понедельник, 16 августа 2021 г.

თუკიდიდე – „ისტორია“

    თუკიდიდე (დ. დაახლ. ძვ. წ. 465/460/455 – გ. 400/395) იყო ბერძენი (ათენელი) ისტორიკოსი, წარჩინებული და მდიდარი ოჯახის შვილი. მამამისი ოლოროსი წარმოშობით თრაკიელი იყო და ცოლის თუ დედის მხრიდან მარათონის გმირ მილტიადეს ენათესავებოდა.
თუკიდიდე სოფისტების მოწაფე და მიმდევარი იყო. იგი დიდად აფასებდა იმ დროის ათენის პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების სათავეში მდგარ პერიკლეს. იბრძოდა პელოპონესის ომში (ძვ. წ. 431-404). იყო სტრატეგოსი და ათენელთა ფლოტის მეთაური თრაკიის სანაპიროს დაცვისას. დამარცხების შემდეგ, (სპარტელებმა მიიტაცეს ამფიპოლისი) ძვ. წ. 424 წელს, ათენელებმა იგი სამშობლოდან გააძევეს 20 წლით. ექსორიაში ყოფნის დროს თუკიდიდე თავის მამულში – თრაკიაში შეუდგა თხზულების – „ისტორიის“ წერას. თხზულება შედგება 8 წიგნისაგან და ეძღვნება პელოპონესის ომების იატორიას. პირველი წიგნი, ე. წ. „არქეოლოგია“, როგორც შესავალი ნაწილი, მიმოიხილავს საბერძნეთის ისტორიას უძველესი დროიდან პელოპონესის ომამდე. თხრობა წყდება ომის დაწყებიდან მე-20 წლის (ძვ. წ. 411) ამბებით; ჩანს, ავტორს სიკვდილმა მოუსწრო და თხზულება დაუმთავრებელი დარჩა (მოცემული ნაწარმოები თავისი შრომებით აზრობრივად გააგრძელა ქსენოფონტმა).
თუკიდიდე ითვლება ისტორიის კრიტიკის შესწავლისა და გააზრების (ანუ მეცნიერული ისტორიის) ფუძემდებლად. წინარე ისტორიკოსთაგან (ლოგოგრაფოსები, ჰეროდოტე) განსხვავებით, იგი საისტორიო თხზულების მიზანდასახულობად თვლის არა „ამოდ საკითხავი“ და „ამოდ სასმენი“ ამბების თხრობას, არამედ „ჭეშმარიტების ძიებას“. ყოველი ფაქტის დასადგენად კრიტიკულად შეისწავლის შესაბამის ისტორიულ მასალას („წყაროს“).
თუკიდიდე პირველი შეუდგა ომის მიზეზებისა და საბაბის ძიებას. პირველი ისტორიკოს-რაციონალისტია, რომელმაც უარყო ისტორიის მოვლენებში (ბუნების მოვლენებშიც) ღმერთის მონაწილეობის „ფაქტი“ (თუმცა ღმერთს არ უარყოფდა). თუკიდიდემ პირველმა დაძებნა ისტორიულ, პოლიტიკურ მოვლენათა ეკონომიური და სოციალური საფუძვლები. იგი საკუთარი თხზულების მნიშვნელობას თავად აფასებდა და მას „მარადიულობის მონაპოვრად“ მიიჩნევდა. პოლიტიკური მრწამსით თუკიდიდე დემოკრატიისა და ოლიგარქიის „შერწყმა-შერევის“ პოზიციაზე იდგა.

თუკიდიდე – პელოპონესის ომების „ისტორია“
პირველი წიგნი
თუკიდიდე ათენელმა აღწერა პელოპონესელთა ომი ათენელების წინააღმდეგ. ის თავისი ნაშრომის წერას ომის დაწყებისთანავე შეუდგა, რადგან თავიდანვე მიხვდა, რომ ეს ომი ყველაზე მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავი იქნებოდა აქამდე წარმოებულ ყველა ომს შორის. მან ასე განსაჯა, რადგან ორივე მხარე ბრძოლის დაწყებას თავისი ძლიერების ზენიტში და სრულ საბრძოლო მზადყოფნაში შეხვდა. გარდა ამისა, ის ხედავდა, რომ სხვა ბერძნული ქალაქებიც ან უკვე მიემხრნენ რომელიმე მხარეს, ან აპირებდნენ ამას. მართლაც, ომმა შეძრა ელინებიც და ბარბაროსთა ნაწილიც, შეიძლება ითქვას, კაცობრიობის დიდი ნაწილი. მართალია, ჩვენგან დროში დაშორების გამო, ძნელია ზუსტად დადგენა, თუ რა უძღოდა წინ ამ ომს და, მით უმეტეს, რა ხდებოდა კიდევ უფრო ადრე, მაგრამ სარწმუნო ცნობების საფუძველზე მივედი იმ დასკვნამდე, რომ ეს ძველი ისტორიული მოვლენები არ იყო მნიშვნელოვანი არც სამხედრო და არც სხვა რამ თვალსაზრისით.

ცხადია, ახლა ელადად წოდებულ ქვეყანას ცოტა ხნის წინ გაუჩნდა ბინადარი მოსახლეობა. ძველად აქ გადაადგილდებოდნენ ტომები და ყოველი ტომი თავის საცხოვრისს უფრო ძლიერი მომხვდურის ზეწოლის შედეგად ტოვებდა. მაშინ ჯერ არ არსებობდა არც დღევანდელი ვაჭრობა და არც ტომებს შორის ურთიერთობა ზღვასა თუ ხმელეთზე. მიწას მხოლოდ იმდენს ამუშავებდნენ, რომ თავი გამოეკვებათ. მათ არ გააჩნდათ ზედმეტი ქონება, არ რგავდნენ ხეხილს, რადგან არ იცოდნენ, როდის დაესხმოდა თავს მტერი და წაართმევდა ყველაფერს, მით უმეტეს, რომ მათი დასახლებები არ იყო გამაგრებული. ხალხი თავისუფლად ტოვებდა თავის მიწას იმ იმედით, რომ სხვაგანაც იოლად მოიპოვებდა სარჩოს. ამიტომ არ ჰქონდათ დიდი ქალაქები და მნიშვნელოვანი ავლადიდება. მოსახლეობის ასეთი გადაადგილებები მეტწილად ქვეყნის ყველაზე ნაყოფიერ მხარეებში ხდებოდა: თესალიაში, ბეოტიაში, პელოპონესის დიდ ნაწილში (არკადიის გამოკლებით) და სხვ., რადგან სწორედ იქ, სადაც მიწის ნაყოფიერებას ადამიანისთვის კეთილდღეობა მოჰქონდა, ჩნდებოდა სამოქალაქო დაპირისპირება. დასახლება კარგავდა თავდაცვის უნარს და თანაც უცხოელთა სიხარბეს აღძრავდა. მწირ ატიკაში დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილა შინააშლილობა და ხალხიც ერთი და იგივე ცხოვრობდა. იმის შედეგად, რომ ელადის სხვა მხარეებში ატიკასთან შედარებით მოსახლეობა სწრაფად იზრდებოდა, წარჩინებული ლტოლვილები მთელი ელადიდან იყრიდნენ თავს ათენში და მოქალაქეობასაც იღებდნენ, რადგან იქ უსაფრთხოდ იყვნენ. ატიკა კი ამდენ ხალხს ვეღარ იტევდა და მოგვიანებით ათენელებმა დაიწყეს მოახალშენეთა გაყვანა იონიაში.

ძველი დროის მწირ სახსრებზე მიუთითებს ისიც, რომ ტროის ომამდე ელადას, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი არაფერი ჩაუდენია. ვგონებ, ქვეყანას მაშინ არც ერქვა ასე, ხოლო ელინამდე, დევკალიონის ძემდე, ეს სახელი არც არსებობდა. სხვადასხვა ტომი (პელასგებიც და სხვებიც) აძლევდა ქვეყანას თავის სახელს. მას შემდეგ, რაც ელინმა და მისმა ვაჟებმა ხელისუფლება მოიპოვეს ფთიაში და სხვა ქალაქებმაც დაიწყეს მათთვის დახმარების თხოვნა, ეს სახელი თანდათანობით გავრცელდა, მაგრამ საყოველთაოდ მიღებული სულ ცოტა ხნის წინ გახდა. ამის საუკეთესო საბუთს ჰომეროსი გვაწვდის. ჰომეროსი ხომ ტროის ომზე ბევრად გვიან ცხოვრობდა, მაგრამ ის ელინებს უწოდებს მხოლოდ აქილევსის რაზმელებს ფთიადან – ისინი იყვნენ პირველი ელინები. ხოლო სხვა ტომების ზოგად სახელად ჰომეროსთან გვევლინება დანაელები, არგოსელები, აქაველები. ის არ ხმარობს ასევე სიტყვას ბარბაროსი, ალბათ იმიტომ, რომ ელინები ჯერ არ იყვნენ მათგან გამოყოფილი და საკუთარი საერთო სახელით გაერთიანებული.

გადმოცემით ვიცით, რომ მინოსი იყო პირველი მბრძანებელი, ვინც შექმნა ფლოტი და ელინთა ზღვის დიდ ნაწილზე მოიპოვა ბატონობა. მან დაიპყრო კიკლადების კუნძულები, ბევრგან შექმნა ახალშენები, განდევნა კარიელები და მმართველებად საკუთარი ვაჟები გამოაცხადა. მანვე შეუტია მეკობრეებს, რათა შეძლებისდაგვარად გაეზარდა საკუთარი შემოსავალი.

უძველესი დროიდან, როგორც კი საზღვაო ვაჭრობა გამოცოცხლდა, ელინებმაც და ბარბაროსებმაც ნაპირსა და კუნძულებზე მეკობრეობას მიჰყვეს ხელი. ამის მოთავეები იყვნენ წარჩინებულები, რომლებიც ხეირსა და ღარიბთა დაპურებას ესწრაფვოდნენ. ისინი თავს ესხმოდნენ დაუცველ სოფლებს, ძარცვავდნენ მათ და ასე მოიპოვებდნენ საარსებო საშუალებას. ეს ითვლებოდა არა სამარცხვინო, არამედ საგმირო საქმედ. ამაზე მიუთითებს როგორც ზოგი ხალხის ჩვეულებები (მათთვის დღემდე საამაყოა ამგვარ საქმეებში გაწაფულობა), ასევე ძველი პოეტები, მათთან მასპინძელი მეზღვაურს ყოველთვის ეკითხება, მეკობრე ხომ არ ხარო – ჩანს, არცერთ მხარეს ეს საქმე სათაკილოდ არ მიაჩნდა. ხალხი ძარცვავდა ერთმანეთს ხმელეთზეც. დღემდე ელადის ბევრ მხარეში შემორჩა ხალხი, ვინც ამ ძველ წესს მისდევს. ყოველდღიურ ცხოვრებაში იარაღის ტარების ჩვევაც სწორედ აქედან მოდის.

ძველად მთელი ელადა შეიარაღებული დადიოდა, რადგან არც სოფლები იყო გამაგრებული და არც გზები – უსაფრთხო. ამიტომ ხალხი, ბარბაროსების მსგავსად, იარაღს სახლშიც არ იხსნიდა. ელადის ის ოლქები, სადაც ამგვარი წესი ჯერაც შემორჩა, ნათელი საბუთია იმისა, რომ ოდესღაც მთელი ელადა ასე ცხოვრობდა. ათენელებმა ყველაზე ადრე თქვეს უარი იარაღის ტარებაზე მშვიდობიან დროს და ფუფუნებით ცხოვრება დაიწყეს. ხნიერი ხალხი წარჩინებულთა წრიდან მხოლოდ სულ ცოტა ხნის წინ შეელია ფუფუნების ისეთ ნიშნებს, როგორიცაა სელის ქიტონი და რთული ვარცხნილობა. ათენელთა მონათესავე იონიელებსაც დიდხანს შემორჩათ ამგვარად ჩაცმის ჩვევა. ლაკედემონელებმა პირველებმა შემოიღეს თანამედროვე უბრალო სამოსი და მათი წარჩინებულებიც რიგით მოქალაქეთა მსგავსად ცხოვრობდნენ.

ქალაქები (რომლებიც დაარსდა მას შემდეგ, რაც ზღვაოსნობა შედარებით უსაფრთხო გახდა და შემოსავალი გაიზარდა), უშუალოდ ზღვის ნაპირზე, ვაჭრობისა და თავდაცვისთვის მოსახერხებელ ადგილას შენდებოდა და იცავდა გალავანი. ძველი ქალაქები კი, პირიქით, ზღვისგან მოშორებით მდებარეობდა, რათა მუდმივი ყაჩაღური თავდასხმებისგან ყოფილიყო დაცული.

მეკობრე კარიელები და ფინიკიელები ბევრ კუნძულზე ცხოვრობდნენ. როდესაც ათენელებმა ომის დროს დელოსი გაწმინდეს და სამარხები გაიტანეს კუნძულიდან, ჩატანებული იარაღის და დაკრძალვის წესის მიხედვით გაირკვა, რომ მიცვალებულთა ნახევარზე მეტი კარიელი იყო. ზღვაზე მეკობრეთა განდევნისა და მინოსის ბატონობის დამყარების შემდეგ ზღვაოსნობა გამოცოცხლდა, მინოსმა დაასახლა მეკობრეთაგან დაცლილი კუნძულების უმრავლესობა. სანაპიროს მცხოვრებლებმა, რომლებიც გამდიდრდნენ და დამკვიდრდნენ ამ მიწაზე, გალავნები შემოარტყეს თავიანთ ქალაქებს. გამდიდრების სურვილი აიძულებდა უფრო სუსტ ქალაქებს, აეტანათ ძლიერთა პოლიტიკური დამოკიდებულება, ხოლო ძლიერები სარგებლობდნენ საკუთარი სიმდიდრით და იმორჩილებდნენ სუსტებს. ელინთა ქალაქები დიდხანს იმყოფებოდნენ ამ მდგომარეობაში, თუმცა ტროაზე სალაშქროდ მხოლოდ მოგვიანებით გაემართნენ.

აგამემნონი, ჩემი აზრით, იმიტომ კი არ სარდლობდა ამ ლაშქრობას, რომ ელენეს ყოფილი საქმროები ტინდარევსისადმი მიცემული ფიცის გამო გაჰყვნენ მას, არამედ იმიტომ, რომ თანამედროვეთა შორის ის უძლიერესი იყო. იმ ხალხთა გადმოცემით, ვისაც წინაპართაგან სანდო ცნობები ჰქონდა პელოპონესის ისტორიის შესახებ, პელოპონესმა პირველმა მოიპოვა ძალაუფლება იმ განძის წყალობით, რომელიც აზიიდან ჩამოიტანა. მიუხედავად იმისა, რომ უცხოელი იყო, მან მიაღწია იმას, რომ ქვეყანას მისი სახელი ეწოდა, ხოლო მისი მემკვიდრეები გაძლიერდნენ. ევრისთევსი ატიკაში დაიღუპა ჰერაკლიდებთან ბრძოლაში, ხოლო სანამ იქ წავიდოდა, მან თავის დედის ძმას, ატრევსს ჩააბარა მიკენი და სამეფო ხელისუფლება. რაკი ევრისთევსი ვეღარ დაბრუნდა ლაშქრობიდან, ჰერაკლიდებისგან დაშინებულმა მიკენელებმა მეფობა ნებაყოფლობით გადასცეს ძლევამოსილ ატრევსს, მან კი ევრისთევსის ქვეშევრდომების კეთილგანწყობა მოიპოვა. ასე გახდნენ პელოპიდები პერსევსის შთამომავლებზე უფრო ძლიერნი. მთელი ეს ძალაუფლება აგამემნონს ერგო მემკვიდრეობით. გარდა ამისა, მისი ფლოტი აღემატებოდა სხვებისას. ასე რომ, ის ჩაუდგა ლაშქარს სათავეში და არა იმიტომ, რომ სხვა ბელადებს უყვარდათ იგი, არამედ იმიტომ, რომ ეშინოდათ მისი. მან თვითონაც უამრავი ხომალდი გამოიყვანა და, თუ ჰომეროსს ვენდობით, არკადიელებსაც მისცა ხომალდები. ჰომეროსი კვერთხის მემკვიდრეობით მიღების ამბავთან დაკავშირებითაც გვამცნობს, რომ აგამემნონი უამრავ კუნძულზე და არგოსის ვრცელ სამეფოზე მბრძანებლობდა. ცხადია, მატერიკზე მცხოვრებ აგამემნონს არ შეეძლო დაემორჩილებინა კუნძულები ძლიერი ფლოტის გარეშე. ამდენად, ტროაზე ლაშქრობა წარმოდგენას გვიქმნის მაშინდელი ელადის ზოგად მდგომარეობაზე.

მიკენი ძალიან პატარაც რომ ყოფილიყო (დღეს ჩვენ ყველა ძველი ქალაქი უმნიშვნელოდ გვეჩვენება), ეს არ იქნებოდა საკმარისი საფუძველი ტროაზე ლაშქრობის დიდების დასამცრობად. წარმოვიდგინოთ, რომ ლაკედემონელთა ქალაქი დაინგრა და მისგან გადარჩა მხოლოდ სამლოცველოები და საჯარო დაწესებულებათა საძირკვლები. ვფიქრობ, მრავალი წლის შემდეგ ჩვენს მემკვიდრეებს გაუჩნდათ ეჭვი, შეესაბამება თუ არა მათი რეალური ძალა მათსავე სახელს. დღეს ლაკედემონელები ფლობენ პელოპონესის ორ მესამედს, ხელმძღვანელობენ მთელ ნახევარკუნძულს და მრავალ მოკავშირეს დანარჩენ  ელადაში. მაგრამ სპარტა არ არის ერთი მთლიანობა, მას არ გააჩნია ბრწყინვალე ტაძრები და საჯარო ნაგებობები. ძველი ელინური ქალაქების მსგავსად, ის შედგება სოფლებისაგან და მისი ძლიერება ბევრად უმნიშვნელოდ მოეჩვენებოდათ, ვიდრე ეს სინამდვილეშია. იგივე ბედი რომ ათენელებს სწეოდათ, გარეგნული ნიშნის მიხედვით, მათ ძლიერებას რეალურზე ორჯერ მეტად წარმოიდგენდნენ. ამიტომ, ამჯერად ნუ მოვეკიდებით უნდობლად გადმოცემას და ნუ მივანიჭებთ ქალაქების გარეგნულ იერს მეტ მნიშვნელობას, ვიდრე მათ ნამდვილ ძალას. თუ ისევ ჰომეროსს დავეყრდნობით, ძველ ლაშქრობათა შორის ტროაზე ლაშქრობა ითვლება ყველაზე მნიშვნელოვნად, მაგრამ ის ჩამოუვარდება დღევანდელ ომებს. პოეტმა ალბათ შეალამაზადა გააზვიადა მოვლენები, მაგრამ ასეც რომ იყოს, ეს ლაშქრობა მაინც უმნიშვნელოდ გამოიყურება. პოეტი მოიხსენიებს ათას ორას ხომალდს. მისი თქმით, ბეოტიელთა თითო ხომალდზე ას ოცი კაცი იყო, ფილოქტეტესის ხომალდზე კი – ორმოცდაათი. როგორც ჩანს, იგი ყველაზე დიდ და ყველაზე პატარა ხომალდებს ახსენებს. სხვათა ზომებზე, ყოველ შემთხვევაში, „ხომალდთა კატალოგში“ ჰომეროსი არაფერს ამბობს. ხომალდზე თითოეული კაცი რომ მეომარიც იყო და მენიჩბეც, აშკარად ჩანს ფილოქტეტესის გემების აღწერილობიდან. მართლაც, ყოველ მენიჩბეს ის მოისარსაც უწოდებს. საეჭვოა, ხომალდებზე მენიჩბეების გარდა ყოფილიყო ვინმე, მეფეებსა და გამორჩეულ ბელადებს თუ არ ჩავთვლით, მით უფრო, რომ მათ ზღვის გადაცურვა სრული აღჭურვილობით უწევდათ. ხომალდებს არ ჰქონდა ზედა გემბანი და ისინი ძველი წესით იგებოდა, მეკობრეთა ნავების მსგავსად. ყოველ შემთხვევაში, თუ ავიღებთ მებრძოლთა საშუალო რაოდენობას ყველაზე დიდი და ყველაზე პატარა ხომალდისთვის, ცხადია ხდება, რომ ომში არც ისე ბევრი აქაველი წასულა, არადა ლაშქარი მთელ ელადას წარმოადგენდა.

ამის მიზეზი იყო არა ადამიანების, არამედ ფულის ნაკლებობა. მომარაგების სირთულის გამო, აქაველებმა წაიყვანეს იმდენი მეომარი, რამდენის ადგილზე გამოკვების იმედიც ჰქონდათ. მაშინაც კი, როდესაც ჩასვლისთანავე აქაველებმა პირველი ბრძოლა მოიგეს (ცხადია, სხვანაირად ვერ შემოავლებდნენ გალავანს თავის ბანაკს), მათ ომში არ გამოუყენებიათ მთელი ლაშქარი. საკვების მოპოვების საჭიროებამ აიძულა ისინი, მიწის დამუშავება და ყაჩაღობა დაეწყოთ. სწორედ აქაველთა რაზმების დაქსაქსულობის გამო, ტროელები გაშლილ ველზე ათი წლის განმავლობაში უწევდნენ მათწინააღმდეგობას და ყოველთვის მზად იყვნენ შებმოდნენ ადგილზედარჩენილ მტერს. აქაველები რომ საკვების დიდი მარაგით ჩამოსულიყვნენ და ხვნა-თესვისა და ყაჩაღობის ნაცვლად, მთელი ძალითა და მონდომებით ეომათ, ისინი იოლად აიღებდნენ ტროას. თუმცა არსებული ძალების ნაწილის გამოყენებითაც ისინი წარმატებით იბრძოდნენ; ალყაში რომ მოექციათ, ტროას უფრო სწრაფად და დაუძაბავად სძლევდნენ. ამდენად, ძველი ლაშქრობები უმნიშვნელო იყო სახსრების სიმწირის გამო, მათ შორის ყველაზე ცნობილიც კი აღარ გამოიყურება ისე ბრწყინვალედ, როგორც ეს პოეტების გადმოცემაშია.

ელადაში ტროის ომის შემდეგაც ხდებოდა ტომთა გადაადგილება, იქმნებოდა ახალი დასახლებები, ქვეყანა ვერ ახერხებდა მშვიდობიან განვითარებას. ილიონიდან ელინთა დაგვიანებულ დაბრუნებას ქალაქებში ცვლილებები და შინააშლილობა მოჰყვა, რის შედეგადაც დევნილები აარსებენ ახალ ქალაქებს. მაგალითად, თესალიელთა მიერ გამოდევნილი თანამედროვე ბეოტიელთა წინაპრები, დღევანდელ ბეოტიაში (რომელიც ადრე კადმეად იწოდებოდა), ილიონის აღებიდან სამოცი წლის შემდეგ გადასახლდნენ, ხოლო ტროას დაცემიდან ოთხმოცი წლის შემდეგ დორიელებმა ჰერაკლიდებთან ერთად დაიპყრეს პელოპონესი. მტკიცე მშვიდობა თანდათანობით დამყარდა, შეწყდა ხალხთა იძულებითი გადაადგილება და ელინებმა უცხო ქვეყნების კოლონიზაცია დაიწყეს. ათენელები იონიაში და მრავალ კუნძულზე დასახლდნენ, ხოლო პელოპონესელები ძირითადად იტალიასა და სიცილიაში, ასევე დანარჩენი ელადის ზოგ მხარეში დამკვიდრდნენ. ეს დასახლებები უკვე ტროას ომის შემდეგ გაჩნდა.

ელადა სულ უფრო ძლიერდებოდა და მდიდრდებოდა. მდიდარი ქალაქების უმრავლესობა ტირანთა ხელში აღმოჩნდა. ადრე აქ მემკვიდრეობითი სამეფო ხელისუფლება იყო გარკვეული საპატიო უფლებებითა და პრივილეგიებით. ელინებმა დაიწყეს ხომალდების აგება და ზღვაოსნობა. გადმოცემით, პირველებმა კორინთელებმა ააგეს თანამედროვეს მსგავსი მეთოდით ხომალდები, მათვე შექმნეს პირველი ტრიერები. კორინთელმა გემთმშენებელმა ამინოკლესმა, რომელიც სამოსზე ამ ომის დასრულებამდე ჩავიდა, იქაც ააგო ოთხი ხომალდი. პირველი საზღვაო ბრძოლა, რამდენადაც ვიცი, მოხდა კორინთელებსა და კერკირელებს შორის ორას სამოცი წლის წინ. კორინთელები ხომ უძველესი დროიდან სახლობდნენ ისთმოსის ყელზე, იქ სავაჭრო ნავსადგურს ფლობდნენ. რადგან ადრე პელოპონესში და მის გარეთ მცხოვრები ელინები კორინთელთა ქვეყნის გავლით ეწეოდნენ სახმელეთო ვაჭრობას, კორინთოსი ძალიან გამდიდრდა, როგორც ამას პოეტები გვამცნობენ. ზღვაოსნობისა და საზღვაო ვაჭრობის გამოცოცხლებასთან ერთად კორინთელები შეუდგნენ მეკობრეობასთან ბრძოლას. სავაჭრო ნავსადგურის მოწყობის შემდეგ კორინთელთა ქვეყანა კიდევ უფრო გამდიდრდა ზღვიდან და ხმელეთიდან მომდინარე შემოსავლებით. იონიელებს ფლოტი ბევრად უფრო გვიან გაუჩნდათ, უკვე კიროსის, პირველი სპარსელი მეფის და მისი ვაჟის, კამბისესის დროს. ამ ფლოტით იონიელები კიროსთან ომში ერთხანს ინარჩუნებდნენ უპირატესობას ზღვაზე, საკუთარ ნაპირებთან. სამოსის ტირანს –პოლიკრატესაც ჰყავდა ძლიერი ფლოტი კამბისესის დროს. სხვა კუნძულებს შორის მან დაიმორჩილა რენიაც, და იგი დელოსელ აპოლონს უძღვნა. და ბოლოს, ფოკეელები, რომლებმაც დააარსეს მასალია, ამარცხებდნენ კართაგენელებს საზღვაო ბრძოლებში.

ეს იყო ყველაზე ძლიერი საზღვაო ქვეყნები. მართალია, ტროას ომის შემდეგ მრავალი თაობა შეიცვალა, მაგრამ ყველა ამ ქვეყანას, სავარაუდოდ, ცოტა ტრიერი ჰყავდათ და ისინიც პენტეკონტორებითა და ტროის ომისდროინდელის მსგავსი გრძელი სამხედრო ხომალდებით დაცურავდნენ. მხოლოდ მიდიურ ომებამდე და დარიოსის გარდაცვალებამდე (რომელიც სპარსელთა მეფე გახდა კამბისესის შემდეგ) ცოტა ხნით ადრე გაუჩნდათ სიცილიელ ტირანებსა და კერკირელებს მრავალი ტრიერი. ესენი ხომ უძლიერესი საზღვაო ქვეყნები იყვნენ ქსერქსეს ლაშქრობამდე. ეგინელები, ათენელები და, შესაძლოა, ზოგი სხვაც მაშინ მხოლოდ მცირე ხომალდებს, ძირითადად, პენტეკონტორებს ფლობდნენ. მხოლოდ მოგვიანებით, ეგინელებთან ომის დროს, როდესაც უკვე ბარბაროსთა თავდასხმას ელოდნენ, თემისტოკლესმა დაარწმუნა ათენელები, შეექმნათ სახელოვანი ფლოტი, რომლითაც ისინი ბარბაროსებს შეებნენ. თუმცა, არც ამ ხომალდებს ჰქონდა ზედა გემბანი.

ასეთი მოკრძალებული იყო ელინთა საზღვაო ძალები ძველ დროშიც და შემდგომშიც. და მაინც, ის ქვეყნები, რომლებიც ბეჯითად მისდევდნენ ზღვაოსნობას, აღწევდნენ მეტ ძლიერებას, მდიდრდებოდნენ და იმორჩილებდნენ სხვა ქვეყნებს. თავისი ხომალდებით ისინი თავს ესხმოდნენ და იპყრობდნენ კუნძულებს. მაგრამ ხმელეთზე საქმე არ მიდიოდა ისეთ ომამდე, რომელიც დიდი სამხედრო ძალის გაჩენას გამოიწვევდა. ყველა ომი მეზობლებს შორის ხდებოდა, შორეულ დაპყრობით ლაშქრობებს ელინები არ აწყობდნენ. ძლიერ ქვეყნებს მაშინ ჯერ კიდევ არ ჰყავდათ დამოკიდებული მოკავშირეები, ხოლო სუსტებს არ სურდათ საერთო ლაშქრობებში მონაწილეობა. ელინური ქვეყნები ძველ დროში მხოლოდ ერთხელ, ქალკიდელთა და ერეტრიელთა ომში ჩაებნენ ერთის ან მეორის მხარეზე.

ცალკეული ქვეყნის განვითარებას სხვადასხვა გარემოება აფერხებდა. იონიელების მომძლავრებისთანავე მათზე გაილაშქრა კიროსმა. კროისოსის სამეფოს დამარცხების შემდეგ მან დაიმორჩილა მთელი ხმელეთი მდინარე ჰალისიდან ზღვამდე და თავისუფლება წაართვა ქალაქებს მატერიკზე. მოგვიანებით დარიოსმა ფინიკიელთა ფლოტის დახმარებით კუნძულებიც დაიპყრო.

ყველა ტირანი ელინურ ქვეყნებში მხოლოდ პირადი ინტერესების შესაბამისად მოქმედებდა. მათი პოლიტიკა არსებითად საკუთართავზე, სახლზე და მისი მდგომარეობის განმტკიცებაზე ზრუნვაგახლდათ, მათ მეზობლებთან ომის გარდა არაფერი მნიშვნელოვანი არ გაუკეთებიათ. მხოლოდ სიცილიის ტირანებმა მიაღწიეს დიდ წარმატებებს. ამდენად, ელადის განვითარებას დიდი ხნის განმავლობაში სხვადასხვა რამ აფერხებდა. ამიტომ საერთო დიდი საქმეების კეთება ვერ ხერხდებოდა, ცალკეული ქვეყანა კი ფხას ვერ იჩენდა.

ათენისა და დანარჩენი ელადის ტირანები (ელადას დიდხანს ტირანები მართავდნენ), სიცილიელი ტირანების გარდა, ლაკედემონელებმა განდევნეს. რამდენადაც ვიცი, ლაკედემონი იქ დორიელების დასახლების შემდეგ, სხვა ქვეყნებზე მეტად დაზარალდა შინაომებისგან. მაგრამ ქვეყანა კარგი კანონებით იმართებოდა და მას არასოდეს დაპატრონებია ტირანი. დაახლოებით ოთხასი წელი ან მეტი იცხოვრეს ლაკედემონელებმა ერთი სახელმწიფო წყობის პირობებში. ამიტომ მათ დიდ ძლიერებას მიაღწიეს და შეეცადნენ, სხვა ქვეყნებშიც დაემყარებინათ მსგავსი კანონები. ელადიდან ტირანების განდევნიდან რამდენიმე წლის შემდეგ მარათონთან მოხდა ბრძოლა მიდიელებსა და ათენელებს შორის. ხოლო ამ ბრძოლიდან მეათე წელს ბარბაროსი კვლავ დაიძრა დიდი ლაშქრით ელადის დასამონებლად. ელადას უდიდესი საფრთხე დაემუქრა და ლაკედემონელები, როგორც ყველაზე ძლევამოსილები, სათავეში ჩაუდგნენ ელინთა გაერთიანებულ ლაშქარს, ათენელებმა კი მიდიელთა შემოსევისას საკუთარი ქალაქი მიატოვეს, მთელი ქონება გემებზე აიტანეს და ზღვაოსნები გახდნენ. საერთო ძალებით ბარბაროსის განდევნის შემდეგ მეფისაგან განთავისუფლებული ელინებიდან დამათი მოკავშირეებიდან ზოგი ათენელებს მიემხრო, ზოგი – ლაკედემონელებს. ეს ორი ქვეყანა მაშინ ყველაზე ძლიერი იყო, ერთი ხმელეთზე, მეორე – ზღვაზე. მაგრამ ეს სამხედრო კავშირი ხანგრძლივი არ აღმოჩნდა. ლაკედემონელები და ათენელები მტრობამ დააშორა, ისინი მოკავშირეებთან ერთად ებრძოდნენ ერთმანეთს. ელინური ქვეყნებიც, ყოველთვის, როცა მათ შორის შუღლი იფეთქებდა, ანათენს უერთდებოდნენ, ან ლაკედემონს. ამიტომ მიდიური ომების დამთავრებიდან ამ ომამდე ისინი ხან ზავს დებდნენ, ხანაც ეომებოდნენ ერთმანეთს ან ყოფილ მოკავშირეებს, ხვეწდნენ სამხედრო ოსტატობას, იძენდნენ გამოცდილებას, ეჩვეოდნენ ხიფათს.

ლაკედემონელები არ სთხოვდნენ თავის მოკავშირეებს ხარკს, მაგრამ ცდილობდნენ ლაკედემონელების მოსაწონი ოლიგარქიული მმართველობა დაემყარებინათ. ათენელებმა კი დროთა განმავლობაში მოკავშირეებს (ქიოსელებისა და ლესბოსელების გარდა) ხომალდების გაყვანა და ფულადი გადასახადი დაუწესეს. ამიტომმათი საბრძოლო ძალა ომის წინ კიდევ უფრო გაიზარდა.

აი, სადამდე მივედი ელადის ძველი მდგომარეობის გამოკვლევისას, თუმცა ძნელია ბოლომდე ენდო ნებისმიერ ცნობას. ადამიანებს ხომ სჩვევიათ, შემოწმების გარეშე ირწმუნონ უფროსი თაობისგან მოსმენილი ამბები წარსულზე, თუნდაც ეს მათ სამშობლოს ეხებოდეს. ელინებს ხშირად არასწორი წარმოდგენა აქვთ ისეთ წეს-ჩვეულებებზეც კი, რომლებმაც დროს გაუძლო და დღემდე შემორჩა. ადამიანთა უმრავლესობა თავს არ იწუხებს ჭეშმარიტების ძიებით და თანახმაა მზა აზრები მიიღოს.

რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ისტორიული კვლევა, დიდად არ შეცდება ის, ვინც ჩათვლის, რომ მოვლენები ძველად დაახლოებით ისე ვითარდებოდა, როგორც მე აღვწერე. ვინც არ დაუჯერებს პოეტებს, რომლებიც ალამაზებენ, აზვიადებენ და უმღერიან მოვლენებს, ვინც არ დაუჯერებს არც ლოგოგრაფოსების უფრო ლამაზ, ვიდრე მართალ ისტორიებს. ზემოთ მოყვანილი აშკარა მტკიცებულებების საფუძველზე, ის შეიძლება დარწმუნდეს, რომესოდენ ძველი ამბების კვლევის შედეგი საკმაოდ სანდოა. მართალია, ადამიანები, ჩვეულებრივ, მიმდინარე ომს აღიქვამენ უმნიშვნელოვანესად, მაგრამ მისი დამთავრების შემდეგ მათ უფრო ძველი ომები აოცებთ. ახლანდელი ომი კი დაუმტკიცებს ხალხს, რომ ის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ადრეული ომები.

რაც შეეხება როგორც ომამდე, ისე მისი მსვლელობისას წარმოთქმულ სიტყვებს, მათი ზუსტად დამახსოვრება და გადმოცემა შეუძლებელია – ჩემ მიერ მოსმენილისაც და სხვისი მონაყოლისაც. ჩემს ისტორიაში ორატორებს ის ვათქმევინე, რაც, ჩემი აზრით, შეეფერებოდა სიტუაციას. ამასთან, მე შეძლებისდაგვარად მივდევ გამოსვლის ნამდვილ დედააზრს. ომის მსვლელობის გადმოცემისას მე არ მომაქვს პირველი შემხვედრის მონაყოლი ან პირადი მოსაზრებები, არამედ ვცდილობ აღვწერო, ერთი მხრივ, მხოლოდ ის მოვლენები, რომელთა თვითმხილველიც ვიყავი და, მეორე მხრივ, დეტალურად გავარჩიო სხვათა ცნობები. მათი საფუძვლიანი შემოწმება არ იყო იოლი საქმე, რადგანაც მოწმეების შეფასებები დამოკიდებული იყომათ პოლიტიკურ სიმპათიებსა და მახსოვრობაზე. ზღაპრულ ამბებს მოკლებული ჩემი თხრობა შეიძლება არ მოგეჩვენოთ მიმზიდველად, მაგრამ თუ ვინმე მოინდომებს შეისწავლოს ძველ მოვლენათა სანდოობა და მომავალში მოხდენის შესაძლებლობა – ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, მოვლენები შეიძლება გამეორდეს ამა თუ იმ სახით – მე კმაყოფილი ვიქნები, თუ ის ჩემს შრომას სასარგებლოდ ჩათვლის. ჩემი ნაშრომი შექმნილია სამარადჟამოდ და არა მსმენელთა წუთიერი ტკბობისათვის.

ძველი მოვლენებიდან პელოპონესის ომამდე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მიდიური ომი, მაგრამ მისი ბედი სწრაფად გადაწყდა ორი საზღვაო და ორი სახმელეთო ბრძოლის შედეგად. ახლანდელი ომი კი დიდხანს გაგრძელდა და მისი მსვლელობისას ელადას არნახული უბედურება გადახდა. არასოდეს დაუპყრიათ და დაუნგრევიათ ამდენი ქალაქი, არასოდეს ყოფილა ამდენი ლტოლვილი და მოკლული (როგორც საბრძოლო მოქმედებების, ასევე შინააშლილობის შედეგად). რაც ადრე მხოლოდ გადმოცემით იყო ცნობილი, სინამდვილეში კი არ დასტურდებოდა, ახლა ჩვეულებრივ ამბად იქცა: საშინელმა მიწისძვრებმა გადაუარა ელადას, გახშირდა მზის დაბნელებები, დაიწყო გვალვა და შიმშილი. ათენის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ჭირმა იმსხვერპლა. ყველა ეს უბედურება ამ ომთან ერთად დაატყდა თავს ელადას. ათენელებისა და პელოპონესელების ომი ევბეის დაპყრობის შემდეგ დადებული ოცდაათწლიანი ზავის დარღვევით დაიწყო. პირველ რიგში განვიხილავ ზავის დარღვევის მიზეზებსა და მხარეთა ურთიერთბრალდებებს. ძირითადი, თუმცა ფარული მიზეზი, ჩემი ღრმა რწმენით, იყო ლაკედემონელთა შიში ათენის მზარდი ძლიერების გამო. ღიად კი ორივე მხარე ასახელებდა ზავის დარღვევისა და საომარ მოქმედებათა დაწყების შემდეგ მიზეზებს:

იონიის ყურის შესასვლელთან მდებარეობს ქალაქი ეპიდამნოსი. ის კერკირელებმა დააარსეს, ხოლო დამფუძნებელი, წესისამებრ, მეტროპოლიიდან, კორინთოსიდან მიიწვიეს. კოლონიის დასახლებაში კორინთელებთან ერთად სხვა დორიელებიც მონაწილეობდნენ. დროთა განმავლობაში ეპიდამნოსის მოსახლეობა გამრავლდა, ქვეყანა გაძლიერდა, თუმცა მოგვიანებით, შინაომებისა და ბარბაროს მეზობლებთან განცდილი მარცხის გამო ნაწილობრივ შესუსტდა. ამ ომამდე ცოტა ხნით ადრე ხალხმა განდევნა წარჩინებულ გვართა წარმომადგენლები. ისინი კი ბარბაროსებს დაუკავშირდნენ და ზღვასა თუ ხმელეთზე მოქალაქეთა ძარცვა დაიწყეს. მოქალაქეებმა საშველად კერკირას მიმართეს, მაგრამ უარი მიიღეს.

იმედგაცრუებულმა მოქალაქეებმა დელფოში გაგზავნეს ელჩები და ღმერთებს დაეკითხნენ, კორინთოსის, მეორე მეტროპოლიის მფარველობა ხომ არ ეთხოვათ, რაზეც თანხმობა მიიღეს. ასეც მოიქცნენ. კორინთელები დაეხმარნენ ეპიდამნოსს, რადგანაც ის მათ კოლონიადაც შეიძლებოდა ჩათვლილიყო. ამასთან, კორინთელებს კერკირელების მტრობაც ამოძრავებდათ. ეს უკანასკნელი ხომ მეტროპოლიის მიმართ ჯეროვან მოწიწებას არ იჩენდა. კორინთელებს კერკირელთა სახალხო დღესასწაულებსა და რიტუალებში არ უთმობდნენ საპატიო ადგილს, როგორც ეს სხვა კოლონიებს ჰქონდათ წესად, და, საერთოდ, მათ ზემოდან უყურებდნენ, რადგანაც იმ დროისათვის კერკირა უმდიდრეს ელინურ ქვეყანათა რიცხვში შედიოდა და ომისთვისაც სხვებზე მეტად იყო მზად. კერკირელები ამაყობდნენ საკუთარი ძლიერი ფლოტით, რომლის შექმნასაც ისინი მათ კუნძულზე ოდესღაც მცხოვრებ სახელოვან ზღვაოსნებს, ფეაკებს უკავშირებდნენ და რომელიც ომის დასაწყისში ას ოც ტრიერს შეადგენდა.

კერკირელებზე ნაწყენმა კორინთელებმა სიამოვნებით გაუწოდეს დახმარების ხელი ეპიდამნოსს. მათ იქ გადასახლების ნება დართეს ნებისმიერ მსურველს და გააგზავნეს გარნიზონი. ზღვაზე კერკირელთა თავდასხმის შიშით ისინი ხმელეთით გაემართნენ. ეპიდამნოსში კოლონისტებისა და გარნიზონის ჩასვლასა და კოლონიის კორინთოსის მფარველობის ქვეშ გადასვლას კერკირაზე მტრულად შეხვდნენ. მათ მაშინვე გაგზავნეს ეპიდამნოსში ოცდახუთი ხომალდი და შემდეგ კიდევ მეორე ესკადრა და მოითხოვეს როგორც დევნილთა დაბრუნება (ამ დროისათვის კერკირაზე ეპიდამნოსიდან დევნილმა არისტოკრატებმა მოიყარეს თავი, ისინი ითხოვდნენ წინაპართა საფლავებთან და ნათესავებთან დაბრუნებას), ასევე კოლონისტებისა და გარნიზონის გაწვევა. ეპიდამნოსი არ დაემორჩილა და კერკირელებმა ილირიელებთან ერთად ორმოცი ხომალდით გაილაშქრეს მასზე. თან დევნილები მიჰყავდათ, რათა ძალით დაებრუნებინათ ისინი სამშობლოში. კერკირელები ქალაქის მისადგომებთან დაბანაკდნენ და მაცნეს მეშვეობით განაცხადეს: „ნებისმიერ მოქალაქესა თუ უცხოელს დაუბრკოლებლად შეუძლია ქალაქის დატოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ როგორც მტრებს, ისე მოექცევიან“. ეპიდამნოსი კვლავ არ დაემორჩილა მათ და დაიწყო ქალაქის ალყაში მოქცევა.

შიკრიკმა ეს ამბავი კორინთელებს მიუტანა და მათაც მაშინვე სალაშქროდ დაიწყეს მზადება, თანაც ყველა მსურველს ეპატიჟებოდნენ ეპიდამნოსში, რათა ახალი კოლონიის თანასწორუფლებიანი თანადამაარსებლები გამხდარიყვნენ. თუ მსურველი არ იყო სალაშქროდ მზად, შეეძლო ორმოცდაათი კორინთული დრაქმა შეეტანა ხაზინაში. წამსვლელიც ბევრი აღმოჩნდა და ფულის შემტანიც. კორინთელებმა დახმარებისთვის მოკავშირეებს მიმართეს, ზოგმა ხომალდები გამოგზავნა, ზოგმაც ფული. თვით კორინთოსმა ოცდაათი ხომალდი და სამი ათასი ჰოპლიტი აღჭურვა.

როდესაც კერკირელებმა ამ სამზადისის შესახებ შეიტყვეს, ჩამოვიდნენ კორინთოსში ლაკედემონელ და სიკიონელ ელჩებთან ერთად და კიდევ ერთხელ მოითხოვეს გარნიზონისა და კოლონისტების ეპიდამნოსიდან გაწვევა. პასუხად კი მიიღეს: თუ კორინთოსს რამე პრეტენზია აქვს ამ ქალაქზე, მაშინ კერკირელები საქმის განხილვას სასამართლოში სთავაზობენ. შეარჩიონ პელოპონესში ქვეყნები, რომლებიც ორივე მხარისათვის მისაღები იქნება და მათ გადაწყვიტონ, ვინ ფლობდეს ეპიდამნოსს. კერკირელები, ასევე, თანახმა იყვნენ დელფოს სამისნოსათვის ეთხოვათ მათი განსჯა. ომის დაწყება მათ არ სურთ, მაგრამ თუ კორინთოსი ძალას გამოიყენებს, ისინიც იძულებული იქნებიან, სხვა მეგობრები ეძებონ. კორინთელებმა უპასუხეს: თუ კერკირელები თავიანთ ხომალდებსა და ბარბაროსებს მოაცილებენ ეპიდამნოსიდან, ისინი მზად არიანგანიხილონ ეს დავა, მაგრამ სანამ ეპიდამნოსი ალყაშია, მათ კერკირელებთან სალაპარაკო არაფერი აქვთ. კერკირელებმა მიუგეს: ისინი გაიყვანენ ჯარს, თუ კორინთელებიც იმასვე იზამენ. ისინი ასევე თანახმანი იყვნენ დროებით დაზავებაზე, სანამ მომრიგებელი სასამართლო საქმეს გადაწყვეტდა.

მაგრამ კორინთელებს არაფრის გაგონება არ სურდათ. მათ ომი გამოუცხადეს კერკირელებს და ეპიდამნოსში გაგზავნეს სამოცდათხუთმეტი ხომალდი ორი ათასი ჰოპლიტით. აქტიოსთან, ამპრაკიის ყურის შესასვლელთან, სადაც აპოლონის ცნობილი სამლოცველოა, კერკირელებმა მათ მაცნე მიუგზავნეს და შეჩერება უბრძანეს, ხოლო საკუთარი ხომალდები საბრძოლველად მოამზადეს. მაცნე უარით დაბრუნდა, კერკირელები კი დასხდნენ გემებზე (სულ ოთხმოცი გემი იყო, რადგან ორმოცი ეპიდამნოსის ალყით იყო დაკავებული) და მტერს შეებნენ. მათ კორინთელთა თხუთმეტი ხომალდი გაანადგურეს და გადამწყვეტ გამარჯვებას მიაღწიეს. ისე მოხდა, რომ იმავე დღეს ეპიდამნოსიც დანებდა მოალყეებს იმ პირობით, რომ უცხოელებს მონებად გაჰყიდდნენ, ხოლო დატყვევებული კორინთელები მათი ბედის საბოლოო გადაწყვეტას დაელოდებოდნენ.

საზღვაო ბრძოლის მოგების შემდეგ კერკირელებმა ლევკიმეს კონცხზე გამარჯვების ნიშანი აღმართეს, ტყვეები დახოცეს, კორინთელებს კი ბორკილები დაადეს. მას მერე, რაც კორინთელები და მათი მოკავშირეები შინ დაბრუნდნენ, კერკირელები დაეპატრონენ ზღვას. ისინი თავს ესხმოდნენ და დიდ ზიანს აყენებდნენ კორინთელთა კოლონიებსა და მოკავშირეებს. შემდეგ ზაფხულს კორინთელებმა ესკადრა და ლაშქარი გაგზავნეს ლევკადისა და სხვა მოკავშირეების დასაცავად. ისინი აქტიოსთან, ქიმერიასა და თესპროტიასთან გამაგრდნენ. კერკირელებიც დაბანაკდნენ ლევკიმეს პირდაპირ, მაგრამ თავდასხმა ვერც ერთმა მხარემ ვერ გაბედა. ორივე ესკადრა მთელი ზაფხული იდგა ერთმანეთის პირისპირ და ზამთრის დასაწყისში უკან გაბრუნდა.

საზღვაო ბრძოლის შემდეგ კორინთელები ორ წელს ემზადებოდნენ კერკირელებთან ომისათვის. ისინი აგებდნენ ხომალდებს და ქირაობდნენ მეზღვაურებს პელოპონესსა და დანარჩენ ელადაში. კერკირელები შეაშფოთა მათმა სამზადისმა. ისინი ამიტომ არ იყვნენ არც ერთი კავშირის წევრი და მათ გადაწყვიტეს, დახმარებისთვის ათენელებისათვის მიემართათ. ეს რომ კორინთელებმა გაიგეს, მათაც გაგზავნეს ელჩები ათენში, რადგანაც ათენისა და კერკირის გაერთიანებულ საზღვაო ძალებთან გამარჯვების იმედი მათ ვერ ექნებოდათ. ამ მიზეზით ათენში მოწვეულ სახალხო კრებაზე ორივე მხარე გამოვიდა სიტყვით. კერკირელებმა თქვეს:

„ათენელებო, სამართლიანი იქნება, ვინც სხვას დახმარებას სთხოვს (თუ მას ძველი დამსახურებების გამო, არაფერი ეკუთვნის), დაამტკიცოს, რომ მისი თხოვნის შესრულება სასიკეთო იქნება იმისთვისაც, ვისაც მიმართავენ, ან არაფერს ავნებს მაინც მას და დახმარებას მადლიერებით მიიღებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში მთხოვნელს არ უნდა ეწყინოს, თუ უარით გაისტუმრებენ. ამჟამად კერკირელებმა გამოგვგზავნეს კავშირის თხოვნითა და მტკიცე გარანტიით, რომ ჩვენც ვალში არ დავრჩებით. სამწუხაროდ, თქვენს მიმართ ჩვენი ძველი ნეიტრალიტეტის პოლიტიკა გაბრკოლებთ, რომ დაგვეხმაროთ, ჩვენთვის კი სახიფათო გახდა. ადრე ჩვენ არც ერთ კავშირში არ შევსულვართ, ახლა კი თვითონ მოვედით ამის სათხოვნელად, რადგან არ გვყავს მოკავშირეები კორინთელებთან მოსალოდნელ ომში. რაც ადრე გონივრულ სიფრთხილედ მიგვაჩნდა – არ გვეომა სხვისი ნებით უცხო ქვეყანასთან კავშირით შეკრულებს – უგუნურება და ჩვენი სისუსტის წყარო აღმოჩნდა. მართალია, უკანასკნელ საზღვაო ბრძოლაში ჩვენ საკუთარი ძალებით დავამარცხეთ კორინთელები, მაგრამ ახლა, როდესაც ისინი მთელს ელადაში აგროვებენ მოკავშირეებს, ჩვენ ვეღარ გავუმკლავდებით მათ, დამარცხების შემთხვევაში კი მათი ქვეშევრდომობა გველის. ამიტომ ჩვენ უნდა გთხოვოთ დახმარება თქვენ ან სხვა რომელიმე ქვეყანას. ჩვენ ვიმსახურებთ გულისხმიერებას, რადგანაც ჩვენი ადრინდელი ნეიტრალიტეტი არა ბოროტ განზრახვას, არამედ არასწორ გათვლას ემყარებოდა, ახლა კი მზად ვართ უარი ვთქვათ უმოქმედობაზე.

თუ ჩვენს თხოვნას შეისმენთ, პირველ ყოვლისა, დაეხმარებით უსამართლოდ დაჩაგრულს; თუ მძიმე განსაცდელში ხელს გამოგვიწვდით, მუდამ თქვენი მადლობელები ვიქნებით. და ბოლოს, თქვენს შემდეგ უძლიერესი ფლოტი ჩვენ გვყავს. დაფიქრდით, რა კარგი შესაძლებლობაა თქვენთვის და რა დარტყმაა თქვენი მტრებისათვის, რომ ქვეყანა, რომელსაც ისინი სიამოვნებით მიიმხრობდნენ ნებისმიერ ფასად, თავისი ნებით მოდის თქვენთან. ამასთან, ის გადმოდის თქვენს განკარგულებაში ისე, რომ არ გაგდებთ ხიფათსა თუ ხარჯში, თქვენ იძენთ დიდსულოვანის სახელს და ამრავლებთ თქვენს სამხედრო ძალას. იშვიათია, ასე გაუმართლოს ვინმეს, როგორც თქვენ, და იშვიათია, მთხოვნელს შეეძლოს სიკეთის ისე გადახდა, როგორც ჩვენ. რაც შეეხება ომს, ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ მისი თავიდან აცილება მოხერხდება. ლაკედემონელები თქვენი შიშით აპირებენ ომს, კორინთელები კი ოცნებობენ, ჩვენ დაგვამარცხონ, რათა შემდეგ თქვენ დაგესხან თავს. კორინთელებს ეშინიათ, რომ ჩვენ არ გავერთიანდეთ. ჩვენი ამოცანაა, დავასწროთ მათ. ჩვენ კავშირს გთავაზობთ – ჯობს, ჩავუშალოთ ზრახვები, ვიდრე შემდეგ ვეძებოთ გამოსავალი.

თუ კორინთელები იტყვიან, რომ ჩვენ მათი კოლონისტები ვართ და თქვენ არ გაქვთ ჩვენი მიღების უფლება, დაე იცოდნენ, რომ კოლონია მანამ აღიარებს მეტროპოლიას, სანამ ეს უკანასკნელი მას კეთილად ეპყრობა. კოლონისტები უცხო მიწაზე სამშობლოში დარჩენილთა მონობას კი არ ეძებენ, არამედ მათთან თანასწორობას. კორინთელთა უსამართლობა აშკარაა: ჩვენ შევთავაზეთ ეპიდამნოსის საკითხის სამედიატორო სასამართლოზე განხილვა, მათ კი ძალა ამჯობინეს.

თქვენ არც კი დაარღვევთ ლაკედემონელებთან შეთანხმებას, თუ მფარველობას გაგვიწევთ, რადგანაც ჩვენ არც ერთი კავშირის წევრები არ ვართ. ხელშეკრულების თანახმად ნეიტრალურ ელინურ ქვეყანას ხომ შეუძლია შეუერთდეს რომელიმე კავშირს. დაუშვებელია, კორინთელებმა მეზღვაურები გამოიყვანონ არა მარტო მათიმოკავშირეების რიგებიდან, არამედ მთელი ელადიდან, მათ შორის თქვენი სამფლობელოებიდანაც, ჩვენ აგვიკრძალონ მოკავშირის ძებნა, თქვენ კი – ჩვენი თანადგომა. ცუდი იქნება, თუ ვერ დაგარწმუნებთ, ხელს გვკრავთ და თქვენს მეტოქე კორინთელებს საშუალებას მისცემთ, ჩვენს ხარჯზე გაძლიერდნენ. ეს უსამართლობა იქნება. თქვენ ან უნდა აუკრძალოთ მათ თქვენს მიწებზე მოქირავნეთა შეკრება, ან ჩვენც დაგვეხმაროთ. ყველაფერს აჯობებს, კავშირში მიგვიღოთ და ფლოტი მოგვაშველოთ. ჩვენი კავშირი თქვენთვისაც სასარგებლოა: საერთო მტრები გვყავს, რაც კავშირის სიმტკიცის საწინდარია. საზღვაო კავშირს ვკრავთ, რაც თქვენთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია. თქვენ არ უნდა დაუშვათ, რომ სხვასაც ჰყავდეს ძლიერი ფლოტი, და თუ ასეთი მაინც არსებობს, ჯობია თქვენი მოკავშირე იყოს.

ზოგი თქვენგანი ამ წინადადებას სარფიანად ჩათვლის, მაგრამ ხელშეკრულების დარღვევას მაინც მოერიდება. თუმცა ეს დარღვევა, ჩვენი ძალით შემაგრებული, მხოლოდ შეაშინებს მტერს, ხოლო პირობის ერთგულება თქვენი სისუსტის ნიშნად აღიქმება. საქმე კერკირას აღარ ეხება, არამედ ათენს. ცუდ სამსახურს გაუწევს მას ის, ვინც გარდაუვალი ომის წინ უარს იტყვის ჩვენთან კავშირზე. კერკირას კარგი მდებარეობა აქვს იტალიისა და სიცილიის ნაპირების გასწვრივ ზღვაოსნობისთვის: მას შეუძლია არ გამოატაროს იქიდან პელოპონესელთა დასახმარებლად წამოსული ხომალდები, ჩვენ ძალებს კი იქით გზა გაუხსნას. მოკლედ, ბედის ანაბარა არ უნდა დაგვტოვოთ. დღეს ელადაში სამი ძლიერი ფლოტია: თქვენი, ჩვენი და კორინთელების. თუ კორინთელები დაგვამარცხებენ, თქვენ პელოპონესელთა და კერკირელთა ხომალდებთან მოგიწევთ ბრძოლა, ხოლო თუ კავშირში მიგვიღებთ, ზღვაზე თქვენი მძლეველი აღარავინ იქნება“.

კორინთელებმა კი ასე უპასუხეს:
„კერკირელებმა არა მარტო კავშირი შემოგვთავაზეს, არამედ ჩვენც დაგვადანაშაულეს ომის უსამართლოდ და უკანონოდ წარმართვაში. ამიტომ, სანამ საქმეზე გადავიდოდეთ, ამას უნდა ვუპასუხოთ. მაშინ თქვენ უკეთ გაიგებთ, ჩვენ რა გვინდა, და რომ მათუარი უნდა უთხრათ. ისინი არ კრავდნენ კავშირს ვინმესთან არა სიფრთხილის გამო, არამედ სწორედ ბოროტი განზრახვით. უკეთურ საქმეში მათ არც მოკავშირე სჭირდებოდათ და არც მოწმე. თვითონ იშვიათად სტუმრობენ უცხო ნავსადგურებს, მაგრამ ბევრი ხომალდი მიადგება მათ კუნძულს ავდრის შიშით. ნეიტრალიტეტი მათ იმისთვის კი არ უნდათ, რომ სხვის დანაშაულში არ გაერიონ, არამედ იმისთვის, რომ თავისუფლად იყაჩაღონ. თუ შემთხვევა მიეცათ, ძალასაც იყენებენ და სხვის ქონებასაც ითვისებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კოლონისტები არიან, დიდი ხანია, რაც ჩამოგვშორდნენ და ახლა გვებრძვიან კიდეც. თავს იმით იმართლებენ, რომ ჩვენგან უსამართლობის ასატანად არ გადასახლებულან. ჩვენ კი ვამბობთ: იმისთვის კი არ დაგვიარსებია ახალშენი, რომ მათი ელჩებისგან შეურაცხყოფა ვისმინოთ, არამედ იმისთვის, რომ მათ სათავეში ვიდგეთ და ისინი ჯეროვან პატივს მოგვაგებდნენ. სხვა კოლონიებისათვის თუ კარგები ვართ, არც კერკირელებს უნდა ჰქონდეთ უკმაყოფილების საფუძველი. მათი გამომწვევი უპატივცემულობა რომ არა, ჩვენ საკუთარ კოლონიასთან არ ვიომებდით. დამნაშავეც რომ ვიყოთ, მათ მაინც მართებდათ ჩვენთვის ანგარიშის გაწევა და ჩვენც მოგვერიდებოდა ძალის გამოყენება მათი თავმდაბლობის შემხედვარეს. ახლა კი ისე გათავხედდნენ, რომ დაიპყრეს ჩვენი ეპიდამნოსი, რომელიც გასაჭირის ჟამს არც კი ახსოვდათ.

ისინი ამბობენ, რომ საქმის სასამართლოში განხილვა უნდოდათ, მაგრამ ასეთ წინადადებას მეტი ფასი ექნებოდა, თუ თანასწორ მდგომარეობაში ჩავდგებოდით. კერკირელებს კი სასამართლო მაშინ გაახსენდათ, როცა დარწმუნდნენ, რომ ჩვენ ეპიდამნოსის ალყას გულგრილად არ შევხედავდით. ახლა კი აქ მოვიდნენ და ცდილობენ, მათი დანაშაულის თანამონაწილედ გაქციონ. კავშირი მაშინ ეთხოვათ, სანამ არაფერი ემუქრებოდათ. მაშინ თქვენ მათგან არაფერი მიგიღიათ, განსაცდელში კი დახმარებას გთხოვენ. მართალია, უდანაშაულო ხართ, მაგრამ ხელს თუ გაუწვდით, ჩვენწინაშე მტყუანი აღმოჩნდებით.

ცხადია, ჩვენ გვაქვს უკმაყოფილების სრული საფუძველი და რომ კერკირელები მოძალადე და ანგარებიანი ხალხია. ახლა ვეცდებით დაგიმტკიცოთ, რატომ არ გაქვთ მათი წინადადების მიღების უფლება. ხელშეკრულების თანახმად, ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც არ შედის მოკავშირეთა სიაში, შეუძლია შეუერთდეს ნებისმიერ კავშირს. მაგრამ ეს გულისხმობს არა მათ, ვინც კავშირში სხვის საზიანოდ შედის, არამედ მხოლოდ მათ, ვინც მფარველობას ეძებს. თუ სახელმწიფო, ვისაც დახმარებას სთხოვენ, გონივრულად მოიქცევა, არ დაარღვევს მშვიდობას და არ იქნება ომში ჩათრეული. სწორედ ეს გელით, თუ არ დაგვიჯერებთ. მაშინ თქვენ იქცევით არა მხოლოდ მათ დამცველად, არამედ ხელშეკრულების დამრღვევად და ჩვენს მტრად. თუ მათ დაეხმარებით, ჩვენ თქვენთან ბრძოლა მოგვიწევს. სამართლიანი იქნება, ნეიტრალიტეტი დაიცვათ ან სულაც ჩვენ დაგვეხმაროთ. კორინთოსთან ზავი გაქვთ დადებული, კერკირასთან კი არასდროს არავითარი შეთანხმება არ გქონიათ. ნუ დაიცავთ სხვისგან განდგომილ ქვეყნებს. ჩვენ ხომ არ გამოვსულვართ თქვენ წინააღმდეგ, როდესაც სამოსი განგიდგათ და პელოპონესელთა აზრი გაიყო, დავხმარებოდით თუ არა მას. პირიქით, ჩვენ ღიად დავუჭირეთ მხარი იმას, რომ ყველა ქვეყანას ჰქონდეს საკუთარ მოკავშირეთა დასჯის უფლება. თუ ჩვენს მტერს დაიცავთ, საკუთარ მოკავშირეებს დაჰკარგავთ და ეს სიახლე თქვენ მეტად გავნებთ.

აი, ჩვენი სამართლიანი მოთხოვნები, რომელიც ელინთა წესებიდან გამომდინარეობს. შეგახსენებთ, რომ ჩვენი მადლიერება გმართებთ. მტრები არ ვართ, რომ ერთმანეთს ვავნოთ, მაგრამ არც ისეთი ახლობლები ვართ, რომ უსასყიდლოდ დავეხმაროთ ერთმანეთს. მიდიურ ომამდე თქვენ სამხედრო ხომალდები არ გყოფნიდათ ეგინასთან საბრძოლველად და კორინთელებისგან ოცი გემი მიიღეთ. ამან და სამოსელთა განდგომისას გაწეულმა სამსახურმა მოგცათ საშუალება, დაგემარცხებინათ ეგინა და დაგესაჯათ სამოსი. ეს მოხდა იმ პირობებში, როცა ადამიანებს მტერთან ბრძოლაში მხოლოდ გამარჯვება ადარდებთ. ნებისმიერ დამხმარეს მეგობრად მიიჩნევენ, ადრე რომც მტერი ყოფილიყო, და ნებისმიერ ხელისშემშლელს, თუნდაც ძველ მეგობარს – მტრად. წუთიერი ინტერესით შეპყრობილი ახლობლობას არას დაგიდევს.

დაფიქრდით და სიკეთე სიკეთითვე გადაგვიხადეთ. ნუ იფიქრებთ, რომ ჩვენს სიმართლეს ომის შემთხვევაში სხვა ხეირი გადასწონის. უზნეო გზა ყოველთვის მომგებიანი როდია. არავინ იცის, დაიწყება თუ არა კერკირელთა დანაპირები ომი. მისი შიშით დღესვე ნუ გაიმრავლებთ მტრებს. ჯობია გავფანტოთ მეგარის გამო გაჩენილი უნდობლობა. მცირედი სამსახურითაც შეიძლება ძველი ცოდვის გამოსყიდვა. ნუ მოგხიბლავთ კერკირელთა შემოთავაზებული ფლოტი, კეთილმეზობლობა ძალის ბევრად უფრო საიმედო წყაროა, ვიდრე ამ გზით მიღწეული ხიფათით აღსავსე დროებითი მონაპოვარი.

ყოველ ქვეყანას უფლება აქვს, მოჰკითხოს თავის მოკავშირეებს. ჩვენ ადრეც ამ აზრისა ვიყავით და თქვენგანაც ველით, რომ ხელს არ შეგვიშლით. ასეთი სამსახური უნდა გაგვიწიოთ. ახლა ვინც ჩვენს მხარეზეა, საუკეთესო მეგობარია, ვინც ჩვენს წინააღმდეგ გამოდის – დაუძინებელი მტერი. ნუ შეკრავთ კერკირელებთან კავშირს ჩვენ წინააღმდეგ, ეს სამართლიანიც იქნება და თქვენთვისვე სასარგებლოც“.

ათენელებმა მოუსმინეს ორივე მხარეს და სახალხო კრება ორჯერ მოიწვიეს. პირველ შეკრებაზე ისინი უფრო კორინთელთა მხარეს იხრებოდნენ, მეორე დღეს კი გადაიფიქრეს და გადაწყვიტეს კერკირასთან კავშირი, მაგრამ არა ისეთი, რომ საერთო მეგობრები და მტრები ჰყოლოდათ. კერკირელთა წინადადება, ერთად დასხმოდნენ თავს კორინთოსს, ათენისთვის პელოპონესელებთან დადებული ხელშეკრულების დარღვევას ნიშნავდა. ამიტომ შეთანხმდნენ თავდასხმის შემთხვევაში ურთიერთდახმარებაზე. ათენელები დარწმუნებულები იყვნენ, რომ პელოპონესელებთან ომი გარდაუვალი იყო და არ სურდათ კერკირა და მისი ძლიერი ფლოტი კორინთელებს ეგდოთ ხელთ. პირველ რიგში კი მათ სურდათ ისინი ერთმანეთისათვის დაეპირისპირებინათ და მომავალ ომში უკვე დასუსტებულ მეტოქესთან ჰქონოდათ საქმე. გარდა ამისა, აშკარა იყო კერკირის ხელსაყრელი მდებარეობა იტალიისა და სიცილიის გზაზე.

ასე აფასებდნენ ათენელები მდგომარეობას, როდესაც კერკირასთან კავშირი დადეს. მათ კერკირაზე გაგზავნეს ათი ხომალდი, რომლებიც არ უნდა შებრძოლებოდნენ კორინთელებს, სანამ ისინი კუნძულს თავს არ დაესხმოდნენ.

კორინთელებმა კი დაასრულეს სამზადისი და ას ორმოცდაათი ხომალდით დაიძრნენ კერკირის წინააღმდეგ. ესკადრა მიადგა ხმელეთს კერკირის პირდაპირ ქიმერიასთან თესპროტების მიწაზე. იქ ჩაუშვეს ღუზები და დაბანაკდნენ.

კორინთელთა მოახლოება რომ გაიგეს, კერკირელებმაც გამოიყვანეს ას ათი ხომალდი და სიბოტებად წოდებული კუნძულებიდან ერთ-ერთზე მოაწყვეს სადგომი. მათ ახლდათ ათენელთა ათი ხომალდიც. ლევკიმეს კონცხზე კერკირელთა ქვეითი ჯარი განლაგდა ძაკინთოსიდან დასახმარებლად მოსულ ათას ჰოპლიტთან ერთად. კორინთელებს ბარბაროსთაგან შემდგარი დიდი დამხმარე ლაშქარი ჰყავდათ, რადგანაც ადგილობრივი მოსახლეობა მათი ძველი მეგობარი იყო.

კორინთელები საკვების სამდღიანი მარაგით ღამით გავიდნენ ღია ზღვაში და გარიჟრაჟზე მათკენ მომავალი კერკირელთა ხომალდები დაინახეს. მოწინააღმდეგე მხარეები საბრძოლველად მოემზადნენ. კერკირელთა მარჯვენა ფლანგზე ატიკური ხომალდები იყო, ხოლო დანარჩენი ფრონტის ხაზი სამ ესკადრად დაყოფილ ხომალდებს ეჭირა. კორინთელებმა მარჯვენა ფლანგზე მეგარის და ამპრაკიის ხომალდები დააყენეს, ცენტრში – დანარჩენი მოკავშირეების, მარცხნივ კი (ათენელთა და კერკირელთა მარჯვენა ფლანგის პირისპირ) – თავისი საუკეთესო ძალები.

ბოლოს გაისმა ნიშანი. ესკადრები ერთმანეთს მიუახლოვდნენ და ბრძოლა დაიწყო. ხომალდები ძველებურად, არასრულყოფილად იყო აღჭურვილი. გემბანზე ორივე მხარეს ბევრი ჰოპლიტი, მოისარი და შუბის მტყორცნელი ჰყავდა. ფიცხელი ბრძოლა გაჩაღდა, მაგრამ არა მეტოქეთა ტაქტიკური ოსტატობის გამო – ეს უფრო სახმელეთო ბრძოლას ჰგავდა. სივიწროვესა და არეულობაში ხომალდები ერთმანეთს ეჯახებოდა და ძლივს შორდებოდა. მეტოქეებს ხელჩართულ ბრძოლაში ჰოპლიტების გამარჯვების იმედი ჰქონდათ, ხომალდები კი ერთ ადგილას იდგნენ. მოწინააღმდეგის წყობის გარღვევას არავინ ცდილობდა. უხეში ძალა და ბრძოლის ჟინი ცვლიდა საბრძოლო ხელოვნებას. საშინელი ხმაური და არეულობა სუფევდა. ათენელთა ხომალდები მხოლოდ მოწინააღმდეგის თავდასხმისას გამოჩნდებოდნენ ხოლმე კერკირელების მახლობლად, რათა მტერი შეეშინებინათ, მაგრამ ბრძოლაში არ ებმებოდნენ. განსაკუთრებით დაზარალდა კორინთელთა მარჯვენა ფლანგი. იქ კერკირელებმა ოცი ხომალდით უკუაქციეს მტერი და სდიეს მას ხმელეთამდე. შემდეგ მეტოქის ბანაკსაც მიაღწიეს, გაძარცვეს და გადაწვეს იგი. აქ კორინთელები და მათი მოკავშირეები დამარცხდნენ. მარცხენა ფლანგზე კი, სადაც მხოლოდ კორინთელები იდგნენ, მათ წარმატებას მიაღწიეს, რადგან ისედაც მცირერიცხოვან კერკირელებს მტერს დადევნებული ოცი ხომალდიც დააკლდათ. როდესაც ათენელებმა დაინახეს კერკირელთა განსაცდელი, უკვე აშკარად ჩაებნენ ბრძოლაში.

კერკირელების გაქცევის შემდეგ კორინთელებმა არ მიითვისეს მტრის დაზიანებული ხომალდები. ისინი დაცურავდნენ გარშემო და ხალხს ხოცავდნენ. თავისი მოკავშირეც ბევრი დახოცეს, რადგან არ იცოდნენ მარჯვენა ფლანგზე დამარცხების შესახებ. ზღვაზე იმდენი ხომალდი ცურავდა, რომ მხარეები ძნელი გასარჩევი იყო. ხომალდთა რაოდენობით ეს ყველაზე დიდი საზღვაო ბრძოლა იყო, რაც კი ელინთა შორის მომხდარა. კერკირელების განდევნის შემდეგ კორინთელები უკან გაბრუნდნენ, დაათვალიერეს საკუთარი ხომალდების ნაშთები, შეაგროვეს დაღუპულები და წაასვენეს სიბოტებზე, სადაც მათ ბარბაროსთა დამხმარე ჯარი ელოდა. შემდეგ შეკრიბეს ხომალდები და ისევ კერკირელთა წინააღმდეგ გაემართნენ. კერკირელებიც გადარჩენილი ძალებით მათ შესახვედრად გამოემართნენ. უკვე გვიან იყო და კერკირელებმა თავდასხმის ნიშნად პეანის სიმღერა წამოიწყეს. ამ დროს კორინთელებმა ათენელთა ოცი ხომალდი შენიშნეს და უკან გაბრუნდნენ (ეს ხომალდები ათენელებმა დამატებით გამოგზავნეს, რადგანაც იფიქრეს, რომ მხოლოდ ათი გემით კერკირას ვერ დაიცავდნენ).

კერკირელები კი ვერ ხვდებოდნენ, რა ხდებოდა, სანამ ვიღაცამ შორს აფრები არ დაინახა. თავიდან მტერი ეგონათ და შეეშინდათ, მაგრამ შემდეგ მიხვდნენ შეცდომას. ათენელთა ხომალდებმა გაცურეს გვამებსა და გემების ნამტვრევებს შორის და ლევკიმეს კონცხთან ჩაუშვეს ღუზა.

მეორე დღეს ოცდაათი ატიკური ხომალდი კერკირელთა გადარჩენილ გემებთან ერთად კორინთელთა წინააღმდეგ დაიძრა. კორინთელებიც მოეწყვნენ საბრძოლველად, მაგრამ შეტევას არ ჩქარობდნენ ათენელთა დამხმარე ძალებისა და საკუთარი შეჭირვებული მდგომარეობის გამო: მათ უნდა ედარაჯათ ტყვეებისათვის ხომალდებზე, დაზიანებული გემების შეკეთება უცხო მხარეში შეუძლებელი იყო. მათ უნდოდათ შინ მშვიდობით დაბრუნება. შიშობდნენ, ვაითუ გუშინდელი ბრძოლის შემდეგ ათენელებმა ზავი დარღვეულად ჩათვალონ და უკანა გზა მოგვიჭრანო.

კორინთელებმა ამბის გასაგებად ათენელებს რამდენიმე კაცი გაუგზავნეს მაცნის კვერთხის გარეშე. მათ თქვეს: „ათენელებო, უსამართლოდ იქცევით, როდესაც ზავს არღვევთ და ჩვენ გვეომებით. ჩვენ მტრების დასჯა გვინდა, თქვენ კი ხელს გვიშლით. თუ ნამდვილად გადაწყვეტილი გაქვთ ზავის დარღვევა და კერკირაზე ან სხვაგან ჩვენი გადაადგილების შეფერხება, ახლავე გააკეთეთ ეს და ამიერიდან მტრებად ჩაგვთვალეთ“. კერკირელებმა ხმაური ატეხეს და წარგზავნილთა დახოცვა ითხოვეს, მაგრამ ათენელებმა მოსულებს მიუგეს: „პელოპონესელებო, ჩვენ სულაც არ ვაპირებთ ომს და ზავის დარღვევას. ჩვენ მხოლოდ მოკავშირეებს ვიცავთ. სხვაგან წასვლას არ გიშლით, მაგრამ კერკირაზე თავდასხმას არ დავუშვებთ“.

ამ პასუხის შემდეგ კორინთელები შინ გასამგზავრებლად გაემზადნენ და ხმელეთზე სიბოტებთან გამარჯვების ნიშანი აღმართეს. კერკირელებმა კი შეაგროვეს ნაპირზე გამორიყული გვამები, ხომალდების ნამტვრევები და მათაც აღმართეს სიბოტებზე გამარჯვების ნიშანი. ორივე მხარე თავს გამარჯვებულად თვლიდა დაჰქონდა კიდეც საფუძველი: კორინთელებმა საზღვაო ბრძოლაში გაიმარჯვეს, დაღუპულები და საკუთარი დაზიანებული გემები გაიყვანეს, მოწინააღმდეგის ათასზე მეტი კაცი დაატყვევეს და სამოცდაათი ხომალდი გამოიყვანეს მწყობრიდან. კერკირელებმაც მტრის ოცდაათი გემი მოსპეს, ათენელთა გამოჩენის შემდეგ საკუთარ დაღუპულებს უპატრონეს და მტერმა ბრძოლის განახლება ვეღარ გაბედა.

კორინთელებმა კერკირელი ტყვეებიდან რვაასი მონა გაყიდეს, ხოლო ორას ორმოცდაათი წარჩინებული დაიტოვეს და მათ კარგად ექცეონენ, რათა მათი გული მოეგოთ. ასე ბედნიერად გადაურჩა კერკირა კორინთოსთან ომს და ათენელთა ხომალდებიც შინ მშვიდობით დაბრუნდნენ. მაგრამ ეს გახდა ათენელებთან კორინთელთა ომის პირველი მიზეზი.

ამის შემდეგ სხვა მიზეზიც გამოჩნდა ათენელების და პელოპონესელების ომისათვის. კორინთელები ეძებნენ ათენელებისათვის სამაგიეროს გადახდის საშუალებას და ეს არც იყო ათენელთათვის დაფარული. ამიტომ ათენელებმა პოტეიდაიას (კორინთელთა კოლონიას პალენის ყელზე და მათ მოკავშირე – მოხარკეს) მოსთხოვეს ქალაქის გალავანის მორღვევა სამხრეთის მხრიდან, მძევლების მიცემა და კორინთელ ეპიდემიურგთა გაძევება. ათენელები შიშობდნენ, რომ კორინთელებისა და პერდიკას მიერ წაქეზებული პოტეიდაია არ განდგომოდა მათ და არ აეყოლიებინა დანარჩენი თრაკიული ქალაქები.

ეს ზომები ათენელებმა კერკირასთან საზღვაო ბრძოლის დამთავრებისთანავე მიიღეს. კორინთელები მაშინ უკვე აშკარად მტრობდნენ ათენელებს, ხოლო მათი ძველი მეგობარი პერდიკა ალექსანდრეს ძე, მაკედონიის მეფე, განუდგა მათ მის მეტოქეებთან (მის ძმასთან, ფილიპესთან და დერდასთან) დადებული ხელშეკრულების გამო და ათენელთა წინააღმდეგ მოკავშირეთა ძიებას შეუდგა. ათენელებმა მაკედონიაში ოცდაათი ხომალდი და ათასი ჰოპლიტი გაგზავნეს და მათვე დაავალეს პოტეიდაიაში მძევლები აეყვანათ, გალავნის დანგრევა ეიძულებინათ და სხვა ქალაქებში აჯანყების შესაძლებლობა გამოერიცხათ.

პოტეიდაიელებმა ათენელებს ელჩები გაუგზავნეს და შეეცადნენ განზრახვაზე ხელი აეღებინებინათ. დასახმარებლად კორინთელებსა და ლაკედემონსაც მიმართეს. ათენში ელჩობას წარმატება არ მოჰყოლია და მაკედონიაში გაგზავნილი ხომალდების სამიზნედ პოტეიდაია იქცა, ხოლო ლაკედემონში მათ თანადგომა აღუთქვეს ათენელთა თავდასხმის შემთხვევაში. გამხნევებულმა პოტეიდაიელებმა გადაწყვიტეს ქალკიდეელებთან და ბოტიეებთან ერთად განდგომოდნენ ათენს. პერდიკამ დაარწმუნა ქალკიდეელები, დაენგრიათ საკუთარი ქალაქები სანაპიროზე და ქვეყნის სიღრმეში, ოლინსში გადასახლებულიყვნენ, ეს მხარე მიუდგომლად ექციათ. მეფემ საკუთარი მიწაც დაუთმო მათ, სანამ ათენელებთან იომებდნენ.

თრაკიის სანაპიროზე მისულ ათენელთა ხომალდებს პოტეიდაიადა სხვა ქალაქები უკვე განმდგარი დახვდათ. სარდლებმა ვერ გაბედეს მათ ხელთ არსებული ძალებით პერდიკასთან და ამბოხებულ ქალაქებთან ერთდროულად ბრძოლა და მაკედონიაზე გაილაშქრეს ფილიპესთან და დერდას ძმებთან ერთად.

პოტეიდაიას ბედით შეწუხებულმა კორინთელებმა მას დასახმარებლად მოხალისეთა და პელოპონესში შეკრებილ მოქირავნეთა რაზმი გაუგზავნეს, ათას ექვსასი ჰოპლიტი და ოთხასი მსუბუქად შეიარაღებული მებრძოლი. მათ არისტევსი სარდლობდა, პოტიდეელთა დიდი მეგობარი. სწორედ მისი ხათრით შეიკრიბნენ კორინთელი მოხალისეები. პოტეიდაიას განდგომიდან ორმოც დღეში ისინი თრაკიაზე გადავიდნენ.

როდესაც ათენელებმა ქალაქების განდგომისა და არისტევსის ლაშქრის ამბავი შეიტყვეს, ამბოხებულთა წინააღმდეგ ორი ათასი ჰოპლიტი გაგზავნეს ათენის მოქალაქეთა რიგებიდან და ორმოცი ხომალდი კალიასისა და კიდევ ოთხი სარდლის მეთაურობით. მაკედონიაში ჩასული ათენელები შეუერთდნენ პირველ რაზმს, რომელსაც თერმე უკვე აეღო და პიდნასთვის შემოერტყა ალყა. მაგრამ პოტეიდაიაში შექმნილმა მდგომარეობამ აიძულა ისინი, შეთანხმებოდნენ პერდიკას. ათენელებმა დატოვეს მაკედონია და ხმელეთით გაილაშქრეს პოტეიდაიაზე. მათი ლაშქარი შედგებოდა სამი ათასი ათენელი ჰოპლიტის, ბევრი მოკავშირისა და ექვსასი მაკედონელი მხედრისაგან, რომელთაც ფილიპე და პავსანიასი სარდლობდნენ, სანაპიროს კი სამოცდაათი ხომალდი მოუყვებოდა. მათ მესამე დღეს მიაღწიეს გიგონს და იქ დაბანაკდნენ.

პოტეიდაიელებმა და არისტევსის რაზმმა ქალაქთან მოაწყვეს ბანაკი ოლინსის მხრიდან. ქვეითთა მეთაურად არისტევსი აირჩიეს, მხედრების მეთაურად კი – პერდიკა, რომელმაც ამასობაში კვლავ უღალატა ათენელებს. არისტევსის გეგმა ამგვარი იყო: ის თავისი რაზმით მტერს ქალაქის მისადგომებთან ვიწრობში ელოდა, ქალკიდეელები და სხვა მოკავშირეები – ყელს გადაღმა, ხოლო პერდიკას ორი ათასი მხედარი ოლინსში რჩებოდა, რათა ათენელთა შეტევის შემთხვევაში მათ ზურგიდან დასხმოდა თავს. კალიასმა, ათენელთასარდალმა, ოლინსის წინააღმდეგ გაგზავნა მაკედონელი მხედრები, მოკავშირეთა მცირე რაზმი კი – ზურგის დასაცავად, ხოლო თვითონ ბანაკიდან პოტეიდაიასკენ დაიძრა. ყელს რომ მიადგნენ და მტერი დაინახეს, თვითონაც საბრძოლოდ დაეწყვნენ და ბრძოლაც გაჩაღდა. პელოპონესელთა რჩეულმა ნაწილებმა არისტევსის სარდლობით მტერი უკუაქციეს და დიდხანს სდიეს მას. პოტეიდაიელთა და პელოპონესელთა დანარჩენი ლაშქარი დამარცხდა და ქალაქის კედლებს შეეფარა.

არისტევსმა დაინახა, რაც მოხდა. ის ერთხანს ყოყმანობდა, საით წასულიყო – ოლინსში თუ პოტეიდაიაში. ბოლოს რაზმი მჭიდროდ დააწყო და სწრაფი სვლით პოტეიდაიასკენ გაეშურა. მან მოახერხა ქალაქამდე მისვლა, გაიარა ისრების წვიმაში და რაზმის დიდი ნაწილი გადაარჩინა. ოლინსიდან პოტეიდაიას დასახმარებლად წამოსულმა რაზმმა სულ ცოტა მანძილის გავლა მოასწრო ბრძოლის დაწყებამდე. მაკედონელი მხედრები საბრძოლველად მოეწყვნენ, რათა გზა გადაეღობათ მათთვის. ათენელთა გამარჯვება მალე ცხადი გახდა და ოლინთელები ქალაქში გაბრუნდნენ, მაკედონელები კი – ათენელთა ბანაკში. ამდენად, მხედრებს ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ათენელებმა გამარჯვების ნიშანი აღმართეს და დამარცხებულებს დაღუპულ მეომართა დაკრძალვის ნება მისცეს. პოტეიდაიელებმა და მათმა მოკავშირეებმა სამასი კაცი დაკარგეს, ათენელებმა – ას ორმოცდაათი მოქალაქე, მათ შორის, სარდალი კალიასი.

ბრძოლის შემდეგ ათენელებმა მაშინვე ააგეს მეორე კედელი ქალაქის გალავნის გასწვრივ ჩრდილოეთის მხრიდან და მას გუშაგი დაუყენეს, პალენის მხარე კი დაუცველი დარჩა. ათენელებს არ ჰყავდათ საკმარისი ძალა, რომ ყელიც დაეცვათ და პალენის მხრიდან კედელიც აეგოთ. ამიტომ ათენმა კიდევ ათას ექვსასი ჰოპლიტი გამოგზავნა ფორმიონის სარდლობით. ფორმიონი ნელა მიუახლოვდა პოტეიდაიას და პალენის მხრიდანაც შემოარტყა მას კედელი. ზღვიდან მისასვლელს კი ათენის ესკადრა კეტავდა.

ქალაქი ალყაში აღმოჩნდა. არისტევსს იმედი ეწურებოდა. მან შესთავაზა ყველას, ხუთასი კაცის გარდა, დაეტოვებინათ ქალაქი, რათა საკვების მარაგი მეტხანს ჰყოფნოდათ, თვითონ კი მის დასაცავად აპირებდა დარჩენას. პოტეიდაიელებმა არ მიიღეს ეს წინადადება. მაშინ ის თავად წავიდა დახმარების საძებნელად, გაეპარა ათენელ გუშაგებს, იბრძოდა ქალკიდიკეში, აწარმოებდა საიდუმლო მოლაპარაკებებს პელოპონესში.

ეს გახდა ათენელთა და პელოპონესელთა უთანხმოების მეორე საბაბი. კორინთელები ვერ პატიობდნენ ათენს პოტეიდაიას ალყას, ათენელები კი მათ საყვედურობდნენ, რომ პელოპონესელებმა მათი მოკავშირე აჯანყებაზე წააქეზეს და ღიადაც იბრძოდნენ პოტეიდაიელთა მხარეზე. მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო ნამდვილი ომი.

