მერვე ჯვაროსნული ლაშქრობის წარუმატებლად დასრულების შემდეგ პაპის კურიის წინაშე კვლავ აქტუალური იყო წმინდა მიწის ეგვიპტისაგან გამოხსნის საკითხი, თუმცა ამისთვის საჭირო იყო ტრადიციულ მეთოდებში ცვლილებების შეტანა. სწორედ ამ ახალი გზების წარმოჩენას ისახავდა მიზნად პაპ გრიგოლ X-ის 1274 წლის ლიონის II საეკლესიო კრებაზე შემუშავებული პროგრამა, რომელშიც, დასავლელ მეფე-მთავრებთან და ბიზანტიის იმპერიასთან ერთად, მონღოლთა და ქართველთა ჩართვაც იგეგმებოდა. სანამ უშუალოდ პაპის მიერ შემუშავებულპროგრამას განვიხილავდეთ, საჭიროდ მიგვაჩნია, მოკლედ შევეხოთ მის პიროვნებასა და პაპად არჩევის გარემო-ფაქტორებს, რადგან, ვფიქრობთ, სწორედ ამით იყო განპირობებული მისი აქტიური პოლიტიკა წმინდა მიწასთან მიმართებით. პაპ კლიმენტი IV-ის გარდაცვალების შემდეგ კარდინალთა საბჭო სამი წლის განმავლობაში ბჭობდა ახალი პაპის კანდიდატურაზე. პონტიფექსის ასარჩევად საჭირო იყო ხმათა 2/3, თუმცა ვერც ერთი კანდიდატი საჭირო რაოდენობის ხმებს ვერ აგროვებდა, რადგან კარდინალები ორ ფრაქციად იყვნენ გაყოფილნი. საბოლოოდ, შარლ ანჟუელისა და ფილიპე III-ის ვიტერბოში სტუმრობის შემდეგ კარდინალთა კოლეგიამ კომპრომისული არჩევანი პიაჩენცაში დაბადებულ გრიგოლ X-ზე შეაჩერა.1
გრიგოლ X (ერისკაცობაში ტებალდო ვისკონტი) პაპად 1271 წლის 1 სექტემბერს აირჩიეს. წარმოშობით იტალიელ პაპს კეთილგანწყობილი ურთიერთობა ჰქონდა იმ დროის ცნობილ პიროვნებებთან, როგორც დასავლეთ ევროპაში, ასევე წმინდა მიწაზე. ფლობდა საჭირო დიპლომატიურ გამოცდილებასა და ორგანიზაციულ ნიჭს, ამიტომაც ისკარდინალთა კოლეგიის მხრიდან პაპობისათვის შესაფერის კანდიდატად მიიჩნიეს. მიუხედავად მისი ნიჭისა და წარმოშობისა (იგი არისტოკრატული წარმოშობის გახლდათ), რომლის გათვალისწინება პაპად არჩევის დროს აუცილებლად მოხდებოდა, ამ ეტაპზე საჭირო იყო პაპი, რომელიც მთელ თავის ყურადღებას წმინდა მიწაზე გადაიტანდა. ასეთი კანდიდატი აღმოჩნდა ტებალდო ვისკონტი. ამ დროს შარლ ანჟუელი სიცილიაში იყო დამკვიდრებული, პაპების დაპირისპირება ჰოჰენშტაუფენების დინასტიასთან უკვე დასრულებული იყო, შესაბამისად, პაპობის დღის წესრიგში, პირველ რიგში, იდგა წმინდა მიწის საკითხი.2
კარდინალების მიერ გრიგოლ X-ისარჩევის შემდეგ მისთვის გაგზავნილ წერილში არჩევის უმთავრეს მიზეზად ხაზგასმით აღნიშნულია სწორედ ამ უკანასკნელის გამოცდილება წმინდა მიწაზე. სხვა მიზეზების შესახებ წერილში საუბარი არ არის.3
პაპის თანამედროვე ბართლომეო ლუკელი მის შესახებ აღნიშნავდა: „[გრიგოლ X გ. ე] უჩვეულოდ გამოცდილი იყო საერო საქმეებში, თუმცა მოკრძალებული სწავლებაში, და გარდა ღარიბთა მოწყალებისათვის ის ძალებს არ ძაბავდა ფულის მოსაპოვებლად.“4
1. P. B. Baldwin. Pope Grigory X and the Crusades. A Thesis Submitted for the Degree of Doctor of Philosophyin the School of History. Queen Mary University of London. gv. 31-35 აღსანიშნავია, რომ შარლ ანჟუელს ხელს არაძლევდა პაპად გრიგოლ X-ის არჩევა, რადგან ის, ისევე როგორც მისი წინამორბედი კლიმენტი IV, აღმოსავლეთის ეკლესიასთან უნიის მომხრე იყო, ეკლესების გაერთიანება კი შარლ ანჟუელის გეგმებს, ბიზანტიისდაპყრობასთან დაკავშირებით, საბოლოოდ აქარწყლებდა. Nicol D. M. The last centuries of Byzantium 1261-1453.Cambrige University Press. London-New York- Melburne. 1993. გვ. 52-53
2. P. B. Baldwin. Pope Grigory X and the Crusades.გვ. 28-31
3. P. B. Baldwin. Pope Grigory X and the Crusades. გვ. 30
4. P. B. Baldwin. Pope Grigory X and the Crusades. გვ. 29
რაც შეეხება ახალი პაპის ჯვაროსნულ გამოცდილებას, ტებალდო ვისკონტი – მომავალი პონტიფექსი გრიგოლ X, 1270 წელს საფრანგეთის მეფე ლუი IX-ის მიერ წამოწყებულ მერვე ჯვაროსნულ ლაშქრობას შეუერთდა. მიუხედავად იმისა, რომ ლაშქრობის დაწყების დროისთვის პაპის ტახტი კვლავ ვაკანტური იყო, მისმა დაწყებამ ერთი რამ ნამდვილად ცხადყო: ჯვაროსნული ლაშქრობის წარმართვა შესაძლებელი იყო პაპის გარეშეც. მომავალი პაპი საქმეების მოსაგვარებლად თავის საეპისკოპოში დაბრუნდა. ფილიპ ბოლდუინი სამართლიანად ვარაუდობდა, რომ, შესაძლებელია, ტებალდო ვისკონტი ამ შეყოვნებამ გარდაუვალ სიკვდილს გადაარჩინა, რომელიც მას დიდი ალბათობით მოელოდა ლუი IX-სთან ერთად გამგზავრების შემთხვევაში.1
გრიგოლ X 1271 წლის 8 მარტისთვის ჯერ კიდევ ლიეჟშია, რის შემდეგაც მისი ანონიმი ბიოგრაფი მას უკვე ბრინდისში მოიხსენიებს, სადაც შეუტყვია კიდეც ლუი IX-ის გარდაცვალების ამბავი. ამრიგად, მომავალმა პაპმა გამგზავრებამდე უკვე იცოდა ჯვაროსნული ლაშქრობის ლიდერის გარდაცვალების ამბავი. მიუხედავად ამისა, გრიგოლ X არ აპირებდა საკუთარი ფიცის დარღვევას. იგი გაემგზავრა წმინდა მიწაზე, სადაც ის შეხვდა პრინც ედვარდს და მის დას ბეატრისას.2
წმინდა მიწაზე ყოფნისას ტებალდო ვისკონტი უნდა შეხვედროდა დომინიკანელ ბერს უილიამ ტრიპოლელსა3 და მარკო პოლოს, რომელიც გაგზავნილი იყო დიდ ხანთან.4
