пятница, 9 ноября 2018 г.

ძველი საქართველოს ციხესიმაგრეთა ზოგიერთი სახეობა წერილობითი წყაროების მიხედვით. (დ. ბერძენიშვილი)

ტერმინი ციხე ძირეული ქართული სიტყვა უნდა იყოს, რაც აღნიშნავდა თავშესაფრად გაკეთებულ ნაგებობას. თავდაპირველად ის მოღობილი უნდა ყოფილიყო ზღუდის სახედ (ქართა, ზღუდერი) საქონლისა და ადამიანის დასაცავად. ბუნებრივი პირობების მიხედვით, ის შეიძლებოდა აგებულიყო მიწის, თიხის, ხეებისგან (ჯიხა, ჯიხური) და ქვისაგან. ჩვენში, როგორც ჩანს, მისი შენება ხის მასალისაგან შუა საუკუნეებშიაც გრძელდებოდა. . ბერძენიშვილი ციხეს ჩიხესთან კავშირში განიხილავდა როგორც ენობრივად, ასევე შინაარსობრივად. მას ამ შინაარსის მოწმობად მიაჩნდა ჯიხა და ჩიხი, ასევე სახელები ჩხარი, საჩხერე, ჩიხორი, ჩიხა, ჩხერი, რაცციხესნიშნავდა და ამ მხარეში საერთო სახელი უნდა ყოფილიყო სიმაგრისათვის1.
ციხესიმაგრეთა ასაგებად ადგილის შერჩევას სხვადასხვა მიზეზი აპირობებდა, ხოლო დრო-ჟამის შესაფერისად ეს მიზეზიც ცვალებადი იყო. სიმაგრის უძველესი და უმთავრესი პირობა მიუვალობა იყო, ბუნებრივი, თუ ხელოვნურად შექმნილი. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სტრატეგიულად საყურადღებო ადგილების შერჩევას, რაც პირველ ყოვლისა გზასთან იყო დაკავშირებული (უღელტეხილი, მთისა და ბარის დამაკავშირებელი ხეობის ყელი...). ადრიდანვე ხერთვისებში (ორი მდინარის შესაყარში) აგებული ციხეები იქ მხოლოდ იმიტომ კი არ შენდებოდა, რომ ორი მხრიდან მდინარეებით იყვნენ მოზღუდულ-მიუვალნი, არამედ იმიტომაც, რომ ამ მდინარეებს ორი გზა მიუყვებოდა, .. აქ გზასაყარიც იყო. სწორედ ასეთ ადგილებზეა აგებული ქვეშის ციხე და დმანისი, სამშვილდე, ლორე, ხერთვისი და ჯავახეთის ახალქალაქი. ამასთანვე იყო დაკავშირებული ციხესიმაგრისათვის აუცილებელი მხედველობის არეალი; ამით ის საშუალებას იძენდა დროული გაეხადა სამზადისი თავდაცვისათვის, ან გზათა კონტროლისათვის.
ზოგადი შეხედულებით, სახელმწიფოს ძლიერების პირობებში ციხესიმაგრეებს უფრო გარე საზღვრებზე და მაგისტრალებზე აგებდნენ, სისუსტისა და დაქუცმაცებულობის დროს კი ციხეები შიდა ტერიტორიებზე მრავლდებოდნენ; ცხადია, იქნებოდა გამონაკლისებიც. ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა აპირობებდა ამა თუ იმ პუნქტის განსხვავებულ მნიშვნელობასაც. ცენტრისკენ მომავალი გზების მაკონტროლებელ ციხესიმაგრეებში მეფის ერთგული გარნიზონები მუდმივად უნდა მდგარიყვნენ, რომლებსაც ურთიერთკავშირი უნდა ჰქონოდათ. ვარაუდობენ, რომ ციხეთა შორის დამაკავშირებელი როლი კოშკებს ეკისრებოდათ, ხოლო სასიგნალო საშუალება ადრიდანვე უნდა ყოფილიყო მათზე დანთებული კოცონი. ამ გზით ქვეყანა საბრძოლო მზადყოფნას აცხადებდა2.
საქართველოს ციხეთა აღწერისას, ვახუშტი ბატონიშვილი მათ სხვადასხვა ტერმინებით ახასიათებს. ესენია: არამტკიცე, ველსა ზედა, კლდეზედ, კლდით მოზღუდვილი, მაგარი, მინდორსა ზედა, ორი მდინარის შორის, უქვითკირო, ქალაქის თავზე“, შეუალი, ძველადი, ძლიერი, ხიდსა ზედა და სხვ.3 როგორც ჩამონათვალიდან ჩანს, ავტორი ძირითადად მათ განიხილავს გეოგრაფიული მდებარეობისა და სიმტკიცე-აუღებლობის მიხედვით; უმეტესობა (40) აგებულია კლდეზე, ხოლო 13 – მაგარი და შეუვალია.
ქართულ წერილობით წყაროებში ციხეთა ზოგიერთი სახეობა თითქოს დანიშნულების მიხედვითაც იხსენიება; ასეთებია: დედაციხე, უფლისციხე, შურისციხე, თავადი ციხე, მოდამნახე, ველისციხე ... ქართლის ცხოვრების უძველესი ნაწილი დედაციხეს სამჯერ იხსენიებს. ქალაქების მშენებლობის აღწერისას, იქ ნათქვამია, რომ ქართლოსის სიკვდილის შემდგომ, მისმა ცოლმა აღაშენა დედა-ციხე და მანვე აღაშენა ბოსტან-ქალაქი, რომელსა აწ ჰქვიან რუსთავი; შემდეგ ისევ: კახოს აღაშენა ჩელეთი; კუხოს შეეწია შენებასა ჩელეთისასა, რამეთუ დედა-ციხე კახოსის ხვედრი იყო; ალექსანდრე მაკედონელს ქართლში უნახავს ციხე-ქალაქები: ... ქალაქი დიდი მცხეთა და უბანნი მისნი ... და რუსთავი და დედა-ციხე სამშვილდე და მტუერის ციხე....4
ამრიგად, პირველ ორ შემთხვევაში კახეთის დედა-ციხეზეა საუბარი, რომლის საკუთარ სახელს წყარო არ იხსენიებს, მესამეჯერ კი, დედაციხე სამშვილდის ეპითეტია. ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი ლეონტის ცნობებს ასე გადმოსცემს: ქართლოსის ცოლმა ააშენა დედა-ციხე და ქალაქი, რომელსაც ეწოდება რიშა.... კახოსის ხვედრ დედაციხეზე იქ არაფერია თქმული, ხოლო ალექსანდრე მაკედონელის მიერ ნანახ ციხე-ქალაქებში ჩამოთვლილია: ... ურბნისი, კასპი, უფლისციხე (რომელიც ნიშნავს ბატონის ციხეს), მცხეთა .... რიშა, დედა-ციხე შამშულდე და მდინარე მტკვრის ციხე ხუნანი5.
ვახუშტი ბატონიშვილი კახეთის დედაციხის სახელსაც იძლევა და განმარტავს: „... ბოჭორმა აღაშენა ცოლმან ქართლოსისამან და უწოდა დედა-ციხე ... (ესე არს, რომელი წილად ხუდა კახოსს და შენებასა ჩელეთისასა მისცა კუხოსს, და შეეწია კუხოს შენებასა ჩელეთისასა კახოსს)“. ავტორი სამშვილდეს დედაციხეს არ უწოდებს, ეს უკანასკნელი მას თეძმისხევში ეგულება: „... მდინარე თეძმისა, გამოსდის ჭვარებსა და თორის საშუალს მთასა, და დედა-ციხემდინ დის აღმოსავლით, მერმე დის ჩრდილოთკენ და მიერთვის მტკუარს სამხრიდამ ... კრკონს ზეით, ხევღრმას არს მონასტერი. მას ზეით, ერიქალის მთის ქუეშ არს დედა-ციხე, კლდით მოზღუდვილი, ფრიად მაგარი“6.
ხუთვერსიან რუკასთან ვახუშტის რუკის შედარებით, ასევე თეძმის ხეობის მოხილვის შედეგად, სარწმუნო ხდება, რომ ეს დედაციხე სხვა არაფერია (სხვა ციხე იქ არაა), თუ არა დეკციხე, რომლის მდებარეობა ზუსტად ემთხვევა ვახუშტის აღწერილს. ხევღრმაში დასახელებული მონასტერი კი იკვი უნდა იყოს, რომლის სახელსაც ავტორი არ იხსენიებს.
