ეს კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და ამავე დროს ყველაზე დრამატული ომი იყო, რომელსაც თავის დროზე „ახალი ესპანეთის“ დაპყრობა ეწოდა. ასე ეძახდნენ XVI საუკუნეში თავად ესპანელები იმ ქვეყანას, რომელსაც ახლა მექსიკა ჰქვია.
თუკი XV საუკუნის ბოლო დიდი აღმოჩენების ხანაა, XVI საუკუნის დასაწყისიდან ამ ახალაღმოჩენილი მიწების დაპყრობა იწყება და მსოფლიოს მთავარი დამპყრობელი მაშინდელი ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფო – ესპანეთია, რომლის ჯარიც საუკეთესო იყო მაშინდელ ევროპაში და, ვინ იცის, იქნებ, მსოფლიოშიც. ეს არც არის გასაკვირი. საუკუნეების მანძილზე ესპანელები ებრძოდნენ არაბებს (მავრებს), რომელთაც მათი ქვეყანა ჰქონდათ დაპყრობილი. ამ დაუნდობელ ბრძოლაში, რომელიც გამათავისუფლებელი ომის გარდა, რელიგიური დაპირისპირებაც იყო (ქრისტიანი კათოლიკეები დამპყრობელი მუსლიმების წინააღმდეგ), იშვა ახალი სოციალური ფენა – იდალგოები, წვრილი აზნაურები, რომელთა ერთადერთი ხელობა და საქმიანობა ომი იყო. მათ სხვა არაფერი იცოდნენ, სხვა საქმის კეთება ეთაკილებოდათ და ეკრძალებოდათ. მათი ერთადერთი შემოსავალი ბრძოლებში მოპოვებული ალაფი იყო. არაბთა უღლის გადაგდების შემდეგ ეს პროფესიონალი მებრძოლები უფუნქციოდ დარჩნენ და რადგან თავგადასავალი არ აშინებდათ, სიხარულით მიეშურებოდნენ ოკეანის გაღმა ახალაღმოჩენილი მიწების და იქაური „ბარბაროსების“ დასამორჩილებლად, მით უფრო, რომ ახალი სამყარო ოქროთი და ვერცხლით იყო მდიდარი. ესპანური ლაშქრის სამხედრო ყიჟინა – სანტიაგო მატამოროს! (სანტიაგო, განგმირე მავრები!) ჩაანაცვლა ახალმა შეძახილმა – სანტიაგო მატაინდიოს! (სანტიაგო, განგმირე ინდიელები!). გამდიდრების ჟინით შეპყრობილები, ისინი სიკვდილს თესავდნენ ყველგან, სადაც კი ხმალი მიუწვდებოდათ, იყვნენ უშიშრები და დაუნდობლები. მათ კონკისტადორები (დამპყრობლები) ეწოდათ. მოგვიანებით, ერთმა ესპანელმა პოეტმა პირველი კონკისტადორები მსხვერპლის ძიებაში ბუდიდან ჭყივილით გამოფრენილ შევარდნებს შეადარა...
იდალგო იყო 1485 წელს დაბადებული ერნან კორტესიც. ოღონდ კონკისტადორთა უმეტესობისგან განსხვავებით, მისმა წარჩინებულმა, მაგრამ გაღარიბებულმა მშობლებმა მოახერხეს და ახალი სამყაროს მომავალ დამპყრობელს სალამანკის უნივერსიტეტში კარგი განათლება მიაღებინეს. ამ ადამიანის ბავშვობის და ახალგაზრდობის წლებზე ბევრი არაფერია ცნობილი, მხოლოდ ის, რომ მექალთანე და ჩხუბისთავი იყო და არაერთ დუელში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.
1504 წელს კორტესი ახალ სამყაროში, კუნძულ ესპანიოლაზე (დღევანდელი ჰაიტი) გადასახლდა და მიიღო კოლონისტის სტატუსი, რაც იმას ნიშნავდა, რომ უფასოდ ებოძა მიწა და მონა ინდიელები, რომლებსაც ეს მიწა მისთვის უნდა დაემუშავებინათ. ერთი ხანობა კორტესს ამ მიწაზე შაქრის ლერწამი მოჰყავდა, მაგრამ ეს საქმე მალე მობეზრდა და თანაც ცალი თვალი ახალი მიწებისკენ ეჭირა.
