среда, 14 января 2026 г.

ძველ-ბაბილონური ხანა შუამდინარეთში (ძვ.წ. I ათასწლეულის I ნახევარი)

ურის  III   დინასტიის  დაცემის  შემდეგ  ძველი  შუმდინარეთის  ისტორიაში  იწყება  ახალი  ეპოქა,  რომელიც  იწოდება  ძველბაბილონურ ხანად. ქრონოლოგიურად  იგი  მოიცავს  პერიოდს  ძვ.  წ.  2000  წლიდან 1600  წლამდე,  ანუ  ე.წ. ბაბილონის  პირველი  დინასტიის  დაცემამდე. ეს   არის  ხანა,   როცა  ერთიანი შუმერულ-აქადური  სახელმწიფოს ნანგრევებზე აღმოცენდა  მრავალი მცირე  პოლიტიკური  ერთეული, როგორიცაა: ისინის,  ლარსას,  ეშნუნას,  მარისა  და  ბაბილონის სამეფოები.   ამ   სამეფოების  ჩამოყალიბება-განვითარებაში  აქტიური როლი შეასრულა დასავლეთიდან  შემოჭრილმა  სემიტური  მოდგმის ტომების  ახალმა ტალღამ,  რომელიც ცნობილია  ამორეველების  სახელწოდებით.

პოლიტიკური  ვითარების მიხედვით   ეს   არის  პერიოდი ურთიერთ  ბრძოლისა.  ცალკეულ  სამეფოებს  გამუდმებული  ბრძოლა ჰქონდათ  პირველობისათვის.  ძვ.წ.  XX-XVIII  სს.  მანძილზე  სამხრეთ შუამდინარეთის  პოლიტიკურ  ცხოვრებაში  მნიშვნელოვან  როლს  ასრულებდნენ  ისინისა  და  ლარსას  სამეფოები.  ამის  გამო.  ძველბაბილონურ  ხანაში  ჩვეულებრივ  ცალკე  გამოყოფენ  ისინისა  და  ლარსას ეპოქას.  ძვ.წ.  XVIII-XVII  სს.  შეიძლება  მივიჩნიოთ  საკუთრივ  ბაბილონურ  ხანად,  რამდენადაც  ამ  დროს  განსაკუთრებით  გაძლიერდა ბაბილონის  სამეფო,  რომლის  ძლიერი  მეფის  ხამურაბის  ხელქვეით გაერთიანდა  მთელი  სამხრეთ  შუამდინარეთი.
სოციალურ-ეკონომიკური  ურთიერთობის  თვალსაზრისით  ეს ორი ეპოქა  არაფრით განსხვავდება  ერთმანეთისაგან.   ამდენად  სავსებით გამართლებულად  მიგვაჩნია  ძველი  შუამდინარეთის   ისტორიის  ამ მნიშვნელოვან  მონაკვეთს  ვუწოდოთ  ძველბაბილონური  ხანა, რამდენადაც  ეპოქის  დამახასიათებელმა  სოციალურ-ეკონომიკურია  და   პოლიტიკური  ცხოვრების  ყველა  მომენტმა  დასრულებული  სახე  მიიღო სწორედ  ბაბილონის  სამეფოს  ზეობის  დროს,  კერძოდ  კი – ხამურაბის მეფობისას  (1792-1750  წწ. ძვ.წ.).
ძველბაბილონური  ხანა   ხასიათდება  ერთიანი  ცენტრალიზებული სახელმწიფო  მეურნეობის  დაშლითა  და  კერძო  მეურნეობების  სწრაფი   აღმოცენება-განვითარებით.  ამ    დროისათვის  არნახული  გაქანება მიეცა  კერძო  ინიციატივას  (განსაკუთრებით  ისინისა და ლარსას ეპოქაში), რაც ადრე   მნიშვნელოვნად  იზღუდებოდა  დიდი სახელმწიფო მეურნეობების  არსებობის  პირობებში.  აქადისა  და  ურის  III   დინასტიების  დროს  ბაბილონის  სამეფო  ძლიერების  ხანაში  კვლავ  იწყებს გამტკიცებას  სამეფო  მეურნეობა,  რომელიც  თანდათანობით  იზრდება სხვადასხვა   გზით  შეძენილი  მიწების  ხარჯზე.  ეპოქის  ერთ-ერთ  ნიშანდობლივ  მომენტს  წარმოადგენს  ისიც,  რომ  ამ  ხანაში  კვლავ  წინა პლანზე  წანოიწევს  თემი,  როგორც  მოქალაქეთა  ორგანიზაციის  ძირითადი  ფორმა  და  საზოგადოების  მთავარი  ეკონომიკური  უჯრედი. 
საზოგადოების  საკმაოდ რთული  ეკონომიკური სტრუქტურისა  და ამის  საფუძველზე  აღმოცენებული  ასევე მრავალრიცხოვანი სოციალური ფენების ურთიერთობა მოითხოვდა იურიდიული ნორმების  სისტემატიზაციას.  ამიტომაც  ვითარდება  სახელმწიფოს  საკანონმდებლო  საქმიანობა, რის  შედეგადაც   შეიქმნა  არა   ერთი  და ორი  მნიშვნელოვანი  საკანონმდებლო  ძეგლი  (ისინის  მეფის  ლიფითიშთარისა  და  ეშნუნას  მეფე  ბილალამას  კანონები,  ლარსას  სამეფოს  კანონები,  ხამურაბის  კანონები  და  სხვ.),   რომლებიც  ძვირფას  ცნობებს შეიცავენ  ძველი  შუამდინარეთის  საზოგადოებრივი  ურთიერთობის მთლიანი  სურათის  აღსადგენად.  წინამდებარე  თავში  ძველბაბილონური  ხანის დროინდელი  საზოგადოების  სოციალ-ეკონომიკური  ცხოვრების  ცალკეულ  მხარეებზე  საუბარი  გვექნება  ძირითადად  ამ   ცნობების   მიხედვით.
მცირე  სამეფოები  შუამდინარეთის  ტერიტორიაზე (ძვ.წ. XX–XVIII  სს.) 
ელამელებისაგან  განსხვავებით,  რომელთა  შუამდინარეთზე ლაშქრობა ძირითადად ნადავლის  შოვნის  მიზნით  წარმოებდა,  სემიტური წარმოშობის  ტომები  ადგილობრივი  მოსახლეობის  მიერ  ამურეველებად,  ანუ  ამორეველებად  რომ  იწოდებოდნენ  (შუმერულად  „ამარ“, აქადურად  „ამურუ“  ნიშნავს „დასავლეთს“),  შემოსევების  შემდეგ  ადგილზევე  რჩებოდნენ, სახლდებოდნენ  დაპყრობილ  ტერიტორიაზე,  და დამხვდურ  მოსახლეობასთან  შერევის  გზით  შედარებით  სწრაფად  ითვისებდნენ  შუამდინარეთის ოლქებს.
სემიტი ტომების პირველი ტალღა შუამდინარეთში  შემოიჭრა დასავლეთით მდებარე სირიის  უდაბნოებიდან  ჯერ  კიდევ  ძვ.წ.   III  ათასწლეულის  დასაწყისში.  მათ  აითვისეს ჩრდილო შუამდინარეთის  ოლქები, სადაც  თავის დროზე შექმნეს კიდევაც  ძლიერი პოლიტიკური  გაერთიანება  ქ.   აქადის  მეთაურობით (XXIV-XXIII  სს.  ძვ. წ.).   ძვ.წ.   III--II  ათასწლეულების  მიჯნაზე შემოსული  სემიტი  ტომების  ახალი  ტალღა  – ამორეველები – უმთავრესად  სამხრეთ  შუამდინარეთში  მკვიდრდებიან.  მათ  პლაცდარმს წარმოადგენდა  შუა  ევფრატზე,  თანამედროვე  თელ-ჰარირის  ადგილას მდებარე  მარის  სამეფო,  რომელიც  დაარსდა  ძვ.წ.  XXVII  ს.  დასაწყისში.  იგი  იყო  ამორეველთა  პირველი  მსხვილი  პოლიტიკური  გაერთიანების  ცენტრი  სამხრეთ  შუამდინარეთის  უშუალო  სიახლოვეს. 
ამორეველთა  შუამდინარეთში  შემოჭრა  განსაკუთრებით  გაძლიერდა  მარის  ძლიერ  მმართველებთან  ბრძოლაში  ურის  III   დინასტიის   უკანასკნელი  მეფის  იბისუენას  არაერთხელ  დამარცხებისა  და   ერთიანი შუმერულ-აქადური სახელმწიფოს  დაშლის შემდეგ.  ძვ.წ. XX  ს. დასაწყისში,  ჩრდილო  და  სამხრეთ  შუამდინარეთში  სემიტი  ტომების მეთაურობით,  ჩამოყალიბდა  რამდენიმე  პოლიტიკური  გაერთიანება,   რომელთა  შორის  განსაკუთრებით  გამოირჩეოდნენ  ისინის, ლარსას,   მარისა  და  ეშნუნას  სამეფოები. 
შედარებით  უკეთაა ცნობილი  ჩვენთვის  ისინის  მეხუთე მეფის – ლიფითიშთარის –  ხანა (1940–1930  წწ.  ძვ. წ.).  1947  წელს  აღმოჩენილ  იქნა  ამ   მეფის  სახელით  შედგენილი  კანონები,  რომელიც  დაწერილია  არა  აქადურ  (სემიტურ)  ენაზე,  როგორც  ეს   მოსალოდნელი იყო,  არამედ  შუმერულად,  რაც  უეჭველად   იმაზე მიუთითებს, რომ კანონმდებელი  ამორეველი  მეფე ანგარიშს  უწევდა ადგილობრივ შუმერულ  მოსახლეობას,  რომელიც  ისინის   სამეფომი  უმეტესობას შეადგენდა.  კანონების  შესავალში  ნათქვამია,  რომ  ნიფურის,  ურისა და   ისინის  მცხოვრებთათვის  „ლიფითიშთარმა,  ისინის    მეფემ,  შუმერისა  და  აქადის  მეფემ  ...(ეს  კანონები)  ჭეშმარიტად  დაადგინა“,  შესავალს  მოსდევს  კანონების  ძირითადი  ნაწილი,   რომლიდანაც  შემორჩენილია  დაახლოებით  მეოთხედი  რაოდენობა  პარაგრაფებისა – სულ  37 მუხლი. 
ყურადღებას  იპყრობს  კანონების  მე-14 მუხლი,  რომელიც  განსაზღვრავს  სავალო მონობის  პირობებს.   აღნიშნული   პარაგრაფი ვ. სტრუვეს  თარგმანით  ასე   წარმოგვიდგება:  „თუ  (დავალიანებული) მონა  თავის  ბატონს  (ვალს)  დაუბრუნებს  (ე. ი. აუნაზღაურებს)  მუშაობით  მონური  სამსახურის  დროს  და  დაამტკიცებს,  (რომ  მან)   მონური  მუშაობით  (აანაზღაურა) თანხა  გაორკეცებით, (მაშინ)  ეს (დავალიანებული  პირი)   განთავისუფლებულ  უნდა.  იქნეს“.   ამ    კანონის მიხედვით  ნათელი  ხდება,  რომ  ისინის  სამეფოში  საკმაოდ  გავრცელებული  იყო  სავალო  მონობა.  კრედიტორს  შეეძლო  მოვალე  ვალის გადაუხდელობის  შემთხვევაში  თავისთან  ემუშავებინა  მონურ  პირობებში.  როგორც  ამ  ეპოქის  დროინდელი  იურიდიული  საბუთების  მონაცემებიდან  ირკვევა,  სავალო  კაბალის  ვადა  ხშირად  განისაზღვრებოდა  30-50  წლით  და  ზოგჯერ  მთელი  სიცოცხლითაც  კი.  კანონმდებელი  მეფე ცდილობს შეამციროს  და დაახლოებით  მაინც  განსაზღვროს  ასეთი  მონობის  ვადა,  როცა  აწესებს,  რომ  კრედიტორთან  დავალიანებულმა  პირმა  უნდა  იმუშაოს  მხოლოდ  იმდენ  ხანს,  სანამ  არ აანაზღაუოებს  ნასესხებ  თანხას  გაორკეცებით,  ე.ი. როგორც  თავს, ისე  მის პროცენტსაც  და  ამავე  დროს  თავის რჩენისათვის საჭირო  პროდუქტის  ღირებულებას.  აღნიშნული  კანონი  არის  სავალო  კაბალისა  და საერთოდ,  დავალიანების  სწრაფად  განვითარებადი  პროცესის  წინააღმდეგ  სახელმწიფოს  მიერ  ჩატარებული  ღონისძიებების  ერთ-ერთი გამოხატულება.