დეკციხე დასახელებულია ძველ სომხურ გეოგრაფიაში („აშხარაცუიც“), რომლის ცნობები IV-V საუკუნეთა ვითარებას უნდა ასახავდეს. ალბათ, ამ ციხის სიძველე და მნიშვნელობა თრიალეთს მიმავალ გზაზე, აპირობებდა მისთვის დედაციხის შერქმევას. ის აქ კლდეკარის ციხის აგებამდე არსებობდა, ამ უკანასკნელის მნიშვნელობისა იყო, რომლის მეშვეობითაც ტანისხევის ერთეულის ბარელი გამგებელი თრიალეთის საძოვრებზე მიმავალ გზას აკონტროლებდა7.
ლ. ნ. ჯანაშია ფიქრობდა, რომ ქართლის ცხოვრების ზემოხსენებულ ცნობაში („დედაციხე სამშვილდე“) ორ სხვადასხვა პუნქტზეა საუბარი, რომ დედაციხე კახეთის ბოჭორმას გულისხმობს8. მაგრამ აქ იკითხება: „... უბანი ურიათა, და რუსთავი, და დედა-ციხე სამშვილდე, და მტუერის ციხე ... და კახეთისა ქალაქნი“9. როგორც ვხედავთ, სხვადასხვა პუნქტები აქ გამოყოფილია კავშირით „და“, დედაციხეს სამშვილდისაგან ის არ გამოჰყოფს; ამიტომ იგი სამშვილდის განმარტებად უნდა ჩაითვალოს. გარდა ამისა, ეს რომ კახეთის ბოჭორმა იყოს, მაშინ მას ავტორი სამშვილდესთან კი არა, არამედ „კახეთის ქალაქთა“ შორის იგულისხმებდა.
ნ. ბერძენიშვილი წერდა: „დედა-ციხე (თეძმის ხეობაში და სხვაგანაც ქც-ში), აქ ის საგეოგრაფიო სახელად ქცეულა. თავდაპირველად კი ის ზოგადი სახელი უნდა ყოფილიყო, მნიშვნელობით: მთავარი ციხე, უფროსი ციხე, შდრ.: დედაქალაქი. შეიძლება ვიფიქროთ, რომ დედაქალაქი დედაციხის ანალოგიით არის ნაწარმოები. დედაციხე, ამრიგად, გულისხმობდა, რომ იმ დროს იყო ციხეები, რომელთა შორის ერთი იყო მთავარი ციხე, უმთავრესი ციხე, რომლისაგან სხვა ციხეები შეიძლება გარკვეულს დამოკიდებულებაშიც კი იმყოფებოდნენ“10.
დედაციხისავე მსგავსი მნიშვნელობით გვხვდება წყაროებში „თავადი ციხე“-ც. ქართლის ცხოვრება აზონის შესახებ მოგვითხრობს, რომ მან მცხეთას ზღუდეები მოურღვია „და დაუტევნა ოთხნი იგი ციხენი, რომელნი მოსდგმიდეს პირსა ქალაქისასა: თავადი ციხე, რომელ არს არმაზი; და ერთი ციხე დასასრულსა არმაზისა ცხვირისასა; და ერთი თავსა ზედა მცხეთისასა; მეოთხე ციხე, დასავლით, მცხეთა მტკუარსა ზედა. და ესენი მომტკიცნა და განავსნა იგინი ლაშქრითა“11. მაშასადამე, მცხეთის ციხეთა შორის არმაზის ციხე უმთავრესი ყოფილა. „მატიანე ქართლისა“ გიორგი II-ის შესახებ ამბობს, რომ მან „წაუხუნა ბერძენთა ანაკოფია, თავადი ციხეთა აფხაზეთისათა“12. აქაც ანაკოფია აფხაზეთის უმთავრესი ციხეა.
ვახუშტი ბატონიშვილი ანაკოფიის მიმართ არ ხმარობს გამოთქმას „თავადი ციხეთა აფხაზეთისათა“, თუმცა მან კარგად იცის, რომ იქ იყო აფხაზეთის საერისთავოს ცენტრი: „... დასუეს ბერძენთა ერისთავი თვისი ანაკოფიას და უწოდეს აფხაზთა ერისთავად“. ეგრის-აფხაზეთის პირველ მეფე ლეონზე კი ავტორი წერს, რომ მან „აღაშენა ქუთათისი ქალაქი და ციხე და ჰყო საყდარი აფხაზთა მეფისა, ვითარცა ანაკოფია ჰყო ტახტად მეორედ ესე ქუთათისი“13. ე.ი. ავტორის წარმოდგენით, ქუთაისამდე ანაკოფია ყოფილა აფხაზეთის სატახტო ქალაქი.
„ძეგლი ერისთავთა“ (1348-1400 წწ.) გვაუწყებს, რომ თემურლენგის შემოსევის შემდეგ, ქსნის ერისთავს დარჩენია „ზემო თავადი ციხე ქუენიფნევს და სახლები ი (ე.ი. 10 – დ.ბ.)“14. ქვენიფნევის ციხის „თავადობა“ განაპირობა იმან, რომ XVI ს-ის ბოლომდე იქ ქსნის ერისთავთა რეზიდენცია იყო; 1318-20 წწ. ერისთავმა ლარგველ შალვას ძემ, იმავე წყაროს ცნობით, „აღაშენა ... ტფილურითა წესითა დარბაზოვანი ქვენიფნევს“15. ამ თავადი ციხე-რეზიდენციის მფლობელ ერისთავებს ქვენიფნეველები ეწოდათ.
ზემოხსენებული აზრით ხმარობს ამ გამოთქმას დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი, რომელიც წერს, რომ მეფემ „აღიღო გულისტანი, სახლი თავადი შარვანისა, ... მოირთო შარვანი და აღავსნა კეთილითა ყოველნი“16. აქ ეს ტერმინი მთავარი რეზიდენციის შინაარსს ატარებს, რასაც ქართლის ცხოვრების სომხური თარგმანიც ადასტურებს: „აიღო ციხე გულისტანი მეფის საჯდომი“17. ამრიგად, „თავადი ციხე“ არა მარტო იმით იყო თავადი, რომ იქ უძლიერესი სიმაგრე იყო, არამედ იმითაც, რომ მისი მფლობელი სხვა ციხეთა მმართველებზე უფროსი იყო.
ზემოხსენებულთა გარდა, ასეთი ციხე უნდა ყოფილიყო კლდეკარი, უფლისციხე. ამ უკანასკნელში „ზენა სოფლის“ (შიდა ქართლის) ტომთა გაერთიანების უფალი-მამასახლისი უნდა მჯდარიყო ძველთაგანვე, რამაც ასახვა ჰპოვა სახელწოდებაში. „მოქცევა ქართლისა“ ალექსანდრე მაკედონელის მიერ საქართველოში ნანახ ციხე-ქალაქებს ჩამოთვლის: „იხილნა ნათესავნი სასტიკნი ბუნთურქნი მსხდომარენი მდინარესა ზედა მტკუარსა მიხუევით, ოთხ ქალაქად და დაბნები მათნი: სარკინე ქალაქი, კასპი, ურბნისი და ოძრახე, და ციხენი მათნი: ციხე დიდი სარკინისა, უფლისციხე კასპისა, ურბნისისა და ოძრახისა“18.
