понедельник, 12 июля 2021 г.

კონსტანტინე I და „აფხაზეთის ისტორია ბაგრატ მეფისა“ (ე. გვენეტაძე)

XIV საუკუნის 40-იანი წლების მეორე ნახევრიდან საქართველოს სახელმწიფოს შინა პოლიტიკური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. დავით IX-ის (1346-1360) ტახტზე ასვლის შემდეგ, ქვეყანაში კვლავ იძალა პოლიტიკური დეცენტრალიზაციის ტენდენციებმა, რაც უპირველესად იმით გამოიხატა, რომ ოდიშის ერისთავი გიორგი II დადიანი, როგორც წყაროები მოწმობენ, „მეფობამდეც“ კი განდიდებულა. არაბი ავტორები წერენ: „ქართველებს ჰყავთ ორი მეფე. ერთი მათგანი ზემოთხსენებული თბილისის გამგებელი, რომ მისი სახელი მაშინ იყო დავითი“. მეორე _ „სუხუმისა და აბხასის გამგებელი. ეს არის ყირიმის ზღვის სამხრეთით მდებარე ორი ქალაქი, როგორც აღინიშნა ზემოთ, „ჩრდილოეთის მხარის გზებისა და სახელმწიფოების თავში. მაშინ მის გამგებელს ეწოდებოდა დადიანი“.1 ასეთი მდგომარეობა ხელს უწყობდა დავით ნარინის შთამომავლებს, მეტადრე კი ბაგრატ მიქელის ძეს, რომელიც გიორგი ბრწყინვალეს მიერ დამცრობილ იქნა იმერეთის ერისთავად, კვლავ განეახლებინათ ბრძოლა დასავლეთ საქართველოს ტახტისათვის. ამას, ვფიქრობთ, უნდა ადასტურებდეს ავგაროზ ბანდაისძის მიერ გადაწერილი პარაკლიტონის ცნობა: „ვიწყე წერად დიდსა სიგლახაკესა და ეტრატის სიძვირესა და შფოთსა და უცალობასა შინა, წელსა მას, რომელსა იყო დიდი სიკუდილობა: ქორონიკონი იყო ლფ“ (1348).2
როგორც წყაროები მოწმობენ ეს შინა შფოთი უნდა გაგრძელებულიყო 1348-1358 წლებში, ვინაიდან 1358 წელს ბაგრატ მიქელის ძემ „მოიყვანა ცოლად ასული ყვარყვარე ათაბაგისა და იქორწინა „მის თანა ნებითა დავით მეფისათა“, 3 რითაც გარკვეული პერიოდის მანძილზე ამოიწურა კონფლიქტი.
ბაგრატ მიქელის ძეს ჰყავდა სამი ვაჟი: ალექსანდრე, გიორგი და კონსტანტინე, რომელთაგან სამივე ცდილობდა დასავლეთ საქართველოში გამეფებას, რასაც თითოეულმა მათგანმა მეტნაკლები სისრულით კიდევაც მიაღწია XIV საუკუნის 80-90-იან წლებში. ეს აშკარად მეტყველებდა ცენტრალური ხელისუფლების დაუძლურებაზე.
1360 წელს საქართველოს სამეფო ტახტზე ბაგრატ V ავიდა (1360-1363). ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით: „შემოკრბნენ კათალიკოზ-ეპისკოპოზნი, დიდებულნი და წარჩინებულნი და აკურთხეს ქუთათისს“.4 ბაგრატის „ქუთაისს“ კურთხევა შემთხვევითი არ უნდა ყოფილიყო, ვინაიდან, როგორც ჩანს, დასავლეთ საქართველოში არსებული სეპარატისტული ძალები მკვეთრად ეწინააღმდეგებოდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას და ეტყობა სერიოზულ ძალასაც წარმოადგენდნენ. ამის დამადასტურებელია სვანთა აჯანყება 1361 წლისა: „გარდმოვიდნენ მოსტყუვნეს ქუთაისი და მოწუეს“.5 მეფემ შეძლო ამ გამოსვლის ჩახშობა და თემურ-ლენგის შემოსევამდე მდგომარეობის სტაბილიზაცია. თუმცა, როგორც ირკვევა, ბაგრატ V მაინც არ ენდობოდა დასავლეთ საქართველოს დიდებულებს და მისი უფროსი ძე გიორგი გამწესებული ჰყავდა დასავლეთ საქართველოში, სადაც იგი მეფისნაცვლის უფლებებით ყოფილა აღჭურვილი.
