понедельник, 14 июня 2021 г.

ქართული და სომხური წყაროები „აფხაზთა“ მეფეთა ტიტულატურის შესახებ (ლ. ახალაძე)

სამეფო ტიტულატურის დაზუსტება ისტორიულ პროცესში ამა თუ იმ სახელმწიფოს ისტორიული როლისა და ადგილის განსაზღვრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია, რადგან მეფეთა ტიტულატურა უმეტესად არსებული პოლიტიკური მდგომარეობისა და სახელმწიფოს რეალური შინაარსის გამომხატველი უფროა, ვიდრე უბრალო სამეფო ტიტული.
„აფხაზთა“ სამეფოს ცალკეული ისტორიული პროცესების შესწავლისას ყურადღებას იქცევს „აფხაზ“ მეფეთა ტიტულატურის საკითხი, რომლის დაზუსტება ამ სამეფოს რეალური შინაარსის განმსაზღვრელი და მაჩვენებელია. მათ შესახებ არსებული წყაროების ერთი ნაწილი შექმნილია მათი ზეობის ხანაში, ხოლო მეორე, გაცილებით უფრო დიდი ნაწილი, საქართველოს გაერთიანების შემდეგ. აღნიშნულ წყაროებში „აფხაზთა“ მეფეების ტიტული ერთმანეთისგან განსხვავებული ფორმითაა წარმოდგენილი. მაგალითად, „აფხაზთა“ სამეფოს თანადროული წერილობითი წყაროები მათ მხოლოდ „მეფის“ ტიტულით იხსენებენ და წინ მსაზღვრელი სიტყვა „აფხაზთა“ არ ახლავთ. აღნიშნულ ტიტულს მათ მიმართ იყენებს მხოლოდ ქართული საისტორიო ტრადიცია, რომელიც საქართველოს გაერთიანების შემდეგ ჩამოყალიბდა ხოლო საკუთრივ, აფხაზთა მეფეების დაკვეთით შესრულებულ ეპიგრაფიკულ ძეგლებში მათი ტიტული შემდეგი ფორმულირებით გვხვდება: „ლეონ მეფე“, „კონსტანტინე მეფე“, „გიორგი მეფე“ და ა.შ. „აფხაზთა“ მეფე კონსტანტინე III (893-922) ერედვის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის, 914 წლით დათარიღებულ, ხუროთმოძღვარ თევდორე თაფლაისძის სამშენებლო წარწერაში იხსენიება, როგორც „კონსტანტინე მეფე“.1 სამწევრისის 912-913 წლების მამასახლის დომნინოსის წარწერაში იგივე კონსტანტინე III დასახელებულია, როგორც „კონსტანტინე მეფე“.2
გიორგი II „აფხაზთა“ მეფის (922-957) დაკვეთით შესრულებულ ვერცხლის საცეცხლურზე ვკითხულობთ: „†წ(მიდა)ო ეკლესიაო მეოხ მეყავ მე გ(იორგ)ი მეფესა წ(ინაშ)ე ღ(მრთ)ისა“.3 ასეთივე ტიტულით გვხვდება გოირგი II ქიაჩის სამწერობელზე4 და ხოფის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის ლაპიდარულ წარწერაში5.
ლეონ „აფხაზთა“ მეფემ (957-967) კიდევ უფრო გააფართოვა „აფხაზთა“ სამეფოს საზღვრები. მისი სახელი გვხვდება როგორც დასავლეთ საქართველოს ეპიგრაფიკულ ძეგლებში, ასევე ქართლისა და ჯავახეთის ლაპიდარულ წარწერებში. ახალგორის რაიონში წირქოლის ეკლესიის სამშენებლო წარწერებში ვკითხულობთ: „...იხსენ სასჯელისაგან გ(ა)ბრ(იე)ლ მთ(ა)ვ(ა)რ(ა)ნგ(ე)ლ(ო)ზო ლ(ე)ონ მეფე“.6
კუმურდოს ტაძრის 964წ. სამშენებლო წარწერაში ვკითხულობთ: „დ(აი)დვა ს(ა)ძ(ი)რკვ(ე)ლი ამ(ი)ს ეკლეს(იი)ს(ა) ხ(ე)ლითა ჩ(ე)მ ც(ო)დვ(ი)ლისა ს(ა)კოცარის(ა)თა, ლეონ მეფისაზე...“7 იმავე ტიტულით გვხვდება ლეონ III ხობის ღმრთისმშობლის ხატის წარწერაში: „†ყ(ოვ)ლ(ა)დ წ(მიდა)ო ღ(მრ)თისმშ(ო)ბ(ე)ლო მეოხ ეყავ წ(ინაშ)ე ქ(რისტ)ესა ს(უ)ლსა ლეონ მეფის(ასა)”.8 ზემოთ დასახელებული ყველა წარწერა „აფხაზთა“ მეფეების თანადროულია და უმრავლესობა მათი დაკვეთითაა შესრულებული.