ნ. ბერძენიშვილი ამ ცნობაზე დაკვირვებით მიიჩნევდა, რომ თავისი მნიშვნელობის მიხედვით, ამა თუ იმ ქალაქს შეიძლება უფლისციხე ჰქონოდა, სადაც მისი უფალი იჯდა; სხვა ქალაქის ციხე კი შესაძლოა უფლისა არ ყოფილიყო, არამედ ამ უფლის მოხელისა. „მაგალითად, სარკინის ციხე დიდი უფლისა არ ყოფილა იმიტომ, რომ ამ ქალაქის უფალი მცხეთაში, თუ არმაზში იმყოფებოდა. რაც შეეხება კასპს, ურბნისს, ოძრხეს, ამათ უფალი იქვე ჰყავდათ ... აქ ერთი ციხედიდი და სამი უფლისციხე არის ნაგულისხმევი ... ამ ქალაქების გარდა ეს ციხეები უფლობენ, უეჭველია, სხვა მიმდგომ, ნაკლები მნიშვნელობის დასახლებულ პუნქტებზე, მაგრამ ჯერ არ არის საერთო უფლისციხე, არ არის პოლიტიკური გაერთიანება ... აწინდელი უფლისციხე უფრო გვიანია, ვიდრე „მოქცევა ქართლისას“ უფლისციხენი. ეს უფრო მაღალი ეტაპია ციხის და შემდეგ უფლისციხის განვითარებისა. ის სახელმწიფოს პოლიტიკური ცენტრია, ან ამის ახლოს მდგომი“19. ამრიგად, ავტორს ძველი უფლისციხე, დედაციხისა და თავადი ციხის გვერდით, მათსავე მსგავს ზოგად ტერმინად მიაჩნდა.
ქართლის ცხოვრების უძველესი ნაწილი მცხეთოსის შვილებზე მოგვითხრობს, რომ „უფლოს დარჩა საყოფელსა მამისა მათისსა მცხეთოსისსა მცხეთას. და ეპყრა ქუეყანა არაგვითგან და ტფილისითგან ვიდრე ტაშისკარამდე და ფანავრადმდე. და ამან აღაშენა უფლისციხე, ურბნისი, კასპი...“20. აქ გადმოცემული ლეგენდა უფლისციხის უფლოსის მიერ დაარსების შესახებ, იმ რეალური მნიშვნელობის ფაქტს უნდა ემყარებოდეს, რომ ეს ციხე გამაერთიანებელი მნიშვნელობისაა. უფლისციხის ფლობა აქ უკვე შიდა ქართლის ფლობას ნიშნავს, თუმცა არ ჩანს, როდის მიიღო უფლისციხემ ასეთი მნიშვნელობა. X ს-ის დამდეგს ქართლის ერისთავები, აფხაზთა მეფეთა უფლისწულები თუ სხვა დიდებულები უფლისციხიდან ახორციელებდნენ ქართლის პოლიტიკურ მმართველობას. „მატიანე ქართლისა“-ს ცნობით, X ს-ში ქართლის ერისთავი ივანე მარუშის ძე უფლისციხეში იჯდა და ეს უფლისციხე ერთადერთი იყო იმდროინდელ ქართლში21.
ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება აგრეთვე ციხედიდი; „მოქცევა ქართლისა“ ალექსანდრე მაკედონლის დროს მას ქალაქ სარკინის ციხედ მიიჩნევს: „ციხე დიდი სარკინისა“. ქართლის ცხოვრების მიხედვით კი, ყოფილა „ქალაქი დიდი მცხეთა და უბანნი მისნი, სარკინე, ციხე დიდი და ზანავი, უბანი ურიათა“22. ამრიგად, ციხედიდი აქ სარკინის გვერდით, მცხეთის უბნადაა გამოცხადებული. სარკინესა და ციხედიდს მტკვარი ჰყოფს, მაგრამ, ჩანს, ეს არ უშლიდა ხელს ამ უკანასკნელის სარკინის ციხედ მიჩნევას; ზემოხსენებული ცნობა ასევე უნდა მიგვანიშნებდეს, რომ ციხედიდი სხვაგანაც შეიძლება ყოფილიყო (შდრ. „უფლისციხე კასპისა“). სარკინისა და ციხედიდის დაკავშირება, ალბათ, მცხეთის ხიდით ხდებოდა ისევე, როგორც მცხეთისა და არმაზისა. ერთი ქალაქის ორ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდნენ სამადლოსა და ნასტაგისის დასახლებანიც მტკვრის ორსავე ნაპირზე23.
IV ს-ის I მესამედში ციხედიდი უკვე დაბად გვევლინება. ლეონტი მროველის ცნობით, „ჰურიათა მცხეთელთა არავე ნათელ-იღეს, გარნა ბარაბიანთა ნათელ-იღეს ორმოცდაათმან სახლმან და იქმნეს ქრისტიანე ჭეშმარიტ. ამისთვისცა დიდ იქმნეს იგინი წინაშე მეფისა; და მიუბოძა მათ დაბა, რომელსა ჰქვიან ციხე-დიდი“24. მათი დასახლება ციხედიდის დაბაში იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ ისინი ვაჭრობის მიმდევარნი იქნებოდნენ, რაც იქ გამავალ გზასაც უნდა ადასტურებდეს.
VI ს-ში ციხედიდში იჯდა ევაგრე ქართლის სპასპეტი, რომელიც ციხედიდის მთავრად მოიხსენიება, რაც ციხისა და დაბის მნიშვნელობაზე მეტყველებს. ევაგრე ბერად აღიკვეცა შიო მღვიმელის ზეგავლენით და მისგანვე მიიღო იმავე მონასტრის წინამძღვრობა. შიომღვიმის მონასტერი ციხედიდში ფლობდა გლეხებსა და მიწებს25.
1392 წელს ციხედიდი, უკვე სოფლად ქცეული, საკათოლიკოსო მამულებში ითვლებოდა. იქვეა დასახელებული მეორე, კახეთში საფსიტის ციხედიდი. სარკინის ციხედიდი შემდგომ საუკუნეებშიც საკათოლიკოსო მამულებში რჩებოდა26.
1624 წლის ერთი საბუთიდან ჩანს, რომ ძეგვი და ციხედიდი ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალს შეუწირავს სვეტიცხოვლისათვის27. ამჟამად იქ ნასოფლარია, რომლის ზედა ტერასაზე კოშკიანი საცხოვრებელია, ქვედაზე კი – ორი ეკლესია და სამრეკლო. ოთხსართულიანი კოშკის წარწერიდან ირკვევა, რომ ის 1680 წ. აუგია ათანასე დეკანოზის ძეს28. ათანასე სვეტიცხოვლის დეკანოზი საბუთებში 1660-1700 წწ. იხსენიება, მას სამი ვაჟი ჰყოლია: დათუნა, ბერი და დანიელი29.
ნ. ბერძენიშვილის აზრით, „საზოგადოებრივი განვითარების გარკვეულ საფეხურზე ... სახელმწიფო წარმოიქმნება და ციხედიდები, დედაციხეები, უფლისციხეები ჩნდებიან ... ეს უფლისციხეები, ან ციხედიდი, ან დედაციხე მხოლოდ ქალაქების დამახასიათებელი როდია. ასევე ხდება მთელ ქვეყანაში...“30
ქართულ წყაროებში შურის ციხე სრულიად გამოკვეთილი, გარკვეული დანიშნულების ციხედ იგულისხმება („შური არს მწუხარება სხვისა კეთილისა ზედა“ - საბა). IV ს-ის II ნახევრის ამბების აღწერისას, „მოქცევა ქართლისა“ გვამცნობს: „და მაშინ მოვიდა ქრამ ხუარ ბორზარდ სპარსთა მეფისა პიტიახში ტფილისად ქალაქად, ციხედ, და ქართლი მისსა ხარკსა შედგა“31. ქართლის ცხოვრების ერთ-ერთი ვარიანტი (ჩ) შესაბამის ადგილას ასეთ იკითხვისს გვაწვდის: „აღაშენა ერისთავმან სპარსთამან ტფილისის კართა შორის შურისციხედ ციხედ მცხეთისად“32. ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი ამ ამბავს ასე გადმოსცემს: „მოვიდნენ სპარსელები და ააგეს ციხე ტფილისის კარს მცხეთის საწინააღმდეგოდ“33.
გამოდის, რომ თბილისი სპარსელ პიტიახშს თავის საჯდომ პუნქტად აურჩევია, საიდანაც მან მცხეთაში მყოფი ქართლის მეფის კონტროლი უნდა განახორციელოს. ამისთვის ის აქ აშენებს ციხეს, დარაჯობს გზებს; ე.ი. თბილისის ციხე აგებულია „შურად“, „საწინააღმდეგოდ“ მცხეთის ციხისა.
