среда, 14 ноября 2018 г.

კოლხეთის ისტორიული განვითარების პროცესზე ბიოგეოგარემოს გავლენის შესახებ (გ. გამყრელიძე)

ძველი საქართველოს ისტორიული განვითარების ჯაჭვში ერთ-ერთი მეტად საყურადღებო რგოლია დასავლეთ საქართველო (გეოგრაფიული ცნება კოლხეთი). საქართველოს ამ ნაწილმა ფრიად რთული ისტორიული გზა განვლო. მისი ეკონომიკა და პოლიტიკური მდგომარეობა სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვანაირი იყო. ქართველური მოდგმა დასაბამიდან სახლობს დღევანდელი საქართველოს მიწაწყალზე. ამ მიწაზე საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა მათი ისტორიულ-კულტურული განვითარების ხანგრძლივი და თავისებური პროცესი. გეოპოლიტიკურად აზიისა და ევროპის საზღვარზე მდებარე კოლხეთი ორი დიდი პოლიტიკურ-ეკონომიკური ძალის (ერთი მხრივ ირანული და, მეორე მხრივ, ანტიკური ორიენტაციის ქვეყნების) ზეგავლენას განიცდიდა. საყურადღებოა კოლხეთის ურთიერთობების შესწავლა საბერძნეთთან, პონტოსთან და რომთან. ამ ქვეყნებმა ძირითადი როლი ითამაშეს კოლხეთის განვითარების კულტურულ-ისტორიულ პროცესში. საყურადღებოა აგრეთვე ქართლისა (იბერიის) და კოლხეთის ურთიერთობების შესწავლა, რადგან მათ ადგილსა და საფუძველზე შემდგომ განვითარდა ერთიანი სახელმწიფო _ საქართველო. ისტორიული კვლევისას ბიოგეოგარემოს (რესპ. გეოგრაფიული გარემოს) შესწავლის გარეშე შეუძლებელია რომელიმე ქვეყნის ისტორიული განვითარების პროცესის შესწავლა. ბიოგეოგარემოს განმსაზღვრელ როლზე საზოგადოების განვითარებაში თავდაპირველად ყურადღება ანტიკური ეპოქის მეცნიერმა და მოაზროვნემ ჰიპოკრატემ გაამახვილა. მისი თვალთახედვით, ბიოგეოგარემოს კომპონენტებიდან მთავარი აქცენტი კლიმატზე იყო გადატანილი. შემდგომში გეოგრაფიული დეტერმინიზმის იდეას ბევრი მომხრე გამოუჩნდა, რომლებმაც ის განავითარეს და უფრო დახვეწეს.
გეოგრაფიული დეტერმინიზმის მომხრეთა აზრით, გეოგრაფიული გარემო გადამწყვეტ გავლენას ახდენს საზოგადოების განვითარებაზე. ისინი ძირითადად გამოყოფენ _ კლიმატს, ლანდშაფტს, მადნეულს, ფაუნას, ფლორას, მდინარეს, ზღვას, ქვეყნის მდებარეობა-განლაგებას. ეს ფაქტორები მოქმედებენ ადამიანის, საზოგადოების ზნე-ხასიათზე, შესახედაობაზე, მატერიალურ დაგროვებაზე, სულიერ წყობაზე, ქვეყნის მმართველობის ფორმაზე და სხვა. ისტორიული განვითარების პროცესის ახსნისასQჭეშმარიტება ორი ძირითადი ფაქტორის, კერძოდ, ბიოგეოგარემოს და სოციოგარემოს ურთიერთზემოქმედების ახსნაში უნდა ვეძებოთ, რომლებზედაც, თავის მხრივ, მოქმედებენ ბიოგეოქიმიური, გენეტიკური, ქრონოლოგიური და საკრანოოსის პროცესები (იხ. გამყრელიძე 1993, გვ.22). ბიოგეოგარემოს და საზოგადოების ისტორიული განვითარების ურთიერთზემოქმედების პრობლემა მსოფლიო ცივილიზაციების წარმოქმნა- განვითარების საერთო ძირითადი პრობლემაა, მაგრამ რეალურად არსებობს კონკრეტული ბიოგეოგარემო, კონკრეტული რეგიონი, კონკრეტული საზოგადოება. ჩვენ ვეცადეთ ეს ურთიერთობები განგვეხილა ძველი კოლხეთის მაგალითზე.
კოლხეთი, როგორც ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავს. მისი ფიზიკურ-გეოგრაფიული საზღვრებია: ჩრდილოეთით კავკასიონის მაღალი მთები; სამხრეთით „მცირე კავკასიონი“, აჭარა-ლაზეთის მთიანეთი; აღმოსავლეთით სურამის ანუ ლიხის ქედი, ხოლო დასავლეთით შავი ზღვა. დასავლეთ საქართველოს, კოლხეთის მთიანეთის ბორცვგორაკები, ხეობები, სერები, ტაფობები და დაბლობი თავიანთი ბუნებრივი გარემოთი მოსახერხებელ დასასახლებელ ადგილებს ქმნიან. აქ დიდი რაოდენობით მოიპოვება საშენი მასალა _ ხე, სხვადასხვა ჯიშის ქვა, თიხა და ა.შ. არის მარმარილო, კირქვა, თაბაშირი, კერამიკული თიხა, სხვადასხვა ფიქლები. კოლხეთში თიხის ჭურჭლის მოჭიქვისათვის და მინის ჭურჭლის საწარმოებლად გამოიყენებოდა კვარცის ქვიშა, რომელიც მრავლად მოიპოვება. დასავლეთ საქართველოში აღმოჩენილია ისეთი მინერალებიც, რომლებიც ძველთაგანვე გამოიყენება სამკაულების დასამზადებლად, მაგ., გიშერი, მთის ბროლი, აქატი, ქალცედონი, სარდიონი, ობსიდიანი, სურინჯი და ა.შ. კოლხეთში მეტალურგიული (სპილენძი, რკინა, ტყვია, თუთია, კალა, ვერცხლი) ნედლეულის მოპოვების ძირითადი ადგილებია _ რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი, აფხაზეთი, აჭარა. მდინარეების ენგურის, ცხენისწყლის, ტეხურის და რიონის ქვიშა გარკვეული რაოდენობით ოქროს შეიცავს. ამას ადასტურებს ჯერ კიდევ I ს. ავტორი სტრაბონი, რომლის ნაწერებიც საკმაო საფუძვლიანობით გამოირჩევა: „წყლის ნაკადებს ოქრო ჩამოაქვს, ხოლო ადგილობრივი მცხოვრებლები მას აგროვებენ დაჩვრეტილი ვარცლებით და ბეწვიანი ტყავებით“ (სტრაბონი, XI, II, 19). II საუკუნის ავტორი აპიანეც აღნიშნავს: „კავკასიონიდან ჩამომდინარე ნაკადულებს ოქროს ქვიშა ჩამოაქვს. ადგილობრივი მცხოვრებლები მდინარეებში ხშირბეწვიან ცხვრის ტყავებს აგებენ და აგროვებენ ქვიშას, რომელიც მათზე ილექება“ (აპიანე, მითრიდატეს ომები, 103) ოქროს მოპოვების შესახებ გადმოგვცემს I საუკუნის ავტორი გაიუს პლინიუს სეკუნდუსიც (უფროსი): „კოლხეთში მეფობდა აიეტის მემკვიდრე სავლაკი, რომელიც თავის სამეუფეოში დიდძალ ოქროს და ვერცხლს იპოვებდა სვანეთის მიწასა და საერთოდ სახელმწიფოში...“(NH, XXXIII). საყოველთაოდ ცნობილია კოლხეთის მოსახლეობის როლი მეტალურგიული წარმოების საქმეში (მაგ: ხალიბები, მოსუინიკები, მოსხები). კოლხეთის რეგიონი ლითონების წარმოება-დამუშავების ერთ-ერთ მსოფლიო ცენტრს წარმოადგენდა. აქ მოსახლეობის მიერ მადნეულის ნაყოფიერმა დამუშავება-გამოყენებამ კოლხური საზოგადოება უკვე ძვ. წ. II ათასწლეულში ახალი განვითარების საფეხურზე აიყვანა. ანტიკურ ხანაში კოლხური მეტალის ექსპორტი მეზობელ ქვეყნებშიც ხდებოდა. ამდენად, კოლხეთში სასარგებლო მადნეულის არსებობა იწვევდა პოზიტიურ ძვრებს წარმოების განვითარებაში, რაც თავის მხრივ, აქაური საზოგადოების განვითარების პროცესს აჩქარებდა. ამგვარად, ძველი კოლხეთი მადნეულით მდიდარი ქვეყანა ჩანს, რაც შემდგომში საფუძვლად დაედო მომპოვებელი და გადამამუშავებელი ხელოსნობა-წარმოების მთელი რიგი დარგების განვითარებას. ამ დარგების პროდუქცია კი ხშირად სხვადასხვა ქვეყნებში გაჰქონდათ. იქიდან კი შემოჰქონდათ ისეთი ნაწარმი, რომელიც ადგილობრივად არ მოიპოვებოდა.
კოლხეთის რელიეფი, ტექტონიკური განვითარების თავისებურების გამო, ორ ძირითად განსხვავებულ ნაწილად იყოფა: მთა-მთისწინეთად და ბარ-დაბლობად. ლიხის, დიდი და მცირე კავკასიონის მთიანეთში გადიოდა ბილიკ-გზები, რომლითაც კოლხეთის მოსახლეობა უკავშირდებოდა დანარჩენ კულტურულ სამყაროს. ადგილობრივი მცხოვრებლები ამ გადასასვლელებს ეხლაც იყენებენ. ესენია: რიკოთის, ზეკარის, მეფისწყაროს, გოდერძის, მამისონის, ნაკრის, ქლუხორის და სხვა. ეს გადასასვლელები ხელს უწყობდნენ ეკონომიკური კონტაქტების გაღრმავებას. მთებით შემოსაზღვრული კოლხეთი თავისი რელიეფით (ქედები, ხეობები, სერები, ტაფობები, ბორცვ-გორაკები) მოსახერხებელ თავდაცვით და სამხედრო-სტრატეგიულ გარემოს ქმნიდა. ამ თვალსაზრისით საყურადღებოა ძვ.წ. Iს-ის რომაელი მხედართმთავრის ლუკულუსის მითრიდატე ევპატორთან ომის დროს კავკასიონის მთიანეთის და მისი მიმდებარე ტერიტორიის სამხედრო მოქმედების ადგილის შეფასება: „მე აქ იმ მიზნით ვაყოვნებ, რომ ჩემმა მოწინააღმდეგემ (მითრიდატე ევპატორი – გ.გ.) კვლავ მოიკრიბოს ძალა და დიდ მხედრობას მოუყაროს თავი, რათა ადგილზევე დარჩეს და ჩვენი მიახლოებისთანავე არ გაიქცეს. განა თქვენ ვერ ხედავთ, რომ მის ზურგში გადაშლილია უზარმაზარი და უსაზღვრო უდაბნო? (იგულისხმება ბოსფორ-ყუბანის სტეპები – გ.გ.). იქვე ახლოს არის კავკასიონი მრავალი მაღალი მთით, რომელთაც სულ ადვილად შეუძლიათ შეიფარონ და დაიცვან ბრძოლის ამრიდებელი ათობით მეფე” (პლუტარქე, ლუკულუსი, 14). აღსანიშნავია, რომ სამხედრო მოქმედების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი რელიეფ-ლანდშაფტის გათვალისწინებას. ჩასაკეტად ადვილი ვიწრო ხეობების, ძნელად გადასალახი მაღალი მთების, გასამაგრებლად მოსახერხებელი გორების, ხშირი გაუვალი ტყეების, ძნელად დასაძლევი მდინარეების მოხერხებული სამხედრო-სტრატეგიული გამოყენება საომარი მოქმედების წარმატებული დაგვირგვინების გარანტია იყო. არანაკლები მნიშვნელობა სამხედრო მოქმედებისას ენიჭება კლიმატს და წელიწადის დროების ცვლას. მაგალითად, მითრიდატე ევპატორი პომპეუსთან ომის დროს “მთების გადაღმა კოლხეთში გაიქცა“ (სტრაბონი, XII, III, 28). მას ძალების მოკრება და აღჭურვილობის შევსება ესაჭიროებოდა და ზამთარი დიოსკურიაში გაატარა. ამ შემთხვევაში მითრიდატემ ზამთარი და მთები (რელიეფი და ჰავა) თავისი სამხედრო-სტრატეგიული გეგმის განსახორციელებლად გამოიყენა.
ზემოხსენებული მთათა მყინვარებიდან გამოედინება დიდი თუ პატარა მდინარეები, რომლებიც შავი ზღვის აუზს მიეკუთვნებიან. ისინი რაოდენობრივად 16000-ზე მეტია. მათ შორის წყალუხვობით უწინარესი ადგილი უჭირავს _ რიონს, ყვირილას, ცხენისწყალს, ტეხურს, ხობს, ენგურს, კოდორს, ბზიფს, ღალიძგას, ხანისწყალს, ფიჩორს, სუფსას, ნატანებს, ჭოროხს. აქედან ხობს, ტეხურს, ფიჩორს, სუფსას, და განსაკუთრებით რიონ-ყვირილას სატრანსპორტო გადასაადგილებელ გზებად იყენებდნენ. მათზე სავაჭრო-სატრანსპორტო ნავებით დაცურავდნენ. სწორედ ეს სავაჭრო-სამდინარო გზები (ვიდრე სახმელეთო) გაცილებით რენტაბელურს ხდიდა ვაჭრობას, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის განვითარებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა. რიონი(ფასისი) კოლხეთის მთავარი მდინარეა. მდინარე რიონი კავკასიონის სამხრეთ კალთებიდან, ფასის მთის მყინვარიდან გამოედინება. ქალაქ ქუთაისამდე ის მთის მჩქეფარე მდინარეა, ჩქარი დინება გააჩნია და უმეტესწილად ვიწრო ხეობაში მოედინება; ქუთაისის ქვემოთ კოლხეთის დაბლობზე ჩამოდის და ბარის მდინარის მდორე დინება უჩნდება. ის იტოტება და მთებიდან ჩამოტანილი შლამის დალექვით წარმოქმნის კუნძულებს. რიონი, როგორც ჩანს, ხშირად იცვლიდა კალაპოტს, ამიტომ კოლხეთის დაბლობზე კარგად შეიმჩნევა ნარიონალები, ძველი კალაპოტები. საყურადღებოა, რიონის IIს-ში მნახველის ფლავიუს არიანეს თხზულებაში _ “მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო” _ დაცული ცნობა: “ფასისის წყალს ტყვიის თუ კალის ფერი დაკრავს, მაგრამ რომ გააჩერებ, ძალიან წმინდა ხდება” (ფლავიუს არიანე, 1951, გვ.37). წერილობით წყაროებში ფასისი პირველად იხსენიება ჰესიოდეს “თეოგონიაში” (ძვ.წ.VIIს.).
რიონ-ყვირილა(ფასისი) თავისი ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობით მოხერხებული სავაჭრო-სატრანზიტო გზა იყო. ცნობები მისი სატრანზიტო გზად გამოყენების შესახებ ძირითადად შემონახულია სტრაბონის და პლინიუსის ნაწერებში. სტრაბონი აღწერს მდ. რიონ-ყვირილას მაგისტრალს: “ფასისზე აღმა ცურვა შეიძლება შორაპნამდე. ამ სიმაგრეს შეუძლია დაიტიოს მთელი ქალაქის მოსახლეობა; შორაპნიდან ფეხით, საურმე გზით ოთხ დღეში მიისვლება მდ. მტკვრამდე” (XI,II,17). ამ გზის გაგრძელებას სტრაბონი ასე აგვიწერს: “…ინდური საქონელი შემოაქვთ ჰირკანის ზღვაში, ხოლო აქედან ალბანეთში გადააქვთ და შემდეგ მტკვარზე და მის მომდევნო ადგილებით ევქსინის ზღვაში ჩააქვთ” (სტრაბონი, XI, VII,3). ამრიგად, ნათელია, რომ I ს.-ის ავტორი სტრაბონი აღწერს სავაჭრო გზას, რომელიც მოემართებოდა აღმოსავლეთიდან მდ. მტკვარზე და მდ. ფასისზე (რიონ-ყვირილა) გავლით შავი ზღვისკენ. ამავე გზას აღწერს Iს-ის ავტორი პლინიუსი: „პომპეუსის ლაშქრობის დროს, მისი ბრძანებით შესწავლილ იქნა, რომ ინდოეთიდან შეიძლება შვიდ დღეში ჩასვლა ბაქტრიაში, მდ. ბაქტრთან, რომელიც ერთვის ოქსს. აქედან ინდური სავაჭრო საქონელი გადააქვთ კასპიის ზღვის იქით მდ. მტკვარზე და ხმელეთით არა უმეტეს ხუთი დღისა მათ შეუძლიათ მიაღწიონ ფასისს, რომელიც შავ ზღვას უერთდება“ (პლინიუს სეკუნდუსი, NH,VI,52). საყურადღებოა, რომ სწორედ ამ გზის გაყოლებაზე მდებარეობს ანტიკური ხანის და ადრეული შუა საუკუნეების ნამოსახლარები, რომელთა არქეოლოგიური კვლევის დროსაც აღმოჩნდა შემოტანილი უცხოური ნაწარმი (კერამიკა, სამკაულები, მონეტები, ლითონის და მინის ჭურჭელი). ასეთი ნამოსახლარები მდ. რიონ-ყვირილას გაყოლებაზე აღმოჩენილია შორაპანში, პატრიკეთში, ვანში, საყანჩიაში, ციხესულორში, შუამთაში, ფარცხანაყანევში, სოფ. მთისძირში, დაბლაგომში, დაფნარში, საჯავახოში, პატარა ფოთში, ჭალადიდში, ფოთში (პალიასტომის ტბაზე) და სხვა. რიონ-ყვირილას (ფასისის) სავაჭრო-სამდინარო გზის ბოლო პუნქტი იყო ტბა პალიასტომზე მდებარე ქალაქი, რომლის შემდეგაც სავაჭრო კარჭაპები შავ ზღვაში გადიოდნენ კაბოტაჟური ცურვისათვის. გეომორფოლოგების აზრით, პალიასტომის ტბა-ლაგუნა ზღვიური რელიქტია. ძველად აქ მდინარე რიონის ლიმანი იყო. სრულიად ბუნებრივია, რომ წინათ სწორედ ამ მოხერხებულ ლიმანში, რომლის ნაპირზედაც ქალაქ-ნავსაყუდელი მდებარეობდა, ხომალდები შემოსულიყვნენ. ხომალდებიდან შემდეგ ტვირთი ბრტყელძირა სამდინარო კარჭაპებში გადაიტვირთებოდა და პალიასტომის გავლით მდინარე რიონზე ანდა ფიჩორზე აღმა აგრძელებდა სვლას. აგათია პალიასტომის შესახებ გადმოგვცემს: “იქ ხომ ერთი ტბა არის, რომელსაც პატარა ზღვას ეძახიან და რომელიც ევქსინის პონტოს უერთდება”. შემდეგ “დიდი სატვირთო ხომალდები ზღვის ნაპირას და ფასისის შესართავთან მიაცურეს ქალაქის მახლობლად” (აგათია, “გეორგიკა”, 1936, გვ.102). მდინარე რიონზე ჩამოცურებული სატრანსპორტო ნავებიდან ტვირთი პალიასტომის ტბაზე მდებარე ნავსაყუდელში უკვე საზღვაო კარჭაპ-ხომალდებში გადაჰქონდათ და შავი ზღვის გავლით მიჰქონდათ შორეულ ქვეყნებში.
ზღვამ დიდი როლი ითამაშა კოლხეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. წერილობითი და არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით ზღვის სანაპიროზე მთელი რიგი ნაქალაქარები და სხვა დასახლებული პუნქტებია მიკვლეული: აფსაროსი (გონიოსთან), ბათუმის ციხე, ციხისძირი, ქობულეთ-ფიჭვნარი, ურეკი, ფასისი (ფოთთან), ანაკლია, ფიჩორი, გიენოსი (ოჩამჩირესთან), დიოსკურია-სებასტოპოლი (სოხუმთან), ეშერა, პიტიუნტი (ბიჭვინთასთან) და ა.შ. ჩამოთვლილი დასახლებები, ბუნებრივია, ცხოვრების წესით ზღვასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული. ისინი გარკვეულ როლს ასრულებდნენ უცხოეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ-პოლიტიკურ ურთიერთობაში. პირველ რიგში, სწორედ ზღვისპირა ქალაქების მეშვეობით ხორციელდებოდა კონტაქტები შავი ზღვის და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებთან და ქალაქებთან: მილეთთან, ქიოსთან, როდოსთან, ათენთან, მენდესთან, სინოპესთან, რომთან (ოსტია). შემდგომში ბიზანტიასთან (კონსტანტინეპოლთან), გენუასთან, ვენეციასთან და სხვა. ზღვისპირა ქალაქებში, ვაჭრობის გარდა, ხელოსნობის სხვადასხვა დარგები (მეთუნეობა, მჭედლობა, ხუროობა, ფეიქრობა, და ა.შ.) იყო განვითარებული. მაგრამ აქ განსაკუთრებული ადგილი მაინც ზღვასთან დაკავშირებულ საქმიანობას, ზღვაოსნობას, მეთევზეობას, ზღვის მარილის მოპოვებას და, რაც მთავარია, ვაჭრობას ეჭირა. ცნობილია, რომ ზღვამ მსოფლიო არენაზე ცივილიზებული ქვეყნები გამოიყვანა. ანტიკურ ეპოქაში კოლხებმაც გამოიყენეს საზღვაო კომუნიკაციები ვაჭრობისათვის. ანტიკურ ხანაში კოლხეთის სანაპიროზე გარკვეული საკონტაქტო რეგიონი შეიქმნა ანტიკურ სამყაროსა და კოლხეთს შორის. ბიზანტიელი ისტორიკოსი აგათია კოლხეთის შესახებ გადმოგვცემს: „ძლიერნი და მამაცნი არიან ლაზები“. ისინი „…ამაყობენ კოლხთა ძველი სახელით…“; გამოირჩევიან „…თავისი სიმდიდრის სიუხვით, ასევე ქვეშევრდომთა სიმრავლით, მიწაწყლის სიჭარბით და მოსავლიანობით…“ „…ეხლანდელი მცხოვრებლები დაცურავენ კიდეც, რამდენადაც შესაძლებელია, და ვაჭრობაშიც ნახულობენ დიდ სარგებელს“ (აგათია, III,5; ყაუხჩიშვილი, 1936, გვ.50).
