воскресенье, 18 января 2026 г.

ძველი ეგვიპტე ახალი სამეფოსა და გვიანი სამეფოს დროს

ახალი სამეფო ძვ.წ. 1530–1077 წწ. XVIII–XX  დინასტიები

ფარაონი  აჰმოს I (ძვ.წ. 1551–1527 წწ), მენესისა და მენტუხოტეპ II-ის მსგავსად, გვიანდელმა  ეგვიპტურმა  ტრადიციამ  სამართლიანად  აღიარა  ახალი  ერის  ფუძემდებლად,  თუმცა  მისი  წარწერები თითქმის  არ  შემონახულა,  მაგრამ  მის  მიერ წარმართულ  მოვლენათა  განვითარება  ამხელს  აჰმოს I უაღრესად  ენერგიულ,  მებრძოლ ბუნებას.  იგი  არ  დაკმაყოფილდა  ჰიკსოსების  ქვეყნის  ტერიტორიიდან განდევნით.  თავისი  მეფობის  პირველი  სამი  წელიწადი  მან  მოანდომა მათთან  ბრძოლას  და  სდია  მათ  შარუჰენამდე  (სამხრეთ  პალესტინაში), რომელიც  ჰიკსოსების  ძირითად საყრდენ  ბაზას  წარმოადგენდა.  ამ  ხანგრძლივი  ლაშქრობის  შედეგად,  რომლის  დროსაც  იგი  გამარჯვებას  გამარჯვენაზე  იხვეჭდა  აჰმოს I-მა განდევნა  ჰიკსოსები   სირიის  ქალაქებიდან  და  აიძულა  ისინი  შორს,  ჩრდილოეთისაკენ  დაეხიათ,  რითაც პრაქტიკულად  მოსპო  მათი ხელმეორედ ეგვიპტებზე თავდასხმის  საშიშროება.  დასავლეთის  საზღვრების  ამგვარად  მოწესრიგების  შემდეგ მან  ყურადღება  მიაპყრო  ნუბიას,  რომელიც  ჰიკსოსების  ბატონობის დროს  გამოვიდა  ეგვიპტის  კონტროლიდან.  პირველივე  კამპანიის  შედეგად  აჰმოსმა  დაამყარა  წესრიგი  ქვედა  ნუბიაში  (ნილოსის  II  ჭორომამდე),  ხოლო  შემდეგ  თანდათან  წაიწია  უფრო  სამხრეთით. კვლავ  დამონებული  ნუბიის  მმართველად  ფარაონმა  დანიშნა  თავისი უფროსი  ვაჟი,  ისიც  აჰმოსი  და  უბოძა  მას ტიტული  „ფარაონის  ვაჟი, სამხრეთის  ქვეყნების  ზედამხედველი“.  ამით  მან  დააარსა  ახალი  რგოლი  ფარაონის  ადმინისტრაციულ  აპარატში,  რომელმაც  იარსება  ახალი  სამეფოს  მთელი  პერიოდის  მანძილზე. იგი  განაგებდა  ეგვიპტის სამხრეთ  კოლონიების  საქმეებს,  ხოლო  მისი  უფროსი  ატარებდა  ტიტულს  „მეფის  ვაჟი“,  ან,  უფრო  მოგვიანებით  „მეფის  ვაჟი  კუშში“ (კუში ნუბიის  ეგვ.  სახელია),  თუმცა  ხშირად  ამ  თანამდებობაზე ფარაონის  პირდაპირი  მემკვიდრეები  არ  ინიშნებოდნენ.  თავისი  მეფობის  მეორე  ნახევარში,  ეგვიპტის  საგარეო  საქმეების  მოწესრიგებისა და  საზღვრების  გამაგრების  შემდეგ,  აჰმოს I-მა ფართო  სამშენებლო მოღვაწეობა  გააჩაღა.  მისი  მეფობის  ოცდამეორე  წლით  დათარიღებული  წარწერა  გვამცნობს,  რომ  აჰმოსმა  თავიდან  გახსნა  და  დაიწყო სამუშაოები  ქაოსის  წლებში  მიტოვებული  სამშენებლო  ქვების  მაღაროებში.
აჰმოს I-ის სიკვდილის  შემდეგ  ტახტზე  ადის  მისი  ვაჟიშვილი  ამონჰოტეპ I (ძვ.წ. 1527-1507 წწ.),  რომელმაც  წარმატებით  განაგრძო  მამის  როგორც  საგარეო,  ისე  შინაგანი  საქმეები.  მან  განამტკიცა ეგვიპტის  პოზიცია  ნუბიაში,  წარმატებით  ებრძოდა  ლიბიელებს.  მისი მეფობის  დროს  ჩამოყალიბებული  სახე  მიიღო  ახალი  სამეფოს  ბიუროკრატიულმა  აპარატმა.  ამონჰოტეპ I-მა შეუნარჩუნა  სამეფო  რეზიდენციას  ყველა  ის   პრივილეგია, რომელიც მოპოვებული იქნა XII დინასტიის დროს მსხვილი პროვინციული  მიწათმფლობელური  არისტოკრატიის  უფლებების  შეზღუდვის  შედეგად.  ქვეყანა  სავსებით  დაქვემდებარებული  იყო   ფარაონის  ძალაუფლებას, რომელიც  თავის მხრივ  სატახტო  ბიუროკრატიას  ეყრდნობოდა.  ამ უკანასკნელის  მოვალეობა იყო თვალყურის დევნება, რომ ფარაონის ნებისმიერი მოთხოვნა სისრულეში  ყოფილიყო  მოყვანილი.  ახალი  სამეფოს  დროს  წმინდა  საერო  ბიუროკრატიას  დაემატა  სამხედროც,  რადგან  ამ   პერიოდიდან  ეგვიპტეს  უკვე ჰყავს  უაღრესად  ორგანიზებული რეგულარული არმია და ფლოტი, რომელთა არსებობის  აუცილებლობა  ქვეყანამ, ალბათ, უცხოელ დამპყრობთა ბატონობის  წლებში შეიგრძნო. ახალი სამეფოს დროს  განსაკუთრებულ   მნიშვნელობას   იხვეჭს   აგრეთვე ქვეყნის  მთავარი  ვეზირის  თანამდებობა. 
ამონჰოტეპის  გარდაცვალების  შემდეგ  ქვეყნის  ერთადერთი  კანონიერი    მემკვიდრე    იყო   უმცროსი   და,   „ღვთაების და“ აჰმოსი, რომელიც  ჯერ  კიდევ  ამონჰოტეპის  სიკვდილამდე  დაქორწინდა  ამონჰოტეპთან  დაახლოებულ  სამხედრო  პირზე  თუტმოსზე;  ეს  უკანასკნელი  ამ  ქორწინების  საფუძველზე  ძვ.წ.  1506  წ.  ადის  ეგვიპტის ტახტზე  როგორც  თუტმოს I (1506-1493). შესაძლოა,  თუტმოს I სამეფო  ოჯახის ერთ-ერთი  შტოს  წარმომადგენელი  იყო  და  თვით  ამონჰოტეპის  მიერ იყო  დანიშნული  თავის  მემკვიდრედ,  მაგრამ  კანონის  წინაშე  მას ტახტზე  ასვლის  უფლება  მხოლოდ  ფარაონის  დასთან  ქორწინებით ჰქონდა  მოპოვებული,  რამაც  მომავალში  გარკვეული  დინასტიური კონფლიქტები  წარმოშვა.
თუტმოს I-ის მეფობით იწყება  ეგვიპტის  სამხედრო  ბრწყინვალების,  ტერიტორიული  ექსპანსიისა  და  უდიდესი  მატერიალური  კეთილდღეობის  ხანა. თუტმოს I-ისა და  მისი  მემკვიდრეების – ე.წ. თუტმოსიდების   –  დროს XVIII  დინასტიის  პირველი  ორი  ფარაონის  მიერ  მოპოვებული  ქვეყნის წონასწორობა  და  ძლიერება  იზრდება  ბრწყინვალე  სამხედრო  გამარჯვებებით,  რომლებსაც  დიდად  შეუწყო  ხელი  თავისი  დროის  ყველაზე  უფრო  მძლავრმა  და  მოძრავმა  არმიამ.  ამ არმიას  ხელმძღვანელობდა  ფარაონი,  რომელიც,  ახალი  ეგვიპტური  ტრადიციის  თანახმად, ბავშვობიდან  იყო გაწვრთნილი  სამხედრო  საქმეში.  ეგვიპტის  მიერ  დაპყრობილი ტერიტორია გავრცელდა სამხრეთით ნილოსის მეოთხე  ჭორომამდე და ჩრდილო-აღმოსავლეთით – ევფრატის  ნაპირებამდე. დაპყრობილი  ტერიტორიებიდან  ქვეყანაში  მოედინებოდა  აურაცხელი სიმდიდრე, რომელიც  კიდევ უფრო ზრდიდა მაქსიმალურად  ორგანიზებული  ქეეყნის  საკუთარ  მატერიალურ კეთილდღეობას.  სიმდიდრის  კიდევ  ერთ  წყაროს  წარმოადგენდა  ფართო  საგარეო  ვაჭრობა  ეგვიპტის სამხედრო კონტროლის  გარეთ  მდებარე ქვეყნებთან – აფრიკაში,  მცირე აზიაში  და  შუამდინარეთში.  ეგვიპტის  სავაჭრო  გემები  აღწევენ კილიკიამდე,  იონიამდე,  კრეტამდე,  კვიპროსამდე  და  ეგეოსის  ზღვის კუნძულებამდე.