ვახუშტი ბატონიშვილი წერს, რომ თბილისი „პირველ იყო დაბა ... აღაშენა შურის-ციხე მცხეთისათვის ერისთავმან სპარსთამან. შემდგომად გორგასალ დადვა საფუძველი, დაჩიმ... ქმნა ქალაქად და ტახტად მეფეთა“. ავტორის შეხედულება შურისციხეებზე ნათლად ჩანს სხვა ადგილასაც. მისი სიტყვით, დემოთის ციხე „აღაშენა სუმბატ ბივრიტიანმან და განავსნა სპითა, შემწედ წუნისათვის, და შურად ოძრახოსა და ლომსიასათვის, და რათა ვერღარა ვიდოდნენ სპანი ქართლისანი მას ზედა“34.
ზემოხსენებულ ბრძოლაზე ქართლსა და სომხეთს შორის I ს-ში მოგვითხრობს ლეონტი მროველიც, მაგრამ დემოთის შურისციხეობას არ იხსენიებს. მისი სიტყვით, სუმბატ ბივრიტიანმა დემოთის ციხეში დატოვა „ლაშქარნი შემწედ წუნდელთა და მაბრძოლად ოძრხეველთა“35. ეს ბოლო სიტყვები ვახუშტისთან შეცვლილია „შურად ოძრახოსა“-თი. ოძრხევისაგან ასე მოშორებული დემოთის ციხე მაინც შეიძლებოდა გამხდარიყო შურისციხედ, „მაბრძოლად“ ოძრხეველთა, რადგან აკონტროლებდა ქართლიდან და იმერეთიდან მომავალ გზებს.
შურისციხის სახეობანი სხვადასხვა იყო დროისა და ადგილის შესაფერისად. VI ს-ში ბიზანტია-ირანის ომიანობის დროს ეგრისში, აგათია სქოლასტიკოსის მონათხრობიდან ჩანს, რომ ონოგურის ციხეში იდგნენ სპარსელები; ეს ციხე არქეოპოლისის მიდამოებში „რომაელთა წინააღმდეგ საჭირო სასიმაგრო საფარად“ იყო გამოყენებული სპარსელთა სარდლობის მიერ36. ამრიგად, ონოგურისის ციხე სპარსელებს არქეოპოლისის შურისციხედ უქცევიათ. აქ მოხსენიებული ონოგურისის ციხე გაიგივებულია უნაგირის მთის ზოლზე, სოფ. აბედათის თავზე არსებულ ციხესიმაგრესთან37.
X ს-ში, კახეთის ამბებთან დაკავშირებით, „მატიანე ქართლისა“ გვამცნობს: „ლოწობანნი ჰქონდეს ივანე არშის ძესა, და გამაგრდა შიგან, გასწირა პატრონი. აუგეს შურისციხე და დააყენეს შიგან ლაშქარნი“. კვირიკე ქორეპისკოპოსი შეთანხმებული იყო გიორგი მეფესთან და გასაქცევად ემზადებოდა. ამ დროს ქართლის აზნაურები კვირიკეს მიემხრნენ; „დაუწყეს ბრძოლა ციხეთა, და მცირედთა დღეთა წარიხუნეს ციხენი ყოველნი; დაარღვივნეს შურის-ციხე და ლოწობანთა და კუალად ეუფლა კვირიკე მამულსა თვისსა“38. A ვარიანტში იკითხება: „დაარღვივნეს შურის-ციხენი“.
მთავარი სიმაგრის აღებისას, ჩანს, შურისციხე ზოგჯერ ინგრეოდა, ე.ი. საწინააღმდეგო ნაგებობას სპობდნენ. ზემოხსენებულ შემთხვევაში, ლოწობნის წინააღმდეგ აგებულ შურისციხესთან ერთად ლოწობანიც დაუნგრევიათ ალბათ იმიტომ, რომ მისმა მქონებელმა ივანე არშის ძემ თავისი პატრონი კვირიკე ქორეპისკოპოსი „გასწირა“, როდესაც აფხაზთა მეფეს დანებდა.
ლოწობნის შურისციხეს იხსენიებს ვახუშტი ბატონიშვილიც: გიორგი მეფეს „მოერთო ძმა კვირიკესი შურტა და მოუტანა უჯარმო და მოსცა სხუანიცა ციხენი კახეთისანი, თვინიერ ნახჭევან-ბოჭორმისა და ლორწობნისა; გარნა ლორწობანს აღუშენა შურის-ციხე და მოუდგინა სპანი“39.
ლოწობნის შურისციხისაგან განსხვავებით, თბილისის შურისციხემ შემდგომშიაც დიდხანს იარსება. ამ ისტორიულ-გეოგრაფიულ მოვლენას საფუძვლად ედო პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური ცენტრის მცხეთიდან თბილისში თანდათან გადმოსვლა: „მაშინ მცხეთა ათხელდებოდა და ტფილისი ეშენებოდა, არმაზნი შემცირდებოდეს და კალა განდიდნებოდა“40. ეს უკანასკნელი კი არმა¬ზის „საწინააღმდეგოდ“ აგებული შურისციხეა და პირველის დაკნინებით კალაზე გადმოდის მთავარი ციხის დანიშნულება.
შურისციხის აგება, ცხადია, მხოლოდ საქართველოში არ ხდებოდა. სომეხი ისტორიკოსი ასოღიკი მოგვითხრობს ბიზანტიელთა შესახებ, რომ 986 წ. ბარდა ფოკამ დამპყრობელ მეფედ გამოაცხადა თავი. სამეფო ქალაქ კონსტანტინოპოლს გაუმართა ბრძოლა, რამაც ორ წელიწადს გასტანა. ქალაქის საწინააღმდეგოდ „მან ააგო ციხესიმაგრე და იქ მაგისტროსად დანიშნა დელფინასი, რომელსაც მისცა მცველი ჯარი და უბრძანა, რომ არავინ არ გამოეშვათ ქალაქიდან და არც გარეშე ვინმე შეეშვათ შიგ“41. ზემოხსენებული ციხე ქართული შურისციხეა, თუმცა მისთვის სპეციალური ტერმინი არ ჩანს.
საალყო სიმაგრის მნიშვნელობას იცნობდნენ აღმოსავლეთშიაც. ნახჭევნის მიდამოებში მყოფი ალინჯის მიუვალი ციხე თემურ-ლენგმა ვერა და ვერ აიღო. იქ დატოვებულ ჯარს სულთან სანჯარ სეიფ ად-დინი სარდლობდა, რომელმაც ციხეს მაღალი კედელი შემოავლო, რომ ვერც ვერავინ შიგნიდან გამოსულიყო და ვერც ვერავის შეეღწია შიგ42.
საქართველოში საალყო ციხის ეს სახეობა – შურისციხე – იმდენად ყოფილა გავრცელებული, რომ ის საკუთარი სახელის მნიშვნელობითაც შემორჩა. თბილისის შურის¬ციხის გარდა, ცნობილი იყო შურისციხე ხევსურეთშიც, სადაც განვითარებული შუა საუკუნეების სამაროვანია დადასტურებული43. შურისციხე აღწერილია ხევსურულ ხალხურ ლექსშიც:
„კვირაე გათენებადა მთას გადავიდეს მზენია,
გაწირეს შურის ციხეი, საცა სიმაგრე ძველია,
ხმალას რო მდგარან ციხენი, ცას მიზდენია წვერია.
ციხე ყოფილას ცხრა-თვალი, დახედულ მშვენიერია,
გვერდებზე ხქონდეს ჩარდახნი, კუთხებზე სათოფენია.
მიწი-მიწ ხქონდა დარანი წყაროზე ჩასასვლელია...
ამ ციხის აგებაშია მაუნდა ოცი წელია,
ორმოც მოუნდა ქაჩალი, სამოც – ქვის სამტვრევ კვერია.
იტყვიან წინად ბერძენთა ხელ ხქონდა საკვირელია.
რო მაასრულეს ციხეი, კარი შააბეს ზგელია.
ხევის-ბერთ აკურთხებიეს, (მაშინ არ იყვა მღვდელია...)“44.
აქ შურისციხეს უკვე დაკარგული აქვს ძველი – საალყო ციხის მნიშვნელობა, დამოუკიდებელ სიმაგრედაა ქცეული, რომლის დეტალები საინტერესოდაა გადმოცემული ხალხური მთქმელის მიერ.