შავი ზღვა ხმელეთშიდა ზღვაა. ის ბოსფორ-დარდანელის სრუტეებით გადის ხმელთაშუა ზღვის აუზში. ბოსფორის სრუტის უვიწროესი ადგილი სიგანეში მხოლოდ 700 მეტრია, ამიტომ მისი გადაკეტვა-კონტროლი ადვილია.
სრუტე გეოპოლიტიკურ-სტრატეგიულად ფრიად მოსახერხებელია. ისტორიულად ვის ხელშიაც ბოსფორის სრუტე იყო, ის აკონტროლებდა ხმელთაშუა და შავ ზღვებს შორის მიმოსვლას. ამან უარყოფითი როლი ითამაშა კოლხეთის ისტორიულ-ეკონომიკურ განვითარებაზე. ანტიკური ხანის კოლხეთის გეოგრაფიულმა ადგილმდებარეობამ განაპირობა საზღვაო (სანაპირო ქალაქები _ ფასისი, გიენოსი, დიოსკურია და სხვა.) და სამდინარო (რიონ-ყვირილას სატრანზიტო გზა) კომუნიკაციების განვითარება, რაც დიდად მოქმედებდა მაშინდელი ქვეყნის შიგა და გარე წარმატებული ვაჭრობის წარმოებაზე. კოლხეთის სანაპიროზე ზღვის წყალი არ იყინება. კოლხეთის ფარგლებში სანაპიროზე ძლიერი გრიგალური, დამანგრეველი ქარი არ იცის.
ზღვა უდიდეს როლს თამაშობს კოლხეთის კლიმატის ფორმირებაში, რაც, თავის მხრივ, დიდ გავლენას ახდენს აქაურ აგროკლიმატურ სიტუაციაზე და ადგილობრივი მცხოვრებლების სამეურნეო ყოფაზე. ზღვა კოლხეთში თბილი და ნოტიო კლიმატის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. კოლხეთის ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უარყოფითი როლი ზღვის ნაპირის ბიოგეოგარემოს შეცვლამ ითამაშა. გეომორფოლოგების ვარაუდით, ახალშავზღვიურმა ტრანსგრესიამ შეცვალა ფანაგორიული რეგრესია (დაახლოებით ძვ.წ. I ათასწლეულის მეორე ნახევარში), ხოლო ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე ისევ იწყება ტრანსგრესია, ზღვის დონის აწევა. ამის გამო სანაპიროზე განლაგებული ქალაქ-დასახლებები წყლის ქვეშ მოხვდა და შეწყვიტა არსებობა. საქართველოს ზღვისპირეთში, წერილობითი წყაროების (სკილაქს კარიანდელი, ფლავიუს არიანე, პომპონიუს მელა, სტრაბონი, კლავდიოს პტოლემაიოსი, პროკოპი კესარიელი, აგათია, ვახუშტი ბაგრატიონი და სხვ.) მიხედვით, მთელი რიგი ნაქალაქარები არის მოხსენიებული: ფოთთან – ფასისი, ოჩამჩირესთან – გიენოსი(?), სოხუმთან – დიოსკურია-სებასტოპოლისი, ბიჭვინთასთან – პიტიუნტი და ა.შ. ხსენებული ნაქალაქარების ან მათი მიმდებარე ტერიტორიის წყალში დაძირვამ და ცხოვრების შეწყვეტამ ზღვისპირეთში ეკონომიკური დონის დაქვეითება გამოიწვია. შესაბამისად, გვიანანტიკური ხანის და ადრეული შუასაუკუნეების კოლხეთის ისტორიულ განვითარებაზე ეს გეომორფოლოგიური პროცესი უარყოფითად იმოქმედებდა. საყურადღებოა სტრაბონის “გეოგრაფიაში” ცნობა, სადაც, შავი ზღვის ის მონაკვეთი, რომელიც მდებარეობდა კოლხეთის სანაპიროსთან, იწოდებოდა “კოლხეთის ზღვად”(XI, I,6). კავკასიონი, ანტიკავკასიონი, ლიხის ქედი და შავი ზღვა ქმნიან ბუნებრივად შემოზღუდულ ტერიტორიას, რომლის შუაშიც კოლხეთის ბარდაბლობი და მთისწინეთი ექცევა. ეს ტერიტორია კოლხეთის მთავარი აგრარულ-სამეურნეო რეგიონი იყო. კოლხეთის ბარ-დაბლობი ხასითდება ჭაობიანი და ეწერი, ხოლო მთისწინეთი წითელი და ყვითელმიწა ნიადაგებით. კოლხეთის დაბლობი სხვადასხვა სიბრტყეებზეა განლაგებული. ამიტომ დასავლეთ, ზღვისპირა მონაკვეთში აღინიშნება განსაკუთრებული ჭაობიანობა, ხოლო აღმოსავლეთით უფრო ეწერი ნიადაგებია. ჭაობებში ძირითადად ტორფიანი ნიადაგები ჭარბობს. არის აგრეთვე ჭაობის ქვიშალამიანი და თიხნარიანი მონაკვეთებიც. აგრარულ-სამეურნეო საქმიანობაში ყველაზე მეტად გამოყენებულია კოლხეთის დაბლობის შემაღლებული მონაკვეთი. სამეურნეო საქმიანობაში იყო ჩაბმული აგრეთვე კოლხეთის მთისწინეთის ბორცვ-გორაკიანი ნაწილიც. სტრაბონის “გეოგრაფიაში” დაცული ცნობის მიხედვით, კოლხეთი ბუნებრივი რესურსებით საკმაოდ მდიდარ ქვეყნად წარმოგვიდგება: “…ქვეყანაში კარგი ნაყოფი იცის; …მოიპოვება გემთსაშენი ყოველივე მასალა, რადგან იზრდება აქ მრავალი ტყე და მდინარეებით ჩამოაქვთ; ამუშავებენ ბევრ სელს, კანაფს, ცვილსა და ფისს. ხოლო სელის წარმოება განთქმულია და გარეთაც კი გააქვთ” (სტრაბონი, XI, II,17). ექსპორტზეა საუბარი მარკუს მანილიუსის (Iს.) ცნობაშიც, სადაც ის გადმოგვცემს, რომ რომაელებს კვებავს ნუმიდიელთა სანაპირო და ფასისის ჭალებიო.
საყურადღებოა კოლხეთის შესახებ VIს-ის ბიზანტიელი მწერლის პროკოპი კესარიელის წერილობითი ცნობა: “მოხირისი ერთი დღის სავალზეა არქეოპოლისიდან და შეიცავს მრავალ მჭიდროდ დასახლებულ სოფელს. კოლხეთის მიწა-წყალზე ის საუკეთესო მხარეს წარმოადგენს; ღვინოც კარგი მოდის და ნაყოფიც იქ კარგად ხარობს” (პროკოპი კესარიელი BG, VIII,14). კოლხეთში მდებარე მოხირისის მხარე, როგორც ჩანს, ეკონომიკურად ძლიერი რეგიონია. მდ. რიონის შუაწელი ემთხვევა კოლხეთის ამ რეგიონის შედარებით გვიანდელ სახელწოდებას _ “სამოქალაქო”, რომელიც აგრეთვე მძლავრ ეკონომიკურ მხარედ არის ცნობილი. კოლხეთის დაბლობი რომ დაწინაურებული სამეურნეო-ეკონომიკური მხარე იყო, კარგად ჩანს ამ რეგიონში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალიდანაც. კოლხეთის კლიმატის ფორმირებაში დიდ როლს ასრულებს მზის რადიაცია, ჰაერის ცირკულაცია, ზღვასთან სიახლოვე. აქ ბარის და მთის ჰავაში დიდი სხვაობაა. კოლხეთის ქარის მიმართულება-სიჩქარეზე ძირითადად ხეობების, ქედების და ზეგნების განლაგება მოქმედებს. ხალხურ დაკვირვებაში შემორჩენილია ორი ქარის სახელი _ “ზენა ქარი” და “ქვენა ქარი” (დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქარი), რომელთა მიხედვითაც მეურნე ცდილობდა ამინდის პროგნოზირებას და თავის სამეურნეო საქმიანობის შესაბამისად დაგეგმვას. კოლხეთი მრავალფეროვანია თავისი მცენარეული საფარით. აქ დღესაც შეხვდებით რელიქტურ სახეობებს; არის ენდემური ჯიშები. ალპური სარტყელის ქვემოთ მთა-მთისწინეთი და ნაწილობრივ ბარიც, ძირითადად ტყითაა შემოსილი. ბარ-დაბლობში ტყეები ძირითადად მდინარეების ჭალებშია. კოლხეთის ბარ-მთისწინეთში გაბატონებულია ფოთლოვანი ხეები _ მუხა, რცხილა, წაბლი, წიფელი, ცაცხვი, ნეკერჩხალი. შემორჩენილია აგრეთვე მესამეული პერიოდის ხეები _ ლაფანი, ძელქვა. არის მარადმწვანე ბუჩქნარები _ ბზა, წყავი, შქერი. დაბლობებში ტყე ჩახლართულია ხვიარებით (სურო, ღვედკეცი). წინათ კოლხეთის დაბლობზე შემაღლებულ ადგილებში იზრდებოდა მუხა, რცხილა, წიფელი, რაც ეხლა აქ თითქმის იშვითობას წარმოადგენს. ამ ხეების სამშენებლო მასალად გამოყენება არქეოლოგიური მონაცემებით ხშირად დასტურდება.
კოლხეთის განვითარების გარკვეულ ეტაპზე ძვ.წ. IIIსაუკუნემდე, ხე შეიძლება ძირითად სამშენებლო მასალად ჩაითვალოს. გათლილი ხისაგან და მორისაგან იგებოდა საცხოვრებელი სახლები, შენდებოდა თავდაცვითი ნაგებობები და ზოგჯერ ჭაობიან ადგილებში გზა-ტროტუარების გასამართავადაც გამოიყენებოდა. სტრაბონის ცნობით, "ქვეყანაში (კოლხეთში _ გ.გ.) ...მოიპოვება გემთსაშენი ...მასალა, რადგან აქ იზრდება მრავალი ტყე...;" (იხ. სტრაბონი, XI, II,17). ტყეების სიუხვესვე ადასტურებს ძვ.წ. Iს. რომაელი არქიტექტორი ვიტრუვიუსიც: "კოლხები პონტოს მხარეში ტყის სიუხვის გამო აწყობენ მიწაზე მარჯვნივ და მარცხნივ მთლიან ხეებს... და აგებენ..." (ვიტრუვიუსი, ათი წიგნი არქიტექტურის შესახებ, II წ. I,4). კოლხეთის ქვემო ნაწილი ტორფიან ჭაობებს უჭირავს. ჭაობის და მისი მიმდებარე ადგილებისათვის ძირითადად დამახასიათებელია ლელიანები, ისლიანები, ჩალიანები, გვიმრიანები; სელი, კანაფი და სხვ. ძველი კოლხეთის სამეურნეო ყოფისათვის დიდი მნიშვნელობა ექნებოდა ისეთი მცენარეების გავრცელებას, როგორიც იყო, მაგალითად, ხორბლის და ქერის მარცვალი, ვაზი, ფეტვი, ჭვავი, წაბლი, ღომი, კაკალი, თხილი, ლეღვი, ზღმარტლი, ხახვი და სხვ. კოლხეთის ბარ-დაბლობში უკეთესი მდგომარეობა იყო დასასახლებლად და სამეურნეო საქმიანობისათვის. ბუნებრივია, აქ ხდებოდა კულტურულ-სამეურნეო მცენარეების ახალი ჯიშების შემოტანა-გავრცელება. ზოგ შემთხვევაში ახალი პროდუქტიული ჯიშების შემოტანით ძველი ტრადიციული ჯიშები თითქმის ქრებოდა. მაგალითად, XVIIს-ში სიმინდის შემოტანამ კოლხეთში თანდათან თითქმის მოსპო ისეთი ძველი კულტურული მცენარე, როგორიც ღომია. ცხოველთა სამყაროდან კოლხეთში, ენდემურის გარდა, მრავლადაა გავრცელებული ევროპული და მცირეაზიური სახეობები. მარტო კოლხეთის დაბლობზე მეცნიერ-მკვლევარების მიერ აღნუსხულია 380-მდე ხერხემლიანი ცხოველი. ცხოველთა სამყაროს სიმრავლეზე და მის მრავალფეროვნებაზე იყო გარკვეულწილად დამყარებული მოცემულ ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკვება. ამიტომ აქ შინაური ცხოველების მოშენება ერთ-ერთი სამეურნეო საქმიანობა უნდა ყოფილიყო.
კოლხეთში ნადირობდნენ ისეთ გარეულ ცხოველებზე, როგორიცაა _ არჩვი, ჯიხვი, ღორი, კურდღელი, ირემი, შველი, მურა დათვი და სხვ.; მგლის, დათვის, ტურის, მელას, ფოცხვერის ტყავს სამოსისთვის იყენებდნენ. კოლხეთის მდინარეებში ბევრია კალმახი, ლოქო, ორაგული, წვერა. საკვებად გამოსაყენებელ ფრინველთაგან გავრცელებულია ხოხობი, გარეული იხვი, ბატი, გნოლი, მწყერი. ამათგან არა მარტო შიდა, არამედ საგარეო ბაზარზე თითქმის მთელ მაშინდელ ცივილიზებულ სამყაროში სახელი მოიხვეჭა კოლხურ-ფასისურმა ხოხობმა, რომელიც ორ კილოგრამამდე იწონის. ფასისურ ხოხობს საკვებად განსაკუთრებით შეძლებული გურმანები ეტანებოდნენ და ამიტომ ეს დელიკატესი ძვირად ფასობდა, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ხოხბებს დეკორატიული (ფარშევანგისნაირი) დანიშნულებაც ჰქონდათ. ხოხობი მკვეთრადაა ნაირფერად შეფერილი, ხოლო ბუმბულზე ვერცხლისფერი ბზინვარება დაჰკრავს. XIIს-ის ავტორი ევსტათი თესალონიკელი ძველ გადმოცემებზე დაყრდნობით ნაშრომში "ჰომეროსის ილიადას განმარტებები" აღნიშნავს: "...ამბობენ მეფე პტოლემეოსი გამოტყდა, რომ მას არ ეგემნა ფასისური ხოხობი, რადგან წინაპრები მას (ხოხობს _ გ.გ.) აშენებდნენ სილამაზისათვის..."(XXII,69). ანტიკური წერილობითი წყაროებიდან ნათელია, რომ ხოხობის სახელი მაშინდელ ცივილიზებულ სამყაროში ფასისიდან არის გავრცელებული. შესაბამისად, ხოხობის სახელი ბერძნულ-ლა-თინურიდან შევიდა სხვა ევროპულ ენებში. ძველ საქართველოში ხოხობი, ალბათ, იმდენად მნიშვნელოვანი საკვები ფრინველი იყო, რომ ქართულ გასტრონომიულ ფოლკლორში დღესაც იხმარება მისგან დამზადებული კერძი _ ჩახოხბილი, რომელსაც ეხლა ქათმისაგან ამზადებენ. დასავლეთ საქართველოში არქეოლოგიურად მოპოვებულ მასალაში ხშირია ოსტეოლოგიური ნაშთები, რაც გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის ძველი კოლხეთის მოსახლეობის მეცხოველეობა-მონადირეობის შესახებ. ანტიკურ ხანასა და შუა საუკუნეებში აქ მონადირეობას უკვე აღარ ექნებოდა ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობა, როგორც წინა ეპოქებში ჰქონდა. რაც შეეხება მეცხოველეობას, არქეოლოგიურ მასალაში მსხვილი და წვრილი რქოსანი საქონლის (ხარ-ძროხა, თხა, ცხვარი) ძვლები მრავლად არის დადასტურებული. გვხვდება აგრეთვე ღორის, ძაღლის, ცხენის ძვლებიც. ეს ოსტეოლოგიური მონაცემები დღევანდელი დასავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელ შინაურ ცხოველთა სახეობებს ჩამოგავს. საგულისხმოა, რომ არისტოტელე (ძვ.წ. IVს.) ნაშრომში "ცხოველთა ისტორია" კოლხეთის ტანმორჩილ ძროხებს აღწერს: "მეწველი ცხოველი მეტ თუ ნაკლებ რძეს მოიწველის, დამოკიდებულია ტანის სიდიდეზედაც და საზრდოს ნაირფეროვნებაზეც. მაგალითად, ფასისთან არიან მომცრო ძროხები, რომელთაგან თითოეული ბევრ რძეს იწველის..."(III,21). გამწევ სატრანსპორტო პირუტყვიდან ძირითადად არქეოლოგიურ მასალაში დადასტურებულია ხარისა და ცხენის ძვლები.
კოლხეთში ხარის სამეურნეო საქმიანობაში გამოყენების შესახებ აღნიშნავს აპოლონიოს როდოსელი (ძვ.წ. IIIს.) "არგონავტიკაში": "ველზე საბალახოდ გაშვებული მყავს ორი სპილენძისჩლიქებიანი ხარი, რომლებიც ცეცხლს აფრქვევენ. მე მათ უღელში ვაბამ და ხოდაბუნისაკენ მივერეკები. ამ ადგილს სწრაფად ვხნავ გუთნით..." "...ხარებს უღელში დილით ადრე ვაბამ, ხოლო საღამო ხანს მკას ვათავებ" (არგონავტიკა, III,405-415). საერთოდ, კოლხეთში და განსაკუთრებით მის დაბლობ ნაწილში წვიმების სიუხვე, თბილი ზამთარი და ხანგრძლივი ზაფხული ხელსაყრელ პირობებს ქმნის სამეურნეო-აგრარული საქმიანობისათვის, კერძოდ, მემარცვლეობის, მებოსტნეობის და მევენახეობა-მეხილეობის განვითარებისათვის, რაც კოლხეთს, ადრიდანვე, ძველი სამიწათმოქმედო ქვეყნების რიგში აყენებდა. ხსენებული სამიწათმოქმედო-სამეურნეო დარგების განვითარება მოცემული რეგიონისათვის დამახასიათებელ კვების რაციონს აყალიბებდა. ასეთი რაციონის გასტროკალორიული პროდუქტები კი, თავის მხრივ, იწვევდნენ გარკვეული ფიზიონომურ-ფსიქიკური, კოლხეთისათვის დამახასიათებელი ადამიანის ტიპის განვითარება-ჩამოყალიბებას. ერთი მხრივ, ზემოთ ხსენებულ გარემოებას, და მეორე მხრივ, საწარმოო ძალთა განვითარებას და ჭარბი პროდუქციის წარმოებას კოლხეთში დემოგრაფიული ზრდა უნდა გამოეწვია. კოლხეთის დაბლობი გარშემორტყმულია მთების ნაოჭა სისტემით. მის დაბალ ნაწილში გავრცელებულია ტორფიან-ჭაობიანი ნიადაგები. მდინარეთა აუზებში გვხვდება ალუვიური მიწები. კოლხეთის აღმოსავლეთ ნაწილში ძირითადად ალუვიურთან ერთად ნეშომპალა-კარბონატული ნიადაგებია. ჰავა აქ გარდამავალია ნოტიოდან მშრალისაკენ და ზაფხული თბილი იცის. კოლხეთის დაბლობთან შედარებით წვიმები აქ ნაკლებია.