როგორც ვხედავთ, როდესაც გრიგოლ X-ს პონტიფექსად ირჩევდნენ, ის ამ დროს წმინდამიწაზე იმყოფებოდა და იქაური ქრისტიანების მდგომარეობას ეცნობოდა. პაპის ცხოვრების ესმომენტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი ქრისტიანების გაჭირვებისა და წამების თვითმხილველი გახდა. დასავლეთში კორონაციაზე წამოსვლამდე პაპს 137-ე ფსალმუნიდან შემდეგი სიტყვები წარმოუთქვამს: „თუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმო, დამივიწყოს მარჯვენამ ჩემმა. მიეკრას ჩემი ენა ჩემს სასას, თუ არ გაგიხსენო, თუ არ დავაყენო იერუსალიმი ჩემი მხიარულების სათავეში“.5
გრიგოლ X-ს არც დავიწყებია იერუსალიმი. მან მთელი თავისი დარჩენილიცხოვრება ჯვაროსნული ლაშქრობის ორგანიზებას მიუძღვნა. აწ უკვე პაპად არჩეული გრიგოლ X წმინდა მიწიდან 1271 წლის 10 ნოემბერს დაიძრადა ბრინდიზს 1272 წლის იანვრის დასაწყისში მიაღწია. ახალ პაპს შარლ ანჟუელი ვიტერბოსგზაზე, ბენევენტოში შეეგება. 1272 წლის 27 მარტს ტებალდო ვისკონტი პაპ გრიგოლ X-დეკურთხა.6
ამრიგად, ვფიქრობთ, გრიგოლ X-ის პონტიფექსად გახდომის უმთავრესი მიზეზი მისი წმინდა მიწით და ჯვაროსნული ლაშქრობით დაინტერესება გახდა. გარდა ამისა, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, მას ურთიერთობა ჰქონდა წმინდა მიწაზე მყოფ ცნობილ პიროვნებებთან და თავადაც იმყოფებოდა იქ. როგორც ვხედავთ, ახალი პაპი წმინდა მიწაზე არსებულ მდგომარეობას იცნობდა არა წერილებიდან ან ელჩების პირიდან, არამედ თავად იყო თვითმხილველი იქ არსებული ვითარებისა. აქედან გამომდინარე, არ უნდა იყოს გასაკვირი მისი განსაკუთრებული მონდომება ახალი ჯვაროსნული ლაშქრობის ორგანიზების საქმეში.
1. როგორც ცნობილია, ლუი IX-მ გადაწყვიტა არა წმინდა მიწაზე შეტევა, არამედ ტუნისზე, თუმცა აფრიკაში ჯარის გადასხმიდან მალევე არმიაში ეპიდემიამ იფეთქა, რომელსაც 1270 წლის 25 აგვისტოს თავად საფრანგეთის მონარქიც შეეწირა.
2. იგულისხმება მომავალი ინგლისის მეფე ედვარდ I, რომელმაც ლუი IX-სთან ერთად აიღო ჯვარი და ჩაერთო მერვე ჯვაროსნულ ლაშქრობაში. აღსანიშნავია, რომ გრიგოლ X-მ თავისი გეგმები ჯვაროსნულ ლაშქრობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ლიონის საეკლესიო კრებამდე, 1272 წლის 31 მარტს, წერილით ამცნო ინგლისის მონარქს. P. B. Baldwin. Pope Grigory X and the Crusades. გვ. 102
3. უილიამ ტრიპოლელი – დომინიკანელი ბერი და მისიონერი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა აკრაში. იგი ერთი პერიოდი ლუი IX-ის მრჩეველიც იყო აღმოსავლეთის საკითხებში. პაპმა გრიგოლ X-მ უილიამ ტრიპოლელი კიდევ ერთ დომინიკანელ ბერსა და ვენეციელ ვაჭარ მარკო პოლოსთან ერთად დიდ ყაენ ყუბილაისთან გაგზავნა. გზაში ბერებისთვის ცნობილი გახდა, რომ ომი ეგვიპტის სულთან ბეიბარსთან განახლდა და ისინი იძულებული გახდნენ უკან, აკრაში დაბრუნებულიყვნენ, ხოლო მარკო პოლომ გზა განაგრძო.
4. P. B. Baldwin. Pope Grigory X and the Crusades. გვ. 54-56
5. P.B. Baldwin. Pope Grigory X and the Crusades. გვ. 57. ფსალმუნის ქართული თარგმანი შესრულებულია ბიბლიის თარგმანის ინსტიტუტის მიერ. http://www.orthodoxy.ge/tserili/gadasatseri/dzveli/fsalmunni/fsalmunni-136.htm
6. P.B. Baldwin. Pope Grigory X and the Crusades. გვ. 52-5
მიუხედავად იმისა, რომ წმინდა მიწიდან დაბრუნებულ პაპს ჯერ კიდევ ვიტერბოში მიმავალს მიეგება, გრიგოლ X-ის პონტიფექსად არჩევა მაინც არ გახარებია შარლ ანჟუელს. რისიმთავარი მიზეზი ის იყო, რომ ამით მის ბიზანტიურ გეგმებს საფრთხე დაემუქრა. სამაგიეროდ, ეს ფაქტი სასიხარულო აღმოჩნდა მიხეილ პალეოლოგისათვის, რომელიც სიცილიის მეფისგანყოველ წამს მოელოდა საფრთხეს.1
ამ გულწრფელი სიხარულის გამომხატველი უნდა ყოფილიყო იმპერატორის მიერ პაპისთვის გაგზავნილი წერილი, სადაც იგი გრიგოლს ულოცავდა პაპადარჩევას და ამცნობდა თავის სურვილს ორ ეკლესიას შორის მშვიდობის დამყარებისა და ურწმუნოების წინააღმდეგ დახმარების აღმოჩენის შესახებ.2
თავის მხრივ, პაპიც ცდილობდა ურთიერთობის გამოსწორებას აღმოსავლეთის ეკლესიასთან. პაპად კურთხევიდან ოთხი დღის შემდეგ პაპმა ყველას ამცნო, რომ ორი წლის განმავლობაში მოწვეულ იქნებოდა საეკლესიო კრება, რომელზეც უმთავრესი განსახილველი საკითხები იქნებოდა: ეკლესიის რეფორმა, რომსა და კონსტანტინოპოლს შორის უნიის მიღწევა და ჯვაროსნული ლაშქრობა.3
გრიგოლ X-ის მიერ ჩაფიქრებული საეკლესიო კრება მართლაც გაიმართა მისი პაპად კურთხევიდან ორი წლის ვადაში. 1274 წლის 7 მაისს ლიონში გაიხსნა ერთ-ერთი ყველაზეწარმომადგენლობითი საეკლესიო კრება – ლიონის მეორე საეკლესიო კრება.4 კრებას ესწრებოდნენ ბიზანტიის ეკლესიის წარმომადგენლები და აბაღა ყაენის მიერ წარგზავნილი ელჩები.5
მიუხედავად იმისა, რომ გრიგოლ X, განსხვავებით მისი წინამორბედი კლიმენტი IV-ისაგან, კონსტანტინოპოლის დაბრუნებას ერთიან ეკლესიაში მედიდურად არ მოითხოვდა და უნიას აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიებს შორის უძღები შვილის ერთიან ქრისტიანულ ოჯახში დაბრუნებას ადარებდა, მიხეილ VIII პალეოლოგს მაინც გაუჭირდა ლიონის მეორე საეკლესიოკრებაზე გასაგზავნი წარმომადგენლების შეგროვება.6
