სვეტი I
მე ვარ დარაიავაჰუ1, დიდი მეფე, მეფე მეფეთა, მეფე პარსისა2, მეფე ქვეყანათა, ვიშტასპას ძე. არშამას შვილიშვილი, ჰახამანიანი3, ამბობს მეფე დარაიავაჰუ: მამაჩემი იყო ვიშტასპა, ვიშტასპას მამა იყო არშამა, არშამას მამა – არიიარამნა, არიიარამნას მამა – ჩიშპი4, ჩიშპის მამა იყო ჰახამანი, ამბობს მეფე დარაიავაჰუ: ამიტომაც გვიწოდებენ ჩვენ ჰახამანიანთ. ოდითგანვე ვართ ჩვენ კეთილშობილნი. დასაბამიდან მეფობდა გვარი ჩვენი. ამბობს მეფე დარაიავაჰუ: ჩვენი საგვარეულოდან რვას უმეფია ჩემამდე. მე მეცხრე ვარ. ცხრანი კი განვიყოფებით ორ სამეფო შტოდ5. ამბობს მეფე დარაიავაჰუ: აჰურამაზდას6 ნებით მე ხელმწიფე ვარ. აჰურამაზდამ მე მიბოძა სამეფო. ამბობს მეფე დარაიავაჰუ: აი, ქვეყნები, რომელიც მერგო აჰურამაზდას ნებით; რომელთა ზედაც ხელმწიფე ვიყავ: პარსა უვჯა7, ბაბირუ8, ასურა9, არაბაია10, ზღვისპირეთი „ მუდრაია11, სპარდა12, იაუნა13, მადა14, არმინა15, კატპატუკა16, პართავა17, ზრანკა18, ჰარაიავა19, უვარაზმი20, ბახტრი21, სუგუდა22, განდარა23, საკა24, თატაგუ25, ჰარაჰუვატი26, მაკა27. სულ ოცდასამი ქვეყანა. ამბობს მეფე დარაიავაჰუ: ეს ქეეყნები, რომელიც წილად მხვდა აჰურამაზდას ნებით, მე მმონებდნენ, ჩემთვის ხარკი მოჰქონდათ, და რასაც ვუბრძანებდი ღამითა თუ დღისით, იმას ასრულებდნენ. ამბობს მეფე დარაიავაჰუ: ვინც კი ამ ქვეყნებში ღირსეული ვინმე იყო, შესაფერ პატივს ვანიჭებდი. ხოლო ავისმოქმედს მივაგებდი მისაგებელს. აჰურამაზდას ნებით ეს ქვეყნები მისდევდნენ ჩემს სჯულს, და რაც ჩემგან ებრძანებოდათ, მას აღასრულებდნენ. ამბობს მეფე დარაიავაჰუ: აჰურამაზდამ ეს სამეფო მე მიბოძა. აჰურამაზდა მეოხ მეყო, რათა ამ სამეფოს დავუფლებოდი. ნებითა აჰურამაზდასი მე ვმეუფებ ამ სამფლობელოში.
ამბობს მეფე დარაიავაჰუ: აი, რა აღვასრულე მას შემდეგ, რაც მეფე გავხდი, კამბუჯიია28 სახელად, კურუს29 ძე, ჩვენი გვარისა, იჯდა აქ მეფედ. იმ კამბუჯიიას ძმა ჰყავდა. დედითაც და მამითაც ერთი, სახელად ბარდიია30. შემდგომ კამბუჯიიამ ის ბარდიია მოკლა. ხოლო როცა კამბუჯიიამ მოკლა ბარდიია, ხალხმა არაფერი იცოდა ბარდიიას მოკვლის შესახებ. და წარემართა ამის შემდეგ კამბუჯიია მუდრაიას. კამბუჯიიას მუდრაიაში გამგზავრების ჟამს ძლეულ იქნა ერი ბოროტისაგან და იმრავლა ქვეყნად სიავემ. პარსაშიც, მიდთა შორის და სხვა ქვეყნებშიც. ამბობს მეფე დარაიავაჰუ. შემდგომ იყო ერთი კაცი, მოგვი, სახელად გაუმატა – აჯანყდა ის პაიშიია ჰუვადაში31, არაკადრიდ წოდებული მთიდან. ვიიახნას თვის32 14 დღე იყო გასული, როს წამოვიდა იგი ჯანყით. ხალხს ასე ატყუებდა: „მე ბარდიია ვარ, კურუს ძე, კამბუჯიიას ძმაო“. და შემდეგ აღდგა ერი მოავალი, განუდგა კამბუჯიიას და მას მიემხრო; სპარსნიც, მიდნიც და სხვა ქვეყნებიც. დაიპყრო მან სამეფო. გარმაპადას თვის33 9 დღე იყო გასული, როცა იგი სამეფოს დაეუფლა ხოლო შემდეგ კამბუჯიია მოკვდა თავისი სიკვდილით.
ამბობს მეფე დარაიავაჰუ: ეს სამეფო, გაუმატა მოგვის მიერ კამბუჯიიასგან მიტაცებული, – ეს სამეფო ოდითგანეე ჩვენს გვარს ეკუთვნოდა. და შემდგომ წარტაცა ის გაუმატა მოგვმა კამბუჯიიას. პარსაც, მადაც და სხვა ქვეყნებიც. დაიმკვიდრა ისინი თავის საკუთრებად და დაჯდა ხელმწიფედ. აძბობს მეფე დარაიავაჰუ: არავინ იყო არც სპარსეთში, არც მიდეთში, არცა ჩვენი გვარისა ვინმე, ვინც იმ გაუმატა მოგვს სამეფოს წაართმევდა. ერს მისი სასტიკი შიში ჰქონდა, – არ ამოეწყვიტა მრავალნი, ვინც ადრე ბარდიიას იცნობდა. იმ ხალხს კი იმიტომ დაახოცვინებდა, ვაითუ შემიცნონ, რომ არ ვარ მე ბარდიია, ძე კურუსისო. ვერავინ ბედავდა, ეთქვა რამე გაუმატაზე, ვიდრე მე არ გამოვჩნდი. და შემდეგ შევვედრე აჰურამაზდას და შემეწია აჰურამაზდა. ბაგათადის35 თვის ათი დღე იყო გასული, როცა მცირედი ხალხით ის გაუმატა მოგვიც მოვკალი და მისი მთავარი მიმდევარი თავკაცნიც. სიკაიაჰუვატიდ რქმეულ ციხეში, ნისაიას36 მხარეს, მიდთა ქვეყანაში, დავხოცე ისინი, წავართვი მას სამეფო. აჰურამაზდას ნებით ხელმწიფე გავხდი. აჰურამაზდამ მე მიბოძა სამეფო.
