пятница, 30 июля 2021 г.

ირან-ბიზანტიის ომები და სვანეთის საკითხი წერილობითი წყაროებისა და არქეოლოგიური მასალების შუქზე (ზ. კვიციანი)

  გვიანანტიკურ და ადრე შუა საუკუნეებში კავკასიონის მთიელთა ურთიერთობის პრობლემა სხვა ქვეყნების რეგიონებთან ნაკლებადაა შესწავლილი ამ საკითხების გადაწყვეტაში წერილობით წყაროებთან ერთად განსაკუთრებული მიშვნელობა ენიჭება არქეოლოგიურ მასალას. სასარგებლო წიაღისეულს (ოქროს, ვერცხლს, მარმარილოს და სხვ.)
როგორც ცნობილია, VI საუკუნეში განსაკუთრებით გამწვავდა ირანისა და ბიზანტიის მეტოქეობა ლაზიკაში გაბატონებისათვის, რასაც მოჰყვა რამდენიმე ომი მათ შორის. ომის ასპარეზი ლაზიკა იყო. ორივე დამპყრობლისათვის ეგრისს ჰქონდა დიდი ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობა. ბიზანტიისათვის ეგრისი წარმოადგენდა ფორპოსტს ჰუნების, კავკასიის გადაღმა სხვა ბარბაროსული ტომების და იმპერიის ჩრდილო-აღმოსავლეთის საზღვრების ირანისაგან დასაცავად. გარდა ამისა, დასავლეთ საქართველო ბიზანტიისთვის წარმოადგენდა ნედლეულის მიმწოდებელს და სავაჭრო-სატრანზიტო გზას ინდოეთისაკენ. რაც შეეხება ირანს, ეგრისის დაპყრობით ის შეიძენდა პლაცდარმს ბიზანტიაზე შეტევისთვის როგორც ზღვით, ისე ხმელეთით მოუსპობდა ბიზანტიას სავაჭრო გზას ინდოეთთან, ირანის გზის აქცევით რომ მიდიოდა ეგრისზე. 532წ. ბიზანტიასა და ირანს შორის დაიდო ე.წ. „საუკუნო ზავი“, რომლის მიხედვითაც მათ ერთმანეთს დაუბრუნეს დაპყრობილი ადგილები. ირანმა დატოვა სკანდა და შორაპანი, ხოლო ბიზანტიას კვლავ უნდა ეძლია გამოსაღები ირანისათვის, როგორც საზღაური კავკასიის გადმოსასვლელების ბარბაროსებისაგან დასაცავად. 542წ. დაიწყო დიდი ომიანობა ეგრისში ირანსა და ბიზანტიას შორის, რომელიც პერიოდული დაზავებით 20 წელს (542-562) გაგრძელდა. 562წ. ირანსა და ბიზანტიას შორის დადებული 50 წლიანი ზავით ქ. დარაში. ირანელებმა ხელი აიღეს ეგრისზე, ოღონდ უარს ამბობდნენ სვანეთის დათმობაზე.
562წ. ზავმა სვანეთის საკითხი კიდევ ვერ გადაწყვიტა. ბიზანტიელები ასაბუთებდნენ, რომ სვანეთი IV საუკუნიდან მოყოლებული ეგრისის სამეფოში შემავალი ერთ-ერთი სამთავრო იყო და რადგანაც ირანი ხელს იღებს ეგრისზე. მას უნდა დაეთმო სვანეთიც. ხოსრომ კი ბიზანტიის ელჩს განუცხადა, რომ სვანეთი „თავისი არჩევით და თავისი ნებით ჩვენ მოგვეკედლაო“.1
საინტერესოა, რა ხდება? რატომაა განსაკუთრებით სვანეთი ასეთი აქტუალური? სანამ ამაზე ჩვენს ვარაუდს გამოვთქვამდეთ მოკლედ შევეხოთ ეგრის-სვანეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს ბიზანტია-ირანთან. როგორც ცნობილია, ადრე შუასაუკუნეებში ვაჭრობის ერთ-ერთი მთავარი საგანი აბრეშუმი იყო, რომელიც ამ პერიოდში უმთავრეს საექსპორტო საგანს წარმოადგენდა. აბრეშუმის ქსოვილები მეტად ძვირად ფასობდა, რის გამოც მათ განსაკუთრებული და პრიორიტეტული ადგილი ეკავათ საერთაშორისო ვაჭრობაში.