ლიფითიშთარის  კანონები  უფლებრივად  ერთმანეთს  უთანასწორებს  ადგილობრივ  შუმერულ  და  მოსულ,  მაგრამ  ახლა  უკვე  გაბატონებულ  სემიტურ  მოსახლეობას.  ამასთან  ერთად,  თვით  კანონების შუმერულ  ენაზე  შედგენაც  შეიძლება  გამხდარიყო  სემიტური  მოსახლეობის გარკვეული უკმაყოფილების  მიზეზი.  ჩვენთვის  უცნობია,  ამან თუ  სხვა  მიზეზებმა  განაპირობეს  ლიფითიმთარის  წინააღმდეგ  სემიტი  დიდკაცობის შეთქმულება, რომელიც  მოეწყო  მისი მეფობის  მე-11 წელს.  შეთქმულება მალე  საერთო  აჯანყებაში  გადაიზარდა,  რომლის შედეგადაც  ლიფითიშთარი  ტახტიდან  იქნა  ჩამოგდებული. 
ისინის  მომდევნო  მეფეების  შესახებ,  მათი სამშენებლო  საქმიანობის გარდა,  ბევრი  არაფერია  ცნობილი.  ყოველ  შემთხვევაში,  აშკარად ჩანს,  რომ  შუამდინარეთის  პოლიტიკურ  ცხოვრებაში რაიმე  მნიშვნელოვან  როლს ლიფითიშთარის შემდეგ ისინის სამეფო რაიმე მნიშვნელოვან როლს აღარ ასრულებდა.
ლარსას სამეფო განსაკუთრებით გაძლიერდა რიმსუენის მეფობაში (1821–1761 წწ. ძვ.წ.). თავისი  ხანგრძლივი  მეფობის  მთელ მანძილზე  იგი  აქტიურ  დაპყრობით  პოლიტიკას  ახორციელებდა;  შემოიერთა  ერიდუ, ლაგაში,  ური  და  ურუქი. მეფობის 30-ე  წელს  კი  დაამარცხა  ისინის  უკანასკნელი  მეფე  დამიქილიშუ  და შემოიერთა  მისი სამეფოც.  3  წლის  შემდეგ  რიმსუენის  გამგებლობაში  მოექცა ევფრატზე  მდებარე  ქალაქი ბაბილონიც, რომლის მეფე სინმუბალიტი რიმსუენის წინააღმდეგ გამოდიოდა ისინის მეფე  დამიქილიშუსთან ერთად.  ამიერიდან  ელამური  წარმომავლობის  მქონე  მეფის  რიმსუენის ხელქვეით  აღმოჩნდა თითის  მთელი სამხრეთ  შუამდინარეთი.  ფაქტიურად,  ეს  იყო  ელამელების  ბატონობა  სამხრეთ შუამდინარეთზე.
ჩვენამდე  მოაღწია  ლარსას  სამეფოს  იურიდიული  პრაქტიკისათვის  დამახასიათებელი  კანონების  ერთმა  ნაწილმა,  რომელიც  შედგენილი  უნდა  იყოს  ძვ.წ.   XX  ს. შუმერულ  ენაზე.  სულ შემორჩენილია  7 მუხლი,  სადაც  განსაზღვრულია  საოჯახო  სამართლის  ნორმები.
კანონთა საერთო ხასიათით  ნათელი ხდება,  რომ  იგი  მოწოდებულია გაბატონებული  ფენის  ინტერესების დასაცავად. ამ მხრივ ყურადღებას იპყრობს პირველი პარაგრაფი, სადაც  ლაპარაკია  შვილობილის  მიმართ  მშობლების  უფლებების  შესახებ. თუ  შვილობილი ურჩობას გაუწევს მამობილს, მაშინ ეს  უკანასკნელი  უფლებამოსილია დაადოს  მას  მონობის  ნიშანი  (შუბლზე  ან საფეთქლებზე  თმის  აპარსვა)   და  გაჰყიდოს  ვერცხლზე.  ძველ შუამდინარეთში  ცნობილი  და  საკმაოდ  გავრცელებული  იყო  შვილად  აყვანის  პრაქტიკა.  შეძლებული პირი  იურიდიულად  გააფორმებდა   ჩვეულებრივი  ღარიბი  მეთემის შვილად  აყვანას,  რის  შემდეგაც  ნაშვილები  ვალდებული  იყო  ემუშავა მამობილის  სახლში,  სადაც  მას მონურ  მდგომარეობაში  უხდებოდა  ცხოვრება.  თუ  გავითვალისწინებთ შვილად  აყვანის  ნამდვილ შინაარსსა  და  მიზანს,  მაშინ  ნათელი  გახდება  რომ  ლარსას  სამეფოს კანონების  ზემოხსენებული  პარაგრაფი  საზოგადოების  შეძლებული ფენის  ინტერესებს  იცავს.
საერთოდ,  ისინისა  და  ლარსას  ეპოქაში  (XX-XXVIII  სს.  ძვ.წ.), ცენტრალიზებული  სახელმწიფო  მეურნეობის  არარსებობის  დროს, ფართო  გასაქანი  მიეცა კერძომესაკუთრული  მეურნეობის  განვითარებას. ეს  არის  კერძო  ინიციატივის  აყვავების  ხანა.  განსაკუთრებით  განვითარდა  მევახშეობა.  ნიშანდობლივია  ის  გარემოებაც,  რომ  ლარსადან მომდინარე  იურიდიულ საბუთებში  ძალზე  ხშირად  იხსენიება  ცნობილი  მონათვაჭარი  და  მევახშე  ბალმუნამხე,  რომლის სავალო  კაბალაში მოქცეული  იყვნენ საზოგადოების  არა მარტო დაბალი,  არამედ საკძაოდ მდიდარი  და  გავლენიანი  ფენების  წარმომადგენლებიც. 
იურიდიული  საბუთების  მონაცემებით,  გარკვევით  შეიმჩნევა  ქონებრივი  დიფერენციაცია  თემში.   სწრაფი   ტემპით  ხდება   წვრილი მწარმოებლების  გაღატაკება,  რომლებიც  ყიდიან  თავის  რჩენის  უკანასკნელ იმედს – მიწის   ნაკვეთს.  ძალზე ხშირია  ვალის დაფარვის მიზნით  საკუთარი  შვილებისა  და  თვით  საკუთარი  თავის  მონად  გაყიდვის  შემთხვევებიც.  ბალმუნამხეს  პირად  არქივში  აღმოჩენილ  ერთ საბუთში  ნათქვამია,  რომ  მშობლებმა  თავისი  შვილი  სახელად  სინმაგირი  მიჰყიდეს  ბალმუნამხეს  20  სიკლ  (1   სიკლი=8,4  გრ)  ვერცხლად. ასევე  მშობლებისაგან  იყიდა  ამავე პირმა  20  სიკლად  ვინმე ხაზიზუმი. ერთი დოკუმენტის  ცნობით,  ვალში  გაიყიდა  პიროვნება,  სახელად  იშთარელათი.  მეორე  დოკუმენტში რომელშიც  მყიდველად  ისევე  ბალმუნამხეა  მოხსენიებული,  ნათქვამია,  რომ  ვინმე  ილუმაბი  საკუთარ  თავს ყიდის  40  სიკლ  ვერცხლად.  მსგავსი  შინაარსის  იურიდიული  საბუთები  ცნობილია  ქალაქ  ისინიდან  და  ამავე  ეპოქის  დროინდელი  ურიდანაც.
ბაბილონის  აღზევება.  ხამურაბი
შუამდინარეთის  ცენტრალურ  თუ  განაპირა  ოლქებში  მდებარე წვრილ  პოლიტიკურ  ერთეულთა  შორის  პირველობისათვის  წარმოებულ  ბრძოლაში  ძვ.  წ.  XVIII  ს.  აქტიურად  ებმება  შუა  ევფრატზე მდებარე  ქალაქი  ბაბილონიც,  რომელმაც  დიდ  სიძლიერეს  მიაღწია  ბაბილონის I ამორეული  დინასტიის  მეექვსე  წარმომადგენლის  ხამურაბის   დროს.
იქ,   სადაც  მდინარეები  ტიგროსი   და   ევფრატი  ყველაზე  უფრო უახლოვდებიან  ერთმანეთს,   ჯერ   კიდევ    წინასარგონიდულ  ხანაში (XXVI-XXV  ს.   ძვ.წ.)   აღმოცენდა  პატარა  ქალაქი,  რომელიც  შემდეგ  ისტორიაში  ბაბილონის  სახელით  გახდა  ცნობილი.  აქადურ  ენაზე   ბაბილი  ნიშნავს  „ღვთის  ჭიშკარს".  შუმერები  მას   უწოდებდნენ ქადინგირას,  რაც  აქადური  სახელწოდების  პირდაპირ  თარგმანს  წარმოადგენს.  „ბაბილონი“  ამ  სახელის  ბერძნული  ფორმაა. 
ძვ.წ. XIX  ს. დასაწყისში მუამდინარეთში შემოიჭრნენ ამორეველთა  ტომების  ახლი ტალღები   სუმუაბუმის მეთაურობით. ძვ.წ. 1895 წ. ახლოს  ამ უკანასკნელმა ხელში ჩაიგდო  ისინის  სამეფოს  ჩრდილოეთი  ნაწილი,  სადაც  დააარსა  ახალი სამეფო,  რომლის  ცენტრი  გახდა  ქალაქი  ბაბილონი.  ამორეველთა  დინასტიის  პირველი  წარმომადგენლები  არცთუ  ისე  აქტიურად  გამოდიოდნენ პოლიტიკურ  ასპარეზზე. მათი მოღვაწეობა ძირითადად სააღმშენებლო საქმიანობით შემოიფარგლებოდა.  ამ   დროისათვის  ბაბილონის  გაძლიერებისათვის  არ  იყო შექმნილი  სათანადო  პოლიტიკური  ვითარება  შუამდინარეთში.
დინასტიის დამფუძნებელი იყო სუმუ აბუმი, რომელიც დაახლ. 1895-1881 წლებში მეფობდა. მან დამოუკიდებლობა ამორეველთა ქალაქ-სახელმწიფო კაზალუსგან მოიპოვა, რომელიც თავისი მეფობის მე-13 წელს თვით სუმუ აბუმმა გაანადგურა. ამ პერიოდში ბაბილონი ძალიან პატარა და უმნიშვნელო ქალაქი იყო, რის გამოც მისი მფლობელი სუმუ აბუმი თავს არა ბაბილონის, არამედ მეზობელი ქალაქ კისურას მეფედ აცხადებს თავს. მეფობის მესამე წელს სუმუ აბუმმა მანანას დინასტიის სამეფოს წაართვა ქალაქე ელიპი, ხოლო მეათე წელს ქალაქი ქიში. მართალია ლარსამ იგი წაართვა, თუმცა მე-13 წელს ისევ დაიბრუნა.
შემდგომ მეფობდა სუმუ-ლა-ელი (1881-1845), რომლის შესახებ ცოტა ცნობებია მოღწეული. მეფობის საწყისი წლებიდან მოყოლებული ომები ჰქონდა მარადისა და კაზალუს მეფე ალუმბიუმუსთან, რომელიც გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, რის გამოც ქალაქ ბაბილონის კედლებს ამაგრებდა. არაერთხელ დაკარგა ქალაქი დილბატი, თუმცა ბოლოს მაინც დაიბრუნა.
მეფობის მე-12 წელს სუმუ-ლა-ელმა ხელახლა დაიპყრო ქალაქი ქიში, სადაც ააშენა ღმერთ ზაბაბას ტაძარი. 
მეფობის მეჩვედმეტე წელს დაიწყო ომი კაზალუს ახალ მეფე იახცირ-ელემთან. ამით ისარგებლა ქიშმა და დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საპასუხოდ ბაბილონის მეფემ დაანგრია ქიშის კედლები.
მეფობის 24-ე წელს სუმუ-ლა-ელმა საბოლოოდ დაამარცხა კაზალუს მეფე და შემოიერთა კაზალუ და ბარზი. მაშინ სუმუ-ლა-ელის უზენაოსობა აღიარა ქალაქმა სიპარმა, სადაც მმართველად მეფემ გაგზავნა თავისი ძე საბიუმი. პარალელურად კავშირი დამყარდა ურუქთან, რაც განმტკიცდა ქორწინებთ. მისი ქალიშვილი, შალურტუმი, დაქორწინდა ურუქის მეფე სინ-კაშიდზე.
სუმუ-ლა-ელმა გაიყვანა ახალი არხები და ზრუნავდა ბაბილონის მთავარ ღმერთ მარდუქზე. მეფობის ბოლოს დამარცხდა ლარსას მეფესთან და დაკარგა კაზალუ.
შემდგომ მეფობდა მისი ძე საბიუმი (1844-1831). ამ დროს სამეფო ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გუგუადან და სიპარიდან დილბატამდე ვრცელდებოდა. მას იამუტბალის ტომთან ერთად ომი ჰქონდა კაზალუსა და ისინის კოალიციასთან, რომელშიც გაიმარჯვა; კაზალუ აიღო და დაანგრია.
საბიუმი აქტიურ მშენებლობებს აწარმოებდა. მეფობის მეშვიდე წელს ააგო ტაძარი სიპარში. მერვე წელს განაახლა დილბატში ღმერთ ურაშის ტაძარი. მეცხრე წელს ბაბილონში ააგო მარდუქის სახელობის ტაძარი ესაგილა, რომელიც ბაბილონის მთავარი ტაძარი გახდა.
