пятница, 16 января 2026 г.

ეგვიპტე ძვ.წ. XXVII-XXI საუკუნეებში. ძველი სამეფოსა და I გარდამავალ ხანებში

ეგვიპტის ძველი  სამეფო ძვ.წ. 2686–2181  წწ.  III–VI  დინასტიები

ძველი  სამეფო,  ან,   როგორც  მას   უწოდებენ,  პირამიდების  ეპოქა,  ეგვიპტის  ისტორიის  ყველაზე  უფრო  ბრწყინვალე  პერიოდად  ითვლება,  თუმცა  ძველი  სამეფოდან  მისი  ყოველდღიური  ცხოვრების  შესახებ   ჩვენამდე  მოღწეული  ტექსტების  რაოდენობა  ძალზე  მცირეა. გიგანტური  პირამიდები, რომლებიც   დღეს  ერთადერთ  სრულყოფილ არქიტექტურულ  ფორმად  არის  მიჩნეული,  ამ დროის  ფარაონთა  განუსაზღვრელი ძალაუფლების  ყველაზე  რეალურ  გამოხატულებას  წარმოადგენს.
ძველი  სამეფოს  ფარაონების  თანმიმდევრობა და დინასტიების ცვლის  მიზეზები  დღეს  არ  არის  ზუსტად  დადგენილი,  ამიტომ  თანამედროვე  მეცნიერება  აქ ავტომატურად  მიჰყვება  მანეთონის  დინასტიურ  რიგს.  მაგრამ  ერთი რამ  უდავოა:  ახალი  ეპოქა  იწყება  ჯოსერის (დაახლ. 2686-2658) – პირველი  ეგვიპტური   პირამიდის   მფლობელი   ფარაონის – გამეფებიდან.  მისი  ხუროთმოძღვარი  იმხოტეპი  ეგვიპტურ  ტრადიციაში   მოიხსენიება   როგორც  ბრძენი,  ხოლო  გვიპეი  პერიოდის  ეგვიპტელებმა  იგი  თავიანთი  პანთეონის  ერთ-ერთ  ღვთაებად  შერაცხეს. იმხოტეპის  პირამიდა,  მართალია, ჯერ ჩამოუყალიბებელი, საფეხუროვანი ფორმისაა, მაგრამ ამ   არაჩვეულებრივი  ადამიანის  გენია,  რომელსაც  პირველს  ეკუთვნის   პირამიდის  აშენების  იდეა,  დღესაც  გაოცებას  იწვევს.  მსოფლიოს  ერთ-ერთი  საოცრების  ეს   უძველესი  ნიმუში  კიდევ უფრო  შთამბეჭდავი  ხდება,  თუ  გავიხსენებთ,  რომ  იგი არის  ადამიანის  მიერ  აშენებული  პირველი  ქვის  ნაგებობა,  მაგრამ  არ უნდა  დავივიწყოთ,  რომ  იმხოტეპი  თავისმა  ეპოქამ  წარმოქმნა.  მხოლოდ  ცენტრალიზებულ  და  მაქსიმალურად  ორგანიზებულ  თეოკრატიულ  სახელმწიფოში,  რომელიც  აბსოლუტურად  არის  დამორჩილებელი  მისი  ერთპიროვნული  მმართველისა   და   უზენაესი  ღვთაების – ფარაონის – ნებას,   შეიძლება  არსებობდეს  ის სულიერი  საწყისები, რომლებიც  წარმოშობს  ერთი  ადამიანისათვის  ასეთი  გრანდიოზული ნაგებობის  აშენების  იდეას, და მატერიალური  ბაზა  ამ  იდეის  განხორციელებისათვის.  ეს   შეუძლებელი  იყო  როგორც  ადრედინასტიურ  ეგვიპტეში, ისე  ძველი  სამეფოს  შემდგომ  პერიოდებში. სწორედ  ამიტომ  ითვლება  დღეს  ძეელი სამეფო ფარაონის  აბსოლუტური  ძალაუფლების  კულმინაციის  ხანად,  მისი  სახელმწიფო  კი  ერთიან  პრინციპს  დაქვემდებარებულ  მწყობრ  მექანიზმს  მოგვაგონებს ურთულესი, იერარქიული პრინციპით აწყობილი ბიუროკრატიული  აპარატით,  სადაც  თითოეულ მოხელეს  განსაზღვრული  ფუნქცია  ჰქონდა  დაკისრებული.
