იუსტინიანეს ეპოქა (527-565წწ.) ეგრის-ბიზანტიის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობათა ისტორიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. ახ.წ. IVს. 90-იან წლებში ბიზანტიური სამყაროს სისტემაში ეგრისის ჩართვის პროცესის შედეგები რეალურად თავს იჩენს სწორედ იუსტინიანეს დროიდან, როდესაც ბიზანტიელებმა თავიანთი გარნიზონები ჩაააყენეს ფასისში, აფსაროსში, პიტიუნტსა და სებასტოპოლისში. შესაბამისად აღდგა და გაფართოვდა კიდეც პონტო-კავკასიის თავდაცვითი სისტემის არეალი.1 აღნიშნული სისტემის ხასიათი და ამოცანები ამ დროსაც იგივე რჩებოდა, რაც I-IV საუკუნეებში. მას ევალებოდა კავკასიის რეგიონის გაკონტროლება და ვაჭრობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შავი ზღვის სანაპიროზე.
ამავე დროს მკვეთრად იცვლება პონტო-კავკასიის თავდაცვით სისტემაში შემავალი ზოგიერთი ზღვისპირა ცენტრების როლი და სტატუსიც. ასე მაგალითად, პიტიუნტი ახ.წ. III-IV საუკუნეებთან შედარებით, IVს. პირველ ნახევარში, არც თუ ისე მნიშვნელოვანი სამხედრო-სტრატეგიული პუნქტია, რაც კასტელუმის კედლის სისქის შემცირებაშიც გამოიხატა. თუ რომაული ხანის გალავნის კედლის სისქე 3 მ აღწევდა, VIს. პირველ ნახევარში1.70-1.80 მ არ აღემატება და თანაც ნაკლებად მონუმენტურობითაც ხასიათდება.
დაახლოებით იგივე ითქმის სებასტოპოლისის თავდაცვით ნაგებობაზე, რომლის ფართობი ახ.წ. III-IV საუკუნეებში შედარებით ძალზე შემცირებულია და 0.6-0.8 ჰა-ს არ აღემატება.1 მიუხედავად ამისა, სებასტოპოლისი და პიტიუნტი VIს. პირველ ნახევარშიც კვლავ ინარჩუნებდნენ სამხედრო-სტრატეგიული პუნქტის ფუნქციას. თანაც ისინი, III-IV საუკუნეებში ციხე-ქალაქების მდგომარეობისაგან განსხვავებით, 535წ. შედგენილი იუსტინიანე კეისრის ნოველის მიხედვით „უფრო ციხე-სიმაგრეებშია ჩასათვლელი, ვიდრე ქალაქებში“,2 მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ხსენებული ცენტრები მხოლოდ ციხე-სიმაგრეებს წარმოადგენდნენ.
ამგვარი დასკვნა აღნიშნული ნოველის კონტექსტიდან სრულიადაც არ გამომდინარეობს. აქ მხოლოდ ის ჩანს აშკარად, რომ პიტიუნტი და სებასტოპოლისი უპირატესად სამხედრო პუნქტები იყვნენ, ვიდრე სავაჭრო-სახელოსნო და კულტურული ცენტრები, რაც კარგად დასტურდება ბიჭვინტის გათხრების მონაცემებით. ასე მაგალითად, კანაბეს (სამოქალაქო დასახლება) გალავან-კოშკებით დაცული სივრცე, რომელიც VI ს. პირველ ნახევარში უნდა იყოს აღდგენილი, საკმაოდ მცირეა. გარდა ამისა, თვით კანაბეს ზღუდე ნაკლებად მონუმენტურია. VIს. პირველ ნახევარში ნაგები ცალნავიანი, კამარით გადახურული ნაწილიც წინარე ხანის ეკლესიასთან შედარებით მცირე ზომისაა. მიუხედავად ამისა, პიტიუნტი ამ დროსაც ინარჩუნებდა საეკლესიო ცენტრის მნიშვნელობას, რასაც ადასტურებს პიტიუნტის საქალაქო თემის ფარგლებში არსებული VIს. პირველი ნახევრით დათარიღებული განთიადისა და ალაჰაძის ტაძრები.3 ამასვე მეტყველებს, აგრეთვე, ციხე-ქალაქის კედლის გარეთ, მისგან 400-500 მ დაშორებით აღმოჩენილი VIს. ორაბსიდიანი ეკლესია.4
VI ს. პირველ ნახევარში, პიტიუნტი საწარმოო ცენტრის ფუნქციასაც ასრულებს. ამას ადასტურებს ნაქალაქარის ტერიტორიაზე დადასტურებული მინის სახელოსნოსა და კირის გამოსაწვავი ქურის ნაშთები.
