„კოსოვოს კრიზისი“ თანამედროვე გლობალური პოლიტიკის ერთ-ერთი ცენტრალური ობიექტია და ამა თუ იმ ფორმით მის გადაწყვეტას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო ბალკანეთში რეგიონალურ-სუბრეგიონალური პროცესების განვითარების თვალსაზრისით, არამედ საერთაშორისო ურთიერთობათა მსოფლიო სისტემაში თვისობრივად ახალი ტენდენციების დამკვიდრების კუთხით. მხედველობაში გვაქვს ის სერიოზული პარადიგმატული ცვლილებები გლობალურ პოლიტიკაში და, განსაკუთრებით, პოლიეთნიკური სტრუქტურის მქონე ფედერაციული მოწყობის სახელმწიფოების საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაში, რომელთა პროვოცირებაც შეიძლება მოახდინოს კოსოვოს საკითხის დარეგულირებამ მისი სუვერენიზაციის ფორმით. კოსოვოს დამოუკიდებლობამ და ამ დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარებამ, შესაძლოა, არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში სტიმული მისცეს სეცესიონისტური პროცესების განვითარებას არა მარტო ბალკანეთში, არამედ მთელს მსოფლიოში. მან შეიძლება დაამკვიდროს რეგიონალური პროცესების მართვის სრულიად ახლებური კოდები და, ასე ვთქვათ, მატრიცული ტექნოლოგიები, რომლებიც დაეფუძნება ერთა თვითგამორკვევის პრინციპის აბსოლუტიზაციას სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპის ერთგვარი უკანდაწევის (ან თუნდაც ნიველირების) ფონზე. ამგვარი პერსპექტივა განსაკუთრებით სახიფათოა იმ ქვეყნებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ მულტიეთნიკური მოსახლეობა და ტერიტორიულ-ეთნიკური ავტონომიები.
„კოსოვოს პრეცედენტი“ გამოიწვევს გლობალურ გეოპოლიტიკურ რევოლუციას მთელს პლანეტაზე და თვით ევროკავშირის მულტიკულტურულ სახელმწიფოებში, ამ ხასიათის რევოლუციებისათვის იმანენტურად დამახასიათებელი ქაოტური პროცესებით, კონფლიქტებით, საზღვრების გადასინჯვის ურთულესი პროცედურებით. შედეგად მთელს რიგ რეგიონებში ჩამოყალიბდება დესტაბილიზებული, ეთნიკური ავტონომიების სეპარატისტული მოძრაობებით ატომიზებული სივრცე, რომლის მართვაც (თუნდაც სამხედრო კონტროლიც კი) პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. დიდად სამწუხაროა, რომ აშშ და დასავლეთის პოლიტიკური ელიტა იმდენად არიან დაინტერესებულნი ანტიდასავლური ორიენტაციის მქონე სერბეთის დასჯით, რომ ბოლომდე ვერ აცნობიერებენ „კოსოვოს პრეცედენტის“ მადესტაბილიზებელ როლს უახლესი მომავლის გლობალურ პოლიტიკაში.
საქართველო სისხლხორცეულად არის დაინტერესებული კოსოვოს კრიზისის სამართლიანი დარეგულირებით. რასაკვირველია, თავისი პროდასავლური _ ევროპული და ევროანტლანტიკური ინტეგრაციის _ სტრატეგიის ფარგლებში ჩვენმა ქვეყანამ აქტიურად უნდა დაუჭიროს მხარი ბალკანეთში აშშ-სა და მისი ევროპელი მოკავშირეების პოლიტიკის ისეთ გამოვლინებებს, როგორიცაა: სამშვიდობო ოპერაცია ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში, კოლექტიური მოქმედებები და „ჰუმანიტარული ინტერვენცია“ იუგოსლავიაში. მაგრამ, ვფიქრობთ, თავისი დამოკიდებულება კოსოვოს კრიზისის გადაწყვეტის დასავლური მოდელის მიმართ საქართველომ ერთგვარი სიფრთხილით და კორელაციის გარკვეული დოზით უნდა გამოხატოს, რასაკვირველია, პოლიტკორექტულობის ფარგლებში. რატომ? იმიტომ, რომ კოსოვოს კრიზისი არ არის რაღაც უნიკალური, უფრო სწორედ, უნიკალურად ბალკანური ან წმინდა სერბულ-ალბანური ფენომენი. ეს არის იმ საერთო პროცესის განუყოფელი ნაწილი, რომელიც ლიბერალიზმისა და ერთა თვითგამორკვევის პრინციპის პრიორიტეტში გამოიხატება და სახელმწიფოებრივი დაშლის საფრთხეს უქმნის საქართველოსნაირ მულტიეთნიკურ ქვეყნებს.
მიუხედავად, ერთი მხრივ, კოსოვოს და, მეორეს მხრივ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს შორის სიტუაციის თვისობრივად რადიკალური განსხვავებისა (რაზეც ქვემოთ გვექნება მსჯელობა), მაინც, გვინდა ჩვენ თუ არ გვინდა, კოსოვოს კრიზისის დარეგულირების მოდელში იმპლიციტურად ფიგურირებს ჩვენი კონფლიქტების საკითხი და, სამწუხაროდ, მათი დარეგულირების ესა თუ ის სქემები. ყოველ შემთხვევაში, რუსეთს უკვე გაუჩნდა საქართველოს ტერიტორიული დეზინტეგრაციის კიდევ ერთი არგუმენტი, აბსოლუტურად აბსურდული, მაგრამ მაინც არგუმენტი. საქართველოს დაუძინებელი მტერი ვ. პუტინი და მისი მილიტოკრატიული ხროვა (ს. ივანოვი, ს. ლავროვი, ა. ბალუევსკი) კოსოვოს და საქართველოს კონფლიქტურ-არაკონტროლირებად რეგიონებს ერთ სიბრტყეში განიხილავენ და კოსოვოს შესაძლო დამოუკიდებლობას აფხაზეთისა და შიდა ქართლის სუვერენიზაციის არგუმენტებად მოიაზრებენ.
ჩვენთვის სრულიად ცხადი უნდა იყოს ის გარემოება, რომ „კოსოვოს პრეცედენტი“ კიდევ ერთი, თანაც საერთაშორისო სტატუსის მქონე, ტაქტიკური სქემაა რუსეთის იმ გეგმისა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივ დეკონსტრუქციას. რუსეთის ისტებლიშმენტი ისეა დაბრმავებული საქართველოს სიძულვილითა და იმპერიული ამბიციებით, რომ ვერ (თუ არ) აცნობიერებს აღნიშნული „პრეცედენტის“ უკუქმედებას თვით რუსეთის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული სტრუქტურისათვის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რუსეთის შემადგენლობაში შედის ათობით ეთნიკური ავტონომიური წარმონაქმნი, მათ შორის მრავალმილიონიანი მუსლიმური ანკლავები (კოსოვოს სრული ანალოგიები) ჩრდილო კავკასიასა და ვოლგისპირეთში.
ამრიგად, როგორც ვხედავთ, „კოსოვოს პრეცედენტს“ ჩვენთვის სავსებით განსაზღვრული პრაგმატული აქტუალობა აქვს და მხოლოდ შემეცნებითი ფასეულობის მქონე უახლესი ისტორიის რიგითი მოვლენა როდია. ვფიქრობთ, ამ მოვლენის არსისა და შინაგანი ანატომიის კვლევა უფრო ოპტიმალურია დიფერენცირებული მეთოდოლოგიური მოდელის გამოყენებით _ ისტორიული, პოლიტიკური და თეორიულ-სამართლებრივი ასპექტების ანალიზით.
რაში მდგომარეობს „კოსოვოს პრეცედენტის“ ისტორიული და აქედან გამომდინარე _ ეთნოგრაფიული და ლინგვოგეოგრაფიული ასპექტი? ისტორიოგრაფიაში აზრთა სხვადასხვაობაა ალბანელთა ეთნოგენეზისა და ეთნიკური წარმომავლობის შესახებ. მეცნიერთა ერთი ნაწილი მათ აკავშირებს პელაზგებთან, რომლებიც ჯერ კიდევ ნეოლითის ეპოქიდან მოსახლეობდნენ თანამედროვე ალბანეთის სამხრეთში. მაგრამ სამეცნიერო წრეებში უფრო აპრობირებულია და გაცილებით ბევრი მომხრე ჰყავს ალბანელთა ილირიული წარმომავლობის თეორიას, რომლის მიხედვითაც ძვ.წ. II ათასწლეულის შუახანებში ბალკანეთის ნახევარკუნძულის დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილებში გამოჩნდნენ ილირიული ტომები, რომელთა შორის იყვნენ ალბანელებიც, თანამედროვე ალბანელთა წინაპრები1. თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულ სახელმწიფოებრივ გაერთიანებებში საკუთრივ ალბანელები არ ფიქსირდებიან. მაგალითად, ისინი არ ფიგურირებენ ძვ.წ. IVს.-ში ილირიული ტომების მიერ შექმნილ სახელმწიფოში _ „ენქელეების ფედერაციაში“ და არც ძვ.წ. II ს.-ში აქ ჩამოყალიბებულ რომის იმპერიის ილირიულ პროვინციაში. საისტორიო წყაროებში ალბანელთა პირველი მოხსენიება თარიღდება XI საუკუნით. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ხალხი „არბანონი“ ცხოვრობდა კრუის რაიონში (თანამედროვე ალბანეთის ტერიტორიის ცენტრალურ ნაწილში)2 და უკავშირდება ბიზანტიის იმპერიის ბატონობის პერიოდს. პირველი სახელმწიფოებრივი ალბანური გაერთიანება _ არბერიის პრინციპატი _ შეიქმნა XII-XIII სს. მიჯნაზე, XIV საუკუნეში. სერბეთის მეფის სტეფანე დუშანის სიკვდილის შემდეგ ალბანეთში ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი ფეოდალური სამთავროები, მაგრამ ამავე პერიოდიდან ხდება აქ თურქების გაბატონება. ერთხანს, XV საუკუნის შუა ხანებში ალბანელი ხალხის ანტიოსმალურ მოძრაობას მეთაურობდა გიორგი კასტრიოტი, იგივე სკანდერბეგი3.
