пятница, 30 ноября 2018 г.

საქართველოში მცხოვრები ქურთი-იეზიდების რელიგიური აღმსარებლობა (ა. სონღულაშვილი)

იეზიდები წარმოადგენენ 40 მილიონიანი ქურთი ერის ნაწილს, რომელმაც შეძლო მრავალსაუკუნოვანი დევნა-შევიწროების პირობებში დღემდე მოეტანა საკუთარი თავდაპირველი, ქურთული რელიგიური სწავლება-იეზიდიზმი.
ქურთები მიეკუთვნებიან უძველესი არიელი ხალხის რიცხვს. ქურთები წინა აზიის ერთ-ერთი უძველესი ეთნოსია. სწორედ აქ დაფუძნდა და შემდგომი განვითარება ჰპოვა მდიდარმა არიულმა ცივილიზაციამ, რომელიც მოგვიანებით მსოფლიოს მრავალმა ხალხმა შეითვისა. ქურთი ეთნოსის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდნენ ძველი მიდიელი და ირანელი ტომები.
დიდი გადასახლებისა და ომების პერიოდში მრავალი ხალხი და ტომი გაქრა ისტორიის სარბიელიდან, მაგრამ ქურთებმა შეძლეს გადარჩენა და შეინარჩუნეს თავისი ეროვნული კულტურა, ენა, რელიგია, ყოფა და ტრადიციები.
VII-VIII საუკუნეებში არაბი დამპყრობლები, მათ კვალზე სპარსელები და თურქ-ოსმალები ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდნენ ქურთებს უარი ეთქვათ საკუთარ რელიგიაზეიეზიდიზმზე და მიეღოთ მათთვის უცხო რელიგიაისლამი. ქურთების ერთმა ნაწილმა არ ისურვა მაჰმადიანობის მიღება და მრავალი საუკუნის განმავლობაში გმირულად იბრძოდა წინაპართა აღმსარებლობის შესანარჩუნებლად [1, 4].
1514 წელს ქურთისტანი გაინაწილა თურქეთმა და ირანმა, ხოლო პირველი მსოფლიო ომის (1914-1918 წწ.) შემდეგ გაიყო ოთხ სახელმწიფოს შორის (თურქეთი, ირანი,ერაყი და სირია). ამ დაყოფამ ქურთი ერი ჩაგრული უმცირესობის მდგომარეობაში ჩააყენა. XIX საუკუნეში ქურთების ნაწილმა რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო.
ქურთები 13 საუკუნის განმავლობაში იმყოფებიან მტრულ-აგრესიულ გარემოცვაში და განიცდიან დისკრიმინაციას. მასობრივი განადგურება ქურთ-იეზიდებმა განიცადეს ოსმალთა მხრიდან იმის გამო, რომ მათ უარი განაცხადეს ისლამის მიღებასა და 1915 წელს სომეხი მოსახლეობის გენოციდში მონაწილეობაზე. ამის გამო მრავალი იეზიდი დაიღუპა. ზოგიერთი ავტორი მიიჩნევს, რომ ოსმალთა მხრიდან ქურთების გენოციდიც მაშინ განხორციელდა. ქურთი-იეზიდები რუსეთის იმპერიის საზღვრებს მოაწყდნენ. ძირითადად მათი განსახლება სომხეთსა და საქართველოში განხორციელდა [2, 64]. საერთოდ, ქურთების ძირითადი მასა საქართველოში პირველი რესპუბლიკის პერიოდში დასახლდა — 1918-1920 წლებში [3, 102].
ამდენად, ვანისა და ყარსის მხარის, ბაიაზიდის, სურმალისა და ოსმალეთის იმპერიის სხვა რაიონებიდან იეზიდები აღმოჩნდნენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ვანის ვილაიეთში იეზიდების, სომხებისა და აისორების მიტოვებულ სოფლებში დამკვიდრდნენ ქურთი-მაჰმადიანების ტომები, რომლებიც დაეპატრონენ ლტოლვილთა სახლებსა და ქონებას [1, 4].