დასავლეთ კოლხეთის კლიმატურ-გეოგრაფიული გარემოს შესახებ ძვ.წ. IVს-ის განთქმული ბერძენი მეცნიერი ჰიპოკრატე გადმოგვცემს: "ეს ქვეყანა ჭაობიანია, თბილი, წყლიანი და ტყიანი. წლის ყოველ დროს აქ ხშირი წვიმები იცის. ადამიანებს საცხოვრებელი ჭაობებში აქვთ, მათ ხისა და ლერწმის სახლები წყალზე აქვთ." "ფასისი მდინარეთა შორის ყველაზე დინჯია და მდორედ მოედინება"; "აქ ბევრი სამხრეთის ქარი ქრის, გარდა ერთი ადგილობრივი ქარისა; ხოლო ეს ხანდახან ძლიერად უბერავს და ცხელია. ამ ქარს ეწოდება ქენხრონის. ჩრდილოეთის ქარი აქამდე თითქმის ვერ აღწევს, ხოლო როცა უბერავს, ის სუსტია და წყნარი." "...ფასისელებს სხვა ადამიანებთან შედარებით ძალიან განსხვავებული გარეგნობა აქვთ" (ჰიპოკრატე, ჰაერთა, წყალთა და ადგილთა შესახებ, §15). კოლხეთის დაბლობის კლიმატურ პირობებს ასევე ახასიათებს XVIIს. იტალიელი მოგზაურ-მისიონერი არქანჯელო ლამბერტი: "კოლხეთს ადგილმდებარეობის გამო ისეთი ნოტიო ჰავა აქვს, რომლის ნაირი არსად არ მოიპოვება. მიზეზი ამისა ის არის, რომ დასავლეთით, შავი ზღვიდან ჰქრის ნამიანი ჰაერი და აღმოსავლეთით კი აკრავს კავკასიონი, საიდანაც მრავალი მდინარე ჩამოედინება. ამას ემატება ხშირი ტყეები, რომლის გამოც ჰაერი ცუდად მოძრაობს. ზღვის ქარი ძალიან ხშირია და მას ხშირადვე მოსდევს წვიმა" (არქანჯელო ლამბერტი, 1938, გვ.19-20). ჰავისა და ტყიანი საფარის შესახებ, კოლხეთში, საყურადღებო ცნობებს გვაწვდის XVIIIს. ქართველი მეცნიერი ვახუშტი ბაგრატიონი ნაშრომში "აღწერა სამეფოსა საქართველოსა": "და არს ქვეყანა ესე ფრიად ტყიანი, რამეთუ იშვიათ არს ველნი, თუ არ ადგილ-ადგილს მცირენი, თვინიერ სახვნელთაგან. არამედ ტყენი ადგილ-ადგილ ხილიან-ვენახიანი. ჰავითა კეთილ-მშუენი. გარნა ტყის გამო ზაფხულს იმყოფის სიცხე, ვინაითგან ძნიად იძვრის ქარნი, და არა გაუძლისი სიცხე, თვინიერ ადგილთა რომელთამ. ზამთარი თბილი, რამეთუ ვერ ოდეს განჰყინავს მდინარეთა, ვერცა გუბესა, რომელსა ზედა შედგეს უტყვი ანუ მეტყუელი. არამედ თოვლი დიდი, რომლისა სიმაღლე ოდესმე მხარი და უმეტესიცა. თუალთა ქუეშე შუენიერება ეგოდენ არა მზენარობს ტყის გამო, თვინიერ ადგილ-ადგილთა, რამეთუ, უკეთუ დახედო მაღლის მთიდამ, იხილავ სრულიადს..." (ვახუშტი, 1973, გვ.743).
ზემოთ მოყვანილი მონაცემებიდან ჩანს, რომ კოლხეთის ფიზიკურ-გეოგრაფიული და აგროკლიმატური, აქედან გამომდინარე საწარმოო-სამეურნეო პირობები უკანასკნელი ოცდასამი საუკუნის განმავლობაში დიდად არ შეცვლილა. საერთოდ, ჰოლოცენში კოლხეთის ბიოგეოგარემო, და უპირველესად კლიმატი, დღემდე არსებითად არ შეცვლილა (იხ. ჯანელიძე, 1991,გვ.68-69). ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ XIXსაუკუნიდან მოყოლებული, ტექნიკის განვითარებამ, ადამიანის გაცხოველებულმა სამეურნეო საქმიანობამ, ტყეების დიდი რაოდენობით გაჩეხვამ, ჭაობების ამოშრობამ და ა.შ., ბუნებრივია, კოლხეთის გეოკლიმატურ პირობებზე უარყოფითად იმოქმედა. კოლხეთის ისტორიულ განვითარებაში ანგარიშგასაწევია ბიოგეოგარემოს ზოგიერთი ფაქტორ-კომპონენტის უარყოფითი მხარე. კერძოდ, კოლხეთში აგროკლიმატური პირობები კარგია, მაგრამ დასამუშავებელი ფართობები ცოტაა, რაც მიწათმოქმედების ინტენსიური განვითარებისათვის არახელსაყრელი იქნებოდა და, შესაბამისად, დემოგრაფიულ სიტუაციაზეც იმოქმედებდა. დასავლეთ კოლხეთის ჭაობიანობა იწვევდა სხვადა-სხვა დაავადებას, რაც აგრეთვე უარყოფითად იმოქმედებდა მოსახლეობის გამრავლებაზე. კოლხეთის მთაგორიანი და ჭაობიანი ლანდშაფტი სახმელეთო კომუნიკაციების გასამართავად მოუხერხებელი იყო, რაც გამოიწვევდა ვაჭრობის შეფერხებას. კოლხეთის სასარგებლო მადნეული საფუძვლად დაედო გადამამუშავებელ სამეურნეო-საწარმოო საქმიანობას, მაგრამ ეს უკანასკნელიც, გარკვეული ტექნოლოგიური მიზეზების გამო, ეტყობა სრულად არ იყო გამოყენებული. უარყოფითი როლი ითამაშა აგრეთვე ზღვის ტრანსგრესიამ, რამაც სანაპიროზე მდებარე სავაჭრო-სამეურნეო საქმიანობის სტაგნაცია გამოიწვია. კოლხეთის ზღვის სანაპიროზე ბუნებრივი ყურეები ცოტაა, რაც ნავთსაყუდლების მოწყობის სიმცირეს იწვევდა და აგრეთვე უარყოფითად ზემოქმედებდა ზღვაოსნობის ინტენსიურ განვითარებაზე. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მდ. რიონის, მდ. ჭოროხის და მდ. ენგურის აუზებში დაახლოებით ძვ.წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარში და ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისში ერთგვაროვანი კულტურული არეალი ყალიბდება, რომელიც კოლხური ბრინჯაოს კულტურადაა სახელდებული. ამ კულტურის მახასიათებელია ხის ძელური არქიტექტურა, ბრინჯაოს და კერამიკის თავისებური ფორმითა და გაფორმებით გამორჩეული ნაწარმი.
კოლხური ბრინჯაოს ნიმუშების მეტალოგრაფიულმა შესწავლამ ცხადყო _ დარიშხანისა და კალის მინარევებიანი ბრინჯაოს ნივთების გავრცელება. აგრეთვე მათი სპეციალურ ქვის ან თიხის ყალიბში ჩამოსხმა, კვერვა-ჭედვა, შედუღება და ტვიფრვა. ამგვარი რთული ტექნოლოგიური ცოდნის გამოყენებამ უზრუნველყო სხვადასხვაგვარი და მრავალრიცხოვანი ნივთების შექმნა. ესენია: ბრინჯაოს სამეურნეო იარაღი _ თოხი, ცული, წალდი, სახნისის დაბოლოება და სხვ. საომარი იარაღი _ შუბი, ცული, ისრისპირი, სატევარი და სხვ. ტანისამოსის მოსართავები, სამკაულები და სხვ. ეს ნივთები მრავლადაა წარმოდგენილი ამ ეპოქის ნამოსახლარებზე, ლითონის და კერამიკის წარმოების ადგილებზე, სამაროვნებზე და სხვ. ბრინჯაოს წარმოების სრულყოფამ დადებითი როლი შეასრული კოლხეთის ეკონომიკურ აღმავლობაში. მიწათმოქმედების განვითარებაზე მიგვანიშნებს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მარცვლეულის ადგილობრივი ჯიშები _ ხორბლის, ფეტვის, ქერის ნაშთები. აგრეთვე ნაპოვნია ყურძნის წიპწები. ეს ყველაფერი ინახებოდა ნამოსახლარებზე აღმოჩენილ დერგებში, ქოთნებში, ჯამებში. აქვე დადასტურებულია ქვის ხელსაფქვავები, ნამგლისპირები, პურის გამოსაცხობი კეცები და ბრტყელი ქვები. მიწათმოქმედებასთან ერთად მესაქონლეობის განვითარებაზე მიუთითებს ნამოსახლარებზე აღმოჩენილი მსხვილფეხა რქოსანი საქონლის, ცხვრის, თხის და ღორის მრავალრიცხოვანი ძვლები.
არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისისათვის დასავლეთ საქართველო საკმაოდ კარგად იყო განსახლებული. საცხოვრებლად და სამეურნეო საქმიანობისათვის ათვისებული იყო კოლხეთის დაბლობი და მთისწინა ბორცვ-გორაკები. აქ სადღეისოთ, ჯერჯერობით, 200-მდე ნამოსახლარია ცნობილი. სამოსახლო ბორცვების განსაკუთრებული სიმრავლე რიონ-ენგურის ორმდინარეთში შეინიშნება. აქ სამოსახლოები ძირითადად ხელოვნურად მოზვინულ ბორცვებზეაა განლაგებული. სამოსახლოს ამგვარი სახის გავრცელება კოლხეთის დაბლობის ჭაობიანმა და ჭარბტენიანმა გარემომ განაპირობა. ბორცვების არქეოლოგიური გათხრების შედეგად დასტურდება ხელოვნურად მოზვინურ გორაკზე აგებული ხის ძელებიანი ე.წ. ჯარგვალური ტიპის ნაგებობები, რომლებიც შემოზღუდული იყო ძელებითვე ნაშენი დამცავი კედლებით. ნამოსახლარების გარშემო გათხრილი იყო სადრენაჟე და თავდაცვითი არხები. სამოსახლო ბორცვები უმეტესად ჯგუფურად არის განლაგებული. ამ ჯგუფებში გამოირჩევა უფრო დიდი ზომის სამოსახლო ბორცვები, რომლებიც უფრო ფართე ორმაგი თხრილებითაა გამაგრებული. აშკარაა, რომ ეს სამოსახლო გამაგრებული ბორცვი სხვებზეა გაბატონებული და მათ იქვემდებარებს. მთავარი ბორცვების დიამეტრი 80მ-დან _ 200მ-მდე მერყეობს; ხოლო დაქვემდებარებული მცირე ბორცვების დიამეტრი დაახლოებით 30მ-დან _ 80მ-მდეა; სიმაღლე _ 3მ-დან _ 7მ-მდეა. ეს სამოსახლოები შესაძლოა ნათესაურ კავშირზე დამყარებული სასოფლო თემების საცხოვრისები იყო. ბუნებრივია, რომ ასეთი სიდიდის ხელოვნური მიწაზვინულების შექმნა, ასეთი სადრენაჟე, თავდაცვითი და საკომუნიკაციო არხების გაჭრა შესაბამისი შრომის იარაღებისა და მრავალრიცხოვან ადამიანთა კარგად ორგანიზებული შრომის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. აგრეთვე ბუნებრივია, რომ ამ სამუშაოებს ხელმძღვანელობდნენ ცოდნა-გამოცდილების მქონე გამორჩეული პიროვნებები. სწორედ ეს ლიდერები ანხორციელებდნენ ამ ბორცვზე განლაგებული გამაგრებული სასოფლო დასახლებების დაცვას. ამრიგად, თავდაცვითი და საცხოვრებელი პრობლემების ერთობლივი ძალისხმევით გადაწყვეტის პირობებში ხდებოდა გარკვეული პოლიტიკური კონსოლიდაცია, რაც შემდეგ ერთგვაროვანი კულტურის გავრცელებაში აისახებოდა. სამუშაოების მასშტაბების და თავდაცვითი მზადყოფნის ზრდასთან ერთად იზრდება ლიდერების როლი საზოგადოებაში. ამავდროულად ჩნდება ერთიანი წინამძღოლი, რომელსაც დანარჩენი ლიდერები ემორჩილებიან. ამგვარ საზოგადოებრივ- პოლიტიკურ სტრუქტურას, რომელიც წინა-სახელმწიფოებრივიდან სახელმწიფოზე გარდამავალ ეტაპს წარმოადგენს, პროტოსახელმწიფოებრივ საზოგადოებრივ წყობას ეძახიან. ზემოთ ნახსენებმა გარემოებებმა და ძვ.წ. VIIIსაუკუნიდან ბრინჯაოს უფრო მტკიცე ლითონით, რკინით, ჩანაცვლების დაწყებამ ძვ.წ. VI_IVსს-ში ხელი შეუწყო ძლიერი პოლიტიკური ერთეულის კოლხეთის სამეფოს წარმოქმნას, რომელიც ბერძნულ წერილობით წყაროებში “ოქრომრავალი კოლხეთის” სახელითაა ცნობილი.
დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ძვ.წ. VI–IVსს.-ში კოლხეთის ძლიერი სამეფო განვითარდა. კოლხეთი იმდენად დაწინაურებული ქვეყანა იყო, რომ ბერძნულ სამყაროში მასზე “ოქროს საწმისის” მითი შეიქმნა. დიდი ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე ძვ.წ. VIს-ის კავკასია-ახლო აღმოსავლეთის ისტორიის წერისას კოლხეთს, ირანის და მიდიის ძლიერი და დიდი სახელმწიფოების თანაბრად მოიხსენიებს. კოლხეთის სამეფოს კეთილდღეობის ეპოქა თვალნათლივაა ასახული როგორც წერილობით წყაროებში, აგრეთვე მრავალრიცხოვან და მრავალფეროვან არქეოლოგიურ მონაცემებში. მოცემული ეპოქის კოლხეთის სამეფოს გული მდინარე ფასისის ანუ რიონის შუა წელზე იყო განლაგებული. ძველი ბერძენი ავტორები მის მთავარ ქალაქს ქუთაიას უწოდებდნენ, რომელიც დღევანდელი ქუთაისის სანახებში იგულისხმება. კოლხეთში მრავალდარგოვანი ხელოსნური წარმოება იყო განვითარებული. აქ ლითონის დასამუშავებელი, კერამიკის გასაკეთებელი, ხის და ტყავის დასამუშავებელი, სხვადასხვაგვარი სამკაულების დასამზადებელი და სხვ. სახელოსნოები არსებობდა. კოლხეთის სამეფოს ეკონომიკური წინსვლის საყრდენს რკინის კარგად განვითარებული წარმოება წარმოადგენდა, რომელიც მიწათმოქმედება-სამეურნეო საქმიანობას მრავალრიცხოვანი საწარმოო იარაღით ამარაგებდა. ამის უდავო მოწმობაა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადასტურებული რკინის სახნისები, თოხები, ცულები და სხვ. მიწათმოქმედების მაღალი დონის მაჩვენებელია სხვადასხვა ჯიშის მარცვლეულის აღმოჩენაც. მბრუნავ სამეთუნეო ჩარხზეა დამზადებული მრავალფეროვანი კოლხური ჭურჭელი, რომელიც სამეფოს მთელ ტერიტორიაზე ფორმების და გაფორმების მიხედვით გარკვეულად სტანდარტულ-ერთსახოვანია. კოლხეთის სამეფოში ძირითად საამშენებლო მასალად ხე და თიხა გამოიყენებოდა, რაც გენეტურად უკავშირდება წინამორბედი ეპოქის სამოსახლოებს. ძვ.წ. VI–IVსს.-ში კოლხეთის სამეფოს ტერიტორიაზე იჭრებოდა თავისებური მონეტები, რომელთაც მეცნიერები კოლხური თეთრის სახელით მოიხსენიებენ.
არქეოლოგიური გათხრებით კოლხეთის სამეფოს უაღრესად თავისთავადი მხატვრული კულტურა წარმოჩინდა. მის ერთ-ერთ ბრწყინვალე დარგს ოქრომჭედლობა წარმოადგენს. მაგ.: ვანში და საირხეში მიკვლეულია კოლხური ოქრომჭედლობის ბრწყინვალე ნიმუშები დიადემები, საყურეები, ყელსაბამები, სამაჯურები, რომლებიც შემკულია ცხოველთა მოხდენილი გამოსახულებებით. ეს ნივთები ფრიად ორიგინალურია და მხოლოდ კოლხეთისთვისაა დამახასიათებელი. ოქრომჭედლობა კოლხეთის სწორედ ის სახეა, რომლითაც სახელგანთქმული იყო მთელ იმდროინდელ ცივილიზებულ სამყაროში. კოლხი ხელოსნები რთული ტექნიკური ხერხებით _ ჭედვით, ტვიფრვით, რჩილვით, ფილიგრანით, ცვარათი _ მაღალმხატვრულ ოქრომჭედლურ ნიმუშებს ქმნიდნენ.
ძველი ბერძენი ავტორები წერდნენ კოლხეთის მდინარეების ქვიშიდან ცხვრის ტყავით ოქროს მოპოვების შესახებ. საყურადღებოა, რომ სვანეთში და რაჭაში ოქროს მოპოვების ეს ტრადიცია დღესაც არსებობს. ეტყობა ამიტომაცაა, რომ ბერძნები კოლხეთს “ოქრომრავალს” უწოდებდნენ და თხზავდნენ ლეგენდებს “ოქროს საწმისის” შესახებ.
ძველი კოლხეთის ბიოგეოგარემოს, წერილობითი და არქეოლოგიური მიმოხილვიდან ნათლად ჩანს, რომ ბიოგეოგარემომ წამყვანი როლი ითამაშა კოლხეთის ისტორიული განვითარების პროცესში. კოლხეთი მთებითა და ზღვით კარგად შემოსაზღვრული ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი იყო, რაც გეოპოლიტიკურად გარკვეულ ბუნებრივ დამცავ არეს ქმნიდა. ნოყიერი ნიადაგი, მრავალფეროვანი რელიეფი, ზომიერი კლიმატი, ჰიდრორესურსების სიმრავლე, მადნეული, ფლორისა და ფაუნის მრავალსახეობა საზოგადოების პროგრესისათვის კარგ საფუძველს იძლეოდა. უპირატესად კი ამაზე არის დამოკიდებული საზოგადოების სამეურნეო-ეკონომიკური, დემოგრაფიული, ფიზიოლოგიურ-ფსიქიკური, ინტელექტუალურ- ტექნიკური, სავაჭრო-კომუნიკაციური, გეოპოლიტიკურ- სტრატეგიული, სულიერ-კულტურული განვითარების მაღალი დონე. აქედან გამომდინარე, კოლხეთში, ცენტრით მდინარე რიონზე, ჩამოყალიბდა ფრიად თავისებური ისტორიული, ლოკალური არე და ძვ.წ. I ათასწლეულში აქ განვითარდა სახელმწიფოებრიობა. ამ არეალში დროთა განმავლობაში ადამიანის და ბიოგეოგარემოს ურთიერთზემოქმედების შედეგად მიმდინარეობდა ევოლუციური პროცესი. აქ ისტორიული განვითარების დონე, ეკონომიკა და პოლიტიკური მდგომარეობა სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვანაირი იყო. ანტიკური ხანის კოლხეთს გეოპოლიტიკურად საკვანძო ტერიტორია ეკავა. აქ ხდებოდა აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციების გარკვეული თანხვედრა. ასეთი იყო ძველი კოლხეთის ისტორიული ევოლუციის პროცესში ბიოგეოგარემოს როლი. ისტორიული განვითარების განხილვისას ჩვენ იერარქიულად პირველ ადგილზე ბიოგეოგარემოს ვაყენებთ. მხოლოდ ამ გარემოსთან ურთიერთზემოქმედებაში ადამიანი ქმნის სოციოგარემოს, რაზედაც დამოკიდებულია ამა თუ იმ ქვეყნის ისტორიული წინსვლის შემდგომი ბედი. ძველი კოლხეთის საერთო მიმოხილვიდან გამოჩნდა, რომ ბიოგეოგარემომ ძირითადი როლი შეასრულა მისი ისტორიული განვითარების პროცესში და ანტიკურ ხანაში მაღალგანვითარებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში. ისეთ გეოპოლიტიკურ გარემოში მყოფი ქვეყნისათვის, როგორიც კოლხეთი იყო, საგარეო ფაქტორს ბიოგეოგარემოსთან ერთად დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა. ამის გათვალისწინება აუცილებელია კოლხეთის ისტორიის რიგი საკითხების ასახსნელად. საგარეო ფაქტორი ამა თუ იმ ქვეყნის გეოპოლიტიკური სინამდვილის ნაწილია. მეზობელი ქვეყნები ერთმანეთზე ზოგჯერ სასიკეთო, ხოლო ზოგჯერ უკეთურ გავლენას ახდენენ. საგარეო ფაქტორი ქვეყნის ისტორიაში ხან კონსტრუქციულ, ხან კი დესტრუქციულ როლს თამაშობს. კონსტრუქციულია, მაგ., საგარეო-სავაჭრო, სამეურნეო, კულტურული ინოვაციები; დესტრუქციულია _ საომარი თავდასხმის შედეგად ქვეყნის დაპყრობა, საზოგადოებრივი წყობის ტრადიციული სტრუქტურების შეცვლა, საბრძოლო მოქმედებების შედეგად სოფლების და ქალაქების დანგრევა, მატერიალურ ფასეულობათა ძარცვა-განადგურება, ქვეყნის ეკონომიკური საფუძვლის მოშლა და ა.შ. აზიისა და ევროპის საზღვარზე მდებარე კოლხეთი ორი დიდი პოლიტიკურ-ეკონომიკური ძალის, ერთი მხრივ, ირანული და, მეორე მხრივ, ანტიკური ორიენტაციის ქვეყნების საომარი მოქმედებების ასპარეზი იყო. ასეთ გარემოცვაში მყოფი კოლხეთი ძლიერი მეზობელი ქვეყნებისაგან ხშირ აგრესიას განიცდიდა.