მსგავსი ტიტულით გვხვდება „აფხაზთა მეფეები“ მათ თანადროულ სომხურ საისტორიო თხზულებაში. IX საუკუნის II ნახევრისა და X საუკუნის დასაწყისის სომეხი ისტორიკოსი და საეკლესიო მოღვაწე იოანე დრასხანაკერტელი „აფხაზთა“ სამეფოს „ეგრისის სამეფოს“, ხოლო „აფხაზთა“ მეფეს „ეგრისის მეფე კონსტანტინეს“ უწოდებს9. ამ მხრივ, საყურადღებოა ბიზანტიური წყაროებიც, მაგრამ ისინი, ბიზანტიის პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, როგორც წესი, ქართველ მეფეებს (სომეხ მეფეებსაც) „მეფის“ ტიტულით არასოდეს არ იხსენებენ. მაგალითად, ნიკოლოზ მისტიკოსის ცნობილ წერილებში „აფხაზთა“ მეფეები „აბაზგიის მთავრის”, ან „აბაზგიის ბრწყინვალე მთავრის“ (ექსუსიასტის) ტიტულით არიან დასახელებულნი10.
როგორც ვხედავთ, „აფხაზთა“ მეფეების თანამედროვე არცერთი წყარო არ იცნობს ტიტულს „მეფე აფხაზთა“, იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ამ ტიტულს აფხაზი მეფეების მიმართ პირველად იყენებენ საქართველოს გაერთიანების შემდეგ შექმნილი ნარატიული თხზულებები: „მატიანე ქართლისა“ სუმბატ დავითის ძის თხზულება „ცხორება და უწყება ბაგრატონიანთა“ და ვახუშტის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“.
ჩვენი აზრით, „აფხაზთა“ მეფეები საკუთარ სამეფო ტიტულატურაში არ აკონკრეტებდნენ სამეფო ტერიტორიას, ამასვე ადასტურებს სომხური წყაროც, რადგან ისინი ტრადიციულად, მამის სამემკვიდრეო ხაზით ფლობდნენ სამეფო ტახტს და ტიტულატურაში სამეფო ტერიტორიის განსაზღვრისა და დაზუსტების საჭიროებას აუცილებლობად არ მიიჩნევდნენ.
განსხვავებულია დასავლეთ საქართველოში ბაგრატიონთა გამეფების ისტორია. ბაგრატ III მამის სამემკვიდრეო ხაზით კი არ „ეუფლა“ ქუთაისის სამეფო ტახტს, არამედ დედის ხაზით, რაც უიშვიათესი მოვლენა იყო ქართული სამეფოების ისტორიაში და, რადგანაც ქუთაისის ტახტი „აფხაზი“ მეფეების სამემკვიდრეო იყო, თანაც ბაგრატ III „ქართუელთა“ მეფის ბაგრატ II „რეგვენის“ მემკვიდრეც იყო, ამიტომ მისი სამეფო ტიტულატურა, დასავლეთ საქართველოში გამეფების შემდეგ, მოითხოვდა კიდეც განმარტებას მფლობელობის შესახებ. აქედან გამომდინარე, ქართულ არანარატიულ წყაროებში, ისტორიულ დოკუმენტებსა და ეპიგრაფიკულ ძეგლებში ტიტული „მეფე აფხაზთა“ პირველად გვხვდება გაერთიანებული საქართველოს მეფეების ტიტულატურაში. დავაკვირდეთ ბაგრატ III-ის სამეფო ტიტულის ცვლილებას მთელი მეფობის მანძილზე. 989-999 წლებით დათარიღებულ ბედიის ბარძიმის წარწერაში იგი იხსენიება, როგორც „ბაგრატ აფხაზთა მეფე“.11 იმავე ტიტულითაა დასახელებული ბაგრატ III ატენის სიონის 980 წლის წარწერაშიც12. ქუთაისის ბაგრატის ტაძრის 1001-1008 წლების წარწერაში ბაგრატის სამეფო ტიტულზე დამატებულია ახალი ტიტულები: „აფხაზთა და ქართველთა მეფე და კურაპალატი“.13 როგორც ვხედავთ, წარწერაში აისახა 1001 წელს ბაგრატის მიერ „კურაპალატის“ ტიტულისა და 1008 წელს მამის - გურგენ მეფეთ-მეფის გარდაცვალების შემდეგ „ქართუელთა მეფის ტიტულის“ მიღება14.
