суббота, 21 августа 2021 г.

კვიპროსის კრიზისის საკითხისათვის (ო. არდაშელია)

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კუნძულ კვიპროსზე1 განვითარებული მოვლენები კარგად გვიჩვენებენ, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ეთნო-კონფესიურ დაპირისპირებას, რომელიც უშუალო კავშირშია ქვეყნის ისტორიულ წარსულთან და მეზობელი სახელმწიფოების ინტერესებთან. აღნიშნულმა გარემოებებმა დიდი როლი ითამაშეს კონფლიქტის გაჩაღების საქმეში, რომლის საბოლოო შედეგი კვიპროსის ბერძნულ და თურქულ ნაწილებად დაყოფა გახდა.
კუნძულ კვიპროსზე იმთავითვე გადაიკვეთა საბერძნეთის, თურქეთისა და ინგლისის გეოპოლიტიკური ინტერესები. აღნიშნული სახელმწიფოები ხშირად კარნახობდნენ პოლიტიკური მოვლენების განვითარებას, რაც ხელს უშლიდა ინტეგრაციული პროცესების დაჩქარებას ბერძნულ და თურქულ თემებს შორის. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში დაპირისპირებული მხარეების მიზანი იყო არა კვიპროსის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა, არამედ მისი გაერთიანება საბერძნეთთან ან თურქეთთან.
კვიპროსზე არსებული შინაგანი წინააღმდეგობანი თავის სათავეებს ჯერ კიდევ XVI საუკუნიდან იღებს, როდესაც 1571 წელს, ვენეციის დამარცხების შემდეგ, ოსმალეთმა ხელთ იგდო კუნძული და მასზე თავისი კონტროლი დაამყარა. თურქეთის მმართველი წრეები ადგილობრივ მართლმადიდებელ ბერძნულ მოსახლეობას განიხილავდნენ როგორც მეორეხარისხოვანს, რომელიც, რელიგიური შევიწროების გარდა, ეკონომიკურადაც დიდ წნეხს განიცდიდა. ასეთ დამოკიდებულებას ბერძნულენოვანი მოსახლეობის არაერთი უკმაყოფილება და შეიარაღებული გამოსვლა მოჰყვა2.
1821-1829 წლებში ბერძენი ხალხის მიერ ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ მიმართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა საბოლოოდ დამოუკიდებელი ბერძნული სახელმწიფოს აღმოცენებით დასრულდა3, მაგრამ ეს არ ნიშნავდა ყველა იმ ტერიტორიების განთავისუფლებას, რომელიც ბერძნული მოსახლეობით იყო დასახლებული. ამ დროიდან მოყოლებული ბერძნული სახელმწიფოსთვის ენოზისი4 გახდა მთავარი ლოზუნგი, რაც ითვალისწინებდა კუნძულების თესალიის, კრეტის, კვიპროსის და სხვა ტერიტორიების შემოერთებას. კვიპროსელი ბერძნები, რომლებიც არაერთხელ აჯანყებულან ოსმალების წინააღმდეგ, ამ ბრძოლის ავანგარდში იდგნენ. მაგალითად, 1821წ. კვიპროსზე ოსმალების მიერ აჯანყების ჩახშობის შედეგად სიკვდილით დასაჯეს არქიეპისკოპოსი მაკარიოს I, სხვა მღვდელმთავრები და ქრისტიანი მოსახლეობა5.
კვიპროსზე ბერძნული მოსახლეობა უხსოვარი დროიდან ცხოვრობდა, ხოლო XVI საუკუნეში, ოსმალების მიერ კუნძულის დაპყრობის შემდეგ აქ თურქული ელემენტიც გაჩნდა, რომელიც უმეტესწილად ანატოლიის ცენტრალური ნაწილიდან გადმოსახლებული თურქებისაგან შედგებოდა. ისინი თანდათანობით იკავებდნენ თავიანთი მიწა-წყლიდან აყრილი ბერძნების ადგილს და დროთა განმავლობაში კვიპროსის ხალხის შემადგენელ ნაწილად ჩამოყალიბდნენ. ამის შემდეგ ბერძნები და თურქები კვიპროსზე ერთად ცხოვრობდნენ, თუმცა ეს ორი ეთნიკური ჯგუფი ტრადიციულად ერთმანეთისაგან იზოლირებული და მტრულად განწყობილი იყო. კვიპროსელ თურქთა რაოდენობა მთელი მოსახლეობის 20-30% შეადგენდა. ისინი ცხოვრობდნენ, როგორც სოფლად, ასევე ქალაქებში, სადაც ბერძნებისაგან განსხვავებულ ცხოვრების წესსა და ტრადიციებს მისდევდნენ. ეს განსხვავება თვით საცხოვრებელი სახლების არქიტექტურითაც კი იოლი შესამჩნევი იყო.
კვიპროსის საზოგადოებისათვის დამახასიათებელი იყო თავისებური დიფერენციალური სტრუქტურული პლურალიზმი, რაც გამოიხატებოდა, ერთის მხრივ, თურქი კვიპროსელების მისწრაფებით გაეკეთებინათ თავიანთი კარიერა სამხედრო, ადმინისტრაციულ ან სასულიერო სფეროში, ხოლო, მეორე მხრივ, ისეთი პროფესიები, როგორიც იყო ვაჭრობა, ხელოსნობა, მევახშეობა, ძირითადად ბერძნული მოსახლეობის არჩევანს წარმოადგენდა. სანამ კვიპროსი ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა თურქი კვიპროსელების პოზიციები კუნძულზე მყარი იყო, მაგრამ, როდესაც 1878 წელს ის ხელთ იგდეს ინგლისელებმა6, მათი მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა: თურქებმა დაკარგეს ხელისუფლება და ბერძნებთან შედარებით ეთნიკური უმცირესობის როლში აღმოჩნდნენ. ამიერიდან ნაწილობრივ ბერძნების ხელში გადავიდა, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური უპირატესობა7.
შექმნილ მდგომარეობაში კვიპროსელმა თურქებმა, იმისათვის, რომ შეენარჩუნებინათ პოლიტიკური გავლენა და არ მოხვედრილიყვნენ ბერძნული თემის გავლენის ქვეშ, კოლონიურ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა არჩიეს, მაშინ როდესაც კვიპროსელი ბერძნების მთავარი პოლიტიკური ლოზუნგი კვლავ ენოზისი და ინგლისური კოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა იყო8.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ კვიპროსელი ბერძნებისეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა ინგლისელთა წინააღმდეგ განსაკუთრებით გაძლიერდა, რამაც თურქული წარმოშობის კვიპროსელები კიდევ უფრო დააახლოვა კუნძულის კოლონიურ ადმინისტრაციასთან. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ 1931წ. თურქებით დასახლებულმა 218 სოფელმა (ანუ მთელმა მუსლიმურმა მოსახლეობამ) ხელი მოაწერა ე.წ. დეკლარაციას, სადაც ისინი გმობდნენ ბერძნების გამოსვლებს ინგლისელების წინააღმდეგ და სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებდნენ კოლონიურ ადმინისტრაციას9 (1925 წლიდან კვიპროსი ოფიციალურად იქნა გამოცხადებული ინგლისის კოლონიად).
კვიპროსის ბერძნული მოსახლეობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგაც საბერძნეთის მთავრობას განიხილავდა, როგორც თავის ბუნებრივ მოკავშირეს საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად. XX საუკუნის 40-50-იან წლებში კვიპროსელი ბერძნების პოლიტიკური ორგანიზაციები, მიუხედავად თავიანთი პოლიტიკური შეხედულებებისა, ენოზისის ლოზუნგით განაგრძობდნენ ბრძოლას ინგლისელთა წინააღმდეგ. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბერძნული მართლმადიდებლური სამღვდელოება ამ ბრძოლის ავანგარდში იყო10. 1950 წლის იანვარში მათ ინგლისური კოლონიური ადმინისტრაციის დაუკითხავად მოაწყვეს პლებისციტი კუნძულის საბერძნეთთან გაერთიანების თაობაზე. პლებისციტის შედეგებმა აჩვენა, რომ ბერძენთა 95% მხარს უჭერდა კუნძულის დეკოლონიზაციის ენოზისურ ფორმას11, ხოლო თურქი კვიპროსელები, პირიქით, როგორც ეს ადრე იყო, მთლიანად ინგლისელების მხარეს იყვნენ. უფრო მეტიც, კვიპროსის პოლიციის შემადგენლობის 70%-ს თურქები შეადგენდნენ. ინგლისელები სწორედ მათ იყენებდნენ ბერძენთა დემონსტრაციების დასარბევად ან სხვა ქმედებების ჩასატარებლად, რაც, თავის მხრივ, იწვევდა მტრული ატმოსფეროს შექმნას ბერძნულ და თურქულ მოსახლეობას შორის. ბერძნული პოლიტიკური ორგანიზაციების ბრძოლის მეთოდები, ინგლისელთა წინააღმდეგ, სხვადასხვა იყო. მათ შორის იყო შეიარაღებული გამოსვლები. 1955 წელს ერთ-ერთმა ასეთმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ _ თავისუფლებისათვის მებრძოლთა ეროვნულმა ორგანიზაციამ (ეოკა)12 დაიწყო შეიარაღებული ბრძოლა ინგლისელ კოლონიზატორთა წინააღმდეგ. ეს ორგანიზაცია მოითხოვდა კვიპროსის გაერთიანებას „დედა-საბერძნეთთან“, როგორც ეს მოხდა კუნძულ კრეტისა (1913) და დოდეკანესის კუნძულების (1947) მიმართებაში. ეოკას აზრით, კვიპროსის მიერთება საბერძნეთთან იქნებოდა საბერძნეთის განთავისუფლებისა და გაერთიანების ბოლო ეტაპი, რომელიც ჯერ კიდევ 1821წ. ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ აჯანყებით დაიწყო.
