четверг, 12 августа 2021 г.

გერმანიის კაპიტულაცია 1945 წელს (თ. პაპასქირი)

1945 წ. 16 აპრილს საბჭოთა ჯარებმა დაიწყეს შეტევა ბერლინზე და 25 აპრილისათვის გერმანიის დედაქალაქი მთლიანად ალყაში მოაქციეს1. ამავე დროს, ინგლისელებმა და ამერიკელებმა განაგრძეს წინსვლა და 25 აპრილს მდ. ელბაზე, ტორგაუს მახლობლად, ერთმანეთს შეხვდნენ 1-ლი ამერიკული არმიის V კორპუსის 69-ე დივიზიისა და საბჭოთა არმიის 58-ე გვარდიული დივიზიის ნაწილები2. ეს ნიშნავდა გერმანული არმიების შუაზე გახლეჩას. მონტგომერის სარდლობით მებრძოლმა ბრიტანულმა შენაერთებმა კი განავითარეს შეტევა ლიუბეკის მიმართულებით. 16 აპრილს მათ აიღეს ბრემენი, 29 აპრილს გადალახეს ელბა და 3 მაისს ხელთ იგდეს კიდეც ლიუბეკი3. თავის მხრივ, გენ. პატონის მე-3 არმიამაც 22 აპრილს დაიწყო შეტევა დუნაის გაყოლებით, დაძლია გერმანელთა წინააღმდეგობა რეგენსბურგთან და 5 მაისს აიღო ლინცი. 22 აპრილსვე დაიწყო თავისი დასკვნითი შეტევა გენ. ა. პეტჩის მე-7 არმიამაც, რომლის XV კორპუსმა 30 აპრილს აიღო მიუნხენი, 4 მაისს კი – ბერჰტესგადენი და ზალცბურგი, VI კორპუსმა 3 მაისს დაიკავა ინსბრუკი და შემდეგ შეუერთდა მე-5 ამერიკული არმიის 88-ე დივიზიას, რომელიც იტალიიდან უტევდა4.
ამასობაში კი გერმანიის ხელმძღვანელ წრეებში სერიოზული განხეთქილება მოხდა. 23 აპრილს ჰიტლერმა შერისხა გერინგი, რომელმაც მოსთხოვა ფიურერს მთელი ძალაუფლების მისთვის გადაცემა, რაც, მისი აზრით, ხელს შეუწყობდა ბრიტანელებსა და ამერიკელებთან საერთო ენის გამონახვას5. გერინგს ჩამოერთვა ყველა ჯილდო თუ წოდება და ის დაპატიმრებულ იქნა6. მიუხედავად ამისა, კაპიტულანტური განწყობილება უკვე ფართოდ იყო გავრცელებული გერმანიის უმაღლეს წრეებში7. ამ მხრივ ძალიან აქტიურობდა რაიხსფიურერი ჰიმლერი, რომელსაც კარგი კავშირები ჰქონდა შვედეთის წითელი ჯვრის წარმომადგენელ გრაფ ბერნადოტთან. 13 აპრილს მან განუცხადა შვედ დიპლომატს, რომ გერმანელებს თავი უნდა ეცნოთ დამარცხებულებად დასავლეთის სახელმწიფოების წინაშე და სთხოვა ბერნადოტს, გადაეცა ეს ინფორმაცია ეიზენჰაუერისათვის8. აქვე ჰიმლერმა ხაზი გაუსვა, რომ გერმანელებისთვის და განსაკუთრებით მისთვის შეუძლებელი იყო კაპიტულაციის გამოცხადება საბჭოთა ფრონტზე. მისი თქმით, აქ ბრძოლა გაგრძელდებოდა მანამ, სანამ „გერმანელთა ფრონტს არ შეცვლიდა დასავლეთის სახელმწიფოების ფრონტი“.9 როდესაც გაირკვა, რომ ინგლისელებს და ამერიკელებს ჰიმლერთან გარიგებაზე წასვლის არანაირი სურვილი არ ჰქონდათ, ამ უკანასკნელმა უკვე დე გოლთან სცადა დაკავშირება და შესთავაზა მას კავშირის დადება როგორც ანგლოსაქსების, ისე რუსების წინააღმდეგ10.
ბერნადოტმა ჰიმლერის თხოვნა მართლაც შეასრულა და გადასცა ეს ინფორმაცია შვედეთში ბრიტანეთის ელჩს სერ ვიქტორ მალეტს და აშშ-ს ელჩ ჰირშელ ჯონსონს. მალეტმა დაუყოვნებლივ აცნობა ჩერჩილს გერმანელთა ინიციატივის შესახებ, რის შემდეგაც ბრიტანეთის პრემიერმა ჰიმლერის მოსაზრებები გააცნო მოკავშირეთა მთავარსარდალ დუაიტ ეიზენჰაუერს11. ამავდროულად, ცნობა გერმანელთა შემოთავაზების შესახებ მიიღო ტრუმენმაც, თუმცა სწორედ ჩერჩილისაგან და არა ჯონსონისაგან, რომელმაც აშკარად დააგვიანა ვაშინგტონისათვის ინფორმაციის მიწოდება. აშშ-ს პრეზიდენტმა შორს დაიჭირა ჰიმლერთან მორიგების იდეა. მან 26 აპრილს სტალინს შეატყობინა რაიხსფიურერის ინიციატივის შესახებ და შეჰპირდა, რომ არ მიიღებდა ამ წინადადებას. ტრუმენმა აცნობა სტალინს, რომ ამერიკელები გერმანელების კაპიტულაციის ერთადერთ მისაღებ ფორმად თვლიდნენ უპირობო კაპიტულაციას ყველა ფრონტზე სსრკ-ს, აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის წინაშე12. თავის მხრივ, არც ჩერჩილმა მიიღო ჰიმლერის წინადადება13. ასე რომ, სტალინი კმაყოფილი დარჩა მოკავშირეთა მოქმედებით14.