1510 წელს ესპანიოლის გუბერნატორმა დიეგო კოლუმბმა (ქრისტეფორე კოლუმბის შვილმა), 300-კაციანი ექსპედიცია გაგზავნა კუბის დასაპყრობად და ამ რაზმში მოხვდა ერნან კორტესიც. თითქოს გასაკვირია, როგორ უნდა დაეპყრო 300 ადამიანს უზარმაზარი კუნძული, მაგრამ ესპანელებმა იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ. ისინი ბევრად უკეთ იყვნენ ორგანიზებული, ვიდრე ადგილობრივი ინდიელები. აღარაფერს ვამბობ შეიარაღებაზე. ცეცხლსასროლი იარაღი შიშის ზარს სცემდა მათ, ვისაც არასოდეს გაეგონა თოფების და ზარბაზნების ზათქი და ვერაფრით მიმხვდარიყო, როგორ შეიძლებოდა შორიდან მათი განგმირვა. ინდიელებს ეშინოდათ ევროპელთა ცხენებისაც, რომლებიც ზღაპრულ არსებებად წარმოედგინათ, ხოლო მათზე ამხედრებული, ლითონის აბჯარ-მუზარადში ჩამჯდარი ევროპელები დაუმარცხებელი ნახევარღმერთები ეგონათ.
ესპანელთა ფლოტმა ჯერ გარს შემოუარა კუბას. ექსპედიციის ხელმძღვანელმა დიეგო ველასკესმა რუკაზე დაიტანა ნავსადგურად ვარგისი ყველა ყურე. მერე ევროპელები ნაპირზე გადავიდნენ, პირველი ქალაქი სანტიაგო-დე-კუბა დააარსეს და კუნძულის თანმიმდევრული დაპყრობა, ადგილობრივი ტომების დამონება-განადგურება დაიწყეს. დღეს არც ჰაიტიზე და არც კუბაზე ინდიელები აღარ ცხოვრობენ, მათი ნაწილი ესპანელებმა დახოცეს, მაგრამ უფრო მეტი ინდიელი დაიღუპა ევროპელთა მიერ მოტანილი უცხო დაავადებებისგან, რომელთა წინააღმდეგ ადგილობრივებს იმუნიტეტი არ გააჩნდათ.
კუბის დამორჩილების შემდეგ ესპანელებმა კიდევ უფრო შორს, დასავლეთით, დაიწყეს ყურება. ვინ იქნებოდა ახალი ექსპედიციის ხელმძღვანელი? ვინ მოიხვეჭდა დიდებას და სიმდიდრეს თავისთვის და ესპანეთის ხელმწიფისთვის? კონკისტადორთა დაპყრობითი ომების ალაფის ერთი მეხუთედი ესპანეთის მეფეს – კარლოს V-ს ეგზავნებოდა და ნებისმიერ ექსპედიციაში არსებობდა ადამიანი, რომელსაც თვალი უნდა ედევნებინა, რომ „მეფის მეხუთედს“ არაფერი მოჰკლებოდა..
კორტესმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ექსპედიციის ხელმძღვანელი გამხდარიყო,
მოახერხა კიდეც, მაგრამ უკანასკნელ წუთს კუბის გუბერნატორ დიეგო ველასკესთან ურთიერთობა გაუფუჭდა და მისი მეთაურობა სათუო გახდა. კორტესმა ფაქტობრივად ნებართვის გარეშე დატოვა კუბა, ის და მისი ხალხი სამი გემით გუბერნატორს გაეპარნენ და 1518 წლის 18 ნოემბერს დასავლეთისკენ აიღეს გეზი.
ეს, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე თავზეხელაღებული რაზმი იყო მსოფლიოს ისტორიაში –
508 ქვეითი მეომარი, 16 ცხენოსანი რაინდი, 13 არკებუზით შეიარაღებული მეთოფე, 32 არბალეტიანი მეისრე, 100 მეზღვაური და 200 მონა, 10 დიდი და 4 პატარა ზარბაზანი. ისინი მიდიოდნენ იქ, სადაც არავინ იყო ნამყოფი და წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა ძალის მოწინააღმდეგესთან მოუწევდათ შებმა.
მოგვიანებით, ამ ლაშქრობის მონაწილეთაგან არაერთმა დაწერა მოგონებები. თავად კორტესი რეგულარულად უგზავნიდა წერილებს კარლოს V-ს, სადაც დეტალურ ანგარიშს აბარებდა მომხდარი ბრძოლების შესახებ და ეს წერილები ჩვენამდე მოვიდა. ლაშქრობაში მონაწილეობდა ბერი ფრანსისკო ლოპეს დე გომარა, რომელიც ერნან კორტესის პირველი ბიოგრაფიის ავტორი გახდა, მაგრამ ყველაზე საინტერესო წიგნი ამ ომის შესახებ ესპანელმა ჯარისკაცმა ბერნალ დიასმა დაწერა. საერთოდაც, დიასის წიგნი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საკითხავი მგონია მთელ მსოფლიო ლიტერატურაში.