ეოკას მოქმედების ფორმები კოლონიური ადმინისტრაციის მიმართ გამოიხატებოდა ინგლისელი სამხედრო და სამოქალაქო პირების მიმართ ტერორისტული აქტებით. ეს ტენდენცია განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც 1956 წელს არქიეპისკოპოსი მაკარიოსი13 კვიპროსიდან იქნა გასახლებული. მაკარიოსი, გეორგიოს გრივასისაგან განსხვავებით, თავისი შეხედულებებით ზომიერი იყო და არ იზიარებდა გრივასის უკიდურესად მემარჯვენე შეხედულებებს, გარდა ამისა, სამხედრო ძალის გამოყენებას ის განიხილავდა როგორც ერთ-ერთ, და არა მთავარ ფორმას მიზნის მისაღწევად. გრივასი თავისი პოლიტიკური შეხედულებებით უკიდურესი ნაციონალისტი იყო და გამოდიოდა მოთხოვნით, გაესახლებინათ კვიპროსელი თურქები კუნძულიდან.
ეოკას ტერორისტულმა მოქმედებამ კვიპროსში ბერძნულ და თურქულ მოსახლეობას შორის 1958 წლისთვის ვითარება უკიდურესად დაძაბა14. ბრიტანელები, რომლებიც გრძნობდნენ, რომ მათი ბატონობა დასასრულს უახლოვდებოდა, ცდილობდნენ, დროებით მაინც შეენარჩუნებინათ თავიანთი პოზიციები სამხედრო და პოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვან აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში და ცდილობდნენ გაეტარებინათ თავიანთი პოლიტიკის უცვლელი ხაზი _ „დაჰყავი და იბატონე“. კვიპროსის მოსალოდნელი დეკოლონიზაციის პირობები აქტიურად განიხილებოდა ინგლისის სახელისუფლო წრეებში, სადაც კუნძულის საბერძნეთთან გაერთიანება მიუღებელი იყო. ლონდონის მოკავშირედ გამოდიოდა თურქეთის ხელისუფლება. ოფიციალური ანკარა დაუშვებლად მიიჩნევდა (1955წ.) თურქეთის სანაპიროსთან 60 კილომეტრში მდებარე კვიპროსის სწრაფვას ენოზისისაკენ, რადგან ეს საფრთხეს შეუქმნიდა ქვეყნის უსაფრთხოებას15.
ამ პერიოდში კვიპროსელი ბერძნები წარმოადგენდნენ კუნძულის მოსახლეობის უმრავლესობას და შეპყრობილნი იყვნენ ერთგვარი ეიფორიით საბერძნეთთან მოსალოდნელი გაერთიანების გამო. ისინი უგულებელყოფდნენ კვიპროსელი თურქების არსებობას და მათ სამართლებრივ უფლებებს. საქმის ასეთი ვითარება ხელს აძლევდა ინგლისელებს, რათა მომავალში ჩარეულიყვნენ კვიპროსის საქმეებში და, მეორე მხრივ, აიძულებდა კვიპროსელ თურქებს, მხარდამჭერი მოეძებნათ თურქეთში, რაც, თავის მხრივ, ამ უკანასკნელის ინტერესებშიც შედიოდა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს კვიპროსელი თურქების პოზიცია ენოზისთან დაკავშირებით მკვეთრად უარყოფითი იყო. თურქი კვიპროსელების ლიდერების მოთხოვნა იყო ბრიტანელების ბატონობის შენარჩუნება ან კუნძულის გაერთიანება თურქეთის რესპუბლიკასთან.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კვიპროსელ თურქთა ლიდერმა ფ. ქუჩუქმა წამოაყენა კუნძულის გაყოფის იდეა _ ტაქსიმა, რომელსაც თურქეთის მმართველი წრეებიც უჭერდნენ მხარს16. კვიპროსელი ბერძნები, ისევე როგორც საბერძნეთის მთავრობა, ამ იდეას, როგორც მოსალოდნელი იყო, უარყოფითად შეხვდნენ. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ თურქები და ბერძნები კვიპროსზე შერეულად ცხოვრობდნენ, კუნძულის გაყოფა დიდ პრობლემებთან იქნებოდა დაკავშირებული. ამ სიტუაციაში ინგლისელებმა წამოაყენეს წინადადება კვიპროსისთვის დამოუკიდებლობა მიენიჭებინათ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნებოდა თურქ კვიპროსელთა ინტერესები და კვიპროსელი ბერძნები უარს იტყოდნენ ენოზისზე.
1959 წელს საბერძნეთმა, ინგლისელთა ზეწოლის ქვეშ, უარი განაცხადა ენოზისის პოლიტიკაზე კვიპროსის მიმართ, რადგან უარის შემთხვევაში ინგლისი იმუქრებოდა, რომ კუნძულის ნაწილს თურქეთის რესპუბლიკას გადასცემდა. იმავე წელს საბერძნეთმა კუნძულის მომავალ სტატუსზე მოლაპარაკება დაიწყო თურქეთთან. მოლაპარაკებები დასრულდა ე.წ. ციურიხ-ლონდონის შეთანხმების მიღებით. მხარეები შეთანხმდნენ კვიპროსის სტატუსზე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოზე და ორივე თემის რაოდენობრივ წარმომადგენლობაზე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში. ინგლისის, საბერძნეთისა და თურქეთის სახელმწიფოები ხდებოდნენ კვიპროსის დამოუკიდებლობისა და ორივე თემის თანაბარი უფლებების გარანტები. ციურიხ-ლონდონის შეთანხმების საფუძველზე შეიმუშავეს კვიპროსის კონსტიტუცია, რომელიც ძალაში 1960 წელს შევიდა17.
მიუხედავად იმისა, რომ დაინტერესებული მხარეები შეთანხმდნენ კვიპროსის სტატუსზე და შეიმუშავეს კონსტიტუციაც, რომელსაც უნდა უზრუნველეყო დაპირისპირებული თემების მშვიდობიანი თანაარსებობა, ეს გადაწყვეტილება მაინც მიუღებელი აღმოჩნდა კვიპროსელი ბერძნებისა და თურქებისათვის, რადგან მათი წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ კონსტიტუციის შემუშავებაში. ინგლისი, საბერძნეთი და თურქეთი ცდილობდნენ თავიანთი პოლიტიკური ინტერესების განხორციელებას: საბერძნეთის მიზანი იყო, არ დაეშვა კვიპროსის ნაწილის გადაცემა თურქეთისათვის; თურქეთი ცდილობდა, თავიდან აეცილებინა კვიპროსის გაერთიანება საბერძნეთთან; ინგლისი აპირებდა მომავალში კვიპროსზე შეენარჩუნებინა თავისი პოლიტიკური და სამხედრო გავლენა. სწორედ ამ გარემოებებმა განაპირობეს ის, რომ კვიპროსის კონსტიტუციაში შეტანილი იქნა ამ ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახველი მუხლები, კერძოდ: კუნძულზე შენარჩუნებული იქნებოდა ინგლისელთა სამხედრო ბაზების ექსტერიტორიულობა, რომელიც 150კმ2 აღწევდა. გარდა ამისა, კვიპროსზე უნდა განლაგებულიყო საბერძნეთის და თურქეთის სამხედრო ნაწილებიც, რაც იძლეოდა ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევის საშუალებას. ამავე დროს იკრძალებოდა ენოზისისა და ტაქსიმას მომხრე ორგანიზაციების მოქმედება18.
