среда, 7 июля 2021 г.

ალექსანდრე II კახთა მეფის (1574-1605) საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან (დ. შველიძე, ე. ასტახიშვილი)

XV–XVIII საუკუნეების ქართველი მეფეების ერთი ნაწილის პრორუსული საგარეო პოლიტიკა არარეალისტურ, უპერსპექტივო ხასიათს ატარებდა და ქვეყნისათვის ნეგატიური შედეგები მოჰქონდა (თეიმურაზ პირველი; ვახტანგ მეექვსე...). ამ მოვლენის ძირითადი მიზეზი იმაში მდგომარეობდა, რომ რუსეთს იმხანად არ ჰქონდა რეალური შესაძლებლობა ან ინტერესი, რათა საქართველოს საქმეებში ჩარევით ირან-ოსმალეთს დაპირისპირებოდა. ქართველი მეფეების მეორე ნაწილი უფრო რეალისტური პოლიტიკით გამოირჩეოდა და მათი პრორუსული კურსი კარგად ითვალისწინებდა რეგიონის გეოპოლიტიკურ კონიუნქტურას. რომელ ნაწილს უნდა მივაკუთვნოთ კახეთის მეფე ალექსანდრე მეორე? რუსული ორიენტაციის პოლიტიკური კურსის ნამდვილი სულისჩამდგმელი სწორედ ალექსანდრე მეორე კახთა მეფეა. 1585 წელს კახეთის მეფის კარზე ჩამოვიდა რუსეთის ელჩობა ასტრახანელ მეთოფეთა ასისთავ რუსინ დანილოვის ხელმძღვანელობით. დანილოვმა ალექსანდრე მეორეს გადასცა მეფე თევდორე ივანეს ძის (1584-1598) წერილი, რომელშიც რუსეთის ხელისუფალი კახეთის მეფეს პოლიტიკურ კავშირსა და მფარველობას სთავაზობდა. ამ დროისათვის კავკასიაში ვითარება ოსმალეთის სასარგებლოდ შეიცვალა. სამხრეთ კავკასია და სამხრეთ აზერბაიჯანი თავრიზითურთ, ხონთქრის ჯარებს ეკავათ. ოსმალებმა თბილისი და ქართლის ქალაქები აიღეს, კახეთის სამეფომ თავი ვასალობის პირობით გადაირჩინა, მაგრამ არავინ უწყოდა ეს რამდენ ხანს გასტანდა. კახეთს მოკავშირე სჭირდებოდა. ირანი ამ პერიოდში გაძევებული აღმოჩნდა კავკასიიდან. ამგვარ პირობებში რუსეთის წინადადება კახეთისათვის პერსპექტიულად გამოიყურებოდა. თვით რუსეთისთვის აქტუალური იყო ჩრდილოეთ კავკასიაში პოზიციების შენარჩუნება და მოკავშირეების მოძიება. ოსმალეთი მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში ლამობდა გაბატონებას და თერგზე ციხე-სიმაგრის აგებასაც აპირებდა. რუსეთი ცდილობდა გამოეყენებინა კავკასიელების ანტიოსმალური განწყობილება. თვით დაღესტნელებიც კი, რომლებიც ოსმალეთის მოკავშირეები იყვნენ, მათს სრულ გაბატონებას კავკასიაში, ეწინააღმდეგებოდნენ.
ალექსანდრე მეორემ უკან გაბრუნებულ დანილოვს თავისი ელჩები – იოაკიმე მღვდელი, კირილე ბერი და ჩერქეზი ყურშიტა გააყოლა. კახეთის ელჩობა რუსეთში 1586 წლის ოქტომბერში ჩავიდა. ასე დაიწყო რუსულ–ქართული ელჩობების ინტენსიური მიმოსვლა, რაც 1605 წლამდე გაგრძელდა. ამ პერიოდიდანვე საქართველო–რუსეთის ურთიერთობაში მთავარ საკითხს წარმოადგენდა რუსების დახმარებით კახეთის დაცვა ლეკებისაგან.
კახთა მეფეებისათვის ოსმალური საფრთხე საერთო – ზოგადი საფრთხე იყო, ხოლო კონკრეტული აგრესია, რომლის აღსაკვეთადაც ისინი რუსეთის ქმედით დახმარებას მოითხოვდნენ – დაღესტნელთა თავდასხმები გახლდათ. საერთო ჯამში, ოსმალეთ-დაღესტნის აგრესიის ფაქტორი ერთი და იმავე პრობლემის ორ მხარეს წარმოადგენდა. რაც მთავარია, ალექსანდრე მეორე რუსეთთან მიიყვანა არა რომელიმე სარწმუნოებრივმა პრიორიტეტმა, თუმცა არც უამისობა იყო, არამედ სრულიად კონკრეტულმა ვითარებამ – საშამხლოს მხრიდან მომდინარე თავდასხმების ნეიტრალიზების პრობლემამ.