ძველი ეგვიპტის მატერიალური კეთილდღეობა ძირითადად სოფლის მეურნეობაზე იყო  დამოკიდებული,  ხოლო  ეს უკანასკნელი – ერთიანი  საირიგაციო  სისტემის  მწყობრ   მუშაობაზე,  რადგან  მხოლოდ  მისი  საშუალებით  შეიძლებოდა  ნილოსის  წყლების  მიწოდება ყანებისა  და   საძოვრებისათვის  ვარგისი  მიწებისათვის.  ძველი  სამეფოს  დროს  დასრულდა  ქვეყნის  ადმინისტრაციულ  ერთეულებად  დაყოფა.  თითოეულ  ნომს  ევალებოდა  წესრიგში  ჰქონოდა  მის  ტერიტორიაზე  განლაგებული  საირიგაციო  ქსელის  არხები  და ყოველწლიურად ჩაებარებინა  სამეფო  ბეღლებისათვის  მარცვლეულის  განსაზღერული რაოდენობა.  ადრედინასტიურ  ეგვიპტეში  ყოველ  ორ  წელიწადში  ერთხელ  ფარაონი  თვითონ  ატარებდა  მთელს  ეგვიპტეში  მოსავლის  ინსპექციას. ამ პროცედურას  „ხორის  გაცილება“  ეწოდებოდა.  III   დინასტიიდან „ხორის  გაცილება“ უკვე ყოველწლიური „გადასახადების აღწერად“ გადაექცა,  რომელსაც  ადგილზე  ატარებდა  სათანადო  მოხელე  ნომის მმართველის  მეთვალყურეობით.
ძველი  სამეფოს  ეგვიპტეს  არ ჰყავდა  რეგულარული  არმია  და ფლოტი,  მაგრამ  სამხედრო  ლაშქრობების  დროს  თითოეული  ნომიდან იწვევდნენ  მასზე  შეწერილი  მამაკაცების  განსაზღვრულ  რაოდენობას. ასევე გამოყოფილი იყო მოსახლეობის  განსაზღვრული  რაოდედობა მაღაროებში  მუშაობისათვის  და ნიჩბოსნებად  ძირითადად  ლიბანსა  და ბიბლოსში  ექსპედიციებისათვის,  საიდანაც  ეგვიპტელებს  ჩამოჰქონდათ  მათთვის  ძვირფასი  ხე – ერთადერთი  მასალა,   რომლის ნაკლებობა  ყოეელთვის  იგრძნობოდა  ამ   ქვეყანაში.
სამეფო  სახლის  სამეურნეო  ნაწილი  დაყოფილი  იყო  სხვადასხვა ფუნქციების  მიხედვით:  საჭურჭლე,  რომელსაც  „ორივე  თეთრი  სახლი ეწოდებოდა“  („ორი  ქვეყნის“  შესაბამისად),  ბეღლები,  იარაღის  საწყობები,  ტანსაცმლის  საწყობები,  ზეთეულის  საწყობები.  თითოეულ მათგანს  თავისი  მმართველი  განაგებდა.  ქვეყნის  პირველ მოხელედ  კი ქვეყნის  მთავარი  ვეზირი  ითვლებოდა.  ამ  პოსტზე,  ჩვეულებრივ,  ინიშნებოდა  ფარაონის  უახლოესი  ნათესავი.  ქვეყნის  ორგანიზაციამ  იქამდე  მიაღწია,  რომ  გადაწერილი  იყო  მთელი  ეგვიპტის  მოსახლეობა  და მონაცემები  თითოეულ  მცხოვრებზე  ინახებოდა  სასახლის  კანცელარიაში,  სადაც  ხდებოდა  მოსახლეობის  განაწილება  მაღაროებში  სამუშაოდ,  ყანების  დასამუშავებლად,  პირამიდების  მშენებლობაზე  დასაკავებლად  და  სხვ.  აქვე  ხდებოდა  აღნუსხვა,  თუ  რამდენი  ხორბალი, ტანსაცმელი  და  ა.შ.  იყო  საჭირო  ყოველწლიურად  მოსახლეობისათვის,  ეგვიპტის  მცხოვრებნი  ფაქტიურად  გადაიქცნენ  სახელმწიფო მსახურებად,  რომლებიც,  თეოკრატიული  სახელმწიფოს  პირობებში, „ღმერთის  მსახურებად“  ითვლებოდრენ.  თავად  „ღმერთის“ –  ფარაონის – რეზიდენციას „პერ  აა“ – „დიდი  სახლი“  ეწოდებოდა.  XVIII დინასტიიდან ამ სახელით  რეზიდენცის  მფლობელსაკენ  მიმართავდნენ.  ეგვიპტის  მეუფეთა  თანამედროვე  დასახელებაც  აქედან  წარმოიშვა, 
ადრედინასტიურ  ეგვიპტეში,  როცა  ჯერ  კიდევ  შემორჩენილი  იყო  პატრიარქალური  წყობას  ნიშნები,  სამეფო  მოხელეები ფარაონის,  ან „დიდი  სახლის“  ხარჯზე  ცხოვრობდნენ.  თანდათან  საოცრად  გაზრდილი  ბიუროკრატიული  აპარატის  პირობებში,  ეს ბუნებრივია,  შეუძლებელი  გახდა.  ფარაონი  იძულებული  იყო  გამოეყო  მოხელეთათვის მიწები.  ამგვარი  „მამულების“  ზომები  შეესაბამებოდა  მოხელის  ადგილს  რთულ  იერარქიულ  აპარატში. თეორიულად  მოხელის  ოჯახს უფლება  მიწაზე  მინიჭებული  ჰქონდა  იმ  ვადით,  სანამ მის  უფროსს გარკვეული  თანამდებობა  ეკავა,  მაგრამ  ბუნებრივია,  ყოველი  მოხელე  ცდილობდა  თანამდებობის  მემკვიდრეობითად  გადაქცევას.  ასე. ნელ–ნელა  (დაახლ.  IV  დინასტიიდან)  დაიწყო  მიწაზე  კერძო  საკუთრების  ჩამოყალიბება.
