пятница, 4 июня 2021 г.

ოსმალეთის პოლიტიკური გაბატონება აფხაზეთში XVIII საუკუნეში (ზ. წურწუმია)

აფხაზეთმა ოსმალეთის პოლიტიკური სიუზერენობა აღიარა XVII ს. 10-იან წლებში, როდესაც შარვაშიძეები განთავისუფლდნენ დადიანთაგან ვასალური დამოკიდებულებისაგან და ჩამოყალიბდა ცალკე აფხაზეთის სამთავრო ცენტრით ზუფუში (ლიხნი).
აფხაზეთი, როგორც ვასალურ დამოკიდებულებაში მყოფი ქვეყანა, ოსმალეთს სულადობრივ გადასახადს „ხარაჯას“ უხდიდა.1
XVII ს. მიწურულისათვის აფხაზეთის სამთავროს საზღვარი ოდიშთან მდ. ენგურზე გადიოდა.2 XVIII ს. დასაწყისში დასავლეთ საქართველო ოსმალეთის პოლიტიკური გავლენის სფეროში რჩებოდა. იმერეთის მეფეს, აფხაზეთის, ოდიშის, გურიის, მთავრებს ტახტზე სულთანი ამტკიცებდა. ქართველი მეფე-მთავრების ოსმალეთზე დამოკიდებულება სულთნისათვის ყოველწლიური მისართმეველის _ „ქრთამის“ გაგზავნაში გამოიხატებოდა.3
ოსმალეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ერთეულებზე სამხედრო კონტროლის შენარჩუნებას. 1701წ. ოსმალეთის იმპერიის უმნიშვნელოვანეს სამხედრო-საზღვაო ბაზებს შორის მოიხსენიება ფოთისა და სოხუმის ციხეები. ამათგან ფოთის გარნიზონი აღჭურვილი იყო 35 ქვემეხით, ხოლო სოხუმის გარნიზონი 5 ქვემეხით.4
1702წ. ახალციხის ფაშას ყოველწლიური მისართმეველის მიცემა შეუწყვიტეს იმერეთის, გურიის, ოდიშის მესვეურებმა, რითაც ოსმალეთის მორჩილებაზე უარი თქვეს. მორჩილებიდან გამოვიდნენ აფხაზებიც, რომლებიც ოსმალო ვაჭრებს თავს ესხმოდნენ.5
1703წ. ზაფხულში ოსმალები დასავლეთ საქართველოში შეიჭრნენ და ხომალდები გაგზავნეს ამბოხებული აფხაზების წინააღმდეგ, რომლებმაც ოსმალეთის სანაპირო სიმაგრეებს ზღვიდან შეუტიეს.6 ამ დროს სტამბოლში აჯანყდა საქართველოში გამოსაგზავნად გამზადებული ჯარი, რასაც ოსმალეთში ხელისუფლების შეცვლა მოჰყვა. ახალმა სულთანმა აჰმედ III (1703-1730წწ.) დასავლეთ საქართველოდან ლაშქრის გამოწვევა ბრძანა. ოსმალები მხოლოდ ბათუმის, ფოთის, რუხის, ანაკლიის ციხეებში დარჩნენ.
1704წ. ზაფხულში ოდიშის მთავარმა ოსმალთა მიერ დაკავებულ ციხეებზე მიიტანა იერიში. ოდიშის მთავარს ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში ამ დროს აფხაზებიც ეხმარებოდნენ. ქუთაისის ყადის ელჰაჯ ომერის 1704წ. 1 სექტემბრით დათარიღებულ წერილში ნათქვამია, რომ დადიანი მორჩილებიდან გამოვიდა, ხმელეთზე აჯანყებულ დადიანს ზღვაზე აფხაზები შეუერთდნენ და რუხისა და ანაკლიის ციხეები დაიკავეს. თუმცა ოსმალებმა ეს ციხეები მალევე დაიბრუნეს.7 ოდიშის ლაშქარი აფხაზებთან ერთად ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდა, თავს ესხმოდა ციხეებში გამაგრებულ ოსმალებს და აწიოკებდა.
თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის არქივში დაცული ერთი ცნობის თანახმად, 1711წ. ივნისში სოხუმის ციხის ზღვიდან და ხმელეთიდან დაცვის გაძლიერებისათვის, ციხის ოთხივე კოშკზე დამატებითი ქვემეხები და სამხედრო რაზმი გაიგზავნა.8 1714წ. დიდი სიძნელეები შეჰქმნიათ რუხისა და ანაკლიის ოსმალო მეციხოვნეებს „აფხაზ და მეგრელ ურწმუნო ყაჩაღთა“ თავდასხმების გამო. ოსმალები იძულებული გახდნენ რუხის ციხე დაეცალათ, თუმცა 1719წ. მიწურულს ოსმალებმა ციხე კვლავ დაიკავეს და 65 მეციხოვნე ჩააყენეს.9
20-იანი წლების დასაწყისში აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მიმართულებით რუსეთის იმპერია გააქტიურდა. რუსეთის იმპერატორი პეტრე I მოკავშირედ ქართლის მეფე ვახტანგ VI გამოვიდა. ისახებოდა ქართველი და რუსი სამხედრო ძალების ერთობლივი მოქმედებების გეგმები, რაც საფრთხეს უქმნიდა კავკასიაში საუკუნეებით დამყარებულ ძალთა ბალანსს ოსმალეთსა და ირანს შორის. რუსეთის სამხედრო წარმატებებმა, ურთიერთობამ საქართველოს სამეფო-სამთავროებთან ოსმალეთის მმართველი წრეების შეშფოთება გამოიწვია. 1723წ. ოსმალეთმა, რომელმაც სეფიანთა დინასტიის დაცემის (1722წ.) შემდეგ ირანის ჩრდილოეთი და ცენტრალური ოლქები დაიკავა (1723წ.), სასწრაფოდ გადმოისროლა დამატებითი ძალები კავკასიაში და რუსეთი აიძულა, შეეწყვიტა წინსვლა კასპიისპირეთში.
