I თავი
თურქ-სელჩუკთა სახელმწიფოს ჩამოყალიბება
თურქ-სელჩუკები ეკუთვნოდნენ ოღუზ თურქმანულ ტომებს და თავდაპირველად ცენტრალური აზიის სტეპებში ბინადრობდნენ, ხოლო შემდეგ არალის ტბასა და ურალს შორის მომთაბარეობდნენ. ისინი საზოგადოებრივი განვითარების გვაროვნულ საფეხურზე იდგნენ და მომთაბარე მეჯოგეობას მისდევდნენ. ოღუზები 24 შტოდ იყოფოდნენ. სელჩუკები მათ ერთ-ერთ შტოს-კინიკის ეკუთვნოდნენ. ეს იყო ოღუზებში საკმაოდ წარჩინებული და მრავალმრიცხოვანი ტომი (შენგელია 1968: 62; KKöymen: 1963: 13; Карпов 1945: 3). მათთვის აღებ-მიცემობის მთავარი საგანი იყო ცხვარი (Бартолд 1963: 564). ბერძენი ისტორიკოსი ნიკიფორე ვრიენიოსი თურქ-სელჩუკებს შემდეგნაირად ახასიათებს: „ეს ხალხი დამოუკიდებელი იყო და დასაბამითგან ხალხმრავალი და მამაცი, რომელიც რძით იკვებებოდა, და ჯერ არასდროს არ ყოფილა დამონებული არცერთი ხალხის მიერ“ (ვრიენიოსი 1963: 304).
ოღუზთა ტომებში IX-X საუკუნეებიდან ჩნდება პირველი სახელმწიფოებრივი ჩანასახი, რომლის სათავეში იდგა მეფე ანუ იაბღუ, ამასთანავე იწყება ბრძოლა პირველობისათვის. იაბღუ რეალურად არ იყო ერთპიროვნული მმართველი, ყველა ტომს თავისი მეთაური ჰყავდა. X საუკუნიდან მათში დაწინაურდა ბარანთა ტომის ლიდერი ალი-ხანი და იაბღუს ტიტულიც მან დაისაკუთრა. ამავე დროს გაძლიერდა სელჩუკის მამა-დუკაკი, რომლის მოღვაწეობის დროიდანაც იწყება სელჩუკთა სახელმწიფოს ისტორია. იგი ერთ-ერთი ყველაზე უფრო ხალხმრავალი მეთაურთაგანი იყო და იაბღუს ლაშქარში შედიოდა. დუკაკი ხშირად ერეოდა იაბღუსთან ერთად დიდმნიშვნელოვანი საქმეების გადაწყვეტაში და დიდი გავლენით სარგებლობდა მთელ ტომში (შენგელია 1968: 63). დუკაკისა და იაბღუს ურთიერთობის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობები აქვს დაცული მირხონდს, რომელსაც თავის თხზულებაში უცვლელად აქვს შეტანილი ჩვენამდე მოუღწეველი „მელიქ ნამეს“ ცნობები. მირხონდი „მელიქ-ნამეზე“ დაყრდნობით აღნიშნავს, რომ დუკაკს სახელმწიფო მართვა-გამგეობაზე სწორი შეხედულება ჰქონდა და შორსმხედველი პიროვნება იყო. იაბღუ (მირხონდი მას შეცდომით ხაზართა მეფედ მოიხსენიებს) სისტემატიურად იწვევდა მას სახელმწიფო საქმეებში მონაწილეობის მისაღებად. მის მამაცობასა და კეთილშობილებაზე ყველგან ლაპარაკობდნენ (www.vostlit.info, Восточная литература, Автори и источники на вукву „М“, Мирхонд, Сад чистоты, Отривок 1). სადრ ად-დინ ჰუსეინი სელჩუკის მამის შესახებ წერს: „პირველი მათ შორის, ვინც მიიღო ისლამი, იყო ემირი დუკაკი. დუკაკი თურქულ ენაზე ნიშნავს „რკინის ისარს“. დუკაკი იყო მამაცი, გულადი, გონიერი და გონებამახვილი კაცი. ის ფლობდა მართვის უნარს. თურქთა მელიქმა ხელისუფლება დუკაკს გადასცა. ის განათებული იყო თავისი აზრისა და გონების ჩირაღდნით“ (www.vostlit.info, Восточная литература, Автори и источники на вукву „Х“, Ал-Хусайни Садр-Ад-Дин, Сообщения о сульджуском государстве, Главы 1-8). ზემოაღნიშნული წყაროებიდან აშკარაა, რომ სელჩუკის მამას დიდი გავლენა აქვს ოღუზთა ტომებში და აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში. წყაროებში მის შესახებ მცირე ცნობებია შემონახული. ანონიმი ავტორის თხზულებაში აღწერილია დუკაკის ქორწინება და მათი პირველი შვილის-სელჩუკის დაბადება. დუკაკი მაშინ გარდაიცვალა, როდესაც მისი შვილი სელჩუკი 17-18 წლისა იყო (შენგელია 1968: 65). დუკაკის გარდაცვალების შემდეგ იაბღუმ მის შვილს სელჩუკს სუბაშის (მხედართმთავრის) ტიტული უბოძა და რაზმის მეთაურად დანიშნა. სადრ ად-დინ ჰუსეინის ცნობით, „როცა ემირმა სელჩუკმა-ემირ დუკაკის შვილმა, მიაღწია სრულ ასაკს თურქთა მმართველმა მას ჩააბარა ჯარის მეთაურობა და მისცა სუბაშის ტიტული-ეს მათ ენაზე ნიშნავს „ჯარის უფროსს“ (www.vostlit.info, Восточная литература, Автори и источники на вукву „Х“, Ал-Хусайни Садр-Ад-Дин, Сообщения о сульджуском государстве, Главы 1-8). სელჩუკი იმდენად გაძლიერდა, რომ საფრთხე შეექმნა თვით იაბღუს ხელისუფლებას. წყაროებში (ბარ ჰებრაი, მირხონდი, სადრ ად-დინ ჰუსეინი) აღნიშნულია, თუ როგორ ცდილობს იაბღუს ცოლი დაარწმუნოს ქმარი, რომ გაძლიერებული სელჩუკის ნდობა და მასთან ერთად სახელმწიფოს მართვა შეუძლებელია. იმავე წყაროებში შეინიშნება სამფლობელოების გადანაწილების ნიადაგზე, იაბღუს უთანხმოება როგორც დუკაკთან, ისე მის შვილ სელჩუკთანაც. ზემოაღნიშნული მიზეზების გამო სელჩუკი იძულებულია, თავის მოკავშირეებთან ერთად უამრავი ქონებით დაიძრას სამარყანდის მიმართულებით. მირხონდის ცნობით: „იაბღუმ გადაწყვიტა სელჩუკის თავიდან მოცილება. სელჩუკმა ეს რომ შეიტყო, დაიწყო ფიქრი თავის გადარჩენაზე. [ბოლოსდაბოლოს] მან გადაწყვიტა უცხო მხარეში წასვლა და გაემართა სამარყანდის მიმართულებით. თან წაიყოლა 100 მხედარი 1500 აქლემი და 50 000 ცხვარი. როცა მიაღწია ჯენდის მიდამოებს, უფალმა გაუნათა გული ღვთაებრივი სინათლით. მან გააგზავნა მაცნე ამ მხარის მმართველთან შემდეგი განცხადებით: ჩემი ამ მხარეში მოსვლის მიზეზი არის ისლამის მიმდევართა რიგებში ჩადგომა. დღევანდელი თხოვნაა, გამომიგზავნოთ ვინმე ავტორიტეტული ისლამის მცოდნე, ვინც შემასწავლის ყურანს და დამაყენებს ჭეშმარიტების გზაზე უდაბნოში გზაარეულ უმეცარს“ (www.vostlit.info, Восточная литература, Автори и источники на вукву „М“, Мирхонд, Сад чистоты, Отривок 1). ოღუზთა ტომის დასავლეთ აზიის მიმართულებით მასობრივი მოძრაობის დასაწყისად თურქ-სელჩუკთა პირველი ნაკადის ჯენდიში გადასახლებაა მიჩნეული. იმხანად ეს ტერიტორიაც იაბღუს გავლენის ქვეშ ითვლებოდა. იმავდროულად, ჯენდში დასახლებულმა ოღუზებმა მუსლიმანობაც მიიღეს და ამიერიდან მათ და იაბღუს შორის ბრძოლამ ერთგვერი რელიგიური დაპირისპირების საფარველი მიიღო (სამუშია 2003: 209) ჰამდალაჰ ყაზვინის მიხედვით, სელჩუკები მავერანნაჰრში მოვიდნენ 985/6 წელს. მუნეჯიმ-ბაშის ცნობით, სელჩუკმა იაბღუსთან კავშირი გაწყვიტა და ისლამის ქვეყნისაკენ წავიდა; მან მუსლიმანობა მიიღო დაახლოებით 350 (961/2) წელს. თურქი მეცნიერი მ. ქოიმენი სელჩუკის მიერ ოღუზებთან კავშირის გაწყვეტასა და ჯენდში მოსვლას დაახლოებით 930-935 წლებში მიიჩნევს (Köymen: 1963: 24).
სელჩუკი იყო პირველი, რომელმაც გაწყვიტა კავშირი თურქთა წინამძღოლთან, მიიღო ისლამი, თავის გარშემო გააერთიანა ოღუზი ტომები და საფუძველი ჩაუყარა სელჩუკთა სახელმწიფოს. შემდეგ დინასტიის სახელწოდება-სელჩუკები-გავრცელდა მთლიანად მის მიერ გაერთიანებულ ტომებზე. გამუსლიმების შემდეგ, მთელი ისტორიის მანძილზე სელჩუკები სწორედ ისლამის სუნიტური მიმართულების დროშით აწარმოებდნენ დაპყრობით ომებს. „სელჩუკ“-ტერმინის ეტიმოლოგიის შესახებ საინტერესო დაკვირვება აქვს ჩატარებული უნგრელ მეცნიერს ლ. რასონის. ის აღმოსავლურ პირველწყაროებში დაცული ცნობების ანალიზის საფუძველზე ადგენს სიტყვა „სელჩუკის“ შესაძლებელ მნიშვნელობას. მისი აზრით, ყარა-თეგინში-პამირის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ჯერ კიდევ IX საუკუნეში ცხოვრობდნენ ოღუზები, რომელთათვის ცნობილი იყო „სელთაუს“ სახელწოდების მყინვარი. „სელჩუკი“ შეიძლებოდა წარმოშობილიყო ან მყინვარის სახელწოდება „სელ“-ისთვის თურქმენული „ჩუკ“-ის დართვით, ანდა შეიძლებოდა ტოპომინიკური სახელი გადაქცეულიყო ადამიანის საკუთარ სახელად და შემდეგ გავრცელებულიყო მთელ ტომზე (შენგელია 1968: 68; Семенов 1946: 17-18; K Гордлевский 1960: 48).
სელჩუკის თურქთა წინამძღოლთან (იაბღუსთან) კავშირის გაწყვეტას მასთან დაპირისპირების გარდა ხელი შეუწყო საძოვრების ნაკლებობამ და ოჯახების სიმრავლემ. რავენდი შენიშნავს: „ის დიდებული ადამიანები ოჯახების სიმრავლისა და საძოვრების სიმცირის გამო მოვიდნენ მავერანნაჰრში. ზამთარში მათი სადგომი იყო ნურ ბუხარა, ხოლო ზაფხულში სამარკანდა“ (www.vostlit.info Восточная литература, Автори и источники на вукву „Р“, Ар-Равенди, Абу-Бекрб Отдохновение Сердец).
ჯენდის მიდამოებში დასახლებული სელჩუკი წინდახედული პოლიტიკის წყალობით კიდევ უფრო გაძლიერდა. იგი ადგილობრივ მოსახლეობას ქაფიერ (არამუსლიმ) თურქთა თავდასხმისაგან იცავდა, რის გამოც ჯენდის გამგებლისა და მოსახლეობის ნდობა და მატერიალური მხარდაჭერა დაიმსახურა. მას დახმარებისთვის მიმართავდნენ თურქესტანისა და განაპირა ოლქების მცხოვრებნი. მუსლიმი მოსახლეობის უმრავლესობა მას მიემხრო, იგი იმდენად გაძლიერდა, რომ იაბღუსგან სრულ დამოუკიდებლობას მიაღწია. სელჩუკის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ საფუძველი შეუქმნა შთამომავლობას კიდე უფრო წარმატებული საქმიანობისათვის. სელჩუკი იბნ ალ-ასირის ცნობით, სიცოცხლის ბოლომდე ჯენდში დარჩა და 1009-1010 წლებში დარდაიცვალა 107 წლის ასაკში. სადრ ად-დინ ჰუსეინის მიხედვით: „ემირმა სელჩუკმა იცოცხლა 100 წელი, მან ერთხელ სიზმარში ნახა, რომ ცეცხლში შარდავდა, ცეცხლის ნაპერწკლები იფანტებოდა აღმოსავლეთითა და დასავლეთით. მან ამის შესახებ ჰკითხა სიზმრის ამხსნელს, რომელმაც უთხრა, შენს საგვარეულოში გაჩნდებიან მეფეები, რომლებიც დაიპყრობენ შორეულ ქვეყნებს. სელჩუკი გარდაიცვალა ჯენდში და დატოვა ვაჟიშვილები: ემირი მიქაილი, ემირი მუსა, ემირი იაბღუ არსლანი, რომელსაც ეძახდნენ ისრაილს. ამ ემირების საცხოვრებელი ადგილი იყო მავერანნაჰრი და ნურ ბუხარა“ (www.wostlit.info Восточная литература, Автори и источники на вукву „Х“, Ал-Хусайни Садр-Ад-Дин, Сообщения о сульджуском государстве, Главы 1-8). სელჩუკის გარდაცვალების შემდეგ ტერიტორიები მის შვილებს შორის განაწილდა. მიქაილი, რომელსაც სამფლობელოთა უდიდესი ნაწილი გადაეცა, იყო მათი საპატიო მეთაური.
სელჩუკის შვილებმა დიდი როლი შეასრულეს შუა აზიის ისტორიაში. ვფიქრობთ, მათი სიძლიერის ერთ-ერთი საგულისხმო მიზეზი ურთიერთშეთანხმებული მოქმედება იყო. ისტორიული წყაროების მიხედვით, მათი დაპირისპირება არ აღინიშნება. კიდევ უფრო დიდი როლი შეასრულეს თურქ-სელჩუკთა ისტორიაში სელჩუკის შვილიშვილებმა თოღრულ-ბეგმა და ჩაღრი-ბეგმა, რომლებმაც რეალურად ჩამოაყალიბეს სელჩუკთა სახელმწიფო.
„ირანში თურქ-სელჩუკთა გამოჩენამდე საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური პროცესები მიმდინარეომდა. აბასიანთა სახელმწიფოს დაშლის შემდეგ ირანში იწყება ახალი პოლიტიკური ერთეულების ჩამოყალიბება. X-XI საუკუნეების მიჯნაზე ირანში არსებობდა სამანიდების, ღაზნეველებისა და ყარახანიდების სახელმწიფოები. სწორედ ამ პოლიტიკურ ერთეულებთან მოუწიათ ურთიერთობა თურქ-სელჩუკებს თავიანთი დასავლეთის მიმართულებით დაწყებული მიგრაციის პირველ ეტაპზე“ (სამუშია 2003: 209). სამანიდების სახელმწიფოს დაცემის შემდეგ, XI საუკუნის დასაწყისში, მავერანნაჰრი ყარახანიანთა ხელში გადავიდა. შესაბამისად, სელჩუკებიც მათი გავლენის ქვეშ მოექცნენ. ამ დროისათვის სელჩუკები უკვე დიდ სამხედრო ძალას ფლობენ და აშკარად უპირისპირდებიან ღაზნელთა სახელმწიფოს. ისინი ღაზნელებისაგან ითხოვენ ადგილებს გამრავლებული მოსახლეობის დასასახლებლად, აგრეთვე საძოვრებს მესაქონლეობისათვის. საძოვრების კრიზისი და ადგილობრივი მმართველების მიერ შევიწროვება გახდა სელჩუკებისათვის ახალი ადგილების ძიების მიზეზი. სელჩუკთა წარმომადგენლები ღაზნეველთა სულთანს 1025 წელს მიმართავენ თხოვნით: „ეს ტერიტორია ჩვენთვის საკმარისი არ არის, ეს საძოვრები ჩვენს საქონელს არ ჰყოფნის, ნება მოგვეცით, მდინარე გადავლახოთ და ნესასა და ბავერდს შორის დავბანაკდეთ. ტუსის მმართველმა არსლან ჰაჯიბმა (რომელმაც ააშენა სანგბასტის ციხე და აქვეა დამარხული), უთხრა სულთანს: არ გამოგვადგება მათთვის ხორასნის გზის ჩვენება; ისინი მრავალრიცხოვანი არიან და აქვთ სამხედრო აღჭურვილობა. არ ღირს მათი აქ შემოშვება, რადგან დაიწყება წარმოუდგენელი არეულობები, ამათი უკან დაბრუნება შეუძლებელი გახდება“ (www.vostlit.info, Восточная литература, Автори и источники на вукву „Р“, Ар-Равенди, Абу-Бекрб Отдохновение Сердец). წყაროების (ჰამდალაჰ ყაზვინი; სადრ ად-დინ ჰუსეინი, რავენდი) მიხედვით, ღაზნელთა სულთანმა მაჰმუდმა არ დაუჯერა ჰაჯიბ არსლანის რჩევას და სელჩუკებს გამოუყო საცხოვრებელი ადგილი ნესას, ფერავსა და აბივერდის ტერიტორიაზე. სელჩუკები ხორასანში დამკვიდრდნენ. ისტორიული წყაროების მიხედვით, რთულდება გარკვევა თუ ვისი მეთაურობით და რა რაოდენობით გადავიდნენ ამ დროს სელჩუკები ირანის ტერიტორიაზე. სავარაუდებელია, რომ ეს არ უნდა ყოფილიყო დიდი ჯგუფი, ამ დროს სალჩუკთა ძირითადი ნაწილი ჩაღრი-ბეგის, თოღრულ-ბეგის და იბრაჰიმ იინალის მეთაურობით ყარახანიდების სამფლობელოებში მომთაბარეობენ. XI საუკუნის 30-იანი წლებიდან შუა აზიაში მოთარეშე თურქ-სელჩუკებს უკვე სერიოზული პრობლემები ექმნებთ გაძლიერებულ ადგილობრივ ხელისუფლებასთან უთიერთობაში. მირხონდის ცნობით, თუღრულ-ბეგისა და ჩაღრი-ბეგის მეთაურობით სამარყანდისკენ გადაადგილებული სელჩუკების შესაჩერებლად ადგილობრივმა ხელისუფალმა ალი თეგინმა, სულთანსა და თურქესტანის მმართველებს ელჩები დაუგზავნა. სელჩუკებს შეეშინდათ გაერთიანებულ ჯართან შებრძოლებისა და იძულებულები გახდნენ იქაურობას გასცლოდნენ. ჩაღრი-ბეგმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ბრძოლას არჩია მარბიელი ხასიათის ლაშქრობები მოეწყო შორეული ბიზანტიის პროვინციებისაკენ, ხოლო თოღრულ-ბეგი აღმოსავლეთით უდაბნოებისა და ძნელად გასავლელი სტეპების მიმართულებით დაიძრა. (www.vostlit info, Восточная литература, Автори и источники на вукву „М“, Мирхонд, Сад чистоты, Отривок 1). მირხონდის ცნობიდან აშკარაა, რომ სელჩუკებს შუა აზიაში აღარ ედგომებათ, ისინი უკვე სხვაგან ეძებენ საარსებო საშუალებას. ვფიქრობთ, აღნიშნული ვითარება გახდა სელჩუკთა დიდი ნაკადის დასავლეთის მიმართულებით დაძვრის მიზეზი, რომელთაც სელჩუკის შვილიშვილები თოღრულ-ბეგი და ჩაღრი-ბეგი ხელმძღვანელობდნენ. 1035 წლის გაზაფხულზე ისინი ხორასანში გადავიდნენ და ნესასა და ფერავეს გარშემო დაბანაკდნენ. მათ შეუერთდნენ მაჰმუდ ღაზნევის ნებართვით რამდენიმე წლით ადრე გადმოსახლებული ოღუზ-თურქებიც (Агаджанов 1969 202-203). მირხონდის მიხედვით, ხორასანში დამკვიდრებულმა სელჩუკებმა მასუდს წარმომადგენელი გაუგზავნეს და მოკავშირეობა შესთავაზეს, სულთანმა მასუდმა კი მათ თავისი ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჯარით დაემუქრა. ამის შემდეგ სელჩუკებმა გადამალეს ოჯახის წევრები და ბრძოლისათვის მოემზადნენ (www.vostlit, Восточная литература, Автори и источники на вукву „М“, Мирхонд, Сад чистоты, Отривок 1). სელჩუკების ხორასანში დამკვიდრებას ხელი შეუწყო ღაზნევიანთა სახელმწიფოს დასუსტებამ. მასუდ ღაზნევის ლაშქარი იშლებოდა და ბრძოლისუნარიანობას კარგავდა. თურქი ტომები, რომლებიც ამ ლაშქრის უმრავლესობას შეადგენდნენ, კრიტიკულ მომენტში მოწინააღმდეგის მხარეზე გადადიოდნენ. სულ Uუფრო და უფრო აძლიერებდნენ თავდასხმებს ღაზნევიანთა სახელმწიფოს საზღვრებზე სალჩუკების მიერ წაქეზებული თურქმენთა ტომებიც. ღაზნევიანთა ვეზირი ურჩევდა სულთანს, რომ „სელჩუკთა გული საპატიო ხალათებით უნდა მოვინადიროთ. ჩვენ დავპირდეთ მათ ნესას თავისი საზღვრებით, ფერავეს, რაბათს და სხვა ადგილებს და ამით ვასიამოვნოთო“ (,Восточная литература, Автори и источники на вукву „Х“, Ал-Хусайни Садр-Ад-Дин, Сообщения о сульджуском государстве, Главы 1-8). როგორც წყაროდან ჩანს, ვეზირი, სულთან მასუდისაგან განსხვავებით, კარგად ხედავდა რეალურ ვითარებას და პრობლემის მშვიდობიანად გადაწყვეტას ფიქრობდა. სულთანმა მას არ უსმინა და სელჩუკებთან შესაბრძოლებლად საგანგებოდ მოემზადა.
ბეიჰაყის, რავენდის, სადრ ად-დინ ჰუსეინის და მირხონდის ცნობით, მასუდმა ლაშქრის მეთაურად ჰაჯიბ ბეგდოღდი დანიშნა. სელჩუკებსა და ღაზნეველებს შორის ბრძოლა ფერავსა და შაჰრესთანს შორის გაშლილ ველზე მოხდა 1035 წელს. მიუხედავად საგანგებო მომზადებისა, სულთნის ლაშქარი ამ ბრძოლაში სასტიკად დამარცხდა. სელჩუკებმა სხვა ნადავლთან ერთად ხელთ იგდეს სულთნის ხაზინა, რომელშიც ათი მილიონი დინარი ყოფილა. მათ ხელში გადავიდა ხორასანის დიდი ტერიტორია-ნესა, ფარევე და დეჰისთანი, სელჩუკ ბეგებს ებოძათ `დეჰისთანის~ ტიტულები. გარდა ამისა, სულთანმა მათ სამი საპატიო ხალათი გაუგზავნა ნიშნად პროვინციის გამგებლობისა, უბოძა ორრქიანი ქუდები, დროშა, ტანისამოსი, ცხენი, უნაგირი, ოქროს ქამარი, ყოველგვარი სახის ქსოვილები თითოეულს ოცდაათი (შენგელია 1968: 84). სადრ ად-დინ ჰუსეინის ცნობით, სელჩუკებმა აიძულეს სულთანი მასუდი, რომ ნიშაბურისა და მიმდებარე ტერიტორიის ხარაჯა მათთვის გადაეცა (www.vostlit.info, Восточная литература, Автори и источники на вукву „Х“, Ал-Хусайни Садр-Ад-Дин, Сообщения о сульджуском государстве, Главы 1-8).
„1036 წელის თებერვალში ღაზნევენთა სახელმწიფოს ზედაფენის ზეწოლის შემდეგ მასუდი ახალ ლაშქრობას აწყობს თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ. ღაზნეველთა მხედრობამ კვლავ მარცხი განიცადა, რასაც მოჰყვა სელჩუკთა ახალი მოთხოვნები. მაგრამ მათ პრეტენზიებზე მასუდმა უარით უპასუხა. ეს საბაბად იქცა და თურქ-სელჩუკები თავად გადავიდნენ შეტევაზე. მათ 1037 წლის 22 აპრილს აიღეს ქ. მერევი“ (სამუშია 2003: 210). მერევის აღებამ ფაქტობრივად საფუძველი ჩაუყარა სელჩუკთა დამოუკიდებელ სახელნწიფოს, რადგან ამ ქალაქში სელჩუკებმა მოითხოვეს ხუტბა წარმოეთქვათ ჩაღრი-ბეგ დაუდის სახელზე (Заходер 1945: 140). ამის შემდეგ სელჩუკები კიდევ უფრო გაძლიერდნენ. გაიზარდა მათი მოთხოვნებიც ღაზნევიანთა სახელმწიფოს მიმართ. სულთანმა მასუდმა გადაწყვიტა სელჩუკთა საბოლოოდ განდევნა ხორასანიდან. ამჯერად სულთანმა 30 000-იანი ლაშქრის მეთაურად ჰაჯიბ სუბაში დანიშნა, თვითონ კი ინდოეთში წავიდა სალაშქროდ. როგორც ჩანს, მასუდი ჯერ კიდევ კარგად ვერ აფასებს სელჩუკთა ძალებს. 1038 წელს სელჩუკებმა თოღრულ-ბეგის მეთაურობით დაამარცხეს ჰაჯიბ სუბაშის ლაშქარი და მთელი ხორასანი მათ ხელში გადავიდა. ამ ბრძოლის მსვლელობა და შედეგები დაწვრილებით აქვს აღწერილი ბეიჰაყის (www.vostlit.info, Восточная литература, Автори и источники на вукву „Б“ Беихакиб Абул-Л- Фазл, Историа Масуда).
რავენდის ცნობით, „სელჩუკები ამ გამარჯვების შემდეგ გამხნევდნენ, მოიკრიბეს ძალა და მთელ ხორასანს მოედვნენ, თოღრულ ბეგი ნიშაბურში მოვიდა და მასუდის ტახტზე დაჯდა. ნიშაბურის მცხოვრებნი შეშინებულები იყვნენ. შიკრიკი ქუჩებში გაჰყვიროდა, რომ სელჩუკები არავის დასჯიდნენ“ (www.vostlit.info, Восточная литература, Автори и источники на вукву „Р“, Ар-Равенди, Абу-Бекрб Отдохновение Сердец). თოღრულ-ბეგის სახელზე მეჩეთში ხუტბა იქნა წაკითხული. სელჩუკებმა დაპყრობილი ტერიტორიები დაინაწილეს. ჩაღრი-ბეგს მერვი ერგო, მუსა იაბღუს-სარახსი, თოღრულ-ბეგს-ნიშაბური.
„ნიშაბურში სულთან მასუდის ტახტზე თოღრულ-ბეგის ასვლით იწყება დიდ სელჩუკთა სახელმწიფოს ისტორია. ამ სახელმწიფოს ფუძემდებლად თოღრულ-ბეგია მიჩნეული, რადგან ოფიციალურად მან დაიჭირა სულთნის ტახტი და სულთნის ტიტული მიიღო. ნასერ-ე ხოსროვის ცნობით, თოღრულ-ბეგმა, რომ ნიშაბურში ტახტი დაიკავა, ბრძანა ქალაქის მოსახლეობა გადასახადისაგან გაეთავისუფლებინათ. შემდეგ მან ხალიფას ელჩი აახლა ბაღდადში და ოღუზთაგან მიყენებული ზარალის გამო დახმარება შესთავაზა. ეს კი სელჩუკთა სულთნის მიერ ხალიფას ცნობას ნიშნავდა. ხალიფამაც ელჩი გაუგზავნა თოღრულ-ბეგს ნიშაბურში და მთელ ხორასანსა და თურქმენთა შორის მისი ძალაუფლება ოფიციალურად სცნო“ (შენგელია 1968: 86). მ. სვანიძე შენიშნავს: სელჩუკების ბელადმა თოღრულ-ბეგმა აიძულა ხალიფა ებოძებინა მისთვის სულთნის ტიტული. იგი იყო დიდ სელჩუკთა სახელმწიფოს დამაარსებელი და გახდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის მბრძანებელი (სვანიძე 1999: 9).
სელჩუკთა ამ წარმატების შემდეგ სულთან მასუდის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. მისი პოლიტიკით უკმაყოფილო ადგილობრივმა მოსახლეობამ სელჩუკების მხარეზე დაიწყო გადასვლა. მათში თანდათან მკვიდრდებოდა განცდა სელჩუკთა უძლეველობის შესახებ. სადრ ად-დინ ჰუსეინის ცნობით, ხორასნის მმართველი მოახსენებდა სულთან მასუდს: „სელჩუკები ბრძოლის მსურველი, მეომარი ხალხია, მათთან ხმლებითა და ისრებით ვერაფერს გახდები, ისინი ისეთი მხედრები არიან, რომ სიკვდილი მათთვის არაფერია“ (www.vostlit.info, Восточная литература, Автори и источники на вукву „Х“, Ал-Хусайни Садр-Ад-Дин, Сообщения о сульджуском государстве, Главы 1-8). მასუდმა სასწრაფო ღონისძიებების გატარებისა და ძალთა მობილიზაციის შედეგად 50 000-იანი ლაშქრით, 1039 წლის მაისის თვეში შეძლო სელჩუკების დამარცხება სარახსალიაბადის ველზე, მაგრამ ამ გამარჯვებამ მდგომარეობა არსებითად ვერ შეცვალა. გადამწყვეტი ბრძოლა თურქ-სელჩუკებსა და ღაზნელებს შორის მოხდა 1040 წლის 22-24 მაისს, დენდანეკის ველზე, სარახსა და მერევს შორის. ამ ბრძოლაში ღაზნელები სასტიკად დამარცხდნენ. დენდანეკანი მდებარეობდა მერვის სამიწადმოქმედო ოაზისსა და მომთაბარეთა ველის საზღვარზე და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სელჩუკთა სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. ეს ადგილი ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა სელჩუკთა ძალების კონცენტრაციის ცენტრს. ზახოდერის გამოკვლევით, დენდანეკანის დღევანდელი სახელწოდება არის თაშ-რაბადი (Заходер 1943: 76).
ამ ბრძოლაში სელჩუკებმა, ბეიჰაყის ცნობით, უამრავი ქონება ჩაიგდეს ხელში. სულთანმა მასუდმა ასიოდე მხედართან ერთად გაქცევით უშველა თავს. მთელი მისი ხაზინა და ბანაკი სელჩუკებს დარჩათ. თოღრულ ბეგი სიმბოლურად ბრძოლის ველზე დასვეს ტახტზე. ამის შემდეგ აღმოსავლეთ ირანის მდიდარი რეგიონი (ხორასანი) საბოლოოდ გადავიდა სელჩუკთა ხელში და ღაზნეველთა ძლიერებას წერტილი დაესვა. „მერევში შეიკრიბნენ სელჩუკთა მეთაურები და თოღრულ-ბეგის ინიციატივით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებანი მიიღეს. უპირველეს ყოვლისა, მათ ერთგულება შეჰფიცეს ერთმანეთს და საგანგებოდ ხაზი გაუსვეს ერთმანეთთან მტკიცე კავშირის აუცილებლობას. შემდეგ თოღრულ-ბეგის წინადადებით ხალიფა ალ-ქაიმს წერილი გაუგზავნეს ელჩის-აბუ ისაკ ალ-ფუკას ხელით. ამ წერილში ვრცლად იყო გადმოცემული უკანასკნელ ხანებში სელჩუკთა საქმიანობა და წარმატებები, ისლამის რელიგიისადმი მათი ერთგულება. წერილში აგრეთვე ეხებოდნენ ღაზნელების დამარცხებას, სელჩუკების ხორასანში დამკვიდრებასა და ხალიფასადმი ერთგულებას“ (შენგელია 1968: 93). წყაროების (რავენდი, ჰამდალაჰ ყაზვინი, მირხონდი, სადრ ად-დინ ჰუსეინი) ცნობით, ამ შეკრებაზე სელჩუკებმა დაპყრობილი და დასაპყრობი ტერიტორიები შემდეგნაირად დაინაწილეს: ჩაღრი-ბეგს ერგო ჯეიჰუნისა და ბალხს შორის მდებარე ტერიტორიები სარახსისა და ბალხის ჩათვლით. მან სატახტო ქალაქად მერვი გაიხადა. მუსა იაბღუმ მიიღო ბუსთსა და სისთანს შორის მდებარე ტერიტორიები ჰერათით. სულთნის ტიტულით ნიშაბურში დარჩა თოღრულ-ბეგი, რომელმაც დაიტოვა ერაყი. იბრაჰიმ იინალმა მიიღო ყოჰესთანი, არსლან იაბღუს შვილმა ყუთულმიშმა-გურგანი და დამღანი. ჩაღრი-ბეგის შვილმა ქავერდმა-ქერმანის რაიონი. სელჩუკი უფლისწულების საერთო მეთაურად ითვლებოდა ჩაღრი-ბეგი.
ამდენად, სელჩუკთა ისტორია იწყება ოღუზ-თურქმანული ტომების ერთ-ერთი მეთაურის დუკაკის მოღვაწეობით, რომელიც დიდი გავლენით სარგებლობდა მთელ ტომში და კარგი ურთიერთობა ჰქონდა თურქთა წინამძღოლთან იაბღუსთან. კიდევ უფრო დაწინაურდა დუკაკის შვილი სელჩუკი. იგი X საუკუნის მეორე ნახევარში, ოჯახების სიმრავლის, საძოვრების ნაკლებობისა და თურქთა წინამძღოლთან (იაბღუსთან) უთანხმოების გამო უამრავი ქონებით დაიძრა დასავლეთის მიმართულებით, დასახლდა ჯენდში, გააერთიანა ოღუზი ტომები, მიიღო ისლამი და საფუძველი ჩაუყარა სელჩუკთა სახელმწიფოს. ის ითვლება ამ სახელმწიფოს დამაარსებლად და მისი სახელიდანვე წარმოდგა თვით ტომის სახელიც- თურქ-სელჩუკები. სელჩუკის დაწყებული საქმე წარმატებით გააგრძელეს მისმა მემკვიდრეებმა. XI საუკუნიდან ოღუზ-თურქმენული ტომები მასიურად დაიძრნენ ცენტრალური აზიიდან ირანისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით. 1035 წელს სელჩუკთა დიდი ნაკადი თოღრულ-ბეგისა და ჩაღრი-ბეგის მეთაურობით ხორასანში გადავიდა. 1037 წლის მაისში მათ ქალაქი მერევი აიღეს და ფაქტობრივად, საფუძველი ჩაუყარეს სელჩუკთა დამოუკიდებელ სახელმწიფოს. 1038 წელს თოღრულ-ბეგმა დაამარცხა ღაზნელთა სულთან მასუდის 30 000-იანი ლაშქარი, შევიდა ნიშაბურში და მასუდის ტახტზე დაჯდა. მის სახელზე ხუტბა იქნა წაკითხული. ხალიფამ მას სულთნის ტიტული უბოძა. ამ პერიოდიდან იწყება დიდ სელჩუკთა სახელმწიფოს ისტორია, რომლის სათავეშიც იდგნენ სელჩუკთა გვარის სულთნები.
1040 წლის მაისშიDდენდანეკანთან გამარჯვებისა და სელჩუკ უფლისწულთა მიერ ტერიტორიების დანაწილებით საბოლოოდ ჩამოყალიბდა დიდ სელჩუკთა სახელმწიფო. ამის შემდედ თურქ-სელჩუკებმა აქტიურად დაიწყეს საბრძოლო მოქმედება როგორც ცენრტალური და დასავლეთ ირანის, ასევე ბიზანტიისა და კავკასიის მიმართულებით. ფაქტობრივად, დიდ სელჩუკთა სახელმწიფო წარმოიქმნა დაპყრობითი ბრძოლების შედეგად, რომელსაც თან ახლდა თურქული ტომების გადასახლება აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ,,თავიდან სელჩუკთა სამხედრო და პოლიტიკური საყრდენი იყო მომთაბარე თურქმენთა, ოღუზთა და ნაწილობრივ ყივჩაღთა ლაშქარი. შემდგომი ლაშქრობებისას, უკვე თოღრულ ბეგის დროს, მომთაბარეთა არალეგულარული შენაერთები შეცვალა მუდმივმა ფეოდალურმა ლაშქარმა. სელჩუკი მმართველები თანდათან სცილდებიან თანატომელებს და უფრო და უფრო უახლოვდებიან დაპყრობილი ქვეყნების მიწადმოქმედ და მომსახურე არისტოკრატიას“ (Kuvondikov 2010 203). სელჩუკთა გამოჩენამ მსოფლიო ასპარეზზე შეცვალა პოლიტიკურ ძალთა ბალანსი, დიდი გავლენა იქონია დაპყრობილი ქვეყნების სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ მდგომარეობაზე. დიდ სელჩუკთა სახელმწიფომ თავისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია სულთნების ალფ-არსლანისა (1063-1072) და მალიქ შაჰის (1072-1092) მმართველობის დროს.
II თავი
თურქ–სელჩუკები და საქართველო ალფ–არსლანამდე
ალფ-არსლანის ლაშქრობები საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია. მართალია, ქართულ ისტორიოგრაფიაში მის შესახებ ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ კიდევ ბევრია სათქმელი. მონოგრაფიულად ეს საკითხი დღემდე არაა დამუშავებული. საკითხის კვლევას, ვფიქრობთ, მნიშვნელოვნად წაადგება თურქ-სელჩუკთა და ქართველთა ურთიერთობის შესწავლა ალფ-არსლანამდე.
ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული შეხედულებით, თურქ-სელჩუკების ამიერკავკასიაში ლაშქრობა XI საუკუნის 30-იან წლებში იწყება. სომხური საისტორიო წყაროების მონაცემებით (სადაც ერთმანეთშია არეული ჩაღრი ბეგისა და თოღრულ ბეგის ლაშქრობები) კი მათი ამიერკავკასიაში გამოჩენის თარიღი 1016-1021 წლებით განისაზღვრება. ვარდან დიდის მიხედვით: „470 (1021) წელს სელჩუკები მოვიდნენ თოღრულ ბეგის მეთაურობით. ნახჭევანთან მათ ხუთი ათასი კაცით შეხვდა ლიპარიტი; როდესაც სელჩუკები მოვიდნენ დვინში და მოსახლეობაზე თავდასხმები დაიწყეს, მათ წინააღმდეგ გამოვიდა მამაცი ვასაკი და სასწაულები ჩაიდინა“ (www.vostlit.info Восточная литература, Автори и источники на букву „В“- Вардан Великий, часть-3).
როგორც ნ. შენგელია აღნიშნავს, ვარდანის წყაროს უნდა ეყრდნობოდეს თურქი მეცნიერის ინანჩის გამოკვლევა: „სელჩუკებმა, როგორც კი ნახჭევანთან აღმოჩნდნენ, 1018-1021 წლებში, დაიწყეს ქართველთა ქვეყნის ძარცვა. სელჩუკთა წინააღმდეგ გამოვიდა ლიპარიტი 5 000 მებრძოლით, მაგრამ ძალები არ ეყო, ვერ გაუმკლავდა მათ და გაიქცა, ხოლო მთელი ტერიტორია გასანადგურებლად სელჩუკებს დაუტოვა“ (შენგელია 1968: 168). მათეოს ურჰაეცის მიხედვით, ამიერკავკასიაში ჩაღრი-ბეგს უნდა ელაშქრა 1018-1019 წლებში. არწრუნის მიხედვით, კი-1021 წლამდე. სამუელ ანეცს აღნიშნული აქვს 1016 წელი ( შენგელია 1968: 170). 1016-1021 წლებში საქართველოში და საერთოდ ამიერკავკასიაში სელჩუკთა ლაშქრობების შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება ქართულ, არაბულ და ბიზანტიურ წყაროებში, რაც თავისთავად საეჭვოს ხდის სომხური საისტორიო წყაროების ცნობებს ამ პერიოდში თურქ-სელჩუკების ამიერკავკასიაში ლაშქრობებთან დაკავშირებით. არც ამ პერიოდის თანამედროვე სომეხი ისტორიკოსის, არისტაკეს ლასტივერტეცის, „ისტორიაში“, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემა თურქ-სელჩუკთა ლაშქრობებია, არაფერია ნათქვამი ამ დროს თურქ-სელჩუკთა ლაშქრობების შესახებ. ამ დროის ქართული და სომხური სახელმწიფოების მთავარი პრობლემა ბიზანტიის იმპერიასთან გართულებული პოლიტიკა იყო. ამიტომ არისტაკეს ლასტივერტეცის და ქართველი ისტორიკოსის „მატიანე ქართლისაჲს“ ავტორის ყურადღება ბიზანტიისკენ არის მიპყრობილი.
ს. აღაჯანოვისა და კ. იუზბაშიანის მტკიცებით, 1016-1021 წლებში სომხეთში შემოჭრილი თურქთა ტომები არ ექვემდებარებოდნენ სელჩუკებს. ისინი სულ სხვა ტომები იყვნენ, რომელთა შესახებ ცნობები დაცულია სომხურ და ბიზანტიურ წყაროებში. ეს თურქული ტომები ჯერ კიდევ X საუკუნის მეორე ნახევარში იყვნენ ჩამოსახლებულნი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და სწორედ ისინი დაესხნენ სომხეთს. მათი მტკიცებით, სელჩუკთა პირველ ლაშქრობას ამიერკავკასიაში ადგილი ჰქონდაXI საუკუნის 30-იან, კერძოდ, 1032-1034 წლებში (Агаджанов... 1965: 144-145). ბიზანტიის იმპერიაში მოქცეულ სომხურ პროვინციებზე ლაშქრობა ს. აღაჯანოვისა და კ. იუზბაშიანის აზრით, თურქ-სელჩუკებმა განახორციელეს აზერბაიჯანიდან 1037-1038 წლებში (Агаджанов и Юзбашян 1965: 157). რ. მეტრეველი შენიშნავს: „თურქ-სელჩუკების შემოსევები XI საუკუნის 30-იან წლებში დაიწყო. ისინი სწრაფად მოედვნენ ქვეყნის ყველა მხარეს, დაემუქრნენ ირანს, ბიზანტიას და კავკასიას. თურქ-სელჩუკთა ბატონობა მახლობელი აღმოსავლეთის კულტურული ხალხებისათვის უფრო საშიში და დამღუპველი იყო, ვიდრე არაბთა ბატონობა (ეს მათი ეკონომიკური და კულტურული ჩამორჩენილობით იყო გამოწვეული). სელჩუკთა მოძრაობამ თავისი დაღი დაასვა არა მარტო წინა აზიისა და კავკასიის ქვეყნებს, არამედ გავლენა იქონია ეგვიპტეზე, ბიზანტიაზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაზე, ხოლო ჯვაროსნული ლაშქრობების დროს მთელს დასავლეთ ევროპაზე“ (მეტრეველი: 1978: 39).
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, თურქ-სელჩუკთა პირველ მასობრივ შემოსევებს ამიერკავკასიაში ადგილი უნდა ჰქონოდა XI საუკუნის 30-იან წლებში, გამორიცხული არ არის მათი უმნიშვნელო ტალღის გამოჩენა უფრო ადრე პერიოდშიც, რომელიც ალბათ დაზვერვით და მარბიელ ხასიათს ატარებდა.
ქართველთა და თურქ-სელჩუკთა ყველაზე ადრინდელი ურთიერთობების შესახებ ქართულ საისტორიო წყაროებიდან ცნობას გვაძლევს 1029 წლით დათარიღებული დოკუმენტი, რომელიც ბაგრატ მეოთხის სელჩუკთა წინააღმდეგ ლაშქრობას მოგვითხრობს. ქართული წყაროს გადმოცემით, 1029 წელს „აქა ბაგრატ კურაპალატი სულტანსა დაესხა“ (ჟორდანია 1892: 169). ახლადგამეფებული მცირეწლოვანი ბაგრატის კურაპალატობა ამ დროისათვის საეჭვოდ მიგვაჩნია. „მატიანე ქართლისაჲს“ მიხედვით, კეისარ კონსტანტინე VIII-ის გარდაცვალებიდან (1028 წ.) „წელსა მესამესა წარვიდა დედოფალი მარიამ დედაჲ ბაგრატისი, აფხაზთა მეფისაჲ, საბერძნეთად ძიებად მშჳდობისა და ერთობისა, და კუალად ძიებად პატივისა კურაპალატობისა ძისათჳს თჳსისა ვითარცა არს ჩვეულებაი და წესი სახლისა მათისაჲ და მოყვანებისათჳს ძის ცოლისა. და ვითარცა მიიწია საბერძნეთად, წინაშე ბერძენთა მეფისა, აუსრულა ყოველი სათხოველი სიხარულით: მოსცნა ფიცნი და სიმტკიცენი ერთობისა სიყუარულისათჳს, დაუწერნა ოქრო-ბეჭედნი, მოსცა პატივი კურაპალატობისაჲ და მოსცა ცოლად ბაგრატისთჳს ელენე დედოფალი. მო-რაჲ-იწია მარიამ დედოფალი მამულსა ძისა თჳსისასა-ქუეყანასა ტაოს, მოართუა პატივი კურაპალატობისაჲ; აღასრულეს ქორწილი, უკურთხეს გჳირგჳნი ბანას“ („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 280). ამდენად ირკვევა, რომ ბაგრატს კურაპალატობა 1031 წელს მიუღია.
1029 წელს ბაგრატ მეფის კურაპალატობის ტიტულის ეჭვის ქვეშ დაყენების მიუხედავად, ზემოაღნიშნულ ქართულ დუკუმენტურ წყაროში მოცემული თარიღი ბაგრატ მეფის სელჩუკებზე თავდასხმასთან დაკავშირებით სინამდვილეს უნდა შეესაბამებოდეს. სრულიად რეალური გვეჩვენება, მართალია, მცირეწლოვანი, მაგრამ უკვე, ორი წლის სამეფო ტახტზე მჯდომი, ბაგრატის ბრძოლაში მონაწილეობის მიღება. ასაკის გამო, უშუალოდ, რომც ვერ ებრძოლა ბაგრატს, ამ თავდასხმის იდეოლოგი მაინც იქნებოდა და დოკუმენტის ავტორს სიმბოლურად შეეძლო ეთქვა: „ბაგრატი დაესხა“. ქართულ დოკუმენტში აღნიშნული თარიღის (1029 წ.) სიზუსტეს ამყარებს მუნეჯიმ ბაშის ცნობაც, რომელიც გადმოგვცემს, რომ 420 წელს (1029) სელჩუკები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შევიდნენ, ბევრი რაიონი გაანადგურეს და დაანგრიეს. ამ მხარეში მათ თურქთა ლაშქარს უწოდებენო (შენგელია 1968: 172). როგორც ჩანს, ამ პერიოდში ბაგრატ IV აქტიურ მონაწილეობას იღებს თურქული ტომების წინააღმდეგ წარმოებულ ომებში სომხეთსა და აზერბაიჯანში.
წყაროების შესწავლის საფუძველზე ირკვევა, რომ თურქ-სელჩუკთა შემოსევები ამიერკავკასიაში XI საუკუნის 30-იანი წლებიდან მოყოლებული, თანდათან ფართო ხასიათს იღებს. მათი ურდოები სისტემატურად მოიწევდნენენ ამიერკავკასიის ქვეყნებისაკენ. მართალია. თავდაპირველად სელჩუკთა თავდასხმები ძირითადად სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებით შემოისაზღვრებოდა, მაგრამ თავისებურ გავლენას ახდენდა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზეც. ბაგრატ IV- ის მიერ 1036-1040 წლებში თბილისის ალყის უეცარი მოხსნის შესახებ ი. ჯავახიშვილი წერს: „იბნ ალ-ასირს შენახული აქვს ერთი ძვირფასი ცნობა, რომელიც ქართველთა უცნაური აჩქარების ალბათ ერთ-ერთ მიზეზად უნდა ყოფილიყო, არაბი მემატიანე ასე მოგვითხრობს: ქართველებმა შეიტყვეს, რომ სელჩუკიანნი ამირას მოსაშველებლად მოდიოდნენ, რომ მათ გზა და გზა სომხეთი უკვე აეოხრებინათ; ამიტომ ქართველებმა სელჩუკიანთა შიშით ქალაქ თბილისს სწრაფად ალყა მოხსნესო. ეს გარემოება სრულიად ახალ შუქსა ჰფენს ქართველ დიდებულთა და ბაგრატის საქციელს. ალბათ, ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ სელჩუკიანთა შემოსევა ქართველებს კეთილს არაფერს მოუტანდა და ქვეყნის აოხრებას ისევ ნებაყოფლობით დაზავება არჩიეს. ამ მხრივ ბაგრატისა და დიდებულთა გადაწყვეტილება გონივრული და ფრთხილი იყო. ვგონებ, სწორედაც ასე უნდა მომხდარიყო“ (ჯავახიშვილი 1983: 142).
მ. ლორთქიფანიძე ამ მოვლენებზე მსჯელობისას აღნიშნავს: „გადამწყვეტი გავლენა ბაგრატზე ლიპარიტის მოწინააღმდეგე დაჯგუფებამ მოახდინა, რომელსაც არ მიაჩნდა სასურველად ლიპარიტის გაძლიერება, შესაძლებელია, გარკვეული გავლენა ბაგრატის გადაწყვეტილებაზე მოახდინა ცნობამ ამირას დასახმარებლად სელჩუკიანთა ლაშქრის წამოსვლის შესახებ“. (ლორთქიფანიძე: 1979 163). ბ. სილაგაძე მიიჩნევს, რომ თბილისის ალყის მოხსნა ლიპარიტის მოწინააღმდეგე ფეოდალების ინსპირირებული იყო (სილაგაძე 1991: 222). ჯ. სამუშია ცალმხრივად აღნიშნავს, რომ „XI საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში თურქული ტომების შემოსევის არავითარი საფრთხე საქართველოში არ არსებობდა. ისინი მოძრაობდნენ თბილისიდან კარგა მოშორებით და იმისათვის, რომ ოღუზები გარემოცულ ქალაქს მიშველებოდნენ, საჭირო იყო მათ გამოევლოთ სამხრეთ კავკასია და მის მომიჯნავე ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე პოლიტიკური ერთეული, რაც ერთობ რთული, შეიძლება ითქვას, წარმოუდგენელი სამხედრო რეიდი იქნებოდა. თურქ-სელჩუკთა შემოსევის საფრთხეს ამ პერიოდში არ გრძნობდნენ სამხრეთ აზერბაიჯანის მოსაზღვრე რეგიონები. მაგალითად, დვინის ამირა აბულ-ასვარი სწორედ 1040 წელს ებრძოდა ტაშირ-ძორაგეტის მეფე დავითს. ისე გამოდის, რომ მხოლოდ ქართველებს შეშინებიათ და პანიკურ მდგომარეობაში ჩავარდნილან აზერბაიჯანში თურქ-ოღუზთა მარბიელის გამოჩენის გამო. ასეთი ვარაუდი უდაოა, გადაჭარბებულია. შეუძლებელია, საქართველოდან რამდენიმე ასეული კილომეტრით დაშორებულ რეგიონში სათარეშოდ წამოსული ოღუზთა მოსვლა ბაგრატ IV-სა და სამეფო კარს სერიოზულად მიეღო“ (სამუშია 2006).
1040-1041 წლის მარტში სელჩუკთა სომხეთში ლაშქრობაზე მოგვითხრობს მათეოს ურჰაეცი. მისი ცნობით, სელჩუკთა 150 000-იან ჯარს (ვფიქრობთ, გაზვიადებულია) 400-მდე გამაგრებული ადგილი დაუკავებია, სადაც ერთ წელიწადს დარჩენილან. მათ წინააღმდეგ ქართველებმა და სომხებმა კოალიციური ლაშქრობა მოაწყვეს, ბაგრატ IV-ს 4 000 ჯარისკაცი გამოუყვანია. ქართველ-სომეხთა გაერთიანებულმა ლაშქარმა არანის გამგებლის აბულ-სოვარის შემოტევა მოიგერია და დამარცხებული უკუაქცია (შენგელია 1968: 176). ბაგრატის ამ ბრძოლაში მონაწილეობა აშკარად მიუთითებს საქართველოსთვის იმ საშიშროებაზე, რომელიც მოსალოდნელი იყო თურქ-სელჩუკთა აზერბაიჯანსა და სომხეთში გაბატონების შემთხვევაში. საქართველოს მესვეურები ყველგან, სადაც ხელი მიუწვდებოდათ, ეძებდნენ მოკავშირეს. „საფარ ნამეში~ შემორჩენილი ცნობიდან ვიგებთ, რომ 1047 წელს, ნილოსის არხის გახსნისადმი მიძღვნილ ზეიმზე შორეულ ეგვიპტელ ფატიმიანთა კარზე ჩასულან ქართველ `მეფეთა ვაჟები~. ნასერ ხოსრუ ზეიმის აღწერისას წერს: „ერთი ჯგუფი შედგებოდა სხვადასხვა ქვეყნის უფლისწულთა და დიდებულთა შვილებისაგან, რომელნიც აქ იყვნენ ჩამოსულნი და ლაშქრისა და სპის ანგარიშში არ ითვლებოდნენ. ისინი იყვნენ მაღრიბიდან, იემენიდან, რუმიდან, სლავთა ქვეყნიდან, ნუბიიდან, ჰაბაშადან. აქ იყვნენ ჩამოსულნი დელის მეფის (ხოსროვ) ძენი და მათი დედა, ქართველ მეფეთა ვაჟები, დეილემელთა უფლისწულები და თურქესტანის ხაკანის ვაჟები“ (ჟორჟოლიანი 1979: 52). ამ დროს ქართველების ეგვიპტეში ჩასვლა გარკვეული პოლიტიკური ურთიერთობის მანიშნებელი უნდა იყოს. გამორიცხული არ არის საქართველოს მესვეურების მიზანი, ეგვიპტეში ჩასულ სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად ყოფილიყო ანტისელჩუკური კოალიციის შექმნა. ვ. გაბაშვილი აღნიშნავს, რომ „ნასერ ხოსრუ შეცდომას არ უშვებს, როცა ქართველი მეფის მაგიერ ასახელებს ქართველი მეფეების ვაჟიშვილებს. გიორგი I-ისა და ბაგრატ IV-ის დროს კახეთს საკუთარი მეფე ჰყავდა და ჯერ კიდევ დამოუკიდებელი ქართული სამეფო არასდროს არ იყო იზოლირებული გარესამყაროსაგან. პირიქით, გამაერთიანებელი ძალების წინააღმდეგ ბრძოლის დროს კახეთის სამეფო ხშირად უკავშირდებოდა ამიერკავკასიის ამირებს და მახლობელი აღმოსავლეთის მაჰმადიანსავე მბრძანებლებს“ (გაბაშვილი 1968: 70). 1047 წილს ეგვიპტეში დიპლომატიური მისიით შეიძლება ყოფილიყვნენ ლიპარიტის შვილები ივანე და ნიანია, რომლებიც ამ დროს უკვე აქტიურად ერევიან პოლიტიკაში. აგრეთვე იქ შეიძლება ყოფილიყო უფლისწული გიორგი (ამ დროს იგი მცირეწლოვანი იქნებოდა). თუმცა ზუსტად გარკვევა აქ მოხსენებული პიროვნებებისა ჭირს, ცხადია, რომ ისინი სხვადასხვა პოლიტიკური ერთეულების წარმომადგენლები იყვნენ და მათ, ალბათ, ჰქონდათ როგორც ერთი მიზანი (თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლა), ასევე განსხვავებულიც. თითოეული მათგანი, სავარაუდოა, ცდილობდა ეგვიპტის მხარდაჭერა მოეპოვებინა მეორის წინააღმდეგ (ჟორჟოლიანი 1979: 63). „საფარ-ნამედან“ მოყვანილი ცნობა განეკუთვნება 1047 წელს, როდესაც ანატოლია და ამიერკავკასია განიცდის სელჩუკთა შემოსევებს. ნასერ ხოსრუს მიერ ჩამოთვლილი ქვეყნების უმრავლესობა განიცდის სელჩუკთა აგრესიის საფრთხეს, ან უშუალო აგრესიას. თვითონ ეგვიპტეს ამ დროს სელჩუკთა აგრესია არ ემუქრება, თუმცა მათი ინტერესები უკვე დაპირისპირებულია, ერაყის დაპყრობის შემდეგ კი სელჩუკები საღვთო ომს აცხადებენ ფატიმიანთა წინააღმდეგ. გ. ჟორჟოლიანი შენიშნავს: „როგორც ჩანს, ნილოსის არხის გახსნისადმი მიძღვნილ ზეიმზე მონაწილე ქვეყნები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ეგვიპტის სახელმწიფოს საერთაშორისო ავტორიტეტს, მის სამხედრო ძლიერებას და მიაჩნიათ ის სელჩუკთა პოტენციურ მოწინააღმდეგედ. სწორედ ამ ნიადაგზე უნდა გაცხოველებულიყო დიპლომატიური ურთიერთობა ეგვიპტესა და მახლობელი აღმოსავლეთის ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის“ (ჟორჟოლიანი 1979: 65).
