მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საფრანგეთის კოლონიებში დაწყებულმა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ XX საუკუნის 50-იან წლებში შეუქცევადი სახე მიიღო. შარლ დე გოლი იმ იშვიათ პოლიტიკოსთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომელიც ამ მოვლენების დასაწყისიდანვე გრძნობდა, რომ კოლონიების შესანარჩუნებლად ძალის გამოყენება პრობლემას მხოლოდ გაახანგრძლივებდა, მაგრამ ვერ გადაწყვეტდა.
საფრანგეთის IV რესპუბლიკის პოლიტიკური კრიზისი და მისი დაცემა – ალჟირში განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა, სადაც, დამოუკიდებლობის მოთხოვნით, 1954 წლის 1 ნოემბერს დაიწყო შეიარაღებული ბრძოლა საფრანგეთის კოლონიური მმართველობის წინააღმდეგ.
საფრანგეთის ისტორიაში ალჟირს განსაკუთრებული ადგილი ეკავა, რადგან ის იყო პირველი აფრიკული ქვეყანა, რომელიც საფრანგეთმა XIX საუკუნის 30-იან წლებში დაიპყრო1. აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ფრანგი კოლონისტების რიცხვი2, რომელთა დიდი ნაწილი ამ ქვეყანას ლამის მეორე სამშობლოდ თვლიდა. ფაქტობრივად, ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრის (სასოფლო-სამეურნეო სავარგული მიწები, წიაღისეული) უდიდესი ნაწილი ფრანგების ხელში იყო, გარდა ამისა, XX საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისში, ალჟირის საჰარაში აღმოჩნდა გაზისა და ნავთობის დიდი მარაგი, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ფრანგი კოლონისტებისა და საბანკო წრეების ეკონომიკური ინტერესები ალჟირისადმი.
აფრიკის შედარებით ღარიბ ქვეყნებში, ტუნისსა და მაროკოში 1950 წელს დაწყებული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა გაცილებით უმტკივნეულოდ წარიმართა. მართალია, მათი მოთხოვნები შეიარაღებულ გამოსვლებში გადაიზარდა, მაგრამ საბოლოოდ 1956 წელს ამ ქვეყნების დამოუკიდებლობის გამოცხადებით დასრულდა. მეზობელ ქვეყნებში განვითარებული ეს მოვლენები მძლავრი კატალიზატორი აღმოჩნდა 1954 წლის 1 ნოემბერს „ალჟირის ეროვნული განთავისუფლების ფრონტის“ ხელმძღვანელობით დაწყებული შეიარაღებული გამოსვლებისა, რომლის ძირითადი მიზანი ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადება იყო. ალჟირში განვითარებული მოვლენები საფრანგეთის მმართველი წრეებისათვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. ისინი იმედოვნებდნენ, რომ ამ „გაუგებრობას“ მალე მოუღებდნენ ბოლოს, მაგრამ დაწყებული პარტიზანული ომი სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა, რომელშიც საფრანგეთის არმიის 300 ათასი ჯარისკაცი მონაწილეობდა3.
მემარჯვენე პარტიების ლიდერებისაგან განსხვავებით, დე გოლისთვის კონფლიქტის დაწყებიდანვე ნათელი იყო, რომ საფრანგეთის კოლონიური სისტემა კრახის წინაშე იდგა და მის უმტკივნეულო დემონტაჟს უფრო მეტი სარგებლობის მოტანა შეეძლო საფრანგეთისთვის, ვიდრე კონფლიქტის სამხედრო ძალით გადაწყვეტას. ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მეორედ მოსვლამდე, ცალკეულ ინტერვიუებსა და პირად საუბრებში დე გოლი არ მალავდა, რომ ალჟირისთვის დამოუკიდებლობის მიცემა მხოლოდ დროის ამბავი იყო და ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელი იყო.
