ბალატუნუსის ბილინგვა
სირიაში, ბიზანტიურ ციხე-ქალაქ ბალატუნუსის ერთერთი ბურჯის ნანგრევებში 2008 წელს აღმოჩნდა ორენოვანი (ბერძნულ-ქართული) წარწერა, რომელიც ამჟამად ინახება სირიის მთავარი საპორტო ქალაქის ლატაკიის (ლაოდიკეა) მუზეუმში. 2009 წლის ბოლოს წარწერა სათანადო გამოკვლევით ჩემი მეგობრისა და კოლეგის, საფრანგეთის ინსტიტუტის (წარწერებისა და ბელლლეტრის აკადემია) წევრის, ჟან-პიერ მაეს საშუალებით გადმომიგზავნა მაშინ ახლო აღმოსავლეთის (დამასკოს) ფრანგული ინსტიტუტის მეცნიერმა თანამშრომელმა ჟულიენ ალიკომ. ცხადია, მას აინტერესებდა ბილინგვის ქართული წარწერის შინაარსი, რომლის ამოკითხვა პარიზში ვერ მოხერხდა.
როგორც ბატონი ალიკოს შენიშვნებიდან ჩანდა, ორენოვან წარწერიანი ქვის (ქვიშაქვა) ზომებია 57X162X21. ბილინგვა მე თვითონ არ მინახავს, ამიტომ ქვემოთ ყველაგან ვეყრდნობი ბატონ ალიკოს მიერ კარგად შესრულებულ აღწერას და ასევე კარგად დამზადებულ ფოტოებს.
ბერძნული წარწერისფრანგული თარგმანი ქართულად: «ეს ღრთივხსნილი კასტრონი, რომელიც უკეთილშობილესმა კატეპანმა ნიკეტასმა, პატრიკიოსმა და ანტიოქიის რექტორმა, ხელიდან გამოსტაცა მტრულ ბარბაროსებს ქრისტესმოყვარული რომანოსისა და ზოიას მმართველობის დროს და რომელიც დაარსებულ (ან დაფინანსებულ) იქნა სპანტაგუდე ტეპელის, პატრიკიოსისა და ლაოდიკეის სტრატეგოსის მიერ, გასრულდა ივნისის თვეში, ინდიქტიონს 14, 6539 წელს სამყაროს შექმნიდან». იგულისხმება რომაული წელთაღრიცხვის 1031 წელი (6539-5508=1031).
შენიშვნები ბერძნული წარწერის ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით
ბატონი ალიკოს თარგმანი ქმნიდა შთაბეჭდილებას (ასევე იყო განმარტებული კომენტარებში), რომ წარწერა უკავშირდებოდა კატეპან ნიკეტას და არა სპანტაგუდე ტეპელის, რომელიც შესაძლოა არც იმყოფებოდა იმ დროს ბალატუნუსში. ასეთი ინტერპრეტაციის სისუსტე ადვილად ჩანდა ბერძნული ტექსტის პირველივე წაკითხვიდან: ბიზანტიელებმა კატეპან ნიკეტასის მეთაურობით ბალატუნუსი აიღეს 1031 წლის გაზაფხულის დასაწყისში (მარტში), ხოლო წარწერა შესრულებულია ამავე წლის ივნისში. ამრიგად, ცხადია, რომ ბერძნული კე; კტისქე;ნ პარა; შპანტაგოუდჰ უნდა ითარგმნოს არა როგორც «დაარსებულ იქნა» (ან თუნდაც, «დაფინანსდა») სპანტაგუდეს მიერ», არამედ ბერძნული ენისათვის გაცილებით უფრო ბუნებრივად: «აიგო//აშენდა სპანტაგუდეს მიერ».
მეორე ჩემი შენიშვნა ეხებოდა კვლავ ბერძნული ტექსტის არაბუნებრივად წაკითხვას. ჟულიენ ალიკომ სწორად განსაზღვრა (ამაში მას დაეხმარა ბერძნული წარწერის ქვემოთ ქართული წარწერის მხოლოდ არსებობაც კი), რომ «ტეპელი» ტბელს უნდა აღნიშნავდეს. იმ ცოდნით, რაც ტბელებთან დაკავშირებით მან ლიტერატურიდან მოიპოვა, ცხადია, უნდა ეფიქრა, რომ ტბელი გვარის აღმნიშვნელი სახელია და სრულიად ბუნებრივად მიიჩნია, რომ «სპანტაგუდე ... ტეპელი» ერთი და იმავე პირის სახელი და გვარია. იგი იმდენად დარწმუნებული იყო ასეთ ინტერპრეტაციაში, რომ ანგარიში არ გაუწია კვლავ ბერძნული ტექსტის ჩვენებას: შპანტაგოუდჰ . . .ტოუ' თჰპელი, რაც სიტყვა-სიტყვით უეჭველად უნდა უნდა ითარგმნოს როგორც «სპანტაგუდე ტეპელისა» ანუ «სპანტაგუდე ტეპელის ძე». ასეთი გააზრება ზუსტი ანალოგიაა სახარები¬სე¬ული შესიტყვების: !იავკვბო ალფაივოუ (იაკობ ალფესი ანუ იაკობ ალფესის ძე) იოუდა იაკობოუ (იუდა იაკობისი ანუ იუდა იაკობის ძე) და ა.შ.
მესამე შენიშვნა ბერძნული ტექსტის აღდგენილ დასაწყისს ეხებოდა. ჩემი აზრით, ეპიგრაფიკული ტექსტი, სადაც „ურჯულოებზე“ მნიშვნელოვანი გამარჯვების შესახებ არის ლაპარაკი, არ შეიძლება დაიწყოს გამოთქმით ეტელეივვქჰ (ამიტომაც იყო, რომ იგი ჟულიენ ალიკოს თარგმანში სრულიად არ აისახა). გარდა ამისა, ქვის ჩამონატეხი უფრო მეტი მოცულობის ტექსტს გულისხმობს, ვიდრე სიტყვა ეტელეივვქჰ-ს შეუძლია დაიკავოს. ჩემი ვარაუდით, და ბერძნული ეპიგრაფიკისა თუ საისტორიო თხზულებებისათვის დამახასიათებელი ტრაფარეტით, ტექსტის დასაწყისი უნდა აღდგენილიყო შემდეგნაირად: „შეწევნითა ღმრთისათა“.
ჟულიენ ალიკომ მთლიანად გაიზიარა ჩემი შენიშვნები და საბოლოოდ ბერძნული ტექსტის აღდგენამ და თარგმანმა ასეთი სახეს მიიღო:
[ღმრთის შეწევნით] ეს ღვთივდაცული (შეიძლება ღმრთივხსნილიც) კასტრონი, რომელიც უკეთილშობილესმა კატეპანმა ნიკეტასმა, პატრიკიოსმა და ანტიოქიის რექტორმა მტრულ ბარბაროსებს ხელიდან გამოსტაცა ქრისტესმოყვარე რომანოსისა და ზოიას მმართველობის დროს, აშენებულ იქნა პატრიკიოსისა და ლაოდიკეის სტრატეგოსის სპანტაგუდე ტეპელის ძის მიერ ივნისის თვეში, ინდიქტიონი 14, [სამყაროს შექმნიდან წელსა 65]39.