ბიზანტიელი ისტორიკოსის მიხეილ ატალიატეს ცნობით, „ჰუნ-ნეფთალიტებმა (სელჩუკებმა) ყველა იქ მყოფთ უჩვენეს უძლეველი ღონე, და აღმოსავლეთით იბერიის საზღვრებს მიუახლოვდნენ, შეუტიეს, რამდენადაც შეეძლოთ, ძლიერად და ალყა შემოარტყეს რა სირიის სამფლობელოს, რომელთა სარდალი ცოცხალი შეიპყრეს, რომელსაც მეტსახელად ერქვა ლიხუდე. ხალხი განუწყვეტელ თავდასხმებს ახდენდა ყოველწლიურად და ამით არა მცირედი ვნება მიაყენა რომაელთა ქვეყანას“ (ატალიატე 1966: 23). ატალიატეს ამ ცნობიდან ირკვევა, რომ უკვე სელჩუკები საქართველოს საზღვრებთან ხშირად ჩანან. დასავლეთიდან ისინი ბიზანტიელების წინააღმდეგობასაც წააწყდნენ. ბიზანტიელები ხშირად იყენებენ ლიპარიტ ბაღვაშის დახმარებას. როგორც ი. ჯავახიშვილი აღნიშნავს, „იმის გარდა რომ ლიპარიტი თვითონ იყო ერმრავალი, ძლიერი და მდიდარი-მას ბიზანტიის კეისრისგანაც ზურგი ჰქონდა გამაგრებული; ესეც-კია, რომ ბერძნებისათვისაც ძალიან ხელსაყრელი იყო ლიპარიტის მეგობრობა. თითქმის ყოველს დიდს ლაშქრობაში, რომელიც-კი ბერძნებს აღმოსავლეთში შემთხვევიათ, ბიზანტიელების მოკავშირედ ლიპარიტი იყო (ჯავახიშვილი 1983: 146). „მატიანე ქართლისაჲ“ გადმოგვცემს ლიპარიტ ერისთავის ლაშქრობას დვინზე ბერძენთა დასახმარებლად 1047 წელს: „წავიდა ლიპარიტ მითვე ლაშქრითა დვინად, და ულაშქრა ბერძენთა მეფესა დვინელსა ზედა, და შემოიქცა თავის ქუეყანად“ („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 286). 1047 წელს სელჩუკების მცირე აზიასა და ამიერკავკასიაში გამოჩენას ადასტურებს ბიზანტიური წყაროც. კედრენეს მიხედვით, „ასანი, რომელიც გაგზავნილ იქმნა სულთანის მიერ რომაელთა წინააღმდეგ, თავრეზისა და ეგრეთ წოდებული თბილისის (ტეფლის) გავლით, ჩავიდა ვასპურაკანში, გზაზე ყველაფერს ანადგურებდა და წვავდა, ვინც გზაში ხვდებოდა, სპობდა, საბავშო ჰასაკის ყმაწვილებსაც არ ზოგავდა“ (კედრენე 1963: 68). ამჯერად ბიზანტიელებმა მოახერხეს მობილიზაცია. ვასპურაკანის მმართველმა აარონ ვესტმა ბრძოლას თავი აარიდა და დასახმარებლად სომხეთისა და იბერიის მმართველს, კეკავმენს უხმო. ორი თემის გაერთიანებულმა ლაშქარმა, საქმხედრო ეშმაკობის წყალობით, მდინარე სტრაგნის ნაპირებთან სასტიკად დაამარცხა თურქ-სელჩუკები (სამუშია 2003: 212). ეს თოღრულ-ბეგის დიდი მარცხი იყო. კედრენეს ცნობით, „რომ შეიტყო სულთანმა მომხდარი უბედური ამბავი, დიდ მწუხარებაში ჩავარდა და იმის ზრუნვაში იყო, თუ როგორ გამოესწორებინა ეს უბედურება“ (კედრენე 1963: 70). ერთი წლის შემდეგ, როდესაც სელჩუკები იბრაჰიმ იინალის სარდლობით ბასიანს შეესივნენ, ბერძნებმა კვლავ ლიპარიტს სთხოვეს დახმარება. ამ ბრძოლაში ბერძენ-ქართველთა ლაშქარი დამარცხდა და ლიპარიტი ტყვედ აიყვანეს: „და შემდგომად წელიწდისა მოქცევისა გამოჩნდეს თურქნი სულტნისანი ბარაჰიმილმისანი ქუეყანასა ბასიანისასა. გამოვიდა ბერძენთა მეფისა ლაშქარი, და უხმეს ლიპარიტს. და წარვიდა ლიპარიტ შუელად ბერძენთა ყოველთა ლაშქრითა ამის ზედაის კერძისათა. შეიბნეს ორდროსა და უკუმიასა ქუემოთ, და გააქციეს ყოველი სპაი საბერძნეთისა და ლიპარიტისაი თურქთა, იქმნა მოსრვაი დიდი. და შეიპყრეს ლიპარიტ და წარიყვენეს ხუარასანს სულტანსა თანა“ („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 286).
„მატიანე ქართლისაჲს“ ამ ცნობას ლიპარიტ ბაღვაშის სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლისა ბერძენთა დახმარების მიზნით და მისი ტყვედ ჩავარდნის ამბავს ადასტურებს ბერძნული (გიორგი კედრენე; იოანე ზონარა), სომხური (არისტაკეს ლასტივერტეცი; სტეფანოს ორბელიანი; მათეოს ურჰაეცი) არაბული (მუნეჯიმ ბაში; იბნ ალ–ასირი) და სირიული (ბერ ჰებრაი) წყაროები.
არისტაკეს ლასტივერტეცი ამ ლაშქრობის შესახებ გადმოგვცემს: „ჩვენი წელთაღრიცხვის ოთხმოცდაჩვიდმეტ წელს (1048), რომელიც ჩვენი ტყვეობის მეორე წელი იყო, სპარსელთა ქვეყნიდან კვლავ დაიძრნენ რისხვით აღსავსე და საზარელი ღელვით აბობოქრებული [ჯარები], მოვიდნენ და მოეფინენ კარინისა და ბასიანის ფართო ველებს. თავდამსხმელებმა ქვეყნის ორივე მხარე დაიპყრეს. დასავლეთით - ქალდიის გავარამდე, სპერამდე და ტაოსა და არშარუნიქის ციხესიმაგრეებამდე, ხოლო სამხრეთით ტარონისა ჰაშტეანქის გავარებამდე და ხორძეანის ტყემდე. ისინი შეჩერდნენ თოთხმეტი დღე და მოზღვავებულებმა დაფარეს მთები და ბუჩქოვანი ადგილები, დაიპყრეს მთელი ქვეყანა“ (არისტარკეს ლასტივერტეცი 1974: 75).
XIII საუკუნის სომეხი ისტორიკოსის სტეფანოზ ორბელიანის ცნობით, ამ ლაშქრობაში ლიპარიტს გამოუყვანია 700 წარჩინებული, 16 000 მებრძოლი და 10 000 სამეფო ჯარი: „განვლეს აზნაურთა და დიდებულთა შჳდასთა, რომელნი იყუნეს სამარადისო მონანი მისნი და ათექვსმეტმან ათასმან კაცმან მეომარმან, ხოლო სამეფოსა ძალთაგან ათმა ათასმან და წარვიდა ვანანდს“ (სტეფანოზ ორბელიანი 1978: 33). ვ. კოპალიანის აზრით, „700 დიდი აზნაური გაზვიადებული რიცხვი ჩანს. თუ XI საუკუნის ქართველი დიდი აზნაურის ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის ხვედრით წონას გავითვალისწინებთ, არ შეიძლებოდა ლიპარიტს 700 დიდი აზნაური ჰყოლოდა“ (კოპალიანი 1962: 168). მისივე შენიშვნით, 10 000 კაციანი სამეფო ლაშქარი ბიზანტიის ლაშქარი უნდა იყოს, რომელიც ბიზანტიის იმპერატორმა გამოაყოლა 1045 წლის მიწურულს ანისიდან საქართველოში დაბრუნებულ ლიპარიტ ბაღვაშს და რომლებიც სასირეთისა და არყის ომებში მონაწილეობდნენ (კოპალიანი 1969: 250). კედრენეს ცნობით, თურქ-სელჩუკთა ლაშქარი დაახლოებით ასი ათასი მეომრისაგან შედგებოდა (კედრენე 1963: 70). სამართლიანად შენიშნავს ჯ. სამუშია, რომ „შეიძლება მასში მოყვანილი რიცხვი-100 ათასი-გადაჭარბებულია, მაგრამ სხვა წყაროებიდან მისი გადამოწმება სამწუხაროდ ვერ ხერხდება“ (სამუშია 2003: 213). სტეფანოზ ორბელიანის მიხედვით, იბრაჰიმ იინალის ლაშქარი შედგებოდა ხორასანის, ხვარაზმის, ფარსის, ქირმანის, ბუხარის, მაზანდარანის, ერაყის, ბაღდათის, ბასრას, არანისა და ატრაპატაკანის მოსახლეობისაგან. ლაშქრობაში მონაწილეობა მიუღიათ აგრეთვე ხაზარებსა და სკვითებს (სტეფანოზ სივნიეთის ეპისკოპოსი 1971: 204). იბნ ალ-ასირის ცნობით, კი იბრაჰიმ იინალის ლაშქარში მონაწილეობდა მავერაჰანიდან ჩამოსახლებული ოღუზთა ახალი ნაკადი (სილაგაძე 1971: 68).
ლიპარიტ ერისთავის თურქ–სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ზონარა წერს; „და მას შემდეგ, რაც ლიპარიტმა დიდი ნაწილი იბერიისა იგდო ხელთ, გაგზავნა რომაელთა მიმართ [მოციქულები] და დახმარება აღუთქვა თურქთა წინააღმდეგ ბრძოლაში. თურქების ჯარი იდგა ერთ ადგილას და რომაელები მათთან შებრძოლებას ვერ ბედავდნენ მანამ, ვიდრე მათ, მეფის ბრძანებისამებრ არ შეურთდებოდა იბერიელთა ჯარი“ (ზონარა 1963: 236). ბერძენ-ქართველ-სომეხთა გაერთიანებულ ლაშქარსა და სელჩუკთა შორის ბრძოლა, წყაროების მიხედვით, (მატიანე ქართლისა, კედრენე, არისტაკეს ლასტივერტეცი, იბნ ალ-ასირი) 1048 წელს მომხდარა „ზემო ბასიანის ვრცელ ველზე, სოფლების- ოკომი/უკუმისა და ორდო/ორტუზს შორის“ (სამუშია 2003: 223). ი. ჯავახიშვილის აზრით, ეს ბრძოლა 1048 წლის ენკენისთვეში მომხდარა (ჯავახიშვილი 1983; 146). ამ თარიღს ასახელებენ: ვ. ბენეჟევიჩი (Бенешевич 1921: 7) რ. ჰუსეინოვი (Гусейнов: 1980: 121), ს. აგაჯანოვი (Агаджанов 1965: 15), მ. ლორთქიფანიძე (ლორთქიფანიძე 1976: 186), ზ. პაპასქირი (პაპასქირი 1990: 2001), გ. ჯაფარიძე (ჯაფარიძე 1998: 325). ჯ. სამუშია კიდევ უფრო აკონკრეტებს საკითხს და ამ ბრძოლას 1048 წლის 17-18 სექტემბრით (შაბათ-კვირა) ათარიღებს (სამუშია 2003: 227).
წყაროებიდან აშკარად ჩანს, რომ ამ ბრძოლის მთავარი გმირი ლიპარიტია. სელჩუკებმა მის წინააღმდეგ მიმართეს მთავარი ძალები და ტყვედ აყვანის შემდეგ გაიმარჯვეს კიდეც ბერძენ-ქართველთა გაერთიანებულ ლაშქარზე. დიმიტრი ბაქრაძე აღნიშნავს ბრძოლის დროს ბიზანტიელთა გაუტანლობასა და ლიპარიტის გასაოცარ ვაჟკაცობას. იგი წერს: „ბერძნები შურით უმზერდნენ იმის გასაოცარ ვაჟაცობას და არ სურდათ, რომ დიდება ძლევისა ქართველისათვის მიეწერათ. ამისათვის ისინი უკუსდგნენ... გაცეცხლებულს ომში, როდესაც ლიპარიტი გაშმაგებული სვრიდა, ერთმა იმისმემამულეთაგანმა... უკანიდან მოჰკვეთა ლიპარიტის ცხენს ორივე ფეხი. ლიპარიტი დაეცა, მაგრამ ერთი ხრმლის მოქნევით გააპო მოღალატე. ქართველნი ზოგნი იქვე დაიხოცნენ, ზოგი გაიბნენ“ (ბაქრაძე 1880: 31). როგორც ჩანს, დიმიტრი ბაქრაძე ლიპარიტის ვაჟკაცობასა და მისი ტყვედ ჩავარდნასთან დაკავშირებით სარგებლობდა სომხური წყაროებით. ბერძნული წყაროებისაგან განსხვავებით სომხურ წყაროებში გასაგებადაა აღნიშნული ბიზანტიელი სარდლების ღალატი. მათეოს ურჰაეცის ცნობით, „როდესაც ჰორომთა ჯარმა დაინახა ლიპარიტის სიმამაცე, მახვილს მისცეს იგი და დასტოვეს ლიპარიტი [მოწინააღმდეგეთა] შორის, თვითონ კი გაიქცნენ... ეს რომ დაინახეს უცხოელმა ჯარებმა, ერთად მობრუნდნენ ქართველთა ჯარებთან საბრძოლველად“ მათე უჰრაელი 1971: 200) უჰრაეცის ცნობას ადასტურებს სუმბატ სპარაპეტი (სუმბატ სპარაპეტი 1971: 203). მათეოს ურჰაეცი გვაძლევს ცნობას აგრეთვე ლიპარიტის ტყვედ ჩავარდნის შესახებ, ბერძენთაგან მიტოვებულ ლიპარიტს, გაცხარებული ბრძოლის დროს „ერთი [მეომარი] ქართველთა ჯარიდან უკან დადგა, ირიბად გადაჰკრა და გადაუკვეთა ცხენს ორი ძარღვი“ ( მათე ურჰაელი 1971: 200). ამის შემდეგ ლიპარიტი ცხენიდან ჩამოვარდა და მტერს ტყვედ ჩაუვარდა. ვფიქრობთ, მათეოს ურჰაეცის ეს ცნობა რეალობას უნდა შეესაბამებოდეს, როგორც ცნობილია, ამ დროს ლიპარიტსა და საქართველოს მეფე ბაგრატ IV-ს შორის ურთიერთობა უაღრესად დაძაბულია. გამორიცხული არ არის ლიპარიტის ლაშქარში მოხვედრილიყო ბაგრატის ერთგული ჯარისკაცი, რომელიც დაინტერესებული იქნებოდა ლიპარიტ ბაღვაშის დატყვევებით.
ზონარა ასე გადმოგვცემს ლიპარიტის დატყვევებისა და გათავისუფლების ამბავს: „ხოლო ლიპარიტი, რომელიც მეორე ფრთაზე იბრძოდა, მტრების მიერ იქნა დატყვევებული. როდესაც რომაელებმა [ბარბაროსების] დევნა შეწყვიტეს, ლიპარიტს დაელოდნენ, მაგრამ ვერავინ ნახეს ისეთი, რომელიც ლიპარიტს შეხვედროდეს. ამ მდგომარეობაში რომ იყვნენ, ერთმა [პიროვნებამ] აუწყა ლიპარიტის დატყვევება, ხელში ჩაგდება და მტერთა მიერ მისი [შებორკილი] სასწრაფოდ გაგზავნის [ამბავი]. რომაელები ამის გაგებით ძალზე ნაწყენი დარჩნენ. ბარბაროსებმა ლიპარიტი სულთანს მიჰგვარეს. მაგრამ მეფემ (ე. ი. კეისარმა) შეიტყო თუ არა ლიპარიტის დატყვევება, კაცი გაუგზავნა სულთანს დიდი გამოსასყიდი თანხით და საჩუქრებით, ითხოვა ლიპარიტის განთავისუფლება და რომაელებსა და თურქებს შორის ზავის დადება. სუთლანმაც თავის მხრივ ლიპარიტის ხელით საჩუქრებიც გაუგზავნა მეფეს და მისთვის გაგზავნილი თანხაც უკან დაუბრუნა და ბრძანება გასცა, რომ არც ერთ თურქ ჯარისკაცთაგანს მისთვის ხელი არ ეხლო“ (ზონარა 1966: 237-238). სამართლიანად შენიშნავს ნ.შენგელია: „სულთანი ამ „გულუხვობით“ უფრო დიდ მიზნებს ისახავდა. მას არ აკმაყოფილებდა მხოლოდ საჩუქრები. ლიპარიტის გათავისუფლებასთან ერთად, იოანე ზონარას ცნობით, სულთანმა საგანგებო ელჩი გაუგზავნა კეისარს, რომელსაც დიდი გადასახადი მოსთხოვა: „გამოემართა სერიფი დიდი ქალაქისაკენ (ე. ი. კონსტანტინეპოლისაკენ), მეფის სანახავად მოვიდა, წარუდგინა მას დიდი გადასახადი, სულთანი რომ ითხოვდა [რომაელებისაგან], და უკან გაბრუნდა. ამ დროიდან განრისხდა სულტანი რომაელებზე და გაემართა მათ წინააღმდეგ, ამიერიდანვე დაიძრა თურქთა ტომი აღმოსავლეთიდან, დაიპყრეს ყველა ადგილი და ბიზანტიის გაღმა მდებარე ქვეყნებამდე მიაღწიეს. აი. ამნაირად დაეუფლნენ თურქები იმ ადგილებს“. სწორედ ამ დიდ გადასახადებს ითხოვდა სულთანი ლიპარიტის გამოსასყიდლად და არა იმ მცირე ძღვენსა და საჩუქარს, რომელსაც კეისარი უგზავნიდა მას“ (შენგელია 1968: 193-194).
ამ ბრძოლის მეორე წელს სომხეთში სელჩუკთა დიდ ლაშქრობაზე საუბრობს არისტაკეს ლასტივერტეცი: „მეორე წელს მშვილდოსანთა და მახვილოსანთა ურიცხვი ჯარები შეგროვდნენ, როცორც არწივნი საჭმელზე და დიდი გამბედაობით სწრაფად შეიჭრნენ ჩვენს ქვეყანაში, სექტემბრის თვის ოთხშაბათ დღეს, წმინდა ჯვრის დღესასწაულისას“ (არისტაკეს ლასტივერტეცი 1974: 75). შესაძლებელია, ამიერკავკასიაში ამ ლაშქრობის დროს მოადგნენ თურქ-სელჩუკები განჯას, რაზედაც საუბრობს „მატიანე ქართლისაჲს“ ავტორი. ქართველი მემატიანის ცნობით, ანატოლიაში იბრაჰიმ იინალის გამარჯვების შემდეგ თურქები განჯაში გამოჩნდნენ, ბიზანტიის კეისარმა სარდალი ლიხტური გამოგზავნა დიდი ლაშქრით. მას შეუერთდა ბაგრატ მეფეც, რომელიც კეისრის გულის მოგებას ცდილობდა. თურქებმა თავი აარიდეს კოალიციურ ჯართან ბრძოლას და განჯა დატოვეს. ამ ამბავს მემატიანე ასე გადმოგვცემს: „და დადგომილ იყვნეს განძას ქუეყანასა თურქნი, და წასაღებელად მიეწურა განძა. გამოგზავნა თავისა ნაცვლად ბერძენთა მეფემან ლიხტური ლაშქრითა დიდითა. და აწვიეს ბაგრატ ყოვლითა ლაშქრითა მისითა, და წაჰყვა თანა. დაემართნეს თურქთა და მივიდეს განძის კარსა, და მირიდეს თურქთა, და დაარჩინეს განძის ქუეყანაი და შემოიქცეს მშვიდობით“ („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 286). როგორც ჩანს, ლიპარიტის ტყვედ ჩავარდნის შემდეგ ბიზანტიის კეისარი (კონსტანტინე მონომახი) იძულებული გახდა, სელჩუკების წინააღმდეგ მოკავშირეობა ბაგრატ IV-ისთვის ეთხოვა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოკავშირეობამ დადებითი შედეგი გამოიღო, კეისარმა მას ანგარიში არ გაუწია. საქართველოში პოლიტიკური ინტრიგების მოწყობასა და ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას თავი არ დაანება. „ლიპარიტის მოკავშირეობას სულ სხვა და უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საკეისროსთვის, ვიდრე ბაგრატის მოკავშირეობას. ლიპარიტი მხოლოდ თურქთა წინააღმდეგ არ სურდა გამოეყვანა ბიზანტიას; ის პირველ რიგში, საქართველოს შიგნით ესაჭიროებოდა საკეისროს და ამიტომ ცდილობდა იმპერატორი მის გამოხსნას“ (მ. ლორთქიფანიძე 1979: 186). ბიზანტიის იმპერიის პოლიტიკური კურსი ამიერკავკასიაში სომხეთ-საქართველოს დაპყრობა და თავის ქვეშევრდომად გადაქცევა იყო, მაგრამ სელჩუკთა შემოტევებმა ბიზანტია მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა, რამაც გარკვეულ წილად შეასუსტა მისი პოლიტიკა ამიერკავკასიის მიმართ. სამართლიანად შენიშნავს ა. აბდალაძე: „ისე გამოდის, თითქოს, საქართველოს სამეფო ბიზანტიის იმპერიისაგან დაპყრობას ვერ გადაურჩებოდა, თურქ-სელჩუკთა შემოსევა რომ არ ყოფილიყო“ (აბდალაძე 1988: 264).
1051 წელს სელჩუკთა ტყვეობიდან გათავისუფლებულმა ლიპარიტმა „აღმოვლო ქართლი და მოვიდა ჯავახეთს. გაძლიერდა ლიპარიტ, რამეთუ მსახურებისათჳს ბერძენთა მეფისა ტყუექმნილ იყო; წავიდა საბერძნეთს და ნახა ბერძენთა მეფე და მოირთო ბერძენთა მეფისაგან ძალი. და ვერღარა დაუდგა ბაგრატ.“ („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 286) ქართველი მემატიანე აღნიშნავს ლიპარიტის უზომო გაძლიერებას, რომელსაც ანგარიშს უწევს როგორც სელჩუკთა სულთანი, ასევე ბიზანტიის კეისარი; „და ლიპარიტ მოირჭუნა ზემოსა კერძსა დაუკლებლად და იყო მოყუარედ მისა ხუარასანს თოღლუბეგ სულტანი და საბერძნეთს-ბერძენთა მეფე, და ზრდიდა ბაგრატის ძესა, გიორგის მცირესა, სახელითა მეფობისაჲთა. ხოლო ბაგრატს აქუნდა ლიხსა ქუემოთი კერძი დაწყობით“ („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 287). ვფიქრობთ, მახლობელ აღმოსავლეთში სელჩუკთა და ბიზანტიელთა დაპირისპირებით შეიქმნა ისეთი მდგომარეობა, რომ ლიპარიტის მხარდაჭერას ორივე მხარისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
1054 წელს თოღრულ-ბეგის სარდლობით, სელჩუკების ამიერკავკასიაში დიდ ლაშქრობაზე საუბრობს არისტარკეს ლასტივერტეცი. მის მიერ ჩამოთვლილ თურქ-სელჩუკთა მიერ დარბეული ტერიტორიების შემადგენლობაში საქართველოც შედის: „ჩვენი წელთაღრიცხვის ხუთას სამ წელს (1054), იმავ თვესა და იმავ რიცხვში, როდესაც ჩვენი ქვეყანა პირველად ტყვედ წაასხეს, გადაწვეს არწნი და სხვა ქალაქები და დაბა-სოფლები. დაიძრა სიკვდილის მომტანი, სისხლის მსმელი და კაცის მკვლელი მხეცი-სულთანი ურიცხვი ჯარით, სპილოებით, ეტლებით, ცხენებით, ცოლებით, ვაჟებით და დიდძალი ქონებით. მან დასტოვა არჭეში და ბერკრი, მოვიდა და დამკვიდრდა აპაჰუნიქის გავარის ქალაქ მანაზკერტთან და ყველა ფართო ველ-მინდვრებს დაეპატრონა. მან მარბიელი მოჰფინა ქვეყნის სამ მხარეს-ჩრდილოეთით აფხაზთა ციხემდე და პარხარის მთამდე და კავკასიის მთის ძირამდე, დასავლეთით-ჭანეთის ტყემდე, ხოლო სამხრეთით-სიმის მთამდე. მათ დაიპყრეს მთელი ქვეყანა [და მომკეს ყოველივე] პურის ყანის მარცვლების მომკელთა მსგავსად“ (არისტაკეს ლასტივერტეცი 1974: 87-88). სელჩუკთა ამ ლაშქრობამ ანატოლიასა და ამიერკავკასიაში გამოიწვია ამ მხარის საშინელი აოხრება: „მთელი ქვეყანა გვამებით აივსო: ნაშენი და უშენი, გზები და უდაბური ადგილები, ქვიანი და კლდოვანი, ტყიანი და გაშიშვლებული და ყველა სამოსახლო ადგილი ცეცხლს მისცეს. გადაწვეს სახლები და ეკლესიები, რომელთა ცეცხლის ალი უფრო მაღლა მიემართებოდა, ვიდრე ბაბილონისა. და ამგვარი მოქმედებით ააოხრეს მთელი ქვეყანა, არა თუ ერთხელ, არამედ სამჯერ ერთმანეთის მიყოლებით, სანამ სრულიად არ ამოწყდა მოსახლეობა და დადუმდა პირუტყვთა ხმა“ (არისტაკეს ლასტივერტეცი 1974: 88). ყველაზე მეტად დაზარალდა ბიზანტიის სომხური პროვინციები, რასაც გულგრილად უყურებდა ბიზანტიის იმპერია. განსაკუთრებით სუსტი იყო მათი დახმარება სომხეთის სასაზღვრო ზოლისა და ციხე-სიმაგრეების გამაგრების საქმეში. ამის გამო ზარალდებოდა სომხეთის მოსაზღვრე სამხრეთ საქართველოს რაიონები. არისტაკეს ლასტივერტეცი აღნიშნავს: „ხოლო ტაოს ქვეყანაში შეჭრილი მტრები, მთელი ქვეყნის დამპყრობნი, მოვიდნენ მდინარე ჭოროხამდე, გადალახეს იგი, უკან მობრუნდნენ და მოვიდნენ ბაბერდის ციხე-ქალაქამდე. იქ მათ შეხვდა ჰორომთა ჯარის ერთი გუნდი, რომელიც ვარიაგებად იწოდებოდა; ისინი შეებრძოლნენ მტრებს. ღვთის წყალობით ჰორომთა ჯარებმა დაამარცხეს მტრები და მათი სარდალი მრავალ სხვა მებრძოლებთან ერთად მოკლეს, სხვები კი გაიქცნენ; მათ მთელი ნადავლი და ტყვეები წაართვეს მოწინააღმდეგეს, მაგრამ გაქცეულთა კვალდაკვალ დიდ მანძილზე დადევნება ვერ გაბედეს, რადაგანაც შეშინდნენ, რომ შესაძლებელი იყო მრავალრიცხოვან ჯარებს შეხვედროდნენ“ (არისტაკეს ლასტივერტეცი 1974: 90).
სელჩუკთა ამ ლაშქრობას უნდა ეხებოდეს ბიზანტიური წყაროს ცნობაც. კედრანეს მიხედვით, თოღრულ-ბეგის ლაშქრობის მიზეზი მის წინააღმდეგ ყუთულმუშის აჯანყება გამხდარა: „სულტანი მას უკან დაედევნა და თავისი ჯარებით იბერიაში მივიდა: ეს რომ ყუთულმუსმა შეიტყო, გაიქცა საბასკენ და ბედნიერი არაბეთისკენ. სულტანი რომ იბერიაში ჩავიდა, რაც კი შეხვდა გზაზე, დაარბია და გადაწვა. ამიტომ მეფემ სასწრაფოდ დაიბარა დასავლეთიდან მიხაილ აკულუთოსი და იბერიაში გაგზავნა. ეს რომ იქ ჩავიდა, შეკრიბა ხალდიასა და იბერიაში გაბნეული ფრანგები (ფრანჯები) და ვარანგები და იჩქაროდა რამენაირად შეეფერხებინა სულტნის თავდასხმები. სულტანი აიყარა და თავრიზისაკენ წავიდა“ (კედრენე 1963: 83).
უშუალოდ თურქ–სელჩუკთა საქართველოში ლაშქრობის ყველაზე ადრინდელი პერიოდის შესახებ ქართული წყაროებიდან ცნობას გვაძლევს ბაგრატ IV-ის მიერ 1057 წელს შიო მღვიმის ლავრისთვის გაცემული შეწირულობის სიგელი. სიგელი ეხება სელჩუკთა მიერ შიო მღვიმის ლავრის მამულების აოხრებას. ბაგრატ მეფეს შიო მღვიმის ლავრისთვის სელჩუკთა თავდასხმისგან გამოწვეული ზარალის შემსუბუქების მიზნით მამულები შეუწირავს: „[ლაშ]ქარი დიდი წარმართნი... და ვე[რ და] ვიმორჩილეთ ლაშ[ქარნი, და აღაოჴრეს მამულნი] წ(მი)დისა უდაბნოისა ლავრისა მღუიმისანი.და [ესე წ(მიდა)თა მამათა მღუიმელთა ფრიად] დაუმძიმდა, რ(ომ)ლისათუისცა გულს-ვიდგინეთ შესა[ვსებელად აღოჴრებულისა მამულისა წ(მი)დ(ი)სა ლავ] რისა და დაკლებულობისა მათისა განსაკურნებლად, მ[ოსაჴსენებლად] სულსა პ(ირვე)ლ გარდაცვალებულთა მეფეთა, მამათა ჩე[მთა, და სალოცველად] სულისა ჩემისა და სალხინებელად ცოდვათა ჩემთა შევს[წირე წ(მი)დასა] მამასა შიოს, ლავრასა მღუიმისასა და წ(მიდა)თა მამათა მღუიმელთ[ა მანგლისის] ჴევს ადგილი ბორცუის ჯუარი, ყ(ოვ)ელითა მზღვრითა მისითა, მთ[ითა], ბარითა, წყლითა, ტყითა, კლდითა, წისქუილითა და ყ(ოვ)ლითა საჴმრითა და უჴმრითა. და გაუთავისუფლეთ ყ(ოვ)ლისა შესავლისა და გამოსა[ვა]ლისაგან: საჴელმწიფოისა, საერისთავოსა, სააზნაუროისა, საც[იხის]თოვისა, საჴევისუფლოისა, საბანჯრისა, საჴიდისა, საკოშრისა ყ(ოვ)ლისა ღ(მრ)თისა დაბადებულისა შესავლისა და გამოსავლისაგან. და არა რაი ზ(ედ)აც თუინიერ სამსახურებელისა მის წმ(იდ)ისა ლავრისა მღუ(იმ)სა, რ(ამეთუ) თავისუფლობით შემიწირავს ყ(ოვ)ლისავე მეუნებლისა და დამაკლებლისაგან, რ(აით)ა, მეოხებითა წმ(იდ)ისა მამისა შიოისითა, ლოცვითა წმიდათა მამათა მღუიმელთაითა, მოგუენიჭოს ღ(მრ)თისა მიერ შენდობაი ამის ნაქმრისა და დაკლებისა მათისაი, წარმემართოს ლაშქრობაი ესე და ყ(ოვე)ლნივე დღენი ცხორებისა ჩემისანი ნებასა შინა ღ(მრ)თისასა მშუიდობით და მტერთა ჩემთა ზ(ედ)ა ძლევით აღვასრულნე. და შ(ემდგომა)დ სიკუდილისა მეოხ იყოს წ(ინაშ)ე ღ(მრ)თისა სულისა ჩემისათ(უი)ს წ(მი)დაი იგი და მადლი მათ ყ(ოვე)ლთა წ(მიდა)თა მამათაი“ (ენუქიძე...1984: 35-36).
ამ სიგელში მოტანილ ცნობას წარმართთა ლაშქრობასთან დაკავშირებით თ. ჟორდანია მიაწერს თოღრულ-ბეგის ამიერკავკასიაში ლაშქრობის პერიოდს, რომელსაც ის 1050-1053 წლებით ათარიღებს. ნ. შენგელია შენიშნავს, რომ ჟორდანია მ. ბროსეს გამოკვლევებს ეყრდნობა. მართალია. მარი ბროსე დაბეჯითებით აღნიშნავს სელჩუკთა მრავალრიცხოვანი ლაშქრის შემოსევას იბერიაში და მოსახლეობის განადგურებას, მაგრამ წყაროს არ იმოწმებს (შენგელია 1968: 202).
ვფიქრობთ, 1057 წელს შიომღვიმის ლავრისთვის შეწირულობის სიგელი ამიერკავკასიაში სელჩუკთა 1054 წლის ლაშქრობას უნდა ეხებოდეს (როგორც ჩანს, სელჩუკთა მარბიელი ლაშქრობის ტალღამ საქართველომდეც მოაღწია). ამ თარიღს ასახელებს არისტაკეს ლასტივერტეცი. იგი ამ მოვლენის თვითმხილველია და დაწვრილებით აღგვიწერს ამ ლაშქრობის დეტალებს (მარშუტი, მსვლელობა, შედეგი).
სელჩუკთა ამ ლაშქრობას ანატოლიასა და ამიერკავკასიაში 1054-1055 წლებით ათარიღებენ მათეოს ურჰაეცი და მუნეჯიმ ბაში (შენგელია 1968: 202-203).. იბნ ალ-ასირის ცნობით, ამ დროს სელჩუკებმა აზერბაიჯანი დაიპყრეს. უფრო სწორად თოღრულ ბეგს მთელი ეს მხარე უბრძოლველად დაუკავებია. აქ მისთვის საჩუქრები მიურთმევიათ და მისი უზენაესობის ცნობის ნიშნად მის სახელზე ხუტბა წავკითხავთ. შემდეგ თოღრულ-ბეგს რუმის ქვეყნებში გაულაშქრია, სადაც ბევრი ტყვე და ნადავლი უგდია ხელთ (www.vostlit. info, Восточная литература, Автори и источники на вукву „И“ Ибн-ал-Асир, Тирих-ал-Камиль, Полный свод всеобщей Истории).
თ. ჟორდანიას ცნობით, უფრო გვიან 1055 წელს ლიპარიტის ვაჟის ივანეს მოწვევით სელჩუკთა მიერ განადგურებულ იქნა მესხეთის ნაწილი, ახლანდელი ოლთისისა და არტაანის მხარე ( Жордания 1895: 7). თ, ჟორდანია არც ამ ცნობის წყაროს ასახელებს და არც ივანე ლიპარიტის ძის ასეთი საქციელის შესახებ საუბრობს. მათეოს ურჰაეცის ცნობით, 1058/59 წლისათვის სელჩუკთა შემოსევის დროს ლიპარიტის შვილი ივანე მუსლიმებს შეუკავშირდა და მათ წინ მოუძღვებოდა. ივანეს მიერ სელჩუკების მოწვევის მიზეზი, არისტარკეს ლასტევერტეცის მიხედვით, მისი ბიზანტიელებთან ურთიერთობის გაუარესება ყოფილა. თვითონ ივანეს ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ მისი კაცის მეშვეობით აუოხრებიათ თურქ-სელჩუკებს ტერიტორიები ჭანეთის ტყემდე. „მათ ხელთ იგდეს დიდძალი ნადავლი და ტყვე და დიდი წარატებით უკან მობრუნდნენ ბოროტების მოთავესთან და დიდი ძღვენით მადლობა მოახსენეს მას იმ გამარჯვებისათვის, რასაც გზაზე მიაღწიეს. შემდეგ ისინი საკუთარ ქვეყანაში წავიდნენ. ვინაიდან ბოროტების მსახურებმა იხილეს ქვეყანა უპატრონოდ და უზედამხედველოდ, სწრაფად მობრუნდნენ, იქითკენ გასწიეს; გადვიდნენ მანანაღის გავარში და ორად დაიყვნენ. ერთი ნაწილი წავიდა ეკეღეაცის გავარისაკენ და ღამით თავს დაესხნენ ქალაქს, რომელიც იპოვეს მოუმზადებელ და გაუფრთხილებელ [მდგომარეობაში]. იქ [დატრიალებული] და საშინელი ბოროტება არ შემიძლია აღვწერო; დილით გათენებისას ცრემლმომგვრელი და აღმაშფოთებელი სანახაობა იყო, რომელიც გმინვასა და გოდებას ჰგვრიდა ქვებსა და უსულო საგნებსაც კი“ (არისტაკეს ლასტივერტეცი 1974: 105).
ბიზანტიის კეისარ კონსტანტინე მეათე დუკას (1059-1067) დროს საქართველოში თურქ-სელჩუკთა დიდ ლაშქრობაზე მიუითებს გიორგი კედრენე: „რადგან ის (კონსტანტინე მეათე დუკა) ასეთ საქმეებზე იყო გადაყოლილი, ხოლო სამხედრო საქმეებზე სრულიად არ ზრუნავდა, აღმოსავლეთის მხარეები, განსაკუთრებით კი რომაული ქვეყნის მოსაზღვრე მხარეები მტრის ლუკმად იყო გამხდარი. ყველაფერი ირბეოდა და ნადგურდებოდა თურქთა თავდასხმებისა და ძალადობის გამო, აგრეთვე იმის გამო, რომ აღვირახსნილი ჯარისკაცები ძალმომრეობას ხმარობდნენ და თავზარს სცემდნენ ხალხს. განუწყვეტელი თავდასხმისა და ძარცვა-გლეჯის გამო, ყველაფერი ნადგურდებოდა. ამიტომ იბერიის მდიდარი ქვეყანაც, რომელმაც უკვე წინათაც განიცადა რბევა და დასუსტებული იყო, საბოლოოდ დაეცა და განადგურდა“ (კედრენე 1963: 82). იმავეს იმეორებს იოანეს სკილეცეს გამგრძელებელი და თავის მხრივ უმატებს: „მასთან ერთად საფრთხე განიცადეს იმ მხარეებმა, რომელიც მას (ე. ი. იბერიას) აკრავდნენ: მესოპოტამია და ხალდია, აგრეთვე, ნელიტენენ და კოლონია და მდინარე ევფრატის გაყოლებით მდებარე მხარეებმა“ (სკილეცეს გამგრძელებელი 1966: 162).
როგორც ს. ყაუხჩიშვილი აღნიშნავს, გიორგი კედრანეს „ხრონოგრაფია“ არის მსოფლიო ისტორია ქვეყნის გაჩენიდან 1059 წლამდე (ყაუხჩიშვილი 1963: 7). ხოლო კონსტანტინე X დუკა მეფობდა 1059-1067 წლებში. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, გიორგი კედრანესა და იოანე სკილეცეს მიხედვით, სელჩუკთა საქართველოში ლაშქრობა შეიძლება 1059 წლით დავათარიღოთ. ამავე პერიოდში ანატოლიასა და ამიერკავკასიაში სელჩუკთა დიდ შემოსევებზე საუბრობს მათეოს ურჰაეცი. თურქი ისტორიკოსის ინანჩის აზრითაც, „სელჩუკებმა 1059 წლისათვის ანატოლიაში ვანის ტბის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიები ხელთ იგდეს, მდ. მურადი გადალახეს და მდ. ევფრატის შესართავამდე დალაშქრეს და სამხრეთით წავიდნენ“ (Yinanc: 52-53). აღნიშნულ პერიოდში თურქ-სელჩუკთა მიერ ბიზანტიის მთელი რიგი ტერიტორიების დაკავების შესახებ ცნობებია დაცული გიორგი მცირის „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში“. როდესაც გიორგი მთაწმინდელი 1060 წელს ანტიოქიიდან საქართველოში გამოემგზავრა, გზაში შეიტყო საქართველოსკენ მომავალი სახმელეთო გზების დაკეტვის ამბავი და იძულებული გახდა საქართველოში ზღვით შემოსულიყო: „გამოვედით ანტიოქიით და მოვიწიენით ვიდრე დიდად მდინარედ ევფრატად. და მუნ გვეუწყა, ვითარმედ მიშუებისათჳს ცოდვათა ჩუენთაჲსა თურქთა დაუპყრიეს ყოველი შუამდინარე და ისაური და საბერძნეთი. ხოლო ჩვენ, გვესმა რაჲ ესე, შევიქეცით მიერ და სევასტიით კერძო მოვიდოდეთ: გვეგონა, ვითარმედ მათ კერძოთა მშჳდობაჲ არს. ხოლო უწინარეს ჩუენსა მისრულ იყვნეს თურქნი და აეღო ქალაქი იგი და დაეწუა. და ჩვენ არაჲ უწყოდეთ და მივდიოდეთ და კნინღა-და მცირედ ჴელთა მათთა შთავვარდებოდეთ, უკეთუმცა წყალობასა ღმრთისასა არა აღეპყრა ჴელი. რამეთუ ჴმაჲ გვესმა ყოველთა, ვითარმედ: „სადა წარხვალთ“ და, უწყის უფალმან, კაცი არა გჳხილავს, გარნა თუ ჴმაჲ ანგელოზისაჲ იყო.
ესრეთ შევიქეცით და მთათა მივჰმართეთ და დიდითა შრომითა და დღე და ღამე სლვითა კესარიად მოვედით. და მუნით წარმოვედით და ზღვასა მოვჰმართეთ, რამეთუ ჴმელით არღარა ეგებოდა, და ნებითა ღმრთისაჲთა ევხაიტს მოვიწიენით სამარტჳლოსა წმიდისა თევდორესსა. ხოლო მღდელთ-მოძღუარმან მის ადგილისამან კეთილად შეგჳწყნარნა და გჳსტუმრნა და დიდი სიყუარული გუაჩუენა, რამეთუ კაცი იყო წმიდაჲ და ღმერთ-შემოსილი. და დიდად ნუგეშინის-იცა მისლვითა ჩუენითა განსაცდელთა მათთჳს, და მრავალი წარმოთქუეს ურთიერთარს სულთა ცხორებისათჳს. და ესრეთ გამოვედით მიერ და მოვიწიენით სამისონს, ქალაქსა ზღჳს-კიდისასა. და მუნ გავყიდენით საჴედარნი ჩუენნი და ესრეთ ნავითა წარვემართენით კერძოთა აფხაზეთისათა და კეთილითა და ჰამოჲთა ნიავითა მივიწიენით ფოთს და მიერ საჴედრითა ქუთათისს ჟამსა სთვლისასა“ (გიორგი მცირე 1967: 158-159).
გიორგი მთაწმინდელის საქართველოში მოსვლისას, თხზულებაში აღწერილია მეფის დიდი გამარჯვება აბასძეებზე, რომელთაც მეფის შეპყრობა სურდათ: „ხოლო მას ჟამსა იქმნა დიდი გამარჯვებაჲ მეფისაჲ, ოდეს-იგი შეწევნითა ღმრთისაჲთა წინააღმდგომნი თჳსისა მეფობისანი აბაზაჲს ძენი შეიპყრნა, რომელთათჳს ყოველთა უწყით ჭეშმარიტებით, ვითარმედ შეპყრობაჲ მეფისაჲ ეგულებოდა“ (გიორგი მცირე 1967: 160).
ამდენად, გიორგი მცირე აღგვიწერს, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, მაგრამ არაფერს ამბობს თურქ-სელჩუკების შესახებ გიორგი მთაწმინდელის საქართველოში მოსვლის დროს. გამორიცხული არ არის იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზი, რაც გიორგი მთაწმინდელს ხვდება საქართველოში, თურქ-სელჩუკთა მარბიელი შემოსევებიც იყოს, რაც მის საქართველოში შემოსვლის წინა პერიოდში უნდა მომხდარიყო. ნ. შენგელია აღნიშნავს:''„XI ს-ის 60-იანი წლებისათვის სელჩუკებმა დიდი ზიანი მიაყენეს საქართველოს, მის ინტენსიურ მეურნეობას, მწარმოებელ საზოგადოებას. სელჩუკთა მარბიელმა თარეშებმა და საქართველოს მეზობელ ქვეყნებზე მრავალგზის თავდასხმებმა მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს მცირე აზიისა და ამიერკავკასიის ადგილობრივი მოსახლეობა. წყაროებში მრავალგზისაა მითითებული, თუ როგორ ნადგურდებოდა ბიზანტიის იმპერიის სასაზღვრო რაიონები სელჩუკთა შემოსევების შედეგად. ბიზანტიის ლაშქარი უძლური იყო სერიოზული წინააღმდეგობა გაეწია მტრისთვის. წყაროებიდან ჩანს, რომ განაპირა პროვინციები ბიზანტიის ინერტული მოქმედების გამო ნადგურდებოდა. არ იყო შეთანხმებული მოქმედება გაერთიანებული სამხედრო ძალების მეთაურთა შორის. ამასთანავე, სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლა მთელი ძალ-ღონის დაძაბვასა და განსაკუთრებულ ღონისძიებებს მოითხოვდა. სელჩუკები თითქმის ყოველთვის გამარჯვებულები გამოდიოდნენ ბიზანტიის ტერიტორიაზე თავდასხმის დროს. თურქი ისტორიკოსის ქოიმენის განცხადებით, სელჩუკთა ამ თავდასხმებს დადებითი მნიშვნელობა ჰქონდა მათთვის. მათ ამ თავდასხმებით ნიადაგი მოამზადეს უფრო დიდი და საფუძვლიანი ლაშქრობებისათვის“ (შენგელია 1968: 217). 1060 წლიდან ალფ-არსლანის ლაშქრობამდე საქართველოში სელჩუკების შემოსევები საისტორიო წყაროების მონაცემებით არ შეინიშნება.
ქართველთა და სელჩუკთა ურთიერთობის ქრონოლოგიური თანმიმდევრობა, საისტორიო წყაროების მიხედვით, ალფ-არსსლანამდე ასეთია:
1. სომხური წყაროების მონაცემებით სელჩუკები ამიერკავკასიაში 1016-1021 წლებში გამოჩნდნენ. ვარდან დიდი აღნიშნავს, რომ 1021 წელს ნახჭევანთან სელჩუკებს 5 000 ჯარისკაცით შეხვდა ლიპარიტი და ბრძოლა გაუმართა. თურქი მეცნიერის იანინჩის გამოკვლევით, როდესაც თურქ-სელჩუკები ნახჭევანთან აღმოჩნდნენ 1018-1021 წლებში, დაიწყეს ქართველთა ქვეყნის ძარცვა. სელჩუკთა წინააღმდეგ გამოვიდალი პარიტი 5 000 მებრძოლით, მაგრამ ძალები არ ეყო და გაიქცა, ხოლო მთელი ტერიტორია გასანადგურებლად სელჩუკებს დაუტოვა. როგორც ჩანს, თურქი მეცნიერი სომხურ წყაროებს ეყრდნობა. 1018-1021 წლებში სელჩუკთა მირ საქართველს ძარცვა სინამდვილეს არ უნდა შეესაბამებოდეს. ქართულ საისტორიო წყაროებში ამ პერიოდში ქართველთა და სელჩუკთა რაიმენაირი ურთიერთობის დამადასტურებელი ცნობები არ მოგვეპოვება.
2. ქართული დოკუმენტური წყაროს ცნობით: 1029 წელს „აქა ბაგრატ კურაპალატი სულტანსა დაესხა.“ ამ თარიღს ამყარბს მუნეჯიმ ბაშის ცნობაც, რომლის მიხედვით, ამ დროს, სელჩუკები აზერბაიჯანში შევიდნენ და ბევრი რაიონი გაანადგურეს. ვფიქრობთ, ქართველების სელჩუკებზე თავდასხმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოხდა. როგორც ჩანს, სამეფო კარზე კარგად აცნობიერებდნენ თუ რა მძიმე შედეგები მოჰყვებოდა საქართველოსთვის სელჩუკების დამკვიდრებას სომხეთ-აზერბაიჯანში.
3. ბაგრატ IV-ის მიერ თბილისის ალყის უეცარი მოხსნის მიზეზად 1039-1040 წლებში ივანე ჯავახიშვილს, იბნ-ალ-ასირის ცნობაზე დაყრდნობით, თურქ-სელჩუკთა ამიერკავკასიაში გამოჩენა მიაჩნდა. თუ ივანე ჯავახიშვილის ამ მოსაზრებას დავეთანხმებით, საქართველოში ამ დროს სელჩუკებს უკვე გარკვეულ ანგარიშს უწევენ.
4. მათეოს ურჰაეცის ცნობით, 1040-1041 წლებში ქართველებსა და სომხებს კოალიციური ლაშქრობა მოუწყვიათ სომხეთის ტერიტორიაზე. ბაგრატ მეფეს ამ ბრძოლაში 4 000 ჯარისკაცი გამოუყვანია. ქართველ-სომეხთა გაერთიანებულმა ლაშქარმა არანის გამგებლის აბულ-სოვარის შემოტევა მოიგერია და დამარცხებული უკუაქცია. ბიზანტიელი ისტორიკოსის ატალიატეს ცნობით, ამ პერიოდში სელჩუკები უკვე აღმოსავლეთ იბერიის საზღვრებს მიუახლოვდნენ.
5. „მატიანე ქართლისაჲს“ მიხედვით, 1047 წელს ლიპარიტი აწყობს ლაშქრობას დვინში თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ ბიზანტიელთა დასახმარებლად. ერთი წლის შემდეგ ლიპარიტი თავისი ჯარით კვლავ ეხმარება ბიზანტიას სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ ომში ბერძენ-ქართველთა ლაშქარი დამარცხდა და ლიპარიტი ტყვედ ჩავარდა. „მატიანე ქართლისაჲს“ ამ ცნობას ადასტურებს ბერძნული, სომხური, არაბული და სირიული წყაროები.
6. ნასერ ხოსრუს „საფარ ნამეს“ („მოგზაურობის წიგნი“) ცნობით, 1047 წელს, ეგვიპტეში ნილოსის არხის გახსნისადმი მიძღვნილ ზეიმს სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, ქართველებიც ესწრებიან. ამ ქვეყნების საერთო მიზანი ანტისელჩუკური კოალიციის შექმნა უნდა ყოფილიყო.
7. 1049 წელს სომხეთში სელჩუკთა დიდ ლაშქრობაზე საუბრობს არისტაკეს ლასტივერტეცი. შესაძლებელია, ამ დროს გამოჩნდნენ ისინი განჯაში. „მატიანე ქართლისაის“ ცნობით, იბრაჰიმ იინალის ანატოლიაში გამარჯვების შემდეგ სელჩუკები განჯას მოადგნენ. ბიზანტიის კეისარმა სარდალი ლიხტური გამოგზავნა დიდი ლაშქრით, მას შეუერთდა ბაგრატ მეფეც, რომელიც, ალბათ, კეისრის გულის მოგებას ცდილობდა. თურქებმა თავი აარიდეს გაერთიანებულ ჯართან შებრძოლებას და განძა დატოვეს.
8. არისტაკეს ლასტივერტეცის ცნობით, 1054 წელს სელჩუკებმა სულთან თოღრულ - ბეგის სარდლობით კვლავ ილაშქრეს ამიერკავკასიაში. მის მიერ ჩამოთვლილ დარბეული ტერიტორიების შემადგენლობაში საქართველოც შედის. ამ ლაშქრობას 1054-1055 წლებით ათარიღებენ მათეოს ურჰაეცი, მუნეჯიმ ბაში და იბნ ალ-ასირი.
9. თურქ-სელჩუკთა საქართველოში ლაშქრობას ეხება ბაგრატ IV-ის მიერ 1057 წელს შიომღვიმის ლავრისთვის შეწირულობის სიგელი. ამ სიგელში მოტანილ ცნობას წარმართთა მიერ შიომღვიმის ლავრის მამულების აოხრების შესახებ თ. ჟორდანია მიაწერს თოღრულ ბეგის ამიერკავკასიაში 1050-1053 წლებში ლაშქრობას. ჩვენ უფრო სარწმუნოდ მიგვაჩნია ამ მამულების აოხრება სელჩუკთა ამიერკავკასიაში 1054 წლის ლაშქრობის დროს, რომელსაც გადმოგვცემს არისტაკეს ლასტივერტეცი.
10. 1058-1059 წლებში, მათეოს ურჰაეცის ცნობით, სელჩუკთა შემოსევას ამიერკავკასიაში წინ მოუძღოდა ლიპარიტის შვილი ივანე. არისტაკეს ლასტივერტეცის მიხედვით, თვითონ ივანეს ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ მისი კაცის მეშვეობით აუოხრებიათ სელჩუკებს ტერიტორიები ჭანეთის ტყემდე.
11. ბიზანტიის კეისარ კონსტანტინე X დუკას (1059-1067) დროს საქართველოში თურქ-სელჩუკთა დიდ ლაშქრობაზე მიუთითებს გიორგი კედრანე. მისი „ხრონოგრაფიის“ პერიოდისა და კონსტანტინე X დუკას მეფობის წლების გათვალისწინებით, ეს ლაშქრობა შეიძლება 1059 წლით დავათარიღოთ. ამ პერიოდში სელჩუკთა ამიერკავკასიაში დიდ ლაშქრობაზე მიუთითებს თურქი ისტორიკოსი იანინჩი. სწორედ ამ დროს უნდა მომხდარიყო ბიზანტიიდან საქართველოსკენ მომავალი სახმელეთო გზის დაკეტვა, რომელსაც აღნიშნავს გიორგი მთაწმინდელის ბიოგრაფი გიორგი მცირე, ვფიქრობთ, იმ მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც გიორგი მთაწმინდელს საქართველოში მოსვლის დროს (1060 წ.) დახვდა, თურქ- სელჩუკთა ზემოაღნიშნული ლაშქრობა უნდა ყოფილიყო.
ამგვარად, ქართულ წყაროებში, ბაგრატ მეოთხის მიერ 1057 წელს შიომღვიმის ლავრისთვის შეწირულობის სიგელის გარდა, სელჩუკების შემოსევები საქართველოში ალფ-არსლანის ლაშქრობებამდე არ გვხვდება. აღნიშნული ფაქტი, უცხოურ წყაროებში გადმოცემული სელჩუკების საქართველოში ლაშქრობების ხასიათის გაანალიზებასთან ერთად, იძლევა საშუალებას, რომ ვივარაუდოთ: XI საუკუნის 30-იანი წლებიდან არლფ-არსლანის სულთნობამდე ამიერკავკასიაში სელჩუკთა ლაშქრობების ძირითადი ობიექტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორია იყო, რაც თავისებურ უარყოფით გავლენას ახდენდა საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობაზეც. ხშირი იყო სელჩუკთა მარბიელი ხასიათის შემოსევები უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზეც. დადი ზიანი ადგებოდა ქვეყნის ეკონომიკასა და კულტურას. ამ დროს პოლიტიკური მოთხოვნები თურქ-სელჩუკებს საქართველოს მიმართ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ. განსაკუთრებით გაიზარდა სელჩუკთა ინტერესი საქართველოს მიმართ თუღრულ-ბეგის შემდგომი სულთნების, არლფ-არსლანისა და მალიქ-შაჰის, დროს, როდესაც დიდ სელჩუკთა სახელმწიფომ ძლიერების მწვერვალს მიაღწია.
III თავი
პოლიტიკური ვითარება საქართველოში ალფ-არსლანის ლაშქრობების წინ (1057- 1064 წწ.)
XI საუკუნის 50-იანი წლების დასასრულისა და 60-იანი წლების დასაწყისში საქართველოს სამეფო კარმა საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გარკვეულ წარმატებას მიაღწია. თურქ-სელჩუკთა გააქტიურების შემდეგ ანატოლიისა და ამიერკავკასიის მიმართულებით ბიზანტიის იმპერია იძულებული გახდა, მეტი ანგარიში გაეწია საქართველოსთვის და მასთან მოკავშირეობის გზას დასდგომოდა. ბიზანტიას სჭირდებოდა ძლიერი ქრისტიანული სახელმწიფო ამიერკავკასიაში, რომელიც სელჩუკებს დაუპირისპირდებოდა. ვფიქრობთ, აქცენტი ამჯერად ბიზანტიამ ლიპარიტ ბაღვაშის მაგივრად საქართველოს ენერგიულ მეფე ბაგრატ IV-ზე გადაიტანა, რის გამოც, სამწლიანი საპატიო ტყვეობის შემდეგ, 1057 წელს იგი გაათავისუფლა და საქართველოში დააბრუნა. ზ. პაპასქირის აზრითაც, კონსტანტინეპოლის კურსის ცვლილება საქართველოს მიმართ მახლობელ აღმოსავლეთში შექმნილი საერთაშორისო ვითარებით უნდა ყოფილიყო განპირობებული. „ბიზანტიის იმპერიის მმართველმა წრეებმა, თურქ-სელჩუკთა მხრიდან სულ უფრო მზარდი საშიშროების ვითარებაში, აშკარად დაინახეს საქართველოს სამეფოსთან, აღმოსავლეთში ერთადერთ ქრისტიანულ სახელმწიფოსთან, შემდგომი კონფროტაციის სრული უპერსპექტივობა და მასთან კეთილმეზობლური, სამოკავშირეო ურთიერთობის დამყარება ამჯობინეს, რომელიც მოგვიანებით დინასტიური ქორწინებითაც (ბაგრატIV-ის ასულის მართა მარიამის მითხოვება მიხეილ დუკასათვის) იქნა განმტკიცებული“ (პაპასქირი 1990: 209). კეისრის მიერ ბაგრატ IV-ის გათავისუფლებისათვის საერთაშორისო ვითარების გარდა, ხელი უნდა შეეწყო აგრეთვე 1057 წლიდან ბიზანტიის იმპერიაში დამყარებულ ხანგრძლივ ანარქიას. ვფიქრობთ, ბაგრატ IV-ის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით გარკვეული როლი შეასრულა ქართულმა ეკლესიამ, კერძოდ, მისმა ყველაზე გამორჩეულმა წარმომადგენელმა გიორგი მთაწმინდელმა. ა. აბდალაძე შენიშნავს: „ისევე, როგორც XI საუკუნის 50-იან წლებში მან ქართული ეკლესიის ავტოკეფალია დაიცვა ანტიოქიის საპატრიარქოს შემოტევისაგან, კეისრისა და ბაგრატ IV-ის მორიგებაშიც, შესაძლოა, შეასრულა გარკვეული როლი. ამ მხრივ, იქნებ, ყურადღების ღირსი იყოს ის გარემოებაც, რომ ბაგრატ IV-ის კონსტანტინეპოლში იძულებითი ყოფნის წლებში გიორგი მთაწმინდელიც ხშირად ჩადის ბიზანტიის დედაქალაქში“ (აბდალაძე 1982: 276). ვახუშტი ბატონიშვილის ცნობითაც ბაგრატ IV-ის სამწლიანი საპატიო ტყვეობის დროს „მეფესა თანა იყო გიორგი მთაწმინდელი“ (ვახუშტი ბატონიშვილი 1973: 148). ნ. ბერძენიშვილი ფიქრობს, რომ კეისარმა ბაგრატი ლიპარიტის „თანხმობით“ გამოისტუმრა საქართველოში (ბერძენიშვილი 1974: 21). ჩვენ უფრო სწორად მიგვაჩნია ზ. პაპასქირის აზრი, რომელიც შენიშნავს „ძნელი დასაჯერებელია, რომ ბიზანტიის კეისარს ბაგრატი საქართველოში გამოესტუმრებინოს ლიპარიტის თანხმობით... საქართველოში ბაგრატის გამობრუნება ლიპარიტის ნება-სურვილზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, ის ალბათ ყოველმხრივ შეეცდებოდა წინ აღდგომოდა ამას“ (პაპასქირი 1990: 206).