უკვე მოხუცებული კონკისტადორი შეულამაზებლად აღწერს სასტიკ ბრძოლებს, სხვების მსგავსად არ მალავს ინდიელთა სიმამაცეს და არც ესპანელთა ჩადენილ სისასტიკეზე ხუჭავს
თვალს. ამავე დროს, ბერნალ დიასი უბრალოდ კარგი მთხრობელია, ლიტერატურული ნიჭით დაჯილდოებული მამაცი ჯარისკაცი, თავისი სასტიკი დროის შვილი. ამ წიგნში მთელი ეპოქა და ამ ეპოქის პორტრეტები იხატება. თუ ამ წიგნს წავიკითხავთ, მთხრობელთან ერთად უამრავ რამეს აღმოვაჩენთ, პირველად გავუგებთ გემოს კაკაოს და თამბაქოს, ვანილს და სიმინდს, ყველაფერ იმას, რაც დღეს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. მაშინდელმა ევროპამ კი კორტესის ლაშქრობამდე ამ გემოების შესახებ არაფერი იცოდა.
როგორი იყო ის სამყარო, რომლის დაპყრობაც ესპანელებმა განიზრახეს? ამერიკა ათასწლეულების მანძილზე დანარჩენი სამყაროსგან იზოლირებულად ცხოვრობდა, ქმნიდა საკუთარ ცივილიზაციებს, რომელთა ერთ-ერთი აკვანი ის ადგილია, სადაც დღევანდელი მექსიკა მდებარეობს. მის სამხრეთ ნაწილში ცხოვრობდნენ მაიები, რომელთა მიღწევები არქიტექტურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში დღეს აღიარებულია. მაიების პარალელურად, უფრო ჩრდილოეთით, არსებობდა საპოტეკების, მიშტეკების, აცტეკების ცივილიზაციები დიდებული პირამიდებით, უზარმაზარი ქალაქებით... ბევრ რამეში ეს ხალხები ევროპელებზე განვითარებული იყვნენ, მაგრამ ნამდვილად ჩამორჩებოდნენ მათ შეიარაღებაში.
ინდიელებს ლითონის იარაღიც კი არ გააჩნდათ და უთანასწორო ბრძოლაში ჩაბმა ვულკანური ქვის – ობსიდიანისგან და ხისგან გაკეთებული საბრძოლო კეტებით, მშვილდ-ისრებით და შუბებით უწევდათ.
და კიდევ... ინდიელები წარმართები იყვნენ. მათი ღმერთები ადამიანურ მსხვერპლშეწირვას მოითხოვდნენ და მათმა სისხლიანმა რელიგიამ ევროპელებს ერთგვარი ლეგიტიმაცია მისცა – დაესაჯათ წარმართები, დაემხოთ მათი ტაძრები და მათ ადგილას ქრისტიანული სალოცავები ეშენებინათ.
პირველი შეტაკება ესპანელებს ნახევარკუნძულ იუკატანთან მდებარე მაიებით დასახლებულ კუნძულ კოსუმელზე მოუხდათ, სადაც ისინი მსხვერპლშეწირვის რიტუალმა აღაშფოთა. ესპანელებმა ტაძრის დანგრევა განიზრახეს, რითაც ადგილობრივების რისხვა გამოიწვიეს. ამ ბრძოლის შემდეგ, რომელშიც ესპანელებმა ადვილად გაიმარჯვეს, აღმოჩნდა, რომ მაიებს ტყვედ ჰყავდათ რამდენიმე წლით ადრე ზღვაში დაღუპული ესპანური ექსპედიციის წევრი, მღვდელი ხერონიმო დე აგილარი, რომელიც კონკისტადორებმა გაათავისუფლეს და თარჯიმნად წაიყვანეს, მაგრამ დე აგილარმა მხოლოდ მაიების ენა იცოდა, ენები კი ახალ კონტინენტზე უამრავი იყო.
სასმელი წყლის და სანოვაგის შესავსებად ევროპელები კიდევ რამდენჯერმე გადასხდნენ ნაპირზე და ყველა მიწა, სადაც ფეხი დადგეს, ესპანეთის სამეფოს საკუთრებად გამოაცხადეს. თითოეულ ამ გადასხდომას თან ახლდა ინდიელებთან ბრძოლა და ოქროს უშედეგო ძიება. ზოგჯერ კონკისტადორებს უმართლებდათ და უმნიშვნელო რაოდენობის ოქროს პოულობდნენ, მაგრამ ყველა ტყვე ინდიელი მათ ერთსა და იმავეს ეუბნებოდა, რომ ოქრო უფრო ჩრდილოეთით და კონტინენტის სიღრმეში, აცტეკთა ძლევამოსილ სამეფოში მოიპოვებოდა. ესპანელებიც საკუთარი გემებით ჩრდილოეთისკენ აუყვნენ კარიბის ზღვის სანაპიროს და გადმოსხდნენ ისეთ ადგილას, საიდანაც აცტეკთა დედაქალაქ ტენოჩტიტლანამდე ყველაზე იოლი იქნებოდა მისვლა. ეს ისედაც უკვე აცტეკთა სამეფო იყო და კორტესმა აცტეკთა მეფეს (ესპანურ წყაროებში ის იმპერატორად არის მოხსენიებული) მონტესუმა II-ს ადგილობრივთა პირით შეუთვალა, რომ მასთან შეხვედრა სურდა. სანამ მონტესუმასგან პასუხი მოვიდოდა, კონკისტადორთა ბანაკს ეწვივნენ ტოტონაკების ტომის ინდიელები სემპოალიდან და აცტეკთა წინააღმდეგ სამხედრო კავშირი შესთავაზეს. კორტესისთვის ცხადი გახდა, რომ მონტესუმა და აცტეკები სძულდათ მათ მიერ დამორჩილებულ ხალხებს და ამ სიძულვილის სათავისოდ გამოყენება სულ ადვილად შეეძლო.
