суббота, 10 июля 2021 г.

აფხაზეთის სამთავროს გაუქმება და აფხაზეთის კოლონიზაციის ზოგიერთი საკითხი 1860-70-იან წ-ში (ბ. ხორავა)

1864 წლის მაისში დასავლეთ კავკასიის დაპყრობით დამთავრდა კავკასიის ომი (1817-1864), რითაც დასრულდა რუსეთის იმპერიასთან კავკასიის შეერთების ხანგრძლივი პროცესი. ომის დამთავრების შემდეგ ცარიზმმა კავკასიაში თავი მყარად იგრძნო და დაპყრობილი მხარის სამხედრო-ადმინისტრაციული მოწყობისა და კოლონიზაციისათვის ზრუნვას შეუდგა. ერთადერთი პოლიტიკური ერთეული კავკასიაში, სადაც ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო ავტონომიური მმართველობა, აფხაზეთის სამთავრო იყო. უკვე არ არსებობდა აფხაზეთის სამთავროს შენარჩუნების აუცილებლობა. ჯერ კიდევ 1864 წლის 27 მარტს კავკასიის მეფისნაცვალმა, დიდმა მთავარმა მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვმა (1862-1881) იმპერიის სამხედრო მინისტრის დ. მილიუტინის წინაშე აფხაზეთის სამთავროს გაუქმების საკითხი აღძრა. მეფისნაცვლის აზრით, ასეთი ღონისძიების მიღება საჭირო იყო იმისათვის, რომ შესრულებულიყო უმაღლესი მთავრობის მიერ მოწონებული განზრახვა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, მდ. ყუბანის შესართავიდან მდ. ბზიფამდე კაზაკთა სტანიცების მოწყობის თაობაზე1. მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის მიერ ამასთანავე წარმოდგენილ პრაქტიკულ გეგმაში ნათქვამია: „თუ თავისუფალი მიწების რაოდენობა ამის საშუალებას მოგვცემს, რუსი კაზაკები დასახლებულ იქნენ ნაპირის გასწვრივ ენგურის შესართავამდე, ბზიფის ხეობის კაზაკებისავე მოსახლეობასთან ერთად მათ შეიძლება აფხაზეთის კაზაკთა ჯარი შეადგინონ“.2
ამრიგად, აფხაზეთის მიმართ ცარიზმს სპეციალური გეგმა ჰქონდა შემუშავებული, რომელიც ითვალისწინებდა შავი ზღვის აფხაზეთის სანაპიროზე რუსი მოსახლეობის, პირველ რიგში, კაზაკების დასახლებას, რომელიც ხელისუფლების დასაყრდენი უნდა გამხდარიყო ამ მხარეში. მაგრამ ამ მიზნის მიღწევისათვის აფხაზეთის მთავრის ხელისუფლებისა და მემამულური მიწისმფლობელობის არსებობა დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა, რადგან ასეთ პირობებში აფხაზეთის კოლონიზაციის გეგმას ცარიზმი ვერ განახორციელებდა. მხარის კოლონიზაციისათვის თავისუფალი მიწები არ არსებობდა, ამიტომ საჭირო იყო მკვიდრი მოსახლეობისაგან ამ მიწა-წყლის „გაწმენდა“.
მეფის ხელისუფლებას სურდა, რაც შეიძლება ჩქარა შედგომოდა აფხაზეთის კოლონიზაციას. ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი დ. სვიატოპოლკ-მირსკი კავკასიის არმიის მთავარი შტაბის უფროსს გენერალ ა. კარცოვს 1864წ. 27 ივნისს წერდა: „თუ შევიძენდით მთავრის კერძო მამულებს, რომლებიც მეტად ვრცელია და მნიშვნელოვანი, ჩვენ ახლავე შეგვეძლო შევდგომოდით აფხაზეთის კოლონიზაციას კაზაკ-რუსების მეშვეობით“.3 ამასთან, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი იმავე წერილში აღნიშნავდა: „თუ აფხაზების ნაწილი სამთავროს გაუქმების შემდეგ თურქეთში გადასახლებას მოისურვებს, ვფიქრობ, ჩვენ ამას ხელი არ უნდა შევუშალოთ“.4
1864 წლის 29 ივნისს ცარიზმმა აფხაზეთის სამთავრო გააუქმა და რუსული მმართველობა შემოიღო. შეიქმნა სოხუმის სამხედრო განყოფილება. მის უფროსად დაინიშნა აფხაზეთის ჯარების სარდალი გენერალი პ. შატილოვი, რომელიც ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს ექვემდებარებოდა. სოხუმის სამხედრო განყოფილებაში შევიდა ბზიფის, სოხუმის, აბჟუის ოლქები (округ) და წებელდის საბოქაულო5. აფხაზეთის სამთავროს გაუქმებითა და რუსული მმართველობის შემოღებით ამ მხარეში კოლონიური პოლიტიკური რეჟიმი მკვიდრდება6.
