вторник, 20 апреля 2021 г.

რუსეთის მიერ დასავლეთ კავკასიის დაპყრობა და აფხაზეთი (ბ. ხორავა)

    1859 წლის აგვისტოში დამთავრდა კავკასიის ომის (1817-1864) ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი: რუსეთმა ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასია _ ჩეჩნეთ-დაღესტანი დაიპყრო. ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში ომის დამთავრებისთანავე მთიელები დარწმუნდნენ, რომ რუსეთთან ბრძოლის განახლება უაზრობა იყო და გადაწყვიტეს, გაცლოდნენ მათთვის მიუღებელ ახლად დამყარებულ კოლონიურ რეჟიმს. ჩეჩნებისა და დაღესტნელების ნაწილი, ასევე მცირე რაოდენობით ოსები, სულ 100 ათასამდე მთიელი თურქეთში გადასახლდა.
    რუსეთის მიერ ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის დაპყრობის შემდეგ, ცარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდნენ დასავლეთ კავკასიის მთიელები _ მრავალრიცხოვანი ადიღური ტომები და აბაზური თემები. ამიტომ რუსეთის სარდლობამ აქეთკენ გადმოისროლა 200-ათასიანი კავკასიის არმიის ძირითადი ნაწილები.
    ალექსანდრე II (1855-1881) სარდლობისაგან მოითხოვდა, რომ კავკასიის ომი, რომელიც ნახევარი საუკუნის მანძილზე გაიწელა და უზარმაზარ სახსრებს ნთქავდა, მალე დაემთავრებინათ. ომში სწრაფი გამარჯვება რუსეთს სჭირდებოდა აგრეთვე ევროპის თვალში ყირიმის ომში (1853-1856) დამარცხებით შერყეული ავტორიტეტის აღსადგენად1.
    ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის მთიელთა ბრძოლის მეთაურის შამილის დანებებამ დიდი გავლენა მოახდინა დას. კავკასიის მთიელებზე. 1859წ. ნოემბერში რუსებს დამორჩილდნენ აბაძეხები. დანებდა დას. კავკასიის მთიელთა ბრძოლის ერთ-ერთი მეთაური, აბაძეხების წინამძღოლი მუჰამედ ემინი2. 1860წ. იანვარში რუსებს დამორჩილდნენ და თურქეთისკენ დაიძრნენ ნათხვაჯები, მახვაშები, ბესლენეები3. ზაფხულში ამოიწურა აბაზა თემებისთვის მიცემული მოსაფიქრებელი ვადა და ბაშილბაები, ბაღები, ბარაყაელები, ყაზილბეკები, თამები, შახგირეების ნაწილი მათთვის დანიშნულ დროს თურქეთში გადასახლდნენ. ამდენად, ვრცელი მხარე მდ. ბელაიასა და მდ. ლაბას შორის მთლიანად გაიწმინდა მთიელებისაგან4.
    დასავლეთ კავკასიის დაპყრობისათვის ბრძოლაში რუსეთის სარდლობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა აფხაზეთს. რუსეთის სარდლობისათვის ნათელი იყო, რომ სანამ მათ აფხაზეთში მხოლოდ სანაპირო ზოლი ეჭირათ, რუსეთის გავლენა ამ მხარეში მტკიცე ვერ იქნებოდა. 1860წ. დამდეგს რუსეთის სარდლობამ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთის ჩრდ. კავკასიასთან დამაკავშირებელი გზის გაყვანაზე, რასაც არა მარტო სამხედრო და ადმინისტრაციული მნიშვნელობა ჰქონდა, ეს იყო მნიშვნელოვანი საშუალება ქვეყნის საბოლოო დაპყრობისათვის. გადაწყდა, პირველ ხანებში, აფხაზეთის სანაპიროდან ფსხუმდე სასაპალნე გზის გაყვანა. იმავდროულად განხორციელდა კავკასიონის მთავარი ქედის უღელტეხილებისაკენ მიმავალი გზების რეკოგნისცირება5. ფსხუში რუსების გავლენა უმნიშვნელო იყო. ფსხუელები კვლავ ესხმოდნენ თავს აფხაზეთის სოფლებს, რუსულ სიმაგრეებს, მიჰყავდათ ტყვეები. ამიტომ გზის გაყვანა რომ არ შეფერხებულიყო და საბოლოოდ დაემორჩილებინათ ფსხუ, გადაწყდა ექსპედიციის მოწყობა6.
    1860წ. აგვისტოში აფხაზეთში განლაგებული რუსეთის ჯარების სარდალმა გენერალმა ი. ყორღანოვმა დამსჯელი ექსპედიცია მოაწყო ფსხუში. მასში აფხაზთა სახალხო ლაშქარიც მონაწილებოდა.
იმავდროულად, რუსეთის საბრძოლო ხომალდებმა რეიდი მოაწყვეს ჯიქებისა და უბიხების სანაპიროზე და ისეთი შთაბეჭდილება შექმნეს, თითქოს დესანტის გადასხმას აპირებდნენ. ამ ოპერაციის მიზანი იყო, დაეშინებინათ ჯიქები და უბიხები და ამით აღეკვეთათ ფსხუელებისადმი მათი დახმარების შესაძლებლობა. თუმცა ფსხუელებს დახმარების ხელი მაინც გაუწოდეს  როგორც სანაპირო ჯიქებმა, ისე მთის თემებმა – აჰჭიფსხუმ და აიბგამ. მიუხედავად მედგარი წინააღმდეგობისა, ფსხუელები დამარცხდნენ. მათ მორჩილება გამოუცხადეს რუსეთის სარდლობას და მძევლებიც მისცეს7. რუსთა დამსჯელმა რაზმებმა არც ჯიქებს აპატიეს ფსხუს დახმარება, რის გამოც არდბას ფეოდალური საგვარეულოს ქვეშევრდომები იძულებული გახდნენ მიეტოვებინათ თავიანთი საცხოვრებლები და მთებისათვის შეეფარებინათ თავი8.
ფსხუში მოწყობილი ექსპედიციის წარმატებას აფხაზეთის ამ მთის თემში რუსეთის გავლენის გაძლიერება არ მოჰყოლია9. ფსხუ კვლავ რჩებოდა რუსეთის მფლობელობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერად.
1860წ. სექტემბერში კავკასიის მეფისნაცვალმა და კავკასიის არმიის მთავარსარდალმა ა. ბარიატინსკიმ (1856-1862), ომის სწრაფად დამთავრებისათვის ღონისძიებების დასახვის მიზნით, ვლადიკავკაზში სამხედრო თათბირი მოიწვია. თათბირზე გადაწყდა, რომ დას. კავკასიის დასამორჩილებლად შეტევა დაეწყოთ მდ. ლაბისა და მდ. ბელაიას ზემო წელიდან და მთებიდან შავი ზღვისაკენ გამოედევნათ აბაძეხები, შაფსუღები, უბიხები. მათ მიერ სტავროპოლის გუბერნიის სტეპებში გადასახლებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ისინი თურქეთში გადაესახლებინათ, ხოლო მათ მიწა-წყალზე რუსები ჩაესახლებინათ, უმთავრესად კაზაკები. ამის გარეშე, როგორც რუსეთის სარდლობა თვლიდა, კავკასიის დაპყრობა სრული და საბოლოო არ იქნებოდა10.
ამრიგად, კავკასიის სარდლობის გეგმით, დასავლეთ კავკასიის მთიელები უნდა აეყარათ თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან და იქ რუსები ჩაესახლებინათ. რუსულ კოლონიზაციას არა მხოლოდ უნდა დაეგვირგვინებინა ქვეყნის დაპყრობა, არამედ ის თვითონ უნდა ყოფილიყო დაპყრობის ერთ-ერთი მთავარი საშუალება11.