თავისი  ორი  მნიშვნელოვანი  სამხედრო  კამპანიით  ზემო  ნუბიასა და  დასავლეთ  აზიაში  თუტმოს I ამტკიცებს,  რომ  იგი იყო  შესანიშნავი  სარდალი  და  თითქმის  არ  ჩამოუვარდებოდა  თავის  შვილიშვილს თუტმოს  III,  რომელიც  მსოფლიო  სამხედრო  ისტორიის  ერთ-ერთ მნიშვნელოვან  ფიგურად  არის  მიჩნეული.  ნუბიის  კამპანიის შედეგი იყო  ეგვიპტის  ძალაუფლების  გავრცელება  მესამე  ჭორომამდე, რაც  თუტმოსმა  უმძიმეს  სამხედრო  და  ნავიგაციურ  პირობებში  მოიპოვა.  ეგვიპტეში დაბრუნებამდე  მან დაპყრობილ ტერიტორიაზე  ააგო მთელი  რიგი  ციხე-სიმაგრე  და  დააწესა  მართვის  ახალი  სისტემა,  დაყო რა  ეგვიპტეზე  დაქვემდებარებული  მთელი  ტერიტორია  ხუთ  ადმინისტრაციულ  ერთეულად.  აზიის  კამპანიაში  მან  დაამარცხა  მითანის  სახელმწიფოს  არმია.  ამ  გამარჯვების  აღსანიშნავად  ევფრატის  ნაპირებზე  მან  დატოვა  ჩვენს  დღეებამდე  შემონახული  სასაზღვრო  სტელა, რომელიც  ერთდროულად  წარმოადგენდა  ეგვიპტეზე  დამოკიდებული ტერიტორიების  საზღვარს  და  ფარაონის  გამარჯვების  ინაუგურაციას.
თუტმოს I-ის ორი  უფროსი  ვაჟიშვილი  გარდაიცვალა  მისი  მეფობის დროს,  ამიტომ  მისი  სიკვდილის  შემდეგ  ტახტზე  ადის  მესამე  ვაჟიშვილი  თუტმოსი, რომელიც  იმ  დროისათვის  დაახლოებით  12  წლის  იყო. თუტმოს II-ის (ძვ.წ. 1493-1479) დედა იყო არა დედოფალი აჰმოსი, არამედ დიდგვაროვანი ქალი  მუტნოფრეტი.  ამიტომ  თავისი  პოზიციის  გასამტკიცებლად თუტმოს  II  ირთავს  ცოლად  თავის  ნახევარდას  ჰატშეპსუტს,  თუტმოს I-ის და  აჰმოსის  უფროს  ქალიშვილს.  მათ  იმეფეს  14  წელიწადს. 1479  წ.  კი  ჯერ  კიდევ  ახალგაზრდა  ფარაონი,  რომლის  სუსტ ჯანმრთელობას  ხელს  არ  უწყობდა  გაუთავებელი  სამხედრო  კამპანიები ნუბიაში და სინაისა  და პალესტინის  მომთბარე  ტომების  წინააღმდეგ,  გარდაიცვალა.  ჰატშეპსუტისაგან  თუტმოს  II-ს  დარჩა მხოლოდ ქალიშვილი ნეფრუ-რა.
ეგვიპტეში  ფარაონი, ჩვეულებრივ,  ქორწინდებოდა  სამეფო  წარმოშობის  ქალზე  (ხშირად საკუთარ  დაზე),  რომელსაც  ბავშვობიდან  ჰქონდა  მინიჭებული  „ღვთაების  მეუღლის“  ტიტული  (ეს  ტრადიცია  ჯერ  კიდევ  ძველი  სამეფოს დროიდან მოდის).  ფარაონთან  საკრალური  ქორწინების  შემდეგ  იგი ხდებოდა  ეგეიპტის  დედოფალი  და  ტახტის  კანონიერ  მემკვიდრეებად ითვლებოდნენ მხოლოდ  ის  ბავშვები,  რომლებიც  ფარაონს  ამ  „ღვთაების  მეუღლისაგან“ ჰყავდა.  მაგრამ  სხვადასხვა  პოლიტიკური  და  დიპლომატიური  მოსაზრებების  გამო  ფარაონს  ხშირად  უხდებოდა  მსხვილი  ნომარქების  ან   უცხო  ქვეყნების  მეფეებისა  და  მთავრების  ქალიშვილებთან  ქორწინებაც.  ეს  მეუღლეები  „მეორე  რიგის   ცოლებად“ ითვლებოდნენ  და  მათ  შვილებს  შეეძლოთ  ტახტზე  ასვლა  მხოლოდ კანონიერ  მემკვიდრეებზე  ქორწინებით.
თუტმოს  II-ის  სიკვდილის  შემდეგ  ფარაონის კარის არჩევანი შეჩერდა მის  ვაჟზე,  II რიგის ცოლის, ისეტისგან (ისიდასაგან), რომელიც  დიდებულის ასულ სატიაზე დაქორწინების შემდეგ ტახტზე  ადის როგორც თუტმოს III.  ამ   დროისათვის  თუტმოს  III   და  მისი  „ღვთაებრივი  მეუღლე“  ჯერ  კიდევ  ბავშვები.  იყვნენ,  ამიტომ ქვეყნის მართვა იკისრა დედოფალმა ჰატშეპსუტმა (ძვ.წ. 1479-1458).  პირველ  ხანებში  იგი  არ  სცილდებოდა  თავის  უფლებებს,  მაგრამ   მალე   აცხადებს,  რომ  ეგვიპტის ტახტზე  ასვლის  კანონიერი უფლება მხოლოდ  მას  ეკუთვნის.  მან  თავი ეგვიპტის  ფარაონად  გამოაცხადა  და  თავისი  პოზიციების  გასამაგრებლად შემოიკრიბა უბრალო წარმოშობის  პირები, რომლებსაც დიდი  თანამდებობები  დაურიგა.  მათ  სათავეში  იდგა  ასევე   უბრალო  წარმოშობის   სამხედრო  სენ-მუტი,   რომელსაც დედოფალმა  80-ზე   მეტი ტიტული  უბოძა.
ქვეყნის შიგნით ჰატშეპსუტი როგორც ძირითად  ხაზს, ატარებდა შუა სამეფოს  ეგვიპტის  ტრადიციების  აღდგენის  პოლიტიკას. საგარეო პოლიტიკაში  მან ძირითადი  აქცენტი აფრიკაზე  გადაიტანა  და  სრულ  იგნორირებას  უწევდა  XVIII  დინასტიის  მძლავრი ფარაონების  მიერ  მოპოვებულ  აზიურ  კოლონიებს.  ეგვიპტის  ასეთი პასიურობა  ხელს  უმართავდა  მითანის  სამეფოს,  რომელიც  იმ  დროს ძალზე  მომძლავრდა  და  თანდათან  მოიწევდა  სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ.   ჰატშეპსუტის  მეფობის  დასასრულისათვის  ეგვიპტეს  მხოლოდ შარუჰენი  შემორჩა,  მთელი  დანარჩენი  ტერიტორია  მითანის  სამეფოს ხელში  გადავიდა.  ეგვიპტეში  მდგომარეობა  მართლაც  რომ  კრიტიკული  გახდა,  როცა  მითანის  მეფემ  (შესაძლოა  პარსასასთარმა),  წაქეზებულმა  მითანის  გამარჯვებებით  და  ეგვიპტის  პასიურობით,  შეკრიბა უზარმაზარი  ჯარი  ეგვიპტეზე  თავდასხმისათვის.  იგი  ეყრდნობოდა  აგრეთვე  330  სირიელ  მთაეარს  და  ქადეშის  მთავრებს.  ეს  საფრთხე  აღმოჩნდა ის უკანასკნელი  წვეთი,  რომელმაც  საბოლოოდ  აავსო  ეგვიპტის  მოთმინების  ფიალა. ჰატშეპსუტის პოლიტიკით შეწუხებული ეგვიპტის  დიდგვაროვნები, რომლებიც  უთუოდ  უკმაყოფილონი იყვნენ ეგვიპტეში შექმნილი ვითარებით, დაეხმარნენ თუტმოს III (1458-1425) ტახტის დაბრუნებაში.  გამეფების  ოცდამეორე  წელს  ჰატშესპუსტი  ჩამოაგდეს  ეგვიპტის  ტახტიდან,  ტაძრებმა  შეაჩვენეს  მისი  სახელი,  მისი გამოსახულებები  და  წარწერები  კი  გაანადგურეს.