პოტეიდაიას ბლოკადა კორინთელებს მოსვენებას უკარგავდა. ისინი თავიანთ თანამემამულეთა ბედსაც განიცდიდნენ და ქალაქისასაც. ალყის დაწყების შემდეგ ლაკედემონში შეკრიბეს მოკავშირეები და ათენს ზავის დარღვევაში დასდეს ბრალი. ეგინელებმა ვერ გაბედეს კრებაზე ელჩების გაგზავნა, თუმცა ფარულად საომრად აქეზებდნენ სხვებს. ლაკედემონელებმაც მოიწვიეს მოკავშირეები და ათენის სხვა მომჩივანები სახალხო კრებაზე და ყველა მსურველს მისცეს გამოსვლის ნება. ისმოდა ბრალდებები. განსაკუთრებით მეგარელები ცხარობდნენ. მათი ძირითადი საჩივარი ის იყო, რომ, ხელშეკრულების მიუხედავად, ათენის კავშირის ნავსადგურებში და ატიკის ბაზარზე მათ არ უშვებდნენ. ბოლოს კორინთელები გამოვიდნენ:

„ლაკედემონელებო, ნდობა, რომელიც სუფევს თქვენს საზოგადოებრივ და კერძო ცხოვრებაში, გაიძულებთ ფრთხილად მოეკიდოთ ხალხს, ვინც სხვას უჩივის. სწორედ ამის გამო, თქვენი კეთილგონიერების მიუხედავად, საგარეო საქმეებში ყოველთვის ჯეროვან გამჭრიახობას ვერ იჩენთ. ხშირად გაფრთხილებდნენ, ათენელებს ჩვენ მიმართ ავი ზრახვები აქვთო, მაგრამ ყურად არ იღეთ, პირიქით, ეჭვი გქონდათ, რომ ჩვენ ამაზე პირადი ანგარიშების გამო ვსაუბრობდით. ეს შეკრებაც გარკვეულ მოვლენათა პასუხად მოვიწვიეთ და არა დროულად. ჩვენ გვმართებს გამოსვლა მოკავშირეთა წინაშე, რადგანაც გვაქვს მიზეზი, რათა ათენელთა თავხედობაზე და ჩვენდამი თქვენს მუდმივ უყურადღებობაზე ვისაუბროთ. ათენელები რომ ელადაში თავიანთ ბნელ საქმეებს ფარულად სჩადიოდნენ, ამისშესახებ უნდა გაგვეფრთხილებინეთ. ბევრი ლაპარაკი აღარ გვჭირდება ახლა, როდესაც ათენელებმა ელინთა ნაწილი დაიმორჩილეს, მეორე ნაწილს კი, სწორედ თქვენ მოკავშირეებს, ებრძვიან. ისინი ტყუილად არ დაიკავებდნენ კერკირას და ალყას არ შემოარტყამდნენ პოტეიდაიას. პოტეიდაია მთელ თრაკიულ სანაპიროზე ბატონობის საშუალებას იძლევა, კერკირა კი მნიშვნელოვან საზღვაო ძალას შესძენდა პელოპონესელებს.

დამნაშავე თქვენ ხართ, რადგან მიდიური ომის შემდეგ ნება დართეთ ათენელებს, ჯერ ქალაქის გამაგრების, შემდეგ კი გრძელი კედლების აგებისა. თქვენ თავისუფლებას ართმევთ როგორც მათ ქვეშევრდომებს, ისე თქვენს მოკავშირეებსაც. ხალხის ნამდვილი მჩაგვრელი დამპყრობელი კი არა, ისაა, ვისაც შეუძლია ბოლო მოუღოს მონობას, მაგრამ ამას არ აკეთებს, თუმცაღა ელადის გამათავისუფლებლის სახელს ესწრაფვის. როგორც იქნა, შევიკრიბეთ, მაგრამ რისთვის, გაურკვეველია. ჩვენ ის კი არ უნდა გვაინტერესებდეს, ვართ თუ არა ძალადობის მსხვერპლი, არამედ – როგორ დავიცვათ თავი მისგან. სანამ ჩვენ ვმერყეობთ, მტერი გეგმის შესაბამისად მოქმედებს და უყოყმანოდ გვესხმის თავს. ვიცნობთ ათენელებს: ისინი ნაბიჯ-ნაბიჯ ავიწროებენ მეზობლებს. სანამ ფიქრობენ, რომ თქვენ ვერ ამჩნევთ, ფრთხილობენ, მაგრამ თუ იფიქრეს, რომ თვალს ხუჭავთ, მთელი ძალით შეუტევენ. ლაკედემონელებო, ელინთაგან მხოლოდ თქვენ ხართ უმოქმედოდ, თავს იცავთ სი დინჯით და არა ძალით. მხოლოდ თქვენ ცდილობთ, მტერი ჩანასახშივე კი არ მოსპოთ, არამედ გაძლიერების შემდეგ. თქვენი მდგომარეობა საიმედო ჩანდა, მაგრამ რეალობა სხვა აღმოჩნდა. მიდიელი ქვეყნის კიდიდან უფრო მალე მოვიდა პელოპონესამდე, ვიდრე თქვენ საჭირო ძალას შეკრებდით. ახლა კი ათენელებს არ აქცევთ ყურადღებას, თუმცა, არც ისე შორს ცხოვრობენ. იმის მაგივრად, რომ თავს დაესხათ, მხოლოდ იგერიებთ მათ და შემთხვევის იმედად ხართ. ბარბაროსის დამარცხების მიზეზი, პირველ რიგში, თვითონ იყო. ასევე, თუ ხანდახან ათენელების წინააღმდეგ ვიმარჯვებთ, ეს ხდება მათი შეცდომის და არა თქვენი თანადგომის წყალობით. თქვენს იმედად ყოფნა ყველას ეს უკვე ძვირად დაუჯდა. არ გეგონოთ, მტრობა გვალაპარაკებდეს. ჩვენი საყვედური სამართლიანია. მეგობარს შეცდომებს საყვედურობენ, მტერს კი ბრალს სდებენ დანაშაულში.

თავს უფლებას ვაძლევთ, მიგითითოთ შეცდომებზე. ალბათ, არასდროს დაფიქრებულხართ, როგორები არიან ათენელები დარამდენად განსხვავდებიან ისინი თქვენგან. ისინი სიახლის მოყვარულნი არიან, სხარტი გონების პატრონები თავიანთ გეგმებს სწრაფად ასხამენ ხორცს. თქვენ კი ძველს ეპოტინებით და არ სცნობთ ცვლილებებს, აუცილებელსაც კი. ისინი გამბედავები და რისკიანები არიან და იმედს არასოდეს კარგავენ. თქვენ კი ჩამორჩებით თქვენსავე შესაძლებლობებს, გონებას ყურს არ უგდებთ და გამოსავალს ვერ პოულობთ. ისინი სწრაფები არიან, თქვენ – ზანტები, ისინი მოგზაურობენ, თქვენ სახლში სხედხართ, ისინი რაღაცის შეძენის იმედით ცხოვრობენ, თქვენ გეშინიათ, ისიც არ დაკარგოთ, რაც გაქვთ. ისინი გამარჯვებულნი წინსვლას აგრძელებენ, დამარცხებულნი კი იმედს არ კარგავენ; სიცოცხლესა და ძალებს არ იშურებენ საკუთარი ქვეყნისათვის; ყოველ წარუმატებელ ჩანაფიქრს დანაკარგად აღიქვამენ, ხოლო ერთი გამარჯვება სხვა, უფრო დიდი გამარჯვების საწინდარია; მარცხის შემთხვევაში გეგმას ცვლიან და დანაკარგს მალევე ინაზღაურებენ; მხოლოდ მათთვის ნიშნავს რაღაცის მიღწევის სურვილი მის ფლობას, რადგანაც მათ სურვილს მისი ასრულება მოსდევს. ამიტომ მათი ცხოვრება სავსეა შრომითა და ხიფათით, ისინი ვერ ტკბებიან საკუთარი ქონებით და სულ მეტს ესწრაფვიან. ვალდებულებაზე მეტი სიამოვნება მათ არ აქვთ დაუმოქმედობა ისევე თრგუნავთ, როგორც ყველაზე მომქანცველი შრომა. მოკლედ, ათენელები იმისთვის არიან გაჩენილნი, რომ არც თვითონ მოისვენონ და არც სხვა მოასვენონ.

აი, ასეთი ხალხის წინაშე ხართ თქვენ უმოქმედოდ. თქვენ ერიდებით მშვიდობის შენარჩუნებისათვის სამხედრო სამზადისსა და ძალის დემონსტრირებას. თქვენ სამართლიანად მიიჩნევთ, არც სხვას დაესხათ თავს და არც თავდაცვისას აწყენინოთ ვინმეს. ეს პოლიტიკა მოძველებულია და არ მოგიტანთ წარმატებას, თუნდაც სხვებიც ასე ფიქრობდნენ. ხელოვნებაშიც და პოლიტიკაშიცახალმა უნდა შეცვალოს ძველი. როდესაც ყველაფერი კარგადაა, არსებული წესების შეცვლა არ არის საჭირო. ახალ ვითარებაში კი ცვლილებებს უამრავი რამ მოითხოვს. დაივიწყეთ თქვენი სიზანტე და მიეშველეთ პოტეიდაიასა და სხვებს, შეიჭერით ატიკაში, რათა დაიცვათ თქვენი მოკავშირეები და არ გვაიძულოთ სხვა მფარველის პოვნა. ამით არც ფიცის მფარველ ღმერთებს ვაწყენინებთ, არც გონიერ ადამიანებს. რადგან ფიცს ის კი არ არ ღვევს, ვინც ერთი მოკავშირისგან მიტოვებული სხვას ეძებს, არამედ ის, ვინც მოკავშირეს არ ეხმარება. მაშ, დაგვეხმარეთ და თქვენთან დავრჩებით, თქვენზე ახლობელი არავინ გვყავს. მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება და მოკავშირეთა დაკარგვით ნუ დაამცრობთ წინაპრებისაგან მემკვიდრეობით მიღებულ ძალას“.

ლაკედემონში შემთხვევით ათენელთა ელჩებიც იმყოფებოდნენ. ბრალმდებლებს რომ მოუსმინეს, გადაწყვიტეს ლაკედემონელთა წინაშე გამოსვლა:

„ჩვენი ელჩობა აქ თქვენ მოკავშირეებთან საკამათოდ არ მოსულა, არამედ – კონკრეტული დავალებით. აქ სასამართლო არ არის, ამიტომაც თავს არ ვი მართლებთ, თუმცა არ გვინ და, რომ ბრმად ენდოთ მათ სიტყვებს და უგუნური გადაწყვეტილება მიიღოთ. ვაცხადებთ, რომ, რაც გვეკუთვნის, პატიოსანი გზით მოვიპოვეთდა ჩვენი ქვეყანა პატივისცემას იმსახურებს. არ ღირს იმ ამბების გახსენება, რაც მხოლოდ გადმოცემით ვიცით, მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას მიდიურ ომებზე, რომლებიც ერთად გავიარეთ, თუმცა ხშირი გამეორება მოსაბეზრებელი ხდება. მაშინ ჩვენ საერთო საქმისათვის ვღვრიდით სისხლს და ჩვენი გმირობა თქვენც წაგადგათ. ამას იმიტომ გახსენებთ, რომ იცოდეთ, ვისთან მოგიწევთ ბრძოლა. მარათონთან ჩვენ პირველებმა ერთი ერთზე ვძლიეთ ბარბაროსს. როდესაც ის კვლავ მოადგა ელადას და ხმელეთზე ვერ გავუმკლავდით, ოჯახებიანად ხომალდებზე დავსხედით და სხვა ელინებთან ერთად საზღვაო ბრძოლა გავუმართეთ სალამინთან. მხოლოდ ამ ბრძოლამ გადაარჩინა პელოპონესი. ამის საუკეთესო საბუთი თვით მეფემ მოგვცა: ზღვაზე მარცხის შემდეგ ის ლაშქრის დიდი ნაწილით უკან გაბრუნდა.

ელადის ბედი ფლოტმა გადაწყვიტა. გამარჯვების სამი მთავარი მიზეზი კი ჩვენ გვეკუთვნოდა: ხომალდების დიდი ნაწილი, უჭკვიანესი სარდალი და უშრეტი ენერგია. ჩვენს სარდალს, თემისტოკლესს უნდა ვუმადლოდეთ, რომ ბრძოლა სალამინთან მოხდა. ამის გამო თქვენც მას უცხოელისათვის არნახულ პატივს მიაგებდით. ჩვენდიდი თავგანწირვით ვიბრძოდით. ხმელეთზე არავინ დაგვხმარებია. ჩვენ მივატოვეთ ქალაქი, ქონება და ხომალდებზე დავსხედით, გაფანტულები ჩვენს მოკავშირეებს მაინც ვერაფერს ვარგებდით. შესაბამისად, ჩვენ თქვენთვის ნაკლები არ გაგვიკეთებია, ვიდრე თქვენ – ჩვენთვის. თქვენ დაგვეხმარეთ საკუთარი ბედით შეშფოთებულებს, როდესაც ჩვენი ქალაქი უკვე აღარ არსებობდა. ჩვენ კი, მიდიელს რომ დავნებებოდით ან დამარცხებას შევგუებოდით, თქვენ სპარსელებს ზღვაზე ვერ გაუწევდით წინააღმდეგობას და მათაც საქმე კარგად წაუვიდოდათ.

ნუთუ ჩვენი მაშინდელი შემართებითა და გონიერებით დავიმსახურეთ მთელი ელადის სიძულვილი იმ სამფლობელოს გამო, რაც დღეს გვაქვს? ჩვენ ძალით არაფერი დაგვიპყრია. თქვენ არ მოინდომეთ ბარბაროსთა ძალების საბოლოო განადგურება ელადაში და მოკავშირეებმა ჩვენ გადმოგვცეს მთავარსარდლობა. მოვლენათა შემდგომი მსვლელობა სხვადასხვა გარემოებათა შედეგია: ჩვენ ვზრუნავდით საკუთარ უსაფრთხოებაზე, სახელსა და ხეირზე. უსაფრთხოება მოითხოვდა ძალაუფლების განმტკიცებას და განმდგარ მოკავშირეთა დასჯას. თქვენი მეგობრობა უნდობლობამ და შუღლმა შებღალა. განმდგარი მოკავშირე თქვენს მხარეს გადმოვიდა. რად უნდა გვისაყვედუროთ, თუ საკუთარ ინტერესებს ვიცავდით?

თქვენ პელოპონესის ქვეყნებში თქვენთვის ხელსაყრელი მმართველობა დაამყარეთ და ისე განაგებთ მათ. მათი სიძულვილი რომ აღგეძრათ, თქვენც იძულებული იქნებოდით ძალისთვის მიგემართათ ან საკუთარ უსაფრთხოებაზე გეთქვათ უარი. არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ჩვენ მივიღეთ შემოთავაზებული ძალაუფლება და ვინარჩუნებთ მას. ეს ჩვენი გამოგონება არაა. ოდითგანვე სუსტი ძლიერს ემორჩილებოდა. ჩვენ ვიმსახურებთ ჩვენს ძალაუფლებას და ადრე თქვენც ასევე ფიქრობდით, ახლა კი, საკუთარ ხეირზე ზრუნვით, სამართლიანობა გაგახსენდათ. მაგრამ სამართლიანობის სახელით ჯერ არავის უთქვამს საკუთარი ძალაუფლების გაზრდაზე უარი. მხოლოდ ქების ღირსია ის, ვინც შედარებით სამართლიანად მართავს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი თავისი ბუნებით ესწრაფვის სხვაზე ბატონობას. სხვა რომ იყოს ჩვენს ადგილზე, აშკარად გამოჩნდებოდა, რამდენად ზომიერია ჩვენი მმართველობა. ჩვენ კი ქების ნაცვლად საყვედურს ვიღებთ.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სასამართლოებშიც კი მოკავშირეებს ათენელებთან თანაბარი უფლებები აქვთ, მაინც გვიჩივიან, გვავიწროებთო. არავის ახსენდება, რომ თავის შორეულ სამფლობელოებს სხვა უფრო მკაცრად მართავს. ვინც უხეშ ძალას იყენებს, მას სასამართლო არ სჭირდება. ჩვენი მოკავშირეები მიჩვეულნი არიან თანასწორივით მოპყრობას და, თუ სასამართლოს ან ხელისულების გადაწყვეტილება უსამართლოდ ეჩვენათ, ბევრად უფრო მწვავედ აღიქვამენ ამას, ვიდრე პირდაპირ ძალადობას: ერთში თანასწორისაგან უპატივცემულობას ხედავენ, მეორეში კი – ძალისმორჩილების აუცილებლობას. მიდიელისგან მოკავშირეები უარესსაც იტანდნენ, ჩვენი ბატონობა კი ემძიმებათ. არცაა გასაკვირი: ქვეშევრდომი მთავრობით ყოველთვის უკმაყოფილოა. თქვენც, თუ ჩვენ დაგვამარცხებთ და ელადას დაეპატრონებით, სწრაფად დაკარგავთ მოკავშირეთა კეთილგანწყობას.

ამდენად, ნუ აჩქარდებით, ნუ აჰყვებით სხვის აზრსა და საჩივარს. სანამ იარაღს აისხამთ, დაფიქრდით, როგორ შეიძლება წარიმართოს ომი. გაჭიანურებულ ომში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ნუ დავარღვევთ შეთანხმებებსა და ფიცს, სადავო საკითხების გადაჭრა კი საშუამავლო სასამართლოს მივანდოთ. თუმცა თუ თქვენ მაინც გსურთ ომი, რა გაეწყობა, ჩვენც ვიომებთ“.

ლაკედემონელებმა მოუსმინეს მხარეებს, შემდეგ სთხოვეს მათ, კრება დაეტოვებინათ და თათბირს შეუდგნენ. უმრავლესობა ათენელებს ზავის დამრღვევად მიიჩნევდა და ომის დაწყებას ითხოვდა. მაშინ არქიდამოსმა, ლაკედემონელთა მეფემ თქვა:

„ლაკედემონელებო, ბევრ ომში მიმიღია მონაწილეობა და თქვენ შორისაც ბევრია ჩემი თანატოლი. არ შეიძლება ომი კარგი გვეგონოს და გვსურდეს. ომი, რომელსაც ახლა განვიხილავთ, ძალზე მნიშვნელოვანი იქნება. განა შეიძლება, სათანადო მომზადების გარეშევეომოთ შორეულ ქვეყანას, რომელიც სიმდიდრით, ხომალდებით, მეომრებითა და იარაღით ყველას აღემატება ელადაში. რის იმედი გვაქვს: ფლოტის? ფულის? ხომალდების რაოდენობით ბევრად ჩამოვრჩებით ათენელებს, ფლოტის მშენებლობას დიდი დრო დასჭირდება, ჩვენი ხაზინა კი ცარიელია.

შეიძლება ვიფიქროთ, რომ სახმელეთო ძალებში უპირატესობა შესაძლებლობას მოგვცემს, ატიკის მიწა ავაოხროთ, მაგრამ მათ მიწა ბევრი აქვთ და ზღვითაც შეეძლებათ ყველაფერი მოიმარაგონ. მოკავშირეებს თუ ავუჯანყებთ, მოგვიწევს ხომალდების მიშველება, მათი უმრავლესობა ხომ კუნძულებზე ცხოვრობს. რა ომი იქნება ეს? სანამ ზღვაზე არ გავიმარჯვებთ, სულ დამარცხებული ვიქნებით. დაზავება ასეთ პირობებში აღარ იქნება გამართლებული, მითუმეტეს, რომ ომის წამომწყები ჩვენ ვიქნებით. ნუ გვექნება სწრაფი გამარჯვების იმედი. ვშიშობ, რომ ეს ომი ჩვენს შვილებს ერგებათ მემკვიდრეობად. ათენელები ძალზე ამაყები არიან საიმისოდ, რომ მიწაზე მიჯაჭვულობამ ომზე ააღებინოს ხელი.

მე არ გთავაზობთ მათ მიერ ჩვენი მოკავშირეებისთვის მიყენებულ ზიანზე თვალის დახუჭვას და მათი ავი ზრახვების უგულებელყოფას. მე მხოლოდ გირჩევთ, ჯერ ელჩები გავუგზავნოთ, პირდაპირ ომით ნუ დავემუქრებით, თუმცა ნურც დათმობებზე წავალთ. ამასობაში კი ომისათვის მოვემზადოთ, მოვიმხროთ როგორც ელინები, ასევე ბარბაროსები, რათა ვიშოვოთ ფული და გემები. ჩვენს მდგომარეობაში მყოფ ხალხს ვერავინ უსაყვედურებს, თუ ათენელთა წინააღმდეგბარბაროსები დაგვეხმარებიან. თუ ათენელები ჩვენს ელჩებს რამეს დაუთმობენ, ძალიან კარგი, თუ არა, ორიოდ წელიწადში ომისათვის მზად ვიქნებით და მაშინ დავესხათ თავს. როდესაც ისინი დარწმუნდებიან, რომ სამზადისი დავიწყეთ, მაშინვე დათმობებზე წავლენ, სანამ მათი მიწა და ქონება ჯერ კიდევ უვნებელია. რაც შეიძლება დიდხანს დავინდოთ იგი, რომ ათენელებში განწირულების მხნეობა არ გავაღვიძოთ. თუ მოუმზადებლად დავლაშქრავთ ატიკას, პელოპონესს მხოლოდ სირცხვილსა და ვნებას მოვუტანთ. ცალკეული ქალაქისა თუ ადამიანის საჩივარი სხვაგვარადაც შეიძლება დაკმაყოფილდეს, მაგრამ თუ კერძო ინტერესების გამო გაჩაღდა საყოველთაო ომი, რომლის შედეგიც გაურკვეველია, მისი ღირსეულად დასრულება ძნელი იქნება.

ლაჩრობა სულაც არ არის, ამდენმა ქვეყანამ რომ არ მოისურვოს ერთ ქალაქზე თავდასხმა. სინამდვილეში, ათენელებს ჩვენზე ნაკლები მოკავშირე არ ჰყავთ, თანაც ისეთი, ვინც ხარკს უხდის. საერთოდ ომს იარაღი კი არა, ფული იგებს, განსაკუთრებით ხმელეთისა და კუნძულების მკვიდრთა შორის ომს. ასე რომ, მარტო მოკავშირეთა სიტყვებზე ნუ ჩავერთვებით ამ ომში.

ნუ იდარდებთ, თუ სიზანტესა და ყოყმანში დაგვადანაშაულებენ. თუ მოუმზადებლად დავიწყებთ ბრძოლას, ომი დიდხანს გასტანს ჩვენი ქვეყანა ყოველთვის თავისუფალი და პატივცემული იყო დაჩვენი სიფრთხილეც შეგნებული გონივრული პოლიტიკაა. ჩვენ არ ვყოყოჩობთ წარმატებებით და არც განსაცდელში ვკარგავთ მხნეობას, არ ვყვებით ცდუნებას და არ ვეძებთ სახიფათო თავგადასავლებს. მკაცრი დისციპლინის წყალობით, ჩვენ კარგი მებრძოლები და ბრძენი მოთათბირეები ვართ. დისციპლინა, ღირსების გრძნობა დასიმამაცე ერთმანეთთან, სიბრძნე კი კანონის მორჩილებასთან არის გადაჯაჭვული. ჩვენ პატივს ვცემთ მოწინააღმდეგეს და მის გეგმებს, ომში კი მისი შეცდომის იმედით კი არა, ჩვენი ძალის იმედად ვართ.

აქამდე მუდამ წინაპართა ამ ჩვეულებებს მივდევდით. ახლაც აჩქარებით და წინდაუხედავად ნუ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელზედაც მრავალი ქვეყნისა და ადამიანის ბედი და ჩვენი სახელია დამოკიდებული. დინჯად ვიმოქმედოთ, ჩვენი სამხედრო ძალა ამის საშუალებას გვაძლევს. გავგზავნოთ ელჩები ათენში პოტეიდაიასა და სხვა საკითხებზე მოსალაპარაკებლად. ათენელები მზად არიან, საშუამავლო სასამართლოს დაემორჩილონ. ვინც სასამართლოზე თანახმაა, ხელშეკრულების დარღვევის ბრალდებით ომს ვერ დაუწყებ. ამასობაში კი ომისათვის მოვემზადოთ. ეს გადაწყვეტილება ყველაზე სასარგებლო იქნება ჩვენთვის და ყველაზე სახიფათო მტრისთვის“.

შემდეგ ეფორი სფენელაიდესი გამოვიდა:
„ათენელთა გრძელი გამოსვლა მე ვერ გავიგე. თავი იქეს და ვერაფრით გაამართლეს ის ბოროტება, რაც მათგან ჩვენმა მოკავშირეებმა ნახეს. თუ მიდიელებთან ბრძოლაში თავიანთი სიქველე აჩვენეს, ახლა კი მტრებივით გვექცევიან, კიდევ უფრო მეტად იმსახურებენ სასჯელს, რადგანაც ღირსეული ხალხი ბოროტად იქცა. ჩვენ კი ვერც მაშინ და ვერც ახლა მოკავშირეებს ვერ მივატოვებთ. მათ თუ აქვთ ბევრი ფული, გემი და ცხენი, ჩვენ გვყავს ღირსეული მოკავშირეები, ვისაც ათენელებს ვერ დავუთმობთ. სასამართლო და თათბირი ვერაფერს გადაწყვეტს, როდესაც მტერი იარაღით გვემუქრება. საფიქრალი ჩვენ აღარაფერი გვაქვს, მათ ეფიქრათ, სანამ ზავს დაარღვევდნენ. ომი დავიწყოთ და ნუ მივცემთ მათ გაძლიერების საშუალებას, ღმერთების დახმარებით დავლაშქროთ მომხვდური“.

ამის შემდეგ ეფორმა ხმის მიცემა მოითხოვა. შემდეგ კი თქვა, რომ ვერ გაარჩია, ვინ ყვიროდა უფრო ხმამაღლა (სპარტელები საკითხს წყვეტენ ყვირილით და არა კენჭისყრით). მან შესთავაზა კრებას, ერთ მხარეზე დამდგარიყვნენ ისინი, ვინც მიიჩნევდა, რომ ზავი ათენის მიზეზით დაირღვა. მას იმედი ჰქონდა, რომ უმრავლესობა ომს დაუჭერდა მხარს. უმრავლესობამ ჩათვალა, რომ ათენმა ხელშეკრულება დაარღვია. გადაწყდა მოკავშირეთა ყრილობის მოწვევა, რათა ომი საერთო შეთანხმების საფუძველზე დაეწყოთ. ეს დადგენილება სპარტის სახალხო კრებამ მიიღო ევბეური ომის შემდეგ დადებული ოცდაათწლიანი სამშვიდობო ხელშეკრულების მეთოთხმეტე წელს.

ომის დაწყება ლაკედემონელებმა მოკავშირეთა საამებლად კი არ გადაწყვიტეს, არამედ ათენის მზარდი ძლიერების შიშით.

ათენელებმა კი ამ ძლიერებას ასე მიაღწიეს. ელინთა მიერ ზღვასა და ხმელეთზე დამარცხებული მიდიელების ევროპიდან წასვლის შემდეგ ლაკედემონელთა მეფე ლეოტიქიდესი პელოპონესელ მოკავშირეებთან ერთად შინ დაბრუნდა. ათენელებმა მეფისგან განმდგარ იონიელებთან და ჰელესპონტელებთან ერთად სესტოსს შემოარტყეს ალყა. ზამთარი იქ გაატარეს და ქალაქი აიღეს, შემდეგ კი სამშობლოს მიაშურეს. ათენის ხელისუფლებამ ბარბაროსების განდევნისთანავე დააბრუნა ქალები და ბავშვები და ქალაქისა და მისი გალავნის აღდგენა დაიწყო. ათენელთა სურვილი რომ შეიტყვეს, ლაკედემონელებმა მათ ელჩები გაუგზავნეს, რათა კედლების აგებაში ხელი შეეშალათ. მათ ერჩივნათ ათენი და სხვა ქალაქები გაუმაგრებელი ყოფილიყო. მოკავშირეებსაც აფიქრებდა ათენელთა ახლად შექმნილი ფლოტი და სიმამაცე, რომელიც მიდიურ ომში აჩვენეს. ამიტომ ითხოვდნენ ლაკედემონელები ათენელთაგან გალავნის აგებაზე ხელის აღებას და გადარჩენილი კედლების დანგრევაში დახმარებაც კი შესთავაზეს მათ. ისინი არ ამხელდნენ საკუთარ ჩანაფიქრს და ამ გეგმას იმით ასაბუთებდნენ, რომ თუ ბარბაროსი კვლავ დაესხმება თავს ელადას, მას გამაგრებული პუნქტი აღარ ჩაუვარდება ხელში, ელინები კი თავს პელოპონესს შეაფარებენო. თემისტოკლესის რჩევით, ათენელებმა უპასუხეს, რომ ამ საკითხზე მოსალაპარეკებლად თავად გააგზავნიან ელჩებს ლაკედემონში, მათი წარგზავნილები კი უკან გაისტუმრეს. თემისტოკლესი თვითონ წავიდა ელჩად, ათენელებს კი დაუბარა, სხვა ელჩები მანამდე შეეყოვნებინათ, სანამ გალავანს თავდაცვისათვის საკმარის სიმაღლეზე არ აიყვანდნენ. ლაკედემონში ჩასული თემისტოკლესი ყველანაირად აჭიანურებდა ხელისუფლებასთან შეხვედრას და დანარჩენი ელჩების შეყოვნებას იმიზეზებდა.

როდესაც კედლები მზად იყო, თემისტოკლესმა გამოუცხადა ლაკედემონელებს, ათენი თავის მკვიდრთა დასაცავად მზადააო. თუ ლაკედემონელები კიდევ გააგზავნიან ელჩებს, მათ ადგილზე დახვდება ხალხი, ვინც სხვაზე არანაკლებ იცის, რა გამოადგება მათ და მთელ ელადას. ადრე ხომ ათენელებმა თვითონ გადაწყვიტეს ქალაქის მიტოვება და ხომალდებზე დასხდომა, ხოლო ლაკედემონელებთან თათბირისას აჩვენეს, რომ სხვაზე სულელები არ არიან. ახლაც მათ განსაჯეს, რომ ქალაქის გამაგრება მოკავშირეებისთვისაც კარგი იქნება. თავდაცვის ერთიანი სისტემის გარეშე მოკავშირეები ხომ ვერ იქნებიან თანასწორნი გადაწყვეტილების მიღებისას. ამდენად, ან ყველა მოკავშირეს უნდა ავუკრძალოთ თავიანთი ქალაქების გამაგრება, ან ათენის მოქმედება სწორად მივიჩნიოთ.

ლაკედემონელებს უკმაყოფილება აშკარად არ გამოუხატავთ, თუმცა გული კი დაწყდათ, რომ საწადელს ვერ მიაღწიეს.

ათენელებმა მალე აღადგინეს კედლები. სიჩქარის კვალი მათ დღესაც ეტყობა. ქვედა ნაწილი სხვადასხვა და ხშირად გაუთლელი ქვითაა ამოყვანილი. დებდნენ იმას, რაც ხელთ ჰქონდათ, საფლავის ქვებსაც და სხვა რამისთვის მომარაგებულ მასალასაც. თემისტოკლესის რჩევით, განაახლეს პირეოსის გამაგრებაც. სწორედ ეს ადგილი მისი სამი ბუნებრივი ნავსაყუდელით უნდა გამხდარიყო მათი ძლიერების ზრდის საწინდარი. თემისტოკლესმა პირველმა გამოთქვა აზრი, ათენის მომავალი ზღვაშიაო, რითაც საფუძველი ჩაუყარა პირეოსის მშენებლობა-გამაგრებას. კედლები ისეთი სიგანისა ააგეს, რომ ქვით დატვირთული ორი ურემი ერთმანეთს გვერდს აუვლიდა. გასამაგრებლად არც ღორღი უხმარიათ და არც თიხა, გათლილი სწორკუთხა ლოდები მჭიდროდ დაასვეს ერთმანეთს, გარედან რკინისა და ტყვიის სამაგრებით შეკრეს. მშენებლობის დამთავრების შემდეგ კედელი უფრო დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე თემისტოკლესი გეგმავდა. მას ისეთი კედლის აგება სურდა, რომ მტერს ვერც კი გაებედა თავდასხმა, ხოლო თუ მაინც მიიტანდა იერიშს, კედელი ხეიბრებს უნდა დაეცვათ, სხვა მოქალაქეები კი ხომალდებზე უნდა ასულიყვნენ. თემისტოკლესი განსაკუთრებით ზრუნავდა ფლოტზე, რადგან მიაჩნდა, რომ სპარსელების მორიგი შემოტევა ზღვით იყო მოსალოდნელი. ამიტომ პირეოსს აკროპოლისზე მეტ მნიშვნელობას ანიჭებდა.

ლაკედემონელი პავსანიასი, კლეომბროტოსის ძე, პელოპონესელთა ოცი ხომალდით გაიგზავნა ელინთა სარდლად. ლაშქრობაში მონაწილეობდა ათენელთა ოცდაათი ხომალდი და მრავალი მოკავშირე. ჯერ კვიპროსისკენ გაემართნენ და კუნძულის დიდინაწილი დაიმორჩილეს, შემდეგ კი ბიზანტიონზე გაილაშქრეს და ქალაქი აიღეს.

პავსანიასის მბრძანებლობა უკვე დიდი ხანია აღიზიანებდათ ელინებს, განსაკუთრებით სპარსეთის უღელს ახლად თავდაღწეულ იონიელებს. მათ ათენელებს შესთავაზეს მთავარსარდლობა. ათენელებს ეს აზრი ჭკუაში დაუჯდათ. ამასობაში ლაკედემონელებმა გაიწვიეს პავსანიასი, რათა მასთან დაკავშირებული საჩივრები და ჭორები გამოეძიათ. მან შეძლო სახელმწიფო დანაშაულში, კერძოდ, სპარსელებთან კავშირში ბრალდებისგან თავის მართლება, მაგრამ ცალკეულ პირთა წინაშე ბრალი დაუმტკიცდა. ამიტომ მთავარსარდლად აღარ დანიშნეს და მის ნაცვლად დორკისი გაგზავნეს. მოკავშირეებმა აღარ ცნეს მისი პირველობა და ლაკედემონელებს უკან დაბრუნება მოუხდათ. ამის შემდეგ მათ აღარც სარდალი გაუგზავნიათ და აღარც მიდიურ ომში მიუღიათ მონაწილეობა, რადგან მიაჩნდათ, რომ ათენელებიც კარგად წაუძღვებოდნენ მოკავშირეებს.

როგორც კი ჩაუდგნენ სათავეში მოკავშირეებს, ათენელებმა დაადგინეს, ბარბაროსთან საომრად რომელ ქვეყანას ფული ეხადა და რომელს ხომალდები აღეჭურვა. მათ მაშინ პირველად დააწესეს ელინოტამიების (საკავშირო ხაზინის ხაზინადართა) თანამდებობა, რომლებსაც ფოროსი, ფულადი შენატანი უნდა აეკრიფათ. ფოროსად ოთხას სამოცი ტალანტი დაწესდა. ხაზინა დელოსზე იყო განთავსებული, იქვე იკრიბებოდა მოკავშირეთა ყრილობა.

მილტიადესის ძის კიმონოს სარდლობით ათენელებმა აიღეს ეიონი სტრიმონზე და დოლოპებით დასახლებული კუნძული სკიროსი.მოსახლეობა მონებად გაყიდეს, კუნძული კი საკუთარი კოლონისტებით დაასახლეს. ევბეაზე მათ დაამარცხეს კარისტელები, ხოლო აჯანყებული ნაქსოსელები ალყაში მოაქციეს და დაიმორჩილეს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სამოკავშირეო ხელშერულების მიუხედავად, მოკავშირე ქვეყანას დამოუკიდებლობა წაართვეს. შემდეგ მათი ბედი სხვა ქვეყნებმაც გაიზიარეს.

მოკავშირეთა აჯანყების მიზეზი ძირითადად მათი ვალდებულებები იყო. ათენელები მკაცრად მოითხოვდნენ მათ შესრულებას და ძალის გამოყენებასაც არ ერიდებოდნენ. ათენელთა ბატონობა აწუხებდა მათ, ვინც არ იყო შევიწროებას მიჩვეული და ვისაც არ სურდა ამის ატანა. ისინი აღარ უყვარდათ ძველებურად. ერთობლივ ლაშქრობებში ათენელები მოკავშირეებს როგორც თანასწორებს, აღარ ექცეოდნენ და განმდგარსაც იოლად იმორჩილებდნენ. თუმცა, ამაში მოკავშირეები თავად იყვნენ დამნაშავე. ომში წასვლის შიშით მათ ხარკი დაიდეს და ხომალდების აღჭურვას ფულის გადახდას ამჯობინებდნენ. ათენელებმა მათი ფულით გაზარდეს საკუთარი ფლოტი, ამბოხებული მოკავშირე კი ომს სრულიად მოუმზადებელი ხვდებოდა.

შემდეგ მდინარე ევრიმედონტთან პამფილიაში ათენელებსა და მოკავშირეებს მოუწიათ მიდიელებთან ბრძოლა ზღვასა და ხმელეთზე. კიმონის სარდლობით ათენელებმა ორმაგი გამარჯვება მოიპოვეს. მათ ხელთ იგდეს და გაანადგურეს ფინიკიური ესკადრის ორასამდე ტრიერი. ცოტა ხნის შემდეგ ათენელებს თასოსი განუდგა. მათ უთანხმოება თრაკიაში სავაჭრო პუნქტებისა და ოქროს საბადოების გამო მოუვიდათ. ათენელებმა თასოსის წინააღმდეგ ესკადრა გაგზავნეს, საზღვაო ბრძოლაში გაიმარჯვეს და კუნძულზე გადასხდნენ. იმავდროულად თრაკიაში, სტრიმონში მათ ათი ათასი კოლონისტი გაგზავნეს ათენიდან და მოკავშირე ქვეყნებიდან. კოლონისტებმა დაიკავეს დასახლება, რომელსაც დღეს ამფიპოლისი ჰქვია, მაგრამ ქვეყნის სიღრმეში ვერ შეარწიეს, რადგან თრაკიელთა გაერთიანებულ ძალებთან დამარცხდნენ.

რამდენიმე მარცხის შემდეგ ათენელების მიერ ალყაშემორტყმულმა თასოსელებმა შველა ლაკედემონს სთხოვეს. ლაკედემონელებმა მათ ათენელთაგან ფარული დახმარება აღუთქვეს და ატიკაში შესაჭრელად მოემზადნენ, მაგრამ ეს ლაშქრობა სპარტაში მომხდარმა მიწისძვრამ ჩაშალა. ამ დროს თურიასა და ეფეაში აჯანყდნენ სპარტელთა მიერ ოდესღაც დაპყრობილ მესენიელთა მემკვიდრე ილოტები და პერიეკები, მათ ითომე დაიკავეს. ასე დაიწყო ომი ლაკედემონელთა და მესენიელთა შორის. თასოსელები კი ალყის მესამე წელს დანებდნენ ათენს. მათ მოუწიათ გალავნის მოშლა, ხომალდების გადაცემა და ფულადი კონტრიბუციის გადახდა, აგრეთვე დაეკისრათ ხარკი, ჩამოერთვათ საბადოები და ყველა სამფლობელო მატერიკზე.

რადგან ომი ითომეზე გაჭიანურდა, ლაკედემონელებმა მოკავშირეებს უხმეს, მათ შორის, ათენელებსაც. ათენელებმა დიდი რაზმი გაგზავნეს კიმონის სარდლობით. მაგრამ ამ ციხე-სიმაგრეს მათ ვერაფერი მოუხერხეს. პირველად აქ გამჟღავნდა უთანხმოება ლაკედემონელთა და ათენელთა შორის. რადგან ქალაქი ვერ აიღეს, ლაკედემონელებს შეეშინდათ, ათენელებს აჯანყებულებთან არ ეპოვათ საერთო ენა და ისინი დაითხოვეს. ეჭვი აშკარად არ გამოუთქვამთ, მხოლოდ ის განუცხადეს, რომ მათი დახმარება საჭირო აღარ იყო. ათენელები აღაშფოთა ამ უნდობლობამ. შინ დაბრუნების შემდეგ მათ დაარღვიეს კავშირი, რომელიც მიდიელთან საბრძოლველად ჰქონდათ დადებული და ლაკედემონელთა მტრებს, არგოსელებს დაუკავშირდნენ (შემდგომში მათ თესალიელებიც მიემხრნენ).

მესენიელებმა ითომეს დაცვა ვეღარ შეძლეს და ალყის მეათე წელს ლაკედემონელებთან შეთანხმება დადეს. მათ მიიღეს პელოპონესის დატოვების უფლება იმ პირობით, რომ აღარასდროს დაბრუნდებოდნენ. ათენელებმა ლტოლვილი მესენიელები ლოკრებისათვის წართმეულ ნავპაქტოსში დაასახლეს. კორინთელებთან სასაზღვრო კონფლიქტის შემდეგ ლაკედემონელებს განუდგნენ და ათენის კავშირს შეუერთდნენ მეგარელებიც. ათენელებმა დაიკავეს მეგარა, აუშენეს მას გრძელი კედლები ქალაქიდან ნისეამდედა იქ გარნიზონი ჩააყენეს. აქედან მოდის შუღლი კორინთელებსა და ათენელებს შორის.

მაშინ ლიბიელი ინაროსი, ფსამეტიქოსის ძე აუჯანყდა არტაქსერქსეს. აჯანყებამ ეგვიპტის დიდი ნაწილი მოიცვა. ინარმა დახმარებისათვის ათენელებს მიმართა. ათენელები ამ დროს ორასი ხომალდით მოკავშირეებთან ერთად კვიპროსის წინააღმდეგ ლაშქრობდნენ. მათ დატოვეს კვიპროსი და ეგვიპტეს მიაშურეს, დაუყვნენ ნილოსს, დაიკავეს მემფისის ორი მესამედი და თავს დაესხნენ მესამეს, ე.წ. თეთრ კედელს, სადაც სპარსელები და მეფის ერთგული ეგვიპტელები იყვნენ გამაგრებული.

გალიელთა ოლქში ათენელებს ბრძოლა მოუხდათ კორინთელებთან და ეპიდავრელებთან. გაიმარჯვეს კორინთელებმა. შემდეგ ათენელები კერკიფალიასთან პელოპონესელთა ესკადრას შეხვდნენ დასძლიეს. ამ ომში ორივე მხრიდან მოკავშირეებიც მონაწილეობდნენ. ათენელებმა გაიმარჯვეს და მტრის სამოცდაათი ხომალდი ჩაიგდეს ხელთ. ლეოკრატესის სარდლობით მათ ქალაქს ალყა შემოარტყეს. პელოპონესელებმა ეგინელთა დასახმარებლად სამასი ჰოპლიტი გაგზავნეს. კორინთელები მეგარის მხარეშიც შეიჭრნენ. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ათენი მეგარას ვერ დაეხმარებოდა, რადგან მისი ჯარის დიდი ნაწილი ეგვიპტესა და ეგინაში იყო. ათენელებმა მაინც შეკრიბეს ახალი რაზმი და მირონიდესის სარდლობით მეგარაში გაგზავნეს. ბრძოლაში არც ერთ მხარეს არ უცვნია თავი დამარცხებულად. ათენელებმა გამარჯვების ნიშანი აღმართეს, შინ დაბრუნებულ კორინთელებს კი მოხუცები საყვედურითა და დაცინვით დახვდნენ. ამიტომ თორმეტი დღის შემდეგ მათ კვლავ აისხეს იარაღი, ბრძოლის ველზე დაბრუნდნენ და გამარჯვების ნიშანი აღმართეს. მაშინ ათენელები მოულოდნელად დაესხნენ მათ თავს და დაამარცხეს.

კორინთელებმა უკან დაიხიეს. ერთ რაზმს გზა აებნა და ჩიხში აღმოჩნდა. ათენელებმა ისინი მოიმწყვდიეს და ქვებით ჩაქოლეს. კორინთელთათვის ეს სასტიკი მარცხი იყო, თუმცა ლაშქრის დიდი ნაწილი უვნებლად დაბრუნდა შინ.

დაახლოებით ამავე დროს ათენელებმა დაიწყეს გრძელი კედლების მშენებლობა ზღვამდე, როგორც ფალეროსის ნავსადგურის, ასევე პირეოსის მიმართულებით. ფოკეელები შეიჭრნენ დორისში, ლაკედემონელთა ძველ სამშობლოში. ლაკედემონელებმა ნიკომედესის, კლეომბროტოსის ძის სარდლობით დორიელებს ათას ხუთასი ჰოპლიტი და ათი ათასი მოკავშირე მიაშველეს. მას შემდეგ, რაც ფოკეელებს სძლიეს და დაუზავდნენ, ლაკედემონელები ბეოტიაში შეყოვნდნენ. უკან დასაბრუნებელ გზებს ზღვაზეც და ხმელეთზეც ათენელები აკონტროლებდნენ. გარდა ამისა, ზოგი ათენელი აქეზებდა მათ ათენში დემოკრატიის დამხობისა და კედლების მშენებლობის ჩაშლისკენ. ამასობაში ათენელები არგოსელებთან და სხვა მოკავშირეებთან ერთად (სულ თოთხმეტი ათასი კაცი) დაიძრნენ ლაკედემონელთა წინააღმდეგ. ხელშეკრულების შესაბამისად, მათ დასახმარებლად გამოცხადდა თესალიელთა მხედრობაც, რომელიც ბრძოლაში ლაკედემონელების მხარეზე გადავიდა.

ბეოტიაში, ტანაგრასთან ბრძოლაში ლაკედემონელებმა გაიმარჯვეს (თუმცა ორივე მხრიდან დიდი მსხვერპლი იყო). შემდეგმათ მოაოხრეს მეგარის მხარე და შინ დაბრუნდნენ. ბრძოლიდან სამოცდაორი დღის შემდეგ ათენელები მირონიდესის სარდლობით შეიჭრნენ ბეოტიაში, დაამარცხეს მტერი და მთელი ბეოტია და ფოკისი დაიმორჩილეს. მათ მოარღვიეს ტანაგრის კედლები და მძევლები აიყვანეს. მალე ეგინაც დანებდა ათენელებს. მათაც მოუწიათ კედლების მოშლა და ათენელთათვის ხომალდებისა და ხარკის მიცემა. ათენის ესკადრამ ტოლმიდესის სარდლობით შემოუარა პელოპონესს, დაწვა ლაკედემონელთა გემთსაშენი, დაიკავა კორინთელთა ქალაქი ქალკიდა და დაამარცხა სიკიონელები.

ეგვიპტეში ომი გარდამავალი წარმატებით მიდიოდა. თავიდან ათენელებმა მთელი ეგვიპტე დაიმორჩილეს. შემდეგ სპარსეთის მეფემ ლაკედემონში გაგზავნა მეგაბიძოსი დიდი ფულით, რათა პელოპონესელები ატიკაში შეჭრილიყვნენ და ათენელები ეგვიპტეს დახსნოდნენ. ელჩობა უშედეგო აღმოჩნდა, ფული ტყუილად დაიხარჯა. მაშინ მეფემ მეგაბიძოსი დიდი ლაშქრით გაგზავნა ეგვიპტეში. მან დაამარცხა ეგვიპტელები და მათი მოკავშირეები, განდევნა ელინები მემფისიდან და კუნძულ პროსოპიტისზე გამოკეტა. კუნძული წელიწადნახევარი იყო ალყაში. ბოლოს მეგაბიძოსმა არხი დააშრო, ელინთა ხომალდები მშრალზე დატოვა და კუნძული ხელთ იგდო.

ასე უბედურად დასრულდა ელინთა ლაშქრობა ექვსწლიანი ომის შემდეგ. მებრძოლთაგან ცოტა თუ გადარჩა. ამრიგად, ნილოსის დელტის ჭაობებში მდებარე მეფე ამირტეოსის სამფლობელოს გარდა ეგვიპტე კვლავ სპარსელების იყო. სპარსელებმა ლიბიელი ინაროსი ღალატით ჩაიგდეს ხელთ და ჯვარს აცვეს. ათენელებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ და ორმოცდაათი ტრიერი კიდევ გაგზავნეს ეგვიპტეში, რათა იქ მყოფთ ჩანაცვლებოდნენ. ნილოსის შესართავთან მათ თავს დაესხა სპარსელთა ქვეითი ჯარი და ფინიკიური ესკადრა. ათენელთა ხომალდების დიდი ნაწილი დაიღუპა.

თესალიიდან განდევნილმა უფლისწულმა ორესტესმა ათენელები დაარწმუნა, სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ. ათენელებმა ბეოტიელებთან და ფოკეელებთან ერთად გაილაშქრეს, ფარსალოსს ალყა შემოარტყეს, მაგრამ ქალაქის აღება ვერ მოახერხეს და უკან დაბრუნდნენ. ცოტა ხნის შემდეგ ათენელთა ესკადრა პერიკლესის, ქსანტიპოსის ძის სარდლობით სიკიონის სანაპიროს მიადგა. ათენელებმა სძლიეს სიკიონელებს, შემდეგ კი აქეელების დამხმარე რაზმთან ერთად აკარნანიაში გადავიდნენ და ოინიადას შემოარტყეს ალყა. ქალაქი ვერ აიღეს და შინ ხელცარიელი დაბრუნდნენ.

სამი წლის შემდეგ პელოპონესელებმა ათენელებთან ხუთწლიანი ზავი დადეს. მათ შეწყვიტეს ომი ელადაში და კიმონის სარდლობით ორასი ხომალდით კვიპროსისკენ გაეშურნენ. სამოცი ხომალდი ამირტეოსის დასახმარებლად ეგვიპტეში წავიდა, დანარჩენებმა კიკიტიოსის ალყა დაიწყო. კიმონის სიკვდილის შემდეგ მათ სურსათი გაუთავდათ და უკან დახევა მოუწიათ. შემდეგ სალამინიდან კვიპროსისკენ გასწიეს, სადაც ერთდროულად ზღვასა და ხმელეთზე ფინიკიელებს, კილიკიელებსა და კვიპროსელებს სძლიეს. შემდეგ ლაკედემონელებმა დაიწყეს ე.წ. წმინდა ომი. მათ დაიკავეს დელფოს სამისნო და დელფოელებს გადასცეს იგი. ლაკედემონელთა წასვლის შემდეგ ათენელთა ლაშქარმა სამლოცველო ფოკეელებს დაუბრუნა.

გარკვეული დროის შემდეგ ათენელებმა ტოლმიდესის სარდლობით ათასი ჰოპლიტი და მოკავშირეთა რაზმები გაგზავნეს ბეოტიელ დევნილთა წინააღმდეგ, რომლებმაც ორქომენოსი, ქერონეა და ბეოტიის ზოგი სხვა ქალაქი დაიკავეს. მათ აიღეს ქერონეა, მოსახლეობა მონებად გაყიდეს და შინ ბრუნდებოდნენ. მათ ორქომენოსიდან თავს დაესხნენ ბეოტიელი დევნილები და მათი მოკავშირეები. ათენელები დამარცხდნენ, ბევრი დაიღუპა ან ტყვედ ჩავარდა. ათენელებს ბეოტიის დატოვება მოუხდათ, მხოლოდ ტყვეების დაბრუნება მოახერხეს.

შემდეგ ათენს ევბეა განუდგა. ათენელთა ჯარი პერიკლესის სარდლობით უკვე გადასული იყო კუნძულზე, როცა მოვიდა ცნობა მეგარაში აჯანყების შესახებ. მეგარელებმა ამოხოცეს ათენელთა გარნიზონი და საშველად პელოპონესელებს მიმართეს. ლაკედემონელთა მეფის პლეისტოანაქსის სარდლობით პელოპონესელები ატიკაში შეიჭრნენ და ელევსინამდე მიაღწიეს, მაგრამ შემდეგ უკან გაბრუნდნენ. მაშინ პერიკლესმა კვლავ გაილაშქრა ევბეაზე და მთელი კუნძული დაიმორჩილა. მათ ყველა ქვეყანაში სასურველი სახელმწიფო წყობა დაამყარეს, მხოლოდ ჰესტილები განდევნეს და მათ მიწას თვითონ დაეპატრონენ.

ევბეადან დაბრუნების შემდეგ ათენელებმა ლაკედემონელებთან და მათ მოკავშირეებთან ოცდაათწლიანი ზავი დადეს, დათმეს სამფლობელოებიც პელოპონესში: ნისაია, პეგა, ტროიძენე და აქაია. ექვსი წლის შემდეგ სამოსსა და მილეტოსს ომი ჰქონდათ პრიენეს გამო. როდესაც მილეტელებს საქმე ცუდად წაუვიდათ, ათენელებს სთხოვეს დახმარება. სამოსზეც იყვნენ პოლიტიკურ ცვლილებათა მომხრეები. ამიტომ ათენელებმა ორმოცი ხომალდი გაგზავნეს სამოსზე, იქ დემოკრატია დაამყარეს, მძევლები წაიყვანეს, კუნძულზე კი გარნიზონი დატოვეს. ზოგი სამოსელი სარდში გაიქცა. ადგილობრივი წარჩინებულებისა და სატრაპის დახმარებით მათ მოულოდნელად გადმოსხეს შვიდასი კაცი სამოსზე. ჯერ დემოკრატიულ მთავრობას გაუსწორდნენ და ლემნოსიდან მძევლები დააბრუნეს, დატყვევებული ათენელები კი სპარსელებს გადასცეს. იმავე დროს აჯანყდნენ ბიზანტიონელებიც.

ეს რომ შეიტყვეს, ათენელები სამოცი ხომალდით გაეშურნენ სამოსისკენ. მათ თექვსმეტი ხომალდი კარიაში ფინიკიელთა ესკადრის სათვალთვალოდ და მოკავშირეთა მოსაზიდად გამოყვეს, დანარჩენი ორმოცდაოთხი კი პერიკლესის სარდლობით შეებრძოლა სამოსელთა სამოცდაათ გემს. გაიმარჯვეს ათენელებმა. მაშველი ძალის (ათენიდან ორმოცი, ქიოსიდან და ლესბოსიდან ოცდახუთი ხომალდის) მოსვლის შემდეგ ისინი სამოსზე გადასხდნენ, სახმელეთო ბრძოლაშიც სძლიეს მტერს და ქალაქს ალყა შემოარტყეს. ამ დროს პერიკლესმა მიიღო ცნობა ფინიკიური ესკადრის მოახლოების შესახებ და მის წინააღმდეგ სამოცი ხომალდით გაემართა.

სამოსელები მოულოდნელად დაესხნენ თავს ათენელთა ესკადრის სადგომს, გაიმარჯვეს და დროებით აღადგინეს კონტროლი ზღვაზე. პერიკლესის დაბრუნების შემდეგ სამოსის ბლოკადა განახლდა. ათენიდან კიდევ სამოცი, ხოლო ქიოსიდან და ლესბოსიდან ოცდაათი ხომალდი მოაშველეს. სამოსელებმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლეს და ალყის მეცხრე თვეზე დანებდნენ ათენელებს. მათ კედლების მორღვევა, მძევლებისა და გემების გადაცემა და ომის ხარჯების ანაზღაურება მოუხდათ. ბიზანტიონელებიც დამორჩილდნენ და ძველებურად ათენელთა ქვეშევრდომებად დარჩნენ.

რამდენიმე წლის შემდეგ მოხდა ზემოთ ხსენებული კონფლიქტები კერკირაზე და პოტეიდაიაში. ეს ომები ელინთა შორის და ბარბაროსთა წინააღმდეგ დაახლოებით ორმოცდაათი წლის მანძილზე წარმოებდა, ქსერქსეს ელადიდან წასვლასა და ახლანდელ ომს შორის. ამ პერიოდში ათენელებმა უდიდეს ძლიერებას მიაღწიეს. ლაკედემონელები ხედავდნენ ათენის ძალაუფლების ზრდას, მაგრამ არ უშლიდნენ ხელს და სიმშვიდეს ინარჩუნებდნენ. ისინი აუცილებელი საჭიროების გარეშე არ იწყებდნენ ომს, უფრო შინაომით იყვნენ დაკავებული. როდესაც ათენმა აშკარა უპირატესობას მიაღწია და ლაკედემონელთა მოკავშირეებზე თავდასხმა გაბედა, ამის მოთმენა მათ აღარ შეეძლოთ და გადაწყვიტეს, მტერი შეემუსრათ. მათი აზრით, ზავი ათენელებმა დაარღვიეს, მაგრამ მაინც გაგზავნეს ელჩობა დელფოში და ღმერთს ჰკითხეს, დაეწყოთ ომი თუ არა. ღმერთმა, როგორც ამბობენ, ასე უპასუხა: თუ მთელი ძალით იომებთ, გაიმარჯვებთ, მე კი თქვენთან ვიქნები.

ლაკედემონელებმა შეკრიბეს მოკავშირეები, რათა კენჭისყრა მოეწყოთ. უმრავლესობა ათენელებს უჩიოდა და ომის დაწყებას ითხოვდა. ბოლოს კორინთელები გამოვიდნენ:

„მოკავშირეებო, ჩვენ ვეღარ ვუსაყვედურებთ ლაკედემონელებს, რადგან მათ უკვე გადაწყვიტეს ომი და ჩვენც ამისთვის შეგვკრიბეს. ბელადებს ხომ მართებთ საერთო საქმეზე ზრუნვა. ვინც ათენელებს კარგად ვიცნობთ, დარწმუნება არ გვჭირდება, მაგრამ ვინც ზღვისგან მოშორებით ხმელეთზე ცხოვრობს, მან უნდა იცოდეს, რომ საქონლის გატანა-შემოტანას გაირთულებს, თუ სანაპირო ქვეყნებს ახლა არ დაიცავს. ამიტომ არ უნდა იფიქრონ, თითქოს განსახილველი საკითხი მათ არ ეხება, და ომი უნდა აირჩიონ. გონიერი ხალხი, სანამ მათ არ შეაწუხებენ, მშვიდობას არჩევს. ღირსეულიკი, თუ მისი უფლებები დაირღვა იომებს, რათა გამარჯვებულმა მშვიდობა აღიდგინოს. ის არ ესწრაფვის სამხედრო წარმატებებს, მაგრამ არც თავს დაიჩაგრავს მშვიდობისა შესანარჩუნებლად. ვინც ომს გაურბის მშვიდი ცხოვრების ხათრით, პირველი დაკარგავს მოსვენებას, ხოლო ვინც სამხედრო წარმატებებით ამაყობს, უგუნურმა სიმამაცემ შეიძლება შეაცდინოს. მართალია, ზოგჯერ უგუნური გეგმა ამართლებს, საუკეთესო ჩანაფიქრს კი მარცხისკენ მივყავართ. ყველაფერს ვერ გათვლი.

ახლა ჩვენ სამართლიან ომს ვიწყებთ და ათენელებს რომ გავუსწორდებით, კვლავ დავდებთ იარაღს. ჩვენი გამარჯვება სავსებით მოსალოდნელია. ჩვენს მხარესაა რიცხობრივი უპირატესობა და საბრძოლო გამოცდილება. ფლოტს ნაწილობრივ მოკავშირეთა, ნაწილობრივ დელფოსა და ოლიმპიის ტაძრების სახსრებით ავაგებთ. მაღალი ანაზღაურებით მათ დაქირავებულ მეზღვაურებსაც გადმოვიბირებთ. ათენელებს ხომ მოქირავნე მეტი ჰყავთ ჯარში, ვიდრე მოქალაქე. ჩვენი ლაშქრის ძალა კი ხალხია და არა ფული. ჩვენი პირველი საზღვაო გამარჯვებისთანავე ათენელები დაგვნებდებიან. თუ გაგვიძალიანდებიან, ჩვენ თანდათანობით დავეწევით მათ საზღვაო საქმეში და ჩვენი სიმამაცით ვაჯობებთ კიდეც. სიმამაცე თანდაყოლილი გვაქვს, ისინი ამას ვერ ისწავლიან, ხელობას კი ვარჯიშით დავეუფლებით. ომისათვის საჭირო სახსრებს, ცხადია, ვიპოვით. განა დასაშვებია, ათენელთა მოკავშირეებმა იხადონ ხარკი, რომელიც მათ საბოლოო დამონებას ხმარდება, ჩვენ კი არ გავიღოთ ფული მტრის დასასჯელად და საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად.

ომის სხვა საშუალებაც გვაქვს. ათენელებს მოკავშირეებს ავუჯანყებთ და ამით შემოსავალს მოვაკლებთ, ან მათ მიწაზე სიმაგრეებს ავაგებთ. ყველაფერს ახლა ვერ გავითვალისწინებთ, ომი თვითონ გვიკარნახებს. საქმე რომ თანასწორ მეზობელთა შორის სასაზღვრო დავას ეხებოდეს, კიდევ შეიძლებოდა მოთმენა. მაგრამ ათენელები ძალით მთელ ჩვენ კავშირს არ ჩამოუვარდებიან. ამიტომ, თუ ერთსულოვნად არ შევუტევთ, ცალ-ცალკე ყველას დაგვამარცხებენ. ეს კი მონობის ტოლფასი იქნება. ამდენმა ქვეყანამ ერთისგან არ უნდა ითმინოს დამცირება. თუ ამას დავუშვებთ, იფიქრებენ, რომ სამართლიანად ვისჯებით ან ლაჩრები ვართ. ელადის განმათავისუფლებელთა შვილებს არ ეკადრებათ, ერთ ქვეყანას დამორჩილდნენ.

მიმდინარე საქმეების გარდა მომავალზეც უნდა ვიფიქროთ. დღესთუ ჩვენს მამებზე ცოტა უფრო მდიდრები ვართ და მეტი შეგვიძლია, არ ივარგებს, გაჭირვებით მოპოვებული ახლა დავკარგოთ. თამამად დავიწყოთ ომი, ღმერთმაც თანადგომა აღგვითქვა, დანარჩენი ელადაც შიშით ან გამორჩენის იმედით ჩვენთან იქნება. თან ჩვენ არც ვარღვევთ ხელშეკრულებას (ღმერთი მას უკვე დარღვეულად მიიჩნევს), ჩვენ მშვიდობას ვიცავთ.

ჩვენ ომისათვის საუკეთესო შესაძლებლობები გვაქვს და მოგიწოდებთ, ერთსულოვნად უყაროთ კენჭი ამ გადაწყვეტილებას. დავეხმაროთ პოტეიდაიელებს, ისინიც ხომ დორიელები არიან, და გავათავისუფლოთ სხვა ქვეყნები. ნუ შეგეშინდებათ ომის, იგი ჩვენ მტკიცე მშვიდობას მოგვიტანს“.

მოკავშირეთა გამოსვლების მოსმენის შემდეგ ლაკედემონელებმა კენჭისყრა მოაწყვეს. დიდსა და პატარას თანაბარი ხმა ჰქონდა. უმრავლესობამ ომს დაუჭირა მხარი. მაგრამ პელოპონესელი მოკავშირეები ომისათვის მზად არ იყვნენ და კიდევ თითქმის წელიწადი დასჭირდათ, სანამ ატიკაში შეიჭრებოდნენ და საომარ მოქმედებებს გააჩაღებდნენ.

მანამდე კი ლაკედემონელებმა ისევ გაგზავნეს ელჩები ათენში საჩივრებით, რათა უარის შემთხვევაში ომისათვის დამატებითი საბაბი ჰქონოდათ. პირველ რიგში, ლაკედემონელები ითხოვდნენ ქალაქის გაწმენდას ქალღმერთის ტაძრის მიმართ ჩადენილი ცოდვისაგან. ეს ცოდვა კი შემდეგს გულისხმობდა. ძველად ათენში ცხოვრობდა ვინმე კილონი, ოლიმპიონიკი, გავლენიანი კაცი და წარჩინებული გვარის შვილი. მან მომხრეებთან ერთად აკროპოლისი დაიკავა, რათა ტირანი გამხდარიყო. ხალხმა ალყა შემოარტყა აკროპოლისს. კილონი და მისი ძმა გაიქცნენ, მათმა მომხრეებმა კი ტაძარს შეაფარეს თავი. გუშაგებმა მათ უვნებლად გაშვება აღუთქვეს, მაგრამ გამოვიდნენ თუ არა, იქვე დახოცეს. ამ ცოდვის მონაწილეები შეაჩვენეს და ქვეყნიდან განდევნეს. მოგვიანებით ზოგი მათგანი დაბრუნდა და მათი შთამომავლები დღესაც ქალაქში ცხოვრობენ.

ლაკედემონელებმა სწორედ ამ ცოდვილთა განდევნა მოითხოვეს, რათა ღმერთების გული მოეგოთ, თანაც იცოდნენ, რომ პერიკლესი დედის მხრიდან ცოდვილთ ენათესავებოდა. მათი აზრით, პერიკლესის გარეშე ათენელებს უფრო იოლად სძლევდნენ. პერიკლესის განდევნის იმედი არც ჰქონდათ, მაგრამ იმედოვნებდნენ, რომ ამ გზით მის მდგომარეობას შეარყევდნენ და მის წარმომავლობას ომის მიზეზად აქცევდნენ. მართლაც, პერიკლესი მაშინ ყველაზე გავლენიანი პირი და ლაკედემონელთა დაუძინებელი მტერი იყო. ის არამცთუ წინააღმდეგი იყო დათმობისა, არამედ ომისკენ აქეზებდა ათენელებს.

თავის მხრივ, ათენელებმაც მოსთხოვეს ლაკედემონელებს ცოდვისგან განწმენდა და ცოდვილთა განდევნა. თურმე, ერთხელ ლაკედემონელებმა გამოიტყუეს პოსეიდონის სამლოცველოს შეფარებული ილოტები და ვერაგულად ამოხოცეს. ეს მკრეხელობა ითვლებოდა სპარტის დიდი მიწისძვრის მიზეზად. ათენელებმა მოითხოვეს ათენას წინაშე ჩადენილი ცოდვისაგან განწმენდაც. საქმე ასე იყო. პავსანიასის მთავარსარდლობიდან პირველად გაწვევის შემდეგ სასამართლომ იგი გაამართლა, მაგრამ თანამდებობა მისთვის აღარ დაუბრუნებიათ. პავსანიასმა თვითონ აღჭურვა ჰერმიონელთა ტრიერი და ჰელესპონტში დაბრუნდა ვითომ ელინური საქმისთვის საბრძოლველად, სინამდვილეში კი სპარსეთის მეფესთან მოლაპარაკებების გაგრძელება სურდა. სპარსელებთან დაახლოების პირველი ნაბიჯი მან მაშინ გადადგა, როდესაც მეფეს ბიზანტიონის აღებისას ტყვედ ჩავარდნილი ნათესავები დაუბრუნა. მან საქმე ისე მოაწყო, თითქოს ტყვეები გაიქცნენ, ხოლო მეფეს, როგორც შემდეგ გაირკვა, ასეთი წერილი გაუგზავნა: „სპარტელთა წინამძღოლი პავსანიასი კეთილგანწყობის ნიშნად გიბრუნებს ტყვეებს. მე მზად ვარ, შევირთო შენი ქალიშვილი და დაგიმორჩილო სპარტა მთელ დანარჩენ ელადასთან ერთად. ვფიქრობ, შენთან ერთად ამას მოვახერხებ. თუ ჩემმა წინადადებამ დაგაინტერესა, სანდო კაცი გამომიგზავნე მოსალაპარაკებლად“.

ქსერქსემ მოლაპარაკება დასკილიის სატრაპად დანიშნულ არტაბაძოსს მიანდო, პავსანიასს კი აღუთქვა, რომ საერთო მიზნისათვის ოქრო-ვერცხლს არ დაიშურებდა.

პავსანიასი, როგორც პლატეასთან ბრძოლის მთავარსარდალი, ელინთა დიდი პატივისცემით სარგებლობდა. მეფესთან დაახლოების შემდეგ კი სულ გადიდგულდა. ფუფუნებით ცხოვრობდა და აღარც თავის მისწრაფებებს მალავდა. მასთან ურთიერთობა გართულდა. სწორედ ამიტომ გადავიდნენ მოკავშირეები ათენელთა მხარეს.

ლაკედემონელებმა, პავსანიასის საქციელის შესახებ რომ შეიტყვეს, მაშინ ის პირველად გაიწვიეს. საკუთარი ნებით დაბრუნებული ათენელებმა აღარ შეუშვეს ბიზანტიონში. პავსანიასი სპარტაში აღარ წასულა და ბარბაროსებთან ურთიერთობა განაახლა. მაშინ ლაკედემონელებმა იგი მეორედ გაიწვიეს. ზედმეტი ეჭვი რომ არ აღეძრა, პავსანიასი დამორჩილდა და სპარტაში დაბრუნდა იმ იმედით, რომ საქმეს მოსყიდვით მოაგვარებდა. ეფორებმა ის ჯერ დააკავეს (მათ მეფის დაკავების უფლებაც კი ჰქონდათ), შემდეგ კი გაათავისუფლეს სასამართლოზე გამოცხადების პირობით.

პავსანიასის დანაშაულის საბუთი არ არსებობდა, ამის გარეშე კიმეფური წარმომავლობის კაცს ვერ დასჯიდნენ. მაგრამ მისი ცხოვრების წესი აჩვენებდა, რომ ის სპარტელთა კანონებს არ ემორჩილებოდა. ამიტომ დაიწყეს მის გადაცდომათა გამოძიება. გაუხსენეს ისიც, რომ მიდიური ნადავლიდან დელფოსათვის ელინების მიერ შეწირულ სამფეხზე მან თვითნებურად დააწერა საკუთარი სახელი. ეს წარწერა ლაკედემონელებმა წააშლევინეს და ზედ ყველა იმქვეყნის სახელი ამოჭრეს, ვინც ბარბაროსზე გამარჯვების ნიშნად ეს ძღვენი გაიღო. იძიებდნენ მის მოლაპარაკებებს ჰელოტებთან. პავსანიასი თავისუფლებასა და მოქალაქეობას სთავაზობდა მათ, თუ მის მხარდასაჭერად აჯანყდებოდნენ. ეფორები მაინც არ ენდნენ ბოლომდე ვიღაც ჰელოტების სიტყვას და არ გამოსულან პავსანიასის წინააღმდეგ (ისინი საერთოდ ერიდებოდნენ სპარტელის მიმართ შეუქცევადი ზომების მიღებას უტყუარი საბუთების გარეშე), სანამ იგი მისმა შიკრიკმა არ გასცა. ეს უკანასკნელი დააეჭვა იმან, რომ სპარსელებთან გაგზავნილი არც ერთი შიკრიკი უკან აღარ მობრუნებულა, წერილი გახსნა და აღმოაჩინა მინაწერი, რომლის თანახმადაც იგი უნდა მოეკლათ.

მხოლოდ ამის შემდეგ ირწმუნეს ეფორებმა პავსანიასის ბრალი, მაგრამ აღიარების უშუალოდ მისგან მოსმენა უნდოდათ. ამიტომ მოაწყვეს დამსმენთან მისი პირისპირ შეხვედრა, თვითონ კი ფარულად უსმენდნენ.

ამ საუბრის შემდეგ ეფორებმა გადაწყვიტეს პავსანიასის დაკავება. პავსანიასი მიხვდა, რასაც უპირებდნენ და თავი ათენას სამლოცველოს შეაფარა. ეფორებმა შენობას სახურავი ახადეს დაკარი ამოქოლეს, გარეთ კი გუშაგები დაუყენეს და დაელოდნენ, როდის აიძულებდა შიმშილი, რომ დანებებულიყო. მომაკვდავი გარეთ გამოიყვანეს და მან იქვე განუტევა სული. დელფოს ღმერთმა ლაკედემონელებს უბრძანა მისი დაკრძალვა გარდაცვალების ადგილას და ცოდვის გამოსასყიდად ქალღმერთისთვის ბრინჯაოს ორი ქანდაკების შეწირვა.

პავსანიასის სიკვდილის შემდეგ ლაკედემონელებმა იმავე ბრალდებით თემისტოკლესის დასჯაც მოითხოვეს. ათენელები დაეთანხმნენ და ხალხი გაგზავნეს ოსტრაკიზმით განდევნილი თემისტოკლესის დასაკავებლად.

თემისტოკლესმა ჯერ კერკირაზე სცადა თავის შეფარება, შემდეგმოლოსთა მეფე ადმეტოსთან, ბოლოს იძულებული გახდა სპარსეთში გადახვეწილიყო. აზიაში მან თავისი სამსახური შესთავაზა ტახტზე ახლად ასულ არტაქსერქსეს.

მეფემ, როგორც ამბობენ, ეს წინადადება სიხარულით მიიღო და თემისტოკლესს თავისუფლად მოქმედების ნება მისცა. თემისტოკლესმა შეისწავლა სპარსული ენა, წეს-ჩვეულებები და ერთი წლის შემდეგ მეფეს ეახლა. მან მეფის კარზე ისეთი მაღალი მდგომარეობამოიპოვა, რაც არც ერთ სხვა ელინს არ ღირსებია, ნაწილობრივ მისი სახელის გამო, ნაწილობრივ იმიტომ, რომ მეფეს ელადის დამორჩილების იმედი მისცა, თუმცა, პირველ რიგში, არაჩვეულებრივი ჭკუის წყალობით. მართლაც, ის ბუნებით უაღრესად ნიჭიერი კაცი იყო და მისი სხარტი გონება ნებისმიერი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალს პოულობდა. იგი ავადმყოფობით გარდაიცვალა, თუმცა ამბობენ, თავი მოიკლა, რადგან მეფეს დანაპირები ვერ შეუსრულაო. მისი საფლავის ქვა მაგნესიაშია, რომელიც მეფემ მას სამართავად გადასცა, ნეშტი კი ნათესავებმა ფარულად მიაბარეს ატიკის მიწას. ასე აღესრულა თავისი დროის ორი გამოჩენილი ელინი – ლაკედემონელი პავსანიასი და ათენელი თემისტოკლესი.

ამგვარად, ლაკედემონელებმა მოითხოვეს ცოდვილთა განდევნა და ათენელთაგანაც იგივე მოთხოვნა მიიღეს. ლაკედემონელთა ელჩობა ასევე ითხოვდა პოტეიდაიას ალყის მოხსნას, ეგინის თავისუფლებას და მეგარისათვის სავაჭრო შეზღუდვების გაუქმებას. ათენელებმა ეს წინადადებები არ მიიღეს. ლაკედემონელთა ბოლო ელჩობამ ძველი მოთხოვნები აღარ გაიხსენა და ერთს დასჯერდა: „ომი არ იქნება, თუ თქვენ ელინთა დამოუკიდებლობას სცნობთ“. მაშინ ათენელებმა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სახალხო კრება მოიწვიეს. ორატორთა აზრები გაიყო. მაშინ გამოჩენილმა ორატორმა და სახელმწიფო მოღვაწემ, პირველმა კაცმა ათენში, პერიკლესმა შეკრებილთ ასე მიმართა:

„ათენელებო, ჩემი აზრით, არ ღირს პელოპონესელთათვის დათმობა, თუმცა ვიცი, რომ ომის დაწყების გადაწყვეტილების მიღება უფრო იოლია, ვიდრე ომის წარმოება, და განწყობა შეიცვლება იმის მიხედვით, ბედი ვის გაუღიმებს. ახლაც იგივე, ან თითქმის იგივე უნდა გირჩიოთ, რაც ადრე. სამართლიანი იქნება, თუ ვინც დაეთანხმება საერთო გადაწყვეტილებას, მხარს დაუჭერს მას წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი, ხოლო გამარჯვებას საკუთარ გამჭრიახობას არ მიაწერს. მოვლენათა განვითარების განჭვრეტა ხომ ისევე შეუძლებელია, როგორც აზრების კითხვა. ამიტომ გაუთვალისწინებელ უბედურებას ხშირად შემთხვევითობას მივაწერთ. ლაკედემონელები უკვე დიდი ხანია გვმტრობენ. მართალია, ისინი დათანხმდნენ საქმეების საშუამავლო სასამართლოში განხილვას და ორივე მხარის მიერ საკუთარ სამფლობელოთა ფარგლების შენარჩუნებას, მაგრამ მათ სასამართლოსთვის არასოდეს მიუმართავთ და სადავო საკითხების ძალით გადაწყვეტას ამჯობინებდნენ. ახლა საჩივრით კი არა, ბრძანებით მოდიან. ისინი გვიბრძანებენ, მოვხსნათ ალყა პოტეიდაიას, მივცეთ დამოუკიდებლობა ეგინას და გავაუქმოთ მეგარის დადგენილება. ბოლოს ელინთა დამოუკიდებლობის აღიარებაც მოგვთხოვეს. არ ეგონოთ, რომ ომი უმნიშვნელო მიზეზით დაიწყება, თუ მეგარის დადგენილებას არ შევცვლით. სწორედ ეს მოჰყავთ საბუთად და გვიმტკიცებენ, გააუქმეთ დადგენილება დაომი არ იქნებაო. ნუ გადარდებთ მცირედის გამო ომი. ეს მცირედი კარგ საშუალებას იძლევა თქვენი ძალისა და გამბედაობის გამოსაცდელად. თუ ახლა დაუთმობთ, ხვალ მეტს მოგთხოვენ იმის იმედით, რომ შიშით ისევ დაუთმობთ. ხოლო თუ თამამად უარყოფთ მათ მოთხოვნებს, ამით აჩვენებთ, რომ თანასწორივით უნდა მოგექცნენ.

ამიტომ დაფიქრდით, დაუთმობთ ლაკედემონელებს რამეს, სანამ ომი არ შეგხებიათ, თუ ვიბრძოლოთ ჩვენი ღირსების დასაცავად. ნებისმიერი მოთხოვნა, რომელსაც თანასწორი თანასწორს უყენებს სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, დამონების საწინდარია. რაც შეეხება ძალთა შეფარდებას, იცოდეთ, რომ არ ჩამოვრჩებით პელოპონესელებს. უფრო დაწვრილებით მოგახსენებთ: პელოპონესელები მიწათმოქმედები არიან და თავისი შრომის ნაყოფით ცხოვრობენ. არც კერძო პირებს, არც ხაზინას ფული არ აქვს. ხანგრძლივ ომებს შორეულ ქვეყნებთან ერიდებიან და უსახსრობის გამო მხოლოდ ერთმანეთს ებრძვიან. ასეთი ხალხი ვერ აღჭურვავს ხომალდებს, იშვიათად აწყობს სახმელეთო ლაშქრობასაც, რადგან ამისათვის მარჩენალ მიწას უნდა მოსწყდეს. თანაც ზღვა მათ ჩვენ წავართვით. სავსე ხაზინა უფრო წაადგება ომს, ვიდრე იძულებითი გადასახადები. მიწათმოქმედი ომში უმალ საკუთარ სიცოცხლეს ჩააგდებს საფრთხეში, ვიდრე ქონებას. სიცოცხლე შეიძლება შეინარჩუნოს კიდეც, ფული კი გამოილევა, განსაკუთრებით, თუ ომი გაჭიანურდა. ერთ ბრძოლაში პელოპონესელები წინ დაუდგებიან ყველა ელინს. მაგრამ განსხვავებული შეიარაღების მქონე მტერთან ომი მათ არ შეუძლიათ, რადგან არ აქვთ მუდმივი ერთიანი ხელისუფლება. მათ არ შეუძლიათ სწრაფად და თამამად მოქმედება. მათი კავშირი თანასწორთა და განსხვავებულთა კავშირია. თითოეული ქვეყანა საკუთარ ინტერესს იცავს და ერთად არაფერი გამოსდით. თუ ერთს სურს, მტერს რაც შეიძლება მეტად ავნოს, დანარჩენები იმაზე ფიქრობენ, რომ ომში არაფერი დაეხარჯოთ. ხანმოკლე შეკრებებზე იშვიათად განიხილავენ საერთო საქმეებს, ძირითადად ცალკეული ქალაქის სატკივარზე საუბრობენ. თითოეულს მიაჩნია, რომ მისი უნიათობა არ ავნებს საერთო საქმეს და მასზე სხვა იზრუნებს. ამიტომ თითოეული კერძო საქმითაა დაკავებული, საერთო ინტერესები კი ზარალდება.

მაგრამ მათი ძირითადი გასაჭირი ფულის ნაკლებობა იქნება. ფულს ნელა შოულობენ, ომი კი მათ არ უცდის. ჩვენ არც მათი სიმაგრეებისა და ფლოტის უნდა გვეშინოდეს. მშვიდობის პირობებშიც კი ძნელია ისეთი დაცული ქალაქის აგება, როგორიც ათენია, მით უმეტეს, ომის დროს, მას მერე, რაც ჩვენც გავამაგრებთ საზღვარს. თუ შექმნიან გამაგრებულ პუნქტს, შეძლებენ ჩვენი მიწის აოხრებას და ვინმეს გადაბირებას, მაგრამ ეს არ შეგვიშლის ხელს ზღვიდან თავდასხმაში. ზღვაზე ბრძოლაში ჩვენ ხომ მეტი გამოცდილება მოვიპოვეთ ხმელეთზე ომისთვის, ვიდრე მათ თავისი ომებით ზღვაოსნობისთვის. გამოცდილი ზღვაოსანი იოლად ვერ გახდები. თქვენც, თუმცა ამ საქმეს მიდიური ომების დროს მიჰყავით ხელი, კიდევ არ ფლობთ მას სრულყოფილად. როგორღა მიაღწიონ რამეს მიწათმოქმედებმა, ზღვის უნახავმა ხალხმა, ჩვენი ფლოტის მიერმათი ნავსადგურების ბლოკადის პირობებში? რამდენიმე ხომალდთან შებრძოლებას ისინი კიდევ გაბედავენ, რადგან გამოცდილების რიცხვითი უპირატესობით გაბათილების იმედი ექნებათ. მაგრამ დიდი ესკადრის წინააღმდეგ ზღვაში ვერ გავლენ. ვარჯიშის გარეშე კი ვერასოდეს გახდებიან გამოცდილი ზღვაოსნები. საზღვაო საქმე ხომ ხელოვნებაა, რომელსაც, სხვა ხელოვნებათა მსგავსად, სხვათა შორის ვერ შეისწავლი, მას მთელი ძალ-ღონე უნდა დაუთმო.

დავუშვათ, პელოპონესელები დაეუფლონ დელფოსა და ოლიმპიის ტაძრების საგანძურს და სცადონ, მაღალი ანაზღაურებით გადაიბირონ ჩვენი უცხოელი მეზღვაურები. ეს სახიფათო იქნებოდა, ჩვენ რომ საკუთარ მოქალაქეთა და მეტეკთა შორის მათი შემცვლელის პოვნა არ შეგვეძლოს. მაგრამ ასეთი შესაძლებლობა გვაქვს, და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, მესაჭეები მოქალაქეები არიან, ხოლო მეზღვაური მეტიც გვყავს და უფრო გამოცდილიც, ვიდრე სადმე დანარჩენ ელადაში. საქმე ომამდე რომ მივა, არც ერთი მოქირავნე არ დაგვტოვებს, რათა რამდენიმე დღის მანძილზე გამარჯვების იმედის გარეშე იომოს პელოპონესელთა მხარეზე უფრო მაღალი გასამრჯელოსათვის. დაახლოებით ასეთია, ჩემი აზრით, პელოპონესელთა შესაძლებლობები. ჩვენ არამცთუ არ გვაქვს მსგავსი სირთულეები, არამედ ყველა მხრივ კარგ მდგომარეობაში ვართ. თუ ხმელეთით შემოგვიტევენ, ჩვენ ზღვაზე დავესხმით თავს. მათთვის პელოპონესის ნაწილის აოხრება ბევრად უფრო მტკივნეული იქნება, ვიდრე ჩვენთვის – მთელი ატიკისა. მათ ხომ სხვა მიწა არ აქვთ, ჩვენკი ბევრი გვაქვს კუნძულებსა და ხმელეთზე. ამდენად მნიშვნელოვანია ზღვაზე ბატონობა. დაფიქრდით, კუნძულზე რომ ვცხოვრობდეთ, ვინ რას დაგვაკლებდა? ამიტომ უკვე ახლა უნდა წარმოვიდგინოთ მდგომარეობა, როდესაც ჩვენ მიწას და სახლებს დავტოვებთ და და არ შევებმებით ბრძოლის ველზე პელოპონესელთა მრავალრიცხოვან ქვეით ჯარს. რომც გავიმარჯვოთ, ისევ იმდენი მტერი დაგვრჩება, ხოლო თუ დავმარცხდით, დაიღუპება ჩვენი კავშირი – ჩვენი ძლიერების საფუძველი. მოკავშირეები მაშინვე განგვიდგებიან, როგორც კი ძალა არ გვექნება მათ დასამორჩილებლად. ამიტომ სახლებსა და ყანებზე კი არ უნდა ვიფიქროთ, არამედ საკუთარ თავზე. მე რომ შემეძლოს, დაგარწმუნებდით, თავადვე მიგვეტოვებინა და გაგვეჩანაგებინა საკუთარი მიწა, რათა პელოპონესელთათვის გვეჩვენებინა, რომ ამით ვერ დაგვაჩოქებენ.

ბევრი რამ მაძლევს იმის იმედს, რომ გავიმარჯვებთ, თუ ახალ ომს არ წამოვიწყებთ და თავს ზედმეტ ხიფათში არ ჩავიგდებთ. მტრის გეგმებზე მეტად მე ჩვენი შეცდომების მეშინია. მაგრამ ამაზე მაშინ ვისაუბროთ, ომი რომ დაიწყება. ახლა კი ელჩები ასეთი პასუხით გავისტუმროთ: ჩვენ გავუხსნით მეგარელებს ჩვენს ნავსადგურებსა და ბაზრებს, თუ ლაკედემონელები აღარ შეგვავიწროვებენ ჩვენ და ჩვენს მოკავშირეებს (ეს ხომ სამშვიდობო ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული); ჩვენ ვცნობთ მოკავშირეთა დამოუკიდებლობას (რამდენადაც ისინი დამოუკიდებლები იყვნენ ხელშეკრულების დადებისას), თუ ლაკედემონელებიც ნებას მისცემენ მათ ქვეყნებს, ისეთი მმართველობა ჰქონდეთ, როგორიც თავად სურთ. ჩვენ მზად ვართ, დავემორჩილოთ საშუამავლო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, როგორც ეს ხელშეკრულებითაა განსაზღვრული – ომს არ დავიწყებთ, მაგრამ თავს დავიცავთ. ეს იქნება სამართლიანი და ღირსეული პასუხი. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ომი გარდაუვალია. რაც მეტი ხალისით მივიღებთ გამოწვევას, მით ნაკლები შემართებით შემოგვიტევს მტერი. გახსოვდეთ, სადაც დიდი ხიფათია, იქაა უდიდესი სახელი როგორც ქვეყნისათვის, ასევე ცალკეული მოქალაქისთვის. ჩვენმა წინაპრებმა მოიგერიეს მიდიელთა შემოსევა, თუმცა ომის დასაწყისში ჩვენზე სუსტები იყვნენ და სახლ-კარის დატოვებაც მოუხდათ. ბარბაროსის განდევ-ნასა და ქვეყნის განდიდებას მათ სიბრძნესა და სულიერ სიმტკიცეს უფრო უნდა ვუმადლოდეთ, ვიდრე შემთხვევასა და უხეშ ძალას. ჩვენ მათი ღირსეული მემკვიდრეები უნდა ვიყოთ, წინ აღვუდგეთ მტერს და შთამომავლობას არანაკლებ დიადი და ძლევამოსილი ქვეყანა დავუტოვოთ“.

