среда, 14 ноября 2018 г.

ქალაქ ფასისის (ფოთის) ტოპოარქეოლოგიისათვის

ქალაქი ფოთი, დღეს, საქართველოს უმნიშვნელოვანესი ნავსადგური და აზია-ევროპის სატრანზიტო გზის ერთ-ერთი ძირითადი პუნქტია. ქალაქი ფოთი საქართველოს მზარდი სოციალურ-ეკონიმიკური ცენტრია. ქალაქ ფასისის შესწავლის ისტორია საუკუნე-ნახევარს ითვლის; მაგრამ ჯერჯერობით, წერილობითი და არქეოლოგიური მონაცემების სიმცირის გამო, მისი ისტორიის რიგი საკითხების სრული გაშუქება შეუძლებელია [იხ. 2, გვ.3-21; 3; 19, გვ.17-36; 42, გვ.271-281; 71; 70; 68, გვ.223; 9; 10, გვ.70-110; 14, გვ.505; 12, გვ.36-55]. ზოგადად დღევანდელ ქ. ფოთთან და მის შემოგარენში ლოკალიზდება ანტიკურ წერილობით წყაროებში მოხსენიებული ძველი ქალაქი ფასისი//ფაზისი. ბერძნული წერილობითი წყაროების ტოპონიმ ფასისს ქართველური ენების საფუძველზე მიღებულ ფოთის სახელწოდებად მიიჩნევენ _ ფოთ//ფათ//ფას [11,გვ.181-185; 24,გვ.96].
ქ. ფასისი იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ფსევდო-სკილაქსი, აზია, 81 [34,გვ.48]; არისტოტელე, ფრაგმენტები 46 [35,გვ.73]; პლატონი, "ფედონი" 109(ბ) [63,გვ.83]; ჰერაკლიდე ლემბოსი, "ფასისელთა პოლიტია," XVIII [36, გვ.195]; ჰიპოკრატე, "ჰაერთა, წყალთა და ადამიანთა შესახებ," 15 [33,გვ.45]; თეოკრიტე, "იდილია," სქოლიოები, XIII, 24[23,გვ.316]; სტრაბონი, "გეოგრაფია", XI,2,16,17;3,4[32, გვ.122,123,128]; ფსევდო-პლუტარქე, "მდინარეების და მთების სახელების შესახებ...", ფასისი, V,1 [57,გვ.223]; პლინიუსი გაიუს სეკუნდუსი(უფროსი), "ნატურალური ისტორია", VI,1,13,52, [56, გვ.178,179,185]; პომპონიუს მელა, "ქვეყნიერების აღწერილობა," I,108[5, გვ.29]; ფლავიუს არიანე, "მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო", 9,10 [1,გვ.40]; კლავდიოს პტოლემაიოსი, "გეოგრაფიული სახელმძღვანელო," V,9თ.,2[17,გვ.45]; ფსევდო-ორფევსი, "არგონავტიკა," გვ.3 [20,გვ.89]; თემისტიოსი, "სიტყვები,"XXVII [23,გვ.470]; კასტორიუსი, ე.წ. ტაბულა პევტინგერისა,X-XI [18, გვ.109, ტაბ.2]; ამიანე მარცელინუსი, "ისტორია" XXII, 8თ.,24 [4, გვ.112]; ანონიმი ავტორი, "ევქსინის პონტოს პერიპლუსი...," 44(3),[57, გვ.229]; ზოსიმე, "ახალი ისტორია," I,32 [29, გვ.268]; სტეფანე ბიზანტიელი, "ეთნიკა", ფასისი [25, გვ.286]; აგათია, "იუსტინიანეს მეფობის შესახებ", III,19,20,21; IV,23[25, გვ.97,98,102, 179]; მენანდრე,"ისტორია," ფრაგმენტი 3 [25, გვ.209]; ეპიფანე კონსტანტინოპოლელი, "ანდრიას ცხოვრება," თავი - "სვანეთი, ფუსტა, აბაზგია, ჯიქეთი" [26,გვ.58]; თეოფანე ქრონოგრაფი, "ქრონოგრაფია...", ფასისის ეპისკოპოს კვიროსის შესახებ [26,გვ.101]; გიორგი კედრენე, "ისტორიული მიმოხილვა...", ფასისის ეპისკოპოს კვიროსის შესახებ [27,გვ.28]; ბასილი სოფენელი, "უწმინდესი პატრიარქების ნუსხა," 27 [28, გვ.128,130,139]; ნიკიტა ხონიატე, "ქრონიკა...", ფასისი სანავსადგურო ქალაქი [30,გვ.132]; ამბროზიო კონტარინი, "მოგზაურობა კავკასიაში...", გვ. 2-3 (მოამბე,1894, გვ.49,50); არქანჯელო ლამბერტის, სამეგრელოს აღწერა [16, გვ.172]; ჟან შარდენი, "მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში [38,გვ.108].
ქალაქ ფასისის შესახებ უძველესი საყურადღებო წერილობითი ცნობა შემონახულია ძვ.წ. IVს-ის ავტორის ფსევდო-სკილაქს კარიანდელის პერიპლუსში _ "აზია",81. უმნიშვნელოვანესი ცნობა ქ. ფასისის ადგილმდებარეობის შესახებ დაცულია ძვ.წ.I და ახ.წ. Iსს. მიჯნის გეოგრაფოსის სტრაბონის "გეოგრაფიაში": "ფასისზე მდებარეობს მისი მოსახელე ქალაქი, კოლხთა სავაჭრო ადგილი, გარშემორტყმული მდინარით (რიონი -გ.გ.), ტბით (პალიასტომი - გ.გ.) და ზღვით" (სტრაბონი, XI,2,17). როგორც ვხედავთ ეს აღწერილობა ზედმიწევნით ესადაგება დღევანდელი ქ. ფოთის მდებარეობას. საყურადღებოა აგრეთვე ქ. ფასისის თვითმხილველის, რომის იმპერიის მაღალი რანგის მოხელის, IIს. ავტორის ფლავიუს არიანეს საინსპექციო აღწერაში - "პერიპლუსი შავი ზღვის გარშემო" შემონახული ცნობა: "ფასისში რომ შედიხარ, მარცხნივ აღმართულია ქალღმერთ ფასიანეს ქანდაკება"... "თვით ციხე-სიმაგრე, რომელშიც თავსდება ოთხასი რჩეული მეომარი, მე მეჩვენა მეტად მიუდგომლად ადგილის ბუნების მი-ხედვით, უშიშროების თვალსაზრისით მეტად მოხერხებულ ადგილზე მოთავსებულად აქ მომსვლელთათვის. ორმაგი თხრილი ერტყმის კედელს, ორივე ფართოა, წინათ კედელი თიხისა იყო და ხის კოშკები იდგა მასზე, მაგრამ ახლა კედელი და კოშკები გამომწვარი აგურისაგანაა გაკეთებული.
საძირკველი მისი მყარია, ზედ სამხედრო მანქანებია დადგმული. ერთი სიტყვით, ყოველმხრივ იმდაგვარადაა მოწყობილი, რომ ვერავინ მიუახლოვდეს და რომ ალყის საფრთხე არ მოელოდეს ციხის დამცველთ. ხოლო, რადგან ნავსადგური უშიშარი თავშესაფარი უნდა ყოფილიყო ხომალდთათვის, აგრეთვე ციხის გარშემო მდებარე სხვა ადგილებიც, რომლებიც დასახლებულია სამსახურიდან გადამდგარი სამხედრო პირებით და ვაჭრებით" (არიანე, "პერიპლუსი...",9). ქ. ფასისიდანაა ძვ.წ. IVს. ბერძნულ წარწერიანი ვერცხლის ფიალა (წარწერის შესახებ იხ. ქვემოთ). ბერძნულ-რომაული და ბიზანტიური წერილობითი წყაროები ქალაქ ფასისს ხშირად ახსენებენ, მაგრამ მათში გადმოცემული მონაცემები წინააღმდეგობრივია; ხშირად, ცნობები ერთი და იმავე წყაროდან მომდინარეობს. წერილობითი წყაროების ტრადიციის გამარტივებული სქემის მიხედვით ფასისი ძველთაგანვე ქართველური მოსახლეობით დასახლებულ მიწა-წყალზეა იონიიდან გამოსული მილეთე-ლების მიერ ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონტაქტოდ, სავაჭრო ცენტრად - ემპორიონად დაფუძნებული [შეადარე, 59, გვ.187-256; 60, გვ.322-326; 13, გვ.119-124; 46, გვ.256-274]. არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით ფოთი-პალიასტომის მიმდებარე ტერიტორიის გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ნასახლარებიდან - ნამარნუ, ძიგური, სირიაჩქონის ოხოჯე, ნანდევუ, საგვიჩიო (ზურგანი, კონშა), ნაღმიპიჯი, ჭალადიდი (ზურგა, საბაჟო, ჩხარი), გურიფული, ნაოხვამუ (სოფ. რეკა), ერგეტა და სხვ. [იხ. 44, გვ.34-38 და რუკა] ალბათ ფასისი უფრო დაწინაურდა. მას კომუნიკაციების მიხედვით მოხერხებული ადგილი ეჭირა (კერძოდ, მდ. რიონ-ფასისის დელტა) და ურბანისტულ ცენტრად განვითარდა.
ჰიპოკრატე (ძვ.წ. 460-336წწ.), ზოგი მკვლევარის მიხედვით, ნამყოფია და თვითმხილველია მდ. ფასისის მიდამოების [33, გვ.8]. ის თხზულებაში "ჰაერთა, წყალთა და ადგილთა შესახებ" მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის ფოთი-პალიასტომის მიმდებარე ტერიტორიის შესახებ. კერძოდ - "... ვინც ფასისში ცხოვრობს, მათ შესახებ მოგითხრობთ: ეს მხარე ჭაობიანია, თბილი, წყლიანი და ტენიანი." "... ადამიანებს საცხოვრებელი ჭაობებში აქვთ; ხისა და ლერწმის სახლები აქვეა აგებული. ისინი ცოტას დადიან ფეხით ქალაქსა (ალბათ ქ. ფასისში - გ.გ.) [71, გვ.37-42] და სავაჭრო (ემპორიონში) პუნქტებში, არამედ დაცურავენ აღმა-დაღმა... ნავებით, რადგან არხები ბევრია"(ჰიპოკრატე, "ჰაერთა..."15) [33, გვ.45]. ამ ნაწყვეტიდან ჩანს, რომ მდ. რიონ-ფასისის ქვემო წელის მოსახლეობა სპეციალურ სავაჭრო პუნქტში, ფასისის ემპორიონში დადიოდა. ჰიპოკრატეს ამ ნაწერიდან აგრეთვე, თითქოს, ისიც ჩანს, რომ ფასისის დელტაში მდებარე ადგილი (თუკი ის ქ. ფასისია) ადგილობრივი მოსახლეობის სავაჭრო პუნქტია (წყაროში - ÎმპØრიონ) და არა ბერძნული ტიპის ქალაქი, პოლისი.საერთოდ კი ვაჭრობის კონცენტრირება სპეციალურ ადგილებში პროტოურბანისტულ ცენტრზე მიგვანიშნებს. შესაძლოა, რომ ბერძნების მოსვლის შემდეგ, აქედან სავაჭრო საქონლის დისტრიბუციაც ხდებოდა (მაგ. სიმაგრის და საერთოდ მდ. რიონის გაყოლებით ნამოსახლარებზე დადასტურებული ანტიკური, იმპორტული ნაწარმი), რაც მეტ-ნაკლებად მუდმივმოქმედი ბაზრის გაჩენას გულისხმობს. ეს კი ქალაქური დასახლების ერთ-ერთი ნიშანია. მდ.ფასისის შესართავთან როცა ბერძნები გამოჩნდნენ, აქ პროტოურბანისტული ცენტრი ფასისი უკვე იყო (გავიხსენოთ, აქ გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის ნამოსახლარები). ბერძნებმა ეს პუნქტი აღიქვეს როგორც ქალაქი და სავაჭრო ცენტრი (ემპორიონი). ბერძნებმა ამ სავაჭრო დასახლებასთან დაამყარეს კონტაქტი და დროთა განმავლობაში აქვე გაჩნდა ბერძნული დასახლებაც. ადგილობრივ მოსახლეობასთან ამ კონტაქტების ძირითადი მიზანი ადგილობრივი ნედლეულის გატანა იყო; სანაცვლოდ კოლხეთში სხვადასხვა ფუფუნების საგნები (ნატიფი კერამიკა, სამკაულები, ლითონის ჭურჭელი, ნელსაცხებლები და ა.შ.) შემოჰქონდათ. ეს კი ძვ.წ. Vს-ის შემდგომი წერილობითი და არქეოლოგიური წყაროებით დასტურდება. ამდენად, ზღვის სანაპიროზე ემპორიონების წარმოქმნა უცხოელების და ადგილობრივების საერთო ინტერესებში შედიოდა. ფასისში გახსნილი და დაარსებული ბერძნების ახალშენი დროთა განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქტების შედეგად სიმბიოზს და ცვლილებებს განიცდიდა. ეს ცვლილებები დიდად იყო დამოკიდებული ადგილობრივ ბიოგეოგარემოზე და სოციოგარემოზე [7, გვ.3-45].