1954 წელს, ამერიკელი კორესპონდენტის დ. შენბრუნისთვის მიცემულ ინტერვიუში, მან განაცხადა, „...რომ ალჟირში დამოუკიდებლობისათვის მოძრაობა მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწყო“.4 ასეთივე აზრი გამოთქვა გენერალმა 1955 წლის აპრილში, ალჟირელ მწერალთან ჟ. ამრუშთან5 საუბარში. მწერლის კითხვაზე, თუ როდის იქნება ალჟირი დამოუკიდებელი, მან უპასუხა, რომ „ალჟირი იქნება განთავისუფლებული, მაგრამ ეს მალე არ მოხდება და, სამწუხაროდ, დაკავშირებული იქნება დიდ მსხვერპლთან”.6 აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ იმ პერიოდში საფრანგეთის მმართველ წრეებს თავის კოლონიებში კონფლიქტების მოგვარების გამოკვეთილი და მკაფიო გეგმა არ გააჩნდა, თუმცა საფრანგეთის დემოკრატიული საზოგადოებრიობა მზად იყო, შერიგებოდა ალჟირის დამოუკიდებლობას7, მაგრამ მის დეკოლონიზაციას საფრანგეთში ჰყავდა როგორც მომხრეები, ასევე მოწინაღმდეგეები. მოწინააღმდეგეთა რიცხვს მიეკუთვნებოდა საფრანგეთის არმიის გენერალიტეტის ნაწილი და ოფიცრობა, ულტრამემარჯვენე პარტიის წევრები და ფრანგი კოლონისტები8.
1954წ. ალჟირში დაწყებული შეიარაღებული გამოსვლები დაემთხვა საფრანგეთის მეოთხე რესპუბლიკის კრიზისს, რომელიც გამოწვეული იყო სახელისუფლო ვერტიკალის სისუსტით, პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირებითა და კოლონიური სისტემის რღვევის დასაწყისით. ამ დროს საფრანგეთის ულტრაკონსერვატორული და მემარჯვენე ძალები დათმობაზე წასვლას არ აპირებდნენ და მხოლოდ იარაღის ძალით ცდილობდნენ კოლონიური სისტემის რღვევის შეჩერებას. თუმცა შემდეგ ვიეტნამში და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში (მაროკო, ტუნისი, ალჟირი) განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ეს გზა სრულიად უპერსპექტივო იყო.
ალჟირში შეიქმნა დროებითი მთავრობა, რომელიც აღიარებული იქნა მრავალი სახელმწიფოს მიერ, პირველ რიგში, მაროკოს, ტუნისის, არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკის, საბჭოთა კავშირის და სხვათა მიერ. ამ ფაქტმა საფრანგეთის მმართველი წრეები, აიძულა შეემუშავებინათ ალჟირის კრიზისის მოგვარების ახლებური კონცეფცია.
1958 წელს შარლ დე გოლის ხელისუფლებაში მოსვლა დაკავშირებული იყო ულტრამემარჯვენე ძალების მოთხოვნასთან, ქვეყანაში შეექმნათ ძლიერი ხელისუფლება, რომელიც შეძლებდა საფრანგეთისთვის კოლონიების შენარჩუნებას. 1958 წლის 13 მაისს ალჟირში დისლოცირებულმა საფრანგეთის ჯარის რეაქციულად განწყობილმა ოფიცრებმა და ფრანგმა კოლონისტებმა, „ალჟირისა და საჰარის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის“ სახელით, სცადეს სამხედრო გადატრიალება, რომელსაც დე გოლის პრემიერ მინისტრად დანიშვნა მოჰყვა. მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ახალ პრემიერ მინისტრს აიძულებდა, მოეძებნა ის გზები, რომლითაც საფრანგეთი მსოფლიო საზოგადოებრიობის წინაშე შეინარჩუნებდა ცივილიზებული სახელმწიფოს სახეს და იმავე დროს დაარწმუნებდა ფრანგული საზოგადოების ყველაზე კონსერვატორულ ფენებს დათმობებზე წასვლის აუცილებლობაში.
იმავე 1958 წელს, დე გოლი, პრემიერ მინისტრის რანგში, პირველად ჩავიდა ალჟირში, სადაც ფრანგი კოლონისტების დამშვიდების მიზნით განაცხადა, რომ „ალჟირი იყო და დარჩება საფრანგეთის ნაწილად“. ფაქტობრივად, ამ განცხადებით იგი შეეცადა ულტრამემარჯვენე ძალების დაშოშმინებასა და დროის მოგებას ხელისუფლების განმტკიცების მიზნით. პარიზში დაბრუნების შემდეგ, მან პრემიერ მინისტრის კანცელარიასთან შექმნა სპეციალური სამდივნო, რომელსაც პირადად მისთვის უნდა მიეწოდებინა ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ალჟირს ეხებოდა9.