ამბობს მეფე დარაიავაჰუ: სამეფო, ჩვენი გვარისაგან მიტაცებული, მე დავიბრუნე და აღვადგინე ძველებურ სახით. კვლავ აღვაშენე წმინდა სალოცავები, გაუმატა მოგვის მიერ დაჭცეული. მე მივუძღვენი კვლავ ბალხს მისი ქონება: საძოვრები37, ჯოგები საქონელთა, ხვასტაგი, სახლ-კარი და სახლეულნი და საცხოვრებელნი, რაც წაერთმია გაუმატა მოგვს. მე ერი დავაყენე ადგილსა თვისსა სპარსეთშიც, მიდეთშიც და სხვა ქვეყნებშიც. როგორც იყო დასაბამიდან, ისე დავუბრუნე კვლავ ძველ ვითარებას ყოველივე მიტაცებული. ნებითა აჰურამაზდასი აღვასრულე ეს საქმენი: ვიბრძოლე მანამ, ვიდრე გვარი ჩვენი სამეფო არ აღვადგინე ფუძესა თვისსა, როგორც იყო ოდითგანვე. ვეცადე აჰურამაზდას ნებით, რომ გაუმატა მოგვს ჩვენი სამეფო ტახტი აღარ წარეტაცებინა.
ამბობს მეფე დარაიავაჰუ: აი, რა აღვასრულე მე მას მერე, რაც გავმეფდი. ამბობს მეფე დარაიავაჰუ: ჩემგან გაუმატა მოგვის მოკვლის შემდეგ აჯანყდა უვჯაში ერთი კაცი, სახელად ათრინა, უპადარმას ძე. ასე განუცხადა მან უვჯელებს: მე ვარ ხელმწიფე უვჯაშიო! და განმიდგა ერი უვჯელთა და მიემხრო ათრინას, გამეფდა იგი უვჯაში. ხოლო ერთი კაცი ბაბირუელი, ნადინტაბაირა სახელად, აინაირას ძე – ის აღდგა ბაბიოუში, ხალხს ასე ატყუებდა: „მე ნაბუკუდრაჩარა38 ვარ, ნაბუნაიტას39 ძე!«. ამის შემდეგ ერი ბაბირუელთა სრულად იმ ნადინტაბაირასკენ მიიქცა. და აჯანყდა ბაბირუც. დაიპყრო მან სამეფო ბაბირუელთა.
ამბობს მეფე დარაიავაჰუ: ამის შემდეგ გავემართე უვჯელთა ქვეყანაში. ის ათინა შეკრული მომგვარეს და დავსაჯე იგი სიკვდილით. ამბობს მეფე დარაიავაჰუ: შემდგომად ამისა მივაშურე ბაბირუს, იმ ნადინტაბაირას წინააღმდეგ თავს რომ ნაბუკუდრაჩარად აცხადებდა. ნადინტაბაირას ხალხს ტიგრა40 ეპყრათ და იქ იყვნენ დაბანაკებულნი. მდინარე კი სანაოსნოდ ადიდებულიყო41. ხოლო მე ნაწილი ჩემი ჯარისა ნავტიკებზე დავსხი, ზოგნი აქლემებზე ავამხედრე, სხვები კი ცხენებით გავიყვანე. და შემეწია აჰურამაზდა. აჰურამაზდას ნებსით გადავლახეთ ტიგრა. იქ კი იმ ნადინტაბაირას ჯარი დავხოცე მრავლად. ათრიიადიიას თვის42 26 დღე იყო გასული, როცა ბრძოლა გადავიხადეთ. ამბობს მეფე დარაიავაჰუ: ამ ამბების შემდეგ გავეშურე ბაბირუსკენ. ჯერ არ მიმეღწია ბაბირუმდე, რომ ქალაქ ზაზანამი, უფრატუს43 პირას, წამოვიდა ჯარით ის ნადინტაბაირა, თვითმარქვია ნაბუკუდრაჩარა, ჩემთან საბრძოლველად. და გადავიხადეთ ომი, მეოხ მეყო აჰურამახდა. აჰურამაზდას ნებსით იმ ნადინტაბაირას ჯარი შევმუსრე ფრიად, ხოლო სხვანი კი მდინარეში გადაეშვნენ და წარიღო ისინი წყალმა. ანამკას თვის44 ორი დღე იყო გასული, როს აღესრულა ეს ბრძოლა ჩვენგან.
შენიშვნები
1. დარაიავაჰუ – დარიოსის სახელის ძველსპარსული ფორმა (დარიოსი - ბერძნული ფორმაა); ბიბლიური ქართული ტრადიციით - დარეჰი. ასევე ძველსპარსული ფორმებითაა წარმოდეგნილი: თარგმანში ყველა სხვა საკუთარი სახელი.
2. პარსა – ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ერთეული ირანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, შემდგომ ფარსი, და ქართული ისტორიული ტრადიციით - სპარსეთი. პარსის მცხოვრებთა აღსანიშნავად აქ გამოყენებულია ქართული ბიბლიური ტრადიციიდან მომდინარე ფორმა „სპარსნი“ (შდრ. აგრეთვე „მიდნი“
3. ჰახამანიანი, ჰახამანი – აქამანიანი ანუ აქემენიდი; დინასტიის სახელწოდება. მომდინარეობს პიროვნების სახელიდან, რომელმაც მისცა დასაბამი აქამანიანთა გვარს – ძველსპარსული ფორმით „ჰახამანი“ (იხ. ქვემოთ).
4. ჩიშპი – ბერძნ. თეისპე.
5. ძვ. სპ. „დუვიტაპარანა“ ორგვარად გაიგება: ა) ერთმანეთის მიყოლებით ანუ უწყვეტად, თანმიმდევრულად და ბ) ორ ფრთად ანუ შტოდ. ბეჰასტუნის წარწერის შინაარსის და დარიოსის პოზიციების ლოგიკური შეფასების შედეგად, აგრეთვე აქამანიანთა გენეალოგიური სქემის გათვალისწინებით, ჩვენ მეორე ვარიანტი უფრო სარწმუნოდ მიგვაჩნია, მასვე უჭერს მხარს ლინგვისტური ანალიზიც.
6. აჰურამაზდა – ძველი ირანული რელიგის უზენაესი ღვთაება; მემქვნელი ღმერთი; განასახიერებს გონივრულ, ნათელსა, და კეთილ საწყისს. იგი დუალისტურ მიმართებაშია ბოროტ საწყისთან -- აჰრამანაუსთან (აჰრიმანთან), მაგრამ მასზე უფრო ძლიერია. დუალისტურ სისტემას განეკუთვნება სიმართლისა სიცრუის დაპირისპირებაც, რომელსაც ვხვდებთ ბეჰისტუნის წარწერაში.
7. უვჯა – ელამი; უვჯელი – ელამელი, ელამიტელი; ელამიტი (ჩამოთვლილ ქვეყნებში თანმიმდევრულად გამოყოფენ რამდენიმე გეოგრაფიულ ჯგუფს მიმართულებით – საკუთრივ სპარსეთისაგან: დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ),
8. ბაბირუ – ბაბილონი; ბაბირუელი – ბაბილონელი.
9. ასურა – ასურეთი, ასირია.
10. არაბაია – არაბეთი (არაბეთის ნახევარკუნძული).
11. მუდრაია – ეგვიპტე (შდრ. ძვ. ქართ. „მისრეთი“).
12. სპარდა – ლიდია.
13. იაუნა – იონია.
