понедельник, 19 апреля 2021 г.

კოლხეთის ეთნო-კულტურული ისტორიის ზოგიერთი საკითხი. ახ. წ. II-IV სს.-ის სამარხეული ძეგლების მიხედვით (თ. თოდუა)

    საქართველოს შავიზღვისპირეთის ეთნოკულტურული ისტორიის რეკონსტრუქცია ყველაზე უფრო სრულად სამარხეული ძეგლების საფუძველზეა შესაძლებელი, ვინაიდან სამარხთა ტიპებსა თუ დაკრძალვის წესში, როგორც იდეოლოგიის კონკრეტულ სფეროში, ნათლად და მკაფიოდ ირეკლება ამა თუ იმ ეთნიკური ჯგუფის, ეთნოსის მსოფლმხედველობა, მისი კულტურული პოზიცია. მაგრამ დღეისათვის ამ ხასიათის მონაცემები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ფაქტობრივად არასრულია. შედარებით უკეთესი ვითარებაა ამ მხრივ შიდა კოლხეთში, ვიდრე მის ზღვისპირა ცენტრებში.
სამარხეული ძეგლების მიხედვით, ვითარება ეთნო-კულტურული თვალსაზრისით ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ასე გვესახება: ახ. წ. II-IV სს.-ში ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთში ორი ტიპის სამარხებია დაფიქსირებული _ კრემაციული და ინჰუმაციური. ორივე ტიპის სამარხში დადასტურებულია ერთგვაროვანი მასალა, რაც თავისთავად გამორიცხავს კიდეც სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის არსებობას. მატერიალური კულტურის მთელი რიგი კომპონენტის მნიშვნელოვანი ნაწილიც (მახვილები, ცულები, შუბისპირები, ფარები, დანები, სამაჯურები და სხვ.) III-VIIსს. სოჭიდან წებელდამდე (ზღვისპირა ცენტრების გარდა) ერთგვაროვანია, რაც მონოეთნიკური მასის არსებობაზე მიუთითებს. სამეცნიერო ლიტერატურაში ეს „კულტურა“ ე.წ. „წებელდური კულტურის“ სახელითაა ცნობილი1. ამ კულტურის ერთ-ერთ უმთავრეს განმასხვავებელ ნიშნებად დასახელებულია ისეთი კომპონენტები, როგორიცაა: ე.წ. წებელდური ტიპის ცული და ძაბრისებურპირიანი კერამიკა. მართალია, წებელდური ტიპის ცულები კომპაქტურად სოფ. წებელდასა და მის მიდამოებში გვხვდება, მაგრამ ამგვარი ტიპის ცულების აღმოჩენა დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებშიც ძალიან გახშირდა. ასე, მაგალითად: ასეთი ცულები დადასტურებულია ლეჩხუმში, ზუგდიდის მიდამოებში, აჯამეთში, ვანში, ნოქალაქევში, ვარდციხეში და სხვაგან2. რაც შეეხება ძაბრისებურპირიან კერამიკას, მსგავსი ფორმის ჭურჭელი ცნობილია ბუკისციხიდან, ურეკიდან, ლიის სამარხებიდან3.
„წებელდური კულტურა“ განსაკუთრებული მოვლენა რომ არ იყო და იგი სცდებოდა კიდეც მის ფარგლებს, ამაზე ნათლად მოწმობენ აგრეთვე ჩხოროწყუს სამარხეული ძეგლები, რომლებიც დაკრძალვის წესითა და ინვენტარის შემადგენლობითაც იდენტურია წებელდური წრის სამარხეული კომპლექსებისა. ზოგიერთი მკვლევარი ამ ფაქტს ხსენებულ ტერიტორიაზე აფსილური ტომების განსახლებით ხსნის4, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ იგი საერთო დასავლურ-ქართულ კულტურას წარმოადგენდა და მხოლოდ მისი მთიანი რეგიონისათვის ყოფილიყო დამახასიათებელი, მით უმეტეს, როცა წებელდური კულტურის ელემენტები გენეტიკურად უკავშირდებიან წინამორბედი ხანის კოლხურ-ყობანურ კულტურისას5, რაც, სხვა მხრივ, ძველი კოლხური მოსახლეობის ეთნოკულტურული ტრადიციების გაგრძელებაზე უნდა მიუთითებდეს. აქედან გამომდინარე, ე.წ. „წებელდური კულტურა“ განსაკუთრებული მოვლენა არ არის. იგი ზოგად დასავლურ-ქართული კულტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, მისი ლოკალური ვარიანტი იყო. ამასთან, ჩვენ შორსა ვართ იმ აზრისაგან, რომ ჩრდილოდასავლეთ კოლხეთის მთიან რეგიონში სხვა ეთნიკური ჯგუფის არსებობა უარვყოთ, მაგრამ მოსახლეობის დომინანტს აქ აფსილ-აბაზგები წარმოადგენდნენ, რომლებიც ეთნოკულტურულად ძველკოლხური მოსახლეობის უშუალო ჩამომავლებად უნდა ჩაითვალონ.
ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთის მთიანი რეგიონისაგან განსხვავებით, ბარში ეთნო-კულტურული თვალსაზრისით მდგომარეობა ძალზე სტაბილურია. დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ აქ რაიმე ეთნიკურ ცვლილებებსა თუ პროცესებს ადგილი არა აქვს. ამის მოწმობაა წინამორბედი ხანის კოლხური დაკრძალვის წესისათვის დამახასიათებელი ბანძისა და ძევრის ქვევრსამარხები, მოდინახეს ორმოსამარხები, კლდეეთის ცხენიანი სამარხები და, რაც მთავარია, მათი სამარხეული ინვენტარი, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა გენეტიკურად უკავშირდება გვიანბრინჯაოს, ადრეანტიკური და ელინისტური ხანის კოლხური კულტურის ელემენტებს. ყოველივე ეს აშკარად მეტყველებს მთელი ამ ხნის მანძილზე კოლხური ეთნოსის არსებობასა და კულტურული ტრადიციების სიმტკიცეზე.
მაშასადამე, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის შიდა რეგიონებში დასტურდება მხოლოდ კოლხური დაკრძალვის წესისათვის დამახასიათებელი სამარხეული ძეგლები, ხოლო არ ფიქსირდება ბერძნულ-რომაული ეთნოსისათვის სპეციფიკური დაკრძალვის ისეთი წესები, როგორიცაა: ამფორასამარხები, კრამიტსამარხები, კირხსნარიანი თუ ფილიანი სამარხები, რომლებიც ასე დამახასიათებელი იყო, როგორც ამაში ქვემოთ დავრწმუნდებით, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის სანაპირო ცენტრებისა და საერთოდ ბერძნულ-რომაული სამყაროს ქალაქის მოსახლეობისათვის. ყოველივე ეს იმაზე მიუთითებს, რომ მთელი რომაული ხანის განმავლობაში აქ ტრადიციულად ადგილობრივი, მკვიდრი მოსახლეობა დომინირებდა.