1945 წ. 30 აპრილს, როდესაც უკვე საბჭოთა ჯარები ჰიტლერის ბუნკერისაგან სულ რაღაც ერთ კვარტალში იყვნენ, ფიურერმა თავი მოიკლა. სიკვდილის წინ ჰიტლერმა დაწერა ანდერძი, რომლითაც თავის მემკვიდრედ დანიშნა გროს-ადმირალი დიონიცი. ამ უკანასკნელმა თავის რეზიდენციად აირჩია ფლენსბურგი, რადგანაც 2 მაისს საბჭოთა ჯარებმა დაასრულეს ბერლინის აღება. თავის მიმართვაში მან ხაზი გაუსვა, რომ მთელი ძალით გააგრძელებდა ბრძოლას საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, ხოლო „ინგლისელებთან და ამერიკელებთან იომებდა იმდენად, რამდენადაც ისინი მას ხელს შეუშლიდნენ ბოლშევიკებთან ბრძოლაში“.15 გარდა ამისა, დიონიცმა გასცა ბრძანება, რომ გერმანული ნაწილები ტყვედ ჩაბარებოდნენ მხოლოდ ინგლისელებსა და ამერიკელებს16. მის ამგვარ გადაწყვეტილებას გარკვეულწილად ხელს უწყობდა ეიზენჰაუერის მიერ ჯერ კიდევ 1944 წ. აგვისტოში გაცემული ბრძანება, რომლითაც ის უფლებას აძლევდა თავის ხელქვეითებს, მიეღოთ გერმანული შენაერთების კაპიტულაცია მათი მეთაურების მეშვეობით ფრონტის ნებისმიერ კონკრეტულ უბანზე17. მისი აზრით, ეს მხოლოდ ტაქტიკური და სამხედრო საკითხი იყო და არა პოლიტიკური18. სამაგიეროდ, განსხვავებული იყო მოკავშირეთა მთავარსარდლის მიდგომა გერმანიის მთავრობისადმი, რომელსაც, მისი აზრით, მოქმედების მხოლოდ ერთი გზა ჰქონდა დარჩენილი – უპირობო კაპიტულაცია ყველა ფრონტზე ყველა მოკავშირის წინაშე19.
დიონიცის ბრძანების მიღების შემდეგ გერმანელი ჯარისკაცები მიაწყდნენ მდ. ელბას, რათა გადაელახათ ის და დანებებოდნენ დასავლეთელ მოკავშირეებს. ნათელი გახდა, რომ დღედღეზე მოსალოდნელი იყო გერმანიის მთავრობის კაპიტულაცია. გერმანელები ბოლომდე ცდილობდნენ, რომ კაპიტულაცია გამოეცხადებინათ მხოლოდ დასავლეთის ფრონტზე, აღმოსავლეთში კი განეგრძოთ ბრძოლა საბჭოთა არმიების წინააღმდეგ. 29 აპრილს კაზერტაში ხელი მოეწერა იტალიაში განლაგებული გერმანული ნაწილების კაპიტულაციას, რომლის პირობებითაც საომარი მოქმედებები ამ ფრონტზე 2 მაისს შეწყდა. 4 მაისს მონტგომერის წინაშე კაპიტულაცია გამოაცხადეს გერმანიაში, ჰოლანდიასა და დანიაში მყოფმა გერმანულმა შენაერთებმა20, 5 მაისს კი უპირობო კაპიტულაცია გამოაცხადა იტალიის საზღვრის ჩრდილოეთით განლაგებულმა არმიათა ჯგუფმა „G“-მ.21
შექმნილ ვითარებაში დიონიცმა გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ ეცადა ბედი და გამოეცხადებინა საერთო კაპიტულაცია მთელ დასავლეთის ფრონტზე. ამ მიზნით მან მოკავშირეთა შტაბში, რომელიც რეიმსში იყო განლაგებული, გაგზავნა ადმირალი ფრიდებურგი. ამავე დროს, დასავლეთის ფრონტზე გერმანიის ჯარების მთავარსარდალმა ფელდმარშალმა კესელრინგმა მიმართა ეიზენჰაუერს თხოვნით, რომ შეთანხმებულიყვნენ კაპიტულაციაზე, მაგრამ ამერიკელმა გენერალმა უარი განაცხადა მოლაპარაკებების წარმოებაზე, თუ საუბარი არ იქნებოდა ყველა ფრონტზე ვერმახტის ყველა ნაწილის კაპიტულაციაზე. იგივე განუცხადა ფრიდებურგს გენერალმა ბ. სმითმა22. პასუხად გერმანელმა ადმირალმა აღნიშნა, რომ მას არ ჰქონდა ამგვარ დოკუმენტზე ხელისმოწერის უფლება და დაუკავშირდა დიონიცს, რომელმაც ფრიდებურგის დასახმარებლად რეიმსში გენერალ-პოლკოვნიკი იოდლი გააგზავნა23.
ამასობაში მოკავშირეთათვის ნათელი გახდა, რომ გერმანელებს უბრალოდ დრო გაჰყავდათ, რათა რაც შეიძლებოდა მეტი ჯარისკაცი გადაეტარებინათ ინგლისელებისა და ამერიკელების ფრონტის ხაზს იქით. ამიტომ ეიზენჰაუერმა დაავალა სმითს, რომელიც აწარმოებდა მოლაპარაკებებს იოდლსა და ფრიდებურგთან, გადაეცა გერმანელებისათვის, რომ ის „დახურავდა“ დასავლეთის ფრონტს და არ გადმოუშვებდა არც ერთ ჯარისკაცს, თუ დაუყოვნებლივ არ მოეწერებოდა ხელი უპირობო კაპიტულაციას24.
მოკავშირეთა მთავარსარდლის ულტიმატუმმა შედეგი ძალიან სწრაფად გამოიღო. იოდლმა და ფრიდებურგმა მეორე დღესვე მიიღეს დიონიცისაგან უპირობო კაპიტულაციის აქტზე ხელის მოწერის უფლება25. 1945წ. 7 მაისს, დილის 2 საათსა და 41 წუთზე რეიმსში იოდლმა და სმითმა ხელი მოაწერეს აქტს გერმანიის კაპიტულაციის შესახებ26. საომარი მოქმედებები უნდა შეწყვეტილიყო 8 მაისს, 24 საათსა და 00 წუთზე27. მხოლოდ კაპიტულაციაზე ხელის მოწერის შემდეგ მიიღო იოდლი ეიზენჰაუერმა. მოკავშირეთა მთავარსარდალმა ჰკითხა გერმანელ გენერალს, გასაგები იყო თუ არა მისთვის ხელმოწერილი დოკუმენტის ყველა მუხლის შინაარსი და დადებითი პასუხის მიღების შემდეგ გააფრთხილა, რომ მას ეკისრებოდა პასუხისმგებლობა კაპიტულაციის პირობების დაცვაზე, მათ შორის გერმანელი სარდლების გამოცხადებაზე ბერლინში საბჭოთა მთავრობის წინაშე ოფიციალური კაპიტულაციის გასაფორმებლად28.