უნდა აღინიშნოს, რომ აბრეშუმის ქსოვილი ძირითადად გასაწყობად იხმარებოდა საიდანაც ჩანს, რომ იგი ჯერ კიდევ იშვიათ და ძვირფას ქსოვილს წარმოადგენდა. აბრეშუმით აწყობდნენ აგრეთვე თავსამკაულს, ქვეშაგებს, რელიქვიებისათვის კერავდნენ ქისებს და სხვ.2 აბრეშუმი წარმოადგენდა მთავარ საქონელს: პირველ და ყველაზე უფრო საარსებო ინტერესს, როგორც ეკონომიკური, ისე თვით დიპლომატიური ურთიერთობისა.3 აბრეშუმზე იხდიდნენ გადასახადს და იგი წარმოადგენდა ყველაზე მიღებულ ფორმას მისართმევი ძღვენისა.1 ნედლ აბრეშუმს ბიზანტია იძენდა ჩინეთსა და ინდოეთში, შემდეგ საკუთარ საწარმოებში ამზადებდა აბრეშუმის ქსოვილებს, რომელიც საღდებოდა, როგორც საშინაო ისე საგარეო ბაზარზე, მაგრამ ბიზანტიის გასაჭირი იმაში იყო, რომ ნედლი აბრეშუმი მას უშუალოდ ვერ ჩამოჰქონდა და იძენდა ირანის მეშვეობით. აბრეშუმი ჯერ ირანში შედიოდა და მერე ბიზანტიაში ვაჭრებს გაჰქონდათ. ეს გარემოება ბიზანტიას მეტისმეტად ურთულებდა ირანთან ურთიერთობის საკითხებს, ასეთივე მდგომარეობა ჰქონდა სოგდიანასაც, რომელიც  მდებარეობდა ჩინეთიდან დასავლეთისაკენ მომავალ „დიდი აბრეშუმის გზაზე“ და აითვისა რა საკუთარი აბრეშუმის წარმოება ეძებდა გასაღების ბაზაარს, რადგან მეზობელ ირანთან ხელსაყრელი სავაჭრო ურთიერთობა ვერ დაამყარა. სოგდიანამ თავის პარტნიორად აირჩია ბიზანტია, რომელსაც როგორც ავღნიშნეთ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ირანელ ვაჭრებთან“.2 ირანი ფაქტობრივად ფლობდა მონოპოლიას აღმოასვლეთიდან დასავლეთისაკენ მიმავალ აბრეშუმის პროდუქტზე, რაც საშუალებას აძლევდა ეკონომიკური გავლენა მოეხდინა ბიზანტიასა და სოგდიანაზე.3 ბიზანტიამ და სოგდიანამ, თავი რომ დაეღწიათ ირანზე დამოკიდებულებისაგან, იპოვეს სხვა მარშუტი. ეს გზა ირანის გვერდის ავლით, ჩრდილოეთიდან დასავლეთისკენ, მიდიოდა სვანეთის გავლით.