დღეს ამბობენ, რომ ერთმა მუჭა ესპანელებმა მოახერხეს და აცტეკთა უზარმაზარი იმპერია
დაამხეს, მაგრამ ამის მთქმელებს ავიწყდებათ, რომ ესპანელთა გვერდით იბრძოდნენ აცტეკთა მოძულე სხვა ადგილობრივი ხალხები, რომელთა გამოყენება ევროპელებმა თავის სასარგებლოდ მოახერხეს. სანამ ტენოჩტიტლანისკენ დაიძრებოდა,
კორტესმა დააარსა საპორტო ქალაქი ვერაკრუსი, რაც ესპანურად ჭეშმარიტ ჯვარს ნიშნავს. ბერნალ დიასი აღწერს, რომ მომავალი ქალაქის ცენტრში ესპანელებმა ეკლესია და სამარცხვინო ბოძი ააგეს, ცოტა მოშორებით კი – სახრჩობელა. კორტესმა ვერაკრუსი ციხესიმაგრედ აქცია, ერთი გემი ესპანეთში გაუშვა და კარლოს V-ისთვის საჩუქრები და წერილი გაატანა, სადაც მოახსენა, რომ ესპანეთის სამეფოსთვის უზარმაზარი მიწების დაპყრობა და აურაცხელი განძეულის დაპატრონება ჰქონდა განზრახული. ამის მერე ერნან კორტესმა დარჩენილი ხომალდები ჩაძირა, რითაც საკუთარ ჯარისკაცებს უკან დასახევი გზა მოუჭრა, მეზღვაურები ჯარისკაცებად გამოაცხადა, ვერაკრუსის სიმაგრეში ასამდე კონკისტადორი დატოვა, თავად დანარჩენებს ჩაუდგა სათავეში და კონტინენტის სიღრმისკენ დაიძრა.
მანამდე სემპოალელმა ტოტონაკებმა კორტესს საჩუქრად გადასცეს ოქრო და რვა ახალგაზრდა ქალი, რომელთაგანაც ერთ-ერთმა, მალინჩემ, აცტეკთა ენაც იცოდა და მაიასიც. ამიერიდან მალინჩე მხედართმთავრის პირადი თარჯიმანი, მოგვიანებით კი საყვარელი და მისი შვილის დედა გახდა. მალინჩე მაიას ენაზე უთარგმნიდა ხერონიმო დე აგილარს, ის კი მის ნათქვამს ესპანურად თარგმნიდა, მაგრამ ქალმა მალე ისწავლა ესპანური, მოინათლა, დონია მარია დაირქვა და კორტესის მრჩეველი და მარჯვენა ხელი გახდა. დღევანდელ მექსიკაში მალინჩეს პიროვნება მოძულებულია, როგორც მოღალატის, მისი და კორტესის ერთობლივი ქანდაკება კი მეხიკოს ცენტრიდან აიღეს და ერთ მიყრუებულ ეზოში გადაიტანეს.
300 ქვეითი მებრძოლის, 15 ცხენოსნის და 1500 ტოტონაკი მეომრის სათავეში კორტესი, პირველ რიგში, გაეშურა მთიანი სამთავრო ტლასკალისკენ, რომელიც აცტეკებს არ ემორჩილებოდა და მედგარ წინააღმდეგობას უწევდა.
ტლასკალელები მამაცობით იყვნენ განთქმული და კონკისტადორთა ბელადს მათი გადაბირება ეწადა, მაგრამ მათ მიწაზე მოხვედრილ ესპანელებს ტლასკალელები თავს დაესხნენ და სასტიკი ბრძოლა გაუმართეს. რამდენიმედღიან შეტაკებაში ესპანელებმა პირველად დაკარგეს თანამებრძოლები და ტლასკალელებმა მათი ორი ცხენის მოკვლაც კი მოახერხეს. ინდიელებმა გადაწყვიტეს, რომ ასეთ ძლევამოსილ ხალხთან მტრობას მეგობრობა სჯობდა და ზავი ითხოვეს.