VI ს. პირველი ნახევრისა და საერთოდ მთელი ამ საუკუნის ფენა სუსტადაა გამოხატული სებასტოპოლისშიც. ნაქალაქარის ზოგიერთ უბანზე კი ის საერთოდ არ დაფიქსირებულა. როგორც ჩანს, პიტიუნტისა და სებასტოპოლისის გათხრებისას მოპოვებული მასალები ზუსტად შეესაბამება იუსტინიანეს ნოველაში მოცემულ განსაზღვრას, რომ VIს. პირველ ნახევარში ისინი უფრო ციხე-სიმაგრეებია, ვიდრე ქალაქები. შესაბამისად პიტიუნტი და სებასტოპოლისი ამ დროსაც სასაზღვრო ტიპის ციხე-ქალაქებია, მაგრამ III-IV საუკუნეებში შედარებით, მცირე სიდიდის ციხე-ქალაქთა კატეგორიას უნდა განეკუთვნოს.
ამგვარი კატეგორიის ცენტრი უნდა ყოფილიყო VI ს. შუა ხანებში აფსაროსი, რომელიც პროკოპი კესარიელის ცნობით, მისი დროისათვის „სხვა არაფერი იყო დარჩენილი, გარდა ნაშენობათა საძირკვლისა“.1 როგორც ჩანს, აფსაროსს უკვე დაკარგული აქვს უწინდელი მნიშვნელობა, მაგრამ ამ ხანაშიც იგი კვლავ მოქმედი ციხე-ქალაქია, რასაც მოწმობს არქეოლოგიური გათხრების მონაცემებიც. უკანასკნელ წლებში აფსაროსის კასტელუმის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში გამოვლინდა ე.წ. „კოშკიანი“ ნაგებობა. მის შიდა ფართობზე დაფიქსირდა VI ს. სუსტად გამოკვეთილი კულტურული ფენა, რაც გარკვეულწილად ადასტურებს VIს. აფსაროსის სტატუსის ჩვენეულ განსაზღვრას. წერილობითი წყაროების თანახმად, VIს. პირველ ნახევარში აფსაროსთან შედარებით უფრო მნიშვნელოვანი ცენტრი იყო პეტრა-ციხისძირი. პროკოპის ცნობით, პეტრას ციხე მტკიცე და საკმაოდ დიდი ზომისა ყოფილა, ხოლო მისი გარნიზონი მრავალრიცხოვანი და სამხედრო მანქანებით იყო აღჭურვილი.2 პროკოპისავე მოწმობით, პეტრა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში დისლოცირებული ბიზანტიური გარნიზონების მთავარსარდლობის შტაბბინა, სტრატეგოსის რეზიდენციაც ხდება.1
როგორც ჩანს, VIს. პირველ ნახევარში პონტო-კავკასიის სასაზღვრო-თავდაცვითი სისტემების ფორპოსტის ფუნქცია აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში აფსაროსიდან პეტრაში გადმონაცვლებულა. ამავე დროს, პეტრა-ციხისძირი, როგორც ეს პროკოპისა და იუსტინიანეს ნოველიდან ირკვევა, ნამდვილ ქალაქადაც გამოიყურება.2 თუმცა ამის დამადასტურებელი არქეოლოგიური მასალები ციხისძირიდან ჯერჯერობით არ ჩანს. ყოველ შემთხვევაში, ციხისძირში გამოვლენილი VI ს. დათარიღებული ბაზილიკა, დარბაზული ეკლესია, აბანო და საფორტიფიკაციო ნაგებობები3 აშკარად მოწმობენ, რომ ამ საუკუნის პირველ ნახევარში პეტრა საქართველოს შავიზღვისპირეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამხედრო-ეკონომიკურ ცენტრსწარმოადგენდა.
ასეთივე მნიშვნელოვანი ცენტრი უნდა ყოფილიყო ამ დროს ფასისიც. პროკოპისა და აგათიას ცნობებით, აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში დისლოცირებული ბიზანტიელთა 12 ათასიანი სამხედრო შენაერთებიდან 9 ათასი ჯარისკაცი მდ. ფასისის შესართავთან იყო დაბანაკებული.4 ამასთანავე, ფასისის გარნიზონი ლოდსატყორცნი მანქანებით ყოფილა შეიარაღებული.5 ვფიქრობთ, ფასისი ამ ხანებშიც ინარჩუნებდა კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ფუნქციასაც. ამრიგად, VIს. პირველ ნახევარში მთელი რიგი ციხე-ქალაქები მართალია კვლავ რჩებოდნენ სამხედროსტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობის ცენტრებად, მაგრამ III-IV საუკუნეებში შედარებით, იქ შესამჩნევად შემცირებულია მშენებლობის ტემპი, ნივთიერი მასალაც საკმაოდ მცირეა.VI ს. შუა ხანებიდან კი საქართველოს შავიზღვისპირა ციხე-ქალაქების მდგომარეობა ძალზე გართულდა. პროკოპის მოწმობით, 542წ. ბიზანტიელებს სპარსელების შიშით, პიტიუნტისა და სებასტოპოლისის სიმაგრენი დაუნგრევიათ.1 ეს ფაქტი განსაკუთრებით კარგადაა ასახული იმ ხანის ბიჭვინტის კულტურულ ფენებში. ასე მაგალითად, ჩვენს მიერ გათხრილი #18 კოშკის ზედაპირიდან 2.80მ სიღრმეზე დაფიქსირდა 10 სმ სისქის VI ს. ნახანძრალი შრე, რომელიც თიხატკეპნილ ნიადაგზე იდო. თიხატკეპნილ მოყვითალო ფერის იატაკს ზოგან ეტყობოდა ძლიერი ხანძრის კვალი. ამავე შრეში დაფიქსირდა, ასევე ხის ძელების დანახშირებული ნაშთები. ნგრევის კვალი ნაქალაქარის სხვა უბნებშიც შეიმჩნევა. VIს. შუა ხანებში უნდა იყოს დანგრეული #3 ბაზილიკაც და მისგან ჩრდილო დასავლეთით, ჭაობის პირზე მდებარე 15.40X5.40 მ-ის ოთხკუთხა ფორმის ორგანყოფილებიანი ნაგებობა. კანაბეს აღმოსავლეთ გალავნის კედელზე მიდგმული 300 კვ. მ. ფართობის მქონე სათავსი, სადაც აღმოჩნდა 0.5 მ-ის სისქის ხორბლის დანახშირებული ფენა.