წერილობითი წყაროების ანალიზის საფუძველზე სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრებები „დიდი აბრეშუმის გზის“ ერთ-ერთი მონაკვეთის სარგებლობის შესახებ რომ, აქ, სვანეთში გადიოდა მუდმივმოქმედი სავაჭრო გზა შუა აზიიდან ბიზანტიისაკენ (ივ. ჯავახიშვილი; ნ. ბერძენიშვილი; ს. ჯანაშია; ს. ყაუხჩიშვილი; დ. მუსხელიშვილი; გ. გასვიანი; ზ. კვიციანი და სხვ.).4 წერილობითი წყაროები ასახელებენ რამდენიმე მარშუტს სოგდიელი და ბიზანტიელი ელჩებისა, რომელთაც თან საქონელი (აბრეშუმი) მოჰქონდათ, ისინი ყველა გადიოდა კავკასიონზე, ყაბარდოდან დასავლეთ საქართველოში _ სვანეთზე, კერძოდ, მისიმიანეთზე (კოდორის-დალის ხეობა).1
აკადემიკოსი ს. ყაუხჩიშვილი ამ საკითხში სვანეთის როლს ასე ხსნის: „სვანეთზე გადიოდა ის გზა, რომლითაც ბიზანტია ფიქრობდა აბრეშუმის შემოტანას თურქთა ქვეყნიდან. ირანი, თავის მხრივ რასაკვირელია ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ დაეხშო ბიზანტიისთვის გზა.2 აქედან ნათლად ჩანს რომ სვანეთს ბიზანტია-ირანის წინააღმდეგობრივ ურთიერთობებში სერიოზული როლი ენიჭებოდა. სვანეთის საკომუნიკაციო გზებს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ცენტრალური კავკასიონის უძველესი მაგისტრალების საკვანძო სისტემაში. ისინი მოცემულ რეგიონში ერთმანეთს უერთდება და გზასაყარს ქმნის. ეს გზები ისტორიული კოლხეთიდან და შიდა ქართლიდან ჩრდილოეთ კავკასიისაკენ მიემართებოდა. სვანეთის ტერიტორიაზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზა, რომელიც სვანეთის ნაწილს ჩუბეხევსა და მისმიანეთს შავ ზღვასთან და ჩრდილოეთ კავკასიასთან აკავშირებდა. აღნიშნული გზა მდ. კოდორის ხეობიდან მდ. ყუბანის და მისი შენაკადების აუზებში გადიოდა კლუხორის უღელტეხილით. იგი დღეისათვის კარგად ცნობილი სოხუმის სამხედრო გზაა. კლუხორის გადასასვლელი (2781 მ ზღ.დ.) კოდორის ხეობიდან თებერდის ხეობაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადვილად მისადგომი და უმოკლესი გზაა დასავლეთ საქართველოდან ჩრდილოეთ კავკასიაში. ამ გადასასვლელის ძველი სახელწოდება ისტორიულ წყაროებში ჯერ არ ჩანს. ბერნადაცის ცნობით, 1367წ. გამოცემულ ვენეციურ რუკაზე ნაჩვენებია უსახელო გზა ამ გადასასვლელით1 კლუხორ-თებერდის ეს გზა საკმაოდ ცნობილია. ამ უღელტეხილით ძველთაგანვე სარგებლობდნენ ბერძნები და რომაელები, ბიზანტიელები და თურქები, გენუელები და ვენეციელები და, რა თქმა უნდა, დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა. აღნიშნული გზა განსაკუთრებით ცნობილი იყო კოლხეთის სამეფოს პერიოდში, ამიტომ შესაძლებელია ამ გადასასვლელმა სახელწოდება კოლხებისაგან მიიღო2 ხუთვერსიან და სხვა ადრინდელ რუკებზე ეს გადასასვლელი აღნიშნულია სახელწოდებით კოლხარა. შესაძლებელია, პირველდაწყებითი ფორმა იყო „კოლხ“ და არა „კლუხ“ და გარდა იმისა, რომ ასეთი გეოგრაფიული სახელწოდება გვხვდება დასავლეთ კავკასიონზე (კოლხორი-კლუხორი) არის სამხრეთითაც, საქართველოს ყოფილ ტერიტორიაზე (ამჟამინდელ თურქეთში) არის ქალაქი კოლხანლარ (კოლხ სუფიქსი ან, ხოლო ლარ მრავლობითი რიცხვის მაჩვენებელია).3 პლინიუსის ცნობით, არსებობდა აგრეთვე ქ. კოლხინიუმ-იც.4 ამ გზის დიდ მნიშვნელობაზე მიუთითებს მისი გამაგრებული ხასიათი.