კორტესი ზარზეიმით მიიღო ტლასკალის გამგებელმა შიკოტენკატმა და მასთან აცტეკთა წინააღმდეგ კავშირი შეკრა. ამ დღიდან მოყოლებული, ტლასკალელები ესპანელთა ყველაზე ძლიერი მოკავშირეები გახდნენ. ამის გამო, ქვეყნის დაპყრობის შემდეგ, ესპანეთის სამეფომ ტლასკალას დამოუკიდებლობა შეუნარჩუნა და ეს პატარა სახელმწიფო დამოუკიდებელი იყო მანამ, სანამ XIX საუკუნეში ესპანელთა ბატონობა არ გაუქმდა და მექსიკის სახელმწიფო არ შეიქმნა.
კონკისტადორთა მარშს ძრწოლით აკვირდებოდა მონტესუმა II. მის მსტოვრებს ყოველდღე მოჰქონდათ ამბები უცხო ტომის დამპყრობელთა გადაადგილების შესახებ. აცტეკთა და სხვა ხალხების მითოლოგიაში არსებობდა გადმოცემა იმის შესახებ, რომ დადგებოდა დღე, როდესაც ზღვიდან მოვიდოდნენ ღმერთ კაცალკოატლის მიერ გამოგზავნილი წვეროსანი და თეთრკანიანი ზეადამიანები და მათ ქვეყანას დაიმორჩილებდნენ. ესპანელები წვერიანები და თეთრკანიანები იყვნენ და მათ ზღაპრული არსებები ახლდათ (ინდიელებს თავიდან, ცხენების მსგავსად, ზარბაზნებიც სულიერი არსებები ეგონათ).
აცტეკთა მმართველი საგონებელში იყო ჩავარდნილი, ვერც კონკისტადორებთან შებმა გაებედა და ვერც მათთან შეხვედრა და მორჩილების გამოცხადება. კორტესი გამუდმებით ითხოვდა მონტესუმასთან შეხვედრას, ეს უკანასკნელი კი მალიმალ უგზავნიდა ძღვენს, ძირითადად, ოქროს ნივთებს, რომლებიც ესპანელებს კიდევ უფრო უმძაფრებდა დაპყრობის სურვილს. ამავე დროს მონტესუმა თავის მოკავშირეებს მოუწოდებდა, წინააღმდეგობა გაეწიათ კონკისტადორებისთვის და როდესაც ესპანელები ქალაქ ჩოლულაში შევიდნენ, იქ მათ ჩასაფრებული მტერი ელოდათ. ჩოლულა ტენოჩტიტლანის მერე ზომით მეორე ქალაქი იყო, უზარმაზარი პირამიდებით და ტაძრებით. იქ შესულ ესპანელებს, რომელთაც, ტოტონაკების გარდა, უკვე 10000 ტლასკალელი მებრძოლიც ახლდათ, საჩუქრებით დახვდნენ, გაუმასპინძლდნენ, ხოლო ბერნალ დიასი კი წერს, რომ ჩოლულელებს უკვე ცეცხლზე ჰქონდათ შემოდგმული თიხის ქოთნები, რომლებშიც მათ მოსახარშად წიწაკით შეზავებული წყალი თუხთუხებდა.
არავინ იცის, რამდენად მართალია ეს ცნობა, მაგრამ მოკავშირე ინდიელების საშუალებით კორტესმა ღალატის შესახებ შეიტყო და ჩოლულაში ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა მოაწყო. იმ დღეს დაახლოებით 6000 ინდიელი მოკლეს, ქალაქი გაძარცვეს და აცტეკთა დედაქალაქისკენ განაგრძეს გზა. ჩოლულიდან ტენოჩტიტლანამდე სულ რაღაც 100 კილომეტრი ჰქონდათ დარჩენილი.
მექსიკა მთიანი ქვეყანაა და კონკისტადორებს მოუწიათ 3600-მეტრიან უღელტეხილზე გადასვლა. ამ ადგილს დღეს კორტესის უღელტეხილი ჰქვია. მე გამიმართლა და ვყოფილვარ ამ ულამაზეს ადგილას, რომლის ორივე მხარეს ორი ხუთი ათას მეტრზე მაღალი ვულკანი – ჩამქრალი ისტაქსიუატლი და მოქმედი პოპოკატეპეტლი წამომართულა. კორტესის რაზმი თავზეხელაღებული ხალხით იყო სავსე და ერთერთმა იდალგომ, დიეგო დე ორდასმა, 5426-მეტრიან პოპოკატეპეტლზე ასვლის ნებართვა ითხოვა და ორ საჭურველმტვირთავთან ერთად მთის პირველი დამპყრობელი გახდა. მოგვიანებით, ესპანეთის მეფემ დე ორდასს ნება მისცა, რომ საკუთარ გერბზე კვამლადენილი მთა გამოესახა.
კონკისტადორები დაბლა დაეშვნენ და 1519 წლის 8 ნოემბერს ტენოჩტიტლანში შევიდნენ. აქვე ვიტყვი, რომ ტენოჩტიტლანის ადგილას დღეს მექსიკის დედაქალაქი მეხიკოა განლაგებული. აცტეკები საკუთარ თავს მეშიკებს უწოდებდნენ და ქვეყნის და ქალაქის სახელწოდებადაც დამპყრობლებმა მეშიკო-მეხიკო აირჩიეს, რადგან „ტენოჩტიტლანის“ გამოთქმა უჭირდათ.