ნიკორწმინდის ტაძრის 1010-1014 წლების წარწერა ბაგრატ III-ს უწოდებს „აფხაზთა და რანთა მეფე და ქართველთა კურაპალატს“.15 წარწერა შესრულებულია მას შემდეგ, რაც საქართველოს ახლადგაერთიანებულმა სამეფომ 1010-1014 წლებში რანი შემოიერთა. ამავე თვალსაზრისით საყურადღებოა ჭიათურის რაიონის სოფ. კაცხის ეკლესიის წარწერა, რომელიც ბაგრატს უწოდებს „აფხაზთა და ქართველთა მეფე, ტაოისა და რანთა, კახთა და ყოვლისა აღმოსავალისა დიდი კურაპალატს“.16
სუმბატ დავითის ძის მიხედვით, გურგენ მეფის გარდაცვალების შემდეგ მისი ძე „ბაგრატ აფხაზთა მეფე, კურაპალატი დიდი, დაეუფლა ტაოს მამულსა თვისსა, და დაიპყრა ყოველი კავკასია თBთმპყრობელობითა ჯიქეთითგან ვიდრე გურგენადმდე“.17
როგორც ვხედავთ, სუმბატის მიერ დასახელებული ისტორიული მოვლენები ასახულია კაცხის წარწერის ტიტულატურაში. ამრიგად, ბაგრატ III-ის სამეფო ტიტულატურაში აისახა ქვეყნის თანდათანობით გაერთიანების პროცესი. მომდევნო საუკუნეებში ქართველ მეფეთა ტიტულატურა ახალი ტერიტორიების შემომტკიცების კვალობაზე კიდევ უფრო გაიზარდა, მაგრამ ის მხარე, საიდანაც დაიწყო ქვეყნის გაერთიანების პროცესი, უცვლელად, პირველ ადგილზე დარჩა ერთიანი საქართველოს მეფეების ტიტულატურაში. ამის გამო საქართველოს ზოგიერთი უცხო ავტორი „აფხაზეთს“, ხოლო ქართველ მეფეებს „აფხაზთა მეფეს“ უწოდებს18.
XI საუკუნის სომეხი მემატიანე არისტაკეს ლასტივერტცი ბაგრატ III-ის გარდაცვალებისა და გიორგი I-ის გამეფების შესახებ წერს: „გარდაიცვალა აფხაზთა მეფე ბაგრატი და გამეფდა მისი ვაჟი გიორგი“.19 იგივე არისტაკესი გიორგი I-საც „აფხაზთა მეფეს უწოდებს“. გაგიკ I სომეხთა მეფის გარდაცვალების შემდეგ მის შვილებს სუმბატსა და აშოტს შორის ჩამოვარდნილ უთანხმოებაში ჩაერია გიორგი I, რასაც სომეხი მემატიანე შემდეგი სიტყვებით გადმოგვცემს: „მოვიდა აფხაზთა მეფე გიორგი და მშვიდობიანად შეარიგა ისინი“.20 გიორგი I-ს არისტაკესი ზოგჯერ მხოლოდ „აფხაზს“ უწოდებს: „ეს რომ აფხაზმა (იგულისხმება გიორგი I _ ლ.ა.) გაიგო“21 და ა.შ.