აღნიშნულ ხანებში, ხანძრისა და ნგრევის კვალი, დადასტურდა სოხუმის ციხის ტერიტორიაზე. პროკოპის ცნობით, 551წ. ბიზანტიელებს პეტრაც დაუნგრევიათ.2 553-554 წლებს შორის უნდა იყოს დანგრეული, ასევე აფსაროსი. ნგრევის შემდეგ, აღნიშნულ ცენტრთაგან, აგათიას ნაშრომში პიტიუნტი არ ფიგურირებს, ხოლო სხვა ბიზანტიელი ისტორიკოსები – მენანდრე, იოანე მალალა, ევაგრი სქოლასტიკოსი (VIს. მეორე ნახევარი), თეოფილაქტე სიმოკატტა (VIIს. დამდეგი), თეოფანე ბიზანტიელი (VIIIს.) და სხვ., არა თუ პიტიუნტს, არამედ პეტრასა და აფსაროსსაც აღარ იხსენიებენ.
როგორც ჩანს, VI ს. მიწურულისათვის, ამ პუნქტებს უკვე დაკარგული აქვთ სამხედრო-სტრატეგიული, სავაჭრო-ეკონომიკური მნიშვნელობა და რიგითი დასახლებების რანგამდე არიან ჩამოქვეითებული, რასაც არქეოლოგიური და ნუმიზმატიკური მასალებიც მხარს უბამენ. ასე მაგალითად, ციხისძირში VIს. II ნახევრის ორი მონეტაა აღმოჩენილი.1 აქედან ერთი იუსტინე II-ისაა (565-578წწ.), მეორე მავრიკის (582-602წწ.), ხოლო აფსაროსში VI-VIIსს. მასალა ძალზე მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი. აღნიშნული ფაქტი ყველაზე უკეთ ბიჭვინტის ნაქალაქარზეა დაფიქსირებული. ნაქალაქარის მთელ რიგ უბნებზე და #18, #21 კოშკებზე დაკვირვებამაც გვიჩვენა, რომ VI ს. ნახანძრალი ფენები საგანგებოდ არის გადაფარული სტერილური ფენით.2 ნუმიზმატიკური მასალა კი ბიჭვინტაში VIს. II ნახევრის რვა მონეტითაა მხოლოდ წარმოდგენილი: ოთხი იუსტინე II-ისა და ოთხი მავრიკი კეისრის. როგორც ვხედავთ, ნგრევის შემდეგ პიტიუნტში, ისევე როგორც პეტრაში, აფსაროსში VIს. II ნახევარსა და VII ს. დამდეგსაც საქალაქო ცხოვრება აღარ განახლებულა. რაც შეეხება სეპასტოპოლისს, ბიზანტიელების მიერ მისი განადგურების შემდეგ, პროკოპის სიტყვებთ „იუსტინიანე მეფემ მთელი ეს სებასტოპოლისი განაახლა ზღუდის და სასიმაგრო შენობათა წყალობით უძლეველი გახადა ის და გაამშვენიერა გზებითა და სხვა ნაგებობებით3.
სამწუხაროდ, ამგვარი ქალაქის დამადასტურებელი არქეოლოგიური მასალები დღეისათვის სოხუმიდან არ მოგვეპოვება, მაგრამ სებასტოპოლისის არეალში შემავალი დრანდის,4 წებელდის VI ს. II ნახევრის ეკლესიები5 მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი მასობრივი არქეოლოგიური მასალები გარკვეულწილად მაინც მოწმობენ პროკოპის ცნობის სისწორეს, შესაბამისად კი მის ქალაქობასაც. მაგრამ მისი გაქალაქება, ისევე როგორც პეტრასი და პიტიუნტ-აფსაროსის აღდგენა-განახლებაც განპირობებული იყო არა მათი ადგილობრივი ეკონომიკური ბაზის სიმძლავრით, არამედ სამხედრო-სტრატეგიული დანიშნულებით.