როგორც აღვნიშნეთ, ლიხთ-იქით მყოფი დავით ნარინის შთამომავლები ხელსაყრელ შემთხვევას უცდიდნენ, რათა გაემჟღავნებინათ თავიანთი ინტერესები. ეს განსაკუთრებით ითქმის ალექსანდრე ბაგრატის ძის მიმართ, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ 1372 წელს დადგენილ იქნა იმერეთის ერისთავად6.
დასავლეთ საქართველოში შინაპოლიტიკური ვითარება განსაკუთრებით გამწვავდა XIVს. 80-იანი წლებიდან, რაც გამოწვეული იყო კავკასიაში თემურ-ლენგის გამოჩენით. მდგომარეობა იმდენად რთული იყო, რომ თემურ-ლენგთან ბრძოლაში მამას ვერ ეხმარებოდა უფლისწული გიორგი, ვინაიდან იგი იმერეთში იყო „რათა არა იქმნეს მუნცა განდგომილება“.7 როგორც ცნობილია, ბაგრატ V საშინელ მტერთან ბრძოლაში დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა მეუღლესთან ერთად. გიორგი იძულებული გახდა, დაეტოვებინა დასავლეთ საქართველო და აღმოსავლეთში გადმოსულიყო, რათა მამა გაეთავისუფლებინა. მისი იმერეთში არყოფნით მაშინვე ისარგებლა ალექსანდრე ბაგრატის ძემ და თავი მეფედ გამოაცხადა, თუმცა ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ ის, რომ მას მხარი არ დაუჭირეს დადიანმა, გურიელმა, „აფხაზთა და სუანთა“8 და მხოლოდ პროვინციის მეფობას“ დასჯერდა9. იგი ასეთი სტატუსით მოღვაწეობს 1387-1389 წლებში, გარდაცვალებამდე.
თუმცა ამის შემდეგაც ვერ ხერხდება თბილისის მიერ ვითარების სტაბილიზაცია იმერეთში და „ტახტზე“ ადის ალექსანდრე ბაგრატის ძის ძმა _ გიორგი, რომელიც დასავლეთ საქართველოში კათალიკოზსაც კი სვამს. მიუხედავად ამისა, გიორგის პოზიციები მაინც არ იყო მყარი. მის წინააღმდეგ კვლავ ამხედრდნენ გავლენიანი დიდებულები, რომელთაც არ აწყობდათ „ქუთათისის ტახტის“ გაჩენა და იგი 1392 წელს „აფხაზთა შეწევნით მოკლეს მეგრელთა“. განსაკუთრებით საინტერესოა დასავლეთ საქართველოს დიდგვაროვანთა დამოკიდებულება ცენტრალური ხელისუფლებისადმი. როგორც წყაროებიდან ჩანს, ისინი მხარს არ უჭერენ დავით ნარინის შთამომავლებს და ცენტრის ერთგულნი რჩებიან, მაგრამ, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ისინი, რიგ შემთხვევებში, თბილისის ტახტსაც უყენებენ პრეტენზიებს და ცდილობენ თავიანთი ამბიციების დაკმაყოფილებას.
ვამიყ I-ის დადიანის მხარდაჭერით გულმოცემულმა ბაგრატ V-მ და გიორგიმ შეძლეს, აეძულებინათ დავით ნარინის მემკვიდრეები: კონსტანტინე ბაგრატის ძე და მისი ძმისწული, იმერთა ყოფილი მეფის ალექსანდრეს ძე _ დიმიტრი, დაეტოვებინათ დასავლეთ საქართველო და გაქცეულიყვნენ „ბასიანს და იმყოფებოდნენ წელსა ოთხსა მუნ მწირად“.10
ვამიყ I დადიანის გარდაცვალების შემდეგ კვლავ გააქტიურდა ნარინის მემკვიდრეთა მომხრეები და იმერეთში გაამეფეს კონსტანტინე ბაგრატის ძე (ბაგრატ მიქელის ძის ვაჟი).11 მისი გამეფებაც დროებით გახდა შესაძლებელი და ისიც მოკლეს „ჩალიანში“.12 ამის შემდეგ გიორგი VII, დადიანის, გურიელის, შარვაშიძის და სუანთა პოლიტიკური მხარდაჭერით, გადადის შეტევაზე და ამცრობს ლიხთ-იქითს ბაგრატიონთა შტოს, რაც იმით გამოიხატა, რომ დიმიტრი ალექსანდრეს ძე „წარავლინა ქართლს და დაისადგურა სომხითს სარჩოთი“.