1723წ. ივნისში ოსმალებმა თბილისი აიღეს. თავიდან ააშენეს ფოთისა და სოხუმის ციხეები, დაარღვიეს რუხის ციხე და მისი ქვებით კიდევ უფრო გაამაგრეს ანაკლია. ოსმალო მეციხოვნეები ჩადგნენ ციხისძირში, ანაკოფიასა და ბიჭვინთაში.10 ერთი ოსმალური წყაროს ცნობით, 1722წ. სოხუმის ციხეს ფლობს როსტომ-ბეგის ძმისწული გიორგი.11 1723წ. სულთანმა აფხაზეთის მთავარს, როსტომ-ბეგს წყალობის ნიშნად ხალათი გამოუგზავნა, მოსახლეობას კი დიდი რაოდენობით მარილი. ოსმალეთი აფხაზეთს თავის ვასალ და დამორჩილებულ ქვეყნად თვლიდა, მაგრამ მთავარს მაინც არ ენდობოდა.12 1725წ. ოსმალებმა ფოთში ორთუღიანი ფაშა დასვეს და მას შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს გამგებლობა ჩააბარეს.13
ამრიგად, ოსმალეთი დაეუფლა შავი ზღვის სანაპირო პუნქტებს. მოსახლეობა ოსმალთა ძალადობას არ ურიგდებოდა. ოსმალო მემატიანის ქუჩუკ ჩელები ზადეს ცნობით, აფხაზები ზღვიდან და ხმელეთიდან ნიადაგ თავს ესხმოდნენ ოსმალებს, რომლებიც სოხუმში ციხეს აშენებდნენ.14 1725წ. გაზაფხულზე ოდიშის მთავარი ბეჟან დადიანი და იმერეთის მესვეურები ოსმალთა წინააღმდეგ გამოსვლისათვის ემზადებოდნენ, მაგრამ ეს გამოსვლა ვერ განხორციელდა. აფხაზებმაც უშედეგოდ სცადეს ოსმალთა განდევნა სოხუმის ციხიდან.15
რუსეთის დესპანი სტამბოლში ა. რუმიანცევი და რეზიდენტი ი. ნეპლიუევი იტყობინებოდნენ: „სამეგრელოს ცნობილი მთავრის ბეჟან დადიანის მიერ დაწყებული არეულობა იზრდება და თითქოს აფხაზეთში, შავი ზღვის სანაპიროზე ახლადაგებული ერთერთი ციხიდან თურქები განდევნეს“-ო; 1726წ. 22 ივნისს ა. რუმიანცევი იტყობინებოდა სამეგრელოსა და აფხაზეთში ახალი არეულობის შესახებ; 1728წ. აფხაზებმა ისევ შემოარტყეს ალყა სოხუმის ციხეს. ოსმალები ეჭვობდნენ, რომ დასავლეთ საქართველოში ანტიოსმალური გამოსვლები რუსეთის მხარდაჭერით ხორციელდებოდა და მას ქართლის დევნილი მეფე ვახტანგ VI (1703-1724წწ.) ხელმძღვანელობდა.16
1728წ. ახალციხელი ისაყ ფაშას შვილმა აფხაზები შემოირიგა, ხოლო ანტიოსმალური ბრძოლის მოთავე ბეჟან დადიანი ღალატით მოაკვლევინა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ოსმალთა აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლა დასავლეთ საქართველოში არ ჩამცხრალა. ოსმალებმა ვერ შეძლეს დასავლეთ საქართველოს, მათ შორის აფხაზეთის, სრული დამორჩილება. დამპყრობლები დაკავებულ ციხეებშიც თავს მყარად ვერ გრძნობდნენ.17
ეს იყო პერიოდი, როდესაც შარვაშიძეები, ვახუშტი ბატონიშვილის გადმოცემით, „არავის მორჩილებასა შინა“ არ იმყოფებოდნენ“.18 1730წ. გაზაფხულზე ოსმალებმა გადაწყვიტეს ბათუმიდან აზოვამდე ზღვის სანაპიროს საბოლოოდ დაპყრობა და ჯიქების დამორჩილება. ლაშქრობას, რომელშიც იმერეთის მეფეც მონაწილეობდა, ფოთის ფაშა სარდლობდა. ოსმალებმა ოდიში მოარბიეს. „არბევდნენ ოსმალნი და იმერნი და სტყუევნიდნენ, სადა ვის ჰპოვებდნენ, _ წერს ვახუშტი ბატონიშვილი, _ შევიდნენ ოსმალნი ილორს, არამედ ხატნი და ჯუარნი და სახმარნი ეკლესიისანი დაეხიზნათ. შეუდვეს ცეცხლი, მოწვეს ეკლესია და აღძარცვეს კრამიტი ბრპენისა და მოსპნეს დახატულებანი და შემდგომად განვლეს და მივიდნენ აფხაზეთს“. აფხაზთა მთავარმა წინააღმდეგობა გაუწია მათ, მაგრამ დამარცხდა და მორჩილება გამოაცხადა. ოსმალებმა მთავარი და მისი ახლობლები ძალით გაამაჰმადიანეს, რის შემდეგაც ჯიქეთისაკენ დაიძრნენ. იმერეთის მეფე მიხვდა, რომ ოსმალთა ლაშქრობაში მონაწილეობას მხოლოდ უბედურება მოჰქონდა მისი ქვეყნისთვის, ამიტომ თავისი ლაშქრით გზიდან გამოიპარა. მალე აფხაზებიც აჯანყდნენ და ოსმალებმა ვეღარ გააგრძელეს ლაშქრობა. აფხაზებმა მათი დიდი ნაწილი გაჟლიტეს, ნაწილი გაიქცა. ფაშამაც გაქცევით უშველა თავს.19 მოგვიანებით ოსმალებმა კვლავ აღადგინეს თავიანთი გავლენა აფხაზეთზე. 1730-31 წლებში სოხუმის ციხეში ალი არსლან ბეგის ხელმძღვანელობით ოსმალთა 70-დან 100-მდე მეციხოვნე იდგა; 1731-1735 წლებში ოსმალთა 70 კაციანი გარნიზონი ანაკოფიის ციხეშიც იდგა.20
აფხაზები, ოდიშთან დაპირისპირების მიუხედავად, ქართველებთან ერთად ებრძოდნენ დამპყრობლებს, ამავე დროს მონაწილეობდნენ ფეოდალურ შინაომში და ამ ბრძოლაში ოდიშის მთავარს უჭერდნენ მხარს. მალე ანაკოფიიდან და ბიჭვინთიდან ოსმალებმა მეციხოვნეები გაიყვანეს, სამაგიეროდ, ოსმალეთმა სოხუმის ციხე გააძლიერა. 1737წ. სოხუმში ორთუღიანი ფაშა იჯდა, რომელსაც ანაკლიის ციხეც ემორჩილებოდა. სოხუმის ციხის გარნიზონი 200 იანიჩარისაგან შედგებოდა, ხოლო შეიარაღებაში 60 ქვემეხი ჰქონდა.21
თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის არქივში დაცული ერთი დოკუმენტის მიხედვით, სოხუმის ციხე სიმაგრეში ადგილობრივი მოსახლეობისაგან შემდგარი რაზმები მსახურო, ოსმალეთის ხელისუფლება მათ სამსახურისათვის ჯამაგირს უხდიდა. ამ დოკუმენტის მიხედვით, რომელიც 1745წ. 25 თებერვლით არის დათარიღებული, სოხუმის ციხეს ორას ოცი ადგილობრივი დაქირავებული მეომარი იცავდა, რომელთაც წლიური ანაზღაურების სახით ოსმალეთი ჯამაგირს უხდიდა.22
შინაომებისა და ოსმალთა შემოსევებისაგან დასავლეთ საქართველო საშინლად იყო აოხრებული. მძიმე მდგომარეობა შეიქმნა აფხაზეთშიც, რომელიც შინაურმა არეულობამ მოიცვა. აფხაზთა მთავრები ფაქტობრივად ვერ აკონტროლებდნენ სიტუაციას. შავი ზღვის სანაპიროზე ტყვის მსყიდველები თარეშობდნენ. მათ შორის განსაკუთრებით აფხაზები აქტიურობდნენ. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, აფხაზები „დაუხდებიან ოსმალთა ნავთა და ლაზ-ჭანთა და უფროსად ოდიშ-გურიასა“.23 ისინი მოულოდნელად ადგებოდნენ ნაპირს, ვისაც მოიხელთებდნენ, იტაცებდნენ და ოსმალებზე ყიდდნენ, ან აფხაზეთში მონებად ასახლებდნენ.24 ამასთან, აფხაზეთის მთისწინეთი და ზღვისპირი, ხშირად განიცდიდა მეზობელი მთის ტომების თავდასხმებს.25
აფხაზთა მეზობელმა მთის ტომებმა წებელისა და დალის თემების მკვიდრთა მხარდაჭერით _ მძარცველური თავდასხმის დროს მოარბიეს დრანდა, მერხეული, კვიტოული, დიდძალი ნადავლი და ტყვე იგდეს ხელთ და ჩრდილოეთ კავკასიაში გადავიდნენ. აფხაზთა მთავარი ჯიქეშია ამ ტომების მეთაურებთან მოსალაპარაკებლად გაემართა. მოლაპარაკება წარმატებით დამთავრდა, მაგრამ უკან დაბრუნებული მთავარი ღამით ტყეში გადააწყდა მარბიელთა ჯგუფს და მათთან შეტაკებაში დაიღუპა.26
აფხაზთა სამთავრო ტახტზე ჯიქეშიას უფროსი ვაჟი მანუჩარი ავიდა. ამ პერიოდში ოსმალებმა მოახერხეს აფხაზეთისა და ჯიქეთის დამორჩილება. ოსმალები მხარს უჭერდნენ სამთავრო სახლის მოწინააღმდეგე ძალებს. XVIIIს. 30-იან წლებში ოსმალებმა ტახტიდან ჩამოაგდეს მანუჩარ შარვაშიძე და ორ უმცროს ძმასთან _ ზურაბთან და შირვანისთან ერთად ოსმალეთში გააგზავნეს, სადაც ძალით გაამაჰმადიანეს. აფხაზეთს, ოსმალების მიერ სოხუმის კომენდანტად დანიშნული ჯიქი, ასლან-ბეი გეჩი მართავდა. დიდი გავლენა მოიპოვა სამთავრო სახლის მეტოქე ძაფშ-იფების საგვარეულომ, რომლის გაძლიერებასაც მხარს უჭერდა ასლან-ბეი გეჩი. ძაფშ-იფებმა დაიკავეს სოხუმის მიდამოები, ტერიტორია მდინარეებს ფსირცხასა და კოდორს შორის და მთავრის კუთვნილი მთელი რიგი ფეოდალური შემოსავლები მიითვისეს.27
ოსმალეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა შარვაშიძეთა მეშვეობით განმტკიცებას აფხაზეთში, შარვაშიძეებმაც მალე მოახერხეს ოსმალებთან საერთო ენის გამონახვა. 1744წ. მანუჩარ შარვაშიძე ბათუმის ბეგად იჯდა, ზურაბი _ სოხუმისა, ხოლო შირვანი ფაშას ტიტულით განაგებდა რიონის (ფოთის) ციხესა და ჭანეთს, რიზეს „ამოღმა”.28 ერთი ცნობით, ზურაბი დიდი პატივით მიიღეს აფხაზეთში, მაგრამ გაქრისტიანება მოსთხოვეს, ისიც მოინათლა ილორის ეკლესიაში და ამის შემდეგ დაიკავა სამთავრო ტახტი.29 ამ ცნობის მიხედვით, ჩანს, აფხაზეთში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ტრადიცია, რომ აფხაზეთის მთავარი ქრისტიანი უნდა ყოფილიყო.