ბიზანტიის იმპერატორისა და ლიპარიტ ბაღვაშის ურთიერთობის გაუარესების შესახებ ისტორიული წყაროები არ მოგვეპოვება, მაგრამ ბიზანტია გარკვეულწილად უკმაყოფილო უნდა ყოფილიყო ლიპარიტის ორმაგი პოლიტიკით. „მატიანე ქართლისაჲს“ ავტორი გარკვევით აღნიშნავს, რომ ლიპარიტი „იყო მოყუარედ მისა ხუარასანს დოღლუბეგ სულტანი და საბერძნეთს-ბერძენთა მეფე“ („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 287). რაღა თქმა უნდა, ბიზანტიისათვის ვერ იქნებოდა დასაყრდენი ამიერკავკასიაში სელჩუკთა სულთნის „მოყვარე“ ლიპარიტი, თუმცა როგორც თავის ისტორიულ მოკავშირეს გარკვეულ ანგარიშს უწევს მას. ბიზანტიის იმპერატორის უშუალო მონაწილეობით ლიპარიტმა და ბაგრატმა „ერთმანეთში ზავი შეკრეს იმ პირობით, რომ ბაგრატი იქნება ბატონი და მთავარი მთელი იბერიისა და აბაზგიისა, ხოლო ლიპარიტი-ერთი ნაწილის-მესხეთის მთავარი იქნება სიკვდილამდე, ხოლო ბაგრატს ცნობს ბატონად და მეფედ“ (კედრანე 1963: 68) ვერ გავიზიარებთ ვ. კოპალიანის აზრს, თითქოს ამ დროს ლიპარიტი ბიზანტიას სჭირდება გარდა სელჩუკებისა ბაგრატის წინააღმდეგაც (კოპალიანი 1969: 266). ნიშანდობლივია, რომ, როდესაც მესხმა ფეოდალმა სულა კალმახელმა 1058 წელს ლიპარიტი შეიპყრო და მეფეს გადასცა, ბიზანტიის იმპერატორმა არ იზრუნა მის გათავისუფლებაზე. ბერად აღკვეცილ ლიპარიტს მან მხოლოდ თავშესაფარი მისცა ბიზანტიაში. მისი ერთი ვაჟი ნიანია ანისს გარდაიცვალა, ხოლო მეორე ვაჟმა ივანემ, ბაგრატისაგან მიიღო „მამული არგუეთისა და ქართლისა“ („მატიანე ქართლისაჲ“¡2008: 288). ნ. ბერძენიშვილი წერს: ლიპარიტის დატყვევება არ იყო მეფის სტრატეგიული გამარჯვება, რადგან ლიპარიტი იმ დიდმა აზნაურებმა დასცეს, რომელთაც მას ამას წინ მეფეზე გაამარჯვებინეს, ხოლო ეხლა „მოეწყინათ“ მისი ბატონობა. „ასე რომ, თუ ბაგრატმა ერთი „კლდეკარი“ მოშალა (ვერც მოშალა), მეორე „კლდეკარი“ (ოძრახე-ციხის-ჯვარი) შექმნა“ (ბერძენიშვილი 1965: 26). ჩვენი აზრით, ლიპარიტის დამარცხება სწორედ ბაგრატ IV-ის სტრატეგიული გამარჯვება იყო. მართალია, მეფემ სულა კალმახელს გაწეული სამსახურისთვის დიდი მამულები უბოძა: „მოვიდა ბაგრატ და ამის მსახურებისა ნაცვლად მეფემან უბოძა სულას მამულობით ციხისჯუარი და ოძრაჴე ბოდოკლდითა და სხუაჲცა მრავალი საქონელი და სამღდელთმოძღუარნო, და რაჲცა უნდა“ (მატიანე ქართლისაჲ 2008: 288). მაგრამ ბაღვაშებისაგან განსხვავებით კალმახელთა დაპირისპირება ცენტრალური ხელისუფლებისადმი არც ბაგრატ IV-ის დროს და არც შემდგომში საისტორიო წყაროების მონაცემებით არ შეინიშნება, ისინი სამეფო ხელისუფლების ერთგულები არიან. Lლიპარიტის დატყვევება და ბერად აღკვეცა „ბიზანტიის პოლიტიკის მარცხი იყო, საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების საქმეში კი წინგადადგმული ნაბიჯი“ (მეტრეველი 1990: 53). გამორიცხული არ არის ლიპარიტის შეპყრობა სულა კალმახელის მიერ ბაგრატ IV-ის მიზანდასახული პოლიტიკის შედეგი იყოს, ქართველი მემატიანის ცნობით, ბაგრატ IV-ისა და სულა კალმახელის კავშირი ლიპარიტის წინააღმდეგ, ჯერ კიდევ მის შეპყრობამდე შეინიშნება. სასირეთთან მარცხის (1047 წ.) შემდეგ როდესაც ბაგრატ IV-მ ვერ შეძლო მშვიდობიანი მოლაპარაკება ლიპარიტთან, „სულა, ერისთავმან კალმახისამან, გრიგოლ, ერისთავმან არტანუჯისამან, შეაერთეს სიტყუაჲ და შეიწჳვნეს მათ თანა სხუანიცა აზნაურნი მესხნი და უჴმეს მეფესა ბაგრატს. და წარმოემართა ლაშქრითა, გარდამოვლო გზაჲ რკინისჯუარისაჲ, და შეკრბეს არყისციხეს. ცნა ესე ლიპარიტ და შეკრიბა თავისი ლაშქარი და მოირთნა კახნი და სომეხნი, და ბერძენნიცა თანავე ჰყვეს. და მოუჳდა უგრძნეულად არყის ციხეს, და შეიბნეს. და სძლია ლიპარიტვე და გააქცია მეფე. შეიპყრეს სულა, კალმახისა ერისთავი, და მრავლითა ტანჯვითა და ძელსა გასუმითა სთხოვეს კალმახი, და არა მისცა. მასვე ომსა შეიპყრეს გრიგოლ, ძე აბუსერისი, და სთხოვეს არტანუჯი სიკუდილისა ქადებითა, და მისცა. მოირჭუნა ლიპარიტ ზემოსა ქუეყანასა და აღიხუნა ციხენი და მიირთვნა თავადნი კაცნი, და გარეს-გარე წავიდა ლიპარიტ მითვე ლაშქრითა დვინად, და ულაშქრა ბერძენთა მეფესა დვინელსა ზედა, და შემოიქცა თავის ქუეყანად“ (მატიანე ქართლისა 2008: 285-286). ამავე წყაროს მიხედვით, ლიპარიტის შეპყრობის მიზეზი ის გახდა, რომ მესხმა ფეოდალებმა ვეღარ აიტანეს მისი მეტისმეტი თვითნებობა „და მცირედისა ჟამისა შემდგომად ამისა სამეფოჲსა დიდებულთა მოეწყინა ბატონობაჲ ლიპარიტისი. სულა კალმახელი და ყოველნი მესხნი გამოექცეს ლიპარიტს და შეიპყრეს დლივს ლიპარიტ და ძე მისი ივანე“ („მატიანე ქართლისაჲ“¡2008: 287). ვფიქრობთ, ლიპარიტის დატყვევება, ბერად აღკვეცა და საქართველოდან გაძევება ბიზანტიის სახეცვლილი პოლიტის გაგრძელებაა საქართველოში. საერთაშორისო არენაზე პოლიტიკური ვითარების შეცვლის გამო, ბიზანტია დაინტერესებულია საქართველოში სამეფო ხელისუფლების ძლიერებით, რომელიც თურქ-სელჩუკებს დაუპირისპირდება. ამ დროს თურქ-სელჩუკები გარკვეულწილად დადებით როლს თამაშობენ ბიზანტია-საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობების დარეგულირების საქმეში.
ბიზანტიისა და საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესებას ზ. პაპასქირი ბაგრატ IV-ის დიპლომატიური უნარით ხსნის: „ბაგრატ IV-ის დიპლომატიური ტალანტი განსაკუთრებით გამოვლინდა ბიზანტიაში მისი იძულებითი ვიზიტის დროს, როდესაც მან, ბიზანტიის იმპერატორთან „უმაღლეს დონეზე“ შეხვედრისას შეძლო დაერწმუნებინა იმპერიის ხელისუფლება საქართველოს მეფესთან კონფროტაციის შემდგომი გაგრძელების სრულ უპერსპექტიობაში და ამით მოახერხა ლიპარიტ ბაღვაშის იზოლაციაში მოქცევა. ამ დროიდან პრინციპულად შეიცვალა საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობის ხასიათი და მათ შორის ფაქტობრივად თანასწორუფლებიანი, სამოკავშირეო ურთიერთობა დამყარდა“ (პაპასქირი 2009: 125).
ლიპარიტ ბაღვაშის პრობლემის გადაჭრის შემდეგ ცენტრალური ხელისუფლების მორიგი წარმატება იყო აბაზასძეთა ფეოდალური სახლის დამხობა ბაგრატის მიერ 1060 წელს, რომლებიც იყვნენ „კაცნი ძლიერნი და ახოვანნი, სიმდიდრესა ზედა მკლავისა თჳსისა მოქადულნი და სიმრავლესა ზედა ერისასა აზღვავებულნი“ (გიორგი მცირე 1967: 160). ამასთანავე 1060 წელს ბაგრატ IV-ს კეისრისაგან სევასტოსობა მიუღია (ჯავახიშვილი 1983: 151). გიორგი მცირე აბაზასძეთა განადგურებას ბაგრატის მირ „სასწაულად“ და მეფის „დიდ გამარჯვებად“ მიიჩნევს. „მას ჟამსა იქმნა დიდი გამარჯუებაჲ მეფისაჲ, ოდეს-იგი შეწევნითა ღმრთისაჲთა წინააღმდგომნი თჳსისა მეფობისანი აბათაჲს ძენი შეიპყრნა“ (გიორგი მცირე 1967: 160). აბასასძენი ისე აქტიურად მოქმედებდნენ, რომ საზღვარგარეთაც კი „ყოველთა უწყოდნენ“, რომ ისინი მეფის შეპყრობას ეპირებოდნენ (აფციაური 1980: 51). სავარაუდებელია, რომ ლიპარიტი და აბაზასძენი ერთი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები არიან, ლიპარიტთან ერთად ხშირად იხსენიება იოანე აბაზასძე. ნიშანდობლივია, რომ თბილისის ამირას წინააღმდეგ ბრძოლის დაწყების ინიციატორი ქართლის ერისთავი ივანე აბაზას ძეა ლიპარიტთან ერთად, და ეს ორივე ფეოდალი შემდეგ მეფის უძლიერესი მოწინააღმდეგე ხდება. მათი დამარცხების შემდეგ, როგორც ჩანს, იძულებულია ბაგრატ IV ერთგულება შეჰფიცოს და მის მხარეზე გადავიდეს ერისთავი ფარსმან თმოგველი. „მატიანე ქართლისაჲს“ მიხედვით, XI საუკუნის 40-იან წლებში, როდესაც ლიპარიტ ერისთავთა-ერისთავსა და ბაგრატ IV-ს შორის ურთიერთობა გამწვავდა, ფარსმან თმოგველი მეფის მოწინააღმდეგეთა ბანაკშია: „ციხეთა უფალნი კაცნი მტკიცე იყვნეს ერთგულობასა ზედა ბაგრატისასა, თÂნიერ ფარსმან თმოგუელისა და ბეშქენ ჯაყელისა, თუხარისისა ერისთავისა“ (მატიანე ქართლისაჲ 2008: 282). თურქ-სელჩუკების მიერ ახალქალაქის აოხრების დროს (1064 წ.), მირაშხანის წარწერის მიხედვით, კი ფარსმან თმოგველი მეფის ერთგულია და ახალქალაქის დამცველთა რიგებში იღუპება. ფარსმან თმოგველის გაერთგულება მეფისადმი ლიპარიტ ბაღვაშისა და აბაზას ძეთა დამარცხების შემდეგ უნდა მომხდარიყო. ამის შემდეგ ბაგრატ IV იმდენად გაძლიერდა, რომ 1062 წელს თბილისის შემოერთებიათვის მას ანგარიშს უწევენ განძის ძლიერი მბრძანებელი აბულ-ასვარი და კახეთის მეფე აღსართანი. „მუნეჯიმ-ბაშის სიტყვით, 1062 წელს შედედიანთა დინასტიის წარმომადგენელ აბულ-ასვარს (1049-1067 წლებში მბრძანებლობდა განჯაში) ეახლნენ თბილისის მოქალაქეთა თავკაცების წარმომადგენლები, აუწყეს თავიანთი მძიმე მდგომარეობა, ქალაქის გასაღები მიართვეს და სთხოვეს ჩაებარებინა ქალაქი და ციხე. ამასთან ერთად, ქალაქის საგანგებო გაჭირვებული მდგომარეობის გამო, მათ სთხოვეს განჯის პატრონს, სასწრაფოდ გაეგზავნა თბილისისათვის მცველი რაზმი, იარაღი და სანოვაგე. აბულ ასვარი უკეთესს ვერც ინატრებდა და გადაწყვიტა, მიეღო ეს წინადადება, მაგრამ მისი ვეზირი უფრო შორსმჭვრეტელი აღმოჩნდა. მან გააფრთხილა აბულ-ასვარი, ასეთი მოქმედების შედეგად შეიძლება ისიც დაკარგო, რაც უკვე გაგაჩნიაო, რითაც უთუოდ საქართველოს მეფესთან მოსალოდნელ ბრძოლაზე მიუთითებდა. ამის გამო აბულ-ასვარმა აღარ მიიღო თბილისელთა წინადადება და დააბრუნა გასაღები (კიკნაძე 1958: 164). აბულ-ასვარის უარის შემდეგ თბილისის მოქალაქეებმა ქალაქი კახეთის მეფე აღსართან გაგიკის ძეს შესთავაზეს. აღსართანმა დიდი პატივით მიიღო თბილისის მოქალაქეთა წარმომადგენლები, ელჩები დაასაჩუქრა და გაისტუმრა (კიკნაძე 1960 113). შემდეგ ბაგრატ IV-მ, რომელიც ისედაც ცდილომდა კახეთის შემოერთებას, აღსართანისაგან დიდი საფასურის გადახდით იყიდა თბილისი, სასწრაფოდ გააგზავნა გარნიზონი და მოამარაგა ხალხით, იარაღით და სურსათ-სანოვაგით (Minorsk 1953: 20). ბაგრატი, როგორც ჩანს, იმდენად დაინტერესებული ყოფილა თბილისში გაბატონებით, რომ იგი საამისოდ დიდი თანხის გაღებასაც არ დარიდებია. მეფე იმჟამად თბილისზე უარს იმიტომაც არ იტყოდა, რომ მისი ძლიერი მოწინააღმდეგე, თბილისისათვის მებრძოლი კლდეკარის ერისთავი უკვე დამარცხებული ჰყავდა.
რ. კიკნაძის ვარაუდით, ბაგრატმა თბილისის შესყიდვის შემდეგ თვითონ კი არ დაიჭირა იგი, არამედ ჯაფარის შვილები შეარიგა და ისინი დასვა ქალაქის გამგებლად. ამ დროს ჯაფარის შვილების თბილისის გამგებლებად დასმა საეჭვოდ მიგვაჩნია, რადგან სწორედ მათ გამო ჩავარდა თბილისი მძიმე მდგომარეობაში. თბილისის მოქალაქეებმა ისინი ქალაქიდან გააძევეს და მათი უკან დაბრუნება გარკვეულ სირთულეებთან იქნებოდა დაკავშირებული. გაძლიერებული ბაგრატი დიდ საფასურად ნაყიდ თბილისში ჯაფარის შთამომავლების გამგებლებად დანიშვნისათვის არ იზრუნებდა. უფრო მართებულად მიგვაჩნია შ. მესხიას აზრი: „ ჩვენ არ ვიცით, თუ რამდენხანს გასტანა ბაგრატ IV-ის მფლობელობამ თბილისში, მაგრამ საფიქრებელია, რომ იგი ორ-სამ წელიწადზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელებულიყო. ჩვენი აზრით, თურქ-სელჩუკთა საქართველოში პირველი ლაშქრობა (1065 წ.) უნდა ყოფილიყო მიზეზი ბაგრატის მიერ თბილისის დატოვებისა და იქ ისევ ქალაქის მფლობელ ჯაფარიდთა ხელისუფლების-უდავოდ, ალფ-არსლანის ხელშეწყობით- აღდგენისა. ცხადია, შემთხვევითი არ არის ქართული და აღმოსავლური წყაროების საერთო ჩვენებანი ალფ-არსლანის საქართველოში ლაშქრობის დროს თბილისის ამირას მოკავშირეობისა და მისი თანხლების შესახებ“ (მესხია 1982: 241). ზ. პაპასქირი ვარაუდობს, რომ თბილისის შემოერთების შემდეგ საქართველო იქცა სელჩუკთა მთავარ მეტოქედ ამიერკავკასიაში. „საქართველოს მეფის მიერ თბილისის დაკავებამ, ეტყობა არც თუ ისე უსაფუძვლოდ, მუსლიმანური სამყაროს შეშფოთება გამოიწვია, ბაგრატ IV-ის მიერ თბილისში გატარებულ ღონისძიებებში, რომელსაც ხაზგასმით აღნიშნავს ალ-ფაკიჰი (გასცა ბრძანება გაეფართოვებინა გზები მთებში, რათა გაადვილებოდათ ურწმუნოებს იქიდან გადასვლა ისლამის ქვეყნებში), სელჩუკთა მმართველ წრეებს, სავსებით რეალურად შეეძლოთ დაენახათ საქართველოს მეფის მხრიდან ახალი სამხედრო აქციების განხორციელებისათვის თადარიგის დაჭერა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ დროიდან, ამიერკავკასიაში გაბატონების გზაზე სელჩუკების მთავარ მეტოქედ სწორედ საქართველოს სახელმწიფო იქცა. ამან კი საქართველო სელჩუკების ომი გარდაუვალი გახადა“ (პაპასქირი 1991: 11).
სამეფო ხელისუფლების ძლიერებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ეკლესიის პოზიციას. საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის დროს ეკლესია გაერთიანებისათვის მებრძოლ ძალებს უჭერდა მხარს, მაგრამ ქვეყნის გაერთიანების შემდეგ შეუვალობისათვის დაიწყო ბრძოლა და ამ მიმართულებით წარმატებასაც მიაღწია ჯერ კიდევ XI საუკუნის დასაწყისში. ბაგრატ III, რომელიც წარმატებით იბრძოდა ხელისუფლების ცენტრალიზაციისათვის, იძულებულია ეკლესიას დაუთმოს და შეუვალობა მიანიჭოს მას. ამის შემდეგ ეკლესიაში თანდათან გაძლიერდა ფეოდალური არისტოკრატიის გავლენა, რასაც ხელი შეუწყო მემკვიდრეობის წესმა, რომლის ძალითაც უმაღლეს საეკლესიო თანამდებობათა დაკავება მხოლოდ მაღალი წოდების წარმომადგენლებს შეეძლოთ. ბაგრატ IV-მ დიდგვაროვან აზნაურთა წინააღმდეგ გარკვეული წარმატების შემდეგ XI საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში სცადა ეკლესიის დამორჩილება სახელმწიფოსადმი და ამ მიზნით ათონის მთიდან სახელგანთქმული საეკლესიო მოღვაწე გიორგი მთაწმინდელი მოიწვია საქართველოში, რათა მისი დახმარებით გადაეყენებინა უმაღლეს საეკლესიო თანამდებობებიდან ის პირები, რომელთაც აღზევებას მიაღწიეს არა პირადი თვისებებით, განათლებით, მოღვაწეობით, არამედ სოციალური მდგომარეობით. რასაკვირველია, ასეთთაგან მეფის წყრომას იმსახურებდნენ განსაკუთრებით ისინი, ვინც ეწინააღმდეგებოდა ბაგრატ მეფის პოლიტიკას. (ლორთქიფანიძე 1979: 170). საქართველოში ჩამოსული გიორგი მთაწმინდელი აქტიურად შეუდგა საეკლესიო რეფორმის გატარებას. ამ დროს წოდებრიობა იმდენად გაბატონებული იყო ეკლესიაში, რომ მის წინააღმდეგ გალაშქრება საქართველოში მოულოდნელ და საკვირველ საქმედ მიიჩნიეს. „მაბრალობლებმა“ არ დაინდეს თვით ისეთი დიდი ავტორიტეტიც კი, როგორიც იყო გიორგი მთაწმინდელი, რომელმაც მრისხანედ გაილაშქრა ეკლესია-მონასტრებში დამკვიდრებული დიდგვარიანების წინააღმდეგ და საეკლესიო ცხოვრების დემოკრატიზაცია, სახარებისეული ქრისტიანული პრინციპების აღდგენა დაისახა მიზნად, რომელიც უარყოფდა ყოველგვარ წოდებრიობას ქრისტიანულ თემში (აფციაური 1980 101). ხუთწლიანი დაუღალავი შრომის წყალობით გიორგი მთაწმინდელმა ეკლესიაში წოდებრივი უპირატესობა მოსპო, მაგრამ საეკლესიო რეფორმა ბოლომდე ვერ მიიყვანა ქვეყნის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და საგარეო მდგომარეობის გამო.
ამრიგად, XI საუკუნის 60-იანი წლებისათვის დიდგვაროვან აზნაურთა და სამეფო ხელისუფლებას შორის ბრძოლა ცენტრალური ხელისუფლების გამარჯვებით დამთავრდა. საქართველოს სახელმწიფომ მოახერხა ქვეყნის შიგნით მშვიდობის დამყარება. ყველაზე ძლიერი ფეოდალების აბაზასძეთა და ბაღვაშთა დროებითი დამხობა, აგრეთვე ძირითადი ქართული მიწების გაერთიენება. ქვეყნის შემდგომი პოლიტიკური გაძლიერება შეაფერხა მძიმე საგარეო პოლიტიკურმა ვითარებამ. რაც განპირობებული იყო საქართველოში თურქ-სელჩუკთა ლაშქრობებით ალფ-არსლანის სარდლობით. ამ ლაშქრობების წინ სამეფო ხელისუფლების უზომო ძლიერებაზე მიუთითებს „მატიანე ქართლისაჲს“ ავტორი: „და მოირჭმუნა ბაგრატ და განძლიერდა უფროÁს ყოველთა მეფეთა მის ქუეყანისითა. და ამან წარიხუნა ყოველი ციხენი ჰერეთისა და კახეთისანი, თჳნიერ კუეტარისა და ნახჭევანისა. და შემდგომად ამისა იქმნნეს დიდნი საქმენი აღძრვანი დიდთა მეფეთანი“ („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 289). 100
IV თავი
ალფ-არსლანის პირველი ლაშქრობა საქართველოში
დიდ სელჩუკთა სახელმწიფოს ფუძემდებლის თოღრულ-ბეგის გარდაცვალების შემდეგ სულთნის ტახტი დაიკავა ალფ-არსლანმა (1063-1072). იბნ ალ-ასირის მიხედვით, იგი 424 (1032/33), რავენდის მიხედვით, კი 431 (1039/40) წელს დაიბადა. მან კიდევ უფრო წარმატებით განაგრძო და განავითარა თავისი წინამორბედის საქმეები. ი. ჯავახიშვილის შეფასებით, ალფ-არსლანი მამაზე, ჩაღრი-ბეგზე და ბიძაზე თოღრულ-ბეგზე, უფრო გამბედავი და გულადი იყო, რომელმაც მცირე აზიაში მრავალი სახელოვანი ომი გადაიხადა (ჯავახიშვილი 1983: 151).
ალფ-არსლანი ბერძნულ-ქართულ-სომხური წყაროების მიხედვით, ძირითადად უარყოფით, ხოლო არაბულ-სპარსულ-ოსმალური წყაროების მიხედვით, დადებით პიროვნებად ხასიათდება. სადრ ად-დინ ჰუსეინი ალფ-არსლანს ახასიათებს როგორც მართლმსაჯულ, მოწყალე, სულგრძელ მმართველს: „სულთანი სამეფო ტახტის დაკავებისა და მართვაში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეშევრდომებს თანაგრძნობით ექცეოდა, მათ მიმართ ლმობიერი იყო. მან გაათავისუფლა ისინი ყოველწლიური ორმაგი გადასახადებისაგან. ყოველი წლის რამაზანის თვეში ის გასცემდა ქვეშევრდომებისათვის ოთხი ათას დინარს: ათას დინარს ბალხელებზე, ათას დინარს მერეველებზე, ათას დინარს გასტელებზე და ათას დინარს ნიშაბურელებზე. ამას გარდა ათას დინარს გასცემდა სამეფო კარისთვის“ (www.vostlit. info, Восточная литература, Автори и источники на вукву „Х“, Ал-Хусайни Садр-Ад-Дин).
აღმოსავლურ წყაროებში აღნიშნული სულგრძელობის მიუხედავად, ალფ-არსლანი სახელმწიფო მართვის საქმეებში მკაცრი და შეუვალი იყო. ნიზამ ალ-მულქი, სულთნის მრჩეველი და ქვეყნის ფაქტობრივი გამგებელი, აღნიშნავდა: ალფ- არსლანი იმდენად მტკიცე იყო მმართველობაში, რომ ძრწოლას იწვევდა და მეც ყოველთვის შიშით ვემორჩილებოდი, რადგან შაფიტების მოძღვრებას იგი ეჭვით უცქერდაო (Низам ал-Мулк 1949; 102). მიუხედავად დიდი ნდობისა, ნიზამ ალ-მულქი მაინც ფრთხილობდა ალფ-არსლანთან. მას ამის საფუძველი ჰქონდა, რადგან ისინი ისლამის რელიგიის სუნიტური სექტის სხვადასხვა მიმდევრობას ეკუთვნოდნენ; სულთანი იმამ აბუ ჰანიფას მიმდევარი იყო, ხოლო ნიზამ ალ- მულქი შაფის მიმდინარეობას უჭერდა მხარს. ეს კი ალფ-არსლანისთვის დიდ ცოდვად ითვლებოდა (შენგელია 1968: 126).
ალფ-არსლანი იმდენად წარმატებული ყოფილა სამხედრო საქმეებში, რომ მიხეილ სირიელის მიხედვით, მისთვის ხალიფა ქაიმს „გამარჯვების მამა“ შეურქმევია. ეს ცნობა სირიელს არაბულ წყაროებში მოუძიებია (www.vostlit. info, Восточная литература, Автори и источники на вукву „М“ Михаил Сириец). ალფ-არსლანმა ჯერ კიდევ სულთნობამდე გამოიჩინა თავი, როგორც ძლიერმა მმართველმა და სამხედრო მეთაურმა. სადრ ად-დინ ჰუსეინის ცნობით, თოღრულ-ბეგმა ალფ-არსლანის დახმარებით შეძლო იბრაჰიმ იინალის აჯანყების დამარცხება. „ალფ-არსლანი იმყოფებოდა სიჯისტანში, როდესაც მოუვიდა ბიძის თოღრულ-ბეგის წერილი: ჩემს ძმას სურს ძალაუფლება წამართვას და ზიანი მიაყენოს ჩემს ხელისუფლებას. მე იძულებული ვარ, მოგმართო დახმარებისთვის და გთხოვო მხარდაჭერა. ალფ-არსლანი 10 დღეში უდაბნოს გავლით ჩავიდა ერაყის მისადგომებთან და გამოცხადდა სულთან თოღრულ-ბეგის ბანაკში. 451 წლის 19 ჯუმადს (1059 წლის 2 აგვისტო) დილით მათ მოამზადეს ლაშქარი ბრძოლისთვის. შუადღით ალფ-არსლანმა შეიპყრო იბრაჰიმ იინალი და დატყვევებული მიჰგვარა თავის ბიძას სულთან თოღრულ-ბეგს. ამის შემდეგ ალფ-არსლანი, მთელი წარმატებით, ცოცხალი და ჯანმრთელი გაემართა ხორასანისკენ. იმავ 1059 წლის 2 აგვისტოს, ოთხშაბათს იბრაჰიმ იინალი სიკვდილით დასაჯეს“. იმავე ავტორის მიხედვით, ჩაღრი-ბეგ დაუდმა თავისი წარმატებული ლაშქრობების დროს ბალხის, თოხარისთანის, თერმეზის, ყობადიანის და სხვა ვილაიათების მართვა ალფ-არსლანს მიანდო (www.vostlit. info, Восточная литература, Автори и источники на вукву „Х“, Ал-Хусайни Садр-Ад-Дин). მამამისმა ალფ-არსლანი სიცოცხლეშივე გამოაცხადა ტახტის მემკვიდრედ, ხოლო გარდაცვალების შემდეგ მთელი ხელისუფლება მის ხელში გადავიდა. ანონიმი ავტორის ცნობით, თოღრულ-ბეგმა მას სიცოცხლეშივე გადასცა სირია ეგვიპტე და დამასკო (ანონიმი ავტორი 2003: 384). გამორიცხული არ არის თოღრულ-ბეგს ეს ტერიტორიები ალფ-არსლანისთვის იბრაჰიმ იინალის წინააღმდეგ დახმარებისთვის გადაეცა. ალფ-არსლანის ძლიერების მიუხედავად, მისი გასულთნება უპრობლემოდ მაინც არ მომხდარა. „ბონდარის გადმოცემით, როდესაც თოღრულ-ბეგი რეიში გარდაიცვალა, მისი დიდი ვეზირი ამიდ ალ-მულქი რეიდან 70 კმ. დაშორებით იმყოფებოდა. იგი სასწრაფოდ მოვიდა დედაქალაქში, სულთანი დაასაფლავა, ხალხი დააწყნარა და ტახტზე სულთნის ძმისშვილი სულეიმან ბენ დაუდი დასვა. ამავე ავტორის ცნობით, სულეიმანის დედა ჩაღრი-ბეგ დაუდის გარდაცვალების შემდეგ თოღრულ ბეგზე დაქორწინდა. თოღრულ ბეგმა კი სულეიმანი ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა. ამიდ ალ-მულქმა ამიტომაც აიყვანა იგი თოღრულ ბეგის ტახტზე და საქმე ამით დაამთავრა. ამ ფაქტის გამო რავენდი სულეიმანს თოღრულ-ბეგის უმცროს შვილად მიიჩნევს. სულეიმანს ტახტზე ჯდომა დიდხანს არ დასცალდა. მისმა ძმამ ალფ-არსლანმა, რომელიც ჩაღრი-ბეგის საქმეებს განაგებდა, მისი გარდაცვალების შემდეგ და უკანასკნელი ორი წლის განმავლონაში ხორასნის ვალი იყო, ბიძამისის ტახტზე პრეტენზია განაცხადა. ბარ ჰებრაი შენიშნავს, რომ, რადგანაც სულეიმანის ძმა ალფ-არსლანი ძლიერი პიროვნება იყო, მან სულეიმანის სიცოცხლეს ბოლო მოუღო და მის ადგილზე მბრძანებლობა განაგრძო“ (შენგელია 1968: 106). ბუნებრივია, გაძლიერებული ალფ-არსლანი სულეიმანის ტახტზე ჯდომას ვერ შეეგუებოდა, ბეგების დიდმა ნაწილმაც მხარი მას დაუჭირა. დიდი ვეზირი ამიდ ალ-მულქი იძულებული გახდა თავის გადაწყვეტილებაზე უარი ეთქვა და ალფ-არსლანისთვის დაეჭირა მხარი. ხალიფა ალ-ქაიმის მიერ შეკრებილ მეჯლისში 1064 წლის 27 აპრილს ალფ-არსლანი საზეიმო ვითარებაში სულთნად აკურთხეს (www.vostlit. info, Восточная литература, Автори и источники на вукву „И“ Ибн-ал-Асир, Тирих-ал-Камиль, Полный свод всеобщей Истории). სულეიმანის გარდა მან დაამარცხა ტახტის მაძიებელი ყველა ნათესავი. კერძოდ, ჰერათში მან ჩაახშო ბიძის-მუსა იაბღუსა და ქავერდის აჯანყებები. ქავერდი მას რამდენჯერმე აუჯანყდა. ბონდარის ცნობით, ალფ-არსლანის ძმა ქავერდი 1063 წელს ალფ-არსლანს აუჯანყდა, შირაზი იგდო ხელთ და იქ მყოფი დეილემიები ამოხოცა. იქიდან თავის შესაფარებლად ქერმანში, ბერდეშირის სახელწოდების ციხეში ჩაიკეტა. ალფ-არსლანმა მის წინააღმდეგ გაილაშქრა, მაგრამ შეიწყალა იგი. ამის შემდეგ ალფ-არსლანმა ისთახრის ციხე აიღო. ციხისთავი დიდი საჩუქრებით ეახლა სულთანს. სულთანმა ქვეყანაში წესრიგი აღადგინა (შენგელია 1968: 108). ალფ-არსლანს ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ყუთულმიშმა გაუწია. ანონიმი ავტორის ცნობით, „როდესაც სულტნობა ალფ-არსლანის ხელში გადავიდა, ეს ამბავი მისმა ბიძაშვილმა ყუთულმიშმა ქუჰში შეიტყო და სულთნობაზე დავა დაიწყო. თურქი ჯარისკაცები მას მიემხრნენ. რეისაკენ გაემართნენ. როდესაც ისინი ერთმანეთს შეებნენ, ყუთულმიშის ჯარი დამარცხდა და თვითონ გაქცევა მოინდომა, მაგრამ ცხენიდან ჩამოვარდა და მოკვდა. აქედან ალფ-არსლანი რეისა და ჰამადანში წავიდა, ჰამადანიდან კიდევ ისფაჰანში წავიდა“ (ანონიმი ავტორი 2003: 384). მათ დაპირისპირებაზე ვრცლად მოგვითხრობს სადრ ად-დინ ჰუსეინი: „მოვიდა ცნობა, რომ სულთნის ძმა (მამით) ყუთულმიში აჯანყდა და მოითხოვა სულთნის ხელისუფლება. მან შეკრიბა ლაშქარი დაუნდობელი ჯარისკაცებისაგან და დაიძრა რეისკენ მიმავალ გზაზე. იგი შეჩერდა ქალაქ სავესთან ახლოს. სულთანმა მის წინააღმდეგ გაგზავნა თავისი ავანგარდი ემირ საუ-თეგინის მეთაურობით. თვითონ სულთანი გამოვიდა ნიშაბურიდან 1064 წლის 3 იანვარს.
ყუთულმიშმა თავის ჯარისკაცებს მისცა თავისუფლად მოქმედების უფლება და გაანადგურა რეის დასახლება. მან გამოუშვა წყალი აბდალახაბადის მისადგომებიდან და ალ-მილხის მარილიანი მინდვრიდან. ეს იყო მარილიანი ჭაობი, რომელზე გავლაც მგზავრებს ძალიან უჭირდათ.
ორივე ჯარი ერთმანეთს მიუახლოვდა, ვეზირმა ნიზამ ალ-მულქმა აისხა იარაღი და მოამზადა თავისი ქვედანაყოფი. მარჯვენა ფრთაზე იყვნენ ემირები ქუთბ ად-დინ გიულსარიგი და ფახლავან შუნუქლუ. მარცხენა ფრთაზე იყვნენ ემირ ხაბაშას მამა ემირი ალთუნ-თაქი და ლაშქრის მეთაური ემირი საუ-თეგინი. სულთანთან ერთად ცენტრში იყვნენ ბალთაჯი, სუნქურჯა, აგაჯი და სხვა გამოჩენილი ემირები.
სულთანი შეჯდა ცხენზე და დაიწყო მთის ძირში გზის ძებნა, მაგრამ ვერ იპოვა და მიუშვა ცხენი წყლისკენ, ლაშქარიც მას მიჰყვა და გადალახეს საშინელი დინება. მელიქი ყუთულმიში და მისი ლაშქარი ელოდნენ, რომ ისინი დაიხრჩობოდნენ მარილიან ჭაობში. მოულოდნელად სუნქურჯა თავს დაესხა ყუთულმიშს, ხელთ იგდო მისი კარავი, დროშა კი დახია. ყუთულმიშმა მიიღო რამდენიმე ჭრილობა. ის გაემართა ერთ-ერთ თავის ციხესიმაგრე გირდკუხში. ყუთულმიშის ლაშქრიდან აღარავინ დარჩა. ყველა გაიქცა სადამდისაც თვალი მიუწვდებოდათ. სულთანმა გადაწყვიტა ტყვეების მკაცრად დასჯა. მაგრამ, როდესაც ნიზამ ალ-მულქმა მოუწოდა მოწყალებისაკენ, დიდსულოვნად აპატია და შეიწყალა ისინი. ომის დამთავრების შემდეგ ნახეს მელიქი ყუთულმიში, რომელმაც თავისი სიცოცხლე ცხვრების სადგომში დაასრულა. მისი ცხედარი გადაასვენეს რეიში და დაკრძალეს სულთან თოღრულ-ბეგის გვერდით“ (www.vostlit. info, Восточная литература, Автори и источники на вукву „Х“ Ал-Хусайни Садр-Ад-Дин).
ყუთულმიშის საკითხის მოგვარებით ალფ-არსლანმა განიმტკიცა ხელისუფლება და მთელი ყურადღება დაპყრობით ომებზე გადაიტანა. თურქი ისტორიკოსის სელჩუკოლოგ ალი სევიმის აზრით: ალფ-არსლანმა როგორც კი დაიკავა ტახტი, დაიწყო მზადება ლაშქრობებისათვის აღმოსავლეთ ანატოლიასა და საქართველოში. მას ეახლა ანატოლიაში მუდმივად მოლაშქრე ემირი თუღთეგინი და მიაწოდა ინფორმაცია ანატოლიაში მიმავალი გზების შესახებ ( Sevim 2002: 46).
სადრ ად-დინ ჰუსეინის მიხედვით, „ალფ-არსლანი 456 წლის რებიულეველის პირველ დღეებში (1064 წლის თებერვლის მიწურული) რუმის მხარეში გაემგზავრა (იგულისხმება ბიზანტიის იმპერია). სულთანს აცნობეს, რომ გაიძვერა ქურთთა რაზმებმა ჰოლვანის საზღვარზე (ქალაქი ერაყის ჩრდილო დასავლეთით, რომლის ახლოს მდებარეობს ასადაბადის იგივე ჰოლვანის უღელტეხილი) გზები გადაჭრეს და რომ ყველგან დიდ ბოროტებას ჩადიოდნენ. ამის გამო მან მოამზადა ჯარი, მათ წინააღმდეგ გააგზავნა და ყველა ისინი ხმლით ააკუწვინა. ამის შემდეგ სიკვდილს გადარჩენილი ქურთთა ერთი ჯამაათი მოვიდა და იკისრა გზების დაცვა ყაჩაღებისაგან. სულთანმა ამ მიდამოების ემირობა ემირ ბეგ არსლანს მისცა. შემდეგ ჯარი ქალაქ მარანდში (ქალაქი ირანის აზერბაიჯანში, იგი ურმიის ტბის აუზში მდებარეობს) გაემგზავრა და იქ დარჩა. რუმების გზაზე იყო ერთი ემირი, ემირ თუღთეგინის (თურქმენთა ერთ-ერთი ემირი, რომელიც ხანგრძლივად წარმატებით აწარმოებდა ბრძოლებს ბიზანტიის წინააღმდეგ და კარგად იცნობდა ადგილობრივ ვითარებას) სახელით ცნობილი. მის გარშემო შეკრებილი იყო თურქმენთა ერთი ჯამაათი. რუმებმა მათგან ძალიან დიდი ზარალი განიცადეს და მათთან წარმოებულ ომებში დამარცხდნენ. ეს ემირი სულთნის სამსახურში ჩადგა და ხელმძღვანელობა და მეგზურობა გაუწია ჯარებს ამ ქვეყნების ციცაბო ადგილებისაკენ გატარებაში. მან სულთანს აცნობა, რომ რუმთა მფლობელობაში მყოფი ქართველთა ქალაქები მოიცვა ურჯულოებამ, აჯანყებამ და აღვირახსნილობამ, ამის გამო სულთანი ქართველთა ქვეყნების წინააღმდეგ გაემართა. თავის ნაცვლად სამხედრო ბანაკში მან საკუთარი შვილი სულთან უდ-დევლე მელიქ-შაჰი დატოვა“ (სადრ ად-დინ ჰუსეინი 1976: 188). როგორც ირკვევა, ჰუსეინი გულისხმობს, რომ ამ დროს საქართველო ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაშია, რეალურად საქართველო ამ დროს ამიერკავკასიაში ერთადერთი დამოუკიდებელი, პოლიტიკური ძლიერების გზაზე დამდგარი ქვეყანაა. ვფიქრობთ, ალფ-არსლანის დასავლეთისკენ გამოლაშქრების ძირითადი მიზეზი საქართველოში ლაშქრობა და ენერგიული ბაგრატ IV-ის ბიზანტიისაგან იზოლაცია უნდა ყოფილიყო. შემთხვევითი არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ლაშქრის იმ ნაწილს, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ უნდა დაძრულიყო, ალფ-არსლანი თვითონ ჩაუდგა სათავეში, ხოლო მეორე ნაწილის მეთაურობა, რომელთაც ბიზანტიის იმპერიის მოსაზღვრე ციხეები უნდა დაეპყროთ, მელიქ-შაჰსა და ნიზამ ალ-მულქს მიანდო. ალფ-არსლანის საქართველოში უშუალო ლაშქრობა ამ ქვეყნისადმი განსაკუთრებულ ინტერესზე მიუთითებს.
ხელისუფლების განმტკიცების შემდეგ, ალფ-არსლანის დასავლეთის მიმართულებით დაძვრის ძირითადი მიზეზი რომ საქართველოა, კიდევ უფრო კარგად ჩანს იბნ ალ-ასირის ცნობიდან, რომლის მიხედვით: ალფ-არსლანი რუმების წინააღმდეგ ლაშქრობის მიზნით 456 წლის რუბილეველის დასაწყისში (1064 წლის თებერვლის მიწურული) გაემართა რეიდან აზერბაიჯანის მიმართულებით და მოვიდა ქალაქ მარანდში. აქედან იგი თუღ-თეგინმა ნახჭევანში მოიყვანა. ალფ-არსლანმა ხომალდების მომზადება და მდინარე არაქსის გადალახვა ბრძანა. ამ დროს მას შეატყობინეს ხოისა და სელმასის მოსახლეობის განდგომა; იგი იძულებული გახდა მათ წინააღვდეგ ხორასნის გამგებლის მეთაურობით ლაშქარი გაეგზავნა. ხორასნის გამგებელმა დაიმორჩილა ისინი და ამ ქვეყნის ლაშქარიც მას მოუვიდა ნახჭევანში. უამრავი ლაშქრის შეკრების შემდეგ ალფ-არსლანი დაიძრა ქართველთა ქვეყნისაკენ (www.vostlit. info, восточная литература, Автори и источники на вукву „И“, Ибн Ал-Асир, Полный свод всеобщей истории). „მუნეჯიმ ბაშის ცნობით, საქართველოში ლაშქრობის წინ არანის, შირვანის, ბაბ ალ-აბვაბის და სხვა ტერიტორიების გამგებლები და ამირები მივიდნენ ალფ არსლანთან, მორჩილება გამოუცხადეს და თავიანთი ლაშქრით სამსახური შესთავაზეს“ (შენგელია 1968: 219-220).
XI საუკუნის ძველქართულ წერილობით ძეგლებში როგორც ნარატიულში, ასევე დოკუმენტურში დაცულია მნიშვნელოვანი ცნობები, ცნობილი სელჩუკი სულთნის ალფ-არსლანის ლაშქრობების შესახებ. ასეთი რიგის დოკუმენტურ ძეგლებს მიეკუთნება ორი სხვადასხვა დროის ძველქართული წარწერა აღმოჩენილი საქართველოს ისტორიულ რეგიონებში-ჯავახეთსა და შიდა ქართლში. ქართული ნარიტული წყაროებიდან მნიშვნელოვანია XI საუკუნის უცნობი ისტორიკოსის თხზულება „მატიანე ქართლისაჲ“ და ამავე პერიოდის აგიოგრაფი მწერლის, გიორგი ხუცესმონაზონის თხზულება „ცხორებაჲ გიორგი მთაწმინდელისაჲ“. ქართველი ავტორები აღწერილი ამბების თანამედროვენი არიან, რის გამოც მათი ცნობები განსაკუთრებით საინტერესოა და ამავდროულად მეტ ნდობას იმსახურებენ.
აღმოსავლურ წყაროებში დაცული ცნობების ფონზე ალფ-არსლანის საქართველოში ლაშქრობისთვის საგანგებო მზადების შესახებ, საინტერესოა ქართველი მემატიანის გადმოცემა, მისი საქართველოში შემოჭრის მოულოდნელობასთან დაკავშირებით. იგი წერს: „ამისა მეფობისა ჟამთა შინა გამოვიდა სულტანი არფასარან, მეფე სპარსეთისაჲ, დასხმის გუარად, უგრძნეულად მოვიდა და შემუსრა კანგარი და თრიალეთი. და დღესა ერთსა მარბიელმან მისმან მიუწია ყუელისყურსა, გარდავიდა შავშეთს, კლარჯეთს და ტაოს ვიდრე ფანასკერტამდე. და მასვე დღესა ჩამოუწია თორს დაღჳისჴევს, და თჳთ დადგა თრიალეთს სამ დღე“ („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 289) დედასა და დასთან ერთად ტაოდან მომავალი საქართველოს მეფე ძლივს გადაურჩა თურქ-სელჩუკებს და ქართლში გადმოვიდა. საქართველოში ალფ-არსლანის ამ მარბიელი ლაშქრობის დროს, სადრ ად-დინ ჰუსეინის ცნობით, სელჩუკთა მეორე ლაშქარი მალიქ-შაჰისა და ნიზამ ალ-მულქის სარდლობით ბიზანტიის ციხე-სიმაგრეებს იპყრობდა. ერთ-ერთი ციხის, რომელსაც თურქი ისტორიკოსი ქოიმენი ბიურაკანის (ანბერდის) სახელით მოიხსენიებს (Köymen 1963: 256), დაპყრობის შემდეგ მათმა სურმარის (საქართველოს მოსაზღვრე ტერიტორიაზე არსებული ციხე-სიმაგრე) ციხე აიღეს, შიგ გარნიზონი ჩააყენეს და მარიამ-ნიშად წოდებული ციხის ასაღებად გაემართნენ. წყაროს მიხედვით, ეს ქალაქი იყო ქრისტიანების სალოცავი ადგილი, სადაც მღვდლები და ბერები ცხოვრობდნენ. აქ მოდიოდნენ სალოცავად ქრისტიანი მეფეები და მოსახლეობა. სელჩუკებმა ბევრი იწვალეს ამ ციხის ასაღებად, ნაჯახებით ციხის კედლების გახვრეტა მონდომეს, მაგრამ ციხის ლოდები რკინის სალტეებით იყო შეერთებული და ნაჯახებს პირი გაუფუჭდა. „იმ ღამეს შემთხვევით მიწისძვრა მოხდა, ციხის აღმოსავლეთი მხარე დაინგრა. ქრისტიანთა თავდაცვის საშუალებანი შესუსტდა. დილას, მზის ამოსვლის დროს, მალიქ-შაჰმა და ვეზირ ნიზამ ალ-მულქმა მიაღწიეს იმას, რომ ქვეყანაში შევიდნენ. მთელი ეკლესიები დაანგრიეს და ქრისტიანები ხმლით აკუწეს. ვინც ხმლებს გადაურჩა, მათ ისლამი მიიღეს. შემდეგ დიდებული სულთანი ალფ-არსლანი მოვიდა, დაუძახა თავის შვილს მალიქ-შაჰს. ზემოხსენებულმა არაფერი იცოდა ღმერთისაგან ბოძებული გამარჯვების შესახებ, ამის შემდეგ მალიქ-შაჰი მამასთან ალფ-არსლანთან წავიდა, გზაში დაიპყრო ყველა ციხე, რომელიც შეხვდა და მამამისამდე მიაღწია“ (სადრ ად-დინ ჰუსეინი 1976: 189). როგორც ჩანს, ალფ-არსლანი საქართველოს სამხრეთი პროვინციების დარბევის შემდეგ ჯავახეთის ახალქალაქის ასაღებად საგანგებოდ ემზადებოდა. ამიტომაც იხმო თავისთან უკვე დიდ წარმატებებს მიღწეული მალიქ-შაჰი და ნიზამ ალ-მულქი. თურქი ისტორიკოსი ქოიმენი წყაროს მიუთითებლად აღნიშნავს, რომ მაშინ, როცა ნიზამ ალ-მულქი და მალიქ-შაჰი ბიზანტიელების წინააღმდეგ ბრძოლით იყვნენ დაკავებულნი, ალფ-არსლანმა საქართველო დაიმორჩილა და დაბრუნებულმა თავისი შვილის მიერ მოპოვებული წარმატებით გაიხარა (Köymen 1963: 256). სამართლიანად შენიშნავს ნ. შენგელია: „ზუსტი არ უნდა იყოს თურქი ისტორიკოსის მტკიცება-თითქოს ალფ-არსლანმა საქართველო დაიმორჩილა და მერე იხმო თავისი შვილი და ალ-მულქი ახალქალაქის დასაპყრობად“ (შენგელია 1968: 256). რა თქმა უნდა, ახალქალაქის დაპყრობამდე სამხრეთ საქართველოს მთელი რიგი პროვინციების დარბევა, რომელზედაც მიუთითებს ქართველი მემატიანე, არ ნიშნავს ამ ადგილების, მითუმეტეს, მთელი საქართველოს დაპყრობას, თუმცა მარბიელი ლაშქრობა საკმაოდ ძლევამოსილი უნდა ყოფილიყო. როგორც აღვნიშნეთ, თვით ბაგრატ IV ძლივს გადაურჩა თურქ-სელჩუკებს და ქართლში გადავიდა: „რამეთუ მას ჟამსა მომავალ იყო მეფე ტაოჲთ, და თანა ჰყვანდეს დედაჲ და დაჲ და ძე მისი გიორგი; დადგრომილ იყვნეს ხეკრებულთა. და აყრისა მისსა ჟამსა მოუჴდა ლაშქარი სულტანისაჲ; მოვიდეს და წარმოდგეს ქედსა ზედა. ხოლო იგინი ჩამოესწრნეს ქართლს“ („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 289).
„ჯავახეთის ახალქალაქი მიეკუთვნება შუაფეოდალურ ხანაში „ახალქალაქების“ წარმოშობის ეპოქას. IX-X საუკუნეებში იგი უკვე შესამჩნევი პუნქტი უნდა ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, იმ მუდმივი შფოთის პირობებში, ამ ქალაქს ზღუდე დიდხანს არ ჰქონია. იგი განსაკუთრებულ პირობებში აუგიათ. ჯავახეთის ცენტრი, კოლა არტაანთან ერთად, ანტიკური ხანიდან წუნდაა. წუნდაშია ჯავახეთის ცენტრი ახ. წ. V საუკუნეშიც, რადგან იქ ზის ამ რეგიონის ეპისკოპოსი. ცენტრი როდის გაქრა არ ჩანს, მაგრამ IX-X საუკუნეებში, ახალქალაქობის პერიოდში, სხვა ქალაქი ჩნდება და სულ მალე ის ხდება ცენტრი“ (ზაქარაია 2002: 145).
ქართულ საისტორიო წყაროებში ახალქალაქი პირველად ბაგრატ IV-ის დროს არის მოხსენებული, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ იგი მანამდე არ არსებობდა. „მატიანე ქართლისაჲს“ ავტორის მიერ მოთხრობილი ისტორია ამ ქალაქის მნიშვნელობის თანდათან ზრდისა და ბაგრატ IV-ის დროისათვის განსაკუთრებულ გაძლიერებაზე მიგვითითებს (მესხია 1983: 89). „მატიანე ქართლისაჲს“ ცნობა იმის შესახებ, რომ 1044-1045 წწ „იწყეს ახალქალაქისა ზღუდეთა შენებად, რამეთუ მას ჟამსა უზღუდო იყო“,- დასახლებული ადგილის გაქალაქების მანიშნებელი უნდა იყოს, რადგან გალავანი XI-XII საუკუნეებში ქალაქის ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლად ითვლებოდა. ლ. ჭილაშვილის აზრით. ქალაქის მშენებლობის პირველ ეტაპზე მოსახლეობის დაცვა ციხეს უნდა უზრუნველეყო. მაგრამ როცა იგი საკმარისი აღარ აღმოჩნდა დაცვისათვის, მაშინ დაიწყეს ქალაქის ზღუდით შემოფარგვლა. ახალქალაქის შემოზღუდვა გაქალაქების დასასრულს მოასწავებდა, რადგან უზღუდო ქალაქების არსებობა საქართველოში არ მტკიცდება (ჭილაშვილი 1970: 95-113). ნ. ბერძენიშვილის მიხედვით, კი საქართველოში არსებულა უზღუდო პატარა ქალაქებიც: „ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური წინსვლის შედეგად ამ ეპოქაში ჩნდება და იზრდება ქალაქები უციხოდ, უზღუდოდ; ახალქალაქი „უზღუდო იყო და ეს სახელი კი ერქვა“ (ბერძენიშვილი 1964: 50-51).
ახალქალაქში გალავნის მშენებლობამდე მოსახლეობის თავდაცვის მიზნით, ციხის არსებობის შესახებ ე. ჯანდიერი შენიშნავს: „ახალქალაქის არქეოლოგიურმა შესწავლამ იმ აზრამდე მიგვიყვანა, რომ მის თავდაპირველ მცირერიცხოვან მოსახლეობას ეგებ მარტო ციხეც ჰყოფნოდა დასაცავად. საამისოდ ვფიქრობთ, ანგარიშგასაწევია ერთი არქეოლოგიური ფაქტიც: სამხრეთით, ციტადელის მთავარი ჭიშკრის ქვეშ გათხრისას გამოჩნდა დაფარული კედლის ნაწყვეტი, მასში ჩართული ბურჯით. ეს უკანასკნელი ნაგებია „ფსევდოციკლოპურად“- შერეულად, ჰორიზონტალურის-ვერტიკალურთან მიმართებაში მყოფი დიდრონი, უხეშად თლილი ბლოკების წყობით, რომელთა შორის ღრეჩოები წვრილი ნატეხი ქვითაა შევსებული. სწორედ მის თავზე გადის XI-XII სს. გაჭრილი ციხის მთავარი კარის ზღურბლი. ქვედა ფენაში გამოვლენილი ძველი ბურჯის ნაშთი არც მდებარეობით და არც გეგმით არ შეეფარდება მიწის ზედაპირზე განლაგებული კოშკებისა და ბურჯების მთავარ ძარღვს. ამ უკანასკნელთა აგებულებაში კი, მიუხედავად მრავალსაუკუნოვანი გადაკეთება შეკეთებისა (XVI-XIX სს), მაინც დარჩა XI ს. დაგეგმარებული ციტადელის გეგმიერი მონახაზი: თითქმის ყველა კოშკის ძირში ვხედავთ ბაგრატ IV-სეული (1027-1072წწ) მშენებლობის კვალს; იმდროინდელი კოშკები თუმცა ისევ „ფსევდოციკლოპური“ წესით არის ნაგები, მაგრამ უკვე ჰორიზონტალურ (და არა შერეულ!) რიგებად წყობილი დიდი ბლოკებით“ (ჯანდიერი 1969: 24) ვფიქრობთ, ჯავახეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ აღორძინებას ფართო გასაქანი ბაგრატ III-ის დროს უნდა მისცემოდა, როდესაც იგი აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო დომენშია გაერთიანებული და ქართული სახელმწიფო აღმავლობის გზაზეა შემდგარი. როგორც ჩანს, ახალი მოთხოვნილება ვეღარ დააკმაყოფილა თმოგვმა და სხვა მცირე ადმინისტრაციულმა ცენტრებმა. ამიტომაც გაჩნდა ახალი ცენტრი ზემო ჯავახეთში, მნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ახალქალაქის სახით. ჩვენი აზრით, გაზრდილი ეკონომიკური მოთხოვნილების გამო (აქ გადიოდა ის ძირითადი მაგისტრალები, რომლებიც ბიზანტიიდან და სომხეთიდან მოემართებოდნენ, აგრეთვე უმოკლესი გზა თორით შიდა ქართლისკენ და ტაბაწყურით თრიალეთისკენ), ახალქალაქის გაქალაქებამ დაასწრო მისი გალავნის მშენებლობას. ბაგრატ III-ის შემდეგ გართულებულმა საგარეო და შინაპოლიტიკურმა ვითარებამ, საქართველოს სამეფო კარს არ მისცა ახალქალაქის გალავნის დროულად დამთავრების საშუალება. რაღა თქმა უნდა, სრულიად რეალურად მიგვაჩნია, რომ უზღუდო ქალაქის დაცვის ფუნქციას ციხე შეასრულებდა.