რაც შეეხება საკუთრივ კოსოვოს, ეტიმოლოგიურად რეგიონის ეს სახელწოდება უკავშირდება სერბულ სიტყვას „კოს“, რაც ნიშნავს „შაშვს“, ე. ი. საშაშვეთს, ამ ფრინველის განსაკუთრებული გავრცელების არეალს4. კოსოვო, ან როგორც მას უწოდებენ, კოსოვოს ველი („კოსოვო-პოლე“) ფაქტობრივად შექმნის დღიდან სერბიის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. აღნიშნული რეგიონის სლავიზაცია ძირითადად ორი ეთნიკური ტალღის სახით წარიმართა VI-VIII და IX-XI სს., რასაც შედეგად მოჰყვა მისი ჩართვა XIIს. ბოლოს სერბიის სამეფოს სახელმწიფოებრივ სტრუქტურაში5.
1389 წ. კოსოვოს ველზე გაიმართა ისტორიული ბრძოლა, რომელშიც თურქებს დაუპირისპირდა სერბიისა და ბოსნიელების კოალიცია (ბოსნიელთა მხარეს იბრძოდნენ ასევე ვალახებისა და ალბანელების მცირერიცხოვანი რაზმებიც)6. კოსოვოს ბრძოლის ისტორიულობას განაპირობებს ის მომენტი, რომ მასში გამარჯვებამ თურქებს საშუალება მისცა, დაეპყროთ ბალკანეთი და თავიანთი იმპერიისათვის ევროაზიული იმპერიის სახე მიეცათ. ამიტომ კოსოვოს ბრძოლა არა მხოლოდ ბალკანეთის, არამედ მთელი ევროპის ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რასაკვირველია, უარყოფითად მნიშვნელოვანი, მოვლენაა. ამავე დროს, კოსოვოს ველი გახდა თურქების წინააღმდეგ სერბი ხალხის წინააღმდეგობისა და გმირობის თავისებური სიმბოლო და ასეთივე ადგილი უკავია მას სერბულ ეპოსში, ლიტერატურაში, ხელოვნებასა და კოლექტიურ ცნობიერებაში.
კოსოვოს რეგიონი სერბეთის კულტურული სივრცის ისეთივე განუყოფელი ნაწილია, როგორც აფხაზეთი და შიდა ქართლი _ საქართველოსი. ეს პარალელიზმი და ისტორიულ-კულტურული კომპარატივისტიკა მართლაც რომ ნიშანდობლივია: კოსოვოში არის 1300-ზე მეტი სერბული მართლმადიდებლური მონასტერი და ეკლესია, სხვა კულტურული ძეგლი, ტოპონომიკა თითქმის მთლიანად სერბულია. რა შთამბეჭდავი მსგავსებაა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ქართულ კულტურულ-ცივილიზაციურ იდენტურობასთან!
ოსმალეთის ბატონობის ხანაში კოსოვოში რადიკალურად შეიცვალა ეთნოდემოგრაფიული სტრუქტურა. თურქები ეწეოდნენ რეგიონის სერბული მოსახლეობის ძალდატანებით დეპორტაციას და იქ თურქული და ალბანური (საკუთრივ ალბანეთის მთიანი რაიონებიდან) მოსახლეობის ჩასახლებას7. ამ დემოგრაფიული პოლიტიკის შედეგად კოსოვოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ცენტრებში ჩამოყალიბდა ალბანური და თურქული მუსლიმანური ანკლავები, რითაც შეიქმნა ერთგვარი მუსლიმანური დერეფანი, რომელიც შუაზე ჰყოფდა სერბებითა და ჩერნოგორიელებით დასახლებულ ეთნოკულტურულ სივრცეს. სერბი მეცნიერების მიერ XIX ს. ოსმალური მოსახლეობის აღწერითი დოკუმენტების შესწავლა ადასტურებს, რომ XX ს. დამდეგისათვის, ხშირი და მიზანმიმართული დეპორტაციის მიუხედავად, სერბები მაინც წარმოადგენდნენ კოსოვოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს8.
კოსოვოს მიმართ ალბანეთის ტერიტორიული პრეტენზიების გენეზისის საკითხში გარკვეული მნიშვნელობა აქვს XX ს. 10-იან წლებში ალბანეთის სახელმწიფოს წარმოქმნასთან დაკავშირებულ მოვლენებს. ცნობილია, რომ 1912წ. სერბეთმა, ჩერნოგორიამ, ბულგარეთმა და საბერძნეთმა შექმნეს ანტიოსმალური „ბალკანური კავშირი“. აღსანიშნავია, რომ „ბალკანური კავშირის“ დამფუძნებელი ყველა ხელშეკრულების ძალით (სერბეთ-ბულგარეთის, სერბეთ-საბერძნეთისა და სერბეთ-ჩერნოგორიის სამხედროსამოკავშირეო შეთანხმებები) კოსოვოს ვილაიეთი სერბეთის კუთვნილებად გამოცხადდა მეტოხიის პროვინციასთან ერთად, როგორც „სერბი ხალხის წმინდა მიწა, საიდანაც იწყება სერბიის სახელმწიფოებრიობა“.9
პირველი ბალკანური ომი ოსმალეთსა და „ბალკანურ კავშირს“ შორის მიმდინარეობდა 1912წ. ოქტომბერ-დეკემბერში. ომში დამარცხების შედეგად ოსმალეთმა დაკარგა თითქმის ყველა ევროპული ტერიტორია ბალკანეთში (სალონიკი, მაკედონია, ნოვიპაზარის სანჯაყი, კოსოვო, მეტოხია და სხვ.). ამავე დროს, სერბეთ-ჩერნოგორია-საბერძნეთ-ბულგარეთის კოალიციის ბრძოლის პარალელურად მიმდინარეობდა ალბანელი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ანტიოსმალური აჯანყება, რომელიც წარმატებით დასრულდა. 1912 წლის 28 ნოემბერს ქ. ვლიორაში მოწვეულმა ალბანეთის ეროვნულმა კონგრესმა ალბანეთის სახელმწიფოს შექმნა გამოაცხადა და მისი სუვერენიტეტის დეკლარაცია მიიღო10. მაგრამ საჭირო იყო ამ სტატუსის საერთაშორისო აღიარება, რაც მოხდა კიდეც პირველი ბალკანური ომის შედეგების იურიდიული გაფორმების ფარგლებში. 1912 წლის 17 დეკემბერს დაიწყო დიდ სახელმწიფოთა (გერმანია, ავსტრია-უნგრეთი, იტალია, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) ელჩების ლონდონის კონფერენცია, რომელსაც უნდა შეემუშავებინა ოსმალეთთან ზავის პირობები და ბალკანეთში საზღვრების საკითხი უნდა გადაეწყვიტა11.
კონფერენციის მიმდინარეობის დროს გამოვლინდა რეალური წინააღმდეგობები მთელს რიგ საკითხებში, მათ შორის, ალბანეთის სახელმწიფოს სტატუსისა და მისი საზღვრების საკითხში. ავსტრია-უნგრეთმა და იტალიამ მხარი დაუჭირეს ალბანე- თის დამოუკიდებლობას, რათა პროანტანტური (ძირითადად პრორუსული) ორიენტაციის მქონე სერბეთისათვის მოეჭრათ ადრიატიკის ზღვაზე გასასვლელი. ამასთან, ვენა და რომი აქტიურად უჭერდნენ მხარს ალბანეთის (ისმაილ-ბეის) დროებითი მთავრობის ტერიტორიულ პრეტენზიებს კოსოვოსა და მეტოხიის მიმართულებით. მაგრამ სერბეთის მთავრობა არ მიდიოდა არანაირ კომპრომისზე და რუსეთ-ინგლისის დახმარებით მან შეძლო ალბანელთა ტერიტორიული მოთხოვნების ბლოკირება. 1913 წლის 30 მაისის ლონდონის საზავო ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლის თანახმად, თურქეთმა ცნო ალბანეთის დამოუკიდებლობა, ხოლო მისი ჩრდილოეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვრები დადგენილ იქნა ისე, რომ კოსოვო სერბეთის შემადგენლობაში დარჩა12.