ზემოთ აღვნიშნეთ, რომ X საუკუნეში, საქართველოს გაერთიანებამდე, სომეხი მემატიანე და საეკლესიო მოღვაწე იოანე დრასხანაკერტელი არ იცნობს სამეფო ტიტულს „მეფე აფხაზთა“. იგი იცნობს აფხაზეთს, როგორც დასავლეთ საქართველოს, ამ სამეფოს „ეგრისს“, ხოლო მის მეფეს „ეგრისის მეფეს“ უწოდებს22. XI საუკუნეში, საქართველოს გაერთიანების შემდეგ, არისტაკეს ლასტივერტცი ქართველ მეფეებს „აფხაზთა“ მეფის ტიტულით იხსენიებს. ეს ფაქტი მიუთითებს, რომ ტერმინი „მეფე აფხაზთა“ ბაგრატიონი მეფეების ტიტულატურაში გაჩნდა მათი დასავლეთ საქართველოში, ანუ აფხაზთა სამეფოში გამეფების შემდეგ. „აფხაზთა მეფის“ ტიტულით იწყება გაერთიანებული საქართველოს ყველა მეფის ტიტულატურა, რაც ასახულია ბაგრატ IV-ის, გიორგი III-ის, დავით აღმაშენებლის, თამარის, ლაშა-გიორგის, დავით ნარინის, დავით ულუს, გიორგი ბრწყინვალეს, ალექსანდრე I-ისა და სხვათა სიგელებში23, წარწერებსა და სხვა წყაროებში.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქართული საისტორიო ტრადიცია, კერძოდ „მატიანე ქართლისა“, სუმბატ დავითის ძე და ვახუშტი ბაგრატიონი აფხაზ მეფეებს „აფხაზთა მეფეებს“ უწოდებენ, მაგრამ ეს ტრადიცია მატიანეებში ქვეყნის გაერთიანების, ანუ მას შემდეგ გაჩნდა, რაც ქართველ მეფეთა ტიტულატურაში „აფხაზთა მეფის“ ტიტული დამკვიდრდა, თანაც მოცემულ სიტყვებში მემატიანეები კონკრეტულ შინაარსს გულისხმობდნენ და არა აფხაზთა მეფეთა ოფიციალურ ტიტულატურას, რომლებიც თავის თანადროულ წყაროებში მხოლოდ მეფის ტიტულით იხსენიებიან. ამ მოსაზრებას ადასტურებს კიდევ ერთი დოკუმენტი, ე.წ. „აფხაზ მეფეთა დივანი“, რომელსაც კონსტანტინე III-ის (893-912) ეპოქაში, „მეფეთა დივანი“ ეწოდებოდა24. იგი განახლებული იქნა გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის, ბაგრატ III-ის დავალებით25 და ტიტული „მეფე აფხაზთა“, დოკუმენტში, ცხადია, ამ დროს გაჩნდა.
ამრიგად, ტიტული „მეფე აფხაზთა“ პირველად ბაგრატ III-ის სამეფო ტიტულატურაში გაჩნდა და „აფხაზთა“ მეფეები, თავის დროზე, მხოლოდ „მეფის“ ტიტულს ატარებდნენ. დასახელებული წერილობითი წყაროები ადასტურებენ, რომ „აფხაზთა“ მეფეები ქართულ ეთნოპოლიტიკურ სამყაროს ეკუთვნოდნენ, ხოლო „აფხაზთა“ სამეფო ქართული პოლიტიკური და კულტურული სამყაროს განუყოფელი ნაწილი იყო.
შენიშვნები
1. ქართული წარწერების კორპუსი. ტ. I. ლაპიდარული წარწერები, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V_Xსს.). შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ნოდარ შოშიაშვილმა. თბ., 1980, გვ. 172.
2. ქართული წარწერების კორპუსი. ტ. I, გვ. 223.
3. Г. Чубинашвили. Грузинское чеканное искусство. Тб., 1959, ფოტო #29, 30, 31, გვ. 148; ლ. ახალაძე. ეგრის-აფხაზეთის („აფხაზთა“) მეფეთა წარწერები. _ კოალიცია „არასამთავროები აფხაზეთისათვის“, საინფორმაციო ანალიტიკური ჟურნალი „აფხაზეთი“, I. თბ., 2004, გვ. 58.
4. ე. თაყაიშვილი. არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი. ტ. II, ტფ., 1913, გვ. 238; ე. თაყაიშვილი. ძველი საქართველო. ტ. III. ტფ., 1913-1914, გვ. 239; Г. Чубинашвили. Грузинское чеканное искусство, ფოტო #22, 23, 24, გვ. 138; ლ. ახალაძე. ეგრის-აფხაზეთის.., გვ. 58.
5. А. Авидзба. Любопытная страница истории. _ გაზ. „Советская Абхазия“, 7.Х.1967, №199; ქართული წარწერების კორპუსი. ტ. II. ლაპიდარული წარწერები. დასავლეთ საქართველო (IX-XIIIსს.). შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ვალერი სილოგავამ . თბ., 1980, გვ. 142, #164; ოდნავ განსხვავებული წაკითხვითა და დათარიღებით იხ.: ლ. ახალაძე. ეგრის-აფხაზეთის.., გვ. 59.
6. გ. ჩუბინაშვილი. ქართული ხელოვნების ისტორია. ტ. I. თბ., 1936, გვ. 207-208; ქართული წარწერების კორპუსი, ტ. I, გვ. 221, ტაბ. 84, 85; ლ. ახალაძე. ეგრის-აფხაზეთის.., გვ. 59.
7. ვ. ცისკარიშვილი. ჯავახეთის ეპიგრაფიკა. თბ., 1959, გვ. 11; ქართული წარწერების კორპუსი, ტ. I, გვ. 262-264; ვ. სილოგავა. კუმურდო. ტაძრის ეპიგრაფიკა. თბ., 1994, გვ. 39.
