пятница, 11 июня 2021 г.

1930-იანი წლების რეპრესიების საკითხისათვის (დ. პერტაია)

    ტერორი ლათინური სიტყვაა და საშიშს ნიშნავს. სსრ კავშირში ტერორი დასაბამს ჯერ კიდევ ლენინის მოღვაწეობიდან იღებს. „საბჭოთა სოციალისტური ცენტრალიზმი სრულიად არ ეწინააღმდეგება ერთპიროვნულ დიქტატურას, კლასის ნება-სურვილს ზოგჯერ ახორციელებს დიქტატორი, რომელიც ერთპიროვნულად სხვებზე მეტს აკეთებს და რომელიც ხშირად ასე აუცილებელია“,1 – გვმოძღვრავდა ვ. ლენინი, ე. ი. დიქტატორი სრულიად მისაღები იყო საბჭოთა სახელმწიფოსათვის. სტალინის პირადმა თვისებებმა კი სავსებით დააკმაყოფილა ისტორიის მოთხოვნილება, მითუმეტეს, რომ სტალინი ლენინიზმის პრინციპებით მოქმედებდა2.
ვ. ლენინმა სტალინს დაუტოვა დანგრეული და გაუბედურებული ქვეყანა, მაგრამ სამაგიეროდ სამოქალაქო ომში საბჭოთა ხელისუფლების ოპოზიცია წელში იყო გატეხილი. ლენინისა და ტროცკის ინიციატივით შექმნილ საკონცენტრაციო ბანაკებში უკვე იტანჯებოდა ათასობით პოლიტპატიმარი. საბჭოთა ხელისუფლების შეურიგებელი მოწინააღმდეგე ინტელიგენციის ნაწილი სამოქალაქო ომის დასასრულისათვის ან ფიზიკურად იყო განადგურებული ან ემიგრაციაში იმყოფებოდა.
მას შემდეგ, რაც სტალინი ხელისუფლების სათავეში მოექცა, წარმოუდგენელი მასშტაბის რეპრესიების გატარება მოუხდა, რადგან თვით სისტემა, რომელიც მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა, ვერ გამორიცხავდა ძალის, იძულების მომენტს. 30-იან წლებში ქვეყანაში ისეთი ვითარება შეიქმნა, როცა განსაზღვრული არ იყო, სად იწყებოდა და სად მთავრდებოდა სახელმწიფოსა და პარტიის კომპეტენცია. შიდაპარტიულ ცხოვრებაში დემოკრატიზმის ნასახიც არ დარჩა. უზარმაზარი რეპრესიული აპარატი ბრწყინვალედ მოქმედებდა. 20-იანი წლების ბოლოს „შახტის საქმესთან“ დაკავშირებით დაუნდობელი ბრძოლა გაიშალა სახალხო მეურნეობის ყველა სფეროს მეცნიერულ-ტექნიკური ინტელიგენციის წინააღმდეგ.
საბჭოურ ისტორიოგრაფიაში გაბატონებული მოსაზრებით მსხვილი კონტრრევოლუციური ორგანიზაციები, რომლებიც აერთიანებდნენ შახტის ყოფილ მფლობელებს და ძველ სპეციალისტებს, შეეცადნენ ჩაეშალათ ქვანახშირის ამოღება, ინდუსტრიზაციის განხორციელება, შეესრულებინათ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და ა.შ.
სინამდვილეში კი, 1928წ. დასაწყისში დონბასში, რომელიც ერთ-ერთ წამყვანი პროლეტარული რაიონი იყო სსრ კავშირში, მართლაც ჰქონდა ადგილი დატბორვის, შახტების აფეთქების, გაზით მოწამვლის, ნგრევის, მანქანების გაფუჭების ფაქტებს, რაც გამოწვეული იყო კადრების გამოუცდელობით, წარმოების არასწორად წარმართვით, გეგმების გადაჭარბებით შესრულების გამოდევნებით და ა.შ.
სამართალში მიცემულ იქნა 53 ინჟინერ-ტექნიკოსი და სასამართლო პროცესი ელემენტარული სამართლებრივი ნორმების დარღვევით მიმდინარეობდა მოსკოვში 1928 წლის 18 მაისიდან 15 ივლისამდე. 11 ბრალდებულს სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს, რომელთაგან 5-მა თავი მოიკლა, დანარჩენებს სხვადასხვა სასჯელი დაეკისრათ3.
„შახტელები“ ახლა ჩვენი მრეწველობის ყველა დარგში არიან მოკალათებულნი... მავნებლობა მით უფრო საშიშია, რადგან ის დაკავშირებულია საერთაშორისო კაპიტალთან. ბურჟუაზიის მავნებლობა იმის უტყუარი დასტურია, რომ კაპიტალისტურმა ელემენტებმა ჯერ კიდევ არ აიღეს ხელი იარაღზე, რომ ისინი ძალას იკრეფენ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ახალი გამოსვლისათვის“,4 – აღნიშნა სტალინმა და ეს გახდა ნიშანი უნდობლობისა ძველი სპეციალისტებისადმი, რასაც რამდენიმე თვეში მოჰყვა სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგში „მავნებელთა ჯგუფების“ გამოვლენა. 1930 წლის სექტემბერში განაჩენი გამოუტანეს 48 კაცს სასურსათო დარგში, რომელთაც ბრალი დასდეს მთელ რიგ რაიონებში შიმშილობის განზრახ გამოწვევაში5.
