воскресенье, 18 января 2026 г.

ძველი ეგვიპტე „შუა სამეფოსა“ და II გარდამავალ პერიოდში

„შუა  სამეფო“  ძვ.წ. 2051–1690; XI   დინასტიის  II ნახევარი  –  XIV  დინასტია
ქვეყანაში  წესრიგის  დამყარების  შემდეგ  ენერგიულმა  მენტუხოტეპ  II-მ (დაახლ. ძვ.წ. 2060–2009) თავისი  ყურადღება   საზღვრების   გამაგრებაზე  და  სავაჭრო გზების  აღდგენაზე  გადაიტანა.  იგი  აწყობს  ლაშქრობებს ნუბიაში,  რომელიც  ანარქიის წლებში  გამოვიდა  ეგვიპტის კონტროლიდან,  წესრიგს ამყარებს   ლიბიის  უდაბნოში  და სინაის  ყელზე.  ერთ-ერთი  სტელა ასე   აღწერს  მის   გამარჯვებებს:  „მან  შიში  დასთესა  აღმოსავლეთში, დაიპყრო უდაბნოსა და ოაზისების  ხალხები, მთის  ხალხები,  ნუბიელები“...
ეგვიპტეში მენტუხოტეპმა ფართო სამშენებლო მოღვაწეობა გააჩაღა და აღადგინა მრავალი ძველი ტაძარი. მშენებლობის ასეთმა გააქტიურებამ, ბუნებრივია გამოიწვია სამუშაოების გაცხოველება მაღაროებშიც,  საიდანაც  მოედინება  ძვირფასი  სამშენებლო  ქვები. რეგულარულად იგზავნება ქარავნები ნუბიასა და პუნტში  ძვირფასი ნედლეულის ჩამოსატანად. ამგვარად, ენერგიული ფარაონი თითქოს ახერხებს ქვეყანაში წონასწორობის  აღდგენას, მაგრამ  ანარქიის წლების  კვალი  მაინც შეიმჩნევა  მისი  მეფობის  დროს. მან  მაინც  ვერ  შეძლო  იმ  აბსოლუტური  ძალაუფლების  დაბრუნება, რომელიც  ძველი  სამეფოს  მეფეებს  გააჩნდათ,  როცა მთელი ქვეყანა, როგორც  ერთიანი,  საათივით  აწყობილი  მექანიზმი, მთლიანად  სამეფო  რეზიდენციაზე  იყო დამოკიდებული. ნომარქებმა შეინარჩუნეს თავიანთი მიწები. უკვე დავიწყებას  მიეცა დრო,  როცა  ფარაონი  ნიშნავდა  ნომების მმართველებს და ანაწილებდა მიწებს დროებით სარგებლობაში  სხვადასხვა  თანამდებობის  პირებზე. ნომის მმართველის ყველა ფუნქცია უკვე  მემკვიდრეობით გადადიოდა შუა სამეფოს დროისათვის სავსებით ჩამოყალიბებული ფენის – მიწათმფლობელი დიდგვაროვნების – ოჯახებში ერთი თაობიდან  მეორეზე. საკუთარი  ნომების  მასშტაბით  მათ  შეინარჩუნეს  თითქმის მთელი  ის  უფლებები, რომლებიც  ქეეყნის დეცენტრალიზაციის პერიოდში იქნა მოპოვებული. თითოეული  ნომის  სატახტო ქალაქში ნომარქს  ჰყავდა საკუთარი კარი,  საკარო  ბიუროკრატიული  აპარატი,  საკუთარი  სამხედრო რაზმი და ნომის  მასშტაბის  მნიშვნელობის  მქონე  მოვლენებს  საკუთარი  ნომარქობის წლებით  ათარიღებდა.
ძალიან  დიდ  გავლენას  იხვეჭს  ქურუმობაც, რომლის  ძირითად  და  ყველაზე  შეძლებულ  ბირთვს  XI  დინასტიის  სამმობლოსა და ეგვიპტის  ახალი სატახტო ქალაქის – თებეს – მთავარი ღვთაების – ამონის ქურუმობა  წარმოადგენს. მართალია,  ფორმალურად  ნომარქობა და ქურუმობა  ფარაონს  ემორჩილება,  მაგრამ  მთელი  ქვეყნის  ერთიანი ცენტრალიზებული კონტროლის  ქვეშ  მოქცევა,  როგორც ამას  ადგილი  ჰქონდა  ძველი  სამეფოს  დროს,  ბუნებრივია,  ასეთ  პირობებში  შეუძლებელია.  ცვლილება  იგრძნობა  მოსახლეობის უბრალო ფენებშიც კი. ე.წ. „ბრუკლინის პაპირუსმა“ შემოგვინახა  სასამართლო პროცესების აქტები,  რომლებიც იხილავს  სხვადასხვა პირების მშიერ სამეფო სამუშაოების თავიდან აცდენის მცდელობის შემთხვევებს, რაც  გამორიცხული  იყო  პირამიდების  ხანაში. ნიშანდობლივია ისიც,  რომ  სწორედ ამ  პერიოდიდან ეგვიპტურ ლიტერატურაში ჩნდება მოტივები, რომლებსაც დღეს „სკეპტიკურს“ ან „პესიმისტურს“ ვეძახით. ადამიანის  არსებობის მარადიულობასთან ერთად  მათში ეჭვის  ქვეშ  არის  დაყენებული  თვით  სახელმწიფოს  და   სამეფო  ძალაუფლების  უდრეკობა  და  ძლიერება,  რაც უთუოდ  გარდამავალი  პერიოდის  მძიმე  წლების ანარეკლს  წარმოადგენს.  ამგვარად,  შუა  სამეფოს  ეგვიპტეში  ერთგვარად  შეირყა  ის ძირითადი  იდეა, რომელიც ძველი  სამეფოს  ეგვიპტის ძირითად  საყრდენს  წარმოადგენდა. 