იმავე თათბირზე განხორციელდა კავკასიის არმიის რეორგანიზაცია. ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის დაპყრობით და დასავლეთ კავკასიაში საომარი მოქმედებების მდ. ყუბანის სამხრეთით, მთიან ზოლში და შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე გადატანით, კავკასიის „საკორდონო ხაზმა“ მნიშვნელობა დაკარგა. ამიტომ იგი გაუქმდა. კავკასიის ხაზის მარცხენა ფრთა, რომელიც თერგის აუზს მოიცავდა, თერგის ოლქად გარდაიქმნა, ხოლო მარჯვენა ფრთა, რომელიც ყუბანის აუზს მოიცავდა – ყუბანის ოლქად. ორივე ამ ოლქმა სტავროპოლის გუბერნიასთან ერთად მიიღო სახელწოდება „ჩრდილოეთ კავკასია“.
იმავდროულად, კავკასიის სახაზო კაზაკთა ჯარიც გარდაიქმნა: თერგის ოლქში დასახლებულმა სახაზო კაზაკებმა შეადგინეს თერგის ოლქის კაზაკთა ჯარი, კავკასიის სახაზო კაზაკთა ჯარის 6 ბრიგადა უნდა დასახლებულიყო ყუბანის ზემო წელიდან შავი ზღვის სანაპირომდე და შერწყმოდა შავი ზღვის კაზაკთა ჯარს, რის შედეგადაც შეიქმნებოდა ყუბანის კაზაკთა ჯარი12. ა. ბარიატინსკიმ კავკასიის არმიის სარდლობაშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინა. დ. მილიუტინის რუსეთის სამხედრო მინისტრის ამხანაგად (მოადგილე) დანიშვნასთან დაკავშირებით მან დატოვა კავკასიის არმიის მთავარი შტაბის უფროსის პოსტი. ამ თანამდებობაზე იგი შეცვალა კავკასიის არმიის მარჯვენა ფრთის სარდალმა გენერალმა გ. ფილიპსონმა. ყუბანის ოლქის უფროსად და ყუბანის ოლქის ჯარების სარდლად დაინიშნა მარცხენა ფრთის სარდალი გენერალი ნ. ევდოკიმოვი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის დაპყრობაში. იმავდროულად, იგი დარჩა თერგის ოლქის უფროსად და თერგის ოლქის ჯარების სარდლად. ამრიგად, ა. ბარიატინსკიმ ნ. ევდოკიმოვს დაუმორჩილა მთელი ჩრდილო კავკასია. ის დაინიშნა ასევე ყუბანის კაზაკთა ჯარის უმაღლეს ატამანად13.
ამრიგად, 1860 წლის შემოდგომიდან კავკასიის დამორჩილების მთავარ საშუალებად მიჩნეულ იქნა სამხედრო კოლონიზაცია. აქამდე კავკასიელი მთიელების წინააღმდეგ ეწყობოდა ექსპედიციები, ამარცხებდნენ მათ, იმორჩილებდნენ, მაგრამ შემდეგ ისინი კვლავ იბრძოდნენ რუსების წინააღმდეგ. ეს იწვევდა ჯარისკაცთა დიდ მსხვერპლს, ქვეყანა კი დაუმორჩილებელი რჩებოდა14.
ამიერიდან, გადაწყდა შეეწყვიტათ უშედეგო სამხედრო ექსპედიციები და შედგომოდნენ მთის სისტემურ დასახლებას კაზაკთა სტანიცებით, ხოლო კავკასიელი მთიელები გადაესახლებინათ დაბლობზე ან გაესახლებინათ თურქეთში. რუსეთის ხელისუფლება ამ გზით ცდილობდა, კავკასიელი მთიელებისათვის მოესპო ბუნებრივი თავშესაფარი მთების სახით და დაბლობზე ჩამოსახლებით თავისი ადმინისტრაციის კონტროლისათვის დაექვემდებარებინა ან თურქეთში გადასახლებით შეემცირებინა მათი ხვედრითი წილი ქვეყანაში და დაესუსტებინა ისინი15. მოგვიანებით, 1861წ. ოქტომბერში ა. ბარიატინსკი გულახდილად აღნიშნავდა, რომ დასავლეთ კავკასიის მთიელთა გადასახლების მიზანი იყო „Избавить кавказское плоскогорье от населения... и от- крыт этим самым прекрасные и плодородные места для... казачьего поселения“.16
1861წ. იანვარ-თებერვალში რუსებმა საომარი მოქმედებები დაიწყეს კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ კალთებზე, მდ. აფიფსის შენაკადის შებშის ზემო წელში მცხოვრები შაფსუღების წინააღმდეგ. მდ. ლაბასა და მდ. ბელაიას შორის მცხოვრები ტომები: აბაძეხები, მახვაშები, ეგერუყვები, თემირგოი ლოიალობას ინარჩუნებდნენ რუსებისადმი. ამით სარგებლობდნენ ეს უკანასკნელნი, კაფავდნენ ტყეებს, გაჰყავდათ გზები, აგებდნენ სიმაგრეებს. რუსების ასეთმა მოქმედებამ აბაძეხების აჯანყება გამოიწვია. მათ განაახლეს თავდასხმები რუსების დასახლებებზე და ჯარის ნაწილებზე.
ნ. ევდოკიმოვმა ისარგებლა აბაძეხების მიერ საომარი მოქმედებების განახლებით, გააუქმა 1859წ. მათთან დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება და ულტიმატუმი წაუყენა – გადასახლებულიყვნენ ყუბანზე. მაგრამ აბაძეხები დამორჩილებას არ აპირებდნენ. მაშინ, აპრილში, რუსებმა შეუტიეს აბაძეხებს და 20 დღის განმავლობაში ცეცხლითა და მახვილით გაიარეს მდ. ლაბას შენაკად ხოძსა და მდ. ბელაიას შორის ტერიტორია. აბაძეხები, მახვაშები, ეგერუყვები მთებში ეძებდნენ თავშესაფარს. ივნისში მდ. ბელაიას მთელ სიგრძეზე მისი ორივე ნაპირი რუსების ხელში იყო, თუმცა აბაძეხები წინააღმდეგობას არ წყვეტდნენ17.
დასავლეთ კავკასიის მთიელებმა დაინახეს, თუ რა საშიშროებაც ემუქრებოდათ და უფრო მტკიცედ შეკავშირება გადაწყვიტეს. 1861წ. ივნისში მდ. სოჭის ხეობაში უბიხების ინიციატივით დას. კავკასიის მთიელ ტომთა წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათ გადაწყვიტეს შეექმნათ მტკიცე კავშირი, ხოლო მისი მართვისათვის აირჩიეს 15 პირისაგან შემდგარი საბჭო, რომელსაც მეჯლისი ეწოდა. მასზე დაქვემდებარებული ტერიტორია 12 ოლქად დაიყო. თითოეულ ოლქში იყო მუფტი, ყადი და მამასახლისი. გარეგნულად ეს ორგანიზაცია იმამატის სისტემას ჰგავდა, მაგრამ მას არ ჰქონდა მკვეთრად გამოხატული თეოკრატიული ხასიათი18. მთიელები არ დაკმაყოფილდნენ შინაგანი ორგანიზაციის მოწყობით. ისინი ეძიებდნენ თურქეთისა და ინგლისის დახმარებას.
აგვისტოში მეჯლისის წევრებმა, უბიხების ერთ-ერთმა წინამძღოლმა კერენტუხ ბარზეგმა და იზმაილ ბარაყაი-იფა ძიაშმა წერილით მიმართეს ინგლისის კონსულს სოხუმში დიკსონს. მას სთხოვეს თავისი მთავრობისათვის ეცნობებინა რუსეთის ჯარის მიერ ჩერქეზთა წინააღმდეგ მიმართული აგრესიის შესახებ და გამოსარჩლება ითხოვეს19.