1930 წლის შემოდგომაზე „გამომჟღავნდა“ კიდევ ერთი მავნებლური ორგანიზაციის ე.წ. „სამრეწველო პარტიის“ არსებობა, რომელიც 2 ათასამდე წევრს აერთიანებდა. სამართალში მისცეს ცნობილი სპეციალისტები პროფ. ლ. რამზინი, ვ. ლარიჩევი, ი. კალინიკოვი და სხვ. 5 ბრალდებულს, მათ შორის ლ. რამზინს სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს, დანარჩენები სხვადასხვა სასჯელით დასაჯეს. თუმცა პროფ. ლ. რამზინს შემდგომ უფლება მისცეს განეგრძო სამეცნიერო კვლევა, 1936 წლის თებერვალში ამნისტიით გაანთავისუფლეს და დააჯილდოვეს ლენინისა და შრომის წითელი დროშის ორდენებით?!6
ამ პროცესების შედეგი ის იყო, რომ 10-15 წლის შემდეგ მოვიდა ძალზე ფრთხილი, სტალინის მიერ წამოტივტივებული და მასზე დავალებული ინჟინერ-ტექნიკოსთა ახალი კადრები. ამ პროცესების პარალელურად „გაიხსნა“ 2 მავნებლური ორგანიზაციის ე.წ. „შრომის გლეხთა პარტიისა“ და „რსდმპ (მენშევიკების) ცკ საკავშირო ბიუროს“ საქმიანობა, რომლებიც ვითომცდა დაკავშირებულნი იყვნენ „სამრეწველო პარტიასთან“ და მათი მიზანი იყო საბჭოთა ხელისუფლების დამხობა. დღეს, როცა ძალზე სერიოზულად დგას ობიექტური ეკონომიკური კანონების, დაგეგმარების, გეგმებისა და ბაზრის მოთხოვნილების შეთავსების, იჯარისა და კოოპერირების პრობლემები, უსამართლოდ დაღუპული მეცნიერების – „შრომის გლეხთა პარტიის“ წარმომადგენლების ნ. კონდრატიევისა და ა. ჩაიანოვის ნააზრევები სულ უფრო აქტუალური ხდება.
რსდმპ (მენშევიკების) ცკ ბიუროს საქმეზე ბრალდებულმა მ. იაკუბოვიჩმა გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, 1967წ. მაისში განცხადებით მიმართა სსრ კავშირის გენერალურ პროკურორს, რომელშიც ამხილა ეს სასამართლო პროცესი. განცხადება კი გამოაქვეყნა რ. მედვედევმა თავის წიგნში „სტალინისა და სტალინიზმის შესახებ“.7
გათამაშებული სპექტაკლების სცენარი სტალინის უშუალო ჩარევით იწერებოდა, რასაც ფარდა ახადა ვ. კუმანევმა, რომელმაც გამოაქვეყნა მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ცენტრალურ პარტარქივში აღმოჩენილი სტალინის წერილი მენჟინსკისადმი (სტალინის ფონდი #55) – „თუ რამზინის აღიარება იქნება იქნება სხვა ბრალდებულთა (გრომანი, ლარიჩევი, კონდრატიევი და სხვა) ჩვენებების დამტკიცება და დაკონკრეტება, მაშინ ეს გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს სერიოზული წარმატება იქნება“.8
20-იან წლებში მართლაც იყო სერიოზული თეორიული და პრაქტიკული დაპირისპირება და იდეური ბრძოლა, განსაკუთრებით სსრ კავშირში სოციალიზმის მშენებლობის შესაძლებლობების, გზებისა და მეთოდების შესახებ. სტალინისათვის ამ ბრძოლაში მთავარი იყო ხელისუფლების საკითხი. მანევრირებდა რა სხვადასხვა მიმდინარეობებსა და პლატფორმებს შორის, სტალინმა გამოიყენა პარტიაში ფრაქციათა დაპირისპირება, რათა განემტკიცებინა თავისი ძალაუფლება. ის თანდათანობით, მაგრამ განუხრელად მიდიოდა ტოტალიტარული ტერორისაკენ. „მუშათა და გლეხთა პირველ სახელმწიფოზე“ იმპერიალისტთა თავდასხმის საშიშროება შეგნებულად იყო წამოწეული სტალინურ პროპაგანდაში, როგორც ერთ-ერთი ფაქტორი იმ საშინელი ძალადობის გასამართლებლად, რასაც ახორციელებდა სტალინი და მისი გარემოცვა.
ნეპის დემონტაჟით, სხვაგვარად მოაზროვნეთა გენოციდით, მბრძანებლური მეთოდების დამკვიდრებით პარტიულ ცხოვრებაში, წარმოებასა და კულტურაში, ხელისუფლება ცდილობდა გაემართლებინა უმოკლეს ვადაში „სოციალისტური ინდუსტრიალიზაციისა“ და „სოფლის მეურნეობის მთლიანი კოლექტივიზაციის“ კურსის განხორციელება. თვით ჩინოვნიკურ-ადმინისტრაციულ და ძალადობრივ მექანიზმში იყო ჩადებული გარშემო „მტრის ხატის“ შექმნის იდეა.
თანდათანობით ხელთ იგდებდა რა პარტიულ და ძალმომრეობის აპარატს, სტალინი დაუნდობლად იშორებდა ადამიანებს, რომლებიც ეღობებოდნენ მას ხელისუფლებისათვის ბრძოლაში. ჯერ კიდევ გარდაცვალებამდე სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ფ. ძერჟინსკი (გარდ. 1926) ვ. კუიბიშევს წერდა: „თუ ვერ გამოვნახავთ სწორ ხაზს მმართველობაში, სახალხო მეურნეობისადმი ხელმძღვანელობაში, პარტიულ მშენებლობაში.., ქვეყანა იპოვის თავის დიქტატორს“.9
ეს სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდა. პარტიის XV ყრილობაზე (1927 წლის დეკემბერი) სტალინმა კარგად შერჩეული დეპუტატების დახმარებით ხელმძღვანელ ორგანოებს ჩამოაშორა 75 აქტიური სხვაგვარად მოაზროვნე პარტიული მუშაკი (ნაწილი გარიცხულ იქნა პარტიიდან, წმენდის უხეში ფორმებით მან ჩამოიშორა 2 ათასამდე პროფესიონალი რევოლუციონერი).10 პარტიის რიგების ერთიანობისათვის ზრუნვის იდეით, სტალინმა მოახერხა მისი რიგების შევსება თავისი მომხრეებით, რომლებზეც დაყრდნობითაც საფუძველი ჩაუყარა ქვეყანაში მბრძანებლურ -ბიუროკრატიულ სისტემას.
სტალინმა პირველი დარტყმა მიაყენა პროფესიონალ რევოლუციონერთა იმ კადრებს, რომლებმაც გამოიარეს საპყრობილეები და გადასახლებები. ცნობილი პუბლიცისტის ი. ლაცისის სიტყვებით, სტალინის პირველი მსხვერპლი იყო ლენინიზმი, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ხაზს უსვამდა, თავის ერთგულებას ლენინიზმის იდეებისადმი.