საალყო ციხის აგების გარდა, შეტევის დროს იყენებდნენ სხვა ხერხებსაც. VI ს-ის ბერძენ-სპარსელთა ომების აღწერისას ეგრისში, პროკოპი კესარიელის სიტყვით, სპარსელებს სპილოებიც ჰყოლიათ; მეომრები მათ ზურგზე იდგნენ და იქიდან, როგორც კოშკიდან, უშენდნენ მტერს45. დაცვის პასიურობის შემთხვევაში, მტერი ციხის გარეთ აგებდა, ან მოჰქონდა დროებითი ხის კოშკები. მათი მაღალი ქონგურებიდან ციხეში ჩამოისროდნენ ისრებს, კვარს, სხვადასხვა სახის ჭურვებს. იყო შემთხვევები, როდესაც სპილოს ზურგზე კოშკურას დგამდნენ და მებრძოლები იქიდან საკმაოდ ეფექტურად მოქმედებდნენ. გვიანი შუა საუკუნეების ქართულ წყაროებში, შეტევისათვის დამზადებულ ხის კოშკებს მონგოლური სიტყვით, „სიბა“-დ იხსენიებდნენ, თუმცა კი ადრე ამ სიტყვით თავდაცვითი ღონისძიება გამოიხატებოდა.
XIII ს-ის ამბების გადმოცემისას, ჟამთააღმწერელი წერს, რომ მონგოლებმა საქართველოს საზღვარზე, თეთრ წყალთან „შეკრეს ღობითა წყლის პირი, რომელსა სიბად უწოდეს, რამეთუ გონებდნენ გამოსვლასა ბერქა ყაენისასა. და ამათ ჟამთაგან იწყეს სიბასა ზედა დგომა თათართა და ქართველთა სთუელითგან გაზაფხულამდე“46. ამავე ამბავს ფარსადან გორგიჯანიძეც გადმოსცემს: ყოველ წელს, შემოდგომიდან გაზაფხულამდის ქართველ-თათართა ჯარი ქართლის საზღვრად, „შირვანს მოვიდიან მცველად, ყაბალის ბოლოს დადგიან .... სად თხრილითა და ღობით, ვითა ციხე სახიზრათ გაემაგრებინა ბერქაანთ გამოსვლის შიშითა და სიბას ეძახდნენ“47.
1297 წ. ყაზან ყაენმა დავით დემეტრეს ძე თავისთან იხმო, ის კი მთიულეთს მივიდა, „უკუდგა ჟინვანს შეკრა სიბა და მცველნი დაუდგინა“48. მოყვანილი მაგალითებით ირკვევა, რომ ეს მონგოლური სიბა თავდაპირველად ყოფილა წყლისპირი ან თხრილი, ღობით გამაგრებული სახიზარი, სადაც მცველი ჯარი დგებოდა. მოგვიანებით საქართველოში სიბამ გადასატანი, შემტევი კოშკის მნიშვნელობა მიიღო. ახალი ქართლის ცხოვრების ავტორი მოგვითხრობს, რომ 1556 წ. შაჰ-თამაზი ატენის ციხეს შემორტყმია, სადაც ლუარსაბ მეფის დედა და და ყოფილან შეფარებულნი. „ციხის აღება გაძნელდა, ამისთვის რომე არც სიბა მიიტანებოდა და არც შეითხრებოდა, და არც სით თოფი ესროლებოდა“49.
1755 წ. ყვარლის ციხის ალყის დროს, ლეკებმა „ასეთი მაღალი საფრები შეუკრეს გარედამ, რომ შიგ ციხეში თოფს ჩაისროდნენ“50.
საალყო კოშკებისა, თუ საფრების დამზადებისათვის მტრის დიდი ჯარი იყო საჭირო. ეს მაღალი კოშკები ციხიდან მოშორებით მზადდებოდა, რომ მეციხოვნეებს მათი მშენებლობისათვის ხელი არ შეეშალათ. შემდეგ ხდებოდა ამ კოშკების საჭირო დისტანციაზე ციხესთან მიტანა და იწყებოდა ბრძოლა. XV ს-ის ერთ ინგლისურ მინიატურაზე სწორედ ასეთი ხის კოშკია ციხესთან გამოსახული, საიდანაც მოალყეები ისრებსა და ჭურვებს უშენენ მეციხოვნეებს51.
შუა საუკუნეებში საქართველოს ძლიერსა და მიუვალ ციხეებს ხატოვანი სახელი ჰქონდათ – „მო და მნახე!“ ის შემდგომში „მოდი ნახე“-დ იქცა. თავდაპირველი, თავმომწონე შეძახილი მტრისადმი იყო მიმართული და აღნიშნავდა – მოხვალ, შემხედავ და ვერაფერს დამაკლებ, ისე გაბრუნდებიო. ასეთი სახელწოდების მქონე ციხეები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეებშია დამოწმებული. ვახუშტი ბატონიშვილი მოდამნახის ციხეს ქვემო ქართლში ასახელებს, მდინარე ქციის ნაპირზე, კვირიკეთის მთის ძირში; არგვეთშიც „ზუსაზედ არს დაბა მუხურა და მას ზეით, მთაში არს ციხე მოდამნახე, მაგარი კლდითა და შეუალი...“, ან კიდევ: „საჩხერის პირისპირ, ყვირილის ჩრდილოთ არს მაღალს კლდესა ზედა ციხე მოდამნახე, მოზღუდვილი კლდითა, მაგარი და უბრძოლველი მტრისაგან“52.
1579 წლის ერთი საბუთის მიხედვით, მოდამნახის ციხე ყოფილა კახეთშიც. ალექსანდრე კახთა მეფეს მცხეთისათვის შეუწირავს „კილმატის ციხე მთითა და ბარითა ... მარმაროვა მადამნახის ციხემდი“53.
ამავე სახელწოდების ციხეს მთიულეთში ასახელებს სომეხი ისტორიკოსი სტეფანოს ორბელიანი; მისი სიტყვით, ქართველთა მეფე დავით დემეტრეს ძე 1297 წ. გამაგრდა მიუვალ ციხეში, რომელსაც ერქვა „მუდენახე“54. აჭარაში ზენდიდის ციხესაც „მოდი ნახე“ ჰქვია. ციხის ეს სახელი მოგვიანებით, ჩანს, განზოგადდა: ჩხოროწყუს რაიონში სოფელია მოიდანახე, ოზურგეთში კი – ერთი უბანი.
თემურ-ლენგის ლაშქრობათა აღმწერ ისტორიკოსთაგან, იბნ არაბშაჰი ბირთვისის ციხის მაგივრად ასახელებს ციხეს სახელწოდებით „მოდი ნახე“; ამ ტექსტის ინგლისურად მთარგმნელი ციხის სახელს გადმოსცემს სიტყვებით: „ცომე, სეე, რეტურნ“...55. შესაძლოა, ამ სახელით ბირთვისის მოხსენიება ისევ მის მიუვალობაზე მიუთითებდეს, ან ეგების ქციის ხეობაში მყოფ მოდამნახის ციხეზეა საუბარი, რომელსაც სხვა ისტორიკოსები თემურის ლაშქრობებთან დაკავშირებით არ იხსენიებენ.
აუღებელი ციხის ეს სახელწოდება მართლდება საჩხერის მოდამნახის ციხის მაგალითზე. ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვით, 1735 წ. მეფემ მოაოხრა საწერეთლო, „არამედ ციხე მოდამნახისა ვერ წარუღო“. შემდგომშიც ალექსანდრე მეფეს მოუნდომებია მოდამნახის ციხის აღება, მაგრამ მაინც „ვერ შეუძლო წაღებად“56.
აუღებელ ციხეს, ქართულის მსგავსი სახელი, აღმოსავლეთ კავკასიაშიც რქმევია. ჰასან-რუმლუ შაჰთამაზის ლაშქრობათა აღწერისას გვამცნობს, რომ როდესაც 1551 წ. შაჰი შაქზე წამოსულა, დერვიშ მოჰამედ ხანს ერთი რაზმი გიშის ციხის მცველად დაუტოვებია, „ხოლო თვით რამდენიმე უგუნურთან ერთად გელასან-გორასანის მაღალ ციხეს შეაფარა თავი“-ო. გამომცემელი ამ ტექსტის შენიშვნაში წერს, რომ გელასან-გორასან აზერბაიჯანულად ნიშნავს „მოდამნახეს“, რაც ამ ციხის მიუვალობაზე მიუთითებსო57. გელესან-გურესანის ციხეს იხსენიებს XVI ს-ის მეორე ნახევრის სპარსელი ისტორიკოსიც ისქანდერ მუნ-ში58.