1863 წლის გაზაფხულზე ცარიზმმა სოხუმის სამხედრო განყოფილებაში (აფხაზეთი) საგლეხო რეფორმის გატარებისათვის მზადება დაიწყო, მაგრამ აფხაზეთის სოციალურ-საზოგადოებრივი წყობის თავისებურებების არცოდნამ, ჩინოვნიკური აპარატის უხეშმა ჩარევამ აფხაზთა ყოფა-ცხოვრებაში, ეკონომიკურმა სიდუხჭირემ, სამთავროს გაუქმებამ და რუსული მმართველობის შემოღებამ, ადმინისტრაციული რეფორმის გატარებამ, რაც მხარის კოლონიზაციის მიზნით განხორციელდა და თავისი ხასიათით ბატონყმური საადგილმამულო-საგლეხო რეფორმისათვის მზადებამ, აფხაზეთის მოსახლეობის მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია, რომელიც სახალხო აჯანყებაში გადაიზარდა. აჯანყება დაიწყო 1866წ. 26 ივლისს სოფ. ლიხნში და მალე თითქმის მთელი აფხაზეთი მოიცვა, რითაც საგრძნობლად შეაშფოთა კავკასიის რუსული ადმინისტრაცია. მეფის ხელისუფლებამ სასწრაფოდ გადაისროლა ჯარის ნაწილები აფხაზეთში და აგვისტოში აჯანყება ჩაახშვეს7.
აფხაზეთის აჯანყების ჩახშობის შემდეგ ცარიზმი შეუდგა მხარის ადმინისტრაციული მოწყობის რეფორმის გატარებას, რომელიც მიზნად ისახავდა ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული კონტროლის გაძლიერებას. 1866წ. 11 აგვისტოს დებულების თანახმად, სოხუმის სამხედრო განყოფილება (აფხაზეთი) ბიჭვინთის, დრანდის, წებელდის, ოქუმის (სამურზაყანო) ოლქებად (округ) დაიყო. ცალკე ადმინისტრაციული ერთეულის სახით შევიდა მასში ქ. სოხუმი. სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსს სამხედრო გუბერნატორის უფლება მიენიჭა, თუმცა ნომინალურად ის ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს ექვემდებარებოდა8.
იმის გამო, რომ ცარიზმს გადაწყვეტილი ჰქონდა მდ. ბზიფიდან მდ. ენგურამდე სანაპიროს კოლონიზაცია კაზაკ-რუსების მეშვეობით, სამურზაყანო (ოქუმის ოლქი) აფხაზეთს შეუერთეს.
1866 წლის აჯანყების შემდეგ გაჩნდა აფხაზთა თურქეთში გადასახლების გეგმის პირველი დასაბუთება, რაც მოცემულია ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის დ. სვიატოპოლკ-მირსკის 1866წ. 27 ოქტომბრის მიმართვაში კავკასიის მთიელთა სამმართველოს უფროსის დ. სტაროსელსკისადმი. მასში ნათქვამია: „არსებობს მხოლოდ ერთი რადიკალური საშუალება სოხუმის განყოფილების მხრიდან ყოველგვარი საშიშროების აღმოსაფხვრელად, ესაა აფხაზეთის მოსახლეობის თურქეთში გადასახლება“.9 კავკასიის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აფხაზთა გადასახლებას აფასებდნენ როგორც ძალზე არსებით ფაქტს, რამდენადაც აფხაზეთი თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო დიდ როლს ასრულებდა კავკასიის ომის დროს და, მათი აზრით, კვლავაც ექნებოდა დიდი მნიშვნელობა კავკასიაში ყოველგვარი საომარი მოქმედებების დროს. ამიტომ ამ მხარის მუსლიმი მოსახლეობის შემცირება მათი თურქეთში გადასახლების გზით ხელს შეუწყობდა პოლიტიკური სიმშვიდის უზრუნველყოფას და, შესაბამისად, მეფის ხელისუფლების განმტკიცებას ამ მხარეში10.
1866 წლის ნოემბერში ალექსანდრე II (1855-1881) დათანხმდა პირველსავე შესაძლებლობისთანავე დაუყოვნებლივ გაესახლებინათ აფხაზეთის მუსლიმი მოსახლეობა ყუბანისპირეთში ან თურქეთში. იმპერატორისაგან თანხმობის მიღების შემდეგ, მეფისნაცვალმა მიხეილ რომანოვმა კავკასიის არმიის შტაბის უფროსს გენერალ ა. კარცოვს უბრძანა, დაუყოვნებლივ შედგომოდა ამ გადაწყვეტილების შესრულებას11.
1867წ. 13 თებერვალს მეფისნაცვალი ალექსანდრე II-ს წერდა, რომ კავკასიის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, პირველ რიგში გაესახლებინა კოდორის ხეობის – წებელდა-დალის მუსლიმი მოსახლეობა ამ მხარის სტრატეგიული მნიშვნელობის გამო. ხელისუფლება ითვალისწინებდა იმას, რომ ამ თემების მოსახლეობა ცხოვრობდა მთის ძნელად მისადგომ ადგილებში და მათ კავკასიონის ქედის უღელტეხილებით კავშირი ჰქონდათ ჩრდილოკავკასიელებთან; ამასთან, ხელისუფლება მათ რეფორმის წინააღმდეგ გამოსვლაშიც სდებდა ბრალს და მისი სურვილი იყო აჯანყებასთან რამენაირად დაკავშირებული ხალხის პირველ რიგში გადასახლება12. 1867 წლის აპრილის ბოლოს დაიწყო აფხაზთა თურქეთში გადასახლების პროცესი, რომელიც იმავე წლის ივნისში დამთავრდა. წებელდის ოლქიდან (წებელდა და დალი) გადაასახლეს 2503 ოჯახი (14740 სული); ბიჭვინთისა და დრანდის ოლქებიდან – 855 ოჯახი (4602 სული) შერჩევით.