ხელმეორედ  გამეფების  უკვე  თვენახევრის  შემდეგ  თუტმოსმა,  დიდი  არმიის  სათავეში, გადალახა  ეგვიპტის  საზღვარი   მტერთან   შესახვედრად.  ხანმოკლე ბრძოლის  შემდეგ  მოწინააღმდეგემ  თავი  შეაფარა  ქ.  მეგიდოს.  ამას მოჰყვა  ქალაქის  შვიდთვიანი  ალყა,  რომლის  შედეგად  სირიის  მთავრები  დანებდნენ  და  გაუგზავნეს  ფარაონს  წერილი,  რომელშიც  მორჩილებას  უცხადებდნენ  ეგვიპტეს.  ამ  კამპანიის  შედეგად  ეგვიპტემ აიცილა  გარეშე  მტრის  ქვეყანზე  თავდასხმის  საშიშროება.  ამას გარდა,  მან  თითქმის  დაიბრუნა  სირიის ქალაქებში  ჰატშეპსუტის  დროს დაკარგული  პოზიციები.  ამის  შემდეგ  თუტმოს  III  თითქმის  ყოველ წელს  აწყობდა  ლაშქრობებს  დასავლეთში.  მან  ძალზე  გაზარდა  ეგვიპტის  ფლოტიც.  ბიბლოსში  იგი  აგებდა  გემებს,  რომლებიც  საჭიროების  მიხედვით  გადაჰქონდა  ოთხთვალებით  ხმელეთზე,  რითაც  ძალზე აჩქარებდა  არმიის  გადანაცვლებას.  მეფობის  31-ე  წელს  (თუტმოსის წლებს  ჩვეულებრივ  ითვლიან  მისი  პირველად  ტახტზე  ასვლის  დროიდან)  იგი  გადავიდა  ევფრატზე,  რათა  აქ  მითანის  მეფეს  შებრძოლებოდა,  მაგრამ, ამ  უკანასკნელმა  დაიხია  ტიგროსსა და  ევფრატს  შორის მდებარე  სტეპების  სიღრმეში.  ამის  გამო  თუტმოსმა  ვერ  მიაღწია  თავის  ძირითად  საბრძოლო  მიზანს,  მაგრამ  უკანა  გზაზე  აიღო  ქალაქები  სენჯარი  და  ქადეში,  რითაც  ძალზე  გაამაგრა  ეგვიპტის  პოზიციები  დასავლეთში.  მეფობის  33-ე  წელს  მან   დაარბია  ნაქარენი,  მითანის  აღმოსავლეთი  პროვინცია,  და  თავისი  ბაბუის,  თუტმოს I-ის   მსგავსად,  დატოვა სტელა  ევფრატის  ნაპირებზე.  35-ე  და  42-ე  წლებში  მან კვლავ  დაამარცხა  მითანის  ჯარი,  გამოგზავნილი  მითანის  მეფის  მიერ სირიის  ქალაქებიდან  ეგვიპტელთა  გასაძევებლად,  ამის  შემდეგ  ბრძოლები  ამ  ორ  იმ  დროისათვის  ყველაზე  მძლავრ  სახელმწიფოს  შორის წყდება.
დაპყრობილ  ტერიტორიაზე  მმართველობას,  რომელიც  ითვალისწინებდა  აგრეთვე  ეგვიპტისათვის   ყოველწლიური  ხარკის  გადახდას, ძირითადად  ეგვიპტის  მიერ  არჩეული  ადგილობრივი  დიდგვაროვნები აწარმოებდნენ,  მაგრამ  ეგვიპტელი  მოხელეების  მეთვალყურეობით,  ეს ეგვიპტელი  მოხელეები  ატარებდნენ ტიტულს  „უცხო  ქვეყნის  უფროსი“   (აქად.   რაბისუ).  ეგვიპტის  აზიური  კოლონიები  სამ  პროვინციად იყო  გაერთიანებული: ქანაანი  (მთავარი ქალაქი  გაზა),   უპი   (მთ. ქალაქი  ქუმიდი),  ამურუ (მთ.  ქალაქი  სიმურა).  ყველა  ქალაქში განლაგებული  იყო ეგვიპტური  გარნიზონები.
თუტმოს  III-ს საფუძველი ჩაუყარა  კიდევ ერთ  ტრადიციას, რომელიც აგრეთვე  უწყობდა  ხელს სირიის  ქალაქების  ეგვიპტის  გავლენის  ქვეშ ყოფნას – სირიის  დიდგვაროვანთა  შვილები  ბავშვობიდან  ჩამოჰყავდათ  ეგვიპტეში  და  აქ  მათ ეგვიპტურ  განათლებას  აძლევდნენ  და  ზრდიდნენ  ეგვიპტურ  ყაიდაზე. ეგვიპტის  გამარჯვებებმა,  ბუნებრივია, შთაბეჭდილება  მოახდინეს  აზიისა  და  ხმელთაშუაზღვისპირეთის  ხალხებზე,  რომლებიც შეეცადნენ ქვეყანასთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებას. შემორჩა დოკუმენტები  ბაბილონიდან, ასურეთიდან, მითანიდან, ხეთების  საშეფოდან, კვიპროსიდან  და კრეტიდან  დელეგაციების  ჩამოსვლის  შესახებ,  რომლებსაც  ფარაონთან  უმდიდრესი  საჩუქრები  ჩამოჰქონდათ  და  სთავაზობდნენ  მას  თავიანთ  პრინცესებზე.  ქორწინებას,  ყველა შემონახულ დოკუმენტში  მეფეები  და  მთავრები,  სხვათა  შორის,  სთხოვენ  ფარაონს  ოქროს,  რომელიც  ეგვიპტეში  „უფრო  მეტია,  ვიდრე  მტვერი“. და  მართლაც,  იმდროინდელი  მსოფლიოს  ოქროს  ძირითადი  მარაგი ეგვიპტის  კონტროლის  ქეეშ  იმყოფებოდა.  აურაცხელი  რაოდენობით ოქრო  მოედინებოდა  ნუბიიდან,  სადაც  თუტმოს III-მ ეგვიპტის  გავლენა  ნილოსის  IV ჭორომამდე  გაავრცელა  და  ამ ტერიტორიაზე  ჩაუყარა  საფუძველი  მნიშვნელოვან ფორტიფიცირებულ ქალაქ  ნაპატას.
თუტმოსის  რკინისებური ნებისყოფა  და  ენერგია  იგრძნობოდა  აგრეთვე  საკუთარი  ქვეყნის  მართვაშიც.  ბევრ  ცენტრალურ  თანამდებობაზე  მან   დანიშნა  მასთან  პირადად  დაახლოებული  პირები,  რომლებიც  სამხედრო  კამპანიებმი  გამოცადა.  ქვეყნის  მთავარი  ვეზირის თანამდებობა თუტმოსმა ორად  გაყო – ჩრდილოეთის  და სამხრეთის – უკეთესი  მეთვალყურეობისათვის. ამ ენერგიულმა  ფარაონმა,  რომელიც,  ბევრი  მეცნიერის  აზრით,  ყველაზე  უფრო  არაჩვეულებრივი ფიგურა  იყო  ეგვიპტის  ფარაონებს  შორის, პირველმა დაისახა მიზნად ეგვიპტე  იმდროინდელ  მსოფლიოზე  გაბატონებულ  იმპერიად  გადაექცია. 
ეგვიპტის შინაგანი და საგარეო მდგომარეობა კიდევ უფრო განმტკიცდა თუტმოს III-ის მემკვიდრეების  – ამონჰოტეპ  II-ისა (ძვ.წ. 1427–1401  წწ.)  და თუტმოს  IV-ის (ძვ.წ. 1401–1391 წწ.) – დროს. ამ  უკანასკნელის  საკმაოდ  მნიშვნელოვანი  დიპლომატიური  მიღწევა იმაში  მდგომარეობდა,  რომ  გარკვეული  მოლაპარაკების  შემდეგ  იგი დაქორწინდა  ეგვიპტის   ძველი მოწინააღმდეგის – მითანის  სამეფოს ხელმწიფის – არტატამა I-ს  ქალიშვილზე.  ამ ქორწინების  შედეგად  მითანის სამეფო  ეგვიპტის პოტენციური  მოკავშირე გახდა სწრაფად მზარდი  ხეთების სამეფოს წინააღმდეგ.