1913 წლის 29 ივლისს კი ელჩების ლონდონის კონფერენციამ მიიღო საბოლოო აქტი (ე.წ. „ორგანული სტატუსი“) ალბანეთის საკითხში: ალბანეთი გამოცხადდა ნეიტრალურ მონარქიად, ხოლო ნეიტრალური სტატუსის გარანტად გამოდიოდა ექვსი დიდი სახელმწიფო. მოგვიანებით, 1914 წლის 7 მარტს ალბანეთის მეფე გახდა გერმანელი ვილჰელმ ვიდი13.
მანამდე კი, 1913 წლის 13 დეკემბერს ალბანეთის საზღვრების დამდგენმა საერთაშორისო კომისიამ ხელი მოაწერა ფლორენციის ოქმს, რომლითაც დამტკიცდა ალბანეთ-საბერძნეთის საზღვრები და დადასტურებულ იქნა ლონდონის კონფერენციის შეთანხმება ალბანეთის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრებთან დაკავშირებით14.
მაშასადამე, ალბანეთის სახელმწიფოს ჩამოყალიბება იყო არა იმდენად ალბანეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, რამდენადაც „სამთა კავშირის“ ბლოკის გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესების დამთხვევის შედეგი. იტალიამ და ავსტრია-უნგრეთმა მხარი დაუჭირეს ალბანეთის დამოუკიდებელი მონარქიის შექმნას წმინდა გეოპოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე _ გზა გადაეჭრათ სერბეთისათვის (და ე.ი. რუსეთისათვის) ადრიატიკისა და ხმელთაშუა ზღვების სატრანზიტო კომუნიკაციებისაკენ. ამავე დროს, იტალია იმედოვნებდა დამოუკიდებელ ალბანეთზე პროტექტორატის დაწესებას (უკეთეს შემთხვევაში საერთოდ მის ანექსიას, რაც განახორციელა კიდეც მუსოლინის რეჟიმმა 1939 წლის აპრილში). რასაკვირველია, ჩვენი ამგვარი მტკიცება სრულებითაც არ აკნინებს ალბანეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნაში შინაგანი იმპულსის _ ალბანელი ხალხისა და მისი პროგრესული არისტოკრატიული ელიტის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის როლსა და მნიშვნელობას, უბრალოდ ჩვენ ვახდენთ ფაქტის კონსტატაციას, რომ ამ პროცესში გადამწყვეტი ფაქტორის როლი ითამაშა იმდროინდელმა საერთაშორისო კონიუნქტურამ _ „სამთა კავშირის“ სამხედრო-პოლიტიკური კოალიციის წევრი სახელმწიფოების გეოპოლიტიკურმა პროექტმა, რომელშიც ალბანეთმა შეასრულა სერბეთის სივრცობრივი ბლოკირების ფუნქცია.
რაც შეეხება კოსოვოს, ის სერბეთის შემადგენლობაში დარჩა, რაც იურიდიულად განამტკიცა ალბანეთის სახელმწიფოს საზღვრების სტატუსის დამდგენმა ყველა ფუძემდებლურმა საერთაშორისო შეთანხმებამ _ 1913 წლის 30 მაისის ლონდონის საზავო ხელშეკრულებამ, 1913 წლის 29 ივლისის ელჩების ლონდონის კონფერენციის გადაწყვეტილებამ და ალბანეთის საზღვრების დამდგენი საერთაშორისო კომისიის 1913 წლის 13 დეკემბრის ფლორენციის ოქმმა.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ კოსოვოს რეგიონი შევიდა სერბეთ-ხორვატია-სლოვენიის ფედერალურ სამეფოში, რომელიც შეიქმნა 1918 წლის დეკემბერში და რომელსაც 1929 წლის 6 იანვრიდან ეწოდა იუგოსლავია. როგორც ცნობილია, მეორე მსოფლიო ომის დროს იუგოსლავია დაიშალა ცალკეულ სახელმწიფოებად და არსებითად მხოლოდ სერბეთი განაგრძობდა ბრძოლას ფაშისტური ოკუპაციის წინააღმდეგ, რადგანაც 1941 წლის 10 აპრილს ხორვატმა უსტაშებმა, ჰიტლერისა და მუსოლინის სანქციით, ხორვატიისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ტერიტორიაზე შექმნეს ხორვატიის დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომლის მეფე გახდა იტალიელი ჰერცოგი, სავოიის დინასტიის პრინცი სპოლეტო, პრემიერ-მინისტრი კი _ ანტე პაველიჩი15.
იუგოსლავიის სახელმწიფოს დანაწილების პროცესში კოსოვოს ტერიტორიის უდიდესი ნაწილი აღმოჩნდა იტალიის მიერ შექმნილი „დიდი ალბანეთის“ შემადგენლობაში და სწორედ ამ პერიოდში განხორციელდა კოსოვოდან არაალბანური მოსახლეობის დეპორტაცია. ამგვარი დემოგრაფიული პოლიტიკის დადასტურებაა ალბანეთის პროიტალიური მარიონეტული მთავრობის პრემიერ მინისტრის მუსტაფა კროის განცხადება, რომელიც მან გააკეთა 1942 წლის ივნისში: „...აუცილებლად უნდა განიდევნონ კოსოვოდან ძირძველი სერბები და განთავსდნენ ალბანეთის საკონცენტრაციო ბანაკებში... ხოლო გადმოსახლებული სერბები უნდა განადგურდნენ“.16 ყურადღებას იქცევს ასევე შემდგომში ალბანეთის კომუნისტი ლიდერის ენვერ ხოჯას ერთი წერილი, რომელიც, ამერიკული სპეცსამსახურების ცნობებზე დაყრდნობით, ასეთ სტატისტიკას იძლევა: „1941 წლის აპრილიდან 1942 წლის აგვისტომდე კოსოვოში ალბანელებმა მოკლეს 10 ათასამდე სერბი და განდევნეს 100 ათასზე მეტი. თითქმის იმავე რაოდენობის ალბანელი გადასახლდა ალბანეთიდან კოსოვოში“.17
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საწყის ეტაპზე, კოსოვოს საკითხი გახდა ალბანეთისა და იუგოსლავიის კომუნისტურ რეჟიმებს შორის გარკვეული უთანხმოების საგანი. როგორც იოსიფ ბროზ ტიტოს აქტიური თანამებრძოლი, ცნობილი მეცნიერი და პოლიტიკოსი მილოვან ჯილასი თავის მემუარებში წერს, ერთხანს აქტიურად განიხილებოდა იუგოსლავია-ალბანეთის ფედერალური სახელმწიფოს შექმნისა და მასში ავტონომიური სტატუსით კოსოვოს რესპუბლიკის შეყვანის პროექტი18, მაგრამ ეს პროექტი ჩავარდა. იუგოსლავიის 1946 წლის კონსტიტუციით, კოსოვომ (მეტოხიასთან და უნგრელებით დასახლებულ ვოევოდინასთან ერთად) მიიღო ავტონომიური ოლქის სტატუსი სერბიის შემადგენლობაში19.
ასეთია, ნიუანსური სახით, კოსოვოს საკითხის ისტორიული ასპექტი. რა დასკვნების გამოტანის საფუძველს იძლევა მისი ანალიზი? მთავარი და ღერძული დასკვნა ამ შემთხვევაში ისაა, რომ კოსოვო არასოდეს, ალბანური სახელმწიფოებრიობის არსებობის არცერთ ეტაპზე არ იყო ალბანეთის ტერიტორიულ-სახელმწიფოებრივი სტრუქტურის ნაწილი. ამასთან, კოსოვოს ალბანურ მოსახლეობას არასოდეს შეუქმნია საკუთარი, სერბეთისაგან დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი და რეგიონიც ისტორიულად სერბეთის (შემდგომში იუგოსლავიის) ორგანულ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. კოსოვოში სერბეთისაგან დამოუკიდებელი პოლიტიკური ინსტიტუტების (მაგ., კოსოვოს ვილაიეთი XIX ს.-ში ან კოსოვოს რაიონი 1941-1943წწ.) ფუნქციონირება აქ კოლონიური ადმინისტრაციების (შესაბამისად _ ოსმალური და იტალიური) პოლიტიკის გამოხატულება იყო და არა კოსოვოს ალბანური მოსახლეობის სახელმწიფოებრივი თვითიდენტიფიკაციის შედეგი. და კიდევ: ალბანეთთან კოსოვოს შეერთების ბაზაზე ე.წ. „დიდი ალბანეთის“ შექმნის იდეა გაჩნდა 1941-1942 წლებში, როცა მართლაც შეკოწიწებულ იქნა ეს ერთიანობა ფაშისტური იტალიის პოლიტიკის შედეგად. ამიტომ ეს იდეა ფაშისტური დოქტრინის შემადგენელი ნაწილია, რის გამოც ის მიუღებელი უნდა იყოს ლიბერალიზმის პრინციპებზე აგებული ცივილიზებული კაცობრიობისათვის.