ამრიგად, 1867 წელს აფხაზეთიდან თურქეთში 19342 ადამიანი გადაასახლეს13. თითქმის მთლიანად „გაიწმინდა“ წებელდა და დალი, რაც ამ მხარის სტრატეგიული მნიშვნელობით იყო გამოწვეული. ამ თემების თითქმის 15-ათასიანი მოსახლეობა აყარეს თავიანთი სამკვიდროდან და უცხოეთში გადაასახლეს. 1868 წლის მონაცემებით, წებელდაში სულ 13 ოჯახი ცხოვრობდა, ხოლო დალში – არცერთი14.
1867 წელს აფხაზთა გადასახლებამ დაცარიელებული მიწა-წყლის დასახლების და სოხუმის სამხედრო განყოფილების (აფხაზეთი) მმართველობის შემდგომი ცენტრალიზაციის აუცილებლობამ დღის წესრიგში დააყენა ახალი ადმინისტრაციული რეფორმის გატარება, რომელიც 1868 წლის მაისში განხორციელდა. გამსხვილდა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები: შეიქმნა ორი ოლქი (округ) – ბიჭვინთის ოლქი, რომელიც შედგებოდა გუდაუთისა და გუმისთის უბნებისაგან, და ოჩამჩირის ოლქი, რომელიც შედგებოდა კოდორისა და სამურზაყანოს უბნებისაგან. წებელდაში, რომელიც განსაზღვრული იყო მთლიანად კოლონიზაციისათვის, დასახლების მზრუნველობა შეიქმნა15. ასეთმა ადმინისტრაციულმა დაყოფამ 1883 წლამდე იარსება.
აფხაზთა 1867 წლის მუჰაჯირობის შემდეგ ცარიზმმა ვრცელი ტერიტორია მიიღო საკოლონიზაციოდ. აფხაზეთის კოლონიზაცია რუსეთის სახელმწიფოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებში შედიოდა. ამიტომ ცარიზმი აფხაზეთის დაცარიელებული ადგილების დასახლებისათვის ზრუნვას შეუდგა. მაგრამ ამ პერიოდში რუსეთის ხელისუფლების საფიქრალს წარმოადგენდა არა მარტო აფხაზეთის, არამედ შავი ზღვის მთელი ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს კოლონიზაცია. კავკასიის ომის დამთავრების (1864წ. მაისი) შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში ეს მხარე სრულიად დაცარიელებული იყო. ადგილობრივ მკვიდრთა გადასახლების შემდეგ რუსეთის ხელისუფლების წინაშე იდგა ამოცანა კვლავ დაესახლებინა ბუნებით უხვად დაჯილდოებული, მაგრამ გაუკაცრიელებული მხარე; ეს მხარე ყაჩაღებისა და კონტრაბანდისტების თავშესაფარი არ უნდა გამხდარიყო, ამასთან, მისი ბუნებრივი სიმდიდრე – ვრცელი ტყეები და ნაყოფიერი მიწები აეთვისებინა, განევითარებინა მეღვინეობა, მეაბრეშუმეობა, მეთამბაქოება, მებაღეობა, მეფუტკრეობა, რისთვისაც აქ შესანიშნავი ბუნებრივ-კლიმატური პირობები არსებობდა. მაგრამ უმთავრესი იყო ამ მხარის მოსახლეობის საკითხი. ხელისუფლებას სურდა, „иметь на этой территории население вполне благонадежное в политическом отношении“.16
ამ ამოცანის რეალიზაციის მიზნით შემუშავდა „დებულება შავი ზღვის ოკრუგის დასახლებისა და მისი მართვის შესახებ“, რომელიც იმპერატორმა 1866წ. 10 მარტს დაამტკიცა. დებულებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით შეიქმნა შავი ზღვის ოკრუგი, რომელიც მოიცავდა შავი ზღვის სანაპირო ტერიტორიას მდ. ტუაფსედან მდ. ბაგრიფსთამდე17.
1866წ. 10 მარტის დებულების თანახმად, შავი ზღვის სანაპირო ზოლი განსაზღვრული იყო რუს მოახალშენეთა „სანაპირო სასოფლო დასახლებების“ შესაქმნელად. გადმოსახლებულთათვის განსაზღვრული იყო მთელი რიგი შეღავათები: ნადელები – ოჯახზე 30 დესეტინა; ერთდროული ფულადი დახმარება (50 მან.), გადასახადებისაგან განთავისუფლება 15 წლით, სარეკრუტო ვალდებულებისაგან განთავისუფლება და სხვ. აფხაზეთის კოლონიზაციაც იმავე პრინციპებით უნდა განხორციელებულიყო, როგორც შავი ზღვის ოკრუგის კოლონიზაცია.
