I თავი
აფხაზეთის მოკლე ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა
აფხაზეთი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთით, შავი ზღვის პირას, მდინარეებს ენგურსა და ფსოუს შორის მდებარეობს. თანამედროვე აფხაზეთის ამ საზღვრებში ჩამოყალიბება დაახლოებით I-II საუკუნეებში დაიწყო და XX საუკუნის 30-იან წლებში დასრულდა.
უძველესი დროიდან თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია უწყვეტად ქართულ პოლიტიკურ სივრცეს ეკუთვნოდა. ძვ.წ. XV-II საუკუნეებში აფხაზეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა და ძირითადად ქართული მოდგმის ტომებით იყო დასახლებული.
ძვ.წ. I-ახ.წ. II საუკუნეებიდან ამ ტერიტორიაზე მოსახლეობენ აფშილები და აბაზგები. (მათი ეთნიკური კუთვნილების ზუსტი იდენტიფიცირება ჭირს, მცირე მონაცემთა გამო; თუმცა არსებობს მოსაზრება მათი ქართველური მოდგმის შესახებ) ამავე ხანებში დასავლეთ საქართველოში ახალი ეგრისის (ლაზიკის) სამეფო ჩამოყალიბდა. ეს სახელმწიფო III-IV საუკუნეებიდან VIII საუკუნემდე მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავდა. მის შემადგენლობაში შედიოდა თანამედროვე აფხაზეთიც. VIII საუკუნის ბოლოს აფხაზეთის ერისთავმა მთელი დასავლეთ საქართველო ერთ სამთავროდ გააერთიანა. ახალ სამეფოს, მმართველი დინასტიის წარმომავლობის მიხედვით, ქართული წყაროები „აფხაზთა“ სამეფოს უწოდებდნენ. აფხაზეთის სამეფო ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა. მას დასავლეთით შავი ზღვა ეკრა, ჩრდილო-დასავლეთით მდ. ნიკოფსიამდე აღწევდა, ჩრდილოეთით -კავკასიონის მთავრი წყალგამყოფი ქედი საზღვრავდა, აღმოსავლეთით - ლიხის ქედი, სამხრეთით -ფერსათის ანუ ღადოს ქედი; შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე საზღვარი ტრაპიზონამდე ვრცელდებოდა. ეს სამეფო რვა საერისთავოდ იყოფოდა, მათ შორის იყო: აფხაზეთი ( მდინარე ნიკოფსიიდან ანაკოფიის მდინარემდე), ცხუმი (აფხაზეთის სამხრეთ-დასავლეთით- მდინარე კოდორამდე), სვანეთი (მდინარე კოდორის სათავეები, ყოფილი მისიმიანეთი), ოდიში (მდინარე კოდორის სამხრეთ-აღმოსავლეთით). სწორედ ამ პერიოდიდან ცნება „აფხაზეთის“ მნიშვნელობა ფართოვდება და ის აღნიშნავდა მთელ დასავლეთ საქართველოს. აფხაზთა სამეფო დასავლური ქართული სახელმწიფო იყო. მისი მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ქართველები წარმოადგენდნენ: ქართები, ეგრები, სვანები, ნაწილს - საკუთრივ აფხაზები.
აფხაზთა მეფეების აქტიური მონაწილეობით, აფხაზთა სამეფო ეკლესიურად გამოეყო კონსტანტინოპოლს და მცხეთის საკათალიკოსოს დაექვემდებარა. X-XI საუკუნეების მიჯნაზე თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია ახლად ჩამოყალიბებულ საქართველოს სამეფოში გაერთიანდა. ბუნებრივია, კიდევ უფრო ფართოვდება „აფაზეთის“ ცნების მნიშვნელობა. საქართველოს გაერთიანების შემდეგ მეფეთა ტიტულატურაში პირველ ადგილზე იდგა „მეფე აფხაზთა“, რადგან ერთიანი საქართველოს მეფე ბაგრატმა პირველად აფხაზთა მეფის ტიტული მიიღო.
საქართველოს გაერთიანების შემდეგ თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული დანაწილება XIII საუკუნის ბოლომდე არ შეცვლილა. XIV საუკუნის დასაწყისში ცხუმის საერისთავო ოდიშის საერისთავოში გაერთიანდა. ამის შემდეგ XVI საუკუნის დასასრულამდე ოდიშსა და აფხაზეთს შორის სასაზღვრო მდინარედ „ანაკოფიის მდინარე“ (დღევანდელი მდ. ფსირცხა) იქცა.
XV საუკუნის ბოლოს ერთიანი საქართველო დაიშალა ოთხ პოლიტიკურ ერთეულად: ქართლის, კახეთის, იმერეთის სამეფოებად და სამცხის სამთავროდ. აფხაზეთი იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. თუმცა მოგვიანებით ფეოდალური დაშლის პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდა. XVI საუკუნის 50-იან წლებში იმერეთის სამეფოს გურია, ოდიში და აფხაზეთი განუდგა. თავდაპირველად აფხაზეთსა და ოდიშს შორის საზღვარი მდინარე ანაკოფიისწყალზე გადიოდა, მაგრამ XVI საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ საზღვარმა უფრო სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე კელასურზე გადაინაცვლა. აღსანისნავია, რომ ამ ეტაპზე აფხაზეთის გამგებლები ჯერ კიდევ ოდიშის მთავრების უზენაესობას აღიარებენ.
XVI-XVII საუკუნეებში აფხაზეთში რადიკალური ეთნიკური ცვლილებები მოხდა. დასავლეთ კავკასიელმა ტომებმა მასობრივი ჩამოსახლება დაიწყეს. რამაც ბუნებრივია გამოიწვია აფხაზეთში ეთნიკური ცვლილებები, გარდა ამისა დაიწყო ქრისტიანობის პოზიციების შერყევა, მთიდან ჩამოსულმა მოსახლეობამ ჩამოიტანა წარმართული რწმენა, ამას ემატებოდა რეგიონში ოსმალეთის მცდელობა, გაევრცელებინა ისლამი.
XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ოსმალეთის აქტიური მხარდაჭერით, აფხაზეთის მთავრებმა საზღვარი სამხრეთ-აღმოსავლეთით მდინარე ეგრისწყალზე (ამჟამინდელი ღალიძგა), მოგვიანებით კი მდინარე ენგურზე გადმოიტანეს. თანდათანობით მდინარეებს ენგურსა და ღალიძგას შორის ჩამოყალიბდა სამურზაყანო. 1702 წლიდან 1840 წლამდე ეს ტერიტორია ოდიშის სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა, მხოლოდ მცირე მონაკვეთში (XVIII საუკუნის 80-იანი წლებიდან 1805 წლამდე) სამურზაყანო აფხაზეთის მთავარს ემორჩილებოდა.
1810 წელს მეფის რუსეთმა აფხაზეთი „მფარველობაში“ მიიღო. 1864 წელს კი სამთავრო გააუქმა. მის ნაცვლად „აფხაზეთის სამხედრო განყოფილება“ ჩამოაყალიბა. 1866 წელს ამ განყოფილების ნაცვლად შეიქმნა „სოხუმის ოკრუგი“, რომელიც ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში შედიოდა. აღსანიშავია რომ სამურზაყანო (ტერიტორია მდინარე ღალიძგასა და ენგურს შორის) „სოხუმის ოკრუგის“ შემადგენლობაში შეიყვანეს. სწორედ ამ დროიდან იწყება თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიის ჩამოყალიბება.
რუსეთის იმპერია ყველანაირად ცდილობდა აფხაზეთი ტერიტორიულად ჩამოეშორებინა საქართველოსათვის. სწორედ ამ მიზნით, 1903 წელს გაგრის სექტორი სოხუმის ოკრუგს ჩამოაშორეს და ახლად შექმნილ შავიზღვისპირეთის გუბერნიას მიუერთეს. რუსეთის ომპერიაში არსებობდა გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა თანამედროვე აფხაზეთის სხვა ნაწილების ეტაპობრივ ჩამოშორებას და შავი ზღვის გუბერნიასთან მიერთებას. თუმცა რუსეთში განვითარებულმა მოვლენებმა (1917 წლის თებერვლის რევოლუცია) ეს გეგმა ჩაშალა. გაგრის სექტორის დაბრუნება ქართულმა მხარემ 1917 წელს მოახერხა.
1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა. რომლის შემადგენლობაში აფხაზეთი „სოხუმის ოლქის“ სახელით შევიდა. საკუთრივ აფხაზეთის ტერიტორიას (მეჰადირ-ფსოუს მონაკვეთის გარეშე) ოფიციალურად აფხაზეთი, პირველად 1919 წლის მაისში ეწოდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავობამ აფხაზეთის ავტონომია აღიარა და აფხაზეთის სახალხო საბჭომ რეგიონის სახელის გადარქმევასთან დაკავშირებით სპეციალური გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს დემოკრატიული მთავრობა ყოველ ღონეს ხმარობდა აფხაზეთის ისტორიული საზღვრების აღსადგენად. 1920 წლის 7 მაისს, საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას შორის, დაიდო ხელშეკრულება. საბჭოთა რუსეთმა აღიარა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, მისი ისტორიული საზღვრებით (გაგრის ოლქიც საქართველოს შემადგენლობაში შევიდა). ხელშეკრულებამ შავიზღვისპირეთში საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვრად მდინარე ფსოუ დაადგინა. მიუხედავად ამ ხელშეკრულებისა, საბჭოთა რუსეთი ყოველ ღონეს ხმარობდა საქართველოს დასანაწევრებლად. მართლაც, 1921 წლის თებერვლაში საბჭოთა რუსეთმა დაარღვია ხელშეკრულება და საქართველოს ანექსია მოახდინა. საბჭოთა რუსეთი შეეცადა აფხაზეთი საქართველოსათვის ჩამოეშორებინა; თუმცა როგორც ავტონომიური ერთეული, სამოკავშირეო რესპუბლიკის სახელით, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში დატოვა. საზღვარი საქართველოსა და რუსეთს შორის უფრო სამხრეთით მდინარე მეხადირზე გავიდა. მხოლოდ 1929 წელს საბჭოთა საქართველოს ხელისუფლების დაჟინებული მოთხოვნით ამ საზღვარმა 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების შესაბამისად, მდინარე ფსოუზე გადაინაცვლა. 1931 წელს აფხაზეთის სტატუსი იურიდიულადაც გაფორმდა, ამიერიდან აფხაზეთი ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა გახდა. ასე დასრულდა აფხაზეთის ტერიტორიული მოწყობა XX საუკუნის დასაწყისში.
II თავი
კავკასია დიდი იმპერიების ინტერესთა სფეროში (XVI-XVIII საუკუნეები)
XIV საუკუნეში კავკასიის სამხრეთით მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები მოხდა. ოღუზთა თურქული ტომის ბელადმა ოსმანმა (1282-1326 წწ.) მცირე საფეოდალოებად დაშლილი თურქ-სელჩუკთა სახელმწიფოს გაერთიანების პროცესი დაიწყო. მცირე ხანში მახლობელ აღმოსავლეთში ოსმალთა სახელმწიფო წარმოიქმნა. რეგიონში ახალი სახელმწიფოს გაძლიერებას თავიდანვე მტრულად შეხვდა ახლო აღმოსავლეთის მეორე დიდი სახელმწიფო - სეფიანთა ირანი.
XVI-XVIII საუკუნეებში კავკასიის რეგიონის კონტროლისათვის სწორედ ეს ორი იმპერია უპირისპირდებოდა. მათ შორის პირველი ომი შესვენებებით 40 წლის განმავლობაში (1514-1555 წწ.) მიმდინარეობდა; რომელიც საბოლოოს 1555 წლის 29 მაისს ამასიაში დადებული ზავით დასრულდა. ზავის მიხედვით ირანმა და ოსმალეთმა გავლენის სფეროები გაინაწილეს (აღმოსავლეთ საქართველო და სამცხის აღმოსავლეთ ნაწილი დარჩა ირანს, ხოლო დასავლეთ საქართველო და სამცხის დასავლეთ ნაწილი დარჩა ოსმალეთს).
შესაბამისად XVI საუკუნის დამდეგიდან სამხრეთ კავკასიის რეგიონს აკონტროლებდა აღმოსავლეთის ორი აგრესიული ქვეყანა - ირანი და ოსმალეთი. ამავე საუკუნეში კავკასიის რეგიონით რუსეთი დაინტერესდა. ის ცდილობდა გავლენის სფერო გაეფართოვებინა კავკასიის ჩრდილო აღმოსავლეთში. თუმცა XVII საუკუნის I ნახევარი მეფის რუსეთისათვის მეტად რთული აღმოჩნდა; უცხოელთა ინტერვენციამ და გლეხთა ომებმა ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა (ჟუჟუნაშვილი., გვ. 280). ბუნებრივია, ქვეყანაში მომხდარმა ცვლილებებმა თავისი ასახვა ჰპოვა რუსეთის საგარეო ურთიერთობებშიც. მან დაკარგა ტერიტორიები ქვეყნის დასავლეთსა და ჩრდილო დასავლეთში. ამას თან დაერთო ისიც, რომ პოლონეთის მეფის სიგიზმუნდ III-ის ვაჟი ვლადისლავი პრეტენზიას აცხადებდა რუსეთის ტახტზე. შესაბამისად, XVII საუკუნეში რუსეთს სამი ძირითადი ამოცანა ჰქონდა გადასაჭრელი - 1. დასავლეთში რუსული, უკრაინული და ბელორუსული მიწების შემოერთება და ქვეყნის კონსოლიდაცია, რაც პოლონეთის სამეფოსთან დაპირისპირებას გულისხმობდა; 2. ბრძოლა შვედეთის წინააღმდეგ, ბალტიის ზღვაზე გასასვლელის მოპოვებისათვის; 3. სახელმწიფოს ცენტრალურ და განაპირა რაიონებზე ოსმალეთისა და მისი ვასალის - ყირიმის ხანის განუწყვეტელი შემოსევების მოგერიება (საითიძე., გვ. 302).
ამავე დროს რუსეთს გარეგნულად კეთილმეზობლური ურთიერთობა ჰქონდა ირანთან, რომელიც განპირობებული იყო ეკონომიკური (საგარეო ვაჭრობა) და პოლიტიკური (საერთო მტერი - ოსმალეთი) ფაქტორებით. ამის დასტურია ის რომ 1588 წლიდან 1676 წლამდე ამ ორ ქვეყანს შორის გაიცვალა 35 ელჩობა - აქედან 20 იყო რუსული, 15 - ირანული (ჟუჟუნაშვილი., გვ. 284). ბუნებრივია რუსეთის სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები გამორიცხავდა ირანის წინააღმდეგ საქართველოს სამხედრო დახმარების აღმოჩენას. მთელი XVII საუკუნის განმავლობაში როგორც რუსეთი, ასევე ირანი ცდილობდა, გარეგნულად მაინც, კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას. თუმცა ამავდროულად რუსეთი ყველა ღონეს ხმარობდა იდეოლოგიურად გაბატონებულიყო სამხრეთ კავკასიაში, რათა შორეულ მომავალში, ხელსაყრელ ვითარებაში საიმედო დასაყრდენი ჰქონოდა. ამ შემთხვევაში განსაკუთრებით აღსანიშნავია ერთი გარემოება - ქრისტიანობა; საქართველოს მეფე-მთავრებისათვის ისლამური ირანისა და ოსმალეთისაგან გასათავისუფლებელ გზად ერთმორწმუნე რუსეთი მიაჩნდათ; ბუნებრივია რუსეთისთვისაც ერთმორწმუნეობა „კარგი სატყურა“ იყო.
XV საუკუნის 80-იან წლებში რუსეთსა და კახეთის სამეფოებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა, რომელიც სხვადასხვა ინტენსივობით XVII საუკუნეშიც გრძელდებოდა და თანდათანობით მასში საქართველოს სხვა ერთეულებსაც რთავდა. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ცდილობდნენ: კახეთის მეფე თეიმურაზ I, იმერეთის მეფე ალექსანდრე III, სამეგრელოს მთავარი ლევან II დადიანი.... ძირითადად ქართველი მეფე-მთავრები რუსეთს ოსმალეთისა და სპარსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში სთხოვდნენ დახმარებას.
XVII საუკუნის 20-იან წლებიდან XVIII საუკუნის 20-იან წლებამდე რუსეთის პოლიტიკა კავკასიის მიმართ დაზვერვითი ხასიათისაა. ის კომპლექსურად სწავლობდა საქართველოს ცალკეული სამეფო-სამთავროების პოლიტიკურ, რელიგიურ, ეკონომიკურ ვითარებას; შიდაურთიერთობებს, სამეფო-სამთავროების დამოკიდებულებებს ოსმალეთისადმი, ირანისადმი, ჩრდილოეთ კავკასიისადმი; ბუნებრივია სრულყოფილი ინფორმაციის შემთხვევაში რუსეთი უფრო ადვილად განახორციელებდა კავკასიაში ექსპანსიას.
XVI-XVII საუკუნეებში ელჩობების წყალობით რუსეთმა დეტალურად შეისწავლა სამხრეთ კავკასიის გეოგრაფიული მდებარეობა და იქ მისასვლელი გზები. ამ ინფრომაციის შეგროვების შედეგად შედგენილ იქნა სამეგრელოს, იმერეთის, კახეთის, დაღესტნისა და ჩრდილოეთ აზერბაიჯანის დეტალური აღწერა; ძალზე საინტერესოა რა ინსტრუქციები ეძლეოდათ რუს ელჩებს საქართველოში გამომგზავრების წინ; როგორც ირკვევა XVI საუკუნეში ელჩების ინსტრუქციები იყო ძალზე ზოგადი; უკვე XVII საუკუნიდან კი იმის გათვალისწინებით რომ გაიზარდა რუსეთის ინტერესები სამხრეთ კავკასიში ელჩების მითითებები უფრო დაიხვეწა, შეიქმნა სპეციალური ანკეტები; შემუშავდა ორი ტიპის ანკეტა: 1. პოლიტიკური; 2. სტატისტიკურ-ეკონომიკური; პოლიტიკური ანკეტა - დეტალურად და კონკრეტულად აღწერდა პოლიტიკურ სიტუაციას კავკასიაში; სტატისტიკურ-ეკონომიკური - კრებდა დეტალურ ინფორმაციას გეოგრაფიული მდებარეობის, მოსახლეობის, ეკონომიკური მდგომარეობის, საბრძოლო პოტენცილის და პოლიტიკური დამოკიდებულებებისა და განწყობების შესახებ; ზოგ შემთხვევაში ამ ორ ძირითად ანკეტას ახლდა მესამეც - რწმენასთან დაკავშირებული კითხვარი; ამ კითხვარით რუსები ქართველებს სთავაზობდნენ გამოერკვიათ რამდენად იცავდნენ მართლმადიდებლური აღმსარებლობის საფუძვლებს; (Полиевктов, /პოლიევქტოვი., გვ. 20-30)
სწორედ ამ კითხვებზე დაყრდნობით შეიქმნა საქართველოს სხვადასხვა კუთხის აღწერილობები XVII საუკუნეში; სამეგრელო -ფედოტ ელჩინი, კახეთი - დანილ მიშეცკი, იმერეთი - ნიკიფორე ტოლოჩანოვი, ალექსი იევლევი.
რუსეთი ცდილობდა კავკასიაში მშვიდობისმოყვარე, ქრისტიან, ცივილიზებულ სახელმწიფოდ წარმოჩენილიყო; რომლის მიზანი იყო ყველა ქვეყანასთან კეთილმეზობლური ურთიერთობა დაემყარებინა, ეზრუნა მოსაზღვრე ხალხების უსაფრთხოებაზე.
XVI-XVII საუკუნეებში რუსეთს ჯერ კიდევ საკმარისი ძალა და შესაძლებლობა არ ჰქონდა კავკასიაზე ღია შეტევისათვის; ამას საერთაშორისო ვითარებაც ხელს არ უწყობდა. ამ საუკუნეებში მოსკოვი კავკასიაში მხოლოდ თავისი პოზიციების შენარჩუნებას ცდილობდა, ამა თუ იმ ფორმით ამკვიდრებდა საკუთარ გავლენას ცალკეულ კავკასიელ მთავართა შორის. აგროვებდა ყველანაირ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სტატისტიკურ ინფორმაციას; რეალურად ეს იყო კავკასიაზე რუსეთის შეტევის მოსამზადებელი პერიოდი. მეორე მხრივ, ქართველ მეფე-მთავრებს არ ქონდათ სრული წარმოდგენა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე.
უკვე XVIII საუკუნიდან რუსეთის ინტერესი საქართველოსადმი რეალური ხდება მაშინ, როდესაც მათ პოლიტიკაში შემოიჭრება ხმელთაშუა ზღვის და წინა აზიის პრობლემები. ამ დროიდან იწყება რუსეთის აგრესიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ, რომელიც დასაწყისში ატარებდა მშვიდობიან და დიპლომატიურ სახეს. ეს ის ხანაა, როდესაც პეტრე დიდმა თავისი იმპერიალისტური გეგმა შეადგინა. ამ გეგმაში შედიოდა კავკასიის ხელში ჩაგდება და აქ ბატონობის დამყარება.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, XVIII საუკუნიდან რუსეთის იმპერიამ გაააქტიურა ექსპანსია სამხრეთ კავკასიის მიმართულებით. 1724 წელს სტამბოლში ოსმალეთსა და რუსეთს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ორმა იმპერიამ დასუსტებული სპარსეთის სამფლობელოები გაიყო. რეალურად ამ შეთანხმებით „დაკანონდა“ რუსეთის კავკასიაში ყოფნა. შემდგომ წლებში იმპერიებს შორის დაპირისპირება გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა რუსეთის იმპერიის წარმატებები კავკასიის რეგიონში აშკარაა.
1768-1774 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომმა მნიშვნელოვნად შეცვალა პოლიტიკური ვითარება საქართველოში, განსაკუთრებით მის დასავლეთ ნაწილში. ომის დაწყებამდე რუსეთი ქართულ სამეფო-სამთავროებთან ურთიერთობაზე, მათ დახმარებაზე უარს ამბობდა. თუმცა ომის დაწყებისთანავე პოზიცია შეცვალა. სწორედ ამ პერიოდიდან რუსეთი ცდილობდა რელიგიური მოტივებით შეენიღბა თავისი დაპყრობითი გეგმა. სწორედ ამიტომ წარმატებული აღმოჩნდა იმერთა მეფის სოლომონ I-ის მიერ რუსეთში გაგზავნილი ელჩობა.
სარწმუნოებას ეხებოდა 1774 წელს ამ ომის შემდეგ დადებული ქუჩუკ-კაინარჯის ზავის 23-ე მუხლი. ოსმალეთმა უარი თქვა დასავლეთ საქართველოდან ხარკად ჭაბუკებისა და ქალიშვილების მოთხოვნაზე, სარწმუნოების შევიწროებაზე, ამავე დროს ოსმალეთი ხელს არ შეუშლიდა ეკლესია-მონასტრების მშენებლობას და შეკეთებას.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მსოფლიო ისტორიის ახალ ეტაპს საქართველო პოლიტიკურად დაშლილი შეხვდა. XVI საუკუნის დასაწყისში საქართველო კახეთის, ქართლის, იმერეთის სამეფოებად და სამცხის სამთავროდ იყოფოდა. თანამედროვე აფხაზეთი იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. თავის მხრივ იმერეთი ოსმალეთის უზანაესობას აღიარებდა. XIV-XV საუკუნეებში თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია ეკლესიურად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ექვემდებარებოდა. ეს ტერიტორია ოთხ საეპისკოპოსოს შორის იყო განაწილებული; საკუთრივ აფხაზეთის საერისთავო ეკლესიურად უშუალოდ აფხაზეთის კათოლიკოსს ექვემდებარებოდა. მისი მთავრი რეზიდენცია XVI საუკუნის 50-იან წლებამდე ბიჭვინთის ღვთისმშობლის ეკლესია იყო; 1568-1578 წლებში, როცა აფხაზეთის კათოლიკოსი ევდემონ ჩხეტიძე იყო, მისი მთავარი რეზიდენცია გელათის მონასტრის წმინდა გიორგის ეკლესია გახდა. (ლომინაძე., ბ., გვ. 177-186). რეზიდენციის გადატანა განაპირობა აფხაზეთში წარმართ მთიელთა მასობრივმა ჩამოწოლამ, რასაც საერისთავოს ტერიტორიაზე ეკლესია-მონასტრების დაცარიელება, სამღვდელოების სრული ევაკუაცია და ქრისტიანობის განადგურება მოჰყვა. საკუთრივ აფხაზეთში ქრისტიანობის დაცემა მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის მკვეთრმა ცვლილებამ გამოიწვია.
XVII საუკუნის პირველ ნახევარშიც თანამედროვე აფხაზეთის უდიდესი ნაწილი ოდიშის სამთავროს შემადგენლობაში შედის. თუმცა აფხაზეთის გამგებლები ცდილობენ დამოუკიდებლობის მოპოვებას. იმავე საუკუნის 70-იანი წლების მიწურულისათვის შარვაშიძეებმა მოახერხეს ოდიშის მთავრების დამოკიდებულებისაგან გათავისუფლება; ამიერიდან შარვაშიძეები უშუალოდ, თუმცა ნომინალურად ემორჩილებოდნენ იმერეთის მეფეს.
რთული იყო ეთნიკური ვითარება ამ პერიოდის საქართველოში. დაცარიელებულ ბარის რეგიონებში მთიელები სახლდებოდნენ. აფხაზეთში და ჩრდილო-დასავლეთ სამეგრელოს ზოგიერთ რაიონებში ჯიქურ-აფხაზური თემები დამკვიდრდნენ. ბუნებრივია, მათი აფხაზეთში დამკვიდრების შემდეგ ეთნიკურ-სოციალური და კულტურული იერ-სახე არსებითად შეიცვალა. შედარებით უკეთესი სიტუაცია იყო თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.
XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე დასავლეთ საქართველო ოსმალეთის პოლიტიკური გავლენის სფეროში რჩებოდა. იმერეთის მეფეს, ოდიშის, გურიისა და მათ შორის აფხაზეთის მთავარებ,ს ტახტზე, ოსმალეთის სულთანი ამტკიცებდა. მათი დამოკიდებულება სულთნისადმი ყოველწლიური ხარკის გაგზავნაში გამოიხატებოდა. დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრები ყველა ხელსაყრელ შემთხვევას იყენებდნენ, რომ ოსმალთა დამოკიდებულებისაგან გათავისუფლებულიყვნენ. აფხაზები კარგად გრძნობდნენ იმ საფრთხეს, რაც დასავლეთ საქართველოში ოსმალთა გაბატონებას მოჰყვებოდა და ამიტომ, სამეგრელოსთან დაპირისპირების მიუხედავად , ქართველებთან ერთად ებრძოდნენ დამპყრობლებს.
შინაომებისა და ოსმალთა შემოსევების გამო მძიმე ვითარება იყო აფხაზეთში. აფხაზი მთავრები ვერ აკონტროლებდნენ სიტუაციას. განსაკუთრებით ფართოდ იყო გავრცელებული ტყვეთა სყიდვა. გარდა ამისა, აფხაზეთი ხშირად განიცდიდა მეზობელი მთის ტომების თავდასხმებს, ქვეყნის შიდა რაიონებში იჭრებოდნენ თავისუფალი აფხაზური თემების - წებელდის, დალის, ფსხუს, აჰჭიფლის - მკვიდრნი (ხორავა., 2007გვ. 199).
ამ პერიოდში ოსმალებმა მოახერხეს აფხაზეთისა და ჯიქეთის დამორჩილება, რის შემდეგაც ისინი უფრო აქტიურად ერეოდნენ სამთავროს საშინაო საქმეებში და მხარს უჭერდნენ სამთავრო სახლის მოწინააღმდეგე ძალებს.
XVIII საუკუნის შუა ხანებში აფხაზეთის საზღვარი სამხრეთ-აღმოსავლეთით მდინარე ღალიძგაზე გადიოდა, სადაც მას ოდიში ესაზღვრებოდა; ჩრდილო-დასავლეთით - მდინარე ბზიფზე, სადაც ჯიქეთი ესაზღვრებოდა. (ქართლის ცხოვრება., ტ. IV., გვ. 783). მდინარეებს ღალიძგასა და ენგურს შორის ტერიტორია - სამურზაყანო - ოდიშის სამთავროს შემადგელობაში შედიოდა.
III თავი
აფხაზეთი XVIII საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში
XVIII საუკუნის II ნახევარში აფხაზეთს განაგებენ გამაჰმადიანებული მთავრები; მაჰმადიანები იყვნენ სოხუმის მმართველი და ტახტის მემკვიდრე, სტამბოლში გაზრდილი ქელაიშ აჰმედ-ბეგი და აბჟუას (ტერიტორია მდ. ღალიძგასა და მდ. კოდორს შორის) მმართველი ბექირ ბეგი. ოსმალეთის დახმარებით ქელაიშ აჰმედ ბეგმა დაამხო მთავარი ზურაბ შარვაშიძე და მთავრის ტახტს დაეუფლა. აფხაზეთი ოსმალეთის ქვეშევრდომი გახდა. დაიწყო მასობრივად მოსახლეობის ისლამიზაცია. ამბროსი ხელაია წერდა, რომ ამ მიზნით ოსმალეთის მთავრობამ კავკასიაში გამოგზავნა 20 000 მოლა (ამბროსი ხელაია. ბედიის ტაძარი, გვ. 45-46). გამაჰმადიანებულმა მთავარმა ბედიის ტაძარი დაიკავა, რასაც XVIII საუკუნის ბოლოს ბედიის დაცარიელება და იქ წირვა-ლოცვის შეწყვეტა მოჰყვა. ქელაიშ ბეგი ენერგიული პიროვნება იყო, რომელიც მიისწრაფოდა მტკიცე ძალაუფლება დაემყარებინა აფხაზეთში. მალე მან დაიმსახურა ოსმალეთის ნდობა და სოხუმის ფაშად დაინიშნა. მან მოახერხა და დაიმორჩილა აფხაზეთის ურჩი თავადები და ფაქტობრივად გააერთიანა აფხაზეთი. თუმცა მისი ძალაუფლება გარკვეულწილად შეზღუდული იყო სოხუმში განლაგებული ოსმალთა გარნიზონის უფროსის მიერ.
იმერთა მეფის სოლომონ I-ის მეფობის პერიოდში (1735-1784) 1776 წელს აფხაზ-იმერთა კათოლიკოსის ტახტზე ავიდა მაქსიმე II აბაშიძე (1776-1795 წ.წ.). კათალიკოსმა იმერთა მეფის დახმარებით მოახერხა სამეგრელოსა და გურიის მთავრებისაგან ბიჭვინთის საეკლესიო მამულების დაბრუნება. სწორედ მის პერიოდში აღდგა დასავლეთ საქართველოს ეკლესიის ერთიანობა. თუმცა 80-იან წლებში იმერეთის მეფესთან ჩამოვარდნილი უთანხმოების გამო კათოლიკოსი ქართლ-კახეთის სამეფოში გადადის, სოლომონის გარდაცვალების შემდეგ კი, უკან ბრუნდება, ხდება მისი როგორც კათოლიკოსის ხელმეორედ კურთხევა.
მაქსიმე II აბაშიძე მთელი თავისი ცხოვრება ცდილობდა რუსეთის დახმარებით აფხაზეთის სამთავრო იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში დაებრუნებინა, აფხაზეთი კვლავ გაექრისტიანებინა, მთლიანად დასავლეთ საქართველო ოსმალეთისაგან გაეთავისუფლებინა და რუსეთის მფარველობაში შეეყვანა.
მაქსიმეს გარდაცვალების შემდეგ აფხაზეთის კათოლიკოსის ტახტს იკავებს ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოს წერეთელი (1781-1820) - აფხაზეთის საკათალიკოსოს უკანასკნელი მმართველი. ის თანამდებობაზე 1814 წლამდე - საკათალიკოსოს გაუქმებამდე იყო.
სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ იმერეთის სამეფო ტახტზე დავით გიორგის ძე (სოლომონ II) ადის. იგი ცდილობდა დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებას; რაც გარკვეული წარმატებების მიუხედავად საბოლოო ჯამში ვერ მოხერხდა. ამ დროისათვის რუსეთი უკვე დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროების გაუქმებაზე და მიერთებაზე ზრუნავდა. რუსეთს განსაკუთრებით აინტერესებდა შავი ზღვის კავკასიის სანაპირო, კონკრეტულად კი აფხაზეთი. გარუსებულმა გენერალმა და მთავარმართებელმა, პ. ციციანოვმა, აფხაზეთის შემოერთების ისტორიულ-ქრისტიანული საფუძველი განავითარა. იგი წერდა, რომ აფხაზეთი ივერიის (საქართველოს) პროვინცია იყო და აქ თურქებმა ცეცხლითა და მახვილით გაანადგურეს ადგილობრივი მოსახლეობა, გადაშენების პირამდე მიიყვანეს ქრისტიანობა.
XIX საუკუნის დასაწყისში აფხაზეთის მთავრები ცდილობდნენ სამეგრელოს მთავრების შუამდგომლობით რუსეთის მფარველობაში შესვლას, რასაც ბუნებრივია ეწინააღმდეგებოდა ოსმალეთი. თავის მხრივ სამეგრელოს სურდა აღედგინა თავისი გავლენა აფხაზეთზე. რუსეთი ოსმალეთთან ურთიერთობის გამწვავების შიშით უნდობლად ეკიდებოდა აფხაზეთის მთავრის თხოვნას, მხოლოდ ოსმალეთთან კავშირის გაწყვეტის შემთხვევაში იყო რუსეთი მზად აფხაზეთი მფარველობაში მიეღო. მანამდე კი ცდილობდა მთავართან „თბილი“ ურთიერთობა შეენარჩუნებინა.
სამეგრელოს სამთავრო კარისა და ქართული სამღვდელოების მცდელობები აფხაზეთთან მიმართებაში ნაწილობრივ და დროებით განხორციელდა. მოხერხდა მხოლოდ სამურზაყანოს შემოერთება; ამ მცდელობების შემდეგ შეიქმნა მეტნაკლებად ხელსაყრელი პირობები აფხაზეთში ქრისტიანობის გავრცელებისა და ეკლესია- მონასტრების აღდგენისათვის.
ოსმალეთის გავლენით ასლან ბეგმა მამა - ქელაიშ ბეგი მოაკვლევინა, რის შემდეგადაც ის აფხაზეთის მთავრად გამოცხადდა. მისი ძმა გიორგი/საფარ ბეგი (მას ლევან დადიანის და თამარი ყავდა ცოლად და ქრისტიანი იყო) სამეგრელოში გაიქცა და დახმარება სთხოვა რუსეთს. მან იმპერატორს „სათხოვარი პუნქტები“ გაუგზავნა და მფარველობაში მიღება სთხოვა. 1810 წლის 17 თებერვალს იმპერატორმა ალექსანდრე I-მა საფარ ბეი (გიორგი) შარვაშიძე დაამტკიცა აფხაზეთის მთავრად რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების აღიარებით და შიდა ავტონომიის ცნობით. იმავე წლის ივლისში რუსებმა აიღეს სოხუმი. ამ ბრძოლის დროს ქალაქი დიდად დაზიანდა. 23 აგვისტოს გიორგი შარვაშიძემ ფიცის ტექსტს ხელი მოაწერა, რაც აფხაზეთის სამთავროს რუსეთის იმპერიის „მფარველობაში“ შესვლას ოფიციალურად ნიშნავდა.
რუსეთის ჯარის მიერ სოხუმის აღების შემდეგ ოსმალებმა, რომლებიც აქ მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ დაიწყეს ქალაქისა და მისი შემოგარენის დატოვება. ამ პერიოდში აფხაზეთში (სამურზაყანოს გარდა) არცერთი მოქმედი ქრისტიანული ეკლესია არ არსებობდა. მართლმადიდებლები იყვნენ სამურზაყანოელები. ფუნქციონირებდა ცაიშის ეპარქიაში შემავალი ილორის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია. 1810 წელს ღვთისმსახურება აღდგა ბედიის ტაძარში, თუმცა 1814 წელს ლევან და ხუტუნია შარვაშიძეების წინააღმდეგ მოწყობილი სამხედრო ექსპედიციის დროს რუსულმა ზარბაზნებმა ტაძარი დაანგრიეს და მან ფუნქციონირება შეწყვიტა (გამახარია, აფხაზეთი და მართლმადიდებლობა, გვ. 364).
1809 წლის 23 დეკემბერს დეკანოზი იოანე იოსელიანი მთავარმართებელ ა.პ. ტორმასოვისაგან აფხაზეთის ეკლესიების აღდგენაში ხელშეწყობას ითხოვდა. იგი წერდა, რომ აფხაზები ჩამოშორებულნი იყვნენ ქრისტიანულ სარწმუნოებას, თუმცა იყვნენ გაქრისტიანებისა და მღვდლების დანიშვნის მომხრეები. დეკანოზი გამოთქვამდა მათი მონათვლის სურვილს და ამბობდა: „ჩვენ თუ მათში მართლმადიდებლურ რწმენას ჩავნერგავთ, ამით მათ გულებში გავაღვივებთ სურვილს შეისწავლონ რუსული ენა...“. დეკანოზი ასევე აღნიშნავდა, რომ მისი მეუღლე აფხაზეთის მთავრის ნათესავია, კარგად იცის აფხაზური ენა და მისი მეშვეობით აფხაზებისათვის გასაგები გახდებოდა ქრისტიანული ქადაგების შინაარსი. იგი ასევე ითხოვდა ბიჭვინთის, დრანდის, ლიხნის, მოქვის, ბედიის ტაძრებში მღვდლების დანიშნვას და საეკლესიო ნივთებით მათ მომარაგებას, რათა არაფრით არ ყოფილიყვნენ აფხაზებზე დამოკიდებული. (გამახარია, აფხაზეთი და მართლმადიდებლობა, გვ. 365).
შეიქმნა მეტ-ნაკლებად ხელსაყრელი პირობები აფხაზეთში ქრისტიანობის გავრცელების, ეკლესია-მონასტრების აღდგენისა და აფსუათა (აფხაზთა) მოქცევისათვის.
ამ დროისათვის აფხაზეთის სამთავროს პოლიტიკურ საზღვრად ჩრდილო-დასავლეთით მდ. ბზიფი ითვლებოდა, რადგან გაგრის ვიწროებიდან მდ. ბზიფამდე მიწა-წყალი ჯიქებს ქონდათ მიტაცებული, სამხრეთ-აღმოსავლეთით მისი საზღვარი მდ. ღალიძგაზე გადიოდა, სადაც მას სამეგრელოს სამთავრო ესაზღვრებოდა. ჩრდილოეთით საზღვარი ნომინალურად კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს მიუყვებოდა, ხოლო დასავლეთით შავი ზღვა ეკვროდა. რუსეთის მფარველობაში შესვლის დროისათვის აფხაზეთის სამთავრო ერთიან პოლიტიკურ ერთეულს არ წარმოადგენდა. ის ცალკეულ მხარეებად იყოფოდა. ბზიფის ოლქზე (მდ. ბზიფსა და მდ. გუმისთას შორის) - ვრცელდებოდა აფხაზეთის მთავრის ხელისუფლება; გუმის ანუ აფხაზეთისა (მდ. გუმისთასა და მდ. კოდორს შორის) და აბჟუას (მდ. კოდორსა და მდ. ღალიძგას შორის) ოლქებს შარვაშიძეთა სამთავრო სახლის სხვა წევრები ფლობდნენ. მასთან ნომინალურად იყო დაკავშირებული მთიანი მხარეები: წებელი და დალი მდ. კოდორის შუა და ზემო წელში, და ფსხუ - მდ. ბზიფის ზემო წელი, რომლებსაც მარშანიები განაგებდნენ.
რუსეთის პოზიციები აფხაზეთში ჯერ კიდევ სუსტი იყო. სამთავროში არსებობდა ძლიერი პროოსმალური დაჯგუფება, რომელსაც სათავეში მთავრის ძმა ასლან-ბეი შარვაშიძე ედგა.
1806-1812 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდგომ დადებული ბუქარესტის ზავის მიხედვით რუსეთს ოსმალეთისათვის უნდა გადაეცა სოხუმი და სხვა ქალაქები; მაგრამ რუსეთმა მოახერხა სოხუმის შენარჩუნება.
რუსეთის ხელისუფლება კარგად აცნობიერებდა აფხაზეთში ქრისტიანობის გავრცელების მნიშვნელობას და ამ საქმეში ქართული სამღვდელოების ჩართვის აუცილებლობას . სწორედ ამის გამო, უწმინდესმა სინოდმა 1818 წლის 28 დეკემბერს მიიღო იმპერატორ ალექსანდრე I -ის მიერ დამტკიცებული ბრძანებულება:
1. ვინაიდან აღმოსავლეთ საქართველოს, იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის ეპარქიები ესაზღვრებიან მთიელ წარმართებს და შიგნითაც ჰყავთ ასეთი ურწმუნოები, ეგზარქოსის კონტროლის ქვეშ ყველა ეპარქიალურ მღვდელმთავარზე გავრცელდეს ე.წ. „ოსური კომისიის“ მოვალეობები;
2. თითოეული ეპარქიალური მღვდელმთავარი ორ-სამ მქადაგებელს -მისიონერს აგზავნის მთებში ფარულად „ თვინიერ უმცირესისა განთქმისა და ყოვლისა ცხენოსნისა მხლებელთა“;
3. ეპარქიალური მღვდელმთავრები ეგზარქოსს საიდუმლოდ აცნობებენ მიღწეული წარმატებების თუ დაბრკოლებების შესახებ, ელოდნენ შესაბამის მითითებებს;
4. ეგზარქოსები იღებდნენ წლიურ ანგარიშებს იმის თაობაზე, თუ რამდენი ადამიანი მოინათლა, რამდენი მღვდელი დაინიშნა ახალმონათლულებთან, რამდენი ეკლესია აშენდა, ვის დაევალა სასულიერო პირების ქცევაზე და ეკლესიების კეთილდღეობაზე ზედამხედველობა;
5. ეგზარქოსი ყოველწლიურ ანგარიშს აგზავნიდა უწმინდეს სინოდში ყველაზე მონდომებული და ურწმუნოთა მოქცევის საქმეში წარმატებული მღვდელმთავრების შესახებ“ (გამახარია, აფხაზეთი და მართლმადიდებლობა გვ. 367).
აქტიურად მიმდინარეობდა ქრისტიანობის პროპაგანდა. მაგ. გიორგი შარვაშიძის კარის ეკლესიის მღვდელმა იოანე იოსელიანმა ლიხნში ათობით აფხაზი (აფსუა) მონათლა და სასულიერო სასწავლებლის დაარსების საკითხიც დასვა. აფხაზეთის არქიმანდრიტმა იოანე ქავთარაძემ ასობით აფხაზი მოაქცია. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ პერიოდისათვის აფხაზეთი, ისევე როგორც სამეგრელო, ეკლესიურად ეგზარქოსს ჯერ კიდევ ოფიციალურად არ ექვემდებარებოდა. თუმცა ეგზარქატი მთელ საქართველოზე ავრცელებდა თავის იურისდიქციას. იმ დროისათვის აფხაზეთის ეკლესია, როგორც ასეთი არ არსებობდა, შესაბამისად ეგზარქატის სტრუქტურაში ეს ტერიტორიული ერთეული არ ფიგურირებდა. აფხაზეთში არსებობდა მხოლოდ ლიხნის კარისა და სოხუმის ციხის ეკლესიები, სადაც ქართველი სასულიერო პირების ძალისხმევით აფხაზები ინათლებოდნენ. ქ. სოხუმში ბერძენი ეროვნების გიორგი სკანდანას ინიციატივით წმ. გიორგის ეკლესია (სოხუმის სასაფლაოს ეკლესია) აშენდა, რომელიც გასაბჭოებამდე ფუნქციონირებდა. იმავე წელს იმპერატორმა ალექსანდრე I-მა საქართველოს მმართველს - გენერალ ა.პ. ერმოლოვს ბიჭვინთის ტაძრის აღდენა დაავალა. თუმცა ტაძრის აღდეგნას აფხაზეთში რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ დაწყებულმა აჯანყებამ შეუშალა ხელი.
1821 წლის 7 თებერვალს აფხაზეთის მთავარი გიორგი შარვაშიძე ლიხნში გარდაიცვალა. მისმა მეუღლემ თამარ შარვაშიძემ მთავარმართებელს ა. ერმოლოვს თხოვა პეტერბურგში, პაჟთა კორპუსში მყოფი მისი უფროსი შვილი დიმიტრი მთავრად დაემტკიცებინათ და აფხაზეთში დაებრუნებინათ. ამასობაში აფხაზეთში მღელვარება დაიწყო; გიორგი შარვაშიძის უფროსი ძმა ჰანას ბეი, რომელსაც მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერა ჰქონდა ცდილობდა მთავრის ტახტის დაკავებას. იმპერატორმა დიმიტრი მთავრად დაამტკიცა და აფხაზეთში გამოუშვა. ა. ველიამინოვის ბრძანებით ჰასან ბეი დაატყვევეს და ციმბირში გადაასახლეს. ამან მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა. ახალ მთავარს ამჯერად მამის მკვლელი ასლან ბეი დაუპირისპირდა, რომელიც სამი ათასი მოლაშქრით დაბანაკდა კოდორის კონცხსა და სოფ. კელასურს შორის. მას სურდა რუსის ჯარი აფხაზეთში არ შეეშვა, რომელთა შორის იყო ახალი მთავარი - დიმიტრი. რუსის ჯარმა, რომელთა რიგებშიც სამეგრელოს მთავრის ლევან V დადიანის მოლაშქრეებიც იყვნენ, დაამარცხეს ასლან ბეი. მთავრად დამკიცებული დიმიტრი შარვაშიძე მიიყვანეს ლიხნში და საზეიმოდ გამოაცხადეს მისი გამთავრება.
პეტერბურგში აღზრდილი დიმიტრი (1821-1822 წწ.) შეუფერებელი აღმოჩნდა სამთავრო ტახტისათვის. მან ვერ შეძლო რეალური ძალაუფლების მოპოვება, მისი ხელისუფლება მთლიანად რუსეთის სამხედრო ძალას ეყრდნობოდა. ჟან ფრანსუა გამბა აღნიშნავდა: პეტერბურგიდან, ალექსანდრე I-ის სასახლიდან „მამისეულ ხის უბრალო სახლში გადმოსახლებული მთავარი, რომელიც არც თავის ხალხს იცნობდა და არც მისი ენა იცოდა, ორი წლის განმავლობაში უფრო ტყვეს ჰგავდა ვიდრე სუვერენს“, ქვეყანას ფაქტობრივად დედამისი განაგებდა. (გამბა., გვ. 86). პეტერბურგში გაზრდილი მთავარი სამშობლოში თავს უცხოდ გრძნობდა და ხალხიც მას უცხოსავით უყურებდა. მისი ძირითადი გართობა ლიხნის გარნიზონის ოფიცრების მონახულება იყო, ეს საზოგადოება უფრო შეეფერებოდა მას აღზრდით, განათლებით და თვით ენითაც, ვიდრე ისინი, ვინც მას გარს ეხვია და კარისკაცების მოვალეობას ასრულებდა. (Утверждение руского владичества на кавказе., т.III. ч.2).
1822 წლის ზაფხულში აფხაზეთში იმოგზაურა ჟან ფრანსუა გამბამ. მისი თქმით, ამ მხარეში რუსების გამგებლობაში მხოლოდ სოხუმის ციხე იყო, მისი გალავნის მიღმა კი რუს ჯარისკაცებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე საფრთხე ემუქრებოდათ. აფხაზთა თავდასხმისა და ტყვედ გატაცების შიშით ჯარისკაცები ციხიდან შეიარაღებულნი გადიოდნენ. სოხუმის ციხეში ყოველდღე მოდიოდნენ აფხაზები საქონლის გაცვლის მიზნით. ისინი დიდი ჯგუფებით მოდიოდნენ. ვიდრე ციხეში შევიდოდნენ, იარაღს მოიხსნიდნენ, ხოლო გასვლისას კვლავ აისხამდნენ. (გამახარია., აფხაზეთი და მართლმადიდებლობა, გვ. 232).
1822 წლის 16 ოქტომბერს 20 წლის დიმიტრი შარვაშიძე გარდაიცვალა. მთავრად დაამტკიცეს მისი უმცროსი ძმა მიხეილი. პ. გორჩაკოვი ა. ველიამინოვს წერდა, რომ მიხეილ შარვაშიძე ნამდვილად ფლობდა ისეთ თვისებებს, რასაც კავკასიის მთიელები დიდად აფასებდნენ: ის იყო მამაცი, უშიშარი და კარგი მხედარი, უფროს ძმასთან შედარებით უფრო თამამი და მარჯვეც.
ახალ მთავარსაც ბევრი სიძნელეები შეხვდა. მალე აფხაზეთში ისევ დაიწყო აჯანყება ასლან ბეის ხელმძღვანელობით. მიხეილს თავს დაესხნენ ლიხნში აფხაზები და ალყაში მოაქციეს. იმერეთის მმართველი გორჩაკოვი საჩქაროდ გაეშურა თავისი ჯარით, გზად მას მეგრელთა რაზმიც შეუერთდა. მათ გზა გაიკაფეს ლიხნისაკენ და გაათავისუფლეს ალყაშემორტყმული მთავარი.
აფხაზეთის შიდა პოლიტიკურ არეულობს ემატებოდა კავკასიის მთის ტომების შემოსევებიც. ჯიქები და უბიხები ყოველწლიურად მთებით ან შავი ზღვის სანაპირო ზოლით გადმოდიოდნენ მდ. ბზიფზე. ისინი ძარცვავდნენ სოფლებს, მიერეკებოდნენ საქონელს, მიჰყავდათ ტყვეები.
სამთავროს სხვადასხვა მხარეში გრძელდებოდა მღელვარებები. მოსახლეობაში იზრდებოდა ანტირუსული განწყობა, რაც რუსეთის მთავრობის დამოკიდებულებით უნდა აიხსნას. რუსი მოხელეები აფხაზებს ველურებს, მხეცებს და მოურჯულებლებს უწოდებდნენ და მზად იყვნენ მათ მხეცურად გასწორებოდნენ.
საიმპერატორო კარს კარგად ესმოდა, რომ აფხაზეთში გავლენის განმტიცება დიდად იყო დამოკიდებული რუსულ-ქრისტიანული ორიენტაციის მთავრის ძალაუფლებაზე. ამიტომ მხარს უჭერდა მიხეილ შარვაშიძეს. თუმცა ამ დროისათვის მთავრის ხელისუფლება რეალურად მხოლოდ ბზიფის ოლქზე ვრცელდებოდა. მას ნომინალურად ემორჩილებოდა აფხაზეთისა და აბჟუას ოლქები. მთავრის ხელისუფლებას არ ცნობდნენ აფახზეთის მთის თემები: წებელი, დალი და ფსხუ. აფხაზეთის მთავარი ქვეყნის მართვაში ჰასან ბეიზე ამყარებდა იმედებს. ამიტომ მისი შუამდგომლობით რუსეთის ხელისუფლებამ ჰანას ბეი 1828 წელს აფხაზეთში დააბრუნა. დაბრუნების შემდეგ იგი აფხაზ თავად-აზნაურებს რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობისაკენ მოუწოდებდა და თვითონაც ერთგულად ემსახურებოდა საიმპერატორო კარს. თუმცა არ ცნობდა მიხეილ შარვაშიძის უზენაესობას.
რუსეთ-ირანის (1826-1828 წწ.) ომის შემდეგ რუსეთის პოზიციები სამხეთ კავკასიაში კიდევ უფრო განმტკიცდა. რამაც შეაშფოთა ინგლისი. ირანთან ომის დამთავრებისთანავე რუსეთ-თურქეთის მორიგი ომი (1828-1829 წწ.) დაიწყო. ომის შემდეგ დადებული ადრიანოპოლის ზავით კავკასიაში რუსეთის საზღვრებში მოექცა სამცხე-ჯავახეთი. ასევე, შავი ზღვის სანაპირო მდ. ყუბანის შესართავიდან მდ. ჩოლოქამდე ქალაქებით: ანაპა და ფოთი. ამ გამარჯვების შემდეგ იმპერატორმა ნიკოლოზ I-მა (1825-1855 წწ.) კავკასიის მთავარმართებელს ი. პასკევიჩს მისცა დირექტივა: „მთიელთა სრული დამორჩილება ან განადგურება“. ამის შემდეგ მთავარმართებელმა შეიმუშავა კავკასიის მთის ხალხების, მათ შორის აფხაზების, სწრაფი დამორჩილების გეგმა, რომელიც იმპერატორმა 1829 წლის ოქტომბერში დაამტკიცა. ამ გეგმის მიხედვით საჭირო იყო შავი ზღვის სანაპიროზე არსებული სიმაგრეების რედუტ-ყალეს, სოხუმის, ანაპას გარდა ახალი სიმაგრეების აგება და მათი ერთმანეთთან დაკავშირება სანაპირო გზით, ასევე ჩრდილოეთიდან რამდენიმე ექსპედიციის მოწყობა ყუბანის მხარეში. გეგმა სრულად ვერ განხორციელდა თუმცა აფხაზეთის სანაპირო ზოლში - ბობბორაში, ბიჭვინთაში, გაგრაში რუსებმა სიმაგრეების აგება დაიწყეს. რუსის ჯარის აქ გამაგრებამ მიხეილ შარვაშიძის ძალაუფლებას კიდევ უფრო მეტი სიმტკიცე შესძინა.
1834-1835 წლებში კავკასიის რუსულმა ადმინისტრაციამ რედუტ-ყალედან სოხუმამდე და სოხუმიდან გაგრამდე გზა გაიყვანა. ასევე ააგეს სიმაგრეები -ილორსა და დრანდაში. რის შემდეგაც მდ. ბზიფსა და გაგრას შორის ტერიტორია აფხაზეთის მთავრის იურისდიქციაში დაბრუნდა. მიხეილ შარვაშიძის ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ უფრო აქტიურდება აფხაზეთში მისიონერული მოღვაწეობა. მთავარი დასახმარებლად იმერეთის მმართველს მიმართავს. სინოდალურმა კანტორამ გადაწყვიტა აფხაზეთში მისიონერული მოღვაწეობის გასაშლელად სამეგრელოს ეპარქიიდან მღვდლები გაეგზავნა. 1833 წლის თებერვალში ანტონ დადიანი არქიმანდრიტად აკურთხეს; მომდევნო წელს ის აფხაზეთში ჩავიდა და მისიონერულ საქმიანობას შეუდგა. მისიის დადებითი შედეგები აშკარა გახდა: 1834 წლის მარტიდან მაისამდე მხოლოდ ლიხნში 155 ადამიანი მოინათლა. ბზიფის ოლქში მისიონერებს დიდ დახმარებას უწევდნენ თამარ შარვაშიძე და თავადი სალარუფ ინალ-იფა. მისიონერები აბჟუის მხარეშიც მოღვაწეობდნენ. 1834 წელს კვიტოულში 156 ადამიანი მოინათლა, ტამიშში - 93, კინდღში - 72. მთლიანად აფხაზეთში მისიონერებმა პირველ წელს 554 აფხაზი მონათლეს. 1835 წელს მოინათლა 784, ხოლო 1836 წელს 617 ადამიანი. არსებობს მონათლულთა სიები, საიდანაც კარგად ჩანს, რომ ბზიფის მხარეში ძირითადად აფხაზური გვარები ჭარბობს, თუმცა საკმაოდ ბევრია ქართული გვარებიც, აბჟუაში ძირითადად ქართული გვარები გვხვდება. (გამახარია., აფხაზეთი და მართლმადიდებლობა, გვ. 379).
შედარებით მარტივი იყო სანაპირო ზოლის მოსახლეობის გაქრისტიანება, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი გააფხაზებული ქართველი იყო. ხოლო მთიან სოფლებში ვითარება უფრო რთულად იყო. მთაში ძირითადად ცხოვრობდნენ არცთუ დიდი ხნის წინ ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსახლებული წარმართები და მაჰმადიანები. ისინი მისიონერებს დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ. ქრისტიანობის გავრცელება მათთვის ასოცირდებოდა რუსეთის ხელისუფლების გავრცელებასთან.. მიუხედავად რთული პირობებისა, ქართველი მისიონერები მაინც აგრძელებდნენ მოღვაწეობას აფხაზეთში.
