среда, 19 мая 2021 г.

საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის მთავრობის პოლიტიკა აგრარულ სფეროში (ჯ. ანჩაბაძე)

    საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სოფლის მეურნეობა ეკონომიკის უმთავრესი დარგი იყო. ორ მილიონამდე ადამიანი მიწაზე მუშაობით ირჩენდა თავს, ქალაქში კი მოსახლეობის მხოლოდ 17.8% ცხოვრობდა. ეს მაჩვენებელი ბელგიაში 78.8% აღწევდა, ინგლისში 73.5%, გერმანიაში 60%, საფრანგეთში 42%.1
    მსოფლიო ომმა სოფლის მეურნეობა ჩვენშიც უკიდურესად დააკნინა. მენშევიკური მთავრობა სერიოზული გამოცდის წინაშე დადგა. აგრარული კანონმდებლობის მიღების შემდეგ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად უფრო ხელსაყრელი პირობები შეიქმნა. მაგრამ ინტენსიური მეურნეობის განვითარებისათვისჯერ კიდევ დრო იყო საჭირო. ჩვენში 1 დესეტინა მიწაზე საშუალოდ 50-57 ფუთი ხორბალი მოდიოდა. ბელგიაში კი 161 ფუთი, დანიაში 183 ფუთი, გერმანიაში 127 ფუთი. ერთ დესეტინაზე ვენახის საშუალო მოსავლიანობა ჩვენში 95 ვედროს აღწევდა, ხოლო საფრანგეთში 137 ვედროს, გერმანიაში 235 ვედროს, შვეიცარიაში 319 ვედროს. თამბაქო ჩვენში ერთ დესეტინაზე 49 ფუთი მოდიოდა, ხოლო გერმანიაში 114 ფუთი, ჰოლანდიაში 129 ფუთი.2
    ანალოგიური მდგომარეობა იყო სოფლის მეურნეობის სხვა სფეროში. „ძველი ცხოვრების მძიმე ცოდვები დიდხანს ექნება ჩვენს ქვეყანას სათრევი“. _ აღნიშნავდა იმჟამინდელი მიწათმოქმედების მინისტრი ნ. ხომერიკი.3 მინისტრის მიერ ეს ფრაზა შემთხვევით არ იყო დაფიქსირებული. საქართველოში მაშინ არსებული პრიმიტიული ტექნიკისა და დაბალი აგრონომიული აზროვნების ფონზე კონკრეტულ ფართობზე მოსავლიანობის გადიდების თვალსაზრისით რაიმე წარმატების მიღწევა უაღრესად ძნელი იყო. არადა სასურსათო კრიზისის გაღრმავების პირობებში აუცილებელი იყო ეფექტური ზომების მიღება. მითუმეტეს დამოუკიდებლობის გამოცხადების პირველ წელს გარედან ხორბლის შემოტანა ვერ ხერხდებოდა.
    რა თქმა უნდა მთავრობა გულხელდაკრეფილი არ იჯდა, პირიქით ცხადდებოდა მოსახლეობის საკუთარი პურით დაკმაყოფილებისათვის ებრძოლა. ეს ძნელად განსახორციელებელი იყო, მაგრამ მიწათმოქმედების მინისტრი ამის შესაძლებლობას არ გამორიცხავდა, უპირატესად სათესი ფართობის გადიდების ხარჯზე. მისი ვარაუდით საქართველოს წელიწადში 41500000 ფუთი ხორბალი სჭირდებოდა.1 ომამდე ჩვენში სათეს-სახნავი მიწა 650 ათას დესეტინამდე აღწევდა, რომელიც 33-35 მილიონ ფუთ მარცვალს იძლეოდა. ჩრდილოეთ კავკასიიდან დაახლოებით 7.5 ფუთი ხორბალი შემოჰქონდათ. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ აღმოსავლეთ საქართველოდან სომხეთში 3 მლნ. ფუთი ქერი გადიოდა, ხოლო დასავლეთ საქართველოდან 3 მლნ. ფუთი სიმინდი ოსმალეთში, მაშინ პურის დეფიციტი 3-4 მლნ. ფუთს არ გასცილდებოდა, მინისტრის მტკიცებით ამის აღმოფხვრა სავსებით შესაძლებელი იყო.2