შედარებით უფრო რთულად დგას საკითხი ზღვისპირა ცენტრების მოსახლეობის ეთნოკულტურული ხასიათის შესახებ, რადგან რომაული ეპოქის სამარხეული ძეგლები ჯერჯერობით ორ პუნქტში _ ბიჭვინთასა და ციხისძირშია მეტ-ნაკლებად სრული სახით წარმოდგენილი, ხოლო დანარჩენი ციხე-ქალაქების მოსახლეობის ეთნიკური საკითხების კვლევა გარკვეულწილად წერილობითი წყაროებით ხერხდება. აღნიშნული საკითხების შესწავლისთვის სრულყოფილ ინფორმაციას ბიჭვინთის სამაროვანი გვაძლევს. პიტიუნტის სამაროვნის გეგმაზომიერი არქეოლოგიური შესწავლა 1984-1990წწ. მიმდინარეობდა6. ამ ხნის მანძილზე გაითხარა 500-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სამარხი: ორმოსამარხები, კირხსნარიანი სამარხები, ჭასამარხები, ამფორასამარხები, კრამიტსამარხები, კრემაციული სამარხები, ფილიანი სამარხები. ჩამოთვლილ სამარხთაგან განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევს კირხსნარიანი სამარხები და ამფორასამარხები. პირველი მათგანი უჩვეულოა არა მარტო საქართველოსა და კავკასიის არქეოლოგიური სინამდვილისათვის, არამედ საერთოდ მთელი რომაული სამყაროსათვისაც. მსგავსი ტიპის სამარხები ჯერჯერობით დადასტურებულია ლიბიაში7, მაგრამ იგი კონსტრუქციული თვალსაზრისით საკმაოდ შორს დგას ბიჭვინთური სამარხებისაგან, რადგანაც ეს უკანასკნელი მთლიანად დუღაბითაა ნაგები და არავითარი სხვა სამშენებლო მასალა არ არის გამოყენებული, მაშინ როცა ლიბიის სამარხების ასაგებად კირხსნართან ერთად გამოიყენებოდა აგურ-კრამიტებიც. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამგვარი ტიპის სამარხები ერთ-ერთ წამყვან სახეობას წარმოადგენდა ბიჭვინთის სამარხთა შორის. მათი საერთო რაოდენობა 115 აღწევს. ისმის კითხვა: რით უნდა აიხსნას ასეთი ორიგინალური ტიპის სამარხთა სიმრავლე პიტიუნტში? არ იქნებოდა გამართლებული, რომ ეს გარკვეული ეთნიკური ჯგუფის არსებობის დამადასტურებლად მიგვეჩნია, რადგანაც მათი სამარხეული ასორტიმენტი იგივეა, რაც ორმოსამარხებისა, კრამიტსამარხებისა თუ ფილიანი სამარხებისა. გარდა ამისა, ჩონჩხების ორიენტაციის მხრივაც არ შეიმჩნევა კანონზომიერება. მიცვალებულთა ერთი ნაწილი _ 19 სამარხი _ დამხრობილია თავით ჩრდილოეთისაკენ; 7 _ აღმოსავლეთით; 10-10 _ ჩრდილო- აღმოსავლეთითა და ჩრდილო-დასავლეთით; რაოდენობრივად ყველაზე მეტია დასავლეთის მიმართულებით ორიენტირებული სამარხები _ 51, ხოლო ყველაზე ცოტაა _ სამხრეთ-აღმოსავლეთით _ 2 და სამხრეთ-დასავლეთით _ 6. როგორც ჩანს, ამგვარი ტიპის სამარხებში ბერძენ-რომაელებთან ერთად იკრძალებოდნენ ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებიც. ამაზე მეტყველებს თუნდაც აღმოსავლეთით ორიენტირებული სამარხები, რომლებიც წმინდა ბერძნულ სამყაროში მიღებული დაკრძალვის წესისათვის არის დამახასიათებელი და კირხსნარიანი ცხენიანი სამარხები, რომლებიც, როგორც ამაში ჩვენ ქვემოთ დავრწმუნდებით, ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებს ეკუთვნოდა. ამიტომაც ეს სამარხები სოციალური ფაქტორით უნდა განისაზღვრონ, რადგან კირხსნარიანი სამარხების გამართვა შრომატევადი და ერთობ ძვირადღირებული იყო, თანაც ისინი, სხვა ტიპის სამარხებთან შედარებით, ინვენტარის სიუხვით გამოირჩევიან და ბევრად უფრო მდიდრულადაც გამოყურებიან.
საკმაოდ საინტერესო სამარხთა კატეგორიას განეკუთვნება აგრეთვე ამფორასამარხები. დაკრძალვის ეს წესი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ჯერ კიდევ ადრეანტიკური ხანიდან დასტურდება, მაგრამ განსხვავებით ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთისაგან, სადაც არქაული, კლასიკური და ელინისტური ეპოქის სამაროვნებზე ამფორასამარხები საკმაოდ მრავლად გვხვდება8, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ჯერჯერობით ორიოდე პუნქტშია აღმოჩენილი და ისიც მცირერიცხოვანი სახითაა წარმოდგენილი. ასე, მაგალითად: რამდენიმე ამფორასამარხია დადასტურებული ციხისძირის სამაროვანზე, სადაც დასაკრძალავად გამოყენებული იყო ყელგამობერილი ქიოსური ამფორები, რომლებიც ძვ. წ. VI-Vსს. თარიღდება9. ერთადერთი შემთხვევაა ცნობილი ეშერიდან და იგი ძვ. წ. III-II სს. განეკუთვნება10. ელინისტური ეპოქის დასასრულს ანტიკურ სამყაროში ამფორასამარხთა რიცხვი იკლებს, ხოლო ახ. წ. პირველი საუკუნეებიდან ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთსა11 და ხმელთაშუაზღვისპირეთში12 მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება.
ანალოგიური ვითარებაა პიტიუნტისა და ციხისძირის სამაროვნებზე, სადაც შესაბამისად 65 და 7 ამფორასამარხია გამოვლენილი. ამათგან მხოლოდ ორი, პიტიუნტის #183 და ციხისძირის #17 ამფორასამარხია ინვენტარიანი. ბიჭვინთის ამფორასამარხთა აბსოლუტური უმრავლესობა ახ. წ. III-IVსს. განეკუთვნება13. როგორც ჩანს, დაკრძალვის ეს წესი ჩვენში გვიანანტიკურ-ადრექრისტიანული ხანის მთელ მანძილზე არსებობს. რაც შეეხება ამფორასამარხთა ეთნიკურ ატრიბუციას, იგი ბერძნული სამყაროსათვის არის დამახასიათებელი. საბერძნეთში დაკრძალვის ამგვარი წესი ჯერ კიდევ არქაული ხანიდანაა ცნობილი14, ელინისტური ეპოქიდან კი იგი ფართოდ ვრცელდება ბერძნული სამყაროს პერიფერიებშიც.