სამეცნიერო ლიტერატურაში პროტოსახელმწიფოს ჩასახვის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორად ომისათვის მზადებას (თავდაცვას ან თავდასხმას) მიიჩნევენ. ომისათვის მზადება, საომარ მდგომარეობაში ყოფნა, გამორჩეულ წინამძღოლ-პიროვნებათა აღზევებას, საზოგადოების შეკვრა-მობილიზებას და მეტ ორგანიზებულობას იწვევდა, რაც, თავის მხრივ, საზოგადოების განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე აყვანაში და სახელმწიფოებრიობის წარმოქმნაში გამოიხატებოდა (იხ. ჩლაესსენ, შკალნიკ, 1978, გვ.619-636). ჩამოყალიბებული სახელმწიფოს განვითარებაშიც "საომარ ფაქტორს," საგარეო და გეოპოლიტიკური ფაქტორის შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა. ჩამოყალიბებულ, განვითარებულ სახელმწიფოში ეს ფაქტორი დადებით (ქვეყნის კონსოლიდაცია-დარაზმულობა, საზოგადოებრივი წესრიგის ამაღლება, საფორტიფიკაციო-კომუნიკაციური მშენებლობა და სხვ.) ან უარყოფით (სახელმწიფოებრიობის დაკარგვა, ტრადიციული ცხოვრების წესის მოშლა, ეკონომიკური ზარალი და სხვ.) შედეგს იწვევდა. ძვ.წ. I ათასწლეულის პირველ ნახევარში ურარტუელების და ე.წ. სკვითების (ნომადური) აგრესიულმა მეზობლობამ კოლხეთის გეოგრაფიულად კარგად შემოსაზღვრულ რეგიონში მომხდურთან დასაპირისპირებლად საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების თავდაცვითი ორგანიზება და შეკვრა-კონსოლიდაცია გამოიწვია. მოცემულ საგარეო ფაქტორს შემდგომში, ძვ.წ. V საუკუნისათვის, კოლხეთის სამეფოს განვითარების პროცესში საგრძნობი როლი უნდა შეესრულებინა. კოლხეთის სამეფოს განმტკიცებაში გამორჩეული, კონსტრუქციული ადგილი ეჭირა კულტურულ ინოვაციებს. საგარეო ფაქტორად უნდა ჩაითვალოს ე.წ. "ბერძნული კოლონიზაციის" მიმდინარეობა კოლხეთის ზღვისპირეთში, კერძოდ, საინტერესოა ის, თუ რა გავლენა მოახდინა მან კოლხური საზოგადოების პოლიტიკურ-ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაზე. უახლესი სამეცნიერო ლიტერატურის მიხედვით, საბერძნეთიდან გასული მოსახლეობის ახალშენებს შორის გაიმიჯნა სავაჭრო და აგრარული კოლონია-აპოიკიები. ამ ორ ფორმას აქვს თავისი მოქმედება-გავრცელების მექანიზმი: პირველს _ კომერციული, მეორეს _ ტერიტორიული (Vალლეტ, 1973, გვ.53-72). პირველი, კონსტრუქციული საგარეო ფაქტორი უნდა ყოფილიყო. ასეთი კოლონიები დაარსებულია, როგორც ემპორიონები. მეორე _ დესტრუქციული საგარეო ფაქტორია ადგილობრივი მოსახლეობისათვის, რადგან მას თან ახლავს ისეთი მოვლენები, როგორიცაა ტერიტორიის დაკარგვა და ადგილობრივი მოსახლეობის განდევნა. ასეთი კოლონიები თავიდანვე დაარსებულია, როგორც პოლისები სასოფლო-სამეურნეო შემოგარენით (ხორით).
ხმელთაშუა და შავი ზღვის სანაპიროების ბერძნული კოლონიების მეცნიერულმა შესწავლამ ცხადი გახადა, რომ ახალშენები არსდებოდა, ვითარდებოდა და სხვადასხვა ქრონოლოგიურ ეტაპზე ტრანსფორმაციას განიცდიდა. მეტროპოლიიდან შორს დაარსებული ახალშენები დროთა განმავლობაში ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქტების შედეგად სიმბიოზს და ცვალებადობას განიცდიდნენ. ეს ცვლილებები დიდად იყო დამოკიდებული ადგილობრივ ბიოგეოგარემოზე და სოციოგარემოზე. პირველ რიგში სწორედ მათზეა დამოკიდებული დროთა განმავლობაში კოლონიებში მეტროპოლიისაგან განსხვავებული საზოგადოებრივი და ეკონომიკური წყობის განვითარება. ამიტომ პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ რომელ გეოგრაფიულ რეგიონში არსდებოდა ესა თუ ის ახალშენი. წერილობით წყაროებში მოხსენიებული კოლხეთის სანაპიროზე მდებარე ქალაქები ფასისი, გიენოსი, დიოსკურია ბერძნების მიერ დაარსდნენ, როგორც ემპორიონები. მათი დაარსების ძირითადი მიზანი იყო, პირველ რიგში, ადგილობრივი ნედლეულის გატანა და სანაცვლოდ კოლხეთში სხვადასხვა ფუფუნების საგნების (კერამიკის, სამკაულების, ლითონის ჭურჭლის, ნელსაცხებლების და ა.შ.) შემოტანა, რაც წერილობითი და არქეოლოგიური წყაროებით დასტურდება. ადგილობრივ სამოსახლოებთან დაარსებული ამ ემპორიონების საშუალებით ხორციელდებოდა ძირითადად კოლხეთის ჩაბმა უცხოეთის მოწინავე ქვეყნების ურთიერთობების ორბიტაში. ამდენად, ზღვის სანაპიროზე ემპორიონების წარმოქმნა თვით კოლხების ინტერესებში შედიოდა. ასეთი მდგომარეობა, ჩვენი აზრით, გაგრძელდა ძვ.წ. IVს-ის ბოლომდე. კოლხეთის სამეფოს დაშლის მერე კი სანაპიროზე მდებარე ემპორიონები თანდათან ანტიკურ ქვეყნებსა და შიდა კოლხეთს შორის ბუფერული, შერეული, პოლისური ტიპის ქალაქებად ტრანსფორმირდა. ამრიგად, ბერძნულ "კოლონიზაციას," როგორც საგარეო ფაქტორს, კოლხეთისათვის უნდა მოჰყოლოდა ძირითადად კონსტრუქციული, დადებითი ძვრები, კერძოდ, საერთაშორისო ურთიერთობებში ჩაბმა; ადგილობრივი მოსახლეობა გაეცნო იმ ხანად მოწინავე ბერძნულ სამეურნეო, საზოგადოებრივ და კულტურულ მიღწევებს, რამაც მნიშვნელოვანი სტიმული მისცა კოლხურ საზოგადოებაში საქალაქო ცხოვრების დაწინაურებას.
კოლხეთმა, ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით ეგრისმა, რთული ისტორიული გზა განვლო. მისი ეკონომიკა და პოლიტიკური მდგომარეობა სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვანაირი იყო. კოლხეთის ისტორიული განვითარების პროცესში წამყვანი როლი შეასრულა ბიოგეოგარემომ. უმეტესად ამაზე იყო დამოკიდებული მოსახლეობის სამეურნეო-ეკონომიკური, დემოგრაფიული და სულიერ-კულტურული მდგომარეობა. ეგრისის სახელით ქართულ წერილობით წყაროებში ზოგჯერ მთელი დასავლეთ საქართველო აღინიშნება - "ხოლო ეგროსს მისცა ქუეყანა ზღვის ყურისა, და უჩინა საზღვარი: აღმოსავლით მთა მცირე, რომელსა აწ ჰქვიან ლიხი; დასავლით ზღუა; ჩრდილოთ მდინარე მცირისა ხაზარეთისა, სადა წარსწუთების წუერი კავკასისა"(ქართლის ცხოვრება, 1955,გვ.5). მაშასადამე, "ქართლის ცხოვრების" მიხედვით, ეგრისს გარკვეულ პერიოდში აღმოსავლეთით საზღვრავს სურამის ანუ ლიხის ქედი; დასვლეთით _ ზღვა, ჩრდილოეთით _ კავკასიონის მთები; ხოლო სამხრეთით აჭარა-ლაზეთის მთიანეთი. ეგრისი ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება, როგორც საერისთავო "და მერვე, ქუჯი, იყო ერისთავი ეგრისისა" (ქართლის ცხოვრება, 1955, გვ.24). გარკვეული დროიდან ტოპონიმი ეგრისი დასავლეთ საქართველოს კრებითი სახელია (ისეთივე, როგორც ბერძნულ-ლათინური წყაროების "კოლხიდა"). ის ხან დიდი ტერიტორიის მომცველია (მთელი დასავლეთ საქართველო), ხან კი მცირე რეგიონულ სახელად გვევლინება; მაგ., ფ. ბუზანდის (1953, გვ.15) ეგერ-სვანები, ან "ქართლის ცხოვრების" "შიდა ეგრისი" (ქართლის ცხოვრება, 1955, გვ.185), ანდა კიდევ, კლავდიოს პტოლემაიოსის _ ეკრეტიკა (ლომოური, 1955, გვ.45), რომელსაც ეგერ-ეგრისის დამახინჯებულ ფორმად მიიჩნევენ (ჯავახიშვილი, 1960, გვ.404; ჯანაშია, 1959, გვ.6). "სომხურ გეოგრაფიაში," რომელიც ადრინდელი ბერძნული გეოგრაფიების გავლენითაა დაწერილი, ეგრისის ტერიტორიაზე აღინიშნება ოთხი მხარე _ "კოლხიდა, რომელიც არის ეგერი, მდებარეობს პონტოს ზღვის აღმოსავლეთით, სარმატიის ახლოს და საზღვრავს იბერიას და დიდ არმენიას. ეგერი იყოფა ოთხ მხარედ: მანრილი, ეგრისი-ეგრევიკა, ლაზეთი, ჭანივი რომელიც არის ქალდეა. აქ არის ბევრი მთა, მდინარე, ქალაქი, ციხე, სოფლები და სავაჭრო ადგილები" (სომხურ გეოგრაფიაში, 1877, გვ.38-39).
ქართულ წერილობით წყაროებში დაცული ცნობები, რომლის მიხედვითაც აზოს და შემდგომში ფარნავაზის დროს (ძვ.წ. IVს. ბოლო _ IIIს. დასაწყისი) კოლხეთის ნაწილი იბერიის სამეფოს ფარგლებშია მოქცეული, სანდოდ გამოიყურება. ამ დროისათვის კოლხეთის სამეფო დასუსტებულია და ვეღარ უძლებს ნომადური ტომების შემოსევებს. ის თანდათან სუსტდება და კარგავს ტერიტორიებს. ჯერ აღმოსავლეთ, ხოლო შემდეგ შიდა კოლხეთზეც ვრცელდება იბერიის გავლენა. საფიქრებელია, რომ სწორედ ეს ტერიტორია იწოდებოდა მაშინ ძველი ქართული წერილობითი წყაროების ეგრისად. დროთა განმავლობაში სახელი ეგრისი დასავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილზეც გავრცელდა (მელიქიშვილი, 1965, გვ.90). ზემოხსენებულს მხარს უბამს დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიური მონაცემები. ძვ.წ. IVს-ის ბოლოს კოლხეთის მატერიალურ კულტურაში, რომელიც ადრე ერთგვაროვანი იყო, შეინიშნება ცვლილებები. ძვ.წ. IIIს-ში ეს ცვლილებები კიდევ უფრო გაღრმავდა. შემდგომ, მკვეთრი განსხვავება შეიმჩნევა შიდა და ზღვისპირა კოლხეთის მატერიალურ კულტურაში (იხ. ლორთქიფანიძე, 1972, გვ.40). პირველად ეს აისახა დაკრძალვის ახალი წესის გაჩენაში (ქვევრსამარხები). ამგვარი სამარხები ძირითადად შიდა კოლხეთშია აღმოჩენილი, ხოლო ზღვისპირეთში ისინი არ გვხვდება _ ნიგორზღვა, დაფნარი, დაბლაგომი, მთისძირი, ფარცხანაყანევი, ქუთაისი, წყალტუბო, მაღლაკი, ბანოჯა, ქვიტირი, გოდოგანი, ოდილაური, აჯამეთი, ჩხარი, ბანძა, ძევრი, ციხესულორი, დიდვანი, ბზვანი, მუხიანი, ჭოგნარი, მესხეთი, უკანეთი, ბუკისციხე, ზენობანი, გოგორეთი, ზემოფარცხმა, თეკლათი, ისულა, ზანათი, ნოქალაქევი, ბატნაოხურო, ლანჩხუთი, ძირულა, საჯავახო, ბორი და სხვ. (იხ. თოლორდავა,1980,ტაბ.1). შიდა კოლხეთის ქვევრსამარხებში დაკრძალვის რამდენიმე ვარიანტია დადასტურებული: პირველი _ ქვევრი ვერტიკალურადაა, მიწაში თავდაყირა ჩადგმული. მეორე _ ქვევრი აგრეთვე ვერტიკალურადაა, მხოლოდ ძირით ქვევით. მესამე _ ქვევრი ჰორიზონტალურადაა ჩადგმული. სამარხებად გამოყენებულია ჩვეულებრივი სამეურნეო დანიშნულების ქვევრები (რუხად გამომწვარი, მოშავო ზედაპირიანი; ქვევრის პირი საკმაოდ ფართო და პროფილირებულია; მუცელი თითქმის სფერულია; ქვევრები ხშირად ორნამენტირებულია რელიეფური სარტყლებით და ვერტიკალური ქედებით). ქვევრის პირის გვირგვინი შედარებით სადაა. მასზე არ შეიმჩნევა წინა ეპოქის კოლხური ქვევრის პირებისათვის დამახასიათებელი ორნამენტი.
ქვევრსამარხები აღმოჩენილია კავკასიის მთელ რიგ რეგიონებში. არქეოლოგიური მასალების მიხედვით ქვევრსამარხების გავრცელებას საქართველოს ტერიტორიაზე ძვ.წ. Iათასწლეულის მეორე ნახევარში ვარაუდობენ. კოლხეთში ქვევრში დაკრძალვის წესის გაჩენა, უახლესი არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, დაახლოებით ძვ.წ. IV ს. მიწურულიდან არის სავარაუდო. ქვევრსამარხების რაოდენობის მიხედვით მდ. რიონის შუაწელი ძირითადი რეგიონია კოლხეთში. ამგვარი სამარხებიდან მომდინარე არქეოლოგიური მასალა რამდენადმე განსხვავდება მის წინა პერიოდში არსებულისაგან და მიგვითითებს ცვლილებებზე შიდა კოლხეთის ტერიტორიაზე (იხ. ლორთქიფანიძე, 1972, გვ.40). სამარხებიდან მომდინარე მასალა ძირითადად კერამიკას და სამკაულებს (მძივები, ლითონის სამაჯურები, საკისრე და საყურე რგოლები) შეიცავს. ქვევრსამარხებში აღმოჩენილი ჭურჭელი სხვადასხვანაირია. მათში შეიმჩნევა ადგილობრივი და შემოტანილი ფორმა-გაფორმების შერწყმა. აქ არის ადგილობრივთან დაკავშირებული ჭურჭელი და ე.წ. მსხლისებური მოყვანილობის წითლად მოხატული დოქები, რომლებიც კოლხეთის ზღვისპირა ზოლში არაა მიკვლეული. ქვევრსამარხებში ნაპოვნი ნივთები უმეტეს შემთხვევაში ცოტაა და ღარიბული. საბრძოლო იარაღი მათში არ გვხვდება. უიარაღო ქვევრსამარხებთან დაკავშირებით საყურადღებოა "ქართლის ცხოვრების" ერთი ცნობა, რომლის მიხედვითაც აზოს ბრძანებით უნდა დასჯილოყო ყველა, ვისაც იარაღი ჰქონდა: "აზო იყო კაცი ძნელი და მესისხლე, და ესე დააწესა და ამცნო სპათა მისთა, ვითარმედ: ყოველმან ქართველთაგანმან რომელმან პოვოს საჭურველი, მოკალთ იგი. და ჰყოფდეს ჰრომნი იგი ესრეთ ქართველთა ზედა, და ვინცავინ გამოჩნდის ქართველთაგანი ქმნულ-კეთილი და ასაკოვანი, მოკლიან იგი"(ქართლის ცხოვრება, 1955, გვ.20).
შიდა კოლხეთის მატერიალურ კულტურაში ცვლილება პირველად საირხის ლომინაურში (იხ. ნადირაძე, 1975, გვ.99), ითხვისში და ვანში (იხ. ლორთქიფანიძე, 1977, გვ.20) წითლად მოხატული იბერიული კერამიკის გაჩენით აღინიშნა. განსაკუთრებით საყურადღებოა ბრტყელძირა, პირგადაშლილი და წითელი საღებავით გაფორმებული დოქების აღმოჩენა. წითლად მოხატული ამგვარი ჭურჭელი უცხოა ძვ.წ. III ს-მდე კოლხეთისათვის, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ისინი ბევრია დადასტურებული _ ციხიაგორას "დაჭრილების" სამაროვანი (ნაკაიძე, 1980, გვ.28-41), თეთრიწყარო (ბოხოჩაძე, 1963, გვ.27), თბილისი (ქორიძე, 1958, გვ.47). მაგ.: მოყვითალოდ ანგობირებული და წითლად მოხატული ჭურჭელი ინახება ქ. ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, სადაც სოფ. ტკოციდან არის მოტანილი, ინვ. #036, და ა.შ. ცვლილება შეიმჩნევა კოლხური ხელოსნობის ისეთ მკვეთრად გამოხატულ დარგში, როგორიც ოქროს და ვერცხლის მხატვრული დამუშავებაა. ძვ.წ. VI-IVსს. ოქროს და ვერცხლის ნივთების დამზადებაში შეიმჩნევა გეომეტრიული ფორმების (სამკუთხედი, რომბი, წრე) და გაფორმების ტექნიკის (ცვარა, დაკეჭვნა, გრეხვა) მდგრადობა. გავრცელებულია რომბიანი დიადემები, ე.წ. სხივანა საყურეები, ჭვირულბურთულებიანი საყურეები, ყელსაბამები, სასაფეთქლეები _ ვანი, ითხვისი, მთისძირი, ქობულეთ-ფიჭვნარი, ბრილი, საირხე, სოხუმი და ა.შ. (იხ. ლორთქიფანიძე, 1971, გვ.51-63; ჭყონია, 1981, გვ.6-53). კოლხური ოქრომჭედლობა ძვ.წ. IVს. მეორე ნახევრიდან გარკვეულ სტაგნაციას განიცდის. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს სამხედრო მოქმედებების შედეგად ქვეყნის ეკონომიკის დაცემით. ძვ.წ. IIIსაუკუნიდან იცვლება ფორმები და გაფორმების ხერხები, შემოდის პოლიქრომიულობა, სჭარბობს უცხოური საიუველირო ნაწარმი. დასავლეთ საქართველოს ხუროთმოძღვრებაში, კერძოდ, შიდა კოლხეთის არქიტექუტურულ მასალაზე, იბერიის გავლენა აისახა, მაგალითად _ საირხეში (ნადირაძე, 1975), საზანოში (ჯაფარიძე, 1984, გვ.8), მთისძირში (გამყრელიძე, 1982). მსგავსება შეიმჩნევა იბერიის _ არმაზციხე, წიწამური, ღართის კარი, ციხიაგორა, სამადლო (გაგოშიძე, 1979, გვ.62), უფლისციხე (ხახუტაიშვილი, 1970, გვ.22) და კოლხეთის: ვანი, საირხე, სამშენებლო წესებში (ალიზის აგურის და ქვათლილების გამოყენება; ქვათლილების მშრალი წყობა და ერთმანეთთან დაკავშირების წესი). ფორმის მხრივ გარკვეული სიახლოვე აღინიშნება სამადლოს და ვანის კრამიტს შორის; ვანის, მთისძირის, ციხიაგორას, სამადლოს და მცხეთის კრამიტების ნიშნებშიც მსგავსება აღინიშნება. საინტერესო ფაქტია, მსგავსება სამადლოს, სარკინეს და ვანის ნაქალაქარების ტერასული პრინციპით დაგეგმარებაში. სამადლოს ზოგიერთი სამშენებლო ქვის პეტროგრაფიული შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ასეთი ჯიშის ქვა (ეკლარის კირქვა) მოიპოვება მხოლოდ დასავლეთ საქართველოში ქ. ქუთაისის მახლობლად. აქ ეხლაც ამუშავებენ ეკლარის ქვის საბადოებს. ამ კარიერზე უფრო ახლო სამადლოსთან ამგვარი ჯიშის ქვა არ მოიპოვება.