სტალინი კარგად იყენებდა იდეურ დაპირისპირებას პარტიის იმ ცალკეულ ლიდერებს შორის, რომლებიც დამსახურებულად წამოატივტივა რევოლუციამ და რომელთაც დიდი ავტორიტეტი და პოპულარობა ჰქონდათ მასებში. როცა ისინი ამას მიხვდნენ, უკვე გვიანი იყო.
ლენინის გარდაცვალების პირველ წლებში სტალინის ბრძოლა იდეურ მოწინააღმდეგეებთან ფაქტიურად თვით პარტიაში ლიდერობისათვის ბრძოლამდე იყო დაყვანილი და არ ხასიათდებოდა ოპონენტების მასობრივი ფიზიკური განადგურებით, რადგან მას ამისათვის ჯერ კიდევ არ ყოფნიდა ძალა და გავლენა მაგრამ, როგორც ლ. ტროცკი წერდა: „მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამწვავდა ნეპის გამო სოციალური წინააღმდეგობები, ბიუროკრატიას მისცა შესაძლებლობა დამდგარიყო საზაგადოებაზე მაღლა. სტალინმა დაიწყო ამაღლება პარტიაზე“.11
30-იანი წლების დასაწყისში პარტიის შიგნით ჩამოყალიბდა ანტისტალინური ოპოზიციური ჯგუფი მ. რიუტინის მეთაურობით, რომელიც მოითხოვდა ეკონომიკური კურსის შეცვლას, სოფელზე ზეწოლის შესუსტებას, პარტიის შიგნით რეპრესიების შეწყვეტას, პარტიის დემოკრატიზაციას და ამის მისაღწევად აუცილებლად მიიჩნევდა სტალინის გადადგომას12.
„რიუტინის“ საქმესთან დაკავშირებით პარტიიდან გარიცხეს 20 კაცი. მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ შეეძლო პოლიტბიუროს დაპირისპირებოდა სტალინის გადაწყვეტილებებს, თუმცა 30-იან წლებში მათი დიდი ნაწილი მაინც დახვრიტეს. სტალინმა და მისმა გარემოცვამ კარგად იცოდა, რომ მიზანს ვერ მიაღწევდა, თუ სასიკვდილო დარტყმას არ განახორციელებდა ისტორიკოსთა, ფილოსოფოსთა და სამართალმცოდნეთა კადრებზე, რომლებიც ჯერ კიდევ იჩენდნენ დიდ პატივისცემასა და მოწიწებას ძველი მეცნიერული ტრადიციებისადმი. „კონტრრევოლუციური შეთქმულების“ ბრალდებით ე.წ. „ისტორიკოსთა საქმეზე“ სხვადასხვა სასჯელი მოიხადა 115 კაცმა, მათ შორის ისტორიკოსმა ი. პლატონოვმა, რომელიც 1933წ. გარდაიცვალა გადასახლებაში.
„ისტორიკოსთა საქმის“ ძირითადი მიზანი იყო ისტორიის, როგორც მეცნიერების პოლიტიზაცია, მისი გადაქცევა ერთპიროვნული დიქტატურის მსახურად. ეს იყო დიდი დარტყმა პროფესიონალ ისტორიკოსებზე, რის შედეგაც მრავალი წლის მანძილზე მტკივნეულად მოქმედებდა ამ მეცნიერების კვლევის ძირითად მიმართულებებზე. ამ სფეროზე შეტევამ გაგრძელება ჰპოვა ისტორიკოსების მ. გრუშევსკის, მ. პოკროვსკის და სხვათა წინააღმდეგ.
1934წ. 1 დეკემბერს ს. კიროვის მკვლელობამ დასაბამი მისცა „დიდ ტერორს“ ქვეყანაში, რომელმაც გადაამეტა ყველა დანაშაულს კაცობრიობის ისტორიაში. პარტიის 1937 წლის თებერვალ-მარტის პლენუმის შემდეგ ტერორმა თავის აპოგეას მიაღწია. „მავნებლობის იარლიყით“ სიცოცხლეს ეთხოვებოდა ბევრი მკვლევარი, ილახებოდა ადამიანთა ღირსება, ავტორიტეტი. ვინც ახერხებდა, გადიოდა სსრ კავშირიდან და პროტესტის ნიშნად არ ბრუნდებოდა. იშორებდა რა იმათ, ვინც უსიტყვოდ არ იზიარებდა სტალინიზმის იდეოლოგიურ დოგმებს, ხელისუფლება ცდილობდა დაემკვიდრებინა თანამოაზრეობა, რაც დიდი ეროვნული უბედურება იყო, რადგან, როგორც ჰეგელი ამბობდა: „როცა ყველანი ერთნაირად აზროვნებენ, არავინ არ აზროვნებს.“ არავის ინდობდნენ: რევოლუციის გმირს თუ მტერს, ძველ თუ ახალ ბოლშევიკს, სახკომს თუ უბრალო მუშას.
1936-1938 წწ. გრძელდებოდა ერთი და იმავე რეჟისურით დადგმული სასამართლო პროცესები. შპიონაჟი, შიში იწვევდა საზოგადოების ნორმალური ცხოვრების პარალიზებას, მეურნეობის დესტაბილიზაციას, ზნეობის დაცემას. საზოგადოების ინტელექტუალური ფენის ფიზიკური განადგურება დამღუპველი იყო ქვეყნისათვის. უბრალო ინფორმაცია საკმარისი იყო, რომ გადაწყვეტილიყო უდანაშაულო ადამიანის ბედი. დაკითხვებზე სხვადასხვაგვარი ზემოქმედებით ქანცგაწყვეტილი მსხვერპლი მზად იყო გაეკეთებინა სენსაციური „აღიარებები“, თუ როგორ აფეთქებდნენ ათეულობით მატარებელს, წვავდნენ ფაბრიკა-ქარხნებს, წამლავდნენ საქონელს, აფეთქებდნენ ხიდებს... გამომძიებლები კი ითხოვდნენ დივერსანტთა ახალ-ახალ სახელებს. ყველაფერი ეს კი ინიღბებოდა დემაგოგიური ლოზუნგებით: „პიროვნების ხელშეუხებლობა“, „შვილი მამაზე პასუხს არ აგებს“, „ყველაზე ჰუმანური სასამართლო მსოფლიოში“ და ა.შ. ზეიმობდა პირმოთნეობა, მაამებლობა. ბატონობდა უნდობლობა, შური, შიში. იყვნენ კარიერისტები, მაგრამ იყვნენ შეცდენილნიც. თუ ადამიანს დააპატიმრებდნენ, ე. ი. დამნაშავე იყო. რახან დამნაშავე იყო, ე. ი. უნდა ეღიარებინა დანაშაული. ვინც არ აღიარებდა ის, გამყიდველი, მტერი იყო გაორმაგებით და უმწეო ადამიანებიც „აღიარებდნენ“.