14. მადა – მიდია, ქართული ტრადიციით აგრეთვე მიდეთი, ხოლო მისი მცხოვრებნი – მიდი, მიდნი (მიდია სპარსეთის ძველი ჩრდილო-დასავლელი მეტოქე იყო).
15. არმინა – არმენია. ასე ეძახდნენ ძველი ირანელები ურარტუს.
16. კატპატუკა – კაპადოკია.
17. პართავა – პართია, მისი მცხოვრებნი – პართნი.
18. ზრანკა – დრანგიანა.
19. ჰარაივა – არია, აქამანიანთა იმპერიის პროვისცია. იგივე არიანა, იგიქე ჰერათი, შესაძლოა.
20. უვარაზმი – ხორეზმი ანუ ძვ. ქართ. ხვარაზმი.
21. ბახტრი – ბაქტრია.
22. სუგუდა - სუგდა – სოღღი.
23. განდარა – იმპერიის ერთ-ერთი პროვინცია.
24. საკა – სკვითთა ტომების საერთო ეთნიკვრი და მათი გავრცელების ტერიტორიული სახელწოდება.
25. თატაგუ – თატაგიდია.
26. ჰარაჰუვატი – არახოზია ინდ. სარასვატი პროვინცია ინდოეთში, საზღვარზე. ამჟამად ავღანეთის ტერიტორიაზე.
27. მაკა – დაუდგენელი პროვინცია შემდეგი ვარიანტებით: ყველაზე მიღებული - პროვინცია აფრიკაში; იგივე მექრანი ირანში,
28. კამბუჯიია – კამბიზის სახელის ძველსპარსული ფორმა (კამბიზ II)
29. კურუ – კიროსის სახელის ძველსპარსული ფორმა (კიროს II, დიდი).
30. ბარდიითა – ბერძნ. სმერდისი (კამბიზ II-ის ძმა).
31. პაიშიიაჰუვადა – რაღაც ადგილი პარსაში, უკავშირებენ პასარგადას სახელწოდებასაც.
32. ვიიახნას თვე – ძველსპარსული კალენდრის მიხედვით – მეთორმეტე თვე: შეესაბამება თებერვალ-მარტს (ახალი წელი იწყება მარტის შუა რიცხვებში).
33. გარმაპადა – მეოთხე თვე, შეესაბამება ივნისს-ივლისს.
34. გამოთქმის „უვამარშიეუშ ამარიიატა“, იწვევს აზრთა სხვადასხვაობას: ა) „თავი მოიკლა“: ბ) ზოგადად „თავისგან სიკვდილი“, - თავისი სიკვდილი“ (ბუნებრივი სიკვდილი). მეორე ვარიანტს მეტი მომხრე ჰყავს ბოლო ხანებში. მთავარი კი ორივე შემთხეევაში უნდა იყოს დარიოსისგან იმის ხაზგასმა, რომ კამბიზი არ მოუკლავთ, განსხვავებით ბარდიიასგან, და მას, დარიოსს, არ მიუძლვის არავითარი ბრალი მის სიკვდილში (ანუ არ არის უზურპატორი).
35. ბაგაიადი - მეშვიდე თვე, სექტემბერ-ოქტომბერი.
36 ნისაია – რაიონი მიდიაში, მერვსა და ბალხს შუა; შდრ. ნისა აშხაბადთან,
37. ეტიმოლოგიური ძიებისა და ისტორიულ-სოციალური ანალიზის საფუძველზე ე. აბაევმა ბოლო ხანს გამოთქვა მოსაზრება, რომ „აბიჩარიშ“ არ ნიშნავს „საძოვარს, არამედ ქონებას, სახსრებს, საშუალებას, იარაღს (შდრ. ქართ. აბჯარი). ვ. აბაევის აზრით, „ქონების დაბრუნებ“ ძირითადად უნდა ეხებოდეს მსხვილ მონათმფლობელებს, რომელთა უფლებებიც გაუმატა მოგვმა შეზღუდა წვრილ მიწათმოქმედთა და მწარმოებელთა საპირისპიროდ. ჩვენს თარგმანში დაცულია „დაბრუნებული ქონების“ აღმნიშვნელ სიტყვათა ყველა შესაძლო, სავარაუდო მნიშვნელობა, – ასე ვთქვათ, ჩამოთვლის სრული, მაქსიმალური სია.
38. ნაბუკუდრაჩარა – ბაბილონის ცნობილი მეფის ნაბუქოდონოსორის ძველსპარსული ფორმა.
39. საბუნაიტა – ნაბონიდე (ბაბილონის მეფის სახელი).
40. ტიგრა – მდინარე ტიგროსი.
41. ბოლომდე დადგენილი არ არის „აბიშ ნავია“, მაგრამ კონტექსტის ლოგიკური ანალიზით საქმე სწორედ სანაოსნო ვითარებას უნდა ეხებოდეს (სხვანაირად – „ფეხით გაუვალს“, „ნავით გადასალახავს“.
42. ათრიიადიია – მეცხრე თვე, ნოემბერ-დეკემბერი.
43. უფრატე - მდინარე ევფრატი.
44. ანამაკას თვე – მეათე თვის სახელწოდება შეესაბამება დეკემბერ-იანვარს.
სვეტი II
ამბობს მეფე დარაიავაჰუ: შემდეგ ნადინტაბაირა მცირე მხედრებითურთ ილტვოდა და ბაბირუს მიმართა. მეც პირი ვქენ ბაბირუსკენ. აჰურამაზდას ნებით ბაბირუც დავიპყარ და ნადინტაბაირაც შევიპყარ. შემდეგ ის ნადინტაბაირა ბაბირუში სიკვდილით დავსაჯე. ამბობს მეფე დარალავაჰუ: ბაბირუს ჩემი ყოფნის ჟამს განდგომილ იქნენ ჩემგან ეს ქვეყნები: პარსა, უვჯა, მადა, ასურა, მუდრათია, პართავა, მარგუ45, თატაგუ, საკა. ამბობს მეფე დარაიავაჰუ: იყო პარსაში, ქალაქში, რომელსაც ერქვა კუგანაკა, ერთი ვინმე კაცი, სახელი მისი მარტიია, ძე ჩინჩიხრასი. ის ამიჯანყდა უვჯაში. ხალხს ასე უთხრა: მე იმანი ვარ, უვჯას მეფეო! ამბობს მეფე დარაიავაჰუ: იმხანად მე ვიდექ უვჯას სიახლოვეს. ამიტომაც უვჯელთ ჩემი შიში მიეცათ. შეიპყრეს ის მარტიია, მეთაურად რომ ჰყავდათ, და მოკლეს. ამბობს მეფე დარაიავაჰუ: ერთი კაცი, რომელსაც ერქვა ფრავარტი, მიდთა ტომისა – ის აღმიდგა მადაში. ხალხს ასე აუწყა: „მე ხშათრიტა46, ვარ, ჰუვახშტრას47 მოდგმისა!“. და განმიდგა მიდეთის სამეფო სასახლის სპა და მიიქცა იმ ფრავარტისაკენ. და დაჯდა იგი ხელმწიფედ მადაში. ამბობს მეფე დარაიავაჰუ: ჯარი სპარსთა და ჯარი მიდთა, რომელიც თან მახლდა, ფრიად მცირე იყო. შემდეგ კი გავგზავნე წინ ლაშქარი, ხოლო მეთაურად დავუყენე მას ჩემი მონა, სპარსი, სახელად ვიდარნა, ვუთხარ მათ ასე: „წადით, მიდთა ის ერი, რომელიც მე არ მცნობს, დახოცეთ!“, და წარუძღვა ლაშქარს ის ვიდარნა. მადას რომ მიაღწია, შეება მიდებს მადაში, ქალაქ მარუსთან. ხოლო ვინც მიდთა შორის მეთაური თავკაცები იყვნენ, იმ დროს იქ არ იმყოფებოდნენ. აჰურამაზდა შემეწია აჰურამაზდას ნებსით ჩემმა ლაშქარმა აჯანყებულთა ჯარი დაარბია. ანამაკას თვის ოცდამეშვიდე დღე გასულიყო, როცა მოხდა ეს ბრძოლა. შემდგომ ჩემი ლაშქარი მელოდა მადაში, ადგილას, რომელსაც უწოდებდნენ კამპანდას, ვიდრემდე მადას მივაღწევდი.
