пятница, 6 августа 2021 г.

ტრაიანეს აღმოსავლური ლაშქრობის ისტორიისათვის (კ. ფიფია)

ახ.წ. I ს. მიწურულს რომის იმპერიის მმართველი ხდება იმპერატორთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო („ოპტიმუს“) პოლიტიკოსი და ბრწყინვალე მხედართმთავარი მარკუს ულპიუს ტრაიანე (98-117წწ). ტრაიანემ მოახერხა რომაულ სამყაროში ახალი პოლიტიკური ატმოსფეროს შექმნა, პრინციპატის ჩიხიდან გამოყვანა, განუზომელი ავტორიტეტის მოპოვება სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებში და იულიუს-კლავდიუსებისა და ფლავიუსების მმართველობის დროს შენელებული ექსპანსიონისტური პოლიტიკის აღორძინება.
შედარებით მყარმა და სტაბილურმა საშინაო მდგომარეობამ, სენატისა და არმიის სრულმა მხარდაჭერამ, ტრაიანეს საშუალება მისცა დაეწყო ფართო შეტევითი ოპერაციები თითქმის ყველა მიმართულებით1. ტრაიანეს მიერ წარმოებულ ძლევამოსილ ომებს, განსაკუთრებით კი მის აღმოსავლურ კამპანიას, ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი უჭირავს რომის იმპერიის ისტორიაში. იგი დიდი ხანია იპყრობს მკვლევართა ყურადღებას, რამაც ასახვა ჰპოვა როგორც რომის ისტორიის შესახებ საერთო, განმაზოგადებელ ნაშრომებში2, ასევე ამ ლაშქრობისადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოკვლევებში3. მიუხედავად იმისა, რომ ტრაიანეს აღმოსავლური ლაშქრობის შესახებ არსებობს საკმაოდ ვრცელი ლიტერატურა, ამ პრობლემის ბევრი ასპექტი ბოლომდე გარკვეული არ არის, რაც გამოწვეულია წყაროთა სიმცირითა და ფრაგმენტულობით.
105-106 წწ. დუნაისპირეთში ტრიუმფალური ლაშქრობის და დაკიის სამეფოს პროვინციად გამოცხადების შემდეგ4, ტრაიანემ დაიწყო მზადება დიდი აღმოსავლური კამპანიისთვის, რომელიც მიზნად ისახავდა რომის ისტორიული მტრის _ პართიის სამეფოს დამხობასა და აზიაში რომსა და პართიას შორის განუწყვეტელი დაპირისპირების შედეგად შექმნილი ე.წ. „პოლიტიკური დუალიზმის“ სისტემის საბოლოოდ მოსპობას. პართიის სამეფოს საშინაო და საგარეო მდგომარეობის დეტალურად შესწავლისა და მომავალი ფართომასშტაბიანი საომარი ოპერაციებისათვის დიდი მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, ტრაიანემ დაიწყო იმპერიის აღმოსავლეთის საზღვრებისაკენ ჯარების გადასროლა5.
ომის საბაბიც მალე გამოჩნდა და იგი კვლავ პართია-რომის ურთიერთობაში ყველაზე პრობლემატური _ სომხეთის საკითხი გახდა. დაახლ. 110წ. პართიის სამეფოს ტახტზე პაკორ II-ის ნაცვლად ადის ხოსრო6, რომელმაც სომხეთის მეფობა ტრაიანეს მიერ დამტკიცებულ აქსედარს წაართვა და მის ნაცვლად ტახტზე მისთვის სასურველი კანდიდატი _ პართამასირისი აიყვანა7. საპასუხოდ ტრაიანემ, რომელმაც ეს აქცია 63 წ. კომპრომისული ხელშეკრულების დარღვევად ჩათვალა, 113 წ. ოქტომბერში დატოვა რომი და აღმოსავლეთისაკენ გაემართა8. იმავდროულად ევფრატის საზღვრისაკენ დაიძრნენ დუნაის ლეგიონები9. აღმოსავლეთში კონცენტრირებულ იქნა უზარმაზარი სამხედრო ძალა, 11 თუ 13 ლეგიონი და მოკავშირეთა დამხმარე ჯარები, რომელთა საერთო რაოდენობა 140-150 ათასს აღწევდა10.