კოლხეთის მატერიალურ კულტურაში გარდატეხის მიმანიშნებელია ისიც, რომ ძვ.წ. IVსაუკუნის ბოლოდან აღარ იჭრება კოლხური თეთრი, რომელიც აქამდე, თითქმის სამი საუკუნის განმავლობაში, მთავარ მონეტად ჩანს კოლხეთის სამონეტო მიმოქცევაში. იბერიასა და შიდა კოლხეთში ძვ.წ. III საუკუნიდან ძირითადად შემოდის ალექსანდრე მაკედონელის და ლისიმაქეს სახელზე მოჭრილი მონეტები. საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი 381 მონეტიდან მხოლოდ სამიოდეა მიკვლეული ზღვის სანაპიროზე (ფიჭვნარი და გულრიფშის რ-ნი) (დუნდუა, 1982, გვ.15). შემდგომში ალექსანდრეს და ლისიმაქეს სტატერების მინაბაძები საკმაო რაოდენობით გვხვდება დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს არქეოლოგიურ მასალაში. შიდა კოლხეთში არამეულის ერთ-ერთი სახეობის, მცხეთის ტერიტორიაზე დადასტურებული "არმაზული" (წერეთელი, 1943, გვ.2-87) დამწერლობის მსგავსი ნიმუშები აღმოჩენელია სოფ. ბორში (ხარაგაულის რ-ნი) ნაპოვნ ვერცხლის თეფშზე და ვანის ნაქალაქარზე გათხრილ ძვ.წ. II-Iსს-ის ნაგებობის ნანგრევებში, სადაც წარწერა ამოკაწრულია ოქროს ფირფიტაზე, ქალის რელიეფური გამოსახულების გარშემო (ჭყონია, 1981, გვ.84,125). არამეული ენის სპეციალისტი, აკად. კ. წერეთელი თავის ნაშრომში "არამეული ენა საქართველოში" აღნიშნავს: "არამეული დამწერლობის ხმარებას ჩვენში კარგა ხნის ტრადიცია უნდა ჰქონოდა. ვფიქრობთ, მართალი უნდა იყოს გერმანელი მეცნიერი ელსნერი, რომელიც არმაზული დამწერლობის ჩამოყალიბებას ძვ.წ. II-Iსს-ში ვარაუდობს. ამასთანავე, მისი თქმით, არმაზული დამწერლობა არამეულის ჩრდილო-მესოპოტამიური ტიპის შემდგომ განვითარებას წარმოადგენს. თუ ეს ასეა, მაშინ არამეული ენის ხმარებას აღმოსავლეთ საქართველოში ხანგრძლივი ისტორია აქვს და სავსებით ბუნებრივი ჩანს, რომ ამ ისტორიის დასაწყისი აქემენიანთა ხანაში უნდა ვეძებოთ. სწორედ მაშინ უნდა დაწყებულიყო საქართველოში (აღმოსავლეთ საქართველოში, გ.გ.) არამეული ენის ხმარება როგორც ადმინისტრაციის ენისა" (წერეთელი, 1976, გვ.151; წერეთელი, 1982, გვ.19). შესაძლებელია, რომ არამეული დამწერლობა კოლხეთში აღმოსავლეთ საქართველოდან გავრცელებულიყო.
ძვ.წ. IV საუკუნის მიწურულის საომარი მოქმედებების შედეგადაა ეტყობა დანგრეული, მაგალითად, ვარციხის "გიორგობიანების გორის," ვანისა და მთისძირის "ადეიშვილების გორის" ნაგებობები. სამწუხაროდ, შიდა კოლხეთში ამ პერიოდის სხვა ნაგებობები ჯერჯერობით ცოტაა მიკვლეული და გათხრილი. ვფიქრობთ, რომ შეუსწავლელ ნამოსახლარებზეც იგივე სიტუაცია აღინიშნება. სოფ. ვარციხის "გიორგობიანების გორაზე" აღმოჩენილი ნაგებობა დანგრეულ-გადამწვარია ძვ.წ. IV ს-ის მიწურულს (ჯაფარიძე, 1977, გვ.43-50). ამავე პერიოდშია გადამწვარი ვანის ნაქალაქარის ცენტრალური ტერასის თეთრი ქვით ნაგები შენობა და ზედა ტერასაზე (ნაკვეთი 211 და 193) გათხრილი ძელურბათქაშიანი ნაგებობა. ძვ.წ. IVსაუკუნის მიწურულისათვისაა დანგრეული სოფ. მთისძირის "ადეიშვილების გორის" ძელურ-ბათქაშიანი თავდაცვითი ნაგებობა (შენობის დანგრევის დრო რადიოაქტიური ნახშირბადის დაშლის მეთოდითაა განსაზღვრული)(იხ. გამყრელიძე, 1982, გვ.56-63, 93). კოლხეთის ძვ.წ. IVს-ის მიწურულის და ძვ.წ. IIIს-ის პირველი ნახევრის მატერიალურ კულტურაში ზემოთ აღნიშნული ცვლილებები შეიძლება, ერთი მხრივ, აზოს (აზონ) და, მეორე მხრივ, ფარნავაზ-ქუჯის მიერ ძალაუფლებისათვის ბრძოლით გამოწვეული საომარი მოქმედებების შედეგებით აიხსნას. როგორც ცნობილია, ქართლის (იბერიის) სამეფოს ჩამოყალიბების რთული პროცესი სწორედ ძვ.წ. IV-III საუკუნეების მიჯნაზე მიმდინარეობს (მამულია, 1979, გვ.93-113). ამ დროისათვის შიდა კოლხეთიც პოლიტიკურად ქართლის სამეფოს ფარგლებში ერთიანდება. ახალი სამეცნიერო ლიტერატურის მიხედვით, ქართული საისტორიო გადმოცემა ("მოქცევაი ქართლისაი" და "ცხოვრება ქართველთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთა") ქართლის სამეფოს წარმოშობის და აზო-ფარნავაზის ურთიერთობის შესახებ ძირითადად სანდოა. არიან-ქართლიდან (მდინარე მტკვრის, ჭოროხის სათავეების და ვანის ტბის ახლომახლო ტერიტორია. ჰეროდოტე, III, 94) მოსულმა ალექსანდრე მაკედონელის მიერ აღზევებულმა აზომ ჯერ ქართლის გეოგრაფიულ-სტრატეგიული (მდ. მტკვრისა და მდ. არაგვის შესაყარი) ცენტრი "მცხეთა" დაიმორჩილა, ხოლო შემდგომში ქართველური მოდგმის ხალხით დასახლებული სხვა მხარეებიც დაიქვემდებარა (მათ შორის ეგრისიც). "და მას მიუბოძა მცხეთა საჯდომად და საზღვარი დაუდვა მას ჰერეთი და ეგრის წყალი და სომხითი და მთაი ცროლისაი" (ძვ. ქართული აგიოგრაფ..., 1963, გვ.81).
ზღვისპირეთში (მდ. რიონსა და ეგრისწყალს შუა მდებარე მონაკვეთის გარდა), აზო-ფარნავაზის ეპოქაში, კოლხეთის სამეფოს დაშლის შემდეგ, საფიქრებელია, ანტიკურ ქვეყნებსა და იბერიას შორის ბუფერული პოლისური ტიპის ქალაქები წარმოიშვა. მათ გაჩენაში გარკვეული როლი ითამაშა კოლხურ დასახლებებთან "ბერძნული კოლონიზაციის" შედეგად წარმოქმნილმა ემპორიონებმა, რომლებიც კოლხეთის სამეფოს დაშლის შემდეგ ტრანსფორმირდნენ პოლისური ტიპის დასახლებებად. ამის თაობაზე საინტერესოა ქალაქ ფასისის შესახებ ჰერაკლიდეს ცნობა ფასისის პოლისური წყობილების (პოლიტიის) შესახებ. ჰერაკლიდეზე მეცნიერებაში განსხვავებული მოსაზრებებია გამოთქმული. ზოგი მას ძვ.წ. IVს., ხოლო ზოგი ძვ.წ. IIს. ავტორად მიიჩნევს. სპეციალისტ წყაროთმცოდნეებს მიაჩნიათ, რომ "პოლიტიების" დამუშავების თარიღი ძვ.წ. IVსაუკუნის შემდგომ პერიოდს უნდა ასახავდეს (დაწვრ. იხ. ყაუხჩიშვილი,1969, გვ.189-190): შესაბამისად იმ დროს, როცა კოლხეთის სამეფოს დაშლის მერე ზღვის სანაპიროზე ემპორიონები გარდაიქმნენ პოლისურისნაირ ქალაქებად. შესაძლოა, რომ სწორედ ამგვარი "ქალაქის" "ბასილევსი" იყო აკი. აკის სახელიანი მონეტა სულ ორია ჯერჯერობით ნაპოვნი; აქედან ერთი ქ. ტრაპიზონთან ზღვის სანაპიროზე (დღევანდელ თურქეთში), ხოლო მეორე სოფ. კინჩხაში (მარტვილის რ-ნი). მათი თარიღია ძვ.წ. IIს. ზღვიდან მთამდე და რიონიდან ეგრისწყლამდე ტერიტორია ეგრისის საერისთავოს ეკუთვნოდა. ფარნავაზ მეფის სიძემ, ეგრის-სვანეთის ერისთავმა აქ სტრატეგიულად მოხერხებული მდ. ტეხურის შუა წელზე ააგო ციხე-გოჯი (ქართლის ცხოვრება, 1955, გვ.24). წერილობითი და უახლესი არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით ციხე-გოჯი დამაჯერებლადაა გაიგივებული მდ. ტეხურის მარცხენა ნაპირზე მდებარე ნოქალაქევთან. სოფ. ნოქალაქევის ნაქალაქართან მიკვლეულია ფარნავაზის დროინდელი კრამიტები, პირამიდისებური საწაფები, ადგილობრივი ამფორები და სხვ. (იხ. გრიგოლია, ფხაკაძე, 1973, გვ.17-38). გალავნის გადაღმა გათხრილია ამავე პერიოდის ქვევრსამარხები და ორმოსამარხები. ციხე-გოჯი, ერთი მხრივ, სამდინარო გზით უკავშირდებოდა მდ. რიონს (ძირითად სატრანსპორტო მაგისტრალს), ხოლო მეორე მხრივ, ქედის იქით სვანეთსაც უკავშირდებოდა (მდ. ცხენისწყლის აყოლებით).
ციხე-გოჯის გარდა, დასავლეთ საქართველოში ლეონტი მროველს ნახსენები აქვს შორაპნის და დიმნის ციხეები: "ერთი გაგზავნა მარგვის ერისთავად, და მისცა მცირით მთითგან, რომელ არს ლიხი, ვიდრე ზღუ/რ/ადმდე ეგრისისა, რიონს ზემოთ. და ამანვე ფარნავაზ აღაშენნა ორნი ციხენი, შორაპანი და დიმნა" (ქართლის ცხოვრება, 1955, გვ.24). შორაპანი თანამედროვე დაბაა შორაპნის ციხესთან, ხოლო დიმნი სოფ. ზედა დიმის ნაციხართან არის გაიგივებული (ცქიტიშვილი,1964,გვ.71-106; ჯაფარიძე, 1990; ბრაგვაძე, 1990, გვ.137-150). ამრიგად, აზო-ფარნავაზის პერიოდის კოლხეთი, ზოგიერთი ზღვისპირა მონაკვეთის გარდა, ქართლის სამეფოში ეგრის-სვანეთის საერისთავოს სახით იყო გაერთიანებული (იხ. გამყრელიძე, 1985, გვ.86-97). როგორც ჩანს, კოლხეთში იმხანად იმძლავრა ცალკეული მხარე-ერთეულების გათიშულობა-დაპირისპირებამ, ხოლო ქართლში, პირიქით, მეტი საზოგადოებრივ-პოლიტიკური კონსოლიდაცია მოხდა და ძლიერი, ცენტრალიზებულ ხელისუფლებიანი სამეფო განვითარდა. ქართლის სამეფომ ჩამოყალიბება-გაძლიერების პროცესში კოლხეთის ნაწილის ინკორპორაცია განახორციელა (იხ. გამყრელიძე, 1985,გვ.87-89). ასეთი მდგომარეობა გაგრძელდა დაახლოებით ძვ.წ. II-Iსს-ის მიჯნამდე, ვიდრე კოლხეთის გარკვეული ნაწილი მითრიდატე VI ევპატორის სამეფოს გავლენის ქვეშ არ მოექცა.
ანტიკურ ქვეყნებსა და იბერიის სამეფოს შორის კოლხეთის ზღვისპირეთში ძვ.წ. IVსაუკუნის მიწურულიდან განვითარდა ბუფერული, პოლისური ტიპის ქალაქები _ დიოსკურია, გიენოსი, ფასისი, ქობულეთ-ფიჭვნარი, ხოლო შიდა კოლხეთი იბერიის სამეფოს პოლიტიკურ გავლენას დაექვემდებარა (დაწვრილებით იხ. გამყრელიძე, 1985, გვ.86-97). იბერიის პოლიტიკური გავლენის ქვეშ მყოფი შიდა კოლხეთის სტრაბონისეული სკეპტუხიები (სტრაბონი, XI, II, 18) _ "საირხე" (იხ. ნადირაძე, 1990), "ქუთაისი" (იხ. ლანჩავა, 1975; ჯიქია, 1977, გვ. 26-30), "ნოქალაქევი" (იხ. ზაქარაია, 1981; ლომოური, 1981, გვ.18-46), "ვანი" (არქეოლოგიური მასალა იხ. კრებ. "ვანი," 1972, 1976, 1977, 1979, 1981, 1982, 1983) და სხვები გარკვეული დამოუკიდებლობით სარგებლობდნენ. ამგვარი ტერიტორიული დანაწილება განვითარდა, პირველ რიგში, ფიზიკურ-გეოგრაფიული და ეკონომიკურ-კომუნიკაციური მდგომარეობის საფუძველზე. როგორც ჩანს, ზოგიერთი თემი უფრო დაწინაურდა და ჩამოყალიბდა გარკვეულ საქალაქო ცენტრად. კოლხეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური განვითარების შესახებ ფრიად ცოტა საისტორიო წერილობითი და არქეოლოგიური მონაცემი მოგვეპოვება. ამ კუთხით საყურადღებოა კოლხეთის შესახებ სტრაბონის "გეოგრაფიაში" შემონახული ცნობა: "თუ როგორ იყო სახელგანთქმული ძველად ეს ქვეყანა, ცხადყოფენ ამას მითები, რომლებიც მოგვითხრობენ იასონის ლაშქრობაზე, რომელიც მოვიდა მიდიამდე და ამაზე ადრე კი ფრიქსეს ლაშქრობაზე. ამის შემდეგ მემკვიდრე მეფეებმა სკეპტუხიებად დაჰყვეს ქვეყანა და ჰქონდათ ზომიერი ძალაუფლება" (სტრაბონი, XI, II,18). როგორც სტრაბონის "გეოგრაფიის" ამ ნაწყვეტიდან ჩანს და არქეოლოგიური მონაცემებიც ამას მოწმობენ, დაახლოებით ძვ.წ. Vსაუკუნისათვის კოლხეთში უკვე გაფორმებულია ფიზიკურ-გეოგრაფიულ და ეკონომიკურ-კომუნიკაციურ საფუძველზე წარმოქმნილი ტერიტორიული ერთეულები, რომელთა სათავეში ადგილობრივი დაწინაურებული გვარის წარმომადგენლები იდგნენ. ამ ტერიტორიებიდან ზოგიერთი უფრო დაწინაურდა და ჩამოყალიბდა გარკვეულ საქალაქო ცენტრად თავისი მიმდებარე ტერიტორიით. ასეთებია, მაგალითად, ვანი, ქუთაისი, საირხე და სხვ. შემდგომ სწორედ ეს ტერიტორიები დაედო საფუძვლად საერისთაოებად დაყოფას. სტრაბონის "გეოგრაფიის" ნაწყვეტიდან ნათლად ჩანს, რომ კოლხეთი სკეპტუხიებად დაანაწილეს, რაშიც უნდა იგულისხმებოდეს ქვეყნის დაყოფა გარკვეულ ტერიტორიულ-სამმართველო ერთეულებად. ეს დანაწილება, ალბათ, ხელისუფლებამ ჩაატარა, რათა, ერთი მხრივ, გაადვილდებოდა ადმინისტრაციულად ქვეყნის მართვა, ხოლო მეორე მხრივ, კიდევ მეტი პოლიტიკური ცენტრალიზაციისათვის მიეღწია (იხ. ინაძე, 1961, გვ.783-790; ლორთქიფანიძე, 1977, გვ.15).
საფიქრებელია, რომ მათი წარმოქმნის პირველ ეტაპზე ისინი უფრო ტომობრივ-ტერიტორიული ერთეულებია, ხოლო თანდათან ერთ-ერთი ამ ერთეულის არისტოკრატიული გვარი წინაურდება და ახერხებს დანარჩენების დაქვემდებარებას. სწორედ ეს არისტოკრატიული გვარი შემდეგ სამეფოს უკეთ სამართავად და ხელისუფლების განსამტკიცებლად ადმინისტრაციულ რეფორმებს ატარებს. აქ, ალბათ, ისეთივე რეფორმები ტარდება, როგორიც ქართლში გაატარა მეფე ფარნავაზმა (იხ. ქართ. ცხოვრება, 1955, გვ.24). დროთა განმავლობაში კოლხეთში საგამგებლო ერთეულებს შორის მოხდა გარკვეული დიფერენციაცია, რადგან აქაური რეგიონული ფიზიკურ-გეოგრაფიული და აგროკლიმატური პირობები არათანაბარია (მაგ., რიონის დაბლობის სკეპტუხიები უფრო მდიდარი და შეძლებული უნდა ყოფილიყო, ვიდრე მთიანი გურიის). ამან შემდგომში, დაახლოებით ძვ.წ. IVსაუკუნის მეორე ნახევარში, საგამგებლოებს შორის ურთიერთდაპირისპირება გამოიწვია, რაც საბოლოო ჯამში კოლხეთის სამეფოს დასუსტებით და იბერიასთან მისი ინკორპორაციით დასრულდა. ქართული საისტორიო ტრადიციის მიხედვით, იბერიის მეფე ფარნავაზმა ეგრისის საერისთავო დაუმტკიცა ქუჯის, რომელიც, როგორც ჩანს, ადრეც ფლობდა კოლხეთის ნაწილს. ახლა ფარნავაზმა მას ტერიტორიები გაუფართოვა, სამეფო ხელისუფლების ადმინისტრაციული უფლებებიც უბოძა (და გააყოლა ცოლად) და ამით სამეფო დიდმოხელედ აქცია. საყურადღებოა, რომ რვა ერისთავიდან საისტორიო წყაროში მხოლოდ ქუჯია მოხსენებული (ქართ.ცხოვრება, 1955,გვ.24). ქუჯი წარმომავლობით ძველი არისტოკრატიული გვარიდან იყო და ქართლის მეფის კოლხეთში ხელისუფლებისათვის ბრძოლაში წვლილი მიუძღოდა.
საფიქრებელია, რომ ანალოგიური სიტუაცია შეიქმნა ძვ.წ. Vს. კოლხეთში, სადაც რეგიონების სათავეში მეფის ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი ადგილობრივი წარჩინებული გვარის წარმომადგენლები იყვნენ, რომელთაც მეფემ სახელმწიფო მოხელის ფუნქციაც მიანიჭა. ამდაგვარი უნდა ყოფილიყო კოლხეთში ის იერარქიული კიბე, რომლის თავშიც ძლიერი გამაერთიანებელი ხელისუფალი _ მეფე იდგა, ხოლო მას დაწინაურებული არისტოკრატები მოსდევდნენ. ეს, ეტყობა, მაშინ ხდება, როდესაც არისტოკრატია არცთუ ისე ძლიერია და მათი სოციალური სტატუსიც ჯერჯერობით მკვეთრად არ არის გამოხატული. სტრაბონის თქმით ქვეყანაში მათ "ჰქონდათ ზომიერი ძალაუფლება" (სტრაბონი, XI, II,18). შემდგომში, როცა ისინი მომძლავრდნენ, ცალკეული სკეპტუხიების დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა დაიწყო, რაც ძვ.წ. IVსაუკუნის ბოლოს კოლხეთის სამეფოს დასუსტება-დაშლით დამთავრდა და ისინი ცენტრალურ ხელისუფლებაზე ფორმალურად დამოკიდებულ ერთეულებად გარდაიქმნენ. ეტყობა, სწორედ ამის მერე კოლხეთში ჯერ აზომ, ხოლო შემდეგ ქუჯის (ადგილობრივი ერთ-ერთი სკეპტუხიის არისტოკრატიული გვარის წარმომადგენლის) საშუალებით ქართლის მეფე ფარნავაზმა იმძლავრა. ძვ.წ. II-Iსს. მიჯნიდან კოლხეთის პოლიტიკურ ჰორიზონტზე პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორი გამოჩნდა. მითრიდატეს დროის პონტო-კოლხეთის ურთიერთობის საკითხებს მრავალი მკვლევარი შეეხო, მაგრამ სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში მათ შესახებ დღემდე აზრთა სხვადასხვაობაა (ისტორიოგრაფია იხ. ღეინაცჰ, 1890; სანიკიძე, 1956; გოზალიშვილი, 1965; დუნდუა,1974, გვ.146-159 და მათში მითითებული ლიტერატურა).
