суббота, 8 мая 2021 г.

„აბხაზი“ ძველ არაბ და სომეხ ავტორთა თხზულებებში (ვ. გოილაძე)

შუა საუკუნეების არაბი და სომეხი ავტორები ტერმინ „აბხაზ“-ს სხვადასხვა შინაარსით ხმარობენ. თუ სომეხ ავტორებთან (სტეფანოს ტარონაცი, ვარდან დიდი) და არაბ ისტორიკოსთან – ატ-ტაბარისთან „აბხაზ“-ი ეთნოსის გამომხატველია, IX-X სს. არაბი გეოგრაფები „აბხაზ“-ს ხან ქვეყნის, ხან კი ქალაქის აღმნიშვნელად იყენებენ. რაც მთავარია, დასახელებული ავტორები „აბხაზ“-ს, აფხაზთა განსახლების არეალიდან შორს, სხვადასხვა ადგილზე მიუთითებენ. ასე, მაგალითად, არაბი მოგზაური და გეოგრაფი ალ-მუკადასი (გარდ. 1000წ.) „აბხაზ“-ს რანის (ძველი ალბანეთის) ქალაქთა: ბაბ-ალ-აბვაბის (დერბენდი – ვ.გ.), კაბალას და სხვათა გვერდით ასახელებს1. იგი იქვე წერს: „აბხაზ ესაა აყვავებული ადგილი, ისე, როგორც ამ მხარის სხვა ქალაქები“.2 ალ-მუკადასის ტექსტის გამომცემლის ნ. კარაულოვის შენიშვნით, ქ. აბხაზი ყუბის ახლოს, ან მის ადგილზე მდებარეობდა3.
„აბხაზ“-ის შესახებ სრულიად განსხვავებული ცნობა აქვს არაბ ისტორიკოსსა და მოგზაურს ალ-მასუდის (გარდ. 956წ.). მისი ცნობით, მდინარე მტკვარი სათავეს იღებს ქართველთა სამეფოს ხაზარანის ქვეყანაში, მიედინება აბხაზის საზღვრებში და აღწევს სასაზღვრო ქალაქ ტიფლისს4. არაბი გეოგრაფი იბნ-ჰაუკალი (Xს.), რანის ქალაქებს შორის მანძილის მითითებისას აღნიშნავს: შემახიიდან შირვანამდე სამი დღის გზაა, შირვანიდან – აბხაზამდე ორი დღისა, აბხაზიდან ჯასარ-სამურამდე 12 ფარსახია, ჯასარ-სამურიდან ბაბ-ულ-აბვაბამდე 20 ფარსახი5.
შავი ზღვის სამხრეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებზე მცხოვრები ხალხების სხვა ადგილზე მოხსენიების მხრივ ზემოდასახელებული ავტორები გამონაკლისნი არ არიან. ასე, მაგალითად, ფსევდო არიანე (Vს.) შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე მცხოვრებ ჰენიოხებს კასპიის ზღვისპირეთში მოიხსენიებს6. სწორედ აღნიშნულ პრობლემას მიუძღვნა სპეციალური გამოკვლევა აკად. ს. ერემიანმა. მან ეს საკითხი „ზოროასტრის ქააბას“ წარწერაში მოხსენიებულ ქვეყანა „მახელონიას“ ლოკალიზაციასთან დაკავშირებით გააანალიზა და დაასკვნა (სიზუსტისათვის ტექსტი რუსულ ენაზე მომაქვს): „...Рассмотренные нами сведения первоисточников показывают, что как на кавказском побережье Черноморья, так и на прикаспийском побережье с древнейших времен жили родственные между собою племена и народности: «сарматские» – черкесо-абхазские, лезгинские и мегрело-чанские племена и «скифские», т.е. скифо-иранские племена и народности, из которых наиболее значительными были массагеты, имевшие своё государство. Дошедшие до нас данные этнонимики показывают, что прикаспийское побережье являлось зоной смешения «сарматско»-кавказских и «скифо»-иранских этнических миров. К этой зоне относится прежде всего интересующая нас страна «Махелония» греческой версии трехъязычной надписи Кааба-и – Зардушт. Наши разыскания, таким образом, показывают, что, наряду с «Царством махелонов и гениохов» на черноморском побережье, существовало другое одноименное политическое образование – «Махелония» – на прикаспийском побережье“.7
„ზოროასტრის ქააბას“ სამენოვანი წარწერა ირანის შაჰის შაბურ I-ის (239-272წწ.) ბრძანებით 260 წელს ქ. ედესასთან რომაელებზე გამარჯვების აღსანიშნავად იქნა ამოკვეთილი. მასში შავი ზღვის სამხრეთით მდებარე მახელონია ქართლთან, ალბანეთთან და სომხეთთან ერთად ირანისადმი დამორჩილებულ ქვეყანათა შორის იხსენიება. ს. ერემიანის დასკვნიდან გამომდინარე კი მახელონები ჩერქეზ-აფხაზებთან და მეგრელ-ჭანებთან ერთად კასპიის ზღვის სანაპიროზეც ცხოვრობდნენ და „Каспийское по- бережье являлось зоной смещения «сарматско»-кавказских и «скифо»-иранских этнических миров“.
მეგრელ-ჭანების-აფხაზების, მახელონებისა და ჰენიოხების განსახლების შესახებ აკად. გ. მელიქიშვილი არაერთხელ მსჯელობს თავის ცნობილ მონოგრაფიაში „К истории древней Грузии“ (Тб., 1959), იგი კარგად იცნობს „ზოროასტრის ქააბას“ წარწერის ტექსტსაც, მაგრამ არსად არა წერს ზემოდასახელებული ჰენიოხ-მახელონები ჩერქეზულ-აფხაზურ და მეგრულ-ჭანურ მოსახლეობასთან ერთად კასპიის ზღვის სანაპიროზეც რომ ცხოვრობდნენ. ამიტომ 1970 წელს გამოცემულ „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ I ტომში, სადაც იგი ძირითადად „К исто-рии древней Грузии“-ს ტექსტს იმეორებს, მოსალოდნელი იყო, რომ 1967 წელს ს. ერემიანის მიერ გამოთქმულ ზემომოტანილ მტკიცებულებებს სათანადო პასუხს გასცემდა, მაგრამ გ. მელიქიშვილმა რატომღაც ს. ერემიანის გამოკვლევა უყურადღებოდ დატოვა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მას შემდეგ დასმული საკითხი – რატომ იხსენიება „აბხაზი“ მათი განსახლების არეალიდან შორს – აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ან კასპიისპირეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სპეციალურად არავის უკვლევია.