ბერძნული ტექსტის ბიზანტიური ტრანსკრიპცია
კიდევ ერთი, რაც აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული XI ს-ის ბერძნული ტექსტის წაკითხვისას, ეს არის ბიზანტიური ბერძნული წარმოთქმა. განსაკუთრებით, როცა ეს ეხება ონომასტიკასა და ანთროპონიმებს, მით უფრო, თუ ეს ონომასტიკა და ანთროპონიმები არ არის ბერძნულენოვანი და საჭიროებს იდენტიფიკაციას.
ბიზანტიური ბერძნულის და ქართული ენის ფონეტიკური თავისებურებების გათვალისწინებით ქართულად შესაძლებელია გადმოიცეს ასეთი ფორმებით: სპანტაღუდ-ი, სპანდაღუდ-ი, სპანტაღუტ-ი, სპანდაღუტ-ი (შდრ. αγαπη>აღაპი)1. გარდა ამისა, შპანტაგოუდჰ არ არის ჩასმული ნათესაობით ბრუნვაში, როგორც ამას მოითხოვს მის წინ მდგარი პარა; წინდებული. ამ ფუნქციას მისთვის ასრულებს გენეტივში დაყენებული მისი მსაზღვრელი ტიტულატურა პატრი[კ]ივოუ კაი; [სტრატჰგოუ]. შპანტაგოუდჰ ქართულად მე გადმოვეცი „სპანტაღუდ-ი“ ფორმით, როგორც ეს მოსალოდნელი იყო ქართულისათვის (სახელობითი ბრუნვა). ჩემი აზრით, ამის საფუძველს იძლევა ბიზანტიურ ბერძნულში ჰ-ს „ი“-თ წაკითხვის ტრადიცია.
ასევე, სპანტაღუდის მამის სახელი “ტეპელი”-ს პირველი მარცვლის (ეტა) უნდა წავიკითხოთ “ი”-დ (შდრ. ზემოთ სპანდაღუდ-ი): “ტიპელი”. ასე უფრო გასაგები გახდება, საიდან გაჩნდა ბერძნულში ტპ//ტბ თანხმოვნებს შორის „ი“ ხმოვანი (შდრ. სომხ. თრდატ > ბერძნ. ტირიდატეს2). ვინაიდან ბიზანტიურ ბერძნულში “ბეტა” აღარ გადმოსცემს “ბ”-ს და იკითხება როგოც „ვ“, ბუნებრივია, რომ “ბ”-ს აღსანიშნავად გამოყენებულია პ, (შდრ. ბაგრატ//პანკრატ3, „ბაკუ-რიან“//„პაკურიან“). “ტეპელი”//”ტიპელი”, რა თქმა უნდა, ბიზანტიური გამოთქმაა ქართული ანთროპონიმისა „ტბელი”: ბ>პ, აგრეთვე, ორ თანხმოვანს შორის გაჩენილი “ი” (შდრ. ტფილის>ტიფლის). საყურადღებოა, რომ სომხურ საისტორიო მწერლობაშიც (სტეფანოს ორბელიანი, გვ. 355) ივანე ტბელის სახელი ამ ფორმით გვხვდება: Իվան Տպէլ.
ქართული წარწერა
ამის შემდეგ უკვე შეგვიძლია გადავიდეთ ბალატუნუსის ორენოვანი წარწერის ქართულ ნაწილზე. ქართული წარწერა შესრულებულია შედარებით ღრმად ამოკვეთილი, საკმაოდ ლამაზი, საგანგებო საჭრეთელით შეიარაღებული, გამოცდილი ხელით, მრგვლოვანი ასომთავრულით. სიტყვათა უმრავლესობა დაქარაგმებულია. სიტყვათა შორის განკვეთილობის ნიშნად გამოყენებულია ერთი წერტილი. პალეოგრაფიულად იგი, ბუნებრივია, XI საუკუნით თარიღდება. ტექსტის მარჯვენა ნაწილი (მაყურებლიდან) მნიშვნელოვნად არის დაზიანებული (შესაძლოა ატმოსფერული ზეგავლენით), თუმცა იკითხება, ხოლო ერთგან ამოტეხილია, რამაც რამდენიმე გრაფემა შეიწირა. ვინაიდან ქვის მარცხენა ნაწილი ჩამოტეხილია, ამასთანავე ქართული წარწერის მეორე სტრიქონის პირველი ოთხი გრაფემა გადარეცხილია, აღდგენის, ქარაგმების გახსნისა, სიტყვათა დაშორიშორების გარეშე და განკვეთილობის ნიშნებით (როგორც ეს ტექსტშია) იგი ასე იკითხება:
ესე.ვითა.ზ~მო.ბ~რძლდ.სწ~რია
- - - {ს}. ძ~მნ.ა~ვე. ე.ც~ხე.ესე.შ~წ{ვ} . . . ღ~თსათა
ესე.ვითა.ზ~მო.ბ~რძლდ.სწ~რია
- - - ს.ძ~მნ.ავ~ე.ე.ციხე.ესე.შ~წვ. . .ღ~თსათა
თანამედროვე ქართული დამწერლობით, ქარაგმების გახსნითა და სიტყვათა შორის ინტერვალის დაცვით წარწერა ასეთ სახეს მიიღებს:
ესე, ვითა ზ(ე)მო ბ(ე)რძ(უ)ლ(ა)დ სწ(ე)რია,
---ს ძ(ე)მ(ა)ნ ავ(აგ)ე .ე. ციხე ესე შ(ე)წ(ე)ვ.... ღ(მრ)თ(ი)სათა.
ვცადოთ ახლა ბალატუნის ქართული წარწერის აღდგენა ბერძნული წარწერების მონაცემების გამოყენებით. ბატონი ალიკოს შენიშვნით ქვას მარცხენა მხარეს მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს ჩამოტეხილი, სადაც დაახლოებით თორმეტი ბერძნული გრაფემა დაეტეოდა. ქართული გრაფემები, რომ ბერძნულთან შედარებით ვიწროა, ამასთანავე მასში თითქმის ყველა სიტყვა დაქარაგმებულია, ერთი შეხედვითაც ცხადია. ისიც ცხადია, რომ დაახლოებით ოთხი გრაფემის ფარგლებში, ჩამოტეხილამდე, ქართული წარწერის მეორე სტრიქონის ნაწილი გადარეცხილია. ამიტომ მარცხნივ აღსადგენი, ჩემი აზრით, ოცამდე ქართული გრაფემა უნდა იყოს. ამიტომ მთლიანად ქარ¬თულ წარწერას ასე აღვადგენდი:
ესე ვითა ზ(ე)მო ბ(ე)რძ(უ)ლ(ა)დ სწ(ე)რია, [მე, პ(ა)ტრ(ი)კმ(ა)ნ სპ(ა)ნტ(ა)ღ(უ)დ ტბ(ე)ლ(ი)]ს ძ(ე)-მ(ა)ნ, ავ(აგ)ე5 ესე ციხე შ(ე)წ(ე)ვ[ნითა] ღ(მრ)თ(ი)სათა.
ვარ. [მე, პ(ა)ტრ(ი)კმ(ა)ნ და ლ(აო)დ(ი)კს სტრ(ატე)გმ(ა)ნ, სპ(ა)ნტ(ა)ღ(უ)დ ტბ(ე)ლ(ი)]. . .
სპანტაღუდის ტიტულატურის მთლიანად აღდგენა ვერ ხერხდება, ვინაიდან ჩამოტეხილ ნაწილში არ არის ამისათვის საკმარისი ადგილი. ქართული წარწერა ბერძნულზე უფრო მოკლეა და ტიტულატურა შესაძლოა არც იყო (ან სრულად არ იყო) მასში შეტანილი.
