1917-1918 წლებში აფხაზეთის პოლიტიკური წრეების ინტერესები და მათი შემადგენლობაც სოციალური თვალსაზრისით სხვადასხვა იყო, რის გამოც აფხაზეთში პოლიტიკური ვითარებაც მერყეობდა, რაც განაპირობებდა სიტუაციის ცვალებადობას. თუმცა საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებამ, აფხაზეთში სიტუაცია რადიკალურად შეცვალა. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ 1918წ. 8-11 ივნისს, „აფხაზთა სახალხო საბჭოსთან“ დადო ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზე აფხაზეთს მიეცა ფართო თვითმმართველობითი ავტონომია, რომელსაც საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ აღუთქვა სათანადო ეკონომიკური და სამხედრო დახმარება.1
„აფხაზთა სახალხო საბჭოში“ ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციები იწვევდა საბჭოს შიგნით დაპირისპირებას, რაც არაერთხელ გამოჩნდა. ყოველივე კი ნეგატიურად მოქმედებდა რთულ საშინაო ვითარებაზე. აფხაზეთის სეპარატისტული ძალები ძალღონეს არ იშურებდნენ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. გამოიკვეთა რამდენიმე დაჯგუფება: პროთურქული, პრობოლშევიკური, ჩრდილო კავკასიის ე.წ. მთიელთა რესპუბლიკასთან შეერთების მომხრეთა და ა.შ.
როგორც ცნობილია, „აფხაზთა სახალხო საბჭო“, რომელიც აირჩიეს 1917წ. 8 ნოემბერს გამართულ გლეხთა პირველ ყრილობაზე, არ იყო დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლების ორგანო. აფხაზეთში არსებობდა აგრეთვე ქართველთა, სომეხთა და ბერძენთა ეროვნული საბჭოები, მათ უთანხმოება ჰქონდათ „აფხაზთა სახალხო საბჭოსთან“, რომელიც ხშირად იხრებოდა თურქეთისკენ. მაგალითად, როდესაც აფხაზთა სახალხო საბჭომ 1918წ. 28 ივლისს გამოყო 2 კაცი (გ. თუმანოვი, ს. ბასარია) კონსტანტინოპოლის კონფერენციაზე გასაგზავნად საქართველოს დელეგაციის კონსულტანტებად მუჰაჯირების საკითხში, ქართველთა, სომეხთა და ბერძენთა ეროვნული საბჭოების წარმომადგენლებმა მოითხოვეს შეეჩერებინათ დელეგატების გაგზავნა, რათა ეს საკითხი სხვა ერების წარმომადგენლებთან ერთად გადაეწყვიტათ. ისინი ვერ დააკმაყოფილა ს. ბასარიას და ვ. ღურჯუას პასუხმა, რომ დელეგატები იგზავნება არა ტერიტორიის, არამედ ცალკე ერის სახელით და რომ მათ არავინ არ გაუყიდიათ. საბოლოოდ „აფხაზთა სახალხო საბჭომ“ მიიღო წინადადება, დელეგატების გაგზავნა გადაწყვეტილიყო ყველა ეროვნული საბჭოს წარმომადგენლების გაერთიანებულ სხდომაზე.1
თავის მხრივ, ბოლშევიკური ძალები ცდილობდნენ პოზიციები გაემყარებინათ აფხაზეთის პოლიტიკურ ორგანოში, ამ შემთხვევაში ისინი ძალ-ღონეს არ იშურებდნენ წარმატების მოსაპოვებლად. ბოლშევიკების წინააღმდეგ საბრძოლველად „აფხაზთა სახალხო საბჭომ“ დახმარებისთვის მიმართა საქართველოს მთავრობას. 1918წ. 18 ივნისის განკარგულებით გენ. გ. მაზნიაშვილი სამხედრო ნაწილებით მიავლინეს აფხაზეთში, რათა არ დაეშვა საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვება ან მისი თურქეთისთვის გადაცემა. გ. მაზნიაშვილის ჯარის წარმატებული მოქმედების შედეგად ბოლშევიკური რაზმები აფხაზეთის ტერიტორიიდან განდევნეს.2 1918წ. ივნისის ბოლოს თურქეთის სახელმწიფოს პოლიტიკურ წრეებთან შეკრულმა აფხაზმა თავადებმა ა. შარვაშიძემ და ტ. მარშანიამ, თავიანთი უშუალო მონაწილეობით კოდორის უბანში ა. შარვაშიძის მამულში _ წყურგილში გადმოსხეს თურქული დესანტი, რამაც აფხაზეთის მოსახლეობის დიდი შეშფოთება გამოიწვია.
აფხაზეთის სახალხო საბჭოს დემოკრატიულმა ფრთამ ვ. შარვაშიძის ხელმძღვანელობით აფხაზი თურქოფილების ა. შარვაშიძის და ტ. მარშანიას ქმედება გამოაცხადა აფხაზი ხალხის და დემოკრატიის ღალატად. 1918წ. 15 აგვისტოს აფხაზთა სახალხო საბჭო გაუქმებულად გამოხცადდა და ვ. შერვაშიძის თხოვნის საფუძველზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელად აფხაზეთში წარგზავნილი იქნა ი. რამიშვილი.1
აფხაზეთის სეპარატისტული მოძრაობის ლიდერები მარცხის შემდეგაც არ დაშოშმინდნენ და ამჯერად საკუთარი ამბიციების განხორციელების გზა სამხრეთ რუსეთში მოქმედ მოხალისეთა არმიასთან და მეფისდროინდელ გენერლებთან კავშირში იპოვეს და ეცადნენ შეიარაღებული გადატრიალების მოწყობას, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს. აფხაზთა სახალხო საბჭოს დემოკრატიულმა ძალებმა, მონარქისტული რუსეთის მხარდამჭერები ამხილა სახელმწიფოებრივ ღალატში. შეიარაღებული გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით კი 1918წ. 10 ოქტომბერს აფხაზთა სახალხო საბჭო გაუქმებულად გამოცხადდა და საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება სახალხო არჩევნების ჩატარების შესახებ.2
სახალხო საბჭოს არჩევნების ჩასატარებლად შეიქმნა ცენტრალური საარჩევნო კომისია: ვ. შარვაშიძის, ი. რამიშვილის, ვ. ღურჯუას, ი. ფაშალიდის, გ. შანშიევის შემადგენლობით.3
სახალხო საბჭოს დათხოვნასთან დაკავშირებით აფხაზეთის საქმეთა მინისტრის რწმუნებანი ცნობილ იქნა ძალადაკარგულად, ხოლო მისი ფუნქციები დროებით დაეკისრა შინაგან საქმეთა მინისტრს. სახალხო საბჭოს არჩევნების შესახებ დებულების პროექტის შესამუშავებლად საარჩევნო კომისიამ მოიწვია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. დებულების პროექტი ნოემბრის დასასრულს წარედგინა მთავრობას, რომელმაც მოიწონა ის და დასამტკიცებლად გადასცა პარლამენტს. მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია: „გამოქვეყნდეს მთავრობის მიმართვა, სადაც მითითებული უნდა იქნეს, რომ აფხაზეთს ენიჭება სახალხო წარმომადგენლობის უფლება და ამით შინაური ცხოვრების მოწყობა ავტონომიის საწყისებზე”.1
შემუშავებული საარჩევნო დებულების მიხედვით, სახალხო საბჭოში შეიძლებოდა არჩეული ყოფილიყო ყველა ის პირი, რომელიც 1914წ. 19 ივლისის შემდეგაც გახდა აფხაზეთის მოქალაქე. ამასთანავე ყველა ის პირი, ვინც უშუალოდ არ ცხოვრობდა აფხაზეთში, მაგრამ საქართველოს მოქალაქედ ითვლებოდა. დებულების თანახმად აფხაზეთის სახალხო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ენიჭებოდა ყველა მოქალაქეს, რომელსაც 20 წელი შეუსრულდა და რომელიც ცხოვრობდა აფხაზეთში 1914წ. 19 ივლისამდე.2 საარჩევნო კანონის ამ მუხლმა გამოიწვია საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული და სოციალ-ფედერალისტურ პარტიების სოხუმის კომიტეტის წარმომადგენელთა პროტესტი. ისინი კატეგორიულად ითხოვდნენ ამ მუხლის შეცვლას რადგან მათი აზრით ამით უცხო ქვეყნის ქვეშევრდომთ უფლება ეძლეოდათ აფხაზეთის საშინაო საქმეებში ჩარევის.