რუსის ჯარის მიერ აფხაზეთის სხვადასხვა სტრატეგიული პუნქტების დაკავება, როგორც აღვნიშნეთ, აძლიერებდა მიხეილ შარვაშიძის ხელისუფლებას, მაგრამ ამავე დროს ზრდიდა რუსების გავლენას აფხაზეთის სამთავროზე. წებელდა, რომელსაც მარშანიები ფლობდნენ, ფაქტობრივად დამოუკიდებელი იყო და არ ემორჩილებოდა მთავარს. ამ გვარის მეთაურმა ბათალ ბეიმ წებელდისა და დალის მოსახლეობა რუსებს აუმხედრა (1840 წ.). რუსებმა ეს აჯანყება ჩაახშვეს; მათ ასევე დალაშქრეს ფსხუ და შექმნეს ფსხუს საბოქაულო.
1841-1842 წლებში კვლავ იყო გამოსვლები დალში, წებელდაში, ფსხუში, რომლებიც რუსეთის სარდლობამ კვლავ ჩაახშო. რუსების მმართველობა გავრცელდა აფხაზეთის შუაგულში. მიხეილ შარვაშიძე გრძნობდა უფლებების შემცირებას, რუსები ხშირად ერეოდნენ საშინაო საქმეებშიც. ამას თან დაერთო სამურზაყანოში საბოქაულოს დაარსება, რაც მთავარმა თავის დამცირებად მიიღო (ის სამურზაყანოს აფხაზეთის შემადგენელ ნაწილად თვლიდა და ამის გამო დაუპირისპირდა კიდეც ლევან V დადიანს). 1847 წლის მაისში რუსეთის ხელისუფლებამ მთავარს ჩამოართვა გუდაუთის, ოჩამჩირის, კელასურის ნავსადგურები, საიდანაც მნიშვნელოვანი შემოსავალი ჰქონდა. ეს ნავსადგურები საბაჟო უწყებას გადაეცა, ხოლო მთავარს სანაცვლოდ პენსია დაენიშნა - 12 ათასი მანეთი წელიწადში. გარდა ამისა, სოხუმში მოქმედებდა რუსული ადმინისტრაცია და სასამართლო. ყველა ამ გარემოების გამო, მთავარმა გამოთქვა პროტესტი და უარი განაცხადა მთავრის ტიტულზე. რუსეთი ამ დროს დაღესტანს ეომებოდა, ამიტომ შარვაშიძის წინადადება მისი ინტერესებისათვის სასარგებლოდ არ მიიჩნია. მიხეილ შარვაშიძე კვლავ მთავრის ტახტზე დარჩა.
1849 წელს მიხეილ შარვაშიძემ საქართველოს საეგზარქოსოს მიმართა წინადადებით შექმნილიყო ცალკე აფხაზეთის ეპარქია. 1851 წლის 30 აპრილს იმპერატორის განკარგულებით აფხაზეთის საეპისკოპოსო კათედრა დაფუძნდა. აფხაზეთის ეპისკოპოსად ეკურთხა მიხეილ შარვაშიძის სულიერი მოძღვარი გერმანე (გოგელაშვილი). ამ პერიოდში აფსუა მოსახლეობის (ისლამის მიმდევარი) ყურადღება მიპყრობილი იყო მიურიდიზმის დროშის ქვეშ მებრძოლი ჩრდილოეთ კავკასიელი ტომებისაკენ. ეს მიმდევრობა განსაკუთრებით უბიხების ძალისხმევით იკიდებდა ფეხს ჯიქეთში, იქიდან კი აფხაზეთში შემოდიოდა. აფხაზებზე ზემოქმედებას უბიხების მეთაური, მუჰამედ ემინის თანამებრძოლი ხაჯი ბერზეკ დაგომუკო ცდილობდა. ის შეეცადა რამდენჯერმე აფხაზეთში შემოჭრილიყო, თუმცა უშედეგოდ. მიხეილ შარვაშიძე წინააღმდეგი იყო შამილის იდეების, მაგრამ მთელი რიგი გავლენიანი თავადები (მაგ. მარშანიები) ამბოხებულ მთიულებთან იყვნენ დაკავშირებულნი. ამის ფონზე კიდევ უფრო აქტუალური გახდა ქრისტიანობის გავრცელება. 1851 წელს სოფ. ოქუმში (სამურზაყანოს ადმინისტრაციული ცენტრი) და სოფ. ილორში გაიხსნა პირველი სკოლები, ხოლო 1852 წელს ლიხნში დაარსდა სკოლა - ლიხნის სასულიერო სასწავლებელი, სასწავლებელი განკუთვნილი იყო აფხაზეთის სასულიერო პირებისა და ადგილობრივების ყველა ფენისათვის. (როგავა, გ. რელიგია და ეკლესია საქართველოში, გვ. 114-122).
XIX საუკუნის 40-50-იან წლებში ახლო აღმოსავლეთში რუსეთისა და ინგლის-საფრანგეთის ინტერესები დაუპირისპირდა. რუსეთი ცდილობდა გავლენის გამტკიცებას კავკასიაში, ხოლო ინგლისი და საფრანგეთი დომინირებდნენ ახლო აღმოსავლეთის ბაზრებზე და სურდათ თურქეთისა და მთელი ახლო აღმოსავლეთის დამორჩილება.
ინგლისი და საფრანგეთი ცდილობდნენ ხელი შეეშალათ რუსეთის წინსვლისათვის რეგიონში და ოსმალეთი წააქეზეს რუსეთის წინააღმდეგ. ომის შემდეგ ყირიმი და საქართველო, მათი აზრით, უნდა გადასცემოდა თურქეთს, ხოლო ჩრდილოეთ კავკასიაში უნდა შექმნილიყო სახელმწიფო - ჩერქეზეთი, რომლის სათავეშიც უნდა ყოფილიყო შამილი. ამ კავკასიურ სახელმწიფოს გზა უნდა გადაეკეტა რუსეთის წინსვლისათვის სამხრეთისაკენ.
1853 წლის 4 ოქტომბერს თურქეთმა ომი გამოუცხადა რუსეთს, იმავე წლის მარტში ინგლისმა და საფრანგეთმაც ომი გამოუცხადეს მას. ევროპული კოალიციის ფლოტი გაბატონდა შავ ზღვაზე, ამიტომ რუსეთის სარდლობა იძულებული გახდა, სრულიად დაეცალა აფხაზეთი. ჩრდილო-აღმოსავლეთ შავი ზღვის სანაპიროს სიმაგრეებიდან ევაკუირებულ იქნა გარნიზონები, ხოლო სიმაგრეები ააფეთქეს. 1855 წლის მარტში სოხუმში თურქეთის ჯარის ნაწილები შევიდნენ. თურქული ადმინისტრაციის უფროსი სოხუმში მუსტაფა-ფაშა აფხაზური არისტოკრატიის გადაბირებას ცდილობდა; თუმცა აფხაზების მასობრივი გადაბირება ვერ მოხერხდა. აფხაზეთიდან რუსების ჯარების გაყვანის შემდეგ მიხეილ შარვაშიძე სამეგრელოში გაიხიზნა, თუმცა იმავე წლის მაისში აფხაზეთში დაბრუნდა და თურქთა სარდლობასთან კავშირი დაამყარა. ამავდროულად არ შეუწყვეტია კავშირი რუსეთთან და მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდიდა მათ.
საბოლოო ჯამში ომი 1856 წელს დასრულდა. მარტში პარიზში ხელი მოეწერა საზავო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც რუსეთმა შეინარჩუნა კავკასიური სამფლობელოები ომამდელ საზღვრებში. თუმცა მას აეკრძალა შავ ზღვაზე სამხედრო ფლოტის ყოლა და შავი ზღვის ნავსადგურების გამაგრება.
ომის დასრულების შემდეგ აფხაზეთის სანაპირო ზოლში კვლავ ჩადგა რუსის ჯარი. მეფისნაცვალმა ნ. მურავიოვმა (1854-1856 წწ.) მიხეილ შარვაშიძეს ღალატში დასდო ბრალი და აღძრა საქმე აფხაზეთის სამთავროს გაუქმებისა და მთავრის რუსეთის შორეულ გუბერნიაში გადასახლების შესახებ. იმპერატორმა ეს წინადადება არ მიიღო, რადგან მიხეილ შარვაშიძე აფხაზეთსა და დასავლეთ კავკასიაში რუსეთის ხელისუფლების აღდგენის გარანტად მიიჩნიეს. ჩეჩნეთ-დაღესტანში კვლავ გრძელდებოდა საბრძოლო მოქმედებები.
1856 წლის ივნისში მეფისნაცვლად და კავკასიის კორპუსის მთავარსარდლად გენერალი ა. ბარიატინსკი (1856-1862 წწ.) დაინიშნა. მისი ინიციატივით აფხაზეთის სამთავრო ნომინალურად ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს, ხოლო რეალურად კი მეფისნაცვალს დაექვემდებარა. ამის პარალელურად მეფის რუსეთი თავისი პოზიციების განმტკიცებას საქართველოში ფეოდალური სამთავროების გაუქმებით (1857 - სამეგრელო, 1858 - სვანეთი) და იქ რუსული მმართველობის შემოღებით შეეცადა. აფხაზეთის სამთავროს გაუქმებაც მხოლოდ დროის საკითხი იყო. კავკასიის არმიის მარჯვენა ფრთის სარდალი, გენერალი გრ. ფილიპსონი კავკასიის არმიის მთავარი შტაბის უფროსს, გენერალ დ. მილიუტინს 1858 წლის 13 მაისს წერდა: „ვითარება აფხაზეთში უკეთესობისკენ არ შეცვლილა. ჩვენ ჯარისკაცებს ისე არ შეუძლიათ მოშორდნენ თავიანთ სიმაგრეებს ერთ ვერსზე, რომ ტყვედ ჩავარდნის ან სიკვდილის საფრთხის ქვეშ არ იყვნენ. ერთი სიტყვით, ჩვენ გვიკავია აფხაზეთი, მაგრამ ვერ ვფლობთ მას“. (АКАК, т.III, ч. II. გვ. 776).
1859 წლისათვის რუსეთმა ჩეჩნეთ-დაღესტანი დაიპყრო. ასი ათასამდე დაღესტნელი, ჩეჩენი, ოსი თურქეთში გადასახლდა. რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდნენ დასავლეთ კავკასიის მთიელები. საიმპერატორო კარი კარგად აცნობიერებდა რომ დასავლეთ კავკასიის დამორჩილების საქმეში დიდი ნიშვნელობა ენიჭებოდა აფხაზეთს. სანამ რუსებს მხოლოდ სანაპირო ზოლი ეჭირათ, მათი გავლენა ამ მხარეში მტკიცე ვერ იქნებოდა. ამიტომ 1860 წელს გადაწყდა აფხაზეთის ჩრდილოეთ კავკასიასთან დამაკავშირებელი გზების გაყვანა. ბუნებრივია ამას სამხედრო და ადმინისტრაციული მნიშვნელობა ჰქონდა. გარდა ამისა მოეწყო სამხედრო ექსპედიცია ფსხუელების წინააღმდეგ.
კავკასიის არმიის სარდლობამ ომის სწრაფად დამთავრების მიზნით გადაწყვიტა დასავლეთ კავკასიის მთიელების აყრა და იქ რუსების ჩასახლება. 1864 წელს რუსებმა ფსხუ დაიკავეს, 105 ოჯახი ამ თემიდან ჩრდილოეთ კავკასიაში, მდინარე კუმას ხეობაში გადასახლდა, ხოლო 3,5 ათასი კაცი თურქეთში წავიდა. ამის შემდეგ ბზიფის ხეობის ზემო წელი მთლიანად დაიცალა (ხორავა., 2004., გვ. 256-259).
ჩრდილო დასავლეთ კავკასიაში მცხოვრები ადიღეელებისა და აბაზების მნიშვნელოვანი ნაწილი, უბიხები კი იძულებით თურქეთში გადასახლდნენ (1858-1864 წწ.). რუსეთის სარდლობის ანგარიშის მიხედვით დასავლეთ კავკასიიდან თურქეთში გადასახლდა 418 ათასი კაცი, ხოლო ყუბანსა და ლაბაზე - დაახლოებით 90 ათასი კაცი (ხორავა., 2004., გვ. 256-259).
ამ ომის დასრულების შემდეგ რუსეთმა ვრცელი ტერიტორია მიიღო საკოლონიზაციოდ. 1861-1864 წლებში დასავლეთ კავკასიაში კაზაკთა 14 239 ოჯახი (85 ათასი კაცი) ჩაასახლეს. ამის პარალელურად ამ მხარეში ასახლებდნენ რუსეთის შიდა გუბერნიებიდან გადმოსახლებულ რუსებს, უკრაინელებს, თურქეთიდან გადმოსახლებულ ბერძნებს და სომხებს.
1866 წელს რუსეთმა განახორციელა დასავლეთ კავკასიის ადმინისტრაციული მოწყობის რეფორმა. მდ. ყუბანიდან კავკასიონის ქედამდე ყუბანის ოლქის, ხოლო შავი ზღვის ჩრ. აღმოსავლეთი სანაპირო - შავი ზღვის ოკრუგის შემადგენლობაში შევიდა. ამის შემდეგ დღის წესრიგში აფხაზეთის სამთავროს გაუქმების საკითხი დადგა. 1864 წლის 24 ივნისს მიხეილ შარვაშიძეს ოფიციალურად გამოუცხადეს იმპერატორის გადაწყვეტილება - აფხაზეთის მთავრის მოვალეობისგან მისი გათავისუფლება და აფხაზეთში რუსული მმართველობის შემოღება. მთავარი 1864 წლის ნოემბერში ვორონეჟში გადაასახლეს, სადაც 1866 წელს გარდაიცვალა. მისი ნეშტი იმავე წელს ჩამოსვენეს და მოქვის ტაძარში დაკრძალეს.
სამთავროს გაუქმების შემდეგ შეიქმნა სოხუმის სამხედრო განყოფილება, რომელიც ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს ექვემდებარებოდა. იგი შედგებოდა ბზიფის, სოხუმის, აბჟუას ოკრუგებისა და სამურზაყანოსა და წებელდის საბოქაულოებისაგან. ამ განყოფილების უფროსად აფხაზეთის ჯარების სარდალი, გენერალი პ. შატილოვი დაინიშნა.
სამთავროს გაუქმების დროისათვის სტატისტიკური მონაცემებით აფხაზეთის მოსახლეობა 13 037 კომლი (79 190 სული) იყო. მოსახლეობა უარყოფითად შეხვდა საიმპერატორო კარის მიერ დაგეგმილ საგლეხო რეფორმას. ამ რეფორმის მიხედვით გლეხები დროებით ვალდებულ მდგომარეობაში გადავიდოდნენ, რაც ნიშნავდა იმას, რომ უბატონო გლეხს უნდა გასჩენოდა ბატონი, თუნდაც შეზღუდული უფლებებით. ამას დაერთო ეკონომიკური სიდუხჭირე, მმართველი აპარატის უხეში ჩარევა აფხაზთა ცხოვრების წესში და ა.შ. მასობრივი უკმაყოფილება სახალხო აჯანყებაში გადაიზარდა. 1866 წლის 26 ივლისს აჯანყებულებმა მთავრის სასახლეში გამაგრებული პოლკოვნიკი კონიარი და მასთან მყოფი რუსი მოხელეები დახოცეს. გაიტაცეს გარდაცვლილი მთავრის შვილი გიორგი შარვაშიძე და ის მთავრად გამოაცხადეს. აჯანყებულები 7 ათასი მოლაშქრით სოხუმისაკენ დაიძრნენ. რუსეთის ჯარის ნაწილები აფხაზეთში გაგზავნეს; აგვისტოში აჯანყება ჩაახშვეს, მისი ხელმძღვანელები და აქტიური მონაწილეები სასტიკად დასაჯეს.
აჯანყების ჩახშობის შემდეგ საიმპერატორო კარმა გადაწყვიტა კონტროლი გაეძლიერებინა მის სამფლობელოებზე. მომზადდა ახალი ადმინისტრაციული რეფორმა, რომლის მიხედვითაც სოხუმის სამხედრო განყოფილება ბიჭვინთის, დრანდის, წებელდის, ოქუმის ოკრუგებად დაიყო. ცალკე ადმინისტრაციული ერთეულის სახით შევიდა მასში ქ. სოხუმი. სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსს სამხედრო გუბერნატორის უფლება მიენიჭა, თუმცა რეალურად ის ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს ექვემდებარებოდა. სამურზაყანო (ოქუმის ოკრუგი) აფხაზეთს შეუერთეს. გარდა ამისა რუსეთის ხელისუფლება გეგმავდა აფხაზეთის მუსლიმი მოსახლეობა შეემცირებინა თურქეთში გადასახლების გზით.
იმპერატორის ნებართვით (1866 წლის ნოემბერი) აფხაზეთიდან მოსახლეობის ორგანიზებული გასახლება იწყება. რუსეთის ხელისუფლებამ წინასწარ განსაზღვრა ემიგრანტთა რიცხვი. ნავარაუდევი იყო აფხაზთა 4500 ოჯახის გასახლება. თავის მხრივ ოსმალეთი გამოთქვამდა მზადყოფნას აფხაზეთიდან 4000 ოჯახი მიეღო. ამასთანავე რუსეთს სურდა პირველ რიგში გაესახლებინა სტრატეგიული მნიშვნელობის - წებელდა- დალის - მუსლიმი მოსახლეობა, რომელიც ცხოვრობდა მთის ძნელად მისადგომ ადგილებში და კავკასიონის ქედის უღელტეხილებით კავშირი ჰქონდა ყარაჩაელებთან და ყაბარდოელებთან. ძირითადად აფხაზთა გადასახლება ძალდატანებით ხასიათს ატარებდა, რაც აშკარად ჩანს იმდროინდელი დოკუმენტებიდან (მაგ. 1867 წლის 31 მარტს მეფისნაცვალი იმპერატორს წერდა, რომ ბიჭვინთის ოლქის მცხოვრებთ არ სურდათ თურქეთში წასვლა). აფხაზები ნებაყოფლობით ქრისტიანობასაც იღებდნენ, რომ დარჩენა მოეხერხებინათ.
გადასახლების პროცესში დგებოდა მუჰაჯირთა სიები სოფლების მიხედვით. ირკვევა რომ: ბიჭვინთის ოკრუგიდან გადასახლდა 226 ოჯახი - 1357 სული; დრანდის ოკრუგიდან - 629 ოჯახი - 3245 სული; წებელდის ოკრუგიდან - 2503 ოჯახი - 14 740 სული;
1867 წლის ნოემბრისათვის კავკასიის მთიელთა სამმართველოს ცნობით სოხუმის სამხედრო განყოფილების მოსახლეობა ოკრუგების მიხედვით შემდეგი იყო: (ხორავა., აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობა., გვ. 72-73).
ოკრუგები კომლების რაოდენობა ოჯახების რაოდენობა მოსახლეობა
ბიჭვინთა 4730 14183 26483
დრანდა 2868 3278 16505
ოქუმი 3493 3493 21858
წებელდა 27 27 87
სულ 11118 12696 64933
ცხრილი 1 (ხორავა., აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობა., გვ. 72-73).
მუჰაჯირობის პირველი ტალღის შემდეგ მთლიანად გაიწმინდა წებელდა და დალი; 1868 წლის მონაცემებით წებელდაში სულ 13 ოჯახი ცხოვრობდა, ხოლო დალში - არცერთი. შექმნილი მდგომარეობის გამო გატარდა ახალი ადმინისტრაციული რეფორმა. შეიქმნა ორი ოკრუგი: - ბიჭვინთის (შედგებოდა გუდაუთისა და გუმისთის უბნებისაგან) და ოჩამჩირის (კოდორისა და სამურზაყანოს უბნებისაგან). წებელდაში გადაწყდა შექმნილიყო დასახლებათა სამზრუნველო.
კოლონიზაციური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი იყო ქრისტიანობის გავრცელებაც. 1860 წლის 9 ივნისს შეიქმნა „კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოება“. რეალურად მისი მიზანი მაჰმადიანობის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. რუსი მისიონერები ცდილობდნენ რუსიფიკატორული პოლიტიკის დანერგვას. ეპისკოპოსმა ალექსანდრე ოქროპირიძემ (1824-1907 წწ.) შეძლო მართლმადიდებლობის პოზიციების შენარჩუნება და განმტკიცება აფხაზეთში. ის საკუთარი სახსრებით ზრდიდა და სასულიერო განათლებას აძლევდა აფხაზ ყმაწვილებს. 1869 წლის 30 მაისს აფხაზეთის ეპარქია იმერეთის ეპარქიას შეუერთდა. იმერეთის ეპისკოპოსი და აფხაზეთის ეპარქიის მმართველი, ეპიკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) დიდ მისიონერულ მოღვაწეობას ეწეოდა აფხაზეთში.
1861 წელს რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება კავკასიის მთის ხალხისათვის დამწერლობა შეექმნა. დაიწყო ამ საკითხზე მუშაობა; მეცნიერთა ერთი ნაწილი მიიჩნევდა რომ ახალ ანბანს საფუძვლად უნდა დადებოდა ქართული ანბანის გრაფიკა, ხოლო მეორე ნაწილი კი თვლიდა, რომ მას საფუძვლად უნდა დადებოდა რუსული ანბანი. ბუნებრივია, დამწერლობის შექმნა ემსახურებოდა არა კულტურულ, არამედ პოლიტიკურ მიზნებს - გაეადვილებინა მთიელებისათვის რუსული ენის შესწავლა.
შეიქმნა ორი დამწერლობა. პირველი მეფის არმიის გენერალმა, ენათმეცნიერმა პ. უსლარმა შექმნა. 1862 წლის მაისში თბილისში გამოსცა მონოგრაფია „აფხაზური ენა“, რომელსაც ერთვოდა მის მიერ რუსული გრაფიკის საფუძველზე შედგენილი ანბანი. ამ ანბანმა მცირე ცვლილებები განიცადა 1887 წელს. მეორე ანბანი შექმნა სპეციალურმა კომიასიმ, რომლის ხელმძღვანელი იყო მეფის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, ნუმიზმატი ი. ბართოლომეი. ამ ანბანში გამოყენებული იყო ქართული გრაფიკა. თუმცა საბოლოოდ კომისიამ გადაწყვიტა, რომ პ. უსლარის მიერ შედგენილი ანბანი უფრო შეესაბამებოდა აფხაზური ენის ბგერებს. ბუნებრივია ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური გახლდათ. აფხაზური დამწერლობის შექმნა ემსახურებოდა ქართული სამყაროსაგან აფხაზთა ჩამოცილებას და მათ გარუსებას. პ. უსლარი აღნიშნავდა, რომ „ტუზემცების დამწერლობა უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ იმას, რომ მათ გაუადვილდეთ რუსული ენის შესწავლა. თავიანთი მდგომარეობის გამო მათ დამოუკიდებელი ლიტერატურის შექმნა არ შეუძლიათ და იგი არც არასოდეს ექნებათ“ (Инал-ипа/ ინალიფა., გვ. 23).
1868 წელს „კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების“ საბჭომ აფხაზური ენა მიიჩნია „იმდენად ჩვილ და განუვითარებელ“ ენად, რომ მასზე ყოველგვარი თარგმანის მცდელობა შეწყდა.
აფხაზთა საზოგადოების ზედაფენა ჯერ კიდევ ქართული ორიენტაციისა იყო. ეს კარგად ჩანს 1870 წლის 23 მარტის მოხსენებითი ბარათიდან წოდებრივ-საადგილმამულო კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ-ლეიტენანტ დ. სვიატოპოლკ-მირსკისადმი. აფხაზი ხალხის წარმომადგენლებს აფხაზეთი საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიაჩნიათ.
ადგილობრივთა აყრა - გადასახლების შემდეგ საიმპერატორო კარმა გადაწყვიტა დაესახლებინა გაუკაცრიელებული მხარე. მუჰაჯირობის შემდეგ აფხაზეთში ბევრი „თავისუფალი მიწა“ გაჩნდა. ეს მიწები შევიდა სახაზინო მიწების ფონდში. სრულიად დაცარიელებულ წებელდაც აღნიშნულ ფონდს გადაეცა. წებელდის ოკრუგის ნაცვლად შეიქმნა წებელდის დასახლებათა „სამზრუნველო“. პირველ მზრუნველად დაინიშნა რუსი ოფიცერი ნ. დიაჩკოვ-ტარასოვი. მისი მოვალეობა იყო მხარის გაწმენდა ადგილობრივი მოსახლეობისაგან, რომლებიც თავს ხეობის მიუვალ ადგილებს აფარებდნენ. ასევე მას უნდა შეერჩია ადგილები დასახლებების შესაქმნელად. 1867 წელს 6 პუნქტი გამოიყო: მიხაილოვსკოე - მდ. ამტყელის სანაპიროზე, ოლგინსკოე - მდინარე აღმოსავლეთ მაჭარის სათავესთან, ალექსანდროვსკოე - მდ. კელასურზე, ანასტასიევსკოე და ნიკოლაევსკოე - აფიანჩას მთასთან, მდ. ნაუშზე, ყოფილი სოფ. ნაუშის ტერიტორიაზე, გეორგიევსკოე - სოფ. ჯამფალის ტერიტორიაზე. ხელისუფლებას სურდა აქ რუსები დაესახლებინა; თუმცა მსურველთა რიცხვი დიდი არ იყო. ამიტომ ქართველების ჩამოსახლების ნაცვლად გადაწყდა უცხოელების ჩამოსახლება. სანდოდ მიიჩნიეს ანატოლიელი ბერძნები და ტირასპოლის გუბერნიაში მცხოვრები 62 ბულგარელის ოჯახი. ასევე ესტონელები; ამის პარალელურად ვრცელი მიწები ებოძათ რუს ჩინოვნიკებს, მაგრამ მათ სამსახურის პარალელურად ვერ შეძლეს მეურნეობის გაძღოლა. ამის გამო მიწების დიდი ნაწილი დაუმუშავებელი და გამოუყენებელი დარჩა.
1870 წლისათვის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ დაამტკიცა დებულება სოხუმის სამხედრო განყოფილებაში საგლეხო რეფორმის შესახებ. აფხაზეთში გაუქმდა ბატონყმობა, გლეხობა გათავისუფლდა ფეოდალთა პირადი დამოკიდებულებისაგან, მაგრამ უმნიშვნელო ნადელები მიიღო და დროებით დამოკიდებულ ურთიერთობაში დარჩა.
1872 წლიდან აფხაზეთში მიმდინარეობდა ე.წ. „საკურორტო“ კოლონიზაციაც. ერთიდან სამ დესეტინამდე მიწა ე.წ. „სანიტარული ნაკვეთები“ სოხუმსა და მის შემოგარენში შეღავათიანი პირობებით ეძლეოდათ რუს ჩინოვნიკებსა და ოფიცრებს, თუმცა არც ამ რეფორმას მოჰყოლია დიდი წარმატება. ამის პარალელურად აფხაზეთში სამონასტრო კოლონიზაციაც წარიმართა. 1872 წელს დაფუძნდა ბიჭვინთის რუსული მონასტერი, რომელსაც გადაეცა 1049 დესეტინა მიწის ნაკვეთი, ფიჭვნარი და ინკითის ტბა. 1875 წელს ფსირცხაში ათონის მთის წმ. პანტელეიმონის რუსული მონასტრის ფილიალი დაფუძნდა, რომელსაც ასევე დიდი რაოდენობით მიწები გადაეცა. (წმ. მღვდელმოწამე კირიონი და აფხაზეთი გვ. 203).
1877 წელს, რუსეთ-თურქეთის ომის დაწყებისთანავე დაიძაბა ვითარება აფხაზეთში. კოლონიური რეჟიმით უკმაყოფილო მოსახლეობა აჯანყდა. 29 აპრილს ძირითადად აფხაზი მუჰაჯირებისაგან შემდგარი თურქული დესანტი გუდაუთასთან გადმოვიდა; მათ შეუერთდნენ აჯანყებულებიც. სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსმა, გენერალ-მაიორმა პ. კრავჩენკომ, ვერ გაბედა მტერთან შებმა და მდ. კოდორისაკენ დაიხია. რუსეთის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყო ჩეჩნეთსა და დაღესტანშიც. ოსმალეთს იმედი ჰქონდა, რომ მთელ მაჰმადიანურ მოსახლეობას რუსეთის წინააღმდეგ აამხედრებდა. თუმცა რუსეთის ჯარმა მოახერხა აგვისტოში მთელი აფხაზეთიდან თურქების განდევნა. აფხაზეთიდან გაქცევისას თურქებს აფხაზთა ნაწილიც გაჰყვა; მაგრამ მათი დიდი ნაწილი, მათ შორის ქრისტიანი ქართველები და ბერძნები ძალით წაიყვანეს. მუჰაჯირების ამ ტალღას დაახლოებით 31 964 მცხოვრები წაყვა, რის შედეგადაც თითქმის დაცარიელდა აფხაზეთის სანაპირო ზოლი. აღსანიშნავია, რომ ქართველი მისიონერების დაუღალავმა შრომამ, ათასობით აფხაზის მონათვლამ, აფხაზი ხალხი მასობრივი გადასახლებისაგან იხსნა და ამ გზით , უბიხების მსგავსად ფიზიკური განადგურებისაგან დაიფარა.
მუჰაჯირები ცდილობდნენ სამშობლოში დაბრუნებას, თუმცა რუსეთი ამას ეწინააღმდეგებოდა. ბევრი მათგანი ბათუმსა და მის შემოგარენში დამკვიდრდა. 1879 წლის 27 იანვარს რუსეთ-თურქეთს შორის დადებული კონსტანტინოპოლის ხელშეკრულების თანახმად რუსულმა მხარემ დაუშვა აფხაზების ნაწილობრივი რეპატრიაცია. 1881 წლისათვის აფხაზეთში 15 ათასი მუჰაჯირი დაბრუნდა. ნ. მარი წერდა: „აფხაზეთის ცენტრალური ეთნოგრაფიული ნაწილიც კი გაუკაცურდა...დარჩა მხოლოდ გაველურებული ეზოები ხეხილით, არ იყო არც ერთი აფხაზი და არც აფხაზური სიტყვა ისმოდა“ (Марр., მარი გვ. 177).
1878 წლისათვის რუსეთის ხელისუფლება აფხაზეთის კოლონიზაციისათვის პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელებას შეუდგა. 1879 წლისათვის ბიჭვინთის ოკრუგში რუსი გლეხების 137 ოჯახი ჩაასახლეს, მაგრამ უკვე 1881 წლისათვის მათგან მხოლოდ 99 ოჯახი იყო დარჩენილი. აქ ვერც გერმანელი კოლონისტები დამკვიდრდნენ. 24 გერმანული ოჯახიდან 1883 წლისათვის აფხაზეთში მხოლოდ 3 ოჯახი იყო დარჩენილი. (ჭარაია, პ. მიწათ-მფლობელობა აფხაზეთში. -კვალი, 1897, #13, გვ. 268).
მიუხედავად რუსეთის დიდი მონდომებისა, აფხაზეთის კოლონიზაცია გაჭიანურდა. რუსები ვერ ეგუებოდნენ აფხაზეთის ბუნებრივ პირობებს; წებელდისა და დალის მაღალმთიანი პირობები უჩვეულო იყო რუსეთის შიდა გუბერნიებიდან გადმოსახლებული გლეხებისათვის. იმერეთიდან და სამეგრელოდან მიწის სიმცირის გამო გლეხები გადმოდიოდნენ და მკვიდრდებოდნენ აფხაზეთში. ამ ფაქტორმა რუსეთის ხელისუფლება შეაშფოთა. მათი პოლიტიკა აფხაზეთში მიმართული იყო აფხაზთა და ქართველთა წინააღმდეგ. 1880 წლის 31 მაისის ბრძანებულებით გუდაუთის, გუმისთვის და კოდორის უბნების აფხაზურ მოსახლეობას ჩამოერთვა მიწაზე საკუთრების უფლება და მათი მიწები სახაზინო უწყებას გადაეცა. აფხაზებს აეკრძალათ სოხუმიდან 20 ვერსზე და სანაპირო ზოლში მდ. კოდორსა და მდ. ფსირცხას შორის დასახლება და მიენიჭათ „დამნაშავე“ მოსახლეობის სტატუსი.
ძალიან კარგად გამოხატავს მეფის რუსეთის სურვილებს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს კოლონიზაციის ერთ-ერთი იდეოლოგი ს. შარაპოვი: „მთელი თავისი ხანგრძლივი ისტორიული ბრძოლისას, მიისწრაფვის რა სამხრეთისაკენ, თბილი ცისა და თბილი ზღვისაკენ, რუსი ხალხი იღებს მსხვერპლს და, აი, ბოლოს მას აქვს ეს ცაც და ეს ზღვაც. აქ ფრიალებს რუსული დროშა, დალივლივებს რუსული არწივი. მაგრამ რატომაა, რომ რუსი კაცი აქ ლაღად ვერ გრძნობს თავს, რატომაა, რომ ის აქ შევიწროვებულია, სულშეხუთულია? რატომაა უცხო ის ამ თბილ ნაპირზე, ამ კაშკაშა მზის ქვეშ? ვფიქრობ იმიტომ, რომ რუსული სიკეთის წყალობით აქ, ამ მიწაზე, რომელიც რუსული სისხლითაა მოპოვებული, მოკალათდა ყოველგვარი უცხოტომელი, განსახლდა საუკეთესო ადგილებზე და არა მარტო ავიწროვებს რუს ადამიანს, არამედ დასცინის მას. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანები მოითხოვენ, რომ ეს მხარე არა მარტო სახელით, არამედ მართლაც იქცეს მალე რუსულ მხრარედ, რომ აქ მხარდაჭერილი, გაძლიერებული და დაიმედებული იყოს რუსი კაცი. ვისურვოთ, ბატონებო, რომ ეს მოხდეს ჩქარა, რომ მძლავრ რუსულ მუცელში მალე მოიხარშოს მთელი აქაური სხადასხვა ტომობრივი სა სხვადასხვაეროვანი ნარევი და რომ ეს ცა და ეს ზღვა ნამდვილად რუსული იყოს. (ყაუხჩიშვილი., გვ. 134-135).
იმპერატორ ალექსანდრე II-ის მკვლელობის (1881 წლის 11 მარტი) შემდეგ გამკაცრდა რუსეთის იმპერიის პოლიტიკა. იმავე წელს გააუქმეს კავკასიაში მეფისნაცვლობა და აღადგინეს მთავარმართებლობა. ამ თანამდებობაზე დაინიშნა უკიდურესი რეაქციონერი ა. დონდუკოვ-კორსაკოვი (1882-1887 წწ.). აფხაზეთში გაგრძელდა კოლონიზაციური პოლიტიკა. მიმდინარეობდა არენდული (საიჯარო) კოლონიზაცია, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი მემამულეებისაგან საგადასახლებო ჯგუფები რუსი გლეხებისათვის არენდით იღებდნენ მიწას (ამის უფლება ქართველ გლეხებს არ ქონდათ). ასევე გაგრძელდა სამონასტრო კოლონიზაცია - რუსეთის მიერ აღდგენილ თუ ახლად დაარსებულ ეკლესია-მონასტრებს მიწების დიდი ოდენობა ეძლეოდა. საკურორტო და სათავადაზნაურო კოლონიზაცია გულისხმობდა სპეციალური კომიტეტის შექმნას, რომელიც ათამაშებდა ლატარიას აფხაზეთში მიწის ნაკვეთების მოსაგებად და გასაყიდად. რუსეთიდან გადმოსახლებულ გლეხებს ყველანაირი პირობა ექმნებოდათ დასასახლებლად. მათ აძლევდნენ ფულს; აფხაზ გლეხებს აიძულებდნენ ახალმოსახლეთა მიწები უფასოდ დაემუშავებინათ. ხოლო სენაკიდან ჩამოსახლებულ ქართველ გლეხებს კი არანაირი ხელშეწყობა არ ქონდათ. ბუნებრივია ამგვარი დისკრიმინაციული დამოკიდებულება აღიაზიანებდა და აღაშფოთებდა ქართულ ინტელიგენციას. მათი აზრით აფხაზეთის ტერიტორიის რუსული ექსპანსიისაგან გადარჩენა XV-XVII საუკუნეებში, მთის ჩამოწოლის შედეგად დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადასახლებული აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობის შთამომავლების დაბრუნებით იყო შესაძლებელი. რასაც ბუნებრივია რუსეთი ეწინააღმდეგებოდა.
მხარის ეთნიკური შემადგენლობის რადიკალური ცვლილება აისახა აფხაზეთის გეოგრაფიულ სახელწოდებათა ტრანსფორმაციაში. მაგრამ მიუხედავად რუსეთის მცდელობისა XIX საუკუნის 80-იან წლებში და შემდეგაც აფხაზეთში ქართველი მოსახლეობა უმრავლესობას წარმოადგენდა. ამას ადასტურებს გერმანელი ეთნოგრაფის ნ. ზაიდლიცის მონაცემებიც (Гамахария, Гогия,/ გამახარია, გოგია; გვ. 352).
ქართველების რიცხობრივ უპირატესობას ადასტურებს ასევე სოხუმის ოლქის უფროსის, თავად ლ. ჯანდიერის დეპეშა ეპისკოპოს კირიონისადმი გაგზავნილი (ეთნიკური სურათი აფხაზეთსი ციფრების მითითებით) და ასევე 1897 წელს რუსეთი იმპერიაში ჩატარებული მოსახლეობის პირველი საყოველთაო აღწერა. თუმცა, ამ აღწერაში სამურზაყანოელები შეგნებულად მიათვალეს მთიელებს, რითაც გაზარდეს აფხაზების რაოდენობა.
ყველა ზემოთმოყვანილი სტატისტიკური მონაცემი აშკარად მიუთითებს, რომ XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე აფხაზეთში, წამყვანი ეთნოსი იყო ქართული.
XIX საუკუნის 80-90-იანი წლების აფხაზეთი ეკონომიკური თვალსაზრისით ძირითადად აგრარული კუთხე იყო. აქ სუსტად იყო განვითარებული მევენახეობა, აბრეშუმის წარმოება. მოსახლეობისათვის აგრონომიული დახმარებისა და სოსაფლო-სამეურნეო ცოდნის მიღების მიზნით 1898 წლიდან ჩამოყალიბდა სოხუმის სოფლის მეურნეობის საზოგადოება. ჩაისახა მრეწველობა. 1881 წელს გულრიფშში გაიხსნა ხე-ტყის სახერხი ქარხანა. ნელ-ნელა დაიწყო საქალაქო ცხოვრების აღმავლობაც.
XIX საუკუნის ბოლოს გამოიკვეთა სოფლის მეურნეობაში - მეთამბაქოეობა, მრეწველობაში კი ქვანახშირისა და ხე-ტყის ექსპლუატაცია და საკურორტო ბიზნესი.
პირველი ნაბიჯი აფხაზეთის საქართველოსაგან ჩამოჭრის საქმეში იყო 1904 წელის 25 დეკემბერს იმპერატორის ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც გაგრის კლიმატოლოგიური სადგურის ტერიტორია გამოეყო სოხუმის ოლქს და შავიზღვისპირეთის გუბერნიას შეუერთდა.
რუსეთის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, აფხაზი და ქართველი ხალხის უფლებებს იცავდნენ, ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე), ბლაღონიჩი (კეთილმოწესე) დავითი (მაჭავარიანი), სოხუმის საკათედრო ტაძრის კანდელაკი - ამბროსი (ხელაია) და სხვანი. ქრისტიანობის გავრცელების პარალელურად, აფხაზეთში აქტიურად მუშაობდნენ ისლამის პროპაგანდისტები - ძირითადად სამშობლოში დაბრუნებული მუჰაჯირები.
XIX საუკუნის 80-იან წლებში როგორც ადმინისტრაციულ, ისე საეკლესიო სფეროში რეფორმები განხორციელდა. 1883 წელს სოხუმის სამხედრო განყოფილებას სოხუმის ოლქი ეწოდა და ქუთაისის გუბერნატორს დაექვემდებარა. ადრე არსებული ორი ოლქისაგან ოთხი უბანი ჩამოყალიბდა: გუდაუთის, გუმისთის, კოდორისა და სამურზაყანოსი.
1885 წლის 12 ივნისს იმპერატორის ბრძანებით და უწმინდესი სინოდის გადაწყვეტილებით აღდგა აფხაზეთის ცალკე ეპარქია. ასევე განხორციელდა კავკასიის ეპარქიის რეორგანიზაცია - იგი ვლადიკავკაზისა და სტავროპოლის ეპარქიებად დაიყო. ხოლო შავიზღვისპირეთის გუბერნიის 10 ეკლესია სოხუმის ეპარქიას შემოუერთდა.
როგორც უკვე ავღნიშნეთ 1897 წლის აღწერაში სამურზაყანოს ქართული მოსახლეობა, აფხაზებთან ერთად მთიელებად წარმოაჩინეს, რითაც ცდილობდნენ დაენერგათ შეხედულება, თითქოს სამურზაყანოელები სხვა ეროვნების წარმომადგენლები იყვნენ. ამას შემდეგი ნაბიჯიც მოჰყვა, სამურზაყანოს ჩამოაჭრეს ტერიტორიები, მათ შორის ილორი. 1903 წელს სოხუმის ოლქი გამოყვეს ქუთაისის გუბერნიისაგან და კავკასიის არმიის სარდლობას დაუქვემდებარეს. პოლიციური თვალსაზრისით რეგიონი კვლავ ქუთაისის გუბერნიის გამგეობაში დარჩა.
აფხაზეთში მოქმედებდა „ქართული პარტია“, რომლის წევრებიც ქართველთა ინტერესების დამცველები იყვნენ. მისი წევრები იყვნენ: თ. სახოკია, ანთ. ჯუღელი, სპ. ნორაკიძე, ივ. გეგია, მღვდლები: დ. მაჭავარიანი, ი. კერესელიძე და სხვები. მეფის ჟანდარმერიამ მათ შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგროვა. 1904 წლის 1 მაისს მთავარმართებლის საბჭომ მის წევრებს კავკასიის უვადო დატოვება მიუსაჯა. „ქართული პარტიის“ წევრების შემდგომი საზოგადოებრივ-პოლიტიკური და პუბლიცისტური საქმიანობიდან ჩანს, რომ ისინი კვლავ თავისი ხალხის ინტერესების დამცველნი დარჩნენ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან აფხაზეთი დამოუკიდებელი ეპარქიაა, რომელსაც ეპ. გაბრიელის შემდგომ, 1906 წლის დასაწყისამდე რუსი მღვდელმთავრები მართავდნენ. ამ დროისათვის მთლიანად აფხაზეთში 74 ეკლესია იყო. მათში მღვდლებად მსახურობდნენ ძირითადად ქართველები. ქრისტიანობისა და ისლამის გარდა საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული ტრადიციული (წარმართული) რწმენა წარმოდგენები.
რუსული საერო და სასულიერო ხელისუფლება სოხუმის ეპარქიის საქართველოს საეგზარქოსოსაგან გამოყოფას და ყუბანის ოლქთან გაერთიანებას უჭერდა მხარს. ეს უფრო გააადვილებდა აფხაზეთის მოსახლეობის რუსულ მოსახლეობასთან შერწყმას.
აფხაზეთში რუსული რელიგიური ზეგავლენის განმახორციელებლი იყო ახალი ათონის მონასტერი, რომელსაც 1885 წლიდან იმპერატორის ბრძანებით შეუერთდა ბიჭვინთის მონასტერი თავისი მამულებით. ამას დაერთო უწმინდესი სინოდის 1898 წლის 3 სექტემბრის განკარგულება, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ღვთისმსახურება ტაძრებში აფხაზურენოვანი მრევლით, აღესრულებინათ სლავურ ენაზე. ამან ბუნებრივია მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია.
საიმპერატორო კარი კარგად ხედავდა, რომ მხარის გარუსებაში მთავარ დაბრკოლებას ქართული სამღვდელოება წარმოადგენდა, რადგან მათ ხელში კვლავ რჩებოდა ეკლესია და სკოლა. შესაბამისად სწორედ ამ მიმართულებით დაიწყეს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. რასაც XIX საუკუნის 90-იან წლების მეორე ნახევრიდან მოჰყვა ქართული ენის განდევნა აფხაზეთ-სამურზაყანოს სკოლებიდანაც. რეალურად აფხაზურ მოსახლეობას თავს ახვევდნენ რუსულ ენას სამრველო სკოლებში, ხოლო სლავურ ენას - ეკლესიაში. რაც საბოლოო ჯამში მათი გარუსების საფუძველს ქმნიდა.
მძიმე ვითარება იყო განათლების კუთხითაც. XIX საუკუნის დასასრულს აფხაზეთის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი წერა-კითხვის უცოდინარი იყო. 1880 წლიდან 1905 წლამდე აფხაზეთში გაიხსნა 86 სკოლა. ამის პარალელურად „ჭეშმარიტი რუსების კავშირი“ აქტიურად იბრძოდა რათა აღმოეფხვრა ქართული ენა სოხუმის ოლქში. ისინი ცდილობდნენ დაეპირისპირებინათ ქართველი და აფხაზი მოსახლეობა; ცილისმწამებლურ კამპანიას ეწეოდნენ თანამდებობებზე მყოფი ქართველების მიმართ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ტრადიციული ქართულ-აფხაზური მეგობრული ურთიერთობები მაინც გრძელდებოდა.
რეალურად ოსმალეთისა და რუსეთის იდეოლოგიური ჭიდილი, სამხრეთ კავკასიაში დამკვიდრების ნიადაგის მოსამზადებლად, რუსეთის გამარჯვებით დასრულდა. რუსეთი ოსმალეთზე ძლიერი აღმოჩნდა, რადგან რელიგია კარგი „სატყუარა„ აღმოჩნდა ქართველებისათვის.
თავი IV
აფხაზეთი რუსეთის 1905 წლის რევოლუციის პერიოდში
XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში შექმნილმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა სიტუაციამ რუსეთში სოციალური მოძრაობის გააქტიურება გამოიწვია. 1904-1905 წლებში რუსეთი შორეულ აღმოსავლეთში იაპონიასთან ომს აწარმოებდა; ამ ომში რუსეთის დამარცხებამ მთელ იმპერიაში დემოკრატიული რევოლუციის აღმავლობას შეუწყო ხელი.
აღსანიშნავია რომ საქართველოში რუსეთზე ადრე იწყება რევოლუციური გამოსვლები. თავდაპირველად, ამის მიზეზი ცუდად გატარებული საგლეხო რეფორმა იყო; ამას ემატება მძიმე სოციალური პირობები და ეროვნული ჩაგვრა. ხალხის უკმაყოფილებას აძლიერებდა კავკასიის მთავარმართებლის - გიორგი გოლიცინის (1896-1904 წწ.) რეაქციული პოლიტიკა. საქართველოში ხელისუფლების საწინააღმდეგო გამოსვლები უკვე 1902 წლიდან იწყება. წარმოიშვა სერიოზული დაპირისპირება მეფის ხელისუფლებასა და დემოკრატიულ ძალებს, გლეხობასა და მემამულეებს, კაპიტალისტებსა და მუშებს, ცარიზმსა და ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას შორის. რევოლუციურმა და დემოკრატიულმა განწყობილებამ თავი იჩინა აფხაზეთშიც.
XIX საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთში იწყება სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა, რომლის აღმავლობასაც ხელი შეუწყო რევოლუციურმა გაზეთმა „ისკრამ“. პირველი პოლიტიკური დემონსტრაცია აფხაზეთში მოეწყო 1902 წლის გაზაფხულზე. რევოლუციის დაწყებიდან სამი თვის განმავლობაში აფხაზეთში მოეწყო 11-მდე გაფიცვა, მიტინგი და სახალხო შეკრება (Бгажба., ბღაჟბა გვ.265). მარტის დასაწყისში სოციალ-დემოკრატების ხელმძღვანელობით გამოვიდნენ მუშები და გლეხები. (დაახლ. 10 ათასი კაცი) არსებობს ცნობა იმის შესახებ, რომ შეიქმნა „გაგრის რესპუბლიკა“, რომელმაც ორი თვე იარსება; ასევე სამხედრო გზით შეიქმნა სამურზაყანოში სახალხო დემოკრატიული მმართველობა, რომელმაც 1906 წლის 9 იანვრამდე იარსება.
1905 წლის გაზაფხულზე მეფის ხელისუფლებამ აღადგინა 1882 წელს გაუქმებული კავკასიის მეფისნაცვლის თანამდებობა. ბუნებრივია ეს რეფორმა დაკავშირებული იყო კავკასიაში გაძლიერებულ რევოლუციურ მოძრაობასთან. კავკასიის მეფისნაცვლად დაინიშნა გრაფი ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვი (1905-1916 წწ.). შეიცვალა ასევე საქართველოს ეგზარქოსიც - ალექსი ოპოცკი, იგი ნიკოლოზ ნალიმოვმა შეცვალა. აფხაზეთიდან გაიწვიეს უკიდურესი შოვინისტი და რეაქციონერი ეპისკოპოსი არსენი. სოხუმის ოლქის უფროსად თავადი ლ. ჯანდიერი დაინიშნა (გამახარია., 2005., გვ. 617).
1905 წლის მარტში საქართველოდან გაიწვიეს რუსიფიკატორული პოლიტიკის მთავრი იდეოლოგი დეკანოზი ი.ი. ვოსტორგოვი.
დაწყებულმა რევოლუციამ ხელისუფლების წარმომადგენლები აიძულა გარკვეულ დათმობაზე წასულიყვნენ; შეიცვალა სამოხელეო აპარატიც. 1905 წლის 5 ივნისს, 15 წლიანი აკრძალვის შემდეგ, ეპისკოპოს სერაფიმეს ნებართვით სოხუმის საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე ჩატარდა. (გამახარია., 2005., გვ. 619).
რევოლუციური აღმავლობა პიკს აღწევს 1905 წლის შემოდგომაზე. ნიკოლოზ II იძულებული გახდა გამოეცა მანიფესტი, რომლითაც რუსეთის მოსახლეობას მიანიჭა ყველა ძირითადი დემოკრატიული უფლება და დაჰპირდა სახელმწფიოს სათათბიროს გადაუდებელ მოწვევავს.
საქართველოს ტერიტორიაზე ერთ-ერთი დიდი ბრძოლა ხელისუფლებასა და რევოლუციონერებს შორის 1905 წლის 20 ოქტომბერს თბილისში გაიმართა, სადაც კაზაკთა მრავალათასიანი რაზმი რევოლუციონერებთან ბრძოლაში დამარცხდა. მრავალათასიანი გამოსვლები მთელ საქართველოში დაიწყო.
1905-1907 წლების რევოლუციაში ეთნიკური აფხაზები პასიურობით გამოირჩეოდნენ. ამ საკითხზე არსებობს სხავასხვა შეხედულებები. აფხაზ მკვლევართა ნაწილი თვლის რომ აფხაზები ამ მოვლენებს აღიქვამდნენ, როგორც ქართულ რევოლუციას და იმიტომ არ ერთვებოდნენ მასში. მათი აზრით აფხაზი გლეხი ვერ შეძლებდა სოციალ-დემოკრატიული იდეების აღქმას. 1910 წელს რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი გიორგი შარვაშიძე წერდა: „...როგორ მოხდა, რომ აფხაზები - „ცნობილი მეამბოხენი“, უეცრად იყვნენ მშვიდად და ეს მაშინ, როდესაც მთელი რუსეთი მღელვარებაშია..ვერ გაუგებ ამ ხალხს. მუდამ აკეთებენ იმას, რასაც არანაირად არ ელოდები...მათთვის ჯერ კიდევ ფეოდალიზმი გრძელდება, საჭიროა მათში ამ განცდის აღმოფხვრა...“ (პაპასქირი., ნაკ. I., გვ.242). 1906 წლის მეფისნაცვლის საბჭოზეც აღინიშნა, რომ აფხაზეთის მოსახლეობა რომელიც ოფიციალურად ატარებდა „დამნაშავის“ სახელს, ბოლო თვეების განმავლობაში გამოირჩეოდა მთავრობისადმი ლოიალობით მეზობელი რაიონების მოსახლეობასთან შედარებით (გამახარია., ქართულ-აფხაზური ურთიერთობათა ისტორიიდან., გვ. 23). ზოგადად თავადაზნაურობის გაბატონებულმა მდგომარეობამ განაპირობა აფხაზთა უმრავლესობის უარყოფითი დამოკიდებულება დემოკრატიული გარდაქმნებისადმი, რისთვისაც იბრძოდნენ სხვა ერების წარმომადგენლები და მათ შორის ქართველები.
პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოება შეშფოთებული იყო აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებით. შოვინისტური წრეები სისტემატურად აქვეყნებდნენ პრესაში წერილებს, ავრცელებდნენ ჭორებს, თითქოს ქართველები აპირებდნენ აფხაზთა ამოწყვეტას და მათი მამულების მიტაცებას (პაპასქირი, ნაკ. I., გვ. 243). აქტიური იდეოლოგიური მუშაობა მიმდინარეობდა აფხაზების ყველა ფენაში. მათ უნერგავდნენ აზრს, რომ ქართველები სანდონი არ იყვნენ და ყველაფერს გააკეთებდნენ აფხაზების დასაღუპად. (ცნობის ფურცელი, 1905, 22 აპრილი).
1905 წლის დეკემბერში დაიწყო რევოლუციის დაღმავლობა. მეფის ხელისუფლება ცდილობდა ადმინისტრაციული რეფორმა გაეტარებინა სოხუმის ოლქში; ამ ოლქის შეერთება სურდათ შავი ზღვის გუბერნიისათვის. ამას ეწინააღმდეგებოდა საზოგადოების ნაწილი. სოხუმის ქალაქის თავმა ნიკო თავდგირიძემ და ალექსანდრე შარვაშიძემ აფხაზეთის სახელით მეფისნაცვალს შუამდგომლობა წარუდგინეს სოხუმის ოლქის არა შავიზღვისპირეთის, არამედ ქუთაისის გუბერნიისათვის მიერთების შესახებ. 1905 წელს, 19 ნოემბერს, „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნებული სოხუმის ოლქის მცხოვრებთა მოთხოვნები ერთობლივი ქართულ-აფხაზური ინტერესების გამომხატველი იყო. დოკუმენტის ავტორები მეფისნაცვალს სთხოვდნენ:
1. სოხუმის ოლქის მთლიანად დატოვება თავის ისტორიულ საზღვრებში, როგორც განსაკუთრებული დამოუკიდებელი კუთხისა ადმინისტრაციულ მმართველობის მხრივ - და თუ ასეთი დატოვება არ მოხერხდა, მაშინ იგი შეუერთდეს ჩერნომორსკის გუბერნიას, ისე კი, რომ ადმინისტრაციულ ცენტრად სოხუმი იყოს;
2. ამ ოლქში მცხოვრები აფხაზები აღარ მოიხსენიონ მეტად საძრახის და დაუმსახურებელ სახელით: „დამნაშავენი“, როგორც ამჟამად სჩადიან ადმინისტრაციის მოხელენი მიწერ-მოწერის და მათთან საუბრის დროს;
3. ამ ოლქის მცხოვრებთ მიენიჭოთ ის უფლებანი, რაც სამურზაყანოს ოლქის მცხოვრებთა აქვთ; ოლქის უმიწაწყლო მკვიდრთ ეხლავ დაურიგდეთ მიწები; ის მცხოვრებნი ამ ოლქისა, რუსის ქვეშევრდომნი, რომელიც არა ნაკლებ 7 წლისა დასახლებულან და მფლობელობენ ამა თუ იმ მიწით, ეხლავ მიეწერნენ ამა თუ იმ საზოგადოებას და ამ მიწითაც მხოლოდ მათ და მათ შთამომავლობას შეეძლოთ სარგებლობა და არა სხვა ვისმე; მეგრელები, რომელნიც ამ ოლქში სცხოვრობენ ნაყიდ მიწებზე, ჩაირიცხნენ იმ საზოგადოებებში, სადაც ამ ჟამად სცხოვრობენ და ამოიშალნენ იმ საზოგადოებიდან, საიდანაც მოსულნი არიან.