როგორც ხოსრომ, ასევე პართამასირისმა სცადეს კარსმომდგარი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება და ტრაიანეს ელჩობა გაუგზავნეს, მაგრამ უშედეგოდ11. ტრაიანემ უარი განაცხადა დაზავებაზე და 114 წ. დასაწყისში ანტიოქიაში მივიდა. აქედან კი სწრაფი მარშით დაიძრა ჩრდილოეთისაკენ და მდ. ევფრატის მახლობლად მდებარე ქ. არსამოსატას უბრძოლველად აღების შემდეგ მივიდა მცირე არმენიის ქ. სატალაში, სადაც გულუხვად დაასაჩუქრა მაკრონებისა და ჰენიოხების მეფე ანქიალე12. სატალადან იმპერატორმა გეზი პირდაპირ სომხეთის დედაქალაქის არტაშატისაკენ აიღო. არტაშატი აღებულ იქნა, არმენია კი პროვინციად გამოცხადდა13. მომდევნო წელს კი რომაელებმა კვლავ გააგრძელეს ტრიუმფალური სვლა სამხრეთისაკენ, ახლა უკვე პართიის ტერიტორიაზე და ხელთ იგდეს ადიაბენა, ბაბილონი, სელევკია და პართიის სამეფოს დედაქალაქი _ ქტეზიფონი, ხოლო სპარსეთის ყურეზე გასვლის შემდეგ, 115 წ. მიწურულს მესოპოტამიაც რომის პროვინციად გამოცხადდა14. მაგრამ, დიდების ზენიტში მყოფი ტრაიანეს სამხედრო წარმატებები მხოლოდ გარეგნულად იყო ეფექტური, სინამდვილეში კი ძალზე არამყარი აღმოჩნდა. უზარმაზარ ტერიტორიაზე გაფანტული რომაული არმიის ზურგში იფეთქა მძლავრმა აჯანყებამ, რომელიც სწრაფად გავრცელდა არა მარტო ახლადდაპყრობილ შუამდინარეთში, არამედ კირენაში, კვიპროსსა და ეგვიპტეში15, რის შედეგადაც ასე წარმატებით დაწყებული აღმოსავლური კამპანია ჩაიშალა და 117 წ. ზაფხულში რომაელები იძულებული გახდნენ დაეცალათ მთელი შუამდინარეთი, ხოლო უკანმობრუნებული იმპერატორი კილიკიაში გარდაიცვალა16.
როგორც ზემოთ ვნახეთ, დიონ კასიოსი (153-235 წწ.) საკმაოდ დაწვრილებით აგვიწერს ტრაიანეს ლაშქრობას სომხეთსა და მესოპოტამიაში და მისი მოძრაობის მარშრუტს ანტიოქიიდან დაწყებული ვიდრე ამ კამპანიის დასასრულამდე. აქ გვინდა შევჩერდეთ დიონ კასიოსის თხზულების ერთ ფრაგმენტზე. აღმოსავლური კამპანიის საწყის ეტაპზე, არმენიის ქალაქ არსამოსატას აღების შემდეგ17 ტრაიანე სომხეთის შუაგულისაკენ კი არ დაიძრა, არამედ კვლავ გამობრუნდა რომის გამგებლობაში მყოფ ტერიტორიაზე და გეზი აიღო აღმოსავლეთში რომაელთა მფლობელობის უკიდურესი ჩრდილოეთ ფორპოსტის ქ. სატალასაკენ, სადაც მან საჩუქრებით დააჯილდოვა მაკრონებისა და ჰენიოხების მეფე. აღნიშნულ გარემოებას პირველად ყურადღება მიაქცია პროფ. ნ. ლომოურმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ტრაიანე მხოლოდ ანქიალეს დასაჩუქრების მიზნით არ წავიდოდა სატალაში, არამედ იგი აქ უნდა შეხვედროდა მოკავშირეთა ჯარებს და, კერძოდ, მაკრონ-ჰენიოხთა რაზმებს18.