1945წ. 8 მაისს, 23 საათსა და 45 წუთზე29, ბერლინის გარეუბან კარლჰორსტში მოხდა გერმანიის მთავრობის მეორე ხელმოწერა უპირობო კაპიტულაციაზე, ამჯერად უკვე საბჭოთა კავშირის წინაშე. ამ დოკუმენტს, რომელსაც, ისევე როგორც რეიმსისას, ეწოდა აქტი გერმანიის სამხედრო კაპიტულაციის შესახებ, ხელი მოაწერეს სსრკ-ს შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილემ, მარშალმა გიორგი ჟუკოვმა და ვერმახტის უმაღლესი სარდლობის შტაბის უფროსმა, ფელდმარშალმა ვილჰელმ კაიტელმა30.
ჩვენი ყურადღება კაპიტულაციების საკითხმა იმიტომ მიიპყრო, რომ მოგვიანებით ისტორიკოსებს შორის დაიწყო დავა, რომელიც დღემდე გრძელდება, იმის თაობაზე, თუ რომელი კაპიტულაცია იყო მთავარი და რომელი ფორმალური. საბჭოთა მკვლევარები ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ რეიმსში ხელმოწერილიიქნა კაპიტულაციის მხოლოდ წინასწარი ოქმი, ხოლო ბერლინში კი _ ოფიციალური აქტი31, მაშინ როდესაც დასავლეთელი ისტორიკოსები ძირითად კაპიტულაციად სწორედ რეიმსისას მიიჩნევენ და ბერლინისას მხოლოდ „ცერემონიას“, თანაც საბჭოთა სარდლობის წინაშე, უწოდებენ32. ოფიციალურ საბჭოთა ვერსიად კი იქცა პირველად ჟუკოვის მემუარებში გახმოვანებული ცნობა, რომ სტალინმა შეათანხმა მოკავშირეებთან აღნიშნული საკითხი და გადაწყდა რეიმსის კაპიტულაციის წინასწარ აქტად ცნობა33.
ძნელი სათქმელია, მართლაც გაუგზავნა მსგავსი სახის შეტყობინება სტალინმა ჟუკოვს თუ არა (ჟუკოვის მემუარები საბჭოთა კავშირის არსებობის პერიოდშიც კი არ ითვლებოდა მეტისმეტად სანდო წყაროდ _ თ.პ.), მაგრამ ერთი რამ ნათელია: არანაირი შეთანხმება დიდი სამეულის ლიდერებს შორის ამის შესახებ არ ყოფილა. ერთადერთი, რაზეც შეთანხმდნენ მხარეები, იყო ის, რომ საბჭოთა მთავრობის მიერ გერმანიის კაპიტულაციის შესახებ განცხადების გაკეთება გადაიდებოდა ერთი დღით, კაპიტულაციის ძალაში შესვლამდე34. თუმცა საბჭოთა ისტორიკოსების მიერ ფაქტების ფალსიფიკაცია არ შემოიფარგლება მხოლოდ მემუარული მონაცემებით, რომლებიც ხშირად სუბიექტურ ხასიათს ატარებს და შეიძლება შეცდომები თავად ავტორის ბრალი იყოს35.
პრაქტიკულად ყველა საბჭოთა (დღეს უკვე რუსი) მკვლევარი ბერლინში ხელმოწერილ დოკუმენტს მოიხსენიებს საბოლოო (ხაზგასმა ჩვენია _ თ.პ.) აქტად გერმანიის კაპიტულაციის შესახებ36. ჩვენთვის უბრალოდ გაუგებარია, თუ რის საფუძველზე აკეთებენ ისინი ამ განცხადებას, რადგანაც საბჭოთა მთავრობის მიერ ოფიციალურად გამოცემულ ყველა დოკუმენტურ კრებულში დოკუმენტს, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, რეიმსის კაპიტულაციის მსგავსად, ეწოდება „აქტი გერმანიის სამხედრო კაპიტულაციის შესახებ“.37
და მაინც, რომელი კაპიტულაცია შეიძლება ჩაითვალოს ძირითადად? ალბათ უფრო გამართლებული იქნებოდა, თავის დროზე შემდგარიყო ერთობლივი ხელმოწერის პროცედურა. მაშინ ამგვარი კამათი არც დაიწყებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ჩვენი აზრით, ამ დავაში ორივე მხარე მართალია, ოღონდ, რასაკვირველია, ნაწილობრივ. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ რეიმსის კაპიტულაცია სულაც არ იყო წინასწარი ოქმი. ეს იყო გერმანიის ოფიციალური კაპიტულაცია, რომელსაც ხელი მოეწერა დასავლეთელ მოკავშირეთა შტაბში. სხვათა შორის, ანტიჰიტლერულ კოალიციაში მონაწილე სამივე ძირითადი ქვეყნის ლიდერი სულაც არ თვლიდა, რომ ეს აქტი იყო წინასწარი ოქმი. 1945წ. 7 მაისს ტრუმენმა სტალინს გააცნო ეიზენჰაუერის რეკომენდაცია, რომ გერმანიის კაპიტულაციის გამოცხადება მომხდარიყო სამშაბათს, 8 მაისს, ვაშინგტონის დროით დილის 9 საათზე38. ანალოგიური შინაარსის წერილი აშშ-ს პრეზიდენტმა გაუგზავნა ჩერჩილსაც. თავის მხრივ, ბრიტანეთის პრემიერმა სტალინს შესთავაზა, რომ ასეთი განცხადება გაკეთებულიყო სამივე ქვეყანაში ერთდროულად _ სამშაბათს 8 მაისს, გრინვიჩის დროით 15 საათზე, რაც შეესაბამებოდა დილის 9 საათს ვაშინგტონში და 16 საათს მოსკოვში39. პასუხად, სტალინმა აცნობა ჩერჩილს და ტრუმენს, რომ 8 მაისს ის ვერ გააკეთებდა ასეთ განცხადებას, რის მიზეზად საბჭოთა ლიდერმა მოიყვანა ის ფაქტი, რომ დიონიცის ბრძანება ცალკეულ ნაწილებს შეიძლებოდა არ შეესრულებინათ და ამიტომ მას სურდა, მოეცადა მანამ, სანამ გერმანიის კაპიტულაცია ძალაში შევიდოდა40. ეს კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უნდა მომხდარიყო 8 მაისს, 24 საათსა და 00 წუთზე. სტალინმა ასევე აცნობა მოკავშირეებს, რომ საბჭოთა კავშირში განცხადება გერმანიასთან ომის გამარჯვებით დასრულების შესახებ გაკეთდებოდა ოთხშაბათს, 9 მაისს, საღამოს 7 საათზე41.