1587 წლის 28 სექტემბერს ალექსანდრე მეორემ რუსეთის მეფის ერთგულების ფიცი მიიღო და ხელი მოაწერა „ფიცის წიგნს“. ეს აქტი კახეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში მიღებას ნიშნავდა. მოლაპარაკებების დროს ქართველები რუსეთის დესპანებსა და მთავრობას არაერთხელ უცხადებდნენ: ჩვენმა მეფემ იმიტომ მიიღო რუსეთის ყმადნაფიცობა, რომ დაღესტნელებისაგან თავი დაეცვა რუსების დახმარებითო; სხვა შემთხვევაში იგი დახმარებისათვის ირანს ან ოსმალეთს მიმართავდაო... ამგვარ მასალებსა და ინფორმაციაზე დაყრდნობით, ივანე ჯავახიშვილი დაასკვნიდა: „როდესაც ალექსანდრე მეფეს რუსთა მეფისაგან მფარველობის თხოვნა გადაუწყვეტია, ამის უმთავრესი ამამოძრავებელი მიზანი საქართველოს ოსმალეთისაგან, ან სპარსეთის მძლავრობისაგან თავის დაღწევა და უზრუნველყოფა კი არ შეადგენდა, არამედ ზურგის გამაგრება და თავდაცვა ჩრდილოელი მეზობლებისაგან, განსაკუთრებით შამხალის ტყვევნა-ძარცვაგლეჯისაგან“ (ჯავახიშვილი 1969) თვითონ ალექსანდრეც ეუბნებოდა რუსეთის ელჩებს: შამხალი ჩემი დიდი მტერია, წავალ თუ არა ოსმალეთის ან სხვა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ საომრად, მაშინვე შამხალი ჩემს რომელიმე სანაპირო ქვეყანას შემოესევა ხოლმე. ისე კი, ღამ-ღამობით, ქურდულად ჩემს ქვეყანას დაეცემა, ხალხს მიხოცავს, ტყვედ მიჰყავს და ძალით ამაჰმადიანებს. ამ მხრივ შამხალი ჩემთვის ოსმალოზე უფრო უარესია. ამიტომ იყო, რომ ქართული ელჩობები მუდმივად ითხოვდნენ, რუსეთს დაელაშქრა საშამხლო და აღეკვეთა დაღესტნელთა მუდმივი თავდასხმები.
იყო თუ არა გამართლებული ალექსანდრე მეორის გადაწყვეტილება, შესულიყო რუსეთის მფარველობაში და რამენაირად აზარალებდა თუ არა სამეფოს რუსეთის მფარველობაში შესვლა, კახეთ-საქართველოს ინტერესებს, ან: საფრთხეს უქმნიდა თუ არა ეს ქვეყანას და ვისი მხრიდან? რუსეთის მფარველობა-მოკავშირეობაში შესვლა კახეთის სამეფოსაგან სრულიად გამართლებული პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩანდა. რუსეთი იყო ერთადერთი ძალა, რომელსაც შეეძლო დაღესტნის თავდასხმების აღკვეთა და ოსმალეთის ექსპანსიის შეჩერება ჩრდილოეთ კავკასიაში. რუსეთმა დაგვიანებით, ზოზინით, მაგრამ მაინც გადადგა საამისო ნაბიჯები საშამხლოსა და ოსმალეთის წინააღმდეგ.
1591 წელს მოეწყო რუსთა და ყაბარდოელთა ერთობლივი ლაშქრობა საშამხლოზე. ამავე დროს, რუსეთმა ხელში ჩაიგდო თერგის ციხე-ქალაქი, სუნჯის ციხე, მდ. ყოისუს ხეობა და გზა გადაუკეტა ოსმალურ ექსპანსიას ყირიმიდან დარუბანდისაკენ. მართალია ამ აქტივობამ კახეთისათვის საშამხლოს პრობლემა ვერ გადაწყვიტა, მაგრამ საამისო იმედები კი გააღვივა. რუსეთისადმი კახეთის ლტოლვას ისიც აძლიერებდა, რომ 1590 წელს ზავი დაიდო ირანსა და ოსმალეთს შორის. ირანი დროებით შეურიგდა სამხრეთ კავკასიის დაკარგვას და რეგიონში აქტიურ როლსაც, დროებით მაინც, გამოემშვიდობა. ფაქტობრივად საშამხლოს პრობლემის მოგვარების სფეროში კახეთისათვის ერთადერთ რეალურ ძალას რუსეთი წარმოადგენდა. ამიტომ იყო, რომ როდესაც რუსეთში 1592 წელს კახეთის მორიგი ელჩობა ჩავიდა, თავად იორამისა და კირილე არქიმანდრიტის ხელმძღვანელობით, მოსკოვისაგან იგი კვლავ დაბეჯითებით ითხოვდა საშამხლოს დაპყრობას, თერგ-კახეთის გზის გათავისუფლებას და ტარკში რუსული ჯარის ჩაყენებას.
ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის შეღწევის ცდებს იმიტომ მივაქციეთ ყურადღება, რომ ამით დავადასტუროთ ალექსანდრე მეორის რუსული პოლიტიკური კურსის მაშინდელი რეალისტური ხასიათი. რუსეთი ჩართული იყო ოსმალეთის წინააღმდეგ ომში, რომელსაც იმხანად „საღვთო ლიგაში“ გაერთიანებული ევროპის სახელმწიფოები აწარმოებდნენ. ზემონახსენები ზასეკინის ექსპედიციაც ამ ომის ეპიზოდი გახლდათ. ამ სამხედრო ოპერაციის სერიოზულობაზე ისიც მეტყველებს, რომ 1591 წელს ყირიმის ხანი ღაზი გირეი შეუთანხმდა შვედეთის მეფეს, მოაწყო გრძელი ლაშქრობა მოსკოვზე და საშინლად დაარბია იქაურობა. ოსმალეთმა კი კატეგორიულად მოსთხოვა რუსეთს ჯარების გაყვანა ჩრდილოეთ კავკასიიდან და, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსკოვზე ლაშქრობით დაიმუქრა. რუსეთის საბედნიეროდ, ოსმალეთს ავსტრიამ აუტეხა ომი და მას მოსკოვის დასასჯელად აღარ ეცალა.
ამით გულმოცემულმა რუსეთმა 1593 წელს მორიგი ლაშქრობა მოაწყო დაღესტანზე. რუსებს ქართველებიც უნდა მიხმარებოდნენ და დაღესტნისათვის სამხრეთიდან შეეტიათ. რუსებს ტარკი უნდა აეღოთ და შამხლის ტახტზე მისი მეორე ძმა დაესვათ, რომლის ქალიშვილიც ალექსანდრე მეორის ვაჟზე, გიორგი ბატონიშვილზე იყო დანიშნული. ეს პოლიტიკური ქორწინება კახეთ–საშამხლოს მომავალი კეთილმეზობლური ურთიერთობების გარანტი უნდა გამხდარიყო. არსებული სიტუაცია ალექსანდრეს რეალური ოპტიმიზმის საფუძველს აძლევდა, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად წარიმართა.
რუსებმა, როგორც ჩანს, სწორად ვერ შეაფასეს დაღესტნის გეოგრაფიული ფაქტორი და მთიელების სამხედრო შესაძლებლობები. თავდაპირველი წარმატებების შემდეგ ისინი სულ უფრო მეტ წინააღმდეგობას აწყდებოდნენ. საბოლოოდ მათ მხოლოდ დახოცილთა სახით 3000 მეთოფე ჯარისკაცი დატოვეს დაღესტნის მთებში და უკუიქცნენ. სხვათა შორის, ამ ექსპედიციის დამარცხებაში რუსები კახეთის მეფესაც სდებდნენ ბრალს, რადგან ამ უკანასკნელმა არ ან ვერ შეასრულა დადებული პირობა, არ დაეხმარა რუსებს და სამხრეთიდან არ შეუტია საშამხლოს.
ამ ლაშქრობის მარცხის შემდეგ მოსკოვ–კახეთში კვლავ გრძელდებოდა ელჩების ინტენსიური მიმოსვლა. კახეთის მეფე ახლა ყაზი–ყუმუხში სთხოვდა რუსებს ციხის ჩადგმას. შემდგომ ელჩობებს სერიოზული შედეგი არ მოუტანია, მაგრამ, როგორც ჩანს, ალექსანდრე მეორე კვლავ არ კარგავდა მოსკოვის გააქტიურების იმედს და არც თუ უსაფუძვლოდ.