კოლხეთში, პირველ რიგში ზღვისპირა კოლხეთში, პონტოს სამეფოს თავისი პოლიტიკური და სტრატეგიული ინტერესები ჰქონდა. სწორედ აქ იყო განლაგებული დიოსკურიის, გიენოსის, ფასისის, ქობულეთ-ფიჭვნარის ქალაქები. ამ ქალაქების შემოერთებაში აისახა მითრიდატე ევპატორის ძირითადი მიზნის _ მთელი შავიზღვისპირეთის გაერთიანების გრანდიოზული იდეის თანამიმდევრული განხორციელება. ზღვისპირა კოლხეთის ქალაქები მითრიდატემ პონტოს სამეფოს ძვ.წ. II-Iსს. მიჯნაზე შეუერთა. ხსენებული ქალაქები, ერთი მხრივ, საზღვაო ვაჭრობის _ მათი ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი საყრდენის არასტაბილურობით, ხოლო მეორე მხრივ _ კავკასიონის მთიანეთში მცხოვრები მეომარი ტომების თავდასხმებით იყვნენ შეწუხებული (სტრაბონი,XVII,III,24; პლინიუსი,VI,15). ისეთი ძლიერი ხელისუფალის მმართველობაში შესვლა, როგორიც მითრიდატე იყო, ვაჭრობა-ეკონომიკასა და თავდაცვაში სტაბილურობის განმტკიცებას მოასწავებდა. აქ, შესაძლოა, წარმოიშვა დაახლოებით ისეთივე მდგომარეობა, როგორიც იყო დიოფანტეს ლაშქრობის შედეგად პონტოს სამეფოსთან ბოსფორის სამეფოსა და ხერსონესის შემოერთების დროს. საყურადღებოა ცნობა იმის შესახებ, რომ მითრიდატეს კოლხეთი მემკვიდრეობით ერგოო (იუნიანუს იუსტინუსი, XXXVIII,7,10). გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ იმ სანაპირო ნაქალაქარებზე, რომლებიც დღესდღეობით მეტნაკლებადაა არქეოლოგიურად შესწავლილი _ ეშერა, სოხუმი-დიოსკურია, ოჩამჩირე-გიენოსი _ არ არის დადასტურებული ძვ.წ. II-Iსს-ის მიჯნის გადამწვარი ფენები ან რაიმე საბრძოლო მოქმედების კვალი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ ქალაქებში, ისევე როგორც ბოსფორსა და ხერსონესში, მითრიდატე გარკვეულ წინააღმდეგობას არ წააწყდა. მაგალითად, მემნონი (30) აღნიშნავს, რომ მითრიდატემ ომით დაიმორჩილა ფასისის მიდამოები (მდ. ფასისის ქვემო წელი _ გ.გ.). ამ მიდამოების მიმდებარე ტერიტორიაზე, ქობულეთ-ფიჭვნარში ნაქალაქარი დარბეულია ძვ.წ. IIს. ბოლოსათვის. შიდა კოლხეთი მითრიდატეს არ შეუერთებია პონტოს სამეფოსათვის. ამასთანავე არ არის გამორიცხული, რომ იგი იქ შეიჭრა მაშინ, როცა პომპეუსს გამოექცა და ზამთარი დიოსკურიაში გაატარა. ნიშანდობლივია ისიც, რომ არცერთ წერილობით წყაროში არ აისახა მითრიდატეს მიერ შიდა კოლხეთის დაპყრობა-შემოერთება. მითრიდატულ ისტორიოგრაფიაში (იხ. სანიკიძე, 1956, გვ.26; გოზალიშვილი, 1965, გვ.299) არსებობს მოსაზრება, რომ იბერია მუდამ პონტოს მოკავშირე იყო. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ პოლიტიკა ცვალებადი რამ არის (მაგ. მითრიდატე და ტიგრანი ჯერ მოკავშირეები იყვნენ, ხოლო შემდეგ მოსისხლე მტრები; ანდა, მითრიდატეს მამა ჯერ რომის "მოკავშირე და მეგობარი" იყო, ხოლო შემდეგ მტერი, ან კიდევ _ მახარემ უღალატა მამას და რომაელების მხარეზე გადავიდა და სხვ.), იბერიის სამეფოს პოლიტიკაც პონტოს მიმართ ცვალებადი უნდა ყოფილიყო. თუ გადავხედავთ ქართულ წერილობით წყაროებს და ახალ არქეოლოგიურ მონაცემებს, იბერიის სამეფოს უსათუოდ უნდა ჰქონოდა გარკვეული პოლიტიკური ინტერესი კოლხეთში (იხ. გამყრელიძე, 1985, გვ.97). მემნონი(30), აპიანე(15), იუსტინუსი (XXXVIII, 7,10), სტრაბონი (XI,II,18; XII,III,28) გვამცნობენ, რომ მითრიდატემ შეიერთა კოლხეთი, მაგრამ სახელდობრ კოლხეთის რა ნაწილი, არ არის აღნიშნული. თუ სტრაბონისავე ცნობას დავუჯერებთ, კოლხეთი მეტწილად ზღვასთან მდებარეობს (იხ. XI,II,17); შემდეგ იგი გადმოგვცემს: "მთელი ეს სანაპირო ეპყრა ევპატორს, კოლხეთიდან ჰერაკლეამდე,..." (XII, III,2). შესაბამისად, სტრაბონის მიხედვით მითრიდატეს ძირითადად სანაპირო ზოლი უნდა დაეკავებინა.
სტრაბონის ცნობებიდანვე ჩანს, რომ მითრიდატე ძირითადად დაინტერესებული იყო კოლხეთის სანაპიროთი, საიდანაც მას მისდიოდა მეტი წილი სანაოსნო საშუალებების გასამართავად, ხე-ტყე, სელი, კანაფი, ცვილი, ფისი _ გემების ასაგებად (XI,II,17,18). კოლხეთის სანაპირო ის სტრატეგიულ-კომუნიკაციური მხარე იყო, რომელიც აუცილებლად სჭირდებოდა პონტოს სამეფოს თავისი ჩრდილოშავიზღვისპირა ტერიტორიების ზედამხედველობისათვის. აქედან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივია, რომ მითრიდატემ, დაიკავა რა კოლხეთი (დასავლეთი კოლხეთი), მის ადმინისტრაციულ ცენტრად აქცია ქალაქი დიოსკურია, რომელსაც მისცა მონეტის მოჭრის უფლება. სწორედ აქ დასვა მითრიდატემ მის მიერ გამოგზავნილი მმართველი (იხ. სტრაბონი, XI,II,18). აქ, თავის კოლხურ რეზიდენციაში გამოიზამთრა პომპეუსისგან დევნილმა მითრიდატემ (აპიანე, 101). დასავლეთ კოლხეთის დაკავების დროს პონტოს სამეფო სამხედრო-ეკონომიკურად ძლიერი იყო. სწორედ ეს იყო, ალბათ, ძირითადი მიზეზი იმისა, რომ იბერიის სამეფო მოლაპარაკების შემდეგ (იხ. მემნონი,30) გაჩუმდა და მითრიდატემ კოლხეთის სანაპიროზე მდებარე ქალაქები შეიერთა. იბერიის სამეფოს გავლენის ქვეშ კი შიდა კოლხეთი დარჩა (იხ. გამყრელიძე, 1985,გვ.86-97). ანგარიშგასაწევია აგრეთვე პლუტარქეს ცნობა: "იბერთა ტომი პონტომდე აღწევსო" და იბერები ალბანებთან ერთად "ყველაზე უფრო უდიდესნი" არიანო (პომპეუსი,34). მემნონი(30) აღნიშნავს, რომ მითრიდატემ მოკავშირეებად შეიამხანაგა პართები, მიდიელები, ტიგრანე არმენიელი, ფრიგიელი მეფეები და იბერი მეფე, საიდანაც ჩანს, რომ მითრიდატეს და იბერთა მეფეს შორის ადგილი ჰქონდა რაღაც მოლაპარაკება-შეთანხმებას. მითრიდატეს ჯარში მყოფი იბერი მეომრები, ეტყობა, დაქირავებული იყვნენ და იბერიის მეფის სამხედრო ძალას არ წარმოადგენდნენ. ისინი ომობდნენ "საჩუქართა მიღების სურვილით" (პლუტარქე, "ლუკულუსი," 26,31).
მკვეთრად შეიცვალა სიტუაცია კოლხეთში პონტო-რომის პირველი ომის დასასრულისათვის, როცა მითრიდატემ მარცხი განიცადა საბერძნეთში. კოლხეთში იფეთქა აჯანყებამ. აჯანყებულებმა მოითხოვეს, რომ მითრიდატეს აქ მეფედ შვილი დაენიშნა. მითრიდატე იძულებული გახდა შეესრულებინა აჯანყებულების მოთხოვნა და კოლხეთის მეფედ გაამწესა შვილი _ მითრიდატე ფილოპატორი ფილადელფი. დასავლეთ კოლხეთის ამ აჯანყება-არეულობაში, სავარაუდოა, რომ იბერიის ხელისუფალთა ხელიც ერია; ისარგებლეს რა მითრიდატეს წარუმატებლობით, ისინი შეეცადნენ დასავლეთ კოლხეთში მისი გავლენა დაესუსტებინათ და ამით თავისთვის მომგებიანი მდგომარეობა შეექმნათ. დარდანოსის ზავის (ძვ.წ. 85წ.) შემდეგ მითრიდატემ მოიცალა კოლხეთისათვის: ურჩი შვილი, რომელიც მამის საწინააღმდეგო ინტრიგებში ჩაება, სიკვდილით დასაჯა და დასავლეთ კოლხეთში უწინდელი მდგომარეობა აღადგინა (აპიანე, "მითრიდატ..."64). ბუნებრივია, რომთან ომების დროს მითრიდატე ეცდებოდა საიმედო ზურგი ჰქონდა (მემნონი,30). ამიტომ ის მოერიდებოდა იბერიის სამეფოსთან ურთიერთობის გამწვავებას. იბერთა ხელისუფალიც, ალბათ, კარგად იყენებდა მითრიდატეს ამგვარ განწყობას. ხან სამოკავშირეო ხელშეკრულებას უდებდა (მემნონი,30), ხან დასავლეთ კოლხეთში ხალხს უჯანყებდა (აპიანე,64), ხანაც პომპეუსისაგან დევნილ მითრიდატეს ებრძოდა (აპიანე,101). გაუმართლებლად გვეჩვენება აზრი, რომ იბერებს ეშინოდათ _ მითრიდატეს დამარცხების შემდეგ რომი ჩვენ მოგვდგებაო, და მხოლოდ ამიტომ მიემხრნენ მითრიდატეს. პონტო-რომის პირველი ომის დროს იბერია რომის პოლიტიკური ინტერესების არეალში არ იმყოფებოდა. იბერიის და მითრიდატეს ურთიერთობა პლუტარქეს ("პომპეუსი,"34) ფრიად მიამიტურად აქვს გადმოცემული _ იბერებს "ძალიან უნდოდათ მითრიდატესთვის ეამებინათ და პომპეუსი უკუექციათ." მით უმეტეს, რომ პლუტარქე იქვე დასძენს: "იბერნი არც მიდიელების მორჩილებაში ყოფილან, არც სპარსელებს ექვემდებარებოდნენ და, თავის დროზე, მაკედონელთა მბრძანებლობაც აიცდინეს თავიდან..." (პლუტარქე, 1957, გვ.117). მაშ, რად უნდოდათ ასეთ დაუმორჩილებლებს დამარცხებული მითრიდატესთვის ეამებინათ? "პომპეუსის" ცხოვრების ეს ადგილი არადამაჯერებლად გამოიყურება, მით უმეტეს, რომ სხვა წერილობითი წყაროები ამავე ამბის თხრობისას იბერების მიერ მითრიდატეს მაამებლობის ცდას არ აღნიშნავენ (იხ. აპიანე,103; დიონ კასიუსი,"რომის ისტორია," XXXVII,1,2; სტრაბონი, XI,I,6).
იბერების დამარცხების შემდეგ პომპეუსი შეუფერხებლად გადავიდა კოლხეთში (პლუტარქე, "პომპეუსი,"34). როგორც ჩანს, იბერიისაგან განსხვავებით, კოლხეთში ორგანიზებული წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. შესაძლოა იმიტომაც, რომ სკეპტუხიებად დანაწილებული შიდა კოლხეთი პოლიტიკურად იბერიის გავლენის ქვეშ იყო და მათ მეფე არტაგის მსგავსი (ქართლის ცხოვრება, 1955, გვ.30) ჯარი არ ჰყავდათ (არტოკეს ჯარის შესახებ იხ. აპიანე,103; დიონ კასიუსი, "რომის ისტორია," XXXVII,1,2; პლუტარქე, "პომპეუსი,"34). "ამის შემდეგ, როდესაც პომპეუსმა გაიგო, რომ ფასისი არ არის შორს, გადაწყვიტა მის გაყოლებით კოლხეთში ჩასულიყო" (დიონ კასიუსი, "რომის ისტორია," XXXVII,3). ამ ნაწყვეტიდან ისე ჩანს, რომ კოლხეთი მდ. ფასისის ქვემო წელზე, ზღვასთან იგულისხმებოდა. პომპეუსი "დაიძრა განზრახული მიმართულებით და გაიარა კოლხებისა და მათი მეზობლების მიწაზე, თან მოქმედებდა ხან დარწმუნებით, ხან დაშინებით" (დიონ კასიუსი, "რომის ისტორია," XXXVII,3). პონტო-რომის მესამე ომის დასასრულს პომპეუსისაგან დევნილი მითრიდატე სამი ათასი მეომრით მიდის ქალაქ სინორიაში (სინორეგა), რათა სული მოითქვას და მხედრობას აღჭურვილობა შეუვსოს (აპიანე,101). აქედან მითრიდატე ჯარითურთ თავისი სიძის ტიგრანისკენ გაემართა, "მაგრამ ტიგრანმა იგი არ მიიღო და თანაც ასი ტალანტი ჯილდოდ შეჰპირდა მას, ვინც მის თავს მიუტანდა. ამიტომ მითრიდატემ ევფრატის სათავეს გზა აუქცია და კოლხეთში გადავიდა" (პლუტარქე, "პომპეუსი,"32). ამასვე ადასტურებს დიონ კასიუს კოკეიანოსი _ "თავის იმედებში მოტყუებული მითრიდატე გაემართა კოლხეთისაკენ..." (რომის ისტორია,XXXVI,50). მითრიდატე გადავიდა მდინარე აფსაროსზე (ჭოროხ-ოლთუ) და იქიდან მდ. მტკვრის ხეობაში. იგი ზღვის სანაპირო გზით არ წასულა, რადგან იცოდა, რომ აქ პომპეუსის ბრძანებით ჩასაფრებული იყო სერვილიუსი სამხედრო-საზღვაო ფლოტით (პლუტარქე, "პომპეუსი,"34). სერვილიუსს, ეტყობა, მთასა და ზღვას შორის ვიწრო სანაპირო (აფსაროსის ვიწრო გასასვლელის შესახებ იხ. ლატიშევი,1904, გვ.447) ჰქონდა ბლოკირებული და მითრიდატეს რაზმებს ელოდებოდა.
მითრიდატე შეიჭრა ხოტენეში, ბრძოლით გაიკაფა გზა (აპიანე,101) და შემდეგ დაუყვა მდ. მტკვრის ხეობას, აქედან ფოცხოვი-ქვაბლიანი-ჭუბრაულის ხეობებში გადაინაცვლა, რადგან მტკვართან იბერებთან შეტაკება მოუხდა (აპიანე,101). ეტყობა, მათთანაც, როგორც ტიგრანთან, საქმე გართულებული ჰქონდა, და გაემართა "მეფისწყაროს" გადასასვლელისაკენ (შესაძლოა, რომ მითრიდატე გადავიდა ზეკარის გადასასვლელზე და შემდეგ ხანისწყალ-რიონის გზით მიადგა "ვანს"). ეს გზა შემდეგ მდ. სულორის წყალგამყოფ ქედამდე აღწევს და ხეობაში ეშვება. ის არცთუ ძნელად სავალია და სირთულით დაახლოებით ლიხის ქედის გადასასვლელების მსგავსია. ადგილობრივი მცხოვრებლები მას ახლაც იყენებენ (ამ გზაზე სოფ. სულორის ზემოთ "საკაკილე" ძვ.წ. III-I სს., მდ. ყუმურის ხეობაში სოფ. გაილოურთან "მსხალთა" ძვ.წ. III-Iსს-ის არქეოლოგიური მასალებია დადასტურებული; იხ. გამყრელიძე, 1982, გვ.32). ამ ადგილებზე მიუთითებს ალბათ სტრაბონი, როცა გადმოგვცემს, რომ მითრიდატე "მთების გადაღმა კოლხეთში გაიქცაო" (სტრაბონი,XII,III,28). ძალების მოკრება და აღჭურვილობის შევსება ესაჭიროებოდა დევნილ მითრიდატეს. მას ხომ ისევ რომთან ბრძოლის დიდი გეგმები უტრიალებდა თავში (აპიანე, 102), რაც უზარმაზარ თანხებს მოითხოვდა. მითრიდატეს გზაზე კი მდ. სულორის ხეობაში მდიდარი ქალაქი "ვანი" მდებარეობდა (ვანი-სურის შესახებ იხ. ხოშტარია, 1960, გვ.47; ყაუხჩიშვილი, 1987, გვ.131). ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილია საზოგადოებრივი, სატაძრო-საკულტო და საფორტიფიკაციო ნაგებობების ნაშთები. ქალაქს ჰქონდა მძლავრი სამშენებლო პოტენციალი: კრამიტის, ალიზის აგურის დამამზადებელი და რუსტირებული ქვის სათლელები; სამშენებლო-საინჟინრო ცოდნა; მშენებლობის ადგილას მასალის მიმტანი საშუალებები და ა.შ. რაც მთავარია, ყველაფერი ამის ამოქმედება მოითხოვდა გარკვეულ ორგანიზაციულ გამოცდილებას. ვანის ნაქალაქარის კულტურულ ფენებში დიდძალი ადგილობრივი წარმოების (ქვევრები, ამფორები, ქოთნები, დოქები, ჯამები და სხვ.) და შემოტანილი უცხოური (სინოპეს, როდოსის, ქიოსის, კნიდის, კოსის კერამიკული ტარა; მცირეაზიური, შავი და წითელლაკიანი კერამიკა და სხვ.) კერამიკაა ნანახი, რაც სავაჭრო საქმიანობაზე მიუთითებს. ნაპოვნია აგრეთვე ტერაკოტების გასაკეთებელი ყალიბები. გვხვდება დიდი რაოდენობის ვერტიკალური საქსოვი დაზგების საწაფები; ადგილობრივად დამზადებული და უცხოეთიდან შემოტანილი ოქრომჭედლობის ნიმუშები.
ვანის ნაქალაქი, თანამედროვე ქალაქ ვანის დასავლეთით, მდ. რიონის მარცხენა შენაკადის, მდ. სულორის მარცხენა მხარეს მდებარეობს. ის ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ დაფერდებულ სამკუთხა ბორცვზე, ქვედა, ცენტრალურ და ზედა ტერასებზეა განლაგებული, რომელიც 7 ჰა-ს მოიცავს. ქალაქის სასიმაგრო კედლებში კოშკებია გამართული. ჩრდილოეთით მდებარე მთავარი კარიბჭე შედგება ურთიერთგამიჯნული ორი კარისაგან, ნახევარწრიული კოშკისაგან და საგუშაგო ნაგებობებისაგან. აქვეა საკურთხეველი და ქალაქის მფარველი ღვთაების ქანდაკების კვარცხლბეკი, რომელიც მიდგმულია კლდეზე. ქალაქის აღმოსავლეთ მხარეს მეორე შესასვლელი იყო. იქვე, დიდი ზომის წყლის რეზერვუარია კლდეში ამოკვეთილი, რომელიც წყლის მარაგის შესავსებად იყო განკუთვნილი. ქალაქ ვანის სასიმაგრო კედლების წყობაში ქვის თლილი კვადრები ერთმანეთთან მჭიდროდ არის მორგებული. ვანის ნაქალაქარზე არქეოლოგიურად აღმოჩენილია ელინისტური ეპოქის კრამიტით გადახურული საზოგადოებრივი, სატაძრო-საკულტო და საფორტიფიკაციო ნაგებობების ნაშთები. ვანის ნაქალაქარის შესახებ შექმნილია მრავალი სამეცნიერო ნაშრომი. სწორედ ამ ნაშრომებზე დაყრდნობით გთავაზობთ ვანის ნაქალაქარის იერსახის სავარაუდო რესტავრაცია-აღდგენის ცდას (არქეოლოგიური მასალა იხ. კრებ. "ვანი," 1972, 1976, 1977, 1979, 1981, 1983 ა.შ.). ქალაქი "ვანი" ეკონომიკურად ძლიერი იყო; ხელოსნობა და ვაჭრობა კარგად იყო განვითარებული. მას ჰქონდა სასოფლო-სამეურნეო მიწები _ დაბლაგომი, მთისძირი, შუამთა, გაილოური, კეჭინარა, გორა, ბაგინეთი, ინაშაური, სულორის "საკაკილე," ძულუხი, ბუღნარი, ბზვანი და მათ ურბანისტულ ცენტრს წარმოადგენდა (იხ. გამყრელიძე, 1982, გვ.36,55). ქალაქს მძლავრი თავდაცვითი სისტემა ჰქონდა და, ბუნებრივია, დამცველი რაზმებიც ეყოლებოდა. ეს რაზმებივე ახორციელებდნენ ალბათ სამეურნეო მიწების ზედამხედველობას. “ვანი”, საფიქრებელია, რომ გეოგრაფიულ საფუძველზე განვითარებული თეოკრატიული ურბანისტული (იხ. ლორთქიფანიძე, 1972, გვ.9-42) ერთეული იყო, რომელიც გარკვეული თვითმმართველობით სარგებლობდა. დაახლოებით ძვ.წ. IIIს-ის დასაწყისიდან ის იბერიის სამეფოს გავლენის ქვეშ მოექცა. ამდაგვარი მსხვილი საკულტო კერები იყო მცირე აზიაში _ პონტოს კომანა, ანისა, ტიანა, ზელა. სამწუხაროდ, ეს ქალაქები არქეოლოგიურად თითქმის არ არის შესწავლილი. გადალახა რა მთები (მეფისწყაროს ან ზეკარის გადასასვლელი) სამი ათას ერთგულ მეომართან ერთად, მითრიდატემ (აპიანე,101; სტრაბონი, XII, III,28) დაარბია და გაძარცვა "ვანის" მდიდარი ქალაქი.