ე.წ. მოსკოვის პროცესებმა მთელი მსოფლიოს წინაშე დააყენა დილემა: ან ლენინის თანამოაზრენი გადაიქცნენ მოღალატეებად ან სტალინი იყო ფალსიფიკატორი და მკვლელი. მოსკოვის პროცესების თავისებურება იყო, რომ საბრალდებო დასკვნით შეთქმულთა მასშტაბი გიგანტური იყო. ის მოიცავდა სსრ კავშირის მთელ ტერიტორიას. ბრალდებულებს ადანაშაულებდნენ არალეგარულ მოგზაურობებში გერმანიაში, საფრანგეთში, დანიაში, ნორვეგიაში, რათა განეხორციელებინათ ტერორისტული აქტები საბჭოთა მთავრობის ხელმძღვანელებზე და დაეშალათ სსრ კავშირი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ საბჭოთა ტერიტორიაზე მთელი 4 წლის განმავლობაში ასეულობით ადამიანი ამზადებდა სახელმწიფოს ნგრევას და შინაგან საქმეთა სახკომმა ვერ აღმოაჩინა ამის დამადასტურებელი ვერც ერთი სამხილი?! სასამართლო პროცესებს ხომ საფუძვლად ედო მხოლოდ ბრალდებულთა აღიარებები.
ისმება კითხვა: რა აიძულებდათ ბრალდებულებს ეღიარებინათ ისეთი დანაშაულობები, რაც საბჭოთა კანონებით სიკვდილით ისჯებოდა, როცა სასამრთლოს არ გააჩნდა ამის დამადასტურებელი ფაქტები. ამასთან, ყველა ის პირი, რომლებიც საბრალდებო სკამზე აღმოჩნდნენ, არაერთხელ იყვნენ ცარიზმის სასამართლო პროცესებზე და კარგადაც იყვნენ გათვითცნობიერებულნი კანონმდებლობაში. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ თითქოს ყველაზე გონივრული იქნებოდა მათთვის დუმილი და დალოდებოდნენ გამოძიებას მანამ, სანამ ის თვითონ არ ჩაფლავდებოდა. ამასთან ერთად, ბრალდებულები იმით აცვიფრებდნენ მსოფლიოს, რომ ერთხმად ცნობდნენ ყველა დანაშაულს, რასაც კი მათ მიაწერდნენ. თავისთავად ჩნდებოდა ეჭვი მათზე ზეწოლისა, მაგრამ თვით ბრალდებულები უარყოფდნენ ამ ბრალდებას.
ამასთანავე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არ შეიძლება გამოირიცხოს მავნებლობის ცალკეული ფაქტების არსებობაც. უდიდესი მნიშვნელობის დაგეგმარებაში, ახალი სამრეწველო ობიექტების ამოქმედებისას, რომლებიც უმოკლეს ვადებში უნდა განხორციელებულიყო, არავინ იყო დაზღვეული ასეთი შემთხვევებისაგან. ისიც გასათვალისწინებელია, რომ სუსტ ტექნიკურ აღჭურვილობას, დაბალ მწარმოებლობას, ტექნიკურ კულტურას და დისციპლინას, არაკომპეტენტურობას არ შეეძლო არ გამოეწვია ავარიები, ნგრევა, ხანძარი. ყველაფერი ეს კი ცხადდებოდა ტროცკისტული მავნებლების მოღვაწეობის შედეგად.
სტალინმა იმიტომ კი არ გაანადგურა „ძველი ბოლშევიკური გვარდია“, რომ ისინი ხელს უშლიდნენ მას იმ იდეების განხორციელებაში, რომლებიც თვითონ მოიტანეს მხრებით, არამედ სტალინის თვითმპყრობელური ხელისუფლების განმტკიცებისა და გაღრმავების წინააღმდეგი იქნებოდნენ. ამიტომ ეყრდნობოდა ის პარტიული მუშაკების იმ ახალ თაობას, რომელთაც არ გაევლოთ რევოლუციის სკოლა, მაგრამ სტალინის სკოლა უკვე გავლილი ჰქონდათ.
თუ 1924-1925 წლებში სსრ კავშირში ხელისუფლებაში მოვიდოდა არა სტალინის, არამედ ტროცკის ჯგუფი, 30-იანი წლების შუა ხანებში ტერორი ქვეყანას მაინც არ ასცდებოდა. „რევოლუცია მოითხოვს რევოლუციური კლასისაგან, რომ მან თავის მიზანს მიაღწიოს ყოველგვარი საშუალებებით, რაც მის განკარგულებაშია: თუ აუცილებელია – შეიარაღებული აჯანყებით, თუ საჭიროა – ტერორიზმით... რეპრესიების ფორმა ან მისი ხარისხი, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს პრინციპულ საკითხს!.. დაშინება პოლიტიკის უძლიერესი საშუალებაა“, – წერდა ლ. ტროცკი13.
30-იან წლებში მიღწეული იქნა მნიშვნელოვანი წარმატებები ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში. საზოგადოების საერთო განწყობა ოპტიმისტური იყო. ხალხი აშენებდა, ქმნიდა, მაგრამ პარალელურად ათასობით უდანაშაულო ადამიანი ეწირებოდა ამ რეჟიმს. წარმატებების ფონზე ადვილი დასაჯერებელიც იყო, რომ წინააღმდეგობა იზრდებოდა, კლასობრივი ბრძოლა მწვავდებოდა, რომ ყველგან მოკალათებული იყვნენ „ხალხის მტრები“. საკითხის დასმა – სტალინს მეტი დამსახურება ჰქონდა თუ დანაშაული, არ შეიძლება, რადგან ამ წარმატებებს მილიონობით ადამიანი შეეწირა.
