ბურგუნდები აღმოსავლეთ გერმანელების შტოს
მიეკუთვნებოდნენ. ისინი საკმაოდ „რომანიზებულნი“ შემოვიდნენ რომის იმპერიის ტერიტორიაზე. თავდაპირველად ბურგუნდები კუნძულ ბორნჰოლმზე [ბურგუნდარ-ჰოლმზე] ცხოვრობდნენ. ერთ ხანს ისინი მდინარე ოდერის შესართავთანაც მოხვდნენ. რუგიების მიერ
ზღვის სანაპიროებიდან განდევნილმა ბურგუნდებმა მდინარეების ვართისა და ნეტცეს აუზები დაიკავეს თვით ვისლამდე; პტოლემე მათ ამ ადგილების ახლოს, ოდერის შუაწელსა და ვისლას შორის მაცხოვრებლად გვისახავს.
III საუკუნის პირველ ნახევარში ბურგუნდთა ძირითადი მასა ვანდალებთან ერთად სამხრეთისაკენ დაიძრა, შემდეგ კი დასავლეთით მაინის ზემო და შუაწელის ხეობებში. აქ ისინი დიდხანს ცხოვრობდნენ, ებრძოდნენ ალემანებს და იმპერიასაც მხარს უჭერდნენ უკანასკნელებთან ბრძოლაში. ცალკეული რაზმები ან იმპერიის სამსახურში შედიოდნენ, ანდა მონაწილეობას ღებულობდნენ იმპერიაზე გერმანელთა სხვა ტომების თავდასხმებში.
მეოთხე საუკუნის მანძილზე რომაელებს გამუდმებული ომები აქვს ალემანებთან და ბურგუნდები მუდამ რომაელების მოკავშირედ გამოდიან. რაინის მარცხენა ნაპირზე მცხოვრებთა ბურგუნდებში მეოთხე საუკუნის ბოლოს დროს მკვიდრდება არიანული ქრისტიანობა. მათი მეფე
იყო გებიკა (გარდ
407 წ.).
გებიკას სიკვდილის შემდეგ ბურგუნდებმა მეფეებად აირჩიეს მისი სამი
ძე : გუნდომარ I (407-411); გიზელჰერი (411) და გიუნტერი ანუ გუნდაჰარი (411-436).
მეხუთე საუკუნიდან ბურგუნდების მეფეები რომის იმპერატორობის მსურველთა მოკავშირეებად გამოდიან მიწების მიღების სანაცვლოდ. ჯერ ემხრობოდნენ უზურპატორ კონსტანტინეს (407-411), შემდეგ იოვინეს (411-413), რის სანაცვლოდაც მიიღეს მიწები რაინის შუა
წელზე, სადაც შექმნეს სამეფო ცენტრით ქალაქ ვორმსში. ძველი ზღაპრები („სიმღერა ნიბელუნგებზე“) იხსენიებენ რაინზე მდებარე ქალაქ ვორმსს, როგორც ბურგუნდთა ტომის სატახტო ქალაქს.
იოვინეს დაცემის შემდეგ ბურგუნდებმა იმპერატორ ჰონორიუსთან დაამყარეს კავშირი და გახდნენ რომის ფედერატები. საპასუხოდ იმპერატორმა ცნო მათ
მიერ მიტაცებული მიწების კანონიერება.
435 წელს გუნდაჰარმა გადაწყვიტა ესარგებლა რომის სისუსტით და ბელგიკა დაეპყრო, მაგრამ რომის სარდალმა ფლავიუს აეციუსმა ისინი დაამარცხა.
436 წელს ბურგუნდების სამეფოს ჰუნები დაესხნენ და
გაანადგურეს. 20000 ბურგუნდი დაიღუპა მეფესთან ერთად, ქალაქი ვორმსი ჰუნებმა დაარბიეს. მაშინ მეფედ აირჩიეს გუნდაჰარის ძე
გუნდერიკი ანუ გუნდიოკი (436-473). ბურგუნდების ნაწილი დაექვემდებარა ატილას, ხოლო დანარჩენი აეციუსმა ფედერატობის საფუძველზე ბურგუნდების გამუდმებული თხოვნის შედეგად 443 წელს
სავოიაში (ცენტრი ჟენევა) გადმოასახლა.
გუნდიოკის დროს
სამეფოს გაძლიერების ხელძემწყობი გახდა გალო-რომაულ არისტოკრატიასთან კავშირი, რომელთაც სამეფოს უმაღლესი თანამდებობები ჩამოურიგეს.
ბურგუნდების მეგობრული დამოკიდებულება რომთან არც თუ ისე ხანგრძლივი აღმოჩნდა. აეციუსისა და ვალენტინიანე მესამის გარდაცვალების შემდეგ რომი კვლავ ანარქიამ მოიცვა. 457 წელს
ისინი ესპანეთში სვევების წინააღმდეგ ომში
ეხმარებოდნენ ვესტგუთებს, 457 წელს
კი ქალაქი რომი
და მის ირგვლივ მდებარე მიწები წაართვეს რომს.