დღევანდელ მეხიკოში მათი დიდებული ტაძრებისგან მხოლოდ ნანგრევებიღაა დარჩენილი, აღარსადაა ტესკოკოს ტბაც, რომელიც ესპანელებმა დააშრეს, მაგრამ მაშინ მსოფლიოს უდიდესი ქალაქი მთლიანად წყალზე იყო გაშენებული და ერთმანეთთან ხიდებით და დამბებით დაკავშირებული კუნძულებისგან შედგებოდა. გაოცებული ესპანელები ამ უზარმაზარ ქალაქში შევიდნენ და მათ მთელი თავისი ამალით და მეომრებით მონტესუმა II გამოეგებათ, ოქროთი დააჯილდოვა სტუმრები და ერთ-ერთ სასახლეში მიუჩინა ადგილი.
მერე კი ესპანელებმა აბსოლუტურად თავზეხელაღებული რამ ჩაიდინეს: ყველაზე მამაც ოფიცრებთან ერთად იარაღში ჩამჯდარი კორტესი მონტესუმას ესტუმრა და ტყვედ აიყვანა. მთელი თავისი დედაქალაქის თვალწინ ხელმწიფე ქუჩაში გაატარეს და ესპანელთა რეზიდენციაში მიუჩინეს ადგილი. ექცეოდნენ სამეფო პატივით, მაგრამ ტყვედ ჰყავდათ, თან ფარად იფარებდნენ და თან სულ უფრო და უფრო მეტ ოქროს სთხოვდნენ. ტენოჩტიტლანი და მთელი აცტეკთა სახელმწიფო გაუგებრობას მოეცვა და დრტვინავდა. ყველა ხვდებოდა, რომ მათი ხელმწიფე ერთი მუჭა დაუპატიჟებელი სტუმრების მძევალი გამხდარიყო.
შემდეგ მოხდა ყოვლად მოულოდნელი რამ: ვერაკრუსიდან მოვიდა ცნობა, რომ იქ გადმომსხდარიყო კუბის გუბერნატორის გაგზავნილი ათასამდე ესპანელი, პანფილო დე ნარვაესის ხელმძღვანელობით, ვერაკრუსის გარნიზონი განეიარაღებინათ და ტენოჩტიტლანისკენ მიდიოდნენ კორტესის დასაპატიმრებლად, რადგან მან ლაშქრობა გუბერნატორ ველასკესის ნებართვის გარეშე დაიწყო.
კორტესმა მონტესუმა და ტენოჩტიტლანი თავის ერთგულ თანაშემწეს, სიმამაცით და სისასტიკით განთქმულ პედრო ალვარადოს ჩააბარა და 70 ესპანელის და ტლასკალელთა ნაწილის თანხლებით დე ნარვაესის შესახვედრად გაეშურა. პირდაპირ არ შებმია, ჯერ მის თანამებრძოლებთან გამართა საიდუმლო მოლაპარაკებები, თავისკენ გადმოიბირა, აურაცხელ სიმდიდრეს შეჰპირდა და მხოლოდ ამის შემდეგ შეება ნარვაესს, დაამარცხა და დაჭრილი შეიპყრო კიდეც. გუბერნატორის გამოგზავნილი ხალხი მთლიანად კორტესისკენ გადავიდა და ის აცტეკთა დედაქალაქში უფრო მეტი ჯარისკაცით დაბრუნდა, ვიდრე ოდესმე ჰყავდა. საინტერესოა, რომ ნარვაესის რაზმში იყო ზანგი მონა, რომელიც ყვავილით აღმოჩნდა დაავადებული. ამ ერთი ადამიანისგან გავრცელებული ვირუსი მთელ ცენტრალურ ამერიკას მოედო და რამდენიმე წელიწადში მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რადგან, როგორც უკვე ვახსენეთ, ინდიელებს ძველი სამყაროს დაავადებების მიმართ არანაირი იმუნიტეტი არ გააჩნდათ.