მენტუხოტეპ II-ის 51-წლიანი მეფობის შემდეგ XI დინასტიას აბოლოებს მისი  რამოდენიმე მემკვიდრის მშვიდობიანი, მაგრამ ხანმოკლე მეფობა. XI  დინასტიის ბოლო ფარაონის, მენტუხეტეპ IV-ის  სარკოფაგისათვის  ქვის ბლოკების ჩამოსატანად ნუბიის მაღაროებში იგზავნება 20000 კაცისაგან შემდგარი ექსპედიცია, რომელსაც ხელმძღვანელობს სამხრეთ ეგვიპტის ზედამხედველის  თანამდებობაზე  მყოფი  ვინმე  ამონემხატი.  ზოგიერთი  მეცნიერის აზრით,  თებეში  სარკოფაგის  ბლოკების  ჩამოტანის  შემდეგ  მან  გამო-იყენა  თავისი  უზარმაზარი  რაზმის ძალები ტახტზე  ასასვლელად.  ასეა თუ, ისე,  ზემო  ეგვიპტის  ზედამხედველი ადის ეგვიპტის  ტახტზე  და მისი გამეფებით იწყება XII დინასტია. 
ამონემხატ I (დაახლ. ძვ. წ. 1991–1961) უაღრესად  გამჭრიახი  და ენერგიული  პიროვნება  აღმოჩნდა.  ალბათ, შემთხვევითი არ  არის, რომ იგი ეკუთვნის  ფარაონთა  იმ  უმნიშვნელო  რიცხვს,  რომელთა  მეფობიდან ჩვენამდე გასაოცრად მრავალმა წარწერამ  და  ცნობამ  მოალწია.  ამ  თავისებურად არაჩვეულებრივმა  ადამიანმა  არა  მარტო  მოახერხა  ნომარქების  ძალაუფლების  შეზღუდვა,  არამედ  პრაქტიკულად  ჩამოართვა  მათ  საუკუნეების  მანძილზე  მოპოვებული  უფლებები;  ალბათ,  იგივე  სტრატეგიული  მიზნებით  მან,  როგორც  თავის  დროზე  მენესმა  მემფისის  სამხრეთით  (თანამედროვე  ელ-ლიშტის  სიახლოვეს),  ააშენა  ახალი  სატახტო ქალაქი  „იტ-ტაუი“  („ორივე  ქვეყნის  დამმარცხებელი“),  სადაც  გადაიტანა  თავისი  რეზიდენცია. 
გარდა  რამოდენიმე  ნომისა,  სადაც  განსაკუთრებით  ძლიერი  ნომარქები  ბატონობდნენ,  მან ძალაუფლება  სამეფო  მოხელეებს  გადააბარა.  ამონემხატმა დაარღვია  აგრეთვე  უკვე ჩამოყალიბებული  კავშირი  ნომარქსა  და  ნომის  მთავარ  ღვთაებას  შორის. თუ  აქამდე  ნომარქი  თავისი  ნომის  ქურუმობის  ზედამხედველიც  იყო,  ახლა  მას  ეს  თანამდებობა  ჩამოერთვა.  ქვეყნის  დეცენტრალიზაციის  პერიოდში  შინაგანი  ბრძოლების დროს,  უფრო  ძლიერმა ნომარქებმა  მიიტაცეს  მეზობელი  ნომების  მიწები.  ამონემხატმა  ყველა  საზღვარი  ძველ  ადგილას  დააბრუნა  ძველი  სამეფოს  კადასტრის მიხედვით,  რომლის  ამოკვეთა  მან  ბრძანა  უმნიშვნელოვანესი  ტაძრების  კედლებზე.
