ძველი შუამდინარეთის დაბლობი შექმნეს ევფრატმა და ტიგროსმა მოტანილი მთის ნაშალი ქანებისაგან. ევფრატი და ტიგროსი მთავარი ფაქტორებია შუამდინარეთის ცივილიზაციების ისტორიაში; ისინი განსაზღვრავდნენ და წარმართავდნენ მის მეურნეობას. ამ მდინარეთა წყლის ექსპლუატაცია მისი ეკონომიკის საფუძველი იყო. სწორედ ამიტომ იყო, რომ ასე ზრუნავდნენ აქაური მონარქები ირიგაციაზე; ადგილობრივ მმართველებთან მათი მიმოწერის დიდი ნაწილი ხელოვნური მორწყვის საჭირბოროტო საკითხებზეა აგებული. ირიგაციის მოშლა აქ ქვეყნის ძირეულ გაღატაკებას უდრიდა. ასე მოხდა შუა საუკუნეებში და ახლაც (თუმცა ზოგი რამ უკვე წამოიწყეს მოშლილი ირიგაციის აღსადგენად). ამის გამო საჭიროა ორიოდე სიტყვით მაინც დავახასიათოთ ევფრატი და ტიგროსი. ევფრატი მოედინება თურქეთიდან, ორი ათასი მეტრი სიმაღლიდან (არზრუმის მახლობლად). მისი სიგრძე დაახლოებით 27000 კმ-ია, აუზის ფართობი - 673 000 კვ.კმ. ეს მდინარე იქმნება აღმოსავლეთ ევფრატის, ანუ მურადის (სათავე ალადაგის მთაზე, ვანის ტბასთან 2500 მ სიმაღლეზე) და დასავლეთ ეეფრატის, ანუ, ყარასუს (სათავე ქ. არზრუმის ჩრდილოეთით, 3000 მ სიმაღლეზე) შეერთებით. მისი მთავარი შენაკადებია ხაბური და ბალიხი. ბაბილონის ტერიტორიაზე შესულ ევფრატს სამუალოდ მოაქვს წყლის რაოდენობა 710 მ.კუბი სეკ, მინიმუმი – 260 მ.კუბი სეკ (სექტემბერი), მაქსიმუმი 1700 მ.კუბი სეკ (მაისი), მისი ქვემო დინება ძალზე დატბორილია და დაჭაობებული.
ტიგროსის სიგრძეა 1950 კმ, საშუალო დებიტი – 1240 მ.კუბი სეკ (აპრილი); მისი სათავე არმენიის მთებშია, შენაკადებია: დიალა, ზაბი (ქვედა და ზედა), რომლებიც ზაგროსის მთიანეთიდან მოედინებიან, სადაც 1000 მმ ნალექია წელიწადში. ტიგროსს შუა დინებაში მოაქვს 1440 გრ შლამი 1 მ.კუბ წყალში. ტიგროსი და ევფრატი სპარსეთის ყურესთან ერთდებიან და ერთ დელტას ქმნიან. ორივე მდინარე ხშირად იცვლის თავის კალაპოტს. განსაკუთრებით ქვემო წელში ტერიტორია ტიგროსსა და დიალას შორის გაზაფხულზე იფარება წყლით. ევფრატმა და ტიგროსმა საშინელი წყალდიდობა იცის; როგოოც ჩანს, ბაბილონის ახალი სამეფოს ხელისუფლებმა ირიგაციის ისეთ დონეს მიაღწიეს (უამრავი არხები, წყალსაცავები და სხვ.), რომ თავიდან იცილებდნენ წყალდიდობას. ასე რომ არ ექნათ, მდინარის წყალი მთელ დაბლობს დაფარავდა გაზაფხულზე. ქვეყნის ჰავა ჩრდილოეთით კონტინენტურია, სამხრეთით – ტროპიკული. ნალექების რაოდენობა ქვემო მესოპოტამიაში წელიწადში 200 მმ-ს არ აღემატება, ხოლო ბაღდადთან 220 დღე თითქმის უნალექოა, ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 300-500 მმ-ია; გაზაფხულზე იცის ჩრდილო-დასავლეთის ქარი. ივლისში არაბეთის უდაბნოდან ქრის მწველი ქარი. დიდი მნიშევნელობა აქეს ფინიკის მოსავლიანობისათვის სამხრეთ–აღმოსავლეთის ქარს. ამ ქარის მოქმედებით ფინიკის ნაყოფი ხდება უმაღლესი ხარისხისა; როცა ეს ქარი არ ქრის, ფინიკი უფრო დაბალი ხარისხისაა და იაფიც ღირს შედარებით. ბასრასთან საშუალო ტემპერატურა აგვისტოში +34 გრადუსია, იანვარში კი +10,7 გრადუსი.
ბაბილონის სამეფოს ტერიტორია დაახლოებით 30000 კვ.კმ-ს უდრიდა. მისი ზედაპირი ოდესღაც ზღვის ფსკერს წარმოადგენდა, რაც კარგად ჩანს თიხის, თაბაშირის, ქვიშა-ქვის დანალექებით დანაოჭებული მთების ჯაჭვის მაგალითზე; ასეთი მთაგრეხილი გასდევს ტიგროსის მარცხენა სანაპიროს. გამყინვარების ეპოქაში ზღვა აქ თანამედროვე ხითამდე აღწევდა. შემდეგ მთელი დაბლობი მდინარეთა შლამმა დაფარა, ბაღდადიდან დაწყებული მთაგრეხილი მკვეთრად იწევს ქვევით (40 მ); ალაგ-ალაგ აქ არის ქვიშები და ქვები, ძველი ფორმაციების ნაშთები. გვხვდება ბიცი მიწებიც, რომლის ნიშნები უკვე ძველად შეიმჩნეოდა.
ევფრატი შუა დინებიდან ძალიან მდორე ხდება და გაზაფხულის წყალდიდობისას მთელი დაბლობის მეტისმეტი სიბრტყელის გამო წყალი ტბორდება დიდ ფართობზე. ტიგროსი შესართავამდე ჩქარია, ამიტომ მისი შლამი ნელა ამაღლებს ამ დაბლობის მხოლოდ ეკიდურეს სამხრეთ ნაწილს.