1918წ. 17 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ მოისმინა შინაგან საქმეთა მინისტრის ნ. რამიშვილის მოხსენება, რომლის საფუძველზე დაადგინეს: მოწონებული და მიღებული იქნეს აფხაზეთის სახალხო საბჭოს არჩევნების დებულება და წარედგინოს პარლამენტს დასამტკიცებლად. ამასთანავე, დადგენილ იქნეს ჩატარდეს საერობო არჩევნებიც. ყველაფრისთვის კი გამოიყო აფხაზეთისთვის განკუთვნილი 10 მილიონი მანეთი ბიუჯეტიდან 75 ათასი მანეთი.1
1918წ. 27 დეკემბერს პარლამენტმა თითქმის უცვლელად დაამტკიცა სახალხო საბჭოს არჩევნების დებულება, რომლის საფუძველზეც 1919წ. 13 თებერვალს ჩატარდა აფხაზეთის სახალხო საბჭოს დემოკრატიული არჩევნები. პროპორციული სისტემით არჩეული იქნა ახალი სახალხო საბჭო, რომელიც პარტიულობის მიხედვით ასე გამოიყურებოდა: 27 წევრი სოციალ-დემოკრატი, 3 _ ესერი, 1 _ სოციალ-ფედერალისტი, 1 _ კოლონისტი, 4 _ დამოუკიდებელი სოციალისტი, 1 _ ნაციონალ-დემოკრატი, 4 _ აფხაზეთის დამოუკიდებლობის მომხრე. საბჭოში სულ წარმოდგენილი იყო 7 ფრაქცია. უმრავლესობა მოიპოვეს სოციალ-დემოკრატებმა. ამასთან, საქართველოს დამფუძნებელ კრებაში სოციალდემოკრატიული პარტიის სიით გავიდნენ: ვ. შარვაშიძე, დ. ემუხვარი, ვ. გურჯუა, დ. ზახაროვი და ი. ფაშალიდი.2
ახლადარჩეული აფხაზეთის სახალხო საბჭოს პირველი სხდომამდე ორი დღით ადრე _ 1919წ. 18 მარტს, უკიდურესად დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში, როცა ერთის მხრივ ბოლშევიკები და მონარქისტი გენერლები, ხოლო მეორეს მხრივ თურქებიც დილობდნენ აფხაზეთში თავიანთი პოლიტიკური მიზნების განხორციელებას, აფხაზეთის სახალხო საბჭოს სოციალ-დემოკრატების ფრაქციამ მიიღო დეკლარაცია, რომელშიც მოყვანილია ისტორიული პარადიგმები, სადაც ხაზგასმულია აფხაზთა და ქართველთა ერთიანობის და კავშირის აუცილებლობა. აქვე ნათქვამია, რომ რუსეთის თვითმპყრობელობა ხელოვნურად ცდილობდა საქართველო გაემიჯნა აფხაზეთისგან და ეწეოდა აფხაზეთის მოსახლეობის ძალდატანებით რუსიფიკაციას. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ცარიზმის დამხობის შემდეგ მძიმე დრო დაუდგა აფხაზ ხალხს. მათი გაჭირვება და ძნელბედობა კი გაიზიარა ქართველმა ხალხმა, რომელიც გვერდით ამოუდგა აფხაზ თანამოძმეებს. ისინი ერთ სახელმწიფოში გაერთიანდნენ და ერთი კანონმდებლობის საფუძველზე აფხაზებს მიენიჭათ თვითმმართველობის უფლება. აქვე დამატებულია, რომ აფხაზები მონაწილეობას მიიღებდნენ სახელმწიფოს მართვა-გამგეობასა და ქვეყნის აღმშენებლობაში. აფხაზეთის სახალხო საბჭოს დეკლარაციაში აღნიშნულია:
1. აფხაზეთი შედის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში ავტონომიური ერთეულის სტატუსით.
2. საერთო სახელმწიფოებრივი საქმეა: საგარეო პოლიტიკა, შეიარაღება, ფინანსები, სავალუტო სისტემა, საბაჟო წესდება, საერთო სასამართლო დადგენილებები და სენატი, სამოქალაქო და სისხლის სამართლის კანონმდებლობა, ფოსტა, ტელეგრაფი, სარკინიგზო და დამაკავშირებელი გზები.
3. დანარჩენ საქმეებში ავტონომიური აფხაზეთი იტოვებს კომპეტენციას შინაგანი მმართველობის პრინციპით. განათლება და კულტურული განვითარება, თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელობა და დაქვემდებარება. სასამართლო, ადმინისტრაცია, ადგილობრივი სამედიცინო და სანიტარული მომსახურება, ეთნიკურ უმცირესობათა სამართლებრივი უზრუნველყოფა აფხაზეთის ტერიტორიაზე; _ ყველა ეს ჩამონათვალი ექვემდებარება ავტონომიის მმართველობას.