სამთავროს გაუქმების შემდეგ ცარიზმმა აფხაზეთის ყოფილი მთავრისა და სამთავრო სახლის წევრთა ვრცელი სამფლობელოების კონფისკაცია მოახდინა. 1867 წლის მუჰაჯირობის შემდეგ აფხაზეთში მრავალი „თავისუფალი მიწა“ გაჩნდა. ეს მიწები შევიდა სახაზინო მიწების ფონდში, რომელსაც კავკასიის მთიელთა სამმართველო განაგებდა18. სახაზინო მიწების ფონდში შევიდა აგრეთვე მოსახლეობისაგან სრულიად გათავისუფლებული წებელდა, რომელსაც ასევე კავკასიის მთიელთა სამმართველო განაგებდა. წებელდის ოლქის ნაცვლად შეიქმნა წებელდის დასახლებათა მზრუნველობა. პირველ მზრუნველად რუსი ოფიცერი ნ. ა. დიაჩკოვ-ტარასოვი, დაინიშნა. მის მოვალეობას შეადგენდა მხარის გაწმენდა ადგილობრივი მოსახლეობისაგან, რომლებიც თავს აფარებდნენ ხეობის მიუვალ ადგილებს, განსაკუთრებით მდ. საკენის ხეობას; მას უნდა შეერჩია ადგილები მომავალი დასახლებების მოსაწყობად, წარმოედგინა მათი დაწვრილებითი აღწერა და დასაბუთება, რამ გამოიწვია ამ ადგილის არჩევა დასახლების მოსაწყობად19.
ხელისუფლება თვლიდა, რომ წებელდის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს მხარე პოლიტიკური თვალსაზრისით სანდო ხალხით უნდა დასახლებულიყო. ნ. დიაჩკოვ-ტარასოვის აზრით, წებელდის კოლონიზაცია საჭირო იყო ამ მხარეში მეურნეობისა და მრეწველობის განვითარებისათვის. მხარის ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობების გათვალისწინებით, აქ უნდა განევითარებინათ: მებაღეობა, მეხილეობა, მეღვინეობა, მეფუტკრეობა, მესაქონლეობა; რადგან პურის მოყვანა აქ არ იქნებოდა მიზანშეწონილი, უნდა განევითარებინათ მესიმინდეობა. მრეწველობის განვითარებისათვის აქ იყო სამშენებლო ხე-ტყე, სპილენძის, რკინის, ტყვიის მადნები20. წებელდა თავისუფალი იყო მალარიისაგან, რაც აგრერიგად იყო გავრცელებული აფხაზეთის სანაპირო ზოლში, გამოირჩეოდა ჯანსაღი ჰავით, რბილი კლიმატით, ნაყოფიერი ნიადაგით, ამიტომ წებელდის დასახლებათა მზრუნველის აზრით, პრობლემა არ უნდა გამხდარიყო მოსახლეობას მოზიდვა. ამდენად, წებელდა შეიძლებოდა გამხდარიყო აყვავებული მხარე – შესანიშნავი ვენახებითა და ხეხილის ბაღებით, სამთამადნო წარმოებით, ოღონდ ამისათვის საჭირო იყო კიდევ ერთი და მთავარი პირობა – გზების გაყვანა21.
1867 წელს წებელდაში 6 პუნქტი გამოიყო დასახლებისათვის: მიხაილოვსკოე – მდ. ამტყელის სანაპიროზე, ოლგინსკოე – აღმ. მაჭარის სათავესთან, ალექსანდროვსკოე – მდ. კელასურზე, ანასტასიევსკოე და ნიკოლაევსკოე – მდ. ნაუშზე, ყოფილი სოფლის ნაუშის ტერიტორიაზე, გეორგიევსკოე – სოფ. ჯამფალის ტერიტორიაზე22. ხელისუფლებას სურდა წებელდაში აუცილებლად რუსები ჩაესახლებინა, მაგრამ ისინი პირველ ხანებში ხალისით არ მოდიოდნენ: უჭირდათ ადგილიდან დაძვრა, აშინებდათ გადასახლების სირთულე, ჰავის საკითხი და სხვ. ამასთან, მიწის სიმწირე-სივიწროვით სულშეხუთული ქართველები დას. საქართველოდან მოიწევდნენ აქ დასასახლებლად, რაც ხელისუფლების შეშფოთებას იწვევდა. ასეთ პირობებში ხელისუფლებამ არჩევანი უცხოელებზე შეაჩერა და სანდო ელემენტებად ანატოლიელი ბერძნები და ბულგარელები მიიჩნია. სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსის, გენერალ ვ. გეიმანის ბრძანებით, თურქეთიდან გადმოსახლებული პირველი ბერძენი კოლონისტები 1869წ. თებერვალ-მაისში ჩაასახლეს სამ სოფელში – ალექსანდროვსკოე, გეორგიევსკოე, ოლგინსკოე. ივნისში სოხუმში ჩამოვიდა 1800-იანი წლების დასაწყისიდან ტირასპოლის გუბერნიაში მცხოვრებ ბულგარელთა 62 ოჯახი, რომლებიც ანასტასიევსკოესა და ნიკოლაევსკოეში ჩაასახლეს23. იმავდროულად ხელისუფლებამ ვრცელი მიწა-წყალი უბოძა რუს ჩინოვნიკებს – სამხედრო და სამოქალაქო პირებს, მაგრამ მათ არ შეეძლოთ სამსახურის მიტოვება და მეურნეობის გაძღოლა, მიწების იჯარით გადაცემის შესაძლებლობაც არ ჰქონდათ, რადგან ამისი მსურველები არ ჩანდნენ. ამიტომ მიწების დიდი ნაწილი გამოუყენებელი იყო24. კოლონისტებიდან ასე თუ ისე აწყობილი მეურნეობა მხოლოდ 8-10%-ს ჰქონდა, არ ვითარდებოდა ჩინოვნიკთა დასახლებები – მიწები მიგდებული იყო დამუშავების გარეშე25.