ჰასან-რუმლუ გელასან-გორასანის ციხეს ხეიბერის ციხეს ადარებს, რომელიც ქალაქ მედინის მახლობლად მდებარეობდა და სინონიმი იყო მიუვალი, ძნელად ასაღები სიმაგრისა – „ცის სადარი ციხე“59.
მოდამნახის ტიპის ციხე კავკასიაში უნდა იყოს გავრცელებული, თუმცა, შესაძლოა, სხვა აღწერილობითი სახელითაც. სომეხი ისტორიკოსი კირაკოს განძაკეცი ხაჩენის მხარეში ასახელებს მიუვალ სიმაგრეებს, სადაც მონგოლებისგან დაშინებული ხალხი შეხიზნულა. სიმაღლის გამო მათ „ჩიტის გაფრენა“ ერქვათო60. ჩრდ. ირანის მთებში, ფრიალო კლდეებით გარშემორტყმული, მიუვალი ციხე იყო სახელით ალამუთი – „არწივის ბუდე“61. ასე რომ, იქაც ციხის აუღებლობა სხვა სიტყვებით გამოიხატებოდა.
ნ. ბერძენიშვილი ვარაუდობდა, რომ ასეთსავე ტიპის ციხეებს გულისხმობდა სახელწოდება „ქაჯთა ციხე“, ქართულ წყაროებში რომ იხსენიება. ისინი წარმოადგენდნენ მიუვალ პუნქტებს, მშვიდობიანი მოსაქმეობის არშემცველს, სადაც იდგა გარნიზონი მძარცველ-მეკობრე, მხნე ვაჟკაცებისა (შემდგომში გრძნეულთა სადგურად გააზრებული „ქაჯეთი“), რომელთაც თავისი მებატონე იქვე ჰყავდათ. „ქაჯეთის ციხე“ შოთას კი არ მოუგონებია, არამედ ადრეც არსებობდა, თუმცა მაშინ ის ციხესიმაგრის სახეობას კი არა, შესაძლოა, მის მცველთა თვისებებს ახასიათებდა62.
გაუტეხელი ციხის სინონიმად სახელწოდება „რკინის ციხეც“ ყოფილა. ვახუშტი ბატონიშვილი მას სკვირეთის ხევში ასახელებს63; თეოფანე ჟამთააღმწერლის გადმოცემით, VIII ს-ის 30-იან წლებში არაბებმა აფშილეთის ტერიტორიაზე დაიკავეს ე.წ. „რკინის ციხე“64; აგათია სქოლასტიკოსი მისიმიანეთის მთავარ ციხესიმაგრეზე ამბობს, რომ მას მეტსახელად „რკინის ციხეს“ უწოდებენ სიმტკიცისა და დაუძლევლობის გამო. დ. მუსხელიშვილის ვარაუდით, ეს უნდა იყოს კოდორის ზემო წელზე არსებული ჩხალთის ციხის ნანგრევები65. ცხადია, რომ ესაა ძლიერი ციხის ზოგად სახელად ქცეული ეპითეტი.
ლ. ჭილაშვილი ქართული ციხეების კიდევ ერთ სახეობას გამოჰყოფდა – ესაა ველისციხე. მისი აზრით, ხეობის ქალაქს უკავშირდება ველისციხე. ის არის დამცველი ხეობისა და ხეობის ქალაქისა, რომელიც წარმოიქმნება ველის დასაწყისში, ზღვარზე ველსა და ხეობას შორის. განსხვავებული სახელიც ამის ნაყოფი უნდა ყოფილიყო. ველისციხეების წარმოქმნა-გავრცელება უნდა ყოფილიყო ნაყოფი მთისა და ბარის მეურნეობრივი ურთიერთობისა. რო¬გორც სახელიდან ჩანს, ველისციხე ისახება ხევის ციხის საპირისპიროდ. ლ. ჭილაშვილი ორ ველისციხეს განიხილავდა – გურჯაანის რაიონის ველისციხეს და ქართლის იმერხევისას66.
ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ჩელთისწყალს მოერთვის ჭერემისწყალი; იქვე აშიაზე წარწერააა: „ჭერემისათვის და ველისციხისა...“ „ამ წყალსა ზედა არს, ალაზნის დასავლით, ველსა ზედა, ველის ციხე, და აწ უქმი“67. როგორც ვხედავთ, ჭერემი და ველისციხე ამ ცნობაში ურთიერთდაკავშირებული ჩანან, მიუხედავად იმისა, რომ ძველი ქალაქი ჭერემი ველისციხიდან 17 კმ-ზეა, ჭერმისხევის ღრმა ხეობაში.
ისტორიკოს ჯუანშერის ცნობით, სპარსელებთან ვახ¬ტანგ გორგასლის ბრძოლისას, ხოსრო მეფეს შეუმუსრავს „ქალაქი კამბეჩოანი, და ჭერემისა ციხე და ველისციხე“ კახეთში68. აქაც ჭერემი და ველისციხე ერთად იხსენიებიან.
კახეთის ველისციხეს სოფელიც გასჩენია, რომელზედაც ციხის სახელი გადასულა. ჟამთააღმწერლის ცნობით, ლაშა-გიორგის სწორედ ამ სოფელში უნახავს „ქალი ფრიად ქმნულ-კეთილი ... მსწრაფლ თვისად მოიყვანა და შეიყუარა ფრიად“69.
აღნიშნულ სოფელში შემორჩენილია ციხე-დარბაზი და VI ს-ის სამეკლესიანი ბაზილიკის ნანგრევები. რიყის ქვით ნაგები ციხე-დარბაზი დაახლ. IX-X სს. განეკუთვნება. შემონახულია ოთხკუთხა გალავნის, ორსართულიანი სასახლისა და სხვა ნაგებობათა ნაშთები70. ჭერემის, როგორც ქალაქის, დაკნინების შემდგომ ველისციხის ციხე-დარბაზი მის ირგვლივ დასახლებაზე გაბატონდებოდა. ვახუშტის დროს ველისციხე „აწ უქმი“ ყოფილა, რაც მისი ფუნქციის შეცვლაშიც გამოიხატებოდა. მართლაც, შიგნით კახეთში, შუამთისა და ჭერემის ირგვლივ გაერთიანებულ სოფელთა ჯგუფებს შორის, ველისციხე უკვე ცალკეა დასახელებული; მისდამი დაქვემდებარებული კი – ერთი სოფ. ზეგანია71.
ქართლის ველისციხე იმერხევშია, რომელიც თრიალეთის ქედიდან წამოსული, ძამას უერთდება ზღუდერთან. სახელწოდების, გვიანანტიკური მდიდრული სამარხების, ადრეული საკულტო ნაგებობების გათვალისწინებით, შესაძლებელია ზღუდრის წარმოდგენა ქალაქური ტიპის დასახლებად72. აქაური ველისციხე ზღუდრიდან დაახლ. 7-8 კმ.-ზეა იმერხევის თავში. კახეთის ველისციხისგან განსხვავებით, ის გაშენებულია მთის წვერზე, საკმაოდ მიუვალ ადგილას. ციხის ტერიტორია დაყოფილია ტერასებად, რომლის განაპირას შეინიშნება ნასოფლარი და მსხვილი ქვებით ნაგები ნაეკლესიარი. ციხეც ასეთივე ქვებითაა ნაგები.
ლ. ჭილაშვილის აზრით, ამ ციხის გეოგრაფიულმა გარემომ, შესაძლოა, ეჭვიც დაბადოს მისი სახელის შესატყვისობაზე, მაგრამ, ჩანს, სახელი შერქმეულია დანიშნულების მიხედვით: ხეობის ამ მონაკვეთიდან იწყება გაშლილი ველი ძამის ხეობისაკენ, რომლისთვისაც ბარის მეურნეობაა ძირითადი. ველისციხე ველის ბუნებრივ საზღვარზე აღმოცენებული ციხეა, ველის დამცველი და ველზე მდებარე ქალაქის ჩამკეტი, რომელიც ამ უკანასკნელის ადმინისტრაციული ერთეულის ნაწილს შეადგენდა73.