ოსმალეთიდან წამოსვლამდე ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში იეზიდების ტომი ზუკრი კარგ ურთიერთობაში იყო ქურთ-მაჰმადიანებთან. მაგალითად, სოფელ საიდაბაღში იეზიდების ტომი მანდასორი და ისლამის აღმსარებელი ტომი შამსიქი მეგობრულად ცხოვრობდნენ. იეზიდი და მაჰმადიანი ქურთები კეთილად იყვნენ განწყობილი ერთმანეთთან. ესწრებოდნენ ერთმანეთის რელიგიურ დღესასწაულებს, მიცვალებულის დაკრძალვას. მათ შორის ყოველთვის იყო კეთილმეზობლური ურთიერთობა, ვიდრე არ ჩაერია მესამე ძალა [2, 14].
ქურთები გენეტიკურად არ ჰგვანან არც ირანელებს, არც არაბებს და არც თურქებს, რომელთა გარემოში საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობენ. ქურთების უმრავლესობას ლურჯი თვალები და ღია ფერის თმები აქვს. მათი ქალები გამოირჩევიან სილამაზით, ხოლო მამაკაცები მეომრული თვისებებით [2, 15].
აი, როგორ ახასიათებს აჭარაში მცხოვრებ ქურთებს თედო სახოკია: „ტანად საშუალოზე ნაკლები არიან, ხმელნი, შავგვრემანნი, სახის სწორნაკვთებიანნი, მკვირცხლნი და შემმართებელნი, ამათი ქალებიც საკმაო სილამაზისანი არიან: შავგვრემანნი, შავთვალწარბნი, ბროლის მსგავს და მიჯრით მიწყობილ კბილებიანი. აჭარლების ქალებივით კარგამოკეტილში არა ცხოვრობენ: ამათ გაცილებით მეტი თავსუფლება აქვთ“ [4, 272].
საქართველოში, კერძოდ მესხეთში, ცალკეული ქურთული მომთაბარე ტომები XVI საუკუნეში გაჩნდა [5, 575-576]. XVIII საუკუნის 60-იანი წლებიდან ქართლ-კახეთის სამეფოს გაერთიანებისა და გაძლიერების კვალდაკვალ თბილისში ჩამოდიოდნენ ქურთიიეზიდების დელეგაციები [6, 380], რომლებიც იმედოვნებდნენ ოსმალეთში განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს ერეკლე მეორის მხარდაჭერას. 1770 წელს ერეკლესთან ურთიერთობა დაამყარა ქურთების ტომის ბელადმა ჩობანაღა . მიმოწერიდან ირკვევა, რომ ქურთები 20 ათასი მეომრით მონაწილეობას მიიღებდნენ ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში ქართლ-კახეთის მეფის წინამძღოლობით, რაც ტოტლებენის ავანტიურამ ჩაშალა. დოკუმენტური წყაროებიდან ირკვევა, რომ უკვე ამ პერიოდში შეიმჩნევა აღმოსავლეთ საქართველოში ქურთებისა და აისორების ჩამოსახლება [7, 29].
ჩობან-აღას წერილზე მეფე ერეკლე ასეთ შენიშვნას აკეთებს: ეს ჩობან-ოღლი, გვარად იეზიდი, არც ქრისტიანია და არც მუსულმანი. უფრო მეტად ქრისტიანების მხარეზეა და მუსულმანების მტერია [7, 22, სქოლიო 49].
ქურთები თბილისში გამოჩნდნენ XIX საუკუნის II ნახევარში. პირველად ერთი ქურთი, როგორც თბილისის მცხოვრები, დაფიქსირებულია 1876 წელს [8, 29], 1886 წელს — 3, 1899 წელს 404 ქურთია აღწერილი [8, 40].
XX საუკუნის 20-იან წლებში საქართველოში ქურთების რაოდენობა 10217 სულს უდრიდა [9, 63]. ამავე პერიოდში ქურთი-იეზიდები 1, 5 ათას კაცს ითვლიდნენ [10, 139].
1926 წლის აღწერით, თბილისში ცხოვრობდა 458 ქურთი, მათგან 258 მამაკაცი და 200 ქალი. ამავე აღწერით თბილისში იეზიდი იყო 2044 სული, აქედან 1157 მამაკაცი და 887 ქალი [11, 91]. იგივე აღწერის მიხედვით აფხაზეთში ცხოვრობდა 22, აჭარაში — 3295 და . . სამხრეთ ოსეთში — 1 ქურთი [12, 20].