4. უმაღლესად ნება დართონ დაბრუნდნენ ის აფხაზები, რომელნიც 1877-1878 წწ. ოსმალეთში გადასახლდნენ და ამჟამად დაბრუნება სურთ. ამათ უნდა დაუბრუნდეთ სასახლკაროდ სახელმწიფო მიწები.
5. უსასყიდლოდ დაეთმოს ხალხს აქაური სახელმწიფო და საზაფხულო საძოვარი ადგილები;
6. ეხლავ გაუქმებულ იქნას კავკასიის საპოლიციო დარაჯი, რადგან მას ხალხისთვის არავითარი სარგებლობა, ზარალის მეტი, არა მოქავს რა. ამის ნაცვლად თავის დასაცველად ადგილობრივ მცხოვრებთაგან შესდგეს რაზმი;
7. ეხლავ გაიხსნას საფოსტო გზა გაგრისა და ზუგდიდს შუა და განთავისუფლებულ იქნას ხალხი ფოსტის ცხენების შენახვისაგან;
8. ეხლავ შემოღებულ იქნას საერო, უფასო და სავალდებულო სწავლება;
9. ყველა სტიპენდია სტავრიპოლის ვაჟთა გიმნაზიიდან განთავისუფლების შემდეგ გადმოტანილ იქნას სოხუმის რეალურ სასწავლებელში და თვით სტიპენდიების რიცხვი გამრავლდეს;
10. ყველა ამ ოლქში არსებულ სასწავლებლებში სავალდებულო გახდეს სწავლება ქართულ ენისა, ხოლო ვისაც სურს, აფხაზურისა და მაჰმადიან-აბხაზებისთვის -არაბულ ენებისა;
11. უმაღლეს სასწავლებლებში ამ ოლქის მცხოვრებთათვის დაარსდეს სტიპენდია;
12. სოხუმის სამთო სკოლა ეხლავე გადაკეთდეს საშუალო სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლად მოსამზადებელი განყოფილებით;
13. სამკურნალო ნაწილი კარგად მოეწყოს , დაარსდეს ქსენონები და საავადმყოფოები და სხვა;
14. სოხუმის ოლქის ჯარისკაცთ ეხლავ მიეცეთ ნება კავკასიაში მოიხადონ ბეგარა და არა სხვაგან სადმე;
15. ეხლავ შემოღებულ იქნას ნაფიც მსაჯულთა სასამართლო და ინსტიტუტი ამორჩეულ მომრიგებელ მოსამართლეებისა;
16. ხალხს მიეცეთ უფლება, თვითონ აირჩიოს სასულიერო პირი, როგორც მართლმადიდებელ, ისე მაჰმადიანურ მოძღვრებისა;
17. ყველა სამსახურში, თუ განათლების ცენზი უფლებას აძლევს, ადგილი დაეთმოს ადგილობრივ მკვიდრს; (წყარო, მოტანილია უცვლელად);
მოთხოვნებიდან აშკარაა, რომ ფაქტობრივად ხდებოდა საქართველოს ჩრდილო-დასავლეთის საზღვრების აღდგენა ისტორიულ ფარგლებში. მეფისნაცვალი იძულებული გახდა, დათანხებოდა სოხუმის ოლქის მცხოვრებთა კანონიერი მოთხოვნების ნაწილს. 1907 წლის 27 აპრილს გამოქვეყნდა იმპერატორის „წყალობა“, რომლის მიხედვითაც აფხაზებს ოფიციალურად მოეხსნათ „დამნაშავე მოსახლეობის“ სტატუსი.
კავკასიის მეფისნაცვალი აფხაზებისადმი მიმართვაში აღნიშნავდა, რომ „მომავალში აფხაზები თავისი ხელმწიფე იმპერატორის წინაშე დამნაშავეები არანაირ ვითარებაში არ იქნებიან (Гамахария, გამახარია გვ. 368-369). სულ მცირე ხანში ქრისტიან აფხაზებს ასევე მიეცათ უფლება ჯარში ემსახურათ. ასე თანდათან დაიწყო აფხაზთა თვითშეგნების გარდაქმნა.
განვითარებულმა მოვლენებმა რუსეთის იმპერიის სახელმწიფო მართვის სისტემის ძირეული რეორგანიზაცია მოითხოვა. 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტით მოიწვიეს I სახელმწიფო სათათბირო, რომლის პირველი არჩევნებიც ჩაიშალა. მეორედ არჩევნები საქართველოში 1906 წლის აპრილ-მაისში ჩატარდა. საქართველოს სახელმწიფოს სათათბიროში 8 დეპუტატი წარმოადგენდა: სოციალ-დემოკრატები: ნოე ჟორდაია, ისიდორე რამიშვილი, ივანე გომართელი, სერგო ჯაფარიძე, სვიმონ წერეთელი; სოციალ-ფედერალისტი - იოსებ ბარათაშვილი, კონსტიტუციურ-დემოკრატი - ახმეტ აივაზოვი და უპარტიო გენერალი, სოხუმის, ბათუმისა და ყარსის ოლქებიდან პროკოფი შარვაშიძე.
ქართველი დეპუტატების უმრავლესობა პოლიტიკური სისტემის რეორგანიზაციასა და სოციალური პრობლემების მოგვარებას მოითხოვდა. ისინი ყურადღებას ამახვილებდნენ რუსეთის იმპერიის რეჟიმის სისასტიკესა და მოსახლეობის გაუსაძლის სოციალურ და პოლიტიკურ მდგომარეობაზე. პეტერბურგში მყოფი სოხუმის ეპისკოპოსი კირიონი (ესწრებოდა უწმინდეს სინოდში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხების განხილვას) ეწვია პირველ სახელმწიფო სათათბიროს. კირიონი მოგონებებში წერდა, რომ ყველა სათათბიროს წევრი ერთგულად მუშაობდა საზოგადო საქმისათვის. მართლაც, ხელისუფლებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა სათათბიროს რადიკალიზმი. 1906 წლის 8 ივლისს ნიკოლოზ II-მ I სახელმწიფო სათათბირო დაითხოვა.
დაინიშნა სახელმწიფო სათათბიროს ახალი არჩევნები, რომელიც 1907 წლის დასაწყისში ჩატარდა. საქართველოს მხრიდან დეპუტატები მხოლოდ სოციალ-დემოკრატები იყვნენ: ირაკლი წერეთელი, კონსტანტინე კანდელაკი, ჭოლა ლომთათიძე... ქართველმა დეპუტატებმა სათათბიროში განიხილეს აგრარული საკითხი, კავკასიაში რუსეთის ხელისუფლების სადამსჯელო ღონისძიებებისა და რეპრესიები თემა.
ხელისუფლება უარყოფითად განეწყო ამ სათათბიროს მიმართაც. 55 დეპუტატს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდება წაუყენეს და ციმბირში გადაასახლეს, მათ შორის იყვნენ ქართველი დეპუტატებიც. 1907 წლის 3 ივნისს სახელმწიფო სათათბირო დაითხოვეს.
დაიწყო მკაცრი პოლიტიკური რეაქციის პერიოდი (1907-1910 წწ.). მესამე სათათბიროს არჩევნები 1908 წლის იანვარ-თებერვალში გაიმართა. საქართველოდან სამი დეპუტატი აირჩიეს. სოციალ-დემოკრატები - ნიკოლოზ ჩხეიძე, ევგენი გეგეჭკორი და პროკოფი შარვაშიძე. სათათბიროს სხდომაზე არაერთხელ დაისვა კავკასიის კოლონიზაციის საკითხი; აშკარად იგრძნობოდა რუსი დეპუტატების აგდებული დამოკიდებულება, ისინი დასცინოდნენ ქართველ ხალხს, ენასა და კულტურას.
1912 წელს გაიმართა IV სათათბიროს არჩევნები. საქართველოდან სამი სოციალ-დემოკრატი დეპუტატი აირჩიეს - ნიკოლოზ ჩხენკელი, აკაკი ჩხენკელი, ვარლამ გელოვანი. ამჯერადაც ქართველმა დეპუტატებმა გააკრიტიკეს რუსეთის კოლონიური პოლიტიკა; ისინი მოითხოვდნენ საქართველოს პოლიტიკურ ავტონომიას. აქტიურად მიმდინარეობდა საქართველოში ხიზანთა შესახებ პროექტის განხილვა. ქართული საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, საქართველოში ხიზნებს (ძირითადად ოსებს და სომხებს) მათ მიერ დაკავებული მიწები კერძო მფლობელობაში უნდა გადასცემოდათ.
სათათბიროში საქართველოდან წარგზავნილი დეპუტატების მოღვაწეობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მათი გამოსვლები ხელს უწყობდა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას.
მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო სოხუმის კათედრაზე ეპისკოპოს კირიონის დანიშვნა. კირიონმა მთელი ყურადღება გადაიტანა მრევლთან შეხვედრებზე, ქადაგებებზე, ახალი სამრევლოების გახსნაზე, ეკლესიების აღდგენა-მშენებლობაზე. მას სურდა სოხუმში აეშენებინა „ორი შეუპოვარი სიმაგრე ქართველი ეროვნებისა“ - ეკლესია და სკოლა (გამახარია., გვ. 692). კირიონმა ყველა ეროვნების მრევლს საკუთარ ენაზე ღვთისმსახურების შესაძლებლობა მისცა. აფხაზებსაც რომ ასეთი შესაძლებლობა ჰქონოდათ მან შექმნა კომისია, რომელიც საეკლესიო ლიტერატურას აფხაზურ ენაზე თარგმნიდა.
ეპისკოპოსს სურდა იაკობ გოგებაშვილის დახმარებით აფხაზური დედა ენა შეედგინა, თუმცა მისმა მოულოდნელმა რუსეთის შიდა გუბერნიაში გადაყვანამ ეს გეგმა ჩაშალა.
ბუნებრივია ეპისკოპოს კირიონის სოხუმის კათედრაზე დანიშვნამ და მოღვაწეობამ გააღიზიანა შოვინისტები. მისი მოღვაწეობა რუსეთის ინტერესების შელახვად იქნა აღქმული. ეპისკოპოს კირიონს განსაკუთრებით უპირიპირდებოდა ი. ვოსტორგოვი. სწორედ მისმა ცილისწამებამ გამოიწვია ის, რომ 1907 წლის 24 იანვარს ეპისკოპოსი სოხუმიდან გაიწვიეს და წლების განმავლობაში დევნიდნენ. ამის შემდეგ სოხუმის კათედრის მმართველებად მხოლოდ რუსი მღვდელმთავრები ინიშნებოდნენ. რუსი ეპისკოპოსები ქართველთა დევნის პოლიტიკას ახორციელებდნენ.
XX საუკუნის დასაწყისიდან გააქტიურდა საზოგადოებრივი ცხოვრებაც. იქმნებოდა თვითმოქმედი გაერთიანებები, საქველმოქმედო ორგანიზაციები, სათვისტომოები და სხვა. ეს ორგანიზაციები დიდ ყურადღებას უთმობდნენ მოსახლეობის განათლებისა და კულტურის აღმასვლას.
აღსანიშნავია აფხაზეთის ქართველი მოსახლეობის ბრძოლა სასულიერო და საერო სასწავლებლებში მშობლიური ენის უფლებების აღსადგენად. 1905 წლის რევოლუციის პერიოდში იმპერატორი დროებით დათმობაზე წავიდა - სკოლებში სწავლება ქართულ ენაზე დაიწყო. აფხაზეთში ქართველ მასწავლებლებთან ერთად მოღვაწეობდნენ აფხაზი პედაგოგებიც, რომლებიც აკრძალვების მიუხედავად ასწავლიდნენ აფხაზურ ენას.
V თავი
აფხაზეთი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პერიოდში
1. საერთაშორისო ვითარება და ქართული საზოგადოებრივ პოლიტიკური ძალები XX საუკუნის პირველ მეოთხედში
XX საუკუნის დასაწყისში მსოფლიოს პოლიტიკის ცენტრს ევროპა წარმოადგენდა. ჯერ კიდევ XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო დიდი სახელმწიფოების სამხედრო-პოლიტიკური დაჯგუფებების ჩამოყალიბება. 1879-1882 წლებში შეიქმნა სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანება - „სამთა კავშირი“, გერმანიის, ავსტრია-უნგრეთისა და იტალიის შემადგენლობით; მოგვიანებით „სამთა კავშირს“ ოსმალეთიც შეუერთდა. 1904-1907 წლებში დაიდო საფრანგეთ-რუსეთის, დიდი ბრიტანეთ-რუსეთის სამხედრო პოლიტიკური ხელშეკრულებები, რის საფუძველზეც ჩამოყალიბდა მეორე სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანება „ანტანტა“ ( გულითადი კავშირი).
„სამთა კავშირისა“ და „ანტანტის“ ქვეყნების ინტერესები ერთმანეთს მკვეთრად უპირისპირდებოდა; წინააღმდეგობებმა ამ ორ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკს შორის განსაკუთრებით მწვავე ხასიათი XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე შეიძინა და მსოფლიო ომის გარდაუვალი გახდა. საერთაშორისო ურთიერთობებში მიმდინარე პროცესები საგრძნობი ხდებოდა ქართული საზოგადოება ყურადღებით ადევნებდა თვალს მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს.
პირველი მსოფლიო ომის წინ ქართული საზოგადოება პოლიტიკური მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. წარმოიშვა ახალი პოლიტიკური ძალები, პოლიტიკური ჯგუფები, პარტიები, მიმდინარეობები.
მეფის რუსეთის ადმინისტრაცია ყველანაირად ცდილობდა დაეთრგუნა საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა. შედეგად ბევრი ქართველი პოლიტიკური მოღვაწე იძულებული ხდებოდა დაეტოვებინა სამშობლო და ანტირუსული საქმიანობა დასავლეთ ევროპაში გაეგრძელებინა. I მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, ჩამოყალიბდა „საქართველოს დამოუკიდებლობის ეროვნული კომიტეტი“, რომელიც ჟენევიდან ბერლინში გადავიდა და მჭიდრო კონტაქტი დაამყარა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან.
პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე საქართველოში არსებული ყველა პოლიტიკური პარტია და მიმდინარეობა ცდილობდა განესაზღვრა დამოკიდებულება ომისა და საგარეო პოლიტიკური ორიენტაციისადმი.
პარტიათა პოლიტიკური შეხედულებები ძირითადად ორ ნაწილად გაიყო: ერთნი სამშობლოს კეთილდღეობას ომში „ანტანტის“ გამარჯვებას უკავშირებდნენ; მეორენი კი ოთხთა კავშირისას. იკვეთებოდა მესამე მხარეც - რუსეთის სდმპ-ის ბოლშევიკური ფრთის წარმომადგენლები, რომელთაც სურდათ მსოფლიო ომის სამოქალაქო ომად გადაქცევა, მაგრამ მათი გავლენა პოლიტიკურ ცხოვრებაზე კავკასიაში სუსტი იყო.
პროგერმანული ორიენტაციის ქართველ პოლიტიკოსებს მიაჩნდათ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა შეუძლებელი იქნებოდა პირველ მსოფლიო ომში რუსეთის დამარცხების გარეშე. სწორედ ამიტომ დაუკავშირდნენ ისინი რუსეთის მთავარ მოწინააღმდეგეს გერმანიას, რომლის ინტერესებში შედიოდა რუსეთის დაშლა. დამოუკიდებლობის კომიტეტმა (დამკომი) აქტიური საქმიანობა გააჩაღა; ეწეოდა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის პროპაგანდას; კავშირს ამყარებდა დასავლეთ ევროპის გავლენიან სახელმწიფოებთან. მათი ძირითადი სამოქმედო გეგმა იყო: საქართველოსთან დაკავშირება; სამშობლოში დამოუკიდებლობის იდეის პროპაგანდა; იარაღის შემოტანა საქართველოში; გერმანიაზე ორიენტირებული პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება; ოსმალეთის ტერიტორიაზე საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ლეგიონის ჩამოყალიბება.
საქართველოს დამკომმა გერმანიის საგარეო საქმეთა უწყებისადმი შეადგინა მემორანდუმი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველოს 2,5 მილიონ მცხოვრებთაგან 300 000 მაჰმადიანი იყო, რომელთაც კავკასიის ნეიტრლიზაციისათვის იარაღი, ფული და სურსათი ესაჭიროებოდათ (გოცირიძე., 2009 გვ. 86). გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანხმობით შემუშავებულ იქნა კომიტეტის მუშაობის გეგმა, რომლითაც კომიტეტის წევრები დასამტკიცებლად გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინაშე წარსდგნენ.
საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტმა გერმანიის მთავრობასთან გააფორმა ხელშეკრულება, „სადაც იყო დაპირება გერმანიის მთავრობის მიერ საქართველოს ცნობისა, თუ გერმანია გაიმარჯვებდა და საქართველოს მიეცემოდა შესაძლებლობა დამოუკიდბელობის გამოცხადებისა. იყო აღთქმული, აგრეთვე, ყველანაირი დახმარება კომიტეტის მუშაობისათვის.“ (გაზეთი „ კომუნისტი“, 1990, 26 V).
გერმანიის გენერალური შტაბის ჩანაფიქრით, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს უნდა ეზრუნა შექმნილიყო მრავალრიცხოვანი სადივერსიო ჯგუფი, რომლებიც იმოქმედებდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, მათ, ასევე, ევალებოდათ რუსეთ-თურქეთის საზღვარზე ინციდენტების მოწყობა, რასაც უნდა დაეჩქარებინა თურქეთის ომში ჩაბმა (გოცირიძე., 2009 გვ. 87).
ამ მიზნით გერმანიის გენერალური შტაბის სპეციალურმა განყოფილებამ, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, მიზანშეწონილად ჩათვალა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრებისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტთა თურქეთში მივლინება. ერთ-ერთი პირველი მიავლინეს ლეო კერესელიძე; ცოტა ხანში მას შეუერთდნენ კომიტეტის სხვა წევრებიც. მათ, ისე როგორც ლეო კერესელიძეს, გერმანული პასპორტები და გადაკეთებული სახელები ჰქონდათ: ნესტორ მიურბანდი, პიერ სურატე, პაულ კელინგი, გეორგ კერელე; მალე სტამბოლში ჩავიდნენ და მათ შეუერთდნენ მელიტონ ქარცივაძე, ზია აბაშიძე, შალვა ვარდიძე და სხვები (Пипия.,/ფიფია 1971, ст. 64). ამ ჯგუფმა სტამბოლში მყოფი გერმანიის ელჩის ჰანს ვანგეჰაიმისა და გავლენიანი მაჰმადიანი ქართველების მეშვეობით კავშირი დაამყარა ოსმალეთის მთავრობასთან.
მოლაპარაკებები ოსმალეთის მთავრობასთან მეტად დაძაბულად მიმდინარეობდა. ოსმალეთი ვერ ურიგდებოდა ამირკავკასიის ფედერაციის შექმნას და ეწინააღმდეგებოდა კომიტეტის მთავარ მოთხოვნას, რომ ეცნო საქართველო 1914 წლის საზღვრებში.
გერმანული მხარის დიდი მცდელობის შედეგად თურქეთის მთავრობასა და საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება. აღსანიშნავია ამ პერიოდში შექმნილი ორი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი: 1. „კავკასიის ნეიტრალიზაციისა და მისი მომავალი პოლიტიკური ორგანიზაციის პროექტი“; 2. საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის შეთანხმება ოსმალეთთან.
ოსმალეთი ეწინააღმდეგებოდა ამიერკავკასიის დამოუკიდებელი ფედერაციის შექმნას, ამიტომ გერმანიის შუამდგომლობით პროექტში ცვლილებები შევიდა - ამიერკავკასიის ფედერაციის ნაცვლად გათვალისწინებული იყო ქართული სახელმწიფოს, სომეხ-თათართა კანტონისა და მთიელთა ფედერაციის ჩამოყალიბება (Пипия/ფიფია., 1971, ст. 66).
ამ ხელშეკრულების პირველ მუხლში აღნიშნული იყო: „ოსმალეთის მთავრობამ უნდა სცნოს საქართველოს დამოუკიდებლობა და სამუდამო უფლება მის ისტორიულ-რეალურ ტერიტორიაზე, რომელიც შეიცავს ქვემოთ ჩამოთვლილ საზღვრებს. შავ ზღვაზე დაკოვსკიდან პირდაპირი ხაზით აბაშამდე და შემდეგ პირდაპირი ხაზით ელბრუსამდე, რომელიც შედის საქართველოს შემადგენლობაში. ელბრუსიდან პირდაპირი ხაზით ბალთამდე და შემდეგ ასაკოვიდან დაღესტნის საზღვრამდე და ჩამოვა სალავათამდე. სალავათიდან პირდაპირ გოქჩამდე, რომლის ჩრდილოეთი მხარე საქართველოსი იქნება. გოქჩიდან პირდაპირ ჩილდირამდე, ჩილდირიდან ბალვანამდე, ბალვანიდან არტანუჯამდე, რომელიც შედის საქართველოს საზღვრებში. არტანუჯიდან ოსმალეთის და რუსეთის 1914 წლის საზღვრამდე, იქ სადაც ჩამოდის მდინარე ჭოროხი.
ხელშეკრულებაში ასევე აღნიშნული იყო რომ როგორც კი გამოცხადდებოდა საქართველოს დამოუკიდებელი მთავრობა, ოსმალეთის მთავრობა სცნობდა საქართველოს დამოუკიდებლობას და მიიღებდა მის წარმომადგენელს“.
საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტსა და ოსმალეთის მთავრობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ყველა პირობა ძალაში რჩებოდა საქართველოს დროებითი მთავრობისთვის ქვეყნის დამოუკიდბელობის გამოცხადების შემდეგაც (გოცირიძე., 2009 გვ. -93-95).
ამ პროექტში გათვალისწინებული იყო საქართველოში კონსტიტუციურ -მონარქიული წყობილების დამყარება ჰოჰენცოლერნების დინასტიით სათავეში. იდეა გერმანიის იმპერატორისაგან მომდინარეობდა. მას სურდა გაემეფებინა თავისი მემკვიდრე იოახიმი; დედოფალიც შერჩეული ჰყავდათ - მიხეილ მაჩაბლის ქალიშვილი მარინე (მაღლაკელიძე., 1990, გვ.35).
გერმანია პირობას იძლეოდა რომ მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე მხარს დაუჭერდა საქართველოს დამოუკიდებლობას და მის შემადგენლობაში შევიდოდა: აფხაზეთი, სამეგრელო, სამურზაყანო, სვანეთი, ლეჩხუმი, ქუთაისისა და თბილისის გუბერნიები, ზაქათალა, ბათუმი (გოცირიძე., 2009, გვ. 97).
პარალელურად სამშობლოში დარჩენილი ქართველი მოღვაწეებიც აქტიურ პროპაგანდას ეწეოდნენ. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს და 1914 წლის ოქტომბერში ჩამოაყალიბეს საიდუმლო ორგანიზაცია - „ქართული ეროვნული კომიტეტი“, რომელიც ინტერპარტიული გაერთიანება იყო.
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა იყო საქართველოში მოქმედ და უცხოეთში არსებულ ორგანიზაციათა საქმიანობის კოორდინაცია. ამ მიზნით გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით 1915 წელს ევროპიდან საქართველოში ჩამოვიდა „ქართული ეროვნული კომიტეტის“ წევრი გიორგი მაჩაბელი. თათბირი გაიმართა ქუთაისში ვასილ ფალავანდიშვილის ბინაში. მონაწილეობდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები: სოციალ-დემოკრატები - ევგენი გეგეჭკორი, ნოე ჟორდანია; სოციალ-ფედერალისტები - სამსონ ფირცხალავა, გრიგოლ რცხილაძე; ეროვნულ-დემოკრატები - რევაზ გაბაშვილი, შალვა ამირეჯიბი. გიორგი მაჩაბელმა მათ გააცნო გერმანიასა და ოსმალეთის მთავრობებთან გაფორმებული ხელშეკრულებები და სთხოვა გამოეხატათ თავიანთი პოზიცია. სოციალ-დემოკრატების უმრავლესობა ანტანტის ქვეყნების პოზიციას იზიარებდა. გერმანიასთან კავშირის დამყარებას მხარს უჭერდნენ მხოლოდ ნოე რამიშვილი, ნოე ხომერიკი, ევგენი გეგეჭკორი. ნოე ჟორდანიამ გიორგი მაჩაბელს უთხრა: „დაბრუნდით გერმანიაში, თქვენმა კომიტეტმა იქ იმოქმედოს იმ ხაზით და იმ პროექტით, რომელიც თქვენ გაქვთ, ჩვენ აქ ვიმუშავებთ, ვნახოთ რა იქნება“ (ჟორდანია., 1990., გვ. 71-72). რაც შეეხებათ სოციალ-ფედერალისტებს მათ ჯერ კიდევ გარკვევით არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული თავიანთი თვალსაზრისი. ეროვნულ-დემოკრატებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი გერმანიის და მისი მოკავშირეების სამხედრო ბლოკთან თანამშრომლობას. მათი ინიციატივით შეიქმნა „საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის“ თბილისის ფილიალი, რომელსაც სათავეში ჩაუდგნენ სპირიდონ კედია, დავით ვაჩნაძე და რევაზ გაბაშვილი.
შეიძლება ითქვას, რომ პრორუსული ორიენტაციის მომხრეთა ბანაკი ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო საქართველოში. ამ ორიენტაციაშიც ორი მიმართულება გამოიკვეთა; პირველი: საქართველოში მდგომარეობის გაუმჯობესებას რუსეთის იმპერატორის კეთილი ნებისაგან მოელოდნენ - ამ მიმართულების მომხრეები იყვნენ ჩვეულებრივი მოქალაქეები; და მეორე: სამშობლოს ხსნას ინგლისსა და საფრანგეთის მთავრობებისაგან მოელოდნენ, მათ იმედი ჰქონდათ, რომ ომის დასრულების შემდეგ ეს სახელმწიფოები რუსეთს აიძულებდნენ მის შემადგენლობაში მყოფი ერების ინტერესებზე ეზრუნა.
ქართული საზოგადოებრივი აზრი ძირითადად ერთსულოვანი იყო იმაში, რომ ქართველების მომავალი სახელმწიფოებრივი ბედი მნიშვნელოვნად იქნებოდა დამოკიდებული ომის შედეგებზე. ამას უკავშირებდნენ დემოკრატიული გარდაქმნების განხორციელებას; საქართველოს ისტორიული ტერიტორიების შემოერთებას და ა.შ. ეს მისწრაფებები უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც თურქეთი მსოფლიო ომში ჩაება.
მსოფლიო ომში მონაწილე ყველა მხარეს კონკრეტული მიზნები და გეგმები ჰქონდათ კავკასიასთან მიმართებაში.
XIX საუკუნის 90-იანი წლების შუახანებიდან სახელმწიფო საზღვრების გაფართოება გერმანიის საგარეო პოლიტიკის ძირითად ამოცანად იქცა. ამასთან ერთად გერმანიის მმართველი წრეები დიდ ყურადღებას უთმობდნენ ახლო აღმოსავლეთს, რომელიც მეტად ხელსაყრელ პლაცდარმს წარმოადგენდა მსოფლიო ბატონობისათვის ბრძოლაში. გერმანიას კარგად ესმოდა ამ რეგიონის ეკონომიკური მნიშვნელობაც. პაულ ფონ ჰინდენბურგის აზრით კავკასია გერმანიისათვის უნდა ყოფილიყო სამხედრო მრეწველობისათვის ნედლეულის მიმწოდებელი, შეიარაღებული ძალების ახალი ნაწილებით შევსების წყარო და გერმანიის მრეწველობისათვის იაფი სამუშაო ძალის რეზერვი (გოცირიძე., 2009, გვ. 17).
I მსოფლიო ომამდე და ომის წლებშიც ინგლისელები ცდილობდნენ, გაეაქტიურებინათ მოღვაწეობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში თავიანთი აგენტების მეშვეობით. ინგლისელებმა და ფრანგებმა ომის დასაწყისშივე თბილისში დაარსეს ინგლისურ-რუსული და ფრანგულ-რუსული ბიუროები, რომლებიც პროპაგანდას უწეოდნენ ანტანტის სასარგებლოდ (ფიფია., 1971, ст. 102).
ამავდროულად საქართველო ოსმალეთის მთავრობის ინტერესების ობიექტიც იყო. „ახალგაზრდა თურქთა“ საშინაო და საგარეო პოლიტიკას საფუძვლად ედო „ზია გიოკალპისა“ და მის მიმდევართა მიერ შექმნილი თურქიზმის იდეოლოგია, რომელიც გულისხმობდა უზარმაზარი თურქულენოვანი სახელმწიფოს - თურანის შექმნას. მასში კავკასიას უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა (გიგინეიშვილი., 1963., გვ.58).
მას შემდეგ, რაც ოსმალეთი ანტანტის წინააღმდეგ მსოფლიო ომში ჩაება, 1916 წლის ნოემბერში ოსმალეთმა გააუქმა პარიზის (1856 წლის) და ბერლინის (1878 წლის) ხელშეკრულებები.
1917 წლიდან რუსეთში სწრაფი ტემპით განვითარდა მოვლენები. მსოფლიო ომმა მოამწიფა რევოლუციური სიტუაცია; მღელვარება ფართოვდებოდა არა მარტო პროლეტარიატის რიგებში, არამედ გლეხობასა და მეფის დასაყრდენ არმიაში. თვითმპყრობელობა გამოუვალ ჩიხში მოექცა. მან აღარ იცოდა, როგორ წარემართა სახელმწიფო მმართველობის საჭე. მოსალოდნელი რევოლუციის შიშმა და, აგრეთვე, იმ გარემოებამ, რომ რუსეთის ჯარები ვერ უმკლავდებოდნენ მოწინააღმდეგის ჯარებს. პეტროგრადში დაიწყო მასობრივი დემონსტრაციები. შექმნილ ვითარებაში მეფე ნიკოლოზ II გადადგა, ტახტზე უარი განაცხადა მისმა ძმამაც. ამგვარად დასრულდა რუსეთში მონარქიის მრავალსაუკუნოვანი არსებობა.
2. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლა
1917 წელის თებერვლის რევოლუციის შემდეგ რუსეთში შეიქმნა დროებითი ბურჟუაზიული მთავრობა, რომელმაც ამიერკავკასიაში მართვის რწმუნებით შექმნა ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი - „ოზაკომი“, რომლის მეთაური გახდა აკაკი ჩხენკელი. კომიტეტი ძირითადად მეოთხე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებით იყო დაკომპლექტებული. აღნიშნული კომიტეტი შეუზღუდავი უფლებებით სარგებლობდა.
იმავე წლის ოქტომბერში რუსეთში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, რომელიც ცარიზმის შემდეგ აღმოცენებული დროებითი მთავრობის დამხობით დამთავრდა. თებერვლის რევოლუციის პერიოდში ბოლშევიკების მეთაური ვლადიმერ ლენინი იმყოფებოდა ციურიხში. გერმანიის მთავრობის ხელშეწყობით ლენინი და სხვა რუსი პოლიტიკური ემიგრანტები 1917 წლის აპრილში რუსეთში დაბრუნდნენ. სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ბოლშევიკები ვ. ლენინის მეთაურობით, ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ.
რუსეთში მომხდარი ბოლშევიკური გადატრიალება ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა საქართველოში დამოუკიდებლობის აღსადგენად. ჯერ კიდევ რევოლუციის პირველსავე დღეებში თბილისში ჩამოყალიბდა მუშათა და ჯარისკაცთა საბჭო ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით.
1917 წლის 5 მარტს შეიქმნა თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს დროებითი აღმასრულებელი კომიტეტი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ამიერკავკასიის მართვა-გამგეობაში, თუმცა რუსულ მხარეს ეს კომიტეტი ოფიციალურად არ უღიარებია. (სარალიძე., 2009, გვ. 252).
1917 წლის 11 ნოემბერს საზოგადოებრივი თავდაცვის კომიტეტის ინიციატივით შედგა თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ: - მუშათა და გლეხთა დეპუტატების ცენტრის წარმომადგენლები, კავკასიის არმიის სამხედრო საბჭოს, მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თბილისის აღმასრულებელი კომიტეტის, ქალაქის მმართველობის, კავკასიის თავდაცვის კომიტეტის, საგანგებო კომიტეტის პოლიტიკური პარტიების, მუსლიმური ორგანიზაციების, ფოსტა-ტელეგრაფის ცენტრალური კომიტეტის, სამხარეო მომარაგების უწყებისა და ქალაქ თბილისის პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლები. თათბირს ასევე დაესწრნენ კავკასიის მთავარსარდალი გენერალი პრჟევალსკი, შტაბის უფროსი გენერალი ლებედინსკი, არმიის შტაბთან მყოფი ინგლის-საფრანგეთის წარმომადგენლები, ამერიკის შეერთებული შტატების კონსული სტივენსონი და სხვები. თათბირი გახსნა ევგენი გეგეჭკორმა. მან კრებას მოახსენა, რომ ორ კვირაზე მეტია რაც ცენტრს მოწყდნენ, რის გამოც საჭირო იყო მომავალი სამოქმედო გეგმების შემუშავება. საერთო მდგომარეობის შეფასების შემდეგ, საჭიროდ ჩაითვალა შექმნილიყო ადგილობრივი ხელისუფლება, ხოლო რუსეთის დამფუძნებელი კრებისათვის არჩეული დეპუტატების შემადგენლობით ამიერკავკასიის ცენტრალური წარმომადგენლობითი ორგანო აირჩევდა აღმასრულებელ ხელისუფლებას (მანველიშვილი., 1951, გვ. 124).
1917 წლის 15 ნოემბერს შეიქმნა ამიერკავკასიის სამხარეო ხელისუფლების ორგანო - ამიერკავკასიის კომისარიატი ევგენი გეგეჭკორის თავმჯდომარეობით. ამიერკავკასიის კომისარიატი, მართალია, საბჭოთა რუსეთს გაემიჯნა, მაგრამ ამით ამიერკავკასიაში დამოუკიდებელი სახელმწიფო არ შექმნილა, ამიტომ ამიერკავკასია საერთაშორისო ასპარეზზე ისევ რუსეთის სახელმწიფოს ნაწილად განიხილებოდა. ამასთანავე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კავკასიაში მოქმედი რუსეთის არმია საბჭოთა რუსეთის მთავრობას არ ცნობდა, მის განკარგულებებს არ ასრულებდა და რეგიონს ოსმალეთის აგრესიისაგან იცავდა.
ოსმალეთი თვალს ადევნებდა რუსეთში მიმდინარე მოვლენებს; რევოლუციის შემდეგ ხელსაყრელი პირობები შეიქმნა ოსმალების ამირკავკასიაში გაბატონებისათვის. 1917 წლის დეკემბერში ოსმალეთმა ზავი შესთავაზა ამიერკავკასიის კომისარიატს. ამ მიზნით მას წერილითაც კი მიმართა ვეჰიბ ფაშამ. 5 დეკემბერს ამირკავკასიის კომისარიატმა ოსმალეთის მესამე არმიის უფროსს ვეჰიბ ფაშას აცნობა, რომ ამიერკავკასია თანახმა იყო, დაწყებულიყო მოლაპარაკება. იგივე ცნობა გაეგზავნათ ინგლისს, მესოპოტამიის ჯარების სარდალს ბაღდადში. ორივე მხრიდან დაინიშნა კომისიები.
ოსმალეთი ცდილობდა დამოუკიდებელი მოლაპარაკებები ეწარმოებინა ამირკავკასიის კომისარიატთან; 1918 წლის 14 იანვარს ვეჰიბ ფაშამ გამოთქვა სურვილი გამოეგზავნა დელეგაცია თბილისში. სწორედ ამ დროს პეტერბურგიდან მოვიდა ცნობა ბოლშევიკების მიერ დამფუძნებელი კრების გარეკვის შესახებ.
დამფუძნებელ კრებაში ამიერკავკასიიდან არჩეულ დეპუტატთა სხდომამ მოიწვია ამირკავკასიის სეიმი, რომელსაც საკანონმდებლო ფუნქციები უნდა ჰქონოდა. 1918 წლის 10 თებერვალს შეიკრიბა ამიერკავკასიის სეიმი, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს სოციალ-დემოკრატი კარლო ჩხეიძე. სეიმმა ამიერკავკასიის კომისარიატის ნაცვლად აირჩია ამიერკავკასიის მთავრობა, რომელშიც ქარათველოს წარმოადგენდნენ: ევგენი გეგეჭკორი - მთავრობის თავმჯდომარე და სამხედრო მინისტრი; ნოე რამიშვილი - შინაგან საქმეთა მინისტრი; აკაკი ჩხენკელი - საგარეო საქმეთა მინისტრი; ნოე ხომერიკი - მიწათმოქმედების მინისტრი; ვლადიმერ გობეჩია - საზღვაო მინისტრი. მთავრობის დანარჩენი წევრები სომხებისა და აზერბაიჯანელების წარმომადგენლები იყვნენ.
ახალარჩეული ამიერკავკასიის მთავრობა შეუდგა საზავო მოლაპარაკებებისათვის მზადებას. საზავო ხელშეკრულებას საფუძვლად უნდა დასდებოდა რუსეთ-ოსმალეთის 1914 წლის ომის წინადროინდელი საზღვრები.
მაგრამ ოსმალეთს კავკასიასთან მიმართებაში სულ სხვა გეგმა ჰქონდა; ამ მოვლენების პარალელურად ბრესტ-ლიტოვსკში მიმდინარე საზავო მოლაპარაკებაზე ოსმალეთი ცდილობდა საკუთარი ტერიტორიული ამბიციების დაკმაყოფილებას. რასაც მიაღწია კიდეც. 1918 წლის 3 მარტს დადებული ხელშეკრულების მიხედვით ოსმალეთს გადაეცა ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქები.
ამიერკავკასიის სეიმმა 1918 წლის 11 მარტს ფართოდ იმსჯელა ბრესტ-ლიტოვსკის ზავის შესახებ და ერთხმად უარყო ოსმალეთის მოთხოვნები. გადაწყდა გაფორმებულიყო საბოლოო ზავი ოსმალეთთან. საზავო ხელშეკრულების საფუძველი უნდა ყოფილიყო რუსეთსა და ოსმალეთს შორის არსებული 1914 წლის სახელმწიფო საზღვარი. დელეგაციას უნდა მიეღწია იმისათვის, რომ აღმოსავლეთ ანატოლიის სომეხი მოსახლეობისათვის ოსმალეთს მიეცა ავტონომია. ამავე სხდომაზე დამტკიცებულ იქნა საზავო დელეგაციის შემადგენლობა, რომელშიც საქართველოს მხრიდან შედიოდნენ: დელეგაციის ხელმძღვანელი აკაკი ჩხენკელი, გ. ლასხიშვილი (სოციალ -ფედერალისტი), გ.გვაზავა (ეროვნულ-დემოკრატი), ჰაიდარ აბაშიძე (სოციალ-დემოკრატი), ა. სტასოვი (დაშნაკი), რ. კაჩაზური (დაშნაკი), ხ. მამედოვი და მ. განჯინსკი (მუსავატი), მ. მესტიევი (რუსი მუსლიმი) (სვანიძე., 1998, გვ. 19).
კონფერენცია შეიკრიბა ტრაპიზონში 1918 წლის 14 მარტს. სულ ჩატარდა 6 პლენარული სხდომა და 2 კერძო თათბირი. ოსმალეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ოსმალეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის პირველი რანგის კაპიტანი რაუფ ბეი; დელეგაციის შემადგენლობაში არ იყო უმაღლესი რანგის არც ერთი მოხელე. ამიტომაც ტრაპიზონის კონფერენცია ფიქტიური და ულტიმატური ხასიათის გახლდათ (გოცირიძე., 2009, გვ. 164).
ამიერკავკასიის სეიმი არ ცნობდა ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულების მუხლს, რომელიც ბათუმის, არტაანის (არდაგანის) და ყარსის ოკრუგებს ეხებოდა. ტრაპიზონის კონფერენციაზე ოსმალეთის დელეგაცია ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების მეოთხე მუხლის უპირობო შესრულებას ითხოვდა და მოთხოვნას ასაბუთებდა იმით, რომ ამიერკავკასია არ იყო ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულებაზე ხელის მომწერი მხარე, რომ ამიერკავკასია არ იყო დამოუკიდებელი სახელმწიფო, იგი რუსეთის ნაწილს წარმოადგენდა. ამასთანავე, ოსმალეთის მთავრობა გამოთქვამდა სურვილს, რომ ამიერკავკასიას დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა; ერთ-ერთ სხდომაზე ოსმალეთის დელეგაციამ განაცხადა, რომ ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება კანონიერი და სავალდებულო იყო. ამასთანავე „დელეგაცია გამოთქვამს სურვილს, რომ სანამ დაწყებული მოლაპარაკება მიიღებს ასე სასურველ შედეგს, ამიერკავკასიამ გადაწყვიტოს დამოიკიდებლობისა და მმართველობის ფორმის გამოცხადება“ (გოცირიძე., 2009, გვ. 165).
ამის პარალელურად 1918 წლის 19 მარტს ოსმალო აგენტები შეესივნენ მესხეთს და შეადგინეს მუსლიმური რაზმები; მათ 19 მარტს ხელთ იგდეს არდაგანი.
22 მარტს კონფერენციაზე შესვენება გამოცხადდა. ამიერკავკასიის დელეგაციის ნაწილი თბილისში დაბრუნდა.
26 მარტს ამიერკავკასიის სეიმის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აკაკი ჩხენკელისათვის დამოუკიდებელი მოქმედების უფლება მიენიჭებინათ, მაგრამ „მისი მოქმედება უნდა ყოფილიყო სეიმის გადაწყვეტილების ფარგლებში“. მას ოსმალეთის დელეგაციისათვის უნდა განეცხადებინა, რომ „თუმცა იურიდიულად უარვყოფთ ბრესტის ზავს, მაგრამ მზადა ვართ ზოგიერთ ტერიტორიულ დათმობაზე“ (სვანიძე., მ. 1998, გვ. 27).
შექმნილ მძიმე სიტუაციაში ამიერკავკასიის დელეგაციამ 5 აპრილს საზავო მოლაპარაკებაზე ოსმალეთს შესთავაზა ახალი საზღვრების ხაზი. ამ შეთანხმების მიხედვით ოსმალეთის ხელში გადადიოდა მთელი ოლთისის ოლქი, სამხრეთი არდაგანი, ყარსის ოლქის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი და ყაღიზმანის დასავლეთი ნაწილი. თურქეთის დელეგაციამ შესვენება ითხოვა; ხოლო 6 აპრილს კი ამიერკავკასიის დელეგაციას წაუყენა ულტიმატუმი: ამიერკავკასიას 48 საათის განმავლობაში უნდა ეცნობებინა ოსმალეთისათვის ღებულობდა თუ არა ის ბრესტ-ლიტოვსკის ზავს. ამის პარალელურად ოსმალეთის ჯარები ამიერკავკასიის საზღვრებში შემოიჭრნენ.
სწორედ ამ დროს თბილისიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოვიდა რადიო-დეპეშა; იგი შეიცავდა ბრესტ-ლიტოვსკის ოფიციალურად დამოწმებულ მე-4 მუხლს, რომელიც ამიერკავკასიას შეეხებოდა (საქართველოს ცენტრალური სახ. საისტორიო არქივი, ფონდი 1836, აღ. I,საქ.ფ 79. სვანიძე გვ. 28).
დელეგაციის წევრები დიდი ყურადღებით გაეცნენ ხელშეკრულების ამ მუხლს. სომხეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს: „რატომ უნდა დავთმოთ ეს ადგილები, როდესაც ბრესტის ზავი თითქოს ამ სამ ოლქს, იქ დასახლებულ ხალხს, თვითგამორკვევის უფლებას აძლევს. რა უფლება გვაქვს, დიდი ნაწილი ამ ადგილებისა ჩამოვჭრათ და ოსმალეთის კუთვნილებად ვაღიაროთ“. ამას დაეთანხმნენ აზერბაიჯანელი და ქართველი დელეგატები. საბოლოო ჯამში გადაწყდა „სჯობს ბრესტის ზავს დავეთანხმოთ, ვიდრე თანხმობა განვაცხადოთ ტერიტორიების მიცემაზეო“ (საქართველოს ცენტრალური სახ. საისტორიო არქივი, ფონდი 1836, აღ. I,საქ. 5 ფ 82. 83 სვანიძე გვ. 29).
7 აპრილს ულტიმატუმი აკაკი ჩხენკელმა თბილისს მოახსენა. მის დეპეშაში აღნიშნული იყო, რომ ოსმალები ბათუმიდან რვა ვერსით იყვნენ დაშორებულნი. არგადანი აღებული იყო, ყარსის ბედი ორ დღეში გადაწყდებოდა; სწორედ ამიტომ ჩხენკელი საჭიროდ თვლიდა, რომ იმავე დღეს მიეღო უფლებამოსილება ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების ცნობისა. (გოცირიძე., 2009, გვ. 166). 8 აპრილს ამიერკავკასიის სეიმმა მიიღო გადაწყვეტილება წასულიყო მაქსიმალურ დათმობაზე; ამავდროულად ამიერკავკასიის დელეგაციის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება ეცნოთ ბრესტ-ლიტოვსკის ზავი და ამის შესახებ აცნობეს მთავრობას. სიტუაცია შემდეგი იყო: 10 აპრილს ოსმალების მიერ 48 საათით გაგრძელებულ ულტიმატუმს ვადა გასდიოდა, დელეგაციას კი ამიერკავკასიის მთავრობისაგან პასუხი არ ჰქოდა. აკაკი ჩხენკელმა რაუფ-ბეის მოახსენა, რომ ამიერკავკასიის დელეგაციამ მიიღო ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების პირობები. ნ. ჟორდანიას, ნ. რამიშვილის, ე. გეგეჭკორისა და ი. წერეთლის სახელზე გაგზავნილ დეპეშაში ა. ჩხენკელი აღნიშნავდა: „გეგეჭკორმა და რამიშვილმა კატეგორიულად აღიარეს შენარჩუნების შესაძლებლობა და ეს დაემთხვა ჩემს აზრს. ამის საფუძველზე დელეგაციამ უკვე გადადგა ოფიციალური ნაბიჯი, რომლის შესახებაც გეცნობათ თქვენ. მაქსიმუმის შეთავაზება დაგვიანდა, თურქები მტკიცედ დგანან ულტიმატუმზე. მოვალედ ვთვლი თავს განვაცხადო, რომ უნდა ავიცილოთ ომი ბათუმის გადაცემის ფასადაც კი. ომი საფრთხეში აგდებს საქართველოს არსებობას და კავკასიის მთლიანობას. მე კატეგორიულად უარს ვაცხადებ ჩემს თავზე ავიღო ეს პასუხისმგებლობა, დელეგაცია მეთანხმება. მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა უპასუხოს ჩემს დეპეშას. თუ თანახმა არ არის, აუცილებელია ჩემი და დელეგაციის გამოწვევა, რაგდანაც ჩვენი შემდეგი მოლაპარაკებები ჩვენთვის წარმოუდგენელია“ (Аркомед С.Т. /არკომედი 1931, გვ. 71).
13 აპრილს რაუფ ბეიმ ამიერკავკასიის დელეგაციას აცნობა, რომ ამიერკავკასიას უნდა გამოეცხადებინა დამოუკიდებლობა, რადგან ამ უკანასკნელის მიერ ბრესტის ზავის ცნობამ დღის წესრიგში დააყენა ოსმალეთის მოკავშირეების მონაწილეობის საკითხი მოლაპარაკებების პროცესში.
უკვე 8 აპრილიდან ამიერკავკასიის ტერიტორიაზე შემოდიან ოსმალების ჯარები, რომელთაც წინ დახვდნენ არარეგულარული სომხური და ქართული რაზმები. ომი დაიწყო. 12 აპრილს ოსმალეთის მთავარსარდალმა ბათუმის კომენდანტს წაუყენა ულტიმატუმი და ბათუმის დაცლა მოსთხოვა.
შექმნილ მძიმე სიტუაციაში, 13 აპრილს, თბილისში შეიკრიბა ამიერკავკასიის მთავრობის, სეიმის პრეზიდიუმის და სეიმის ფრაქციათა წარმომადგნელების გაერთიანებული კრება, რომელზეც ერთხმად იქნა მიღებული ირაკლი წერეთლის რეზოლუცია - გამოეწვიათ ტრაპიზონიდან დელეგაცია. 14 აპრილს დელეგაცია გამოიწვიეს. ოსმალეთის დელეგაციასთან დამშვიდობების დროს ითქვა რომ აღნიშნულ მდგომარეობას ორივე მხარე თვლიდა არა კონფერენციის შეწყვეტად, არამედ შესვენებად. ასე დასრულდა ტრაპიზონის კონფერენცია.
აქვე აღსანიშნავია ერთი გარემოებაც, ამიერკავკასიის სეიმის მაჰმადიანური ნაწილი ოსმალეთის წინააღმდეგ მოქმედებაში არავითარ მონაწილეობას არ იღებდა. აზერბაიჯანი უარს აცხადებდა ოსმალეთის წინააღმდეგ მოქმედებაზე და „ნეიტრალიტეტს“ იცავდა. (ნოზაძე., 1989, გვ. 26).
ტრაპიზონიდან ქართული დელეგაციის გამოწვევით პრაქტიკულად შეწყდა ოსმალეთთან საზავო მოლაპარაკება და ომი ოფიციალურადაც დაიწყო.
მოლაპარაკებებზე ცხადი გახდა ამიერკავკასიის დელეგაციის გამოუვალი მდგომარეობა. ქართულ პოლიტიკურ წრეებში დელეგაციის მუშაობასთან დაკავშირებით სხვადასხვა აზრი და შეფასება იმთავითვე წარმოიშვა. ჯერ კიდევ ტრაპიზონის კონფერენციის დაწყებამდე ამიერკავკასიის დელეგაციას, გ. გვაზავამ და გ. ვეშაპელმა ურჩიეს, რომ ეთხოვათ გერმანიისათვის მონაწილეობა მიეღო მოლაპარაკებებში, მაგრამ ა. ჩხენკელმა განაცხადა რომ მათ ამისათვის მანდატი არ ჰქონდათ. რადგან ტრაპიზონის კონფერენცია უშედეგოდ გრძელდებოდა და ამის პარალელურად ოსმალეთის ჯარი წინ მოიწევდა, რ. გაბაშვილის დაჟინებული მოთხოვნით, მას გ. მაჩაბელთან და პ. ინგოროყვასთან ერთად მიეცა ბერლინში წასვლის მანდატი; მათ უნდა ეთხოვათ გერმანიისათვის ჩარეულიყვნენ საქმეში და ოსმალეთზე გავლენა მოეხდინათ, მაგრამ სამწუხაროდ, ამ მიზნით ტრაპიზონში ჩასულ რ. გაბაშვილსა და პ. ინგოროყვას ა. ჩხენკელი უკმეხად დახვდა და უკან დაუბრუნებლობის შემთხვევაში დაპატიმრებით დაემუქრა (მაღლაკელიძე., 1991, გვ. 193-194).
1918 წლის 3 აპრილს გამართულ სეიმის შეხვედრაზე ევგენი გეგეჭკორმა განაცხადა, რომ აუცილებელი იყო ოსმალეთთან მოსალოდნელი საომარი ოპერაციებისათვის მზადყოფნა. ამავე სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებისა და საგანგებო უფლებებით აღჭურვილი კოლეგიის შექმნის შესახებ. მასში შედიოდნენ: მთავრობის თავმჯდომარე, იგივე სამხედრო მინისტრი, შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები (გოცირიძე., 2009, გვ. 169).
6 აპრილს სამხედრო მინისტრმა ოდიშელიძემ ამიერკავკასიის სეიმზე განაცხადა, რომ ცხადდებოდა მობილიზაცია; გადაწყდა, რომ ჯარში გაეწვიათ ახალგაზრდები 28 წლის ასაკამდე, ხოლო უკმარისობის შემთხვევაში 32 წლის ასაკამდეც. ამასობაში ოსმალეთის საოკუპაციო ჯარები ქვეყნის სიღრმეში მოიწევდნენ. 7 აპრილისათვის ოსმალეთის ჯარებმა საქართველოს ტერიტორიაზე დაიკავეს ოზურგეთი, 15 აპრილს აიღეს ბათუმი; ჩოლოქთან ბრძოლაში გენერალ გ. მაზნიაშვილის მეთაურობით ქართულმა ჯარმა დაამარცხა ოსმალთა ჯარები. მიუხედავად ამ გამარჯვებისა, ოსმალთა ხელში აღმოჩნდა მთელი მესხეთი ბორჯომამდე.
ასეთ დაძაბულ ვითარებაში 1918 წლის 22 აპრილს, ამიერკავკასიის სეიმმა ამიერკავკასიის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ე. გეგეჭკორის მთავრობა გადადგა, რომელიც შეცვალა აკაკი ჩხენკელის მიერ შექმნილმა ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის პირველმა კაბინეტმა. კაბინეტმა გადაწყვიტა ოსმალეთთან კვლავ დაეწყო საზავო მოლაპარაკებები.
23 აპრილს აკაკი ჩხენკელმა ვეჰიბ ფაშას აცნობა ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ და სთხოვა მოლაპარაკებების განახლება ბათუმში. მან ასევე მოითხოვა ოსმალეთის ჯარები ბრესტ-ლიტოვსკის ზავით გათვალისწინებულ სასაზღვრო ზოლზე გადაადგილებულიყვნენ.
ამ ეტაპზე გერმანიის ძირითად ამოცანას წარმოადგენდა ანტანტის ეკონომიკური ბლოკადის გარღვევა და ამიერკავკასიის სტრატეგიული რესურსების დაუფლება. მაგრამ აქ გერმანიის მოწინააღმდეგედ ოსმალეთი გამოდიოდა. ამ უკანასკნელს მთელი კავკასიის ხელში ჩაგდება სურდა. ლიუდენდორფი ასე აღწერს ოსმალეთთან ურთიერთობას: „ყარსისა და ბათუმის დაკავებას ოსმალები არ დასჯერდნენ, ისინი არ ფიქრობდნენ ამით დაკმაყოფილებულიყვნენ, მათ სურდათ კავკასიაში მეტი გავლენა მოეპოვებინათ...თავისუფლად შემეძლო მე ოსმალეთის მიერ მიღებული ზომები დამედასტურებინა, რომელიც საერთოდ ომის წარმოებას ხელს შეუწყობდა, მაგრამ იმ ზომებს, არ უნდა გამოეწვიათ ოსმალეთის განსაკუთრებული სამხედრო ამოცანების შესუსტება ან გაეძლიერებინათ ჩვენთვის კავკასიიდან ნედლ მასალათა მიღება, რომლისგანაც ჩვენ საგრძნობ შემსუბუქებას მოველოდით. ენვერის ამოცანა იყო ინგლისის წინააღმდეგ ბრძოლა...ენვერი და ოსმალური მთავრობა უფრო ნაკლებად ფიქრობდნენ ინგლისის წინააღდმეგ ომზე, ვიდრე თავის პანისლამისტურ მიზნებზე კავკასიაში. ამგვარად, ჩვენ დავუპირისპირდებით ოსმალეთის მიზნებს“ (გოცირიძე., 2009, გვ.174.)
ოსმალეთ-გერმანიის წინააღმდეგობამ ხელი შეუწყო გერმანია-საქართველოს კონტაქტების სამთავრობო დონეზე გააქტიურებას. გერმანიის მთავრობამ თბილისში გამოგზავნა პროქართული ორიენტაციით ცნობილი გრაფი ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ შულენბერგი; ასევე აპრილის ბოლოს საქართველოში გამოიგზავნა გერმანიის მთავარი საზღვაო სამმართველოს გენერალური შტაბისა და სამხედრო სამინისტროს სრულუფლებიანი წარმომადგენელი, მაიორი ჰერმან მეი, რომელსაც ევალებოდა გერმანიის ინტერესების დაცვა ამიერკავკასიაში.