    1918წ. მარცვლეულის სათესი ფართობის სივრცემ 520 მილიონი დესეტინა შეადგინა. 1919 წელს ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა. რომ არა უამინდობა ამ წელს შეიძლებოდა საკუთარი პურით დაკმაყოფილება – აცხადებდა ნ. ხომერიკი.3 ამასთან დაკავშირებით ჩვენ კონკრეტულად ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ მინისტრის პროგნოზი ცოტა გადაჭარბებული გვეჩვენება. იმჟამად საქართველოში სოფლის მეურნეობაში დამკვიდრებული უაღრესად არახელსაყრელი პირობების გამო. მარცვლეულის სათესი მიწის ფართობის გადიდების თვალსაზრისით მთავრობის გეგმაში დაზიანებული და დაცვით მნიშვნელობა დაკარგული ტყის გაჩეხვა შედიოდა. მთავრობის ვარაუდით ამ სამუშაოს ჩატარებისშემდეგ სახნავ-სათეს სივრცეს 100 ათას დესეტინაზე მეტი ფართობი შეემატებოდა.1 მთავრობის მიერ იგეგმებოდა სერიოზული სამელიორაციო და საირიგაციო სამუშაოების ჩატარება, რასაც უნდა მოჰყოლოდა დაახლოებით 148 ათასი დესეტინა მიწის ხალხის სამსახურში ჩაყენება.2
მევენახეობა-მეღვინეობა საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. თუ ამჟამად მევენახეობის ძირითად რეგიონად კახეთი ითვლება, ამ მხრივ დასავლეთ საქართველო არანაკლებ იყო დაწინაურებული. მთლიანად ვენახს საქართველოში 50 ათასამდე დესეტინა ფართობი ეკავა. აქედან: დასავლეთ საქართველოში 30 ათასი დესეტინა, აღმოსავლეთ საქართველოში 20 ათასი.3
დიდი რაოდენობით აწარმოებდნენ ღვინოს დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით შორაპნის მაზრაში. აღმოსავლეთ საქართველო ღვინის წარმოებით დასავლეთ საქართველოს ჩამორჩებოდა, მაგრამ აღმოსავლური ღვინო უფრო მაღალი ხარისხის იყო. მეღვინეობის უმთავრეს რეგიონად კახეთი ითვლებოდა. სპეციალისტების დასკვნით კახური წითელი ღვინო (საფერავი) ტოლს არ უდებდა საფრანგეთის – ბორდოსა და ბურგუნდიის ღვინოებს. სასიამოვნო სურნელით და გემოთი გამოირჩეოდა კახური „რქაწითელა“. მაგრამ ის ხარისხით ჩამოუვარდებოდა საფრანგეთის სახელგანთქმულ ღვინოებს.
მევენახეობა ქართლის მოსახლეობის ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა იყო. მაღალი ხარისხის ღვინოს აწარმოებდნენ ს. ატენში, ხიდისთავში, მუხრანში. რაჭა-ლეჩხუმი ცნობილი იყო ალექსანდრულით.4 საქართველოში ამ პერიოდში 7.5 მილიონ ვედრო ღვინოს აწარმოებდნენ. აქედან 1/5 შიდა ბაზარზე გადიოდა, ხოლო 3/5 ადგილობრივი მოსახლეობა ხმარობდსა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ კი, უმთავრესად რუსეთში მხოლოდ 1/5 გაჰქონდათ.1 ღვინოს უმეტესწილად ოჯახში პრიმიტიული მეთოდით აყენებდნენ. შინაური წესით დაყენებული ღვინო ვერ იტანდა ტრანსპორტირებას და მალე ფუჭდებოდა. თანამედროვე ტექნოლოგიებით ღვინოს მხოლოდ სახელმწიფო მამულებში (ყოფილისაუფლისწულო) და საცდელ მეურნეობებში აწარმოებდნენ. მევენახეობისა და ღვინის წარმოების გაუმჯობესების თვალსაზრისით მთავრობა ამ მეურნეობებზე დიდ იმედებს ამყარებდა.2
ომისა და მის შემდგომ პერიოდში მევენახეობამ დიდი ზარალი განიცადა სხვადასხვა ავადმყოფობისაგან მოსახლეობას საწამლავი საშუალების ყიდვის შესაძლებლობა არ ჰქონდა. ის საზღვარგარეთიდან შემოდიოდა. ადგილზე კი მიუწვდომელ ფასებში იყიდებოდა.
საქართველოს სოფლის მეურნეობაში მეთამბაქოეობას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ბოლო ათეული წლების განმავლობაში ის სულ უფრო ვითარდებოდა. მეთამბაქოეობაში სამი ძირითადი რეგიონი იყო დაწინაურებული:
1. დასავლეთ საქართველოს შავიზღვისპირეთი (აფხაზეთი, აჭარა);
2. დასავლეთ საქართველოს ცენტრალური რეგიონი;
3. აღმოსავლეთ საქართველო.