ზურაბს ვაჟიშვილი არ ჰყავდა, ამიტომ ოსმალეთიდან ჩამოიყვანა თავისი ძმისწული ქელაიშ-აჰმედ-ბეი (ქელეშ-ბეი), მანუჩარის ძე, რომელიც ახალგაზრდობიდან მძევლად იყო სტამბოლში, და ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა. შემდეგ, ზურაბმა ბათუმიდან ჩამოიყვანა მეორე ძმისწული ბექირ-ბეი შერვანის ძე, რომელსაც აბჟუა უბოძა. აფხაზთა მთავარმა ძაფშ-იფების ძლიერი და გავლენიანი საგვარეულოს მისამხრობად მათი ასული შერთო ქელეშ-ბეის, რასაც ძაფშ-იფების ოპოზიციის რამდენადმე შესუსტება მოჰყვა.30
XVIII ს. შუა ხანებში, აფხაზეთის საზღვარი სამხრეთ-აღმოსავლეთით მდ. ღალიძგაზე გადიოდა, სადაც მას ოდიში ესაზღვრებოდა; ჩრდილო-დასავლეთით _ მდ. ბზიფზე (კაპპეტის წყალი), სადაც ჯიქეთი ესაზღვრებოდა.31 მდ. ღალიძგასა და მდ. ენგურს შორის მდებარე ტერიტორია – სამურზაყანო _ ოდიშის სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა, თუმცა ამ მხარის მმართველებად აფხაზეთის სამთავრო სახლის გვერდითი შტოს წარმომადგენლები დარჩნენ. ამის გამო სამურზაყანოს აღმნიშვნელად ამ ხანის ქართულ წყაროებში მკვიდრდება ტერმინები: „ზემო აფხაზეთი“ და „სამურზაყანო-აფხაზეთი“. ეს რეგიონი კვლავ ქართველებით დასახლებულ და კულტურულად ქართულ მხარედ რჩებოდა და ოდიშის შემადგენლობაში იმყოფებოდა. აღსანიშნავია სამურზაყანოს მაშინდელი მფლობელის ხუტუნია შარვაშიძის თავდადება ხრესილის ბრძოლაში (1757წ.), როცა ქართველთა გაერთიანებულმა ლაშქარმა სოლომონ I-ის მეთაურობით ოსმალები დაამარცხა. ეს თავდადება სამშობლოსათვის ბრძოლის მაგალითს წარმოადგენს.32
XVIII ს. 60-იან წლებში აფხაზეთში ოსმალური გარნიზონი მხოლოდ სოხუმის ციხეში იდგა. იმერეთის მეფის სოლომონ I-ის ელჩის, მიტროპოლიტ მაქსიმე ქუთათელის მიერ 1769წ. შედგენილ იმერეთის აღწერილობაში აღნიშნულია, რომ სოხუმი არის ნავსადგური და ციხე, სადაც ოსმალთა გარნიზონი იდგა.33 რუსი ოფიცერი, კაპიტანი იაზიკოვი 1770წ. მოხსენებაში, შავი ზღვის სანაპირო სიმაგრეთა შორის ასახელებს აყუს, ანუ სოხუმს, სადაც დგას ოსმალთა გარნიზონი და მცხოვრებნიც ყველანი თურქები არიან.34 თურქეთის პრემიერ-მინისტრის არქივში დაცული ერთ-ერთი დოკუმენტის, იმავე წელს, სტამბოლიდან სოხუმისა და მახლობელი ციხესიმაგრეებისათვის ზარბაზნის ჭურვები და თოფისწამალი გაიგზავნა.35
XVIII ს. II ნახევარში, დასავლეთ საქართველოში გააქტიურდა ოსმალო დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლა, რასაც მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი იმ გარემოებამ, რომ იმერეთ-ოდიშ-გურიის მესვეურნი ერთად გამოდიოდნენ საერთო მტრის წინააღმდეგ. იმერეთის მეფე სოლომონ I-მა კარგად იცოდა, რომ საბოლოო გამარჯვების მისაღწევად საკუთარი ძალები საკმარისი არ იყო, ამიტომ როგორც ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II (1762-1798წწ.), სოლომონიც რუსეთთან კავშირს ეძიებდა. 1768 წელს რუსეთ-ოსმალეთის ახალი ომი (1768-1774წწ.) დაიწყო. ომის თეატრმა ამიერკავკასიაც მოიცვა. ერეკლე II და სოლომონ I რუსეთის დახმარებით ფიქრობდნენ ოსმალთა განდევნას საქართველოდან.