მან გაამაგრა ეგვიპტის  საზღვრები.  სამხრეთში  ეგვიპტის  გავლენა  კვლავ  ნილოსის  მეორე ჭოროხამდე  გაავრცელა, როგორც თავის  ქვეყანაში,  ისე  ნუბიაში  ააშენა  მრავალი  ციხე-სიმაგრე და  ტაძარი.  მიუხედავად  ყველა  ამ  წარმატებისა, ამონემხატი, რომელიც წარმოშობით  სამეფო  ოჯახს  არ  ეკუთვნოდა,  ალბათ,  მაინც  შიშობდა დინასტიის  შეცვლის  შესაძლებლობაზე  თავისი  სიკვდილის  შემდეგ. ამიტომ  მეფობის  მეოცე  წელს  მან  ტახტზე  თანამმართველად  აიყვანა თავისი  მემკვიდრე  სენუსრეტი.  ამგვარი  პრაქტიკა  შემდგომ  ტრადიციად  გადაიქცა  შუა  სამეფოს  ფარაონებს  შორის.  ამონემხატის  წინდახედულობა  ალბათ  ცხოვრებით  იყო  ნაკარნახევი,  რადგან  თავისი  მეფობის  ოცდამეათე  და  სენუსრეტ I-ის მეათე  წელს,  როცა  ეს  უკანასკნელი  იმყოფებოდა  ლიბიელთა  წინააღმდეგ  ლაშქრობაში,  ხანდაზმული ფარაონი  სასახლის  შეთქმულების  მსხვერპლი  გახდა.  ეს ფაქტი  აღწერილია  ეგვიპტური  ლიტერატურის  ორი  სხვადასხვა  ჟანრის  ნაწარმოებში – მოთხრობაში  „სინუხეტის  თავგადასავალი“ და  ეგვიპტური დიდაქტიკური  ჟანრის  ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშში – „ამონემხატის დარიგება თავისი შვილისათვის“, რომელიც, ეტყობა,  სენუსრეტის  განკარგულებით  არის  დაწერილი.  ამ  ნაწარმოებში  ხანდახმული  ფარაონი უყვება  ვაჟიშვილს  თავისი  ვერაგული  მკვლელობის  ამბავს  და აცნობს  ადამიანის  ბუნების  ყველა  ბნელ  მხარეს.  იგი  არიგებს  შვილს, რომ  ადამიანს,  განსაკუთრებით  როცა  მას  დიდი  ქვეყნის  ტახტი  უპყრია,  შეიძლება  მხოლოდ  საკუთარი  ძალისა  და  გამჭრიახობის  იმედი ჰქონდეს.  ფარაონის  ასეთი  „გაადამიანურებული“  სახის  შექმნა  წარმოუდგენელი და შეუძლებელი იქნებოდა პირამიდების ეპოქაში, როცა ფარაონსა და ჩვეულებრივ  მოკვდავებს შორის  უზარმაზარი ზღვარი იყო. „სინუხეტის  თავგადასავალი“,  რომელიც  მაღალი  ეგვიპტელი  მოხელის ავტობიოგრაფიას წარმოადგენს ღირშესანიშნავია  იმით,  რომ პირველად  მსოფლიო  ლიტერატურაში  აქ მოთხრობილია არა ხელმწიფის ან ღვთაების ისტორია, არამედ ჩვეულებრივი ადამიანის პირადი განცდებია  გადმოცემული.
ამონემხატის მკვლელობის შემდეგ სენუსრეტი სასწრაფოდ ტოვებს ლაშქრობას და სამეფო რეზიდენციისაკენ  მოისწრაფვის.  შეთქმულების მიზეზები  დღეს  არ არის  ნათელი,  მაგრამ სენუსრეტ I (ძვ.წ. 1961–1926) ინარჩუნებს ტახტს  და  მშვიდობიანად  ასრულებს  მეფობას.  მისი  და  მისი  მემკვიდრეების  დროს  ეგვიპტე  სულ  უფრო  ძლიერდება.  ამ  განვითარების კულმინაციას  შუა  სამეფოს  დროს  ამონემხატ  III  (დაახლ. ძვ.წ. 1839–1796) მეფობის  პერიოდი წარმოადგენს.  ნუბია დამორჩილებულია ნილოსის მეორე  ჭორომამდე,  მისი  საბადოები  რეგულარულად  მუშავდება.  ძვირფას  სამშენებლო  მასალასთან  ერთად  ნუბიიდან  შემოდის აურაცხელი ოქრო;  ეგვიპტის  ვასალია  ბიბლოსიც. მისი მმართველები ითვლებიან ეგვიპტის ფარაონის  მოხელეებად  და  ატარებენ  ეგვიპტურ სამხედრო ტიტულს (ჰატი-ა). სავაჭრო გზები აქედან ბაბილონამდე და ანატოლიამდე აღწევს. კედრის ხელ რეგულარულად შემოდის ფინიკიიდან, ანატოლიიდან – ვერცხლი, მეტალი, რომელიც ეგვიპტეში არ მოიპოვება. ამონემხატ III-ის დროს დასრულდა ფაიუმის ტბის რაიონის კულტივიზაციისათვის გამიზნული გრანდიოზული არხების სისტემის მშენებლობა, რის შედეგად ფაიუმის ტბის მიდამოები აყვავებულ ოაზისად გადაიქცა. ეს საირიგაციო სისტემა ჰეროდოტეს დროსაც კი მუშაობდა.