ამ დროისთვის ბაბილონის მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენდნენ ელამელები, რომლებმაც მოიპოვეს ბატონობა სამხრეთ შუამდინარეთზე.  მათი  დასაყრდენი  პუნქტი  გახდა  ლარსა,  სადაც  მეფობდნენ  ელამელი  უფლისწულები  ვარად-სინი  და  რიმ-სინი.
ბაბილონის გაძლიერებით შეშფოთებულმა მეზობლებმა, ეშნუნას და ლარსასა და ურუქის მეფეებმა საკავშირო ხელშეკრულება გააფორმეს ბაბილონის წინააღმდეგ.
ბაბილონის შემდეგი მეფე იყო საბიუმის ვაჟი აპილ-სინი (ძვ.წ. 1831-1813). ის საზღვრების გასამაგჰრებლად აგებდა სიმაგრეებს. მან მიაღწია ტიგროსის ნაპირებს და დაიკავა ქალაქები უპი და მანკისუმი, თუმცა მეზობლებმა შეკრეს კავშირი და აიძულეს ბაბილონელებს ეს მიწები ისევ დაეთმოთ.
შემდგომ მეფობდა აპილ-სინის ვაჟი სინ-მუბალიტი (ძვ.წ. 1813-1792). მან ბაბილონელ მეფეთაგან პირველმა დაიწყო სამხრეთით ლაშქრობა. სინ-მუბალიტმა ლარსას მეფე რიმ-სინის (1823-1763) წინააღმდეგ კავშირი შეკრა ურუქთან, ისინთან და რაპიკუმთან, თუმცა დაახლ. ძვ.წ. 1810 წელს რიმ-სინმა გაანადგურა კოლაიციის ლაშქარი. 7 წლის შემდეგ ბაბილონს მოუწია ქ. დილმატის დათმობა და მარადის კედლებით გამაგრება ელამელთა მოსაგერიებლად.
ძვ.წ. 1802 წელს ურუქზე საომრად დაიძრა რიმ-სინი. ურუქის მეფემ ანამმა შეახსენა მოკავშირეობა და ნათესაური კავშირები სინ-მუბალიტს, თუმცა ბაბილონელმა მას დახმარება არ აღმოუჩინა. რიმ-სინმა აიღო ურუქი და დაიპყრო.
ძვ.წ. 1799 წელს რიმ-სინის ვასალი ქალაქ ურის ლაშქარი ბაბილონს თავს დაესხა. სინ-მუბალიტმა გაიმარჯვა, თუმცა მაინც მოუწია რიმ-სინის უზენაესობის აღიარება (1798 წ.) და ისინი ერთად ებრძოდნენ ისინის მეფე დამიკ-ილიშს. ძვ.წ. 1795 წელს გარკვეული დროით ქალაქი ისინი ბაბილინის მეფეს დაექვემდებარა.
სინ-მუბალიტი პირველი მეფე იყო, რომელიც ტიტულს „ბაბილონის მეფე“ ატარებდა. ბოლო წლებში იგი ამაგრებდა ქალაქების კედლებს და მშვიდობის შესანარჩუნებლად მორჩილებდა ელამელ რიმ-სინს.
ამავე  პერიოდს  ემთხვევა  ჩრდილო  შუამდინარეთის  ქალაქ  აშურში  ამორეველთა ერთ-ერთი  დინასტიის წარმომადგენლის შამშიადად I-ის (1810-1775) გაძლიერებაც. მან თავის  ხელისუფლებას   დაუმორჩილა  მთელი ჩრდილო  შუამდინარეთი  და  მიაღწია  იმასაც,  რომ  დაიპყრო  ქალაქი ეშნუნა,  ხოლო დასავლეთით  – ევფრატისპირა  ოლქები.  მან  ქალაქ მარში  (მდ. ევფრატის  შუა  წელზე)  მეფედ  დასვა  თავისი  შვილი  იასმახადადი.
ასეთ რთულ ვითარებაში, ძვ.წ. 1792 წელს ჯანმრთელობის გაუარესების გამო სინ-მუბალიტმა ტახტი თავის ვაჟს ხამურაბიმ  (ძვ.წ. 1792-1750) გადააბარა. ამ დროისთვის ბაბილონის სამეფო მოიცავდა აგრეთვე ქალაქებს: სიპარს, ქიშს, კუტას (გუდუას), ბორსიპას, დილბატსა და მარადს.
 თავისი  მეფობის  პირველ  ხანებში  იგი  იძულებული  იყო  ეცნო,  ერთი მხრივ, რიმ-სინის  უზენაესობა, ხოლო, მეორე მხრივ, მარის პრეტენზიები ბაბილონის  მიმართ, რაც ფაქტიურად აშურის  მეფე  შამმიადადმი  მორჩილებას  ნიშნავდა.
შექმნილ რთულ პოლიტიკურ ვითარებაში არ იყო საკმარისი მარტო სამხედრო ძალაზე დაყრდნობა. საჭირო იყო ფრთხილი და მოქნილი დიპლომატიის წარმოებაც. ხამურაბს ჰქონდა საკმაო ენერგია, შეექმნა ძლიერი არმიაც და ჰქონდა სათანადო ნიჭი რთული დიპლომატიის საწარმოებლად. იგი ცდილობდა არ გაეწყვიტა კავშირი ჩრდილოეთ მეზობლებთან, კერძოდ კი მარის მმართველთან, რათა შესაძლებლობა ჰქონოდა მის მხარდამხარ გამოსულიყო მომავალაში სამხრეთ შუამდინარეთში გაბატონებული საერთო მტრის წინააღმდეგ. ამავე დროს მან, პირველ ხანებში მოჩვენებითი მეგობრობაც კი დაამყარა ლარსას  მეფე  რიმ-სინთან,  რომლის  მხარდაჭერით  თავისი  მეფობის  მე-7  წელს  დაიპყრო  კიდევაც  ურუქი და  ისინი.  ადგილობრივი მოსახლეობის თავის მხარეზე გადმობირების  მიზნით შემოერთებულ ტერიტორიაზე  ხამურაბიმ  ჩაატარა  გრანდიოზული  სამეურნეო  სამუშაოები;  რაც  მთავარია,  გაიყვანა  დიდი  სარწყავი  არხი, რომელსაც უწოდეს  „ხამურაბის  სიმდიდრე“. ისინის მოსახლეობის ნაწილი გადმოასახლეს მარადში.
შემდგომ წელს მოკავშირეობა დაირღვა ლარსასთან, რასაც მოჰყვა ომი. საბოლოოდ ხამურაბის მოუწია რომ-სინისათვის ურუქისა და ისინის გადაცემა.
ამის  შემდეგ მან  ყურადღება  მიაქცია  სამხრეთ  შუამდინარეთის  ჩრდილოეთით  მდებარე ოლქების შემომტკიცების  საკითხს,  რათა  ამით  შეექმნა  მტკიცე ბარიერი ლარსას წინააღმდეგ და დაარბია ქალაქი მალგიუმი ირგვლივ სოფლებით.
ძვ.წ. 1783 წელს ხამურაბიმ უარი უთხრა ეშნუნას მეფეს კავშირზე და მოკავშირედ გაიხადა ასურეთის მეფე შამში-ადადი. მართალია კავშირი ასურეთს უფრო უზენაესად აცხადებდა, თუმცა ბაბილონი იღებდა ქალაქების იტისა და რაპიკუმის დაპყრობის უფლებას, რომლებიც ეშნუნას ვასალები იყვნე შუა ევფრატზე და ამიერიდან ბაბილონელებმა დაიპყრეს.
1779 წელს ეშნუნას მეფე დადუშის სიკვდილის გამო მისადმი გავლენის გავრცელების საკითხმა ხამურაბსა და ასურეთს შორის ცოტა ხნით ომი გამოიწვია, რომელიც მალე შერიგებით დასრულდა და ხამურაბმა, შამში-ადადმა და ეშნუნას ახალმა მეფე იბალ-პი-ელემ II-მ (1779-1765) ერთად ილაშქრეს მალგიუმის მეფის წინააღმდეგ და აიძულეს ხარკის გადახდა.
შამშიადად I-ის გარდაცვალების შემდეგ (ძვ.წ. 1775 წ.) ხამურაბი აქტიურად  ჩაერია  მარის საშინაო  საქმეებში. მისი  დაამარებით  მარის სამეფო  ტახტი  დაიჭირა  ადგილობრივი  დინასტიის  წარმომადგენელმა ზიმრი-ლიმმა (1775-1759).  ამით ხამურაბიმ ორი საქმე  გააკეთა:  თავიდან  მოაიცილა  მისთვის  არასასურველი,  ძლიერი  ზურგის  მქონე  მმართველი  იასმახადადი  და  მეგობრად  გაიხადა  ახალი  მეფე.  ზიმრილიმთან  მიმოწერამი  ხამურაბი  მას  ძმად  მოიხსენიებს  და  ჰპირდება  ყოველგვარ  დახმარებას  სამეფოს  საშინაო  თუ  საგარეო  საქმეების  გადაწყვეტისას,  ამ დახმარების  წყალობით,  როგორც აღვნიშნეთ, მარის სამეფო  დიდად გაძლიერდა,  რის  შედეგადაც  საბოლოოდ  აღიკვეთა  დასავლეთიდან მომთაბარე  ტომების  შემოსევები,  ამით  უშიშარი  და  დაცული  გახდა ბაბილონის  სამეფოს  დასავლეთი  საზღვარი.
დაახლ. 1772 წელს ელამის მეფე შარუქდუხი ეშნუნას მეფე იბალ-პი-ელემ II-სთან ერთად შემოესია ბაბილონის კუთვნილ ქალაქ რაცამას, მაგრამ ხამურაბმა დაამარცხა და ქალაქი დაიხსნა.
ხამურაბი  ძალზე  უფრთხილდებოდა  ზიმრილიმთან მეგობრულ კავშირს.  საგარეო  საქმეებში შეთანხმებული  მოქმედების  უზრუნველყოფის  მიზნით  თავის  კარზე  მან  ზიმრილიმს  დაუნიშნა  მუდმივი  წარმომადგენელი.  ყოველივე  ეს  ბაბილონის  მეფეს  უქმნიდა  ბრწყინვალე შესაძლებლობებს  თავისი  მტრების  წინააღმდეგ მსხვილი სამხედრო ოპერაციების ჩასატარებლად. მეფობის 30-ე წელს, ზიმრილიმთან შეთანხმებითა  და  მისივე  დახმარებით,   ხამურაბიმ  გაილაშქრა  შუამდინარეთის  ჩრდილოეთით  მდებარე  ოლქების  წინააღმდეგ,    რომელსაც  მაშინ  სუბართუს  საერთო  სახელით   იცნობდნენ.  ამ   ოპერაციის მთავარ  შედეგს  წარმოადგენდა  ეშნუნას  დაპყრობა,  რომელიც  მდებარეობდა  ელამის  დასავლეთი  ოლქების უშუალო სიახლოვეს.  ამ   დროს მან პირველი  მნიშვნელოვანი  დარტყმა  აგემა  ეშნუნას  დასახმარებლად მოსულ  ელამის  ლაშქარსაც.
ჩრდილოეთ  შუამდინარეთში  გამაგრება  სტრატეგიული  თვალსაზრისით  ძალზე  სასარგებლო  იყო  როგორც  ბაბილონის,  ისე  მარის  სამეფოსათვის.  ამიერიდან  დაცული  იყო  ჩრდილოეთი  საზღვარი  ზაგროსის მთიანეთში მცხოვრები ტომების შემოსევისაგან.  ამას  ჰქონდა  დიღი ეკონომიკური  მნიშვნელობაც.  ამ   მხრიდან  სამხრეთ  შუამდინარეთში შემოჰქონდათ  მეტალი  და   ხე-ტყე.   ამ    ოლქებზე  გადიოდა  სავაჭრო- საქარავნო  გზები,  რომლებიც  მიემართებოდა  სამხრეთიდან  ჩრდილოეთით  მცირე  აზიისაკენ,  აღმოსავლეთიდან  კი   დასავლეთისაკენ  ხმელთაშუა  ზღვის  სანაპიროებამდე.
ამ დროისთვის შუამდინარეთის დაბლობს ელამის სამეფოს ჯარები უტევდნენ. მათ გაანადგურეს ეშნუნს სამეფო, მეზობელი რამდენიმე ქალაქი და ღრმად შემოვიდნენ დაბლობზე. მაშინ ხამურაბმა და ლარსას მეფემ ანტიელამური კოალიცია შეკრეს და მეტოქე ქალაქ ეშნუნასთან სასტიკად დაამარცხეს, თუმცა კი ლარსას მეფემ ამ პროცესში უმნიშვნელო არმიით მონაწილეობდა. ხამურაბმა რიმ-სინს ეს შეთანხმების დარღვევად ჩაუთვალა და 
ამ   გამარჯვებიდან  ერთი  წლის  შემდეგ,  ძვ.წ. 1763  წ. გაილაშქრა  რიმ-სინის  წინააღმდეგ და დაამარცხა.  ხამურაბი  ერთ  თავის  წარწერაში  სიამაყით  მოგვითხრობს,  რომ  მან  „ღვთაება  ანუსა და  ენლილის  დახმარებით  გაანადგურა  ემუთბალის  ქვეყანა  (ელამის  ერთ-ერთი  ოლქი)  და   რიმ-სინი“.   ამ   უკანასკნელმა  გაქცევით  უშველა  თავს და ზაგროსის მთებს შეეფარა. ლარსას  სამეფო შეუერთდა ბაბილონის  სამეფოს,  ამრიგად, ხამურაბის ხელქვეით  აღმოჩნდა  მთელი სამხრეთ  შუამდინარეთი. მალევე განადგურებულ იქნა ქალაქი ეშნუნაც.