ათენელები დარწმუნდნენ, რომ პერიკლესის რჩევა საუკეთესო იყო და შესაბამისი დადგენილებაც მიიღეს. ლაკედემონელებს კიუპასუხეს, რომ მათგან ბრძანებებს არ მოითმენენ, თანასწორობის პირობებში კი მზად არიან მოილაპარაკონ ყოველ კონკრეტულ პუნქტთან დაკავშირებით და სადავო საკითხები საშუამავლო სასამართლოზე გადაწყვიტონ. ამის შემდეგ ლაკედემონელებს ელჩები აღარ გამოუგზავნიათ.

ასე წარიმართა მოვლენები ომის წინ, ეპიდამნოსისა და კერკირის ინციდენტის შემდეგ. მხარეები აგრძელებდნენ ურთიერთობებს და მაცნეების გარეშე საუბრობდნენ, მაგრამ ნდობა მათ შორის აღარიყო. ეს კი არღვევდა ზავს და ომისთვის საფუძველს ამზადებდა.

მეორე წიგნი
ნამდვილი ომი ათენელებსა და პელოპონესელებს შორის მაშინ დაიწყო, როდესაც ისინი აღარ საუბრობდნენ მაცნის გარეშე და ერთმანეთს ყველგან იარაღით უპირისპირდებოდნენ.

ევბეის დაპყრობის შემდეგ დადებულმა ოცდაათწლიანმა ზავმა თოთხმეტი წელი გაძლო. მეთხუთმეტე წელს კი, პოტეიდაიასთან ბრძოლიდან მეთექვსმეტე თვეს, თებელთა სამასკაციანი რაზმი ღამით თავს დაესხა ათენელთა მოკავშირე ბეოტიურ ქალაქ პლატეას. თებელებს მოუხმო პლატეას მოქალაქეთა ჯგუფმა, რომელსაც პოლიტიკური მოწინააღმდეგეების გაჟლეტა და ქალაქის თებელთათვის გადაცემა სურდა. თებელები ხედავდნენ, რომ ომი იწყებოდა და გადაწყვიტეს, ძველ მეტოქე პლატეას დაუფლებოდნენ. მათ იოლად შეაღწიეს ქალაქში და ბაზრის მოედანი დაიკავეს, მაგრამ იმის მაგივრად, რომ მტრის სახლებში შეჭრილიყვნენ, გადაწყვიტესმშვიდობიანად მიემხროთ პლატეელები და მაცნის პირით გამოუცხადეს, ვისაც ბეოტიელთა მოკავშირეობა სურდა, მათ შეერთებოდა.

პლატეელებს თავიდან მტერი ბევრად მეტი ეჩვენათ, ვიდრე სინამდვილეში იყვნენ და მოლაპარაკებაზე დათანხმდნენ. შემდეგ ნახეს, რომ თებელები არც ისე მრავალრიცხოვანნი იყვნენ და მათი დამარცხება სავსებით შესაძლებელი იყო. პლატეელთა უმრავლესობას ათენელებთან კავშირი ერჩია. ამიტომ გადაწყვიტეს, თავს დასხმოდნენ მომხვდურებს. მათ მტრისგან მალულად დაიწყეს შეკრება, ჩახერგეს ქუჩები და მიიღეს ზომები, რაც მსგავს შემთხვევებში არის საჭირო. ყველაფერი რომ მოამზადეს, პლატეელები ღამით შეიკრიბნენ და გათენებამდე თავს დაესხნენ თებელებს. იფიქრეს, რომ სიბნელეში უცხო ქალაქში ბრძოლა მტერს გაუჭირდებოდა.

როდესაც თებელები მიხვდნენ, რომ მოტყუვდნენ, ერთად შეიყარნენ და საბრძოლოდ გაემზადნენ. მათ შეძლეს მტრის რამდენიმე შეტევის მოგერიება. მაშინ პლატეელებს ქალები და მსახურებიც მიეხმარნენ. ისინი სახურავებიდან ქვებსა და კრამიტს ისროდნენ წივილ-კივილით, თანაც მთელ ღამეს კოკისპირულად წვიმდა. თებელები შედრკნენ და ქალაქში გაიფანტნენ. უმრავლესობამ ტალახსა და სიბნელეში ვერ იპოვა ქალაქიდან გასასვლელი და მდევრისაგან თავის დაღწევა ვერ მოახერხა. პლატეელებმა ხომ საკუთარ ქალაქში ყოველი კუთხე-კუნჭული იცოდნენ, თანაც მათ წინასწარ ჩარაზეს ჭიშკარი. გაქცეულთა ნაწილი გალავნიდან გადახტა და დაიმტვრა, მცირე ჯგუფმა კი გაანგრია ერთი დაუცველი ჭიშკარი, მაგრამ ისინი შენიშნეს და უმრავლესობა დახოცეს. თებელთა დიდი ჯგუფი კი მახეში გაება: გალავნის ახლოს მდებარე დიდი შენობის კარი მათ გასასვლელი ეგონათ და მას მიაშურეს. სანამ პლატეელები ფიქრობდნენ, ცეცხლი წაეკიდებინათ ამ შენობისთვის და ერთიანად დაეხოცათ მტერი, თებელებმა დანებება ამჯობინეს.

თებელთა ძირითადი ძალები იმავე ღამეს უნდა მიშველებოდნენ მეწინავე რაზმს გაუთვალისწინებელი სირთულეების შემთხვევაში. პლატეა თებესგან სულ რაღაც სამოცდაათი სტადიონითაა დაშორებული, მაგრამ ძლიერმა წვიმამ და ადიდებულმა მდინარე ასოპოსმა მათი გადაადგილება შეაფერხა. პლატეას რომ მიადგნენ, უკვე გვიანი იყო: თანამემამულეთა ნაწილი უკვე დაღუპული, ნაწილი კი დატყვევებული დახვდათ. ეს რომ გაიგეს, თებელებმა ქალაქის გარეთ მყოფი პლატეელების დატყვევება განიზრახეს, რათა ისინი თავიანთ თანამემამულეებში გაეცვალათ. პლატეელებმა გაითვალისწინეს ეს შესაძლებლობა და მინდორში მომუშავე თანამოქალაქეთა დასაცავად თებელებს მაცნე გაუგზავნეს. მან აუწყა თებელებს, რომ მშვიდობიან დროს ქალაქზე თავდასხმით მათ უკეთური საქმე ჩაიდინეს; რომ პლატეელები ითხოვენ, თებელებმა ხელი არ ახლონ მინდორში მომუშავე მოქალაქეებს და თვითონ დატოვონ პლატეას მიწა, თუ ტყვეების ცოცხლად დაბრუნება სურთ. ყოველ შემთხვევაში ასე ჰყვებიან თებელები და დასძენენ, რომ პლატეელებმა ფიციც დადეს. პლატეელები კი ამტკიცებენ, რომ არ დაუფიციათ, ტყვეების დაბრუნებას კი მხოლოდ შედეგიანი მოლაპარაკებების შემდეგ აპირებდნენ. ფაქტი ისაა, რომ თებელებმა დატოვეს მათი მიწა, პლატეელებმა კი ხალხი ქალაქში გადაიყვანეს, ხოლო ას ოთხმოცი ტყვე დახოცეს.

პლატეელებმა შიკრიკი გაგზავნეს ათენში, თებელებს კი დაღუპულ მეომართა ცხედრები გადასცეს. ათენელებმა, როგორც კი პლატეაზე თავდასხმის ამბავი შეიტყვეს, ატიკაში მყოფი ბეოტიელების შეპყრობა ბრძანეს, პლატეაში კი მაცნე გაგზავნეს, რათა თებელი ტყვეებისათვის არაფერი ევნოთ, სანამ ათენი მათ ბედს არ გადაწყვეტდა. შიკრიკს ტყვეები უკვე დახოცილი დახვდა. ამის შემდეგ ათენელებმა პლატეაში სამხედრო რაზმი და საკვების მარაგი გაგზავნეს, ხოლო ქალაქიდან ქალებთან და ბავშვებთან ერთად გაიყვანეს ყველა, ვისაც იარაღის ტარება არ შეეძლო.

პლატეას ინციდენტი ზავის აშკარა დარღვევა იყო და ათენელებმა ომისთვის მზადება დაიწყეს. ლაკედემონელები და მათი მოკავშირეებიც სამზადისს შეუდგნენ. ორივე მხარე ცდილობდა სპარსეთის მეფის, სხვა ბარბაროსებისა თუ ნეიტრალური დამოუკიდებელი ქვეყნების მხარდაჭერა მოეპოვებინა. ლაკედემონელებმა მეგობარ ქვეყნებს, იტალიასა და სიცილიას დამატებით ორასი ხომალდი მოსთხოვეს. ამით პელოპონესის ფლოტში ხომალდების საერთო რიცხვი ხუთასს მიაღწევდა. მოკავშირეებს უნდა შეეგროვებინათ გარკვეული თანხაც და მოვლენათა განვითარებას დალოდებოდნენ. ათენელებმა აღრიცხეს მოკავშირეთა ძალები და ელჩები გაგზავნეს კერკირაზე, კეფალენიაზე, აკარნანიასა და ძაკინთოსში. ამ ქვეყნების მიმხრობით ისინი იმედოვნებდნენ პელოპონესელთა დამარცხებას.

ორივე მხარე ომზე ფიქრობდა. ეს ბუნებრივიცაა: ადამიანი ახალ საქმეს დიდი გულმოდგინებით იწყებს. თანაც პელოპონესშიც და ათენშიც ახალგაზრდობას გამოუცდელობით ომი სწყუროდა. დანარჩენი ელადა კი დაძაბული ელოდა ორი უძლიერესი ქვეყნის შერკინებას. ხალხში უამრავი წინასწარმეტყველება ვრცელდებოდა. წინასწარმეტყველურად მიიჩნიეს დელოსის მიწისძვრაც, რადგან ელინებს მსგავსი არაფერი ახსოვდათ. საზოგადოებრივი აზრი ძირითადად ლაკედემონელთა მხარეს იყო, ალბათ იმიტომ, რომ მათ თავი ელადის მხსნელებად გამოაცხადეს. ყველა – კაცი თუ ქვეყანა – ცდილობდა მათ დახმარებოდა. ამდენად, ელინთა უმრავლესობა ათენელთა წინააღმდეგ იყო განწყობილი, ზოგს მათი ბატონობისგან განთავისუფლება უნდოდა, ზოგსაც მათი ეშინოდა.

ასეთი სამზადისითა და განწყობით შეხვდნენ მხარეები ომს. დასაწყისში ლაკედემონელთა მოკავშირეები იყვნენ: მთელი პელოპონესი არგოსელთა და აქეელთა გარდა, მეგარელები, ბეოტიელები, ფოკეელები, ლოკრები, ამპრაკიელები, ლევკადელები, ანაქტორიელები. მათგან კორინთელებს, მეგარელებს, სიკიონელებს, პელენებს, ელეელებს, ამპრაკიელებსა და ლევკადელებს გამოჰყავდათ ხომალდები, ბეოტიელებს, ფოკეელებსა და ლოკრებს – მხედრები, დანარჩენებს კი – ქვეითი ჯარი. ათენელთა მოკავშირეები იყვნენ: ქიოსელები, ლესბოსელები, პლატეელები, ნავპაქტოსის მესენიელები, აკარნანიელები, კერკირელები, ძაკინთოსელები და სხვა მოხარკე ქვეყნები კარიაში, იონიაში, ჰელესპონტოსში, თრაკიაში, კუნძულები პელოპონესსა და კრეტას შორის და დანარჩენი კიკლადები (მელოსისა და თერას გარდა). მათგან ქიოსელები, ლესბოსელები და კერკირელები ხომალდებს აწვდიდნენ, დანარჩენები კი ქვეით ჯარსა და ფულს.

პლატეის მოვლენების შემდეგ ლაკედემონელებმა გადაწყვიტეს ატიკაში შეჭრა და თავიანთ მოკავშირეებს შორეული ლაშქრობისათვის მზადება უბრძანეს. თითოეულმა ქვეყანამ სამხედრო ძალის ორი მესამედი გაგზავნა ისთმოსზე. ამ ლაშქრობის მთავარსარდალმა, ლაკედემონელთა მეფე არქიდამოსმა შეკრიბა ცალკეული რაზმების თავკაცები და მათ ასეთი სიტყვით მიმართა:

„პელოპონესელებო და მოკავშირეებო! ჩვენს მამებს ხშირად უომიათ პელოპონესშიც და მის ფარგლებს გარეთაც, არც ჩვენ ვართ ბრძოლაში გამოუცდელნი. მაგრამ არასოდეს გვიბრძოლია ისეთი ძალით, რაც ახლა გვყავს. ჩვენ გვყავს საუკეთესო ლაშქარი და მივდივართ უძლიერესი ქვეყნის წინააღმდეგ. ვიყოთ ჩვენი წინაპრების სახელის ღირსი. მთელი ელადა იმედის თვალით შემოგვყურებს. მაგრამ ჩვენ არ უნდა დავკარგოთ სიფხიზლე. ნურავინ იფიქრებს, რომ ჩვენი რიცხობრივი უპირატესობის გამო მტერი ვერ გაბედავს ბრძოლას. სარდალიც და რიგითი მეომარიც მუდამ მზად უნდა იყოს საფრთხისათვის. ომში ყველაფერს წინასწარ ვერ გათვლი და თავდასხმა ყოველთვის მოულოდნელია. ხშირად უფრო სუსტი, მაგრამ უფრო ფრთხილი იგერიებს ძლიერ მეტოქეს, რომელიც ქედმაღლობის გამო კარგად არ მოემზადა ბრძოლისათვის. მტრის მიწაზე სულის სიმხნევე და მოქმედებათა სიფრთხილე უნდა შევათავსოთ. მაშინ სიმამაცე არ ავნებს გეგმების განხორციელებას. ჩვენ მივდივართ ძლიერი ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც ყოველმხრივ მზადაა ომისთვის და აუცილებლად შეგვებრძოლება, როდესაც ჩვენ მის მიწაზე აღმოვჩნდებით და მისი ქონების გაჩანაგებას დავიწყებთ. ნებისმიერი განრისხდება, როდესაც თავისი თვალით დაინახავს მისთვის მიყენებულ ზარალს. მრისხანება კი ცუდი მრჩეველია. ათენელთაგან ყველაზე მეტად უნდა ველოდეთ წინააღმდეგობას, რადგან ისინი სხვა ელინებზე მბრძანებლობას ესწრაფვიან და ურჩევნიათ სხვას დაესხან თავს, ვიდრე საკუთარი მიწის აოხრებას უყურონ. ესოდენ ძლიერ მეტოქესთან ომის დაწყებით ჩვენ, შედეგის შესაბამისად, ანუ დიდს სახელს მოვიხვეჭთ, ან უდიდეს სირცხვილს ვიწვნევთ. მაშ დაემორჩილეთ თქვენს სარდლებს, დაიცავით დისციპლინა და სიფრთხილე და ზუსტად შეასრულეთ ბრძანებები. დიდ ლაშქარს ერთინება, ერთი წესი ამშვენებს“.

ამის შემდეგ არქიდამოსმა ათენში მელესიპოსი გაგზავნა იმ იმედით, რომ ათენელები მაშინ მაინც დათმობდნენ რამეს, როდესაც შეიტყობდნენ, რომ მტერი უკვე გზაშია. ათენელებმა ელჩი არც სახალხო კრებაზე შეუშვეს და არც ქალაქში. პერიკლესის რჩევით, მათ დაადგინეს, არ მიეღოთ ლაკედემონელთა ელჩები და მაცნეები. არც კი მოუსმინეს ელჩს და ქვეყნის ერთ დღეში დატოვება უბრძანეს, ლაკედემონელებს კი შეუთვალეს, ჯერ სახლებში დაბრუნდნენ და ელჩი შემდეგ გამოგზავნონ. მელესიპოსი საზღვრამდე გააცილეს,რომ არავის შეხვედროდა. დამშვიდობებისას მან მხოლოდ ეს უთხრა მეგზურებს: „დღევანდელი დღე ელინთათვის დიდი უბედურების დასაწყისი გახდება“. ელჩის დაბრუნების შემდეგ არქიდამოსი მიხვდა, რომ ათენელები აღარაფერს დათმობდნენ და ლაშქარს ატიკისკენ გაუძღვა. ბეოტიელებმა მას ქვეითი ჯარისა და მხედრების ნაწილი მიაშველეს, დანარჩენი ძალებით კი პლატეას მიადგნენ და მისი სანახების გაჩანაგებას შეუდგნენ.

პერიკლესი შიშობდა, რომ მის მამულს არქიდამოსი ან საკუთარი ნებით დაინდობდა (როგორც მასთან სტუმარ-მასპინძლობით დაკავშირებული), ან – ლაკედემონელთა მოთხოვნით, პერიკლესის მიმართ ათენელთა უნდობლობის გასაღვივებლად. მან ჯერ კიდევ ისთმოსთან პელოპონესელთა ლაშქრის შეკრებამდე განუცხადა სახალხო კრებას, რომ ქვეყნის ინტერესები არ უნდა დაზარალდეს მისი არქიდამოსთან ახლობლობის გამო. ამიტომ სახელმწიფოს გადასცემს თავის სახლებსა და მიწას, თუ ისინი ომს გადაურჩება. შემდეგ პერიკლესმა გაიმეორა თავისი რჩევა, ყველაფერი ღირებული ქალაქში გადმოეტანათ და მისი დაცვით შემოფარგლულიყვნენ, აღეჭურვათ ფლოტი – სამხედრო ძლიერების საფუძველი, და ფხიზლად ედევნებინათ თვალი მოკავშირეებისათვის. მათ ხომ ყოველწლიურად ექვსასი ტალანტი შემოჰქონდათ ხაზინაში. აკროპოლისზე ვერცხლის ფულით ექვსი ათასი ტალანტი ინახებოდა, სულ კი ხაზინაში ცხრა ათას შვიდასი ტალანტი იყო, თუმცა ნაწილი აკროპოლისის გამშვენებასა და პოტეიდაიას ალყაზე დაიხარჯა. ფულის გარდა, ათენელთა განკარგულებაში იყო ტაძრების საგანძურიც. მარტო ათენას

ქანდაკების ოქროს სამოსი ორმოც ტალანტს იწონიდა (ისიც შეიძლება ქალაქის გადარჩენას მოხმარდეს და შემდეგ აუნაზღაურდესო ქალღმერთს). ათენს ჰყავდა ცამეტი ათასი ჰოპლიტი, სიმაგრეებში გარნიზონებისა და გალავნის დაცვის თექვსმეტი ათასი კაცის გარდა (ფალეროსის კედელი ოცდათხუთმეტი სტადიონის სიგრძისა იყო, საკუთრივ ქალაქის გალავანი – ორმოცდასამი სტადიონი, პირეოსის გრძელი კედელი – ორმოცი, პირეოსის გარშემო კედლები – სამოცი), ათას ორასი მხედარი (მათ შორის მოისრებიც), ათას რვაასი ქვეითი მოისარი და სამასი ტრიერი საბრძოლო მზადყოფნაში. ასეთი იყო ათენის სამხედრო ძალები პელოპონოსელთა პირველი შემოსევის წინ.

ათენელებმა დაუჯერეს პერიკლესს, ოჯახები ქალაქში გადაიყვანეს, საქონელი კი – ევბეასა და სხვა კუნძულებზე. მათ უმძიმდათ სახლებთან განშორება, უმრავლესობა სოფლად ცხოვრებას იყო მიჩვეული.

ცხოვრების ასეთი წესი მათ უძველესი დროიდან ჰქონდათ. კეკროფსისა და პირველი მეფეების დროს ხალხი ატიკაში თემებადცხოვრობდა. თემებს თავიანთი თავკაცები ჰყავდათ, მეფესთან სათათბიროდ იშვიათად მიდიოდნენ. თემები საკუთარ საქმეებს თვითონ წყვეტდნენ და ერთმანეთთან ომობდნენ კიდეც. თესევსმა,ბრძენმა და ძლევამოსილმა მეფემ, გააერთიანა ისინი ერთ ქვეყნად და ერთიანი მმართველობა შემოიღო. ხალხი სოფლად ცხოვრობდა, მაგრამ ქალაქი ერთი ჰქონდათ.

მათთვის ძნელი იყო მიდიური ომების შემდეგ გაჭირვებით აღდგენილი სახლ-კარისა და სალოცავების მიტოვება და ქალაქში გადასახლება. ეს სამშობლოს დატოვების ტოლფასი იყო.

ათენში ლტოლვილთა მხოლოდ მცირე ნაწილმა მოახერხა მეგობრებთან ან ნათესავებთან დაბინავება. უმრავლესობა უდაბურ ადგილებში, ღმერთებისა თუ გმირების ტაძრებში ან გალავნის კოშკებში დასახლდა. ქალაქი ვერ იტევდა ამდენ ხალხს. მოგვიანებით გრძელი კედლისა და პირეოსის გალავნის სათავსოებიც ბინებად იქცა. ამასობაში ათენელები კრებდნენ მოკავშირეებს და ესკადრას ამზადებდნენ პელოპონესზე თავდასასხმელად.

ატიკისაკენ გზაზე პელოპონესელთა ლაშქარი ოინოას მიადგა. აქ დაბანაკდნენ და სამხედრო მანქანებით გალავნის შტურმისათვის მზადება დაიწყეს. ოინოა გამაგრებული ქალაქია ატიკისა და ბეოტიის საზღვარზე და ათენელებს აქ გარნიზონი ეყენათ. პელოპონოსელებს სამზადისზე ბევრი დრო დაეკარგათ. არქიდამოსის ზედმეტმა სიდინჯემ (როგორც ომისთვის მზადებისას, ასევე მისი დაწყების შემდეგ) დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. იგი ათენელთა მეგობრადაც კი მიიჩნიეს, რადგან ლაკედემონელებს ომისაგან თავის შეკავებას ურჩევდა. მას საყვედურობდნენ ისთმოსზე შეყოვნებას, განზრახ ნელ გადაადგილებას და ოინოას უშედეგო ალყას. მართლაც, ამასობაში ათენელებმა მოასწრეს თავიანთი ქონების გადარჩენა. პელოპონესელები ჯავრობდნენ, რომ შეყოვნების გამო ნადავლი ვერ იგდეს ხელთ. არქიდამოსი კი, როგორც ფიქრობენ, იმის იმედით არ ჩქარობდა, რომ ათენელები მანამ დათმობდნენ, სანამ მათი მიწა სრულად განადგურდებოდა.

ბოლოს, ოინოას ოთხმოცდღიანი უშედეგო ალყის შემდეგ პელოპონესელები ატიკაში შეიჭრნენ. მათ ბანაკი მოაწყვეს და იქიდან ელევსინისა და თრიასიის დაბლობის გაჩანაგება დაიწყეს, ათენელი მხედრები კი უკუაქციეს. შემდეგ მათ წინსვლა განაგრძეს და ატიკის უდიდეს ედემს – აქარნეს მიაღწიეს. აქაც დაბანაკდნენ დაახლა აქედან დათარეშობდნენ ქვეყანაში.

თავად არქიდამოსი აქარნეს ოლქში იდგა სრულ საბრძოლო მზადყოფნაში. ის ელოდა, რომ ათენელი ახალგაზრდები არ დაუშვებდნენ მათი მიწის ხელყოფას და საბრძოლველად გამოვიდოდნენ. როდესაც არც ელევსინში, არც თრიასიის დაბლობზე ათენელებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, არქიდამოსი აქარნესთან დაბანაკდა და კიდევ სცადა მტრის გამოტყუება. ერთი მხრივ, ეს ადგილი ბანაკისათვის მოსახერხებელი იყო, მეორე მხრივ, აქარნელებს სამი ათასი ჰოპლიტი გამოჰყავდათ და არქიდამოსს იმედი ჰქონდა, რომ ისინი სხვა ათენელებსაც აიყოლებდნენ მათი მიწისათვის საბრძოლველად. თუ ათენელები არც ახლა გამოვიდოდნენ, შემდეგ უფრო თამამად შეიძლებოდა დაბლობში ჩასვლა და ქალაქთან მიახლოება. აქარნელებს საკუთარი ქონების დაკარგვის შემდეგ ნაკლები ხალისი ექნებოდათ, სხვისთვის ებრძოლათ. ასე მტრის ბანაკში შუღლის გაღვივებაც შეიძლებოდა. ამ მოსაზრებებით იდგა არქიდამოსი აქარნესთან.

სანამ მტერი ელევსინთან იდგა, ათენელებს კიდევ ჰქონდათ იმედი, რომ ის უფრო შორს აღარ წამოვიდოდა. თოთხმეტი წლის წინ ლაკედემონელთა მეფემ პლეისტოანაქსმა შეაღწია ატიკაში ელევსინამდე და უკან გაბრუნდა. შემდეგ მეფე სპარტიდან განდევნეს ბრალდებით, რომ ამაში ქრთამი აიღო. ათენელებისთვის აუტანელი იყო მტრის აქარნესთან (ქალაქიდან სამოცი სტადიონის დაშორებით) ხილვა. მშობლიური მიწის განადგურება მათზე ძალიან მძიმე შთაბეჭდილებას ახდენდა. ახალგაზრდებს ასეთი რამ არასოდეს ენახათ, მოხუცებს კი – მხოლოდ მიდიელთა შემოსევის დროს. ყველა მზად იყო საბრძოლველად. ქუჩებში იკრიბებოდნენ, კამათობდნენ და პერიკლესზე ბრაზობდნენ, რადგან სარდალი მათ მტრის წინააღმდეგ არ მიუძღოდა.

პერიკლესი ხედავდა ათენელთა განწყობას, მაგრამ საკუთარი გადაწყვეტილება სწორად მიაჩნდა. ამიტომ არც სახალხო კრებას იწვევდა და არც სხვა რამ თათბირს, რომ ათენელებს დაუფიქრებლად შეცდომა არ დაეშვათ. მან ბრძანა ქალაქის საგულდაგულოდ დაცვა და შეეცადა ხალხის უკმაყოფილება ჩაექრო. დროდადრო მხედრებს გზავნიდა, რათა მტრის მარბიელი რაზმებისთვის ხელი შეეშალათ. ერთხელ ათენელი და თესალიელი მხედრები ბეოტიელებს შეებნენ. მათ უკან მხოლოდ მას მერე დაიხიეს, რაც ბეოტიელებს ჰოპლიტები წამოეშველნენ. დანაკარგი უმნიშვნელო იყო, დაღუპულთა ცხედრები იმავე დღეს გამოიტანეს, პელოპონესელებმა კი მეორე დღეს გამარჯვება იზეიმეს.

ათენელები კვლავ არიდებდნენ თავს ბრძოლას და პელოპონესელებმა აქარნედან სხვა თემებში გადაინაცვლეს. ამასობაში ათენელებმა ასი ხომალდისგან შემდგარი ესკადრა ათასი ჰოპლიტითა და ოთხასი მოისრით პელოპონესისკენ გაგზავნეს. ესკადრა ნაპირის გასწვრივ მიცურავდა, პელოპონესელები კი სანოვაგის გამოლევამდე ატიკაში დარჩნენ, შემდეგ კი ბეოტიის გავლით შინ დაბრუნდნენ.

პელოპონესელთა ატიკიდან წასვლის შემდეგ ათენელებმა საგუშაგოები მოაწყვეს ხმელეთსა და ზღვაზე. მათ აგრეთვე გადაწყვიტეს, რომ უკიდურესი ათასი ტალანტი და ასი საუკეთესო ხომალდი ჰყოლოდათ მზად.

ათენელთა ას ხომალდს კერკირელთა და სხვა მოკავშირეთა ორმოცდაათი გემი შეუერთდა. ისინი პელოპონესის სანაპირო ოლქებს აჩანაგებდნენ. ერთხელაც ათენელები ლაკონიაში, მეთონესთან გადასხდნენ და შეეცადნენ, იერიშით აეღოთ ცუდად გამაგრებული ქალაქი. შემთხვევით მახლობლად იმყოფებოდა სპარტელი ბრასიდასი, რომელიც ჰოპლიტების ასეულით მათ საშველად გაემართა. მან მოახერხა ათენელთა რაზმის გარღვევა და ქალაქის გადარჩენა. ამ გმირობისათვის მან პირველმა დაიმსახურა ამ ომში შექება ქვეყნის სახელით. ათენელები კი განაგრძობდნენ ნაპირის გასწვრივ ცურვას. ისინი თავს დაესხნენ ფეიას ელეაში და ააოხრეს მისი მიდამოები. მათ დაამარცხეს ელეელთა სამასი რჩეული მეომარი, აიღეს ქალაქი და იგი მხოლოდ ელეელთა ძირითადი ძალების მოახლოებისას დატოვეს.

დაახლოებით იმავე დროს ათენელებმა კლეოპომპოსის სარდლობით ოცდაათი ხომალდი გაგზავნეს ლოკრების წინააღმდეგ და ევბეის დასაცავად.

იმავე ზაფხულს ათენელებმა განდევნეს ეგინელები ოჯახებითურთ და მათი კუნძული, რომელიც პელოპონესთან ახლოს მდებარეობს, თავად დაასახლეს. ლაკედემონელებმა ლტოლვილები მადლიერების ნიშნად თირეაში დააბინავეს მიწისძვრისა და ჰელოტების აჯანყების დროს გაწეული დახმარებისთვის. იმავე ზაფხულს, სავსე მთვარისას, დღისით მზე დაბნელდა. ერთ ხანს მზე ნამგალა მთვარეს ჰგავდა და რამდენიმე ვარსკვლავიც გამოჩნდა ცაზე.

იმავე ზაფხულს ათენელებმა პროქსენოსად აირჩიეს ნომფოდოროსი. მან ათენელთა მოკავშირედ აქცია თრაკიელთა მეფე სიტალკესი და თერმას დაბრუნების ფასად შეარიგა ისინი პერდიკასთან. ამის შემდეგ პერდიკა შეუერთდა ათენელებს ქალკიდელთა წინააღმდეგ ლაშქრობაში.

ათენელთა ესკადრა კი ისევ განაგრძობდა ცურვას პელოპონესის   სანაპიროს გასწვრივ. მათ ხელთ იგდეს კორინთელთა ქალაქი სოლიოსი, აგრეთვე ასტაკოსი, საიდანაც განდევნეს ტირანი ევარქოსი და ქვეყანა ათენის კავშირში ჩართეს. კეფალენია კი მათ უბრძოლველად დანებდა. გარკვეული ხნის შემდეგ ესკადრა შინ დაბრუნდა.

ზაფხულის მიწურულს ათენელების ძირითადი ძალები პერიკლესის სარდლობით მეგარის მიწაზე შეიჭრნენ. შინისაკენ მომავალ ესკადრას ამ ამბავმა ეგინასთან მიუსწრო და ისიც მეგარისკენ გაეშურა. ეს იყო ათენელთა უდიდესი ლაშქარი, რომელიც ოდესმეერთ ადგილას შეკრებილა – ათი ათასი ჰოპლიტი მოქალაქის, სამი ათასი ჰოპლიტი მეტეკისა და მრავალი მსუბუქად შეიარაღებული ქვეითისგან შემდგარი. ქვეყნის აოხრების შემდეგ ათენელები უკან გაბრუნდნენ. ამგვარ ლაშქრობებს ისინი ყოველწლიურად აწყობდნენ, სანამ ნისეა არ დაიკავეს.

ათენელებმა დაიკავეს უკაცრიელი კუნძული ატალანტა და იქ სიმაგრე ააშენეს, რათა ევბეა ლოკრების მხრიდან დაეცვათ.

მომდევნო ზამთარს ევარქოსმა კორინთელთა ლაშქრის, ხომალდებისა და მოქირავნეთა ძალებით დაიბრუნა ხელისუფლება ასტაკოსში. აკარნანიის სხვა ქვეყნებში კი კორინთელებმა წარმატებას ვეღარ მიაღწიეს და უკან გაბრუნდნენ. გზად ისინი კეფალენიაზე გადასხდნენ, მაგრამ კრანიების ვერაგული თავდასხმის შემდეგ რაზმის ნაწილი დაკარგეს და კუნძული დატოვეს.

იმავე ზამთარს ათენელებმა ძველი ჩვეულების მიხედვით ომში დაღუპულ მებრძოლთა საზეიმო დაკრძალვა მოაწყვეს. დაკრძალვამდე სამი დღით ადრე ნეშტს ასვენებდნენ კარავში და ყველას შეეძლო მისთვის რამე მიერთმია. დაკრძალვის დღეს მიცვალებულებს მიასვენებენ კვიპაროსის კუბოთი (თითო ფილედან დაღუპულთა ნაშთებს ერთ კუბოში ათავსებენ), ასევე მოაქვთ ხალიჩაგადაფარებული ცარიელი სარეცელი უგზო-უკვლოდ დაკარგულთათვის. პროცესიას ყველა მსურველი უერთდება. დაღუპულ მეომრებს კრძალავენ სახელმწიფო სამარხში ათენის ულამაზეს გარეუბანში. გამონაკლისი მხოლოდ მარათონის გმირებისთვის დაუშვეს – ისინი ბრძოლის ველზე არიან დაკრძალული. დაკრძალვაზე გამოსათხოვარ სიტყვას წარმოთქვამს კაცი, ვისაც მისი ჭკუისა და დამსახურების გამო უპირველესად მიიჩნევენ თანამოქალაქენი. ამჯერად გამომსვლელად პერიკლესი აირჩიეს.

„ჩემამდე აქ გამოსულთა უმრავლესობა აქებდა დაღუპულთა საფლავთან მათ პატივსაცემად სიტყვის წარმოთქმის წესს, რადგან გვმართებს პატივი მივაგოთ ბრძოლაში დაცემულთ. მე კი ვამჯობინებდი, იმ მოქალაქეებს, ვინც საქმით გამოიჩინა გმირობა, საქმითვე მივაგოთ პატივი და მათი გმირობის შეფასება არ იყოს გამომსვლელის მჭევრმეტყველებაზე დამოკიდებული. მართლაც, ძნელია იპოვო შესაფერისი სიტყვები იქ, სადაც რთულია მსმენელი ნათქვამისადმი ნდობით განაწყო. მოვლენებში გარკვეულ და თანაგრძნობით განწყობილ ათენელს სიტყვა სუსტად მოეჩვენება იმასთან შედარებით, რაც იცის და რის მოსმენაც სურს. უცხო კი როცა იმას მოისმენს, რასაც თვითონ ვერ ჩაიდენდა, შურით აღივსება და გმირობას გადაჭარბებულად მიიჩნევს. მაგრამ, რადგან ჩვენს წინაპრებს ეს ჩვეულება დაუდგენიათ, მეც დავემორჩილებიდა ვეცდები თითოეული მსმენელის სურვილისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილებას.

დავიწყებ წინაპრებით. ჩვენ გვმართებს მათი მოგონება. ისინიამ ქვეყანაში ცხოვრობდნენ ოდითგანვე და თავიანთი გმირობით იგი დღევანდლამდე შემოგვინახეს. კიდევ მეტი ქების ღირსნი არიან ჩვენი მამები, რომლებმაც წინაპართა დანატოვარი გაამრავლეს და ჩვენ დიდი სახელმწიფო გვიანდერძეს. ჩვენ, დღევანდელმა მოწიფულმა თაობამ, კიდევ უფრო განვამტკიცეთ მისი ძლიერება. ჩვენ მივეცით ქვეყანას სრული დამოუკიდებლობა და მოვამზადეთ იგი როგორც ომის, ასევე მშვიდობისათვის. ჩვენი საგმირო საქმეები სხვა ქვეყნების დაპყრობისას თუ შემოსეული მტრებისგან თავდაცვისას საყოველთაოდაა ცნობილი და მათზე აღარ ვილაპარაკებ. სანამ დაცემულთ, ვისაც დღეს ვკრძალავთ, ხოტბას შევასხამდე, ვიტყვი ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო წყობის შესახებ, რამაც დღევანდელი სიდიადე მოგვიტანა. ვფიქრობ, დღეს ეს უნდა გავიხსენოთ და მსმენელისთვისაც სასარგებლო იქნება ამის მოსმენა.

ჩვენი სახელმწიფო უცხო ნიმუშის მიხედვით არ მოგვიწყვია. პირიქით, ჩვენ ვართ სხვისთვის სამაგალითო. და რადგან ჩვენს ქვეყანას მართავს არა ადამიანთა მცირე ჯგუფი, არამედ ხალხი, ამ წყობას დემოკრატია ჰქვია. კერძო საქმეებში ყველა თანასწორია კანონის წინაშე. ხოლო რაც სახელმწიფო საქმეს შეეხება, საპატიო თანამდებობებზე ვირჩევთ გამორჩეულთ, არა რომელიმე წოდებისადმი კუთვნილების მიხედვით, არამედ პირადი ღირსებების გამო. თუ კაცს ქვეყნის სამსახური შეუძლია, მას ამაში ხელს ვერ შეუშლის სიღარიბე, მდაბიო წარმოშობა ან დაბალი საზოგადოებრივი მდგომარეობა. ჩვენ თავისუფლად ვცხოვრობთ და ყოველდღიურობაში მეზობელსაც არ ვაწუხებთ ზედმეტი ეჭვითა და ჭკუის დარიგებით. საზოგადოებრივ ცხოვრებაში ვიცავთ კანონებს, მათ მიმართ პატივისცემის გამო, ვემორჩილებით ხელისუფლებასა და კანონს, განსაკუთრებით ჩაგრულთა დასაცავად დადგენილს და დაუწერელ წესებს, რომელთა დარღვევაც სათაკილოდ ითვლება.

შრომისა და სადარდელისგან დასვენებისას ვაწყობთ თამაშებსა და დღესასწაულებს, ხოლო ოჯახური სითბო აქარვებს ყოველდღიურ საზრუნავს. ჩვენი ქვეყნის ბაზარზე მთელი მსოფლიოდან მოედინება ყველაფერი, რაც გვჭირდება – უცხო ნაწარმით ისევე თავისუფლად ვსარგებლობთ, როგორც საკუთარით.

სამხედრო საქმეშიც სხვებისგან განსხვავებული წესები გვაქვს. ჩვენ ყველას ვუშვებთ ჩვენს ქვეყანაში და არ ვუშლით უცხოელებს მის გაცნობას იმის შიშით, რომ ჩვენს საიდუმლოს გაიგებენ. ჩვენ ხომ, ძირითადად, საკუთარ სიმამაცეს ვეყრდნობით და არა სამხედრო ეშმაკობებს. ჩვენი მოწინააღმდეგე მისი აღზრდის სისტემით ცდილობს ბავშვობიდან მკაცრი დისციპლინით გამოუმუშაოს ყმაწვილს ვაჟკაცობა, ჩვენ კი თავისუფლად ვცხოვრობთ, ამგვარი სიმკაცრის გარეშე და მაინც მხნედ ვებრძვით თანასწორ მეტოქეს. აი დასტურიც: ლაკედემონელები მოკავშირეებთან ერთად იჭრებიან ჩვენს მიწაზე, ჩვენ კი მარტონი ვესხმით თავს მათ მეზობლებს და იოლად ვძლევთ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკუთარი ქონების დასაცავად იბრძვიან. მტერი ჯერ არასდროს შეხვედრია მთელ ჩვენს სამხედრო ძალას რადგან ჩვენ ერთდროულად გვიწევს ხომალდების აღჭურვაც და ხმელეთზეც სხვადასხვა ადგილას რაზმების გაგზავნაც. ერთ რაზმთან შეტაკებაში თუ მიაღწევენ წარმატებას, თავი ისე მოაქვთ, თითქოს ათენელთა გაერთიანებულ ლაშქარს სძლიეს, მარცხის შემთხვევაშიც ირწმუნებიან, თითქოს მთელ ჩვენს ძალებთან დამარცხდნენ. ჩვენი უპირატესობა იმაშია, რომ ხიფათს არ გავურბივართ არა მძიმე ვარჯიშის ჩვევისა და კანონის მოთხოვნათა გამო, არამედ სიცოცხლის ხალისისა და თანდაყოლილი სიმამაცის გამო. ჩვენ არ გვადარდებს მომავალი საფრთხე, რთულ მდგომარეობაში კი არანაკლებ ვაჟკაცობას ვიჩენთ, ვიდრე ის, ვინც მძიმე შრომით მუდმივად ამისთვის ემზადება. სხვათა შორის, ჩვენი ქვეყანა ამითაც იწვევს გაოცებას.

მშვენიერებას ვესწრაფვით მფლანგველობის გარეშე და ჩვენი გატაცება მეცნიერებით არ ვნებს სულიერ ძალას. სიმდიდრეს ვაფასებთ, რადგან მისი გონივრულად მოხმარება შეიძლება. სიღარიბე არ არის ჩვენთან სამარცხინო, მაგრამ სათაკილოა, თუ კაცი არ ცდილობს თავისი შრომით დასძლიოს იგი. ჩვენი ხალხი კერძო და საზოგადო საქმით ერთდროულად არის დაკავებული. მიუხედავად იმისა, რომ ყველა საკუთარ საქმეშია გაწაფული, თითოეული მოქალაქე კარგად ერკვევა პოლიტიკაში. რადგან მხოლოდ ჩვენ მივიჩნევთ საზოგადოებრივ საქმეთაგან შორს მდგომ კაცს არა საიმედო მოქალაქედ, არამედ უსარგებლო უქნარად. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ საზოგადო საქმეს ავნებს საჯარო განხილვა. პირიქით, არასწორად მიგვაჩნია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მოუმზადებლად, განსჯის გარეშე მიღება. მიუხედავად იმისა, რომ მამაცნი ვართ, ჩვენ ჯერ კარგად დავგეგმავთ და შემდეგ ჩავიგდებთ თავს საფრთხეში, სხვებში კი უმეცარი შეზღუდულობაა გამბედაობის, ხოლო საღი განსჯა – გადაუწყვეტელობის მიზეზი. ნამდვილ ვაჟკაცად მხოლოდ ის შეიძლება მივიჩნიოთ, ვინც მწარეც იცის და ტკბილიც და სწორედ ამის გამო არ გაურბის ხიფათს. გულკეთილობა ჩვენ განსხვავებულად გვესმის, ვიდრე ადამიანების უმრავლეს ნაწილს: მეგობრებს ვიძენთ არა იმის მიხედვით, რას ვიღებთ მათგან, არამედ იმით, თუ რაგვარ მეგობრობას ვი ჩენთ მათ მიმართ. უფრო სანდო მეგობარი სწორედ ის არის, ვინც სამსახურს უწევს მეორეს და დამსახურებულ მადლიერებას შემდგომი სამსახურით ამტკიცებს. ნაკლებად სანდოა კაცი, რომელიც კეთილ საქმეს ვალდებულების გამო აკეთებს და არა წრფელიგულით. ჩვენ ერთადერთი ვართ, ვინც სხვას უანგაროდ ეხმარება.

მოკლედ, მე ვამტკიცებ, რომ ჩვენი ქვეყანა სანიმუშოა მთელი ელადისათვის და თითოეულ ჩვენგანს შეუძლია კარგად წარმოაჩინოს თავი სრულიად განსხვავებულ ვითარებაში. ჩემი სიტყვების სიმართლეს ადასტურებს ჩვენი ქვეყნის ძლევამოსილება, რომელსაც სწორედ ჩვენი წყობის მეშვეობით მივაღწიეთ. თანამედროვე ქვეყნებიდან მხოლოდ ჩვენი არის სინამდვილეში იმაზე ძლიერი, რა სახელიც მას აქვს. მტერს არ შერ ცხვება მასთან მარცხი, ხოლო ქვეშევრდომი ვერ დაიჩივლებს მმართველთა არარაობას. თანამედროვეთა და ჩვენი შთამომავლობის გასაოცრად ჩვენ დიდი საქმეებით დავადასტურეთ ჩვენი ქვეყნის ძლევამოსილება. ჩვენ განსადიდებლად არ გვჭირდება ჰომეროსი. ჩვენმა სიმამაცემ გადაგვიშალა ზღვაც და ხმელეთიც და ყველგან სამუდამო ძეგლი დაგვიდგა. სწორედ ასეთი ქვეყნისათვის დადეს თავი ამ მეომრებმა და ცოცხლად დარჩენილებიც ყველანი სიხარულით შევეწირებით მას.

ამიტომ ვისაუბრე ამდენი ჩვენი ქვეყნის დიდების შესახებ. მინდოდა მეჩვენებინა, რომ ჩვენ ბევრად უფრო მეტს ვიცავთ, ვიდრე ის ხალხი, ვისაც მსგავსი რამ არ გააჩნია, და მინდოდა მომეტანა დაღუპულთა გმირობის უტყუარი საბუთი. ძირითადი უკვე ითქვა. რადგან ყველაფერს, რასაც მე აქ ხოტბა შევასხი, ჩვენი ქვეყანა ამ გმირებს უნდა უმადლოდეს. მთელ ელადაში ცოტა თუ მოიძებნება ისეთი, ვისი სახელიც ამდენადვე შეესაბამება მის დამსახურებას. მათი აღსასრული სიცოცხლის სახელოვანი დასასრულია. ვინც ადრე თავის მოვალეობას არ ასრულებდა, სამშობლოსათვის ბრძოლით შეუძლია ძველ შეცოდებათა გამოსყიდვა. ამ გმირებმა კი არ დაკარგეს მხნეობა, არ ამჯობინეს სიმდიდრით ტკბობა ან გამდიდრების იმედით არ შეუშინდნენ საფრთხეს. სამშობლოსათვის თავის დადება მათ უდიდეს სიქველედ მიიჩნიეს. უდიდესი განსაცდელის ჟამს მათ მოისურვეს შებმოდნენ მტერს, დაივიწყეს ყველაფერი და საკუთარ ძალებს დაენდნენ. მათ სიკვდილი ამჯობინეს დათმობას, რითაც თავიდან აიცილეს სიმხდალის ბრალდება, დაამარცხეს შიში და სამუდამო სახელი მოიპოვეს.

მათ პირნათლად მოიხადეს ვალი ქვეყნის წინაშე. ცოცხლად დარჩენილებმა ღმერთებს უნდა ვთხოვოთ, რომ ბედმა მეტად გაგვიღიმოს, მაგრამ მტრის მიმართ ჩვენც მათსავით შეუდრეკელი უნდა ვიყოთ. მოქალაქეთა უმეტესობა მხოლოდ ორატორისგან ნუ შეიტყობს, რა კარგია მტრის მოგერიება, არამედ თითოეულ თქვენგანს ყოველდღიურად უნდა ჰქონდეს ქვეყნის მშვენიერებითა და მიღწევებით ტკბობის საშუალება. როდესაც ქვეყნის სიდიადით იამაყებთ, გახსოვდეთ, რომ არსებობდნენ ღირსეული ადამიანები, ვინც იცოდა, რა არის ვალი, და აღასრულა იგი. მათ წარუმატებლობის დროსაც არ დაუკარგავთ ღირსება და ქვეყანას უმშვენიერესი – საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. ამით მათ საუკუნო სახელი მოიპოვეს. ამგვარი ხალხია ჩვენთვის სამაგალითო. ბედნიერებად მიიჩნიეთ თავისუფლება, ხოლო თავისუფლებად – სიმამაცე, და მხნედ შეხვდით ომს. გაჭირვებულმა და უიმედომ რისთვის უნდა იბრძოლოს, მაგრამ სამშობლოსათვის თავგანწირვა მართებს მას, ვისაც წარუმატებელი ომი ცხოვრებას დაუმძიმებს. კეთილშობილი ადამიანისათვის დამცირება სიკვდილზე უარესია, აღსასრული კი უმტკივნეულო ხდება, თუ საკუთარი ძალის შეგრძნებითა და საერთო საქმის წარმატების იმედით კვდები.

ამდენად, მე არ ვგლოვობ დაღუპულთა მშობლებთან ერთად და მივმართავ მათ ნუგეშის სიტყვებით. ბედნიერია ის, ვისაც ასეთი გმირული აღსასრული ეღირსა ან თქვენსავით კეთილშობილი მწუხარება ერგო. მესმის, რომ ძნელია გაგიქარვოთ შვილის სიკვდილით გამოწვეული მწუხარება, თქვენი დაკარგული ბედნიერება ყოველთვის გაგახსენდებათ, როდესაც სხვისას დაინახავთ. განუცდელბედნიერებას არ მოაქვს ტკივილი, მაგრამ შეჩვეულის დაკარგვა მტანჯველია. თუ კიდევ ახალგაზრდა ხართ და სხვა შვილის გაჩენა შეგიძლიათ, ამით ინუგეშეთ თავი. ახალი ბავშვები მშობლის ნუგეშიცაა და ქვეყნის ძალაც. ვინც არ ზრუნავს ბავშვების მომავალზე, ვერც თანამოქალაქეთათვის სასარგებლო და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. მოხუცებმა კი გაიხარეთ იმით, რომ სიცოცხლის დიდი ნაწილი ბედნიერად განვლეთ და ცოტაღა დაგრჩათ, დარჩენილდღეებს კი შვილების დიდება დაგიმშვენებთ. დიდებისადმი ლტოლვა არასდროს ქრება. იმ ასაკშიც კი, როდესაც კაცი საზოგადოებისთვის უსარგებლო ხდება, მას ყველაზე მეტად პატივი სწყურია.

გმირების ვაჟებსა და ძმებს გაგიჭირდებათ მათ სახელთან შეჯიბრი და უდიდესი ვაჟკაცობითაც მხოლოდ მიუახლოვდებით მათ დიდებას. სიცოცხლეში ღირსეული ხალხი შურს აღძრავს და მხოლოდ მიცვალებულებს ასხამენ უშურველად ხოტბას (ისინი ხომ მეტოქეები აღარ არიან). უნდა შევეხო დაქვრივებულ ქალთა სიქველეს და მათ ეს რჩევა მივცე: ნუ დაკარგავთ ქალურ ბუნებას როგორც მეუღლეები და მოქალაქეები; თქვენი უდიდესი დამსახურება იქნება, თუ კაცები თქვენზე არაფერს იტყვიან, არც აუგსდა არც საქებარს.

ჩვენი წინაპრების წესისამებრ, დაღუპულთა პატივსაცემად მე ვთქვი, რისი თქმაც საჭიროდ მიმაჩნდა. ქვეყანამ ნაწილობრივ მიაგო მათ პატივი ამ ცერემონიალით, და ის იზრუნებს მათ შვილებზედაც სრულწლოვანებამდე. ეს მაღალი ჯილდოა, გვირგვინის მსგავსი, რასაც გმირების შვილები იმსახურებენ. ქვეყანაში, სადაც ვაჟკაცობა ფასდება, მოქალაქეებიც ვაჟკაცები არიან“.

ასე დასრულდა ომის პირველი წელი. მომდევნო ზაფხულის დადგომისთანავე პელოპონესელთა და მათ მოკავშირეთა ძალების ორი მესამედი არქიდამოსის სარდლობით კვლავ შეიჭრა ატიკაში და ქვეყნის რბევა დაიწყო. მტრის გამოჩენიდან რამდენიმე დღის შემდეგ ათენში ეპიდემიის პირველი შემთხვევები აღინიშნა. მსგავსი ჭირი ადრეც ყოფილა სხვადასხვა ადგილას, მაგრამ ის არასდროს გავრცელებულა ასე სწრაფად და არასდროს უმსხვერპლია ამდენი ადამიანი. მის წინაშე უძლური იყო ყველა და ყველაფერი და ხალხი სასოწარკვეთილებამ მოიცვა.

როგორც ამბობენ, ჭირი ეთიოპიაში გაჩნდა, იქიდან ჯერ ეგვიპტესა და ლიბიას, შემდეგ სპარსეთის მეფის მთელ სამფლობელოს მოედო. მოულოდნელად იფეთქა ათენშიც. ჯერ პირეოსში გამოჩნდა, მერე კი ზემო ქალაქშიც ავიდა და მსხვერპლის რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

სნეულება მაღალი სიცხითა და თვალების დაწითლებით იწყებოდა და სწრაფად ედებოდა მთელ ორგანიზმს. ავადმყოფს სუნთქვა უჭირდა და წყურვილი ახრჩობდა. უმრავლესობა მეშვიდე ან მეცხრე დღეს კვდებოდა, ვინც კრიზისს გადაიტანდა, ხშირად სისუსტისგან კვდებოდა ან ხეიბრდებოდა.

სენი განურჩევლად ცელავდა მდიდარსა და ღარიბს, კარგად მოვლილსა და უპატრონოს. ამ უბედურების ყველაზე მძიმე შედეგი მაინც სულიერი დაცემა იყო: ვინც თავს შეუძლოდ იგრძნობდა, იმედს გადაიწურავდა და სიკვდილს ელოდა. ავადმყოფობა გადამდები იყო და სნეულთა მოვლას მხოლოდ ჭირმოხდილები და გადარჩენილები ბედავდნენ. მართლაც, სენი ადამიანს მეორედ აღარ ეკარებოდა.

ათენელთა უბედურებას ამძაფრებდა ისიც, რომ ქალაქში უამრავი ლტოლვილი იყო. ბინები არ ჰყოფნიდათ, მთელი ქალაქი მომაკვდავებითა და გვამებით იყო სავსე. დაკრძალვის წესებს აღარავინ იცავდა. საკუთარ მიცვალებულს ყველა ისე ასაფლავებდა, როგორც შეეძლო. უსახსრობის გამო ზოგი ნამუსზე სულ იღებდა ხელს და სხვისთვის გამზადებულ კოცონს ეპატრონებოდა.

საერთოდ, ჭირმა ათენში უკანონობა წარმოშვა. რასაც ადრე მალულად თუ ჩაიდენდა კაცი, ახლა ამას აშკარად და უტიფრად კადრულობდა. უცებ შეიცვალა ყველაფერი: მდიდარი კვდებოდა და უქონელი ეუფლებოდა მის ქონებას. რადგან სიცოცხლე და სიმდიდრე გარდამავალ ღირებულებად იქცა, ყველა წუთიერ სიამოვნებას ესწრაფოდა. ამაღლებული მიზნისთვის თავის გაწირვა აღარავის სურდა, რადგან არ იცოდა, მოესწრებოდა თუ არა ნანატრ მომავალს. განცხრომა უპირველეს და უმშვენიერეს საქმედ იქცა. აღარ აკავებდა კაცს ბოროტებისგან აღარც ღმერთების და აღარც კანონის შიში, რადგან ყველა ერთნაირად იხოცებოდა და არავინ იცოდა, იცოცხლებდა თუ არა კანონიერ სასჯელამდე. უფრო მძიმე განაჩენი ხომ უკვე გამოტანილი იყო და მის აღსრულებამდე ყველას უნდოდა სიცოცხლით დამტკბარიყო.

ასეთი იყო ათენელთა გასაჭირი: ქალაქში მათ ჭირი ავლებდა მუსრს, გარეთ კი მტერი აჩანაგებდა მათ მიწას.

დაბლობის აოხრების შემდეგ პელოპონესელები პარალიის ოლქში შეიჭრნენ და მიაღწიეს ლავრიონის მთებს, სადაც ათენელთა ვერცხლის საბადოები მდებარეობდა. მათ ჯერ პელოპონესის მოპირდაპირე სანაპირო დალაშქრეს, შემდეგ კი – ევბეასა და ანდროსის მხარეს მდებარე. პერიკლესი, რომელიც ისევ ათენელთა სტრატეგოსად რჩებოდა, აკავებდა მათ ბრძოლაში ჩაბმისაგან.

როდესაც მტრის ლაშქარი პარალიის ოლქში დათარეშობდა, პერიკლესმა ბრძანა ასი ხომალდის აღჭურვა პელოპონესის ნაპირების დასალაშქრად. ხომალდებზე ოთხი ათასი ჰოპლიტი და სამასი მხედარი დასხეს (ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც გემები კავალერიის გადასაყვანად მოაწყვეს). ლაშქრობას შეუერთდნენ ქიოსელები და ლესბოსელები ორმოცდაათი ხომალდით. ესკადრა თავდაპირველად ეპიდავროსს დაესხა თავს, ქვეყანა ააოხრა, მაგრამ ქალაქი ვერ აიღო. შემდეგ ტროიძენე, ჰალიასი და ჰერმიონისი გააჩანაგა. ბოლოს ათენელები ლაკონიის სანაპირო ქალაქ პრასიასს მიადგნენ. ქვეყანა დაარბიეს, ქალაქი აიღეს და დაანგრიეს. როცა ათენელები შინ დაბრუნდნენ, პელოპონესელთა ჯარი ატიკიდან უკვე წასული იყო.

სანამ პელოპონესელები ატიკაში იყვნენ, ათენელთა ხომალდები კი – ზღვაში, ჭირი მძვინვარებდა ქალაქშიც და ათენის ჯარშიც. ამბობენ, რომ პელოპონესელებმა ატიკა სწორედ ჭირის შიშით დატოვეს. თუმცა ამ წელს მათი ატიკაში თარეში ყველაზე ხანგრძლივი იყო და ორმოც დღეს გრძელდებოდა.

იმავე ზაფხულს ჰაგნონმა და კლეოპომპოსმა, პერიკლესის თანასტრატეგოსებმა, გადაიბარეს ლაშქარი და ესკადრა და თრაკიის სანაპიროსკენ გასწიეს ქალკიდელთა და პოტეიდაიელთა წინააღმდეგ. მათ პოტეიდაიას გალავანს საალყო მანქანები მიაყენეს, მაგრამ ვერც ქალაქი აიღეს და ვერც რამე სხვა წარმატებას მიაღწიეს. ათენელებს აქაც ჭირი დაერია. ჰაგნონმა ორმოც დღეში ოთხი ათასიდან ათას ხუთასი ჰოპლიტი დაკარგა და უკან გაბრუნდა.

პელოპონესელთა მეორე შემოსევამ და ჭირმა ათენელთა განწყობილება მკვეთრად შეცვალა. ისინი პერიკლესს ადანაშაულებდნენ ყველა უბედურებაში, ლაკედემონელებთან კი დაზავება გადაწყვიტეს და ელჩებიც კი გაგზავნეს, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწიეს. მოქალაქეთა გასამხნევებლად პერიკლესმა სახალხო კრება მოიწვია და შეკრებილთ ასე მიმართა:

„მე ველოდი თქვენს აღშფოთებას, მესმის ამის მიზეზი და შეგკრიბეთ, რათა მიგითითოთ, რომ უსამართლოდ მსაყვედურობთ დაგასაჭირს ნებდებით. ჩემი აზრით, ქვეყნის აყვავება მეტ სარგებელს მოუტანს ცალკეულ მოქალაქეს, ვიდრე ერთეულთა კეთილდღეობა საერთო დაცემის პირობებში. როგორ კარგადაც უნდა მისდიოდეს საქმე კერძო პირს, სამშობლოს დაღუპვა მისთვისაც საბედისწერო იქნება, ხოლო ბედნიერ ქვეყანაში უიღბლოსაც აქვს საქმის გამოსწორების იმედი. ამდენად, რადგან ქვეყანას შეუძლია ცალკეულ მოქალაქეთა უბედურების ატანა, მოქალაქე კი ვერ გადაიტანს ქვეყნის უბედურებას, უმჯობესია ერთად დავიცვათ სამშობლო და არ მოიქცეთ ისე, როგორც ახლა იქცევით: საკუთარ გასაჭირში ჩაფლულები აღარ ზრუნავთ ქვეყანაზე, მსაყვედურობთ მე, რომ ომი გირჩიეთ, და საყვედურობთ საკუთარ თავს, რომ დამიჯერეთ. თქვენ ბრაზობთ კაცზე, ვისაც სხვაზე ნაკლებად არ ესმის, როგორ უნდა სახელმწიფო საქმეების გაძღოლა, ვისაც შეუძლია ამის სხვისთვის ახსნა, ვისაც უანგაროდ უყვარს სამშობლო. ვინც საქმეში კარგად ერკვევა, მაგრამ სხვისთვის ახსნა არ შეუძლია, არაფრით სჯობს უმეცარს. ვისაც ორივე ხელეწიფება, ნიჭიერიც არის და მჭევრმეტყველიც, მაგრამ ქვეყნისადმი სიყვარული არ ამოძრავებს, ის არ მოგცემთ კარგ რჩევას; და ბოლოს, ვისაც სამშობლო უყვარს, მაგრამ ფული ურჩევნია, ის ყველაფერს გაყიდის. ამიტომ, თუ ნება მომეცით დამერწმუნებინეთ, რომ ომი დაგეწყოთ, რადგან ფიქრობდით, რომ სახელმწიფო მოღვაწისთვის საჭირო თვისებები სხვაზე მეტად მქონდა, ახლა არ გაქვთ მიზეზი დამადანაშაულოთ.

თუ ხელსაყრელ მდგომარეობაში ხარ და ომსა და მშვიდობას შორის არჩევანის გაკეთება შეგიძლია, ომის დაწყება უგუნურება იქნება. მაგრამ თუ უნდა გააკეთოთ არჩევანი მტრისთვის დათმობასა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას შორის, მაშინ ხიფათისთვის თავის არიდება არ ივარგებს. მე ისევ ჩემს აზრზე ვდგავარ, თქვენ კი შეიცვალეთ. თქვენ დამიჯერეთ, მაგრამ როდესაც გასაჭირი მოგვადგა, ინანეთ და ჩემი რჩევა მცდარად გეჩვენებათ. ჩემი გეგმის მძიმე შედეგი ახლა ნათლად ჩანს, ხოლო უპირატესობას ჯერ ყველა ვერ მიმხვდარა და ბედის მძიმე და მოულოდნელი დარტყმების შემდეგ გიჭირთ თქვენს ძველ გადაწყვეტილებებს მიჰყვეთ. მართალია, ასეთი დარტყმა ძნელი გადასატანია და არყევს ადამიანის საკუთარ ძალებში რწმენას. თქვენც ასე დაგემართათ, პირველ რიგში, ჭირის გამო. მაგრამ დიადი ქვეყნის მოქალაქეებს მართებთ განსაცდელის ღირსეულად გადატანა. უნდა დაივიწყოთ პირადი გასაჭირი და ერთი მიზნის გარშემო გაერთიანდეთ.

რაც შეეხება თქვენს ეჭვებს, რომ ომი გაჭიანურდება და ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ, მათ გასაქარვებლად ისიც კმარა, რაც არაერთხელ მითქვამს თქვენთვის. მინდა კიდევ ერთი უპირატესობა გითხრათ, რაც ადრე არ თქმულა – ჩვენი ქვეყნის ძლიერება. არც ახლა ვიტრაბახებდი, თქვენ რომ სრულიად უსაფუძვლოდ ასე დათრგუნულებიარ იყოთ. თქვენ გგონიათ, რომ მოკავშირეებზე მბრძანებლობთ, მეკი გეტყვით, რომ დედამიწის ზედაპირის ორი ნაწილიდან – ზღვა და ხმელეთი – ერთი მთლიანად თქვენ გეკუთვნით. ვერც ერთი მეფე, ვერც ერთი ხალხი ამას წინ ვერ აღუდგება. ამიტომ ჩვენი საზღვაო ძალები მე ბევრად მნიშვნელოვნად მიმაჩნია, ვიდრე კერძო სახლები და მიწა, რის დაკარგვასაც ასე მისტირით. ეს დიდად არუნდა გადარდებდეთ. თუ თავისუფლებას შევინარჩუნებთ, დანაკარგი ერთიათად აგინაზღაურდებათ, სხვისი ბატონობის ქვეშ კი ყველაფერს დავკარგავთ. ვიყოთ ჩვენი წინაპრების ღირსეული შთამომავლები და თამამად ვიბრძოლოთ.

იმ საპატიო მდგომარეობის შესანარჩუნებლად, რითაც ასე ვამაყობთ, მთელი ძალები უნდა დავძაბოთ. ნუ ფიქრობთ, თითქოს მონობა გვემუქრება. თუ ძალაუფლებას დავკარგავთ, საფრთხე გველის მათგან, ვისაც ის სძულდა. ძალაუფლებაზე უარის თქმა უკვე აღარ შეგვიძლია, თუნდაც ეს დღეს კეთილშობილ მშვიდობიან ნაბიჯად დავსახოთ. ჩვენი ძალაუფლება ტირანიას ჰგავს, ის უსამართლობით მიიღწევა, მასზე უარის თქმა კი სახიფათოა. ვინც ამას გირჩევთ, ქვეყანას ღუპავს. მშვიდობიანი პოლიტიკა დამღუპველია, თუ მას გადამწყვეტი მოქმედებით არ ამაგრებ. დიდ სახელმწიფოს ის არაფერს არგებს, მხოლოდ მას გამოადგება, ვისაც უსაფრთხო მონობაში სურს ცხოვრება.

ნუ აჰყვებით ამგვარ რჩევებს და ნუ ჯავრობთ ჩემზე ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილების გამო მხოლოდ იმიტომ, რომ მტერი ჩვენს ქვეყანაში შემოიჭრა. მან ის ქნა, რასაც ველოდით. მოულოდნელი ჭირი იყო. სწორედ მან განგაწყოთ ჩემ წინააღმდეგ, მაგრამ ეს უსამართლობაა, მოულოდნელ წარმატებასაც მე ხომ არ მომაწერდით? ღმერთების მიერ მოვლენილი განსაცდელი უდრტვინველად უნდა მივიღოთ, ხოლო საბრძოლო – მხნედ. ათენში ადრე ასე იყო და არ ღირს ამ წესის შეცვლა. გამხნევდით იმ აზრით, რომ ჩვენი ქვეყანა სირთულეებს არასდროს შეშინებია და ამიტომ მიაღწია დღევანდელ დიდებას. ხსოვნა მის შესახებ სამუდამოდ დარჩება. ემახსოვრებათ, რომ ჩვენ დავიმორჩილეთ ელინური ქვეყნების დიდი ნაწილი, მოვიგეთ მრავალი ომი და ჩვენი ქვეყანა უძლიერესად და უმდიდრესად ვაქციეთ. მართალია, სუსტი გაგვკიცხავს, მაგრამ მამაცი შეგვეჯიბრება, და თუ ვერ გაგვიტოლდა, ჩვენი შეშურდება. თუ ახლა ბევრს ვძულვართ, რას იზამ, ასეთია ძლიერის ბედი. მაგრამ ვინც სიძულვილს დიდი მიზნის მიღწევისათვის იმკის, სწორად იქცევა. სიძულვილი გაივლის, სახელი კი დარჩება. თქვენ კი გახსოვდეთ, რა მოგვიტანს სახელს და ესწრაფოდეთ მას. ლაკედემონელებთან მოლაპარაკება კი არ გინდათ, ნუ აჩვენებთ, რომ გასაჭირმა დაგთრგუნათ. ღირსეული სწორედ ისაა – ქვეყანა იქნება თუ კაცი – ვინც განსაცდელს მედგრად ხვდება“.

ასე ცდილობდა პერიკლესი მოქალაქეთა უკმაყოფილების დაცხრომას და მათ გამხნევებას. ხალხი მიჰყვა მის რჩევას, ლაკედემონელებთან ელჩები აღარ გაუგზავნიათ და ომსაც მეტი მონდომებით მოეკიდნენ, მაგრამ თავს დატეხილ უბედურებებს მაინც ძნელად იტანდნენ. ღარიბებმა ის მცირედიც დაკარგეს, რაც აქამდე ჰქონდათ, ხოლო მდიდრებს უმძიმდათ ატიკაში მამულების დაკარგვა და ცხოვრების ნირის შეცვლა. პერიკლესის წინააღმდეგ გაღიზიანება მანამ არ ჩამცხრალა, სანამ მას ფულადი სასჯელი არ დააკისრეს. თუმცა, ცოტა ხნის შემდეგ, როგორც ეს ბრბოს სჩვევია, მას კვლავ სარდლობა და ქვეყნის მართვა ჩააბარეს. ცალკეული მოქალაქეები შეეგუვნენ პირად დანაკარგს, ხოლო როგორც სახელმწიფომოღვაწე, პერიკლესი საუკეთესო იყო. მშვიდობიან დროსაც ის ბრძნულად და სამართლიანად მართავდა ქვეყანას და ომის მნიშვნელობაც სწორად შეაფასა. ომის დაწყებიდან პერიკლესმა კიდევ ორწელიწადნახევარი იცოცხლა. მისი გარდაცვალების შემდეგ ათენელები დარწმუნდნენ, რამდენად სწორი იყო მისი გათვლები. იგი ათენელებს გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდა, თუ ისინი არ შეებმოდნენ მეტოქეს ბრძოლის ველზე, განამტკიცებდნენ საზღვაო ძალებს და უარს იტყოდნენ ახალ დაპყრობებზე ომის დროს. ათენელებმა ყველაფერი უკუღმა ქნეს. ომთან ერთი შეხედვით დაუკავშირებელ საქმეებშიც კი მათი პოლიტიკა ცალკეული პირების პატივმოყვარეობითა და სიხარბით იყო ნაკარნახევი და არა ქვეყნის და მისი მოკავშირეების ინტერესებით. ამ წამოწყებებში წარმატებას სარგებელი მხოლოდ ერთეულებისთვის მოჰქონდა, მარცხი კი მთელი ქვეყნისა და ომის შედგომი მსვლელობისათვის იყო დამღუპველი. გამჭრიახ და მოუსყიდავ პერიკლესს თანამოქალაქეები უსაზღვრო პატივს სცემდნენ. იგი არ ზღუდავდა ხალხის თავისუფლებას, მაგრამ არც ბრბოს ნებას ჰყვებოდა, უფრო თვითონ მიუძღოდა ხალხს. ის არ ესწრაფოდა ძალაუფლებას ნებისმიერფასად, არ ეპირფერებოდა ხალხს და საკუთარი სახელის წყალობით მის წინააღმდეგ გამოსვლაც შეეძლო. მას შეეძლო სიფრთხილისკენ მოეწოდებინა, თუ ხალხს წინდაუხედავი, თავხედური იდეა მოხიბლავდა, ან გაემხნევებინა განსაცდელში სასოწარკვეთილი თანამოქალაქეები. ამას დემოკრატია ერქვა, სინამდვილეში კი ეს პირველი მოქალაქის მმართველობა იყო. მის მემკვიდრეთაგან არც ერთი მოღვაწე არ გამოირჩეოდა სხვათაგან, მაგრამ ყველას პირველობა სურდა და ხალხის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად სახელმწიფო ინტერესსაც არას დაგიდევდნენ. აქედან წარმოდგა მრავალი შეცდომა, მათ შორის უდიდესი იყო სიცილიური ლაშქრობა. ის მარცხით დასრულდა სწორედ მმართველთა შეუთანხმებლობის გამო, რომლებიც ლაშქრობის წარმატებაზე კი არა, საკუთარზე ფიქრობდნენ, რითაც საბოლოოდ აწეწეს სახელმწიფო საქმეები. სიცილიაზე კატასტროფის შემდეგაც კი, ათენი, მიუხედავად იმისა,რომ ლაშქრისა და ხომალდების დიდი ნაწილი დაკარგა, კიდევ სამი წლის განმავლობაში იბრძოდა. მათ მოწინააღმდეგეთა რიგებს ამ დროისათვის შეემატნენ სიცილიელები, განდგომილი მოკავშირეები და სპარსელთა მეფის ძე კიროსი. ასე დაადასტურა რეალობამ პერიკლესის სიტყვები, რომ მხოლოდ პელოპონესელებთან ბრძოლაში ათენს იოლად შეეძლო გამარჯვება.

იმავე ზაფხულს ლაკედემონელთა ესკადრა ასი ხომალდისა დაათასი ჰოპლიტის შემადგენლობით თავს დაესხა ძაკინთოსს. კუნძული ააოხრეს, მაგრამ ვერ დაიმორჩილეს და უკან გაბრუნდნენ.

ზაფხულის მიწურულს კორინთელი არისტევსი და პელოპონესელთა სხვა ელჩები გაემგზავრნენ აზიაში მეფისათვის დახმარების სათხოვნელად. გზად თრაკიაში სიტალკესს შეხვდნენ და შეეცადნენ მის გადაბირებას. ამ დროს შემთხვევით თრაკიაში ათენელიელჩებიც იყვნენ. მათ დაარწმუნეს სადოკოსი, სიტალკესის ვაჟი და ათენის მოქალაქე, შეეპყრო ლაკედემონელები და ათენელთათვის გადაეცა ისინი. ათენში ტყვეები გაუსამართლებლად დახოცეს (რადგან ეშინოდათ, რომ ცოცხლად გადარჩენილი არისტევსი მათ კიდევ ბევრ ზიანს მოუტანდა) და გვამები უფსკრულში გადაყარეს. ათენელები არ მიიჩნევდნენ ამას უსამართლოდ, რადგან ტყვეებს ამგვარად პირველად ლაკედემონელები მოეპყრნენ.

დაახლოებით იმავე დროს ათენელებმა გაგზავნეს ოცდაათი ხომალდი ფორმიონის სარდლობით ამპრაკიელებისა და ამფილოქიელთა არგოსს შორის კონფლიქტის მოსაგვარებლად. ფორმიონმა ამფილოქიელებს ქალაქი დაუბრუნა და აკარნანიელებთან დადო კავშირი.

მომდევნო ზამთარს ათენელებმა პელოპონესის წყლებში გაგზავნეს ფორმიონი ოცი ხომალდით. ნავპაქტოსიდან მან კორინთელებსზღვაში გასასვლელი გადაუკეტა. ექვსი ხომალდი მელესანდროსის სარდლობით კარიასა და ლიკიაში გაიგზავნა ხარკის ასაკრეფად და სავაჭრო ხომალდების მეკობრეთაგან დასაცავად. ლიკიაში მელესანდროსი დამარცხდა, რაზმის ნაწილი დაკარგა და თავადაც დაიღუპა.

იმავე ზამთარს პოტიდეელებმა ვეღარ გაუძლეს ალყას და ათენელთა სარდალთან, ქსენოფონთან მოლაპარაკება დაიწყეს დანებების პირობებზე. სარდალმა წინადადება სიამოვნებით მიიღო, რადგან ჯარს ზამთარში ალყის გაგრძელება უჭირდა, თანაც მასზე უკვე ორი ათასი ტალანტი დაიხარჯა. პოტეიდაიელებს ქალაქიდან უვნებლად გასვლის, თითო ხელი ტანსაცმლისა და ცოტაოდენი ფული წაღებისა და ქალკიდიკაში გადასახლების უფლება მისცეს. ათენელებმა სარდლები დაადანაშაულეს ზავის პირობების თვითნებურად დადგენაში, შემდეგ კი პოტეიდაიაში კოლონისტები გაგზავნეს. ასე დასრულდა ომის მეორე წელი.

მომდევნო ზაფხულს პელოპონესელებმა არქიდამოსის სარდლობით პლატეაზე გაილაშქრეს. პლატეელებმა შეახსენეს არქიდამოსს, რომ ქალაქის კედლებთან მიდიელთა დამარცხების შემდეგ ლაკედემონელმა პავსანიასმა მსხვერპლი შესწირა ზევსს, ხოლო ქვეყანა პლატეელებს დაუბრუნა, რათა მათ თავისუფლად ემართათ საკუთარი ბედი. მათი დამოუკიდებლობის გარანტი ყველა მოკავშირე უნდა ყოფილიყო. ახლა კი ლაკედემონელები ფიცს არღვევენ, რადგან თებელებთან ერთად თავს ესხმიან პლატეას.

არქიდამოსმა მიუგო: „თქვენი საჩივარი სამართლიანი იქნებოდა, თქვენ რომ დამოუკიდებლები იყოთ და თქვენი ყოფილი მოკავშირეების, ათენელთა ბატონობისგან განთავისუფლებისათვის იბრძოდეთ. ეს ომი ხომ სწორედ ელინთა თავისუფლებისათვის დაიწყო. უმჯობესია, ჩვენ შემოგვიერთდეთ ან თუ ეს არ გსურთ, დაიცვათ ნეიტრალიტეტი და თქვენს საქმეებს მიხედოთ“. პლატეელებმა ეს პირობა ვერ მიიღეს, რადგან ოჯახები ათენში ჰყავდათ გახიზნული და არ არსებობდა გარანტია, რომ ათენელები მათ ღალატისათვის არ დასჯიდნენ. მაშინ არქიდამოსმა შესთავაზა პლატეელებს, ომის დასრულებამდე ლაკედემონელთათვის ჩაებარებინათ ქალაქი და მიწა. იგი მათ ომის შემდეგ მთელი ქონების უკან დაბრუნებას ჰპირდებოდა, ომის დროს კი – მათი მიწიდან აღებული მოსავლის წილს.

პლატეელებმა დრო ითხოვეს, რათა ათენელებთან მოეთათბირათ.

ათენელებთან მოლაპარაკებების შემდეგ პლატეელებმა გადაწყვიტეს, არ დაერღვიათ მათთან კავშირი და მედგრად შეხვედროდნენ განსაცდელს. მათი პასუხი რომ მოისმინა, არქიდამოსმა წარმოთქვა: „პლატეის მფარველო ღმერთებო და გმირებო! დამემოწმეთ, რომ ჩვენ თავიდანვე კანონიერად მოვედით აქ, რადგან პლატეელებმა პირველებმა დაარღვიეს ფიცი. ამ მიწაზე ჩვენმა წინაპრებმა მოგიხმეს საშველად და თქვენი დახმარებით სძლიეს მიდიელებს. ჩვენ არ ვიქცევით უსამართლოდ, რადგან ჩვენი სამართლიანი წინადადებები უარყვეს. დაგვეხმარეთ მათ დასჯაში, ვინც პირველმა ჩაიდინაუსამართლობა“.

არქიდამოსმა ბრძანა საბრძოლო მოქმედებათა დაწყება. პირველ რიგში ქალაქს ხის მესერი და მიწაყრილი შემოავლეს. იმდენი კაცი მუშაობდა, რომ ქალაქის სწრაფად აღების იმედი ჰქონდათ. მიწაყრილს ორივე მხრიდან ხის ჯებირი გაუკეთეს, ზემოდან კი დააყარეს ფიჩხი, ქვა, მიწა და ყველაფერი, რაც ხელში მოხვდათ. ლაკედემონელები ცვლებში მუშაობდნენ სამოცდაათი დღე-ღამე. როდესაც პლატეელებმა დაინახეს, რომ მიწაყრილი სულ მაღლა მიიწევდა, მის გასწვრივ გალავანს დამატებითი ზღუდე დააშენეს. ხის კონსტრუქცია აგურით ამოაშენეს და ალმოდებული ისრებისგან დასაცავად ტყავი შემოაკრეს. კოშკი სწრაფად იზრდებოდა, მაგრამ არც მიწაყრილი ჩამორჩებოდა. მაშინ პლატეელებმა შემდეგ ხრიკს მიმართეს: მათ მიწაყრილის მახლობლად კედელი გამოანგრიეს და ამ ხვრელით მიწის გატანა დაიწყეს.

პელოპონესელებმა ეს რომ შენიშნეს, მოკლებული მიწის ადგილას თიხით სავსე ლერწმისგან დაწნული გოდრები ჩაყარეს, რადგან მათ მიწასავით იოლად ვერ გაიტანდნენ. მაშინ პლატეელებმა მიწაყრილის ქვეშ გვირაბი გათხარეს და იქიდან დაიწყეს მიწის გატანა. მტერი დიდხანს ვერაფერს ხვდებოდა, ბეჯითად მუშაობდნენ, მაგრამ საქმე წინ არ მიდიოდა. პლატეელებს მაინც ეშინოდათ, რომ მრავალრიცხოვან მტერს ხანგრძლივად ვერ შეეჯიბრებოდნენ და სხვა ზომებსაც მიმართეს. მათ შეწყვიტეს გალავანზე კოშკის მშენებლობა და დაიწყეს დამატებითი შიდა კედლის ამოყვანა. თუ მტერი პირველ კედელს აიღებდა, მას მეორე გადაეღობებოდა და იგი ისრებისათვის კარგი სამიზნე გახდებოდა. ამასობაში ლაკედემონელებმა მიწაყრილი დაასრულეს და ქალაქს საალყო მანქანები მიაყენეს. ერთმა ტარანმა ისე შეარყია მიწაყრილის საპირისპიროდ აგებული კოშკი, რომ პლატეელები შიშმა მოიცვა. ტარანები კედლის

სხვა ადგილებთანაც მიიყვანეს. პლატეელები ყულფს ესროდნენ ტარანს, თავს ააწევინებდნენ და ამით მას ძალას აკარგვინებდნენ. გარდა ამისა, მათ რკინის ჯაჭვებით კედლებზე დაკიდეს უზარმაზარი მორები, რომლებსაც უცბად ქვემოთ უშვებდენ, რითიც ტარანს აზიანებდნენ.

მას მერე, რაც ტარანი უსარგებლო გამოდგა და პლატეელებმა მიწაყრილის გასწვრივ ახალი დამცავი ჯებირი ააგეს, პელოპონესელები მიხვდნენ, რომ ასე ქალაქს ვერ აიღებდნენ და დაიწყეს ქალაქის გარშემო კედლის მშენებლობისთვის სამზადისი. მაგრამ მანამდე ხელსაყრელი ქარის პირობებში ქალაქის გადაწვას შეეცადნენ. საერთოდ, ისინი ცდილობდნენ ქალაქი დიდი დანახარჯებისა და ნამდვილი ალყის გარეშე აეღოთ. ამისათვის მიწაყრილსა და კედელს შორის ფიჩხი ჩაყარეს, ქალაქშიც შემოყარეს, სადამდეც მისწვდნენ. შემდეგ გოგირდითა და ფისით გაჟღენთილ ფიჩხს ცეცხლი წაუკიდეს. ასეთი ხანძარი მხოლოდ მთებში გაჩენილ ტყის ხანძარს თუ შეედრებოდა. პლატეელები მხოლოდ უეცარმა კოკისპირულმა წვიმამ გადაარჩინა.

ამ წარუმატებლობის შემდეგ პელოპონესელებმა ლაშქრის დიდი ნაწილი დაითხოვეს, ქალაქთან მხოლოდ მცირე რაზმი დარჩა, რომელმაც კედლის მშენებლობა დაიწყო. პლატეელებმა ოჯახებიჯერ კიდევ ადრე გახიზნეს ათენში. ქალაქში ალყის დროს დარჩენილი იყო ოთხას ოთხმოცი პლატეელი, სამასი ათენელი და ას ათი მზარეული ქალი.

იმავე ზაფხულს ათენელებმა გაგზავნეს ქსენოფონი ორი ათასი ჰოპლიტითა და ორასი მხედრით თრაკიის სანაპიროზე ქალკიდელებისა და ბოტიეების წინააღმდეგ. ათენელები სპარტოლოსს მიადგნენ და ყანების გაჩანაგებას შეუდგნენ. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ზოგი მოქალაქის დახმარებით აიღებდნენ ქალაქს. მაგრამ უმრავლესობა არ დათანხმდა და დახმარება ოლინსიდან გამოიძახეს. თავდაპირველად ათენელებმა სძლიეს ქალკიდელ ჰოპლიტებს, რომლებმაც ქალაქს შეაფარეს თავი, მაგრამ ვერ გაუძლეს მტრის მხედრობის შეტევას. საბოლოოდ ათენელებს პოტეიდაიაში მოუწიათ დაბრუნება. მათ დაკარგეს ოთხას ოცდაათი მებრძოლი, მათ შორის, სარდლებიც.

იმავე ზაფხულს ამპრაკიელებმა და ქაონებმა, რომლებსაც მთელი აკარნანიის დამორჩილება სურდათ, დაარწმუნეს ლაკედემონელები, მათთვის ესკადრა და ჰოპლიტები გაეგზავნათ. აკარნანიის დაპყრობით ისინი ძაკინთოსსა და კეფალენიასაც დაიმორჩილებდნენ და ათენელებს პელოპონესის გარშემო ცურვას გაურთულებდნენ. შეიძლებოდა ნავპაქტოსიც ჩაეგდოთ ხელში. ლაკედემონელებმა გაგზავნეს რამდენიმე ხომალდი და ათასი ჰოპლიტი ნავარქოს კნემოსის სარდლობით. მოკავშირეთა ხომალდები მოგვიანებით უნდა მისულიყვნენ ლევკადასთან, სადაც ძირითად ძალებს ლევკადის, ანაქტორიისა და ამპრაკიის ესკადრები უკვე ელოდნენ. კნემოსმა ნავპაქტოსთან მდგომ ფორმიონს შეუმჩნევლად ჩაუარა და სახმელეთო ოპერაციისთვის დაიწყო სამზადისი. მის განკარგულებაში ელინთაგან იყვნენ ამპრაკიელები, ანაქტორიელები, ლევკადელები და ათასი პელოპონესელი, ბარბაროსთაგან – ქაონები, თესპროტები და სხვები. პერდიკამაც ათენელთაგან ფარულად ათასი მაკედონელი მიაშველა, მაგრამ მათ დააგვიანდათ. კნემოსი აღარ დაელოდა კორინთელთა ხომალდებს და ამ ძალებით დაიძრა არგოსის ოლქის გავლით. მან დაანგრია ლიმნეა და მიადგა აკარნანიის უდიდეს ქალაქს, სტრატოსს. მას იმედი ჰქონდა, რომ თუ ამ ქალაქს აიღებდა, დანარჩენები იარაღს დაყრიდნენ.