ვახუშტი ბატონიშვილი ახალქალაქს ასე აღწერს: „ახალქალაქი არს ამ ორთა მდინარეთ შესართავს შორის. ესე იყო ქალაქი მოზღუდვილი და ციხე ძლიერი, არამედ შეიმუსრა მრავალგზის. გარნა აწ აღაშენა კუალად შავშეთის ბეგმან ქართლიდამ. ამ ახალქალაქს ზეით არს ამირანის გორა, მტკურის სამჴრის კიდეზედ. მუნ არს მტკუარსა ზედა ჴიდი. ამას ზეით არს ტბა საღამოსი, დიდი და აღვსილი თევზითა გემოიანითა ამისთჳს, რამეთუ არს ანკარა და ქვიანი. ამის სამჴრით არს ტბა ფანავრისა, რომელი აღვწერეთ ქართლსა ზედა. და ამ ფანავარს გამოსდის ჯავახეთის მტკუარი, დაბას გასადინარსა.“ (ვახუშტი ბატონიშვილი 1973: 671).
„მატიანე ქართლისაჲს“ ავტორი ალფ-არსლანის მიერ სამხრეთ საქართველოს კუთხეების (კანგარი, თრიალეთი, ყუელისყური, შავშეთი, კლარჯეთი, ტაო) დარბევის შემდეგ ახალქალაქის აოხრებას შემდეგნაირად გადმოგვცემს: „წავიდეს ჯავახეთს და მოადგეს ახალქალაქს, რამეთუ მესხნი აზნაურნი და ზემოსა კერძისანი ძლიერად დგეს ახალქალაქს და ჰბრძოდეს სამ დღე. რამეთუ არა ზღუდითა მტკიცითა განსრულებულ იყო ახალქალაქი, ვერღარა დაუდგმიდეს ბრძოლითა ძლიერითა. აღიჭურნეს მყოფნი ქალაქისანი და განახუნეს კარნი და შეებნეს ძლიერად, მოსრნეს პირითა მახჳლისაჲთა. და შევიდეს ქალაქად თურქნი და ტყვე ყვნეს ურიცხუნი სულნი ქრისტიანეთანი, აღიღეს განძი და ტყუე ძლიერი, და შეიღება წყალი ახალქალაქისაჲ სისხლითა“ („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 289). ახალქალაქის ბრძოლა საინტერესოა როგორც მესხების გმირული ბრძოლით, ასევე ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორიის თვალსაზრისითაც. როდესაც, ციხის დაუსრულებელი გალავნის გამო, სამდღიანი ბრძოლის შემდეგ, შეუძლებელი გახდა მტრის შეკავება, მეციხოვნეებმა კარები გააღეს და ისე ეკვეთნენ მტერს. ამ ხერხით წარმატებასაც მიაღწიეს. მართალია, მეციხოვნენი საბოლოოდ დამარცხდნენ, მაგრამ მტერსაც დიდი ზარალი მიაყენეს. რომ არა ამგვარი ტაქტიკური ხერხი, სელჩუკები ნაკლები დანაკარგებით შეძლებდნენ ახალქალაქის აღებას. მტერმა ამ ბრძოლაში უამრავი ტყვე და ნადავლი იგდო ხელთ. დაუსრულებელი გალავნის გარდა ახალქალაქის მცველების დამარცხების მიზეზი, ვფიქრობთ, ისევე როგორც ქართველი ხალხის მთელი ისტორიის უმრავლეს შემთხვევაში, აქაც მტრის რიცხობრივი უპირატესობა უნდა გამხდარიყო. სომეხი ისტორიკოსის ვარდან დიდის მიხედვით, ახალქალაქს ალფ-არსლანი 100 ათასი მოლაშქრით მოადგა (www.vostlit. info, восточная литература, Автори и источники на вукву „В“, Вардан Великий, Всеобщая исторя). „მატიანე ქართლისაჲ“ გვაძლევს ცნობას სელჩუკების ლაშქრობის დროს ახალქალაქის დაუსრულებელი გალავნის მშენებლობის დაწყების შესახებაც. XI საუკუნის 40-იან წლებში, როცა ლიპარიტმა უხმო ბაგრატ მეფის ძმას დემეტრეს ბერძენთა ლაშქართან ერთად და მოკავშირეებით მოადგა ატენის ციხეს, ციხის მცველებმა ბაგრატს უერთგულეს ფარსმან თმოგველისა და ბეშქენ ჯაყელის გარდა. ისინი გადავიდნენ ჯავახეთში და ახალქალაქის გალავნის მშენებლობა დაიწყეს: „გამოიყვანა ლიპარიტ დემეტრე, ძმაჲ ბაგრატისი, საბერძნეთით ბერძენთა მეფისა ლაშქრითა. და მიერთნეს სხუანიცა ვინმე დიდებულნი და აზნაურნი, მოვლეს ზემოჲ ქუეყანაჲ და ჩამოვიდეს ქართლს, მოადგეს ატენს, არე-არე მოწუეს ქართლი. და ჰყვეს ლიპარიტს კახნი და ბერძენნი, და ვერ წაიღეს ატენი, რამეთუ ციხეთა უფალნი კაცნი მტკიცე იყვნეს ერთგულობასა ზედა ბაგრატისსა, თჳნიერ ფარსმან თმოგუელისა და ბეშქენ ჯაყელისა, თუხარისისა ერისთავისა. გავიდეს ჯავახეთს და იწყეს ახალქალაქისა ზღუდეთა შენებად, რამეთუ მას ჟამსა უზღუდო იყო“ („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 282) ქართველი მემატიანის ამ ცნობის გამო ზოგიერთი მკვლევარი (გ. აფრასიძე, ლ ჭილაშვილი, ე. ჯანდიერი) ახალქალაქის გალავნის მშენებლობას მეფის მოწინააღმდეგე მხარეს მიაწერს (აფრასიძე 1984: 101; ჯანდიერი 1969: 54; ჭილაშვილი 1970: 101) დ. ბერძენიშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით შენიშნავს: მემატიანის მოტანილ ცნობაში ახალქალაქის ზღუდეთა მშენებლობის ინიციატორი დასახელებული არაა; თხრობა ფარსმან თმოგველისა და ბეშქენ ჯაყელის სახელებს მოსდევს, რაც ქმნის საცდურს ეს საქმიანობა მეფის მოწინააღმდეგეთა ჯგუფს მიეწეროს, მაგრამ ვახუშტი თავის „ისტორიაში“ ამ ამბებს ასე აღწერს: ლიპარიტი და მისი მომხრენი „მოადგნენ ატენს, არამედ ციხე ვერ დაიპყრეს; ხოლო ბაგრატ მეფე მოვიდა ჯავახეთს, განამაგრა ახალქალაქი“. თვით მატიანის ზემოხსენებული ადგილი იძლევა კითხვასხვაობას - „გავიდა მეფე ჯავახეთს და იწყეს ახალქალაქისა ზღუდეთა შენებად“. ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანის მიხედვითაც, ბაგრატ მეფემ „ააშენა ახალქალაქის ზღუდე“. ბოლოს, თვით ახალქალაქის გათხრების დროს აღმოჩნდა გალავნის კარიბჭეზე წარწერა: „ქრისტე, შეიწყალე მარიამ...“, ეს კი ბაგრატ IV-ის დედა, დედოფალი მარიამი უნდა იყოს. ამიტომ საფიქრებელია, რომ ახალქალაქის ზღუდეთა მშენებლობა მეფის ინიციატივა ყოფილიყო, რომელიც ჯავახეთის პატრონად თვლებოდა. მას არ შეიძლებოდა ყურადღება არ მიექცია ამ საკვანძო პუნქტისთვის, რადგან ის ზემო ჯავახეთის ცენტრში ძირითად მაგისტრალს აკონტროლებდა (ბერძენიშვილი 1985: 96-97).
ვფიქრობთ, დ. ბერძენიშვილის მსჯელობა საკმარის საფუძველს იძლევა იმისათვის, რომ ახალქალაქის გალავნის მშენებლობის ინიციატორად საქართველოს მეფე ბაგრატ IV მივიჩნიოთ. „მატიანე ქართლისაჲს“ მიხედვით, ატენის ციხესთან ბრძოლაში, რომელსაც უშუალოდ მოსდევს ახალქალაქის გალავნის მშენებლობის დაწყება, მეფე არ დამარცხებულა. იგი ლიპარიტს დაეზავა და ისევ გაძლიერდა: „არე ზამთრისა მოწევნულ იყო, ბერძენთა ენება შეღმართ წასვლა. დაეზავა ლიპარიტ აფხაზთა მეფესა, უბოძა მეფემან ქართლის ერისთაობაჲ, წარვიდეს ბერძენნი საბერძნეთად და წარიტანეს დემეტრე თანა. და კუალად განძლიერდა და მოირჭუნა ბაგრატ მეფემან თავის მამულსა ზედა“ („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 282-283). ამ ამბების შემდეგ, რომელსაც ი. ჯავახიშვილი 1044-1045 წლებით ათარიღევს (ჯავახიშვილი 1983: 143), გამორიცხული არ არის, გაძლიერებულ მეფეს ახალქალაქის გალავნის მშენებლობის გადაწყვეტილება მიეღო. 1045 წელს ბაგრატმა სომეხი მესვეურებისაგან ქალაქი ანისი ჩაიბარა, 1046 წლის გაზაფხულზე კი ანაკოფიის ციხეს შემოარტყა ალყა. თბილისის ამირის ჯაფარის გარდაცვალების შემდეგ თბილისელმა ბერებმა ქალაქის ჩაბარება ბაგრატს სთხოვეს. ბაგრატმა ანაკოფიას თავი მიანება და თბილისში შემოვიდა. შემდგომში, როგორც ცნობილია, ბაგრატმა ანისიც და თბილისიც ლიპარიტთან ურთიერთობის გამწვავების გამო დაკარგა. იგივე მიზეზი უნდა გამხდარიყო ახალქალაქის ზღუდის მშენებლობის შეწყვეტაც. შესაძლებელია XI საუკუნის 60-იან წლებში, ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების დროს ბაგრატ IV-მ ისევ განაახლა ამ გალავნის მშენებლობა, თუმცა თურქ-სელჩუკთა ლაშქრობის გამო ვერც ამჯერად მოხდა მისი დასრულება. დაუსრულებელი გალავანი საბოლოო ჯამში ალფ-არსლანის ლაშქართან ახალქალაქის მეციხოვნეების დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.
ალფ-არსლანის ლაშქრობის დროს ახალქალაქში ყოფილა ბაგრატ IV-ის მიერ საქართველოში საგანგებოდ მოწვეული გიორგი მთაწმინდელი. მას თან ხლებია 80 უდედმამო ბავშვი, რომელთა უმეტესობა თურმე „მონობისაგან გამოეყვანა, ხოლო სხუანი მონობისა უმწარესის ცხოვრებისაგან“. გიორგი მთაწმინდელთან ერთად ყოფილა აგრეთვე მისი ერთგული მოწაფე და ბიოგრაფი გიორგი ხუცესმონაზონი. იგი წერს „ხოლო რაჟამს-იგი სამხილებლად ცოდვათა ჩვენთათჳს ლომი იგი ყჳრალი, ბაბილონით აღმოსრული, სიმტკიცესა ზედა მკლავისა თჳსისა მოქადული, მეორე ნაბუქოდონოსორ, უშჯულოჲ, სურტან გამოვიდა საზღვართაგან თჳსთა მოსრვად ნათესავსა ქრისტიანეთასა, მას ჟამსა შინა ვიყვენით ჩუენ ახალქალაქს ჯავახეთისასა და მუნ ჰყვეს ყოველნივე იგი ობოლნი თჳსნი. და ვსხედით ყოველნივე წინაშე მისსა. შუადღეს ოდენ განკჳრვებაჲ დაეცა ჟამ რაოდენმე და მეყსეულად განკრთომის სახეთ გჳბრძანა ყოველთა, ვითარმედ: „უწყოდეთ, რამეთუ რისხვაჲ ღმრთისაჲ მოწევნად არს ამას ქალაქსა ზედა“. და ბრძანა აღკაზმვაჲ ყოველთაჲ, და იყო რაჲ მწუხრი, გამოვედით. და შემდგომად სამისა დღისა მოიწია რისხვაჲ იგი უგრძნეულად, რომელსა ყოველნი მეცნიერ ხართ, რამეთუ არათუ ახალქალაქისა ოდენ მკჳდრნი მოისრნეს, არამედ დიდ-დიდნი და წარჩინებულნი მთავარნი და ერისთავნი სამეუფოისა ჩუენისანი ძჳრ-ძჲრათ მოისრნეს და წარწყმდეს“ (გიორგი მცირე 1967: 174). გიორგი მთაწმინდელს რაღაც წყაროებით, შეიძლება თვით მეციხოვნეთაგანაც შეუტყვია, რომ ალფ-არსლანი ახალქალაქის აოხრებას აპირებდა. ბავშვებისთვის უთქვამს `რისხვაჲ მოწევნილ არს ამ ქალაქსა ზედა“ და იქიდან წასვლის გადაწყვეტილება მიუღია. თვითონ თხზულების მიხედვით, ახალქალაქის აოხრება გიორგი მთაწმინდელმა სასწაულებრივი წინათგრძნობით იწინასწარმეტყველა. როგორც ჩანს, ახალქალაქის აოხრება იმდენად ტრაგიკული ყოფილა, რომ მწერალს ეზარება მოვლენების დეტალებში აღწერა და აცხადებს: „მოიწია რისხვაჲ“, რომელიც ყველამ იცითო. ახალქალაქის დაცვაში ქალაქის მკვიდრთა გარდა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხის დიდებულებს მიუღიათ მონაწილეობა: „დიდ-დიდნი და წარჩინებულნი მთავარნი და ერისთავნი სამეუფოისა ჩუენისანი ძჳრ-ძჳრათ მოისრნეს და წაწყმდეს“. ახალქალაქის ტრაგედიას თვით გაუტეხელი ბაგრატ IV-ც კი ისეთ სასოწარკვათაში ჩაუგდია, რომ მასთან სანუგეშებლად მისულ გიორგი მთაწმინდელისათვის უთქვამს: „უკუეთუმცა არ მეხილვა სიწმიდე შენი, კნინღამცა და მწუხარებისა მიერ მომკვდარ ვიყავო.“ (გიორგი მცირე 1967: 174).
ახალქალაქის ლაშქრობის შესახებ არის ლაპარაკი ეპიგრაფიკულ ძეგლში, რომელიც სამეცნიერო ლიტერატურაში „მირაშხნის წარწერის“ სახელწოდებითაა ცნობილი. აღნიშნული წარწერა 150 მეტრ სიმაღლეზე მდებარე გამოქვაბულში აღმოაჩინა გ. გაფრინდაშვილმა. გამოქვაბული მდებარეობს მტკვრის ხეობაში, ვარძიის გამოქვაბულების დასავლეთით დაახლოებით ხუთ კმ-ზე, მდინარის მარჯვენა ნაპირზე. კლდეს, სადაც გამოქვაბული მდებარეობს, სამერცხლეს უწოდებენ. გ. გაფრინდაშვილი ამ ადგილს, სადაც წარწერა აღმოჩნდა, „ახალ ნავარძიევს“ ან „ნავარძიევს“ უწოდებს, თუმცა, შემდეგში, მოგვიანებით გამოქვეყნებულ წერილებში მას „მირაშხანის ქვაბის კედელზე ამოკვეთილ წარწერად“ (გაფრინდაშვილი 1964: 9) ან „მირაშხანის ქვაბების წარწერად“ (გაფრინდაშვილი 1964: 8) მოიხსენიებს. საბოლოოდ, ამ წარწერამ სამეცნიერო ლიტერატურაში „მირაშხანის წარწერის“, ხოლო გამოქვაბულმა, რომელშიც იგია ამოკვეთილი, „მირაშხანის გამოქვაბულის“ სახელი დაიმკვიდრა. გ. გაფრინდაშვილი წერდა: „წარწერაში მოთხრობილია თურქების სულტანის ალფ-არსლანის შემოსევა საქართველოში, კერძოდ ჯავახეთში, ჯავახეთის ახალქალაქის აღება და აოხრება“ (გაფრინდაშვილი 1953: 35) 1996 წლის ზაფხულში მირაშხანის წარწერა ადგილზე შეისწავლა ვ. სილოგავამ (სილოგავა 2000: 203). ტექსტი ასეთია: „† სახელითა ღმრთისაჲთა, მე გიორგ[ა] ხუცესმან დავწ[ერე] მას, ჟამს, ოდეს გას მოვიდ[ა] [...] ხორსანი ქალაქით, ჵ მე, გიორგაჲ ფრიად ცოდვილს. მეწიფა მოვიდა ჯავახეთს და შეჰრისხ[ა] [ყ]ოველი ყოველს ქრისტესდა. მეტად ახალქალაქი[თ] წაიღო ას[წყ]უიდა და ტყუედ წაი[ღო], ყოველი მესხი აზნაური შიგნ დგა. ფარსმან პირ-ექ[მ]ნ[ა] მეფეს. მოკლეს და ყოველი ასწყუიდ[ეს]. უფალო, შეუნდვენ გოჰარის ცო[დვ]ან[ი], [ა]მენ; და მირაშხანელ[თა] ყოველთა შეუნდევენ, უფალო’ ამენ; [მეცა]. ფრიად ცოდ[ვი]ლი მომიჴსე[ნეთ], [გიორგა] ბერი“. (სილოგავა 2000: 231).
წარწერის მიხედვით, მტრის შემოსევა იმდენად დრამატული ყოფილა, რომ ავტორი თავის თავს დასტირის და ცოდვილს უწოდებს. ქრისტიანული რწმენის გამო მთელი ჯავახეთი, განსაკუთრებით კი ახალქალაქი აუოხრებიათ და მოსახლეობა ტყვედ წაუყვანიათ. ამ დროს მესხი აზნაურები ახალქალაქში მდგარან. ფარსმანს მეფისთვის პირობა არ გაუტეხია, იგი მოუკლავთ და ყველანი გაუწყვეტიათ. ცხადია, რომ მირაშხანის წარწერა, „მატიანე ქართლისაჲს“ ავტორი და გიორგი ხუცესმონაზონი ერთსა და იმავე ამბებებს გადმოგვცემენ ალფ-არსლანის საქართველოში პირველ ლაშქრობის შესახებ. სამივე წყაროს ავტორი აღნიშნული ლაშქრობის თანამედროვეა.
მირაშხანის წარწერის გამომცემელი ვ. სილოგავა წერს: „წარწერის ტექსტი მოვლენათა უშუალო გავლენით გაკეთებული ჩანაწერის შთაბეჭდილებას ტოვებს. ამიტომ, ვფიქრობ, იგი შეიძლება დათარიღდეს XI-ის II ნახ-ით, ან სულაც 60-იანი წლებით.
წარწერის ტექსტში ამ ამბების თითქმის ყველა მთავარი მონაწილეა დასახელებული, გარდა უმთავრესის-სულტან ალფ-არსლანისა. აქ ეს ამბები მიეწერება „მეწიფას“ (შეიძლება სულტნის სახელი აღნიშნული იყო მეორე სტრიქონის ბოლოს, მაგრამ ეს ადგილი დაღუპულია), „მეწიფა“ ტექსტში ისეთ კონტექსტშია წარმოდგენილი, რომ იგი შეიძლება იყოს ან პირის საკუთარი სახელი, ან ზედსართავი სახელი, ან ხელისუფლის ტიტული (თითქოს, „ჴელმწიფე“). ამჟამად არსებული მასალების მიხედვით გადაჭრით რაიმეს თქმა ძნელია“ (სილოგავა 2000: 236-237).
მირაშხანის წარწერაში მოხსენებული ფარსმანი, ის ფარსმან თმოგველი უნდა იყოს, რომელიც „მატიანე ქართლისაჲს“ მიხედვით, ბაგრატ IV-ის მოწინააღმდეგეთა ბანაკში ირიცხება. ვფიქრობთ, XI საუკუნის 60-იანი წლებისთვის, როცა ბაგრატმა დაამარცხა ცენტრალური ხელისუფლების მოწინააღმდეგე დიდგვაროვანი ფეოდალები (ლიპარიტები; აბაზასძეები), ფარსმანი იძულებული გახდა მეფისთვის ერთგულება შეეფიცა. ფარსმანისა და ბაგრატ IV-ის არაერთფეროვანი დამოკიდებულება, როგორც ჩანს, კარგად იცის მირაშხანის წარწერის ავტორმა, ამიტომაც განსაკუთრებით აღნიშნავს მის ერთგულებას ახალქალაქის დაცვის დროს „პირ-ექმნა მეფესო.“
ბაგრატ IV-სა და ფარსმანს შორის რომ არაერთგავაროვანი და მერყევი დამოკიდებულება იყო, ეს ნათლად და არაორაზროვნად აისახა საისტორიო წყაროებში. „მატიანე ქართლისაჲს“ ავტორის ცნობით, XI ს-ის 40-იან წლებში, როდესაც ლიპარიტ ერისთავთა ერისთავსა და ბაგრატ IV-ეს შორის ურთიერთობა გამწვავდა, „ციხეთა უფალნი კაცნი მტკიცედ იყვნეს ერთგულებასა ზედა ბაგრატისასა, თვინიერ ფარსმან თმოგუელისა და ბეშქენ ჯაყელისა, თუხარისის ერისთავისა. გავიდეს ჯავახეთს და იწყეს ახალქალაქისა ზღუდეთა შენებად, რამეთუ მას ჟამსა უზღუდო იყო“. („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 282) მაგარმ უკვე XI ს-ის 60-იანი წლების დასაწყისისათვის ფარსმანი მეფის ერთგულია, როგორც ჩანს, მის მიერვეა აგაებული ახალქალაქის ზღუდე და ამ ქალაქის მფლობელია, არ ღალატობს მეფეს და თავს წირავს ციხის სხვა დამცველებთან ერთად. ამიტომაც აღნიშნავს საგაგნგებოდ მის შესახებ წარწერის ავტორი „პირ-ექმნა მეფესაო“. ფარსმანის კვალი ჯავახეთში სხვაგანაც ჩანს, კერძოდ, იგი იხსენიება სათხის (ცისკარიშვილი 1959: 37-38) და ზემო თმოგვის (გვერწითელი 1947: 241) ეკლესიების წარწერებში. ზედა თმოგვის წარწერა შესრულებულია ფარსმან თმოგველის გარდაცვალების შემდეგ, რადგან ტექსტში მისი სულის შეწყალებაზეა საუბარი, იგი მისი სულის შეწყალებისთვისაა ამოკვეთილი. მაშასადამე, იგი თარიღდება XI საუკუნის 60-იანი წლების II ნახ-ით. ყოველივე ამის გამო ვ. სილოგავას შესაძლებლად მიაჩნდა, რომ ფარსმან თმოგველი ზედა თმოგვის ეკლესიაში იყოს დაკრძალული (სილოგავა 2000: 239).
8 ივლისს, წმ. პროკოფის ხსენების დღეს, ფარსმან თმოგველისათვის აღაპი დაუწესებიათ ათონის ქართველთა მონასტერში: „თუესსა ივლისსა ჱ, წმიდისა პროკოპისი. აღაპად განგჳწესებია ფარსმან თმოგუელისადა. ყოვლითა მოსწრაფებითა აღესრულებოდენ, რამეთუ მრავალნი წყალობანი ქმნნა ჩუენ ზედა წინაშე ბაგრატ აფხაზთა მეფისა“ (მეტრეველი 1998: 158).
მირაშხანის წარწერას დიდი მნიშვნელობა ენიჭება XI საუკუნის 60-იანი წლების საქართველოს ისტორიის სხვადასხვა საკითხების, განსაკუთრებით, თურქ-სელჩუკთა ლაშქრობების შესწავლის საქმეში. „იგი ერთგვარი დოკუმენტური, ქრონიკალური ჩანაწერია, რომელიც მოგვითხრობს თურქ-სელჩუკთა საქართველოში 1064 წლის ზაფხულში პირველი ლაშქრობის შესახებ და ერთი დეტალით-ახალქალაქის აღების დროს ფარსმან თმოგველის დაღუპვის ცნობით ავსებს ჩვენს ცოდნას ამ ამბებთან დაკავშირებით“ (სილოგავა 2000: 242)
მირაშხანის წარწერის აღმოჩენიდან ცოტა მოგვიანებით, 1957 წელს, გ. გაფრინდაშვილმა ალპინისტ ა. ნემსიწვერაძის, ექიმ გ. ხეცურიანისა და მწერალ ლ. გოთუას მონაწილეობით მოწყობილი ექსპედიციის დროს თრეხვის ქვაბებში (ქარელის რ-ნი) მიაკვლია კიდევ ერთ წარწერას, რომელშიც მოთხრობილია თურქ-სელჩუკთა საქართველოში ლაშქრობის შესახებ. თრეხვი მდებარეობს ხვედურეთის ხეობაში, რომელსაც ვახუშტი ბატონიშვილი ასე აღწერს: „დასავლით გორიჯუარისა არს ჴევი სკრისა, და მიერთვის სამჴხრიდამ მტკუარს. ამ ჴეობის დასავლით არს ხუედურეთის ჴეობა. გამოსდის საცხენისის მთას და მიერთვის სამჴრიდამ მტკუარს. და არიან ესე ორნი ჴეობანი ვენახოვანნი, ხილიანნი“ (ვახუშტი ბატონიშვილი 1973: 344). წარწერა შესრულებულია ქვაჯვარზე ნუსხახუცური დამწერლობით. ჯვარი დამზადებული ყოფილა წმ. მიქეილ მთავარანგელოზის სახელზე, როგორც ამას მოწმობს მისი წარწერა: „წმიდაჲ მიქელ მთავარანგელოზი“. წარწერის ძირითად ტექსტში ნათქვამია: „მე, ლეონტი მროველმან, დიდითა მოჭირვებითა აღვაშენე ესე ქუაბი ხატისათჳს ღმრთაებისა და დღესა ჭირისასა ნავთსაყუდელად რუისისა საყდრისა შვილთათჳს, ჟამთა შინა ალფარსლან სულტანისაგან ოჴრობისადა. ქრონიკონსა სპვ“ (1066 წ.) (გაფრინდაშვილი 1961: 246) ამ წარწერის მიხედვით, ლეონტი მროველს ალფ-არსლანის მიერ საქართველოს აოხრების პირობებში 1066 წელს აუშენებია ქვაბი ღვთაების ხატისა და რუისის „საყდრის შვილთა“ თავშესაფარად. ნიშანდობლივია, რომ ძველი ხელნაწერების მიხედვით, რუისის ტაძარი ღვთაების სახელობისაა. შემდეგ იგი პარალელურად ფერისცვალების ეკლესიად არის მოხსენებული. ვახუშტიც მას ხვთაების სახელით მოიხსენებს: „სამჴრით ურბნისისა არს რუისის მთის ძირს, დაბა დიდი რუისი და ეკლესია ღვთაებისა, გუმბათიანი, დიდი, დიდშენი. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ამ რუისისა ზეითის ქართლისა, ლიხ-ტაშისკარამდე, და აწ ესევე მწყსის ჴეობასა და სადგერს, ვინაჲთგან მაწყუერელი არღარა არს. შემუსრა ლანგთემურ; აღაშენა ეკლესია ესე ო~ვ მეფემან ალექსანდრემ. შემდგომად კუალად განაახლა და შეამკო პ~თ დედოფალმან მარიამ“ (ვახუშტი ბატონიშვილი 1973: 373-374). წარწერის გამომცემელმა ლეონტი მროველი „ქართლის ცხოვრების“ კრებულის თავდაპირველ შემდგენელთან დააკავშირა. იგი წერს: „თუ მხედველობაში მივიღებთ ორი დიდი მეცნიერის ივ. ჯავახიშვილისა და კორნ. კეკელიძის მოსაზრებებს ლეონტი მროველის მოღვაწეობის დროის შესახებ, რაც სავსებით ემთხვევა ათონისა და პარიზის ხელნაწერების თარიღს და მათ ქვაჯვარის ქორონიკონს შეუდარებთ, აღმოჩნდება, რომ „მეფეთა ცხოვრების“ ავტორი და წარწერის იმავე სახელით ცნობილი პიროვნება ერთი და იგივეა“ (გაფრინდაშვილი 1961: 251). ამ თვალსაზრისს წინააღმდეგობა გაუწია ისტორიკოსთა ერთმა ნაწილმა, რომელთაც ლეონტი მროველი უფრო ადრეული პერიოდის ავტორად მიაჩნდათ. მაგრამ მკვლევართა უმრავლესობა ფიქრობს, რომ თრეხვის წარწერის ლეონტი მროველი და XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ერთიდაიგივე პირია. ამის ერთ-ერთ არგუმენტად შეიძლება მივიჩნიოთ ის ფაქტიც, რომ, მირაშხანის წარწერის ავტორისაგან განსხვავებით (რომელმაც ისიც კი არ იცის რომ ხორასანი მხარეა და არა ქალაქი), თრეხვის წარწერის ავტორი გამოცდილი ისტორიკოსი ჩანს. იგი მოკლედ და გასაგებად გადმოგვცემს ისტორიულ ფაქტებს. 1066 წელს ალფ-არსლანის საქართველოში ლაშქრობა სხვა საისტორო წყაროებით არ დასტურდება (ამ დროს ალფ-არსლანი არალის ზღვის აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით მცხოვრები თურქმენების დამორჩილებით იყო დაკავებული). გამონაკლისია მხოლოდ არაბი ანონიმი ავტორი, რომელიც მშრალად, ყველანაირი კომენტარების გარეშე აღნიშნავს, რომ ალფ-არსლანი 459 (1066-1067) წელს საქართველოს ვილაიეთში შევიდა და თავიდან ბოლომდე იავარყო (ანონიმი ავტორი 2003: 385). სავარაუდებელია, რომ ეს ცნობა ეხება ალფ-არსლანის საქართველოში მეორე ლაშქრობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1068 წელს. ანონიმი ავტორი ასევე შეცდომით 467 (1074) წლით ათარიღებს ალფ-არსლანის სიკვდილს (ანონიმი ავტორი 2003: 385). 1066 წელს ქართლში თავდაცვითი მშენებლობა თურქ-სელჩუკების მიერ სამხრეთ საქართველოს დარბევისა და ახალქალაქის აოხრების გამოძახილი უნდა იყოს. ვფიქრობთ, თრეხვის ქვაბების მშენებლობა ახალქალაქის აოხრებიდან ახლო მომავალში უნდა დაწყებულიყო, ამიტომაც მიიჩნევს წარწერის ავტორი ქვაბების მშენებლობას „ჟამთა შინა ალფარსლან სულტანისაგან ოჴრობისადა“. წარმოუდგენლად მიგვაჩნია უშუალოდ ალფ-ასსლანის ქართლში ლაშქრობის პირობებში, მიუვალ ადგილზე (ქვაბებში შეღწევა მთამსვლელური ტექნიკის გამოყენებით გახდა შესაძლებელი) ისეთი რთული სამუშაოს შესრულება, როგორიც თრეხვის ქვაბების მშენებლობაა. ამ მშენებლობას აუცილებლად დასჭირდებოდა მშვიდობიანი დროის გარკვეული მონაკვეთი. სწორედ ასეთ დროს „კარზედ მომდგარი საშიში მტრისაგან თავდაცვის მიზნით ლეონტი მროველი თრეხვის მიუდგომელ კლდეებში აშენებს ქვაბთა სახიზარს-საცხოვრებელი და სამეურნეო (მარანი, წყალსაცავები და სხვ.) ნაგებობებით. „სწორი იყო ლეონტის გადწყვეტილება, როდესაც სახიზრისათვის არჩევანი მიუდგომელ სიმაღლეზე განლაგებულ ბუნებრივ გამოქვაბულების გაფართოება-გადაკეთებაზე შეაჩერა... ქართლის გაშლილი ველებიდან, სადაც მტერი დათარეშობდა, მოშორებით ხვედურეთის ვიწრო ხეობის თავზე კლდეებში არსებულ სახიზრებს დამხმარე სამეურნეო ნაგებობებით ხანგრძლივად შეეძლო უშიშრად შეეხიზნა მშვიდობიანი მოსახლეობა. გარდა ამისა, ბუნებრივ გამოქვაბულთა გამოყენებამ, რის გამოც საჭირო გახდა ქვაბთა და ცალკეული ღიადებისა თუ კომპლექსის წინა მხარის ქვიტკირის კედლით ამოშენება, დააჩქარა მშენებლობა და თვით სამუშაოს ხარჯებიც შეამცირა. თუმცა თუ გავითვალისწინებთ ქვაბთა ქარაფის პირზე განლაგებას და მათთან მისადგომი გზების უქონლობას, დაბლა საშენი მასალის-ქვის დამზადება და ქვაბებში აზიდვა, ამასთან იქ მშენებლობის წარმოებაც დიდ ფიზიკურ სიძნელეებთან იქნებოდა დაკავშირებული; რაზედაც თვით ლეონტიც აკი მიუთითებს: „დიდითა მოჭირვებით აღვაშენეო“. ლეონტის ეს სიტყვები გულისხმობს მშენებლობის წარმოების-სირთულეს, სისწრაფესა და გულმოდგინებას“ (გაფრინდაშვილი 1961: 254-255). სამართლიანად შენიშნავს ნ. შენგელია: „სწორედ ასეთ მიუდგომელ ადგილებში შეეძლო ადგილობრივ მოსახლეობას შეეფარებინა თავი. ამ პერიოდში მთელი ხალხის საქმიანიბა და ყურადღება თავდაცვითი ნაგებობების მშენებლობისაკენ იყო მიმართული. როდესაც ლეონტი მროველი ქართლის გაშლილი ველებიდან მიუვალ ადგილებში აშენებდა ხალხისთვის თავშესაფრებს, მტერი ჯერ კიდევ არ იყო ქართლში გადმოსული. ალფ-არსლანის პირველი შემოსევა მხოლოდ სამცხის რაიონებს შეეხო. განსაკუთრებით დაზარალდა ახალქალაქი და მისი მიდამოები. მტერი ქართლში არ გადმოსულა, ისე გაბრუნდა ანისისაკენ. ამიტომ ვერ გავიზიარებთ წარწერის გამომცემლის აზრს. თითქოს ამ პერიოდში (ე. ი. 1066 წლამდე) ქართლის გაშლილ ველებში დათარეშობდა. სხვა ამბავია, როდესაც ალფ-არსლანი საქართველოში მეორედ მოვიდა 1068 წელს. მაშინ მთელ ქართლში სელჩუკები დათარეშობდნენ“ (შენგელია 1968: 229).
დეტალურად და დრამატულად აღწერს თურქ-სელჩუკების საქართველოში ლაშქრობას, კერძოდ კი ახალქალაქის აღების ამბებს XII საუკუნის არაბი ისტორიკოსი სადრ ად-დინ ჰუსეინი. იგი წერს საფიდარ-შაჰრის (აღჯაყალა, თეთრი ციხის აღების შემდეგ „სულთანმა მოინდომა ახალქალაქის სახელწოდების სხვა ქვეყნების დაპყრობაც. ციხის კედლის სიგრძე ასი წყრთა იყო, ხოლო სიგანე ამაზე უფრო მეტი. ამ ქალაქის გარშემო აღმოსავლეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით მდებარეობს მთა; მთის მწვერვალზე ციხეებია. ჩვენ მიერ აღნიშნული კედელი კი სამხრეთ მხარესაა. ამ ციხის კედლის წინ ჯეიჰუნის მსგავსი მდინარე ჩადის. ზედ ხიდია აგებული. მტერმა ეს ხიდი აიღო და ამგვარად მუსლიმების სიხარბეს და იმედს ბოლო მოუღო. ამის შემდეგ სულთანმა ალფ-არსლანმა ამ მხარეში შესასვლელთან კარავი დასცა და ღვთისადმი ლოცვა და ვედრება აღავლინა. მისმა ლაშქარმა დიდი ხიდი ააშენა.. დაიწყეს ბრძოლა, ძალიან მაგრად შეებნენ ერთმანეთს. შემდეგ ამ ქვეყნიდან ორი კაცი გამოვიდა, დახმარება და შეწყნარება ითხოვა. მათ სთხოვეს სულთანს ემირის დანიშვნა, რომელიც მართალი და პატიოსანი კაცი იქნებოდა. სულთანმა ემირ იბნ მუჯაჰიდი და ებუ სუმრე გაუგზავნა. როდესაც მათ გაიარეს ციხის სასაზღვრო ხაზი, ქართველებმა მათ ალყა შემოარტყეს და დახოცეს. ეს საწყლები დარჩნენ ხმალსა და წყალს შუა.
ამის შემდეგ მსახური სავაფი ეახლა სულთანს და მოინდომა ეცნობებინა მისთვის, ქართველები თავს დაგვესხნენ და მუსლიმები დაამარცხესო. სულთანი ნამაზს ასრულებდა. მას შემდეგ, რაც სულთანმა მორჩილებით ნამაზი დაამთავრა, კარვიდან გამოვიდა, ცხენზე შეჯდა და წავიდა. იგი მტრის სასტიკ წინააღმდეგობას მამაცურად გაუმკლავდა, მათ ქვეყანაში შევიდა და მტრებისგან გაათავისუფლა. ციხის ერთ-ერთ კოშკში რამდენიმე გულადი მეომარი დარჩენილიყო, რომლებმაც სულთანს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. სულთანმა ბრძანა, ამ კოშკის გარშემო შეშა შემოეწყოთ, შეშას ცეცხლი მოუკიდეს... ამის შემდეგ სულთანი თავის კარავში დაბრუნდა კმაყოფილი და მხიარული.
მუსლიმებს ხელში ჩაუვარდათ უსაზღვრო და უთვალავი სიმდიდრე. ღამით ძლიერი ქარი ამოვარდა. კოშკის გარშემო დანთებულ ცეცხლს ქარმა შეუბერა და ეს მხარე ცეცხლმა მოიცვა, თავიდან ბოლომდე გადაწვა. ამ ციხესთან ახლოს სხვა ერთი გამაგრებული ციხეც იყო. სულთანმა ესეც დაიპყრო. შემდეგ ქართველმა მელიქებმა სულთანს ბევრი საჩუქარი გაუგზავნეს და ზავი ითხოვეს. თავიანთი დანაშაული აღიარეს. ქართველთა მეფის ელჩებთან ერთად აიბეკისა და ემირ ელ ჰაჯიბის მეშვეობით სულთანმა ქართველთა მეფეს წერილით შეატყობინა, ან ისლამი უნდა მიიღო, ანდა ჯიზიაზე უნდა დათანხმდე, სხვა გამოსავალი არ არისო. ზემოხსენებულმა ჯიზია იკისრა“ (სადრ ად-დინ ჰუსეინი 1976: 189-190). ჰუსეინი ხაზს უსვამს ქართველების თავდადებულ ბრძოლას და მათ ერთ ამორალურ ტაქტიკურ საბრძოლო ხერხს. კერძოდ, ქართველებმა ჯერ მიიწვიეს სელჩუკთა წარმომადგენლები ქალაქის ჩასაბარებლად, შემდეგ კი მუხანათურად დახოცეს. ამ ხერხმა შედეგიც გამოიღო, მუსლიმები მარცხდებოდნენ, მაგრამ ალფ-არსლანი თვითონ ჩაუდგა სათავეში ლაშქარს და დიდი სისასტიკით ააოხრა ახალქალაქი. როგორც ჩანს, ქართველებმა ახალქალაქის დაცვისთვის ყველანაირ ხერხს მიმართეს, ეს ბუნებრივად მიგვაჩნია ვინაიდან ამ ბრძოლას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა. აქ წყდებოდა როგორც ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის, ასევე მისი საერთაშორისო ავტორიტეტის საკითხი. გამარჯვების შემთხვევაში ისახებოდა პერსპექტივა, რომ საქართველო გამოსულიყო თურქ სელჩუკებისა და ბიზანტიელებისგან მთელი კავკასიის გათავისუფლების მედროშედ. საქართველო იმ პერიოდში ამიერკავკასიაში ერთადერთი დამოუკიდებელი ქვეყანა იყო, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში მთელი კავკასიის მთავარ ძალად გადაიქცეოდა. ამიტომაც მოაწყეს სელჩუკებმა საქართველოში ესოდენ ორგანიზებული და დიდი ლაშქრობა. ამ ბრძოლაში გამარჯვება-დამარცხებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ვფიქრობთ, ახალქალაქში დამარცხება გახდა ძირითადი მიზეზი იმისა, რომ საქართველოს სამეფო კარმა ვერ შეძლო ამ პერიოდში ვერც წარმატებით დაწყებული გაერთიანების საქმის ბოლომდე მიყვანა და, მითუმეტეს, ვერც კავკასიის განმათავისუფლებლის როლში გამოსვლა.
სადრ ად-დინ ჰუსეინის ცნობას ახალქალაქის ბრძოლასთან დაკავშირებით ძალიან ჰგავს იბნ ალ-ასირის ცნობა. იგი წერს: ახალქალაქი „აღმოსავლეთით და დასავლეთით გამაგრებული იყო მთებზე აშენებული დიდი კედლებით და შენობებით, რომელზედაც იყო რამდენიმე გამაგრებული ციხესიმაგრე. ორი მხრით შემოსაზღვრული იყო გადაულახავი მდინარით. როგორც კი დაინახეს მუსლიმებმა მაშინვე მიხვდნენ, რომ შეუძლებელი იყო მისი აღება. მეფე ამ ქალაქისა ისევე როგორც სხვა ქალაქების მეფე, რომელიც მოვიხსენეთ, იყო ქართველი. სულთანმა მდინარეზე ფართო ხიდი ააგო და ბრძოლა გახურდა. ამ დროს ქალაქიდან გამოვიდა ორი ადამიანი, რომელთაც ითხოვეს დახმარება და სთხოვეს მეფეს მათთან გაეგზავნათ მებრძოლთა რაზმი. მან გაუგზავნა წესრიგიანი რაზმი. ისინი როგორც კი გადავიდნენ ხიდზე, ქართველების ალყაში მოექცნენ. ბევრი მუსლიმი მოკლეს, რადგან გზა ვიწრო იყო და ვერ გაიქცნენ. გამოვიდნენ ქართველები ქალაქიდან და დაიწყო დიდი ბრძოლა. ამ დროს სულთანი ლოცულობდა. მას მოესმა ყვირილის ხმა, მაგრამ არ გაინძრა, სანამ ლოცვა არ დაასრულა. შემდეგ შეჯდა ცხენზე და შეუტია ურწმუნოებს. მუსლიმები ბრძოლის დროს იძახდნენ „ალაჰ; ახბარ“. ისინი გაიქცნენ და ქალაქში შევიდნენ. მათ თან მიჰყვნენ მუსლიმებიც. შემდეგ შევიდა სულთანი და დაიპყრო იგი. მოსახლეობის ნაწილმა თავი შეაფარა ქალაქის ერთ შენობას. სულთანმა ბრძანა შენობის ირგვლივ შეშა შემოეწყოთ და ცეცხლი მიეცათ. შენობასთან ერთად დაიწვა ყველა, ვინც შიგნით იყო. ამის შემდეგ სულთანი დაბრუნდა კარავში. მუსლიმებმა ხელში ჩაიგდეს ნადავლი, რომლის დათვლა შეუძლებელია. დაღამებისას ამოვარდა ძლიერი ქარი, რომელმაც მთელ ქალაქს ცეცხლი მოსდო და მთლიანად გადაწვა. ეს იყო 456 რაჯაბს (1064 წლის ივნისი). სულთანმა აიღო ამ ქალაქთან მდებარე ძლიერი ციხესიმაგრე და გაემგზავრა ყარსისა და ანისის მიმართულებით. მასთან ახლოს მდებარეობდა ორი მხარე (ქალაქი?) ბარდა-დუბელი და ნური, რომელთა მცხოვრები შეეგებნენ მუსლიმებს და მიიღეს ისლამი. მუსლიმებმა ეკლესიები დაანგრიეს და მეჩეთები ააშენეს“ (www.vostlit. info, восточная литература, Автори и источники на вукву „И“, Ибн Ал-Асир, Полный свод всеобщей истории).
მეტად დრამატულია ის სურათი, რომელსაც სომეხი ისტორიკოსი მათეოს ურჰაეცი (XI-XII სს) აღწერს ახალქალაქის აღებასთან დაკავშირებით. აბასლანმა (ე. ი. ალფ-არსლანმა),- წერს იგი -„სასტიკი ბრძოლებით ალყა შემოარტყა ახალქალაქს, როელიც იერიშით აიღო. მან უმოწყალოდ მახვილით მოსრა მთელი ქალაქი. კაცები, ქალები, ყველა მღვდელი, მონაზონი და მთავარი. მთელი ქალაქი სისხლით მორწყო. სპარსეთში ტყვედ წაიყვანა უამრავი ჭაბუკი და გოგონა, ხელთ იგდო უამრავი ოქრო-ვერცხლი და თვალ-მარგალიტი“ (სილოგავა 2000: 236).
ანისში განვითარებულ მოვლენებთან კავშირში გადმოგვცემს ალფ-არსლანის მიერ ახალქალაქის აღებას XIII საუკუნის ისტორიკოსი ვარდან დიდი: „ანისში სომეხთა მეფეების მეფობის შეწყვეტის შემდეგ, სომხეთში მოვიდა თოღრულ ბეგის ძმის შვილი ალფ-არსლანი. მხედართმთავარი, სულთანი, ოცდაოთხი პროვინციის დამანგრეველი, რის შედეგადაც იგი გახდა სულთანი. ის მეორედ მოვიდა ასი ათასი ლაშქრით, აიღო ახალქალაქი, სამშვილდე და მოიყვანა ცოლად ქალიშვილი კვირიკესი, დისშვილი ქართველთა მეფე ბაგრატისა. ანისის აღების დროს მიწაყრილში ათასი კაცი დახოცა და მათ სისხლში იბანავა. ამბობენ, რომ მან ეს გააკეთა მსხვერპლთ შეწირვის სახით თავის თაყვანისმცემლების პატივსაცემად. შემდეგ მოვიდა ხალიფას ელჩი, შეაბა მას ოქროს ყელსაბამი. შეკრა თორმეტი წნული ერთ კონად და თავისი მბრძანებლის უსაზღვრო მორჩილების ნიშნად რამდენჯერმე ოდნავ დაარტყა. ეს მოხდა 513 (1064) წელს, მეფე იოანეს გარდაცვალებიდან 23 წლის შემდეგ“ (www.vostlit. info, восточная литература, Автори и источники на вукву „В“, Вардан Великий, „Всеобщая исторя“).
ვარდანის ცნობით, ალფ-არსლანმა ახალქალაქთან ერთად აიღო სამშვილდეც. არაბული წყაროებიც (სადრ ად-დინ ჰუსეინი; იბნ ალ-ასირი) აღნიშნავენ, რომ ალფ-არსლანმა ახალქალაქის გარდა კიდევ ერთი ძლიერი ციხე-სიმაგრე აიღო, მაგრამ სახელს არ ასახელებენ. გამორიცხული არ არის, რომ არაბ ისტორიკოსებსაც მხედველობაში სამშვილდე ჰქონდეთ. ამ ფაქტს გარკვეულწილად ეწინააღმდეგება ქართველი მემატიანის ცნობა, რომლის მიხედვით ახალქალაქის აღების შემდეგ განვითარებული მოვლენების დროს საქართველოს მეფე ბაგრატ IV-მ სომხები დაიმორჩილა და სამშვილდე თავის სამეფოს შემოუერთა („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 290). სომეხ ისტორიკოსს სტეფანოზ ორბელიანს ალფ-არსლანის ამიერკავკასიაში 1064 წლის დაპყრობით ომების მიზეზად, ჯერ კიდევ 1048 წელს თურქ-სელჩუკების მიერ ბერძენ-ქართველ-სომეხთა გაერთიანებული ლაშქრის დამარცხება და ქართველი აზნაურებისაგან ლიპარიტის მუხანათური ღალატი მიაჩნია. იგი წერს: „დაწყევლილი და უფლის მკვლელი ქართველი აზნაურები შეშინდნენ მისი (ლიპარიტის) საკვირველი ძალისაგან და გადაწყვიტეს ემტროთ ჯარების სარდლის ლიპარიტისთვის. მათ უმალვე მოჰკვეთეს მის ცხენს ძარღვები და მიწაზე ჩამოაგდეს ლიპარიტი. ხალხის სიმრავლემ შუაში მოიქცია იგი და მოკლეს იმ ადგილას. ამით მწუხარება და წყვდიადი თავს დაატყდათ ქრისტიანებს. ეს რომ ისმაიტელემა გაიგეს, დიდი სიხარულით კვლავ მობრუნდნენ, მახვილი აღმართეს და ამოწყვიტეს ქართველთა ჯარი. ზოგიერთები გაიქცნენ და გაიფანტნენ ქვეყნის სხვადასხვა მხარეში. ასე დაიღუპნენ სომეხთა და ქართველთა ქვეყნები, რადგანაც ყველა გავარს ტაჯიკები დაეუფლნენ. მცირე ხნის შემდეგ, 513 (1064) წელს, ალფ-არსლან სულთანმა აიღო ანისი, აიღეს აგრეთვე კარი, ისინი დაეუფლნენ შირაკის, ვანანდის, არშარუნიქისა და აირარატის ყველა გავარს, სისაკანის ქვეყანას და მთელ ტერიტორიას ტფილისის კარამდე. ასე, ამგვარად, დიდი წარწყმედისა და ქრისტიანთა საყოველთაო დაღუპვის კარი მაშინ გახსნეს წყეულმა და უფლისმკვლელმა ქართველების ჯარებმა“ (სტეფანოზ სივნიეთის ეპისკოპოსი 1973: 207-208). სტეფანოზის ამ თხრობიდან ფასეულია ცნობა 1064 წელს ალფ-არსლანის ამიერკავკასიაში ლაშქრობის შესახებ. იგი შეცდომას უშვებს, როდესაც სელჩუკთა ლაშქრის თბილისამდე მოსვლაზე საუბრობს, ამ დროს სელჩუკთა საქართველოში ლაშქრობა მხოლოდ სამხრეთ საქართველოს ტერიტორიით შემოიფარგლა. იგი 1049 წელს ასახელებს 1048 წლის მაგივრად ბერძენ-ქართველ-სომეხთა ერთობლივ ბრძოლას ლიპარიტის სარდლობით თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ. ისტორიკოსი, როგორც ჩანს, ლიპარიტის მეხოტბეა, მაგრამ ისიც კი არ იცის, რომ იგი ამ ბრძოლაში კი არ დაიღუპა, არამედ ტყვედ ჩავარდა. „მატიანე ქართლისაჲს“ მიხედვით, „ლიპარიტ მიიცვალა საბერძნეთს, სამეფოსა ქალაქსა კონსტანტინეპოლს, და წამოიყვანეს დიდითა დიდებითა ერთგულთა და გაზრდილთა მისთა, მოიყვანეს და დამარხეს კაცხს, სამარხავსა მამათა მათთსა“ (`მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 289).
საისტორიო წყაროთა უმრავლესობაში, რომლებიც ალფ-არსლანის საქართველოში ლაშქრობასა და ახალქალაქის აოხრებას ეხება, აღნიშნულია, რომ სელჩუკებმა საქართველოში უამრავი ნადავლი და ტყვე ჩაიგდეს ხელში. კონკრეტული ციფრები კი არც ერთ წყაროში არ სახელდება. შ. ლომსაძე წყაროს მიუთითებლად გამოთქვამს მოსაზრებას, რომ ტყვეთა რაოდენობა 80 000 ზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო (ლომსაძე 1992: 152). სელჩუკთა მთავარი ამოცანა იყო გამარჯვების შემდეგ ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის აყრა-გადასახლება და მათ ადგილზე მომთაბარე თურქმენი ტომების დასახლება. წყაროთა უქონლობის გამო შეუძლებელი ხდება ქართველი ტყვეების შემდგომი ისტორიის კვლევა. ამ მხრივ გამონაკლისია ქართველი ფეოდალი ბეშკენი. XIII-XIV საუკუნეების ირანელი ისტორიკოსის ცნობით: „...სულთანმა ალბარსლანმა საქართველოზე გამოილაშქრა. ბრძოლის შემდეგ იმ ადგილის მმართველმა ბაგრატ გიორგის ძემ სულთანთან ზავი დასდო. საქართველოს ზოგი ამირათაგანი სულტანს ტყვედ ჩაუვარდა. ზოგმა მუსლიმანობა მიიღო. ერთი იმათთაგანი ბეშთეგინი იყო. მონის საყელოს ნაცვლად (სულთანმა) მას ცხენის ნალი გაუკეთა ყურში. მისი შთამომავლობაც აგრეთვე ატარებს ყურში დიდ რგოლს. ქალაქი ვერავი უწყალობა მას (ალბარსლანმა) და ეს ქალაქი ამჟამად ბეშთეგინად არის ცნობილი“ (ჰამდალლაჰ ყაზვინი 1937: 27).
როგორც ცნობიდან ჩანს, ბეშკენი ერთ-ერთი სამხედრო ტყვეა, რომელიც სელჩუკთა სამსახურში ჩადგა. შემდგომში კი ერთგული სამსახურის, საკუთარი ნიჭისა და უნარის წყალობით დიდ წარმატებას მიაღწია. ქალაქი ვარავი მას იკტას საფუძველზე უნდა მიეღო. როგორც ცნობილია, თურქ-სელჩუკების სამსახურში დაწინაურებული პირები სწორედ იკტით ღებულობდნენ მიწის ნაკვეთს, ზოგჯერ კი მთელ ოლქებს. თურქ-სელჩუკთა ხანაში იკტას ინსტიტუტმა რთული სახე მიიღო. „იკტას მფლობელობის საფუძველი წყალობა იყო. მაგრამ იკტათი გაპირობებული ვასალური დამოკიდებულება ახლა ჰქმნიდა რთულ ფეოდალურ იერარქიას. ახლანდელი იკტა X საუკუნის იკტასაგან იმითაც განსხვავდებოდა, რომ მისი გაცემა უპირატესად სამხედრო სამსახურის სანაცვლოდ წარმოებდა. თურქ-სელჩუკების დროს მკაფიოდ გამოკვეთილი სახით ჩამოყალიბდა სამხედრო-ლენური სისტემა“ (გაბაშვილი 1957: 133). იკტას მფლობელს უფლება ჰქონდა აეკრიბა პირადი სარგებლობისთვის კუთვნილი გადასახადი და ვალდებული იყო ომის დროს გამოეყვანა გარკვეული რაოდენობის მეომარი. XI საუკუნის მანძილზე იკტამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. განსაზღვრული გადასახადის დროებითი აკრეფის უფლებიდან იგი მთელი სიცოცხლით გადასახადის აკრეფის უფლებაში გადაიზარდა. შემდეგ კი მას მემკვიდრეობის უფლება დაემატა. ბეშკენის შთამომავლებმაც, როგორც ირკვევა, ერთ დროს სამხედრო სამსახურის სანაცვლოდ დროებით მფლობელობაში მიღებული მამული მოგვიანებით მემკვიდრეობის უფლებით დაისაკუთრეს. ყაზვინის ცნობის მიხედვით, სელჩუკთაგან ბეშკენისათვის ბოძებულ ქალაქს მალე სახელი უცვლია და ბიშქინი დარქმევია, რაც, ჩვენი აზრით, ბეშკენისა და მის მემკვიდრეების დაწინაურებულ მდგომარეობაზე მიუთითებს.
ვარავის ადგილმდებარეობა აღწერილი აქვს იმავე ჰამდალაჰ ყაზვინს თავის გეოგრაფიულ თხზულებაში, რომელსაც „ნუზჰატ ულ-ყულუბ“ („გულთა სიამე“) ეწოდება. იგი აღწერს ფიშქინის თუმანს და ამბობს: „ამ თუმანში შვიდი ქალაქი შედის: ფიშქინი, ხიავი, ანადი, არჯაყი, აჰარი, თექლეფე და ქალანბარი“. შემდეგ ჰამდალაჰ ყაზვინი აღწერს ქ. ფიშქინს და აღნიშნავს: „პირველად ვარავის უწოდებდნენ. როდესაც ფიშქინ ქართველი ამ ადგილის მმართველი გახდა ამ სახელით არის ცნობილი“ (თოფურია 1963: 122).
აჰარს აღწერს იაკუთი თავის „მუჯამ ალ-ბულდანში“. იაკუთის მიხედვით, „აჰარი არის ქალაქი დასახლებული, მრავალსიკეთიანი, მდებარეობს აზერბაიჯანის ოლქში არდებილსა და თავრიზს შორის. მის ემირს იბნ-ფიშქინს უწოდებენ. ქალაქიდან მრავალი ფაკიჰი და მუჰადისი გამოვიდა“ (თოფურია 1963: 122).