როგორც ჩანს, სატალა წარმოადგენდა რომაელთა ჯარების თავშეყრის პუნქტს და, ჩვენი აზრით, აქ კონცენტრირებული იყო არა მხოლოდ მოკავშირეთა დამხმარე რაზმები, არამედ რომაელთა აღმოსავლური კამპანიის მონაწილე ძირითადი ძალები _ რეგულარული ჯარის ნაწილები, მათ შორის, რაც მთავარია, დუნაისპირეთიდან გადმოყვანილი, ყველაზე ბრძოლისუნარიანი ლეგიონები, რაც განპირობებული იყო შემდეგი გარემოებებით. სატალა წარმოადგენდა უმნიშვნელოვანეს ფორპოსტს და რომის ძლიერების ერთ-ერთ საყრდენს აღმოსავლეთში19. სატალას ციხესიმაგრე მდებარეობდა მაღლობზე, სტრატეგიულად ხელსაყრელ ადგილას. იგი კონტროლს უწევდა დიდი არმენიიდან მცირე არმენიისაკენ მიმავალ გზებს20 და, როგორც აღნიშნავს თ. მიტფორდი, წარმოადგენდა ყოველგვარი თავდასხმებისა და გამოსვლების ძირითად მაკონტროლებელ პუნქტს სომხეთსა და კავკასიაში21.
გარდა ამისა, სატალა აღმოსავლეთში, სხვა რომაული ლეგიონების ბანაკებთან შედარებით გეოგრაფიულადაც ყველაზე ახლოს იყო სომხეთის დედაქალაქ არტაშატთან. რაც შეეხება სატალაში კონცენტრირებულ რომაულ ჯარებს, აქ ვესპასიანეს (69-79წწ.) დროიდან დისლოცირებული იყო ერთი ლეგიონი, ხოლო ტრაიანეს მიერ პართია-სომხეთთან საომრად მზადების პირობებში სატალაში, ჩვენი აზრით, თავმოყრილ იქნა იმპერიის სხვადასხვა პროვინციებიდან აღმოსავლეთში გადაყვანილი ლეგიონების ერთი ნაწილიც. თუ ვასალური ნაბატეის სამეფოს გაუქმების შემდეგ (106წ.), რომის აღმოსავლეთის საზღვრებზე განლაგებული იყო 7 ლეგიონი22, მათ შორის 2 დისლოცირებული იყო კაპადოკიაში _ სატალასა (Lეგიო XVI Fლავია Fირმა) და მელიტენეში (Lეგიო XII Fულმინატა),23 ტრაიანეს მიერ აღმოსავლეთისაკენ სამხედრო ნაწილების გადაადგილების შემდეგ, ამ შვიდ ლეგიონს დაემატა იმპერიის სხვადასხვა რეგიონებიდან გადმოყვანილი ექვსი ლეგიონი24. მათ შორის იყვნენ დუნაისპირეთიდან გადმოყვანილი სამხედრო ნაწილებიც _ ზემო პანონიიდან XV Aპოლლინარის* და XXX Uლპია, ზემო მეზიიდან VII კლაუდია-ს, ხოლო დაკიიდან XIII Gემინა-ს ვექსილაციები25.
* ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ლეგიონი XV Aპოლლინარის თავიდანვე იდგა სატალაში (იხ. Т. Моммзен. История Рима, V, გვ. 358, შენ. 1), თუმცა მკვლევართა უმრავლესობის მიერ ეს მოსაზრება უარყოფილია და დოკუმენტურად დასტურდება, რომ XV ლეგიონი აღმოსავლეთში გადმოყვანილ იქნა ტრაიანეს მიერ პართია-სომხეთში ლაშქრობის დაწყების წინ (ამ პრობლემის შესახებ დაწვრ. იხ. კ. ფიფია. რომისა და აღმოსავლეთ.., გვ. 75-76; О. В. Кудрявцев. Провинция Каппадокия в системе римской восточной политики (17-72 гг). – Вестник древней истории, 1955, №2, გვ. 70, შენ. 3; O. В. Кудрявцев. Исследования по истории Балкано-Дунайских областей в период Римской империи и статьи по общим проблемам древней истории. М., 1957, გვ. 185, შენ. 37; М. И. Максимова. Античные города Юго-Восточного Причерноморья. М.-Л., 1956, გვ. 312; თ. B. Mიტფორდ. შომე Iნსცრიპტიონს.., გვ. 164-168).
აღმოსავლეთში ახალგამოჩენილი ლეგიონებიდან თუ მათი ცალკეული ვექსილაციებიდან, სატალაში, ჩვენი აზრით, თავმოყრილ იქნა სწორედ დუნაისპირა პროვინციებიდან გადმოსროლილი, ზემოჩამოთვლილი სამხედრო ნაწილები. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს ის გარემოება, რომ ტრაიანეს ლაშქრობის შემდგომ, სატალაში Lეგიო XVI Fლავია-ს ნაცვლად დგას სწორედ ზემო პანონიიდან ახლად გადმოყვანილი Lეგიო XV Aპოლლინარის.** გარდა ამისა, დუნაისპირეთიდან გადმოსროლილი ჯარებისთვის ყველაზე ხელსაყრელი სადისლოკაციო პუნქტი, როგორც სტრატეგიული, ასევე საკომუნიკაციო თვალსაზრისით, სწორედ სატალა იყო, რადგანაც ამ დროს ფუნქციონირებდა შავი ზღვის დასავლეთ სანაპიროდან აღმოსავლეთ სანაპიროსაკენ მიმავალი უმნიშვნელოვანესი მაგისტრალი, რომელიც იწყებოდა ქვემო მეზიაში და კალატის-ტომი-ისტრია-ტირასის გავლით მიემართებოდა ტავრიკის ხერსონესისაკენ, ხოლო აქედან კი ტრაპეზუნტისა და არტაშატისაკენ26.
რა თქმა უნდა, ტრაიანე დუნაისპირეთიდან აღმოსავლეთში ლეგიონების გადასაყვანად სწორედ ამ გზას გამოიყენებდა, მით უმეტეს, რომ ამ მაგისტრალის ბოლო პუნქტი, სომხეთის დედაქალაქი _ არტაშატი წარმოადგენდა კიდეც მისი ლაშქრობის ერთ-ერთ მთავარ ობიექტს. ტრაპეზუნტში მისული დუნაის ჯარებისათვის უახლოესი სასაზღვრო-სადისლოკაციო პუნქტი სატალა იყო. ტრაპეზუნტიდან არტაშატისაკენ მიმავალი გზაც სწორედ სატალაზე გადიოდა და ეს გზა რომაელთა მიერ, ჯერ კიდევ ვესპასიანეს დროიდან საგანგებოდ იყო გამაგრებული27.
ასე რომ, ტრაიანეს სომხეთზე გალაშქრების წინ, სატალა რომის აღმოსავლური ციხესიმაგრეებიდან ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო-სტრატეგიულ პლაცდარმს და საკომუნიკაციო პუნქტს წარმოადგენდა სომხეთის მიმართ. მისი სომხეთის დედაქალაქთან
** ზოგიერთი მკვლევარის აზრით, XV Aპოლლინარის-ს საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა სომხეთზე ლაშქრობაში და იგი იმთავითვე სატალის დასაცავად იქნა დატოვებული (იხ. O. В. Кудрявцев. Исследования.., გვ. 182-183; თ. B. Mიტფორდ. შომე Iნსცრიპტიონს.., გვ. 168).