„კოსოვოს პრეცედენტის“ პოლიტიკური (და გეოპოლიტიკურიც) ასპექტი ლოგიკურად უკავშირდება იუგოსლავიის ფედერაციული სახელმწიფოს დაშლას და ამის შემდეგ ბალკანეთში განვითარებულ ეთნო-ტერიტორიულ პროცესებს XXს. 90-იან წლებში. 1991 წლის ივნისში დაიწყო იუგოსლავიის ერთიანი სახელმწიფოს დაშლის პროცესი, რომელსაც სათავე დაუდო სლოვენიისა და ხორვატიის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამ 1991 წლის 25 ივნისს. 1992 წლის გაზაფხულზე ბოსნია-ჰერცეგოვინის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამ და მისმა გაეროში მიღებამ მოახდინა ამ რესპუბლიკაში სამწლიანი სისხლისმღვრელი ეროვნებათშორისო ომის პროვოცირება. 1995 წლის 15 დეკემბრის დეიტონის ხელშეკრულებით საომარი მოქმედებები შეწყდა, მაგრამ ხელშეკრულებამ იურიდიულად დააკანონა რესპუბლიკის ფორმალური გაყოფა ეთნიკური პრინციპით: მის ტერიტორიაზე შეიქმნა სერბული წარმონაქმნი _ „რესპუბლიკა სერბსკა“ და ბოსნიელი მუსლიმანებისა და ხორვატების ფედერალური სახელმწიფო. ამავე დროს, ორივე ამ სახელმწიფოებრივი გაერთიანების ფორმალური შეკავშირებით ჩამოყალიბდა ბოსნია-ჰერცეგოვინის კონფედერაცია.
იუგოსლავიის შიდასახელმწიფოებრივი კრიზისის გაღრმავებისა და მისი ფაქტობრივი დაშლის კვალობაზე გააქტიურდა კოსოვოს ალბანელთა სეცესიონისტური მოძრაობაც. ჯერ კიდევ 1990 წელს, მთელს იუგოსლავიაში მიმდინარე მრავალპარტიული სისტემის ფორმირების ფარგლებში, შეიქმნა კოსოვოს დემოკრატიული კავშირი (კდკ), რომელსაც სათავეში ჩაუდგა კოსოვოელი ალბანელების ავტორიტეტული ლიდერი, ცნობილი მწერალი და დისიდენტი იბრაჰიმ რუგოვა. თავის საპროგრამო სიტყვაში რუგოვამ პირდაპირ დააფიქსირა კოსოვოს დამოუკიდებლობა, როგორც მხარის ალბანელთა ეროვნული მოძრაობის მიზანი, ხოლო მისი მიღწევის საშუალებად _ „წინააღმდეგობა სერბულ ოკუპაციას“.20
1991 წლის სექტემბერში კოსოვოში ჩატარდა რეფერენდუმი დამოუკიდებლობის საკითხში, რომელშიც ოლქის მთელმა ალბანურმა მოსახლეობამ ხმა მისცა დამოუკიდებელი რესპუბლიკის შექმნას, ხოლო 1992 წლის 24 მაისს მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში 95%-იანი წარმატება მოიპოვა ი. რუგოვამ21. ოფიციალურმა ბელგრადმა უკანონოდ ცნო არჩევნებისა და რეფერენდუმის შედეგები, მაგრამ ხორვატიისა და ბოსნია-ჰერცეგოვინის მოვლენებში ჩაფლულ მილოშევიჩის მთავრობას რაიმე სერიოზული ღონისძიებებისათვის არ მიუმართავს კოსოვოს სეპარატისტული ტენდენციების საწინააღმდეგოდ.
1994 წლის მაისში სერბიის ხელისუფლებამ დაიწყო პირდაპირი მოლაპარაკებები კოსოვოს ალბანელთა პოლიტიკურ წარმომადგენლობასთან. მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ყოფილი იუგოსლავიის საკითხებში საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში. 1996 წლის 1 სექტემბერს მილოშევიჩმა და რუგოვამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს ურთიერთგაგების შესახებ22. თუმცა მემორანდუმი არეგულირებდა კოსოვოში პარალელური (ე. ი. ალბანური) საგანმანათლებლო და ჯანდაცვის სისტემების ორგანიზაციის საკითხებს და მასში არაფერი იყო ნათქვამი კოსოვოს სტატუსის შესახებ.
ამავე დროს, კოსოვოს ალბანელთა სეპარატისტულ ეთნოკრატიაში დასრულებული სახე მიიღო ე.წ. „დიდი ალბანეთის“ შექმნის კონცეფციამ. ამასთან, ამ საერთო გეგმაში ჩართულ იქნა მაკედონიის და ჩერნოგორიის ალბანელებით დასახლებული ტერიტორიები. ის გარემოება, რომ კოსოვოს კრიზისის დარეგულირების ალბანური მოდელი ითვალისწინებს ბალკანეთში არსებული ტერიტორიულ-პოლიტიკური სისტემის ფართომასშტაბიან რეკონფიგურაციას და არსებული სტატუს-კვოს შეცვლას, ნათლად ჩანს ი. რუგოვას შემდეგი სიტყვებიდან: „თუ ბოსნიელი სერბები შევლენ კონფედერაციულ ურთიერთობაში სერბიასთან, ეს მნიშვნელოვნად გაუადვილებს კოსოვოელ ალბანელებს ალბანეთთან კონფედერაციის საწყისებზე გაერთიანებას... პირველ ეტაპზე ალბანელები ჩერნოგორიაში მიიღებენ ავტონომიას, ხოლო მაკედონიელი ალბანელები _ სახელმწიფოებრიობაშემქმნელი ხალხის სტატუსს“.23 ეს არის რეგიონალური პანალბანიზმის უკიდურესად რეაქციული პროექტი, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ სტაბილურობას და უსაფრთხოებას მთელს ბალკანეთში (შესაძლოა, არა მარტო იქ).
კოსოვოს სეცესიონისტური მოძრაობის რეალიზაცია დაიწყო 1998 წელს. ამ ეტაპზე მოძრაობაში აშკარად გამოიკვეთა სამი მეტ-ნაკლებად ანგარიშგასაწევი მიმართულება: პირველი _ პოლიტიკური მიმართულება, რომელსაც წარმოადგენდა ი. რუგოვა, თავისი კოსოვოს დემოკრატიული კავშირით. ამ მიმართულების სტრატეგიაში კოსოვოს დამოუკიდებლობის ლოზუნგი არ გამორიცხავდა სერბიასთან მოლაპარაკების შესაძლებლობას. მეორე მიმართულებას ქმნიდა ე.წ. „იატაკქვეშეთის მთავრობა“ ბ. ბუკოშის მეთაურობით, რომლის შტაბ-ბინა განლაგებული იყო გერმანიის ქ. ულმში. არსებითად ეს მიმართულება აკონტროლებდა ევროპის ქვეყნებში მცხოვრებ ალბანელ დიასპორას. მესამე იყო ნაციონალისტურ-ექსტრემისტული მიმართულება, რომელიც ეყრდნობოდა კოსოვოს განმათავისუფლებელ არმიას და მოქმედებდა ტერორისტული მეთოდებით. საგულისხმოა, რომ კოსოვოში ნატო-ს სამხედრო ოპერაციის შემდეგ, კოსოვოს სეპარატისტულ მოძრაობაში სწორედ ეს მიმართულება გაბატონდა. ამიტომ მისი ორგანიზაციული სტრუქტურისა და საპროგრამო დებულებების გაცნობა გარკვეულ როლს შეასრულებს ჩვენს მიერ დასმული პრობლემის ანალიზში.
კოსოვოს განთავისუფლების არმიაში არის პოლიტიკური და სამხედრო სტრუქტურები. კგა-ს პოლიტიკურ ფრთას მეთაურობს ყოფილი დისიდენტი ადემ დემაჩი, რომელიც იმავდროულად არის რადიკალური მოძრაობის ძირითადი პოლიტიკური პარტიის _ კოსოვოს საპარლამენტო პარტიის ლიდერი. დემაჩს ძალიან ფართო მხარდაჭერა აქვს ოფიციალური ტირანის მხრიდან. სამხედრო ფრთას კი ხელმძღვანელობს კგა-ს შტაბის უფროსი, საველე მეთაური რამუშ ჰარადინაი. ის მეთაურობს კგა-ს შეირაღებულ დაჯგუფებებს, რომლებიც შექმნილია ალბანეთის ტერიტორიაზე განლაგებულ სპეციალურ ბაზებზე მომზადებული ბოევიკებისაგან და ტერორისტებისაგან24.
ყურადღებას იქცევს კგა-ს და მასთან ასოცირებული პოლიტიკური ჯგუფების პროგრამა, რომლის ღერძულ სტრატეგიას წარმოადგენს კოსოვოს ეთნიკური სერბებისაგან „გაწმენდა“, ეროვნულ-განმათავისუფლებელი სტატუსის მოპოვება და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით კოსოვოს, ჩერნოგორიისა და მაკედონიის ალბანელებით დასახლებული ტერიტორიების გაერთიანების ბაზაზე ერთიანი სახელმწიფოს შექმნა, შემდგომში მისი ალბანეთთან ინტეგრაციის პერსპექტივით.