1861წ. სექტემბერში კავკასიაში, საომარი მოქმედებების ზონაში ჩავიდა ალექსანდრე II. 18 სექტემბერს იმპერატორს შეხვდნენ დასავლეთ კავკასიის მთიელ ტომთა – აბაძეხების, შაფსუღების, უბიხების და სხვათა წარმომადგენლები. მათ იმპერატორს სთხოვეს მიეღო ისინი თავის ქვეშევრდომად და თავიანთ მიწაწყალზე დაეტოვებინა. მაგრამ იმპერატორმა მათ კატეგორიულად განუცხადა, რომ ერთ თვეს აძლევდა მოსაფიქრებლად: გადასახლებულიყვნენ ყუბანისპირა დაბლობზე, სადაც სამუდამო მფლობელობაში მიიღებდნენ მიწებს, შეინარჩუნებდნენ თავიანთ სახალხო წყობილებასა და სასამართლოს, ან გადასახლებულიყვნენ თურქეთში20.
მთიელებისთვის ნათელი იყო, რომ ყუბანსა და ლაბაზე გადასახლებით ისინი დაკარგავდნენ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, რომლითაც სარგებლობდნენ მიუვალ მთებში. მათ დიდ ნაწილს არც თურქეთში გადასახლების გაგონება სურდა. მათ არ მიიღეს იმპერატორის წინადადება და ნოემბრიდან ომი კვლავ განახლდა.
რუსეთის სარდლობა ყუბანის ქვემო წელზე, ნათხვაჯებისა და შაფსუღების მიწა-წყალზე ინტენსიურად ასახლებდა კაზაკებს, ხოლო ნათხვაჯებს საცხოვრებლად განესაზღვრათ მიწები ყუბანის გაყოლებაზე21. 1861 წლის გაზაფხულიდან 1862 წლის გაზაფხულამდე ყუბანის ოლქში კაზაკთა 35 სტანიცა გაჩნდა22.
1861 წლის დეკემბერი _ 1862 წლის იანვარ-თებერვალში რუსეთის ჯარის ნაწილები დაკავებული იყვნენ მომავალი საომარი მოქმედებებისათვის მზადებით _ ტყის გაჩეხვით, გზების გაყვანით. 1862წ. მარტში განახლდა შეტევითი ოპერაციები, რომლის მსვლელობაშიც, დაიკავეს დახოს თემი და მდ. ქურჯიფსის ხეობა, სტრატეგიული მნიშვნელობის ქვის ხიდი მდ. ბელაიაზე, ფშეხას თემი. ამით, ივლისში დამთავრდა საომარი მოქმედებები და ჯარები გამოსაზამთრებლად მზადებას შეუდგნენ. მთიელებს არ ჰყავდათ საერთო მეთაური, ამიტომ მათ მოქმედებებს ეფექტურობა აკლდა23.
დასავლეთ კავკასიაში საომარი მოქმედებების მსვლელობაში რუსეთის ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა აფხაზეთის ფაქტორს და მიხეილ შარვაშიძის როლს. 1862 წლის აპრილში ა. ბარიატინსკი სამხედრო მინისტრს, გენერალ-ადიუტანტ დ. მილიუტინს წერდა: მიხეილ შარვაშიძის „გავლენა აფხაზეთში და მეზობელ ტომებზე, როგორც ჩემთვის ცნობილია, ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია... ამიტომ ამ კაცის კეთილად განწყობა ჩვენს მიმართ ძალზე საჭიროდ მიმაჩნია“.24 მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი რუსეთის შემადგენლობაში დიდი ხნის შესული იყო, რუსეთის ხელისუფლება აქ საკმაოდ შეზღუდული იყო და მხოლოდ რუსთა ჯარის მიერ დაკავებულ პუნქტებზე ვრცელდებოდა. სამთავროს საშინაო მმართველობა მთავრის ხელში იყო. კავკასიის რუსული ადმინისტრაციისათვის ნათელი იყო, რომ აფხაზეთში რუსეთის ხელისუფლების განმტკიცება დასავლეთ კავკასიაში რუსეთის მფლობელობის დამყარების კვალად მოხდებოდა25. ეს კარგად იცოდა მიხეილ შარვაშიძემაც. რუსეთის სარდლობა ფიქრობდა, რომ აფხაზეთის მთავარი, რომელიც დიდი პატივისცემით სარგებლობდა დას. კავკასიის მთიელ ტომებს – ჯიქებს, უბიხებს, შაფსუღებს, აბაძეხებს და სხვ. შორის, ფარულად უჭერდა მხარს მათ ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის. მან კარგად იცოდა, რომ დას. კავკასიის ტომების რუსეთისადმი დამორჩილების შემდეგ მის ხელისუფლებასაც ბოლო მოეღებოდა26. ამიტომაც იყო, რომ მიხეილ შარვაშიძე კეთილგანწყობით არ უცქერდა აფხაზეთის დაუმორჩილებელი მთის თემების გავლით ჩრდ. კავკასიისაკენ გზის გაყვანას27.
1862 წლის დამდეგს რუსეთის ჯარის ნაწილები უკვე კავკასიონის ქედის ძირში გამოჩნდნენ, უბიხების მიწა-წყალთან სულ ახლოს. ეს ფაქტი მეჯლისის საგანგებო შეკრების მიზეზი გახდა 1862წ. ივნისში. მეჯლისმა დაადგინა: სტამბოლში, პარიზსა და ლონდონში ელჩობის გაგზავნა დახმარების თხოვნით; ტუაფსესა და ადლერს შორის მცხოვრებ მოსახლეობას ხარჯების ასანაზღაურებლად დაკისრებოდა ფულადი გადასახადი (კომლზე 50 კაპ.); საღვთო ომის _ ღაზავათის გამოცხადება; აბაძეხების დასახმარებლად მებრძოლების გაგზავნა და ასეთივე დახმარების მოთხოვნა ჯიქებისაგან, რომლებიც გულგრილად შესცქეროდნენ დას. კავკასიის მთიელთა ტრაგედიას28.
1862 წლის ივნისში აბაძეხებმა და შაფსუღებმა ერთხელ კიდევ სცადეს რუსეთის ჯარების შეჩერება. მათ დასახმარებლად 5 ათასი უბიხიც მოვიდა. ივნის-ივლისში სასტიკი ბრძოლები გაიმართა, მაგრამ მთიელები კვლავ დამარცხდნენ, თუმცა ისინი ამის შემდეგაც არ წყვეტდნენ წინააღმდეგობას29. იმავდროულად, მეჯლისის დეპუტაცია იზმაილ ბარაყაი-იფა ძიაშის მეთაურობით სტამბოლს და ევროპის რიგ სახელმწიფოებს ეწვია დახმარების თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. 1862წ. მიწურულს მთიელთა დეპუტაცია პოლონელ რევოლუციონერთან, დასავლეთ კავკასიის მთიელების გვერდით მებრძოლ თეოფილ ლაპინსკისთან ერთად ლონდონში წარუდგა ინგლისის პრემიერ-მინისტრს ლორდ პალმერსტონს და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ დახმარება სთხოვა. თ. ლაპინსკიმ მგზნებარე სიტყვით მიმართა პრემიერ მინისტრს. მისი აზრით, ევროპა გულგრილი მაყურებელი არ უნდა დარჩენილიყო იმ ტრაგედიის, რაც კავკასიაში ხდებოდა; საჭირო იყო ენერგიული ზომების მიღება და რუსეთის ძალების პარალიზება. ევროპას რამე უნდა ეღონა, რომ რუსეთის ძალები დაექსაქსა სამხრეთში და ამით განადგურებისაგან ეხსნა კავკასიელი მთიელები. ამ საქმეში თ. ლაპინსკი დიდ იმედებს ამყარებდა ინგლისზე, რომელიც რუსეთის მოქიშპე იყო „აღმოსავლეთის საკითხში“. პალმერსტონმა ყურადღებით მოისმინა მგზნებარე სიტყვები, მაგრამ იგი კარგად ხედავდა, რომ კავკასიაში რუსეთის წინსვლის შეჩერება შეუძლებელი იყო, ამიტომ დეპუტაციას დახმარებაზე უარი უთხრა30.