4. აფხაზეთის ადგილობრივი საქმეების მმართველობა ეკუთვნის აფხაზთა სახალხო საბჭოს, რომელიც არჩეულია საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი, დახურული და პროპორციული არჩევნების საფუძველზე.
5. აფხაზეთის სახალხო საბჭო ქმნის აღმასრულებელ ორგანოს, რომელსაც აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომლებშიც, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ენის გარდა სხვა ენაც შეიძლება დაუშვას.
6. გატარებული იქნეს აგრარული რეფორმები, რომელიც ითვალისწინებს მიწის განკარგვის უფლებას, გლეხებისადმი და უპირატესად მუჰაჯირებისადმი მიწის გადაცემის უფლებას და ა.შ.
მე-7, მე-8, მე-9 და მე-10-ე მუხლებში კი ლაპარაკია, რომ საქართველოს კანონმდებელი ორგანოების არჩევისას აფხაზეთი შეადგენს ცალკე საარჩევნო ოკრუგს და აფხაზეთის სახალხო საბჭო ისარგებლებდა საკანონმდებლო ინიციატივით.1
სახალხო საბჭოს პირველი სხდომა გაიხნა 1919წ. 20 მარტს. სხდომას ესწრებოდა 34 დეპუტატი სახალხო საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა დ. ემუხვარი, ხოლო პირველ მდივნად გ. კოროლიოვი. საბჭოს სხდომა გახსნა უხუცესმა დეპუტატმა ი. რამიშვილმა, რომელმაც თქვა: ,,აფხაზეთი დიდი ხანია რაც გადაიქცა რევოლუციასა და კონტრრევოლუციას შორის, დემოკრატიზმსა და მონარქიზმს შორის ბრძოლის არენად, რომელსაც მოაქვს ხალხთა მასების სრული დამონება. სახალხო საბჭოს მოვალეობაა ერთხელ და სამუდამოდ ბოლო მოუღოს მერყეობასა და სიმხდალეს დემოკრატიის დამკვიდრებაში და საბოლოოდ განსაზღვროს მთელი ოლქის პოლიტიკური კურსი. ხალხის მეგზურებმა უნდა თქვან საით წავა აფხაზეთი-ცარიზმისკენ თუ დემოკრატიისკენ, ამაზეა დამოკიდებული საბჭოს მომავალი მუშაობაც. გაუმარჯოს თავისუფალ აფხაზეთს, გაუმარჯოს აფხაზეთსა და საქართველოში მცხოვრები ყველა ხალხის ძმობას, ერთობას, სიყვარულს! გაუმარჯოს რესპუბლიკის ლაშქარს, რომელიც მკერდით იცავს აფხაზეთის ტერიტორიას!“.2
აფხაზეთის სახალხო საბჭოს პირველსავე სხდომაზე მთელი სისრულით დაისვა აფხაზეთის სახელმწიფოებრივი სტატუსის საკითხი. გამოიკვეთა აფხაზეთის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის სრული უპერსპექტივობა და იურიდიულად დადასტურდა მისი ავტონომიური სტატუსი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში.
ამასთან დაკავშირებით სხდომაზე მიიღეს ფუძემდებლური დოკუმენტი: „აქტი აფხაზეთის ავტონომიის შესახებ“, რომლის პირველ პუნქტს („აფხაზეთი შედის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში, როგორც მისი ავტონომიური ერთეული, რის შესახებაც ეცნობოს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და მის დამფუძნებელ კრებას“) 34 დამსწრე დეპუტატიდან ხმა მისცა 27-მა, სამმა თავი შეიკავა, ხოლო ოთხმა არ მიიღო მონაწილეობა კენჭისყრაში. რაც შეეხება „ავტონომიის შესახებ აქტის“ მე-2 პუნქტს („ავტონომიური აფხაზეთის კონსტიტუციის შესადგენად და ცენტრალურ და ავტონომიურ ხელისუფლებას შორის ურთიერთობათა დასადგენად არჩეულ იქნეს შერეული კომისიის წევრთა თანაბარი რაოდენობით საქართველოს დამფუძნებელი კრებისაგან და აფხაზეთის სახალხო საბჭოსაგან და ამ კომისიის მიერ შემუშავებული დებულებები მათი საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და აფხაზთა სახალხო საბჭოს მიერ მიღების შემდეგ შეტანილი უნდა იქნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაში“), ის ერთხმად იქნა მიღებული.1
აღნიშნული დადგენილება თავისი მანდატით საბჭოს სპეციალურმა დელეგაციამ (ვ. შარვაშიძემ, გ. ზუხბაიმ, დ. ზახაროვმა, დ. ემუხვარმა, ვ. ანჩაბაძემ და მ. ტარნავამ) თბილისში დამფუძნებელ კრებას წარუდგინა, რომელმაც მოიწონა აფხაზეთის სახალხო საბჭოს გადაწყვეტილება და მიესალმა მას. მოგვყავს მანდატის ტექსტი: „На основании постановления Народного Совета Абхазии от 21 мая сего года предьявители сего члены совета: 1) Варлам Александрович Шервашидзе; 2) Григорий Матвеевич Зухбай; 3) Дмитрий Васильевич Захаров; 4) Дмитрий Константинович Эмухвари; 5) Вианор Тарасович Анчабадзе; и 6) в Михаил Иванович Тарнава командируются в г. Тифлис в качестве делегации совета для выработкы Конституции Автономной Автономной Абхазии. Делегации вменяется в обязанность держаться в своей работе принятого Советов Проекта Конституции и отстаивать возможно широкие автономные права Абхазии. Старий товариш Председателья Акиртава: (подпись) Управляющий Канцелярией: (подпись)“.1
ამრიგად, აფხაზეთის ახალმა სახალხო საბჭომ, მის შემადგენლობაში ბოლშევიკების, თურქოფილების და რუსოფილების ყოფნის მიუხედავად სცნო და ხელი მოაწერა 1919წ. 20 მარტის „აქტს აფხაზეთის ავტონომიის შესახებ“ რითაც დაადასტურა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში შესვლა ავტონომიის სახით, რაც გამოხატავდა აფხაზი ხალხის ნებას და ისტორიულ ერთობას ქართველ და აფხაზ ხალხს შორის. აფხაზეთის სახალხო საბჭოს დეკლარაცია და სპეციალური აქტი ავტონომიის შესახებ არის ისტორიული ფაქტი, რომელსაც ვერცერთი არგუმენტის მოშველიებით ვერ გააბათილებენ თანამედროვე აფხაზი ისტორიკოსები, ამ და სხვა არაერთ დოკუმენტში სახალხო საბჭომ საქართველოსთან ურთიერთობას ნდობა გამოუცხადა.