1274 წლისათვის მან მხოლოდ მცირე ჯგუფის შემოკრება შეძლო გარშემო. მათ შორის ყველაზე გამორჩეული იყო კონსტანტინეპოლის მომავალი პატრიარქი იოანე XI, რომელსაც ერთ დროს იმპერატორთან უნიის გამო დაპირისპირება ჰქონდა.7
ლიონის მეორე საეკლესიო კრებაზე ბიზანტიის წარმომადგენლებს შორისშედიოდა გიორგი აკროპოლიტი (1217-1282) ბიზანტიელი ისტორიკოსი, რომელსაც ეკუთვნის ნაშრომი სახელწოდებით „ისტორია“. ორთოდოქსული ეკლესიის წარმომადგენელი იყვნენ პატრიარქი გერმანე III და თეოფანე – ნიკეის ეპისკოპოსი. დელეგაცია კონსტანტინეპოლიდან ლიონის მიმართულებით გრიგოლ X-სთვის განკუთვნილი საჩუქრებით დატვირთული ორი გემით გავიდა, თუმცა შტორმში მოჰყვა, რის გამოც იძულებული გახდნენ, ნაცვლად ლიონისა, ჯერ იტალიაში მისულიყვნენ. ამის გამო მათ ვერ ჩაუსწრეს კრების დაწყებას. დელეგაციამ მხოლოდ1274 წლის 24 ივნისს ჩააღწია დანიშნულების ადგილას. მათ პაპს გადასცეს იმპერატორ მიხეილ VIII პალეოლოგისა და მისი ვაჟის, ანდრონიკეს მორჩილების ფიცი, რის შემდეგაც კარდინალმა ბონავენტურამ ქრისტიანული სამყაროს გაერთიანება იქადაგა, ხოლო გრიგოლ X-მ დიდი სიხარული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ კონსტანტინეპოლის ეკლესია ნებაყოფლობით, ყოველგვარი ფინანსური დაინტერესების გარეშე დასთანხმდა უნიას.
1. Nicol D.M. The last centuries of Byzantium 1261-1453. გვ. 55
2. Nicol D.M. The last centuries of Byzantium 1261-1453. გვ. 53
3. Nicol D.M. The last centuries of Byzantium 1261-1453. გვ. 53
4. აღსანიშნავია, რომ გრიგოლ X ესწრებოდა ლიონის პირველ საეკლესიო კრებასაც, რომელიც 1245 წელს პაპ ინოკენტი IV-მ მოიწვია. P. B. Baldwin. Pope Grigory X and the Crusades. გვ. 40
5. Goyau, G. Second Council of Lyons (1274). 1910. In The Catholic Encixlopedia. New York: Robert Appelton Company. Retrieved January 9, 2020 from New Advent: http://www.newadvent.org/cathen/09476c.htm
6. Nicol D.M. The last centuries of Byzantium 1261-1453. გვ. 53-56
7. ეს დაპირისპირება იქამდეც კი მივიდა, რომ იმპერატორმა იოანე ბეკოსი (მომავალი იოანე XI) ციხეში გამოკეტა. იქ ეს უკანასკნელი გაეცნო დასავლელი მამების ნაშრომებს და იქიდან მხოლოდ ის მონაკვეთები ამოკრიფა, სადაც ხაზგასმული იყო დასავლურ და აღმოსავლურ ეკლესიებს შორის რწმენის კავშირი. Nicol D.M.The last centuries of Byzantium 1261-1453. გვ. 55
ვფიქრობთ, შეუძლებელია, გრიგოლ X-ს არ სცოდნოდა იმ რთული პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ, რომელშიც ბიზანტია იმყოფებოდა. დასავლეთიდან მას ყოველ წამს ემუქრებოდა შარლ ანჟუელი, რომელსაც ერთადერთი, რაც აკავებდა, იმის შიში იყო, რომ შეიძლება, კონსტანტინეპოლის ეკლესია უნიის შესახებ დასთანხმებულიყო, როგორც მოხდა კიდეც. სიცილიის მმართველმა ისიც კარგად უწყოდა, რომ ერთიან ქრისტიანულ ეკლესიაში დაბრუნებულ ბიზანტიას დასავლეთში აღარ აღიქვამდნენ სქიზმატიკოსად. შესაბამისად, პაპის მხრიდან მის ბიზანტიაში შეჭრას უეჭველად უარყოფითი რეაქცია მოჰყვებოდა.1
ლიონის მეორე საეკლესიო კრებაზე, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ეკლესიების გაერთიანების გარდა, მიიღეს დადგენილება ჯვაროსნული ლაშქრობის ორგანიზებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ პაპის ენციკლიკა მისი წინამორბედების – ინოკენტი III-ის, გრიგოლ IX-ისა და ინოკენტი IV-ის მსგავსად, იმეორებდა ძირითად დადგენილებებს, მასში ასევეასახული იყო ახალი ტენდენციები. კერძოდ, ნაცვლად მანამდე მიღებული საყოველთაო ქადაგებისა, ამჯერად მთავარი აქცენტი კეთდებოდა ურწმუნოების წინააღმდეგ მიმართული ბრძოლის დაფინანსებისთვის საჭირო თანხების მოძიებაზე.2
ზემოთ აღნიშნული სიახლეებიდან გამომდინარე, საჭიროდ მიგვაჩნია ამ პროექტის ვრცლად მიმოხილვა.1274 წელს ლიონის მეორე საეკლესიო კრებაზე მიიღეს პაპის დადგენილება – „Pro Zelofidei“. მასში პაპი საზოგადოებას ამცნობდა იმ რთული მდგომარეობის შესახებ, რომელიც შექმნილი იყო წმინდა მიწაზე და მოუწოდებდა ყველა ქრისტიანს, ვისაც, გული შესტკიოდა, ჩართულიყო ახალ ექვსწლიან ფინანსურ გეგმაში, რომლის საბოლოო მიზანსაც წმინდა მიწის ეგვიპტის სასულთანოს ხელიდან გამოხსნა წარმოადგენდა. „ისინი ულმობლად ხოცავენ ქრისტიანებს, რითაც ანრისხებენ შემოქმედს, აბუჩად იგდებენ და ამწუხრებენ ყველას, ვინც აღიარებს კათოლიკურ რწმენას. „სადაა ქრისტიანთა ღმერთი?“ სარკინოზთა მუდმივი საყვედურია, როცამათ აწვალებენ“, – ამბობდა პაპი. გრიგოლ X, თავისი სიტყვების განსამტკიცებლად, იმასაც უმატებდა, რომ მას არა მხოლოდ სხვათაგან გაუგონია ქრისტიანთა წამების ამბები, არამედ საკუთარი თვალითაც უნახავს იგი.3