სამარხ ნაგებობათა თავისებურ და ამავე დროს მეტად საინტერესო კატეგორიას ქმნის ასევე კრამიტსამარხები. ბიჭვინთის ნეკროპოლზე ჯერჯერობით გამოვლენილია 13 კრამიტსამარხი, რომელთაგან ექვსია ინვენტარიანი, ხოლო დანარჩენი _ უინვენტარო. სამარხები IIIIVსს. თარიღდება. კრამიტსამარხები თავისი აღნაგობის მიხედვით ორ ჯგუფად უნდა დაიყოს: სრული და კომბინირებული კრამიტსამარხები. პირველი მათგანი მთლიანად ბრტყელი კრამიტითაა გამართული, ხოლო მეორე _ გვერდებაკეცილ კრამიტებთან ერთად ნაწილობრივ რიყის ქვითა და აგურის ფრაგმენტებითაა ნაგები. მიცვალებულები დაკრძალულია თავით დასავლეთისაკენ, ზოგჯერ ჩრდილო-დასავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთისაკენ. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში კრამიტსამარხები ელინისტური ხანიდან არის ცნობილი. პირველად იგი აღმოჩნდა დაბლაგომის ძვ. წ. IV-III სს. სამაროვანზე15. სამარხი, როგორც საველე დაკვირვებამ აჩვენა, წარმოადგენდა სწორკუთხა ხის ნაგებობას, რომელიც კრამიტით იყო გადახურული. კრამიტსამარხების რიგს ეკუთვნის აგრეთვე სოხუმსა და ფიჭვნარში აღმოჩენილი სამარხები.
სოხუმში გათხრილი სამარხი სამწუხაროდ გაძარცული აღმოჩნდა. იგი შედგებოდა დოქისა და ორი შავლაკიანი ჭურჭლისაგან. კრამიტსამარხის ძირი და კედლები შედგენილი ყოფილა 22 ბრტყელი კრამიტისაგან, ხოლო სახურავი _ 5-ღარიანი კრამიტისაგან. „კრასნომაიაკის“ სამაროვანზე აღმოჩნდა კიდევ ერთი კრამიტსამარხი, რომელიც ძვ. წ. II ს. თარიღდება16. ელინისტურ ეპოქას განეკუთვნება აგრეთვე ფიჭვნარის კრამიტსახურავიანი სამარხი, რომელიც 1980 წ. აღმოჩნდა ძვ. წ. IV ს. ბერძნული ნეკროპოლის დასავლეთით17. კრამიტი ყველა ერთი ტიპისაა _ ბრტყელი, ოთხკუთხა მოყვანილობის, გვერდებაკეცილი. ზომების (67X51სმ) მიხედვით ისინი უახლოვდება სოლენის ტიპის სინოპური კრამიტების სტანდარტებს. სამარხი გაძარცული იყო. გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით კი _ მცხეთასა და მის შემოგარენში18. აქ აღმოჩენილი კრამიტსამარხები, რომლებიც გვიანელინისტურ- რომაული ხანით თარიღდება, ბრტყელი და ღარიანი კრამიტით ნაგებ ორფერდასახურავიან ყუთებს წარმოადგენდნენ. ზოგს იატაკიც კრამიტისა ჰქონდა. დადასტურებულია კრამიტსამარხებში წყვილთა დაკრძალვა. სამარხთა ერთი ნაწილი მდიდრული ინვენტარის შემცველია.
ელინისტური ეპოქიდან კრამიტსამარხები ფართოდ ჩანს გავრცელებული შავიზღვისპირეთის სხვა ქვეყნებშიც, განსაკუთრებით ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში. ასე, მაგალითად: ძვ. წ. IV საუკუნიდან კრამიტსამარხები ხშირად გვხვდება პანტიკაპეიონისა და ფანაგორიის ნეკროპოლებზე19. ამ ტიპის სამარხების აღმოჩენის შემთხვევები კიდევ უფრო ხშირია ქერსონესის სამაროვანზე. კრამიტსამარხების სახურავები ძირითადად ორფერდაა, ზოგჯერ სახურავად გამოყენებულ კრამიტებს ენაცვლებოდა კირქვის ფილები და ძელები. ქერსონესის კრამიტსამარხების უმრავლესობა ელინისტური პერიოდით განისაზღვრა. ისინი ჩნდება ძვ. წ. IV ს. და ფართოდ გამოიყენება ახ. წ. დასაწყისამდე. რომაულ ხანაში მათი რიცხვი აქ მნიშვნელოვნად მცირდება20. ეჭვგარეშეა, რომ კრამიტსამარხები ბერძნული სამყაროსათვის არის დამახასიათებელი. საბერძნეთში ასეთი სამარხები რეგისტრირებულია ძვ. წ. V ს. დასაწყისიდან. ბერძნულ სამყაროს უკავშირდება აგრეთვე პიტიუნტის სამაროვანზე აღმოჩენილი ერთადერთი ფილიანი სამარხი და კენოტაფი. პირველი მათგანი გაძარცვული აღმოჩნდა, ხოლო მეორის სამარხეული კომპლექსის შემადგენლობაში შედიოდა მინის ბალზამარები (6ც.), თიხის კოჭობი (2ც.), მოოქროვილი მინისა და პასტის მძივები. სამარხები III-IV სს. დათარიღდა.
პიტიუნტის მრავალრიცხოვან სამარხთა შორის საკმაოდ მოკრძალებული ადგილი უკავია კრემაციას. ჯერჯერობით შვიდიოდე კრემაციული სამარხია გამოვლენილი. ამათგან მხოლოდ ერთია ინვენტარიანი (#298 სამარხი), დანარჩენი კი _ უინვენტარო. კრემაცია შესრულებულია ადგილზე. კრემაციის ასეთი წესი _ მიცვალებულთა კრემირება უშუალოდ სამარხეულ ორმოში _ დადასტურებულია ასევე ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის ქალაქებში _ ქერსონესში, პანტიკაპეონის, ნიფეიონისა და ოლბიის სამაროვნებზე, სადაც კრემაცია I-III სს. ფართოდ გავრცელებულ ტიპს წარმოადგენდა21, მაგრამ III ს. შუახანებიდან მათი რაოდენობა იქ მნიშვნელოვნად შემცირებულია22.