ძვ.წ. III ს-დან, კოლხეთის სამეფოს დაშლის მერე ქ. ფასისი თანდათან ანტიკურ ქვეყნებსა და შიდა კოლხეთს შორის ბუფერულ, ეთნიკურად შერეულ, პოლისური ტიპის ქალაქად ტრანსფორმირდა, რომელსაც ალბათ თავისი სასოფლო ტერიტორიაც ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით საყურადღებოა ქ. ფასისის შესახებ ძვ.წ. IIს-ის ავტორის ჰერაკლიდეს ცნობა ფასისის პოლიტიაზე, რომელიც აქ გარკვეული წესწყობილების არსებობას გულისხმობს [7,გვ.46-87]. მნიშვნელოვანია აგრეთვე შედარებით გვიანდელი ანონიმი ავტორის "პერიპლუსში" დაცული ცნობები, სადაც ფასისთან ერთად, კონტექსტში, ნახსენებია კავკასიის იბერები. შემდგომ აღნიშნულია: "მდინარის შესასვლელთან, ფასისის მარცხენა ნაპირზე, მოთავსებულია მილეტელთა მიერ დაფუძნებული ელინური ქალაქი ეგრეთ წოდებული ფასისი, რომელშიაც, როგორც ამბობენ, თავს იყრის სამოც სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხი. მათ რიცხვში, გადმოცემით, იმყოფებიან ინდოეთიდან და ბაქტრიიდან მოსულებიც" (Vს. ანონიმი,3).
მაგრამ, ქ. ფასისის შესახებ ეს რამდენადმე შემაჯამებელი წერილობითი წყარო, ეტყობა ძვ.წ. IIIს-ის შემდგომ პერიოდს ეხება. ე.წ. დიდი ბერძნული კოლონიზაცია ძვ.წ. VIII-VII სს-ში ქ. ფასისს არ შეხებია [შეადარე, 3, გვ.7-21; 13; 59, გვ.187-256; 60, გვ.25-33; 74]. მდ. რიონ-ფასისის ქვემო წელზე არქეოლოგიურად აღმოჩენილი ნამოსახლარები (ჩამონათვალი იხ. ზემოთ) ამას მოწმობს. აქ უცხოური ნაწარმი ე.წ. კოლონიზაციის ეპოქაში არ ჩანს, ხოლო ძვ.წ. VI-Vსს. იმპორტული ნაწარმი მცირეა და სულ, დაახლოებით ასი ერთეულით (კერამიკის ნატეხები) განისაზღვრება. ამიტომ აქ რაღაც ინტენსიურ ბერძნულ "საკოლონიზაციო" მოქმედებებზე საუბარი ჯერჯერობით სრულიად უსაფუძვლოა. რაც შეეხება წერილობით წყაროებს, ალბათ შესაძლებელია, რომ ძვ.წ. Vს-ში ადგილობრივ ქ. ფასისთან ან ფასისში, მდ. რიონის დელტაში, ბერძნების მცირე სავაჭრო დასახლება (ემპორიონის მსგავსი) ვიგულისხმოთ. დაახლოებით ისეთი როგორიც, შემდგომ XIV-XVსს-ში ფოთ-ფასისში გენუის სავაჭრო ფაქტორია იყო.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ძვ.წ.VIII-VI და გნებავთ IVს-მდე ფასის-ფოთის მიდამოებში და მთელ კოლხეთში რაიმე დიდი ცვლილება არქეოლოგიურ კულტურაში (კერამიკულ და მეტალურგიულ წარმოებაში, არქიტექტურაში, იდეოლოგიაში, დაკრძალვის წესში და სხვ.) არ შეიმჩნევა. ხსენებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი სოციუმი როგორც ცხოვრობდა ისევ ისე ცხოვრობს; არ ჩანს ბერძნული კულტურის რაიმე ზეგავლენა მოსახლეობის ყოფაში. მიუხედავად იმისა, რომ ძველი ფასისის ადგილმდებარეობა ანტიკური წერილობითი წყაროების მიხედვით ზოგადად განსაზღვრულია (იხ. სტრაბონი, არიანე), დღეისათვის მეცნიერების წინაშე ისევ დგას მისი ზუსტი ლოკალიზების პრობლემა, რადგან კლასიკური და ელინისტური ხანის ქალაქი არქეოლოგიურად არ არის დადასტურებული. სამაგიეროდ აღმოჩენილია ადრებიზანტიური ხანის ფასისის ნაშთები (იხ. ქვემოთ) [6, გვ.97-117; 10, გვ.101].
ფასისის ლოკალიზება-ტოპოგრაფიის შესახებ გამოთქმულია შემდეგი მოსაზრებები: პირველი _ ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე თვლის, რომ რომაული ხანის ფასისი მდებარეობდა სოფ. ჭალადიდსა და ფოთს შორის. კერძოდ, ხსენებულ მონაკვეთზე, ფოთის აღმოსავლეთით (დღევანდელი აეროდრომის ტერიტორიაზე) მან აღმოაჩინა ნაციხარის ნაშთები, რომელიც არიანესეულ ფასისად მიიჩნია [72, გვ.63-80]. მეორე _ თ. ბრუნის აზრით ფასისი პალიასტომის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში მდებარეობდა [47, გვ.250]. მესამე _ ნ. შაფრანოვის მოსაზრებით ფასისი პალიასტომის ტბის სამხრეთ ნაპირზე, მდ. სუფსის შესართავთან იყო განლაგებული [65, გვ.3]. მეოთხე _ ლ. ელინიცკის აზრით ფასისი უნდა მდებარეობდეს მდ. რიონის შესართავის მარცხენა ნაპირზე დაახლოებით იქ, სადაც დღეს საზღვაო პორტი მდებარეობს [53, გვ.319]. მეხუთე _ მ. ბერძნიშვილის მოსაზრებით ფასისი მდებარეობდა მდ. რიონის მარცხენა ნაპირზე პატარა ფოთთან, ხოლო არიანეს დროინდელი კი იქ, სადაც დიუბუა დე მონპერე მიუთითებს[2,გვ.19-20]. მეექვსე _ ბ. კუფტინის აზრით არიანეს დროინდელი ფასისი მდებარეობდა პალიასტომის ტბის შენაკადის მდ. ფიჩორის ნაპირებზე [55, გვ.116]. მეშვიდე _ ნ. ხოშტარია თვლიდა, რომ ძველი და რომაულ-ბიზანტიური ხანის ფასისი დღევანდელი ქ. ფოთის ადგილზე მდებარეობდა [41, გვ. 33]. მერვე _ ნ. ლომოური იზიარებს დიუბუა დე მონპერეს მოსაზრებას ოღონდ თვლის, რომ ის აგათიას (ახ.წ. VI ს.) დროინდელი ნაქალაქარია [58,გვ.96-99]. მეცხრე _ გ. გრიგოლია ფიქრობს, რომ ფასისი საძებნელია პალიასტომის აღმოსავლეთ მხარეს, სადაც მდ. ფიჩორი ერთვის ტბას [12, გვ.54]. მეათე _ პალეოგეოგრაფ ჯ. ჯანელიძის აზრით ქ. ფასისი მდ. რიონის ხეობის გასწვრივ, ზღვიდან 6 კმ-ზე, პატარა ფოთის და სოფ. ჭალადიდის ირგვლივ ტერიტორიაზე უნდა ვეძებოთ [43, გვ.5-16]. მეთერთმეტე _ ოთ. ლორთქიფანიძე და თ. მიქელაძე წერილობითი და არქეოლოგიური მონაცემების შეჯერების შედეგად მივიდნენ იმ დასკვნამ-დე, რომ "ფასისის სახელით ცნობილი სხვადასხვა ეპოქის ქალაქები უნდა ვიკვლიოთ იმ არქეოლოგიური ძეგლების შესწავლის გზით, რომლებიც განლაგებულია მდ. რიონის შესართავის აუზში ქვემო-ჭალადიდს და ზღვის სანაპიროზე გრიგოლეთ-ყულევს შორის მოქცეულ ტერიტორიაზე" [19, გვ.33]. მეთორმეტე_ გ. გამყრელიძის მოსაზრებით III-VIIსს. ფასისია ე.წ. "ნატეხების" ნამოსახლარი, რომელიც აღმოჩნდა ფოთის სამხრეთ ნაწილში, პალიასტომის ტბის დასავლეთ მონაკვეთში. ვთვლით, რომ ლოკალური გეომორფოლოგიური ცვლილებების გამო, ყულევის მდ. რიონის, ფიჩორის და სუფსას შორის მდებარე მონაკვეთში ფასისის ნაწილი ხშირად ხვდებოდა წყალში (ან ტორფიან ჭაობში); ამიტომ ქალაქი, მოცემული მონაკვეთის ფარგლებში, სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ადგილზე ინაცვლებდა [6,გვ.97-117; 9,გვ.22; 10,გვ.101]. ქ. ფასისი ევროპა-აზიის საზღვაო-სამდინარო-სახმელეთო სატრანზიტო მაგისტრალის ერთ-ერთი ძირითადი პუნქტი იყო [3,გვ. 99-119; 48,გვ.7-8]. ქ. ფასისის საშუალებით უცხოეთში გადიოდა ოქრო, რკინა, საამშენებლო ხე, სელი, სელის ზეთი, თაფლი, ღვინო, მოგვიანებით ნავთიც და სხვ. [3, გვ.53-59; 8,გვ.26-32]. ფასისის სახელით არის ევროპულ ენებში ცნობილი "ფასისური ხოხობი" (ფაზანი), რომელიც აგრეთვე დიდი რაოდენობით გაჰყავდათ ქალაქის სანახებიდან. ელინისტურ და რომაულ ხანაში გაიზარდა ფასისის, როგორც სატრანზიტო-სავაჭრო ქალაქის მნიშვნელობა.
ძვ.წ. 66წ. ფასისთან შეხვდნენ ერთმანეთს იბერიიდან გადმოსული პომპეუსი და რომაელების სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელი სერვილიუსი, რომლის ფლოტიც ზღვიდან კეტავდა და აკონტროლებდა ქალაქს. აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთში რომაელების გავლენის გაძლიერების შემდეგ ფასისში ჩადგა რომაული სამხედრო გარნიზონი. სწორედ ამ გარნიზონის სამხედრო-საფორტიფიკაციო მზადყოფნას ფასისში აღწერს 134წ. იმპერატორ ადრიანეს ინსპექტორი ფლავიუს არიანე. ამ მხრივ საყურადღებოა ლათინური დამღა, რომელიც ფასისში განლაგებული სამხედრო ნაწილისა უნდა იყოს [39, გვ.134-140]. ციხე-სიმაგრე ფასისი, იმპერატორ კონსტანტინე I-ის ადმინისტრაციული მოღვაწეობისას იხსენიება. IVს-ის ფასისში უმაღლესი რიტორიკული სკოლა იყო განლაგებული. IVსაუკუნისათვის ფასისი ლაზიკის (ახალი კოლხური სამეფოს) შემადგენლობაში შედიოდა. 542-562წწ. ბიზანტია ირანის ომის დროს ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა სწორედ ფასისთან მოხდა, რომელშიაც ბიზანტია-ლაზიკის გაერთიანებულმა ჯარმა დაამარცხა ირანელები. VI– VIII სს-ში ფასისში იყო კონსტანტინოპოლს დაქვემდებარებული საეპისკოპოსო. ფასისელ ეპისკოპოს თეოდორეს ხელმოწერა შემორჩენილია 553წ. მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვე-ტილებაზე. ერთ-ერთი ფასისელი ეპისკოპოსი კვიროსი დაწინაურებულ იქნა ალექსანდრიის პატრიარქად. შემდგომში ფასისში რეზიდენცია ჰქონდა ლაზიკის მიტროპოლიტს. XIVს-ში ფასისში მდებარეობდა გენუის სავაჭრო ფაქტორია (იხ.ზემოთ ჩამოთვლილი წერილობითი წყაროები).