გერმანია ოსმალეთის მთავრობისაგან მოითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების დაცვას. თუმცა ოსმალეთი კვლავ კავკასიის დამორჩილებას ცდილობდა, ამიტომ გერმანიის მთავრობა იძულებული გახდა 1918 წლის 27 აპრილს საიდუმლო ხელშეკრულება გაეფორმებინა ოსმალეთთან, რომლის ძალით ოსმალთა ხელში გადადიოდა მის მიერ ყველა დაკავებული საქართველოს ტერიტორია, ხოლო დანარჩენ ნაწილზე ცხადდებოდა გერმანიის უზენაესობა (Пипия., 1971, ст. 101). ოსმალეთმა ხელი მოაწერა ამ ხელშეკრულებას და დათანხმდა ბათუმის კონფერენციაზე ეთანამშრომლა ამიერკავკასიის დელეგაციასთან.
1918 წლის 11 მაისს გაიხსნა ბათუმის კონფერენცია. ოსმალეთის დელეგაციას მეთაურობდა ახალგაზრდა თურქთა ერთ-ერთი ლიდერი, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰალილ ბეი. დელეგაციის შემადგენლობაში იყვენენ ასევე: ოსმალეთის კავკასიის ფრონტის მთავარსარდალი ვეჰიბ ფაშა (გიგინეიშვილი., გვ. 195-196). ამიერკავკასიის დელეგაციაში შედიოდნენ: მეთაური აკაკი ჩხენკელი, ნიკო ნოკოლაძე,. ბათუმის კონფერენციის მუშაობაში ჩრდილოეთ კავკასიის დელეგაციებიც იღებდნენ მონაწილეობას. გერმანიის დელეგაციას მეთაურობდა გენერალ-მაიორი ფონ ლოსოვი.
კონფერენციის პირველი სხდომა 11 მაისს ჩატარდა, მას თავმჯდომარეობდა ჰალილ ბეი. ამიერკავკასიის დელეგაციამ წარადგინა მემორანდუმი, სადაც გამოთქმული იყო ამიერკავკასიის მთავრობის თანხმობა ოთხთა კავშირსა და ამიერკავკასიის რესპუბლიკას შორის მეგობრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების საფუძველზე. ა. ჩხენკელმა მოითხოვა ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების ტექსტის გადაცემა. ამის საპასუხოდ ჰალილ ბეიმ განაცხადა, რომ ტრაპიზონის მოლაპარაკებების შემდეგ მოხდა შეტაკებები, დაიღვარა სისხლი და ამიტომაც ოსმალეთის დელეგაცია არ მიიჩნევდა ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებას ბათუმის კონფერენციაზე საბაზო დოკუმენტად. აშკარა გახდა რომ, ოსმალეთს უფრო მეტი ტერიტორიის ხელში ჩაგდება სურდა. კონფერენციაზე კამათი გაიმართა. ა. ჩხენკელმა სხდომას შეახსენა ვეჰიბ ფაშასადმი გაგზავნილი დეპეშის შინაარსი, სადაც ის ითხოვდა ოსმალეთის არმიას შეეჩერებინა საომარი ოპერაციები, რადგან ოსმალეთის წინააღმდეგ იბრძოდა რუსეთი და არა ამიერკავკასია. ამის საპასუხოდ ოსმალეთის დელეგაციამ განაცხადა, რომ ოსმალეთის არმია ებრძოდა არა რუსეთის არმიას, რომელმაც შეასრულა ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობები და დატოვა საზღვარი, არამედ ამიერკავკასიის ჯარებს. ჰალილ ბეიმ ამიერკავკასიის დელეგაციას შესთავაზა ოსმალთა მთავრობის მიერ შემუშავებული საზავო ხელშეკრულების ტექსტი. 14 მაისის ნოტით, ოსმალეთის დელეგაციამ მოითხოვა ალექსანდროპოლ-ჯულფის რკინიგზის თურქეთის არმიის სარგებლობაში გადაცემა, რასაც ინგლისთან ბრძოლის აუცილებლობით ხსნიდა. (გოცირიძე., 2009, გვ. 176.). ა. ჩხენკელმა უარი განაცხადა ოსმალეთის ამ მოთხოვნაზე. ფონ ლოსოვს აცნობეს ორ დელეგაციას შორის წამოჭრილი უთანხმოების შესახებ.
საზავო მოლაპარაკებები ბათუმში გრძელდებოდა, რომლის პარალელურადაც ოსმალეთის ჯარებმა შეტევა განაახლეს, 15 მაისს აიღეს ალექსანდროპოლი, შემდეგ თბილისისა და ერევნის მიმართულებით დაიძრნენ. გენერალ-ლეიტენანტი თომა ნაზარბეკოვი 20 მაისს ამიერკავკასიის სარდლობას მოახსენებდა: „ მიუხედავად საზავო მდგომარეობისა, თურქები განაგრძობენ სამხედრო მოქმედებას...მიღებულია ცნობები იმის შესახებ, რომ თურქები თბილისის გზატკეცილზე და ლორეს რაიონში აჯგუფებენ დიდ ძალებს. ცნობილია მათი განზრახვა - გააგრძელონ შეტევა კარაკლისზე და შემდეგ თბილისზე. ეს საფუძველს გვაძლევს დავასკვნათ, ალექსანდროპოლისა და ერევნის გზის დაკავება მხოლოდ დასაწყისია შემდეგი დაპყრობისა (Документы и Материалы по внешней политики Закавказъя и Грузии., 1990, ст. 302).
ამიერკავკასიის დელეგაციამ თანხმობა განაცხადა ჯულფა - ალექსანდროპოლის რკინიგზით სარგებლობის უფლება მიეცათ თურქებისათვის. ამან კიდევ უფრო გაზარდა ოსმალეთის ამბიციები. მათ მოითხოვეს ახალციხე, ახალქალაქი, ალექსანდროპოლი, სურმარინი, ნახჭევანი, ჯულფა და ასევე ამიერკავკასიის რკინიგზაზე თავისი კონტროლის დაწესება (გიგინეიშვილი., გვ. 198).
სიტუაცია მეტად დაიძაბა, პრაქტიკულად ოსმალეთი ამიერკავკასიის ოკუპაციას მოითხოვდა; რასაც ბუნებრივია ამიერკავკასიის მთავრობა და გერმანია აპროტესტებდა. გერმანია რეალურად ვერ მოახერხებდა დარჩენილი საქართველოს ტერიტორიის დაცვას, ამიტომ გადაწყდა რაზმების ჩამოყალიბება გერმანელი კოლონისტებისა და ტყვეებისაგან, რომლებსაც საქართველოს საზღვრები ოსმალთა შემოტევებისაგან უნდა დაეცვათ.
გერმანიის წარმომადგენლებმა საქართველოს ეროვნულ საბჭოს ურჩიეს ოფიციალურად ეთხოვათ მფარველობა გერმანიისათვის. 1918 წლის 14 მაისის დადგენილებით საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გერმანიას სთხოვა შესაძლო დახმარება საერთაშორისო და პოლიტიკურ-სამართლებრივ საკითხებში. საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა გარეშე და შინაური მტრებისაგან (ფიფია., 1971, ст. 103).
ბათუმში გერმანიისა და ქართული დელეგაციების შეხვედრების დროს საბოლოოდ გადაწყდა ამიერკავკასიის ფედერაციის დაშლა და საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენა.
1918 წლის 22 მაისს ამიერკავკასიის დელეგაციის თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელი საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმს ბათუმიდან სრულიად საიდუმლოდ უგზავნის შემდეგი შინაარსის წერილს: „მე უკანასკნელ წუთამდე არ დამიკარგავს იმედი, რომ შეიძლებოდა შეგვეკრა ზავი ამიერკავკასიის სახელით. მართალია, ჩვენმა თათრებმა თავისი სეპარატიული ნაბიჯით ძირი გამოუთხარეს დელეგაციის მუშაობას, მაგრამ ვინაიდან გერმანიის დელეგაცია სრულებით არ იზიარებდა თურქების პოზიციას, ამიტომ ჩემი იმედი საფუძვლიანი იყო. თურქებმა მართლაც ვერ გაბედეს, მიუხედავად მუქარისა, ულტიმატუმის გამოგზავნა, მაგრამ სამაგიეროდ მათ მიმართეს მეორე ხერხს: ანხორციელებენ ფაქტიურად თავის დაპყრობით პოლიტიკას. ერევნის გუბერნია წააქციეს, განჯაში თავისი მთავრობა დასვეს, რასაც მთელი აზერბაიჯანის მოკლე დღე მოჰყვა. დარჩა მარტო საქართველო, რომელსაც ემუქრებიან ყოველი მხრიდან. ბოლოს გენერალი ფონ ლოსოვი მივიდა დასკვნამდე, რომ მარტო პროტესტით ვერას გახდება და უნდა მიმართოს სხვა გზას. დარჩა, მაშასადამე, განმარტოვებული საქართველო, რომლისთვისაც დარჩენილია სამი შესაძლებლობა: ა) საქართველო აზერბაიჯანთან ერთ სახელმწიფოს წარმოადგენს. ეს ნიშნავს თურქების სრულ ბატონობას, რაიც მიუღებელია. როცა აზერბაიჯანში თურქები სხედან და იმავე დროს არსებობს ამიერკავკასიის საერთო მთავრობა, ეს უკვე მოასწავებს ოსმალეთის ბატონობის იურიდიულ ცნობას, რასაც ფაქტიური დაპყრობა მოჰყვება; ბ) საქართველო სომხებთან ერთად ადგენს ერთ სახელმწიფოს. არ არსებობს ფაქტიურად სომხეთის ტერიტორია ამიერკავკასიაში, ვინაიდან ის თურქების ხელშია, შეუძლებელია, მაშასადამე, მასთან ერთი სახელმწიფოს შექმნა. კიდევ რომ არსებობდეს ეს ტერიტორია, მაშინაც არ შეიძლება სომხებთან სახელმწიფოებრივი კავშირი, ვინაიდან ეს მიუღებელია, როგორც თურქებისათვის, ისე თათრებისათვის. დაპყრობა ამ შემთხვევაში კიდევ უფრო აშკარაა; გ) საქართველოს დამოუკიდებლობა - აი, ერთადერთი გამოსავალი. ამ შემთხვევაშიც არა ვართ დაზღვეულნი თურქების შემოსევებისაგან, მაგრამ სწორედ ამიტომ, ამ უბედურებას წინ უნდა უსწრებდეს დამოუკიდებლობის გამოცხადება. მან კიდევ გაუგზავნა ცნობა თავის მთავრობას, რომ ამიერკავკასია არ არსებობს, არსებობს მხოლოდ საქართველო, რომელიც გამოაცხადებს ხვალვე დამოუკიდებლობას და ვთხოვთ ცნობას და მფარველობას. ის ელის ახალ ინსტრუქციას“ (გოცირიძე., 2009, გვ. 178-179).
23 მაისს კი აკაკი ჩხენკელი საიდუმლო დეპეშას უგზავნის საქართველოს ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმს: „მე ვფიქრობ, თქვენ უკვე გამოაცხადეთ დამოუკიდებლობა. თუ არა, მაშინ მე არ მესმის თქვენი ტაქტიკა. ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ ესაა, სხვა გზა დახშულია. არც ეს გზა გვიხსნის ყოველი ხიფათისაგან, რადგან ჩვენ გვჩვევია დაგვიანება. ყოველ შემთხევაში მე კიდევ მწამს, რომ პასუხისმგებლობა ისტორიისა და ერის წინაშე თავისას იქს. საქართველოს მთავრობის პირველი ნაბიჯი შემდეგი უნდა იყოს: მან უნდა თხოვოს გერმანიას მფარველობა თავისი დამოუკიდებლობის დასაცავად, დადგენილება ამის შესახებ უნდა გადაეცეს გრაფ შულენბურგს - ყველა ეს ხდება საიდუმლოდ. შულენბურგს მიეცემა აქედან ინსტრუქცია, რომლის ძალით ის ამ თქვენს შუამდგომლობას გადასცემს თავის მთავრობას, შეიძლება პასუხის მოსვლამდის უკვე იკისროს გერმანიის იმპერიის წარმომადგენლის როლი. ამ შემთხვევაში ის გამოყვანს თავის პატარა რაზმს ტყვეებისაგან შემდგარს და მიეგებება მომხვდომ თურქებს და განუცხადებს, რომ საქართველო უკვე გერმანიის მფარველობის ქვეშ იმყოფება, აქედან თურქებს არა აქვთ უფლება მისი ტერიტორია გადმოლახოს. მთავრობა მიიღებს მეორე დადგენილებასაც, რომ ის ანდობს თავის წარმომადგენელს ბათუმში წაუყენოს გერმანიის წარმომადგენელს საიდუმლო ხელშეკრულება, როგორც მფარველობაზე, ისე ამ მფარველობის იურიდიულ ფორმაზე, აგრეთვე სხვა ხელშეკრულებანიც დროებითი ხასიათისა. ყველა ეს საიდუმლოდ რჩება, რა თქმა უნდა... “ ( გოცირიძე., 2009, 179-180).
ვილჰელმ II-ის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოში გამოგზავნილიყო სამხედრო დიპლომატიური მისია გენერალ-მაიორ ფრიდრიხ კრის ფონ კრესენშტაინის მეთაურობით. ამ მისიას დაევალა ყველაფერი გაეკეთებინა იმისათვის, რათა კავკასიის სამეურნეო რესურსები გერმანიის სამხედრო მეურნეობისათვის მისაწვდომი გამხდარიყო და ამავე დროს ინგლისელების წინააღმდეგ ინდოეთში გამოსაყენებლად კავკასიელთა სამხედრო ძალებიდან არმიის შექმნა ეცადა (გიგინეიშვილი., გვ. 197).
1918 წლის 25 მაისს ფოთში ჩამოვიდა 3 000 გერმანელი ჯარისკაცი. იმავე დროს ა. ჩხენკელის ხელმოწერით თბილისში სამხედრო მინისტრის თანაშემწის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელზე ასეთი შინაარსის დეპეშა გაიგზავნა: „ საქართველოს ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმს გადაეცით შემდეგი: დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდგომი გაჭიანურება გამოიწვევს გამოუსწორებელ შედეგს. გერმანელების შუამდგომლობის ცდა არ გამოგვივიდა. დაგვრჩენია ერთი რამ: თურქების შემოტევას დავუპირისპიროთ საქართველოს დამოუკიდებლობა, რომელსაც მხარს უჭერს გერმანია“ (ავალიშვილი., 1929, გვ.79).
1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის სეიმმა თვითლიკვიდაცია მოახდინა. იმავე დღეს გამოცხადდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა.
3. აფხაზეთი 1914-1918 წლებში
XX საუკუნის 10-იანი წლებისათვის აფხაზეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური მდგომარეობა მეტად რთული და მძიმე იყო. ამ დროისათვის გამოკვეთილი იყო სამი პოლიტიკური ძალა: სოციალისტური და წვრილ-ბურჟუაზიული პარტიები, თავად-აზნაურობა და მის გვერდით მდგომი ინტელიგენცია (მათი ნაწილი ოსმალური და მთიელთა კავშირის ორიენტაციის მიმდევარი იყო); ასევე აღსანიშნავია პრორუსული ძალებიც.
მიუხედავდ მძიმე პოლიტიკური თუ ეკონომიკური ვითარებისა, აფხაზეთი აქტიურად იყო ჩართული პირველ მსოფლიო ომში. გაიწვიეს ათასობით ქართველი აფხაზეთიდან, ბევრი აფხაზი კი მოხალისედ წავიდა. ომის პირობებში აფხაზეთის სამღვდელოების ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი გახდა დახმარების აღმოჩენა ჯარისკაცებისათვის, დაჭრილებისათვის, ფრონტზე წასული ოჯახებისათვის. ისინი თანამშრომლობდნენ წითელი ჯვრის რუსეთის საზოგადოებასთან, აფხაზეთის განყოფილებასთან, რომელსაც სათავეში ეგდა სოხუმის ქალაქის თავის მეუღლე ე. თავდგირიძე (გამახარია., გვ. 722).
ეკლესიები, სკოლები აგროვებდნენ შემოწირულობებს ფულისა და სხვადასხვა ნივთების სახით. მარტო სოხუმის საკათედრო ტაძარს 1914 წლის 1 აგვისტოდან 1915 წლის 1 აგვისტომდე ფრონტისთვის 7588 მანეთი და 67 კაპიკი შეუგროვებია (გამახარია., გვ. 723). საინტერესოა, რომ მსოფლიო ომის დაწყებამდე და მის პირველ წლებში აფხაზეთში დაახლოებით 90 ეკლესია ფუნქციონირებდა.
ქართველთა მდგომარეობაზე აფხაზეთში მოგვითხრობს საზოგადო მოღვაწე სამსონ ფირცხალავა. მან 1915 წლის ოქტომბერში მთელი რეგიონი შემოიარა. მძიმე ვითარება აღმოჩნდა ოჩამჩირეში. იგი წერდა რომ „იქ არ იყო გაბმული ძაფი დანარჩენ საქართველოსთან და აქაური მაჯისცემა არ უერთდებოდა სამშობლოს საერთო მაჯისცემას“; შედარებით უკეთესი მდგომარეობა იყო სოხუმში. თუმცა საბოლოო ჯამში ის აფხაზეთიდან წამოვიდა შეგნებით, „რომ უგუნურად მივიწყებულია ის მხარე, რომელიც სალაროა საგანძურებისა და რომელიც საფუძველია ჩვენის ეროვნული განვითარებისა. წარმოვიღე შეგნება იმისა, რომ ეს მხარე უკიდურეს საფრთხეშია, მას ყოველი მხრით ეტანება ურიცხვი მტერი და თუ განსაკუთრებული ზომები არ მივიღეთ, ხელიდან გამოგვტაცებენ. და როდესაც ამ შავი ზღვის პირს დავკარგავთ, მაშინ იძულებული გავხდებით თავშესაფარი გამოვძებნოთ სადმე შორეულ აზიაში..“(გამახარია., გვ. 738).
მეფის ხელისუფლება მუდმივად ცდილობდა აფხაზეთის ქართული სამყაროსაგან ჩამოცილებას. პირველ რიგში კი სურდა სოხუმის ეპარქია საქართველოს საეგზარქოსოსაგან გამოეყო; არაერთგზის ცადეს სოხუმის ოლქი ჩამოეშორებინათ ქუთაისის გუბერნიისათვის და შავი ზღვის გუბერნიისათვის შეეერთებინათ, თუმცა უშედეგოდ.
1916 წლის აპრილში აფხაზეთის დელეგაცია ეგზარქოს პლატონს შეხვდა და სოხუმის ეპარქიის საქართველოს საეგზარქოსოს შემადგენლობაში დატოვება მოითხოვა. მიუხედავად ამისა იმავე წლის 27 თებერვალს სოხუმის საქალაქო საბჭომ განიხილა დეკანოზ გ. გოლუბცოვის დასმული საკითხი: „გამოეყოს სოხუმის ეპარქია აფხაზეთ-საქართველოს ეკლესიას, თუ მისივე ნაწილი დარჩეს“. კენჭისყრაზე უმრავლესობის გადაწყვტილებით სოხუმის ეპარქია საქართველოს შემადგენლობაში დარჩა.
საქართველოში შექმნლი მძიმე პოლიტიკური ვითარების პარალელურად, კავკასიაში, დაიწყო „ერთა თვითგამორკვევის“ პროცესი. შექმნილი ვითარებით ისარგებლეს ანტიქართულმა ძალებმა ე.წ. აფხაზური „სახალხო ინტელიგენციის“ ლიდერებმა. თებერვლის რევოლუციის შემდედ, 1917 წლის 3 მარტს შეიკრიბა სოხუმის საქალაქო სათათბირო, რომელმაც აირჩია აღმასრულებელი კომიტეტი და გამოაქვეყნა მიმართვა მოსახლეობისადმი. სოხუმის საქალაქო სათათბირო მიესალმებოდა „რუსეთის განახლებას“ და მოსახლეობას მოუწოდებდა სიმშვიდისა და წესრიგისაკენ“ (Дзидзария,/ძიძარია გვ.5). სადღესასწაულო მანიფესტაციები და მიტინგები გაიმართა სოხუმში. 1917 წლის 4 მარტს შეიქმნა თბილისის მუშათა დეპუტატების საბჭო, ხოლო 6 მარტს -ჯარისკაცთა საბჭო. (სურგულაძე., გვ. 46). იმავე დღეებში მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატთა საბჭოები შეიქმნა აფხაზეთშიც, კერძოდ, სოხუმში, გუდაუთასა და გაგრაში. 1917 წლის 9 მარტს სოხუმის საქალაქო სათათბირომ განიხილა საკითხი ახალი ხელისუფლების ორგანოს „საზოგადოებრივი უშიშროების კომიტეტის“ ჩამოყალიბების შესახებ. კომიტეტში უნდა შესულიყვნენ: ქალაქის თავი, პოლიციის კომისარი, მუშათა ორგანიზაციებისა და სათათბიროს წარმომადგენლები. 10 მარტს შეიქმნა „საზოგადოებრივი უშიშროების კომიტეტი“. მისი ხელმძღვანელი გახდა თავადი ალექსანდრე შარვაშიძე. ასევე შეიქმნა საოლქო მილიცია, მის დროებით კომისრად დაინიშნა მსხვილი მემამულე თავადი ტ. მარშანია. ამიერკავკასიის განსაკუთრებულმა კომიტეტმა აფხაზეთში თავის წარმომადგენლად დაამტკიცა ალ. შარვაშიძე (ანტიქართულად განწყობილი პიროვნება), ხოლო მის მოადგილედ დ.ვ. ზახაროვი. საზოგადოებრივი უშიშროების კომიტეტი, ამიერკავკასიის განსაკუთრებულ კომიტეტს ექვემდებარებოდა.
1917 წლის 2 ივლისს გაიმართა სოხუმის საოლქო სათათბიროს არჩევნები. საარჩევნო სიაში დაფიქსირებული იყო 8860 ამომრჩეველი, ხოლო რეალურად არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 4547-მა ამომრჩეველმა. ( ჩიტაია., გვ. 106). არჩევნებში ხმების უმრავლესობა სოციალ-დემოკრატებმა მოიპოვეს - 18 ადგილი, ესერებმა - 10, სოციალ-ფედერალისტებმა -2. ქალაქის თავად არჩეულ იქნა სოციალ-დემოკრატი ბ. ჩხიკვიშვილი. 1917 წლის 30 სექტემბერს საოლქო სათათბირომ რეორგანიზებული საოლქო კომიტეტის შემადგენლობაში აირჩია ბ. ჩხიკვიშვილი, დ. ზახაროვი, წივწივაძე, ი. გოგელაშვილი, ცარევი და სხვები. 12 ოქტომბერს შედგა პრეზიდუმისა და საოლქო აღმასრულებელი ხელისუფლების არჩევნები. კომიტეტის თავმჯდომარე გახდა ვ. შარვაშიძე, მდივანი -დ. ზახაროვი; საოლქო კომისად აირჩიეს ს. ბასარია, საოლქო მილიციის უფროსად - ლ. კარტოზია. 27 ოქრომბერს ს. ბასარია დ. ზახაროვმა შეცვალა.
სამსახურიდან დათხოვნილ რუს ჩინოვნიკებს, სეპარატისტებს და შოვინისტებს არ აწყობდათ საზოგადოებრივი ცხოვრების დემოკრატიზაცია, ისინი ფხიზლად ადევნებდნენ თვალს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და უპირისპირდებოდნენ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისაკენ გადადგმულ ნებისმიერ ღონისძიებას. სწორედ შოვინისტთა წაქეზებით გააქტიურდნენ აფხაზები, გაძლიერდა ჩრდილოეთკავკასიიური ორიენტაცია.
1917 წლის 5 მარტს ვლადიკავკაზში შეიკრიბა მთიელთა ინტელიგენცია და დაიწყო მუშაობა მთიელთა საერთო ყრილობის მოსამზადებლად. 6 მარტს შეიქმნა ჩრდილოეთ კავკასიის გაერთიანებულ მთიელთა დროებითი ცენტრალური კომიტეტი, ბალყარელი განმანათლებლისა და იურისტის ბასიანტ შახანოვის თავჯდომარეობით. ეს კომიტეტი გამოდიოდა რუსეთის შიგნით ჩრდილოეთ კავკასიის მთიანი რეგიონების ავტონომიური ერთეულის სახით შესვლის მოთხოვნით. ამავე დღეს ჩამოყალიბდა ადგილობრივი ნაციონალური აღმასრულებელი კომიტეტი. იმავე წლის 4 მაისს მუშაობას შეუდგა მთიელთა I ყრილობა, რომელსაც 340 დელეგატი ესწრებოდა. მათ შორის იყო აფხაზეთიდან ალ. შარვაშიძე. დელეგატები ოვაციებით შეხვდნენ საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლის გამოსვლას. ყრილობაზე შეიქმნა „ჩრდილოეთ კავკასიის გაერთიანებულ მთიელთა კავშირი“. მასში შევიდნენ: ყაბარდო, ოსეთი, ინგუშეთი, ჩერქეზეთი, ყარაჩაი და დარესტანი. იმავე წლის მაისში ჩამოყალიბდა დროებითი მთავრობა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ჩეჩენი აბდულ-მაჯიდ (ტაპა) ჩერმოევი.
1917 წლის 10-17 აგვისტოს გაიმართა მთიელთა II ყრილობა, რომელმაც დაამტკიცა დებულება ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ. მთიელთა ცენტრალურმა კომიტეტმა-მთავრობამ 1917 წლის 20 ოქტომბერს კაზაკთა რადასთან ერთად ჩამოაყალიბა „კაზაკთა კავშირის,კავკასიელი მთიელებისა და სტეპების თავისუფალი ხალხების სამხრეთ-აღმოსავლეთ კავშირი“. მის შემადგენლობაში შედიოდა „სოხუმის ოლქის მთიელი ხალხი“ (აფხაზები) და არა სოხუმის ოლქის მთელი მოსახლეობა.
1917 წლის შემოდგომაზე „მთიელთა კავშირის „რწმუნებული, ჩეჩენი ეროვნების, ასლან ბეგ შერიპოვი აფხაზეთში ჩამოვიდა. მისი მიზანი იყო აფხაზეთი ჩაერთო ამ კავშირში (მთიელთა კავშირი). მას ასევე დავალებული ჰქონდა, დაემყარებინა ურთიერთობა ოსმალეთის მთავრობასთან და დაედო ხელშეკრულება (გამახარია., აფხაზურ-ქართული. გვ. 36-37). შერიპოვის ძალისხმევით 1917 წლის 7-8 ნოემბერს მოწვეულ იქნა „აფხაზი ხალხის ყრილობა“. ყრილობამ შექმნა „აფხაზთა სახალხო საბჭო“. საბჭოს თავმჯდომარე გახდა ს. ბასარია, მოადგილე - გ. აჯამოვი, მდივანი - მ. ტარნავა. მიღებულ იქნა ოფიციალური დოკუმენტები:“აფხაზი ხალხის დეკლარაცია“ და „აფხაზთა სახალხო საბჭოს კონსტიტუცია“. ყრილობამ ოფიციალურად დაადასტურა აფხაზი ხალხის შესვლა „კავკასიის გაერთიანებულ მთიელთა კავშირში“. ინტერპარტიული საბჭოს, 1917 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით თბილისიდან ჩამოვიდა და აფხაზთა ყრილობას დაესწრო დელეგაცია ა. ჩხენკელის ხელმძღვანელობით. დელეგაციაში შედიოდა აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის მიხეილ შარვაშიძის ვაჟი -გიორგი. მან ყრილობას აფხაზურ ენაზე მიმართა. ისაუბრა რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე, მიულოცა თავისუფლების მოახლოება და მოუწოდა ქართველ ხალხთან მეგობრობისა და თანამშრომლობისაკენ. „თქვენ თქვენ უფროს ძმებს მიჰყევით, მათთან ერთად იმოქმედეთ და იბრძოლეთ თავისუფლების მოსაპოვებლად და შესანარჩუნებლად. ვიცი, ზოგიერთებს არ მოეწონებათ ჩემი ასეთი აზრი, რადგან ისინი მოსკოვისკენ იყურებიან, მე კი თბილისისაკენ. სხვა გზა არ არის და არც ყოფილა აროდეს აფხაზეთისათვის, გარდა საქართველოსთან მჭიდრო კავშირისა და მასთან ყოფნისა განუყრელად ჭირში და ლხინში“ (ჩიტაია., გვ. 126). ამ განცხადების შემდეგ, თავისი თანამოძმეთა ანტიქართული განწყობილებებით გაწბილებულმა გიორგი შარვაშიძემ დარბაზი დატოვა.
მთიელთა კავშირზე ორიენტირებულმა დაჯგუფებამ შეძლო თავისი პოზიციის გატარება. ყრილობაზე მიღებული „დეკლარაცია“ აფხაზთა სახალხო საბჭოს უყენებდა ამოცანას, გაეწია „მუშაობა აფხაზი ხალხის თვითგამორკვევისათვის“.
ანტიქართული პოლიტიკის პარალელურად შოვინისტები ცდილობდნენ აფხაზეთი საქართველოს ეკლესიურადაც ჩამოეშორებინათ. მაგალითად, 1917 წლის 12 მარტს ქართულმა ეკლესიამ აღადგინა ავტოკეფალია. ამის საპასუხოდ, იმავე წლის 24-27 მაისს სოხუმში მოწვეულ იქნა აფხაზური (სოხუმის ეპარქიაში სულ ხუთი აფხაზი მღვდელი მსახურობდა) მართლმადიდებლური მოსახლეობის სასულიერო და არჩეულ საერო პირთა ყრილობა. ყრილობაზე დააყენეს აფხაზეთის ავტოკეფალური ეკლესიის შექმნის საკითხი. მიიღეს რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც აღდგენილ იქნა „დამოუკიდებელი, სრულუფლებიანი აფხაზეთის ეკლესია“. დოკუმენტს ხელს აწერდნენ: სიმონ ბასარია, ვასილ აგრბა, მიხელ ტარნავა, სამსონ ჭანბა. ყრილობამ მიმართა ახლადაღდგენილ საქართველოს ეკლესიას, რუსეთის უწმინდეს სინოდს და რუსეთის დროებით მთავრობას მხარდაჭერის თხოვნით. მათი გადაწყვეტილებები არ გაიზიარეს 1917 წლის ივნისში გამართულმა სამურზაყანოელთა საეკლესიო კრებამ და მთლიანად აფხაზეთის ქართულმა სამღვდელოებამ, რომელიც დედა ეკლესიას შეუერთდა. (წმინდა მღვდელმოწამე კირიონ II და აფხაზეთი., გვ. 345-353).
1917 წლის ოქტომბერში სამურზაყანოსა და გუდაუთაში გამართულ შეკრებებზე გადაწყდა, რომ მათ უარი ეთქვათ მთიელთა კავშირთან შეერთებაზე. სოხუმის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოც აღნიშნავდა, რომ ალ. შარვაშიძის დელეგაცია არ გამოხატავდა მოსახლეობის უმრავლესობის ნებას (Дзидзария.,/ძიძარია გვ. 73-74).
1917 წლის ბოლოსათვის ქართულ-აფხაზური ურთიერთობები დაძაბული იყო. 1917 წლის 19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო თეატრში გაიხსნა სრულიად საქართველოს I ეროვნული ყრილობა, რომელსაც 329 სრულუფლებიანი დელეგატი ესწრებოდა. ყრილობაზე აფხაზეთის სახელით, სიტყვით გამოვიდა სამურზაყანოს წარმომადგენელი ივანე გეგია „...სამეგრელოსა და სამურზაყანოს ჰყოფს მდ. ენგური, მასასადამე სამურზაყანო საქართველოს გაგრძელებაა...დღეს სამურზაყანო თამაშობს მომრიგებლის როლს და მომავალშიც ხიდად გაიდება საქართველოსა და აფხაზეთს შორის. მოქალაქენო, ჩვენი სურვილია აფხაზეთი საქართველოს შეუერთდეს....დასასრულ, ჩვენი სურვილია აფხაზეთ-სამურზაყანო, სოხუმის ოლქი დარჩეს უცვლელად და მიეცეს ეროვნულ-კულტურული ავტონომია თავის საზღვრებში“ (ჩიტაია., გვ. 133-134). ამ პოზიციამ დადებითი შედეგი გამოიღო, სეპარატისტულად განწყობილმა აფხაზი თავადაზნაურობის ნაწილმა ვერ შეძლო თავისი გეგმების განხორციელება. 1918 წლის იანვარში გალიდან ა. ჩხენკელის სახელზე შემდეგი შინაარსის დეპეშა მოვიდა: „...სამურზაყანოელთ სურთ კავკასიის ყველა ერებთან შეკავშირებულნი იყვნენ. ქართველებთან პოლიტიკური კავშირის გაწყვეტა არ გვინდა. საკითხის გადაწყვეტას საურზაყანოს მცხოვრებნი გავალებთ თქვენ, როგორც სამურზაყანოს მკვიდრს“. (გაზეთი „საქართველო“, 1918, 28 იანვარი).
შოვინისტები და აფხაზი მკვლევარები დღეს აცხადებენ, რომ აფხაზეთში ვრცელდებოდა მთიელთა მთავრობის სახელმწიფო უფლებები, თუმცა ისტორიული ფაქტები ამგვარი დასკვნის არანაირ საფუძველს არ იძლევა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ კავშირში შედიოდნენ მხოლოდ აფხაზები. ამის დასტურია მთიელთა კავშირის დროებითი მთავრობის წევრის, აფხაზთა მხრიდან ს. აშხვაცავას №1 დეკრეტი, რომელიც 1917 წლის 4 დეკემბრით თარიღდება. მასში ვკითხულობთ: „მთიელთა დროებითმა მთავრობამ განიხილა საკითხი იმ ტერიტორიისა, რომელზეც მთლიანად ვრცელდება მისი სახელმწიფოებრივი ხელისუფლება და დაადგინა: „ § 1 მთიელთა დროებითი მთავრობის სახელმწიფოებრივი ხელისფლება მთლიანად ვრცელდება დაღესტნის მხარის, ხასავ-იურტის, გროზნოს, ვედენის, ნაზრანის, ვლადიკავკაზის, ნალჩიკის ოლქებისა და ტერსკის ოლქის ყარაცაის ნაწილის ტერიტორიაზე. ასევე სტავროპოლის გუბერნიის ნოღაელთა და თურქმენთა ტერიტორიაზე. § 2 ამიერკავკასიის და სოხუმის ოლქებთან დაკავშირებით მთიელთა დროებითი მთავრობა უფლებამოსილია ნაციონალურ-კულტურული და პოლიტიკური ხასიათის საკითხებში. ამ ოლქებში მთიელთა მთავრობის ხელისუფლების გავრცელება ამჟამად და მთლიანად განსახილველად წარედგინოს ზაქათალისა და სოხუმის სახალხო საბჭოებს“ (ჩიტაია., გვ. 113). ეს დოკუმენტი ადასტურებს, რომ სოხუმის ოლქზე მთიელთა დროებითი მთავრობის სახელმწიფოებრივი ხელისუფლება არ ვრცელდება. მათ პოლიტიკური კავშირი დაამყარეს მთიელთა რესპუბლიკასთან, მაგრამ არ შედიოდნენ მის შემადგენლობაში.
მთიელთა დროებითი მთავრობის დეკრეტიდან ირკვევა, რომ კავკასიის მთიელთა კავშირის საბჭოში აფხაზი ეროვნების წარმომადგენლები მიწვეულები არ ყოფილან.
აღსანიშნავია, რომ სახალხო საბჭო ცნობდა „სოხუმის ოლქის კომიტეტის, ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის, ამიერკავკასიის ყველა საზოგადოებრივ-პოლიტიკური დაწესებულებისა და პირის, გაერთიანებულ მთიელთა კავშირის ცენტრალური კომიტეტისა და დროებითი მთავრობის ძალაუფლებასა და კომპეტენციას“. (გამახარია., ქართულ-აფხაზური გვ. 37-38). აფხაზებმა პოლიტიკური კავშირი კი დაამყარეს მთიელებთან, მაგრამ ადმინისტრაციულად რჩებოდნენ ამიერკავკასიის შემადგენლობაში.
1917 წლის 1-2 დეკემბერს თბილისში გაიმართა კონსულტაციები საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტსა და მთიელთა მთავრობის წარმომადგენლებს შორის. მათი შეხვედრის მიზანი იყო საზღვრების საკითხის გარკვევა და მოწესრიგება. ამ შეხვედრის შემდეგ აკაკი ჩხენკელის უშუალო ინიციატივით - 1917 წლის 7 დეკემბერს - ამიერკავკასიის კომისარიატმა მიიღო დადგენილება სოხუმის ოლქის ისტორიული საზღვრების აღდგენის შესახებ და გაგრისა და ბზიფის რაიონები კვლავ შეიყვანა მის შემადგენლობაში. რეალურად ამით აფხაზეთი ოფიცალურად იქნა აღიარებული საქართველო-ამიერკავკასიის ნაწილად.
1917 წლის მიწურულისათვის ჩრდილოეთ კავკასიაში უკიდურესად გართულდა ვითარება. კავკასიის მთელ რიგ რეგიონებში ძალაუფლება ბოლშევიკების ხელში აღმოჩნდა. სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა მას შემდეგ რაც, საბჭოთა რუსეთმა ბრესტში დაიწყო მოლაპარაკება ოთხთა კავშირთან; ამას თან დაერთო ურთიერთობის გამწვავება ოსმალეთთან. რეალურად საქართველო ორი ქვეყნის - საბჭოთა რუსეთისა და ოსმალეთის მხრიდან აშკარა აგრესიის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. შეიქმნა საშიშროება აფხაზეთის ორად გახლეჩვის. ქართული პოლიტიკური წრეების ერთი ნაწილი როგორც აღვნიშნეთ, აფხაზეთის ეროვნულ-ტერიტორიული ავტონომიის მომხრე იყო, აფხაზები კი მთიელებისაკენ ისწრაფოდნენ. ამ პერიოდის აფხაზეთში შექმნილ მძიმე მდგომარეობას კარგად აღწერს გაზეთი „საქართველო“ (1918 წლის 18 იანვარი) „ბოლო ხანებში სოხუმი და მთლიანად მისი ოლქი გადაიქცა ძარცვა-გლეჯისა და რბევის ასპარეზად. მზის ჩასვლის შემდეგ ქუჩაში გამოსვლა იარაღით თუ შეიძლება. ძარცვავენ ჯარისკაციდან დაწყებული ვიდრე დედაკაცამდე. აღმასრულებელმა კომიტეტმა ქ. სოხუმში, აფხაზთა საბჭომ და ქალაქის, აგრეთვე საოლქო კომისრებმა გადაწყვიტეს, შეადგინოს შტაბი, მთავრობა, რომელიც გაუმკლავდება გააფთრებულ ანარქიას....“.
ამ სიტუაციაში აფხაზთა სახალხო საბჭოს ლიდერებმა გადაწყვეტეს მოეწესრიგებინათ თბილისსა და სოხუმს შორის ურთიერთობა. 1918 წლის დასაწყისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ წინადადებით მიმართა აფხაზთა საბჭოს, გამართულიყო ერთობლივი თათბირი საქართველოსა და აფხაზეთის ურთიერთობების გასარკვევად. ამ შეხვედრაზე საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სამურზაყანოს წარმომადგენლებიც მოიწვია და სთხოვა მათ, ხელი შეეწყოთ საქართველოსა და აფხაზეთს შორის ძმური კავშირის განმტკიცებაში (გაზეთი „ალიონი“., 1917, 30 ნოემბერი).
1918 წლის 9 თებერვალს თბილისში შედგა შეხვედრა აფხაზეთის სახალხო საბჭოს დელეგაციასა და საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრებს შორის. აფხაზური დელეგაციის წევრები იყვნენ: ალ. შარვაშიძე, მ. ემუხვარი, ნ. მარღანია, რ. ჩქოტუა და ბ. ცაგურია; ხოლო საქართველოს ეროვნული საბჭოს დელეგაციაში შედიოდნენ: ა. ჩხენკელი, კ. მესხი, გ. გვაზავა, პ. საყვარელიძე, ნ. ქარცივაძე. პროგრესულად მოაზროვნე ქართული საზოგადოება ერთიანი საქართველოს აღდგენისაკენ ისწრაფოდა. აფხაზეთის ერთიან ქართულ სახელმწიფოში შესვლას ეწინააღმდეგებოდნენ აფხაზთა სახალხო საბჭოს პროთურქულად განწყობილი ნაწილი. სწორედ მათ წამოაყენეს აფხაზეთისათვის პოლიტიკური დამოუკიდებლობის მინიჭების საკითხი. სრულიად განსახვავებული პოზიცია დაიკავა სამურზაყანოს წარმომადგენელმა მ. ემუხვარმა. მან აღნიშნა, რომ აფხაზეთის სახალხო საბჭოს გადაწყვეტილებამ შესულიყვნენ „კავკასიის გაერთიანებულ მთიელთა კავშირში“ - სამურზაყანო აიძულა გაეწყვიტა კავშირი აფხაზეთთან. საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრებიც არ დაეთანხმნენ აფხაზეთის პოლიტიკური დამოუკიდებლობის იდეას და გამოთქვეს სურვილი, რომ აფხაზეთი დარჩენილიყო საქართველოს შემადგენლობაში, ამავდროულად უნდა შენარჩუნებულიყო სრული საშინაო ავტონომია 1904 წლამდე არსებულ საზღვრებში. (ჩიტაია., გვ. 143). აღნიშნული შეთანხმება შედგებოდა სამი პუნქტისაგან:
1. „აღდგეს ერთიანი განუყოფელი აფხაზეთი საზღვრებში მდინარე ენგურიდან მდინარე ბზიმთამდე, რომლიც შემადგენლობაშიც შევა საკუთრივ აფხაზეთი და სამურზაყანო, ანუ იგივე დღევანდელი სოხუმის ოლქი;
2. ერთიანი აფხაზეთის მომავალი პოლიტიკური წყობის ფორმა უნდა შემუშავდეს ეროვნული თვითგამორკვევის პრინციპის შესაბამისად აფხაზეთის პირველ დამფუძნებელ კრებაზე, რომელიც მოწვეულ იქნება დემოკრატიულ საწყისებზე;
3. იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთი და საქართველო მოისურვებენ სხვა ეროვნებებთან ან სახელმწიფოებთან პოლიტიკურ სახელშეკრულებო ურთიერთობებში შესვლას, მაშინ ისინი იღებენ ვალდებულებას ამ საკითხზე ჰქონდეთ წინასწარი მოლაპარაკებები ერთმანეთთან“. (ჩიტაია., გვ. 143-144).
9 თებერვლის შეთანხმებას ჰქონდა ისტორიული მნიშვნელობა ქართველი და აფხაზი ხალხის დაახლოების საქმეში. დაიწყო ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოგვარების პირველი ეტაპი. აქვე აღსანიშნავია რომ თბილისში მიღებული ეს შეთანხმება არ შეიძლება ჩაითვალოს სახელმწიფოთაშორის დადებულ ხელშეკრულებად, იმ დროისათვის არც აფხაზეთი და არც საქართველო არ იყო სუვერენული სახელმწიფო. მაგრამ რეალურად ამ ხელშეკრულებით საფუძველი ჩაეყარა ავტონომიური აფხაზეთის არსებობას, მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება დემოკრატიული წესით არჩეულ დამფუძნებელ კრებას უნდა მიეღო.
9 თებერვლის შეთანხმებას განსხვავებულ ინტერპრეტაციას აძლევენ აფხაზურ ისტორიოგრაფიაში (ბ. საღარია, ვ. კობახია, სტ. ლაკობა..). ნაწილი თვლის რომ 9 თებერვლის შეთანხმებით აღიარებული იყო ერთიანი, განუყოფელი აფხაზეთის არსებობა, საზღვრებში: მდინარე ენგურიდან მდინარე ბზიმთამდე. რაც ბუნებრივია ჭეშმარიტებას მოკლებულია. რეალურად ეს შეთანხმება ქმნიდა პირობას აფხაზეთის ერთიან ქართულ სახელმწიფოებრივ სივრცეში შემოსავლისათვის. საფუძველი ეყრებოდა აფხაზეთის ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთიან, განუყოფელ ორგანიზმს საქართველოს ფარგლებში. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტს არ ჰქონდა იურიდიული ძალა. თბილისსა და სოხუმს შორის დაწყებულმა მოლაპარაკებებმა მეტად გააღიზიანა ბოლშევიკური რუსეთი. სწორედ რუსული მხარის ინიციატივით მოეწყო შეიარაღებული გამოსვლა აფხაზეთში. 1918 წლის 16-21 თებერვლას ძალაუფლება სოხუმში ხელთ იგდო სამხედრო-რევოლუციურმა კომიტეტმა ეფრემ ეშბას მეთაურობით. 15 თებერვალს სოხუმის სანაპიროს მოადგა რუსეთის სამხედრო კრეისერი „დაკია“. აფხაზთა სახალხო საბჭომ თავის ასეულთან ერთად დატოვა ქალაქი და კოდორის უბნის მოსახლეობასთან ერთად სოხუმზე იერიშისათვის დაიწყო მზადება. საბჭომ ,1918 წლის 17 თებერვალს, სოხუმში მყოფ ბოლშევიკ ამბოხებულებს ულტიმატუმი წაუყენა: დაუყოვნებლივ დაეშალათ სამხედრო-რევოლუციური კომიტეტი და ყარაულთა ასეული დაექვემდებარებინათ გარნიზონის მეთაურისათვის. რევოლუციურმა კომიტეტმა უარი განაცხადა ამ მოთხოვნის შესრულებაზე. (ჩიტაია., გვ. 151). ე. ეშბა ძირითადად ეყრდნობოდა პატიმრობაში მყოფ და კომუნისტების მიერ გათავისუფლებულ სისხლის სამართლის დამნაშავეებს, რომლებიც უმოწყალოდ ძარცვავდნენ მოსახლეობას. მათ ხელში ჩაიგდეს სერიოზული შეიარაღება და ნაძარცვი ქონება. 18 თებერვლიდან დაიწყო სოხუმის დაბომბვა ზღვიდან რუსეთის გამანადგურებლებისა და კრეისერ „კაროლ კარლის“ მიერ. 20 თებერვლას რევოლუციურმა კომიტეტმა „უფლებამოსილება“ მოიხსნა, მისი მოთავეები საზღვაო გზით რუსეთში გაიქცნენ. 21 თებერვალს ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოახერხა ქალაქის დაბრუნება. მართლწესრიგის აღსადგენად შეიქმნა „საზოგადოებრივი თავდაცვის კომიტეტი“, რომელმაც გაატარა ქმედითი ღონისძიებანი უწესრიგობის აღსაკვეთად. (გაზეთი „ერთობა“, 1918, 24 თებერვალი). ქალაქის თავი ბ. ჩხიკვიშვილი საქართველოს ეროვნულ საბჭოს ატყობინებდა - განთავისუფლებული და შეიარაღებული დამნაშავეები დრანდის რაიონში გაიქცნენ, თავი ბოლშევიკებად გამოაცხადეს და დაიწყეს ადგილობრივი ქართული (მეგრული) მოსახლეობის დარაზმვა „აფხაზებისა და მენშევიკების წინააღმდეგ ბრძოლის ლოზუნგით, სასოწარკვეთილებამდე მიყვანილმა აფხაზებმა, რომლებიც ლოიალურად არიან განწყობილნი მეგრელებისა და სხვათა მიმართ, შესაძლოა თურქეთს სთხოვონ დესანტი, თუ თქვენი მხრიდან არ იქნება დახმარება წესრიგის აღსადგენად“ ( Гамахария.,/გამახარია გვ. 404.) 1918 წლის თებერვალში ბოლშევიკური გამოსვლები სოხუმში მალევე იქნა ჩახშობილი.
1918 წლის 4-9 მარტს მოიწვიეს სოხუმის ოკრუგის გლეხთა მეორე ყრილობა. ყრილობა გახსნა აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ არზაყან ემუხვარმა. ყრილობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ბენია ჩხიკვიშვილი, თავმჯდომარის ამხანაგებად კი არზაყან ემუხვარი და ბოლშევიკი ნესტორ ლაკობა. ყრილობამ დაგმო 16-21 თებერვლის მოვლენები და შექმნა ექვს კაციანი სპეციალური კომისია ამ მოვლენების განოსაძიებლად. ყრილობამ აღნიშნა და ხაზი გაუსვა, რომ მათ სურდათ საკუთარი ბედნიერი მომავალი დაეკავშირებინათ დემოკრატიულ საქართველოსთან, ყოფილიყვნენ კავკასიელი ერების საერთო ოჯახის წევრები.
1918 წლის მარტში ბოლშევიკურმა რუსეთმა დაიწყო უფრო აქტიური გამოსვლები სამხრეთ კავკასიაში. აფხაზეთში ქაოსის შესაქმნელად აგზავნიდნენ ბოლშევიკებს, რუსეთიდან შემოჰქონდათ იარაღი, სამხრეთ რუსეთში ხდებოდა რაზმების მობილიზაცია აფხაზეთში გასაგზავნად (ძიძარია., გვ. 132-133). ბოლშევიკური გამოსვლები დაიწყო გაგრაში, შეიქმნა აღმასრულებელი კომიტეტი და გაგრაში გამოცხადდა საბჭოთა ხელისუფლება. ბოლშევიკები ცდილობდნენ გაეღვიძებინათ ეროვნული შუღლი, ქმნიდნენ გლეხთა შეიარაღებულ რაზმებს. 7 აპრილს მათ ალყა შემოარტყეს სოხუმს. ხელისუფლებამ (აფხაზთა სახალხო საბჭომ) ვერ შეძლო მათი მოგერიება და იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ ქალაქი. შეიქნმა სამხედრო-რევოლუციური კომიტეტი მთელ აფხაზეთსა და სამურზაყანოში. ამიერკავკასიის მთავრობის გადაწყვეტილებით აფხაზეთში გაიგზავნა სამხედრო შენაერთი ვ. ჯუღელისა და ა. დგებუაძის ხელმღვანელობით (ლიტერატურაში ზოგჯერ მითითებულია კონიაშვილის გვარი) აფხაზეთში საბჭოთა რუსეთისაგან სამხედრო დამხარებას მოწყვეტილი ბოლშევიკები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ. 17 მაისისათვის აფხაზეთი მთლიანად გაწმენდილ იქნა ბოლშევიკებისაგან. აღსანიშნავია, რომ აფხაზური სეპარატიზმის თანამედროვე იდეოლოგები ამ მოვლენას „ სისხლიან ოკუპაციას“ უწოდებენ. აფხაზთა სახალხო საბჭოს წევრები დ. ალანია, მ. ტარნავა, მ. ცაგურია და სხვები 1919 წლის 29 სექტემბრის განცხადებაში წერდნენ: „ პირველად აფხაზეთში ქართული ჯარი გამოჩნდა ბოლშევიკებთან ბრძოლისას. ეს იყო სახალხო გვარდია ვ. ჯუღელისა და ა. დგებუაძის მეთაურობით. ჩვენ სიამოვნებით აღვნიშნავთ ამ გვარდიის მიუკერძოლებელ და კორექტულ დამოკიდებულებას აფხაზეთის მთელი მოსახლეობის მიმართ“ (Лакоба, Очерки политической истории Абхазии, /ლაკობა 1990., გვ. 65). მეტად საინტერესოა ვ. ჯუღელის მოხსენება საქართველოს ეროვნული საბჭოს მიმართ, აფხაზეთის მოვლენებთან დაკავშირებით: „....ჩვენ ცნობა გვქონდა, რომ ოსმალეთის მთავრობა დესანტის გადმოსხმას აპირებს ნაპირებზე, ვიცოდით ისიც, რომ ის ხალხი, რომლებიც თავიანთ თავს ბოლშევიკებს უწოდებს, ნამდვილად კი კონტრრევოლუციურ პოლიტიკას ეწევიან, აფხაზეთით ცდილობდნენ ამიერკავკასიაში შემოსვლას...ბათუმში...ოსმალთა საკმაო ძალები იყო გამზადებული სადესანტოდ და ერთი კვირით რომ დაგვეგვიანებინა, მაშინ იქ თურქები გაბატონდებოდნენ. მათ იქ მოუწოდებდნენ აფხაზი თავადები......(გაზეთი „საქართველო“ 1918 წლის 1 თიბათვე).
აფხაზთა სახალხო საბჭოს უმრავლესობა მხარს უჭერდა ქართული ჯარების შესვლას აფხაზეთში. თუმცა აფხაზური მხარე, ოსმალეთის ზეგავლენით, ცდილობდა ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა წარმომადგენლებთან ერთად კავკასიის კონფედერაციის შექმნის პროექტისათვის დაეჭირა მხარი, რომელშიც აფხაზეთი დამოუკიდებლად შევიდოდა. მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
1918 წლის 18 მაისს, სოხუმის ბოლშევიკებისაგან გათავისუფლების შემდეგ, მუშაობა განაახლა აფხაზთა სახალხო საბჭომ. 20 მაისს საბჭომ მიიღო რეზოლუცია, „რომლის მიხედვით, კატეგორიულად მტკიცდება აფხაზთა სახალხო საბჭოს და საოლქო გლეხთა საბჭოს გადაწყვეტილება, რომ აფხაზეთი შედის ამიერკავკასიის ხალხთა საზოგადო ოჯახში, როგორც მისი თანასწორი წევრი, რაც დაუყოვნებლივ ეუწყება ბათუმის საზავო კონფერენციას საკუთარი დელეგატების პირით (გაზეთი „საქართველო“, 1918 23 მაისი). ბათუმის კონფერენციაზე აფხაზთა სახალხო საბჭოს მივლინებით იმყოფებოდა აფხაზთა დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ აფხაზთა სახალხო საბჭოს თავმჯდომარე ვ.ა. შარვაშიძე, გ.მ. ზუხბაია, ს.პ ბასარია, კ. კიუტი, ხ. ავიძბა, ბ. ბაგაფში, ა. ჭოჭუა და სხვები. სწორედ ამ დელეგაციას ეცნობა აფხაზთა საბჭოს გადაწყვეტილება. ბათუმში ასევე იმყოფებოდნენ აფხაზ თავადთა წარმომადგენლები ა.გ. შარვაშიძე და ტ. მარშანია, ისინი სეპარატისტულ მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ოსმალეთის ხელისუფლებასთან. აფხაზურ დელეგაციაში აზრი ორად გაიყო. პ. ბასარიამ, მ. ბაგაფშმა, კ. კიუტმა და ხ. ავიძბამ მხარი დაუჭირეს აფხაზეთის გაერთიანებას ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა რესპუბლიკასთან და განაცხადეს, რომ ამ სახელმწიფოს შექმნაში მათ დახმარებას დაპირდა ოსმალეთი აფხაზეთში ჯარის გაგზავნით. აფხაზეთის დელეგაციის ზოგიერთი წევრი მიემხრო ა. შარვაშიძის ჯგუფს. (ისინი ემხრობოდნენ ჩრდილოკავკასიის მთიელების კავშირთან გაერთიანების იდეას).
აფხაზთა სახალხო საბჭოს დელეგაციის ნაწილისა და თურქეთის მმართველ წრეებს შორის მიმდინარე ფარული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა ამიერკავკასიის დელეგაციასაც. ა. ჩხენკელი 1918 წლის 15 მაისს საქართველოს ეროვნულ საბჭოს აცნობებდა შემდეგს:“ აქ არიან აფხაზთა წარმომადგენლები, სრულიად ნათლად გაირკვა, რომ მათ უნდათ და კიდევაც შეასრულებენ თურქების თავდასხმას აფხაზეთზე. არის გეგმაც, არის საამისოდ გამზადებული ძალებიც. შევეცდები, ხელი შევუშალო მათი ამ განზრახვის განხორციელებას. (ჩიტაია., გვ. 168).