1769წ. საქართველოში რუსეთის საექსპედიციო კორპუსი შემოვიდა გენერალ ტოტლებენის მეთაურობით, რომელიც 1770წ. ივნისიდან, ქართველებთან ერთად, თითქმის ორ წელს დასავლეთ საქართველოში ოსმალთა წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს ეწეოდა. მოკავშირეთა ერთ-ერთი მთავარი მიზანი საქართველოს შავიზღვისპირეთიდან ოსმალების განდევნა იყო. 1770წ. ოქტომბერში რუსეთის კორპუსი ფოთისკენ დაიძრა. კორპუსის სამეგრელოში შემოსვლისას, ოსმალებმა რუხისა და ანაკლიის ციხეები დაცალეს და ისინი ოდიშის მთავარმა დაიკავა. ამის შემდეგ ტოტლებენმა დადიანთან ერთად ფოთს ალყა შემოარტყა, რომელიც სამთვენახევარს გაგრძელდა. 1771წ. თებერვალში, სოლომონ I-მა ტოტლებენს აცნობა, რომ ზურაბ და ქელეშ-ბეი შარვაშიძეები აპირებდნენ, რუსეთის კორპუსს თავს დასხმოდნენ, რათა აეძულებინათ, ფოთს გასცლოდა. ეს ცნობა დადასტურდა. აფხაზები თავს დაესხნენ რუსთა კორპუსს და ცხენები გაიტაცეს.36
1771წ. ზაფხულში, რუსთა კორპუსმა ფოთს კვლავ შემოარტყა ალყა, თუმცა ისევ უშედეგოდ. ოდიშის ლაშქრის შემადგენლობაში ფოთთან იბრძოდა სამურზაყანოს მფლობელი ლევან შარვაშიძეც თავისი რაზმით. იმავდროულად აფხაზები აჯანყდნენ ოსმალების წინააღმდეგ. აფხაზთა მთავარმა ზურაბ შარვაშიძემ და სამურზაყანოს მფლობელმა ლევან შარვაშიძემ შეუპოვარი ბრძოლის შედეგად დაიკავეს სოხუმის ციხე და ოსმალები განდევნეს, მაგრამ მალე უთანხმოება ჩამოვარდა ზურაბ და ლევან შარვაშიძეებს შორის და ლევანმა ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ ციხე ოსმალებს გადასცა.37 ამ ამბების შემდეგ ოსმალეთი უკვე აღარ ენდობოდა ზურაბ შარვაშიძეს და ყოველმხრივ უჭერდა მხარს ქელეშ-ბეის, თუმცა ამჯერად ვერ გადაწყვიტა ზურაბისათვის მთავრობის ჩამორთმევა. 70-იან წლებში იმერეთის ციხეებიდან ოსმალები განდევნეს. ქუჩუკ-კაინარჯის ზავის (1774 წლის 10 ივლისი) დადების შემდეგ, ოსმალეთი ხედავდა, რომ იმერეთს კარგავდა, ამიტომ ოდიშში ცდილობდა პოზიციების განმტკიცებას. ასეთ ვითარებაში, ოსმალეთმა ხელი შეუწყო აფხაზი „ბატონების“ ლაშქრობას ოდიშზე. ოსმალები შეუთანხმდნენ აფხაზებს; ზურაბ შარვაშიძე, სოხუმის (აყუს) ციხის მფლობელი ქელეშ-ბეი და აბჟუას მფლობელი ბექირ-ბეი შეკავშირდნენ; ოდიშის მთავარს განუდგა სამურზაყანოს მფლობელი ლევან შარვაშიძეც და ისიც ხსენებულ შარვაშიძეებს შეუერთდა.38 „შეიყარა სრულიად აფხაზეთი თავისი ბატონებით, შარვაშიძეები, ჯიქი, ალანი, და ჩერქეზი, სხვანი კიდევ უცხო ჯარები იყო…ცხენოსანი და ქვეითი…ჯაბახანით, თოფხანით, ზარბაზნებით“ და ოდიშისაკენ დაიძრნენ.39 ზოგიერთი წყაროს ცნობით, ამ ლაშქრობას მთავარი ზურაბ შარვაშიძე კი არ სარდლობდა, არამედ ქელეშ-ბეი. საფიქრებელია, რომ ოსმალები სწორედ ქელეშ-ბეის შეუთანხმდნენ ლაშქრობაზე და ზურაბმა ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა.40
კაცია II დადიანმა დახმარებისათვის იმერეთის მეფეს მიმართა. სოლომონმა თავის ლაშქარს სოფ. ბანძაში უბრძანა თავმოყრა, აქვე დაიბარა გურიელიც. ბანძიდან მეფე თავისი ჯარითმალევე მივიდა რუხის ციხემდე. ბრძოლა გაიმართა 1780 წლის მარტში სოფ. რუხში. ნ. დადიანი ბრძოლის სურათს ასე გადმოგვცემს: „შემდგომად რაოდენისამე ჟამისა მოვიდენ აფხაზნი და მოურიდებლად გამოვიდნენ ენგურს და დასდგენ პირისპირ მათსა. მეორესა დღესა ამხედრდენ აფხაზნი და წარმოემართნენ ზარბაზან-არტილერიითა და დიდძალითა მხედრებითა მეფესა და დადიანსა ზედა. აქათ მიეგებნენ სპანი მეფისა და დადიანისანი და შეიქმნა საშინელი ბრძოლანი. მაშინ მეფე ამხედრდა ჩვეულითა კისკასითა გულითა და წარუძღვა რაოდენსამე გუნდსა მხედრობასა იმერეთ-ოდიშართასა და მიუხტა მარჯვენით კერძო მამაცად და მრავლისა ურთიერთისა განგლიჯა რაზმი, და შევიდენ სპანი მეფისა და დადიანისა რაზმსა შუა და მხილველი ამისი აფხაზნი ვერ წინააღუდგენ, და ივლტოდენ აფხაზნი და გაემარჯვათ სახელოვნად მეფესა და დადიანსა“.41
რუხის ბრძოლამ, რომელიც იმერთა და ოდიშართა ლაშქრის ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა, ბოლო მოუღო აფხაზების შემოტევას ოდიშის სამთავროზე. ეს ბრძოლა ქართველობამ თავიდანვე აღიქვა, როგორც ბრძოლა ქრისტიანობასა და მაჰმადიანობას შორის. მთიელთა ზურგს უკან ოსმალეთი და მისი ვასალი ყირიმის ხანი იდგნენ.
XVIII ს-ის აფხაზეთი გამოირჩევა საერთოქართულ სამყაროსთან შესუსტებული კავშირით და ოსმალეთის დომინირებადი გავლენით. გაიზარდა სამთავროს ტერიტორია, ცვლილებები მოხდა აფხაზეთის მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობაში, ვრცელდება მუსლიმანური რელიგია. მიუხედავად ამისა, სამთავროს ოფიციალური ენა არის ქართული, შარვაშიძეები კი ქართველი წარჩინებული წოდების ნაწილად რჩებიან.
XVIII ს. დამლევს, ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში შესვლის, რუსეთთან ყირიმის სახანოსა და დუნაისპირეთის გარშემო გამძაფრებული დაპირისპირებების ფონზე, ოსმალეთი ცდილობს აფხაზეთში პოზიციების განმტკიცებას. ოსმალეთი შეეცადა თავიდან მოეშორებინა პროქართულად განწყობილი ზურაბ შარვაშიძე და მის წინააღმდეგ ქელეშ-ბეი წააქეზა. „დროსა ამას, _ წერს ნ. დადიანი, _ შეიშურვენ ურთიერთისადმი შარვაშიძე ზურაბ, რომელი ფლობდა ზუფუს და ძმისწული მისი ქელაიშ-აჰმედ-ბეგ, რომელი ფლობდა აყუს და მიმდგომსა მისსა.“ ზურაბ შარვაშიძემ ოდიშის მთავარ კაცია დადიანს სთხოვა დახმარება. დადიანმა სასწრაფოდ შეყარა ლაშქარი, სარდლად თავისი ძმა გიორგი ჩაუყენა და აფხაზეთში გაგზავნა. „მივიდნენ რა აფხაზეთს, ურჩნი ზურაბისანი მოსწვეს, მოსწყვიდეს და შემდგომად მოადგნენ ცხომის ციხეს.“ მეციხოვნეების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად გიორგი დადიანის ძემ ციხე აიღო და ურჩნი ისევ ზურაბ შარვაშიძეს დაუმორჩილა.42
როგორც ვხედავთ, ზურაბ შარვაშიძემ დადიანის დახმარებით შეინარჩუნა ხელისუფლება. ოდიშისათვის, აფხაზეთის ტახტზე სასურველი იყო პროქართული ორიენტაციის ზურაბ შარვაშიძე, ვიდრე ოსმალეთის ერთგული ვასალი ქელეშ-ბეი. მიუხედავად განცდილი მარცხისა, ოსმალეთი აფხაზეთში ხელისუფლების შესაცვლელად ქელეშ-ბეისა და მის მომხრეებს იყენებდა. 80-იანი წლების დასაწყისში ქელეშ-ბეიმ ოსმალთა დახმარებით ტახტიდან ჩამოაგდო ზურაბ შარვაშიძე და თვითონ გამთავრდა. იმავდროულად, პოლიტიკური მოსაზრებებით, მთავრის რეზიდენცია ლიხნიდან, სამთავროს ძველი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრიდან, სოხუმის ციხეში გადმოიტანა, სადაც ოსმალო მეციხოვნეები იდგნენ.43
ქელეშ-ბეი მტკიცე მმართველი გამოდგა. დაქუცმაცებული სამთავროს გაერთიანებასა და ხელისუფლების განმტკიცებისათვის ბრძოლაში მან მაქსიმალურად გამოიყენა ოსმალეთის მხარდაჭერა, ამასთან მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა ჯიქებთან და უბიხებთან.