1926 წელს თურქეთიდან ქურთების საკმაოდ დიდი რაოდენობა ცდილობდა სამხრეთ კავკასიაში შემოსვლას. ხელისუფლება საცხოვრებელი ტერიტორიის სიმცირის გამო შეუძლებლად თვლიდა ქურთების ტომისბრუკის მიღებას უახლოესი წლების მანძილზე [13, 2]. თუმცა იმავე წლის ნოემბერში თურქეთიდან ლტოლვილ ქურთებს უფლება მიეცათ დასახლებულიყვნენ სამხრეთ კავკასიაში, რისთვისაც სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 100 ათასი მანეთი [13, 31].
1930 წლის მონაცემებით ქურთების დიდი ნაწილი ცხოვრობდა თბილისში, მცირესოფლად, ძირითადად კახეთში. თბილისში ქურთები ცხოვრობდნენ კომპაქტურად, უბნებად, ხარფუხის გაგრძელებაზე ორთაჭალაში, ბერძნების უბნის გვერდით, ასევე გაფანტულად საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში [10, 139].
30-იანი წლების მეორე ნახევარში ქურთი-იეზიდები ისევე გახდნენ რეპრესიების ობიექტი, როგორც ქურთი მაჰმადიანები საქართველოს დანარჩენ მოსახლეობასთან ერთად. ოფოციალური საბჭოთა რეჟიმი ლტოლვილ იეზიდებს დიდი ხნის განმავლობაში (XX საუკუნის 30-40-იანი წლები) თურქეთის ქვეშევრდომებად თვლიდა. მრავალ იეზიდს მოწმობაში ასეც ეწერა: თურქეთის ქვეშევრდომი. რეპრესიების პერიოდში, კერძოდ 1937 წელს იეზიდების უმრავლესობას შესთავაზეს აეღოთ საბჭოთა პასპორტები. უარის შემთხვევაში მათ ემუქრებოდათ დეპორტაცია უკან, თურქეთში. ამ მიზნით მრავალი იეზიდი თავისი ოჯახით გაასახლეს შუა აზიასა და ყაზახეთში [2, 20].
ომის შემდგომ პერიოდში, განსაკუთრებით 50-60-იან წლებში სამუშაოს მძებნელი მრავალი იეზიდი საცხოვრებლად გადმოვიდა სომხეთიდან საქართველოში. ჩამოსახლდნენ ცალკეული ოჯახები, ხოლო ზოგ შემთხვევაში მთელი გვარებიც. ისინი დასახლდნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში, როგორიცაა ბათუმი, ოზურგეთი, ქობულეთი, თელავი, გურჯაანი, წნორი, თიანეთი, რუსთავი, გარდაბანი, მცხეთა, მანგლისი და სხვ. იეზიდების ძირითადმა მასამ საცხოვრებლად მაინც თბილისი ირჩია [2, 19].
საქართველოში მცხოვრები იეზიდები ლაპარაკობენ ქურთული ენის ჩრდილოეთ დიალექტზეკურმანჯიზე. მათ ენაზე სიტყვა ტომი გამოიხატება ტერმინით კაბილი და ბარაკ. გვარი გამოითქმის სიტყვით ბარ ან მალ (ოჯახი) [2, 25].
1930 წლის მონაცემებით, უკვე იხსენიებიან ცალკე ქურთები და ცალკე იეზიდები. საქმე იმაშია, რომ ეთნონიმი ქურთი შეინარჩუნა იმ ნაწილმა ვინც ისლამს აღიარებს, ხოლო ეროვნული რელიგიის მიმდევრები თვითსახელწოდებად იეზიდს ასახელებენ. მათ რელიგია ეროვნებასთან გააიგივეს. ამიტომ, ტრადიციული რელიგიის მიმდევარი ამბობს, რომ ქურთი კი არაიეზიდია.
მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიაში იეზიდების რელიგიური სწავლების ადგილი და მნიშვნელობა, მისი გავლენა სხვა რელიგიებზე ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი. აღნიშნული აღმსარებლობა ჩაისახა უძველეს პერიოდში, არიელი ხალხის ძველი ვედური გადმოცემების მიხედვით. მათი რელიგია სინკრეტულია, ახლოს დგას ძველ ირანულ სარწმუოებასთანზოროასტრიზმთან. იეზიდები დღემდე თაყვანს სცემენ ციურ მნათობებს: მზეს (შამსი), მთვარეს (ფარხი), ცისკრის ვარსკვლავს, ხოლო მიწაზეცეცხლს [2, 16]. აღიარებენ ერთიან ღმერთს და თაყვანს სცემენ მთავარანგელოზს მალაქტაუსს, რომელიც წარმოდგენილი ჰყავთ ფარშევანგის სახით [14, 80].