თავდაპირველად, მოსახლეობის უკმაყოფილების დაშოშმინების მიზნით, დე გოლი შეეცადა თანდათანობით დაესუსტებინა ფრანგული გენერალიტეტის გავლენა ალჟირში. ამ მიზნით 1958 წლის 12 დეკემბერს რამდენიმე გავლენიანი ოფიცერი, მათ შორის ალჟირში განთავსებული საფრანგეთის არმიის კორპუსის გენერალი სალანი10 თანამდებობიდან გადააყენა.
მსოფლიო საზოგადოებრიობის ზეწოლა, მზარდი ოპოზიციური აზრის არსებობა და საფრანგეთის მცდელობა, მოეპოვებინა სიმპათია „მესამე ქვეყნების“ თვალში, აიძულებდა შარლ დე გოლს, მკვეთრად შეეცვალა ქვეყნის პოლიტიკა და მოემზადებინა ნიადაგი ალჟირის დამოუკიდებლობის აღიარებისათვის. ამ გზაზე დე გოლი ატარებდა მიზანმიმართულ, თანმიმდევრულ პოლიტიკას. როგორც აღვნიშნეთ, პირველ ეტაპზე მან მხარი დაუჭირა ალჟირელ კოლონისტებს, ხოლო მეორე ეტაპზე, საფრანგეთის გავლენის შენარჩუნების მიზნით, შეიმუშავა ძლიერი ეკონომიკური დახმარების კონცეფცია, რომლის საფუძველზე სურდა, ადგილობრივი მოსახლეობისაგან შეექმნა ფრანგული ორიენტაციის მძლავრი სოციალური ბაზა. ამ პოლიტიკის მესამე ეტაპს წარმოადგენდა ალჟირის დამოუკიდებლობის გამოცხადება.
რუსულ საბჭოთა ისტორიოგრაფიაში აღნიშნული მოვლენები გაშუქებული იყო ცალმხრივად და ტენდენციურად, რადგან ალჟირისათვის დამოუკიდებლობის მინიჭების გზაზე გამოკვეთილი იყო საფრანგეთის კომუნისტური პარტიის, საბჭოთა კავშირისა და ალჟირის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის როლი და მნიშვნელობა და აბსოლუტურად უარყოფილია პროგრესულად მოაზროვნე ფრანგული საზოგადოებისა და თავად შარლ დე გოლის როლი ამ ქვეყნის დეკოლონიზაციის საქმეში.
1958 წლის 3 ოქტომბერს დე გოლი გამოვიდა ალჟირის სოციალ-ეკონომიკური განვითარების ხუთწლიანი გეგმის ინიციატივით, რომლის საფუძველზე ადგილობრივ გლეხებს საჰარის ნავთობითა და გაზით მდიდარ რაიონში უნდა მიეღოთ 250 ჰექტარი მიწა, დაიწყო ნავთობისა და გაზის მოპოვება, უნდა აშენებულიყო ქიმიური და მეტალურგიული საწარმოები, გაფართოვდა და გაიზარდა გზების, პორტებისა და სამედიცინო დაწესებულებების რიცხვი. მაშინდელი ფრანგული პრესის მონაცემების საფუძველზე, ამ პროექტის საერთო კაპიტალდაბანდებები ყოველწლიურად 470 მილიარდ ფრანკს აღწევდა11. აღნიშნული პროექტის პარალელურად საფრანგეთის მთავრობამ შეიმუშავა ალჟირის ეროვნული განთავისუფლების ფრონტის არმიის მშვიდობიანი დაშლის პოლიტიკა, მაგრამ ამავე დროს არსებობდა ე.წ. „შალის გეგმა“, რომელიც საჭირო შემთხვევაში ითვალისწინებდა ამ არმიის დაშლას ძალის გამოყენებით.