1601 წლიდან კვლავ დაიწყო სამზადისი დაღესტანში ფართომასშტაბიანი ლაშქრობის მოსაწყობად. სწორედ ამ წელს დაბრუნდნენ მოსკოვიდან გრემში კახეთის მეფის ელჩები თავადი სოლომონი და მდივანი ლევანი. მათ თან ჩამოჰყვათ რუსეთის ახალი მეფის ბორის გოდუნოვის (1598-1605) ელჩები ივანე ნაშჩოკინი და ივანე ლეონტიევი, რომლებმაც ალექსანდრე კახთა მეფეს საშამხლოზე რუსთა მორიგი ლაშქრობისა და თერგ–კახეთის გზის გახსნის განზრახვის ამბავი ჩამოუტანეს.
1601 წლის რუსების ლაშქრობა დაღესტანში ჩაიშალა, მაგრამ იდეამ აქტუალურობა შეინარჩუნა და კვლავ დღის წესრიგში დადგა 1604 წელს. ჩვენც აქ შევჩერდეთ, რადგან 1603 წლიდან გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა და ძირეულად განსხვავდებოდა 1603 წლამდე ვითარებისაგან. პირველ რიგში, ზემოგანხილული მოვლენების ფონზე უნდა დავასკვნათ, რომ 1585–1605 წლებში, კახეთის მეფე ალექსანდრე მეორის პრორუსული ორიენტაცია არ იყო არც გულუბრყვილო და არც სუსტი დიპლომატიის მატარებელი, არამედ გონივრული და პრაგმატული გახლდათ. ალექსანდრე კარგად ითვალისწინებდა, როგორც რეგიონის გეოპოლიტიკურ, ისე საერთაშორისო ვითარებას და ენერგიულად ცდილობდა კახეთის ჩრდილო საზღვრის უშიშროების უზრუნველყოფას რუსეთის დახმარებით. დროის ამ მონაკვეთში რუსეთი წარმოადგენდა რეალურ ძალას და პოტენციურად შეეძლო გამხდარიყო კახეთის სამეფოსათვის სასურველი მეზობელი, ჩრდილოეთ კავკასიაში დამკვიდრებით.
ახლა პასუხი გავცეთ კითხვას – რუსეთთან 1585–1603 წლებში ურთიერთობით და მისი მფარველობა-მოკავშირეობით, კახეთის სამეფოს ექმნებოდა თუ არა საშიშროება ყიზილბაშური ირანის მხრიდან და კახეთ-რუსეთის ურთიერთობა იყო მიმართული თუ არა ირანის წინააღმდეგ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, 1578 წლიდან დაწყებული, ოსმალეთ–ირანის ომში, ოსმალეთმა სამხრეთ კავკასიის დიდი ნაწილი დაიპყრო და ირანი სომხეთ–საქართველო–აზერბაიჯანიდან გააძევა. იგივე მდგომარეობა დააფიქსირა 1590 წლის ზავმაც. ამ ზავის შემდეგ ირანის ახალი მბრძანებელი შაჰ აბასის ენერგიულად ემზადებოდა რევანშისათვის და დაინტერესებული იყო ანტიოსმალური კოალიციით. ამ პერიოდში მისი ურთიერთობა რუსეთთან ძირითადად სოლიდარული გახლდათ. კახეთის სამეფო რომ რუსეთის მფარველობაში შევიდა, ამას ნამდვილად უნდა გაეღიზიანებინა შაჰ-აბასი, მაგრამ მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ოსმალეთის განდევნა სამხრეთ კავკასიიდან. ამის გამო, იგი განსაკუთრებულად არ შეშფოთებულა კახეთ-რუსეთის ახალი ურთიერთობით – ორივენი ირანის მოკავშირეებად აღიქმებოდნენ. მთელი 1585–1603 წლების განმავლობაში, ე.ი. იმ პერიოდში, როდესაც კახეთსა და რუსეთს შორის დაახლოება მოხდა, ირანის შაჰს არ გამოუმჟღავნებია კახეთის მიმართ თავისი უკმაყოფილება. ირანის შაჰის კარს კარგად ესმოდა და მხედველობაში იღებდა იმ გარემოებასაც, რომ რუსეთ-კახეთის მფარველობა–კავშირი, მიმართული იყო ოსმალეთ-საშამხლოს წინააღმდეგ. კახეთის მთავარი მოტივაცია იყო შამხალის ნეიტრალიზაცია.