აქ, რა თქმა უნდა, ძნელია აკად. ს. ერემიანის მიერ მოხმობილი ყველა ის მასალა გავაანალიზო, რომელთაც იგი ეყრდნობა კასპიისპირეთში ზემოდასახელებული ხალხების განსახლების მტკიცებისას, იმას კი აღვნიშნავ: ფსევდოარიანეს ცნობა („За гениохами же выше лежит море, называемое Каспийским“) და ვარდან დიდის განმარტება („Абхаз – это страна мазкутов, находящаяся на берегу моря Врканской страны“) ს. ერემიანს მართლაც აძლევდა ზემომოტანილი დასკვნის გამოტანისათვის გარკვეულ საფუძველს, მაგრამ, ვფიქრობ, უკეთესია, ის ვიკვლიოთ, თუ რას უნდა განეპირობებინა ძველ ავტორებთან ასეთი ცნობების გაჩენა (და არა ამ ცნობათა რეალურობა ვამტკიცოთ). ქვემოთ სწორედ დასმული საკითხის გარკვევას შევეცდებით.
აფხაზთა განსახლების ადგილიდან შორს, „აბხაზის“ მოხსენიების შესახებ ძველ ავტორთა მონაცემების განხილვას ცნობილი არაბი ისტორიკოსის ატ-ტაბარის (გარდ. 923წ.) ცნობით დავიწყებთ. ტაბარის თანახმად, თურქთა კაგანის ბუმინის ძმამ – სინჯიბუმ (იგივე ისტემი, გარდ. 576წ.) ეფტალიტების დამარცხების შემდეგ, დაახლოებით 566 წლის მომდევნო ხანაში ჩრდილო კავკასიაში დაიმორჩილა „ბანჯარი“, „ბელანჯარი“, „აბხაზი“ და დერბენდის კედელს მიადგა, საიდანაც მუქარა შეუთვალა ირანის შაჰს8.
ტაბარის მიერ დერბენდის ჩრდილოეთით აფხაზის მოხსენიების ფაქტი სამეცნიერო ლიტერატურაში არარეალურადაა მიჩნეული. ასე, მაგალითად, ხაზართა ისტორიის ცნობილი მკვლევარი მ. არტამონოვი ფიქრობდა, რომ რადგან აფხაზები შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ცხოვრობენ, ტაბარის ტექსტში „აბხაზის“ მაგიერ ხაზარი უნდა იყოს9. ა. გადლოს აზრით კი, ტაბარი ცდება, როცა ტექსტში ხაზარის ნაცვლად აბხაზს ასახელებს10. თავისთავად ცხადია, მკითხველი იკითხავს, როგორი აზრის არიან აღნიშნული საკითხის შესახებ აფხაზი ისტორიკოსები. აფხაზეთის ისტორიის ცნობილი მკვლევრის, პროფ. ზ. ანჩაბაძის 1959 და 1976 წელს გამოცემულ მონოგრაფიებში ტაბარის ზემოთ მოყვანილი ცნობის შესახებ არაფერია ნათქვამი11. 1976 წელსვე შ. ინალ-იფამ, როცა ვრცლად განიხილა მის მიერ „აფხაზურ ტოპონიმებად“ მიჩნეული ადგილის სახელები (საქართველოს ტერიტორიაზე), მოსალოდნელი იყო, რომ ტაბარის ცნობაზე კომენტარს გააკეთებდა, მაგრამ ტაბარის ცნობა მანაც უყურადღებოდ დატოვა12.
რადგანაც ტაბარი „აბხაზს“ დერბენდის კედლის ჩრდილოეთით იხსენიებს, როგორც ჩანს, ამისათვის მას გარკვეული საფუძველი ჰქონდა. ამიტომ, ვფიქრობ, არ შეიძლება ტაბარის ტექსტში „აბხაზის“ მაგიერ ხაზარის ჩასმა, როგორც ამას მ. არტამონოვი აკეთებდა13. საქმე ისაა, რომ VI საუკუნის შუახანებისათვის ხაზარები ჯერ კიდევ არ იყვნენ მოსულნი ჩრდილო კავკასიაში და ტაბარის წყარო იმ დროისათვის ასეთ ფაქტს ვერ დააფიქსირებდა. უეჭველია, ტაბარის წყარომ ან ჩრდილო კავკასიაში მცხოვრებ აფხაზთა მონათესავე ხალხის ყოფნა აღნიშნა „აბხაზ“-ით, ან, რაღაც ტრადიციაზე დაყრდნობით, ტაბარიმ „აბხაზ“-ი თვით მიიჩნია დერბენდის ჩრდილოეთით მცხოვრებად. ახლა ვნახოთ, ძველ ავტორებს თუ ჰქონდათ რაიმე საფუძველი დერბენდის ჩრდილოეთით, თურქული მოდგმის ბანჯარისა და ბელანჯარის ტომების გვერდით კავკასიური წარმოშობის ხალხის – „აბხაზ“-ის ყოფნაზე, ხოლო ჰირკანიაში (კასპიის ზღვის სამხრეთით) „აბხაზთა ქვეყნის“ არსებობაზე მიეთითებინათ.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნო: როცა ალ-მასუდი წერს, მდ. მტკვარი „აბხაზის საზღვრებში“ მიედინებაო, აქ, რა თქმა უნდა, „აბხაზში“ იგი აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიას გულისხმობს („აბხაზ“ – რანის ტერიტორიაზე, როგორც ჩანს, ქალაქის სახელიც იყო). რაც შეეხება ტაბარის ცნობას, მის მიერ დერბენდის ჩრდილოეთით დასახელებულ, ეთნონიმ „აბხაზ”- ის სახელის ქვეშ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრები – ძველი ქართული წყაროების აფხაზს, მართლაც ვერ ვიგულისხმებთ. უფრო მოსალოდნელია, ტაბარის ამ ტერმინის ქვეშ ჩრდილო კავკასიაში მცხოვრები აბაზა-აფსუასთა მონათესავე რომელიმე ეთნოსი დაეფიქსირებინა.