ამ კულტურის წარმოებით განსაკუთრებით აფხაზეთი გამოირჩეოდა. აქ თამბაქოს ძირითადი მწარმოებლები ჩამოსული ბერძნები, სომხები და თურქები იყვნენ. თუმცა არც ადგილობრივი მოსახლეობა (აფხაზები, ქართველები) ამბობდნენ ამ კულტურაზე უარს. აფხაზეთის თამბაქო თავისი თვისებებით ცნობილი იყო, როგორც რუსეთში, ისე ევროპის ქვეყნებში. განსაკუთრებით გამოირჩეოდა „სამსუნისა და ტრაპიზუნის“ ჯიშები. 1913-1916 წლებში აფხაზეთიდან რუსეთში გატანილ იქნა წარმოებული თამბაქოს 85-95 %, ევროპის ქვეყნებში 3.1%, ამიერკავკასიაში 2.4%, თამბაქოს ვაჭრობის მთავარი ცენტრი სოხუმი იყო.1
მეთამბაქოეობამ საქართველოში უმაღლეს დონეს 1914წ. მიაღწია. ამ წელს თამბაქოს პლანტაციებს 15 ათასი დესეტინა ფართობი ეკავა, მოსავალი 700 ათას ფუთს უდრიდა. შემდეგ წლებში ომის გავლენით თამბაქოს მოსავალი საგრძნობლად შემცირდა მხოლოდ 2047 დესეტინა ეკავა, ხოლო 1919 წელს 3046 დეს. მოსავალი კი 142 ფუთზე ცოტა მეტი იყო.2
აფხაზეთში საგრძნობლად შემცირდა თამბაქოს მოსავალი. აქაც სათესი ფართობისა და მოსავლიანობის მხრივ 1919 წელს სარეკორდი იყო 130103 დესეტინაზე მიღებულ იქნა 602676 ფუთი მოსავალი. 1918 წელს 1806 დესეტინიდან მიღებულ იქნა 97826 ფუთი. 1920 წელს 200 დესეტინიდან მიღებულ იქნა 1000 ათასი ფუთი.3 ერთ-ერთი მიზეზი, რომელმაც გამოიწვია თამბაქოს კულტურის შემცირება, სასურსათო კრიზისი იყო, რომელსაც მოჰყვა ხორბლის გაძვირება. ცხადია მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მარცვლეულის წარმოებაზე გადავიდა.
მეთამბაქოეობის დაცემის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად თამბაქოს ექსპორტის მონოპოლიას მიიჩნევენ. მთავრობამ თამბაქოს ექსპორტზე მონოპოლია განახორციელა. ისე, რომ სრულიად გამოითიშა ამ პროცესიდან მისი მწარმოებლები. მთავრობის ჩინოვნიკები უხეში ბიუროკრატიული მეთოდებით, შანტაჟით დაშინებით ჩალის ფასად ართმევდნენ მეთამბაქოებს მათ ნაოფლარს. ქვეყნის შიგნითაც კი აკრძალული იყო თამბაქოს თავისუფალი ყიდვა-გაყიდვა. ე.ი. მთავრობამ მოინდომა ამ დარგის გასახელმწიფოება. აღმაშფოთებელი ფაქტები გამოვლინდა აფხაზეთში. მიწათმოქმედების სამინისტრომ იქ თავის რწმუნებულად ვინმე კიასოვი დანიშნა, რომელიც უხეშად არღვევდა მეთამბაქოების უფლებებს. ის აიძულებდა თამბაქოს მწარმოებლებს, რათა მათ ჩაებარებინათ ნაწარმი და სახელმწიფო საკუთრებად გამოეცხადებინათ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სისხლის სამართლის წესით დასჯით ემუქრებოდა. მეთამბაქოების საქმიანობაში უხეშმა ჩარევამ აფხაზეთის მოსახლეობის სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია.
სიტუაციის შესასწავლად სოხუმში ჩავიდა დამფუძნებელი კრების წევრთა ჯგუფი ეროვნული დემოკრატიული პარტიიდან. დეპუტატებმა აფხაზეთში შექმნილი უაღრესად მძიმე მდგომარეობის შესახებ დეპეშით აცნობეს მიწათმოქმედების სამინისტროს. მთავრობამ ყურად არ იღო ეროვნულ-დემოკრატების მიერ მიწოდებული საგანგებო ინფორმაცია. პირიქით ეს ღონისძიება ქვეყნისა და ხალხის სასარგებლო საქმედ ჩათვალეს. ჩალის ფასად ჩამორთმეული თამბაქოს ნედლეულით გაივსო სამთავრობო საწყობები, მის რეალიზაციაზე კი ნაკლებად ირჯებოდა. არადა მაშინ ევროპის ბაზარზე თამბაქო 8-9 ინგლისური სტერლინგი ღირდა, მაშინ, როდესაც მისი მწარმოებლებისათვის 1 სტერლინგიც არ ჰქონდა გადახდილი იმის შემდეგ რაც ომის რეციდივები მინელდა, სავაჭრო გზები სრულად გაიხსნა, თამბაქოს მწარმოებელ სხვა ქვეყნებსაც მიეცათ თავიანთი საქონლის გატანის შესაძლებლობა, რის შედეგად ევროპის ბაზრებში დიდი რაოდენობით თამბაქო შევიდა, რასაც მისი ფასის საგრძნობი დაცემა მოჰყვა. ერთი ფუთი თამბაქო უკვე 2 სტერლინგიც არ ღირდა. ცხადია, ადგილებზე კატასტროფულად დაეცა თამბაქოს ფასი. ამიტომ მოსახლეობამ ამ კულტურაზე გული აიცრუა. თუ 1914 წელს 13.109 დესეტინაზე წარმოებულ იქნა 602.676 ფუთი მოსავალი 1919 წელს ეს მაჩვენებელი შესაბამისად 2.323 დესეტინა და 127 ფუთს არ აღემატებოდა.