გარდა ამისა, მთელი აღნიშნული პრიოდი განმავლობაში კახეთის მეფე მუდმივად აფიქსირებდა ირანის შაჰის ერთგულება-ვასალობას და ხარკმოსაკითხსაც მუდამ უგზავნიდა მას. შაჰ-აბასი იმ გარემოებასაც გაგებით ეკიდებოდა, რომ გარკვეულ პერიოდში, როდესაც ოსმალთა სარდალმა მუსტაფა ლალა ფაშამ აღმოსავლეთ ამიერკავკასია დაიპყრო, ალექსანდრე მეორემ ოსმალეთის ვასალად ცნო თავი, რადგან არ შეეძლო ოსმალებისათვის წინააღმდეგობის გაწევა. ამ ყველაფერს მაშინდელი ირანელი ისტორიკოსი ისკანდერ მუნშიც ობიექტურად აღნიშნავდა. განსხვავებით ზოგიერთი თანამედროვე ქართველი ისტორიკოსისაგან, ისკანდერ მუნში მაღალ შეფასებას აძლევდა ალექსანდრე მეფის გონიერებას, პოლიტიკურ შორსმჭვრეტელობასა და გამოცდილებას: „ალექსანდრე-ხანი... თავისი სწორი მსჯელობითა და გამჭრიახობით უგამოჩინებულესი ადამიანი იყო ახალგაზრდათა და მოხუცთა შორის და ეშმაკობისა და მოხერხების მხრივ ბებერი მგელი იყო.“
ირანელი ისტორიკოსი კარგად იცნობდა საქართველოს მაშინდელ ვითარებას და საკმაო ადგილსაც უთმობდა თავის ნაშრომში, ალექსანდრე მეორის დამოკიდებულებას შაჰ-აბასის ირანთან. მოვიყვანთ რამდენიმე ამონარიდს ისკანდერ მუნშის თხზულებიდან: ალექსანდრე ხანი „სეფიანთა ირანის მოხარკეთა და მორჩილთა და ბრძანების შემსრულებელთა რიცხვს მიეკუთვნებოდა“, – წერს მუნში. „იმ (იგულისხმება ირანის შაჰი თამაზი - ავტორები) ხელმწიფის სიცოცხლის განმავლობაში მუდამ მორჩილების ფართო გზას ადგა და მტკიცედ და ყოველ წელს ხარკს იხდიდა“. შემდგომი შაჰის მოჰამედ ხოდაბენდეს დროსაც, მიუხედავად ოსმალებისადმი დროებითი კომპრომისისა, მუნში გაგებით წერს: „თუმცა ოსმალებს დამორჩილდა ალექსანდრე, მაგრამ მომავლის ფიქრიც ჰქონდა, კაცს შაჰის კარზე ისტუმრებდა, ერთგულებას უცხადებდა ხელმწიფეს, ძღვენსა და საჩუქრებს აგზავნიდა და ხელმწიფური წყალობის ღირსი ხდებოდა“. იგივეს აკეთებდა ალექსანდრე კახთ ბატონი შაჰ-აბასის დროსაც, რათა შეენარჩუნებინა მისი კეთილგანწყობა და საფრთხის ქვეშ არ დაეყენებინა თავისი ქვეყანა ირანელთა მხრიდან. ისკანდერ მუნშის სიტყვებით, 1597–98 წლებში „საქართველოს ხელმწიფეების ალექსანდრე ხანისა და სიმონ ხანისაგან მაღალი ტახტის საფეხურებთან მოვიდნენ ელჩები და აზნაურები; ერთგულება და მორჩილება განაცხადეს. გამოეგზავნათ იოსებ მშვენიერსავით ლამაზი ყმაწვილები და ჰურიების ბუნების მთვარის სახის მქონე ქალწულნი, საქართველოს დიდებულთა შვილები, რომელნიც შეეფერებოდნენ ხელმწიფის ჰარამხანასა და სამოთხისებურ მეჯლისში სამსახურს. მეფეებმა შაჰს გულწრფელი ერთგულება განუცხადეს“ ირანი და რუსეთი თანაბრად ეგუებოდნენ იმ გარემოებას, რომ კახეთის სამეფო – ორივე მეგობრულად განწყობილი სახელმწიფოს ვასალურ ქვეყანას წარმოადგენდა. ყოველ შემთხვევაში, კახეთის ასეთი ორმაგი ვასალობის სტატუსი გარკვეულ პერიოდში, ირანისთვის მისაღებ ნორმას წარმოადგენდა და ხმამაღალი პროტესტი კახეთის არც ერთ „პატრონს“ არ გამოუთქვამს. რუსი მეცნიერი ა. პ. ნოვოსელცევი აღნიშნავს, რომ მაშინდელი რუსეთ-ირანის მეგობრული ურთიერთობის გულწრფელობა, მართალია, არ უნდა გაიდეალდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ინტერესთა დამთხვევის გამო, ამ პერიოდში, რუსეთ-ირანის ურთიერთობა მეგობრულ ნიადაგზე ვითარდებოდა“. დაახლოებით ამგვარ „მეგობრულ“ (ირან-რუსეთი), „მფარველობით“ (კახეთ-რუსეთი) და „მოხარკეობით – ვასალურ“ (კახეთ -ირანი) ურთიერთობაში მიმდინარეობდა მოვლენები სამ სახელმწიფოს – რუსეთს, ირანსა და კახეთს შორის, რომელიც თანდათან უახლოვდებოდა წინააღმდეგობათა გამწვავების ზღვარს. წინააღმდეგობებმა 1603 წლიდან დაიწყო გამომჟღავნება, ხოლო წინააღმდეგობათა კვანძი ყველაზე სუსტ რგოლში, კახეთში გაიხსნა 1605 წელს. გავიხსენოთ და დავაფიქსიროთ – რატომ მოხდა ასე და რა როლი მიუძღვის ამაში ჩვენთვია ამჯერად ყველაზე საინტერესო ისტორიულ პერსონას – ალექსანდრე მეორეს; რა როლი ითამაშა ამ დროს განვითარებულ დრამატულ მოვლენებში რუსეთ–კახეთისა და ზოგადად რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებმა.