ამბობს მეფე დარაიავაჰუ: ერთი არმინელი. სახელად დადარში, ჩემი მონა, არმინას წარვგზავნე და ასე ვუბრძანე „წადი, ის აჯანყებული ხალხი, მე რომ არ მცნობს, დაარბიე!“. და წავიდა დადარში. არმინას რომ მიაღწია, შეიკოიბნენ ამბოხებულნი, და დაიძრნენ დადარშისთან შესაბმელად. და გადაიხადეს ბრძოლა ზუზაჰიად წოდებულ დაბასთან არმინაში. მეოხ მეყო აჰურამაზდა. აჰურამაზდას ნებსით ჩემმა სპამ მეამბოხეთა ჯარს მუსრი გაავლო. თურავაჰარას თვის!48 რვა დღე იყო გასული, როდესაც ბრძოლა გადაიხადეს. ამბობს მეფე დარაიავაჰუ: მეორედ კვლავ შეიკრიბნენ აჯანყებულნი და წამოვიდნენ დადარშისთან საომრად. და მოხდა ბრძოლა ტიგრას ციხესთან, არმინაში. და კვლავაც შემეწია აჰურამაზდა. აჰურამაზდას ნებსით ჩემმა ლაშქარმა მეამბოხეთა ჯარი მრავლად გაწყვიტა. თურავაჰარასს თვის 18 დღე იყო გასული, როცა აღსრულდა ეს ბრძოლა. ამბობს მეფე დარაიავაჰუ: კვლავაც მესამედ შეერთდნენ მეამბოხენი და გამოემართნენ დადარშისთან საბრძოლველად. და შეერკინენ ერთმანეთს არმინაში, უიამას ციხესთან. მეოხ მეყო აჰურამაზდა. აჰურამაზდას ნებსით ჩემმა სპამ აჯანყებულთა ჯარი გაჟლიტა. თაიგარჩის თვის49 მეცხრე დღე იყო გასული, როს აღესრულა ეს ომი. ამის შემდეგ დადარში დამელოდა მე არმინაში, ვიდრე მივიდოდი მიდთა ქვეყნამდე.
ამბობს მეფე დარაიავაჰუ: შემდეგ ჩემი მონა, ტომით პარსელი, სახელად ვაჰუმისა, მივავლინე არმინას და ასე ვუბრძანე: „წადი, იმ აჯანყებულთა ჯარს, რომელიც არ მცნობს მე, მუსრი გაავლე!“. და გაეშურა ვაჰუმისა. არმინას რომ მიაწია, ამბოხებულნი შეერთდნენ და დაიძრნენ ვაჰუმისასთან შესაბმელად. იზალად რქმეულ სამყოფელს, ასურაში, გადაჰხდათ ბრძოლა. აჰურამაზდამ მე მეოხება გამიწია. აჰურამაზდას ნებსით ჩემმა ლაშქარმა ის ამბოხებული ჯარი დიდად დაამარცხა, ანამაკას თვის 15 დღე იყო გასული, როცა მათ ეს ბრძოლა გადაიხადეს. ამბობს მეფე დარაიავაჰუ: მეორედ შეკრიბნენ მეამბოხენი და წამოვიდნენ ვაჰუმისასთან საომრად. არმინაში, ადგილას, რომელსაც ეწოდებოდა აუტიიარა, შეერკინენ ერთმანეთს. და მომცა მეოხება აჰურამაზდამ. აჰურამაზდას ნებსით ჩემმა ლაშქარმა ამბოხებულთა სპა ამოწყვიტა. თურავაჰარას თვე მიწურული იყო, როს აღასრულეს ეს ომი. და დამელოდა შემდეგ ვაჰუმისა არმინაში, ვიდრემდის მადას მივაწევდი. ამბობს მეფე დარაიავაჰუ: ამ ამბების დასრულების შემდეგ გამოვეშურე ბაბირუდან და ვისწრაფოდი მიდთა ქვეყნისაკენ. და მადას ჩემი მიღწევისას მიდთა ერთი ქალაქიდან, რომელსაც ერქვა კუნდურუ, ის ფრავარტი, თავი მიდთა მეფედ რომ გამოაცხადა, დაიძრა ჩემს წინააღმდეგ საბრძოლველად. და გადავიხადეთ ომი. აჰურამაზდამ მე შეწევნა მომცა. აჰურამაზდას ნებსით ფრავარტის ჯარი შევმუსრე. ადუკანაიშას თვის50 25 დღე იყო გასული, როცა ბრძოლა გადავიხადეთ. ამბობს მეფე დარათავაჰუ: ამის შემდეგ ის ფრავარტი მცირეოდენი მხედრებითურთ ლტოლვილ იქნა და მადას მიმართა, რაგას მხარეს51, ხოლო მე ჯარი გავგზავნე და დავადევნე ფრავარტის კვალდაკვალ. და მომგვარეს იგი შებორკილი. და მოვკვეთე მას ცხვირი, ყური, და ენაც მოვაჭერ, ხოლო ცალი თვალი ამოვთხარე. და ასე დაბმული მყავდა ჩემი სასახლის კარზე და მთელი ხალხი ხედავდა მას. ამის შემდეგ ჰამგმატანაში52 იგი ძელზე გავსვი. ხოლო მისი უწინარესი მიმდევარი მეთაურები ჰამგმატანას ციხე-სიმაგრეში გამოვკიდე53.