ფოთი-ფასისის და მისი მიდამოების არქეოლოგიურ კვლევას კარგა ხნის ისტორია გააჩნია. ჯერ კიდევ 1834წ. ფრედერიკ დიუბუა დე მონპერემ ფოთის აღმოსავლეთით (დღევანდელი აეროდრომის ტერიტორიაზე), ადგილ "ნაჯიხურთან" ციხე-სიმაგრის ნაშთები აღმოაჩინა, რომელიც არიანეს დროინდელ ფასისად მიიჩნია. მან ამ ციხის ნახაზიც შეადგინა [61, გვ.63-80]. 1953წ. ნ. ხოშტარიამ მცირე არქეოლოგიური დაზვერვები ჩაატარა ქ. ფოთის მიდამოებში [41, გვ.30-33]. 1961-65წწ-ში ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის... ინსტიტუტის ფოთის არქეოლოგიური ექსპედიცია იკვლევდა ფოთის შემოგარენს; არქეოლოგიურთან ერთად ჩატარდა გეოლოგიური ბურღვებიც. 1969წ. ამავე ინსტიტუტის დასავლეთ საქ. საძიებო-არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დაზვერვები აწარმოვა ადგილ ნაჯიხურის ახლოს. 1971-80წწ. ფასისის არქეოლოგიის საკითხებს იკვლევდა ივ. ჯავა-ხიშვილის სახ. ისტორიის... ინსტიტუტის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღვანელი თ. მიქელაძე). 1985 წ-დან ფოთში კვლევა-ძიებას აწარმოებს საქართველოს მეცნ. აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის შავიზღვისპირეთის ჰიდროარქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღვანელი გ. გამყრელიძე), რომელმაც პალიასტომში III-VIIსს-ის ნამოსახლარის ნაშთებს მიაკვლია. დღევანდელი ფოთის ტერიტორიაზე ყველაზე ძველი არქეოლოგიური მონაცემი ადგილ ნატეხებთან პალიასტომის ტბის დასავლეთ ნაწილში თიხა-ტორფიან ფენებში დადასტურდა. აქ აღმოჩნდა ძვ.წ. IVს-ის ატიკური შავლაკიანი ჭურჭლის პროფილირებული ქუსლი და როდოსული ამფორის ძვ.წ. IIIს-ის ძირი [48, გვ.35,სურ.5,6]. ქ. ფოთის მიდამოებში (ზუსტი ტოპოგრაფია უცნობია) აღმოჩნდა ძვ.წ. Vს. კოლხური თეთრის 2 ცალი დიდრაქმა (IIტიპის) და რამდენიმე სხვა უფრო მცირე ნომინალი (ინახება საქ. მუზეუმში). ფოთში, პირველი მაისის და კავკასიის ქუჩების გადაკვეთაზე გეოლოგიური ბურღვის შედეგად 6 მ-მდე სიღრმეზე აღმოჩნდა სინოპურის მსგავსი ძვ.წ. II-Iსს-ის კერამიკის ნაშთები [21, გვ.18-19]. მალთაყვასთან და სუფსასთან, ზღვაში ძვ.წ. IVს-ის პონტოს ჰერაკლეის და სინოპის ამფორები აღმოჩნდა.
ფოთის შემოგარენში სამოსახლოს კვალი აღმოჩნდა სოფ. ქვემო ჭალადიდში, მდ. რიონის მარჯვენა მხარეს (1,5კმ-ზე ჩრდილოეთით), ფოთისაკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს, ნ. ყიფიანის ნაკვეთში. ბორცვის ფართობი 1800კვ.მ; აქ გაითხარა შემდეგი ფენები: მოყვითალო ქვიშანარევი თიხნარი; მოყვითალო თიხნარი; დამწვარი ბათქაშიანი და ძელებიანი ნაგებობების ნაშთები. ნამოსახლარის შუა და ქვედა ფენა განისაზღვრა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანით. ნამოსახლარზე ძირითადად აღმოჩნდა კერამიკა: ქოთნები, ჯამები, თასები. ისინი უმეტესად შემკულია შვერილებიანი დამახასიათებელი ყურებით. კერამიკა ძირითადად მოშავოა. ისინი შემკულია ირიბ ჭდეებიანი, ტალღოვანი რომბისებური ორნამენტით. აქვე აღმოჩნდა ყალიბი, ქვის ხელსაფქვავი, კვირისთავები, ნამგლის ჩასართავები. ქვემო ჭალადიდის "საბაჟოს" მონაკვეთზე არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა ა. ბერიძის კარმიდამოშიც. ნამოსახლარებზე, განათხარში აღმოჩნდა ნაგებობების დამწვარი ძელების და ბათქაშების ნატეხები.
კერამიკის გარდა აღმოჩნდა მეტალურგიული ქურის საბერველი მილი და ყალიბი [21, გვ.33-40]. მეორე სამოსახლო, რომელიც შეიძლება მივიჩნიოთ ქ. ფასისის სასოფლო გარეშემორტყმად, აღმოჩნდა სოფ. საქორქიოს აღმოსავლეთ ნაწილში, "სიმაგრეს" სახელწოდებით ცნობილ მონაკვეთში, ფ. ფაციას საკარმიდამოსთან, მდ. რიონის მარცხენა ნაპირზე. "სიმაგრეს" ბორცვი 3300კვ.მ-ს მოიცავს. აქედან ჯერჯერობით არქეოლოგიურად შესწავლილია 200კვ.მ. ბორცვის ქვემო მოშაო ფენაში (60სმ.) აღმოჩნდა ხის ნაგებობა. აქ რამდენიმე სამშენებლო დონეა. "სიმაგრის" ნამოსახლარის არქეოლოგიური მასალა ძვ.წ. VI-Vსს თარიღდება. "სიმაგრის" ნაგებობები ოთხკუთხაა და ძელების წყობითაა ჯარგვალურად ნაგები. დადასტურებულია წნული ღობეების ნაშთები. აღმოჩნდა ნაგებობების იატაკები. ერთ-ერთი ნაგებობის ნაშთები 112კვ.მ. მასში არის ტიხრები. ნაგებობის კედლების ძელები ძირითადად ერთმანეთში ჩაჭდომის წესით არის ნაგები. აღმოჩნდა ასეთი კედლის ძელების ექვსი რიგი.
სიმაგრის ნამოსახლარზე აღმოჩნდა ძვ.წ. VI-Vსს კერამიკა. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი დიდად სჭარბობს უცხოურ არქეოლოგიურ მასალას. აღმოჩენილი ადგილობრივი კერამიკა ყველა არქეოლოგიურ ფენაში ტიპოლოგიურად ერთნაირია. კერამიკა დამახასიათებელია ძვ.წ. VI-Vსს კოლხეთისათვის. აღმოჩნდა _ სამეურნეო: ქვევრები, დერგები; სამზარეულო: ქოთნები, ქოთნის სარქველები, სასმისები, ყურმილიანი ხელადები, კოჭბები, ლანგრები, ჯამები. დადასტურდა - კონუსური ფორმის კვირისთავები; ბრინჯაოს დანები; რკინის შუბისპირები; რკინის თოხები; რკინის დანები; ანკესები; რკინის ლაგმები; წაგრძელებული ფორმის ქვის ხელსაფქვავები; ხის ციცხვები; სარდიონის და გიშრის მძივები; ოქროს სამკუთხა საკიდი, რომელზედაც ცვარათი შესრულებულია მეანდრის ორნამენტი. უცხოური კერამიკიდან: ამფორები - ქიოსური, ლესბოსური, სამოსური; სუფრის ჭურჭელი წარმოდგენილია იონური კერამიკით - ჯამები, ჭრაქები და კილიკები; შავლაკიანი და შავფიგურული ატიკური ჭურჭელი - კილიკები. მდ. რიონის მარცხენა ტერასის გაყოლებით ზღვიდან დაახლოებით 9კმ-ზე, აღმოჩნდა ძვ.წ. V-IVსს-ის ძელურ-ბათქაშიანი ნაგებობები. არქეოლოგიური მასალა აქ წარმოდგენილია კოლხური კერამიკით _ ქოთნები, კოჭბები, სარქველები, ყურმილიანი დოქები და სხვ. ელინისტური ხანის არქეოლოგიური მასალა აღმოჩნდა სიმაგრის ნამოსახლარის სამხრეთით. აქ ზედა ფენაში დადასტურდა ქედებიანი ქვევრების და კოლხური ამფორების ნატეხები. აღმოჩნდა აგრეთვე სინოპური ამფორის ძირები [21, გვ.50-78]. ფოთის სანერგის ნაკვეთზე, რომელიც ფოთის აეროპორტის ჩრდილო-აღმოსაველეთით არის, აღმოჩნდა ადრეული შუა საუკუნეების ორი წელშეზნექილი ადგილობრივი ამფორა. აქვე დადასტურდა ოთხკუთხა, დიაგონალურად ურთიერთმკვეთი, ორღარიანი აგურები. არქეოლოგიური მასალა ადრეულ შუა საუკუნეებს განეკუთვნება. აქვე, ფოთის აეროდრომის მიდამოებში, ადგილ ნაჯიხურის ჩრდილოეთით გაჭრილ თხრილში აღმოჩნდა: აგურის და კრამიტის ფრაგმენტები; გოფრირებულ ზედაპირიანი ამფორის ნატეხები; იმპერატორ ადრიანეს (117-138 წწ) სახელით ქ. კესარიაში მოჭრილი ვერცხლის დიდრაქმა [12, გვ.44]. სიმაგრის ნამოსახლარის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 300მ-ზე, მდ. რიონის მარცხენა ნაპირზე აღმოჩნდა სამაროვნის ნაშთები. აქვე დადასტურდა ქვით, აგურით და კირხსნარით აგებული შენობის ნაშთები. აღმოჩნდა ურთიერთმკვეთ ღარებიანი აგურები, ცალყურა ხელადები, კათხები, ორყურა ქილები, ჯამები. ჭურჭელი დამზადებულია კარგად განლექილი თიხისაგან და ღია მოყავისფროდაა გამომწვარი. არქეოლოგიური მასალა ადრეული შუასაუკუნეებისაა.
ფოთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, პალიასტომის ტბასთან, ქალაქის შემოსავლელი გზის, კაპარჭინაზე ახალი ხიდის მშენებლობის ადგილზე, აღმოჩნდა ადრეული შუა საუკუნეების კერამიკის ფრაგმნეტები (ქვევრის წვეტიანი ძირები, ჯამები, წელშეზნექილი ამფორების ნატეხები). პალიასტომის სამხრეთ-აღმოსავლეთ შენაკადის თხორინას შესართავთან ნაპოვნია გოფრირებული ამფორა. ადრეული შუა საუკუნეების ამფორების ნატეხები ნაპოვნია, აგრეთვე, მდ. ფიჩორის პალიასტომთან შერთვის მონაკვეთშიც [6, გვ.98-104; 48, გვ.33-34]. ადრეული შუა საუკუნეების კერამიკა აღმოჩნდა ქ. ფოთის დღევანდელი აეროდრომის ტერიტორიაზე, ადგილ "ნაჯიხურში" (დიუბუა დე მონპერეს მიკვლეული). კერძოდ: ურთიერთგადამკვეთ ღარიანი აგურები, გოფრირებული კერამიკის ნატეხები.
"ნაჯიხურიდან" სამხრეთ-დასავლეთით მდ. შავის პალიასტომთან შესარ-თავთან, აგრეთვე, აღმოჩნდა ადრეული შუა საუკუნეების კერამიკის ფრაგმენტები (ქვევრები, გოფრირებული ამფორები და სხვ.). ფასისთან დაკავშირებული რამდენიმე ეპიგრაფიკული ძეგლია შემორჩენილი: ბერძნულ წარწერიანი ვერცხლის ფიალა, რომელიც აღმოჩნდა ყუბანში, ე.წ. ზუბოვის-ყორღანში (ინახება ს.-პეტერბურგში, "ერმიტაჟში"). ფიალის დიამ. 21სმ-ია; ფსკერი ამობურცულია; გამოსახულია გველი და ირმის თავები; პირზე აქვს წარწერა _ "აპოლონ წინამძღოლისა ვარ, რომელიც ფასისშია". შესრულებულია ბერძნული ენის იონიურ დიალექტზე, პალეოგრაფიულად IVს-ით თარიღდება [37, გვ.235-236; 71,სურ.7-11; 73, გვ.199-216]. ლათინურ წარწერიანი დამღა ფილაზე აღმოჩნდა სოფ. ციხისძირის ნაციხარზე (ინახება საქართველოს მუზეუმში) "VEX.FA", "VEX[ილლატიო]FA[სიანა] "ვექსილაციო ფასიანა", რომელსაც ქ. ფასისში IIს-ში მდგარი სამხედრო ნაწილისათვის დამზადებულად მიიჩნევენ [39, გვ.134-140]. ქ. ფოთში, პალიასტომის ტბის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს ადგილ "ნატეხებში" აღმოჩნდა წელშეზნექილი ამფორა, რომელზეც ბერძნული გრაფიტოა. ამფორა VIს. თარიღდება. ინახება ფოთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში [6, გვ.115]. ზღვაში სუფსის კანიონთან აღმოჩნდა სინოპური გრაფიტოიანი ამფორა. ფოთიდან, პალიასტომის ტბის მიდამოებიდან, არის ქართულ (მხედრულ) წარწერიანი ბარძიმი, რომელიც ქ. ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება (ინვ.#3788).