VI საუკუნის შუახანებში, როგორც ცნობილია, აღმოსავლეთ ევროპას ცენტრალური აზიიდან წამოსული ახალი დამპყრობლები – ავარები მოევლინნენ. ჩრდილო კავკასიაში მოსვლისთანავე, როგორც VIს. ბიზანტიელი ავტორი მენანდრე პროტიქტორი წერს, ავარებმა ომი დაიწყეს ჰუნური მოდგმის ზალებთან და გაანადგურეს საბირთა ძალები14 (კასპიის ზღვის ჩრდილოდასავლეთით მცხოვრები საბირების ერთი ნაწილი ამიერკავკასიაში გადმოსახლდა). ჩრდილო კავკასიის ხალხების დამორჩილების შემდეგ ავარებმა გზა დასავლეთ ევროპისაკენ გააგრძელეს. მათ ხელში მოექცა უზარმაზარი ტერიტორია ჩრდილო კავკასიიდან ბალკანეთამდე.
ჩრდილო კავკასიის ხალხთა ბატონებად ავარები დიდხანს არ დარჩენილან. აღმოსავლეთ ევროპისაკენ ცენტრალური აზიიდან ავართა გამომძევებელი თურქები მოიწევდნენ. სანამ მდ. ვოლგას გადმოლახავდნენ, თურქებმა ირანელებთან კავშირში 567 წელს ეფტალიტთა გაერთიანება დაამარცხეს, შემდეგ არაერთი თურქული და უგორული ტომი დაიმორჩილეს (სწორედ ისინი ავსებდნენ თურქთა ლაშქარს). ვინც მათ არ დამორჩილდა, აიყარა და აღმოსავლეთ ევროპისაკენ გადმოინაცვლა. დაახლოებით 567 წელს, როგორც ითქვა, ისტემის ლაშქარი უკვე დერბენდის ჩრდილოეთით იმყოფებოდა.
ჩრდილო კავკასიაში ახალი დამპყრობლის გამოჩენას ყოველთვის თან სდევდა იქ მყოფი ხალხების ადგილგადანაცვლება. IVს. 70-იან წლებში ჰუნთა პირველი ტალღების მოსვლისას, ალანთა ნაწილი მათ თუ თან გაიყოლეს, დარჩენილნი უფრო ღრმად შევიდნენ კავკასიის მთიანეთში. ასე იყო ავართა გამოჩენის დროსაც. ავართა მოსვლამ ჩრდილო კავკასიის მკვიდრი ჯიქების (ბიზანტიური წყაროების ზიხები) ადგილგადანაცვლება რომ გამოიწვია, ამის შესახებ ცნობა აქვს VI ს. ბიზანტიელ ისტორიკოსს პროკოპი კესარიელს. იგი მიუთითებს ჩრდილო კავკასიაში მცხოვრები ზიხების ექვსინის პონტოს (ე. ი. შავი ზღვის _ ვ.გ.) ნაპირზე დამკვიდრების შესახებ15. აღნიშნული ცნობა იმაზე მიგვითითებს, რომ VIს. შუახანებამდე ჯიქებს გაცილებით აღმოსავლეთით უნდა ეცხოვრათ. გამორიცხული არაა, ამ დროს ზიხების ერთი ნაწილი დერბენდის ჩრდილოეთითაც გამოჩენილიყო.
VI ს. შუახანებში ჩრდილო კავკასიაში ავართა გაბატონებამ რომ იქ მყოფი მოსული და აბორიგენი მოსახლეობა აამოძრავა, ამის დასტურად პროკოპის ზემომოტანილ ცნობასთან ერთად, აფშერონის ნახევარკუნძულზე, ქ. ბაქოს გარეუბანში ტოპონიმ „ზიხის“ არსებობა უნდა მივიჩნიოთ16. ზიხების შესახებ საინტერესოა ზ. ანჩაბაძის მოსაზრება. როგორც იგი წერს, შავიზღვისპირეთში მცხოვრები ზიხების ეთნიკური კუთვნილება ჯერ კიდევ არაა სათანადოდ დადგენილი, არის საფუძველი ვიფიქროთ, რომ ამ სახელით ადრეფეოდალურ ეპოქაში გამოდიან არა მარტო ადიღეური (ჩერქეზული) ტომები, არამედ აფხაზეთთან ახლო ურთიერთობაში მყოფი ეთნიკური ჯგუფები. ამასთან დაკავშირებით, მეცნიერი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ადიღეელები დღემდე აფხაზებს „ა-ზეგა“-ს უწოდებენ17. ი. ფიოდოროვის თანახმად, ზიხები აფხაზების (იგულისხმებიან თანამედროვე აფხაზთა წინაპრები _ ვ.გ.) მონათესავე ჩრდილო კავკასიაში მცხოვრები აბაზების უშუალო წინაპრებად უნდა მივიჩნიოთ. საკუთრივ აფხაზეთის ჩრდილო-დასავლეთით, – წერს იგი, – მდ. ბზიფს გადაღმა „მცირე აფხაზეთი“ მდებარეობდა, რომელიც შუა საუკუნეებიდანვე დასახლებული იყო აბაზების ტომებით18.
ზემონახსენები ხალხებიდან აბაზები, როგორც ითქვა, უშუალოდ ემეზობლებოდნენ აფხაზებს (საზღვარი მდ. ფსოუზე გადიოდა). „აფხაზთა“ სამეფოს წარმოქმნის შემდეგ „აფხაზმა“ მეფეებმა თავიანთი ხელისუფლება მათზე და ჯიქებზეც გაავრცელეს. ჯიქებს ერისთავი დაუნიშნეს. ამ დროიდან ისინი, ცხადია, „აფხაზი“ მეფეების სამხედრო ოპერაციებშიც ღებულობდნენ მონაწილეობას. ასეთ ვითარებაში ჯიქებისა და აბაზების გარკვეული ნაწილი მათთან ახლო ნათესაობაში მყოფ აფხაზეთის მოსახლეობას შეერწყნენ.