1603 წლის გაზაფხულზე შაჰ აბასმა ახალი ომი წამოიწყო ოსმალეთის წინააღმდეგ. სუფიანთან ბრძოლაში ირანელებმა დაამარცხეს ოსმალები, აიღეს თავრიზი, ნახიჩევანი და ალყა შემოარტყეს ერევანს. გარემოცვა ათ თვეს გაგრძელდა. შაჰმა დასახმარებლად ჯარებიანად იხმო ქართველი მეფე - ვასალები. ქართლის მეფე გიორგი მეათე (1600-1606) სწრაფად გამოცხადდა მასთან, ხოლო ალექსანდრე მეორემ ისე დააყოვნა, რომ აბასს მასთან კახთა მეფის გამაჰმადიანებული შვილის კონსტანტინე მირზას გაგზავნა დასჭირდა. როგორც კარგად ინფორმირებული ისტორიკოსი ისკანდერ მუნში მოგვითხრობს: კონსტანტინემ „ხან ტკბილი სიტყვით, დაპირებებითა და მუქარით დაითანხმა მამამისი დამორჩილებოდა ამ სამეფო გვარს (სეფიანებს, ავტორები) და მოსულიყო შაჰის კარზე და ნებით თუ უნებლიეთ ერევანში მოიყვანა“.
ალექსანდრეს შეყოვნების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ იგი რუსეთიდან მნიშვნელოვან ინფორმაციას ელოდებოდა. ბოლო ელჩობა მოსკოვში ალექსანდრემ 1603 წელს ივნისში გაგზავნა. ბერძენი არქიმანდრიტი კირილე ქსანტოპულო და მდივანი საბა მოსკოვში 1604 წლის თებერვალში ჩავიდნენ. კახეთის მეფე დაჟინებით მოითხოვდა საშამხლოზე ლაშქრობას. მეფე ბორის გოდუნოვმა საქართველოსკენ 1604 წლის მაისში გამოგზავნა თავადი მიხეილ ტატიშჩევი და ივანოვი. ელჩები კახეთში 12 აგვისტოს ჩამოვიდნენ.
ამ დროისათვის ალექსანდრე მეორე ერევნის ალყაზე შაჰ-აბასთან იმყოფებოდა. არ არის გამორიცხული, რომ ალექსანდრე სწორედ რუსეთის ელჩებს ელოდებოდა, რომლებსაც მის თხოვნაზე, აპირებდნენ თუ არა რუსები საშამხლოზე ლაშქრობას, პასუხი უნდა ჩამოეტანათ. მამის ერევნის ალყაზე ყოფნის გამო, ელჩები გიორგი ბატონიშვილმა მიიღო. ელჩებმა იმედგადაწურულ კახელებს მოულოდნელი ამბავი ჩამოუტანეს – ბორის გოდუნოვის ბრძანებით მოსკოვში დიდი მზადება მიმდინარეობდა საშამხლოზე სალაშქროდ.