1863წ. თებერვალში კავკასიაში ჩამოვიდა ახალი მეფისნაცვალი და კავკასიის არმიის მთავარსარდალი, დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი (1862-1881). 14 თებერვალს მას სტავროპოლში დახვდნენ მეფისნაცვლის და კავკასიის არმიის მთავარსარდლის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ ორბელიანი, მთავარი შტაბის უფროსი ა. კარცოვი, ყუბანის ოლქის უფროსი ნ. ევდოკიმოვი, თერგის ოლქის უფროსი დ. სვიატოპოლკ-მირსკი და სხვა მაღალჩინოსნები. მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვმა დაათვალიერა ჯარები, საომარი მოქმედებებისა და კაზაკთა ჩასახლებისათვის განსაზღვრული ადგილები და კმაყოფილი დარჩა. 26 მარტს ის თბილისში ჩამოვიდა31.
ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში ნ. ევდოკიმოვმა გააგრძელა ა. ბარიატინსკის დროს მიღებული გეგმის განხორციელება, რაც გულისხმობდა მთიელების თანდათან შევიწროებას და კაზაკთა დასახლებების წაწევას მთებისაკენ, რასაც უნდა აეძულებინა მთიელები გადასახლებულიყვნენ დაბლობზე. მდ. ბელაიადან მდ. ადაგუმამდე ტერიტორიაზე განხორციელებული შეტევითი ოპერაციების მსვლელობაში, ადაგუმას რაზმს (გენერალ-მაიორი პ. ბაბიჩი) უნდა აეძულებინა ნათხვაჯები, რომლებმაც ჯერ კიდევ 1861წ. გამოაცხადეს მორჩილება, მთებიდან გადასახლებულიყვნენ მათთვის განსაზღვრულ ადგილებში, ხოლო მათ მიწა-წყალზე 8 კაზაკთა სტანიცა შეექმნათ; ფშეხას (გენერალ-მაიორი პ. ზოტოვი) და დახოს (პოლკ. ვ. გეიმანი) რაზმებს უნდა გაეწმინდათ მდ. ბელაიასა და მდ. ფშიშს შორის ტერიტორია მათი ზემო წელის ჩათვლით, აქ კაზაკთა 12 სტანიცა მოეწყოთ და ამით ზაფხულში დაემთავრებინათ საომარი მოქმედებები ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში32.
1863წ. დასაწყისში რუსეთის ჯარებმა საბოლოოდ მოაქციეს ბლოკადაში აბაძეხები. მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი აბაძეხები შეეცადნენ, მოლაპარაკებოდნენ რუსებს, მაგრამ სარდლობამ მათ ულტიმატუმი წაუყენა _ გადასახლებულიყვნენ ყუბანზე ან თურქეთში წასულიყვნენ33. აბაძეხებს სამშობლოს დატოვება არ სურდათ. აპრილში რუსები მათ მიწა-წყალზე შეიჭრნენ. როდესაც აბაძეხებმა ნახეს, რომ რუსეთის ჯარს უკან მოყვებოდა რუს მოახალშენეთა ურიცხვი ტრანსპორტი და ისინი იკავებდნენ მათ სახლებს, სრულებით დაეცნენ სულიერად, რადგან მიხვდნენ, რომ ერთადერთი გზა დარჩენოდათ _ თურქეთში წასვლა. აბაძეხებმა ნ. ევდოკიმოვს სთხოვეს, ხელი არ შეეშალა მათთვის თურქეთში წასვლაში, რაზეც ამ უკანასკნელმა, პირიქით, დახმარებაც აღუთქვა34. იმავდროულად, რუსები შეტევას აწარმოებდნენ შავი ზღვის სანაპირო ზოლში შაფსუღების წინააღმდეგ. ასეთ ვითარებაში, მთიელებთან კვლავ გამოჩნდნენ თურქეთის ემისრები, რომლებიც დაჟინებით ურჩევდნენ, არ დამორჩილებოდნენ რუსეთის ხელისუფლებას, რადგან სულ მალე ევროპა ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ და თურქეთის ჯარები მთიელების დასახმარებლად მოვიდოდნენ35.
1863წ. გაზაფხულზე ევროპა ახალი ომის საშიშროების წინაშე დადგა პოლონეთის კრიზისის გამო. იანვარში პოლონეთში აჯანყება დაიწყო, რამაც დაძაბა პოლიტიკური სიტუაცია ევროპაში. ეს დაძაბულობა შეიძლებოდა რუსეთის წინააღმდეგ ომში გადაზრდილიყო, თუ ევროპის წამყვანი სახელმწიფოები შეძლებდნენ შეთანხმებას და პოლონეთის მხარდასაჭერად კოალიციას შექმნიდნენ. ნაპოლეონ III-ის მცდელობა, დაეყოლიებინა ლონდონისა და ვენის კაბინეტები რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებაზე, განსაკუთრებით ინტენსიური აპრილ-ივლისში გახდა36.
ევროპული ომის საშიშროებასთან დაკავშირებით, გაზაფხულზე მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვმა დ. მილიუტინს კავკასიის არმიის გაძლიერება სთხოვა. სამხედრო მინისტრმა მეფისნაცვალი დაამშვიდა, რომ ეს აუცილებელი არ იყო. დიდი მთავარი ფიქრობდა, რომ ომის შემთხვევაში მისი ერთ-ერთი ასპარეზი შავი ზღვის აკვატორია გახდებოდა, სადაც ერთ-ერთ სუსტ წერტილად კავკასიის სანაპირო, სახელდობრ, აფხაზეთი მიაჩნდა. კავკასიის არმიის მთავარსარდლის აზრით, აფხაზების ნდობა არ შეიძლებოდა და აქედან გამომდინარე, აფხაზეთში ჯარის დატოვება საშიში იყო; თუ ჯარის გამოყვანის საჭიროება დადგებოდა, გზები სასურველ მდგომარეობაში არ იყო. დ. მილიუტინმა მას შესთავაზა წებელდა აერჩია საყრდენ ბაზად, თუ სანაპირო ზოლიდან ჯარის გამოყვანა გახდებოდა საჭირო. თავიდან მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი ამ აზრის წინააღმდეგი იყო, მაგრამ, შემდეგ, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს, გენერალ-ლეიტენანტ დ. სვიატოპოლკ-მირსკის დაავალა პირადად შეერჩია წებელდაში ბაზის მოსაწყობი ადგილი, დაეთვალიერებინა აფხაზეთიდან ჩრდ. კავკასიაში გადასასვლელი გზები და მოემზადებინა წინადადებები მათ მოსაწესრიგებლად. იმავდროულად, მან თბილისში დაიბარა ნ. ევდოკიმოვი ყუბანის ოლქის ზღვიდან დაცვის შესახებ გეგმის განსახილველად37.
1863წ. ზაფხულში ადაგუმას, ფშეხას, დახოს რაზმები აგრძელებდნენ საომარ მოქმედებებს შაფსუღების, ნათხვაჯების, აბაძეხების წინააღმდეგ, გაჰყავდათ გზები, განაგრძობდნენ სტანიცების მოწყობას38. როგორც დაგეგმილი იყო, ზაფხულის განმავლობაში ყუბანის მხარეში 20 ახალი სტანიცა შეიქმნა, რის შედეგადაც კაზაკთა 2 პოლკი ჩამოყალიბდა. სულ, 1860 წლიდან 1863 წლის ჩათვლით, ყუბანის ოლქში 58 სტანიცა დაფუძნდა არანაკლებ 10 ათასი ოჯახით39.