458 წელს იმპერატორმა მაიორიანმა დაბრუნა ლიონი და
ბურგუნდებს ხარკი გადაახდევინა, თუმცა 461 წლიდან ლიონი საბოლოოდ გახდა ბურგუნდების საკუთრება და
ახალი სატახტო ქალაქი.
463 წელს ბურგუნდებმა ლიონიდან სამხრეთისკენ დაიწყეს სვლა
და ვიენადან დაწყებული ლამის რონას შესართავამდე დაიკავეს ყველა ქალაქი. აქ მათ
ვესტგუთები გადაეღობდნენ, რომელთაც შეინარჩუნეს დღევ. პროვანსის მხარე.
473 წელს გუნდიოკის სიკვდილის შემდეგ სამეფო მისმა ძმებმა და
ვაჟებმა 4 ნაწილად გაიყვეს: ძმა ხილპერიკ
I-მა (473-480) სატახტოდ მოაწყო ვალანსი; ძე
გოდომარ I-მა (473-486) - ვიენში; ძე ხილპერიკ II-მ (473-491) ლიონში, ძე გოდეგიზელმა (473-501) - ჟენევაში და
ძე გუნდობადმა (473-516) დანარჩენ მიწებზე.
472 წელს ბურგუნდები ისევ რომის მოკავშირეები გახდნენ ვესტგუთების წინააღმდეგ და დაეხმარნენ ოვერნის შენარჩუნებაში, რის შემდეგაც 474-485 წლებში ჟენევის ტბასა და
რაინს შორის მდებარე მიწები (დიჟონი, ბეზანსონი, ლანგრი) დაიკავეს.
480 წელს ხილპერიკ
I უშვილოდ მოკვდა და
მისი მიწები გუნდობადმა მიითვისა. 486 წელს
მან მოკლა გოდომარ I-იც, მისი
მიწები მიითვისა და
დანარჩენ მეფეებს ომი
დაუწყო, რომელთაც ფრანკთა მეფე ხლოდვიგი ეხმარებოდა. ხილპერიკის განადგურებისა და
მოკვლის შემდეგ გუნდობადს ომები ჰქონდა გოდეგიზელთან. ხლოდვიგის დახმარებით უკანასკნელმა დაამარცხა გუნდობადი, თუმცა ფრანკების წასვლის შემდეგ გუნდობადი ძმას
მუხანათურად დაესხა და
მოკლა. ასე მოექცა ბურგუნდთა ყველა მიწა გუნდობადის ხელში.
პარალელურად გუნდობადმა მოსაზღვრე მიწებიდან მიწებიდან განდევნა ალემანები; რის
შემდეგაც, 507-509 წლებში ფრანკებისა და
ვესტგუთების ომის დროს
ცდილობდა პროვანსის მხარის დაკავებას, მაგრამ ოსტგუთებთან მარცხი განიცადა. საპასუხო შეტევისას მათ
დაარბიეს ბურგუნდების კუთვნილი ორანჟი და
ვალანსი.
მეფე გუნდობადმა 483 წელს
დაიწყო ბურგუნდების „სამართალის“ შედგენა ბურგუნდიული კანონებითა და რომაული სამართლის გავლენით (დაასრულა ძე
სიგიზმუნდმა). როგორც ვესტ გოთებმა ესპანეთში, ისე ბურგუნდებმაც, ადგილობრივ მოსახლე რომაელებისათვის რომაულ კანონთა განსაკუთრებული კრებული შეადგინეს. ამგვარად, ბურგუნდელი ტომის თითოეული წევრის საქმე განიხილებოდა მისი ტომის კანონების მიხედვით, ხოლო რომაელისა – რომაული კანონმდებლობით.
ბურგუნდთა სამართალმა იცის უკვე სამი წოდება თავისუფალ ბურგუნდთა შორის: დიდკაცობა, საშუალო შეძლების ხალხი, რომლებიც სრულ ნაკვეთებს ფლობდნენ, და დაბალი თავისუფალი, უადგილმამულო ხალხი, რომლებიც მაღალი კლასების სამსხურში იმყოფებიან. გარდა ამისა ცნობილი იყვნენ კოლონები, მონები და
გააზატებულნი. ამგვარად, ბურგუნდთა კლასობრივმა დიფერენციაციამ უკვე მნიშვნელოვან განვითარებას მიაღწია.