რაც შეეხება ირანულენოვანი, სარმატული წარმოშობის ალანოსებს, ადრე შუასაუკუნეებში ისინი აფხაზების ჩრდილოეთით, ახლანდელი ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. მათთან აფხაზებს მარუხისა და ქლუხორის ზეკარები აკავშირებდა (ეს უკანასკნელი ბიზანტიურ წყაროებში „აფხაზთა გზათაც“ იწოდება). როგორც ზ. ანჩაბაძე წერს, ჩრდილო კავკასიაში მცხოვრებმა ალანებმა, ჯიქებთან ერთად, „сыграли определённую роль в этнических судьбах абхазского народа“.19 თვით ალან-ოსები ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნისათვის ეთნიკურად არაერთგვაროვანნი იყვნენ20. ალანთა თანაცხოვრება შემდეგშიც აბორიგენი და თურქულენოვანი (მათ შორის ბულგარების) ეთნოსების გვერდით გრძელდებოდა. ვ. კოვალევსკაიას თანახმად, ეს VI-VIIIსს. ზემო ყუბანის სამაროვნებიდან შეიძლება ვივარაუდოთ21. ალბათ ამან განაპირობა ის, რომ თუ აფხაზები (ძირითადად მდ. კოდორსა და ღალიძგას შორის მცხოვრები აბჟუები) ოსებს „აუაპს“ („ауап“), ასევე „აუაპსკვას“ ეძახიან22, აფხაზთა მეზობელი სვანებისათვის ისინი „მუსავ“ (ნ. ვოლკოვას თანახმად, ეს იგივე „савир“ _ ე. ი. საბირი) არიან23.
ამრიგად, ადიღეელებისათვის აფხაზი (აფსუა _ ვ.გ.) დღესაც თუ აზეგაა, იგივე ზიხია (ზ. ანჩაბაძე), მეორეს მხრივ, ზიხები აფსუების მონათესავე აბაზების უშუალო წინაპრებადაა მისაჩნევი (ი. ფიოდოროვი) და ზიხებთან ერთად აფხაზი (აფსუა) ხალხის „ეთნიკურ ბედზე“ ინდოევროპული მოდგმის ალანებმაც გარკვეული როლი შეასრულეს (ზ. ანჩაბაძე), მაშინ, ცხადია, VI საუკუნისათვის ატ-ტაბარის წყაროს დერბენდის ჩრდილოეთით გამოჩენილი ზიხისათვის შეეძლო „აბხაზ“-იც ეწოდებინა, მითუმეტეს X საუკუნისათვის, როცა არაბი ავტორები მთელ საქართველოს აფხაზეთად მოიხსენიებენ24. რაც შეეხება ვრკანის ქვეყანაში „აბხაზის“ მოხსენიებას, ამ შემთხვევაში ძველი ტრადიციიდან მომდინარე ცოდნასთან გვაქვს საქმე, რის დასაბუთებასაც ქვემოთ შევეცდებით.
როგორც აკად. ს. ერემიანი წერს, სომეხი ავტორის ვარდან დიდის (გარდ. 1271წ.) „გეოგრაფიაში“ „აბხაზი“ „მაზკუტთან“ (ე. ი. მასაგეტთან) არის გაიგივებული. იგი `აბხაზს” ასე განმარტავს: „აბხაზი – ესაა მაზკუტთა ქვეყანა, მდებარეობს ზღვის პირას ვრკანის ქვეყანაში“ („Абхаз – это страна мазкутов, находящаяся на берегу моря Врканской страны“)25.
ძველი სომეხი ავტორის განმარტება, რომ „აბხაზი“ „მაზკუტთა ქვეყანაა“ და იგი ზღვის პირას „ვრკანის ქვეყანაში“ მდებარეობს, მართლაც, უცნაურად გამოიყურება. დერბენდის ჩრდილოეთით „ზიხის“ შესაბამისად „აბხაზის“ მოხსენიებას თუ რაღაც საფუძველი შეიძლება ჰქონოდა, „ვრკანის ქვეყანაში“ – კასპიის ზღვის სამხრეთ-დასავლეთით მდ. გურგანისა და ატრეკის აუზში მდებარე ჰირკანიაში (ჰირკანია ამ მხარის ბერძნული სახელია, ძველსპარსულად „ვრკანი“ ერქვა. აქ მოსახლე ჰირკანებისაგან მიიღო კასპიის ზღვამ თავისი ერთ-ერთი სახელი)26 აფხაზთა ქვეყნის არსებობა ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. ასე რომ, ტაბარი „აბხაზ“-ს თუ დერბენდის ჩრდილოეთით – კასპიის ზღვის დასავლეთით ასახელებს, ვარდან დიდი, ფსევდოარიანეს მიერ კასპიისპირეთში დასახელებული ქვეყანა მახელონიის კვალდაკვალ, „აბხაზთა ქვეყანას“ კასპიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით ათავსებს. ამჯერად, როგორც ვხედავთ, მეტად საინტერესოა გაირკვეს, რატომ დაუკავშირა სომეხმა ავტორმა „აბხაზი“ „მაზკუტთა ქვეყანას“ და მისი მდებარეობა ჰირკანიაში რატომ მიუთითა.
აფხაზების სარმატიის ქვეყანაში ცხოვრების შესახებ სხვა ავტორთანაც გვაქვს ცნობა. ასე, მაგალითად, სომეხი ისტორიკოსი სტეფანოს ტარონელი (ასოღიკი) (X-XIსს.), სომხეთის მეფის აბასის (928-952წწ.) მოღვაწეობის ამბის გადმოცემისას, აღნიშნავს, რომ აბასმა ბოლო მოუღო სომხეთზე ივერიელთა და სარმატთა თავდასხმებს და დასძენს: „В это время князь Апхазов [вышедший] из земли Сарматов, что по ту сторону гор Кавказских, предпринял поход во главе войска в несколько десятков тысяч“. ეს ლაშქარი აფხაზთა მთავრის ბერის სარდლობით მდ. მტკვრის ნაპირზე დადგა და ბერს განზრახვა ჰქონდა, – წერს სტეფანოსი, – მთელი ჩვენი ქვეყანა გაენადგურებინა27.