ძველი  სამეფოს  კულმანიციას  IV დინასტია  წარმოადგენს.  ამაზე ნათლად  მეტყველებს  ამ დროის  პირამიდებიც.  ეგვიპტის  პირამიდებიდან  ყველაზე  ცნობილი  სამი  დიდი  პირამიდა  სწორედ  IV  დინასტიის ფარაონების –  ხეფრენის  (ეგვ.   ხაფრა),  მიკერინის  (მენკაურა) და ხეოფსის (ხუფუ) – მიერ   არის  აგებული.  თავად  ამ   ფარაონების  შესახებ,  მათი  პირამიდების  გარდა,  თითქმის  არაფერია  ცნობილი.  დიდი სენსაცია  გამოიწვია  ხეოფსის  დედის  ხეტეპჰერესის  სამარხის  აღმოჩენამ.  აქ   ნაპოვნი  ძვირფასი  ავეჯი, საოცრად  დახვეწილი ჭურჭელი და სამკაულები ამ დროის  ფარაონების,  მართლაც,  ზღაპრულ  სიმდიდრეზე  მეტყველებს.
სინაის  ყელზე  ნაპოვნი  ამ   დროის წარწერებიდან  ჩანს,  რომ  ეგვიპტე  სისტემატურად  ამუშავებს  სინაის  მაღაროებს,  საიდანაც  მოედინება ძვირფასი  სპილენძი  და  ფირუზი.  ეს  იმას  ნიშნავს,  რომ  სინაის  მომთაბარე  ტომები  დამორჩილებულნი  არიან.  წესრიგი სუფევს  სამხრეთშიც,  ნუბიაში, რომელიც  აგრეთვე  მრავალი ნედლეულის  წყაროს  წარმოადგენს.   ძველი  სამეფოს  გავხოველებულ  კონტაქტებზე  მეტყველებს  ის   ფაქტი,  რომ  ამ   დროით  დათარიღებული  მარმარილოს  ჭურჭელი  ნაპოვნია მორეულ  კუნძულ  კითერაზე  გათხრების დროს. 
IV–V დინასტიებს შორის დინასტიური ცვლის მიზეზები ჩვენთვის უცნობია. V დინასტიის  წარმოშობის  შესახებ  ძალიან  ხატოვნად მოგვითხრობს  ე.წ. „ვესტკარის  პაპირუსი“,  რომელიც  შუა  სამეფოს ხანით  თარიღდება.  აქ   მოყვანილი   ლეგენდის   შინაარსი   შემდეგში მდგომარეობს:  ფარაონ  ხეოფსს  მისი   დროის   ყველაზე  ცნობილმა ბრძენმა  მოუთხრო,  რომ  მზის  ღმერთის,  რას  ერთ-ერთი  ქურუმის  მეუღლე  გააჩენს  მზის  ღვთაებისაგან  სამ  ტყუპს, რომელთაგან ერთ-ერთი ფარაონი  გახდება.  აღელვებულ  ფარაონს  ბრძენი  ამშვიდებს:  „შენ წყნარად  დაასრულებ  მეფობას. შემდეგ  ტახტზე  ავა  შენი  შვილი,  შემდეგ  –  მისი  შვილი,  ხოლო  მის  შემდეგ – ტყუპისცალი“. 