ბურგუნდებმა, ეპისკოპოსისა და მემატიანის მარიუს ავრანშელის გადმოცემით, გალიელ სენატორებს მიწები ჩამოართვეს და თვითონ გაინაწილეს. რომაელებისათვის მიწების ხელახალი ჩამორთმევა გუნდობადის დროს მოახდინეს. ახლა მიწები ჩამოურთმევიათ არა მარტო სენატორებისათვის, როგორც ამის შესახებ მარიუსი მოგვითხრობდა, არამედ ყველა მსხვილი რომაელი მიწათმფლობელისათვის. ბურგუნდების სამართალში ნათქვამია: „როცა ჩვენს ხალხს მიეცა მონების მესამედი ნაწილი და სახნავი მიწების ორი მესამედი ნაწილი...“, მათ ხელში გადავიდა აგრეთვე ტყეების, კარ-მიდამოს, ბაღ-ვენახებისა და
სხვა მიწების ნახევარი. ამ
გარემოებამ აქაც მნიშვნელოვნად შეასუსტა ადგილობრივ მსხვილ მიწათმფლობელთა ფენა.
მეორე მხრივ, იმავე გარემოებამ ბურგუნდების რღვევის პროცესში მყოფი თემური წყობილების სწრაფი დაშლა გამოიწვია. ბურგუნდებმა მიღებული მიწები თავის კერძო საკუთრებად გადააქციეს. ისინი განუსაზღვრელად ახდენდნენ ამ მიწების ყიდვა-გაყიდვას, გასაჩუქრებას, ანდერძით გადაცემას და სხვ. თემის წევრების მნიშვნელოვანმა ნაწილმა მალე დაკარგა თავისი საკუთრება, რის შედეგად მსხვილი მიწათმფლობელი ბურგუნდების გვერდით გაჩნდნენ უმიწაწყლო ბურგუნდებიც. ამიერიდან თვით ბურგუნდები დაიყვნენ თავისუფალ პირებად, „მდაბიოებად“, გააზატებულებად და მონებად. ყველა ამ ფენის ვერგელდიც სხვადასხვა იყო.
516 წელს გუნდობადი გარდაიცვალა და
ბურგუნდების მეფე გახდა მისი ძე
სიგიზმუნდი (516-524). არსებობს მოსაზრება, რომ
სიკვდილის წინ გუნდობადი არიანელობიდან ნიკეას რწმენაზე გადავიდა. ამიერიდან დაიწყო ბურგუნდიელთა ნიკეას რწმენაზე გადასვლის პროცესი.
ახალი მეფე
515 წლიდან იყო გადასული ნიკეას რწმენაზე. ამ წელს
მან აგონში წმ.
მავრიკიუსის სააბატო. ამის
მიუხედავად იგი სასტიკი და ველური იყო. 517 წელს
პირველი მეუღლის სიკვდილის შემდეგ მეორედ დაქორწინდა. დედინაცვალ კონსტანციასა და
და სიგიზმუნდის ვაჟ
სიგირიხს შორის ურთიერთობა ვერაფრით აეწყო, რაც თანდათან მამა-შვილს შორის მტრობაში გადაიზარდა. დედოფალი არწმუნებდა მეფეს, რომ ძე
მის მოკვლას და
ტახტზე ასვლას აპირებდა.
522 წელს სიგიზმუნდმა მსახურებს შვილი მოაკვლევინა, რის
შემდეგაც მოსანანიებლად ცოტა
ხნით მის აშენებულ მონასტერში წავიდა. ხლოდვიგის ვაჟებმა ხლოდემერმა, ხილდებერტმა და ხლოტარმა, ეს ფაქტი საბაბად გამოიყენეს, ჩვენი ნათესავის მკვლელობაზე შური
უნდა ვიძიოთო და
523 წელს ბურგუნდიას თავს
დაესხნენ. სიგუზმუნდი დამარცხდა და ტყვედ ჩავარდნილი ორლეანის ციხეში გამოკეტეს. მაშინ სიგიზმუნდის ძმა გოდომარ II-მ (524-534) შეკრიბა ჯარი და
დაიბრუნა სამეფო. საპასუხოდ ფრანკებმა სიგიზმუნდი ცოლთან და
ორ ვაჟთან ერთად მოკლეს.
მალე ფრანკები ისევ შემოიჭრნენ, მაგრამ ბეზერონსში ბურგუნდებმა გაიმარჯვეს და ხლოდიმირ ხლოდვიგის ძე
დაიღუპა. მაშინ ფრანკებმა სრულად დატოვეს ბურგუნდების მიწები.
ფრანკთა მეფეები - ხილდებერტი, ხლოტარი და თეოდებერტი 532 წელს კიდევ ერთხელ შეესიენ ბურგუნდიას და გოდომარ II-მ ვერ შეძლო მათი მოგერიება. ის მათთან დამარცხდა ქალაქ ოტიონთან და არმიის დიდი ნაწილი დაკარგა. ფრანკები ნელნელა იკავებდნენ ბურგუნდების ქალაქებს. 534 წელს გოდომარი მოკლეს და მისი სამეფო ხლოდვიგის ძეებმა გაიყვეს.
ამგვარად, ბურგუნდების სამეფომ, ისე როგორც ვანდალებისამ, დიდხანს ვერ იარსება. მასში დაწყებულმა ფეოდალიზაციის პროცესმა ვერ
პოვა შემდგომი განვითარება.


Комментариев нет:
Отправить комментарий