როგორც ჩანს, რუსები ირან-ოსმალეთის ახალმა ომმა გამოაცოცხლა. გარდა იმისა, რომ მათ დაღესტანში და, ზოგადად, ჩრდილოეთ კავკასიაში ფეხის ჩადგმა უნდოდათ, მათ კასპიისპირეთში შემოღწევის იმედიც გაუჩნდათ. ჯერ კიდევ შაჰ-აბასის მამა ხოდაბენდე ჰპირდებოდა მოსკოვს, დერბენტსა და ბაქოს, თუ რუსები ირანს ოსმალეთის წინააღმდეგ ომში დაეხმარებოდნენ. 1604 წელს რუსი ელჩები აბასს მამამისის დაპირებას შეახსენებდნენ, რაზედაც შაჰი ორაზროვან პასუხს იძლეოდა: დერბენტი და ბაქო იმ შემთხვევაში იქნება რუსეთის, თუ რუსები მათ აიღებენო. შაჰ აბასს სრულიადაც აღარ უნდოდა მამამისის მიერ დაპირებული ტერიტორიების გაჩუქება. მას მთელი აღმოსავლეთ ამიერკავკასიის დაუფლება სურდა და არა დროებით, არამედ სამუდამოდ. ამას ისიც ადასტურებს, რომ ერევნის აღების შემდეგ, 1604 წლის ზაფხულში, შაჰის ბრძანებით, აღმოსავლეთ სომხეთიდან ირანში 300 000 სომეხი იქნა გადასახლებული. რამდენიმე ათეული ათასი მცხოვრები ირანში აზერბაიჯანიდანაც გადაასახლეს. აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში დასამკვიდრებლად გამზადებულ აბას პირველს, რა თქმა უნდა, აღარ ეპიტნავებოდა თავისი „მეგობრისა“ და „ძმის“ – რუსეთის მეფის კავკასიაში შემოღწევის პერსპექტივა. ამიტომ იყო, რომ ერევნის აღების შემდეგ, შაჰმა გიორგი მეათე უპრობლემოდ გამოისტუმრა ქართლში, ხოლო ალექსანდრე ხანი კი ირანში იახლა, რათა ეს უკანასკნელი რუსეთის ელჩებს არ შეხვედროდა.
კახეთისათვის მთავარი მოვლენები დაღესტანში განვითარდა. ბორის გოდუნოვმა დიდი თანხა გამოყო სამხედრო ექსპედიციის მოსაწყობად – 300000 რუბლი. თავდაპირველად 8 000 მეთოფე იყო სალაშქროდ გამზადებული, რომლებსაც 4 000 დაემატა ყაზან-ასტრახან-თერგიდან. მეთოფე - „სტრელებს“ კაზაკები, ნოღაელები, ჩერქეზები და რუსთა მოკავშირე სხვა მთიელებიც დაემატნენ. ზოგი მონაცემებით, ლაშქრობაში 50 000 კაცი
იღებდა მონაწილეობას. 1604 წლის გაზაფხულზე რუსების ჯარი ივანე ბუტურლინის მეთაურობით დაღესტანში შეიჭრა. მან ჯერ ვაკე და მთისწინეთი დაიკავა, შემოდგომაზე ენდირეი დაიპყრო, ბრძოლით აიღო ტარკი და აქ ციხის მშენებლობა დაიწყო. რუსებმა ციხის მშენებლობა მდინარე ტუზლუკზეც დაიწყეს. ალექსანდრე მეორე ამ ყველაფრის საქმის კურსში იყო. რუსები მას ყველაფერს ატყობინებდნენ. თითქოს ხორცი ესხმებოდა კახეთის მეფის იმედებს. ცხადია, რუსეთის მეფეს თავისი ინტერესები ამოძრავებდა და, მეორე მხრივ, ირანისა და სხვა სახელმწიფოების ანტიოსმალური კოალიციის ე. წ. „საღვთო ლიგის“ სამოკავშირეო ვალდებულებებსაც ასრულებდა, მაგრამ დაღესტან-საშამხლოს მორჯულება არავისთვის ისეთ სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემას არ წარმოადგენდა, როგორც კახეთის სამეფოსათვის.
1605 წლის ზამთრიდან წარმატებული ლაშქრობის მსვლელობა რადიკალურად შეიცვალა. დამპყრობლის წინააღმდეგ მთელი დაღესტანი აღსდგა. ლეკები თანდათანობით ავიწროებდნენ რუსების ჯარს, რომელიც მალე აღმოჩნდა გამოკეტილი ტარკში. ამავე დროს, დაღესტნელებს ოსმალებიც მიეხმარნენ. ბუტურლინმა ტარკი მოწინააღმდეგეს ჩააბარა და უკუიქცა. რამდენიმე დღის შემდეგ ყარამანის ველზე ყუმუხელებმა პირწმინდად გაანადგურეს უკუქცეულ რუსთა რაზმები. რუსი ისტორიკოსების შეფასებით, დაღესტანში მძიმე დამარცხებამ კატალიზატორის როლი ითამაშა რუსეთში დაწყებულ მრავალწლიან არეულობაში.