XVIII  დინასტიის  ენერგიული  ფარაონების  მიღწევების  შედეგები  განსაკუთრებით  შესამჩნევი  გახდა  ამონჰოტეპ  III-ის მეფობის დროს  (ძვ.წ. 1391–1353  წწ.).  ახალგაზრდა  ფარაონის  გამეფება   დაემთხვა  დროს,  როცა ეგვიპტე თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური კეთილდღეობის კულმინაციურ წერტილში  იმყოფებოდა. დასავლეთში მშვიდობა  სუფევდა;  სირიის  ქალაქებიდან  და   ნუბიიდან ქეეყანაში მოედინებოდა განუზომელი სიმდიდრე.  ამიტომ  ბუნებრივია, რომ  ამონჰოტეპ  III-ის მეფობას  წითელ  ზოლად  გასდევს  გრანდიოზული მშენებლობები,  რომლებსაც  ფარაონი  ქვეყნის  მთელ  ტერიტორიაზე   აწარმოებდა.  მაგრამ  წონასწორობამ და  სიმშვიდემ,  რომელიც სუფევდა  ფარაონის  ხანგრძლივი მეფობის   დროს,  თანდათან  გამოკვეთა ის წინააღმდეგობები  ქვეყნის შიგნით,  რომლებიც  უკვე  კარგა ხანს  მწიფდებოდა.  XVIII  დინასტიის  ფარაონთა  პოლიტიკამ  წარმოშვა  ახალი  მძლავრი  სოციალური  ფენა   რომელიც  სულ  უფრო  და უფრო  მდიდრდებოდა  ეგეიპტის  საგარეო  გამარჯვებების  შედეგად. ეს  იყო სამხედრო  არისტოკრატია,  რომელიც  ამ დინასტიის  მებრძოლი სულის  მქონე  ფარაონების  ძირითად  საყრდენს  წარმოადგენდა.  თანდათან  მსხვილ  თანამდებობებს, რომლებიც ტრადიციულად სატაძრო განათლების მქონე  ძველი  ოჯახების  წარმომადგენლებს  ეკავათ,  ეუფლებიან სამხედრო წრიდან წამოწეული,  ფარაონთან დაახლოებული  და ბრძოლებში  გამოცდილი  პირები,  რომლებიც  ხშირად  არადიდგვაროვანი  წარმოშობისა  არიან.  ამ   ვითარებაში  ბევრმა  ძველმა  ოჯახმა  დაკარგა  ის  პოზიციები,  რომლებსაც  უკვე  საუკუნეების  მანძილზე  თავის კუთვნილად  განიხილავდა.  ბუნებრივია,  შექმნილი  მდგომარეობა  არ აკმაყოფილებდა  ძველ  ბიუროკრატიულ  არისტოკრატიას  და   მასთან მჭიდროდ  დაკავშირებულ  ქურუმობას. აქვე უნდა  აღინიშნოს,  რომ ეგვიპტური  რელიგია  არ  მოითხოვდა  ქურუმისაგან  არავითარ  განსხვავებულ  ცხოვრების  წესს,  არ  განიხილავდა  არც  ასკეზის  ცნება,  ამიტომ  ხშირად  რომელიმე  დიდგვაროვანს,  მაღალ  ბიუროკრატიულ  თანამდებობასთან  ერთად,  ქურუმის  მოვალეობების  შესრულებაც  შეეძლო. წმინდა საერო  და რელიგიური მოვალეობების  გაყოფა,  როცა  ქურუმს აღარ შეეძლო  საერო  თანამდებობაზე  სამსახური  და  პირიქით, მოხდა მხოლოდ  ახალი  სამეფოს  დასასრულს.  საუკუნეების  მანძილზე ჩამოყალიბებული  ტრადიციის  თანახად  დიდგვაროვანი  ოჯახების შვილები  განათლებას  სატაძრო  სკოლებში  იღებდნენ,  რადგან განათლებას,  წერა-კითხვის  სრულყოფილად  ათვისებას  და მჭერმეტყველებას ეგვიპტეში უძველესი დროიდან უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ამიტომ  ბიუროკრატიული  აპარატის  უმაღლესი  წრე და  სატაძრო არისტოკრატია,  რომელიც  ფაქტიურად  ერთი  ფენის  ორ  განშტოებას წარმოადგენდა,  მჭიდროდ  იყვნენ ერთმანეთთან  დაკავშირებული  და მათ  საერთო  ინტერესებიც  აერთიანებდათ.  XVIII  დინასტიის დროს მათი საუკუნეების  მანძილზე  მოპოვებული პოზიციები ერთგვარად შეირყა, რამაც, ბუნებრივია, ამ მძლავრი  ფენის  უკმაყოფილება გამოიწვია.  განსაკუთრებულ  საფრთხეს ქმნიდა ამონის  ქურუმობა,  რომლის განკარგულებაში  აურაცხელმა  სიმდიდრემ  მოიყარა  თავი.  ამონის ტაძრებში  მოგროვილი  სიმდიდრე და  მათი  მიწები  იმდენად  მნიშვნელოვანი  იყო,  რომ  შეიძლება  განიხილებოდეს,  როგორც  სახელმწიფო სახელმწიფოში.  ამიტომ  ნიშანდობლივია,  რომ  უკვე  თუტმოს  III-მ თავისი რეზიდენცია  თებედან  ისევ  ძველ სატახტო ქალაქში – მემფისში  გადაიტანა.  სწორედ  თებესა  და  მის რაიონში  იყო  თავმოყრილი  ამონის უმნიშვნელოვანესი  ტაძრები  და  მამულები  და  განსაკუთრებით  ძლიერი იყო  მისი ქურუმების  გავლენა,  ამ  წინააღმდეგობებმა ერთგვარად შეამზადეს ის  უზარმაზარი  ცვლილებები,  რომლებიც  მოიტანა ამონჰოტეპ  III მემკვიდრის, – ამონჰოტებ  IV  (ეხნატონის)  მეფობამ, რომელიც  განიხილება  როგორც არაჩვეულებრივი  ეპიზოდი  ეგვიპტის  ისტორიაში  და ამარნის  ეპიზოდის  სახელით  არის  ცნობილი.  ამონჰოტეპ IV-ის მეფობის წლებმა (ძვ.წ. 1353–1336), რომლებიც  თავისუფლად შეიძლება ეფემერულ, მეყსეულ პერიოდად შეიძლება ჩაითვალოს ეგვიპტის საოცარ ხანგრძლივ ისტორიაში, ერთბაშად მოიტანა იმდენი სიახლე, რასაც ამ უკიდურესად ტრადიციულ, კონსერვატიულ ქვეყანაში, ჩვეულებრივ, მრავალი საუკუნე სჭირდებოდა.
სუსტი აღნაგობის მქონე ამენჰოტეპ IV უკვე ფიზიკურად ძლიერ კონტრასტს წარმოადგენს XVIII  დინასტიის მებრძოლ ფარაონებთან შედარებით, რომლებიც თავიანთ საბრძოლო გამარჯვებებზე არანაკლებ ხატოვნად აღწერდნენ წარმატებებს ლომებსა და სპილოებზე ნადირობაში, ცხენოსნობაში და სხვა მსგავს საქმიანობებში. მაგრამ ფიზიკურად  სუსტი  ამონჰოტეპ  IV  ეგვიპტეში  აქამდე  არნახული  ენერგიით  შეებრძოლა  არა    მარტო  ტრაღიციულ   ბიუროკრატიულ  ფენას, არამედ საუკუნოვან ტრადიციებს  და თავად  ეგვიპტის ღმერთებსაც  კი, რაც  მით უფრო  იწვევს  გაკვირვებას, რომ  ტახტზე  ასვლისას  იგი დაახლ. 16  წლის  იყო.  გამეფების  პირველივე  წელს  იგი  იწყებს  თებეში,  ამონის   ამ   ნავთსაყუდელში,  ახალი  ღვთაების,  ატონის  ტაძრის  მშენებლობას.   მეფობის  მეექვსე  წელს  კი   გადადის   მის  მიერ  აშენებულ  ახალ სატახტო ქალაქში  –  ახეტ-ატონში  (ეგვ.   „ატონის  ჰორიზონტი“,  თებედან  60  კმ ჩრდილოეთით,  თანამედროვე  ტელ ელ-ამარნასთან).  ერთდროულად  იგი  იღებს  ახალ სახელს –  ეხნატონს  („ატონის  მსახური“), სახელს  უცვლის  აგრეთვე  თავის  ლამაზ  მეუღლეს  ნეფერტიტის,  რომელიც  ამიერიდან  ხდება   ნეფერ-ნეფრუ-ატონი   (მშვენიერია, ატონის მშვენება)  და  უარყოფს  ეგვიპტის  ყველა  ღვთაებას,  მათ  შორის რას და  ამონს,  კრძალავს  მათი  სახელის  ხსენებას  და  სადაც  ხელი  მიუწვდება,  შლის  არა მარტო  ძველი ღმერთების  სახელებს,  არამედ  სიტყვას „ღმერთები“,  რადგან მთელი ეგვიპტე  ახალ და ერთადერთ  მზის  ღვთაებას –  ატონს –  უნდა  ეთაყვანებოდეს.  საკმაო  შთამბეჭდავი  იკონოგრაფიით –  ესაა მზის  დისკო,  რომლის  სხივები  ადამიანის  გაწვდილი ხელებით  მთავრდება.  ამ  არაჩვეულებრივი  ადამიანის  მეფობის დროს მომხდარი  რეფორმების  შედეგები  დღეს  ყველაზე  ნათლად  ჩანს   იმდროინდელ  ხელოვნებასა  და   ლიტერატურაში. ეხნატონმა  ერთბაშად დაამსხვრია  საუკუნეების  მანძილზე  ჩამოყალიბებული ეგვიპტური  ხელოვნების  კანონები,  რომლებიც  განსაკუთრებული  სიზუსტით  უნდა დაცულიყო  ფარაონის  გამოსახულებებში,  რადგან  მათ  ძირითად  დანიშნულებას  ფარაონის  ღვთაებრიობის  ხაზგასმა  წარმოადგენდა.  ამიტომ  ეგვიპტურ  ფერწერასა  და  სკულპტურაში  ფარაონის  გამოსახულებები  სტერეოტიპულ  ხასიათს ატარებს  –  მათი   სხეული  ყოველთვის იდეალურად პროპორციული  და ახალგაზრდაა,  სახის ნაკვთები – სტილიზებული,  ამიტომ    დღეს  ეგვიპტის    ფარაონთა  გრძელ  რიგში გამოირჩევა   ეხნატონის   გამოსახულებები,  რომლებშიც  ხშირად   ჰიპერთროპიულადაც  კია გადმოცემული ამ ავადმყოფური  ფარაონის აღნაგობის  თვალში  საცემი  დეფექტები   რაც  უპრეცენდენტო  შემთხევაა  ეგვიპტის  ხელოვნების  ისტორიაში. ასევე უპრეცენდენტოდ ითვლება  ფარაონის  –  ამ „ღვთაების“  --  გაადამიანება  ამარნის  პერიოდის  ფერწერაში,  სადაც  ეხნატონი  გამოსახულია  თავის  მეღღლესთან  და  ქალიშვილებთან  ერთად.  ამ გამოსახულებებში  საოცარი  ექსპრესიით  არის  გადმოცემული  ისეთი  ადამიანური  ემოციები.  როგორიცაა  სიხარული,  სიყვარული,  სევდა  გარდაცვლილ  ქალიშვილზე  და სხვ. ფარაონის  ამგვარი  ადამიანური გრძნობებით  დაჯილდოება  ეგვიპტურ  ხელოვნებაში  აქამდე  წარმოუდგენელი  იყო.