სტეფანოსი, როგორც ვხედავთ, საგულდაგულოდ მიუთითებს, რომ აფხაზთა მთავარი კავკასიის მთებს იქით მდებარე სარმატთა მიწიდან გადმოვიდა სომხებთან საბრძოლველად. უეჭველია, სტეფანოსისათვის, კარგად იყო ცნობილი სომხების წინააღმდეგ მებრძოლი აფხაზთა მთავარი და მისი ლაშქარი დასავლეთ საქართველოში არსებულ ეგრის-აფხაზეთის ქართულ სახელმწიფოს რომ განეკუთვნებოდა, მაგრამ სტეფანოსი, როცა მათ მაინც ჩრდილო კავკასიიდან მოსულებად აცხადებს, ჩანს, ისევე როგორც ვარდან დიდი, რაღაც ტრადიციას ეყრდნობა. სანამ ამ ტრადიციის შესახებ ვისაუბრებ, ვნახოთ, როგორ დამთავრდა აფხაზთა მთავრის ბრძოლა სომხების წინააღმდეგ. მდ. მტკვრის სანაპიროზე მდგომმა ბერმა ელჩები გააგზავნა სომეხთა მეფესთან და მოსთხოვა ეკლესიები არ ეკურთხებინათ წმიდა გრიგორის მართლმადიდებლური წესით, სანამ თვითონ არ მივიდოდა და ქალკედონური წესის მიხედვით არ აკურთხებდა. ამ დროსო, – დასძენს სტეფანოსი, – მეფეს აშენებული ჰქონდა კათედრალური ტაძარი ქ. ყარსში.
სომეხი ისტორიკოსის ცნობით, როცა სომეხთა მეფემ ამ ლაშქრობის ამბავი გაიგო, მრავალრიცხოვანი ცხენოსანი ჯარით მივიდა მდ. მტკვართან და განლაგდა ბერის ლაშქრის მოპირდაპირე მხარეს. რამდენიმედღიანი შეტაკებების შემდეგ, თავზარდაცემული ჩრდილოეთის ხალხი („Северный народ“) გაიქცა. სომხებმა დაატყვევეს აფხაზთა მთავარი ბერი, მიიყვანეს ქ. ყარსში და თვალები დასთხარეს. აფხაზებმა ოქროს ფასად გამოისყიდეს დაბრმავებული მთავარი და სომხებთან ფიცით ზავი დადეს28.
როცა ზემოთ მოტანილ ცნობას ა. აბდალაძე შეეხო, აღნიშნა: „სარმატთა ქვეყნის“ ხსენება „აფხაზთა მთავართან“ დაკავშირებით მაინცდამაინც არ უნდა გაგვიკვირდეს. ასოღიკს ბაგრატ III-ის შესახებაც ნათქვამი აქვს, რომ „აფხაზთა მეფე მრავალრიცხოვანი ჯარით დაიძრა სარმატთა ქვეყნიდან“-ო. „ეტყობა, – წერს ა. აბდალაძე, – კავკასიონის კალთების მოსახლეობას სომეხი მემატიანეები სარმატებადაც ნათლავდნენ ხოლმე“.29
რაც შეეხება ასოღიკის მიერ „აფხაზთა მთავრად“ დასახელებული ბერის ვინაობას, ა. აბდალაძის სიტყვით, მის შესახებ სხვა წყაროებიდან არაფერია ცნობილი. იგი არ შეიძლება ყოფილიყო „აფხაზთა“ (ლიხსიქითა) მეფე, რამდენადაც ცნობილია, „აფხაზთა“ არც ერთ მეფეს სახელად ბერი არ რქმევია. შესაძლოა, ასოღიკისეული ბერი უფლისწული ყოფილიყო. თუმცა, ბერის უფლისწულობის შესახებაც ჭირს ლაპარაკი. ასოღიკთან სახელი ბერი არც დამახინჯებული უნდა იყოს, რადგან იგი „აფხაზთა მთავარს“ ბერს ადარებს ბიბლიურ ბერს, იგივე ნებროთს, ბერსაც, ბერის მსგავსად, ამპარტავნად, ქედმაღლად მიიჩნევს30. ა. აბდალაძემ ყურადღება მიაქცია Xს. 20-იანი წლებით დათარიღებულ ჭალისუბნის წარწერაში ნახსენებ ცხრაზმისხევის ხელისუფალ ბერის პიროვნებას და დასვა კითხვა, ხომ არ შეიძლება მასთან გავაიგივოთ ასოღიკისეული ბერი, რადგან იგი ლიხსიქეთის მეფის მოხელე ყოფილაო31.
ასე რომ, ასოღიკის მიერ აფხაზთა მთავრად დასახელებული ბერის ვინაობა ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება. ა. აბდალაძის თანახმად, ასოღიკის ცნობიდან მხოლოდ იმის დასკვნა შეიძლება, იმ ხანად, სომეხთა მეფე აბასის დროს, ურთიერთობა ლიხსიქეთისა და სომხეთის (ბაგრატუნთა) სამეფოებს შორის მეტისმეტად მწვავე ყოფილა. სომეხი ბაგრატუნები მთელ ამიერკავკასიაში ლიხსიქითა მეფეებს სერიოზულ წინააღმდეგობას ვეღარ უწევენ. ამ საქმეში „აფხაზთა“ მეფეებს მხარს უბამს ქართული ეკლესიაც, რომელსაც სომხეთის ბაგრატუნთა სამეფოს დედაქალაქ ყარსში ახლად აგებული ეკლესიის „ქართული წესით“ კურთხევა, ე. ი. მისი ქალკედონურ კერად გადაქცევა განუზრახავს32.
ზემოთ მოყვანილი მასალების მიხედვით ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: არა მარტო ჩრდილო კავკასიაში – თურქულ-სარმატულ გარემოში განსახლებული, აფსუათა მონათესავე აბაზა-ზიხების, არამედ კავკასიის ქედს სამხრეთით მცხოვრები ქართველ-აფხაზების საცხოვრებელი ადგილიც კი შუა საუკუნეების არაბი და სომეხი ავტორებისათვის მაზკუტ (მასაგეტების) – სარმატების ქვეყანა იყო. ამასთან ერთად, ეს ხალხი მათთან, საერთოდ ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებლებად მოიაზრებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც ზემოთ ითქვა, სრულიად მოსალოდნელი იყო ატ-ტაბარის წყაროს VIს. შუახნებისათვის დარუბანდის ჩრდილოეთით `ბანჯარ”, `ბელანჯარ”-თან ერთად, დასახელებულ „აბხაზ“-ში აბაზა-ზიხი მიეჩნია.