ამონემხატ III-ის დროს ძალიან გაიზარდა ფაიუმის ოაზისის მთავარი ქალაქი კროკოდილოპოლისი, სადაც ფარაონმა უამრავი ტაძარი და სხვა გრანდიოზული ნაგებობა ააგო. აქვე მდებარე ფარაონის სამარხის ტაძარი ბერძნულ-რომაულ პერიოდშიდაც აღფთოვანებას იწვევდა და ცნობილი იყო „ლაბირინთის“ სახელმწიდებით.
მდგომარეობა მკვეთრად იცვლება ამონემხატ III-ის მემკვიდრეების – ამონემხატ IV-ის (დაახლ. ძვ.წ. 1796-1787) და სებეკნეფერუს (დაახლ. ძვ.წ. 1787-1784) – დროს. აქ გვინდა აღვნიშნოთ, რომ სობეკნეფერუ იყო, ალბათ, ამონემხატ  IV  და  და  მეორე  ქალი  ეგვიპტის   ისტორიაში,  რომელიც გახდა  „ორი  ქვეყნის  მეუფე“  (პირველმა   ამ მდგომარეობას  მიაღწია ნიტოკრისმა  ძველი  სამეფოს  დასასრულს).  ეგვიპტის  ბრწყინვალება საოცარი  სისწრაფით იწყებს  დაცემას. თუმცა ამ ეტაპზე  წარწერების მიხედვით  გარეგნულად  საგრძნობი  ცვლილებები  არ შეიმჩნევა  –  ისინი  ისევე  მოგვითხრობენ  ლაშქრობებზე,  მშენებლობებზე,  ექსპედიციებზე  და  ა.შ.   მეცნიერთა უმრავლესობის აზრით, ამ ორი სუსტი ფარაონის  ხანმოკლე  მეფობის  დროს  აქამდე  შეზღუდულმა  პროვინციულმა  დიდგვაროვნებმა  უფრო  თავისუფლად  იგრძნეს  თავი. 
სობეკნეფერუს მეფობით  მთავრდება  XII  დინასტია. შემდგომი  ფარაონები  (რიცხვით  50-ზე  მეტი)  ტორინოს   პაპირუსსა  და  მანეთონის ისტორიაში  თავმოყრილია როგორც  XIII  დინასტია  (ძვწ. 1784–1661 წწ.),  თუმცა  ისინი სხვადასხვა  ოჯახების წარმომადგენლები  იყვნენ.  მათგან ყველაზე ხანგრძლივი  მეფობა  11 წელიწადს  აღწევს,  ძირითადად  კი  ისინი  1–3  წელს  მეფობდნენ.  მიუხედავად  ასეთი  ვითარებისა,  ბოლო  წლებში  აღმოჩენილი  ცნობები  ადასტურებს,  რომ  ძველი  წარმოდგენები  XIII  დინასტიის  ეპოქაზე,  როგორც  პოლიტიკური ქაოსისა  და  ანარქიის  პერიოდზე,  არ  არის  სავსებით  სწორი,  მართალია  XIII  დინასტიის  ფარაონების  სწრაფი  ცვლა  საშუალებას  გვაძლევს  დავასკვნათ,  რომ  მათ  შორის  არ  მოიძებნება  ერთიც  კი,  რომელიც  თავისი  ენერგიულობით  და  პოლიტიკური  ალღოთი  XII  დინასტიის  დიდი  ფარაონების  ტოლი ყოფილიყო,  მაგრამ  მაინც ცენტრალურ ძალაუფლებას  ცნობდა  და  ექვემდებარებოდა  ყველა  ნომი და ძვ.წ. XVIII  საუკუნის  დასასრულამდე  არ  შეცვლილა  არც  ეგვიპტის  საგარეო  მდგომარეობა.  მისი  პრესტიჟი  ურყევი  იყო  ნუბიაში,  პალესტინაში, ბიბლოსში და ა.შ.  მხოლოდ  ჭაობებით  იზოლირებულმა  დასავლეთ დელტის რაიონმა ქსოისმა მოახერხა ერთგვარი  დამოუკიდებლობის  მოპოვება. მის  მმართველებს  მანეთონი  აერთიანებს  XIV  დინასტიის  სახელით.  თუმცა  ამ  მეფეებიდან  არც  ერთი  წარწერა  არ  შემოინახა,  მათი  სახელები  გვხვდება  „ტურინის სამეფო კანონშიც“,  სადაც  ისინი XIII  დინასტიის  ფარაონების  შემდეგ  არიან  მოთავსებულნი.
XIII  დინასტიის ბოლო ფარაონი იყო მერნეფერე ეიე, რომელიც რეალურად მხოლოდ დაქუცმაცებული ეგვიპტის ნაწილს (დელტის აღმოსავლეთი მიწა) დაახლ. 1685-1661 წლებში მართავდა და მის სიკვდილთან ერთად ეგვიპტის ცენტრალიზებული მმართველობა საბოლოოდ მოიშალა. პარალელურად უკვე არსებობდა XIV  დინასტია, რომელიც გაგრძელდა 75 წელი (დაახლ. ძვ. წ. 1725–1650) და მისი ძალაუფლება მხოლოდ ნილოსის დელტაში იყო გავრცელებული. მათი წარმომადგენელი ფარაონების ამოცნობილი სახელები ძირითადად სემიტური წარმოშობისაა, რაც ამ ტერიტორიაზე ჰიქსოსების ბატონობას უნდა ადასტურებდნენ.