ასეთ ვითარებაში, პოლონური მოძრაობის ხელმძღვანელებმა ლონდონსა და სტამბოლში გადაწყვიტეს პოლონეთისათვის სასარგებლო დივერსიისათვის წაექეზებინათ კავკასიელი მთიელები. დაიწყო ფულის შეგროვება კავკასიაში იარაღისა და დამხმარე ძალის გასაგზავნად, რითაც ცდილობდნენ რუსეთი გამოეწვიათ კონფლიქტზე. არ გამორიცხავდნენ პროვოკაციულ ნაბიჯსაც, სამხედრო ხომალდის გაგზავნას კავკასიის სანაპიროზე ჩერქეზთა დროშით, მათი დამოუკიდებლობის დემონსტრაციის ნიშნად. ამ მიზნით, ნიუკასლში დაიქირავეს შხუნა „ჩესაპიკი“ და იარაღით დატვირთეს. 5 სექტემბერს „ჩესაპიკი“ ინგლისის დროშით ტრაპიზონის ყურეში შევიდა. რუსეთის გენერალურმა კონსულმა ტრაპიზონში ა. მოშნინმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდა ეს ფაქტი, თავის ბრიტანელ კოლეგას სტივენსს მიმართა თხოვნით, ხელი შეეშალა ამ კონტრაბანდული რეისისთვის. იმავდროულად, ბათუმის მახლობლად გამოჩნდა რუსეთის ფლოტის ორი კორვეტი, რომელთაც ხელში უნდა ჩაეგდოთ „ჩესაპიკი“. ეს ფაქტი ცნობილი გახდა ინგლისელებისთვის. სტივენსი შეხვდა „ჩესაპიკის“ კაპიტანს და ურჩია, არ გაერისკა. ტრაპიზონის მახლობლად „ჩესაპიკიდან“ იარაღი თურქულ კანჯოზე გადატვირთეს, ხოლო ბრიტანული შხუნა სტამბოლში დაბრუნდა. ა. მოშნინი შეეცადა, დაერწმუნებინა თურქეთის ხელისუფლება, რომ იარაღის კონფისკაცია მოეხდინა, მაგრამ უშედეგოდ40.
სექტემბერში „პოლონელთა კომიტეტმა“ ტრაპიზონიდან შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე იარაღის პარტია და 40-მდე მებრძოლი გაგზავნა. თურქულმა კანჯომ ყველა წინააღმდეგობა გადალახა და უბიხების სანაპიროს, ვარდანეს მიადგა. უბიხებს, რომლებიც მრავალრიცხოვან არმიას ელოდნენ, მცირერიცხოვანი რაზმის დანახვისას იმედები გაუცრუვდათ. სექტემბრის ბოლოს კიდევ გაიგზავნა იარაღის ერთი პარტია ჩერქეზეთში, მაგრამ 3 ოქტომბერს გემი უკან დაბრუნდა და შაფსუღების დამარცხების ამბავი ჩამოიტანა. ოქტომბრის ბოლოს ტრაპიზონში უკვე ჩამოვიდნენ გამოქცეული შაფსუღები და დაიწყო დასავლეთ კავკასიის მთიელთა მცირე ნაკადებით თურქეთში გადასახლება41.
შემოდგომაზე, პოლონეთის აჯანყებით შექმნილი დაძაბული ვითარება ევროპაში განიმუხტა პარიზის, ლონდონის და ვენის კაბინეტებს შორის შეუთანხმებლობის გამო42. დასავლეთში იმ დასკვნამდეც მივიდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ კავკასიაში პროვოკაციების გაგრძელება შეუძლებელიც იყო და გაუმართლებელიც. ამის შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა ინგლისური სუბსიდიები, თურქეთიც თავს იკავებდა რუსეთის მიმართ არამეგობრული ნაბიჯებისაგან43.
ოქტომბერ-ნოემბერში რუსებმა საბოლოოდ დაიმორჩილეს შაფსუღები და დეკემბერში მდ. შაფსუხოს შესართავამდე მიაღწიეს44. ამრიგად, 1863 წლის მიწურულს რუსებს ჩრდილო-დასავლეთი კავკასია დაპყრობილი ჰქონდათ, რჩებოდა მხოლოდ კავკასიონის სამხრეთ კალთებისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაპყრობა, სადაც მცირე შაფსუღების ნაწილი, უბიხები და ჯიქები ცხოვრობდნენ45. 1863 წლის 10 დეკემბერს დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი სამხედრო მინისტრს წერდა: „დასავლეთ კავკასიის საბოლოო დაწყნარება უნდა მოხდეს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე რუსული მოსახლეობის ჩასახლებით. ამ მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ღონისძიების განხორციელება ნავარაუდევია უახლოეს მომავალში. კაზაკთა სტანიცებით დაკავებულია ტერიტორია ყუბანის შესართავიდან ცემესის ყურემდე, სანაპირო ზოლი უკვე გაწმენდილია მდ. ჯუბის შესართავამდე. გაზაფხულისთვის, დანარჩენ ტერიტორიაზეც, რომელიც განსაზღვრულია კაზაკთა ჩასახლებისათვის იმპერატორის მიერ დამტკიცებული დასავლეთ კავკასიის დასახლების შესახებ დებულებით, არ უნდა დარჩეს მთიელი მოსახლეობა. თუ საგარეო მოვლენებმა ხელი არ შეგვიშალა, მაშინ მომავალი ზაფხულის განმავლობაში ვიმედოვნებ სანაპიროს გაწმენდას მდ. ბზიფამდეც კი, როგორც დებულებითაა განსაზღვრული“.46
ამრიგად, ხელისუფლებას გადაწყვეტილი ჰქონდა შავი ზღვის სანაპირო ზოლის მდ. ბზიფამდე კაზაკებით დასახლება. მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი ფიქრობდა აქ ხუტორული მეურნეობის განვითარებას საზღვაო საქმისა და თევზჭერის მიმართულებით47.
1864 წლის თებერვალში აბაძეხების ნაწილი თურქეთში გადასახლდა, ხოლო ნაწილი – მდ. ბელაიას ქვემო წელზე. ცარიზმი, რომელიც კავკასიაში თავისი დამპყრობლური გეგმების განხორციელებისას ადგილობრივ მკვიდრთა გმირულ წინააღმდეგობას შეხვდა, დაცარიელებული ადგილების შეერთებას ამჯობინებდა. ამიტომ ხელისუფლება კი არ ეწინააღმდეგებოდა, არამედ ხელსაც უწყობდა ადგილობრივი მოსახლეობის თურქეთში გადასახლებას, რითაც კავკასიის საბოლოო დაპყრობა დაჩქარდებოდა. რუსეთის ხელისუფლება თვლიდა, რომ კავკასიის ომის სწრაფად დასამთავრებლად საჭირო იყო ენერგიული მოქმედება. ჯერ ერთი, მას აფრთხობდა 1863 წელს ახალი ევროპული კოალიციის შექმნა, და მეორე, თუ გაზაფხულამდე არ დამთავრდებოდა ომი, შემდეგ შეიძლებოდა იგი გაჭიანურებულიყო, რადგან „ტყე გაიფოთლებოდა, ბალახი ამოვიდოდა, ხორბალი ამოიწვერებოდა, ირგვლივ ყველაფერი გამოცოცხლდებოდა და მთიელთა საშუალებებიც გაათკეცდებოდა. ტყეები იქნებოდა მათი თავშესაფარი, საკვები ექნებოდა ადამიანსა და პირუტყვს, ხოლო ზამთარში სურსათის მარაგისა და სოფლების განადგურება მათზე დამღუპველად იმოქმედებდა“.48
1864 წლის თებერვალში რუსეთის ჯარის ნაწილებმა დაიწყეს კავკასიონის ქედის გადალახვა. ისინი შეტევას აწარმოებდნენ შავი ზღვის სანაპირო ზოლშიც. იმავდროულად, უბიხეთისა და ჯიქეთის სანაპიროს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებიც მიადგნენ. მარტის დასაწყისში დახოს რაზმმა გენერალ ვ. გეიმანის სარდლობით კავკასიონის ქედი გადალახა, მდ. ტუაფსეს ხეობაში გადავიდა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის გაწმენდას შეუდგა. 18 მარტს ვ. გეიმანმა მდ. გოდლიკხთან დაამარცხა შაფსუღები და უბიხები და 25 მარტს უბიხეთისა და ჯიქეთის საზღვარს მდ. სოჭს მიაღწია. 26 მარტს ვ. გეიმანთან გამოცხადდა ჯიქების ერთ-ერთი წინამძღოლი რეშიდ გეჩი და მორჩილება გამოუცხადა მას49.