ბერძნული წარწერისაგან განსხვავებით ქართული წარწერა აზუსტებს, რომ სპანტაღუდმა ბალატუნუსის კასტრონში ხუთი ციხე ააგო (აღადგინა). როგორც ჩანს, სპანტაღუდ ტბელის ძე აჭარბებს და ხუთ ციხეში ბალატუნუსის კასტრონის ხუთ ბურჯს გულისხმობს. მართლაც, ბალატუნუსი ხუთი ბურჯით (ციტადელი) იყო გამაგრებული. შესაძლოა, ერთერთი მათგანი არის სწორედ ის, სადაც 2008 წელს ორენოვანი წარწერა აღმოჩნდა.
როგორც ზემოთაც ითქვა, ბერძნული წარწერის კე; კტისქე;ნ ქართული წარწერის ანალოგიით, უმჯობესია ითარგმნოს “აგებულ იქნა”/”აშენებულ იქნა” შესიტყვებით. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ქართული ეპიგრაფიკა (არა მარტო ქართული) ტერმინ “აშენებას” არ ანსხვავებს “აღდგენისაგან” (რესტავრაცია).
როგორც ჩანს, ორენოვანი წარწერა შესრულებულია სპანტაღუდის დაკვეთით და ბერძნულ წარწერაში მოცემული თარიღი აღნიშნავს ციხეების აღდგენის თარიღს (ამიტომ არ არის თვის ზუსტი რიცხვი დასახელებული) და არა კასტრონის აღებისა ნიკიტა კატეპანის მიერ (მაშინ ზუსტი თარიღი იქნებოდა).
როგორც წარწერიდან დავინახეთ, სპანტაღუდი ატარებდა პატრიკიოსის ტიტულს და იყო ლაოდიკეის სტრატეგოსი. პატრიკიოსი (მომდინარეობს ლათ. პატრიციუსისგან) ბიზანტიის იმპერიის კარზე უმაღლესი რანგის ჩინია, რომელიც შემოიღო კონსტანტინე დიდმა როგორც საპატიო, ადმინისტრაციული ფუნქციის გარეშე. იუსტინიანე I-ის დროს ეს ტიტული შეეძლო მოეპოვებინა იმპერიის ყველა წარჩინებულს დამსახურების მიხედვით. VIII-X სს-ში პატრიკიოსის ტიტული ავტომატურად ენიჭებოდათ იმპერიის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რეგიონების განმგებლებსა და სარდლებს.4 სწორედ ასეთი იყო სტრატეგოსი, რომელიც აღნიშნავდა რომელიმე მნიშვნელოვანი რეგიონის სარდალს, ხოლო სანაპირო ზოლში _ ადმირალსაც. XI ს-ისათვის სტრატეგოსი იყო თემის სამხედრო მმართველი, რომელიც ითავსებდა საფინანსო და იურიდიულ ადმინისტრაციას.5
ლაოდიკეა იყო საზღვაო პორტი ჩრდილო სირიაში და სირიის ყველაზე უფრო მდიდარი ქალაქი, რომელიც 968 წელს ფოკა კეისარმა დაიბრუნა არაბებისაგან. სპანტაღუდი ატარებდა პატრიკიოსის ტიტულს და იყო ლაოდიკეის თემის განმგებელი და სარდალი (ადმირალი). მართალია, XI ს-ში პატრიკიოსობა აღარ იყო ისეთი მნიშვნელოვანი ჩინი, როგორც გვიან ანტიკურ ხანაში, მაგრამ სპანტაღუდი მას ფლობდა სწორედ იმ წესებით და სიმაღლეზე, როგორც ეს მიღებული იყო უფრო ადრე.
ქართული წარწერა სპეციალური საჭრეთელი იარაღით აღჭურვილი პროფესიონალი ქვაზე მწერლის შესრულებულია. იგი, ცხადია, გამოცდილია წარწერების ამოკვეთაში, მაგრამ ისიც ცხადია, რომ მას საქართველოდან სპეციალურად ამისთვის ვერ ჩამოიყვანდნენ, სირიის ამ ნაწილში კი ეს წარწერა ქართველთა აქ ყოფნის პირველი დადასტურებაა. უნდა ვივარაუდოთ, რომ მწერალი ჩამოყვანილია ანტიოქიიდან და სპანტაღუდსაც ანტიოქელი ქართველები კარგად იცნობდენ.
P3-ის ანდერძი
1040 წ. კალიპოს მონასტერში (შავი მთა) იერუსა-ლი¬მის ჯვრის მონასტრის წინამძღვრის პროხორესათვის გა¬და¬წერილი ხელნაწერის (ამჟამად პეტერბურგში ინახება ნომრით P3), კოლოფონში ვკითხულობთ:
“დაიწერა წმიდა ესე წიგნი დასაბამითგან წელთა ხქკდ(1020)6 ხელითა ჩუენითა ცოდვილითა და შეიმოსაცა ქუეყანასა ასურეთისასა ანტიოქისათა, სანახებთა წმიდისა სვიმეონ საკვირველთმოქმედისათა, საყოფელსა წმიდისა ღმრთისმშობელისასა მონასტერსა ქართველთა კალიპოსს, მეფობასა ბერძენთა ზედა წმიდისა მეფისა მიხაილისსა, და აფხაზთა და ქართველთა ზედა ბაგრატ კურაპალატისასა, ადიდენ ღმერთმან მეფობა მათი ქორონიკონსა სÁ (1040).
ქრისტე, ადიდე სულითა სულა ზოლავარი7 და შვილნი მათნი. ღმერთო სახიერო, ადიდენ ორთავე ცხორებათა შინა სტეფანე და ვაჩე ერთობით. უფალო ღმერთო, შეიწყალენ ძმანი ჩუენნი სანანო და ვაშა ძმითურთ და ძმისწულნი ჩუენნი გიორგი, თეოდორე და იოვანე. ქრისტე, მფლობელო ყოველთა არსთაო, ადიდე ორთავე ცხორებათა სპანდაღუტ პატრიკი8, ამენ. უფალო ღმერთო სახიერო, შეიწყალენ სულითა სალამაÁს ძენი თეოდორე და კალოჟან”.9
რა თქმა უნდა, კოლოფონში მოხსენიებული სპანდაღუტ პატრიკი არის იგივე ბალატუნუსის ბერძნული წარწერის სპანტაღუდ ტბელის ძე. ვ. ჯობაძე, რომელმაც, ცხადია, არ იცის ბალატუნუსის წარწერის შესახებ, სპანდაღუტს მონასტრის ძმობის წევრად მიიჩნევს.10 ანდერძის მიხედვით, შეიძლება ვიფიქროთ, რომ 1040 წელს სპანდაღუტ პატრიკიოსი უკვე აღარ არის ლაოდიკეის სტრატეგოსი (ასეთი დაშვება არ არის სავალდებულო, მაგრამ მოსალოდნელია, რადგან სტრატეგოსების გაძლიერების შიშით მათ, როგორც წესი, მხოლოდ 3-4 წლით ნიშნავდნენ ხოლმე), მაგრამ ჯერ კიდევ გამოჩენილი საერო მოღვაწე რომ არის, ცხადია. ამაზე მიუთითებს მისი პატრიკიოსად წოდება და მონასტრის ძმობის მიერ ქრისტესთვის შევედრება, ადიდოს იგი “ორთავე ცხორებათა შინა”. ვფიქრობ, ანდერძში კარგად არის გამიჯნული ერთმანეთისგან საერო პირები და ბერები, ცოცხალნი თუ გარდაცვლილნი. საერონი: “ქრისტე, ადიდე სულითა სულა ზოლავარი და შვილნი მათნი”; “ღმერთო სახიერო, ადიდენ ორთავე ცხორებათა შინა სტეფანე და ვაჩე ერთობით”; “ქრისტე, მფლობელო ყოველთა არსთაო, ადიდე ორთავე ცხორე¬ბა-თა სპანდაღუტ პატრიკი, ამენ”; “უფალო ღმერთო სახიერო, შეიწყალენ სულითა სალამას ძენი თეოდორე და კალოჟან”. ბერები: “უფალო ღმერთო, შეიწყალენ ძმანი ჩუენნი სანანო და ვაშა ძმითურთ და ძმისწულნი ჩუენნი გიორგი, თეოდორე და იოვანე”; უფალო ღმერთო სახიერო, შეიწყალენ სულითა სალამას ძენი თეოდორე და კალოჟან”.