კონსტიტუცია, რომელიც ინგლისმა, საბერძნეთმა და თურქეთმა შეიმუშავეს კვიპროსის ახალ მთავრობას დიდ სიძნელეებს უქმნიდა ქვეყნის მართვაში. ეს, პირველ რიგში, იმაში გამოიხატებოდა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში არაპროპორციულად დიდი იყო კვიპროსელი თურქების რაოდენობა ბერძნებთან შედარებით19, გარდა ამისა, ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტს, რომელიც თურქი უნდა ყოფილიყო, ვეტოს უფლება გააჩნდა. კვიპროსზე, ამ კონსტიტუციის თანახმად, იქმნებოდა ცალკე სასამართლოები ბერძნებისა და თურქებისთვის, ცალკე მუნიციპალიტეტები და პარლამენტის პალატები და ა.შ. პრივილეგიების ასეთი ინსტიტუტიზაცია ხელს აძლევდა კვიპროსის თურქულ თემს, რადგან მომავალში ისინი ბერძნებისაგან ეკონომიკურად და პოლიტიკურად დამოუკიდებელნი ხდებოდნენ და საჭიროების შემთხვევაში შეეძლოთ მოეხდინათ ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის პარალიზება და აუცილებლობის შემთხვევაში წინააღმდეგობის გაწევა ენოზისის მომხრეებისათვის. კომპრომისის ეს ცალმხრივი ფორმა მისაღები იყო როგორც თურქი კვიპროსელებისათვის, ასევე თურქეთისათვის. მათგან განსხვავებით, ციურიხ-ლონდონის შეთანხმების მიმართ საბერძნეთისა და კვიპროსელი ბერძნების დამოკიდებულება მკვეთრად ნეგატიური იყო. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ საბერძნეთი ამ შეთანხმების ერთ-ერთი ხელმომწერი მხარე იყო, მას უარი არ უთქვამს კუნძულის შემოერთებაზე, რადგან ამ მხრივ დიდი მხარდაჭერა ჰქონდა კვიპროსის ბერძნული მოსახლეობისაგან, რომელიც თვლიდა, რომ ეს ხელშეკრულება თავს მოხვეული იყო ინგლისელებისა და თურქების მიერ და საჭირო იყო ბრძოლის გაგრძელება ენოზისისთვის. ამიტომ გასაკვირი არ იყო, რომ კვიპროსის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადების შემდეგ კვიპროსელი ბერძნები კონსტიტუციას და სახელმწიფო წყობილებას აღიქვამდნენ, როგორც გარდამავალ ეტაპს და დროებით მოვლენას, რომელიც შემდგომში უნდა გადაზრდილიყო ენოზისში20. კვიპროსელი ბერძნები იმდენად თვითდაჯერებულნი იყვნენ თავიანთ გამარჯვებაში, რომ 1962წ. კვიპროსის შინაგან საქმეთა მინისტრმა და ეოკას ერთ-ერთმა ლიდერმა გეორგიადისმა პირდაპირ განაცხადა: „კვიპროსი ყოველთვის იყო ბერძნული და საბერძნეთთან გაერთიანების ოცნება მალე ასრულდება“.21 რა თქმა უნდა, ამ განცხადებას კვიპროსელი თურქების დიდი აღშფოთება მოჰყვა, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ისედაც დაძაბული ვითარება ორ თემს შორის.
პოლიტიკური სისტემა, რომელიც ციურიხ-ლონდონის შეთანხმების საფუძველზე ჩამოყალიბდა, არაეფექტური აღმოჩნდა, რადგან ის არ ემყარებოდა ორი დაპირისპირებული თემის ინტერესებს. მაგალითად, კვიპროსელი თურქები უკმაყოფილო იყვნენ, რომ არ ხორციელდებოდა მათი წარმომადგენლების დანიშვნა სახელმწიფო სტრუქტურებში და ბერძნების მიერ უგულებელყოფილი იქნა ვიცე-პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების უფლება.
ამ და სხვა გარემოებების გამო 1961 წელს თურქმა დეპუტატებმა ფაქტობრივად ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტის მუშაობას. მათ უარი თქვეს საგადასახადო კოდექსისათვის ხმის მიცემაზე, ერთიანი კვიპროსის არმიის შექმნაზე და ა.შ. 1963წ. პრეზიდენტმა მაკარიოსმა სცადა კვიპროსის სახელმწიფო სტრუქტურების გამაძლიერებელი კანონების მიღება, მაგრამ ეს ნაბიჯი კვიპროსელი თურქების მიერ აღქმული იქნა, როგორც მათი ინტერესების შელახვა.
დაპირისპირება თურქულ და ბერძნულ თემებს შორის სამხედრო შეტაკებაში გადაიზარდა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ კუნძულზე დისლოცირებული საბერძნეთისა და თურქეთის სამხედრო ნაწილები22. ამ დროიდან თურქ-კვიპროსელთა ლიდერებმა შეიმუშავეს კვიპროსის გაყოფის გეგმა ეთნიკური ნიშნის მიხედვით და ფაქტობრივად მიზნად დაისახეს კვიპროსის თურქული ნაწილის მიერთება თურქეთის რესპუბლიკასთან23. ამ გეგმის რეალიზაციის მიზნით თურქები გამოვიდნენ კვიპროსის პარლამენტიდან, რომელშიც მხოლოდ ბერძენი დეპუტატები დარჩნენ და განაცხადეს, რომ კვიპროსის პარლამენტი და მთავრობა ვერ ჩაითვლება ქვეყნის კანონიერ მთავრობად და ისინი ქმნიან პარალელურ სტრუქტურებს თურქი კვიპროსელებისათვის _ ე.წ. „გენერალურ კომიტეტს“, რომელშიც შევიდნენ ყოფილი თურქი დეპუტატები და მინისტრები. გენერალურ კომიტეტს სათავეში ჩაუდგა ფ. კუჩუკი, რომელიც იმ პერიოდში კვიპროსელი თურქების ლიდერი იყო. პირველ რიგში, მან გასცა ბრძანება, ყველა თურქს თავი მოეყარა კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, საიდანაც ბერძნები უნდა გამოედევნათ, ამით შეიქმნებოდა ანკლავი, რომელიც თავისუფალი იქნებოდა კვიპროსელი ბერძნებისაგან. 1964 წლისთვის ამ ანკლავში, რომელიც კუნძულის 1,5%-ს შეადგენდა, თავი მოიყარა 50 ათასმა თურქმა კვიპროსელმა, ამავე დროს მათ დაგეგმეს, რომ მომავალ თურქულ ნაწილში უნდა ყოფილიყო კუნძულის ტერიტორიის 38%. ამით მათ სურდათ წინააღმდეგობა გაეწიათ ენოზისის მომხრეებისათვის, რომელსაც მხარს უჭერდა საბერძნეთის მთავრობა და რომელმაც კვიპროსზე ფარულად გაგზავნა დამატებითი საჯარისო ნაწილები24.
საყურადღებოა ის ფაქტი, რომ თვით კვიპროსელ ბერძნებს შორის იყვნენ ისეთი ძალებიც, რომლებიც ენოზისის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. ძირითადად, ეს იყო მემარცხენე მიმართულების ძალები, რომელთაც პრეზიდენტი მაკარიოსი ხელმძღვანელობდა. მათი აზრით, კვიპროსის საბერძნეთთან გაერთიანება ნაჩქარევი ნაბიჯი იქნებოდა და პირველ ეტაპზე საჭირო იყო ახალგაზრდა სახელმწიფოს გაძლიერება და იმ ურთიერთობების დარეგულირება, რომელიც ქვეყნის ორ ეთნიკურ ჯგუფს აპირისპირებდა. მაკარიოსი, რომელიც ზომიერი პოლიტიკის მომხრე იყო და რომელიც ხედავდა, რომ ამ დაპირისპირებას შეიძლება ქვეყანა ორად გაეხლიჩა, ყველა ზომებს მიმართავდა, რათა არ დაეშვა კვიპროსის გაყოფა. მაგრამ თავისი პოლიტიკის გასატარებლად ის სრულყოფილად ვერ ფლობდა სახელისუფლებო ბერკეტებს. გარდა ამისა, მასზე, ერთი მხრივ, ზეგავლენას ახდენდნენ ენოზისის მომხრეები, რომლებიც შექმნილ სიტუაციაში მოითხოვდნენ კუნძულის გაერთიანებას საბერძნეთთან, ხოლო, მეორე მხრივ, ტაქსიმას მომხრეები, რომლებიც მოითხოვდნენ კუნძულის გაყოფას ეთნიკური ნიშნის მიხედვით25.