თავისი მიზნების მისაღწევად სტალინს აუცილებლად მიაჩნდა არა მარტო მოწინააღმდეგეების, არამედ იმ ჩეკისტების განადგურება, რომლებმაც „ძალზე ბევრი იცოდნენ“, ადამიანები, რომელთა ხელითაც მილიონობით სიცოცხლე ისპობოდა, არც თვითონ აღმოჩნდნენ დაზღვეული ამ სისტემისაგან. შინაგან საქმეთა სახკომის დაპატიმრებულ თანამშრომლებზე არავითარი გამოძიება არ წარმოებდა, თუნდაც მოჩვენებითი. მათ მთელ ჯგუფებად ადანაშაულებდნენ ტროცკიზმთან კავშირში ან შპიონაჟში და გასამართლების გარეშე ხვრეტდნენ14.
1936წ. დეკემბერში ეჟოვმა ჩამოაყალიბა ე.წ. სპეცოპერაციის განყოფილება, რომელთაც უნდა გაენადგურებინათ ტროცკისტული პარტიის საზღვარგარეთელი ლიდერები და НКВД-ს ის თანამშრომლები, რომლებმაც პროტესტის ნიშნად უარი თქვეს სსრ კავშირში დაბრუნებაზე. იმ პერიოდში განადგურებული ჩეკისტების რიცხვი დადგენილი არ არის, მაგრამ ზოგიერთი მონაცემით, ფიზიკურად განადგურებული იქნა 20 ათასი ჩეკისტი15.
ჯერი სამხედრო პირებზე მიდგა. 1937-1938 წლებში დაიღუპაარმიისა და ფლოტის მეთაურთა და პოლიტშემადგენლობის 45%. „37 წლის გარეშე, შესაძლებელია, არც ყოფილიყო ომი 41-ში, _ ხაზი გაუსვა ერთხელ სსრ კავშირის მარშალმა ა. ვასილევსკიმ. _ იმაში რომ ჰიტლერმა გადაწყვიტა დაეწყო ომი 41-ში, დიდი როლი ითამაშა სამხედრო კადრების იმ დონეზე განადგურებამ, რაც მოხდა ჩვენთან“...16
დაპატიმრებული იქნენ საბჭოთა მთავრობის წარმომადგენლები. 1937 წლის 1 მარტისთვის გასამართლებულთა რაოდენობა სახკომებში ასეთი იყო: მძიმე მრეწველობის სახკომი – 585 კაცი, განათლების სახკომი – 228, მსუბუქი მრეწველობის სახკომი – 141, მიწათმოქმედების სახკომი – 102 და ა.შ.17
როცა საბრალდებო სკამზე აღმოჩნდა შინაგან საქმეთა ყოფილი შეფი, ყოვლისშემძლე იაგოდაც, ქვეყანა შიშმა და ძრწოლამ მოიცვა, ე.ი. სსრ კავშირში არავინ იყო უსაფრთხო. რეპრესიების მსხვერპლი გახდა თვით პარტიაც. იმ საშინელ ათწლეულში დაპატიმრებული იქნა რევოლუციამდელი სტაჟის მქონე პარტიის წევრთა 80%, ხოლო სულ – 1 მლნ 200 ათასი კომუნისტი, რაც 1937 წლის დასაწყისში პარტიის წევრთა 1/3-ს შეადგენდა. ზოგიერთი მონაცემით, 30-იან წლებში რეპრესირებულ იქნა პარტიის წევრთა 50%.18
პარტიის XVII ყრილობაზე ცენტრალური კომიტეტის 139 წევრიდან და კანდიდატიდან დაპატიმრებული და დახვრეტილი იქნა 98 წევრი, მისი 1966 დელეგატიდან – 1108კომუნისტი19. ტერორი მუსრს ავლებდა რესპუბლიკურ პარტორგანიზაციებს. მაგალითად, საქართველოს კომპარტიის X ყრილობის შემდეგ (1937წ. მაისი) დაპატიმრებული, გადასახლებული და დახვრეტილი იქნა დეპუტატების 66%.20
რეპრესირებულ ადამიანთა რაოდენობის ამსახველი ციფრობრივი მონაცემები სხვადასხვაა, მაგრამ არის მონაცემები, რომ მარტო 1930-1941 წლებში რეპრესირებული იქნა 20 მლნ „ხალხის მტერი“.21
ამერიკელ სოვეტოლოგს, ს. კოენს მოჰყავს ასეთი ციფრები: 1937-1938 წლებში დაპატიმრებული იყო 7-8 მლნ კაცი. დახვრეტილი იქნა და დაიღუპა 3 მლნ. 1939წ. დაპატიმრებულთა რიცხვმა 9 მლნ კაცს მიაღწია22.
ა. ანტონოვ-ოვსეენკო ასახელებს რეპრესირებულთა რიცხვს – დაახლ. 18 მლნ-ს.23 რ. მედვედევი გაზეთში „მოსკოვსკიე ნოვოსტი“ (1988წ. ნოემბერი) ასახელებს 40 მლნ კაცს24, ხოლო ა. სოლჟენიცინი ესპანეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში – 66 მლნ მიმატებული 44 მლნ, რომელიც მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა25.
სსრ კავშირის მარშალის რ. მალინოვსკის ცნობით, წითელი არმიის მეთაურთა შემადგენლობაში რეპრესირებული იქნა 300 ათასი კაცი26, აკად. ს. სამსონოვის ცნობით კი – 40 ათასი27. მარტო წითელი არმიის უმაღლეს ხელმძღვანელთა შემადგენლობაში განადგურებული იქნა: 5 მარშლიდან 3, I რანგის 5 კომანდარმიდან – 3, II რანგის 10 კომანდარმიდან – 10, კორპუსთა 57 მეთაურიდან – 50, I და II რანგის არმიის 16 კომისრიდან – 16 (კომისარი სარდალი არ იყო და მათი აქ ჩამოთვლა არ არის საჭირო), კორპუსის 26 კომისრიდან – 25, დივიზიის 64 კომისრიდან – 58, 456 პოლკის მეთაურიდან – 401. ასევე რეპრესირებული იქნა 40 ათასი ოფიცერი.28
1930-1931 წლებში გადასახლებული იქნა 2 მლნ კულაკი29. რ. კონქვესტის ცნობით, 5 წლის მანძილზე, 1928 წლიდან 1933 წლამდე სტალინმა გაანადგურა მეტი ადამიანი, ვიდრე დაიღუპა პირველ მსოფლიო ომში30.