რაც შეეხება ევფრატს, მისი ლამი მთელ დაბლობს ეფინება. მძლავრი წყალდიდობის ნიშნები აღმოაჩინეს არქეოლოგებმა ურის, შურუფაქისა და ქიშის მიდამოებში. ხვნა-თესვისათვის გამოსადეგი ფართობი ძირითადად მდინარეთა და არხების პირას მდებარეობს. ხელოვნური მორწყვის მოწესრიგება საკმაოდ ძნელი იყო იმის გამო, რომ ნიადაგები მეტად რბილი შემადგენლობისაა. შუმერის ტერიტორიაზე უდიდესი ფართობი მდინარეთა და ტბორების გვერდით დაფარული იყო ლელით. ლელი დღესაც დიდი სიმაღლისა იზრდება. იგი წინათაც და ახლაც ბინის საშენ მასალას წარმოადგენს; მისგან წნავენ ჭილოფებს, კალათებს და სხვ. სტეპების მცენარეული საფარველი შედგებოდა ქოლგისებური მცენარეებისაგან, ბიცობი ნიადაგებისათვის დამახასიათებელი ბალახისა და ბუჩქებისაგან. ხეებიდან ველურ მდგომარეობაში გვხვდება ფინიკის პალმა, აგრეთვე ლეღვის ხეც, ცხოველებიდან აქ გვხვდება ღორი, გარეული თხა, აფთარი, ტურა, მელა, დათვი, ქურციკი მაჩვ-ზღარბი, მიწის კურდღელი, თახვი, ონაგრი. წინათ იყო ლომიც.
ფრინველებიდან არის: გარეული იხვი, ბატი, ქორი, წერო, პელიკანი ფლამინგო. ბევრია ქვეწარმავალი, მორიელი, ფალანგა. მწერებიდან არის კალია (საკვებადაც ხმარობენ) და კოღო. უამრავი თევზი ბუდობს მდინარეებსა და ყურეში.
ბუნებრივი წიაღისეულიდან შეიძლება დავასახელოთ მხოლოდ ბითუმის საბადოები დღევანდელ ქალაქ ჰიტთან. ძველად ბითუმით ცნობილი იყო ბაბილონის მიდამოები და ქალაქი ისი.
შუამდინარეთის მოსახლეობა არქაულ ეპოქაში
შუამდინარეთის ისტორია შეიძლება გავყოთ ორ მთავარ პერიოდად იმის მიხედვით, თუ რა სახის წყაროები გვაქვს ხელთ საზოგადოების სურათის შესასწავლად. ეპოქას, როცა ჩნდება წერილობითი წყაროები, ჩვენ პირობითად ვუწოდებთ ისტორიულ ხანას, ხოლო მასზე უადრეს პერიოდს – არქაულს, რომლის აღსადგენადაც ჩვენს განკარგულებაშია მხოლოდ არქეოლოგიური მასალა.
შუამდინარეთის არქეოლოგიური შესწავლის საქმეში დღეისათვის მნიშვნელოვანი მიღწევებია მოპოვებული. როგორც უცხოეთის, ისე ადგილობრივი ერაყის არქეოლოგიური ექსპედიციების ინტენსიური მუშაობის შედეგად უკანასკნელ წლებში გამოვლენილ იქნა დღემდე უცნობი კულტურები, რომელთაც შუამდინარეთის არქაული ეპოქის ქრონოლოგიის ზედა საზღვარი საკმაოდ შორს გადასწიეს ათასწლეულების სიღრმეში.
კულტურები, რომლებიც აღმოჩნდა უბაიდში, ურუქსა და ჯემდეთ–ნასრში, განეკუთვნება ძირითადად ძვ. წ. IV ათასწლეულსა და III ათასწლეულის დასაწყისს. ეს კულტურები შედარებით უკეთაა შესწავლილი, რაც იძლევა საშუალებას, უფრო ნათლად წარმოვიდგინოთ იმდროინდელი მოსახლეობის ცხოვრების პირობები.
უბაიდში (ერიდუდან 17 კმ-ზე) მიკვლეული მატერიალური კულტურა განეკუთვნება დაახლოებით ძვ.წ. 5500–3700 წწ. ამ ეპოქის სამოსახლოებს წარმოადგენდა დაჭაობებულ დაბლობზე ამოზიდული ბუნებრივი ბორცვები. ადამიანები ცხოვრობდნენ ლერწმისაგან აშენებულ ქოხებში, რომელთა კედლები შიგნიდან შელესილი იყო თიხით. დამოწმებულია მშენებლობის დროს ალიზის აგურის გამოყენების შემთხვევაც. უბაიდელთა ძირითადი საქმიანობა იყო მონადირეობა და მეთევზეობა; ისინი მისდევდნენ მიწათმოქმეში დებასა და მესაქონლეობასაც. ამ ეპოქის ბოლოს მოიშინაურეს ცხვარი, თხა და ღორი. მარცვლეული კულტურებიდან მათთვის ცნობილი იყო ხორბლის ერთ-ერთი უძველესი ჯიში ემერი, რომელმაც მომდევნო საუკუნეებში ფართო გავრცელება პოვა. მიწათმოქმედის ძირითად იარაღს ჯერ კიდევ წარმოადგენდა ქვის, ძვლისა და თიხის იარაღები, რომლებიც საკმაოდ ეფექტური იყო შუამდინარეთის ალუვიური ნიადაგის დასამუშავებლად. აღნიშნული ეპოქის დასასრულს მრავლდება ლითონის იარაღები, ჩვეულებრივ, სპილენძისა. შეიმჩნევა ხელოსნობის ზოგიერთი დარგის განვითარება, მეტადრე მეთუნეობისა, რომლის პროდუქცია ხელითაა ნაკეთები, ჭურჭლის კედლები დაფარულია ცხოველების, ფრინველებისა და ადამიანთა გამოსახულებებით.