1877 წლის აპრილში დაიწყო რუსეთ-თურქეთის ახალი ომი, რომლის ასპარეზი კავკასიაც გახდა. ომის დაწყებისთანავე რთული ვითარება შეიქმნა აფხაზეთში. ცარიზმის კოლონიური რეჟიმით გამოწვეულმა უკმაყოფილებამ ამ დროისათვის კულმინაციას მიაღწია და აჯანყებამ იფეთქა. ასეთ რთულ და დაძაბულ ვითარებაში, 29 აპრილს გუდაუთასთან თურქების დესანტი გადმოსხდა, რომელიც ძირითადად აფხაზი მუჰაჯირებისაგან შედგებოდა.
სოხუმის გარნიზონის უფროსმა გენერალმა კრავჩენკომ, რომელიც იმავდროულად სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსიც იყო, ვერ გაბედა შედარებით ძლიერ მტერთან შებმა, სოხუმი დატოვა და მდ. კოდორისაკენ დაიხია. აპრილ-მაისში თურქებმა თითქმის მთელი აფხაზეთი დაიკავეს. იმავდროულად აჯანყებული აფხაზები თურქთა დესანტს შეუერთდნენ. ბრწყინვალე პორტას იმედი ჰქონდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ კავკასიის მთელ მაჰმადიანურ მოსახლეობას აამხედრებდა, მაგრამ რუსეთის ჯარების წარმატებებმა კავკასიის ფრონტზე და განსაკუთრებით ბალკანეთში, თურქეთის ხელისუფლებას იმედები გაუცრუა.
ივლისში რუსეთი ჯარის ნაწილები შეტევაზე გადავიდნენ აფხაზეთში და უკვე აგვისტოში მთელი მხარე გაწმინდეს ოკუპანტებისაგან26. აფხაზეთის დატოვებისას თურქებს აფხაზთა ნაწილიც გაჰყვა, მაგრამ აფხაზთა მეტი ნაწილი მათ ძალით წაიყვანეს27.
ამრიგად, 1877 წელს აფხაზეთიდან მუჰაჯირობაში დაახლოებით 32 ათასი აფხაზი წავიდა28. თუ 1867 წლის მუჰაჯირობის შედეგად მთლიანად დაიცალა კოდორის ხეობის ზემო წელი – წებელდა და დალი, 1877 წლის მუჰაჯირობის შედეგად თითქმის დაცარიელდა აფხაზეთის სანაპირო ზოლი. მუჰაჯირობის შემდეგ დამთრგუნველი სანახავი იყო გაუკაცრიელებული აფხაზეთი. როგორც ნ. მარი წერდა, „Абхазия была обездолена в своей даже центральной этнографической части... остались одни одичалые дворы с фруктовыми деревьями, ни души абхазской, ни звука абхазского“.29
ცარიზმმა ვრცელი მიწა-წყალი მიიღო საკოლონიზაციოდ, ამჯერად აფხაზეთის სანაპირო ზოლში, და მის წინაშე კვლავ დადგა საკითხი, ვინ დაესახლებინათ აფხაზეთში. მაშინ, ცხელ კვალზე, 1877წ. 27 სექტემბერს, გაზეთი „Тифлисский вестник“-ი წერდა: „Нынешняя война, между другими многочисленными последствиями, повлекла за собою и тот результат, что один из замечательных уголков нашей окрайны вдруг сделался совершенно безлюдным, будучи покинут почти всеми своими жителями. Мы говорим об Абхазии и ее жителях, оставивших свою родину и переселившихся в Турцию. Переселение это, без всякого сомнения, не временное, а безвозвратное: Абхазия больше никогда не увидит своих сынов. Обстоятельство это ставит на очередь вопрос: кем заселить страну, навсегда покинутую ее обитателями?“
1878 წლის გაზაფხულიდან ხელისუფლება აფხაზეთის კოლონიზაციისათვის პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელებას შეუდგა. 1878წ. 1 მაისს ბიჭვინთის ოლქის მმართველობამ გამოაცხადა სოფ. ანუხვის ვენახებისა და ხეხილის ბაღების ერთი წლის ვადით იჯარით გაცემის შესახებ. იმავე წლის 25 მაისს გამოცხადდა მდ. გუმისთიდან მდ. კოდორამდე ტერიტორიაზე არსებული ხეხილის ბაღებისა და ვენახების ერთი წლის ვადით იჯარით გაცემის შესახებ. 5 ოქტომბერს სოხუმის სამხედრო განყოფილების სახელით გამოცხადდა მდ. მაჭარასა და მდ. კოდორს შორის ტერიტორიიდან გადასახლებული აფხაზების მიწების იჯარით გაცემის შესახებ. გარდა მოიჯარეთა მოწვევისა, ბიჭვინთის ოლქში სამი ნაკვეთი გამოიყო რუსი კოლონისტებისათვის სამუდამო მფლობელობაში გადასაცემად30.