რეპრესიის მსხვერპლთა რაოდენობაზე მეტყველებს მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა სსრ კავშირში. 1929წ. 1 იანვრიდან 1933წ. 1 იანვრამდე მოსახლეობა გაიზარდა 11 მლნ კაცით. 1933წ. 1 იანვრიდან 1937წ. დეკემბრამდე კი – შემცირდა 2 მლნ-ით.31
სტალინმა გაანადგურა იმაზე მეტი რევოლუციონერი, ვიდრე რუსეთის მეფეებმა ერთად აღებული. მან დახვრიტა არა მარტო მისი პოტენციური მოწინააღმდეგეები, არამედ თანამგრძნობნიც. ცდილობდა რა, არ დაეტოვებინა არასასურველი მოწმეები, გაანადგურა თავისი ერთგული მსახურები, რომლებიც უსიტყვოდ ასრულებდნენ მის ბრძანებებს. გაიმეტა თავისი ძველი კავკასიელი მეგობრები, რომლებმაც ბევრი რამ იცოდნენ მის შესახებ. საქართველოში დაპატიმრებული იყო ყველა პარტიული ხელმძღვანელი: მ. ორახელაშვილი, ლ. ღოღობერიძე, შ. ელიავა. ცკ-სა და სახკომში არ დარჩა ხელმძღვანელი შემადგენლობიდან ისეთი პირი, რომელსაც რეპრესია არ შეხებია. იგივე ხდებოდა რაიონებში. რაიკომის მდივანთა 90% რეპრესირებული იქნა32. დახვრეტილი იქნენ შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები, პოეტები, მწერლები, მხატვრები, მსახიობები.
რეპრესიებს ვერ გადაურჩა სტალინის ნათესაობაც. სტალინისათვის გზის გადაღობვა ყველასათვის სასიკვდილო საფრთხედ იქცა. ჯერ კიდევ 1926 წელს ნ. კრუპსკაიას უთქვამს: „ვალოდია ცოცხალი რომ ყოფილიყო, ის ახლა ციხეში იქნებოდაო“.33 ვინ იცის!
პოლიტიკურ პროცესებს სტალინი უყურებდა არა როგორც იურიდიულ აქტებს, სადაც ყველაზე „საშიში ხალხის მტრები“ უნდა განადგურებულიყო, არამედ როგორც კლასობრივი სიფხიზლის, ყველა იმ პოტენციური მტრის წინააღმდეგ სიძულვილს და შეურიგებლობას, ვინც მის წინააღმდეგ გამოვიდოდა. იმიტომ იყო, რომ პროცესები ფართოდ იხილებოდა პრესაში, რადიოთი, ხალხმრავალ მიტინგებზე „ფაშისტური ხროვის განადგურების“ მოთხოვნით.
ამ გზით მტკიცდებოდა სტალინის ერთხელისუფლებიანობა. ხალხი, პარტია რწმუნდებოდა, რომ ყოველგვარი ოპოზიცია უპერსპექტივოა. თვით სტალინის გარემოცვასაც არ შეეძლო თავი მშვიდად ეგრძნო. სტალინი, ერთი პიროვნება ამას იმიტომ ახერხებდა, რომ ის ეყრდნობოდა იმ სისტემას, რომელიც მასთან ერთად სხვებმაც შექმნეს.
პოლიტიკური პროცესები რომ საზღვარგარეთაც მიიპყრობდა ყურადღებას, ეს სტალინმაც კარგად იცოდა. ამიტომ ყველაფერი კეთდებოდა ისე, თითქოს სამართლიანობა დაცული იყო. პოლიტიკური პროცესების არსს წარმოაჩენდა საზღვარგარეთ ლ. ტროცკი. ის სოლიდარობას უცხადებდა სტალინის რეჟიმის მსხვერპლთ, რაც სტალინის ხელში ერთ-ერთი დამატებითი არგუმენტი ხდებოდა მათ წინააღმდეგ.
აღსანიშნავია 1938წ. გამოცემული „ოპოზიციის ბიულეტენის“ 65-ე ნომერი, სადაც ტროცკი ასეთ კითხვას სვამდა: „ტოტალიტარული რეჟიმის აპარატი ახორციელებს დიქტატურას. თუ ჩემმა დაქირავებულებმა დაიკავეს აპარატში ყველა საკვანძო თანამდებობა, რატომ არის სტალინი კრემლში, მე კი – გადასახლებაში“.34 არიან ადამიანები, რომლებიც დღემდე გვარწმუნებენ, რომ სტალინმა რეპრესიების შესახებ ცოტა რამ იცოდა. სტალინს არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა, რომ განხორციელებული ტერორი პარტიულ, სამეურნეო და სამხედრო კადრებზე წარმოებდა სოციალისტური კანონიერების დარღვევით. მას არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა, რომ წარმოებდა ფალსიფიცირებული პროცესები, რომლებშიც დანაშაულობათა აღიარებისათვის გამოყენებული იყო ძალადობის საშინელი ფორმები: თვალის ამოთხრა, ფრჩხილების დაძრობა, ხელებისა და ფეხების მომტვრევა, გახურებული რკინით სხეული ამოწვა და ა.შ. ბრალდებულებს არ აძლევდნენ ძილის უფლებას, ფეხშიშველებს ყინულზე ან კარცერში აუტანელ სიცხეში ამყოფებდნენ. გამოყენებული იყო ზემოქმედების ისეთი ფორმა, როგორიც იყო კომუნისტის მოვალეობა პარტიის საქმისათვის. ადამიანები გრძნობდნენ, რომ დაუცველები იყვნენ. მათი ნაწილი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე აწერდა ხელს ყოველგვარ ჩვენებას, მეორენი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებდნენ, მესამენი დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ, მაგრამ ბოლოს ხელს მაინც აწერდნენ. ძნელია თითოეული მათგანის განსჯა. ყოველივე ამის დამადასტურებელია იმ უბედურებას გადარჩენილი ცალკეული თვითმხილველების აღსარებები. ერთ-ერთი მათგანის – იაკუბოვიჩის აღსარება აისახა ა. სოლჟენიცინის წიგნში „გულაგის არქიპელაგი“.35
და მაინც, რა იყო რეპრესიების მიზეზები?