დღეისათვის უცნობია V დინასტიის  წარმოშობის ისტორია (ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ დინასტიის დამფუძნებელი უსერკაფი რომელიმე წინა ფარაონის ან მისი ქალიშვილის ვაჟი იყო),  მაგრამ,  ალბათ,  ტახტის  უზურპაციას  ადგილი  არ  ჰქონია,  რადგან  შემოინახა  რამოდენიმე  მსხვილი  მოხელის  სახელი,  რომლებიც  ასრულებდნენ  თავიანთ  მოვალეობას  როგორც  IV დინასტიის  დასასრულს, ისე V დინასტიის  დასაწყისში.  ისტორიულად  ლეგენდის  გამოძახილი  იმაში  მდგომარეობს,  რომ  V დინასტიის  დროს  ხდება  რას კულტის  საოცარი  აღზევება. რას კულტის სამშობლო –  ჰელიოპოლისი (ეგვ. იუნუ) და  მისი  ქურუმობა  კი ძალიან  მნიშვნელოვან  როლს  თამაშობენ  ქვეყნის  პოლიტიკურ  ცხოერებაში.  V  დინასტიის  ფარაონების  პირამიდები  მცირდება  ზომაში,  მაგრამ  სამაგიეროდ ისინი აგებენ  ობელისკის  ფორმის  საკულტო  ნაგებობებს,  რომლებსაც  რას  უძღვნიან – ტრადიცია,  რომელიც  ქრება  შემდეგი  დინასტიიდან და აღარასოდეს მეორდება. ამავე   დინასტიიდან  ფარაონის  ტიტულატურაში  ჩნდება ახალი ელემენტი – „რას შვილი“.  ამიერიდან ვიდრე  ეგვიპტის  ისტორიის  ბოლომდე  ფარაონი  ხდება  „ხორი,  რას  შვილი“,  ხოლო  თავად რა  იმკვიდრებს  ცენტრალურ  ადგილს  ეგვიპტის  პანთეონში.
რელიგიური  ცვლილებების  გარდა,  შეიმჩნევა  ცვლილებები  ყოველდღიურ  ცხოვრებაშიც.  V   დინასტიიდან  უმაღლესი  თანამდებობები ხშირად  უკავიათ  არა  სამეფო  წარმოშობის  პირებსაც.  თუ  IV   დინასტიის  პერიოდში  უზენაესი  ნების  მატარებელი  ფარაონი  იყო,  თანდათან  ძალაუფლებას  მოხელეების  უმაღლესი  ფენა  იგდებს  ხელში.  ძველი  თანამდებობები,  რომლებიც არისტოკრატიას  ეკავა,  კარგავს  საერო ხასიათს  და  ძირითადად  რელიგიური  ხასიათისა  ხდება,  მაგ., ტიტულს „ურ  მაა“ – „დიდი  მხილველი“  ატარებდა  სამეფო  წარმოშობის  პირი, რომლის მოვალეობა  იყო სამხედრო  ექსპედიციების ხელმძღვანელობა, ხოლო  მეორადი ფუნქცია  – ჰელიოპოლისის  მთავარი  ქურუმის  პოსტი, V   დინასტიიდან  ამ ტიტულის  მატარებელი,  ისევ   დიდგვაროვანი არისტოკრატიის  წარმომადგენელი,  მხოლოდ  ჰელიოპოლისის  მთავარი ქურუმის  მოვალეობას  ასრულებს,  სამხედრო  ექსპედიციების  ორგანიზაცია  კი   წმინდა  საერო  თანამდებობა  ხდება,  რომელსაც  ხშირად ხელში  იგდებს  არა  სამეფო  წარმოშობის  პირი.  V   დინასტიიდან  ხდება სატაძრო  მიწების  განთავისუფლება  გადასაჭადებისაგან –  ეს  პრივილეგია  ადრე  მხოლოდ  პირამიდებისა  და  მათ  გარშემო  განლაგებული სამარხების  მიწებს  გააჩნდა  (ეგვიპტეში  სამეფო  სამარხებს  თავისი  მიწები  გააჩწდა,  მათი  მოსავალი გამოიყენებოდა მიცვალებულთათვის მსხვერპლად შესაწირად და  მიცვალებულთა კულტის მსახურთა მეურნეობისათვის). სატაძრო მიწების გადასახადებისაგან განთავისუფლება ძალიან  მნიშვნელოვანი  მომენტია, რომლის  შედეგები  უფრო გვიან  პერიოდებში  იჩენს  თავს.  ფარაონის  მიერ  მსხვილი  მოხელეებისადმი  მინიჭებულ  მიწებზე,  რომლებიც  ნელ-ნელა  მათი  ოჯახების  საკუთრებად  გადაიქცა,  დაიწყო  ჩამოყალიბება  მსხვილმა  მიწათმფლობელურმა  არისტოკრატიამ.  ამ   სოციალური  ფენის  ხელში  თავი  მოიყარა  უზარმაზარი  მიწის  ფართობმა,  რომელმაც  ერთგვარად  დაარღვია ქვეყნის სამეურნეო ერთიანობა ძველი სამეფოს I ნახევართან შედარებით, როცა ქვეყნის მთელი მიწები ფარაონის საკუთრებად ითვლებოდა. კერძო მფლობელობაში მყოფ მიწებზე გართულდა კონტროლის დაწესება, რამაც დაარღვია გადასახადების აკრეფის მწყობრი სისტემა. ქვეყნის ცენტრალური ძალაუფლების ერთიანი კონტროლის ქვეშ მოექცევა თანდათან რთულდება, რის გამოც ქვეყნის მთავარი ვეზირის თანამდებობას გამოეყო „ზემო ეგვიპტის ზედამხედველის“ თანამდებობა. მომავალში ეს თანამდებობაც ცენტრალიზებული ძალაუფლების ერთ-ერთ მუქარად გადაიქცევა.