1879წ. ბიჭვინთის ოლქში რუსი გლეხების 137 ოჯახი ჩაასახლეს, მაგრამ უკვე 1881წ. მათგან მხოლოდ 99 ოჯახი იყო დარჩენილი. აფხაზეთში ვერც გერმანელი კოლონისტები დამკვიდრდნენ. 24 გერმანელი კოლონისტის ოჯახიდან, 1883 წლისთვის აქ მხოლოდ 3 ოჯახი იყო დარჩენილი31.
1872 წლიდან აფხაზეთში მიმდინარეობდა ე.წ. „საკურორტო“ კოლონიზაცია. ერთიდან სამ დესეტინამდე მიწის ნაკვეთები, ე.წ. „სანიტარული ნაკვეთები“ სოხუმსა და მის ახლომახლო ადგილებში შეღავათიანი პირობებით ეძლეოდათ რუს ჩინოვნიკებსა და ოფიცრებს. მაგრამ 70-იან წლებში არც მას მოჰყოლია დიდი წარმატებები32.
მიუხედავად ხელისუფლების დიდი მონდომებისა, აფხაზეთის კოლონიზაცია გაჭიანურდა. რუსები ვერ ეგუებოდნენ აფხაზეთის პირობებს – ნოტიო ჰავა, ტყიანი, მთიანი ქვეყანა, ჭაობიანი სანაპირო ზოლი; პური აქ არ მოდიოდა, მარცვლეული კულტურებიდან სიმინდი მოდიოდა, – ყოველივე ეს კი მიუჩვეველი იყო რუსებისათვის33. სანაპირო ზოლში ციებიანი ჰავა მუსრს ავლებდა კოლონისტებს. წებელდისა და დალის მაღალმთიანი პირობები შეუჩვეველი იყო რუსეთის შიდა გუბერნიებიდან გადმოსახლებული გლეხებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის მიწები რუს ჩინოვნიკებს დაურიგეს, ქვეყანა კვლავ დაუსახლებელი იყო, მიწები კი – უპატრონოდ მიგდებული. წებელდაში მიწებს 24, ხოლო დალში 23 მემამულე ფლობდა. ისინი რამდენიმე წელიწადში ერთხელ აკითხავდნენ თავიანთ მამულებს, რომლებიც დაუმუშავებლად იყო მიგდებული34. დალში, სადაც 1867 წლის მუჰაჯირობამდე 5 ათასამდე მცხოვრები იყო, XIXს. მიწურულსაც კი არავინ ცხოვრობდა. ცნობილი ქართველი მოღვაწე პეტრე ჭარაია 1897 წელს დალის ხეობის შესახებ გულისტკივილით წერდა: „დიდი ხანი არ არის მას აქეთ, რაც დალი გაჭედილი იყო აფხაზებითა... ძველათ იქაურ მცხოვრებთა ვაჟკაცობით განთქმული ქვეყანა დღეს გავერანებულია ისე, რომ შიგ არავინ ცხოვრობს“.35
ცარიზმის პოლიტიკა აფხაზეთში მიმართული იყო ადგილობრივ მკვიდრთა – აფხაზთა და ქართველთა წინააღმდეგ. 1877–1878წწ. რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ აფხაზები „დამნაშავე მოსახლეობად“ გამოაცხადეს. მათ აეკრძალათ სოხუმიდან 20კმ-ზე და სანაპირო ზოლში – მდ. კოდორსა და მდ. ფსირცხას შორის დასახლება36. მუჰაჯირობის შემდეგ, როცა აფხაზეთის დიდი ნაწილი გაუკაცურდა და გავერანდა, ხოლო რუსები და უცხოელები ხალისით სულაც არ მოდიოდნენ აფხაზეთში დასასახლებლად, დასავლეთ საქართველოდან – იმერეთიდან და სამეგრელოდან მიწის სიმცირითა და სიმწირით შევიწროებული გლეხობა გადმოდიოდა და მკვიდრდებოდა აფხაზეთში, აშრობდა ჭაობებს, კაფავდა ბუჩქნარებს, ნარ-ეკალს და მეურნეობას მისდევდა.