აქვე შეიძლება შევნიშნოთ, რომ ამ ხელნაწერის კოლოფონის ასომთავრულით ნაწერი საზედაო ასოები შესამჩნევად გავს ბალატუნუსის ქართულ წარწერის გრაფემებს.
ტბელების საგვარეულო
ახლა უკვე შეგვიძლია გადავიდეთ სპანდაღუტის მა-მის სახელზე «ტბელი».
X ს-ის მანძილზე ტბელები ორჯერ თამაშობდნენ მნიშვნელოვან როლს საქართველოს ისტორიაში. ორჯერვე ისინი საქართველოს ერთიანობის წინააღმდეგ გამოდიან. პირველად ისინი დაუპირისპირდნენ აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) მეფეს გიორგი II-ს (922-957) და მხარი დაუჭირეს მის განდგომილ ძეს კონსტანტინეს. გიორგიმ, „მატიანე ქართლისას“ ცნობით, ტბელები მკაცრად არ დასაჯა და სომხეთის პროვინციაში, ვასპურაკანში (ასპურაგანს) გაასახლა.11
ამით ქართლში ტბელების ერისთავობა არ შეწყვეტილა. მეორედ ერთიანი საქართველოს პირველი მეფეს ბაგრატ III-ს (960-1014) დროს ქართლის ფეოდალებმა, ქავთარ ტბელის მეთაურობით 982 წლის ახლოს სასტიკი წინააღმდეგობა გაუწიეს საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში, მაგრამ დამარცხდნენ სოფელ მოღრისთან.12 წყაროდან არა ჩანს, რა ბედი ეწიათ თვითონ ტბელებს, მაგრამ მარცხის შედეგები რომ პირველ რიგში მათ შეეხებოდათ, ამაში ეჭვი არ უნდა იყოს: „რომელნიმე დახოცნეს, რომელნიმე დაიპყრნეს და სხუანი მეოტნი გარდაიხუეწნეს და დაიფანჩნეს“.13
ტბელი _ ანთროპონიმი
მართალია „ტბელი“ ქართლის ერისთავების საგვარეულო სახელია, მაგრამ ამავე საგვარეულოში იგი ანთროპონიმადაც გვხვდება. მაგალითად შეიძლება დავასახელოთ ბორცვის ჯვრის წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია ქავთარის ძე ტბელი და ტბელის ოთხი ძე (ამ წარწერის შესახებ ქვემოთ ცალკე იქნება საუბარი); ცხრაკარის წარწერა: „ქრისტე, ადიდე ოქროპირი ძე ტბელისა”; იქვე: “ქრისტე, განუსვენე სულსა ტბელისასა”14. ხობის მონასტრის კუთვნილ ჭედურ ხატზე (XI ს.) მოთავსებულია წარწერა ტბელ გრიგოლის ძის, რომელსაც ხატი შეუწირავს მრავალ გამარჯვებათა სანაცვლოდ15.
ტბელი, როგორც საგვარეულო და საკუთარი სახელი დაახლოებით ამავე ხანებში გავრცელდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოშიც16, ვინაიდან აქაც მდებარეობდა სოფელი ტბეთი და ტბეთის მონასტერი, შემდეგში საეპისკოპოსო (მტბევარი) რეზიდენცია. ამ სახელის მატარებელთა ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია ტბელ აბუსერის ძე.17
როგორც ჩანს, ქართლის ტბელებს პატრიკიოსის ტიტულიც ჰქონდათ18 ჯერ კიდევ საქართველოში, შესაძლოა, მთელი X საუკუნის მანძილზე. ამ ტიტულით ბორცვისჯვრის წარწერებში (X ს-ის ბოლო) გვხვდება ტბელი, ძე ქავთარისა;19
ამავე ეკლესიის წარწერებს შორის ყურადღებას იქცევს ორი ერთმანეთის მომდევნო წარწერა, რომელთაც ვ. თოფურია ერთ წარწერად მიიჩნევს. ერთში მოხსენიებულია პატრიკიოსი ტბელი როგორც გარდაცვლილი და მისი მეუღლე(?) ეპრაქსი20 (ბერძნული წარმოშობის სახელი „ევპრაქსი“ დღევანდელ საქართველოშიც გვხვდება), ხოლო მეორეში _ მათი ოთხი ვაჟიშვილი: ოქროპირი, სპდღ~დ, დავით, ქავთარ. მართალია, ეს წარწერა 1924 წლიდან რამდენჯერმე არის გამოცემული, მაგრამ სპეციალისტებმა ტბელის მეორე შვილის დაქარაგმებული „სპდღ~დ“-ის გახსნა ვერ შესძლეს.21 დღეს ჩვენთვის უკვე ნათელია, რომ ეს არის ტბელის ძე სპ(ან)დ(ა)ღ(უ)დ-ი, სწორედ ის, სპ(ან)დ(ა)ღ(უ)დი <>სპანტაღუდ-ი<>სპანდაღუტ (დ<>ტ-ს ერთმანეთთან ასიმილაციის ან დისიმილაციის მიხედვით), რომელმაც ბალატუნუსის ბურჯები აღადგენინა და ორენოვანი წარწერები გააკეთებინა.
ერთდროულად ამ სახელისა და მამის სახელის მატარებელი სხვა პირი, რამდენადაც მე ვიცი, არ არის დადასტურებული. ამიტომ ბორცვის ჯვრისა და ბალატუნუსის წარწერის პროტაგონისტები ერთი და იმავე პირად უნდა ჩავთვალოთ.
შიდა ქართლის წარწერების მიხედვით სპანდაღუდის მამა ტბელი პატრიკიოსია და მისი მამის სახელია ქავთარ. როგორც ჩანს, იგი 982 წლის ახლოს თავის მამასთან ერთად იბრძოდა ბაგრატ მესამის წინააღმდეგ და, შესაძლოა, ამ ბრძოლაში დაიღუპა ან სიკვდილით დასაჯეს. ერედვის წარწერების მიხედვით უნდა ვიფიქროთ, რომ ტბელის შვილები X ს-ის ბოლო ოცეულის დასწყისში ჯერ კიდევ არასრულწლოვანები ან ბავშვები იქნებოდნენ და ამან გადაარჩინათ.
ამრიგად, ტბელების ამ შტოს გენეალოგიური ხე ასეთია:
ქავთარ-ი
I
ტბელ-ი _ ეპრაქს-ი(?)