მეზობელი  მეფის  ასეთი  გაძლიერება  კარგს  არაფერს  უქადდა  მარის  სამეფოს.  ადრე  თუ  გვიან  იგი  იძულებული გახდებოდა  დამორჩილებოდა  ბაბილონის  მეფის  ხელისუფლებას.  ვერც  ბაბილონი  მოითმენდა  მის  სიახლოვეს  დამოუკიდებელი  სამეფოს  არსებობას.  ზიმრილიმისა  და  ხამურაბის  მეგობრობაში  პირველი  ბზარი  მაშინ  გაჩნდა, როცა  რიმ-სინის  წინააღმდეგ  ლაშქრობისას  მარის  მეფემ  თავი  აარიდა  ძლიერი  მოკავშირისათვის სამხედრო ძალით  დახმარებას.  ეს გახდა საბაბი ხამურაბისათვის საბოლოოდ  გაესწორებინა  ანგარიში  მარის სამეფოსათვის. თავისი  მეფობის  32-ე  წელს  ხამურაბი  შეიჭრა  ზიმრილიმის  სამეფოში,  დაიპყრო  მარი  და  მისი  მოკავშირე  ოლქები.  როგორც  ჩანს, ზიმრილიმი,  ვერ  შეურიგდა  დამორჩილემულის  მდგომარეობას,  რამაც  გამოიწვია ხამურაბის  მეორე  ლაშქრობა  მარში.  მეფობის 35-ე (ძვ.წ. 1759) წელს მოწყობილი  დამსჯელი  ექსპედიციის  დროს  ხამურაბიმ  გაანადგურა  მარი,  ძირფესვიანად   მოთხარა   ქალაქის  კედელი და  იავარქმნა  ზიმრილიმის  ბრწყინვალე  სასახლე.
ხამურაბი ჩრდილო მესოპოტამიის კონტროლისთვის ასურეთის მეფე იშმე-დაგან I-თან გაჭიანურებულ ომში ჩაება. ორივე მეფემ კი უპირატესობის მოსაპოვებლად მცირე სახელმწიფოებთან დადო ალიანსი. საბოლოოდ, ხამურაბიმ გაიმარჯვა და იშმე-დაგან I-ზე (1797-1759) მისი სიცოცხლის ბოლოს წელს. ასურეთის ახალი მეფე, მუტ-აშკური, იძულებული გახდა ხარკი გადაეხადა ხამურაბისთვის. შედეგად ბაბილონის ხელთ აღმოჩნდა ტიგროსის ზემო დინების  რაიონში  მდებარე  ოლქები და 1756 წელს განადგურებულ და შემოიმტკიცებულ იქნა ეშნუნაც.
ამგვარად,  ბაბილონის  ჰეგემონობით  კვლავ  გაერთიანდა  შუამდინარეთის  უდიდესი  ნაწილი.  ხამურაბის  სამეფომ პირველი ადგილი  მოიპოვა  წინა  აზიის მეზობელ  ქვეყნებს  შორის.  იგი გახდა  უდიდესი  სავაჭრო  გზების   გამგებელი. როგორც  ხამურაბის წარწერებიდან  ჩანს,  მას   დაუმორჩილებია   აღმოსავლეთით  მდებარე ელამის  რიგი  ოლქები,  ხოლო  თავისი  სავაჭრო-ეკონომიკური  გავლენის ქვეშ  მოუქცევია  მცირე  აზიის დასავლეთი  ოლქები  და  სირია  თითქმის ხმელთაშუა  ზღვის  სანაპიროებამდე.  შესაძლებელია  ამ    დროისათვის დაემყარებინოს  მას  კავშირი შორეულ  ეგვიპტესთანაც.
მართველობის ბოლოს ხამურაბის იმპერის ყოველი მხრიდან შემოეტების მოგერიება უწევდა და ტერიტორია მკვეთრად მცირდებოდა. 1751 წელს მეფე ტიგროსისა და ევფრატის სანაპიროების გასამაგრებლად  კედლებს აგებს სამეფოს  ჩრდილოეთი  და  ჩრდილო-აღმოსავლეთი  საზღვრის  გამაგრებისათვის და პირველ რიგში ქალაქ სიპარის დასაცავად.
დაახლ. 1750 წელს ხამურაბი ძლიერი ავად გახდა. მის სიკვდილამდე კი ძალაუფლება ხელში ჩაიგდო მეფის ერთ-ერთმა ვაჟმა სუმსუ-ილინამ (ძვ.წ. 1750-1712).
სოციალურ-ეკონომიკური  ურთიერთობა  ძვ. წ.  XVIII  ს. ბაბილონში
ხამურაბის  დროინდელი  საზოგადოება  შეიძლება  გავყოთ  თავისუფალ  და  არათავისუფალ  ნაწილებად. დაყოფა  გულისხმობს  ცალკეული  ფენების  არსებობასაც  ამა   თუ  იმ   სოციალური  კატეგორიის სახით.  ასეთი  ფენების  გამოყოფას  კი  შეიძლება  საფუძვლად  დაედოს საზოგადოებაში  თითოეული  მათგანის  ეკონომიკური  და სოციალური მდგომარეობა.  ამ   უკანასკნელი  ნიშნის  მიხედვით  თავისუფალთა  კლასი: იყოფა  ორ  მთავარ  ჯგუფად:  1. სრულუფლებიანი  მესაკუთრე  (მიწის ნაკვეთისა,  მონებისა),  რომელსაც  ხამურაბის  კანონები  იცნობს  ზოგადი  ტერმინით  ავილუმი  (ან აველუმი) –  „კაცი“  და  2.  არამესაკუთრე და არასრულუფლებიანი, მუშქენუმი – „თაყვანისმცემელი (მეფისა)“. რაც შეეხება  საზოგადოების უუფლებო  ნაწილს,  მას  შეადგენდნენ მონები  –  ვარდუმი,  რომელთაც  არამცთუ  არავითარი  საკუთრება  არ  გააჩნდათ,  არამედ,  პირიქით,  თვითონვე  წარმოადგენდნენ  მეფის, ტაძრის  ან  ცალკეული  პირების  საკუთრებას.  განვიხილოთ  უფრო  დაწვრილებით  თითოეული  ამ  კატეგორიის  სოციალური  და  ეკონომიკური  მდგომარეობა. 
ძველბაბილონურ ხანაში ავილუმთა სოციალური ფენა აერთიანებს არა მარტო მსხვილ  მიწათმფლობელებს,  მონათმფლობელებსა და  მსხვილ  ვაჭრებს,  არამედ  წვრილ  მწარმოებლებსაც,  რომლებსაც ჰქონდათ  საკუთარი  მეურნეობა,  წარმოების  საკუთარი  საშუალებები და  ამის  საფუძველზე  შეადგენდნენ ტერიტორიული  თემის სრულუფლებიან  წევრებს.
ძველბაბილონური  საზოგადოების  დროინდელი  ავილუმთა  ფენა საკმაოდ სწრაფ  ქონებრივ  დიფერენციაციას  განიცდის.  ეს   განსაკუთრებით  შეეხება  თემის  წვრილ  მწარმოებელთა  მასას.  ხამურაბის  კანონების  და  სხვა  სახის  იურიდიული  დოკუმენტების  მონაცემები  არაერთხელ  მიუთითებენ  წვრილ  მწარმოებელთა გაღატაკებისა  და  სავალო  კაბალაში  ჩავარდნის შემთხვევებზე.  მსესხებელი  ავილუმი  ხშირად იძულებულია  კრედიტორთან  დააგირაოს  საკუთარი  ოჯახის  წევრები,  მათ  შორის  ცოლი  და  შვილები,  რომელთაც  მევალის  სახლში უნდა  ემუშავათ მონურ მდგომარეობაში. ხშირი  იყო შემთხვევები,  როცა დავალიანება აღმოჩენილი  ავილუმი  ვალის დასაფარავად  ყიდიდა საკუთარი  ოჯახის წევრებს  და საკუთარ  თავსაც  კი.  მევახშეობის  ზრდისა  და  ავილუმთა  ფენის  სწრაფი  გაღატაკების  შესაჩერებლად  ხამურაბი ცდილობს დააწესოს გადასახდელი პროცენტის მავსიმუმი, ფულადი სესხისათვის 33%, ხოლო მარცვლისათვის – 20%.  ასევე  შეამცირა  მან  სავალო  კაბალის  ვადაც.  თუ  ლიფითიშთარის  კანონების  მიხედვით  ეს  ვადა განისაზღვრებოდა ზოგადად  იმ  დროით,  რომლის  განმავლობაში  მოვალე  შეძლებდა  თავისი  მუშაობით  კრედიტორისათვის  აენაზღაურებინა ვალი ორმაგად,  ხამურაბის  კანონების  117-ე მუხლით  ეს  ვადა  განისაზღვრა  3  წლით.  აღნიშნულ  პარაგრაფში  ნათქვამია:  „უკეთუ  კაცს  მართებს  ვალი  და ვერცხლმი  მისცემს  (ე.ი.   გაყიდის)  ან   სავალო  კაბალამი  გადასცემს  თავისს  ცოლს,  თავის  ვაჟიშვილს  ან თავის ქალიშვილს,  მათ  უნდა  იმსახურონ მყიდველის  ან  გამსესხებლის  სახლში  3   წელიწადი;  მეოთხე  წელიწადს  ისინი  უნდა  გაათავისუფლონ“.  ეს  იყო  კანონმდებელი  მეფის  ერთგვარი  ცდა  დაეცვა ავილუმთა  წრის  წარმომადგენლები  სავალო  კაბალისაგან.  ქონებრივი დიფერენციაცია, რა თქმა უნდა, შესაბამისად იწვევდა  ავილუმთა შორის უფლებრივი  განსხვავებულობის წარმოშობას   რაც  აისახა  კანონმდებლობაშიც.  ხამურაბის  კანონების  203-ე  მუხლის  მიხედვით  ის   ავილუმი,  რომელიც  გაარტყამდა  სახეში  უფლებრივად  თავის  ტოლ  კაცს, ვალდებული  იყო  გადაეხადა შეურაცხყოფილისათვის 1 მინა  (505  გრ) ვერცხლი;  ხოლო   202-ე   მუხლში   ვკითხულობთ:   „უკეთუ   კაცი სილას  გაარტყამს  მასზე   უფრო  მაღლა  მდგომს,  მას  კრებაზე  (ე.   ი. საჯაროდ)  60-ჯერ  უნდა დაარტყან  ხარის  ტყავის  მათრახი“,  აქ   ნათლად  ჩანს  ხამურაბის  ეპოქის  დროინდელი  ავილუმთა  ფენის  სოციალური  დიფერენციაციის  სურათი.