პიტიუნტის ნეკროპოლზეც, როგორც ჩანს, III-IV სს. კრემაციულ სამარხთა პროცენტული შეფარდება კირხსნარიან ინჰუმაციურ თუ ამფორასამარხებთან შედარებით ბევრად ნაკლებია. კრემაციული სამარხების ასეთი სიმცირე შავიზღვისპირეთის სამაროვნებზე აიხსნება იმით, რომ ახ. წ. IIს.-დან რომში, ხოლო IIIს.-დან _ მის პროვინციებშიც იწყება კრემაციულის ინჰუმაციური წესით შეცვლის პროცესი23. მკვლევართა ერთი ნაწილი კრემაციას ბერძნული დაკრძალვის წესს უკავშირებს, მაგრამ ეს წესი, როგორც კულანურხვის, გუად-იხუს, წითელი შუქურისა და წებელდის სამაროვნების24 მაგალითიდან ჩანს, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მკვიდრი მოსახლეობისათვისაც არ იყო უცხო, თუმცა კრემაციის შესრულების თვალსაზრისით, ისინი განსხვავდებიან პიტიუნტის კრემაციული სამარხებისაგან. ამიტომაც, შესაძლოა, ეს უკანასკნელი ბერძნულ-რომაულ ეთნოსს დაუკავშირდეს. სამარხთა გაბატონებულ ტიპს ბიჭვინთაში, ისევე როგორც ციხისძირში, ჩვეულებრივი, ტრადიციული ორმოსამარხები წარმოადგენენ. პიტიუნტის ორმოსამარხებში ყველა მიცვალებული დაკრძალულია გაშოტილ მდგომარეობაში, მაგრამ დამხრობისა და ხელების მდგომარეობის მხრივ მათ შორის სხვადასხვაობა შეინიშნება. ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანია ის ორმოსამარხები, სადაც მიცვალებულთ ერთი ან ორივე ხელი დაკრეფილი აქვთ მკერდზე და მენჯის ძვლის არეში. მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით, მიცვალებულის ასეთი მდგომარეობა დამახასიათებელია სარმატული დაკრძალვის წესისათვის და ვოლგისპირეთიდან სარმატული ტომების გადაადგილების გამო, დაკრძალვის ეს წესი ჩნდება ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის, ტამანის ნახევარკუნძულის, სამხრეთ-დასავლეთ ყირიმის ანტიკური ხანის სამარხებში25. კერძოდ, ტამანის ნახევარკუნძულზე და სამხრეთ-დასავლეთ ყირიმში ასეთი სამარხები განიხილება, როგორც სარმატული26. მკვლევართა მეორე ნაწილის აზრით, ჩონჩხის ასეთი მდგომარეობა სარმატული ზეგავლენის მაჩვენებელი არ არის, რადგანაც ისინი გვხვდებიან სხვადასხვა დროსა და სივრცეში. ასე, მაგალითად: დაკრძალვის ეს წესი დადასტურებულია ოლბიის, ბერეზანის, ქერსონესის ძვ. წ. VI-IV სს. სამაროვნებზე27.
დაახლოებით ამავე ქრონოლოგიურ ჩარჩოებს განეკუთვნება კორინთოს, ათენის და ოლინთოს სამაროვნებზე გათხრილი გულმკერდზე ან მენჯის ძვლის არეში ხელებდაკრეფილი სამარხები28.
მოყვანილი მაგალითები აშკარად მოწმობენ, რომ სარმატთა გამოჩენამდე დაკრძალვის ამგვარ პრაქტიკას ადგილი ჰქონდა ბერძნულ ნეკროპოლებზე. ასე რომ, არავითარი საფუძველი არ არსებობს გულმკერდისა და მენჯის ძვლის არეში ხელებდაკრეფილი მიცვალებულები მხოლოდ სარმატულ ეთნოსს დაუკავშირდეს, მით უფრო ბიჭვინთაში, სადაც საერთოდ არ არის დაფიქსირებული სარმატული დაკრძალვის წესისათვის დამახასიათებელი ისეთი ნიშნები, როგორიცაა: თავის ქალის დეფორმირება და ფეხებგადაჯვარედინება. გარდა ამისა, ხსენებული წესის სამარხეულ ინვენტარშიც სარმატული იერის მქონე ნივთები არ ფიქსირდება და ყველა სამარხში ბერძნულ-რომაული სამყაროს სამაროვნებისათვის დამახასიათებელი მასალებია წარმოდგენილი. რაც შეეხება სამარხთა ორიენტაციას, აქაც არაკანონზომიერება შეიმჩნევა: მიცვალებულთა უმეტესი ნაწილი _ დაახლოებით 70% _ დამხრობილია თავით დასავლეთისაკენ. რაოდენობრივად მეორე-მესამე ადგილებზე დგანან ჩრდილოეთით (31 სამარხი) და ჩრდილო-დასავლეთით (36 სამარხი) ორიენტირებული სამარხები. ოციოდე სამარხი აღმოსავლეთისაკენ არის დამხრობილი, სამხრეთ-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით კი, შესაბამისად, 10 და 14 სამარხია ორიენტირებული.
ბიჭვინთის გარდა, სამარხთა დამხრობის ამგვარი არაკანონზომიერება დადასტურებულია რომაული ხანის ჩრდილოეთ და დასავლეთ შავიზღვისპირეთის სამაროვნებზე. ეს განპირობებული იყო იმით, რომ ბიჭვინთაში, ისევე როგორც შავიზღვისპირეთის სხვა რეგიონებსა და საბერძნეთში, ერთიანი და მყარად დადგენილი წესები არ არსებობდა29. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ოჯახის ტრადიციებს, რელიეფს, სამარხეულ ნაგებობათა კონსტრუქციას, გზის მიმართულებას და ა.შ. ამიტომაც ამა თუ იმ მიმართულებით ორიენტირებულ მიცვალებულთა ეთნიკური კუთვნილების საკითხი სამარხეული კომპლექსების სხვა მონაცემებთან მჭიდრო კავშირში უნდა იქნეს განხილული. როგორც საველე დაკვირვებამ აჩვენა, ბიჭვინთის თითქმის ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ ორიენტირებულ სამარხებში დადასტურებულია საკმაოდ დიდი ზომის, სოკოსებურქუდიანი ლურსმნები, ხოლო ზოგან _ ხის ნაშთები, რაც აშკარა მოწმობაა იმისა, რომ მიცვალებულები ხის ყუთებში იკრძალებოდნენ. ხის ყუთებში დაკრძალვა ბერძნული კოლონიებისა და მეტროპოლიისათვის ჯერ კიდევ არქაული ხანიდან იყო ცნობილი30. ხის ყუთების გარდა, ბერძნულ-რომაულ სამყაროში მთელი ანტიკური ეპოქის მანძილზე მიცვალებულთა დასაკრძალავად გამოიყენებოდა ქვის, ტყვიისა და მარმარილოს სარკოფაგები31. მართალია, ეს უკანასკნელი ბიჭვინთის სამაროვანზე არ დადასტურებულა, მაგრამ იგი ყველგან არ იყო სავალდებულო და ანტიკური სამყაროს სხვადასხვა ცენტრში აღნიშნული ტიპის სარკოფაგებმა არათანაბარი გავრცელება ჰპოვა. გარდა ამისა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა აგრეთვე ამა თუ იმ ქალაქის მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას. როგორც ჩანს, პიტიუნტის რომაული ხანის მოსახლეობას ხელი არ მიუწვდებოდა ასეთი ძვირადღირებული სარკოფაგების აგებისათვის. ასეა თუ ისე, ერთი რამ ცხადია: ხის ყუთებში დაკრძალული, აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ ორიენტირებული მიცვალებულები ბერძნული ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს უნდა ეკუთვნოდეს, რადგანაც როგორც ერთი, ისე მეორე მხოლოდ ბერძნული დაკრძალვის წესისათვის არის დამახასიათებელი32. ჩვენს ამ მოსაზრებას მხარს უჭერს აგრეთვე ის ფაქტი, რომ ამგვარი კატეგორიის ზოგიერთ სამარხში დადასტურებულია ტანის გასწვრივ ხელებდაწყობილი მიცვალებულები, რაც ასევე წმინდა ბერძნულ დაკრძალვის წესს უკავშირდება.
პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ პიტიუნტის სამაროვანზე ფართოდ წარმოდგენილი ბერძნულ-რომაული დაკრძალვის სხვადასხვა წესჩვეულებების გვერდით ვერ ვხვდებით ამ სამყაროს წრის ნეკროპოლებისათვის ძალზე დამახასიათებელ სტელებს. გამონაკლისს წარმოადგენს ბიჭვინთის სამაროვნის ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩენილი საფლავის ქვის ფრაგმენტი, რომელიც უდავოდ სპეციალურ შესწავლას იმსახურებს, ვინაიდან აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ანტიკური ხანის სტელები საერთოდ იშვიათია. იგი 1990წ. ჩვენს მიერ იქნა მიკვლეული ნეკროპოლის ჩრდილო-დასავლეთ მონაკვეთზე. შემორჩენილია მისი მხოლოდ ზედა ნაწილი, რომლის კუთხეები ბოლოვდება დეკორატიული, ფურცლოვანი ორნამენტით შემკული ნახევარწრიული აკროტერიით. სტელა, როგორც პექტოგრაფიულმა ანალიზმა ცხადყო, ორგანოგენულ, მარცვლოვან კირქვას წარმოადგენს, შედგება კარგად დაცული მიკროორგანიზმებისაგან. პრეპარატი მკაფიო, ნაზი სტრუქტურისაა, რომელსაც მწვანე ელფერი გადაჰკრავს და მარმარილოს ჩამოჰგავს. ასეთი კირქვები გვხვდება აფხაზეთში და საერთოდ დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებშიც. საფლავის ქვა კარგადაა დამუშავებული და არქიტექტურულადაც საკმაოდ მაღალ დონეზეა გაფორმებული.
როგორც ჩანს, სტელა მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი ოსტატის მიერ უნდა იყოს დამზადებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი სტილისა თუ ხარისხის სტელები მზადდებოდა არა საგარნიზონო სამსახურებში, არამედ სპეციალურ სახელოსნოებში33.
შესაძლოა ჩვენი სტელაც პიტიუნტის სახელოსნოში ყოფილიყო გამოთლილი. ვფიქრობთ, იგი თავის დროზე გამოსახულებიანი თუ არა, წარწერიანი მაინც უნდა ყოფილიყო, რადგან ამგვარად გაფორმებულ სტელებს ხშირად ახლდა ხოლმე გამოსახულებები თუ წარწერები34. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სტელა ეკუთვნოდა სოციალურად საკმაოდ დაწინაურებული წრის წარმომადგენელს. ბიჭვინთური საფლავის ქვის ფრაგმენტი, არქიტექტურული გაფორმების თვალსაზრისით, ემსგავსება პანტიკაპეონსა35 და ქერსონესში36 აღმოჩენილ „დემეტრესა“ და „მარკუსის“ სახელზე აღმართულ სტელებს, რომლებიც შესაბამისად ახ. წ. I და II-III სს. თარიღდებიან. ამ მხრივ იგი ახლოს დგას ასევე ამისოში დადასტურებულ „რიტორისა“ და სინოპეში აღმოჩენილ `ნარცისის~ გვიანანტიკური ხანის სტელებთან37. ბიჭვინთის სტელის აკროტერაზე გამოსახული დეკორატიული ორნამენტი იმქვეყნიურ რწმენა-წარმოდგენებს უკავშირდებოდა და სულთა სიმბოლურ ნიშნად აღიქმებოდა. ანალოგიური ორნამენტები, შავიზღვისპირეთის გარდა, ხშირად გვხვდება აგრეთვე მეზიის, თრაკიის, პანონიისა და დალმაციის რომაული ხანის სტელებზე38. ბიჭვინთური სტელის უახლოეს ანალოგს წარმოადგენს სინოპეში აღმოჩენილი ე.წ. „კალინიკეს“ სტელა, რომელიც ზოგადად გვიანანტიკური ხანით თარიღდება39. ბიჭვინთური სტელის ფრაგმენტი კი, ანალოგებითა და მხატვრულ-სტილისტური ნიშნის მიხედვით, ახ. წ. II-III სს. უნდა დათარიღდეს. რაც შეეხება მის ეთნიკურ კუთვნილებას, სტელა პიტიუნტის ბერძნულ-რომაულ მოსახლეობას უნდა დავუკავშიროთ. ბერძნულ-რომაულ სამყაროს უნდა უკავშირდებოდეს აგრეთვე დასავლეთისაკენ დამხრობილი სამარხთა გარკვეული ნაწილი, ვინაიდან ისინი ხის ყუთებში იყვნენ დაკრძალული. საერთოდ კი უნდა აღინიშნოს, რომ დასავლეთით ორიენტირებულ სამარხთა უმრავლესობა რელიგიური ასპექტით უფრო უნდა აიხსნას, ვიდრე ეთნიკური სხვაობით. რაც შეეხება ჩრდილოეთისა და ჩრდილო-დასავლეთი მიმართულებით დამხრობილ სამარხებს, მართალია, ამგვარი ორიენტაცია ბერძნული სამყაროს ელინისტური ხანის სამაროვნებისათვის არ იყო უცხო, რასაც მოწმობს თუნდაც ქერსონესის სამარხები, რომელთა გარკვეული ნაწილი გვიანანტიკურ ხანაში ჩრდილოეთისაკენ ჩანს დამხრობილი, მაგრამ იგი უფრო აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთისათვის არის დამახასიათებელი40.