1958 წლის 23 ოქტომბერს გენერალმა დე გოლმა, პრემიერ მინისტრის რანგში თავის პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დრო იყო, ალჟირის მოსახლეობა შედგომოდა მშვიდობიანი ცხოვრების პოლიტიკას. მან მოუწოდა მოსახლეობას, „ჩაექროთ აჯანყების ცეცხლი და დაბრუნებოდნენ თავიანთ სახლებს შიშისა და დამცირების გარეშე“ და ეს იქნებოდა „მშვიდობა მამაცთათვის“. მიუხედავად ამისა, საფრანგეთის მთავრობა იძულებული გახდა, 1959 წლის მარტ-აპრილში განეხორციელებინა ე.წ. „შალის გეგმის“ პირველი ეტაპი, რომლის საფუძველზე ჩაქრა აჯანყების რამდენიმე კერა, მათ შორის ალჟირის დედაქალაქის რაიონში12.
1958 წელს, ქვეყნის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, საფრანგეთი გამოცხადდა საპრეზიდენტო რესპუბლიკად, რის შემდეგ შეიქმნა საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკა. ძლიერი აღმასრულებელი ხელისუფლებით აღჭურვილი საფრანგეთის ახალი პრეზიდენტი დე გოლი შეეცადა, თანმიმდევრული პოლიტიკის გატარებით მოეგვარებინა ალჟირის კრიზისი და, ამავე დროს, შეენარჩუნებინა საფრანგეთის პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენა ამ ქვეყანაში. პრეზიდენტად არჩევისთანავე მან გაანთავისუფლა 7 ათასი ალჟირელი მაჰმადიანი, ხოლო „ალჟირის ეროვნული განთავისუფლების ფრონტის“ მოძრაობის ლიდერს აჰმედ ბენ ბელასა13 და მის თანამოაზრეებს შეუმსუბუქდათ პატიმრობის რეჟიმი14. ეს იყო პრეზიდენტის მშვიდობისმოყვარე ჟესტი, რომელიც ეყრდნობოდა წინასწარ შემუშავებულ, კარგად გათვლილ პოლიტიკას, რაც ნათლად გამოჩნდა 1959 წლის 16 სექტემბერს, როდესაც დე გოლი ალჟირელი ხალხის თვითგამორკვევის უფლებებისა და ალჟირის შესაძლო დამოუკიდებლობის განცხადებით გამოვიდა. ამ განცხადების საფუძველზე, აფრიკის არაერთმა პატარა ერმა გამოთქვა სურვილი სუვერენული სახელმწიფოს შექმნის შესახებ. ფრანგულ ისტორიოგრაფიაში გენერალ დე გოლის 16 სექტემბრის გამოსვლა შეფასებულია, როგორც „დეკოლონიზაციის“ დასაწყისი ფრანგულ კოლონიებში.
16 სექტემბრის განცხადებას მოლაპარაკებების დაწყება და ესოდენ გაჭიანურებული ომის დასრულება უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ 1960 წლის 19 იანვარს ერთ-ერთ გერმანულ გაზეთში გამოქვეყნდა ალჟირში საფრანგეთის არმიის მეთაურის, გენერალ მასიუს ინტერვიუ, რომელშიც მან განაცხადა, რომ არმიას არ ესმის პრეზიდენტის პოლიტიკის და არასოდეს არ დატოვებდა ალჟირს15. ამ განცხადების შემდეგ გენერალი მასსიუ გადაყენებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან, რასაც მოჰყვა ერთკვირიანი ამბოხი მიმართული საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის პოლიტიკის წინააღმდეგ. დე გოლის ხელისუფლებამ შეძლო აღნიშნული კრიზისის მოგვარება, თუმცა 1960 წლის 5 თებერვალს გადაყენებული იქნა ალჟირის გენერალ-გუბერნატორი ჟაკ სუსტელი, 14 თებერვალს პრეზიდენტის მეთაურობით შეიქმნა „ალჟირის საქმეების კომიტეტი“, რომელშიც მხოლოდ პრემიერ მინისტრი, სამხედრო მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრები შედიოდნენ. ამიერიდან ალჟირის საკითხს მხოლოდ პრეზიდენტი და მასთან შექმნილი კომიტეტი წყვეტდა. 1960 წლის 4 მარტს რადიოთი გამოსვლის დროს დე გოლმა განაცხადა, რომ „მისი მიზანია, შეიქმნას „ალჟირული ალჟირი“, რომელიც ეკონომიკური, ტექნიკური და კულტურული თვალსაზრისით დაკავშირებული იქნება საფრანგეთთან“.16
დე გოლის მიერ გატარებული ღონისძიებების პასუხად, რეაქციულად განწყობილმა ფრანგმა სამხედრო ოფიცრებმა და ულტრამემარჯვენე ძალებმა შექმნეს„`საიდუმლო სამხედრო ორგანიზაცია“ (OAS)17, რომლის მიზანი იყო ალჟირის შენარჩუნება საფრანგეთის შემადგენლობაში, რისთვისაც ტერორის მეთოდებით უსწორდებოდნენ დე გოლის პოლიტიკის მომხრეებს. „საიდუმლო სამხედრო ორგანიზაციის“ წევრებმა არაერთხელ სცადეს დე გოლის ფიზიკური განადგურება, მაგრამ უშედეგოდ18.