ძალზე საგულისხმოა შემდეგი გარემოებაც: V დინასტიიდან უმაღლესი ქურუმობისა და არისტოკრატიის სამარხებში კვლავ ჩნდება ავტობიოგრაფიული წარწერები, რომლებიც ადრედინსტიურ  ეგვიპტეში იყო შემოღებული და შემდგომ, ძველი სამეფოს დასაწყისიდან, ფარაონის ძალაუფლების აბსოლუტიზმის პირობებში უკვალოდ ქრება. V დინასტიის დიდგვაროვანთა წარწერები სამეფო ავტობიოგრაფიის ტრაფარეტით არის შედგენილი. ეს ფაქტი, უდავოდ, მეტყველებს პიროვნული თვითშეგნების განვითარების შესახებ.
ყველა ეს ფაქტორი ნათლად მეტყველებს, რომ ფარაონის ერთპიროვნულ ძალაუფლებას ნელ-ნელა საძირკველი ეცლება, მაგრამ V დინასტიის  დროს  გარეგნულად  ვითარება  არ  შეცვლილა.  ოფიციალური  წარწერების  მონაცემებით  არ  შეიმჩნევა  დიდი  ცვლილებები  არც VI  დინასტიის  ხანაში,  რომელიც  ძველი  სამეფოს  დასასრულს  წარმოადგენს.  ამ  დინასტიის  დროს  ეწყობა რეგულარული  ლაშქრობები  ნუბიაში,  სადაც  ეგვიპტის  ძალაუფლება  ნილოსის  მესამე  ჭორომამდე ვრცელდება;  მიმდინარეობს  გაცხოველებული  საგარეო  ვაჭრობა.
VI  დინასტიის  ბოლო  ფარაონი,  პეპი  II,  ტახტზე  6  წლის  ასაკში ავიდა  და  94 წელიწადს  იმეფა (ძვ. წ. 2278–2184),  მაგრამ  ჩვენამდე  მხოლოდ  მისი  მეფობის  პირველი  ნახევრის  წარწერები  შემოინახა.  ალბათ,  ეს  შემთხვევითი  არ  არის.  ფარაონის  ძალაუფლება  უკვე  შერყეულია.  განსაკუთრებით  ძლიერი  ოჯახები  თავიანთ  ნომებში პირველობასა  და  ბატონობას  ჩემობენ.  ამ  პერიოდის  მდგომარეობა  კარგად  არის  აღწერილი ერთ-ერთი სამხრეთელი დიდგვაროვნის ანხტიფის სამარხის წარწერებში: ქვეყანაში  დიდგვაროვანი  ნომარქები  ბატონობენ;  ფარაონის მიწებზე  მომუშავე  გლეხებმა  დაიტაცეს  მიწების  უმრავლესობა  და აღარ  უნდათ  მორჩილება:  ეტყობა,  წყობიდან  გამოვიდა  საირიგაციო სისტემა,  რადგან  ქვეყანაში  დაიწყო  შიმშილი.  მხოლოდ  ზოგიერთი დიდი  ტაძრის  მეურნეობა  ინარჩუნებს  ძველებურ  წესრიგს.  თუმცა თავად  ანხტიფი  ჯერ  კიდევ  პატივისცემით  იხსენიებს  ფარაონს,  ამ უკანასკნელის  ძალაუფლება,  წარწერების  შინაარსით  თუ  ვიმსჯელებთ, უკვე  ნომინალურია.  პეპი  II-ის  შემდეგ  ტორინოს  პაპირუსი  ასახელებს რამოდენიმე ეფემერული  ფარაონის სახელს, რომლებიც  საოცარი  სისწრაფით,  სულ  რაღაც  თვეებში  ცვლიდნენ  ერთმანეთს.  ამგვარად,  პეპი II-ის  მეფობასთან ერთად  მთავრდება  ძველი  სამეფოს  ეპოქა,  რომელმაც ხუთ საუკუნეს  გასტანა.  პეპი  II  სიკვდილის  5–6  წლის  შემდეგ  ქვეყანა  დაიშალა ცალკეულ სამთავროებად და  დიდგვაროვან  ნომარქებს  შორის  დაიწყო  ბრძოლა  ძალაუფლებისათვის. 