როგორც  ზებოთ  აღვნიშნეთ,  თავისი  ხანგრძლივი  განვითარების მანძილზე  ეგვიპტურმა  ენამ   მნიშვნელოვანი  ცვლილებები  განიცადა. ახალი  სამეფოს  სალაპარაკო  ენა, ბუნებრივია,  განსხვავდებოდა  მის სამეფოს  ენისაგან,  მაგრამ  ლიტერატურულ,  სამწერლო  ენად  იხმარებოდა შუა სამეფოს  ეგვიპტური,  ე.ი.   შექმნილი  იყო  დაახლოებით  შუა საუკუნეების  ევროპის  მსგავსი  სიტუაცია, როცა  სამეცნიერო  და ხშირად  ლიტერატურული  ნაშრომები  ლათინურ  ენაზე იწერებოდა. შუა სამეფოს  ეგვიპტურზე  შედგენილი  ტექსტები  მხოლოდ  სატაძრო განათლების  მქონე  პირთათვის  იყო  ხელმისაწვდომი.  ეხნატონის  რეფორმის  ერთ-ერთ  სიახლეს  წარმოადგენდა  სამწერლო  ენად  ახალი ეგვიპტურის  გადაქცევა.  ამ ფაქტს,  ალბათ,  ერთგვარად  ეხმიანება  ის გარემოება,  რომ  ფარაონმა  პრაქტიკულად  უგულვებელყო  ძველი არისტოკრატია  და  ყველა  მნიშვნელოვან  თანამდებობაზე  ძირითადად  უბრალო  წარმოშობის  პირები  დანიშნა,  რომლებიც  თვითონ  აღიარებენ, რომ  მათ  „არც  დედა  ჰყავთ,  არც  მამა“  (ე.ი. დაბალი  ფენიდან არიან) და  მათი  განდიდება მხოლოდ  ფარაონის  ნებით  მოხდა.
დღეს  ძველ  ეგვიპტეზე  დაწერილი  ურიცხვი  შრომების  თითქმის მეოთხედი  ამარნის  ხანმოკლე  პერიოდისადმი  არის  მიძღვნილი,  მაგრამ   მიუხედავად  ამისა,   ითვლება,  რომ  ეხნატონის  რევოლუციური რეფორმის  ძირითადი მიზეზები  და  არსება  მაინც  არ  არის  გარკვეული, თუმცა  ხშირად  შევხვდებით  აზრს, რომ  ეხნატონი  არის  პირველი  პიროვნება კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც ერთღმერთიანი რელიგია შექმნა. ფარაონის გარდაცვალების შემდეგ ძველმა არისტოკრატიამ  ყველაფერი  ისევ  ძველ რელსებზე  გადაიყვანა, და  ამიერიდან  ფარაონის  სახელი  იდევნებოდა  ისევე,  როგორც  ადრე თვით ეხნატონი  დევნიდა ეგვიპტის ღმერთებს. ეს შემოტრიალება  საკმაოდ  ადვილად  განხორციელდა,  რადგან  ეხნატონი,  როგორც  ჩანს,  არ  სარგებლობდა პოპულარობით  არც  ეგვიპტის  უბრალო  მოსახლეობას  შორის, რადგან  ტრადიციული  ეგვიპტელის  თვალში  ძველი  ღმერთების შეურაცხმყოფელის  როლში  გამოდიოდა.
ეხნატონის  ინერტიულობამ  საგარეო პოლიტიკის  საქმეებში შეარყია ეგვიპტის  პოზიციები  დასავლეთის კოლონიებში. მითანის  სამეფო, რომელიც  უკვე  3 თაობის მანძილზე  მეგობრულ  ურთიერთობაში   იმყოფებოდა  ეგვიპტესთან ამაოდ  ელოდა  მისგან  დახმარებას მძლავრი  ხეთების  სამეფოსთან  ბრძოლებში,  რომელმაც  ამ   დროისათვის   უკვე   არა   მარტო  მითანის  მიწები მიითვისა –  ეგვიპტეს  თავისი პასიურობა  ორი  უმნიშვნელოვანესი ქალაქის – ქადეშისა  და  უგარიტის  --   ფასად  დაუჯდა.  ეს   ყველაფერი,  ბუნებრივია,  არ   იწვევდა  აღფრთოვანებას  ქვეყანაში.
ეხნატონის სიკვდილის შემდეგ ეგვიპტეს მართავდა მისი მეუღლე ნეფერტიტი (1336-1334) ნეფერნეფერუატენის სახელით, რომელიც ქმრის ბოლო წლებში რეგენტის ფუნქციასაც ასრულებდა. შემდეგ ფარაონი გახდა ეხნატონის ასულ მერიტატენის ქმარი სმენხკარე (1334-1332), რომლის სიკვდილის შემდეგ (დაახლ 20-25 წლის მოკვდა) მეფდება ტუტანხატონი (1332-1323), რომელიც 9 წლის გამეფდა და 18 წლის ასაკში მოკვდა. იგი სმენხკარეს ვაჟი უნდა იყოს, ცოლად კი ეხნატონის ასული ანხესენატონი ჰყავდა. ბუნებრივია ასეთი ახალგაზრდა მმართველების ხშირმა ცვლამ კიდევ უფრო დაასუსტა ქვეყანა.
ტუტანხამონის  გარდაცვალების  შემდეგ  მისი  მეუღლე,  ანხესენაატონი (ანხესენამონი),  რომელიც  ეგვიპტის  ტახტის  უკანასკნელი  კანონიერი  მემკვიდრე  იყო,  შეეცადა  მდგომარეობის  შენარჩუნებას  ხეთების  მეფის,  სუფელულიუმას  ვაჟზე,  ზანზანაზე  ქორწინებით,  მაგრამ  ეს   უკანასკნელი დაიღუპა  ეგვიპტეში  მგზავრობის დროს.  ამის   შემდეგ  ანხესენაატონი დაქორწინდა  ხანდაზმულ  ვეზირზე,  ეიეზე (ძვ.წ. 1322-1319; ნამდვილი სახელი „ხეპერხეპერურე“),  რომელიც,  სხვათა  შორის, ატარებდა ტიტულს – „ღმერთის  მამა“,  რის  გამოც  ზოგიერთი  მეცნიერის  აზრით  ეხნატონის  სიმამრად  არის  მიჩნეული.  იგი  მალე  გარდაიცვალა,  ანხესენპაატონის  შემდგომი  ბედი  კი  უცნობია.  ამგვარად,  ერთ დროს  ბრწყინვალე  XVIII  დინასტია  სრულდება  დინასტიური  კრიზისით,  რომელიც,  ბუნებრივია,  ხელს  არ  უმართავდა  ქვეყნის  შინაგანი  წონასწორობისა  და შერყეული  საგარეო  მდგომარეობის  აღდგენას. შექმნილ  რთულ  ვითარებაში  ტახტის  უზურპირებას  ახდენს  არმიის მეთაური ჰორემჰემი (ძვ.წ. 1319-1292), რომელიც ასრულებდა  ეგვიპტის  არმიის  მთავარი  ზედამხედველის  მოვალეობას  ჯერ  კიდევ  ამონჰოტეპ  III  დროს  და  ახალგაზრდა  ტუტანხამონის  გამეფების  შემდეგ უკვე ფავტიურად  მართავდა  ქვეყანას.
გამეფებისთანავე  ჰორემჰები  შეეცადა  ქვეყნის  საქმეების  მოწესრიგებას.  მან  მიწასთან  გაასწორა  ახეტატონი,  დაანგრია  კარნაკში  ეხნატონის  მიერ  აგებული  ატონის  ტაძარი, ხოლო  მისი  ქვის ბლოკები  გამოიყენა  ამონის  ბრწყინვალე  ტაძრის  სამი ახალი  პილონის  ასაგებად.  ამით  ჰორემჰებმა  საბოლოოდ  მოსპო  ქვეყანაში  ეხნატონის  ღმერთის  სახსენებელი.  მიუხედავად  ხანგრძლივი მეფობისა,  ეს  ყოფილი  სამხედრო  ისე  იყო  დაკავებული  ქვეყნის  შინაგანი  პრობლემებით,  რომ  სრულიად  ვერ  მოიცალა  დასავლეთში ეგვიპტის  გავლენის  აღდგენისათეის.  ატონთან  ერთად  მან  გაანადგურა  ეხნატონის  დროს წამოწეული  ყეელა  მოხელე  და  ქვეყანაში  ძველი წესები  აღადგინა. აღსანიშნავია,  რომ  შემდგომი  ეგვიპტური  ტრადიცია  არ  ცნობდა  ამონჰოტეპ  III-ის სამ  მემკვიდრეს  და  ყველა  ეგვიპტურ ცხრილში  XVIII  დინასტიას  ასრულებს  ჰორემჰები,  რომელიც  უშუალოდ  ამონჰოტეპ  III-ის შემდეგ  არის  მოხსენიებლლი.