გადასასვლელის სამხრეთ ნაწილში აგებული იყო ციხე სობღისი5 იყო სხვა მნიშვნელოვანი სიმაგრე – ბუქლოოსი, მისი სიახლოვე ოსებთან დასტურდება იმით, რომ მისიმიანებს ეშინოდათ, რომ ბიზანტიელებს ოსებისათვის არ გადაეცათ იგი1. ამ გზასთან დაკავშირებით, მენანდრე პროტექტორი მიუთითებს, რომ აბრეშუმით მოვაჭრე ზემარქესა და მის მხლებლებს ალანთა წინამძღოლმა ურჩია, მისიმიანეთის გავლით არ წასულიყვნენ სამხრეთისაკენ, რადგან სვანეთში სპარსელები იყვნენ და ისინი ჩაიგდებდნენ ხელში. ზემარქე იძულებული გახდა, მისიმიანეთი (ახლანდელი აფხაზეთ სვანეთი-კოდორის ხეობა) მარცხნივ მიეტოვებინა და აფსილთა ქვეყანაში დარინის გზის მეორე განშტოებით წასულიყო2 კლუხორისა და ნახარის გადასასვლელების შესახებ დიუბა დე მონპერე წერდა: „აღნიშნული გადასასვლელები კავკასიის უძველესი გზებია. ამ გზებით ხდებოდა ძირითადი ვაჭრობა და ცივილიზაციის გაცვლა-გამოცვლა კავკასიასა და გადაღმა მხარეს შორის“.3 XIXს. ბოლოს რუსეთმა სწორედ ამ მიმართულებით გაიყვანა პირველი შედარებით კეთილმოწყობილი გზა, რომელსაც სტრატეგიული და კულტურულ-ეკონომიკური მნიშვნელობა ჰქონდა.
აკადემიკოს დ. მუსხელიშვილის აღნიშვნით: „მისიმიანეთის ტერიტორიაზე ხვდებოდა ჩრდილო კავკასიაში გამავალი ისეთი უმნიშვნელოვანესი უღელტეხილები, როგორიცაა მარუხი, ქლუხორი და ნახარის გადასასვლელები. ამათგან ქლუხორზე გადმომავალ გზას ეწოდებოდა „მისიმიანეთის გზა“4 (ერთ-ერთი გზა გადიოდა სვანეთის მოსაზღვრე ტერიტორიაზე სახელდობრ იმ ნაწილში, რომელიც მისიმიანთა მიწა-წყალს აკრავდა. ეს ის ნაწილი უნდა იყოს სვანეთისა _ ასკვნიდა აკად. ს. ყაუხჩიშვილი, რომელსაც ამჟამად „ჭვიბერი“ ეწოდება5 მეცნიერის შენიშნვით ჭვიბერს განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა წარმოებისა და ვაჭრობის თვალსაზრისითაც ამ რაიონში და ეს გასაგებიც არის, თუ ის იმ გზაზე მდებარეობდა, რომელიც ლაზეთს აერთებდა კავკასიის ჩრდილოეთ მხარესთან. ადრეშუასაუკუნეებში კავკასიონის
მთიელთა ეკონომიკური ურთიერთობის სიცხოველეზე მეტყველებს მრავალი ფაქტი. განსაკუთრებით, კარგ საილუსტრაციო მასალას იძლევა კავკასიონის მთიანეთში (სვანეთში, ბალყარეთში, ყაბარდოში, დიგორსა და სხვ.) აღმოჩენილი აბრეშუმის ფარჩის და სელის ქსოვილები. მარტო ჩრდილოეთ კავკასიაში 200-მდე ფრაგმენტია ნაპოვნი.1 ბიზანტიური წარმოშობის მინა, მატყლის მძიმე ხალიჩები, მინის ჭურჭელი, ძვირფასი ლითონები (ირანული), ფერადი ქვები _ სარდარი, მოხატული სარდიონი და სხვ.2
აღნიშნული ეპოქის მონეტები დიდი რაოდენობით გვხვდება ჩრდ. კავკასიაში. თაგაურის ხეობაში აულ ჩიმთან კატაკომბებში აღმოჩენილია ბიზანტიური ოქროს მონეტა მავრიკი ტიბერის (582-602). დიგორიაში-კამუნტის სამარხებში აღმოჩენილ იქნა ოქროს ბიზანტიური მონეტები: ანასტასის (419-515), იუსტინიანე I (527-565), იუსტინანე II (565-578), ფოკას (602-610) ირაკლი კეისრის (610-641), აგრეთვე ვერცხლისა და სპილენძის მონეტების.3
VI-VII საუკუნეების აბრეშუმის ნივთებიანი სამარხები აღმოჩენილია ჩრდილოეთ კავკასიიდან საქართველოში გადმომავალ ზემოთ აღნიშნული გადასასველების მიდამოებში.4 ზემო სვანეთის ეკლესიებში შემორჩენილია VI-VII საუკუნეების აბრეშუმის ქსოვილების ფრაგმენტები (ინახება გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში).