რეპრესიული პოლიტიკით წყდებოდა პარტიული და სახელმწიფო აპარატის წმენდა სისტემისათვის მიუღებელი პიროვნებებისაგან, რაც გზას უხსნიდა სტალინს აბსოლუტური ძალაუფლებისაკენ. რეპრესიების გამოყენებით ხორციელდებოდა ადგილობრივი სეპარატიზმის ჩახშობა და ცენტრისადმი უსიტყვო მორჩილება. ქვეყნის საერთო ეკონომიკური წარმატებების ფონზე ადგილი ჰქონდა სერიოზულ ჩავარდნებს, რაც განმარტებას, ახსნას მოითხოვდა. ამისათვის კი ყველაზე მისაღები ფორმა იყო მავნებლობისა და დივერსიის ფაქტების დადასტურება, ე. ი. შესაძლებელი ხდებოდა დაძაბულობის მოხსნა „ხალხის მტრებისა“ და „მავნებლების“ დასჯით.
მმართველი ზედაფენა თავს ვერ ართმევდა რთული სახალხო მეურნეობის ამოცანების გადაწყვეტას და გამოსავალს ხედავდა რეპრესირებულთა უსასყიდლო შრომის გამოყენებაში, რამაც უდიდესი როლი შეასრულა ქვეყნის ინდუსტრიულ განვითარებაში. 1930 წლის 1 მაისისათვის НКВД-ს განკარგულებაში იყო 279 შრომითი გამოსასწორებელი დაწესებულება 171251 მსჯავრდებულით, ОГПУ-ს ბანაკებში – დაახლ. 100 ათასი. 1940 წლისათვის გულაგი შედგებოდა 53 ბანაკის, 425 შრომითი გამოსასწორებელი კოლონიის, 50 არასრულწლოვანთა კოლონიისაგან სულ 1668200 მსჯავრდებულით. აქედან კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით თუ 1934წ. იყო 26,5%, 1939წ. – 34,5%.36
შრომით გამოსასწორებელ კოლონიებში ყოველწლიურად საშუალოდ 10,1% დაპატიმრებული იყო პოლიტიკური მოტივით. 1932 წლის იანვრისათვის სპეცდასახლებებში იყო 1,4 მლნ გადასახლებული კულაკი და მათი ოჯახის წევრები, რომელთა მცირე ნაწილი სოფლის მეურნეობაში, ხოლო უმრავლესობა კი – ხე-ტყისა და დამამზადებელ მრეწველობაში იყო დაკავებული. 1935წ. იძულებით შრომაში დაკავებული იყო დაახლ. 2 მლნ 85 ათასი მსჯავრდებული.37 ამასთან დაკავშირებით, აკად. ვ. ვერნადსკი თავის დღიურში 1938წ. 5 იანვარს წერდა: „მილიონებია დაპატიმრებული... მილიონი ბრალდებული – უსასყიდლო შრომაა, რომელიც თამაშობდა მნიშვნელოვან და დიდ როლს სახელმწიფო მეურნეობაში“.38
რეპრესიები თვით სოციალიზმის მშენებლობის ლოგიკიდან გამომდინარეობდა. პარტიულ ხელმძღვანელობას, აიღო რა კურსი რევოლუციისაკენ „ზემოდან“, უნდა გაენადგურებინა საზოგადოების ის ფენები, რომელთაც შეეძლოთ რევანშის აღება სამოქალაქო ომში 20-იან წლებში ხელისუფლებისათვის ბრძოლაში დამარცხების გამო. ისინი მოქმედებდნენ პრინციპით, რომ „ძალადობა წარმოადგენს ყოველგვარი რევოლუციის ბებიაქალს“ და ეყრდნობოდნენ მას რევოლუციურ გარდაქმნაში. რევოლუციონერთა იმ თაობას, რომელიც რევოლუციამ შვა და სამოქალაქო ომში მოინათლა, სხვაგვარად არ შეეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი თვითონ აღმოჩნდა რეპრესიების მსხვერპლი, მათ უწინდებურად სჯეროდათ, რომ ისტორიის მამოძრავებელია რევოლუცია, კლასობრივი ბრძოლა, ხოლო ძალადობა გამოიყენება იმისათვის, რომ განადგურდეს კლასობრივი მტრები, მათთან ერთად კი – სოციალური ანტაგონიზმის საფუძველი.
30-იანი წლების ბოლოს გაჩნდა „მეხუთე კოლონის“ ლიკვიდაციის მოტივი. ამასთან დაკავშირებით, სტალინის ერთგული თანამებრძოლი ვ. მოლოტოვი პოეტ ფ. ჩუევს ასე უხსნიდა: „1937 წელი იყო გარდაუვალი. თუ გავითვალისწინებთ, რომ რევოლუციის შემდეგ ჩვენ... გავიმარჯვეთ, მაგრამ მტრების ნარჩენები... არსებობდნენ და მოსალოდნელი ფაშისტური აგრესიის საშიშროების პირისპირ ისინი შეიძლებოდა გაერთიანებულიყვნენ. ჩვენ დავალებული ვართ 1937 წლისა იმით, რომ ომის დროს არ იყო მეხუთე კოლონა“.39
რეპრესიების შედეგად სსრ კავშირში ჩამოყალიბდა ტოტალიტარული სისტემა. სტალინი გადაიქცა ერთპიროვნულ ლიდერად სსრ კავშირში და საერთაშორისო კომუნისტურ მოძრაობაში. მიუხედავად იმისა, რომ სტალინის პიროვნებაზე დღეს ბევრი იწერება, მისი ფენომენი შეუსწავლელია.
1936წ. პარიზში ჩასულა ნ. ბუხარინი, რომელიც ფარულად შეხვედრია ცნობილ მენშევიკებს ფ. დანსა და მის მეუღლეს. ამის შესახებ ცნობა დაცული ყოფილა ამსტერდამის სოციალური პოლიტიკის ინსტიტუტში და გადმოცემულია ი. სუხოტინის წიგნში „სტალინის ვაჟი“. ბუხარინი ასე ახასიათებდა სტალინს: სტალინი „უბედურია იმითაც, რომ არ ძალუძს დაარწმუნოს ყველა, თავისი თავიც კი, რომ ყველაზე მაღლა დგას, ყველას სჯობნის და ეს მისი უბედურება ალბათ მისი ყველაზე ადამიანური ნიშან-თვისებაა... რაღაც ეშმაკისეული არის იმაში, რომ თავის „უბედურებისათვის“ მას არ შეუძლია შური არ იძიოს ადამიანებზე, ყველა ადამიანზე, განსაკუთრებით იმათზე, ვინც მას აღემატება, მასზე უკეთესია... იგი განწირულია, სტალინი მას ცოცხალს არ დატოვებს, ვინაიდან ეს კაცი მას მუდამ აგრძნობინებს, რომ თვითონ პირველი კაცი ყველაზე უკეთესი არ არის... ეს პატარა, ღვარძლიანი კაცია, ადამიანი კი არა ეშმაკია“.