I
ოქროპირ-ი, სპანდაღუდ-ი, დავით-ი, ქავთარ-ი სპანდაღუდი _ ტბელების საგვარეულო სახელი წარწერები ტბელების საგვარეულოში უეჭველად ადასტურებენ შემდეგ სახელებს: ივანე, ტბელი, სპანდაღუდ, ქავთარ, ოქროპირ, დავით, (სხვებს, რომელთა შესახებ პირდაპირი მითითება არ არის, მაგრამ შეიძლება ვარაუდი, მე არ შევეხები). თეორიულად მოსალოდნელია საგვარეულოში სახელები მეორდებოდეს. ვნახოთ, როგორ არის საქმე ამ მხრივ საკმაოდ უჩვეულო სახელის „სპანდაღუდ”-ის მიმართ.
კლდეისას წარწერა
2010 წელს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ბალატუნუსის ბილინგვის შესახებ წაკითხული მოხსენების შემდეგ ჩემთან მოვიდა ხელოვნებათმცოდნე გიორგი გაგოშიძე და გადმომცა კლდეისის წარწერის ფოტო, რომელიც 2009 წლის 15 მაისს გადაუღია რეჟისორ გელა ქოქიაშვილს (მადლობას მოვახსენებ მათ ასეთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის მოწოდებისთვის).
კლდეისას ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი მდებარეობს თრიალეთში, ხრამის ხეობაში, კლდეისის წყლის ნაპირას.22 სამხრეთი კარის თავზე, თაღსა და ბალავრის ქვაზე განთავსებულია სამი წარწერა.
კარის თაღის წარწერა (მარჯვენა მხარეს დაკარ-გულია წარწერის დაახლოებით ორი მესამედი):
ქ~ე შ~ე ივ~ნე - - - (ქ~ე შ~ე ივ~ნე - - -); ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ)ე ივ(ა)ნე - - - (ქ(რისტ)ე, შ(ეიწყალ)ე ივ(ა)ნე - - -).
სამხრეთი კარის კარგად მოჩუქურთმებული არქიტ-რავი (ბალავარის ქვა) გაყოფილია ჯვრით ორ ნაწილად. ორივე მხარეს განთავსებულია წარწერა.
მარცხენა მხარეს სამ სტრიქონად ამოკვეთილია:
1. ქ~ე შ~ე 2. სპ~ნდ~ღ 3. ოÂდ (1. ქ~ეშ~ე 2. ს~პნდ~ღ 3. Uდ);
1. ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ)ე 2. შპ(ა)ნდ(ა)ღ 3. ოÂდ (1. ქ(რისტ)ე, 2. შ(ეიწყალ)ე 3. სპ(ა)ნდ(ა)ღ 4. უდ).
მარჯვენა მხარეს ოთხ სტრიქონად ამოკვეთილია:
1. ქ~ე შ~ე 2. ქვ~თ~რ 3. ტ~ბლ 4. ნ~ი (1. ქ~ეშ~ე 2. ქვ~თ~რ 3. ტ~ბლ 4. ნი); 1. 1. ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ)ე 2. Q(ა)ვთ(ა)რ 3. ტბ(ე)ლ 4. ნ~ი (1. ქ(რისტ)ე, შ(ეიწყალ)ე 2. ქ(ა)ვთ(ა)რ 3. ტბ(ე)ლ 4. ნი).
წარწერა ე. თაყაიშვილს, სამწუხაროდ, გამოქვეყნებული აქვს ფოტოს გარეშე. ასომთავრულით იგი სწორად გადმოსცემს მას, მაგრამ კითხულობს შეცდომით: „სპ(ა)ნდ(ა)ღუდ” ე. თაყაიშვილს წაკითხული აქვს როგორც „სპირიდონ დაღუდი”. ამ შეცდომის წყაროა ერთი მხრივ მისთვის სრულიად უცნობი სახელი და მეორე მხრივ ერთი სახელის ორი დაქარაგმებით გადმოცემა (წარმოიდგინა როგორც სახელი და წოდება ან გვარი), თუმცა ასევე ორი დაქარაგმება აქვს „ქავთარსაც”, მაგრამ ეს სახელი მისთვის კარგად იყო ნაცნობი. გარდა ამისა, ე. თაყაიშვილს უკვირს, რატომ არის „ქავთარ ტბელნი” მრავლობითში და თარგმანში წერს მხოლობითს („ტბელი”) კითხვის ნიშნით. ცხადია, მას “სპირიდონ დაღუდი” და „ქავთარ ტბელი” ერთი გვარისად ვერ წარმოუდგენია, რადგან “სპირიდონს”, მისი აზრით, თავისი „დაღუდი” აქვს გვარად.23
ჩემთვის ცხადია, რომ ბალავრის წარწერა ეკუთვნის ძმებს სპანდაღუდ და ქავთარ ტბელებს და იგი ასე უნდა იქნას წაკითხული:
ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ)ე სპ(ა)ნდ(ა)ღუდ; ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ)ე ქ(ა)ვთ(ა)რ _ ტბელნი.24
ვფიქრობ, ცხადი უნდა იყოს ისიც, რომ სამხრეთის კარის წარწერები ქმნიან ერთ ჯგუფს და ეკუთვნიან ერთ ოჯახს. დიდია ალბათობა, რომ ივანე არის მამა (მთავარი წარწერა), ხოლო სპანდაღუდი და ქავთარი მისი შვილები. მათი საერთო საგვარეულო სახელია ტბელი („ტბელნი”). ივანე [ტბელის] წარწერა ამოკვეთილია სატრიუმფო თაღზე მეტი კალიგრაფიული დახვეწილობით და, ცხადია, ის უნდა იყოს ეკლესიის ამშენებელი. დაკარგულ ნაწილში მოსალოდნელია, რომ ეწერებოდა მისი საგვარეულო სახელი და ტიტულატურა. პალეოგრაფიულად ეს წარწერები X ს-ის მეორე ნახევარზე ადრინდელი არ უნდა იყოს.
ერედვისა და დოდოთის ეკლესიების წარწერებში ორჯერ გვხვდება ივანე ტბელის სახელი: ერედვში ის მოხსენებულია როგორც „ქართლის უფალი”, ხოლო დოდოთის წარწერაში როგორც ერისთავი. ნ. შოშიაშვილი მათ ერთსა და იმავე პირად მიიჩნევს და ორივე წარწერას ათარიღებს 914 წლის ახლო ხანებით, ხოლო რ. მეფისაშვილის აზრით დოდოთის წარწერა X-XI სს. მიჯნით უნდა დათარიღდეს. ჩემი აზრით, იმდენად განსხვავებულია ეს ორი წარწერა პალეოგრაფიულად, რომ ერთ პერიოდში დაწერილი არ უნდა იყოს. მეორე (დოდოთის) ივანეს წარწერა აშკარად უფრო გვიანდელია, ვიდრე პირველი. ზუსტად თარიღის განსაზღვრა პალეოგრაფიულად ძნელია, მაგრამ რადგან ტბელების წარწერები X ს-ის 80 წლებზე გვიანი არ შეიძლება იყოს, მის თარიღის ზედა ზღვარიც ასევე უნდა განისაზღვროს: X ს-ის II ნახევარი 80-იან წლებამდე.