სწორედ კგა-ს ბოევიკებსა და სერბეთის პოლიციურ ძალებს შორის 1998 წლის დასაწყისში დაწყებულმა შეტაკებამ დაუდო სათავე რეგიონში ფართომასშტაბიან სამხედრო კონფლიქტს. კგა-ს დაჯგუფებები ძირითადში მიმართავდნენ ტერორისტულ საომარ ტაქტიკას _ სერბების მასობრივი მკვლელობა და განდევნა, სერბული სოფლების ბლოკადა, მშვიდობიანი მოსახლეობის მძევლად აყვანა, პერიოდული თავდასხმები მილიციისა და არმიის საპატრულო ჯგუფებზე და ა.შ. უნდა აღინიშნოს, რომ სერბიის სამხედრო ძალებმა იძულებითი საპასუხო ქმედებების ფარგლებში, კგა-ს ნაწილების ალბანეთის საზღვრებისაკენ განდევნის დროს, მიმართეს საერთაშორისო სამართლით დაუშვებელ უკანონო ქმედებებს, მათ შორის _ კოსოვოს ალბანელი მოსახლეობის დეპორტაციას და ეთნიკურ წმენდას. შეიქმნა ისეთი სიტუაცია, რომ უკვე 1998 წლის ოქტომბრისათვის კოსოვო დაცარიელდა არა მარტო კგა-ს შეიარაღებული ფორმირებებისაგან, არამედ ალბანელი მოსახლეობის ძირითადი ნაწილისგანაც.
1998 წლის 13 ოქტომბერს იუგოსლავიის პრეზიდენტმა ს. მილოშევიჩმა და ეუთო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა რ. ჰოლბრუკმა ხელი მოაწერეს სპეციალურ შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებდა: ოლქიდან სერბეთის სამხედრო ძალების გაყვანას და იქ ეუთო-ს დამკვირვებელთა ორიათასიანი კონტინგენტის განლაგებას, კოსოვოს ტერიტორიულ სივრცეში ნატო-ს საჰაერო კონტროლის რეჟიმის დამყარებას, მეზობელ ქვეყნებში საინტერვენციო ძალების დისლოკაციას სიტუაციის გამწვავების შემთხვევისათვის25.
1999 წლის 6-23 თებერვალს პარიზის გარეუბანში, რამბუიეში გაიმართა იუგოსლავიისა და კოსოვოელ ალბანელთა დელეგაციების მოლაპარაკებების პირველი რაუნდი. ნიშანდობლივია, რომ ალბანეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა კგა-ს მეთაური ჰაშიმ ტაჩი26, რაც აშკარად მიუთითებს კოსოვოს სეპარატისტულ ბანაკში ძალების გადაჯგუფებაზე რადიკალიზმის მიმართულებით. ამასთან, კგა-ს პოლიტიკური ფრთის ლიდერი ა. დემაჩი საერთოდ არ წასულა რამბუიეში, რადგანაც ის სერბებთან ნებისმიერი შეთანხმების წინააღმდეგ გამოდიოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ რამბუიეს სამშვიდობო კონფერენცია მიმდინარეობდა ერთგვარ პრეფერენციულ ფონზე და ალბანელთათვის ხელსაყრელ პირობებში: ნატო-ს კონტინგენტი კოსოვოს საზღვარზე, სერბეთის სამხედრო ძალების მიერ კოსოვოს დატოვება და იმავდროულად მის დიდ ნაწილზე კგა-ს კონტროლის დამყარება _ ყველაფერი ეს წინდაწინვე ქმნიდა პირობებს სეპარატისტთა მადის გაზრდისა და მათი მოთხოვნების რადიკალიზაციისათვის. კონფერენციაზე განხილულ იქნა რამდენიმე დოკუმენტი: „კოსოვოში მშვიდობისა და თვითმმართველობის დამყარების შესახებ (დროებითი ხელშეკრულება)“, „ჩარჩო ხელშეკრულება“ და მისი დამატებანი კოსოვოს კონსტიტუციის, სასამართლო სისტემისა და თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების შესახებ. ერთი კვირის შემდეგ დელეგაციებმა მიიღეს „ჩარჩო ხელშეკრულების“ მეოთხე დამატება, რომელიც ეკონომიკურ საკითხებს არეგულირებდა.
სრული ტექსტი (უნდა ყოფილიყო ცხრა დამატება) წარმოდგენილ იქნა მხოლოდ მოლაპარაკებათა ბოლო დღეს, 23 თებერვალს. აღმოჩნდა, რომ ტექსტის დიდი ნაწილი უცნობი იყო სერბეთის დელეგაციისათვის, განსაკუთრებით მეორე და მეშვიდე დამატებანი, რომელშიც გათვალისწინებული იყო ნატო-ს ჯარების ავტომატური განლაგება კოსოვოს ტერიტორიაზე და იქ პოლიციური ძალების ორგანიზაცია27. მაშასადამე, პირველი რაუნდის მთავარი შედეგი ის იყო, რომ იუგოსლავიას წაუყენეს ფაქტობრივი ულტიმატუმი: მოაწერთ ხელს ხელშეკრულებას _ კოსოვოში შევა ნატო-ს ჯარი, არ მოაწერთ _ იქნება დამსჯელი აქცია საავიაციო დარტყმების სახით. ამასთან, რაუნდებს შორის შუალედში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა სეპარატისტული მოძრაობის ელიტაში: 1999 წლის 7 მარტს კგა-ს მთავარსარდლად დაინიშნა სულეიმან სელემი _ ცნობილი საველე მეთაური, რომლის მეტსახელი იყო „სულთანი“.28 სელემმა თავის პირველივე ოფიციალურ განცხადებაში უარყო რამბუიეს ხელშეკრულება და მოითხოვა კოსოვოსათვის სრული დამოუკიდებლობის მინიჭება.
მოლაპარაკებათა მეორე რაუნდი დაიწყო პარიზში, 1999 წლის 15 მარტს29. მილოშევიჩის დელეგაციამ წამოაყენა წინადადება, ხელი მოეწერათ ხელშეკრულების პოლიტიკური ნაწილისათვის, ხოლო სამხედრო ნაწილი, მათ შორის საერთაშირისო ჩარევის დამდგენი მუხლები გამხდარიყო შემდგომი მოლაპარაკების საგანი. სწორედ აქ დაუშვა ს. მილოშევიჩმა, ჩვენის აზრით, სტრატეგიული შეცდომა და ობიექტურად სტიმული მისცა ნატო-ს სამხედრო ოპერაციის დაწყებას. მან უარი თქვა ხელშეკრულების მთლიანი პაკეტის ხელმოწერაზე და მოითხოვა მისი დიფერენციაცია, რაც აპრობირებულ დიპლომატიურ სამართალსა და საოქმო პრაქტიკაში განისაზღვრება, როგორც მოლაპარაკებათა პროცესის ცალმხრივი შეწყვეტა ან ჩაშლა. ნატო-ს რეაქციამაც არ დააყოვნა; 24 მარტს დაიწყო ალიანსის სამხედრო ოპერაცია იუგოსლავიის წინააღმდეგ, რომელიც 78 დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ნატო-ს მხრიდან საჰაერო-სარაკეტო დარტყმების ობიექტი გახდა არა მარტო საკუთრივ კოსოვოს სერბეთის არმიის კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორია, არამედ მთელი იუგოსლავიის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ზონები. სარაკეტო დაბომბვის შედეგად დიდი ზიანი მიაყენეს სერბეთის შეიარაღებული ძალებისა და უშიშროების სამსახურების ინფრასტრუქტურას, კომუნიკაციის საშუალებებს, სამთავრობო რეზიდენციების ქსელს. ფაქტობრივად განადგურებულ იქნა იუგოსლავიის სამხედრო-სამრეწველო პოტენციალი. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ნატო-ს საჰაერო დარტყმების ქვეშ მოექცა ქვეყნის სამოქალაქო ობიექტებიც. იყო მნიშვნელოვანი მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში: იუგოსლავიის ხელისუფლების საინფორმაციო წყაროებით 1700-მდე ადამიანი, მათ შორის 400-მდე ბავშვი, 10 ათასზე მეტი მძიმედ დაჭრილი.
ნატოს სამხედრო ოპერაციამ საგრძნობლად შეცვალა დემოგრაფიული სტრუქტურა და მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა კოსოვოში სერბების საწინააღმდეგოდ. რეგიონი ფაქტობრივად მონოეთნიკური გახდა ალბანური მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის საფუძველზე. აქტიური საერთაშორისო ზეწოლის, ასევე რუსეთის წარმომადგენლებთან და ფინეთის პრეზიდენტთან მაჰტი ახტისაართან ინტენსიური კონსულტაციების შედეგად, ს. მილოშევიჩმა 1999 წლის 3 ივნისს ხელი მოაწერა „მშვიდობის დამყარების დოკუმენტს“, რომელიც სერბეთის სკუპშჩინამ (პარლამენტმა) მოიწონა30. „დოკუმენტი“ ითვალისწინებდა კოსოვოში გაერო-ს ეგიდით და ნატო-ს ძალების მონაწილეობით მშვიდობის საერთაშორისო კონტინგენტის განლაგებას, კოსოვოსთვის ავტონომიის მინიჭებას და იქ დროებითი ადმინისტრაციის შექმნას.