ადრეანტიკურ, ელინისტურ და რომაულ ხანაშიც კოლხეთის შიდა თუ ზღვისპირა ზოლში ჩრდილოეთით დამხრობილი ჩონჩხები ჭარბობენ. ნიშანდობლივია, რომ პიტიუნტის აღნიშნული მიმართულებით ორიენტირებულ #53, #61, #63, #128, #142, #167, #168, #193, #347, #374 ორმოსამარხებში მიცვალებულებთან ერთად ცხენებიც არის დაკრძალული, ხოლო ერთ-ერთ სამარხში (#53) ძაღლის ჩონჩხიც აღმოჩნდა, რაც წინამორბედი და გვიანანტიკური ხანის ბერძნულ-რომაული მოსახლეობისათვის არ იყო დამახასიათებელი. აქედან გამომდინარე, სრული საფუძველი გვაქვს იმისა, რომ პიტიუნტის ცხენიანი სამარხები და, ამასთანავე, ძაღლის სამარხიც ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებს დავუკავშიროთ. ჩვენს ამ მოსაზრებას მხარს უჭერს ისიც, რომ ამ ტიპის სამარხები კოლხეთში ძვ. წ. VII ს. გვხვდება41, ხოლო გვიანანტიკურ ხანაში ცხენიანი სამარხები დადასტურებულია კლდეეთის, წებელდის, ჟინვალისა და საქართველოს სხვა რეგიონების სამაროვნებზე42. აღსანიშნავია აგრეთვე ის ფაქტიც, რომ ჩრდილოეთით და ჩრდილო-დასავლეთისაკენ ორიენტირებულ ზოგიერთ სამარხში დაფიქსირებულია ადგილობრივი კერამიკა (ქოთნები, დოქები), სალეს ქვებთან თუ სამზარეულო დანებთან ერთად. ამგვარი სამარხეული ინვენტარი, განსაკუთრებით სალესი ქვები და სამზარეულო დანები ბერძნულ-რომაული სამარხეული კომპლექსისათვის უცხო იყო. ბერძნულ- რომაული სამყაროს დაკრძალვის წესისათვის არ არის დამახასიათებელი ასევე ჭასამარხები, რომლებიც ბიჭვინთის სამაროვანზე ხუთიოდე ნიმუშითაა წარმოდგენილი. ამდენად, ისინიც ადგილობრივი, მკვიდრი მოსახლეობის წარმომადგენლებს უნდა ეკუთვნოდნენ. ყოველივე ეს ცხადყოფს, რომ რომაული ხანის პიტიუნტის საკმაოდ ჭრელი მოსახლეობის არც თუ ისე უმნიშვნელო ნაწილს ადგილობრივი ტომები შეადგენდნენ.
ვფიქრობთ, მკვიდრი მოსახლეობის ხვედრითი წილი განსაკუთრებით უნდა გაზრდილიყო პიტიუნტში IV-VI სს., რასაც არაპირდაპირ მოწმობს არა მარტო ნაქალაქარის კედლებს გარეთ მდებარე ორაფსიდიანი ეკლესია და ალაჰაძის ტაძარი, არამედ აღნიშნული ხანის კულტურულ ფენებში ადგილობრივი, რუხკეციანი კერამიკის სიმრავლე, რომელთა ერთი ნაწილი, მართალია, რომაულ-ბიზანტიური გარნიზონის მომარაგებაზე იყო ორიენტირებული, მაგრამ მათი გარკვეული ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობის არსებობაზეც უნდა მიუთითებდეს. მაშასადამე, რომაული ხანის პიტიუნტისა და ციხისძირის მოსახლეობის დომინანტს ბერძნული ეთნოსი წარმოადგენდა, ხოლო გარკვეულ ნაწილს ადგილობრივი, მკვიდრი მოსახლეობა შეადგენდა. დაახლოებით იგივე ვითარება უნდა ყოფილიყო დანარჩენ ციხე-ქალაქებშიც. ასე, მაგალითად: სებასტოპოლისში ახ. წ. პირველ საუკუნეებში საკმაოდ ჭრელი მოსახლეობა ჩანს. პლინიუსის მიხედვით, აქ „რომაელები 130 თარჯიმნის მეშვეობით აგვარებდნენ თავიანთ საქმეებს“.43
მიუხედავად ამისა, დიოსკურია-სებასტოპოლისშიც, ისევე როგორც პიტიუნტსა და ციხისძირშიც, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ბერძნული ეთნოსისაგან შედგებოდა. ამის დასტურია სოხუმში აღმოჩენილი ქვის სარკოფაგები და, რაც მთავარია, ბერძნული გრაფიტოების სიმრავლე. ელინური ეთნოსის ფონზე საკმაოდ მოკრძალებული ადგილი უნდა სჭეროდათ რომაელებსა და რომანიზებულ პროვინციალებს, რასაც მოწმობს ლათინური წარწერების სიმცირე ბერძნულთან შედარებით და საკმაოდ მრავალრიცხოვანი ბერძნული გრაფიტოები პიტიუნტსა თუ დიოსკურია-სებასტოპოლისში. ვფიქრობთ, რომაელები, უფრო კი აღმოსავლური თუ ბერძნული წარმომავლობის რომაელ მოქალაქეთა წრის წარმომადგენლები უნდა ყოფილიყო უმაღლესი სამეთაურო კორპუსი, რისი არაპირდაპირი მოწმობაცაა პიტიუნტისა და აფსაროსის გარნიზონების მეთაურთა _ სუკესიანუსისა და კელერის სახელები, რომლებიც რომაული ანთროპონიმიკის რიცხვს განეკუთვნება. ამავე ეთნიკური ჯგუფისაგან უნდა ყოფილიყო შემდგარი აგრეთვე ვეტერანთა ერთი ნაწილი. ამის თვალსაჩინო ილუსტრაციაა აფსაროსიდან გაგზავნილ წერილში მოხსენიებული კლავდიუსის სახელობის II კოჰორტის ვეტერანი მარციალი44. სწორედ აღნიშნული ეთნიკური წარმომავლობის პირებს ხელეწიფებოდათ ყველაზე მეტად რბილ ფორმებში და უფრო ეფექტურად გაეტარებინათ აქ იმპერიისათვის სასურველი პოლიტიკა, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში შუამავლის როლიც ეკისრათ ადგილობრივ მოსახლეობასა და რომაელ ჯარისკაცებს შორის, რადგანაც ზღვისპირა ციხე-ქალაქების მოსახლეობის ძირითად მასას ბერძნული ეთნოსი წარმოადგენდა და ამავე დროს აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის თვით მკვიდრი მოსახლეობაც ტრადიციულად ბერძნულ სამყაროსთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული. ასე რომ, ამგვარ გარემოცვაში მყოფ ხსენებული ეთნიკური წრის სამეთაურო კორპუსის ხელმძღვანელებს მართლაცდა არ უნდა გაძნელებოდათ აქაურ მოსახლეობასთან საერთო ენის გამონახვა და საერთოდ რეგიონში სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნება. რომაული გარნიზონების რიგითი ჯარისკაცები და კანაბას (სამოქალაქო დასახლება) მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილიც მცირეაზიური ბერძნებისა და ელინიზებული ელემენტებისაგან უნდა ყოფილიყო დაკომპლექტებული. ციხე-ქალაქების ამგვარ, ჩვენეულ ეთნო-კულტურულ ატრიბუციას მხარს უჭერს და დოკუმენტურად ასაბუთებს კიდეც ის, რომ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის სანაპირო ციხე-ქალაქთა მატერიალური კულტურის მთელი რიგი არსებითი კომპონენტები იდენტურია მცირეაზიური სამყაროს კულტურული ელემენტებისა.