კავკასია, და განსაკუთრებით საქართველო, თურქი ისტორიკოსების აღიარებით, ოსმალეთის იმპერიის საგარეო პოლიტიკაში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს XVIII საუკუნის 80-იანი წლებიდან, ყირიმის სახანოს რუსთა მიერ დაპყრობისა და საქართველოს რუსეთის მფარველობაში შესვლის გარემოებებიდან გამომდინარე. მანამდე ოსმალეთის იმპერია დიდ ყურადღებას არ უთმობდა კავკასიის მიმართულებას. „ჩერქეზები, აფხაზები და სხვა ტომები ოსმალეთის სახელმწიფოს სუვერენობას სამართლებრივი თვალსაზრისით არ სცნობდნენ და მხოლოდ ოსმალეთის ქვეშევრდომ ყირიმის ხანთან ურთიერთობდნენ.44
რუსეთის მხრიდან კავკასიაზე ექსპანსიის დაწყებამ ოსმალეთი შეაშფოთა, რადგან მისი გავლენა დასავლეთ კავკასიაზე სუსტი იყო. ოსმალეთის მხრიდან ჩერქეზებთან ურთიერთობა, მათში ისლამის გავრცელება ტრადიციულად ყირიმის ხანზე იყო მინდობილი, მაგრამ ყირიმის სახანოზე რუსეთის მხრიდან განხორციელებული შეტევისა და რუსეთის სამხრეთით წინსვლის აღსაკვეთად, ოსმალეთმა ანაპის ციხის გამაგრება გადაწყვიტა. 1780-1784 წლებში ოსმალო დიდმოხელემ, წარმოშობით ქართველმა ფერაჰ ალი ფაშამ, მის მიერ გამაგრებული ანაპის ციხე რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის ტომების დასაყრდენად და თავშესაფრად აქცია.45 ფერაჰ ალი ფაშამ ანატოლიიიდან, სივასის, სინოპის, ამასიისაა და თოკატის ოლქებიდან ანაპაში 10 ათასამდე ჯარისკაცი ჩამოაყვანინა, რომელთაგან მრავალმა მთიელ ქალებთან შექმნა ოჯახები და იქვე დასახლდა. ამ გარემოებას შემდგომშიც ჩერქეზთა მძაფრი ანტირუსული გამოსვლებისათვის ნიადაგი უნდა შეემზადებინა. 1785 წელს გარდაცვლილი ფერაჰ ალი ფაშა იმავე წელს ასევე წარმოშობით ქართველმა (აჭარელმა) ბიჯანოღლუ ალი ფაშამ შეცვალა.46
ოსმალეთის მიზანი ანაპიდან ჩერქეზ და აფხაზ წარჩინებულებს შორის ისლამის გავრცელებისათვის ხელის შეწყობა და მთიელებისადმი ოსმალეთის იმპერიის ძლიერებისა და მორალური ავტორიტეტის დემონსტრირება იყო. თავდაპირველად მთიელები მუსლიმანობაზე უნდა მოექციათ, ამას სამხედრო და პოლიტიკური კავშირებიც მოჰყვებოდა. ფერაჰ ალი ფაშამ და მისმა შემცვლელებმა შეიძლება ითქვას ამ ამოცანას კარგად გაართვეს თავი. აფხაზეთს, ოსმალეთის ჩრდილოეთ კავკასიასთან დაკავშირებული გეგმების განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი განეკუთვნებოდა, ამასთანავე აფხაზეთის სამთავროს ხელისუფლებაში ერთგული ვასალის, მუსლიმანი ქელეშ ბეის ყოფნა, ოსმალეთს აძლევდა გარანტიას, რომ აფხაზეთი არ გაერთიანდებოდა დასავლეთ საქართველოს სხვა პოლიტიკურ ერთეულებთან. ოსმალებმა თავიანთი გავლენა გაავრცელეს ჩერქეზებში, მხოლოდ ვერ შეძლეს ყაბარდოელების გადმობირება, რომლებიც XVI საუკუნიდან რუსეთთან სიახლოვეს იცავდნენ.47 რუსეთ-ოსმალეთის გამწვავებული დაპირისპირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად სოხუმი იქცა. ოსმალეთის ხელისუფლება დიდ ყურადღებას უთმობდა მისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სოხუმის ციხისა და ნავსადგურის შენარჩუნებასა და გაძლიერებას.
1788 წლის 9 აგვისტოთი დათარიღებულ დოკუმენტში, რომელიც თურქეთის პრემიერ-მინისტრის არქივშია დაცული, აღნიშნულია, რომ აუცილებელია სოხუმის ციხის გაძლიერება სამხედროებითა და სურსათით გარნიზონის მომარაგების გაუმჯობესება, რადგან სოხუმი მტრებით არის გარემოცული. დოკუმენტში ასევე ნათქვამია: „საქართველოს მფლობელები მოსკოველებს (რუსებს-ზ.წ.) უწევენ დახმარებას და ქართველების საწინააღმდეგოდ საჭიროა სანაპიროს ჩერქეზების ამხედრება, ამისათვის ჩერქეზებს ძვირფასი საჩუქრები უნდა გაეგზავნოთ“.48
სოხუმის მნიშვნელობა ოსმალეთისათვის იქიდანაც ჩანს, რომ აქ ოსმალეთის სულთნის სელიმ III ბრძანებით დაარსდა გემთსაშენი, სადაც ოსმალური ფლოტისათვის სამხედრო გემი აშენდა. თურქი ისტორიკოსის ენვერ ზია კარალის ნაშრომში „სელიმ III ხანაში ოსმალეთის ფლოტის შესახებ დოკუმენტები“, დასახელებულია ოსმალური ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც სელიმ III მმართველობის დროს აგებულ გემების აღწერას შეიცავს. დოკუმენტში, იმპერიის სხვა გემთსაშენებს შორის დასახელებულია სოხუმის გემთსაშენიც.49 ქელეშ ბეის მიერ სოხუმში 60 ქვემეხიანი ხომალდის აგებისა და ოსმალეთის სულთნისთვის საჩუქრად გაგზავნის შესახებ ნახსენებია ცნობა 1810 წლის 24 მარტით დათარიღებულ გენერალ ტორმასოვის წერილში.50 ოსმალური წყარო ადასტურებს გემის აშენების ფაქტს, მაგრამ მოჰყავს ტორმასოვის მიერ დასახელებული გემისაგან განსხვავებული მახასიათებლები.51
სოხუმში ოსმალების მიერ გემთსაშენის აგება განაპირობა რუსეთისა და ოსმალეთის ინტერესების შეჯახებამ კავკასიაში. 1789 წელს სულთნის ტახტზე ასულმა სელიმ III მიზნად დაისახა ევროპული ყაიდის არმიისა და ფლოტის შექმნა. ევროპიდან მოიწვიეს გემთმშენებელი სპეციალისტები, რომელთაც ახალი გემთსაშენების დაარსება, არსებულთა რეკონსტრუქცია და ამ გემთსაშენებში ოსმალეთის სამხედრო ფლოტისათვის ხომალდების აგება დაევალათ. ოსმალეთის მნიშვნელოვან ქალაქ-ნავსადგურებში ახალი გემთსაშენების აგება გადაწყდა. სულთნის ბრძანებით მთავარი გემთსაშენების აშენების ადგილებად დადგინდა სტამბოლი, ბოდრუმი, გემლიქი, კალაისულტანიე, მიდილი, კვიპროსი, ქემერი, კალასი, სილისტრე და სოხუმი. ყოველ გემთსაშენს შეუდგინეს ხითა და საიალქნეებით მომარაგების, გემთმშენებელი სპეციალისტებისა და მუშახელის რაოდენობისა და დასაქმების გეგმა. 1791-1799 წლებში ამ ნავსადგურებში აშენდა და ზღვაში გავიდა 45 გემი. ოსმალეთის ფლოტისთვის ახლადაშენებული გემების ქვემეხთა საერთო რიცხვი 2329, ხოლო მეზღვაურთა და ჯარისკაცთა საერთო რაოდენობა 20495 კაცს შეადგენდა.52
სოხუმში აშენებული ოსმალეთის სამხედრო ფლოტის ხომალდი, სახელწოდებით „კილიდ ულ ბაჰირ“, ოსმალური საზღვაო ტერმინოლოგიით „კალიონ ი ჯედით“-ის ტიპის იალქნიანი საბრძოლო გემი იყო. მისი სიგრძე 40 მეტრს შეადგენდა. ხომალდის კორპუსი ბრინჯაოს ფირფიტებთ იყო შეჭედილი, რაც გემს საზღვაო ბრძოლებისას გარკვეულ უპირატესობას ანიჭებდა. „კილიდ ულ ბაჰირ“-ის შეიარაღება 28 ქვემეხისაგან შესდგებოდა და მასზე 300 მეზღვაური და ჯარისკაცი მსახურობდა.53