1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნით ისარგებლა აფხაზთა სახალხო საბჭოს ოსმალურ-მთიულური ორიენტაციის სეპარატისტულმა ჯგუფმა და ხელში აიღო პოლიტიკური მართვის სადავეები. იმავე წლის 28 მაისს სოხუმში შედგა საოლქო სასამართლოს განყოფილების შეკრება, რომელმაც განიხილა საკითხი საქართველოს დამოუკიდბელობის გამოცხადებისა და აფხაზეთ-საქართველოს შემდგომი ურთიერთობის შესახებ. შეკრებაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ აფხაზეთი იურიდიულად იმყოფებოდა ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში და ამდენად, იგი წარმოადგენდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაწილს. (ჩიტაია., გვ. 169.). აფხაზთა სახალხო საბჭო პოზიციებს არ თმობდა და არ ითვალისწინებდა აღნიშნულ გარემოებას. სწორედ ამიტომ მათი ინიციატივით ავტონომიური აფხაზეთის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში არსებობა იურიდიულ საფუძველს მოკლებულად გამოცხადდა და აფხაზეთის ფარგლებში პოლიტიკური ძალაუფლება აფხაზთა სახალხო საბჭომ თავის თავზე აიღო (Дзидзария.,/ძიძარია გვ. 180).
რეალურად, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ გამწვავდა აფხაზეთის საკითხი. ანტიქართულად განწყობილი აფხაზთა სახალხო საბჭოს დეპუტატების ნაწილი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გადასინჯავს ითხოვდა. ამავდროულად, აღსანიშნავია ოსმალური და რუსული ძალები, რომელთაც საკუთარი მიზნები და გეგმები ჰქონდათ აფხაზეთთან დაკავშირებით. საჭირო იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობას მოაწესრიგებდა.
VI თავი
აფხაზეთი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში (1918-1921 წლები)
1. პოლიტიკური ვითარება
1918 წლის გაზაფხულზე საქართველოში შექმნილმა მძიმე პოლიტიკურმა სიტუაციამ ქართველი ხალხის დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვა კიდევ უფრო გააძლიერა. 1918 წლის 26 მაისს ამიერკავკასიის სეიმმა თვითლიკვიდაცია მოახდინა. იმავე დღეს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. დამოუკიდებლობის აქტით საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკა იყო, რომელიც ასევე ნეიტრალური სახელმწიფო გახდა. მთავრობა პასუხისმგებელი იყო ეროვნული საბჭოს წინაშე. ნოე ჟორდანიამ ეროვნულ საბჭოს წარუდგინა მთავრობა: ნოე რამიშვილი - მთავრობის თავმჯდომარე (რომელიც მოგვიანებით ნოე ჟორდანიამ შეცვალა), აკაკი ჩხენკელი -საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ გიორგაძე - სამხედრო მინისტრი, გიორგი ჟურული - ფინანსთა და ვაჭრობა მრეწველობის მინისტრი, გიორგი ლასხიშვილი - სახალხო განათლების მინისტრი, ნოე ხომერიკი - მიწათმოქმედების და შრომის მინისტრი, შალვა მესხიშვილი - იუსტიციის მინისტრი, ივანე ლორთქიფანიძე - გზათა მინისტრი. ეროვნულმა საბჭომ, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა დაამტკიცა. სხდომის დამთავრების შემდეგ, ნოე რამიშვილმა მსოფლიოს სახელმწიფოთა მეთაურებს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა აცნობა.
სეპარატისტულ ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს აფხაზეთი არ შედიოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში; მაგალითად სტანისლავ ლაკობა ამ არგუმენტს „ამყარებს“ იმით, რომ დამოუკიდებლობის აქტში არ იყო მითითებული კონკრეტული საზღვრები (. Бгажба, О. Х Лакоба. С. З.,/ბღაჟბა, ლაკობა გვ. 312-313). ზემოაღნიშნული მოსაზრება რეალობას არ შეესაბამება. დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიოდისათვის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა ამიერკავკასიის სახელმწიფოს ტერიტორიების ის ნაწილები, რომლებიც ისტორიულად საქართველოს კუთვნილებას წარმოადგენდნენ ბუნებრივია, ასეთი იყო აფხაზეთის ტერიტორიაც. ამიერკავკასიის ტერიტორია, სამმა დამოუკიდებელმა სახელმწიფომ - საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა - გაინაწილა. დამოუკიდებლობის აქტებში საზღვრები იმიტომ არ იყო მითითებული რომ ერთმანეთთან იყო შესათანხმებელი მომიჯნავე სადავო ტერიტორიების ამა თუ იმ სახელმწიფოსადმი კუთვნილების საკითხი. აფხაზეთი არ ყოფილა სადავო, ამდენად მასზე ვრცელდებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იურისდიქცია.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აფხაზეთში არსებულმა სეპარატისტულმა ძალებმა ისარგებლეს შექმნილი მძიმე პოლიტიკური მდგომარეობით. აფხაზეთის სახალხო საბჭოში გამოიკვეთა რამდენიმე მიმდინარეობა: შეძლებული თავადაზნაურობის მნიშვნელოვანი ნაწილი - პროოსმალური ორიენტაციის მატარებელი იყო, ნაწილი ბოლშევიკურ მიმდინარეობას უჭერდა მხარს. ბუნებრივია ანტიქართულად განწყობილ ძალებს სურდათ თავიანთი პოზიციების განმტკიცება. როგორც უკვე აღვნიშნეთ 28 მაისს სოხუმში შედგა საოლქო სასამართლოს განყოფილების შეკრება, სადაც ხაზგასმით აღინიშნა, რომ აფხაზეთი იურიდიულად იმყოფებოდა ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში და ამდენად, იგი წარმოადგენდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაწილს. მიუხედავად ამისა სეპარატისტული ძალები პოზიციებს არ თმობდნენ. ისინი ცდილობდნენ აფხაზეთის დამოუკიდებლობის საკითხის დაყენებას. 1918 წლის 2 ივნისს აფხაზთა სახალხო საბჭომ აღნიშნა, რომ ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის დაშლის და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ აფხაზეთმა დაკარგა საქართველოსთან კავშირის იურიდიული საფუძველი და ამიერკავკასიის წითელი გვარდიის რაზმი, რომელიც უკვე წარმოადგენდა საქართველოს რესპუბლიკის საჯარისო ნაწილს, აღმოჩნდა თავის სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ. შექმნილი მდგომარეობის გამო აფხაზთა სახალხო საბჭომ მიიღო დადგენილება ძალაუფლება საკუთარ ხელში აეღო. სახალხო საბჭო მეგობრული თხოვნით მიმართავდა საქართველოს ეროვნულ საბჭოს დახმარება გაეწია მისთვის აფხაზეთში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანიზების საქმეში, მაგრამ ამავე დროს მოითხოვდა წითელი გვარდიის რაზმებს დაეტოვებინათ აფხაზეთის ტერიტორია. ამ საკითხების მოსაგვარებლად საქართველოში იგზავნებოდა აფხაზთა სახალხო საბჭოს წარმომადგენელი ინჟინერი რ.ი. კაკუბა და თბილისში მყოფი დელეგატები: ვ.გ. ღურჭუა, გ.ვ. აჯამოვი, გ.რ. თუმანოვი. (პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტების კრებული., გვ. 16-17).
1918 წლის 6 ივნისს დაიწყო აფხაზთა სახალხო საბჭოს დელეგაციისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება. სხდომას თავმჯდომარეობდა სამხედრო მინისტრი გ. გიორგაძე. აფხაზეთის სახალხო საბჭოს დელეგატმა, რ. კაკუბამ, ისაუბრა საქართველოსა და აფხაზეთის ინტერესების ერთიანობაზე, მათ სულიერ კავშირზე. ის გამოთქვამდა სურვილს რომ „აფხაზეთში ხელისუფლების მთელი სისრულით აფხაზთა სახალხო საბჭოს ხელში გადასვლის შემდეგაც“, საქართველოს მთავრობა მეგობრულ დამხარებას გაუწევდა აფხაზეთს სახელმწიფოებრივი ორგანიზაციის საქმეში. დელეგაციამ საქართველოს მთავრობას წარუდგინა ორი დოკუმენტი. პირველი იყო 1918 წლის 2 ივნისის აფხაზთა სახალხო საბჭოს დადგენილება; ხოლო მეორე ეხებოდა აფხაზეთის, როგორც ამიერკავკასიის ფედერაციის სრულუფლებიანი წევრის საგარეო ვალებს.
რ.ი. კაკუბას მოხსენებიდან გაირკვა რომ აფხაზთა სახალხო საბჭო უმოკლეს ვადაში აპირებდა მოეწვია აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ხალხების წარმომადგენელთა სახალხო ყრილობა. დელეგატმა ყურადღება გაამახვილა აფხაზეთში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზეც. მისი თქმით შეძლებული მემამულეთა უდიდესი ნაწილი ოსმალური ორიენტაციის მატარებელი იყო; ნაწილი ბოლშევიკურის, ხოლო მოსახლეობის ნაწილი კი სიმპათიით იყო განწყობილი ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა მიმართ. რ. კაკუბას აზრით „ყველა ამ მიმდინარეობასთან ბრძოლისათვის აფხაზთა სახალხო საბჭო მოელის დახმარებას საქართველოს მთავრობისაგან და იმედოვნებს, რომ საქართველოს წითელი გვარდიის ნაწილები არ იქნება გამოყვანილი აფხაზეთის ტერიტორიიდან და დაეხმარება ნაციონალურ რაზმს, რომელიც ყალიბდება ამ ელემენტების წინააღმდეგ ბრძოლაში“ (პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტების კრებული., გვ. 17-18). დელეგატი ასევე აღნიშნავდა, რომ აფხაზთა სახალხო საბჭოს სეპარატისტული დაჯგუფება არ გამოხატავდა აფხაზეთის მოსახლეობის ძირითადი ნაწილის ინტერესებს. აფხაზთა სახალხო საბჭო ითხოვდა ასევე ფინანსურ დახმარებას საქართველოს მთავრობისაგან.
საქართველოს მთავრობამ, მინისტრებს შ. მესხიშვილსა და ნ. ხომერიკს დაავალა შეედგინათ აფხაზეთთან ხელშეკრულების ტექსტი. 8 ივნისს ტექსტი მზად იყო. ხელშეკრულება 8 პუნქტისაგან შედგებოდა:
1. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ მოიწვევა აფხაზთა სახალხო საბჭოს მიერ წარდგენილი აფხაზეთის საქმეთა მინისტრი;
2. შინაგანი მმართველობა და თვითმმართველობა აფხაზეთში ეკუთვნის აფხაზთა სახალხო საბჭოს;
3. აფხაზეთის მართვისათვის საჭირო კრედიტები და თანხა გამოიყოფა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახსრებიდან და იხარჯება საჭიროებისამებრ აფხაზთა სახალხო საბჭოს მიერ;
4. მყარი მმართველობის სწრაფად ორგანიზებისა და დამყარებისათვის, აფხაზთა სახალხო საბჭოს დასახმარებლად და მის განკარგულებაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ იგზავნება წითელი გვარდიის რაზმი;
5. აფხაზეთში ყალიბდება ინტერნაციონალური რაზმი, რომელიც ექვემდებარება აფხაზთა სახალხო საბჭოს. აუცილებელი აღჭურვილობა გაიცემა საქართველოს მთავრობის მიერ.
6. სოციალური რეფორმის გატარება ცხოვრებაში ხდება აფხაზთა სახალხო საბჭოს მიერ საერთო კანონებზე დაყრდნობით, მაგრამ ადგილობრივი პირობების გათვალსიწინებით;
7. აფხაზეთის მოსახლეობის ყრილობის მოწვევა მოხდება დემოკრატიულ საწყისებზე რაც შეიძლება ახლო მომავალში, აფხაზეთის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხების საბოლოო გადაწყვეტისათვის;
8. ეს ხელშეკრულება ხელახლა გადაისინჯება აფხაზთა ეროვნული საბჭოს მიერ. (პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტების კრებული., გვ. 19).
რ. კაკუბა დაუკავშირდა აფხაზთა სახალხო საბჭოს და მოახსენა, რომ „ საქართველოს მთავრობამ აფხაზთა სახალხო საბჭოს დელეგაციის მანდატი გაიგო ისე, რომ ჩვენ ვაცხადებთ სრულიად დამოუკიდებლად და ვწყვეტთ ყოველგვარ კავშირს საქართველოსთან. ასეთ პირობებში კი ოფიციალურ თბილისს შეუძლებლად მიაჩნია აფხაზთა სახალხო საბჭოს დელეგაციის შუამდგომლობის დაკმაყოფილება წითელი გვარდიის, ფულის, ფორმის, ტანსაცმლისა და სხვათა შესახებ“ (ჩიტაია., გვ. 180). კაკუბა აღნიშნავდა, რომ საქართველოს მთავრობას აუცილებლად მიაჩნია აფხაზეთ-საქართველოს შორის ურთიერთობის დადგენა აფხაზეთის სრულუფლებიანი წარმომადგენლების ყრილობის მოწვევამდე, რომელიც საბოლოოდ გადაწყვეტდა აფხაზეთის პოლიტიკური წყობის საკითხს. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, დადებულიყო ახალი ხელშეკრულება აფხაზეთის სახალხო საბჭოსა და საქართველოს დემოკრატიულ მთავრობას შორის. როგორც ჩანს აფხაზთა სახალხო საბჭოში არაერთგვაროვნად შეხვდნენ თბილისში მიმდინარე მოლაპარაკებებს. მაგალითად, ს. ბასარია მოითხოვდა ჯერ მოეწვიათ აფხაზთა ეროვნული ყრილობა, გაერკვიათ აფხაზეთის პოლტიკური მოწყობის საკითხი და მხოლოდ ამის შემდეგ დაემყარებინათ საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობები. მის აზრს იზიარებდნენ სეპარატისტულად განწყობილი დეპუტატებიც; მათ არ სუდათ ახალი ხელშეკრულებით გაფორმებულიყო იურიდული კავშირი აფხაზეთსა და საქართველოს შორის. მაგრამ რეალურად სხვა გამოსავალი არ იყო; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დახმარების გარეშე აფხაზთა სახალხო საბჭო პოლიტიკურ ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებდა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1918 წლის 8 ივნისს ხელშეკრულების ტექსტი მოამზადა ქართულმა მხარემ. ამ ტექსტის შედგენაში აფხაზთა დელეგაცია მონაწილეობას არ იღებდა. დ. ჩიტაია სამართლიანად აღნიშნავს რომ, ამ ტექტს ხელი მოაწერა აფხაზთა დელეგაციამ იმ პირობით, რომ ეს ტექსტი შეთანხმებული იქნებოდა აფხაზთა სახალხო საბჭოსთან და სწორედ ეს ორგანო მიიღებდა საბოლოო გადაწყვეტილებას ხელის მოწერის თაობაზე და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაითვლებოდა ხელშეკრულება ძალაში შესულად. რ. კაკუბამ მოითხოვა აფხაზთა სახალხო საბჭოსგან, მიეცათ დელეგაციისათვის უფლებამოსილება, ხელი მოეწერათ ხელშეკრულებისათვის. იმავე წლის 10 ივნისს აფხაზთა სახალხო საბჭომ მისცა რწმუნება თავის წარმოამდგენლებს თბილისში ხელი მოეწერათ ხელშეკრულებისათვის საქართველოს დემოკრატიულ მთავრობასთან. ამ საკითხთან დაკავშირებით, აფხაზი მკვლევარი სტანისლავ ლაკობა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების დადების დროს ადგილი ჰქონდა გაუგებრობას, აფხაზთა სახალხო საბჭოს წარმომადგენლებმა ხელშეკრულებას ისე მოაწერეს ხელი რომ, ამის შესახებ არაფერი იცოდა საბჭოს თავმჯდომარემ ა. შარვაშიძემ; გარდა ამისა ის აღნიშნავს რომ ხელშეკრულება დროებით ხასიათს ატარებდა ( იგულისხმება აფხაზეთის მოსახლეობის ყრილობის ჩატარება) და მას არ შეიძლებოდა იურიდიული ძალა ჰქონოდა. თუმცა რეალობა სრულიად ნათელია. მიხელ ტარნავა სამართლიანად მიუთითებდა რომ თბილისში მიმდინარე მოლაპარაკებების ინიციატივა მოდიოდა აფხაზთა სახალხო საბჭოსგან და რომ ეს გამოწვეული იყო არა თბილისის ზეწოლით, არამედ რეგიონში შექმნილი მძიმე სიტუაციითა და ერთის მხრივ ოსმალეთის აგრესიის და მეორე მხივ ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების საფრთხით (პაპასქირი.,ნაკ. II, გვ. 17).
1918 წლის 11 ივნისს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც რვა პუნქტისაგან შედგებოდა. ბუნებრივია, ეს დოკუმენტი განსხვავდებოდა 8 ივნისს ხელმოწერილი დოკუმენტისაგან; ეს არ არის საფუძველი იმის მტკიცების რომ თითქოს მოხდა დოკუმენტის ჩანაცვლება ან მანდატის გარეშე მასზე ხელმოწერა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ წინამდებარე ხელშეკრულება საქართველოს ეროვნულ საბჭოსა და აფხაზთა სახალხო საბჭოს შორის 1918 წლის 9 თებერვალს შემგდარი შეთანხმების განვრცობისა და დამატების მიზნით დაიდო. ხელშეკრულება 8 პუნქტისაგან შედგებოდა:
1. „დასადები ხელშეკრულება გადაისინჯება აფხაზეთის ეროვნული ყრილობის მიერ, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს აფხაზეთის პოლიტიკურ მოწყობასა და ბედს, ასევე ურთიერთობას საქართველოსა და აფხაზეთს შორის;
2. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან იმყოფება აფხაზთა სახალხო საბჭოს რწმუნებით აღჭურვილი წარმომადგენელი, რომელთანაც აფხაზეთის საქმეებზე საქართველოს მთავრობას ექნება ურთიერთობა.
3. შინაგანი მმართველობა აფხაზეთში ეკუთვნის აფხაზთა სახალხო საბჭოს.
4. საგარეო პოლიტიკის საკითხებში საქართველო, რომელიც შეთანხმების მონაწილე ორივე მხარის წარმომადგენელია, ფაქტობრივად გამოდის აფხაზეთთან ერთად.
5. აფხაზთის მმართველობისათვის აუცილებელი კრედიტები და სახსრები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახსრებიდან გაიცემა აფხაზთა სახალხო საბჭოს განკარგულებაში.
6. რევოლუციური წესრიგის უსწრაფესად დამყარებისა და მტკიცე ხელისუფლების ორგანიზაციისათვის აფხაზთა სახალხო საბჭოს დასახმარებლად და მის განკარგულებაში, სანამ ეს საჭიროა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა გზავნის წითელი გვარდიის რაზმს.
7. აფხაზთა სახალხო საბჭო აყალიბებს საჯარისო ნაწილებს; ამ ნაწილებისათვის საჭირო აღჭურვილობას, ფორმის ტანსაცმელს და სახსრებს გასცემს საბჭოს განკარგულებაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
8. სოციალური რეფორმების ცხოვრებაში გატარებას ახორციელებს აფხაზთა სახალხო საბჭო ამიერკავკასიის სეიმის მიერ გამოცემული ზოგადი კანონების საფუძველზე, მაგრამ ადგილობრივი პირობების მიხედვით.“
დოკუმენტის ბოლოს ნათქვამია რომ ეს დადგენილება მიიღება ცნობად და დაერთვის ხელშეკრულებებს, რომლებიც დადებულია ერთი მხრივ საქართველოს ეროვნულ საბჭოსა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მეორე მხრივ აფხაზთა სახალხო საბჭოს შორის. დედანს ხელს აწერდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები: ნ.გ. ხომერიკი, შ.ვ ალექსეევ-მესხიევი, რაჟდენ ივანეს ძე კაკუბა, გიორგი დავითის ძე აჯამოვი, მღვდელი გიორგი თუმანოვი. (პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტების კრებული., გვ. 19-20).
1918 წლის 11 ივნისს დადებული ხელშეკრულება 9 თებერვლის (1918 წლის) შეთანხმების განვითარებას წარმოადგენდა. ახალი ხელშეკრულებით დასტურდებოდა აფხაზეთის საქართველოს შემადგნელობაში ყოფნა, ხოლო საქართველოს მთავრობა აფხაზეთის ავტონომიის გარანტიას იძლეოდა; აფხაზეთს ენიჭებოდა სრული შიდა ავტონომია; ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა აფხაზთა სახალხო საბჭოსათვის საქართველოს მთავრობის მხრიდან სამხედრო-ეკონომიკური დახმარების გაწევას. ასევე ცენტრალურ მთავრობაში შემოიღეს აფხაზეთის საქმეთა მინისტრის თანამდებობა, რომელიც სახალხო საბჭოს წარდგინებით რ. ჩქოტუამ დაიკავა.
აღნიშნული ხელშეკრულება მნიშვნელოვანი პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტია, რომელმაც მყარი ნიადაგი შექმნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისათვის. თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა აფხაზეთის პრობლემის საბოლოო გადაწყვეტას. აფხაზეთის სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხი საბოლოოდ, აფხაზეთის მოსახლეობის ყრილობას უნდა გადაეწყვიტა დემოკრატიულ საწყისებზე.
11 ივნისის ხელშეკრულების პირობების შესრულება საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მალევე დაიწყო. იმავე წლის 13 ივნისს მთავრობამ მიიღო დადგენილება; აფხაზთა სახალხო საბჭოსათვის გადაეცათ 10 000 მანეთი სესხად, რომელიც უნდა მოხმარებოდა ფორმირებადი საჯარისო ნაწილებისათვის ფორმისა და აღჭურვილობის გადასაზიდად. (პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტების კრებული., გვ. 20).
ამასობაში სიტუაცია კვლავ დაიძაბა აფხაზეთში; ბუნებრივია შოვინისტებსა და ანტიქართულად განწყობილ ძალებს არ აწყობდათ სიტუაციის დარეგულირება. განსაკუთრებით გააქტიურდნენ ბოლშევიკური ძალები. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ბოლშევიკებმა სოხუმიდან მათი განდევნის შემდეგ, გაგრისკენ დაიხიეს. აქ შექმნეს ყუბან-შავიზღვისპირეთის საველე შტაბი ჯერ ა. ურუშაძის, შემდეგ ბ. კვირკველიას თავმჯდომარეობით (გამახარია, აფხაზურ-ქართული..გვ. 55). შტაბმა მოულოდნელად განახორციელა ბოლშევიკების ახალი შეტევა, აიღეს გუდაუთა და ახალ ათონს მიადგნენ. აღსანიშნავია რომ ბოლშევიკური მოძრაობა ადგილობრივ მოსახელობაში პოპულარობით არ სარგებლობდა. მათ მხარს უჭერდა „კიარაზელთა“ მცირერიცხოვანი რაზმი. უარყოფითად იყვნენ განწყობილნი აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრების უმრავლესობაც. სწორედ ამიტომ 16 ივნისს მათ დახმარებისათვის მიმართეს გენერალ გიორგი მაზნიაშვილს. აფხაზთა სახალხო საბჭო გენერალს წერდა: „სამურზაყანოს უბანში ბოლშევიკური ანარქია შეუკავებლად იზრდება. ხდება ძარცვა და დაჭერები. მომავალში ბოლშევიკებისათვის მოქმედების თავისუფლების მიცემა სამურზაყანოში მეტისმეტად საშიშია, რადგან მათი ბატონობით ტერორიზებული მშვიდობიანი მოსახლეობა მოკლებულია ყანებში მუშაობის შესაძლებლობას. გენერალო, მიიღეთ სასწრაფო ზომები სამურზაყანოში ანარქიის ჩასახშობად“ (სცსსა, ფ.1861, ალ.2, ს. 37 ჩიტაია 189) ამ დოკუმენტს ხელს აწერდა აფხაზთა სახალხო საბჭოს თავმჯდომარე. გენერალმა დეპუტაცია საქართველოს მთავრობასთან გაგზავნა. იმავე წლის 18 ივნისს გენერალმა მიიღო სამხედრო მინისტრის დეპეშა, აფხაზეთის გენერალ-გუბერნატორად დანიშვნისა და დაუყოვნებლივ სოხუმში გამგზავრების შესახებ. 19 ივნისს გიორგი მაზნიაშვილი სოხუმში ჩავიდა. აფხაზურ ისტორიოგრაფიაში მაზნიაშვილის სოხუმში ჩასვლა აღქმულია 1918 წლის 11 ივნისის ხელშეკრულების დარღვევად. „ აფხაზთა სახალხო საბჭოსათვის დახმარების საბაბით ხელშეკრულების დადების შემდეგ შემოყვანილ იქნა გენერალ გ. მაზნიევის ჯარები, რომლებმაც არსებითად მოახდინეს აფხაზეთის ოკუპაცია, დაიკავეს სანაპირო სოჭამდე და ტუაფსემდე. აფხაზეთი გამოცხადდა საგენერალ- გუბერნატოროდ, ხოლო მაზნიევი - გენერალ-გუბერნატორად და სოხუმის გარნიზონის უფროსად. ასე ვერაგულად დაირღვა დადებული ხელშეკრულება, რასაც მოჰყვა აფხაზეთის ანექსია“ (გამახარია, აფხაზურ-ქართული...გვ. 56). ზემოაღნიშნული ბუნებრივია სიმართლეს არ შეესაბამება. სრულიად აშკარაა, რომ გენერალი გიორგი მაზნიაშვილი გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა სოხუმში ჩამოსვლამდე. გარდა ამისა გიორგი მაზნიაშვილი არ იყო პოლიტიკური უფლებებით აღჭურვილი პირი. გენერალ-გუბერნატორი - ეს იყო სამხედრო მოქმედების ტერიტორიაზე ან ფრონტისპირა რაიონებში დროებით დანიშნული უმაღლესი სამხედრო-ადმინისტრაციული პირი. გენერალი აფხაზეთში შევიდა აფხაზთა საბჭოს მიწვევით. მოგონებებში იგი წერს: „ნავსადგურში დამხვდნენ ისიდორე რამიშვილი და აფხაზთა ეროვნული საბჭოს ზოგიერთი წევრი“ (მაზნიაშვილი., მოგონებები გვ. 56-60). გიორგი მაზნიაშვილი დაინიშნა სოხუმის გარნიზონის უფროსად; მან მიმართა სახალხო საბჭოს და გადაწყდა გამოცხადებულიყო მობილიზაცია; დროის მცირე მონაკვეთში შეიქმნა 300 კაციანი აფხაზური კავალერია. ამ ფაქტით ნათლად ჩანს რომ აფხაზები და ქართველები საერთო მტერს ერთად ებრძოდნენ რაც ბუნებრივია კიდევ ერთხელ ადასტურებს სეპარატისტული ისტორიოგრაფიის აბსურდულობას, რომ თითქოს ქართველებმა აფხაზეთის ოკუპაცია მოახდინეს.
„აფხაზეთის პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ ცხოვრებაში არ ვერეოდი, რადგან ჯერ ერთი, ამ საქმისათვის აფხაზეთის ეროვნულ საბჭოსთან იყო საქართველოს წარმომადგენელი, და მეორეც, სრულებით არ ვიყავი მომზადებული პოლიტიკური მოღვაწეობისათვის, ამიტომ მთელი ჩემი ყურადღება სამხედრო საქმეზე მქონდა მიქცეული“ (მაზნიაშვილი., გვ. 63). თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც გენერალი პოლიტიკურ საკითხებშიც ერეოდა, მაგალითად, მან შტაბის წარმომადგენლად აფხაზთა საბჭოში დანიშნა დ. ცხაკაია, საბჭომ 1918 წლის 18 ივლისს განიხილა ეს საკითხი და დაუშვებლად მიიჩნია შტაბის წარმომადგენლის დასწრება საბჭოს სხდომებზე, სამაგიეროდ მიზანშეწონილად ჩათვალა ღია სხდომებზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლის დასწრება (აფხაზეთის ცსა, ფ. ი.39, აღ. 1, ს. 3, ფ. 7). აფხაზეთის სახალხო საბჭოს თავმჯდომარე ვ.ა. შარვაშიძე ნოე ჟორდანიასადმი გაგზავნილ წერილში (1918 წლის ივლისი) წერს: „სახალხო საბჭომ მაზნიევს მისცა ფართო უფლებები საალყო მდგომარეობის გამოცხადებამდეც კი, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო ოპერაციების წარმოების დროს. გთხოვთ მიუთითოთ გენერალს, რომ ძალაუფლებისა და საგანგებო უფლებების წყარო აფხაზეთის ტერიტორიაზე არის მხოლოდ აფხაზთა სახალხო საბჭო“ (ს.6, ფ.49 ა). ეს წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ მაზნიაშვილის და საქართველოს მხრიდან არანაირ ოკუპაციას და ანექსიას ადგილი არ ჰქონია.
1918 წლის 27 ივნისს ქართული ჯარის ნაწილები აფხაზეთის საჯარისო ნაწილებთან ერთად შეტევაზე გადავიდნენ. გენერალი მაზნიაშვილის მეთაურობით მათ სოფელი პილენკოვო (ლესელიძე) დაიკავეს. ეს ფაქტი გენერალმა აცნობა საქართველოს სამხედრო მინისტრს და აფხაზთა სახალხო საბჭოს. გენერალი მოგონებებში წერს: “როგორც ტფილისიდან, ისე აფხაზეთის ეროვნული საბჭოდან მივიღე ანალოგიური ბრძანებანი, წამეწია წინ და დამეჭირა სოჭი“ (მაზნიაშვილი., გვ. 64).
ზემოაღნიშნული საკითხი აფხაზთა სახალხო საბჭომ განიხილა ჯერ კიდევ 1918 წლის 24 ივნისს. სხდომის ოქმში აღნიშნული იყო რომ „....ბოლშევიკური ანარქია, რომელიც უკვე სამი თვეა ჯიჯგნის აფხაზეთს, ძირითადად საზრდოობს სოჭის და ტუაფსეს ოლქებიდან, და მეორე, გაითვალისწინა რა ასევე ის გარემოებებიც, რომ ბოლშევიკური განწყობილება შეიქმნა, რომელიც ემყარება იმ სასურსათო სიძნელეებს, რაც წარმოიქმნა ბოლშევიკების მიერ ტუაფსეს პორტის დაკავების შემდეგ, რამაც გაწყვიტა კავშირი ჩრდილოეთ კავკასიასთან და დააკავა ჩრდილოეთ კავკასიიდან აფხაზეთის და საქართველოს შავიზღვისპირეთისაკენ მომავალი სასურსათო ტვირთები, აფხაზეთში მტკიცე წესრიგის დამყარებისა და სასურსათო კრიზისის გადაჭრისათვის როგორც აფხაზეთში, ისე მთლიანად საქართველოში საჭიროდ ჩაითვალოს სოჭისა და ტუაფსეს ოლქების დაკავება ტუაფსეს პორტითურთ. ეს დადგენილება ეცნობოს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას და რაზმის მეთაურს გენერალ-მაიორ მაზნიევს“ (პოლიტიკურ-სამართელბრივი აქტების კრებული., გვ. 20-21).
აფხაზთა სახალხო საბჭოს ზემოაღნიშნული დადგენილება კიდევ ერთხელ ადასტურებს სეპარატულ ისტორიოგრაფიაში გავრცელებული შეხედულების - გენერალ მაზნიაშვილის მიერ აფხაზეთის ანექსიის - აბსურდულობას. სრულიად აშკარაა, რომ ქართულმა საჯარისო შენაერთებმა იხსნეს აფხაზეთი ანარქიისაგან, ბოლშევიკურმა ძალებმა უკან დაიხიეს. 28 ივნისს ქართველებმა გაათავისუფლეს გაგრა, 29 ივნისს კი ქალაქი ადლერი. ანტიქართულად განწყობილი ძალები შეეცადნენ კოდორის უბანზე გაეხსნათ „მეორე ფრონტი“. იმავე წლის 27 ივნისს, კოდორის მაზრაში, სეპარატისტების მოწვევით, გადმოსხდა მუჰაჯირებით დაკომპლექტებული ოსმალური დესანტი. ქართულმა შენაერთებმა და რუს-კაზაკთა რაზმებმა მოახერხეს გამარჯვების მოპოვება. ქართველებმა გააგრძელეს წინსვლა ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით. 26 ივლისს მათ ხელში აღმოჩნდა ტუაფსე. საბოლოო მიზანი იყო ტუაფსე -მაიკოპის რკინიგზის დაკავება.
ამ პერიოდში აფხაზეთში არსებული „რევოლუციური“ ძალებიდან აღსანიშნავია „კიარაზი“. მისი ერთ-ერთი ძირითადი საბრძოლო რაზმი გუდაუთაში ნ. ლაკობამ შექმნა. „კიარაზმმა“ მოთხოვნები გაუგზავნა აფხაზთა სახალხო საბჭოს, სადაც ის ითხოვდა გაგზავნილიყო წარმომადგენლობა ეკატერინოდარში ლაკობასთან და ეშბასთან მოლაპარაკებების საწარმოებლად, რათა ბოლო მოღებოდა შემოსევებს აფხაზეთში, გაეყვანათ საქართველოს ჯარები აფხაზეთის ტერიტორიიდან, შეწყვეტილიყო მოსახლეობის განიარაღება... 1918 წლის17 ივლისს აღნიშნული მოთხოვნები არ მიიღო აფხაზთა სახალხო საბჭომ. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აფხაზთა სახალხო საბჭოს სეპარატისტული ფრთაც კი (ს. ბასარია, დ. ალანია..) გმობდა „კიარაზელების“ ანტისახელმწიფოებრივ მოთხოვნებს. სწორედ ამიტომ, აფხაზთა სახალხო საბჭომ გენერალ მაზნიაშვილთან ერთად აღკვეთა მათი მოღვაწეობა აფხაზეთში.
პროოსმალური და პრორუსული ძალები ყველანაირად ცდილობდნენ მოეხდინათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარების დისკრედიტაცია, რათა დაუყოვნებლივ მომხდარიყო მათი აფხაზეთიდან გაყვანა. თუმცა უშედეგოდ. 1918 წლის ზაფხულში ოსმალეთი ეწეოდა ფარულ ომს აფხაზეთისათვის. ოსმალეთმა მოახერხა მთიელთა კავშირთან პოლიტიკური ურთიერთობის განმტკიცება და სწორედ მათი დახმარებით ცდილობდა ფეხი მყარად მოეკიდებინა აფხაზეთში. გარდა ამისა აფხაზეთის სახალხო საბჭოშიც იყვნენ ისეთი წევრებიც (ძირითადად აფხაზი თავადები, მაგ. ალქსანდრე შარვაშიძე) რომლებიც აშკარად პროოსმალური ორიენტაციისაკენ იხრებოდნენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ოსმალები აფხაზეთში მოვიდნენ აფხაზთა სახალხო საბჭოს წევრის ა.გ. შერვაშიძის და საბჭოს რამდენიმე წევრის მოწვევით. სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით გენერალი გ. მაზნიაშვილი მოგონებებში წერს, რომ მან ა. შარვაშიძის მამულში მოინახულა ოსმალო ოფიცრები, ერთ-ერთმა მათგანმა განუცხადა, რომ ის მოატყუეს აფხაზებმა, დაარწმუნეს, რომ მათ დიდი პატივით დახვდებიან აფხაზები, რომლებიც მოუთმენლად ელიან ოსმალებს. „საქმით კი დავრწმუნდით“ - თქვა ოფიცერმა, რომ მე გარშემორტყმული ვარ ქართული ჯარებით, ამასთან მარწმუნებდა, რომ მის მთავრობას არა აქვს არავითარი სურვილი საქართველოსთან საქმე გაართულოს და მთხოვა, გამეგზავნა ისინი უკვე ბათუმში“ (მაზნიაშვილი., გვ. 71-72). ოსმალური დესანტის ნაწილი გააგზავნეს ფოთში; თუმცა ოსმალური დესანტის ნაწილსა და საქართველოს ჯარების ნაწილს შორის მოხდა შეტაკება სოფელ მოქვთან; ოსმალური დესანტი განადგურებულ იქნა.
ოსმალურ დესანტთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ გერმანიის წარმომადგენელს საქართველოში ნოტით მიმართა. ნოტაში გამოთქმული იყო პროტესტი და მოთხოვნა, გერმანიას მისი მოკავშირე ოსმალეთის ქმედებების წინააღმდეგ მიეღო ზომები (Ментешашвили.,/მენთეშაშვილი გვ. 18). აღსანიშნავია ისიც, რომ ოსმალური დესანტის ნაწილი გაიფანტა აფხაზეთის ტერიტორიაზე და ისინი ანტიქართულ პროპაგანდას ეწეოდნენ.
საინტერესოა როგორი დამოკიდებულება ჰქონდა აღნიშნული საკითხისადმი აფხაზთა სახალხო საბჭოს. ცნობილია, რომ მათი ნაწილი ოსმალური ორიენტაციის გამტარებელი იყო. აფხაზთა სახალხო საბჭოს სხდომის ოქმებიდან ირკვევა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საბჭომ მრავალჯერ იმსჯელა. 1918 წლის 28 ივნისს, საბჭოს დადგენილებით გამოიყო დელეგაცია, რომელსაც დავალებული ჰქონდა ოსმალეთთან მოლაპარაკება ეწარმოებინა. დელეგაციის წევრები (გ. ზუხბაია, ჩ. ჩუკბარი, კ. გიცბა, ვ. ღურჯუა, ს. ბასარია) ცდილობდნენ მშვიდობიანად მოეგვარებინათ კონფლიქტი. იმავე წლის 19 ივლისს საბჭოს სხდომაზე ო. კიუტმა განაცხადა, რომ კოდორის უბანში არავითარი ოსმალური დესანტი არ გადმოუსხამთ, რომ ისინი არიან მხოლოდ მუჰაჯირები. მიუხედავად ასეთი განცხადებებისა აფხაზთა საბჭოს თავმჯდომარემ ვ. შარვაშიძემ ამ საკითხის შესწავლა დაავალა სამხედრო შტაბს, რომელსაც უნდა შეესწავლა კოდორის უბანში მიმდინარე მოვლენები. აღსანიშნავია ტ. მარშანიას განცხადება, რომ აფხაზი ხალხის დემოკრატიული ნაწილი არაა ოსმალური ორიენტაციის მომხრე, რადგან მას მოაქვს არა დემოკრატიზაცია არამედ დესპოტიზმი. სრულიად აშკარაა, რომ აფხაზთა სახალხო საბჭოს სხდომაბზე პროოსმალური ორიენტაციის წარმომადგენლები აღიარებდნენ მუჰაჯირების აფხაზეთში ჩამოსვლის ფაქტს, მაგრამ ამტკიცებდნენ, რომ ისინი ჩამოვიდნენ როგორც ძმები და რომ მათ არ ჰქონდათ არავითარი ბოროტი განზრახვა. თუმცა რეალურად ფაქტები სრულიად საპირისპიროს ამტკიცებდნენ. 1918 წლის 9 აგვისტოს კოდორის უბანში განხორციელდა ოსმალური დესანტის ბოლო გადმოსხმა. სიტუაცია დაიძაბა, აფხაზთა სახალო საბჭოს სეპარატისტული ფრთა აშკარად ცდილობდა აფხაზეთის მოსახლეობა განეწყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ. ბუნებრივია ამ ფაქტმა აფხაზთა სახალხო საბჭოს დემოკრატიული ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. საჭირო გახდა სასწრაფო ზომების მიღება. შექმნილმა სიტუაციამ დააჩქარა პოლიტიკური გარდაქმნები. კვლავ გაგრძელდა ქართველ მეომრებსა და ოსმალ ასკერებს შორის (1918 წლის აგვსიტო) შეტაკებები. რაც საბოლოო ჯამში ქართველთა გამარჯვებით დასრულდა. სამხედრო ოპერაციებს ოსმალებისა და ბოლშევიკების წინააღმდეგ თან ახლდა სამხედრო პირების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის რბევა. აფხაზთა სახალხო საბჭო საქართველოს მთავრობასთან აწარმოებდა მოლაპარაკებას ივლის-აგვისტოში აფხაზეთში მიმდინარე ბრძოლების დროს მშვიდობიანი მოსახლეობის მატერიალური ზარალის ანაზღაურებაზე. აფხაზთა სახალხო საბჭოს წევრი ვ. შარვაშიძე საქართველოს მთავრობას წერდა: „ქართული რეგულარული ჯარი, რომელიც ბრძოლებში მონაწილეობას არ იღებდა, არბევდა მშვიდობიან მცხოვრებლებს და ანადგურებდა სახლებს...მიმაჩნია რა სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ბრძოლა ოსმალებთან სახლების განადგურებით არა სასურველად და ვარ დარწმუნებული რომ სახლების დაწვა და უდანაშაულო ხალხის დატყვევება სოხუმის ციხეში არაა მიზანშეწონილი და ამას შეუძლია გამოიწვიოს მცხოვრებლებში უკმაყოფილება ჩვენი მთავრობის მიმართ, ხელი შეუწყოს ანარქიის გაგრძელებას და ოსმალეთის ორიენტაცია მიაღებინოს ხალხს...თუ თქვენ დროზე არ მიიღებთ ზომებს და არ დაამშვიდებთ ხალხს, მაშინ ჩვენ თუ არა სამუდამოდ, კარგა ხნით დავკარგავთ აფხაზი ხალხის ნდობას, ხელს შევუწყობთ მათ შორის უკმაყოფილების გაღვივებას ქართველებისადმი. ამ გარემოების თავიდან ასაცილებლად საჭიროა დაუყოვნებლივ განთავისუფლებულ იქნენ მშვიდობიანი აფხაზები ციხეებიდან. სრულიად უნდა აუნაზღაუროს სახელმწიფომ ის ზარალი, რომელიც ჯარებმა აფხაზეთს მიაყენეს“ (გაზეთი, საქართველოს რესპუბლიკა, 1918, 7 სექტემბერი). 1918 წლის სექტემბრის დასაწყისში სოხუმში ჩავიდა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ამბროსი ხელაია. იგი უნდა დასწრებოდა, ცნობილი საზოგადო მოღვაწის გიორგი შერვაშიძის გარდაცვალების ნახევარ წლისთავს. მიიტროპოლიტმა სახალხო საბჭოს თავმჯდომარის ვარლამ შერვაშიძისა და საბჭოს წევრის ჯოტო შერვაშიძის თხოვნით მიიღო ზომები სამხედროთა თვითნებობის აღსაკვეთად. პოლკოვნიკმა თუხარელმა მიტროპოლიტის შუამდგომლობით რვა აფხაზი ტუსაღი გაათვისუფლა; ოჩამჩირეში გაგზავნა სასწრაფო ბრძანება: „სახლ-კარის გადაწვა შეჩერებულ იქნას, გამოყვანილი იყო ჯარი იმ სოფლებიდან, სადაც მათი ყოფნა სამძიმოა მშვიდობიან მცხოვრებლებისათვის“ (წმინდა აღმსარებელი ამბროსი და აფხაზეთი., გვ. 223).
იმავე წლის 3 სექტემბერს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე მიღებულ იქნა დადგენილება, სადაც ნათქვამი იყო: „ა) დაუყოვნებლივ გაიგზავნოს აფხაზეთში საგანგებო კომისია, შემდეგი სამხედრო, იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენელთაგან. 1. მიენდოს ამ კომისიას გამოიძიოს სახალხო საბჭოს სამ წარმომადგენელთაგან ერთად ყველა გარემოებანი, რომლებიც ნაჩვენებია აფხაზთა სახალხო საბჭოს თავმჯდომარის საჩივარში ჩვენი ჯარის მოქმედების შესახებ საზოგადოდ და აფხაზთა დატუსაღების შესახებ, კერძოდ, 2. გამოარკვიოს ზარალის რაოდენობა, რომელიც მოუვიდა ადგილობრივ მცხოვრებთ ჩვენი ჯარის მოქმედების მიზეზით.“ (პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტების კრებული., გვ. 24). როგორც ირკვევა კომისია მართლაც შეიქმნა და იმავე წლის 17 დეკემბრის, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის სხდომათა ჟურნალში ვკითხულობთ: „გ) დაუბრუნდეს სოხუმის ქალაქის თვითმმართველობის სხვადასხვა რაზმებისა და შტაბების, გაწერილი ცხენების და სურსათის ვალებში (100 000) ასი ათასი მანეთი. ყოველივე დანარჩენის შესახებ კი დაინიშნოს გამოძიება განსაკუთრებული კომისიის მიერ; ე) საგანგებო კომისიის გამოძიება ჩვენი რაზმების მიერ დაზარალებული კოდორის რაიონის მცხოვრებთა პრეტენზიების შესახებ გადაეცეს იუსტიციის სამინისტროს განსახილველად და თავის დასკვნას წარმოსადგენად ერთი კვირს განმავლობაში“ (პოლიტიკურ-სამართლებერივი აქტების კრებული., გვ .31).
„....აფხაზთა საბჭოში ჰყავდათ ოსმალებს თავისი წარმომადგენლები...მათი წყალობით დამოკიდებულება საქართველოს მთავრობასა და საბჭოს შორის მწვავდებოდა, მაგრამ მეორე მხრით აფხაზთა საბჭოში მუშაობდნენ ჭეშმარიტი დემოკრატები, აფხაზეთის გულშემატკივარნი, რომლებიც დამღუპველად თვლიდნენ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დამოკიდებულების გაწყვეტას. ეს პოზიცია 4 აგვისტოს გამოვიდა საბჭოდან და განაცხადა პროტესტი საბჭოს უმრავლესობის მოქმედების წინააღმდეგ. აფხაზი მემამულე ოსმალოფილები მაინც არ ისვნებედნენ...მათ დაიწყეს ლაპარაკი ქართული ჯარის სოხუმიდან გაყვანაზე, შეუთანხმდნენ რუს ნაციონალისტებს და სხვა ბნელ ძალებს. ამან აიძულა ოპოზიცია, ენერგიული ზომებისათვის მიემართა.“ ( გაზეთი ერთობა., 175).
შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე გადაწყდა აფხაზთა სახალხო საბჭოს რეორგანიზაცია. რომელიც ჯერ კიდევ 1918 წლის ივლისში დაიწყო. აღსანიშნავია რომ რეორგანიზაცია საბჭოს დეპუტატების უმრავლესობის ნება-სურვილით განხორციელდა.
ამ პერიოდში აფხაზეთში არსებობდა - ქართველთა, სომეხთა, ბერძენთა და რუსთა ეროვნული საბჭოები. აქედან გამომდინარე აუცილებელი იყო მრავალეროვნული მოსახლეობის ინტერესების გამომხატველი პოლიტიკური ორგანოს ჩამოყალიბება. 1918 წლის ივლისში აფხაზეთის უბნებში ჩატარდა სახალხო საბჭოს გადარჩევები მიტინგებსა და კრებებზე. 27 ივლისს სახალხო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სხვა ერების წარმომადგენელთა მოწვევის შესახებ. საბჭოს წევრები გახდნენ: - ქართველთა საბჭოს თავმჯდომარე - ი. გოგელაშვილი, სომეხთა საბჭოს თავმჯდომარე - ხ. ავდალბეკიანი, ბერძენთა საბჭოს თავმჯდომარე - ი. ფაშალიდი და სხვა. 31 ივლისს აფხაზთა სახალხო საბჭომ თავის შემადგენლობაში არჩეულად სცნო 35 დეპუტატი. 8 აგვისტოს გამოიყო აფხაზეთის დამფუძნებელი კრების არჩევნების მოსამზადებელი კომისია, რ. კაკუბას, ნ. ხასაიას, ვ. ღურჭუას, ა. ინალიფას შემადგენლობით. ახალ შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ ის პირები, ვის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული ოსმალური დესანტის შემოყვანის გამო (ალ. შარვაშიძე, ტ. მარშანია). 15 აგვისტოს დასრულდა საბჭოს რეორგანიზაცია. საბჭოს რეორგანიზაციას საბჭოს გარეკვა უწოდა ალ. შარვაშიძემ (ჩიტაია აფხაზეთის საკითხი., გვ. 476). სწორედ მის სიტყვებს იმეორებენ დღემდე სეპარატისტულად განწყობილი ისტორიკოსები.
სულ ცოტა ხანში აფხაზეთის სახალხო საბჭოს შემადგენლობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. მის შემადგენლობაში შევიდნენ გუდაუთის უბანში დამატებით არჩეული დელეგატები. ასევე საბჭოს წევრებად მიიღეს ძველი წევრებიც: ს. აშხაცავა და ესტონელი ხალხის წარმომადგენელი ი. მიხელსონი. ამ რეორგანიზაციის შედეგად აფხაზეთის სახალხო საბჭო შეივსო სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებით, რაც უდავოდ დადებითი პროცესი იყო, თუმცა აფხაზთა სახალხო საბჭო არ იყო არჩეული დემოკრატიული გზით.
1918 წლის შემოდგომაზე ვითარება აფხაზეთში კვლავ დაძაბული იყო. ბოლშევიკური და ოსმალური შემოტევების ალაგმვამ, ასევე სახალხო საბჭოში პროქართული კურსის გამარჯვებამ, საბჭოს რეორგანიზაციამ და ახალი დემოკრატიული არჩევნების მოსამზადებლად შექმნილმა კომისიამ გააღიზიანა ანტიქართული ძალები და სეპარატისტები. ამჯერად მათ გადაწყვიტეს ესარგებლად ჩრდილოეთში შექმნილი პოლიტიკური ვითარებით. სადაც მოხალისეთა არმია გენერალ მ. ალექსეევისა და ა. დენიკინის მეთაურობით ებრძოდარუსეთში საბჭოთა ხელისუფლებას. მათი მთავრი მიზანი რუსეთის იმპერიის 1914 წლამდე არსებულ საზღვრებისა და მონარქიული მმართველობის აღდგენა იყო. ჯერ კიდევ 1918 წლის ივნისში მოხალისეთა არმიის სარდლობამ განახორციელა ე.წ. ყუბანის მეორე ლაშქრობა ბოლშევიკთა წინააღმდეგ, რომელიც წარმატებით დასრულდა. გენერალმა დენიკინმა ყუბანში შექმნა ახალი სამხარეო მთავრობა. აფხაზმა სეპარატისტებმა (ვინც თავის დროზე მხარს უჭერდა ოსმალეთს) გაგზავნეს დელეგაცია გენერალ ალექსეევთან. 1918 წლის სექტემბერში სოჭში მოხდა შეხვედრა; აფხაზური დელეგაცია ითხოვდა დახმარებას - აფხაზეთი გაეთავისუფლებინათ საქართველოს შეიარაღებული ძალებისაგან. სამხრეთ რუსეთის მონარქისტებთან კავშირს აქტიურად უჭერდა მხარს აფხაზეთის საბჭოს წევრი თავადი ალექსანდრე შარვაშიძე.
1918 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში სოჭის ოლქში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით, საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი გაემგზავრა, რათა ყუბანის მთავრობასთან საზღვრების მოწესრიგებისა და საქონლის გაცვლა-გამოცვლის თაობაზე მოლაპარაკება გაემართა. მას დავალებული ჰქონდა, რომ საქართველოს უნდა მოეთხოვა მაქსიმუმ ტუაფსეს ოლქი, ხოლო სოჭისა და გაგრის რაიონები არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაეთმო. სოჭში ჩასვლისას ევგენი გეგეჭკორი, გენერალი გიორგი მანზიაშვილი და გიზო ანჯაფარიძე სოჭის ოლქის მოსახლეობას და პოლიტიკური პარტიების წარმომადგნელებს შეხვდნენ. მათთან საუბრისას გამოირკვა, რომ ოლქის მცხოვრებლები სიმპათიით იყვნენ განწყობილნი საქართველოს და ქართველების მიმართ. ასეთი განწყობის მიზეზი იყო მოხალისეთა არმიის სისასტიკე, როგორც ბოლშევიკების ისე მენშევიკების მიმართ; ისინი არც მშვიდობიან მოსახლეობას ინდობდნენ. იმავე წლის 15 სექტემბერს ე. გეგეჭკორი სოჭიდან ნოე ჟორდანიას ატყობინებდა, რომ აფხაზთა სახალხო საბჭოს დელეგაცია ჩავიდა გენერალ ალექსეევთან (ჩიტაია., ვგ. 244). დელეგაცია თეთრგვარდიელ გენერალს „მთელი სულით“ რუსეთის მომხრე აფხაზების ქართველი „მოძალადეებისაგან“ დაცვას სთხოვდა (Гамахария, Гогия, /გამახარია, გოგია, გვ. 84).
აფხაზური დელეგაციის თხოვნა გენერალმა ალექსეევმა ხელსაყრელ საბაბად გამოიყენა დაკარგული მიწების რუსეთის მფარველობაში დასაბრუნებლად.
1918 წლის 18 სექტემბერს სოჭში გაიმართა პოლიტიკურ პარტიათა სხდომა. ამ სხდომის რეზოლუციაში ნათქვამი იყო, რომ „საქართველო, ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე, ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც დაცულია დემოკრატიზაციის პრინციპები და რადგან სოჭის ოლქს ემუქრება დენიკინის სამხედრო დიქტატურა, საბჭო გამოთქვამს სურვილს, რათა საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ, სპეციალური დეკრეტით გააფორმოს სოჭის ოლქის დროებით მიერთება (გაზეთი „ერთობა“, თბილისი, 1918 წლის 17 სექტემბერი). მსგავსი რეზოლუციები 20 სექტემბერს ქალაქ სოჭის მოსახლეობის საერთო კრებაზე, ხოლო უფრო მოგვიანებით კი, დეკემბერში, სოჭის გლეხობის საოლქო ყრილობაზეც მიიღეს.
საქართველოს ჯარების მიერ სოჭის ოლქის დაკავებამ გამოწვია ურთიერთობის გამწვავება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და მოხალსიეთა არმიის სარდლობას შორის. გენერლები ალექსეევი და დენიკინი მოითხოვდნენ საქართველოსა და ყუბანის ოლქს შორის საზღვრების დაზუსტებას; შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ქართულმა მხარემ თეთრგვარდილებთან მოლაპარაკების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო; თუმცა ამ მოლაპარაკებების დაწყების ინიციატივა, როგორც ჩანს გენერალ მ. ალექსიევისაგან მოდიოდა. 16 აგვისტოს მან გენერალ მაზნიაშვილს წერილი მიწერა, რომელშიც „მოკავშირეობაზე, საქართველოსათვის სურსათით დახმარებაზე, ფართო თანამშრომლობაზე იყო საუბარი ; ამ და სხვა საკითხებზე მოსალაპარაკებლად გენერალი ქ. ეკატერინოდარში იწვევდა საქართველოს დემოკრატიული მთავრობის მიერ უფლებამოსილ პირებს ( Деникин.,/დენიკინი გვ. 398-399).
იმავე წლის 25 სექტემბერს მართლაც შედგა შეხვედრა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას (ე. გეგეჭკორი, გ. მაზნიაშვილი), ყუბანის მთავრობასა ( ბიჩი, ნ. ვორობიოვი) და მოხალისეთა არმიის (მ. ალექსეევი, ა, დენიკინი, ვ. შულგინი) წარმომადგენლებს შორის. რუსული მხარე მოითხოვდა საქართველოს დაეცალა სოჭის ოლქი და გაგრა. მოხალისეთა არმიის წარმომადგენლები აფხაზების „დამცველებად“ გამოდიოდნენ და აცხადებდნენ, რომ თავად აფხაზებს არ სურდათ საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა; სავარაუდოდ აქ ისინი გულისხმობდნენ სეპარატისტთა ლიდერის თავად ალექსანდრე შერვაშიძის დაჯგუფების მომხრეთა სურვილს, აფხაზეთი გამოეყოთ საქართველოსაგან. სხდომაზე განსაკუთრებით აქტიურობდა ყუბანის მთავრობის წამრომადგენელი ნ. ვორობიოვი „-რაც შეეხება საქართველო საზღვრებს - იგი უნდა განისაზღვროს მხოლოდ აფხაზეთამდე, რადგან ცნობები გვაქვს, რომ აფხაზები არაფერს ზოგავენ, ოღონდ ისევ შევიდნენ რუსეთის შემადგენლობაში. მართალია ბოლო ხანებში საქართველოს მთავრობა ცდილობს გააქართულოს ქალაქები, ნიშნავენ იქ კომისრებს და სხვა, მაგრამ ეს სულაც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ეს ოლქები ქართულ ოლქებად ჩავთვალოთ (დოლიძე., გვ. როგორ უნდა დაველაპარაკოთ რუს გენერლებს და პოლკოვნიკებს, ანუ რა მოხდა ქ. ეკატერინოდარში 89 წლის წინ, თვ. 2007 გვ. 8, 31). ქართული დელეგაცია ბუნებრვია აღშფოთდა ამ განცხადებებით, მათ დაუშვებლად მიიჩნიეს აფხაზეთზე და მათ შორის გაგრის ოლქზე საუბრის გაგრძელება; ქართული მხარე მოითხოვდა მოლაპარაკებების გაგრძელებას მხოლოდ სოჭის ოლქთან დაკავშირებით. ე. გეგეჭკორმა განაცხადა: „სოჭი, თანახმად მცხოვრებთა სურვილისა, დროებით უნდა დარჩეს საქართველოს საზღვრებში და დაჟინებით მოვითხოვ ამას“ (დოლიძე გვ. 81, 83).
