითი მმართველობის ბიუროკრატიული აპარატის სისტემა ასე გამოიყურებოდა: სახლთუხუცესი და სამდივნოს უფროსი, ერთი პროკურორი, ოთხი დივანბეგი, ოთხი დივანი, ერთი ბოქაულთუხუცესი, ერთი მეღვინეთუხუცესი, ერთი ხაბაზთუხუცესი, ორი ხევისთავი, რუსი მდივანი, რუსი მოლარე, სამი თარჯიმანი, რომელთაგან ერთი უნდა ყოფილიყო ქართული და რუსული ენების მცოდნე, მეორე მხოლოდ ქართულის, მესამე კი თურქულისა, რომელსაც ასევე შეეძლებოდა ქართულ და არაბულზე წერა და მეტყველება. საშტატო ნუსხაში გათვალისწინებული იყო ასევე ორი რუსულის გადამწერი.
1. РГВИА, ф. 6176. л. 4
2. АКАК, т. 4, стр. 255
3. АКАК, т. 4, стр. 256
რაც შეეხებოდა ადმინისტრაციულ ოლქებს, თითოეულ მათგანს ხელმძღვანელობას გაუწევდა რუსი სამხედრო ჩინოვნიკი, რომელსაც ოლქის მართვაში დახმარებას გაუწევდნენ ადგილობრივი დიდებულთა წრიდან გამოსული ორი თანაშემწე, ერთი თარჯიმანი, ორი ქართული და რუსული ენის გადამწერი.
სახაზინო ციხე-სიმაგრეების, ტყეებისა და სოფლების სამართავად მოურავები ინიშნებოდნენ. 150 მარჩილი ღირებულების მეტი სასამართლო საქმეზე, განაჩენის გამოტანის უფლება ოლქის უფროსს არ ჰქონდა. აღნიშნულ საქმის განხილვა და მასზე განაჩენის გამოტანა იმერეთის დროებით მმართველობის რუსეთის სამხედრო ჩინოვნიკებს ევალებოდა. სასამართლოს წესით უმკაცრესად ისჯებოდნენ ყაჩაღობაში, ქურდობაში, ადამიანების გატაცებაში, თურქებზე მიყიდვაში ეჭვმიტანილნი დამნაშავენი. დროებითი მმართველობა იმერეთის თავადებსა და დიდებულებს უბრუნებდა სოლომონ მეორის მმართველობის პერიოდში წართმეულ მამულებს. ახალი მმართველობის პირობებში შეიზღუდა თავადების განუსაზღვრელი უფლება გლეხებისადმი. ასევე აიკრძალა ოჯახის დაშლა, თავად-აზნაურების მიერ გლეხის ოჯახის წევრების სათითაოდ გაყიდვა როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ. უკიდურეს შემთხვევაში თავადს უფლება ჰქონდა გაეყიდა გლეხის ოჯახი ადგილობრივ მემამულეებზე (АКАК, т. 4, стр. 257).
მე-19 საუკუნის დასაწყისში სამეგრელოსა და გურიაში ყაჩაღობის, ტყვეთა სყიდვისა და ძარცვის ფაქტები არნახულად მომრავლდა. ამ მდგომარეობის აღმოფხვრის მიზნით რუსეთის წარმომადგენლობა მიიჩნევდა, ორივე სამთავროდან იმერეთის დროებით მმართველობაში ჰყოლოდა ორ-ორი დეპუტატი, ხოლო ქუთაისიდან გაიგზავნებოდა ერთი წარმომადგენელი, რომლებიც რეგიონში არსებულ ვითარებას კონტროლს გაუწვდნენ1.
ცოტა მოგვიანებით, ადმინისტრაციული დაყოფისა პროექტმა გარკვეული ცვლილება განიცადა. ცვლილების შედეგად, იმერეთის სამეფო დაიყო 6 ადმინისტრაციულ ოლქად: ქუთაისის, ვანის, რაჭის, საჩხერის, ჩხერისა და ბაღდათის ოლქებად. თითოეულ მათგანს ხელმძღვანელობას უწევდა რუსი მოხელე, რომელსაც ჰყავდა ორი თანაშემწე ადგილობრივი დიდებულების წრიდან. მათ გააჩნდათ უფლება ადგილზე მიეღოთ გადაწყვეტილება 50 მანეთის სასისხლო ღირებულების სისხლის სამართლის საქმეზე. ოლქის მმართველისა და თანაშემწეების თანამდებობა ერთი წლით განისაზღვრებოდა. მმართველი ინიშნებოდა დასავლეთ საქართველოში რუსეთის მთავარსარდლის მიერ, ხოლო თანაშემწეებს კი ადგილობრივი საზოგადოება ირჩევდა2.
იმერეთის სამხარეო ხელისუფლება 3 ექსპედიციად დაიყო: აღმასრულებელი, სახაზინო და სასამართლო (სამოქალაქო და სისხლის). სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენის გამოტანა უნდა განხორციელებულიყო მთავარსარდლის შეთანხმებით. თითოეულ ექსპედიციაში ჩართული იყო ერთი რუსის მრჩეველი, რომელიც იმავდროულად ექსპედიციას თავმჯდომარეობდა.
1. АКТЫ, т. 4, стр. 257
2. АКТЫ, т. 4, стр. 257
რაც შეეხება სამეგრელოს, გურიასა და აფხაზეთს, რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლის შემდეგ, სამოქალაქო მოწყობის კუთხით ისინი ინარჩუნებდნენ ავტონომიურ უფლებებს. მაგრამ რეგიონში ჩადენილი მძიმე სისხლისა და სამოქალაქო საქმეები, იმერეთის საოლქო მმართველობაში უნდა განხილულიყო1.
დროებითი მმართველობის ჩამოყალიბება, სპეციალური წესის დაცვით სადღესასწაულო ვითარებაში უნდა განხორციელებულიყო. დღესასწაულში მონაწილეობას ღებულობდა იმერეთის ექვსივე რეგიონიდან ჩამოსული სასულიერო და საერო პირები. თანამდებობის პირთა დანიშვნის ღონისძიება 6 დღის განმავლობაში გრძელდებოდა2.
სახაზინო ექსპედიციების მუშაობა ცუდ პირობებში მიმდინარეობდა. იმერეთი დაფინანსების კუთხით მძიმე მდგომარეობაში იყო. იმპერია არანაირ ასიგნაციას არ გამოყოფდა რეგიონის კეთილდღეობისათვის. ასევე არ იყო განსაზღვრული სახაზინო ექსპედიციის მიერ მოსაზიდი და გასაცემი თანხების ოდენობა, რაც იმთავითვე აფერხებდა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.
1. АКТЫ, т. 4, стр. 258
2. АКТЫ, т. 4, стр. 259-260

Комментариев нет:

Отправить комментарий