თავდაპირველად ბიზანტიური სიმაგრეებიდან აღდგენილი ეს ცენტრები, რომელთაც კონკრეტული სტრატეგიული ამოცანების გადაჭრა ევალებოდათ, ბიზანტიელთა მიერ გატარებული სამხედრო-პოლიტიკური ღონისძიებების შედეგად, საქალაქო ცენტრებიც ხდებიან, მაგრამ შინაარსობრივი თვალსაზრისით, ისინი სასაზღვრო ტიპის, მილიტარისტული ხასიათის ციხე-ქალაქებად რჩებოდნენ, ვინაიდან ამ ცენტრების მეურნეობა სამხედრო-სტრატეგიულ ინტერესებს უფრო ექვემდებარეობოდა, ვიდრე სამოქალაქოს.
მართალია, ზოგიერთი ზღვისპირა პუნქტი (პიტიუნტი, პეტრა, აფსაროსი) ახ.წ. V-VIსს. ციხე-ქალაქის მდგომარეობას არ გასცილებია, მაგრამ ამგვარი თეზა ფასისის მიმართ არ უნდა გავრცელდეს. როგორც ცნობილია, ფასისი ჯერ კიდევ III-IV საუკუნეებში მნიშვნელოვანი სავაჭრო და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი იყო.1 უფრო მეტიც, თუ გავიზიარებთ მიქელ ასურის სომხური თარგმანის ცნობას, რომლის თანახმად ლაზთა ასისთავმა კვართის ნაწილი ეგრთა ქვეყნის დედაქალაქში _ ფოთში ჩამოიტანა,2 არ არის გამორიცხული, რომ არქეოპოლისის (დღევანდელი სოფ. ნოქალაქევი) დაწინაურებამდე, ფასისი ლაზთა სამეფოს დედაქალაქიც ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში, ერთი ცხადია: განხილულ პუნქტთაგან გვიანრომაულ-ადრებიზანტიურ ხანაში ქალაქის ფუნქციის შესრულება მხოლოდ ფასისს შეეძლო, რამდენადაც ის ეკონომიკურად ყველაზე დაწინაურებული რიონის აუზში მდებარეობდა. სწორედ ადგილობრივი ეკონომიკური ბაზისა და უპირატესად შინაგანი ევოლუციური განვითარების შედეგად უნდა მომხდარიყო მისი მნიშვნელოვან საქალაქო ცენტრად დარჩენა, მიუხედავად დიდი პოლიტიკურ-ეკონომიკური კატაკლიზმებისა. ამის გამო პიტიუნტის, აფსაროსის, სებასტოპოლისის ფონზე, VI ს. II ნახევრისთვისაც კი, ფასისი უფრო სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა და ნამდვილ ქალაქად დარჩა.
აღსანიშნავია, რომ აღდგენილ-განახლებული ციხე-ქალაქების პარალელურად, პროკოპი კესარიელის ცნობით, იუსტინიანეს ზღვისპირეთში ახალი ციხე-სიმაგრე ლოსორიონი აუგია.1 იუსტინიანესეული ლოსორიონი ლოკალიზდება „ბათუმის“ ანუ „თამარის ციხესთან“,2 რომელიც თავისი გეგმით ტიპიურია ბიზანტიისათვის. ის კვადრატული ფორმისაა (21X23მ) და მაღალ გორაკზეა შედგმული. მისი ორი კუთხე სწორკუთხა და შვერილია. მესამე კუთხეში, ისევ შვერილად, სწორკუთხა კოშკია დატანილი. იუსტინიანეს დროს ბიზანტიური სამყაროს სისტემაში ეგრისის აქტიურად ჩართვის პროცესი, აქ იმპორტული ნაწარმის გავრცელებაშიც ვლინდება. ეგრისში შემოტანილ იმპორტულ ნაწარმთა შორის ერთ-ერთი წამყვანი ადგილი ამფორებს ეჭირა. საკმაოდ მრავალრიცხოვან ჯგუფს შეადგენს მოწითალო-მოყვითალო ფერის კონუსურძირიანი ამფორები, რომლებიც სამოსურ პროდუქციას განეკუთვნება. სამოსური ამფორის ფრაგმენტები დიდი რაოდენობითაა დადასტურებული ბიჭვინტასა3 და სოხუმში.4 გვხვდება აგრეთვე გუდავაში,5 ვარდციხესა6 და ნოქალაქევში.7 აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მრავლადაა წარმოდგენილი ასევე მოვარდისფრო-ყავისფერი ფერის სფერულტანიანი, ტანდაღარული ამფორები. ამ ტიპის ამფორები აღმოჩენილია ბიჭვინტასა და სოხუმში;8 გვხვდება ვარდციხეში,9 ფოთში.10 მათი საწარმოო ცენტრი ჯერჯერობით არ არის დადგენილი. ბიჭვინტასა და წებელდაში11 დადასტურებულია ღია წითელი ფერის ღრმად ტანდაღარული ამფორების ფრაგმენტები. აღნიშნული ამფორების საწარმოო ცენტრები ბიზანტიის იმპერიის ცენტრალურ რეგიონებში ლოკალიზდება და VI საუკუნით განისაზღვრება.1