მომდევნო ეპოქისათვის (3500–3000 წწ. ძვ. წ.) დამახასიათებელი კულტურა მიკვლეულია ურუქში (დღევანდელი ვარქა მდ, ევფრატზე, სამხრეთი შუამდინარეთი). ამ დროისათვის შეიმჩნევა მკვეთრი ნახტომი კულტურის განვითარებაში, რასაც არქეოლოგები უწოდებენ „კულტურულ რევოლუციას“ შუამდინარეთის ისტორიაში. ეპოქის მთავარ მიღწევად უნდა ჩაითვალოს სამეთუნეო ჩარხის გამოგონება. კერამიკული პროდუქციისათვის დამახასიათებელია კარგი გამოწვა და ფორმათა მრავალნაირობა. ჭურჭელი ჩვეულებრივ ამოხაზული ორნამენტითაა შემკული. ერთბაშად ვლინდება პროგრესი არქიტექტურის განვითარებაში. ურუქის V არქეოლოგიურ ფენაში (დაახლ. XXXIV-XXXIII სს. ძვ.წ.) აღმოჩნდა ქვის ფუნდამენტზე აგებული ტაძრის მონუმენტური შენობის ნანგრევები. ტაძარი ნაშენია აგურით, ფასადი მორთულია სვეტებით, ხოლო კედლების შიგნითა ზედაპირი – მოზაიკური ფორმის ნაკეთობით. პროგრესი შეიმჩნევა სამეურნეო ცხოვრების სხვა დარგებშიც. ლითონის (სპილენძის) იარაღების გამოყენებამ სწრაფად დააწინაურა მიწათმოქმედება. განვითარდა საირიგაციო ტექნიკა. ამავე ეპოქაში გამოიგონეს დამწერლობა, რისი შექმნის აუცილებლობა გამოწვეული იყო განვითარებული სამეურნეო ცხოვრების ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებული მომენტების ფიქსაციის საჭიროებით. ურუქის IV არქეოლოგიურ ფენაში (IV ათასწლეულის დასასრული ძვ. წ.) აღმოჩნდა ლურსმული დამწერლობის უადრესი სახის ე.წ. პიქტოგრაფიული (ხატოვანი) დამწერლობით შესრულებული სამეურწეო ხასიათის ტექსტების შემცველი 500-მდე თიხის ფირფიტა, მსგავსი ფორმის 300-მდე თიხის ფირფიტა აღმოჩნდება აგრეთვე ჯემდეთ-ნასრში (დღევანდ. ბაღდადის სამხრეთ-დასავლეთით მდ. ევფრატზე). აქვე იქნა მიკვლეული თავისებური არქეოლოგიური კულტურაც, რომელიც იმავე პერიოდისაა, რაც „ურუქის III-II არქეოლოგიური ფენები და ქრონოლოგიურად განეკუთვნება ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისს - 3000-2800 წწ.
ჯემდეთ-ნასრის ეპოქაში (დაახლ. ძვ. წ. 3100 – დაახლ. 2900 წწ.), როგორც ეს მოსალოდნელი იყო, შეინიშნება შემდგომი პროგრესი. ძვლისა და ქვის იარაღები სწრაფი ტემპით იდევნება ლითონის იარაღებით. ჩნდება ბრინჯაოს იარაღებიც. მარცვლეული კულტურებიდან უკვე ცნობილი ხდება ქერი და ხორბალი. სამეურნეო საქმიანობაში მნიშვნელოვან მიღწევად უნდა ჩაითვალოს ხარისა და ვირის მოშინაურების ფაქტი. ხელოსნურ წარმოებაში შეინიშნება სამეთუნეო ჩარხის გაუმჯობესება, კერამიკული ნაწარმის შემდგომი სრულყოფა და პროდუქციის მრავალნაირობა. შედარებით სწრაფი ტემპით ვითარდება ვაჭრობა, რომლის პირვვლი ჩანასახები წინა ეპოქაში გაჩნდა. შუამდინარეთის მთელ რიგ პუნქტებში უცხოური, ძირითადად ინდური და ელამური, ნიმუშების აღმოჩენა მეტყეელებს განვითარებულ სავაჭრო ურთიერთობაზე გარე სამყაროსთან. ვაჭრობის განვითარება თავისთავად იწვევდა ტრანსპორტის განვითარებასაც. ჩნდება ოთხთვლიანი ეტლი. სამდინარო ტრანსპორტის ახალი ნიმუში იყო მაღალკიჩოიანი მოზრდილი ნავები, რომლითაც შეიძლებოდა საკმაოდ დიდი ტვირთის გადატანა მდინარის დინების ორივე მიმართულებით.
აღნიშნული ეპოქის ბოლოს მთელი სამხრეთ შუამდინარეთის ათვისება უკვე მომხდარი ფაქტია. აღმოცენდა რიგი ქალაქებისა, რომლებიც მომდევნო საუკუნეებში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ შუამდინარეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. ამ ქალაქებიდან აღსანიშნავია ერიდუ, შურუფაქი, ადაბი, ვიფური და ეშნუნა. მათ შორის ქალაქი ნიფური მოგვიანებით მთელი სამხრეთი შუამდინარეთის რელიგიური ცენტრი გახდა, სადაც აგებული იყო უმაღლესი ღვთაების – ენლილის –ტაძარი.