შენიშვნები
1. Н. А. Машкин. История древнего Рима. Л., 1948, გვ. 437; История древнего Рима. Под редакцией В. И. Кузищина. М., 1981, გვ. 218-220; E. Lუტტწაკ. თჰე Gრანდ შტრატეგყ ოფ ტჰე ღომან Eმპირე ფრომ ტჰე Fირსტ ცენტურყ A.D. ტო ტჰე თჰირდ. Bალტიმორე–Lონდონ, 1976, გვ. 97-111.
2. Т. Моммзен. История Рима. V. М., 1949, გვ. 359-364; А. Г. Бокщанин. Парфия и Рим. Ч. II. М., 1966, გვ. 224-248; К. Крист. История времён римских императоров от Августа до Константина. Т. I. Ростов-на-Дону, 1997, გვ. 404-410.
3. В. И. Ламзин. Вопросы хронологии и топографии восточных походов Траяна (114-117гг.). – Вестник Московского университета, серия VIII. История, 1, 1977, გვ. 51-64; ღ. P. Lონგდენ. Nოტეს ონ ტჰე Pარტჰიან ჩამპაიგნს ოფ თრაჯან. – თჰე ჟოურნალ ოფ ღომან შტუდიეს, ვოლ. XXI. Lონდონ, 1931; ჟ. Gუეყ. Eსსაი სურ ლა გუერრე პარტჰიქუე დე თრაჯან (114-117). Bუცჰარესტ, 1937; F. A. Lეპპერ. თრაჯან’ს Pარტჰიან ჭარ. Lონდონ, 1948; N. ჩ. Dებევოისე. A Pოლიტიცალ Hისტორყ ოფ Pარტჰია. ჩჰი., 1938.
4. იხ. И. Т. Кругликова. Дакия в эпоху римской оккупации. М., 1955, გვ. 64-72; Т. Д. Златковская. Мёзия в I и II вв. н.э. М., 1951, გვ. 71-84; Н. А. Чаплыгина. Римляне на Дунае (I-III века н.э.). Кишинев, 1990, გვ. 42-53.
5. ტრაიანეს აღმოსავლური ლაშქრობისათვის მზადების შესახებ იხ. კ. ფიფია. რომის მიერ აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ეთნო-პოლიტიკურ გაერთიანებათა მმართველთათვის „სამეფო ხელისუფლების“ გადაცემის დროის საკითხისათვის. _ „საისტორიო ძიებანი“, III, 2000, გვ. 69-72; კ. ფიფია. რომისა და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ურთიერთობა ახ.წ. I-II სს. დისერტაცია ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად (ხელნაწერის უფლებით). თბ., 2004, გვ. 92-95; А. Г. Бокщанин. Парфия и Рим, ч. II, გვ. 224-234.
6. N. ჩ. Dებევოისე. A Pოლიტიცალ Hისტორყ.., გვ. 216.
7. Dიო ჩასს., LXVII, 17.
8. Aრრიანუს, Pარტჰიცა, ფრ. 34; Mალალა, ჩჰრონ., ფრ. 270; А. Г. Бокщанин. Парфия и Рим, ч. II, გვ. 236; В. И. Ламзин. Вопросы хронологии.., გვ. 53.
9. К. Крист. История времен.., გვ. 406.
10. А. Г. Бокщанин. Парфия и Рим, გვ. 234; К. Крист. История времен.., გვ. 406.