XIII-XIV დინასტიების დროს ქვეყნის დაქუცმაცების პარალელურად ეგვიპტეში  თანდათან  მკვიდრდება  სემიტური  წარმოშობის ხალხები. ეგვიპტელები მათ მართველებს ეძახდნენ „ჰეკაუ-ხასუტ“ – მთიანი ქვეყნების“, ანუ „უცხო ქვეყნების მართველებს“. („მთიანი ქვეყანა“ ძველი ეგვიპტის ენაში უცხო ქვეყნის სინონიმია). ისტორიკოსი მანეთონი მათ შემოკლებით ჰიკსოსებს უწოდებს.
როგორც თანამედროვე არქეოლოგიური და გენეტიკური კვლევები აჩვენებს ე.წ. ჰიკსოსები ეგვიპტეში ჩამოსახლებას ძვ.წ. XIX საუკუნიდან იწყებენ ე.წ. ქანაანიდან. ისინი ქანაანელების, ფინიკილებისა და ებრაელების მონათესავე ხალხები იყვნენ და მომთაბრე მეცხოველეობას მისდევდნენ. ეგვიპტურ წერილობით წუაროებში ისინი დაახლ. 1890 წლიდან ჩანან, როდესაც მათი ჯგუფები ფარაონს სტუმრობენ. ისინი აშკარად უცნობნი არ უნდა ყოფილიყვნენ ეგვიპტესთვის, რდგან ამ ამბიდან მაქსიმუმ 2 ათეულ წელიწადში სებეკ-ხუს სტელას მონაცემებით რომელიც სენუსრეტ III-ის (მეფობა: ძვ. წ. 1878–1839 წწ.) მეფობით თარიღდება, რსირია-პალესტინაში ეგვიპტელები უძველეს სამხედრო კამპანიას აწყობენ. ტექსტში ნათქვამია: „მისი უდიდებულესობა ჩრდილოეთისკენ გაემართა აზიელების დასამხობად. მისმა უდიდებულესობამ მიაღწია უცხო ქვეყანას, რომლის სახელიც სეკმემი იყო (...) შემდეგ სეკმემი დაეცა უბედურ რეტენუსთან ერთად“, სადაც სეკმემი (სკმმ) სავარაუდოდ შექემია პალესტინაში, ხოლო „რეტენუ“ ან „რეტჯენუ“ ძველ სირიას უკავშირდება.
XVIII საუკუნიდან მათმა ჩამოსახლებამ უფრო ფართო ხასიათი მიიღო. ჰიქსოსებს უკეთესი სამხედრო აღჭურვილობა ჰქონდათ: აზიური მშვილდი სპილენძისბუკიანი ისრებით, მსუბუქი საბრძოლო ეტლი და ცხენი, მათ არმიას ეგვიპტელების არმიისთვის, რომელიც მხოლოდ ხმლებით, ფარებითა და შუბებით იყო შეიარაღებული დაუძლეველ ძალად აქცევდა.
ბიბლოსში აღმოჩენილი წარწერიდან ცხადია, რომ ძვ.წ. 1729 წლამდე ჰიკსოსები არ წარმოადგენდნენ სერიოზულ საფრთხეს ეგვიპტისათვის, მაგრამ უკვე 1700 წლისათვის მათ დაკავებული აქვთ ქვემო ეგვიპტის მიწების ნაწილი, მათ შორის ქალაქი ავარისი (ეგვ. ჰატ-უა-რეტი), რომელიც მათ გაამაგრეს და სატახტოდ აქციეს. კიდევ დაახლოებით ათეული წლის შემდეგ (ძვ.წ. 1661 წ.) ჰიკსოსების მეფე სალათისი იპყრობს მემფისს, რის შედეგად XIII დინასტიის იმდროინდელი ფარაონი კარგავს ერთიანი სახელმწიფოს მეუფის ფუნქციებს. მართალია ამის შემდეგ ტორინოს პაპირუსი ასახელებს კიდევ 18 ფარაონს, მაგრამ ისინი, ალბათ, თავიანთი აზიელი ბატონის ვასალებს წარმოადგენდნენ.
ამგვარად,  ძვ.წ. 1661  წ.   მემფისის  დაპყრობით  სრულდება XIII  დინასტია  და  მასთან  ერთად,  შუა  სამეფოს  პერიოდი,  საუკუნეზე  მეტი დროით  ეგვიპტე  უცხოელ  დამპყრობთა  ხელში გადადის, ჰიკსოსების  ბატონობის  ხანას  დღეს  მეორე  გარდამავალი  პერიოდი  ეწოდა.