1864 წლის მარტში კავკასიის მეფისნაცვალი და კავკასიის არმიის მთავარსარდალი მიხეილ რომანოვი ალექსანდრე II-ს წერდა: „Будем действовать осмотрительно, но и решительно, чтобы окончательно очистить все черноморское побережье. Надо ожидать, что большая часть горцев предпочитает выселиться в Турцию, чем перейти на назначенные для них места на Кубани. Дело окончательного покорения восточного берега Черного моря наиболее зависить от быстроты выселения туземцев“.50
2 აპრილს კავკასიის არმიის მთავარსარდალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი პირადად ჩავიდა საომარი მოქმედებების ზონაში და – ჯიქებისა და უბიხების თემების წარმომადგენლებს, რომელთაგანაც პირადად მიიღო მორჩილების პირობა, ულტიმატუმი წაუყენა – გადასახლებულიყვნენ ყუბანზე ან თურქეთში წასულიყვნენ, მათი მიწები კი განსაზღვრული იყო რუსების დასასახლებლად. დიდმა მთავარმა მთიელებს ერთი თვე მისცა მოსაფიქრებლად, მაგრამ 19 აპრილს მთებში ასულ რუსებს აღარ დახვდათ უბიხები. ისინი ერთიანად დაძრულიყვნენ შავი ზღვის სანაპიროსაკენ51. აპრილში უბიხები ერთიანად გადასახლდნენ თურქეთში52.
იმავდროულად, ადრიანი გაზაფხულის რთულ პირობებში, ფშეხას რაზმმა გენერალ-მაიორ პ. გრაბეს მეთაურობით, მდ. ფშეხასა და მისი შენაკადების ზემო წელი უბიხეთში გადასასვლელ უღელტეხილამდე, გაწმინდა მთიელებისაგან, რომლებიც ძნელად მისადგომ ქვაბულებს აფარებდნენ თავს. მათი ერთი ნაწილი წავიდა ლაბაზე, მათთვის გამოყოფილ ადგილებში დასასახლებლად, ნაწილი კი შავი ზღვის სანაპიროსაკენ გაემართა თურქეთში წასასვლელად53. 1864 წლის გაზაფხულზე შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთი სანაპირო ადლერამდე სავსე იყო კავკასიელი მთიელებით, რომლებიც გემებს ელოდნენ თურქეთში წასასვლელად. როგორც ა. ბარიატინსკის ბიოგრაფი, რუსი ოფიცერი ა. ზისერმანი აღნიშნავდა: „Вытесняемое шаг за шагом... полумиллионное население горцев перенесло все ужасы истребительной войны, страшные лишения, голод, повальные болезни, а очутившись на берегу – должно было искать спасения в переселении в Турцию“.54
ჩრდილო-დასავლეთ კავკასიისა და შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს დაპყრობის შემდეგ რჩებოდა წინააღმდეგობის უკანასკნელი კერების ლიკვიდაცია, ჯიქების მთის თემების – აიბგა, აჰჭიფსხუ, ფსხუ, მინარეების – მძიმთას, ფსოუს და ბზიფის ზემო წელში, – დამორჩილება. ამ მიზნით ოთხი სამხედრო კოლონა გაიგზავნა გენერლების: პ. შატილოვის, დ. სვიატოპოლკ-მირსკის, ვ. გეიმანის და პ. გრაბეს მეთაურობით. აფხაზეთის ჯარების სარდალი პ. შატილოვი პირველი კოლონით 25 აპრილს გაგრიდან ფსოუს ხეობისკენ გაემართა. აიბგელებმა, რომლებიც ფსოუს ზემო წელის ქვაბულში ცხოვრობდნენ, ვიწრო ხეობა ხერგილებით ჩაკეტეს და სამი დღის განმავლობაში მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ პ. შატილოვს. მეორე კოლონა დ. სვიატოპოლკ-მირსკის მეთაურობით 28 აპრილს სოხუმიდან გავიდა გემებით ადლერის მიმართულებით. მეორე დღეს ესკადრა ადლერის კონცხს მიადგა და რაზმი მდ. მძიმთას მარჯვენა ნაპირზე დაბანაკდა. ჯიქები რუსებს ლოიალურად შეხვდნენ და განუცხადეს, რომ თურქეთში გადასახლება სურდათ. მაისის დასაწყისში რაზმი მდ. მძიმთას მარჯვენა ნაპირს აუყვა მთებისკენ, თან გზა გაჰყავდა. 10 მაისს, დ. სვიატოპოლკ-მირსკის მიერ პ. შატილოვის დასახმარებლად გაგზავნილმა რაზმმა გენერალ ბატეზატულის მეთაურობით ზურგიდან შეუტია აიბგელებს. მთიელები ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდნენ და დარწმუნდნენ, რომ წინააღმდეგობის გაწევა უაზრო იყო. მათ მორჩილება გამოუცხადეს რუსებს და ხერგილების გაწმენდა აღუთქვეს, ამასთან დრო ითხოვეს, რომ პური მოემკათ და თურქეთში წასასვლელად მომზადებულიყვნენ. რუსეთის ჯარის ნაწილებმა გააგრძელეს წინსვლა აიბგას სიღრმეში, რათა მთიელები აეძულებინათ, გამოეცხადებინათ უსიტყვო მორჩილება. 12 მაისს აიბგამ სრული მორჩილება გამოაცხადა და თემის მოსახლეობა სანაპიროსაკენ გაემართა თურქეთში წასასვლელად55. ფაქტობრივად, ეს იყო ომის ბოლო აკორდი. აჰჭიფსხუს და ფსხუს წინააღმდეგობა უიმედო გახდა. მაისის დასაწყისში შეტევაზე გადავიდა მესამე კოლონაც ვ. გეიმანის მეთაურობით. იგი მდ. სოჭის ზემო წელისაკენ მიემართებოდა, შემდეგ კავკასიონის მთავარი ქედის პარალელურად აჰჭიფსხუსკენ გაემართა. მეოთხე კოლონამ პ. გრაბეს მეთაურობით მდ. პატარა ლაბის სათავეებთან გადალახა კავკასიონის მთავარი ქედი, მდ. მძიმთას ხეობაში გადავიდა და 12 მაისს უკვე აჰჭიფსხუში შევიდა. აჰჭიფსხუელები იძულებული გახდნენ, შეესრულებინათ ადრე მიცემული პირობა. მათ დატოვეს თავიანთი საცხოვრებლები და ერთიანად ზღვის სანაპიროსაკენ გაემართნენ.
იმავდროულად, ფსხუელებმა დეპუტაცია გამოგზავნეს რუსეთის სარდლობასთან. მათი ერთი ნაწილი თანახმა იყო ჩრდილოეთ კავკასიაში გადასახლებულიყო, ხოლო ნაწილს თურქეთში წასვლა სურდა56.
1864 წლის 20 მაისს რუსეთის ჯარის ოთხივე კოლონა შეერთდა მდ. მძიმთას ზემო წელში, აჰჭიფსხუს ცენტრში, აულ გუბაადვში (რუს. კბაადა, ამჟ. კრასნაია პოლიანა) და მთიელთა წინააღმდეგობის უკანასკნელი კერა დაიკავა. 21 მაისს, გუბაადვის ველობზე კოლონებად გამწკრივებულ რუსეთის ჯარის ნაწილებს მეფისნაცვალმა და მთავარსარდალმა მიხეილ რომანოვმა მიულოცა კავკასიის ომის დამთავრება. შემდეგ გაიმართა საზეიმო აღლუმი57.