რაც შეეხება ზღვისპირა ცენტრებში, კერძოდ ფასისში, აფსაროსსა და დიოსკურია-სებასტოპოლისში ადგილობრივი, მკვიდრი მოსახლეობის ყოფნა-არყოფნის საკითხს, ამის შესახებ რომაული ხანის ავტორები თითქმის არავითარ ინფორმაციას არ იძლევიან, რაც, ჩვენი აზრით, სამხედრო მოხსენებათა ხასიათით აიხსნება, მაგრამ რომაელ ავტორთა მასალებში მაინც გვხვდება გარკვეული, არაპირდაპირი ცნობები ამ საკითხთან დაკავშირებით. ასე, მაგალითად: არიანეს მინიშნება, რომ ფასისში „ზღვის ნაპირზე მცხოვრებთ საქონელი წყლის დასალევად ზღვაზე მიჰყავთ“,45 აქ ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის არსებობას გვავარაუდებინებს. ფასისში რომ ადგილობრივი მოსახლეობაც ცხოვრობდა, ეს არიანეს ნაშრომის სხვა ადგილიდანაც ჩანს, კერძოდ, არიანეს გადმოცემით, მას ფასისში მოუსმენია იაზონთან დაკავშირებული თქმულებები და დაუთვალიერებია არგოსთან დაკავშირებული ძველი ღუზები. აქვე მას შეუტყვია ფასისის წყლის მაგიური მნიშვნელობის შესახებაც46. ცხადია, ეს ამბები არიანეს ფასისის მკვიდრი მოსახლეობისაგან უნდა გაეგო და არა რომაელი ჯარისკაცების ან ვეტერანებისაგან. თუ არიანეს დროს ფასისში მკვიდრი მოსახლეობის ცხოვრება სათუოა, VI ს. შუა წლებისათვის ეს ეჭვს არ უნდა იწვევდეს, რისი დასტურიცაა აგათიას ერთი ცნობა. აი, ისიც: „ლაზებს რომ ძველად კოლხები ეწოდებოდათ და სწორედ ისინი არიან, ამაში ეჭვი არ შეეპარება არავის, თუ კი ის გაეცნობა ფასისისა, კავკასიისა და მათ გარშემო მდებარე მოსახლეობას“.47 როგორც აგათიას ამ ცნობიდან ჩანს, მისი დროისათვის ფასისში ლაზური მოსახლეობა ჭარბად თუ არა, არც თუ ისე მცირერიცხოვანი ყოფილა. სებასტოპოლისის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილსაც ადგილობრივი ელემენტი შეადგენდა. როგორც ცნობილია, სებასტოპოლისის ციხის გარეთ დადასტურებულია კულტურული ფენები. ამიტომაც, ფასისის ანალოგებიდან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ აქ ცხოვრობდნენ გადამდგარი ჯარისკაცები და მათი ოჯახები48.
ვფიქრობთ, მათ გვერდით ადგილობრივ, მკვიდრ მოსახლეობასაც უნდა ეცხოვრა, მით უფრო, რომ გვიანანტიკურ ხანაშიც ძველი დიოსკურია ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა, როგორც საქალაქო დასახლება. ადგილობრივი, მკვიდრი მოსახლეობა ჩანს აფსაროსშიც. არიანეს ცნობა იმის შესახებ, რომ „აქ აფსირტეს საფლავს უჩვენებენ“,49 ამის თქმის საშუალებას გვაძლევს. საერთოდ კი ზღვისპირა ცენტრებში მკვიდრი მოსახლეობაც რომ ცხოვრობდა, გარკვეულწილად პტოლემაიოსის ცნობაც მოწმობს: „კოლხეთის ზღვისპირა ნაწილი დასახლებულია ლაზებით“. 50 რომაული ხანის ზღვისპირა ცენტრებში მკვიდრი მოსახლეობის ხვედრითი წილის ზრდისა და მისი გარკვეული ზეგავლენის არაპირდაპირ მოწმობად შეიძლება მოვიშველიოთ არიანეს ცნობა ტრაპეზუნტის „ბარბარიზაციის“ შესახებ. კერძოდ, არიანე კონკრეტულად უთითებს, რომ აქ „ბერძნული წარწერა შეცდომითაა შედგენილი, რადგან ბარბაროსების მიერ ყოფილა დაწერილი“.51 თუ ამ ელინურ ქალაქში „ბარბაროსების“ _ ე. ი. მკვიდრი მოსახლეობის ზეგავლენა საკმაოდ დიდი ჩანს, მით უფრო საგრძნობი უნდა ყოფილიყო ეს ტრადიციულ კოლხურ ქალაქებში _ ფასისში, აფსაროსში ან დიოსკურია-სებასტოპოლისში, რომელთა მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს წინამორბედ ხანაში ქართველური ტომები _ მეგრელ-ჭანები შეადგენდნენ. ყოველივე ზემოთქმულთან ერთად თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ ახ. წ. II-III სს. რომის ხელისუფლება ფართოდ ასახლებდა იმპერიის პროვინციულ ქალაქებში „ბარბაროსებს“, მაშინ ზღვისპირა ცენტრებში მკვიდრი მოსახლეობის არსებობა სავსებით რეალური ჩანს.