ტენოჩტიტლანში დაბრუნებულ კორტესს სახიფათო მდგომარეობა დახვდა. მის არყოფნაში აცტეკებმა თავიანთი ღვთაებებისთვის ადამიანთა მსხვერპლშეწირვა მოაწყვეს, რის პასუხადაც კომენდანტად დატოვებულმა ალვარადომ ქურუმები და დღესასწაულში მონაწილეები გაჟლიტა. ესპანელებმა 2000-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. მთელი ტენოჩტიტლანი აჯანყდა. თავის ხალხთან ერთად კორტესმა აცტეკთა დედაქალაქში შესვლა კი მოახერხა, მაგრამ 100 000-ზე მეტმა ინდიელმა კონკისტადორებს ალყა შემოარტყა. აცტეკებმა ახალი მეფე კუიტლაუაკა აირჩიეს და მონტესუმას მძევლობამაც ყოველგვარი აზრი დაკარგა. კორტესმა მაინც სცადა მისი გამოყენება და ხალხის დასამშვიდებლად სასახლის სახურავზე აიყვანა, მაგრამ მონტესუმას არავინ აცადა ლაპარაკი, ქვები დაუშინეს და იმდენად
მძიმედ დააშავეს, რომ მიღებული ჭრილობებისგან მეფედყოფილი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა, თუმცა ინდიელები ამტკიცებდნენ, რომ მონტესუმა თავად ესპანელებმა მოკლეს.
კონკისტადორები ალყაშემორტყმულები აღმოჩნდნენ, გაუთავდათ სურსათი და წყალი. კორტესმა ტენოჩტიტლანის დატოვება გადაწყვიტა და 1520 წლის 1 ივლისის ღამეს ესპანელებმა მალულად სცადეს ქალაქიდან გაპარვა. უკვე ვახსენე, რომ ტენოჩტიტლანი ტბაზე მდებარეობდა. ხმელეთამდე მისაღწევად ესპანელებს სამკილომეტრიანი გზა უნდა გაევლოთ ვიწრო დამბაზე. აცტეკებმა მათი გაპარვის შესახებ შეიტყვეს და ეს სამკილომეტრიანი მსვლელობა კორტესს და მის თანამებრძოლებს ჯოჯოხეთად ექცათ. აცტეკები მათ ნავებით მოსდევდნენ და სასტიკ ზიანს აყენებდნენ. ამ ღამეს „სევდის ღამე“ ეწოდა, რადგან ათასამდე ესპანელი და კიდევ უფრო მეტი ტლასკალელი მებრძოლი დაიღუპა. წყალში გადავარდა და დაიხრჩო ჯორი, რომელზეც ესპანეთის მეფის კუთვნილი ნადავლის მეხუთედი იყო აკიდებული, პედრო დე ალვარადოს რაზმიდან, რომელიც ზურგიდან იცავდა კონკისტადორებს, მხოლოდ რამდენიმე მებრძოლი გადარჩა. თავად ალვარადომ, ლეგენდის მიხედვით, შუბი ისე გამოიყენა, როგორც სიმაღლეზე სახტომი ჭოკი და ბოლო წამს თავზე გადაევლო მტერს. ამ ნახტომს სალტო დე ალვარადო ეწოდა და კონკისტის ლეგენდად იქცა.
სასტიკი დანაკარგების მიუხედავად, კორტესის სამხედრო ნიჭისა და მისი მეომრების თავზეხელაღებულობის წყალობით, ესპანელებმა მოახერხეს და ერთ კვირაში სასტიკად დაამარცხეს აცტეკთა უზარმაზარი ლაშქარი, რომელიც ტლასკალისკენ მიმავალ გზაზე დაეწიათ. თუკი ღამით ვიწრო დამბაზე კონკისტადორებმა საკუთარი უპირატესობის – სამხედრო წყობის, ცეცხლსასროლი იარაღის და დისციპლინის გამოყენება ვერ შეძლეს, გაშლილ ველზე ბედი მათ მხარეს იყო. კონკისტადორები და მათი ბელადი ისევ იმედით აღივსნენ, ტოტონაკები და ტლასკალელები ისევ მათ მოკავშირეებად რჩებოდნენ. კონკისტადორებმა ტლასკალაში იარები მოიშუშეს და შემდეგ წელს დაბრუნდნენ. ამასობაში კორტესს, კუბის გვერდის ავლით, პირდაპირ ესპანეთიდან ჩამოუვიდა ორასი ქვეითი მეომარი და ოთხმოცი ცხენოსანი. მათთან ერთად იყო კარლოს V-ის ხაზინადარი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ესპანეთის ხელმწიფე სერიოზულად დაინტერესდა „ახალი ესპანეთით“ და მისი სიმდიდრეებით. ესპანელი მეომრების გარდა, კორტესს თან ახლდა მოკავშირე ინდიელთა ათიათასიანი არმია, ხოლო 8000 ინდიელი მონა კონკისტადორთა აგებულ 13 პატარა ხომალდს მოათრევდა. თითოეული გემის ქიმზე ზარბაზანი იყო დამაგრებული. ამ ხომალდებით კორტესმა წყლიდან შეუტია აცტეკთა დედაქალაქს. ამასობაში ნარვაესის ზანგი მონის მიერ გავრცელებული ყვავილის ეპიდემია მთელ ტენოჩტიტლანს მოდებოდა და მეფე კუიტლაუაკაც მოეკლა. მის ნაცვლად მისი ნათესავი ახალგაზრდა და მამაცი კუატემოკი მეფობდა.