ცნობილი საზოგადო მოღვაწე ანთიმოზ ჯუღელი იმხანად წერდა: „ახლა აფხაზეთში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია აქაური უდაბური ადგილების დასახლება. უკანასკნელი ომის (1877-1878წწ. რუსეთ-თურქეთის ომი) შემდეგ უმაღლესი განკარგულება იყო, რომ მდ. კოდორსა და ფსირცხას შუა მდებარე ადგილებზე აფხაზები არ დასახლებულიყვნენ. მათ გარდა ყველას ეძლეოდა ნება აქ დასახლებისა. ქვეყანას მილეთის ხალხი მოაწყდა, მაგრამ აქაურობას ვერავინ შეეთვისა გარდა იმერელმეგრელებისა და ბერძნებისა. ამჟამად სოხუმის გარშემო შვიდირვა მეგრელების სოფელია და სამი თუ ოთხი ბერძნებისა“.37
დასავლეთ საქართველოდან აფხაზეთში გლეხების გადასვლამ და დამკვიდრებამ ხელისუფლება შეაშფოთა. გაზეთი „ჩერნომორსკი ვესტნიკი“ მაშინ წერდა: „აუცილებელია ჩქარა დავასახლოთ რუსები შავი ზღვის სანაპიროზე, თორემ მეგრელები დაღუპავენ ამ წმიდა საქმესო“.38 ცარიზმის მოხელეები თვლიდნენ, რომ წლების განმავლობაში ხელისუფლებას აფხაზეთის კოლონიზაცია „საჭირო სისტემურობის გარეშე უწარმოებია, რადგან რუსებს აქ ფეხი ისე ვერ მოუკიდებიათ, როგორც საჭირო იყო“.39
შავი ზღვის სანაპიროს კოლონიზაციის იდეოლოგი ა. ვერეშჩაგინი 1878წ. 19 იანვარს პეტერბურგში, ეკონომიკური საზოგადოების საერთო სხდომაზე, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს კოლონიზაციის საქმეში ხელისუფლების ამოცანების შესახებ აღნიშნავდა: „...На черноморском побережье Кавказа, как на окрайне государства, стоющей так много русской крови и денег, по праву должны господствовать церковь русская, язык русский, грамота русская. Разноплеменность населения вызывает необходимость основания школ, т.к. только школою это разноплеменное население в будущем может сделаться русским“.40
1892 წელს ექსპედიციამ რუსეთის მიწათმოქმედებისა და სახელმწიფო ქონების მინისტრის ა. ს. ერმოლოვის მეთაურობით მოიარა აფხაზეთი. ექსპედიციის წევრებს სოხუმში სადილი გაუმართა სოხუმის ოლქის უფროსმა პოლკოვნიკმა ბრაკერმა. ბანკეტზე სიტყვით გამოვიდა ექსპედიციის წევრი ს. შარაპოვი, რომელმაც გულახდილად ილაპარაკა რუსეთის ზრახვებზე აფხაზეთში. კერძოდ, მან თქვა: „მთელი თავისი ხანგრძლივი ისტორიული ბრძოლისას, მიისწრაფვის რა სამხრეთისაკენ, თბილი ცისა და თბილი ზღვისაკენ, რუსი ხალხი იღებს მსხვერპლს და, აი, ბოლოს მას აქვს ეს ცაც და ეს ზღვაც. აქ ფრიალებს რუსული დროშა, დალივლივებს რუსული არწივი. მაგრამ რატომაა, რომ რუსი კაცი აქ ლაღად ვერ გრძნობს თავს, რატომაა რომ ის აქ შევიწროებულია, სულშეხუთულია? რატომაა უცხო ის ამ თბილ ნაპირზე, ამ კაშკაშა მზის ქვეშ? ვფიქრობ იმიტომ, რომ რუსული სიკეთის წყალობით აქ, ამ მიწაზე, რომელიც რუსული სისხლითაა მოპოვებული, მოკალათდა ყოველგვარი უცხოტომელი, განსახლდა საუკეთესო ადგილებზე და არა მარტო ავიწროებს რუს ადამიანს, არამედ დასცინის მას. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანები მოითხოვენ, რომ ეს მხარე არა მარტო სახელით მხოლოდ, არამედ მართლაც იქცეს მალე რუსულ მხარედ, რომ აქ მხარდაჭერილი, გაძლიერებული და დაიმედებული იყოს რუსი კაცი. ვისურვოთ ბატონებო, რომ ეს მოხდეს ჩქარა, რომ მძლავრ რუსულ მუცელში მალე მოიხარშოს მთელი აქაური სხვადასხვატომობრივი და სხვადასხვაეროვანი ნარევი და რომ ეს ცა და ეს ზღვა ნამდვილად რუსული იყოს“.41
მას შემდეგ, რაც კლიმატური პირობებისა თუ სხვა მიზეზების გამო აფხაზეთის კოლონიზაცია გაჭიანურდა, ხოლო XIX ს. II ნახევრიდან ქართულმა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ იმპერიისათვის საშიში გაქანება და მიმართულება მიიღო, ცარიზმი თავისი პოზიციების განმტკიცებას აფხაზეთში სხვა გზებით შეეცადა. ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე ნიკო ჯანაშია იმხანად წერდა: „...აქამდი თუ აფხაზებს ერეკებოდნენ და გაიძახოდნენ, „მოგვშორდით თავიდანო“, ეხლა ვითომ მათს ულოლიოვებენ, ეალერსებიან, და ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ ბოლო მოუღონ და მოსპონ ის მცირეოდენი ნაშთი ისტორიული კავშირისა, რომელიც მრავალი საუკუნის განმავლობაში აერთებდა აფხაზთა და ქართველთა“.42 ცარიზმი შეუდგა ზრუნვას რუსული ორიენტაციის ინტელიგენციის ჩამოყალიბებისათვის. დაუნდობელი ბრძოლა გამოეცხადა ქართველ-აფხაზთა კულტურულ-ისტორიულ ერთობასა და ამ ერთობის საფუძველს – ქართულ ენას. ამ მიზანს ემსახურებოდა რუსული ანბანის საფუძველზე აფხაზური დამწერლობის შემოღება და აფხაზეთის ეკლესიებში ღვთისმსახურების საეკლესიო სლავურზე გადაყვანა. აფხაზთა შორის ხელოვნურად ნერგავდნენ ანტიქართულ განწყობილებას. ასეთი ხერხებით ცდილობდა ცარიზმი ქართველებისაგან აფხაზთა ჩამოცილებისა და „რუსული აფხაზეთის“ შექმნის იდეის განხორციელებას.