 აკარნანიელებმა გადაწყვიტეს ერთიანი ძალებით კი არ შებმოდნენ ძლიერ მტერს, არამედ ყველა ქალაქს დამოუკიდებლად დაეცვა თავი. ფორმიონსაც სთხოვეს დახმარება, მაგრამ ის ნავპაქტოსს ვერ ტოვებდა კორინთელთა ესკადრის მოლოდინში. ამასობაში პელოპონესელები და მათი მოკავშირეები სამ ჯგუფად მიუახლოვდნენ სტრატოსს. ერთმანეთისაგან საკმაოდ დაშორებული რაზმები ერთმანეთს ვერ ხედავდნენ. ელინები სალაშქრო წყობით მიდიოდნენ სათანადო სიფრთხილის დაცვით, სანამ ბანაკისათვის მოსახერხებელი ადგილი არ იპოვეს. თავდაჯერებულ ქაონებს კი არც უფიქრიათ ბანაკის მოწყობა და პირდაპირ ქალაქზე მიიტანეს იერიში. ქალაქიდან დროულად შეამჩნიეს მომხვდურები და გადაწყვიტეს, თუ ბარბაროსებს ელინთა მოსვლამდე დაამარცხებენ, ელინებმა შეიძლება აღარც ისურვონ თავდასხმა. ისინი ქალაქის მისადგომებთან რამდენიმე ადგილას ჩაუსაფრდნენ მტერს და როდესაც ის მიუახლოვდა, მოულოდნელად რამდენიმე მიმართულებით შეუტიეს მათ. ქაონები შედრკნენ და სასტიკად დამარცხდნენ. ეს რომ დაინახეს, სხვა ბარბაროსებმაც გაქცევით უშველეს თავს. ელინთა რაზმებმა ბრძოლის შესახებ არაფერი იცოდნენ. მათ ეგონათ, რომ ბარბაროსები ადგილს ეძებდნენ ბანაკისათვის. გამოქცეულები რომ ნახეს, შეიფარეს და ერთი დღე ბანაკში დარჩნენ. სტრატოსელები არ დასხმიან მათ თავს სხვა აკარნანელთა დამხმარე ძალის მოლოდინში, მხოლოდ შურდულით ქვებს ესროდნენ შორიდან.

ღამით კნემოსმა უკან დაიხია ოთხმოცი სტადიონით, შემდეგკი სამშობლოში დაბრუნდა. სტრატოსელებმა კი ბარბაროსებზე გამარჯვების ნიშანი აღმართეს.

კორინთელთა ესკადრა ვერ მივიდა კნემოსის დასახმარებლად, რადგან სტრატოსთან ბრძოლის დღეს ფორმიონის ესკადრასთან მოუხდა შეტაკება ზღვაზე. ფორმიონი მტრის ხომალდებს ყურიდან გამოსასვლელში დარაჯობდა. კორინთელები საზღვაო ბრძოლისთვის კი არა, აკარნანიაზე ლაშქრობის მოსამზადებლად გავიდნენ. მათ ვერ წარმოედგინათ, რომ ათენელთა ოცი ხომალდი მათ ორმოცდაშვიდ ხომალდს გაუბედავდა თავდასხმას. მათ ათენელები მაშინ შეამჩნიეს, როდესაც სრუტეში გადიოდნენ და, რადგან შეუმჩნევლად ვეღარ წავიდოდნენ, იქვე მოუწიათ ბრძოლაში ჩაბმა. პელოპონესელთა ხომალდები წრიულად განლაგდნენ, ცხვირით გარეთ, შუაში კი განალაგეს პატარა გემები და რამდენიმე სწრაფმავალი ხომალდი, რომლებიც იქ უნდა მისულიყვნენ საშველად, სადაც მტერი შეუტევდა.

ათენელებმა კი ხომალდები გაამწკრივეს. ისინი გარს უვლიდნენ მოწინააღმდეგეს და ავიწროებდნენ მას. ისე ახლოს მიდიოდნენ, თითქოს თავდასხმას აპირებდნენ, მაგრამ ფორმიონისგან ნაბრძანები ჰქონდათ მისი ნიშნის გარეშე ბრძოლა არ დაეწყოთ. სარდალს იმედი ჰქონდა, რომ მოწინააღმდეგე წყობას ვერ შეინარჩუნებდა, გემები ერთმანეთს შეეჯახებოდა, მცირე ხომალდები კი არეულობას გაამძაფრებდა. ფორმიონის სწრაფმავალ ხომალდებს შეეძლო თავდასხმისათვის ყველაზე ხელსაყრელ მომენტს დალოდებოდა. მართლაც, დილას ქარმა დაუბერა და პელოპონესელთა წყობა არია. ხომალდები ერთმანეთს ეჯახებოდა, გამოუცდელი მენიჩბეები თავს ვერ ართმევდნენ საქმეს, ხმაურში კი ბრძანებები არ ესმოდათ. სწორედ ამ დროს მისცა ფორმიონმა თავდასხმის ნიშანი. ათენელებმა ფლაგმანი ჩაძირეს და დაერიენ დაბნეულ მტერს. მათ თორმეტი ხომალდი იგდეს ხელთ, დანარჩენები კი გააქციეს. მათ გამარჯვების ნიშანი აღმართეს რიონის კონცხზე, პოსეიდონს ხომალდი მიართვეს ძღვნად და ნავპაქტოსში დაბრუნდნენ. პელოპონესელთა ესკადრის ნარჩენები კი ლევკადიდან დაბრუნებულ კნემოსს შეუერთდნენ.

ლაკედემონელებმა მძიმედ განიცადეს ეს მარცხი. ისინი პირველად შეეცადნენ საზღვაო ბრძოლა გაემართათ და ვერ წარმოედგინათ, რომ ამდენად ჩამორჩებოდნენ ათენელებს. მათ ვერ გაითვალისწინეს, რომ ახალბედები შეეჭიდნენ გამოცდილ ზღვაოსნებს, სარდლებსა და მეზღვაურებს ადანაშაულებდნენ და კნემოსს მრჩევლებიც გაუგზავნეს. სარდლობამ მოკავშირეებს ახალი ხომალდების აღჭურვა და ძველების შეკეთება მოსთხოვა. ფორმიონმაც შეატყობინა ათენს მტრის სამზადისის შესახებ და დამხმარე ძალა ითხოვა. ათენელებმა გაუგზავნეს მას კიდევ ოცი ხომალდი, მაგრამ მათ ჯერ კრეტაზე შევლა დაავალეს. ათენელთა პროქსენოსმა, ნიკიასმა ისინი დაარწმუნა, გაელაშქრათ კიდონიას წინააღმდეგ.ჯერ არახელსაყრელმა ქარმა, შემდეგ კი შტილმა ეს ხომალდები დიდხანს შეაყოვნა გზაში.

სანამ ათენის ესკადრა დროს კრეტაზე კარგავდა, პელოპონესელები საზღვაო ბრძოლისათვის გაემზადნენ. მათი სამოცდაჩვიდმეტი ხომალდი და ფორმიონის ესკადრა ერთმანეთის პირისპირ იდგა ექვსი თუ შვიდ დღეს კრისაიოსის ყურის შესასვლელთან. პელოპონესელებს ახსოვდათ თავიანთი მარცხი და გაშლილ ზღვაში არ უნდოდათ გასვლა, ათენელები კი ყურეში შესვლას ერიდებოდნენ. პელოპონესელთა სარდლებს ათენელთა დამხმარე ძალების მოსვლამდე უნდოდათ ბრძოლის გამართვა და მეზღვაურთა გასამხნევებლად კრება მოიწვიეს:

„პელოპონესელებო, ცდებით, თუ თქვენ წინა მარცხის გამო გაფიქრებთ მომავალი ბრძოლის ბედი. სინამდვილეში შიშის არანაირი საფუძველი არ გაქვთ. მაშინ ჩვენ ჯეროვნად მომზადებული არ ვიყავით და არც ვაპირებდით ზღვაზე ბრძოლას. სხვა შემთხვევითობებიც ცუდად დაემთხვა. თანაც ეს ჩვენი პირველი ბრძოლა იყო და გამოუცდელობამ დაგვღუპა. არ ღირს გულის გატეხა შემთხვევითი მარცხის გამო. შევინარჩუნოთ მხნეობა, გამოუცდელობა სიმხდალის გასამართლებლად ვერ გამოდგება. თქვენ არც იმდენად ჩამორჩებით მტერს გამოცდილებით, რამდენადაც აღემატებით ვაჟკაცობით. გარდა ამისა, ჩვენი ესკადრა მტრისაზე ძლიერია და თან ჩვენ საკუთარ ნაპირთან ვიბრძვით მძიმედ შეჭურვილი მეომრებისმიერ დაცულები. გამარჯვება, როგორც წესი, უფრო მრავალრიცხოვანსა და უკეთ შეიარაღებულს რჩება. თითოეულმა თქვენგანმა კარგად შეასრულეთ თქვენი საქმე, ჩვენ კი უკეთ გიხელმძღვანელებთ, ვიდრე თქვენი ადრინდელი უფროსები“.

ასე აგულიანებდნენ პელოპონესელი სარდლები მეომრებს. ფორმიონიც შეწუხებული იყო მისი ხალხის განწყობით და შეეცადა მათ გამხნევებას:

„მე შეგკრიბეთ, რადგან ვხედავ, რომ მტრის რაოდენობამ დაგაფრთხოთ. არ უნდა გეშინოდეთ იმის, რაც საშიში სულაც არ არის. მტერმა ამოდენა ფლოტი იმიტომ შეკრიბა, რომ ჩვენთან თანაბარი ბრძოლა შეუძლებლად მიაჩნია. მათი თავდაჯერებულობა ხმელეთზე ბრძოლის გამოცდილებას ემყარება, მაგრამ რატომღაც ფიქრობენ, რომ იგი ზღვაზედაც გამოადგებათ. აქ კი უპირატესობა ჩვენს მხარესაა: სიმამაცით თქვენ მათ არ ჩამოუვარდებით, გამოცდილებით კი ბევრად სჯობიხართ. ლაკედემონელები მხოლოდ საკუთარ დიდებაზე ფიქრობენ და მოკავშირეებს მათი სურვილისწინააღმდეგ მოერეკებიან საბრძოლველად. წინა მარცხის შემდეგ ისინი საკუთარი ნებით აღარ მოინდომებდნენ ზღვაზე ბრძოლას. ნუ გაფიქრებთ მათი სიმამაცე, ეს მათ ეშინიათ თქვენი, რადგან უკვე დავამარცხეთ და ახლაც ვაპირებთ ამის სადარი გმირობის ჩადენას. ადამიანთა უმრავლესობა ხომ თანასწორ მეტოქეს ებრძვის და საკუთარი ძალის იმედი უფრო აქვს, ვიდრე გამბედაობისა. ის, ვინც მცირე ძალით საკუთარი ნებით ესხმის მტერს თავს, დიდ სიმამაცეს იჩენს. ეს მტერმაც იცის და სწორედ ამიტომ უფრო ეშინია ჩვენი, ვიდრე შეეშინდებოდა, ძალები თანასწორი რომ იყოს. ხშირად დამარცხებულან მცირერიცხოვან მეტოქესთან გამოუცდელობის ან სიმხდალის გამო. თქვენ გამოცდილი ვაჟკაცები ხართ. მე კი არ შევალ ყურეში საბრძოლველად. იქ ბრძოლა ხელს არ გვაძლევს, რადგან ხომალდების სისწრაფესა და მანევრირებას ვერ გამოვიყენებთ, ბრძოლა სახმელეთოს დაემსგავსება და რიცხობრივი უპირატესობა ფასს შეიძენს. ამას შეძლებისდაგვარად გავითვალისწინებ, თქვენ კი ზუსტად შეასრულეთ ბრძანებები, დაიცავით წესრიგი და სიჩუმე. ისევე მამაცად იბრძოლეთ, როგორც აქამდე. მძიმე ბრძოლა გველის. ან პელოპონესელთა ზღვაზე გასვლის იმედს დავასამარებთ ან ათენელთა ბატონობას მოეღება ბოლო. გახსოვდეთ, რომ ისინი ერთხელ უკვე დავამარცხეთ და ვეღარ იქნებიან უწინდებურად თავდაჯერებულები.“

ამასობაში პელოპონესელებმა დაინახეს, რომ ათენელები ყურეში შესვლას ერიდებოდნენ და მათი იქ შეტყუება გადაწყვიტეს. ცრუ მანევრით აიძულეს ფორმიონი ყურისაკენ დაძრულიყო, შემდეგ მკვეთრად შემობრუნდნენ და გზის მოჭრა განიზრახეს. ათენელთა თერთმეტმა ხომალდმა მაინც მოასწრო ღია ზღვაში გასვლა, დანარჩენები კი პელოპონესელებმა ნაპირთან მიიმწყვდიეს, ხომალდები დააზიანეს, ეკიპაჟი კი, ვინც ზღვაში არ გადახტა, ამოხოცეს. რამდენიმე ხომალდს პელოპონესელები ბუქსირით მიათრევდნენ. მაშინ მესენიელები მიეშველნენ ათენელებს, შეჭურვილები გადაეშვნენ ზღვაში, აძვრნენ ხომალდებზე და გემბანზე ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ დაიბრუნეს.

ამდენად, აქ პელოპონესელებმა იმარჯვეს. მათი მარჯვენა ფრთის ოცი ხომალდი ათენელთა თერთმეტ გადარჩენილ ხომალდს დაედევნა. ათმა მათგანმა მდევარს მიასწრო ნავპაქტოსში და აპოლონის სამლოცველოსთან საბრძოლველად გამზადებული დადგა. პელოპონესელები სიმღერით მოცურავდნენ, თითქოს უკვე გამარჯვებულები ყოფილიყვნენ. ერთი ლევკადური ხომალდი დაწინაურდა და ჩამორჩენილ ათენურს დაედევნა. ეს უკანასკნელი მოეფარა იქვე რეიდზე მდგომ სატვირთო გემს, უეცარი იერიშით გვერდი გაურღვია მდევარს და ჩაძირა იგი. ამან ძლიერ შეაშფოთა პელოპონესელები. წყობა ისედაც დარღვეული ჰქონდათ, ახლა კი ზოგი გაჩერდა, ზოგმა გზა განაგრძო და მეჩეჩზე აღმოჩნდა. ათენელები გამხნევდენ, საბრძოლო ყიჟინით შეუტიეს მტერს და უკუაქციეს იგი. მათ დაიბრუნეს გემები და ხელში ჩაიგდეს მეტოქის ექვსი ხომალდი. ეკიპაჟის ნაწილი დახოცეს, ნაწილი კი ტყვედ აიყვანეს. დროებითი დაზავების შემდეგ მოწინააღმდეგეებმა გაცვალეს და დაკრძალეს დაღუპულები. ორივე მხარემ აღნიშნა გამარჯვება, გამარჯვების ნიშანი აღმართა და სამადლობელი მსხვერპლი შესწირა. ამის შემდეგ პელოპონესელები სწრაფად გაბრუნდნენ უკან, რათა ათენელთა დამხმარე ესკადრას არ შეხვედროდნენ. შორს არ იქნებოდნენ წასული, როდესაც ნავპაქტოსში კრეტადან ოცი ატიკური ხომალდი მოვიდა. ასე დასრულდა ზაფხული.

სანამ ფლოტს დაითხოვდნენ, კნემოსმა, ბრასიდასმა და სხვა პელოპონესელმა სარდლებმა მეგარელთა რჩევით პირეოსზე მოულოდნელი თავდასხმა დაგეგმეს. ნავსადგური არ იყო დაცული, რაც ზღვაზე ათენელთა სრული უპირატესობის პირობებში ბუნებრივიც იყო. ჩანაფიქრის მიხედვით, მეზღვაურები ფარულად უნდა შეკრებილიყვნენ მეგარაში, სადაც ნისეას გემსაშენში გამზადებულ ორმოცხომალდზე დასხდებოდნენ და პირდაპირ პირეოსზე გასცურავდნენ. ლაკედემონელებმა სასწრაფოდ დაიწყეს გეგმის განხორციელება, ნისეაში ღამით მივიდნენ და გემებზე დასხდნენ, მაგრამ არახელსაყრელი ქარის გამო პირეოსის ნაცვლად სალამინის კონცხისაკენ გასწიეს. აქ მდებარეობდა სათვალთვალო პუნქტი და იდგა სამი საბრძოლო ხომალდი. ლაკედემონელებმა ხელთ იგდეს ისინი და კუნძული დაარბიეს. თავდასხმის ამბავი ათენს სასიგნალო ცეცხლით ამცნეს. ქალაქში არნახული პანიკა ატყდა. ათენში ეგონათ, რომ მტრის ფლოტმა პირეოსი დაიკავა, ხოლო პირეოსში ფიქრობდნენ, რომ სალამინი დაეცა და მტერი ნავსადგურს უახლოვდება. პელოპონესელებს უფრო გაბედულად რომ ემოქმედათ, მართლა შეძლებდნენ ნავსადგურის დაკავებას. გამთენიისას ათენელებმა პირეოსს მიაშურეს, ხომალდები კი სალამინზე გაგზავნეს. როგორც კი პელოპონესელებმა გაიგეს, ათენელები საშველად დაიძრნენო, ტყვეები და ნადავლი ნისეაში გადაიყვანეს, მეგარიდან კი შინ ხმელეთით დაბრუნდნენ. სალამინზე ათენელებს მტერი აღარ დახვდა. ამის შემდეგ მათ პირეოსის დაცვა გააძლიერეს.

იმავე დროს, ზამთრის დასაწყისში, თრაკიელთა მეფე სიტალკესმა გაილაშქრა მაკედონელთა მეფის პერდიკას და ქალკიდელთაწინააღმდეგ, რათა მიეღო მისთვის დანაპირები და ათენელთათვის საკუთარი დანაპირები შეესრულებინა. ამიტომ მას ახლდნენ ამინტა ფილიპეს ძე, რომელსაც მაკედონიის ტახტზე დასმას უპირებდა, ათენელი ელჩები და სარდალი ჰაგნონი.

სიტალკესმა ლაშქარი თავის ვრცელ სამფლობელოში შეაგროვა. მისი სამეფო სანაპიროს გასწვრივ აბდერიდან მდინარე ისტროსის შესართავამდე თერთმეტი დღის სავალი იყო, ხმელეთით, ბიზანტიონიდან მდინარე სტრიმონამდე – ცამეტი დღისა. ზომითა და სიმდიდრით ევროპაში მის ქვეყანას ვერავინ შეედრებოდა, სამხედრო ძალით კი მხოლოდ სკვითები აღემატებოდნენ. ამ მხრივ, სკვითებს ევროპასა და აზიაში ბადალი არ ეყოლებოდათ, ერთიანნი რომ ყოფილიყვნენ. კეთილგონიერებისა და ცხოვრების დონის მხრივ სკვითები ჩამორჩებიან სხვა ხალხებს.

ასეთი ძლევამოსილი ქვეყნის მეფე აგროვებდა ლაშქარს. სამზადისს რომ მორჩა, მაკედონიაში შეიჭრა. გადმოცემით, მის ლაშქარში ას ორმოცდაათი ათასი კაცი იყო, მათგან ორი მესამედი – ქვეითი და ერთი მესამედი – მხედრები. ლაშქარი ჭრელი იყო და მისი ძალა, ძირითადად, სიმრავლეში მდგომარეობდა.

მაკედონელები ამ უზარმაზარ ჯარს აშკარა წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ და მხოლოდ მხედრების თავდასხმებით კმაყოფილდებოდნენ. სიტალკესმა უმტკივნეულოდ დაიკავა ოდესღაც ფილიპეს კუთვნილი მიწები და მაკედონიის გაჩანაგებას შეუდგა.

მან მოლაპარაკება დაიწყო პერდიკასთან იმ საკითხებზე, რაც ომის მიზეზი გახდა. ათენელებმა არ მიაშველეს ესკადრა, რადგან არ სჯეროდათ, რომ სიტალკესი ლაშქარს შეკრებდა, და ელჩებისა და საჩუქრების გაგზავნას დასჯერდნენ. ამაო ლოდინის შემდეგ სიტალკესმა ჯარის ნაწილი ქალკიდელებისა და ბოტიეების წინააღმდეგ გაგზავნა, ისინი ციხეებში ჩაკეტა და მათი მიწის რბევა დაიწყო. ელინები დაძაბულად ადევნებდნენ თვალს მის ქმედებებს და იღებდნენ ზომებს იმ შემთხვევისათვის, თუ ის სამხრეთისკენ დაიძვრებოდა. სიტალკესი კი ქალკიდიკასა და მაკედონიაში რჩებოდა და იქაურობას აჩანაგებდა. მან ვერ მიაღწია მიზანს, რის გამოც ომი წამოიწყო. გარდა ამისა, ლაშქარი საკვების ნაკლებობამ და ზამთრის სუსხმა შეაწუხა. მაშინ მან უსმინა პერდიკას მიერ მოსყიდული ძმისშვილის, სევთოსის რჩევას და უკან გაბრუნდა.

იმავე ზამთარს, პელოპონესის ფლოტის დათხოვნის შემდეგ, ათენელებმა ფორმიონის სარდლობით ნავპაქტოსიდან საზღვაო ლაშქრობა წამოიწყეს. ისინი გადასხდნენ ასტაკოსთან, აკარნანიაში შევიდნენ, სტრატოსიდან და სხვა ქალაქებიდან განდევნეს არასაიმედო პირები და უკან დაბრუნდნენ, რადგან ზამთარში მათდამი მტრულად განწყობილ ოინიადას ვერ დალაშქრავდნენ.

ფორმიონი აკარნანიიდან ნავპაქტოსში დაბრუნდა, გაზაფხულზე კი ათენში ჩავიდა და საზღვაო ბრძოლებში მოპოვებული ნადავლი ჩაიყვანა: თავისუფლად შობილი ტყვეები და მტრის ხომალდები. ტყვეები შემდეგ კაცი კაცში გაცვალეს. ასე დასრულდა ზამთარი და მასთან ერთად ომის მესამე წელი.

მესამე წიგნი
შემდეგ ზაფხულს პელოპონესელები და მათი მოკავშირეები მეფე არქიდამოსის სარდლობით შეიჭრნენ ატიკაში, დაბანაკდნენ და ყანების რბევა დაიწყეს. ათენელთა მხედრები ახლაც აწუხებდნენ მტერს და მსუბუქად შეიარაღებულ ქვეითებს ბანაკიდან გასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. პელოპონესელები მარაგისამოწურვამდე ქვეყანაში დარჩნენ, შემდეგ კი უკან გაბრუნდნენ. პელოპონესელთა შემოსევისთანავე ათენელებს აუჯანყდნენ ლესბოსელები. ისინი ჯერ კიდევ ომის წინ ფიქრობდნენ განდგომას, მაგრამ მაშინ ლაკედემონელთა დახმარება ვერ მიიღეს, ახლაც ჯერარ იყვნენ მზად აჯანყებისთვის და უფრო ადრე მოუწიათ ამის გაკეთება, ვიდრე აპირებდნენ. ისინი ელოდნენ ნავსადგურის დამცავი დამბისა და ქალაქის გალავნის მშენებლობის დამთავრებას, ასევეხომალდების აღჭურვას. აგრეთვე, დამხმარე ძალასა და სურსათს. თუმცა ათენელები გააფრთხილეს, რომ მიტილენე კუნძულის გაერთიანებასა და აჯანყებას აპირებდა და მათ ზომები უნდა მიეღოთ,რათა კუნძული არ დაეკარგათ.

ომისა და ჭირისგან გატანჯულ ათენელებს არ სურდათ ახალიომი ლესბოსთან, ამიტომ არც იჯერებდნენ ამ ჭორებს. როდესაც ათენელმა ელჩებმა ვერ მოახერხეს ლესბოსელთა დარწმუნება, გადაწყვიტეს დაესწროთ აჯანყებისთვის და მოულოდნელად გაგზავნეს ლესბოსზე პელოპონესისკენ გასამგზავრებლად გამზადებული ორმოცი ხომალდისგან შემდგარი ესკადრა. ათენელებმა იცოდნენ, რომ კუნძულზე აპოლონის პატივსაცემად დღესასწაული იმართებოდა და ამ დროს ფიქრობდნენ თავდასხმას. თუ გამოუვიდოდათ, ხომ კარგი, თუ არა, მიტილენელებს მოსთხოვდნენ ხომალდების დათმობას და გალავნის დანგრევას, უარის მიღების შემთხვევაში კი ომს დაიწყებდნენ. ათენელები ზღვაში გავიდნენ და მიტილენედან, ხელშეკრულების შესაბამისად, გამოგზავნილი ათი ტრიერის ეკიპაჟი ტყვედ აიყვანეს. ვიღაცამ გააფრთხილა მიტილენელები ათენელთა თავდასხმის შესახებ. ისინი აღარ წავიდნენ აპოლონის ზეიმზე და ქალაქის გამაგრებას შეუდგნენ. ესკადრის სარდლობამ მას შემდეგ, რაც მოულოდნელი თავდასხმა ჩაიშალა, მიტილენელებს მოთხოვნა წაუყენა, ხოლო უარის შემდეგ საომარი მოქმედებები დაიწყო. მიტილენელები ამისთვის არ იყვნენ ჯეროვნად მომზადებული. მათი ხომალდები გამოვიდნენ ნავსადგურიდან, რათა ბრძოლა გაემართათ, მაგრამ ათენელებმა ისინი მალე უკუაქციეს. მიტილენელებმა მოლაპარაკება დაიწყეს ათენელებთან, რათა მეტ-ნაკლებად მისაღებ პირობებში დაეხსნათ თავი მათი ესკადრისგან. ათენელმა სარდლებმა მიიღეს მათი წინადადება, რადგან შიშობდნენ, რომ არ ეყოფოდათ ძალა მთელი კუნძულის წინააღმდეგ საომრად. დაზავების შემდეგ მიტილენელებმა გაგზავნეს ელჩები ათენში, მაგრამ, რადგან ამ ელჩობის წარმატების იმედი არ ჰქონდათ, ფარულად ლაკედემონელებსაც გაუგზავნეს კაცი დახმარების თხოვნით.

ათენში წარუმატებელი ელჩობის შემდეგ, მიტილენელებმა ომი გადაწყვიტეს. მეთიმნა, იმბროსი და ლემნოსი ათენელთა ერთგულები დარჩნენ. მიტილენელები თავს დაესხნენ ათენელთა ბანაკს. მართალია, არ დამარცხებულან, მაგრამ მაინც ვერ გაბედეს ბრძოლის ველზე დარჩენა, და ქალაქში შებრუნდნენ. ამის შემდეგ ისინი, პელოპონესელთა დახმარების მოლოდინში, ვერ ბედავდნენ აქტიურ მოქმედებებს. მათთან მოვიდნენ ჯერ კიდევ აჯანყებამდე გამოგზავნილი ლაკედემონელი და თებელი ელჩები, რომლებმაც ურჩიეს ახალი ელჩობა გაეგზავნათ ლაკედემონში, რაც მიტილენელებმა გააკეთეს კიდეც.

მოწინააღმდეგეთა უმოქმედობამ გაამხნევა ათენელები და მათი მოკავშირეები. მათ მოახერხეს ქალაქის ბლოკირება ზღვიდან და, ნაწილობრივ, ხმელეთიდანაც, თუმცა კუნძულის დიდი ნაწილი აჯანყებულთა ხელში რჩებოდა.

იმავე ზაფხულს, დაახლოებით იმავე დროს, ათენელებმა გაგზავნეს პელოპონესის სანაპიროსკენ ოცდაათი ხომალდისგან შემდგარი ესკადრა ასოპიოსის, ფორმიონის ძის სარდლობით. მათ დაარბიეს ლაკონიის სანაპირო, შემდეგ ასოპიოსი თორმეტი ხომალდით ნავპაქტოსში გაემგზავრა, ხოლო დანარჩენი ხომალდები სახლში გაგზავნა. მან შეკრიბა აკარნანელთა ლაშქარი და გაემართა ოინიადასის წინააღმდეგ. ხომალდები მდინარე აქელოოსს აუყვნენ, ქვეითი ჯარი კი ქვეყანას აჩანაგებდა. მათ ქალაქი ვერ აიღეს. უკან დახევისას ასოპიოსი რაზმის ნაწილთან ერთად დაიღუპა. დაზავების შემდეგ ათენელებმა დაიბრუნეს დაღუპულთა გვამები და ზღვაში გავიდნენ. ამასობაში მიტილენელთა ელჩები ჩავიდნენ ოლიმპიაში. ლაკედემონელებმა ისინი სწორედ იქ დაიბარეს, რათა ყველას მოესმინა მათი სათხოვარი. ეს ის ოლიმპიადა იყო, სადაც როდოსელმა დორიევსმა მეორედ გაიმარჯვა. ზეიმის დასრულების შემდეგ, ელჩებმა შეკრებილთ ასე მიმართეს:

„ჩვენთვის ცნობილია ელინთა დამოკიდებულება იმ ადამიანთა მიმართ, ვინც ომის დროს მოკავშირეებს მიატოვებს. მათ სიამოვნებით იღებენ, თუ ისინი საჭირო არიან, მაგრამ პატივს არ სცემენ. ასეთი აზრი გამართლებულია, თუ საქმე ეხება თანასწორ სახელმწიფოთა დაშორებას საფუძვლიანი მიზეზის გარეშე. ჩვენი დამოკიდებულებები ათენელებთან არ არის ასეთი და ვერავინ დაგვაბრალებს, რომ ჩვენ მათ მძიმე დროს ვტოვებთ, ხოლო ისინი მშვიდობიანობის ჟამს კარგად გვექცეოდნენ.

რადგან ჩვენი მიზანი თქვენთან კავშირია, პირველ რიგში, სამართლიანობასა და ღირსებას შევეხოთ. ჩვენ ვიცით, რომ არ შეიძლება არსებობდეს მეგობრობა ადამიანებს ან ქვეყნებს შორის, თუ ისინი არ ენდობიან ერთმანეთს და არ აქვთ მსგავსი მისწრაფებები. განსხვავებულ აზრებს მოქმედებაში განსხვავებები მოჰყვება. ჩვენ ათენელებთან კავშირი დავამყარეთ მას მერე, რაც თქვენ გამოეთიშეთ მიდიელებთან ომს, ისინი კი დარჩნენ ბრძოლის დასასრულებლად. ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ ათენელთა მოკავშირეები ელინების დამორჩილებისკენ სწრაფვაში. ჩვენ მათთან ერთად ვიყავით, სანამ ისინი როგორც თანასწორთ ისე გვეპყრობოდნენ და მიდიელებს ებრძოდნენ. ჩვენ შევშფოთდით, როდესაც შევატყვეთ, რომ ათენელებს მოკავშირეებზე ბატონობა სურთ. მოკავშირეები ვერ გაერთიანდნენ ათენელთა წინააღმდეგ და თანდათანობით ყველა მათ დამორჩილდა ქიოსელებისა და ჩვენ გარდა. დამოუკიდებლები გვერქვა, მაგრამ მათ მხარეზე უნდა გვებრძოლა. ახლა ჩვენ ვეღარ ვანდობთ ათენელებს ჩვენს ხელმძღვანელობას. დაუჯერებელია, რომ სხვა მოკავშირეთა დამორჩილების შემდეგ ჩვენი დამონებაც არ მოინდომონ.

სხვებს რომ დამოუკიდებლობა შეენარჩუნებინათ, ჩვენც გვექნებოდა იმედი. ათენი გაძლიერდა და უჭირდა ჩვენთან თანასწორი ურთიერთობის შენარჩუნება. კავშირის სიმტკიცის საწინდარი მხოლოდ ერთმანეთის რიდია. მისი დარღვევისაგან ერთ-ერთ მხარეს საკუთარი სისუსტის შეგრძნება აკავებს. ჩვენ ათენმა დამოუკიდებლობა მხოლოდ იმიტომ დაგვიტოვა, რომ ბატონობის მიღწევა ტკბილი სიტყვით ამჯობინა. ჩვენ კი მათ ვემსახურებოდით და მათი საქმის სამართლიანობის საბუთადაც ვადგებოდით. ათენელები ძლიერს სუსტის წინააღმდეგ იყენებდნენ. ჩვენ, როგორც შედარებით ძლიერები, ბოლოსათვის მოგვიტოვეს და ფიქრობდნენ, რომ მცირე ქვეყნების დამორჩილების შემდეგ ჩვენ იოლი ლუკმა გავხდებოდით. ჩვენით რომ დაეწყოთ, სხვა მოკავშირეები მიხვდებოდნენ, ვის დაყრდნობოდნენ, და ასე იოლად ვერ მოგვერეოდნენ.

როგორ ვენდეთ ასეთ მეგობრობასა და თავისუფლებას? სამსახური, რომელსაც ერთმანეთს ვუწევდით, არ შეეფერებოდა ჩვენს გრძნობებს. ათენელები შიშით გვეფერებოდნენ ომის დროს, ჩვენ კი ასევე ვპასუხობდით მშვიდობიანობისას. ურთიერთნდობა ურთიერთშიშზე იყო დამყარებული, შიში კრავდა ჩვენს კავშირს და არა სიყვარული. და ვინც პირველი შეძლებდა კავშირის დარღვევას საკუთარი თავის ხიფათში ჩაგდების გარეშე, სიამოვნებით იზამდა ამას. ამიტომ ცდება, ვინც მიიჩნევს, რომ ჩვენი აჯანყება უსამართლოა. ძალები რომ თანასწორი ყოფილიყო, ჩვენ კიდევ უნდა დავლოდებოდით ერთხანს, მაგრამ რადგან თავდასხმას მუდამ ველოდით, უნდა დაგვესწრო დაცვითი ზომების მიღება.

ასე შეიძლება ავხსნათ და გავამართლოთ ჩვენი განდგომა. სავსებით საკმარისი მიზეზია, რომ დაგარწმუნოთ ჩვენს სისწორეში. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვაპირებდით ათენელთაგან განდგომას და ადრეც მოგმართეთ თქვენ, მაგრამ უშედეგოდ, ამიტომ ჩვენს განზრახვაზე ხელი ავიღეთ. ახლა ჩვენ გამოვეხმაურეთ ბეოტიელთა წინადადებას. ჩვენ ორი მიზანი გვაქვს: დავეხმაროთ ელინებს, რომ ათენელთაგან გათავისუფლდნენ, და არ მივცეთ ათენელებს ჩვენი მოსპობის საშუალება. ჩვენ უფრო ადრე მოგვიწია აჯანყება, ვიდრე ვაპირებდით, და არ ვიყავით ამისათვის მზად. ამიტომ თქვენ უნდა მიგვიღოთ თქვენს კავშირში და სასწრაფოდ დაგვეხმაროთ. ამით თქვენ დაადასტურებთ, რომ მზად ხართ დაიცვათ ჩაგრული, და საკუთარ ძალას აჩვენებთ მტერს. ვითარება ხელსაყრელია, როგორც არასდროს. ათენელები დაასუსტა ჭირმა და ომის ხარჯებმა, მათი ფლოტი გაფანტულია. მათ აღარ ექნებათ უპირატესობა ზღვაზე და თუ თქვენ ატიკას ხმელეთითა და ზღვით შეუტევთ, მათ გაუჭირდებათ თავდასხმის მოგერიება. ნუ იფიქრებთ, რომ სხვის გამო საფრთხეში აგდებთ თქვენს სამშობლოს. თუ ლესბოსი შორს გეჩვენებათ, ის სარგებელი, რასაც ჩვენ გთავაზობთ, საკმაოდ ახლოსაა. ბრძოლის ველი ატიკაში კი არ იქნება, არამედ იქ, საიდანაც მათ შემოსავალი აქვთ. ათენელებს ფული მოკავშირეებისგან შემოსდით და ჩვენი დამორჩილებით მათი შემოსავალი გაიზრდება. მათ აღარავინ აუჯანყდება, ჩვენი ხარკი გაიზრდება, ხოლო მდგომარეობა დამძიმდება. თუ დაგვეხმარებით, მოიპოვებთ ძლიერ ფლოტს, რომელიც ესოდენ გჭირდებათ. ხოლო თუ ათენელებს მოკავშირეებს წაართმევთ, მათ ძალასაც შეამცირებთ. ათენის მოკავშირეები სიამოვნებით გადმოვლენ თქვენს მხარეზე და ვერავინ დაგწამებთ, რომ არ ეხმარებით მას, ვისაც ათენის წინააღმდეგ გამოსვლა სურს. თუ აშკარად გამოხვალთ ელადის განმათავისუფლებლად, გამარჯვება თქვენ დაგრჩებათ.

გაამართლეთ ელინთა იმედები, პატივი ეცით ოლიმპოელ ზევსს და მიგვიღეთ თქვენს კავშირში. ნუ დაგვტოვებთ მარტო მაშინ, როდესაც მხოლოდ ჩვენ ვწირავთ სიცოცხლეს ელინთა საქმისთვის, იყავით მამაცნი, როგორებადაც მიგიჩნევენ ელინები და როგორების ხილვაც ჩვენ გვინდა ჩვენს გასაჭირში“.

ლაკედემონელები დაეთანხმნენ მიტილენელთა წინადადებებს და მიიღეს ისინი კავშირში. იქ შეკრებილ მოკავშირეებს კი მოუწოდეს, შეგროვილიყვნენ ისთმოსზე ატიკაში შესაჭრელად. პირველები თვით ლაკედემონელები მივიდნენ და დაიწყეს სამზადისი ხომალდების კორინთოსის ზღვიდან ათენის ზღვაში გადასათრევად. ისინი აპირებდნენ, ათენელებს ერთდროულად დასხმოდნენ თავს ხმელეთიდან და ზღვიდან. მოკავშირეები არ ჩქარობდნენ, რადგან მოსავლის აღებით იყვნენ დაკავებული.

ათენელებმა შეამჩნიეს მოწინააღმდეგეთა სამზადისი და გადაწყვიტეს, ეჩვენებინათ საკუთარი ძალა. მათ აღჭურვეს ასი ხომალდი ისე, რომ არც გამოუწვევიათ ლესბოსიდან თავისი ესკადრა, გავიდნენ ზღვაში და თავს დაესხნენ პელოპონესის სანაპიროს სხვადასხვა ადგილებში. ლაკედემონელებმა თავისი მდგომარეობა სახიფათოდ ჩათვალეს და უკან გაბრუნდნენ. მოგვიანებით მათ უბრძანეს მოკავშირეებს, აღეჭურვათ ორმოცი ხომალდი ლესბოსზე გასაგზავნად. როდესაც ათენელებმა დაინახეს, რომ პელოპონესელები შინ გაბრუნდნენ, მათაც უკან გამოიწვიეს თავისი ხომალდები.

ათენელებს არასოდეს ჰყოლიათ ამდენი ხომალდი. ასი ხომალდიიცავდა ატიკას, ევბეასა და სალამინს, კიდევ ასი დაცურავდა პელოპონესის წყლებში იმ ხომალდების გარდა, რომლებიც პოტეიდაიას ბლოკადას ახორციელებდნენ ან სხვა ადგილებში იმყოფებოდნენ. ამგვარად, იმ ზაფხულს ათენის ფლოტი ორას ორმოცდაათი ხომალდისგან შედგებოდა. ფლოტის შენახვა და პოტეიდაიას ალყა აცარიელებდა ათენის ხაზინას. თითოეული ჰოპლიტი დღეში ორ დრაჰმას იღებდა, ჰოპლიტთა რიცხვი კი თავდაპირველად სამი ათასი იყო. მოგვიანებით მათ დროებით დაემატა ათას ექვსასი კაცი. მეზღვაურებიც იმავე რაოდენობის თანხას იღებდნენ. როდესაც ლაკედემონელები ისთმოსზე იმყოფებოდნენ, მიტილენელები შეეცადნენ მეთიმნას აღებას, მაგრამ უშედეგოდ. მათ დაამყარეს ოლიგარქიული წესები მოკავშირე ქვეყნებში, გაამაგრეს ქალაქების კედლები და შინ დაბრუნდნენ. ათენელებმა პაქეტესის სარდლობით გაგზავნეს ათასი ჰოპლიტი, რომლებმაც ზამთრის დასაწყისისათვის დაასრულეს მიტილენეს ბლოკადა ხმელეთიდან.

მიტილენეს ალყისათვის ათენელები იძულებულები იყვნენ, შემოეღოთ სპეციალური სამხედრო გადასახდი – ორასი ტალანტი.გარდა ამისა, მათ გაგზავნეს თორმეტი ხომალდი მოკავშირეთაგან ხარკის ასაკრეფად.

პლატეას ალყა კი გრძელდებოდა. პლატეელებს სურსათი უთავდებოდათ და ათენელების იმედი აღარ ჰქონდათ, ამიტომ მტრის კედელზე გადასვლა გადაწყვიტეს. თავიდან ეს გეგმა ყველას მოეწონა, მაგრამ შემდეგ ნახევარმა უარი თქვა და ბოლოს ორას ოცი კაცი წავიდა ამ ჩანაფიქრის შესასრულებლად. მათ მოამზადეს მტრის კედლის სიმაღლის კიბეები, ხოლო კედლის სიმაღლე აგურების დათვლით განსაზღვრეს.

პელოპონესელთა სიმაგრე კი ამგვარად იყო აგებული. ის შედგებოდა ორი წრიული კედლისგან, შიდა პლატეასკენ იყო მიმართული, გარეთა კი – ათენისკენ. მათ შორის თექვსმეტი წყრთა იყო. ამ მონაკვეთში არსებული სათავსოები ისე ახლოს იყო ერთმანეთთან, რომ ფაქტობრივად ერთიან კედელს ქმნიდა მიწაყრილით ორივე მხრიდან. ყოველი ათი მიწაყრილის შემდეგ იყო მაღალი კოშკი. ღამით ან ავდარში გუშაგი მიატოვებდა მიწაყრილს და ადიოდა გადახურულ კოშკზე. პლატეელები დაელოდნენ ბნელ და წვიმიან ღამესდა გავიდნენ ქალაქიდან. მათ გადალახეს თხრილი და შეუმჩნევლად მიადგნენ კედელს. ისინი მსუბუქად იყვნენ შეიარაღებულნი და მხოლოდ მარცხენა ფეხზე ეცვათ, რათა უფრო უხიფათოდ ევლოთ ტალახში. პლატეელები მიადგნენ კედელს ორ კოშკს შორის, მიადგეს კიბეები და დაიწყეს გადასვლა. უმრავლესობა უკვე კედელზე იყო ასული, როდესაც გუშაგმა ისინი შეამჩნია და განგაში ატეხა. მაშინ ქალაქში დარჩენილმა პლატეელებმაც შეუტიეს კედელს. მოალყეები დაიბნენ, მაგრამ პოსტს მაინც არ ტოვებდნენ. შორი-ახლოს დაბანაკებული სამასი პელოპონესელი განგაშისთანავე მათ საშველად დაიძრა. აინთო სასიგნალო ცეცხლი, რომელსაც თებელთათვის ხიფათი უნდა ეუწყებინა. პლატეელებმაც დაანთეს ქალაქის კედლებზე წინასწარ მომზადებული ჩირაღდნები, რათა თებელებისთვის გზა-კვალი აებნიათ.

ამასობაში კედელზე ასულმა პლატეელებმა დაიკავეს ორი კოშკი და გუშაგები დახოცეს. მათ მიჰყვნენ სხვა მებრძოლებიც და დაიკავეს გასასვლელები, რათა მოწინააღმდეგეებისთვის გზაგადაეკეტათ. პლატეელთა უმრავლესობამ კედელი გადალახა დასამასი პელოპონესელი ჩირაღდნებით ეკვეთა მათ. პლატეელები, რომლებიც თხრილის პირას იდგნენ, სიბნელიდან უკეთ ხედავდნენ მტერს, მოწინააღმდეგეებს კი ჩირაღდნების შუქი აბრმავებდა. პლატეელები მათ ისრებით იგერიებდნენ და მოახერხეს კიდეც თხრილის გადალახვა.

თხრილიდან რომ ამოვიდნენ, მათ გეზი თებეზე აიღეს იმ იმედით, რომ მტერი იქ ძებნას არ დაუწყებდა. მართლაც, ჩირაღდნიანი მდევარი ათენის გზას დაადგა. ექვსი თუ შვიდი სტადიონი გაიარეს პლატეელებმა თებეს მიმართულებით, შემდეგ მთას შემოუარეს დამშვიდობით ჩავიდნენ ათენში. პელოპონესელებმა შეწყვიტეს დევნა და უკან დაბრუნდნენ. ქალაქში დარჩენილებმა არაფერი იცოდნენ მომხდარის შესახებ. თავიდან მათ პელოპონესელებს დაზავება სთხოვეს დაღუპულთა დასაკრძალად, შემდეგ კი, როდესაც სიმართლე შეიტყვეს, დაზავებაზე უარი თქვეს.

ზამთრის მიწურულს მიტილენეში ჩავიდა ლაკედემონელი სალაითოსი, რომელმაც აუწყა, რომ პელოპონესელები ატიკაში შეჭრასადა ლესბოსზე დამხმარე ესკადრის გაგზავნას აპირებდნენ. ამ ცნობამ მიტილენელები გაამხნევა და მათ ათენელებთან შეთანხმება გადააფიქრებინა. ასე დასრულდა ომის მეოთხე წელიწადი.

მომდევნო ზაფხულს პელოპონესელებმა მიტილენეში ორმოცდაორი ხომალდი გაგზავნეს ნავარქოს ალკიდასის ხელმძღვანელობით. ისინი მოკავშირეებთან ერთად ატიკაშიც შეიჭრნენ. ამჯერად მათ სარდლობდა კლეომენესი თავისი მცირეწლოვანი ძმისშვილის, მეფე პავსანიასის ნაცვლად. პელოპონესელებმა კვლავ დაარბიეს ატიკა, მოსპეს ყველაფერი, რასაც გახარება მოესწრო. როდესაც სურსათი გამოელიათ, შინ დაბრუნდნენ.

ამასობაში მიტილენელებს გადაუწყდათ პელოპონესელთა ესკადრის დახმარების იმედი, გამოელიათ საკვები და იძულებულები გახდნენ, დანებებოდნენ ათენელებს. ამის უშუალო მიზეზი კი ის გახდა, რომ სალაითასმა იარაღი დაურიგა მოსახლეობას, რათა თავს დასხმოდნენ მოალყეებს. მოქალაქეებმა კი აღარ მოინდომეს მთავრობის მორჩილება და მდიდრებს მოსთხოვეს, გაენაწილებინათ მათთვის პურის მარაგი.

მიტილენეს ხელისუფლებამ დაინახა, რომ ხალხს ვეღარ შეაჩერებდა და ყველა მოქალაქის სახელით შეუთანხმდა პაქეტესს შემდეგ პირობებზე: ქვეყნის ბედს გადაწყვეტენ ათენელები, მიტილენელები შეუშვებენ ლაშქარს ქალაქში და გაგზავნიან ელჩებს ათენში. ელჩების დაბრუნებამდე პაქეტესს ეკრძალება ვინმეს დატყვევება, გაყიდვა ან მოკვლა. ამის მიუხედავად, როგორც კი ათენელთა ჯარი ქალაქში შევიდა, ლაკედემონელთა მთავარმა მომხრეებმა თავი ტაძარს შეაფარეს. პაქეტესმა აღუთქვა მათ, რომ არაფერს დაუშავებდა და ტენედოსზე გაგზავნა, სანამ ათენელები მათ ბედს გადაწყვეტდნენ.

ამასობაში ლესბოსზე მიმავალმა პელოპონესელთა ესკადრამ მშვიდობიანად მიაღწია იკაროსსა და მიკონოს, სადაც პირველად გაიგეს მიტილენეს დაცემის ამბავი. ისინი შეიკრიბნენ სათათბიროდ. ელეელმა ტევტიაპლოსმა მათ შესთავაზა, მანამ დასხმოდნენ თავს მიტილენეს, სანამ მტერი მათი ჩამოსვლის ამბავს გაიგებდა. ათენელებისთვის, ალბათ, თავდასხმა გამარჯვების შემდეგ მოულოდნელი იქნებოდა, მით უმეტეს ზღვიდან, სადაც ისინი განსაკუთრებით ძლიერები იყვნენ.

ელეელის სიტყვებმა ალკიდასი ვერ დაარწმუნა. მაშინ რამდენიმე იონიელმა ლტოლვილმა მას ურჩია რომელიმე იონიური ქალაქის ანეოლიური კიმეს დაკავება. ეს ქალაქი გამოდგებოდა ბაზად იონიაში აჯანყების მოსაწყობად. ამით ათენელებს დიდი შემოსავალი დააკლდებოდათ, ხოლო თუ აქ პელოპონესელთა ბლოკადას გადაწყვეტდნენ, ეს მათთვის დიდ ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული. ალკიდასმა არც ეს წინადადება მიიღო. მას მერე, რაც მიტილენეში დააგვიანდა, მას შინ დაბრუნება ეჩქარებოდა.

ალკიდასი ზღვაში დაბრუნდა და სანაპიროს გასწვრივ გაცურა.მან სიკვდილით დასაჯა ტყვეების უმრავლესობა, ვინც გზად ხელში ჩაიგდო. შემდეგ ის მიადგა ეფესოსის ნავსადგურს. აქ მასთან მოვიდნენ სამოსელი ელჩები და უსაყვედურეს უდანაშაულო ადამიანთა სიკვდილით დასჯა, რაც ელადის განთავისუფლების კარგ საშუალებად ვერ ჩაითვლებოდა. ეს ხალხი ხომ ათენელთა უნებლიე მოკავშირე იყო. თუ ასე გააგრძელებს, არამც თუ ახალ მეგობრებს ვერ მოიპოვებს, არამედ ძველ მეგობრებსაც მტრებად აქცევს. ალკიდასმა გაიზიარა სამოსელთა სიტყვები და გაათავისუფლა გადარჩენილი ტყვეები.

ალკიდასს სწრაფად მოუწია ეფესოსის დატოვება, რადგან იგი ათენელთა ხომალდებიდან შეამჩნიეს. მდევრის შიშით ის ღია ზღვაში გავიდა და გეზი პირდაპირ პელოპონესისკენ აიღო. როდესაც პაქეტესმა ალკიდასის ესკადრის შესახებ გაიგო, შეშინდა, რომ პელოპონესელები იონიის ქალაქებს არ დასხმოდნენ თავს. ის სწრაფად დაედევნა მტერს და კუნძულ პატმოსამდე სდია. მიუხედავად იმისა, რომ პელოპონესელებს ვერ დაეწია, პაქეტესი მაინც კმაყოფილი დარჩა, რომ მას არ მოუწია მტრის ბლოკირება გამაგრებულ ადგილას.

უკანა გზაზე პაქეტესი მიადგა კოლოფონელთა ნავსადგურს – ნოტიოს. აქ კოლოფონელები გადმოსახლდნენ ზემო ქალაქიდან, რომელიც იტამანოსმა და ბარბაროსებმა დაიკავეს. ეს მოხდა ატიკაში პელოპონესელთა მეორედ შეჭრისას. ნოტიოში დასახლებული ლტოლვილები ერთმანეთს დაერივნენ. ერთმა ჯგუფმა არკადიელი და ბარბაროსი მოქირავნეების დახმარებით დაისაკუთრა ქალაქი, მეორე ჯგუფმა კი პაქეტესს სთხოვა შველა. პაქეტესმა მოსალაპარაკებლად მიიწვია გარნიზონის უფროსი ჰიპიასი და დაჰპირდა მას, რომ ქალაქში უვნებლად დააბრუნებდა. მაგრამ ათენელმა დაატყვევა იგი და მოულოდნელი შეტევით აიღო ქალაქი, გარნიზონი კი ამოხოცა. ამის შემდეგ ჰიპიასი დაპირებისამებრ გაუშვეს, მაგრამ ქალაქში შესული ისრებით დაცხრილეს.

ქალაქი პაქეტესმა კოლოფონელებს გადასცა. შემდგომში ათენელებმა აქ გადმოასახლეს კოლოფონელები მეზობელი ქალაქებიდანაც, მისცეს კანონები და მეთვალყურედ ათენელი მოხელე დაუნიშნეს.

მიტილენეში დაბრუნებულმა პაქეტესმა დაიმორჩილა მეზობელი ქალაქები, დაატყვევა ლაკედემონელი სალაითესი და გაგზავნაათენში. იქვე გაგზავნეს მიტილენელი ტყვეებიც, რომლებიც ადრე ტენედოსზე ჰყავდათ. ლაშქრის დიდი ნაწილი პაქეტესმა გაუშვა, ერთი რაზმი კი ლესბოსზე დაიტოვა იქაური საქმეების მოსაგვარებლად.

როდესაც ტყვეები და სალაითესი ათენში ჩავიდნენ, ათენელებმა სალაითესი სიკვდილით დასაჯეს, მიუხედავად იმისა, რომ ის თავის სამსახურს სთავაზობდა, სხვათა შორის, პლატეას ალყის მოხსნის საქმეშიც. შემდეგ ათენელებმა სახალხო კრება მოიწვიეს დანარჩენი ტყვეების ბედის გადასაწყვეტად. გაღიზიანებულმა ხალხმა გადაწყვიტა, დაეხოცათ არა მარტო ათენში ჩამოყვანილი ტყვეები, არამედ ყველა ზრდასრული მიტილენელი, ხოლო ქალები და ბავშვები მონებად გაეყიდათ. მიტილენელთა განდგომა ათენელებს მით უფრო დაუშვებლად მიაჩნდათ, რადგან ისინი, სხვა აჯანყებულებისგან განსხვავებით, იყვნენ არა ათენელთა ქვეშევრდომები, არამედ თავისუფლები. ათენელთა გულისწყრომას აძლიერებდა ისიც, რომ პელოპონესელთა ესკადრამ გაბედა დასახმარებლად იონიაში მისვლა. ამან დაარწმუნა ათენელები, რომ აჯანყება არ იყო უეცარი და დიდხანს მზადდებოდა. ამის გამო, ათენელებმა გაუგზავნეს პაქეტესს ბრძანება, დაუყოვნებლივ დაეხოცა მიტილენელები.

მეორე დღეს ათენელებმა ინანეს საკუთარი გადაწყვეტილება. მშვიდი განსჯის შედეგად უდანაშაულო ხალხის დახოცვა მათზედმეტ სისასტიკედ მიიჩნიეს. მიტილენელთა ელჩებმა და მათმა ათენელმა მეგობრებმა შეამჩნიეს ხალხის განწყობაში ეს ცვლილება და დაარწმუნეს ხელისუფლება, ხელახლა დაეყენებინა საკითხისახალხო კრებაზე. ეს მათ არ გასჭირვებიათ, რადგან მოქალაქეთა უმრავლესობას ისედაც უნდოდა გადაწყვეტილების შეცვლა. მაშინვე მოიწვიეს კრება, სადაც გამოითქვა სხვადასხვა აზრი. ხელახლა გამოვიდა კლეონი, რომელმაც წინა შეკრებაზე გადააწყვეტინა მოქალაქეებს მიტილენელთა დასჯა. ეს კაცი, საერთოდ, ყველაზე მძვინვარე იყო მოქალაქეთა შორის და იმ დროს სახალხო კრებაზე დიდი პატივით სარგებლობდა. მან ამ სიტყვებით მიმართა შეკრებილთ:

„მე ადრეც არაერთხელ დავრწმუნებულვარ დემოკრატიის უნიათობაში, როდესაც საქმე სხვა ქვეყნებზე ბატონობას ეხება,მაგრამ განსაკუთრებით ცხადი ეს ახლა შეიქნა, როდესაც თქვენ მიტილენელების განაჩენს ნანობთ. ყოველდღიურ ურთიერთობაში თქვენთვის უცხოა შიში და უნდობლობა. ასევე ნდობით ეკიდებით მოკავშირეებსაც. თუ ახლა დაჰყვებით შეგონებებს და გულმოწყალების გამო დაუშვებთ შეცდომას, ეს თქვენ მხოლოდ საფრთხეს შეგიქმნით, მოკავშირეთა მადლიერებას კი ტყუილად ელით. ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენი ბატონობა მოკავშირეებზე მათი ნების საწინააღმდეგო ტირანიაა. ისინი კი არ არიან თქვენ მიმართ კეთილად განწყობილნი. ისინი იმიტომ კი არ გემორჩილებიან, რომ თქვენ მათ კეთილად ეპყრობით და მეგობრობთ მათთან, არამედ იმიტომ, რომ თქვენი ძალის ეშინიათ.

ყველაზე ცუდი მერყეობა და გადაწყვეტილებათა ცვლაა. ჩვენუნდა ვიცოდეთ, რომ სახელმწიფო, თუნდაც ნაკლებად სრულყოფილი, მაგრამ მკაცრი, შესრულებადი კანონებით უფრო ძლიერია მასზე, ვისაც მშვენიერი, მაგრამ უსუსური კანონები აქვს. გაუნათლებლობა, კეთილგანწყობასთან ერთად, ხომ უფრო სასარგებლოა, ვიდრე ჭკუა და თავისუფალი აზროვნება. მართლაც, უბრალო კაცი უკეთესი მოქალაქეა, ვიდრე განათლებული, რომელსაც უნდა კანონზე უფრო ჭკვიანი ჩანდეს. სახალხო კრებაზე ისინი ყოველთვისცდილობენ გაიმარჯვონ საზოგადო საქმეებზე დავაში, თითქოს არ არსებობდეს სხვა სფერო, სადაც მათ თავისი ჭკუის გამოვლენა შეუძლიათ. სახელმწიფოსთვის კი მათ, როგორც წესი, ზიანი მოაქვთ. უბრალო ხალხი არ მიიჩნევს თავს განსაკუთრებულად და,შესაბამისად, არც კანონზე უფრო ჭკვიანად. ისინი არ ეკამათებიან იმას, რაც კარგად ითქვა. უფრო მიუკერძოებელი მოსამართლენიარიან, ვიდრე კამათის მონაწილენი და ხშირ შემთხვევაში სწორად იქცევიან. ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ, ნუ შევეჯიბრებით ერთმანეთს მჭევრმეტყველებასა და ჭკუაში.

მე ჩემს აზრზე ვრჩები და მიკვირს, რომ მიტილენელთა საქმეზე კვლავ დაინიშნა შეკრება. ეს გადავადება დამნაშავეთა ინტერესებში უფროა, ვიდრე ჩვენსაში. დროთა განმავლობაში დაზარალებულის რისხვა ცხრება და ის ნაკლებად მკაცრად სჯის მოძალადეს, ხოლო სასჯელი, რომელიც უშუალოდ მოსდევს დანაშაულს, საუკეთესო შურისგებაა. მე მაოცებს ისიც, ვინც ცდილობს დაამტკიცოს, რომ მიტილენელთა დანაშაული ჩვენთვის სასარგებლოა, ხოლო ჩვენი წარუმატებლობა ვნებს მოკავშირეებს. ერთი ცხადია: ან თავის მჭევრმეტყველებაში დარწმუნებულმა, ეჭვი უნდა შეიტანოს ჩვენს გუშინდელ ერთსულოვან გადაწყვეტილებაში ან ანგარებით შეპყრობილმა უნდა სცადოს თქვენი მოხიბვლა და მოტყუება სოფისტური სიტყვით. მჭევრმეტყველთა ასეთ შეჯიბრში ჯილდოს ერთი იღებს, ქვეყანა კი იმკის მცდარი გადაწყვეტილების შედეგებს. დამნაშავე თქვენ იქნებით, რადგან ცუდად აწყობთ ამგვარ შეჯიბრებს და მიჩვეული ხართ, იყოთ მაყურებელი და მსმენელი, როდესაც წყდება სახელმწიფო საქმეები.

მომავალ საქმეებზე თქვენ მსჯელობთ არა რეალური ფაქტების, არამედ ორატორის სიტყვების მიხედვით. თქვენ იოლად ტყუვდებით ახალი იდეებით და არ გინდათ მისდიოთ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებს. თქვენ გიტაცებთ ყველაფერი უჩვეულო და გძულთ ჩვეული. თითოეული თქვენგანი ცდილობს თქვას სიტყვა. თუ კარგი ორატორობით ვერ დაიკვეხნის, ასეთს შეეკამათება მაინც. თქვენაიტაცებთ ხოლმე თითოეულ მძაფრ სიტყვას, ცდილობთ გამოიცნოთ, რა მოჰყვება მას, მაგრამ არ შეგიძლიათ გაითვალისწინოთ თქვენი გადაწყვეტილების შედეგები. თქვენ ოცნებობთ და არაფრად აგდებთ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობთ. თქვენ უფრო გავხართ სოფისტთა მსმენელებს, ვიდრე ხალხს, რომელიც სახელმწიფო საქმეებზე მსჯელობს.

მე ვეცდები გიხსნათ ამ შეცდომისგან და დაგიმტკიცოთ, რომ მიტილენელებმა დიდი ზიანი მოგვაყენეს. მე კიდევ ვაპატიებდი მოკავშირეებს, ვისაც მძიმე ტვირთად აწევს ჩვენი ბატონობა, ან მტრის წაქეზებით აჯანყებულებს. ეს ხალხი კი, კარგად დაცული საკუთარ კუნძულზე მკვიდრი გალავნითა და ძლიერი ფლოტით, თავისუფალი იყო და ჩვენი პატივისცემით სარგებლობდა, მაგრამ მაინც ასე მოიქცა. სხვა რა ჰქვია მათ საქციელს თუ არა ვერაგული თავდასხმა? მას აჯანყებას ვერ უწოდებ. განა ისინი არ ცდილობდნენ ჩვენს დაუძინებელ მტერთან ერთად ჩვენს დაღუპვას? ეს კიდევ უარესია, ვიდრე პატივმოყვარეობით შეპყრობილებს დამოუკიდებლად რომ დაეწყოთ ჩვენთან ომი. მათ ვერაფერი ასწავლა მეზობელთა ბედმა და კეთილდღეობამ ვერ შეაკავა ისინი, რომ არგადაედგათ საბედისწერო ნაბიჯი.

ჩვენ არ უნდა გაგვერჩია მიტილენელები სხვა მოკავშირეებისაგან. მაშინ ასე არ გათავხედდებოდნენ. ხალხს ხომ საერთოდეზიზღება პირფერი ადამიანი, და, პირიქით, პატივს სცემს ძლიერს. ახლა მაინც მიიღონ დამსახურებული სასჯელი. ჩვენ არ უნდა დავადანაშაულოთ მხოლოდ ოლიგარქები და არ უნდა დავტოვოთ დაუსჯელი ხალხი. ისინი ხომ ერთად დაგვესხნენ თავს. ოლიგარქები რომ მიეტოვებინათ და ჩვენს მხარეზე გადმოსულიყვნენ, ახლა თავისუფალ ქალაქში იცხოვრებდნენ. მაგრამ ხალხმა ამჯობინა, ოლიგარქებთან ერთად გაეზიარებინა ხიფათი და შეუერთდა აჯანყებას. დაუფიქრდით, თუ ჩვენ ერთნაირად დავსჯით საკუთარი ნებით აჯანყებულ მოკავშირეებსაც და მათაც, ვინც მტერმა აიძულა, ვიღა იტყვის უარს აჯანყებაზე, თუ წარმატება თავისუფლებას ჰპირდება, ხოლო მარცხის შემთხვევაში არ დაისჯებიან? ჩვენ კი ნებისმიერ აჯანყებულ ქვეყანასთან ბრძოლაში საფრთხეში ვაგდებთ საკუთარ ქონებასა და სიცოცხლეს.

ამიტომ ნუ მივცემთ იმათ იმედს, ვინც სიტყვით თუ ქრთამით გვაიძულებს, მათი დანაშაული ადამიანური სისუსტით გავამართლოთ და, შესაბამისად, ვაპატიოთ. შეიძლება აპატიო უნებლიეთ მოყენებული ზარალი, მაგრამ ისინი ჩვენ გაცნობიერებულად დაგვესხნენ თავს. ამიტომ მე მოვითხოვ, ნუ შევცვლით ჩვენს გადაწყვეტილებას და ნუ დავნებდებით დიდი სახელმწიფოსთვის სამ ყველაზე მავნებელ სისუსტეს – სიბრალულს, მჭევრმეტყველებით გატაცებასა და დიდსულოვნებას. სიბრალული არ უნდა გამოიჩინო იმის მიმართ, ვინც სავარაუდოდ გიმტრობს; მჭევრმეტყველმა თავისი ხელოვნება ქვეყნისთვის ნაკლებ მნიშვნელოვან საქმეში უნდა გამოიჩინოს, ხოლო დიდსულოვნება გამართლებულია მათ მიმართ, ვინც ამას დააფასებს. მოკლედ, დამიჯერეთ და ისე მოექეცით მიტილენელებს, როგორც ისინი ამას იმსახურებენ. თუ თქვენ სხვა გადაწყვეტილებას მიიღებთ, მათგან მადლიერებას ნუ ელით, საკუთარ თავს კი განაჩენს გამოუტანთ. თუ ისინი სამართლიანად აჯანყდნენ, თქვენ არ გქონიათ უფლება, მათზე ბატონობდეთ. მაგრამ, თუ თქვენ სამართალი არ გაინტერესებთ და ბატონობას აპირებთ, სხვა არაფერი დაგრჩენიათ, თუ არა მათი დასჯა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უარი თქვით ბატონობაზე და თავი მოიწონეთ თქვენი დიდსულოვნებით. დაფიქრდით, რას გიზამდნენ ისინი, გამარჯვება რომ მოეპოვებინათ. მით უფრო, რომ ისინი პირველები დაგესხნენ თავს. ის, ვინც უმიზეზოდ ესხმის თავს, ბოლომდე მიდის, რადგან შურისგების ეშინია. ამდენად, ნუ უღალატებთ საკუთარ თავს, შური იძიეთ იმის გამო, რაც თქვენ გემუქრებოდათ. მიუზღეთ მათ საკადრისი და აჩვენეთ სხვა მოკავშირეებს, რომ აჯანყების საზღაური სიკვდილია. როდესაც ამას გაიგებენ, თქვენ მეტი დრო დაგრჩებათ ნამდვილ მტრებთან საბრძოლველად“.

კლეონის შემდეგ სიტყვა დიოდოტოსმა ითხოვა, რომელიც წინა კრებაზეც მიტილენელთა დასჯის ძირითადი მოწინააღმდეგე იყო.

„მე არ ვამტყუნებ მათ, ვინც კვლავ მოითხოვა საკითხის განხილვა და არ ვამართლებ ესოდენ მნიშვნელოვანი საქმეების მეორედ განხილვის მოწინააღმდეგეებს. ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილების მიღებას აჩქარება და გაღიზიანება უშლის ხელს. პირველი უგუნურების შედეგია, მეორე – უხეშობისა და წინდაუხედაობის. ნებისმიერი, ვინც სიტყვის წინააღმდეგია, ან უგუნურია ან ანგარებით მოქმედებს. ის უგუნურია, თუ ვერ ხედავს, რომ თათბირის გარეშე ვერ

განჭვრეტს მომავალს, და ანგარებით მოქმედებს, თუ ხვდება, რომ მხოლოდ თავხედური ცილისწამებით დააშინებს მოწინააღმდეგეებსა და მსმენელებს. მაგრამ ყველაზე ცუდია, ეჭვობდე, რომ მოწინააღმდეგე მოსყიდულია. თუ ორატორს ბრალს სდებენ იმაში, რომ ცუდად ერკვევა საქმეში, მაშინ მას მოუწევს წასვლა მსმენელთა დარწმუნების გარეშე. ის აღმოჩნდება სულელი, მაგრამ არა უსინდისო. მაგრამ თუ მას უწესობაში დავადანაშაულებთ, დამაჯერებელი გამოსვლა ვერ გაფანტავს ეჭვებს, ხოლო თუ ის მსმენელებს ვერ დაარწმუნებს, მას არა მარტო სისულელეში, ტყუილშიც დაადანაშაულებენ. ქვეყანა ბევრს დაკარგავს, თუ შიში მას საუკეთესო მრჩეველებს დააკარგვინებს. ქვეყანა მხოლოდ მოიგებდა, თუ მსგავსი ხალხი არ იქნებოდა მჭევრმეტყველი. მაშინ ისინი ვერ მოატყუებდნენ მოქალაქეებს. კარგმა მოქალაქემ თავისი სიმართლე მოწინააღმდეგის დაშინებით კი არა, თანასწორ პატიოსან კამათში უნდა დაამტკიცოს. სახელმწიფომ არც უნდა განადიდოს მისი დამსახურება, ვინც კეთილ რჩევას იძლევა, და არც დაამცროს; ასევე ის, ვის რჩევასაც არ მიიღებს, არ უნდა დაისაჯოს. მაშინ არც ერთი ორატორი არ შეეცდება საკუთარი რწმენის საწინააღმდეგოდ ხალხის კეთილგანწყობის მოპოვებას.

ჩვენ კი პირიქით ვიქ ცევით. თუ ვინმე კარგ რჩევას გვაძლევს, მაგრამ ჩნდება ეჭვი, რომ ის თავის თავზე ფიქრობს, მზად ვართ სახელმწიფოს აშკარა მოგება დავაკარგვინოთ. საქმე იქამდე მივიდა, რომ საუკეთესო რჩევა, თუ ის არ არის მჭევრმეტყველურად გამოთქმული, ისეთსავე ეჭვს ბადებს, როგორც ცუდი, და პატიოსან კაცსაც ტყუილით უწევს ხალხის ნდობის მოპოვება. მხოლოდ ჩვენს ქვეყანაშია შეუძლებელი აშკარად და პატიოსნად ემსახურო სახელმწიფოს, რადგან ჩვენ ზედმეტად ჭკვიანები და ამის გამო მეტისმეტად ეჭვიანები ვართ. ათენელები ეჭვობენ, რომ ყველას,ვინც აშკარად სჩადის სიკეთეს, ანგარება ამოძრავებს, და მაინც, როდესაც საქმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას ეხება, თქვენ უნდა აღიაროთ, რომ ორატორები უფრო შორსმხედველები არიან, ვიდრე ისინი, ვინც მხოლოდ განხილვის დროსაა ყურადღებით. უნდა გახსოვდეთ, რომ ორატორი პასუხს აგებს რჩევებსა და წინადადებებზე, მსმენელი კი – არა. თქვენი განაჩენი უფრო ზომიერი და ფრთხილი იქნებოდა, თანაბრად რომ აგებდნენ პასუხსისიც, ვინც ცუდ რჩევას იძლევა, და ისიც, ვინც მას უჯერებს. ახლაკი ცუდი შედეგის შემთხვევაში თქვენ ბრაზობთ მრჩეველზე, საკუთარ თავს კი შეცდომას პატიობთ, რადგან მას სხვებთან ერთად იზიარებთ.

მე მიტილენელთა არც დამცველი ვარ და არც ბრალმდებელი. ჩვენ ვკამათობთ არა მათ დანაშაულზე, არამედ ჩვენს გადაწყვეტილებაზე. რომც დავამტკიცო მიტილენელების უმძიმესი დანაშაული, მაინც არ მოვითხოვ მათ დასჯას, თუ ეს არ იქნება ჩვენს ინტერესებში. მეორე მხრივ, მათი დანაშაული სულ მცირედიც რომ იყოს, არ ვაპატიებდი, თუ ეს ჩვენ გვავნებდა. გადაწყვეტილების მიღებისას მომავალზე უნდა ვიფიქროთ. თუ კლეონი მიიჩნევს, რომ მათი სიკვდილით დასჯა აგვაცილებს მოკავშირეთა აჯანყებებს, მე საპირისპიროს დავამტკიცებ. იმედი მაქვს, თავს არ მოატყუებინებთ კლეონის მოჩვენებით სამართლიანობას და არ უარყოფთ ჩემს წინადადებას. კლეონის სიტყვები მეტად ესადაგება თქვენს სამართლიან გაღიზიანებას, მაგრამ ჩვენ აქ სასამართლო პროცესი არა გვაქვს და ვმსჯელობთ არა სამართლიანობაზე, არამედ ჩვენს ინტერესებზე.

ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვისაც კი სახელმწიფო სიკვდილით სჯის, მაგრამ ადამიანებს ყოველთვის აქვთ წარმატების იმედი, თუნდაც სასიკვდილო ხიფათის ფასად. არავინ წამოიწყებს საქმეს, თუ წარუმატებლობა წინასწარ განსაზღვრულია. არც ერთი ქვეყანა არ აჯანყდება, თუ არა აქვს საკუთარი ძალებით ან სხვისი დახმარებით გამარჯვების იმედი. თავისი ბუნებით, ადამიანი სჩადის დაუშვებელს როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ვერავითარი კანონი მას ვერ აკავებს. სახელმწიფოებმა გამოსცადეს ყველანაირი დამსჯელი ზომა და სულ ამკაცრებენ მათ იმ იმედით, რომ დანაშაულს მოსპობენ. ძველ დროს სასჯელი უფრო რბილი იყო. დროთა განმავლობაში იგი სიკვდილით შეიცვალა, მაგრამ დანაშაული არ შემცირებულა. ამდენად, ან უნდა უფრო მკაცრი სასჯელი უნდა მოვიფიქროთ, ან ვაღიაროთ, რომ დამნაშავეს სასჯელი არ აშინებს: ან სიღარიბე თრგუნავს ადამიანს და მას თავხედობას მატებს, ან სიმდიდრე ქედმაღლობასა და თავდაჯერებულობასთან ერთად უბიძგებს მას, რომ უფრო მეტს ესწრაფვოდეს. ადამიანი შეპყრობილია ბრმა ვნებებით, ამას ემატება გატაცება და იმედი. ეს უხილავი ძალები უფრო ძლიერად მოქმედებს ადამიანზე, ვიდრე საზარელი სასჯელის ხილვა. თანაც ბედნიერი შემთხვევა აბრმავებს ხალხს. სახელმწიფო კიდევ უფრო იოლად აჰყვება ცდუნებას, რადგან საქმე ეხება უმნიშვნელოვანეს რამეს – თავისუფლებასა და სხვებზე ბატონობას და თითოეული ადამიანი საზოგადოებაში უფრო მხნედ გრძნობს თავს. მოკლედ, სისულელე იქნებოდა გვეფიქრა, რომ მკაცრი კანონებით ადამიანებს ხელს ავაღებინებთ იმაზე, რაც მათ ბუნებით მოსდგამთ.

ამიტომ არ უნდა მივიღოთ უგუნური გადაწყვეტილება. ნუ გვექნება იმ უსაფრთხოების იმედი, რომელსაც სიკვდილით დასჯა მოგვიტანს, და ნუ მოვუსპობთ ჩვენს ამბოხებულ მოკავშირეებს დანაშაულის მონანიების იმედს. კარგად დაფიქრდით, რა გირჩევნიათ: აჯანყებული ქვეყანა მას მერე, რაც საკუთარ სისუსტეში დარწმუნდება, დაგნებდეთ, აგინაზღაუროთ სამხედრო ხარჯებიდა გააგრძელოს ხარკის გადახდა, თუ თქვენი სისასტიკით შეშინებულმა სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლოს? განა ამით თქვენ უფრო არ დაზარალდებით? თქვენი ფული დაიხარჯება ხანგრძლივ ალყაზე და თუ ქალაქს აიღებთ, ნანგრევებიღა შეგრჩებათ და შემოსავალიც აღარ გექნებათ. სწორედ ამაზეა დამოკიდებული თქვენი სამხედრო ძალა. ამიტომ ნუ გამოვიტანთ მკაცრ განაჩენს ჩვენდა საზიანოდ. პირიქით, აჯანყებულები მსუბუქად უნდა დავსაჯოთ. მაშინ ისინი შეინარჩუნებენ თავის სიმდიდრეს და ჩვენც მომავალში ხარკს ავკრეფთ. საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად ჩვენ მკაცრი კანონები კი არ გვჭირდება, არამედ მოკავშირეებთან ფრთხილი და გონივრული მოპყრობა. ჩვენ კი ამის საპირისპიროდ ვიქცევით. ხალხი საკუთარი თავისუფლების დასაცავად აჯანყდა. ჩვენ კი გვინდა აჯანყების ჩახშობის მერე მკაცრი ზომები მივიღოთ. აჯანყებას კი არ უნდა ველოდოთ, რომ შემდეგ ფხიზლად ვიყოთ, არამედ აჯანყება არ უნდა დავუშვათ და, თუ მაინც მოხდა, აჯანყებულები მსუბუქად უნდა დავსაჯოთ.

დაფიქრდით, რა შეცდომას დაუშვებთ, თუ კლეონის რჩევას მიიღებთ. ახლა სახალხო პარტია ყველა ქვეყანაში თქვენს მხარეზეა. ისინი ან არ ემხრობიან ოლიგარქებს ან, თუ მათ აიძულებენ მიემხრონ აჯანყებას, ისინი მზად არიან მას გაემიჯნონ. თუ აჯანყებულ ქვეყანასთან ომს დაიწყებთ, ხალხი თქვენს მხარეზე იქნება, მაგრამ თუ დასჯით მიტილენელებს, რომლებიც არ მონაწილეობდნენ აჯანყებაში და რომლებმაც იარაღის ხელში ჩაგდების მერე, ქალაქი თქვენ გადმოგცეს, დიდ დანაშაულს ჩაიდენთ, მოსპობთ თქვენს კეთილის მსურველებს და ყველგან დიდ სამსახურს გაუწევთ ოლიგარქიას. თუ ამის შემდეგ ოლიგარქები აგიჯანყდებიან, ხალხი მათ მიემხრობა, რადგან თქვენ უკვე დაანახვეთ, რომ ყველასთანაბრად სჯით. სახალხო პარტია დამნაშავეც რომ იყოს, თქვენ ეს არ უნდა შეიმჩნიოთ, რომ არ დაკარგოთ უკანასკნელი მეგობრები. მოკავშირეებზე ბატონობისთვის თქვენ გირჩევნიათ აიტანოთ უსამართლობა, ვიდრე სამართლიანად დასაჯოთ ის, ვისი დანდობაც გჭირდებათ. მართალია, კლეონი ამტკიცებს, რომ სასჯელი სამართლიანიც არის და მიზანშეწონილიც, მაინც უნდა დავასკვნათ, რომაქ ეს ორი შეუთავსებელია. ამიტომ, თუ მიგაჩნიათ, რომ ჩემი რჩევა სასარგებლოა ათენისთვის, მიჰყევით მას. დასაჯეთ ის მიტილენელები, ვინც პაქეტესმა გამოგვიგზავნა, დანარჩენებმა კი იცხოვრონ. ეს სამომავლოდ ჩვენთვის სასარგებლო იქნება და მტრებსაც გააფრთხილებს. ბრძნული გადაწყვეტილებები ჩვენ მეტ უპირატესობას მოგვცემს, ვიდრე უგუნური ძალადობა“.

სახალხო კრებაზე ხმები გაიყო, მაგრამ უმრავლესობამ მაინც დიოდოტოსის აზრს დაუჭირა მხარი. სასწრაფოდ გააგზავნეს მეორე ტრიერი იმ იმედით, რომ პირველს დაეწეოდა და ხალხს დაღუპვისგან გადაარჩენდა. მიტილენელმა ელჩებმა ეკიპაჟისთვის ღვინო და ფქვილი მოიმარაგეს და მენიჩბეებს დიდ ჯილდოს დაჰპირდნენ, თუ პირველ ხომალდს ჩაასწრებდნენ. ამიტომ ათენელმა მენიჩბეებმა დიდი მონდომება გამოიჩინეს. ბედად, ქარს მათთვის ხელი არ შეუშლია, პირველი ტრიერი კი არ ჩქარობდა სასიკვდილო განაჩენის ჩატანას. მაინც პირველმა იმდენად ჩაასწრო, რომ პაქეტესმა სახალხო კრების გადაწყვეტილების წაკითხვა მოასწრო და უკვე შესაბამისი ბრძანების გაცემას აპირებდა, როდესაც მეორეც ჩავიდა და ქვეყანა იხსნა.

პაქეტესის მიერ ათენში გაგზავნილი დაახლოებით ათასი მიტილენელი ათენელებმა, კლეონის რჩევით, სიკვდილით დასაჯეს. ქალაქის კედლები დაანგრიეს და მიტილენელებს ფლოტი ჩამოართვეს. იმის მაგივრად, რომ დამარცხებულებისათვის ხარკი დაეკისრებინათ, ათენელებმა კუნძული, მეთიმნის ოლქის გარდა, სამი ათას ნაკვეთად დაყვეს. აქედან სამასი ღმერთებს შესწირეს, დანარჩენები კი ათენელ კლერუხებს გადასცეს. მიწაზე მომუშავე ლესბოსელებსდაეკისრათ ორი მინა საიჯარო გადასახადი თითო ნაკვეთზე. მიტილენელთა სხვა სამფლობელოებიც ათენელთა ხელში გადავიდა. ასე დასრულდა აჯანყება ლესბოსზე. იმავე ზაფხულს ათენელებმა ნიკიასის სარდლობით დალაშქრეს კუნძული მინოა. მეგარელებს იქ საგუშაგო კოშკები ჰქონდათ ნისეის ნავსადგურის დასაცავად. ნიკიასმა ეს ლაშქრობა იმ მიზნით მოაწყო, რომ ათენელებს მეგარაზე კონტროლის საშუალება ჰქონოდათ. მაშინ პელოპონესელები ვეღარ გაგზავნიდნენ შეუმჩნევლად საკუთარ ან მეკობრეთა გემებს. ამასთან, მეგარის მომარაგება ზღვიდან შეუძლებელი იქნებოდა. ნიკიასმა ზღვიდან საალყე მანქანების მეშვეობით აიღო ორი კოშკი, გაათავისუფლა მინოასა და მეგარას შორის სრუტეში შესასვლელიდა კუნძულის ნაპირზე რამდენიმე დღეში კედელი ააშენა. ნიკიასმა კუნძულზე გარნიზონი დატოვა და თავისი ლაშქრით შინ დაბრუნდა.

იმ პერიოდში პლატეელებს სურსათი დაუმთავრდათ და იძულებული გახდნენ, დანებებოდნენ პელოპონესელებს. პელოპონესელებმა იერიში მიიტანეს გალავანზე, მაგრამ სარდალს არ უნდოდა ქალაქის ძალით აღება, რათა დაზავების შემთხვევაში არ დაებრუნებინა ის ათენელებისთვის, როგორც დანებებული. სარდალმა პლატეელებს მაცნე გაუგზავნა და შესთავაზა თავის ნებით გადაეცათქალაქი ლაკედემონთათავის და დამორჩილებოდნენ მათ სასამართლოს. პლატეელები დანებდნენ. ლაკედემონელ მოსამართლეთა ჩამოსვლამდე პელოპონესელები რამდენიმე დღის მანძილზე აჭმევდნენ პლატეელებს. მოსამართლეებმა მათ ბრალდება არ წაუყენეს და მათ მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვეს: რა სამსახური გაუწიეს მათ ლაკედემონელებსა და მოკავშირეებს?

„ლაკედემონელებო, ჩვენ დაგნებდით, რადგან გენდეთ. ჩვენ ველოდით ჩვეულებრივ სასამართლოს და სამართლიან განაჩენს.ახლა კი ვშიშობთ, რომ ორმაგი შეცდომა დავუშვით. ჩვენ გვაქვს საფუძველი, გვეშინოდეს, რომ მოსამართლეები არ იქნებიან მიუკერძოებლები და სასტიკ განაჩენს გამოიტანენ. ასე იმიტომ ჩავთვალეთ, რომ ჩვენთვის არ წამოგიყენებიათ ბრალდება, რისგანაც თავი უნდა დავიცვათ და იმიტომ, რომ თქვენი შეკითხვა ძალზე მოკლეა. თუ სიმართლეს გეტყვით, ეს ჩვენ წინაღმდეგ იქნება. ტყუილი კი იოლად გამოაშკარავდება. ამ გამოუვალ მდგომარეობაში ჩვენ იძულებული ვართ მოგმართოთ სიტყვით.

ვეცდებით დავასაბუთოთ, რომ მართლები ვართ როგორც თებელებთან, ასევე თქვენთან, და სხვა ელინებთანაც შეგახსენოთ ჩვენი დამსახურება ელადის წინაშე და გული მოგილბოთ. თქვენს მოკლე შეკითხვაზე, გავუწიეთ თუ არა ჩვენ ამ ომში ლაკედემონელებს და მათ მოკავშირეებს რაიმე სამსახური, ასე გიპასუხებთ: თუ გვეკითხებით როგორც მტრებს, არ გაქვთ სასაყვედურო, რომ ჩვენ თქვენთვის სამსახური არ გაგვიწევია. თუ თქვენ მეგობრებად გვთვლით, მაშინ თვითონ ჩაიდინეთ უსამართლობა, როდესაც ომი დაგვიწყეთ. როგორც მშვიდობიანობის დროს, ასევე მიდიელებთან ომში ჩვენ დავამტკიცეთ ჩვენი ღირსება. ახლანდელ ომში ჩვენ არ დაგვირღვევია მშვიდობა, ხოლო მიდიელების წინააღმდეგ ელადის თავისუფლებისთვის თქვენთან ერთად ბეოტიელთაგან მხოლოდ ჩვენ ვიბრძოდით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ ზღვასთან, მაინც თქვენ გვერდით ვიყავით საზღვაო ბრძოლაში არტემისიასთან, ასევე ვიბრძოდით ჩვენს საკუთარ მიწაზე თქვენთან და პავსანიასთან ერთად. ყველგან, სადაც ელინებს საფრთხე ელოდა, ჩვენ შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდით მათ. თქვენც, ლაკედემონელებო, გამოგიგზავნეთ მოქალაქეთა მესამედი, როდესაც მიწისძვრის შემდეგ ჰელოტები აგიჯანყდნენ და ითომე დაიკავეს. ნუ დაგავიწყდებათ ეს.

ასეთები ვიყავით ყოველთვის და თქვენი თუ სხვა ელინთა დახმარებას ღირსების საქმედ მივიჩნევდით. მხოლოდ შემდეგ გავხდითმტრები და ამაში დამნაშავე თქვენ ხართ. როდესაც თებელები თავს დაგვესხნენ და ჩვენი დამორჩილება მოინდომეს, ჩვენ გთხოვეთ თქვენ კავშირში მიღება. თქვენ კი უარი გვითხარით და გვირჩიეთ, ათენელებისთვის მიგვემართა, როგორც უახლოესი მეზობლისთვის. ამ ომშიც ჩვენგან არავითარი უსიამოვნება არც გქონდათ და არც გელოდათ. და თუ არ ვუღალატეთ ათენელებს თქვენი მოთხოვნისთანავე, სწორადაც მოვიქეცით, რადგან ათენელები დაგვეხმარნენ თებელებთან ბრძოლაში. ჩვენ ვერ ვუღალატებდით ათენელებს მას მერე, რაც ბევრი სიკეთე გაგვიკეთეს. მათ მიგვიღეს კავშირში, მოგვცეს მოქალაქეთა უფლებები და ჩვენი ვალი იყო, დავმორჩილებოდით მათ. თუ თქვენი ან ათენელების ბრძანებები არ ვარგა,ამაზე პასუხი მოკავშირეებს კი არ უნდა დაეკისროს, არამედ მას, ვინც ბრძანებას გასცემს.