ახ.წ. VI საუკუნეში აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში საკმაოდ მრავლად შემოდიოდა წითელლაკიანი კერამიკა. ყველაზე მრავალრიცხოვანია წითელლაკიანი ჯამები შვეული, კალთებზე გამოკვეთილი ორნამენტირებული პირის კიდეებით, რომლებიც ვრცელდება V ს. II ნახევრიდან და წამყვანი ფორმა ხდება VI საუკუნეში. ამგვარი ტიპის ჯამები აღმოჩენილია ბიჭვინტაში, სოხუმსა2 და წებელდაში.3 განსაკუთრებული ადგილი უკავიათ მომოთეთრო ფერის პირაკეცილ ჯამებს, რომლებიც მოწითალო-მონარინჯისფრო ლაკით არის დაფარული. ასეთი ჯამების საწარმოო ცენტრად სპეციალისტები ანტიოქიას მიიჩნევენ და V-VI საუკუნეებით ათარიღებენ.4 ბიჭვინტასა და სოხუმში მრავლადაა ნაპოვნი ასევე ცხოველთა (დელფინი, ტახი, შველი) და ჯვრის გამოსახულებიანი წითელლაკიანი ჯამები, რომლებიც ჯ. ჰეისისეული კლასიფიკაციით V ს. დასასრულითა და VI ს. პირველი ნახევრით თარიღდება.5 საფიქრებელია, რომ ამ ჯგუფის საწარმოო მოო ცენტრი მცირე აზიაშია საძიებელი. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთიდან მომდინარე იმპორტულ პროდუქციათა შორის საკმაოდ მრავლადაა წარმოდგენილი მინის ნაწარმიც. ამ მხრივ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ფეხიანი სასმისები და წვეთისებური მოყვანილობის სანათურები, რომლებიც, შესაბამისად, ახ.წ. IV-V საუკუნეებში ვრცელდება და VI საუკუნეში გაბატონებული ტიპი ხდება მთელ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში.6
ზემოთ აღწერილი იმპორტული პროდუქციის აბსოლუტური უმრავლესობა, ვფიქრობთ, ბიზანტიური გარნიზონების გებისთვის იყო გათვალისწინებული, ვინაიდან მათი ძირითადი ნაწილი პიტიუნტის, სებასტოპოლისისა და პეტრა-ციხისძირის ციხესიმაგრეების ტერიტორიაზეა დადასტურებული. ბიზანტიური გარნიზონებისათვის ორიენტირებულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციათა შორის (ნაქალაქარებზე აღმოჩენილ ამფორათა რაოდენობის მიხედვით) ღვინო, ზეთი და მარცვლეული დომინირებდა. სავაჭრო-ეკონომიკური ოპერაციების გზით შემოსულ პროდუქციათა რიცხვს უნდა ეკუთვნოდეს პიტიუნტის „კანაბესა“ (სამოქალაქო დასახლება) და სებასტოპოლისის სავარაუდო სამოქალაქო ტერიტორიაზე დადასტურებული მრავალფეროვანი კერამიკა.
იმპორტული პროდუქციის შემოტანის ამავე მექანიზმს უკავშირდება, ასევე ვარდიციხესა და ნოქალაქევში აღმოჩენილი კერამიკული თუ მინის ნაწარმი. აღსანიშნავია, რომ როგორც ბიზანტიური გარნიზონებისთვის გათვალისწინებული პროდუქცია, ასევე სავაჭრო გზით შემოტანილი იმპორტული ნაწარმის აბსოლუტური უმრავლესობა მცირეაზიური საწარმოო ცენტრებიდან მომდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ იუსტინიანეს ეპოქაში გარე სამყაროსთან ეგრისის სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტები, რომაულ ხანასთან შედარებით შემცირებული ჩანს. ეს ფაქტი იუსტინიანეს მიერ ეგრისში სავაჭრო მონოპოლიის დაწესებით უნდა აიხსნას. აი რას მოგვითხრობს ამის შესახებ პროკოპი კესარიელი: „ლაზიკის მიწა-წყალზე, იმ ადგილას, სადაც ადამიანებს არასოდეს უცხოვრიათ, იუსტინიანე მეფემ ჩემს დროს ქალაქი პეტრა გააშენა. აქ იოანე, ეგრეთ წოდებული ციბე იჯდა, ვითარცა აკროპოლისში და ძარცვავდა ლაზთა ქონებას. ვაჭრებს ხომ უკვე ნება აღარ ჰქონდათ კოლხიდაში შეეტანათ მარილი და სხვა საქონელი, რაც ლაზებისთვის აუცილებლად საჭიროა, არც აქედან შეეძლოთ რაიმე ეყიდინებინათ, არამედ მან შემოიღო ეგრეთწოდებული მონოპოლია“.1 ცხადია, ამგვარ სანქციებს ბიზანტიურ სამყაროსთან ეგრისის სავაჭრო ურთიერთობების შეფერხება უნდა მოჰყოლოდა, რაც არქეოლოგიურ და ნუმიზმატიკურ მონაცემებში მკაფიოდაა კიდეც ასახული.