აღსანიშნავია, რომ „კილიდ ულ ბაჰირ“-ის აშენების შემდგომ ოსმალეთის ხელისუფლებამ სოხუმში გემთმშენებლობის შეწყვეტის განკარგულება გასცა. ოსმალურ დოკუმენტში ეს გადაწყვეტილება დასაბუთებულია შემდეგი არგუმენტებით: სოხუმის გემთსაშენი იმპერიის ცენტრიდან დიდი მანძილით არის დაშორებული, გართულებულია და დროზე არ სწარმოებს გემის მშენებლობისათვის აუცილებელი მასალების მიწოდება, არ არის საკმარისი რაოდენობით მუშახელი და გემთმშენებლობის სპეციალისტები.54 თურქეთის პრემიერ-მინისტრის არქივში დაცული დოკუმენტები შუქს ფენენ სოხუმში, ოსმალური სამხედრო საზღვაო ფლოტისათვის გემთმშენლობის საკითხებს. 1793წ. 26 აგვისტოთი დათარიღებულ წერილში აღნიშნულია, რომ სოხუმის გამგებელი, მირლივა (შეესაბამება გენერლის სამხედრო წოდებას _ ზ.წ) ქელეშ აჰმედ ბეის მეცადინეობით, გემსაშენის აშენებისათვის მომარაგებული ხის მასალის საფასურად, გაიგზავნოს სოხუმში 34 ათას 600 ყურუში“.55 ამ ცნობის საფუძველზე, 1793 წელი უნდა ჩაითვალოს სოხუმში ოსმალეთის სამხედრო ფლოტისათვის გემსაშენის აგების დასაწყისად. სოხუმში გემსაშენის მშენებლობისა და შემდგომში ამ გემსაშენში ოსმალეთის სამხედრო საზღვაო ფლოტისათვის ხომალდის აგებასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები სულთნის კანცელარიასა და აფხაზეთის მთავარს შორის წლების მანძილზე უთანხმოებისა და ვაჭრობის საგანი ყოფილა. ქელეშ-ბეი მუდმივად მოითხოვდა თანხებს, რაც ოსმალეთის ხელისუფლების უნდობლობასა და უკმაყოფილებას იწვევდა. 1794 წლის 3 ნოემბრით დათარიღებულ ბრძანებაში სოხუმის გამგებელ ქელეშ ბეისადმი აღნიშნულია, რომ სოხუმში ასაშენებელი სამხედრო გემისათვის გამოიყო ძალიან დიდი რაოდენობის თანხა, რის გამოც დამატებით რაიმე თანხის მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ იქნება.56 ორი წლის შემდეგ, სულთნის კანცელარია ისევ სწავლობს სოხუმში გემთმშენებლობის დაფინანსების საკითხს. ქელეშ ბეი ამჯერადაც დიდ თანხას მოითხოვს და ოსმალეთის ხელისუფლება, იძულებულია ეს დაფინანსება გამოყოს. 1796 წლის 2 სექტემბრით დათარიღებულ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ მიღებულია გადაწყვეტილება სოხუმში გემთმშენებლობის დასაფინანსებლად დამატებით 7 ათას 500 ყურუში გამოიყოს.57
ოსმალეთის ხელისუფლება თავისი ვასალის, ქელეშ-აჰმედ-ბეის დაფინანსებას დიდ ყურადღებას აქცევდა. ქელეშ-ბეი, ჩანს, გემშენებლობის ხარჯების გაზრდას ხელოვნურადაც ცდილობდა. აფხაზეთის მთავრისათვის, ოსმალეთისგან მნიშვნელოვანი დაფინანსების მრავალჯერადი თხოვნა და მისი თხოვნის დაკმაყოფილება, აფხაზეთის ოსმალეთის იმპერიის მფარველობაში ყოფნის დამადასტურებელ და დასავლეთ საქართველოში მიმდინარე შინადაპირისპირების ფონზე აფხაზეთის შეუვალობის გარანტიას წარმოადგენდა.
1793წ. ქელეშ-ბეი მისთვის გადაცემული ანაკლიის ციხის შეკეთებისათვის სამოცი ათას ყურუშს ითხოვს ოსმალეთისაგან,58 1795წ. კი ოსმალეთის ხელისუფლება, ქელეშ-ბეის სოხუმის ციხის გასამაგრებლად საჭირო სამუშაოების ჩატარებას ავალებს.59 1783წ. ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის გიორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის შემდეგ ოსმალეთი ყოველნაირად ცდილობდა დასავლეთ საქართველოში პოზიციების გამყარებას.
1784წ. სოლომონ I-ის გარდაცვალების შემდეგ იმერეთის მეფის ტახტი დავით გიორგის ძემ დაიკავა. იმერეთის მეფე კი რუსეთთან ანალოგიური ტრაქტატის დადების მიზნით 1784წ. პეტრებურგში აფხაზეთის კათოლიკოს მაქსიმე II აბაშიძეს, ზ. წერეთელს და დ. კვინიხიძეს აგზავნის. იმერეთის ელჩების შეხვედრამ ეკატერინე მეორესთან 1784წ. 29 დეკემბერს შედეგი ვერ გამოიღო.
1787 წლიდან მაქსიმე II, იმერეთის ახალ ელჩთან, ბესარიონ გაბაშვილთან ერთად აგრძელებს დიპლომატიურ საქმიანობას. ისინი ცდილობდნენ აფხაზეთის მხრიდან რუსეთის ჯარების შემოყვანას, აფხაზეთისა და მთლიანად დასავლეთ საქართველოს ოსმალებისაგან გათავისუფლებას და ერთიანად რუსეთის მფარველობაში შესვლას, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. ამასთან დაკავშირებით, კათოლიკოსი მაქსიმე II სამეგრელოს სამღვდელოებას 1792წ. 27 ივლისს სწერდა, რომ რუსეთში იგი დარჩა „ამ მიზეზით: მაგ შავს ზღვის პირებზედ რომ ჯარი წამოვიდა, სათუოდ არა მქონდა, ანაფიას (ანაპის _ ავტ.) აღების მერე აფხაზეთში და იმერეთში მოვლენ. ანაფია რომ აიღეს (1791წ. 22 ივნისს _ ავტ.), იმასა და ბიჭვინთას შუა ორმოცდაათი ვერსის მეტი თურმე არ არის; ვიღას ეგონა იმ მხარეს გაუშვებდნენ! მე ამას ვემზადებოდი: რაც იმ ჩვენ საყდარს (ბიჭვინთას _ ჯ.გ.) ეჭირვებოდა, სულ ხელმწიფეს მოვახსენებ და წყალობას ვსთხოვ ყოველსავე საჭიროებასა იმ ჩვენის ეკლესიისა, და უთუოდ იმედიც იყო აღსრულებისა. მაგრამ ჩემის ცოდვის ძალით, ესეც უსრული შეიქმნა და საუკუნო ტკივილი დაშთა სულსა შინა ჩემსა“.60 დასავლეთ საქართველოს (აფხაზეთიანად) გაერთიანების, ოსმალებისაგან მისი გათავისუფლების, ბიჭვინთის საკათოლიკოსო საყდრის აღდგენის ოცნება განუხორციელებელი დარჩა. მაქსიმე II სამშობლოში ვერ დაბრუნდა. 1795წ. 30 მაისს ის კიევში გარდაიცვალა და კიევ-პეჩორის ლავრაში ჰპოვა სამუდამო განსასვენებელი.61
XVIII ს. 90-იან წლებში დასავლეთ საქართველოში ახალი ძალით იფეთქა ფეოდალურმა შინაომმა, რომელშიც ქელეშ-ბეიც ჩაერია. იმერეთის მეფემ, სოლომონ II-მ (1789-1810წწ.) მიზნად დაისახა დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება. ამას საგარეო-პოლიტიკური ვითარებაც ხელს უწყობდა. ოსმალეთის იმპერია, რომელიც სეპარატისტულ ძალებს უჭერდა მხარს, ამ დროს საკმაოდ დასუსტებული იყო და სათანადო კონტროლს ვერ უწევდა დასავლეთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ამით ისარგებლა სოლომონ II-მ და ხელმწიფის პრეტენზიები გამოხატა. იგი თავს „ქუემოისა ივერიისა და სხუათა მეფეს“ უწოდებდა. მეფის მარჯვენა ხელი სოლომონ ლიონიძე წერდა, რომ „აფხაზეთი უძველესი დროიდანვე იმერეთისა იყო,“. იმერეთის  მეფე სამეგრელოს მთავარს დადიანს ურჩ ვასალად, „ყმად“ მიიჩნევდა, რომელსაც მეფისადმი ურჩობის უფლება არ ჰქონდა.62
იმერეთის მეფის მცდელობის მიუხედავად, დასავლეთ საქართველოს მთავრებს სრულიად დამოუკიდებლად ეჭირათ თავი და იმერეთის მეფის უზენაესობას არ სცნობდნენ. აქაც გამოირჩეოდა აფხაზეთი და მისი მთავარი ქელეშ ბეი შარვაშიძე, რომელიც ოსმალეთის ვასალს წარმოადგენდა. ოსმალეთის ვასალობით და აფხაზეთზე ოსმალეთის სრული სამხედრო-პოლიტიკური ბატონობით იყო გამოწვეული, ის ფაქტი, რომ ქელეშ-ბეის მონაწილეობა არ მიუღია ქართველ მეფე-მთავართა 1790 წლის ტრაქტატში.