ამ   პროცესის  პირველი  ნიშნები,  როგორც  ზემოთ  აღვნიშნეთ,  IV დინასტიის  დასასრულს  ჩნდება.  სწორედ  ამ   დროს  დაიწყეს  ფარაონებმა  დაქორწინება  არა სამეფო წარმოშობის  მსხვილი  ნომარქების  ქალიშვილებზე,  რაც  უფრო  ადრე  დაუშვებელი  იყო.  ამგვარი  ქორწინებების  მიზეზები  იმაში  მდგომარეობდა   რომ  ფარაონი  იძულებული გახდა   დიპლომატიური  ურთიერთობა  დაემყარებინა  საოცრად  მომძლავრებულ  ნომარქების  ფენასთან.  ამას  გარდა,  ფარაონის  იქამდე უმდიდრესი  „ორივე  თეთრი  სახლი“  საგრძნობლად  შეარყია  გრანდიოზულმა  მშენებლობებმა.  შემცირდა  მისი  კუთვნილი  მიწების  ტერიტორიაც,  რადგან  მიწების  უზარმაზარი ნაკვეთები თანდათან  დიდგვაროვანი ნომარქებისა  და  სატაძრო  მეურნეობების  ხელში გადავიდა. შემდგომი,  V–VI  დინასტიების  დროს  თვალში  საცემად  მცირდება ფარაონთა  პირამიდების  ზომები.  ამ  პროცესის  საწინააღმდეგოდ,  სულ უფრო  გრანდიოზული  ხდება  მსხვილი  ნომარქების  სამარხები.  ძალზე საგულისხმოა  შემდეგი  გარემოებაც:  სამეფო  სასაფლაოები  კარგავს თავის  მნიშვნელობას,  და  თუ  ძველი  სამეფოს  პირველ  ნახევარში უდიდეს  პატივისცემად  ითვლებოდა სამარხის  აშენება  სამეფო  პირამიდის  სიახლოვეს,  V  დინასტიის  დასასრულიდან  ნომარქები  უკვე  საკუთარ  სამფლობელოებში  იგებენ  სამარხებს.  ეს  ბუნებრივიცაა,  რადგან  ნომის  მმართველობა  ფარაონის  მიერ  მინიჭებული  თანამდებობიდან  ნომარქებმა  უკვე  დიდი  ხანია  მემკვიდრეობითად  გადააქციეს.  ამ პროცესის  ბუნებრივი შედეგი  კი  იმაში  გამოიხატა,  რომ  ფარაონმა  დაკარგა  გავლენა  საოცრად გაძლიერებულ  ნომარქებზე.  არანაკლები  საშიშროების  წყარო  გახდა  ქურუმობა,  რომელიც  ძეელი  დიდგვაროვანი  არისტოკრატიისაგან  შედგებოდა  და  რომლის  ხელში  სატაძრო  მიწების  უზარგაზარმა  ტერიტორიებმა  და  აურაცხელმა  სიმდიდრემ  მოიყარა  თავი.  ამგვარად,  „იდეალურად  ორგანიზებული  სახელმწიფო“  დაიშალა  იმ  ობიექტური  მიზეზების  გამო,  რომლებიც თვითონ  წარმოშვა.