იყო თუ არა სტალინი ამ შემთხვევაში გულწრფელი მოკავშირეების წინაშე? ჩვენი აზრით, ის ამ წერილით ნიღბავდა თავისი მოქმედების ნამდვილ მიზანს. მას კარგად ესმოდა, რომ თუ ის გერმანიის კაპიტულაციის შესახებ გამოაცხადებდა 8 მაისს, სანამ არ იქნებოდა ხელმოწერილი აქტი ბერლინში, ეს ერთგვარად დაამცირებდა საბჭოთა კავშირის წვლილს გამარჯვებაში. ამაზე მეტყველებს კიდეც ჩვენს მიერ ზემოთ მოხსენიებული შეტყობინება ჟუკოვისადმი, რომელშიც სტალინი აცხადებს: „ომის ძირითადი სიმძიმე გადაიტანა საბჭოთა ხალხმა, და არა მოკავშირეებმა, ამიტომაც კაპიტულაცია ხელი უნდა მოეწეროს ანტიჰიტლერული კოალიციის წევრი ყველა ქვეყნის უმაღლესი სარდლობის წინაშე, და არა მხოლოდ მოკავშირეთა უმაღლესი მთავარსარდლის წინაშე“.42
აშკარაა, სტალინმა სწორედ იმიტომ გადადო 9 მაისამდე განცხადების გაკეთება, რომ მას არ სურდა, რაიმეთი მაინც ყოფილიყო დავალებული მოკავშირეებისაგან, 8 მაისს ბერლინში ხელმოწერილი აქტის შემდეგ კი ეს ასე არ იქნებოდა43. ასე რომ, საბჭოთა ლიდერის ამგვარი მოქმედების შემდეგ კარლჰორსტის კაპიტულაცია უკვე აღმოჩნდა არა უბრალოდ რატიფიკაცია, არამედ სრულიად ოფიციალური აქტი. შედეგად, ჩვენ მივიღეთ ორი, პრაქტიკულად იდენტური დოკუმენტი, რომელთა შორის არის განსხვავება მხოლოდ მე-2 პუნქტში, სადაც საუბარი არის გერმანელი ჯარისკაცების მხრიდან მოკავშირეთა შეიარაღებული ძალებისა და ტექნიკისათვის ზიანის არმიყენების შესახებ. აქ, საბჭოთა მხარის მოთხოვნით, ტექნიკის ჩამონათვალს დაემატა ფრაზა: „აპარატები და საერთოდ ომის საწარმოებელი სამხედრო-ტექნიკური საშუალებები“.44 მცირე განსხვავება არის დასკვნით, მე-6 მუხლშიც, თუმცა მას უკვე იძულებითი ხასიათი აქვს, რადგანაც აქ საუბარი მიდის აუთენტურ ენებზე, რომლებადაც გამოცხადებულია რუსული და ინგლისური, მაშინ როდესაც რეიმსის კაპიტულაციის ტექსტში აუთენტურად მხოლოდ ინგლისური ენაა ჩაწერილი45. სამაგიეროდ, რეიმსისა და ბერლინის კაპიტულაციების მე-4 პუნქტი იდენტურია. არადა, ამ მუხლში მოყვანილი დებულებით, შესაძლებელი იყო აქტის შეცვლა სხვა დოკუმენტით კაპიტულაციის შესახებ46. ეს გვაძლევს ჩვენ საფუძველს, ვამტკიცოთ, რომ ეს ორი აქტი თანაბარი ძალის დოკუმენტია. რეიმსში ხელმოწერილი დოკუმენტი არის გერმანიის კაპიტულაცია დასავლეთელი მოკავშირეების წინაშე, ხოლო ბერლინში გაფორმებული აქტი _ გერმანიის კაპიტულაცია საბჭოთა კავშირის წინაშე. ჩვენი აზრით, სწორედ ამის დასტურია ეიზენჰაუერის ზემოთ უკვე მოყვანილი სიტყვები იოდლისადმი.
სტალინის მიერ გერმანიის კაპიტულაციის გამოცხადების ერთი დღით გადავადებამ განაპირობა ის, რომ ევროპასა და აშშ-ში გერმანიაზე გამარჯვების დღედ ითვლება 8 მაისი, ხოლო აწ უკვე ყოფილ საბჭოთა კავშირში კი _ 9 მაისი. ეს ჯერ კიდევ 1945წ. 8 მაისს აღნიშნა უინსტონ ჩერჩილმა თავის საზეიმო სიტყვაში: „ჩვენ დღეს (ე. ი. 8 მაისს _ თ.პ.) ძირითადად ჩვენს თავზე ვფიქრობთ, ხვალ კი გადავუხდით მადლობას ჩვენს რუს მეგობრებს“.47
რეიმსისა და ბერლინის აქტები მეტად ზოგადი დოკუმენტები იყო და ისინი მხოლოდ გერმანიის სამხედრო კაპიტულაციას ეხებოდა, დეკლარაციას კი გერმანიის დამარცხებისა და გერმანიის ტერიტორიაზე უზენაესი ხელისუფლების თავის თავზე აღების შესახებ აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საბჭოთა კავშირისა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა – გ. ჟუკოვმა, დ. ეიზენჰაუერმა, ბ. მონტგომერიმ და ჟ. დე ლატრ დე ტასინიმ – 1945წ. 5 ივნისს მოაწერეს ხელი ბერლინში. ამ დოკუმენტით, რომელიც პრეამბულისა და 15 მუხლისაგან შედგებოდა, მოკავშირეებმა განსაზღვრეს გერმანიის ოკუპაციის პირობები. I პუნქტის თანახმად, გერმანიის შეიარაღებულ ძალებს უნდა შეეწყვიტათ ნებისმიერი სახის წინააღმდეგობა48, რაც, პრინციპში, უკვე ისედაც მომხდარი იყო. II მუხლით უნდა მომხდარიყო ყველა შენაერთის განიარაღება და გერმანიის 1937წ. 31 დეკემბრისათვის არსებულ საზღვრებში დაბრუნება49. III და IV პუნქტებით გერმანიის კუთვნილი ყველა თვითმფრინავი და გემი უნდა დარჩენილიყო დისლოკაციის ადგილზე და დალოდებოდა მოკავშირეთა ბრძანებას გადაადგილების შესახებ50.