ბეშქენიანთა დინასტიის შესახებ საინტერესო ცნობებია დაცული XII საუკუნის სპარსელი ისტორიკოსის მუჰამედ ნესევის თხზულებაში „სირათ ას-სულთან ჯელალ ად-დინ მანქობერდი“ („ჯელალ ად-დინ მანქობერდის ცხოვრება“). თხზულების მიხედვით, ჰამანდაში ტყვედ ყოფნის დროს ნურსათ ად-დინი და სხვა ტყვეები დამცირების მიზნით ყოველდღე გამოჰყავდათ მოედანზე და ფეხზემდგომებს აყურებინებდნენ სულთნის (იგულისხმება ხვარაზმშაჰი) ცხენბურთის თამაშს. ერთ დღეს ხვარაზმშაჰის ყურადღება მიიპყრო არაჩვეულებრივად დიდი ზომის საყურე რგოლებმა, რომელსაც ნურსათი ატარებდა. შეკითხვაზე ნურსათმა უპასუხა, რომ პაპა მისი ტყვედ იგდო ალფ-არსლანმა, როდესაც საქართველო დალაშქრა. შემდეგ ალფ-არსლანმა გაათავისუფლა ტყვეები, სამაგიეროდ უბრძანა მათ ეტარებინათ დიდი საყურე რგოლები, რომლებზეც მორჩილების ნიშნად მისი სახელი იყო ამოტვიფრული. თურქ-სელჩუკთა სახელმწიფოს დაშლის შემდეგ ყველამ მოიცილა საყურე პაპამისის გარდა. როდესაც ხვარაზმშაჰმა მოისმინა ეს ამბავი, მისი გული მოლბა. მან ურჩია ნურსათს გადასულიყო მის ლაშქარში. ამასთანავე დაასაჩუქრა ძვირფასი ნივთებით. ხვარაზმშაჰმა დაუბრუნა ნურსათ ად-დინს ქალაქები აჰარი და ვარავი, აგრეთვე უბოძა ქალაქი სარაჰი, რომელსაც იმ დროს აზერბაიჯანის ათაბაგი უზბეკი ფლობდა (www.vostlit. info, восточная литература, Автори и источники на вукву „А“, Ан-Насави, Шихаб ад-Дин Жизнеописание султана Джелаль ад Дина, Глава 8.).
მუჰამედ ნესევის თხზულებიდან ირკვევა, რომ XIII საუკუნის პირველ მეოთხედში ჩრდილო დასავლეთ ირანში პოლიტიკურ ასპარეზზე მოღვაწეობს ნურსათ ად-დინ მუჰამედ ბენ ბიშქინი. მისი წინაპარი ყოფილა ქართველი, რომელიც ტყვედ ჩავარდნია ალფ-არსლანს საქართველოში ლაშქრობის დროს. მათი დინასტია ორგანულად იყო დაკავშირებული სამხრეთ აზერბაიჯანის სოციალურ და პოლიტიკურ ორგანიზაციასთან და წარმოადგენდა სავსებით ჩამოყალიბებულ ფეოდალურ სამთავროს. ბეშქენიანთა დინასტიის წარმომადგენლები ჭრიდნენ საკუთარ მონეტას, რაც მათ დაწინაურებულ მდგომარეობაზე მიუთითებს ილდეღიზ ათაბაგებთან მიმართებაში. შ. ლომსაძის აზრით, XII საუკუნის ბოლოს ბეშქენიანთა გვარმა ხელთ იგდო მთელი აზერბაიჯანის ათაბაგობა. იგი წერს: „აზერბაიჯანის მეოთხე ათაბაგი აბუბექრა (1191-1210) იყო ბეშკენიდების გვარის შთამომავალი, რომელიც ადრევე ნაშვილები ჰყოლია ილდეგიზდების დინასტიის წარმომადგენელს მუზაფერ ად-დინ ყიზილ არსლანს (1186-1191) და რომლის სიკვდილის შემდეგ ძმებს შორის ტახტისთვის ატეხილ ბრძოლაში აბუბექრს გაუმარჯვია და ყიზილ არსლანის სახელმწიფოს დაპატრონებია... აღსანიშნავია ისიც, რომ აბუბექრს ცოლად ჰყავდა ქართველი ქალი, საქართველოს სამეფო სახლის შვილი, ყურადსაღებია ისიც, რომ მის ერთ-ერთ შვილს სახელად რქმევია ბეშქენ ქველი“ (ლომსაძე 1992: 155).
მკვლევართა ერთი ნაწილის (პ. თოფურია, შ. ლომსაძე) აზრით, აღმოსავლურ წყაროებში დასახელებული ბიშქინი (ფიშქინი; ფიშთეგინი), რომელიც ალფ-არსლანმა დაატყვევა ახალქალაქის აოხრების დროს, უნდა იყოს XI საუკუნეში მცხოვრები ქართველი ფეოდალი ბეშქენ ჯაყელი. „მატიანე ქართლისაჲს“ მიხედვით, ატენის ციხის დაცვის დროს ბეშქენ ჯაყელი და ფარსმან თმოგველი ბაგრატ IV-ის მოწინააღმდეგები არიან: „და ჰყვეს ლიპარიტს კახნი და ბერძენნი, და ვერ წაიღეს ატენი, რამეთუ ციხეთა უფალი კაცნი მტკიცე იყვნეს ერთგულობასა ზედა ბაგრატისასა, თჳნიერ ფარსმან თმოგუელისა და ბეშქენ ჯაყელისა, თუხარისის ერისთავისა“ („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 282). ამ ორ ფეოდალს შორის კავშირზე მიუთითებს ისიც, რომ ორივე მოხსენებულია სათხეს წარწერებში. მირაშხანის წარწერის მიხედვით, ფარსმან თმოგველი უკვე მეფის ერთგულია და ახალქალაქის დაცვის დროს იღუპება. ვფიქრობთ, ახალქალაქის დაცვის დროს მეფის ერთგულთა რიგებშია ბეშქენ ჯაყელიც, ფარსმანისაგან განსხვავებით, როგორც აღმოსავლური წყაროებით ირკვევა, იგი ტყვედ ვარდება. შემდგომში კი რწმენის გამოცვლისა და ალფ-არსლანის ერთგულების ფასად მამულებს იღებს ჩრდილოეთ ირანში.
ალფ-არსლანის საქართველოში პირველი ლაშქრობისა და ახალქალაქის აოხრების თარიღად ივანე ჯავახიშვილი 1065 წელს მიიჩნევდა: „მატიანე ქართლისაჲს“ ცნობიდან ჩანს, რომ სულტან ალფ-არსლანის საქართველოში მეორე დიდი შემოსევა საქართველოში მისი პირველი გალაშქრების „შემდგომად სამი წლისა“ ყოფილა, ხოლო რაკი ამავე მატიანისაგან ვიცით, რომ მეორე დიდი ლაშქრობა ყოფილა ქრონიკონსა 288, ანუ 1068 წელს, მაშასადამე, ალფ-არსლანის პირველი შემოსევა და ახალქალაქის აოხრება 1065 წელს იქნებოდა. მათე ურჰაელის სიტყვითაც ეს ამბავი 1064-1065 წ. მომხდარა; ამასთან ეს თარიღი გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებასაც კარგად უდგება“ (ჯავახიშვილი 1983: 152). ი. ჯავახიშვილის ეს დათარიღება გაიზიარა იმდროინდელმა ქართულმა ისტორიოგრაფიამ. ჩვენ ვერ დავეთანხმებით დიდი მეცნიერის აზრს „მატიანე ქართლლისაჲს“ მიხედვით, ალფ-არსლანის საქართველოში ლაშქრობის თარიღად 1065 წლის მიჩნევასთან დაკავშირებით. ქართველი მემატიანე ახალქალაქის აოხრების შემდეგ მოგვითხრობს ალფ-არსლანის გალაშქრებას ანისში, ბაგრატ IV-ის მიერ სომეხთა მეფის კვირიკეს შეპყრობას, სამშვილდის შემოერთებას, ბაგრატის ასულის მართას გათხოვებას, ბაგრატის დისწულის გათხოვებას ალფ-არსლანზე და მხოლოდ ამის შემდგომ გადადის ალფ-არსლანის საქართველოში მეორე ლაშქრობის თხრობაზე („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 289-290). ამდენად, მატიანე ქართლისაჲს“ მიხედვით ირკვევა, რომ ალფარსლანის საქართველოში მეორე ლაშქრობა, რომელიც 1068 წლით თარიღდება, მომხდარა ბაგრატის დისწულის გათხოვებიდან „შემდგომად სამისა წლისა“ და არა ახალქალაქის აოხრების „შემდგომად სამისა 1წლისა“. შესაბამისად, ქართველი მემატიანის მიხედვით, 1065 წლით შეიძლება დავათარიღოთ არა ალფ-არსლანის საქართველოში პირველი ლაშქრობა და ახალქალაქის აოხრება, არამედ საქართველოს მეფის ბაგრატ IV-ის დისშვილის გათხოვება სელჩუკთა სულთან ალფ-არსლანზე.
ვახუშტი ბატონიშვილი ალფ-არსლანის საქართველოში პირველ ლაშქრობას 1064 წლით ათარიღებს: „ამის შემდგომად გამოვიდა სპარსთა მეფე უეცრად დასხმის გუარ ქ~ესა ჩ~იდ, ქართულსა ს~პდ (1064წ.) შემოიარა კანგარი, თრიალეთი და დღესა ერთსა მოვიდა მარბიელი მისი ყუელის-ყურს, ტაოს, შავშეთს, კლარჯეთს, თორს, და ღვიის-ჴეს და თჳთ დაადგრა თრიალეთს (ვახუშტი ბატონიშვილი 1973: 149). იმავე თარიღს ასახელებს დიმიტრი ბაქრაძე: „1064 წელი უბედური იყო საქართველოსათვის; საქართველოს დაეცნენ თურქნი სელჩუკნი. თურქნი ჩვენ კიდეც მოვიხსენეთ სულთანის თოგრილ-ბეგის დროს. თოგრილ ბეგი მოკვდა და იმისი ადგილი დაიჭირა იმისმა ძმის-წულმა არპა-ასლანმა, რომელმაც მაშინვე აღმოიჩინა თავისი ხასიათი და რომელიც სრულებით არ მიემსგავსებოდა თავის ბიძას. არპ-ასლანი იყო შეპყრული დამარღვეველი სულით და მან დაუტევა ისტორიაში სისხლოვანი კვალი. ასი-ათასის ჯარით ის მოესია სპარსეთით სომხეთს და სომხეთით შემოვიდა თრიალეთის მაზრაში, საიდამაც გაგზავნა გუნდი მხედრობითა სხვა-და-სხვა მესხეთის მხარისაკენ; შავშეთს, კლარჯეთს და თაოს“ (ბაქრაძე 1880: 42) შემდგომში საქართველოში ალფ-არსლანის პირველი ლაშქრობისა და ახალქალაქის აოხრების თარიღად 1064 წელი სხვადასხვა წყაროების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დაადგინა ნ. შენგელიამ. იგი წერს „იბნ ალ-ასირი, ალ-ჰუსეინი, მუნეჯიმ-ბაში, ერთხმად აღნიშნავენ 456 (1063/64) წელს. სომეხი ისტორიკოსი სამუელ ანელი თავის ქრონოლოგიურ ტაბულაში ალფ-არსლანის მიერ ანისის აღების თარიღად 1064 წელს ასახელებს. ალფ-არსლანმა კი ჯერ საქართველოში ილაშქრა და მერე გაემართა ანისისაკენ. სპეციალურ ლიტერატურაში ანისის აღების თარიღად მიჩნეულია 1064 წლის 16 აგვისტო. მაშასადამე, თუ სელჩუკთა მიერ ანისის აღება 1064 წლის ზაფხულში მოხდა, მაშინ საქართველოში ალფ-არსლანის პირველი შემოსევა ამავე წლის ივნის-ივლისში უნდა მომხდარიყო, რამდენადაც ანისში მათ ლაშქრობას საქართველოს სამხრეთ ნაწილის დალაშქვრა უსწრებდა წინ“ (შენგელია 1968: 228). შევნიშნავთ, რომ 1064 წელს ანისის აღების თარიღად სამუელ ანელის გარდა ასახელებენ სხვა სომეხი ისტორიკოსებიც Kკერძოდ არისტაკეს ლასტივერტეცი (ლასტივერტეცი 1974: 126), სმბატ სპარაპეტი (www.vostlit. info, восточная литература, Автори и источники на вукву „С“, Смбат Спарапет, Летопис) და ვარდან დიდი ((www.vostlit. info, восточная литература, Автори и источники на вукву „В“, Вардан Великий, „Всеобщая исторя“) არაბი ისტორიკოსი იბნ ალ-ასირი სელჩუკების საქართველოში ლაშქრობის თარიღთან (1064 წ.) ერთად თვესაც (ივნისი) ასახელებს. ამ თარიღის სასარგებლოდ მიუთითებს თურქი სელჩუკოლოგის ალი სევიმის მოსაზრებაც იმასთან დაკავშირებით, რომ ალფ-არსლანმა ტახტის დაკავებისთანავე დაიწყო ფიქრი აღმოსავლეთ ანატოლიასა და საქართველოში ლაშქრობაზე (Sevim 2002: 46). ამდენად, საკმარისი საფუძველი არსებობს იმისათვის, რომ ალფ-არსლანის საქართველოში პირველი ლაშქრობისა და ახალქალაქის აოხრების თარიღად 1064 წლის ზაფხული მივიჩნიოთ.
ახალქალაქის აოხრების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს ისტორიული წყაროები სხვადასხვანაირად გადმოგვცემენ. სადრ ად დინ ჰუსეინის მიხედვით, ბაგრატ IV-მ ალფ-არსლანის სასარგებლოდ ხარკი იკისრა (სადრ ად-დინ ჰუსეინი 1976: 190). ქართულ-ბერძნულ-სომხური წყაროებით ამ დროს საქართველოს დახარკვა არ დასტურდება. სპარსი ისტორიკოსი ჰამდალლაჰ ყაზვინი აღნიშნავს, რომ „ბრძოლის შემდეგ იმ ადგილის მმართველმა ბაგრატ გრიგოლის ძემ სულტანთან ზავი დასდო“ (ჰამდალლაჰ ყაზვინი 1937: 27). ვერ Dდავეთანხმებით აზერბაიჯანელ ისტორიკოსს ჰუსეინოვს, თითქოს სელჩუკების მიერ ახალქალაქის აოხრების შემდეგ, „ბაგრატ IV-მ საქართველოს სხვა პროვინციებისა და ქალაქების გადარჩენის მიზნით, ალფ-არსლანს ვასალობის ფიცი მისცა და ჯიზიის გადახდა იკისრა“ (Гусеин-Заде 2010: 72). უსაფუძვლოა ასევე თურქი ისტორიკოსის ალი სევიმის მოსაზრებაც, რომ „ალფ-არსლანმა დაიპყრო კანგარი, ქართლი და ჯავახეთი. ბაგრატ IV-მ გაქცევით უშველა თავს, სულთანს ელჩი გაუგზავნა, მიიღო ისლამი და იკისრა ხარაჯის გადახდა“ (Sevim 2002: 48). ქართველი მემატიანის მიხედვით, ახალქალაქის აოხრების შემდეგ ალფ არსლანმა ბაგრატ IV-ს ელჩი გაუგზავნა მშვიდობა შესთავაზა და დისშვილი სთხოვა ცოლად. შემდეგ კი „მიიქცა სულტანი ანისად, შემოსრა და წაუღო ანისი, მოსრნა და ტყუე ყვნა ურიცხუნი სულნი და წარვიდა ქუეყანად თჳსად სპარსეთად. და ანისი წარუღო ბერძენთა და მისცა მანუჩეს, ძესა აბულასვარისსა.
ხოლო დისწული ბაგრატისი, რომელსა ითხოვდა სულტანი, იყო ძმისწული სომეხთა მეფისა კჳრიკესი. სთხოვა ბაგრატ და არა მოსცა სომეხთა მეფემან. მიგზავნა ბაგრატ მოციქულად დიდძალად ერისთავი ვარაზ-ბაკურ | გამრეკელი. იბირნა კაცნი სომეხთა მეფისანიცა და სამშლდეს შემომავალი სომეხთა მეფე კჳრიკე და ძმაჲ მისი | სუმბატ შეიპყრეს ქუეშის ჭალასა და აცნობეს ბაგრატს. და წავიდა ქვაჴურელთაჲთ მსწრაფლ, და მოგუარნეს პყრობილნი კლდეკართა ქუეშე. სთხოვა სამშჳლდე და არა მოსცეს, რამეთუ ერთი ძმაჲ მათი ადარნასე შესრულ იყო სამშჳლდეს. ხოლო მიიყვანეს სამშჳლდეს და ამართეს ძელი და გასუეს სომეხთა მეფე კჳრიკე სამ დღე. ითხოვეს მშვიდობაჲ და მოსცეს სამშჳლდე. ხოლო მოსრულ იყვნეს ორნი ერისთავნი სომეხთა მეფისანი: ლუკიის ერისთავი და კაქვაქარისა. აძლევდა და მოსცემდა სამთა ციხეთა სუმბატ, ძმაჲ კჳრიკესი: ორბეთს და კოშკსა და ვარზაქარსა. ხოლო შეეწყალნეს ბაგრატ მეფესა: მისცნა და უთავისუფლნა ყოველნი ციხენი თჳნიერ სამშჳლდისა; და არცა სხუანი ციხეთა უფალნი, კაცნი დიდებულნი, შემოუშუნა, არამედ სამშჳლდე ოდენ იურვა სახლად თჳსად, და ეგრეთვე ჰმონებდეს სომეხნი.
ხოლო დიდმან ბაგრატ მეფემან გაათხოვა ასული თჳსი მართა და შერთო ბერძენთა მეფესა. ხოლო შემდგომად ამისა გაათხოვა დისწული თჳსი და შერთო სპარსთა მეფესა, სულტანსა“ („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 289-290). როგორც ქართველი მემატიანის ცნობიდან ირკვევა, საქართველოს მეფე ახალქალაქის აოხრების შემდეგ საკმაოდ აქტიურად მოქმედებს. გართულებული პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, ბაგრატ IV-მ შეძლო სომეხთა დამორჩილება და სამშვილდის შემოერთება, შემდეგ კი თავისი ასული მართა ბერძენთა მეფეზე გაათხოვა, დისშვილი კი სელჩუკთა სულთან ალფ-არსლანზე. ბაგრატი ცდილობდა, სულთანთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონოდა, მასთან დამოყვრებით იგი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას ფიქრობდა და ამიტომაც მოქმედებდა ასე რადიკალუდად. პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა ბიზანტიის კეისარზე მართას გათხოვებასაც, რომელსაც, გიორგი ხუცესმონაზონი ასე გადმოგვცემს „მი-რაჲ-იცვალა თეოდორა დედოფალი, მეყსეულად მართა ასული ბაგრატისი სამეუფოდ შემოიყვანეს. და ვითარცა იხილა წმიდამან ამან მართა, სასმენელად ყოველთა წინასწარმეტყუელა და თქუა, ვითარმედ: „უწყოდეთ ყოველთა, ვითარმედ დღეს დედოფალი შემოვიდა“. ხოლო მაშინ დაყო მცირედი ჟამი და კუალად ზევე წარიყვანეს მართა. ხოლო ოდეს მოიწია ჟამი, კუალად მოსთხოა დუკიწმან და სძლად თვსად სამეუფოსა ამას ქალაქსა შემოიყვანა“ (გიორგი მცირე 1967: 141).
ალფ-არსლანისა და ბაგრატის დისშვილის ქორწინება დასტურდება მათეოს ურჰაეცის, ვარდან დიდისა და ყაზვინის ცნობებითაც, მაგრამ ეს ავტორები არაფერს ამბობენ ამ საქმეში ბაგრატ IV-ის მონაწილეობაზე. მათეოს ურჰაეცის მიხედვით „სელჩუკებმა ჯერ სომხეთი აიღეს, აგვანში მოვიდნენ, მოსახლეობა გაჟლიტეს, შემდეგ აგვანის მეფეს გორიგეს (კვირიკეს?) ქალიშვილი მოთხოვეს. მეფე შიშით იძულებული გახდა დათანხმებულიყო. ამის გამო სულთანი მასთან მუდამ მშვიდობასა და მეგობრობას ინარჩუნებდა. ალფ-არსლანმა აგვანის მეფე დიდი პატივითა და საჩუქრებით გაგზავნა ქალაქ ლორეში. ამის შემდეგ ალფ-არსლანი დიდი ლაშქრით შევიდა საქართველოში, მოსახლეობა გაანადგურა, ჯავახეთში გადავიდა და იქ დაბანაკდა“ (შენგელია 1968: 223). (შევნიშნავთ, რომ მათეოზ ურჰაეცის გარდა ყველა სხვა საისტორიო წყაროს მიხედვით სელჩუკებმა ჯერ სამხრეთ საქართველოში ილაშქრეს, შემდეგ კი სომხეთში).
ვარდან დიდის გადმოცემით, ალფ-არსლანს ჯერ საქართველოს სამხრეთი რაიონები აუოხრებია და მხოლოდ ამის შემდეგ მოუთხოვია კვირიკესათვის ქალიშვილი: „აიღო ახალქალაქი, სამშვილდე და მოიყვანა ცოლად ქალიშვილი კვირიკესი, დისშვილი ქართველთა მეფე ბაგრატისა (www.vostlit. info, восточная литература, Автори и источники на вукву „В“, Вардан Великий, „Всеобщая исторя“).
ჰამდალლაჰ ყაზვინის ცნობით, საქართველოდან წასვლის შემდეგ „სულტანი გაემართა არმენიის დასაპყრობად და იმ ადგილის მეფესთან ზავი დასდო და მისი ქალი ცოლად ითხოვა. რამდენიმე ხნის შემდეგ სულტანი გაეყარა მას. ნეზამ ოლ-მოლქს უბრძანა აეყვანა ის ცოლად. ნიზამ ოლ-მოლქს იმ ქალისაგან შვილები ეყოლა. ხოჯა აჰმედი იმ ქალისაგან იყო“ (ყაზვინი 1937: 27).
საისტორიო წყაროთა მიერ შემონახული ცნობები ალფ-არსლანის მიერ არჩეული საცოლეს ირგვლივ განსხვავებულია. წყაროთა ერთი ნაწილის მიხედვით, ალფ-არსლანის საცოლე სომეხთა მეფის კვირიკეს ასულია (მათეოს ურჰაეცი, ვარდან დიდი). მეორე ნაწილის მიხედვით, ალფ-არსლანის საცოლეს მამის სახელი უცნობია (ჰამდალლაჰ ყაზვინი). ქართველი მემატიანის ცნობით, ალფ-არსლანის საცოლე იყო ქართველთა მეფის ბაგრატის დისშვილი და სომეხთა მეფის კვირიკეს ძმისშვილი. („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 189). ი. ჯავახიშვილის აზრით, ბაგრატ მეფის დისწული იყო სომეხთა მეფის კვირიკეს ასული (ჯავახიშვილი 1983: 153). ამ საკითხებთან დაკავშირებით საინტერესოა ჰაღბატისა და სანაჰინის სომხური მონასტრების ეპიგრაფიკული წარწერები. სანაჰინის წარწერაში აღნიშნულია: „შჟბ (1063) წელსა, მამამთავრობასა ტერ დეოსკოროსი, მეფობასა კვირიკესი და სმბატისა, მე ჰრანუშ დედოფალმა, დავით მეფის ქალიშვილმა ავაშენე ეკლესია“ (დარჩიაშვილი 1982: 68). ჰაღბატის ეკლესიის 1089 წლით დათარიღებული წარწერა გვამცნობს: „მე ტერსარგისმა, ჰაღბატის წინამძღვარმა აღვმართე საუფლო ნიშანი, მორწმუნეთა იარაღად და ჩვენი მეფეების კვირიკეს, სმბატისა და მათი თესლის დავითის დასაცავად“ (დარჩიაშვილი 1982: 68). წარწერების შინაარსიდან გამომდინარე შ. დარჩიაშვილი ავითარებს აზრს, რომ აღნიშნულ ხანაში ლორე-ტაშირის სომეხთა სამეფოში ორ მეფობას ჰქონდა ადგილი, კვირიკესთან ერთად მეფობდა მისი ძმა სმბატიც. შემდეგ კი ასკვნის: „ალფ-არსლანის მიერ საცოლედ შერჩეული პიროვნება არა კვირიკეს, არამედ სმბატის ქალიშვილი უნდა ყოფილიყო, რადგანაც ცნობილია, რომ კვირიკეს საერთოდ არ ჰყოლია ქალიშვილი, რაც შეეხება წყაროებში მოხსენიებულ „სომეხთა მეფის ქალიშვილს“, აქ სომეხთა მეფედ სმბატი უნდა ვიგულისხმოთ, როგორც სომხურ წყაროებში გვხვდება. ამდენად, მისაღებია „მატიანე ქართლისაჲს“ ცნობა, რომელიც სომეხთა მეფის ქალიშვილს კვირიკეს ძმისწულად აცხადებს“ (დარჩიაშვილი 1982: 69). როგორც ჩანს, სომეხთა მეფე კვირიკე უფრო ავტორიტეტული და გავლენიანი პიროვნებაა, ვიდრე მისი ძმა სმბატი, ამიტომაც შენიშნავს „მატიანე ქართლისაჲს“ ავტორი; „ხოლო დისწული ბაგრატისი, რომელსა ითხოვდა სულტანი, იყო ძმისწული სომეხთა მეფისა კჳრიკესი“ („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 290). ალფ-არსლანის საქართველოში პირველი ლაშქრობის დროს ბაგრატს თან ახლდა თავისი და გურანდუხტი: „რამეთუ მას ჟამსა მომავალ იყო მეფე ტაოჲთ, და თანა ჰყვანდეს დედაჲ და დაჲ და ძე მისი გიორგი“ („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 289). სწორედ ეს გურანდუხტი უნდა იყოს სომეხთა დედოფალი და ალფ-არსლანის რჩეულის დედა. შემთხვევითი არ არის, რომ ქართველი მემატიანე ერთგან გურანდუხტს დედოფლად იხსენიებს: „ვიდრეღა იყო ბაგრატ საბერძნეთს, ითხოვა ლიპარიტ ძე ბაგრატისი, გიორგი, მეფედ, რაჲთა მოსცეს იგი დედამან მისმან და დიდებულთა მის ქუეყანისთა. მოიყვანეს საყდარსა რუისისასა და აკურთხეს მეფედ. და მოიყვანეს მზრდელად მისა ლიპარიტ და პატრონად დაჲ ბაგრატისი,, გურანდუხტ დედოფალი“ („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 287). მართალია, საისტორიო წყაროებში გურანდუხტი პირდაპირ არსად არ მოიხსენიება სომეხთა მეფის მეუღლედ, მაგრამ მათი ჩვენებით (ვარდანი, ბარ ჰებრაი, მატიანე ქართლისაჲ) ალფ-არსლანის საცოლე ბაგრატ IV-ის დისშვილი ყოფილა. ამავე დროს, წყაროების მიხედვით, იგი სომეხთა მეფის ქალიშვილია.
ნ. შენგელია ბარ ჰებრაის ცნობაზე დაყრდნობით ალფ-არსლანისა და ბაგრატის დისწულის ქორწინების თარიღად 1066 წელს მიიჩნევს, იგი წერს: „ბარ ჰებრაი 1066 წლის ამბების გადმოცემის დროს აღნიშნავს, რომ „ქართველთა მბრძანებლის ბაგრატის დისწული სულთან ალფ-არსლანთან დასაქორწინებლად იქნა მოყვანილი. მან ქორწილი ქალაქ ჰამადანში გადაიხადა. მცირე ხნის შემდეგ ალფ-არსლანი ამ ქალს გასცილდა და იგი თავის ერთ-ერთ წარჩინებულთან დააქორწინა“. ამგვარად, ბარ ჰებრაის მიხედვით, ქალი სულთნისთვის მიუყვანიათ 1066 წელს, ვიდრე ბაგრატ მეფე და გაგიკ სომეხთა მეფე შეთანხმდნენ ქალის გათხოვების საკითხზე და ვიდრე ქალს ჰამადანში ჩაიყვანდნენ, საკმაო დრო უნდა გასულიყო. ამას გარდა, ბარ ჰებრაის ცნობებს ადასტურებს ქართული წყაროც. ქართველ მემატიანეს ვრცლად აქვს მოთხრობილი ბაგრატის დისწულისა და ამავე დროს კვირიკე სომეხთა მეფის ძმისწულის სულთნისათვის მითხოვების ამბავი. ბაგრატ მეფეს დასჭირდა მრავალი ღონისძიების მიღება კვირიკე მეფის მიმართ, რათა იგი დათანხმებოდა თავისი ძმისწულის მითხოვებას სელჩუკთა სულთნისათვის“ (შენგელია 1968: 226-227).
ვახუშტი ბატონიშვილი ალფ-არსლანისა და ბაგრატის დისწულის ქორწინებას 1065 წლით ათარიღებს. იგი ამ საქმეში ბაგრატის მონაწილეობის ამბავს შემდეგნაირად გადმოგვცემს: „დისწული ბაგრატისა, რომელსა ითხოვდა სულთანი, იყო ძმისწული სომეხთა მეფისა კჳრიკესი და არა მოსცა იგი ბაგრატს; ამისთჳს აბირნა ბაგრატ კაცნი და სამშჳლდეს შემომავალნი შეიპყრნეს კჳრიკე და ძმა მისი სუმბატ, მოართუეს ბაგრატ მეფესა; მოადგა მეფე სამშჳლდეს; მოსცეს სამშჳლდე, ოფრეთი და სხუანი ციხენიცა; არამედ ბაგრატ შეიწყალა კჳრიკე და მისცნა ყოველნი, სამშჳილდისაგან კიდე; გარნა იგი დაიპყრა სახლად თჳსად; შემდგომად მისცა ასული თჳსი მარიამ ბერძენთა მეფესა ცოლად ქ~ესა ჩ~ჲე, ქართულსა ს~პე (1065), და დისწული მისცა სპარსთა მეფესა ცოლად, ამასვე ქ~კნს წარვიდა გიორგი მთაწმინდელი მთაწმიდასა“ (ვახუშტი ბატონიშვილი 1973: 150). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, „მატიანე ქართლისაჲს“ მიხედვითაც, ბაგრატის დისშვილისა და ალფ-არსლანის ქორწინება 1065 წლით შეიძლება დავათარიღოთ. მართალია, ქართველი მემატიანე პირდაპირ არ მიუთითებს ამ თარიღზე, მაგრამ იგი ალფ-არსლანის საქართველოში მეორე ლაშქრობის თარიღად 1068 წელს ასახელებს. ამავ დროს მიუთითებს, რომ ეს ლაშქრობა მოხდა ბაგრატის დისწულის ალფ-არსლანზე გათხოვებიდან „შემდგომად სამისა წლისა“ („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 290-291).
ბაგრატის დისწულისა და ალფ-არსლანის ქორწინების თარიღად 1065 წლის მიჩნევა 1066 წელთან შედარებით უფრო ლოგიკურია ბაგრატის აქტიური და რადიკალური მოქმედებიდან გამომდინარეც. ვფიქრობთ, ქართველთა მეფეს, ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ალფ-არსლანის მოთხოვნის შესრულებისათვის ახალქალაქის აოხრებიდან ერთ წელზე მეტი არ დასჭირდებოდა.
ალფ-არსლანმა ახალქალაქის აოხრების შემდეგ საქართველოში ლაშქრობას თავი მიანება და ანისის მიმართულებით გაილაშქრა. ალბათ, ქართველთა დიდმა წინააღმდეგობამ აიძულა იგი, უარი ეთქვა ქვეყნის სიღრმეში ლაშქრობაზე. ამ საქმეში გარკვეული როლი უნდა შეესრულებინა ბაგრატის თანხმობას და შემდგომ აქტიურ მოქმედებას თავისი დისშვილის სულთანზე გათხოვებასთან დაკავშირებით. სადრ ად-დინ ჰუსეინისა და იბნ ალ-ასირის ცნობით, ანისში ლაშქრობამდე ალფ-არსლანს საქართველოს სამხრეთ საზღვარზე მდებარე რაიონების მოსახლეობამ მორჩილება გამოუცხადა და ისლამი მიიღო. ამით სულთანი კმაყოფილი დარჩა, ეკლესიები დაანგრია და მეჩეთები ააშენა (www.vostlit. info, восточная литература, Автори и источники на вукву „И“, Ибн Ал-Асир, Полный свод всеобщей истории; www.vostlit. info, Восточная литература, Автори и источники на вукву „Х“, Ал-Хусайни Садр-Ад-Дин). ვ. მინორსკი შენიშნავს, რომ ეს ტერიტორიებია ალავერდი, რომელიც ლორეს ჩრდილოეთით მდებარეობს. ბერდუჯის, დებედას ანდა ბორჩალოს მარცხენა ნაპირზე (Minorsk 1953: 30). აზერბაიჯანელი სელჩუკოლოგის ჰუსეინოვის აზრით, ახალქალაქის აღების შემდეგ სელჩუკებმა დაიმორჩილეს ქალაქი რუსთავი, დიდი წინააღმდეგობის გამო იგი გადაწვეს (Гусеин-Заде 2010: 72). ალფ-არსლანის მიერ ანისის აღება დაწვრილებით აქვს აღწერილი არისტაკეს ლასტივერტეცს. მისი თქმით, ქალაქის სიმტკიცის გამო მტერი უკან გაბრუნებას აპირებდა, მაგრამ მთავართა შორის ჩამოვარდნილი უთანხმოების გამო, მათ მოახერხეს გალავნის შიგნით შეღწევა და საშინელი ხოცვა-ჟლეტვა მოაწყვეს: „იქ ნახავდით ყოველი ასაკის ადამიანის გლოვასა და მწუხარებას, რადგანაც დედებს მკერდიდან აგლეჯდნენ ყრმებს და შეუბრალებლად ქვებს ურტყამდნენ, ხოლო დედები სისხლით და ცრემლით ასველებდნენ პირმშოებს. ერთი მახვილი სპობდა მამასა და შვილს. მოხუცებულებმა და ახალგაზრდებმა, მღვდლებმა და დიაკვნებმა ერთი მახვილის სასიკვდილო საკვები მიიღეს. გვამებით აივსო ქალაქი კიდით კიდემდე ისე, რომ გზა მოკლულთა გვამებზე გადიოდა“ (არისტაკეს ლასტივერტეცი 1974: 127). მათეოს ურჰაეცი გადმოგვცემს, რომ „მთელი ქალაქი ერთ წუთში სისხლის ზღვად იქცა. სომეხი წარჩინებულები და უფლისწულები ბორკილგაყრილები სულთანთან მოიყვანეს. ჭაბუკები და ლამაზი ქალები ტყვედ წაასხეს ირანში“ (შენგელია 1968: 232-233). ვარდან დიდის მიხედვით, ანისის აღების დროს სულთანმა დაჭრილთა სისხლში იბანავა. ქალაქის აღების შემდეგ კი ხალიფასაგან ქებისა და მორჩილების წერილი მოუვიდა (www.vostlit. info, восточная литература, Автори и источники на вукву „В“, Вардан Великий, „Всеобщая исторя“). სადრ ად-დინ ჰუსეინის ცნობით, სელჩუკებმა ვერაფერი მოუხერხეს ქალაქის გალავანს. ისინი ისე თავგამოდებით იბრძოდნენ ანისისათვის, რომ „თავი გაანებეს ჭამას, სმას, ძილს და ყველაფერს და ომი გააგრძელეს... ბოლოს მუსლიმებმა მოახერხეს კედლის გამაგრებული მხარეების დანგრევა და მათ ქვეყანაში შევიდნენ. მისი მცხოვრებლები თავიანთი ცხენების ფლოქვებით გათელეს. შემდეგ სულთანმა ამ ქვეყანაში გააშენა ერთი მეჩეთი, და მას შემდეგ, რაც შექმნა ჯარი ერთი ემირის ხელმძღვანელობით, თვითონ ჯერ ისფაჰანს, ხოლო შემდეგ ქირმანს გაემგზავრა“ (სადრ ად-დინ ჰუსეინი 1976: 191). იბნ ალ-ასირის ცნობით, ანისის აღებით „გამოწვეული სიხარული მთელ ქვეყანას მოედო და მუსლიმანებმა გაიხარეს. გამარჯვების ამბავი წაიკითხეს ბაღდადში ხალიფას სასახლაში. მან გამოგზავნა მადლობა ხალიფას სახელით, სადაც აქებდა ალფ-არსლანს და ლოცულობდა მისთვის. მან ანისში ემირი დანიშნა და იქაურობა დატოვა. ქართველთა მეფემ ითხოვა მისგან მშვიდობა. ალფ-არსლანმა უპასუხა, რომ გააფორმებდა სამშვიდობო ხელშეკრულებას იმ პირობით თუ იგი ყოველწლიურად ჯიზიას გადაიხდიდა. ისიც დათანხმდა“ (www.vostlit. info, восточная литература, Автори и источники на вукву „И“, Ибн Ал-Асир, Полный свод всеобщей истории).
ქართველი მემატიანის გადმოცემით, ახალქალაქის აოხრების შემდეგ ალფ-არსლანმა ბაგრატს დისწული სთხოვა ცოლად, შემდეგ კი „მიიქცა სულტანი ანისად, შემუსრა და წაუღო ანისი, მოსრნა და ტყუე ყვნა ურიცხუნი სულნი და წარვიდა ქუეყანად თჳსად სპარსეთად. და ანისი წარუღო ბერძენთა და მისცა მანუჩეს, ძესა აბულასვარისსა“ (მატიანე ქართლისაჲ 2008: 289-290). ანისის აღებამ კიდევ უფრო გაზარდა მუსლიმანურ სამყაროში ალფ-არსლანის სახელი, ბიზანტიელებმა კი დაკარგეს აღმოსავლეთში ერთ-ერთი მტკიცე ციხე-ქალაქი. ალფ-არსლანმა ანისი საგამგებლოდ არანის გამგებელს მანუჩარ ბენ აბულ-ასვარს გადასცა, რომელმაც იგი პლაცდარმად გაიხადა მიმდებარე ტერიტორიების დასამორჩილებლად. ქართველი მემატიანისა და სადრ ად-დინ ჰუსეიჰის მიხედვით, ალფ-არსლანმა ანისის აღებით დაამთავრა თავისი ლაშქრობა ანატოლიასა და ამიერკავკასიაში და თავის ქვეყანაში დაბრუნდა. მათეოს ურჰაეცის ცნობით, კი ამერკავკასიიდან გამგზავრებამდე ალფ-არსლანი ყარსისაკენ გაემართა. ყარსის მმართველმა გაგიკმა, ხერხი იხმარა, სელჩუკებს მორჩილება გამოუცხადა და ქვეყანა აოხრებას გადაარჩინა. „ყარსიდან ალფ-არსლანის გამგზავრების შემდეგ გაგიკმა უარყო სელჩუკ სულთანთან ვასალური დამოკიდებულება და გაემგზავრა ბიზანტიის იმპერატორთან, რომელმაც მას ზამანდავის რაიონი უბოძა. გაგიკი მთელი თავისი სახლობით ამ რაიონში გადასახლდა“ (შენგელია 1968: 234).
ალფ-არსლანი ქვეყნის შიგნით განვითარებული მოვლენების გამო ანატოლიიდან ისპაანში დაბრუნდა, დაპყრობილი ტერიტორიები კი თავის ქვეშევრდომ ამირებსა და მუსლიმანური პროვინციების გამგებლებს დაუტოვა, რომლებიც, თავის მხრივ, განაგრძობდნენ დაპყრობით ომებს. აბულ-ასვარს, რომელსაც დავალებული ჰქონდა ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულებზე მეთვალყურეობა, საქართველოშიც უნდა ელაშქრა. რ. კიკნაძე მუნეჯიმ ბაშის ცნობებზე დაყრდნობით წერს: „აბულ ასვარმა ლაშქარი შემოიკრიბა და 1065 წ-ის ივნისში ნაბოძები ქვეყნების შემოსამტკიცებლად დაიძრა. ის ჯერ ანისში მივიდა, წესრიგი დაამყარა. იქ თავისი გამგებელი დანიშნა, იარაღით, სანოვაგითა და ხალხით მოამარაგა ქალაქი. მერე საქართველოშიც შეიჭრა, მოითარეშა იქაურობა და უკან გაბრუნდა განძაში. აბულ-ასვარს რომ ნამდვილად დაულაშქრავს საქართველო, ეს ჩანს მუნეჯიმ-ბაშის შემდეგი თხრობიდანაც. ის აღნიშნავს, რომ იმავე წლის ოქტომბერში ოსები გამოვიდნენ ბაბ-ალანიდან, გადაიარეს შაქისა და ჯურზანის (კახეთის) საზღვრები და კახელებთან ერთად არანს შეესივნენ. შამქორის მიდამოებში მათ ორასზე მეტი კაცი მოკლეს, განძასაც მიადგნენ და ყველა დახოცეს, ვინც კი ახლო-მახლო სოფლებში მოიხელეს. აბულ-ასვარი თავისი სარდლებით განძაში იმყოფებოდა, მაგრამ რაკი ლაშქარი გაშვებული ჰყოლია, ვერ გაბედა გარეთ გამოსვლა და შებრძოლება. აქედან ოსები და კახელები ბარდავისკენ წავიდნენ და სამი დღე დაჰყვეს ქალაქის კართან. მათ მოაოხრეს ბარდავის ოლქი და ხენეკინამდე მივიდნენ. მოლაშქრეებმა არანიდან დიდძალი დატყვევებული მუსლიმანი წამოიყვანეს და გამობრუნდნენ. საფიქრებელია, რომ ეს ლაშქრობა ბაგრატ IV-ის მიერ ყოფილიყო მოწყობილი აბულ-ასვარის შემოსევის პასუხად. ოსთა მეფე დორღოლელი ბაგრატის ცოლის ძმა იყო და ოსთა სამხედრო ძალა საქართველოს მეფეს მომავალშიც გამოუყენებია განძის მფლობელთა დასასჯელად“ (კიკნაძე 1960: 115).
აბულ-ასვარის საქართველოში ალფ-არსლანის შემდეგ ლაშქრობა შეიძლება ერთ-ერთ არგუმენტად მივიჩნიოთ იმასთან დაკავშირებით, რომ თურქ-სელჩუკებმა საქართველოში 1064 წლის ზაფხულში ლაშქრობის დროს ვერ მოახერხეს ქვეყნის დამორჩილება-დახარკვა. წინააღმდეგ შემთხვევაში აბულ-ასვარს, რომელიც ალფ-არსლანის მოკავშირე იყო და რომელიც, ვფიქრობთ, მისი მითითებით მოქმედებდა, აღარ დასჭირდებოდა საქართველოში ლაშქრობა. ბაგრატი ალფ-არსლანის ლაშქრობის შემდგომაც აქტიურად მოქმედებს. ამიტომაც გასცა საკადრისი პასუხი აბულ ასვარს.
ალფ-არსლანმა მიუხედავად მთელი რიგი წარმატებებისა, ვერ შეასრულა თავისი ძირითადი ამოცანა. ანატოლიისა და ამერკავკასიის მიმართულებით პირველი ლაშქრობის დროს, ვერ შეძლო ამიერკავკასიის ერთადერთი დამოუკიდებელი ქვეყნის- საქართველოს დამორჩილება-დახარკვა. მართალია. მტერმა სასტიკად დაარბია სამხრეთ საქართველო, მიწასთან გაასწორა ახალქალაქი, ხელთ იგდო უამრავი სიმდიდრე და ტყვე, შეაჩერა წარმატებით დაწყებული ფეოდალური გერთიანების პროცესი, მაგრამ ქართველების დიდი წინააღმდეგობისა და BBბაგრატ IV-ის გაუტეხელი სულის გამო სულთანმა ვეღარ განაგრძო ქვეყნის შემდგომი დაპყრობა. საქართველომ დიდი მსხვერპლის ფასად შეინარჩუნა მთავარი- სახელმწიფოებრიობა და ეროვნული დამოუკიდებლობა. ახალქალაქის გმირული დაცვა და სამხრეთ საქართველოს მოსახლეობის თავდადებული ბრძოლა დამპყრობლების წინააღმდეგ ერთ-ერთი გამორჩეული ფურცელია ქართველი ხალხის ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.
ალფ-არსლანის საქართველოში პირველ ლაშქრობასთან დაკავშირებით ზოგადი დასკვნები ასეთია:
1. დიდ სელჩუკთა სახელმწიფოს ფუძემდებლის თოღრულ-ბეგის გარდაცვალების შემდეგ სულთნის ტახტი დაიკავა ალფ-არსლანმა (1063-1072). იბნ-ალ-ასირის მიხედვით, იგი 424 (1032/3), რავენდის მიხედვით, კი 431 (1039/40)წელს დაიბადა. ალფ-არსლანი ქართულ-ბერძნულ-სომხური წყაროების მიხედვით, უარყოფით, ხოლო არაბულ-სპარსულ-ოსმალური წყაროების მიხედვით დადებით პიროვნებად ხასიათდება.
2. ხელისუფლების განმტკიცებისთანავე ალფ-არსლანმა დაიწყო ლაშქრობა ანატოლიისა და ამიერკავკასიის მიმართულებით. ამ ლაშქრობის მთავარი მიზანი აღმავლობის გზაზე დამდგარი საქართველოს დაპყრობა, ბაგრატ მეფის დამორჩილება და მისი ბიზანტიის იმპერიისაგან იზოლირება უნდა ყოფილიყო. ალფ-არსლანის საქართველოში უშუალო ლაშქრობა ამ ქვეყნისადმი განსაკუთრებულ ინტერესზე მიუთითებს.
3. პირველი ლაშქრობა ალფ-არსლანმა სამხრეთ საქართველოს მიმართულებით განახორციელა. სელჩუკებმა დაარბიეს კანგარი, თრიალეთი, ყუელისყური, შავშეთი, კლარჯეთი, ტაო და ქართველების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად (რომელსაც ერთხმად აღნიშნავენ როგორც ქართული ასევე უცხოური წყაროები), მიწასთან გაასწორეს ახალქალაქი. მტერმა ამ ბრძოლაში უამრავი ტყვე და ნადავლი იგდო ხელთ. დაუსრულებელი გალავნის გარდა, ახალქალაქის მცველების დამარცხების მიზეზი, ვფიქრობთ, ისევე როგორც ქართველი ხალხის მთელი ისტორიის უმრავლეს შემთხვევაში, აქაც მტრის რიცხობრივი უპირატესობა უნდა გამხდარიყო. სომეხი ისტორიკოსის ვარდან დიდის მიხედვით ახალქალაქის აღების დროს ალფ-არსლანს 100 000 კაციანი ლაშქარი ჰყავდა.
4. საისტორიო წყაროების ანალიზის, ურთიერთშედარებისა და ისტორიოგრაფიული მონაცემების მიხედვით, ალფ-არსლანის საქართველოში პირველი ლაშქრობა, შესაბამისად, ახალქალაქის აოხრება, შეიძლება, 1064 წლის ზაფხულით დავათარიღოთ.
5. სამხრეთ საქართველოს პროვინციების დარბევა და ახალქალაქის აოხრება არ ნიშნავს ამ მხარის, მითუმეტეს, მთელი საქართველოს დამორჩილებას. სადრ ად-დინ ჰუსეინის ცნობა, რომლის მიხედვით, ბაგრატმა ალფ-არსლანის სასარგებლოდ ხარკი იკისრა, ქართულ სომხურ-ბიზანტიური წყაროებით არ დასტურდება. უფრო სწორი უნდა იყოს ამ პერიოდის თანამედროვე ქართველი მემატიანის ცნობა, რომლის მიხედვით, ახალქალაქის აოხრების შემდეგ ალფ-არსლანმა ბაგრატ IV-ს ელჩი გაუგზავნა, მშვიდობა შესთავაზა და დისშვილი სთხოვა ცოლად, შემდეგ კი ანისისკენ გაილაშქრა. ალბათ, ქართველთა დიდმა წინააღმდეგობამ აიძულა იგი, უარი ეთქვა ქვეყნის სიღრმეში ლაშქრობაზე. ამ საქმეში გარკვეული როლი უნდა შეესრულებინა ბაგრატის თანხმობას და შემდგომ აქტიურ მოქმედებას თავისი დისშვილის სულთანზე გათხოვებასთან დაკავშირებით.
6. საქართველოს მეფე ახალქალაქის აოხრების შემდეგ საკმაოდ აქტიურად მოქმედებს. გართულებული პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად მან შეძლო სომეხთა დამორჩილება და სამშვილდის შემოერთება, შემდეგ კი თავისი ასული მართა ბერძენთა მეფეზე გაათხოვა, დისშვილი კი სელჩუკთა სულთან ალფ-არსლანზე. ბაგრატი ცდილობდა, სულთანთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონოდა, მასთან დამოყვრებით იგი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას ფიქრობდა.
7. „მატიანე ქარტლისაჲს“ მიხედვით, ბაგრატის დისშვილისა და ალფ-არსლანის ქორწინება შეიძლება 1065 წლით დავათარიღოთ. მართალია, ქართველი მემატიანე პირდაპირ არ აღნიშნავს ამ თარიღს, მაგრამ იგი ალფ-არსლანის საქართველოში მეორე ლაშქრობის თარიღად 1068 წელს ასახელებს. ამავე დროს მიუთითებს, რომ ეს ლაშქრობა მოხდა ბაგრატის დისწულის ალფ-არსლანზე გათხოვებიდან „შემდგომად სამისა წლისა“ („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 290-291). ამავე თარიღს ასახელებს ვახუშტი ბატონიშვილიც (ვახუშტი ბატონიშვილი 1973: 150). ბაგრატის აქტიური მოქმედებიდან გამომდინარეც ლოგიკურად, ეს ქორწინება ახალქალაქის აოხრების შემდგომ ახლო პერიოდში, ყოველ შემთხვევაში 1065 წელზე გვიან არ უნდა მომხდარიყო.
8. 1064 წლის აგვისტოში ალფ-არსლანმა ქალაქი ანისი აიღო და ამით დაამთავრა პირველი ლაშქრობა ანატოლიასა და ამიერკავკასიაში. ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულების მეთვალყურეობა არანის გამგებელს აბულ-ასვარს ჩააბარა, თვითონ კი შინაარეულობის გამო ისპაანში დაბრუნდა.
9. ალფ-არსლანმა ანატოლიისა და ამიერკავკასიის მიმართულებით პირველი ლაშქრობის დროს, სასტიკად დაარბია სამხრეთი საქართველო, მიწასთან გაასწორა ახალქალაქი, ხელთ იგდო უამრავი სიმდიდრე და ტყვე, შეაჩერა წარმატებით დაწყებული ფეოდალური გაერთიანების პროცესი, მაგრამ მან ვერ შეასრულა ძირითადი ამოცანა. საქართველომ დიდი მსხვერპლის ფასად შეინარჩუნა მთავარი-სახელმწიფოებრიობა და ეროვნული დამოუკიდებლობა.
V თავი
ალფ-არსლანის მეორე ლაშქრობა საქართველოში
ალფ-არსლანმა პირველი ლაშქრობის დროს ანატოლიასა და ამიერკავკასიაში დაპყრობილი ტერიტორიები მუსლიმანური პროვინციების გამგებლებს გადასცა (ვანის ტბის აუზის დაპყრობილი ტერიტორიები-ნახჭევანის ამირა სადაყ აშ-შაიბანს. ანისი აბულ-ასვარს), თვითონ კი სასწრაფოდ ისფაჰანს დაბრუნდა. ისფაჰანიდან კი ქერმანის მიმართულებით გაემგზავრა. მისი ანატოლიიდან მოულოდნელად წასვლის მიზეზი ქვეყნის შიგნით დაწყებული არეულობა უნდა ყოფილიყო. როგორც ცნობილია, ალფ-არსლანმა ტახტის განმტკიცების მიზნით ცალკეული პროვინციები სამმართველოდ შვილებს და მრავალმრიცხოვან ნათესავებს დაურიგა. მართალია, ამგვარმა მოქმედებამ თავიდან დადებითი შედეგი გამოიღო, მაგრამ შემდგომში დაპირისპირებები და ქვეყნის შინააშლილობა გამოიწვია.
სადრ ად-დინ ჰუსეინის ცნობით, ალფ-არსლანი ქერმანში შეხვდა თავის ძმას მელიქ ქავერდ ბინ მელიქ დავუდ ბინ მიქაილ ბინ სელჩუკს (დიდი სელჩუკი სულთნების შთამომავალი, ქირმანის სელჩუკთა სახელმწიფოს ფუძემდებელი), შემდეგ „ხორასანს გაემგზავრა და იქიდან კი-მინკიშლაღს წავიდა. ემირ ყიფჩაღი გარემოიცვა და ძალით ჩამოიყვანა თავის ციხიდან. შემდეგში, რადგანაც ზემოხსენებულმა სულთანი დააკმაყოფილა, მან ნება დართო თავის ციხეში დაბრუნებულიყო და გაათავისუფლა. ამის შემდეგ, რადგანაც მას ძალიან სურდა თავისი პაპის-სელჩუკის საფლავის ნახვა, ჯენდსა და სირანისკენ გაემართა. რადგანაც აქ ჯენდ ხანი მრავალი საჩუქრით შეხვდა, კვლავ გურგანჩი ჰარზემას დაბრუნდა და იქაური ემირობა თავის შვილს არსლან არგუნს მისცა. ჯერ მერვს, შემდეგ რაიგანში ჩამოვიდა, აქ ტახტის მემკვიდრეობა თავის შვილს სულთან ჯელალ უდ დევლე-მალიქ შაჰს მისცა და იქ დამსწრე ემირებს საპატიო ხალათები ჩააცვა“ (სადრ ად-დინ ჰუსეინი 1976: 191).
იბნ ალ-ასირის მიხედვით, ალფ-არსლანი ისფაჰანიდან მერევში გაემგზავრა, სადაც თავისი შვილი ყარახანიანთა გამგებლის ასულზე დააქორწინა. იმავ დროს მეორე შვილი ღაზნის გამგებლის ქალიშვილზე დააქორწინა. „ალფ-არსლანმა გააერთიანა ორი დინასტია-სელჩუკებისა და მაჰმუდის, რითაც საბოლოოდ ჩამოაგდო თანხმობა და მშვიდობიანობა“ (www.vostlit. info, Восточная литература, Автори и источники на вукву „И“ Ибн-ал-Асир, Тирих-ал-Камиль, Полный свод всеобщей Истории). იბნ ალ-ასირი 1065 წლით ათარიღებს ალფ-არსლანის ჩასვლას ჯენდში და იქ სელჩუკის საფლავის მონახულებას. ამავე წლით ათარიღებს და დაწვრილებით აღწერს იგი მალიქ-შაჰის ტახტის მემკვიდრედ გამოცხადების ცერემონიალს.
სადრ ად-დინ ჰუსეინი გადმოგვცემს, რომ 1066 წელს ალფ-არსლანი ისევ ისფაჰანის მიმართულებით დაძრულა. ამის მიზეზი გამხდარა ისფაჰანის გამგებლის ყარა-არსლანის აჯანყება, რომელიც თავის გამოუცდელ ვეზირს, მუხამედ იბნ იბრაჰიმს შეუცდენია. ალფ-არსლანმა ერთი შეტევით დაამარცხა აჯანყებულები. ყარა არსლანმა ორი მხედრით ჯირუფთას შეაფარა თავი და სულთანს შეწყალება სთხოვა, მას სულთნის კეთილმოწყალებისა და ალაჰის იმედი ჰქონდა. სულთანმა მას დანაშაული აპატია და ისევ ქერმანის მმართველად დატოვა. ამის შემდეგ ალფ-არსლანი ფარსისაკენ გაემართა, გზად ისთახრის ციხე დაიპყრო, მისი გამგებელი აიძულა ქვევით ჩამოსულიყო და მთელი სიმდიდრე ხელში ჩაიგდო. (www.vostlit. info, Восточная литература, Автори и источники на вукву „Х“, Ал-Хусайни Садр-Ад-Дин).