ჰორემჰების  მეფობის  დროს  მასთან  ყველაზე  დაახლოებული  პირი იყო   ვინმე რამსესი,  ასევე   სამხედრო  წრიდან;  ერთ-ერთი  მსხვილი ეგვიპტელი  სარდალის,  ტანისელი  (ქალაქი  აღმ.  დელტაში)  სეტის  ვაჟიშვილი,  რომელიც  ჰორემჰებმა  თაჟის  მემკვიდრედ  გამოაცხადა.  ჰორემჰების  გარდაცვალების  შემდეგ  ეს დიდგვაროვანი  სამხედრო,  რომელიც ერთდროულად  ასრულებდა  ეგვიპტის  არმიის  მთავარი  ზედამხედველის,  ვეზირის,  ქურუმების  უფროსის  და  სხვ.  მაღალ  თანამდებობებს,  ეგვიპტის  ფარაონი  ხდება.  მისი  გამეფებით  იწყება  XIX  დინასტია. 
ტახტზე ასვლისას რამზეს I (ძვ.წ. 1292-1290 წწ.) უკვე ხანდახმული  კაცი  იყო,  ამიტომ  მან  თანამმართველად  დანიშნა  თავისი ვაჟი  სეტი,  ასევე  სამხედრო,  რომელმაც  გაფების  ფაქტიურად  პირველი  დღიდანვე  ყურადღება მიტოვებულ  ეგვიპტის  საგარეო  საქმეებს მიაპყრო.  სეტი I-მა (ძვ.წ. 1290–1279 წწ.) მალე  დაამყარა  წესრიგი  პალესტინაში,  აღადგინა  ეგვიპტის გავლენა სირიის ქალაქებში, დაუბრუნა ეგვიპტეს ისეთი მნიშვნელოვანი პუნქტი, როგორიც იყო ქადეში, რაც მტკიცდება ამ ქალაქში ნაპოვნი მისი სტელით. ქვეყნის შიგნით სეტი I აგრძელებს ჰორემჰების მიერ დაწყებულ საქმეს – ეხნატონის მიერ დანგრეული ტაძრებისა და კანონების აღდგენას. საგულისხმობა, რომ ხანგრძლივი ინტერვალის შემდეგ ისევ ჩნდება ფრესკები საბრძოლო სიუჟეტებზე. შედარებით მოკლე დროის მიუხედავად, სეტის მეფობა ეგვიპტურმა ტრადიციამ ახალი ერის დასაწყისად გამოაცხადა. მართლაც სეტი I-მა შეამზადა ის დიდი ცვლილებები საგარეო პოლიტიკაში, რომლებსაც მიაღწია მისმა  ვაჟმა  რამზეს  II-მ (ძვ.წ. 1279–1213  წწ).
ეგვიპტის  ეს  ერთ-ერთი  ყველაზე  ცნობილი ფარაონი,  შემდგომში  „დიდ  რამზესად“  წოდებული,  სამხედრო მხედართმთავრის თვისებებთან ერთად დიდი დიპლომატიური ტალანტით იყო  დაჯილდოებული.  მან  მიაღწია  სამშვიდობო  მოლაპარაკებას ეგვიპტის  ძველ მოწინააღმდეგესთან – ხეთების  სამეფოსთან.  მეფობის  მეხუთე  წელს  რამზესმა  დაამარცხა  ხეთების  მეფის  მუვათალის არმია,  რითაც  შეინარჩუნა  სეტი I მიერ  მოპოვებული  პოზიციები  სირიის  ქალაქებში.  თუმცა  ცნობილ  ქადეშის  ბრძოლაშე  (მეფობის  მეშვიდე  წელს)  მან  გამარჯვებას  ვერ  მიაღწია,  მაგრამ  ამ  ჭეშმარიტმა დიპლომატმა  მოახერხა  ეს  „ფაქტიური  დამარცხებაც“  თავის  სასარგებლოდ  შემოეტრიალებინა.  ამის  შემდეგ  მისი  ბრძოლები  ხეთების  წინააღმდეგ  ცვალებადი  წარმატებით  მიმდინარეობდა,  რამზესის  მეფობის  ოცდამეერთე წელს  კი  ეს  ორი,  უკვე  ტრადიციული  მოწინააღმდეგე  მივიდა  სამშვიდობო  მოლაპარაკებამდე,  შემოინახა  ამ  მოლაპარაკების  ტექსტი როგორც ეგვიპტურ,  ისე  აქადურ  ენებზე, სადაც ორივე  მხარე  აღნიშნავს,  რომ  ამიერიდან  ისინი  გახდნენ,  „როგორც  ერთი ქვეყანა“, და  ეფიცებიან  ერთმანეთს  „სამუდამო  მშვიდობასა  და  მეგობრობაში“.  ამასთან,  ორივე  მხარე  კისრულობდა  ურთიერთდახმარებას  როგორც  შინაგანი  არეულობის,  ისე  გარეშე  მტრის  თავდასხმის შემთხვევაში.  მეფობის  ოცდამეთოთხმეტე  წელს  რამზესი  დაქორწინდა  მუვათალის ძმის, მეფე ხატუსილის უფროს ქალიშვილზე. ამ ქორწინებით დამთავრდა რამზესის საბრძოლო და  დიპლომატიური  მოღვაწეობა.
ცხოვრების  დარჩენილი  წლები  მან  მშვიდად  გაატარა  მის  მიერ  დაარსებულ რეზიდენცია  პერ-რამზესში.  როცა  1223  წელს  ხანდაზმული  ფარაონი  გარდაიცვალა,  მისი  უამრავი შვილიდან  ცამეტი  უფროსი  ვაჟიშვილი  უკვე  გარდაცვლილი  იყო,  ხოლო  მეთოთხმეტე  ვაჟი  მერნეპტაჰი (ძვ.წ.  1213–1203)  ორმოცდაათს  იყო გადაცილებული.  მიუხედავად  საკმაოდ ხანდაზმული  ასაკისა, მერნეპტაჰს დიდი  დამსახურება მიუძღვის ეგვიპტის წინაშე – იგი  გამარჯვებული  გამოვიდა ბრძოლაში ე.წ. „ზღვის  ხალხებთან“,  რომლებიც  იმ  დროისათვის  თითქმის  მთელი ძველი აღმოსავლეთის  ქვეყნებს  შემოესიენ  და ფატალური როლი  ითამაშეს  ხეთების  სამეფოს  ისტორიაში.  ამას  გარდა,  მერნეპტაჰი  წარმატებით  იბრძოდა  სირიასა  და  პალესტინაში  და  დაიპყრო  ისეთი  ქალაქები  და  მცირე  ქვეყნები,  როგორიცაა  მაგ.,  ქანაანი,  ასკალონი,  მეზერი, იენოამი,  ისრაელი  და  სხვ,
მერნეპტაჰის  გარდაცვალების  შემდეგ  XIX დინასტია  სრულდება  ოთხი  ეფემერული  ფარაონის  მეფობით,  რომელთა  შესახებ  ბევრი  არაფერია  ცნობილი. მცირე ხანს გაგრძელდა სეტნახტის (1188-1185),  XX  დინასტიის  დამაარსებლის მეფობა, თუმცა მოახერხა სამოქალაქო ომის დასრულება, პოლიტიკური სიტუაციის მგვარება და თავისი ვაჟის რამზესის მემკვიდრედ დანიშვნა. მისი  ვაჟიშვილი,  რამზეს  III (ძვ.წ. 1185–1154  წწ.) დღეს განიხილება,  როგორც  ახალი  სამეფოს  უკანასკნელი  დიდი  ფარაონი.  დღეისათვის  გავრცელებული  აზრით,  იგი თავის ცნობილ  სეხნიაზე,  რამზეს II-ზე უკეთესი  სტრატეგიც  კი  იყო  და საბრძოლო  გამარჯვებებით  აღწევდა  წარმატებებს  იქ,  სადაც  მისი  წინაპარი  დიპლომატიას  იშველიებდა. მეფობის  მეხუთე  წელს  იგი  წარმატებით  შეებრძოლა  ლიბიელებს,  ხოლო  მერვე  წელიწადს  უკუაგდო  ზღვის  ხალხების  გრანდიოზული  შემოსევა.  ეგვიპტის  ისტორიის წინაშე  ამ  გამარჯვებას  მით  უფრო  დიდი  მნიშვნელობა  ენიჭება,  რომ მოცემულ  ისტორიულ  მომენტში  ზღვის  ხალხებთან  დამარცხებას  შეიძლებოდა  ქვეყანა  თავისი  ისტორიის  დასასრულამდე მიეყვანა.  ეგვიპტიდან  გაძევების  შემდეგ  რამზეს  III-მ  მტერს  სდია  დასავლეთ  აზიის ტერიტორიამდე,  რითაც  გამორიცხა  მათი  ხელმეორედ  თავდასხმის  სა–შიშროება.