ახლა რაც შეეხება სომეხ ავტორებს. როგორც ვნახეთ, დასახელებული სომეხი ავტორების მოღვაწეობის დროისათვის, მართლაც, არსებობდა გარკვეული ტრადიცია აფხაზეთის (და არა მარტო აფხაზეთის) სკვითეთში ან სარმატიაში განთავსების შესახებ, მაგრამ, ვიმეორებთ, დაუჯერებელია, XIIIს.-ში მცხოვრებ სომეხ ავტორს – ვარდან დიდს არ სცოდნოდა, „აფხაზთა ქვეყანა“ კასპიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით _ ჰირკანიაში რომ არ მდებარეობდა. ასევე, ვფიქრობ, სტეფანოს ტარონაციმაც კარგად იცოდა სომეხთა მეფე აბასთან მებრძოლი აფხაზთა ჯარი ლიხსიქითა საქართველოში არსებული ქართულ-აფხაზური სახელმწიფოსი რომ იყო. ასეთი ცოდნის მიუხედავად, მათ თხზულებებში ზემოთ მოტანილი ცნობების არსებობა, მართლაც, გაკვირვებას იწვევს და მხოლოდ ძველ ტრადიციაზე დაყრდნობით მათი ახსნა გაჭირდება.
უძველესი დროიდან მომდინარე ტრადიცია შავი ზღვის სამხრეთითა და ამიერკავკასიაში მცხოვრები ხალხების „მაზკუტთა“ (მასაგეტთა) ქვეყანაში ან სარმატიაში ბინადრობის შესახებ XIIIს. ბიზანტიაში ჯერ კიდევ არსებობდა. ძვ.წ. III ს.-ში ეგვიპტის ქ. ალექსანდრიაში მოღვაწე ბერძენი პოეტი ლიკოფრონის33 თხზულების _ „კასანდრა“-სადმი დართულ კომენტარებში XII ს. ბიზანტიელი ავტორი იოანე ცეცე აბაზგებს მასაგეტებთან აკავშირებს: ერთ სქოლიოში იგი მიუთითებს, რომ „კოლხები, რომლებიც ლაზებადაც იწოდებიან, ცხოვრობენ აბაზგების, რომლებიც ასევე მასაგეტებად იწოდებიან, მახლობლად“-ო34. ხოლო სხვაგან წერს: „კოლხები იწოდებიან აგრეთვე აზიის სკვითებად და ცხოვრობენ აზიის მიდამოებში მდ. ფასისთან, ხოლო ევროპის სკვითეთი მდებარეობს მეოტიდასთან და ტანაისთან. იოსებ ებრაელი, _ დასძენს იოანე ცეცე, _ ევროპელი სკვითების ტომებს უწოდებს იმავე მეოტიდისა და ტანაისთან, ალექსანდრეს მიერ რკინის კარით ჩაკეტილი ჰირკანებისა და კასპიელების გასასვლელთან მცხოვრებ ალანებსაც _ „აბაზგები ძველი მასაგეტებია“-ო35.
ზემოთ მოტანილი ციტატის შემდეგ, ვფიქრობ, ყველაფერი ნათელია, მაგრამ იოანე ცეცეს კომენტარის შესახებ მაინც მოვიტან ტექსტის გამომცემლის ვ. ლატიშევის შენიშვნას. კასპიის კარებში, – წერს იგი, – პირველ რიგში, იგულისხმება მთიანი გასასვლელი ჩრდილო ირანში, რომელიც გაიარა აღმოსავლეთისაკენ მიმავალმა ალექსანდრე მაკედონელმა. გვიან ეს სახელწოდება გადატანილი იქნა ჩრდილო კავკასიიდან ამიერკავკასიაში გადმომავალი დარიალისა და ასევე კასპიის ზღვის სანაპიროსთან მდებარე დერბენდის გასასვლელებზე. იოსებიდან გამოდის, რომ მეოტიდასთან და ტანაისთან მცხოვრები ალანები იმავდროულად ჰირკანებისა და კასპების გასასვლელთან ცხოვრობდნენ36.
აფხაზთა მეზობელი ალანებიც რომ ჰირკანიაში ცხოვრობდნენ, ამის შესახებ იოანე ცეცეს ცნობა, როგორც ვხედავთ, ცნობილი ებრაელი ისტორიკოსის იოსებ ფლავიუსის (გარდ. ახ.წ. 100წ.) თხზულებიდან აუღია. შეიძლებოდა გვევარაუდა, რომ იოანე ცეცეს უნდა სცოდნოდა ალანები ჩრდილო კავკასიიდან ამიერკავკასიაში გადმომავალი დარიალის ზეკარის ჩრდილოეთით რომ ცხოვრობდნენ, ამიტომ მას ფლავიუსიდან მომდინარე, ერთი შეხედვით, „შეცდომა“ არ უნდა გაემეორებინა. მაგრამ, როგორც ვ. ლატიშევი შენიშნავს, დარიალისა და დერბენდის ზეკარებს ჰირკანიის კარი გვიან კი არ ეწოდა, თვით იოსების მოღვაწეობის დროისათვის ასეთი ცოდნა უკვე დამკვიდრებული ყოფილა. იოსები როცა წერს: „ალანთა ტომი სკვითები არიან და ცხოვრობენ ტანაისთან და მეოტიდის ტბასთან”-ო, იქვე დასძენს: ისინი ფიქრობდნენ მიდიაში და მასზე უფრო შორს შეჭრას ძარცვის მიზნით და ამიტომ ჰირკანელთა მეფესთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ. ეს იმიტომ, რომ [ჰირკანელთა მეფე] იყო იმ გასასვლელის მფლობელი, რომელიც მეფე ალექსანდრემ რკინის ბჭეებით ჩაკეტა37.
იოსებ ფლავიუსი, როგორც ვხედავთ, საკმაოდ კონკრეტულად მიუთითებს „ჰირკანელთა მეფის“ ტერიტორიაზე რომ გადიოდა ტანაისთან (მდ. დონი) და მეოტიდასთან (აზოვის ზღვა) მცხოვრები ალანების გზა და ამიტომ სთხოვდნენ მას მიდიაში სალაშქროდ გზა მიეცა მათთვის. აღნიშნულს გარდა, როგორც იოანე ცეცე განმარტავს, ტანაისთან და მეოტიდასთან მცხოვრები „ევროპელი სკვითები“ _ ალანები, მართალია, „ჰირკანელებისა“ და „კასპიელების“ გასასვლელთანაც ცხოვრობდნენ, მაგრამ ამ უკანასკნელ მითითებაში საკუთრივ კასპიის ზღვის სამხრეთით მდებარე კასპიის კარი არ იგულისხმება. 1959 წელს გამოცემულ მონოგრაფიაში აკად. გ. მელიქიშვილმა „ჰირკანელთა მეფეში“ სამართლიანად ივარაუდა ქართლის მეფე38.