ალფ-არსლანის ანატოლიიდან წასვლის შემდეგ, აქ დატოვებული ამირები წარმატებით განაგრძობდნენ დაპყრობებს. „1065-1066 წლებში აქ დატოვებულმა სელჩუკმა ამირებმა გუმუშთეგინმა, აფშინმა და ხორასნის სალარმა მთელი რიგი თავდასხმები მოახდინეს ანატოლიის პროვინციებში და გაანადგურეს და ააოხრეს ქალაქები: მალათია, ერგანი, ხლათი, სივერექი, ამიდი, მაიაფარიკინი, ურფა, ჰარანი, ნიზიბი, სურუჯი, დელუქი, რაბანისა და ანტიოქიის მიდამოები. ამ რაიონებში დაიპყრეს მთელი რიგი ციხესიმაგრეები. ისინი პირნათლად ასრულებდნენ ალფ-არსლანის მიერ დასახულ ამოცანებს. წყაროებში ვრცლად არის გადმოცემული ალფ-არსლანის ანატოლიაში არყოფნის დროს სელჩუკი მხედართმთავრების მიერ ჩატარებული ლაშქრობების შესახებ“ (შენგელია 1968: 236). ალფ-არსლანი ჯერ კიდევ არ იყო ანატოლიიდან წასული, როდესაც მას განუდგა ერთგული განძის ამირა ფადლონი. დ. ბაქრაძის განმარტებით, „ამ სახელს ქართველი მწერლები უწოდებდნენ იმ ემირებს ანუ ხალიფის მოადგილეებს, რომელნიც იყვნენ შთამომავალნი ქურთის ტომის ბენნა-შედდისა. ფადლონები ფლობდნენ ყარაბახს ადერბეიჯანს და შირვანის ნაწილს. ფადლონები ცხოვრობდნენ ხან განჯაში, ხან დოვინში და ხან ანში. ოდესმე ისინი იყვნენ დიაღ შემძლებელნი. უკანასკნელს იმათგანს 1123 წ. Dდავით აღმაშენებელმა ჩამოართვა სამფლობელო და თვით ის გადმოასახლა საქართველოში, სადაც თამარ მეფეს დროიდამ შეიქმნა წინაპრად აფხაზეთის მთავრებისა შარვაშიძეებისა. ფადლონები იყვნენ დაუცხრომელნი საქრისტიანოს მტერნი: ისინი აწუხებდნენ საქ-ოს დავით კურაპალატისა და ბაგრატ III-ის დროსვე. ისინი უფრო საშიში იყვნენ იმათის მოსაზღვრე მხრისათვის, ჰერეთისა და კახეთისათვის, რომელსაც დაესხმეოდნენ და საიდამაც ბრუნდებოდნენ დიდის საშოვარით და ტყვეების სიმრავლით“ (ბაქრაძე 1880: 17). ალფ-არსლანის ამიერკავკასიაში პირველი ლაშქრობის დროს ფადლონი გამოცხადდა მასთან და მორჩილება გამოუცხადა. სადრ ად-დინ ჰუსეინი გადმოგვცემს: „ფადლონი განჯისა და მისი სანახების ვალი იყო. ვეზირი ნიზამ ალ-მულქი მისი ქვეყნებისაკენ გაემგზავრა. ფადლონი შეეგება მას და მის უზანგს ემთხვია, მასთან მოვიდა და სულთანს ეახლა. სულთანმა მას ფარსის ვილაიეთი უბოძა. აქ ერთი ციხეა, რომელიც ღმერთის მიერ ქვისაგანაა ნაგები. არც ერთი მშენებლის მიერ არაა იგი აგებული და აქამომდე ამ ციხეს არავინ დაუფლებია. ფადლონი ამ ციხეში იყო გამაგრებული. ეშმაკმა ამ კაცს ცხვირში რაღაც ჩაბერა და მისი მოჯანყე ძარღვები მოძრაობაში მოიყვანა. ვეზირი ნიზამ ალ-მულქი ამ ციხის კალთებს მოადგა და ომის ცეცხლი დაანთო. მტრის ჯარმა ნიზამ ალ-მულქის ლაშქარს დაუშინა ისეთი ისრები, რომლებიც რკინას ხვრეტდნენ და გადიოდნენ. ნიზამ ალ-მულქის ჯარები კი ამის საპასუხოდ ქვებსა და ისრებს ისროდნენ. როდესაც გაცხარდა ბრძოლა, ვეღარ გაუძლეს და მეციხოვნეებმა შეწყალება ითხოვეს, რამაც ყველა გააოცა. ამის გამომწვევი მიზეზის ძიება დაიწყეს. ბოლოს გაირკვა, რადგანაც ციხის ჭები წყლისგან დაცლილი იყო, ესენი უწყლობის გამო იძულებულნი გახდნენ შეწყნარება ეთხოვათ. ფადლონმა თავი შეაფარა ციხის შუაში მტკიცედ ნაშენ კოშკს და იქ გამაგრდა. ვეზირ ნიზამ ალ-მულქმა ემირ ჰაზარასბი (ნიზამ ალ-მულქის ერთ-ერთი ემირი, რომელიც მას თან ახლდა საქართველოსა და ამიერკავკასიაში ლაშქრობის დროს) მოიხმო და მიმართა: შენი ცხენოსნებითა და ქვეითებით გაემართე იმ ადგილს, სადაც ფადლონი დაიბადა, მისი ნათესავები და ცოლი დაიჭირე და ყველა ისინი გაანადგურე. ფადლონმა გაიგო ნიზამ ალ-მულქის ეს ღონისძიება. მის მშობლიურ ადგილზე წასასვლელ გზაზე დაბრკოლება რომ შეექმნა, თავისი ლაშქრით ციხიდან ჩამოვიდა და ნიზამ ალ-მულქის ლაშქრის წინამძღოლს ჰაზარასბის შეხვდა. ამაზე ჰაზარასბი ცხენიდან ჩამოვიდა, ქვეითად იარა და იქ ბალახებში დაიმალა. ვეზირ ნიზამ ალ-მულქის ლაშქრიდან ერთ-ერთმა იგი (ფადლონი) დაინახა და დაიჭირა. თმაზე წაავლო ხელი და თრევა-თრევით დატყვევებული ნიზამ ალ-მულქს მოჰგვარა. ნიზამ ალ-მულქმა ბრძანა ზემოხსენებულის დაპატიმრება. ამ დროს დიდებული სულთანი ალფ-არსლანი ქირმანში იყო- იმ საღამოს სიზმარი ნახა, რომ ნიზამ ალ-მულქმა ციხე აიღო, მოსახლეობა ციხიდან ჩამოიყვანა და ფადლონი დაატყვევა. როდესაც მან გაიღვიძა, სიზმარი სიზმრის ამხსნელს უამბო. მათ უთხრეს, რომ ეს კარგი სიზმარია. მათი სიზმრის ახსნა სხვა არა არის რა თუ არა ცხადი რამე. ცოტა ხანი გავიდა და სულთანთან მოვიდა ნიზამ ალ-მულქის მახარობელი და მას მოჰყვა დატყვევებული ფადლონი. სულთანმა ფადლონს აპატია. ამ გამარჯვებაზე შეიხ ალი ბინ ჰასან ბაჰარზიმ წიგნი დაწერა“ (სადრ ად-დინ ჰუსეინი 1976: 191-192). წყაროში მითითებული არ არის თუ რატომ აპატია სულთანმა ფადლონს ეს ღალატი. ვფიქრობთ, ალფ-არსლანი ამ დროს უკვე ემზადება ამიერკავკასიაში სალაშქროდ და მას ფადლონი სჭირდებოდა ამ ქვეყნების წინააღმდეგ როგორც მაჰმადიანი, ყველაზე ერთგული დასაყრდენი ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულების მმართველთა შორის. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ სწორედ ფადლონის ხელახლა გაერთგულების შემდეგ მოაწყო ალფ-არსლანმა მეორე ლაშქრობა ანატოლიისა და ამიერკავკასიის მიმართულებით. ამ ლაშქრობის ძირითადი მიზეზი საქართველო უნდა ყოფილიყო. სადრ ად-დინ ჰუსეინი პირდაპირ აღნიშნავს, რომ ალფ-არსლანს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი საქართველოში საგანგებო ლაშქრობა (სადრ ად-დინ ჰუსეინი 1976: 192). ალფ-არსლანის საქართველოში მეორე ლაშქრობის კონკრეტული მიზეზი უცნობია. ნ. შენგელია წერს: „ჩვენ არ ვიცით, თუ რამ მიიყვანა ალფ-არსლანი ამ გადაწყვეტილებამდე, მაგრამ საფიქრებელია, რომ მეზობელი მუსლიმანური ერთეულები, რომლებიც ალფ-არსლანის მოკავშირედ და ერთგულებად ითვლებოდნენ, ბაგრატ მეფის მიერ შევიწროვებული უნდა ყოფილიყვნენ... საქართველოში ალფ-არსლანის მეორე ლაშქრობას, ბაგრატის ბარდავში გალაშქრება უძღოდა წინ. არაბული წყაროს ცნობით, „460 (1067/68) წელს ქართველთა მეფე ბაგრატი ბარდავს შეესია და იავარჰყო“. ადვილი შესაძლებელია ბაგრატის მიერ იავარქმნილი ბარდავის გამგებელმა საშველად ალფ-არსლანს მიმართა“ (შენგელია 1968: 238). რ. კიკნაძის აზრითაც „ქართველთა არანში ლაშქრობით განრისხებული ალფ-არსლანი მათ დასასჯელად წამოსულა“ (კიკნაძე 1960: 115). ბაგრატ IV-ის მიერ მუსლიმანური პოლიტიკური ერთეულების შევიწროვების გარდა ალფ-არსლანის საქართველოში მეორე ლაშქრობას, ჩვენი აზრით, უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი უნდა ჰქონოდა, კერძოდ: .ალფ-არსლანმა თავის პირველი ლაშქრობის დროს ვერ შეძლო საქართველოს როგორც ამიერკავკასიის ერთადერთი დამოუკიდებელი და ბიზანტიის მოკავშირე სახელმწიფოს დამორჩილება. სწორედ აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტა უნდა ყოფილიყო მისი ანატოლიისა და ამიერკავკასიის მიმართულებით მეორე ლაშქრობის ძირითადი მიზეზი. ამ დროს აშკარად უპირისპირდება ერთმანეთს ბიზანტიისა და სელჩუკთა სახელმწიფოების ინტერესები ანატოლიასა და ამიერკავკასიაში. ალფ-არსლანისათვის, ბაგრატთან დამოყვრების მიუხედავად (ბაგრატმა ალფ-არსლანს ცოლად შერთო თავისი დისშვილი, თუმცა სულთანი მალე გაეყარა მას და ნიზამ ალ-მულქს შეართვევინა), აშკარა გახდა, რომ აუცილებელი იყო საქართველოს დამორჩილება.
სადრ ად-დინ ჰუსეინის მიხედვით, საქართველოსკენ მომავალ სელჩუკთა ლაშქარს ალფ-არსლანმა ემირი სუთექინი უსარდლა: „ემირ სუთექინი, რომელიც ამისათვის მოწყობილი ჯარის მეთაურად ჩადგა, წინ მიდიოდა როგორც წინამძღოლი. აფხაზთა ჯარი შედგებოდა რუმთა ქვეყნების მამაცი ადამიანებისაგან. ესენი ეფრენჩის და შექის მცხოვრებლები იყვნენ. შექი ერთი ნაჰიეა და მისი მელიქი აღსართანი იყო“ ( სადრ ად-დინ ჰუსეინი 1976: 192). ზ. ბუნიატოვის მიერ რუსულად ნათარგმნ სადრ ად-დინ ჰუსეინის თხზულებაში ნათქვამია, რომ ყველაზე ძლიერები რუმთა ლაშქარში იყვნენ ფრანკები (ფარანჯები) და შაქელები (www.vostlit. info, Восточная литература, Автори и источники на вукву „Х“, Ал-Хусайни Садр-Ад-Дин). ვ. ვასილევსკი კი ამავე თხზულების კომენტარებში აღნიშნავს, რომ „ფრანკი (ფარანჯი, ფარანგი, ვარანგი)--რუმთა ქვეყნიდან“ ავტორი უნდა გულისხმობდეს ქართველთა მეფის სამსახურში მყოფ 3000 ვარიაგს. (www.vostlit. info, Восточная литература, Автори и источники на вукву „Х“, Ал-Хусайни Садр-Ад-Дин).
რ. მეტრეველი შენიშნავს, „ქართველთა და ვარანგთა ურთიერთობის შესახებ მეტად საირტერესო ცნობაა დაცული „მატიანე ქართლისა“-ში. თხზულებაში, იქ სადაც ლაპარაკია საქართველოს მეფეს ბაგრატ მეოთხესა (1027-1072) და კლდეკარის ერისთავის ლიპარიტ ბაღვაშს შორის (ამ უკანასკნელს ბიზანტიის იმპერია უჭერდა მხარს) ურთიერთობის უკიდურესად გამწვავების შესახებ, აღნიშნულია: „და მოვიდეს ვარანგნი სამი ათასი კაცი, და დააყენა ბაშს; გარდამოიტანა თანა შვიდასი კაცი. და მოვიდა ბაგრატ შიდათ ლაშქრითა; და ამათ ვარანგთა, მესხნი ვერღარა მოილოდინეს, მოვიდეს და შეიბნეს თავსა სასირეთისა ჭალისასა; გაიქცა შიდა ლაშქარი, და ომსა ამასვე შეიპყრეს აბუსერი და სხუანიცა დიდებულნი მისთანა, ვერღარა უძლეს ბრძოლად ვარანგთა“ ისტორიკოსებში არ არის აზრთა ერთიანობა იმის შესახებ თუ ვის მხარეზე იბრძოდნენ ვარანგნი. ერთნი (ნ. მარი, ნ. ბერძენიშვილი და სხვ.) მიიჩნევენ, რომ ისინი იყვნენ ლიპარიტის მხარეს, მეორენი (მ. ჯანაშვილი, დ. ბაქრაძე, ვ. ვასილევსკი, ი. ცინცაძე და სხვ.) თვლიან, რომ ვარანგნი ბაგრატ მეოთხესთან იყვნენ“ (მეტრეველი 1988: 76). რ. მეტრეველს მიაჩნია, რომ, „მატიანე ქართლისას“ ზემომოტანილი ტექსტის მიხედვით, ვარანგნი სწორედ საქართველოს მეფეს ბაგრატს უმაგრებდნენ მხარს. (მეტრეველი 1988: 76).
ბაგრატ IV-ის მხარეზე მებრძოლ ძალად თვლიდა ვარანგებს ვახუშტი ბატონიშვილიც, რომელიც აღნიშნავდა: „ხოლო ბაგრატს მოერთნენ სამი ათასი ვარანგნი; მოიტანა მეფემან შვიდასი მათგანი და შიდა ქართველნი, გარნა მესხნი ვერღარა მოიცადა და ლიპარიტცა მოვიდა კახით და სომეხთა მეფით დავითით; შეიბნენ სასირეთისა ჭალასა შინა; არამედ იძლივნენ ბაგრატისანნი და შეიპყრეს კუალად აბუსერი და სხვანი დიდებულნიცა და ვარანგთა ვერღარა უყვეს ბრძოლა“ (ვახუშტი ბატონიშვილი 1973: 147). რაღა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის, რომ „ვარანგნი“, რომლებიც ბაგრატის მხარეზე იბრძვიან ლიპარიტთან დაპირისპირებისას, მეფეს თან ხლებოდნენ ალფ-არსლანის საქართველოში მეორე ლაშქრობის დროსაც, თუმცა, წყაროთა სიმცირის გამო, გადაჭრით რაიმეს თქმა ძნელია. „მატიანე ქართლისაჲ“-ს ავტორს ვარანგების შესახებ ამ დროს ნათქვამი არაფერი არ აქვს. საინტერესოა თვითონ ტერმინ „ვარანგნის“ მნიშვნელობაც. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში იგი განმარტებულია, როგორც „ვარგნი, თუ მრავლის შემძლენი“ (ორბელიანი 1993: 133). რ. მეტრეველის მიხედვით, ვარანგნი რუსის სინონიმია: „რუსის“ ბადალი ტერმინებია ქართულ მატიანეებსა თუ საბუთებში მოხსენებული „ვარანგი“ (ვარიაგი) და სკვითი (მეტრეველი 1988: 75).
როგორც აღვნიშნეთ, არაბული წყაროს (სადრ ად-დინ ჰუსეინი) მიხედვით, ალფ-არსლანის საქართველოსკენ მეორედ გამოლაშქრების მიზეზად ბაგრატისაგან მუსლიმანური პოლიტიკური ერთეულების შევიწროვება სახელდება. ქართველი მემატიანისათვის ამ ლაშქრობის მიზეზი უცნობია (ყოველ შემთხვევისთვის ამ მიზეზს არ ასახელებს). იგი აღნიშნავს, რომ სულთნის ბაგრატის დისშვილთან ქორწინების სამი წლის შემდეგ, მან შემოუარა რანს და მოულოდნელად შემოვიდა ჰერეთში, რომლის დიდებულებიც ბაგრატის ერთგულები იყვნენ. ამ დროს ბაგრატი გალაშქრებული იყო კახეთის ასაღებად. კახთა მეფე აღსართანმა მიატოვა ციხეები და თავი კავკასიას შეაფარა. როდესაც ბაგრატის მოწინავე რაზმმა მას უამბო სელჩუკთა შემოსევის შესახებ, მეფე სასწრაფოდ აიყარა და ქართლში გადმოვიდა: „გამოვიდა სულტანი, შემოვლო რანი და უგრძნეულად შევიდა ჰერეთად. და მის ქუეყანისა დიდებულნი იყვნეს მორთულ და ერთგულ ბაგრატისა. და მას ჟამსა იყო მცირედითა საქონლითა მეფე კახეთისაი აღსართან, ძე გაგიკისი. და ყოველთა დაყარნეს ციხენი მათნი და ივლტოდეს კავკასიად. და იყო ბაგრატ გალაშქრებული აღებად კახეთისა. და ლაშქარი მისი წინა გაგზავნილი იყო ვეჟინის ერისთავისა თანა წირქუალელსა. შემოიქცეს მშჳდობით და უამბეს შემოსლვაჲ სულტანისაჲ და დაყრაჲ ციხეთაჲ. შემოიქცა სწრაფით და მოვიდა ქუეყანად თჳსად ქართლად“ („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 290-291). ბაგრატის ქართლში სასწრაფოდ გადმოსვლა თავისთავად მიუთითებს ალფ-არსლანის მოულოდნელ გამოჩენაზე, როგორც ჩანს, ბაგრატი არ იყო მზად სელჩუკთა წინააღმდეგ საბრძოლველად. ზ. პაპასქირი არ გამორიცხავს, რომ სელჩუკთა ასეთი ოპერატიული გამოჩენა მომხდარიყო კახთა მეფის აღსართანის ინიციატივით. ამაზე უნდა მიუთითებდეს სადრ ად-დინ ჰუსეინის თხზულებაში დაცული ფაქტი სულთნის შენაერთების მიერ, ჰერეთის ტერიტორიიდან „აფხაზი ყაჩაღების“ განდევნის შესახებ. ასევე აღსართანის სასწრაფო გამოცხადება ალფ-არსლანთან და მორჩილების გამოცხადება (Папаскири 2001: 90).
სადრ ად-დინ ჰუსეინი გადმოგვცემს, რომ შექში (უნდა იგულისხმებოდეს კახეთ-ჰერეთის აღმასავლეთი პროვინცია) რუმელებმა და აფხაზებმა (ქართველებმა) ალფ-არსლანის ლაშქარს წინააღმდეგობა გაუწიეს. სელჩუკთა სულთანს საკმაო ძალისხმევა დასჭირდა მათ დასამორჩილებლად: „შექის გარს ერტყა მუხნარი და ტყიანი ადგილები, რომლებზედაც რუმთა და აფხაზთა ყაჩაღები და ქურდები იმალებოდნენ. სულთანმა მენავთეებს უბრძანა. რათა ეს ჭაობიანი და ჭოჭი ადგილები გადაეწვათ. როდესაც ეს ადგილები გადაწვეს, სულთანმა დაინახა, რომ ამ გადამწვარი ადგილის შუაში იყო ორი ციხე, რომელიც შედგებოდა რკინის ფირფიტებისა და სპილენძის ხრახნებით გამაგრებული ქვისაგან. მაგრამ, მიუხედავად სხვადასხვა ღონისძიებებისა, ამ ციხეებთან მიდგომა შეუძლებელი შეიქმნა. ამის გამო სულთანი ძალიან დაღონდა. ამ ორი ციხის პატრონსა და შექის მელიქს შორის ოდითგანვე დიდი შური და მტრობა იყო. ამ ორი ციხის პატრონი ციხიდან ქვევით ჩამოვიდა. მუსლიმობა მიიღო და ციხეები ჩააბარა. შემდეგ სულთანმა ამ ქვეყნის ყველა მხარეში მდებარე ციხეები სათითაოდ დაიპყრო, აიღო მთელი ეს ქვეყანა და რაც კი იპოვა, ყველაფერი გაანადგურა. იმდენი სიმდიდრე ჩაიგდო ხელში, რომ მისი აღწერა შეუძლებელია“ (სადრ ად-დინ ჰუსეინი 1976: 192).
ქართველი მემატიანის ცნობა ბაგრატ IV-ის კახეთ-ჰერეთსა და განსაკუთრებით არაბული წყაროს ცნობა მისი საქართველოსგან საკმაოდ შორს ბარდავში ლაშქრობა, ალფ-არსლანის მეორე ლაშქრობის წინ საქართველოს სამეფოს გაძლიერებაზე მიუთითებს. როგორ ჩანს, ენერგიულმა ბაგრატ IV-მ საკმაოდ კარგად გამოიყენა ალფ-არსლანის პირველი ლაშქრობის შემდეგ ქვეყანაში დროებით დამყარებული მშვიდობა. სრულიად სამართლიანად შენიშნავს ზ. პაპასქირი: „ქართველი მეფის სამხედრო-პოლიტიკური აქციები აშკარად მოწმობს რომ 1064-1068 წწ.- ალფ-არსლანის საქართველოში პირველ და მეორე ლაშქრობებს შორის პერიოდში, ბაგრატ IV-ს არანაირი ვასალური მოვალეობა არ ჰქონდა. პირიქით, ცხადია, რომ საქართველოს მეფე ამ დროს საერთოდ არ გაურბოდა დაპირისპირებას და სულაც არ მიდიოდა რაიმე დათმობაზე სელჩუკთა სულთანთან, როგორც ამას მიიჩნევს ნ. შენგელია, არამედ ატარებდა დამოუკიდებელ საკმარისად აქტიურ საგარეო პოლიტიკას პოზიციების გასამაგრებლად აღმოსავლეთ კავკასიაში. შემთხვევითი არაა, რომ სელჩუკთა შემოსევების წინა დღეს ქართველი მეფე კახეთ-ჰერეთის შემოერთებით იყო დაკავებული. მხოლოდ თურქთა შემოსვლამ აიძულა იგი რათა შეეწყვიტა შემდგომი შეტევა და უკან დაბრუნებულიყო“ (Папаскири 2001: 90).
„მატიანე ქართლისაჲს“ მიხედვით, კახეთ-ჰერეთში შემოსულ ალფ-არსლანს, კახთა მეფე აღსართანი ეახლა, ისლამი მიიღო და ხარკის გადახდა იკისრა. კმაყოფილმა სულთანმა ყველა ციხე ამ მხარეში მას გადასცა: „ხოლო აღსართან მიერთო სულტანსა, მიუძღუანა ძღუენი დიდი, და აღუთქვა ხარაჯაჲ, და მისცა ყოველნი ციხენი დაყრილი სულტანმან მასვე: და რომელნი აფხაზთა მეფისა კაცთა დაყარნეს, და რომელნი თჳთ აღსართანისთა[ნი], მისცა ყოველნი“ („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 291). იგივე ამბავს არაბი ისტორიკოსი სადრ ად-დინ ჰუსეინი შემდეგნაირად გადმოგვცემს: „ეფრენჯის, იგივე შექის მელიქი ეს აღსართანი მრავალი ცხენოსნით მოვიდა და სულთნის სასახლის წინ დადგა. სულთანმა ეს რომ დაინახა, თავის ხალხს უთხრა: „ის შიგ შემოიყვანეთ და დაასვენეთ, რადგან იგი დიდად სახელოვანი და განთქმული მელიქია“. როდესაც აღსართანი მას ეახლა, სულთანს მიმართა და მოახსენა: „მე ნაწყენი ვარ, იმის გამო, რომ შენიშვნა მომეცით. ის, რამაც მე შენთან მომიყვანა არის აზრი, რომელიც გამიჩნდა ისლამის სარწმუნოების შესახებ და იმ გადაწყვეტილებამ, რომ გავწყვიტო კავშირი ქრისტიანობასთან“. ეს უთხრა თუ არა სულთანი ტახტიდან ჩამოვიდა და ზემოხსენებულს შეეგება, გადაეხვია და თავზე ემთხვია. ისიც ამის საპასუხოდ სულთანს ფეხზე ეამბორა და ორივემ ტირილი დაიწყო. მათ გულში ღრმა მწუხარებამ გაიღვიძა. მელიქ აღსართანმა ისლამი მიიღო. ამის შემდეგ სულთანმა თავისი ხაზინიდან გამოიღო ძვირფასეულობა და მის წინ დაყარა. მას შემდეგ, რაც სათანადო პატივისცემა აღმოუჩინა, იქვე მდგომ ცხენზე შესვა. ემირები და ჰაჯიბები მათ გვერდით ქვეითად გაჰყვნენ. ამრიგად, ისინი მოვიდნენ კარავში, რომელშიც გაშლილი იყო დიდი ბრწყინვალებით მორთული სუფრები და ზედ ეწყო ყოველგვარი სიმდიდრე. შემდეგ სულთანმა მას გაუგზავნა მუსლიმი ღვთისმეტყველი, რომელიც ასწავლიდა ისლამის წეს-ჩვეულებებს, ნამაზის შესრულებას და ყურანის სურების კითხვას. ბრძანა, რომ იგი განებანათ და ამ ვილაიეთების ემირობა მას უბოძა“ (სადრ ად-დინ ჰუსეინი 1976: 193). ხაზგასასმელია, რომ არაბი ისტორიკოსი ბაგრატს მეფედ, ხოლო აღსართანს მელიქად მოიხსენიებს, რაც ბაგრატის უპირატეს მდგომარეობაზე მიუთითებს. სულთანს აღსართანი სჭირდება როგორც ერთგული მოკავშირე ბაგრატის წინააღმდეგ. სწორედ ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მიზეზი სულთნის ესოდენ დიდი წყალობისა აღსართანის მიმართ. ქართველი მემატიანის ცნობით, აღსართანის გაერთგულებიდან სამი კვირის შემდეგ სულთანი გამოემართა აფხაზთა (ქართველთა) წინააღმდეგ. მას თან ახლდნენ სომეხთა მეფე კვირიკე, თბილისის ამირა და აღსართანი. ისინი ქართლში შემოვიდნენ 1068 წლის 10 დეკემბერს 150 სამშაბათ დღეს: „და შემდგომად სამისა კჳრისა წარმოემართა აფხაზთა მეფესა ზედა. და მიერთნეს სომეხთა მეფე კჳრიკე და ტფილელი ამირა და აღსართან; შემოჰყვეს ქართლს თანა ჯაჭჳთა. გაუშვეს მარბიელი ცისკრად, და სამწუხაროდ აღივსო ყოველი ქართლი თუესა დეკემბერსა ათსა, დღესა სამშაბათსა. ხოლო ქორონიკონი იყო ორას ოთხმოცდარვა“ („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 291).
დ. ბაქრაძე ალფ-არსლანის საქართველოში მეორე ლაშქრობასთან დაკავშირებით წერს: „საქართველო ისე ბედნიერი არ იყო, რომ იმას ბაგრატის სიცოცხლეში ხანგრძლივი მშვიდობიანობა ეგემოვნა. შიგ საქართველოში დაწყნარდა ღელვა, მაგრამ სპარსეთის მხრით კიდევ ასტყდა ჭექა-ქუხილი. არპ-ასლანი სამის წლის შემდეგ მეორედ მოაწყდა ჩვენ ქვეყანას. ამას მოჰყავდა თან ხუთასი ათასი (?) კაცი წყობა, რომელიც მიესია რანს, ჰერეთს და კახეთს. კახელებმა მოასწრეს მთებში ასვლა; იმათი მეფე ახსარტანი იძულებულიყო მტერს მისცემოდა; ამასთანავე იმან ასიამოვნა არპ-ასლანი სჯულის დატევებით. არპ-ასლანი გაემართა უშორეს და თან გაიდევნა ახსარტანის გარდა სომეხთა მეფე და თბილისის ემირი. ეს შემთხვევა მოხდა 1068 წ. ჯარი გავიდა იორს და დაბანაკდა მცხეთის მახლობლად. აქედამ არპ-ასლანმა მხედრობის გუნდი გაგზავნა სხვა-და-სხვა ქართლის მხარეებში დ აგრეთვე იმერეთისკენ არგვეთში“ (ბაქრაძე 1880: 49-50).
როგორც რ. კიკნაძე გადმოგვცემს: „მუნეჯიმ-ბაშსაც აქვს მოთხრობილი ალფ-არსლანის საქართველოში მეორე ლაშქრობის ამბავი. მისი სიტყვით, 459 წ. სულ-ჰიჯას თვეს (1067 წლის ოქტომბერ-ნოემბერი) ალფ-არსლანი არანში მოვიდა და ფადლ იბნ შავურმა (ქართული წყაროების ფადლონი აბულ-ასვარის ძე) მორჩილება გამოუცხადა და თავის საუნჯეთა გასაღებებიც გადასცა. აქვე მოვიდა შარვანის პატრონი ფარიბურზ იბნ სალარიც საჩუქრებითა და მორჩილებით. 460წ. მოჰარამის თვეში (1067 წლის ნოემბერ-დეკემბერი) სულთანი კახეთისკენ დაიძრა, იქიდან კი ქართლში გადავიდა, ბევრი ხალხი დახოცა, დაატყვევა და დიდი ნადავლი აიღო. მან მრავალი ციხე დაიპყრო საქართველოში“ (კიკნაძე 1960: 117). გამორიცხული არ არის მუნეჯიმ ბაში ალფ-არსლანის საქართველოში მეორე ლაშქრობის თარიღთან დაკავშირებით სადრ ად-დინ ჰუსეინის ცნობებით სარგებლობდეს. ჰუსეინის ცნობით, 460 წელს (1067წ. XI-XII; 1068წ. I-X), როდესაც ბაგრატი ბარდავს შეესია, ალფ-არსლანმა მტკიცედ გადაწყვიტა მის წინააღმდეგ გალაშქრება ( სადრ ად-დინ ჰუსეინი 1976: 192). შევნიშნავთ, რომ XVII საუკუნის ოსმალო ისტორიკოსისმუნეჯიმ ბაშის არაბულ ენაზე შედგენილი თხზულება ძირითადად წარმოადგენს წინა პერიოდის საისტორიო წყაროებში დაცული ცნობების კრებულს.
ალფ-არსლანის საქართველოში მეორე ლაშქრობის თარიღად, ამავე პერიოდის ქართველი მემატიანის მიერ დასახელებული 1068 წელი ყველაზე უფრო სანდოდ მიგვაჩნია. იგი ასახელებს არა მარტო ალფ არსლანის ქართლში შემოსვლის წელს, არამედ თვესა და რიცხვსაც (10 დეკემბერი). რაც კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის მის ცნობას. ალფ-არსლანის საქართველოში მეორედ ლაშქრობის დროს ქვეყანა ეკონომიურად მომძლავრებული ყოფილა, სელჩუკები ქართლში ექვსი კვირა დარჩენილან, მთელი ეს მხარე მოუოხრებიათ, გადასულან დასავლეთში და სვერის ციხემდე ულაშქრიათ, ვისაც მთაში გაქცევა მოუსწრია ძლიერი ყინვისგან დახოცილან. თვითონ სულთანიც ძალიან შეწუხებულა მკაცრი ზამთრისაგან. „მატიანე ქართლისაჲს“ ავტორი შთამბეჭდავად გადმოგვცემს სელჩუკთა საქართველოში ლაშქრობის შედეგებს: „და იყო ქართლსა შინა პური და ღჳინოჲ, და დაყო ექუსი კჳრაჲ, და იწყო ოჴრებად და ჴოცად კაცისა, და გარდავიდა მარბიელი მისი არგუეთს. მიუწიეს და დაარბივეს ვიდრე სუერის ციხემდე. და მოისრა ურიცხჳ სული ქრისტიანეთაჲ და ტყუე იქმნა; და იქმნა საძაგელ ქუეყანაჲ ქართლისაჲ სახილველად კაცთა. მოოჴრდეს ყოველნი ეკლესიანი და სიმრავლითა მძორჲსაითა არღარა დაედგმოდეს ქუეყანასა თვალნი. და ცოდვათა ჩუენთა მოსაგებელსა რისხვასა ღმრთისასა ზეცით ცაჲ წამებდა, და სისხლის მწჳმელი ღრუბელი აღმოსავლეთით მოეფინა ქართლსა ზედა. და იქმნა ღამე უკუნი, ვითარცა ნათელი დღისაჲ, და იყო ხილვაი მისი საშინელი და შემაძრწუნებელი, და არე-არე სისხლის წჳმაჲ ეხილვა კაცთა. და იქმნა ზამთარი სასტიკი; რომელი გარდაეხუეწა ზამთარსა და მიმართა მთათა, მოსწყდა იგიცა სიფიცხისაგან ზამთრისა. ხოლო ყოველსა ქართლსა შინა დადგა ლაშქარი. და თჳთ თავადი სულტანი დადგა კარბსა და მერე ჩამოდგა შერთულთა, და აწირვა სიძნელემან ზამთრისაგან და ბუქთა ძლიერთა“ (“მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 291-292).
აზერბაიჯაბელი ისტორიკოსის რ. ჰუსეინოვის აზრით, ქართლის მეფე ბაგრატ IV შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სელჩუკებისთვის, მაგრამ გადამწყვეტ ბრძოლაში ქართველთა ლაშქარი დამარცხდა (Гусеин-Заде 2010: 76). ვერ დავეთანხმებით რ. ჰუსეინოვის ამ მოსაზრებას, ჯერ ერთი ბაგრატი არა მარტო ქართლის, არამედ საქართველოს მეფეა, მეორეც გადამწყვეტი მარცხი (მხედველობაში გვაქვს მარცხი, რომლითაც მთელი საქართველო სელჩუკების ხელში გადავიდოდა) ბაგრატ IV-ს სელჩუკებთან არ განუცდია. ალბათ ეს „გადამწყვეტი მარცხი“ აქვს მხედველოვაში რ. ჰუსეინოვს, როდესაც წერს: „დიდმა სულთანმა ალფ-არსლანმა 1067 წელს მიიღო ვასალური ფიცი საქართველოს მეფე ბაგრატ IV-საგან“ (Гусеин-Заде 2010 166). უფრო წინ თავის მონოგრაფიაში რ. ჰუსეინოვი აღნიშნავს, რომ 1068 წელის იანვარში ალფ-არსლანი მოვიდა განჯაში, მას ეახლა არანისა და ნახჩევანის ემირი ფადლონ II, აღიარა მისი სიუზერენიტეტი და გადასცა საჩუქრები. მალე ალფ-არსლანმა არანიდან განახორციელა მეორე ლაშქრობა საქართველოზე (Гусеин-Заде 2010: 76). ამ შემთხვევაში დიდი მეცნიერის ნაშრომში შეუსაბამობაა: თუ 1068 წელს ალფ-არსლანი განჯაში მოვიდა და შემდეგ მოაწყო მეორე ლაშქრობა საქართველოში, მაშინ როგორ ან რისთვის მიიღო ბაგრატ IV-მ 1067 წელს სულთნის მიმართ ვასალური ფიცი, როდესაც ის ჯერ კიდევ საქართველოში არ არის.
არაბული წყაროს მიხედვით, კახეთში საქმეების მოგვარების შემდეგ „სულთანი გაემართა აფხაზთა მეფე ბაგრატის წინააღმდეგ და თავის ჯარებს მისცა (სრული) თავისუფლება ამ ვილაიეთებში, რომ ეხოცათ და გაენადგურებინათ. ამგვარად ბოლოს თბილისში ჩამოვიდა.. აქ მან დაინახა სულეიმან დავუდის ძის (მშვიდობა იყოს მასზე) მიერ აშენებული ცხელი აბანო, რომლის წყალი სრულებით უცეცხლოდ თვითონ გადმოდიოდა ცხლად ეს დუნაიზე პირველად გაკეთებული აბანოა. თბილისის კედლის სიგრძე 40 წყრთაა და სიგანეც ამდენივეა. აქ ქრისტიანეთა ერთი ეკლესიაა. ამ ქრისტიანების შეხედულებით, მისი მნიშვნელობა ისეთივეა, როგორც მუსლიმებისათვის ქააბას მნიშვნელობა. სულთანმა ეს ქალაქიც დაიპყრო და იქ ერთი ჯამე გააშენებინა. აფხაზთა საზღვარზე ერთი ციხე იყო, რომელსაც კალათ ულ-სალიბს ეძახდნენ. ამ ციხეს ისეთი მამაცი ჯარი იცავდა, რომელსაც ხმლისა და შუბის არ ეშინოდა და ომს არ გაურბოდა. მასში შიგნით მრავალი ეკლესია და იესოსა და მარიამის (მშვიდობა იყოს მასზე) ოქროს ხატები და აგრეთვე მათ მოციქულთა ვერცხლის ხატები, აგრეთვე ვერცხლის გარდამოხსნის ცნობილი სუფრის ხატებიც იყო. ღმერთი შეგვეწია და ნიზამ ალ-მულქის მცდელობითა და მოღვაწეობით ეს ციხე დავიპყარით. იქაური ქონება მუსლიმების ხელში გადმოვიდა. ციხეში მყოფნი მიიფანტ-მოიფანტნენ“ (სადრ ად-დინ ჰუსეინი 1976: 193). ნ. შენგელია შენიშნავს, რომ არაბი ავტორი სვერის ციხეს ჯვრის ციხეს ეძახის და დასავლეთ საქართველოში მიიჩნევს. მისი აზრით, კალათ ულ-სალიბის ციხე ანუ ჯვრის ციხე, იგივე სვერის ციხე უნდა იყოს. როგორც ჩანს, ამ ორი სახელის იდენტურობის გამო დამკვიდრდა ქართულ ისტორიოგრაფიაში აზრი სელჩუკების მიერ სვერის ციხის აღებასთან დაკავშირებით. საქართველოს ისტორიის ნარკვევების III ტომში მითითებულია: ქართლის აოხრების შემდეგ „თურქთა რაზმები დასავლეთ საქართველოში გადავიდნენ და ზემო იმერეთიც დალაშქრეს, სვერის ციხეს შემოადგნენ. აქ იყო თავმოყრილი ქართველების უმთავრესი ძალები. დიდი მსხვერპლის ფასად თურქებმა სვერის ციხე მაინც აიღეს“ (ლორთქიფანიძე 1979: 200). ვახუშტი ბატონიშვილი ამ ციხეს შემდეგნაირად აღწერს: „კაცხის წყალს ზეით ყვირილას მოერთვის აღმოსზვლიდამ სუერის ჴევი. გამოსდის კოლბეურის სამჴრით წარსრულს გორაებს და მოდის აღმოსავლიდამ დასავლეთად. ამ ჴევზედ არს ციხე სუერი, არაოდეს ძალით აღებული. ესე დგას კლდესა ზედა და გარემოს მისსა ფრიად დიდ ხრამოვანსა. თქმულ არს, ჟამსა ყრუსასა დადგა ციხე არგუეთისა სუერი“ (ვახუშტი ბატონიშვილი 1973: 759). გ. ცქიტიშვილი სვერის ციხესთან დაკავშირებით წერს: ციხე დგას სოფლის ჩრდილო განაპირას, სვერის ხევის მარცხენა, სამხრეთ მხარეს, ციცაბო ფერდობზე ამოზიდულ კლდეზე. კლდე წაგრძელებულია აღმოსავლეთ დასავლეთით და გარემოსაგან მკვეთრადაა გამოყოფილი ფრიალოებით. ამ კლდეზე აგებული ციხე, რომელიც გეგმით მთლიანად კლდეს ემორჩილება და მასთანაა შეხამებულ შერწყმული, პრაქტიკულად სრულიად მიუვალია. ციხის მიდამოებში, მის აღმოსავლეთით და დასავლეთით ოთხიოდე კილომეტრზე მდინარე მოედინება ღრმა ხრამში, რომლის ჩრდილოეთ ფლატეში გამოქვაბულებია გამოკვეთილი. ხრამის სიგანე ციხესთან 200 მეტრს არ აღემატება. მდინარის კალაპოტიდან ციხემდე სიმაღლე დაახლოებით 150 მ-ია. ციხის კლდის ფრიალოების სიმაღლე სხვადასხვაა- 5-დან- 20-ოდ მეტრამდე. ფრიალოებამდე მისასვლელები კი ციცაბო აღმართებია ირგვლივ. კლდის და მაშასადამე ციხის ფართობი მცირეა. დაახლოებით 50X15 მ.“ (ცქიტიშვილი: 1970 34-38). Fვფიქრობთ, ციხის მიუვალობისა და მკაცრი ზამთრის გამო ალფ-არსლანს გაუჭირდებოდა სვერის ციხის აღება. „მატიანე ქართლისაჲს“ მიხედვით, სელჩუკებმა დასავლეთი საქართველო დაარბიეს „ვიდრე სუერის ციხემდე“. ვახუშტი ბატონიშვილი შემთხვევით არ უნდა მოიხსენიებდეს სვერის ციხეს, როგორც „აროდეს ძალით აღებული“. ი. ჯავახიშვილიც ქართველ მემატიანეზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ „სულტანმა და მოკავშირეებმა გაუშვეს მარბიელი რაზმები, რომელთაც მოაოხრეს ჯერ ქართლი, მერე გადავიდნენ არგუეთს და დაარბიეს ქუეყანა ვედრე სუერის ციხემდე“ (ჯავახიშვილი 1983: 154). სადრ ად-დინ ჰუსეინის თხზულებაში დაცული ცნობის მიხედვით, სალიბის (ჯვრის) ციხის შიგნით მრავალი ეკლესია ყოფილა. გ. ცქიტიშვილის მიერ აღწერილ სვერის ციხეში კი ფართობის სიმცირის გამო მრავალი ეკლესიის არსებობა პრაქტიკულად შეუძლებელია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ერთ-ერთი ისტორიული გზა, რომლითაც სელჩუკთა ლაშქარი დასავლეთ საქართველოში მოხვდებოდა აბისი-წაღვლი-ჭერათხევის გავლით ლიხის ქედის, კაპრების სახელით ცნობილ სერზე მდებარე სოფელ ჯვარზე გადიოდა. იქნებ სწორედ აქ მდებარეობდა სალიბის (ჯვრის) ციხე, რომელსაც სადრ ად-დინ ჰუსეინი თავის თხზულებაში მოიხსენიებს და რომლის აღებაც სელჩუკებს ძალიან გაჭირვებიათ. ამ ვარაუდს კიდევ უფრო სარწმუნოს ხდის ის გარემოება, რომ ჰუსეინის მიხედვით, სალბის (ჯვრის) ციხე აფხაზთა საზღვარზე მდებარეობდა. არაბი ისტორიკოსი აფხაზთა საზღვარში დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს საზღვარს უნდა გულისხმობდეს, რომელიც ლიხის ქედზე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში სოფელ ჯვარზე გადიოდა.
ზემოაღნიშნული მიზეზები საეჭვოს ხდიან სუერისა და სალიბის (ჯვრის) ციხის იდენტურობას, შესაბამისად, სელჩუკების მიერ სვერის ციხის აღებას, თუმცა საკითხის დამატებით შესწავლამდე გადაჭრით რაიმის თქმა შეუძლებელია. ასეა თუ ისე, სელჩუკებმა მკაცრი ზამთრის პირობებში მოახერხეს ქართლიდან დასავლეთში გადასვლა და სვერის ციხემდე მივიდნენ. რომელი გზითაც არ უნდა ელაშქრათ სელჩუკებს ამ მიმართულებით, ლიხის ქედი უნდა გადაელახათ, რაც მათი მხრიდან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა (რა თქმა უნდა, მხედველობაში გვაქვს მკაცრი ზამთარი, რომელსაც ერთხმად აღნიშნავენ ქართული და არაბული წყაროები). გ. ცქიტიშვილი შენიშნავს, რომ შუა საუკუნეებში ქართლიდან იმერეთში რამდენიმე გზა გადიოდა: „ერთი გზა ფრონეს ხეობის აყოლებით და პერანგას მთის გავლით ყვირილის ხეობაში, ჯრიაში ჩადიოდა და ჩიხა-საჩხირეს მივიდოდა; მეორე გზა-ერთი მხრით აბისი-წაღვლის გავლით და ლაფნისწყლის აყოლებით და, მეორე მხრით-ალზე გავლით, ჭერათხევის აყოლებით სოფ. ჯვარს გაივლიდა (ჯვარი მდებარეობს ლიხის ქედის იმ მონაკვეთზე, რომელსაც კაპრების სერი ჰქვია) და კორბეულის გავლით სვერს ჩადიოდა. სვერიდან გზა ერთი მხრით წინსოფლის ჩავლით ნავარძეთ-კაცხზე მიდიოდა და შემდეგ სკანდა-ჩხარის გავლით ქუთაისს უწევდა; მეორე მხრით, თვალუეთ-ჩხრიაულ-გეზრულ-სანახშირის გავლით შორაპანში ჩადიოდა. ამ გზას განშტოება ჰქონდა გესრულთან“ რომელიც ბოსლევისაკენ მიდიოდა და შემდეგ საზანო-ზოვრეთი-ტელეფას გავლით ჩხართან უერთდებოდა ჩხარ-ქუთაისის გზას; მესამე გზა ჭერათხევიდან ლიხზე გადადიოდა კორტოხის გადასასვლელით და ძირულის ხეობაში ჩადიოდა სოფ. ჭალოვანთან. ჭალოვნიდან ან ძირულას დაუყვებოდა და ვერტყვილა-ამაშუკეთის გავლით შორაპნისაკენ წავიდოდა ან კორბოულ-უსახელო-ნიგოზეთის გავლით ისევ სვერამდე უწევდა; მეოთხე გზა ჭერათხევიდან სამხრეთით დედაბერას გადასასვლელით და ულუმბის მონასტრის გავლით, ღოდორა-ლიჩზე გადიოდა და ძირულის ხეობის დაყოლებით ამაშუკეთ-შორაპნისაკენ მიდიოდა“ (ცქიტიშვილი 1970: 34-38).
ქართველი მემატიანის ცნობით, დიდმა ზამთარმა და ბუქმა სულთანი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ალბათ ამ მდგომარეობით და ქართველთა დიდი გმირობით იყო იმედმოცემული Bბაგრატ IV, როდესაც ივანე ლიპარიტის ძე მიუგზავნა სულთანს მშვიდობის სათხოვნელად. სულთანმა მოციქული უკან გაუგზავნა ბაგრატ IV-ს და მშვიდობის სანაცვლოდ ხარკის გადახდა მოსთხოვა, მაგრამ ყინვიანი ზამთრის გამო პასუხს ვეღარ დაელოდა და ქართლიდან წავიდა. უკან მიმავალმა რუსთავი და თბილისი ფადლონს ჩააბარა. ამავე წყაროს მიხედვით, საქართველოში ლაშქრობის დროს სულთნის ლაშქარი 500 ათასი კაცისაგან შედგებოდა: „და მიგზავნა მოციქულად ივანე, ძე ლიპარიტისი, მეფემან ბაგრატ ძიებად მშჳდობისა. ხოლო სულტანმან შეაქცია იგი აფხაზეთად ბაგრატისა, სთხოვა ხარაჯაჲ და უქადა მშჳიდობაჲ ხოლო სიფიცხლისაგან ზამთრისა ვერღარა მოილოდინა და წარვიდა ქართლით. და ჩამავალმან წარუღო ტფილისი და რუსთავი მისცა ფადლონს, განძისა პატრონსა. არათუ მეფეთა ჩუენთა მტერობისათჳს ოდენ გამოსწყჳდა ტფილისი და რუსთავი ამას სამეფოსა, არცა ამისთჳს ქმნა, თუმცა იგი ამირანი ორგულად დადგომილ იყვნეს კარსა მისსა ზედა, არამედ კეთილისა და მსახურებისა ნაცვლად ბოროტსა უყოფდიან ყოველსა კაცსა, რამეთუ მინდობილ იყვნეს იგინი ძალსა უღმერთოებისა მათისასა, და იყვნეს იგინი ყოვლით კერძო მცბიერ. და ამის ქართლისა ოჴრებასა შინა იყო ლაშქრისა მისისა სიმრავლე ხუთასი ათასი.“ („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 292).
სადრ ად-დინ ჰუსეინის ცნობით: სელჩუკების მიერ კალათ ულ-სალიბის (ჯვრის) ციხის აღების შემდეგ „ბაგრატმა სულთანს ელჩი გაუგზავნა და შეწყნარებაზე შემოეხვეწა. სულთანმა მისი ეს სურვილი შეასრულა, მაგრამ ბოლოს ბაგრატმა ეს ინანა და ისევ ეშმაკს აჰყვა და განიზრახა აჯანყების მოწყობა. იმ დღეებში თოვა დაიწყო. სულთანი ამის გამო საბრძოლველად მზადებას შეუდგა. როცა თოვლმა დნობა დაიწყო, ბაგრატმა ისევ პატიება ითხოვა, სულთანმა ეს აღარ მიიღო და დასაჯა. ბაგრატმა ჯარი შეკრიბა. მაგრამ ეს ჯარი ზამთრის სუსხისგან დაიღუპა. მათ სხვადასხვა უბედურება დაატყდათ თავს. შემდეგ მან დაანგრია ის ქვეყანა, რომელშიაც ცხოვრობდა სულთან ნემრუდ ბინ ქენანი და საიდანაც მას უნდოდა ცაში ასვლა, და მის მიდამოებში გააშენა ქვეყანა და მეჩეთი. სულთანი საქართველოში ხუთი თვე დარჩა. სულთანს თურქთა ხაკანის გარდაცვალება აცნობეს. ამის შემდეგ სულთანი ჯერ განჯას და შემდეგ ბარდავს წავიდა. მდინარე არასზე ის უგემოდ და უკაპიტნოდ გადავიდა... შემდეგ სულთანი ფარსში წავიდა და დღესასწაული იქ გაატარა“ (სადრ ად-დინ ჰუსეინი 1976: 193-194).
სამართლიანად შენიშნავს ნ. შენგელია „არ უნდა იყოს არაბი ავტორი სწორი, როდესაც აღნიშნავს, სულთანი საქართველოსი ხუთი თვე დარჩაო. დეკემბრის დასაწყისში შემოსულ სულთანს ხუთი თვის შემდეგ ზამთრის სიფიცხე ისე არ შეაშინებდა, რომ ამის გამო საქართველო დაეტოვებინა. ამ მხრივ უფრო ზუსტია ქართველი მემატიანე, რომელიც სულთნის საქართველოში ყოფნას ცხრა კვირით განსაზღვრავს; სულთანმა სამი კვირა ჯერ კახეთში გაატარა, შემდეგ ექვსი კვირა ქართლში დაჰყო. დეკემბერ-იანვარი სულთანმა საქართველოში გაატარა, და იანვრის ბოლოს სუსხიანმა ყინვებმა აიძულეს იგი სასწრაფოდ წასულიყო თავის ქვეყანაში“ (შენგელია 1968: 242-243).
როგორც ქართული, ასევე არაბული წყაროს მიხედვით, აშკარად ჩანს, რომ სულთანმა ბაგრატ IV ვერ დაიმორჩილა. ქართველთა მეფემ დიდი მსხვერპლის ფასად ალფ-არსლანის მეორედ ლაშქრობის დროსაც შეძლო ეროვნული დამოუკიდებლობის შენარჩუნება. ქართული წყაროს მიხედვით, სულთნის საქართველოდან წასვლის მიზეზი დიდი ზამთარი, არაბულის კი თურქთა ხაკანის გარდაცვალება გამხდარა. რა თქმა უნდა, ამ ორივე გარემოებას შეეძლო ხელი შეეწყო ალფ-არსლანის საქართველოდან წასვლისათვის, თუმცა ამის მთავარი მიზეზი ბაგრატ IV-ისა და ქართველების დიდი წინააღმდეგობა იქნებოდა. უკან მიმავალმა სულთანმა თბილისი და რუსთავი თავის ძველ მფლობელებს ჩამოართვა და განძის ამირას გადასცა, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის ამირა საქართველოში ლაშქრობის დროს მისი ერთგული მოკავშირე იყო. როგორც რ. კიკნაძე შენიშნავს, სულთანმა არ დაუფასა ჯაფარის ნაშიერთ ერთგულება (კიკნაძე 1960: 117). როგორც ჩანს, სულთანმა ფადლონი უფრო საიმედო და ძლიერ გამგებლად მიიჩნია, რომელიც საქართველოს პროვინციების დასამორჩილებლად და მეთვალყურეობის გამწევად უფრო აქტიური და ძლიერი იქნებოდა, ვიდრე თბილისისა და რუსთავის ამირები. აზერბაიჯანელი ისტორიკოსი ჰუსეინოვი შენიშნავს, რომ „XI საუკუნეში დიდი სელჩუკი სულთნები პოზიტიურ ურთიერთობებს ინარჩუნებდნენ მხოლოდ შედედინების ემირებთან, რომლებიც ითვლებოდნენ ერთადერთ საყრდენებად და სელჩუკთა პოლიტიკის გამტარებლად რეგიონში. ისინი ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებოდნენ ბიზანტიის მიზნებს კავკასიაში, რითაც ეხმარებოდნენ სელჩუკებს დასავლეთის მიმართულებით გადაადგილებაში. აი რისთვის დანიშნა სულთანმა თავის ათაბეგად თბილისსა და რუსთავში შედედინი. მას ჩააბარა აგრეთვე ანისიც“ (Гусеин-Заде 1010: 76-77). „მატიანე ქართლისაჲს“ მიხედვით, სულთნის წასვლის შემდეგ საქართველო გაზაფხულის წყალდიდობამ დააზარალა: „და წარვიდა სულტანი ქუეყნად თჳსად, და ვითარცა მოიწია არე გაზაფხულისაჲ, შეიქმნა სიმდიდრე წყალთაჲ ძლიერი, და მტკვარი ვერღარა ეტია ნადინებსა თჳსსა, მოეფინა ველთა და წარიღო მრავალი სული, რომელი დარჩომოდა სულტანსა“ (მატიანე ქართლისაჲ 2008: 292).
ალფ-არსლანის მეორე ლაშქრობა კიდევ უფრო მძიმე შედეგებით დასრულდა საქართველოსთვის, კახეთ-ჰერეთიდან შემოსულმა მტერმა დასავლეთით სვერის ციხემდე ილაშქრა. ექვსი კვირის განმავლობაში, რომელიც სულთნის ლაშქარმა საქართველოში გაატარა, მდიდარი ქვეყანა მიწასთან გასწორდა, მოსახლეობის ნაწილი განადგურდა, ნაწილი ტყვედ იქნა წაყვანილი, ამას ზედ დაერთო ჯერ მკაცრი ზამთარი შემდეგ გაზაფხულის წყალდიდობა. მთელი რიგი პუნქტები: ხორნაბუჯი, არადეთი, გაგი, აგარანი, ქავაზინი, თბილისი, რუსთავი, ალფ-არსლანმა საქართველოდან წასვლის შემდეგ სამართავად განძის ამირას გადასცა.
ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ბაგრატ მეოთხე აქტიურად მოქმედებს. ქართველი მემატიანის მიხედვით, როგორც კი ფადლონმა დაიწყო თბილისისა და მისი შემოგარენის შევიწროვება ბაგრატი გადმოვიდა ქართლში და „ჩადგა დიდგორთა, რამეთუ საზაფხულოჲ მეფეთა სადგომი არს ადგილი იგი“. ფადლონმა არაფრად მიიჩნია მეფის დიდგორში ყოფნა, 33 000 კაცით თბილისში შემოვიდა და ისნის ველზე დაბანაკდა. აქედან კი მუხრანისაკენ გაემართა და „არბივნა ქართლისა ნაპირნი“.
როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ალფ-არსლანმა თბილისი, რუსთავი და ალბათ, მთელი აღმოსავლეთი საქართველო სამართავად განძის ამირას გადასცა, ბაგრატ IV თავს მაინც ერთიანი საქართველოს მეფედ თვლის. იგი ვერ ეგუება ფადლონის თბილისში დაბანაკებას და ქართლის დარბევას. ქართველ ისტორიკოსსაც უკვირს, რომ ფადლონმა მეფის დიდგორში ყოფნას ყურადღება არ მიაქცია, ისე დაბანაკდა თბილისში, ისნის ველზე 33 000-იანი ლაშქრით. როგორც კი საქართველოს მეფემ ფადლონისაგან ქართლის დარბევის ამბავი შეიტყო, მის წინააღმდეგ გაგზავნა ივანე ლიპარიტის ძე, ნიანია ქუაბულის ძე, ყუელის ერისთავი მურვან ჯაყელი და სხვა აზნაურები მცირერიცხოვანი რჩეული რაზმით. ამ ჯარმა ფადლონს ქართლში ვეღარ მიუსწრო, იგი უკან გამობრუნდა. ქართველები მტერს დაედევნენ, წილკნის კართან უკანმიმავალ ლაშქარს წამოეწივნენ, შეებნენ და პირველსავე შეტევაზე ფადლონი გააქციეს. „და მიადგა ფადლონის ლაშქარი გაქცეული ხრამსა ნარეკუავისასა, მიჴოცდეს და იპყრობდეს აფხაზთა მეფისა ლაშქარნი, და აღმოიგო ხრამი იგი ცხენითა და კაცითა“ (მატიანე ქართლისაჲ 2008: 293). ფადლონის გაქცეულმა ლაშქარმა ტყის საშუალებით სცადა თავის დაღწევა. გზა და გზა ქართველი მეომრები მტრის ჯარისკაცებს იჭერდნენ და ტყვედ მოჰყავდათ. `და შემოუსწრნეს წინა იწროსა ღართისასა, და მცირედნი ვინმე გაესწრნეს. და სდევნა ლაშქარმან ბაგრატისმან ვიდრე მთამდე ხერკისა. მოსრეს და ტყუე ყვეს ლაშქარი ფადლონისი“. („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 293). თვითონ ფადლონი თხუთმეტიოდე ცხენოსნით ქართველებს გაექცა, წილკნის გზას გაჰყვა, არაგვს გაღმა გავიდა, აქედან კი ნარღუევის გზით ერწოში მივიდა „და თქუა თავი თჳსი მოციქულად, ვითარმედ: ფადლონის მოციქული ვარ და მახარობლად მივალ აღსართანის თანა; აფხაზთა მეფის ლაშქარი გავაქციეთ“. ერთმა კაცმა ფადლონი იცნო და შეიპყრო. ფადლონმა ამ კაცს დიდძალი ოქრო-ვერცხლი და მამული შესთავაზა თუ არ დააბეზღებდა. მან ფადლონს უპასუხა: „ვერ ვიქმ საქმესა მაგას, რამეთუ მკჳდრი ვარ ამის ქუეყანისაჲ, აწ ისმინე ჩემი და მომყევ თანა, და მე მიგიყვანო აღსართანის თანა, და მან გაგგზავნოს ქუეყანასა შენსა“. ამ კაცმა ფადლონი ჟალეთში მესხ აზნაურს ისააკ ტოლოშელის ძეს მიჰგვარა. მან „გაძარცუა ერი ფადლონისანი“. თვით ფადლონი შესვა ჯორზე და ბაგრატ მეფის ნაცვლად სასწრაფოდ აღსართანს მიჰგვარა თელავში. ისე რომ „არა იჴსენა ისაკ მკჳიდრობაჲ აფხაზთა მეფისაჲ“. აღსართანმა ფადლონი „მსწრაფლ წარიყვანა ხორნაბუჯს, რამეთუ აფხაზთა მეფისაგან ეშინოდა უკან ჩამოდგომისა. მიუპყრეს ხორნაბუჯს ფადლონ, და მისცა ხორნაბუჯი. წარიყვანეს არადეთად და მისცა არადეთი აღსართანსვე“ („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 294).