საქართველოს ცალკეულ რაიონებში მეაბრეშუმეობა საკმაოდ იყო დაწინაურებული. ეს დარგი უმთავრესად განვითარებული იყო ქვემო იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში, აგრეთვე ქართლში და კახეთში (უმეტესად ალაზნის პირას). აბრეშუმის პარკი ძვირფას სავალუტო საქონელს წარმოადგენდა დემოკრატიულ საქართველოში. მისი მოთხოვნილება უცხოეთის ბაზარზე საკმაოდ სოლიდური იყო და მას ქვეყნის საგარეო ვაჭრობაში წამყვანი ადგილი ეკავა.
I მსოფლიო ომმა უარყოფითი გავლენა იქონია საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარებაზე. იმ დროს დაირღვა საერთაშორისო ვაჭრობაში მიღებული პირობები და ნორმები, რასაც აბრეშუმის პარკის წარმოებისა და ექსპორტის მკვეთრი შემცირება მოჰყვა. მაგ. 1914წ. ჩვენში წარმოებულ იქნა 128 ათასი ფუთი ნედლი პარკი. 1919წ. ეს მაჩვენებლები 20 ათას ფუთამდე დაეცა. 1920 წლისთვის მდგომარეობა ოდნავ გამოსწორდა, მოსავალმა 50 ათას ფუთს მიაღწია.1
ომის შემდეგ საფრანგეთმა, როგორც აბრეშუმის მწარმოებელმა ქვეყანამ უპირატესობა დაკარგა. მაგრამ იგი გრენის მსხვილი მწარმოებელი გახდა. საქართველო კი პარკის მწარმოებელი საექსპორტო ქვეყანა უნდა გამხდარიყო. გრენი კი მთლიანად საზღვარგარეთიდან უნდა შემოეტანათ. აქედან გამომდინარე საქართველოს მეაბრეშუმეებთან თანამშრომლობის ინტერესი გაუჩნდათ. ქართული აბრეშუმით განსაკუთრებით დაინტერესდნენ საფრანგეთის მეაბრეშუმეეთა მსხვილი გაერთიანებები, კერძოდ, მარსელის სავაჭრო სახლი „ბაბრიერი-მორეცი“ და მეაბრეშუმეების საწარმო „ფერანი-გინტრანი“.2
საფრანგეთის მეაბრეშუმეთა ძირითად მიზანს წარმოადგენდა საქართველოში წარმოებული აბრეშუმის პარტიის მთლიანად შესყიდვა და ქართველი მეაბრეშუმეებისათივს გრენის მიწოდება. ე.ი. თურქული და იტალიური გრენის განდევნა საქართველოს ბაზრიდან. და იქ თავიანთი გავლენის დამკვიდრება. 1919წ. მაისში ამ გაერთიანებათა ხელმძღვენელებს შეხვედრა ჰქონდათ პარიზის კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელ კ. ჩხეიძესთან და მას საქმიანი თანამშრომლობის წინადადებითმიმართეს. ფრანგებმა ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობის პროგრამაც წარუდგინეს ჩვენი დელეგაციის მეთაურს.3
პროგრამის პირველ ნაწილში ჩამოყალიბებული იყო ქართული აბრეშუმის პარკის შესყიდვისა და საქართველოში ფრანგული გრენის რეალიზაციის პირობები. პროგრამის მეორე ნაწილი მოიცავდა მთელ რიგ კონკრეტულ საკითხებს, კერძოდ, საქართველოს მეაბრეშუმე კოოპერატორებთან შეთანხმების მიღწევას მისაღებ ფასებში მათი გრენით მომარაგების თაობაზე, თანამედროვე საგრენაჟო ქარხნის მშენებლობას, თუთის ხეების გაშენებას, საცდელი მინვრების მოწყობას, პარკის გადამამუშავებელი საწარმოების მანქანა-დანადგარებით უზრუნველყოფისათვის. იმპორტული გრენიდან რაც შეიძლება მეტი რაოდენობისა და მაღალი ხარისხის პროდუქციის მისაღებად ქართველ და ფრანგ მეაბრეშუმეთა ერთობლივ საქმიანობას. შეთანხმების ვადა 15 წლით განისაზღვრებოდა.1
ფრანგების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაში შეფარვით იყო დაფიქსირებული ფრანგული კომპანიებისათვის აბრეშუმის ექსპორტის მონოპოლიური უფლების გადაცემის შესახებ. მთავრობის მხრიდან ამ საკითხზე თანხმობის შემთხვევაში ისინი საქართველოში გრენისა და აბრეშუმის ქარხნებს ააშენებდნენ.2
საქართველოს მთავრობამ ფრანგების მიერ შემოთავაზებული პროგრამა მოიწონა. ამასთან საფრანგეთში აბრეშუმის პარკის რეალიზაციისა და ფრანგული გრენის შესყიდვასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხების გარკვევა მოითხოვა და დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში ხელშეკრულების ხელმოწერაზე მზადყოფნა დააფიქსირა.