მსგავსი რადიკალური შეხედულებების არსებობის პარალელურად, 1954-1962 წლებში „ალჟირის კრიზისის“ დროს საფრანგეთის არმიის მძიმე დანაკარგებმა და სამხედრო ხარჯების ზრდამ19, ფრანგული საზოგადოების უკმაყოფილება და ამ ომისადმი მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია. ომის საწინააღმდეგო პაციფისტური სულისკვეთება განსაკუთრებით აქტიურად გამოიხატა ფრანგული კულტურისა და ხელოვნების ცნობილი წარმომადგენლების „121-ის მანიფესტში“, რომელიც, ფაქტობრივად, მხარს უჭერდა და ამაგრებდა დე გოლის პოლიტიკას ალჟირის კრიზისის მოგვარების საკითხში. დოკუმენტს ხელს აწერდნენ საფრანგეთის გამოჩენილი ადამიანები: ჟან-პოლ სარტრი, მორის ნადო, სიმონა დე ბოვუარი, სიმონა სინიორე, არტურ ადამოვი, ალენ რენე და სხვები. აღნიშნულ მანიფესტს არაერთი ფრანგი შეუერთდა, ომის შეწყვეტისა და ალჟირის საკითხის მოგვარების მოთხოვნით20. საფრანგეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი იმედოვნებდა, რომ ქვეყნის ახალი პრეზიდენტი ბოლოს მოუღებდა ასეთ გაჭიანურებულ კონფლიქტს და საფრანგეთი ალჟირის კრიზისიდან ღირსეულად გამოვიდოდა.
ალჟირის კრიზისის მოგვარების საკითხში უდიდესი მნიშვნელობის მოვლენად ითვლება დე გოლის მიერ, 1960 წლის 4 ნოემბერს, ტელევიზიით გამოსვლისას ნახსენები „ალჟირის რესპუბლიკა“, რასაც მოჰყვა 7 ნოემბერს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გაკეთებული განცხადება – „დროა, საფრანგეთმა დაიწყოს ალჟირის დეკოლონიზაცია“.21 22 ნოემბერს ალჟირის საქმეებში მინისტრად დაინიშნა ლ. ჟოქსი, ადამიანი, რომელიც პრეზიდენტის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობდა. ამიერიდან დე გოლი ალჟირთან დაკავშირებულ ყველა საკითხს განიხილავდა ლ. ჟოქსთან და პრემიერ მინისტრ მ. დებრესთან ერთად. საყურადღებოა, რომ ეს უკანასკნელი არაერთხელ აღნიშნავდა, რომ არ იზიარებდა გენერალ დე გოლის პოლიტიკას ალჟირთან მიმართებაში22.
ალჟირის ომი გახდა მაშინდელი საერთაშორისო პოლიტიკის ერთ-ერთი უმწვავესი საკითხი, რომელიც 1955 წლიდან მუდმივად მწვავედ განიხილებოდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის დღის წესრიგში. გაეროს გენერალური ასამბლეის პოლიტიკურმა კომიტეტმა, 1960 წლის 15 დეკემბერს, მიიღო რეზოლუცია ალჟირში თვითგამორკვევის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ.
ალჟირში თვითმმართველობისა და ავტონომიური ორგანოების შექმნის მიზნით, 1961 წლის 8 თებერვალს ჩატარდა რეფერენდუმი, რომელშიც ფრანგული მოსახლეობის 75%-მა მიიღო მონაწილეობა და მხარი დაუჭირა თვითმმართველობის ორგანოების ჩამოყალიბებას, მაგრამ საკუთრივ ალჟირის მკვიდრმა მოსახლეობამ მხარი დაუჭირა ალჟირის „ეროვნული განთავისუფლების ფრონტის“ მიერ წამოყენებულ პოლიტიკურ მოთხოვნას ქვეყნის სრული დამოუკიდებლობის შესახებ.