პაპ გრიგოლ X-ის დადგენილებით, ფინანსების მოძიების მიზნით, თითოეული ეკლესიის შემოსავლის მეათედი ექვსი წლის განმავლობაში მთლიანად წმინდა მიწის გათავისუფლების საქმეს უნდა მოხმარებოდა. აღნიშნული 6 წლის მანძილზე ყველა საეკლესიო პირი, განურჩევლად წოდებისა და მდგომარეობისა, ყოველგვარი შეღავათისა და პრივილეგიისგან თავისუფლდებოდა. თითოეული მათგანი ვალდებული იყო, გადაეხადა ეკლესიის შემოსავლის მეათედიშემდეგი წესით: პირველი ნახევარი – ქრისტეშობისას, მეორე კი – იოანე ნათლისმცემლის დღესასწაულზე. დოკუმენტი მეფეებს, მარკიზებს, გრაფებს, ბარონებს, მაგისტრებს, გუბერნატორებსა და სხვა საერო ლიდერებს მოუწოდებდა, გადასახადის სახით, თავიანთი იურისდიქციის ქვეშ მყოფთაგან ოქროს მონეტები შეეგროვებინათ. თითოეული მორწმუნე თავის საცხოვრებელი გარემოებებისა და ჩვეულებების მიხედვით გადაიხდიდა 1 დინარს ან 1 სტერლინგს. ამასთანავე, თუკი ვინმე, გამიზნულად თუ გაუცნობიერებლად, ხელს შეუშლიდა ამ თანხის შეგროვებას, ანათემაზე გადაცემითა და ეკლესიიდან განკვეთით დაისჯებოდა. გარდა საეკლესიო და საერო პირებისათვის გადასახადის დაწესებისა, გრიგოლ X თავის ენციკლიკაში ბრძანებდა იმ ადამიანების დასჯასაც, რომლებიც მეკობრეებთან ვაჭრობდნენ, ეხმარებოდნენ მათ რჩევებით ან მართავდნენ მათ გალერებს. პაპის თქმით, ეს ის მეკობრეები იყვნენ, რომლებიც ხელს უშლიდნენ ქრისტიანებს წმინდა მიწაზე მოგზაურობაში. ატყვევებდნენ და ძარცვავდნენ მათ. პაპი განკვეთითა და ანათემით ემუქრებოდა მათაც, ვინც სარკინოზებთან იმ რკინითა და გალერებით ვაჭრობდა, რომლითაც შემდგომში ისინი თავს ესხმოდნენ და ანადგურებდნენ ქრისტიანებს. ასეთ ადამიანებს ჩამოერთმეოდათ ქონება და მონებად იქცეოდნენ.
1. Nicol D.M. The last centuries of Byzantium 1261-1453. გვ. 55-57
2. Mikolaj cladysz. The Forgotten Crusaders: Poland and the Crusader Movement in the twelfth and thirteenthcenturies. 2012. Brill. გვ. 360
3. https://www.papalencyclicals.net/councils/ecum14.htm
როგორც ვხედავთ, გრიგოლ X-მ წამოაყენა ეგვიპტისათვის ემბარგოს დაწესების იდეა, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული 1291 წლის 18 მაისს, ანუ აკრას დაცემის შემდეგ ხდება. საინტერესოა, რომ, მიუხედავად მკაცრი სასჯელისა, პაპმა დაუშვა გამონაკლისი. კერძოდ, პაპის ენციკლიკაში ვკითხულობთ, რომ ემბარგოს წესების დამრღვევთა გადასარჩენად ერთადერთი გამოსავალი იმ ფულის ჯვაროსნებისთვის გაგზავნა იყო, რომელიც ამ „წყეული“ საქმისთვის აიღეს. ეს, პაპის აზრით, საკმარისი იქნებოდა მათი ცოდვების გამოსასყიდად.1
პაპ გრიგოლ X-ის მიერ შედგენილ ჯვაროსნული ლაშქრობის პროგრამაში გაწერილი იყო მოძღვრების როლიც. პაპი თვლიდა, რომ თითოეული ბერი, რომელიც მრევლის აღსარებას ისმენდა, პრივილეგირებული იყო, რადგან ეს ფაქტი მას შესაძლებლობას აძლევდა, გაეერთიანებინა მასზე დაქვემდებარებულნი და ეკარნახა მათთვის, თუ როგორ მოენანიებინათ ცოდვები. ცოდვების მონანიების გზა კი კვლავ ფინანსურ მსხვერპლშეწირვაზე გადიოდა. მრევლს, ცოდვების გამოსასყიდად, ფული წმინდა მიწის დახსნისთვის განკუთვნილ და ეკლესიაში განთავსებულ ყუთში უნდა მოეთავსებინა. შესაწირ ყუთს სამი გასაღები ექნებოდა, რომელთაგან ერთი ეპისკოპოსს უნდა ჰქონოდა შენახული, მეორე – მონასტრის მღვდელს, მესამე კი – რომელიმე ღვთისმოსავ ადამიანს (არასასულიერო პირს – გ.ე.). გარდა ამისა, მოძღვრებს შეეძლოთ დაერწმუნებინათისინი, ვინც სიკვდილის მოახლოებას გრძნობდნენ, ანდერძის შედგენისას, სურვილისამებრ, თავიანთი ქონების ნაწილი წმინდა მიწის დასახმარებლად დაეტოვებინათ. ინდულგენციების მოპოვება შეეძლოთ მათაც, ვინც წმინდა მიწის გათავისუფლებისთვის ღირებულ რჩევას მისცემდა რომის კურიას, ეგვიპტის სულთანატის დამარცხებისთვის დაუთმობდა პაპს თავის გეგმებს ან ამავე მიზნით ხომალდების მშენებლობას დაიწყებდა.2
ხშირ შემთხვევაში დაგეგმილი ჯვაროსნული ლაშქრობის ჩაშლის მიზეზი ქვეყნებს შიგნით ატეხილი დაპირისპირებები ან ევროპის მონარქებს შორის გაჩაღებული ომი იყო. გრიგოლ X-მ ეს ფაქტორიც გაითვალისწინა და მთელ მსოფლიოში ქრისტიანთა შორის მშვიდობის დაცვა ბრძანა. ამისთვის მან განაწესა სპეციალური საეკლესიო პრელატები, რომლებიც ექვსი წლის განმავლობაში დააკვირდებოდნენ და გააკონტროლებდნენ მშვიდობის დამყარებას. ისინი, ვინც უარს იტყოდნენ მშვიდობაზე, პაპის რწმენით, განკვეთისა და მათი მიწების კონფისკაციის მუქარით, იძულებული გახდებოდნენ, დამორჩილებოდნენ საეკლესიო პრელატებს. თუკი ეს არ იქნებოდა საკმარისი, მაშინ გრიგოლ X ემუქრებოდა საერო ხელისუფალთ, რომ საეკლესიო ხელისუფლება მოიხმარდა თავის საერო ძალაუფლებას მათ წინააღმდეგ, როგორც „ჯვარცმული საქმის მოწინააღმდეგეებისა“.3
გრიგოლ X ახალ ჯვაროსნულ ლაშქრობაში ვარაუდობდა, როგორც დასავლელი მეფე-მთავრების, ასევე აღმოსავლელი ქრისტიანებისა და მონღოლების ჩართვას. ჟან რიშარი შენიშნავდა, რომ პაპის ჯვაროსნული ლაშქრობის იდეის წარმატება დამოკიდებული იყო მონღოლებთან ალიანსზე.4
ბოლდუინი მონღოლებთან დასავლეთის ალიანსზე ვრცლად საუბრობს და აღნიშნავს, რომ მონღოლებთან ალიანსი აუცილებელიც კი ჩანდა იმ დროისთვის. ის კითხულობს: „როგორ შეეძლოთ წარმოედგინათ ქრისტიანებს მამლუქებზე თავდასხმა და შესაძლო წარმატება, რეგიონში ყველაზე ძლიერი – მონღოლთა დახმარების გარეშე?“5