როგორც ჩანს, ხორნაბუჯი და არადეთი ალფ-არსლანმა საქართველოდან წასვლის წინ განძის ამირას ჩააბარა. შემდგომში კი ხელსაყრელი მდგომარეობით ისარგებლა კახთა მეფემ და ეს ორი პუნქტი სასწრაფოდ ჩაიბარა ფადლონისაგან, რადგან ეშინოდა, რომ მისთვის ბაგრატ მეფეს არ დაესწრო. აღსართანი გარკვეულწილად უკმაყოფილი უნდა ყოფილიყო ალფ-არსლანისა, ეტყობა სულთანმა ისევე, როგორც თბილისის ამირას, არც მათ დაუფასა ერთგულება. ფაქტია, რომ მან ხორნაბუჯი და არადეთი საქართველოდან წასვლისას განძის ამირას გადასცა, რაც აღსართანის განაწყენებას გამოიწვევდა. უკმაყოფილო უნდა ყოფილიყო სომეხთა მეფე კვირიკეც. ალბათ, ამით აიხსნება მისი ნეიტრალური პოზიციის დაჭერა ალფ-არსლანის საქართველოში მეორე ლაშქრობის შემდგომ განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებში. ყოველ შემთხვევაში, სელჩუკთა მეორე ლაშქრობის დროს ალფ-არსლანის მოკავშირეები კახთა მეფე, სომეხთა მეფე, თბილისის ამირა და განძის ამირა, სულთნის საქართველოდან წასვლის შემდეგ, „მატიანე ქართლისაჲს“ მიხედვით, შეთანხმებულად არ მოქმედებენ. უფრო მეტიც, აღსართანმა ბოჭორმისა და უჯარმის სანაცვლოდ უპრობლემოდ გადასცა ბაგრატ IV -ს განძის ამირა ფადლონი: „ხოლო ბაგრატ შეშინდა გაშუებასა ფადლონისსა, მისცა ბოჭორმაჲ და უჯარმო კახთა და წამოიყვანა ფადლონ“ („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 294) აშკარაა, რომ აღსართანს, ერთი მხრივ, არ აწყობს ფადლონის გაძლიერება, მეორეს მხრივ, კი ანგარიშს უწევს საქართველოს მეფეს და ცდილობს ისარგებლოს შექმნილი პოლიტიკური ვითარებით (ხელში ჩაიგდებს ბოჭორმას, უჯარმას, ხორნაბუჯს და არადეთს).
დატყვევებული და უმოკავშირეოდ დარჩენილი ფადლონი „გასუეს ძელსა და მიუპყრეს ტფილისსა; და აიღეს ჭირვეულად ტფილისი, რამეთუ მუნ შინა მდგომი კაცი თჳთ გაამირებასა ლამობდა. და არა დაიჭირა ბაგრატ თავისად ტფილისი, არამედ დმანისს დატყვებული სითლარაბი ძებნა, შემოიყვანა ტფილისად და მისცა მას ტფილისი. ხოლო თავისად აღიხუნა ციხენი: რუსთავი, ფარცხისი, აგარანი, გრიგოლწმიდანი, ქავაზინი, და ორმოცდაოთხი დრაჰკანი, და მძევალნი: ძმისწული მისი, ძე მანუჩასი, და სამთა თავადთა განძისათა“ („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 294). ბაგრატ IV-ისა და ფადლონის დაპირისპირება 1069 წლის გაზაფხულ-ზაფხულში, ალფ-არსლანის საქართველოდან წასვლის შემდგომ ახლო პერიოდში უნდა მომხდარიყო. ქართველი მემატიანის თხზულების მიხედვით, სწორედ საქართველოში ადრე გაზაფხულზე მოსული წყალდიდობის შემდეგ „იწყო ფადლონ ამპარტავანებასა და ურჯუებასა“ („მატიანე ქართლისაჲ“ 2008 292). შ. მესხია აღნიშნავს, რომ „1069 წ. ზაფხულსა თუ შემოდგომის დამდეგს ბაგრატ IV-მ მოახერხა ფადლონის ხელში ჩაგდება“ (მესხია 1982: 243).
ქართველი მემატიანის ცნობიდან ირკვევა, რომ ფადლონის დაპატიმრების შემდეგ თბილისში გაამირება ვინმე ადგილობრივ მკვიდრს მოუნდომებია. რა თქმა უნდა, მას თავისი მომხრეები ეყოლებოდა. თავისი მოკავშირეები ეყოლებოდა განძის ამირასაც. ალბათ, მათი წინააღმდეგობის გატეხვის მიზნით გასვა ფადლონი ძელზე ბაგრატ IV-მ. როგორც ჩანს, თბილისში ერთმანეთს დაპირისპირებული რამდენიმე დაჯგუფება არსებობდა. სამწუხაროდ, ისტორიული წყაროები არავითარ ცნობებს არ გვაძლევენ, თუ რატომ არ დაიჭირა Uუშუალოდ თბილისი აღების შემდეგ ბაგრატმა. სავარაუდებელია, რომ სწორედ თბილისში შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო, არ შემოიერთა იგი საქართველოს მეფემ. მან ქალაქი დმანისელ სითლარაბს ჩააბარა, რომელიც, ი. ჯავახიშვილის აზრით, „მემამულე“ ე. ი. თბილისის ამირათა ჩამომავალი ყოფილა“ (ჯავახიშვილი 193: 156). შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე სავსებით შესაძლებელი გვეჩვენება დავასკვნათ, რომ ბაგრატ IV -ის ამ გადაწყვეტილების მიზანი იქნებოდა ერთის მხრივ, შიდა პოლიტიკური ვითარების მოგვარება თბილისში და მეორე მხრივ, თავისი გავლენის განხორციელება მასზე.
შ. მესხია მიიჩნევს, რომ სითლარაბი, რომელსაც მეფემ თბილისი ჩააბარა, არ შეიძლება, მისი მოხელე ყოფილიყო: „მეფის მიერ ქალაქში დანიშნულ მოხელეს, ქალაქის გამგებელს, ცხადია, მეფის ერთდროული თუ ყოველწლიური ხარკი არ შეიძლება მართებოდა. ასევე ძნელი წარმოსადგენია, რომ მეფეს თავისი მოხელისათვის Mმძევალი ჩამოერთმია. ასე რომ სითილარაბი ჯაფარიდების „მემამულეა“ და თბილისში ამგვარადვე, მის მფლობელად, „მემამულედ“ დამკვიდრებული. მაგრამ თბილისის ამ ახალ მფლობელს ხელს ადებდა მისი დამსმელი, საქართველოს მეფე და ამით იგი თბილისზე თავის გავლენასაც ახორციელებდა. ამრიგად, 1069 წლიდან თბილისს, მის გამგებელ უხუცესებს არსებითად ორი ბატონი უჩნდებათ: ერთხელ კიდევ ამჯერად საქართველოს მეფის დახმარებით, აღსდგა თბილისში ჯაფარიდთა შთამომავლობის მფლობელობა და ამავე დროს თვით მეფის გავლენაც, მაგრამ არა დიდი ხნით- XI ს. 80-იანი წლებიდან ჯაფარიდების ეს უკანასკნელი „მემამულეც“ აღარ ჩანს. ჯაფარიდების მფლობელობის საბოლოოდ მოსპობა თბილისის მოსახლეობის ხანგრძლივი, მრავალწლოვანი ბრძოლის შედეგი იყო“ (მესხია 1982: 244-245).
თურქ-სელჩუკთა საქართველოში ლაშქრობის სიმძიმის მიუხედავად, მათ ვერ გატეხეს ბაგრატის ბრძოლისუნარიანობა. სელჩუკთა წასვლის შემდეგ საქართველოს მეფემ დაატყვევა განძის ამირა, გავლენა მოიპოვა თბილისზე, შემოიერთა სელჩუკების მიერ დაკავებული ციხე-სიმაგრეები: რუსთავი, ფარცხისი, აგარანი, გრიგლ-წმიდანი და ქავაზნი. ფადლონის დატყვევება შეიძლება ბაგრატ IV-სთან ალფ-არსლანის პოლიტიკის მარცხად მივიჩნიოთ, ვინაიდან სწორედ იგი წარმოადგენდა სულთნის მმართველობისა და ინტერესების გამტარებელს საქართველოში. სელჩუკთა სულთანმა ძალით კი არ სცადა პრობლემის მოგვარება, არამედ საქართველოს მეფესთან შუამდგომლად „სარანგი ალხაზი“ გამოგზავნა. ამის შემდეგ ბაგრატი დაეზავა ფადლონს და გაუშვა თავის ქვეყანაში, სამაგიეროდ კი გაგის ციხე ჩაიბარა: „და მოგზავნა სულტანმან სარანგი ალხაზი და მისითა შუამდგომლობითა და სიტყჳთა სულტანისაჲთა დაეზავა ბაგრატ და განუტევა ფადლონ და გაგზავნა საჴელმწიფოსა თჳსსა განძას. და წარჰყვა სარანგი თანა. და მოართუნეს გაგით კლიტენი. და აღიღო აფხაზთა მეფემან გაგი“ („მატიანე ქართლისაჲ“ 2008 294-295). კონკრეტული მიზეზი, თუ რით უნდა ყოფილიყო ალფ-არსლანის ეს დიპლომატიური ქმედება გამოწვეული, ჩვენთვის უცნობია, ალბათ, მან ანგარიში გაუწია ბაგრატისა და ქართველი ხალხის, მისთვის უკვე კარგად ცნობილ წინააღმდეგობის ძალას. გარკვეული როლი უნდა ეთამაშა ასევე ურთიერთობის გამწვავებას ბიზანტიასთან. „1069 წლისთვის სელჩუკთა აკინჯიებმა აღმოსავლეთიდან, სამხრეთ აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან ერთდროულად დაიწყეს თავდასხმები ანატოლიაში. ამ თავდასხმებს მეთაურობდნენ სელჩუკი მხედართმთავრები-აფშინი, აჰმედ-შაჰი, სანდუკი და სხვები. სელჩუკებმა კონია ხელთ იგდეს და გაანადგურეს. ბიზანტიის იმპერატორმა სცადა მათი თავდასხმების შეჩერება, მაგრამ ვერაფერი მოახერხა. ისევ თვითონ ჩაუდგა სათავეში ლაშქარს, კეისარიამდე მოვიდა და მის სანახებში გამართულ ბრძოლაში სელჩუკები დაამარცხა და უკან დაახევინა; რომან დიოგენი თავისი ლაშქრის დიდი ნაწილით ევფრატამდე მივიდა და სელჩუკები აიძულა მდინარის მარცხენა ნაპირზე გადასულიყვნენ“ (შენგელია 1968: 250). გამორიცხული არ არის, რომ ბიზანტიელთა დროებითი წარმატება სელჩუკებთან და ბაგრატ მეფის მიერ ფადლონის დატყვევება ერთმანეთს დაემთხვა. იქნებ ამიტომაც მოქმედებდა საქართველოს მეფე ასე გაბედულად და რადიკალურად. ასეთ ვითარებაში, ალფ-არსლანმა ფადლონის გათავისუფლებისათვის ბაგრატთან ძალით დაპირისპირებას, მასთან მოლაპარაკება ამჯობინა. ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრება გამოთქვა ზ. პაპასქირმა: „XI საუკუნის 60-იანი წლების ბოლოს, როდესაც ბაგრატმა განახორციელა თავდასხმითი ოპერაციები აღმოსავლეთ საქართველოში, ალფ-არსლანი დაკავებული იყო ბიზანტიის წინააღმდეგ გენერალური ბრძოლის მომზადებით. როგორც ჩანს, ამ გარემოებამ აიძულა სელჩუკთა სულთანი, გამოეჩინა გარკვეული სიფრთხილე ბაგრატთან ურთიერთობაში. ამის გარდა ბაგრატის დასჯა არც ისე ადვილი იყო (რაშიც სელჯუკები დარწმუნდნენ საქართველოში ორჯერ ლაშქრობის დროს), ალფ არსლანს უნდა გაეთვალა ომის დროს ბიზანტიის მხარდასაჭერად ბაგრატ IV-ის ბრძოლაზე. აქედან გამომდინარე გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ალფ-არსლანის დიპლომატიური სვლა ბაგრატის მიმართ გათვლილი იყო ბიზანტიის წინააღმდეგ მომავალ ბრძოლაში, ქართველი მეფის ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფაზე. ამიტომ საქართველოს მეფესთან კონფრონტაცია მსხვილი სამხედრო კამპანიის წინ, სელჩუკთა მხრიდან იქნებოდა დიპლომატიური შეცდომა“ (პაპასქირი 1991: 20-24; Папаскири 2001: 92-95; Papaskiri 2010: 227-228). რა თქმა უნდა, შესაძლებელია ბიზანტია-სელჩუკების გამწვავებული ურთიერთობის დროს სულთნის ელჩს საქართველოს ნეიტრალიტეტის მიზნით, მართლაც, ეწარმოებინა სამშვიდობო მოლაპარაკება საქართველოს მეფესთან, თუმცა 1069 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე, როცა ბაგრატმა ფადლონი შეიპყრო, ალფ-არსლანის სამზადისი ბიზანტიის წინააღმდეგ კონკრეტულად გენერალური ბრძოლისთვის, რომელშიც პაპასქირი 1071 წლის მანასკერტის ბრძოლას გულისხმობს (Papaskirı 2010: 227-228), საეჭვოდ მიგვაჩნია. საისტორიო წყაროების მიხედვით, ალფ-არსლანის მხრიდან ასეთი სამზადისი ამ დროს არ შეიმჩნევა. გენერალური ბრძოლის ორგანიზება ბიზანტიის იმპერატორმა რომან დიოგენმა გადაწყვიტა სელჩუკთა წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც თოღრულ-ბეგისა და ალფ-არსლანის სისტემატური თავდასხმებით მათ ანატოლიის ძირითადი ნაწილი დაიპყრეს. დიოგენის ეს გადაწყვეტილება საკმაოდ მოულოდნელი იყო ალფ-არსლანისთვის. როდესაც ეს ამბავი შეიტყო, იგი ალეპოში იმყოფებოდა და ეგვიპტის დასაპყრობად ემზადებოდა. მან სამხედრო ძალების ერთი ნაწილით ალეპოში თავისი შვილი დატოვა, თავისი ვასალი მირდასოღლუ მაჰმუდი ეგვიპტის დასაპყრობად გაგზავნა, ხოლო თვითონ სასწრაფოდ გამოემართა ანატოლიისაკენ და ურფაში მოვიდა... ქალაქის დუკამ სულთნის ლაშქარი სანოვაგითა და საქონლით მოამარაგა. სულთანი ურფიდანაც მალე წამოვიდა და აღმოსავლეთისაკენ განაგრძო გზა. სწრაფი მგზავრობის გამო გზაში დიდძალი საქონელი დაეხოცა. განსაკუთრებით ბევრი ცხენი და აქლემი დაეღუპა მდ. ევფრატის გადალახვისას. სიძნელეებს ქმნიდა პროდუქტის უქონლობაც (შენგელია 1968: 260). ალფ-არსლანისთვის ამ გადამწყვეტი ბრძოლის მოულოდნელობაზე მეტყველებს ისიც, რომ ბრძოლის წინ იგი არ იყო კმაყოფილი თავისი ლაშქრის ძლიერებით. ბარ ჰებრაი აღნიშნავს, რომ ალფ-არსლანი სელჩუკთა ლაშქრის რაოდენობის სიმცირის გამო აღშფოთებული იყო და ამიტომ ერთ-ერთი უფლისწული სავთეგინი რომან დიოგენს ელჩად გაუგზავნა (შენგელია 1968: 260). მათეოს ურჰაეცის ცნობით, სულთანი იმპერატორთან მეგობრობასა და მშვიდობიანობის ჩამოგდებას ითხოვდა (შენგელია 1968: 261). სელჩუკთა სულთანი, ბიზანტიელთა წინააღმდეგ გენერალური ბრძოლისთვის ჯერ კიდევ 1069 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე (მაშინ როდესაც საქართველოს მეფემ განძის ამირა შეიპყრო) რომ ეზრუნა, უშუალოდ ბრძოლის წინ თავისი ლაშქრით უკმაყოფილო არ იქნებოდა და არც სამშვიდობო მოლაპარაკებას შესთავაზებდა ბიზანტიის იმპერატორს. საისტორიო წყაროების მიხედვით, მანასკერტთან ბრძოლის წინ ბიზანტიის იმპერატორმა მრავალრიცხოვანი ლაშქარი შეაგროვა. იბნ ალ-ასირისა და მუნეჯიმ ბაშის მიხედვით, იმპერატორს 200 000 ჯარისკაცი მოუგროვებია; ბონდარის ცნობით- 300 000 კაცი. წყაროები ერთნაირად აღნიშნავენ დიოგენის ლაშქრის ეროვნულ სიჭრელეს. „მათე ურჰაელის ცნობით, სელჩუკ 164 უფლისწულთა საქმიანობით აღშფოთებულმა რომან დიოგენმა ლაშქრის შეკრება გადაწყვიტა, დასავლეთის რიგ ქვეყნებში ფირმანები დააგზავნა და გოთებისაგან, ბულგარელთაგან, შორეული კუნძულების ხალხთაგან, კაბადოკიელთაგან, ბითინიელთაგან, კილიკიელთაგან, ანტიოქიელთაგან და ტრაპიზონელთაგან უდიდესი ლაშქარი შეაგროვა. რომან დიოგენის მიერ შეგროვილი ლაშქარი მრავალფეროვანი იყო წყაროების (ჰუსეინი, ბონდარი, მუნეჯიმ ბაში) ცნობით, იგი შედგებოდა ბიზანტიელთა, რუსთა, ოღუზთა ქართველთა, ხაზართა, ფრანკთა, ქრისტიან არაბთა და სომეხთაგან“ (შენგელია 1968: 256). მათე ურჰაეცის ცნობით, არზრუმში დაბანაკებულმა რომან დიოგენმა სელჩუკებთან გადამწყვეტი ბრძოლის წინ სხვადასხვა რაიონებში დააგზავნა რაზმები. ამ დროს მას საქართველოში 22 000 ჯარისკაცი გამოუგზავნია (შენგელია 1968: 258). სამწუხაროდ წყაროები არ მიუთითებენ საქართველოში მათი გამოგზავნის კონკრეტულ მიზეზს. მათეოს ურჰაეცი ზოგადად რომან დიოგენის მიერ ანატოლიის სხვადასხვა პროვინციებში ლაშქრის დაგზავნის ერთ-ერთ მიზეზად მათი საჭირო სანოვაგით მომარაგებას ასახელებს
ამჯერად, 1071 წლის აგვისტოში მანასკერტთან გამართული სელჩუკ-ბიზანტიელთა დიდი ომის ცალკეული დეტალების კვლევა ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს. ამ ბრძოლაში ბიზანტიელებმა, მიუხედავად დიდი რიცხობრივი უპირატესობისა და საგანგებო მომზადებისა, სასტიკი მარცხი განიცადეს სელჩუკებთან. თვითონ იმპერატორი მათ ტყვეობაში ჩავარდა. სელჩუკების ეს გამარჯვება უთუოდ მიუთითებს ალფ-არსლანის დიდ სამხედრო ნიჭზე. „მანასკერტთან სელჩუკების გამარჯვება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო მათ ისტორიაში. ამიერიდან სელჩუკებს გზა ხსნილი ჰქონდათ ანატოლიის „ასათვისებლად“. მანასკერტის ბრძოლასა და მის შედეგებს უდიდესი საერთაშორისო გამოძახილი ჰქონდა თავის დროზე ისლამის სამყაროში. მანასკერტის გამარჯვებით საბოლოოდ ჩაეყარა საფუძველი ანატოლიაში სელჩუკთა დამკვიდრებას. თურქი ისტორიკოსები იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მანასკეტის ბრძოლას, რომ ანატოლიაში თავიანთ სამშობლოს სათავედ 1071 წელს სდებენ და თურქთა ისტორიის ახალი ხანის საწყისად მიიჩნევენ (შენგელია 1968: 268). სრულიად მართებულად შენიშნავს ზ. პაპასქირი „მანასკერტის ბრძოლა სრულიად სამართლიანად ითვლება გარდამტეხ ეტაპად სელჩუკ-ბიზანტიელთა გლობალურ დაპირისპირებაში. ბიზანტიის იმპერიის გამანადგურებელმა მარცხმა მანასკერტის 1071 წლის ბრძოლაში, საბოლოოდ გატეხა მისი სამხედრო-პოლიტიკური ძლიერება და დიდი ხნით გადააქცია თურქ-სელჩუკები დომინირებულ ძალად ახლო აღმოსავლეთში“ (Papaskiri 2010: 227).
რაც შეეხება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, განძის ამირა ფადლონმა ბაგრატის ტყვეობიდან განთავისუფლების შემდეგ საქართველოს ისევ გამოსტაცა ქავაზნი და აგარანი. ბაგრატ მეფე დასავლეთ საქართველოდან გადმოვიდა და აგარანი ფადლონს ისევ წაართვა. „შემდგომად ამისსა ფადლონმან გატეხა ფიცნი და შუამდგომელობანი დიდისა სულტანისანი და მოიპარა ქავაზინი. და შემდგომად ამისა მეფე აფხაზეთს იყო, მოვიდა ფადლონ და მოადგა აგარათა; და მისცა ციხისთავმან აგარანი. და მსწრაფლ აღმოვიდა მეფე, მივიდა და მოადგა აგარათა და წარიხუნა აგარანი“ (მატიანე ქართლისაჲ 2008: 295). შემდეგ საშველად იხმო თავისი ცოლისძმა-ოსთა მეფე დორღოლელი. მათ წინ გიორგი კურაპალატი წაუმძღვარა, მოაოხრა განძა და ურიცხვი ტყვე და ნადავლი გაგზავნა თავის სამეფოში: „და გამოიყვანა დორღოლელი, ოვსთა მეფე, ორმოცი ათასითა კაცითა ოვსითა და წარუძღუანა წინა ძე მისი გიორგი კურაპალატი და მოაოჴრა განძა და აღიღო ტყუე და ნატყუევნი ურიცხჳ და გაგზავნა თავის სამეფოდ“ (მატიანე ქართლისაჲ 2008: 295). ბაგრატისა და განძის ამირა ფადლონის კონფლიქტი საბოლოოდ ოვსთა მეფის დახმარებით ბაგრატის გამარჯვებით დამთავრდა. ეს კი ამ ეტაპზე გარკვეულწილად ალფ-არსლანის მარცხს ნიშნავდა საქართველოში. ფადლონი ხომ საქართველოში მისი ხელდებული და პოლიტიკის გამტარებელი იყო. ალბათ ფადლონის მარცხის განსაკუთრებული მნიშვნელობაც იყო ერთ-ერთ მიზეზი ქართველი და ოსი მეფეების ისეთი საზეიმო შეხვედრისა, როგორიც „ქართლის ცხოვრებაშია“ გადმოცემული: „ამისა შემდგომად აღისურვილა დიდმან ოვსთა მეფემან დორღოლელმან დისძისა მათისა ბაგრატისა სევასტოსისათჳს, და ითხოვა დარბაზობაჲ ბაგრატისგან. ხოლო ბაგრატ ნება სცა და მხიარულდ წარმოემართა ოვსთა მეფე ყოვლითა თავადითა ოვსეთისაჲთა, და აღმოვლო გზაჲ აფხაზეთისაჲ და მოვიდა ქუთაისს, და ნახა დაჲ მათი დედოფალი, დედაჲ გიორგი კურაპალატისაჲ, რამეთუ გიორგი კურაპალატი გებულ იყო უწინა, და მოიყვანეს ქართლს, და მეფე დგა ტინისჴიდის ჭალასა, ნადარბაზევს, და მოეგება წინა დიდითა ზეიმითა და პატივითა.
შეკრბეს ერთგან კეზუთა ზედა. და იყო სიხარული და ჴმაჲ ბუკთაჲ და დუმბულთა საშინელი და მიუწდომელი. და დაყვნეს ერთგან დღე თორმეტი და განისუენეს ყოვლითა განსუენებითა და სიხარულითა. და მიზეზთა ზამთრისაჲთა გაისწრაფეს. და მისცა ნიჭი და საბოძვარი მეფესა და ყოველსა დიდებულსა ოვსეთისასა. გაგზავნა და წარვიდეს სიხარულითა“ (მატიანე ქართლისაჲ 2008: 295). ქართველი მემატიანე ქართველებისა და ოსების მიერ განძის მოოხრების თარიღს არ ასახელებს. ბაგრატ მეფეს, როგორც აღვნიშნეთ, ფადლონი 1069 წლის ზაფხულ-შემოდგომზე უნდა დაეტყვევებინა. ამის შემდეგ. „მატიანე ქართლისაჲს“ მიხედვით, მოვლენები (ფადლონის გათავისუფლება, მისი ხელახალი მტრობა საქართველოს მიმართ, ბაგრატის მიერ ოსების გადმოყვანა დასახმარებლად, მათ მიერ განძის მოოხრება, დარბაზობა) ძალიან სწრაფად, ერთი მეორის მიყოლებით ვითარდება. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ განძის აოხრების შემდგომ გამართული დარბაზობიდან წასვლა ოსებმა დიდი ზამთრის გამო იჩქარეს, მაშინ განძის აოხრების თარიღად შეიძლება 1069-1070 წლის ზამთრი მივიჩნიოთ. სანტერესოა, რომ ამჯერად ალფ-არსლანი არავითარ ღონისძიებას არ იღებს განძის ამირას დასახმარებლად. ეს შეიძლება ორი ძირითადი მიზეზით აიხსნას. პირველი, რომ ფადლონმა „გატეხა ფიცი და შუამდგომლობანი დიდისა სულტანისანი“ და მეორე, რომ ალფ-არსლანს არ სურდა ბიზანტიასთან გამწვავებული ვითარების ფონზე ბაგრატთან ურთიერთობის გაფუჭება. იგი ყველანაირად შეეცდებოდა, ბიზანტია-სელჩუკების დაპირისპირებაში შეენარჩუნებინა საქართველოს მეფის ნეიტრალური მდგომარეობა. ბაგრატიც თავის მხრივ დიპლომატიურად იყენებდა ამ მდგომარეობას და ქვეყანაში სიმშვიდეს ინარჩუნებდა. შემთხვევითი არ უნდა იყოს ქართველი მემატიანის ცნობა. რომ `შემდგომად ამისსა არონიებდა სულტანი მოციქულთა და უკრებდა ძღუენთა ბაგრატ მეფესა, ამოჲთა ენითა სთხოვდა ხარაჯასა. ხოლო არა დაიდვა ბაგრატ მეფემან ხარაჯაჲ, არამედ ავლენდა იგიცა მოციქულთა და უკრებდა იგიცა ძღუენსა. და იყო მათ შორის სიტყჳთ სიყუარული (მატიანე ქართლისაჲ 2008: 295-296).
XI საუკუნის 60-იანი წლებიდან, განსაკუთრებით, ალფ-არსლანის სელჩუკთა სახელმწიფოს სათავეში მოსვლის შემდეგ, ბიზანტიის სახელმწიფო იმდენადაა დასუსტებული გართულებული საშინაო და საგარეო პოლიტიკური მდგომარეობით, რომ ბაგრატ IV მას ანგარიშგასაწევ ძალად აღარ მიიჩნევს. ნ. ბერძენიშვილი შენიშნავს, რომ ამ დროს საქართველო „ლამობდა ამიერკავკასიიდან გაეძევებინა ბიზანტია, რომელიც „საწუნელი“ შექმნილიყო ღონემოცემულ ხელდებულისათვის“ (ბერძენიშვილი 1954: 123). საისტორიო წყაროების მონაცემებით ამ პერიოდში საქართველოს სამეფო კარის მონაწილეობა ბიზანტიელთა მხარეზე სელჩუკებთან ბრძოლაში არ შეინიშნება. მართალია, მანასკერტთან ბრძოლის წინ დიოგენის ლაშქარში ქართველებიც სახელდებიან, მაგრამ უშუალოდ ბრძოლაში ქართველების როლი,, მათი აქტიურობა გამოკვეთილი არ არის. ქართველი მემატიანე, რომელიც დაწვრილებით აღგვიწერს XI ს-ის 40-იანი წლების დასასრულს ბზანტიელთა შემადგენლობაში ქართველთა ბრძოლას სელჩუკების წინააღმდეგ, საერთოდ დუმს მანასკერტის ბრძოლასთან დაკავშირებით. რაც გვაფიქრებინებს, რომ ქართველები, მითუმეტეს სამეფო კარი, ამ ბრძოლაში არ მონაწილეობდა. როგორც ჩანს, ბაგრატ IV-მ კარგად შეაფასა ბიზანტიის იმპერიის სისუსტე და სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში არ ჩაება. ვფიქრობთ, ამ დიპლომატიური ქმედებით ბაგრატმა ქვეყანა იხსნა ალფ-არსლანის საქართველოში შესაძლო კიდევ ერთი ლაშქრობისაგან. მაშინ როდესაც მანასკერტის ბრძოლის შემდეგ სელჩუკებმა დაიკავეს მთელი სომხეთი, შირვანი და ანატოლიის დიდი ნაწილი, საქართველო ჯერ კიდევ დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა. „მატიანე ქართლისაჲს“ მიხედვით, ბაგრატი „იყო კაცი სახითა უშუენერისი ყოველთა კაცთასა, სრული სიბრძნითა, ფილოსოფოსი ენითა, სჳანი ბედითა, უმდიდრესი ყოველთა მეფეთა აფხაზეთისათა, მოწყალე შეცოდებულთათჳს, უხჳ გლახაკთა ზედა. ხოლო ჟამთა მისთა ქუეყანასა დაწყნარებაჲ არა ჰქონდა: ეკლესიანი და გლეხნი, აზნაურნი და გლახაკნი ვერ იკითხვებოდეს“ („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 297). ქართველი მემატიანის ამ დახასიათებაში კარგად ჩანს როგორც ბაგრატ IV-ის ფიზიკური აღნაგობა და შინაგანი ბუნება, ასევე იმ ეპოქის მძიმე ხასიათი, რომელშიც ბაგრატი ცხოვრობდა. დიმიტრი ბაქრაძე ბაგრატ IV-ს შემდეგნაირად ახასიათებს: ,, იმან დაამშვიდა და დაამცირა საქართველოს დიდებულნი და დაუმორჩილა სამეფო უფლებასა; დასცა განჯის მთავარნი და თბილისის ემირნი; მოითმინა ორი საზარელი კვეთება სპარსეთის მძვინვარე სულთნის არპ-ასლანისა და აღამაღლა სამეფო ისე, რომ გამოიხსნა ბიზანტიის დამოკიდებულებიდამ. ბაგრატის დროდამ აფხაზთ-ქართველთ ნათესაობა დაემყარა მტკიცედ, ესე იგი იმან მოინადირა გამოჩენილი ადგილი უპირველეს იმ დროის სახელმწიფოთა აზრში“ (ბაქრაძე 1880: 55). ბაგრატი გარდაიცვალა „თუესა ნოემბერსა ოცდაოთხსა, ქრონიკონსა ორას ოთხმოცდათორმეტსა“ (1072წ). იმავ დროს გარდაიცვალა ალფ-არსლანიც ისე, რომ „ვერღარა ცნეს ბაგრატ და სულტანმან ერთმანეთისა სიკუდილი“ („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 296).
ბაგრატმა სელჩუკთა აგრესიის პირობებში დიდი ბრძოლის, გაუტეხელი ხასიათის, დიპლომატიისა და ქართველების ბრძოლისუნარიანობის წყალობით სიცოცხლის ბილომდე შეინარჩუნა ქვეყნის ეროვნული სუვერენიტეტი.
ალფ-არსლანის საქართველოში მეორე ლაშქრობასთან დაკავშირებით შეიძლება დავასკვნათ:
1. ალფ-არსლანის საქართველოში მეორე ლაშქრობის ძირითადი მიზეზი იყო ამიერკავკასიაში ერთადერთი დამოუკიდებელი ქრისტიანული ქვეყნის დამორჩილება და ბიზანტიის იმპერიისაგან მისი იზოლირება. ასევე ბაგრატ IV-სგან შევიწროვებული მუსლიმური პოლიტიკური ერთეულების დახმარება.
2. ბაგრატ IV-მ კარგად ისარგებლა ალფ-არსლანის პირველი ლაშქრობის შემდეგ დამყარებული დროებითი მშვიდობით და აქტიური პოლიტიკის გატარება დაიწყო ქვეყნის გაერთიანება-გაძლიერების მიზნით. ქართველი მემატიანის ცნობით, ალფ-არსლანის მეორე ლაშქრობის წინ საქართველოს მეფე კახეთში, ხოლო სადრ ად-დინ ჰუსეინის მიხედვით ბარდავში იყო გალაშქრებული.
3. სელჩუკთა ლაშქარი კახეთ-ჰერეთში არანის გავლით შემოვიდა, ხოლო აქედან ქართლში სამი კვირის შემდეგ, 1068 წლის 10 დეკემბერს გადმოვიდა და ექვსი კვირის განმავლობაში სვერის ციხემდე მთელი ქვეყანა ააოხრა.
4. ქართველი მემატიანის მიერ დასახელებული სვერის ციხე და სადრ ად-დინ ჰუსეინის მიერ აღწერილი სალიბის (ჯვრის) ციხე, რომელიც სელჩუკებმა დიდი წინააღმდეგობის შემდეგ აიღეს, სხვადასხვა ციხეები უნდა იყოს და არა იდენტური. მიგვაჩნია, რომ სწორედ ამ ციხეების მცდარი იდენტურობის გამო ფიგურირებს ქართულ ისტორიოგრაფიაში აზრი სელჩუკების მიერ სვერის ციხის აღებასთან დაკავშირებით.
5. „მატიანე ქართლისაჲს“ მიხედვით, ალფ-არსლანს საქართველოში ლაშქრობის დროს თან ახლდნენ თბილისის ამირა, კახეთის მეფე აღსართანი და სომხეთის მეფე კვირიკე. ვფიქრობთ, ამ ლაშქრობის დროს ალფ-არსლანს თან უნდა ხლებოდა აგრეთვე განძის ამირა ფადლონი, როგორც მისი ყველაზე ერთგული მოკავშირე და დასაყრდენი.
6. სელჩუკთა სულთნის საქართველოდან წასვლის ძირითადი მიზეზი ბაგრატ მეოთხის აქტიური მოქმედება და ქართველი ხალხის დიდი წინააღმდეგობა იყო. ამას ხელი შეუწყო აგრეთვე იმდროინდელმა დიდმა ზამთარმა. ალფ-არსლანმა ვერც ამჯერად შეძლო საქართველოს დამორჩილება.
7. ალფ-არსლანმა საქართველოდან წასვლის წინ თბილისი, რუსთავი, ასევე, ქართლის დაპყრობილი პუნქტები განძის ამირას ჩააბარა. ამ ქმედებით მან სხვა მოკავშირეები (თბილისის ამირა, კახეთის მეფე და სომეხთა მეფე) გაანაწყენა. ამ დასკვნის საშუალებას გვაძლევს ის ფაქტი, რომ სულთნის საქართველოდან წასვლის შემდეგ ბაგრატისა და ფადლონის კონფლიქტში ყოფილი მოკავშირეების მხარდაჭერა განძის ამირის მიმართ არ შეინიშნება.
8. სულთნის საქართველოდან წასვლისთანავე ბაგრატ IV აქტიურად მოქმედებს, 1069 წლის ზაფხულ - შემოდგომაზე მან შეიპყრო განძის ამირა, აღადგინა კონტროლი თბილისზე და უკან დაიბრუნა სელჩუკთა მიერ დაპყრობილი ციხე-სიმაგრეები. სავარაუდოა, რომ ამ დროს მან მოახერხა სელჩუკთა განდევნა ქვეყნის მთელი ტერიტორიიდან. საისტორიო წყაროების მიხედვით, სელჩუკთა მასობრივი არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე ბაგრატ IV-ის დროს არ შეინიშნება.
9. ბაგრატ IV-მ განძის ამირა ალფ-არსლანის შუამდგომლობით გაათავისუფლა, სამაგიეროდ კი გაგის ციხე ჩაიბარა. სულთნის ასეთი დიპლომატიური ქმედება ბიზანტიასთან ურთიერთობის გამწვავებით უნდა იყოს გამოწვეული. მას არ სურს ასეთ ვითარებაში ბაგრატთან ურთიერთობის გაფუჭება და ყველანაირად ცდილობს ბიზანტიისგან მის იზოლირებას. ბიზანტია-სელჩუკების გამწვავებული კონფლიქტი უნდა იყოს თავის მხრივ ბაგრატის რადიკალური მოქმედების ერთ-ერთი მიზეზი, ალფ-არსლანის საქართველოდან წასვლის შემდეგ.
10. განძის ამირა ფადლონის მიერ სამშვიდობო ზავის დარღვევის შემდეგ, საქართველოს მეფის ინიციატივით, ქართველ-ოსთა ლაშქარმა 1069-1070 წლის დეკემბერ-იანვარში განძა დალაშქრა და დიდი ნადავლით უკან დაბრუნდა. ისტორიულ წყაროებში ალფ-არსლანის დამოკიდებულება ამ მოვლენისადმი არ ჩანს. ვინაიდან განძის ამირა სელჩუკთა ხელდებული და მათი დასაყრდენი იყო. ამიტომ მისი დამარცხება, საქართველოში ალფ-არსლანის პოლიტიკის მარცხად მიგვაჩნია.
11. XI-ის 60-იანი წლებიდან ბაგრატ IV ბიზანტიისაგან დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებს. ამ დროიდან წყაროებში აღარ შეინიშნება ქართველთა და ბიზანტიელთა ერთობლივი ბრძოლა სელჩუკების წინააღმდეგ. როგორც ჩანს, საქართველოს მეფე კარგად ხედავს ბიზანტიის სისუსტეს და თავს არიდებს მათ გამო სელჩუკებთან ისედაც დაძაბული ურთიერთობის გაუარესებას.
12. ალფ-არსლანმა ვერც მეორე ლაშქრობით შეძლო თავისი პოლიტიკის განხორციელება საქართველოში. იგი იძულებული გახდა ბაგრატ IV-სთან დიპლომატიური ურთიერთობის გზას დასდგომოდა, რასაც ამტკიცებს განძის ამირასთან დაკავშირებული პრობლემის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა. არ გამოვრიცხავთ, რომ ამ მოლაპარაკების დროს გადაწყვეტილიყო ასევე ბიზანტია სელჩ-უკების კონფლიქტში საქართველოს ნეიტრალიტეტის საკითხი, როგორც ამას ფიქრობს ზ. პაპასქირი.
13. ბაგრატ IV-სა და ალფ-არსლანს შორის დიპლიმატიური ურთიერთობის მიმანიშნებელი უნდა იყოს ქართველი მემატიანის სიტყვები, რომ „არონიებდა სულტანი მოციქულთა და უკრებდა ძღუენთა ბაგრატ მეფესა, ამოჲთა ენითა სთხოვდა ხარაჯასა. ხოლო არა დაიდვა ბაგრატ მეფემან ხარაჯაჲ, არამედ ავლენდა იგიცა მოციქულთა და უკრებდა იგიცა ძღუენსა. და იყო მათ შორის სიტყჳთ სიყუარული“. ვფიქრობთ, სწორი დიპლომატიური ქმედების წყალობით იხსნა ბაგრატ IV-მ ქვეყანა ალფ-არსლანის შესაძლო მესამე ლაშქრობისაგან.
14. ბაგრატმა სელჩუკთა აგრესიის პირობებში დიდი ბრძოლის, გაუტეხელი ხასიათის, დიპლომატიისა და ქართველების ბრძოლისუნარიანობის წყალობით სიცოცხლის ბილომდე შეინარჩუნა ქვეყნის ეროვნული სუვერენიტეტი.
VI თავი
ალფ-არსლანის საქართველოში ლაშქრობების შედეგები
თურქ-სელჩუკთა მასობრივი შემოსევები ამიერკავკასიაში XI ს-ის 30-იანი წლებიდან იწყება. მართალია, ამ დროს მათი ლაშქრობების ძირითადი ობიექტები აზერბაიჯანი და სომხეთი იყო, მაგრამ თავისებური უარყოფითი შედეგები მოჰქონდა საქართველოსთვისაც. ბაგრატ IV-ის მიერ თბილისის ალყის უეცარი მოხსნის მიზეზად ივანე ჯავახიშვილს, იბნ ალ-ასირის ცნობაზე დაყრდნობით, თურქ-სელჩუკთა ამიერკავკასიაში გამოჩენა მიაჩნდა (ჯავიხიშვილი 1983: 142). საქართველოს მესვეურებს კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული, თუ რა მძიმე შედეგების მომტანი იქნებოდა სელჩუკთა მხრიდან მოსალოდნელი შემოსევები. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ ნასერ ხოსრუს „საფარ ნამეს („მოგზაურობის წიგნი“) ცნობით, 1047 წელს ეგვიპტეში ნილოსის არხის გახსნისადმი მიძღვნილ ზეიმს, სხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, ქართველებიც ესწრებიან. ამ ქვეყნების საერთო მიზანი ანტისელჩუკური კოალეციის შექმნა უნდა ყოფილიყო. (ჟორჟოლიანი 1979: 63). XI საუკუნის 50-იანი წლებიდან, წყაროების მიხედვით, სელჩუკთა მარბიელი რაზმები უკვე საქართველოს ტერიტორიაზეც ჩანან. არისტაკეს ლასტივერტეცი სელჩუკთა მიერ 1054 წელს დარბეული ადგილების ჩამონათვალში საქართველოს ტერიტორიასაც ასახელებს (არისტაკეს ლასტივერტეცი 1974: 87-88). სელჩუკთა ამ ლაშქრობას უნდა ეხებოდეს ბაგრატ IV-ის მიერ 1057 წელს შიომღვიმის ლავრისთვის გაცემული შეწირულობის სიგელი, რომელშიც გადმოცემულია „წარმართთა“ მიერ შიომღვიმის მამულების აოხრება. ამ სიგელის მიხედვით, სელჩუკთა ლაშქრობით გამოწვეული შედეგების შემსუბუქების მიზნით ბაგრატ IV შიომღვიმის ლავრას გარკვეული შენაწირით დახმარებია.
სელჩუკთა მარბიელი ლაშქრობების შედეგი უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი მიზეზი იმ მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობისა, რომელიც ხვდება 1060 წელს საქართველოში შემოსულ გიორგი მთაწმინდელს.
ალფ-არსლანის სულთნობამდე საქართველოს ტერიტორიაზე სელჩუკთა ლაშქრობას მარბიელი ხასიათი ჰქონდა, რომელიც დიდ ზიანს აყენებდა ქვეყნის ეკონომიკასა და კულტურას, თუმცა მათ ამ დროს საქართველოს მიმართ პოლიტიკური მოთხოვნები ჯერ კიდევ არ ჰქონდათ. სელჩუკთა პოლიტიკური ინტერესი საქართველოს მიმართ გამოიკვეთა ალფ-არსლანის დროს. მის მიერ ამიერკავკასიის მიმართულებით განხორციელებული ორი ლაშქრობის ძირითადი სამიზნე საქართველო იყო. ამიტომ მისი ლაშქრობები საქართველოში განსაკუთრებული სისასტიკით და მძიმე შედეგებით გამოირჩეროდა. მიუხედავად იმისა, რომ არაბული წყაროების (სადრ ად-დინ ჰუსეინი, იბნ ალ-ასირი) მიხედვით, ალფ-არსლანი საგანგებოდ მოემზადა საქართველოში პირველი ლაშქრობიათვის (1064წ.), ქართველი მემატიანის გადმოცემით ბაგრატ IV-ისა და საქართველოს მოსახლეობისათვის ეს ლაშქრობა მაინც მოულოდნელი ყოფილა. სელჩუკები საქართველოში სამხრეთიდან შემოვიდნენ. მათ დაარბიეს: ჯავახეთი, კლარჯეთი, შავშეთი, ტაო და თრიალეთი. „ამისა მეფობისა ჟამთა შინა გამოვიდა სულტანი არფასარან, მეფე სპარსეთისაჲ, დასხმის გუარად, უგრძნეულად მოვიდა და შემუსრა კანგარი და თრიალეთი. და დღესა ერთსა მარბიელმან მისმან მიუწია ყუელისყურსა, გარდავიდა შავშეთს, კლარჯეთს და ტაოს ვიდრე ფანასკერტამდე. და მასვე დღესა ჩამოუწია თორს და ღჳვის ჴევს, და თჳთ დადგა თრიალეთს სამ დღე“ („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 289). ეს ლაშქრობა იმდენად ძლევამოსილ და მოულოდნელ ხასიათს ატარებდა, რომ ტაოდან ცოლ-შვილით მომავალი საქართველოს მეფე ძლივს გადაურჩა სულთნის მდევრებს და ქართლში გადმოვიდა: „რამეთუ მას ჟამსა მომავალ იყო მეფე ტაოჲთ, და თანა ჰყვანდეს დედაჲ და დაჲ და ძე მისი გიორგი; დადგრომილ იყვნეს ხეკრებულთა. და აყრისა მისსა ჟამსა მოუჴდა ლაშქარი სულტანისაჲ; მოვიდეს და წარმოდგეს ქედსა ზედა. ხოლო იგინი ჩამოესწრნეს ქართლს“ (მატიანე ქართლისაჲ 2008: 289). მტერმა განსაკუთრებული სისასტიკით ახალქალაქი ააოხრა. ამ სისასტიკეზე ერთხმად მიუთითებენ როგორც ქართული („მატიანე ქართლისაჲ“, „ცხორებაჲ გიორგი მთაწმინდელისაჲ“, „მირაშხანის წარწერა“), ასევე უცხოური (სადრ ად-დინ ჰუსეინი, იბნ ალ-ასირი, ჰამდალაჰ ყაზვინი, მათეოს ურჰაეცი...) საისტორიო წყაროები. იგივე წყაროების ცნობით, სელჩუკებმა ახალქალაქში უამრავი განძი და ტყვე იგდეს ხელთ. „მატიანე ქართლისაჲს“ ავტორი ახალქალაქის აოხრებას შემდეგნაირად გადმოგვცემს: „წავიდეს ჯავახეთს და მოადგეს ახალქალაქს, რამეთუ მესხნი აზნაურნი და ზემოჲსა კერძისანი ძლიერად დგეს ახალქალაქს და ჰბრძოდეს სამ დღე. რამეთუ არა ზღუდითა მტკიცითა განსრულებულ იყო ახალქალაქი, ვერღარა 173 დაუდგმიდეს ბრძოლითა ძლიერითა. აღიჭურნეს მყოფნი ქალაქისანი და განახუნეს კარნი და შეებნეს ძლიერად, მოსრნეს პირითა მახჳლისაჲთა. და შევიდეს ქალაქად თურქნი და ტყვე ყვნეს ურიცხუნი სულნი ქრისტიანეთანი, აღიღეს განძი და ტყუე ძლიერი, და შეიღება წყალი ახალქალაქისაჲ სისხლითა“ („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 289). ქართველი მემატიანე შეუდარებელი მეტაფორით გამოხატავს ახალქალაქის აოხრებით გამოწვეულ უმძიმეს შედეგს: „შეიღება წყალი ახალქალაქისაჲ სისხლითა“. ალფ-არსლანის ეს ლაშქრობა თანაბრად მძიმე აღმოჩნდა ყველა სოციალური ფენისთვის. გიორგი მცირეს სიტყვით, ამ დროს „არათუ ახალქალაქისა ოდენ მკჳდრნი მოისრნეს, არამედ დიდ-დიდნი და წარჩინებულნი მთავარნი და ერისთავნი სამეუფოჲსა ჩუენისანი ძჳრ-ძჳრათ მოისრნეს და წარწყმდეს“ (გიორგი მცირე 1967: 174). სელჩუკთა პირველ ლაშქრობა იმდენად მძიმე შედეგებით დამთავრებულა, რომ, როგორც ჩანს, გიორგი მთაწმინდელის ბიოგრაფს ეზარება ამ ფაქტების დაწვრილებით აღწერა, ამიტომაც წერს: „მოიწია რისხვაჲ იგი უგრძნეულად, რომელსა ყოველნი მეცნიერ ხართ“ (გიორგი მცირე 1967: 174). მისივე ცნობით, სელჩუკთა ამ ლაშქრობას თვით გაუტეხელი ბაგრატ IV-ც კი ისეთ სასოწარკვეთაში ჩაუგდია, რომ მასთან სანუგეშებლად მისულ გიორგი მთაწმინდელისათვის უთქვამს: „უკეთუმცა არმეხილვა სიწმიდე შენი, კნინღამცადა მწუხარებისა მიერ მომკვდარ ვიყავო.“ (გიორგი მცირე 1967: 174).
„მირაშხანის წარწერის“ მიხედვით, ალფ-არსლანის ლაშქრობით გამოწვეული შედეგები იმდენად მძიმე ყოფილა, რომ ავტორი თავის თავს ცოდვილს უწოდებს. სელჩუკებს მთელი ჯავახეთი, განსაკუთრებით კი ახალქალაქი აუოხრებიათ და მოსახლეობა ტყვედ წაუყვანიათ. ამ დროს მესხი აზნაურები ახალქალაქში მდგარან. ფარსმანს მეფისთვის პირობა არ გაუტეხია, იგი მოუკლავთ და ყველანი გაუწყვეტიათ: „ჵ მე, გიორგაჲ ფრიად ცოდვილს. მეწიფა მოვიდა ჯავახეთს და შეჰრისხ[ა] [ყ]ოველი ყოველს ქრისტესდა. მეტად ახალქალაქი[თ] წაიღო ას[წყ]უიდა და ტყუედ წაი[ღო], ყოველი მესხი აზნაური შიგნ დგა. ფარსმან პირ-ექ[მ]ნ[ა] მეფეს. მოკლეს და ყოველი ასწყუიდ[ეს]“ (სილოგავა 2000: 203).
ალფ-არსლანის ამ პირველი შემოსევებით ყველაზე მეტად სამხრეთ საქართველო დაზარალდა, მაგრამ თურქთა დაუნდობლობისა და სისასტიკის ხმა მთელ საქართველოს მოედო. სამხრეთ საქართველოდან ლტოლვილი მოსახლეობა, რომელიც ქართლის შიდა რაიონებს აფარებდა თავს, შიშის გრძნობას ავრცელებდა და მთელი ქვეყანა თავდაცვისათვის ემზადებოდა (ლორთქიფანიძე 1979: 199). ამ ფაქტის გამოძახილი უნდა იყოს შიდა ქართლში, სოფელ თრეხვის მახლობლად, მიუვალ ადგილზე, ლეონტი მროველის თაოსნობით ქვაბების მშენებლობა ჯერ კიდევ ალფ-არსლანის გამოჩენამდე. თრეხვის წარწერა მოგვითხრობს: „მე, ლეონტი მროველმან, დიდითა მოჭირვებითა აღვაშენე ესე ქუაბი ხატისათჳს ღმრთაებისა და დღესა ჭირისასა ნავთსაყუდელად რუისისა საყდრისა შვილთათჳს, ჟამთა შინა ალფარსლან სულტანისაგან ოჴრობისადა. ქრონიკონსა სპვ“ (1066წ.) (გაფრინდაშვილი 1961: 246). რა თქმა უნდა, რუისის საეპისკოპოსო ერთადერთი არ იქნებოდა, რომელიც საიმედო თავშესაფარისთვის ზრუნავდა როგორც ფიზიკური, ისე კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად. რუისის მაგალითზე შეიძლება განვაზოგადოთ ის რთული მდგომარეობა, რაც ალფ-არსლანის ლაშქრობებმა გამოიწვია საქართველოში. ამ წარწერიდან ჩანს, რომ ქართული ეკლესია სწორად აფასებდა შექმნილ ვითარებას და უაღრესად მძიმე პირობებში ქრისტიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის დაცვისათვის რთულ სამშენებლო მოღვაწეობას ეწეოდა.
მეტად დრამატულია ის სურათი, რომელსაც სომეხი ისტორიკოსი მათეოს ურჰაეცი (XI-XII სს.) აღწერს ახალქალაქის აღებასთან დაკავშირებით. აბასლანმა (ე. ი. ალფ-არსლანმა),-წერს იგი-„სასტიკი ბრძოლებით ალყა შემოარტყა ახალქალაქს, როელიც იერიშით აიღო. მან უმოწყალოდ მახვილით მოსრა მთელი ქალაქი. კაცები, ქალები, ყველა მღვდელი, მონაზონი და მთავარი. მთელი ქალაქი სისხლით მორწყო. სპარსეთში ტყვედ წაიყვანა უამრავი ჭაბუკი და გოგონა, ხელთ იგდო უამრავი ოქრო-ვერცხლი და თვალ-მარგალიტი“ (სილოგავა 2000: 236). სადრ ად-დინ ჰუსეინისა და იბნ ალ-ასირის მიხედვით, სელჩუკებმა ახალქალაქი ააოხრეს და მთლიანად გადაწვეს. მათივე ცნობით, ალფ-არსლანის ლაშქარმა იმდენი ნადავლი ჩაიგდო ხელში, რომლის დათვლა შეუძლებელია. თითქმის ყველა წყარო, რომელიც ამიერკავკასიაში ალფ-არსლანის პირველ ლაშქრობას ეხება, მიუთითებს საქართველოდან უამრავი ტყვის გაყვანის ფაქტზე, თუმცა მათი კონკრეტული რაოდენობა არსად არ სახელდება. შ. ლომსაძის აზრით, მათი რაოდენობა 80 000-ზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო (ლომსაძე 1992: 152). სელჩუკთა მთავარი ამოცანა იყო გამარჯვების შემდეგ ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის აყრა-გადასახლება და მათ ადგილზე მომთაბარე თურქმენი ტომების დასახლება. წყაროთა უქონლობის გამო შეუძლებელი ხდება ქართველი ტყვეების შემდგომი ისტორიის კვლევა. ამ მხრივ გამონაკლისია ქართველი ფეოდალი ბეშკენი. XIII-XIV საუკუნეების ირანელი ისტორიკოსის ცნობით: „...სულთანმა ალბარსლანმა საქართველოზე გამოილაშქრა. ბრძოლის შემდეგ იმ ადგილის მმართველმა ბაგრატ გიორგის ძემ სულთანთან ზავი დასდო. საქართველოს ზოგი ამირათაგანი სულტანს ტყვედ ჩაუვარდა. ზოგმა მუსლიმანობა მიიღო. ერთი იმათთაგანი ბეშთეგინი იყო. მონის საყელოს ნაცვლად (სულთანმა) მას ცხენის ნალი გაუკეთა ყურში. მისი შთამომავლობაც აგრეთვე ატარებს ყურში დიდ რგოლს. ქალაქი ვერავი უწყალობა მას (ალბარსლანმა) და ეს ქალაქი ამჟამად ბეშთეგინად არის ცნობილი“ (ჰამდალლაჰ ყაზვინი 1937: 27).
როგორც ჩანს, ბეშკენი ერთ-ერთი სამხედრო ტყვეა, რომელმაც სელჩუკთა ერთგულებით, დიდი ნიჭისა და უნარის წყალობით, იქტას საფუძველზე სამხრეთ აზერბაიჯანში ქალაქი ვარავი მიიღო. შემდგომში ამ ქალაქს ბიშქინი დარქმევია.
ბეშკენის მაგალითით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სამხრეთ საქართველოდან გაყვანილ ტყვეთა უმრავლესობა ალფ-არსლანმა სამხრეთ აზერბაიჯანში, ახარისა და ვარავის ოლქებში დაასახლა. რაც შეეხება საქართველოში უცხო ტომთა ჩამოსახლებას, უნდა ითქვას, რომ ამ დროს მათი კვალი, წყაროების მიხედვით, არ შეინიშნება.
კიდევ უფრო მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდა საქართველოსთვის ალფ-არსლანის მეორე ლაშქრობა, რომელიც სელჩუკთა სულთანმა კახეთ-ჰერეთის მხრიდან განახორციელა. სადრ ად-დინ ჰუსეინის ცნობით, სულთანმა კახეთში ტყიანი ადგილნი გადააწვევინა, რომ უფრო ადვილად ემოქმედა ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ: „შაქს გარს ერტყა მუხნარი და ტყიანი ადგილები, რომლებზედაც ურუმთა და აფხაზთა ყაჩაღები და ქურდები იმალებოდნენ. სულთანმა მენავთეებს უბრძანა, რათა ეს ჭაობიანი და ჭოჭი ადგილები გადაეწვათ“ (სადრ ად-დინ ჰუსეინი 1976: 192). ამის შემდეგ სელჩუკებმა ყველა ციხე სათითაოდ დაიპყრეს, მთელი ეს მხარე მიწასთან გაასწორეს და ხელში აურაცხელი სიმდიდრე ჩაიგდეს: „სულთანმა ამ ქვეყნის ყველა მხარეში მდებარე ციხეები სათითაოდ დაიპყრო, აიღო მთელი ეს ქვეყანა და რაც კი იპოვა, ყველაფერი გაანადგურა. იმდენი სიმდიდრე ჩაიგდო ხელში, მისი აღწერა შეუძლებელია“ (სადრ ად-დინ ჰუსეინი 1976: 192-193). ქართველი მემატიანის ცნობით, ბაგრატ IV-ის შევიწროვების გამო კავკასიაში გახიზნული კახეთის მეფე ალფ-არსლანს ეახლა, მუსლიმანობა მიიღო და მორჩილება გამოუცხადა. ვფიქრობთ, აღსართანის ეს ნაბიჯი ბაგრატის მტრობასთან ერთად სელჩუკთა კახეთში ლაშქრობის მძიმე შედეგებით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. ალფ-არსლანი კახეთში სამი კვირა დარჩა. რა თქმა უნდა, სელჩუკთა მრავალრიცხოვანი ლაშქრისთვის ეს დრო საკმარისი იქნებოდა ამ მხარის ასოხრებლად და ნადავლის ხელში ჩასაგდებად.