საზოგადოების  თავისუფალთა  ფენას,  ავილუმებთან  ერთად,  შეადგენდნენ  მუშქენუმებიც.  ტერმინი   მუშქენუმი ითარგმნება, როგორც „თაყვანიმსცემელი, მორჩილი“. ეს არის ადგილობრივი მცხოვრები,  რომელიც   იმყოფება   მეფის  სამსახურში   და  სარგებლობს  სახელმწიფო  მიწის   ნაკვეთით,  რაც  გადაეცემა  მას  სამსახურის პირობით.  ძველბაბილონური  ეპოქის  დროინდელი  კერძო  პირთა  წერილები  გვაწვდიან  ზოგიერთ  საინტერესო  ცნობას  მუშქენუმის,  როგორც  მეფის  მსახურეული  ფენის  წარმომადჯენლის,  საზოგადოებრივი მდგომარეობის  შესახებ.  ერთ-ერთი  ასეთი  წერილის  გამგზავნი  ატყობინებს ადრესატს,  რომ  მას  არ შეუძლია შეასრულოს დავალებული  საქმე:  „ნუთუ  შენ  არ  იცი,  რომ  მე  მუშქენუმი  ვარ?,  „ნუთუ  შენ  არ იცი  ჩემი  დამოკიდებული  სამსახურებრივი  მდგომარეობა?“.  მეორე წერილში  შვილი  წერს  მამას:  „როგორც  მამაჩემისათვის  ცნობილია, მე  გავხდი  მუშქენუმი.  დაე,  მამაჩემმა  დამაბრუნოს  მე  თემში  ისეთნაირად,  რომ  ჩემს  წინააღმდეგ  არ  აღძრან  ბრალდებები“.  ეს  უკანასკნელი  ცნობა  მრავალმხრივ  საინტერესოა  მუშქენუმთა  სოციალური ფენის  წარმოშობის  არსის  გაგებისათვის.  როგორც  წერილიდან  ჩანს, გამგზავნი  სთხოვს  მამას  კვლავ  აღადგინოს  იგი  თემში,  ე.ი.  ეს  პირი ადრე  ადგილობრივი  თემის  წევრი  იყო,  რომელიც  შევიდა  მეფის  სამსახურში და ამგვარად გახდა მუშქენუმი. ახლა კი მას უნდა თავი დაანებოს სამსახურს და დაუბრუნდეს თავის წინანდელ მდგომარეობას, მაგრამ ეს ჩანს, არცთუ ისე ადვილი საქმე იყო. ამიტომ იგი დაბეჯითებით სთხოვს მამას როგორმე მოუხერხოს ეს საქმე, რომ მას რაიმე გართულებები არ მოჰყვეს. ეს ცნობა, მეტყველებს იმ მოსაზრების სასარგებლოდ, რომ მუშქენუმთა ფენას ძირითადად ქმნიდნენ ადგილობრივი მეთემეები, რომლებიც, სხვადასხვა გზით ჰკარგავდნენ რა მიწის ნაკვეთს, ჩამოაშორებდნენ საზოგადოების პრივილეგირებულ, სრულუფლებიან აველუმთა წრეს, რის შემდეგ მათ სხვა გზა აღარ რჩებოდათ, თუ არა მეფის სამსახურში შესვლა, რათა ამ გზით მიეღოთ მიწის ნაკვეთი თუნდაც სარგებლობის უფლებით. რათქმაუნდა, სრულიადაც არაა გამორიცხული, რომ მუშქენუმთა ფენის საკმაოდ მნიშვნელოვან რაოდენობას ქმნიდა როგორც დაპყრობილი ქვეყნებისა და ოლქების მოსახლეობა, ისე მეზობელი მომთაბარე ტომების წარმომადგენლებიც.
ხამურაბის  კანონების  ცალკეული  მუხლების  მონაცემთა  ურთიერთშეჯერებით  ჩანს,  რომ  მუშქენუმი  ავილუმთან შედარებით  ნაკლებ პრივილეგირებულია.  კანონით  განსაზღვრულია,  რომ  ავილუმის  სხეულის  რომელიმე  ორგანოს  დაზიანებისას  დამნაშავეს  სასჯელის  სახით  იმგვარადვე  უნდა  დაუზიანონ  იგივე  ორგანო,  ამ  შემთხვევაში მოქმედებს  ტალიონის  პრინციპი:  თვალი  თვალის  წილ,  კბილი  კბილის  წილ.  ხოლო  თუ  მუშქენუმს  დაუზიანებს  ვინმე,  ვთქვათ,  თვალს ან  მოსტეხს  ძვალს,  დამნაშავემ  უნდა  მიუწონოს დაზარალებულს  განსაზღვრული  რაოდენობის  ვერცხლი.  ასე  რომ,  მუშქენუმის  მიმართ ჩადენილი  მძიმე  დანაშაულისთვისაც  კი  კანონი  დამნაშავეს  მხოლოდ ფულად  ჯარიმას  აკმარებს.  ავილუმისა  და  მუშქენუმის  სოციალურად განსხვავებული  მდგომარეობა  იქიდანაც  ჩანს,  რომ  ავილუმის  მკურნალობისათვის  ექიმი  იღებს  10  სიკლ  ვერცხლს,  ხოლო  მუშქენუმის განკურნებისათვის –  5 სიკლს  (§  215–216). 
ბილალამას კანონებში  წარმოდგენილი  ცნობების  მიხედვით  ჩანს, რომ  მუშქენუმი  მონათმფლობელია.  მუშქენუბის  მონების შესახებ, ხშირადაა  საუბარი  ხამურაბის  კანონებშიც.  მე-15  მუხლში  ნათქვამია: „უკეთუ  კაცი  გაიყვანს  სასახლის  მონას  ან   მხევალს,  ან  მუშქენუმის მონას  ან  მუშქენუმის მხევალს ქალაქის ჭიშკრიდან,  იგი უნდა  მოკლან“. საინტერესოა  ის  გარემოება,  რომ  აქაც  და  სხვა შემთხვევაშიაც (§  175–176)   მუშქენუმის  მონები  ან   ქონება  მოხსენიებულია  სასახლის  ან ტაძრის  მონებისა და   ქონების  გვერდით,  რაც  კიდევ,  ერთხელ  მიუთითებს  მუშქენუმის  სასახლესთან  სამსახურებრივ  კავშირზე. 
ძველბაბილონური  ეპოქის დროინდელ  ძეგლებში,  სადაც  კი  იხსენიება  მუშქენუმი,  არსად  არაა  მითითებული,  რომ  მას  ჰქონდა  საკუთარი  მიწის  ნაკვეთი.  ეს   მეტად  ნიშანდობლივი  გარემოებაა.  იგი,  როგორც  მეფის სამსახურში მყოფი პირი, მხოლოდ სარგებლობს  ბოძებული  მიწის  ნაკვეთით,  რომელიც  მის  მფლობელობაშია სამსახურის  პირობით. 
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინება იძლევა საშუალებას მუშქენუმი  მივიჩნიოთ  საზოგადოების  ნახევრადთავისუფალ და  არამესაკუთრეთა  ფენის წარმომადგენლად; იგი მონათმფლობელთა ფენას ეკუთვნის,  მაგრამ  თავისი  სოციალური და   ეკონომიკური  მდგომარეობის  მიხედვით  გაცილებით  დაბლა  დგას  ავილუმთან შედარებით.
მონები. ძველბაბილონური საზოგადოების უუფლებო და ჩაუგრულ ნაწილს  წარმოადგენდნენ  მონები. 
ხამურაბის დროინდელი ბაბილონის სამეფო გამუდმებულ ომებს აწარმოებდა ქვეყნის   გაფართოებისათვის   ყოველ  ლაშქრობას  თან ახლდა  ნაძარცვ  ქონებასთან  ერთად  აურაცხელი  სამხედრო  ტყვეების შემოყვანა,  რომელთა  დიდ  უმრავლესობას  მონებად  გადააქცევდნენ ხოლმე.  აღნიშნული  ხანის   დოკუმენტებში  ხშირად  იხსენიებიან  ელამელი  მონები,  რომლებიც,  ჩანს,  ამ   ქვეყნის დასავლეთი  ოლქების  წინააღმდეგ  ჩატარებული  ლაშქრობების  დროს  იყვნენ   წამოყვანილნი. 
მონებს  იძენდნენ  ყიდვის  გზითაც,  როგორც  ქვეყნის  შიგნით,  ისე ვაჭრების  მეშვეობით  მეზობელ  ქვეყნებშიაც.  ძველბაბილონურ  ხანაში  მონის  ფასი  ჩვეულებრივ  დაბალი  იყო.  ლიფითიშთარის  კანონების მიხედვით,  მონა  მამაკაცი  ღირდა  15  სიკლი  ვერცხლი.  ხამურაბის  კანონები  კი    მონის   ფასად  აწესებს   20   სიკლს.
მონობის ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენდა სავალო კაბალა.  ძველბაბილონურ  ხანაში  სასაქონლო-ფულადი  ურთიერთობის  განვითარებამ  გამოიწვია წვრილი  მწარმოებლების  გაღატაკება  და  დავალიანება. ვალის  გადაუხდელობის  შემთხვევაში  კრედიტორს  შეეძლო  მონურ მდგომარეობაში  ემუშავებინა  თავისთან  თვით  მოვალე  ან  მისი  ოჯახის რომელიმე  წევრი.  ხამურაბის  კანონები  სამ  წლამდე  ამცირებს  სავალო  მონობის  ვადას.  ეს  არის  სახელმწიფოს  ერთგვარი  ცდა  დაიცვას  თავისი  მოქალაქეები  სავალო  კაბალისაგან.  მსგავსი  კანონების ცხოვრებაში გატარებას მთელი  რიგი სიძნელეები ეღობებოდა  წინ. არაა გამორიცხული  სავალო  მონობის  ვადის  თვითნებურად  გაზრდის  შემთხვევების  შესაძლებლობაც. 
ცალკე  უნდა  გამოვყოთ  თავისუფალი  პირის  მონად  გადაქცევის შემთხვევები, როგორც  სასჯელის  ერთ-ერთი  ფორმა.  ეს  ფართოდ  გავრცელებული  ჩანს  უძველესი დროიდან.  ძვ.წ.  XX  ს. შედგენილი  შუმერული  საოჯახო  კანონების  ერთ-ერთ  მუხლში  ნათქვამია,  რომ,  თუ უმცროსი  შვილი  ეტყვის  თავის  მამას  და  დედას  „შენ  არა  ხარ  ჩემი მამა,  შენ  არა ხარ  ჩემი  დედა“,  მაშინ  იგი გაძევებულ  იქნება მამისეული კარმიდამოდან  და  გაიყიდება  მონად. ხამურაბის კანონების მიხედვით, მამას შეეძლო  გაეძევებინა  სახლიდან  ურჩი შვილი და  არ  მიეცა  მისთვის სამემკვიდრეო  წილი.  ეს  ფაქტიურად  ნიშნავდა  იმას,  რომ  შვილს არავითარი შესაძლებლობა არ რჩებოდა  თავის  სარჩენად  და  იგი  იძულებული  იყო  მონურ  მდგომარეობაში  ემუშავა  შეძლებულ  პირთან. ასეთივე  ბედი ელოდა  იმ  მეთემესაც,  რომელსაც  მიუსჯიდნენ  ჩადენილი  დანააულისათვის  თემიდან  გაძევებას. 
მონობის  ერთ-ერთი  წყარო  იყო  მემკვიდრეობითი  მონობა.  მხევლისაგან  შეძენილი  შვილები  მონებად ითვლებოდნენ  და მხოლოდ  მაშინ  მიიღებდნენ  თავისუფლებას,  თუ  მამა – სრულუფლებიანი  მოქალაქე – სპეციალურად  დააკანონებდა  ამას.  ხამურაბის  კანონების  მიხედვით, თავისუფალი  ქალისა  და  მონის ქორწინების შედეგად  გაჩენილი შთამომავლობა თავისუფლად ითვლებოდა.  კანონებში  არაა  განსაზღვრული  იმ   შვილების   სოციალური   მდგომარეობა,  რომელთა მშობლები  მონები  იყვნენ. მონათა  ქორწინება  საერთოდ  არ რეგისტრირდებოდა  და,  იგულისხმება,  ასეთ შემთხვევაში შობილი  შვილები   მონებად  რჩებოდნენ.
ძველბაბილონური  სამართლის  ძეგლებით   დაკანონებული  იყო მონების  უუფლებო  მდგომარეობა.  მონას  არ  შეეძლო  თვითნებურად ქალაქის  ჭიშკრიდან  გასვლაც  კი.   მას   არ   გააჩნდა  საკუთრება  რაიმე ფორმით;  იგი  თვით  წარმოადგენდა  სხვის  საკუთრებას.  სპეციალური მუხლებით  განისაზღვრებოდა  მონის  მიერ  პატრონის  მიმართ  ჩადენილი  უმნიშვნელო  დანაშაულისათვის  სასჯელის  მკაცრი  ზომები:  „თუ მონა  თავის  ბატონს  ეტყვის  შენ  არა  ხარ  ჩემი   ბატონიო,  მან  უნდა ამხილოს  იგი როგორც  თავისი  მონა  და შემდეგ  მის  ბატონს  შეუძლია მას   ყური  მოჭრას“,  ნათქვამია  ხამურაბის   კანონების  282-ე  მუხლში.
სრული  უუფლებობა  და  ცხოვრების  მკაცრი პირობები  აიძულებდა   მონებს  მიემართათ  წინააღმდეგობის პასიური ფორმისათვის - გაქცევისათვის. ბილალამასა და ხამურაბის კანონები  ითვალისწინებენ  ამ   გარემოებას  და  აწესებენ,  რომ  გაქცეული  მონა  დაჭერის  შემთხვევამი  დაბრუნებულ  უნდა  იქნეს  წინანდელ  პატრონთან.  სპეციალური სასჯელია  დაწესებული  მისთვის,  ვინც  შეეცდება  დამალოს  დაჭერილი  მონა  ან   სხვა  გზით  მიითვისოს  იგი.   ასეთ  შემთხვევაში  დამნაშავე   უნდა  მოიკლას. 
ძველბაბილონურ  საზოგადოებაში   მონათა  რიცხვი  გაცილებით ნაკლები  იყო  თავისუფალი  მწარმოებლების  რიცხვთან  შედარებით. მონობა  ძირითადად  საოჯახო  მონობის  სახით   იყო  წარმოდგენილი. ოჯახს  ჰყაედა  ჩვეულებრივ  ორი  ან  სამი  მონა.  იყო  ოჯახები,  რომელთაც  სრულიადაც  არ   ჰყავდათ  მონები.  ასეთ  ვითარებაბი  ყველა  სახის სამუშაო  სრულდებოდა  ოჯახის  წევრთა  ძალებით.  აღნიშნული  გარემოება  იძლევა  საშუალებას  მივიჩნიოთ,  რომ  ძველბაბილონურ  ხანაში  მონური  შრომა  სრულიადაც  არ  იყო  წამყვანი.  საზოგადოებრივი პროდუქტის  შექმნაში  მონათა  როლი  უმნიშვნელო  იყო.