ამბობს მეფე დარაიავაჰუ: ერთმა კაცმა, სახელად ჩითრანტახმამ, ასაგარტელმა, ამიტეხა შფოთი. ერს ასე განუცხადა. მე ვარ მეფე ასაგარტაში54, ჰუვახშტრას მოდგმისაო! ამის შემდეგ სპარსთა და მიდთა ლაშქარი დავძარი, ტახმასპადა სახელად, მიდი, ჩემი მონა, დავუყენე მას სარდლად. ვუბრძანე მათ ასე: „წადით, მეამბოხეთა ჯარი, რომელიც არ მცნობს, გაჟლიტეთ!“. და წარუძღვა ტახმასპადა ლაშქარს და ომი გადაიხადა ჩითრანტახმასთან. აჰურამაზდამ მეოხება მიწყალობა. აჰურამაზდას ნებსით ჩემმა ლაშქარმა ის ჯარი აჯანყებულთა გაანადგურა. ხოლო ჩითრანტახმა შეკრული მოიყვანეს ჩემ წინაშე და მოვკეეთე მას ცხვირიც, ყურიც და ცალი თვალი ამოვთხარე. შებორკილი იმყოფებოდა ჩემი სასახლის კარზე და მთელი ხალხი ხედავდა მას. ამის შემდეგ არბაირაში55 გავსვი იგი ძელზე. ამბობს მეფე დარაიავაჰუ: ესაა, რაც აღვასრულე მადაში.
ამბობს მეფე დარაიავაჰუ: პართავა და ვარკანა56 განმიდგნენ, – ფრავარტის ხალხად ცნეს თავი. ვიშტასპა, მამაჩემი, პართავაში იმყოფებოდა. სპამ ზურგი შეაქცია მას და აუჯანყდა ამის შემდეგ ვიშტასპა გაემართა იმ რაზმის თანხლებით, რომელიც მისი ერთგული დარჩენილიყო, და პართავაში, ვიშპაუზატიდ წოდებულ ქალაქთან შეერკინა პართებს. აჰურამახდა მეოხ მეყო. აჰურამაზდას ნებსით ვიშტასპამ შეთქმულთა ჯარი ამოჟლიტა. ვიიახნას თვის 22 დღე მიწურულიყო, როცა აღსრულდა ეს ბრძოლა.
შენიშვნები
45. მარგუ – მარგიანა. ძველი მერვი, ახლანდელი მარა - ქალაქი თურქმენეთში.
46. ხშათრიტა – მიდიის მეფის სახელის მეორე ნაწილის ძველსპარსული ფორმა (ბერძნ. ფრაორტე – ქშათრიტა).
47. ჰუვასშტრა – აგრეთვე მიდიის მეფის სახელის მეორე ნაწილი ძველსპარსული ფორმით (ბერძნ. კიაქსარე – უვაქშატრა).
48. თურავაჰარას თვე – მეორე თვე, აპრილი – მაისი,
49. თაიგარჩას თვე – მესამე თვე – მაისი – ივნისი.
50. ადუკანაიშა – პირველი თვე, მარტი – აპრილი.
51. რაგა – რაიონი მიდიაში.
52. ჰიაგმატანა – ირანის (მიდიის) ძველი დედაქალაქის სახელწოდების ძველსპარსული ფორმა – ეკბატანა, დღევანდელი ჰამადანი.
53. „გამოეკიდე“ – იგულისხმება მეამბოხეთა შემდეგი დასჯა: მოკვლის შემდეგ. მათი სხეულების ჩალით დატენვა და ძელზე გამოსმა ან ჩამოკიდება.
54. ასაგარტა - ასაგარტია.
55. არბაირა – არბელა, ქალაქი მაშინდელ ასურეთში. არობელა,
56. ეარკანა – ჰირკანია, რაიონი კასპიის ზღვის სამხრეთ-დასავლეთით.
სვეტი III
ამბობს მეფე დარაიავაჰუ: მერე მე სპარსთა სპა გავუგზავნე ვიშტასპას რაგადან. როცა ეს სპა ვიშტასპასთან მივიდა, თან გაიყოლა იგი ვიშტასპამ და წავიდა. ქალაქ პატიგრაბანასთან, პართავაში, შეებრძოლა მეამბოხეებს. აჰურამაზდამ შეწევნა მომცა, აჰურამაზდას ნებსით ვიშტასპამ იმ აჯანყებულთა ჯარი დაარბია. გარმაპადას თვის პირველი დღე იყო გასული, როდესაც მათ ბრძოლა გადაიხადეს. ამბობს მეფე დარაიავაჰუ: ამის შემდეგ ის ქვეყანა ჩემი გახდა. ეს აღვასრულე მე პართავაში.
ამბობს მეფე დარაიავაჰუ: სამეფო, მარგუდ სახელდებული, მოიცვა შფოთმა ჩემს წინააღმდეგ. ერთი კაცი, ფრადად წოდებული, მარგუელი, გაიხადეს მეთაურად და წარეგზავნე მასთან შესაბმელად ჩემი მონა, რომელსაც ერქვა დადარში, ტომით სპარსი, მთავარი ბახტრისა. და ვუბრძანე მას ასე: „წადი, ის ჯარი გაანადგურე, რომელიც მე არ მცნობს!“ და გაეშურა დადარში ლაშქრით, მარგუელებთან ბრძოლა გადაიხადა, შემეწია აჰურამაზდა აჰურამაზდას ნებსით ჩემმა ლაშქარმა აჯანყებულთა ის ჯარი გაჟლიტა ათრიიადიიას თვის 23 დღე იყო გასული, მათ რომ იომეს. ამბობს მეფე დარაიავაჰუ: და გახდა ის ქვეყანა ამის შემდეგ ჩემი. ეს გავაკეთე მე ბახტრიში.
ამბობს მეფე დარაიავაჰუ: ერთ კაცს, რომელსაც ეძახდნენ ვაჰიაზდატას, ეპყრა ტარავად წოდებული ქალაქი, იაუტიიად სახელდებულ სამყოფელში, პარსაში. და ატეხა მან მეორედ შფოთი სპარსთა შორის. ერს ასე განუცხადა: „მე ბარდიია ვარ, კურუს ვაჟი!“-ო. და მიიქცა იმ ვაჰიაზდატასკენ სპარსთა სამეფო სასახლის სპა. წინდაწინვე იადადან57 მოსული, – ჩემგან პირი იბრუნა და ის ვაჰიაზდატა აღიარა. გახელმწიფდა ის პარსაში. ამბობს მეფე დარაიავაჰუ: მაშინ წარვგზავნე სპანი სპარსთა და მიდთა, რომელიც თან მყავდა, და ვუსარდლე მათ ჩემი მონა, სპარსი, რომელსაც ერქვა ართჰავარდიია, ხოლო დარჩენილი, სპარსთაგანვე შემდგარი სპა გამომყვა მადაში. შემდგომ ართჰავარდიია თავისი ლაშქრითურთ პარსას გზას დაადგა. როს მიაღწია სპარსთა ქვეყანას, – რახად წოდებულ ქალაქს, – იქ ის ვაჰთაზდატა, ბარდიიად თვითრქმეული, გამოეშურა ჯარით ართჰავარდიიასთან საომრად. და შეერკინენ ერთურთს. აჰურამაზდა შემეწია. აჰურამაზდას ნებსით ჩემმა ლაშქარმა იმ ვაჰიაზდატას ჯარი შემუსრა. თურავაჰარას თვის 12 დღე იყო გასული, მათ რომ ბრძოლა გადაიხადეს. ამბობს მეფე დარაითავაჰუ: შემდგომად ამისა, ის ვაჰიაზდატა მცირეოდენი მხედრებითურთ ლტოლვილ იქნა და გაიქცა ვაიშითაჰუვადაში და წარმომართა იქიდან ჯარი და წამოვიდა კვლავაც ართჰავარდიიასთან შესარკინებლად. პარგად სახელდებულ მთასთან შეებრძოლნენ ერთმანეთს. აჰურამაზდა მეოხ მეყო. აჰურამაზდას ნებსით ის ჯარი ვაჰიაზდატასი ჩემი ლაშქრისგან ძლეულ იქნა. გარმაპადას თვის 5 დღე იყო გასული, როს მათ ომი გადაიხადეს. ხოლო ის ვაჰიაზდატა შეიპყრეს და ასევე მისი თანამზრახველი თავკაცებიც დაატყვევეს. ამბობს მეფე დარაიავაჰუ: ამის შემდეგ მე ის ვაჰიაზდატაც და მისი მიმდევარი მეთაურნიც ქალაქ უვადაიჩაიაში, პარსაში, ძელზე გავსვი. ამბობს მეფე დარაიავაჰუ: ესაა ჩემი საქმენი პარსაში.