იუსტინიანეს დროს ეგრისში ფართოდ ვრცელდება, ასევე ბიზანტიური კულტურის ელემენტები. ეს პროცესი მკაფიოდ სამშენებლო ხელოვნებაში მჟღავნდება. VI საუკუნეში აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის როგორც ზღვისპირა, ასევე შიდა და მთიან რეგიონებში ფართოდ ვრცელდება ბიზანტიური სამყაროს ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი ისეთი კომპონენტები, როგორიცაა წყობაში აგურისაგან ოთხი ან ხუთი რიგისაგან შედგენილი სარტყლის პრინციპი, ე.წ. „პროტეიხიზმი“ (ორმაგი კედელი), თაღიანი სისტემა და სხვა. ასე მაგალითად, ბიჭვინტის ჩვენ მიერ გათხრილი #18 კოშკის დასავლეთი ნაწილის წყობაში დაფიქსირდა 30X30X5 სმ. აგურის ხუთმაგი სარტყელი.
პროტეიხიზმის საკმაოდ რთული სისტემა გამოვლენილი იქნა ვარდიციხესა1 და წებელდაში.2 ბიზანტიური არქიტექტურული ხელოვნების პრინციპების გათვალისწინებითაა ნაგები ცანდრიფშის, დრანდის, წებელდისა და ბიჭვინტის #4, 5, 6 იუსტინიანეს დროინდელი ეკლესიები,3 რომლებიც დაგეგმარების მხრივ დიდ მსგავსებას ამჟღავნებენ მცირე აზიის ცენტრების ანალოგიური დანიშნულების ნაგებობებთან.4
ბიზანტიური კულტურის ელემენტები მეტ-ნაკლები სიცხადით ხელოსნობის სხვადასხვა დარგშიც შეინიშნება. კერამიკულ წარმოებაში ტრადიციული კოლხური ფორმების (ყავისფერკეციანი დოქები, ქოთნები, სასმისები და სხვ.) გვერდით თანაარსებობენ მცირეაზიური წითელლაკიანი ჭურჭლის ულაკო მინაბაძები – პირფართო, ბრტყელძირა ჯამები.5 სამკუთხა მოყვანილობის პირის მქონე დოქები.6 ბიზანტიური მინის ჭურჭლის მიბაძვით ჩანს დამზადებული მომწვანო ფერის მინის ცილინდრული ფორმის ბალზამარიები, რომლებიც VI საუკუნით თარიღდება და მათი წარმოება ბიჭვინტაში ივარაუდება.
მრავალფეროვანი იმპორტული სამკაულებისა და ტანსაცმლის მოწყობილობის (ფიბულები, აბზინდები, სამაჯურები, საყურეები და სხვ.) აღმოჩენა ცხადყოფს, რომ ბიზანტიური ტანსაცმელი და შემკულობა ჩვეულებრივი ყოფილა, როგორც ზღვისპირა, ისე შიდა, მთიანი რეგიონების მოსახლეობისათვის. მათზე მოთხოვნილება იმდენად დიდი იყო, რომ ზოგიერთ მათგანს (ჯვრისებური ფორმის მშვილდსაკინძებს) ადგილობრივ ამზადებდნენ. განვითარების ძველი, ტრადიციული გზით წარიმართა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის საიუველირო ხელოვნება (წებელდური წრის სამარხებიდან მომდინარე ოქროს ოვალური და ბეჭდისებური ფორმის საყურეები, მრგვალგანივკვეთიანი ბეჭდები), რომლებმაც ძირითადად შეინარჩუნა ძველი კოლხეთის საიუველირო სკოლის ტრადიციები.
იუსტინიანეს დროიდან ეგრისში ქრისტიანიზაციის პროცესი კიდევ უფრო უნდა გაღრმავებულიყო. იუსტინიანეს ძირითადი პრინციპი ხომ `ერთი სახელმწიფო, ერთიანი რელიგია იყო“. ამ პრინციპიდან გამომდინარე, იუსტინიანეს მითითებით, ბიზანტიელები დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეკლესია-მონასტრებს აგებდნენ. ერთი ასეთი ტაძარი პროკოპის ცნობით, იუსტინიანეს აბაზგებისთვის აუშენებია და მღვდელმსახურნიც დაუყენებია.1 მკვლევართა ერთი ნაწილი ამ ტაძარს ანაკოფიაში2 ათავსებს, მეორენი განთიადის ეკლესიასთან აიგივებს.3 მაგრამ, ვფიქრობთ, ეს ტაძარი იუსტინიანეს სებასტოპოლისში უნდა აეგო, რადგან 553 წლისათვის აქ საეპისკოპოსო კათედრა ფუნქციონირებდა.