როგორც  აღვნიშნეთ,  შუა  სამეფოს  დროს  ეგვიპტურმა  ბიუროკრატიულმა  აპარატმა  შემდგომი  განვითარება  განიცადა.  ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს  მოვლენად  ითვლება  ქვემო  ეგვიპტის  ზედამხედველის  თანამდებობის  გამოყოფა  (უფრო  ადრე,  როგორც  დავინახეთ, მთავარი  ვეზირის  თანამდებობას  ზემო  ეგვიპტის  ზედამხედველის  თანამდებობა  გამოეყო).  ეგვიპტის  ორი  ნაწილის  ზედამხედველი  ქვეყნის მთავარი ვეზირის შემდეგ უმაღლეს მოხელეებს წარმოადგენდნენ და უშუალოდ მასზე იყვნენ  დაქვემდებარებული.  „ორივე  სახლის“  ზედამხედველის  თანამდებობას  დაემატა მეჭურჭლეთუხუცესის  თანამდებობა,  (ეგვ.  მერ  სეჯაუტი);  იგი  ზედამხედველობდა  მეფის  პირად  ქონებას,  რომელიც  მისი  პირადი  მოთხოვნებისათვის  იყო  გამიზნული,  ამით პირველად  მოხდა  ფარაონის  პირადი  ქონების  გამოყოფა  სახელმწიფო ქონებისაგან  (იგი  ითვალისწინებდა  თანხებს  მშენებლობის,  ექსპედი-ციების  და  ა.შ.  ხარჯებისათვის). უფრო  გვიან  ასეთივე  გამოყოფა  მოხდა  მოხელეების წრეშიც – მათი  პირადი  ქონება  გაემიჯნა  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებით  დაგროვილ  ქონებას.  ნომებში  ჩამოყალიბდა  იურიდიული ფუნქციების შემსრულებელი მოხელის  თანამდებობა, რომელიც ვეზირატთან იყო  დაკავშირებული და  უპირისპირდეჭოდა ნომების  დიდგვაროვნებას.  XII  დინასტიის  დროს  ამ  უკანასკნელთა ძალაუფლება  კიდევ უფრო იზღუდება, რადგან  ისპობა ნომის ერთპიროვნული  მმართველობა:  ნომი  დაქუცმაცდა  კიდევ  უფრო  პატარა  რაიონებად,  რომელთა  სათავეში  სპეციალური  მოხელე  იდგა. ყველა  ამ  სიახლემ  კიდევ  უფრო  გაზარდა  და  გაართულა  ისედაც  გადატვირთული  ეგვიპტური  ბიუროკრატიული  აპარატი,  მაგრამ  ვინაიდან უცხოელ დამპყრობთა შემოჭრით  თითქმის წყდება  მისი შემდგომი განვითარების  პროცესი, დღეს  ძნელია  იმის  თქმა,  მივიდოდა თუ. არა ეგვიპტე  თავისით  ქვეყნის  ხელმეორედ  დაშლამდე,  როგორც  ეს  მოხდა ძველი სამეფოს  დასასრულს. შუა სამეფოს დროს  ძალიან  განვითარდა  ეგვიპტური  არქიტექტურა და ხელოვნება, დაიხვეწა და ჟანრობრივად გამდიდრდა  ლიტერატურა. საერთოდ,  მიუხედავად  იმისა,  რომ შუა  სამეფოს  აკლდა  პირამიდების  ეპოქის  ეგვიპტის  მონუმენტურობა,  დღეს  იგი  ეგვიპტის  ისტორიის  კლასიკურ  პერიოდად  არის  მიჩნეული.
მეორე  გარდამავალი პერიოდი (ჰიკსოსები) ძვ.წ. 1661–1567 წწ. XV–XVII  დინასტიები
ძვ.წ.  1661  წ.   შემდეგ,  როცა  სალათისმა  აიღო  მემფისი  და ეგვიპტის  ტახტზე  ავიდა,  მან  და  მისმა  ხუთმა  მემკვიდრემ,  რომლებსაც  მანეთონი  აერთიანებს როგორც  ეგვიპტის  XV  დინასტიას,  თანდათან  გაავრცელეს  თავიანთი  ძალაუფლება  მთელს  ეგვიპტესა და  ნუბიაზე. ჰიკსოსების  ბატონობის  პერიოდი  თანამედროვე  მეცნიერებისათვის  ყველაზე  უფრო  რთული  პერიოდია  ისტორიული  რეკონსტრუქციის  თვალსაზრისით,  რადგან  ამ   პერიოდის  წარწერები  პრაქტიკულად არ  შემონახულა.  დღემდე  უცნობია  ჰიკსოსების  ეთნიკური  შემადგენლობაც.  უფრო  გვიანი  პერიოდის  ეგვიპტელები  მათ  „აზიელებს“  ეძახდნენ;  რამოდენიმე  ჩვენამდე  მოღწეული ჰიკსოსური  პორტრეტი მკვეთრად  გამოხატული  სემიტური  ტიპისაა,  ვითარებას  ართულებს  ის გარემოებაც,  რომ  ეგვიპტური ტახტის დაპყრობის  წემდეგ  ჰიკსოსელმა მეფეებმა  მიიღეს  ეგვიპტის  ფარაონის  ტიტულატურა  და  ისინი  ეგვიპტურ სახელებს  ირქმევდნენ,  ხოლო  მათი ორიგინალური  სახელები  მოიხსენიება მხოლოდ  მანეთონთან  ძლიერ  დამახინჯებული  სახით. 