1919წ. 30 მარტს შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, საბჭოში წარმოდგენილი ყველა პარტიის წარმომადგენლის მონაწილეობით. თავის პირველ სხდომაზე კომისიის წევრებმა ერთხმად მიიღეს მომავალი კონსტიტუციის I-პუნქტი _ „აფხაზეთი შედის საქართველოს შემადგენლობაში, როგორც მისი ავტონომიური ერთეული“.2
1919წ. 8-10 აპრილს სახალხო საბჭოს სხდომაზე განიხილეს ავტონომიური აფხაზეთის მართვის ორგანოების შექმნის საკითხი. გადაწყდა, შექმნილიყო აფხაზეთის მართვის ორგანო, რომელიც კონსტიტუციის შემუშავებამდე იხელმძღვანელებდა მხოლოდ სახალხო საბჭოს ინსტრუქციებით. კოლეგია შედგებოდა 3 წევრისაგან: შინაგან საქმეთა იუსტიციის, სახალხო მეურნეობის, განათლებისა და ჯანდაცვის განყოფილებების კომისრებისაგან.3
1919წ. 13 მაისს აფხაზეთის სახალხო საბჭომ სოხუმის ოლქს ოფიციალურად უწოდა – აფხაზეთი, ხოლო უმაღლეს აღმასრულებელი ორგანოს (მთავრობას) _ კომისარიატი. აღმასრულებელი ხელისუფლების შექმნით აფხაზეთის სახალხო საბჭომ მიიღო საკანონმდებლო ორგანოს უფლებები. ამ ფაქტით ფაქტობრივად დაიწყო აფხაზეთის ავტონომიური მმართველობის პერიოდი აფხაზეთის პოლიტიკურ რეალობაში.
როგორც აღვნიშნეთ, აფხაზეთის სახალხო საბჭომ ავტონომიის შესახებ აქტით დაადგინა, რომ აფხაზეთის მართვა-გამგეობის ფორმა საბოლოოდ კონსტიტუციით განისაზღვრებოდა. კონსტიტუციის პროექტზე მუშაობის პროცესში წარმოჩნდა ის პოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც სახალხო საბჭოში არსებობდა. შემუშავებული იქნა კონსტიტუციის პროექტის სამი ვარიანტი:
I ვარიანტი ეკუთვნოდა სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას, რომელიც შედგება 5 თავისგან. I თავში ლაპარაკია ავტონომიური აფხაზეთის სახელმწიფოებრივი მოწყობის შესახებ, სადაც ხაზგასმულია, რომ აფხაზეთი შედის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში ავტონომიურ ერთეულად. ავტონომიურ აფხაზეთს გარდა საერთო საკანონმდებლო ორგანოსა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კანონმდებლობისა, გააჩნია თავისი ადგილობრივი ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანო. მას ასევე გააჩნია საქართველოს დამფუძნებელ კრებაში საკანონმდებლო ინიციატივით სარგებლობის უფლება. სახელმწიფო ენად აღიარებული იქნა ქართული ენა, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში დასაშვებად ცხადდებოდა რუსული ენის გამოყენება.
* II თავში ნათქვამია, რომ საერთო სახელმწიფოებრივი საკითხებია: საგარეო პოლიტიკა, შეიარაღებული ძალები, ფინანსები, გზები, ფოსტა, საგადასახადო სისტემა და სხვა.
* III თავში ლაპარაკია საარჩევნო კანონზე, სადაც განსაზღვრულია ელექტორატის და სოციუმის საკითხი.
* IV თავში ჩამოყალიბებულია აღმასრულებელი ხელისუფლების შესახებ საკითხი.
* V თავში მითითებულია _ „Права граждан, пересмотр и изменения Конституции, гарантии прав меньшинств и демократической государственности, абеспечиваются общей Конституцией Республики, в которую этот проект входит особой главой“.1
კონსტიტუციის მეორე პროექტი წარდგენილი იყო აფხაზეთის კომისარიატის მიერ, რომელიც შემრიგებლურ პოზიციას ეყრდნობოდა.
* I თავი _ Проект комиссариата Абхазии Конституциа Автономной Абхазии Общие положения.
* II თავი _ О власти законодательной
* III თავი _ О власти исполнительной
* IV თავი _ О суде
* V თავი _ Права и обязанности граждан
* VI თავი _ О пересмотре, изменении и утверждении Конституции
* VII თავი _ Заключительное положение.
აფხაზეთის კომისარიატის კონსტიტუციის პროექტით აფხაზეთი შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში, როგორც ავტონომია, მაგრამ როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული საკანონმდებლო და სასამართლო ოლქი, რომელიც შეზღუდული იყო საქართველოს კონსტიტუციით. სახელმწიფო ენად კი დასახელებულია რუსული.