1999 წლის 10 ივნისს გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო სპეციალური, 1244-ე რეზოლუცია კოსოვოს შესახებ. რეზოლუციამ ხაზი გაუსვა ოლქში სიტუაციის დარეგულირების შემდეგ ასპექტს: იუგოსლავიის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი; კოსოვოს „რეალური და არსებითი ავტონომიური თვითმმართველობა“; რეგიონში გაერო-ს ეგიდით საერთაშორისო სამშვიდობო ძალების განლაგება და ოლქის სრული დემილიტარიზაცია31.
უკვე ივნისშივე კოსოვოში განხორციელდა საერთაშორისო სამშვიდობო ძალების დისლოკაცია. ნატო-ს კონტინგენტი განლაგებულ იქნა სექტორალური დიფერენცირების პრინციპით, კერძოდ: ქ. პაჩის რაიონს აკონტროლებენ გერმანელები და იტალიელები, ქ. გნილანეს _ ფრანგები, კოსოვა-მიტროვიცას _ ამერიკელები, ხოლო დედაქალაქ პრიშტინას _ ინგლისელები. საერთო ჯამში, ნატო-ს კონტინგენტი შეადგენს 50 ათას ჯარისკაცს32.
სამშვიდობო ოპერაციაში ძალიან მოკრძალებული ფორმით მონაწილეობს რუსეთიც. ნატო-რუსეთს შორის დადებული ცალკე შეთანხმებით, რუსეთის სამხედრო კონტინგენტი 3600 ჯარისკაცს არ სცილდება და თანაც რუსებს კონტროლის ცალკე სექტორი არ გააჩნიათ; მათი კონტინგენტის ცალკეული ნაწილები განლაგებულია ამერიკული, ინგლისური, ფრანგული და გერმანული სექტორების სპეციალურად გამოყოფილ ზონებში (მაგ. რუსები აკონტროლებენ პატარა ქალაქ ორახოვაცს და სლატინის აეროდრომს).
უნდა ითქვას, რომ კოსოვოს სამშვიდობო ოპერაცია მთელი რიგი სერიოზული გართულებებით მიმდინარეობს და უპირატეს შემთხვევებში აშკარად ანტისერბულ ხასიათს ატარებს. ამ თვალსაზრისით ის გარკვეულწილად ემსგავსება კიდეც აფხაზეთსა და შიდა ქართლში რუსეთის იმპერიის მიერ კონტროლირებად ე.წ. „სამშვიდობო ოპერაციებს“. კოსოვოში ნატო-ს კონტინგენტის დისლოკაცია უკვე შვიდ წელიწადს ითვლის, მაგრამ შეუსრულებელია გაერო-ს უშიშროების საბჭოს #1244 რეზოლუციის მთავარი პუნქტი დემილიტარიზაციის შესახებ _ კგა არ არის განიარაღებული და დაშლილი, ის კვლავ აგრძელებს ეთნიკურ წმენდას და სერბი მოსახლეობის დეპორტაციას. ამასთან, ბელგრადს არა აქვს შესაძლებლობა აღადგინოს კოსოვოს რეგიონზე თავისი იურისდიქცია და შეიყვანოს იქ იუგოსლავიის ჯარის განსაზღვრული კონტინგენტი და პოლიციური ძალები. კოსოვოში ვერ ბრუნდება დაახლოებით 200 ათასამდე სერბი ლტოლვილი.
კოსოვოში აქტიურად მიმდინარეობს ალბანური სახელმწიფოებრივი სტრუქტურების ფორმირების პროცესი. ამასთან, პროცესში მონაწილე ყველა პოლიტიკური ძალა არის კოსოვოს დამოუკიდებლობის მომხრე და გამორიცხავს სერბეთთან ყოველგვარი სახელმწიფოებრივი კავშირის დამყარების პერსპექტივას. 2004 წლის 23 ოქტომბერს საერთაშორისო ადმინისტრაციამ ჩაატარა საპარლამენტო არჩევნები. აღსანიშნავია, რომ დროებითი კონსტიტუციური აქტის ძალით პარლამენტის შედგენილობა კვოტირებულია ეთნიკური პრინციპის საფუძველზე: 120 დეპუტატიდან 100 უნდა იყოს ალბანელი, 10 _ სერბი და დარჩენილი 10 ადგილი ეკუთვნის სხვა ეროვნების წარმომადგენელს. კოსოვოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს ირჩევს პარლამენტი33. როგორც ვხედავთ, საერთაშორისო ადმინისტრაციის მიერ კონტროლირებად პოლიტიკურ პროცესში მოქმედებს ერთადერთი მექანიზმი _ კოსოვოს დამოუკიდებლობის საფუძვლების შემზადება, რამეთუ ეს მექანიზმი პრაქტიკულად გამორიცხავს კოსოვოს ელიტაში სერბის ან პროსერბული ორიენტაციის ალბანელის გაპრეზიდენტებას და გაპრემიერ-მინისტრებას.
2004 წლის 23 ოქტომბრის არჩევნებში, რომელშიც, ცხადია, ლტოლვილ სერბებს მონაწილეობა არ მიუღიათ, ხმების 47% მიიღო კოსოვოს დემოკრატიულმა კავშირმა (ლიდერი _ იბრაჰიმ რუგოვა, რომელიც აირჩიეს კიდევაც პრეზიდენტად), ხოლო 27% _ კოსოვოს დემოკრატიულმა პარტიამ (ლიდერი _ ჰაშიმ ტაჩი). პარლამენტში თავისი წარმომადგენლობა მოიპოვა ასევე პარტიამ „ალიანსი კოსოვოს მომავლისათვის“, რომელიც მთლიანად დაკომპლექტებულია ალბანელი ბოევიკებით რადიკალ რამუშ ჰარადინაის მეთაურობით34.
კოსოვოს პოლიტიკური ელიტის ასეთი კონფიგურაცია, მისი ეთნოკრატიული ხასიათი ფაქტობრივად გამორიცხავს (ყოველ შემთხვევაში, სერიოზულად ართულებს) პოლიტიკური და დიპლომატიური მეთოდებით კოსოვოს კრიზისის დარეგულირებას სერბიის ტერიტორიული მთლიანობის პლატფორმაზე (ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. „პარლამენტებზეც“, რომლებიც სინამდვილეში წარმოადგენენ რუსეთის მფარველობის ქვეშ მყოფი ეთნოკრატიული დაჯგუფებების ერთობლიობას).
ამრიგად, პოლიტოლოგიური შეფასების თვალსაზრისით, კოსოვოში არსებული სიტუაცია შეიძლება დახასიათდეს შემდეგი ფორმულით _ საერთაშორისო პროტექტორატი (ცხადია, ალბანელ სეპარატისტთა პროტექციით) + საერთაშორისო ადმინისტრაცია და სამშვიდობო კონტინგენტი + სუვერენიზაციის აშკარად გამოხატული ტენდენცია.
„კოსოვოს პრეცედენტის“ კონცეპტუალურ-სამართლებრივი ასპექტი მდგომარეობს სერბიის სახელმწიფოსგან კოსოვოს სეცესიის (ანუ გამოყოფის) თეორიულ არგუმენტაციაში, თანაც საერთაშორისო სამართლის ნორმების აქტუალიზაციით, კერძოდ თვითგამორკვევის პრინციპის პრიორიტეტული აღიარებით სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან შედარებით.
2005წ. ოქტომბერში გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება კოსოვოს სტატუსის დამდგენი მოლაპარაკების დაწყების შესახებ, ხოლო 2006წ. 31 იანვარს კოსოვოს საკითხთან დაკავშირებით შექმნილმა „საკონტაქტო ჯგუფმა“ (ეს სტრუქტურა წარმოადგენს აშშ-ს, რუსეთის, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ევროკავშირისა და ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების საკონსულტაციო საბჭოს.) გამოაქვეყნა შემდეგი განცხადება: „კოსოვოს სტატუსის“ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების დროს აუცილებლად უნდა იქნას მიღებული მხედველობაში კოსოვოს პრობლემის ხასიათი. კერძოდ ის, რომ ეს პრობლემა შეიქმნა იუგოსლავიის დაშლის, ამის შემდგომ მომხდარი კონფლიქტების, ეთნიკური წმენდისა და 1999 წლის მოვლენების შედეგად“.35 მაშასადამე, კოსოვოს სტატუსის პრობლემის გადაწყვეტა იმთავითვე რელატივიზებულია გარკვეული პირობებით: იუგოსლავიის დაშლის ფაქტით, ნატოს 1999წ. მარტ-ივნისის სამხედრო ოპერაციით და სერბების მიერ რეგიონში ალბანური მოსახლეობის ეთნიკური წმენდით, _ რაც იმას ნიშნავს, რომ დასავლეთისათვის კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. პრობლემა მხოლოდ ვადებში მდგომარეობს.