ჰიკსოსელთა  ძალაუფლება  მთელ  ქვეყანაზე,  ეტყობა,  ვრცელდებოდა  უკვე  მესამე  ჰიკსოსელი  მეფის   დროს,  რადგან   ნივთები  მისი სახელით  ქვეყნის  მთელ  ტერიტორიაზეა  ნაპოვნი.   ამას   ერთგვარად ამოწმებს  მისი  ხორის სახელიც – ინფ-ტაჟი  (ორივე  ქვეყნის  მომცველი).  ჰიკსოსელთა  მდგომარეობა  ერთგვარად  შეირყა  მეოთხე  ჰიკსოსელი მეფის –  აა-უსერ-რას  (მანეთონთან – აპოპი)  – ხანგრძლივი  მეფობის  (დაახლ. ძვ.წ. 1620–1580  წწ.)   ბოლოს. 
უფრო გვიანი პერიოდის ეგვიპტელები ჰიკსოსების ბატოობის პერიოდს აღწერენ როგორც  ეგვიპტისათვის  ყველაზე  საშინელ,  უბედურ  ხანას,   როცა  ინგრეოდა  ტაძრები   და  იბილწებოდა  ეგვიპტური ღმერთები,  ამ  ტრადიციის  ანარეკლია  მანეთონის  სიტყვები  (იოსების მიხ.):  „არ  ვიცი  რის  გამო,  მაგრამ  ღმერთების წყევლა  დაატყდა  ეგვიპტეს,  მოულოდნელად  აღმოსავლეთიდან  შემოიჭრა  უცხო  ხალხები, რომლებმაც  გამარჯვება  იზეიმეს  ჩემს  ქვეყანაში.  მათ  ცეცხლის  ალში გაახვიეს  ქალაქები,  მიწასთან  გაასწორეს  ტაძრები  და  სასტიკად  ეპყრობოდნენ  ეგვიპტელებს.  ბევრი  დიდებული  თავიანთ  მონად  გადააქციეს,  სხვებს  ცოლ-შვილი  დაუხოცეს“...  მაგრამ  თანამედროვე  მონაცემების  თანახმად,  ეს  გვიანდელი  ტრადიცია  არის  იმ  განწყობის  გამოძახილი,  რომელიც,  ალბათ,  ჩამოყალიბდა  ამაყ  ეგვიპტელთა  შორის თვით  იმ  უსიამოვნო  ფაქტის  გამო,  რომ მათი  უძველესი  კულტურის მქონე ქვეყანა  უცხოელი  ბარბაროსების  ასპარეზი  გახდა.  ჰიკსოსები არიან  პირველი  უცხოელი   დამპყრობლები ეგვიპტეში –  ქვეყანაში, რომელიც  აქამდე  თვითონ  იყო შეჩეეული  სხვა  ხალხებზე  ბატონობას, ის   მცირე  ცნობებიც  კი,   რომლებიც  დღეს  ჩვენს განკარგულებაშია ჰიკსოსების  პერიოდის  შესახებ,   გვამცნობს  რომ   ჰიკსოსები  არათუ არ  „ასწორებდნენ  მიწასთან“  ეგვიპტურ   ტაძრებს,  არამედ თვითონ აგებდნენ  ახალ  ტაძრებს  ეგვიპტური ტრადიციებისა და კანონების დაცვით. საერთოდ, ისინი ძალიან  ცდილობდნენ დამსგავსებოდნენ ძველი კულტურის მქონე  ეგვიპტელებს: მათ მიიღეს ეგვიპტური ენა, დამწერლობა, მათმა მეფეებმა – ეგვიპტური ფარაონის  ტიტულატურა  და ეგვიპტური სახელები.  ახალი სამეფოს დროინდელ ცნობებს  იმის შესახებ,   რომ   ჰიკსოსები  უდიერად  ეპყრობოდნენ  ეგვიპტის  ღმერთებს  და  ცხოვრობდნენ  „რას  გარეშე“,  უარყოფს  ის გარემოება,  რომ ჰიკსოსებმა თავიანთი მთავარი ღვთაება ეგვიპტურ სეტხთან  გააიგივეს (რის  გამოც  ჰიკსოსური  ღვთაების  სახელი  ჩვენთვის  უცნობია).  ისინი   ეთაყვანებოდნენ  სხვა  ეგვიპტურ  ღმერთებსაც  და  მათ  შორის  რას, რომლის  სახელი, ფარაონის ოფიციალური ტიტულატურის  გარდა,  მონაწილეობს  ბევრ  ეგვიპტურ  ყაიდაზე  შედგენილ  ჰიკსოსების  საკუთარ  სახელში.  სწორედ  ამგვარი კულტურული  ასიმილაცია ართულებს დღეს  მათ  არქეოლოგიურ  კლასიფიკაციას,  რადგან  ძალიან  ძნელია  იმ პერიოდის  ეგვიპტური  და  ჰიკსოსური  მასალის  ერთმანეთისაგან  გარჩევა.  