კლდეისის წარწერის ივანე ერისთავს ან ერისთავთა ერისთავს მე ვაიგივებ დოდოთის წარწერის ივანე ერისთავთან: “სახელითა ღმრთისათა, ივანე ტბელმან ერისთავმან აღაშენა ესე წმიდა ეკლესია სალოცველად მისთუის და ხუთთა ძეთათუის.”25
ე. თაყაიშვილს იქვე ეკლესიასთან უნახავს ქვების გროვა, რომელთა შორისაც მისი ვარაუდით წარწერიანიებიც იქნებოდა. სამწუხაროდ, მას ქვების გროვის გაშლა და დათვალიერება ვერ მოუხერხებია (მოსალოდნელია, რომ სამხრეთის კარის წარწერის ნაწილის მოძებნაც შესაძლებელი იქნებოდა), მაგრამ, რისი (ეკლესიის გარშემო მიმოფანტული ქვები) ნახვა და წაკითხვაც შესძლო, ძალიან მნიშვნელოვანია. აი ერთი მათგანიც, რომელმაც ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო:
1. ქ სხ~[ელითა] ღ~ათა მებ~თა წ~სა ღმ~შბ~თ აღ
2. ვაშენე ესე- -ეკლეს~ - - [გლეთ] ივ~ნე [ე~]ემნ
1. ქ სხ~[ელითა] ღ~ათა მებ~თა წ~სა ღმ~შბ~თ აღ
2. ვაშენე ესე - - ეკლეს~ - - [გლეთ] ივ~ნე [ე~]ემან
ქარაგმების გახსნით წარწერა შემდეგ სახეს მიიღებს:
ქ სხ~[ელითა] ღ~ათა მებ~თა წ~სა ღმ~შბ~თ აღ
2. ვაშენე - -ეკლეს~ - - [გლეთ] ივ~ნე [ე~]ემნ
1. ქ ს(ა)ხ[ელითა] ღ(მრთის)ათა, მე(ოხე)ბ(ი)თა წ(მიდი)სა ღმ(რთი)შ(ო)ბლ(ისა)თა აღ
2. ვაშენე ესე- - ეკლეს(ია) - - [გლეთ] ივ(ა)ნე [ე(რისთავთ]ე(რისთავ)მან
ძალიან ძნელია მსჯელობა წარწერაზე, რომლის არც ფოტოა გამოქვეყნებული, არც მონახაზი, არც პალეოგრაფიული აღწერილობა და არც მიახლოებითი დათარიღება. მიუხედავად ამისა, სამხრეთი კარის თაღის წარწერის ივანე და ეკლესიის საამშენებელო წარწერის ივანე ერისთავი (ე. თაყაიშვილის აღდგენით _ ერისთავთ-ერისთავი) მე ერთი და იგივე მგონია.
წორბისის წარწერა
1980 წლის შემოდგომაზე შიდა ქართლში, ტბელების სამფლობელოში აღმოჩნდა წარწერიანი (ასომთავრული) ქვა წორბისის ეკლესიიდან. პირველად იგი ამოიკითხა და გამოაქვეყნა (1981 წელს) ი. მეგრელიძემ.26 სამწუხაროდ, ქრონიკონის ამოკითხვაში მან შეცდომა დაუშვა და წარწერა 880 წლით დაათარიღა. იმავე 1981 წლის არქეოლოგიური ექსპედიციის რუსულად გამოქვეყნებულ ანგარიშში იგივე წარწერა ახლად წაიკითხა და თარიღიც სამართლიანად გაასწორა (960 წ.) ო. ტყეშელაშვილმა.27 ფოტოსთან შედარების შემდეგ ტექსტმა საბოლოოდ ასეთი სახე მიიღო:
„სახელ(ი)თა ღმრთის(ა)თა, ესე კ(ო)ნქი შ(ე)ქმნა ივ(ა)ნე ერ(ი)სთ(ა)ვმ(ა)ნ) ს(ალოც)ვ(ე)ლ(ა)დ მ(ა)თდა ქრ(ო)ნ(ი)კ(ო)ნსა რპ ს(ა)ბაის მ(ა)მ(ა)ს(ა)ხლ(ი)ს(ო)ბ(ა)სა”.
როგორც ი. მეგრელიძემ, ისე ო. ტყეშელაშვილმა წორბისის წარწერის ივანე ერისთავი ივანე ტბელ ერისთავთან გააიგივეს, მაგრამ თარიღი რომ სხვადასხვა ჰქონდათ, იდენტიფიკაციაც სხვადასხვა ივანესთან გააკეთეს. ჩემი აზრით, დოდოთის, კლდეისას და წორბისის წარწერის ივანე ერისთავები (ერისთავთ-ერისთავები) ერთი და იგივე პიროვნებაა და მათი ქართლის (არა მხოლოდ შიდა ქართლის) ერისთავობის მიახლოებითი დათარიღებისათვის უკვე საყრდენიც მოგვეპოვება: ეს არის 960 წლის ახლო პერიოდი. თუ ასეა მაშინ, ჩვენ შეგვიძლია ტბელების გენეალოგიური ხისთვის კიდევ ორი თაობის შემატება:
როგორც ჩანს, ტბელების „ქართლს შინა უფლობა” გაცილებით მეტის მთქმელი იყო, ვიდრე დღეს ჩვენ წარმოგვიდგენია და არც მათი ერისთავობა გრძელდებოდა სულ რაღაც ოცი წელი28. ტბელები ეკლესიას აშენებენ შიდა ქართლშიც და ქვემო ქართლშიც (სამშვილდის რეგიონში), ხოლო ივანე ტბელი ქართლის ერისთავთ-ერისთავის ტიტულსაც ატარებს. მართალია, “ქართლის ცხოვრების” ცნობებით აფხაზთა მეფეები პერიოდულად მათ შეცვლას ცდილობენ, მაგრამ, ჩანს, ტბელები თავის უფლებებს მთელი X ს-ის მანძილზე არა თმობენ და მათი მეთაურობით ქართლის წარჩინებულთა ბრძოლაც ქვეყნის გასაერთიანებლად მებრძოლი აფხაზთა მეფეების წინააღმდეგ, ამის ნიშანია. შემთხვევითი არ არის, რომ კლდეკარის ერისთავების აღზევება მოღრისი ბრძოლის შემდეგ, ტბელების მიერ ქართლის ერისთავობის დაკარგვის შემდეგ იწყება.
“რომელნიმე დახოცნეს, რომელნიმე დაიპყრნეს და სხუანი მეოტნი გარდაიხუეწნეს და დაიფანჩნეს”
ივანე ტბელს ხუთი ვაჟიშვილი ჰყავდა. ამათგან ჩვენ უკვე ვიცნობთ სპანდაღუდსასა და ქავათარს. რადგან ქავთარის ძე ტბელი მისი შვილიშვილია, მე ვუშვებ შესაძლებლობას, რომ ივანეს მესამე ვაჟიც ტბელის სახელს ატარებდა. ბაგრატ III-სთან ბრძოლაში ქართლის დიდებულებს სათავეში უდგას ქავთარ ტბელი. ეჭვი არ უნდა იყოს, რომ მას მხარში ამოუდგებოდნენ ძმა სპანტაღუდ და ვაჟი ტბელიც. თქმა არ უნდა, მისი სულ ცოტა კიდევ ერთი ძმა, მოსალოდნელია სახელად ტბელი, აგრეთვე მონაწილეობდა ბრძოლებში.