პროკოპისავე ცნობით, იუსტინიანეს ლაზიკაში ძველი ეკლესიაც აღუდგენია და განუახლებია.1 ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ის ფასისის მიდამოებშია საძიებელი.2 არ არის გამორიცხული, რომ აქ ვიგულისხმოთ ვაშნარის დღემდე ნაწილობრივ შემორჩენილი სატაძრო-სამონასტრო კომპლექსი, რომელიც IV-VI საუკუნეებში ფუნქციონირებდა. აღსანიშნავია, რომ იუსტინიანე დაინტერესებას იჩენდა აბაზგიისადმიც. ეს რეგიონი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ერთგვარი ბუფერის როლს ასრულებდა ლაზიკის სამეფოსთან მიმართებაში, რამაც „ხელი შეუწყო“ კიდეც ეგრისის დასუსტებასა და აქ ბიზანტიის პოლიტიკური გავლენის გაძლიერებას. გარდა ამისა, აბაზგია ბარიერის როლსაც ასრულებდა ჩრდილო კავკასიის მხრიდან იმპერიის შორეული მისადგომების უსაფრთხოების საქმეში.
ამჟამინდელი აფხაზეთისადმი იუსტინიანეს ასეთი „მზრუნველობის“ მიუხედავად, მთიანი რეგიონის (წებელდა და მისი მიდამოები) მოსახლეობა ნაწილობრივ წარმართებად რჩებოდა. აფხაზეთის ზღვისპირეთი კი ამ დროს მთლიანად ქრისტიანიზებული ჩანს. იგივე უნდა ითქვას ეგრისის შიდა რეგიონზეც. ნიშანდობლივია ისიც, რომ ბიზანტიური კულტურის ტრადიცია უფრო ძლიერია ზღვისპირა ჰინტერლანდში, ხოლო უფრო ნაკლები – ქვეყნის შიდა და განსაკუთრებით მთიანეთში, სადაც იგი მხოლოდ საზოგადოების შეძლებულ ფენებში შეიმჩნევა. საერთოდ, VI ს. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მოსახლეობის ცხოვრებაში ჩვენ ვერ ვხედავთ ისეთ ნიშნებს, როგორიცაა: ადგილობრივი მოსახლეობის ბიზანტიზაცია, შერეული ეთნიკური ჯგუფის წარმოქმნა. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ვერც ბიზანტიური სამართლებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციის ფორმები დანერგილა.3
ამრიგად, იუსტინიანეს ეპოქა მნიშვნელოვანი ეტაპია ბიზანტიისა და ეგრისის ურთიერთობათა ისტორიაში. ამ დროს ეგრისი აქტიურად ჩაერთო ბიზანტიური სამყაროს სისტემაში, რაც მეტ-ნაკლები ინტენსივობით აისახა დასავლეთ საქართველოს სამხედრო-პოლიტიკურ და კულტურულ სფეროში. თავის მხრივ, ეგრისი ბიზანტიის იმპერიის გეოპოლიტიკურ სივრცეში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.
შენიშვნები
1. პონტო-კავკასიის თავდაცვით სისტემას რომაელებმა ჯერ კიდევ ახ.წ. I-II საუკუნეებში ჩაუყარეს საფუძველი და ცნობილი მოვლენების შედეგად, ახ.წ. IV ს. მიწურულს ფუნქციონირება შეწყვიტა. ამის შესახებ იხ.: თ. თოდუა. რომაული სამყარო და კოლხეთი. თბ., 2003, გვ. 6-38.
2. М. Трапш. Древный Сухуми. – Труды 2. Сухуми, 1969, გვ. 306-308.
3. იუსტინიანეს ნოველები. _ გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა. მეორე შევსებული გამოცემა. თბ., 1965, გვ. 33.
4. Л. Хрушкова. Цандрипш. Сухуми, 1985, გვ. 33.
5. თ. მიქელაძე. ბიჭვინტის ორაფსიდიანი ეკლესია. _ მასალები საქართველოსა და კავკასიის არქეოლოგიისათვის. II. თბ., 1963, გვ. 125-131.
6. პროკოფი კესარიელი. Dე ბეIIო გოტჰიცო. _ გეორგიკა. ტ. II. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხ- ჩიშვილმა . მეორე შევსებული გამოცემა. თბ., 1965, გვ. 124.
7. პროკოფი კესარიელი. Dე ბეIIო პერსიცო. გეორგიკა. ტ. II. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა. მეორე შევსებული გამოცემა თბ., 1965, გვ. 86.
8. პროკოფი კესარიელი. Dე ბეIIო პერსიცო.., გვ. 74.
9. პროკოფი კესარიელი. Dე ბეIIო გოტჰიცო.., გვ. 168-170.
10. ნ. ინაიშვილი. ციხისძირის I-VI სს. არქეოლოგიური ძეგლები. თბ., 1993, გვ. 42-51.
11. პროკოფი კესარიელი. Dე ბეIIო გოტჰიცო.., გვ. 187-188.
12. პროკოფი კესარიელი. Dე ბეIIო პერსიცო.., გვ. 50.
13. პროკოფი კესარიელი. Dე ბეIIო გოტჰიცო.., გვ. 222.
14. პროკოფი კესარიელი. Dე ბეIIო გოტჰიცო.., გვ. 180.