არქეოლოგიური მონაცემები ადასტურებენ, რომ ქალაქი ძვ.წ. I ს-ის შუა ხანებში (60-იანი წლები) ხანმოკლე დროის განმავლობაში დანგრეულია ორჯერ. საფიქრებელია, რომ პირველად ის დაანგრია და გაძარცვა მითრიდატემ, ხოლო მეორედ პომპეუსმა, რომელმაც დაამარცხა იბერიის მეფე არტოკე და შეიჭრა კოლხეთში. პომპეუსმა "ვანის" მიმართ "იმოქმედა დაშინებით" (დიონ კასიუსი, "რომის ისტორია," XXXVII,3) და ბრძოლით. ის "კოლხეთში შეიჭრა" (იხ. პლუტარქე, "პომპეუსი,"34). პომპეუსმა "კოლხებთან, ალბანელებთან, იბერებთან... და სხვა აღმოსავლელ ხალხებთან წარმატებული ბრძოლებით განავრცო რომაელთა ძალაუფლება..." (აპიანე, "მითრიდატეს ომები,"114). მეორე ნგრევის კვალი ყველაზე კარგად ჩანს ვანის ნაქალაქარის შუა ტერასის აღმოსავლეთ ფერდობზე, სადაც თავდაცვითი კედლები სასწრაფოდ, სახელდახელოდ, საძირკვლის ყოველგვარი მომზადების გარეშეა აგებული თიხნარ ფენაზე. ეს ფენა კი პირველი ნგრევისაგან არის წარმოშობილი (იხ. ლორთქიფანიძე, 1968, გვ.141). პირველი ნგრევის ფენაში ძირითადად გვხვდება არქიტექტურული დეტალების ნატეხები, კერამიკული მასალა, მონეტები. პონტოს მონეტები, ეტყობა, მითრიდატეს მეომრებისაა, ანდა აქ შავიზღვისპირა ურბანისტული ცენტრებიდანაა მოხვედრილი. საყურადღებოა, რომ ასეთი მონეტებია აღმოჩენილი ეშერის ნაქალაქარზე. ნაქალაქარზე სხვა მონეტებთან ერთად აღმოჩნდა პართული ფულიც, რომელიც აქ იბერიის გზით შემოდიოდა (იხ. დუნდუა, ლორთქიფანიძე გ., 1977, გვ.119; დუნდუა, 1974, გვ.146-159).
ქალაქის გაძარცვის შემდეგ მითრიდატე თავისი მეომრებით გადავიდა მდ. ფასისზე(რიონი) და გაემართა ქალაქ დიოსკურიისაკენ. მან აქ რომის წინააღმდეგ ახალი გეგმების შემუშავებაში გაატარა ზამთარი (აპიანე,101), ხოლო შემდეგ "ხმელეთის გზით" წავიდა ბოსფორში (დიონ კასიუსი, "რომის ისტორია," XXXVI,50), რადგან საზღვაო გზა რომაელებს ჰქონდათ ბლოკირებული. "დაამარცხა თუ არა იბერები, პომპეუსი კოლხეთში შეიჭრა. მდინარე ფასისის სანაპიროზე მას შეეგება სერვილიუსი თავისი ფლოტით, რომლითაც იგი პონტოს იცავდა" (პლუტარქე, 1957, გვ.117). პომპეუსმა კოლხეთში დაამარცხა და ტყვედ იგდო სკეპტუხი ოლთაკე (აპიანე, 117). საინტერესოა, რომ ამდაგვარივე სახელის (Oტაცეს) იბერთა რაზმის წინამძღოლს იხსენიებს ვალერიუს ფლაკუსიც (იხ. ლატიშევი, 1904, გვ.210). შესაძლოა აქ ერთიდაიგივე პიროვნებაზე იყოს საუბარი. მითრიდატეს მიერ ქალაქის გაძარცვის და დიოსკურიისაკენ წასვლის შემდეგ, ქალაქის მესვეურებმა ალბათ დაიწყეს მისი თავდაცვითი სისტემის სახელდახელო აღდგენა-გამაგრება. ისინი ჩქარობდნენ, რადგან იცოდნენ, რომ როცა პომპეუსი იბერებს და ალბანელებს დაამარცხებდა, კოლხეთში გადმოვიდოდა საომრად. პომპეუსს, ეტყობა, არ გასჭირვებია მითრიდატეს მიერ გაძარცული ქალაქის ხელმეორედ აღება. მეორე ნგრევის ფენა მხოლოდ ზოგიერთ უბანზე დასტურდება (იხ. ლორთქიფანიძე, 1968,გვ.141). ნაქალაქარზე ნაპოვნია რომაული მონეტები (იხ. დუნდუა, ლორთქიფანიძე გ., 1977, გვ.124) და რომაული საბრძოლო შუბი _ პილუმი. ძვ.წ. 65წელს ტრანსკავკასიაში პირველად გამოჩნდნენ რომის რესპუბლიკის ლეგიონერები გნეუს პომპეუს მაგნუსის ხელმძღვანელობით. მოაგვარა თუ არა იბერიის საკითხი, პომპეუსი გადავიდა ლიხის ქედზე და "კოლხეთში შეიჭრა" (პლუტარქე, პომპეუსი,34). როგორც ჩანს, ციხესიმაგრე შორაპანს (არქ. მასალა იხ. ჯაფარიძე,1990, გვ.6-8) არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევია პომპეუსისთვის, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ამ დროისათვის შორაპანი, ეტყობა, არტოკეს ექვემდებარებოდა, მას კი რომთან სამოკავშირეო ხელშეკრულება ჰქონდა დადებული. სტრაბონი სარაპანისის (შორაპნის) შესახებ გადმოგვცემს: "სიმაგრეს შეუძლია დაიტიოს მთელი ქალაქის მოსახლეობა" (XI, II,17); "კოლხეთიდან იბერიაში შესავალი დახშულია კლდეებით, სიმაგრეებითა და მდინარეების ხეობებით"-ო (XI,III,4).
რომაელების გამოჩენის დროს შიდა კოლხეთი დანაწილებული იყო სკეპტუხიებად. საფიქრებელია, რომ მათი ნაწილი იბერიის პოლიტიკურ გავლენას ემორჩილებოდა (მაგ., შორაპანი, რომელიც უბრძოლველად გაიარა პომპეუსმა), ხოლო ნაწილი კი, ეტყობა, სეპარატისტულ, შედარებით დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა (მაგ., "ვანის" სკეპტუხია). სტრაბონის დედის ბიძას, მითრიდატე ევპატორის მოხელეს მოაფერნეს კი დასავლეთი კოლხეთი (რესპ. პონტოს კოლხეთი) ექვემდებარებოდა (სტრაბონი, XI,II,18). პომპეუსი რომ მარტო მშვიდობიანი გზით არ მოქმედებდა კოლხეთში, ამაზე მიუთითებს აპიანეს ცნობა, რომ პომპეუსმა "კოლხებთან, ალბანელებთან, იბერებთან, არმენიელებთან ... და სხვა აღმოსავლელ ხალხებთან წარმატებული ბრძოლებით განავრცო რომაელთა ძალაუფლება..."-ო (აპიანე, "მითრიდატეს ომები,"114). ამასვე აღნიშნავს ფლორუსი (მითრიდატეს ომები,X,40) პომპეუსმა "დაამარცხა კოლხები"-ო (იხ. ლატიშევი, 1904, გვ.258). რომაელთა აგრესიულობის დასტურია ისიც, რომ რომში პომპეუსის ტრიუმფის დროს ტყვეთა შორის წარმოდგენილია "კოლხების სკეპტუხი ოლთაკე" (აპიანე,117). შესაძლებელია, რომ ოლთაკე "ვანის" სკეპტუხთა გვარიდან იყო, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია პომპეუსს (იხ. ინაძე,1987, გვ.59). აპიანე (მითრიდატეს ომები,117) ტრიუმფის მონაწილეებს იერარქიული თანამიმდევრობით ჩამოთვდის; აქ ჩანს, რომ ოლთაკე ჩვეულებრივი სარდალი კი არ არის, არამედ კოლხეთის ხე-ლისუფალთა გვარისაა. იგი სიაში მეფეებსა და მათ შვილთა შორის არის დასახელებული (ყაუხჩიშვილი, 1959, გვ.36). ასეთი წარმომავლობა, საფიქრებელია, მას აძლევდა უფლებას, რომ ცალკე, არტოკეს პომპეუსთან დაზავების შემდეგ, კიდევ გაეგრძელებინა საკუთარი სამფლობელოების დაცვა. რომაელებს არ დაემორჩილა და კავკასიონის მთებს შეაფარა თავი კოლხთა მმართველმა ოროზმა, როგორც ამას გადმოგვცემს რომაელი ავტორი ფლორუსი ("მითრიდატეს ომები", X,28) (იხ. ლატიშევი, 1904, გვ. 258; თჰე ლოებ ცლასსიცალ ლიბრარყ, 1957, გვ.186-188). ოროზი, ჩანს, კოლხეთის რომელიღაც მხარის წინამძღოლ-მმართველი იყო (დაახლოებით ოლთაკეს ნაირი), რომელიც არ დაემორჩილა რომაელებს. ზოგი მკვლევარი მას მთელი კოლხეთის მეფედ (ღეგემ ჩოლცჰორუმ – Fლორუს, XL, 28) მიიჩნევს (იხ. ბერძნიშვილი, 1969,გვ.131), მაგრამ ცნობილია აგრეთვე, რომ ამ დროისათვის კოლხეთი არ იყო ერთიანი სამეფო. გავიხსენოთ სტრაბონის ცნობები (XI,II,18) ქვეყნის დაყოფისა და დასუსტების შესახებ (XI,II,17). მოაფერნეს, რომელიც მითრიდატე ევპატორს დასავლეთ კოლხეთში ჰყავდა მმართველად დაყენებული, წინააღმდეგობა არ გაუწევია პომპეუსისთვის. ყოველ შემთხვევაში, მოაფერნეს საბრძოლო მოქმედება წერილობითი წყაროებიდან არ ჩანს. საყურადღებოა, რომ იგი არ არის პომპეუსის ტრიუმფის სიაში. შესაძლებელია, მოაფერნემ ჯერ მითრიდატესთან ერთად გამოიზამთრა დიოსკურიაში, ხოლო შემდეგ მასთან ერთად ბოსფორისაკენ წავიდა.
პომპეუსი მდ. ფასისის გაყოლებით ჩადის ზღვამდე (ეტყობა ქ. ფასისში), სადაც მას სერვილიუსი ფლოტით შეეგება (იხ. პლუტარქე, პომპეუსი,34). რომაელები დიოსკურიის, მითრიდატე ევპატორის კოლხური რეზიდენციის მიმართულებით აღარ წავიდნენ, რადგან შესაძლებელია, რომ მითრიდატეს გაქცევის შემდეგ ქალაქი თავისი ნებით გადავიდა პომპეუსის მხარეზე და წარმომადგენლები აახლა. სოხუმის (დიოსკურიის) არქეოლოგიურ ძეგლზე ძვ.წ. I საუკუნის კულტურული ფენები სუსტად არის წარმოდგენილი. აქ რაიმე ნგრევის კვალი ჯერჯერობით არა ჩანს. ზღვამდე მისულმა პომპეუსმა მითრიდატეს დევნა მიზანშეწონილად აღარ ჩათვალა. პლუტარქეს თქმით, "ბოსფორისა და მეოტიდის მახლობლად მცხოვრებ ტომებში თავშეფარებული მითრიდატეს დევნა ფრიად დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. ამავე დროს პომპეუსს აუწყეს: ალბანელები ხელახლა აჯანყდნენო. რისხვითა და შურისძიების სურვილით ანთებული პომპეუსი ალბანთა წინააღმდეგ დაიძრა" (პლუტარქე, პომპეუსი, 34). პომპეუსს "სრულებითაც არ უნდოდა მტრის დევნა ამაოდ. იგი სხვა საქმეებს აკეთებდა, რომლებიც, ასე თუ ისე, მითრიდატესთან ომთან იყო დაკავშირებული და დროს აჭიანურებდა" (პლუტარქე, პომპეუსი,41). კლდე-ღრეებში მითრიდატეს დევნას პომპეუსმა მოქნილი პოლიტიკა ამჯობინა. როგორც ჩანს, მან მითრიდატეს შვილთან ფარნაკესთან კავშირი გააბა და მისი ხელით მოუსწრაფა სიცოცხლე მითრიდატეს. პლუტარქე აღნიშნავს, რომ მითრიდატეს სიკვდილის შემდეგ ყველაფერი ფარნაკემ მიისაკუთრა და პომპეუსს შეატყობინა - "ყველაფერი ეს ჩემთვისა და რომაელებისათვის მივიღეო" (პლუტარქე, პომპეუსი,41). მამის მკვლელი ფარნაკე პომპეუსმა "რომაელთა მეგობრად და მოკავშირედ გახადა და უბოძა ბოსფორის მეფობა..." (აპიანე, მითრიდატეს ომები,113).
წავიდა რა პომპეუსი აფსაროსის გასასვლელის და სომხეთის გავლით გაურჩებული ალბანელების დასაშოშმინებლად (დიონ კასიუსი, XXXVII,3; პლუტარქე, პომპეუსი,35), კოლხეთის გამგებლად არისტარქე დატოვა (აპიანე, 114). ორი რომაული საისტორიო წყარო არისტარქეს მეფედ მოიხსენიებს (ევტროპიუსი, VI,14; ფესტუსი, XVI). მაგრამ არისტარქეს სახელით ძვ.წ. 52 წელს მოჭრილ მონეტებზე ის თავის თავს მეფეს არ უწოდებს. არისტარქე რომ მეფე არ არის, ეს იქიდანაც ჩანს, რომ ამავე დროის ბოსფორის მეფის ფარნაკეს მონეტას აწერია "დიდი მეფის ფარნაკესია." შემთხვევითი არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ რომთან დაკავშირებული ორი პიროვნებიდან ერთი _ ფარნაკე მეფედ, ხოლო მეორე არისტარქე _ მხოლოდ მმართველად იხსენიება (აპიანე, 114) (ყაუხჩიშვილი, 1959,გვ.27-31). ფრიად საყურადღებოა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც არისტარქეს მონეტაზე პროფილში გამოხატული, თავზე გვირგვინიანი მამაკაცი ჩამოჰგავს პომპეუსის სხვა პორტრეტებს (ჟენკინს, 1959, გვ.32). ასე რომ, ამაშიც კარგად აისახა არისტარქეს დაქვემდებარებული მდგომარეობა რომისადმი. ერთი მხრივ, არისტარქეს უფლება რომ ჰქონოდა თავის მოჭრილ მონეტაზე მეფედ მოეხსენიებინა თავი, ამას უსათუოდ გააკეთებდა. მეორე მხრივ, პომპეუსის მიერ აღზევებული არისტარქე შესაძლოა არ იყო ისეთი მაღალი (მეფური გვარის) წარმომავლობის, რომ კოლხ სკეპტუხებს ეღიარებინათ მისი სუზერენობა და ამიტომ ამჯობინა არ გაეღიზიანებინა ისინი. არისტარქე შიდა კოლხეთში კი არ ჯდება, არამედ დიოსკურიას ირჩევს მთავარ რეზიდენციად, რომელიც ადრე მითრიდატეს კოლხური რეზიდენცია იყო. ამას მხარს უჭერს ისიც, რომ სოხუმთან (დიოსკურიასთან) არის აღმოჩენილი არისტარქესეული მონეტა. ქალაქი სანაპიროზე კომუნიკაციური თვალსაზრისით არისტარქესთვის რეზიდენციად უფრო მოსახერხებელი უნდა ყოფილიყო. აქედან უფრო კარგად შეიძლებოდა, ერთი მხრივ, კოლხეთის გარკვეული კონტროლის ქვეშ ყოლა, ხოლო მეორე მხრივ, რომაელებთან კავშირი. ის, თუ როგორი იყო არისტარქეს რეალური ძალაუფლება, ან კონკრეტულად კოლხეთის რა ნაწილი ექვემდებარებოდა მას, სამწუხაროდ, საისტორიო წერილობითი წყაროებიდან არ ჩანს. ჩვენთვის აგრეთვე უცნობია, რამდენი ხანი გრძელდებოდა ზუსტად არისტარქეს მმართველობა. საგულვებელია, რომ იგი მმართველობს ძვ.წ. 48 წ-მდე, ბოსფორის მეფის ფარნაკეს კოლხეთში შემოჭრამდე.
ფარნაკეს და შემდეგ მითრიდატე პერგამონელის შემოჭრით ქვეყანა კიდევ უფრო დასუსტდა და დაქუცმაცდა. სტრაბონი ევრიპიდეს სიტყვებით გადმოგვცემს _ "როდესაც ქვეყანა დაუძლურდება, ღმერთთა კუთვნილიც სუსტდება და აღარ უნდათ მისი პატივისცემა _ ამბობს ევრიპიდე" (XI,II,17). ცნობილია, რომ რომაელები ექსპანსიის დასაწყისში მათდამი დაქვემდებარებულ ქვეყნებში კი არ ცვლიდნენ არსებულ სამმართველო აპარატის სტრუქტურას, არამედ მას თავიანთ სამსახურში აყენებდნენ. ისინი, ასევე მოიქცნენ კოლხეთში. მათ მმართველად დანიშნეს არისტარქე და მას საგამგებლო აპარატის სტრუქტურა ძველი დაუტოვეს, მითრიდატესნაირი. კოლხეთის მმართველის რეზიდენციად იგივე დარჩა (მითრიდატესეული) _ დიოსკურია. შიდა კოლხეთის "სკეპტუხიებზე" (მაგ., ოლთაკეს სკეპტუხიაზე) საფიქრებელია, რომ არისტარქეს ძალაუფლება ეფემერული იყო. ჯერ კიდევ ლუკულუსი მითრიდატესთან ომის დროს აღნიშნავდა ამ მხარის სრულად დამორჩილების სიძნელეებს (იხ. პლუტარქე, ლუკულუსი,14). რომის რესპუბლიკაში ძვ.წ. I საუკუნის ბოლოსათვის შიდაპო-ლიტიკურმა ბრძოლამ განსაკუთრებულ სიმწვავეს მიაღწია. შექმნილი მდგომარეობის გამოყენება სცადა მითრიდატე ევპატორის შვილმა, ბოსფორის მეფემ ფარნაკემაც. მან გადაწყვიტა პონტოს სამეფოს მამისეულ ფარგლებში აღდგენა. დიონ კასიოსი გადმოგვცემს: "როგორც ნათქვამი იყო, მან (ფარნაკემ) მოინდომა მთელი მამისეული სამეფოს დაბრუნება და აჯანყდა კეისრისა და პომპეუსის ურთიერთშორის ბრძოლის დროს, რადგან რომაელები მაშინ საკუთარი საქმეებით იყვნენ გართული" (XLII, 45). წავიდა რა მამის ყოფილი აზიური სამფლობელოებისაკენ, ფარნაკეს, ბუნებრივია, (თუ ზღვით არ წავიდოდა) უმოკლესი გზით, კოლხეთზე უნდა გაევლო. ამ დაპყრობებს როცა აღწერს დიონ კასიოსი, ასახელებს კოლხეთს და არმენიას. შემდეგ დაპყრობილი არმენიის შემთხვევაში ასახელებს რომაელების მომხრე მმართველს დეიოტარეს, ხოლო კოლხეთში არისტარქეს დამარცხების შესახებ არაფერს წერს. უცნობია ფარნაკემ არისტარქე დაამარცხა თუ შეიკავშირა. როგორც პლუტარქე აღნიშნავს, ფარნაკემ "ყველა იქაური მეფე და ტეტრარქოსი საამბოხოდ წააქეზაო" (კეისარი,50). აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ფარნაკეს მოქმედების შესახებ მხოლოდ ერთადერთი ცნობაა შემონახული, სადაც აღნიშნულია, რომ მან გაძარცვა ლევკოთეას სამლოცველო. ვიდრე ფარნაკე მცირე აზიაში ბრძოლებს აწარმოებდა, ბოსფორში მის მიერვე დანიშნული მმართველი ასანდრი აჯანყდა. მას უნდოდა ფარნაკეს წინააღმდეგ გამოსვლით რომაელების გული მოეგო და მათი ხელშეწყობა-თანხმობით ბოსფორში ხელისუფლება ეგდო ხელთ (დიონ კასიუსი, XLII, 46).