26 სექტემბერს თათბირი კვლავ განახლდა. სიტყვით გამოვიდა კვლავ ნ. ვორობიოვი, მან განაცხადა, რომ არ არსებობს გაგრის საქართველოსადმი კუთვნილების არც ეთნოგრაფიული და არც ისტორიული საბუთი. „გაგრის იქით არის კიდე აფხაზეთი, რომელსაც ჩასაყლაპად ვერავის მივცემთ..ჩვენ ვერ დავთმობთ რუსეთის მიწა-წყალს, როგორიც არის სოჭი და გაგრის ოლქები“ (Документы по внешней политике Закавказъя и Грузии 1990, გვ. 413). საქართველოს მთავრობის წარმომადგნელების პოზიციებიც ურყევი იყო, ამიტომ გენერალმა ალექსეევმა მოლაპარაკებების გაგრძელება და სხვა საკითხების განხილვა შეუძლებლად მიიჩნია. მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. უკმაყოფილო თეთრგვარდიელებმა ყუბანის მთავრობას კატეგორიულად აუკრძალეს საქართველოსთან ვაჭრობა, ნავთობისა და სურსათის ექსპორტი მანამდე, სანამ ქართული ჯარებისაგან სოჭის ოლქი მთლიანად არ იქნებოდა გაწმენდილი.
ცხადი იყო, რომ მოხალისეთა არმია აპირებდა აფხაზთა სახალხო საბჭოს სეპარატისტულად განწყობილი ნაწილის გამოყენებას საქართველოს წინააღმდეგ. დაიწყო ფარული ბრძოლა. სანამ საქართველოში გერმანიის ჯარი იდგა, მოხალისეთა არმიის სარდლობა ვერ ბედავდა საქართველოს წინააღმდეგ აშკარა საბრძოლო მოქმედებების დაწყებას. მათ აფხაზეთში მიავლინეს წარმომადგენელი ა. დემიანოვი, რომელიც მოგვიანებით, 1919 წლის 13 თებერვალს აფხაზთა სახალხო საბჭოს არჩევნებში, ახალ არჩეული ორგანოს - აფხაზეთის სახალხო საბჭოს დეპუტატი გახდა. მის გარშემო შემოიკრიბნენ ანტიქართული ძალები. მათ შორის აფხაზეთის საქმეთა მინისტრი პოლკოვნიკი რ. ჩქოტუა, რომელმაც მნიშვნელოვნად დაძაბა საქართველოს მთავრობასა და აფხაზთა სახალხო საბჭოს შორის ურთიერთობა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია 1918 წლის 20 სექტემბრის რ. ჩქოტუას განცხადება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისადმი. „....ცალკეული უწყებანი და ზოგიერთი დაწესებულების მოხელენი კვლავაც ისე უყურებენ აფხაზეთს, როგორც საქართველოს პროვინციას და არა როგორც საქართველოს რესპუბლიკაში შემავალ ავტონომიას. ამგვარი არასწორი შეხედულება, ესოდენ კარდინალურ საკითხში, იწვევს არა მხოლოდ გაუგებრობებსა და უთანხმოებებს, არამედ ზიანსაც აყენებს აფხაზეთის მოსახლეობას....აფხაზეთის საქმეთა მინისტრი არის რა თავისი ხალხის წარმომადგენელი საქართველოს მთავრობის წინაშე, ამავდროულად არის როგორც აფხაზეთის სახალხო საბჭოს წარმომადგენელი მის ყველა წამოწყებაში, ასევე თანაბრადვე (აფხაზი) ხალხის ინტერესების დამცველიც, ამიტომ თუკი ანგარიშს არ უწევენ მას, გამოდის, რომ არც აფხაზეთის სახალხო საბჭოს არ უწევენ ანგარიშს, რასაც ვფიქრობ, ხელშეკრულების (იგულისხმება 1918 წლის 11 ივნისის ) დარღვევამდე და შემდგომ უთანხმოებამდე მიგვიყვანს“ (ჩიტაია., გვ. 251-252). ეს დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 1918-1921 წლებში საქართველოს შემადგნლობაში შედიოდა აფხაზეთი, როგორც ავტონომიური ერთეული.
საქართველოში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო დროებით შემოღებულ იქნა სასჯელი უმაღლესი ზომა - დახვრეტა. კანცელარიის დირექტორის, კაჩუხოვის სახელით სოხუმში გააგზავნეს დეპეშა სოხუმის კომისრის სახელზე. მოითხოვდნენ, რომ დროებით, აუცილებლობიდან გამომდინარე შემოღებული ყოფილიყო სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა. აფხაზთა სახალხო საბჭომ მიიღო დადგენილება, გაუქმებულიყო აფახზეთის ტერიტორიაზე სიკვდილით დასჯა და არაკანონიერად მიიჩნიეს გენერალ მაზნიაშვილის მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საველე სასამართლოების შემოღება.
აფხაზთა საქმეთა სამინისტრო და მისი ხელმძღვანელი - ჩქოტუა აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოში არსებულ საელჩოებსა და საკონსულოებთან. მინისტრი ყველანაირად ცდილობდა გერმანიის საელჩოს ჩარევითა და ზეწოლით თავადი ალექსანდრე შარვაშიძე, ოსმალური დესანტის აფხაზეთში გადმოსხმის ერთ-ერთი ინიციატორი, აფხაზეთში დაებრუნებინათ. სამინისტრომ ოფიციალური წერილით მიმართა გერმანიის საიმპერატორო დელეგაციის წარმომადგენელს კავკასიაში ფონ კრესს, რათა ეშუამდგომლა ბატონ ნოე ჟორდანიასთან. (ჩიტაია; ს2, ფ.46). ამას ადასტურებს ფონ კრესის წერილი, სადაც ის მიმართავს აფხაზეთის საქმეთა მინისტრს „...ბატონმა ჟორდანიამ მიპასუხა შემდეგი: თუ აფხაზეთის სახალხო საბჭო შუამდგომლობას აღძრავს საქართველოს მთავრობის წინაშე, თავად ალექსანდრე შერვაშიძის დაბრუნების თაობაზე და თუ იგი ანგარიშს წარუდგენს ეროვნულ საბჭოს თავის მოქმედებაზე, საქართველოს მთავრობა დააკმაყოფილებს აფხაზეთის საბჭოს შუამდგომლობას (ჩიტაია., გვ. 255 - აფხაზეთის ცსა, ფ-ი 39, ს.9, ფ. 43). ეს დოკუმენტიც აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ აფხაზეთზე ვრცელდებოდა საქართველოს დემოკრატიული მთავრობის იურისდიქცია.
შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე მოხალისეთა არმიის სარდლობამ გადაწყვიტა მოეწყო სახელმწიფო გადატრიალება სოხუმში. სწორედ მათი წაქეზებით და დახმარებით სეპარატისტთა მცირე ჯგუფი, 1918 წლის 9 ოქტომბერს, საოლქო კომისრის ივ. მარღანიას ხელმძღვანელობით აფხაზ ცხენოსანთა ასეულმა სხდომის მიმდინარეობისას აფხაზთა სახალხო საბჭოს შენობას ალყა შემოარტყა. აფხაზეთის საქმეთა მინისტრმა გუდაუთიდან გამოიძახა „აფხაზთა ასეული“. მეამბოხეები შენობაში შეიჭრნენ, სადაც მიმდინარეობდა სხდომა და ულტიმატუმის ფორმით მოითხოვა სახალხო საბჭოს თავმჯდომარის ვარლამ შერვაშიძის გადაყენება. აჯანყებულებს (ივ. მარღანია, რ. ჩქოტუა, დ. ალანია, ს. აშხაცავა და სხვები) სურდათ თავმჯდომარის თანამდებობაზე თავიანთი კანდიდატურა - ს. აშხაცავა დაენიშნათ. საბჭოს თავმჯდომარე ვ. შარვაშიძე არ დაემორჩილა მეამბოხეებს და მომხდარის შესახებ აცნობა საქართველოს სამთავრობო ჯარის სარდლობას და დახმარების გაწევა სთხოვა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ნაწილების შტაბის უფროსის პოლკოვნიკ თუხარელის ოპერატიული მოქმედებების შედეგად სახალხო საბჭოს შენობა განთავისუფლებულ იქნა, ხოლო შეთქმულების ხელმძღვანელები დააპატიმრეს და თბილისში, მეტეხის ციხეში მოათავსეს.
სახალხო საბჭომ ოპოზიცია სახელმწიფოს ღალატში დაადანაშაულა. იმავე დღეს, ვ. შარვაშიძემ, დ. ემუხვარმა, ი. გოგელაშვილმა, ი. ფაშალიდმა და პ. გელოვანმა ამბოხების თაობაზე თბილისს აცნობეს. მათ მიერ გაგზავნილ დეპეშაში ნათქვამი იყო, რომ სახალხო საბჭოს პროოსმალურმა ჯგუფებმა, რომლებმაც ახლა ორიენტაცია გენერალ ალექსეევზე აიღეს, სახალხო საბჭოს შენობა ალყაში მოაქციეს და შეძლეს პრეზიდიუმი გადაეყენებინათ. მაგრამ მალე წესრიგის დასამყარებლად მოვიდნენ ქართული სამთავრობო ჯარები. დეპეშაში ასევე ნათქვამი იყო, რომ აუცილებელი იყო აფხაზთა სახალხო საბჭოს დათხოვნა და ახალი დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. აფხაზეთის მართვის საქმე ახალი საბჭოს არჩევნებამდე უნდა გადასცემოდა საქართველოს მთავრობას. ისინი ასევე ითხოვდნენ მეამბოხეების დაპატიმრებას და ისეთი ზომების მიღებას, რომლებიც გამორიცხავდნენ ალექსეევის მომხრეთა ავანტიურას მომავალში (საქართველოს ცსსა, ფონდი 1861, აღ. 2 ს. 37, ფ. 64-69ა; ჩიტაია გვ. 258).
1918 წლის 10 ოქტომბერს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომელმაც დაგმო აფხაზთა სახალხო საბჭოს ნაწილის მოღალატეობრივი ქმედება. მთავრობამ გაითვალსიწინა ის გარემოებაც, რომ აფხაზთა სახალხო საბჭოს წევრები არ იყვნენ არჩეულნი დემოკრატიული წესით და ისინი ვერ გამოხატავდნენ სოხუმის ოლქის მცხოვრებთა უმრავლესობის ინტერესებს. სხდომაზე მიიღეს დადგენილება: „ 1. დაშლილად იქნეს გამოცხადებული აფხაზეთის სახალხო საბჭო მისი ეხლანდელი შემადგენლობით და დანიშნულ იქნეს ახალი არჩევნები საყოველთაო საარჩევნო უფლების საფუძველზე; 2 არჩევნების მოსახდენად დაწესებულ იქნეს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელშიაც შევლენ: ვარლამ შარვაშიძე, ისიდორე რამიშვილი, ვასილ გურჯუა, ექიმი ფაშალიდი და გიორგი შანშიევი და მიეცეს ამ კომისიას უფლება თავმჯდომარის არჩევისა და იმ პირთა კოოპტაციას, რომელთაც იგი დაინახავს სასარგებლოდ; 3. დროებით, სანამ აირჩეოდეს აფხაზეთის ახალი სახალხო საბჭო, სოხუმის ოლქის კომისრად დაინიშნოს ბენია ჩხიკვიშვილი, რომელსაც უნდა დაექვემდებაროს ყოველი ძალაუფელბა სოხუმის ოლქში; მის მოსვლამდე ადგილზე უმაღლესი სამხედრო და სამოქალაქო ძალაუფლება მიენდოს სოხუმის რაზმის შტაბის უფროსს თუხარელს; 4. აფხაზეთის სახალხო საბჭოს დაშლის გამო აფხაზეთის საქმეთა მინისტრის პოლკოვნიკ ჩხოტუას უფლებამოსილებანი გათავებულად ჩაითვალოს და მიენდოს დრობით შინაგან საქმეთა მინისტრს წარმომადგენლობა აფხაზეთის საქმეებისა; 5. აფხაზეთის სახალხო საბჭოს ქონებისა და საქმეების დაცვა, სანამ ისინი ახალ სახალხო საბჭოს გადაეცემოდეს, მიენდოს ხსენებულ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. (პოლიტიკურ-სამართლებირივ აქტების კრებული., გვ. 27).
დადგენილების შესაბამისად აფხაზთა სახალხო საბჭოს არჩევნების ჩასატარებლად შეიქმნა ცენტრალური საარჩევნო კომისია; აფხაზთა საქმეთა მინისტრის რწმუნებანი ძალა დაკარგულად გამოცხადდა; ხოლო მისი ფუნქციები, დროებით, დაეკისრა შინაგან საქმეთა მინისტრს.
აფხაზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რომელსაც ვ. შარვაშიძე ხელმძღვანელობდა ინტენსიური მუშაობა დაიწყო. საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩაებნენ მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. გაგრის, გუდაუთას, გუმისთას, კოდორისა და სამურზაყანოს უბნებიდან საარჩევნო კომისიის შემადგენლობაში ჩაერთო სამ-სამი აფხაზი. 1918 წლის ნოემბრის ბოლოსათვის საარჩევნო დებულების პროექტი წარედგინა საქართველოს მთავრობას. პროექტი მოწონებულ იქნა და დასამტკიცებლად გადაეცა საქართველოს პარლამენტს. არჩევნების დებულების პროექტი შედგენილი იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნების შესახებ კანონის საფუძველზე, მაგრამ მასში შეტანილ იქნა მნიშვნელოვანი ცვლილებები. არჩევნებში მონაწილეობის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ენიჭებოდათ 1914 წლის 19 ივლისამდე (პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე) აფხაზეთში დამკვიდრებულ ნებისმიერ მოქალაქეს. აღსანიშნავია, რომ ასეთი გადაწყვეტილება აფხაზთა სახალხო საბჭომ ჯერ კიდევ 1918 წლის 2 ოქტომბერს მიიღო. აფხაზეთის სახალხო საბჭოში არჩევნების უფლება მიენიჭათ იმ მოქალაქეებსაც, რომლებმაც აფხაზეთში ბინადრობის უფლება მოიპოვეს 1914 წლის 19 ივლისის შემდეგაც და ასევე აფხაზეთში არამოსახლე საქართველოს ქვეშევრდომებს. ქართველ პოლიტიკოსთა ნაწილი, განსაკუთრებით ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ აფხაზეთის არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეეძლო აქ მცხოვრები ყველა ერის წარმომადგენელს, რადგანაც მათი აზრით „ამ დებულების თანახმად, უცხოეთის ქვეშევრდომთ უფლება ეძლევათ აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ხელის ფათურისა. ეს საფრთხეს შეუქმნის ნორჩ რესპუბლიკას. აფხაზეთში დღეს ბინადრობს 20 000 რუსი და 30 000 სომეხი. ისინი უცხო სახელმწიფოთა ქვეშევრდომნი არიან, მათი მისწრაფება ანტიქართულია“ (გაზეთი საქართველო, 1918, 17 დეკემბერი).
ი. რამიშვილი საქართველოს მთავრობას და პარლამენტს მოუწოდებდა დაეჩქარებინათ საარჩევნო დებულების დამტკიცება. 1918 წლის 18 დეკემბერს იგი წერდა: „სამხედრო მოქმედებას მუდამ თან სდევს მშვიდობიანი ხალხის ამა თუ იმ სახით შევიწროვება, ამიტომაც აფხაზეთში ამჟამად ჩუმი უკმაყოფილება გაისმის. საჭიროა ფართო დადებითი მოღვაწეობა, რასაც ჩვენ მხოლოდ ახლა უნდა შევუდგეთ, სანამ გვიანი არ არის. ეს მით უფრო აუცილებელია, რომ ამჟამად სახალხო საბჭო აღარ მოქმედებს, ხოლო ეს იწვევს მრავალ გაუგებრობას და ხიფათს უმზადებს ჩვენს გავლენას აფხაზეთში...რის საფუძველზე უნდა აიგოს საარჩევნო კანონი. აფხაზეთის სახალო საბჭომ უნდა გადაჭრას ჩვენთან დამოკიდებულების ფორმა. საარჩევნო უფლებებით მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა აღჭურვა, როგორც ფორმალურად მიუღებელია, აგეთვე პოლიტიკურადაც არამიზანშეწონილად უნდა ჩაითვალოს. კითხვის ასე დასმა პოხიერ ნიადაგს მოუპოვებს იმ ჯგუფს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ გამოდის და რუსეთისაკენ იცქირება, ვინაიდან ამას საქართველოს მიერ აფხაზეთის დამონების სურვილით ახსნიან. ასეთ მტკიცებას მიეცემა იურიდიული საფუძველიც, თანახმად ჩვენი აფხაზეთის ხელშეკრულებისა, სახალხო საბჭომ თვით უნდა გადაჭრას საქართველოსთან ურთიერთობის ფორმა. ჩვენ ამ ხელშეკრულებაზე ვდგევართ და მის უარყოფას შეუძლებლად ვრაცხთ...
ცხადია, საარჩევნო უფლება უნდა მიენიჭოს აფხაზეთის ყველა მოქალაქეს, რომელიც ომამდე იქ დასახლდა და მუდმივი ბინადრობა აქვს მიუხედავად ქვეშევრდომობისა... ასეთი საარჩევნო კანონის შემოღებით ჩვენ საშუალება მოგვეცემა თავის გარშემო აფხაზეთის ერთა ერთგული ნაწილი შემოვიკრიბოთ და მით რესპუბლიკას ეს მხარე მჭიდროდ დავუკავშიროთ. სხვა აფხაზეთ-საქართველოს ურთიერთობის გამწვავების ხელშემწყობი იქნება“ (საქართველოს ცსსა, ფონდი 1836, აღ. 1, ს. 159, ფ.2-2ა.) სრულიად ნათელია რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა აფხაზეთთან ურთიერთობის მოწესრიგების საკითხში ძალიან ფრთხილად და წინდახედულად მოქმედებდა.
საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საარჩევნო პროექტს მხარს უჭერდა ბ. ჩხიკვიშვილი, რომელიც საქართველოს მთავრობამ 1918 წლის 10 ოქტომბერს ახალი სახალხო საბჭოს არჩევნებამდე, სოხუმის ოლქის კომისრად დანიშნა. 1919 წლის იანვარში, არჩევნების წინ, სოციალურ-დემოკრატიული პარტიის აფხაზეთის საოლქო ყრილობამ მიიღო დეკლარაცია. დეკლარაციაში ნათქვამი იყო, რომ „რუსეთი მოიცვა ბოლშევიკურმა ანარქიამ, დაიღუპა დამფუძნებელი კრებისა და ერთა თვითგამორკვევის იდეა, რუსეთის დემოკრატიის ყველა მონაპოვარი ხალხის ნების შესაბამისად, შემოვიდა ქართული დემოკრატია აფხაზეტში და გაათავისუფლა ეს მხარე ბოლშევიკური მოძალადეებისაგან. 1919 წლის თებერვალში მოხდება სახალხო საბჭოს არჩევნები. ახლად არჩეულმა ორგანომ უნდა გადაწყვიტოს აფხაზეთის მომავალი. აფხაზეთი, ავტონომიური თავის საშინაო საქმეებში, სახელმწიფოებრივად დაკავშირებულია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან. აი, ჩვენი ლოზუნგი - ჩვენი მიზანია აფხაზეთის ორგანიზებული დემოკრატია ქართული დემოკრატიის მხარდამხარ, მსოფლიოს მთელ ორგანიზებულ მუშათა კლასთან ერთად დემოკრატიზმის გზით მიმავალი სოციალიზმისათვის მებრძოლი“ („ნაშე სლოვო, 1919, 22 იანვარი).
1918 წლის 27 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა თითქმის უცვლელად დაამტკიცა აფხაზეთის სახალხო საბჭოს არჩევნების დებულება. (პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტების კრებული, გვ. 32-33). ამ დებულების საფუძველზე 1919 წლის 13 თებერვალს აფხაზეთში ჩატარდა მის ისტორიაში პირველი დემოკრატიული არჩევნები. ახლად არჩეული აფხაზეთის სახალხო საბჭო იყო მრავალპარტიული და მრავალეროვნული. აფხაზეთის სახალხო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა 40 წევრის შემადგენლობით. სახალხო საბჭოში წარმოდგენილი იყო 7 ფრაქცია. არჩეულ იქნა სოციალ-დემოკრატიული პარტიის 27 წარმომადგენელი: ნ. ავდალბეკიანი, ნ.კ. აქირთავა, დ.ბ. ბაზბა, კ.ს. ბარციცი, ლ.დ. გვალია, ვ.გ. ღურჭუა, დ.კ. ემუხვარი, დ.ვ. ზახაროვი, გ.მ. ზუხბაი, მ.ი. თარნავა, ტ.ყ. კვარაცხელია, მ. კობახია, გ.ვ. კოროლიოვი, ა.გ. მარტინი, ა.ი. ნოდია, ი.ი. რამიშვილი, მ.ს. უბირია, ი.ნ. ფაშალიდი, დ. შარვაშიძე, ა. ქირია, ა. წვიშბა, პ.ი. ჩაჩა, ა. ჩუკბარი, მა. წულუკიძე, დ.ხ. ცკუა, ლ.მ. ტუმარკინი, მ.ნ. ცაავა. სოციალ-ფედერაციული პარტიიდან სახალხო საბჭოში შედიოდა ერთი წევრი პ.ი. გელოვანი; ესერთა პარტიიდან სამი: ვ.ტ. ანჩაბაძე, მ.ი. ბერულავა, მ.დ. გრიგოლია. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიიდან ერთი წევრი - ნ. ტავდგირიძე. დამოუკიდებელ სოციალსიტებს ოთხი - დ.ი. ალანია, ი. მარღანია, მ. ცაგურია, ს.ი. ჭანბა. დამოუკიდებელი სოციალისტებიდან გამოყოფილ უკიდურეს მემარჯვენე ჯგუფს აფხაზეთის სახალხო საბჭოში წარმოადგენდა სამი წევრი: ა.ა. დემიანოვი, რ.ი. კაკუბა, რ.ნ. ჩქოტუა. კოლონისტებს წარმოადგენდა მხოლოდ ერთი წევრი - ქეცბა.
აფხაზეთის სახალხო საბჭოში ხშირად ხდებოდა ცვლილებები. თავდაპირველად საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა დ. ემუხვარი, პირველ მდივნად - გ. კოროლიოვი. სხვადასხვა დროს საბჭოს წევრები იყვენენ ვ.ა. ჯუღელი, აფხაზეთის სახალხო საბჭოს პასუხისმგებელი მდივანი იყო აფხაზი მწერალი დიმიტრი გულია. მოგვიანებით საბჭოში შეიყვანეს და თავმჯდომარედ აირჩიეს ვ. შარვაშიძე. 1919 წლის ნოემბერში სოციალ-დემოკრატებს გამოეყო ჯგუფი, რომელმაც შექმნა სოციალ-დემოკრატ-ინტერნაციონალისტთა ფრაქცია სამი წევრის შემადგენლობით: კ. ბარციცი, დ. ძკუა, მ. თარნავა.
აფხაზეთის საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა 1919 წლის 18 მარტს. სხდომა ი. რამიშვილმა გახსნა :“ ....გაუმარჯოს თავისუფალ აფხაზეთს! გაუმარჯოს აფხაზეთსა და საქართველოში მცხოვრები ყველა ხალხის ძმობას, ერთობას, სიყვარულს! გაუმარჯოს რესპუბლიკის ლაშქარს, რომელიც მკერდით იცავს აფხაზეთის ტერიტორიას!“ ( საქართველოს ცსია, ფ. 1836, აღ. 1. 159, ფ. 2-2 ა).
ფაქტობრივად, ამჯერადაც აფხაზეთის სახალხო საბჭოში გამოყოფილი იყო ორი ძირითადი მიმდინარეობა - პროქართული და პრორუსული (იმის მიუხედავად რუსეთი გახდებოდა ბოლშევიკური თუ დენიკინური). დეპუტატთა უმრავლესობა ვარლამ შარვაშიძის და დიმიტრი ემუხვარის მეთაურობით აქტიურად ატარებდნენ აფხაზეთის დანარჩენ საქართველოსთან შემდგომი ინტეგრაციის კურსს, საშინაო საკითხებში სრული ავტონომიის შენარჩუნებით. დეპუტატთა ნაწილი კი, რომლის სათავეში იყვნენ: მ. ტარნავა, დ. ალანიამ ს. ჭანბა, მ. ცაგურია, რ. ჩქოტუა, ი. მარღანია - მკვეთრად ანტიქართული პოზიციის გამტარებელი იყვნენ. ვინაიდან დეპუტატები არჩეულ იყვნენ ეროვნების პროცენტული რაოდენობის შესაბამისად, უმრავლესობას ქართველები შეადგენდნენ, მეორე ადგილზე იყვნენ აფხაზები, 5 დელეგატი იყო რუსი, 2- ბერძენი და 1 - სომეხი.
1919 წლის თებერვალში, აფხაზეთში სახალხო საბჭოს არჩევნების პარალელურად ჩატარდა საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებიც. აფხაზეთიდან საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრებად არჩეულ იყვნენ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები: ვ. შარვაშიძე, დ. ემუხვარი, ვ. ღურჯუა, დ. ზახაროვი და ი. ფაშალიდი.
1919 წლის 12 მარტს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ დაამტკიცა 1918 წლის 26 მაისის საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომელსაც ხელს აფხაზეთის წარმომადგენლებიც აწერდნენ. ამ საკითხთან დაკავშირებით სტ. ლაკობა თავის ნაშრომში წერს და ამტკიცებს რომ აფხაზეთში საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები არ ჩატარებულა, რომ მას აფხაზეთის მოსახლეობამ ბოიკოტი გამოუცხადა. (Блажба, Лакоба გვ. 34-36). დოკუმენტური მასალით კი სრულიად აშკარაა, რომ აფხაზეთში საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები ჩატარდა; არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მოხდა აფხაზეთის სახალხო საბჭოს კრებაზე კენჭისყრა; „განიხილა რა საქართველოს დამფუძნებელ კრებაზე დამატებითი არჩევნების საკითხი, აფხაზეთის სახალხო საბჭოს აუცილებლად მიაჩნია, აფხაზეთში რაც შეიძლება მალე განხორციელდეს არჩევნები, ხოლო რაც შეეხება განხორციელების ტექნიკას, აფხაზეთის სახალხო საბჭოს პრეზიდიუმს უნდა შევთავაზოთ ჯარი დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმთან შეთანხმებით“ (აფხაზეთის ცს.ა ფ-ი 39, აღწ. 1, ს. 11, ფ. 76). ამ პროექტს 17-მა წევრმა მისცა ხმა, 7 წინააღმდეგი იყო.
1919 წლის 20 მარტს, აფხაზეთის სახალხო საბჭომ მიიღო „აქტი აფხაზეთის ავტონომიის შესახებ“. აქტში ვკითხულობთ: „აფხაზეთის პირველმა სახალხო საბჭომ, არჩეულმა საყოველთაო პირდაპირი, თანასწორი და ფარული საარჩევნო სამართლის საფუძველზე, თავის, 1919 წლის 20 მარტს სხდომაზე აფხაზეთისსახლების სახელით დააგდინა: 1. აფხაზეთი შედის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში, როგორც მისი ავტონომიური ერთეული, რის შესახებაც ეცნობოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და მის დამფუძნებელ კრებას. 2. ავტონომიური აფხაზეთის კონსტიტუციის შესადგენად და ცენტრალურ და ავტონომიური ხელისუფლებებს შორის ურთიერთობების განსაზღვრისათვის საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და აფხაზეთის სახალხო საბჭოსაგან აირჩევა შერეული კომისია წევრების თანაბარი რაოდენობით და საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და აფხაზეთის სახალხო საბჭოს მიერ შემუშავებული დებულებების მიღების შემდეგ შეტანილ უნდა იქნეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაში (პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტების კრებული; გვ. 36).
აქტის პირველი მუხლის კენჭისყრა ჩატარდა ფარულად. დამსწრე 34 დეპუტატიდან -27-მა მისცა ხმა, სამმა თავი შეიკავა, ხოლო ოთხმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. აქტის მეორე პუნქტი ერთხმად იქნა მიღებული. რეალურად ამ დოკუმენტით აფხაზეთი გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ავტონომიურ ერთეულად.
აფხაზეთის სახალხო საბჭოს იმავე სხდომაზე, დეპუტატთა უმრავლესობამ მოითხოვა დენიკინის ჯარებს დაეცალათ გაგრის ოლქი; აფხაზეთის სახალხო საბჭო, 1919 წლის 8-10 აპრილს, განიხილავდა მართვის ორგანოების ფორმირების საკითხს. გადაწყდა, შექნილიყო აფხაზეთის მართვის ორგანო, რომელიც კონსტიტუციის შემუშავებამდე იხელმძღვანელებდა სახალხო საბჭოს ინსტრუქციებით. მართვის კოლექტიური ორგანო - კომისარიატი სამი წევრისაგან შედგებოდა: შინაგან საქმეთა კომისარი, იუსტიციის, განათლებისა და ჯანდაცვის კომისარი, სახალხო მეურნეობის კომისარი. სახალხო საბჭო ირჩევდა მხოლოდ ერთ კომისარს (პასუხისმგებელს საბჭოს წინაშე), რომელსაც ევალებოდა სხვა კომისრების შერჩევა და კოლეგიის შედგენა. კოლეგიას ამტკიცებდა სახალხო საბჭო. 1919 წლის 13 მაისს, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება აღმასრულებელ ორგანოს - კომისარიატის (მთავრობა) შექმნის შესახებ, თავმჯდომარედ დამტკიცებულ იქნა დიმიტრი / არზაყან ემუხვარი. აფხაზთა სახალხო საბჭოს ეწოდა აფხაზეთის სახალო საბჭო, სოხუმის ოლქს - აფხაზეთი, უბნებს - მაზრები. ( ჯ. გამახარია., ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ისტორიიდან., გვ. 82).
როგორც უკვე აღვნიშნეთ აფხაზეთის სახალხო საბჭოში შედიოდნენ სეპარატისტული ძალებიც, რომელებიც მხარს რუსეთს უჭერდნენ.
1918 წლის ბოლოს გერმანიის ადგილი სამხრეთ კავკასიაში დაიკავა ინგლისმა. მოხალისეთა არმია მაშინვე შეეცადა ეს სიტუაცია თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა და აქტიურად ჩარეულიყო აფხაზეთის საშინაო საქმეებში. აღსანიშნავია, რომ დენიკინს, ანტანტა, საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდ დახმარებას უწევდა. შესაბამისად მოხალისეთა არმიის გენერალი ფიქრობდა, რომ ინგლისი მას დაუჭერდა მხარს სოჭის ოლქის ხელში ჩასაგდებად. თეთრგვარდიელებმა ჯარების თავმოყრა სადგურ ლაზარევსკაიას და ლოოს შორის, ქართული სამხედრო ძალების პოზიციებთან დაიწყეს. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მიმართა ინგლისის ხელისუფლებას, რომ სოჭის ოლქის სადავო ტერიტორია დროებით საქართველოს დაეკავებინა. 1918 წლის დეკემბერში ინგლისელებისაგან დაიმედებულმა საქართველომ, რომ სოჭის ოლქი ნეიტრალურ ზონად გამოცხადდებოდა, დაიწყო იქიდან ჯარების გაყვანა. შავიზღვისპირეთის ფრონტის სარდალი, გენერალი კონიაშვილი ამასთან დაკავშირებით 16 დეკემბერს აცხადებდა: „სოჭის ოლქი ინგლისელებთან შეთანხმებით ნეიტრალურადაა აღიარებული. ამ შემთხვევის ძალით, ნებისმიერი არმიის ან სახელმწიფოს შეიარაღებული ჯარის ოლქის ტერიტორიაზე შესვლა არ მოხდეს..ოლქში რჩება ქართული მართვა-გამგეობა“. (დენიკინი., გვ. 282). შესაბამისი მითითებები ინგლისის მხრიდან მიიღო დენიკინმაც. მაშინ მოხალისეთა არმიის მეთაურმა გადაწყვიტა პროვოკაცია მოეწყო. სოჭის ოლქში მოაწყვეს ქართველთა მიერ ვითომ შევიწროვებული სომხების აჯანყება, მოამზადეს ამ სომეხთა წერილობითი „თხოვა“, ისინი მოითხოვდნენ რომ „მოხალისეთა არმიას“ „დაეცვა“ სოხუმის ოლქის, კერძოდ კი სოფ. გუდაუთის სომხური ეროვნების მოსახლეობა ქართული ჯარისაგან. (დენიკინი., გვ. 290). ეს სიცრუე იყო, რადგან აფხაზეთის სომხური მოსახლეობის ნაწილი მხარს უჭერდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. სწორედ ამ საბაბით, 1919 წლის 24 იანვარს დენიკინმა სოჭი დაიკავა, ხოლო მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში დაიკავა ტერიტორია მდინარე ბზიფამდე. ქართულ ისტორიოგრაფიაში ვხვდებით ცნობებს, სადაც აღნიშნულია რომ მოხალისეთა არმიას სოჭის აღებაში დიდი დახმარება გაუწია ადგილობრივმა სომხურმა მოსახლეობამ, რომლებიც ბორჩალოს მაზრაში დამარცხების გამო ანტიქართულად იყვენენ განწყობილნი (საქართველო-რუსეთის ურთიერთობა XVIII-XXI საუკუნეებში, დ. ჭუმბურიძე, ლ. სარალიძე) გვ. 216); უნდა აღვნიშნოთ, რომ აფხაზეთში მცხოვრები სომხური (ბერძნულიც და ესტონურიც) მოსახლეობის ნაწილი მხარს უჭერდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. ამას ადასტურებს რამდენიმე დოკუმენტი. მაგალითად, 1919 წლის დასაწყისში ქართული სამხედრო ნაწილების მოქმედებით უკმაყოფილო სომხური ათარის წარმოამდგენლები სოხუმის ოლქის კომისარს ბ. ჩხიკვიშვილს წერდნენ: „ჩვენ ყოველთვის მეგობრულად ვიყავით მოძმე ერის დემოკრატიულ რესპუბლიკასთან. ოლქში ბოლშევიკური ანარქიის დროს ჩვენ ვმუშაობდით და ვიბრძოდით გმირულ სახალხო გვარდიასთან ერთად. თურქული დესანტის დღეებშიც ჩვენ ყველანაირად ვეხმარებოდით ჩვენს რაიონში მოქმედ სამხედრო ნაწილებს. საქართველოსთან სომხეთის ომშიც დამავტკიცეთ, რომ კეთილგანწყობილნი ვართ დემოკრატიული მთავრობის მიმართ. ჩვენ ღრმად გვწამს, ვენდობით, მომავალშიც ვიწამებთ და მივენდობით საქართველოს დემოკრატიულ მთავრობას და ოლქში მის წარმომადგენლებს, რომლებთანაც მუდამ სოლიდარულები იყვნენ ჩვენი არჩევითი წარმომადგენლები საოლქო სომხურ ეროვნულ საბჭოში ( ჯ. გამახარია, აფხაზეთი: ისტორიისა და პოლიტიკის საკითხები, გვ. 116). 1919 წლის მარტში, აფხაზეთში სომხური ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე და სახალხო საბჭოს წევრი ხ. ავდალბეკიანიც იგივეს წერდა ნოე ჟორდანიას: „საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველი დღეებიდანვე სოხუმის ოლქის სომხური მოსახლეობა მხურვალე სიმპატიებით იყო გამსჭვალული ახალგაზრდა დემოკრატიული სახელმწიფოსადმი. თავისი დამოკიდებულება ფაქტობრივად მან დააფიქსირა აფხაზეთის სახალხო საბჭოს არჩევნებში მასობრივი მონაწილეობით, ერთნაირად მისცა რა ხმა სოციალურ-დემოკრატიულ პარტიას ( გამახარია, გოგია, გვ. 91).
1919 წლის 8 თებერვალს, ნოე ჟორდანიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა: „...გაგრის ოლქი არის საქართველოს ჭიშკარი და გაგრის ჭიშკარი ჩვენ მიგვაჩნია სტრატეგიულ საზღვრად. გვეუბნებიან (იგულისხმება მოხალისება არმია თ.ლ.) - ბზიფის წყალია თქვენი საზღვარიო, მაგრამ ეს ასე არაა. საუკუნეთა განმავლობაში საქართველოს საზღვარი გაგრის ჭიშკარი იყო და ჩვენ მას ვერ დავთმობთ“ (გაზეთი „სახალხო საქმე“, 1919, 20 თებერვალი).
9 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ თბილისში აკრედიტირებულ სახელმწიფოთა დიპლომატიურ წარმომადგენლებს ოფიციალური ნოტით მიმართა, სადაც თხოვდა მათ თეთრგვარდიულ მოხალისეთა შემაძრწუნებელი მოქმედებები აღეკვეთათ.
ამასობაში დენიკინის არმიამ დაიკავა ადლერი, ვესიოლოე, პილენკოვო, გაგრა და შეჩერდა მდინარე ბზიფთან. ანუ დროებით, მაგრამ მაინც აღადგინეს 1904 წლის საზღვარი. დაპყრობილ ტერიტორიაზე დენიკინის არმიამ საშინელი ტერორი გააჩაღა. განსაკუთრებით დევნიდნენ ქართველებს. ამ ფაქტების შესახებ, სოჭის ქართული ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, მიხეილ ხოფერიამ, გაგრაში ინგლისის წარმომადგენლებს ზომების მიღების მოთხოვნით სპეციალური კომისიის აქტებიც კი გადასცა, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა (საქართველო-რუსეთის ურთიერთობა., გვ. 216). ა. დენიკინი მისი ჯარების სრულ განადგურებამდე და რუსეთიდან გაქცევამდე ცდილობდა გაგრიდან ქართველთა განდევნას, მთელი აფხაზეთის ხელში ჩაგდებას.
მოხალისეთა არმიამ მემორანდუმი გაუგზავნა ინგლისის მთავრობას. მემორანდუმში ნათქვამი იყო, რომ „აფხაზეთის მოსახლეობა, მეტისმეტად მტრულად არის განწყობილი ქართველებისადმი და მიილტვის რუსეთისაკენ, ნიადაგ მიმართავს მოხალისეთა არმიას თხოვნით დახმარების შესახებ ქართველების გაძევებისა და სოხუმის ოლქის რუსეთთან შეერთების შესახებ. აფხაზი ხალხის ოფიციალური წარმომადგენლებისაგან მსგავსი განცხადების მიღების გამო, მთავარსარდალმა მიმართა გენერლებს მილკესა და ფორესტიე უიკკერს დეპეშით, რომელშიც აფხაზეთის დაწყნარების მიზნით სთავაზობდა შემდეგ ზომებს: 1. ქართული ჯარისა და ადმინისტრაციის დაუყოვნებლივ განდევნა ოლქიდან; 2. ოლქის გამოცხადება ნეიტრალურად, მასში წესრიგის დაცვის დაკისრება ხალხის მიერ თავისუფლად არჩეულ ხელისუფალთათვის. 3. ქართველთა გაყვანა მდინარე ენგურს გაღმა“. (ჩიტაია, გვ. 290).
1919 წლის 15 აპრილს, აფხაზეთის სახალხო საბჭოს სხდომაზე რიგგარაშე განცხადებით გამოვიდა ი. რამიშვილი. განცხადება ზემოთ მოყვანილ მემორანდუმს ეხებოდა. მემარჯვენე ფრაქციის გარდა, აფხაზეთის სახალხო საბჭოს ყველა დეპუტატმა გამოთქვა უარყოფითი დამოკიდებულება დენიკინის არმიის მიმართ. მათი აზრით „მოხალისეთა არმიას“ მოჰქონდა დამონება და ცარიზმი. აფხაზეთის სახალო საბჭო საქვეყნოდ აცხადებს:
„1. აფხაზეთის ერთადერთი უფლებამოსილი, სრულუფლებიანი წარმოამდგენელია აფხაზთა სახალხო საბჭო, რომელიც არჩეულია ყველაზე დემოკრატიულ საწყისებზე;
2. ამ საბჭოს მეშვეობით აფხაზეთმა დაამყარა გარკვეული და მყარი კავშირი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან, შევიდა რა მასში როგორც ავტონომიური ნაწილი და ამით სავსებით განსაზღვრა საქართველოსთან საერთო სახელმწიფო საზღვრები;
3. მემორანდუმში ხსენებული აფხაზი ხალხის ყოველგვარი „ოფიციალური წარმომადგენლები“ სხვა არა არიან, თუ არა თვითმარქვიები, აფხაზეთისა და საქართველოს დემოკრატიის მტრები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კონტრრევოლუციისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნით, ძველი წესრიგის რესტავრაციითა და დემოკრატიული წყობის მოსპობით;
4. აფხაზეთის დემოკრატია საქართველოს დემოკრატიასთან კავშირში შეძლებს, ალაგმოს აფხაზი ხალხის დაუპატიჟებელი „წარმომადგენლები“, გაიმარჯვოს კონტრრევოლუციასა და მის აგენტებზე და აზეიმებინოს რევოლუციის დიად ლოზუნგს;
5. აფხაზეთის სახალხო საბჭოს სურს, იცოდეს, ვინ არიან ეს „ოფიციალური წარმომადგენლები“, რომლებიც აფხაზი ხალხის სახელით მიმართავენ მოხალისეთა არმიას. სახალხო საბჭო გმობს იმ თვითმარქვია წარმომადგენლებს, როგორც ხალხის მტრებს და მემორანდუმის მტკიცება მიაჩნია სინამდვილისადმი შეუსაბამოდ;
6. ეს რეზოლუცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მეშვეობით ეცნობოს მოკავშირე სახელმწიფოებს“ (გაზეთი „ერთობა“, 1919, 18 აპრილი).
როგორც ვნახეთ „მოხალისეთა არმიის“ მემორანდუმი დაგმო აფხაზეთის სახალხო საბჭოს უმრავლესობამ. მათ შორის ანტიქართული განწყობილებით ცნობილმა სოციალუსტურმა ფრაქციამაც კი.
შექმნილ მძიმე სიტუაციაში, საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ, 1919 წლის 16 აპრილს გასცა ბრძანება ქართულ რეგულარულ არმიას და გვარდიის ნაწილებს გადაელახათ მდინარე ბზიფი. დღის 2 საათზე ქართულმა საჯარისო შენაერთებმა მოახერხეს მოხალისეების განდევნა ოტრადნოედან, კოლხიდადან და მოახერხეს გაგრის დაკავებაც. 18 აპრილს გადალახეს მდინარე მეხადირი. დამფუძნებელ კრებაზე ევგენი გეგეჭკორი სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ინგლისელთა დაპირებიდან უკვე ორი თვე იყო გასული, მაგრამ სოჭის საკითხი კვლავ ღიად რჩებოდა. საქართველოს მთავრობა სოჭის ოლქის ბედს პარიზის კონფერენციაზე გადასაწყვეტ საკითხად მიიჩნევდა. მანამდე კი ქართულ შენაერთებს ის პოზიციები უნდა დაეკავებინათ, რომელსაც საქართველოს მთავრობა საჭიროდ ჩათვლიდა. ამასობაში ინგლისმა საქართველოს გამოუგზავნა ნოტა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ინგლისი მზად იყო გაევლო სადემარკაციო ხაზი მდინარე ბზიფთან, მაგრამ ამისათვის ქართულ შენაერთს უკან უნდა დაეხია; და თუ საქართველოს მთავრობა ამას არ შეასრულებდა, მომავალში ისინი დენიკინის არმიის შეჩერებს ვეღარ შეძლებდნენ. ინგლისელი გენერალი ბიჩი ნოე ჟორდანიას არწმუნებდა, რომ გაგრის რაიონის უპირობო დატოვებით, საქართველო ეკონომიკურად და პოლიტიკურად მოიგებდა. აშკარა იყო ინგლისის ტენდენციურობა და კეთილგანწყობა დენიკინისადმი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა იძულებული გახდა დათანხმებოდა ინგლისელთა მოთხოვნას, მაგრამ მოითოხვა მტკიცე გარანტიები, რომ მოხალისეები არ გადმოლახავდნენ მდინარე მეხადირს, ხოლო ბზიფიდან მეხადირამდე შექმნილ ნეიტრალურ ზონას ინგლისელები დაიკავებდნენ. მაგრამ დენიკინის პრეტენზიები აფხაზეთის ტერიტორიაზე შემდეგშიც გაგრძელდა.
1919 წლის 23 მაისს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა, ე. გეგეჭკორმა და ი. რამიშვილმა თათბირი გამართეს დენიკინის წარმოამდგენელ, ინგლისელ გენერალ ბრიგსთან. ქართული მხარე მოითხოვდა საზღვრის დაწესებას მდინარე მეხადირთან; ხოლო ინგლისელი გენერალი კი შემდეგ პირობებს აყენებდა: ქართულ ჯარს უკან უნდა დაეხია მდინარე ბზიფის აქეთ. მისი აზრით სოხუმის ოლქი დროებით უნდა დარჩენილიყო საქართველოს მთავრობის მმართველობის ქვეშ იმ პირობით, თუ უზრუნველყოფილი იქნებოდა რუსეთის ქონების უსაფრთხოება როგორც სოხუმის ოლქში, ისე საერთოდ საქართველოში. თათბირზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და შესაბამისად ამ შეხვედრას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. (Ментешашвили А. /მენთეშაშვილი გვ. 28-34).
ა. დენიკინის მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ სახიფათო ხდებოდა; ამას ემატებოდა თეთრგვარდიელთა აგენტურა სეპარატისტების სახით. მაგალითად ა.გ. შარვაშიძე დენიკინს სთხოვდა, რომ უფრო მეტი ყურადღება მიექცია აფხაზეთისათვის (Дзидзария, Очерки истории Абхазии (1910-1921)/ძიძარია., გვ. 251). 1919 წელს „მოხალისეთა არმიამ“ მთიელთა რესპუბლიკა გაანადგურა. უნდ აღინიშნოს, რომ საქართველოს საკმაოდ კაკრგი ურთიერთობა ჰქონდა ჩრდოლოეთ კავკასიელთა რესპუბლიკასთან. ნ. ჟორდანია წერდა: „ განსაკუთრებით ყურადღებას ვაქცევდი მთიელთა რესპუბლიკას, არ იყო არცერთი შემთხევა, მათ თხოვნაზე დახმარების შესახებ უარი გვეთქვას. თებერვალში გვთხოვეს სამხედრო იარაღი, მთავრობამ დაადგინა მიეცეს მათ ყოველივე, რაც სჭირიათ სამხედრო საწყობიდან. არავისათვის ასეთი დახმარება არ გაგვიწევია. ჩვენ თვითონ გვიჭირდა, სოფელ-სოფელ პატრონებს ვაგროვებდით, თითოში ორ მანეთს ვაძლევდით, ისე გვაკლდა სამხედრო მასალა, ამავე დროს მთიელთ ასე გულუხვად ვეხმარებოდით. რატომ? ცხადია რატომ, ამას ითხოვდა ჩვენი ჩრდილო საზღვრების უზრუნველყოფა; ძლიერი დამოუკიდებელი მთა იყო ჩვენი სიმაგრე, მოსკოვის წინააღმდეგ ამართული. მის არსებობაში ვიყავით ყელამდე დაინტერესებული და ეს გვიკარნახებდა ჩვენს დამოკიდებულებას მასთან (ნოე ჟორდანია, ჩემი წარსული, გვ. 110-111).
1919 წლის 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მთელმა საქართველომ დიდი ზეიმით აღნიშნა, მათ შორის აფხაზეთმაც. სახალხო საბჭომ მისასალმებელი წერილი გაუგზავნა საქართველოს მთავრობას, წერილში ვკითხულობთ: „ აფხაზეთის სახალხო საბჭო აფხაზი ხალხის სახელით სალამს უძღვნის საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას. მთელი წლის განმავლობაში მთავრობას მიჰყავდა ხალხი დემოკრატიული წყობილების გამტკიცების გზაზე, იცავდა მას შინაური ანარქიისა და კონტრრევოლუციონერთა საფრთხისაგან. აფხაზეთის სახალხო საბჭოს ღრმად სწამს, რომ დემოკრატია საქართველოს და აფხაზეთის მტკიცე კავშირში ყოფნით შეძლებს დაცვას რევოლუციის მონაპოვართა და მიაღწევს ძმურ გაერთიანებას სხვა ხალხის დემოკრატიასთან. გაუმარჯოს საქართველოს და აფხაზეთის დემოკრატიის ერთობას და ხალხთა შორის ძმობას (გაზეთი „ერთბა, 1919, 29 მაისი).
„მოხალისეთა არმიის“ აგრესიული მოქმედებებისადმი მსოფლიოს ყურადღების მიპყრობის მიზნით, 1919 წლის 14 ივნისს პარიზის საერთაშორისო კონფერენციაზე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციამ, ნ. ჩხეიძის მეთაურობით მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და იაპონიის დელეგატებს წერილით, რომელშიც საუბარი იყო დენიკინის გეგმებზე - წაერთმია საქართველოსათვის მნიშვნელოვანი ტერიტორია, რომელიც შეადგენდა „აფხაზეთის ნაწილს, რომლის საქართველოსთან შეერთება სანქცირებული იყო მისი ხალხის კენჭისყრით, და რომლის მმართველობას საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებში უზრუნველყოფდა საყოველთაო კენჭისყრით არჩეული აფხაზეთის სახალხო საბჭო (მენთეშაშვილი., გვ.46).
1919 წლის ივნისის დასაწყისში ესტონეთის, ლიტვის, ლატვიის, ჩრდილოეთ კავკასიის, საქართველოს, აზერბაიჯანის, პოლონეთის წარმომადგენლებმა მიმართეს დიდი სახელმწიფოების წარმომადგენლებს დენიკინის აგრესიული მოქმედების წინააღმდეგ პროტესტის ნოტით.
1919 წლის 2 აგვისტოს საქართველოს დამფუძნებელი კრების სხდომაზე, ეროვნულ დემოკრატების ინიციატივით გაიმართა დებატები. დებატები აფხაზეთის სახალხო საბჭოში არსებულ რთულ სიტუაციას ეხებოდა. კრებაზე დასმული იყო შემდეგი შეკითხვები: იცოდა თუ არა მთავრობამ, რომ აფხაზეთში საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების საწინააღმდეგო განწყობა სუფევდა, რომ აფხაზეთი საქართველოდან გამოყოფას აპირებდა და რომ სოხუმის ოლქის სახელმწიფო და საზოგადოებრივი დაწესებულებებიდან ქართული ენა გამოდევნილი ან შევიწროვებული იყო. ამ საკითხების გარშემო სიტყვით გამოვიდა სპირიდონ კედია - „განაპირა კუთხეთა შორის ყველაზე უფრო რთული მდგომარეობა აფხაზეთშია, რადგან საქართველოს სახელმწიფოებრიობას და დამოუკიდებლობას ამ მხრით ემუქრება საბჭოთა რუსეთი და დენიკინი. აფხაზი ხალხი ყოველთვის სიმპათიით იყო განწყობილი ქართველებისადმი და არასოდეს ქართველებსა და აფხაზებს შორის ანტაგონიზმს ადგილი არ ქონია, მაგრამ, დღეს, აფხაზთა შორის საქართველოს მიმართს საწინააღმდეგო განწყობილებაა...მტრული მოქმედებაა გაჩაღებული დღეს საქართველოს წინააღმდეგ თვით აფხაზეთის სახალხო საბჭოშიც, რომელიც თავის თავს სუვერენულ ორგანოდ თვლის...საბჭო ასევე ილაშქრებს ქართული ენის წინააღმდეგ. ქართული ენა სოხუმის ქალაქის თვითმმართველობიდან სრულიად განდევნილია, საქმის წარმოება რუსულ ენაზეა. სკოლებშიც ქართული თუ ისწავლება, მხოლოდ ისე, როგორც აქ რუსეთის ბატონობის დროს იყო, და ჩვენს დამოუკიდებლობას ამ მხრივ არაფერი შეუცვლია. ამ ანტიქართულ მოძრაობას დღეს ხელმძღვანელობენ ბოლშევიკ-დენიკინელები და აფხაზთა ინტელიგენციის ერთი ნაწილი, რომელთაც სურთ, ძირი გამოუთხარონ ჩვენ ისტორიულ მეგობრობას აფხაზ ხალხთან. მომხსებელი სინანულს გამოთქვამდა იმის გამო, რომ მთავრობამ, რომელიც ვალდებულია დაიცვას სახელმწიფო ინტერესები საქართველოს ყველა კუთხეში, წინასწარი ზომები არ მიიღო ამ ინტერესების დასაცავად აფხაზეთში და ამით საფრთხე შეუქმნა საქართველოს დამოუკიდებლობას. (საქართველოს დამუძნებელი კრება. სტენოგრაფიული ანგარიში. 45-ე სხდომა, 2 აგვისტო, 1919 წ. გვ. 12-35). სხდომაზე სოციალისტ-რევოლუციონერთა ფრაქციის სახელით გამოვიდა ლ. შენგელაია. მან აღნიშნა, რომ მთავრობამ, სამწუხაროდ, თავიდანვე ვერ გამოიჩინა საჭირო ტაქტი და უნარი განაპირა ოლქების ცხოვრების მოსაწესრიგებლად, სისტემატურად აგვიანებდა რეფორმების გატარებას. ასეთმა პოლიტიკამ დიდი ზიანი მოიტანა და ამის შედეგია ის, რომ დღეს სოხუმის ოლქში ფრიად სერიოზული მდომარეობაა. სოხუმი კარგა ხანია დაიყო ორ ბანაკად: ერთის მხრივ დგანან დენიკინის მიმდევრები, მეორე მხრივ - ჩვენი ორიენტაციის მომხრენი..ნაციონალიზაციის პოლიტიკის გატარების დროს, სამწუხაროდ ივიწყებენ აფხაზეთის სინამდვილეს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა რუსულად ლაპარაკობს. ამიტომ, აქ, ნაციონალიზაციის გატარება ერთი დაკვრით, დიდი ზიანის მომტანია და, რაც მთავარია, ნაციონალიზაცია უნდა გატარდეს არა ზევიდან, არამედ ქვევიდან, ერობების მეშვეობით.
აფხაზეთის დამოუკიდებლობა არის აბსურდი. დამოუკიდებელი აფხაზეთი მეორე დღესვე გვერდში ამოუდგება დენიკინს, ამიტომ ჩვენი აზრი ასეთია: აფხაზეთს უნდა მიენიჭოს ავტონომია“. სოციალისტ-ფედერალისტთა ფრაქციიდან სიტყვით გამოვიდა ს. მდივანი. მან განაცხადა, რომ ეროვნულ-დემოკრატების შეკითხვას სოხუმის ოლქის შესახებ ადგილი არ ექნებოდა, რომ ჩვენ არ გვქონდეს შეცდომები. ჩვენი დიდი შეცდომა კი ის იყო, რომ დავდეთ ხელშეკრულება აფხაზეთის ძველ საბჭოსთან და ეს ხელშეკრულება ყოველგვარ უფლებებს ანიჭებს აფხაზეთს და არავითარ უფლებებს - საქართველოს.