რამზეს III-ის  მეფობა,  აღმოჩნდა  უკანასკნელი  მწვერვალი  ქვეყნის  ისტორიაში.  თანდათან  ეგვიპტის  სიძლიერე  კლებულობს,  იგი  ერთიმეორის  მიყოლებით  კარგავს  არა  მარტო  დასავლეთ  აზიის  კოლონიებს,  არამედ  ნედლეულის  ისეთ  უძველეს  წყაროსაც  კი,  როგორიცაა  სინაის  ნახევარკუნძულის  მაღაროები  და  ნუბია.  ქვეყანა  თითქოს  უკუგანვითარების  გზით  მიდის,  თანამედროვე  მეცნიერთა  აზრით,  ეგვიპტის  ასეთი  დასუსტების  ერთ-ერთი მიზეზი  იმამი  მდგომარეობდა,  რომ  ქვეყანას  არ  გააჩნდა  რკინის საბადოები  და  ჯერ  კიდევ  ბრინჯაოს  ხანაში  იმყოფებოდა,  ამიტომ  მისთვის  ძალზე  გართულდა  ახალი  იარაღით  აღჭურვილ  არმიებთან ბრძოლა. მაგრამ, ალბათ, უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი ქვეყნის შინაგან  განვითარებაში  იმალებოდა.  რამზეს  III-ის  რვა უფერული  მემკვიდრის  დროს  (ყველა  სახელად  რამზესი,  მეფობის  საერთო დრო – ძვ.წ.  1154–1077  წწ.),  რომელსაც  რამზესოდების  პერიოდი  ეწოდება, ქვეყანაში  თანდათან  იჩინა თავი ეგვიპტის  ტრადიციულმა  წინააღმდეგობებმა  დიდგვაროვნებსა  და  სამეფო  რეზიდენციას  შორის. სატაძრო  მეურნეობების  სიმდიდრემ კულმინაციას  მიაღწია,  მაშინ როცა  ფარაონის  კუთვნილი  მიწები  იმდენად  შემცირდა,  რომ  მათ  არ შეეძლოთ  საკმაო  ტერიტორიის  გამოყოფა  საკუთარი  სამარხების  კომპლექსებისათვის  და  იტაცებდნენ  გარდასულ  დროთა  ფარაონების  მიწებს.  თანამდებობები,  რომელთა  განაწილება  ერთ  დროს  ფარაონის ხელში  იყო,  ახლა  იმ  ზომამდე  განიხილებოდა  მოხელის  კუთვნილებად,  რომ  მას  მათი  გაყიდვაც  კი  შეეძლო.  ბოლო  რამზესის,  რამზეს XI-ს მეფობა (ძვ.წ. 1106–1077),  თავისი  ხანგრძლივობის  მიუხედავად,  უკვე  წმინდა ნომინალურ ხასიათს ატარებს. ზემო  ეგვიპტეში ძალაუფლება  ხელთ  ეპყრა  თებეში  ამონის  მთავარ ქურუმს  ჰერიჰორს (ძვ.წ. 1080-1074),  ქვემო  ეგვიპტის  ფაქტიური  ერთპიროვნული.  მმართველი  კი  იყო  ჩრდილოეთის  მთავარი  ვეზირი  და  ამონის ქურუმი  ნეს-ბა-ნებ-ჯედი  (სმენდესი),  წარმოშობით  ქ.  ტანისიდან.  ეს  ადამიანი,  რომელმაც  თავისი კარიერა  დაიწყო როგორც  მდიდარმა  ვაჭარმა,  თანდათან  იხვეჭს  მნიშვნელობას  და  ბოლოს  ადის  ეგვიპტის  ტახტზე, -  როგორც  XXI  დინასტიის  დამაარსებელი (ძვ.წ. 1077/1076–1052).  ამ   ორი  ფაქტიური  მბრძანებლის  ფონზე  უფერულად  დასრულდა  რამსეს  XI-ს მეფობა  და  მასთან  ერთად  ეგვიპტის ახალი სამეფოს ბრწყინვალე პერიოდი.
გვიანდელი სამეფოს ხანა ძვ.წ. 977-525
რამსეს   XI   გარდაცვალების  შემდეგ  ქვეყანა,   ფაქტიურად,  ორ ნაწილად  გაიყო.  ჩრდილოეთში  გაბატონდა  სმენდესი,  რომელმაც  თავი ფარაონად  გამოაცხადა  და   ფარაონის  ტიტულატურა  მიიღო,  ძალაუფლება  სამხრეთზე  შეინარჩუნა  ჯერ   კიდევ   რამსეს   XI   სიცოცხლეში გარდაცვლილი  ჰერიჰორის  ვაჟმა  პიანხიმ.  ამ  უკანასკნელს ტახტზე  პრეტენზია  არ  განუცხადებია.  ამგვარად,  ეგვიპტე  გაიყო  ორმა  ფაქტიურმა მმართველმა. საინტერესოა, რომ მათ შორის მშვიდობიანი ურთიერთობა სუფევდა. უფრო მეტიც, ოფიციალური ქურუმული ვერსიით, რომელიც ბევრ წარწერაშია მოყვანილი, ქვეყნის უზენაეს ბატონად გამოცხადებული იყო ამონი, ხოლო პიანხი და სმენდესი მისი ნების შემსრულებელნი იყვნენ.
ქვეყნის მდგომარეობა კარგად ჩანს იმდროინდელი დიგვაროვანის უნ-ამონის მონათხრობში მისი ბიბლოსში ხის მასალისათვის მოგზაურობის შესახებ. ეგვიპტის ერთ დროს ვასალები - სირიის ქალაქების მმართველები - საკმაოდ უპატივცემულოდ ეპყრობიან უნ-ამონს, რომელიც მოგზაურობის დროს გაძარცვეს. მას ნისიად არავინ აძლევს ხის მორებს. მიუხედავად ეგვიპტელის განცხადებისა, რომ იგი ეგვიპტის უზენაესი ბატონის, ამონის წარმოგზავნილია.
ძვ.წ.  X  საუკუნის  მეორე ნახევარში  ჩრდილოეთში  ტახტზე  ადის ახალი ოჯახი. XXII დინასტიის  დამაარსებლის სახელი – შოშენკი – მიუთითებს, რომ  ეს  იყო  იმ   ლიბიელ  სამხედროთა  შთამომავალი,  რომლებმაც  რამზესიდების  პერიოდში  დაიწყეს  განსახლება  ეგვიპტის  ტერიტორიაზე.  ცნობები  როგორც  XXI  დინასტიის,  ისე დინასტიური ცვლის  მიზეზების  შესახებ  ძალზე   მცირე და  წინააღმდეგობრივია. მაგრამ  ის  გარემოება,  რომ  შოშენკ I-მა (ძვ.წ. 943-922) მოახდინა  XXI დინასტიის ბოლო ფარაონის,  ფსუსენეს II-ის (ძვ.წ. 966-943) ქანდაკების  რესტავრაცია და მას „დიდ  ღვთაებას“  უწოდებდა,  იმაზე   მიუთითებს,  რომ  დინასტიური  ცვლა  მშვიდობიანად  მოხდა. XXII  დინასტიის  პერიოდის  საერთო  ტენდენციას ქვეყნის  თანდათანობითი  დაქუცმაცება  წარმოადგენს,  თებეში  ძალაუფლება  შთამომავლობით  გადადის  მთავარი  ქურუმის  ოჯახის  წევრებზე.  მაგრამ  ჩრდილოეთისა  და  სამხრეთის  ბატონების – თებეს მთავარი  ქურუმის  და ფარაონის -  ავტორიტეტი  სულ  უფრო  და უფრო  მცირდება.  ძვ.წ.  VIII  საუკუნეში  ჩრდილოეთში  ტახტზე პრეტენზიას  აცხადებს  ახალი  ოჯახი,  რომელსაც  მანეთონი  XXIII  დინასტიას  არქმევს  და  რომელიც რაღაც  დროის  პერიოდში  XXII  დინასტიის  პარალელურად  მეფობდა.  ამ  უკანასკნელის  ძალაუფლების არეალი ამ  დროისათვის,  ეტყობა,  მხოლოდ  მემფისის  რაიონით შემოიფარგლებოდა,  რადგან  მათი  წარწერები  მხოლოდ  ამ   ტერიტორიაზეა  ნაპოვნი.
XXIII  დინასტიის  დამაარსებელი  ტეფნახტი  ქ. საისიდან  იყო.  მაგრამ  მასთან  ერთად  ტახტზე   უფლებას,  როგორც ჩანს, კიდევ  რამოდენიმე დიდგვაროვანი  იჩემებს;  ამგვარად,  უკვე ძვ.წ. VIII  საუკუნის  შუახანებისათვის  ეგვიპტე  სრულ  დეცენტრალიზაციამდე  მივიდა.  სწორედ  ამ  დროს  არენაზე  გამოდის  ახალი  ძალა - ნუბიის  სამეფო,  რომლის  შესახებ  აქამდე  არავითარი  ცნობები  არ  გაგვაჩნია. არაფერი  ვიცით  არც  ამ  სამეფოს  ჩამოყალიბების  შესახებ.  ეგვიპტურ  წარწერებში  ნუბია  უკანასკნელად  მოიხსენიება  XX  დინასტიის დასასრულს,  როცა  იგი  ჯერ  კიდევ  ეგვიპტის  კოლონია  იყო  და  მის მიწებს  ეგვიბტელი  მოხელე  მართავდა.  ამის  შემდეგ  ჩვენი  ცნობები წყდება  დაახლ.  250  წლით,  მაგრამ  დაბეჯითებით  შეიძლება  ითქვას, რომ  ორი  ათასი  წლის  ბატონობის  მანძილზე  ეგვიპტურმა  კულტურამ  ღრმა  ფესვები  გაიდგა  ამ  სამხრეთულ  დომინიონში. 
ძვ.წ.  VIII  ს. შუახანს  ნუბიის  მეფემ  პიანხიმ  შეძლო  თებეს. რაიონის  დაპყრობა  და  ნუბიის  სამეფოსთან  შეერთება,  ხოლო  ცოტა ხნის  შემდეგ  (დაახლ.  ძვ.წ.  730  წ.)   იგი  იპყრობს  ჰერმოპოლისს და  მემფისს  და  ამით  აიძულებს  ტეფნახტს  დანებდეს  ნუბიის  ძალაუფლებას. ჩვენამდე  შემოინახა  პიანხის  ე.წ. „გამარჯვების  წარწერა“, სადაც  ჩამოთვლილია  ეგვიპტური  ქალაჭები  და   მათი  მმართველები, რომლებიც  მან   დაიპყრო;  ეს წარწერა  ქვეყნის  სრული  დაქუცმაცების  თვალსაჩინო ილუსტრაციას  წარმოადგენს. პიანხის  გამარჯვებების შედეგად  ეგვიპტეში  ძალაუფლებას  ხელში  იგდებს  ნუბიური  (ეთიოპური)  დინასტია. 