ძვ.წ. 47 წელს ქალაქ ზელასთან იულიუს კეისარმა დაამარცხა ფარნაკე (პლუტარქე, კეისარი, 50; დიონ კასიუსი, XLII, 47; აპიანე,120). დამარცხებული ფარნაკე ზღვისკენ გაიქცა, ბოსფორში გადასასვლელად. ბოსფორში მას აჯანყებული ასანდრი შეებრძოლა, დაამარცხა და მოკლა (აპიანე,120; დიონ კასიუსი, XLII,47). ამის მიუხედავად, ასანდრი რომაელებმა ბოსფორის მმართველად მაინც არ დანიშნეს. ბოსფორის სამეფო იულიუს კეისარმა, სხვა ტერიტორიებთან ერთად, თავის მოკავშირე მითრიდატე პერგამონელს უბოძა. მაგრამ ბოსფორი მითრიდატე პერგამონელს ასანდრისაგან ხმლით უნდა მოეპოვებინა (დიონ კასიოსი, XLII, 48). ამიტომ დაიძრა მითრიდატე პერგამონელი საბრძოლველად ბოსფორისაკენ. ასანდრმა მითრიდატე პერგამონელი დაამარცხა ბოსფორში ლაშქრობისას (სტრაბონი, XIII,IV,3). რა ხდებოდა კოლხეთში ზემოხსენებული ომების დროს, წერილობითი წყაროებიდან უცნობია. ცნობების უქონლობა ამ ბრძოლების შესახებ იმითაც შეიძლება აიხსნას, რომ კოლხეთი, დასავლეთ კოლხეთი, ამ ომებში მხოლოდ სტრატეგიული მხარეა, სადაც უმოკლესი გზა გადიოდა ბოსფორიდან მცირე აზიისაკენ. საყურადღებოა, რომ ბოსფორისა და მცირე აზიის ბრძოლების აღწერას საისტორიო წყაროებში უფრო მეტი ადგილი ეთმობა. საფიქრებელია, რომ შიდა კოლხეთში შეჭრა და ადგილობრივი სკეპტუხების ამხედრება ამ შემთხვევაში არ შედიოდა მეომარი მხარეების ინტერესებში. ბუნებრივია, არცერთ მეომარ მხარეს არ ენდომებოდა ზურგში აჯანყებულები ყოლოდა, მით უმეტეს, რომ ცნობილია, მარტო ერთმა _ ასანდრის აჯანყებამ ბოსფორში, როგორი ტრაგიკული შედეგები გამოიწვია ფარნაკესათვის. ამიტომ შესაძლებელია, რომ შიდა კოლხეთის "სამთავროებ-სკეპტუხიები" მთელი ამ ომების დროს გარკვეულ დამოუკიდებლობას ინარჩუნებდნენ.
რომის აღმოსავლური პოლიტიკა, ოქტავიანე ავგუსტუსის დროს უფრო აქტიური გახდა. რომაელების მომხრე მეფე პოლემონს მიეცა განკარგულება, რომ ბოსფორში ასანდრის გარდაცვალების შემდეგ რომის ფაქტიური ძალაუფლება აღედგინა (დიონ კასიუსი, IV,24/4). დასავლეთ კოლხეთი ამჯერად უკვე პოლემონის საბრძოლო ოპერაციების არეალში უნდა მოხვედრილიყო, რადგან ბოსფორისაკენ მიმავალ გზაზე მდებარეობდა. პოლემონმა დასავლეთ კოლხეთი ოქტავიანე ავგუსტუსის დასტურით შეუერთა პონტოს. სტრაბონი გადმოგვცემს: "პოლემონს ჰქონდა კოლხეთი, ხოლო როდესაც ის მოკვდა (ძვ.წ. 8წ.) მისი მეუღლე პითოდორისი ფლობდა, მეფობდა კოლხებზე, ტრაპეზუნტზე, ფარნაკეაზე და ზემოთ მცხოვრებლებზე" (XI,II,18). პოლემონის მოქმედების შესახებ კოლხეთში არავითარი წერილობითი ცნობა არ არსებობს. რახან ძვ.წ. 14 წელს პოლემონმა შეიერთა ბოსფორი, აქედან გამომდინარე სავარაუდოა, რომ რამდენიმე წლით ადრე უნდა შეეერთებინა დასავლეთ კოლხეთი. რომის აღმოსავლურ პოლიტიკაში შავიზღვისპირეთს ერთ-ერთი ძირითადი ადგილი ეკავა. შავიზღვისპირეთის კომუნიკაციები აუცილებელი იყო პართიის ძლიერ სახელმწიფოსთან ქიშპობისას. რომს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთიდან გაჰქონდა ლითონი, ხე-ტყე, მარცვლეული, ტყავეული, სელი, ღვინო და სხვ. (სტრაბონი, XI,II,17). Iსაუკუნის რომაელი ავტორი მარკუს მანილიუსი აღნიშნავს, რომ რომაელებს კვებავს ნუმიდიელთა სანაპირო და ფასისის ჭალები. თან ამ უკანასკნელზე დასძენს, რომ ეს ის ადგილია, საიდანაც ოქროს საწმისი მოიტაცესო (V,376-377). ზღვისპირა, დასავლეთ კოლხეთი პოლემონის პონტოს შემადგენლობაში იმპერატორ ავგუსტუსის დროს შედის. ამ დროისათვის დასავლეთ კოლხეთი, მართალია, უშუალოდ არ ექვემდებარებოდა რომს, მაგრამ პონტოს სამეფოს საშუალებით რომის პოლიტიკურ გავლენაში ექცევა. ამ ხანებში რომის ლეგიონერები კოლხეთის მიწაზე არ იდგნენ. იმპერატორ ავგუსტუსის აღმოსავლური პოლიტიკის ძირითადი მიზანი იყო რომის აღმოსავლეთის საზღვრებთან შეექმნა ფაქტიურად რომზე დამოკიდებული, ხოლო ფორმალურად დამოუკიდებელი ქვეყნები, რომელთა ხელითაც რომი სასაზღვრო რეგიონებში თავისთვის სასურველ პოლიტიკას გაატარებდა. ერთ-ერთი ასეთი სამეფო პოლემონის პონტო იყო, რომელშიც დასავლეთ კოლხეთი შედიოდა. პოლემონის პონტოს მნიშვნელოვანი ცენტრი ქალაქი ტრაპეზუნტი ტერიტორიულად ახლო მდებარეობდა კოლხეთთან.
რომმა, მიუხედავად ძლევამოსილებისა, მაინც ვერ მოახერხა შიდა კოლხეთის სრული დამორჩილება. ეს ვერ მოხერხდა ვერც არისტრაქეს, ვერც მითრიდატე პერგამონელის და ვერც პოლემონის ხელით. რამდენადმე გამართლდა ლუკულუსის წინასწარმეტყველება, რომელიც აღნიშნავდა _ ამ მხარის დამორჩილება ძალიან ძნელიაო (იხ. პლუტარქე, ლუკ.,14). მართლაც, შიდა კოლხეთი თავისი ბიოგეოგარემოთი _ ხეობებით, მთებით, სწრაფი, ძნელად გადასალახი მდინარეებით, უღრანი ტყეებით _ ადვილად დასამორჩილებელი არ უნდა ყოფილიყო. ამას ემატებოდა აგრეთვე აგრესიულად განწყობილი, ძლიერი სამთავროებ-სკეპტუხიები. დასავლეთ, ზღვისპირა კოლხეთისათვის კი რომაელები გარკვეული კონტროლის გაწევას ახერხებდნენ. ამაში მათი ძირითადი საყრდენი უნდა ყოფილიყო სანაპირო ქალაქები, რომლებშიც, შიდა კოლხეთისაგან განსხვავებით, შედარებით ძლიერი იყო ანტიკური სამეურნეო-კულტურული გავლენა. დასავლეთ კოლხეთი ის სტრატეგიულ-კომუნიკაციური მხარე იყო, რომელიც აუცილებლად სჭირდებოდა რომს თავისი გავლენის დასამყარებლად მცირე აზიასა და ბოსფორში.
იბერიის სამეფოსთან კოლხეთის ნაწილის ინკორპორაციამ კოლხეთის სამეფოს პოლიტიკური სტატუსის შეცვლა გამოიწვია. კოლხეთისათვის უარყოფითი საგარეო ფაქტორი გამოდგა პონტოს სამეფოს ექსპანსია, რომელსაც ზღვისპირეთის ანექსია მოჰყვა. შიდა კოლხეთში დაინგრა და გაიძარცვა "ვანის" მდიდარი ქალაქი. კოლხეთი გადაიქცა პონტოს სამეფოსა და რომს შორის საომარი მოქმედებების ასპარეზად, რითაც ადგილობრივი მოსახლეობა უნდა დაზარალებულიყო. რომმა გარკვეული ზემოქმედება მოახდინა კოლხეთის განვითარების პროცესზე. ერთი მხრივ, ეს ზემოქმედება უარყოფითი გამოდგა _ ქვეყნის დასავლეთი მხარე რომის პოლიტიკურ გავლენაში მოექცა, ხოლო ზოგიერთ რეგიონში კი რომაელთა ცბიერი პოლიტიკის შედეგად არასტაბილური მდგომარეობა შეიქმნა, რაც შემდგომში რომისადმი ნახევრად დაქვემდებარებული "სამთავროების" განვითარებით დასრულდა (მაგ. იხ. _ ფლავიუს არიანე, "მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო,"11). მეორე მხრივ, რომმა _ იმ დროისათვის მოწინავე სახელმწიფომ, დადებითი როლიც ითამაშა კოლხეთის განვითარებაში; კერძოდ, ადგილობრივი მოსახლეობა უფრო ახლო გაეცნო იმ დროისათვის მოწინავე რომაულ კულტურას; სანაპირო ქალაქებში რომაული ნაწარმი გამოჩნდა; გაეცნენ ახალ საომარ ტაქტიკას და ტექნიკას. კოლხეთში ხშირი საბრძოლო მოქმედებების დროს საჭირო იყო ორგანიზაციული საკითხების სწრაფი გადაწყვეტა. ეს, გარკვეულწილად, ხელს უწყობდა ადგილობრივ მოსახლეობაში საზოგადოებრივ კონსოლიდაციას, რაც შემდგომში კოლხეთის მემკვიდრე, ლაზიკის სამეფოს წარმოქმნაში გამოიხატა. კოლხეთ-ლაზიკის და იბერია-ქართლის ადგილსა და საფუძველზე შემდგომ განვითარდა ერთიანი სახელმწიფო _ საქართველო.
ლიტერატურა:
ალექსიძე ზ., ცხოვრება ფარნავაზისი, ჟურნ. "მნათობი", 1984,#12, გვ.152-157.
ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, I ტ., თბ., 1964.
ბერძნიშვილი მ., ქალაქ ფაზისის ისტორიისათვის, თბ., 1969.
ბრაგვაძე ზ., კოლხეთის აღმოსავლეთი რეგიონების (ყვირილის ხეობის) ქართიზაციის საკითხისათვის, საქ. მეცნ. აკად. "მაცნე" 1990, #4, გვ.137-150.
ბერაძე თ., ზღვაოსნობა ძველ საქართველოში, თბ., 1981.
გაგუა გ., კოლხეთის აგროკლიმატური რესურსების გამოყენება, თბ., 1988.
გამყრელიძე გ., ცენტრალური კოლხეთის ძველი ნამოსახლარები, თბ., 1982.
გამყრელიძე გ., აზო-ფარნავაზის დროინდელი კოლხეთის ისტორიისათვის, საქ. მეცნ. აკად. "მაცნე" (ისტ... სერია), თბ., 1985, #3, გვ.86-97.
გამყრელიძე გ., მითრიდატე ევპატორი და კოლხეთ-იბერიის ისტორიის ზოგიერთი საკითხი, საქ. მეცნ. აკად. "მაცნე" 1989, #2, გვ. 59-69.
გამყრელიძე გ. ისტორიულ-ტოპოარქეოლოგიური ძიებანი, თბ., 1993.
გოზალიშვილი გ., მითრიდატე პონტოელი, თბ., 1965.
გრიგოლია გ., ფხაკაძე გ., ბარამიძე მ., დასავლეთ საქართველოს საძიებო-არქეოლოგიური ექსპედიციის 1966 წ. მუშაობის შედეგები, მასალები საქართველოს და კავკასიის არქეოლოგიისათვის, V ტ., თბ., 1973, გვ. 17-38.
გეორგიკა, III(ბერძნულ-ქართული ტექსტი გამოსცა ს.ყაუხჩიშვილმა),თბ., 1936. გეორგიკა, II (ბერძნულ-ქართული ტექსტი გამოსცა ს.ყაუხჩიშვილმა),თბ., 1965.
გორდეზიანი რ., რჩეული ნაშრომები, "ლოგოსი," თბ., 2000. გუგუშვილი პ., მარცვლეული მეურნეობა საქართველოში, თბ., 1954.
დიონ კასიოსი, ცნობები საქ. შესახებ (გამოსცა ნ.ლომოურმა), თბ., 1966.
დუნდუა გ., იჭრებოდა თუ არა მონეტა ვანში?, საქ. მეცნ. აკად. "მაცნე" (ისტ.... სერია), თბ., 1974, #2, გვ. 146-159.
დუნდუა გ., ლორთქიფანიძე გ., მონეტები ვანიდან, ვანი, IIIტ.,1977, გვ.119-152.
დუნდუა თ., კოლხეთი, Iბერია..., ნუმიზმატიკის მიხედვით, თბ.,1993.
ვაშაკიძე ვ. ელინისტური ხანის ქართლის სოციალური ისტორიიდან, თბ., 1991.
ვახუშტი ბატონიშვილი, ქართლის ცხოვრება, ტ.IV, თბ., 1973.
ზაქარაია პ., ნოქალაქევში 1973-77 წლებში ჩატარებული სამუშაოების საერთო ანგარიში, კრებ. ნოქალაქევი-არქეოპოლისი, თბ., 1981, გვ. 77-119.
თოლორდავა ვ., დაკრძალვა ელინისტური ხანის საქართველოში, თბ., 1980.
ინაძე მ., ძველი კოლხეთის საზოგადოება, თბ., 1994.
ინაძე მ., მცირე აზიის სატაძრო ქალაქების საკითხისათვის, კრებ. ივ. ჯავახიშვილისადმი მიძღვნილი, თბ., 1976, გვ.136-144.
ინაძე მ., აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ბერძნული კოლონიზაცია, თბ., 1982.
ინაძე მ., სატაძრო ცენტრები ძველ კოლხეთში, საქ. მეცნ. აკად. "მაცნე" (ისტ.... სერია), თბ., 1986. #4, გვ. 32-53.
ინაძე მ., ძველი კოლხეთის საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკური ისტორიის ზოგიერთი საკითხი, საქ. მეცნ.აკად."მაცნე" (ისტ...), თბ., 1987,#4, გვ.46-67.
ინაძე მ., კოლხეთის სამეფოს სკეპტუხიათა საკითხისათვის, საქ. მეცნ. აკად. "მოამბე", XXVI ტ., თბ., 1961, #6. გვ. 783-790.
კახიძე ამ., საქართველოს ზღვისპირეთის ანტიკური ქალაქები, თბ., 1971.
კახიძე ამ., აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ანტიკური ძეგლები (ფიჭვნარის ბერძნული სამაროვანი), ბათუმი, 1975.
კეცხოველი ნ., საქართველოს მცენარეული საფარი, თბ., 1959.
კვირკველია ნ., უცხოელი მეცნიერები უძველესი ქართველი ტომების მელითონეობის შესახებ, თბ., 1976.
კორძახია მ., საქართველოს ჰავა, თბ., 1961.
ლამბერტი არქანჯელო, სამეგრელოს აღწერა, თბ., 1938. ლანჩავა ომ., ქუთაისის ძველი ისტორიისათვის, თბ., 1975.
ლიჩელი ვ., ძველი ვანი, სამეურნეო უბანი, თბ., 1991.
ლომოური ნ., კლავდიოს პტოლემაიოსის ცნობები საქართველოს თბ., 1955.
ლომოური ნ., ნოქალაქევი, კრებ. ნოქალაქევი-არქეოპოლისი,I, თბ.,1981, გვ.18.
ლომოური ნ., კოლხეთის სანაპიროს ბერძნული კოლონიზაცია, თბ., 1962.
ლორთქიფანიძე ოთ., არქეოლოგია და საქართველოს ძველი ისტორიის ზოგიერთი საკითხი, საქ. მეცნ. აკად. "მაცნე", 1976, #2, გვ. 110-128.
ლორთქიფანიძე ოთ., ანტიკური სამყარო და ძველი კოლხეთი, თბ., 1966.
ლორთქიფანიძე ოთ., ვანის ნაქალაქარი, კრებ. ვანი, I ტ., თბ.,1972, გვ.7-42.
ლორთქიფანიძე ოთ., ვანის ნაქალაქარი (გათხრები. ისტორია. პრობლემები), კრებ. ვანი, III ტ., თბ., 1977. გვ. 13-27.
ლორთქიფანიძე ოთ., მასალები ძვ.წ.Vს. კოლხეთის მხატვრული კულტურის ისტ.-თვის, თბილისის უნივერსიტეტის შრომები,1971, #1 (138), გვ.51-63.
ლორთქიფანიძე ოთ., ძველი კოლხეთის კულტურა, თბ., 1972.
ლორთქიფანიძე ოთ., ანტიკურ ხანაში ინდოეთიდან შავი ზღვისკენ მომავალი გზის შესახებ, საქ. მეცნ. აკად. "მოამბე", XIX, თბ., 1957, #3. გვ.377-384.
მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, II, თბ., 1970.
მახარაძე გ., საირხის ნაქალაქარის ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპი, არქეოლოგიური ჟურნალი,I, თბ., 2000, გვ.43-66.
მელიქიშვილი გ., საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის უძველესი მოსახლეობის საკითხისათვის, თბ., 1965.
მუსხელიშვილი დ., საქ. ისტ. გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, თბ., 1977.
ნადირაძე ჯ., ყვირილის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 1975.
ნადირაძე ჯ., საირხე, საქართველოს უძველესი ქალაქი, თბ., 1990.
ნაკაიძე ნ., ძვ. წ. IV-III სს. ქვევრსამარხები დაჭრილების სამაროვნიდან, კრებ. კავთისხევის არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 1980, გვ. 28-41.
პლუტარქე (თარგმნა აკ. ურუშაძემ), თბ., 1957.
რუხაძე ჯ., ღომის კულტურა დასავლეთ საქართველოში, მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, XI, თბ., 1960, გვ. 75-91.
სანიკიძე ლ., პონტოს სამეფო, თბ., 1956.
საქართველოს ისტორიის ნარკვევები, I ტ., თბ., 1970.
ურუშაძე აკ., ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში, თბ., 1964.
ფლავიუს არიანე, მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო (ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა ნ. კეჭაღმაძემ), თბ., 1961.
ქართლის ცხოვრება (გამოსცა ს. ყაუხჩიშვილმა), Iტ., თბ., 1955.
ქორიძე დ., თბილისის არქეოლოგიური ძეგლები, II, თბ., 1958.
ყაუხჩიშვილი თ., საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, I, II, III, თბ., 2000.
ყაუხჩიშვილი თ., ბერძენი მწერლების ცნობები..., თბ., 1967.
ყაუხჩიშვილი თ., ჰიპოკრატეს ცნობები საქართველოს შესახებ, თბ., 1965.
ყაუხჩიშვილი თ., აპიანე, თბ., 1959.
ყაუხჩიშვილი თ., ჰერაკლიდე და მისი ცნობები საქართველოს შესახებ, კრებ. აღმოსავლური ფილოლოგია, I, თბ., 1969, გვ. 186-190.
ყაუხჩიშვილი თ., ვანის ახლადაღმოჩენილი ბერძნული წარწერა, კრებ. ქართული წყაროთმცოდნეობა, VII, თბ., 1987, გვ. 131-143.
ყაუხჩიშვილი თ., სტრაბონის გეოგრაფია, თბ., 1957.
ყორანაშვილი გ., გეოგრაფიული გარემოს როლი საზ. განვითარებაში,თბ., 1975.
შარდენი ჟან, მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში (თარგმნა მ. მგალობლიშვილმა), თბ., 1975.
ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, I წიგნი, თბ.,1963.
ძველაია მ., კოლხეთის დაბლობი, თბ., 1973.
ძიძიგური ლ., ძველი კოლხეთის სამეურნეო კულტურა, თბ., 1994.
წერეთელი გ., არმაზის ბილინგვა, "ენიმკის" მოამბე, თბ., 1943, #13, გვ. 1-83.
წერეთელი კ. არამეული საქართველოში, ჟურ. "მნათობი",1976, #6, გვ.150-157.
წერეთელი კ., არამეული ენა, თბ., 1982.
ჭყონია ა., ვანის ნაქალაქარის ოქროს სამკაულები, კრებ. ვანი VI, თბ., 1981.
ხაზარაძე ნ., საქართველოს ძვ. ისტ. ეთნოპოლიტიკური პრობლემები, თბ., 1984.
ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, I, ტ., 1960.
ჯავახიშვილი ივ.,ქართველი ერის ისტორია, II ტ., თბ., 1948.
ჯანაშია ს., შრომები, II ტ., თბ., 1952. ჯანაშია ს., შრომები, III ტ., თბ., 1959.
ჯაფარიძე ა., საქართველოს ცხოველთა სამყარო, III ტ., თბ., 1963.
ჯანელიძე ჭ., საქართველოს ბუნებრივი გარემო ქვის ხანაში, საქართველოს არქეოლოგია, I ტ., თბ., 1991, გვ.50-69.
ლატიშევი - Латышев В. Известия древних писателей о Скифии и Кавказе. - Записки классического отделения императорского русского археологического общества, т. II, вып. I, Санкт Петербург, 1904.
Ciceronis M Tullii, De imperio en Pompei sive pro Lega Manile, oratio ad Quirites (ed. A. Gofman), Part I, S.-Peterburg 1911.
Claessen H., Skalnik P., The Early State, Hague, 1978.
Bandinelli R., Archeologia e culture, Milan, 1961.
Kacharava D., Greek Imports of archaic and chassical times in Colchis, Archäologischer Anzeiger, Berlin, 1995, pp. 63-73.
Jankins A., Recent Acquisitions of Greck Coins by the British Museum, The Numismatic chronicle, London, 1959, pp. 32-37.
The loeb clavsical library, London, 1957.
Reinach Th., Mitridate Eupator, roi de Pont, Paris, 1890. Vallet Georges, La Colonisation Grecque en occident, XIII "Mejdunarodni kongress istoricheskix nauk", I vol, III part, M., 1973. p.p. 53-72.

Комментариев нет:

Отправить комментарий