იმის გათვალისწინებით, რომ ილხანატი სასულთნოს მტერი იყო და დასავლეთის მიმართულებით თავისი ექსპანსიური ზრახვებიც ჰქონდა, იგი რომისთვის ავტომატურ მოკავშირედ იქცეოდა.6 აქედან გამომდინარე, მართებულად არ მიგვაჩნია პიტერ ჯექსონის შენიშვნა, რომ ყაენ აბაღას წარმომადგენლების ვიზიტი ლიონის მეორე საეკლესიო კრებაზე დაუგეგმავი იყო.7
1. https://www.papalencyclicals.net/councils/ecum14.htm
2. https://www.papalencyclicals.net/councils/ecum14.htm
3. https://www.papalencyclicals.net/councils/ecum14.htm
4. Richard Jean. The Crusades c. 1071 – c. 1291. Cambridge. 1999.გვ. 441
5. P. B. Baldwin. Pope Grigory X and the Crusades. გვ. 277
6. 1 P. B. Baldwin. Pope Grigory X and the Crusades. გვ. 277
7. Peter Jackson. The Mongols and The West, 1221 –1410. Routledge. New York. 2014. გვ. 167
აბაღა ყაენმა ლიონის საეკლესიო კრებაზე თავისი წარმომადგენლები გააგზავნა, რომლებსაც თან ყაენის წერილი ჰქონდათ. სამწუხაროდ, უცნობია ელჩობის მიზანი, თუმცა შეგვიძლია საფუძვლიანი ეჭვი გამოვთქვათ იმასთან დაკავშირებით, რომ ის მომავალი ჯვაროსნული ლაშქრობის ორგანიზებას ეხებოდა. ამას მოწმობს გრიგოლ X-ის საპასუხო წერილიც, რომელიც1275 წლის 13 მარტით თარიღდება.1 მასში ვკითხულობთ: „რაც შეეხება იმ პრობლემებს, რაზეც თქვენი გულმოწყალება გვიყვებოდა შიკრიკებისა და ზემოთხსენებული წერილების მეშვეობით, ჩვენ ვგეგმავთ, ქრისტიანთა არმიის მოსვლამდე, გამოვაგზავნოთ თქვენთან ჩვენი ლეგატები, რამდენადაც შესაძლებლობა გვექნება. და ისინი შეძლებენ სრულად გასცენ პასუხი თქვენს უმაღლესობას ამ საკითხებზე“.2
როგორც ჩანს, დასავლეთში მონღოლების მიმართ კვლავ უნდობლობა სუფევდა. ვფიქრობთ, სწორედ ნდობის მოპოვების მიზნით უნდა მონათლულიყო კრების მიმდინარეობისას აბაღა ყაენის მიერ გაგზავნილი 16 ელჩიდან სამი, ოსტიის ეპისკოპოსის, მომავალი ინოკენტი V-ის ხელით. ჯორჯ ლეინის მიერ მონღოლთა ეს მოქმედება შეფასებულია, როგორც დასავლეთის ეკლესიის ლიდერებზე შთაბეჭდილების მოხდენის მცდელობა.3
ვფიქრობთ, ჩვენი შეხედულებისგან სამტკიცებლად ისიც კმარა, რომ აბაღა ყაენი ელჩების პირით ამცნობდა კრების მონაწილეებს, რომ წარსულში, ჯვაროსნების დასახმარებლად გამზადებულს,4 ხელი შეუშალა სხვა საზღვრებზე არსებულმა პრობლემებმა. გარდა ამისა, იგი დასავლეთს შეახსენებდა ჰულაგუ ყაენის განსაკუთრებულ სიახლოვეს ქრისტიანებთან.5
ამრიგად, სწორედ ამ გზით ცდილობდა მონღოლთა ყაენი დასავლეთში გაჩენილი ეჭვები გაექარწყლებინა და მის სანდოობაში დაერწმუნებინა. როგორც ვნახეთ, ლიონის მეორე საეკლესიო კრებაზე ყაენ აბაღას ელჩებიც იმყოფებოდნენ, რომლებსაც დაბრუნების შემდეგ თავიანთი ბატონისთვის უნდა ემცნოთ პაპის განზრახვისშესახებ. ვფიქრობთ, 1276 წლის დასაწყისში სწორედ გრიგოლ X-ის მიერ დაგეგმილ ახალჯვაროსნულ ლაშქრობაში ჩართვის სურვილის უწყების მიზნით უნდა ყოფილიყვნენ წარგზავნილნი მონღოლთა ყაენ აბაღას მხრიდან დესპანებად ძმები – იაკობ და იოანე ვასალები. ელჩებს პაპ გრიგოლ X-ისთვის ვერ ჩაუსწრიათ, რადგან იგი 1276 წლის დასაწყისში გარდაცვლილა და მის ნაცვლად პონტიფექსის ტახტზე ინოკენტი V ასულა, რომელიც ასევე ხანმოკლე მმართველობით შემოიფარგლა და ხუთ თვეში მოკვდა. არც მის მომდევნო პაპს – ადრიანე V-ს დასცალდა დიდხანს ყოფნა პაპის ტახტზე, ერთ თვეში ისიც გარდაიცვალა, პონტიფექსი კი იოანე XXI გახდა, რომელთანაც მონღოლთა ყაენის მიერ გაგზავნილი ელჩების პირველი ვიზიტი 1276 წლის ნოემბერში ვიტერბოში შედგა. მათ პაპს აუწყეს, რომ აბაღა ყაენს სურვილი ჰქონდა, ალიანსი შეეკრა ქრისტიანებთან. ამასთანავე, ელჩებმა წერილი გაუგზავნეს ევროპელ, ქრისტიან მთავრებს და იმედი გამოთქვეს, რომ მალე მათაც ეწვეოდნენ.6
1. RGX. N. 577 gv. 250. Amitai-Preiss. Mongols and Mamluks: The Mamluk-Ilkhanid War, 1260-1281.Cambridge University Press. 2005. გვ. 100
2. P. B. Baldwin. Pope Grigory X and the Crusades. გვ. 278
3. George Lane. Early Mongol Rule in thirteenth-Century Iran: A Perssian Renaissance. 2003. London and NewYork. Routledge Curzon. გვ. 50
4. იგულისხმება მერვე ჯვაროსნული ლაშქრობა, რომელსაც ლუი IX-ის გარდაცვალების შემდეგ სათავეში მომავალი ედვარდ I ჩაუდგა. მონღოლები და ჯვაროსნები შეთანხმდნენ ურთიერთდახმარებაზე, თუმცა მოულოდნელად მონღოლებმა უკან დაიხიეს, ხოლო ედვარდ I იძულებული გახდა, წინსვლა შეეჩერებინა და 1272 წელს პალესტინიდან გაბრუნებულიყო. Peter Jackson. The Mongols and The West, 1221 –1410. Routledge. NewYork. 2014. gv. 167
5. George Lane. Early Mongol Rule in thirteenth-Century Iran: A Perssian Renaissance. 2003. London and NewYork. Routledge Curzon. გვ.50