თავისთავად ისმება კითხვა: რომელ ეთნიკურ გარემოს მიეკუთვნებოდნენ ამ კულტურათა შემქმნელი და მატარებელი ხალხები? ეს საკითხი შუამდინარეთის ისტორიის ჯერ კიდევ გადაუწყვეტელ პრიობლემათა რიგს მიეკუთენება. ისტორიულ ხანაში აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობდა ძირითადად ორი მოდგმის ხალხი: ჩრდილოეთით სემიტები, ხოლო სამხრეთით, დაახლოებით 33-ე პარალელიდან სპარსეთის ყურემდე – შუმერები. შუამდინარელი სემიტების ენა, ე.წ. აქადურ-ბაბილონური, მიეკუთვნება დღეისათვის კარგად შესწავლილ სემიტურ ენათა ოჯახს, რომელშიც თავის მხრივ ერთიანდება: ძველ- ებრაული, ფინიკიური, არაბული და ზოგიერთი სხვა დიდი თუ პატარა ენა. ეთნიკურადაც შუამდინარეთის სემიტები ამ ენათა მატარებელი ხალხების გარემოს უნდა ეკუთვნოდნენ. მათი პირველი ტალღა ჩრდილოეთ შუამდინარეთში შემოვიდა დასავლეთიდან, კერძოდ კი სირიის სტეპებიდან ძვ.წ. III ათასწლეულის დასაწყისში. ადგილობრივ შუმერულ მოსახლეობასთან მათი შერევა ატარებდა მშვიდობიან ხასიათს. კულტურის განვითარების მხრივ, შუმერებთან შედარებით, ისინი დაბალ საფეხურზე იდგნენ. სამაგიეროდ მათ მალე შეითვისეს ადგილობრივი მაღალი კულტურა, განსაკუთრებით დამწერლობა, განავითარეს იგი და გადასცეს მემკვიდრეობად მომდევნო საუკუნეებს. ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებში სემიტები უკვე აქტიურ ძალად ჩანან შუამდინარეთის ისტორიაში. ჩრდილოეთში აღმოცენებული მათი ცენტრის – ქალაქ აქადის – სახელის მიხედვით მთელი ეს ოლქი ამიერიდან იწოდებოდა აქადად, განსხვავებით შუმერისაგან, რომელიც სამხრეთ შუამდინარეთის სახელწოდებას წარმოადგენდა. ძვ.წ. XXIV ს. მათ მიაღწიეს კიდევაც მთელი შუამდინარეთის გაერთიანებას, რომლის შესახებაც დაწვრილებით ქვემოთ იქნება საუბარი. ამჯერად კი რამდენიმე სიტყვით შევეხებით შუმერულ პრობლემას. სწორედ აქ ვაწყდებით ჰიპოთეზების რიგს. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხებიდან თითქმის არც ერთი არ შეიძლება მივიჩნიოთ დღეისათვის საბოლოოდ გადაჭრილ და მეცნიერებაში საერთოდ მიღებულ ფაქტად. ასეთია, უპირველეს ყოვლისა, პროტოშუმერული მოსახლეობის საკითხი.
მეცნიერების მიერ დიდი ხანია შემჩნეულია, რომ ძველი შუამდინარეთის ტოპონინიკა – ადგილისა და მდინარეების სახელწოდებანი, არაა შუმერული, როგორიცაა, მაგალითად, მდინარე ტიგროსის ძველი სახელწოდება იდიგნა, ევფრატისა კი ბურანუნი (აქადურად ფურათუ). ასევე არაა შუმერული მრავალი უძველესი ქალაქის – ურის, ქიშის, ნიფურის, ადაბისა და სხვათა - სახელწოდებანიც. ყოველივე ეს იმის უტყუარი მოწმობაა, რომ შუმერები არ ყოფილან ამ ოლქის თავდაპირველი მკვიდრნი და რომ მათ აქ წინ უსწრებდა რომელიღაც სხვა ხალხი. ზოგიერთი მეცნიერი მათ პირობითად უწოდებს პროტო-ევფრატელებს (ბ. ლანდსბერგერი) ანდა უბაიდელებს (ს. კრამერი): მათ შესახებ ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით. გარდა კულტურის ზოგიერთი დამახასიათებელი ნიშნისა და ისიც იმ პირობით, თუ მათ მივიჩნევთ უბაიდის არქეოლოგიური კულტურის მატარებლებად.
არსებობს თეორია, რომ ელ-უბაიდელები ჩრდილოეთ მესოპოტამიის სამარას კულტურისგან განვითარდნენ. უბაიდელებს, მიუხედავად იმისა, რომ თავად შუმერები მათ არასდროს ახსენებენ, თანამედროვე მეცნიერები შუმერში პირველ ცივილიზაციურ ძალად მიიჩნევენ. მათ ჭაობები სოფლის მეურნეობისთვის დააშრეს, განავითარეს ვაჭრობა და დააარსეს ინდუსტრიები, მათ შორის ქსოვა, ტყავის ნაკეთობები , ლითონის ნაკეთობები , კერამიკა. დადგენილია, რომ შუმერების მიერ ხმარებაში ფართოდ დანერგილი სიტყვები, როგორიცაა სიფა „მწყემსი“, ენგარ „მიწათმოქმედი“, აფინ „გუთანი“, სიმუგ „მჭედელი“, აშგაბ „დაბაღი“, ქი „მიწა“ და ზოგიერთი სხვაც, სრულიადაც არაა შუმერული. რა თქმა უნდა, ისინი არც სემიტურ ენებს განეკუთვნებიან. ეს სიტყვები უნდა იყოს შესული შუმერულ ენაში ელ-უბაიადელთა ენიდან, რომელიც შუმერულთან ჭიდილში დამარცხებულ იქნა ამ უკანასკნელის მიერ ისევე, როგორც მისი მატარებელი ხალხი.
შუმერული ცივილიზაცია ურუქის პერიოდში (ძვ.წ. IV ათასწლეული) ჩამოყალიბდა და ჯემდეთ ნასრისა და „ადრეული დინასტიის“ პერიოდებში (ძვ.წ. 2900-2350) გაგრძელდა. სპარსეთის ყურის სანაპიროზე მდებარე შუმერული ქალაქი ერიდუ ერთ-ერთ უძველეს ქალაქად ითვლება , სადაც შესაძლოა სამი ცალკეული კულტურა გაერთიანდა: გლეხი უბაიდიელი ფერმერების, რომლებიც თიხის აგურის ქოხებში ცხოვრობდნენ და ირიგაციას მისდევდნენ; მობილური მომთაბარე სემიტი მწყემსების, რომლებიც შავ კარვებში ცხოვრობდნენ და ცხვრისა და თხის ჯოგებს მისდევდნენ; და მეთევზეების, რომლებიც ჭაობიან ადგილებში ლერწმის ქოხებში ცხოვრობდნენ და შესაძლოა შუმერების წინაპრები ყოფილიყვნენ.