ვახუშტი ბატონიშვილი იმერხევის ველისციხეს საერთოდ არ იხსენიებს. სამაგიეროდ მას კიდევ ერთი ველისციხე გარეკახეთში აქვს დასახელებული, სოფლების სამებასა და უჯარმას შორის74; რუკაზე ის ივრის მარცხენა ნაპირზეა, უჯარმის ჩრდილოეთით. უცნობია აქაური მიწისზედა ძეგლების მდგომარეობა.
სხვადსხვა სოციალური შინაარსი ჰქონდა ციხის ნაწილებსაც, რომელთაგან ყურადღებას იქცევს ქართულ წყაროებში მოხსენიებული „შიდაციხე“. „მოქცევა ქართლისა“-ს მიხედვით, არმაზის ციხის მშენებლობის თანმიმდევრობა ასეთია: 1. ფარნავაზი აღმართავს არმაზის კერპს და „მოქმნა ზღუდე წყლით კერძო და ჰრქვიან არმაზ“; 2. საურმაგი იწყებს ციხის შენებას; 3. მირვანი ასრულებს არმაზის მშენებლობას („აღაშენა“); 4. არიკი არმაზში შიდაციხეს აგებს75.
უნდა ვიფიქროთ, ამ უძველეს ცნობაში არმაზის ციხის მშენებლობის შესახებ, ასახულია ის ცოდნა-გამოცდილება, რომელიც არსებობდა ჩვენებურ ძველ ციხესიმაგრეებზე: ჯერ საერთო თავდასაცავი გალავანი (სახიზარი), რომელშიც შემდგომ, დაწინაურებულ-გაბატონებული სახლისათვის შენდება შიდაციხე. არმაზის კერპის სახელის გადატანა ციხეზე, ასევე მიუთითებს ძველ სიმაგრეთა საკულტო დანიშნულებით გამოყენებაზეც.
უძველესი ნაწილი ქართლის ცხოვრებისა მოგვითხრობს, რომ ქართლოსმა არაგვისა და მტკვრის შესაყარის მოპირდაპირე მთაზე ჯერ სიმაგრეები ააშენა, შემდეგ კი იქვე ააგო თავისი საცხოვრებელი სახლი, ანუ შიდაციხე. მანვე ამ მთას უწოდა ქართლი და ასევე ერქვა მას არმაზის კერპის აღმართვამდეო. ნიშანდობლივია, რომ ქართლოსი იქვე დაუკრძალავთ და ქართლოსიანთა „უფროსი საფიცარი მათი იყო საფლავი ქართლოსისა“76. საქართველოს უძველეს სიმაგრეებში, არქეოლოგიური გათხრებით ზოგან, მართლაც, დადასტურებულია სამარხები. ქართლის ცხოვრების ცნობით, არმაზის მთაზე აზოსაც დაუდგამს კერპები გაცი და გაიმ. მაშასადამე, ეს უძველესი ციხე ერთდროულად ყოფილა კულტმსახურების, თავდაცვის, საცხოვრებელი და სამარხავი ადგილი.
წერილობითი წყაროებისა და არქეოლოგიური გათხრების მიხედვით ჩანს, რომ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე არმაზს გასჩენია ქალაქიც, რომელსაც ახ.წ. I ს.-ში ლეონტი მროველი მოიხსენიებს სახელით „არმაზით კერძი ქალაქი“77; ეს უნდა ყოფილიყო ბაგინეთი და მისი მიმდებარე ტერიტორია.
შიდაციხისავე აღმნიშვნელი უნდა ყოფილიყო ქართული წყაროების „ციხის-ციხე“. ის გვხვდება ოშკური ბიბლიის წიგნში მეორე მეფეთა: „დაიპყრა ციხის-ციხე იგი სიონისა“78; ასევე შავთელის პოემაში – „გალობანი ვარძიისა ღმრთის-მშობლისანი“79. მისი ფრანგულ-იტალიური შესატყვისია „ციტადელი“, ხოლო აღმოსავლურია „ნარინ-ყალა“, „ნარინდეჟ“, რომლებიც ესმოდათ როგორც „განსაკუთრებული ციხე“, „ცენტრალური ციხე“. ნარიყალა ქართულ მეტყველებაში ჯერ ამ ზოგადი მნიშვნელობით დამკვიდრდა, შემდეგ კი თბილისის კალას ციხის საკუთარ სახელად იქცა. თბილისის სამხედრო-ტოპოგრაფიული რუკის შემდგენელს, კაპიტან ჩუიკოვსაც (1800 წ.) თბილისის ციხის „Нарин-кала“ ესმოდა, როგორც „главная крепость“80. ნარინ-კალა დღესაც ჰქვია დერბენდის მთის წვერზე მიუვალ ციტადელს81.
1730 წელს ორბელიანები გარიგებისას ასე მიმართავენ ერთმანეთს: „დმანისს სასახლე, ნარიყალა და ნაციხვარი კუთხეულს პაპათქვენს ორბელს წილში რგებოდა და სახლიც აეშენებინა“82. აქ აშკარად ჩანს დმანისის ციხის შემადგენელი ნაწილები. პაპუნა ორბელიანი 1748 წ. თბილისის ციხეზე ამბობს, რომ ერეკლე მეფემ „მაღლა ნარიყალაში“ (იგივე შიდაციხე) დააყენა 60 კაცი. მისგან გამოყოფილ „დაბლა ციხის სახლებში“ კი, ადრე თუ „მკვიდრნი ციხის კაცნი“ იყვნენ თავისი ცოლ-შვილით, შემდგომში იქ „ყოველნი თავადნი“ დასახლებულან83.
1791 წლის ერეკლე მეფის განწესებიდან საქართველოს ციხესიმაგრეებზე ნათქვამია, რომ თბილისის, გორის, წირქოლის, ანანურის, ბოჭორმისა და გრემის ციხეებს „ნარიყალის ციხეებიცა აქვთ და ნარიყალები ცოტას კაცით შეინახება“. სახასო დიდ ციხესა და გალავანში შესაძლებელი და სასურველია ახალი ნარიყალის აშენება, რადგან ციხის ეს ნაწილი სამეფო ოჯახის თავშესაფარია. აქვე ჩანს მეორე რიგის დიდრონი ციხეები და გალავნები, რომლებიც სათემოა; შიშიანობის დროს მათში ხალხის დახიზვნა მახლობელი სოფლებიდან წინასწარ არის დაწესებული84.
ციხის შემადგენელი ორი ნაწილი უძველესი დროიდან მოდის და უკვე პირველ ქართულ საბუთშია დამოწმებული მიქაელ მემღვიმის პირით: „დაუწყე ჩემსა მამულსა შიგან ციხესა გება. დევდგი ხევისა კერძოდ უკეთესი კოშკი შიგნით. და გარეთ უკეთესი სახიზნო ცხევერელთა ჰქონდეს“85. ამ ციხის ძველი გეგმარება ტიპიურადაა მიჩნეული IX-X საუკუნეებისათვის86; მას ფუნქციონირება დიდხანს არ შეუწყვეტია, ამიტომაც ბევრგან ეტყობა გადაკეთების და სადგომთა მომატების კვალი. მაღალ მთაზე აგებულს მას დაახლ. 60 მ. X 25 მ. ფართობი უჭირავს. გალავანი ოთხკუთხა და მრგვალი ბურჯებით ყოფილა გამაგრებული. მის შიგნით არსებული მცირე ზომის კარის ეკლესია და წყალსატევი, ალბათ, ძველია და მოწმობს ციხის მფლობელის აქ ცხოვრებაზე. ცხევერელთა იქაური თავშესაფარი კი შიშიანობის დროს იქნებოდა გამოყენებული.
შემდგომ ხანებში, ცხირეთის ციხის სახელით ცნობილი ეს სიმაგრე ქართლის მეფეთა საზაფხულო სადგომად იყო მიჩნეული. 1609 წელს აქ იდგა მეფე ლუარსაბ II, როდესაც შემოსეულ ყირიმელ თათრებს თევდორე მღვდელმა გზა აუბნია87.