მაგრამ   დაქუცმაცებულ  და   უცხოელ  დამპყრობთა  ძალაუფლების  ქვეშ მოქცეულ  ეგვიპტეს  წინ  კიდევ  ახალი  გასაჭირი  ელოდა,  ამჯერად  ჩრდილო-აღმოსავლეთიდან.  ეს  იყო  ძველი  აღმოსავლეთის  ისტორიის  არენაზე  „გამოსული  ახალი ძალა – ასურეთის  სამეფო. დაახლ. ძვ.წ. 730-700  წწ.  ასურელები  ერთიმეორის  მიყოლებით  იპყრობენ  სირიის  ქალაქებს  და  თანდათან  უახლოვდებიან  ეგვიპტის  საზღვრებს.  ძვ.წ  671  წ.  კი (ასარქადონის  მეფობის  მეათე  წელი)  იღებენ  მემფისს.  ეგვიპტეში  გაბატონებული  ეთიოპური  დინასტიის  იმდროინდელი  ფარაონი  ტახარკა  ახერხებს გაქცევას,  მაგრამ  მისი  მემკვიდრე  ასარქადონს  უვარდება  ტყვედ.  ასურეთის  მეფემ  მემფისიდან წაიღო  55  ქანდაკება,  რომლებზეც  თავისი  სახელის  ამოკვეთა  ბრძანა. ზინჯირლიში  ნაპოვნია  ასარქადონის  სტელა,  რომელიც  მოგვითხრობს, რომ  ასარქადონმა  ტყვედ  წაიყვანა  აგრეთვე  ყველა  ნუბიელი,  რომლის ხელში  ჩაგდებაც  შეძლო.  ალბათ,  მას  უნდოდა  ეგვიპტელი  მოსახლეობის  თვალში  „განმათავისუფლებლად“  გამოსულიყო,  რადგან  გვატყობინებს,  რომ  მემფისის  მოსახლეობა  მას  აღტაცებით  შეეგება,  ასურელებმა  ყველა  ეგვიპტელი  მთავარი  თავის  ადგილზე  დატოვეს.  ასარქადონის  მემკვიდრის,  ასურბანიფალის  მიერ  ჩატარებული  ეგვიპტის ქალაქებისა  და  მათი  მთავრების  აღწერა  გვიჩვენებს  რომ  პიანხის დროიდან  ქვეყანაში  არაფერი  შეცვლილა.  ასარქადონმა  მიმართა  იგივე  პოლიტიკას,  რომელსაც  ერთ  დროს  იყენებდნენ  ეგვიპტის  ფარაონები  თავიანთ  აზიის კოლონიებში - ყველა  ეგვიპტურ  ქალაქში  მან ადგილობრივი  მთაერის  გეერდით  ასურელი  მოხელეები  დააყენა.  მაგრამ  ასურეთის  ბატონობა  არ  გამოდგა ხანგრძლივი,  შველა  მოულოდნელი  მხრიდან  მოვიდა – ასურბანიფალს  და  მის  ძმას,  ბაბილონის  მეფე შამაშ-შუმ-უკინს შორის  რთული  კონფლიქტური  სიტუაცია  წამოიჭრა.  ძვ.წ. 654 წელს ასურეთის  არმია  ასურბანიფალმა  სასწრაფოდ  გაიწვია  ეგვიპტიდან ძმასთან საბრძოლველად.  ამით ასურეთის ხანმოკლე  ბატონობა  დამთავრდა.  საგულისხმოა,  რომ  ეგვიპტემი  ყოფნისას  ასურელებს  თითქმის  მუდმივად  უხდებოდათ  ბრძოლა  აჯანყებულ  ქალაქებთან,  ხოლო ეგვიპტური  წყაროები  არაფერს  მოგვითხრობენ  ასურელთა  ბატონობის  შესახებ.  ალბათ.  ეგვიპტე  ცდილობდა  დაევიწყებინა  ეს  არასასიამოვნო  ეპიზოდი.  ამ  უცხოელთა  ბატონობა  უფრო  მტკივნეული  იყო, ვიდრე  ნუბიელების,  რომლებიც  პრაქტიკულად  ეგვიპტიზირებულები იყვნენ  და  უფრო მეტიც –  ეგვიპტეში  გაბატონების  შემდეგ  ყოველმხრივ ცდილობდნენ  თავი  ეგვიპტური კულტურის  მატარებლად  გამოეცხადებინათ.  სწორედ  მათი  ბატონობის  პერიოდი  ხასიათდება  ძველი ტრადიციების  აღდგენით,  არქაული  ტექსტების  რესტავრაციით  და სხვ. ამ პერიოდში შქმნილი ხელოვნების ნიმუშები და წარწერები იმდენად მიმსგავსებულია კლასიკური პერიოდისას, რომ ხშირად მათი გარჩევა ძნელდება.
უცხოელი დამპყრობლების - როგორც ლიბიელების ისე ასურელების - წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებით თავი გამოიჩინა საისის მთავარმა ნიკუმ. იგი დაიღუპა ნუბიელებთან მემფისის დაცვის დროს ძვ.წ. 664 წელს. მაგრამ მისი საქმე გააგრძელა მისმა მემკვიდრემ ფსამტიქ I-მა (ძვ.წ. 664-610). ასურელების წასვლის შემდეგ კი ფსამტიქმა დაიწყო  ეგვიპტის  ქალაქების  მთავრების  წინააღმდეგ  ბრძოლა  და  მიაღწია შეუძლებელს  –  შეეძლო  ქვეყნის  კიდევ  ერთხელ  გაერთიანება.
ფსამტიქის  გამეფებით  იწყება  XXVI  დინასტია.  ეგვიპტიდან  ასურელების საბოლოოდ  განდევნის  შემდეგ  იგი  იწყებს  ქვეყნის  რეორგანიზაციას,  რაც  საკმაოდ რთულ  საქმეს  წარმოადგენდა დეცენტრალიზაციის  ასეთი  ხანგრძლივი  პერიოდის  შემდეგ.  ამიტომ,  როგორც  იდეალურ  მოდელს,  პსამტიქი  ძველ  სამეფოს  მიმართავს,  რაც  იქიდან ჩანს,  რომ  მან  აღადგინა  ძველი  სამეფოს  დროინდელი  მრავალი  თანამდებობა  და  ტიტული.  ეს  შეგნებული  არქაიზმი  იქამდე  მიდის,  რომ ოფიციალური  ტექსტები  ძველი  სამეფოს  ენაზე იწერება.  მაგრამ  ფსამტიქის  მთავარ  ამოცანას  წარმოადგენდა  ქალაქის  მთავრების  სამეფო მოხელეებით  შეცვლა,  რომლებიც  არ  იქნებოდნენ  თავიანთ  თანამდებობასთან  მემკვიდრეობითად  დაკავშირებული.  ფსამტიქის  რეფორმები  შეეხო  ისეთ  „ღვთაებრივ  სახელმწიფოსაც“  კი,  როგორსაც  ამ  დროისათვის  თებე  წარმოადგენდა. ფსამტიქის  მემკვიდრეები  კიდევ  უფრო შორს  წავიდნენ. ისინი  შეეცადნენ  დასავლეთ  ახიაში  ეგვიპტის  ძველი მდგომარეობის  აღდგენას.  მაგრამ  რესტავრაცია  ხანმოკლე  გამოდგა. ძვ.წ. 525  წ.  სპარსეთის  მეფის  კამბიზის  არმიამ  აიღო  მემფისი და  სიკვდილით  დასაჯა  XXVI  დინასტიის  ბოლო  ფარაონი  –  ფსამტიქ III,  რომელმაც  მხოლოდ 6 თვე  იმეფა.  კამბიზმა  ეგვიპტის  ფარაონის ტიტულატურა  მიიღო.  ასევე  მოიქცა  მისი  მემკვიდრე  დარიუსი.  ამ უკანასკნელმა  ეგვიპტური  ტაძრების  რესტავრაციაც  კი  დაიწყო; ეს  აქცია,  ალბათ, იმდროინდელი ეგვიპტის  მოსახლეობის  ყველაზე გავლენიანი  ფენის - ქურუმების - სპარსეთის  მხარეზე  გადაბირებისათვის  იყო  ჩატარებული.  ეგვიპტე  სპარსეთის  VI  სატრაპიად გადაიქცა, მას უზარმაზარი ყოველწლიური ხარკი უნდა ეხადა თავისი ახალი უცხოელი  დამპყობლებისათვის.  სპარსეთის  ხელში  გადავიდა  ეგვიპტის  საგარეო  ვაჭრობაც.
სპარსელების  შემრიგებლური  პოლიტიკის   მიუხედავად,  მათი ეგვიპტეში  ბატონობა  მშვიდობიანი  არ  იყო, რადგან  ეგვიპტელები ხშირად  ჯანყდებოდუენ.  მაგრამ  მიუხედავად  წინააღმდებობის ცდებისა,  ეგვიპტემ  ვეღარასოდეს  მოიპოვა  დამოუკიდებლობა.



Комментариев нет:

Отправить комментарий