11. Dიო ჩასს., LXVIII, 17-19.
12. Dიო ჩასს., LXVIII, 19,2.
13. Dიო ჩასს., LXVIII, 21; Eუტრ., Bრევ., VIII, 3.
14. Dიო ჩასს., LXVIII, 26; Mალალა, ჩჰრონ., ფრ, 274; Eუტრ., VIII, 3.
15. Dიო ჩასს., LXVIII, 29-32.
16. Dიო ჩასს., LXVIII, 33; LXIX, 1.
17. იხ. დიონ კასიოსის ცნობები საქართველოს შესახებ. ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და შესავალი და კომენტარები დაურთო ნ. ლომოურმა. თბ., 1966, გვ. 82, შენ. 2, გვ. 135; Н. Ю. Ломоури. Грузино-римскиე взаимоотношения. Тб., 1981, გვ. 227, შენ. 59; В. И. Ламзин. Вопросы хронологии.., გვ. 53.
18. დიონ კასიოსის ცნობები.., გვ. 135-136; Н. Ю. Ломоури. Грузино-римские.., გვ. 183-184, 227.
19. იხ. კ. ფიფია. მაკრონ-ჰენიოხების „სამეფო“ _ რომის მოკავშირე აღმოსავლეთში. _ „საისტორიო ძიებანი“, IV, 2001, გვ. 53-54; კ. ფიფია. რომისა და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის.., გვ. 76-78.
20. А. П. Акопян. Римская система укреплений на границе Малой и Великой Армении. – Историко-филологический журнал, 4(115), 1986, გვ. 155; თ. B. Mიტფორდ. Bილლიოტი’ს Eხცავატიონს ატ შატალა. – Iნ Aნატოლიან შტუდიეს, XXIV, 1974, გვ. 210-222; თ. B. Mიტფორდ. შომე Iნსცრიპტიონს ფრომ ტჰე ჩაპპადოციან Lიმეს. – თჰე ჟოურნალ ოფ ღომან შტუდიეს, LXIV, 1974, გვ. 165.
21. თ. B. Mიტფორდ. შომე Iნსცრიპტიონს.., გვ. 165.
22. А. Г. Бокщанин. Парфия и Рим, გვ. 233, შენ. 81.
23. კ. ფიფია. რომისა და აღმოსავლეთ..., გვ. 75-76; А. Г. Бокщанин. Парфия и Рим, გვ. 233, შენ. 81; თ. B. Mიტფორდ. შომე Iნსცრიპტიონს.., გვ. 164-168.
24. А. Г. Бокщанин. Парфия и Рим, გვ. 234; N. ჩ. Dებევოისე. A Pოლიტიცალ Hისტორყ.., გვ. 220; თჰე ჩამბრიდგე Aნციენტ Hისტორყ. Vოლ. XI. ჩამბრიდგე, 1954, გვ. 242.
25. O. В. Кудрявцев. Исследования.., გვ. 185, შენ. 37.
26. თ. Д. Златковская. Мёзия.., გვ. 104-105; F. E. ჩუმონტ. Fრაგმენტ დე ბოუცლიერ პორტანტ უნე ლისტე დ´ეტაპეს. – შყრია,VI, 1925, გვ. 17.
27.თ. თოდუა. რომაულისამყაროდასაქართველოსშავიზღვისპირეთი.დისერტაციაისტორიისმეცნიერებათადოქტორისსამეცნიეროხარისხისმოსაპოვებლად (ხელნაწერისუფლებით). თბ., 1995, გვ.49; თ. თოდუა. რომაულისამყაროდაკოლხეთი. თბ., 2003, გვ. 12-15; Ф. Е. Кюмон. Научно-археологическое путешествие в Понт и МалуюАрмению. Понтийское исследование. II. Перевод и комментарии А. Ташяна. Вена, 1919, გვ. 370-371; М. И. Максимова. Античные города.., გვ.313; Т. В. Мიტფორდ. Bილლიოტი´სეხცავატიონს.., გვ. 211-220.

Комментариев нет:

Отправить комментарий