მალე, 1960 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტამდე, შვეიცარიის ქალაქ ლიუცერნში, შარლ დე გოლის ნდობით აღჭურვილ პირს ჟ. პომპიდუსა23 და ალჟირის ეროვნული განთავისუფლების ფრონტის წარმომადგენლებს შორის დაიწყო კონფიდენციალური მოლაპარაკება, რომელმაც, ფაქტობრივად, შეამზადა საფრანგეთალჟირის ოფიციალური მოლაპარაკებები, რომელიც 1961 წლის 20 მაისს დაიწყო ჟენევის ტბის ნაპირას მდებარე საკურორტო ქალაქ ევიანში, მაგრამ ეს მოლაპარაკებები მალე ჩაიშალა, რადგან მხარეები ვერ მორიგდნენ საჰარისა და ევროპელი უმცირესობების გარანტიების საკითხებზე24. იმავე წლის 20 ივლისს ლიუგრენში (ზემო სავოია) განახლდა მოლაპარაკებები, მაგრამ 28 ივლისს კვლავ ჩაიშალა.
1961 წლის 11 აპრილის პრეს-კონფერენციაზე, გენერალმა დე გოლმა განაცხადა, რომ „ალჟირის სახელმწიფო იქნება სუვერენული“ და „საფრანგეთი ხელს არ შეუშლის მისი დამოუკიდებლობის აღიარებას“, მაგრამ თუ მოლაპარაკებები ჩაიშლებოდა, არ გამორიცხავდა ალჟირის გაყოფის შესაძლებლობას25. ტერმინი „დეკოლონიზაცია“ დე გოლმა პირველად ამ პრეს-კონფერენციაზე გამოიყენა: „დეკოლონიზაცია პასუხობს ჩვენს ინტერესებს და აქედან გამომდინარე იგი ჩვენი პოლიტიკაა“.26 მიუხედავად ამისა, მეხუთე რესპუბლიკის ხელისუფლებასა და „ალჟირის ეროვნული განთავისუფლების ფრონტს“ შორის მოლაპარაკებები (მელენის, ევიენის, ლიუგრენის) ფაქტობრივად სამჯერ ჩაიშალა, რაც დაკავშირებული იყო საჰარის ნავთობითა და გაზით მდიდარი რაიონების განაწილების საკითხთან. მაგრამ 1961 წლის 5 სექტემბრის პრეს-კონფერენციაზე დე გოლმა განაცხადა, რომ საჰარა დარჩებოდა დამოუკიდებელი ალჟირის შემადგენლობაში27. ამის შემდეგ, 1961 წლის ოქტომბერში, განახლდა საიდუმლო მოლაპარაკებები ალჟირის „ეროვნული განთავისუფლების ფრონტთან“. ზემოთ აღნიშნული საიდუმლო მოლაპარაკებების პარალელურად, საფრანგეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი, გაფიცვებისა და დემონსტრაციების სახით, ომის საწინააღმდეგო პროტესტს გამოთქვამდა და მოითხოვდა ალჟირის კრიზისის სასწრაფო მოგვარებას.
1962წ. 7 მარტიდან 18 მარტამდე ქალაქ ევიანში, კვლავ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომელიც წარმატებით დასრულდა და 18 მარტს დაიდო საბოლოო შეთანხმება საფრანგეთსა და ალჟირის „ეროვნული განთავისუფლების ფრონტს“ შორის. ევიანის ხელშეკრულების საფუძველზე საფრანგეთმა აღიარა ალჟირის სუვერენიტეტი და გაიყვანა შეიარაღებული ძალები, მაგრამ შეინარჩუნა კონცესია საჰარის ნავთობისა და გაზის საბადოების ათვისებაზე, ასევე სამხედრო-საზღვაო ბაზა მერს-ელკებირში და ატომური იარაღის გამოსაცდელი პოლიგონი რაგანში. ალჟირი რჩებოდა ფრანკის მიმოქცევის ზონაში, მაგრამ უნდა მიეღო ეკონომიკური დახმარება საფრანგეთისაგან28. აღნიშნული ხელშეკრულება დე გოლის მთავრობამ სახალხო რეფერენდუმზე გაიტანა. 1962 წლის 8 თებერვალს საფრანგეთის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ალჟირის „დეკოლონიზაციას“.29
1 ივლისს ალჟირში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელშიც მოსახლეობის 99%-მა მხარი დაუჭირა ალჟირის დამოუკიდებლობას. ხელისუფლება „ეროვნული განთავისუფლების ფრონტის“ ხელში გადავიდა. იმავე წლის 20 სექტემბერს ჩატარდა ეროვნული დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელმაც 25 სექტემბერს ალჟირის სახალხო და დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა. დამფუძნებელმა კრებამ შექმნა რესპუბლიკის მთავრობა აჰმედ ბენ ბელას მეთაურობით. შემდგომში ბენ ბელა რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდა.