ტენოჩტიტლანისთვის უსასტიკესი ბრძოლა გაიმართა, იბრძოდნენ წყალსა და ხმელეთზე. მიწის ყოველი მტკაველი სისხლით იყო მორწყული. აცტეკები მედგარ წინააღმდეგობას წევდნენ და უკუაქციეს კიდეც დამპყრობლები, რომლებიც უკვე ქალაქში იყვნენ შესული, 80 ესპანელი დაიღუპა, კორტესი დაიჭრა და ძლივს გადაურჩა ტყვეობას. როგორც კონკისტადორთა ჩანაწერებიდან ჩანს, მისი მოკვლა შეეძლოთ,
მაგრამ მხოლოდ იმის წყალობით გადარჩა, რომ აცტეკებისთვის ასეთი მტრის შეპყრობა და მერე ღვთაებებისთვის მსხვერპლად შეწირვა უფრო საპატიო იყო. ბოლო წამს თანამებრძოლებმა მისი დახსნა მოახერხეს, მაგრამ ყველას ასე არ გაუმართლა. მეორე დღეს კი კონკისტადორებს საკუთარი თვალით მოუწიათ იმის ნახვა, როგორ აჰყავდათ ინდიელებს პირამიდებზე ტყვე ესპანელები და ობსიდიანის დანით როგორ ხოცავდნენ მათ ქურუმები. ბერნალ დიასი, რომელმაც თავისი წიგნი სიბერეში დაწერა, აღიარებდა, ახლა არ მრცხვენია იმის თქმა, რომ მაშინ, ამ სანახაობის შემყურეს, შიში შემეპარა გულშიო.
ტენოჩტიტლანი მაინც დაეცა, რადგან ესპანელებმა აცტეკებს სასმელი წყალი გადაუკეტეს და შიმშილით ამოხადეს სული. მაშინდელი მსოფლიოს უდიდესი ქალაქი დაეცა, მისი უკანასკნელი მმართველი კუატემოკი კი ტყვედ ჩავარდა და დამპყრობლებმა ის სასტიკად აწამეს იმისთვის, რომ გაეგოთ, სად მალავდნენ აცტეკები თავის საგანძურს. წამებას ერნან კორტესი თავად ესწრებოდა.
დამთავრდა ორი სამყაროს სასტიკი ომი. უფრო განვითარებულმა ევროპამ გაიმარჯვა და დაიწყო ახალი ეპოქა, ესპანეთის მსოფლიო დომინაცია, მის მიერ მთელი ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის დაპყრობა (გარდა დღევანდელი ბრაზილიისა, რომელიც პორტუგალიელებმა დაიმორჩილეს), ინდიელთა იძულებით გაქრისტიანება, ზანგი მონების ჩამოყვანა, კულტურათა შეხვედრა და აღრევა, ყველაფერი ის, რამაც მსოფლიოს, ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი რეგიონი – ლათინური ამერიკა – შვა.
ამ ყველაფრის სათავეებთან კი ერნან კორტესი იდგა – თავისი ეპოქის ნამდვილი შვილი, თავზეხელაღებული, ცბიერი და დაუნდობელი. მისი ცხოვრება ტენოჩტიტლანის დაპყრობით არ დამთავრებულა.
რაღაც ხანი ის ახალი ესპანეთის გუბერნატორი იყო, აწყობდა ახალ ექსპედიციებს, ხშირად უწევდა ყოფილ თანამებრძოლებთან ომი. მერე არაკეთილმოსურნეებმა კარლოს V-სთან ურთიერთობა გაუფუჭეს,
ხელმწიფემ მას გუბერნატორობა ჩამოართვა და ოახაკას მარკიზის ტიტული უბოძა. კორტესი რამდენჯერმე ჩავიდა ესპანეთში, რომ მეფეს შეხვედროდა, თავი ემართლებინა და საკუთარი პოზიციები დაეცვა.
1528 წელს ერთ-ერთ ასეთ მგზავრობაში კორტესს თან ახლდა თავისი ყველაზე ერთგული ოფიცერი, გონსალო დე სანდოვალი, რომელიც ატლანტის ოკეანის გადაცურვისას დაავადდა და სამშობლოში მომაკვდავმა ჩააღწია. იქ, სასტუმროს ლოგინში მწოლიარემ და ღონემიხდილმა, სიკვდილის წინ ნახა, როგორ შემოვიდა მის ოთახში ქურდი და როგორ დაეპატრონა მთელ მის წილ ოქროს, რომელსაც კონკისტადორი მთელი ცხოვრება იხვეჭდა.
ეს მხოლოდ ერთი პატარა ამბავია იმ ეპოქისა...
თავად კორტესმა 1547 წლამდე იცოცხლა და ესპანეთში გარდაიცვალა, მართალია, ხელმწიფეზე ნაწყენი, მაგრამ – მდიდარი და სახელოვანი.

Комментариев нет:
Отправить комментарий