კონსტიტუციის პროექტის ამ ვარიანტში (მე-9 მუხლის თანახმად) საერთო სახელმწიფოებრივ სფეროს განეკუთვნება: სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის, საგარეო პოლიტიკის, ფულადი სისტემის, სახელმწიფოებრივი ფინანსების განკარგვის, საბაჟო საქმის, ფოსტის, ჯარის, რკინიგზის და სახელმწიფოებრივ გზათა სფეროები.2 კონსტიტუციის მესამე პროექტი ეკუთვნის დეპუტატთა ჯგუფს _ „проект группы депутатов Hародного ჩовета Aбхазии“. რომელიც რვა თავისაგან შედგება:
* I თავი _ государственное устройство Aвтономной Aбхазии
* II თავი _ общее и местное законодательство
* III თავი _ о власти законодательнои
* IV თავი _ о власти исполнительной
* V თავი _ о суд
* VI თავი _ права и обязаности граждан
* VII თავი _ о пересмотр, изменении и утверждении конституции
* VIII თავი _ заключительные положения
აღსანიშნავია, რომ სამივე პროექტის ავტორები ერთსულოვანი არიან ერთ საკითხში _ აფხაზეთი ავტონომიის სტატუსით შედიოდა საქართველოს დამოუკიდებელ დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ასევე ისინი ერთმანეთს ეთანხმებიან საერთო-სახელმწიფოებრივ სფეროთა საკითხშიც. განხილული დოკუმენტებიდან გამომდინარე სახელმწიფოს მართვის პრიორიტეტული მიმართულებები და სამართლებრივი საკითხები აფხაზეთის ავტონომიას და საქართველოს რესპუბლიკას ერთიანი უნდა ჰქონოდათ. ამასთან დაკავშირებით, სავსებით სწორად შენიშნავს ზ. პაპასქირი, რომ 1918-1921წწ. აფხაზური ოპოზიციის ლიდერთა კონსტიტუციის პროექტის ცალკეული „დებულებები ნათლად ადასტურებენ, რომ მიუხედავად ამ კონსტიტუციის ავტორთა სეპარატისტული განწყობილებებისა, იმ პერიოდში მათ არ ჰქონდათ სხვა გამოსავალი და იძულებულნი იყვნენ, ეცნოთ აფხაზეთის ავტონომიური სტატუსი ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში. უფრო მეტიც, ისინი აქტიურად თანამშრომლობდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ეძებდნენ გზებს თბილისსა და სოხუმს შორის სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი ურთიერთობების დახვეწისათვის. ამაზე მეტი აღიარება ახლადარჩეული სახალხო საბჭოს მიერ მიღებული პირველი ოფიციალური დოკუმენტის _ „აფხაზეთის ავტონომიის შესახებ აქტისა“, ძნელი წარმოსადგენია და მისი მოხსენიება „ни к чему не обязывающий“ დოკუმენტად,1 სხვა არაფერია, თუ არა ს. ლაკობასა და მის თანამოაზრეთა მცდელობა, სასურველი რეალობად წარმოაჩინონ.2
1919წ. ივლისში აფხაზეთის სახალხო საბჭოს სხდომებზე დაისვა საკითხი თბილისში შერეული საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში დელეგაციის და წარსადგენი საკონსტიტუციო პროექტის არჩევის შესახებ. 1919წ. 19 ივლისის სხდომაზე დამოუკიდებელთა და მემარჯვენეთა ჯგუფის წარმომადგენლებმა სოციალ-დემოკრატებს აფხაზი ხალხის და დემოკრატიის მტრები უწოდეს.3 თავის მხრივ, დამოუკიდებელთა კონსტიტუციის პროექტი მკაცრად გააკრიტიკეს სოციალ-დემოკრატებმა, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ აფხაზეთი შედის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში, ავტონომიურ ერთეულად, ხოლო ადგილობრივ საქმეებში ის სრულიად დამოუკიდებელია. ისინი შეცდომად მიიჩნევდნენ დამოუკიდებელთა კონსტიტუციის პროექტის დამტკიცებას და მოითხოვდნენ ეღიარებინა სახალხო საბჭოს ეს შეცდომა.4. ვითარების შესაბამისად 19 ივლისის სხდომაზე შეთანხმება მიღწეული ვერ იქნა. საბჭოს წევრების უმრავლესობა მოითხოვდა შეემუშავებინათ ერთიანი პლატფორმა აფხაზეთის სახალხო საბჭოს და აფხაზეთის მოსახლეობის საკეთილდღეოდ.
1919წ. 21 ივლისის საბჭოს სხდომაზე წინააღმდეგობა უკიდურესად დაიძაბა. სოციალ-დემოკრატთა პროექტს მხარს უჭერდა გუმისთისა და სამურზაყანოს მაზრები, ხოლო კოდორი და გუდაუთა მოითხოვდა მიეღოთ დამოუკიდებელთა საკონსტიტუციო პროექტი. პოლიტიკური კონსესუსის მისაღწევად გადაწყდა, რომ პარიტეტული კომისიის წინაშე განსახილველად წარედგინათ აფხაზეთის კომისარიატის მიერ შემუშავებული კომპრომისული პროექტი. ამ წინადადების წინააღმდეგ გამოვიდა „დამოუკიდებელთა“ ჯგუფი, რომელიც აცხადებდა, რომ მიუღებელი იყო იმ პროექტის განხილვა, რომელსაც არ გაუვლია განაწესში მითითებული ინსტანციები. 21 ივლისის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება კონსტიტუციის საკითხებზე მოსალაპარაკებლად საქართველოს მთავრობასთან გაეგზავნათ დელეგაცია. უმცირესობის ჯგუფმა უარი განაცხადა დელეგაციაში მონაწილეობაზე და დააყენეს საკითხი საქართველოს მთავრობისთვის მიეცათ დრო 15 აგვისტომდე _ პოზიციის დასაფიქსირებლად.1
სახალხო საბჭოს სხდომაზე არჩეული იქნა დელეგაციის წევრები, რომელშიც შევიდნენ ესერთა და სოციალ-დემოკრა-ტიული პარტიის წარმომადგენლები: ვ. ღურჯუა, გ. კოროლიოვი, მ. ცაავა, მ. უბირია, მ. გრიგოლია.2
1919წ. 25 ივლისს საბჭოს უმცირესობის წარმომადგენლებმა საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას მიმართეს საპროტესტო განცხადებით, სადაც ნათქვამი იყო, რომ მივლინებული დელეგაცია იყო უკანონო და სახალხო საბჭოს თავმჯდომარე მოქმედებდა თვითნებურად, რადგან მან მხარი დაუჭირა კონსტიტუციის ისეთ პროექტს, რომლის შემუშავებისას დარღვეულია განაწესში მითითებული პუნქტები.3 უმცირესობის დეპუტატები მოითხოვდნენ, რომ პასუხი მიეღოთ 15 აგვისტოსთვის. ასევე ამტკიცებდნენ, რომ მათ მიერ შემუშავებულ კონსტიტუციის პროექტს საფუძვლად უდევს აფხაზეთის თვითგამორკვევის პრინციპი.4
1919 წლის შემოდგომაზე თბილისში ჩავიდა აფხაზეთის საკონსტიტუციო საბჭოს ოფიციალური დელეგაცია, რომელიც შეხვდა დამფუძნებული კრების წევრებს. არჩეული იქნა პარიტეტული კომისია 5-5 კაცის შემადგენლობით. კომისიის მუშაობის პროცესში წამოიჭრა სადაო საკითხები. ამიტომ დამფუძნებელ საკონსტიტუციო კომისიამ გამოთქვა სურვილი სახალხო საბჭოს დელეგაცია კიდევ ერთხელ ჩამოსულიყო კონსტიტუციის პროექტზე სამუშაოდ.