მოგვიანებით მათ რელიგიაში აისახა იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის ელემენტები. იეზიდური რელიგიის კლასიკური სახით ჩამოყალიბების ფუძემდებლად ითვლება XII საუკუნის მოღვაწე შეიხი ადი, რომელსაც იეზიდები თავიანთ წინასწარმეტყველად მიიჩნევენ. ქურთი-იეზიდების ერთადერთი საკულტო ნაგებობა შეიხ ადის ტაძარი და მისი საფლავია, რომელიც მდებარეობს ერაყში, კერძოდ ლალეში.
იეზიდები იყოფიან საერო (მიურიდები) და სასულიერო (თარიყები-რუჰანი) კასტად. სასულიერო კასტა შედგება მაღალი წოდების (ემირი, შეიხი, ფირი) და დაბალი წოდებისაგან (ყავალი). ცნობები მათი საზოგადოებრივი წყობისა და რელიგიის შესახებ გადმოცემულია მათსავე რელიგიურ წიგნებში: გამოცხადების წიგნი (ქითაბი, ჯილვა), შავი წიგნი (მასხავი რაში), რომლებიც საიდუმლო შრიფტითაა დაწერილი [14, 80].
წერილობითი სწავლების თანახმად იეზიდებში ნათესაობა განისაზღვრება არა მარტო სისხლისმიერი კავშირებით, არამედ, საერთო წინაპრის, გვარისა და ტომის მფარველი ღმერთიტოტემის თაყვანისცემით. აქედან გამომდინარე იეზიდები ამტკიცებენ, რომადამიანები, რომლებიც თაყვანს სცემენ ერთსა და იმავე ღმერთს, ითვლებიან ნათესავებად [2, 22].
ბოლოს უნდა ითქვას, რომ საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა შორის ქურთები ებრაელების მსგავსად, ის ხალხია, ვისაც თითქმის არასოდეს ჰქონია ქართველებთან დაპირისპირება და ჩვენი ქვეყნის ჭირვარამი და სიხარული გაუზიარებია.
დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა:
1. Караме Анкоси, Езиды ванского вилайета Османской империи турции, Тбилиси, 2008.
2. Караме Анкоси, Племена Курдов-Езидов на южном Кавказе и в Германии, Тбилиси, 2004.
3. . სონღულაშვილი, ნარკვევები საქართველოს უახლესი ისტორიიდან, თბილისი, 2001.
4. . სახოკია, მოგზაურობანი, ბათუმი, 1985.
5. . ფაშაევა, ქურთები, ქსე, . 10, თბილისი, 1986.
6. თბილისის ისტორია, . I, თბილისი, 1990.
7. В. Мачарадзе, Грузинские документы по истории грузино- курдского-ассирийского-русского взаимоотношений (60-70-е гг. XVIII века), Тбилиси, 1989.
8. Ю. Д. Анчабадзе, Н. Г. Волкова, Старый Тбилиси., 1990.
9. . ნოზაძე, საქართველოს კპ მოღვაწეობა პროლეტარული ინტერნაციონალიზმის პრინციპების დამკვიდრებისათვის, თბილისი, 1987.
10. . შენგელია, . თბილისის მოსახლეობის ეთნოკონფესიონალური სტრუქტურა XIX საუკუნეში, ჟურნ. მაცნე, ისტორიის სერია, 1997, #1-4.
11. . კაკურია, . თბილისის მოსახლეობა 1803-1970 წწ. თბილისი, 1979.
12. საქართველოს ეროვნული არქივი, უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი, . 295, ანაწ. 1, საქ. #362.
13. საქართველოს ეროვნული არქივი, უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი, . 617, ანაწ. 2, საქ. #431.
14. . ფაშაევა, იეზიდები, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, . 5, თბილისი, 1980.
იეზიდური ტაძრები

 იეზიდები

Комментариев нет:

Отправить комментарий