დეკლარაციის V მუხლი შეიცავდა იმ დაწესებულებების, საგნებისა თუ ნივთების ზოგად ნუსხას (ფაბრიკა-ქარხნები, ხომალდები, თვითმფრინავები, დოკუმენტები, ნახაზები, გადაზიდვის საშუალებები და ა.შ.), რომლებიც გერმანელებს უნდა გადაეცათ მოკავშირეებისათვის. გარდა ამისა, ისინი ვალდებული იყვნენ, გამოეყოთ საკმარისი რაოდენობით მუშახელი ობიექტების ექსპლუატაციისა თუ შენარჩუნებისათვის51. დეკლარაციის VI პუნქტი ავალდებულებდა გერმანელებს მათ ხელთ მყოფი ყველა სამხედრო ტყვისა თუ უცხო ქვეყნების მოქალაქეების განთავისუფლებას და თავისუფლების აღმკვეთი დაწესებულებების მოკავშირეთა კონტროლქვეშ გადაცემას52.
VII მუხლით გერმანელებს უნდა გადაეცათ მოკავშირეებისათვის სრული ინფორმაცია შეიარაღებული ძალებისა და დანაღმული ტერიტორიების შესახებ53.
დეკლარაციის VIII პუნქტი კრძალავდა რაიმე ზიანის მიყენებას ნებისმიერი სამხედრო თუ სამოქალაქო ქონებისა და დოკუმენტებისათვის54.
IX მუხლით კავშირგაბმულობის ყველა საშუალება უნდა გადასცემოდა მოკავშირეებს, მანამდე კი მათი ფუნქციონირება უნდა შეწყვეტილიყო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამას თავად მოკავშირეები მოისურვებდნენ55.
X პუნქტით დეკლარაციის უფლებამოსილება ვრცელდებოდა მთელ სამხედრო ქონებაზე, რომელიც გერმანიის ტერიტორიაზე გააჩნდა მოკავშირეთა წინააღმდეგ მეომარ ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს56.
XI მუხლი ეხებოდა ნაცისტების ლიდერებს, რომლებიც უნდა დაეპატიმრებინათ მოკავშირეთა მოთხოვნების შესაბამისად. გარდა ამისა, გერმანელებს უნდა გადაეცათ ყველა პირი, განურჩევლად მისი მოქალაქეობისა (თუნდაც ის ყოფილიყო გაერთიანებული ერების წევრი სახელმწიფოს მოქალაქე – თ.პ.), ვისაც ჩადენილი ჰქონდა დანაშაული საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობის წინაშე57.
დეკლარაციის XII პუნქტით მოკავშირეები უფლებას იტოვებდნენ, განელაგებინათ შეიარაღებული ძალები სურვილის მიხედვით გერმანიის მთელ ტერიტორიაზე58.
XIII მუხლით მოკავშირეები აცხადებდნენ, რომ აუცილებლობის შემთხვევაში განახორციელებდნენ ნებისმიერ ზომას გერმანიის წინააღმდეგ, რომელსაც ჩათვლიდნენ საჭიროდ მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, ისინი იტოვებდნენ გერმანიისათვის მომავალში დამატებითი მოთხოვნების წაყენების უფლებას59.
XIV და XV პუნქტებით განსაზღვრული იყო დეკლარაციის ძალაში შესვლის თარიღი და მისი ტექსტის აუთენტურობის დამადასტურებელი ენები – ინგლისური, რუსული და ფრანგული60.
გარდა დეკლარაციისა, იმავე დღეს ხელი მოეწერა შეთანხმებებს გერმანიის საოკუპაციო ზონებად დაყოფისა61 და საკონტროლო მექანიზმის შექმნის შესახებ62. გერმანია დაიყო 4 საოკუპაციო ზონად: აღმოსავლეთში უზენაესი ხელისუფლება უნდა განეხორციელებინა საბჭოთა კავშირს, ჩრდილო-დასავლეთში – დიდ ბრიტანეთს, სამხრეთ-დასავლეთში – ამერიკის შეერთებულ შტატებს, დასავლეთში კი – საფრანგეთს. ე.წ. „დიდი ბერლინის“ რაიონს ოთხივე სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები დაიკავებდნენ და მის სამართავად უნდა შექმნილიყო ცალკე კომენდატურა, რომელშიც შევიდოდა ოთხივე სახელმწიფოს თითო-თითო წარმომადგენელი63. საკონტროლო მექანიზმის შესახებ შეთანხმებით განისაზღვრა, რომ შეიქმნებოდა საკონტროლო საბჭო, რომელშიც შევიდოდნენ მოკავშირეთა საოკუპაციო ძალების სარდლები, რომლებიც, ამავდროულად, იქნებოდნენ თავიანთი საოკუპაციო ზონების უზენაესი ხელისუფლები. გადაწყვეტილებები საკონტროლო საბჭოს უნდა გამოეტანა კონსენსუსის საფუძველზე64.