1920 წელს საფრანგეთ-საქართველოს შორის მთელი რიგი საინტერესო ხელშეკრულებები დაიდო. ეს პროცესი ორ ეტაპსმოიცავდა. პირველ ეტაპზე ფრანგების მიერ ქართული აბრეშუმის პარკის სრული შესყიდვა უნდა მომხდარიყო. ქართველ მეაბრეშუმეებს კი ფრანგული გრენი უნდა შეეძინათ. მეორე ეტაპზე უფრო გრძელვადიანი შეთანხმებები – საკონსეციო ხელშეკრულებები იდებოდა, რომელიც საქართველოს მეაბრეშუმეობაში ფრანგული კაპიტალის უფრო ხანგრძლივი დროით შეღწევას ითვალისწინებდა.3
საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში ფრანგული კაპიტალის შედარებით დინამიკური ინვესტიციების მიზიდვის თვალსაზრისით აღსანიშნავია 1920წ. 17 ოქტომბრის ფირმა ფარნიგრიცთან დადებული ხელშეკრულება, რომელიც საქართველოს აბრეშუმის მრეწველობაში ფრანგული კაპიტალის ინვესტირების მსხვილმასშტაბიანი პროექტი იყო, რომელიც ქვეყანაში მეაბრეშუმეობის განვითარებისათვის ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა.
საქართველოს მთელ რიგ რაიონებში მოსახლეობა ბამბის წარმოებით იყო დაკავებული. ბამბის კულტურა ხარობდა იმერეთში, ბორჩალოსა და ყარსის მინდვრებში, სიღნაღის მაზრაში. დასავლეთ საქართველოში მებამბეობის ცენტრებად ითვლებოდა სამეგრელო, აგრეთვე ბაღდადის რაიონი იმერეთში. ეს კულტურა შედარებით მცირე რაოდენობით იყო გავრცელებული აბაშაში, შორაპნის, ზუგდიდისა და ოზურგეთის მაზრებში. 1914 წელს დასავლეთ საქართველოში 3700 დესეტინა ფართობი ეკავა და 30 ათას ფუთამდე გაწმენდილი ბამბა მოდიოდა. აღმოსავლეთ საქართველოში მებამბეობაში მოსახლეობა უფრო აქტიურად იყო ჩართული. იმავე 1914 წელს 8200 დესეტინა ფართობზე 1202 ათასი ფუთი ბამბა მოდიოდა.1
მსოფლიო ომმა და ანარქიამ მებამბეობაც დაანგრია. სასურსათო კრიზისმა კი ხალხს ამ კულტურაზე სავსებით ააღებინა ხელი. არადა ბამბა საფეიქრო მრეწველობის მნიშვნელოვანი ნედლეულია, რომელსაც ევროპის ბაზრებში ყოველთვის დიდი მოთხოვნილება ჰქონდა ამიტომ მთავრობის სამეურნეო გეგმაში მებამბეობის განვითარებას განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ამ მიზნით მიწათმოქმედების სამინისტრომ დაიწყო საცდელი პლანტაციების მოწყობა. მოწვეული სპეციალისტები შეუდგნენ ბამბის მოსავლის გადიდების თვალსაზრისით მოწინავე აგროტექნიკური მეთოდების დამუშავებას.2 მიწათმოქმედების სამინისტროს გაანგარიშებით საქართველოს შეეძლო 1 მან. ფუთამდე გაწმენდილი ბამბისა და 2 მან. ფუთი თესლის მიღებას, რომელიც დიდად წაადგებოდა ქვეყნის ეკონომიკას.3
საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მეჩაიობა პირველ ნაბიჯებს დგამდა. ამ კულტურის გაშენება კავკასიის მეფისნაცვლის მიხეილ ვორონცოვის ინიციატივით პირველად დასავლეთ საქართველოში დაიწყო. მისი განკარგულებით 1848 წელს ნიკიტინსკის ბაღიდან (ყირიმი) ჩინური ჩაის ბუჩქები სოხუმის ბოტანიკურ ბაღსა და ოზურგეთის კლიმატურ სადგურში დარგეს.1 ახალმა მცენარემ კარგად აიტანა მაშინდელი სიცივეები. მაგრამ ყირიმის ომის დროს მნიშვნელოვანი ნაწილი დაიღუპა.