ფ. დანის შეკითხვაზე – „როგორ მოხდა, რომ სტალინის ასეთი შეფასების მიუხედავად მან, ბუხარინმა და სხვა კომუნისტებმა ასე ბრმად ანდეს თავისი ბედი, თავიანთი და მთელი პარტიის ბედი ამ ეშმაკს“ – ბუხარინმა უპასუხა: „თქვენ არ გესმით, ეს სულ სხვა რამ არის, მას კი არ ანდეს, არამედ კაცს, რომელსაც პარტია ენდობა. რას იზამ, ისე მოხდა, რომ იგი პარტიის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა, ქვედა ფენებს, მუშებს, ხალხს სწამს მისი... აი, რატომ არის, რომ ჩვენც ყველანი პირში შევცქერით... ამასთან დანამდვილებით ვიცით, რომ გადაგვსანსლავს და ეს მანაც იცის, მხოლოდ ხელსაყრელ მომენტს ელის“.40
არადა, საინტერესოა, რა არის მიზეზი ასეთი მონური მორჩილებისა, რომლითაც ბუხარინი და პარტიის სხვა ლიდერები ელოდებოდნენ, თუ როდის „გადასანსლავდა“ მათ სტალინი. „სერ, ზედმეტი ხომ არ იყო თქმული თქვენს მიერ სტალინზე? – შეეკითხა უინსტონ ჩერჩილს 1959წ. 23 დეკემბერს ლორდთა პალატის ერთ-ერთი წევრი, როცა ჩერჩილი გამოდიოდა ინგლისის პარლამენტში სტალინის დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სიტყვით. – არა, სერ, პირიქით, ნაკლები. სტალინი იყო პიროვნება, რომელიც ერთხელ იბადება 10 საუკუნეში“.41 სტალინის ფენომენის სრულ შესწავლაზე დიდადაა დამოკიდებული მისი მმართველობის პერიოდის სრულყოფილად ასახვა.
შენიშვნები
1. В. И. Ленин. Сочинения, т. XXV, М., 1952, გვ. 119.
2. À. ÀÅÔÏÒáÀÍÏÅÉ. სტალინის სიკვდილის საიდუმლო, თბ., 1991, გვ. 197.
3. Р. Медведев. О Сталине и сталинизме, М., 1990, გვ. 237.
4. И. В. Сталин. Сочинения, т. 12, М., 1953, გვ. 14.
5. А. Солженицын. Архипелаг ГУЛАГ. 1918-1956. Опыт художественного исследования, т. I, М., 1990, გვ. 59.
6. В. А. Куманев. 30-е годы в судьбах отечественной интеллигенции, М., 1991, გვ. 57.
7. Р. Медведев. О Сталине и сталинизме, М., 1990, გვ. 243-249.
8. В. А. Куманев. 30-е годы.., გვ. 76.
9. В. А. Куманев. 30-е годы.., გვ. 32.
10. А. Антонов-Овсеенко. Театр Иосифа Сталина (Осмысливать культ Сталина), М., 1989, გვ. 88.
11. გაზ. „Аргументы и факты“, 1989, №34, с. 4.
12. Р. Медведев. О Сталине и сталинизме, გვ. 263.
13. Л. Д. Троцкий. Основные вопросы пролетарской революции. Сочинения, т. XII, М.-Л., 1925, გვ. 59.
14. А. Орлов. Тайная история сталинских преступлений, М., 1991, გვ. 214.
15. А. И. Османов. История России. IX-XX века, СПб., 2000, გვ. 351.
16. ჟურნ. „Коммунист“, 1988, №9, გვ. 42. 305 20. ÓÀÉÓÔÏÒÉÏ ÞÉÄÁÀÍÉ
17. Д. Волкогонов. Триумф и трагедия. Политический портрет И. В. Сталина, кн. 1, М., 1990, გვ. 456.
18. გაზ. „Аргументы и факты“, 1989, №11, с. 8.
19. Новейшая история Отечества. XX век, т. II, М., 1999, გვ. 83.
20. ÓÀØÀÒÈÅÄËÏÓ ÊÏÌÐÀÒÔÉÉÓ ÉÓÔÏÒÉÉÓ ÍÀÒÊÅÄÅÄÁÉ, თბ., 1963, გვ. 160.
21. А. Данилов, Л. Косулина. История России. XX век, М., 2000, გვ. 281.
22. М. С. Докучаев. История помнит, М., 1998, გვ. 4.
23. იქვე, გვ. 4.
24. გაზ. „Московские новости“, 27 ноября 1988г.
25. გაზ. „Комсомольская правда“, 4 июня 1991г.
26. М. С. Докучаев. История помнит, გვ. 4.
27. იქვე.
28. А. Данилов, Л. Косулина. История России, გვ. 280.
29. М. С. Докучаев. История помнит, გვ. 6.
30. Р. Конквест. Осмыслить культ Сталина, М., 1989, გვ. 397.
31. История России, под ред. А. С. Орлова, М., 2000, გვ. 375.
32. Н. Каркашадзе. Сталин, М., 2002, გვ. 132.
33. Â. ÍÀÃÉÒÀÞÄ. სტალინი – ქართველი კაცი? თბ., 2000, გვ. 63.
34. Д. Волкогонов. Триумф и трагедия, кн. 1, გვ. 483.
35. А. Солженицын. Архипелаг ГУЛАГ, т. I, გვ.
36. История России. XX век, под ред. В. П. Дмитренко, М., 1999, გვ. 330.
37. იქვე, გვ. 331.
38. Новейшая история Отечества. XX век, გვ. 84.
39. იქვე, გვ. 83.
40. Â. ÍÀÃÉÒÀÞÄ. სტალინი – ქართველი კაცი? გვ. 63.
41. Н. Каркашадзе. Сталин, გვ. 6.

Комментариев нет:

Отправить комментарий