ქვეყნის შიგნით შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას კიდევ უფრო ამძაფრებდა საბერძნეთისა და თურქეთის აქტიური ჩარევა ქვეყნის საშინაო საქმეებში26. ამის მაგალითია თუნდაც ის, რომ როდესაც კვიპროსელმა თურქებმა ჩამოაყალიბეს თავიანთი საჯარისო ფორმირებები, მათ სათავეში თურქი გენერალი ჩაუდგა. შესაბამისად, საპასუხოდ ბერძნებმაც შექმნეს ნაციონალური გვარდია, რომელიც 24 ათას გვარდიელს ითვლიდა. საბერძნეთის მთავრობის დაჟინებული მოთხოვნით, ნაციონალურ გვარდიას ენოზისის აქტიური მომხრე ბერძენი გენერალი გეორგიოს გრივასი ჩაუდგა. სწორედ ის სარდლობდა საბერძნეთიდან ფარულად ჩამოყვანილ დივიზიასაც, რომლის კვიპროსზე ყოფნამ უკიდურესად დაძაბა ვითარება, ხოლო გრივასის მოქმედებებმა და მისმა რადიკალურმა ნაციონალისტურმა პოზიციამ გამოიწვია მაკარიოსის მთავრობის მუშაობის პარალიზება, რომელიც კუნძულის ერთიანობის შენარჩუნებას ცდილობდა. ქრონიკულმა პოლიტიკურმა დაძაბულობამ ნეგატიურად იმოქმედა კვიპროსის ეკონომიკაზე, რომელიც მაშინ მთლიანად იყო დამოკიდებული აშშ-ს, ინგლისისა და სხვა ქვეყნების დახმარებაზე. ამ ფონზე მოსახლეობის ბერძნულ ნაწილში დაიწყო უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება ენოზისისადმი, ხოლო თურქი კვიპროსელები, პირიქით, თავისი გაუსაძლისი პირობების შექმნაში მთლიანად ბერძნებს ადანაშაულებდნენ, რისთვისაც კუნძულიდან მათ განდევნას ცდილობდნენ.
1967წ. 21 აპრილს საბერძნეთში მოხდა სამხედრო გადატრიალება და ქვეყნის სათავეში მოვიდა სამხედრო ხუნტა27, რომელიც თავისი ანტიდემოკრატიული საქმიანობით საბერძნეთის მოსახლეობაშიც და კუნძულ კვიპროსზეც ძალიან არაპოპულარული იყო. ამის შემდეგ კვიპროსის ბერძნულ მოსახლეობაში კიდევ უფრო დამკვიდრდა აზრი, რომ კვიპროსი საბერძნეთისაგან დამოუკიდებლად უნდა განვითარებულიყო, თუმცა უნდა შეენარჩუნებინათ მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირები. ამ გარემოებამ ნაციონალისტებს, გეორგიოს გრივასისა და მისი მომხრეების სახით (პირველ რიგში, საბერძნეთის ხუნტის აქტიური მხარდაჭერით, რომელიც თავისი შელახული ავტორიტეტის აღდგენას ცდილობდა), გადაადგმევინა ნაბიჯი, რომელიც საბედისწერო აღმოჩნდა კვიპროსისთვის.
1967წ. ნოემბერში, პრეზიდენტ მაკარიოსის დაუკითხავად გ. გრივასმა თურქულ ანკლავებზე შეტევის ბრძანება გასცა28. მიუხედავად ენოზისის მომხრეების რიცხობრივი უპირატესობისა, გრივასმა ვერ შეძლო თურქი კვიპროსელების და თურქეთის არმიის ნაწილების წინააღმდეგობის დაძლევა. ამ გარემოებამ ისე დაძაბა ურთიერთობა საბერძნეთსა და თურქეთს შორის, რომ საქმე ლამის ომამდეც კი მივიდა, მაგრამ ეს დაპირისპირება საშიში პრეცედენტი იქნებოდა ნატოს წევრი ქვეყნებისათვის, რომლის წევრები საბერძნეთი და თურქეთი იყვნენ, ამიტომ, აშშ-სა და ინგლისის დაჟინებული მოთხოვნით, 1968 წლის დასაწყისში საბერძნეთი იძულებული გახდა, კვიპროსიდან გაეყვანა კუნძულზე ფარულად მყოფი საბერძნეთის ჯარები, ხოლო გენერალი გრივასი თანამდებობიდან გადააყენეს და კვიპროსიდან გაასახლეს29. ამის შემდეგ, საბერძნეთმა და თურქეთმა, შეთანხმების საფუძველზე, შეამცირეს თავიანთი სამხედრო კონტინგენტი30.
1967 წლის მოვლენებმა თურქი კვიპროსელები აიძულა, დაეწყოთ თავიანთი ადმინისტრაციული სტრუქტურების შექმნა, რომელიც დამოუკიდებელი იქნებოდა კვიპროსის ცენტრალური ხელისუფლებისაგან. 1967 წლის 29 დეკემბერს თურქი კვიპროსელების ლიდერებმა შექმნეს დროებითი ადმინისტრაცია, რომელშიც შევიდა 10 თურქი მინისტრი მათი ლიდერის ფ. კუჩუკის ხელმძღვანელობით. თურქი კვიპროსელების სამხედრო ფორმირებებში შემოიღეს თურქეთის არმიის სამხედრო ფორმა და მათი განმასხვავებელი ნიშნები.
გ. გრივასის ავანტიურის დამარცხებამ და საბერძნეთის ჯარების გაყვანამ კუნძულიდან ენოზისის მომხრეებს შორის დიდი გულგატეხილობა გამოიწვია, თუმცა მათ ფარ-ხმალი არ დაუყრიათ, რადგან მათ უკან საბერძნეთი იდგა, რომლის სათავეში მყოფი სამხედრო ხუნტა მხოლოდ ხელსაყრელ დროს ელოდებდა, რათა კვლავ ეცადა კვიპროსის შემოერთება. ახალ პირობებში ენოზისის მთავარ ძალას არალეგალურად მოქმედი ორგანიზაცია ეოკა-2 წარმოადგენდა, რომელსაც სათავეში კვიპროსზე 1971 წელს არალეგალურად დაბრუნებული გეორგიოს გრივასი ჩაუდგა. ეოკა-2 და მისი ხელმძღვანელები მიზნის მისაღწევად პოლიტიკურ დესტაბილიზაციას გეგმავდნენ, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო საბერძნეთის არმიის ინტერვენციის მიზეზი კვიპროსზე, რასაც მოჰყვებოდა მისი გაერთიანება საბერძნეთთან.
ეოკა-2-ის ტერორისტული აქციები ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა თურქ კვიპროსელებს, რომლებიც კუნძულის გაყოფისკენ ისწრაფვოდნენ. მათი ლიდერები კვიპროსის მთავრობისაგან მოითხოვდნენ, ეცნოთ კვიპროსელი თურქების დროებითი ადმინისტრაცია და ფაქტობრივად კუნძული ეთნიკური ნიშნის მიხედვით გაეყოთ31.
შექმნილ ვითარებაში პრეზიდენტი მაკარიოსი, პირველ რიგში, ცდილობდა არ დაეშვა კვიპროსის გაყოფა და აღეკვეთა საბერძნეთის სათავეში მდგომი სამხედრო ხუნტის ჩარევა ქვეყნის საშინაო საქმეებში, მაგრამ ამაოდ. 1974 წლის 15 ივლისს კვიპროსში მოხდა სამხედრო გადატრიალება, რომლის ინიციატორებიც იყვნენ ნაციონალური გვარდია, ეოკა-2 და ენოზისის სხვა მომხრეები, მათ გადააყენეს მაკარიოსი და პრეზიდენტად გამოაცხადეს ნიკოლას სამპსონი32. ფაქტობრივად, ამ მოვლენების უკან იდგნენ საბერძნეთის სამხედრო ხუნტა და კვიპროსელი ულტრანაციონალისტები. ამ გადატრიალების შედეგები სავალალო აღმოჩნდა კვიპროსისთვის. დაიწყო იმ ბერძნების დევნა, რომლებიც საბერძნეთის ხუნტის წინააღმდეგ გამოდიოდნენ. კვიპროსის ნაციონალურმა გვარდიამ დაიკავა კვიპროსელი თურქებით დასახლებული სოფლები, რის შედეგად ბევრმა მათგანმა ვერ მოასწრო კვიპროსის ჩრდილოეთში, თურქულ ანკლავებში გაქცევა და ციხეებში მოხვდა. ამით ისარგებლა თურქეთმა და კვიპროსელი თურქების დასაცავად 1974 წლის 20 ივლისს კვიპროსში თავისი ჯარები შეიყვანა.
კვიპროსში მიმდინარე მოვლენებს სასწრაფოდ გამოეხმაურა გაერო, რომელმაც 1974 წლის 20 ივლისს (იმავე დღეს, როცა ცნობილი გახდა თურქეთის არმიის ნაწილების შესვლა კვიპროსში) შემდგარ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განიხილა კვიპროსში შექმნილი მდგომარეობა და მოუწოდა ყველა ქვეყანას (პირველ რიგში, იგულისხმებოდა საბერძნეთი და თურქეთი), პატივი ეცათ კვიპროსის სუვერენიტეტისათვის და დაუყოვნებლივ გაეყვანათ ქვეყნიდან უცხო ქვეყნის ჯარები. გაეროს მოთხოვნამ და კვიპროსის მოსახლეობის დიდი ნაწილის დამოკიდებულებამ პუტჩისტებისადმი აიძულა ნ. სამპსონი, 23 ივლისს გადამდგარიყო. ქვეყნის დროებითი მეთაური გახდა პარლამენტის თავმჯდომარე გ. კლირიდისი, რომელსაც, კონსტიტუციის თანახმად, საჭიროების შემთხვევაში შეეძლო შეეცვალა პრეზიდენტი33.