ამრიგად, განსხვავებით შიდა რეგიონებისაგან, სადაც არ წარმოქმნილა დასავლეთ პროვინციების ქვეყნებისათვის დამახასიათებელი პოლიეთნიკური ჯგუფები და მხოლოდ ადგილობრივი, მკვიდრი მოსახლეობა ფიგურირებდა, ზღვისპირა ცენტრების მცხოვრებთა ძირითად კონტინგენტს ბერძნულ-რომაული მოსახლეობა წარმოადგენდა, ხოლო მკვიდრ მოსახლეობას არც თუ ისე უმნიშვნელო ადგილი ეკავა. ყოველივე ეს კიდევ ერთი მოწმობაა რომანიზაციის შედარებით უფრო მაღალი დონისა ზღვისპირა პუნქტებში, ვიდრე შიდა, ცენტრალურ რეგიონებში, სადაც არსებითსა და განმსაზღვრელს ტრადიციულად ადგილობრივი, დასავლურ-ქართული კულტურა წარმოადგენდა.
შენიშვნები
1.. М. М. Трапш. Труды, III, Тб., 1971, გვ. 212-213; Ю. Н. Воронов. Тайна цебельдинской долины, М., 1975, გვ. 134-136.
2. ვ. ჯაფარიძე. ვარდციხის ნაქალაქარი, თბ., 1989, გვ. 107.
3. ვ. ჯაფარიძე. წებელდური კულტურის ზოგიერთი საკითხისათვის, _ სას, II, 1979, გვ. 82.
4. Ю. Н. Воронов. Тайна.., გვ. 135.
5. М. М. Трапш. Труды, III, გვ. 136-137.
6. Г. А. Лордкипанидзе, Н. Ш. Кигурадзе, Т. Т. Тодуа. Раскопки Пицундского некрополя и городища. – ПАИ в 1984-1985гг., Тб., 1987, გვ. 55-60.
7. P. თესტინი. Aრცჰაელოგია ჩრისტიანა, ღომა-Pარიცი-Nეწ Yორკ, 1958, გვ. 78, სურ. 2.
8. В. М. Зубарь. Некрополь Херсонеса Таврического I-IVвв. н. э., Киев, 1982, გვ. 50.
9. ნ. ინაიშვილი. ციხისძირის ახ. წ. I-VIსს. არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 1993, გვ. 92.
10. Б. А. Куфтин. Материалы к археологии Колхиды, I, Тб., 1949, გვ. 33.
11. В. М. Зубарь. Некрополь.., გვ. 51.
12. P. თესტინი. Aრცჰაელოგია ჩრისტიანა, გვ. 86.
13. ნ. ინაიშვილი. ციხისძირის.., გვ. 97.
14. P. შ. Kურზ, ჟ. Bორდმან. Gრეეკ Bურიალ ჩუსტომს, L., 1971, გვ. 99.
15. ვ. თოლორდავა. მდიდრული სამარხი დაბლაგომიდან. _ ვანი II, თბ., 1976, გვ. 68-78.
16 Ю. Н. Воронов. Диоскуриада-Себастополис-Цхум, М., 1980, გვ. 56.
17 ა. კახიძე. კრამიტსახურავიანი სამარხი ფიჭვნარიდან. _ სდსძ, XVII, თბ., 1988, გვ. 53-55.
18. ა. აფაქიძე. ქალაქები და საქალაქო ცხოვრება ძველ საქართველოში, I, თბ., 1963, გვ. 85.
19. Г. А. Цветаева. Грунтовой Некрополь Пантикапея, его история, этнический и социальный состав. – МИА, 19, 1951, გვ. 73.
20. В. М. Зубарь. Некрополь.., გვ. 15-16.
21. В. М. Зубарь. Некрополь.., გვ. 52.
22. იქვე, გვ. 58.
23. G. M. თოყნბეე. Aნიმალ ინ ღომან Lიფე ანდ Aრტ, L., 1973, გვ. 40.
24. М. М. Трапш. Труды, III, გვ. 124-125.
25. Д. Б. Шелов. Танаис и нижний Дон, М., 1972, გვ. 236-237.
26. Ю. М. Десятчиков. Сарматы на Таманском полуострове. – СА, №4, 1972, გვ. 72.
27. С. И. Капощина. Скорченные погребения Ольвии и Херсонеса. – СА, №4, 1941, გვ. 161-164.
28. G. ჭ. Bლეგენ, H. Pალმერ, K. შ. Yოუნგ. თჰე Nორტჰ ჩემეტერყ, Pრინცეტონ, Nეწ ჟერსეყ, 1964, გვ. 112; P. O. Hარპერ. თჰე Hეავენლყ თწინს. – ABMM, 1, 1965, გვ. 139-140.
29. В. М. Зубарь. Некрополь.., გვ. 44.
30. F. F. Gრავეს. Bურიალ ჩუსტომს ოფ ტჰე Aნციენტ Gრეეკს, Bროოკლყნ, 1891, გვ. 51-52.
31. P. შ. Kურზ, ჟ. Bორდმან. Gრეეკ Bურიალ ჩუსტომს, გვ. 267-270.
32. D. ღობინსონ. Eხცავატიონს ატ Oლყნტჰუს, Bალტიმორე, 1942, გვ. 143.
33. Античная скульптура Херсонеса, Киев, 1975, გვ. 14.
34. Э. И. Соломоник. Латинские надписи Херсонеса Таврического, М., 1983, გვ. 14.
35. Античные государства Северного Причерноморья, М., 1984, გვ. 294, ტაბ. IV, 4.
36. Э. И. Соломоник. Латинские надписи.., გვ. 60-61; #33.
37. М. И. Максимова. Античные города юго-восточного Причерноморья, М.-Л., 1957, გვ. 426, სურ. 45, 47.
38. G. I. Fლორესცუ. Mონუმენტი Fუნერარი ღომანი Dელლა Dაცია Iნფერიორე, Bუცურესტი, 1942, გვ. 97-100.
39. М. И. Максимова. Античные города.., გვ. 425-426, სურ. 44.
40. В. М. Зубарь. Некрополь.., გვ. 44.
41. М. М. Трапш. Памятники колхидской и скифской култур в селе Куланурхва, Сухуми, 1962, გვ. 227.
42. გ. ლომთათიძე. კლდეეთის სამაროვანი, თბ., 1957, გვ. 155; Г. А. Лордкипанидзе. К истории древней Колхиды, Тб., 1970, გვ. 61.
43. Pლინ., NH, VI, 15.
44. М. П. Спейдел. Древнейший манускрипт (Письмо из римской крепости Апсар). – ВДИ, №4, 1985, გვ. 178.
45. Aრრ., PPE, 8.
46. Aრრ., PPE, 9.
47. გეორგიკა, ტ. 3, თბ., 1936, გვ. 27-28.
48. В. А. Леквинадзе. Понтийский лимес. – ВДИ, №2, 1969, გვ. 84.
49. Aრრ., PPE, 6.
50. Pტოლ., Gეოგრ., IX, 5.
51. Aრრ., PPE, 1.

Комментариев нет:

Отправить комментарий