შენიშვნები
1. სცსსა, ფ. 5, ს. 7506, ფურც. 47-48.
2. სცსსა, ფ. 5, ს. 7506, ფურც. 48.
3. სცსსა, ფ. 5, ს. 7506, ფურც. 51-52.
4. სცსსა, ფ. 5, ს. 7506, ფურც. 52.
5. Очерки истории Абхазской АССР, ч. I, Сухуми, 1960, გვ. 199-201; Г. А. Дзидзария. Присоединение Абхазии к России. Труды, I, Сухуми, 1988, გვ. 67.
6. З. В. Анчабадзе, Г. А. Дзидзария, А. Э. Куправа. История Абхазии, Сухуми, 1986, გვ. 87.
7. Г. А. Дзидзария. Воостание 1866 года в Абхазии, Сухуми, 1955.
8. „Кавказ“, 1866, №76; С. Эсадзе. Историческая записка об управлении Кавказом, т. I, Тифлисъ, 1907, გვ. 275; Очерки истории Абхазской АССР, ч. I, გვ. 199-201; Г. А. Дзидзария. Присоединение.., გვ. 63-70.
9. Г. А. Дзидзария. Махаджирство и проблемы истории Абхазии XIX столетия, Сухуми, 1982, გვ. 283.
10. Г. А. Дзидзария. Махаджирство.., გვ. 283.
11. იქვე.
12. Г. А. Дзидзария. Махаджирство.., გვ. 285-286.
13. იქვე, გვ. 286-289.
14. Сборник статистических сведений о Кавказе, т. I, Тифлис, 1869, отд. II, გვ. 39.
15. С. Эсадзе. Историческая записка.., გვ. 279.
16. А. В. Верещагин. Черноморское прибрежье Кавказа и его колонизация, СПб., 1878, გვ. 7-16.
17. იქვე, გვ. 7-11; А. В. Верещагин. Путевые заметки по Черноморскому округу, М., 1874, გვ. 24.
18. А. Дьячковъ-Тарасовъ. Абхазия и Сухум в XIX столетии. – Известия Кавказского отдела императорского русского географического общества, т. XX, Тиф., 1909-1910, №2, გვ. 191; Г. А. Дзидзария. Махаджирство.., გვ. 431.
19. А. Дьячковъ-Тарасовъ. Абхазия.., გვ. 194.
20. Н. Дьячковъ-Тарасовъ. Несколько слов о заселении Цебельды. – „Кавказ“, 1868, №129.
21. А. Дьячковъ-Тарасовъ. Абхазия.., გვ. 196.
22. იქვე.
23. იქვე, გვ. 196-199.
24. Г. А. Дзидзария. Махаджирство.., გვ. 432.
25. А. Олонецкий. Колонизация Абхазии во второй половине XIX столетия. – Труды Абхазского научно-исследовательского института краеведения, вып. II, Сухум, 1934, გვ. 78.
26. Ш. В. Мегрелидзе. Грузия в русско-турецкой войне 1877-1878гг., Батуми, 1955, გვ. 77-84; Û. ÌÄÂÒÄËÉÞÄ. საქართველო აღმოსავლეთის ომებში, თბ., 1974, გვ. 74.
27. А. Дьячковъ-Тарасовъ. Абхазия.., გვ. 206-208; Г. А. Дзидзария. Махаджирство.., გვ. 356-369.
28. Кавказский календарь на 1879 год, Тифлис, 1878, გვ. 330-331; Г. А. Дзидзария. Махаджирство.., გვ. 372.
29. Н. Марр. О языке и истории абхазов, Л., 1938, გვ. 177.
30. А. Олонецкий. Колонизация Абхазии.., გვ. 79.
31. იქვე.
32. იქვე.
33. Ó. ÌÄÓáÉ. აფხაზეთის დასახლება, გაზ. „ÃÒÏÄÁÀ“, 1878, #24.
34. Г. А. Рыбинский. Сухумский округ. Абхазия в сельско-хозяйственном и бытовом отношении, Тифлис, 1894, გვ. 10.
35. გაზ. „ÊÅÀËÉ“, 1897, #13, გვ. 268.
36. С. Лакоба. Очерки политической истории Абхазии, Сухуми, 1990, გვ. 35.
37. გაზ. „ÃÒÏÄÁÀ“, 1883, #240.
38. გაზ. „ÝÍÏÁÉÓ ×ÖÒÝÄËÉ“, 1905, #2821.
39. Ф. Гершельман. Причины неурядиц на Кавказе, СПб., 1908, გვ. 21.
40. А. В. Верещагин. Черноморское прибрежье.., გვ. 22.
41. Ó. ÚÀÖáÜÉÛÅÉËÉ. ბერძნების დასახლების ისტორია საქართველოში. – ა. წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ÛÒÏÌÄÁÉ, ტ. 6, ქუთაისი, 1946, გვ. 134-135.
42. äÀÌÖÈ ÁÄÉ (Í. ãÀÍÀÛÉÀ). ჭრელი შენიშვნები აფხაზთა და აფხაზეთის შესახებ, მეხუთე წერილი, გაზ. „ÃÒÏÄÁÀ“, 1909, #282

Комментариев нет:

Отправить комментарий