იაკობ და იოანე ვასალები საფრანგეთში ფილიპე III-ის სამეფო კარზე იმყოფებოდნენ. ამას ამტკიცებს გიიომ დე ნანჟისა1 და სენ-დენის ქრონიკები. მიუხედავად იმისა, რომ ისინი განსხვავებულ ცნობებს გვაწვდიან ელჩების წარმომავლობის შესახებ, მათში მოცემული ინფორმაციიდან გამომდინარე, შეგვიძლია იმის თქმა, რომ ძმები ვასალები ნამდვილად იმყოფებოდნენ ფილიპე III-ის კარზე.საფრანგეთიდან იოანე და იაკობ ვასალები ინგლისში გადასულან ედვარდ I-თან. ამას ცხადყოფს იოჰან ოქსენედელის ქრონიკის ცნობები.2
აქედან ვასკვნით, რომ თათრების მეფისელჩებს ინგლისის მონარქისთვის გადაუციათ ყაენის ბოდიში 1271 წელს მასთან თანამშრომლობის უუნარობის გამო.3
დესპანებს ედვარდ I-ისთვის ილხანების პროტეჟე სომხეთის მეფე ლეო III-ის წერილიც მიუტანიათ.4 ამის შემდეგ ისინი კვლავ ესტუმრნენ პაპ იოანე XXI-ს, რომელსაც სთხოვეს, გაეგზავნა ორივე ილხანიდისთვის – აბაღასა და ბიძამისი ყუბილაისთვის პერსონალური ინსტრუქციები. ამდენად, მათი ელჩობის ერთ-ერთი მიზანი ფრანცისკანული მისიის ჩამოყალიბებაც უნდა ყოფილიყო.5
1277 წელს, მას შემდეგ, რაც მათ ინახულეს პაპი იოანე XXI, ისინი შარლ ანჟუელის გაგზავნილმა დესპანებმა გააცილეს.6 ჰორას მანი აღნიშნავს, რომ ჩვენ მიერ ზემოთ ნახსენები ელჩები ისლანდიაშიც ყოფილან, ერიკ ნორვეგიელთან. ამის შესახებ საუბარია ისლანდიურ ანალებში.7
ანალებში მართლაც არის ცნობა თათართა მიერ გაგზავნილი ელჩების ისლანდიაში ვიზიტთან დაკავშირებით, თუმცა იგი თარიღდება არა 1276 ან 1277 წლებით, ანუ, როდესაც ჩვენ მიერ განხილული ელჩობა მიმდინარეობდა, არამედ 1286 წლით. მასში ვკითხულობთ: „თათრების მეფის ლეგატები მეფე ერიკთან ნორვეგიაში მოვიდნენ“.8
ანალების ავტორი მხოლოდ მოცემული წინადადებით შემოიფარგლება ამ ელჩობაზე საუბრისას, რაც დესპანების ვინაობის დადგენას ძალზე ართულებს. ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუკი ჩვენ მიერ ზემოთ ნახსენები ძმები – იაკობ და იოანე ვასალები 1286 წელს მართლაც იმყოფებოდნენ ისლანდიაში, მეფე ერიკთან, სად იყვნენ თითქმის მთელი 10 წლის განმავლობაში? რატომ არსად არ ფიქსირდება მათი კვალი? გარდა ამისა, ნაკლებ სავარაუდოა ყაენ აბაღას ამდენი ხნით გაეგზავნა ელჩობა დასავლეთში. ასევე, არ არის გამორიცხული, ისლანდიაში სხვა ელჩობა ჩასულიყო და არა მაინცდამაინც ძმები ვასალებისა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ანალების ავტორი ელჩების სახელებს არ ასახელებს. მიუხედავად ამისა, არ უნდა გამოვრიცხოთ სხვა შესაძლებლობებიც. კერძოდ, შესაძლებელია, ანალების ავტორს ზუსტად არ ახსოვდა მოცემული ვიზიტის წელი, ამიტომაც შეცდომით მიაკუთვნა გვიანდელ პერიოდს. ნაკლებ სავარაუდოა, თუმცა ასევე შესაძლებელია, მონღოლებს მეორედ გაეგზავნათ იგივე ელჩობა, რომელიც ისლანდიაშიც ჩავიდოდა 1286 წელს. მართალია, ედვარდ I იმედოვნებდა ახალ ჯვაროსნულ ლაშქრობაში გამგზავრებას, მაგრამ არც ის და არც საფრანგეთის მეფე – ფილიპე III მზად არ იყვნენ ამის უმალ გასაკეთებლად. პაპის კურიაზე დიდ გავლენას ახდენდა შარლ ანჟუელი, რომელსაც, თავის მხრივ, მონღოლები არ მოსწონდა. ის იმედოვნებდა სულთან ბეიბარსთან შეთანხმების გაფორმებას.1
1. Cronique Latine de Guillaume de Nangis da 1113 à 1300: avec les continuations de cette chronique de 1300 à 1368. Paris J. Renouard. 1843. t. I. გვ. 248
2. Chronica Johannis de Oxenedes. Ed. H. Ellis, RS. London. 1859. გვ. 250
3. Peter Jackson. The Mongols and The West, 1221 – 1410. Routledge. New York. 2014. გვ. 168
4. Peter Jackson. The Mongols and The West, 1221 – 1410. Routledge. New York. 2014. გვ. 174
5. Peter Jackson. The Mongols and The West, 1221 – 1410. Routledge. New York. 2014. გვ. 175
6. Peter Jackson. The Mongols and The West, 1221 – 1410. Routledge. New York. 2014. გვ. 168
7. Horace Kinder Mann. The Lives of the Popes in the Middle Ages. Vol. XVII. London. 1931. გვ. 40
8. „Legati a rege Tartarorum ad regem Ericum in Norregiam venerunt.”Annales islandici: Ab Anno Christi 803 ad
Annum 1430. 1847. გვ.163
ელჩების ვინაობასთან დაკავშირებით, ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომისინი წარმოშობით ქართველნი უნდა ყოფილიყვნენ. ამ აზრს იზიარებდნენ ფრანგი ისტორიკოსები: ჟან რიშარი,2 სტივენ რანსიმენი3 და ჰორას მანი.4
აღსანიშნავია ისიც, რომ ჟან რიშარი თავის ფრანგულენოვან ნაშრომში, რომელიც 1996 წელსაა გამოცემული, არაფერს ამბობს ძმები ვასალების ქართველობაზე,5 ხოლო ინგლისურენოვან მონოგრაფიაში, რომელიც ოდნავ მოგვიანებითაა დაბეჭდილი, იაკობ და იოანე ვასალებს ქართველებად მოიხსენიებს.6
სავარაუდოა, რომ მას ხელში უნდა ჩავარდნოდა რომელიმე პირველწყარო, რომელზე დაყრდნობითაც მსგავს დებულებას განავითარებდა. სამწუხაროდ, ჟან რიშარის მოცემულ მტკიცებას თან არ ახლავს სათანადო დამოწმება. მიუხედავად ამისა, შეიძლება ფრთხილი ვარაუდის გამოთქმა იმასთან დაკავშირებით, რომ იგი ძმებ ვასალებს ქართველებად გიიომ დე ნანჟის წყაროზე დაყრდნობით მიიჩნევდა. მიუხედავად ამისა, ისტორიკოსთა ნაწილს მიაჩნია, რომ ძმები ვასალები ბერძნები უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა მათი არგუმენტები საკმაოდ სუსტია.7