მეცნიერებაში დღემდე გადაუჭრელია საკითხი იმის შესახებ, თუ საიდან მოვიდნენ შუმერები. არსებობს რამდენიმე მოსაზრება, რომელთაგან უკანასკნელი წამოაყენა ამერიკელმა შუმეროლოგმა ს. კრამერმა. იგი თვლის, რომ შუმერები სამხრეთიდან მოსულ ხალხად უნღა მივიჩნიოთ, რომლის დასასაბუთებლადაც ს. კრამერის მიერ მოხმობილია რამდენიმე არცთუ ისე უსაფუძვლო ფაქტი. შუმერთა პირველი სამოსახლოები გაჩნდა სამხრეთ შუამდინარეთში, კერძოდ, სპარსეთის ყურის სანაპიროებზე. ამ უკანასკნელ ხანებში ერიდუს ნანგრევების ადგილზე ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა, რომელიც ამჟამადაც მიმდინარეობს, მატერიალურად დაასაბუთა ეს გარემოება. შუმერულ მითებში ერიდუ იხსენიება შუმერის უძველეს ქალაქად, სადღაც თითქოს „პირველად დაეშვა ციდან სამეფო ხელისუფლება“. ამავე დროს მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ მდინარე ინდის ხეობაში აღმოჩენილ კულტურაში დამოწმებული დამწერლობის უძველესი ნიმუშები, რომლებიც ჯერ კიდევ არაა გაშიფრული, პარალელებს პოულობენ შუამდინარეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილ პიკტოგრაფიული დამწერლობის ადრეულ ძეგლებთან. იქნებ ეს ფაქტი მიუთითებს დამწერლობის ამ ნიმუშების შემქმნელი ხალხების ეთნიკურ ერთიანობაზე?
მსგავსი მდგომარეობა გვაქვს შუმერული ენის მიმართაც. ერთ საუკუნეზე მეტია, რაც დაიწყო ამ ენის შესწავლა. დღეისათვის საკმაოდ დიდი მიღწევებია მოპოვებული ამ უძველესი წერილობითი ძეგლებით დამოწმებული ურთულესი ენის კვლევაში. შეიძლება საბოლოოდ შესწავლილად ჩაითვალოს შუმერული ენის შინაგანი სტრუქტურა, სინტაქსური წყობის საკითხები და მრავალი სხვა. მაგრამ დღემდე არ მოხერხდა მისი დაკავშირება მეტად თუ ნაკლებად შესწავლილ ენათა რომელიმე ოჯახთან. გენეტიკური კავშირის დადგენის მიზნით მეცნიერები წლების მანძილზე უდარებდნენ შუმერულს თურქულ-მონღოლურს, უნგრო-ფინურს, ჩინურს, სემიტურ, ინდოევროპულ თუ ეტრუსკულ ენებს. იყო ცდები შუმერული ენის დაკავშირებისა კავკასიურ ენებთან, მათ შორის ქართულთან (მ. წერეთელი, ნ. მარი).
მიუხედავად ქართულისა და შუმერულის გარკვეული სტრუქტურული ნათესაობისა (მსგავსი ლექსიკური და მორფოლოგ. აგებულება), ვერ იქნა გამოვლენილი ამ ორ ენას შორის გენეტიკური კავშირის მატერიალური საფუძველი, ე.ი. მათი ძირითადი ლექსიკური ფონდის სისტემატური მსგავსება. ამითაა გამოწვეული ის გარემოება, რომ შუმერული ენის სახელმძღვანელოში ჯერ კიდევ წერია „დგას განცალკევებით“ (ი. დიაკონოვი).
შუამდინარეთის საზოგადოება ძვ.წ. III ათასწლეულში
ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობის მთელ რიგ მხარეებზე წარმოდგენას გვიქმნის წერილობითი წყაროები, ათასობით თიხის ფირფიტაზე რომლებიც დაგვიტოვეს შუმერებმა, ფიქსირებულია მათი ყოველდღიური სამეურნეო საქმიანობის მრავალი მომენტი. მათ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია აღვადგინოთ ჩვენგან 4 ათასი წლით დაშორებული საზოგადოების შინაგანი სტრუქტურა.
შუამდინარეთის ნიადაგი ადვილად დასამუშავებელი და მაღალნაყოფიერი იყო. საწარმოო ძალთა განვითარების ადრეულ საფეხურზე, როცა მიწათმოქმედის მთავარ იარაღს პრიმიტიული თოხი, ნიჩაბი, ანდა უაღრესად მარტივი კონსტრუქციის კავი წარმოადგენდა. ეს იარაღები საკმაოდ ეფექტური საშუალება იყო სამიწათმოქმედო სამუშაოების ფართო მასშტაბით წარმოებისათვის. არცთუ ისე დიდი შრომის დახარჯვით შეიძლებოდა მაღალი მოსავლის მიღება და შრომის ნაყოფიერების გადიდება, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც სოფლის მეურნეობაში დაიწყეს გამწევ ძალად ხარის გამოყენება. აღნიშნული გარემოება კი ობიექტურად იწვევდა შრომის იარაღების შემდგომი განვითარებისა და სრულყოფის შეფერხებას. ამიტომაც საკვირველი: არაა ის გარემოება, რომ შუამდინარეთი მთელი თავისი ხანგრძლივი ისტორიის განმავლობამი რჩებოდა ტექნიკის განვითარების მხრივ ერთ-ერთ ჩამორჩენილ რაიონად. სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების სფეროში მომხდარი მოვლენები აქ შეპირობებულია სხვა გარემოებებით, კერძოდ კი – უდიდეს საირიგაციო სამუშაოებთან დაკავშირებული მოსახლეობის საქმიანობის ცალკეული პროცესებით.