დებატებში ასევე მონაწილეობა მიიღო სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წარმომადგენელმა ბ. ჩხიკვიშვილმა. იგი იყო 1918-1919 წლებში აფხაზეთის საგანგებო კომისარი და კარგად იცნობდა ამ მხარეს. მან აღნიშნა რომ აფხაზეთში სადაც ასე მრავალი ეროვნება ცხოვრობს, ხალხის ფსიქოლოგია მოწამლულია ერთი-მეორეს შუღლით და უნდობლობით, ასეთ ვითარებაში საჭიროა დიდი სიფრთხილე, რომ ეს შუღლი არ გაძლიერდეს. საბჭოს ნახევარზე მეტი ჩვენი ორიენტაციის არის...ჩვენი ორიენტაციის დაცვა არის იმათი დემოკრატიის ინტერესების დაცვა. ….აფხაზეთის დემოკრატია, განურჩევლად ეროვნებისა, ერთ პლატფორმაზე დგას და ესაა ავტონომიური აფხაზეთი, როგორც განუყოფელი ნაწილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა.
დამფუძნებელი კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ასევე შინაგან საქმეთა მინისტრი ნ. რამიშვილი. მან ისაუბრა აფხაზეთში შექმნილ რთულ ვითარებაზე და მიუთითა, რომ ამ რთულ პირობებში მთავრობის პოლიტიკა უნდა იყოს ფხიზელი და არავითარ აჩქარებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს...აფხაზეთის სახალხო საბჭოშიც არიან ძალები, რომელთაც სურთ ლახვარი ჩასცენ ჩვენს სახელმწიფოებრიობას. მაგრამ საბჭოს აქვს საკანონმდებლო ფუნქციები და ჩვენს მთავრობას არა აქვს უფლება, ჩაერიოს მის საქმეებში. ამავე დროს არ არის მართალი იმის მტკიცება, რომ თითქოს აფხაზეთის საბჭო დაადგა მთავრობისა და დამფუძნებელი კრების საწინააღმდეგო გზას.
საინტერესო იყო დამფუძნებელ კრებაზე სახალხო საბჭოს წევრის ვ. ღუჯუას გამოსვლა. მან განმარტა, რომ სინამდვილეს არ შეესაბამებაა მტკიცება, თითქოს ჩვენ გამოყოფის გზას დავადექით და დამოუკიდებლობისაკენ მივილტვით. ჩვენ კარგად გვესმის, რომ აფხაზეთის ინტერესები მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოსთან და ჩვენ ამ რესპუბლიკაში გერებად არ ვთვლით თავს, არამედ თანასწორ მოქალაქეებად, მის ღვიძლ შვილებად...ჩვენ სწორი გზიდან მაინც ვერ აგვაშორებენ. გზა კი არის შემდეგი: ერთი დემოკრატიული რესპუბლიკა და ერთი სახელწმიფოებრივი კანონი საქართველოს ყოველი ნაწილისათვის. აფხაზეთი, როგორც ავტონომიური ერთეული, მაგრამ ნაწილი ამ საქართველოსი, მხოლოდ თავის შინაურ საქმეში იქნება დამოუკიდებელი. ჩვენ მიერ შემუშავებული კონსტიტუცია თქვენ უნდა მიიღოთ და მოიწონოთ. თქვენს მიერ მიღებული სახელმწიფოებრივი კანონები ჩვენთვისაც იქნება სავალდებულო. ....გაუმარჯოს საქართველოს და მის დემოკრატიულ რესპუბლიკას, გაუმარჯოს დემოკრატიულად დარაზმულ ავტონომიურ აფხაზეთს, ამ საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილს ( საქართველოს დამფუძნებელი კრება. სტენოგრაფიული ანგარიში, 45-ე სხდომა, გვ. 40).
ზემოთ მოტანილმა მასალამ კარგად დაგვანახა აფხაზეთში არსებული რთული ვითარება. თუმცა, რეალურად აფხაზეთის სახალხო საბჭო ფლობდა რეალურ სიტუაციას აფხაზეთის შიგნით. არსებული მწვავე წინააღმდეგობების მიუხედავად მართვის სადავეები პროქართულად განწყობილ ძალებს ეჭირათ.
1919 წლის ოქტომბრიდან იწყება წითელგვარდიელთა კონტრშეტევა - მოხალისეთა არმიის წინააღმდეგ. შეტევამ გამოიწვია მოხალისეთა არმიის უკან დახევა. მალე საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს დენიკინის უკანასკნელი დასაყრდენი - ნოვოროსიისკი. საბჭოთა რუსეთი უშუალოდ გაუმეზობლდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა ჩრ. კავკასიაში. ბოლშევიკები აქტიურობდნენ აფხაზეთშიც, თუმცა აფხაზეთის სახალხო საბჭოს ძალისხმევით ეს მოძრაობა ჩახშობილ იქნა. საბჭოთა რუსეთი ყველანაირად ცდილობდა დაემტკიცებინა დემოკრატიული საქართველოს მთავრობის კავშირი რუსეთის რეაქციონერ გენერლებთან. რუსეთი ბრალს სდებდა საქართველოს გენერალი დენიკინის მხარდაჭერასა და დახმარებაში, რაც სრული აბსურდი გახლდათ.
1920 წლის 14 იანვარს გაიმართა დამფუძნებელი კრების საგანგებო საზეიმო სხდომა, რომელიც ევროპის დიდ სახელმწიფოთა მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დე ფაქტოდ აღიარებას მიეძღვნა. ამ ფაქტთან დაკავშირებით აფხაზეთის სახალხო საბჭომ მისასალმებელი დეპეშა გაუგზავნა საქართველოს დამფუძნებელ კრებას.
მეფის რუსეთის, მიერ XIX საუკუნის 60-70-იან წლებში, აფხაზეთიდან გასახლებული მოსახლების - მუჰაჯირების - სამშობლოში დაბრუნების საკითხი მრავალჯერ იყო განხილვის საგანი აფხაზეთის სახალხო საბჭოს სხდომებზე. 1920 წლის თებერვალში, აფხაზი ინტელიგენციის ყრილობაზე, მიიღეს საგანგებო რეზოლუცია მუჰაჯირების შესახებ. აფხაზურმა ინტელიგენციამ, აფხაზეთის სახალხო საბჭოსა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას მიმართა თხოვნით მიეღოთ გადამწყვეტი ზომებიმუჰაჯირების სამშობლოში დაბრუნებისათვის ( აფხაზეთის ცსა, ფ-ი 39, ს. 205, ფ. 16).
მიუხედავად შექმნილი მძიმე ვითარებისა საქართველოს მთავრობამ გადადგა სერიოზული ნაბიჯები მუჰაჯირთა საკითხის მოსაგვარებლად.
1920 წლის 1 თებერვალს, ოსმალეთში იმყოფებოდა საქართველოს მისია, რომლის მეთური იყო გ. რცხილაძე. რცხილაძეს მიმართეს მუჰაჯირთა წარმომადგენლებმა მარშანიამ და მარღანიამ და მუჰაჯირების სამშობლოში დაბრუნება სთხოვეს. მათი ტქმით გადასახლებულთა რიცხვი 150 000 იყო. (გამახარია, აფხაზურ-ქართული...გვ. 81-82). გ. რცხილაძემ ამის შესახებ შეატყობინა ნ. ჩხეიძეს. იმავე წლის 7 აპრილს, პარიზიდან, ნ. ჩხეიძემ მოკავშირე სახელმწიფოთა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს გაუგზავნა წერილი: „ ძალიან ბევრი მუსულმანი საქართველოდან და აფხაზეთიდან გამოსული, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ სამშობლო სხვადასხვა ეპოქებში, დასახლდნენ ოტომანის იმპერიის ოლქებში...მუსულმანი ქართველები და აფხაზები, განსაკუთრებით ბათუმისა და სოხუმის ოლქებიდან გამოსულნი, როლებიც „მუჰაჯირებად“ იწოდებიან, მათი გადასახლების რელიგიური ხასიათისათვის ხშირად გამოთქვამდნენ თავიანთ კერაზე დაბრუნების სურვილს, მაგრამ მათი დაბრუნება მშობლიურ ქვეყანაში შეუძლებელი იყო რუსთა ბატონობის დროს“. ნ. ჩხეიძე მუჰაჯირების შეუფერხებელი დაბრუნების უზრუნველსაყოფად სთხოვდა სხდომის თავმჯდომარეს, ოსმალეთთან მომავალი ხელშეკრულებების პირობებში შეეტანა მუხლი, რომელიც „გაითვალისწინებდა საქართველოს ოლქებში ყველა იმათ თავისუფალ დაბრუნებას, რომლებმაც მიატოვეს რა იგი პოლიტიკური თუ რელიგიური მოსაზრებით, დაბრუნება ისურვეს...ამიტომ პატივი მაქვს, ვთხოვო თქვენს აღმატებულებას, გადასცეთ უმაღლესი საბჭოს ზემოხსენებული სურვილი მოსახლეობისა და საქართველოს მთავრობისა“ (Ментешашвили А, ИЗ истории взаимоотношения, /მენთეშაშვილი., გვ. 42-43).
ამრიგად, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ საერთაშორისო არენაზე დააყენა მუჰაჯირების საკითხი, თუმცა ანტანტის უმაღლეს საბჭოს ეს საკითხი არ განუხილია; რომ არა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია - მუჰაჯირების საკითხი შეიძლება დადებითად გადაწყვეტილიყო.
1920 წლის 8 აპრილს რუსეთის ბოლშევიკური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა კავკასიის ბოლშევიკთა ბიურო - „კავბიურო“ შექმნა, რითაც რუსეთი კავკასიაში აქტიური ჩარევის პოლიტიკას ანახლებდა და აქ თავისი ძველი ბატონობის აღდგენას ცდილობდა. 1920 წლის 28 აპრილი, აზერბაიჯანის გასაბჭოება, საქართველოს მომაკვდინებელ საფრთხეს უქმნიდა (ნოზაძე., გვ. 93). საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ მოსკოვში მოლაპარაკებების საწარმოებლად დამფუძნებელი კრების წევრი, გრიგოლ უროტაძე, გააგზავნა.
1920 წლის 7 მაისს მოსკოვში, რუსეთ-საქართველოს შორის დაიდო საზავო ხელშეკრულება. რუსეთმა სოხუმის ოლქი საქართველოს უდავო ტერიტორიად აღიარა, საზღვარი სახელმწიფოებს შორის გავიდა მდ. ფსოუზე. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ერთი გარემოება, თანამედროვე აფხაზი სეპარატისტები ო. ბლაჟბა და ს. ლაკობა აცხადებენ, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულება „ანექსირებულ“ აფხაზეთზე არ ვრცელდებოდა (Бгажба, Лакоба/ბღაჟბა, ლაკობა გვ. 213-215). რაც ბუნებრივია აბსურდია და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების არცონდას ან იგნორირებას გულისხმობს.
სახალხო საბჭოს სხდომაზე, 1920 წლის 18 მაისს, დ. ემუხვარის ინფორმაცია რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ სიხარულით იქნა აღქმული. „....სახალხო საბჭო მიესალმება რუსეთის დემოკრატიასთან მეგობრული კავშირების აღდგენის დაწყებას და იწონებს რა თურქული ურდოებისაგან რესპუბლიკის დაცვისათვის მთავრობის ყველა ნაბიჯს, გამოთქვამს მზადყოფნას მთელი ძალით მხარი დაუჭიროს მთავრობის მიერ მიღებულ ყველა საგანგებო ზომას“ ( აფხაზეთის ცსა, ფ. ი 39, აღ.-1, ს. 18, ფ. 125ა.)
რეალურად, 7 მაისის ხელშეკრულებით ბოლშევიკებს მიეცათ სრული შესაძლებლობა ლეგალური საქმიანობისა და იდეოლოგიური ბრძოლისათვის. ამ მოძრაობას რეალურად თბილისში რუსეთის საელჩო წარმართავდა. ელჩის - ს. კიროვის მითითებით სოხუმში მოქმედებდა საგანგებო კომისია - მისი წევრები იყვნენ - ვ. ივანოვი, ვ. სვერდლოვი, ბ. ვოლხოვსკი, მუზიკანნტსკი.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობაში „კომუნისტები სოხუმის ოლქში“ თავმოყირლია ფაქტობრივი მასალა მათი დანაშაულებრივი, ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის შესახებ 1919-1920 წლებში. მათ კავშირი ჰქონდათ საბჭოთა რუსეთის სამხედრო ძალებთან გაგრის ფრონტზე. „უმთავრესი სამხედრო ორგანიზაცია იყო: 1. ქალაქ სოხუმში „სოკი“, რომელიც საერთო ხელმძღვანელობას უწევდა დანარჩენ ორგანიზაციებს, იძენდა ასაფეთქებელ მასალას, ეწინააღმდეგებოდა მთავრობის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციას და ფულად დახმარებას უწევდა ხელქვეით ორგანიზაციებს; 2. გაგრაში - გაგრის სამაზრო რევოლუციური კომიტეტი, რომელიც საჯაშუშო მასალებს აწვდიდა საბჭოთა ჯარებს, პროპაგანდით და აგიტაციით ხრწნიდა საქართველოს ჯარისაცებსა და არღვევდა ჩვენს ფრონტს; 3. აფხაზეთში ავრცელებდნენ აფხაზეთის საქართველოდან ჩამოშორების შესახებ ხმებს, ურჩევდნენ აფხაზებს, შეერთებოდნენ რუსეთს და აწყობდნენ აფხაზეთში შეიარაღებულ აჯანყებებს“ ( ჩიტაია, გვ. 330-331).
მიმდინარე მოვლენებზე აფხაზური ისტორიოგრაფია წერს, რომ 1920 წლის გაზაფხულიდან მთელი აფხაზეთი საქართველოს მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლებითა და აჯანყებებით იყო მოცული. მართლაც ხდებოდა ბოლშევიკების შეიარაღებული გამოსვლები, თუმცა აფხაზეთის სახალხო საბჭოსა და საქართველოს გვარდიის მიერ ხდებოდა ამ აჯანყებების ჩახშობა; მასში ნაკლებად იღებდნენ მონაწილეობას ადგილობრივი აფხაზები. 1920 წლის 26 მაისი - დამოუკიდებლობის დღე - სოხუმმა და მთელმა აფხაზეთმა საქართველოსთან ერთად იზეიმა. „ჯერ კიდევ 9 საათიდან თავისუფლების მოედანზე მოიყარა აუარებელმა ხალხმა თავი. აქ არიან ჩამწკრივებულნი ჯარისკაცები, გვარდიელები, მოწაფეები, პოლიტიკური პარტიები თავიანთი დროშებით...12 საათზე გაისხნა აღლუმი, მიიღო კომისარიატის თავმჯდომარემ ემუხვარმა. აღლუმის შემდეგ ჯარი და ხალხი მიდი 26-ის პროსპექტზე......ფურგონზე ყვავილებით მორთული ღერბია და მის გვერდით ეროვნული დროშაა აღმართული...მიტინგზე იქნა წაკითხული მისასალმებელი დეპეშები და წერილები“ ( გაზეთი „სახალხო საქმე“, 1920, 26 ივნისი).
სახელმწიფოს მიერ მიღებული ენერგიული ზომების შედეგად აფხაზეთში 1920 წლის ბოლოსათვის განადგურებულმა ბოლშევიკურმა ორგანიზაციებმა 1921 წლის იანვარში კვლავ იწყეს გამოცოცხლება. 1921 წლის 25 იანვარს საბჭოთა რუსეთის სამხედრო ატაშე აცნობებდა მოსკოვს, რომ ქალაქ სოხუმის გარნიზონში შექმნილიყო სამხედრო-რევოლუციური კომიტეტი სამეულისგან.
1921 წლის დასაწყისში შეიქმნა ხელსაყრელი საგარეო და საშინაო პირობები რუსეთის აგრესიისა და საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის საქართველოში. იმავე წლის 11 თებერვალს მოეწყო ინსცენირებული აჯანყება ლორეს რაიონში, რომელსაც მხარი დაუჭირა სომხეთში განლაგებულმა წითელი არმიის ნაწილებმა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ხუთი მხრიდან შემოიჭრნენ წითელი არმიის დივიზიები: - სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, დარიალის ხეობიდან, მამისონის უღელტეხილიდან და შავი ზღვის სანაპიროთი - სოჭიდან.
1921 წლის 14 თებერვალს, რუსეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს (კავბიურო) მითითებით, აფხაზეთში ბოლშევიკთა საოლქო კომიტეტი ჩამოყალიბდა. მისი წევრები იყვნენ - მ. კარგაროდსკაია, ე. სვერდლოვი და ი. ჟვანია. 18 თებერვალს შეიქმნა დროებითი რევოლუციური კომიტეტი (რევკომი), რომელშიც შევიდნენ ი. ჟვანია, ე. სვერდლოვი და მ. ცაგურია. მის ამოცანას წარმოადგენდა აფხაზეთის ტერიტორიაზე რევკომების შექმნა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ მეამბოხე რაზმების ჩამოყალიბება ( Борба за октябръ в Абхазии, გვ. 172-173). იმ დღეებში მ. ცაგურიამ მიიღო კავბიუროს წარმომადგენლის ა. საჯაიას წერილი, რომელშიც ის აღნიშნავდა, რომ მალე მოხდებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამხობა და აფხაზეთს თვითგამორკვევის უფლება მიეცემოდა; წერილის ავტორი იმედოვნებდა, რომ სახალხო საბჭოს დამოუკიდებელთა ფრაქცია ყველა ზომას მიიღებდა „აფხაზეთის მშრომელი მასების განთავისუფლებისათვის...აფხაზეთს აქვს უფლება ისეთივე თავისუფალი განვითარებისა, როგორიც მისცა საბჭოთა რუსეთმა ყოფილი რუსეთის იმპერიის ყველა მცირერიცხოვან ხალხს ( Борба за октябръ в Абхазии, გვ. 175-176). ამ სიტყვებიდანაც კარგად ჩანს თუ რა ბედი ელოდა აფხაზეთს.
სრულიად აშკარაა, რომ „რევოლუციური“ მოძრაობა აფხაზეთში ინსპირირებული იყო გარედან და იმართებოდა არააფხაზი ბოლშევიკების მიერ.
ამასობაში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარები უთანასწორო ბრძოლებში იგერიებდნენ რუსეთის მე-11 არმიის ნაწილების შეტევას თბილისზე. საქართველოს ჩრდილო-დასავლეთიდან დაიძრა მე-9 არმიის ნაწილები. 17 თებერვალს საბჭოთა რუსეთის სარდლობის ბრძანებით 31-ე დივიზია აფხაზეთში შემოიჭრა. საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ საზღვართან განლაგებული ძალები იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ. 22 თებერვლას საბჭოთა ჯარებმა დაიკავა გაგრა და მდინარე ბზიფის სანაპიროებთან გამაგრდნენ. აფხაზეთის სახალხო საბჭომ გამოაცხადა მობილიზაცია, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საბჭოთა ჯარებისათვის მთავარი დარტყმა ახალ ათონთან მიეყენებინათ, სადაც თავი მოიყარეს აფხაზეთის სახალხო საბჭოს განკარგულებაში არსებულმა შეიარაღებულმა ძალებს. ( История Абхазской АССР გვ. 72, 76). 1 მარტს საბჭოთა არმიამ დაიწყო შეტევა ახალი ათონის მიმართულებით. 3 მარტს საბჭოთა ჯარებმა გაარღვიეს ახალი ათონის დაცვა, 4 მარტს აიღეს სოხუმი და იქ გამოაცხადეს საბჭოთა ხელისუფლების დამყარება. 6 მარტს არსებობა შეწყვიტა აფხაზეთის დროებითმა რევკომმა და ძალაუფლება გადაეცა კავბიუროს მიერ შექმნილ საოკუპაციო ორგანოს - რევკომს. თავმჯდომარე გახდა ე. ეშბა, წევრები ნ. ლაკობა და ნ. აქირთავა.
1921 წლის მარტში დასრულდა მთელი საქართველოს ოკუპაცია, რომელსაც მოჰყვა ანექსია. დაიწყო ახალი ეტაპი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში.
2. ავტონომიური აფხაზეთის კონსტიტუციის შემუშავება
აფხაზეთის სახალხო საბჭომ შექმნა საკონსტიტუციო კომისია, რომელმაც აქტიური მუშაობა დაიწყო 1919 წლის 30 მარტს. აფხაზეთის სახალხო საბჭოში წაკითხულ იქნა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის დეკლარაცია, სადაც ჩამოყალიბებული იყო აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსისადმი ფრაქციის დამოკიდებულება. დეკლარაციაში ხაზგასმული იყო, რომ უძველესი დროიდან აფხაზეთს და საქართველოს საერთო პოლიტიკურ-ეკონომიკური ცხოვრება და მჭიდრო სახელმწიფოებრივი კავშირი ჰქონდათ. დეკლარაცაიაში ასევე საუბარი იყო აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის აუცილებლობაზე დენიკინელების საფრთხისაგან, ხაზგასმული იყო აფხაზეთის სახალხო საბჭოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის და მთლიანად ამ პარტიის საოლქო ორგანიზაციის მთავარი მიზანი: აფხაზეთში დემოკრატიზმის დამყარება, მხარის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, ფართო სოციალური რეფორმების განხორციელება, სახელმწიფო ფონდის შექმნა და მიწების მშორმელებისათვის გადაცემა, წოდებების გაუქმება, მუშების სახელმწიფო დაზღვევა, მიწის სათადარიგო ფონდის შექმნა უპირატესად მუჰაჯირებისათვის, (რომლებიც მოისურვებდნენ დაბრუნებას), აფხაზეთის თვითგამორკვევა, საქართველოსთან გარკვეული პოლიტიკური ურთიერთობების დამყარება. დეკლარაცია რამდენიმე პუნქტისაკან შედგებოდა:
1. აფხაზეთი შედის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში, როგორც მისი ავტონომიური ერთეული;
2. აფხაზეთის საშინაო ცხოვრებისა და მართვის შემდეგი საკითხები: საგარეო პოლიტიკა, ჯარი, ფინანსები, ფულადი მიმოქცევის სისტემა, საბაჟო დაწესებულებები, საერთო სასამართლო დაწესებულებები და სენატი, სამოქალაქო და სისხლის სამართლის კანონმდმებლობა, ფოსტა, ტელეგრაფი, რკინიგზები და გზატკეცილები, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების გარდა, შედიან საქართველოს რესპუბლიკის ცენტრალური საკანონმდებლო და სამთავრობო ორგანიზაციათა გამგებლობაში.
3. აფხაზეთის საშინაო ცხოვრებისა და მართვის ყველა სხვა საკითხში, კერძოდ: ა) განათლება და საერთო კულტურული მშენებლობა აფხაზეთში, ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის საერობო და საქალაქო ორგანოები (მათი ხელმძღვანელობა), გ) სასამართლო, საერთო სასამართლო დაწესებულებებისა და სენატის გარდა, დ) ადმინისტრაცია, ე) ადგილობრივი დაბერგვრა, ვ) მედიცინა და სანიტარია, ზ) აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობათა უფლებების უზრუნველყოფა - აფხაზეთი ავტონომიურია და ეს ყველაფერი შედის აფხაზეთის სახალხო საბჭოს კომპეტენციაში.
4. აფხაზეთის საშინაო ადგილობრივ საქმეებს მართავს აფხაზეთის სახალხო საბჭო, რომელიც არჩეულია საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი, ფარული და პროპორციული კენჭისყრით.
5. აფხაზეთის სახალხო საბჭო ნიშნავს აღმასრულებელ ორგანოს, რომელიც მართავს აფხაზეთს და საერთო ხელმძღვანელობას უწევს ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებს, შეუძლია აფხაზეთის სამთავრობო და საზოგადოებრივ დაწესებულებებში დაუშვას სხვა ენა, სახელმწიფოს ენის გარდა, და აქვს დამატებითი თვითდაბეგვრის უფლება.
6. მიწათმფლობელობის სფეროში აფაზეთის სახალხო საბჭოს, ხელმძღვანელობს რა საქართველოს ფარგლებში ძალის მქონე აგრარული კანონებითა და დეკრეტებით, უფლება აქვს: ა) არა მარტო გაზარდოს ან შეამციროს მიწათმფლობელობის ნორმა, არამედ დაადგინოს მშრომელი ხალხისათვის მიწის გადაცემის ფორმები და პირობები, ბ) სახელმწიფო ფონდში შემავალ მიწებზე დასახლებისას აფხაზეთის ფარგლებში უპირატესობა მიენიჭოს მუჰაჯირებს.
7. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში არჩევისას აფხაზეთი წარმოადგენს ცალკე საარჩევნო ოლქს და სარგებლობს პარლამენტში პროპორციული წარმომადგენლობის უფლებით.
8. აფხაზეთის სახალხო საბჭოს საერთო სახელმწიფო პარლამენტში აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება.
9. სანამ შემუშავდება საქართველოს რესპუბლიკის საერთო კონსტიტუცია, ამ უკანასკნელის მთავრობის შემადგენლობაში იქნება აფხაზეთის საქმეთა მინისტრი.
10. აფხაზეთის სახალხო საბჭოს დემოკრატიული ფრაქცია იღვაწებს იმისათვის, რომ აქ მოცემული დებულებები შეტანილ იქნას საქართველოს კონსტიტუციაში“. (ჩიტაია., გვ. 282-285).
პირველსავე სხდომაზე კომისიამ ერთხმად მიიღო მომავალი კონსტიტუციის პირველი პუნქტი - „აფხაზეთი შედის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში, როგორც მისი ავტონომიური ერთეული“ (აფხაზეთის ცსა, ფ-ი 39, აღ. 1,ს. 1, ფ.2.). შემდეგში კომისიის მუშაობა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. 1919 წლის 23 მაისს საკონსტიტუციო კომისია ორ ქვეკომისიად გაიყო. მათ ცალ-ცალკე შეიმუშავეს პროექტები. მოგვიანებით აფხაზეთის კომისარიატმა შექმნა შუალედური პროექტი, თუმცა ვერც ერთმა მათგანმა ვერ მიიღო სახალხო საბჭოში ხმების აუცილებელი რაოდენობა. 1919 წლის 21 ივლისს, აფხაზეთის სახალხო საბჭომ თბილისში გასაგზავნად გამოყო დელეგაცია, რომელსაც ევალებოდა ცენტრალურ ხელისუფლებასთან საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. დელეგაციაში შედიოდნენ: დ. ემუხვარი, გ. ზუხბაია, ვ. ანჩაბაძე, დ. ზახაროვი, მ. ტარნავა, მ. უბირია, მ. ცაავა (აფხაზეთის ცსა, ფ-ი 39, აღ, ს.15. ფ.6-7). 4 ოქტომბერს დელეგაციამ მიმართა მთავრობას მოხსენებითი ბარათით, სადაც აღნიშნული იყო, რომ დადგა დრო, დარეგულირდესურთიერთობა აფხაზეთსა და ცენტრს შორის, რათა დამყარდეს მათ შორის „მუდმივი მჭიდრო კავშირი და ურთიერთქმედება“. აფხაზეთის სახალხო საბჭოს დელეგაციის წევრებს აინტერესებდათ შემდეგი საკითხები: 1. აღიარებს თუ არა მთავრობა კონსტიტუციის შემუშავებამდე აფხაზეთის ტერიტორიაზე შექმნილ ავტონომიური პოლიტიკური არსებობის ფორმას; 2. მის ადგილობრივ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებს იმ უფლებების მინიჭებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აქტს“, გაითვალისწინებს თუ არა მის აზრს აფხაზეთის კონსტიტუციის პროექტის ძირითად დებულებებზე; 3. ცენტრის დამოკიდებულებას აფხაზეთის სახალხო საბჭოს უმრავლესობის გადაწყვეტილებისადმი საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნების ჩატარებაზე ადგილობრივი სიების მიხედვით; 4. მთავრობის მიერ ურთიერთობისა და თანამშრომლობის ნორმების დაწესებას სამხედრო და ხელისუფლებასა და ადგილობრივ სამოქალაქო თვითმმართველობის ორგანოებს შორის; 5. რა შეხედულებისაა ცენტრალური ხელისფლება მხარეში აგრარული რეფორმის ჩატარებაზე. ( სცსსა, ფ. 1861, ს. 73, ფ.1-2.). ამ წერილის პასუხად საქართველოს მთავრობამ თქვა, რომ ცნობდა აფხაზეთის ავტონომიას, მაგრამ ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოების ნორმალური ურთიერთობა ხშირად ირღვეოდა,ურთიერთდამოკიდებულებების მტკიცე ნორმების დადგენა შეუძლებელი გახდა.
საქართველოს დამფუძნებელი კრების მთავარი მიზანი - ქვეყნის ძირითადი კანონის -კონსტიტუციის შემუშავება იყო.
1919 წლის 15 ნოემბრის სხდომაზე გამოვიდა სახალხო საბჭოს სახელით მ. უბირია; რომელმაც აღნიშნა, რომ წამოიშვა ორი მიმდინარეობა, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებოდნენ ისტორიული მომენტისადმი, კერძოდ, აფხაზეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ამოცანებისადმი მიდგომით. ერთ მინდინარეობას მიაჩნია, რომ საჭიროა აფხაზეთის რაც შეიძლება მალე შეერთება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან, რაც ჩვენს ბობოქარ ეპოქაში მისი დაცვის, ხოლო მომავალში ნორმალური განვითარების საწინდარი იქნებოდა. მეორე მიმდინარეობაც ცნობდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან შეერთებას, მაგრამ მომავლის, ისტორიული პერსპექტივის თვალსაზრისით, უფრო სწორად, მიაჩნდა რაც შეიძლება სუსტი კავშირი რესპუბლიკასთან, მეტი დამოუკიდებლობა. ეს მიმდინარეობა ანგარიშს არ უწევდა აფხაზეთის ობიექტურ და სუბიექტურ შესაძლებლობას. ეს უთანხმოება შეიმჩნეოდა აფხაზეთის სახალხო საბჭოს მუშაობის მთელ მანძილზე, რაც აისახა კონსტიტუციის ორივე პროექტში, რომელსაც კომისარიატის პროექტიც მიემატა. ამის შემდეგ უბირიამ, აღნიშნა, რომ თბილისში ჩამოვიდა მეორე დელეგაცია, რომელმაც დახმარების ნაცვლად დაიწყო სახალხო საბჭოს დისკრედიტაცია.
დელეგაცია შეხვდა დამფუძნებელი კრების წევრებს, არჩეულ იქნა პარიტეტული კომისია ხუთ-ხუთი კაცის შემადგენლობით.
აფხაზეთის სახალხო საბჭოს სხდომაზე -მ. უბირიამ აღნიშნა, რომ გაერთიანებული კომისიის მუშაობაში წამოიშვა სიძნელე, რომელიც ჩვენ ვერ გავითვალისწინეთ; საქმე ისაა, რომ საერთო სახელმწიფო კონსტიტუციის დამტკიცებამდე შეუძლებელია ქვეყნის ნაწილის კონსტიტუციის შემუსავება. ამიტომ აფხაზეთის კონსტიტუციის საბოლოო ვარიანტის შედგენის საკითხი გადაიდო რესპუბლიკის ძირითადი კანონის მიღებამდე (აფხაზეთის ცსა, ფ. ი-39, აღ. 1, ს. 12. ფ. 3-4).
აფხაზეთის სახალხო საბჭოს დელეგაციის თბილისში მრავალმხრივი და ნაყოფიერი შეხვედრების მთავარი შედეგი იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიასთან ერთობლივად აფხაზეთის ავტონომიური მმართველობის შესახებ დებულების პროექტი და აფხაზეთის მართვის ძირითადი დებულებების შესახებ პროექტი (აფხაზეთის ცსა, ფ-ი, 39, ს.18, ფ. 191-198).
აფხაზეთის სახალხო საბჭოს ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად თბილისში იმყოფებოდა მეორე დელეგაციას - ი. მარღანიას, დ. ალანიას, მ. ცაგურიას და მ. ტარნავას შემადგენლობით. ისინი გამოხატავდნენ აფხაზეთის საბჭოს ოპოზიციური ნაწილის აზრს და არ ცნობდნენ პირველ დელეგაციას ოფიციალურად. მათი თბილისში ჩამოსვლის მიზანი იყო საკონსტიტუციო საკითხების გაჭიანურება, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში უნდობლობისა და ქაოსის შეტანა. მიუხედავად მათი მიზნებისა, საქართველოს მთავრობამ ეს დელეგაცია პატივით მიიღო.
აფხაზეთის კონსტიტუციაზე მუშაობა გაგრძელდა 1920 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე. 1920 წლის 21 მაისს აფხაზეთის სახალხო საბჭოს მიერ არჩეულ იქნა დელეგაცია - ვ. შერვაშიძის, დ. ემუხვარის, დ. ზახარევის, გ. ზუხბაიას, მ. ტარნავას, ვ. ანჩაბაძის შემადგენლობით. მათ უნდა ემუშავათ საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრებთან ერთად აფხაზეთის კონსტიტუციაზე. ამ დელეგაციის მიზანი იყო, რომ საქართველოს მხარე გაცნობოდა ავტონომიური აფხაზეთის კონსტიტუციის სამივე პროექტს. სამივე პროექტით აღიარებული იყო, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა როგორც ავტონომიური ერთეული, ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ საქართველოს ცემტრალური საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების გამგებლობაში დარჩებოდა: საგარეო პოლიტიკა, ჯარები, ფინანსები, საგადასახადო სისტემა, საბაჟო სისტემა, საერთო სასამართლო დაწესებულებანი, ფოსტა, ტელეგრაფი, რკინიგზა და სხვა გზები. დანარჩენი შედიოდა აფხაზეთის სახალხო საბჭოს კომპეტენციაში.
სახალხო საბჭოს პრეზიდიუმის, სენიორ-კონვენტის, საკონსტიტუციო დელეგაციისა და საფინანსო-ეკონომიკური კომისიის დავალებით 1920 წლის 31 ივლისს შეიქმნა სარედაქციო კომისია. კომისიაში შედიოდნენ გ. ზუხბაია, დ. ზახაროვი, მ. წულუკიძე, გ. კოროლიოვი, მ. ტარნავა. კომისიას დაევალა თბილისიდან 1919 წლის ნოემბერში ჩამოტანილი მასალების საფუძველზე შეედგინა კონსტიტუციის პროექტი. კომისიამ დავალება შეასრულა. მათ მიერ შექმნილი პროექტი სახალხო საბჭომ დაამტკიცა 1920 წლის 16 ოქტომბერს (აფხაზეთის ცსა. ფ. ი. 39, აღ. I,ს. 18, ფ 260-270).
აფხაზეთის სახალხო საბჭომ ამჯერადაც აირჩია დელეგაცია თბილისში გამოსაგზავნად. დელეგაციას ხელმძღვანელობდა ვ. შარვაშიძე; წევრები იყვნენ ვ. ღუჯუა, დ. ზახაროვი, მ. უბირია, ი. ფაშალიდი, მ. ცაგურია, დ. ალანია, მ. ტარნავა და მ. ბერულავა. დელეგაციას უნდა ეხელმძღვანელა 1919 წლის 20 მარტის აქტით. რეალურად აფხაზეთის კონსტიტუცია უნდა შეედგინა სახალხო საბჭოსა და დამფუძნებელი კრების შერეულ კომისიას. იმავე წლის 16 ნოემბერს აფხაზეთის დელეგაცია შეხდა ნ. ჟორდანიას. ჟორდანიამ დაადასტურა, რომ კონსტიტუციის შემუშავებისა და დამტკიცების უფლება აქვს მხოლოდ რესპუბლიკის დამფუძნებელ კრებას. ამის შემდეგ აფხაზეთის სახალხო საბჭომ განცხადებით მიმართა დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს, რომ საქართველოს პარლამენტს გამოეყო 9 წევრი შერეული კომისიის შესაქმნელად, რომელიც შეიმუსავებდა აფხაზეთის კონტიტუციის პროექტს. დელეგაციას განემარტა, რომ აფხაზეთის ავტონომიის საკითხი დგას დამფუძნებელი კრების დღის წესრიგში და ახლო მომავალში რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, ოფიციალურად დაადასტურებს ავტონომიური აფხაზეთის არსებობას, რაც შეეხება ავტონომიის დებულებას, აფხაზეთის სახალხო საბჭოს დელეგაცია ფართო მონაწილეობას მიიღებდა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში.
1920 წლის 30 ნოემბერს, ნ. ჟორდანიამ თხოვნით მიმართა დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს, რომ მიღებულიყო ზომები საკონსტიტუციო კომისიაში აფხაზეთის კონსტიტუციის პროექტის განხილვის დასაჩქარებლად. 3 დეკემბერს მთავრობის თავმჯდომარეს ეცნობა, რომ რესპუბლიკის კონტიტუციის განხილვა დაწყებული იყო და დამთავრდებოდა არაუგვიანეს სამი თვისა. მასთან ერთად დამტკიცდებოდა აფხაზეთის კონსტიტუციაც.
ამ პასუხის შემდეგ, აფხაზეთის სახალხო საბჭოს დელეგაციის ნაწილმა ჩათვალა, რომ მთავრობამ დაარღვია 1919 წლის 20 მარტის აქტის მეორე პუნქტი და პროტესტის ნიშნად დატოვა თბილისი. 5 დეკემბერს დელეგაციის დანარჩენი წევრებიც სოხუმში დაბრუნდნენ.
მცირე საკონსტიტუციო კომისიამ, 1920 წლის 29 დეკემბერს შეიმუშავა „აფხაზეთის ავტონომიური მმართველობის შესახებ დებულების“ პროექტი, რომელიც რესპუბლიკის კონსტიტუციასთან ერთად დაამტკიცა საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1921 წლის 21 თებერვალს.
დებულების პირველ მუხლში ნათქვამი იყო, რომ აფხაზეთი - მდინარე მეხადირიდან მდინარე ენგურამდე, შავი ზღვიდან კავკასიონამდე - წარმოადგენს საქართველოს განუყოფელ ნაწილს და ამ საზღვრებში ავტონომიურად მართავს თავის საშინაო საქმეებს. დებულების მიხედვით, აფხაზეთის საკანონმდებლო ორგანო იქნებოდა სახალხო საბჭო, რომელიც ორი წლით აირჩეოდა პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი, ფარული და პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. დეპუტატთა რაოდენობა იყო 30. აღმასრულებელი ორგანო იქნებოდა აფხაზეთის კომისარიატი, რომლის წევრებსაც სახალხო საბჭო აირჩევდა. აფხაზეთის სახლწმიფო ენა იქნებოდა ქართული, მაგრამ სახალხო საბჭოს შეეძ;პ სკოლებში, დაწესებულებებში საქმის წარმოებისათვის გამოეყენებინა ადგილობრივი ენები.
1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციით დადასტურდა აფხაზეთის ავტონომიის სტატუსი. ვფიქრობთ კონსტუტუციის მიღებამდე საჭირო იყო ცალკე კანონის გამოცემა, რომელიც დაადასტურებდა იურიდიულად აფხაზეთის ავტონომიას; ეს კი ნაკლებ საბაბს მისცემდა სეპარატისტებს ახალი მითების შექმნაში.
უსაფუძვლოა სეპარატისტთა მოსაზრება, რომ ვითომ 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციის მიღებით აფხაზეთმა დაკარგა იურიდიული კავშირი საქართველოსთან. კონსტიტუციის 107-ე მუხლში პირდაპირ იყო მითითებული რომ, „საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელ ნაწილებს -აფხაზეთის, სოხუმის ოლქი, სამუსლიმანო საქართველო (ბათომის მხარე) და ზაქათალას ოლქი - ენიჭებათ ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობა“, ხოლო მომდევნო 108-ე მუხლში ვკითხულობთ - „წინა მუხლში მოხსენიებულ „ავტონომიურ მმართველობათა დებულებანი შემუსავებულ იქნას ცალკე კანონით“ (პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტების კრებული გვ. 64).
3. რელიგიური ვითარება
1917 წლის 12 მარტს, მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარში საერო და სასულიერო პირთა მონაწილეობით ჩატარდა ყრილობა, რომელმაც აღადგინა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. იმავე წლის აგვისტოში, რუსეთში გაიმართა საეკლესიო კრება, რომელმაც არ სცნო საქართველოს ეკლესიის კანონიერება; და დაიწყო აქტიური ბრძოლა მის წინააღმდეგ. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ სოხუმის ეპისკოპოსი ე.წ. კავკასიის საეგზარქოსოს (შეიქმნა 1917 წლის ივლისში) ექვემდებარებოდა. სოხუმის ეპარქიაში შედიოდა სამურზაყანო, აფხაზეთი და შავიზღვისპირეთის გუბერნიის ნაწილი. ეპარქიას სათავეში ედგა ეპისკოპოსი სერგი (პეტროვი), რომელიც მკვეთრად ანტიქართული პოლიტიკის გამტარებელი იყო. 1917 წლის 8-17 სექტემბერს საქართველოს ეკლესიამ მოიწვია პირველი საეკლესიო კრება და შექმნა ცხუმ-ბედიის ეპარქია. მთელ აფხაზეთზე ქართული ეკლესიის იურისდიქციის გავრცელებამდე იგი დროებით ჭყონდიდის ეპარქიის შემადგენლობაში შევიდა. 1917 წლის ბოლოდან ამ უკანასკნელის დაქვემდებარებაში გადმოვიდნენ სამურზაყანოში მოქმედი ეკლესიები და სხვა ქართული სამრევლოები დანარჩენ აფხაზეთში.
აფხაზეთში მოღვაწე რუსი სასულიერო პირები, მათ შორის ეპისკოპოსი სერგი აქტიურად მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და იყო შემთხვევები, როცა ისინი უშუალოდ იყვნენ ჩართულნი სამხედრო მოქმედებებშიც ( გამახარია, აფხაზეთი და მართლმადიდებლობა, გვ. 790-791).
1918 წლის ზაფხულის მიწურულს, აფხაზეთში ვითარება შედარებით განიმუხტა. სოხუმის ქართულ-აფხაზურმა საზოგადოებამ მიტროპოლიტი ამბროსი ხელაია სოხუმში მიიწვია, სადაც დაესწრო გიორგი შარვაშიძის გარდაცვალების ნახევარი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, აღავლინა წირვა-ლოცვა, იქადაგა. დაათვალიერე ქალაქის სატუსაღო, საავამდყოფო, მოინახულა განაპირა სოფლის დროებითი ეკლესია.
ამასობაში საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ხდება თბილელი მიტროპოლიტი ლეონიდე. ახალი კათოლიკოსის მოღვაწეობა ემთხვევა საქართველოს მთავრობის გაუაზრებელ ანტისაეკლესიო პოლიტიკის გატარებას. ჭყონდიდელი მიტრიპოლიტი ამბროსი ცდილობდა მისდამი დაქვემდებარებულ სამრევლოებში საეკლესიო ცხოვრების გამოსწორებას, ეკლესიების მშენებლობას; მაგალითად 1918-1920 წლებში სოფელ ოტობაიაში ორი ტაძარი გაისხნა (გამახარია, გვ. 797-798).
1918 წლის ბოლოსათვის აფხაზეთში არსებულ რელიგიურ ვითარებაზე წარმოდგენას გვიქმნის მიტროპოლიტ ამბროსი ხელაიას წერილი საკათალიკოსო საბჭოსადმი. წერილი ეხება აფხაზეთის ეკლესიების ჭყონდიდის ეპარქიისათვის გადმოცემის, მათი დაფინანსნებისა და ეპისკოპოს სერგის ანტისახელმწიფოებრივ მოღვაწეობას (გამახარია, გვ. 798-800).
ეპისკოპოს სერგის და სხვა რუსი ღვთისმსახურების გააქტიურება პირდაპირ კავშირი იყო თეთრგვარდიელთა წარმატებებთან რუსეთის ბოლშევიკური ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. ისინი აქტიურად უჭერდნენ მხარს დენიკინს და უარს აცხადებდნენ ქართულ სამღვდელოებათან, მათ შორის ჭყონდიდელ მიტროპოლიტ ამბროსისთან ყოველგვარ ურთიერთობაზე.
1919 წლის 9 იანვარს, აფხაზეთის ქართულმა ეროვნულმა საბჭომ განიხილა ეკლესიის გარშემო შექმნილი რთული ვითარება. საბჭოს თავმჯდომარე ა. გრიგოლია სხდომის შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ლეონიდეს აცნობებდა სოხუმის საკათედრო ტაძრისა და სასაფლაოს ეკლესიის რუსეთის პატრიარქისათვის დაქვემდებარებას, აფხაზეთში მრევლის ორ ნაწილად გაყოფას. ა. გრიგოლია წერდა: „ერთი ნაწილი - სამურზაყანო და გუმისთას ნაწილის მეგრელობა უკვე გადავიდა გურია-სამეგრელოს მიტროპოლიტის განკარგულებაში, აფხაზ-ბერძნები კი ითვლებიან რუსი ეპისკოპოსის ხელში, ასე რომ მთელი ეპარქია დანაწილდა და მომავალში უქადის ამ სამისიონერო ეპარქიას დაღუპვა-დაშლას და ქრისტიანობის დაცემას“ (გამახარია, გვ. 801). ქართული ეროვნული საბჭო საკათალიკოსოს საბჭოს ერთ-ერთი წევრის სოხუმში ჩასვლას ითხოვდა, რათა მოწესრიგებულიყო აფხაზეთის საეკლესიო საკითხები. ამ მოთხოვნის პასუხად საკათალიკოსო საბჭომ გადაწყვიტა (1919 წლის 23 იანვარი) სოხუმში გაეგზავნათ ნ. თალაკვაძე, მაგრამ ამ უკანასკნელმა უარი თქვა მარტო იქ გამგზავრებაზე. საბჭომ მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც -აფხაზეთის საეკლესიო საკითხების მოწესრიგება დაევალა მიტროპოლიტ ამბროსი ხელაიას. მიტროპოლიტმა საკათალიკოსო საბჭოს დავალება მიიღო და სოხუმში გაემგზავრა. დაიწყო აქტიური მოღვაწეობა, მან სოხუმის ეპისკოპოს სერგისთან შეხვედრა ვერ მოახერხა, თუმცა მიაწოდა თხოვნა სოხუმის სასაფლაოს ეკლესიის ქართველიბისათვის გადაცემის შესახებ. მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა აღნიშნული ეკლესია მაინც გადაეცა გურია-სამეგრელოს ეპარქიას.
ამასობაში აფხაზეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გააცნობიერა აფხაზეთის მოსახელობისათვის მართლმადიდებლური ეკლესიის მნიშვნელობა. გარდა ამისა, 1919 წლის მარტიდან ეპისკოპოსი სერგი აფხაზეთში აღარ იმყოფებოდა და რეალურად მხარე ეპისკოპოსის გარეშე იყო დარჩენილი. აქედან გამომდინარე, 1919 წლის 1 სექტემბერს, აფხაზეთის კომისარიატმა მიიღო დადგენილება აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიების შესახებ, სადაც ვკითხულობთ:
1. ქ. სოხუმში მდებარე საკათედრო ტაძარი კრებულის სახლთან ერთად, მღვდელმთავრის სახლი და ყოფილი სასწავლო საბჭოს შენობა აღიარებულ იქნას ავტონომიური აფხაზეთის ეროვნულ საკუთრებად.
2. სოხუმის მღვდელმთავრის კათედრა ჩაითვალოს ვაკანტურად და მიღებულ იქნას ზომები მუდმივი და დამოუკიდებელი ეპისკოპოსის მიერ მის საჩქაროდ დასაკავებლად;
3. დროებით, ეპისკოპოსის არჩევამდე დაინიშნოს აფხაზეთის მართლმადიდებელი ეკლესიების მმართველი რეზიდენციით ქ. სოხუმში.
4. მმართველს მიეცეს უფლებამოსილება: ა) გადაიყვანოს, ბ) დანიშნოს, გ) სავსებით გაანთავისუფლოს თანამდებობიდან, დ) ჩაატაროს ეკლესიების, მონასტრებისა და სხვა საეკლესიო დაწესებულებების რევიზია, ე) დააფუძნოს და შექმნას ისეთი საეპარქიო დაწესებულებები, რომლებსაც ჩათვლის საჭიროდ.
5. მმართველს საცხოვრებლად გამოეყოს მღვდელმთავრის ბინა სოხუმის ეპისკოპოსის ხელში ამ დრომდე მყოფი ყველანაირი სარჩოს გამოყენების უფლების მინიჭებით.
6. მმართველს მიენიჭოს მღვდელმთავრის სახლისა და დრანდის მონასტრის უშუალო გამგებლობის უფლება.
7. ამ დადგენილების ცხოვრებაში გატარება დაევალოს შინაგან საქმეთა კომისრის მოვალეობის შემსრულებელს ი.კ. ლორთქიფანიძეს“ (პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტების კრებული გვ. 45).
იმავე წლის 3 სექტემბერს აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიების მმართველად დროებით დაინიშნა არქიმანდრიტი იოანე. იგი ენერგიულად შეუდგა მოვალეობის შესრულებას; თუმცა როგორც აღმოჩნდა მისი დანიშვნა არ ყოფილა შეთანხმებული კათოლიკოს-პატრიარქთან. ამის პასუხად უწმინდესმა და უნეტარესმა ლეონიდემ აფხაზეთის კომისარიატსა და მიტროპოლიტ ამბროსი ხელაიას აცნობა, რომ ცხუმ-ბედიის ეპარქიას დროებითი გამგებლობა მიენდო მიტროლოპიტ ამბროსი ხელაიას. 16 ოქტომბერს მიტროპოლიტი უკვე სოხუმში ჩავიდა და საქმიანობას შეუდგა. (გამახარია, გვ. 805).
პირველ რიგში გადაწყა საეკლესიო ქონების აღწერა და მიღება; შეიქმნა საეპარქიო დაწესებულებებისა და საკათედრო ტაძრის მიმღები სპეციალური კომისია. კომისიაში მთავრობის წარმომადგენლად არქიმანდრიტი იოანე დაინიშნა. გაფორმდა მრავალი აქტი საეკლესიო ქონების მიღებაზე.
1919 წლის 7 ოქტომბერს, აფხაზეთში საკლესიო საკითხების მოგვარების მიზნით მოწვეულ იქნა მართლმადიდებელი სამღვდელოებისა და მრევლის წარმომადგენელთა კრება 350 დელეგატის მონაწილეობით. კრებამ მხედველობაში მიიღო აფხაზეთის მრავალსაუკუნოვანი ისტორიულ-კულტურული კავშირი საქართველოსთან, ასევე ის გარემოება, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში ავტონომიურ საწყისებზე აფხაზეთის შესვლის შემდეგ დაუშვებელია აქ უცხო საეკლესიო ხელისუფლების არსებობა და კრებამ დაადგინა:
„1. ავტონომიური აფხაზეთის ტერიტორიაზე ხდება აღდგენა საქართველოს საკათალიკოსოს თვითმდგომი ეპარქიისა სოხუმ-აფხაზეთის ეპარქიის სახელწოდებით;
2. ეპარქიის სათავეში დგას დამოუკიდებელი ეპისკოპოსი, რომელსაც კათედრა და რეზიდენცია აქვს ქ. სოხუმში;
3. სოხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში შედის განურჩევლად ეროვნებისა ყველა სამრევლო, მონასტერი და საეკლესიო დაწესებულება მდინარეებს ენგურსა და მეხადირს შორის;
4. სარგებლობს რა თავისუფლებით საშინაო ცხოვრებისა და საეკლესიო-სამრევლო განაწესის საკითხებში, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას კანონიკური თვალსაზრისით საქართველოს საკათალიკოსოს ცენტრალურ ორგანოებთან ისეთივე ურთიერთობები აქვს, როგორც საქართველოს ეკლესიის სხვა თვითმდგომ ეპარქიებს;
5. საეკლესიო-სამოქალაქო თვალსაზრისით, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის სამართლებრივი, იურიდიული მდგომარეობის ნორმირება ხდება აფხაზეთის კონსტიტუციით“ (პოლიტიკურ-სამრთლებრივი აქტების კრებული გვ.46) ამ დადგენილებით საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის იურისდიქცია მთელ აფხაზეთზე გავრცელდა. ეპარქიის ხელმძღვანელად მიტროპოლიტი ამბროსი ხელაია აირჩიეს.
1919 წლის 28 ოქტომბერს, საკათალიკოსო საბჭოს სხდომამ დაადასტურა მიტროპოლიტ ამბროსი ხელაიას არჩევა ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მღვდელმთავრად. მიტროპოლიტი დიდი მონდომებით შეუდგა მოღვაწეობას. მისმა ქმედებებმა ბოლო მოუღო აფხაზეთში მართლმადიდებელი ეკლესიის ეროვნული ნიშნით დაყოფას, შეუძლებელი გახდა გარეშე ძალების მიერ პოლიტიკური, ანტისახელმწიფოებრივი მიზნებისათვის მისი გამოყენება. ეს ბუნებრივია აღიზიანებდათ სეპარატისტებს. არ ცხრებოდა აფხაზეთის რუსული სამღვდელოებაც. უკმაყოფილო იყო აფხაზეთის საბჭოს ანტიქართულად განწყობილი ნაწილიც. მაგალითად. ა. დემიანოვი, დ. ალანია, მ. ტარნავა და დ. მარღანია. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სოციალური მთავრობა რელიგიის საქმეებში არ უნდა ჩარეულიყო. მათი აზრით, ახალი ეპისკოპოსის დანიშვნა და ქონების ჩამორთმევა უკანონოდ მოხდა. აფხაზეთის ეროვნულ საკუთრებად გამოცხადებული ქონება რუსეთს ეკუთვნისო, ამბობდა ა. დემიანოვი, მას მხარს უჭერდა მ. ტარნავაც (გამახარია, გოგია., გვ. 778-780).
ამასობაში აშკარა გახდა საბჭოთა რუსეთისაგან მომავალი საფრთხე; ეს განსაკუთრებით აფხაზეთში იგრძნობოდა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ადგილობრივი კომუნისტური ორგანიზაცია რუსეთის სასარგებლოდ შეიარაღებული აჯანყების მოწყობის მიზნით სამხედრო რაზმებს აყალიბებდა. მათ შორის იყვნენ გუგუცირხვის წმ. ილია წინასწარმეტყველის ეკლესიის ყოფილი მღვდელი ვასილ აგრიბა, სამურზაყანოს ბლაღოჩინი მღვდლის შვილი ნიკოლოს სვანიძე და სხვა. ( გაზეთი საქართველო, 1920, 25 სექტემბერი).
მიუხედავად მძიმე პოლიტიკური, ეკონომიკური და რელიგიური ვითარებისა 1919-1920 წლებში აშენდა ეკლესეიბი და გაიხსნა ახალი სამრევლოები კოჩარაში, ვარჩეში, ლეჩქოფში, წებელდაში, II ჩხორთლოში, ოტობაიაში და ა.შ. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის დაქვემდებარებაში შევიდნენ გაგრის, აბგრახუკის, ბომბორასა და სხვა ეკლესიები. 1920 წლის ბოლოსათვის აფხაზეთში ასზე მეტი ეკლესია ფუნქციონირებდა (გამახარი, გვ. 830).
საკმაოდ მწვავედ იდგა სასულიერო პირთა მომზადების საკითხიც; ამ ყველაფერს ემატებოდა მუდმივი ფინანსური პრობლემები.