ლ. ლოკჰარტი თავისი სტატიისსქოლიოში საუბრობს იმაზე, რომ, სენ-დენის ქრონიკის თანახმად, ეს ელჩები ბერძნები უნდა იყვნენ, ხოლო გიიომ დე ნანჟის ნაშრომის მიხედვით – ქართველები. აქვე ლოკჰარტი აღნიშნავს, რომ თავად ეს სახელები – იაკობი და იოანე ქართული სახელები არ არის. სამწუხაროდ, კვლევისას, სენ-დენის ქრონიკის მხოლოდ ხელნაწერი ვერსია გვქონდა, რის გამოც იქიდან ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციის ამოკითხვა ვერ მოვახერხეთ. ამდენად, ამ პირველწყაროზე მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ მასში ძმები ვასალები ბერძნებად არიან მოხსენიებულნი.8 სამაგიეროდ, ხელთ გვქონდა მეორე, ასევე ფრანგული პირველწყარო გიიომ დე ნანჟის ქრონიკის სახით. ფრანგი ქრონისტის, გიიომ დე ნანჟის ქრონიკაში ვკითხულობთ: „ღმერთმა უწყის, მართლაც იყვნენ თუ არა ისინი ნამდვილი შიკრიკნი ან მსტოვარნი. ყოველ შემთხვევაში, ისინი ნამდვილად არ იყვნენ თათრები, არც ეროვნებით, არც წეს-ჩვეულებებით, არამედ იყვნენ ქრისტიანები ქართველთა სექტიდან, რომლებიც თათრების ნაციის მიერ არის დამორჩილებული და დაქვემდებარებული“.9
თუკი მოცემულ პირველწყაროს შესახებ, ჯორჯ ლეინის მიერ ნაშრომში მოტანილი ინგლისური თარგმანიდან გამომდინარე, შეიძლება ეჭვი გაგვჩენოდა,10 რომ ძმები ვასალები მართლაც ბერძნები იყვნენ, როგორც ეს სენ-დენის ქრონიკაშია ნათქვამი, ზემოთ განხილული ლათინური თარგმანიდან ყველაფერი ცხადი ხდება. ჩვენეული თარგმანის სისწორეში გვარწმუნებს მოცემული ციტატის დასასრულიც: „რომლებიც თათრების ნაციის მიერ არის დამორჩილებული და დაქვემდებარებული“.11
1. Stiven Runsiman. History of Crusades: The kingdom of Acre and the later Crusades. Vol. 3. 1954. გვ. 347
2. Richard Jean. Histoire des croisades. Fayard. 1996. გვ. 452
3. Stiven Runsiman. History of Crusades: The kingdom of Acre and the later Crusades. Vol. 3. 1954. გვ. 347
4. Horace Kinder Mann. The Lives of the Popes in the Middle Ages. Vol. XVII. London. 1931. gv. 40
5. Richard Jean. Histoire des croisades. Fayard. 1996. გვ. 452
6. Richard Jean. The Crusades c. 1071 – c. 1291. Cambridge. 1999. გვ. 452
7. L. Lockhart. The Relations between Edward I and Edward II of England and the Mongol Il-Khans of Persia. გვ. 24
8. am daskvnas vakeTebT l. lokhartis naSromze dayrdnobiT:L. Lockhart. The Relations between Edward Iand Edward II of England and the Mongol Il-Khans of Persia. გვ. 24
9. Cronique Latine de Guillaume de Nangis da 1113 à 1300: avec les continuations de cette chronique de 1300 à1368. Paris J. Renouard. 1843. t. I.გვ. 248 (xazgasma yvelgan Cemia g.e.)
10. „Were they really envoys or spies God knows. At least they were not Tartars, either by birth or manners, but
Christians of the sect of Georgians“. „ღმერთმა უწყის იყვნენ თუ არა ისინი შიკრიკნი ან მსტოვარნი, ყოველშემთხვევაში, ისინი ნამდვილად არ იყვნენ თათრები, არც წარმოშობით და არც ქცევის ნირით, არამედ ქართველთასექტის ქრისტიანები.” George Lane. Early Mongol Rule in thirteenth-Century Iran: A Perssian Renaissance. 2003.London and New York. Routledge Curzon. გვ. 5
11. Cronique Latine de Guillaume de Nangis da 1113 à 1300: avec les continuations de cette chronique de 1300 à1368. Paris J. Renouard. 1843.t. I. gv. 248
თუკი ძმები ვასალები მართლაც ბერძნები იყვნენ, უცნაურია, რატომ მოიხსენიებს მათ გიიომ დე ნანჟი თათრებზე დაქვემდებარებულად. ამ დაქვემდებარების მანიშნებელი უნდა იყოს ტერმინი „ვასალიც“, რომლითაც ძმები მოხსენიებულნი არიან ედვარდ I-ისათვის ვიტერბოდან გაგზავნილ წერილში, რომელიც 1276 წლის 25 ნოემბრით თარიღდება.2
თუკი აბაღაყაენის მიერ ევროპაში გაგზავნილი წარმომადგენლობის მეთაური ძმები ბერძნები იქნებოდნენ, მაშინ რთული წარმოსადგენია, მათ თავი აბაღას ვასალებად მოეხსენიებინათ, როგორც ამას ინგლისის მეფისათვის გაგზავნილ წერილში აკეთებენ. ასევე, ნიშანდობლივია ისიც, რომ გიიომ დე ნანჟი, ელჩების რწმენაზე საუბრისას, მათ მოიხსენიებს არა როგორც ქრისტიანებს ბერძენთასექტიდან, არამედ შენიშნავს, რომ ისინი იყვნენ „ქრისტიანები ქართველთა სექტიდან“. თუკი ქრონიკის ავტორს სურდა, ხაზი გაესვა იმისთვის, რომ ელჩები მართლმადიდებლური რწმენის მიმდევრები იყვნენ, ლოგიკურია, ამას ბევრად მარტივად გააკეთებდა, თუ აღნიშნავდა, რომ ძმები ბერძნული სექტის ქრისტიანები იყვნენ და არა ქართველური. ქართველებზე აქცენტის გაკეთება კი, ვფიქრობთ, მათი ეროვნების ნათელსაყოფად იყო საჭირო. ბრიტანელი ისტორიკოსის, ლორენს ლოკჰარტის შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ სახელები – იოანე და იაკობი არ არის ქართული3, არგუმენტად არ გამოგვადგება, რადგან ისინი არც ბერძნული წარმოშობისაა. ზემოთნახსენები სახელები ბიბლიურია და იგი ერთნაირი წარმატებით შეიძლება რქმეოდა ქართველ, ბერძენ თუ სომეხ ელჩებს.