თებელებმა ბევრი წყენა მოგვაყენეს. მათგან ბოლო ჩვენი დღევანდელი უბედურების მიზეზი გახდა. როდესაც ისინი მშვიდობიანობის დროს, თანაც წმინდა დღესასწაულზე დაგვესხნენ თავს, ჩვენ მათი დასჯის სრული უფლება გვქონდა. მტრის ძალადობას ხომ ძალადობით უნდა უპასუხო. ამდენად, ჩვენ ახლა მათ გამო არ უნდა ვისჯებოდეთ. თუ ამ სასამართლოზე სამართლიანობისა და კანონიერების საზომად საკუთარ გამორჩენას დაადგენთ, ამით აჩვენებთ, რომ ანგარებით მოქმედებთ. ნუ ფიქრობთ, რომ თებელები თქვენთვის სასარგებლონი არიან. ჩვენც და სხვა ელინებიც ბევრად უფრო გამოგადექით მიდიური ომების დროს, როდესაც უარესი ხიფათი გელოდათ. ახლა თქვენ ესხმით თავს, მაშინ კი ბარბაროსთა მონობა გემუქრებოდათ, თებელები კი მათ მხარეზე იყვნენ. და თუ ჩვენ მაინც რამეში დამნაშავე ვართ, სამართლიანი იქნებოდა ამ დანაშაულისათვის ჩვენი ძველი დამსახურება დაგვეპირისპირებინა და თქვენ ნახავდით, რომ ჩვენი დამსახურებები ბევრად აღემატება სავარაუდო დანაშაულს, განსაკუთრებით თუ გავიხსენებთ, რომ მაშინ ელადაში არც ისე ბევრი ხალხი შეებრძოლა მამაცად ქსერქსეს. იმ დროს მეტ პატივს სცემდნენ მათ, ვინც არ ფიქრობდა საკუთარ უსაფრთხოებაზე და სიცოცხლე გასწირა ელინთა გადასარჩენად. ასეთ ხალხს შორის ვიყავით ჩვენც და თქვენგან დიდი ჯილდოც მივიღეთ, ახლა კი სიკვდილი გველის იმის გამო, რომ ათენელთა ერთგულება ვამჯობინეთ ანგარებით თქვენს მხარეზე გადმოსვლას. მსგავს შემთხვევებში მსგავსად უნდა განსაჯოთ. სახელმწიფოსთვის სასარგებლო იქნება მისი უშუალო დღევანდელი ინტერესების შეხამება მტკიცე მადლიერებასთან პატიოსანი მოკავშირეების მიმართ, ვისი სიქველეც თქვენ მიერ აღიარებულია.

დაფიქრდით იმაზედაც, რომ დღემდე ელინთა უმრავლესობა თქვენ პატიოსნების ნიმუშად მიგიჩნევთ. ხოლო თუ უსამართლო განაჩენს გამოგვიტანთ, ეს არ დაიმალება, თქვენ კი გამოიწვევთ წესიერ ადამიანთა აღშფოთებას. განა შემაძრწუნებელი არ არისის აზრი, რომ პლატეა დაანგრიონ ლაკედემონელებმა, და ისინი, ვისმა მამებმაც ჩვენი სახელი დელფოსთვის განკუთვნილ ძღვენზე დაწერეს, ახლა თებელთა საამებლად ჩვენი ქალაქის მოსპობას აპირებენ. აი, რა უბედურებას მოვესწარით. მიდიელთა ბატონობის დროს მზად ვიყავით სიკვდილისათვის, ახლა ოდესღაც საუკეთესო მეგობრის წინაშე ვდგავართ, თქვენ კი თებელებს მსხვერპლად უნდა შეგვწიროთ. უკვე ორჯერ ჩავხედეთ სიკვდილს თვალებში. ცოტა ხნის წინ შიმშილით სიკვდილი გველოდა. ახლა კი სასიკვდილო განაჩენს ველით. დღეს ჩვენ, პლატეელები, რომლებმაც ყველაფერი გავიღეთ ელინთათვის, თქვენ წინაშე უსუსურები და მიტოვებულები ვდგავართ. მაშინდელ მოკავშირეთაგან არავინ გვეხმარება და თქვენც, ლაკედემონელებო, ჩვენო უკანასკნელო იმედო, გვტოვებთ.

და მაინც, ჩვენი სამხედრო კავშირის მფარველი ღმერთების სახელით, ჩვენი ძველი დამსახურებების გამო გთხოვთ, გულმოწყალება გამოიჩინოთ და შეარბილოთ სასჯელი, თუ თებელების ხათრით ჩვენი დასჯა გადაგიწყვეტიათ. ჩვენ სამართლიან წყალობას მოვითხოვთ. ნუ დასჯით მათ, ვინც სასჯელს არ იმსახურებს. მაშინ, თებელთა სამარცხვინო მადლიერების ნაცვლად, თქვენ მოიპოვებთ ჩვენს გულწრფელ მადლიერებას და არ შებღალავთ თქვენს პატიოსან სახელს. ჩვენი დახოცვა იოლია, ამ სირცხვილის ჩამორეცხვა კი – ძნელი. ჩვენ ხომ მტრები კი არა, მეგობრები ვართ,უნებლიეთ მოგვიწია ერთმანეთთან ბრძოლამ. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენ დაგნებდით და შეწყალება გთხოვეთ. ამიტომ ელინთაწმინდა კანონი ჩვენს დახოცვას გიკრძალავთ. შეხედეთ თქვენი წინაპრების საფლავებს, ვინც მიდიელებთან ომში დაეცა და ჩვენს მიწაზეა დამარხული. ჩვენ ყოველწლიურად პატივს მივაგებთ მათ და მსხვერპლს ვწირავთ. თქვენ კი ჩვენთვის უსამართლო განაჩენის გამოტანა გსურთ. როდესაც პავსანიასი თქვენს დაღუპულებს აქ კრძალავდა, ფიქრობდა, რომ ისინი მეგობარ ქვეყანაში იქნებოდნენ. მაგრამ თუ ჩვენ დაგვსჯით და მიწას თებელებს მისცემთ, განათქვენი წინაპრები მტრის მიწაზე არ აღმოჩნდებიან? გარდა ამისა, თუ დაიმორჩილებთ მიწას, სადაც ელინებმა თავისუფლება მოიპოვეს, თქვენ დაანგრევთ იმ ღმერთების სალოცავებს, ვისაც ელინები მიდიელთა ძლევას შესთხოვდნენ და მათ კუთვნილ მსხვერპლშეწირვას მოაკლებთ.

თუ დაარღვევთ ზოგადელინურ კანონებს და წინაპართა პატივისცემის წესს, და დაღუპავთ თქვენს ძველ მეგობრებს, რომლებსაც თქვენ წინაშე დანაშაული არ მიუძღვით, ამით სახელს ვერ მოიპოვებთ. დაინდეთ ჩვენი სიცოცხლე. დაფიქრდით იმაზე, რამდენად მძიმეა ჩვენი ხვედრი და შეუსაბამო ჩვენი დამსახურებებისა, და იმაზეც, თუ რამდენი განსაცდელი შეიძლება მოუმზადოს ბედმა თუნდაც უდანაშაულო ადამიანს. ამ მძიმე მდგომარეობაში გთხოვთ და მივმართავთ ელინთა ღმერთებს, რომ დამაჯერებლობა შემატონ ჩვენს თხოვნას: ნუ დაივიწყებთ თქვენი მამების მიერ დადებულ ფიცს და თქვენს წინაპართა საფლავებთან გთხოვთ, დაგვიცვათ თებელთაგან, არ დაუთმოთ თქვენი საუკეთესო მეგობრები უბოროტეს მტერს. ამ განსაცდელის ჟამს შეგახსენებთ იმ დღეს, როდესაც ჩვენ ერთად ჩავიდინეთ გმირობა. ახლა უნდა დავასრულოთ ჩვენი სიტყვა და ეს ძალზე ძნელია ადამიანისთვის, ვინც იცის, რომ სიტყვის დამთავრებასთან ერთად მისი სიკვდილიც ახლოვდება. ჩვენი უკანასკნელი სიტყვა ასეთია: ჩვენ თებელებს არ დავნებებივართ, ვამჯობინებდით შიმშილით დავხოცილიყავით. ჩვენ თქვენ მოგმართეთ დახმარებისთვის. თუ ჩვენ თხოვნას არ შეისმენთ, თქვენი ვალია, დაგვაბრუნოთ იმ მდგომარეობაში, რომელშიც დანებებამდე ვიყავით, რათა ჩვენ თვითონ ავირჩიოთ, როგორ მოვკვდეთ. კვლავ გთხოვთ, ნუ გადაგვცემთ თებელებს, ნუ დაგვღუპავთ მაშინ, როდესაც სხვა ელინებს ათავისუფლებთ“.

იმის შიშით, რომ ამ გამოსვლას ლაკედემონელებზე გავლენა არ მოეხდინა, თებელებმაც ითხოვეს სიტყვა:

„ჩვენ სიტყვას არ მოვითხოვდით, პლატეელებს მოკლედ რომ ეპასუხათ დასმულ კითხვაზე. ამის ნაცვლად მათ აგვავსეს ბრალდებებით, დიდი დრო დაუთმეს თავის მართლებას იმაში, რაშიც არავინ ადანაშაულებს და თავს იწონებდნენ დამსახურებებით, რასაც არავინ უარყოფს. იძულებულები ვართ, ვუპასუხოთ ბრალდებებს და გავაბათილოთ მათი დასაბუთება. არც ჩვენი სიმდაბლე და არც მათი სახელი არ უნდა გამოადგეთ მათ თავის სამართლებლად. მაგრამ სანამ განაჩენს გამოიტანთ, მოისმინეთ სიმართლე. ჩვენი მტრობა პლატეელებთან ასე დაიწყო. მას შემდეგ, რაც ბეოტია დავასახლეთ, დავიკავეთ პლატეა და სხვა ადგილები, საიდანაც განვდევნეთ სხვა ხალხები. თავდაპირველი თანხმობის მიუხედავად, პლატეელებმა, სხვა ბეოტიელთაგან განსხვავებით, არ ისურვეს ჩვენი უფროსობა და დაარღვიეს მამაპაპათა წესი, რადგან ათენელთა მხარეს გადავიდნენ.

მათი სიტყვით, ბარბაროსის შემოსევის დროს ბეოტიელთაგან მხოლოდ ისინი არ გადასულან მიდიელთა მხარეზე. ისინი ამით ამაყობენ და ჩვენ ღალატში გვდებენ ბრალს. ჩვენ კი ვამტკიცებთ, რომ ისინი არ შეუერთდნენ მიდიელებს მხოლოდ იმიტომ, რომ ათენელებს მიჰბაძეს. შემდეგაც, როდესაც ათენელები ელადას დაუპირისპირდნენ, ბეოტიელთაგან მხოლოდ პლატეელები გამოვიდნენ მათ მხარეზე. დააკვირდით, რამდენად განსხვავებულ მდგომარეობაში ვიყავით, როდესაც ჩვენ მიდიელთა მხარე დავიჭირეთ, მათ კი ათენელთა. მაშინ ჩვენ არ გვქონდა არც თანასწორი ოლიგარქია, არც დემოკრატია. ჩვენი მაშინდელი სახელმწიფო წყობა არ იყო კანონიერი და უახლოვდებოდა ტირანიას. ძალაუფლებას ადამიანთა პატარა ჯგუფი ფლობდა. მმართველებს იმედი ჰქონდათ, რომმიდიელის გამარჯვების შემდეგ კიდევ უფრო განიმტკიცებდნენ ხელისუფლებას, და მათ შემოუშვეს მიდიელები ქვეყანაში. მაშინ ქვეყანა არ იყო დამოუკიდებელი და ამიტომ მას ვერ დავადანაშაულებთ იმ უკანონო დროის შეცდომების გამო. მიდიელთა წასვლის შემდეგ ჩვენთან კანონმა გაიმარჯვა და ჩვენ დავიწყეთ ათენელთა წინააღმდეგ ბრძოლა, რადგან ისინი ცდილობდნენ სხვა ელინთა და მათ შორის ჩვენს დამორჩილებას. ელინთა შეუთანხმებლობის გამო, ათენელებმა მოახერხეს ელადის დიდი ნაწილის დაპყრობა, მაგრამ ჩვენ დავამარცხეთ ისინი კორონეასთან და გავათავისუფლეთ ბეოტია. ახლა ჩვენ ვცდილობთ დაგეხმაროთ დანარჩენ ელინთა გათავისუფლებაში, გაწვდით მხედრებს და სურსათს სხვა მოკავშირეებზე უფრო მეტი რაოდენობით. ეს პასუხი საკმარისია იმისთვის, რომ მიდიელებთან თანამშრომლობაში ბრალდებისგან თავი ვიმართლოთ.

ახლა ვეცდებით ვაჩვენოთ, რომ სწორედ პლატეელებმა მოუტანეს ელინებს ზიანი და ჩვენ კი არა, ისინი იმსახურებენ სასჯელს.თქვენ ამბობთ, რომ დაუკავშირდით ათენელებს და მიიღეთ მათიმოქალაქეობა, რათა წინააღმდეგობა გაგეწიათ ჩვენთვის. ამ შემთხვევაში თქვენ უნდა დასჯერებოდით მათ დახმარებას მხოლოდჩვენ წინააღმდეგ და არ დასხმოდით თავს სხვებს მათთან ერთად. თქვენ შეგეძლოთ, არ დახმარებოდით ათენელებს. ხოლო თუ ათენელები გაიძულებდნენ, მაშინ უკვე არსებობდა ლაკედემონელთა კავშირი მიდიელთან საბრძოლველად. ეს კავშირი არა მარტო დაგიცავდათ, არამედ, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, სრულ თავისუფლებასაც მოგცემდათ შინაური საქმეების გადაწყვეტაში. თქვენ კი საკუთარი ნებით მიემხრეთ ათენელებს. თქვენ ამბობთ, რომ ვერ უღალატებდით თქვენს კეთილისმყოფელს, მაგრამ უღალატეთ ყველა ელინს, ვისთანაც ფიცი გაკავშირებდათ, და მიემხრეთ მათ დამმონებლებს. თქვენ გაუწიეთ ათენელებს სამსახური, რაც სამარცხვინოა. თქვენ სთხოვეთ მათ დახმარება ჩვენს წინააღმდეგ, ხოლო შემდეგ მათთან ერთად სჩადიოდით უსამართლობას. ცხადია, სიკეთეს სიკეთით უნდა უპასუხო, მაგრამ სირცხვილია, თუ სამართლიანობის დაცვისთვის ისეთი საქმით მიუზღავთ, რომელიც უსამართლობას ამკვიდრებს.

ამგვარად, თქვენ არ გადახვედით მიდიელთა მხარეს არა ელინების, არამედ ათენელთა გამო. რადგან ათენელთა მხარე დაიჭირეთ და მათთან ერთად ბოლომდე იბრძოდით, ახლა საკუთარითავის გადასარჩენად ნუღარ იხსენებთ ძველ კავშირს. თქვენ მას უღალატეთ, რადგან ეხმარებოდით ათენელებს ეგინელთა და სხვა მოკავშირეთა დამონებაში და ამას შვრებოდით ჩვენგან განსხვავებით არა იძულებით, არამედ საკუთარი ნებით დემოკრატიული წყობის პირობებში. თქვენ ასევე უარყავით ბოლო წინადადება ალყის დაწყებამდე – შეგენარჩუნებინათ მშვიდობა და დარჩენილიყავით ნეიტრალურები. თქვენ კი თქვენი ღირსება ელინთა დასაღუპად გამოიყენეთ და ამიტომ სიძულვილს იმსახურებთ. თუ ადრე საგმირო საქმეებს ჩადიოდით, ახლანდელი საქციელით აჩვენეთ, ვინც ხართ. თქვენი ბუნება და მისწრაფებები მაშინ გამოვლინდა, როდესაც ათენელებთან ერთად უსამართლობის გზას დაადექით. აი, რა უნდა გვეთქვა ჩვენს იძულებით კავშირზე მიდიელებთან და ათენელებისადმი თქვენს ერთგულებაზე.

რაც შეეხება თქვენს ბრალდებებს, რომ უკანონოდ დავესხით თქვენს ქალაქს ზეიმისას, აქაც მიგვაჩნია, რომ ჩვენი ბრალი თქვენსაზე მეტი არ არის. არ უარვყოფთ, რომ უსამართლოდ მოვიქცეოდით, უმიზეზოდ რომ დავსხმოდით თავს თქვენს ქალაქს, მაგრამ ჩვენ მოგვიხმეს თქვენმა საუკეთესო მოქალაქეებმა, რათა გამოგვეყვანეთ უცხო კავშირიდან და დაგვებრუნებინეთ საერთო ბეოტიურ ოჯახში. მაშ, რაღაშია ჩვენი დანაშაული? არც ისინი და არც ჩვენ დამნაშავე არ ვართ. როგორც მოქალაქეებმა, მათ დიდ საფრთხეში ჩაიგდეს თავი, როდესაც ჭიშკარი გაგვიღეს. მათ შეგვიყვანეს ქალაქში როგორც მეგობრები. მათ სურდათ თქვენ შორის უარესები გადაერჩინათ საბოლოო დაცემისგან, ხოლო საუკეთესოებს მიეღოთ ის, რაც ეკუთვნოდათ. როგორც მკაცრ მას წავლებლებს, მათ სურდათ თქვენი გამოსწორება და არა ქვეყნის გაჩანაგება მოქალაქეთა განდევნით და მოკვლით. ისინი ცდილობდნენ, დაებრუნებინეთ ნათესავთა კავშირში, რათა ყველასთან მშვიდობიანად გეცხოვრათ.

ჩვენ რომ მტრული განზრახვით არ მოვსულვართ, იქიდანაც ჩანს, რომ არავისთვის არაფერი დაგვიშავებია და პირდაპირ მივმართეთ კეთილ მოქალაქეებს, ვისაც ბეოტიელთა კავშირის აღდგენა სურს, გადმოსულიყვნენ ჩვენს მხარეს. თავიდან თქვენც მეგობრულად მიიღეთ ეს წინადადება და შეგვითანხმდით. მხოლოდ მას მერე, რაც ჩვენი მცირერიცხოვნება აღმოაჩინეთ, შემოგვიტიეთ. თუ თქვენ ჩათვალეთ, რომ არასწორად მოვიქეცით, როდესაც მთელი ხალხის თანხმობის გარეშე მოვედით თქვენთან, მაინც არ უნდა მიგემართათ ძალადობისთვის. თქვენ დაარღვიეთ შეთანხმება და თავს დაგვესხით. ჩვენ იმდენად ბრძოლაში დაღუპულებს არ ვგლოვობთ, რამდენადაც ტყვეების სიკვდილს, რომლებიც შეწყალებას ითხოვდნენ და თქვენ, პირობის მიუხედავად, დახოცეთ. განა ეს საშინელი დანაშაული არ არის? რამდენიმე საათის მანძილზე თქვენ სამი დანაშაული ჩაიდინეთ: დაარღვიეთ შეთანხმება, დახოცეთ ტყვეები და მოგვატყუეთ, რომ არ დასჯიდით მათ, თუ თქვენს ქონებასა და ყანებს დავინდობდით. ახლა კი ჩვენ გვადანაშაულებთ. არა, თუ ლაკედემონელი მოსამართლეები სწორად განსჯიან, თქვენ უნდა ზღოთ ყველა დანაშაული.

ლაკედემონელებო, ჩვენ ყველაფერი გითხარით და მაგათი დასჯით სამართლიანად მოიქცევით. ნუ მისცემთ ნებას, წარსული დამსახურებებით მოგილბონ გული. ამის გახსენების უფლება აქვს მხოლოდ უდანაშაულოდ დაზარალებულს, უკეთური საქმის ჩამდენი კი ორმაგად დამნაშავეა. ნუ დაინდობთ მათ წუწუნის გამო, თქვენი მამების საფლავების ხათრით. ჩვენ გაგახსენებთ ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც პლატეელებმა დახოცეს. მათი მამები ან კორონეასთან დაიღუპნენ, როდესაც ბეოტიის თქვენს მხარეზე მოქცევას ცდილობდნენ, ან დღეს უკვე მოხუცები დასტირიან თავიანთ შვილებს და თქვენ გთხოვენ, დასაჯოთ პლატეელები. ის, ვინც დაუმსახურებლად იტანჯება, მეტად იმსახურებს სიბრალულს, ხოლო თუ მძიმე ბედი ელის მას, ვინც ეს დაიმსახურა, როგორც პლატეელებმა, ეს მხოლოდ უნდა გვახარებდეს. დღეს ისინი მარტო არიან, რადგან თვითონ უარყვეს საუკეთესო მოკავშირეები. ჩვენ უკანონოდ მოგვექცნენ: მათ სიძულვილი ამოქმედებდათ და არა სამართლიანობა, ამისთვის კი ჯერაც არ დასჯილან. მათ დაიმსახურეს სასჯელი, რადგან ბრძოლის ველზე კი არ უთხოვიათ შეწყალება, არამედ დანებების შემდეგ თვითონ გადაწყვიტეს დამორჩილებოდნენ თქვენს სასამართლოს. მაშ, აიძულეთ ისევ, პატივი სცენ ელინურ კანონებს და მიუზღეთ ჩვენთვის მოყენებული ბოროტებისთვის. ხელს ნუ გვკრავთ მათი სიტყვების გამო, მიეცით მაგალითი ელინებს, რომ განსჯით მათ არა სიტყვების, არამედ საქმეების მიხედვით. მათ საგმირო საქმეებს ზედმეტი ლაპარაკი არ სჭირდება, ხოლო თუ ისინი დამნაშავენი არიან, ლამაზი სიტყვები მხოლოდ სიმართლეს დაამახინჯებს. თუ ყველა ბელადი საქმის გარჩევას მოკლე და მკაფიო შეკითხვამდე დაიყვანს, ადამიანებს ნაკლები საფუძველი ექნებათ, იპოვონ ლამაზი სიტყვები უსამართლობის დასაფარავად“.

ასეთი იყო თებელთა გამოსვლა. ლაკედემონელმა მოსამართლეებმა დაუსვეს შეკითხვა იმის შესახებ, რა სამსახური გაუწიეს მათ პლატეელებმა ომის დროს. ისინი იმასაც ითვალისწინებდნენ, რომ პლატეელებმა უარყვეს მათი წინადადება ნეიტრალიტეტის შესახებ, რაც პავსანიასთან დადებული ძველი ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა. ალყის წინ ლაკედემონელებმა კვლავ გაუმეორეს ეს წინადადება და კვლავ უარი მიიღეს. ამით, მათი აზრით, პლატეელებმა დაარღვიეს ხელშეკრულება და თავი მტრის მდგომარეობაში ჩაიყენეს. ლაკედემონელები რიგ-რიგობით იძახებდნენ პლატეელებს და ერთსა და იმავე კითხვას უსვამდნენ, გაუწიეს თუ არა მათ ლაკედემონელებს სამსახური ომში. როდესაც პლატეელები უარით პასუხობდნენ, ლაკედემონელები ხოცავდნენ მათ. სულ სიკვდილით დასაჯეს ორასი პლატეელი და ოცდახუთი ათენელი, ვინც თავიდანვე პლატეელებთან ერთად იყო ალყაში. ქალები კი მონებად გაყიდეს. ქალაქი თებელებმა ერთი წლით გადასცეს მეგარელებს და მათ მომხრე პლატეელებს. შემდგომში კი ის მთლიანად დაანგრიეს და ჰერას სამლოცველოს მახლობლად კვადრატული ორსართულიანი ნაგებობა ააშენეს. ქალაქიდან წამოღებული ლითონის ნივთებისგან საწოლები დაამზადეს და ჰერას შესწირეს. ჰერას აუგეს ასი წყრთის სიგრძის ქვის სამლოცველოც. პლატეის ოლქი საზოგადო საკუთრებად აქციეს და ათი წლით იჯარით გადასცეს თებელებს. ლაკედემონელთა ასეთი სიმკაცრე განპირობებული იყო მათი სურვილით, ესიამოვნებინათ მოკავშირე თებელებისთვის. ასეთი ბედი ეწია პლატეას, რომელიც დაინგრა ათენთან კავშირისდადებიდან ოთხმოცდაცამეტი წლის შემდეგ.

ამასობაში, პელოპონესელთა ლესბოსელთა დასახმარებლად გაგზავნილი ორმოცი ხომალდი ათენელ მდევარს გაურბოდა. კრეტის მახლობლად ესკადრა ქარიშხალში მოჰყვა და ძლივს მიაღწია პელოპონესის ნაპირებს. მათ შეეგება ლევკადელთა და ამპრაკიელთა ცამეტი ტრიერი და ბრასიდასი, რომელიც ლაკედემონელებმა ალკიდეს გაუგზავნეს მრჩეველად. ლესბოსზე წარუმატებლობის შემდეგ ლაკედემონელებმა გადაწყვიტეს, გაეძლიერებინათ ფლოტი და წასულიყვნენ კერკირაზე, სადაც ამ დროს შიდა დაპირისპირება იყო. ათენელთა ესკადრა ნავპაქტოსში მხოლოდ თორმეტი ხომალდისგან შედგებოდა. ლაკედემონელებს სურდათ, კუნძულამდე მანამ მიეღწიათ, სანამ ათენელები დამხმარე ძალებს მიიღებდნენ.

საზღვაო ბრძოლებსა და ეპიდამნოსის ომში კორინთელების მიერ დატყვევებულ კერკირელების შინ დაბრუნების შემდეგ დაიწყო პარტიული ბრძოლა. ტყვეები თითქოს რვაასი ტალანტის საფასურად გაათავისუფლეს. სინამდვილეში კი მათ კერკირა კორინთელთა მხარეზე უნდა გადაეყვანათ. გათავისუფლებულებმა სახლებში ჩამოუარეს მოქალაქეებს და მათ ათენის წინააღმდეგ აჯანყებაზე დაყოლიებას შეეცადნენ. ამასობაში კერკირაზე ათენელი და კორინთელი ელჩები ჩავიდნენ. სახალხო კრებაზე ორივე მხარის გამოსვლის შემდეგ კერკირელებმა ათენელებთან კავშირში დარჩენა და პელოპონესელებთან მეგობრული ურთიერთობის აღდგენა გადაწყვიტეს.

დემოკრატიული ფრთის ბელადი იყო პითიასი, ათენელთა კი – პროქსენოსი. კორინთოსიდან დაბრუნებულმა მოქალაქეებმა მას სასამართლოში უჩივლეს, თითქოს იგი კერკირას ათენისათვის დამორჩილებას აპირებდა. პითიასმა თავი იმართლა და თავის მხრივ დაადანაშაულა თავისი ხუთი ყველაზე მდიდარი მეტოქე იმაში, რომ მათ ვაზის საყრდენები ზევსისა და ალკინოოსის წმინდა ტყეებში მოჭრეს. თითო საყრდენისთვის ჯარიმა ერთი სტატერი იყო. სასამართლომ მდიდრები გაამტყუნა, გადასახადი ისეთი დიდი იყო, რომ ბრალდებულები ზევსისა და ალკინოოსის სამლოცველოებში მივიდნენ და ჯარიმის ნაწილ-ნაწილ გადახდა ითხოვეს. პითიასმა, რომელიც საბჭოს წევრიც იყო, მოითხოვა, რომ დამნაშავეებს კანონის მთელი სიმკაცრით მოპყრობოდნენ. უარის შემდეგ ბრალდებულებმა შეთქმულება მოაწყვეს. ისინი შეცვივდნენ საბჭოს შენობაში და პითიასი და სამოცი კაცი დახოცეს. პითიასის მხოლოდ რამდენიმე მომხრემ შეაფარა თავი ატიკურ ხომალდს. 

ხალხის მომხრეთა დახოცვის შემდეგ, შეთქმულებმა მოიწვიეს სახალხო კრება და გამოაცხადეს, რომ ეს ხალხის საკეთილდღეოდ და ათენელთა ბატონობისგან გასათავისუფლებლად გააკეთეს. ამიერიდან მათ უნდა დაეკეტათ ნავსადგური მოწინააღმდეგე მხარეთა ხომალდებისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხოლოდ ერთი ხომალდი მოდიოდა მშვიდობიანი მიზნით. ოლიგარქებმა სახალხო კრებას მიაღებინეს გადაწყვეტილება, შემდეგ სასწრაფოდ ელჩები გაგზავნეს ათენში, რათა გადატრიალების შესახებ თავიანთთვის მისაღები ფორმით ეცნობებინათ.

ელჩები ათენში ჩასვლისთანავე დააპატიმრეს, როგორც აჯანყებულები, და ეგინაზე გაგზავნეს. ამასობაში კერკირაზე ოლიგარქები აშკარად დაესხნენ თავს დემოკრატებს და შეტაკებაში გაიმარჯვეს კიდეც. ღამით დემოკრატები აკროპოლისზე და ქალაქის ამაღლებულ ნაწილში გამაგრდნენ. მათ აქ თავი მოუყარეს საკუთარ ძალებს და დაიკავეს ჰილაიის ნავსადგური, მოწინააღმდეგეებმა კი დაიჭირე მათი სახლების ახლოს ბაზრის მოედანი.

მეორე დღეს შეტაკებები განახლდა. ორივე მხარე შიკრიკებს გზავნიდა მიმდებარე სოფლებში, რათა თავისუფლების დაპირებით მონები მიემხროთ. მონათა უმრავლესობა დემოკრატებს მიემხრო, დემოკრატთა მოწინააღმდეგეებს კი მატერიკიდან რვაასი კაცი მოეშველა.

მეორე დღეს დაიწყო ბრძოლა. ამჯერად ხალხმა გაიმარჯვა, რომელსაც რიცხობრივი უპირატესობაც ჰქონდა და უკეთესი პოზიციაც ეკავა. ბრძოლაში ქალებიც მონაწილეობდნენ. ისინი სახურავებიდან კრამიტებს ისროდნენ. ოლიგარქები დამარცხდნენ და ღამით ცეცხლი წაუკიდეს სახლებს, რათა მეტოქის წინსვლისთვის ხელი შეეშალათ. არც საკუთარი და არც სხვისი სახლები არ დაუნდიათ. ბევრი საქონელი დაიწვა. ორივე მხარე ღამე ფხიზლად იყო. კორინთელთა ხომალდმა სიბნელეში დატოვა კუნძული. მატერიკიდან მოსული დამხმარე რაზმებიც ასევე შეუმჩნევლად უკან გაბრუნდნენ.

მეორე დღეს კერკირაზე ნავპაქტოსიდან ათენელი სარდალი ნიკოსტრატოსი ჩავიდა თორმეტი ხომალდითა და ხუთასი მესენიელი ჰოპლიტით. ის შეეცადა მშვიდობა დაემყარებინა კუნძულზე. მისი რჩევით, ორივე მხარეს უნდა გადაეცა სასამართლოსთვის ათი დამნაშავე, რომლებიც მაშინვე გაიქცნენ. დანარჩენებს კი მშვიდობიანად უნდა ეცხოვრათ და ათენელებთან სამხედრო კავშირი დაედოთ. კერკირელთა შერიგების შემდეგ ნიკოსტრატოსი უკან გაბრუნებას აპირებდა, მაგრამ ხალხის ბელადებმა სთხოვეს მას, ხუთი ხომალდი დაეტოვებინა და სანაცვლოდ კერკირელთა ხომალდები წაეყვანა. ნიკოსტრატოსი დათანხმდა და ამ ხომალდებისთვის ეკიპაჟი მათი მოწინააღმდეგეებისგან შეარჩია. შერჩეულებმა იმის შიშით, რომ მათ ათენში გზავნიდნენ, დიოსკურების სამლოცველოს შეაფარეს თავი. ნიკოსტრატოსი ცდილობდა მათ დამშვიდებას, მაგრამ უშედეგოდ. დემოკრატები დარწმუნებული იყვნენ, რომ უნდობლობა და ათენში წასვლაზე უარი მოწინააღმდეგეთა ბოროტი განზრახვის დასტური იყო, ამიტომ გადაწყვიტეს გასწორებოდნენ მათ. ნიკოსტრატოსი რომ არა, ალბათ დახოცავდნენ კიდეც მათ. ოლიგარქიის ოთხასამდე მომხრემ თავი ჰერას სამლოცველოს შეაფარა. დემოკრატებმა კი, შემდგომი ძალადობის შიშით, დაარწმუნეს ისინი, კუნძულზე გადასულიყვნენ ჰერას სამლოცველოს მახლობლად და იქ მათ სურსათი მიუტანეს.

ამ დროს, ოლიგარქების კუნძულზე გადაყვანიდან მეოთხე თუ მეხუთე დღეს, პელოპონესელთა ორმოცდაცამეტი ხომალდი ალკიდესისა და ბრასიდასის სარდლობით კერკირისკენ გაემართა.

დემოკრატიული ხელისუფლება შეშფოთდა. ხალხს შიდა მტრებისაც ისევე ეშინოდა, როგორც პელოპონესელთა ხომალდების. მაშინვე გადაწყვიტეს, აღეჭურვათ სამოცი ხომალდი და გაეგზავნათ მტრის წინააღმდეგ. ათენელებმა თავად ითავეს მტერთან შეხვედრა, კერკირელებს კი ურჩიეს, მიჰყოლოდნენ მათ, როდესაც მზად იქნებოდნენ. როდესაც კერკირელთა ნაჩქარევად აღჭურვილი ხომალდები მოწინააღმდეგეებს მიუახლოვდნენ, მათი ორი ხომალდი მტრის მხარეს გადავიდა, სხვებზე კი უწესრიგობა დაიწყო. პელოპონესელებმა შეამჩნიეს განხეთქილება მოწინააღმდეგის რიგებში და ოცი ხომალდი კერკირელთა წინააღმდეგ გაუშვეს, დანარჩენი ძალები კი ათენელთა თორმეტი ხომალდის წინააღმდეგ მიმართეს.

კერკირელებმა მათ უწესრიგოდ შეუტიეს და დიდი დანაკარგი ნახეს. ათენელებმა მოწინააღმდეგის რიცხობრივი უპირატესობისა და ალყაში მოხვედრის შიშით ვერ გაბედეს მათ მთავარ ძალებზე თავდასხმა. ისინი მოწინააღმდეგეთა ესკადრის ფრთას დაუპირისპირდნენ და ერთი ხომალდი ჩაძირეს. როდესაც მოწინააღმდეგეთა გემებმა წრე შეკრეს, ათენელებმა მათ გარს შემოუარეს და შევიწროება დაუწყეს. პელოპონესელებმა, რომლებიც კერკირელთა პირისპირ იდგნენ, შეამჩნიეს ათენელთა მანევრი. მათ შეეშინდათ ნავპაქტოსის წარუმატებლობის განმეორებისა და მიეშველნენ თავისიანებს. ახლამთელი პელოპონესელთა ესკადრა ათენელებს უტევდა. ათენელებმა დაიწყეს ნელი უკან დახევა, რითაც კერკირელებს გადარჩენის შანსი მისცეს. ეს საზღვაო ბრძოლა მზის ჩასვლისას დასრულდა.

კერკირის დემოკრატებს ეშინოდათ, რომ გამარჯვების შემდეგ მოწინააღმდეგე ქალაქს დაესხმოდა თავს ან კუნძულიდან ოლიგარქებს წაიყვანდა. მაშინ მათ ოლიგარქები ჰერას სამლოცველოში დააბრუნეს და ქალაქში დაცვა გააძლიერეს. პელოპონესელებმა, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა მოიგეს, ვერ გაბედეს ქალაქზე ზღვიდან თავდასხმა და თავის სადგომისკენ გაბრუნდნენ ხელში ჩაგდებულ ცამეტ კერკირულ გემთან ერთად. მეორე დღესაც ვერ გაბედეს ქალაქზე თავდასხმა. როგორც ამბობენ, ბრასიდასი ურჩევდა ალკიდეს, ეცადათ აეღოთ ქალაქი, მაგრამ ვერ დაიყოლია იგი. პელოპონესელები ლევკიმეს კონცხთან გადმოსხდნენ და ქვეყნის აოხრება დაიწყეს.

ამასობაში დემოკრატებმა პელოპონესელთა თავდასხმის შიშით ტაძრებში შეფარებულებთან და სხვა მოწინააღმდეგეებთან მოლაპარაკება დაიწყეს ქალაქის დაცვის თაობაზე. ზოგი დაითანხმეს, ხომალდზე ემსახურა. დემოკრატებმა მოახერხეს კიდევ ოცდაათი ხომალდის აღჭურვა. პელოპონესელები შუადღემდე აჩანაგებდნენ ქვეყანას, შემდეგ კი უკან გაბრუნდნენ. დაღამებისას სასიგნალო ცეცხლმა მათ ათენელთა სამოცი ხომალდის მოახლოება ამცნო. ეს ხომალდები ათენელებმა გამოგზავნეს, როდესაც აჯანყებისა და ალკიდესის ლაშქრობის შესახებ გაიგეს.

პელოპონესელები ღამითვე სასწრაფოდ შინისკენ გაემართნენ. ჯერ სანაპიროს გასწვრივ მიცურავდნენ, მერე კი ლევკადასთან ხმელეთით გადაათრიეს ხომალდები, რომ მოწინააღმდეგეს არ შეენიშნა.

ატიკური ხომალდების მოახლოება რომ შეიტყვეს, დემოკრატებმა ქალაქში შეიყვანეს მესენიური რაზმები, ხოლო ხომალდები კუნძულის გარშემო გაგზავნეს ჰილაიის ნავსადგურისკენ. სანამ ეს ხომალდები გზაში იყვნენ, დემოკრატებმა ქალაქში თავის მოწინააღმდეგეთა ხოცვა დაიწყეს. მოწინააღმდეგეები, ვინც ხომალდებზე მსახურობდა, ნაპირზე ჩამოსხეს და დახოცეს. შემდეგ ჰერას სამლოცველოში შეფარებულები დაარწმუნეს, წარმდგარიყვნენ სასამრთლოს წინაშე და ყველას სიკვდილი მიუსაჯეს. შეფარებულთა დიდი ნაწილი არ გამოვიდა სამლოცველოდან როდესაც ნახა, გარეთრა ხდებოდა, და ერთმანეთი დახოცეს წმინდა ადგილას. შვიდი დღის განმავლობაში, სანამ ათენელების სამოცი ხომალდი კუნძულზე რჩებოდა, დემოკრატები ჟლეტდნენ თანამოქალაქეებს, ვისაც კი მტრებად მიიჩნევდნენ. მათ დემოკრატიის ხელყოფაში სდებდნენ ბრალს, სინამდვილეში ზოგი პირადი მტრობით მოკლეს, ზოგიც მოვალეებმა – ფულის გამო. კუნძული სიკვდილმა მოიცვა. ყველა უბედურება, რაც გადატრიალებას თან ახლავს, კერკირას დაატყდა თავს. მამა შვილს კლავდა, შეწყალების მთხოვნელს საკურთხეველთან კლავდნენ, ზოგიც დიონისეს სამლოცველოში ამოქოლეს.

ასეთ სისასტიკემდე მივიდა შინაომი. ამან საშინელი შთაბეჭდილება მოახდინა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ასეთი რამ პირველად მოხდა. შემდგომში მთელი ელინური სამყარო შეარყია პარტიების ბრძოლამ. ყველა ქვეყანაში სახალხო პარტია ათენელებს უხმობდა დასახმარებლად, ოლიგარქიული კი – ლაკედემონელებს. მშვიდობიან პერიოდში პარტიების ბელადებს ამის არც საფუძველი ჰქონდათ და არც სურვილი. ახლა კი, როდესაც ათენი და ლაკედემონი ერთმანეთს ებრძოდნენ, ორივე მხარეს იოლად შეეძლო მოკავშირის პოვნა მოწინააღმდეგის დასათრგუნად და უკმაყოფილონი სიხარულით იწვევდნენ უცხოელებს პოლიტიკურ ცვლილებათა იმედით.

შინააშლილობის შედეგად, ქვეყნებს მრავალი უბედურება დაატყდა თავს, რაც ადრეც არსებობდა და მუდამ იარსებებს, სანამ ადამიანის ბუნება უცვლელია. მშვიდობისა და კეთილდღეობის დროს სახელმწიფოც და კერძო პირიც თავის ქმედებებში ხელმძღვანელობს საუკეთესო სურვილებით, რადგანაც მათი თავისუფლება არ არის შეზღუდული. ომი კი ძალადობას ასწავლის. ის ცვლის ცხოვრების ჩვეულ ნირს და ადამიანებს შესაბამის სურვილებსა და განწყობას უქმნის. შინაურმა ბრძოლებმა მთელი ელადა მოიცვა. ქვეყნები, რომლებიც უფრო გვიან ჩაერთნენ, იგებდნენ, რა ხდებოდა სხვასთან და კიდევ უფრო შორს მიდიოდნენ თავიანთ ჩანაფიქრებში. ისინი აღემატებოდნენ წინამორბედებს ვერაგობითა და სისასტიკით. სიტყვების ჩვეული მნიშვნელობაც კი შეიცვალა ადამიანის მოქმედებათა შეფასებისას. უგუნური სიმამაცე გამბედაობად ითვლებოდა, გონიერი სიფრთხილე – შენიღბულ ლაჩრობად, ზომიერება – უნიათობად, ყოველმხრივი განხილვა – სრულ უმოქმედობად. უზომო სიფიცხე ღირსებად იქცა, უსაფრთხოებაზე ზრუნვა კი – მოქმედებისთვის თავის არიდების მიზეზად. კაცი, ვინც ყველას ლანძღავდა და ყველაფრით უკმაყოფილო იყო, ნდობას იმსახურებდა. მისი მეტოქე კი, პირიქით, ეჭვს იწვევდა. წარმატებული და ეშმაკი კაცი გამჭრიახად ითვლებოდა, ხოლო ვინც მის გეგმებს ამოიცნობდა, კიდევ უფრო ყოჩაღად. მას კი, ვინც წინასწარ გადაწყვიტა, უარი ეთქვა პოლიტიკურ ბრძოლაზე, თავისი პარტიის მტრად თვლიდნენ, ხოლო ვისაც მოწინააღმდეგის შეეშინდა, მხდალად. აქებდნენ მას, ვისაც შეეძლო დაბეზღებით დაესწრო მის წინააღმდეგ ჩაფიქრებული ხლართებისთვის ან სხვები ჩაერთო ამგვარ ქმედებებში. პოლიტიკური კავშირები ნათესაურზე მტკიცე იყო და საძმოს წევრები ერთად ნებისმიერ სახიფათო საქმეზე მიდიოდნენ. ამგვარი ორგანიზაციები საზოგადო სიკეთეს და კანონის დაცვას კი არ ემსახურებოდნენ, არამედ კერძო ინტერესებს. ამ ხალხის ერთმანეთისადმი ერთგულება ემყარებოდა არა ღმერთების კანონის დაცვას, არამედ მათ ერთობლივ დარღვევას. ისინი იღებდნენ მოწინააღმდეგის მშვიდობიან წინადადებას, თუ მარცხდებოდნენ. დაზავებისას მიცემული ფიცი ორივე მხარეს დროის მოგების საშუალებად მიაჩნდა. ის მათ აკავებდა მხოლოდ მანამ, სანამ ახალი ბრძოლისთვის ძალას არ მოიკრებდნენ. ვინც დროს იხელთებდა და ფიცს მინდობილ მეტოქეს თავს დაესხმოდა, ტკბებოდა შურისძიებით. მტერზე ვერაგობით გამარჯვებით წარმატების მოპოვებაც შეიძლებოდა და სახელისაც: ადამიანთა უმრავლესობას ურჩევნია მოხერხებულ მატყუარად ითვლებოდეს, ვიდრე პატიოსან სულელად.

ამ უბედურებათა მიზეზი ძალაუფლების წყურვილია, რომელიც სიხარბესა და პატივმოყვარეობას ემყარება. ორივე პარტიის თავკაცები ლამაზ სიტყვებს ამბობენ – „თანასწორობა ყველასთვის“, ან „ზომიერი არისტოკრატია“. ისინი ამტკიცებენ, რომ ქვეყნის სიკეთისთვის იბრძვიან, სინამდვილეში კი – ბატონობას ესწრაფვიან. თითოეული ცდილობს, დაამარცხოს მეტოქე და ათასგვარ დანაშაულს სჩადის. შურისძიებაში კიდევ უფრო შორს მიდიან. გაყალბებული კენჭისყრით ან ძალადობით ხელისუფლების მოპოვების შემდეგ ისინი მზად არიან, ნებისმიერ დროს გამოავლინონ თავიანთი სიძულვილი მოწინააღმდეგისადმი. პატიოსნება და ღმერთების შიში მათთვის ლიტონი სიტყვების, ხოლო, ვინც უსინდისო საქმეებს ლამაზი ფრაზებით ნიღბავს, სახელსაც იხვეჭს. ის მოქალაქეები, რომლებიც არც ერთ პარტიას არ ეკუთვნიან, ორივე მხარის მსხვერპლი ხდებიან, რადგან ცალკე დგანან და უკვე ამით მათდამი სიძულვილს იწვევენ.

პარტიების ბრძოლამ ელადაში ყველანაირი მანკიერება და უსინდისობა წარმოშვა, უბრალოება და სიკეთე კი დაცინვის საგანი გახდადა გაქრა. ყველგან მოქიშპე პარტიები იყო. მათ უკვე ვერაფერი შეარიგებდა. ყველა დარწმუნებული იყო, რომ საერთო უსაფრთხოება აღარ არსებობდა, ამიტომ ყველას თავის თავზე უნდა ეზრუნა დასხვას არ ნდობოდა. ამ ბრძოლაში ნაკლებად განვითარებული და ნაკლებად განათლებული ხალხი იმარჯვებდა. ისინი გრძნობდნენ თავის არასრულფასოვნებას, ეშინოდათ, რომ მოწინააღმდეგის ჭკუისა და ეშმაკობის მსხვერპლნი გახდებოდნენ და თამამად მიმართავდნენ ძალადობას. სხვები კი, ვინც ქედმაღლურად მიიჩნევდა, რომ ყველაფერი გაითვალისწინა და ძალადობის გარეშე გავიდოდა ფონს, სიფხიზლეს კარგავდნენ და იღუპებოდნენ.

ამ ბოროტებათა უმეტესობა პირველად კერკირაზე გაჩნდა. ზოგი გამოიწვია შურისძიების გრძნობამ იმ მმართველთა მიმართ, რომლებიც ტირანების მსგავსად უგუნურად და თვითნებურად იქცეოდნენ. სხვა ბოროტება სიღარიბისგან თავის დაღწევისა და უკანონოდ გამდიდრების სურვილმა გააჩინა. ზოგი დანაშაული სიძულვილმა წარმოშვა და უკიდურეს სისასტიკეს აღწევდა. ქვეყანაში ცხოვრება მოიშალა. ადამიანის ბუნება ხომ ყოველთვის მზადაა კანონის დასარღვევად, ახლა კი ქვენა გრძნობებს გასაქანი მიეცა. ასეთი ამბები დატრიალდა კერკირაზე. ამასობაში ათენელთა ესკადრა უკან გაბრუნდა. შემდგომში კერკირადან დევნილმა ოლიგარქებმა დაიკავეს სიმაგრე კუნძულის მოპირდაპირე მხარეს, საიდანაც პერიოდულად თავს ესხმოდნენ და აწუხებდნენ კერკირელებს. მათ დახმარება სთხოვეს ლაკედემონსა და კორინთოსს, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ გაამზადეს სატრანსპორტო გემები, იქირავეს მებრძოლები და ექვსასი კაცით კუნძულზე გადასხდნენ. მებრძოლებისთვის უკანდასახევი რომ მოეჭრათ, გემები დაწვეს, და ისტონეს მთაზე გამაგრდნენ. აქედან აგრძელებდნენ მოქალაქეთა რბევას.

იმავე ზაფხულის მიწურულს ათენელებმა ლაქეტესის სარდლობით ოცი ხომალდი გაგზავნეს სიცილიაზე. ამის მიზეზი სირაკუზელთა და ლეონტინელთა ომი იყო. სირაკუზელებს მიემხრნენ სხვა დორიული ქვეყნებიც, კამარინის გარდა, რომლებიც ომის დაწყებისთანავე შევიდნენ ლაკედემონის კავშირში, მაგრამ ბრძოლაში მონაწილეობას არ იღებდნენ. ლეონტინელთა მხარეს კი ქალკიდელთა ქვეყნები და კამარინა იყვნენ. იტალიაში სირაკუზელებს ლოკრები შეუერთდნენ, ლეონტინელებს კი – რეგიელები. როდესაც ლეონტინელთა მოკავშირეებს გაუჭირდათ, მათ დასახმარებლად ათენს მიმართეს. ათენელებმა ძველი მეგობრობის საბაბით ესკადრა გაგზავნეს, სინამდვილეში მათ პელოპონესში პურის მიწოდების შეფერხება და სიცილიის დაპყრობა აინტერესებდათ. ათენელები იტალიაში გადასხდნენ და მოკავშირეებს მიეშველნენ. ასე დამთავრდა ზაფხული.

მომდევნო ზამთარს ჭირმა ისევ იფეთქა ათენში. ამჯერად ის მთელ წელიწადს მძვინვარებდა. ამ უბედურებამ დიდად შეარყია ათენის ძლიერება. სიებში შეტანილთაგან ოთხი ათას ოთხასი ჰოპლიტი და სამასი მხედარი დაიღუპა, დანარჩენი მოსახლეობიდან კი – რამდენი, ვერავინ მოთვლის. ხშირი იყო მიწისძვრებიც ათენში, ევბეასა და ბეოტიაში.

ზამთარში სიცილიაზე მყოფმა ათენელებმა და რეგიელებმა დალაშქრეს ეოლოსის კუნძულები. კუნძულები კნიდოსელთა კოლონისტ ლიპარიელებს ეკუთვნით. მოსახლეობა მხოლოდ ერთ კუნძულზე ცხოვრობს, სხვებზე კი გადადიან და მიწას ამუშავებენ. მათ სჯერათ, რომ იქ არის ჰეფესტოსის სამჭედლო, რადგან ღამით ცეცხლის სვეტი ჩნდება. ათენელებმა დაარბიეს კუნძულები, მაგრამ მოსახლეობა ვერ დაიმორჩილეს და უკან გაბრუნდნენ. ასე დასრულდა ომის მეხუთე წელი.

მომდევნო ზაფხულს პელოპონესელები მეფე აგისის, არქიდამოსის ძის სარდლობით ატიკის დასალაშქრად ემზადებოდნენ, მაგრამ უკან გაბრუნდნენ ხშირი მიწისძვრების გამო. დაახლოებით იმავე დროს მიწისძვრის გამო ევბეაზე, ორობიასში ზღვამ უკან დაიხია, შემდეგ კი უზარმაზარი ტალღები დაატყდა თავს ქალაქს. სადაც ადრე ხმელეთი იყო, ახლა ზღვაა. ამასთან, ბევრი ხალხი დაიღუპა. მსგავსი წყალდიდობა მოხდა კუნძულ ატალანტაზეც, სადაც ზღვამ ათენელთა სიმაგრის ნაწილი დაანგრია და ერთი ხომალდი დააზიანა. პეპარეთოსთანაც ზღვამ ოდნავ უკან დაიხია და მიწისძვრამ გალავნის ნაწილი, ნავსადგური და რამდენიმე სახლი დაანგრია.

იმ ზაფხულს სიცილიაზე ომი გრძელდებოდა. სიცილიელი ელინები ერთმანეთს ეომებოდნენ, ათენელები კი თავიანთ მოკავშირეებს ეხმარებოდნენ. ათენელი სარდლის ქარეადასის დაღუპვის შემდეგ ლაქეტესმა გადაიბარა მთავარსარდლობა და მოკავშირებთან ერთად ქალაქ მილეზე გაილაშქრა. ქალაქის გარნიზონი ჩაუსაფრდა ათენელებს, მაგრამ ათენელებმა გააქციეს მოწინააღმდეგე, შემდეგ შეუტიეს ციხესიმაგრეს და აიძულეს მტერი, დანებებულიყო და მათთან ერთად მესენას წინააღმდეგ წასულიყო. ბოლოს და ბოლოს, მესენაც დანებდა, მათ ათენელებს მძევლები და ერთგულების გარანტია მისცეს.

იმავე ზაფხულს ათენელებმა ოცდაათი ხომალდისგან შემდგარი ესკადრა გაგზავნეს დემოსთენესის და პროკლოსის სარდლობით პელოპონესის ნაპირებთან. აგრეთვე, სამოცი ხომალდი და ორი ათასი ჰოპლიტი გაგზავნეს მელოსზე ნიკიასის სარდლობით. ათენელებს უნდოდათ მელოსელთა დამორჩილება. რადგან მელოსელები მათი მიწების გაჩანაგების შემდეგაც არ დანებდნენ, ათენელებს ოროპოსში წასვლა მოუწიათ. იქ ისინი დაღამებისას გადასხდნენ და ჰოპლიტები ბეოტიური ტანაგრისკენ დაიძრნენ. ამასობაში ათენელთა ძალები, ჰიპონიკოსის და ევრიმედონის სარდლობით, მათ შესახვედრად დაიძრნენ. ისინი დაბანაკდნენ და მთელი დღის განმავლოაში აოხრებდნენ ტანაგრის მიწას. მეორე დღეს მათ დაამარცხეს ტანაგრელები და მათ დასახმარებლად მოსული თებელები. ათენელებმა აღმართეს გამარჯვების ნიშანი, შემდეგ კი დაბრუნდნენ, ერთნი – შინ, მეორენი კი – საკუთარ გემებთან. ნიკიასის ესკადრა თავს დაესხა ლოკრისს, ააოხრა ქვეყანა და შინ დაბრუნდა.

დაახლოებით იმავე დროს ლაკედემონელებმა დააარსეს ჰერაკლეა ტრაქინეაში. ტრაქინეელებმა მეზობლებთან მარცხის შემდეგ ჯერ ათენელებთან დაკავშირება განიზრახეს, მაგრამ შემდეგ ლაკედემონში გაგზავნეს ელჩობა. მათთან ერთად დახმარებას ითხოვდა ლაკედემონელთა მეტროპოლია დორისიც. ლაკედემონელებმა გადაწყვიტეს მათი დახმარება, თანაც ახალი ქალაქის მდებარეობახელსაყრელი იყო ათენელებთან ომში. იქიდან შეიძლებოდა ევბეაზე ხომალდების გაგზავნა. აგრეთვე ლაშქრის თრაკიაში გადაყვანა. თავიდან რჩევა ღმერთს ჰკითხეს დელფოში. კეთილი მისნობის შემდეგ კი კოლონისტები გაგზავნეს.

ახალი ქალაქის მშენებლობამ ათენში შეშფოთება გამოიწვია,რადგან მიხვდნენ, რომ ის ევბეაზე თავდასასხმელად იყო გამიზნული. მაგრამ შემდგომში ამ ქალაქისგან ათენელებს არავითარი უსიამოვნება არ შეხვედრიათ. თავდაპირველად, თესალიელებს დასხვა ტომებს, ვის მიწაზედაც დაარსდა კოლონია, ეშინოდათ ახალმოსულების და გაუთავებელი ომებით თითქმის სულ გაწყვიტეს ისინი. თავიდან კი ბევრი კოლონისტი იყო. თითოეული კოლონიას უსაფრთხოდ მიიჩნევდა, რადგან მათ სათავეში ლაკედემონელები იდგნენ. კოლონიის დაღუპვის მეორე მიზეზი კი უგუნური მმართველობა იყო. ლაკედემონელებმა მკაცრი და ზოგჯერ უსამართლო მმართველობით ხალხის სიძულვილი დაიმსახურეს.

იმავე ზაფხულს, დაახლოებით იმავე დროს, როდესაც ათენელები მელოსთან იბრძოდნენ, მათი ოცდაათი ხომალდი აკარნანიელების, ძაკინთელების, კეფალენიელების და კერკირელთა თხუთმეტი ხომალდის დახმარებით ლევკადას დაესხნენ თავს. ლევკადელები ქალაქში ჩაიკეტნენ და არ გამოდიოდნენ მტერთან საბრძოლველად მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე მათ მიწას აჩანაგებდა. იცოდნენ, მრავალრიცხოვან მტერს ვერ გაუმკლავდებოდნენ. აკარნანიელები სთხოვდნენ ათენელ სარდალ დემოსთენესს, ჩაეკეტა ქალაქი საალყო კედლით. იმედი ჰქონდათ, რომ ასე უფრო იოლად აიღებდნენ ქალაქს და მოიშორებდნენ ძველ მტერს. მაგრამ მესენიელებმა დაარწმუნეს დემოსთენესი, გაელაშქრა ეტოლიელებზე, ნავპაქტოსის მტრებზე. ეტოლიელების დამორჩილებით შეიძლებოდა ამ სანაპიროზე ლაკედემონელთა სხვა მოკავშირეების გადაბირება ათენელთა მხარეზე. მართალია, ეტოლიელები დიდი და მეომარი ტომია, მაგრამ მათ არა აქვთ სიმაგრეები და მხოლოდ მსუბუქად შეიარაღებული მეომრები ჰყავთ. ამიტომ მათი დამარცხება იოლი იქნებოდა, თუ ისინი ვერ მოახერხებდნენ ძალების თავმოყრას.

დემოსთენესი დაეთანხმა ამ წინადადებას, რადგან უნდოდა მესენიელიებისთვის ეამებინა. იგი იმასაც შესაძლებლად მიიჩნევდა, ათენიდან დახმარების გარეშე, მხოლოდ მოკავშირეთა დაეტოლიელთა ძალებით თავს დასხმოდა ბეოტიას. იმედი ჰქონდა, ათენელებთან ძველი მეგობრობის გამო ფოკიდელებიც მიიღებდნენ ლაშქრობაში მონაწილეობას.

დემოსთენესმა აკარნანიელთა ნების საწინააღმდეგოდ დატოვა ლევკადა და გეზი სოლიოსზე აიღო. აქ მან აკარნანიელებს გაუმხილა ეტოლიელებზე თავდასხმის გეგმა. აკარნანიელებმა უარი განაცხადეს ამ წამოწყებაზე, რადგან ლევკადა დაუცველი რჩებოდა. მაშინ დემოსთენესმა დაიწყო ლაშქრობა მის ხელთ დარჩენილი ძალებით. ესენი იყვნენ: კეფალენიელები, მესენიელები, ძაკინთელები დასამასი ქვეითი ათენელი. მათ უნდა შეერთებოდნენ ლოკრებიც, რომლებიც ეტოლიელების მსგავსად იყვნენ შეიარაღებული და კარგად იცნობდნენ მათ.

დემოსთენესმა პირველი ღამე ნემეელი ზევსის სამლოცველოში გაათია, სადაც, გადმოცემის თანახმად, ჰესიოდე მოკლეს. გამთენიისას ის ეტოლიაში შეიჭრა, აიღო რამდენიმე დასახლებული პუნქტი და ნადავლი ევპალიოსში გაგზავნა. დემოსთენესი არ ფიქრობდა ყველაზე ძლიერ ეტოლიურ ტომზე, ოფიონებზე თავდასხმას. ქვეყნის დანარჩენი ნაწილის დამორჩილების შემდეგ იგი ნავპაქტოსში დაბრუნებას ვარაუდობდა. ათენელი სარდლის გეგმები ეტოლიელთათვის ცნობილი გახდა, მათ შეკრიბეს ლაშქარი და მტრის შესახვედრად წამოვიდნენ.

ამასობაში მესენიელებმა გაუმეორეს დემოსთენესს მათი თავდაპირველი რჩევა. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ქვეყნის დამორჩილება იოლად მოხერხდებოდა, თუ დასახლებებს მანამ დაიკავებდა, სანამ ეტოლიელები გაერთიანდებოდნენ. დემოსთენესი ენდო მესენიელთა რჩევას და საკუთარ ბედს, რომელიც აქამდე სწყალობდა, აღარ დაელოდა ლოკრების შემოერთებას და აიგიტიოსს შეუტია. მან იოლად აიღო ქალაქი, მაგრამ ამ დროს ეტოლიელები გამოჩნდნენ. ისინი

მთის ფერდობებიდან ეშვებოდნენ ხან ერთ, ხან მეორე ადგილას და შუბებს სტყორცნიდნენ ათენელებს. ათენელთა ყოველი იერიშის დროს უკან იხევდნენ, მერე კი ისევ ბრუნდებოდნენ. ბრძოლა გაჭიანურდა, იერიშები და უკან დახევა ერთმანეთს ცვლიდა და ორივე შემთხვევაში ათენელთა რიგებში მსხვერპლი იყო.

სანამ მოისრეებს ისრები გაუთავდებოდათ, ათენელები მედგრად იდგნენ. მოისრეთა რაზმის უფროსი რომ დაეცა, რაზმი გაიფანტა, ათენელებმა ვეღარ გაუძლეს შემოტევას და გაიქცნენ. ზოგი ხევში გადავარდა, ზოგსაც გზა დაებნა, მათი მესენიელი მეგზურიც დაიღუპა. მსუბუქად შეჭურვილი ეტოლიელები იოლად ეწეოდნენ გაქცეულ მტერს და ხოცავდნენ. რაზმის დიდი ნაწილი ტყეში აღმოჩნდა. მაშინ მტერმა ტყეს ცეცხლი წაუკიდა. ათენელთა ჯარის ნარჩენებმა ლოკრისს მიაღწიეს. ლაშქრობაში ბევრი მოკავშირეც დაიღუპა, ათენელებმა კი ას ოცი ჰოპლიტი დაკარგეს, სულ რჩეული ახალგაზრდები. დაზავების შემდეგ ათენელებმა დაღუპულთა ცხედრები დაიბრუნეს და ნავპაქტოსისკენ დაიხიეს, იქიდან კი ათენში დაბრუნდნენ. დემოსთენესი ნავპაქტოსში დარჩა, რადგან მარცხის გამო ათენელთა რისხვის ეშინოდა.

დაახლოებით იმავე დროს ათენელთა ესკადრამ სიცილიიდან ლოკრისისკენ აიღო გეზი. გადმოსხდომისას ათენელებმა დაამარცხეს ლოკრები და აიღეს სასაზღვრო სიმაგრე.

იმავე ზაფხულს ეტოლიელებმა ელჩები გაგზავნეს კორინთოსსა და ლაკედემონში. მათ დაარწმუნეს ლაკედემონელები, გაეგზავნათ ჯარი ნავპაქტოსის დასასჯელად. შემოდგომაზე ლაკედემონელებმა მართლაც გაგზავნეს სამი ათასი ჰოპლიტი ევრილოქოსის სარდლობით.

როდესაც ლაშქარი დელფოსში შეიკრიბა, ევრილოქოსმა მაცნე გაუგზავნა ლოკრებს, რადგან მათ მიწაზე უნდა გაევლო, თანაც იმედი ჰქონდა, რომ მათ ათენელთა წინააღმდეგ წააქეზებდა. ადგილობრივი ტომები მიემხრნენ პელოპონესელებს, მძევლები მისცეს მათ, ზოგმა მეომრებიც მიაშველა.

სამზადისს რომ მორჩა, ევრილოქოსი ლოკრისის გავლით ნავპაქტოსისკენ დაიძრა. გზად ოინეონი და ევპალიოსი აიღო და ნავპაქტოსის ოლქის აოხრებას შეუდგა. ათენელმა დემოსთენესმა მტრის მოახლოება რომ შეიტყო, შეწუხდა ქალაქის ბედზე და აკარნანელებს დახმარება სთხოვა. მათ ახსოვდათ მისი წასვლა ლევკადიდან, მაგრამ მაინც მისცეს ათასი ჰოპლიტი, რომლებმაც გადაარჩინეს ქალაქი. მათ გარეშე ქალაქი გრძელი კედლებითა და მცირე გარნიზონით დიდხანს ვერ გაძლებდა. ევრილოქოსმა მაშველი ძალის მოსვლა რომ შეიტყო, მიხვდა, იერიშით ქალაქს ვეღარ აიღებდა, უკან დაიხია და ეოლისში გადავიდა. აქ მასთან ამპრაკიელები მივიდნენ და შესთავაზეს, ამფილოქი და აკარნანია დაელაშქრა. თუ მათი დამორჩილება მოხერხდებოდა, მთელი ხმელეთი ლაკედემონელთა კავშირს შეუერთდებოდა. ევრილოქოსი დათანხმდა. მან დაითხოვა ეტოლიელები, თვითონ კი თავისი ლაშქრით ქვეყანაში დარჩა, რომ ამპრაკიელებს არგოსის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებოდა. ასე დასრულდა ზაფხული.

მომდევნო ზამთარს ათენელები და მათი სიცილიელი მოკავშირეები თავს დაესხნენ ინესას, რომლის აკროპოლისიც სირაკუზელებს ეპყრათ. ქალაქი ვერ აიღეს და უკან დაიხიეს. მაშინ სირაკუზელებმა იერიში მიიტანეს არიერგარდში მყოფ მოკავშირეებზე და დიდად ავნეს მათ. ამის შემდეგ მალევე ლაქეტესმა გადასხა დესანტი ლოკრისში და მდინარე კაიკინოსთან დაამარცხა ლოკრების რაზმი.

იმავე ზამთარს, რაღაც მისნობის საფუძველზე, ათენელებმა დელოსი განწმინდეს. ადრე ტირანმა პისისტრატოსმა გაწმინდა კუნძულის ნაწილი, რომელიც ტაძრიდან ჩანს. ახლა მთელი კუნძული განიწმინდა. ათენელებმა ბრძანეს კუნძულიდან ყველა სამარხის გატანა და სამომავლოდ აკრძალეს იქ მომაკვდავთა და მშობიარეთა ყოფნა. ისინი რენიაზე უნდა გადაეყვანათ. ეს კუნძული ისე ახლოა დელოსიდან, რომ სამოსელმა ტირანმა პოლიკრატესმა, რომელიც ოდესღაც ზღვაზე ბატონობდა, ისინი ჯაჭვით გადააბა და დელოსელ აპოლონს შესწირა. განწმენდის შემდეგ ათენელებმა დელოსზე ოთხ წელიწადში ერთხელ თამაშების მოწყობა დააწესეს. თამაშებზე დასასწრებად ოჯახებით ჩამოდიოდნენ. აქვე იმართებოდა მუსიკალური და გიმნასტიკური შეჯიბრებები, რის შესახებ ჰომეროსიც გვამცნობს.

იმავე ზამთარს ამპრაკიელებმა შეასრულეს ევრილოქოსისთვის მიცემული პირობა და ამფილოქიურ არგოსზე გაილაშქრეს. ისინი შეიჭრნენ არგოსის ოლქში და დაეუფლნენ ოლპას, სიმაგრეს ზღვისნ  ნაპირზე, სადაც ადრე აკარნანელთა სასამართლო იკრიბებოდა. ეს სიმაგრე არგოსიდან ოცდახუთი სტადიონითაა დაშორებული. აკარნანელთა ერთი რაზმი არგოსის საშველად გაემართა, მეორეს კი ევრილოქოსის გადაადგილებისთვის უნდა ედევნებინა თვალი. აკარნანელებმა სთხოვეს დემოსთენესს, სათავეში ჩადგომოდა მათ ჯარს. ამპრაკიელებმა ოლპადან თანამოქალაქეებს სთხოვეს მაშველი რაზები, რადგან ეშინოდათ, რომ ევრილოქოსი აკარნანელებს ვერ გასცდებოდა.

ამასობაში ევრილოქოსმა გაიგო ამპრაკიელთა ოლპაში მისვლა და სასწრაფოდ დაიძრა მათ საშველად. მან შეუმჩნევლად აუარა გვერდი აკარნანელებს, ღამით არგოსის დაბლობზე დაეშვა და ამპრაკიელებს შეუერთდა.

შეერთების შემდეგ დილით ორივე ჯარი დაიძრა მეტროპოლისისკენ და იქ დაბანაკდა. ცოტა ხანში არგოსელებს წამოეშველნენ ათენის ოცი ხომალდი და დემოსთენესი ორასი მესენიელი ჰოპლიტითა და სამოცი ათენელი მშვილდოსნით. ესკადრამ ოლპას მახლობლად ჩაუშვა ღუზა. აკარნანელები და ამფილოქელთა ნაწილი არგოსში შეიკრიბნენ. მთავარსარდლად დემოსთენესი აირჩიეს. იგი ლაშქრით ოლპას მახლობლად დაბანაკდა. მოწინააღმდეგეებს ერთიხევი ჰყოფდა. ხუთი დღე უმოქმედოდ იდგნენ, მეექვსე დღეს კი საბრძოლველად გაემზადნენ. მეტოქის რიცხობრივი უპირატესობისა და უფრო გრძელი ფრონტის პირობებში დემოსთენესს გარემოცვაში მოხვედრა აშინებდა. ამიტომ მან მახის დაგება გადაწყვიტა. ოთხასი ჰოპლიტი და მსუბუქად აღჭურვილი ქვეითი ბუჩქნარში ჩაასაფრა, რათა გარემოცვის დროს მტერს ზურგიდან დასხმოდნენ თავს. დემოსთენესი მესენიელებთან და ათენელებთან ერთად მარჯვენა ფლანგზე იდგა, ცენტრსა და მარცხენა ფლანგზე კი – აკარნანელები და ამფილოქელები. პელოპონესელები და ამპრაკიელები შერეულად იდგნენ, გარდა მანტინეელებისა, რომლებიც ერთად იდგნენ მარცხენა ფლანგზე. დემოსთენესის პირისპირ ევრილოქოსის რაზმი დადგა.

ბრძოლა გაჩაღდა. პელოპონესელებმა შემოვლითი მანევრი წამოიწყეს, რათა მტერი ალყაში მოემწყვდიათ. მაშინ აკარნანელები ბუჩქნარიდან გამოცვივდნენ და მოწინააღმდეგეს ზურგიდან შეუტიეს. პელოპონესელები შედრკნენ და გაიქცნენ. საუკეთესო ნაწილის მარცხმა დანარჩენებსაც დაუკარგა მხნეობა. ამდენად დემოსთენესმა და მისმა მესენიელებმა გაიმარჯვეს. მარჯვენა ფრთაზე კი ამპრაკიელები იმარჯვებდნენ, მათ მოწინააღმდეგე არგოსამდე უკუაქციეს, მაგრამ მობრუნებულებმა აღმოაჩინეს, რომ ლაშქრის ძირითადი ნაწილი განადგურებული იყო, და ბრძოლით დაიხიეს ოლპასაკენ. მხოლოდ მანტინეელებმა მოახერხეს წყობის დარღვევის გარეშე უკან დახევა. ბრძოლა დაღამებამდე გაგრძელდა.

ევრილოქოსი ბრძოლაში დაიღუპა და სარდლობა მენედაიოსმა ჩაიბარა. მძიმე მარცხის შემდეგ მან აღარ იცოდა, რა ექნა და დემოსთენესთან დაზავების შესახებ დაიწყო მოლაპარაკება. ათენელებმა და აკარნანელებმა მას დაღუპულთა ცხედრები დაუბრუნეს, თვითონ კი გამარჯვების ნიშანი აღმართეს და საკუთარი დაღუპულები დაკრძალეს. მათ ნება არ დართეს მოწინააღმდეგეს, მთელი ლაშქრით გაცლოდნენ იქაურობას. დემოსთენესმა და მისმააკარნანელმა ამხანაგებმა საიდუმლო შეთანხმება დადეს მენედაიოსთან, რომლის თანახმადაც მანტინელებს, მენედაიოსსა და სხვა სარდლებს წასვლა შეეძლოთ. დემოსთენესმა ეს იმიტომ ქნა, რომ ამპრაკიელების მარტო დატოვება სურდა, აგრეთვე ამით ლაკედემონელებსა და პელოპონესელებს ადგილობრივ ელინთა შორის სახელს გაუტეხდა. პელოპონესელებმა სასწრაფოდ დაკრძალეს თავიანთი მიცვალებულები და წასასვლელად მოემზადნენ.

ამასობაში დემოსთენესმა მიიღო ცნობა, რომ ამპრაკიდან დიდი რაზმი მოდიოდა ოლპას დასახმარებლად. მან სასწრაფოდ გაგზავნა ჯარის ნაწილი, რომ სტრატეგიული სიმაღლეები დაეკავებინათ და მტერს გზაზე ჩასაფრებოდნენ.

პელოპონესელებმა პატარა ჯგუფებად დაიწყეს ქალაქიდან გასვლა. გზად ვითომ მწვანილსა და ფიჩხს აგროვებდნენ. ოლპას რომ გაშორდნენ, ფეხს აუჩქარეს. ამპრაკიელებმა ეს შეამჩნიეს და გაეკიდნენ მათ. აკარნანელებს თავიდან ეგონათ, რომ მტერი უნებართვოდ მიდიოდა და დევნა დაუწყეს. შემდეგ სარდლებმა აუხსნეს მათ, რაც ხდებოდა და მანტინეელებსა და პელოპონოსელებს წასვლის ნება მისცეს, ამპრაკიელებს კი დაერივნენ. ორასამდე ამპრაკიელი დაიღუპა იმ დღეს.

ამასობაში ამპრაკიელთა მაშველი რაზმები იდომენას მიადგნენ. ეს ორი ბორცვია, რომელთაგან უფრო დიდი დემოსთენესის რაზმმა დაიკავა, უფრო პატარაზე კი ამპრაკიელები დაბანაკდნენ. საღამოს დემოსთენესი დანარჩენი მებრძოლებით მტრისაკენ დაიძრა და მეორე დილით მოულოდნელად დაესხა თავს. მათ ჯერ ეძინათ დაიმდენად ვერ წარმოიდგინეს, რა ხდებოდა, რომ თავიდან დემოსთენესის მებრძოლები თავისიანები ეგონათ. დემოსთენესმა სწორედ ამ მიზნით წინ მესენიელები გაუშვა, რომ დორიულ დიალექტს ყარაულის სიფრთხილე მოედუნებინა. დემოსთენესი ასე დაესხა მტერს თავს, ნაწილი დახოცა, ნაწილიც გააქცია. მაგრამ უკან დასახევი გზა უკვე მოჭრილი იყო ამფილოქელების მიერ – მიდამოს კარგად მცოდნე მსუბუქად შეიარაღებული მებრძოლები იოლად უსწორდებოდნენ გაქცეულ ჰოპლიტებს.

ამპრაკიელების უმრავლესობა დაიღუპა, მხოლოდ ერთეულები დაბრუნდნენ შინ. აკარნანელებმა საჭურველი აჰყარეს დაღუპულებს, გამარჯვების ნიშანი აღმართეს და არგოსში დაბრუნდნენ.

მეორე დღეს ოლპადან გაქცეულ ამპრაკიელთა მაცნე მოვიდა აკარნანელებთან პირველ ბრძოლაში დაღუპულთა ცხედრების სათხოვნელად. ის გააოცა ამპრაკიელთა საჭურველის რაოდენობამ, მან ხომ მეორე ბრძოლის შესახებ არაფერი იცოდა. როდესაც გაიგო, რაც მოხდა, უსიტყვოდ გაბრუნდა უკან. მართლაც, ომშიარც ერთ ქვეყანას არ განუცდია ერთ დღეში ამოდენა დანაკარგი. დაღუპულთა რიცხვი არ მომყავს, რადგან ქალაქის ზომასთანშედარებით წარმოუდგენლად მოგეჩვენებათ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აკარნანელებს და ამფილოქელებს დემოსთენესის რჩევა რომ მიეღოთ, უმტკივნეულოდ აიღებდნენ ქალაქს. მაგრამ აკარნანელები შიშობდნენ, რომ ქალაქის ხელში ჩაგდების შემდეგათენელები კიდევ უფრო არასასურველი მეზობლები იქნებოდნენ, ვიდრე ამპრაკიელები.

აკარნანელებმა ნადავლის მესამედი ათენელებს დაუთმეს, დანარჩენი კი თავად გაინაწილეს. თუმცა ათენელთა წილი მგზავრობაში დაიკარგა, ხოლო ის, რაც ატიკის ტაძრებშია გამოდგმული, დემოსთენესმა ჩამოიტანა ათენში. ამ წარმატების შემდეგ მას თამამად შეეძლო ათენში დაბრუნება. ათენელთა ესკადრა კი ნავპაქტოსში დაბრუნდა.

ათენელთა წასვლის შემდეგ აკარნანელებმა და ამფილოქელებმა გაქცეულ ამპრაკიელებსა და პელოპონესელებს თავისუფლადწასვლის ნება მისცეს, ერთმანეთში კი ასწლიანი კავშირი დადეს, რითაც ომი დაასრულეს.

იმავე ზამთარში ათენელებმა სიცილიაში ჰიმერაიას ოლქში დესანტი გადასხეს, სიკულები კი ხმელეთით შეიჭრნენ იქ. ათენელებმა დალაშქრეს აგრეთვე ეოლოსის კუნძულები. რეგიოსში დაბრუნებულებს დახვდათ პითოდოროსი, რომელსაც ლაქეტესიუნდა შეეცვალა ფლოტის სარდლის თანამდებობაზე. ეს იმიტომ მოხდა, რომ ათენელთა სიცილიელმა მოკავშირეებმა უფრო ძლიერი ესკადრის გაგზავნა ითხოვეს. მათი მიწა სირაკუზელებს ეპყრათ და ზღვიდანაც სირაკუზელთა ხომალდები ახორციელებდნენ ბლოკადას. ათენელებმა გადაწყვიტეს გაეგზავნათ ორმოცი ხომალდი, რათა, ერთი მხრივ, ომი სწრაფად დაესრულებინათ, მეორე მხრივ კი საბრძოლო პირობებში გამოეცადათ ფლოტი. მათ გაგზავნეს პითოდოროსი რამდენიმე ხომალდით და შემდგომში სოფოკლესისა და ევრიმედონის გაგზავნას აპირებდნენ დიდი ესკადრით. პითოდოროსი ზამთრის მიწურულს გაემართა ლოკრების იმ სიმაგრის წინააღმდეგ, რომელიც ადრე ლაქეტესმა აიღო. ლოკრებთან წარუმატებელი ბრძოლის შემდეგ მას უკან დახევა მოუხდა.
გაზაფხულის დამდეგს სიცილიის ყველაზე მაღალი მთიდან, ეტნადან ცეცხლოვანი ნაკადი ამოიფრქვა და კატანელთა მიწები გაანადგურა. უკანასკნელი ამოფრქვევა, როგორც ამბობენ, ორმოცდაათი წლის წინ მოხდა, სულ კი ელინებს სამი ამოფრქვევა ახსოვთ.
ასე დასრულდა ომის მეექვსე წელი.
წიგნი მეოთხე
შემდეგ ზაფხულს, ხორბლის შემოსვლისას სირაკუზელებისა და ლოკრების ათ-ათი ხომალდი გაემართა მესენაში მესენიელთავე მიწვევით. მათ ქალაქი დაიკავეს. ასე დაკარგეს ათენელებმა მესენა. სირაკუზელებს ეს ქალაქი იმდენად აინტერესებდათ, რამდენადაც ის შეიძლებოდა ათენელთათვის სირაკუზაზე დიდი თავდასხმის პლაცდარმად ქცეულიყო. ლოკრები კი ამ ლაშქრობაში რეგიელებთან მტრობის გამო მონაწილეობდნენ. ლოკრები მთელი ლაშქრით შეიჭრნენ რეგიელთა მიწაზე, რათა მათთვის მესენის დახმარების საშუალება არ მიეცათ. ლოკრებს მათთან თავშეფარებული რეგიელი დევნილებიც აგულიანებდნენ. რეგიონში კი შინააშლილობა სუფევდა, ქვეყანას არ შეეძლო ლოკრების გამკლავება და ლოკრებიც ჩქარობდნენ ქალაქის აღებას. მათ გააჩანაგეს ქვეყანა, შეკრიბეს დიდი ლაშქარი და ხომალდები ალყაშემორტყმულ მესენაში გაგზავნეს. სხვა ხომალდების აღჭურვაც დაიწყეს იქ გასაგზავნად, რათა იქიდან მიეღოთ მონაწილეობა საბრძოლო მოქმედებებში.

იმავე დროს პელოპონესელები და მათი მოკავშირეები მეფე აგისის სარდლობით ისევ შეიჭრნენ ატიკაში, დაბანაკდნენ და ქვეყნის რბევა დაიწყეს. ათენელებმა კი აღჭურვეს ორმოცი ხომალდი და სიცილიაზე სოფოკლესისა და ევრიმედონის სარდლობით გაგზავნეს. მათ დაევალათ გზად კერკირაზე შეევლოთ და კერკირელებს მიხმარებოდნენ ისტონეზე გამაგრებულ დევნილებთან ბრძოლაში. კიდევ უფრო ადრე პელოპონესელებმა სამოცი ხომალდი გაგზავნეს დევნილი ოლიგარქების საშველად იმ იმედით, რომ შიმშილით გატანჯულ ქვეყანას იოლად დაიმორჩილებდნენ. დემოსთენესი აკარნანიიდან დაბრუნების შემდეგ ათენში ცხოვრობდა, როგორც კერძო პირი. ათენელებმა მას ნება დართეს, გამოეყენებინა ეს ორმოცი ხომალდი პელოპონესის წყლებში.

გზაში ათენელებმა გაიგეს, რომ პელოპონესელთა ესკადრა უკვე კერკირაზე იყო. ევრიმედონმა და სოფოკლესმა პირდაპირ კერკირაზე წასვლა გადაწყვიტეს. დემოსთენესმა კი ურჩია მათ, ჯერ პილოსთან შეჩერებულიყვნენ, მიეღოთ საჭირო ზომები და შემდეგ გაეცურათ კერკირიასკენ. სხვა სარდლები არ ეთანხმებოდნენ, მაგრამ ქარიშხალი ამოვარდა და ესკადრა პილოსს მიაყენა. დემოსთენესმა ურჩია, გაემაგრებინათ ეს ადგილი. იგი თავისთავად ბუნებრივ სიმაგრეს წარმოადგენდა, აქ მოიპოვებოდა ბევრი საშენი მასალა – ქვა და ხე-ტყე; და გარშემო არავინ ცხოვრობდა. იგი სპარტიდან ოთხასი სტადიონით იყო დაშორებული. დემოსთენესის აზრით, ეს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო. აქ იყო ნავსადგური. თუ მას გაამაგრებდნენ და აქ მესენიელებს ჩაასახლებდნენ, რომლებიც ოდითგანვე ცხოვროდნენ პილოსში და ლაკედემონელების დიალექტზე ლაპარაკობდნენ, ლაკედემონელთათვის ბევრი ზიანის მოტანას შეძლებდნენ. თვით ადგილი კი იოლი დასაცავი იქნებოდა.

დემოსთენესმა ვერც სარდლები დაარწმუნა და ვერც მებრძოლები, მაგრამ ავდარი გაგრძელდა, ხალხს უსაქმოდ ყოფნა მობეზრდა და ადგილის გამაგრებას შეუდგნენ. ბეჯითად მუშაობდნენ. რადგან ქვის დასამუშავებელი იარაღი თან არ ჰქონდათ, ქვებს საგულდაგულოდ არჩევდნენ და ერთმანეთს არგებდნენ, თიხა კი ზურგით გადაჰქონდათ. მშენებლობის დასრულება ლაკედემონელთა მოსვლამდე სურდათ. თუმცა, მიუდგომელ ადგილას სამუშაოც ბევრი არ იყო.

ლაკედემონელებს რაღაცას დღესასწაულობდნენ, როდესაც პილოსში ათენელთა მისვლის ამბავი შეიტყვეს. თადაპირველად მშვიდად შეხვდნენ ამას. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ პილოსს იოლად აიღებდნენ. ნაწილობრივ მათ ისიც აყოვნებდათ, რომ მათი ლაშქრის ნაწილი ატიკაში იყო. ათენელებმა ექვს დღეში გაამაგრეს პილოსის მისადგომები ხმელეთის მხრიდან, იქ დემოსთენესი დატოვეს ხუთი ხომალდით, თავად კი კერკირისა და სიცილიისკენ გასწიეს.

როგორც კი ათენელთა მიერ პილოსის დაკავების ამბავმა ატიკაში მყოფ პელოპონესელებამდე მიაღწია, ისინი სასწრაფოდ უკან გამობრუნდნენ. მეფე აგისი პილოსის ამბებს ქვეყნისთვის სახიფათოდ მიიჩნევდა, ლაშქარს ატიკაში კი უკვე შიმშილი და უჩვეულო უამინდობა აწუხებდა. ამიტომ ლაკედემონელებმა ატიკაში მხოლოდ თხუთმეტი დღე დაჰყვეს და უკან დაბრუნდნენ.

ამასობაში ათენელმა სიმონიდესმა პატარა რაზმი შეკრიბა და მენდაიელთა თრაკიული კოლონია ეიონა დაიკავა, მაგრამ ქალკიდელთა იერიშს ვერ გაუძლო და ბევრი ხალხი დაკარგა.

პელოპონესელთა ატიკიდან წასვლის შემდეგ სპარტელები და მახლობლად მცხოვრები პერიეკები პილოსისაკენ გაემართნენ. დანარჩენი ლაკედემონელები შეყოვნდნენ, რადგან ახალი დაბრუნებულები იყვნენ სხვა ლაშქრობიდან. მთელ პელოპონესს უბრძანეს, პილოსისკენ დაძრულიყო და დასახმარებლად კერკირადან სამოცი ხომალდი გამოიხმეს. ისინი ლევკადასთან ხმელეთით გადაათრიეს, რათა ძაკინთოსთან მდგომ ათენის ესკადრას არ შეემჩნია. შემდეგ პილოსს მიადგნენ, სადაც შეკრებილიყო ქვეითი ჯარი.