ქართულ ისტორიოგრაფიაში გავრცელებულია მოსაზრება და ზოგ შემთხვევაში გვხვდება კრიტიკა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მთავრობა ეწეოდა გაუაზრებელ ანტისაეკლესიო პოლიტიკას. ვფიქრობთ აქ კრიტიკა უსაფუძვლოა, რადგან რელიგიური ფაქტორი არ იყო წარმართველი საქართველოს დემოკრატიული (მენშევიკური) მთავრობისა. მთავრობა ყველანაირად ცდილობდა და დგამდა ქმედით ნაბიჯებს, რათა მომხდარიყო სიტუაციის სტაბილიზება აფხაზეთში და ზოგადად მთელ საქართველოში. უდავოდ დიდია მათი ძალისხმევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და შენარჩუნებაში. უნდა ითქვას, რომ საქართველოს მთავრობა ყველაზე მეტ ყურადღებას და ფინანსებს უთმობდა აფხაზეთს, საქართველოს სხვა კუთხეებთან შედარებით.
1921 წლის 21 თებერვალის კონსტიტუციის მე-16 თავი „სახელმწიფო და ეკლესია“ ადგენდა: „სახელმწიფო და ეკლესია განცალკევებულნი და დამოუკიდებელნი არიან....არცერთ სარწმუნოებას არ აქვს უპირატესობა, ...ხარჯის გაღება სახელმწიფოს ხაზინიდან და ადგილობრივი თვითმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისათვის აკრძალულია“ (პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტების კრებული., გვ. 65).
რეალურად კონსტიტუციით ეკლესია ჩამოშორდა და გამოეყო სახელმწიფოს. ოთხ დღეში მოხდა საბჭოთა ჯარების შემოსვლა საქართველოში; ბოლშევიკური რეპრესიები ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის წინააღმდეგაც განხორციელდა; ამ პერიოდის აფხაზეთის მძიმე სიტუაციას კარგად ასახავს თავად ამბროსი ხელაია მის წინააღმდეგ მოწყობილ სასამართლოზე წარმოთქმულ ისტორიულ სიტყვაში: „როდესაც ახალი ხელისუფლება მყარდებოდა საქართველოში, მე განვაგებდი სოხუმის ეპარქიას. რა ვნახე? სოხუმში ახალი მთავრობის თითქმის პირველი აქტი იყო ქართველებისა და აფხაზებისათვის საკათედრო ტაძრის ჩამორთმევა და გადაცემა რუსებისათვის, რომლებიც რაოდენობით სოხუმის მკვიდრთა ერთ მეოთხედსაც არ შეადგენდნენ და რომელნიც არ ემორჩილებოდნენ საქართველოს ეკლესიას. მეორე, ეკლესიისათვის საკეთილო ზომა იყო სამღვდელმთავრო სახლის ჩამორთმევა, ჩემი იქიდან ძალით გამოგდება, ბარგების ქუჩაში გამოყრა, ჩემი კომისარიატიდან კომისარიატში შეიარაღებული მილიციონერების საშუალებით ტარება და ჩემი ხუთი თვის განმავლობაში ხან ვისთან და ხან ვისთან შეფარება. მე-3, კარის ეკლესიის დანგრევა, 4. კანცელარიისა და ისტორიისათვის ძვირფასი არქივის სანახევრო განადგურება და ნაშთის სამზარეულოსთან ნესტიან ოთახში შეყრა, სადაც სისტემატურად ნაგდურდებოდა. 5. საეკლესიო სახლების ჩამორთმევა და მღვდელმსახურთა შევიწროვება, რის გამო ზოგიერთი მღვდელთაგანი იძულებული გახდა სოფელში შეეფარებია თავი და თავის რიგის შესასრულებლად იქიდან ეარა ქალაქში და სხვა. (ხელაია ამბროსი, „მე შევასრულე ჩემი მოვალეობა“, გვ. 157).
მაგრამ მიუხედავად მეტად კრიტიკული სიტუაციისა ქართული ეკლესიის მთავარი ამოცანა, აფხაზეთში ქართული ეკლესიის იურისდიქციის შენარჩუნება იყო. 1921 წლის 15 ოქტომბერს, ბოლშევიკური მმართველობისა და აფხაზეთში ქართული სახელმწიფოებრივი იურისდიქციის არარსებობის პირობებში მაინც მოხერხდა ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად არქიმანდრიტ იოანე მარგიშვილის კურთხევა. მან ბოლშევიკების მიერ დარბეული კათედრა ჩაიბარა. 1921 წლის 16 დეკემბერს, აფხაზეთის სსრ საქართველოს ნაწილი გახდა; ამით ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის გამოყოფის საფრთხეც შემცირდა.
ქართულმა ეკლესიამ ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად მოიპოვა და შეინარჩუნა ავტოკეფალია; ყველაზე დიდი მიღწევა კი გახლდათ ქართული ეკლესიის გაერთიანება და ბოლშევიკების გაბატონების შემდეგ მისი შენარჩუნება.
4. სოციალურ-ეკონომიკური ვითარება
XX საუკუნის დასაწყისში აფხაზეთი იყო ეკონომიკურად ჩამორჩენილი აგრარული მხარე. აქ სუსტად იყო განვითარებული სოფლის მეურნეობა და მრეწველობა. კაპიტალისტური ურთიერთობების თვალსაზრისით აფხაზეთისათვის დამახასიათებელი იყო შემდეგი თავისებურებები: სუსტად განვითარებული მრეწველობა, საფაბრიკო-საქარხნო წარმოების თითქმის სრული უქონლობა; კაპიტალიზმი აფხაზეთში სწრაფად ვითარდებოდა, უპირატესად სოფლის მეურნეობაში, კერძოდ მეთამბაქოეობაში; მხარეში ყალიბდებოდა მუშათა კლასის მრავალეროვანი ფენა, რომელშიც ჭარბობდნენ სასოფლო-სამეურნეო წარმოების დაქირავებული მუშები. აფხაზეთში ბატონობდა ნატურალური მეურნეობა, თუმცა მიმდინარეობდა სამემამულო მეურნეობის თანდათანობითი გადაზრდა კაპიტალისტურში. მაგალითად სოფლად დაიწყო დაქირავებული შრომისგამოყენება, ინერგებოდა ახალი სასოფლო-სამეურნეო კულტურები, ვითარდებოდა სავაჭრო-ფულადი ურთიერთობები.
სოფლის მეურნეობის დარგენიდან აფხაზეთში ყველაზე მეტად დაწინაურებული და განვითარებული იყო მეთამბაქოეობა; გავრცელებული იყო ძირითადად ზღვის სანაპირო ზონასა და წებელდაში. აფხაზეთის თამბაქო მოთხოვნილებით სარგებლობდა როგორც რუსეთის საშინაო ბაზარზე, ასევე საზღვარგარეთ, საუკუნის დასაწყისში აფხაზეთს მე-5 ადგილი ეკავა ქვეყანაში. (აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმის შრომები, გამოც II, 1957, გვ. 59). სოხუმის ოლქის პლანტატორები სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით სამ კატეგორიად იყოფოდნენ: 1. პლანტატორები, რომლებიც იჯარით იღებდნენ მიწას და ამუსავებდნენ მას პირადი და ოჯახის წევრების შრომით; . პლანტატორები, რომლებიც შედარებით დიდ ნაკვეთ იღებდნენ იჯარით და ამუშავებდნენ ოჯახის წევრებთან ერთად დაქირავებული მუშების დახმარებით. 3. პლანტატორები, რომლებიც მიწას მხოლოდ და მხოლოდ დაქირავებული მუშების შრომით ამუშავებდნენ. (გუგუშვილი, საქართველოს და..გვ. 180).
აფხაზეთში განვითარებული იყო მარცვლეული კულტურის წარმოებაც. საქართველოს მასშტაბით, აფხაზეთი იყო სასაქონლო სიმინდის ერთ-ერთი ძირითადი მწარმოებელი. სიმინდი გაჰქონდა თურქეთში, ინგლისში, საფრანგეთში, იტალიაში. თუმცა იყო პერიოდები, როდესაც აფხაზეთში მოყვანილ სიმინდს მყიდველი არ ყავდა; ეს კი უარყოფითად ისახებოდა მოსახლეობის მატერიალურ მდგომარეობაზე.
მევენახეობა აფხაზეთში შედარებით სუსტად იყო განვითარებული. ოსმალთა ბატონობის პერიოდში კულტურული მევენახეობა თანდათანობით მოისპო და გაველურდა. მევენახეობის აღდგნეა დაიწყო XIX საუკუნის პირველ ნახევარში; რეფორმის შედეგად შედარებით განვითარდა მევენახეობაც (გუგუშვილი., გვ. 595).
აფხაზეთში ეწეოდნენ მეაბრეშუმეობასაც; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევდა მეაბრეშუმეობის აღორძინება-განვითარებას. XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან აქ განვითარდა ხე-ტყის წარმოებაც.
მრეწველობის და ვაჭრობის განვითარება იწვევდა საქალაქო ცხოვრების აღმავლობას. აფხაზეთში ერთადერთი ქალაქი იყო სოხუმი, რომელსაც ქალაქის სტატუსი მხოლოდ 1899 წელს მიენიჭა. XX საუკუნის დასაწყისისათვის ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა აფხაზეთის მოსახლეობის მხოლოდ 10%-ს. სოხუმი გახდა ადმინისტრაციული და სავაჭრო ცენტრი. ქალაქის მოსახლეობა ძირითადად ქართული იყო. სავაჭრო-სამრეწველო თვალსაზრისით აფხაზეთის ეკონომიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა დაბები - გუდაუთა და ოჩამჩირე. 1918 წელს საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ ამ დაბებს ქალაქის სტატუსი მიანიჭა ( Труди Абхазского научно-исследователъского института краевовидения, Сухуми, 1934. გვ. 184).
პირველმა მსოფლიო ომმა, რევოლუციებმა და მოუსავლიანობამ, 1917 წლისათვის ,აფხაზეთის ისედაც სუსტად განვითარებული მეურნეობა გააჩანაგა; დაიწყო ეკონომიკური კრიზისი, რამაც გამოიწვია მასების სოციალური მდგომარეობის გაუარესება.
ეკონომიკური კრიზისი სულ უფრო და უფრო მწვავდებოდა. მეთამბაქოეობა მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა; თამბაქოს პლანტაციები 9-ჯერ შემცირდა. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ, 1919 წლის24 ოქტომბერს, მიიღო დადგენილება თამბაქოზე სახელმწიფო მონოპოლიის დაწესების შესახებ. რის შემდეგაც სახელმწიფომ უზრუნველყო და კონტროლი დააწესა თამბაქოს პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე გასვლას. ამ ღონისძიებამ შედეგი გამოიღო. თუ 1918 წელს მსოფლიო ბაზარზე გატანილ იქნა 165261 ფუთი თამბაქო, 1919 წელს -144499, 1920 წლისათვის-431307 ფუთი. სულ 1919-1921 წლის მარტამდე ინგლისში, ამერიკაში, თურქეთში, იტალიაში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში საქართველოს მთავრობამ გაიტანა 692000 ფუთი თამბაქო ( ჯავახიშვილი ნ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბონები, თბილისი 1998, გვ. 21).
1918 წლიდან აფხაზეთის ფულად მიმოქცევაში შედის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბონები, ქართული ბონები გამოდიოდა 5000 და 10000 მანეთის მინიმალური ღურებულებით. მანეთის ღირებულება ერთ კაპიკს გაუტოლდა ( ნ. ჯავახიშვილი, ქართული ბონისტიკა, 1996, გვ. 75).
აფხაზეთში შეიმჩნეოდა კვების პროდუქტებზე ფასების ზრდა. სასურსათო კრიზისი თვალშისაცემი გახდა 1919-1920 წლებში; განსაკუთრებით მოუსავლიანი აღმოჩნდა 1920 წელი. სასურსათო და ფინანსური კრიზისი იწვევდა შრომის ნაყოფიერების მკვეთრ დაცემას. მოსახლეობის სოციალურად დაცვის მიზნიღ, 1918 წლის 5 აგვისტოს სოხუმში, შეიქმნა შრომის ბირჟა, ხოლო 16 ნოემბერს - სამომრიგებლო საკანი. ( Дзидзария, Очерки истории.../ძიძარია., გვ. 220).
1919 წლის 29 სექტემბერს, აფხაზეთის სახალხო საბჭომ მიიღო დადგენილება, რომ აფხაზეთის კომისარიატს რესპუბლიკის ხელმძღვანელობის წინაშე აღეძრა შუამდგომლობა რკიზნიგზის მშენებლობის განახლების შესახებ. ( Дзидзария, Очерки истории../ძიძარია., .გვ. 281). რეალურად ამ დროისათვის საქართველოს მთავრობას არ ქონდა სახსრები რკინიგზის მშენებლობისათვის.
აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში საქართველოს დემოკრატიული მთავრობის მცირე ბიუჯეტიდან (მართალია კრედიტის სახით) საკმაოდ დიდ თანხები გამოიყოფოდა აფხაზეთის სახალხო საბჭოსათვის. არჩევნებისათვის, სოციალურ-ეკონომიკური, სამხედრო და სხვა სახის პრობლემების მოსაგვარებლად; თანხები იყო გამოყოფილი გზების მოსაწესრიგებლად, სამხედრო შეტაკებების დროს დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, ახალგაზრდებისათვის სტიპენდიების დასანიშნად; უფრო მეტიც, ყურადღება ექცეოდა ჯანდაცვის სფეროსაც. მაგალითად, 1918 წლის ოქტომბერში, საქართველოს მთავრობამ, სოხუმში გაგზავნა ექიმი არჯევანიძე სამკურნალო-სანიტარული მდგომარეობის აღსანუსხავად (გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, 1918 წლის 23 ოქტომბერი); რაც უდავოდ იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მტავრობა ყველანაირად ცდილობდა ხელი შეეწყო აფხაზეთის განვითარებისათვის.
მეტად საინტერესოა დემოგრაფიული ვითარებაც. სამწუხაროდ ერთიანი დაზუსტებული ინფორმაცია აფხაზეთის მოსახლეობის შესახებ არ გვაქვს. ერთი რამ უდავოა, 1877-1878 წლებში აფხაზთა ოსმალეთში გადასახლების შედეგად საგრძნობლად შემცირდა მოსახლეობა. მეცნიერების ჩატარებული კვლევების შედეგად ქართველებისა და აფხაზების რაოდენობა ასე გამოიყურება:
1886 წელი 1897 წელი 1926 წელი
ქართველი 34 806 44 882 71 954
აფხაზი 28 320 39 600 51458
ცხრილი 2 (თოთაძე ა., აფხაზეთის მოსახლეობა, ისტორია და თანამედროვეობა,, თბ. 1995 გვ. 89)
ხდებოდა აფხაზეთის მოსახელობის მექანიკური ზრდა. მაგალითად 1917 წლისათვის აფხაზეთის მოსახლეობა შედგენდა 177 739 ადამიანს; მათ შორის ქართველი 74 846 (42,1 %), აფხაზი -38 121 (21,4 %), რუსი -20893 (11,7%, ბერძენი - 20 673 (11,7%), სომეხი - 18219 (10,2 %), სხვა ეროვნების წარმომადგენლები ( 5 587 (2,9%). ( მენთეშაშვილი, ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხების ურთიერთობის ისტორიიდან, თბ. 1990, გვ. 19).
შედარებით განსხვავებული მონაცემებია მოცემული გერონტი გასვიანთან. აქ სოხუმის განყოფილების მოსახლეობის რაოდენობა და ეროვნული შედგენილობა, 1917 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მონაცემების მიხედვითაა გაკეთებული:
უბანი ქართველი აფხაზი ბერძენი სომეხი რუსი ოსმალო
გუდაუთა 276 17993 1160 4386 1221 18
გუმისთა 9643 739 15727 7224 1365 184
კოდორი 3882 20022 375 2227 21 45
სამურზაყანო 40959 1161 18 - - -
ცხრილი 3 ( გაზ. საქართველო, 1917 წ, #335, 15 თებერვალი)
ამ მონაცემების მიხედვით, აფხაზეთის მთელი მოსახლეობა იყო 130 ათასი; აქედან 54760 ქართველი, 40 ათასამდე აფხაზი (სავარაუდოდ მათში დიდი ნაწილი ქართველი იყო), 17 ათასზე მეტი ბერძენი, 14 ათასამდე სომეხი, 2634 რუსი, 279 ოსმალო, 339 გერმანელი და სხვა.
1917 წლის ბოლოს საქართველოში და მათ შორის აფხაზეთშიც გლეხობა თვითნებურად იტაცებდა სამონასტრო და მსხვილ კერძო მიწათმფლობელთა მამულებს. მაგალითად ათონის მონასტრის გარშემო მცხოვრებმა გლეხებმა დაიწყეს მონსტრის მიწა-წყლის მიტაცება. ახალი ათონის მონასტრის წინამძღვარი ილარიონი წერდა მთავრობას თბილისში, რომ „აფხაზი გლეხობა ახალი ათონის მიწებს იკავებს, აშენებს ქოხებს, ხნავს სათიბ-ველ-მინდვრებს, საქონელს აძოვებს და იმუქრება რომ რეკვიზირებას მოახდენს და გაჰყიდის ოთხი მარტის აუქციონზე მთელს პირუტყვეს და სამეურნეო ინვენტარს, რომ წაგვართმევს თითქმის მტელს ჩვენს მიწებს...დაბეჯითებით გთხოვთ, დაიცვათ ახალი ათონის მონასტერი“ ( Дзидзария, Очерки истории,/ძიძარია., გვ. 51).
საქართველოს დემოკრატიული მთავრობა აგრარული საკითხის გადაწყვეტას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. 1919 წლის 28 იანვარს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ორი კანონი მიწის შესახებ. რომლიც მიხედვითაც გლეხთა საკუთრებად გამოცხადდა როგორც სანადელო, ასევე მათ სარგებლობაში სხვადასხვა უფლებით მყოფი მიწები. 1919 წლის 15 აპრილს აფხაზეთის სახალხო საბჭომ მიიღო „დეკლარაცია მიწის შესახებ“, იგი შეესატყვისებოდა საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ კანონის ნორმებს. სამწუხაროდ, ამჯერადაც აფხაზეთის სახალხო საბჭოში თავი იჩინა წინააღმდეგობებმა რამაც ხელი შეუშალა აფხაზეთის სინამდვილეში აგრარული რეფორმის განხორციელებას. თუმცა აგრარულ სფეროში კონკრეტული ღონისძიებები მაინც გატარდა. იმავე წლის მაისში აფხაზეთის კომისარიატთან შეიქმნა მიწათმოქმედების განყოფილება, რომელსაც ევალებოდა ოლქის მასშტაბით აგრარული საკითხების მოწესრიგება. განყოფილებასთან ჩამოყალიბდა განსაკუთრებული კომისია, რომელსაც დაევალა მსხვილი ფასეული მემამულური მეურნეობების ჩაბარება. სახელმწიფოს გადაეცა ხუთი მეურნეობა: „გულრიფში“, „იგუმოვო“, „სინოპი“, „დიოსკურია“, და „კუკსი“, ხოლო დანარჩენი იჯარით გაიცა.
1919 წლის 28 ნოემბერს, აფხაზეთის სახალხო საბჭომ მიმართა საქართველოს მთავრობას დასახმარებლად და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება სთხოვა.
იმავე წლის 20 დეკემბერს, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „დრობითი დებულება აფხაზეთში აგრარული რეფორმის ჩატარებისა და სახელმწიფო ქონების მართვის შესახებ (პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტები გვ. 48-50). დებულების მიხედვით აფხაზეთში აგრარული რეფორმის ჩატარება და სახელმწიფო კულტურული ღირებულების მამულების მართვა ევალებოდა აფხაზეთის კომისარიატს და მის მიწათმოქმედების განყოფილებას. გარდა ამისა იმავე წლის 23 დეკემბერს, საქართველოს მთავრობამ საგანგებო დეკრეტით დაამტკიცა „აფხაზეთის სახალხო საბჭოსათვის სამი მილიონი მანეთის სესხის მიცემისა“ (პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტების კრებული გვ. 50).
1920 წლის 25 მაისს, აფხაზეთის კომისარიატთან არსებული მიწათმოქმედების განყოფილება საქართველოს მთავრობას ატყობინებდა, რომ 1920 წლისათვის აფხაზეთსი ჩამორთმეულ ინქა 800-ზე მეტი სამფლობელო 100 000 დესეტინა ფართობი. დაგეგმილი იყო მტელი რიგირ მამულების კონფისკაციაც. აფხაზეთის სახალხო საბჭოს ნაწილი უკმაყოფილო იყო აფხაზეთში წარმოებული ეკონომიკური პოლიტიკით. უკმაყოფილებას იწვევდა თამბაქოს მონოპოლიზაციაც.
აგრარული რეფორმის განსახორციელებლად აფხაზეთში შეიქმნა 13 სარაიონო და ქვესარაიონო კომისიები, რომელთაც ევალებოდათ უმიწოთა და მცირემიწიანთა სიების შედგენა. ასეთ კატეგორიას მიწები სახელმწიფო ფონდიდან უნდა დარიგებოდათ. ამავდროულად შეიქმნა სათემო და სასოფლო ქვეკომისიები. მათ დაეკისრათ მიწების საჭიროებისამებრ გადანაწილება. (გაზეთი ერთობა, 1920, 29 სექტემბერი, # 220). მიღებულ იქნა ზომები რყეების გაჩეხვის წინააღმდეგ. შეიმუშავეს წესები ტყის მამულების სოფლებზე გაცემის შესახებ. შეშისა და ხე-ტყის მასალა სოფლის მოსახლეობას უფასოდ ეძლეოდა. (გაზეთი ერთობა, 1920, 29 სექტემბერი).
ამრიგად ეკონომიკური კრიზისი, რომელმაც მსოფლიო ომის პერიოდში მოიცვა აფხაზეთი, აისახა ყველა სფეროზე. საქართველოს მთავრობა ყველანაირად ცდილობდა შეექმნა ხელსაყრელი პირობები აფხაზეთის ეკონომიკური აღმავლობისათვის. იყო მცდელობა ადგილობრივი თუ უცხო ფინანსური ძალების მეშვეობით აემოქმედებინათ აფხაზეთის სამეურნეო ცხოვრების ყველა ბერკეტები. გარკვეული შედეგები აშკარად სახეზე იყო; თუმცა აქვე აღსანიშნავია ანტიქართულად განწყობილი ძალები, რომლებიც ყველანაირად ცდილობდნენ მოეხდინათ საქართველოს დემოკრატიული მთავრობის დისკრედიტაცია და გაეღრმავებინათ ქართულ-აფხაზური კონფლიქტი.
5. განათლება და კულტურა
ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენამ ძირეულად შეცვალა ქართული კულტურის განვითარების გზა. ბოლო მოეღო ეროვნული კულტურის რუსიფიკაციის ცდებს. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე, 1918 წლის 26 მაისს, აქტიურ მუშაობას შეუდგა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო განათლების სამინისტრო. მინისტრად დაინიშნა გიორგი ლასხიშვილი. სამინისტროში შეიქმნა სამი განყოფილება -უმაღლესი და საშუალო სკოლების, სახალხო სკოლებისა და პროფესიულ-ტექნიკური სასწავლებლების. ამ განყოფილებების გამგეები სხვადასხვა დროს იყვნენ: დიმიტრი უზნაძე, სერგი დანელია, გრიგოლ ნათაძე, გიორგი ჭუმბურიძე, მიხელ თაქთაქიშვილი.
სახალხო განათლების სამინისტროს ძირითადი მიზნები იყო: სასწავლებლების გაეროვნულება, ქართული ტერმინოლოგიის დამუშავება, ყველა სასწავლო დისციპლინაში ქართული პროგრამებისა და სახელმძღვანელოების შედგენა, ახალი სკოლების გახსნა, სწავლა-განათლების დანერგვა მოსახლეობაში, სკოლების ახალი კადრებით უზრუნველყოფა, მასწავლებელთა და მოსწავლეთა პირობების გაუმჯობესება, არაქართველთა საკითხების მოგვარება, ისეთი კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მოწყობა და მუშაობა, როგორიცაა სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს მუზეუმი, ფიზიკური ობსერვატორია, სამეცნიერო არქივი, ბიბლიოთეკები, სამკითხველოები, გამომცემლობები, ქართველი სტუდენტების საზღვარგარეთ მივლინება, პროფტექნიკური, საზღვაო, სახელოსნო და უსინათლოთა სასწავლებლების გახსნა.
არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია აფხაზეთში განათლების დაწესებულებათა და სასწავლებელთა რაოდენობის შესახებ. დანამდვილებით ვიცით რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებობდა სოხუმში: სამასწავლებლო სემინარია, ქალთა გიმნაზია, ქალთა საოსტატო სემინარია, უმაღლესი დაწყებითი, I და II უმაღლესი დაწყებითები, გაგრაში - რეალური სასწავლებელი, გუდაუთასა და გალში დაწყებითი სამასწვალებლო სკოლები, ოჩამჩირეში -ქალ-ვაჟთა გიმნაზია, უმაღლესი დაწყებითი, ლიხნში - უმაღლესი დაწყებითი, ოქუმსა და ოტობაიაში -უმაღლესი დაწყებითი; (საყვარელიძე გიორგი, მკვდრეთით აღდგომა ქართული სკოლისა (1918-1921 წწ), თბ. 1992 , გვ. 44-48).
აფხაზი ხალხის საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში განსაკუთრებით უნდა გამოიყოს ცნობილი საზოგადო მოღვაწის გიორგი შარვაშიძის მოღვაწეობა. იგი აფხაზური ინტელიგენციის პროგრესულად მოაზროვნე ნაწილთან ერთად საქართველოს თავის სამშობლოდ მიიჩნევდა და ყველანაირად ცდილობდა აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილი გამხდარიყო.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში მთავრობა დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა აფხაზეთში საგანმანათლებლო პოლიტიკის გატარებას.
1918 წლის ზაფხულში აფხაზთა სახალხო საბჭოში მნიშვნელოვანი განხილვის საგანი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ მიღებული დადგენილება - სამთავრობო დაწესებულების ნაციონალიზაციის საკითხი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის დადგენილებით ფოსტა-ტელეგრაფში ნაციონალიზაციის დაწყებასთან დაკავშირებით ყველას უნდა ესწავლა ქართული ენა, ქართული ენის შესასწავლად გამოყოფილი იყო დრო 1 ნოემბრამდე, ისე რომ ყველას შეძლებოდა ქართული ტექსტის წაკითხვა. ამ დადგენილების შემდეგ აფხაზთა სახალხო საბჭომ # 58-ე სხდომაზე განიხილა აღნიშნული საკითხი და ქართულ მხარეს შესთავაზა შემდეგი რეზოლუცია:“...თვლის რა სამთავრობო დაწესებულებების ნაციონალიზაციას მიზანშეწონილად საზოგადოდ, აფხაზურ სახალხო საბჭოს ჯერ არ მიაჩნია შესაძლებლად და მიზანშეწონილად მისი გატარება აფხაზეთის ფარგლებში. აფხაზეთის მრავალტომობრივი მოსახლეობისა და სამთავრობო დაწესებულებების ნაციონალიზაციის შეუძლებლობის გამო, აფხაზთა სახალხო საბჭომ დაადგინა, დროებით დატოვოს რუსული ენა აფხაზეთის ტერიტორიაზე სამთავრობო დაწესებულებების საერთო ენად (პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტების კრებული გვ. 22-23).
საქართველოს მთავრობა გაგებით მოეკიდა ნაციონალიზაციასთან დაკავშირებულ აფხაზთა სახალხო საბჭოს პოზიციას. ამის დასტურია 1918 წლის 22 აგვისტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აფხაზთა სახალხო საბჭოში გაგზავნილი დეპეშა: „შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით გაცნობებთ, რომ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას არავითარი განკარგულება არ გაუცია სოხუმის ოლქში დაწესებულებათა ნაციონალიზაციის შესახებ და რომ უახლოეს მომავალში არ აპირებს ხსენებულ ოლქში დაწესებულებათა ნაციონალიზაციის დაწყებას“ (ჩიტაია., გვ. 208-209).
1918 წლის ზაფხულში განათლების მინისტრი თავის მოხსენებაში აღნიშნავდა, რომ ძველ სკოლებში გაუქმებულია რუსული ენის მონოპოლია; ახლა აღმოსაფხვრელია რუსიფიკაციის შედეგები და გადასაწყვეტია ორი საკითხი: 1. ქართველ მოქალაქეთა შვილებისათვის სწავლების ენად ქართული ენა დამკვიდრდეს; 2. ეროვნულ უმცირესობათა მოქალაქეებსაც უნდა მიეცეს საშუალება განათლება საკუთარ ენაზე მიიღონ ( საქართველოს სცა, ფ. 1935, აღწ.1. საქ.54, ფ.5-6).
1918 წელს სოხუმის სემინარიასთან გაიხსნა დაწყებითი სანიმუშო სკოლა და მოსამზადებელი კლასები. სემინარიის დირექტორი იყო მოსკოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ნ. გიორგობიანი. სემინარიაში დიდი ყურადღება ექცეოდა ნაციონალური კადრების მომზადებას. აფხაზთა სახალხო საბჭო მეტ ყურადღებას აქცევდა აფხაზი ეროვნების მოსწავლეებს.
სასწავლო წელი მოსწავლეთა რაოდენობა აფხაზი ქართველი რუსი
1917-1918 50 31 14 5
1918-1919 120 68 40 12
ცხრილი 4 (აფხ. ცენტრალური არქიცი, ფ.20, აღწ.. 1, ს.5, ფ.5-6) / ჩიტაია/
1919 წლის 25 ნოემბერს, აფხაზეთის სახალხო საბჭოს სხდომაზე დაისვა საკითხი სახელმწიფო ენის აფხაზეთში განათლების სისტემაში შემოღების შესახებ. სახალხო საბჭოს სეპარატისტული ნაწილი ამ ნაბიჯს წინ აღუდგა. ამ საკითხთან დაკავშირებით სიტყვით გამოვიდა დეპუტატი ვ. ანჩაბაძე: „...სახალხო საბჭომ განსაზღვრულად თქვა, რომ ჩვენ შევადგენთ საქართველოს რესპუბლიკის ნაწილს. გთხოვთ, მიმითითოთ, არსებობდა თუ არა წარსულში, ანდა თუ არსებობს დღეს, მსოფლიოში სახელმწიფოს ნაწილი, სადაც არ ასწავლიან სახელწმიფო ენას...აქ ყველა თანახმა იყო, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილია, როგორც ეს აღიარებულ იქნა 20 მარტს, მაგრამ რატომღაც ანგარიშს არ უწევენ იმას, რომ აქედან ლოგიკურად გამომდინარეობს ქართული ენის სწავლების აუცილებლობა...მართალია ყველამ კარგად იცის, რომ აფხაზეთი ინტერნაციონალური ქვეყანაა მოსახლეობის შემადგენლობით, მაგრამ ქართული ენა სამართლიანად უნდა აღიარებულ იქნეს, როგორც გაბატონებული, სახელმწიფო ენა..აბა, რომელი ენა უნდა იქნეს შესასწავლი თუ არა ქართული ენა მეზობელი ხალხისა, რომელსაც აფხაზეთმა თავისი ბედი დაუკავშირა?...“(აფხაზეთის ცსა, ფ. 39, ს.12, ფ. 9, 15 / ჩიტაია/).
საბოლოოდ, აფხაზეთის სახალხო საბჭოს უმრავლესობამ დეპუტატ ვ. ანჩაბაძის წინადადებას მხარი დაუჭირა და ქართული ენის სკოლებში შემოღების საკითხი დადებითად გადაწყდა.
ზოგადად უნდა ითქვას რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა საგანმანათლებლო საქმიანობას აფხაზეთში სათანადო ყურადღებას უთმობდა; ყველა ღონეს ხმარობდა გაეტარებინა ისეთი საგანმანათლებლო პოლიტიკა, რომელიც მისაღები იქნებოდა როგორც საკუთრივ აფხაზებისათვის, ასევე რეგიონის დანარჩენი მოსახლეობისთვისაც.
ქართული მხარე ზრუნავდა აფხაზეთის კულტურული განვითარებისთვის; 1919 წლის 27 თებერვალს, სოხუმში გამოვიდა პირველი აფხაზურენოვანი გაზეთი „აფსნი“. მისი რედაქტორი იყო აფხაზური ლიტერატურის ფუძემდებელი დიმიტრი გულია. აღსანიშნავია, რომ აფხაზური შრიფტი დაამზადეს თბილისში და ის სოხუმში ჩაიტანა შემდეგში თვალსაჩინო აფხაზმა მეცნიერმა და საზოგადო მოღვაწე ანდრია ჭოჭუამ. (პაპასქირი, ნარკვევები ნაკ. II გვ. 66). ამ გაზეთის ფურცლებზე პირველად დაიბეჭდა დიმიტრი გულიასა და სამსონ ჭანბას ნაწარმოებები.
აფხაზეთის კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 1918 წელს მხატვარ ალექსანდრე შარვაშიძის თაოსნობით სოხუმში გახსნილი დრამატული სასწავლებელი და 1919 წელს, სოხუმში სამასწავლებლო სემინარიასთან ლიტერატურულ-დრამატული წრის შექმნა; ამავე პერიოდში გამოშვეულ იქნა ხელნაწერი ჟურნალი „ცისკრის ვარსკვლავი“; (პაპასქირი, ნარკვევები ნაკ. II გვ. 66).
1918-1921 წლებში აფხაზეთში შექმნილი იყო ხელსაყრელი პირობები კულტურულ-ეკონომიკური აღმავლობისათვის და საქართველოს დემოკრატიული მთავრობა ცდილობდა აეღორძინებინა კულტურა და განათლება აფხაზეთში.
დასკვნა
1918-1921 წლები ახალი ეტაპია ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში. 26 მაისის აქტით, საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ახლად შექმნილმა სახელმწიფომ უმძიმესი მემკვიდრეობა მიიღო. ისედაც სუსტად განვითარებული მეურნეობა ეკონომიკური კრიზისის პირობებში აღმოჩნდა, რამაც გამოიწვია მასების სოციალური მდგომარეობის გაუარესება. ამას ემატებოდა უაღრესად მძიმე პოლიტიკური ვითარებაც - გადასაწყვეტი იყო საქართველოს ისტორიული ტერიტორიების ბედი, რადგან მათი ხელყოფა ისევ გრძელდებოდა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაგახლდათ აფხაზეთის საკითხი, რომლის დაუფლებასაც ცდილობდა, ერთი მხრივ ოსმალეთი, მეორე მხრივ დენიკინი და მესამე მხრივ ბოლშევიკური რუსეთი.
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ურთულეს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ვითარებაში შეძლო აფხაზეთში შექმნილი მეტად რთული და კრიზისული ვითარების განმუხტვა; შედეგად, აფხაზეთი, როგორც ავტონომიური ერთეული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იურისდიქციაში მოექცა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობას მხარს უჭერდა აფხაზური მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი და აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრთა უმრავლესობა.
ნაშრომში ხაზგასმულია ის, რომ უძველესი დროიდან თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია, უწყვეტად ქართულ პოლიტიკურ სივრცეს ეკუთვნოდა. ასევე წარმოჩენილია, რომ აფხაზეთს, როგოც საქართველოს შემადგენელ ნაწილის, ისტორიის მნიშვნელოვანი მონაკვეთი დაკავშირებული იყო რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიების ურთიერთობებთან, მათ პოლიტიკასთან; ეს პოლიტიკა კი რეგიონში გაბატონებას ისახავდა მიზნად. აქედან გამომდინარე ოსმალეთი ყველანაირად ცდილობდა აფხაზეთში ისლამის გავრცელებას, ხოლო რუსეთი კი ქართული ქრისტიანული კულტურის კვლას შლიდა. რეგიონში ოსმალეთისა და რუსეთის დაპირისპირება ამ უკანასკნელის გამარჯვებით დასრულდა. მეფის რუსეთის იმპერიის პოლიტიკა მიმართული იყო აფხაზეთის ქართული პოლიტიკურ-კულტურული სამყაროსაგან მოწყვეტისაკენ. იმპერიის მთავარი მიზანი იყო შავი ზღვისპირეთის რუსული კოლონიზაცია და აფხაზი ხალხის აღრევა რუსულ მოსახლეობაში. ამისათვის ხდებოდა ანტიქართული პროპაგანდის გაღვივება და სეპარატიზმის გავრცელება.
საბოლოო ჯამში, აფხაზეთში რუსული და ოსმალური ინტერესების ბრძოლას, საქართველოს დამოუკიდებელმა და ერთიანმა სახელმწიფომ წერტილი დაუსვა. ჩატარებული კვლევის შედეგები შემდეგია:
1. უძველესი დროიდან თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია უწყვეტად ქართულ პოლიტიკურ სივრცეს ეკუთვნოდა. სხვადასხვა დროს ის შედიოდა კოლხეთის, ეგრისის, აფხაზთა სამეფოს, ერთიანი საქართველოს, იმერეთის სამეფოს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (ავტონომიური ერთეულის სტატუსით) შემადგენლობაში;
2. XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე დასავლეთ საქართველო და მათ შორის აფხაზეთი, ოსმალეთის პოლიტიკური გავლენის სფეროში მოექცა, ამას მოჰყვა აფხაზეთის ტერიტორიაზე ისლამის გავრცელება; XIX საუკუნის დასაწყისში აფხაზეთის მთავრები ცდილობდნენ რუსეთის მფარველობაში შესვლას, ამ შემთხვევაში ქრისტიანობა კარგი „სატყუარა“ აღმოჩნდა; აფხაზეთის რუსეთში მფარველობაში შესვლას მოჰყვა აფხაზეთის სამთავროს გაუქმება და უშუალო რუსული მმართველობის შემოღება;
3. უშუალოდ რუსული მმართველობის შემოღებას მოჰყვა რუსიფიკატორული პოლიტიკის გატარება; აფხაზეთიდან გადაასახლეს ისლამის მიმდევარი აფხაზები, დაიწო მხარის კოლონიზაცია, შექმნეს აფხაზური დამწერლობა, დაიწყო ბრძოლა ქართული ენის წინააღმდეგ. შოვინისტური წრეები სისტემატურად აქვეყნებდნენ პრესაში წერილებს, ავრცელებდნენ ჭორებს, თითქოს ქართველები აპირებდნენ აფხაზთა ამოწყვეტას და მათი მამულების მითვისებას. მიზანი იყო - აფხაზეთის უშუალოდ რუსეთისათვის მიერთება და აფხაზი ხალხის ასიმილირება რუს მოსახლეობასთან.
4. საქართველოს ეროვნულ საბჭოს ერთ-ერთ მთავარ ამოცანად მიაჩნდა აფხაზეთთან ურთიერთდამოკიდებულების გარკვევა, ქვეყნის ეროვნული მთლიანობის შენარჩუნება. 1918 წლის 9 თებერვლის შეთანხმებას ჰქონდა ისტორიული მნიშვნელობა, რადგან ამით საფუძველი ჩაეყარა ავტონომიური აფხაზეთის არსებობას; რომელიც შემდეგ განმტკიცდა დამატებითი ხელშეკრულებებით (1920 წლის ოქტომბერიში აფხაზეთის სახალხო საბჭომ დაამტკიცა „დებულება აფხაზეთის ავტონომიური მართვის შესახებ“) და საქართველოს კონსტიტუციით;
5. 1918-1919 წლებში აფხაზეთში შეიქმნა რთული პოლიტიკური ვითარება; საჭირო გახდა აფხაზეთის დაცვა არა მარტო ბოლშევიკური რუსეთისაგან, არამედ ოსმალური დივიზიებისა და თეთრგვარდიული რუსეთისაგან; შექმნილ ვითარებაში აფხაზეთის ეროვნულმა საბჭომ დახმარება სთხოვა საქართველოს დემოკრატიულ მთავრობას; შესაბამისად ქართულმა საჯარისო ნაწილებმა აფხაზეთის ანექსია კი არ მოახდინეს, არამედ დაიცვეს რეგიონი გარეშე მტრისაგან;
6. საქართველოს დემოკრატიული მთავრობა შექმნილი მძიმე სიტუაციის მიუხედავად, ცდილობდა შეექმნა ხელსაყრელი პირობები აფხაზეთის ეკონომიკური და კულტურული აღმავლობისათვის. იყო მცდელობა ადგილობრივი თუ უცხო ფინანსური ძალების მეშვეობით აემოქმედებინათ აფხაზეთის სამეურნეო ცხოვრების ყველა ბერკეტები. ქართული მხარე ზრუნავდა აფხაზეთის კულტურული განვითარებისთვის; მაგალითად 1919 წლის 27 თებერვალს, სოხუმში გამოვიდა პირველი აფხაზურენოვანი გაზეთი „აფსნი“. აფხაზეთის კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ასევე 1918 წელს, მხატვარ ალექსანდრე შარვაშიძის თაოსნობით სოხუმში გახსნილი დრამატული სასწავლებელი და 1919 წელს, სოხუმში სამასწავლებლო სემინარიასთან ლიტერატურულ-დრამატული წრის შექმნა; ამავე პერიოდში გამოშვეულ იქნა ხელნაწერი ჟურალი „ცისკრის ვარსკვლავი“;
1921 წლის კონსტიტუციის მიღებით იურიდიულად გაფორმდა აფხაზეთის საკითხი - მიენიჭა ავტონომიის სტატუსი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფარგლებში. დადგა ახალი ეტაპი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში, თუმცა 1921 წლის 25 თებერვალს განვითარებულმა მოვლენებმა რადიკალურად შეცვალა ვითარება. დასრულდა ქართული სახლმწიფოებრიობის პირველი, დემოკრატიული აყვავების ეპოქა; საბჭოთა მმართველობის დამყარების შემდეგ კვლავ გამწვავდა ურთიერთობა აფხაზეთსა და საქართველოს შორის.
გამოყენებული ლიტერატურა:
ავალიშვილი ზ., საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში., მოგონებანი, ნარკვევები., პარიზი 1924წ. თბილისი 1929 ;
ანდერსენი ე., „აფხაზეთი და სოჭი, კონფლიქტის ფესვები“, 2016
ანჩაბაძე გ., ქართველები და აფხაზები, ისტორია და თანამედროვეობა., თბილისი 2009
აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის ავტომონიური რეგიონების სტატუსი საქართველოს შემადგენლობაში (1917-1988) პოლიტიკურ- სამართლებრივი აქტების კრებული, თბილისი 2004;
ბენდიანაშვილი ა., საქართველოს ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის საკითხი; ისტორია (1918-1921) და დღევანდელობა., ანალები, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ჟურნალი, თბილისი 2005;
გამახარია ჯ., აფხაზეთი და მართლმადიდებლობა., თბილისი 2005;
გამახარია ჯ., ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ისტორიიდან., თბილისი 1991;
გამბა, ჟ.ფ., მოგზაურობა ამიერკავკასიაში, ტომი I., თბილისი 1987;
გელენავა ი., ქართული პერიოდული პრესის მასალები 1900–1921 წწ., თბილისი 2014;
გიგინეიშვილი ო., კავკასიის ფრონტი და თურქეთის საგარეო პოლიტიკის ზოგიერთი საკითხი პირველი მსოფლიო ომის დროს: თსუ შრომები. ტომი 91, აღმოსავლეთმცოდნეობის სერია, II;
გოგოლაძე დერმიშა., „აფხაზთა“ საერისთავოს დღევანდელი აფხაზეთის ძველ ეთნოსთა ვინაობისა და ეთნოსის მკვიდრობის საკითხი., თბილისი 1995;
გოცირიძე გ., პირველი მსოფლიო ომი და საქართველო., თბილისი 2009;
გუგუშვილი პ., საქართველოსა და ამიერკავკასიის ეკონომიკური განვითარება XIX-XX საუკუნეებში., თბილისი 1984;
დამოუკიდებლობის 1028 დღე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის ყოველდღიური მატიანე (1918 -1921)., თბილისი 2013;
დოლიძე გ., როგორ უნდა დაველაპარაკოთ რუს გენერლებს და პოლკოვნიკებს, ანუ რა მოხდა ქ. ეკატერინოდარში 89 წლის წინ., თბილისი 2007;
თოთაძე ა., აფხაზეთის მოსახლეობა, ისტორია და თანამედროვეობა,, თბილისი 1995;
ლომინაძე ბ., მასალები დასავლეთ საქართველოს XVII-XVIII საუკუნეთა ისტორიის ქრონოლოგიისათვის “მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის”, 1954, ნაკვ. 31;
ლორთქიფანიძე მარიამ., აფხაზები და აფხაზეთი., გამომცემლობა „განათლება“, თბილისი 1990;
მაზნიშვილი გ., მოგონებანი (1917-1925)., აჭარა 1990;
მანველიშვილი ა., ნარკვევები და წერილები., სან ფრანცისკო 1990;
მაღლაკელიძე შ., მოგონებანი: ., „განთიადი“, ბათუმი 1991, 1;
მაღლაკელიძე შ., მოგონებანი: „განთიადი“, ბათუმი 1992, 2;
მენთეშაშვილი, ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხების ურთიერთობის ისტორიიდან, თბილისი 1990;
ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან - აფხაზეთი; ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, ინტელექტი, თბილისი 2007;
ნაცვლიშვილი ა., ქართული დემოკრატიული აზრი რუსეთის პირველი ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის პერიოდში, მეცნიერება, თბილისი 1999
ნოზაძე ვ., საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო., თბილისი 1989;
პაიჭაძე დ., საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაარსების პოლიტიკურ-დიპლომატიური წანამძღვრები., ქართული დიპლომატია, წელიწდეული, ტ. 7, თბილისი 2000., გვ. 50-77;
პაპასქირი ზ., ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან, ნაკვ. II., თბილისი 2007;
ჟორდანია ნ., ჩემი წარსული, მოგონებანი, თბილისი 1990;
ჟუჟუნაშვილი გ., რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა XVII საუკუნის 40-იანი წლების შუახანებში., ქართული დიპლომატია., ტომი 2., თბილისი 1995;
როგავა გ., აფხაზები და აფხაზეთი., თბილისი 2014;
საითიძე გ., რუსეთისა და იმერეთის სამეფოებს შორის დიპლომატიური კავშირ-ურთიერთობების დამყარების ძირითადი ფაქტორები (XVII საუკუნის 40-50-იან წლებში)., ქართული დიპლომატია., ტომი 2., თბილისი 1995;
საითიძე გ, ქართული პოლიტიკური აზრი და რუსეთის სახელმწიფო სათათბირო (1905-1917), თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი 2005;
სარალიძე ლ., პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში დამოუკიდებლობის გამოცხადების წინ (1914-1918)., ისტორიისა და და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები IX., 2009;
სარალიძე ლ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მისიები დასავლეთ ევროპაში 1918-1921 წწ., სადისერტაციო ნაშრომი ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად., თბილისი, 1994;
საქართველო-რუსეთის ურთიერთობა XVIII-XXI საუკუნეებში., წიგნი I., თბილისი 2016;
საქართველო-რუსეთის ურთიერთობა XVIII-XXI საუკუნეებში., წიგნი II., თბილისი 2016;
საყვარელიძე გ., მკვდრეთით აღდგომა ქართული სკოლისა (1918-1921 წწ), თბილისი 1992;
სვანიძე მ., თურქეთის ისტორია (1299-2000), თბილისი 2007;
ქართლის ცხოვრება., ტომი IV., თბილისი 1973
ყაუხჩიშვილი ს., ბერძნების დასახლების ისტორია საქართველოში., ქუთაისი 1946;
ჩაჩხიანი ა., რუსეთ-საქართველოს სამხედრო პოლიტიკური ურთიერთობები და საბრძოლო მოქმედებები აფხაზეთის რეგიონსა და შავიზღვისპირეთში (1918-1920 წლებში; თბილისი 2014;
ჩიტაია დ., აფხაზეთის საკითხი საქართველოს პირველ რესპუბლიკაში., თბილისი 2006;
ჩიტაია დ., აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა XX საუკუნის პირველ ოცეულში., თბილისი 2002;
წმინდა აღმსარებელი ამბროსი (ხელაია) და აფხაზეთი., კრებული/შეადგინა, გამოკვლ. და კომენტარები დაურთო ჯემალ გამახარიამ., თბილისი 2006;
წურწუმია ზ., აფხაზეთი რუსეთ-ოსმალეთის ურთიერთობებში., თბილისი 2012;
ჭუმბურიძე დ., ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა XX საუკუნის დასაწყისში (1918-1921 წლები)., თბილისი 2003;
ხაჭაპურიძე გ. 1905-1907 წლების რევოლუცია საქართველოში., თბილისი 1995
ხორავა ბ., აფხაზეთის სამთავროს გაუქმება., თბილისი 2011; ხორავა ბ., აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობა., თბილისი 2014;
ხორავა ბ., ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა XV-XVIII სს., თბილისი 1998;
ხოშტარია-ბროსე ე. აფხაზეთის ისტორიის საკითხები ქართულ ისტორიოგრაფიაში, თბილისი 2000;
ჯავახიშვილი ნ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბონები, თბილისი 1998;
ჯავახიშვილი ნ., ქართული ბონისტიკა., თბილისი 1996;
АКАК, т.III, ч. II.
Аркомед С. Т., Материалы по истории отпадения Закавказья от России., ТБ,1931;
Борьба за советскую власть в Абхазии. Сборник документов и материалов 1917–1921 / Сост. Г.А.
Бгажба, С. З. Лакоба., История Абхазии с древнейших времен до наших дней., Сухум: 2007
Гамахария Д., Гогия Б., Абхазия –историческая областъ Грузии,Тб .1997
Деникин А. И., Очерки русской смуты., Воспоминания, мемуары., Минск Харвест., 2002 Дзидзария Г. А ., Очерки боръбы за советскую власть в Абхазии., Сухум, 1958 Дзидзария Г. А Очерки истории Абхазии (1910-1921)., Тбилиси — 1963
Документы и Материалы по внешней политики Закавказъя и Грузии., 1990
ИНАЛ-ИПА Ш.Д. Абхазы: Историко-этнографические очерки. — Сухуми: Абгосиздат, 1960
История дипломатии., том второй., Моск. 1929;
История Абхазской АССР (1917–1937). — Сухуми: Алашара, 1983
Лакоба С. З., Боевики Абхазии в революции 1905—1907 годов., Сухуми - Алашара – 1984
Лакоба С. З., Очерки политической истории Абхазии, 1990
Марр Н. Я., Избранные работы., т. V 1935
Ментешашвили А., Исторические предпосылки современного сепаратизма в Грузии., Тб .1998
Пипия Г.В., Политика Германии в Закавказье в 1918 году, Сборник документов, ТБ, 1971;
Полиевктов М. Николай I : Биография и обзор царствования., Моск. 1918
Труды Абхазского научно-исследователъского института краевоведения, Сухуми, 1934 О. Х.
პრესა:
გაზეთი „ საქართველო“, 1917, 15 თებერვალი;
გაზეთი „საქართველო“, 1918, 23 მაისი;
გაზეთი „სახალხო საქმე“, 1920, 26 ივნისი;
გაზეთი „ნაშე სლოვო, 1919, 22 იანვარი;
გაზეთი „ კომუნისტი“, 1990, 26 მაისი;
გაზეთი „ალიონი“, 1917, 30 ნოემბერი;
გაზეთი „ერთობა“, 1919, 29 მაისი;
გაზეთი „ერთობა“, 1918, 24 თებერვალი;
გაზეთი „ერთობა“, 1919, 18 აპრილი;
გაზეთი „ალიონი“, 1917, 30 ნოემბერი;
გაზეთი „სახალხო საქმე“, 1919, 20 თებერვალი;
გაზეთი „ერთობა“, 1920, 29 სექტემბერი;
გაზეთი „საქართველო“, 1918, 17 დეკემბერი;
გაზეთი „საქართველო“, 1918, 28 იანვარი;
გაზეთი „საქართველო“, 1920, 25 სექტემბერი;
გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, 1918, 7 სექტემბერი;
გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, 1918, 23 ოქტომბერი;,.
გაზეთი „ცნობის ფურცელი“, 1905, 22 აპრილი.
საარქივო მასალა:
აფხაზეთის ცსა, ფ. ი 39, აღ.-1, ს. 18, ფ. 125ა. (გამოყენებულია ჩიტაია დ., აფხაზეთის საკითხი საქართველოს პირველ რესპუბლიკაში დაცული მასალები);
აფხაზეთის ცსა, ფ-ი 39, ს. 205, ფ. 16; (გამოყენებულია ჩიტაია დ., აფხაზეთის საკითხი საქართველოს პირველ რესპუბლიკაში დაცული მასალები);
აფხაზეთის ცსა, ფ.20, აღწ.. 1, ს.5, ფ.5-6 (გამოყენებულია ჩიტაია დ., აფხაზეთის საკითხი საქართველოს პირველ რესპუბლიკაში დაცული მასალები);
აფხაზეთის ცს.ა ფ-ი 39, აღწ. 1, ს. 11, ფ. 76 (გამოყენებულია ჩიტაია დ., აფხაზეთის საკითხი საქართველოს პირველ რესპუბლიკაში დაცული მასალები);
აფხაზეთის ცსა, ფ. 39, ს.12, ფ. 9, 15 (გამოყენებულია ჩიტაია დ., აფხაზეთის საკითხი საქართველოს პირველ რესპუბლიკაში დაცული მასალები);
აფხაზეთის ცსა, ფ. ი.39, აღ. 1, ს. 3, ფ. 7 (გამოყენებულია ჩიტაია დ., აფხაზეთის საკითხი საქართველოს პირველ რესპუბლიკაში დაცული მასალები);
აფხაზეთის ცსა, ფ. ი-39, აღ. 1, ს. 12. ფ. 3-4 (გამოყენებულია ჩიტაია დ., აფხაზეთის საკითხი საქართველოს პირველ რესპუბლიკაში დაცული მასალები);
აფხაზეთის ცსა, ფ-ი 39, აღ, ს.15. ფ.6-7 (გამოყენებულია ჩიტაია დ., აფხაზეთის საკითხი საქართველოს პირველ რესპუბლიკაში დაცული მასალები);
აფხაზეთის ცსა, ფ-ი 39, აღ. 1,ს. 1, ფ.2. (გამოყენებულია ჩიტაია დ., აფხაზეთის საკითხი საქართველოს პირველ რესპუბლიკაში დაცული მასალები);
აფხაზეთის ცსა, ფ-ი, 39, ს.18, ფ. 191-198. (გამოყენებულია ჩიტაია დ., აფხაზეთის საკითხი საქართველოს პირველ რესპუბლიკაში დაცული მასალები);
აფხაზეთის ცსა. ფ. ი. 39, აღ. I,ს. 18, ფ 260-270 (გამოყენებულია ჩიტაია დ., აფხაზეთის საკითხი საქართველოს პირველ რესპუბლიკაში დაცული მასალები);
აფხაზეთის ცსა, ფ-ი 39, ს.9, ფ. 43 (გამოყენებულია ჩიტაია დ., აფხაზეთის საკითხი საქართველოს პირველ რესპუბლიკაში დაცული მასალები);
საქართველოს ცსა, ფ. 1935, აღწ.1. საქ.54, ფ.5-6
საქართველოს ცსა, ფ. 1836, აღ. 1. 159, ფ. 2-2 ა).
საქართველოს ცსა, ფ. 1861, ს. 73, ფ.1-2.
ინტერნეტ რესურსები:
ინფორმაცია აფხაზეთში ჩატარებულიუ საერთაშორისო კონფერენციის შესახებ: http://sputnik-abkhazia.ru/Abkhazia/20160616/1018757659.html (გამოყენებულია 5/09-2017);
ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ისტორიული ასპექტები., თამარ გოგოსაშვილი http://old.gruni.edu.ge/uploads/content_file_1_32.pdf (გამოყენეულია 07/09/2017)
ინფორმაცია: ХРОНИКА ОСНОВНЫХ СОБЫТИЙ В ПОЛИТИЧЕСКОЙ ЖИЗНИ АБХАЗИИ (1917-1992)
https://sites.google.com/site/voennyekonfliktyvgruzii/home/hronikaosnovnyhsobytijvpoliticeskojzizniabhazii1917-1992 (გამოყენეულია 07/09/2017)
http://www.orthodoxtheology.ge/ambrosipatriarch/ - პატრიარქ ამბროსის საბოლოო სიტყვა სასამართლო პროცესზე (გამოყენეულია 07/09/2017)
Комментариев нет:
Отправить комментарий