XX ს. დამდეგს ჩაის გაშენება დაიწყეს ჩაქვსა და ოზურგეთში. საცდელი სამუშაოების ჩატარების შემდეგ დადასტურდა, რომ ჩვენს პირობებში საშუალო ხარისხის ჩაის წარმოება შეიძლებოდა.2 მისი მოშენება ხელსაყრელი იყო ეკონომიკური თვალსაზრისით, ვინაიდან სოლიდურ შემოსავალს იძლეოდა. 1912 წლისთვის ჩვენში ჩაის პლანტაცია გაშენებული იყო 711 დესეტინა ფართობზე და მოკრეფილ იქნა 1.106598 გირვანქა მწვანე ფოთოლი. 1920 წელს კი 837 დესეტინაზე მოკრეფილ იქნა 1141614 გირვანქა.3
1918-1920 წლებში ჩაის ფართობი და მოსავლიანობა თითქმის არ შეცვლილა. მთავრობა სამომავლოდ აპირებდა მეჩაიეობის განვითარებისათვის სერიოზული ღონისძიებების ჩატარებას. ამ მიზნით რესპუბლიკის მასშტაბით გამოიყო 50 ათასი დესეტინა მიწა. საიდანაც სავარაუდოდ შესაძლებელი იყო 40 მილიონი გირვანქა პროდუქციის მიღება.4 მიწათმოქმედების სამინისტროს მესვეურები იმედოვნებდნენ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მონაცემები ხალხის სასიკეთოდ განვითარდებოდა და ამ ძვირფასი კულტურის გაშენება უფრო სწრაფი ტემპით წარიმართებოდა. მიწის ნაკლებობის მიუხედავად საქართველოში მესაქონლეობას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. 1917 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მონაცემებით მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონლის რაოდენობა 3260663 დეს. აღწევდა.5 ჩვენში ძირითადად გავრცელებული იყო დიდი კავკასიის (მაღალმთიან რაიონებში) და მცირე კავკასიის (უფრო დაბლობში) ჯიშები. დიდი კავკასიის ჯიში მცირე ზომისა და წონისაა უფრო წონადია მცირე კავკასიის ჯიში.1
აღმოსავლეთ საქართველოში მესაქონლეოების განვითარებისათვის უკეთესი პირობები არსებობდა. ეს მხარე უფრო მეტად უზრუნველყოფილი იყო ბუნებრივი საძოვრებით. ალპური ზონის უხვი საძოვრები მერძევეობის განვითარებისათვია ხელსაყრელ პირობებს ქმნიდა. ამ მხრივ გამორჩეული იყო ახალქალაქის მთაგორიანი ნაწილი, ხევსურეთი და სხვა. რაციონალური მერძეობის პიონერად ითვლებოდა ალექსანდერსპილფის ახალშენში მცხოვრები კერძო მესაკუთრე კუჩენბახი. მან 1864 წელს ბორჩალოს მაზრაში – სოფ. მამუდელოს მიდამოებში მოაწყო ალპური სარძევე მეურნეობა შვეიცარიული და ადგილობრივი ჯიშის შეჯვარების შედეგად შექმნა მაღალი დონის მეწველი საქონლის ჯიში. კარაქისა და ხაჭოს გარდა კუჩენბახის მეურნეობაში აწარმოებდნენ ცნობილ კავკასიურ-შვეიცარიულ ყველს, რომელმაც დიდი წარმატება მოიპოვა არამარტო საქართველოსა და ამიერკავკასიის ბაზარზე, არამედ ევროპულ რუსეთშიც.2
კუჩენბახის გამოცდილების გაზიარება ადგილობრივმა კერძო მესაკუთრეებმა ვერ მოახერხეს. 30 წლის განმავლობაში მას ვერავინ მიბაძა, ვინაიდან ყველის მწარმოებლები საკუთას გამოცდილებას უმალავდნენ დაინტერესებულ პირებს.3 მოგვიანებით ზოგიერთმა ბორჩალოელმა მექარხნემ მოახერხა სარძეო მეურნეობის ორგანიზაცია და დაიწყო შვეიცარიული ყველისა და კარაქის წარმოება. 1911 წლიდან საგრძნობლად გაიზარდა ბორჩალოს მაზრაში ყველ-კარაქის ქარხნების რიცხვი. ყველ-კარაქის სანიმუშო საწარმოდ მაინც კუჩენბახის ქარხანა ითვლებოდა.4
1918 წელს ჩვენში განვითარებული ანარქიისა და ქაოსის შედეგად როგორც კერძო პირების, საარტელო ქარხნების უმეტესი ნაწილი განადგურდა. ყველის წარმოების მაჩვენებელი 50 ათასი ფუთიდან 5-6 ფუთამდე დაეცა.