ასე რომ, იოსებ ფლავიუსი არ ცდება. მისი მოღვაწეობის დროისათვის ჰირკანიის (იგივე კასპიის) კარად ჩრდილო კავკასიიდან ამიერკავკასიაში გადმომავალი დერბენდის კარის გარდა, ზოგჯერ დარიალის („ოვსთა კარი“) კარიც იწოდებოდა, ხოლო „ჰირკანიად“ ამიერკავკასიის ის ქვეყნები, სადაც ჩრდილო კავკასიიდან გზა გადმოდიოდა (ასე იყო აფხაზეთის მიმართაც, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, ჩრდილო კავკასიასთან აფხაზეთს მარუხისა და ქლუხორის ზეკარები აკავშირებდა). საეჭვო არ უნდა იყოს, კასპიის კართა აღრევის გამო მოათავსა ჯერ კიდევ ახ.წ. V ს.-ში ფსევდოარიანემ შავი ზღვის სამხრეთში მცხოვრები ჰენიოხები კასპიის ზღვის სამხრეთით, ხოლო XIII ს.-ში ვარდან დიდმა ალანთა მეზობელი აფხაზები _ ჰირკანიაში (კასპიის ზღვის სამხრეთში). დასახელებულ ავტორთა თხზულებებში ზემოთ მოტანილი ცნობების შესახებ უნდა აღვნიშნოთ: მართალია, ეს ცნობები ძველი ტრადიციის ასახვას წარმოადგენს, მაგრამ ფსევდოარიანეს, განსაკუთრებით კი XIII ს.-ში მცხოვრებ სომეხ ავტორს – ვარდან დიდს ძველი ტრადიცია უკრიტიკოდ არ უნდა გაემეორებინა. ასეთი ცნობის არსებობა ვარდანის თხზულებაში, ძველი სამყაროდან მომავალი ტრადიციის კარგ ცოდნაზე, მაგრამ კავკასიის ხალხთა განსახლების საქმეში მის გაურკვევლობაზე მიუთითებს. მსგავსი მდგომარეობაა სტეფანოს ტარონაცისთანაც, როცა სომხებთან მებრძოლ დასავლეთ საქართველოში არებულ ეგრის-აფხაზეთის სამეფოს ლაშქარს ჩრდილო კავკასიიდან (სარმატიიდან) გადმოსულად თვლის.
ასე რომ, უძველესი დროიდან არსებული ტრადიცია ამიერკავკასიის ქვეყნების (მათ შორის ქართლის) ჰირკანიად მიჩნევის შესახებ იოსებ ფლავიუსიდან მომდინარე იმ მითითებას ემყარება, რომლის თანახმად, დარიალის კარი – „ჰირკანიის“ (იგივე კასპიის) კარიც იყო. რაც შეეხება „აბხაზთა ქვეყნის“ სარმატიაში ან „მაზკუტთა“ (მასაგეტთა) მხარეში მდებარეობის შესახებ, ჩვენი ვარაუდით, მას შემდეგი ფაქტი უდევს საფუძვლად: ძვ.წ. VIII ს. 30-20-იან წლებში წინა აზიაში მეოტის გზით ჩრდილოეთიდან კიმერიელები, ხოლო დერბენდის კარით სკვითები შემოვიდნენ და ერთ ხანს, მათ წინა აზიაში სახელმწიფოც შექმნეს. შემდეგში მათი ნაწილი სამხრეთ კავკასიასა და მცირე აზიის აღმოსავლეთით _ კაპადოკიაში (ამ მხარემ სომხურ მწერლობაში მიიღო სახელი „გამრიქ“, რაც კიმერიელთა ქვეყანას ნიშნავს) დასახლდა39. რის გამოც, უფრო სამხრეთით მცხოვრები ხალხები ტერიტორიას კაპადოკიიდან მოკიდებული კავკასიის მხარის ჩათვლით სარმატიად ან სკვითეთად მიიჩნევდნენ40. ივ. ჯავახიშვილის თანახმად, ქრისტიან თეოლოგს ორიგენეს (გარდ. 253წ.) ანდრია პირველწოდებული სკვითების განმანათლებლად ჰყავს გამოყვანილი, ხოლო ბიზანტიელ ავტორს ნიკიტა პაფლაგონიელს (გარდ. 890წ.) ანდრიას წილხვდომილ ქვეყნად ჩრდილოეთი აქვს მითითებული, თვით ანდრიას კი იბერების, სავრომატების, ტავრებისა და სკვითების განმანათლებელს უწოდებს41.
ამრიგად, ატ-ტაბარის თუ გარკვეული საფუძველი ჰქონდა VIს.-ში ჩრდილო კავკასიაში მომხდარი ხალხთა ადგილგადანაცვლებისას დერბენდის ჩრდილოეთით მოხვედრილი ზიხები (ან მათი მონათესავე აფსუა-აბაზები) „აბხაზ“ სახელით მოეხსენებინა,
XIII ს. სომეხ ავტორს ვარდან დიდს, ძველი სამყაროდან მომდინარე ტრადიცია, რომელიც კასპიის ზღვის სამხრეთით მდებარე ჰირკანიის კარის (კასპიის კარის) დარიალის კართან გაიგივების მცდარ შეხედულებას ემყარებოდა, უკრიტიკოდ არ უნდა მიეღო _ აფხაზეთი კასპიის ზღვის სამხრეთით მდებარე ჰირკანიაში არ უნდა მიეთითებინა. რა თქმა უნდა, არაა სწორი აკად. ს. ერემიანის დასკვნაც, რომლის თანახმად, ჩრდილო კავკასიასა და შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთით განსახლებული ხალხები (ჩერქეზ-აფხაზები, მეგრელ-ჭანები და სხვანი) თითქოს კასპიის ზღვის სამხრეთითაც ცხოვრობდნენ. ფსევდოარიანეს ცნობა ასეთი დასკვნისათვის თუ გარკვეულ საფუძველს იძლეოდა, თვით არიანეს (ახ.წ. IIს.) მონაცემებზე ამას ვერ ვიტყვით.
ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ სამართლიანი გვეჩვენება გ. წულაიას შენიშვნა იმის შესახებ, რომ „Вопросы исторической этнонимии Кавказа относятся к числу наиболее сложных и до сих пор недостаточно изученных в кругу кавказоведческих дисциплин“.42
შენიშვნები
1. Ал-Мукаддасий. – Н. А. Караулов. Сведения арабских географов IX и X веков. Тифлис, 1907, გვ. 3, 6.