1985წელს საქართველოს მეცნ. აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრში შეიქმნა შავიზღვისპირეთის შემსწავლელი ჰიდროარქეოლოგიური ექსპედიცია (გ. გამყრელიძე). ექსპედიციას პირველ რიგში დაევალა საქართველოს ზღვისპირეთის ჰიდროარქეოლოგიური რუკის შედგენა. ამისათვის საჭირო შეიქმნა ჰიდროარქეოლოგიის თვალთახედვით წერილობითი წყაროების, პალეოგეოგრაფიულ- გეომორფოლოგიური მონაცემების ხელახალი გადასინჯვა-შეჯერება. ამ თვალსაზრისით, საქართველოს ზღვისპირეთის ერთ-ერთი საინტერესო უბანია ფოთი და მისი შემოგარენი. სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა ჰიდროარქეოლოგიური სამუშაოების ფოთში დაწყება. პალიასტომის ტბის სამხრეთ ნაწილში, კაპარჭინას ბოლოში, ადგილ "ნაეკლესიარზე" რიყის ქვებით ნაგები კედლის ნაშთები აღმოჩნდა. პალიასტომში, ზღვის შესართავიდან (მალთაყვა) ნახევარ კილომეტრზე, ტბის დასავლეთ ნაწილში დადასტურდა III-VIIIსს. ნამოსახლარის ნაშთები. ხსენებულ პუნქტში (ტოპ. "ნატეხები") ტბა ქმნის მცირე ყურეს. პალიასტომის ადგილი _ "ნატეხების" არქეოლოგიური შესწავლის დაწყებისთანავე წამოიჭრა საკითხი: ეს კერამიკა აქ ჩამორეცხილია მდინარე რიონის მიერ (წინათ რიონის ნაწილი პალიასტომის ტბას ერთვოდა), თუ ნამოსახლარის ნაშთებთან გვაქვს საქმე. არქეოლოგიური კვლევის შედეგად გაირკვა, რომ პუნქტ "ნატეხებში" ძველი ნამოსახლარია. ამას მოწმობს: პირველი - აღმოჩნდა დიდი რაოდენობით კერამიკის ნაშთები ერთ გარკვეულ ფართობზე; მეორე - ვერტიკალურად ჩადგმული რამოდენიმე ამფორა; მესამე - აღმოჩნდა სამარხის ნაშთი; მეოთხე - ნაპირზე გაჭრილ ხუთ სადაზვერვო თხრილში დაფიქსირდა ისეთივე სახის კერამიკა, როგორიც ტბის ფსკერზე. "ნატეხების" ძველი ნამოსახლარის ნაშთები დაახლოებით ცხრაას კვადრატულ მეტრზე ვრცელდება. ტბის ფსკერი ქვიშიანი და თიხიან-ტორფიანია. მოცემულ მონაკვეთში ნაპირიდან ცენტრისკენ, დაახლოებით სამასი მეტრი სილა-ქვიშნარია, ხოლო შემდეგ ტორფიანი თიხის ფენები იწყება. ზოგან ტორფის ფენა ქვიშის ფენის ქვეშაა. გამორიცხული არ არის, რომ თიხა-ტორფიან ქვედა ფენებში უფრო ძველი პერიოდის არქეოლოგიური მასალა აღმოჩნდეს. პალიასტომის ტბის ფართობი თვრამეტი კვადრატული კილომეტრია. ზღვისა და ტბის დონე თანაბარია. პალიასტომს დაჭაობებული შემოგარენიდან მომდინარე მდინარეები ერთვის. ამათგან ყველაზე წყალუხვია მდ. ფიჩორი.
გეომორფოლოგების აზრით, პალიასტომის ტბა-ლაგუნა ზღვიური რელიქტია. ძველად აქ მდ. რიონის ლიმანი იყო [54, გვ.57-59; 40, გვ.25-33]. სრულიად ბუნებრივია, რომ წინათ სწორედ ამ მოხერხებულ ლიმანში, რომლის ნაპირზედაც ნავთსაყუდელი მდებარეობდა, გემები შემოსულიყვნენ. გემები შემდეგ პალიასტომის გავლით რიონზე აღმა აგრძელებდნენ სვლას, რომელიც მაშინ ცნობილი სავაჭრო-სატრანზიტო გზა იყო (სტრაბონი, XI,VII,3). აგათია ფასის-პალიასტომის შესახებ გადმოგვცემს: "იქ ხომ ერთი ტბა არის, რომელსაც პატარა ზღვას ეძახიან და რომელიც ევქსინის პონტოს უერთდება; ეს ტბა არხის საშუალებით გადმოუშვეს აქ და სწრაფად აავსეს წყლით (შესაძლოა კაპარჭინა -გ.გ.). სატვირთო ხომალდები ზღვის ნაპირას და ფასისის შესართავთან მიაცურეს ქალაქის მახლობლად" [25, გვ.102]. ტოპონიმ პალიასტომის შესახებ საგულისხმო მოსაზრება აქვს გამოთქმული ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს, რომელიც პალიასტომის სახელს ძველი ბერძნულის მოშველიებით შემდეგნაირად ხსნის - ძველი შესართავი [72, გვ.71] (მდ. რიონის?). იგივე აზრისაა კარლ კოხი [15, გვ.173]. საყურადღებოა, რომ სტრაბონი მდ. ფასისის შესართავის მიმართ უმეტეს შემთხვევაში ხმარობს lëmnh-ს (დამდგარი წყალი, ჭაობი, წყალსაცავი, ლიმანი, ტბა, ზღვის ყურე). მაგრამ იგი ზოგიერთ შემთხვევაში იყენებს stØma-საც [32, გვ.86], რომელიც შესართავს, ყურეს, შესასვლელსაც ნიშნავს. ძველ ბერძნულ წერილობით წყაროებში ზოგჯერ ამ ორ სიტყვას ერთად ხმარობენ - stØma - limnon (ლიმანი, ყურე) [51, გვ.1508, 1509]. ამდენად, ისინი რამდენადმე სინონიმური მნიშვნელობის არიან. საინტერესოა აგრეთვე, რომ სიტყვა stØmwma-ს ერთ-ერთი მნიშვნელობა არის ციხე-სიმაგრე. ამ შემთხვევაში შეიძლება ყოფილიყო palaëoc-stØmwma (ძველი ციხე-სიმაგრე) პალიასტომი // პალიასტომომა.
პალიასტომში ადგილ "ნატეხების" ნამოსახლარზე აღმოჩენილ არქეოლოგიურ მასალაში ყველაზე უფრო მრავალრიცხოვნად წარმოდგენილია კერამიკული ნაწარმი. ის სხვა სახის არქეოლოგიურ მონაცემებთან ერთად წარმოდგენას გვიქმნის "ნატეხების" ძველი მოსახლეობის ცხოვრებაზე, სავაჭრო ურთიერთობაზე. პალიასტომში ("ნატეხებში") აღმოჩენილი კერამიკა დანიშნულების მიხედვით ნაწილდება - სამშენებლო, კერამიკული ტარა და სამეურნეო-საოჯახო.
სამშენებლო კერამიკა წარმოდგენილია კრამიტით და აგურით. ნამოსახლარზე დადასტურებული აგური ოთხკუთხაა და სისქე 3სმ-დან 5 სმ-მდეა; აგურები ზომებით ისეთივეა, როგორიც დასავლეთ საქართველოს ადრეული შუა საუკუნეების ნაქალაქარებზე - ბიჭვინტა, სოხუმი, ოჩამჩირე, გუდავა, ნოქალაქევი, მთისძირი, ვაშნარი, ქობულეთ-ფიჭვნარი, ციხისძირი, გონიო და სხვ. ნამოსახლარზე დადასტურდა ბრტყელი გვერდებაკეცილი (სოლენისებური) კრამიტი. გადანაკეცის სიმაღლე 3,5 სმ-დან 5 სმ-მდეა, სისქე კი 1,5სმ-დან 2,5სმ-მდე. კრამიტის თიხა მოწითალო-მოყავისფროა და ეტყობა მინარევები (კირქვა, კვარცი). აქ ადგილობრივის გარდა აღმოჩნდა უცხოური ბრტყელი კრამიტის ნატეხებიც. ამ კრამიტების თიხა სინოპურს ჰგავს. სამშენებლო მასალიდან აგურის და კრამიტის გარდა ნამოსახლარზე ხის ძელების და დამწვარი თიხის (ბათქაში) ნაშთები აღმოჩნდა. გამორიცხული არ არის, რომ აქ აგურით ნაგებ პირველ სართულზე ძელებიანი თიხით შელესილი და კრამიტით დახურული ნაგებობები იდგა. ფლავიუს არიანე აღნიშნავს, რომ ფასისში "წინათ კედელები თიხისა იყო და ხის კოშკები იდგა მასზე, მაგრამ ახლა კედელი და კოშკები გამომწვარი აგურისაგანაა გაკეთებული" [1, გვ.40]. ძველი "ნატეხების" ჭურჭლის უმეტეს, შეიძლება ითქვას, ძირითად ნაწილს შეადგენს ე.წ. კერამიკული ტარა ამფორების სახით. "ნატეხების" წელშეზნექილი ადგილობრივი ამფორები ყველაზე მეტ სიახლოვეს იჩენს ნოქალაქევში გათხრილებთან. საერთოდ ამ სახის ამფორები დადასტურებულია დასავლეთ საქართველოს გვიანანტიკური ხანის - ადრეული შუა საუკუნეების ძეგლებზე: სოფ. განთიადი, ბიჭვინტა, სოხუმი, ოჩამჩირე, გუდავა, მთისძირი, ციხისძირი, ვარდციხე, ქობულეთ-ფიჭვნარი.