15. ნ. ინაიშვილი. ციხისძირის I-VI სს. არქეოლოგიური.., გვ. 101.
16. გ. ლორთქიფანიძე. ბიჭვინთის ნაქალაქარი. თბ., 1991. გვ. 74.
17. პროკოფი კესარიელი. Dე ბეIIო გოტჰიცო.., გვ. 222.
18. ვ. ცინცაძე. დრანდა. _ ძეგლის მეგობარი. 50, 1979. გვ. 35-40.
19. Л. Хрушкова. Цандрипш. Сухуми.., გვ. 72-73.
20. პროკოფი კესარიელი. Dე ბეIIო გოტჰიცო.., გვ. 173-178.
21. მ. ბერძნიშვილი. ღევონდის ცნობა ფოთის შესახებ. _ თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები. XXVI, 1944, გვ. 212-213.
22. პროკოფი კესარიელი. Dე ბეIIო გოტჰიცო.., გვ. 220-221.
23. В. Леквинадзе. О постройках Юстиниана в Западной Грузии. – Византийский временник. 34, 1973, გვ. 170.
24. ქ. ბერძენიშვილი, რ. ფუთურიძე. ბიჭვინტაში მოპოვებული ამფორები. _ დიდი პიტიუნტი, I, თბ., 1975, გვ. 273-275.
25. ა. აფაქიძე, ო. ლორთქიფანიძე. მასალები დიოსკურია-სებასტოპოლისის არქეოლოგიისათვის. _ მაცნე ისტორიის... სერია, #3, 1965, გვ. 144.
26. მ. ზამთარაძე. გუდავის არქეოლოგიური მონაპოვარი. _ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე. XXXIV. თბ., 1979, გვ. 72.
27. ვ. ჯაფარიძე. ვარდციხის ნაქალაქარი. თბ., 1989, გვ. 58-59.
28. მ. ზამთარაძე. გუდავის არქეოლოგიური მონაპოვარი.., გვ. 102.
29. გ. ლორთქიფანიძე. ბიჭვინთის ნაქალაქარი. თბ., 1991, გვ. 72.
30. გ. ლორთქიფანიძე. ბიჭვინთის ნაქალაქარი.., გვ. 61.
31. Г. Гамкрелидзе. К археологии долины Фасиса. Тб., 1992, გვ. 39.
32. М. Трапш. Древный Сухуми.., გვ. 74.
33. Л. Якобсон. Керамика и керамическое призводство средневековой Таврики. Л., 1979, გვ. 16.
34. ო. ლორთქიფანიძე. ბიჭვინტის წითელლაკიანი კერამიკა (ძირითადი ტიპები და მათი დათარიღება). _ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. #1, თბ., 1962, გვ. 246-247.
35. Ю. Воронов, О. Бгажба. Материалы по археологии Цебелды. Тб, 1985, გვ. 78.
36. ო. ლორთქიფანიძე. ბიჭვინტის წითელლაკიანი.., გვ. 78, 95.
37. ჟ. Hაყეს. Lატე ღომან Pოტტერრყ. Lონდონ. 1972, გვ. 363.
38. ნ. ინაიშვილი. ციხისძირის.., გვ. 16, 60, 76.
39. პროკოფი კესარიელი. Dე ბეIIო პერსიცო.., გვ. 21-22.
40. გ. ლორთქიფანიძე. ბიჭვინთის ნაქალაქარი.., გვ. 128.
41. Ю. Воронов, О. Бгажба. Материалы по археологии.., გვ. 46-50.
42. ირ. ციციშვილი. სატაძრო ნაგებობების კომპლექსი ბიჭვინტიდან. _ დიდი პიტიუნტი, II, თბ., 1977, გვ. 113-118; ვ. ცინცაძე. დრანდა.., გვ. 35-40.
43. Л. Хрушкова. Цандрипш.., გვ. 17.
44. ვ. ჯაფარიძე. ვარდციხის ნაქალაქარი.., გვ. 35-37.
45. ვ. ჯაფარიძე. ვარდციხის ნაქალაქარი.., გვ. 81.
46. პროკოფი კესარიელი. Dე ბეIIო გოტჰიცო.., გვ. 135.
47. З. В Анчабадзе. Из истории средневековой Абхазии (VI-XVII вв.). Сухуми, 1959, გვ. 27.
48. В. Леквинадзе. Гантиадская Базилика. – Советская Археология. №3, 1970, გვ. 167.
49. პროკოფი კესარიელი. Dე ბეIIო გოტჰიცო.., გვ. 220.
50. ბ. დიასამიძე. ქრისტიანობა დასავლეთ საქართველოში. I-X საუკუნეები. ბათუმი, 2002, გვ. 126.
51.ამას მოწმობს თუნდაც აგათიას ცნობა ეგრისელთა სახალხო კრების, როგორც თავისებური სათათბირო ორგანოს შესახებ. აგათია სქოლასტიკოსი. _ გეორგიკა. ტ. III. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. ბერძნული ტექსტ ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა.ტფ., 1936.
Комментариев нет:
Отправить комментарий