თუკი ზემოთ მოცემული მსჯელობა მართებულია, ჩნდება ლოგიკური კითხვა: რატომ გაგზავნა მონღოლთა ყაენმა აბაღამ ევროპაში მაინცდამაინც ქართველი ელჩები? რა თქმა უნდა, ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ აბაღას, ისევე როგორც დასავლეთს, სურდა ალიანსის შეკვრა ეგვიპტის სასულთნოს წინააღმდეგ. მიუხედავად საერთო პოლიტიკური ინტერესებისა, მათ შორის დამაბრკოლებელი გარემოება იყო განსხვავებული რელიგია, რის გამოც, როგორც აღვნიშნეთ, დასავლეთ კათოლიკური სამყაროს მხრიდან მონღოლთა ნდობა ნაკლები იყო. აქედან გამომდინარე, აბაღა ყაენი ყველანაირად ეცდებოდა ელჩებად იმ ადამიანების გაგზავნას, რომლებიც კთოლიკეებისათვის მისაღები და სანდონი იქნებოდნენ. ქართველები ამ დროს ჯერ კიდევ აღიქმებიან კათოლიკური სამყაროს ნაწილად, განსხვავებით ბერძნებისაგან. შესაბამისად, ქართველიძმების გაგზავნა, მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლები იყვნენ და არა კათოლიკეები, მიზანშეწონილი იქნებოდა მონღოლთათვის. გარდა ამისა, ისევე როგორც მონღოლებისა და ჯვაროსნების, საქართველოს ინტერესებშიც ყოველთვის შედიოდა წმინდა მიწის დახსნა ეგვიპტის სასულთანოს ხელიდან. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც, XIII საუკუნის 70-იანი წლებიდან, ჯვრის მონასტერი მეჩეთად გადაკეთდა.4
ცნობილია, რომ ქართველები შვიდი წლის განმავლობაში იბრძოდნენ ალამუთის ომში. ამასთანავე, მონღოლებთან ერთად, 1258 წელს, მათ მონაწილეობა მიუღიათ ბაღდადის აღებისათვის წარმოებულ ბრძოლებშიც.5 ეს ფაქტები, რა თქმა უნდა, ცნობილი იქნებოდა დასავლეთისთვის და, შესაბამისად, ქართველებს ისინი, უდავოდ, მოკავშირეებად აღიქვამდნენ ეგვიპტის წინააღმდეგ დაგეგმილ მოქმედებებში. აქედან გამომდინარე, აბაღა ყაენს ჯვაროსნული ლაშქრობის იდეის უცილობელი მოკავშირე ქვეყნიდან ელჩების გაგზავნა მხოლოდ წაადგებოდა თავისი გეგმების განხორციელებაში. ამრიგად, ელჩებად ქართველთა გასაგზავნად არაერთი მიზეზი არსებობდა, როგორც პოლიტიკური, ასევე რელიგიური. იმავეს ვერ ვიტყვით ბერძნებთან დაკავშირებით. „პირველმა სამმა ჯვარსონულმა ლაშქრობამ ბიზანტია-ჯვაროსნების ურთიერთობას ორმხრივი უნდობლობისა და ეჭვიანობის ღრმა საფუძვლები შეუქმნა“. მეოთხე ჯვაროსნულმა ლაშქრობამ კი საბოლოოდ გახ-ლიჩა ორი სამყარო ერთმანეთისაგან.6
ასეთ ვითარებაში ნაკლებ სავარაუდოა, აბაღა ყაენს ელჩებად ბერძნები მიევლინა დასავლეთში. ამრიგად, როგორც ვხედავთ, გრიგოლ X-ის მიერ 1274 წლის ლიონის მეორე საეკლესიო კრებაზე წარდგენილ ჯვაროსნული ლაშქრობის პროგრამას მონღოლთა მხრიდან სერიოზული გააქტიურება მოჰყვა. საქართველო კი იქცა მათ შორის შუამავალ ქვეყნად, რომელსაც უნდა უზრუნველეყო ორი მხარის დარაზმვა, გაერთიანება საერთო მიზნისკენ – ეგვიპტის სასულთნოს დამარცხებისკენ. რა თქმა უნდა, საქართველოს ჰქონდა თავისი მიზნები, რომლებიც ემთხვეოდა მომავალი ალიანსის წევრ-სახელმწიფოების გეგმებს. ეს ცნობილი იყო, როგორც ილხანთათვის, ასევე დასავლეთისთვისაც, ამიტომაც საქართველოს მათ შორის შუამავალი ქვეყნის როლი მიანიჭეს.
1. Jean et Jacques Vassal. Charles-Victor Langlois, Charles Kohler. Lettres inédites concernant les croisades (1275-1307). 1891.gv. 56-57
2. L. Lockhart. The Relations between Edward I and Edward II of England and the Mongol Il-Khans of Persia. გვ. 24
3. მამისთვალიშვილი ე. იერუსალიმის წმინდა ჯვრის მონასტერი. თბ. სამშობლო. 2016. გვ. 144-149
4. ჯავახიშვილი მ. საქართველო და დასავლეთ ევროპა XIV საუკუნის დასაწყისში (გვიანი ჯვაროსნული ლაშქრობა). ჟურნ. კადმოსი.№8. 2016. გვ. 170
5. პაპაშვილი მ. საქართველო დასავლეთის აღმოსავლური პოლიტიკისა და ეკლესიათა უნიის კონტექსტში (XIII-XIV საუკინის 30-იანი წლები). თბ. 2019. გვ. 18-19
Комментариев нет:
Отправить комментарий