2007წ. თსუ სვანეთის კულტურულ-ისტორიული ექსპედიციის დროს მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩვენ მივაკვლიეთ მეცნიერებისათვის მანამადე უცნობ კოპტური ქსოვილების ფრაგმენტებს, რომელსაც დიდი მხატვრული ღირებულება გააჩნია. ამ ტიპის რთული სახეებიანი ქსოვილები ახ.წ IV-VII საუკუნეებით თარიღდება. გობელენის ტექნიკით ქსოვა, რომლითაც შესრულებულია ეს ქსოვილი, დამახასიათებელია IV-VII საუკუნეების კოპტური ქსოვილებისათვის. აღნიშნული ქსოვილის მსგავსი ფრაგმენტია დადასტურებული ზემო სვანეთის სოფ. სვიფიფარის ეკლესიაში მსგავსება მჟღავნდება ორნამენტის სტილიზებულ გეომეტრიულ ხასიათშიც და დეკორის კომპოზიციის საერთო სტრუქტურაშიც (ფონის შევსება სხვადასხვა პატარ-პატარა ორნამენტებით, ფრინველებით, ყვავილებით და ა.შ) უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ სპეციალურ ლიტერატურაში ტრადიციულ, ძვირფას ეგვიპტურ ქსოვილებს კოპტურს უწოდებენ. ამ დროს ეგვიპტე ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაშია და მთელ ქრისტიანულ სამყაროს ამარაგებს საეკლესიო ქსოვილებით. ცნობილია, რომ 451წ. ქალკედონის საეკლესიო კრებაზე ეგვიპტის ეკლესია დამოუკიდებლად აღიარეს. მის მრევლს კოპტებს უწოდებდნენ. (არაბული სიტყვა „კუბტ“, რაც თავისთავად ეგვიპტეს, ეგვიპტელს ნიშნავს) ამ დროს ქრისტიანობას ეგვიპტეში გაბატონებული მდგომარეობა ეჭირა.1
კავკასიონის ჩრდილოეთ მისადგომებთან და სვანეთში ნაპოვნი ბიზანტიური, კოპტური, სოგდიური და ჩინური აბრეშუმის ქსოვილების ფრაგმენტები ნათლად მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ ეს გზები კარგად იყო ათვისებული უცხოელი ვაჭრების მიერ და ფუნქციონირებდა რეგულარულად. რა როლს თამაშობდა ამ სატრანზიტო ვაჭრობაში თვით ამ რეგიონის მოსახლეობა?
ჩვენს ხელთ არსებული წერილობითი წყაროებისა და არქეოლოგიური მასალების საფუძველზე ვფიქრობთ, რომ სავაჭრო-სატრანზიტო გზამ, ბიზანტიასა და შუა აზიას შორის, თავის ორბიტაში ჩააბა ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც აბრეშუმის ქსოვილებსა და ხამი აბრეშუმის სანაცვლოდ მოქირავნეებს პირველ რიგში სთავაზობდა, არა სოფლის მეურნეობის პროდუქციას, არამედ სვანურ ოქროს (ადგილობრივი თვითნაბადი ოქროსაგან დამზადებულ მხატვრული ხელოსნობის ნიმუშებს, ოქროს მონეტებს და ა.შ.)