სამზარეულო კერამიკა წარმოდგენილია ქოთნებით, ჯამებით, ლუთერიებით და დოქებით. ქოთნები სადა, მუცელგამობერილი და მოკლეყელიანია. მათ პირი გადაშლილი აქვთ. კედლის სისქე 6მმ-დან 8მმ-მდეა; ძირის დიამეტრი 7სმ-დან 10სმ-მდეა. ქოთნებს ფსკერზე ეტყობა წრიული ღარები. ძველი "ნატეხების" სამზარეულო კერამიკაში მეორე ჯგუფს რაოდენობის მხრივ შეადგენენ ჯამები. აქ ძირითადად გვხვდება კალთამომრგვალებული ბრტყელძირა დაბალი ჯამები. ნამოსახლარზევე აღმოჩნდა ლუთერიის ტუჩ-კედლის ფრაგმენტები კეცის სისქე 8მმ-დან 10 მმ-მდეა. თიხა მოყავისფროა, მინარევებიანი (კირქვა, ქარსი, კვარცი). თიხის მიხედვით ადგილობრივი ნახელავია. ადგილობრივი წარმოების ლუთერიები ნანახია - ვარდციხეში, ვანში, ბიჭვინტაში, ოჩამჩირეში, გუდავაში, ნოქალაქევში, მთისძირში და სხვ. სამეურნეო კერამიკა წარმოდგენილია ქვევრებით. კედლებზე შეიმჩნევა კონცენტრული რელიეფური ხაზები. ქვევრების თიხა მუქი ყავისფერია. ქვევრის ძირები ბრტყელია და მათი დიამეტრი 12სმ-დან - 16სმ-მდეა. კედლის სისქე 16-19მმ-მდეა. პალიასტომის ტბის ადგილ "ნატეხების" არქეოლოგიური შესწავლის შედეგად აღმოჩენილი მასალის ერთი ნაწილი, კერძოდ, უცხოური კერამიკა (მთელი არქეოლოგიური მასალის დაახლოებით 25%) ზოგად წარმოდგენას გვიქმნის მოსახლეობის საგარეო ურთიერთკავშირზე. ეს უცხოური ნაწარმი წარმოდგენილია პირველ რიგში ამფორებით, საოჯახო მოხმარებისათვის განკუთვნილი წითელლაკიანი ჯამების ნატეხებით და მინის ჭურჭლით. ამფორის ნატეხებიდან უმრავლესობა სინოპური თიხის მსგავსია. მათი თიხა ღია მონაცრისფროა და თან ოდნავ იისფერი დაჰკრავს. ამგვარი თიხის ამფორები ძირითადად წარმოდგენილია ძირების, კედლების და ყურების სახით. უმეტესობისათვის დამახასიათებელია ტანის დაღარულობა. სინოპურის მსგავსი თიხის ამფორებში ფორმის მიხედვით გამოიყოფა რამოდენიმე ჯგუფი. ზემოხსენებული თიხისნაირი ამფორები აღმოჩენილია - ბიჭვინტაში, სოხუმში, ოჩამჩირეში, გუდავაში, ციხისძირში, წებელდაში და სხვ. ნამოსახლარზე ცალკე გამოიყოფა ღია მოყავისფრო-მოწითალოდ გამომწვარი ამფორები, რომლებსაც კარგად განლექილი თიხა აქვთ. ისინი საშუალო ზომის ამფორებს მიეკუთვნებიან. ამნაირი ამფორები ნანახია ბიჭვინტაში, ციხისძირში. მსგავსი ამფორები აღმოჩენილია ათენის აგორაზე. არ არის გამორიცხული მათი ხმელთაშუაზღვური წარმოშობა. მივაკვლიეთ გოფრირებული ამფორების ნახევარსფეროსებურ ძირებს, რომლებსაც წვერზე პატარა ბურცობები აქვთ. მათი თიხა ძირითადად მოყავისფრო-მოწითალოა. ამგვარი ძირები ბიჭვინტაში, წებელდაში, სოხუმში და ციხისძირშიც არის ნაპოვნი. ყურადღებას იპყრობს სამოსური ამფორების ძირები. დასავლეთ საქართველოში სამოსური ამფორები დადასტურებულია ბიჭვინტაში, სოხუმში, ოჩამჩირეში, ციხისძირში, წებელდაში, ნოქალაქევში და ზღვის სანაპიროდან დიდი მანძილით დაცილებულ ვარდციხეშიც.
"ნატეხების" კერამიკულ ტარაში ცალკე გამოიყოფა მოყავისფროდ გამომწვარი ამფორები; შეიმჩნევა ქარსის უწვრილესი მინარევები. ამგვარ ამფორებს გრძელი და ვიწრო ყელი აქვს; პირის კიდეზე ლილვისებური წიბო დაუყვება. ყურები პირის კიდესთან ახლოა და ჰორიზონტალურად არის მიმაგრებული. ხსენებული სახის ამფორები ფორმით ძალიან ჰგავს ჩრდილო შავიზღვისპირეთის ნაქალაქარებზე II-IIIსაუკუნის ფენებში ნანახ ამფორებს. საქართველოს შავიზღვისპირეთში ისინი ჯერჯერობით ნაკლებად არის გამოვლენილი. სამოსახლოზე წითელლაკიანი კერამიკის რამოდენიმე ნატეხი აღმოჩნდა. მათი პირის კიდე შიგნით არის გადახრილი, სადაა, კარგად განლექილი თიხისაგანაა დამზადებული. თიხა თანაბრადაა გამომწვარი და ბაცი მოყავისფროა. მასში შეიმჩნევა ქარსის უმცირესი მინარევები. წითელი ლაკი საკმაოდ კარგად არის შემორჩენილი. ამნაირი ჭურჭელი დასავლეთ საქართველოს IV-Vსს-ის ფენებში გვხვდება: გონიოში, ციხისძირში, ოჩამჩირეში, სოხუმში, ბიჭვინთაში, ნოქალაქევში, ქუთაისში, წებელდაში, მთისძირში და ა.შ. საყურადღებოა, რომ ასეთი კერამიკა დიდი რაოდენობით არის ზღვისპირეთში (მაგ. სოხუმი, ბიჭვინთა და ა.შ.).
ნამოსახლარის არქეოლოგიური მასალის კიდევ ერთ ჯგუფს ქმნის მინის ნაწარმი, რომელიც ძირითადად ფეხიანი სასმისებით არის წარმოდგენილი. ე.წ. მინისფეხიანი სასმისების გარდა აქ აღმოჩენილია რაღაც სხვა ჭურჭლების (მათი ფორმების განსაზღვრა ჭირს) და სასარკმლე მინის ნატეხები. მინა ძირითადად გამჭვირვალეა და ღია-მომწვანო ელფერისაა, მაგრამ მოცისფრო ფრაგმენტებიც გვხვდება. ასეთი მინის ნატეხები გათხრილია წებელდაში, გუდავაში, მთისძირში, სოხუმში, ნოქალაქევში და სხვ. მსგავსი ფეხიანი სასმისები IV-VIIIსს-ით თარიღდება და ბევრია ნაპოვნი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირა და შავიზღვისპირა ნამოსახლარებზე. ისინი, აგრეთვე, ნანახია სანაპიროდან დაცილებულ მცირე აზიის, კავკასიის, მახლობელი აღმოსავლეთის რეგიონებში. მინის ფეხიანი სასმისები საქართველოში დადასტურებულია მცხეთაში, ურბნისში, რუსთავში, ჟინვალში, თბილისში; ბიჭვინტაში, სოხუმში, წებელდაში, ოჩამჩირეში, გუდავაში, ციხისძირში, ვაშნარში, მთისძირში, ვარდციხეში და სხვა ადრეული შუასაუკუნეების ნამოსახლარებზე. მათ ფერში და ფორმაში შეიმჩნევა განსხვავებები. შედარებით უფრო მსგავსია საქართველოს ზღვისპირეთის სამოსახლოების მინის სასმისები. "ნატეხების" წყალში მოქცეული ნაწილის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს ორმოსამარხის ნაშთებია. აქ დადასტურდა წელშეზნექილი ამფორა, რომელსაც თავი წატეხილი და ზემოდან მეორე ღარებიანი ამფორის ქვედა ნაწილი ჰქონდა დამხობილი. ამფორაში ფრინველის და ღორის დამწვარი ძვლები იყო. ამფორასთან ადამიანის ძვლები აღმოჩნდა. სამარხში დადასტურდა შემდეგი ნივთები: ბრინჯაოს საკინძი; სიგრძე- 7,7სმ; ბრინჯაოს მშვილდსაკინძი; სიგრძე- 4,3სმ; ბრინჯაოს მშვილდსაკინძი; სიგრძე- 4,3სმ; ბრინჯაოს მშვილდსაკინძი; სიგრძე- 5,2სმ. ამგვარი ფიბულები, რომლებსაც ჭვინტიანებს ეძახიან VIს-ით თარიღდება; ტყვიის ბრტყელი ოთხკუთხა ფილა. მინის ფეხიანი სასმისი, ქუსლის დმ- 4,3სმ. ბიზანტიური 20ნუმიანი სპილენძის მონეტა; ზურგზე გამოსახული აქვს "K", შუბლის მხარე არ იკითხება. მონეტა იუსტინეII (565-578წწ.) დროს არის მოჭრილი. "ნატეხების" დასავლეთ მონაკვეთზე იმპერატორ კონსტანციუსII-ის (337-361წწ.) სპილენძის მონეტაც აღმოჩნდა. (ნამოსახლარის არქ. მასალის შესახებ დაწვრილებით იხ. [6, გვ.97-117;9;10, გვ.70-110; 48, გვ.30-48; 69,გვ.101-119]). პალიასტომში აღმოჩენილი "ნატეხების" ნამოსახლარის თარიღი ჯერჯერობით III-VIII საუკუნეებით უნდა განისაზღვროს, ხოლო იქვე აღმოჩენილი სამარხი - VIსაუკუნით. ამ ნამოსახლარის სახით ჩვენ საქმე გვაქვს ბიზანტიური ხანის, პროკოფი კესარიელის და აგათიას თხზულებებში აღწერილი ფასისის ნაშთებთან, რომელიც განლაგებული იყო მდ. ფიჩორის, შავის და კაპარჭინას შესართავებთან და ლოკალური გეომორფოლოგიური ცვლილებების გამო ადგილმონაცვლეობდა [იხ. 6, გვ.97-117; 48, გვ.30-48; 69, გვ.101-119; 68, გვ.223-236].
ბერძნულ-ლათინური წერილობითი წყაროების მიხედვით ქ. ფასისის ადგილმდებარეობა თითქოს ზუსტად არის განსაზღვრული. ქალაქი განლაგებული იყო მდ. ფასისის დელტის მარცხენა მხარეს; აქვე სახელდება ტბაც (ალბათ პალიასტომი). ამგვარი განსაზღვრა ზედმიწევნით მიესადაგება დღევანდელი ქ. ფოთის მდებარეობას. ამის გამო მეცნიერები ერთსულოვნად მიანიშნებენ, რომ ძველი ფასისი ფოთსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზეა საძებნელი [იხ. 2, გვ.3-21; 19, გვ.17-36; 12, გვ.36-55; 9]. ამის მიუხედავად კლასიკურ-ელინისტური ხანის ფასისი მაინც მიკვლეული არ არის. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ხსენებულ მონაკვეთში ურთულესი პალეო-გეომორფოლოგიური სიტუაციაა [43, გვ.5-16; 54, გვ.21-33; 40; 64, გვ.8-12; 50, გვ.21-64]. გეომორფოლოგიური მდგომარეობის მხრივ ყულევ-ფოთი-ურეკის ზღვისპირეთი თითქოს ამოვარდნილია საქართველოს ზღვისპირეთის (330კმ.) საერთო კონტექსტიდან. აქ ბუნდოვანია გლობალური, შავი ზღვის რეგრესიის და ტრანსგრესიის ფაქტი ფასისთან მიმართებაში. გაურკვეველია ზღვის სანაპირო შელფის ლოკალური დინამიკის საკითხიც. ხშირად გეომორფოლოგები არქეოლოგების მონაცემებს ეყრდნობიან და სანაპიროზე ნამოსახლარების განლაგების მიხედვით გამოაქვთ ზოგადი დასკვნები. ჩვენი აზრით საკითხი კომპლექსურ შესწავლას მოითხოს. ოღონდ, სასურველია, რომ ჯერ გეომორფოლოგებმა გაგვცენ პასუხი თუ როგორი იყო სანაპიროს დინამიკა და ძველად სად ერთვოდა რიონი ზღვას. მათ უნდა გაითვალისწინონ გლობალური (რეგრესია-ტრანგრესია) და ლოკალური (მდინარეების გამონატანი ნაშალი მასალა; მდინარეების რიონის, ფიჩორის, ხობის, სუფსის ძველი კალაპოტები; რეგიონის ჭაობიანობა და ტორფიანობა და სხვ.) მონაცემები.