ამრიგად, XVIII საუკუნეში აფხაზეთში ოსმალეთის პოლიტიკური გაბატონებისათვის ბრძოლამ მიზანს მიაღწია _ აფხაზეთს სულთნის ვასალი მართავდა და ოსმალეთი აფხაზეთს სამხედრო თვალსაზრისითაც აკონტროლებდა, მაგრამ კავკასიაში რუსეთის დამკვიდრებამ ძალთა თანაფარდობა და პოლიტიკური ორიენტაციები რადიკალურად შეცვალა. ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის მიერ რუსეთთან მფარველობითი კავშირის ძიება 1801წ. რუსეთის იმპერიაში ქართლ-კახეთის სამეფოს ინკორპორაციით დამთავრდა. ამიერიდან აღმოსავლეთ საქართველოში რუსული მმართველობა დამყარდა. რუსეთი ფლობდა მნიშვნელოვან სამხედრო-სტრატეგიულ პლაცდარმს ქართლ-კახეთის სახით და მისთვის უკვე დიდ სიძნელეს არ წარმოადგენდა საქართველოს დანარჩენი პოლიტიკური ერთეულების, მათ შორის აფხაზეთის, ძალით დაპყრობა, ან „ნებაყოფლობით“ დამორჩილება.
შენიშვნები
1. З. В. Анчабадзе. Из истории средневековой Абхазии. Сухуми, 1959, გვ. 273.
2. И. Г. Антелава. Очерки по истории Абхазии XVII-XVIII веков. Сухуми, 1951, გვ. 37-38.
3. ქ. ჩხატარაიშვილი. საქართველოს საგარეო ურთიერთობათა ისტორიიდან (XVIII ს. პირველი მეოთხედი). _ კრებ.: „საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები“. ტ. 2. თბ., 1972, გვ. 43-44.
4. Т. Берадзе. Мореплавание и морская торговля в средневевековой Грузии, Тб., 1989, გვ. 62.
5. მეჰმედ რაშიდი. ისტორია. ტ II. _ წგნ.: მეჰმედ რაშიდის ცნობები საქართველოსა და ზოგიერთი მეზობელი ქვეყნის შესახებ. თურქული ტექსტი ქართული თარგმანით გამოსცა, გამოკვლევა და შენიშვნები დაურთო ვ. ჩოჩიევმა , თბ., 1976, გვ. 25.
6. ი. ტაბაღუა. საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობა. თბ., 1972, გვ. 63.
7. ოსმალური დოკუმენტური წყაროები ანაკლიისა და რუხის ციხეების შესახებ. XVII-XVIII სს. თურქული ტექსტი ქართული თარგმანით, შესავლით, ტერმინოლოგიური ლექსიკონით, ფაქსიმილეებითა და საძიებლებით გამოსაცემად მოამზადა ნ. შენგელიამ . თბ., 1982, გვ. 21, 23-27.
8. თჩ Bაşბაკანლıკ Aრşივი. თარიჰ: 08/ჩა/1123 (Hიცრî) Dოსყა Nო:74 Göმლეკ Nო:3464 Fონ Kოდუ: ჩ..Aშ.. იხ. ელექტრონ. ვერსია: ჰტტპ://წწწ.დევლეტარსივლერი. გოვ.ტრ.
9. ოსმალური დოკუმენტური წყაროები ანაკლიისა და.., გვ. 90-92, 97.
10. ქ. ჩხატარაიშვილი. საგარეო და საშინაო ვითარება XVIIIს. დასაწყისში. ოსმალთა ბატონობის დამძიმება. სამთავროები XVIIIს. პირველ ნახევარში. ოდიშის (სამეგრელოს) სამთავრო. გურიის სამთავრო. აფხაზეთის სამთავრო. სვანეთი. თურქეთთან ურთიერთობა. ურთიერთობა რუსეთთან. _ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV. თბ., 1973, გვ. 461-462.
11. ქათიბ ჩელები. ისტორიულ მოვლენათა კალენდარი „ჯიჰან ნუმა“. _ წგნ.: ქათიბ ჩელების ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ. თურქულიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო გ. ალასანიამ. თბ., 1978, გვ. 134.
12. Iსმაილ Hაკკი Uზუნçარşıლı. Oსმანლı თარიჰი. IV. Aნკარა, 1973, გვ.ç129.
13. შ. ბურჯანაძე. ლიხთ-იმერეთის 1737წ. რუკა, როგორც საქართველოს ისტორიის პირველწყარო. _ ხელნაწერთა ინსტიტუტის მოამბე, 1. თბ., 1959, გვ. 183.
14. ნ.შენგელია. XV-XIX საუკუნეების საქართველოს ისტორიის ოსმალური წყაროები. თბ, 1974, გვ. 116.
15. ქ. ჩხატარაიშვილი. საგარეო და საშინაო ვითარება XVIII ს. დასაწყისში..,გვ. 467.
16. Г. Г. Паичадзе. Русско-грузинские политические отношения в первой половине XVIII века. Тб., 1977, გვ. 63, 79.
17. ს. ჯიქია. დოკუმენტები ოსმანთა გარნიზონის სოხუმში ყოფნის ეპიზოდის შესახებ. _ კრებ.: „საქართველო და აღმოსავლეთი“. თბ., 1984, გვ. 217-223.
18. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. _ ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. IV, თბ., 1973, გვ. 784.
19. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა.., გვ. 887-888.
20. ნ. შენგელია. ოსმალური „ქუჩუქ ბერათები“ სოხუმის ციხის შესახებ. _ კრებ.: „ახლო აღმოსავლეთი და საქართველო“. თბ., 1991, გვ. 311-314; Н. Н. Шенгелия. Османские арзы 30гг XVIII в. О крепостях Сухуми и Анакопия. – წგნ.: Вопросы истории народов Кавказа. Сборник статей посвященных памяти З. В. Анчабадзе. Тб., 1988, გვ. 274-286.
21. შ. ბურჯანაძე. ლიხთ-იმერეთის 1737წ. რუკა.., გვ. 123, 225-226.