კახეთის განადგურების შემდეგ სულთანმა ქართლის მიმართულებით გამოილაშქრა. „მატიანე ქართლისაჲს“ მიხედვით, მას თან ახლდნენ თბილისის ამირა, კახეთის მეფე აღსართანი და სომეხთა მეფე კვირიკე. სავარაუდებელია, რომ ალფ-არსლანთან ერთად იქნებოდა აგრეთვე მისი ყველაზე ერთგული დასაყრდენი ამიერკავკასიაში განძის ამირა ფადლონი. სადრ ად-დინ ჰუსეინის ცნობით, სულთანმა თავის ლაშქარს თავისუფლად მოქმედების უფლება მისცა. მათ თბილისამდე მთელი ქვეყანა მოაოხრეს. შემდეგ თბილისიც დაიპყრეს და იქ ერთი მეჩეთი ააშენეს: „სულთანი გამოემართა აფხაზთა მეფე ბაგრატის წინააღმდეგ და თავის ჯარებს მისცა თავისუფლება ამ ვილაიეთებში, რომ ეხოცათ და გაენადგურებინათ. ამგვარად, ბოლოს თბილისში ჩამოვიდა. სულთანმა ეს ქალაქიც დაიპყრო და იქ ერთი ჯამე გააშენებინა (სადრ ად-დინ ჰუსეინი 1976: 193). ამის შემდეგ ალფ-არსლანმა და მისმა მოკავშირეებმა 500 000-იანი ლაშქრით მთელი ქართლი მოაოხრეს, დასავლეთ საქართველოში გადავიდნენ და სვერის ციხემდე ილაშქრეს. სელჩუკთა ლაშქრობამდე ქართლი ღვინით და პურით მდიდარი ყოფილა, მაგრამ ექვსი კვირის განმავლობაში მათ მთელი ქვეყანა მიწასთან გაუსწორებიათ, ვისაც მთაში გახიზვნა მოუსწრია, მკაცრი ზამთარისგან დაღუპულა. ქართველი მემატიანე ამ ამბავს ასე მოგვითხრობს; „და იყო ქართლსა შინა პური და ღჳინოჲ. და დაყო ექუსი კჳრაჲ, და იწყო ოჴრებად და ჴოცად კაცისა, და გარდავიდა მარბიელი მისი არგუეთს. მიუწიეს და დაარბივეს ვიდრე სუერის ციხემდე. და მოისრა ურიცხჳ სული ქრისტიანეთაჳ და ტყუე იქმნა; და იქმნა საძაგელ ქუეყანაჲ ქართლისაჲ სახილველად კაცთა. მოოჴრდეს ყოველნი ეკლესიანი და სიმრავლითა მძორჲსაითა არღარა დაედგმოდეს ქუეყანასა თვალნი. და ცოდვათა ჩუენთა მოსაგებელსა რისხვასა ღმრთისასა ზეცით ცაჲ წამებდა, და სისხლის მწჳმელი ღრუბელი აღმოსავლეთით მოეფინა ქართლსა ზედა. და იქმნა ღამე უკუნი, ვითარცა ნათელი დღისაჲ. და იყო ხილვაი მისი საშინელი და შემაძრწუნებელი, და არე-არე სისხლის წჳმაჲ ეხილვა კაცთა. და იქმნა ზამთარი სასტიკი; რომელი გარდაეხუეწა ზამთარსა და მიმართა მთათა, მოსწყდა იგიცა სიფიცხისაგან ზამთრისა. ხოლო ყოველსა ქართლსა შინა დადგა ლაშქარი“ (მატიანე ქართლისაჲ 2008: 292-293). ალფ-არსლანის მეორე ლაშქრობის დროს სელჩუკთა ხელში გადავიდა თბილისი, რუსთავი, ხორნაბუჯი, არადეთი, გაგი, აგარანი, ქავაზინი და სხვა პუნქტები, რომლებიც სელჩუკთა სულთანმა განძის ამირა ფადლონს გადასცა. თუმცა ბაგრატ IV-მ მოახერხა ალფ-არსლანის საქართველოდან წასვლის შემდეგ ამ პუნქტებზე კონტროლის აღდგენა.
სელჩუკთა ლაშქრობები კავკასიაში ალფ-არსლანამდე ძირითადად სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებზე მიმდინარეობდა და მისი უარყოფითი შედეგები მარბიელი ლაშქრობის სახით, მხოლოდ საქართველოს განაპირა მხარეებს ეხებოდა. ალფ-არსლანის დროს კი ორი საგანგებო ლაშქრობა მოეწყო საქართველოში. ამ ლაშქრობების დროს მოიშალა ქვეყნის ეკონომიკა, გაიძარცვა და განადგურდა მოსახლეობა, შეფერხდა და გარკვეული დროით გადაიდო წარმატებით დაწყებული საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება.
„მომთაბარე სელჩუკები სრულიად განსხვავდებოდნენ არაბებისა და ბიზანტიელებისაგან. ისინი დაპყრობილ ტერიტორიაზე სახლდებოდნენ და მეურნეობისათვის საჭირო მიწებს იკავებდნენ. სელჩუკების მეჯოგურ მომთაბარული მეურნეობა, შეუთავსებელი იყო ქართული ფეოდალური მეურნეობისათვის. პრიმიტიული მეურნეობა მკვიდრდებოდა მტკვრის, ალაზნის, ივრისა და არეზის სანაპირო ჭალებზე. მაღალგანვითარებული კულტურები (ბაღ-ვენახები, პურეული და სხვ. კულტურები) ადგილს უთმობდა საძოვრებს. თურქსელჩუკთა დაპყრობები გაცილებით უფრო დამანგრეველი და დამღუპველი იყო, ვიდრე არაბთა ან ბიზანტიელთა შემოსევები და ბატონობა. `თურქობა~ საქართველოს ფეოდალურ მეურნეობას საფუძველს-მიწას აცლიდა და მას გადაშენების საფრთხეს უქმნიდა. ასე შეფერხდა საქართველოსა და საერთოდ კავკასიის გაერთიანება-ცენტრალიზაციის პროგრესული საქმე“ (მეტრეველი 1990: 74).
ალფ-არსლანის ლაშქრობების დროს ქართველებმა, დიდი ზარალის მიუხედავად, არ მისცეს თურქულ ტომებს საქართველოს ტერიტორიაზე მასობრივად გადმოსახლების საშუალება, შეინარჩუნეს სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია და პოლიტიკური დამოუკიდებლობა. მართალია, ალ-არსლანმა ორგზის ლაშქრობით საკმაოდ შეაფერხა ქვეყნის შემდგომი პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარება, მაგრამ მან ვერ მიაღწია მთავარ მიზანს, ვერ შეძლო ამიერკავკასიაში ერთადერთი დამოუკიდებელი ქრისტიანული ქვეყნის დამორჩილება-დახარკვა. შეიძლება ითქვას, რომ ალფ-არსლანის წარმატებული პოლიტიკის ფონზე საქართველოს მეფე ბაგრატ IV ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლითაგანია, რომლის წინააღმდეგობის დაძლევაც ვერ შეძლო და მასთან დიპლომატიური ურთიერთობის გზას დაადგა. „არონიებდა სულტანი მოციქულთა და უკრებდა ძღუენთა ბაგრატ მეფესა, ამოჲთა ენითა სთხოვდა ხარაჯასა. ხოლო არა დაიდვა ბაგრატ მეფემან ხარაჯაჲ, არამედ ავლენდა იგიცა მოციქულთა და უკრებდა იგიცა ძღუენსა. და იყო მათ შორის სიტყჳთ სიყუარული.“- წერს ქართველი მემატიანე. ამავე მემატიანის ცნობით, ალფ-არსლანი და ბაგრატ IV ისე გარდაიცვალენ, რომ „ვერღარა ცნეს ბაგრატ და სულტანმან ერთმანეთისა სიკუდილი“ (მატიანე ქართლისაჲ 2008: 296). ქართველი მემატიანის ამ ფრაზაში სიმბოლურად ჩანს ალფ-არსლანისა და ბაგრატ IV-ის მეტოქეობა, დიპლომატიური ურთიერთობა და თანაბარი პიროვნული ძლიერება. მართალია, ალფ-არსლანმა ვერ შეძლო საქართველოს პოლიტიკური დამორჩილება, მაგრამ თავისი ლაშქრობებით ქვეყანა დაასუსტა და კარგი ფონი შეუქმნა შემდგომი აგრესიისათვის თავის შვილს, სელჩუკთა მომდევნო სულთანს, მალიქ-შაჰს. შეიძლება ითქვას, რომ ალფ-არსლანის ლაშქრობებმა გარკვეული წინაპირობა შექმნა საქართველოში შემდგომდროინდელი დიდი თურქობისათვის.“ საქართველოს მეფის გიორგი II-ის (1072-1089 წწ.) დროს ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო გართულდა. განსაკუთრებით გაუარესდა მდგომარეობა 1080 წლიდან, როდესაც დაიწყო „დიდი თურქობა“. თუ ბაგრატ IV ახერხებდა თურქ-სელჩუკების საქართველოდან განდევნას და არ აძლევდა თურქმანულ ტომებს აქ დასახლების საშუალებას, ამიერიდან სელჩუკები ყოველწლიურად გაზაფხულიდან ზამთრის დადგომამდე თარეშობდნენ ქვეყანაში. ისინი მოდიოდნენ თავიანთი ოჯახებითა და ჯოგებით, სახლდებოდნენ დაპყრობილ მიწა-წყალზე და სამეურნეოდ ვარგის მთელ ფართობებს საძოვრებად აქცევდნენ. ბინადარი მოსახლეობა კი მთებსა და ხეობებში იხიზნებოდა. საფრთხე ემუქრებოდა ქართველი ხალხის ეთნიკურ სახესაც.
დავითის ისტორიკოსი ასე დადმოგვცემს შექმნილ ვითარებას: „და განგრძელდა ესევითარი ჭირი ქრისტიანეთა ზედა; რამეთუ არესა თანა გაზაფხულისასა მოვიდიან თურქნი და მათვე პირველთა საქმეთაებრ იქმოდიან, და ზამთრით წარვიდიან. და არა იყო ჟამთა შინა თესვაჲ და მკაჲ; მოოჴრდა ქუეყანაჲ და ტყვედ გარდაიქცა; ნაცვლად კაცთა მხეცნი და ნადირნი ველისანი დაემკჳდრეს მას შინა; და იყო ჭირი მოუთმენელი ყოველთა ზედა მკჳდრთა ქუეყანისათა, შეუსწორებელი და აღმატებული ოდესმე ყოფილთა და სმენილთა გარდასრულთა ოჴრებათასა“ („ცხორებაჲ მეფეთ-მეფისა დავითისი“ 2008: 303). ხარკის გადახდა, რომელიც ერონული დამოუკიდებლ;ობის შენარჩუნების მიზნით ბაგრატ IV -ს შეუძლებლად მიაჩნდა, გიორგი II ისათვის სათხოვნელი შეიქმნა. იგი 1083 წელს ეახლა მალიქ შაჰს, მორჩილება გამოუცხადა და ყოველწლიური ხარკის საფასურად ზავი და მშვიდობა ითხოვა.
ამრიგად, ალფ-არსლანის საქართველოში ორგზის ლაშქრობა მძიმე შედეგებით დასრულდა. პირველი ლაშქრობის დროს სელჩუკებმა სამხრეთ საქართველო, ხოლო მეორე ლაშქრობის დროს კახეთ-ჰერეთი, ქართლი და დასავლეთ საქართველოს ნაწილი (სვერის ციხემდე) ააოხრეს. მათ საქართველოში უამრავი სიმდიდრე და ტყვე იგდეს ხელთ. მოსახლეობის ნაწილი სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა. შეფერხდა ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება. რამდენიმე ხნით გადაიდო საქართველოსა და საერთოდ კავკასიის გაერთიანების საკითხი. მიუხედავად დიდი ზარალისა, ალფ-არსლანის ლაშქრობების დროს ქართველმა ხალხმა შეძლო სელჩუკთა ბატონობის თავიდან აცილება და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება.
დასკვნა
1. თურქ-სელჩუკთა სახელმწიფოსა და მისი საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ საგულისხმო ცნობებია დაცული ქართულ, სომხურ, არაბულ, სირიულ, ბიზანტიურ და სხვა საისტორიო წყაროებში. იგივე წყაროები მოგვითხრობენ ალფ-არსლანის საქართველოში ლაშქრობების შესახებ.
2. სომხური წყაროების (არწრუნი, მათეოს ურჰაეცი, სამუელ ანეცი, ვარდან დიდი) მონაცემებით სელჩუკები ამიერკავკასიაში 1016-1021 წლებში გამოჩნდნენ. თურქი მეცნიერის იანინჩის გამოკვლევით, როდესაც თურქ–სელჩუკები ნახჭევანთან აღმოჩნდნენ 1018-1021 წლებში, დაიწყეს ქართველთა ქვეყნის ძარცვა. სელჩუკთა წინააღმდეგ გამოვიდა ლიპარიტი 5 000 მებრძოლით, მაგრამ ძალები არ ეყო და გაიქცა, ხოლო მთელი ტერიტორია გასანადგურებლად სელჩუკებს დაუტოვა (Yinanç 1944: 36). 1018-1021 წლებში სელჩუკთა მიერ საქართველოს ძარცვა სინამდვილეს არ უნდა შეესაბამებოდეს. ქართულ, ბიზანტიურ, არაბულ და სხვა საისტორიო წყაროებში ამ პერიოდში ქართველთა და სელჩუკთა რაიმენაირი ურთიერთობის დამადასტურებელი ცნობები არ მოგვეპოვება.
3. ქართული დოკუმენტური წყაროს ცნობით: 1029 წელს „აქა ბაგრატ კურაპალატი სულტანსა დაესხა“ (ჟორდანია 1892: 169). მუნეჯიმ ბაშის ცნობით, ამავე წელს სელჩუკები აზერბაიჯანში შევიდნენ და ბევრი რაიონი გაანადგურეს (შენგელია 1968: 172). ვფიქრობთ, ქართველების სელჩუკებზე თავდასხმა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოხდა. როგორც ჩანს, სამეფო კარზე კარგად აცნობიერებდნენ თუ რა მძიმე შედეგები მოჰყვებოდა საქართველოსთვის სელჩუკების დამკვიდრებას სომხეთ-აზერბაიჯანში.
4. ბაგრატ IV -ის მიერ თბილისის ალყის უეცარი მოხსნის მიზეზად 1039-1040 წლებში ი. ჯავახიშვილს, იბნ-ალ-ასირის ცნობაზე დაყრდნობოთ, თურქ-სელჩუკთა ამიერკავკასიაში გამოჩენა მიაჩნდა (ჯავახიშვილი 1983: 142). თუ ი. ჯავახიშვილის ამ მოსაზრებას დავეთანხმებით, საქართველოში ამ დროს სელჩუკებს უკვე გარკვეულ ანგარიშს უწევენ.
5. „მატიანე ქართლისაჲს“ მიხედვით. 1047 წელს ლიპარიტი აწყობს ლაშქრობას დვინში თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ ბიზანტიელთა დასახმარებლად. ერთი წლის შემდეგ ლიპარიტი თავისი ჯარით კვლავ ეხმარება ბიზანტიას სელჩუკთა წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ ომში ბერძენ-ქართველთა ლაშქარი დამარცხდა და ლიპარიტი ტყვედ ჩავარდა („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 286). ქართველი მემატიანის ამ ცნობას ადასტურებს ბერძნული, სომხური, არაბული და სირიული წყაროები.
6. 1049 წელს სომხეთში სელჩუკთა დიდ ლაშქრობაზე საუბრობს არისტაკეს ლასტივერტეცი.(არისტაკეს ლასტივერტეცი 1974: 75) შესაძლებელია, ამ დროს გამოჩნდნენ ისინი განძაში. „მატიანე ქართლისაჲს“ ცნობით, იბრაჰიმ იინალის ანატოლიაში გამარჯვების შემდეგ სელჩუკები განძას მოადგნენ. ბიზანტიის კეისარმა სარდალი ლიხტური გამოგზავნა დიდი ლაშქრით, მას შეუერთდა ბაგრატ მეფეც, რომელიც, ალბათ, კეისრის გულის მოგებას ცდილობდა. თურქებმა თავი აარიდეს გაერთიანებულ ჯართან შებრძოლებას და განძა დატოვეს („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 286).
7. არისტაკეს ლასტევერტეცის ცნობით, 1054 წელს სელჩუკებმა სულთან თოღრულ-ბეგის სარდლობით კვლავ ილაშქრეს ამიერკავკასიაში. მის მიერ ჩამოთვლილ დარბეული ტერიტორიების შემადგენლობაში საქართველოც შედის (არსტაკეს ლასტივერტეცი 1974: 87-88). ამიერკავკასიაში სელჩუკთა ლაშქრობას 1054-1055 წლებით ათარიღებენ მათეოს ურჰაეცი და მუნეჯიმ ბაში. (შენგელია 1968: 202-203).
8. თურქ-სელჩუკთა საქართველოში ლაშქრობას ეხება ბაგრატ IV-ის მიერ 1057 წელს შიომღვიმის ლავრისთვის შეწირულობის სიგელი (ენუქიძე...1984: 35-36). ამ სიგელში მოტანილ ცნობას წარმართთა მიერ შიომღვიმის ლავრის მამულების აოხრების შესახებ თ. ჟორდანია მიაწერს თოღრულ ბეგის ამიერკავკასიაში 1050-1053 წლებში ლაშქრობას. ჩვენ უფრო სარწმუნოდ მიგვაჩნია ამ მამულების აოხრება სელჩუკთა ამიერკავკასიაში 1054 წლის ლაშქრობის დროს.
9. ბიზანტიის კეისარ კონსტანტინე X დუკას (1059-1067) დროს საქართველოში თურქ-სელჩუკთა დიდ ლაშქრობაზე მიუთითებს გიორგი კედრენე (კედრანე 1963: 82). მისი „ხრონოგრაფიის“ პერიოდისა და კონსტანტინე X დუკას მეფობის წლების გათვალისწინებით, ეს ლაშქრობა შეიძლება 1059 წლით დავათარიღოთ. ამ პერიოდში სელჩუკთა ანატოლიაში დიდ ლაშქრობაზე მოგვითხრობს თურქი ისტორიკოსი იანინჩი. (Yinanç 1944: 52-56). სწორედ ამ დროს უნდა მომხდარიყო ბიზანტიიდან საქართველოსკენ მომავალი სახმელეთო გზის დაკეტვა, რომელსაც აღნიშნავს გიორგი მთაწმინდელის ბიოგრაფი გიორგი მცირე. ვფიქრობთ, იმ მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის ერთ-ერთი მიზეზი, რომელიც გიორგი მთაწმინდელს საქართველოში 1060 წელს მოსვლის დროს დახვდა, თურქ-სელჩუკთა ზემოაღნიშნული ლაშქრობა უნდა ყოფილიყო.
10. ქართულ წყაროებში, ბაგრატ მეოთხის მიერ 1057 წელს შიომღვიმის ლავრისთვის შეწირულობის სიგელის გარდა, სელჩუკების შემოსევები საქართველოში ალფ-არსლანის ლაშქრობებამდე არ გვხვდება. აღნიშნული ფაქტი უცხოურ წყაროებში გადმოცემული სელჩუკების საქართველოში ლაშქრობების ხასიათის გაანალიზებასთან ერთად იძლევა საშუალებას, რომ ვივარაუდოთ: XI საუკუნის 30-იანი წლებიდან არლფ-არსლანის სულთნობამდე ამიერკავკასიაში სელჩუკთა ლაშქრობების ძირითადი ობიექტი აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორია იყო, რაც თავისებურ უარყოფით გავლენას ახდენდა საქართველოს პოლიტიკურ მდგომარეობაზე. ხშირი იყო სელჩუკთა მარბიელი ხასიათის შემოსევები უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზეც. დიდი ზიანი ადგებოდა ქვეყნის ეკონომიკასა და კულტურას. ამ დროს პოლიტიკური მოთხოვნები თურქ-სელჩუკებს საქართველოს მიმართ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ.
11. XI საუკუნის 60-იანი წლებისათვის ბაგრატ IV-მ მოახერხა ქვეყნის შიგნით მშვიდობის დამყარება, ძლიერი ფეოდალების აბაზასძეთა და ბაღვაშთა დროებითი დამხობა, აგრეთვე ძირითადი ქართული მიწების გაერთიანება. ვფიქრობთ, აბაზასძეებისა და ბაღვაშთა დამარცხების შემდეგ უნდა მომხდარიყო ერისთავ ფარსმან თმოგველის გაერთგულება მეფისადმი. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ იგი „მატიანე ქართლისაჲს“ მიხედვით XI საუკუნის 40-იან წლებში ბაგრატ IV-ის მოწინააღმდეგეთა ბანაკშია, ხოლო ახალქალაქის აოხრების დროს (1064წ.), „მირაშხანის წარწერის მიხედვით“ მეფის ერთგულია და მეციხოვნეთა რიგებში იღუპება.
12. დიდ სელჩუკთა სახელმწიფოს ფუძემდებლის თოღრულ-ბეგის გარდაცვალების შემდეგ სულთნის ტახტი დაიკავა ალფ-არსლანმა (1063-1072). იბნ ალ-ასირის მიხედვით, იგი 424 (1032/3), რავენდის მიხედვით, კი 431 (1039/40)წელს დაიბადა. ალფ-არსლანი, ქართულ-ბერძნულ-სომხური წყაროების მიხედვით, უარყოფით, ხოლო არაბულ-სპარსულ-ოსმალური წყაროების მიხედვით, დადებით პიროვნებად ხასიათდება.
13. ხელისუფლების განმტკიცებისთანავე ალფ-არსლანმა დაიწყო ლაშქრობა ანატოლიისა და ამიერკავკასიის მიმართულებით. ამ ლაშქრობის მთავარი მიზანი აღმავლობის გზაზე დამდგარი საქართველოს დაპყრობა, ბაგრატ მეფის დამორჩილება და მისი ბიზანტიის იმპერიისაგან იზოლირება უნდა ყოფილიყო. ალფ-არსლანის საქართველოში უშუალო ლაშქრობა ამ ქვეყნისადმი განსაკუთრებულ ინტერესზე მიუთითებს.
14. პირველი ლაშქრობა ალფ-არსლანმა სამხრეთ საქართველოს მიმართულებით განახორციელა. სელჩუკებმა დაარბიეს კანგარი, თრიალეთი, ყუელისყური, შავშეთი, კლარჯეთი ტაო და ქართველების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად (რომელსაც ერთხმად აღნიშნავენ როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროები), მიწასთან გაასწორეს ახალქალაქი. მტერმა ამ ბრძოლაში უამრავი ტყვე და ნადავლი იგდო ხელთ. დაუსრულებელი გალავნის გარდა ახალქალაქის მცველების დამარცხების მიზეზი, ვფიქრობთ, ისევე როგორც ქართველი ხალხის მთელი ისტორიის უმრავლეს შემთხვევაში, აქაც მტრის რიცხობრივი უპირატესობა უნდა გამხდარიყო. სომეხი ისტორიკოსის ვარდან დიდის მიხედვით ახალქალაქის აღების დროს ალფ-არსლანს 100 000 კაციანი ლაშქარი ჰყავდა ( www.vostlit. info Восточная литература, Автори и источники на букву „В“- Вардан Великий,часть-3).
15. საისტორიო წყაროების ანალიზის, ურთიერთშედარებისა და ისტორიოგრაფიული მონაცემების მიხედვით ალფ-არსლანის საქართველოში პირველი ლაშქრობა და ახალქალაქის აოხრება შეიძლება, 1064 წლის ზაფხულით დავათარიღოთ.
16. სამხრეთ საქართველოს პროვინციების დარბევა და ახალქალაქის აოხრება არ ნიშნავს ამ მხარის, მითუმეტეს მთელი საქართველოს დამორჩილებას. სადრ ად-დინ ჰუსეინის ცნობა, რომლის მიხედვით ბაგრატმა ალფ-არსლანის სასარგებლოდ ხარკი იკისრა (სადრ ად-დინ ჰუსეინი 1976: 190) ქართულ-სომხურ-ბიზანტიური წყაროებით არ დასტურდება. უფრო სწორი უნდა იყოს ამ პერიოდის თანამედროვე ქართველი მემატიანის ცნობა, რომლის მიხედვით, ახალქალაქის აოხრების შემდეგ ალფ-არსლანმა ბაგრატ IV-ს ელჩი გაუგზავნა მშვიდობა შესთავაზა და დისშვილი სთხოვა ცოლად. შემდეგ კი ანისისკენ გაილაშქრა („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 289). ალბათ, ქართველთა დიდმა წინააღმდეგობამ აიძულა იგი, უარი ეთქვა ქვეყნის სიღრმეში ლაშქრობაზე. ამ საქმეში გარკვეული როლი უნდა შეესრულებინა ბაგრატის თანხმობას და შემდგომ აქტიურ მოქმედებას თავისი დისშვილის სულთანზე გათხოვებასთან დაკავშირებით.
17. საქართველოს მეფე ახალქალაქის აოხრების შემდეგ საკმაოდ აქტიურად მოქმედებს. გართულებული პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, მან შეძლო სომეხთა დამორჩილება და სამშვილდის შემოერთება. შემდეგ კი თავისი ასული მართა ბერძენთა მეფეზე გაათხოვა, დისშვილი კი სელჩუკთა სულთან ალფ-არსლანზე. ბაგრატი ცდილობდა, სულთანთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონოდა, მასთან დამოყვრებით იგი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას ცდილობდა.
18. „მატიანე ქართლისაჲს“ მხედვით, ბაგრატის დისშვილისა და ალფ-არსლანის ქორწინება შეიძლება 1065 წლით დავათარიღოთ. მართალია, ქართველი მემატიანე პირდაპირ არ მიუთითებს ამ თარიღს, მაგრამ იგი ალფ-არსლანის საქართველოში მეორე ლაშქრობის თარიღად 1068 წელს ასახელებს. ამავე დროს მიუთითებს, რომ ეს ლაშქრობა მოხდა ბაგრატის დისწულის ალფ-არსლანზე გათხოვებიდან „შემდგომად სამისა წლისა“ („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 290-291). ამავე თარიღს ასახელებს ვახუშტი ბატონიშვილიც (ვახუშტი ბატონიშვილი 1973: 150). ბაგრატის აქტიური მოქმედებიდან გამომდინარეც, ლოგიკურად, ეს ქორწინება ახალქალაქის აოხრების შემდგომ ახლო პერიოდში, ყოველ შემთხვევაში 1065 წელზე გვიან არ უნდა მომხდარიყო.
19. ალფ-არსლანმა ანატოლიისა და ამიერკავკასიის მიმართულებით, პირველი ლაშქრობის დროს, სასტიკად დაარბია სამხრეთი საქართველო, მიწასთან გაასწორა ახალქალაქი, ხელთ იგდო უამრავი სიმდიდრე და ტყვე, შეაჩერა წარმატებით დაწყებული ფეოდალური გაერთიანების პროცესი, მაგრამ მან ვერ შეასრულა ძირითადი ამოცანა. საქართველომ დიდი მსხვერპლის ფასად შეინარჩუნა მთავარი-სახელმწიფოებრიობა და ეროვნული დამოუკიდებლობა.
20. ბაგრატ IV-მ კარგად ისარგებლა ალფ-არსლანის პირველი ლაშქრობის შემდეგ დამყარებული დროებითი სიმშვიდით და აქტიური პოლიტიკის გატარება დაიწყო ქვეყნის გაერთიანება-გაძლიერების მიზნით. ქართველი მემატიანის ცნობით, ალფ-არსლანის მეორე ლაშქრობის წინ საქართველოს მეფე კახეთში (მატიანე ქართლისაჲ 2008: 290-291), ხოლო სადრ ად-დინ ჰუსეინის მიხედვით, ბარდავში იყო გალაშქრებული (სადრ ად-დინ ჰუსეინი 1976: 192).
21. ალფ-არსლანის საქართველოში მეორე ლაშქრობის ძირითადი მიზეზი იყო პირველი ლაშქრობის დროს შეუსრულებელი ამოცანის განხორციელება, ანუ ამიერკავკასიაში ერთადერთი დამოუკიდებელი ქრისტიანული ქვეყნის დახარკვა-დამორჩილება. ასევე ბაგრატ IV -სგან შევიწროვებული მუსლიმური პოლიტიკური ერთეულების დახმარება.
22. მეორე ლაშქრობის დროს სელჩუკთა ლაშქარი არანის გავლით შემოვიდა კახეთ-ჰერეთში. მტერი კახეთიდან ქართლში სამი კვირის შემდეგ 1068 წლის 10 დეკემბერს გადმოვიდა და ექვსი კვირის განმავლობაში დაარბია როგორც აღმოსავლეთი, ასევე დასავლეთი საქართველო სვერის ციხემდე. კახეთიდან ქართლში ლაშქრობის დროს ალფ-არსლანს, „მატიანე ქართლისაჲს“ მიხედვით, თან ახლდნენ კახეთის მეფე აღსართანი (იგი ალფ-არსლანს კახეთში ლაშქრობის დროს ეახლა, მუსლიმობა მიიღო და მორჩილება გამოუცხადა), სომხეთის მეფე კვირიკე და თბილისის ამირა („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 291) ვფიქრობთ, ალფ-არსლანს უნდა ხლებოდა აგრეთვე განძის ამირა ფადლონი, როგორც მისი ყველაზე ერთგული მოკავშირე.
23. ქართველი მემატიანის მიერ დასახელებული სვერის ციხე და სადრ ად-დინ ჰუსეინის მიერ აღწერილი სალიბის (ჯვრის) ციხე, რომელიც სელჩუკებმა დიდი წინააღმდეგობის შედეგად აიღეს, სხვადასხვა ციხეები უნდა იყოს და არა იდენტური. მიგვაჩნია, რომ სწორედ ამ ციხეების მცდარი იდენტურობის გამო ფიგურირებს ქართულ ისტორიოგრაფიაში აზრი სელჩუკების მიერ სვერის ციხის აღებასთან დაკავშირებით.
24. დიდი მცდელობის მიუხედავად, მეორე ლაშქრობის დროსაც, სელჩუკთა სულთანმა ისე დატოვა საქართველო, რომ ბაგრატ მეფისაგან ხარკის გადახდას ვერ მიაღწია. მისი საქართველოდან წასვლის ძირითადი მიზეზი ქართველების დიდი წინააღმდეგობა და იმდროინდელი მკაცრი ზამთარი უნდა ყოფილიყო.
25. ალფ-არსლანმა საქართველოდან წასვლის წინ თბილისი და რუსთავი, ასევე ქართლის დაპყრობილი პუნქტები, განძის ამირას ჩააბარა. ამ ქმედებით მან სხვა მოკავშირეები (თბილისის ამირა, კახეთის მეფე და სომეხთა მეფე) გაანაწყენა. ამ დასკვნის საშუალებას გვაძლევს ის ფაქტი, რომ სულთნის საქართველოდან წასვლის შემდეგ ბაგრატისა და ფადლონის კონფლიქტში ყოფილი მოკავშირეების მხარდაჭერა განძის ამირის მიმართ არ შეინიშნება.
26. სულთნის საქართველოდან წასვლისთანავე ბაგრატ IV აქტიურად მოქმედებს, 1069 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე მან შეიპყრო განძის ამირა, აღადგინა კონტროლი თბილისზე და უკან დაიბრუნა სელჩუკთა მიერ დაპყრობილი ციხე-სიმაგრეები. სავარაუდოა, რომ ამ დროს მან მოახერხა სელჩუკთა განდევნა ქვეყნის მთელი ტერიტორიიდან. საისტორიო წყაროების მიხედვით, სელჩუკთა მასობრივი არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე ბაგრატ IV-ის დროს არ შეინიშნება.
27. ბაგრატ IV-მ განძის ამირა ალფ-არსლანის შუამდგომლობით გაათავისუფლა, სამაგიეროდ კი გაგის ციხე ჩაიბარა. სულთნის დიპლომატიური ქმედება ბიზანტიასთან ურთიერთობის გამწვავებით უნდა იყოს გამოწვეული. მას არ სურს ბგრატთან ურთიერთობის გაფუჭება და მასთან მშვიდობიან მოლაპარაკებას აწარმოებს (ძალის გამოყენებით ბაგრატის დამორჩილების უპერსპექტიობაში იგი საქართველოში ორგზის ლაშქრობით უნდა დარწმუნებულიყო). ბიზანტია-სელჩუკების გამწვავებული კონფლიქტი უნდა იყოს, თავის მხრივ, ბაგრატის რადიკალური მოქმედების ერთ-ერთი მიზეზი, ალფ-არსლანის საქართველოდან წასვლის შემდეგ.
28. განძის ამირა ფადლონის მიერ სამშვიდობო ზავის დარღვევის შემდეგ საქართველოს მეფის ინიციატივით ქართველ-ოსთა ლაშქარმა განძა დალაშქრა და დიდი ნადავლით უკან დაბრუნდა. ვფიქრობთ, ეს ლაშქრობა 1069-1070 წლის ზამთარში უნდა მომხდარიყო. საისტორიო წყაროებში ალფ-არსლანის დამოკიდებულება ამ მოვლენისადმი არ ჩანს. ვინაიდან განძის ამირა სელჩუკთა ხელდებული და საყრდენი იყო, ამიტომ მისი დამარცხება, საქართველოში ალფ-არსლანის პოლიტიკის მარცხად მიგვაჩნია.
29. XI ს-ის 60-იანი წლებიდან ბაგრატ IV ბიზანტიისაგან დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებს. ამ დროიდან წყაროებში აღარ შეინიშნება ქართველთა და ბიზანტიელთა ერთობლივი ბრძოლა სელჩუკების წინააღმდეგ. როგორც ჩანს, საქართველოს მეფე კარგად ხედავს ბიზანტიის სისუსტეს და თავს არიდებს მათ გამო სელჩუკებთან ისედაც დაძაბული ურთიერთობის გაუარესებას.
30. ბაგრატ IV-სა და ალფ-არსლანს შორის დიპლომატიური ურთიერთობის მიმანიშნებელი უნდა იყოს ქართველი მემატიანის სიტყვები, რომ „არონიებდა სულტანი მოციქულთა და უკრებდა ძღუენთა ბაგრატ მეფესა, ამოჲთა ენითა სთხოვდა ხარაჯასა. ხოლო არა დაიდვა ბაგრატ მეფემან ხარაჯაჲ, ავლენდა იგიცა მოციქულთა და უკრებდა იგიცა ძღუენსა. და იყო მათ შორის სიტყჳთ სიყუარული“ („მატიანე ქართლისაჲ“ 2008: 295-296). ვფიქრობთ, სწორი დიპლომატიით იხსნა ბაგრატ IV-მ ქვეყანა ალფ-არსლანის შესაძლო მესამე ლაშქრობისაგან.
31. „მატიანე ქართლისაჲს“ მიხედვით, ალფ-არსლანი და ბაგრატ IV ისე გარდაიცვალნენ, რომ „ვერღარა ცნეს ბაგრატ და სულტანმან ერთმანეთისა სიკუდილი“ (მატიანე ქართლისაჲ 2008: 296). ქართველი მემატიანის ამ ფრაზაში სიმბოლურად ჩანს ალფ-არსლანისა და ბაგრატ IV-ის მეტოქეობა, დიპლომატიური ურთიერთობა და თანაბარი პიროვნული ძლიერება. შეიძლება ითქვას, რომ ალფ-არსლანის წარმატებული პოლიტიკის ფონზე ბაგრატ IV ერთადერთი გამონაკლისია, რომლის წინააღმდეგობის დაძლევაც ვერ შეძლო და მასთან დიპლომატიური ურთიერთობის გზას დაადგა.
32. სელჩუკთა ლაშქრობების მძიმე შედეგების მიუხედავად, საქართველოს მეფე ბაგრატ IV-მ დიდი ბრძოლის, მტკიცე ხასიათის, დიპლომატიისა და ქართველების ბრძოლისუნარიანობის წყალობით სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა ქვეყნის ეროვნული დამოუკიდებლობა.
ალფ-არსლანის ლაშქრობების დროს ქართველი ხალხის თავდადებული ბრძოლა ერთ-ერთი გმირული ფურცელია, საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.
გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა
1. აბდალაძე 1988: აბდალაძე ა., ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა ურთიერთობა IX-XI საუკუნეებში, თბ., 1988.
2. აბდალაძე 1979: აბდალაძე ა., სომხური წყაროები, წიგნში -საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. III, თბ., 1979.
3. ანონიმი ავტორი 2003: ანონიმი ავტორი, ანატოლიის სელჩუკთა სახელმწიფოს ისტორია, ნოდარ შენგელიას წიგნში: სელჩუკები და საქართველო XI საუკუნის უკანასკნელი მეოთხედი XIII საუკუნე, თბ., 2003.
4. არისტაკეს ლასტივერტეცი 1974: არისტაკეს ლასტივერტეცი, ისტორია, ქართული თარგმანი გამოკვლევით, კომენტარებითა და საძიებლებით გამოსცა ე. ცაგარეიშვილმა, თბ., 1974.
5. ატალიატე მიხეილ 1966: ატალიატე მიხეილ, ისტორია, გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა, ტ. VI, თბ., 1966.
6. აფციაური 1980: აფციაური ჯ., გიორგი მცირის „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება“ თბ., 1980.
7. აფრასიძე 1984: აფრასიძე გ., საქართველოს შუა საუკუნეების ქალაქები (XI-XII სს), თბ., 1984.
8. ბაქრაძე 1880: ბაქრაძე დ., საქართველოს მეფე ბაგრატ IV, 1027-1072, ტფ., 1880.
9. ბერძენიშვილი 1954: ბერძენიშვილი ნ., საქართველოს რუსეთთან შეერთების ისტორიული მნიშვნელობისათვის, „მნათობი“, №6, თბ., 1954.
10. ბერძენიშვილი 1965: ბერძენიშვილი ნ., კლასობრივი და შინაკლასობრივი ბრძოლის გამოვლინება საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ ურთიერთობაში, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. II, თბ., 1965.
11. ბერძენიშვილი 1964: ბერძენიშვილი ნ., ჯავახეთის 1933 წლის დღიური, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. I, თბ., 1964.
12. ბერძენიშვილი 1971: ბერძენიშვილი ნ., საქართველოს რუსეთთან შეერთების ისტორიული მნიშვნელობისათვის, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. V, თბ., 1971. 189
13. ბერძენიშვილი 1985: ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან, თბ., 1985.
14. გაბაშვილი 1968: გაბაშვილი ვ., საქართველო-ეგვიპტის ურთიერთობის ისტორიიდან (XI-XII სს), XII საუკუნის საქართველოს ისტორიის საკითხები, თბ., 1968.
15. გაბაშვილი 1957: გაბაშვილი ვ., ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან (ფეოდალური ხანა), თბ., 1957.
16. გაფრინდაშვილი 1953: გაფრინდაშვილი გ., ახალი ნავარძიევის წარწერა, „მეცნიერება და ტექნიკა“, №9, თბ., 1953.
17. გაფრინდაშვილი 1961: გაფრინდაშვილი გ., ლეონტი მროველის 1066 წლის სამშენებლო წარწერა თრეხვის ქვაბებიდან „საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მოამბე“, #1, თბ., 1961.
18. გაფრინდაშვილი 1964: გაფრინდაშვილი გ., ისტორიული ჯავახეთის გამოქვაბულები, კრ. „ძეგლის მეგობარი“, №3, თბ., 1964.
19. გვერდწითელი 1947: გვერდწითელი რ., ზედა თმოგვის ეკლესიის წარწერები, „საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე“, ტ. XIV-Β, თბ., 1947.
20. გიორგი მცირე 1967: გიორგი მცირე, „ცხოვრება გიორგი მთაწმინდელისა“ ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი II (XI-XII სს.), ილია აბულაძის რედაქციით, თბ., 1967.
21. დარჩიაშვილი 1982: დარჩიაშვილი შ., სომხური ლაპიდარული წარწერები და „მატიანე ქართლისას“ ერთი ცნობა, თსუ შრომები, ისტორია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოგრაფია, თბ., 1982.
22. ენუქიძე... 1984: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს თ. ენუქიძემ, ვ. სილოგავამ, ნ. შოშიაშვილმა, თბ., 1984.
23. ვარდან არაველეცი 2002: ვარდან არაველეცი, მსოფლიო ისტორია, ძველი სომხურიდან თარგმნეს ნოდარ შოშიაშვილმა და ეკა კვაჭანტირაძემ, შესავალი, კომენტარები და საძიებლები დაურთო ეკა კვაჭანტირაძემ, თბ., 2002.
24. ვახუშტი ბატონიშვილი 1973: ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტ. IV, თბ., 1973.
25. ვრიენიოსი 1966: ვრიენიოსი ნიკიფორე, ისტორიული მასალები, გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტექსტები ქართული 190
თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა, ტ. VI, თბ., 1966.
26. ზაქარაია 2002: ზაქარაია პ., ქართულ ციხე-სიმაგრეთა ისტორია, თბ., 2002.
27. ზონარა 1966: ზონარა იოანე, ისტორია, გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა, ტ. VI, თბ., 1966.
28. თოფურია 1963: თოფურია პ., მასალები ბეშქენიანთა ქართული დინასტიის ისტორიისათვის, მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1963.
29. კედრენე 1963: კედრენე გიორგი, ისტორიული მიმოხილვა, გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა, ტ. V, თბ., 1963.
30. კიკნაძე 1958: კიკნაძე რ., არაბული და სპარსული ისტორიული წყაროები XI-XIII საუკუნეების თბილისის შესახებ, „ცისკარი“, №10, თბ., 1958.
31. კიკნაძე 1960: კიკნაძე რ., XI-XII საუკუნეების თბილისის ისტორიიდან (აღმოსავლური წყაროების მიხედვით), ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. V, ნაკვ. I, თბ., 1960.
32. კომნენე 1966: კომნენე ანა, ალექსიადა, ისტორიული მიმოხილვა, გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა, ტ. VI, თბ., 1966.
33. კოპალიანი 1962: კოპალიანი ვ., ამიერკავკასიის ხალხთა ურთიერთობის წარსულიდან, თბ., 1962
34. კოპალიანი 1969: კოპალიანი ვ., საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970-1070 წლებში, თბ., 1969.
35. ლომსაძე 1992: ლომსაძე შ. სელჩუკთა პირველი შემოსევები და ბეშკენიდები, „მნათობი“, №3, თბ., 1992.
36. ლორთქიფანიძე 1979: ლორთქიფანიძე მ., საქართველოს შინაპოლიტიკური და საგარეო ვითარება X ს-ის 80-იანი წლებიდან XI ს-ის 80-იან წლებამდე. წიგნში საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. III, თბ., 1979. 191
37. მათე ურჰაელი 1971: მათე ურჰაელი, ისტორია, ქართული თარგმანი ე. ცაგარეიშვილისა, სომხური წყაროები საქართველო ბიზანტიის ურთიერთობის შესახებ X-XI საუკუნეებში, კრ. მრავალთავი, ტ. II, თბ., 1971.
38. მატიანე ქართლისაჲ 2008: მატიანე ქართლისაჲ, ქართლის ცხოვრება, მთავარი რედაქტორი რ. მეტრეველი. თბ., 2008.
39. მაჭავარიანი 1897: მაჭავარიანი ი., არაბელ და სპარსელ მწერალთა გეოგრაფიული და ისტორიული ცნობანი საქართველოს შესახებ, „მოამბე“, №12. თბ., 1897.
40. მაჭავარიანი 1898: მაჭავარიანი ი., არაბელ და სპარსელ მწერალთა გეოგრაფიული და ისტორიული ცნობანი საქართველოს შესახებ, „მოამბე“, №1, თბ., 1898.
41. მესხია 1982: მესხია შ., საისტორიო ძიებანი, ტ. I, თბ., 1982.
42. მესხია 1983: მესხია შ., საისტორიო ძიებანი, ტ. II, თბ., 1983.
43. მეტრეველი 1978: მეტრეველი რ., დიდნი საქმენი, თბ., 1978.
44. მეტრეველი 1990: მეტრეველი რ., დავით IV აღმაშენებელი, თბ., 1990.
45. მეტრეველი 1988: მეტრეველი რ., და მოვიდეს ვარანგნი..., თბ., 1988.
46. მეტრეველი 2002: მეტრეველი რ., დავით IV აღმაშენებელი; მეფე თამარი თბ., 2002.
47. მეტრეველი 1998: მეტრეველი ე., ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი, თბ., 1998.
48. მხითარ აირივანეცი 1990: მხითარ აირივანეცი, ქრონოგრაფიული ისტორია, ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებელი დაურთო ლიანა დავლიანიძე-ტატიშვილმა, თბ., 1990.
49. ორბელიანი 1993: ორბელიანი სულხან-საბა, სიტყვის კონა, თბ., 1993.
50. პაპასქირი 1990: პაპასქირი ზ., ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს წარმოქმნა და საქართველოს საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობის ზოგიერთი საკითხი, თბ., 1990.
51. პაპასქირი 1991: პაპასქირი ზ., შუა საუკუნეების საქართველო საერთაშორისო არენაზე, თბ., 1991.
52. პაპასქირი 2009: პაპასქირი ზ., და აღმოცისკრდა საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, თბ., 2009. 192
53. ჟორდანია 1892: ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი და ახსნილი თ. ჟორდანიას მიერ ტ. I, ტბ., 1892.
54. ჟორჟოლიანი 1979: ჟორჟოლიანი გ., ერთი ცნობა ნასერ ხოსრუს „საფარ ნამედან“, საქართველოს ისტორიის აღმოსავლური მასალები, წიგნი III, თბ., 1979.
55. სადრ ად-დინ ჰუსეინი 1976: სადრ ად-დინ ჰუსეინი, ალფ-არსლანის საქართველოსა და ამიერკავკასიის ქვეყნებში ლაშქრობის შესახებ, ძიებანი საქართველოსა და კავკასიის ისტორიიდან, ტექსტი ქართული თარგმანით გამოსცა და შენიშვნები დაურთო ნ. შენგელიამ, თბ., 1976.
56. სამუშია 2006: სამუშია ჯ., ბაგრატ IV-ისა და ლიპარიტ ბაღვაშის კონფლიქტის გამომწვევი მიზეზების შესახებ, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოება აფხაზეთის ორგანიზაცია, საისტორიო ძიებანი, 8-9, თბ., 2006.
57. სამუშია 2003: სამუშია ჯ., ბიზანტიურ-ქართულ-სომხური სამხედრო კოალიცია თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, 349, ისტორია, არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოლოგია, თბ., 2003.
58. სვანიძე 1999: სვანიძე მ., ოსმალეთის ისტორია, თბ., 1999.
59. სილაგაძე 1991: სილაგაძე ბ., არაბთა ბატონობა საქართველოში, თბ., 1991.
60. სილაგაძე 1971: სილაგაძე ბ., იბნ ალ-ასირის თხზულების „თარიხ ალ-ქამილის“ ერთი ადგილის დადგენისათვის, ქართული წყაროთნცოდნეობა, ტ. III, თბ., 1971.
61. სილაგაძე 1979: სილაგაძე ბ., არაბული წყაროები, წიგნში საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. III, თბ., 1979.
62. სილოგავა 2000: სილოგავა ვ., ერთი ეპიგრაფიკული ძეგლი თურქ-სელჩუკთა შემოსევების შესახებ XI ს-ის საქართველოში, კრ. ასპინძა სამცხისა და ჯავახეთის საზღვარზე, ახალციხე, 2000.
63. სილოგავა 1992: სილოგავა ვ., შესავალი ლექცია სპეცკურსისა „ქართლის ცხოვრება“ ახალციხე 1992.
64. სკილეცეს გამგრძელებელი 1966: სკილეცეს გამგრძელებელი, გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტექსტები ქართული 193
თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა, ტ.VI, თბ., 1966.
65. სტეფანოზ სივნიეთის ეპისკოპოსი 1971: სტეფანოს სივნიეთის ეპისკოპოსი, სივნიეთის სახლის ისტორია, ქართული თარგმანი ე. ცაგარეიშვილისა, სომხური წყაროები საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობის შესახებ X-XI საუკუნეებში, კრ. მრავალთავი, ტ. II, თბ., 1971.
66. სტეფანოზ ორბელიანი 1978: სტეფანოზ ორბელიანი, ცხოვრება ორბელიანთა, ძველი ქართული თარგმანები, ქართულ-სომხური ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, შესავალი და საძიებლები დაურთო ე. ცაგარეიშვილმა, თბ., 1978.
67. სუმბატ სპარაპეტი 1971: სუმბატ სპარაპეტი, მატიანე, ქართული თარგმანი ე. ცაგარეიშვილისა, სომხური წყაროები საქართველო ბიზანტიის ურთიერთობის შესახებ X-XI საუკუნეებში, კრ. მრავალთავი, ტ. II, თბ., 1971.
68. ტაბატაძე 1979: ტაბატაძე კ., სპარსული წყაროები, წიგნში საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. III, თბ., 1979.
69. ყაუხჩიშვილი 1963: გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა, ტ. V, თბ., 1963.
70. ყაუხჩიშვილი 1966: გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა, ტ. VI, თბ., 1966.
71. შენგელია 1968: შენგელია ნ., სელჩუკები და საქართველო XI საუკუნეში, თბ., 1968.
72. შენგელია 2003: შენგელია ნ., მცირე აზიის სელჩუკები და საქართველო XI საუკუნის უკანასკნელი მეოთხედი XIII საუკუნე, თბ., 2003.
73. შენგელია 1997: შენგელია ნ., სელჩუკებისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობა XI-XIII სს., ქართული დიპლომატია, წელიწდეული, 4, თბ., 1997.
74. ცხორებაჲ მეფეთ-მეფისა დავითისი 2008: ცხორებაჲ მეფეთ-მეფისა დავითისი, ქართლის ცხოვრება, მთავარი რედაქტორი როინ მეტრეველი, თბ., 2008.
75. ცაგარეიშვილი 1974: არისტაკეს ლასტივერტეცი, ისტორია, ქართული თარგმანი გამოკვლევით, კომენტარებითა და საძიებლებით გამოსცა ე. ცაგარეიშვილმა, თბ., 1974. 194
76. ცისკარიშვილი 1959: ცისკარიშვილი ვ., ჯავახეთის ეპიგრაფიკა, როგორც საისტორიო წყარო, თბ., 1959.
77. ცქიტიშვილი 1970: ცქიტიშვილი გ., სვერის ციხე, ძეგლის მეგობარი, კრ. 21, თბ., 1970.
78. ჭილაშვილი 1970: ჭილაშვილი ლ., ქალაქები ფეოდალურ საქართველოში, ტ. II, თბ., 1970.
79. ჯავახიშვილი 1983: ჯავახიშვილი ი., ქართველი ერის ისტორია, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. II, თბ., 1983.
80. ჯავახიშვილი 1977: ჯავახიშვილი ი., ძველი ქართული საისტორიო მწერლობა, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. VIII, თბ., 1977.
81. ჯანდიერი 1969: ჯანდიერი ე. ჯავახეთის ახალქალაქის ისტორიისათვის, ფეოდალური საქართველოს არქეოლოგიური ძეგლები, ტ. I, თბ., 1969.
82. ჯაფარიძე 1998: ჯაფარიძე გ., ლიპარიტი IV ბაღვაში ბიზანტიისა და თურქ-სელჩუკთა დიპლომატიურ ურთიერთობებში. კრ. ქართული დიპლომატია, წელიწდეული, ტ. 5. თბ., 1998.
83. ჰამდალლაჰ ყაზვინი 1937: ჰამდალლაჰ მუსთოუფი ყაზვინი, თარგმანი შენიშვნებითა და საძიებლითურთ ვ. ფუთურიძისა, თბ., 1937.
84. Аириванеци Мхитар, Исторя, Второй труд, www.vostlit. info, Восточная литература, Автори и источники на вукву `А~.
85.Агаджанов 1969: Агаджанов С.Г., Очерки истории огузов и туркмен Средней Азии IX-XIII в.в., Аш., 1969.
86.Агаджанов...1965: Агаджанов С. Г., Юзбашян К. Н., истории тюрских набегов на Армению в XI в., Палестинский сборник, вып. 13 (76), М-Л, 1965.
87.Ал-Хусайни Садр-Ад-Дин, Сообщения о сельджукском государстве,www.vostlit. info, Восточная литература, Автори и источники на вукву `Х~.
88.Ан-Насави Шихаб-ад-Дин, Жизнеописание султана Джелал ад-Дина, www.vostlit. info, восточная литература, Автори и источники на вукву `А~.
89.Ар-Равенди Абу-Бекр, Отдохновение Сердец, www.vostlit. info, Восточная литература, Автори и источники на вукву `Р~.
90. Бартольд 1963: Бартольд В. В., Очерк истории Туркменского народа, Сочинения, Т. II, часть I, М., 1963.195
91. Бенешевич 1921: Бенешевич В. Н., Три Анийские надписи из эпохи византийского владычества, Петроград, 1921.
92. Вардан Великий, Всеобщая исторя, www.vostlit. info, восточная литература, Автори и источники на вукву `В~.
93. Гандзакеци Киракос, История Армении, www.vostlit. info восточная литература, Автори и источники на вукву `К~.
94. Гордлевслий 1960: Гордлевслий В.А., Государство Сельджукидов Малой Азии, Избранные сочинения, т. I, М.-Л., 1960.
95. Гусейнов 1980: Гусейнов Р. А., Взаимоотношения Бизантии и сельджуков в Малой Азии в XI-XII в.в. (По сирийским источникам), Средневековый Восток, М., 1980.
96. Гусеин-Заде 2010: Гусеин-Заде Р. А., Кавказ и Сельджуки, Баку 2010.
97. Дьяконов 1912: Дьяконов А. Б., Кип Батиский, СПб., 1912.
98. Жордания 1895: Жордания Ф., К материалам по истории Грузи XI-XII вв., М., 1895.
99. Жузе 1940: Жузе, П. К., Материалы по истории Азербайджана из Тарих-ал-Камил Ибн ал-Асира, Баку, 1940.
100. Заходер 1945: Заходер Б. Н., Хорасан и образование государства Сельджуков,журн. ` Вопросы истории~, № 3-4, М., 1945.
101. Заходер 1943: Заходер Б. Н., Денданекан, `Исторический журнал~, № 3-4, М., 1943.
102. Ибн-ал-асир, Полный свод всобщей Истории, www.vostlit. info восточная литература, Автори и источники на вукву `И~.
103. Казвини Хамдаллах, Успада сердец, www.vostlit. info, Восточная литература, Автори и источники на вукву `К~.
104. Карпов 1945: Карпов Г. И., Туркмены-Огузы, Известя Туркменского Филиала АН СССР, № 1, 1945.
105. Мирхонд, Сад чистоты, www.vostlit. info, Восточная литература, Автори и источники на вукву `М~.
106. Михаил Сирец, Хроника, www.vostlit. info, Восточная литература, Автори и источники на вукву `М~.
107. Низам-ал-Мульк 1949: Низам-ал-Мульк, Сиасет-намэ, Книга о правлении, перевод, введение в изучение памятника и примечаня Б. Н. Заходера, М.-Л., 1949.
108. Низам –ал-Мульк, Книга о правлении, www.vostlit. info, Восточная литература, Автори и источники на вукву `Н~.196
109. Семенов 1946: Семенов А. А., К вопросу о происхождении слова „Сельджук“, Бюллетень Академии Наук Уз. ССР, №3, Ташкент, 1946.
110. Папаскири 2001: Папаскири З. В,. От Давида до Давида, Тб., 2001.
111. Minorsk 1953: Minorsk V. Studies in Caucasian history, London, 1953.
112. Kafesoğlu 1953 Kafesoğlu I., Sultan Melıkşah, Devrinde Büyük Selçuklu Imparatorluğu, Istanbul, 1953
113. Köymen 1963: Köymen M., Selçuklu Devri Türk Tarihi, Ankara, 1963.
114.Kuvondikov 2010: Kuvondikov U., Место и роль Государства Сельджукидов в процессах исторического периода ,Uluslararası Selçuklu Sempozyumu, Kayseri 2010.
115. Papaskiri 2010: Papaskiri S., Манцикертское сражение и некоторые аспекты Грузино-сельджукских взаимоотношений в начале 70-х годов XI века, Uluslararası Selçuklu Sempozyumu, Kayseri 2010.
116. Sevim 2002: Sevim A., Genel Çızgileri Ile Selçuklu-Ermeni Ilişkıleri, Türk Tarihi Kurumu Yayinlari, Ankara 2002.
117. Yinanç 1944: Yinanç M., Türkye tarihi, Selçuklular devri, I, Anadolunun fethi, Istanbul, 1944.
Комментариев нет:
Отправить комментарий