აფხაზეთის საკონსტიტუციო საბჭოს დელეგაციამ საქართველოს მთავრობას 1919 წლის 4 ოქტომბერს მიმართა მოხსენებითი ბარათით. დელეგატები ითხოვდნენ კონსტიტუციის შემუშავებამდე საკანონმდებლო აქტით განსაზღვრულიყო ცენტრალური ხელისუფლების დამოკიდებულება ადგილობრივ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებთან, რომ აღარ ყოფილიყო გაუგებრობა ცენტრთან ურთიერთობაში, რასაც ქმნიდა ამ ორგანოების უფლებების საზღვრებისა და მოვალეობის შესახებ კანონის უქონლობა. დელეგატების აზრით საქართველოს მთავრობას უნდა გამოეთქვა თავისი შეხედულებები აზრი აფხაზეთში პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათის საკითხების გარშემო. კერძოდ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების შინაგანი თვითმმართველობის უფლებების შესახებ, სამხედრო ხელისუფლებასა და ადგილობრივ სამოქალაქო მართვის ორგანოებს შორის ურთიერთობის განსაზღვრის აგრარული რეფორმის გატარების საკითხთან და სხვა პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებით.1
დელეგაციის წევრებმა პირადად თხოვეს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ნ. ჟორდანიას, რომ რესპუბლიკის კონსტიტუციის გაჭიანურების შემთხვევაში მიეღოთ ცალკე კანონი ავტონომიური აფხაზეთის მართვის შესახებ. საკონსტიტუციო საბჭოს წარმომადგენლებმა თბილისში ორ თვეს დაჰყო.
ხსენებულმა დელეგაციამ, აფხაზეთში შექმნილი უმძიმესი სასურსათო მდგომარეობის გამო, წასვლის წინ ოფიციალური წერილობითი თხოვნით მიმართა რესპუბლიკის მთავრობას სასწრაფო დახმარება გაეღო აფხაზეთისთვის, რათა როგორმე დაძლეულიყო უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი, ანუ შიმშილი. ამისათვის დელეგაცია ითხოვდა სოხუმ-სენაკსა და გაგრა-ფოთს შორის საკომუნიკაციო კავშირის მოგვარებასაც, ასევე აფხაზეთის გლეხობის სასოფლო-სამეურნეო იარაღებით უზრუნველყოფას, აგრეთვე აფხაზეთის თამბაქოს საზღვარგარეთ მონოპოლიური გატანის უფლებას.
ოფიციალური დელეგაციის გარდა, თბილისში აღმოჩნდა აგრეთვე აფხაზეთის მეორე დელეგაცია: ი. მარღანიას, დ. ალანიას, მ. ცაგურიას და მ. ტარნავას შემადგენლობით. მათი ჩამოსვლის მიზანი მდგომარეობდა იმაში, რომ საქართველოს მთავრობისთვის გაეცნოთ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად აფხაზეთში შეიქმნილი ვითარება. აფხაზეთის წამყვან პოლიტიკურ წრეებში წარმოქმნილი უთანხმოება კონსტიტუციის მიღებას ხელს უშლიდა. სახალხო საბჭოს სხვადასხვა ფრაქციები ვერ შეთანხმდნენ და ვერ შეადგინეს ერთიანი საკონსტიტუციო პროექტი. საქართველოს რესპუბლიკის საკონსტიტუციო კომისია იძულებული გახდა მიეღო გადაწყვეტილება, რომ აფხაზეთის ავტონომიის კონსტიტუციის პროექტის მასალების გასაანალიზებლად და დებულებათა ჩამოსაყალიბებლად არჩეულიყო კომისია, რომელიც აფხაზეთის სახალხო საბჭოს მიერ წარმოდგენილი პროექტების საფუძველზე თვითონ მოამზადებდა აფხაზეთის კონსტიტუციის პროექტს.
სეპარატისტულად განწყობილი აფხაზ პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი თავისი ქმედებებით ხელს უშლიდა აფხაზეთის კონსტიტუციის შემუშავებას. დემოკრატიული ძალები კი აუცილებლობად მიიჩნევდნენ უმოკლეს ვადაში გადაწყვეტილიყო ეს პრობლემა.
1920წ. ივლისში აფხაზეთის სახალხო საბჭომ თბილისში კვლავ მიავლინა საკონსტიტუციო დელეგაცია. 7 ივლისს პარიტეტულმა კომისიამ შეიმუშავა ,,ავტონომიური აფხაზეთის ძირითადი პრინციპები”, რომელიც საფუძვლად დაედო აფხაზეთის ავტონომიური მართვის ძირითად დებულებებს.
ავტონომიის ძირითად პრინციპებში აფხაზეთის სახალხო საბჭო აღიარებულია, როგორც ავტონომიური აფხაზეთის კანონმდებელი ორგანო. აქვეა განსაზღვრული საბჭოს მმართველობის დაქვემდებარებაში შემავალი სფეროები, სახელმწიფო ენად გამოცხადებულია ქართული ენა, ამასთანავე საბჭოს ეძლევა უფლება გამოიყენოს სხვა ადგილობრივი ენებიც, აღმასრულებელ ხელისუფლებას წარმოადგენს აფხაზეთის კომისარიატი, აფხაზეთის ტერიტორიაზე შეკრებილი სახელმწიფო გადასახადების ნაწილი ერიცხება სახალხო საბჭოს.
ავტონომიური აფხაზეთის დებულების გადასინჯვის უფლება ეძლეოდა მხოლოდ საქართველოს პარლამენტს, ხოლო გადასინჯვის ინიციატივა შეეძლო წამოეყენებინა აფხაზეთის სახალხო საბჭოს.
23 ივლისს თბილისში შედგა აფხაზეთის წარმომადგენლების და მცირე კომისიას შორის თათბირი ავტონომიის კონსტიტუციასთან დაკავშირებით, სადაც პ. საყვარელიძემ (საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე) განაცხადა, რომ ცენტრალური კომისია ამუშავებდა რესპუბლიკის კონსტიტუციას, რომლის პროექტს, ავტონომიის პროექტთან ერთად, განიხილავდა რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება. აფხაზეთის წარმომადგენელმა მ. ტარნავამ გამოთქვა უკმაყოფილება, რომ ბოლო დროს აფხაზეთის მხარე მონაწილეობას არ იღებდა ავტონომიის კონსტიტუციის განხილვაში და მცირე კომისია კომპეტენტური არ იყო აფხაზეთის საქმეში. აფხაზეთის წარმომადგენელთა საჩივარი პრეზიდიუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს წარუდგინა, რომელმაც 1920 წლის 31 აგვისტოს გამოტანილი გადაწყვეტილება გადასცა აფხაზეთის დელეგაციას, სადაც ყურადღება გაამახვილა შემდეგ საკითხებზე: აფხაზეთის ავტონომიის კონსტიტუციის არსი უნდა მიესადაგოს საქართველოს რესპუბლიკის საერთო კონსტიტუციას.
აფხაზეთის კონსტიტუციის პროექტების შემუშავება ხდებოდა საერთო პრინციპების გარეშე _ შენიღბულად, რათა მათ უზრუნველყოთ აფხაზეთის დამოუკიდებლობა საქართველოსგან _ სახალხო საბჭოსა და კომისარიატის ზოგიერთ ოპოზიციური ჯგუფის წარმომადგენელთა ზრახვების საფუძველზე, აგრეთვე აფხაზეთში სახელმწიფო ენის სტატუსთან, ასევე აფხაზეთის საეკლესიო უწყების დამოუკიდებლობასთან, მმართველობასთან, სამხედრო ვალდებულებასთან, საკონსტიტუციო პარტიულ კომისიასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ დისკუსიებსა და თათბირზე გამოსვლების საფუძველზე.