სასურველია, რომ პალეოგეომორფოლოგიური კვლევისას გამოყენებული იყოს კოსმოსური გადაღებები სათანადო კომპიუტერული დეშიფრირებით. ეს იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს თუ წინათ მდ. რიონ-ფასისი სად უერთდებოდა ზღვას და რა მიმართებაშია გვიანბრინჯაო-ადრერკინის და ანტიკური ხანის ნამოსახლარები მასთან. სამწუხაროდ, ხსენებულ რეგიონში მხოლოდ აეროფოტოგადაღებებმა სასურველი შედეგი ვერ მოგვცა. საყურადღებოა, რომ აქ ერთის მხრივ ხდება რიონის მიერ საუკუნეების განმავლობაში დიდძალი ნაშალი მასალის გამოტანა, რაც ალბათ დელტის ზღვაში გაწევას იწვევდა; ხოლო მეორეს მხრივ ხდებოდა ზღვის დონის აწევა, რასაც სანაპიროს მიტაცება მოყვა. დღეისათვის ყულევ-ფოთი-ურეკის სანაპიროზე, ზღვასთან ძველი ნამოსახლარები აღმოჩენილია, გვიანბრინჯაო-ადრერკინის _ ფოთის ჩრდილოეთით სოფ. ყულევში, მდ. ხობის შესართავთან; აგრეთვე მდ. ცივასთან ძვ.წ. VI-IVსს.; ფოთიდან სამხრეთით მდ. სუფსის შესართავთან; აგრეთვე ფოთში, პალიასტომის "ნატეხების" ნამოსახლარის ტორფიან ფენებში აღმოჩნდა ძვ.წ.IVს. შავლაკიანი ჭურჭლის ნატეხი და როდოსული ამფორის ქუსლი (იხ. ზემოთ). საყურადღებო ფაქტია, რომ მარტო 1872 წლიდან 1965 წლამდე ფოთის მიდამოებში ზღვამ მიიტაცა 200მ-მდე სიგანის მიწის მონაკვეთი [14, გვ.505-508]. ამ მონაცემებით გამოდის, რომ ფასისი ზღვაში უნდა იყოს დაძირული. ამის დასტურია აგრეთვე მეცნიერ-გეოგრაფების მონაცემები, რომლის მიხედვითაც შავ ზღვაში ე.წ. ფანაგორიული რეგრესიის დამთავრების მერე დაახლოებით ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე დაიწყო ზღვის ტრანსგრესია [43, გვ.5-16; 50, გვ.148-159, 37; 64, გვ.12, 53]. შედეგად, დღევანდლამდე ზღვის დონემ სამ მეტრამდე აიწია. შესაბამისად ძველი ნამოსახლარები ზღვის ქვეშ უნდა მოყოლილიყვნენ [43, გვ.16; 66, გვ.17]. კერძოდ, ამგვარი პროცესები განვითარდა ჩრდილოეთ [45, გვ. 15-27; 66, გვ.13-24] და სამხრეთ (მაგ. სინოპი) შავიზღვისპირეთში, სადაც მთელი რიგი ანტიკური ხანის ნაქალაქარები მოექცნენ წყალქვეშ. ფოთი-გრიგოლეთის ზღვის შელფში ჰიდროარქეოლოგიური ექსპედიციის [6;48;69] კვლევა-ძიებისას ზღვის ფსკერზე გეომორფოლოგიური მდგომარეობა ფრიად რთულია. მდ. რიონის სამხრეთი შტოს შესართავთან ზღვა ხშირად მღვრიეა და ხილვადობა ცუდია. მდინარეს დიდი რაოდენობით შლამი გამოაქვს და ზღვის ღელვის დროს წყალქვეშ წარმოიქმნება ქვიშის დიუნები. შესაბამისად თუ წარმოვიდგენთ, რომ ეს ხდებოდა საუკუნეების განმავლობაში, მაშინ უნდა ვიფიქროთ - ფასისის ნაშთები ქვიშის სქელი ფენით არის დაფარული. ჰიდროარქეოლოგიური კვლევისას გრიგოლეთის გასწვრივ პალიასტომის გადმოღმა ზღვაში 25მ სიღრმეში აღმოჩნდა ე.წ. წელშეზნექილი ამფორების მოზრდილი ნატეხები. ადრეული სინოპური ამფორა (პირის დმ-12სმ.; ცილინდრული ყელის სიმაღლე - 15სმ.; ყურები მასიურია და ჭრილში ოვალური), აღმოჩნდა ზღვაში სუფსის კანიონის მახლობლად. პონტოს ჰერაკლეის ძვ.წ. IVს-ის მეორე ნახევრის ამფორა აღმოჩნდა მალთაყვასთან ზღვაში.
ამრიგად, გეომორფოლოგიური და ტოპოარქეოლოგიური მონაცემების შეჯერების მიხედვით, კლასიკური და ელინისტური ხანის ფასისი საძებნელია ქ. ფოთიდან დაახლოებით 12კმ. რადიუსის ფარგლებში - ხმელეთზე და ზღვაში. უფრო კონკრეტულად კი ყულევ-ფოთი-სუფსის და ჭალადიდ-საქორქიოს შორის მდებარე სამკუთხედში. ლოკალური გეომორ-ფოლოგიური ცვლილებების გამო: მდინარეების მიერ გამოტანილი ნაშალი მასალის აკუმულაცია ზღვისპირეთში; ტორფის შრეების მოძრაობა; ნიადაგის ჭარბტენიანობა; ზღვის დონის ცვალებადობა და სხვ. საფიქრე-ბელია, რომ ქ. ფასისის ნაწილი ხშირად ხვდებოდა წყალში. ამიტომ ქალაქი ფასისი ხსენებული სამკუთხედის ფარგლებში, სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ადგილზე ინაცვლებდა.
ლიტერატურა:
1. არიანე. მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო, ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანით ნ. კეჭაღმაძისა, თბ., 1961.
2. ბერძნიშვილი, მ. ქ. ფაზისის ლოკალიზაციისათვის, თბილისის უნივერსიტეტის შრომები, XXIII, თბ., 1942, გვ. 3-21.
3. ბერძნიშვილი, მ. ქალაქ ფაზისის ისტორისათვის, თბ., 1969.
4. გამყრელიძე, ალ. ამიანე მარცელინი და მისი ცნობები საქართველოს შესახებ, გეორგიკა, Iტ. თბ., 1961, გვ. 75-165.
5. გამყრელიძე, ალ. პომპონიუს მელას ცნობები საქართველოს შესახებ, ქართული წყაროთმცოდნეობა, კრებ. I, თბ., 1965, გვ. 11-47.
6. გამყრელიძე, გ. წყალქვეშა არქეოლოგიური ექსპედიციის კვლევა-ძიება ქ. ფოთის მიდამოებში, საქ. მეც. აკად. მაცნე (ისტ. ...). 1987,#1, გვ.97-117.
7. გამყრელიძე, გ. ისტორიულ-ტოპოარქეოლოგიური ძიებანი, თბ., 1993.
8. გამყრელიძე, გ. ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ ფასის-ფოთში, ჟურ. ძიებანის დამატება IV, თბ., 2001, გვ. 26-32.
9. გამყრელიძე, გ. ფოთი-ფასისის ტოპოარქეოლოგიისათვის, თბ., 1998.
10. გამყრელიძე, გ. კოლხეთი, გამ. "ლოგოსი," 2002.
11. გამყრელიძე, გ. ფაზისის ეტიმოლოგიისათვის, თბილისის სახ. უნივერსიტეტის შრომები, B 2(140) თბ., 1971, გვ. 181-185.
12. გრიგოლია, გ. ფასისის ლოკალიზაციისათვის, ფასისისადმი მიძღვნილი სესიის მოხსენებები, თბ., 1973 გვ. 36-55.
13. ინაძე, მ. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ბერძნული კოლონიზაცია, თბ., 1982, გვ. 119-124.
14. კეკელია, ჯ. ფასისის ლოკალიზაციის გეოგრაფიული ასპექტების შესახებ, საქ. მეც. აკად. მოამბე, თბ., 1981 #2, (102), გვ. 505-508.
15. კოხი, კ., სპენსერი, ო. ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, გამოსცა ლ. მამაცაშვილმა, თბ., 1981.
16. ლამბერტი არქანჯელო. სამეგრელო, თარგ. ა.ჭყონიამ, თბ., 1938.
17.ლომოური, ნ. კლავდიოს პტოლემაიოსი, გეოგრაფიული სახელმძღვანელო, მასალები საქ. და კავკასიის ისტ., 32 ნაკვ., თბ., 1955.
18. ლომოური, ნ. ძველი საქართველოს სავაჭრო გზების საკითხისათვის, ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. ინსტ. შრომები, IV, ნაკვ.I, თბ., 1958, გვ. 99-119.
19. ლორთქიფანიძე, ოთ., მიქელაძე, თ. ფასისის ისტორიულ-არქეოლოგიური შესწავლის პრობლემა, სესიის თეზისები, თბ., 1973, გვ. 17-36.
20. მელაძე, ნ. ორფიკული არგონავტიკა, თბ., 1977.
21. მიქელაძე, თ. არქეოლოგიური კვლევა რიონის ქვემო წელზე, თბ.,1978.
22. მიქელაძე, თ. ფოთის არქეოლოგიური ექსპედიციის 1964 წ. ჩატარებულ სამუშაოთა შესახებ, 1964 წ. არქ. კვლევა-ძიებისადმი მიძღვნილი თეზისები, XIV, თბ., 1965, გვ. 48-51.
23. ურუშაძე, აკ. ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში, თბ., 1964.
24. ფოგტი, ჰ. შენიშვნები ქართველური ენების... შესახებ, სამეცნიერო-ბიბლიოგრაფიული კრებული, 2-3, თბ., 1964, გვ. 92-97.
25. ყაუხჩიშვილი, ს. გეორგიკა, III ტ., ტფილისი, 1936.
26. ყაუხჩიშვილი, ს. გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ,IVტ., I ნაკვ., მასალები საქ. და კავკასიის ისტ., თბ., 1941.
27. ყაუხჩიშვილი, ს. გეორგიკა, V ტ., თბ., 1963.
28. ყაუხჩიშვილი, ს. გეორგიკა, IV ტ., II ნაკვ., თბ., 1952.
29. ყაუხჩიშვილი, ს., გამყრელიძე, ალ. გეორგიკა, I ტ., თბ., 1961
30. ყაუხჩიშვილი, ს. გეორგიკა, VI ტ., თბ., 1966.
31. ყაუხჩიშვილი, თ. ბერძნული წარწერები საქართველოში., თბ., 1951.
32. ყაუხჩიშვილი, თ. სტრაბონის გეოგრაფია, თბ., 1957.
33. ყაუხჩიშვილი, თ. ჰიპოკრატეს ცნობები საქ. შესახებ, თბ., 1965.
34. ყაუხჩიშვილი, თ. ბერძენი მწერლების ცნობები საქ. ..., I, თბ., 1967.
35. ყაუხჩიშვილი, თ. ბერძენი მწერლების ცნობები საქა..., II, თბ., 1969.
36. ყაუხჩიშვილი, თ. ჰერაკლიდე და მისი ცნობები საქართველოს შესახებ, კრებ. აღმოსავლური ფილოლოგია, თბ., 1969.
37. ყაუხჩიშვილი, თ.საქართველოს ისტ. ბერძნული წყაროები, თბ., 1976.
38. შარდენი, ჟან. მოგზაურობა სპარსეთისა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში, თარგმნა მ. მგალობლიშვილმა, თბ., 1975.
39. შპაიდელი, მ. კავკასიის საზღვარი, II ს. გარნიზონები აფსაროსში, პეტრასა და ფასისში, მეცნ. აკად. მაცნე (ისტ. ...),1985, # 1, გვ. 134-140.
40. ძველაია, მ. კოლხეთის დაბლობი (გეოლოგია), თბ., 1973.
41. ხოშტარია, ნ. პალიასტომის ტბის ისტორიისათვის, ჟურ. მეცნიერება და ტექნიკა, თბ., 1953, #9, გვ.28-33.
42. ჯანაშია, ს. ფასიდი, შრომები, II ტ., თბ., 1952, გვ.271-281.
43. ჯანელიძე, ჭ. ფასისის ლოკალიზაციის გეოგრაფიული ასპექტები, ფასისისადმი მიძღვნილი სესიის თეზისები, თბ., 1973, გვ5-16.
44.ჯიბლაძე, ლ. დასავლეთ საქართველოს ბრინჯაო-ადრერკინის ხანის ნამოსახლარების არქ. რუკა, არქ. კც-ის ძიებანი, 2001, #8, გვ.34-38.
45. Благоволин Н., Щеглов А., Колебания уровня Черного морья по данным археолого-геоморфологических исследований в Юго-Западном Крыму. Известия АН СССР, сер. географ., М., 1968, №2, с. 15-27.
46. Болтунова А. Эллинские апоикии и местное население Колхиды. Материалы I симпозиума по древней истории Причерноморья, Цхалтубо 1979, Тб., 1979, с. 256-274.
47. Брун Ф. Восточный берег Черного моря по древним периплам и по компасным картам. – Черноморье, т. II, Одесса, 1880.
48. Гамкрелидзе Г. К археологии долины Фасиса, Тб., 1992.
49.Гамкрелидзе Г. Гидроархеологические работы в зоне…,. Материалы V симпозиума по древней истории Причерноморья, Тб., 1990, с. 215-219.
50. Джанелидзе Ч. Палеогеография Грузии в голоцене, Тб., 1980.
51. Древнегреческо-русский словарь (сост. Н. Дворецкий), М., 1958.
52. Дундуа Г. Нумизматика античной Грузии, Тб., 1987.
53. Ельницкий Л. Из исторической географии…. – ВДИ, № 2, 1938, с. 315-320.
54. Колхидская низменность. Палеография; Береговая…, М., 1990, с. 29-37.
55. Куфтин Б. Материалы к археологии Колхиды, т. I., Тб., 1950.
56. Латышев В. Известия древних писателей о Скифии и Кавказе. - Записки классического отделения императорского русского археологического общества, т. II, вып. I, Санкт Петербург, 1904.
57. Латышев В., Известия древних писателей о Скифии и Кавказе. – ВДИ, № 1(23), М., 1948, с. 223-315.