5 ივნისს ხელმოწერილი დოკუმენტებით დაიწყო გერმანიის ოკუპაცია. საომარი მოქმედებები ევროპაში ოფიციალურად შეწყდა. მოკავშირეებს სამხედრო თვალსაზრისით რჩებოდათ მხოლოდ ერთი მოწინააღმდეგე – იაპონია, თუმცა ომი აღმოსავლეთში დასასრულს უახლოვდებოდა. 1945წ. 2 სექტემბერს იაპონიამ ასევე მოაწერა ხელი უპირობო კაპიტულაციას65, რითაც მეორე მსოფლიო ომი უკვე საბოლოოდ დასრულდა.
შენიშვნები
1. История Великой Отечественной войны. В 6 томах. Т. 5. Гл. ред. И. П. Барбашин. М., 1963, გვ. 262-277.
2. D. Eისენჰოწერ. ჩრუსადე ინ Eუროპე, გვ. 411.
3. B. Mონტგომერყ. 21-სტ Aრმყ Gროუპ. Nორმანდყ ტო ტჰე Bალტიც Gერმანყ, L., 1964, გვ. 453.
4. თჰე შევენტჰ Uნიტედ შტატეს Aრმყ ინ Fრანცე ანდ Gერმანყ 1944-1945: ღეპორტ ოფ Oპერატიონს. Hეიდელბერგ, 1946, გვ. 862-863; თ. პაპასქირი. სტალინი, რუზველტი და ჩერჩილი ჰიტლერის წინააღმდეგ. 1941-1945. დიპლომატიური ქრონიკა და სამხედრო მოქმედებები. თბ., 1996, გვ. 137.
5 ჭ. შჰირერ. თჰე ღისე ანდ Fალლ ოფ ტჰე თჰირდ ღეიცჰ. Nეწ Yორკ, 1960, გვ. 988.
6. ჭ. შჰირერ. თჰე ღისე ანდ Fალლ ოფ ტჰე თჰირდ ღეიცჰ, გვ. 988.
7. უნდა აღინიშნოს, რომ წლის დასაწყისში თვითონ ჰიტლერმაც კი სცადა ზონდაჟი და იანვარში შვედეთში გააგზავნა თავისი მრჩეველი ფ. ჰესე, რომელსაც დაევალა დასავლეთელ მოკავშირეებთან სეპარატული დაზავების თაობაზე მემორანდუმის გავრცელება. აღნიშნული მემორანდუმის თანახმად, უნდა მომხდარიყო დაზავება დასავლეთში და გერმანიის მთელი შეიარაღებული ძალების გადასროლა აღმოსავლეთის ფრონტზე (იხ.: F. Hესსე. Hიტლერ ანდ ტჰე Eნგლისჰ. Eდიტედ ანდ ტრანსლატედ ფრომ ტჰე Gერმან ბყ F. A. Vოიგტ. L., 1954, გვ. 198). ბუნებრივია, ინგლისელებმაც და ამერიკელებმაც ჰიტლერთან ნებისმიერ მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს, თუმცა ჰესე სტოკჰოლმიდან ხელცარიელი არ დაბრუნებულა. შვედი ბანკირის მარკუს ვალენბერგისაგან მან მიიღო რჩევა, რომ გერმანელებისათვის უკეთესი იქნებოდა მოლაპარაკებების წარმოება საბჭოთა მხარესთან. თუ ჰესეს ცნობას ვირწმუნებთ, საბჭოთა მხარე ნამდვილად გამოთქვამდა ასეთ სურვილს, რასაც ადასტურებდა სსრკ-ს ელჩის ა. კოლონტაის შეხვედრა ვალენბერგთან. ჰესე სასწრაფოდ დაბრუნდა გერმანიაში და აცნობა აღნიშნული შესაძლებლობის შესახებ რიბენტროპსა და ჰიტლერს. ბერლინში შესაძლებლად ჩათვალეს ამგვარი შეთანხმების შესახებ ფიქრი და ჰესე ხელახლა გაგზავნეს სტოკჰოლმში, სადაც უკვე ყველაფერი მზად იყო მოლაპარაკებების დასაწყებად. თუმცა მოულოდნელად ჰიტლერმა გადაიფიქრა და შეწყვიტა მოლაპარაკებები (იხ.: F. Hესსე. Hიტლერ ანდ ტჰე Eნგლისჰ, გვ. 208-216). აქ აუცილებლად უნდა შევნიშნოთ, რომ საბჭოთა მკვლევარი ვ. ისრაელიანი, რომელიც ჰესეზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ სტოკჰოლმში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ბრიტანელებსა და ამერიკელებთან ებრაელების ნაწილის განთავისუფლების შესახებ, რატომღაც ყურადღებას არ აქცევს ჰესეს ამ მეორე ცნობას (იხ.: В. Л. Исраэлян. Дипломатия в годы войны. М., 1985, გვ. 386).
8. В. Л. Исраэлян. Дипломатия в годы войны, გვ. 386.
9. ჭ. შცჰელლენბერგ. Mემოირს. L., 1958, გვ. 193.
10. „Из военных мемуаров де Голля“. – „Международная жизнь“, №4, 1961, გვ. 110.
11. D. Eისენჰოწერ. ჩრუსადე ინ Eუროპე, გვ. 398.
12. Переписка председателя совета министров СССР с президентами США и премьер-министрами Великобритании во время Великой Отечественной войны 1941-1945гг. (შემდგომში Переписка..,). Т. II. Переписка с Ф. Рузвель- том и Г. Труменом (август 1941г. – декабрь 1945г.). М., 1957, გვ. 219-220.
13. Переписка.., Т. I. Переписка с У. Черчиллем и К. Эттли (июль 1941г. – ноябрь 1945г.). М., 1957, გვ. 337-339.
14. Переписка.., т. I, გვ. 339; Переписка.., т. I, გვ. 221.
15. А. А. Галкин, О. М. Накропин. Капитуляция Германии и „правительст- во“ Дёница. – „Вопросы истории“, №8, 1956, გვ. 73.
16. В. Л. Исраэлян. Дипломатия в годы войны, გვ. 389.