აფხაზეთის სახალხო საბჭოს პოზიციის და ოპოზიციის პოლიტიკურ ჭიდილში ჭიანურდებოდა კონსტიტუციის შემუშავება, რაც აფხაზეთის და საქართველოს მტრების წისქვილზე ასხამდა წყალს. დემოკრატიული ძალები ყველა საშუალებას მიმართავდნენ, რომ შენარჩუნებულიყო ის კურსი, რომელიც დასახული იყო საქართველოსთან მიმართებაში დემოკრატიული ავტონომიური აფხაზეთის ასაღორძინებლად.
საკონსტიტუციო კომისიამ აფხაზეთის კონსტიტუციის პროექტების განხილვის საფუძველზე შეიმუშავა კონსტიტუციის ბოლო ვარიანტი, რომელიც 1920წ. 16 ოქტომბერს დაამტკიცა საბჭომ. კონსტიტუციის პროექტის მიხედვით, პირველი მუხლი აფხაზეთის ავტონომიას აცხადებდა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთეულად _ საზღვრებით: ჩრდილოეთ-დასავლეთით მდ. მეხადირი; სამხრეთ-აღმოსავლეთით _ მდ. ენგური, სამხრეთით შავი ზღვის ნაპირიდან კავკასიის ქედამდე _ ყუბანისა და თერგის ოლქის საზღვრებამდე. აფხაზეთის ავტონომიის საკანონმდებლო ორგანოდ ცხადდებოდა საკანონმდებლო კრება, აღმასრულებელ ორგანოდ _ ავტონომიის მთავრობა. მეხუთე მუხლის საფუძველზე ცენტრის უფლებამოსილებაში უნდა ყოფილიყო: _ საგარეო პოლიტიკა. ჯარი, სამხედრო-საზღვაო და საჰაერო საქმე, სამოქალაქო და სისხლის სამართლის კანონმდებლობა, საფინანსო და ფულადი სისტემა, ფოსტა-ტელეგრაფი, რკინიგზა და სახელმწიფოებრივი დანიშნულების გზები, საბაჟო სისტემა. აფხაზეთის საკანონმდებლო კრების კომპეტენციაში რჩებოდა _ კანონების მიღება ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე, ფინანსები, სახალხო განათლება, კულტურა, ადგილობრივი საქალაქო და საერობო ორგანოები, საზოგადოებრივი უშიშროება და წესრიგის დაცვა, ჯანმრთელობის სფეროები, ადგილობრივი გზები. მე-9 და მე-10 მუხლებში ნათქვამია, რომ კულტურულფასეული ძეგლები, კლიმატური სადგურები, მინერალური და სამკურნალო წყლები, ტყეები და სასარგებლო წიაღისეული ითვლება საერთო სახალხო ქონებად. კონსტიტუციის 35-ე მუხლის მიხედვით აფხაზეთში სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თანამდებობის პირები ინიშნებოდნენ ან ირჩეოდნენ ცენტრალური ხელისუფლების მიერ. აფხაზეთის მკვიდრი მოსახლეობიდან. 38-ე მუხლის თანახმად აფხაზეთის მოქალაქე ითვლებოდა საქართველოს მოქალაქედ.1
აფხაზეთის საბჭოს მიერ დამტკიცებული და მოწონებული კონსტიტუციის პროექტით 1920წ. 4 ნოემბერს აფხაზეთის სახალხო საბჭოს დელეგაცია ჩავიდა თბილისში, სადაც ისინი მიიღო ნოე ჟორდანიამ, სადაც აფხაზეთის წარმომადგენლებს გამოუცხადეს, რომ კონსტიტუციის შესახებ საკითხი გადაწყდებოდა საქართველოს კონსტიტუციის მიღებისთანავე, რომ აფხაზეთის მოწყობა ავტონომიის პრინციპის საფუძველზე უდაოა და რომ მისი კონსტიტუციის დამუშავება განეკუთვნება დამფუძნებელი კრების კომპეტენციას.2 სახალხო საბჭოს დელეგაციის ნაწილმა _ მ. ცაგურიამ, მ. ტარნავამ და დ. ალანიამ ჩათვალა, რომ საქართველოს მთავრობამ დაარღვია 1919წ. 20 მარტის აქტის მეორე პუნქტი და დატოვა თბილისი. 5 დეკემბრისთვის მთელი დელეგაცია დაბრუნდა სოხუმში.3 საბჭოს წევრებმა მ. ცაგურიამ, ი. მარღანიამ, დ. ალანიამ, ს. ჭანბამ, მ. ტარნავამ და სხვ. 22 დეკემბერს პროტესტით მიმართეს საბჭოს, თითქოს ის განზრახ უწყობდა ხელს კონსტიტუციის მიღების გაჭიანურებას. თუმცა საბჭოს წევრთა უმრავლესობამ დაიცვა პრეზიდიუმი ბრალდებებისგან, იმ მოტივით, რომ კონსტიტუციის მიღება ობიექტური გარემოებით ბრკოლდებოდა.
1920წ. 29 დეკემბერს მცირე საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა დებულება „აფხაზეთის ავტონომიური მმართველობის შესახებ“, რომელშიც განისაზღვრა ავტონომიური აფხაზეთის ტერიტორიული საზღვრები. მასში საკანონმდებლო ორგანოდ აღიარებულია დემოკრატიული საარჩევნო პრინციპით არჩეული სახალხო საბჭო, ჩამოყალიბებულია ის სფეროები, რომლებიც ექვემდებარება ავტონომიური აფხაზეთის მმართველობას. საერთო სახელმწიფო საკუთრებად ცხადდებოდა მიწა, ტყე, გაგრის კლიმატური სადგური, წიაღისეული. სახელმწიფო ენად ცხადდებოდა ქართული ენა, თუმცა საბჭოს არჩევით დაწესებულებებში შესაძლებელი იყო ერთ-ერთი სხვა ენის შემოღებაც. აღმასრულებელ ხელისუფლებას განახორციელებდა კომისარიატი. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში არჩევნებისთვის აფხაზეთი შეადგენდა ცალკე საარჩევნო ოლქს. სახალხო საბჭო დამოუკიდებელი იყო მოქმედებაში, ხოლო მისი წევრები სარგებლობდნენ იმუნიტეტით. აფხაზეთის კომისარიატი ანგარიშვალდებული იყო სახალხო საბჭოს წინაშე.