არ  შეუცვლიათ  ჰიკსოსებს  არც  ეგვიპტის  სახელმწიფოს  მართვის   პრინციპი, ამასთან, ბევრი ნომის უფროსის თანამდებობა ისევ ძველეგვიპტელ  ნომარქებს ეკავათ თანდათან,   როგორც  ეს   უკვე ერთხელ  მოხდა  ეგვიპტის  ისტორიაში,  დაიწყეს  მომძლავრება  თებეს ნომარქებმა.  აპოპის  მეფობის  დასაწყისისათვის  ისინი  ეტყობა  უკვე გამოვიდნენ  ჰიკსოსების  კონტროლიდან,  რადგან  თავიანთ  თავს მეფეებს ეძახიან. მართალია, ამ „მეფეების“ ძალაუფლება მხოლოდ თებესა და მის რაიონზე  ვრცელდებოდა,  მაგრამ  როგორც  ტორინოს ქრონიკა,  ასევე  მანეთონი მათ ასახელებს როგორც XVII  დინასტიას (XVI  ჰიკსოსების  დინასტია,  მოხსენიებული  მანეთონთან,  თანამედროვე ვარაუდით,  შედგება  ჰიკსოსების  დიდგვაროვნებისაგან,  რომლებიც XV დინასტიის თანადროულად  ბატონობდნენ  ეგვიპტის  რაღაც  ნაწილზე). აპოპის  მეფობის  ბოლოს  თებელმა  ფარაონმა  სეკენენრემ (დაახლ. 1560-1555 წლ) დაამარცხა აპოპის  არმია,  თვით  აპოპი  ტყვედ  ჩაიგდო  და  საბოლოოდ  განდევნა ჰიკსოსები  თებეს  რაიონიდან.  ამ  ამბებს  მოგვითხრობს  ამონის  კარნაკის ტაძარში  ნაპოვნი  სტელა,  რომლის  ტექსტი  შედგენილია  სეკენენრას ვაჟისა და  მემკვიდრის ფარაონ კამოსეს (ძვ.წ. 1555-1551) ბრძანებით.  ამ    გამარჯვების  შემდეგ ჰიკსოსელთა  XV  დინასტიაში  მოხსენიებულია  კიდევ  ორი  ფარაონი, რომელთა  შესახებ  თითქმის არაფერია ცნობილი, მაგრამ ეტყობა ისინი ძირითადად თებელებთან ბრძოლებით იყვნენ დაკავებულნი, რადგან მათზე  დაქვემდებარებული  ეგვიპტის  ტერიტორია  სულ  უფრო  მცირდება. დაახლ. ძვ.წ. 1533 წელს თებელმა ფარაონმა, კამოსის ძმამ აჰმოს I-მა  (1551-1527) ჰიქსოსების ბოლო მეფე ხამუდი, წაართვა ჯერ ჰელიოპოლისი და სხვა დასახლებები და შემდეგ სატახტო ავარისიც, რის შემდეგაც ჰიქსოსელთა ბატონობა ეგვიპტეში დასრულდა. ამ მოვლენის გამო ფარაონ აჰმოსს ეგვიპტური ტრადიცია ახალი, XVIII დინასტიის  დამაარსებლად  აღიარებს და  მისი  გამეფებით  იწყებს  ეგვიპტის  ისტორიის  შემდგომი  ე.წ. „ახალი  სამეფოს“  პედიოდს. 
თანამედროვე  მეცნიერთა  აზრით,  ჰიკსოსებს  გარკვეული  დამსახურება  მიუძღვით  ეგვიპტელთა  წინაშე.  მათ  შეარყიეს  ეგვიპტელთა რწმენა  ეგვიპტის  უცხოელების  მიერ   დაპყრობის  შეუძლებლობაში, მათი მეშვეობით ეგვიპტე  უფრო მჭიდრო კულტურულ კონტაქტში  შევიდა დასავლეთ  აზიის ქვეყნებთან,  რადგან  აზიური წარმოშობის  ჰიკსოსები აღმოჩნდა  ის ხიდი, რომელმაც  გზა  გაუკაფა ეგვიპტისაკენ  ამ  არეალის კულტურის საუკეთესო მონაპოვრებს, რომლებიც, ასიმილირებული და ტრანსფორმირებული ეგვიპტური ნიადაგზე, ერთგვარად სტიმულის მიმცემი იყო ეგვიპტური კულტურის შემდგომი  განვითარებისათვის. ამის გარდა, მათ ეგვიპტეში შემოიტანეს სამხედრო მიღწევები და ცხენი, რომლებიც უდავოდ დაეხმარა ახალი სამეფოს ეგვიპტის მძლავრ არმიას იმ დიდი გამარჯვევების მოპოვებაში, რომლებმაც ეგვიპტე მძლავრ იმპერიად აქცია.




Комментариев нет:

Отправить комментарий