კვიპროსზე მომხდარმა მოვლენებმა დიდი გავლენა იქონია თვით საბერძნეთში არსებული სამხედრო მმართველობის დასასრულზე. 1974 წლის 24 ივლისს საბერძნეთში ხელისუფლება გადავიდა სამოქალაქო მთავრობის ხელში, რომელსაც სათავეში კ. კარამანლისი ჩაუდგა. ნატოს წევრ ქვეყნებს შორის (საბერძნეთი და თურქეთი) გამწვავებულმა ურთიერთობამ, აიძულა ნატოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა, მოეთხოვა დაპირისპირებული მხარეებისათვის, საკითხი გადაეწყვიტათ დიალოგის და მოლაპარაკების გზით. 1974 წლის 25 ივლისიდან 14 აგვისტომდე ჟენევაში საბერძნეთისა და თურქეთის წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება, რომელშიც კვიპროსის ბერძნული და თურქული თემების წარმომადგენლები კვლავ არ მონაწილეობდნენ. მხოლოდ ბერძნული მხარის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად ჩართული იქნენ მოლაპარაკებაში კვიპროსის მოსახლეობის წარმომადგენლები – გ. კლირიდისი და რ. დენკტაში34. მოლაპარაკებების დროს თურქეთმა და კვიპროსელმა თურქებმა წამოაყენეს კუნძულზე ფედერალური სახელმწიფოს შექმნის იდეა, რომელშიც იქნებოდა ბერძნული და თურქული ავტონომიური ოლქები. კვიპროსელმა ბერძნებმა უარყვეს ეს წინადადება, რადგან ამ შემთხვევაში, ფაქტობრივად, კვიპროსის ტერიტორიის დიდი ნაწილი თურქების ხელში გადადიოდა. საქმეს ართულებდა ისიც, რომ თურქების ხელში მოხვედრილი მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი (კვიპროსის ტერიტორიის დაახლოებით 30%) ბერძნებს ეკუთვნოდა და ამასთან ყველაზე ნაყოფიერი იყო. ამგვარი ადმინისტრაციული დაყოფა არასწორი და უსამართლოც იყო თუნდაც იმიტომ, რომ კვიპროსის თურქული მოსახლეობა, რომელიც მაშინ კვიპროსის მოსახლეობის 18%-ს შეადგენდა, ქმნიდა ეროვნული შემოსავლის მხოლოდ 10%-ს. გარდა ამისა, მიწა, რომელიც რეგისტრირებული იყო კვიპროსელ თურქებზე, შეადგენდა კვიპროსის მთელი მიწის ფონდის მხოლოდ 12,5%-ს, მაშინ როდესაც ბერძნების სახელზე რეგისტრირებული იყო მიწის 58,8%. დარჩენილი 27% მიწისა სახელმწიფოს საკუთრება იყო და თუ მოხდებოდა მისი გადანაწილება მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, კვიპროსელი თურქების წილი საერთო ჯამში მიწის 17,9% დარჩებოდა35. თავად კვიპროსელი ბერძნები იმ პერიოდში, ეყრდნობოდნენ რა თავიანთ რიცხობრივ უპირატესობას, საჭიროდ არ თვლიდნენ დათანხმებას ფედერალური სახელმწიფოს შექმნასა და კუნძულის ორ თემს შორის სრულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანასწორობაზე. მოლაპარაკებების დროს არც ერთი მხარე არ წავიდა დათმობაზე, რის შედეგადაც კომპრომისის მიღწევა ვერ მოხერხდა.
სანამ ჟენევაში მოლაპარაკებები მიდიოდა, თურქები გეგმაზომიერად იკავებდნენ კვიპროსის იმ ნაწილებს, რომელიც ბერძნებით იყო დასახლებული, ამ მოვლენებს თან სდევდა ვანდალიზმისა და გენოციდის აქტები36. ეს იყო გამიზნული პოლიტიკა, რომელიც თურქების მიერ იყო შემუშავებული, რათა გამოეწვიათ პანიკა ბერძნულ მოსახლეობაში და აეძულებინათ ისინი, დაეტოვებინათ თავიანთი სახლ-კარი.
ჟენევის კონფერენციის ჩაშლის შემდეგ თურქეთის არმიამ დაიწყო მასირებული შეტევა და 1974 წლის 16 აგვისტოს მიაღწია იმ საზღვარს, რომელიც, ჯერ კიდევ 60-იან წლებში, თურქების მიერ დაგეგმილი იქნა საზღვრად ბერძნულ და თურქულ თემებს შორის. თურქებმა ხელთ იგდეს 3422 კვ. კმ, რაც კვიპროსის ტერიტორიის 37%-ს შეადგენდა, აქ მოხვდა ნიქოზიის ჩრდილოეთი ნაწილი და ყველა მნიშვნელოვანი პორტი, ხილისა და ციტრუსების გადამამუშავებელი საწარმოები, სასტუმროები და სხვა ინფრასტრუქტურა, რომელიც კვიპროსის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა. საერთო გათვლებით, ამ კონფლიქტის შედეგად კვიპროსის სამხრეთ ნაწილში იძულებით გადასახლდა 200 ათასი ბერძენი, ხოლო 40 ათასი კვიპროსელი თურქი _ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში37.
თურქეთის მთავრობის ამ ქმედებებმა დიდი ზიანი მიაყენა საბერძნეთის მთავრობის მცდელობებს კონფლიქტის მშვიდობიანად მოსაგვარებლად, რაც გამოიხატა კვიპროსის მიმართ საბერძნეთის ხუნტის ავანტიურის დაგმობასა და ენოზისის პოლიტიკაზე უარის თქმაში. კვიპროსელმა თურქებმა და თურქეთის სახელმწიფომ კი, პირიქით, შექმნილი მდგომარეობა გამოიყენეს კვიპროსის ორად გაყოფისათვის, რათა შემდგომში იგი შეეერთებინათ თურქეთთან38. საბერძნეთისა და კვიპროსის მთავრობათა უარმა ენოზისზე შეაფერხა თურქული ტაქსიმას პოლიტიკა, რადგან ამიერიდან არ არსებობდა კვიპროსის საბერძნეთთან მიერთებისა და კუნძულზე ბერძენთა სამხედრო ინტერვენციის საშიშროება. ამიტომ თურქულმა მხარემ ფორმალურად უარი თქვა ტაქსიმას პოლიტიკაზე და გამოვიდა კვიპროსში ფედერალური სახელმწიფოს შექმნის მოთხოვნით.
იმავდროულად კვიპროსელი თურქების მთავარი საზრუნავი იყო მიტაცებული ტერიტორიის სწრაფი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტეგრირება თურქეთის რესპუბლიკასთან. უფრო მეტიც, 1975 წლის თებერვალში კვიპროსელმა თურქებმა, მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ცალმხრივად გამოაცხადეს ე.წ. „კვიპროსის თურქული ფედერაციული სახელმწიფოს“ შექმნა. თურქეთის ასეთ მოქმედებას, არავითარი კავშირი არ ჰქონდა როგორც კვიპროსის კონსტიტუციასთან, ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და როდესაც კვიპროსის თურქულ ნაწილში ჩატარდა რეფერენდუმი, სრულიად იგნორირებული იქნა იმ 200 ათასი კვიპროსელი ბერძენის აზრი, რომელიც ცხოვრობდა ამ მიწებზე და შემდგომში დევნილად იქცა თავისივე ქვეყანაში. თურქული კვიპროსის პრეზიდენტად გამოცხადებულ იქნა კვიპროსელი თურქების ლიდერი რ. დენკტაში, რომელიც ფორმალურად 1973 წლიდან კვიპროსის ვიცე-პრეზიდენტი იყო. კვიპროსის ამ ნაწილში შეიქმნა საკანონმდებლო ორგანო და მთავრობა, რომელშიც უმრავლესობა კვიპროსის თურქეთთან გაერთიანების მომხრე იყო. ასევე შეიქმნა ადმინისტრაციული და ტერიტორიული ორგანოები. 1976 წელს კვიპროსის თურქულ ნაწილში მიიღეს კონსტიტუცია, რომელშიც პირდაპირ ეწერა, რომ კვიპროსი არის თურქეთის განუყოფელი ნაწილი, ხოლო ჩრდილოეთში დარჩენილი კვიპროსელი ბერძნები ცხადდებოდნენ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეებად, რომელთა ქონება, მათი გასახლების შემდეგ, ექვემდებარებოდა კონფისკაციას კვიპროსელი თურქების სასარგებლოდ39.