გიორგი VII შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ძმა კონსტანტინე I (1407-1412). როგორც ვახუშტი გვაუწყებს, მის დროს „იმერეთი ეპყრა კონსტანტინეს ნებასა შინა თვისსა“. 13 ჩვენამდე არ მოუღწევია ცნობებს იმის შესახებ, თუ სად ეკურთხა მეფედ კონსტანტინე, თუმცა, საფიქრებელია, რომ ის სეპარატისტული ძალები, რომლებიც თანაუგრძნობდნენ და მხარს უჭერდნენ დავით ნარინის მემკვიდრეებს, კვლავ არსებობდნენ და მათი მოქმედების გასანეიტრალებლად საჭირო იყო ისეთი ისტორიულ-პოლიტიკური დოკუმენტის წარმოჩენა, რომელიც დას. საქართველოში მეტ ლეგიტიმიურობას მიანიჭებდა კონსტანტინე I-ს. შემთხვევითი არ უნდა იყოს სწორედ ამ დროისათვის ცენტრალურ ხელისუფალთა მიერ ქუთაისში „აფხაზეთის ისტორიის“ ამსახველი ძეგლის „პოვნა“, რომელიც იწოდება „აფხაზეთის ისტორია, ბაგრატ მეფისა“ ანუ ე.წ. „აფხაზ მეფეთა დივანი“, რომელშიც ხაზგასმით არის აღნიშნული ბაგრატიონთა “მთავარი” შტოს კანონიერება აფხაზეთზე (ე. ი. დასავლეთ საქართველოზე).
მასში ვკითხულობთ: „ქ. სახელითა მღ~იათა მე კონსტანტინე მეფემან, ძემან საკურთხევლისა ბაგრატ აფხაზთა მეფისამან, ვპოე საჭურჭლესა ქუთათის მდივანი მეფეთა შინა ეწერა სახელები მეფეთა და დაძველებულ იყო და ახლად გარდავარწერინე: პ˜ი მეფე აფხაზეთისა იყო ანოს. მეორე შვილი მისი სოზარ: მესამე შვილი ისტვინე: მეოთხე შვილი მისი ფინიკტიოს: მეხუთე შვილი მისი ბარუკ. მეექვსე შვილი მისი დიმიტრი: მეშვიდე შვილი მისი თეოდოსი: მერვე შვილი მისი კონსტანტინე: მეცხრე შვილი მისი თეოდორე: მეათე შვილი მისი კონსტანტინე: მეათერთმეტე ძმა მისი ლეონ: რ˜ნ დაყო მეფობასა შინა თBსსა წელიწადი ორმოცდახუთი: მეათორმეტე (შვილი მისი) თეოდოსი, რ˜ლნ დაყო მეფობასა შინა თვისსაა წელიწადი ოცდაშვიდი, მ(ე)ათსამეტე ძმა მისი დემეტრე. მეფობდა ოცდათექვსმეტ წელს; მეათოთხმეტე ძმა მათი გიორგი მეფობდა, რომელს საუფლისწულოდ აღწუფი ჰქონდა: და ამისთვის ეწოდა მას გიორგი აღწუფელი; ამან იმეფა შვიდ წელს: მეთხუთმეტე შვილი დემეტრესი ბაგრატ, მეფობდა თორმეტ წელს: მეათექვსმეტე შვილი(მისი) კონსტანტი. მეფობდა ოცდაცხრამეტ წელს მეათჩვიდმეტე შვილი მისი გიორგი. მეფობდა ორმოცდახუთ წელს; მეათვრამეტე შვილი მისი ლეონ. მეფობდა ათ წელს; მეაცხრამეტე ძმა მისი დიმიტრი. მეფობდა რვა წელს; მეოცე ძმა მისი თეოდოსი თვალ-დამწვარი, მეფობდა სამ წელს, და ამათსა შ˜დ ინება ღ˜თნ და დავიპყარ მე ქ˜ყანა (ქვეყანა) აფხაზეთისა, დედული ჩემი ბაგრატ ბაგრატიონმან, ძემან სულ-კურთხეულსა გურგენისა-მან, და ასულის წულმან გიორგი აფხაზთ მეფისამან“.14
ამით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება არა მარტო სეპარატისტულ ძალებს, არამედ მთელ იმდროინდელ პოლიტიკურ სპექტრს შეახსენებდა თავის კანონიერ უფლებებს აფხაზეთზე (ე. ი. დასავლეთ საქართველოზე). როგორც მოვლენათა შემდგომმა განვითარებამ ცხადყო, კონსტანტინე I-ის ეს ნაბიჯი აუცილებელი იყო, ვინაიდან დასავლეთ საქართველოს ზოგიერთი ლიდერი თავს თითქმის დამოუკიდებლად გრძნობდა და რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, უფრო მეტად იკვეთებოდა ეს ტენდენცია.
