четверг, 8 июля 2021 г.

ამენჰოტეპ IV (ეხნატონი) – მეოცნებე ფარაონი, თუ ფანატიკოსი რეფორმატორი (ნ. დარსანია)

ამენჰოტეპ IV (ეხნატონის) მმართველობის პერიოდში (ძვ.წ. 1370-1353წწ.) ეგვიპტე მეტად უჩვეულო და უცნაური მოვლენების მოწმე ხდება. ამ დროს ქვეყანაში განხორციელებული გარდაქმნები, თავისი შინაარსითა და მასშტაბურობით, წარმოადგენს, უსათუოდ მნიშვნელოვან, ასევე დრამატიზმითა და ტრაგიზმით აღსავსე ისტორიულ მოვლენას. ამ რელიგიურ-პოლიტიკური რეფორმის გატარება უშუალოდ თვითონ რეფორმატორი ფარაონის პიროვნებასთანაა დაკავშირებული. ეხნატონი უჩვეულო, განსაკუთრებული ფიგურაა. მისმა დაუოკებელმა ენერგიამ, ჭეშმარიტებისადმი მუდმივმა ლტოლვამ ის უნაყოფო მისტიკოსად კი არა, ნამდვილ შემოქმედად მოუვლინა თავის ქვეყანას. მან შესძლო თავისი მსოფლმხედველობის გატარება ცხოვრებაში, სამეფო ხელისუფლების გამოყენების გზით. მისი პიროვნებით, როგორც ადრე, ისე დღესაც დაინტერესებული არიან ცნობილი მეცნიერები.
ეგვიპტოლოგი არტურ ვეიგალი ასე წარმოგვისახავს ეხნატონის იდილიურ სურათს: „უკვე სამი ათასი წელია, რაც ის გვაძლევს იმის მაგალითს, თუ როგორი უნდა იყოს მეუღლე, მამა, პატიოსანი კაცი; მან გვიჩვენა, თუ რას უნდა გრძნობდეს პოეტი, რაში უნდა გვარიგებდეს დამრიგებელი, რას უნდა აღწევდეს მხატვარი, რისი უნდა სჯეროდეს მეცნიერს და რაზე უნდა ფიქრობდეს ფილოსოფოსი. და როგორც სხვა გამოჩენილი მასწავლებლები, მან ყველაფერი გაიღო თავისი სარწმუნოებისათვის“.1 ზოგიერთი ეგვიპტოლოგი ასეთი დახასიათების საწინააღმდეგოდ სვამს შეკითხვას, ხომ არ იყო ეხნატონი მონა რაიმე ფიზიკური ნაკლოვანებისა2. უამრავი გამოსახულების წყალობით ცნობილია, თუ როგორ გამოიყურებოდა ამენჰოტეპ IV (ეხნატონი) – პატარა თავი გაზნექილი კეფით, წვრილი და გრძელი კისერი, წვრილი ხელები, წვივები და ტანი. სამაგიეროდ, მკერდი და მუცელი საკმაოდ გამოშვერილი, განიერი მენჯი და სავსე თეძოები ჰქონდა. ამენჰოტეპ IV (ეხნატონის) ქალური აღნაგობა დიდი ხანია განაცვიფრებდა მეცნიერებს3. ზოგიერთები უყოყმანოდ ასახელებენ ავადმყოფობას, რომლითაც იტანჯებოდა ფარაონი: „ფრელიხის სინდრომი“, „მძიმე სექსუალური სნეულება“. ლეფევრი ეჭვსაც კი გამოთქვამს, ხომ არ იყო ეხნატონი გადაცმული ქალი4.
მიუხედავად მეცნიერების გარკვეული ნაწილის მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულებისა, ამარნას ძეგლებმა ასევე კარგად შემოგვინახა ეხნატონის გარეგნობა, რომელიც იმ დროისათვის ჩვეული დახვეწილი რეალიზმით არის გადმოცემული. ჩვენ თვალწინ წარმოგვიდგება ერთობ უღონო, უძლური, სუსტი აღნაგობის ჭაბუკი. სამაგიეროდ, წვეტიანი ნიკაპი, მოხდენილი გრძელი პირისახე, წვრილი და გრძელი კისერი, ღრმა მეოცნებე თვალები მატებენ მის გარეგნობას ერთგვარ, არაჩვეულებრივ, მომაჯადოებელ იერ-სახეს მეოცნებე პიროვნებისა. ასე გგონია, თითქოსდა მარად მოგიზგიზე, ცეცხლოვანი სული წვავს მის სუსტ სხეულს, დაღალულს, დაქანცულს სულიერი ტვირთის სიმძიმის ქვეშ. მართლაცდა, მას შეეძლო სრული უფლებით ხმამაღლა ეთქვა: „სული მხნეა, სხეული კი უღონო“.5
ეხნატონი პირად ცხოვრებაში წარმოგვიდგება, როგორც ერთგული, ოჯახის უფროსი ადამიანი, რომელსაც მხურვალედ უყვარს თავისი მეუღლე ნეფერტიტი, „ბედნიერი ქალბატონი“, როგორც მას უწოდებდნენ იმდროინდელ ძეგლებში, და მისი ექვსი ქალიშვილი. ეხნატონი მუდმივად წარმოგვიდგენს თავის თავს ოჯახურ წრეში, მეუღლისა და ქალიშვილების თანხლებით, არა მარტო შინ _ სასახლეში, არამედ ოფიციალურ მიღებებსა და საზეიმო ცერემონიალებზე. ყველა მარტივ, სადა და უბრალო სურათზე ნათლად ჩანს თბილი დამოკიდებულება ოჯახისადმი და სიყვარული ოჯახური სიმყუდროვისადმი. ეს გახლდათ ის მთავარი დამახასიათებელი თვისებები, რითაც გამოირჩეოდა ეხნატონი, როგორც ადამიანი თავის ყოველდღიურ ცხოვრებაში.