დაიწყო კვიპროსის ერთი ნაწილის თურქიზაციის პროცესი, კერძოდ ქალაქების და სოფლების ბერძნული სახელები შეიცვალა თურქულით. მაგ. ნიქოზიის თურქული ნაწილი გახდა ლეფკოშა და ა.შ. მოსახლეობაში ინერგებოდა თურქული შოვინიზმი, იდევნებოდა საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც კვიპროსის ერთიან სახელმწიფოდ შენარჩუნებას მოითხოვდა. დაიწყო კვიპროსის თურქული ნაწილის სწრაფი მილიტარიზაციის პროცესი, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდა ოფიციალური ანკარა. ასევე სწრაფი ტემპით დაიწყო თურქული კვიპროსის ეკონომიკის ინტეგრირება თურქეთის ეკონომიკაში. თურქული ლირა გახდა თურქული კვიპროსის ფულის ერთეული, თურქეთის კონტროლქვეშ გადავიდა კავშირგაბმულობის ყველა სახეობა (ფოსტა, ტელეგრაფი, სატელეფონო კავშირი), საზღვაო და საჰაერო კომუნიკაციები. იქმნებოდა შერეული საწარმოები, სოფლის მეურნეობის, გადამამუშავებელი, ტურიზმისა და სხვა დარგებში.
თურქეთი ყოველნაირად ცდილობდა, ეკონომიკურად დაეინტერესებინა კვიპროსელი თურქები. ამ მიზნით მათ თავის თავზე აიღეს თურქული კვიპროსის ბიუჯეტის ნახევრის დაფინანსება. თურქების ეკონომიკურმა დახმარებამ კვიპროსელი თურქების მიმართ თავის შედეგი გამოიღო და თუ 1977 წელს მათი ნაციონალური შემოსავალი სულ რაღაც 3 მილიარდ თურქულ ლირას შეადგენდა, 1982 წელს 33 მილიარდი ლირა შეადგინა. ეკონომიკის ზრდამ 1982 წელს 2,5%, ხოლო საგარეო ვაჭრობის მოცულობამ 2-დან 28 მილიარდი ლირა შეადგინა. გარდა ამისა, აიღო რა ორიენტირი თურქულ ეკონომიკურ მოდელზე, თურქული კვიპროსის ყველა მსხვილი საწარმო გაერთიანდა „სამრეწველო ჰოლდინგში“, რაც ამაღლებდა მათ ეკონომიკურ ეფექტს.
XX საუკუნის 70-იან წლებში კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილში დაიწყო ანატოლიის თურქების ჩამოსახლება. ორგანიზატორების აზრით, ეს ხელს შეუწყობდა თურქული კვიპროსის სწრაფ ინტეგრაციას თურქეთის სახელმწიფოსთან. გარდა ამისა, ყველა გადმოსახლებული ღებულობდა იმ ქონებას და მიწას, რომელიც ბერძნების მიერ იყო მიტოვებული (!). რა თქმა უნდა, გადმოსახლებულები თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე, ყოველმხრივ უჭერდნენ მხარს თურქული კვიპროსის ინტეგრაციას თურქეთთან. გადმოსახლებული თურქებისაგან იქმნებოდა პოლიტიკური პარტიები, რომელთა ლიდერები (ისეთი, როგორიც იყო თურქეთის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი ი. ტეზერი _ რ. დენკტაშის ერთ-ერთი მინისტრთაგანი) პირდაპირ მოითხოვდნენ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთთან მიერთებას. ასე რომ, თავისი მიზნის მისაღწევად კვიპროსელმა თურქებმა ამ პერიოდში ბევრი მომხრე გაიჩინეს.
თურქული კვიპროსის ლიდერები ცდილობდნენ საერთაშორისო არენაზე თავიანთი მიზნებისთვის გამოეყენებინათ ისლამური ფაქტორიც. ისლამის ქვეყნების კონფერენციის ორგანიზაციაში მათ დამკვირვებლის სტატუსი მიიღეს. 80-იან წლებში საუდის არაბეთის პრინცის მოჰამედ ალ-ფეისალ ას-საუდის ინიციატივით თურქულ კვიპროსში გაიხსნა ისლამური ბანკებისა და ეკონომიკის საერთაშორისო ინსტიტუტი, ასევე გაიხსნა კვიპროსის ისლამური ბანკი, რომლის კაპიტალი 10 მილიონ დოლარს შეადგენდა და რომლის მიზანი ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის დაფინანსება იყო (პირველ რიგში, ტურიზმის სფერო). საუდის არაბეთის გარდა, კვიპროსელ თურქებთან აქტიური ეკონომიკური თანამშრომლობა დაიწყეს იორდანიამ, ირანმა, პაკისტანმა და სხვა მუსლიმურმა სახელმწიფოებმა.
საერთაშორისო არენაზე კვიპროსელი თურქები და მათ უკან მდგომი თურქეთის სახელმწიფო ცდილობდნენ, არ დაეშვათ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მათ მიმართ სანქციების დაწესება კვიპროსის ნაწილის უკანონო ოკუპაციისთვის. ამ მიზნით კვიპროსელი თურქები გაეროს ეგიდით აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა სახის მოლაპარაკებებში. ყოველივე ეს სჭირდებოდათ დროის მოსაგებად, რათა მსოფლიო საზოგადოებრივი აზრი შეგუებოდა თურქული კვიპროსის არსებობას და მიეღწიათ მისი აღიარებისათვის. ბერძნულ და თურქულ თემებს შორის ათწლიანი უნაყოფო მოლაპარაკებების შემდეგ, თურქულმა მხარემ 1983 წელს შეწყვიტა მოლაპარაკება და გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი თურქეთთან ინტეგრაციისკენ.
1983 წლის 15 ნოემბერს ე.წ. კვიპროსის თურქული ფედერაციული სახელმწიფოს ადგილობრივმა საკანონმდებლო ორგანომ მიიღო რეზოლუცია კვიპროსის თურქული ნაწილის თვითგამორკვევის შესახებ. ამ რეზოლუციის თანახმად, იმავე წლის 15 ნოემბერს გამოცხადდა „ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის“ შექმნა, რომლის პრეზიდენტი კვლავ გახდა რ. დენკტაში. მან პირველსავე საჯარო გამოსვლაში განაცხადა, რომ იმედი აქვს თურქეთის არამარტო მხარდაჭერის, არამედ პოლიტიკური აღიარებისაც. თურქეთმა არ დააყოვნა და ეს სეპარატისტული წარმონაქმნი მაშინვე სცნო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ (დღემდე კვიპროსის ამ ნაწილის დამოუკიდებლობას სცნობს მხოლოდ თურქეთი და ყოფილი ავღანეთის თალიბანის რეჟიმი). მიუხედავად კვიპროსელი თურქების და მათი მფარველების არაერთი მცდელობისა, მსოფლიო თანამეგობრობამ არ აღიარა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა. უფრო მეტიც, გაეროს უშიშროების საბჭომ თავის რეზოლუციებში გამოხატა სერიოზული შეშფოთება თურქული თემის სეპარატისტულ მოქმედებასთან დაკავშირებით და მათი გადაწყვეტილება უკანონოდ გამოცხადდა. გაერომ, 1984 წლის 15 მაისის რეზოლუციით, ყველა სახელმწიფოს მოუწოდა, არ ეცნოთ ე.წ. ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა, ხოლო კონფლიქტის მხარეებს მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა40.
ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის დიალოგის მცდელობა არაერთხელ ყოფილა. ჯერ კიდევ 1968 წლის 3-5 ივნისს ქ. ბეირუთში შედგა კვიპროსის ორი თემის წარმომადგენლების _ გ. კლირიდისის და რ. დენკტაშის შეხვედრა, სადაც მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომლის თანახმად იმავე წლის 24 ივლისს კვიპროსზე, გაეროს წარმომადგენლების მონაწილეობით, დაიწყებოდა მოლაპარაკება. მოლაპარაკებები შედგებოდა რამდენიმე ეტაპისაგან და მისი მთავარი მიზანი იყო, მხარეებს ერთმანეთისთვის გაეცნოთ თავიანთი ხედვა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სასამართლო სისტემის, პოლიციის, ადგილობრივი თვითმართველობის საკითხების შესახებ.
კვიპროსელი ბერძნების მოსაზრება ქვეყნის მოწყობის შესახებ წარდგენილი იქნა 1970 წლის სექტემბერში გამართული მოლაპარაკებების დროს. მათი აზრი ჩამოყალიბებული იყო რამდენიმე პუნქტად: 1. კვიპროსი უნდა ყოფილიყო უნიტარული და სუვერენული სახელმწიფო თავისი I კონსტიტუციით, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა დემოკრატიის პრინციპებზე და გაეროს წესდებაზე. 2. კვიპროსის ყველა მოქალაქეს, განურჩევლად რასისა და რელიგიური შეხედულებებისა, უნდა ჰქონოდა თანაბარი და სრული უფლებები. 3. კვიპროსელი თურქებისათვის ავტონომიის მინიჭება განათლების, კულტურის და რელიგიის საკითხებში და ა.შ. როგორც ამ დოკუმენტიდან ჩანს, კვიპროსელი ბერძნები მომხრე იყვნენ არა ფედერალური სახელმწიფოს შექმნისა, როგორც ამას მოითხოვდა მეორე მხარე, არამედ უნიტარულისა და ეროვნული უმცირესობისთვის ფართო კულტურული ავტონომიის მინიჭებისა, მაგრამ 1974 წლის მოვლენებმა მათი პოზიციები შეარბილა. 1975 წლის 10 თებერვალს გ. კლირიდისმა კვიპროსელი თურქების ლიდერს რ. დენკტაშს გაუგზავნა ახალი წინადადებების პაკეტი41, რომელშიც ჩამოყალიბებული იყო სახელმწიფო მოწყობის ახალი გეგმა. კერძოდ:
• კვიპროსი უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო.