ოქროს მოპოვებისა და მისი მეტალურგიული დამუშავების მნიშვნელოვან კერას უძველესი დროიდან სამხრეთ კავკასია1, კერძოდ, საქართველო წარმოადგენდა. აღნიშნული გარემოება კარგად აისახა ანტიკურ წერილობით წყაროებშიც – ამ თვალსაზრისით ბერძნები დიდად იყვნენ დაინტერესებულნი კოლხეთითა და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთით. სტრაბონი თავის გეოგრაფიაში საგანგებოდ აღნიშნავდა: სვანეთის მთის მდინარეებს ჩამოაქვთ ოქროს ქვიშა, რომლებსაც ადგილობრივი მცხოვრებლები დახვრეტილი ვარცლებით (ცხრილებით) და ბეწვიანი ტყავების მეშვეობით აგროვებენო.2
ამ თვალსაზრისით არანაკლებ საყურადღებოა პლინიუს უფროსის (ახ.წ. Iს.) ერთი ცნობა, რომლის თანახმადაც მის თანამედროვეს _ კოლხთა მეფე სავლაკს დიდი რაოდენობით შემოუდიოდა სვანების მიწა-წყლიდან ოქრო და ვერცხლი. პლინიუსის ცნობით, „კოლხებთან მეფობდა მეფე სავლაკი, აიეტის შთამომავალი, ამბობენ, რომ სვანეთის ქალწულებრივი მიწიდან ამოიღო ბევრი ვერცხლი და ოქრო. გარდა ამისა მისი მიწა ცნობილია ოქროს საწმისებით“.3
მითრიდატეს ეპოქის ისტორიკოსების შრომები საქართველოს, კერძოდ კოლხეთის შესახებ ფართოდ აქვს გამოყენებული ახ.წ. II ს. მწერალს აპიანეს, ის იმეორებს ანტიკური სამყაროსათვის ტრადიციულ ცნობებს კოლხური ოქროს შესახებ: “აქ მრავალ ნაკადულს ოქროს მქონე ქვიშა ჩამოაქვს, ადგილობრივი მოსახლეობა მათ რეცხავს და სქელმატყლიანი ცხვრის ტყავების მეშვეობით აგროვებს”.4 ინტერესი სვანური ოქროს მიმართ არც შუა საუკუნეებში გამქრალა. მენანდრე პროტიქტორის ცნობით „ლაზებში ძველი წესი იყო, რომ სვანეთის სარადლი ემორჩილებოდა ლაზს და მასთან ის აღრიცხული იყო სახარკონ სიაში და ლაზი კი იღებდა მისგან ფუტკრების ნაყოფსა და ტყავებს და ზოგ სხვა რამესაც“.1 სხვა რამეში პირველ რიგში უნდა ვიგულისხმოთ სვანეთის ოქრო, რომელიც კარგად აისახა ანტიკურ და შუა საუკუნეების წერილობით წყაროებში.
სავარაუდოდ ბიზანტიის იმპერიას სვანეთში ეკონომიკური ინტერესები ჰქონდა, კერძოდ, იმპერია ცდილობდა სასარგებლო წიაღისეულის (ოქრო, ვერცხლი, მარმარილო და სხვ.) ათვისებას. სწორედ სვანეთის ოქრო, მის წარმოებაზე კონტროლის დაწესების ცდა იყო ძირითადი მიზეზი (და არა მარტო სვანეთზე გამავალი სავაჭრო-საქარავნო გზები) ბიზანტიასა და ირანს შორის წარმოქმნილი მწვავე დიპლომატიური დაპირისპირებისა მითუმეტეს, ბოლოდროინდელი გამოკვლევებით დოკუმენტურად მტკიცდება ადგილობრივი ოქროს სარეწების არსებობის ფაქტი ენგურისა და ცხენისწყლის მიდამოებში.