8. Г. Н. Чубинашвили. Грузинское чеканное искусство, ფოტო #63, 65, გვ. 142; ლ. ახალაძე. ეგრის-აფხაზეთის.., გვ. 60.
9. იოვანე დრასხანაკერტელი. სომხეთის ისტორია. სომხური ტექსტი ქართული თარგმანით, გამოკვლევითა და საძიებლებით გამოსცა ელენე ცაგარეიშვილმა. თბ., 1965, გვ. 109.
10. ნიკოლოზ მისტიკოსის წერილები. გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. ტ. IV. ნაკვ. II. ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა ს. ყაუხჩიშვილმა . თბ., 1952, გვ. 212, 214, 215.
11. გ. ჩუბინაშვილი. ბედიის ოქროს ბარძიმი. _ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, 1940, X, ბ.
12. ქართული წარწერების კორპუსი. ფრესკული წარწერები. I. ატენის სიონი. გამოსაცემად მოამზადეს, გამოკვლევა და საძიებლები დაურთეს გურამ აბრამიშვილმა და ზაზა ალექსიძემ . თბ., 1989, გვ. 177, #47.
13. ქართული წარწერების კორპუსი, II, გვ. 53, #33.
14. ბაგრატის მიერ „ქართუელთა მეფის“ ტიტულის წოდების მიღების ქრონოლოგიაზე მკვლევართა შორის აზრთა სხვადასხვაობაა. თავის დროზე ი. ჯავახიშვილი მიუთითებდა, რომ ბაგრატ III-მ „ქართუელთა“ მეფის ტიტული 1008 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ მიიღო (ი. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. ტ. II. თბ., გვ. 130-131). მ. ლორთქიფანიძის, ნ. შოშიაშვილის და ვ. სილოგავას აზრით, ამ ტიტულს ბაგრატი 1001 წლიდან ფლობდა (ქართული წარწერების კორპუსი, I, გვ. 56; ქართული წარწერების კორპუსი, II, გვ. 52-53). „მატიანე ქართლისასა“ და სხვა საისტორიო წყაროებზე დაკვირვების საფუძველზე, ზ. პაპასქირი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბაგრატს „ქართუელთა მეფის“ ტიტული უნდა მიეღო ბაგრატ II „რეგუენის“ გარდაცვალების, ე.ი. 994 წლის შემდეგ (ზ. პაპასქირი. ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს წარმოქმნა და საქართველოს საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობის ზოგიერთი საკითხი. თბ., 1990, გვ. 75-82).
15. ქართული წარწერების კორპუსი, ტ. II, გვ. 55, #35.
16. ქართული წარწერების კორპუსი, ტ. II, გვ.56, #36;
17. სუმბატ დავითის ძე. ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო გონელი არახამიამ. თბ., 1990, გვ. 53.
18. აღნიშნულ საკითხზე იხილეთ: ნ. ლომოური. საქართველოს სახელწოდებანი ბიზანტიურ წყაროებში. _ წგნ.: საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია. თბ., 1993, გვ. 82, 83; გ. ჯაფარიძე. ქართველებისა და საქართველოს არაბული სახელწოდებები. _ წგნ.: საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია. თბ., 1993, გვ. 132, 134; ზ. პაპასქირი. აფხაზეთი საქართველოა. თბ., 1998, გვ. 141-142; ზ. პაპასქირი. ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან, თბ., 2004, გვ. 67-68;
19. არისტაკეს ლასტივერტცი. ისტორია. ქართული თარგმანი გამოკვლევით, კომენტარებითა და საძიებლებით გამოსცა ელენე ცაგარეიშვილმა. თბ., 1974, გვ. 42.
20. არისტაკეს ლასტივერტცი . ისტორია, გვ. 41.
21. არისტაკეს ლასტივერტცი . ისტორია, გვ. 51.
22. იხ.: მ. ლორთქიფანიძე. ახალი ფეოდალური სამთავროების წარმოქმნა. _ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. III. თბ., 1973, გვ. 421.
23. იხ.: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი. I. შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს თ. ენუქიძემ, ვ. სილოგავამ, ნ. შოშიაშვილმა. თბ., 1984.
24. ე. თაყაიშვილი. ძველი საქართველო. ტ. II. ტფ., 1913, გვ. 46.
25.ე. თაყაიშვილი. ძველისაქართველო, ტ. II, გვ. 47.

Комментариев нет:

Отправить комментарий