• მის ძირითად კანონს წარმოადგენდა კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის ფედერალურ მოწყობას აღიარებდა.
• კვიპროსელ თურქებს მიეცემოდათ ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილის (ზღვის ორივე მხარეს) მართვის უფლება.
• მათ მართვა-გამგებლობაში გადავიდოდა აგრეთვე სხვა რაიონებიც, თუ მოსახლეობის უმრავლესობას კვიპროსელი თურქები შეადგენდნენ.
• ცენტრალურ მთავრობას ფედერალურ სახელმწიფოში უნდა ჰქონოდა ფართო უფლებები.
• იმ კვიპროსელი ბერძნების სამართლებრივი სტატუსი, რომლებიც იცხოვრებდნენ თურქულ რაიონებში, კანონით უნდა ყოფილიყო რეგულირებული.
• ადამიანის უფლებები უნდა ყოფილიყო გარანტირებული კონსტიტუციით, რომლითაც განსაზღვრული იქნებოდა კუნძულზე თავისუფალი გადაადგილების უფლება.
• განსაზღვრული და დაცული უნდა ყოფილიყო საკუთრებისა და მისი გამოყენების უფლება კვიპროსის ნებისმიერ რაიონში.
1975 წლის 13 თებერვალს კვიპროსელმა თურქებმა ბერძნული მხარის ამ წინადადებებს უპასუხეს შემდეგი კონტრწინადადებით: კვიპროსი უნდა ყოფილიყო „დამოუკიდებელი და საერო რესპუბლიკა, რომელიც უნდა შედგებოდეს ორი (ბერძნული და თურქული) რეგიონალური ფედერაციული სახელმწიფოსაგან, თავისი კონსტიტუციითა და თავისი სამართლებრივი სისტემით. ფაქტობრივად, ეს ნიშნავდა კუნძულის ორ ნაწილად გაყოფის დაკანონებას, რომელზეც ბერძნული მხარე კატეგორიულად უარს აცხადებდა, მაგრამ თანახმა იყო ქვეყნის მოწყობის ფედერაციულ პრინციპებზე, სადაც ორივე თემს თანაბარი უფლებები ექნებოდა. მიუხედავად ამისა, თურქეთის მთავრობა ცდილობდა, დიპლომატიური და ეკონომიკური მხარდაჭერა აღმოეჩინა თავის ანკლავისათვის42. ეკონომიკური ინტეგრაცია გამოიხატა კერძო ინვესტიციების მოზიდვაში. ამ მიზნით ჩრდილოეთ კვიპროსის პარლამენტმა მიიღო კანონი პორტო-ფრანკოსა43 და თურქეთის არმიის მიერ ოკუპირებულ ფამაგუსტაში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის შესახებ. ამ ქალაქს თურქული სახელი მაგოსი ეწოდა და იგი ფრიად მიმზიდველი გახდა უცხოელი ინვესტორებისათვის. არ გამართლდა თურქეთისა და ჩრდილოეთ კვიპროსის მესვეურების იმედი მუსლიმური სახელმწიფოების მიერ ჩრდილოეთ კვიპროსის აღიარების შესახებ. მათ ყურად იღეს გაეროს უშიშროების საბჭოს შეფასება, რომელშიც დამოუკიდებელი თურქული ჩრდილოეთ კვიპროსის რესპუბლიკის გამოცხადება განიხილებოდა, როგორც იურიდიულად არალეგიტიმური ქმედება. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნები და აშშ მხარს უჭერდნენ კვიპროსის ერთიანობას, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მახლობელ აღმოსავლეთში დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე მათი ინტერესები ამ რეგიონის მიმართ გაიზარდა.
რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებისათვის აშშ-მ ჩრდილოეთ კვიპროსის ტერიტორიაზე, ლეფაკონიკოს მახლობლად, სამხედრო აეროდრომი ააშენა, რომელსაც ძალიან დიდი სამხედრო სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია და რომლის ღირებულება 500 მილიონ დოლარს აღწევს. რეგიონში აშშ-ის დაინტერესების ზრდა ხელს აძლევს ჩრდილოეთ კვიპროსის მთავრობასაც და ის აშშ-ს სამხედრო ყოფნას რეგიონში განიხილავს, როგორც საერთაშორისო იზოლაციის გარღვევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საშუალებას. ჩრდილოეთ კვიპროსის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებამ და ხელსაყრელმა საინვესტიციო ფონმა მართლაც მიიზიდა უცხოური კაპიტალი. ამ მხრივ, განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან მუსლიმური ქვეყნები: საუდის არაბეთი, იორდანია, კუვეიტი და სხვა მდიდარი არაბული სახელმწიფოები, რომლებმაც დიდი ინვესტიციები ჩადეს კვიპროსის ამ ნაწილში44.
ამასობაში კვიპროსის სამხრეთი გაერთიანებული ევროპის ნაწილი გახდა, რომლის გორდიასის კვანძად დღემდე რჩება კვიპროსის გადაუჭრელი საკითხი. ზემოხსენებული მოვლენები აშკარად მიუთითებს, რომ კვიპროსზე არსებული ეთნოკონფლიქტი, ფაქტობრივად წარმოადგენს ორი ქვეყნის პოლიტიკურ ბრძოლას კვიპროსზე გაბატონებისათვის. ეს მოვლენები კიდევ ერთხელ გვიჩვენებენ, რა შეიძლება მოჰყვეს მოსახლეობაში ულტრანაციონალისტურ პროპაგანდას, რომლის უკან ყოველთვის დგანან დაინტერესებული გარეშე ძალები და რომლებიც ყოველნაირად ცდილობენ შექმნილი პოლიტიკური ვითარების თავის სასარგებლოდ გამოყენებას. ძნელია იმის თქმა, როდის გადაწყდება ეს კონფლიქტი, მაგრამ ახლო მომავალში ქვეყნის სახელმწიფოებრივ მოწყობაზე მხარეებს შორის პირდაპირი დიალოგის განახლებას ალტერნატივა არ გააჩნია.
შენიშვნები
1. კუნძულ კვიპროსი მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. მისი ტერიტორია შეადგენს 9251 კვ. კმ. სახელმწიფოს დედაქალაქია ნიქოზია. ოფიციალური ენა ბერძნულია. ეროვნული დღესასწაული1 ოქტომბერი. ოფიციალური კალენდარი გრიგორიანული. კვიპროსის რესპუბლიკა (სამხრეთი ნაწილი) არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფო 2004 წლიდან.
2. აღსანიშნავია 1764, 1804 და 1821 წლების აჯანყებები ოსმალთა ბატონობის წინააღმდეგ, რომლებიც ოსმალებმა არნახული სისასტიკით ჩაახშვეს.
3. ალ. მენთეშაშვილი. საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ისტორია. II. თბ., 2002, გვ. 106-109.
4. ენოზისი _ ბერძენთა ბრძოლა ბერძნული მოსახლებით დასახლებული ტერიტორიების შემოერთებისათვის.
5. ჩ. Pაპარდაცეს. ჩყპრუს. Aტჰენს, 1958, გვ. 8-9.
6. კვიპროსის მნიშვნელობაზე ინგლისელთათვის მიუთითებს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ბ. დიზრაელის სიტყვები, რომელიც მან უთხრა ინგლისის დედოფალს ვიქტორიას: „კვიპროსი-აღმოსავლეთ აზიის გასაღებია“ (იხ.: G. Bუცკლე. თჰე Lიფე ოფ Bენჯამინ Dიზრაელი, Eარლ ოფ Bეაცონსფიელდ. Vოლ. VI. Lონდონ, 1920, გვ. 291).
7. ჩ. Pაპარდაცეს. ჩყპრუს.., გვ. 16-17.
8. ჩ. Pაპარდაცეს. ჩყპრუს.., გვ. 16-17.
9. Н. Кузупис. Проблемы национально-освободительного движения на Кипре (20-50 годы XX в). М., 1986, გვ. 79.
10. მაგალითად, კვიპროსელი ბერძნების ლიდერი 1950 წლიდან იყო არქიეპისკოპოსი მაკარიოს III.
11. Л. Н. Анисимов. Проблемы Кипра. Исторические и международно-правовые аспекты. М., 1986, გვ. 21.