2. Н. А. Караулов. Сведения арабских географов.., გვ. 9.
3. Н. А. Караулов. Сведения арабских географов.., გვ. 22, შენ. 7.
4. Мас΄уди. – Н. А. Караулов. Сведения арабских географов IX и X веков. Тифлис, 1907, გვ. 6.
5. Ибн-Хаукал. – Н. А. Караулов. Сведения арабских географов IX и X веков. Тифлис, 1907, გვ. 101.
6. Псевдо-Арриан. Объезд Эвксииниского Понта. – ВДИ, 1948, № 4, გვ. 228. შდრ.: ანონიმი (Vს. ახ.წ.). მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო. _ წიგნში: ფლავიუს არიანე. მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო. ნ. კეჭაღმაძის გამოცემა. თბ., 1961, გვ. 89.
7. С. Т. Еремян. Страна «Махелония» надписи Кааба-и-зардушт. – ВДИ, 1967, № 4, გვ. 58.
8. Gესცჰიცჰტე დერ Pერსერ უნდ Aრაბერ ზურ ზეიტ დერ შასსანიდენ, აუს დერ Aრაბისცჰენ ჩჰრონიკ დეს თაბარ. Uბერსეტზტ ვონ თჰ. Nöლდეკე. 1887, გვ. 159-160.
9. М. И. Артамонов. История хазар. Л., 1962, გვ. 126.
10. А. В. Гадло. Этническая история Северного Кавказа IV-X вв. Л., 1979, გვ. 96, შენ. 80.
11. З. В. Анчабадзе. Из истории средневековой Абхазии (VI-XVIII вв.). Сухуми, 1959, გვ. 34; З. В. Анчабадзе. Очерк этнической истории абхазского народа, Сухуми, 1976.
12. Ш. Д. Инал-Ипа. Вопросы этно-культурной истории Абхазов. Сухуми, 1976.
13. М. И. Артамонов. История хазар.., გვ. 126.
14. Менандр Византиец. История. Перевод с греческого. – Византийские историки. СПб., 1861, გვ. 323-324.
15. პროკოპი წერს: „За пределами абасгов, у само Кавказа, живут брухи, находясь между абасгами и аланами. По берегу же Понта Эвксинийского утвердились зихи“. Прокопий Кесарийский. Война с готами. Перевод с греческого С. П. Кондратьева. М., 1950, გვ. 383.
16. А. Гусеинзаде. О происхождении топонима Зих. – Ономастика Кавка- за. Орджоникидзе, 1980, გვ. 110-111.
17. З. В. Анчабадзе. Из истории средневековой Абхазии.., გვ. 34.
18. Я. А. Федоров. Историческая этнография Северного Кавказа. М., 1983, გვ. 98.
19. З. В. Анчабадзе. Очерк этнической истории.., გვ. 48; З. В. Анчабадзе. Из истории.., გვ. 34-35.
20. Е. И. Крупнов. Аланы. – Советская историческая энциклопедия (შემდგომში СИЭ), т. I. М., 1961.
21. В. Б. Ковалевская. Кавказ и аланы. М., 1984, გვ. 174.
22. Ш. Д. Инал-Ипа. Вопросы этно-культурной истории.., გვ. 354.
23. Н. Г. Волкова. Этнонимы и племенные названия Северного Кавказа. М., 1973, გვ. 109.
24. ბ. სილაგაძე. იაჰია ანტიოქიელის ცნობები საქართველო-ბიზანტიის ურთიერთობის შესახებ X ს-ის ბოლო მეოთხედსა და XI ს-ის პირველ მეოთხედში. – ქართული წყაროთმცოდნეობა, VI. თბ., 1985, გვ. 116-117.
25. С. Т. Еремян. Страна «Махелония» надписи Кааба-и-зардушт, გვ. 55.
26. იხ. სტატიები: Гиркания, СИЭ, ტ. 4; Каспий, СИЭ, ტ. 7.
27. Всеобщая история Степаноса Таранского – Асохика по прозванию писателя XI столетия. Пер. с армянского Н. Эминым. М., 1864, გვ. 117. მსგავსი ცნობა აქვს ვარდან არეველცის (იგივე ვარდან დიდს). იხ. ვარდან არეველცი. მსოფლიო ისტორია, ძველი სომხურიდან თარგმნეს ნ. შოშიაშვილმა და ე. კვაჭანტირაძემ. თბ., 2002, გვ. 113.
28. Всеобщая история Степаноса Таранского.., გვ. 117-118.
29. ა. აბდალაძე. ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა ურთიერთობა IX-XI საუკუნეებში. თბ., 1988, გვ. 227.
30. ა. აბდალაძე. ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა.., გვ. 228.
31. ა. აბდალაძე. ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა.., გვ. 229.
32. ა. აბდალაძე. ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა.., გვ. 229.
33. ლიკოფრონის შესახებ. იხ. В. В. Латышев. Известия древних писателей о Скифии и Кавказа. – ВДИ, 1947, № 3, გვ. 264; ლიკოფრონი. _ ქსე, ტ. 6.
34. В. В. Латышев. Известия древних писателей о Скифии и.., გვ. 268.
35. В. В. Латышев. Известия древних писателей о Скифии и.., გვ. 269.
36. В. В. Латышев. Известия древних писателей о Скифии и.., გვ. 269, შენ. 4.
37. იოსებ ფლავიუსი. _ წგნ.: ბერძენი მწერლები საქართველოს შესახებ. ბერძნულიდან თარგმნა თ. ყაუხჩიშვილმა. თბ., 1983, გვ. 61-62.
38. Г. А. Меликишвили. К истории древней Грузии. Тб., 1959, გვ. 348.
39. Г. А. Меликишвили. К истории древней Грузии.., გვ. 222.
40. ანანია ჯაფარიძე. საქართველოს სამოციქული ეკლესიის ისტორია. საქ. ეკლესიის კალენდარი 1998, თბ., 1997, გვ. 152-153.
41. ი. ჯავახიშვილი. ანდრია მოციქული. _ ქსე, ტ. I. თბ., გვ. 448.
42. Г. В. Цулая. Описание Колхиды и сведения об абхазах в Армянской „Географии“ VII века. – Ономастика Кавказа. Орджоникидзе, 1980, გვ. 76

Комментариев нет:

Отправить комментарий