17. F. ჩ. Pოგუე. თჰე შუპრემე ჩომმანდ. ჭასჰ., 1989, გვ. 480.
18. D. Eისენჰოწერ. ჩრუსადე ინ Eუროპე, გვ. 423.
19. D. Eისენჰოწერ. ჩრუსადე ინ Eუროპე, გვ. 423-424.
20. B. Mონტგომერყ. 21-სტ Aრმყ Gროუპ. Nორმანდყ ტო ტჰე Bალტიც Gერმანყ, L., 1964, გვ. 430.
21. თჰე შევენტჰ Uნიტედ შტატეს Aრმყ ინ Fრანცე ანდ Gერმანყ 1944-1945: ღეპორტ ოფ Oპერატიონს. Hეიდელბერგ, 1946, გვ. 864.
22. D. Eისენჰოწერ. ჩრუსადე ინ Eუროპე, გვ. 425.
23. D. Eისენჰოწერ. ჩრუსადე ინ Eუროპე, გვ. 425-426.
24. D. Eისენჰოწერ. ჩრუსადე ინ Eუროპე, გვ. 426.
25. D. Eისენჰოწერ. ჩრუსადე ინ Eუროპე, გვ. 426.
26. კაპიტულაციის ხელმოწერისა და მისი ძალაში შესვლის დროის აღნიშვნისას ბატჩერს – ეიზენჰაუერის თანაშემწეს – ხაზგასმით აქვს აღნიშნული, რომ ეს იყო ბრიტანეთში მოქმედი ზაფხულის დრო, რომელიც ბუნებრივზე 2 საათით წინ გადაწეული – “Bრიტისჰ Dოუბლე შუმმერ თიმე” (იხ.: H. ჩ. Bუტცჰერ. Mყ თჰრეე Yეარს ჭიტჰ Eისენჰოწერ. Nეწ Yორკ, 1946, გვ. 833-834).
27. რეიმსის კაპიტულაციის ტექსტი იხ.: ჭორლდ ჭარ II, Pოლიცყ ანდ შტრატეგყ: შელეცტედ Dოცუმენტს წიტჰ ჩომმენტარყ. Eდ. ბყ Hანს-Aდოლფ ჟაცობსენ ანდ Aრტჰურ L. შმიტჰ, ჟრ. შანტა Bარბარა, ჩA, 1979, გვ. 427. რუსულ ენაზე რეიმსის კაპიტულაციის ტექსტი იხ.: Ф. Погью. Верховное командование. М., 1959, გვ. 497.
28. D. Eისენჰოწერ. ჩრუსადე ინ Eუროპე, გვ. 427.
29. ჟ. ღ. Dეანე. თჰე შტრანგე Aლლიანცე: თჰე შტორყ ოფ Oურ Eფფორტს ატ ჭარტიმე ჩოოპერატიონ წიტჰ ღუსსია. Nეწ Yორკ, 1947, გვ. 177; ჟ. დე Lატტრე დე თასსიგნყ. Hისტოირე დე ლა Pრემიèრე Aრმéე Fრანçაისე. P., 1949, გვ. 606; ჟ. დე Lატტრე დე თასსიგნყ. თჰე Hისტორყ ოფ ტჰე Fრენცჰ Fირსტ Aრმყ. თრანსლატედ ბყ Mალცოლმ Bარნეს, წიტჰ ა პრეფ. ბყ Gენერალ Eისენჰოწერ ანდ ან აპპრეციატიონ ბყ B. H. Lიდდელლ
Hარტ. L., 1952, გვ. 521. ჟუკოვს თავის მემუარებში მოხსენიებული აქვს, რომ ხელმოწერა დასრულდა 9 მაისს, 00 საათსა და 43 წუთზე (Г. К. Жуков. Воспоминания и размышления. М., 1969, გვ. 666-667). ამგვარი მონაცემი, როგორც ჩანს, გამოწვეული იყო სასაათო სარტყლებს შორის არსებული სხვაობით, თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ აქ ეს შეცდომა გამიზნულად იყოს დაშვებული, რათა შეცვლილიყო ხელმოწერის დღე.
30. კაპიტულაციის ტექსტი იხ.: Внешняя политика Советского Союза в период Отечественной войны. Документы и материалы. В 3-х томах. Т. III. М., 1947, გვ. 261-262. კაპიტულაციის შემდეგ საბჭოთა მხარემ მოაწყო 200-კაციანი ბანკეტი, რომელზეც ერთი საკმაოდ კურიოზული ფაქტი მოხდა: ჟუკოვს და ტედერს დაავიწყდათ (ან დაივიწყეს), რომ სუფრას ფრანგი წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ და მისასალმებელ სადღეგრძელოში ერთი სიტყვითაც არ უხსენებიათ საფრანგეთი. ბუნებრივია, ამან გააღიზიანა საფრანგეთის წარმომადგენელი გენ. ჟ. დე ლატრ დე ტასინი, რომელმაც პროტესტის ნიშნად უარი თქვა სასმელსა და საჭმელზე, თანაც ყველაფერი გააკეთა, რომ ჟუკოვისათვის ეცნობებინა ამის შესახებ. შედეგად, საბჭოთა მარშალს მოუწია საფრანგეთის სადღეგრძელოს ცალკე წარმოთქმა. გარდა ამისა, მან ორკესტრს „მარსელიოზა“ შეასრულებინა (იხ.: ჟ. დე Lატტრე დე თასსიგნყ. Hისტოირე დე ლა Pრემიèრე Aრმéე Fრანçაისე, გვ. 607-608; ჟ. დე Lატტრე დე თასსიგნყ. თჰე Hისტორყ ოფ ტჰე Fრენცჰ Fირსტ Aრმყ, გვ. 523.
31. ИВОВ, т. 5, გვ. 351; История второй мировой войны. В 12 томах, пред. ред. ком. А. А. Гречко (т. 1-7) и Д. Ф. Устинов (т. 8-12). Т. 10, гл. ред. Н. И. Шеховцев. М., 1979, გვ. 363-364.
32. E. F. Fისჰერ, ჟრ. ჩასსინო ტო ტჰე Aლპს, გვ. 524; ჩჰ. MცDონალდ. თჰე Lასტ Oფფენსივე, გვ. 475; F. ჩ. Pოგუე. თჰე შუპრემე ჩომმანდ, გვ. 490 და ა.შ.
33. Г. К. Жуков. Воспоминания и размышления. М., 1969, გვ. 664; История дипломатии. В 5 томах, под ред. В. А. Зорина (т. I) и А. А. Громыко (т. II-V). Т. IV. М., 1975, გვ. 630.