სანამ პელოპონესელთა ხომალდები ჯერ კიდევ გზაში იყო, დემოსთენესმა წინასწარ გააგზავნა ორი ხომალდი ევრიმედონთან ძაკინთოსში და დახმარება სთხოვა. ათენელთა ესკადრა სწრაფად დაიძრა. ამასობაში ლაკედემონელებმა დაიწყეს პილოსზე ზღვიდან და ხმელეთიდან შეტევის სამზადისი. ისინი ფიქრობდნენ, რომ ნაჩქარევად აგებული სიმაგრე იოლად დაეცემოდა. გარდა ამისა, ათენელთა ესკადრის მოლოდინში ლაკედემონელებს უნდოდათ ჩაეკეტათ ნავსადგურში შესასვლელები, თუ, რა თქმა უნდა, მანამდე პილოსს ვერ აიღებდნენ. პილოსის ახლოს მდებარე კუნძული სფაქტერია გადაჭიმულია სანაპიროს გასწვრივ, იცავს ნავსადგურს და მის ვიწრო შესასვლელებს. პილოსისა და ათენელთა სიმაგრის მხრიდან ერთდროულად მხოლოდ ორი ხომალდი თუ გაივლიდა. მეორე მხრიდან კი – არა უმეტეს რვა ან ცხრა ხომალდისა. თხუთმეტი სტადიონის სიგრძის კუნძული უკაცრიელია და დაბურული ტყითაა დაფარული. ლაკედემონელებმა ნავსადგურში შესასვლელი ხომალდებით ჩაკეტეს, კუნძულზე კი ჰოპლიტები განალაგეს. ასე ვარაუდობდნენ დაეცვათ როგორც კუნძული, ასევე ხმელეთი და ათენელთათვის გადმოსხდომაში ხელი შეეშალათ. პილოსის სანაპირო ღია ზღვის მხრიდან მოუხერხებელი იყო ხომალდების დასაყენებლად. ამიტომ ლაკედემონელები ფიქრობდნენ, რომ ათენელები აქ გადმოსხდომას ვერ მოახერხებდნენ. თვითონ ლაკედემონელები კი იოლად აიღებდნენ ამ ცუდად დაცულ და სურსათით ცუდად მომარაგებულ პუნქტს საზღვაო ბრძოლის გარეშე. ამ გეგმის თანახმად, ლაკედემონელებმა კუნძულზე ოთხას ოცი ჰოპლიტი გადაიყვენეს.

ამასობაში დემოსთენესმა ზომები მიიღო ხმელეთიდან და ზღვიდან ერთდროული  შეტევის წინააღმდეგ. მის ხელთ მყოფი სამიტრიერი ნაპირზე ამოათრიეს, კედლებთან ახლოს, და ხის მესრი შემოავლეს. ამ ხომალდების ეკიპაჟი მან ტირიფის ფარებით შეაიარაღა. ამ უკაცრიელ ადგილას ფარს ვერ იშოვიდი. ეს ფარებიც დემოსთენესმა მესენიელ მეკობრეთა ხომალდიდან მიიღო. ამ ხომალდმა ჩამოიყვანა ორმოცი მესენიელი ჰოპლიტი, რომლებიც დემოსთენესის რაზმს შეუერთდნენ. თავისი ხალხის უმრავლესობა, ასევე მძიმედ შეჭურვილი, მან ხმელეთის მხრიდან განალაგა, რათა ქვეითი ჯარის შეტევა მოეგერიებინა. თვითონ კი სამოცი ჰოპლიტითა და რამდენიმე მშვილდოსნით დაიკავა პოზიცია სანაპიროზე, სადაც მოწინააღმდეგეს გადმოსვლა შეეძლო. ეს ადგილი ძნელად მისადგომი იყო, მაგრამ ყველაზე ნაკლებად გამაგრებულიც და შეეძლო მოწინააღმდეგე მიეზიდა. ათენელებმა, ზღვაზე თავისი უპირატესობის გამო, საჭიროდ არ ჩათვალეს ამ ადგილის მეტად გამაგრება. ახლა კი დემოსთენესი ფიქრობდა, რომ მოწინააღმდეგეს შეეძლო ამ ნაწილის დაკავება. ამიტომ მან სანაპიროზე დაიკავა პოზიცია და ჰოპლიტებს ასე მიმართა:

„მეომრებო, ვინც ჩემთან ერთად გაიზიარეთ საფრთხე, ნუ ეცდებით დაფიქრდეთ იმაზე, რა გველის. უმჯობესია, გამარჯვების რწმენით შევებრძოლოთ მტერს. როდესაც არჩევანი არ გაქვს, არ არის ფიქრის დრო. საჭიროა სისწრაფე და რისკი. მე დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ და არ შევდრკებით მრავალრიცხოვანი მტრის წინაშე. ჩვენი პოზიცია მოსახერხებელია და დიდ უპირატესობას გვაძლევს, მაგრამ თუ უკან დავიხევთ, ჩვენს სიმაგრეს იოლად აიღებენ. სანამ მტერი ჯერ კიდევ ხომალდებზეა, უფრო იოლია, ისინი იქ გავაჩეროთ. მაგრამ როდესაც გადმოსხდებიან, ჩვენთან თანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. რამდენიც არ უნდა იყოსმტერი, მაინც პატარა რაზმებად გადმოსხდებიან. აქ ხომ საუბარია არა სახმელეთო ბრძოლაზე, სადაც მტრის რიცხვი გადამწყვეტია, არამედ ხომალდებიდან გადმოსხდომაზე. ბევრია ამინდზეც დამოკიდებული. ამიტომ მათი სირთულეები აწონასწორებს ჩვენ მცირერიცხოვნებას. ათენელებო, თქვენ მშვენივრად მოგეხსენებათ, რა რთულია გემებიდან გადმოსხდომა, როდესაც მეტოქე წინააღმდეგობას გიწევს და უკან არ იხევს. ამდენად, მე ველი, რომთუ მამაცად იდგებით სანაპირო კლდეებზე. მაშინ თქვენც გადარჩებით და ამ მიწასაც შეინარჩუნებთ“.

დემოსთენესის სიტყვით გამხნევებულმა ათენელებმა დაიკავეს პოზიცია ზღვის ნაპირზე. ლაკედემონელებმა კი ერთდროულად დაიწყეს შტურმი ხმელეთიდან და ზღვიდან. ორმოცდასამი ხომალდისგან შემდგარ ესკადრას სპარტელი თრასიმელიდასი სარდლობდა. ის სწორედ იმ ადგილს დაესხა თავს, სადაც მას დემოსთენესი ელოდა. ათენელები მედგრად იგერიებდნენ მეტოქის შეტევებს. რადგან ბევრი ხომალდი ერთად ვერ უდგებოდა ნაპირს, სპარტელებმა ესკადრა პატარა ჯგუფებად დაყვეს და რიგრიგობით ცდილობდნენ გადმოსხდომას. ისინი თავგანწირვით იბრძოდნენ და შეძახილებით ამხნევებდნენ ერთმანეთს. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ბრასიდასი, რომელიც ტრიერს ხელმძღვანელობდა. როდესაც იგი ამჩნევდა, რომ სხვა ხომალდების მეთაურები მიუდგომელ ადგილს ერიდებოდნენ და ხომალდებს უფრთხილდებოდნენ, იგი მოუწოდებდა მათ, არ დაეხიათ უკან რამდენიმე ფიცრის გადასარჩენად. მოკავშირეებს კი სთხოვდა, ლაკედემონელთათვის დაეთმოთ საკუთარი ხომალდები და ნებისმიერ ფასად გადამსხდარიყვნენ ნაპირზე.

ასე ამხნევებდა იგი სხვებს და თვითონაც მამაცურად იბრძოდა, სანამ დაჭრილი უგონოდ არ დაეცა. მისი ფარი ზღვაში ჩავარდა და ათენელებმა იგი იმ ნადავლს შემატეს, რომელიც მოგვიანებით გამარჯვების აღსანიშნავად დაახვავეს. ლაკედემონელებს მცდელობა არ დაუკლიათ, მაგრამ მიუდგომელი ნაპირისა და ათენელთა მედგარი წინააღმდეგობის გამო გადასვლა ვერ მოახერხეს. საოცარი რამ იყო – ათენელებს ბრძოლა უხდებოდათ ხმელეთზე დათანაც ლაკონიის მიწაზე ლაკედემონელთა ხომალდებთან, ხოლო ლაკედემონელები ცდილობდნენ ხომალდებიდან გადამსხდარიყვნენ საკუთარ მიწაზე, რომელიც მტრის ხელთ იყო. იმ დროს ხომ ლაკედემონელები საუკეთესო სახმელეთო მებრძოლებად ითვლებოდნენ, ხოლო ათენელები – საუკეთესო ზღვაოსნებად.

ორ დღეს ლაკედემონელები უშედეგოდ ცდილობდნენ ნაპირზე გადმოსვლას. მესამე დღეს რამდენიმე ხომალდი ასინაში გაგზავნეს, რათა სამხედრო მანქანებისთვის მორები ჩამოეტანათ. ამ მანქანების საშუალებით აპირებდნენ დაენგრიათ კედელი გალავნის მხრიდან, კედელი, მართალია, მაღალი იყო, მაგრამ იქ გადმოსხდომა – უფრო მოსახერხებელი. ამასობაში, ძაკინთოსიდან ჩამოვიდა ათენელთა ორმოცი ხომალდი (ესკადრას შეემატა რამდენიმე ხომალდი ნავპაქტოსიდან და ქიოსიდან). მათ სანაპირო და კუნძული მოწინააღმდეგის მიერ დაკავებული დახვდათ. ამიტომ ღამე ზღვაში გაატარეს. მეორე დღეს ათენელთა ესკადრა მზად იყო ღია ზღვაში ბრძოლისთვის, თუ მეტოქე ამას გაბედავდა, თუ არა და, თავად დასხმოდა თავს ნავსადგურს. ლაკედემონელები არც ზღვაში გასულან და არც ნავსადგურის შესასვლელი ჩაუკეტავთ. ისინი მშვიდად ელოდნენ მოწინააღმდეგის შეტევას.

ათენელებმა ორივე შესასვლელიდან შეაღწიეს ნავსადგურში და მტრის გემებს შეუტიეს. მტერი უკუიქცა. დევნისას ათენელებმა დააზიანეს მრავალი ხომალდი, ხოლო ხუთი ხელთ იგდეს. მათ შორის, ერთი – ეკიპაჟთან ერთად. ათენელებმა შეუტიეს სხვა ხომალდებსაც, რომლებიც ნაპირთან ეძებდნენ თავშესაფარს. რამდენიმე ხომალდს გვერდი გაუხვრიტეს, სანამ ისინი ზღვაში შესვლას მოასწრებდნენ. სხვა ხომალდების ეკიპაჟები გაიქცნენ და ათენელებმა ცარიელი ხომალდები წაათრიეს ბუქსირით. ლაკედემონელები ძალზე წუხდნენ ყოველივე ამის გამო. პირველ რიგში კი, კუნძულზე დარჩენილი ხალხი ადარდებდათ. მძიმედ შეჭურვილი ქვეითები წყალში ხტებოდნენ და ხომალდებს ნაპირისკენ ექაჩებოდნენ. თითოეულს ეგონა, რომ მის გარეშე ყველაფერი დაიღუპებოდა. ხომალდების გარშემო დიდი არეულობა იყო. მოწინააღმდეგეები ერთმანეთის ტაქტიკას იყენებდნენ. შეიძლება ითქვას, რომ ლაკედემონელები საზღვაო ბრძოლას აწარმოებდნენ ხმელეთიდან, ხოლო ათენელები – სახმელეთო ბრძოლას ხომალდებიდან. სისხლისმღვრელი ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა. ლაკედემონელებმა გადაარჩინეს რამდენიმე ხომალდი. შემდეგ მხარეებმა თავისი პოზიციები დაიკავეს. ათენელებმა აღმართეს გამარჯვების ნიშანი, შეაგროვეს ხომალდების ნამტვრევები და ცხედრები დაუბრუნეს მოწინააღმდეგეს. მათ სასწრაფოდ გააგზავნეს ხომალდები, რათა თვალყური ედევნებინათ კუნძულზე დარჩენილი რაზმისთვის. პელოპონესელები და მათი მოკავშირეები კი ხმელეთზე იდგნენ პილოსთან.

როდესაც ამ ბრძოლის ამბავმა სპარტას მიაღწია, ლაკედემონელები მიხვდნენ, რომ მათ დიდი უბედურება დაატყდათ თავს. სასწრაფოდ გაგზავნეს უმაღლესი თანამდებობის პირები სანაპიროზე, რათა ადგილზე გაერკვიათ ვითარება და მიეღოთ ზომები.ისინი დარწმუნდნენ, რომ კუნძულზე დარჩენილთა განთავისუფლება შეუძლებელია და, რადგან ისინი დასაღუპად არ ემეტებოდათ, გადაწყვიტეს დაზავება ათენელ სარდლებთან და ათენში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ელჩების გაგზავნა.

ათენელმა სარდლებმა მიიღეს წინადადება და შემდეგ პირობებით დაუზავდნენ მათ: ლაკედემონელებს უნდა გადაეცათ ათენელთათვის მათი ხომალდები და თავი შეეკავებინათ პილოსზე თავდასხმისგან. ათენელებს უნდა მიეცათ მათთვის საშუალება, მიეწოდებინათ სურსათი კუნძულზე მყოფთათვის დადგენილი ნორმით: ერთი გამომცხვარი პური, ცოტაოდენი ხორცი, ორი ატიკური ქოინიქსი ფქვილი და ორი კოტილა ღვინო კაცზე. მსახურს კი – ამის ნახევარი. ათენელებს შეეძლოთ კუნძულის ბლოკადა, მაგრამ ეკრძალებოდათ მასზე გადასვლა. დაზავება ძალაში უნდა ყოფილიყო ლაკედემონელთა ელჩების ათენიდან დაბრუნებამდე. ელჩები ათენური ტრიერით იმგზავრებდნენ. ელჩების დაბრუნების შემდეგ ათენელებს უნდა დაებრუნებინათ ლაკედემონელთა ხომალდები იმ მდგომარეობაში, როგორშიც ჩაიბარეს. დაზავებისთანავე ათენელებს გადაეცა სამოცი ხომალდი და ელჩები გაემგზავრნენ.იქ რომ ჩავიდნენ, ასეთი სიტყვა წარმოთქვეს:

„ათენელებო, ჩვენ გამოგვგზავნეს ლაკედემონელებმა, რათა მოვილაპარაკოთ კუნძულზე მყოფი ჩვენი ხალხის ბედზე. იქნებ მივაღწიოთ ისეთ შეთანხმებას, რომელიც დაგაკმაყოფილებთ თქვენ და ჩვენც ღირსებას შეგვინარჩუნებს წაგებული ბრძოლის შემდეგ. ვრცელი საუბრით არ დავარღვევთ ჩვენს წესს. მოკლედ მაშინ უნდა მოჭრა, სადაც ზედმეტი სიტყვები საჭირო არ არის. მაგრამ ჩვენ არ გავურბივართ არც გრძელ გამოსვლას, თუ საჭიროება ამას მოითხოვს. ნუ მიიღებთ ჩვენს სიტყვებს მტრულად. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება ეჭვი თქვენს გონიერებაში და არ ვაპირებთ, ჭკუა გასწავლოთ. ჩვენ მოგმართავთ, როგორც ადამიანებს, ვისაც შეუძლია სწორად განსჯა, და გთხოვთ, მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება. თქვენ კარგ მდგომარეობაში ხართ. ბედის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ სამფლობელოები, მოიპოვოთ პატივისცემა და სახელი, თუ არ გაიმეორებთ იმ ხალხის შეცდომას, ვისაც მოულოდნელად გაუღიმა ბედმა. ასეთი ხალხი ხომ ყოველთვის მეტზე ოცნებობს, რადგან ბედნიერება მათთვის მოულოდნელია. მათ კი, ვისაც ბედის

უკუღმართობა განუცდია, ნაკლები საფუძველი აქვს, ენდოს მიღწეულს. თქვენ ეს გამოცდილებით იცით, ჩვენ კი მით უმეტეს უნდა გვახსოვდეს.

გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინეთ ახლანდელი უბედურება. აქამდე ჩვენ ელინთა უდიდესი პატივისცემით ვსარგებლობდით და მიგვაჩნდა, რომ ჩვენზეა დამოკიდებული მშვიდობისშესახებ სხვისი თხოვნის დაკმაყოფილება. ახლა კი მთხოვნელები ვართ. ჩვენ დავმარცხდით არა იმიტომ, რომ დავკარგეთ სამხედრო ძალა ან ბოროტად გამოვიყენეთ იგი, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ შევცდით. ეს ნებისმიერს შეიძლება დაემართოს. ამიტომ ნურც თქვენ იფიქრებთ, რომ მუდმივად გაგიმართლებთ. გონიერი ხალხი არც ზედმეტად ენდობა იღბალს და არც გასაჭირში მიეცემა სასოწარკვეთას, რადგან ესმის, რომ ომის მსვლელობა დამოკიდებულია არა მის ნებაზე, არამედ ბედზე. ასეთი ხალხი ნაკლებად ვარდება განსაცდელში, რადგან წარმატება მათ არ აბრუებს. ისინი სწორედ მაშინ არიან მზად შერიგებისთვის, როდესაც ბედი უღიმით.ამდენად, ჩვენთან შეთანხმება თქვენთვის საპატიოა, რათა მომავალში, თუ ბედი გიმტყუნებთ და დამარცხდებით, ეს გამარჯვება შემთხვევითობად არ ჩაითვალოს. თუ ჩვენს პირობებს მიიღებთ, შთამომავლობა დააფასებს თქვენს ძალასა და კეთილგონიერებას. დავასრულოთ ომი! ჩვენ გთავაზობთ მშვიდობას, კავშირსა და მეგობრობას. სამაგიეროდ, გთხოვთ თავისუფლებას კუნძულზემყოფთათვის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მტრობა შეიძლება დასრულდეს, თუ დამარცხებულს თავს არ მოახვევენ უსამართლო მშვიდობას. მშვიდობა ბევრად უფრო მტკიცე იქნება, თუ გამარჯვებული სამართლიანად და კეთილშობილურად მოექცევა მტერს. მაშინ მტერი აღარ იფიქრებს შურისძიებაზე. თავის მხრივ, გამოიჩენს კეთილშობილებას და ეცდება მშვიდობის დაცვას.

უმჯობესია, ჩვენი ქვეყნები ახლავე შერიგდნენ, სანამ რაღაც გამოუსწორებელი არ მომხდარა, რაც სამუდამოდ გვაქცევს ჩვენ არა მხოლოდ თქვენი ქვეყნის, არამედ თქვენს პირად მტრებად. თქვენ კი დაკარგავთ იმ უპირატესობას, რომელსაც ახლა გთავაზობთ. სანამ ომის ბედი კიდევ გაურკვეველია, თქვენ შეგიძლიათ ერთდროულად მოიპოვოთ სახელი და ჩვენი მეგობრობა, ხოლო ჩვენ, ხელშეკრულების დადებით, მძიმე მსხვერპლის გარეშე ავცდებით სირცხვილს. მოდით, ამიერიდან მშვიდობიანად ვიცხოვროთ და ბოლო მოვუღოთ ელინთა უბედურებას. ელინები ამას თქვენ დამსახურებად ჩათ ვლიან. მათ ხომ არ იცი ან, ვინ დაიწყო ეს ომი, და თუ ახლა თქვენ მას დაამთავრებთ, თქვენი მადლობლები იქნებიან. ახლა თუ მშვიდობაზე დათანხმდებით, მოიპოვებთ ლაკედემონელთა მეგობრობას. დაფიქრდით იმ მოგებაზე, რომელსაც ჩვენი ქვეყნები ნახავენ. ჩვენ თუ საერთო აზრს გამოვთქვამთ, დანარჩენი ელადა დიდი მოწიწებით მოეკიდება მას“.

ასე ლაპარაკობდნენ ლაკედემონელები, რადგან დარწმუნებულები იყვნენ, რომ ათენელებს მშვიდობა სწყუროდათ და აქამდე ეს იმიტომ არ მოხდა, რომ თვითონ არ უნდოდათ, ხოლო თუ ახლა ათენელებს მშვიდობას შესთავაზებენ, ისინი სიხარულით დათანხმდებიან და გაათავისუფლებენ კუნძულზე მყოფთ. ათენელები კი, პირიქით, ფიქრობდნენ, რომ სწორედ ახლა, როდესაც ლაკედემონელები ხელში ჰყავთ, მშვიდობა არსად გაექცევათ, და ბევრად მეტს ითხოვდნენ. განსაკუთრებით აქეზებდა მათ კლეონი, იმ დროისათვის ყველაზე გავლენიანი ბელადი. მან ურჩია ხალხს, იარაღი აჰყარონ კუნძულზე მყოფ ლაკედემონელებს და ათენში ჩამოიყვანონ ისინი. ლაკედემონელებმა უნდა დათმონ ქვეყნები, რომლებიც წინა ხელშეკრულებით მიიღეს. მხოლოდ ამის შემდეგ დაიბრუნებენ ტყვეებს და დაიდება სამშვიდობო ხელშეკრულება.

ეს მოთხოვნები ლაკედემონელებმა არ უარყვეს, მხოლოდ შესთავაზეს ათენელებს, შეერჩიათ უფლებამოსილი პირები, ვინც მშვიდად განიხილავდა ხელშეკრულების ცალკეულ პუნქტებს. მაშინ კლეონმა განაცხადა, რომ ელჩებმა, თუ კეთილი განზრახვა აქვთ, საიდუმლო მოლაპარაკებები კი არ უნდა აწარმოონ პატარა ჯგუფთან, სახალხო კრებას უნდა მიმართონ. ლაკედემონელი ელჩები მიხვდნენ, რომ სახალხო კრებაზე გამოსვლა მათ ხელს არ აძლევდათ. დამარცხების შემდეგ ისინი გარკვეულ დათმობებზე უნდა წასულიყვნენ. მათ ეშინოდათ, რომ ეს დათმობები მოკავშირეთა უკმაყოფილებას გამოიწვევდა. ათენელები კი არ დათანხმდებოდნენ მისაღებ პირობებზე. ამიტომ ელჩებმა ათენი დატოვეს.

პილოსში ელჩების დაბრუნების შემდეგ დაზავება დასრულდა და ლაკედემონელებმა, მოლაპარაკების თანახმად, თავისი ხომალდების დაბრუნება მოითხოვეს. მაგრამ ათენელები ედავებოდნენ მათ სხვადასხვა მცირე დარღვევის გამო და ხომალდებს არ უბრუნებდნენ. ლაკედემონელები ამ დარღვევებს არ აღიარებდნენ. მათ განაცხადეს, რომ ხომალდების მიტაცება უსინდისობა იყო, და სამხედრო მოქმედებები განაახლეს.

პილოსთან ომმა ახალი ძალით იფეთქა. დღისით ათენელთა ორი ხომალდი დაცურავდა კუნძულის გარშემო, ღამით კი მთელი ესკადრა იქ უშვებდა ღუზას. ათენელებს კიდევ ოცი ხომალდი შემოემატა და მათი რიცხვი სამოცდაათამდე გაიზარდა. პელოპონესელები კი თავისი ბანაკიდან ესხმოდნენ თავს ათენელთა სიმაგრეებს და ხელსაყრელ მომენტს უცდიდნენ, რომ თავისიანები გაეთავისუფლებინათ.

ამასობაში სიცილიაზე სირაკუზელები და მათი მოკავშირეები ახლად აღჭურვილი ხომალდებით შეუერთდნენ მესენასთან მდგომ ესკადრას, რათა საომარი მოქმედება დაეწყოთ. განსაკუთრებით აქეზებდნენ მათ რეგიელთა მიმართ მტრულად განწყობილი ლოკრები. სირაკუზელებმა საზღვაო ბრძოლა გადაწყვიტეს. ისინი ხედავდნენ, რომ აქ ათენელებს ცოტა ხომალდი ჰყავდათ, ხოლო ათენელთა დიდი ესკადრა კუნძულის ალყით იყო დაკავებული. ზღვაზე გამარჯვების შემდეგ ლოკრებს იმედი ჰქონდათ, რომ იოლად აიღებდნენ რეგიოს და ამით თავის მდგომარეობას განიმტკიცებდნენ. რეგიოსი იტალიის უკიდურესი წერტილია, მესენა კი – სიცილიის. ისინი ერთმანეთთან ახლოს მდებარეობენ და ათენელთა ხომალდები უკვე ვეღარ იბატონებდნენ სრუტეზე. ამ სრუტეს ქარიბდა ეწოდება. გადმოცემით, აქ გაიარა ოდისევსმა თავისი ხომალდით. მისი სივიწროვისა და სწრაფი დინების გამო, იგი სამართლიანად ითვლება სახიფათოდ.

ამ სრუტეში სირაკუზელთა და მოკავშირეთა ოცდაათზე მეტი ხომალდი თავს დაესხა ათენელთა თექვსმეტ და რეგიელთა რვა ხომალდს. ათენელებმა გაიმარჯვეს. სირაკუზელები სასწრაფოდ გაბრუნდნენ უკან. ამასთან, მათ ერთი ხომალდი დაკარგეს. ბრძოლა ღამით შეწყდა. ამის შემდეგ ლოკრებმა დატოვეს რეგიელთა მიწა, ხოლო სირაკუზელთა ხომალდები მესენასთან მოგროვდნენ და ღუზა ჩაუშვეს სახმელეთო ლაშქრის ბანაკის მახლობლად. როდესაც ათენელებმა მოწინააღმდეგეთა ხომალდები დაინახეს, შეუტიეს მათ, თუმცა თვითონაც დაკარგეს ერთი ხომალდი, რომელიც მტერმა რკინის კაუჭით დაიჭირა. ეკიპაჟმა გადარჩენა მოახერხა. სირაკუზელები კვლავ დასხდნენ ხომალდებზე და ნაპირის გასწვრივ გაცურეს. ათენელებმა კი გადაწყვიტეს მათზე თავდასხმა, მაგრამ სირაკუზელები მოულოდნელად ღია ზღვაში გავიდნენ და პირველებმა შეუტიეს მტერს. ათენელებმა კიდევ ერთი ხომალდი დაკარგეს. ამდენად, სირაკუზელებმა წარმატებით მოიგერიეს მტერი და მშვიდობიანად მიაღწიეს მესენას ნავსადგურს.

ამასობაში, ათენელებმა, რომლებმაც გაიგეს, რომ არქიოსმა და მისმა მომხრეებმა კამარინე სირაკუზელებს გადასცეს, იქით გასცურეს.

მესენიელებმა კი თავისი ჯარითა და ხომალდებით ქალკიდელთა ნაქსოსზე გაილაშქრეს. პირველივე დღეს მათ აიძულეს ნაქსოსელები, ქალაქში ჩაკეტილიყვნენ და მათი მიწის რბევა დაიწყეს. მეორე დღეს ხომალდებმა შემოუარეს კონცხს ნაქსოსის სამხრეთით, ხოლო სახმელეთო ჯარმა ქალაქის შტურმი დაიწყო. ამ დროს მთებიდან სიკულები დაეშვნენ და მესენიელებს დაესხნენ თავს. ამ ამბავმა ნაქსოსელები გაამხნევა. ისინი უეცრად გამოვიდნენ ქალაქიდან, შეუტიეს მესენიელებს და უკუაქციეს ისინი. ათასი კაცი კი დახოცეს. დანარჩენი მესენიელები დიდი გაჭირვებით დაბრუნდნენ სახლში. გზაში ბევრი დაიღუპა ბარბაროსებთან შეტაკების დროს. ამის შემდეგ მესენაში ჩასული ხომალდებიც სათითაოდ გაბრუნდნენ შინ.

ლეონტინელები და სხვა მოკავშირეები ათენელებთან ერთად გაემართნენ მესენაზე სალაშქროდ. ისინი დიდ წინააღმდეგობას არ ელოდნენ მესენიელთა უკანასკნელი მარცხის შემდეგ. მოკავშირეები ხმელეთიდან უტევდნენ ქალაქს, ათენელთა ესკადრა კი ნავსადგურს დაესხა თავს. მესენიელები და მათ დასახმარებლად დარჩენილი ლოკრები მოულოდნელად გამოვიდნენ ქალაქიდან, თავს დაესხნენ ლეონტინელებს და უკუაქციეს ისინი. ეს რომ დაინახეს, ათენელებმა გადმოსხეს დესანტი და მესენიელები კვლავ ქალაქში შერეკეს. მათ გამარჯვების ნიშანი აღმართეს და რეგიოსში დაბრუნდნენ. ამის შემდეგ ათენელებს აღარ მიუღიათ მონაწილეობა სიცილიაზე სახმელეთო ბრძოლებში.

ამასობაში პილოსთან ათენელებს ალყაში ჰყავდათ კუნძულზე დარჩენილი ლაკედემონელები, ხოლო პელოპონესის სახმელეთო ლაშქარი ადგილზე იდგა. საკვებისა და მტკნარი წყლის ნაკლებობის გამო, კუნძულის ბლოკადა ათენელთათვისაც მტანჯველი გახდა. იქ მხოლოდ ერთი პატარა წყარო იყო აკროპოლისზე. მეომრებისანაპიროზე ორმოებს თხრიდნენ და უვარგის წყალს სვამდნენ. ვიწრო სანაპირო ზოლში, სადაც ათენელები დაბანაკდნენ, არ იყო საკმარისი ადგილი, ხოლო ხომალდებს არ ჰქონდათ უსაფრთხო ნავსაყუდელი. მათ რიგრიგობით უწევდათ სურსათის მოსაპოვებლად გასვლა და ღია ზღვაში ღუზის ჩაშვება. ათენელებს ყველაზე მეტად მაინც ის თრგუნავდა, რომ ალყა ჭიანურდებოდა. მათი გათვლით უკაცრიელ კუნძულზე საჭმელ-სასმელის გარეშე დარჩენილი მტერი რამდენიმე დღეში დანებდებოდა. ხანგრძლივი წინააღმდეგობა კი იმით აიხსნებოდა, რომ ლაკედემონელებმა დიდი ჯილდო დააწესესმათთვის, ვინც კუნძულზე საკვებს ჩაიტანდა, ჰელოტებს ამისათვის თავისუფლებას აძლევდნენ. მართლაც, ზოგი ახერხებდა კუნძულზე საჭმლის ჩატანას.

როდესაც ათენში პილოსთან მდგომი ლაშქრის გასაჭირი გაიგეს, ხალხი შეშინდა, რომ მათ ზამთარში ბლოკადის მოხსნა მოუწევდათ. ამ დროს ჯარის სურსათით მომარაგება შეუძლებელი გახდებოდა, ხოლო არასრულფასოვანი ბლოკადის პირობებში ლაკედემონელები ავდარში შეძლებდნენ კუნძულის დატოვებას იმ ნავებით, რომლებითაც მათთვის სურსათი მიჰქონდათ. ყველაზე მეტად კი მათ ლაკედემონელთა საქციელი აშფოთებდათ, რადგან ისინი მშვიდობას აღარ სთავაზობდნენ, მათ რაღაცის იმედი უნდა ჰქონოდათ. ახლაკი ინანეს, რომ დროულად არ მიიღეს მათი წინადადება.

როდესაც კლეონმა შეიტყო, რომ მას მშვიდობის მოწინააღმდეგედ მიიჩნევენ, პილოსიდან ჩამოსული ელჩები ტყუილში დაადანაშაულა. მაგრამ ის ხალხი მტკიცედ იდგა საკუთარ აზრზე და მათი ნათქვამის ადგილზე შემოწმებას ითხოვდა. ამ მიზნისათვის თვითონ კლეონი შეარჩიეს. კლეონს ესმოდა, რომ ან იმ ხალხის ნათქვამი უნდა დაედასტურებინა, ვინც მან ტყუილში დაადანაშაულა, ან თვითონ ეცრუა. მაშინ მან ურჩია ათენელებს, დრო აღარ დაეკარგათდა, თუ ცნობა სიმართლედ მიაჩნდათ, პილოსისკენ დამატებითი ჯარი გაეგზავნათ მტრის საბოლოოდ გასანადგურებლად. ამასთან, კლეონმა გადაჰკრა მისთვის საძულველ სტრატეგოს ნიკიასს დათქვა, რომ სარდლებს, ვაჟკაცები რომ ყოფილიყვნენ, საკმარისი ძალა ჰქონდათ კუნძულის დასაკავებლად.

ხალხი აღაშფოთა ამ სიტყვებმა, ხოლო ნიკიასმა განაცხადა, რომკლეონს შეუძლია წაიყვანოს იმდენი ხომალდი, რამდენიც უნდა, და პილოსში წავიდეს. თავიდან კლეონს ეგონა, რომ ნიკიასი მხოლოდ სიტყვით უთმობდა მას სარდლობას და დათანხმდა, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ ხაფანგში გაება და უარყო ეს წინადადება იმ საბაბით, რომ სტრატეგოსი ნიკიასი იყო. მაშინ ნიკიასმა გაუმეორა შეთავაზება და თანამდებობიდან გადადგა. რაც უფრო მეტად უარობდა კლეონი სარდლობას, მით მეტად მოითხოვდა ხალხი მის პილოსში გაგზავნას. ბოლოს კლეონი იძულებული გახდა, დათანხმებულიყო. მან განაცხადა, რომ არ წაიყვანს მოქალაქეებს და დასჯერდება ქალაქში მყოფ მოკავშირეებს. ამ ძალებით იგი ან ოც დღეში ჩამოიყვანს დატყვევებულ ლაკედემონელებს ათენში, ან კუნძულზევე დახოცავს მათ. კლეონის ტრაბახი ათენელებს სასაცილოდ ეჩვენათ, მაგრამ მაინც კმაყოფილები იყვნენ: ან კლეონს მოიშორებდნენ, ან ლაკედემონელებს დაიმორჩილებდნენ.

კამათის შემდეგ ათენელებმა კლეონი აირჩიეს საზღვაო ლაშქრობის სარდლად. კლეონმა თანაშემწედ დემოსთენესი დაასახელადა დაუყოვნებლივ ზღვაში გავიდა. დემოსთენესი კლეონმა იმიტომ შეარჩია, რომ მისი კუნძულზე თავდასხმის სურვილი იცოდა. დემოსთენესის რაზმი დიდ გასაჭირში იყო და თავს ალყაში მოქცეულებზე უკეთ არ გრძნობდა. მათ სურდათ სასწრაფოდ დაეწყოთ იერიში. დემოსთენესი კუნძულზე გაჩენილმა ხანძარმაც გაამხნევა. ადრე მას აშინებდა კუნძულზე გადასვლა. კუნძული ტყით იყო დაფარული, რაც მტერს უპირატესობას აძლევდა. დაბურულ ტყეში პატარა რაზმსაც შეეძლო მომხვდურთათვის დიდი წინააღმდეგობის გაწევა.

დემოსთენესს ეტოლიური ლაშქრობის მწარე გამოცდილება ახსოვდა. მისი მებრძოლები ფრთხილად გადავიდნენ კუნძულზე, იქ დაბანაკდნენ და საკვების მომზადება დაიწყეს. ერთმა ათენელმა შემთხვევით ხანძარი გააჩინა, ამოვარდნილმა ქარმა კი ის მთელ კუნძულზე გაავრცელა და ტყეც გადაიწვა.

ახლა დემოსთენესს უკეთ შეეძლო მტრის თვალთვალი. მან აღმოაჩინა, რომ კუნძულზე ბევრი ხალხი იყო და იერიშისათვის სამზადისს შეუდგა. ამასობაში კლეონი პილოსში ჩავიდა. სარდლებმა სასწრაფოდ გაგზავნეს მაცნე მტრის ბანაკში მოთხოვნით, კუნძულზე მყოფთ იარაღი დაეყარათ.

ლაკედემონელებმა უარყვეს ეს წინადადება. ათენელებმა ერთი დღე მოიცადეს, შემდეგ კი დასხეს ჰოპლიტები ხომალდებზე და გამთენიისას კუნძულზე ორივე მხრიდან გადასხდნენ. დაახლოებით რვაასი კაცი სწრაფად დაიძრა მტრის წინააღმდეგ. ლაკედემონელები კუნძულზე ასე იყვნენ განლაგებული: პირველ საგუშაგოს ოცდაათი ჰოპლიტი იცავდა, ცენტრში, წყაროს მახლობლად, დაბანაკებული იყვნენ ძირითადი ძალები ეპიტადასის სარდლობით, ხოლო კუნძულის უკიდურეს ნაწილს, პილოსის მახლობლად, კიდევ ერთი პატარა რაზმი იცავდა. ეს ადგილი ყველაზე მიუდგომელი იყო, თანაც იქ ძველი სიმაგრეც მდებარეობდა.

ათენელებმა გაანადგურეს ლაკედემონელთა პირველი საგუშაგო ისე, რომ მტერმა კარვებიდან გამოსვლა და იარაღის ხელში აღებაც კი ვერ მოასწრო. როდესაც გათენდა, დანარჩენი ლაშქარიც, ქვედა რიგის მენიჩბეების გარდა, კუნძულზე გადავიდა: სულ რვაასი მოისარი, ამდენივე პელტასტი, მესენიელთა დამხმარე რაზმები და ყველა სხვა, პილოსის გარნიზონის გარდა. დემოსთენესის ბრძანებით, ათენელები დაიყვნენ ორასკაციან რაზმებად და დაიკავეს სიმაღლეები კუნძულზე, რათა მოწინააღმდეგე ალყაში მოექციათ, მათ კი არ სცოდნოდათ, რომელ მხარეს წასულიყვნენ. ლაკედემონელები, საითაც არ იზამდნენ პირს, მათ ზურგში მსუბუქად აღჭურვილი ათენელები აღმოჩნდებოდნენ. ამ რაზმების წინააღმდეგ ბრძოლა ყველაზე რთული იყო, რადგან ისინი შორიდან ესროდნენ მტერს ისრებს, ქვებსა და შუბებს. მათ სწრაფად შეეძლოთ უკან დახევაც და მტრის დევნაც. ასეთი იყო დემოსთენესის გეგმა. ეპიტადასის რაზმი მწყობრი ნაბიჯით დაიძრა ათენელი ჰოპლიტების წინააღმდეგ, რათა ხელჩართული ბრძოლა გაემართა. ჰოპლიტები მათ პირისპირ იდგნენ, ხოლო მსუბუქად შეიარაღებულები – ფლანგებსა და ზურგში. მაგრამ მათ ვერ მოახერხეს ხელჩართულ ბრძოლაში თავისი ხელოვნების სრულად გამოვლენა, რადგან მტრის მსუბუქად შეიარაღებული მებრძოლები მათ შორიდან ესროდნენ და აწუხებდნენ, ხოლო ათენელი ჰოპლიტები უძრავად იდგნენ ერთ ადგილას. იქ, სადაც მსუბუქად შეიარაღებულები ძალიან ახლოს მიდიოდნენ, ლაკედემონელი ჰოპლიტები ახერხებდნენ მათ მოგერიებას. მაგრამ ისინი უკან ბრუნდებოდნენ და იქიდან აგრძელებდნენ ბრძოლას.მძიმედ შეჭურვილ ლაკედემონელებს არ შეეძლოთ მიუდგომელ ადგილებში მათი დევნა.

ორმხრივი სროლა ერთხანს გრძელდებოდა, მაგრამ ლაკედემონელები უკვე ვეღარ პასუხობდნენ სწრაფი კონტრიერიშებით. ათენელებმა იგრძნეს, რომ მტრის წინააღმდეგობა სუსტდებოდა და უფრო თამამად შეუტიეს. ისინი თანდათან მიეჩვივნენ მტერს დააღარ ეჩვენებოდათ იგი საშიშად. თანაც აღმოჩნდა, რომ დანაკარგი ბევრად ნაკლები ჰქონდათ, ვიდრე ელოდნენ. თავიდან მათ აძრწუნებდა აზრი, რომ ბრძოლის ველზე პირისპირ უნდა შეხვედროდნენ ლაკედემონელებს. ახლა კი თავისი უპირატესობა იგრძნეს და საბრძოლო ყიჟინით უტევდნენ მათ. თან ყველაფერს ესროდნენ, რაც ხელში მოხვდებოდათ – ქვებს, შუბებს, ისრებს. ლაკედემონელები შედრკნენ, მათ უჩვეულო პირობებში უწევდათ ბრძოლა. ვერაფერს ხედავდნენ, რადგან ქარმა ცოტა ხნის წინ დამწვარი ტყის ფერფლიც აშალა. მათი მდგომარეობა სულ უფრო სახიფათო ხდებოდა. ჯავშანი მათ ისრებისგან ვერ იცავდა. მათ აღარ იცოდნენ, რა ექნათ და გადარჩენის იმედი ეწურებოდათ.

ბევრი მებრძოლი დაიჭრა და ლაკედემონელებმა მწყობრად დაიწყეს უკან დახევა კუნძულის განაპირას მდებარე პოსტისაკენ. მსუბუქად შეიარაღებული ათენელები თამამად მისდევდნენ მათ და ხოცავდნენ ყველას, ვინც ხელში ჩაუვარდებოდათ. ლაკედემონელთა უმრავლესობამ მაინც მოახერხა სიმაგრემდე მისვლა და შეუერთდა მის გარნიზონს. დევნისას ათენელებმა ვერ მოახერხეს ლაკედემონელთა ალყაში მოქცევა და ახლა პირდაპირ უტევდნენ ბუნებრივად მიუდგომელ სიმაგრეს. თითქმის მთელ დღეს გრძელდებოდა ბრძოლა. მებრძოლებს სტანჯავდათ წყურვილი და სიცხე. ერთნი ცდილობდნენ მტრის გამოდევნას სიმაგრიდან, მეორენი კი – საკუთარი პოზიციის შენარჩუნებას. და მაინც, ლაკედემონელებს ახლა მეტად შეეძლოთ თავის დაცვა, რადგან მათ ზურგიდანაღარავინ ემუქრებოდა.

ბრძოლას ბოლო არ უჩანდა. მაშინ მესენიელთა სარდალმა კლეონსა და დემოსთენესს უთხრა, რომ ასე მტერს ვერაფერს დააკლებდნენ. მან ითხოვა მოისრებისა და პელტასტების რაზმი, რათაზურგიდან შემოევლო მტრისთვის. ამ რაზმით მესენიელი მტრისთვის შეუმჩნევლად დაიძრა, გაჰყვა კლდოვან ნაპირს და ციცაბო ადგილს მიადგა, რომელიც ლაკედემონელებს უსაფრთხო ეგონათ და ამიტომ არ იცავდნენ. ზურგში მტრის მოულოდნელმა გამოჩენამ შეაძრწუნა ლაკედემონელები და მხნეობა შემატა ათენელებს, რომლებმაც ბოლოს დაინახეს ის, რასაც დიდხანს ნატრობდნენ. ლაკედემონელები დაახლოებით იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, როგორც თავის დროს თერმოპილეს გმირები. შიმშილითდასუსტებულებმა ორი მხრიდან შეტევას ვერ გაუძლეს და უკან დაიხიეს. ათენელემა კი გასასვლელები დაიკავეს.

კლეონი და დემოსთენესი ხვდებოდნენ, რომ თუ ლაკედემონელები კიდევ უკან დაიხევდნენ, დაიხოცებოდნენ. ამიტომ გააჩერეს თავიანთი მეომრები. სურდათ ცოცხალი ლაკედემონელების ათენში ჩაყვანა, რადგან ათენელთა სარდლებმა მაცნეს პირით მათ დანებება შესთავაზეს.

ლაკედემონელთა უმრავლესობამ ფარები მიწაზე დააწყო და ხელები ასწია იმის ნიშნად, რომ ნებდებოდნენ. ათენის მხრიდან მოლაპარაკებას კლეონი და დემოსთენესი აწარმოებდნენ, ხოლო ლაკედემონელთაგან – სტიფონი. მათი სარდალი ეპიტადასი ბრძოლის დასაწყისშივე დაიღუპა, ხოლო დაჭრილი მოადგილე სიკვდილს ებრძოდა. სტიფონი მესამე სარდლად აირჩიეს. სტიფონმა გამოთქვა სურვილი, მაცნის მეშვეობით ეკითხა ხმელეთზე მყოფი ლაკედემონელებისათვის, რა გააკეთოს. კლეონმა და დემოსთენესმა არ მისცეს ლაკედემონელებს კუნძულის დატოვების უფლება და თვითონ გამოიძახეს მაცნეები. რამდენიმე მოკლე შეკითხვის შემდეგ უკანასკნელმა მაცნემ ასე თქვა: „ლაკედემონელები გიბრძანებენ, თავად გადაწყვიტოთ თქვენი ბედი ისე, რომ ღირსება არ დაკარგოთ“. მაშინ ლაკედემონელებმა მცირე თათბირის შემდეგ გადაწყვიტეს, დანებებოდნენ ათენელებს.

იმ დღეს და მომდევნო ღამეს ათენელებს ტყვეები კუნძულზე ჰყავდათ. შემდეგ დღეს კი კუნძულზე გამარჯვების ნიშანი აღმართეს და ტყვეები სამხედრო ხომალდების მეთაურებს გადასცეს. ლაკედემონელებმა მაცნეს პირით ცხედრები ითხოვეს. კუნძულზე გადასული ოთხას ოცი ლაკედემონელი ჰოპლიტიდან ორას ოთხმოცდათორმეტი ათენში ჩაიყვანეს, დანარჩენები კი დაიღუპნენ. გადარჩენილთა შორის ას ოცი სპარტელი იყო. ათენელთა დანაკარგები კი უმნიშვნელო აღმოჩნდა, რადგან საქმე ხელჩართულ ბრძოლამდე არ მისულა.

კუნძულის ალყა სამოცდათორმეტ დღეს გაგრძელდა – საზღვაო ბრძოლიდან კუნძულზე ბრძოლამდე. აქედან დაახლოებით ოცი დღე, სანამ ელჩები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, ლაკედემონელები სურსათით მარაგდებოდნენ. დანარჩენ დროს კი იმას სჯერდებოდნენ, რასაც მათ ფარულად აწვდიდნენ. კუნძულზე კიდევ დარჩა ცოტა სურსათი, რადგან ეპიტადასი თითოეულ მებრძოლს ცოტათი ნაკლებს აძლევდა, ვიდრე მარაგი ჰქონდათ. ათენელებიც და პელოპონესელებიც შინ გაბრუნდნენ პილოსიდან და კლეონის ერთი შეხედვით უგუნური პირობა შესრულდა – ოც დღეში მან ათენში ტყვეები ჩაიყვანა.

ომის მოვლენებიდან ელინთათვის ასეთი მოულოდნელი არც ერთი არ ყოფილა. ყველა დარწმუნებული იყო, რომ ლაკედემონელები არც შიმშილის, არც სხვა გასაჭირის გამო არ დანებდებოდნენ და იარაღით ხელში ამჯობინებდნენ სიკვდილს. ხალხი ეჭვობდა, იყვნენ თუ არა გადარჩენილები ისეთივე მამაცები, როგორც დაღუპულები. შემდგომ ათენელთა ერთმა მოკავშირემ ეს ჰკითხა კიდეც ერთ-ერთ ტყვეს, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: „ლერწამი ბევრად უფრო ძვირფასი იქნებოდა, ღირსეულთა გამორჩევა რომ შეეძლოს“. ამით იმის თქმა უნდოდა, რომ ისარი განურჩევლად კლავს ყველას, ვისაც ხვდება.

ათენელებმა გადაწყვიტეს, ტყვეები მანამდე ჰყოლოდათ თავისთან, სანამ ზავს არ დადებდნენ, ხოლო თუ პელოპონესელები კვლავ დაესხმოდნენ მათ სამფლობელოებს, ტყვეები დაეხოცათ. პილოსში ათენელებმა გარნიზონი დატოვეს, ხოლო მესენიელებმა ნავპაქტოსიდან იქ საუკეთესო ხალხი გაგზავნეს. პილოსი ხომ ძველ მესენიას ეკუთვნოდა. იქიდან მესენიელები თავს ესხმოდნენ ლაკონიის სანაპიროს და ზიანს აყენებდნენ მათ, მით უფრო, რომ ისინი იმავე დიალექტზე საუბრობდნენ, რაზეც ლაკონიის მცხოვრებნი.

ლაკედემონელებს აქამდე არ განუცდიათ საკუთარი მიწის აოხრება და ომის წარმოების ეს მეთოდი. ისინი ხედავდნენ, რომ ჰელოტები პილოსში მტრის მხარეზე გადადიოდნენ და შეშფოთებულები იყვნენ, რადგან უკმაყოფილება შეიძლება უფრო შორსაც გავრცელებულიყო. ლაკედემონელები აშკარად არ გამოთქვამდნენ თავის შეშფოთებას, მაგრამ ელჩებს გზავნიდნენ ათენში და ტყვეების დაბრუნებას ცდილობდნენ. ათენელები კი მათ სულ ახალ მოთხოვნებს უყენებდნენ და ყოველ ჯერზე ელჩებს პირში ჩალაგამოვლებულებს ისტუმრებდნენ.

პილოსის მოვლენების შემდეგ, იმავე ზაფხულს, ათენელებმა წამოიწყეს ლაშქრობა კორინთელთა წინააღმდეგ. ლაშქრობაში მონაწილეობდა ოთხმოცი ხომალდი, ორი ათასი ჰოპლიტი და ორასი მხედარი, რომელთა გადასაყვანადაც სპეციალურად მოამზადეს ხომალდები. მათ თან ახლდნენ მოკავშირე მილეტელები, ანდროსელები და კარისტიელები. ლაშქრობას ნიკიასი ხელმძღვანელობდა. ათენელები გადასხდნენ სანაპიროზე ხერსონესსა და რეიტოსს შორის სოლიგეიას მახლობლად. ძველად, როდესაც დორიელები კორინთოსის ეოლიელ მცხოვრებლებს ებრძოდნენ, სწორედ აქ ჰქონდათ ბანაკი მოწყობილი. კორინთელებმა წინასწარ იცოდნენ ათენელთა მოსალოდნელი შემოჭრის შესახებ და ლაშქარი შეკრიბეს ისთმოსზე, გარდა იმ ხუთასი კაცისა, ვინც ამპრაკიასა დალევკადაში იმყოფებოდნენ. ათენელები ნაპირს ღამით მიადგნენ, ადგილობრივებმა სასიგნალო ცეცხლი აანთეს და კორინთელთა ჯარი მათ შესახვედრად წამოვიდა. ბატოსმა, მათმა ერთ-ერთმა სარდალმა, სოლიგეია დაიკავა. ლიკოფრონი კი დანარჩენი ნაწილებით ბრძოლაში ჩაება. კორინთელებმა თავიდანვე შეუტიეს ახლად გადმომსხდარ ათენელთა მარჯვენა ფრთას ხერსონესთან, შემდეგ კი სხვა ნაწილებსაც. ფიცხელი ხელჩართული ბრძოლა გაჩაღდა. ათენელთა და კარისტიელთა მარჯვენა ფრთამ ხანგრძლივი ბრძოლის მერე უკუაგდო მტერი. კორინთელებმა უკან დაიხიეს ქვის გალავნისკენ და ზემოდან ქვები დააყარეს მოწინააღმდეგეს, შემდეგ პეანის სიმღერით ისევ შეტევაზე გადავიდნენ. ისევ ბრძოლა გაჩაღდა. კორინთელებს დამხმარე ძალა მოუვიდათ. მათ სანაპიროსკენ განდევნეს ათენელები, მაგრამ ხომალდებთან ათენელებმა და კარისტიელებმა კვლავ შეუტიეს მტერს. ბრძოლა არ ცხრებოდა არც სხვა ადგილებში, განსაკუთრებით სისხლისმღვრელი ის კორინთელთა მარჯვენა ფრთაზე იყო, სადაც ათენელებს სოლიგეიასკენ გზას თვით ლიკოფრონი უღობავდა.

დიდხანს ორივე მხარე მედგრად იდგა. ბოლოს კორინთელებმა უკან დაიხიეს. ათენელებს კარგი სამსახური გაუწიეს მხედრებმა,რომლებიც კორინთელებს არ ჰყავდათ. კორინთელები ბორცვზე გამაგრდნენ და ქვევით აღარ ჩამოდიოდნენ. უკან დახევისას კორინთელთა მარჯვენა ფრთა განსაკუთრებით დაზარალდა. დაიღუპა მათი სარდალი ლიკოფრონი. კორინთელებს აღარ განუახლებიათ ბრძოლა. ათენელებმა კი საჭურველი მოხსნეს დაღუპულებს, აკრიფეს საკუთარ მეომართა ცხედრები და გამარჯვების ნიშანი აღმართეს.

კორინთელთა ჯარის მეორე ნაწილი, რომელიც ათენელთათვის კრომიონისკენ გზის დასაკეტად კენქრეაში იდგა, ბრძოლას ვერ ხედავდა. მათ მთა ეფარებოდა. როდესაც მათ მტვრის ღრუბელი შენიშნეს, მიხვდნენ, რომ ბრძოლა გაჩაღდა და საშველად წავიდნენ. ქალაქიდანაც გამოგზავნეს უფროსი ასაკის მოქალაქეთაგან შემდგარი დამხმარე რაზმები. როდესაც მრავალრიცხოვანი მტერი დაინახეს, ათენელებმა იფიქრეს, რომ კორინთელებს დანარჩენი პელოპონესიდან მოუვიდა მაშველი ძალა. მათ ხომალდებზე გადაიტანეს ნადავლი და თავისიანთა ცხედრები, გარდა ორისა, რომლებიც ვერ იპოვეს, დასხდნენ ხომალდებზე და მიმდებარე კუნძულებზე გადაინაცვლეს. იქიდან კორინთელებს მაცნე გაუგზავნეს და თავიანთი მეომრების ცხედრები მოსთხოვეს. ბრძოლაში ორას თორმეტი კორინთელი და ორმოცდაათამდე ათენელი დაეცა.

კუნძულებიდან ათენელები იმავე დღეს თავს დაესხნენ კრომიონს, კორინთოსიდან ას ოც სტადიონში, და მიწა დაარბიეს. შემდეგ დღეს ესკადრა სანაპიროს გაუყვა ეპიდავროსისკენ და გადმოსხდნენ მეთანასთან, ეპიდავროსსა და ტროიძენეს შორის. ათენელებმა დაიკავეს და გაამაგრეს ნახევარკუნძულზე გადასასვლელი ყელი. იქ გარნიზონი დატოვეს, რაღაც ხანს თარეშობდნენ ტროიძენეს, ჰალიადასა და ეპიდავრიაში. შემდეგ შინ დაბრუნდნენ. დაახლოებით ამავე დროს ევრიმედონი და სოფოკლესი პილოსიდან სიცილიისკენ გზად კერკირას ეწვივნენ. აქ მოქალაქეებთან ერთად გაილაშქრეს კერკირელ დევნილებზე, რომლებიც აჯანყების შემდეგ ისტონეს მთაზე იყვნენ გამაგრებულები. ათენელებმა შტურმით აიღეს მათი სიმაგრე, დევნილებმა კი გასცეს თავისი მოქირავნეები, თვითონაც იარაღი დაყარეს და საკუთარი ბედის გადაწყვეტა ათენელებს მიანდეს. ათენში გაგზავნამდე ისინი კუნძულ პტიქიაზე ჰყავდათ დატყვევებული იმ პირობით, რომ თუ ერთი მაინც ეცდებოდა გაქცევას, შეთანხმება ძალას დაკარგავდა. სახალხო პარტიის ბელადებს ეშინოდათ, რომ ათენელები სიკვდილით არ დასჯიდნენ ლტოლვილებს და ამგვარ ეშმაკობას მიმართეს. მათ საიდუმლოდ გაგზავნეს კუნძულზე ლტოლვილთა რამდენიმე ძველი მეგობარი, ვითომდა კეთილი რჩევით, სასწრაფოდ დაეტოვებინათ კუნძული, რადგან ათენელი სარდლები მათ კერკირელთათვის გადაცემას აპირებდნენ.

ლტოლვილებმა დაიჯერეს და გასაქცევად მოემზადნენ. ბოლო წუთს ათენელებმა ისინი დააკავეს და კერკირელებს გადასცეს. ეს,ალბათ, ათენელმა სარდლებმა ჩაიფიქრეს, რადგან მათ ესაჭიროებოდათ მიზეზი ტყვეების გასაცემად და არ სურდათ ვინმეს ათენში გაგზავნა, როდესაც თვითონ სიცილიაზე უწევდათ ბრძოლა. კერკირელებმა ტყვეები დიდ შენობაში დაამწყვდიეს. ისინი ოცკაციან ჯგუფებად გამოჰყავდათ და ერთმანეთზე გადაბმულებს ჰოპლიტებს შორის ატარებდნენ. თითოეული ჰოპლიტი კლავდა მას, ვისაც პირად მტრად მიიჩნევდა.

ამგვარად, კერკირელებმა სამოცი კაცი დასაჯეს სიკვდილით. დანარჩენებმა კი არ იცოდნენ რა ხდებოდა და ფიქრობდნენ, რომ ტყვეები სხვა ციხეში გადაჰყავდათ. როდესაც სიმართლე გაიგეს, ათენელებს სთხოვეს, თუ საჭირო იყო, მათვე დაეხოცათ, ხოლო შენობიდან აღარ გავიდოდნენ და არც არავის შეუშვებდნენ აქ, სანამ წინააღმდეგობის გაწევა შეეძლოთ. მაშინ კერკირელებმა სახურავი ახადეს შენობას და იქიდან ტყვეებს კრამიტებსა და ისრებს ესროდნენ. ტყვეები თავს იცავდნენ, როგორც შეეძლოთ. ბევრმა თავი მოიკლა. თითქმის მთელ ღამეს გრძელდებოდა ხოცვა-ჟლეტა. დილას კერკირელებმა დახოცილები ურმებზე დააწყვეს და ქალაქიდან გაიყვანეს. ტყვედ ჩავარდნილი ქალები კი მონებად გაყიდეს. ასე დასრულდა შინაომი კერკირაზე, ათენელებმა კი სიცილიისკენ გზა გააგრძელეს.

იმავე ზაფხულის დასასრულს ათენელებმა აკარნანელებთა ნერთად ნავპაქტოსიდან გაილაშქრეს კორინთელთა ქალაქ ანაქტორიოსზე და მოღალატეთა დახმარებით დაიკავეს იგი. ქვეყანა გადასცეს აკარნანელებს, რომლებმაც მოახალშენეები გამოგზავნეს აქ. ასე დასრულდა ზაფხული.

შემდეგ ზამთარს ათენელთა ესკადრის სარდალმა არისტიდესმა, რომელიც მოკავშირეთაგან ხარკს აგროვებდა, ხელში ჩაიგდო არტაფერნესი, რომელიც სპარსეთის მეფის დავალებით ლაკედემონში მიდიოდა. იგი ათენში წაიყვანეს, სადაც წერილი ასურულიდან თარგმნეს და წაიკითხეს. წერილში ეწერა, რომ მეფეს არ ესმის, რაუნდათ ლაკედემონელებს. მათი ყველა ელჩი სხვადასხვას ამბობს. ახლა გააყოლონ ამ სპარსელს ელჩები, რომლებიც განმარტავენ,

რა სურთ. შემდეგ ათენელებმა არტაფერნესს გააყოლეს ეფესოსში საკუთარი ელჩები, მაგრამ იქ შეიტყვეს, რომ მეფე არტაქსერქსე გარდაიცვალა და ელჩები უკან გამობრუნდნენ.

იმავე ზამთარს ათენელებმა ქიოსელებს უბრძანეს ქალაქის გალავნის დანგრევა, რადგან ეჭვობდნენ, რომ აჯანყება მზადდებოდა. ამავე დროს ქიოსელები დაარწმუნეს, რომ მომავალში მათ შინაურ საქმეებში არ ჩაერეოდნენ. ასე დასრულდა ზამთარი და ომის მეშვიდე წელი.

შემდეგი ზაფხულის დასაწყისში, სავსე მთვარისას, მზე ნაწილობრივ დაბნელდა, ხოლო იმავე თვეში მიწისძვრა მოხდა.

მიტილენედან და სხვა ლესბოსური ქალაქებიდან დევნილებმა იქირავეს პელოპონესელთა დამხმარე რაზმები და დაიკავეს როიტეიოსი. თუმცა, არავის არაფერი ავნეს და ორი ათასი ფოკეური სტატერის ფასად დაუბრუნეს იგი მოქალაქეებს. შემდეგ მათ ანტანდროსი დალაშქრეს და მოღალატეთა დახმარებით დაიკავეს ქალაქი. განზრახული ჰქონდათ, სხვა ქალაქებიც გაეთავისუფლებინათ, რომლებიც ადრე მიტილენელებს ეკუთვნოდათ, ხოლო ახლა ათენელების ხელში იყო. ხე-ტყით მდიდარი ანტანდროსი კი მათ დასაყრდენად უნდა ქცეულიყო. აქ შეიძლებოდა ხომალდების აგება, აქედანვე შეეძლოთ ეძარცვათ ლესბოსი და დაუფლებოდნენ ეოლიურ ქალაქებს ხმელეთზე.

იმავე ზაფხულს ათენელთა ესკადრა, რომელშიც სამოცი ხომალდი, ორი ათასი ჰოპლიტი და ცოტაოდენი მხედარი შედიოდა, მილეტელთა და სხვა მოკავშირეთა დახმარებით, თავს დაესხა კითერას. ლაშქრობას ნიკიასი სარდლობდა. კითერა არის კუნძული ლაკონიის ნაპირებთან. მასზე ლაკედემონელი პერიეკები ცხოვრობენ. სპარტელები დიდად ზრუნავდნენ კუნძულზე და აქ გარნიზონი ჰყავდათ. აქ იყო ლაკედემონელთა ნავსადგური, სადაც სატვირთო ხომალდები მოდიოდნენ ეგვიპტიდან და ლიბიიდან. გარდა ამისა, კუნძული მეკობრეთაგან იცავდა ლაკონიის ნაპირებს.

ათენელებმა ათი ხომალდითა და ორი ათასი მილეტელი ჰოპლიტით დაიკავეს ქალაქი სკანდია. დანარჩენი ლაშქარი კი მალეის კონცხის მოპირისპირე მხარეს გადმოსხეს, და შეუტიეს კითერელთა ქალაქს. ადგილობრივები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში დახვდნენ. ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ კითერელები დამარცხდნენ და თავი აკროპოლისს შეაფარეს. შემდეგ ისინი დანებდნენ ნიკიასს სიცოცხლის შენარჩუნების პირობით. ათენელებმა გარნიზონი დატოვეს კითერაზე და ასინას, ჰელოსისა და სხვა სანაპირო ქალაქების დასარბევად გასწიეს.

ლაკედემონელები ხედავდნენ, რომ კითერა ათენელებმა დაიკავეს და მათ ასეთი თავდასხმებისთვის ჯეროვანი მზადყოფნა მართებდათ, მაგრამ ისინი არსად არ გამოსულან გაერთიანებული ძალებით. მათ გაგზავნეს ჰოპლიტების რაზმები მთელ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ადგილების დასაცავად და მაქსიმალურ სიფრთხილეს იჩენდნენ, რათა თავიდან აეცილებინათ გადატრიალება მაშინ, როდესაც ასეთი მოულოდნელი მარცხი განიცადეს – პილოსი და კითერა მტრის ხელთ აღმოჩნდა და მათ ყველა მხრიდან საფრთხე ელოდათ. პირველად თავიანთ სამხედრო პრაქტიკაში მათ გადაწყვიტეს, შეექმნათ ცხენოსანთა და მშვილდოსანთა რაზმები. ლაკედემონელები უხერხულად გრძნობდნენ თავს, რადგან ჩათრეულნი იყვნენ საზღვაო ომში ათენელებთან, რომელთა შესაძლებლობებიც ამოუწურავი ჩანდა. მოულოდნელმა უბედურებებმა მათ თავდაჯერება დააკარგვინა.

სანამ ათენელები ლაონიის სანაპიროს არბევდნენ, ლაკედემონელები, ძირითადად, უმოქმედოდ იყვნენ. მათ საყარაულო პოსტებზე მყოფი გარნიზონები, როგორც წესი, არ ერთვებოდნენ ბრძოლაში. მხოლოდ ერთხელ დაესხნენ თავს მსუბუქად შეჭურვილ ათენელებს და გააქციეს ისინი. მაგრამ ჰოპლიტების მოსვლის შემდეგ ისევ უკან დაიხიეს და რამდენიმე კაცი დაკარგეს. ათენელებმა გამარჯვების ნიშანი აღმართეს და კითერაზე დაბრუნდნენ. იქიდან აგრძელებდნენ სანაპიროს რბევას. თავს დაესხნენ თირეას, სადაც ლაკედემონელებმა ეგინელი ლტოლვილები დაასახლეს.

სანამ ათენელთა ესკადრა ჯერ კიდევ ზღვაში იყო, ეგინელებმა დატოვეს სიმაგრე, რომელსაც სანაპიროზე აშენებდნენ, აკროპოლისს შეაფარეს თავი. ლაკონელთა ერთ-ერთი საგუშაგოს წევრი, რომელიც მშენებლობაში ეხმარებოდა, არ გაჰყვა მათ. ლაკედემონელებმა მთებში დაიხიეს და აღარ მიეხმარნენ ეგინელებს, რადგან საკუთარი ძალები არასაკმარისად მიიჩნიეს.

ამასობაში ათენელები ნაპირზე გადმოვიდნენ და შეუტიეს თირეას. მათ აიღეს, გადაწვეს და დაანგრიეს ქალაქი, ცოცხლად გადარჩენილი ეგინელები კი ათენში წაიყვანეს. მათთან ერთად წაიყვანეს ლაკედემონელი სარდალი ტანტალოსი და კიდევ რამდენიმე კითერელი. ისინი უსაფრთხოების მიზნით მოაშორეს კუნძულს. ათენში გადაწყვიტეს მათი კიკლადებზე გაგზავნა, ხოლო დანარჩენიკითერელები სამშობლოში დატოვეს და ხარკად ოთხი ტალანტი დაუწესეს. ტყვე ეგინელები სიკვდილით დასაჯეს, ტანტალოსი კისხვა ლაკედემონელ ტყვეებს შეუერთდა.

იმავე ზაფხულს სიცილიაზე დაზავდნენ კამარინა და გელა. შემდეგ გელაში სხვა ელინური ქვეყნების წარმომადგენლებიც სამშვიდობო მოლაპარაკებებზე შეიკრიბნენ. ხანგრძლივი კამათის შემდეგ, სადაც ზოგი მშვიდობას უჭერდა მხარს, ზოგი კი საკუთარ საჩივარსა და მოთხოვნებს ვერ ელეოდა, შეკრებილთ მიმართა სირაკუზელმა ჰერმოკრატესმა, რომლის სიტყვებმაც ყველა დაარწმუნა:

„სიცილიელებო, როგორც ყველაზე დიდი და ომისგან ყველაზე ნაკლებად დაზარალებული ქვეყნის წარმომადგენელს, მე მსურს, სიცილიისთვის ყველაზე სასრგებლო რამ შემოგთავაზოთ. რად მოვყვეომის საშინელებების შესახებ, როდესაც თქვენ ეს ყველაფერი კარგად უწყით? არავის დაუწყია ომი ისე, რომ არ სცოდნოდა, რა უბედურება მოაქვს მას და არც ამის შიშს გაუჩერებია ვინმე, თუ ომი გამორჩენას ჰპირდება. ზოგი გადაჭარბებით აფასებს გამორჩენას ხიფათთან შედარებით, სხვა კი მზად არის ხიფათში ჩაიგდოს თავი, ოღონდ დღეს არაფერი დათმოს. მაგრამ ერთნიც და მეორენიც ცდებიან. სავსებით დროულია მშვიდობისკენ მოწოდება. ეს არც ჩვენ გვაწყენს. თუ თავის დროზე ომი ცალკეული ქვეყნის კერძო ინტერესების გამო დავიწყეთ,ახლა მაინც ვცადოთ ჩვენი უთანხმოების მოლაპარაკებებით მოგვარება. თუ მაინც არაფერი გამოგვივა, ისევ ვიომოთ.

თუმცა, გონებას თუ მოვუხმობთ, მივხვდებით, რომ საქმე ჩვენს კერძო ინტერესებს კი არ ეხება, არამედ სიცილიის დაცვას ათენელთაგან, რომლებსაც, ჩემი აზრით, მთელი კუნძულის დაპყრობა სურთ. ჩემს სიტყვებზე მეტად თავად ათენელებმა უნდა დაგარწმუნოთ მშვიდობის აუცილებლობაში. ათენი ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა ელადაში. თავიდან ჩვენთან მცირე ესკადრით მოვიდა, როგორც კანონიერი მოკავშირე. ისინი ითვალისწინებენ ჩვენს შეცდომებს და, კავშირის სახელით, ცდილობენ გამოიყენონ ჩვენი წინააღმდეგობები. როდესაც ერთმანეთს ვებრძვით და ჩვენს ქვეყანაში სხვას ვეძახით, ამით ჩვენ ვსუსტდებით და სხვას ვუხსნით გზას ბატონობისთვის. როგორც კი დაინახავენ, რომ დავსუსტდით, აქ უფრო დიდი ესკადრით მოვლენ და მთელ კუნძულს დაიკავებენ.

ჩვენთვის უფრო გონივრული იქნებოდა, თითოეულ ქვეყანას თავისი მოკავშირე მოეხმო, ვინც მოგვაწვდიდა, რაც გვჭირდება, ვიდრე ის დაგვეპატიჟებინა, ვინც გვაჩანაგებს და ვისაც ახალი ხიფათი მოაქვს. ჩვენი უთანხმოებები უდავოდ დიდი ბოროტებაა თითოეული ქვეყნისთვისაც და მთელი სიცილიისთვისაც. ჩვენ ხომ ერთიანი სიცილიის შვილები ვართ და, მიუხედავად საერთო საფრთხისა, ერთმანეთს ვებრძვით. მოქალაქეებმაც და ქვეყნებმაც უნდა გავიგოთ, რომ უნდა დავზავდეთ და ერთიანი ძალებით გადავარჩინოთ მთელი სიცილია. ნურავინ იფიქრებს, რომ სიცილიელთაგან მხოლოდ დორიელები არიან ათენელთა მტრები, ხოლო ქალკიდელები და იონიელები მათთგან დაცულნი არიან. ათენელები აქ მოსახლეობის დორიულ ნაწილს იმიტომ კი არ ებრძვიან, რომ სიცილია ორ ტომად არის გაყოფილი, არამედ იმიტომ, რომ მთელი კუნძული დაიპყრონ. ეს კარგად ჩანს ქალკიდელთა მაგალითზე. მიუხედავად იმისა, რომ ქალკიდელები ათენელებს არასდროს დახმარებიან, ათენელები დიდი სიამოვნებით დაეხმარნენ მათ. გამორჩენის ძიება ათენელებს ეპატიებათ. მე ვსაყვედურობ მათ, ვინც მზად არის დაემორჩილოს. ძალიან ცდება ის, ვინც ეს ყველაფერი იცის და ზომებს არ იღებს. საერთო მშვიდობა გვიხსნის ამ საფრთხისგან. ათენელები ხომ თავს გვესხმიან არა საკუთარი მიწიდან, არამედ მათი მოკავშირე სიცილიური ქალაქებიდან. ომი ომით კი არ დასრულდება, არამედ მშვიდობით და მაშინ, ვინც ჩვენთან მოკავშირედ მოვიდა, მაგრამ ბოროტება აქვს განზრახული, ვერაფერს მიიღებს. აი, რა მოგებას მოგვიტანს ათენელთა მიმართ გონივრული პოლიტიკა, და თუ მშვიდობა უდიდესი ბედნიერებაა, რატომ არ დავამყაროთ იგი ჩვენ შორის? და თუ ერთს რაღაც უპირატესობა აქვს, სხვა კი მძიმე მდგომარეობაშია, განა მშვიდობა ომზე მეტად არ დაეხმარება მათ კეთილდღეობის შენარჩუნებასა თუ უბედურების დაძლევაში? განა მშვიდობას პატივი, სახელი და სხვა სიხარული ომზე მეტად უსაფრთხო გზით არ მოაქვს? დაფიქრდით ამაზე! ის, ვისაც გადაწყვეტილი აქვს, მიაღწიოს რამეს პატიოსანი გზით ან ძალადობით, უნდაუფრთხოდეს სასტიკ მარცხს, რომელიც მოულოდნელად შეიძლება ეწვიოს. მას უნდა ახსოვდეს, რომ უკვე ბევრი დამარცხებულა, ვინც წარმატების იმედითა და ძალაზე დაყრდნობით შურისძიებას ესწრაფვოდა. შურისძიება ვერ იქნება ყოველთვის წარმატებული და ძალა ვერ იქნება წარმატების საწინდარი მხოლოდ იმიტომ, რომ თვითდაჯერებულია. მომავალი ხშირ შემთხვევაში გაურკვეველია და ეს კარგიც არის, რადგან როდესაც ეჭვი გვეპარება, მეტი სიფრთხილით ვეკიდებით საომარ მოქმედებებს.

ახლა ჩვენ შეშფოთებისთვის ორი მთავარი საფუძველი გვაქვს: გაურკვეველი მომავალი და შიში ძლიერი მტრის წინაშე, რომელიც უკვე ჩვენს მიწაზეა. ამ მიზეზების გამო ჩვენი გეგმები არასაიმედოა. ვაიძულოთ ძლიერი მტერი, დატოვოს ჩვენი მიწა და დავამყაროთ მშვიდობა სამუდამოდ ან, უკიდურეს შემთხვევაში, დიდი ხნით გადავდოთ ჩვენი უთანხმოებები. თუ მე არ დამიჯერებთ და სხვის რჩევას მიიღებთ, თქვენ ვერ დასჯით თქვენს მტერს. საუკეთესო შემთხვევაში, თქვენ გახდებით მთავარი მტრის მოკავშირე და ნამდვილი მეგობრების მტერი. მე, როგორც გითხარით, წარმოვადგენ სიცილიის უდიდეს ქვეყანას, რომელსაც შეუძლია სხვებს თავსდაესხას, მაგრამ ვფიქრობ მომავალზე და მინდა შევუთანხმდე ჩვენს მტრებს, რათა მომავალში არ დავზარალდეთ. თქვენგანაც იმავეს მოველი, სანამ მტრები არ გაიძულებენ ამას. სრულებითაც არ არის სირცხვილი ერთი ტომის ხალხმა უთანხმოება მშვიდობიანად მოაგვაროს. ჩვენ ყველანი მეზობლები ვართ, ერთ კუნძულზე ვცხოვრობთ და საერთო სახელი გვაქვს – სიცილიელები. თუ ერთმანეთში ვიომებთ, მოლაპარაკებასა და მშვიდობის დამყარებასაც მოვახერხებთ. უცხო დამპყრობელს კი ერთად უნდა ვებრძოლოთ, რადგან ცალკეული ქვეყნისთვის მიყენებული ვნება თანაბრად სახიფათოა ყველასთვის. მომავალში ნუღარ მოვიწვევთ უცხოელ მოკავშირეებსა თუ შუამავლებს. ამით სიცილიას ორ უპირატესობას მივანიჭებთ – გავათავისუფლებთ მას ათენელებისგანაც და შინაომებისგანაც. მომავალშიც ჩვენი თავისუფალი ქვეყნის პატრონები დავრჩებით და სხვა ვერას გვავნებს“.

სიცილიელები დაეთანხმნენ ჰერმოკრატესს და შეთანხმდნენ, დაესრულებინათ ომი იმ პირობით, რომ ყველა ქვეყანა თავის სამფლობელოებს შეინარჩუნებდა. მხოლოდ მორგანტინა გადაეცა კამარინელებს, რისთვისაც მათ სირაკუზელებისთვის გარკვეული საფასური უნდა გადაეხადათ.

ათენელთა მოკავშირე ქვეყნებმა გამოუცხადეს ათენელ სარდლებს, რომ სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას აპირებენ და მათაც შესთავაზეს შეერთებოდნენ მას. ესკადრის შინ დაბრუნების შემდეგ ათენის მთავრობამ პითოდოროსსა და სოფოკლეს ქვეყნიდან გაძევება მიუსაჯა, ევრიმედონს კი – ფულადი ჯარიმა. ისინი დაადანაშაულეს იმაში, რომ სიცილიის დაპყრობის ნაცვლად ქრთამი აიღეს და უკან დაიხიეს. ათენელები ისე იყვნენ დაბრმავებული თავისი წარმატებებით, რომ სულ უფრო მეტს ესწრაფვოდნენ – შესაძლებელსაც და შეუძლებელსაც.

იმავე ზაფხულს მეგარის მოქალაქეებმა, რომლებიც დიდ გასაჭირში იყვნენ ათენელებთან ომისა და დევნილთა ყაჩაღური თავდასხმების გამო, დაიწყეს დევნილთა დაბრუნებაზე ფიქრი. დევნილთა მეგობრებმა იგრძნეს ხალხის განწყობილებაში ცვლილება და უფრო დაბეჯითებით მოითხოვეს მათი დაბრუნება. მაგრამ სახალხო პარტიის ბელადები მიხვდნენ, რომ ლტოლვილების დაბრუნების შემდეგ უცხო ძალის გარეშე დემოკრატიას ვერ შეინარჩუნებდნენ და დაიწყეს საიდუმლო მოლაპარაკებები ათენელ სარდლებთან, ჰიპოკრატესთან და დემოსთენესთან. ათენელთათვის ქალაქის გადაცემაში ისინი ნაკლებ ხიფათს ხედავდნენ, ვიდრე ლტოლვილების დაბრუნებაში. ისინი შეთანხმდნენ, რომ ათენელები ჯერ გრძელკედლებს დაიკავებენ, რათა პელოპონესელები ვერ მოვიდნენ ნისეადან, სადაც მეგარის დასაცავად მათ გარნიზონი ედგათ. შემდეგ შეთქმულები შეეცდებოდნენ ათენელთა ზემო ქალაქში შეშვებას.

მოლაპარაკების შემდეგ ათენელთა ექვსასი ჰოპლიტი, ჰიპოკრატოსის სარდლობით, მივიდა კუნძულ მინოაზე და კედელთან ახლოს თხრილში დაიმალა. მსუბუქად შეიარაღებულმა პლატეელებმა და მესაზღვრეებმა დემოსთენესის სარდლობით ენიალიოსის სამლოცველოს შეაფარეს თავი. ღამით ისინი ვერავინ შეამჩნია. გამთენიისას მეგარელმა შეთქმულებმა გეგმის განხორციელება დაიწყეს. მათ წინასწარ მიიღეს ზომები, საჭირო დროს გრძელი კედლის ჭიშკარი გაეღოთ. ისინი დაუახლოვდნენ პელოპონესელთა გარნიზონის უფროსს, რომელიც მათ მეკობრეებად თვლიდა და ღამით ხშირად გადიოდნენ ამ ჭიშკრიდან, თითქოს ათენელებზე თავდასასხმელად. ახლა, როდესაც ჭიშკარი მათთვის გაიღო, ათენელებმა ქალაქში შეაღწიეს. პირველები ჭიშკარში დემოსთენესი და პლატეელები შევიდნენ. ისინი იმ ადგილამდე მივიდნენ, სადაც დღეს ნადავლია გამოფენილი. მახლობლად მდგარმა პელოპონესელებმა შენიშნეს ათენელები და შეებრძოლნენ. შეტაკება ჭიშკართან დაიწყო. ამასთან, მეწინავე რაზმმა მტერი უკუაგდო და ჭიშკარი ჰიპოკრატესის ჰოპლიტების მოსვლამდე შეინარჩუნა.

ჰოპლიტები ჭიშკარში შევიდნენ და კედლის დაკავება დაიწყეს. პელოპონესელთა გარნიზონის მცირე ნაწილი მათ წინააღმდეგობას უწევდა, დანარჩენები კი გაიქცნენ. ისინი შეაშინა მტრის თავდასხმამ. გარდა ამისა ხედავდნენ, რომ მეგარელებიც მათ წინააღმდეგ იყვნენ. ათენელმა მაცნემ გამოაცხადა, რომ ყველა მეგარელს შეეძლო იარაღით ათენელებს შეერთებოდა. ეს განცხადება რომგაიგონეს, პელოპონესელები მაშინვე ნისეაში გაიქცნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ ათენელები და მეგარელები მართლა გაერთიანდნენ. დილით, როდესაც გრძელი კედლები უკვე ათენელთა ხელში იყო, მეგარელები შიშმა მოიცვა. შეთქმულებმა კი მოითხოვეს ჭიშკრის გაღება, რათა მტერს შებრძოლებოდნენ. შეთანხმდნენ, რომ ჭიშკრის გაღების შემდეგ, ათენელები ქალაქში შეიჭრებოდნენ, თვითონ კი სხვებისგან გასარჩევად ზეთს წაისვამდნენ. შეთქმულთათვის ჭიშკრის გაღება მით უფრო უსაფრთხო იყო, რომ ათენელებს, შეთანხმებისამებრ, ოთხი ათასი ჰოპლიტი და ექვსასი მხედარი ჩამოუვიდათ. შეთქმულებმა უკვე წაისვეს ზეთი და ჭიშკრის გაღებას აპირებდნენ, როდესაც ერთ-ერთმა თანამზრახველმა მოწინააღმდეგე პარტიას ჩანაფიქრი გააცნო. ისინი შეჯგუფდნენ და აცხადებდნენ, რომ ადრეც ვერ ბედავდნენ მტერზე თავდასხმას. ახლა კი ამის გაკეთება ნამდვილად არ შეიძლებოდა, რადგან ქალაქს დიდ საფრთხეში აგდებდნენ. ისინი არ იმჩნევდნენ, რომ იცოდნენ შეთქმულების შესახებ, მაგრამ ჭიშკარს იცავდნენ და შეთქმულებმა მიზანს ვერ მიაღწიეს. როდესაც ათენელმა სარდლებმა დაინახეს, რომ რაღაც დაბრკოლების გამო ქალაქის აღებას ვერ ახერხებენ, გადაწყვიტეს ნისასთვის საალყო კედლის შემორტყმა. მათ მიაჩნდათ, რომ მეგარა დანებდება, თუ ნისეას აღებას მოახერხებენ. ათენიდან საჭირო მასალა ჩამოიტანეს და ოსტატები ჩამოიყვანეს.

ნისეის გარშემო კედლის მშენებლობა სწრაფად მიდიოდა. მეორე საღამოსთვის ის თითქმის მზად იყო და შეშინებული ნისეელები ათენელებს დანებდნენ. პელოპონესიდან შველას ისინი არ ელოდნენ, ხოლო მეგარელებს ათენელთა მხარეზე გადასულებად მიიჩნევდნენ. გარნიზონს წასვლის უფლება მისცეს, მაგრამ თითოეულ მებრძოლს უნდა გადაეხადა გამოსასყიდი და ჩაებარებინა იარაღი. ქალაქში მყოფი ლაკედემონელები და მათი მეთაური ტყვედ აიყვანეს. ათენელებმა ნისეა დაიკავეს და დაიწყეს მეგარის წინააღმდეგ ოპერაციების სამზადისი.

იმ დროს ლაკედემონელი ბრასიდასი სიკიონისა და კორინთოსის მიდამოებში იყო და თრაკიაში სალაშქროდ ემზადებოდა. იგი შეაშფოთა გრძელი კედლების აღების ამბავმა. ეშინოდა, რომ ათენელები ნისეასა და თვით მეგარასაც აიღებდნენ. ამიტომ ბეოტიელებსმაშველის გამოგზავნა უბრძანა და თვითონაც მეგარისკენ დაიძრა. ბრასიდასს თან ახლდა ორი ათას შვიდასი კორინთელი, ოთხასი ფლეიასიელი, ექვსასი სიკიონელი ჰოპლიტი და მოქირავნეთა გარკვეული რაოდენობა. ბრასიდასს იმედი ჰქონდა, რომ ნისეას აღებამდე ჩავიდოდა ადგილზე. ნისეას დაცემის ამბავი მან გზაში შეიტყო. მაშინვე სამასი რჩეული მებრძოლით ბრასიდასი მეგარელთა ქალაქთან მივიდა. ათენელები სანაპიროზე იმყოფებოდნენ და ის ვერ შეამჩნიეს. ბრასიდასმა განაცხადა, რომ ნისეას განთავისუფლება უნდოდა, მაგრამ მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, შეეღწია მეგარაში და მოსახლეობა მიემხრო. მან მოითხოვა ქალაქში შეშვება და მეგარელებს ნისეას დაბრუნება აღუთქვა. მეგარელთა ორივე პარტიას ერთნაირად სახიფათოდ მიაჩნდა ბრასიდასი. ერთს ეშინოდა, რომ ბრასიდასი დააბრუნებს დევნილებს, მათ კი განდევნის; მეორეს კი ეშინოდა, რომ ხალხი მათ თავს დაესხმის და მაშინ შინაომით მოცული ქალაქი ათენელთა ლუკმა გახდება. ამიტომ ათენელებმა არ მიიღეს ბრასიდასი. ორივე პარტიამ გადაწყვიტა, შეეწყვიტათ შუღლი და მოვლენათა განვითარებას დალოდებოდნენ. მათ იმედი ჰქონდათ, რომ მოხდებოდა ბრძოლა ათენელთა და საშველად მოსულთა შორის, ბოლოს კი გამარჯვებულის მხარეს დაიჭერდნენ. ბრასიდასი, რომელმაც მეგარელები ვერ დაარწმუნა, თავის ლაშქარს დაუბრუნდა.

დილით მასთან ბეოტიელები მივიდნენ. ვითარება მათთვისაც სახიფათო იყო და ამიტომ ჯერ კიდევ ბრასიდასის მოწოდებამდე მათ გადაწყვიტეს მეგარას მიშველებოდნენ. ბრასიდასის შიკრიკის მოსვლის მერე ისინი კიდევ უფრო განეწყვნენ საბრძოლველად და ბრასიდასს ორიათას ორასი ჰოპლიტი და ექვსასი მხედარი გაუგზავნეს. ახლა ბრასიდასს, სულ ცოტა, ექვსი ათასი ჰოპლიტი ჰყავდა. ათენელი ჰოპლიტები საბრძოლო მზადყოფნაში იდგნენ ნისეასთან და სანაპიროზე, ხოლო მსუბუქად შეიარაღებული ქვეითები დაბლობში იყვნენ გაბნეულები. ბეოტიელი მხედრები თავს დაესხნენ მათ და ზღვისკენ გარეკეს. ეს იერიში სრულიად მოულოდნელი იყო, რადგან მეგარელებს აქამდე არავინ ეხმარებოდა. ათენელი მხედრებიც ჩაებნენ საქმეში. გაიმართა ხანგრძლივი ბრძოლა, რომელშიც ორივე მხარე თავს გამარჯვებულად მიიჩნევდა. ათენელებმა მოწინააღმდეგეთა სარდალი და რამდენიმე მხედარი ნისეის კედლებთან დახოცეს, მათი ცხედრები ხელთ იგდეს და მოწინააღმდეგეს მხოლოდ დაზავებისას დაუბრუნეს. მათვე აღმართეს გამარჯვების ნიშანი. მაგრამ ამ ბრძოლაში მაინც არც ერთ მხარეს არ მიუღწევია გადამწყვეტი უპირატესობისთვის. ბეოტიელები თავის ჰოპლიტებს დაუბრუნდნენ, ათენელები კი – ნისეას.