2006 წლის 20 თებერვალს ვენაში, გაერო-ს გენერალური მდივნის სპეცწარმომადგენლის მარტი აჰტისაარის შუამავლობით, დაიწყო მოლაპარაკება სერბებსა და ალბანელებს შორის კოსოვოს სტატუსზე. ალბანელები მოითხოვენ კოსოვოს სრულ და უპირობო დამოუკიდებლობას, ხოლო სერბები, რეგიონზე თუნდაც ფაქტობრივი კონტროლის შენარჩუნების მიზნით, მოითხოვენ, რომ კოსოვოში შეიქმნას 16 სერბული ადმინისტრაციული ანკლავი, რომლებსაც ექნებათ თვითმმართველობა განათლების, ჯანდაცვის, სასამართლო სისტემისა და უსაფრთხოების საკითხებში36. ამასთან, მოლაპარაკებებს საფუძვლად უდევს სამი საბაზო პრინციპი: კოსოვო ვერ დაბრუნდება სერბეთის კონტროლქვეშ, ის არ შეუერთდება სხვა სახელმწიფოს და არც მისი ტერიტორიული დაყოფა მოხდება. როგორც ჩანს, კოსოვოს ექნება პირობითი დამოუკიდებლობა, სრულ დამოუკიდებლობას ის ევროკავშირში ინტეგრაციის შემდეგ მიიღებს, მანამდე კი მისი სტატუსის გარანტიას უზრუნველყოფს ნაწილობრივი საერთაშორისო პროტექტორატი (რა თქმა უნდა, გარანტიას სერბეთში რეინტეგრაციისაგან).
ასეთია „კოსოვოს პრეცედენტის“ არსი და მისი ქრონოპოლიტიკური სტრუქტურა. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ამ სტრუქტურის მნიშვნელოვანი ელემენტია კოსოვოს დამოუკიდებლობის თეორიულ-სამართლებრივი არგუმენტაცია და ე.წ. სეცესიის ფორმულა. „კოსოვოს პრეცედენტის“ ეს მხარე განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენთვის, რამეთუ აფხაზი და ოსი სეპარატისტები და კრემლის იმპეროკრატია (თვით პრეზიდენტი ვ. პუტინით დაწყებული) აქტიურ პროპაგანდას უწევენ ამ „პრეცედენტს“ სწორედ პოსტსაბჭოთა სივრცეში დე-ფაქტოდ არსებული აუღიარებელი წარმონაქმნების დე-იურე სუვერენიზაციის არგუმენტაციის ჭრილში. ამავე დროს ამ ბაკქანალიაში კრემლს რატომღაც „ავიწყდება“ ორი არსებითი მომენტი: პირველი ის, რომ რუსეთის იმპერიულ „ფედერაციაში“ ინტეგრირებულია 21 ნაციონალური ავტონომიური ეთნიკური სუბიექტი (ე. ი. 21 „პოტენციური კოსოვო“), და მეორე, სერბეთი ისტორიულად (ყოველ შემთხვევაში, 1903 წლის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ობრენოვიჩების დინასტიის ყარაგეორგიევიჩების დინასტიით ჩანაცვლების შემდეგ) ყოველთვის რუსეთის სტრატეგიული მოკავშირე იყო. ამიტომ ჩვენს მიერ სეცესიის ფორმულის კრიტიკა და კოსოვოს მაგალითზე მისი მიუღებლობის კონსტატაცია ავტომატურად ვრცელდება აფხაზეთისა და შიდა ქართლის პრობლემებზეც. სწორედ ამაში მიგვაჩნია „კოსოვოს პრეცედენტის“ ერთგვარი, ჩვენგან ობიექტურად დამოუკიდებელი და თუნდაც პირობითი ზეგავლენა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის უმწვავეს პრობლემაზე. ვფიქრობთ, სეცესიის ფორმულის კრიტიკა უნდა დავიწყოთ ლიბერალიზმის, როგორც კაცობრიობის ისტორიის თანამედროვე ეტაპის მთავარი იდეოლოგიური დოქტრინის კონცეპტუალურ ბაზაში გამოყოფის ანუ სეცესიის პრინციპის არარსებობის მტკიცებით. დიახ, რაც არ უნდა პარადოქსულად მოგვეჩვენოს, ლიბერალიზმის პოლიტიკურ ფილოსოფიაში არ არსებობს სეცესიის თეორია, შესაბამისად _ არ არსებობს ერთიანი სახელმწიფოდან (რასაკვირველია, ეროვნულიდან და არა იმპერიულიდან) რაიმე ტერიტორიის გამოყოფის თეორიული და სამართლებრივი არგუმენტაცია. ლიბერალიზმის, როგორც უფლებათა თეორიის ტრადიციაში შეიძლება აღმოვაჩინოთ, ასე ვთქვათ, უფლებათა მთელი კომპლექსი _ სიცოცხლის უფლება, საკუთრების უფლება, რელიგიური აღმსარებლობის უფლება, საარჩევნო უფლება (აქტიური და პასიური), კულტურული ფასეულობებით ტკბობის უფლება, განათლების უფლება, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის უფლება, თვით რევოლუციისა და მთავრობის ჩამოგდების უფლებაც კი, _ მაგრამ სეცესიის უფლებას იქ ვერ აღმოვაჩენთ, რადგან ის უბრალოდ არ არსებობს, როგორც ასეთი.
სეცესიის ნორმატიულ დაუშვებლობას იურიდიულად განამტკიცებს თანამედროვე საერთაშორისო სამართალი, რომლის ფუძემდებლური აქტები _ გაერო-ს წესდება, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის აქტი (ე.წ. „ჰელსინკის აქტი“), „პარიზის ქარტია ახალი ევროპისათვის“ (ე.წ. „ჰელსინკი-2“) და სხვ. _ პრიორიტეტულად მიიჩნევენ სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისა და არსებული საზღვრების ხელშეუხებლობა-ურღვეობის პრინციპებს. რაც შეეხება ერთა თვითგამორკვევის პრინციპს, არაიმპერიული ისტორიული წარსულისა და პოლიეთნიკური სტრუქტურის მქონე ქვეყნებში (მაგალითად, საქართველოში) მისი რეალიზაცია უნდა მოხდეს ეთნიკური ავტონომიზაციის ფორმით, ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის ფარგლებში.
ამიტომ, ჩვენის აზრით, კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება არის საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმების დარღვევა და, ამდენად, არაკანონიერი, მართლსაწინააღმდეგო აქცია. კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებების ანალიზი და ამ აქტის მომხრეთა არგუმენტების განხილვა გვიჩვენებს, რომ აქცენტი კეთდება უმთავრესად პრობლემის არაორდინარულ ხასიათზე, მის ფორს-მაჟორულ წარმომავლობაზე. ამასთან, ხაზი ესმება სერბეთის ხელისუფლების მიერ კოსოვოს ალბანელთა წინააღმდეგ განხორციელებულ გენოციდსა და ეთნიკურ წმენდას, რის გამოც სერბეთის ფარგლებში ალბანელთა უსაფრთხოება ეჭვის ქვეშ დადგა. საკითხის ამგვარად დასმის შემთხვევაში კოსოვოს დამოუკიდებლობის მომხრეთა იდეურ- პოლიტიკური პოზიცია ასე მარტივად აიხსნება: მართალია, საერთაშორისო სამართალი მოითხოვს სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, მაგრამ რა ვქნათ, შექმნილია ფორს-მაჟორული სიტუაცია, ირღვევა კოსოვოელ ალბანელთა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, ისინი განიცდიან დისკრიმინაციას, მათი კულტურა და ცხოვრების წესი საფრთხის ქვეშაა და ა.შ. გამოდის, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა უნდა დაეყრდნოს არა პოზიტიურ, ნორმატიულ საერთაშორისო სამართალს, არამედ სერბეთის ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორების აუცილებლობას, ე.ი. ამ შემთხვევაში მოქმედებს, ასე ვთქვათ, გამოსწორებითი სამართალი, რომელიც თავისთავად, ცხადია, ნონსენსია. კოსოვოელ ალბანელებს მართლაც აქვთ ოფიციალური ბელგრადის კრიტიკის მორალური უფლება, მაგრამ სეცესიის სამართლებრივი უფლება არა აქვთ, ყოველ შემთხვევაში, თანამედროვე სართაშორისო სამართლით. ისიც ცხადია, რომ სეცესიის მორალური თეორიის აბსოლუტიზაცია და მისი აყვანა სამართლის ნორმის დონემდე, უფრო სწორედ, სეცესიის მორალური თეორიის საფუძველზე პოზიტიური საერთაშორისო სამართლის ნორმების კორექცია ერთბაშად დაანგრევს საერთაშორისო სამართლის ნორმატიულ სისტემას და მის ნაცვლად დაამკვიდრებს ე.წ. „პრეცედენტულ სამართალს“. ესეც იქნება ერთგვარი რეცეპტი ძალიან სახიფათო და დამანგრეველი ეთნიკური კონფლიქტების გაჩაღებისათვის. რომ არაფერი ვთქვათ რუსეთის იმპერიაზე, კოსოვოს ანალოგიური „პრეცედენტები“ შეიძლება შეიქმნას ესპანეთში, დიდ ბრიტანეთში, ბელგიაში, იტალიაში, რუმინეთში და ა.შ. ეს კი მთელი ევროატლანტიკური სივრცის ტოტალური დესტაბილიზაციის პერსპექტივაა.