58. Ломоури Н. Из исторической географии древней Колхиды. – ВДИ, № 4, М., 1957, с. 96-110.
59. Лордкипанидзе О., К проблеме греческой колонизации Восточного Причерноморья (Колхиды). – Материалы I симпозиума по древней истории Причерноморья, Цхалтубо 1977, Тб., 1979, с. 187-256.
60. Лордкипанидзе Г., О характере колхо-греческих взаимоотношений в VI-IV вв. до н.э. - Материалы I симпозиума по древней истории Причерноморья, Цхалтубо 1977, Тб., 1979, с.25-33.
61. Монперэ Дюбуа., Путешествие вокруг Кавказа, Сухуми, 1937.
62. Пахомов Е., Монетные клады Азербайджана и Закавказья, Баку, 1926.
63. Платон. Сочинения, т. 2, М., 1970.
64. Хачапуридзе Я., Инжинерная геология Черного морья и охрана среды, Тб., 1990.
65. Шафранов Н., Где была греческая колония Фазис? – "Кавказ," № 71, Тифлис, 1880, с. 3.
66. Щеглов А., Северо-Западный Крым в античную эпоху, Л., 1978.
67. Braund D., Georgia in Antiquity, Clarendon press, Oxford, 1994.
68. Gamkrelidze G., Travaux hydroarheologiques de localisation de l ancienne Phasis, Le Pont-Euxin vu par les Grecs, Universite de Besancon, Paris, 1990 : 223-236.
69.Gamkrelidze G., Hydroarchaeology in the Georgien Republic (the Colchian littoral), The International Journal of Nautical Archaeology, London, New York, 1992, vol. 21, #2, :101-119.
70. Kacharava D., The town of Phasis as described in Graeco-Roman and Byzantine literary sources, Tbilisi, 1991, : 1-14.
71. Lordkipanidze O., Phasis, The river and City in Colchis, Stuttgart, 2000.
72. Montpereux Frederic Dubois., Voyage autour du Caucase, III, Paris, 1839.
73. Tsetskladze G., The Silver Phiale Mesomphalos from the Kuban, Oxford journal of Archaeology 1994, 13: 199-216.
74. Tsetskladze G., Die Griechen in der Kolchis (historisch-archäologischer Abriß), Amsterdam, 1998.

ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ ფასის-ფოთში (არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით)
ქ. ფოთში შავიზღვისპირეთის ექსპედიციის მიერ (იხ. გამყრელიძე, 1987, გვ.97-117) მიკვლეულ "ნატეხების" ნამოსახლარზე გამორჩეულ ყურადღებას იპყრობს სამი ამფორის ქვედა ნაწილი (ტაბ.I1) და ამავე ტიპის ამფორების სხვა ფრაგმენტები. მოცემული ტიპის ამფორების ფსკერზე დადასტურდა ბიტუმისებური მოშავო ფერის ნალექი მასა. მისი ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ აღნიშნული ნალექი შეიცავს ნავთობპროდუქტის ნახევრად მყარ ასფალტ-ფისოვან ნარჩენებს. დროთა განმავლობაში ნავთობის მსუბუქი ფრაქციები, როგორც ჩანს, ამფორის დაზიანებისას ამოქარდა, ხოლო მძიმე ფრაქციების დაჟანგვის შედეგად და ინერტული ნაერთების შერევით იქცა ასფალტ-ფისოვან მასად (ანალიზი ჩაატარა აკც-ს ინტერდისციპლინარულმა ლაბორატორიამ, ხელმძღ. პროფ. გ. ინანიშვილი). "ნატეხების" ნამოსახლარი, სადაც აღნიშნული ამფორები დაფიქსირდა, მდებარეობს ქ. ფოთის სამხრეთ მხარეს, ზღვის შესართავიდან (მალთაყვა) დაახლოებით კილომეტრზე, კაპარჭინას გადმოღმა პალიასტომის ტბის მცირე ყურეში. ტბის ფსკერი აქ ქვიშიანი და თიხა-ტორფიანია. ნამოსახლარზე სამშენებლო კერამიკა წარმოდგენილია გვერდებაკეცილი კრამიტით და აგურით. არის აგრეთვე ურთიერთგადამკვეთღარებიანი აგურიც. სამშენებლო მასალიდან აგურის და კრამიტის გარდა აქ ხის ძელების და დამწვარი თიხის (ბათქაშის) ნაშთები აღმოჩნდა.
სამოსახლოს ჭურჭლის უმეტეს ნაწილს შეადგენს ადგილობრივი წარმოების კერამიკული გადასაზიდი _ სატრანსპორტო ტარა _ ამფორები. ისინი მოყავისფროდაა გამომწვარი, წაგრძელებული წელშეზნექილი ფორმა აქვთ და კონუსისებური ქუსლით ბოლოვდებიან. ადგილობრივი წარმოების სამზარეულო კერამიკა წარმოდგენილია ქოთნებით, ჯამებით, ლუთერიებით და დოქებით. სამეურნეო კერამიკა წარმოდგენილია ბრტყელძირა (დიამ. 12 სმ-დან 16სმ-მდე) ქვევრებით. აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალის დაახლოებით 25% უცხოური ნაწარმია. კერძოდ: სინოპური თიხის მაგვარი გოფრირებული ამფორები; ღია მოყავისფრო, კარგად განლექილ თიხიანი, გოფრირებული ამფორები; სამოსური ამფორის ძირები; სამოსური ამფორისკები (სიმაღლე 16-19სმ.); წითელლაკიანი ჯამების და პინაკების ნატეხები. აქვე აღმოჩნდა მომწვანო, მოლურჯო და მოყვითალო ფერის მინის ფეხიანი სასმისების და ლამპრების ფრაგმენტები. (დაწვრილებით იხ. გამყრელიძე, 1987, გვ.97-117; გამყრელიძე, 1998,გვ.22; Gამკრელიდზე, 1992, გვ.101-119; Gამკრელიდზე, 1990, გვ.223-236).
"ნატეხების" არქეოლოგიური მასალიდან, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, საყურადღებოა ნავთობის ნალექიანი ამფორები. ამ ტიპის ამფორის სამი მთლიანი ეგზემპლარი აღმოჩნდა ტბაში (ინახება ფოთის მუზეუმში). საერთოდ, ამ ტიპის ამფორები 0,50- 0,65მ სიგრძისაა და გამოირჩევა წაგრძელებული ფორმით, კონუსისებური ქუსლით, ტანზე ქვედა მხარეზე ხშირად შეიმჩნევა დაბალი ჰორიზონტალური ღარები, თიხა ბაცი მოყავისფროა (ტაბ.I2,3). ისინი ჰგვანან ადგილობრივ ე.წ. კოლხურ მოყავისფრო თიხიან წელშეზნექილ ამფორებს; რომელთა თიხა ხშირად არათანაბარად არის გამომწვარი და შეიმჩნევა კირქვის და ქარსის წვრილი მინარევები. საერთოდ, ამ სახეობების ამფო-რები ბევრია აღმოჩენილი დასავლეთ საქართველოს ადრეული შუა საუკუნეების არქეოლოგიურ ძეგლებზე _ განთიადი, ბიჭვინთა, სოხუმი, წებელდა, ოჩამჩირე, გუდავა, ნოსირი, ბათუმი, ნოქალაქევი, მთისძირი, ურეკი, ციხისძირი და სხვ. (გამყრელიძე, 1982,გვ.114; ზაქარაია, 1974,გვ.139; ინაიშვილი, 1993,გვ.54; რამიშვილი, 1965,გვ.114; ფუთურიძე, 1959,გვ.70; ფუთურიძე, 1975,გვ.148; ჯაფარიძე, 1989,გვ.44-51). დღეისათვის მათი ნაწილის კოლხური წარმომავლობა უკვე ეჭვს აღარ იწვევს, რადგან ჩატარებულია ასეთი ამფორების თიხის პეტროგრაფიული ანალიზი (იხ. ფუთურიძე,1959, გვ.70). ჩრდილო შავიზღვისპირეთში აღმოჩენილი წელშეზნექილი ამფორები კი უფრო მომცროა და თიხაც ვიზუალურად განსხვავებულია. ასეთი მომცრო წელშეზნექილი ამფორები აღმოჩენილია ყირიმში ქალაქ ტირიტაკეს გათხრისას. ერთ-ერთ ამ ტიპის დახუფულ ამფორაში, რომელიც გაითხარა ქ. ტირიტაკეში XIII ნაკვეთზე, ნავთობი დადასტურდა. ეს ამფორა წაგრძელებულ ტანიანი და წელშეზნექილია, კონუსისებური დაბოლოება აქვს (სიმაღლე 0,58მ). ამფორის ქვედა მხარეს შეიმჩნევა დაბალი გოფრირება; თიხა ბაცი მოყავისფროა (იხ. ტაბ.I4). ამფორა IVს-ით თარიღდება (Гайдукевич.1952, გვ.62). ქიმიურ-ლაბორატორიული ანალიზის შედეგად ამფორაში დადასტურდა თხევადი ნავთობი, ხოლო ფსკერზე ბიტუმისებური დანალექი მასა (Успенский. 1952,გვ.415). ეს ნავთობი, შემადგენლობის მიხედვით, მოპოვებულია ქერჩის ნახევარკუნძულის ჩონგელეკის ძველ საბადოში. ძირითადად ნავთობით აქედან მარაგდებოდა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთი, ტირიტაკე, ტანაისი, ქერსონესი და სხვ. (Кострин.1971, გვ.264-265; Кострин.1965, გვ.291-293). მოცემული ტიპის ამფორები მრავლად არის აღმოჩენილი ქერსონესში (სადაც ისინი მოპოვებული ამფორების საერთო რაოდენობის ნახევარს წარმოადგენს), ტირიტაკეში, მირმეკიონში, ისტრიეში, ვარნაში და სხვ. (Якобсон. 1979,გვ.12). სამხრეთ შავი-ზღვისპირეთშიც სინოპთან (დემირსში) აღმოჩნდა წელშეზნექილი კონუსისუბურ ძირიანი ამფორები (კასაბ ტეზგორი, 1999, გვ.22). ნავთობი და ნავთობპროდუქტების დამახასიათებელი თვისებები იცოდნენ და მოხერხებულად იყენებდნენ კიდევაც მთელ ძველ ცივილიზებულ სამყაროში. ნავთობის ერთ-ერთი სახეობის, ასფალტ-ფისოვანი, შავფისის გამოყენება წყალგაუმტარ საშუალებად, ნავის, კიდობანის, კალათის მოსაფის-მოსაგოზად აღწერილია ჯერ კიდევ ბიბლიაში (დაბადება, თავი VI,14; გამოსვლა, თავიII,3). ნავთობის, ნავთობის ფისის სარეწების და ასფალტ-ფისის გამოყენების შესახებ სამშენებლო-შემაკავშირებელ მასალად, ცნობებს გვაწვდის ძვ.წ. Vს. ავტორი ჰეროდოტე (I,179; IV,195; VI,119). ნავთობის თაობაზე ცნობებს ვხვდებით სხვა ბერძენ-რომაელ ავტორებთანაც _ სტრაბონი (XVI,I,5,9,15), პლუტარქე (ალექსანდრე,35), ქსენოფონტი (ანაბასისი, II,4), პლინიუს უფროსი (II,109; XXXV,15), ვიტრუვიუსი (არქ. I,5,§8). ეს ავტორები მოგვითხრობენ ნავთობის და ნავთობპროდუქტების მოპოვების და გამოყენების შესახებ. კერძოდ, მათ ნაწერებში მოყვანილია ცნობები ნავთობის, მალთის საბადოების შესახებ მესოპოტამიაში, სიცილიაში, პალესტინაში და ირანში; სადაც ის მოიპოვებოდა ბუნებრივი წყაროებიდან და მცირე სიღრმის ჭებიდან.