რამდენადაც  ბაბილონის  სამეფოს  სიძლიერე  დამყარებული  იყო სამხედრო  ძალაზე,  ამდენად  გასაგებია  ის  დიდი  ზრუნვა,  რასაც  მეფე,  იჩენდა  მეომრებისადმი. ეს  კარგად  ჩანს  მეფის  მიერ  ოლქის  მმართველებისადმი  გაგზავნილ  ბრძანებებში;  იგივე  აისახა  კანონებშიც. მეომრებს ეძლეოდათ  ნაკვეთები ინდივიდუალურად.  როგორც  იმდროინდელი  მიმოწერიდან  და  კერძო  არქივების  მონაცემებიდან  ჩანს,  ასეთი  ნაკვეთის ფართობი შეადგენდა  6–დან  15  ჰა-მდე, ზოგჯერ  კი  ქმნიდნენ  სპეციალურ  ახალშენებს,  სადაც  სახელმწიფოს  მიერ  გამოყოფილ მიწის  დიდ  ფართობზე  ასახლებდნენ  მეომართა  ოჯახებს.  ორივე შემთხვევაში  მიწის   ნაკვეთი  მათ გადაეცემოდათ  სამსახურის  პირობით.  მიწის  მფლობელი  ვალდებული  იყო  ყოველი  გაწვევის  დროს გასულიყო  ლაშქრად  და მიეღო  მონაწილეობა  ბრძოლაში,  წინიაღმდეგ შემთხვევამი  იგი  სიკვდილით  ისჯებოდა.
კანონთა მთელი  რიგი  მუხლები  აწესებს  მეომრის  ნაკვეთის  ხელშე უვალობას.  იგი  არ  შეიძლებოდა  წაეღო  ვალში  კრედიტორს.  ასეთი ნაკვეთის  მყიდველი  კარგავდა  გადახდილ   საფასურს,  ხოლო  ნაკვეთი ისევ  წინანდელ  მფლობელს  უბრუნდებოდა.  თუ  მეომარი  ტყვედ  ჩავარდებოდა  და  მას  არ  ექნებოდა თავისი  გამოსასყიდი  თანხა,  მაშინ  ამ უკანასკნელს  აანაზღაურებდა  შესაბამისი  თემის  ტაძარი  ან   სასახლე, მაგრამ  არავითრ  შემთხვევაში  არ   შეიძლებოდა  ამ   მიზნით  მეომრის ნაკვეთის გაყიდვა. კანონმდებლის  მიზანი  იყო დაეცვა მეომრის ქონება კერძო  პირთა ხელში  გადასვლისაგან  და,  რაც  მთავარია,  თავიდან  აეცილებინა  მეფისთვის  ამ  მიწების  დაკარგვის  შესაძლებლობა.
მესაკუთრეს შეეძლო  მიწა  დაემუშავებინა როგორც  თავისი  ძალებით  – ოჯახის  წევრებისა  და  მონების  დახმარებით,  ისე  იჯარის  წესითაც.  ძველბაბილონურ  ხანაში  იჯარით  მიწის  დამუშავების  პრაქტიკის  საკმაოდ  ფართოდ  გავრცელებაზე  მიუთითებს  ის  გარემოება,  რომ  საიჯარო  მიწით სარგებლობასთან  დაკავშირებული  ვალდებულებების  გარკვევას  ხამურაბის  კანონებში  არაერთი  მუხლი  ეძღვება.
ძველბაბილონურ  ხანაში  მიწის    ნაკვეთის   საკუთრება  ან   მისი მფლობელობა  გაპირობებული  იყო  ერთი  მნიშვნელოვანი  მომენტით: ეს  არის  წყლით  სარგებლობის  უფლება.  შუამდინარეთის  ცხელი  და მშრალი  ჰავის  პირობებში  მიწა  მორწყვის  გარეშე  მოსავალს  არ  იძლეოდა.  ასე  რომ,  უწყლოდ  მიწა  ფაქტიურად  არავითარ  სიმდიდრეს  არ წარმოადგენდა.  ძველბაბილონურ  ხანაში  წყლისა  და  სარწყავი  სისტემის უმაღლესი  მესაკუთრე  და  განმკარგულებელი  მეფე  იყო.  თემი ვალდებული  იყო  გადაეხადა  განსაზღვრული  გადასახადი  წყლით  სარგებლობისათვის.  თავის  მხრივ,  მეთემე  ასეთივე  ვალდებულებაში იყო თემის  წინაშე.  მას  ამასთან ერთად ევალებოდა მონაწილეობა  მიეღო  სარწყავი სისტემის  მშენებლობასა  და  საირიგაციო  ნაგებობების შეკეთების   სამუშაოებში,  რომელსაც სახელმწიფო  აწარმოებდა  ამ საქმისათვის   სპეციალურად  გამოყოფილი   მოხელეების ხელმძღვანელობით. მეფე,  როგორც  წყლის  უმაღლესი  მესაკუთრე,  უფლებამოსილი იყო შეხედულებისა  და   საჭიროებისამებრ  გამოეყენებინა შრომა მეთემეებისა,   რომლებიც  თემის მეშვეობით   გამოდიოდნენ  წყლის მხოლოდ  მფლობელებისა  და  მოსარგებლეების  როლში. ამდენად საკუთრება  მიწაზე გაპირობებული იყო მესაკუთრის ვალდებულებებითა და გადასახადებით როგორც თემის, ისე სახელმწიფოს (მეფის) წინაშე. ესაა ძველბაბილონური ეპოქისათვის დამახასიათებელი მიწისმფლობელობისა და მიწათსარგებლობის ფორმების ერთ-ერთ თავისებურება.
ბაბილონის  სამეფო ტიპიურ ძველაღმოსავლურ  სახელმწიფოს წარმოადგენდა. ხამურაბის  დროს მეფის  ხელისუფლება ერთპიროვნული და შეუზღუდველი  იყო: უმაღლესი  კანონმდებლობისა  და აღმასრულებელი  ფუნქციის  მატარებელი  პირი  მეფე  იყო.  მის ხელში იყრიდა თავს სამხედრო, სასამართლო და რელიგიური საქმეები, თვითონვე განაგებდა სახელმწიფოს სამეურნეო საქმიანობაის ძირითად დარგებსაც, განსაკუთრებით კი სარწყავ სისტემას.
ცალკეულ ოლქებსა  და ქალაქებში  დანიშნული  იყო  მეფის მოხელეები,  რომლებიც  წარმოადგენდნენ  სამეფო  ხელისუფლების გამტარებლებს  ადგილებზე.  ისინი იწოდებოდნენ  „ქვეყნის მმართველებად“ (შაფირ  მათინ)  და  „მოადგილეებად“  (შაქანაქუმ).  მაგალითად, ხამურაბის  მიერ  შემოერთებულ  ლარსას  ოლქში  მმართველად  დაინიშნა სინიდინამი.  იგი განაგებდა  ლარსას  ადმინისტრაციულ  და  სამხედრო საქმეებს.  მისი  მოადგილე  შამაშხაზირი კი ძირითადად  სამეურნეო, საქმეებს  ხელმძღვანელობდა.  მეფის ადგილობრივი  მოხელეების  ძირითად  ფუნქციას  შეადგენდა  სამხედრო საქმეების წარმოება და  მოსახლეობისაგან  გადასახადების  აკრეფა.  მათვე  ევალებოდათ  საგამომძიებლო  და  სასამართლო  საქმეების  მეთვალყურეობაც  და  ადგილობრივი  თემების  ხელისუფლებასთან  ერთად  მოქალაქეთა  გამოყვანაც სახელმწიფო  სამუმაოებზე. 
ცალკეულ  თემებსა და მცირე სიდიდის ქალაქებში ინიშნებოდა მეფის სპეციალური მოხელე, რომელსაც  რაბიანუმი  ეწოდებოდა. იგი ადგილობრივ  სათემო  ხელისუფლებასთან  ერთად (თემის  უხუცესთა საბჭო,  თემის  სახალხო  კრება)  განაგებდა  ადმინისტრაციულ  და  სასამართლო  საქმეებს,   აგრეთვე  საზოგადოებრივი  წესრიგის  დაცვას. რაბიანუმი  ახორციელებდა  კავშირს  მეფის  ხელისუფლებასა  და  თემს შორის. 
ხამურაბის  დროს  გატარდა  სასამართლო  რეფორმა.  ადრე  არსებული  სათემო-სატაძრო  სასამართლოების  ნაცვლად  დაარსდა  ადგილებზე  მეფის  მოსამართლეებისაგან  შემდგარი  კოლეგიური  სასამართლოები,  რომლის  უფროსებადაც  ინიშნებოდნენ  რაბიანუმები  ან   მეფის  მოადგილეები  (შაქანაქუმ).  სასამართლო  კოლეგია  გამოიყოფოდა თემის  უხუცესთა  საბჭოსაგან და მოქმედებდა მისგან  დამოუკიდებლად. დიდ ქალაქებში ხამურაბის დროს დაინიშნა უშუალოდ მეფისადმი დაქვემდებარებული მოსამართლეები, რომლებიც მოქმედებდნენ მხოლოდ მეფის დადგენილებების მიხედვით. მათი გადაწყვეტილება საბოლოო იყო. ამ დროისათვის ჯერ კიდევ მოქმედებდა სატაძრო სასამართლოებიც, მაგრამ მათი ფუნქციები განისაზღვრებოდა მარტოოდენ ღვთაებათა გამოსახულების წინაშე მოპირდაპირე მხარეთა დაფიცებით.
უმაღლესი მოსამართლე მეფე იყო. მასთან ასაჩივრებდნენ ადგილობრივ სასამართლოთა გადაწყვეტილებებს, ჩიოდნენ მოხელეების მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენების თაობაზე, მიმართავდნენ უმნიშვნელოვანეს საქმეეებზე, როგორიცაა მაგალითად სიკვდილის დასჯა და სხვა მრავალი. მეფის გადაწყვეტილება, რომელიც მას საკუთარი შეხედულების მიხედვით გამოჰქონდა, საბოლოო იყო.
ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჯარს. არმიისათვის მუდმივი კონტიგენტის უზრუნველყოფის მიზნით ხამურაბიმ გაატარა კანონი, რომლის მიხედვითაც კრედიტორს არ შეეძლო ვალში წაეყვანა ოჯახის უფროსი მამაკაცი. თუ ლიფითიშთარის კანონებით ეს საერთოდ დაუშვებელი იყო, ხამურაბიც აკანონებს,  რომ  გირაოში  შეიძლება  აყვანილ იქნეს  მოვალის  ოჯახის წევრები – ცოლი  ან   შვილები,  მაგრამ  არავითარ შემთხვევაში – ოჯახის  მამა. 
ხამურაბის  კანონები  განასხვავებენ  მეომართა  ორ კატეგორიას – რედუმსა  და  ბაირუმს,  გარკვეული  არაა,  თუ  რა  განსხვავება  არსებობდა  მათ  შორის.  შეიძლება რედუმი  მხედარი  იყო,  ხოლო  ბაირუმი – მსუბუქად  შეირაღებული   ქვეითი    ჯარისკაცი.   პირველი   მათგანი სიტყვასიტყვით  ნიშნავს   „სწრაფმავალს,   გამრეკს,   უკან  მიმყოლს“, ბაირუმი  კი   ითარგმნება  როგორც   „დამჭერი“.   მეომრებს  ჰყავდათ თავიანთი უფროსები –  დექუმი  („შემკრები“)  და   ლუბუთუმი  („ძლიერი  კაცი“).  ისინი შეადგენდნენ  მაღალ სამხედრო  წოდებას.  მოზრდილი  სამხედრო  დანაყოფის  მეთაურს  ეწოდებოდა  ვაქილ  ამურიმ.
*******
სამსუ-ილუნა პირველ  ხანებში  სამშენებლო  საქმიანობით  იყო გართული.  მის  დროს  გაყვანილ  იქნა  ორი დიდი  სარწყავი არხი,  აშენდა რამდენიმე ტაძარიც. სამსუ-ილუნას  ეს მშვიდობიანი  საქმიანობა  ხანმოკლე  გამოდგა  მისი  მეფობის  მე-19 წელს  ბაბილონის  სამეფოს  შემოუტიეს  კასიტებმა,  რომლებიც  ჯერ კიდევ  ძვ.წ. 1742 წ. ახლოს  შემოიჭრნენ  სამხრეთ  შუამდინარეთში და  შექმნეს  აქ განდაშის (ძვ.წ. 1742-1726) მეთაურობით თავიანთი  სამეფო. სამსუილუნამ შეძლო მოეგერიებინა კასიტების  პირველი დარტყმები  და  შეენარჩუნებინა  სამეფოს  მთლიანი  ტერიტორია.