ძალზე შრომატევადი სამელიორაციო სამუშაოების წარმოების გარეშე შუამდინარეთის ჭაობიან ტერიტორიაზე მიწათმოქმედება წარმოუდგენელი იყო. ჭაობიანი ადგილი რომ ხვნა-თესვისათვის ვარგისი გამხდარიყო, მოითხოვდა მთელი რიგი დამატებითი სამუშაოების ჩატარებას, როგორიცაა: დასაშრობი არხების გაყვანა, მომავალში დაჭაობების თავიდან აცილების მიზნით დამცველი ჯებირების აშენება და სხვა. სამუშაოთა კომპლექსის მეორე ეტაპი დაკავშირებული იყო წყლის რეგულირებასთან. მიწათმოქმედის მთავარ საფრთხეს წარმოადგენდა წყალდიდობა, რასაც ადგილი ჰქონდა ძირითადად ზაფხულის თვეებში. ნაპირებიდან გადმოსული ტიგროსისა და ეეფრატის ტალღები ათეული კილომეტრის მანძილზე წალეკავდა ხოლმე ნათეს ფართობებს. ამას ხშირად თან ახლდა სტიქიური უბედურებაც – მთელი რიგი დასახლებული ადგილების დატბორვა და წალეკვა, რაც ადამიანების შეგნებაში ტოვებდა წარღვნის შთაბეჭდილებას. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ მითი წარღვნის შესახებ შუამდინარეთიდან მოდის: იგი მოგვიანებით შეიტანეს ბიბლიაში, რომლის გზითაც შემდეგ გავრცელდა მთელ რიგ ხალხებში. ამ მოვლენისაგან თავდასაცავად აშენებდნენ უზარმაზარ ჯებირებსა თუ წყალსაცავებს.
ამასთან ერთად წყალს სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა შუამდინარეთის მშრალი და ცხელი ჰავის პირობებში. მორწყვის გარეშე აქ არაფერი ხარობდა. სწორედ ამიტომ ძველი შუამდინარეთის მიწა დასერილი იყო საირიგაციო არხების ხშირი ქსელით. თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მოსახლეობა არხების გაყვანას, მოწმობს ის ფაქტიც, რომ ძალზე ხშირად იგი წელთაღრიცხვის სათავედაც კი იყო მიჩნეული. არა ერთ და ორ ათეულ სამეურნეო თუ იურიდიული ხასიათის დოკუმენტშია ნათქვამი: „ეს ამბავი მოხდა მაშინ, როცა მეფემ (მითითებულია სახელი) ესა და ეს არხი გაიყვანაო“. ეს საქმიანობა ათასჯერ აღემატებოდა ცალკეული ადამიანის ან ადამიანთა მცირე ჯგუფის შესაძლებლობას. ტექნიკის განვითარების დაბალი დონის პირობებში ამ კოლოსალური სამუშაოების შესასრულებლად საჭირო იყო ათასობით ადამიანის გაერთიანება. სწორედ ამან განაპირობა მოსახლეობის ისეთი რთული პოლიტიკური ორგანიზაციების წარმოშობა და თითქმის უცვლელი სახით ათასწლეულების მანძილზე შენარჩუნება, როგორიცაა თემი და სახელმწიფო.
საირიგაციო სამუშაოების წარმოებაში და საერთოდ მიწათმოქმედებაში, რომელიც შუამდინარეთის ისტორიის მთელს მანძილზე წარმოების ძირითად დარგს წარმოადგენდა, გამოყენებული იყო თავისუფალი მუშახელის შრომა, რა თქმა უნდა, არ იყო უცხო მონათა შრომის გამოყენებაც. ჯერ კიდევ ურუქის ეპოქის დროინდელ ტექსტებში ვხვდებით მონა ქალის მოხსენიების ფაქტს. მონების შეძენის მთავარი წყარო ომი იყო, სამხედრო ტყვეების ძირითად მასას მონებად გადააქცევდნენ ხოლმე. მონას იძენდნენ ყიდვის გზითაც როგორც ქვეყნის მიგნით, ისე ვაჭართა მეშვეობით, მის გარეთაც. არსებობდა მონის შეძენის მესამე გზაც, ე.წ. სავალო კაბალა, ე.ი. დავალიანების შედეგად ერთი პიროვნების გადაქცევა მეორის მონად. მაგრამ ეს უკანასკნელი არ გავრცელებულა შუამდინარეთში. იგი იმდენად უმნიშვნელო მასშტაბითა და კანონმდებლობით შეზღუდულ ფარგლებში მოქმედებდა, რომ შეიძლება არც კი იქნეს მიღებული მხედველობაში.
მონების, განსაკუთრებით მონა ქალების, დასაქმების მთავარი ადგილი საოჯახო მეურნეობა იყო. მონებს ვხვდებით სახელმწიფო მეურნეობებშიც, მაგრამ ძალზე მცირე რაოდენობით. აქ უმთავრესად მონა ქალთა შრომა იყო გამოყენებული და ისიც მეურნეობის დამხმარე დარგებში. მათი რიცხვი ჩვეულებრივ ძალზე მცირე იყო. ასეთ ვითარებაში მონურ შრომას არა მარტო არ შეეძლო თავისუფალი მუშა-ხელის გამოდევნა და წარმოების ძირითად დარგებში გაბატონებული მდგომარეობის მოპოვება, როგორც ეს, ვთქვათ, მოხდა კლასიკური მონათმფლობელური სახელმწიფოების – საბერძნეთისა და რომის – საზოგადოებებში, არამედ მას წარმოუდგენელია მოეხდინა წარმოების ხასიათზე რაიმე არსებითი გავლენაც კი. ეს გარემოება არ გვაძლევს საშუალებას აღნიშნული ეპოქის დროინდელი შუამდინარეთის საზოგადოება მივიჩნიოთ მონათმფლობელურ საზოგადოებად; სინამდვილეში ესაა ადრეკლასობრივი საზოგადოების ერთ-ერთი ტიპი, რომლისათვისაც დამახასიათებელია სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური წყობების თანაარსებობა, თემისა და დესპოტური ხელისუფლების არსებობა მეფის სახით და სხვ.