აღმოსავლეთ საქართველოში მეცხვარეობას განსაკუთრებული ადგილი ეკავა. რომელმაც სამრეწველო მნიშვნელობა შეიძინა და ქვეყნისათვის ეკონომიკური წარმატების მოპოვება შეძლო. გარდა იმისა, რომ ის არის სახორცე საქონელი, ეს სფერო წელიწადში 60-80 ათას ფუთამდე ყველს და 200 ათას ფუთამდე მატყლს იძლეოდა. აქედან ათეულ ათასობით ფუთი მატყლი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადიოდა.
ომმა და რევოლუციამ მეცხვარეობას დიდი ზიანი მიაყენა, ცხვრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიღუპა. მიუხედავად ამისა საქართველოში მეცხვარეობა გადარჩა. თუმცა მისი აღორძინებისათვის მთავრობის მხრიდან დიდი ძალისხმევა იყო საჭირო.
ამრიგად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებას მემკვიდრეობით ერგო ფაქტობრივად განადგურებული სოფლის მეურნეობა. უკიდურესად დაქვეითებული იყო ისეთი სფეროები (მევენახეობა, მეაბრეშუმეობა, მეთამბაქოება და სხვა) რომელთა უმრავლესობა მოსახლეობის ტრადიციულ საქმიანობად ითვლებოდა და ეკონომიკურადაც უფრო სარფიანი იყო. ომის შემდეგ შექმნილმა სასურსათო კრიზისმა ქვეყანა შიმშილის საფრთხის წინაშე დააყენა. ამ უბედურებისაგან მოსახლეობა მიწაზე მუშაობამ იხსნა. მთავრობა მარცვლეულის მოსავლიანობის გადიდების წინაშე დადგა. ამას იგი სათესი სივრცის გაფართოების გზით აპირებდა. რაც შეეხება ინტენსიური მეურნეობის განვითარებას, ამის ელემენტარული პირობები არ არსებობდა.
1919 წლისთვის უხვ მოსავალს ვარაუდობდნენ, მაგრამ არახელსაყრელმა კლიმატურმა პირობებმა ნახევარზე მეტი მოსავალი გაანადგურა. არც 1920 წელი იყო ამ მხრივ წარმატებული. მთავრობის ვარაუდი, თითქოს საქართველოს მოსახლეობას შეეძლო თავისი თავის გამოკვება, ვარაუდად დარჩა.
სრული განადგურების საფრთხე დაემუქრა მეთამბაქოებას, ომამდე თამბაქოს ათეულ ათასობით დესეტინა მიწა ეკავა. 1918 წლიდან ეს ფართობი სრულიად დაიცალა ამ კულტურისაგან. გლეხებმა და პლანტატორებმა თამბაქოს მოყვანაზე ხელი აიღეს პროფესიონალი მეთამბაქოეები თავიანთი ხელობით მუშაობის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ გადიოდნენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო თამბაქოს ექსპორტის მონოპოლიის მახინჯი გამოვლნებები, შიში იმის, რომ მოსავალს ჩალის ფასად წაართმევდნენ. რა თქმა უნდა, იყო შიმშილის შიშიც. ამიტომ იყო, რომ მოსახლეობა გადაერთო მარცვლეულის წარმოებაზე.
ანალოგიურო მდგომარეობა იყო მეაბრეშუმეობაში, თუმცა საფრანგეთის საქმიან წრეებთან დადებული ხელშეკრულება ამ დარგის კრიზისიდან გამოყვანის პერსპექტივას სახავდა. საქართველოს სოფლის მეურნეობაში შექმნილი მდგომარეობიდან ნათლად ჩანდა, რომ თამბაქოს და აბრეშუმის და სხვა სავალუტო საქონლის წარმოების შემცირების კომპეტენცია სხვა კულტურის ჩანაცვლებით, თუნდაც ხორბლითა და სიმინდით შეუძლებელი იყო, ვინაიდან მათ არ შეეძლოთ ქვეყნის საგარეო ვაჭრობაზე სერიოზული ზემოქმედება მოეხდინათ.