შემდგომ  წელს  სამსუილუნას მოუხდა  ბრძოლა  ელამელებთან, რა დროსაც ბაბილონელთა მორჩილი დიდი ქალაქები მასობრივად აჯანყდნენ.  შექმნილი  ვითარებით ისარგებლა რიმ-სინ II-მ (ლარსას მეფე 1741-1737) და  შემოიჭრა  ბაბილონის  სამეფოს საზღვრებში.  მას   მხარს   უჭერდნენ ქალაქები – ეშნუშნა,   ისინი და ურუქი.  სამსუილუნას  აღმოაჩნდა  საკმაო  სამხედრო  სიძლიერე  იმისათვის,  რომ  რამდენიმეწლიან ომში დაემარცხებინა  კოალიცია. რიმ-სინი დაიღუპა  კიდევაც უკანდახევის  დროს.
1735 წლიდან აქადი, ლარსა, ეშნუნა და სხვა ბაბილონის ჩრდილოეთის ქალაქები აწყობდნენ აჯანყებებს. სამსუ-ილუნა ახშობდა მათ და ამაგრებდა ქალაქების კედლებს, მაგრამ  ამჯერად  ბაბილონის სამეფოს  ახალი  ძლიერი მოწინააღმდეგე  გამოუჩნდა სამხრეთით. აქ  სპარსეთის  ყურის  სანაპირო ზოლი  ხელში  ჩაიგდეს  ე.წ.  „ზღვის ქვეყნების“ მმართველებმა, რომლებიც ფაქტიურად  წარმოადგენდნენ  ხამურაბის  მიერ  დამარცხებული  და ადგილობრივი შუმერული ქალაქებიდან აყრილი, ბაბილონის მეფეებისადმი შეურიგებელი  მოწინააღმდეგეების  კოალიციის  მეთაურებს.  აქაურ სამეფოს მეფე გახდა ილიმანი, რომელმაც დაამარცხა სამსუ-ილუნა და აიძულა სპარსეთის ყურის სანაპიროების დაკარგვას შერიგებოდა.
ძვ.წ. 1712-1684 წლებში ბაბილონის მეფე იყო სამსუ-ილუნას ვაჟი აბი-ეში. მისი გამეფებისთანავე შემოიჭრა ელამის მეფე კუტირ-ნახუნტე I (1730-1700), რომელმაც აიღო 30 ქალაქი და სუზაში წაიღო მდიდარი ალაფი. გრძელდებოდა კასიტების შემოსევები. აბი-ეში მოსახლეობის ცხოვრების შემსუბუქებით ცდილობდა მათზე კონტროლის შენარჩუნებას. აწესრიგებდა არხებს, ამაგრებდა დარჩენილი ქალაქების კედლებს და აუქმებდა გადასახადებს.
აბი-ეშმა გაილაშქრა ელამის მოკავშირე სამხრეთის მეფე ილამანის გასანადგურებლად, თუმცა წარუმატებლად. შემდეგ მოახერხა ეშნუნას მეფის არმიის განადგურება, რაც მისი ბოლო წარმატება იყო.
ძვ.წ. 1684-1647 წლებში მეფობადა აბი-ეშის ვაჟი ამი-დიტანა. იგი ახერხებდა ცენტრალური შუამდინარეთის მიწების შენარჩუნებას და წარმატებით ახერხებდა სამხრეთის. ე.წ. ზღვის ქვეყნების სამეფოს შეკავებას. აახლებდა არხებს, რომელზეც აგებდა დასახლებებს, მოსავლიანობის პერიოდებში აუქმებდა გადასახადებს და ინარჩუნებდა ბაბილონში სიმშვიდეს.
ძვ.წ. 1647-1626 წლებში ბაბილონის მეფე იყო ამი-დიტანას ვაჟი ამი-ცადუკა. მის დროს ბაბილონი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვარდნას განიცდიდა. ზღვისპირა სამეფომ წაიღო ლაგაში და ური. ჩრდილოეთით საზღვარი აშურამდე და მარიმდე ვრცელდებოდა. ტიგროსის პირეთში მას მხოლოდ ტომები იდარამაცი და იამუტბალა ექვემდებარებოდა. მეფე რეფორმებით ცდილობდა ქვეყნის დაცემა შეეჩერებინა, ამაგრებდა კედლებს, წმენდდა არხებს და ზრუნავდა ტაძრებსა და მოსახლეობაზე. მის დავალებით შეიქმნა ლურსმნული დამწერლობით შექმნილი უძველესი ასტრონომიული ტაბულები.
ძვ.წ. 1626-1595 წლებში ბაბილონის ტახტზე იჯდა ამი-დიტანას ვაჟი სამსუ-დიტანა, რომელიც დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი აღმოჩნდა. მისი მეფობის უდიდესი ნაწილი მშვიდობიანი იყო და წინა მეფეებივით არხებზე, ტხძრებზე, კედლების გამაგრებაზე ზრუნავდა და პერიოდულად გადასახადებს აუქმებდა.
ძვ.წ. 1595 წელს ბაბილონს  შემოესივნენ მცირე  აზიიდან  მოსული  ხეთები. გვიანბაბილონური  ქრონიკის  ჩანაწერი  მოგვითხრობს,  რომ  „ხეთების  ქვეყნის  ხალხი  მოვიდა  აქადში  და  დაამარცხა ბაბილონის  სამეფო“.  შედარებით  ვრცლად  გადმოგვცემს  ამ  ამბავს ხეთური  ანალური ცნობა, რომელიც  შეეხება   მურსილი  I-ს და  შეტანილია  ე.წ.  „თელეფინუს  მბრძანებლების“  ტექსტში.  ამ   ცნობაში  ნათქვამია, რომ მურსილი I-მა ქალაქ ხალფუზე (ჩრდ. სირიაში) წარმატებით ლაშქრობის „შემდეგ გაილაშქრა ბაბილონზე და დაანგრია იგი. ბაბილონის ტყვეები ხათუსაში ჩამოიყვანა და ქონებაც ჩამოიტანა.“ გაძარცვული ტაძრა ესაგილადან გაიტანეს მარდუქისა და მისი ცოლის, ღვთაება ცარპანიტის ქანდაკებები და ქალა ტერკაში (ჩრდ. შუამდინარეთში) გადაიტანეს, რომელიც კასიტების სამფლობელოს ცენტრი იყო შუამდინარეთში. ჩანს, ამ ლაშქრობის მიზანი იყო ნადავლისა და ტყვეების შოვნა.
ხეთების მეფის ასეთი წარმატება ისტორიკოსების აზრით განპირობებული უნდა ყოფილიყო მათთან კასიტების კავშირით. ასე შორს მანძილზე ხეთების მეფე დიდი ჯარსა და საალყო ტექნიკას ვერ წამოიღებდა. ამ დროისათვის ბაბილონის მეფეებს დაქირავებულ ჯარებად კასიტები ჰყავდნენ. სავარაუდოდ ჭიშკარიც მათ უნდა გაეღოთ და ხეთებთან ერთად კასიტების ჯარიც უნდა ყოფილიყო. უკანასკნელი ვერსიის გამამტკიცებლად გამოდგება ის ფაქტიც, რომ მარდუქის და მისის ცოლის ქანდაკებები კასიტების სატახტო ქალაქში გადაიტანეს და არა ხათუსაში.
მურსილი I-ის  შემოსევამ  იმდენად  დაასუსტა ბაბილონი,  რომ იგი თითქმის უბრძოლველად   დანებდა   სამხრეთიდან  შემოჭრილ ზღვისპირა ქვეყნის მეფე გულკიშარს, რომელმაც დაახლ. 1594 წლისთვის მთელი ქვემო შუამდინარეთი დაიპყრო.  მაგრამ  მათი  ბატონობა  ბაბილონში   ხანმოკლე  აღმოჩნდა. ბაბილონისათვის  ბრძოლამი  გამარჯვების სასწორი  თანდათან  იხრებოდა  უფრო  ძლიერი მოძალადის –  კასიტების – მხარეზე.  ძვწ.   XVI  ს.   70-იან  წლებში  ისინი  საბოლოოდ  გაბატონდნენ როგორც  ბაბილონში,  ისე  მთელს  სამხრეთ შუამდინარეთზე. კასიტების  მეფე  აგუმ  II   (1571-1549  წწ.  ძვ.წ.)   თავის  წარწერებში იწოდება  კასიტებისა  და  აქადის  მეფედ.  ბაბილონის  ოდესღაც  ძლიერ სამეფოში  დამყარდა  კასიტების  ბატონობა,  რომელიც  თითქმის  ხუთ საუკუნეს  გაგრძელდა.  კასიტების  ბატონობის  ხანაში   ბაბილონი  საკმაოდ  სუსტ  ქვეყანას  წარმოადგენდა.
ბაბილონი  კასიტების  გატონობის  ხანაში 
კასიტები,  დღევანდელი ლურისტანის ტერიტორიაზე  განსახლებული ტომი იყო;  ისინი  ცხოვრობდნენ  აგრეთვე  მდ. დიალის შუა  და  ქვემო  დინების მახლობელ მიდამოებში,  ე.წ.  ნამრუს  ქვეყანაში. წერილობით წყაროებში  კასიტები  III  ათასწლეულის  მეორე  ნახევრიდან  იხსენიებიან. 
კასიტების  პოლიტიკურ  გაბატონებას  ბაბილონში  წინ უსწრებდა მათი მონაწილეობა  მის   ეკონომიკურ  ცხოვრებაში.   ჯერ  კიდევ  იმ დროს,  როცა  კასიტებს  პოლიტიკური  ძალაუფლება  არ  ჰქონდათ  მოპოვებული  ბაბილონში,  ცალკეული  პირები  კასიტებისაგან  ჩაბმული იყვნენ  ბაბილონის  სამეურნეო საქმიანობაში:    ესენი  იყვნენ  მიწის მოიჯარადრეები.  ხდება  კასიტების  სისტემატური  გადასახლება  ბაბილონში  სამუშაოს  საძიებლად.  მათ  ქირაობენ  მოსავლის  ასაღებად,  სახნავ-სათესად  და  სხვ.  ასე, სეზონურ  თუ სხვა სამუშაოებზე  მოხმარების  გზით  კასიტები  ნელ–ნელა  იჭრებიან  ბაბილონში,  რომლის  უდიდესი  ნაყოფიერება  მათთვის  მეტად  მიმზიდველი  უნდა  ყოფილიყო. იმ დროისათვის,  როცა  კასიტები  ბაბილონის  ახალი  სამეფო  დინასტიის  დამაარსებელნი  გახდნენ,  მათ  უკვე  სერიოზული  დალი  ჰქონდათ დაჩნეული  ბაბილონის  ეკონომიკურ  ცხოვრებაზე.  შემდგომ  ეს   გავლენა უფრო  გაძლიერდა:  გაჩნდა  რიგი  სპეციფიკური  მოვლენაც,  რომლებიც  აქამდე  არ  შეიმჩნეოდა  ბაბილონში,  ეკონომიკის  დაქვეითებამ და იურიდიული ნორმების  საფრთხის წინაშე  დაყენებამ,  რაც პოლიტიკური  მდგომარეობის  სიმყარის  შესუსტებით  იყო  გამოწეეული,  წარმოშვა  საჭიროება  რაღაც  სიახლისა,  რაც  მფლობელობის  გარანტიას განახორციელებდა.  ასეთი  რამ  წარმოიშვა ქუდურუს  სახით.  ქუდურუ სასაზღვრო-სამიჯნო  ქვის  სტელა  იყო.  მას   დგამდნენ  მიწის  ნაკეეთზე ან  ტაძარში.  მისი დანიშნულება  იყო  დაეცვა  მფლობელის  ინტერესები   აღნიშნულ  მიწაზე.  ტექსტი, რომელიც  ამოჭრილი  იყო  ქვის  სტელა-ქუდურეზე, თავდაპირველად თიხის  ფირფიტაზე  იწერებოდა;  ასე რომ, ქუდურუ საბუთეს  ასლს  წარმოადგენდა.  დედანზე  ხშირად  თვით კასიტი  მეფეც  კი  აწერდა ხელს. ქუდურუების  დამკვიდრება  ბაბილონში  კასიტების  ძველი  ტრადიციის  ერთგვარი  გაგრძელება  იყო.  კასიტებს  ქვის   მიჯნები  ძველიდანვე  ედგათ  თავის  პირველსაცხოვრისში. ქუდურუს  მფარველ  ღვთაებად  ითვლებოდა  ნინიბი,   რომელიც   აგრეთვე  ცისა  და   მიწის  გამგებელიც  იყო. 
კასიტი  მეფეები  თავის  დაახლოებულ  პირებს,  მათ  შორის  ადგილობრივ  დიდებულებსაც,  მიწის. ნაკვეთებს  ურიგებდნენ  სათემო  მიწებიდან,   რათა  საიმედო  მომხრეები  გაეჩინათ.  ქუდურუს  გავრცელება  კასიტურ  ბაბილონში  კერძო მიწისმფლობელობის  ისეთ  განვითარებას  მოწმობს,  რომელიც  მხოლოდ  მეფის  სანქციით  მტკიცდება.  ხამურაბის  დროს  ბოძებული  მიწები  სამხედრო  სამსახურის  ვალდებულებით  გაიცემოდა,  კასიტების დროს  კი  ნაბოძები  მიწა მფლობელს  მუდმივად რჩებოდა. ეს  მიწა  შეიძლებოდა  მემკვიდრეობით გადაცემულიყო  და  ამავე  დროს  მემკვიდრე  სიცოცხლეშივე  უნდა  დაესახლებინათ. 