რას წარმოადგენდა, საერთოდ, ძველაღმოსავლური და, კერძოდ, ძველი შუამდინარეთის საზოგადოებისათვის დამახასიათებელი თემი? იგი იყო, უპირველეს ყოვლისა, გარკვეულ ტერიტორიაზე მოსახლე ადამიანთა კოლექტიური ორგანიზაციის ფორმა, რომლის მთავარ ფუნქციას შეადგენდა საირიგაციო სისტემის გამართვა და მასზე ზედამხედველობა. თემის მმართველობის პოლიტიკურ ორგანოებს წარმოადგენდა საერთო სათემო სახალხო კრება, რომელიც სათავეს გვაროვნული წყობილებიდან იღებს, და უხუცესთა საბჭო. სახალხო კრებაში მონაწილეობის უფლება ჰქონდა თემის ყველა სრულწლოვან წევრს, იგულისხმება, რა თქმა უნდა, მამაკაცები, მასზე იხილავდნენ ხოლმე თემის საერთო საქმეებს. უხუცესთა საბჭოს მთავარ ფუნქციას შეადგენდა სასამართლო საქმეების წარმოება. სახალხო კრებისა და უხუცესთა საბჭოს გაერთიანებულ სხდომაზე ირჩევდნენ თემის ზედამხედმელად (უგულა ურუ), თემის მიწათმომწყობს (საგსუგი) და აღმასრულებელი ფუნქციის მატარებელ სხვა თანამდებობის პირებს. ასეთივე სხდომებზე განიხილებოდა ზოგიერთი სასამართლო საქმეც, როგორიცაა, უნდა ვიფიქროთ, სიკვდილით დასჯა, თემიდან მოკვეთა და სხვ.
თემი იყო აგრეთვე საზოგადოების მთავარი ეკონომიკური უჯრედი. ძვ.წ. III ათასწლეულის ტერიტორიული თემი საკმაოდ წინაა წასული პირველყოფილ გეაროვნულ თემთან შედარებით, რომლისთვისაც დამახასიათებელია კოლექტიური საკუთრება, კოლექტიური წარმოება და კოლექტიური მოხმარება. აღნიშნული ხანის თემში კოლექტიური საკუთრება შენარჩუნებულია მხოლოდ საერთო სათემო მიწებზე, წყალზე და თემის საძოვრებზე. კოლექტიური შრომა აუცილებელია და სავალდებულო საირიგაციო სამუშაოებზე. და ბოლოს, კოლექტიური მოხმარება ხორციელდება მხოლოდ წყალზე. მიწა საშუალო ზომის ნაკვეთებად განაწილებულია მეთემეებზე მფლობელობის უფლებით. ისარგებლო სათემო მიწის ნაკვეთითა და წყლით, ნიშნავს იყო მოცემული თემის წევრი. თემის წევრობა იყო პირობა სათემო მიწითა და წყლით სარგებლობისათვის, ამა თუ იმ მიზეზით თემიდან გასვლა იწვევდა აღნიშნულ უფლებათა დაკარგვას.
მეთემე ვალდებული იყო თემისა და სახელმწიფოს წინაზე, რაც გამოიხატებოდა შემდეგში: უპირველეს ყოვლისა, გადაეხადა გადასახადები, გასულიყო საირიგაციო ან სხვა სახის საზოგადოებრივ სამუშაოებზე, რომელიც წარმოებდა თემის ან სახელმწიფოს მითითებით, და მიეღო მონაწილეობა ლაშქრობაში, მეთემე აგრეთვე ვალდებული იყო განსახღვრული დროის განმავლობაში საბეგრო წესით ემუშავა სახელმწიფო მეურნეობაში, სადაც მათი დასაქმება უმთავრესად ხორციელდებოდა შრომის ყოველთვიური ანაზღაურების წესით.
მეთემეები იწოდებოდნენ შესაბამისი თემის შვილებად. თავისუფალი მეთემის აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი იყო გურუში (სიტყ. „კაცი, ძლიერი“).
III ათასწლეულის (ძვ. წ.) II ნახევრიდან აშკარად შეიმჩნევა თემის შიგნით დაჩქარებული ტემპით მიმდინარე ქონებრივი დიფერენციაციის პროცესი.
აღნიშნული ეპოქის დროინდელი შუამდინარეთის საზოგადოების სურათი სრული არ იქნება, თუ რამდენიმე სიტყვით არ შევეხეთ ტაძარსა და სატაძრო მეურნეობას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის იდეოლოგიურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში, ცალკეულ თემს ჰყავდა თავისი მფარველი ღვთაება, რომლის სახელზე აგებული ტაძარი წარმოადგენდა თემის ცენტრს. ასევე, თითოეულ ქალაქში ცენტრალური უბნის მფარველი ღვთაება ითვლებოდა მთელი ქალაქის მფარველ ღვთაებად, ხოლო მისი ტაძარი – ქალაქის ცენტრალურ ტაძრად. ასეთი უბანი იყო, მაგალითად, ქალაქ ლაგაშში გირსუ, მის მფარველ ღვთაებად კი მიიჩნევენ ნინგირსუს (ნიშნავს: „გირსუს მეუფე“). ნინგირსუსა და მისი მეუღლის, ქალღმერთ ბაბას ტაძრები ლაგაშის ცენტრალურ ტაძრებს წარმოადგენდნენ. ჩვენამდე მოაღწია ბაბას ტაძრის მდიდარმა არქივმა, რომლის საბუთები – ათასობით თიხის ფირფიტაზე ფიქსირებული ტექსტები – ნათელ წარმოდგენას გვიქმნიან ამ ტაძრისა და მისი უდიდესი მეურნეობის სტრუქტურისა და ორგანიზაციის შესახებ.