მიუხედავად იმისა, რომ კავკასიის მრავალწლიანი ომი დამთავრებულად გამოცხადდა, დასავლეთ კავკასიის მთის ხეობებში, სახელდობრ, მდ. ფსეზუაფსეს სათავეებში ჯერ კიდევ იყვნენ დარჩენილი მთიელთა მცირე ჯგუფები, რომლებიც წინააღმდეგობას არ წყვეტდნენ. მათ გასანადგურებლად შეიქმნა „მფრინავი რაზმები“, ხოლო შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე და მდინარეთა ხეობებში კავკასიის არმიის სახაზო ბატალიონები განლაგდნენ58. ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის დაპყრობის შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური სამთავროს შენარჩუნება რუსეთის ხელისუფლებას არ სჭირდებოდა. 1864 წლის ივლისში ცარიზმმა აფხაზეთის სამთავრო გააუქმა და უშუალო რუსული მმართველობა შემოიღო.
ივლისში რუსეთის ჯარის ნაწილები ფსხუში შეიჭრნენ, ჩრდილოეთიდან, კავკასიონის ქედის მხრიდან სანჭაროს უღელტეხილით, და აფხაზეთიდან, დოუს უღელტეხილით. მცირე შეტაკება მოხდა ბზიფის შენაკადის მდ. გრიბზას ნაპირებზე. ფსხუელები თავგანწირვით იბრძოდნენ, მაგრამ დამარცხდნენ. ამრიგად, 1864წ. ივლისში რუსეთის ჯარებმა ფსხუ დაიკავეს59. ფსხუელთა ნაწილი, 105 ოჯახი (862 სული) ჩრდილოეთ კავკასიაში, მდ. ყუმას ხეობაში გადასახლდა60, ხოლო დიდი ნაწილი თურქეთში წავიდა. 1864 წლის ზაფხულში თურქეთში გადასახლდა 20 ათასი ჯიქი და 5 ათასი ფსხუელი61. ამის შედეგად თითქმის მთლიანად გაუკაცურდა მდ. მძიმთას ხეობა და მდ. ბზიფის ხეობის ზემო წელი.
ომის დამთავრების შემდეგ „ახლადდაპყრობილი მხარე არაჩვეულებრივ სანახაობას წარმოადგენდა, – წერდა გენერალი ს. დუხოვსკი. – მაისის ბოლოს, ივნისში და შემდეგ, გადაიხედავდი მაღალი მთიდან და დაინახავდი შესანიშნავ ხეობებს, ქედებს, მთებს, მდინარეებსა და ნაკადულებს; ბაღებს შორის აქა-იქ ჩანდა ნასახლარების კვალი, მაგრამ ყოველივე ეს უსიცოცხლო იყო, არსად სულიერის ჭაჭანება არ იყო. ზოგან ახალამოწვერილი ხორბალი ჯერ კიდევ მოწმობდა არცთუ დიდი ხნის წინ აქ მოსახლეობის არსებობას, მაგრამ სახნავი მინდვრები მეტწილად მიგდებული და მიყრუებული იყო და მხოლოდ შარშანდელი სიმინდის გადაჭრილი ღეროები მოწმობდა, რომ აქ ოდესღაც ცხოვრობდნენ და შრომობდნენ ადამიანები. არ გინდოდა დაგეჯერებინა, რომ ამ უზარმაზარ სივრცეში, რასაც მაღალი მთის თხემიდან თვალი წვდებოდა, სულიერი არ ჭაჭანებდა. მიუხედავად ამისა, ეს ასე იყო. მთელი ეს შესანიშნავი ხედები, ბუნების ეს შესანიშნავი ქმნილება უსიცოცხლო იყო და მნახველზე უფრო მძიმე და სევდიან შთაბეჭდილებას ახდენდა, ვიდრე სასიამოვნოს“.62
ამრიგად, შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე და ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში მცხოვრები ადიღეელებისა და აბაზების მნიშვნელოვანი ნაწილი 1858-1864წწ. თურქეთში გადასახლდა, ზოგიერთი ტომი კი, მაგალითად, უბიხები – მთლიანად. გენერალ ნ. ევდოკიმოვის მიერ საომარი მოქმედებების შესახებ 1864წ. 21 ივლისს გაკეთებული ანგარიშის თანახმად, დასავლეთ კავკასიიდან თურქეთში გადასახლდა 418 ათასი სული, ხოლო ყუბანსა და ლაბაზე – დაახლ. 90 ათასი სული63. გადასახლების პროცესი გრძელდებოდა 1865 წელსაც. შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე თითქმის არ დარჩნენ ადიღეელები და აბაზები, მათი მცირე ნაწილი აულებად ჩაასახლეს ყუბანზე. სულ, ოფიციალური მონაცემებით, დასავლეთ კავკასიიდან თურქეთში თითქოს 470 ათასი ადამიანი გადასახლდა64. თუმცა, საფიქრებელია, რომ ეს ციფრი გარკვეულწილად შემცირებულია. კავკასიელ მთიელთა თურქეთში ძალდატანებით გადასახლების გამო ევროპაში დიდი ხმაური ატყდა. რუსეთის ხელისუფლება თავს იმართლებდა, რომ მთიელთა თურქეთში გადასახლება მათი ნება-სურვილით არ მომხდარა და ყოველივე მათი ჩარევის გარეშე მოხდა. როგორც ცნობილი პუბლიცისტი, გენერალი რ. ფადეევი აღნიშნავდა, კავკასიის ომში რუსეთის ხელისუფლების მიზანს წარმოადგენდა: „сдвинуть горцев с восточного берега Черного моря и заселить его русскими. Эта мера была совершенно необходима для безопасности наших владении“. მაგრამ, როგორც იგი აღნიშნავდა ცინიზმით, არავითარ აუცილებლობას არ წარმოადგენდა ადგილობრივი მოსახლეობის თურქეთში განდევნა. რუსეთს საკმარისად ჰქონდა მიწები მდ. ყუბანის მარცხენა ნაპირზე მათ დასასახლებლად, მაგრამ ასევე არავითარი მიზეზი არ არსებობდა, დაეკავებინათ ისინი მათი სურვილისამებრ.
შენიშვნები
1. Р. Фадеев. Письма с Кавказа. СПб, 1865, გვ. 58.
2. АКАК. Т. XII, ч. II. Тифлис, 1904, №705, გვ. 827-829.
3. АКАК, т. XII, ч. II, №723, გვ. 844; Т. Макаров. Племя адыгэ. III. – „Кавказ“, 1862, №31.
4. Р. Фадеев. Письма с Кавказа, გვ. 91; С. Эсадзе. Покорение Западного Кавказа и окончание Кавказской войны. Тифлис, 1914, გვ. 110-111.
5. А. Л. Зиссерман. Фельдмаршал князь Александр Иванович Барятинский, 1815-1879. Т. II. М., 1890, გვ. 346.
6. А. Л. Зиссерман. Фельдмаршал.., т. II, გვ. 347.
7. АКАК, т. XII, ч. II, №737, გვ. 859-860; №739, გვ. 861-865; С. Смоленский. Воспоминания кавказца. Экспедиция в Псхоу. – „Военный сборник“, 1872, №9, გვ. 158-168.
8. АКАК, т. XII, ч. II, №739, გვ. 865.
9. А. Л. Зиссерман. Фельдмаршал.., т. II, გვ. 347.
10. И. С. Кравцов. Кавказ и его военачальники. – „Русская старина“, 1886, т. 50, გვ. 589-591; А. Л. Зиссерман. Фельдмаршал.., т. II, გვ. 371.
11. Р. Фадеев. Письма с Кавказа, გვ. 76.
12. И. С. Кравцов. Кавказ и его военачальники, გვ. 585-592.
13. И. С. Кравцов. Кавказ и его военачальники, გვ. 590-592; А. Л. Зиссерман. Фельдмаршал.., т. II, გვ. 351-352; С. Эсадзе. Покорение.., გვ. 109.
14. А. Берже. Выселение горцев с Кавказа. – „Русская старина“, т. 33, 1882, №2, გვ. 337-338.