ქუდურებზე  ზოგჯერ ეწერა  სხვადასხვა  გადასახადებისაგან  განთავისუფლების  აქტიც.  ასეთი ქუდურუები შესაძლებლობას  იძლევა  გავიგოთ  ზოგი  რამ  იმდროინდელი გადასახადების შესახებ. როდესაც კასიტი მეფე სათემო მიწების საკუთრებიდან იღებდა საბოძებელ მიწას, იგი სასყიდელსაც აძლევდა თემს. სასყიდელი საკმაოდ დიდი იყო. მიწის ბოძების შესახებ აქტი ფორმდებოდა მეტად საგულდაგულოდ. აქტის შედგენას ესწრებოდნენ, როგორც თემის წარმომადგენლები, ისე მეფისაც. სასოფლო თემი კასიტურ ბაბილონში საკმაოდ ძლიერი და დიდი ორგანიზაცია იყო. მას ჰყავდა თემის თავი, ნაცვალი, ზედამხედველი, მრჩეველი, მწერალი და სხვა. სასოფლო თემში შედიოდა არამარტო ტერიტორიულად გაერთიანებული მოსახლეობა, არამედ უცხოელებიც. თემის თავი საკმაოდ დიდი გავლენითა და უფლებებით სარგებლობდა. იგი საკმაოდ მძლავრი კოლექტივის მეთაური იყო. როგორც ჩანს, თემს შეეძლო უკან დაებრუნებინა თემის ფონდიდან გაცემული მიწებიც. ასეთი თემის თერიტორიაზე ხშირად ქალაქებიც შედიოდა.
ტერიტორიული თემი თავის მხრივ იყოფოდა საოჯახო თემებად. მეთემეები ვალდებულნი იყვნენ სამუშაოები ეწარმოებინათ როგორც მეფის სასარგებლოდ, ისევე თემისთვისაც. ეს იყო სამშენებლო და სამხედრო ვალდებულებანი. მეფე იღებდა აგრეთვე გადასახადს ნატურით. თემსა და მეფეს შორის მუდმივად უნდა ყოფილიყო წინააღმდეგობა. ამ წინააღმდეგობის განვითარება საბოლოოდ სათემო მიწათმფლობელობის დარღვევის ტენდენციებს ავლენდა. ამის ხარჯზე ძლიერდებოდა სამეფო კარი და მისი ახლობელი დიდებულები. სამეფო კარის გარშემო ძალაუფლებისა და ქონების კონცენტრაცია კიდევ უფრო ამცირებდა თემის როლს და აჩქარებდა თემის დაშლის პროცესს. მაგრამ თვით მეფესა და მის დიდებულებს შორისას წინააღმდეგობა იკიდებდა ფეხს. კასიტების სამხედრო წოდებამ დიდძალი მიწა შეიძინა, სადაც მიწათქმოქმედნი  და ხელოსნები სახლობდნენ. დრო გავიდა და ადგილობრივი ჩარჩინებულნი და მოსული კასიტი სამხედრო არისტოკრატია შეერწყნენ ერთმანეთს. კასიტი წარჩინებულები ბაბილონის მიწათმფლობელ არისტოკრატიად გადაიქცნენ. კასიტური ბაბილონის სამეფო სამხედრო-ადმინისტრაციულ აპარატს შეადგენდა წარჩინებული  სახლების  გაერთიანება.  ყოველ სახლს  თავისი  მთავარი  გამგებელი  ედგა  სათავეში.  იგი  მოვალე  იყო  თვალყური ედევნებინა  გადასახადების  აკრეფისათვის  მის საგამგებლო ტერიტორიაზე ირიგაციის  მოწესრიგებისათვის,  გზების  შეკეთებისათვის,  რისთვისაც სამუშაო  რაზმებს  ადგენდა  და  ა.შ.  მას  ევალებოდა  გამოეყო  მინდვრები  მეფის  საქონლის  საძოვრად.  ამ  სახლებმა  ისეთ  ძლიერებას  მიაღწიეს,  რომ  მეფეს  მეტოქეობას უწევდნენ და ასუსტებდნენ მის ძალაუფლებას. დამოუკიდებლობით  სარგებლობდნენ  აგრეთვე  ქალაქები:  ბაბილონი,  ნიფურე,  სიფარი.  ისინი  განთავისუფლებულნი  იყვნენ როგორც  სამხედრო  ვალდებულებისაგან, ისე  საზოგადოებრივი  სამუშაოების  წარმოებისაგან  და  დამოუკიდებელნი იყვნენ  სამეფო  სასამართლოსგანაც.
კასიტურ  ბაბილონში  ყველაზე  დაბალ   სოციალურ  კატეგორიას მონები  შეადგენდნენ.  მათ  შესახებ   თუმცა  ძალიან  ცოტა  ცნობები მოგვეპოვება,  მაგრამ  გარკვეული  სურათის  შესაქმნელად  მაინც  საკმარისია.  მონების  ყიდვა-გაყიდვა  ჩვეულებრივი  მოვლენა  იყო.   მონებს ყიდულობდნენ ცალკეც  და  ოჯახიანადაც,  მონებს  ქირაობდნენ კიდეც  მესაკუთრისაგან. ძველ  აღმოსავლეთში  მონების  ყველაზე  უფრო უხვი  და  იაფი წყარო  ომი იყო. კასიტების ბაბილონი  კი  იმდენად  ძლიერი  არ   იყო,  რომ  აქტიური  დაპყრობითი  ომები  ეწარმოებინა და   ასე მოეპოვებინა  ტყვეები,  რომელთაც  საჭიროების  მიხედვით  მონებად აქცევდნენ.  მონებად  კასიტურ  ბაბილონში  ადგილობრივი  მცხოვრებნი   ხდებოდნენ  ხშირად  სავალო  კაბალის  შედეგად.  ამიტომ  კასიტურ ბაბილონში  მონების  ფასი  გაიზარდა.  მეფეს  თეით  ჰყავდა  მონათა  საკმაო რაოდენობა. მაგალითად  მეფე. ქადაშმანხარბე I-მა, ეგვიპტის  ფარაონს სხვა საჩუქრებთან ერთად  50 მონა  ქალი  და   კაცი  გაუგზავნა. 
დიდძალი  მონა  ჰყავდა  სატაძრო  მეურნეობათა  გამგებელს.  ამ  მხრივ  გამოირჩეოდა  ნიფურის  ტაძარი.  ნიფურის  სატაძრო  მეურნეობა  ბაბილონის  არსებობის  მთელი  ისტორიის  მანძილზე  ერთ-ერთი  ყველაზე მდიდარი  მეურნეობა  იყო.  ნიფურის  სატაძრო  მეურნეობა  დამახასიათებელია  სხვა  ტაძრებისთვისაც  სამეურნეო  საქმიანობის საკითხში. ტაძრებს  ჰქონდათ  იმუნიტეტი. ცნობილია,  რომ  მარდუქისა  და ცარფანითუს  ტაძრები სრულიად  განთავისუფლებული  იყვნენ  ყოველგვარი  სამეფო  გადასახადისაგან  და  საჩუქრებსაც  კი  იღებღნენ  მეფისაგან.  მაგრამ  სატაძრო  მეურნეობებშიც  ძირითადად  სამეფო,  მოხელეები  გამგებლობდნენ.  მეფეს  ჰყავდა  თავისი  საგანგებო  მოხელეები, რომელნიც  სატაძრო  მეურნეობაში  საქმიანობდნენ.  სატაძრო  მეურნეობაში  შედიოდა  სახნავ-სათესი  მიწები,  საძოვრები,  ბაღები.  წამყვანი დარგი  იყო  მესაქონლეობა.
მართალია კასიტების ბატონობამ მნიშვნელოვნად დაამუხრუჭა ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური  განვითარება, განსაკუთრებით მიწათმოქმედება და ხელოსნობა, მაინც შეიმჩნევა ერთგვარი სიახლე  მესაქონლეობაში, რაც ცხენის მასობრივ გამოყენებასთან არის დაკავშირებული, როგორც ტვირთის  გადასაზიდად,  ისე  სამხედრო  საქმეშიც.  კასიტების  სამშობლო  განთქმული იყო  ცხენით.  ხამურაბის  კოდექსი,  რომელიც  ძვ.წ.  XVIII  საუკუნის ძეგლია, არსად არ იხსენიებს  ცხენს,  რაც  იმის  დამადასტურებელია,  რომ  ცხენი  იმ დროს  ჯერ  მასობრივად  არ  იყო  გამოყენებული  ბაბილონში,  თუმცა უნდა  აღინიშნოს,  რომ.  ცალკეულ  საბუთებში  იმ  ეპოქაშიც  გვხვდება ცხენის  დასახელება.  რაც  შეეხება  კასიტების  ხანას,  იმ  დროს  ბაბილონში  იმდენი  ცხენი  ყოფილა,  რომ,  ეგვიპტის  ფარაონის  თქმით, თივაზე  უმრავლესი  ჩანდა.  ცხენის  დიდ  მნიშვნელობას  იმდროინდელ ბაბილონში  და  ეგვიპტეშიც  აშკარად  მოწმობს  ის  ფაქტი,  რომ  ორივე ქვეყნის  მეფეები  წერილის  დასაწყისში,  მისალმებისას  დიდებულების გვერდით  ცხენებსა  და  ეტლებს  ასახელებენ.
კასიტური  ხანის  ბაბილონის  სასაქონლო  ურთიერთობაში,  მიუხედავად  ოქროს  გამოჩენისა,  შეიძლება  შევამჩნიოთ  ერთგვარი  რეგრესი.   უფრო  ხშირად,  ვიდრე  უწინ,  ადგილი  ჰქონდა ნატურალურ  გაცვლას.
ურის  არქიტექტურული  ძეგლების  სამშენებლო  ტექნიკა  და  ჩატარებული  სამუშაოების  რაოდენობა თუ  ხარისხი  აშკარას  ხდის  კასიტების  ხანაში  სახსრების  სიმცირეს.  მაგალითად,  ქურიგალზუს  დროინდელი  შენობები  პირდაპირ  ძველ  ნანგრევებზეა  აგებული.  XVII  საუკუნის  ოცდაათიან  წლებში  სამსუილუნას  მეფობაში  ური  ძირიანად მოთხარეს,  მიწასთან  გაასწორეს,  როგორც ჩანს, ცენტრალური ხელისუფლებისადმი  ურჩობისათვის. ამის  შემდეგ ური  ძალიან  გვიან აღდგა. აღდგენითი  სამუშაოები ძალიან  უხარისხო და მცირე იყო. ხშირად აშენებდნენ ძველი მასალით. კასიტების ბატონობის პირველ პერიოდში ფაქტობრივად არავითარი სამშენებლო საქმიანობა არ მიმდინარეობდა. ხელოვნება კრიზისს განიცდიდა. ძვ. წ. 1400  წლისათვის მოხდა მკვეთრი  გარდატეხა, ქურიგალზუ  II-მ დიდი მშენებლობა დაიწყო ურში; მას სამხრეთის სხვა ქალაქებიც არ დავიწყებია.
კასიტების რელიგიაზე წარმოდგენას გვიქმნის მათი ღვთაებების გამოსახულებები ქვის სტელა-ქუდურუებზე.  აქ  გამოსახულია  ციური მნათობები,  აგრეთვე  სხვადასხვა  ცხოველები,  რომელნიც  მათი  ღვთაების  სიმბოლოებს  წარმოადგენენ.  მაგალითად,  მზის  დისკო  შამაშ-სახი-შურიაშს  ასახიერებს,  მთვარის  გამოსახულება – სინს  (სუენს),  ლომისთავიანი  კვერთხი  – ნერგალ-ნუსუქუ-შუქუმუნას, თხა-თევზი  და ცხვრისთავიანი  კავი – ეა-ქამულას. 
კასიტი  მეფეები  ბაბილონურ  ღმერთებს უფრო  მეტ  პატივს  სცემდნენ.  მათ  წარწერებში  პირველ   რიგში  ბიბილონური პანთეონის ღმერთები  იხსენიებიან.  ბაბილონის  მთავარი  ღმერთი  მარდუქი  მათი უმაღლესი  ღვთაება  გახდა.  მიუხედავდ  ამისა,  კასიტი  მეფეები  წმინდა კასიტურ   ღმერთებს   განსაკუთრებულ ტაძრებს უგებდნენ.  დროთა განმავლობაში  ორივე  ხალხის  ღვთაებათა   პანთეონი   ერთმანეთს დაუახლოვდა  და  ბოლოს,  შეიძლება  ითქვას,  შეერწყა  კიდეც.



Комментариев нет:

Отправить комментарий