ზემოთაც დავწერე, რომ ბაგრატ მესამესთან ბრძოლაში მის მოწინააღმდეგეთაგან ზოგი რომ დაიღუპა, ზოგი ტყვედ ჩავარდა, ხოლო ზოგი გადაიხვეწა და გაიფანტა სხვადასხვა მხარეს, ცხადია პირველ რიგში ტბელებს უნდა ეხებოდეს. სხვების შესახებ ზუსტად ჯერ არაფერი ვიცით, მაგრამ ქავთარის ძე ტბელი რომ გარდაცვლილია (ალბათ დაღუპული), ვიცით ბორცვისჯვრის წარწერიდან. ისიც კარგად ვიცით ბალატუნუსის წარწერიდან, რომ სპანტაღუდ ტბელის ძე 1031 წელს ბიზანტიის იმპერიის დიდი მოხელეა, ლაოდიკეის სტრატეგოსი. დაახლოებით 982 წლიდან 1031 წლამდე გასულია 49 წელი, ხოლო 1040 წლამდე _ 58. გასაგებია, რომ მოღრისის ბრძოლის დროს სპანტაღუდი და მისი ძმები მცირეწლოვანები იქნე-ბოდნენ. მაგრამ ქართლში მათ მაინც არ დატოვებდნენ, ასაკში შესულებს თავისი საგვარეულო უფლებებისთვის ბრძოლა რომ არ დაეწყოთ.
სპანდაღუდ ტბელი ბიზანტიაში
სპანდაღუდი არ უნდა იყოს საქართველოდან დიდი ხნის, ჯერ კიდევ ბავშვობაში წასული. მისთვის ქართულ ენაზე წარწერის გაკეთება, მიუხედავად იმისა, ეყოლებოდა თუ არა მას მკითხველი, ჯერ კიდევ დიდად მნიშვნელოვანია. მაშ, სად არის იგი მოწიფულობამდე?
სუმბატ დავითის ძე გვამცნობს:
“გარდაიცვალა გიორგი (გიორგი I), მამა ამის ბაგრატისი (ბაგრატ IV), თრიალეთს . . . ქორონიკონსა ს~მ~ზ (1027), თუესა აგვისტოსა ი~ე (15) . . . და დაჯდა შემდგომად მისსა მეფედ ძე მისი ბაგრატ ცხრისა წლისა. ხოლო აზნაურნი ტაოელნი წარვიდეს საბერძნეთს: ვაჩე კარიჭის-ძე და ბანელი ეპისკოპოსი იოვანე, და ამათ თანა უმრავლესნი აზნაურნი ტაოსა[ანი], რომელნიმე ციხოვანნი და რომელნიმე უციხონი. განუდგეს ბაგრატს და მიერთნეს კოსტანტინეს, ძმასა ბასილი ბერძენთა მეფისასა, რომელი შემდგომად მისსა მეფე იყო”.29
ამავე მოვლენების თვითმხილველი სომეხი ისტორიკოსი არისტაკეს ლასტივერტელი (XI ს.) მოგვითხრობს:
“1027 წელს მეფემ (ბიზანტიის კეისარმა რომანოს მესამემ _ ზ.ა.) აღმოსავლეთ მხარეში გამოგზავნა მმართველად საჭურისი ვინმე ნიკიტ[ა], რომელიც მოვიდა საქართველოში და მაცდური სიტყვებით ქვეყნის ბევრი აზნაური გამოიყვანა სამშობლოდან და მეფის კარზე გაგზავნა. ეს რომ [კეისარმა] იხილა, განიხარა, პატივი სცა მათ დიდი ძღვენითა და სახელისუფლებო ჩინით, თვითეულ მათგანს უბოძა მათი ღირსებისამებრ სოფლები და დაბები ხელწერილითა და ბეჭდით სამარადისო სამემკვიდრეოდ”.30
მატიანე ქართლისა31 და სუმბატ დავითის ძე32 არ ასახელებენ ბიზანტიის კეისრის მიერ აღმოსავლეთის მმართველად დაყენებული ნიკიტას (Νικητας) სახელს და მოიხსენიებენ მას თანამდებობით _ კატაბანი (ბერძნ. Κατερανω კატეპანო) აღმოსავლეთისა ანუ იბერიის თემისა, ისევე როგორც მის შემდეგ გამოგზავნილ სიმონს33 მხოლოდ პარკიმანოზის (παρακοιμενος პარაკიმენოს, ქართ. „მესაწოლეთ-უხუცესი”34) ტიტულით მოიხსენიებენ.
დიდია ალბათობა, რომ საჭურის ნიკიტა კატეპანის მიერ გადაბირებულ ქართველ წარჩინებულთა შორის იყო ტაოში გადახვეწილი სპანტაღუდ ტბელის ძეც.
როგორც ჩანს, ამავე რიგის მოვლენას ასახავს მეორე სომეხი ისტორიკოსის მათეოს ურჰაეცის (XII ს.) ცნობა: რომანოს III-ის ალეპოზე ლაშქრობაში (1030) მონაწილეობს „ვინმე მთავარი აპუქაპ (ბიზანტ. წყაროებში „აპოკაპეს”, არაბ. აბუ ხაფ), რომელიც წინათ ქართველთა მეფის დავით კურაპალატის „მესაწოლეთ-უხუცესი“ (სომხ. Վրանապահ ვრანაპაჰი, ბერძნ. παρακοιμενος პარაკოიმენოს, ქართულ წყაროებში „პარკიმანოზ”-ი35) იყო. მომდევნო წელს ბიზანტიის კეისარი რომანოსი ედესას იღებს და მას აძლევს ედესის დუქსის თანამდებობას.36
ვნახოთ ახლა, რა დამთხვევები გვაქვს მოვლენებსა და პიროვნებებს შორის 1027 წელს საქართველოდან (ტაოდან) საჭურის ნიკიტა კატეპანის ბიზანტიაში დაბრუნებისა და თან ქართველი წარჩინებულების გაყოლიების გათვალისწინებით.
1. საქართველოდან დაბრუნებული პატრიკიოსი ნიკიტა კატეპანი რამდენიმე წლის შემდეგ ხდება ანტიოქიის რექტორი37 და ხელმძღვანელობს ჩრდილო სირიის მაკონტროლირებელი ძლიერი ციხე-სიმაგრის, ბალატუნუსის ბიზანტიის იმპერიისათვის დაბრუნებას. ბალატუნუსის ბილინგვის მიხედვით, ციხე-ქალაქი 1031 წელს დაიბრუნა საჭურისმა ნიკიტა კატეპანმა და ამავე წელს აღადგინა ლაოდიკეის სტრატეგოსმა და პატრიკიოსმა სპანტაღუდ ტბელის ძემ, რომელიც როგორც ლაოდიკეის თემის ჯარების სარდალი, უეჭველია ქალაქის აღებაშიც მონაწილეობდა და იგი მის განმგებლობაში შედიოდა. სად შეიძლებოდა ესენი ერთმანეთს შეხვედროდნენ სირიაზე ლაშქრობამდე, თუ არა ტაოში, როდესაც ნიკიტამ ვაჩე კარიჭისძე და სხვა ქართველი დიდებულები ბიზანტიაში წაიყვანა, ხოლო რომანოზ მესამემ მის მხარეს გადასული ქართველები სხვადასხვა თანამდებობებითა და ტერიტორიებით დაასაჩუქრა. თუ ვისმეს ექნებოდა საკმარისი მოტივაცია საქართველოს დატოვებისა, ეს უნდა ყოფილიყო ბაგრატ მესამის წინააღმდეგ მებრძოლი ქავთარ ტბელის შვილიშვილი სპანდაღუდ ტბელის ძე.