15. А. Л. Зиссерман. Фельдмаршал.., т. II, გვ. 371-374; А. Берже. Выселение горцев.., გვ. 337-338.
16. Г. А. Дзидзария. Махаджирство и проблемы истории Абхазии XIX столетия. 2-е дополненное издание. Сухуми, 1982, გვ. 198.
17. Р. Фадеев. Письма с Кавказа, გვ. 97-100; А. Л. Зиссерман. Фельдмаршал.., т. II, გვ. 395-396.
18. С. Эсадзе. Историческая записка об управлении Кавказом. Т. I. Тифлис, 1907, გვ. 49; История СССР с древнейших времен до наших дней. Т. IV. М., 1967, გვ. 436.
19. С. Эсадзе. Историческая записка.., გვ. 49; С. К. Бушуев. Из истории внешнеполитических отношений в период присоединения Кавказа к России (20-70-е годы XIX в.). М., 1955, გვ. 94.
20. Записки М. Я. Ольшевского. Кавказ с 1854 по 1866 гг. – „Русская старина“, 1895, т. 84, №10, გვ. 141; В. Солтан. Военныя действия в Кубанской области с 1861-го по 1864-й год. – „Кавказский сборник“, т. V. Тифлис, 1880, გვ. 355-359; С. Эсадзе. Покорение.., გვ. 119; История СССР, т. IV, გვ. 437.
21. Записки М. Я. Ольшевского, გვ. 144-145; Р. Фадеев. Письма с Кавказа, გვ. 92-93.
22. Письма начальника главного штаба Кавказской армии А. П. Карцова к кн. А. И. Барятинскому. – „Русский архив“, кн. II. М., 1889, გვ. 459; Р. Фадеев. Письма с Кавказа, გვ. 96.
23. И. Дроздов. Из Кубанской области. – „Кавказ“, 7 марта 1863г., №19.
24. А. Л. Зиссерман. Фельдмаршал.., т. II, გვ. 389.
25. А. Л. Зиссерман. Фельдмаршал.., т. II, გვ. 347-348.
26. С. Смоленский. Воспоминания кавказца. – „Военный сборник“, 1874, №5, გვ. 403.
27. С. Смоленский. Воспоминания кавказца, გვ. 404.
28. С. Эсадзе. Историческая записка.., გვ. 50.
29. А. Л. Зиссерман. Фельдмаршал.., т. II, გვ. 397; С. Эсадзе. Историческая записка.., გვ. 50.
30. А. Гарсеванов. Страница из недавняго прошлого Абхазии (Из истории борьбы абхазцев с русскими). – Газ. „Закавказье“, 23 апреля 1910г., №89; С. Лакоба. Очерки политической истории Абхазии. Сухуми, 1990, გვ. 22.
31. Д. А. Милютин. Воспоминания. 1863-1864. Под редакцией доктора исторических наук, профессора Л. Г. Захаровой. М., 2003, გვ. 344-345.
32. Д. А. Милютин. Воспоминания, გვ. 346.
33. Р. Фадеев. Письма с Кавказа, გვ. 124-126; А. Лилов. Последние годы борьбы русских с горцами на Западном Кавказе. – „Кавказ“, 1867, №8.
34. И. С. Кравцов. Кавказ и его военачальники. – „Русская старина“, т. 51, 1886, გვ. 121.
35. П. И. Ковалевский. Завоевание Кавказа Россией. Исторические очерки. СПб, 1914, გვ. 332.
36. Д. А. Милютин. Воспоминания, გვ. 38-70, 190-201; В. Г. Ревуненков. Польское восстание 1863 г. и европейская дипломатия. Л., 1957, გვ. 70-92.
37. Д. А. Милютин. Воспоминания, გვ. 350.
38. Известия из Кубанской области. – „Кавказ“, 8 августа, 1863г., №61; „Кавказ“, 6 октября 1863г., №78.
39. Д. А. Милютин. Воспоминания, გვ. 354.
40. Д. А. Милютин. Воспоминания, გვ. 356; Н. С. Киняпина, М. М. Блиев, В. В. Дегоев. Кавказ и Средняя Азия во внешней политике России. Вторая половина XVIII – 80-е годы XIX в. М., 1984, გვ. 204-206.
41. Д. А. Милютин. Воспоминания, გვ. 356; Н. В. Берг. Польское возстание в 1863-1864 гг. – „Русская старина“, т. XI, 1897, გვ. 497; Н. С. Киняпина, М. М. Блиев, В. В. Дегоев. Кавказ.., გვ. 206.
42. Д. А. Милютин. Воспоминания, გვ. 315-321.
43. Н. С. Киняпина, М. М. Блиев, В. В. Дегоев. Кавказ.., გვ. 207.
44. Р. Фадеев. Письма с Кавказа, გვ. 128-130; А. Лилов. Последние годы борьбы..; С. Эсадзе. Покорение.., გვ. 156.
45. Д. А. Милютин. Воспоминания, გვ. 354.
46. სცსსა. ფ. 416, აღწ. 3, ს. 216 _ О заселении восточного берега Черного моря, по очищении его от горцев, ფურც. 1.
47. სცსსა. ფ. 416, აღწ. 3, ს. 216, ფურც. 1-8.
48. А. Лилов. Последние годы борьбы.., – „Кавказ“, 1867, №19.
49. Записки М. Я. Ольшевскаго, – „Русская старина“, 1895, т. 84, №10, გვ. 158-162; И. С. Кравцов. Кавказ и его военачальники, გვ. 121; В. Солтан, Военныя действия.., გვ. 457; С. Эсадзе. Окончение Кавказской войны, – „Кавказ“, 1902, 11 сентября, №240; С. Эсадзе. Покорение.., გვ. 161-163.
50. Г. А. Дзидзария. Махаджирство.., გვ. 283.
51. А. Лилов. Последние годы борьбы.., – „Кавказ“, 1867, №19; В. Солтан. Военныя действия.., გვ. 458-463.
52. А. В. Фадеев. Убыхи в освободительном движении на западном Кавказе. – „Исторический сборник“, 4. М.-Л., 1935, გვ. 180.
53. Известия из Кубанской области. – „Кавказ“, 1864, 17/29 мая, №37.
54. А. Л. Зиссерман. Фельдмаршал.., т. II, გვ. 397.
55. Известия о последних военных действиях на Западном Кавказе. – „Кавказ“, 1864, 11/25 июня, №44; Д. А. Милютин. Воспоминания, გვ. 444-450; История Лейб-гренадерскаго Эриванскаго его Величества Александра Николаевича полка. Т. III. 1853-1870. Составил штабс-капитан Шабанов. Тифлис, 1871, გვ. 157-160.
56. Известия о последних военных действиях на Западном Кавказе. – „Кавказ“, 1864, 11/25 июня, №44.
57. Известия о последних военных действиях на Западном Кавказе. – „Кавказ“, 1864, 11/25 июня, №44; Ахчипсху. – „Кавказ“, 1864, №49; В. Солтан. Военныя действия.., გვ. 467-469.
58. А. Лилов. Последние годы борьбы.., – „Кавказ“, 1867, №19; В. Солтан. Военныя действия.., გვ. 470.
59. И. Половнев. Страна Псху. Сухум, 1934, გვ. 31; Г. А. Дзидзария. Ма- хаджирство.., გვ. 194.
60. სცსსა, ფ. 545, ანაწ. I, ს. 65 – Переписка о поселении псхувцев в Кувинском ущельи и о довольствии их провиантом, ფურც. 2, 26, 36; ბ. ხორავა. ფსხუელების გადასახლება. – ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაციის II რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციის შრომები. ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2004, გვ. 256-259.
61. Г. А. Дзидзария. Махаджирство.., გვ. 195.
62. А. Лилов. Последние годы борьбы.., – „Кавказ“, 1867, №19.
63. С. Эсадзе. Историческая записка.., გვ. 52.
64. А. Берже. Выселение горцев с Кавказа. – „Русская старина“, т. 33, 1882, №1, გვ. 165-167.

Комментариев нет:

Отправить комментарий