როგორც აღვნიშნეთ, მას თავდავიწყებით უყვარს თავისი მეუღლე ნეფერტიტი. ახმესის აკლდამაზე ელ-ამარნაში გამოსახულია, მეუღლესთან ერთად, როგორ მიქრის ის (ეხნატონი) მსუბუქ ეტლზე ამხედრებული, ამ ეტლზე შემდგარი თუ როგორ ჩუქნის მას თავის მეფურ ამბორს, მზიური ატონის ზეციურ სხივებქვეშ6.
რასაკვირველია, ეხნატონზე გარკვეული გავლენა ჰქონდათ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად მას გარს ეხვია. პირველ რიგში, ესენი იყვნენ: მისი დედა ტიი (ამენჰოტეპ III მეუღლე, უბრალო ხალხის წრიდან გამოსული, რომელმაც მიაღწია ხელისუფლების მწვერვალს თავისი პირადი თვისებების წყალობით), ასევე მეუღლე ნეფერტიტი, რომელსაც მუდმივად ვხედავთ იმ დროის ყველა გამოსახულებაზე ფარაონის გვერდით. მაგრამ მაინც არ შეიძლება მათი გავლენის გაზვიადება და თვითონ ეხნატონის ნათელი და თვითმყოფადი ინდივიდუალობის უარყოფა, რადგან ამ გრანდიოზული რეფორმის სულისჩამდგმელი და განმახორციელებელი უშუალოდ ეხნატონი იყო. ამენჰოტეპ IV-ის (ეხნატონის) მეუღლე დედოფალი ნეფერტიტი გახლდათ ყველა ამ მოვლენის თანამედროვე და ეგვიპტის პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების აქტიური მონაწილე. თანამედროვენი ხოტბას ასხამენ მის მომხიბვლელობას, მიმზიდველობას, საოცარ სილამაზეს, თავდაპირველად ის ბედნიერი იყო ცხოვრებაში, სარგებლობდა ღვთაებრივი მეუღლისა და ქვეშევრდომების დიდი სიყვარულით. მას უწოდებდნენ „ზემო და ქვემო ეგვიპტის ქალბატონს“, „ორივე მიწის მბრძანებელს“.7 მაგრამ ბოლო დროს ნეფერტიტი შერისხული იქნა ფარაონის მიერ. დიდმა სიყვარულმა ადგილი დაუთმო გულგრილობას, გულცივობას. ამას დაემთხვა უთანხმოება სასახლეში. ჰორემხების სამხედრო პარტია ინტრიგებსა და ხრიკებს ხლართავდა ფარაონის წინააღმდეგ, რადგან არ იზიარებდა ფარაონის მიერ განხორციელებულ გარდაქმნებს.
ნეფერტიტის _ ახალი რელიგიის თავგამოდებულ თაყვანისმცემელ დაუწყეს დევნა. ამას დაემატა ისიც, რომ მას გამოუჩნდება ძლიერი მეტოქე კიის სახით, რომელმაც შეძლო ფარაონის გულის მოგება, ამენჰოტეპ IV (ეხნატონის) მეფობის ბოლო წლებში კიის გავლენა სასახლეში საგრძნობლად იზრდება. ის შეძლებს ნეფერტიტის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას. ნეფერტიტის ბედის შესახებ სამი მოსაზრება პრევალირებს: დედოფალი გარდაიცვალა, ან გახდა შურისძიების მსხვერპლი, ან შეურიგდა მეტოქის აღზევებას და დარჩა მეუღლის გვერდით. პირდაპირი ცნობები მისი გარდაცვალების დროზე, რომლებსაც შეიძლება დავეყრდნოთ, არ გაგვაჩნია8.