12. ეოკა-ს არალეგალური ორგანიზაცია შეიქმნა 1951წ. საბერძნეთის არმიის პოლკოვნიკის და წარმოშობით კვიპროსელის გეორგიოს გრივასის (1998-1974) მიერ. ის საინტერესო ბიოგრაფიის მქონე პიროვნება იყო. დაიბადა კ. კვიპროსზე შეძლებული ვაჭრის ოჯახში. იქვე მიიღო დაწყებითი განათლება, სადაც პირველად ეზიარა ელინისტური ნაციონალიზმის დოქტრინას. 17 წლისამ დატოვა კვიპროსი და საბერძნეთში გადასახლდა, სადაც სწავლობდა ათენის სამხედრო აკადემიაში. მსახურობდა საბერძნეთის არმიაში. 1940წ. საბერძნეთში იტალიის არმიის შეჭრის შემდეგ შექმნა მემარჯვენე ყაიდის არალეგალური ორგანიზაცია „ნაციონალური წინააღმდეგობის პარტია“. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1949 წელს დაბრუნდა კვიპროსში და შექმნა არალეგალური სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია ეოკა _ კვიპროსის მებრძოლთა ნაციონალური ორგანიზაცია, რომლის მიზანი კვიპროსის საბერძნეთთან გაერთიანება იყო.
14. კვიპროსელმა თურქებმა, თავის მხრივ, შექმნეს შეიარაღებული ფორმირება _ „ვოლკანი“, რომელიც დაუპირისპირდა ეოკასა და ენოზისის მომხრეებს კუნძულზე.
15. Б. М. Поцхверия. Внешняя политика Турции после Второй мировой войны. М., 1976, გვ. 202.
16. ე. მაკარაძე, მ. გოგიტიძე. კვიპროსის საკითხი აღმოსავლეთ პოლიტიკაში XX ს. 60-80-იან წლებში. ბათუმი, 2000, გვ. 30-32.
17. Л. Н. Анисимов. Проблемы Кипра..,…გვ. 39-40; ჩ. თორნარიტის. ჩყპრუს
ანდ Iტს ჩონსტიტუტიონალ ანდ Oტჰერ Lეგალ Pრობლემს. Nიკოსია, 1980, გვ. 41. აღსანიშნავია, რომ კვიპროსის კონსტიტუციის ავტორი არის ინგლისელი იურისტი ლორდი რედკლიფი.
18. N. ჩრაწსჰაწ. თჰე ჩყპრუს ღევოლტ. Aნ Aცცოუნტ ოფ ტჰე შტრუგგლე ფორ Uნიონ წიტჰ Gრეეცე. Lონდონ, 1978, გვ. 349-341.
19. კონსტიტუციის თანახმად, კვიპროსის მთავრობაში, სახელმწიფო დაწესებულებებში, პოლიციაში და ჟანდარმერიაში 30% უნდა ყო ფილიყვნენ კვიპროსელი თურქები, არმიაში კი _ 40%. მაშინ როდესაც ისინი მოსახლეობის მხოლოდ 18%-ს შეადგენდნენ, ხოლო კვიპროსელი ბერძნები _ 78%-ს. იხ.: თ. კიკნაძე. ეთნოკონფესიალურ წინააღმდეგობათა ევოლუცია კვიპროსზე 1878-1992წწ. საკანდიდატო დისერტაციის მაცნე. თბ., 1993, გვ. 14.
20. В. А. Шахбазов. Проблемы Кипра в политике Турции в 1960-1980 годах. Орджоникидзе, 1983., გვ. 11.
21. В. А. Шахбазов. Проблемы Кипра в политике.., გვ. 10.
22. В. А. Шахбазов. Проблемы Кипра в политике.., გვ. 10-11.
23. Л. Н. Анисимов. Проблемы Кипра.., გვ. 61.
24. ითვალისწინებდა რა კვიპროსში შექმნილ მდგომარეობას, გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, გაეგზავნა გაეროს ჯარები კუნძულზე.
25. Л. Н. Анисимов. Проблемы Кипра.., გვ. 75.
26. 1965წ. აშშ-ს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა დინ აჩესონმა შეიმუშავა გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა კვიპროსის შეერთებას საბერძნეთთან და იქ „თურქული კანტონების“ შექმნას, მაგრამ ეს გეგმა თურქეთმა და კვიპროსმა უარყვეს.
27. 1967 წლის 21 აპრილის სამხედრო გადატრიალების შედეგად საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი გახდა სამხედრო ხუნტის მეთაური პოლკოვნიკი გ. პაპანდოპულოსი. სამხედროები ქვეყნის შიგნით სდევნიდნენ დემოკრატიულ ძალებს და თავიანთ საგარეო პოლიტიკაში გამოდიოდნენ „დიდი საბერძნეთის“ შექმნის იდეით, სადაც კვიპროსის საკითხი ერთ-ერთი უმთავრესი იყო.
28. თ. კიკნაძე. კვიპროსის დამოუკიდებლობის გამოცხადება და ბერძნულ-თურქული კონფრონტაციის გამწვავება. _ „ისტორია და თანამედროვეობა“. თბ., 1993, გვ. 14-15.
29. Л. Н. Анисимов. Проблемы Кипра.., გვ. 52.
30. შეთანხმების თანახმად საბერძნეთს უფლება ჰქონდა კუნძულზე ჰყოლოდა 960 ჯარისკაცი, ხოლო თურქეთს _ 650.
31. 1974 წელს კვიპროსელმა თურქებმა მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიწყეს თავიანთი საფოსტო მარკების გამოშვება. გარდა ამისა ფულის ერთეულად კვიპროსული ფუნტის ნაცვლად დაიწყეს თურქული ლირის გამოყენება.
32. ნიკოლას სამპსონი (1935-1996) _ ნამდვილი სახელი ნიკოს გეორგიადისი. გრივასის გარდაცვალების შემდეგ, 1974 წლის იანვარში, სათავეში ჩაუდგა ეოკა-2-ს. სამპსონი, ისევე როგორც გრივასი, გამოირჩეოდა უკიდურესი ნაციონალისტური შეხედულებებით.
33. ჩ. თორნარიტის. ჩყპრუს ანდ იტს ჩონსტიტუტიონალე ანდ ოტჰერ Lეგალ.., გვ. 36.
34. რაუფ დენკტაში, შემდგომში კვიპროსის არაღიარებული თურქული ნაწილის პრეზიდენტი. დაიბადა 1924 წელს. განათლება მიიღო ინგლისში. მუშაობდა კვიპროსზე ინგლისის კოლონიურ ადმინისტრაციაში. 1956-1959 წლებში იყო კვიპროსის გენერალური პროკურორის მოადგილე, 1963-1968 წლებში ტერორისტული საქმიანობისთვის იმალებოდა თურქეთში. 1975 წლიდან ,,კვიპროსის თურქული ფედერაციული სახელმწიფოს პრეზიდენტი“, ხოლო 1983 წლიდან _ ე.წ. „ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის“ პრეზიდენტი.
35. Mატერიალს ოფ ტჰე UN შეცურიტყ ჩოუნცილ დატედ ოფ ჟულყ, Aუგუსტ, შეპტემბერ 1974. თჰე Uნიტედ Nატიონს. Nეწ Yორკ, 1974, გვ. 167.
36. Л. Н. Анисимов Проблемы Кипра.., გვ. 92.
37. ჩ. თორნარიტის. ჩყპრუს ანდ იტს ჩონსტიტუტიონალე ანდ ოტჰერ Lეგალ.., გვ. 65.
38. საგულისხმოა, რომ ამ ფაქტს აფხაზი სეპარატისტები ხშირად იშველიებენ, როცა საუბრობენ აფხაზეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შეყვანაზე.
39. ჩ. თორნარიტის. ჩყპრუს ანდ Iტს ჩონსტიტუტიონალ.., გვ. 78; Л. Н. Анисимов. Проблемы Кипра.., გვ. 92.
40. ღესოლუტიონს Aდოპტედ ბყ ტჰე Uნიტედ Nატიონ ონ ტჰე ჩყპრუს პრობლემ. 1964- 1993. Nიკოსია, 1993, გვ. 25.
41. Доклад Генерального секретаря ООН Совету Безопасности о событиях на Кипре. Приложение А. Док. ООН შ/II 624.
42. თურქეთის სანაპიროდან ჩრდილოეთ კვიპროსის სანაპირომდე ზღვის ფსკერზე გაყვანილ იქნა 100-მეგავატიანი წყალქვეშა კაბელი, რომელმაც სრულად დააკმაყოფილა ჩრდილოეთ კვიპროსის მოთხოვნილება ელექტროენერგიაზე, რომელიც მანამდე კვიპროსის ცენტრალურ მთავრობაზე იყო დამოკიდებული.
43. პორტო-ფრანკო - თავისუფალი ნავსადგური.
44. საუდის არაბეთმა ნიქოზია-კირინეას ავტოსტრადის ასაშენებლად 450 მილიონი დოლარი გამოჰყო, მანვე გასცა 100 მლნ დოლარი საცხოვრებელი სახლებისა და მეჩეთების მშებებლობისათვის და ა.შ.

Комментариев нет:

Отправить комментарий