ამბობს მეფე დარაიავაჰუ: ხოლო იმ ვაჰიაზდატას, ბარდიითა რომ დაირქვა. წარემართა ჯარები ჰარაჰუვატიში, რომლის განმგებელიც იყო ჩემი მონა, პარსელი, მისი სახელი ვივანა. და დაუყენა იმ ჯარებს
მხედართმთავრად ერთი კაცი და დაარიგა ასე: „წადით, ვივანა მოკალით! და გაწყვიტეთ სპა, რომელიც დარაიავაჰუს მეფედ ცნობს!“. და დაიძრნენ ის ჯარები, ვაჰიაზდატასგან წარგზავნილნი, ვივანას წინააღმდეგ საომრად. და იყო ერთი სიმაგრე, რომელსაც ეწოდებოდა კაპიშაკანი, – იქ შეერკინენ ერთურთს. აჰურამაზდა მე მეოხ მეყო. აჰურამზადას ნებსით ჩემმა სპამ იმ მეამბოხეთა ჯარები გაანადგურა. ანამაკას თვის 13 დღე იყო გასული, როდესაც აღსრულდა მათი ბრძოლა. ამბობს მეფე დარაიავაჰუ: ამის შემდეგ შეთქმულნი შეიკრიბნენ და გამოეშურნენ ვივანასთან შესაბმელად და შეებრძოლნენ მას განდუტავად წოდებულ ადგილას. კვლავაც შემეწია აჰურამაზდა. აჰურამაზდას ნებსით ჩემმა სპამ იმ აჯანყებულთა ჯარს მუსრი გაავლო. 7 დღე გასულიყო ვიიახნას თვისა, როდესაც მათ ბრძოლა გადაიხადეს. ამბობს მეფე დარაიავაჰუ: შემდეგ ის კაცი, – ვაჰიაზდატასგან ვივანასთან საომრად წარგზავნილი ჯარების მხედართმთავარი. ილტვოდა მცირე მხედრებით და ჰარაჰუვატიში, არშადას ციხეს შეაფარა თავი. მაგრამ ვივანა დაედევნა მას ჯარით, იქ ის ტყვედ ჩაიგდო და ვინც კი იყო მისი უწინარესი მიმდევარი თავკაცი, ისინიც ტყვედქმნა და ყველანი დახოცა. ამბობს მეფე დარაიავაჰუ: დამემორჩილა ამის შემდეგ ის ქვეყანა. ეს არის ჩემი ნამოქმედარი ჰარაჰუვატის.
ამბობს მეფე დარაიავაჰუ: პარსას და მადას ჩემი ყოფნისას მეორედ აჯანყდა ბაბირუ ჩემს წინააღმდეგ. ერთი კაცი, მისი სახელი არხა, არმინელი, ჰალდიტას ძე – ამიჯანყდა ბაბირუში. აღმიდგა იგი სამყოფელს, რომელსაც ეძახდნენ დუბალას, და ატყუებდა ხალხს ასე: მე ვარ ნაბუკუდრაჩარა, ნაბუნაიტას ვაჟიო! და უარმყო მაშინ ბაბირუს ერმა და მიემხოო იგი არხას. და დაიპყრო მან ბაბირუ და დაჯდა ბაბირუელთა მეფედ. ამბობს მეფე დარაიავაჰუ: შემდგომად ამისა წარვმართე სპანი ბაბირუს: ვინდაფარნა სახელად, პარსელი, ჩემი მონა, ვუსარდლე იმ სპას და განვუცხადე ასე: „წადით, ბაბირუელთა ის ჯარი, მე რომ არ მაღიარებს – შემუსრეთ!“. და გაემართა ვინდაფარნა ჯარით ბაბირუს. აჰურამაზდამ შეწევნა მომცა. აჰურამაზდას ნებსით ვინდაფარნამ ბაბირუელნი დაარბია და ტყვედ წამოიყვანა. ვარკაზანას58 თვის 22 დღე მიწურულიყო, რომ ვინდაფარნამ ის არხა, ნაბუკუდრაჩარად თვითწოდებული, და მისი თანამდგომი თავკაცნი შეიპყრო და ტყვედქმნა, ამის შემდეგ დავადგინე – გავეც ბრძანება და ის არხა და ვინც კი მას უპირველესი თანამზრახველი მეთაურნი ჰყავდა, – ყველანი ბაბირუში ძელზე გაესვათ.
სვეტი IV
ამბობს მეფე დარაიავაჰუ: ესაა, რაც მოვიმოქმედე ბაბირუს. ამბობს მეფე დარაიავაჰუ: აი, ეს აღსრულდა ჩემგან ნებითა აჰურამაზდასი ერთსა და იმავე წელიწადს, მას შემდეგ, რაც მეფედ დავჯექ. ცხრამეტი ბრძოლა გადავიხადე. აჰურამაზდას ნებით მოვიგე ისინი. ცხრა მეფე დავატყვევე: ერთი – გაუმატა სახელად, მოგვი. მან იცრუა -–- ასე თქვა: „მე ბარდიია ვარ, ძე კურუსი!“-ო. მან პარსა ააჯანყა; ერთი – სახელად ათრინა, უვჯელი, – იგი ცრუობდა და ასე ამბობდა: მე ვარ ხელმწიფე უვჯაშიო! მან უეჯა ამიჯანყა; ერთი ნგადინტაბაირა. სახელად, ბაბირუელი. ისიც სიცრუეს ამბობდა: მე ნაბუკუდრაჩარა ვარ, ნაბუნაიტას ძეო!. მან ბაბირუ ააშფოთა; ერთიც – რომელსაც ერქვა მარტიია, სპარსთა ტომისა. ისიც ტყუოდა და ამბობდა: მე იმანი ვარ, მეფე უვჯასიო! მანაც უვჯა აამბოხა;
ერთი – მისი სახელი ფრავარტი, მიდი. მან იცრუა და თქვა: „მე ხშათრიტა ვარ, ჰუვახხნტრასს გვარისა! მისით ამბოხებულ იქნა მადა; ერთი ვინმე – მას უწოდებდნენ ჩითრანტახმას, – ასაგარტელი. იცრუა: მანაც და განაცხადა ასე: „მე ვარ მეფე ასაგარტაში, ჰუვახშტრის მოდგმისა ამიჯანყა მანაც ასაგარტა ერთი, სახელი მისი ფრადა, მარგუელი, ის ტყუილს ამბობდა: მე მარგუს მეფე ვარო; მან მარგუ ამიჯანყა; ერთი, – მას ერქვა ვაჰიაზდატა, პარსელი. იგი ტყუოდა – ასე თქვა: მე ვარ ბარდიია, კურუს ძეო!. და განმიდგა მისით პარსა; ერთიც – არხად წოდებული, ტომით არმინელი, ისიც ცრუობდა – ასე აცხადებდა ნაბუკუდრაჩარა ვარ, ვაჟი ნაბუნაიტასიო! აჯანყდა მისით ბაბირუ. ამბობს მეფე დარაიავაჰუ: აი, ეს ცხრა მეფე შევიპყარ ამ ბრძოლებში.