არა მხოლოდ ვიწრო ოჯახურ წრეში და ოჯახისადმი უსაზღვრო სიყვარულში უნდა ღირსებოდა ეხნატონს გამოევლინა თავისი გენია. სახელმწიფო მოღვაწეობის ფართო ასპარეზზე წარმოგვიდგება ის, როგორც ბრძენი მმართველი, უშრეტი მატერიალური და სულიერი ძალების პატრონი. მართალია, მისი საგარეო პოლიტიკა, რომელსაც ამ ნაშრომში ზოგადად შევეხებით, წარმოადგენდა მისი სისუსტის აღიარებას, მაგრამ, სამაგიეროდ სახელმწიფოს საშინაო პოლიტიკის მასშტაბით მან გამოავლინა დიდი ენერგია და ორგანიზატორული ნიჭი. ყველა თავისი ძალები შეალია თავის საყვარელ საქმეს, რეფორმის გატარებას და სახელმწიფოს ახალ ყაიდაზე გარდაქმნას. ამიტომ, ბუნებრივია, მას არ შეეძლო სათანადო დონეზე წარემართა საგარეო პოლიტიკა და შეენარჩუნებინა ეგვიპტის წამყვანი მდგომარეობა მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებს შორის, რომელიც მოუპოვეს მას მისმა წინაპრებმა. მაგრამ მაინც სიმტკიცე და დაუოკებელი ენერგია წარმოადგენს ეხნატონის, როგორც სახელმწიფოს მმართველის ძირითად თვისებებს. დაუპირისპირდა რა თებეს უმაღლეს ქურუმობას, რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული ამონის კულტთან, ეხნატონს არ დაუყოვნებია, არ შემდრკალა არაფრის წინაშე, რომ შეემუსრა მოწინააღმდეგე და უზრუნველეყო თავისი რეფორმის წარმატება. ის წაშლის ამონის სახელს წინა დროის ყველა ძეგლზე ხალხის მეხსიერებიდან სამუდამოდ გასაქრობად. მას სჯეროდა სახელის მაგიური ძალისა. ის იცვლის თავის სახელსაც და „ამენჰოტეპ“-ის მაგივრად ირქმევს ახალ ღვთისმოსავ სახელს ეხნატონს (ატონის გაბრწყინება). აუქმებს ეგვიპტის წინანდელი ღმერთების ტაძრებს, ხელუხლებლად ტოვებს მხოლოდ ჰელიოპოლისის კულტ რა-ჰორას. რა-ჰორახტა, რომლისგანაც ნაწილობრივ წარმოიქმნა მზის დისკოს _ ატონის კულტი.
ყველა აჯანყება მის წინააღმდეგ დიდი სისასტიკით იქნა ჩახშობილი. ფარაონი შეუბრალებლად უსწორდებოდა იმათ, ვინც კი მისი ნების წინააღმდეგ გამოვიდოდა. ყველაზე გამანადგურებელი დარტყმა ფანატიკოსი ფარაონის მხრიდან თებეს ქურუმობამ იწვნია, რადგან თებეს ქურუმობაში ხედავდა ფარაონის ხელისუფლება მთავარ მოწინააღმდეგეს, როგორც სახელმწიფოში წამყვან როლზე პრეტენზიის მქონე ძალაზე9. მისი შინაგანი სულიერი სახე გვაოცებს თავისი მთლიანობითა და სისრულით, მუდმივი შთამაგონებელი შემოქმედებით ურყევი რწმენით თავისი სარწმუნოების ჭეშმარიტებაში, მასში ერთიანად შეერწყა ეგვიპტური ნაციონალური ხასიათის, სულისა და გენიის საუკეთესო თვისებები. მან მთლიანად შეისისხლხორცა თავისთავში ძველეგვიპტელი ადამიანისა და სახელმწიფო მოღვაწის იდეალი. როგორც გიგანტური კლდე, ეხნატონი მარტოდმარტო აღიმართა ადამიანთა მღელვარე ზღვისა და თავისი დროის მოვლენათა წინაშე. საუბედუროდ, ყველამ ვერ გაუგო მას, ვერ აღიქვა სრულად მისი სარწმუნოება და ასევე არ აღმოჩნდა ვინმე მისი დიადი და ნათელი საქმის გამგრძელებელი.
შენიშვნები
1. А. Вейгал. Эхнатон – фараон-Вероотступник. М., 2004, გვ. 19.
2. К. Жак. Египет Великих фараонов. М., 1992, გვ. 189.
3. ი. პერეპიოლკინი. ოქროს კუბოს საიდუმლო. თბ., 1979, გვ. 56.
4. К. Жак. Египет Великих фараонов. М., 1992, გვ. 190.
5. В. И. Авдиев. Древно-египетская реформация. М., 1923, გვ. 70.
6. В. И. Авдиев. Древно-египетская реформация, გვ. 72.
7. А. С. Шофман. Древний мир в лицах и образах. Казань, 1990, გვ. 30.
8. А. С. Шофман. Древний мир в лицах и образах, გვ. 31.
9. А. С. Шофман. Древний мир в лицах и образах, გვ. 29.

Комментариев нет:

Отправить комментарий