ტაძრის საკულტო საქმიანობას განაგებდა უფროსი ქურუმი, რომელსაც სანგა ეწოდებოდა. იგი ხელმძღვანელობდა აგრეთვე სატაძრო მეურნეობასაც, რომელიც საკმაოდ რთულ ორგანიზაციას წარმოადგენდა. ტაძრის განკარგულებაში მოძრავ ქონებასთან ერთად შედიოდა მიწის უზარმაზარი მასივები, რომლებიც იწოდებოდა შესაბამისი ღვთაების საკუთრებად. ამ მიწების ძირითადი ნაწილის დამუშავება წარმოებდა ტაძარზე დამოკიდებული მეთემეებისა და ტაძრის მუდმივი მუშა პერსონალის ძალებით. მიწების მეორე ნაწილი გაიცემოდა რიგით მეთემეებზე იმ პირობით, რომ მათ გასაზღვრული დროის განმავლობაში ემუშავათ ტაძრის სასარგებლოდ. მესამე ნაწილი მიწებისა კი გაიცემოდა იჯარის წესით ყველა მსურველზე. საიჯარო ქირა ჩვეულებრივ შეადგენდა მოსავლის 1/3 ნაწილს. სატაძრო მიწებიდან მიღებული შემოსავალი ხმარდებოდა საკუთრივ კულტის მსახურებასთან დაკავშირებული საჭიროებებისა და ნაწილობრივ სამეფო სახლის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას.
მეურნეობის საწარმოო საქმიანობას უძღვებოდა სპეციალური თანამდებობის პირი ნუბანდა. მასვე ევალებოდა ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების შედგენაც. ასეთ ანგარიშებში ჩვეულებრივ. მითითებულია სამუშაოს ხასიათი, დასაქმებული მუშახელის რაოდენობა თითოეულის სახელისა და პროფესიის ან სოციალური მდგომარეობის ჩვენებით. მითითებულია, თუ რა სახისა და რა რაოდენობის მარცვალი, ზეთი ან მატყლი გაიცა მუშახელზე. ასეთი საბუთების შედგენას უშუალოდ ნუბანდას ზედამხედველობით მომუშავე სპეციალური მდივან-მწერლები აწარმოებდნენ. ისინი სარგებლობდნენ მუშათა ცალკეული რაზმების უფროსების, ე.წ. უგულების მიერ მოწოდებული ჩანაწერებით. საბუთს ჩეეულებრივ ხელს აწერდა ნუბანდა და შემდგენელი მდივან-მწერალი.
მსგავსი ორგანიზაცია და სამუშაოთა წარმოების ასეთივე წესი დამახასიათებელი იყო საკუთრივ სახელმწიფო მეურნეობისთვისაე, რომელიც თავდაპირველად სატაძრო მეურნეობისაგან დამოუკიდებლად არსებობდა. მხოლოდ მოგვიანებით, ძვ.წ. III ათასწლეულის II ნახევარში, კერძოდ კი აქადისა და ურის III დინასტიების ძლიერი მეფეების დროს მოხდა სატაძრო და სახელმწიფო მეურნეობების შერწყმა ერთ მთლიან სამეურნეო ორგანიზმად. ასეთ მეურნეობებში, რომლებიც დაქვემდებარებული იყო სახელმწიფოს უმაღლესი გამგებლის – მეფის ხელისუფლებისადმი, ძირითადად მუშაობდა თავისუფალი მუშახელი სავალდებულო ბეგარის ანდა თვიური ანაზღაურების წესით. როგორც ზემოთ მივუთითეთ, ასეთ მეურნეობებში გამოყენებული იყო აგრეთვე მონების, ძირითადად კი მონა ქალთა შრომაც, მაგრამ ძალზე მცირე მასშტაბით.
შუამდინარეთში აღმოცენებული ადრეული პოლიტიკური გაერთიანებების მთავარ ფუნქციას შეადგენდა სარწყავი სისტემის ორგანიზაცია. ძველი შუამდინარეთის მეფეები სამხედრო ოპერაციებთან ერთად სიამაყით მოგვითხრობენ მათი ხელმძღვანელობით ჩატარებული საირიგაციო სამუშაოების, კერძოდ, სარწყავი არხების გაყვანის შესახებ. ასეთი ფუნქცია იყო ამავე დროს მთავარი გამპირობებელი მიზეზიც პოლიტიკური გაერთიანებების შესაქმნელად.
ცალკეული პოლიტიკური გაერთიანების სათავეში იდგა მმართველი სხვადასხვა ტიტულით. ჯემთედ-ნასრის ეპოქის დროინდელ წარწერებში მმართველის ტიტულად გვხვდება ენ. მშვიდობიანობის დროს ენ აერთიანებდა მოცემულ ოლქში უმაღლესი ქურუმისა და მეთაურის ფუნქციებს. მოგვიანებით ეს ფუნქციები შეითვისა მმართველმა, რომლის ტიტულია უკვე ენსი, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „(ტაძრის) საძირკვლის ჩამყრელს“. აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ თავდაპირველად მისი მთავარი ფუნქცია იყო ადგილობრივი ღვთაების კულტის სამსახურისა და მასთან დაკავშირებული საქმიანობის ხელმძღვანელობა. ჩვეულებრივ, სხვადასხვა ენსის სახელით შედგენილ წარწერებში უმთავრესად ლაპარაკია სწორედ ტაძრების მშენებლობის შესახებ. რა თქმა უნდა, იგი იყო აგრეთვე ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ცხოვრების მეთაურიც. ცნობილია მმართველის ასეთი სახელწოდებაც: ლუგალი, რაც ნიშნავს „დიდ კაცს“, თავდაპირეელად იგი არჩევითი თანამდებობა უნდა ყოფილიყო, რომელსაც ევალებოდა განსაზღვრული ვადით თემის ან ოლქის სამხედრო საქმეების ხელმძღვანელობა. მომდევნო ხანებში ამ ტერმინმა ახალი შინაარსი შეიძინა. ძვ.წ. III ათასწლეულის II ნახევარში იგი იხმარებოდა მხოლოდ შეუზღუდველი მმართველის – მეფე-დესპოტის – მნიშვნელობით.