ამრიგად, XX საუკუნის 50-იანი წლების მიწურულსა და 60-იანი წლების დასაწყისში, საფრანგეთის დემოკრატიულმა საზოგადოებამ და მისმა პროგრესულად მოაზროვნე პრეზიდენტმა შარლ დე გოლმა მიზანმიმართული, თანმიმდევრული პოლიტიკის გატარებით, პიროვნული რისკისა და გამბედაობის საფუძველზე, შეძლეს მრავალწლიანი კრიზისის დაძლევა და ომიდან საფრანგეთის სახელმწიფოს გამოყვანა.
შენიშვნები
1. 1830 წ. 25 მაისს, საფრანგეთის მეფე შარლ X-ის დროს 500 ხომალდი 36-ათასიანი არმიით გაემართა ტულონიდან ალჟირისაკენ. იმავე წლის 14 ივლისს ალჟირის დეიმ (მმართველმა) კაპიტულაცია გამოაცხადა. ოფიციალურად ალჟირი საფრანგეთის კოლონიად 1838 წელს გამოცხადდა.
2. 1960 წლისათვის ქვეყნის მოსახლეობის 9,6%-ს ევროპელები შეადგენდნენ, მათ შორის იყვნენენ ფრანგები, ესპანელები და იტალიელები (Страны Северной и Северо-Восточной Африки. Географические справки. М.,1962, გვ. 9).
3. ალჟირის ომი შვიდნახევარ წელიწადს გრძელდებოდა – 1954 წ. 1 ნოემბერიდან 1962 წ. 18 მარტამდე.
4. D. შცჰოენბრუნ. თჰე თჰრეე Lივეს ოფ ჩჰარლეს დე Gაულლე. Nეწ Yორკ, 1966, გვ. 212.
5. ჟან ელ-მუხუვ ამრუში (1906-1962) – ალჟირის ფრანგულენოვანი ლიტერატურის ფუძემდებელი.
6. L. თერრენოირე. Dე Gაულლე ეტ ლ’Aლგéრიე. P.,1964, გვ. 11.
7. Г. М. Ратиани. Франция: Судьба двух республик. М., 1980, გვ. 383.
8. Г. М. Ратиани. Франция: Судьба двух республик, გვ. 270-273.
9. L. Vალლონ. Lე გრანდ დესსეინ ნატიონალ. P., 1964, გვ. 57.
10 რაულ სალანი – გენერალი, დაიბადა 1899 წელს, სამხრეთ საფრანგეთის ქ. როკურში. სენ-სირის სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მსახურობდა სირიასა და ინდოჩინეთში. საფრანგეთის სამხედრო დაზვერვის დავალებით აფრიკასა და ეთიოპიაში იმყოფებოდა საიდუმლო სამხედრო მისიით. მეორე მსოფლიო ომის დროს მხარს უჭერდა ვიშისტებს, შემდეგ შეუერთდა წინააღმდეგობის მოძრაობას და ომი ბრიგადის გენერლის წოდებით დაასრულა. 1945 წლიდან მსახურობდა ვიეტნამში, ინდოჩინეთსა და ბოლოს ალჟირში. 1958 წელს ალჟირში სათავეში ჩაუდგა „პუტჩს“, რომლის შედეგად საფრანგეთის ხელისუფლების სათავეში შარლ დე გოლი მოვიდა. მას შემდეგ, რაც დე გოლმა ალჟირის თვითგამორკვევის უფლება აღიარა, სალანმა, თანამოაზრეებთან ერთად, შექმნა „საიდუმლო სამხედრო ორგანიზაცია“.