ზემოთ განხილულ ციხესიმაგრეთა გარდა, ცხადია, იყო სხვაგვარი სახეობანიც: ციხე-სახლები მთაში, ბარის ფეოდალთა ციხე-დარბაზები, სალეკო კოშკები... ყველა ისინი წერილობითი წყაროების გარდა, არქეოლოგიურ შესწავლასაც საჭიროებენ.
დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა
1. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, VIII, „მეცნიერება“, თბ., 1990, გვ. 58 (ქვემოთ სის).
2. პ. ზაქარაია, ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია, „არქიტექტურა და დიზაინი“, თბ., 2002, გვ., 115, 214.
3. ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ნ. ბერძენიშვილისა და თამ. ლომოურის რედაქციით, თბილისის სახ. უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 1941, გვ. 315-316.
4. ქართლის ცხოვრება, I, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., „სახელგამი“, თბ., 1955, გვ. 8, 9, 18 (ქვემოთ ქც.).
5. ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი, ილ. აბულაძის გამოც., თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 1953, გვ. 12, 25.
6. ქც. IV, „საბჭოთა საქართველო“, თბ., 1973, 530, 342.
7. დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები, „სამკალი“, თბ., 2006, გვ. 126-127.
8. ლ. ნ. ჯანაშია, „ცხოვრება ქართველთა მეფეთას“ წყაროებისათვის, კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, „მეცნიერება“, თბ., 1966, გვ. 140, შენ. 20.
9. ქც. I, გვ. 17-18.
10. ნ. ბერძენიშვილი, სის., VIII, გვ. 55.
11. ქც. I, გვ., 19.
12. ქც. I, გვ., 317.
13. ქც. IV, გვ., 795, 796
14. ის. დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, II, „მეცნიერება“, თბ., 1965, გვ. 115 (ქვემოთ ქსძ).
15. ვლ. ღუნაშვილი, ნარკვევები ქსნის ხეობის წარსულიდან, I, თბ., 1997, გვ. 64.
16. ქც. I, გვ. 344
17. ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი..., გვ. 251.
18. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, I, ილ. აბულაძის რედაქციით, „მეცნიერება“, თბ., 1963, გვ. 81 (ქვემოთ ძქალძ).
19. ნ. ბერძენიშვილი, სის VIII, გვ. 331-332.
20. ქც. I, გვ. 10
21. ქც. I, გვ. 272
22. ქც. I, 17.
23. ალ. ბოხოჩაძე, „ძველი მცხეთის“ ლოკალიზაციის საკითხები. ფეოდალური საქართველოს არქეოლოგიური ძეგლები, III, „მეცნიერება“, თბ., 1978, 5-25.
24. ქც., I, 116-7.
25. ქსძ, II, 10, 21, 22, 44.
26. ქსძ, III, 23, 176, 180, 191, 264, 540, 570-1.
27. С. С. Какабадзе, Грузинские документы Института Народов Азии, "Наука", М. 1967, 313.
28. პ. ზაქარაია, ციხედიდის ნასახლარი, „მაცნე“, ისტორიის ... სერია, „მეცნიერება“, თბ., 1975, #1.
29. პირთა ანოტირებული ლექსიკონი, I, „მეცნიერება“, თბ., 1991, 89.
30. სის, VIII, 54.
31. ZqalZ I, 93.
32. ქც. I, 136.
33. ქართლის ცხოვრების ..., 133-4.
34. ქც. IV, 334, 662.
35. ქც. I, 47.
36. გეორგიკა, III, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, სახ. უნი¬ვერ¬სიტეტის გამომც., თბ., 1936, გვ., 39 41.
37. პ. ზაქარაია, ქართულ ციხესიმაგრეთა ..., 81-2.
38. ქც. I, 268-9.
39. ქც. IV, 135.
40. ZqalZ I, 95
41. ელ. ცაგარეიშვილი, სომხური წყაროები საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობის შესახებ X-XI სს., „მრავალ¬თავი“, II, "მეცნიერება", თბ., 1973, 172.
42. კ. ტაბატაძე, ქართველი ხალხის ბრძოლა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე, „მეცნიერება“, თბ., 1974, 99.
43. გ. რჩეულიშვილი, ქრისტიანობა შუასაუკუნეების ფხოვში. ქრისტიანული არქეოლოგიის III სამეცნიერო კონფერენცია, მოხსენებათა მოკლე შინაარსები, თბ. 1999, 22.
44. ა. შანიძე, ქართული ხალხური პოეზია, I, სახელმწიფო გამომცემლობა, ტფ., 1931, 222.
45. გეორგიკა, 2, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., „მეცნიერება“, თბ., 1965, 182.
46. ქც., II, 251.
47. ჟამთააღმწერელი, ასწლოვანი მატიანე, რ. კიკნაძის გამოც., „მეცნიერება“, თბ., 1987, 230.
48. ქც., II, 302.
49. ქც., II, 507.
50. პაპუნა ორბელიანი, ამბავნი ქართლისანი, ელ. ცაგარეიშვილის გამოც., „მეცნიერება“, თბ., 1981, 229.
51. English Castles, The Pitkin Guide, 1955, პ. 17.
52. ქც., IV, 320, 756, 710.
53. ექვ. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, I, საქარ¬თვე¬ლოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების გამოცემა, ტფ., 1920, 8-9.
54. ä³ïÙáõÃÇõÝ Ü³Ñ³Ý•ÇÝ êÇë³Ï³Ý ³ñ³ñ»³É êï»÷³ÝÝáëÇ úñµ»É»³Ý ³ñù»åÇëÏáåáëÇ êÇõÝ»³ó, ÂÇ÷ÉÇë, 1910, 476.
55. კ. ტაბატაძე, დასახ. ნაშრ., 166.
56. ქც., IV, 889-890.
57. ჰასან-რუმლუს ცნობები საქართველოს შესახებ, ვლად. ფუთურიძის გამოც., „მეცნიერება“, თბ., 1966, 27, 59.
58. ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ, ვლად. ფუთურიძის გამოც., „მეცნიერება“, თბ., 1969, 14.
59. ჰასან-რუმლუ, 27-28.
60. Киракос Гандзакеци‚ История Армении‚ перевод с древнеар¬мянского‚ предисловие и коментарий Л. А. Ханларяна‚ „Наука“, М.‚ 1976, 170.
61. ჰასან-რუმლუ, 152.
62. ნ. ბერძენიშვილი, სის, I, 127; სის, VIII, 517.
63. ქც., IV, 329.
64. გეორგიკა, IV, ნაკვ. I, 107.
65. დ. მუსხელიშვილი, საქართველო IV-VIII საუკუნეებში, „მემატიანე“, თბ., 2003, 111-112.
66. ლ. ჭილაშვილი, ქალაქები ფეოდალურ საქართველოში, I, „მეცნიერება“, თბ., 1968, 116-9.
67. ქც., IV, 545-6.
68. ქც., I, 201.
69. ქც., II, 155.
70. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, IV, „განათლება“, თბ., 1979.
71. ვახუშტი, აღწერა..., 207.
72. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, IV.
73. ლ. ჭილაშვილი, ქალაქები ..., I, 117-119.
74. ვახუშტი, აღწერა..., 205.
75. ZqalZ., I, 82.
76. ქც., I, 8, 11.
77. ქც., I, 43.
78. ილ. აბულაძე, ძველი ქართული ენის ლექსიკონი, „მეცნიერება“, თბ., 1973.
79. სოლ. ყუბანეიშვილი, ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, თბ. სახ. უნ-ტის გამომც., 1946.
80. ჯ. გიუნაშვილი, ტერმინ „ნარიყალას“ მნიშვნელობისათვის. ივ. ჯავახიშვილის 100. წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებული, „მეცნიერება“, თბ., 1976, 317-8.
81. А. А. Кудрявцев, Древний Дербент, „Наука“, М., 1982, 13.
82. ექვთ. თაყაიშვილი, საქართველოს სიძველენი, II, თბ., 1909, 356.
83. პაპუნა ორბელიანი, 147-8, 157.
84. ი. დოლიძე, ქსძ, II, 512.
85. ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, „მეცნიერება“, თბ., 1984, 18.
86. ვ. ცინცაძე, საცხოვრებელი სახლის ... „ქართული ხელოვნება“, 4, „მეცნიერება“, თბ., 1955.
87. ქც., II, 385-6.

Комментариев нет:

Отправить комментарий