ბრასიდასი თავისი ლაშქრით ქალაქს მიუახლოვდა. იქ მოსახერხებელი პოზიცია შეარჩია და დაბანაკდა ათენელთა თავდასხმის მოლოდინში. მისთვის ცხადი იყო, რომ მეგარელები ერთ-ერთი მხარის გამარჯვებას ელოდნენ. სპარტელი სარდალი თავის მდგომარეობას ხელსაყრელად მიიჩნევდა. ის არ იყო თავდამსხმელი, მას არ უწევდა თავის ნებით ლაშქრის ხიფათში ჩაგდება, მაგრამ აშკარად აჩვენებდა მეტოქეს, რომ მზად იყო საბრძოლველად. ამგვარად, მას იმედი ჰქონდა, რომ გამარჯვებას ბრძოლის გარეშე მოიპოვებდა. გარდა ამისა, იმედოვნებდა მეგარელებთან კეთილი ურთიერთობების დამყარებას, რადგან პელოპონესელები პირველები არ ესხმოდნენ თავს. ბრასიდასი აქ რომ არ მოსულიყო, ქალაქი მისთვის დაკარგული იქნებოდა, ახლა კი, თუ ათენელები ბრძოლასთავს აარიდებენ, ის უბრძოლველად მიაღწევს მიზანს. ასეც მოხდა. ბოლოს და ბოლოს, მეგარელებმა მას ჭიშკარი გაუღეს. მართალია, ათენელები ჯერ გამოვიდნენ სიმაგრიდან და საბრძოლველად მოეწყვნენ გრძელ კედელთან, მაგრამ რადგან ლაკედემონელები შეტევაზე არ გადავიდნენ, არც ისინი დაძრულან ადგილიდან. ათენელი სარდლების აზრით, ისინი მეტოქეზე მეტ ხიფათში იგდებდნენ თავს: ათენელებმა ხომ თავის მიზანს ძირითადად მიაღწიეს. თუ ახლა ბრძოლას დაიწყებდნენ, მრავალრიცხოვან მტერთან გამარჯვების შემთხვევაში, შეძლებდნენ მეგარას ხელში ჩაგდებას, სამაგიეროდ, თუ დამარცხდებოდნენ, თავის რჩეულ ჰოპლიტებს დაკარგავდნენ. გარკვეული დროის შემდეგ, რადგან არც ერთი მხარე არ გადასულა იერიშზე, ათენელები ნისეაში დაბრუნდნენ, პელოპონესელები კი თავის პოზიციებზე. ამის შემდეგ მეგარაში დევნილთა მომხრეებმა გაიმარჯვეს და ჭიშკარი გაუღეს ბრასიდასს, როგორც გამარჯვებულს. მეგარელებმა დაიწყეს მასთან მოლაპარაკება, რადგან ათენელთა მომხრეები დათრგუნულები იყვნენ.

ამის მერე მოკავშირეები შინ დაბრუნდნენ, ბრასიდასი კი – კორინთოსში დაბრუნდა, რათა თრაკიაში ლაშქრობის სამზადისი გაეგრძელებინა. ათენელთა უკან დახევის შემდეგ მათი მომხრეები გაიქცნენ ქალაქიდან, სხვა მოქალაქეებმა კი დევნილები დააბრუნეს. ამასთან, მათ ფიცი დაადებინეს, რომ ძველ წყენას დაივიწყებდნენ. მაგრამ, როგორც კი დაბრუნებულმა ოლიგარქებმა ძალაუფლება მოიპოვეს, მათ ლაშქრის დათვალიერება მოაწყეს. შეარჩიეს ასი კაცი, ვისაც თავის მტრებად და ათენელთა მომხრეებად მიიჩნევდნენ და ხალხი აიძულეს, მათთვის სიკვდილი მიესაჯათ. ქვეყანაში უკიდურესი ოლიგარქია დამყარდა. ამ გადატრიალების შედეგად შექმნილი წყობა საკმაოდ დიდხანს შენარჩუნდა. იმავე ზაფხულს მიტილენელმა ლტოლვილებმა ანტანდროსის გამაგრება გადაწყვიტეს. ათენელი სარდლები დემოდოკოსი და არისტიდესი, რომელთა ესკადრაც მოკავშირეთაგან ხარკს კრეფდა, ამ დროს ჰელესპონტში იმყოფებოდნენ, ხოლო ლამაქოსი ათი ხომალდით პონტოში მიემართებოდა. სარდლებმა მოკავშირეთა ლაშქარი შეკრიბეს და ანტანდროსისკენ გასწიეს. დაამარცხეს შესახვედრად გამოსული მიტილენელები და კვლავ დაიკავეს ანტანდროსი. შემდეგ ლამაქოსი პონტოში წავიდა. იქ მან ავდარში ხომალდები დაკარგა და თავის რაზმით ხმელეთით დაბრუნდა კალქედონში.

იმავე ზაფხულს, მეგარიდან ათენელთა უკან დახევის შემდეგ, დემოსთენესი ორმოცი ხომალდით ნავპაქტოსში ჩავიდა. მასთან და ჰიპოკრატესთან მოლაპარაკებები დაიწყეს ბეოტიელებმა, რომელთაც თავიანთ ქვეყნებში ოლიგარქიის დემოკრატიით შეცვლა სურდათ. თებედან დევნილი პტეოდოროსის რჩევით, ამგვარი გეგმა შედგა: ათენელთათვის უნდა გადაეცათ სიფა, ნავსადგური თესალიაში, ორქომენოსელებს კი – ქერონეა, ბეოტიისა და ფოკისის სასაზღვრო ქალაქი. ამ გეგმით განსაკუთრებით დაინტერესებული ორქომენოსიდან დევნილები იყვნენ, ისინი მოქირავნეებს აგროვებდნენ პელოპონესში. შეთქმულებაში ფოკეელებიც მონაწილეობდნენ. ამ დროს ათენელებს უნდა დაეკავებინათ დელიოსი, აპოლონის სამლოცველო ტანაგრის ოლქში, ევბეის პირდაპირ. ამ პუნქტებს რომ გაამაგრებდნენ, ბეოტიის ქალაქებში აჯანყება კიდევაც რომ არ დაწყებულიყო, შეთქმულებს ექნებოდათ საყრდენი ქვეყანაზე გამუდმებული თავდასხმისთვის, მათი მომხრეები კი თავშესაფარს იპოვიდნენ. ამის შემდეგ ძველი წყობა დიდხანს ვეღარ გაძლებდა და ათენელთა ლაშქარს ბეოტიელები ერთიანი ძალებით ვეღარ აღუდგებოდნენ წინ.

ჰიპოკრატესი მზად იყო, ხელსაყრელ დროს გაელაშქრა ბეოტიაში. მან დემოსთენესი ორმოცი ხომალდით ნავპაქტოსში გაგზავნა. იქ მას მოკავშირეები უნდა შეეკრიბა და თავს დასხმოდა სიფას, რომლის ხელში ჩაგდებასაც მოღალატეთა დახმარებით იმედოვნებდნენ. დანიშნეს დღე, როდესაც ერთდროულად უნდა მომხდარიყო დაგეგმილი თავდასხმები. ადგილზე რომ ჩავიდა, დემოსთენესმა შეიტყო, რომ აკარნანიელებმა ოინიადაც შეიყვანეს ათენელთა კავშირში. დემოსთენესმა მოკავშირეებთან ერთად აგრაიებიც დაიმორჩილა და ბეოტიაში ლაშქრობისთვის მზადება დაიწყო.

იმავე ზაფხულს, დაახლოებით იმავე დროს, ბრასიდასმა ათას შვიდასი ჰოპლიტით თრაკიულ სანაპიროზე გაილაშქრა. ჰერაკლეადან მან თესალიელებს მათ მიწაზე გავლის ნება სთხოვა. მასთან მოვიდნენ თესალიელი მოკავშირეები, რათა ბრასიდასი გაეცილებინათ – მათ გარეშე თესალიის მიწაზე გავლა არ იქნებოდა იოლი. საერთოდაც, მეზობელი ქვეყნის მიწაზე ლაშქრის გადაადგილება ადგილობრივ ხელისუფალთა თანხმობის გარეშე ელინთათვის საეჭვო იქნებოდა. გარდა ამისა, თესალიელები ათენელებს თანაუგრძნობდნენ და, ჩვეული ისონომია მათთან უკიდურესი ოლიგარქიით რომ არ შეცვლილიყო, ისინი ბრასიდასს არ გაატარებდნენ. ახლაც მისი მეგობარი ოლიგარქების მოწინააღმდეგეებმა სცადეს მისთვის გზის გადაღობვა, მაგრამ მოლაპარაკებების შემდეგ ბრასიდასმა ლაშქრობა განაგრძო და მაკედონიის საზღვარს მიადგა.

ამგვარად, ბრასიდასმა მოახერხა თესალიის სწრაფად გავლა, სანამ თესალიელები მისთვის ხელის შეშლას მოასწრებდნენ, და პერდიკასთან და ქალკიდელებთან ჩავიდა. სწორედ ათენელთა წარმატებებით შეშინებულმა პერდიკამ და აჯანყებულმა თრაკიულმა ქალაქებმა გამოიძახეს ის პელოპონესიდან. ქალკიდელები ათენელთა თავდასხმას ელოდნენ. მეზობელი ქვეყნები ჯერ არ ამბოხებულიყვნენ, მაგრამ ბრასიდასის მოწვევას თანაუგრძნობდნენ. პერდიკა არ იყო ათენელთა აშკარა მტერი, მაგრამ ძველი ცოდვების გამო მაინც ეშინოდა მათი. გარდა ამისა, მას სურდა დაემორჩილებინა ლინკესტების მეფე არაბაიოსი. ლაკედემონელთა უკანასკნელმა წარუმატებლობამ გაუადვილა ქალკიდელებს პელოპონესიდან მაშველი ლაშქრის გამოთხოვა.

მართლაც, ლაკედემონელებს იმედი ჰქონდათ, რომ შეაფერხებდნენ ათენელთა თარეშს პელოპონესში და განსაკუთრებით ლაკონიაში, თუ ჯარს გაუგზავნიდნენ ათენელთა მოკავშირეებს. თანაც სპარტელებს გაუჩნდათ სასურველი საბაბი ჰელოტების ნაწილის ქვეყნიდან გასაყვანად, რათა ისინი არ აჯანყებულიყვნენ, სანამ მტერი პილოსში იყო. ლაკედემონელთა ძირითადი ღონისძიებები სწორედ ჰელოტების მორჩილების შენარჩუნებას ისახავდა მიზნად. ახალგაზრდა ჰელოტების თავხედობით შეშფოთებულებმა ასეთზომასაც კი მიმართეს ერთხელ. მათ შეარჩიეს ჰელოტები, ვისაც თავი სამხედრო საქმის მცოდნედ მიაჩნდა (სწორედ ესენი იქნებოდნენ ყველაზე სახიფათო) და თავისუფლებას დაჰპირდნენ მათ. გვირგვინებით შემკული ორი ათასი ყმაწვილი ტაძრებში მიიყვანეს, თითქოს მათ თავისუფლებას აძლევდნენ, შემდეგ კი წაიყვანეს და ფარულად დახოცეს. არავინ იცოდა, სად და როდის დაიღუპნენ ისინი. ახლაც ლაკედემონელებმა შემთხვევით ისარგებლეს და ბრასიდასს ჰოპლიტებად შვიდასი ჰელოტი გაატანეს.

ლაკედემონელებმა ბრასიდასი, პირველ რიგში, მისივე სურვილით გაგზავნეს, თუმცა ქალკიდელებიც სწორედ ამას ითხოვდნენ, რადგან მას საქმიანი და გონიერი კაცის სახელი ჰქონდა. ამ ლაშქრობაშიც ბრასიდასმა ლაკედემონელებს დიდი სამსახური გაუწია. მისი დამოკიდებულება ათენის მოკავშირეებთან სამართლიანი და ზომიერი იყო. ქვეყნების უმრავლესობა მან გადაიბირა, ზოგი კი მოღალატეთა დახმარებით დაიმორჩილა. ლაკედემონელები ხელსაყრელ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მათ შეეძლოთ შეეთავაზებინათ ზავი, რაც მოგვიანებით გააკეთეს კიდეც. მათ ეს ქვეყნები ათენელთა მიერ დაკავებულ პუნქტებზე გაცვალეს და ამით, პელოპონესს ომის საშინელებები ააცილეს. სიცილიის მოვლენების შემდეგაც, ბრასიდასის კაცთმოყვარეობა და გონიერება იზიდავდა ათენელთა მოკავშირეებს. ბრასიდასი პირველი ლაკედემონელი იყო, ვინც შორეულ ლაშქრობაში სრულიად პატიოსანი კაცის სახელი მოიპოვა და ათენელთა მოკავშირეებს ჩააგონა, რომ სხვა ლაკედემონელებიც ასეთები არიან.

ათენელებმა პერდიკა მტრად გამოაცხადეს, როგორც კი ბრასიდასის თრაკიაში ჩასვლის ამბავი გაიგეს. მაკედონიის მეფეს ამ ლაშქრობის სულისჩამდგმელად მიიჩნევდნენ და ამ რეგიონში მოკავშირეებზე მეთვალყურეობა გაამკაცრეს.

როგორც კი ბრასიდასისა და პერდიკას რაზმები შეერთდნენ, მათ მაშინვე გაილაშქრეს არაბაიოსის წინააღმდეგ. როდესაც მათი ლაშქარი უღელტეხილს მიადგა ლინკოსთან, ბრასიდასმა განაცხადა, რომ ბრძოლის დაწყებამდე სურდა არაბაიოსს დალაპარაკებოდა და ეცადა მეფის ლაკედემონელთათვის მიმხრობა. მართლაც, არაბაიოსს უკვე გამოგზავნილი ჰყავდა მაცნე ბრასიდასთან წინადადებით, რომ მისი პერდიკასთან დავა მომრიგებელ მოსამართლეს გადაეწყვიტა. ქალკიდელთა ელჩებმაც ურჩიეს ბრასიდასს, პერდიკა მუდმივად შიშში ჰყოლოდა, რათა იგი უფრო ყურადღებით მოჰკიდებოდა ქალკიდელთა საქმეს. პერდიკას ელჩები ამბობდნენ, რომ პერდიკას ლაკედემონელთათვის ბევრი მეზობლის მიმხრობა შეეძლო. ამიტომ ბრასიდასმა თავი ვალდებულად ჩათვალა, პერდიკასა და არაბაიოსის საქმე გადაეწყვიტა. მაგრამ პერდიკამ განაცხადა, რომ მან ბრასიდასი მოსამართლედ კი არა, მოკავშირედ მოიწვია და ბრასიდასმაც იმასთან უნდა იომოს, ვისზედაც მიუთითებენ. პერდიკას წინააღმდეგობის მიუხედავად, ბრასიდასმა მოლაპარაკება დაიწყო არაბაიოსთან, დარწმუნდა მის სიმართლეში და მის მიწაზე აღარ შეიჭრა. ნაწყენმა პერდიკამ ლაშქრის ხარჯების ნახევრის მაგივრად მესამედი გადაიხადა.

იმავე ზაფხულს, რთველის წინ ბრასიდასმა ქალკიდელებთან ერთად აკანთოსზე გაილაშქრა. მოსახლეობა კამათობდა, შეეშვათ თუ არა ბრასიდასი ქალაქში. რადგან მოსავალი ჯერ აღებული არ ჰქონდათ, მაინც შეშინდნენ და გადაწყვიტეს, მიეღოთ მხოლოდ ბრასიდასი და მოესმინათ მისთვის. მაშინ ბრასიდასი სახალხო კრებაზე სიტყვით გამოვიდა (ლაკედემონელის კვალობაზე ის კარგი ორატორი იყო):

„ლაკედემონელებმა გამომგზავნეს მე ლაშქრით, რათა დავადასტუროთ ომის დასაწყისში გაკეთებული განცხადება, რომ ჩვენ ვებრძვით ათენელებს ელადის თავისუფლებისთვის. ნუ დაგვძრახავთ, რომ ასე გვიან ჩამოვედით. ჩვენ შევცდით, როდესაც ვიფიქრეთ, რომ ერთი ერთზე იოლად დავამარცხებდით ათენელებს ატიკაში თქვენი ხიფათში ჩაგდების გარეშე. მხოლოდ ახლა მოგვეცა საშუალება აქ ჩამოვსულიყავით, რათა თქვენი დახმარებით დავამარცხოთ ისინი. მე მაკვირვებს, რომ თქვენ ჭიშკარი დაგვიკეტეთ იმის მაგივრად, რომ ჩვენი დანახვა გაგხარებოდათ. ჩვენ აქ მოკავშირეების ნახვას ველოდით და იმედი გვქონდა, ჩვენი მოსვლით გაგახარებდით. ამისათვის გადავიარეთ უცხო ქვეყანა და მოთმინებით ვიტანდით გასაჭირს. თუ ამის შემდეგ თქვენ სხვანაირად ხართ განწყობილნი და არც საკუთარ თავისუფლებაზე ფიქრობთ და არც დანარჩენი ელადისაზე, ეს ნამდვილი უბედურებაა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ მეწინააღმდეგებით, არამედ იმიტომაც, რომ სხვები, ვისთანაც თქვენს მერე მივალ, ნაკლები ხალისით შემომიერთდებიან. ისინი ამას სახიფათოდ ჩათვლიან მას შემდეგ, რაც თქვენმა დიდმა და გონიერებით განთქმულმა ქვეყანამ მე არ მიმიღო. მე არ მექნება ამის ახსნა და ისინი იფიქრებენ, რომ ჩემ მიერ შეთავაზებული თავისუფლება საეჭვოა, მე კი არ მაქვს საკმარისი ძალა, რომ ისინი ათენელთაგან დავიცვა. მაგრამ როდესაც ამ ლაშქრით ნისეაში მივედი, ათენელებმა, მიუხედავად რიცხობრივი უპირატესობისა, ვერ გაბედეს ჩემთან შებრძოლება. ახლაც არ არის მოსალოდნელი, რომ ისინი ხომალდებით გადმოაგზავნიან ისეთ ლაშქარს, როგორიც ნისეაში ჰყავდათ.

მე აქ ბოროტი განზრახვით არ ჩამოვსულვარ. ლაკედემონელთა ხელისუფლებამ საზეიმოდ დაიფიცა, რომ პატივს სცემს თითოეული ქვეყნის დამოუკიდებლობას, ჩვენი მოკავშირე გახდება. მე არ ვაპირებ ძალით ან ეშმაკობით ჩაგაბათ ჩვენს კავშირში. მე მხოლოდ იმისთვის ვარ მოსული, რომ ათენელთაგან დამონებულებს დაგეხმაროთ. მე მგონია, თქვენ არ შეგიძლიათ არც ბოროტ განზრახვაში დამადანაშაულოთ, არც სუსტ დამხმარედ ჩამთვალოთ. ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ შემომიერთდეთ. თუ ვინმე შიშობს, რომ მე ხელისუფლებას ქვეყანაში რომელიმე ჯგუფს გადავცემ, შეუძლია სავსებით მენდოს. მე არ მოვსულვარ თქვენს შინაურ საქმეებში მონაწილეობისთვის და ვფიქრობ, ცუდ თავისუფლებას მოგიტანდით, თუ თქვენი წესების საწინააღმდეგოდ ხალხის უმრავლესობას პატარა ჯგუფს დავუმორჩილებდი. მართლაც, ერთი ჯგუფის ბატონობაზე დამყარებული თავისუფლება უცხოელთა ბატონობაზე უარესია და ჩვენ, ლაკედემონელები, მადლობის მაგივრად თქვენგან საყვედურს დავიმსახურებდით. ის ბრალდებები, რომლებსაც ჩვენ ათენელებს ვუყენებთ და რის გამოც მათ ვეომებით, კიდევ უფრო მძიმე იქნებოდა, თუ ჩვენ შემოგვიბრუნდებოდა. პატივცემული ადამიანისთვის სხვისი ქონების მოტყუებით და ფარულად დაუფლება უფრო სამარცხვინოა, ვიდრე ძალადობით და აშკარად. უკანასკნელ შემთხვევაში ის ბედის წყალობას – ძლიერის უფლებას ემყარება, პირველში კი – სულმდაბლობას. ამიტომ ჩვენ ძალზე ფრთხილად ვმოქმედებთ, როდესაც საქმე ჩვენს ინტერესებს ეხება; თქვენც ვერავისგან მიიღებთ ისეთ მტკიცე გარანტიას, როგორც იმ ხალხისგან, ვინც საქმით ამტკიცებს, რომ სიტყვის ერთგულება მის ინტერესებშია. მაგრამ თუ თქვენ იტყვით, რომ ვერ მიიღებთ ჩემს წინადადებას, თუმცა უარს არ ამბობთ ჩემთან მეგობრობაზე; რომ თავისუფლება თქვენ სახიფათო საქმედ მიგაჩნიათ, იგიმხოლოდ მას ეკუთვნის, ვისაც შეუძლია მისი მიღება, მაგრამ იგი თავს არავის უნდა მოახვიო, მაშინ მე მოწმედ მოვიხმობ თქვენს ღმერთებსა და გმირებს, რომ კეთილი სურვილით მოვედი, მაგრამ ვერ დაგარწმუნეთ. მაშინ მე მომიწევს, ავაოხრო თქვენი მიწა და გაიძულოთ, რომ შემომიერთდეთ. მე თავს დამნაშავედ არ ვიგრძნობ. პირიქით, მე მაქვს საფუძველი ასე მოვიქცე. პირველ რიგში, არ შეიძლება დავუშვათ, რომ ლაკედემონელები, მიუხედავად თქვენი კეთილგანწყობისა, იტანჯებოდნენ იმის გამო, რომ თქვენ ფულს აძლევთ ათენელებს. მეორე მხრივ, თქვენი საქციელი ხელს არ უნდა უშლიდეს ელინებს, მოიშორონ ათენელთა ბატონობა. საყოველთაო სიკეთის გამო, ჩვენ, ლაკედემონელები, იძულებულები ვართ, ძალით გაგათავისუფლოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არ გვექნება ელინთა განთავისუფლების უფლება. ჩვენ არ ვესწრაფვით მათზე ბატონობას, ვცდილობთ სხვის ბატონობას მოვუღოთ ბოლო. ამიტომ ჩვენ უსამართლოდ მოვექცეოდით დანარჩენ ელინებს, თუ, აქ განმათავისუფლებლად მოსულები, მოგცემდით წინააღმდეგობის ნებას. გამოიტანეთ სწორი გადაწყვეტილება და ეცადეთ ელინთა შორის პირველები განთავისუფლდეთ, რითაც დიდ სახელს მოიხვეჭთ. ამით თავსაც გადაირჩენთ, ქონებასაც დადიდებასაც მოიპოვებთ“.

აკანთოსელები ნაწილობრივ დაარწმუნა, ნაწილობრივ შეაშინა ბრასიდასის სიტყვამ და მათ დიდი უმრავლესობით გადაწყვიტეს ათენელთაგან განდგომა. მიიღეს ბრასიდასის ლაშქარი და ფიციდაადებინეს, რომ მისი ყველა ახალი მოკავშირე დამოუკიდებელი დარჩებოდა.

ბეოტიასთან დაკავშირებული გეგმების მიხედვით, მომდევნო ზამთრის დასაწყისში დემოსთენესი სითაში უნდა გამგზავრებულიყო, ჰიპოკრატესი კი – დელიოსში. მათ გათვლები შეეშალათ და დემოსთენესი აკარნანელებთან და სხვა მოკავშირეებთან ერთად სითაში ნაადრევად მივიდა. ამასობაში შეთქმულების შესახებ გაიგეს ლაკედემონელებმა, მათგან კი – ბეოტიელებმა. ბეოტიელთა ლაშქარმა დაიკავა სითა და ქერონეა. შეთქმულებმა წარუმატებლობის შესახებ რომ გაიგეს, უარი თქვეს აჯანყებაზე. 

ამასობაში ჰიპოკრატესმა ათენელი მოქალაქეების, მეტეკებისა და ქალაქში მყოფი უცხოელებისგან სახალხო ლაშქარი შეკრიბა და დელიოსში ჩავიდა, მაგრამ ძალიან გვიან, რადგან ბეოტიელებმა უკვე დატოვეს სითა. იგი დაბანაკდა და დელიოსის გამაგრება ბრძანა. მეომრებმა სამლოცველოს თხრილი და მიწაყრილი შემოავლეს. მიწაყრილზე გაავლეს ხის მესერი და ქვებით, აგურებითა და მიწაყრილით აამაღლეს. ალაგ-ალაგ ხის კოშკებიც ჩადგეს. ისინი რამდენიმე დღის მანძილზე მუშაობდნენ და, როდესაც სიმაგრე თითქმის მზად იყო, ლაშქარმა დელიოსიდან ათი სტადიონით უკან დაიხია. მსუბუქად შეიარაღებული მებრძოლები გზას აგრძელებდნენ, ჰოპლიტებმა კი საჭურველი მოიხსნეს და დასასვენებლად დასხდნენ. ჰიპოკრატესი ჯერ კიდევ დელიოსში იყო და სამუშაოების დასრულებას ხელმძღვანელობდა.

ბეოტიელებმა ტანაგრაში თავშეყრა დაიწყეს. რაზმები უკვე ყველა ქალაქიდან იყო მოსული, როდესაც ათენელების უკან გაბრუნება შეიტყვეს. ბეოტარქთა უმრავლესობა ბრძოლის წინააღმდეგი იყო, რადგან მტერი მათ მიწას უკვე ტოვებდა. მაგრამ თებელი ბეოტარქი და მთავარსარდალი პაგონიდასი სხვა აზრისა იყო. ის არწმუნებდა ბეოტიელებს, ათენელებს შებრძოლებოდნენ:

„ბეოტიელებო, არც ერთმა ჩვენგანმა არ უნდა თქვას უარი ათენელებთან ბრძოლაზე, თუნდაც ჩვენს მიწაზე მათ ვერ მივუსწროთ. მათ დაარღვიეს საზღვარი და ჩვენთან სიმაგრე ააშენეს, რათა ბეოტია დაერბიათ. ამდენად, ისინი ჩვენი მტრები არიან. თუ ვინმე ფიქრობდა, რომ ჩვენთვის უფრო უსაფრთხოა, არ შევებრძოლოთ მტერს, ახლა აზრი უნდა შევიცვალოთ. წინდახედულება და სიფრთხილე თავისთავად კარგი თვისებებია, მაგრამ როდესაც მტერი კარს მოგვადგა და სამშობლო საფრთხეშია, ფიქრის დრო არ არის. ჩვენ ოდითგანვე ვიგერიებდით უცხოელებს, ჩვენს მიწაზეც და   მეზობლისაზეც. ათენელებთან საბრძოლველად კიდევ უფრო მეტი საფუძველი გვაქვს. ისინი ხომ ჩვენი მეზობლები არიან, ხოლო უნარი, წინ აღუდგე მეზობელს, თავისუფლების საწინდარია. როგორ არ შევებრძოლოთ ხალხს, ვისაც არა მარტო მეზობლების, არამედ შორეული ქვეყნების დამორჩილებაც უნდათ? გასაფრთხილებლად აგერ, გადაღმა მდებარე ევბეასა და თითქმის მთელი ელადის მოსახლეობის ბედი გამოგვადგება. თუ სხვები ომით წყვეტენ მეზობლებთან საზღვრის საკითხს, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ დამარცხების შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას ერთადერთი საზღვარი ექნება. თუ მეზობლები სასაზღვრო დავებს ომით წყვეტენ, ჩვენ დამარცხების შემთხვევაში ერთადერთი საზღვარი გვექნება. ისინი შემოიჭრებიან ჩვენს მიწაზე და მთელ ჩვენს ქონებას დაეპატრონებიან. აი, როგორი მეზობლები არიან ათენელები. ჩვეულებრივ, საკუთარ ძალებში დარწმუნებული მტერი დაუყოვნებლივ ესხმის თავს მეზობელს, თუ ის უმოქმედოდაა ან მხოლოდ თავს იცავს. მაგრამ თუ მტერს მზად დახვდები, მას შენს საზღვრებს მიღმა შეებრძოლები და შეუტევ, შეიძლება დაგითმოს კიდეც. ამაში საკუთარი გამოცდილებაც დაგარწმუნებდათ. ერთხელ ათენელებმა უკვე ისარგებლეს ჩვენ

შორის განხეთქილებით და დაიმორჩილეს ბეოტია, მაგრამ ჩვენ დავამარცხეთ ისინი კორონეასთან და მას შემდეგ დამოუკიდებლები ვართ. ნუ დავივიწყებთ ამას. უფროსებმა მივბაძოთ ჩვენსძველ გმირობას, ხოლო ახალგაზრდები იყავით თქვენი მამების ღირსეული შვილები. ღმერთის დახმარებით, რომლის სალოცავიც ათენელებმა წაბილწეს და ციხედ აქციეს, შევუტიოთ მტერს. ვაჩვენოთ ათენელებს, რომ, მართალია, სხვებს არ ვიპყრობთ, მაგრამ ჩვენი სამშობლოს დაცვას შევძლებთ“.

ამ სიტყვებით პაგონიდასმა დაარწმუნა ბეოტიელები, თავს დასხმოდნენ ათენელებს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე გვიანი იყო, ის სასწრაფოდ გაუძღვა ლაშქარს მტრის წინააღმდეგ. მეტოქეს რომ მიუახლოვდნენ, პაგონიდასმა დაიკავა პოზიცია, საიდანაც მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ვერ ხედავდნენ, რადგანაც მათ ბორცვი ჰყოფდათ. მან ლაშქარი საბრძოლოდ დააწყო და სამზადისს შეუდგა. ამასობაში ჰიპოკრატესმა ჯერ კიდევ დელიოსში შეიტყო ბეოტიელების გადაადგილების შესახებ და ლაშქარს უბრძანა, საბრძოლოდ მოწყობილიყვნენ. მოგვიანებით კი თვითონაც იქ მივიდა. დელიოსთან მან დაახლოებით სამასი მხედარი დატოვა, რათა ისინი ხელსაყრელ მომენტში ზურგიდან დასხმოდნენ ბეოტიელებს. ბეოტიელებმა კი მათ წინააღმდეგ ცალკე რაზმი დააყენეს, რომელსაც მეტოქე უნდა შეეკავებინა. შემდეგ ბეოტიელები ბორცვის წვერზე ავიდნენ და იქ გაჩერდნენ. მათ ჰყავდათ შვიდასი ჰოპლიტი, ათიათასზე მეტი მსუბუქად შეიარაღებული ქვეითი, ასი მხედარი და ხუთასი პელტასტი.

ათენელებსაც იმდენივე ჰოპლიტი ჰყავდათ, რამდენიც მოწინააღმდეგეს. ისინი რვა რიგად დაეწყვნენ, მხედრები კი ფლანგებზე განალაგეს. ათენელებს არასოდეს ჰყოლიათ მსუბუქად შეიარაღებულთა რეგულარული რაზმები. რიცხობრივად მსუბუქად შეიარაღებული ათენელები აღემატებოდნენ მოწინააღმდეგეს, მაგრამ მათი უმრავლესობა თითქმის სრულიად შეუიარაღებელი იყო. დიდი ნაწილი ადრე დაბრუნდა სახლში და ბრძოლაში არ მონაწილეობდა. საბრძოლოდ მოწყობილ ჯარს ჰიპოკრატესმა ამ სიტყვებით მიმართა:

„ათენელებო, ჩემი სიტყვა მოკლე იქნება, მაგრამ საკმარისი მამაცი ხალხისთვის. ეს უფრო შეხსენებაა, ვიდრე მოთხოვნა. ნურავინ იფიქრებს, რომ არ გვაქვს მიზეზი, თავი ასეთ ხიფათში ჩავიგდოთ. აქაც ხომ ჩვენი მიწისთვის ვიბრძვით. თუ გავიმარჯვებთ, პელოპონესელებს აღარ ეყოლებათ ბეოტიელი მხედრები და აღარასოდეს დაგვესხმიან თავს. ერთი ბრძოლით თქვენ არა მარტო დაიპყრობთ ამ ქვეყანას, არამედ გაათავისუფლებთ ჩვენს მიწას ომის უბედურებათაგან. მაშ, წინ გასწით! აჩვენეთ, რომ ღირსნი ხართ მშობლიური ქვეყნისა, რომელიც საუკეთესოდ მიგაჩნიათ ელადაში, და თქვენი მამებისა, რომლებმაც მირონიდასის სარდლობით ოდესაღაც დაამარცხეს ბეოტიელები და მათი ქვეყანა დაიპყრეს“.

სანამ ჰიპოკრატესი ასე ამხნევებდა თავის მეომრებს, ბეოტიელები პეანის სიმღერით დაეშვნენ ბორცვიდან. ათენელებიც სწრაფი ნაბიჯით გაემართნენ მათ შესახვედრად.

ფლანგებზე მოწინააღმდეგეთა რაზმები ვერ მიუახლოვდნენ ერთმანეთს ადიდებული მდინარეების გამო. ფრონტის დანარჩენ ხაზზე კი სასტიკი ხელჩართული ბრძოლა გაიმართა. მებრძოლთა ფარები ერთმანეთს ეჯახებოდა. მარცხენა ფრთიდან ცენტრამდე ჯერ ათენელები იმარჯვებდნენ. მათ შეავიწროვეს თესპიელები, ალყაში მოიქციეს და დახოცეს ისინი. თუმცა ისეთი არეულობა იყო, რომ ათენელები ზოგჯერ ერთმანეთს ვერ ცნობდნენ და კლავდნენ. აქ ბეოტიელები დამარცხდნენ და უკუიქცნენ მარჯვენა ფლანგისკენ, რომელიც ჯერ კიდევ იბრძოდა. ამ ფრთაზე თებელები იდგნენ. მათ ნელ-ნელა შეავიწროვეს ათენელები. ამ დროს პაგონიდასმა შეამჩნია მარცხენა ფრთის განსაცდელი და ბორცვის შემოვლით მხედრების ორი რაზმი გაგზავნა. მხედრები უეცრად გამოჩნდნენ ბორცვზე. ათენელებმა წარმოიდგინეს, რომ მათ მოწინააღმდეგის ახალი ჯარი ესხმის თავს, და შედრკნენ. ამგვარად, ორივე ფრთაზე ნაწილობრივ ცხენოსნების შემოვლითი მანევრის ხარჯზე, ნაწილობრივ კითებელთა დაწოლით, რომლებმაც ათენელთა საბრძოლო მწყობრი გაარღვიეს, მტერი უკუიქცა და გაიფანტა. ბეოტიელი და მათ დასახმარებლად მოსული ლოკრების მხედრები მისდევდნენ და ხოცავდნენ მათ. დაღამდა და შეწყვიტეს დევნა. ღამით ბევრი გადარჩა. შემდეგ დღეს კი ათენელი მეომრები ოროპოსიდან და დელიოსიდან შინ გაემგზავრნენ. ბეოტიელებმა გამარჯვების ნიშანი აღმართეს, შეაგროვეს ცხედრები და მოკლული მტრების საჭურველი. ადგილზე დაცვა დატოვეს და ტანაგრაში დაბრუნდნენ დელიოსზე თავდასასხმელად.

ამასობაში ათენიდან დაღუპულთა ცხედრების წამოსაყვანად გაგზავნილი მაცნე შეხვდა ბეოტიელთა მაცნეს, რომელმაც უთხრა, რომ ის ვერაფერს მიაღწევდა, სანამ თვითონ ბეოტიელებს პასუხს არ ჩამოუტანდა. სახალხო კრებაზე გამოსვლისას ბეოტიელთა მაცნემ განაცხადა, რომ ათენელები უსამართლოდ მოიქცნენ, როდესაც ელინთა ჩვეულება დაარღვიეს და მტრის მიწაზე ადგილობრივი სალოცავი დაიკავეს. ათენელებმა გაამაგრეს დელიოსი და ახლაც ცხოვრობენ იქ, თითქოს ის არ იყოს წმინდა ადგილი. წმინდა წყალსაც კი, რომელთან მიკარება აკრძალულია, თუ არა მსხვერპლშეწირვისას, ისე იყენებენ, როგორც ჩვეულებრივ წყალს. ამიტომ ბეოტიელები ღმერთის სახელით ითხოვენ, რომ ათენელებმა დატოვონ სამლოცველო და წაიღონ იქიდან თავისი ქონება.

ამის შემდგეგ ათენელებმა ბეოტიელებს თავისი მაცნე გაუგზავნეს, რომელმაც განაცხადა: ათენელებს არ ჩაუდენიათ დანაშაული სამლოცველოს წინაშე და არც ამიერიდან მიაყენებენ მას რაიმევნებას. ისინი იქ შევიდნენ არა მისი წაბილწვის მიზნით, არამედ რათა ელინური წესით თავი დაეცვათ ბეოტიელთა უკანონო თავდასხმებისგან. ამ წესის მიხედვით, ვინც რომელიმე მიწას დაიპყრობს, ხდება მისი სამლოცველოს პატრონიც და ვალდებულია მას მოუაროს. ადრე თვითონ ბეოტიელებმაც და სხვა ტომებმაც იარაღის ძალით განდევნეს ამ მიწების ძველი პატრონები, თავს ესხმოდნენ მაშინ მათთვის უცხო სამლოცველოებს. ახლა კი მათ ფლობენ, როგორც საკუთარს. ამიტომ ათენელებს მეტი მიწა რომ დაეპყროთ, იმასაც შეინარჩუნებდნენ. ახლა კი ნებაყოფლობით არ წავლენ იქიდან, რაც მათ ხელთაა, რადგან თავის საკუთრებად თვლიან. და ბოლოს, წყალს წმინდა წყაროდან ისინი იღებენ აუცილებლობის გამო, რადგან ებრძვიან ბეოტიელებს, რომლებიც პირველები შეიჭრნენ მათ მიწაზე. ადამიანებს, ვინც ომის ან რაიმე სხვა უკიდურესი საჭიროების გამო წესს არღვევს, შეუძლია ჰქონდეს ღმერთისგან შეწყნარების იმედი ისევე, როგორც დამნაშავე პოულობს თავშესაფარს საკურთხეველთან. ნამდვილი დანაშაული შეიძლება ეწოდოს მხოლოდ ისეთ დარღვევას, რომელიც ყოველგვარი აუცილებლობის გარეშეა ჩადენილი. ბეოტიელები, რომლებიც დაღუპულ ათენელთა სანაცვლოდ სამლოცველოს ითხოვენ, ბევრად უარესად იქცევიან, ვიდრე ათენელები, რომლებსაც არ უნდათ სიწმინდით გამოისყიდონ ის, რაც უფასოდ ეკუთვნით. ათენელები ითხოვენ ბეოტიელთაგან ცხედრებს არა ქვეყნიდან წასვლის გამო, არამედ დაზავების ჩვეულების შესაბამისად. გარდა ამისა, ათენელები იმყოფებიან არა ბეოტიის მიწაზე, არამედ მიწაზე, რომელიც მათ ომით დაიპყრეს.

ბეოტიელებმა უპასუხეს: თუ ათენელები ბეოტიაში არიან, წავიდნენ იქიდან და წაიღონ თავისი ქონება. თუ ეს მათი მიწაა, თვითონ იციან, რა უნდა გააკეთონ. მართალია, ოროპია, სადაც ცხედრები იყო, ათენელებს ეკუთვნის, ბეოტიელები მიიჩნევენ, რომ ათენელები მათი ნების გარეშე ვერ მოახერხებენ ცხედრების წაყვანას. თვითონ ბეოტიელებს კი არავითარი ხელშეკრულების დადება არ შეუძლიათ სხვის მიწაზე. ამიტომ მათი პასუხი საუკეთესოა. თუ ათენელები წავლენ მათი მიწიდან, შეუძლიათ წაიღონ ყველაფერი, რაც უნდათ. ათენელი მაცნე ისე დაბრუნდა შინ, რომ ვერაფერს მიაღწია.

შემდეგ ბეოტიელებმა გამოიძახეს შუბისა და შურდულის მტყორცნელები. მათ მოეშველა ორი ათასი კორინთელი ჰოპლიტი და პელოპონესელთა გარნიზონი, რომელიც ნისეადან მეგარელებთან ერთად მოვიდა. ამ ძალებით მათ დელიოსზე გაილაშქრეს და სიმაგრეს შეუტიეს. ამასთან, სხვა საალყო მანქანებთან ერთად, მათ გამოიყენეს ახალი გამოგონება. შუაზე გახერხეს უზარმაზარი მორი, გამოღრუტნეს და ისე შეაერთეს, რომ მილი გამოვიდა. ერთ ბოლოზე ჯაჭვით დაკიდეს ქვაბი, რომელსაც მილით შეუერთეს სამჭედლო საბერველი. ეს მოწყობილობა მჭიდროდ მიაყენეს კედლის იმ ნაწილს, რომელიც, ძირითადად, ხისგან იყო აშენებული. შემდეგ ჩაბერეს საბერველს. ჰაერმა შეაღწია ქვაბში, სადაც ნაკვერჩხლები, გოგირდი და ფისი იყო და მილის გავლით ცეცხლი წაუკიდეს სიმაგრეს. გარნიზონი გაიქცა და სიმაგრე ამგვარად აიღეს. ზოგიმოწინააღმდეგე მოკლეს, ორასი კაცი კი ტყვედ ჩავარდა. უმრავლესობამ მაინც მოახერხა შინ ხომალდებით დაბრუნება.

დელიოსი აიღეს ბრძოლიდან მეჩვიდმეტე დღეს. ცოტა ხანში ათენიდან კვლავ მოვიდა მაცნე და ცხედრები მოითხოვა. მან ჯერკიდევ არაფერი იცოდა დელიოსის ბედზე. ამჯერად ბეოტიელებსუარი აღარ უთქვამთ და ცხედრები გადასცეს. ამ ბრძოლაში ბეოტიელებმა ხუთასამდე კაცი დაკარგეს, ათენელი კი ათასი დაიღუპა,მათ შორის სარდალი ჰიპოკრატესიც, აგრეთვე მრავალი მსუბუქად შეიარაღებული მებრძოლი.

ამ ბრძოლიდან რაღაც ხნის შემდეგ, დემოსთენესი, რომელმაც ვერ მოახერხა ღალატით სითას აღება, აკარნანელებით, აგრეელებითა და ოთხასი ათენელი ჰოპლიტით სიკიონის ოლქში გადმოსხდა. მაგრამ ჯერ კიდევ ყველა ხომალდის მისვლამდე სიკიონელები გამოჩნდნენ. მათ უკუაგდეს ათენელთა დესანტი. ზოგი მოკლეს, ზოგიც ტყვედ აიყვანეს. შემდეგ სიკიონელებმა გამარჯვების ნიშანი აღმართეს და ათენელებს ცხედრები გადასცეს. დელიოსის მოვლენების დროს დაიღუპა სიტალკესი. თრაკიის მეფე მის ნაცვლად მისი ძმის შვილი, სევთოსი, გახდა.

იმავე ზამთარს ბრასიდასმა თრაკიელ მოკავშირეებთან ერთად გაილაშქრა ათენის კოლონია ამფიპოლისზე. ჯერ კიდევ დარიოსისგან დევნილ არისტაგორა მილეტელს სურდა აქ კოლონიის დაარსება. ოცდათორმეტი წლის შემდეგ კი ათენელებმა გაგზავნესათი ათასი მოახალშენე, რომლებიც თრაკიელებმა დახოცეს. კიდევ ოცდაცხრა წლის შემდეგ ათენელებმა გაგზავნეს მოახალშენეები ჰაგნონის ხელმძღვანელობით, რომლებმაც ეს ქალაქი დააარსეს. ჰაგნონმა ქალაქს ამფიპოლისი დაარქვა, რადგან მას მდინარე სტრიმონი ორივე მხრიდან ჩაუდის. ქალაქს გრძელი კედელი ერტყა გარს მდინარის ერთი განშტოებიდან მეორემდე და იგი კარგად ჩანდა ზღვიდანაც და ხმელეთიდანაც.

სწორედ ამ ქალაქზე გაილაშქრა ბრასიდასმა ქალკიდიკიდან. ცუდი ამინდი იყო, თოვდა. ბრასიდასი ჩქარობდა, რადგან ამფიპოლისში არავის უნდა სცოდნოდა მისი მისვლის შესახებ, გარდა იმ მოღალატეებისა, ვინც მას ელოდებოდა. მოღალატეებს განსაკუთრებით არგილიელები თანაუგრძნობდნენ. ისინი ამფიპოლისის მეზობლად ცხოვრობდნენ და ქალაქზე თვალი დიდხანს ეჭირათ. მათ მოლაპარაკება ჰქონდათ ამფიპოლისში მცხოვრებ თანამემამულეებთან, ხოლო ახლა აშკარად აუჯანყდნენ ათენელებს და ბრასიდასი თავიანთ ქალაქში შეუშვეს. იმავე ღამეს მათ ლაშქარი მდინარეზე გადებულ ხიდთან მიიყვანეს. ამფიპოლისი ხიდისგან ცოტა მოშორებით მდებარეობდა. გრძელი კედლები მაშინ ჯერ კიდევ არ მიეყვანათ ხიდამდე, ხოლო ხიდთან მხოლოდ მცირერიცხოვანი საგუშაგო იყო. ბრასიდასმა, რომელსაც მოღალატეებიც ეხმარებოდნენ და ავდარიც, მოულოდნელი თავდასხმით იოლად აიღო იგი, შემდეგ ხიდზე გადავიდა და ამფიპოლისის გარეუბანი დაიკავა.

ბრასიდასმა მოულოდნელად გადალახა მდინარე და ბევრი მოქალაქე დაატყვევა, სხვები კი ქალაქს შეეფარნენ. ქალაქი შიშმა და ერთმანეთისადმი უნდობლობამ მოიცვა. ამბობენ, რომ ბრასიდასი შეძლებდა უეცარი იერიშით ქალაქის აღებას, მაგრამ მან დაბანაკება ბრძანა და მეომრებს გარეუბნების დარბევის უფლება მისცა. რადგან მისი მომხრეები ქალაქში არ აჯანყდნენ, მანაც უმოქმედობა ამჯობინა. ამასობაში მოქალაქეთა ჯგუფმა, რომელიც ბევრად აღემატებოდა მოღალატეებს, მათ ჭიშკრის გაღების უფლება არ მისცა. ათენიდან ქალაქის დასაცავად გამოგზავნილმა სარდალმა შველა სთხოვა თუკიდიდეს, რომელმაც ეს ამბავი აღწერა. თუკიდიდე მაშინ თასოსში იმყოფებოდა, ამფიპოლისიდან ხომალდით ნახევარი დღის სავალში. ის სწრაფად დაიძრა მის ხელთ არსებული შვიდი ხომალდით, რათა ამფიპოლისი დაეკავებინა.

თასოსიდან დამხმარე ძალის მოსვლის შიშით ბრასიდასმა გადაწყვიტა თუკიდიდეს გამოჩენამდე ნებისმიერი ხერხით აეღო ქალაქი. მას ეშინოდა, ქალაქს უარი არ ეთქვა დანებებაზე. თუკიდიდეს მოსვლის შემდეგ მოქალაქეებს იმედი მიეცემოდათ, რომ იგი თავისი ესკადრითა და თრაკიაში შეგროვილი ჯარით იხსნიდა მათ. ამიტომ ბრასიდასმა ქალაქს დანებების ზომიერი პირობები შესთავაზა: ყველა მსურველს, ათენელების ჩათვლით, შეეძლო დარჩენილიყო ქალაქში და მოქალაქეთა უფლებებით ესარგებლა, ხოლო ვინც წასვლას მოინდომებდა, ხუთ დღეში უნდა წასულიყო და საკუთარი ქონება წაეღო.

ამ პირობების გამოცხადების შემდეგ მოქალაქეთა განწყობა შეიცვალა. მოსახლეობა ხომ მხოლოდ ნაწილობრივ შედგებოდა ათენელთაგან. თანაც ქალაქში ბევრი იყო ტყვედ ჩავარდნილთანათესავიც. დანებების პირობები მათ სამართლიანად მოეჩვენათ. ათენელებმა წასვლა გადაწყვიტეს ქალაქიდან, სადაც მათ საფრთხე ელოდათ, დახმარება კი კიდევ დიდხანს ვერ მოვიდოდა. სხვებიცკმაყოფილი იყვნენ, რადგან ყოველგვარი ხიფათის გარეშე ინარჩუნებდნენ მოქალაქის უფლებებს. ბრასიდასის მომხრეებმა უკვე სრულიად აშკარად მოიწონეს მისი წინადადება. შეთანხმება დაიდო   და ბრასიდასი ქალაქში შეუშვეს. თუკიდიდე კი იმავე საღამოს ჩავიდა ეიონში. ერთი დღეც და ბრასიდასი მასაც აიღებდა.

თუკიდიდემ ყველაფერი გააკეთა ბრასიდასის თავდასხმის შემთხვევაში უსაფრთხოებისათვის და მიიღო ყველა, ვინც შეთანხმების საფუძველზე ზემო ქალაქი დატოვა. ბრასიდასი მოულოდნელად დაეშვა მდინარეზე მრავალი ნავით, რათა ხელთ ეგდო ნავსადგურში შესასვლელი და, იმავე დროს, შეეცადა, ქალაქზე ხმელეთიდანაც მიეტანა იერიში, მაგრამ ორივე მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. მაშინ ბრასიდასი ამფიპოლისში დაბრუნდა და ქალაქის გამაგრებას შეუდგა. მის მხარეზე გადავიდა რამდენიმე ქალაქი, პერდიკაც მას დახმარებას უწევდა.

ამფიპოლისის დაცემამ ათენელები ძალზე შეაშფოთა, რადგან ეს ქალაქი მათ ხის მასალით ამარაგებდა ხომალდებისათვის და,საერთოდაც, დიდ შემოსავალს აძლევდა. მართალია, ათენელთამოკავშირეებისაკენ გზა მდინარე სტრიმონამდე თესალიელების თანადგომის შემთხვევაში ლაკედემონელთათვის ხსნილი იყო, მაგრამ ხიდის ხელში ჩაგდების გარეშე ისინი წინ მეტად ვეღარ წაიწევდნენ.

ბრასიდასის მიერ ამფიპოლისისა და ხიდის დაკავების შემდეგ კი ყველა სირთულე უკან რჩებოდა და ათენელები შიშობდნენ, რომ მოკავშირეებს დაკარგავდნენ. ბრასიდასი ზომიერად მოქმედებდა და აცხადებდა, რომ მხოლოდ ელადის გადასარჩენადაა გაგზავნილი. მართლაც, ათენის მოკავშირეები სულ უფრო იხრებოდნენ განდგომისკენ მას შემდეგ, რაც ამფიპოლისის გადაცემის პირობებისა და ბრასიდასის ზომიერების შესახებ გაიგეს. ისინი ფარულად უგზავნიდნენ მას შიკრიკებს და დახმარებას სთხოვდნენ. ისინი აღარ მიიჩნევდნენ სახიფათოდ ათენელთაგან განდგომას. შემდგომში აღმოჩნდა, რომ ისინი ცდებოდნენ, როდესაც ათენელთა ძალას ჯეროვნად ვერ აფასებდნენ. რადგან ათენელები დამარცხდნენ ბეოტიაში და ბრასიასიც მოკავშირეებს ზღაპრებს უყვებოდა იმის თაობაზე, თუ როგორ ვერ გაბედეს ათენელებმა მასთან ბრძოლა, ისინი თავს მშვიდად გრძნობდნენ და ფიქრობდნენ, რომ ვეღარაფერი დააბრუნებდა ათენელთა ბატონობას. მაგრამ ყველაზე მეტად ხიფათისაკენ მათ ცვლილებებით გამოწვეული სიხარული უბიძგებდათ. ეს განწყობილება რომ შეამჩნიეს, ათენელებმა შეძლებისდაგვარად ქალაქებში გარნიზონების გაგზავნა დაიწყეს. ბრასიდასი ლაკედემონელებს სთხოვდა მაშველ ძალას, თვითონ კი სტრომონზე ხომალდების აგება დაიწყო. ლაკედემონელები მას დახმარებას არ უგზავნიდნენ ნაწილობრივ იმიტომ, რომ ბრასიდასის წარმატებებისა შურდათ, ნაწილობრივ კი იმიტომ, რომ ძირითად ამოცანად ტყვეების დაბრუნებასა და ომის სასწრაფოდდასრულებას მიიჩნევდნენ.

იმავე ზამთარს მეგარელებმა კვლავ დაიკავეს გრძელი კედელი და დაანგრიეს იგი. ბრასიდასმა კი ამფიპოლისის აღების შემდეგ მოკავშირეებთან ერთად გაილაშქრა აქტეს ნახევარკუნძულზე, რომელიც სამეფო არხიდან სამხრეთით არის გადაჭიმული და ბოლოვდება ეგეოსის ზღვაში შეჭრილი ათონის მთით. აქ რამდენიმე ქვეყანაა შერეული მოსახლეობით. მათი უმრავლესობა ბრასიდასს მიემხრო, მაგრამ სანე და დიონი მას წინააღმდეგობას უწევდნენ, რის გამოც ის აქ დარჩა და მათი სანახების გაჩანაგება დაიწყო.

ბრასიდასმა გაილაშქრა ქალკიდელთა ტორონეს წინააღმდეგ, რომელიც ათენელებს ჰქონდათ დაკავებული. აქ იგი მოქალაქეთა ჯგუფმა მიიწვია და ქალაქის ჩაბარება აღუთქვა. ბრასიდასი ქალაქთან ღამით მივიდა და დიოსკურების სამლოცველოსთან გაჩერდა ტორონელთა და ათენის გარნიზონის შეუმჩნევლად. მოღალატეებმა ქალაქში შეიყვანეს შვიდი კაცი ლისისტრატოსის მეთაურობით. მათ დახოცეს ყარაულები, ბრასიდასს კი მცირე ჭიშკარი გაუღეს.

ამასობაში ბრასიდასმა ლაშქარი უფრო ახლოს მიიყვანა. მან გაგზავნა ასი პელტასტი, ვინც ქალაქში უნდა შეჭრილიყო, როგორც კირომელიმე ჭიშკარი გაიღებოდა. მათ შემოვლითი გზებით დაიკავეს პოზიციები და ნიშანი მისცეს დანარჩენებს.

დათქმული ნიშანი რომ დაინახა, ბრასიდასმა მთელი ლაშქარი დაძრა საბრძოლო ყიჟინით და მოქალაქეებს თავზარი დასცა.

შეთქმულები და მათი მომხრეები მაშინვე შეუერთდნენ ლაკედემონელებს. მოედნის მახლობლად ორმოცდაათ ათენელ ჰოპლიტს ეძინა. მათ გაიღვიძეს ხმაურისგან. ზოგი ბრძოლაში ჩაერთო და დაიღუპა. დანარჩენებმა კი ლეკითოსის ციხეს შეაფარეს თავი. ეს ციხე ზღვაში შეჭრილ კონცხზე დგას და ქა ლაქს მხოლოდ ვიწრო ყელით უკავშირდება. იქ გაიქცნენ ათენელთა მომხრეებიც.

გათენებისას ბრასიდასი უკვე მთელ ქალაქს ფლობდა. მან მაცნეს პირით შეუთვალა ათენელებთან ერთად გაქცეულ ტორონელებს, რომ შეეძლოთ სახლებში დაბრუნება. ათენელებს კი მოსთხოვა, დაეტოვებინათ ლეკითოსი. ათენელებმა უარი განაცხადეს, მაგრამ ერთდღიანი დაზავება ითხოვეს დაღუპულთა წასაყვანად. ბრასიდასმა მათ ორი დღე მისცა. ამ ორი დღის მანძილზე ის ამაგრებდა სახლებს ლეკითოსის მახლობლად, ათენელები კი – თვით ციხეს. ბრასიდასმა მოიწვია ტორონელთა სახალხო კრება და მათ დაახლოებით იგივე უთხრა, რაც აკანთოსში. ის ამბობდა, რომ მოქალაქეებმა არ უნდა ჩათვალონ მოღალატეებად ისინი, ვინც მას დაეხმარა. მათ ხომ ეს არა მშობლიური ქალაქის დასამონებლად ან მოქრთამვით, არამედ მათი თავისუფლებისთვის გააკეთეს. ვინც შეთქმულებაში არ მონაწილეობდა, არც იმათ წაუვათ საქმე ცუდად. ბრასიდასი აქ იმისთვის არ მოსულა, რომ ვინმეს ავნოს. ამიტომ ის ათენელთა მომხრეებს ცუდ მოქალაქეებად არ მიიჩნევს. ამასთან, ის დარწმუნებულია, რომ ტორონელები ლაკედემონელთა უკეთ გაცნობის შემდეგ მათ მიმართ კეთილად განეწყობიან. ტორონელები კეთილი მოკავშირეები უნდა გახდნენ და მომავალში შეცდომებისთვის დაისჯებიან. რაც შეეხება წარსულს, აქ დაზარალებულები ლაკედემონელები კი არა, ათენელთა მიერ დამორჩილებული ტორონელები იყვნენ. ამდენად, მათი წინააღმდეგობა საპატიოა.

ამ სიტყვებით ბრასიდასმა ტორონელები დაამშვიდა და დაზავების შემდეგ ლეკითოსს შეუტია. ათენელები მთელი დღის განმავლობაში იგერიებდნენ შეტევას. მეორე დღეს მოწინააღმდეგემ მოიყვანა საალყო მანქანა, რომლიდანაც გალავნის ხის ნაწილისთვის ცეცხლის წაკიდება შეიძლებოდა. როდესაც ლაკედემონელები ციხეს უახლოვდებოდნენ, ათენელებმა იმ სახლის თავზე, სადაც შეტევას ელოდებოდნენ, ხის კოშკი დადგეს და ზედ წყლისა და   ქვების მომარაგება დაიწყეს. კოშკმა ვერ გაუძლო და ჩამოიქცა. მახლობლად მყოფი ათენელები ამის გამო არ შემდრკალან, მაგრამ ვინც შორს იყო, წარმოიდგინა, რომ ციხის ნაწილი მტერმა აიღო და ისინი ხომალდებისკენ გაიქცნენ.

ბრასიდასმა დაინახა, რომ ათენელები ტოვებენ მიწაყრილს და იერიშზე გადავიდა. ციხე აიღეს, დამცველები კი დახოცეს. ციხიდან გაქცეული ათენელები ხომალდებით მშვიდობიანად გადავიდნენ პალენაში.

იერიშის წინ ბრასიდასი ოცდაათ მინა ვერცხლს დაჰპირდა მას, ვინც კედელზე პირველი ავიდოდა. მან გადაწყვიტა, ციხე ზებუნებრივი ძალის დახმარებით აეღო. ამიტომ ეს ოცდაათი მინა ქალღმერთ ათენას ტაძარს შესწირა ლეკითოსში, ციხე კი დაანგრია და მიწაც ტაძარს შესწირა. ზამთრის დანარჩენი ნაწილი ბრასიდასი თრაკიულ ქალაქებში ახალი წყობილების დამყარებითა და მომდევნო დაპყრობების გეგმებით იყო დაკავებული. ასე დასრულდა ომის მერვე წელი.

გაზაფხულზე ლაკედემონელები ათენელებს ერთი წლით დაუზავდნენ. ათენელებს იმედი ჰქონდათ, რომ ბრასიდასი ვეღარ გადაიბირებდა მათ მოკავშირეებს, სანამ თვითონ არ დაასრულებდნენ სამხედრო სამზადისს დაზავების დროს. ამასთან, მათ იმედი ჰქონდათ, რომ უფრო ხელსაყრელ პირობებში დადებდნენ ხანგრძლივ ზავს. ლაკედემონელები კი სწორად ხვდებოდნენ ათენელთა განწყობას და ფიქრობდნენ, რომ მათ მშვიდობა გაუტკბებოდათ და უფრო დამყოლი გახდებოდნენ, ტყვეებსაც დააბრუნებდნენ და გრძელვადიან ხელშეკრულებასაც დადებდნენ. ტყვეების დაბრუნება ხომ ლაკედემონელთა დიდი საზრუნავი იყო მაშინ, როდესაც ბრასიდასი ახალ წარმატებებს აღწევდა. ლაკედემონელები შიშობდნენ, რომ ბრასიდასის წარმატებები აღადგენდა ძალთა წონასწორობას და ომის გაგრძელება ახალ მსხვერპლს მოიტანდა. ამას კი ვერც ძალთა წონასწორობა, ვერც თუნდაც გამარჯვება ვერ აანაზღაურებდა. ამდენად, ისინი დაზავდნენ შემდეგ პირობებზე:

„პითიელი აპოლონის სამლოცველოსა და სამისნოს შესახებ ვადგენთ, რომ ნებისმიერ მსურველს თავისუფლად შეუძლია ითხოვოს მისნობა. ლაკედემონელები და მოკავშირეები პირობას დებენ, რომ მაცნე გაუგზავნონ ბეოტიელებსა და ფოკიელებს, რათა ისინიც დაარწმუნონ ამაში. ღმერთის ქონებაზე ერთად ვიზრუნოთ წინაპართა ჩვეულების შესაბამისად, ერთად მივიღოთ ზომები დამნაშავეთა მოსაძებნად და, ამასთან, ყოველთვის სამართლიანად მოვიქცეთ“.

ასე დაადგინეს ლაკედემონელებმა და მათმა მოკავშირეებმა. ხოლო იმ შემთხვევისათვის, თუ ათენელები ხელშეკრულების დადებას მოისურვებდნენ, ასე გადაწყვიტეს: თითოეული მხარე უნდა დარჩეს თავის მიწაზე და შეინარჩუნოს თავისი დღევანდელ ისამფლობელოები. კორიფასიოსში მყოფნი დარჩნენ ბუფრადის და ტომევსის მთების ფარგლებში. კითერაზე მყოფებმა არ უნდა დაამყარონ ურთიერთობა პელოპონესის კავშირის არც ერთ წევრთან. ნისეასა და მინოაში მყოფნი არ უნდა გადავიდნენ გზაზე ნისას ტაძრიდან პოსეიდონის ტაძრამდე და იქიდან მინოას ხიდისკენ. ნურც მეგარელები გადაკვეთენ ამ გზას. ათენელებს ჰქონდეთ კუნძული, რომელიც დაიკავეს. მხარეებს არ უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან ურთიერთობა. ათენელებმა შეინარჩუნონ მათი სამფლობელო ტროიძენეში დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. ლაკედემონელებს და მოკავშირეებს უფლება აქვთ იცურონ საკუთარ წყლებში, მაგრამ არა სამხედრო ხომალდებით, არამედ ნიჩბებიანი სატვირთო გემებით, ხოლო ტვირთი არ უნდა იყოს ხუთას ტალანტზე მეტი ღირებულების. მაცნეებსა და ელჩებს შეეძლოთ თავისუფალი მიმოსვლა როგორც ზღვაზე, ისე ხმელეთზე. გაქცეულები – არც მონა, არც თავისუფალი – მხარეებმა არ უნდა მიიღონ. განვსაჯოთ ერთმანეთი წინაპართა წესების მიხედვით და გადავწყვიტოთ სადავო საკითხები არა იარაღის, არამედ სასამართლოს მეშვეობით. ასე დაადგინეს ლაკედემონელებმა და მათმა მოკავშირეებმა. თუ თქვენ რამე უფრო უკეთესად ან უფრო სამართლიანად მიგაჩნიათ, მობრძანდით ლაკედემონში და მოგვახსენეთ თქვენი აზრი. ჩვენ არ უარვყოფთ არც ერთ სამართლიან წინადადებას. თქვენი ელჩებიც უფლებამოსილნი უნდა იყვნენ ისევე, როგორც თქვენ ამას ჩვენგან თხოულობთ. დაზავება იდება ერთი წლით.

ათენის ხალხმა ასე დაადგინა. თავმჯდომარეობდა აკამანტისი. ათენელი ხალხის საკეთილდღეოდ ლაქეტესმა შემოიტანა წინადადება: დაიდოს ერთწლიანი ზავი ლაკედემონელთა და მათ მოკავშირეთა მიერ შემოთავაზებული და სახალხო კრების მიერ დამტკიცებული პირობების მიხედვით. დავიწყოთ ის დღეიდან, ელაფებოლიონის მეთოთხმეტე დღიდან. დაზავების დროს თითოეულმა მხარემ უნდა გაგზავნოს ელჩები და მაცნეები სამშვიდობო წინადადებით. სახალხო კრება შეიკრიბოს ლაკედემონელთა სამშვიდობო წინადადებების განსახილველად. აქ მყოფმა ელჩებმა კი საზეიმოდ დადონ პირობა, რომ ზავის პირობები ერთი წლის განმავლობაში არ დაირღვევა“.

ეს ხელშეკრულება დადეს ლაკედემონელებმა და ათენელებმა და განამტკიცეს ფიცით ლაკედემონური გერასტიოსისთვის მეთორმეტე დღეს. ასე დაიდო ზავი, რომლის დროსაც მიდიოდა მოლაპარაკებები უფრო ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ.

დაახლოებით იმ დროს, როდესაც ზავი იდებოდა, ათენელებს სკიონე აუჯანყდა და ბრასიდასის მხარეზე გადავიდა. ბრასიდასი ღამით გაემგზავრა იქ. წინ მიდიოდა მოკავშირეთა ტრიერი, თვითონ კი ნავით მიჰყვებოდა უკან. თუ მტერი მას დაესხმოდა თავს, ტრიერი დაეხმარებოდა, ხოლო მოწინააღმდეგეთა ტრიერი, ბრასიდასის ვარაუდით, სწორედ ტრიერს დაესხმოდა თავს, თვითონ კი გადარჩენას მოასწრებდა. სკიონეში ბრასიდასი სახალხო კრებაზე დაახლოებით ისეთივე სიტყვით გამოვიდა, როგორითაც აკანთოსსადა ტორონეში. მან დაუმატა, რომ აჯანყებულები ქებას იმსახურებდნენ. მართლაც, მას მერე, რაც ათენელებმა პოტეიდაია და პალენესყელი დაიკავეს, სკიონე პრაქტიკულად კუნძულად იქცა. მიუხედავად ამისა, მათ ნებაყოფლობით აირჩიეს თავისუფლება. აქედან ჩანს, რომ ისინი ნებისმიერ პირობებში მოახერხებდნენ თავის დაცვას და ლაკედემონელებიც მათი ერთგული მეგობრები იქნებოდნენ.

სკიონელები გაამხნევა ამ სიტყვებმა და მათ გადაწყვიტეს მამაცურად გადაეტანათ ომის უბედურება. მათ ბრასიდასს საზეიმომიღება გაუმართეს და როგორც ელადის განმათავისუფლებელს, ქალაქის სახელით ოქროს გვირგვინი მიართვეს. მოქალაქეები მას ყვავილებით ამკობდნენ და განადიდებდნენ როგორც თამაშებში გამარჯვებულს. ბრასიდასმა ქალაქში მცირე გარნიზონი დატოვა და დიდი ლაშქრის შესაკრებად წავიდა, რათა სკიონელებთან ერთად მენდესა და პოტეიდაიას წინააღმდეგ გაელაშქრა.

ამ სამზადისის დროს ტორონეში მასთან ჩამოვიდნენ ელჩები ათენიდან და ლაკედემონიდან, რომლებსაც დაზავების გამოცხადება ჰქონდათ დავალებული. ბრასიდასი ტორონეში დაბრუნდა. ელჩებმა მას ხელშეკრულება გააცნეს და ლაკედემონელთა ყველა მოკავშირემ სცნო დაზავება. ათენელი არისტონიმოსი დათანხმდა დაზავებაზე ყველა მოკავშირესთან, სკიონეს გარდა, რადგან, მისი ანგარიშით, ეს ქალაქი დაზავების შემდეგ აჯანყდა. ბრასიდასი არ თმობდა ქალაქს და ირწმუნებოდა, რომ აჯანყება დაზავებამდე მოხდა. არისტონიმოსმა ამის შესახებ ათენელებს აცნობა, მათ კი სკიონეზე ლაშქრობისთვის დაიწყეს სამზადისი. ლაკედემონელები ენდობოდნენ ბრასიდასს და მიიჩნევდნენ, რომ ეს შეთანხმების დარღვევა იქნებოდა, თუმცა თანახმა იყვნენ, საქმე საშუამავლო სასამართლოს გადაეწყვიტა. ათენელებმა არ მოინდომეს სასამართლოსთვის დაეთმოთ საკითხის გადაწყვეტა და გალაშქრება ამჯობინეს. ისინი გაღიზიანებული იყვნენ იმით, რომ უკვე კუნძულის მცხოვრებლებიც ბედავდნენ აჯანყებას ლაკედემონელთა სახმელეთო ჯარის იმედად. რაც შეეხება აჯანყებას, აქ ათენელები მართლები იყვნენ – სკიონელები ხელშეკრულების დადებიდან ორი დღის მერე აჯანყდნენ. კლეონის რჩევით, ათენელებმა გადაწყვიტეს აეღოთ სკიონე და მისი მოქალაქეები სიკვდილით დაესაჯათ.

ამასობაში ათენელებს აუჯანყდა მენდეც, ერეტრიელთა კოლონია პალენეზე. ბრასიდასმა მიიღო მენდეელები, თუმცა ამ დროს ხელშეკრულება უკვე ნამდვილად დადებული იყო, თვითონ კი ათენელები რამდენიმე პუნქტის დარღვევაში დაადანაშაულა. მენდეელები სწორედ ბრასიდასის იმედით აჯანყდნენ, რადგან ხედავდნენ, რომ მან ათენელებს სკიონე არ დაუთმო. ათენელებმა შეიტყვეს ამის შესახებ და გადაწყვიტეს გალაშქრება ორივე ქალაქის წინააღმდეგ. ათენის ესკადრის მოლოდინში ბრასიდასმა სკიონელი და მენდეელი ქალები და ბავშვები ოლინსში გახიზნა, ხოლო მენდეელებს ხუთასი პელოპონესელი ჰოპლიტი და სამასი ქალკიდელი პელტასტი მიახმარა. ორივე ქალაქი მზად იყო ათენელთა წინააღმდეგ ერთობლივი თავდაცვისთვის.

ამასობაში ბრასიდასმა და პერდიკამ მეორედ გაილაშქრეს არაბეოსის წინააღმდეგ. პერდიკა მაკედონელებსა და მისი სამეფოს ელინური ქალაქების ჰოპლიტებს მიუძღოდა, ბრასიდასი კი სხვა ქვეყნების მიერ მოწოდებულ ჰოპლიტთა რაზმებს (მასთან დარჩენილი პელოპონესელების, ქალკიდელებისა და აკანთოსელების გარდა), სარდლობდა. სულ მათ ლაშქარში დაახლოებით სამი ათასი ჰოპლიტი, ათასი მხედარი და უთვალავი ბარბაროსი იყო. არაბეოსის სამფლობელოში შესულებს რინკესტების ლაშქარი სრულ საბრძოლო მზადყოფნაში დახვდათ.

ორივე მხარის ქვეითი ჯარი მოპირისპირე ბორცვებზე იდგა. მათ შორის დაბლობში დაეშვნენ მხედრები და ბრძოლა დაიწყეს. შემდეგ მხედრებს რინკესტების ჰოპლიტებიც მიეშველნენ. ბრასიდასმა და პერდიკამ ლაშქარი საბრძოლოდ მოაწყვეს და მტერს შეუტიეს. მათ უკუაქციეს ლინკესტები, ადგილზეც ბევრი დახოცეს. მტრის მეომრები მთებში გაიქცნენ. გამარჯვებულებმა გამარჯვების ნიშანი აღმართეს და ბრძოლის ველზე დარჩნენ ორი თუ სამი დღე პერდიკასმიერ დაქირავებულ ილირიელთა მოლოდინში. პერდიკას ლაშქრობის გაგრძელება სურდა, ბრასიდასს კი უკან დაბრუნება ერჩია, რადგან მენდეს ბედი ადარდებდა.

სანამ ბრასიდასი და პერდიკა კამათობდნენ, ცნობა მოვიდა, რომ ილირიელებმა უღალატეს და არაბეოსს შეუერთდნენ. ილირიელები მებრძოლი ტომი იყო. მათი შიშით ორივე სარდალმა უკან დახევა განიზრახა, მაგრამ დროზე ვერ შეთანხმდნენ. ღამით მაკედონელები და ბარბაროსთა უმრავლესობა შიშმა მოიცვა, რომელიც ზოგჯერ უმიზეზოდ ეწვევა ხოლმე დიდ ლაშქარს. მეომრებს ეჩვენებოდათ, რომ მათ უამრავი მტერი მოსდევდა და ისინი გაიქცნენ. მათ აიძულეს პერდიკა, ბრასიდასთან დალაპარაკების გარეშე დაეტოვებინა იქაურობა, რადგან ორი ბანაკი საკმაოდ იყო ერთმანეთს დაშორებული. დილას ბრასიდასმა აღმოაჩინა, რომ მაკედონელები წასულიყვნენ, ხოლო ილირიელები და არაბეოსი მათ თავდასხმით ემუქრებოდნენ. ბრასიდასმა უკან დახევა გადაწყვიტა, ჰოპლიტები ოთხკუთხედად განალაგა, მსუბუქად შეიარაღებული ახალგაზრდა მებრძოლები, რომლებსაც თავისი გამოხტომებით უნდა შეეწუხებინათ მტერი, შუაში განათავსა. თვითონ კი სამასი რჩეული მეომრით არიერგარდში დადგა, რათა მტრის მეწინავე რაზმის შეტევა მოეგერიებინა. მან ასე მიმართა მეომრებს:

„პელოპონესელებო, მე რომ არ ვიცოდე, რომ თქვენ შეშფოთებულები ხართ, მარტო დარჩენილი ბარბაროსთა ურდოების წინაშე, ჩემს გამამხნევებელ სიტყვებს დარიგებას აღარ დავუმატებდი. მაგრამახლა, როდესაც თქვენ მრავალრიცხოვანი მტრის პირისპირ დარჩით, მოკლედ შეგახსენებთ ძირითადს. სიმამაცეს იმიტომ ვიჩენთ, რომ სისხლში გვაქვს და არა იმიტომ, რომ მოკავშირეები გვყავს. ნუ შეგაშინებთ მტრის სიმრავლე. გაიხსენეთ, რომ იმ ქვეყნებს, საიდანაც მოხვედით, უმრავლესობა კი არ მართავს, არამედ საბრძოლო ხელოვნებით გამორჩეულები მართავენ ბრბოს. რაც შეეხება თქვენს მტრებს, ბარბაროსებს, მათი შეიძლება მხოლოდ არცოდნით შეგვეშინდეს. თუ მაკედონელებთან ჩვენი ძველი შეტაკებებით ვიმსჯელებთ, ისინი ჩვენთვის სახიფათო სრულებით არ არიან. მე ეს საკუთარი გამოცდილებითაც ვიცი და სხვისი მონაყოლითაც. თუმტრის მოჩვენებითი ძალა სინამდვილეში მათ სისუსტეს ნიღბავს, ამის ცოდნამ ჩვენ მხნეობა უნდა შეგვძინოს. ეს ილირიელები მხოლოდ მათთვის არიან საშიშნი, ვინც მათ არ იცნობს. მათი სიმრავლე, საბრძოლო ყიჟინა და იარაღის ჟღარუნი ამ შთაბეჭდილებას აძლიერებს, მაგრამ ბრძოლა იმათთან, ვინც ამ ყველაფერს მედგრად იტანს, მათ არ შეუძლიათ. მათ არა აქვთ საბრძოლო წყობა და არ ეთაკილებათ მტრის იერიშის დროს პოზიციის დათმობა. გაქცევაც და თავდასხმაც მათთვის თანაბრად მისაღებია. ამიტომ მათი სიმამაცე საქმეში ვერ მჟღავნდება. ისინი უფრო საიმედოდ მიიჩნევენ, შორიდან შეგაშინონ, ვიდრე ხელჩართული ბრძოლა გაგიმართონ. ამდენად, საფრთხე არც ისეთი დიდია, როგორიც ჩანს. თუ გაუძლებთ მტრის შემოტევას და საჭიროების შემთხვევაში მწყობრად დაიხევთ უკან, ხიფათს აიცილებთ. ახლა იცოდეთ, რომ თუ პირველ შემოტევას მოიგერიებთ, ეს ველურები თავის სიმამაცეს მხოლოდ შორიდან გამოხატავენ ყვირილით. მაგრამ თუ ერთხელ დაუთმობთ, ისინი თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ და მამაცად დაგედევნებიან“.

ამის შემდეგ ბრასიდასმა უკან დახევა დაიწყო. ბარბაროსებმა იფიქრეს, გარბისო და ყიჟინით დაესხნენ თავს. მაგრამ, სადაც კი შეუტიეს, ყველგან წინააღმდეგობას წააწყდნენ. ასე მოიგერია ბრასიდასმა ბარბაროსების პირველი შეტევა და ყოველ ჯერზე ასევე მზად ხვდებოდა ახალ შემოტევას. თავდასხმები შეწყდა და ლაკედემონელებმა უმტკივნეულოდ გააგრძელეს უკან დახევა. მაშინ ბარბაროსთა დიდმა ნაწილმა გადაწყვიტა, აღარ დასხმოდა თავს ბრასიდასსა და მის ელინებს გაშლილ ადგილას. მათ პატარა რაზმი დატოვეს, რათა ლაკედემონელებს უკან გაჰყოლოდნენ, თვითონ კი სწრაფი სვლით დაედევნენ მაკედონელებს და ვისაც დაეწივნენ, დახოცეს, დაიკავეს ვიწრო გასასვლელიც მთებს შორის, რადგან იცოდნენ, რომ ეს ბრასიდასისთვის უკან დახევის ერთადერთი გზა იყო. მართლაც, როდესაც ბრასიდასი გასასვლელს მიუახლოვდა, ბარბაროსებმა მისი ალყაში მოქცევა დაიწყეს.

ბრასიდასი ბარბაროსების ჩანაფიქრს მიხვდა და თავის რჩეულ სამას მეომარს უბრძანა, სირბილით ასულიყვნენ ერთ-ერთი ბორცვის წვერზე, რომ იქიდან ბარბაროსების განდევნა მოესწროთ, სანამ ისინი გარემოცვას დაასრულებდნენ. ბრასიდასის მებრძოლებმა ბორცვი აიღეს და ბარბაროსები გაყარეს. მტერი შედრკა და ლაკედემონელთა დევნას შეეშვა. ბრასიდასი იმავე დღეს გადავიდა პერდიკას სამფლობელოში. მისი მებრძოლები გაბრაზებული იყვნენ მაკედონელებზე მათი ნაადრევი წასვლის გამო. როდესაც გზაში მაკედონელთა ურმებს ხედავდნენ, ხარებს კლავდნენ, ხოლო ქონებას ითვისებდნენ. ამის გამო პერდიკა ბრასიდასისა და პელოპონესელების მიმართ მტრულად განეწყო და ყველაფერს აკეთებდა, რომ ათენელებს შეთანხმებოდა და პელოპონესელები თავიდან მოეშორებინა.

ტორონეში დაბრუნებულმა ბრასიდასმა გაიგო, რომ ათენელებმა მენდე აიღეს. მას აღარ ჰქონდა პალენეზე გადასვლის საშუალებადა მშვიდად დარჩა ტორონეს დასაცავად. ლინკოსის მოვლენების დროს ათენელებმა ორმოცდაათი ხომალდისგან შემდგარი ესკადრით მენდესა და სკიონას წინააღმდეგ გაილაშქრეს. ხომალდებზე ათასი ათენელი ჰოპლიტი, ექვსასი მეომარი, ათასი თრაკიელი მოქირავნე და ადგილობრივ მოკავშირეთა მსუბუქად შეიარაღებულირაზმები იყვნენ. მათ ნიკიასი და ნიკოსტრატოსი სარდლობდნენ. ესკადრა პოტეიდაიადან მენდესკენ დაიძრა. მენდეელებმა მათთან დასახმარებლად მისულ სკიონელებთან და პელოპონესელებთან ერთად პოლიდამიდასის სარდლობით ქალაქის მახლობლად ბორცვზე ძლიერი პოზიცია დაიკავეს. ათენელები ვერ მიუდგნენ მათ დამახლობლად დაბანაკდნენ. ღამით კი მენდეს დამცველები ქალაქში დაბრუნდნენ.

შემდეგ დღეს ათენელებმა ზღვიდან შემოუარეს მენდეს, დაიკავეს გარეუბანი და მთელ დღეს არბევდნენ მის მიდამოებს. ქალაქიდან არავინ გამოსულა. შემდეგ ღამეს სამასი სკიონელი შინ დაბრუნდა. ნიკიასმა ლაშქრის ნახევრით მოაოხრა ქვეყანა სკიონეს საზღვრამდე, ხოლო ნიკოსტრატოსი დანარჩენი რაზმებით ქალაქის კარიბჭესთან დაბანაკდა. კედლის მეორე მხარეს, ქალაქის ამ ნაწილში იარაღის საწყობი იყო. პოლიდამიდასმა მოაწყო თავისი რაზმი და შეეცადა ისინი შეტევაზე დაეთანხმებინა. სახალხო დაჯგუფების ერთ-ერთმა წევრმა განუცხადა მას, რომ ვერ ხედავს ათენელებთან ბრძოლის საჭიროებას. პოლიდამიდასმა სტაცა მას ხელი. გამძვინვარებული ხალხი შეიარაღდა და პელოპონესელებსა და მათ მომხრეებს თავს დაესხა. მოულოდნელი თავდასხმისაგან პელოპონესელები შედრკნენ და გაიქცნენ. გადარჩენილებმა აკროპოლისს შეაფარეს თავი. ათენელები ქალაქში შეიჭრნენ. რაკი ქალაქის ჭიშკარიმათ წინასწარი მოლაპარაკების გარეშე გაუღეს, ათენელებმა ისე დაარბიეს ქალაქი, თითქოს შტურმით აეღოთ. სარდლები ძლივს აჩერებდნენ მებრძოლებს, რომ მოსახლეობა არ დაეხოცათ. ამის შემდეგ ათენელებმა მენდეელებს დემოკრატიული წყობის შენარჩუნების უფლება მისცეს და მათვე მიანდეს აჯანყების მოთავეთა დასჯაც. იმავე დროს მათ საალყო კედლით მოჭრეს აკროპოლისში მყოფი პელოპონესელები და დაცვა დაუყენეს. შემდეგ კი სკიონეზე გაილაშქრეს.

სკიონელებმა პელოპონესელებთან ერთად გაამაგრეს ბორცვი ქალაქის წინ, რომლის აღების გარეშეც ათენელები საალყო კედლის მშენებლობას ვერ დაიწყებდნენ. ათენელებმა სწრაფი იერიშით აიღეს სიმაგრე და მტერი უკუაგდეს. ისინი დაბანაკდნენ, გამარჯვების ნიშანი აღმართეს და ალყის მზადება დაიწყეს. გარკვეული დროის შემდეგ პელოპონესელთა რაზმმა მოახერხა მენდეს აკროპოლისიდან თავის დაღწევა და ზღვის სანაპიროს გასწვრივ ათენელთა შეუმჩნევლად სკიონეში მისვლა.

სანამ სკიონეს გარშემო საალყო კედელი შენდებოდა, პერდიკამმაცნე გაუგზავნა ათენელ სარდლებს და მათ შეუთანხმდა. ამ დროს ლაკედემონელი ისქაგორასი აპირებდა ბრასიდასის საშველად მოსვლას. პერდიკას არ სურდა პელოპონესელთა თავის მიწაზე შეშვება, ხოლო ნიკიასი მას ერთგულების დასტურს სთხოვდა. ამიტომ პერდიკამ თესალიელ მეგობრებს სთხოვა, ისქაგორასის ლაშქარი არ გამოეტარებინათ თავის ტერიტორიაზე. მაშინ ისქაგორასი პირადად ჩამოვიდა ბრასიდასთან. ჩვეულების საწინააღმდეგოდ, თან ჩამოიყვანა რამდენიმე კაცი სპარტიდან, რათა ისინი ქალაქების მმართველებად დაენიშნათ.

იმ ზაფხულს თებელებმა თესპიელები ათენელებთან მეგობრობაში დაადანაშაულეს და მათ გალავანი დაუნგრიეს. თებელებს ამისგაკეთება ყოველთვის უნდოდათ და ახლა ხელსაყრელი დრო ნახეს, რადგან მრავალი თესპიელი ათენელებთან ბრძოლაში დაიღუპა.

იმავე ზაფხულს ხანძარმა გაანადგურა ჰერას ტაძარი არგოსში. ქურუმმა ქალმა ქრისიდამ ანთებული ლამპარი თურმე გვირგვინებთან ახლოს დადგა, თვითონ კი ჩაეძინა. არგოსელთა შიშით, ქრისიდა იმავე ღამეს გაიქცა, ხოლო არგოსელებმა ახალი ქურუმი ქალი აირჩიეს.

იმავე ზაფხულის დასასრულს ათენელებმა დაამთავრეს სკიონეს გარშემო საალყო კედლის მშენებლობა, იქ დარაჯი დატოვეს, ლაშქარი კი შინ დააბრუნეს.

დაზავების გამო ზამთარში ათენელებსა და ლაკედემონელებს შორის საბრძოლო მოქმედებები შეწყდა. მანტინეელებსა და ტეგეელებს კი ლაოდოკიასთან ბრძოლა ჰქონდათ, მაგრამ ვინ გაიმარჯვა, უცნობი დარჩა. ორივემ გამარჯვების ნიშანი აღმართა და დელფოში ძღვენი გაგზავნა. დიდი დანაკარგების შემდეგ ღამით ბრძოლა ისე შეწყდა, რომ გადამწყვეტი უპირატესობა არც ერთ მხარეს არმოუპოვებია.

იმავე ზამთრის მიწურულს ბრასიდასმა პოტეიდაიას აღება სცადა. ის ღამით მივიდა ქალაქთან და ბრძანა, კედლისთვის საალყო კიბე მიედგათ. მაგრამ ყარაულმა დროზე შენიშნა კიბე, რომლითაც ლაკედემონელები კედელზე ადიოდნენ. ბრასიდასმა სასწრაფოდ უკან დაიხია. ასე დასრულდა ომის მეცხრე წელი.

მეხუთე წიგნი
მომდევნო ზაფხულს გავიდა ზავის ვადა, მაგრამ საბრძოლო მოქმედებები არ განახლებულა პითიურ თამაშებამდე. ჯერ კიდევ ზავის დროს ათენელებმა გაასახლეს დელოსის მოსახლეობა, რომელიც რაღაც ძველი ცოდვის გამო უწმინდურად მიიჩნიეს და არასაკმარისად ეჩვენათ ის განწმენდა, რომელიც მათ ადრე მოაწყვეს.