11. „ჩაჰიერს დუ ცომმუნისმე“, ნოვემბრე 1958, გვ. 1548; „Lე Mონდე“, 1959, 1ჯან.
12. ჩჰ. დე Gაულლე. Méმოირეს დ’ესპოირ. თ. I. Lე ღენოუვეაუ. P., 1970, გვ. 77.
13. აჰმედ ბენ ბელა – ალჟირის პირველი პრემიერ მინისტრი, შემდეგ პრეზიდენტი, 1965 წელს პოლკოვნიკ ჰუარი ბუმედიენის მიერ მოწყობილი სამხედრო გადატრიალების შედეგად 14 წელი ციხეში გაატარა. 1980 წელს ქვეყანა დატოვა და მხოლოდ 1990 წელს დაბრუნდა.
14. ჩჰ. დე Gაულლე. Méმოირეს დ’ესპოირ. თ. I. Lე ღენოუვეაუ, გვ. 75.
15. „Lე Pოპულაირე“, 1960, 20 ჯან.
16. „Lე Mონდე“, 1960, 9 მარს.
17. „საიდუმლო სამხედრო ორგანიზაცია“ (OAS) – 1961 წლის მარტში გენერალ დე გოლის ალჟირული პოლიტიკის მოწინააღმდეგეებმა შვეიცარიაში კონსპირაციულ პირობებში შექმნეს „საიდუმლო სამხედრო ორგანიზაცია“ გენერალ სალანის მეთაურობით. ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მეთოდად აღიარებული იქნა ტერორი, რომელიც მიმართული იყო შარლ დე გოლისა და მისი მომხრეების წინააღმდეგ.
18. G. Dეპეუხ. Lა Fრანცე დე 1945 á 1965. P., 1969, გვ. 254.
19. ალჟირის ომის (1954-1962) დროს, 7 წლის მანძილზე, დაიღუპა 2000 ათასი ფრანგი ჯარისკაცი. 1962 წელს საფრანგეთის სამხედრო ბიუჯეტმა მიაღწია 50 მილიარდ ფრანკს, რაც მძიმე ტვირთად დააწვა საფრანგეთის ეკონომიკას (Э. Г. Георгиев. Африканская политика Франции. М., 1985, გვ. 37).
20. ჟ.-F. ღეველ. Eნ Fრანცე (Lა ნტი დე ჟ’ოპპოსიტიონ). P., 1965, გვ. 102.
21. L. თერრენოირე. Dე Gაულლე ეტ ლ’Aლგéრიე, გვ. 196.
22. P. Vიანსსონ-Pონტე. Hისტოირე დე ლა რéპუბლიქუე გაულლიენნე. თ. I. P., 1970, გვ. 462.
23. ჟორჟ პომპიდუ (1911–1974) – საფრანგეთის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. მუშაობდა მასწავლებლად. 1935-1940 წლებში მსახურობდა არმიაში, საფრანგეთის კაპიტულაციის შემდეგ შეუერთდა წინააღმდეგობის მოძრაობას. 1944 წელს მიიწვიეს შარლ დე გოლის დროებითი მთავრობის სამდივნოში. მუშაობდა გოლის პირადი კანცელარიის ყოფილ უფროსად. ლიუცერნის მოლაპარაკებების დროს იყო როტშილდების ბანკის გენერალური დირექტორი. 1958 წელს მონაწილეობდა კონსტიტუციის შექმნაში. 1959-1962 წლებში იყო საკონსტიტუციო საბჭოს წევრი. 1962-1968 წლებში იყო პრემიერ მინისტრი, 1969-1974 წლებში საფრანგეთის პრეზიდენტი.
24.. G. Dეპეუხ. Lა Fრანცე დე 1945 ა 1965, გვ. 278.
25. A. Pასსერონ. Dე Gაულლე პარლე (1958-1962). P., 1962, გვ. 304.
26. A. Pასსერონ. Dე Gაულლე პარლე, გვ. 290.
27. A. Pასსერონ. Dე Gაულლე პარლე, გვ. 314.
28. შ. Bერსტეინ. Lა დéცოლონისატიონ ეტ სეს პრობლèმეს. P., 1969, გვ. 50-51.
29. L’ Aნნეეპოჯიტიქუე. 1962. P., 1963, გვ. 38.
Комментариев нет:
Отправить комментарий