34. Переписка.., т. I, გვ. 356; Переписка.., т. II, გვ. 228. ხაზგასმა ჩვენია _ თ.პ.
35. ჩვენი აზრით, ჟუკოვი ამ შემთხვევაში სიმართლეს უნდა ამბობდეს და სტალინმა ის ალბათ მიზანმიმართულად შეიყვანა შეცდომაში.
36. В. Л. Исраэлян. Дипломатическая история Великой Отечественной войны. М., 1959, გვ. 307; В. Л. Исраэлян. Дипломатия в годы войны, გვ. 391; О. А. Ржешевский. История второго фронта: Война и дипломатия. М., 1988, გვ. 41; В. А. Секистов. Война и политика. М., 1989, გვ. 429 და ა.შ.
37. Внешняя политика.., т. 3, გვ. 261-262; Советско-английские отношения.., т. II, გვ. 337-338; Советско-французские отношения.., т. II, გვ. 326-327; Советско-американские отношения.., т. II, გვ. 379.
38. Переписка.., т. II, გვ. 227.
39. Переписка.., т. I, გვ. 354.
40. Переписка.., т. I, გვ. 356; Переписка.., т. II, გვ. 227-228.
41. Переписка.., т. I, გვ. 356; Переписка.., т. II, გვ. 228. აღსანიშნავია, რომ სტალინმა არ შეასრულა თავისი პირობა და გამარჯვების შესახებ საბჭოთა კავშირში 9 მაისს დილაადრიან გააკეთებინა განცხადება (იხ.: A. ჭერტჰ. ღუსსია ატ ჭარ, 1941-1945. Nეწ Yორკ, 1964, გვ. 969; А. Верт. Россия в войне. 1941-1945. М., 1967, გვ. 707).
42. Г. К. Жуков. Воспоминания и размышления, გვ. 663-664.
43. ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს კიდევ ერთი თვალსაზრისი, თუ რატომ იქნა გადადებული საბჭოთა კავშირში გერმანიის კაპიტულაციის შესახებ განცხადების გაკეთება 9 მაისამდე. ამის მიზეზად ა. ვერთი მიიჩნევს იმას, რომ არ იყო განთავისუფლებული პრაღა (იხ.: A. ჭერტჰ. ღუსსია ატ ჭარ, გვ. 969; А. Верт. Россия в войне, გვ. 707). ჩვენი აზრით, ეს არ არის მთლად მართებული თვალსაზრისი, რადგანაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ და როგორც თავად ვერთი იხსენიებს, განცხადება გერმანიის კაპიტულაციის შესახებ 9 მაისს გაკეთდა დილაადრიან, როდესაც საბჭოთა ნაწილებს ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქი ჯერ კიდევ ბოლომდე არ ჰქონდათ აღებული. გარდა ამისა, თუ საბჭოთა მხარეს აწუხებდა პრაღის სასწრაფოდ განთავისუფლების საკითხი, მაშინ ის მისცემდა უფლებას ამერიკელებს, გაეკეთებინათ ეს. ჯ. პატონის მე-3 არმიას ხომ რამდენიმე დღით ადრე შეეძლო ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქში შესვლა. რასაკვირველია, სტალინის მოქმედება პოლიტიკური მოსაზრებებით იყო განპირობებული და ამის გამო ის წავიდა ზედმეტ მსხვერპლზე როგორც საბჭოთა ჯარისკაცებში, ისე პრაღის მოსახლეობაში, რომელმაც 5 მაისს აჯანყება დაიწყო (ИВМВ, т. 10, გვ. 352).
44. შდრ.: ვორლდ ვარ II, Pოლიცყ ანდ შტრატეგყ, გვ. 427; Ф. Погью. Верховное командование, გვ. 497; Внешняя политика.., т. 3, გვ. 261. ჩვენი აზრით, ეს არაფრისმომცემი ჩამატება საბჭოთა მხარემ მხოლოდ იმისთვის ჩააწერინა ტექსტში, რომ მოგვიანებით ბერლინის კაპიტულაცია გამოეცხადებინა ძირითად დოკუმენტად.
45. შდრ.: ვორლდ ვარ II, Pოლიცყ ანდ შტრატეგყ, გვ. 427; Ф. Погью. Верховное командование, გვ. 497; Внешняя политика.., т. 3, გვ. 262.
46. შდრ.: ვორლდ ვარ II, Pოლიცყ ანდ შტრატეგყ, გვ. 427; Ф. Погью. Верховное командование, გვ. 497; Внешняя политика.., т. 3, გვ. 262.
47. ჩონდიტიონს ოფ შურრენდერ: Bრიტონს ანდ Gერმანს ჭიტნესს ტჰე Eნდ ოფ ტჰე ჭარ. – Eდ. ბყ Uლრიკე ჟორდან. L., 1997, გვ. 146.
48. Советско-французские отношения.., т. II, გვ. 335.
49. Советско-французские отношения.., т. II, გვ. 335-336.
50. Советско-французские отношения.., т. II, გვ. 336.
51. Советско-французские отношения.., т. II, გვ. 337.
52. Советско-французские отношения.., т. II, გვ. 338.
53. Советско-французские отношения.., т. II, გვ. 338-339.
54. Советско-французские отношения.., т. II, გვ. 339.
55. Советско-французские отношения.., т. II, გვ. 339.
56. Советско-французские отношения.., т. II, გვ. 339.
57. Советско-французские отношения.., т. II, გვ. 339-340.
58. Советско-французские отношения.., т. II, გვ. 340.
59. Советско-французские отношения.., т. II, გვ. 340.
60. Советско-французские отношения.., т. II, გვ. 340-341.
61. Советско-французские отношения.., т. II, გვ. 343.
62. Советско-французские отношения.., т. II, გვ. 341-342.
63. Советско-французские отношения.., т. II, გვ. 343.
64. Советско-французские отношения.., т. II, გვ. 341.
65. ტექსტი იხ.: ვორლდ ჭარ II, პოლიცი ანდ სტრატეგი, გვ. 435-436; Сборник действующих договоров, соглашений и конвенций, заключенных СССР с иностранными государствами. Вып. XI, М., 1955, გვ. 137-139.

Комментариев нет:

Отправить комментарий