მემარჯვენე ოპოზიცია მთავრობისაგან კატეგორიულად მოითხოვდა ზემოჩამოთვლილი დარგების განსავითარებლად უფრო ეფექტურ მოქმედებას, ასევე მეურნეობის მართვის რუსულ მეთოდებზე უარის თქმას, კერძო მესაკუთრეთა წახალისებას, რომელთაც უფრო ხელეწიფებოდათ მეურნეობის პროგრესულ რელსებზე გადაყვანა.
ჩვენ შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ მენშევიკური მთავრობა არ ზრუნავდა სოფლის მეურნეობაში შექმნილი უაღრესად მძიმე მდგომარეობის გამოსწორებაზე, მაგრამ 1918-1920 წლის მონაკვეთში ამ მხრივ რაიმე სასიკეთო ცვლილებები არ მომხდარა. მაგრამ მთავრობა ოპტიმიზმს არ კარგავდა მას სჯეროდა ქვეყნის ეკონომიკური აღორძინების. თუმცა სჯობდა აწმყოში მეტი ქმედითუნარიანი ყოფილიყო, რათა სამომავლო გეგმის განსახორციელებლად უფრო მყარი საძირკველი შეექმნა.
შენიშვნები
1. ნ. ხომერიკი. საქართველოს აგრარული პროგრამა და სასოფლო მეურნეობა. თბ., 1920, გვ. 32.
2. ნ. ხომერიკი. საქართველოს აგრარული პროგრამა.., გვ. 32.
3. ნ. ხომერიკი. საქართველოს აგრარული პროგრამა.., გვ. 32.
4. ნ. ხომერიკი. საქართველოს აგრარული პროგრამა.., გვ. 34.
5. ნ. ხომერიკი. საქართველოს აგრარული პროგრამა.., გვ. 34.
6. ნ. ხომერიკი. საქართველოს აგრარული პროგრამა.., გვ. 35.
7. ნ. ხომერიკი. საქართველოს აგრარული პროგრამა.., გვ. 34.
8. ნ. ხომერიკი. საქართველოს აგრარული პროგრამა.., გვ. 34.
9. გ. გეხტმანი. საქართველოს ეკონომიკური გეოგრაფია. თბ., გვ. 103.
10. გ. გეხტმანი. საქართველოს ეკონომიკური გეოგრაფია, გვ. 104.
11. ნ. ხომერიკი. საქართველოს აგრარული პროგრამა.., გვ. 40.
12. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი (შემდგომ _ სცსსა), ფ. 1915, აღწ. 1, საქ. 249, ფურც. 19.
13. სცსსა, ფ. 1915, აღწ. 1, საქ. 92, ფურც, 65.
14. ნ. ხომერიკი. საქართველოს აგრარული პროგრამა.., გვ. 38.
15. გ. გეხტმანი. საქართველოს ეკონომიკური გეოგრაფია, გვ. 109.
16. გ. გეხტმანი. საქართველოს ეკონომიკური გეოგრაფია, გვ. 130.
17. სცსსა, ფ. 1891, აღწ. 1, საქ. 322, ფურც. 17.
18. А. Чохели. Политика Франции в отношении Грузии 1917-1921 гг. Тб., 1980, გვ. 61.
19. სცსსა, ფ. 1891, აღწ. 1, საქ. 349, ფურც. 18.
20. სცსსა, ფ. 1891, აღწ. 1, საქ. 349, ფურც. 18.
21. სცსსა, ფ. 1891, აღწ. 1, საქ. 322, ფურც. 22-24.
22. ნ. ხომერიკი. საქართველოს აგრარული პროგრამა.., გვ. 42.
23. ნ. ხომერიკი. საქართველოს აგრარული პროგრამა.., გვ. 42.
24. ნ. ხომერიკი. საქართველოს აგრარული პროგრამა.., გვ. 42.
25. გ. გეხტმანი. საქართველოს ეკონომიკური გეოგრაფია, გვ. 116.
26. ნ. ხომერიკი. საქართველოს აგრარული პროგრამა.., გვ. 42.
27. გ. გეხტმანი. საქართველოს ეკონომიკური გეოგრაფია, გვ. 119.
28. ნ. ხომერიკი. საქართველოს აგრარული პროგრამა.., გვ. 44.
29. გ. გეხტმანი. საქართველოს ეკონომიკური გეოგრაფია, გვ. 119.
30. სცსსა, აღწ. 1, საქ. 276, ფურც. 7.
31. გ. გეხტმანი. საქართველოს ეკონომიკური გეოგრაფია, გვ. 138.
32. სცსსა, ფ. 1915, საქ. 276, ფურც. 8.
33. გ. გეხტმანი. საქართველოს ეკონომიკური გეოგრაფია, გვ. 139.

Комментариев нет:

Отправить комментарий