რუსეთის ჯარის განადგურებამ კახეთის მეფის ალექსანდრე მეორის იმედები დაასამარა. 1605 წლის 8 მარტს ის და მისი გამაჰმადიანებული შვილი კონსტანტინე მირზა კახეთში დაბრუნდნენ. მათ შაჰისაგან დავალებული ჰქონდათ შირვანიდან ოსმალების განდევნა და ხანის ტახტზე კონსტანტინეს დასმა. როგორც ჩანს, ამ დროისათვის ალექსანდრემ ჯერ კიდევ არ იცოდა ბუტურლინის ექსპედიციის განადგურების შესახებ და შირვანში ლაშქრობას აყოვნებდა. კონსტანტინეს შაჰის საიდუმლო დავალებაც ჰქონდა: ალექსანდრესა და ბატონიშვილ გიორგის მკვლელობა, თუ ისინი დააყოვნებდნენ შაჰის დავალების შესრულებას. 12 მარტს კონსტანტინემ „პირნათლად“ შეასრულა შაჰის დავალება – ყიზილბაშებს საკუთარი ძმა და მამა დაახოცინა.
ზემოგანხილული მოვლენების გახსენება კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს კონკრეტულ ისტორიულ პერიოდში ალექსანდრე მეორის პრორუსული პოლიტიკის რეალურობას.
მართალია, კახეთის მეფე სახიფათო თამაშს ეწეოდა, მაგრამ ამას მოითხოვდა მისი ქვეყნის მდგომარეობა. კახეთს ან უნდა გადაეჭრა დაღესტნის პრობლემა, ან ოსმალეთს მიმხრობოდა და რუსეთ-ირანს დაპირისპიებოდა. ვინ დაამტკიცებს იმას, რომ ასეთ შემთხვევაში მისი პოლიტიკა გამართლებული იქნებოდა? ალექსანდრე მეორე შორსმჭვრეტელი და გამოცდილი პოლიტიკოსი იყო. მისი მიზანი _ ჩაერთო რუსეთი დაღესტნის განეიტრალების პროცესში _ იმხანად მკვეთრად არ ეწინააღმდეგებოდა ირანის ინტერესებს. ბუტურლინის დამარცხებამ ჩაშალა ალექსანდრეს გეგმები და ამ ვითარებაში მას არაფრის შეცვლა აღარ შეეძლო. შესაძლოა მან ბოლომდე ვერ გათვალა შაჰ-აბასის პოლიტიკური ვერაგობის საზღვრები და საბოლოოდ მისი ინტრიგის მსხვერპლი შეიქმნა. ძეგამის 1605 წლის 12 მარტის ტრაგედიით მთავრდება რუსეთ–საქართველოს ურთიერთობათა ერთი ციკლი. კახეთის მეფეებმა რუსეთის დახმარებით დაღესტნის ნეიტრალიზების მიზანი ვერ განახორციელეს, თუმცა ამ მიმართულებით ბრძოლა, ისტორიულად სრულიად გამართლებული იყო.
ალექსანდრე მეფის პოლიტიკის დამარცხება, საქართველოს გამოუვალი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარეობდა და არა მისი დიპლომატიის შეცდომებიდან. უნდა აღინიშნოს ერთი გარემოებაც – ამ პერიოდის რუსეთი არ წარმოადგენდა ისეთ ძლიერ სახელმწიფოს, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა აღმოსავლურ-ქართული სახელმწიფოების დამოუკიდებლობას.
ლიტერატურა
ისკანდერ მუნში 1969: ისკანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ. თბილისი.
ჯავახიშვილი 1967: ი. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია. წიგნი მეოთხე. თბილისი.
ჯავახიშვილი 1967: ი. ჯავახიშვილი, იქვე. ციტირებულია ს. ელოკუროვის წიგნიდან: Сношения России с Кавказом. Москва.
Новосельцев 1961: А. П. Новосельцев, Русско-иранские политические отношения во второй половине XVI в. «Международные связи России до XVII в.». Москва.
Сеидова 2007: Гюльшан Сеидова, Азербайджан во взаимоотношениях сефевидской империи и русского государства в XVII веке (по русским источникам). Баку- Нахичеван.КАВКАЗОВЕДЧЕСКИЕ РАЗЫСКАНИЯ III 2011

Комментариев нет:

Отправить комментарий