ამბობს მეფე დარაიავაჰუ: ეს აჯანყებული ქვეყნები სიცრუემ ააშფოთა, რადგან ეს კაცნი ერს ატყუებდნენ. შემდეგ კი აჰურამაზდამ ისინი ჩემს ხელთ მოაქცია და მეც მოვექეც მათ ჩემი სურვი- ლისამებრ.
ამბობს მეფე დარაიავაჰუ: ჰოი შენ, რომელიც მომავალში მეუფედ დაჯდები, მოიზღუდე თავი შენი მტკიცედ სიცრუისაგან! კაცს, სიცრუის მთქმელს, მიაგო უნდა მისაგებელი, თუკი შენი ზრახვები ასეთი იქნება: „დაე, იდგეს სამეფო ჩემი მყარად!“.
ამბობს მეფე დარაიავაჰუ: ეს ყოველივე, რაც აღსრულებულ იქნა ჩემგან, აჰურამაზდას ნებით ერთ წელიწადმი აღესრულა, ჰოი შენ, რომელიც მომავალ ჟამს ამ წარწერას აღმოიკითხავ, ირწმუნე ჩემი საქმენი და ნუ მიმითვლი მათ სიცრუედ! ამბობს მეფე დარაიავაჰუ: მსწრაფლ ზეშევაქცევ პირსას ჩემსას აჰურამაზდას და ვფიცავ, რომ ჭეშმარიტებაა და არა სიცრუე ჩემი ყოველი ნამოღვაწარი, აღსრულებული ჩემგან ერთი წლის მიწურვამდე. ამბობს მეფე დარაიავაჰუ: აჰურამაზდას ნებით, სხვაც ბევრია ჩემი ნამოქმედარი, რაც არ აღწერილა ამ წარწერაში. არ აღწერილა კი იმის გამო, რომ
ვინც მომავალში ამ წარწერას ამოიკითხავს, ვაითუ მრავლად ეჩვენოს ჩემი საქმენი და არ ირწმუნოს – სიცრუე ეგონოს. ამბობს მეფე დარაიავაჰუ: ვისაც კი ამ დრომდე აქ უმეფია, მათ ყველას ერთად არ უმოქმედიათ იმდენი, რაოდენიც მე აჰურამაზდას ნებით ერთ წელიწადში მოვიმოქმედე. ამბობს მეფე დარაიავაჰუ: ახლა კი ირ“რ- წმუნე შენ, რაც აღმისრულებია და ნუ დაუმალავ ხალხს! თუ ამ ნათქვამს არ დამალავ, და ერს აუწყებ, შემწედ გექმნეს შენ აჰურამაზდა, და იმრავლოს შენმა გვარმა და დღეგრძელიც იყავ! ამბობს მეფე დარაიავაჰუ: ხოლო თუ დამალავ ამ ამბებს, ხალხს არ მოუთხრობ, მკვლელ გექმნეს შენ აჰურამაზდა! და არა იყოს გვარი შენი! ამბობს მეფე დარაიავაჰუ: ეს ყოველივე, ქმნილი ჩემგან ერთ წელიწადში, აჰურამაზდას ნებით აღვასრულე. აჰურამაზდამ მომცა მეოხება და სხვა ღვთაებათაც, რომელნიც სუფევენ. ამბობს მეფე დარაიავაჰუ: იმიტომ მეოხ მეყო აჰურამაზდა და შემეწიენ სხვა ღმერთებიც, რომელნიც სუფევენ, რომ ავისმზრახველი არა ვყოფილვარ, არც ცრუ, არცა ბოროტი ვყოფილვარ, არც მე თავად, არც სხვა ვინმე ჩემი გვარისა, დასაბამიდანვე სამართალს მივსდევდი, არც გლახაკისთვის, არც შემძლეს მიმართ ავი არ ჩამიდენია სასახლის ერთაგან ჩემს თანამზრახველთ, ჩემი სამეფო კარისთვის მოღვაწეთ. ღირსეულ ჯილდოს ვუძღვნიდი, ხოლო ავისმქმნელთ სასტიკად ვსჯიდი. ამბობს მეფე დარაიავაჰუ: შენ, რომელიც იმეფებ მყოფადს: ჟამსა, ნუ დაიფარავ სიცრუის მიმდევარ კაცს, არამედ მიუზღე მას საზღაური!
ამბობს მეფე დარაიავაჰუ: ჰოი, შენ, რომელიც შემდგომსა ჟამს იხილავ ამ წარწერას, ჩემგან ამოჭრილს, და ამ ტვიფრებს აღმოიხილავ, – ნუ წარყვნი მათ, არამედ ვიდრემდე ძალა შეგწევდეს, ძალისაებრ შენისა მცველ ექმენ!
ბრძანებს მეფე დარაიავაჰუ: თუ ამ წარწერას და ამ კვეთილ ხატთა იხილავ და არ წარყვნი მათ, – არამედ ვიდრი იარსებებს შენი მოდგმა, გადასცემ შთამომავლობას შენსას, დაე, იყოს შენი მფარველი აჰურამაზდა, და გვარი გიმრავლოს, და იდღეგრძელე მრავალ ჟამს, და რასაც მოიმოქმედებ, – დე, მოგმადლოს აჰურამაზდამ მისი წარმატებით აღსრულება!
ბრძანებს მეფე დარაიავაჰუ: ხოლო თუ ამ წარწერას და ამ ქანდაკებას ნახავ და წარყვნი მათ, და ვიდრე იქნება შენი მოდგმა, არ დაიცავ მათ - აჰურამაზდა მკვლელ გექმნეს შენ! და ნუ ივგნებინ გვარი შენი, და რა საქმესაც იღვაწებ, ის შენ აჰურამაზდამ დაგიქციოს სრულად!