ნავთობი, მალთა, ასფალტი გამოიყენებოდა, როგორც სამშენებლო-შემაკავშირებელი მასალა; წყალგაუმტარი საშუალება (მაგ. დადასტურებულია ამფორების შიგნიდან მოფისვის ფაქტი; იხ. _ დიუპონი, კაჭარავა, 1999,გვ.9); შესაძლოა ზოგჯერ ეს ნავთობის ზეთითაც ხდებოდა; ლითონის კოროზიისაგან დამცავი მასალა; კულტმსახურებისას (ცეცხლის საკურთხევლებში ურევდნენ სხვა ზეთებში); სოფლის მეურნეობაში, მცენარეების მავნე მწერებისაგან დასაცავად; სამედიცინო და ვეტერინალური წამლების დასამზადებლად; მუმიფიცირებისათვის; სამხრედრო საქმეში; გასანათებელ საშუალებად (ჭრაქლამპრებში, საზღვაო შუქურებში, სხვადასხვანაირ ჩირაღდნებში და ა.შ.). ნავთობი, შავი-მოყავისფრო მომწვანო ელფერის წყალში უხსნადი ზეთოვანი ნივთიერებაა. მიწის ზედაპირთან სიახლოვისას ის მსუბუქი ფრაქციების ამოქარების და მძიმე ფრაქციების დაჟანგვის შედეგად ბლანტ, სქელ მალთად გარდაიქმნება; შემდგომ მყარდება; ხოლო ბოლოს ნახევრად მყარ ბუნებრივ ასფალტად იქცევა. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის განმარტებით "ასფალტი _ კლდიდამ და წყლიდამ გამოვა, შავფისს ჰგავს" (ორბელიანი, 1928, გვ.21). ამრიგად, ბუნებრივი წყაროებიდან მოიპოვება ნავთობის ბუნებრივი სახეობები _ ნავთობის ზეთი, მალთა, ბიტუმი, ბუნებრივი ასფალტი და ა.შ. ბერძნულ-ლათინურ წერილობით წყაროებში ისინი ძირითადად მოიხსენიება _ 5სფალტოც, ნ„ფჯა; ნაპჰტჰა, ბიტუმენ, მალტჰა (იხ. Fორბეს, 1936, გვ.4-13). ქართულ ენაში სიტყვა "ნავთი," "ნაფთი"-ს წარმომავლობა ჯერჯერობით ბოლომდე გარკვეული არ არის. "წამებაი ჰაბო ტფილელისა"-ში ნახსენებია "...მოიღეს შეშაი და თივა და ნაფთი და დაასხეს გუამსა მას ზედა წმიდასა და დააგზნეს ცეცხლი..." (ძვ. ქართ..., 1963,გვ.73,5). ბიბლიის ძველ ქართულ თარგმანებში "მოფისა იგი ნაფთითა." "აგზებდეს მას ნაფთსა..."(აბულაძე, 1973,გვ.322). ზოგ ენათმეცნიერს სიტყვა ნავთი ირანულ ნასესხობად მიაჩნია (იხ. ანდრონიკაშვილი, 1966,გვ.345). ფრიად საყურადღებოა ნიკანდროს კოლიფონელის (ძვ.წ.IIს. ავტორის) წერილობითი ცნობა _ "მედეასი, ანუ ერთდღიანი წამალია მოსამზადებელი, რომელსაც ეწოდება კოლხიდური, და რომელსაც ისინი ნავთსაც უწოდებენ; თუ ამით დაიზელენ სხეულს, ან ტანსაცმელს,... ან სხვა რამეს გაჟღენთავენ და მზეზე დადგებიან, ცეცხლი შთანთქავთ და მოისპობიან. ... მისი მომზადება მედეამ აღმოაჩინა, ამიტომ კოლხურს ეძახიან" (იხ. სქოლიონი 249 და შემდ. (ურუშაძე, 1964, გვ.335). კოლხი მედეას მიერ ნავთობის გამოყენებას ადასტურებს აგრეთვე პლუტარქე _ "ნავთობი ის შხამი იყო, რომლითაც მედეამ წამოსასხამი და თავსამკაული გაჟღინთა, რაზედაც ტრაგედიაშია გადმოცემული." "...თავსამკაულსა და წამოსასხამს ცეცხლი მოედოო" (პლუტარქე, ალექს.,35). აქ, ტრაგედიაში იგულისხმება ევრიპიდეს პიესა "მედეა"(სტრ.1410), სადაც მედეამ, შურისძიების მიზნით, ნავთობით და რაღაც სხვა მცენარეებით დამზადებული ნაერთით ცეცხლი გაუჩინა და დაღუპა კრეონტი და მისი ასული გლავკე. ნავთობის და კოლხი მედეას შესახებ საყურადღებო ცნობას გვაწვდის აგრეთვე VI ს. ცნობილი და სანდო ისტორიკოსი პროკოპი კესარიელი. ის აღწერს კოლხეთში, ფასისიდან სამხრეთით ქალაქ პეტრასთან (დღევანდელი ციხისძირი, ქობულეთთან) 550წ. რომაელების და სპარსელების ბრძოლას, რომელშიც ადგილობრივი მოსახლეობაც იღებდა მონაწილეობას _ "მათ აავსეს ქოთნები გოგირდით, ასფალტით და ერთი საწამლავით, რომელსაც მიდიელები ნავთს ეძახიან, ელინები კი მედეას ზეთს (Mჰდეëაც Ôლაიონ), მოუკიდეს მათ ცეცხლი და ესროდნენ კედლის დამანგრეველ მანქანებს, რომლებიც თითქმის ყველა დაწვეს." "...მაგრამ მათ დიდხანს ვერ გაუძლეს ამას; ვინაიდან ცეცხლი, სადაც კი მოედებოდა, მაშინვე აგიზგიზდებოდა, თუ ის მაშინვე არ იქნებოდა უკუგდებული" (პროკოპი კესარიელი, BG, VIII, 11; ყაუხჩიშვილი, 1965, გვ.171). ამგვარად, კოლხეთში სამხედრო მოქმედებების დროს გამოიყენებოდა "მედეას ზეთი," ნავთობი და სხვა კომპონენტები, რომელიც თანამედროვე "ნაპალმს" ჰგავდა თავისი მოქმედებით. იქვე თხზულებაში, პროკოპი კესარიელი დასძენს _ "ცეცხლი ავარდა, მოედო და მედეას სახელით ცნობილი ზეთისა და სხვა მომარაგებულ ნივთიერებათა წყალობით მთელი კოშკი და იქ მყოფი სპარსელები გადაწვა"(BG, VIII,11).
ანტიკურ წერილობით წყაროებში შემონახული ცნობები ადასტურებენ ე.წ."მედეას ზეთში" ნავთობის შემცველობას. შესაბამისად კოლხეთი წარმოჩინდება იმ ქვეყნად, სადაც კარგად იცნობდნენ ნავთობის თვისებებს და იყენებდნენ კიდევაც მას. ამ მხრივ საყურადღებოა ფოთი-ფასისის (სადაც ნავთობის ნაშთიანი ამფორები დადასტურდა) სამხრეთით რამდენიმე კილომეტრზე მდ. სუფსის და ნატანების ქვემო წელზე ნავთობის საბადოების და ბუნებრივი ასფალტის (ძველაია, 1973,გვ.51; Кикнадзе. 1990, გვ.192) ნაშთების არსებობა, რაც აქ ძველად ბუნებრივი წყაროებიდან ნავთობის მოპოვებას არ უნდა გამორიცხავდეს. აქ დღესაც არის ნავთობის სარეწები. საქართველოში სხვაგან ნავთობის ბუნებრივი წყაროები ძველთაგანვე ცნობილია სამგორი-პატარძეული-ნავთლუღის (ქ. თბილისის ერთ-ერთი უბნის ნავთლუღის სახელი ნავთობს უკავშირდება _ თბილისის..., 1990, გვ.339) მონაკვეთზე. ნავთობის საბადოები მდებარეობს აგრეთვე მირზაანში, შირაქში, ელდარში და ფოთთან ახლოს ჭალადიდში. ქ. ფასისი, შემდგომში ფოთი (სადაც ნავთობიანი ამფორები აღმოჩნდა), კარგად ცნობილი ევროპა-აზიის საზღვაო-სამდინარო-სახმელეთო სატრანზიტო, სავაჭრო გზის ერთ-ერთი ძირითადი პუნქტი იყო (იხ. ბერძნიშვილი, 1969,გვ.99). შესაძლოა სწორედ, ქ. ფასისზე გავლით ხდებოდა ტრანსპორტირება სამშენებლო ხე-ტყის, სელის, ფისის, თაფლის, ღვინის, ლითონის, ტყავეულის და სხვა პროდუქციის თუ ნაკეთობის. გვიანანტიკურ ხანაში და ადრეულ შუასაუკუნეებში კიდევ უფრო გაიზარდა ფასისის, როგორც სატრანზიტო-სავაჭრო ქალაქის მნიშვნელობა (სტრაბონი XI,II,17; პლინიუს უფროსიNH,VI,52; ანონიმიXLII,3). სხვა სავაჭრო პროდუქციას ახლა უკვე შეიძლება დაემატოს არქეოლოგიურად დადასტურებული ნავთობიც, რომელიც ამფორებით ტრანსპორტირდებოდა საზღვაო ხომალდების საშუალებით, სავარაუდოდ, ყირიმის ნახევარკუნძულიდან. შესაძლებელია აგრეთვე, რომ ფოთში ნავთობი სატრანზიტო გზით კასპიის ზღვის სანაპიროდან ან ზემოთ მოხსენებული, საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე სარეწებიდანაც მოხვედრილიყო.
ლიტერატურა:
აბულაძე, ილ. ძველი ქართული ენის ლექსიკონი. თბ., 1973. ანდრონიკაშვილი, მ. ნარკვევები ირანულ-ქართული..., ტ.I. თბ.,1966.
ბერძნიშვილი მ., ქ. ფაზისის ისტორიისათვის. თბ., 1969.
გამყრელიძე გ., ცენტრალური კოლხეთის ნამოსახლარები, თბ., 1982.
გამყრელიძე გ., წყალქვეშა..., საქ. მეცნ. აკად. მაცნე (ისტ.), #1. 1987, გვ.97-117.
გამყრელიძე გ., ფოთი-ფასისის ტოპოარქეოლოგიისათვის. თბ., 1998.
დიუპონი პ., ფისის..., შავიზღვისპირეთის ძვ. ისტ. IX სიმპოზიუმი, ვანი,1999,გვ.9.
ზაქარაია პ., ლექვინაძე ვ., გუდავაში 1971წ.
ჩატარებული გათხრების ანგარიში, საქ. სახ.მუზეუმის არქ. ექსპედიციები, III. თბ., 1974, გვ.139-153.
თბილისის ისტორია (რედ. მ. დუმბაძე, ვ. გუჩუა), ტ. I. თბ., 1990.
ინაიშვილი ნ., ციხისძირის I-VI სს. არქეოლოგიური ძეგლები, თბ.,1993.
კასაბ-ტეზგორი დ., სინოპი..., შავიზღვისპირეთის ძვ.ისტ. IX სიმპოზიუმი, 1999, გვ.21.
ლორთქიფანიძე ოთ., ვაჭრობა შავ ზღვაზე, ისტორიული წანამძღვარი, შავიზღვისპირეთის
ძველი ისტორიის IX სიმპოზიუმი, ვანი, 1999,გვ.26-28.
ორბელიანი სულხან-საბა, ქართული ლექსიკონი, ტფ., 1928.
რამიშვილი, რ.არქეოლოგიური გათხრები ბიჭვინთაში, მასალები საქა. და კავკა. არქ.-სათვის, მსკა, ტ.IV. თბ.,1965, გვ.107-122.
ურუშაძე აკ., ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში, ბერძნული ტექსტები ქართული თარგმანითა და შენიშვნებით. თბ., 1964.
ფუთურიძე, რ. გვიანანტიკური ხანის დასავლეთ საქართველოს არქ. ძეგლები, მასალები საქ. და კავკ. არქ., II. თბ., 1959,გვ.54-94.
ფუთურიძე, რ. ბიჭვინტის...,. კრებ. დიდი პიტიუნტი, თბ., 1975, გვ.127-160.
ყაუხჩიშვილი ს., გეორგიკა, თბ., 1965.
ძველაია მირ., კოლხეთის დაბლობი. თბ., 1973.
ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტ..., I წ. (ილ. აბულაძე), თბ.,1963. ჯაფარიძე ვ. ვარდციხის ნაქალაქარი, თბ., 1989.
Гайдукевич. В. 1952: Раскопки Тиритаки в 1935- 40. МИА, № 25, 15-134.
Якобсон. А. 1979: Керамика средневековой Таврики. Л.
Кикнадзе. Т. (ред.) 1990: Кодхидская низменность. М.
Кострин. К. 1971: Исследование смолистого…, – СА, № 3, с. 264-265.
Кострин. К. 1965: Исследование нефти из древних…,. – СА, № 1, с. 291-293.
Кошеленко Г. (ред.)1984: Античные гос. Северного Причерноморья. М.
Лоркипанидзе. О. 1957: О транзитно-…, – САНГ, т. XIX, № 3, с. 377-394. Успенский. В. 1952: Исследование древней...,. – МИА, № 25, 415-421.

Комментариев нет:

Отправить комментарий