პირველი  გარდამავალი  პერიოდი: ძვ.წ. 2181–2051  წწ. VII–X დინასტიები,  XI დინასტიის დასაწყისი 
ძველი  სამეფოს დაცემის  შემდეგ  ქვეყანაში 130 წელს  გრძელდებოდა  ანარქიის  პერიოდი.  ამ   დროის  მონაკვეთს თანამედროვე  მეცნიერებაში I გარდამავალი  პერიოდი  ეწოდება.  იგი  VII–X  დინასტიებს მოიცავს.  რა თქმა უნდა, ქვეყნის დაქუცმაცების  პირობებში ეს დინასტიები   წმინდა ნომინალურ  ხასიათს  ატარებდა.  მათი  ეფემერული  მეფეების  ძალაუფლება  ხანდახან  ნაკლებ  ტერიტორიაზე  ვრცელდებოდა, ვიდრე  რომელიმე  დიდგვაროვანი  ნომარქისა.  მანეთონის  ცნობები   იმის  შესახებ,  რომ  VII   დინასტია  შედგება  70  მეფისაგან,  რომლებიც  70  დღეს  მეფობდნენ,  უდავოდ,  ანარეკლია  იმ მძიმე  დროისა, რომელმაც  დაისადგურა  ქვეყანაში  VI დინასტიის  დაცემის  შემდეგ.  ამერიკელი მეცნიერის  ვ. ჰეისის  რეკონსტრუქციით,  VI  დინასტიიდან  IX დინასტიამდე  სულ  21   წელი  გავიდა.  აი,   როგორ.  აღწერს  ერთ-ერთი ეგვიპტელი  მემატიანე  ქვეყანაში  შექმნილ  ვითარებას;  „ქვეყანა  ინგრევა,   ძმა   ძმას   კლავს, შვილი – დედას. სისხლის  ღვარი  მოედინება ყველგან.  ტაძრები  და  სასახლეები  ცეცხლშია  გახვეული.  საითაც  გაიხედავ,  მხოლოდ  ქურდობას  და  მძარცველობას  ხედავ.  აღარ  არსებობს  ზემო  და  ქვემო  ეგვიპტის  ხელმწიფის  საიდუმლო.  მისი  ბავშვები  უპატრონოდ  არიან  ქუჩებში,  მისი  საჭურჭლე  გავერანდა.  დიდგვაროვანი  და  უბრალო,  ყველა  სიკვდილზე  ოცნებობს,  პატარები  კი ამბობენ:  ნეტავ არ  დავბადებულიყავით.  თითქოს  ქვეყანა  შემცირდა, მისი  პატრონების  რიცხვი  კი  ყოველდღე  მატულობს“.
ხანმოკლე  VIII  დინასტიის  მეფეების  ძალაუფლება მხოლოდ  მემფისსა  და  მის  ირგვლივ  მდებარე  რაიონზე  ვრცელდებოდა.  დღეს  ღიმილს  იწვევს  მათი   მცდელობა   დამსგავსებოდნენ   ძველი  სამეფოს ბრწყინვალე  ფარაონებს  მათი  სახელების  მითვისების  ხარჯზე.  ჩრდილოეთში  თარეშობდნენ  სინაის  მომთაბარე  ტომები,  სამხრეთში  თვითეული  ნომარქი  თავისი  ნომის  ერთპიროვნული  ბატონი  იყო. 
დაახლოებით  ძვ.წ. 2160  წ.  ტახტს  იპყრობს  ვინმე  ახტოი I (ანუ ნებკაურე ხეთი, დაახლ. 2160-2130 წლ), ზემო  ეგვიპტის  მეოცე  ნომის  ნომარქი  ქ. ჰერაკლეოპოლისიდან  (ეგ. ნენ-ნი-სუტ).  შუა  ეგვიპტის  ნომარქებთან  ბრძოლების  შედეგად  მან მემფისის  რაიონს  შუა  ეგვიპტის  ტერიტორია შემოუერთა. მანეთონის თანახმად, ახტოი I გაგიჟდა და ნიანგმა მოკლა. დაასაფლავეს მემფისში, რაც მიუთითებს, რომ ძველი დედაქალაქი ჰერაკლეოპოლისელების ხელში იყო.
 ახტოის მომდევნო 17 ფარაონს ტახტი ეკავათ დაახლ. 2130–2051 წლებში (ე.წ. ჰერაკლეოპოლიტური პერიოდი, IX-X დინასტიები). ჰერაკლეოპოლისის მეფეების დროს მოხდა დელტიდან სინაის ტომების განდევნა. სამხრეთ ეგვიპტეში ამ პერიოში თანდათან აღზევდა თებეს  ნომარქების ოჯახი, რომლებმაც სამხრეთ ეგვიპტის დანარჩენი ნომები დაიმორჩილეს. ჰერაკლეოპოლისელთა X დინასტიის I ნახევარში  ჰერაკლეოპოლისელ  ნომარქებსა  და  თებეს  მეფეებს  შორის მშვიდობიანი  ურთიერთობაა,  რაც,  ალბათ,  იმით  იყო  გამოწვეული, რომ  თებეს  ნომარქები  სამხრეთის  დამორჩილებით  იყვნენ  დაკავებული.  მაგრამ  მთელი  სამხრეთის  დაპყრობის  შემდეგ  თებეელებმა  იარაღი  უკვე  ჰელიოპოლისისაკენ  მოაბრუნეს.  ამ  დროისათვის  სამხრეთის ტახტზე  ადის  ენერგიული  ნომარქი  (მომავალი  მენტუხოტეპ  II),  რომელმაც  ერთიმეორის  მიყოლებით  დაიპყრო  ჰერაკლეოპოლისის  სამეფოს  ქალაქები.