აცხადებს მეფე დარაიავაჰუ: აი კაცნი, მახინ აქ მყოფნი, ოდეს მე გაუმატა მოგვი მოვკალი, თავს რომ ბარდიიას უწოდებდა, – კაცნი, ჩემი თანამებრძოლნი და ერთგული თანამდგომნი გვინდაფარნა სახელად, ვაიასპარას ძე, სპარსი; უტანა სახელად. თუზრას ძე, სპარსი; გაუბარუვა სახელად, მარდუნიიას ძე, სპარსი; ვიდარნა სახელად, ბაგაბიგნას ძე, სპარსი; ბაგაბუხშა სახელად. დატუვაპიას ძე, სპარსი, არდუმანი სახელად, ვაჰაუკას ძე, სპარსი. ამბობს მეთე დარაიავაჰუ: ჰოი შენ, რომელიც მყოფადსა ჟამს იბელმწიფებ, ამ პირ- თა ჩამომავალთ ჯეროვანი წყალობა მიანიჭე!
ამბობს მეფე დარაიავაჰუ: ნებითა აჰურამაზდასი ეს წარწერა ჯერ სხვადასხვაგვარად იქნა ჩემგან შესრულებული. ამასთანავე შეითხზა არიულ ენაზე59 და გადაიწერა ტყავზე: გარდა ამისა, ერთ ამბად მოთხრობილი, ერთიანად აღიბეჭდა და აღმოიკვეთა კლდეზე60; ხოლო თხზულება მე წამიკითხეს ამის შემდეგ კი მე ეს წერილი დავაგზავნე ყველა ქვეყანაში და მოიწონა ის სრულად ყოველმა ერმა.
სვეტი V
ამბობს მეფე დარაიავაჰუ: აი, რა აღვასრულე მესამე წელიწადს ჩემი გამეფების შემდეგ. ატყდა ამბოხება უვჯელთა ქვეყანაში, ვინმე კაცი, რომელსაც ეძახდნენ ატამაიტას, უვჯელი, – მთავარყეეს და შემდეგ წარვგზავნე უვჯას ლაშქარი. ხოლო სარდლად დავუყენე მათ ერთი კაცი, გაუბარუვად წოდებული, სპარსი, ჩემი: მონა. და გაეშურა გაუბარუვა უვჯელთა დასალაშქრავად. და ომი გადაიხადა უვჯელებთან. შემდეგ გაუბარუვამ დაარბია უვჯელნი და გააცამტვერა. ხოლო ვინც მათი ბელადი იყო, ტყვედ ჩაიგდო და მე მომგვარა. და ყველანი დავხოცე. და შემდგომად ამისა დამემორჩილა ის ქვეყანა.
ამბობს მეფე დარაიავაჰუ: ის უვჯელნი ურჯულონი იყვნენ და აჰურამაზდას არ ეთაყვანებოდნენ. ხოლო მე აჰურამაზდას თაყვანი ვეც: აჰურამაზდას ნებისაებრ, როგორც მსურდა, ისე მოვეპყარ იმ ერს.
ამბობს მეფე დარაიავაჰუ: ვინც სცემს თაყვამს აჰურამაზდას ძალისაებრ მისისა, ცოცხალი – ბედნიერებას და მკვდარიც – ნეტარებას ეწევა.
ამბობს მეფე დარაიავაჰუ: ხოლო ამის შემდეგ გავილაშქრე მე საკებზე – საკებზე, რომელნიც წვეტიან ქუდებს ატარებენ61. რომ მივაღწიე ზღვის ნაპირს62. ჩემი ლაშქრიანად ზღვა ტივებით გადავლახე. შემდეგ საკნი ძლიერ შევშუსრე, ზოგიც დავატყვევე. ისინი შებორკილნი მომგვარეს და დავპოცე. მათი მბრძანებელი კი, რომელსაც სკუნხას უწოდებდნენ, შეიპყრეს და ტყვედქმნილი მოიყვანეს ჩემს წინაშე, და სხვა კაცს მივეც იქ მთავრობა – ჩემი წადილესამებრ. და იქცა. ამის შემდეგ ის ქვეყანა ჩემს საკუთრებად. ამბობს მეფე დარაიავაპუ: ის საკები ურჯულონი იყვნენ და არ ეთაყვანებოდნენ აჰურამახდას. მე ვეცი, თაყვანი აპურამაზდას, აჰურამაზდას ნებსით, მე მოვეჰყარ მათ ჩემი სურვილისამებრ.
ამბობს მეფე დარაიავაჰუ: ვინც თაყვანს სცემს აჰურამაზდას, როგორც ძალედვას, – დიამც პოვებს იგი ლხინს სიცოცხლეში და ნეტარი იქნება სიკვდილის შემდეგაც.
შენიშვნები
57. იადა – დაუდგენელი ადგილი, შესაძლოა ანშენი.
58. ეარკაზანას თვე – მერვე თვის სახელწოდება, ოქტომბერ-ნოემბერი.
59. არიული ენა – არიული ენები – ინდოირანული ენების საერთო სახელწოდება. აქ: ძველი სპარსული – აქემენიდების ერთ-ერთი სახელმწიფო და სპარსთა სალაპარაკო ენა. სახელმწიფო ენები იყო აგრეთვე ელამური და აქადური (ბაბილონლრი). სამივე ენა იყენებდა ლურსმულ დამწერლობას.
60. წარწერის ეს მონაკვეთი შეიცავს რიგ გაურკვეველ ან უცნობ სიტყვასა და გამოთქმას, წინამდებარე ვერსია ზოგ დეტალში მთარგმნელისეულია, და ემყარება წარწერის მთელი შინაარსს ლოგიკურ-კონტექსტუალურ ანალიზს და თვით წარწერის შესრულების ფორმას, აგრეთვე, – კულტურულ-ისტორიული ვითარების გათეალისწინებას იმპერიაში, მაგ, სიტყვა „სხვადასხვაგვარად“, ან „სხვაგვარად“, ჩვენი აზრით, უნდა გულისხმობდეს „სხვადასხვა ენებს“ მრავალენოვანი კონგლომერატისა; „ათაჰაეაჯა“ - „ერთიანი მონათხრობი“; „აღბეჭდვა“ - უნდა ნიშნავდეს „კლდეზე ამოკვეთას“, მაგრამ შესაძლოა აგრეთვე იყოს „ბეჭდის დასმა“ თიხის ფირფიტაზე შესრულებულ წერილზე, და სხვა ასეთი.
61. ძველ ირანულ სამყაროში იცნობდნენ საკების ანუ სკეითების ტომთა ოთხ სახეობას თავ-თავისი სახელწოდებით: ზოგს უწოდებდნენ „წვეტიანქუდიანებს“, ზოგს – „ჰაუმასმხარშველებს“ (ჰაუმა – ინდ., სომა – ინდოევროპელთა, არიელთა უძველესი რიტუალური მათრობელა მცენარეული სასმელი; ბოტანიკური იდენტიფიკაცია დაზუსტებული არ არის; ფიქრობენ, ერთი სოკოა), იყვნენ კიდევ „ზღვისიქითი“ და „სოღდსიქითი“ საკები.
62 „ზღვა“ – ძვ. სპ. „დარია“ ზღვასაც აღნიშნავს და მდინარესაც, აქ ივარაუდება საკუთრივ მდ. სირდარია (შდრ. აგრეთვე ამუდარია).
მასალა ძეელი სპარსულიდან თარგმნა მ. სახოკიამ.

Комментариев нет:
Отправить комментарий