დებულება „აფხაზეთის ავტონომიური მმართველობის შესახებ“ _ დამტკიცებული იქნა საქართველოს კონსტიტუციასთან ერთად 1921წ. 21 თებერვალს.1 აფხაზეთის ავტონომიის დებულების პირველ მუხლში ნათქვამია: „აფხაზეთი მდინარე მეხადირიდან _ მდინარე ენგურამდე, შავი ზღვის ნაპირიდან _ კავკასიონის წყალგამყოფ ქედამდე არის საქართველოს რესპუბლიკის განუყოფელი ნაწილი, რომლის საზღვრებში აფხაზეთის ავტონომია ანხორციელებს თავის შინაგან მმართველობას“.2
საქართველოს დამოუკიდებელი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესი შეწყვეტილ იქნა 1921 წელს ძალდატანებითი გასაბჭოებით. მიუხედავად რთული საგარეო და საშინაო პოლიტიკისა საქართველოს მთავრობამ შეძლო სახელმწიფოს ერთიანობისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა. საქართველოს დემოკრატიულმა მთავრობამ აღიარა აფხაზეთი ერთიანი საქართველოს ფარგლებში ავტონომიის უფლებით, თავის მხრივ აფხაზეთის პირველმა სახალხო საბჭომ, რომელიც არჩეული იქნა საყოველთაო, პირდაპირი, თანაბარი დაფარული არჩევნების საფუძველზე, 1919წ. 20 მარტს აფხაზეთის ხალხის სახელით მიიღო „აქტი აფხაზეთის ავტონომიის შესახებ”, რითაც დადასტურდა ისტორიული ჭეშმარიტება: _ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.
შენიშვნები
1. ამის შესახებ დაწვრ. იხ. А. Ментешашвили. Исторические предпосылки современного сепаратизма в Грузии, Тб., 1998, გვ. 20-23; დ. ჩიტაია. აფხაზეთის საკითხი საქართველოს პირველ რესპუბლიკაში. აფხაზეთის სახალხო საბჭო 1917-1921 წლებში. თბ., 2006, გვ. 174-186; ზ. პაპასქირი. ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან, ნაკვ. II. 1917-1993. თბ., 2007, გვ. 14-18.
2. ჯ. გამახარია. ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ისტორიიდან. თბ., 1991, გვ. 69.
3. А. Ментешашвили. Исторические предпосылки.., გვ. 24-25; დ. ჩიტაია. აფხაზეთის საკითხი.., გვ. 186-200.
4. საქართველოს ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივი (შემდგომ _ სცსსა), ფონდი 1861, აღწერა 2, საქმე 28, ფურცელი 37; აფხაზეთში თურქული დესანტის გადმოსხმისა და მის წინააღმდეგ განხორციელებული ზომების შესახებ დაწვრილ. იხ: Дж. Гамахария. Б. Гогия. Абхазия – историческая область Грузии. Тб., 1997. გვ. 77-83; დ. ჩიტაია. აფხაზეთის საკითხი.., გვ. 210-228; ზ. პაპასქირი. ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის.., გვ. 18-19, 21-23.
5. დ. ჩიტაია. აფხაზეთის საკითხი.., გვ. 256-263; ზ. პაპასქირი. ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის.., გვ. 27-30
6. დ. ჩიტაია. აფხაზეთის საკითხი.., გვ. 262.
7. ჯ. გამახარია. ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა.., გვ. 73.
8. Дж. Гамахария, Б. Гогия. Абхазия.., გვ. 426
9. სცსსა, ფონდი 1861, აღწერა 2, საქმე 38, ფურცელი 17.
10. Дж. Гамахария. Б. Гогия. Абхазия – историческая область.., გვ. 431.
11. Дж. Гамахария. Б. Гогия. Абхазия – историческая.., გვ. 432-433.
12. გაზ. „სოციალ-დემოკრატი“, 1919, #59; ჯ. გამახარია. ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა.., გვ. 75.
13. ჯ. გამახარია. ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა.., გვ. 76; А. Ментешашвили. Исторические.., გვ. 78; ზ. პაპასქირი. ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის.., გვ. 36.
14. А. Ментешашвили. Исторические предпосылки.., გვ. 79.
15. ჯ. გამახარია. ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა.., გვ. 82.
16. ჯ. გამახარია. ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა.., გვ. 82.
17. აფხაზეთის ცენტრალური სახელმწიფო არქივი (შემდგომ _ აცსა), ფონდი ი39, აღწერა 18, საქმე 15, ფურცელი 15-26. (სოციალ-დემოკრატიული პარტიის პროექტი); А. Ментешашвили. Исторические предпосылки.., გვ. 80-82.
19. აცსა, ფონდი ი39, აღწერა 1, საქმე 19, ფურცელი 16-19; А. Ментешашвили. Исторические предпосылки.., გვ. 82-89.
20. აფხაზი ისტორიკოსის ს. ლაკობას შეფასება იხ. С. Лакоба. Очерки политической истории Абхазии. Сухуми, 1990, გვ. 74; С. З. Лакоба. Ответ историкам из Тбилиси. Документы и факты. Сухуми, 2001, გვ. 69.
21. ზ. პაპასქირი. ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის.., გვ. 39.
22. სცსსა, ფონდი 1861, აღწერა 2, საქმე 119, ფურცელი 11.
23. სცსსა, ფონდი 1861, აღწერა 2, საქმე 119, ფურცელი 11ა.
24. სცსსა, ფონდი 1861, აღწერა 2, საქმე 119, ფურცელი 5ა.
25. სცსსა, ფონდი 1861, აღწერა 2, საქმე 119, ფურცელი 5ა.
26. სცსსა, ფონდი 1861, აღწერა 2, საქმე 119, ფურცელი 14.
27. სცსსა, ფონდი 1861, აღწერა 2, საქმე 119, ფურცელი 15.
28. სცსსა, ფონდი 1861, აღწერა 2, საქმე 73, ფურცელი 1-2.
29. Дж. Гамахария. Б. Гогия. Абхазия-историческая область.., გვ. 106.
30. Дж. Гамахария. Б. Гогия. Абхазия-историческая область.., გვ. 106-108.
31. ჯ. გამახარია. ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა.., გვ. 88.
32. ა. მენთეშაშვილი. ქართველი, აფხაზი და ოსი ხალხების.., გვ. 49.
33. სცსსა, ფონდი 1833, აღწერა 1, საქმე 863, ფურცელი 92-93.
დიდი მადლობა თქვენ ბატონო უჩა ამ ფრიად სასარგებლო გვერდის შექმნისათვის და ასეთი კარგი მასალების შეგროვებისათვის!!
ОтветитьУдалить