22. თჩ Bაşბაკანლıკ Aრşივი. თარიჰ: 23/M /1158(Hიცრî), Dოსყა Nო:671, Göმლეკ
Nო:28193; Fონ Kოდუ: ჩ..Aშ.. იხ. ელექტრონ. ვერსია: ჰტტპ://წწწ.დევლეტარსივლერი.გოვ.ტრ.
23. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა.., გვ. 785.
24. И. Г. Антелава. Очерки по истории Абхазии XVII-XVIII веков, გვ. 156.
25. Ф. Ф. Торнау. Воспоминания кавказского офицера, ч. I. М., 1864, გვ. 45.
26. К. Д. Мачавариани. Описательный путеводитель по г. Сухуму и Сухумскому округу. Сухум, 1913, გვ. 246.
27. ბ. ხორავა. ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა XV-XVIII სს. თბ., 1996, გვ. 131.
28. ქ. ჩხატარაიშვილი. საგარეო და საშინაო ვითარება XVIII ს. დასაწყისში.., გვ. 469.
29. К. Д. Мачавариани. Описательный путеводитель.., გვ. 247.
30. ბ. ხორავა. ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა.., გვ. 131-132.
31. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა.., გვ. 783.
32. ბ. ხორავა. ოდიშ-აფხაზეთის ურთიერთობა.., გვ. 132.
33. ბ. ხორავა. აფხაზეთი XVIII საუკუნის დასაწყისიდან 80-იან წლებამდე. _ ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან. აფხაზეთი უძველესი დროიდან დღემდე. თბ., 2007, გვ, 200.
34. ბ. ხორავა. აფხაზეთი XVIII საუკუნის დასაწყისიდან.., გვ. 261.
35. თჩ Bაşბაკანლıკ Aრşივი. თარიჰ: 06/Ş /1184 (Hიცრî), Dოსყა Nო:336, Göმლეკ Nო:13941, მFონ Kოდუ: ჩ..Aშ.. იხ. ელექტრონ. ვერსია: ჰტტპ://წწწ.დევლეტარსივლერი. გოვ.ტრ.
36. ვ. მაჭარაძე. მასალები XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთსაქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან. II. თბ., 1968 გვ. 42-45.
37. ი. რაინეგსი. მოგზაურობა საქართველოში. გერმანულიდან თარგმნა, შესავალი და საძიებლები დაურთო გ. გელაშვილმა. თბ., 2002. გვ. 110; Ф. Дюбуа де Монпере. Путешествие вокруг Кавказа т. I, Сухуми, 1937, გვ. 117.
38. ქ. ჩხატარაიშვილი. დასავლეთ საქართველო XVIIIს. 70-80-იან წლებში. _ საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. IV. თბ., 1973, გვ. 665.
39. ქ. ჩხატარაიშვილი. დასავლეთ საქართველო XVIIIს. 70-80-იან წლეში, გვ. 665.
40. ბ. ხორავა. აფხაზეთი XVIII საუკუნის დასაწყისიდან.., გვ. 261.
41. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება. ტექსტი გამოსცა, წინასიტყვაობა, გამოკვლევა, კომენტარები, საძიებლები დაურთო შ. ბურჯანაძემ. თბ., 1962, გვ. 180.
42. ნ. დადიანი. ქართველთ ცხოვრება, გვ. 181.
43. И. Г. Антелава. Очерки по истории Абхазии XVII-XVIII веков, გვ. 82; Г. А. Дзидзария. Присоединение Абхазии к России. – Труды, I. Сухуми, 1988, გვ. 22.
44. A. ჩევდეტ. თარიჰ, III. – წგნ.: Aჰმეტ ჩევდეტ Pაşა. თარიჰი-Dევლეტ, I-XII. İსტანბულ, 1894, გვ. 162.
45. ჩ. Göკçე. Kაფკასყა ვე Oსმანლı İმპარატორლუğუ’ნუნ Kაფკასყა სიყასეტი. Iსტანბულ, 1979, გვ. 51.
46. ჩ. Göკçე. Kაფკასყა ვე Oსმანლı İმპარატორლუğუ’ნუნ Kაფკასყა სიყასეტი, გვ. 51; İ. Bერკოკ. თარიჰტე Kაფკასყა. Iსტანბულ, 1958, გვ. 321.
47. B. Hაბიçოğლუ. Kაფკასყა’დან Aნადოლუ’ყა Göçლერ. İსტანბულ, 1993. გვ. 99-100.
48. თჩ Bაşბაკანლıკ Aრşივი. თარიჰ: 07/ძა/1202 (Hიცრî), Dოსყა Nო:1179, Göმლეკ Nო:52527, Fონ Kოდუ: ჩ..Aშ.. იხ. ელექტრონ. ვერსია: ჰტტპ://წწწ.დევლეტარსივლერი. გოვ.ტრ
49. E. ძიყა Kარალ. შელიმ III დევრინდე Oსმანლı Bაჰრიყესი ჰაკკıნდა ვესიკალარ. Mაარıფ Mატბაასı, 1941, გვ. 7-9.
50. Акты Кавказской Археографической Комиссии, IV. Тифлис, 1870, გვ. 450.
51. ზ. წურწუმია. აფხაზეთის ისტორიის ზოგიერთი საკითხი თურქულ ისტორიოგრაფიაში. _ საისტორიო ძიებანი, V. თბ., 2002, გვ. 130-132.
51. E. ძიყა Kარალ. შელიმ III დევრინდე Oსმანლı Bაჰრიყესი ჰაკკıნდა.., გვ. 1-3.
52. E. ძიყა Kარალ. შელიმ III დევრინდე Oსმანლı Bაჰრიყესი ჰაკკıნდა.., გვ. 7.
53. E. ძიყა Kარალ. შელიმ III დევრინდე Oსმანლı Bაჰრიყესი ჰაკკıნდა.., გვ. 9.
54. თჩ Bაşბაკანლıკ Aრşივი. თარიჰ:18/M /1208 (Hიცრî), Dოსყა Nო:193, Göმლეკ Nო:9079, Fონ Kოდუ: ჩ..BH.. იხ. ელექტრონ. ვერსია: ჰტტპ://წწწ.დევლეტარსივლერი. გოვ.ტრ.
55. თჩ Bაşბაკანლıკ Aრşივი. თარიჰ: 09/ღ /1209 (Hიცრî) Dოსყა Nო:187 Göმლეკ Nო:8794 Fონ Kოდუ: ჩ..BH. იხ. ელექტრონ. ვერსია: ჰტტპ://წწწ.დევლეტარსივლერი. გოვ.ტრ.
56. თჩ Bაşბაკანლıკ Aრşივი. თარიჰ: 28/შ /1211 (Hიცრî) Dოსყა Nო:6 Göმლეკ Nო:296 Fონ Kოდუ: ჩ..BH.. იხ. ელექტრ. ვერსია: ჰტტპ://წწწ.დევლეტარსივლერი. გოვ.ტრ
57. თჩ Bაşბაკანლıკ Aრşივი. თარიჰ: 29/L /1207 (Hიცრî) Dოსყა Nო:809 Göმლეკ Nო:34353 Fონ Kოდუ: ჩ..Aშ.. იხ. ელექტრონ. ვერსია: ჰტტპ://წწწ.დევლეტარსივლერი. გოვ.ტრ.
58. თჩ Bაşბაკანლıკ Aრşივი. . თარიჰ: 29/L /1207 (Hიცრî) Dოსყა Nო:809 Göმლეკ Nო:34353 Fონ Kოდუ: ჩ..Aშ.. იხ. ელექტრონ. ვერსია: ჰტტპ://წწწ.დევლეტარსივლერი. გოვ.ტრ.
59. ჯ. გამახარია. აფხაზეთი და მართლმადიდებლობა. თბ., გვ. 331-339.
60. ჯ. გამახარია. აფხაზეთი და მართლმადიდებლობა, გვ. 339.
61. მ. დუმბაძე. დასავლეთ საქართველო XIXს. პირველ ნახევარში. თბ., 1957, გვ. 134-135.

Комментариев нет:

Отправить комментарий