დასასრულს, კიდევ ერთხელ იმ აშკარა უსაფუძვლო და ზედაპირული, წმინდა აბსტრაქტული პარალელიზმის შესახებ, რომელსაც მიმართავს რუსეთი (სამწუხაროდ, არა მხოლოდ ვ. პუტინის ადმინისტრაცია) კოსოვოსა და საქართველოს არაკონტროლირებადი რეგიონების ერთ სიბრტყეში განხილვის სახით. დავუშვათ და კოსოვოს დამოუკიდებლობა მართლაც კანონიერ აქტად წარმოვიდგინოთ. დავუშვათ, რომ სერბეთის ხელისუფლების მიერ გატარებულმა რეპრესიულმა პოლიტიკამ განაპირობა კოსოვოს სეცესიის კანონიერება, რომ კოსოვოელ ალბანელებს აქვთ გამოყოფის მორალური და პოლიტიკური უფლება. ამ შემთხვევაშიც კი დაუშვებელია კოსოვოს საკითხის გაიგივება აფხაზეთისა და შიდა ქართლის კონფლიქტებთან და კოსოვოს დამოუკიდებლობის ცნობის ფორმატის მექანიკური ჩართვა აფხაზეთისა და შიდა ქართლის კონფლიქტების დარეგულირების პროცესში. ჯერ ერთი, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს რომც ჰქონდეთ საქართველოსაგან სეცესიის უფლება, ეს უფლება უნდა დადასტურდეს პლებისციტარული ფორმით. ეს გამორიცხულია, რადგან რეგიონებში ომამდელი დემოგრაფიული სტრუქტურის აღდგენის (ე.ი. ქართველთა დაბრუნების) შემთხვევაში წინასწარვეა ცნობილი ყოველგვარი რეფერენდუმის თუ პლებისციტის შედეგები. მეორე, არსებობს რადიკალური განსხვავება სიტუაციურ ფორმატებს შორის, კერძოდ:
ისტორიულ-სიტუაციური ფორმატი _ აფხაზეთი და შიდა ქართლი ყოველთვის საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდნენ და ქართული სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი სივრცის ორგანული ნაწილები იყო, კოსოვო კი მხოლოდ XII ს. ბოლოდან შედიოდა სერბეთის მონარქიაში. ამასთან, იგი არასოდეს ყოფილა ალბანეთის ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ სისტემაში. ეთნო და ლინგვო-გეოგრაფიული ფორმატი _ კოსოვო ალბანელთა ილირიული ეთნოსის ეთნოგენეზის ერთ-ერთი არეალი იყო, ამიტომ იქ ალბანური მოსახლეობა არ არის მიგრაციის შედეგი. აფხაზეთი და შიდა ქართლი კი ქართველი ხალხის ეთნოგენეზის კერები და ქართული კულტურულ-ცივილიზაციური სივრცის განუყოფელი ნაწილებია.
პოლიტიკურ-სიტუაციური ფორმატი _ კოსოვოში ეთნიკური წმენდა, ალბანელი მოსახლეობის სამოქალაქო და პოლიტიკური დისკრიმინაცია განახორციელა სერბეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ხოლო აფხაზეთსა და შიდა ქართლში გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მსხვერპლი გახდა რეგიონების მკვიდრი ქართული მოსახლეობა. მაშასადამე, გარკვეულწილად, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება თვითონ იყო გენოციდისა და დისკრიმინაციის ობიექტი, რის გამოც საქართველოს მორალური პასუხისმგებლობა არ ეკისრება, ხოლო აფხაზებსა და ოსებს სეცესიის არავითარი მორალური უფლება არა აქვთ.
ამრიგად, „კოსოვოს პრეცედენტის“ გავრცელება საქართველოზე სრულიად დაუსაბუთებელია, რადგან ამ „პრეცედენტით“ საერთაშორისო პრაქტიკაში მკვიდრდება სეცესიის ლეგიტიმაციის საერთაშორისო მექანიზმი თავისი ისტორიული (ისტორიისა და ეთნოგენეზის პროცესის ფალსიფიკაცია), პოლიტიკური (სეცესიის მხარდაჭერა რომელიმე ზესახელმწიფოს მიერ, მაგალითად, კოსოვოს შემთხვევაში _ ნატო-ს ალიანსი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შემთხვევაში _ რუსეთი) და იურიდიული (პრეცედენტული სამართალი ერთა თვითგამორკვევის პრინციპის უკანდაწევის ფონზე, ეთნიკური უფლების დაყენება ეროვნულ უფლებაზე მაღლა) საფუძვლებით. ამასთან, „კოსოვოს პრეცედენტის“ მიუღებლობის კონსტატაცია სრულებით არ გულისხმობს საქართველოს პროდასავლური ორიენტაციის გადასინჯვას, ჩვენი სახელმწიფოს მიერ უსაფრთხოების ევროატლანტიკური სისტემის გაუთვალისწინებლობას და ოპოზიციას აშშ-ს გლობალური სტრატეგიის მიმართ.
შენიშვნები
1. Краткая история Албании. М., 1965, გვ. 8.
2. Краткая история Албании, გვ. 9.
3. Краткая история Албании, გვ. 20-33.
4. История Югославии. Т. I. М., 1963, გვ. 88.
5. История Югославии, т. I, გვ. 90.
6. Краткая история Албании, გვ. 15.
7. Э. Валев. Югославский клубок. – География, №13, 1996, გვ. 4.
8. С. Терзич. Историческая подоплёка событий в Косово и Метохии. – „Обозреватель“, №10, 1998, გვ. 40.
9. История Югославии, т. I, გვ. 640.
10. Краткая история Албании, გვ. 173.
11. История Югославии, т. I, გვ. 644.
12. Краткая история Албании, გვ. 177.
13. Краткая история Албании, გვ. 177.
14. Краткая история Албании, გვ. 178.
15. История Югославии. Т. 2. М., 1963, გვ. 187.
16. С. Терзич. Историческая подоплёка событий в Косово.., გვ. 40.
17. Восточная Европа в документах российских архивов. 1944-1953. Т. 2. М., 1988, გვ. 206.
18. М. Джилас. Лицо тоталитаризма. М., 1992, გვ. 96.
19. История Югославии, т. 2, გვ. 256.
20. Dრ. Iბრაჰიმ ღუგოვა – Pრესიდენტ ოფ Kოსოვო. A შჰორტ Bიოგრაპჰყ. იხ. ვებგვერდი:
ჰტტპ://წწწ.ტრეპცა.ნეტ.
21. Dრ. Iბრაჰიმ ღუგოვა – Pრესიდენტ ოფ Kოსოვო. A შჰორტ Bიოგრაპჰყ. იხ. ვებგვერდი:
ჰტტპ://წწწ.ტრეპცა.ნეტ.
22. Документация ООН. A/51/665; შ/1996/931.
23. Dრ. Iბრაჰიმ ღუგოვა – Pრესიდენტ ოფ Kოსოვო. A შჰორტ Bიოგრაპჰყ. იხ. ვებგვერდი: ჰტტპ://წწწ.ტრეპცა.ნეტ.
24. Gროუპ ფორ Kოსოვო: „თჰე Fრეე შტატე ოფ Kოსოვო“. იხ. ვებ-გვერდი: ჰტტპ:// წწწ.ჰელსინკი.ორგ.
25. О. Н. Хлестов. Если по Югославии нанесут удар. – „Независимая газета“, 24 октября 1998г.
26. А. Юлдашев. Хащим Тачи во главе делегации косоваров в Рамбуйе. – „Независимая газета“, 8 февраля 1999г.
27. „Известия“, 25 февраля 1999г.
28. Н. Паклин. Делят шкуру неубитого медведя. – „Российская газета“, 11 марта 1999г.
29. М. Юсин. НАТО вступает в битву за Косово. – „Известия“, 25 марта 1999г.
30. М. Юсин. Белград принимает мирный план. – „Известия“, 4 июня 1999г.
31. М. Юсин. Война в Югославии остановлена. – „Известия“, 10 июня 1999г.
32 В. Михеев. Москве предстоит испытание косовским миром. – „Известия“, 11 июня 1999г.
33. А. Дмитренко. У «косовского сериала» может быть печальный конец. – „Известия“, 25 октября 2004г.
34. А. Дмитренко. У «косовского сериала» может быть...
35. В. Белоусов. Косово остановилось в шаге от независимости. – „Российская газета“, 3 февраля 2006.
36. О. Дмитриева. Условная независимость. – „Российская газета“, 21 февраля 2006г.
Комментариев нет:
Отправить комментарий