კონსტანტინეს გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ვაჟი ალექსანდრე I (1412-1442), მისი მეფობის პირველსავე წელს დამოუკიდებლად მოქმედება დაუწყია ოდიშის მთავარ მამია II დადიანს (1396-1414), როდესაც იგი თავს დაესხა აფხაზეთს. მეფე იძულებული გამხდარა, მიეღო სასწრაფო ზომები, რომელთაგან ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა აფხაზეთიდან „ქუთათისს“ მობრუნებული ალექსანდრეს ოფიციალური კურთხევა მეფედ. ვფიქრობთ, ეს პოლიტიკური ნაბიჯი არსებული მდგომარეობით იყო გამოწვეული. ამით კიდევ ერთხელ იკვეთება ის რეალური სურათი, რომელიც შექმნილი იყო დასავლეთ საქართველოში და უპირველესად გამოიხატებოდა მეფის ხელისუფლების შესუსტებით. ამასთან, აღსანიშნავია ის უკმაყოფილება, რომელიც ლიხთ-იქითის დიდებულებს ცენტრის მიმართ ჰქონდათ თბილისში ტახტის გადმოტანის დროიდან, რადგან მათ დაკარგეს ძველი პრივილეგიები, რამაც გამოიწვია ფაქტობრივად „აფხაზთა“ მეფეების დროინდელი წესების წაშლა. ამას დროდადრო მეტად მტკივნეული რეაგირება ხვდებოდა „დასავლელთა“ მხრიდან, რის დადასტურებად მიგვაჩნია ჯერ კიდევ 1191 წლის აჯანყება, როდესაც მეფე თამარს თითქმის მთელი დასავლეთ საქართველო განუდგა.
ამრიგად, კონსტანტინე I-ის მიერ „აფხაზ მეფეთა დივანის“ გამომზეურება გამოწვეული იყო შექმნილი მწვავე შინაპოლიტიკური მდგომარეობით და ემსახურებოდა ქვეყანაში ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას. ამ ისტორიულ-პოლიტიკური დოკუმენტით თბილისის ტახტი შეახსენებდა ქვეყნის დეცენტრალიზაციის მოსურნე ძალებს თავის ლეგიტიმურობას დასავლეთ საქართველოზე.
შენიშვნები
1. XIV-XV სს. არაბი ისტორიკოსები საქართველოს შესახებ. არაბულიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო დ. გოჩოლეიშვილმა. თბ., 1988, გვ. 53-56.
2. Описание рукописей Тифлииского церковного музея Карталино-Кахетинского духовенства. Составленое Ф. Д. Жордания. Кн. II. Тифлис, 1902, გვ. 93.
3. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. _ „ქართლის ცხოვრება“, ტ. IV. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. თბ., 1973, გვ. 302.
4. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა.., გვ. 261.
5. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა.., გვ. 261.
6. ე. გვენეტაძე. იმერეთის სამეფოს წარმოქმნის ისტორიიდან. თბ., 2003, გვ. 77.
7. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა.., გვ. 263.
8. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა.., გვ. 265.
9. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა.., გვ. 265.
10. დ. ნინიძე. „პროვინციის მეფეების“ XIV-XV საუკუნეების საქართველოში. თბ., 1995, გვ. 77.
11. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა.., გვ. 804.
12. ე. გვენეტაძე. იმერეთის სამეფოს.., გვ. 83.
13. დ. ნინიძე. ვინ მოკლეს „ჩალაღანს“ _ „ახალგაზრდა მეცნიერთა შრომები“, XVII. თბ., 1989.
14. ე. თაყაიშვილი. საისტორიო მასალანი. _ „ძველი საქართველო“, ე. თაყაიშვილის რედაქციით, ტ. II. ტფ., 1913, გვ. 46_47.

Комментариев нет:

Отправить комментарий