დადგენილია, რომ ანტიკურ ხანაში სვანეთში ადგილობრივი თვითნაბადი ოქროდან იჭრებოდა ალექსანდრე მაკედონელისა და ლისიმაქეს ოქროს სტატერების მინაბაძები. დადგენილია მათი შემთხვევითი აღმოჩენების ტოპოგრაფია, ოქროს მონეტების აღმოჩენების ადგილები ზუსტად ემთხვევა გზებსა და გადასასვლელებს. ანტიკურ ხანაში აქ არსებული ფულადი მიმოქცევა (ელინისტური ხანის ინტერლოკალური ოქროს მონეტები, მათი ადგილობრივი მინაბაძები ძვ.წ. II ახ.წ. II საუკუნეებისა და რომაული საფასეები) ადასტურებს სვანეთის მჭიდრო კავშირს დანარჩენ სამყაროსთან.2
გარდა საბადოებში მოპოვებული ოქროსა ამ რეგიონს გააჩნდა და ამჟამადაც გააჩნია სხვა სიმდიდრეც, რომლის ფასი თავისი იშვიათობის გამო ძვირფას ლითონს არ ჩამოუვარდებოდა ეს იყო ქვათა დედოფალი მარმარილო. სვანეთში მოთეთრო-რუხი ფერის მარმარილოს დიდი რეზერვი იყო, რა თქმა უნდა, იგი ვერ შეედრებოდა ეგეოსის აუზის კუნძულების უთეთრეს მარმარილოს, თუმცა უმაღლესი ხარისხისაა. ათასზე მეტი წლის წინ ენგურის ხეობაში რომაელების მიერ აშენებულ იქნა გრანიტისა და მარმარილოს ქვასატეხები, ხის ბორბლიანი ურმებით მარმარილო იგზავნებოდა ქალაქების ფაზისისა და სებასტოპოლის მშენებლობაზე -წერს რუსი მოგზაური კლიმენტიევი.1 ასეთი მარმარილო დღესაც მოიპოვება ზემო სვანეთში დიზისა და ჭუბერის მარმარილოს საბადოებზე.
აღნიშნული გარემოება გზების ეკონომიკურ მნიშვნელობას არ აკნინებს, თუნდაც იმიტომ რომ მთელი ეს პოლიტიკური ჭიდილი, რომელიც მიმდინარეობდა სახელმწიფოთა ეკონომიკური ინტერესებით იყო ნაკარნახები. ამის გარდა გზების საკითხი ყოველთვის უშუალოდ უკავშიდებოდა მეტოქე სახელმწიფოთა თავდაცვითსა და შეტევით პოლიტიკას, რაც ჩრდილო კავკასიაში მცხოვრებ ტომთა სამხედრო ძალების გადმოყვანაში ან გადმოყვანისათვის ხელის შეშლაში მდგომარეობდა.
შენიშვნები
1. მენანდრე პროტიქტორი. _ გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, III. თბ., 1936, გვ. 231.
2. ნ. აბესაძე. მეაბრეშუმეობა საქართველოში. ეთნოგრაფიული მასალების მიხედვით. თბ., 1957, გვ. 135.
3. Н. Пигулевская. Византия на путях в Индию. Из истории торговли Византии с Востоком. М., 1951, გვ. 210.
4. Ф. Симоката. История. М.,1957, გვ. 243.
5. Н. Пигулевская. Византия на путях в Индию. М.-Л., 1951, გვ. 210.
6. А. А. Иерусалимская. К вопросу о торговых связях Северного Кавказа в раннем средневековье. – Сообщения Государственного Эрмитажа (СГЭ) XXIV, Л., 1975, გვ. 72.
7. ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. ტ. 2. თბ., 1936, გვ. 429; ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები. თბ. 1990, გვ. 425; ს. ყაუხჩიშვილი. ლექციები ბიზანტიის ისტორიიდან, წ. I. IV-VII საუკუნეები. თბ., 1948, გვ. 233; დ. მუსხელიშვილი. საქართველო IV-VIII საუკუნეებში. პოლიტიკური ისტორია და ეთნიკურ-სოციალური ვითარება. II გამოცემა. თბ., 2004, გვ. 175–183; ზ. კვიციანი. საქართველოსა და ჩრდილო კავკასიის საკომუნიკაციო საშუალებები (სვანეთის სამიმოსვლო გზები). _ კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხები, ტ. VIII. თბ., 2000; გ. გასვიანი _ სვანეთის სამიმოსვლო გზები შუა საუკუნეებში. _ კრებ.: საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიული საკითხები, IV. თბ., 1983, გვ. 116-124.
8. მენანდრე პროტიქტორი, გვ. 102-206.
9. მენანდრე პროტიქტორი, გვ. 133.
10. А Бернардацци. Христианские древности на Кубани. – Журнал Министерства внутренних дел, ч. 3,. кн. 4. СПб., გვ. 186.
11. გრ. ზარდალიშვილი. კლუხორის რაიონის ზოგიერთი გეოგრაფიული სახელწოდების დადგენისათვის. _ თსუ შრომები XXXVI, 1949, გვ. 145.
12. ზ. კვიციანი. საქართველოსა და ჩრდილო კავკასიის საკომუნიკაციო საშუალებები (სვანეთის სამიმოსვლო გზები). _ კულტურის ისტორიისა და თეორიის საკითხები, ტ. VIII. თბ., 2000, გვ. 54-55.
13. В. В. Латышев. Известия Древних писателей о Скифии и Кавказа. – Вестник древней истории, №2, 1949, გვ. 644.
14. ჯუანშერ ჯუანშერიანი. ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა. _ ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. I. თბ., 1955, გვ. 235.
15. აგათია სქოლასტიკოსი. _ გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, III. თბ., 1936. გვ. 86-87.
16. მენანდრე პროტიქტორი, გვ. 236-237
17. Dუდოის დე Mონტპერუხ. Vოყაგე აუტოურ დუ ჩაუცასე, ტ. II, Pარის, 1926, გვ. 127.
18. დ. მუსხელიშვილი. საქართველო IV-VIII საუკუნეებში, გვ. 179.
19. ს. ყაუხჩიშვილი. ლექციები ბიზანტიის ისტორიიდან, წიგნი პირველი. IV-VII საუკუნეები. თბ., 1948, გვ. 133
20. А. А. Иессен. Археологические памятники Кабардино-Балкарии. – Материалы и исследования по археологии СССР, 3, 1941, გვ. 127.
21. А. А. Иессен. Археологические памятники.., გვ. 134.
22. А. А. Иессен. Археологические памятники.., გვ. 139.
23. А Иерусалимская. – «Великий шелковый путь» и Северный Кавказ. Л.,1972, გვ. 47.
24. გ ლორთქიფანიძე. ზ კვიციანი, გ. გერაძე. სვანეთი – ანტიკური ხანის საქართველოს ზარაფხანა. თბ., 2008, გვ. 29-31.
25. М. Максимова. Очерк о золоте. М., 1988. с. 9.
26. თ. ყაუხჩიშვილი. სტრაბონის გეოგრაფია (ცნობები საქართველოს შესახებ). თბ., 1957, გვ. 135.
27. В. В. Латышев. Известия Древних писателей.., გვ. 644.
28. თ. ყაუხჩიშვილი. აპიანე, მითრიდატეს ომების ისტორია. თბ., 1959, გვ. 179.
29. მენანდრე პროტიქტორი, გვ. 224.
30. გ ლორთქიფანიძე, ზ. კვიციანი, გ. გერაძე. სვანეთი.., გვ. 31.
31. В. Климентьев. Через Сванети на Эльбрус. М., 1930, გვ. 125.

Комментариев нет:

Отправить комментарий