თებე  (ეგვ.   უას.   ტა),   ჯერ  კიდევ   ძველი  საჭეფოს  დასასრულს, IV  ზემო  ეგვიპტური  ნომის  პატარა  უმნიშვნელო  დასახლებას  წარმოადგენდა,  მაგრამ  მისი  მმართველი  ოჯახის  თანდათანობით  მომძლავრების შედეგად  მალე  ისეთი  მნიშვნელობა  მოიხვეჭა, რომ  IV  ნომის  დედაქალაქი  გახდა  (ძველი  ჰერმონთისის   ნაცვლად).  მისი   მფარველი ღვთაება  იყო  ამონი,  რომელიც  დიდი  ეგვიპტური ომის  ღვთაების – მინის  –– ლოკალურ  ვარიანტს  წარმოადგენდა.  VII–X დინასტიების დროს  თებეს  მართავდნენ  ნომარქები,  რომლებიც  ერთი  და  იგივე  საგვარეულო  სახელს – ინტეფს – ატარებდნენ.  პირველი ინტეფების წარწერებიდან  ჩანს, რომ   ისინი  ჯერ  კიდევ გარკვეულ  ანგარიშს უწევდნენ  ჰერაკლეოპოლისელთა  დინასტიის  მეფეებს.  დაახლ.  ძვ.წ. XXII საუკუნის ბოლო მესამედში  ინტეფ I-მა  თავი უკვე   „ზემო  და  ქვემო  ეგვიპტის  მეუფედ“  გამოაცხადა, თუმცა ის მხოლოდ თებეს ნომსა და შესაძლოა მის სამხრეთით რამდენიმე ნომს ფლობდა. ინტეფ II-მ მთელი ზემო ეგვიპტის დაპყრობა მოახერხა პირველ ჭორომებამდე და სამხრეთით ჩრდ. ნუბიაც დაიკავა. მართალია, ინტეფებმა  ვერ მოახერხეს  ჰერაკლეოპოლისის  მეფეების  საბოლოო  დამარცხება,  მაგრამ  შემდგომმა  ეგვიპტურმა  ტრადიციამ  ისინი  მაინც  აღიარა  XI  დინასტიის  დამაარსებლად.  ამ დინასტიის მეხუთე  წარმომადგენელმა მენტუხოტეპ II (დაახლ. ძვ.წ. 2060–2009) ერთიმეორის  მიყოლებით  აიღო  ჩრდილოეთის  რამდენიმე  ქალაქი  და დაახლ.  2051 წ.,  მისი  სამხრეთის  ტახტზე  ასვლის  მეცხრე  წელიწადს, დაიპყრო  თვით  ჰერაკლეოპოლისიც. ამგვარად,   თებეს  ნომარქების შთამომავლმა  მთელი  ეგვიპტის  ხელმეორედ  გაერთიანება  მოახერხა. ჰერაკლეოპოლისელები  კიდევ  რამოდენიმე   წელიწადს  ებრძოდნენ მენტუხოტეპს,  მაგრამ  ამაოდ.  გაერთიანების  აღსანიშნავად  მენტუხოტებ II-მ  მიიღო  ხორის  ახალი  სახელი – სემა-ტაუი  (ორი  ქვეყნის  გამაერთიანებელი).  ქვეყნის  გამაერთიანებლად  აღიარა  იგი   ეგვიპტურმა  ტრადიციამაც.  ერთ-ერთი  ტაძრის  კედელზე  სამი ფარაონი  –  მენესი, მენტუხოტეპი  და იაჰმესი (XVIII დინ.) – მოიხსენება   როგორც ერთიანი ეგვიპტის ფუძემდებელნი მისი ისტორიის სხვადასხვა პერიოდებში. ამგვარად,  მენტუხოტეპის მეფობით  იწყება  ახალი  ეტაპი  ეგვიპტის  ისტორიაში –  მისი  ხელმეორედ  გაერთიანების  პერიოდი,  ანუ  ე.წ.  შუა  სამეფოს  ხანა.

Комментариев нет:

Отправить комментарий