2. შავ მთაზე კალიპოს მონასტრის ხელნაწერის (P3) კოლოფონში სპანდაღუდის ზუსტად ანალოგიური ეპითეტით („ადიდე ორთავე ცხორებათა შინა“), რომელიც ბიზანტიაში მაღალ ადმინისტრაციულ ან სამხედრო თანამდებობას გულისხმობს, მოხსენებულია ვაჩე, ვფიქრობ, სერიოზული ალბათობით, იგივე ვაჩე კარიჭისძე. ადვილი შესაძლებელია, რომ ვაჩე კარიჭისძემ რომანოზ მესამისგან „მისი ღირსების” შესაფერისი თანამდებობა და მამულები მიიღო სწორედ ჩრდილოეთ სირიაში, ისე როგორც აპუქაპმა (ედესა) და სპანდაღუდმა (ლაოდიკეა). საქმე ის არის, რომ ამ ხანებში ბიზანტიისათვის უმთავრესი მიზანი იყო სირიის დაბრუნება არაბებისგან და მისი ტერიტორიების თავისი ერთგული პირების მიერ ათვისება როგორც პოლიტიკურად ისე სოციალურად. გავრცელებული შეხედულებით, ვაჩე კარიჭისძის შვილია შავ მთაზე მოღვაწე ეფრემ მცირე. თუ ვაჩე 1027 წლის შემდეგ დასახლდა ამ რეგიონში მაშინ გასაგებია, რომ ეფრემი ბავშვობიდანვე სირიაში აღიზრდებოდა, შესაძლოა, შავ მთაზე, რადგან სხვაგან კარგი განათლების მიღება ვერ მოხერხდებოდა. არა მგონია, უეჭველი იყოს კ. კეკელიძის ვარაუდი, თითქოს 1057 წელს ბერძნებთან გიორგი მთაწმიდლის კამათის დროს ეფრემი ჯერ კიდევ იქ არა ყოფილა, რადგან ბერძნულიდან ქართულად მთარგმნელად მხოლოდ გიორგის ასახელებენ ქართველები.38 ცხადია, 1057 წელს ეფრემი ჭაბუკი, განსწავლის პროცესში იქნებოდა და მას გიორგისთან არავინ გაათანაბრებდა.39 სწორედ შენიშნავს ქ. ბეზარაშვილი, რომ ეფრემ მცირე „თავის კოლოფონებში საკუთარ მოღვაწეობასთან დაკავშირებით არსად ახსენებს კონსტანტინეპოლს".40 ამასვე უნდა მოწმობდეს ეფრემ მცირის ანდერძი, რომელშიც იგი პირდაპირ წერს, რომ ბერ¬ძნული განათლება მან შავ მთაზე მიიღო “ჟამსა სიუცბისა და სიჭაბუკისა ჩემისასა”.
კალიპოს მონასტრის ხელნაწერის კოლოფონის მოსახსენებელში, ცხადია, შემთხვევითი პიროვნება ვერ მოხვდებოდა. ცხადია, აგრეთვე, კოლოფონში მოხსენიებულ ყველა პირს რაღაცა სიახლოვე და დამსახურება ჰქონდათ შავი მთის ქართულ მონასტრებთან.
ტბელები სვანეთში
„მატიანე სუანეთისა კრებისა”-ში (გამომცემელი პ. ინგოროყვა XIII ს-ის მეორე ნახევრით ათარიღებს41) მას კრების მოსახსენებელში 107-ე ნომრად დასახელებულია გ(იორგ)ი ტბელიანი42, ხოლო 67-ე ნომრად _ ფურთუხ ტბელიანი.43 ღეშტერის კრების მოსახსენებელში 23-ე ნომრად დასახელებულია ი(ვან)ე ტბელიანი.44 რადგან სვანთა გვარების უმეტესობა სახელებიდან ან მეტსახელებიდან არ¬ის ნაწარმოები, ცხადია, უკვე სხვადასხვა ოჯახად ჩამოყალიბებული ტბელიანები ტბელის ჩამომავლები არიან.
საინტერესოა, რომ ბეჩუს კრების მოსახსენებელში მე-8 ნომრად დასახელებულია “ტბელის დედა მთვარე”.45 ეს ცნობა იმის მიმანიშნებელია, რომ მოსახსენებლის შედგენისას სახელი “ტბელი” სვანეთში ჯერ კიდევ ცოცხალია.
მაგრამ რომელი ტბელი უნდა ასულიყო სვანეთში, სამუდამოდ იქ დასახლებულიყო და სათავე დაედო მისი სახელის მატარებელი საგვარეულოსათვის, ქართლის თუ სამხრეთ-დასავლეთი საქართველოსი? ვფიქრობ, “სვანეთის კრების მატიანემ” ამისი პასუხიც შემოგვინახა.
ლჰას კრების მოსახსენებელში 324-ე ნომრად დასახელებულია სპანდაღუდიანი მომა. საქმე ის არის, რომ გამომცემელმა პავლე ინგოროყვამ (და ყველამ სხვამ, ვინც კი ამ მასალაზე იმუშავა) ვერ წარმოიდგინა, რომ “სპანდაღუდი” შეიძლება მთლიანი ანთროპონიმი იყოს და დაშალა ორ ნაწილად: “სპანდა” და “ღუდიანი”, სადაც მისი აზრით “სპანდა” სახელი იყო, ხოლო “ღუდიანი” _ გვარი.46 შეუძლებელია შემთხვევითი იყოს ტბელიანისა და სპანდაღუდიანის ერთდროული დადასტურება სვანეთში. ცხადია, ქართლის ტბელები სვანეთში ასულები არიან და აქვე შეუქმნიათ თავიანთი საგვარეულო: ტბელიანები და სპანდაღუდიანები.
ქართლის ტბელების გენეალოგია
კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ტბელების საგვარეულოში უნდა ვიგულისხმოთ ორი ტბელის (საკუთარი სახელი) არსებობა, რადგან სპანდაღუდის მამა ტბელი უკვე ქართლშია გარდაცვლილი (თუ მოკლული) და სვანეთში ვერ გადასახლდებოდა. რაც შეეხება სპანდაღუდს ქართლის ტბელებში ორი გვყავს ამ სახელის მატარებელი: სპანდაღუდ ივანეს ძე და სპანდაღუდ ტბელის ძე. სპანდაღუდ ტბელის ძე ბიზანტიაში გადავიდა (ჩემი აზრით, ტაოს გავლით), სპანდაღუდ ივანეს ძე კი, როგრც ჩანს, სვანეთში.47 დაგვრჩა ტბელი, რომელსაც ადგილი უნდა ვუპოვოთ X ს-ის ტბელების გენეალოგიურ ხეში. ვინაიდან ივანე ტბელის ხუთი შვილიდან ჯერჯერობით მხოლოდ ორის სახელი ვიცით, ვვარაუდობ, რომ აჯანყებულთა მეთაურის, ქავთარ ტბელის ერთერთი ძმა შესაძლოა სახელად ტბელი ყოფილიყო. ამიტომ ტბელების ზემოთ აღდგენილ გენეალოგიურ შტოს შეგვიძლია გავუკეთოთ დამატება, რომელიც ფაქტიურად დაფარავს მთელ X ს-ს დასაწყისიდან 80-იან წლებამდე:
ივანე ”უფალი ქართლისა” (X ს-ის პირველი ოცეული)
I
უცნობი
I
ივანე ერისთავი//ერისთავთ-ერისთავი (960 წელი და მის ახლოს)
I
სპანდაღუდ-ი, ქავთარ-ი, ტბელი (?) და კიდევ ორი ძმა (960 წლის ახლოს)
I
ტბელ-ი პატრიკი _ ეპრაქს-ი? (982 წლის ახლოს)
I
ოქროპირ-ი, სპანდაღუდ-ი, დავით-ი, ქავთარ-ი (982 წლის ახლოს)
Комментариев нет:
Отправить комментарий