დაზავების დასრულების შემდეგ კლეონმა დაარწმუნა ათენელები, მისი სარდლობით თრაკიულ სანაპიროზე გაეგზავნათ ოცდაათი ხომალდი, ას ოცი ჰოპლიტი, სამასი მხედარი და მრავალი მოკავშირე. ის ჯერ სკიონესთან მივიდა, რომელიც ჯერ კიდევ ალყაში იყო, წაიყვანა მოალყეთაგან ჰოპლიტების რაზმი და დესანტი ტორონესთან გადასხა. კლეონმა გაიგო, რომ ბრასიდასი იქ არ იყო და სახმელეთო ჯარით ქალაქისაკენ დაიძრა, ათი ხომალდი კი ნავსადგურში გაგზავნა. ის ჯერ ბრასიდასის აშენებულ შემოვლით კედელს მიადგა. კედლის დასაცავად ლაკედემონელთა გარნიზონი გამოვიდა, მაგრამ რადგან მათ უჭირდათ, ხომალდები კი ახლოს იყვნენ, შეეშინდათ, დესანტს ქალაქი არ აეღო, და უკან გაბრუნდნენ. ამასობაში ათენელებმა მოასწრეს ტორონეს აღება, ნაწილობრივ დესანტით, ნაწილობრივ სახმელეთო ლაშქრით, რომელმაც ძველი კედელი გაანგრია და ქალაქში შეიჭრა. ხელჩართულ ბრძოლაში ათენელებმა პელოპონესელებიდან და ადგილობრივებიდან ზოგი დახოცეს, ზოგიც დაატყვევეს. ბრასიდასი ტორონეს დასახმარებლად წამოვიდა, მაგრამ გაიგო, რომ ქალაქი უკვე დაეცა და უკან გაბრუნდა. მან მხოლოდ ორმოცი სტადიონის სავალით დააგვიანა. კლეონმა ორგან აღმართა გამარჯვების ნიშანი, ერთი ნავსადგურში, ერთიც – კედელთან. ტორონელი ქალები და ბავშვები მონებად გაყიდეს, კაცები კი პელოპონესელებთან და ქალკიდელებთან ერთად, სულ შვიდასი კაცი, ათენში გაგზავნეს. შემდგომში, სამშვიდობო ხელშეკრულებით, პელოპონესელები გაათავისუფლეს, დანარჩენები კი იმავე რაოდენობის ათენელ ტყვეებზე გაცვალეს ოლინთელებმა.

დაახლოებით იმავე დროს ბეოტიელებმა ღალატით დაიკავეს ათენელთა სასაზღვრო ციხე პანაქტოსი. კლეონმა ტორონეში გარნიზონი დატოვა და ამფიპოლისისკენ გაემართა.

დაახლოებით ამავე დროს ფაიაქსი ათენელთა ელჩად გაემგზავრა იტალიასა და სიცილიაში. დაზავებისა და ათენელთა სიცილიიდან წასვლის შემდეგ ლეონტინელმა მოქალაქეებმა მიწის გადანაწილება განიზრახეს. მდიდრებმა სირაკუზელები იხმეს და ხალხის მომხრეები განდევნეს. მათ სირაკუზელებთან მოილაპარაკეს, ააოხრეს საკუთარი ქვეყანა და გადასახლდნენ სირაკუზაში, სადაც მოქალაქეობა მიიღეს. მოგვიანებით ზოგი მათგანი უკან დაბრუნდა. მათ თავის დროზე განდევნილი დემოკრატებიც შეუერთდნენ. ლეონტინელებმა ქვეყანა გაამაგრეს და საომრად გაემზადნენ. ფაიაქსი სიცილიაში გაემგზავრა, რათა მოკავშირეები და, შეძლებისდაგვარად, სხვა სიცილიელები მეტისმეტად გაძლიერებული სირაკუზის წინააღმდეგ დაერაზმა და ლეონტინაში დემოკრატია გადაერჩინა. მან მიიმხრო კამარინელები და აკრაგანტელები, მაგრამ გელაში წინააღმდეგობას წააწყდა და კატანაში დაბრუნდა.

ფაიაქსი იტალიურ ქვეყნებთანაც აწარმოებდა მოლაპარაკებას ათენელებთან კავშირის თაობაზე.

ამასობაში კლეონი ტორონედან ამფიპოლისის გზაზე უშედეგოდ დაესხა თავს სტაგიროსს, ანდროსელთა კოლონიას. სამაგიეროდ, იერიშით აიღო თასოსელთა კოლონია ჰალეპსოსი. მან ელჩები გაგზავნა პერდიკასთან და თრაკიაში და დამხმარე ძალები მოითხოვა.თვითონ კი ეიონოსში ელოდა მაშველ ძალებს. ეს რომ გაიგო, ბრასიდასიც მათ პირისპირ დაბანაკდა კერდილიოსთან. აქედან კარგად ჩანდა მიდამო და კლეონი ვერ მოახერხებდა მის შეუმჩნევლად გადაადგილებას. ბრასიდასი ელოდა, რომ კლეონი ამფიპოლისისკენ დაიძრებოდა, და ბრძოლისთვის ემზადებოდა. მან მოიწვია ათას ხუთასი თრაკიელი მოქირავნე, ედონელი მსუბუქად შეიარაღებული ქვეითები და მხედრები. ამფიპოლისში მყოფთა გარდა, მას კიდევ ათასი ქალკიდელი ქვეითი ჰყავდა. ბრასიდასმა ორი ათასი ჰოპლიტი და სამასი ელინი მხედარი შეაგროვა. მეომართა მთელი რიცხვიდან ათას ხუთასი კაცი მას კერდელოსთან ჰყავდა, დანარჩენები კი, კლეარიდოსის სარდლობით, ამფიპოლისში იმყოფებოდნენ.

რაღაც ხანს კლეონი თავის პოზიციაზე რჩებოდა, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა ისე მოქცეულიყო, როგორც ბრასიდასი ელოდა. მისი მეომრები უმოქმედობამ დაღალა. ისინი მის უმეცარ და სუსტ სარდლობას მოწინააღმდეგის გამოცდილებასა და სიმამაცეს ადარებდნენ და იხსენებდნენ, როგორ უხალისოდ გამოყვნენ მას ათენიდან. კლეონს არ უნდოდა მეომრები მეტად გაეღიზიანებინადა წინსვლა გადაწყვიტა. იგი ისევე მოიქცა, როგორც პილოსთან, სადაც მას გაუმართლა. ფიქრობდა, რომ ბრძოლას არ გაუმართავდნენ, ამბობდა, დასაზვერად მივდივარო. დამხმარე რაზმებს კი ელოდა არა ბრძოლისთვის, არამედ ქალაქის იერიშით ასაღებად. ამიტომ ამფიპოლისს რომ მიუახლოვდა, კლეონმა ციცაბო მთასთან გაჩერება ბრძანა და სტრიმონის დატბორილი დაბლობისა და ქალაქის თრაკიული ნაწილის დათვალიერება დაიწყო. ვარაუდობდა, რომ ნებისმიერ დროს შეეძლო უბრძოლველად უკან დახევა. არც ქალაქის კედლებზე და არც ღია ჭიშკარში არავინ ჩანდა. კლეონმა ინანა, რომ არ წამოიღო საალყო მანქანები, რითაც დაცვის გარეშე დარჩენილი ქალაქის აღებას შეძლებდა.

როდესაც ბრასიდასმა მოახლოებული ათენელები შეამჩნია, სასწრაფოდ კორდილიოსიდან დაეშვა და ამფიპოლისში შევიდა, მაგრამ ქალაქიდან გამოსვლა და ათენელთა პირისპირ საბრძოლოდ დადგომა ვერ გაბედა. ის არ ენდობოდა თავის ჯარს, რომელიც შესაძლებლობებით ჩამოუვარდებოდა ათენელებისას. მართლაც, ათენელთა ლაშქარი ლემნოსისა და იმბროსის საუკეთესო მეომრებისგან შედგებოდა. ამიტომ ბრასიდასმა ხერხს მიმართა. ბრასიდასი ფიქრობდა, რომ მას გამარჯვების მეტი იმედი ექნებოდა, თუ მოწინააღმდეგეს არ ეცოდინებოდა მისი ლაშქრის რაოდენობა და შეიარაღება. მან შეარჩია ას ორმოცდაათი ჰოპლიტი, დანარჩენები კი კლეარიდოსს დაუტოვა, რათა მოულოდნელად შეეტია მტრისთვის, სანამ ისინი უკან გაბრუნდებოდნენ. თუ ათენელებს მაშველი ძალა მოუვიდოდა, ბრასიდასი ვეღარ შეძლებდა მათზე მოულოდნელად თავდასხმას. მან შეკრიბა თავისი მეომრები და ასე მიმართა:

„პელოპონესელებო, საჭირო არ არის შეგახსენოთ, რომ თქვენ მოხვედით იმ ქვეყნიდან, რომელიც საკუთარი სიმამაცის გამო ყოველთვს თავისუფალი იყო, და რომ თქვენ, დორიელები, მიჩვეული ხართ იონიელებზე გამარჯვებას. მე მინდა აგიხსნათ ჩემი გეგმა. ნუ იფიქრებთ, რომ ჩვენ სუსტები ვართ, რადგან ცოტანი მიდიან ბრძოლაში.ვფიქრობ, მოწინააღმდეგე აქ იმიტომ ავიდა, რომ ჩვენ არ გვაფასებს. ის შეიძლება უდარდელად და უწესრიგოდ ათვალიერებს მიდამოსდა სულ არ ელის ჩვენს თავდას ხმას. თუ მის შეცდომებს გავითვალისწინებთ და შევუტევთ, ნამდვილად გავიმარჯვებთ. დიდი სახელი მოაქვს იმ სამხედრო ხრიკებს, რომლებიც მტერს ატყუებენ და ჩვენ გვამარჯვებინებენ. ამიტომ სანამ მტერი საბრძოლველად მოუმზადებელია და მშვიდად არის, შეიძლება საერთოდაც არ ფიქრობს აქ დარჩენას და შეუმჩნევლად უნდა წასვლა, მე მინდა ჩემს ხალხთან ერთად თავს დავესხა მათ და მათი ლაშქრის ცენტრზე მივიტანო იერიში, სანამ გონს მოსულან და მოქმედების გეგმა შეუდგენიათ. შენ კი, კლეარიდოს, როგორც კი შეამჩნევ, რომ მე მათ ვავიწროვებ, გააღე ჭიშკარი, ქალაქიდან გამოდი და მათ ხელჩართული ბრძოლა გაუმართე. იმედი მაქვს, ისინი გაიქცევიან, რადგან მტრისთვის მეორე თავდასხმა გვერდიდან უფრო საშიშია, ვიდრე იმ მეტოქესთან ბრძოლა, ვისაც უკვე ებრძვის. შენ თავი ისე გეჭიროს, როგორც სპარტელსდა თქვენც, მოკავშირეებო, მამაცად მიჰყევით თქვენს ბელადს. იცოდეთ, გამარჯვებისთვის სამი რამ არის საჭირო: სიმტკიცე, ღირსების გრძნობა და დისციპლინა. იცოდეთ, დღეს წყდება თქვენი ბედი – ან შეინარჩუნებთ თავისუფლებას და ლაკედემონელთა მოკავშირის საპატიო სახელს, ან ათენელთა მონები გახდებით. თამამად გასწიეთ საბრძოლველად. თქვენ ხედავთ, რა დიდი საქმისთვის იბრძვით. მე კი დაგიმტკიცებთ, რომ შემიძლია არა მარტო გავამხნევო სხვა, არამედ თვითონაც გამოვიჩინო სიმამაცე“.

ამ სიტყვების შემდეგ ბრასიდასი ქალაქიდან გასასვლელად მოემზადა, ხოლო ლაშქარი კლეარიდოსის სარდლობით თრაკიულ ჭიშკართან განალაგა, საიდანაც მათ ათენელებზე უნდა მიეტანათ იერიში. ამასობაში ათენელებმა შეამჩნიეს, რომ ბრასიდასი კერდილიოსიდან დაეშვა და მსხვერპლს სწირავდა ათენას ტაძარში. კლეონი თავისი ლაშქრით მიუახლოვდა ქალაქს მოწინააღმდეგეზე სათვალთვალოდ. აქ მან შეატყო, რომ მტრის ჯარი ქალაქშია და, რამდენადაც ჭიშკრის ქვეშიდან ადამიანებისა და ცხენების ფეხები ჩანდა, მიხვდა, რომ მოწინააღმდეგე თავდასხმას აპირებდა. კლეონი თვითონ მივიდა ჭიშკართან, დარწმუნდა ამ ცნობის სისწორეში და უკან დახევა ბრძანა. იმედი ჰქონდა, რომ თავს აარიდებდა ბრძოლას. მარცხენა ფრთას ეიონოსისკენ წასვლა უბრძანა. კლეონს ეჩვენებოდა, რომ უკან დახევა ძალიან გაჭიანურდა. მან მოაბრუნა მარჯვენა ფრთა და უკან დახევა დაიწყო, რითაც ფლანგი მოაშიშვლა მტრის თავდასხმისათვის. ბრასიდასმა შეამჩნია, რომ ხელსაყრელი მომენტი დადგა და შეუძახა თავის მებრძოლებს: „თქვენ არ გელიან. ეს ცხადია შუბებისა და თავების მოძრაობით. თავდასხმას ასე არ ხვდებიან. გახსენით ჭიშკარი და შევუტიოთ მტერს“.

ბრასიდასი გამოვიდა ჭიშკრიდან და თავისი რაზმით სირბილით მივიდა იქ, სადაც დღეს გამარჯვების ნიშანია აღმართული. ის ეკვეთა ათენელთა ცენტრს. ისინი კი, მოწინააღმდეგის სიმამაცით შეშინებულები, აირივნენ და გაიქცნენ. იმავე დროს კლეარიდოსი გამოვიდა თრაკიული ჭიშკრიდან და მტერს შეუტია. ორი მხრიდან შეტევამ სულ არია ათენელები. მარცხენა ფრთა უკვე ეიონოსის გზას ადგა და მაშინვე გაიქცა. ახლა ბრასიდასმა მარჯვენა ფრთას შეუტია, მაგრამ დაიჭრა. ათენელებმა ვერ შეამჩნიეს, რომ ბრასიდასი წაიქცა და ის მისმა მეომრებმა ბრძოლის ველიდან გაიყვანეს. ათენელთა მარჯვენა ფრთა უფრო მხნედ იდგა. კლეონს არც უფიქრია პოზიციების დაცვა, ისე გარბოდა. ის ერთმა პელტასტმა მოკლა. მისმა ჰოპლიტებმა რიგები შეკრეს და რამდენჯერმე მოიგერიეს კლეარიდოსის შეტევა, ბოლოს მხედრებმა და პელტასტებმა ისინი მოიმწყვდიეს და გაქცევა აიძულეს. ახლა ათენელთა მთელი ლაშქარი მირბოდა. ვინც ხელჩართულ ბრძოლაში გადარჩა, გაჭირვებით მიაღწია ეიონოსს. ბრასიდასი, ჯერ კიდევ ცოცხალი, ქალაქში მიიყვანეს. მან შეიტყო გამარჯვების შესახებ და მალევე გარდაიცვალა.

დანარჩენმა ლაშქარმა კლეარიდოსის სარდლობით დაასრულა მტრის დევნა, დახოცილებს საჭურველი აჰყარა და გამარჯვების ნიშანი აღმართა.

მოკავშირეებმა ბრასიდასი დიდი პატივით დაკრძალეს. ამფიპოლისის მცხოვრებლებმა კი მის საფლავს ღობე შემოავლეს და დღემდე, როგორც გმირს, მსხვერპლს სწირავენ. მის პატივსაცემად დაწესდა თამაშები და მსხვერპლშეწირვა. იმ დროიდან ისინი ქალაქის დამაარსებლად ბრასიდასს მიიჩნევენ. დაანგრიეს ჰაგნონის ყველა ნაგებობა და მოსპეს ყველაფერი, რაც მის მიერ კოლონიის დაარსებაზე მეტყველებდა. ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ ბრასიდასი ქალაქის მხსნელად მიაჩნდათ, თანაც შექმნილ ვითარებაში ათენელების შიშით დიდად აფასებდნენ ლაკედემონელთა მეგობრობას. ამფიპოლისელებმა ათენელებს გადასცეს დაღუპულთა ცხედრები. ბრძოლაში ექვსასი ათენელი დაიღუპა, მოწინააღმდეგე კი – მხოლოდ შვიდი. ეს იმიტომ მოხდა, რომ ათენელებს არასწორ პოზიციაში მოუწიათ ბრძოლა, ისინი თავიდანვე პანიკამ მოიცვა. დაღუპულთა დაკრძალვის შემდეგ ათენელები შინ დაბრუნდნენ, კლეარიდოსი კი ამფიპოლისში დარჩა საზოგადოებრივი ცხოვრების მოსაწესრიგებლად.

დაახლოებით იმავე პერიოდში ლაკედემონელთა ცხრაასი ჰოპლიტი ჩავიდა ჰერაკლეაში ადგილობრივ უწესრიგობათა მოსაგვარებლად.

ზამთრის დასაწყისში მათ გზა განაგრძეს და თესალიას მიადგნენ, მაგრამ რადგან თესალიელებს მათი გატარება არ უნდოდათ, ხოლო ბრასიდასი, ვისთანაც ისინი მიდიოდნენ, აღარ იყო ცოცხალი, ისინი უკან გაბრუნდნენ. თრაკიაში მათ არაფერი ესაქმებოდათ. დამარცხებული ათენელები იქ აღარ იყვნენ, ხოლო ბრასიდასის საქმის გაგრძელება მათ არ ხელეწიფებოდათ.

ამფიპოლისის ბრძოლის შემდეგ მხარეებს საბრძოლო მოქმედებები აღარ განუახლებიათ. ისინი ძირითადად მშვიდობაზე ფიქრობდნენ. დელიოსთან და ამფიპოლისთან მარცხის შემდეგ ათენელებს შეერყათ საკუთარი უძლეველობის რწმენა. ისინი შიშობდნენ, რომ მარცხის შემდეგ კიდევ დაკარგავდნენ მოკავშირეებს და ნანობდნენ, რომ პილოსთან გამარჯვების შემდეგ უარი თქვეს მშვიდობაზე. მეორე მხრივ, ლაკედემონელებსაც სურდათ მშვიდობა, რადგან ომი მათთვის უჩვეულოდ წარიმართა: ისინი ფიქრობდნენ, რომ მტრის მიწის გაჩანაგებით მის ძალას რამდენიმე წელიწადში გამოფიტავდნენ; მათ არნახული მარცხი განიცადეს კუნძულზე; მათი მიწამტრის სათარეშოდ იქცა კითერადან და პილოსიდან; ჰელოტები მტრის მხარეზე გადადიოდნენ და ლაკედემონელები მუდმივად მათი აჯანყების მოლოდინში იყვნენ. ამასთანავე, მალე გადიოდა არგოსთან ოცდაათწლიანი ზავის ვადა და არგოსელები მათთვის კინურიას ოლქის დაბრუნების გარეშე ახალი ხელშეკრულების დადებას არ თანხმდებოდნენ. ლაკედემონელებს კი ერთდროულად არგოსთან და ათენთან ომი არ შეეძლოთ. ისინი ეჭვობდნენ იმასაც, რომ პელოპონესის ზოგი ქვეყანა არგოსის მხარეზე აპირებდა გადასვლას, რაც მომავალში გამართლდა კიდეც.

ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე, ორივე მხარეს მშვიდობა სურდა. განსაკუთრებით მოწადინებული მაინც ლაკედემონელები იყვნენ, რადგან კუნძულზე დატყვევებულთა დაბრუნება უნდოდათ. ტყვეთა შორის იყო ბევრი წარჩინებული სპარტელი, ვისაც სახელმწიფოს პირველ პირებთან ახლო ნათესაობა აკავშირებდა. მათ დასახსნელად სამშვიდობო მოლაპარაკება ლაკედემონელებმა მათი დატყვევებისთანავე დაიწყეს, მაგრამ ათენელები, სანამ ბედი სწყალობდათ, თანასწორუფლებიან ზავს არ თანხმდებოდნენ. მათ მხოლოდ დელიოსთან მარცხის შემდეგ დაიწყეს დათმობებზე ფიქრი და ერთი წლით დაზავდნენ.

ამასობაში ათენელებმა მეორე მარცხიც იწვნიეს ამფიპოლისთან,სადაც დაიღუპა მშვიდობის ორი ძირითადი მოწინააღმდეგე – კლეონი და ბრასიდასი. ერთს ომი იმით ხიბლავდა, რომ მას წარ მატება დასახელი მოუტანა, მეორეს კი ეშინოდა, რომ მშვიდობიანობის დროს მისი ცოდვები გამოვლინდებოდა და მას აღარავინ დაუჯერებდა. ახლა ორივე სახელმწიფოში ომის წინააღმდეგ გამოდიოდა ორი ადამიანი, ვინც პირველობას ესწრაფოდა – ლაკედემონელთა მეფე პლეისტოანაქსი და თავისი დროის ყველაზე წარმატებული სარდალი ნიკიასი.

ნიკიასს აქამდე ბედი სწყალობდა. იგი ქვეყანაში დიდი პატივისცემით სარგებლობდა. მას უნდოდა შეენარჩუნებინა ისეთი კაცის სახელი, ვისაც თავისი ქვეყნისთვის არასდროს მოუტანია უბედურება და ყოველთვის ცდილობდა თანამემამულეთა ომისგან დახსნას.

პლეისტოანაქსს კი ომმა მხოლოდ განსაცდელი მოუტანა. იგი ქვეყნიდან განდევნეს ატიკიდან უკან დახევის გამო, ხოლო შინ დაბრუნების შემდეგ ყოველი წარუმატებლობის მიზეზად მას მიიჩნევდნენ. მისი მოწინააღმდეგეები ამტკიცებდნენ, რომ მეფემ მოისყიდა დელფოს მისანი და ისე დაბრუნდა.

მეფეს იმედი ჰქონდა, რომ მშვიდობის დამყარებისა და ტყვეების დაბრუნების შემდეგ მას თავს დაანებებდნენ. მოლაპარაკებები ზამთარში დაიწყო, გაზაფხულის დამდეგს კი ლაკედემონელებმა გამალებული საომარი სამზადისი განაახლეს, რათა ამით ათენელები დათმობებზე დაეყოლიებინათ. ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და ურთიერთსაყვედურების შემდეგ გადაწყვიტეს დაებრუნებინათ ერთმანეთისათვის ომის დროს წართმეული მიწები და დაზავებულიყვნენ.

ნისეა ათენელებს დარჩა, რადგან თებელებმა არ დათმეს პლატეა იმ საბაბით, რომ ქალაქი მათ საკუთარი ნებით ჩაბარდა. იმავე საბაბით ითხოვდნენ ათენელები ნისეას.

ლაკედემონელებმა მოკავშირეთა ყრილობა მოიწვიეს და ხმათა უმრავლესობით დაზავება გადაწყვიტეს. წინააღმდეგი ბეოტიელები, კორინთელები, ელეელები და მეგარელები იყვნენ. მხარეებმა ერთმანეთს შეჰფიცეს ხელშეკრულების დაცვა.

ზავი შემდეგ პირობებს ითვალისწინებდა: საერთო სამლოცველოებში ნებისმიერ მსურველს თავისუფლად შეუძლია მისვლა, მსხვერპლის შეწირვა, მისნობის თხოვნა და ზღვითა თუ ხმელეთით საზეიმო ელჩობის გაგზავნა. აპოლონის წმინდა ნაკვეთი და ტაძარი დელფოში და დელფოელი ხალხი დამოუკიდებელია. მშვიდობა ერთი მხრივ, ათენელებსა და მათ მოკავშირეებს, ხოლო მეორე მხრივ, ლაკედემონელებსა და მათ მოკავშირეებს შორის ორმოცდაათი წლის მანძილზე არ უნდა დაირღვეს ზღვასა და ხმელეთზე. მათ არ უნდა იომონ ერთმანეთთან და არ მიაყენონ ზიანი ერთმანეთს. ყველა დავა უნდა გადაწყდეს სასამართლოში და მისი დადგენილების დაცვა ფიცით უნდა განმტკიცდეს. ლაკედემონელებმა უნდა დაუბრუნონ ათენელებს ამფიპოლისი. ათენელთათვის დაბრუნებული ქვეყნების მოსახლეობას შეუძლია თავისუფლად წავიდეს, სადაც უნდა და ქონება თან წაიღოს. ქვეყნები, რომლებიც არისტიდესის დროს დაწესებულ ხარკს იხდიან, დამოუკიდებლები უნდა იყვნენ. ათენელებმა არ უნდა გაგზავნონ ჯარი, თუ ისინი ხარკს დროულად გადაიხდიან. ისინი არ უნდა იყვნენ არც ერთი მხარის მოკავშირეები, მაგრამ შეუძლიათ საკუთარი ნებით შეუერთდნენ ათენელებს. ლაკედემონელებმა უნდა დაუბრუნონ ათენელებს პანაქტოსი, ხოლო ათენელენმა ლაკედემონელებს – კორიფასიოსი, კითერა, მეთანე, პტელეოსი, ატალანტა. მხარეებმა უნდა გაცვალონ ტყვეები. სკიონეს, ტორონეს და ათენელთა სხვა სამფლობელოების ბედს ათენელები გადაწყვეტენ. ათენელებმა უნდა დაიფიცონ, რომ მშვიდობას შეინარჩუნებენ ყველა ქვეყანაში. თითოეული ქვეყნის წარმომადგენლებმა ქვეყნის სახელით უნდა დაიფიცონ, რომ დაიცავენ ხელშეკრულებას და მშვიდობას. ასევე დაიფიცებენ ლაკედემონელები და მათი მოკავშირეები. სვეტები აღიმართება ოლიმპიაში, პითოში, ისთმოსზე, ათენში აკროპოლისზე და ლაკედემონში აპოლონის ტაძარში. თუ რომელიმე მხარე რაიმე შეცდომას დაუშვებს, ნებისმიერს შეეძლება ღიად და პატიოსნადთქვას ამის შესახებ და ორივე მხარის თანხმობით ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანოს.

ზავი დაიდო ზამთრის მიწურულსა და გაზაფხულის დასაწყისში, უშუალოდ დიონისეს დღესასწაულის შემდეგ. ატიკაში პირველი შეჭრიდან და ომის დასაწყისიდან ათი წელი გავიდა.

დროის ათვლისას უმჯობესია გავითვალისწინოთ წელიწადის დროთა ცვლილება და არ დავეყრდნოთ არქონტებისა თუ სხვა მოხელეთა სიებს, რის მიხედვითაც ცალკეულ ქვეყნებში აღინიშნება ისტორიულ მოვლენათა თარიღები, რადგან ამ შემთხვევაში გაურკვეველი რჩება ამ პირის სამსახურის რომელ ეტაპზე მოხდა ესა თუ ის მოვლენა. ხოლო თუ ზაფხულებითა და ზამთრებით დავთვლით, როგორც ამას მე ვაკეთებ, აღმოვაჩენთ, რომ პირველი ომის დროს გავიდა ათი ზაფხული და ამდენივე ზამთარი.

ლაკედემონელებმა მაშინვე გაათავისუფლეს თავისი ტყვეები და გაგზავნეს თავისი წარმომადგენლები თრაკიის სანაპიროზე კლეარიდასთან, რათა ამფიპოლისი ათენელებისთვის გადაეცათ, ხოლო სხვა ქვეყნებს ხელშეკრულების ის პუნქტები მიეღოთ, რომლებიც მათ ეხებოდათ.

თრაკიულმა ქვეყნებმა არ მიიღეს ხელშეკრულება, რადგან იგი თავისთვის არახელსაყრელად მიიჩნიეს. კლეარიდოსმაც, თრაკიელთა საამებლად, არ დათმო ამფიპოლისი იმ საბაბით, რომ ამის გაკეთება არ შეეძლო მოქალაქეთა ნების საწინააღმდეგოდ. კლეარიდოსი ქალკიდელთა ელჩებთან ერთად გაემგზავრა ლაკედემონში, რათა თავი ემართლებინა. მას ისიც აინტერესებდა, შეიძლებოდა თუ არა ხელშეკრულების პირობების შეცვლა. ჩასვლისთანავე კი შეიტყო, რომ ხელშეკრულება უკვე დადებული იყო. იგი უკან გააბრუნეს, რათა ქალაქი ათენელთათვის გადაეცათ, ხოლო თუ ეს შეუძლებელი იქნებოდა, პელოპონესელები იქიდან წამოეყვანათ.

მოკავშირეთა წარმომადგენლები მაშინ ლაკედემონში იმყოფებოდნენ და ლაკედემონელები მოითხოვდნენ, ურჩ ქვეყნებს ხელშეკრულება მიეღოთ. მაგრამ ისინი უფრო სამართლიან პირობებს ითხოვდნენ.

რადგან მოკავშირეები არ დაემორჩილნენ, ლაკედემონელებმა არ გაუშვეს ისინი და დადეს კავშირი ათენელებთან. ისინი მიიჩნევდნენ, რომ არგოსელები, რომლებმაც უარი თქვეს სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, ათენელთა დახმარების გარეშე მათთვის ხიფათს არ წარმოადგენდნენ, ხოლო პელოპონესის სხვა ქვეყნები სიმშვიდეს შეინარჩუნებდნენ. ამიტომ ლაკედემონელებმა ისარგებლეს ათენელთა ელჩების სპარტაში ყოფნით და მათთან დაიწყეს მოლაპარაკება კავშირის შესახებ შემდეგ პირობებზე:

„ლაკედემონელები და ათენელები მომდევნო ათი წლის განმავლობაში მოკავშირეები იქნებიან. თუ ვინმე სამტროდ მივა ლაკედემონელთა მიწაზე, ათენელები მათ ყველა საშუალებით უნდა დაეხმარონ. თუ მტერი ქვეყანას ააოხრებს და უკან გაბრუნდება, ის მტრად უნდა დარჩეს ლაკედემონელთა და ათენელთათვის და ორივემ უნდა იძიოსმასზე შური. ზავი კი ერთობლივად უნდა დადონ. თუ ვინმე სამტროდ მივა ათენელების მიწაზე, ლაკედემონელები მათ ყველა საშუალებით უნდა დაეხმარონ. ყმების აჯანყების შემთხვევაში ათენელები შეძლებისდაგვარად უნდა დაეხმარონ ლაკედემონელებს. ეს ხელშეკრულება ფიცით უნდა განამტკიცონ იმავე პირებმა, რომლებმაც წინა ხელშეკრულება დაადასტურეს. ფიცი ყოველწლიურად უნდა განახლდეს, რისთვისაც ლაკედემონელები უნდა ჩავიდნენ ათენში დიონისიებზე, ხოლო ათენელები ლაკედემონში ჰიაკინთიებზე. ორივე მხარემ უნდა აღმართოს სტელა:ერთმა – ლაკედემონში, აპოლონის ტაძარში, მეორემ კი – ათენის აკროპოლისზე, ათენას ტაძარში. თუ მხარეები გადაწყვეტენ, რამე დაამატონ ან გამოაკლონ ამ ხელშეკრულებას, მათ ეს უნდა გააკეთონ ფიცის დარღვევის გარეშე“.

ეს ხელშეკრულება მშვიდობის დამყარების შემდეგ მალევე დაიდო. ათენელებმა ლაკედემონელებს დაუბრუნეს ტყვეები. ამით დასრულდა პირველი ომი, რომელიც ათ წელიწადს გრძელდებოდა.

იმ ქვეყნებში, რომლებიც ხელშეკრულებას შეუერთდნენ, მშვიდობა დამყარდა, მაგრამ კორინთელები და ზოგი სხვა პელოპონესური ქვეყანა ცდილობდა მიღწეული შეთანხმების დარღვევას. მოკავშირეებს მალე გაუჩნდათ ლაკედემონელებთან უთანხმოების საბაბი. გარდა ამისა, დროთა განმავლობაში ათენელებს ლაკედემონელთა მიმართაც გაუჩნდათ ეჭვი, რადგან შეთანხმების ზოგიერთი პირობა მათ არ შეასრულეს. მართალია, ექვსი წლისა და ათი თვის განმავლობაში მხარეები ერთმანეთის მიწას თავს არ დასხმიან, მაგრამ უცხო ქვეყნებში ისინი ცდილობდნენ ერთმანეთისთვის ევნოთ. ბოლოს კი მათ დაარღვიეს მშვიდობა და აშკარა ომი გამოაცხადეს.

ათენელმა თუკიდიდემ ეს ომიც აღწერა თანმიმდევრულად, მოვლენების მიხედვით, რომლებსაც წლიდან წლამდე ზაფხულებითა და ზამთრებით ითვლიდა, სანამ ლაკედემონელებმა და მოკავშირეებმა არ დაამარცხეს ათენის სახელმწიფო. ამ მომენტამდე ომი გრძელდებოდა ოცდაშვიდ წელიწადს და შეცდება ის, ვინც ომს არ მიაკუთვნებს მონაკვეთს ორ აშკარა ომს შორის. საკმარისია, თვალი გადავავლოთ ჩემ მიერ აღწერილ მოვლენებს, რომ დავრწმუნდებით, დროის ამ მონაკვეთს მშვიდობიანს ვერ ვუწოდებთ. მხარეებს არ დაუბრუნებიათ და არ მიუღიათ ყველაფერი, რაც ხელშეკრულებითიყო გათვალისწინებული. გარდა ამისა, მანტინეისა და ეპიდავროსის ომებში და სხვა საქმეებშიც ხელშეკრულების ცალკეული პუნქტები ირღვეოდა. თრაკიელი მოკავშირეები მტრულად იყვნენ ათენელთა მიმართ განწყობილი, ხოლო ბეოტიელები იცავდნენ დაზავებას, რომელიც ყოველი ათი დღის მერე უნდა განახლებულიყო.

ორმოცდაათწლიანი მშვიდობისა და ათენელებთან ხელშეკრულების დადების შემდეგ პელოპონესელთა ელჩებმა ლაკედემონი დატოვეს. ყველა შინ დაბრუნდა, გარდა კორინთელებისა, რომლებიც არგოსში წავიდნენ. მათ განუცხადეს არგოსელებს, რომ ლაკედემონელებმა ხელშეკრულება დადეს მათ უბოროტეს მტერთან, ათენელებთან, რათა მთელი პელოპონესი დაიმორჩილონ, ამიტომ არგოსელებმა ზომები უნდა მიიღონ პელოპონესელთა გადასარჩენად. მათ უნდა შესთავაზონ ყველა დამოუკიდებელ ქალაქს, ვინც კი ურთიერთთანასწორობას აღიარებს, არგოსთან თავდაცვითი კავშირი შეკრას, მაგრამ მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ არასაჯაროდ, არამედ უფლებამოსილ წარმომადგენლებთან, რათა სახალხო კრებაზე წარუმატებლობის შემთხვევაში ჩრდილი არავის მიადგეს. კორინთელებმა დაუმატეს, რომ ლაკედემონელთა სიძულვილით მრავალი ქვეყანა შეუერთდება ამ კავშირს.

არგოსელთა სახლხო კრებამ მოიწონა ეს წინადადება და შეარჩია თორმეტი უფლებამოსილი პირი, რომლებთანაც ყველა ელინს, ათენელებისა და ლაკედემონელების გარდა, შეეძლო კავშირის დადება, ათენელებსა და ლაკედემონელებს კი ეს მხოლოდ სახალხო კრების გადაწყვეტილებით შეეძლოთ. არგოსელები სიამოვნებით დათანხმდნენ, რადგან ლაკედემონელებთან ომს ელოდნენ. მათ იმედი ჰქონდათ, რომ წამყვან მდგომარეობას მოიპოვებდნენ პელოპონესში, რადგან ამ დროისათვის ლაკედემონელთა დიდება შეირყა: სამხედრო წარუმატებლობამ მათ მიმართ უპატივცემულობა გამოიწვია. არგოსის მდგომარეობა ყველა თვალსაზრისით კარგი იყო. ის არ მონაწილეობდა ატიკურ ომში, ინარჩუნებდა მშვიდობას ორივე მხარესთან და აქედან მოგებაც ჰქონდა. არგოსელები მზად იყვნენ, ყველა ელინი მიეღოთ კავშირში.

პირველები ამ კავშირს მანტინეელები შეუერთდნენ. მანტინეელებმა ჯერ კიდევ ათენელებთან ომის დროს დაიმორჩილეს არკადიის ნაწილი. ახლა ისინი შიშობდნენ, რომ ლაკედემონელები მათთვისაც მოიცლიდნენ და ამ მიწების შენარჩუნების უფლებას არ მისცემდნენ. ამიტომ მანტინეელები სიხარულით შეუერთდნენ არგოსს, ძლიერ და დემოკრატიულ ქვეყანას, რომელიც ყოველთვის უპირისპირდებოდა ლაკედემონელებს. მანტინეას განდგომის შემდეგ პელოპონესის სხვა ქვეყნებშიც დაიწყეს ამაზე ფიქრი. პელოპონესელები ფიქრობდნენ, რომ მანტინეელები არგოსის მხარეზე გადასვლით ხეირს ნახავდნენ. გარდა ამისა, პელოპონესელთა გაღიზიანებას იწვევდა ხელშეკრულების პუნქტი, რომელიც ლაკედემონელებსა და ათენელებს ხელშეკრულების შეცვლის უფლებას აძლევდა. პელოპონესელები ეჭვობდნენ, რომ ლაკედემონელები ათენელთა დახმარებით პელოპონესელი მოკავშირეების დამორჩილებას აპირებდნენ. ისინი მოითხოვდნენ, ხელშეკრულების შეცვლის უფლება მხოლოდ მთელ კავშირს ჰქონოდა. ამდენად, ლაკედემონელთა შიშით, პელოპონესელთა უმრავლესობა მზად იყო არგოსის მხარეს გადასულიყო. როდესაც პელოპონესელებმა გაიგეს, რომ ამ განწყობას აღვივებდნენ კორინთელები, რომლებიც თვითონაც აპირებდნენ არგოსთან ხელშეკრულების დადებას, მათ გაგზავნეს კორინთოსში ელჩები, რათა მოვლენათა არასასურველ განვითარებას წინ აღდგომოდნენ. ელჩები ადანაშაულებდნენ კორინთელებს დაამტკიცებდნენ, რომ ისინი ფიცს დაარღვევენ, თუ ლაკედემონელებს განუდგებიან და არგოსელებთან კავშირს შეკრავენ. კორინთელები უკვე უსამართლოდ მოიქცნენ მაშინ, როდესაც არ მიიღეს ათენელებთან ხელშეკრულება, როდესაც მოკავშირეთა უმრავლესობის გადაწყვეტილება ყველასთვის სავალდებულო უნდა ყოფილიყო.

კორინთელებმა წინასწარ მიიწვიეს სხვა მოკავშირეები, ვინც მათ მსგავსად უარი თქვა ხელშეკრულებაზე და მათი თანდასწრებით უპასუხეს ლაკედემონელებს. მათ პირდაპირ არ უთქვამთ, რომ ნაწყენები იყვნენ, რადგან ლაკედემონელებმა არ დაიცვეს მათი ინტერესები. თავისი უარი მათ იმით დაასაბუთეს, რომ ვერ მიატოვებდნენ მოკავშირეებს თრაკიაში, ვისთანაც ფიცით იყვნენ დაკავშირებული. ამ საფუძველზე, კორინთელები უარყოფდნენ, რომ სამოკავშირეო ხელშეკრულება დაარღვიეს. რაც შეეხება არგოსთან კავშირს, მათ განაცხადეს, რომ მოეთათბირებიან მეგობრებს და სამართლიანად გადაწყვეტენ საკითხს. ამის შემდეგ ლაკედემონელი ელჩები სახლში დაბრუნდნენ. იმ დროს კორინთოსში უკვე იმყოფებოდნენ არგოსელთა ელჩები, რომლებიც მათ ხელშეკრულების დადებისკენ მოუწოდებდნენ. მაგრამ კორინთელებმა ისინი შემდეგ შეკრებაზე მიიწვიეს.

მალე ჩამოვიდნენ ელეელი ელჩები, რომლებმაც ჯერ კორინთელებთან შეკრეს კავშირი, შემდეგ კი – არგოსელებთან. ელეელებს მაშინ უთანხმოება ჰქონდათ ლაკედემონელებთან ლეპრეოსის გამო. მათ შემდეგ არგოსელთა კავშირში შევიდნენ კორინთელები და თრაკიის სანაპიროს ქალკიდელები. ბეოტიელები და მეგარელები, თუმცა საუბრობდნენ კავშირში შესვლაზე, მაგრამ საამისოდ არაფერი გაუკეთებიათ. მათი საზოგადოებრივი წყობა ლაკედემონელთა ოლიგარქიულ მმართველობას უფრო უახლოვდებოდა, ვიდრე არგოსის დემოკრატიას.

დაახლოებით იმავე დროს, იმავე ზაფხულს ათენელებმა სკიონე აიღეს. კაცები დახოცეს, ქალები და ბავშვები მონებად გაყიდეს, მიწა კი პლატეელებს გადასცეს. დელოსის მოსახლეობა კი, მისნობის თანახმად, კუნძულზე დააბრუნეს. ფოკეელებსა და ლოკრებს შორის ომი დაიწყო.

კორინთელებმა და არგოსელებმა ტეგეას შესთავაზეს მოკავშირეობა. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ამით მთელი პელოპონესი მათ მხარეზე აღმოჩნდებოდა. მაგრამ ტეგეამ განაცხადა, რომ არ აპირებს ლაკედემონელებთან დაპირისპირებას. კორინთელებმა კავშირში მიიწვიეს აგრეთვე ბეოტიელები, შემდეგ კი სთხოვეს მათ, გაჰყოლოდნენ ათენში და დახმარებოდნენ ათდღიან დაზავებაზე ხელშეკრულების დადებაში. ამგვარი შეთანხმება ათენსადა ბეოტიას შორის მალე დაიდო ორმოცდაათწლიანი მშვიდობის შესახებ. კავშირში შესვლას ბეოტიელები არ ჩქარობდნენ, ისინი გაჰყვნენ კორინთელებს ათენში, მაგრამ ათდღიანი დაზავება არ მოხერხდა. ათენელები მიიჩნევდნენ, რომ არსებული ხელშეკრულება კორინთელებზეც ვრცელდებოდა, რადგან ისინი ლაკედემონელთა მოკავშირეები იყვნენ. ამგვარად, კორინთელებს, ფაქტობრივად, ათენელებთან ზავი ჰქონდათ ხელშეკრულების გარეშე.

იმავე ზაფხულს ლაკედემონელებმა პლეისტოანაქსის სარდლობით გაილაშქრეს პარასიების მიწაზე, რომლებიც მანტინეელებს ჰქონდათ დაპყრობილი. აჯანყებულმა პარასიებმა ლაკედემონელებს უხმეს. ლაკედემონელებს ასევე სურდათ, დაენგრიათ კიფსელესციხე, რომელიც ლაკონიას ემუქრებოდა. მანტინეელებს იქ გარნიზონი ედგათ. მანტინეელებმა ვერ შეძლეს მისი დაცვა და უკან გაბრუნდნენ. ლაკედემონელებმა კი პარასიებს დამოუკიდებლობა დაუბრუნეს, ხოლო ციხე დაანგრიეს.

იმავე ზაფხულს თრაკიიდან დაბრუნდა ბრასიდასის ლაშქარი. ლაკედემონელებმა გადაწყვიტეს, თავისუფლება მიეცათ ჰელოტებისთვის, ვინც ბრასიდასის სარდლობით იბრძოდა, და ჩაასახლესისინი ლეპრეოსში, ლაკონიისა და ელისის საზღვარზე.

კუნძულზე ტყვედ ჩავარდნილ სპარტელებს ლაკედემონელებმა მოქალაქის უფლებები შეუზღუდეს. ერთი მხრივ, ამ ხალხს მათი უბედურების გამო არ უნდა დაეკარგა მოქალაქეობა, მაგრამ, მეორემხრივ, ლაკედემონელები შიშობდნენ, მათ სახელმწიფო თანამდებობებზე ყოფნას სახელმწიფო გადატრიალება არ გამოეწვია. თუმცა, დროთა განმავლობაში მათ უფლებები აღუდგინეს.

იმავე ზაფხულს დიეს მოქალაქეებმა დაიკავეს ათენელთა მოკავშირე თისოსი ათონის სანაპიროზე.

მართალია, ზაფხულში ლაკედემონელებმა და ათენელებმა მშვიდობა შეინარჩუნეს, მაგრამ მაინც არსებობდა ურთიერთუნდობლობა, რადგან მათ არ დაუბრუნებიათ ერთმანეთისთვის ის პუნქტები, რომლებიც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. წილისყრით ლაკედემონელებს პირველებს უნდა დაებრუნებინათ ამფიპოლისი და სხვა ადგილები, მაგრამ ეს არ გაუკეთებიათ. გარდა ამისა, მათ არ აიძულეს თრაკიელი მოკავშირეები, ბეოტიელები და კორინთელები, ხელი მოეწერათ ხელშეკრულებაზე, თუმცა ირწმუნებოდნენ, რომ თუ ეს არ მოხდა, ისინი ათენელებთან ერთად ძალას გამოიყენებდნენ. ლაკედემონელებმა მოგვიანებით, სიტყვიერად მაინც, მტრადგამოაცხადეს ყველა ის ქვეყანა, ვინც ხელშეკრულებას დროულად არ მოაწერა ხელი. ათენელები ხედავდნენ, რომ პირობა პირობად რჩებოდა, და ლაკედემონელების გულწრფელობაში ეჭვი შეეპარათ. ამიტომ მათ თავის მხრივ არ დააბრუნეს პილოსი და იმასაც ნანობდნენ, ტყვეები რომ გაათავისუფლეს. მათ გადაწყვიტეს შეენარჩუნებინათ სხვა ადგილებიც, სანამ ლაკედემონელები იმას არ დააბრუნებდნენ, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. ლაკედემონელები ირწმუნებოდნენ, რომ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ: მათ დააბრუნეს ტყვეები, გაიყვანეს ჯარი თრაკიის სანაპიროდან და სხვ. ამფიპოლისს ისინი ვერ დააბრუნებენ, რადგანაც არ ფლობდნენ მას. ისინი მაინც ეცდებიან დაიყოლიონ ბეოტიელები და კორინთელები რათა ხელშეკრულებას ხელი მოაწერონ და ეცდებიან, ბეოტიელებს დააბრუნებინონ პანაქტოსი და ათენელი ტყვეები. ამასთან, ლაკედემონელები ითხოვდნენ პილოსის დაბრუნებას, ან უკიდურეს შემთხვევაში, იქიდან მესენიელებისა და ჰელოტების გაყვანას. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მათ დაარწმუნეს ათენელები და პილოსიდან გამოსული მესენიელები და ჰელოტები კრანიასა და კეფალენიაში.

მომდევნო ზამთარს, ლაკედემონში, როდესაც იქ უკვე სხვა ეფორები იყვნენ, ჩავიდნენ მოკავშირეთა, აგრეთვე ათენის, ბეოტიისა და კორინთოსის ელჩები. ხანგრძლივი მოლაპარაკებები უშედეგოდ დამთავრდა. კლეობულოსმა და ქსენარესმა, ეფორთა შორის მშვიდობის მთავარმა მოწინააღმდეგეებმა, კერძო მოლაპარაკებები დაიწყეს ბეოტიელებთან და კორინთელებთან. ისინი ურჩევდნენ ბეოტიელებს, კორინთელებთან ერთად შესულიყვნენ არგოსის კავშირში, ხოლო შემდეგ დაერწმუნებინათ არგოსელები, შემოერთებოდნენ ლაკედემონის კავშირს. ამ გზით, ბეოტიელები დაიხსნიდნენ თავს ატიკურ ხელშეკრულებასთან მიერთების ვალდებულებისგან. ლაკედემონელებს არგოსთან მეგობრობა და კავშირი ერჩიათ, ვიდრე ათენთან. არგოსთან მტკიცე მშვიდობა მათ პელოპონესის გარეთ ომის წარმოების საშუალებას მისცემდა. ამასთან, ეფორები სთხოვდნენ ბეოტიელებს, გადაეცათ მათთვის პანაქტოსი, რათა ის პილოსზე გაეცვალათ და შემდეგ უფრო თამამად განეახლებინათ ომი ათენელებთან.

ასეთი წინადადებები წაუღეს ბეოტიელმა და კორინთელმა ელჩებმა საკუთარ მთავრობებს. უკანა გზაზე მათ არგოსის მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ, რომლებიც ბეოტიელებს მათთან კავშირში შესვლას სთხოვდნენ. ამ შემთხვევაში ისინი უფრო იოლად შეძლებდნენ ომსაც და მშვიდობის დამყარებასაც ლაკედემონთან ან ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან. ბეოტიელებს ეს წინადადება მოეწონათ, რადგან იგი თანხვდებოდა ლაკედემონელ მეგობართა რჩევასაც. შინ დაბრუნების შემდეგ ელჩებმა მოახსენეს ბეოტარქებს ამ წინადადებების შესახებ. ბეოტარქები სიხარულით დათანხმდნენ არგოსთან კავშირზე, რადგან ლაკედემონელი მეგობრებიც ამის მომხრეები იყვნენ.

ბეოტიური კავშირის საბჭოებმა, ვისაც ამ მხარეში ხელისუფლება ეკუთვნოდა, ეს წინადადება არ მოიწონეს. საბჭოს წევრებს ლაკედემონელთა განაწყენების ეშინოდათ, ხოლო ბეოტარქებმა მათ საიდუმლო მოლაპარაკების შესახებ არ აცნობეს. ამდენად, ეს წამოწყება ჩაიშალა. კორინთელი და თრაკიელი ელჩები შინ გაბრუნდნენ, ხოლო ბეოტარქებს არგოსისათვის კავშირი აღარ შეუთავაზებიათ.

იმავე ზამთარს, ოლინთელებმა მოულოდნელი თავდასხმით დაიკავეს მეკიბერნა, სადაც ათენელთა გარნიზონი იდგა.

ათენელები აგრძელებდნენ მოლაპარაკებას ლაკედემონელებთან დაკავებული პუნქტების გაცვლის თაობაზე. ლაკედემონელებმა ელჩები გაგზავნეს ბეოტიაში და პანაქტოსისა და ათენელი ტყვეების დაბრუნება მოითხოვეს, რათა სანაცვლოდ პილოსი მიეღოთ. ბეოტიელები უარზე იყვნენ დაეთმოთ სიმაგრე, თუ ლაკედემონელები მათთან ხელშეკრულებას არ დადებდნენ. ლაკედემონელებს მშვენივრად ესმოდათ, რომ ამის უფლება არ ჰქონდათ, მაგრამ პილოსის დაბრუნება სურდათ, თანაც ათენთან მშვიდობის მოწინააღმდეგეები ესწრაფვოდნენ ბეოტიასთან კავშირს. ბოლოს, ზამთრის დასასრულს, ლაკედემონელებმა მაინც დადეს ხელშეკრულება ბეოტიელებთან. ბეოტიელებმა კი პანაქტოსის დანგრევა დაიწყეს. ასე დასრულდა ომის მეთერთმეტე წელი.

გაზაფხულზე არგოსში გაიგეს პანაქტოსის დანგრევისა და ლაკედემონელების ბეოტიელებთან კავშირის შესახებ. ბეოტიელთა ელჩები კი არ ჩანდნენ. არგოსელებს შეეშინდათ, რომ მარტონი დარჩებოდნენ და ყველა მოკავშირე ლაკედემონელთა მხარეზე გადაინაცვლებდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ ლაკედემონელებმა ბეოტიელები დაიყოლიეს ათენელებთან კავშირზე და არგოსელებს ათენელებთან კავშირიც კი აღარ გამოუვიდოდათ. აქამდე იმედოვნებდნენ, რომ მხარეთა ურთიერთუნდობლობის გამო ერთ-ერთთან კავშირი გარანტირებული ჰქონდათ. ახლა კი ეს იმედი გაუქარწყლდათ და ამიტომ გადაწყვიტეს ლაკედემონელებთან ელჩების გაგზავნა. ადრე ლაკედემონელებთან კავშირი არ სურდათ, რადგან პელოპონესში ბატონობაზე ოცნებობდნენ, მაგრამ შექმნილ მდგომარეობაში ეს მშვიდობის ერთადერთი გზა იყო.

ლაკედემონში ჩასულმა ელჩებმა სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყეს. პირველ რიგში, მათ მოითხოვეს სასაზღვრო დავის გადაწყვეტა საშუამავლო სასამართლოს მეშვეობით. ლაკედემონელებმა ეს წინადადება უარყვეს და არგოსელებს ხელშეკრულების ძველი პირობებით გაგრძელება შესთავაზეს. ბოლოს შეთანხმდნენ, დაედოთ, სულ ცოტა, ორმოცდაათწლიანი ზავი, თუმცა მხარეები უფლებას იტოვებდნენ, სადავო მიწის ბედი იარაღით გადაეწყვიტათ. ელჩები შინ გაბრუნდნენ, რათა შეთანხმების პროექტი სახალხო კრებისთვის წარედგინათ და, მისი დამტკიცების შემთხვევაში, დაბრუნებულიყვნენ ლაკედემონში ჰიაკინთიებზე.

სანამ არგოსელებთან მოლაპარაკებები მიდიოდა, ლაკედემონელმა ელჩებმა, რომლებსაც პანაქტოსი და ათენელთა ტყვეები ათენელთათვის უნდა გადაეცათ, აღმოაჩინეს, რომ პანაქტოსი უკვე დანგრეული იყო. თებელები თავს იმით იმართლებდნენ, რომ ძველი შეთანხმების თანახმად, ამ მიწაზე არავინ არ უნდა დასახლებულიყო. ელჩებმა ათენელი ტყვეები ათენელებს გადასცეს და მათ პანაქტოსის დანგრევის შესახებ აუწყეს. მათი აზრით, ეს ადგილიც დაბრუნებულად ითვლებოდა, რადგან იქ მტერი აღარ იმყოფებოდა. ამ სიტყვებმა ათენელთა უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ლაკედემონელები ვერაგულად მოიქცნენ, როდესაც ციხის დანგრევა დაუშვეს. გარდა ამისა, ათენელებმა შეიტყვეს ბეოტიელებთან სეპარატიული ხელშეკრულების შესახებ. მათ ხელშეკრულების სხვა დარღვევებიც გაიხსენეს და ელჩები უკან გაისტუმრეს.

მშვიდობის მოწინააღმდეგეებმა ათენში ხელშეკრულების დარღვევაზე დაიწყეს ლაპარაკი. მათ შორის მთავარი ალკიბიადესი იყო, ახალგაზრდა კაცი, რომელიც თავისი წარმომავლობის გამო უკვე დიდი პატივისცემით სარგებლობდა. ის სიამაყისა და შეურაცხყოფილი პატივმოყვარეობის გამო მშვიდობის მოწინააღმდეგე იყო დაარგოსთან კავშირი ერჩია – ლაკედემონელები ხომ მოლაპარაკებას ნიკიასთან და ლაქეტესთან აწარმოებდნენ, იგი კი უგულებელყვეს. ალკიბიადესი თავიდან მშვიდობის წინააღმდეგ გამოდიოდა და ამბობდა, რომ ლაკედემონელთა ნდობა არ შეიძლება: ისინი ჯერ   ათენელთა დახმარებით აპირებენ არგოსელთა შემუსვრას, შემდეგ კი თვით ათენელებზე თავდასხმას. როდესაც ათენელებსა და ლაკედემონელებს შორის კამათი დაიწყო, მან პირადად გაგზავნა შიკრიკი არგოსში და ურჩია მათ მანტინეასა და ელისის ელჩებთან ერთად ათენში ჩამოსვლა და კავშირის თხოვნა.

როდესაც არგოსელებმა შეიტყვეს, რომ ბეოტიელებისა და ლაკედემონელების კავშირი ათენელთა თანხმობის გარეშე დაიდო, მათ, მიუხედავად იმისა, რომ ლაკედემონელებთან მოლაპარაკებები ჰქონდათ, ათენს მიმართეს. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ათენი მათი ძველი მეგობარია, მათი მსგავსი დემოკრატიული წყობით და, თუ საქმე ომამდე მივიდოდა, მათ ზღვაზე დაეხმარებოდა. არგოსელების ელჩებს ელეელები და მატინეელებიც შეუერთდნენ. იმავე დროს ათენში ჩამოვიდნენ ლაკედემონელი ელჩებიც, რომლებსაც ათენის არგოსთან კავშირი უნდა აეცილებინათ თავიდან, პილოსის პანაქტოსზე გაცვლა მოეთხოვათ და ათენელებისთვის აეხსნათ,

რომ ბეოტიელებთან კავშირი მათ წინააღმდეგ არ იყო მიმართული.

ხუთასის საბჭოზე ელჩებმა გადაწყვიტეს, რომ უფლებამოსილნი იყვნენ გადაეწყვიტათ სადავო საკითხები. ალკიბიადესი შეშფოთდა, ამ განცხადებით ელჩებმა სახალხო კრება არ მიიმხრონ და არგოსთან კავშირი არ ჩაშალონო და ეშმაკობას მიმართა: ის ელჩებს დაპირდა, რომ დაეხმარებოდა პილოსის დაბრუნებასა და სხვა ამოცანების გადაჭრაში, თუ ისინი სახალხო კრებაზე თავის უფლებამოსილებას არ ახსენებდნენ. ალკიბიადესს უნდოდა, ელჩები ნიკიასისგან ჩამოეშორებინა და ელჩების დისკრედიტაციის გზით სახალხო კრებაზე კავშირი დაედო არგოსთან, ელისთან და მანტინეასთან. ასეც მოხდა. როდესაც ელჩებმა უარყვეს საკუთარი უფლებამოსილება, ათენელები გაბრაზდნენ. ისინი ელჩებს ყურადღებას აღარ აქცევდნენ და მხოლოდ ლაკედემონელების მლანძღავ ალკიბიადესს უსმენდნენ. ხალხი მზად იყო მოეწვია არგოსელები და კავშირი დაედო. მაგრამ უშუალოდ გადაწყვეტილების მიღების წინ მიწისძვრა მოხდა და კრება გადაიდო.

ნიკიასიც დააბნია ელჩების მიერ მათი უფლებამოსილების უარყოფამ, მაგრამ მეორე დღეს ის გამოვიდა სახალხო კრებაზე, დაიცვა ლაკედემონელებთან კავშირის აუცილებლობა და მათ არგოსელებთან მოლაპარაკების გადადებისკენ მოუწოდა. მან შესთავაზა, კვლავ გაეგზავნათ ელჩები ლაკედემონში ვითარების გასარკვევად. ამასთან, ნიკიასი მიიჩნევდა, რომ ომის გადადება ათენელთათვის უფრო ხელსაყრელი იყო, ვიდრე მოწინააღმდეგისთვის. ათენელებს, რაც შეიძლება დიდხანს უნდა შეენარჩუნებინათ თავისი მდგომარეობა, დამარცხებულ ლაკედემონელებს კი ომი სურდათ. ნიკიასმა დაარწმუნა ათენელები, გაეგზავნათ ელჩები, მათ შორის თვით ნიკიასიც, იმ მოთხოვნით, რომ ლაკედემონელებს აღედგინათ და დაებრუნებინათ პანაქტოსი, ამფიპოლისი და უარი ეთქვათ ბეოტიელებთან კავშირზე, თუ ისინი არ შეუერთდებოდნენ სამშვიდობო ხელშეკრულებას.

ლაკედემონში ჩასულმა ელჩებმა გადასცეს ათენელთა დანაბარები და განაცხადეს, რომ, თუ ლაკედემონელები ამ პირობებს არ შეასრულებენ, ათენელები არგოსელებთან დადებდნენ ხელშეკრულებას. ქსენარესის და მის თანამოაზრეთა წაქეზებით, ლაკედემონელებმა უარი თქვეს დაერღვიათ ბეოტიასთან კავშირი, მაგრამ ნიკიასის თხოვნით, დათანხმდნენ დაედასტურებინათ თავისი ერთგულება ხელშეკრულებისადმი.

ნიკიასის უშედეგო ელჩობის შემდეგ, ნაწყენმა ათენელებმა ასწლიანი ზავი და სამხედრო კავშირი დადეს არგოსთან, მანტინეასა და ელისთან. მიუხედავად ამისა, ხელშეკრულება ლაკედემონელებსა და ათენელებს შორის არც ერთ მხარეს არ დაურღვევია. კორინთელები, მიუხედავად არგოსელებთან კავშირისა, არ შეერთებიან ამ ხელშეკრულებას და, ფაქტობრივად, ისევ ლაკედემონელთა მხარეზე გადავიდნენ.

იმ ზაფხულს ჩატარდა ოლიმპიური თამაშები, რომელზედაც არკადიელმა ანდროსთენესმა პირველი გამარჯვება მოიპოვა ჭიდაობასა და კრივში. ელეელებმა ლაკედემონელები არ დაუშვეს ტაძარში, რადგან მათ არ გადაიხადეს ოლიმპიური დაზავების დარღვევისათვის დაწესებული ჯარიმა.

ოლიმპიური ზეიმის მერე არგოსელები კორინთოსში ჩავიდნენ. იქვე იყვნენ ლაკედემონელი ელჩებიც. ხანგრძლივი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. შემდეგ ზამთარს თესალიელებმა დაამარცხეს ტრაქინიის ჰერაკლეელები, ჰერაკლეას ლაკედემონელი მმართველი ბრძოლაში დაეცა. ასე დასრულდა ზამთარი და ომის მეთორმეტე წელი.

მომდევნო ზაფხულის დასაწყისში ბეოტიელებმა ჰერაკლეა დაიკავეს. მათ ეშინოდათ, ქალაქი ათენელებს არ ჩავარდნოდათ ხელში, სანამ ლაკედემონელები პელოპონესის პრობლემებით იყვნენ დაკავებული. ბეოტიელთა ამ საქციელმა ლაკედემონელები ძალიან გააღიზიანა.

იმავე ზაფხულს ალკიბიადესი ჰოპლიტებისა და მშვილდოსანთა რაზმით პელოპონესში ჩავიდა. ადგილობრივი მოკავშირეების დახმარებით, იგი შეუდგა კავშირის საქმეების მოგვარებას. მან დაითანხმაპეტრას მოქალაქეები, აეშენებინათ გრძელი კედლები ზღვამდე. მასუნდოდა აეგო ციხე რიას კონცხზე აქაიაში. მაგრამ კორინთელებმა, სიკიონელებმა და სხვებმა, ვისაც ეს სიმაგრე საფრთხეს შუქმნიდა, ამის საშუალება არ მისცეს.

იმავე ზაფხულს დაიწყო ომი არგოსსა და ეპიდავროსს შორის. ამის საბაბად იქცა ეპიდავრელთა უარი დადგენილი შესაწირი გაეგზავნათ აპოლონის ტაძარში. ამის გარეშეც ალკიბიადესი და არგოსელები აპირებდნენ ეპიდავროსის მიმხრობას მათი კავშირისადმი, რათა კორინთოსის ნეიტრალიტეტი უზრუნველეყოთ და ათენელთათვის არგოსში მისასვლელი უმოკლესი გზა გაეხსნათ.

დაახლოებით ამ დროს ლაკედემონელებმა მეფე აგისის სარდლობით გაილაშქრეს ლევქტრაზე. არავინ იცოდა, ზუსტად საით მიდიოდნენ. მაგრამ საზღვარზე მსხვერპლშეწირვა არახელსაყრელი გამოდგა და ლაკედემონელები შინ დაბრუნდნენ. მოკავშირეებს კი უბრძანეს, მზად ყოფილიყვნენ დორიელთა წმინდა თვის – კარნეიოსის დასასრულისთვის. ლაკედემონელთა წასვლის შემდეგ არგოსელები შეიჭრნენ ეპიდავროსის მიწაზე და ქვეყნის რბევა დაიწყეს. ეპიდავროსმა მოკავშირეებს უხმო, მაგრამ წმინდა თვის გამო ზოგმა დახმარებაზე უარი თქვა, ზოგიც საზღვრამდე მივიდა და იქ გაჩერდა.

ამ დროს მანტინეაში ათენელთა მიწვევით სხვადასხვა ქვეყნის ელჩები შეიკრიბნენ. მოლაპარაკების დროს კორინთელებმა განაცხადეს, რომ სანამ ისინი მშვიდობაზე თათბირობენ, ეპიდავროსი და არგოსი ერთმანეთს ებრძვიან. პირველ რიგში, უნდა გაეგზავნათ წარმომადგენლები ადგილზე და მიეღწიათ ომის შეწყვეტისთვის, ხოლო შემდეგ გაეგრძელებინათ მოლაპარაკება. კრება დაეთანხმა მათ, გაგზავნეს წარმომადგენლები ეპიდავროსში და არგოსელები

დაარწმუნეს, უკან დაეხიათ. შემდეგ ელჩები ისევ მანტინეაში შეიკრიბნენ, მაგრამ ვერ შეძლეს მოლაპარაკება და არგოსელებმა კვლავ შეუტიეს ეპიდავროსს. ლაკედემონელებმა კი კარიასზე გაილაშქრეს. მაგრამ მსხვერპლშეწირვა საზღვარზე ისევ არახელსაყრელი გამოდგა და ლაკედემონელები უკან დაბრუნდნენ. ათენელებმა არგოსს ალკიბიადესი და ათასი ჰოპლიტი მიაშველეს, მაგრამ როდესაცგაიგეს, რომ ლაკედემონელთა ლაშქრობა დასრულებული იყო, თვითონაც უკან დაბრუნდნენ.

მომდევნო ზამთარს ლაკედემონელებმა, ათენელებისგან ფარულად, სამასი მებრძოლი გაგზავნეს ეპიდავროსში. არგოსელებმა ეს ათენში გაასაჩივრეს და მოსთხოვეს პილოსში მესენიელებისა და ჰელოტების გაგზავნა. ალკიბიადესის წინადადებით, ათენელებმა ლაკონურ სტელას აკროპოლისზე მიაწერეს, რომ ლაკედემონელებმა ფიცი დაარღვიეს, ამის შემდეგ პილოსში გააგზავნეს ჰელოტები, რათა მათ ლაკონია ეძარცვათ. სხვა მტრული მოქმედებები კი არ განუხორციელებიათ.

არგოსისა და ეპიდავროსის ომი ზამთარშიც გრძელდებოდა, მაგრამ ნამდვილ ბრძოლამდე საქმე არ მისულა. გაზაფხულის დამდეგს არგოსელებმა იერიში მიიტანეს ეპიდავროსზე, მაგრამ ვერ მოახერხეს ქალაქის აღება. ასე დასრულდა ომის მეცამეტე წელი.

ლაკედემონელები ხედავდნენ, რომ ეპიდავროსელი მოკავშირეები მძიმე მდგომარეობაში იყვნენ, ხოლო სხვა პელოპონესელები ან განუდგნენ მათ, ან მერყეობდნენ. მაშინ მათ გადაწყვიტეს, მიეღოთ გადამჭრელი ზომები და ზაფხულში მეფე აგისის სარდლობით დიდი ლაშქრით დაიძრნენ არგოსის წინააღმდეგ. ლაშქრობაში მონაწილეობა მიიღეს ტეგეელებმაც და არკადიელებმაც. დანარჩენი მოკავშირეები ფლეიუნტში შეიკრიბნენ: ბეოტიიდან ჩამოვიდა ხუთი ათასი ჰოპლიტი და ამდენივე მსუბუქად შეიარაღებული ქვეითი, ხუთასი მხედარი თითო ქვეითის თანხლებით, კორინთოსიდან – ორი ათასი ჰოპლიტი, სხვა ქვეყნებიდან – ვინც რამდენი შესძლო.

არგოსელებმა შეიტყვეს ლაკედემონელთა სამზადისის შესახებ და ლაშქარი შეკრიბეს. მათ შეუერთდნენ მანტინეელები მოკავშირეებთან ერთად და სამი ათასი ჰოპლიტი ელისიდან. არგოსელები ლაკედემონელებს არკადიაში შეხვდნენ, სადაც ორივე ჯარი ბორცვებზე განლაგდა. არგოსელებს უნდოდათ ლაკედემონელებთან შებრძოლება, სანამ ისინი მოკავშირეებს შეუერთდებოდნენ, მაგრამ აგისმა ღამით აყარა ლაშქარი და ფლეიუნტისკენ წავიდა. გამთენიისას არგოსელებმა ნახეს, რომ მტერი წავიდა და ჯერ არგოსისკენ დაიძრნენ, შემდეგ კი ნემეის გზაზე გადაინაცვლეს, სადაც, მათი აზრით, მტერს უნდა გაევლო. მაგრამ აგისმა უფრო რთული გზა აირჩია. კორინთელები, პელენელები და ფლეიუნტელები ასევე სხვა, უფრო ციცაბო გზით მიდიოდნენ. ბეოტიელებს, მეგარელებსა და სიკიონელებს კი უბრძანეს, დაბლობში ნემეის გზით დაშვებულიყვნენ, რათა, თუ არგოსელები აგისის რაზმზე თავდასხმას გადაწყვეტდნენ, მათზე მხედრებს მიეტანათ იერიში. მას მერე, რაც ლაშქარი ამგვარად განალაგა, აგისი დაბლობისაკენ დაიძრა და ქვეყნის რბევა დაიწყო.

ამის შესახებ რომ გაიგეს, არგოსელები დღისით გამოვიდნენ ნემეადან და შეებრძოლნენ ფლეიუნტელებსა და კორინთელებს. ბეოტიელები, მეგარელები და სიკიონელები ნემეის გზას დაადგნენ,მაგრამ არგოსელები იქ უკვე ვეღარ ნახეს, რადგან ისინი დაბლობში დაშვებულიყვნენ და საბრძოლველად ეწყობოდნენ. ლაკედემონელებიც, თავის მხრივ, საბრძოლოდ გაემზადნენ. არგოსელები ახლა მტრებით იყვნენ გარშემორტყმული. დაბლობის მხრიდან მათ ქალაქიდან ლაკედემონელები ჭრიდნენ. ბორცვის მხრიდან კორინთელები, ფლეიუნტელები და პელენელები უღობავდნენ გზას, ნემეის მხრიდან კი – ბეოტიელები, სიკიონელები და მეგარელები. არგოსელებს მხედრები არ ჰყავდათ, ხოლო ერთადერთი მოკავშირე, ვისაც ცხენოსანი ჯარი ჰყავდა, ათენელები, ჯერ არ იყვნენ მოსული. თუმცა არგოსელები და მათი მოკავშირეები მდგომარეობას სახიფათოდ არ მიიჩნევდნენ. პირიქით, ფიქრობდნენ, რომ ლაკედემონელებს საკუთარ ქვეყანაში მახეში გააბამდნენ. ორი არგოსელი, თრასილოსი და ალკიფრონი მივიდნენ აგისთან და სთხოვეს არ დაეწყო ბრძოლა. მათი თქმით, არგოსელები მზად იყვნენ მშვიდობიანად გადაეწყვიტათ სადავო საკითხები. ორივე არგოსელი თვითნებურად მოქმედებდა – მათ ეს არ ევალებოდათ. აგისმაც მათი წინადადება თვითნებურად, სხვა სარდლებთან მოლაპარაკების გარეშე მიიღო. მან თავისი გადაწყვეტილება მხოლოდ ერთ თანამდებობის პირს გააცნო და დადო ოთხთვიანი ზავი, რის შემდეგაც ლაშქრით უკან დაბრუნდა. ლაკედემონელები და მოკავშირეები ემორჩილებოდნენ ბრძანებას, მაგრამ ერთმანეთში მეფეს კიცხავდნენ. მათი აზრით, მათ მშვენიერი შესაძლებლობა დაკარგეს. მტერი გარშემორტყმული იყო, მათ კი უკან დაიხიეს და ასეთი დიდი ლაშქრის შესაბამისი ვერაფერი მოიმოქმედეს. მართლაც, ასეთი ლაშქარი ელადაში აქამდე არასოდეს შეკრებილა. მათ შეეძლოთ არა მარტო არგოსელებთან, არამედ ნებისმიერ სხვა მტერთან ბრძოლაც. ეს ლაშქარი კი უკანგაბრუნდა და მეომრებმა აგისის წყევლით სახლებისკენ გასწიეს. არგოსელებიც, თავის მხრივ, უკმაყოფილონი იყვნენ და ადანაშაულებდნენ თანამემამულეებს, რომლებიც ხალხის დაუკითხავად დაუზავდნენ მტერს. ისინიც ფიქრობდნენ, რომ კარგი შესაძლებლობა დაკარგეს. თრასილოსს ჩაქოლვა ელოდა, საკურთხევლისთვის რომ არ შეეფარებინა თავი.

მალე მოვიდა მაშველი ძალა ათენიდან, ათასი ჰოპლიტითა და სამასი მხედრით, ლაქესისა და ნიკოსტრატოსის სარდლობით. თუმცა არგოსელები დაზავებით უკმაყოფილონი იყვნენ, მაინც არ უნდოდათ ლაკედემონელებთან შეთანხმების დარღვევა და ათენელებს სთხოვეს, უკან გაბრუნებულიყვნენ. მაგრამ მანტილეელთა და ელეელთა თხოვნით, მაინც დაუშვეს ისინი სახალხო კრებაზე. ათენელთა ელჩებმა, რომელთა შორის ალკიბიადესიც იყო, კრებას განუცხადეს, რომ არგოსელებს არ ჰქონდათ მოკავშირეების თანხმობის გარეშე დაზავების უფლება. მოკავშირეებიც დაეთანხმნენ და მათ ერთობლივად გაილაშქრეს არკადიის ორქომენოსის წინააღმდეგ. არგოსელები მათ ცოტა მოგვიანებით შეუერთდნენ. მოკავშირეებმა ალყა შემოარტყეს ქალაქს და ცდილობდნენ მის იერიშით აღებას. ორქომენოსელები შიშობდნენ, რომ ვერ გაძლებდნენ მაშველი ძალის მოსვლამდე, ამიტომ დანებდნენ და არგოსთან კავშირზე დათანხმდნენ. მათ გადასცეს მანტინეელებს მძევლები და გაათავისუფლეს ისინი, ვინც ლაკედემონელებმა მათთან დატოვეს.

ორქომენოსის აღების შემდეგ ელეელები ლეპრეოსზე ლაშქრობას ითხოვდნენ, მანტინეელები კი – ტეგეაზე. არგოსელებმა და ათენელებმა მანტინეელებს დაუჭირეს მხარი. ნაწყენი ელეელები შინ დაბრუნდნენ, დანარჩენები კი მანტინეაში ტეგეაზე თავდასხმისთვის მოემზადნენ. ლაკედემონელები ისედაც საყვედურობდნენ აგისს, რომ მან არგოსი არ აიღო, ორქომენოსის დაცემის შემდეგ კი მისი დასჯა მოინდომეს, სახლის დანგრევას და ასი ათასი დრაქმა ჯარიმის დაწესებას უპირებდნენ. მეფემ სთხოვა, ეს არ ექნათ და აღუთქვა, რომ შემდეგ ლაშქრობაში დანაშაულს გამოისყიდდა. ლაკედემონელებმა არ დასაჯეს მეფე, მაგრამ არნახული გადაწყვეტილება მიიღეს: ათი მრჩეველი დაუნიშნეს, ვის გარეშეც მას ქვეყნიდან ლაშქრით გასვლა ეკრძალებოდა.

ამასობაში ტეგეადან საგანგაშო ცნობა მოვიდა: თუ ის სასწრაფოდ არ მიიღებდა დახმარებას, არგოსის მხარეზე გადასვლა მოუწევდა. ლაკედემონელებმა სასწრაფოდ შეკრიბეს ჯარი და გზას გაუდგნენ. არკადიელ მოკავშირეებსაც უბრძანეს ტეგეასკენ წასულიყვნენ. ლაშქრის ერთი მეექვსედი, ყველაზე უფროსები და ყველაზე უმცროსები, ქვეყნის დასაცავად დატოვეს. დანარჩენები კი ტეგეაში წავიდნენ. მალე მოვიდნენ არკადიელი მოკავშირეებიც, შემდეგ ლაკედემონელებმა კორინთელებს, ბეოტიელებს, ფოკიელებსა და ლოკრებს უბრძანეს, წასულიყვნენ მანტინეის ოლქში.   ლაკედემონელები გადავიდნენ მანტინეაში და ჰერაკლეს სამლოცველოსთან დაბანაკდნენ.

არგოსელებმა, მტერი რომ შენიშნეს, ციცაბო ფერდობზე დაბანაკდნენ და საბრძოლველად გაემზადნენ. ლაკედემონელები მიუახლოვდნენ მათ ქვის ან შუბის სროლის მანძილზე და უკვე მზად იყვნენ თავდასხმისთვის, როდესაც ერთმა მოხუცმა მებრძოლმა აგისს შესძახა, რომ ის ბოროტების ბოროტებით მკურნალობას აპირებს. იგი იმას გულისხმობდა, რომ მეფეს უდროო შეტევით უნდოდა არგოსიდან უკან დახევა გამოესყიდა. აგისმა, თავისი ნებით თუ ამ შეძახილის გამო, შეცვალა გეგმა და სასწრაფოდ უკან დაიხია.ის დაბრუნდა ტეგეის ოლქში და ბრძანა იქიდან მდინარის წყალი გადაეყვანათ მანტინეაში. მანტინეელები და ტეგეელები მუდმივადომობენ ამ მდინარის გამო, რადგან მას ზიანი მოაქვს იმისთვის, ვის მიწაზეც გაედინება. აგისს იმედი ჰქონდა, რომ არგოსელები გაიგებდნენ ამის შესახებ და მთიდან დაეშვებოდნენ. მაშინ ბრძოლა დაბლობში შედგებოდა. არგოსელები კვლავ გააოცა მტრის უკანდახევამ, აღარ იცოდნენ, რა ეფიქრათ, და ერთ ადგილას იდგნენ. შემდეგ ისევ უსაყვედურეს სარდლებს, რომ ლაკედემონელებს წასვლის საშუალება მისცეს. სარდლებმა დაიწყეს მთიდან ლაშქრის ჩამოყვანა და დაბლობში დაბანაკება.

მეორე დღეს არგოსელები და მოკავშირეები საბრძოლველად დაეწყვნენ. ლაკედემონელები მდინარიდან საკუთარ ბანაკს რომ დაუბრუნდნენ, მტრის ლაშქარი დაინახეს და შეშფოთდნენ. მცირე შეყოვნების შემდეგ ისინიც გაემზადნენ საბრძოლველად. ჩვეულებისამებრ, მეფე გასცემდა ბრძანებებს. მეფე უბრძანებდა სარდლებს, ისინი – თავის ასისთავებს, ეს უკანასკნელები კი – ოცეულთა მეთაურებს. ამგვარად, მეფის ბრძანებები გარკვეული წესით და სწრაფად აღწევდა დანიშნულების ადგილას.

მარცხენა ფრთაზე სკირიტები იდგნენ, შემდეგ ბრასიდასის თანამებრძოლები, შემდეგ დანარჩენი ლაკედემონელები, ბოლოს კი მოკავშირეები. მხედრები ორივე ფრთაზე ჰყავდათ. მოწინააღმდეგეს მარჯვენა ფრთაზე მანტინეელები ედგათ, რადგან ბრძოლა მათ მიწაზე ხდებოდა, შემდეგ არკადიელები, ათასი რჩეული არგოსელი, რომლებიც ბავშვობიდან სახელმწიფოს ხარჯზე ეუფლებოდნენ სამხედრო საქმეს, შემდეგ დანარჩენი არგოსელები და მათი მოკავშირეები, ბოლოს მარცხენა ფრთაზე ათენელები იდგნენ თავის მხედრებთან ერთად.

ასე განლაგდნენ მოწინააღმდეგეები. რიცხობრივი უპირატესობა, ალბათ, ლაკედემონელთა მხარეზე იყო, თუმცა მეომართა ზუსტი რიცხვის დადგენა არ შემიძლია არც ცალკეულ რაზმებში და არც – მთლიანად. ლაკედემონელებთან ყველაფერი გასაიდუმოლებულია, სხვა ხალხების ჯარის რაოდენობა კი შეიძლება ტრაბახის გამო გადაჭარბებული იყოს. მაგრამ მაინც შეიძლება გარკვეული წარმოდგენა შევიქმნათ ლაკედემონელთა ჯარის რაოდენობაზე. ამ ბრძოლაში ექვსასი სკირიტის გარდა მათ ჰყავდათ შვიდი რაზმი. თითოში ოთხი ასეული, ხოლო ასეულში – ოთხი ოცეული. თითოეულ ოცეულში, პირველ რიგში ოთხი კაცი იდგა. მწყობრის სიღრმე კი სარდლებზე იყო დამოკიდებული, საშუალოდ ის რვა კაცს შეადგენდა. ფრონტის მთელ ხაზზე ოთხას ორმოცდარვა კაცი იდგა, სკირიტების გარდა.

ბრძოლის წინ სარდლებმა მიმართეს თავის რაზმებს და გაამხნევეს ისინი. ლაკედემონელები კი თავისი ლაშქრის სხვა მებრძოლებს სიმღერით ახალისებდნენ. მათ ესმოდათ, რომ გამოცდილება მეტად დაეხმარებოდა მათ ბრძოლაში, ვიდრე სარდლების ლამაზი სიტყვები.

ბრძოლა დაიწყო. არგოსელებმა და მათმა მოკავშირეებმა შეუტიეს მტერს. ლაკედემონელები, პირიქით, ნელა მოძრაობდნენ ფლეიტების ხმაზე. მუსიკა მათ ეხმარებოდა, რომ ნაბიჯის სიმწყობრე შეენარჩუნებინათ, რაც მნიშვნელოვანია დიდი ლაშქრის გადაადგილების დროს.

მანამ, სანამ ხელჩართული ბრძოლა გაიმართებოდა, მეფე აგისს ასეთი რამ მოაფიქრდა: ჩვეულებრივ, ლაშქრის თითოეული დანაყოფი თავდასხმისას იგრძელებს მარჯვენა ფრთას და ცდილობს მარჯვენა ფრთით გარემოიცვას მოწინააღმდეგის მარცხენა ფრთა. ყოველი მებრძოლი ცდილობს მარჯვნივ მდგომი მეზობლის ფარით დაფაროს თავისი დაუცველი ნაწილი. ის უფრო უსაფრთხოდ გრძნობს თავს, რაც უფრო მჭიდროდ დგას რიგი. ამას იწყებს მარჯვენა ფრთაზე პირველ რიგში მდგომი მებრძოლი. ის ინაცვლებს მარჯვნივ, რათა აარიდოს დაუცავი ნაწილი მეტოქეს. იგივე ხიფათი დანარჩენებსაც უბიძგებს, მას მიბაძონ. ამჯერადაც მანტინეელებმა შემოუარეს ფლანგიდან სკირიტების ხაზს, ხოლო ლაკედემონელებმა და ტეგეელებმა თავის მარჯვენა ფრთაზე კიდევ უფრო შორს წაიწიეს ათენელთა ხაზს მიღმა. აგისს მისი მარცხენა ფრთის გარემოცვის დაცვა უბრძანა, გაეჭიმათ ფრონტი მარცხენა მხარეს და გასწორებოდნენ მანტინეელებს. განთავისუფლებულ ადგილას მან ორი რაზმი გადაისროლა. აგრისი ფიქრობდა, რომ ამით მისი მარჯვენა ფრთა მაინც არ დასუსტდებოდა, ხოლო მარცხენა გაძლიერდებოდა.

აგისმა ეს ბრძანება ბოლო მომენტში გასცა, როდესაც შეტევა უკვე დაწყებული იყო. არისტოკლესმა და ჰიპონოიდასმა უარი თქვეს ამ მანევრის შესრულებაზე. მომავალში მათ ეს უარი სიმხდალედ ჩაუთვალეს და სპარტიდან განდევნეს.

ამასობაში მტრის შეტევა უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე მეფე ელოდა. სკირიტებმა ორი რაზმის დაკლების გამო ვერ მოასწრეს ადგილზე დაბრუნება და სიცარიელის შევსება. ხელჩართული ბრძოლით მანტინეელებმა უკუაქციეს ლაკედემონელი სკირიტები და ბრასიდასის მებრძოლები, შემდეგ მანტინეელები და რჩეული არგოსელი მეომრები შეიჭრნენ მოწინააღმდეგის რიგებში. მათ მოიმწყვდიეს მტერი, დახოცეს გაქცეულები და სდიეს დაღლამდე. ამ ფლანგზე ლაკედემონელები მარცხდებოდნენ, მაგრამ სხვაგან, განსაკუთრებით ცენტრში, სადაც აგისი იყო თავისი სამასი მხლებლით, ლაკედემონელებმა წარმატებას მიაღწიეს.

ფრონტის ამ მონაკვეთზე არგოსელებს და მათ მოკავშირეებს უკან დახევა მოუწიათ. ამასობაში ლაკედემონელთა და ტეგეელთა მარჯვენა ფრთამ დაიწყო ათენელთა გარემოცვა. ათენელებს ორი მხრიდან დაემუქრათ საფრთხე. ერთი მხრიდან მათ გარს უვლიდნენ, მეორე მხარე კი განადგურებული იყო. ათენელები დიდ მსხვერპლს მხოლოდ მხედრებმა გადაარჩინეს. ამასობაში აგისი თავის მარცხენა ფრთას მიეხმარა. ათენელებმა კი მოახერხეს მშვიდად უკან დახევა. მანტინეელები და არგოსელთა რჩეული რაზმი აღარ ფიქრობდნენ შეტევაზე. როდესაც მათ დაინახეს, რომ დანარჩენი რაზმები განადგურებული იყო და მტერი მათ უტევდა, უკან დახევა დაიწყეს. ამასთან, მანტინეელებმა დიდი დანაკარგი განიცადეს. არგოსელები კი, ძირითადად, გადარჩნენ. დევნა დიდხანს არ გაგრძელებულა. როგორც წესი, ლაკედემონელები გამარჯვებამდე მედგრად იბრძვიან, მაგრამ შემდეგ მტერს უკან აღარ მისდევენ.

ასეთი იყო უდიდესი ბრძოლა ელინთა უმნიშვნელოვანეს ქვეყნებს შორის. ლაკედემონელებმა გამარჯვების ნიშანი აღმართეს, საჭურველი აჰყარეს დაღუპულ მტერს, ხოლო თავისი დაღუპულები ტეგეაში დაკრძალეს. დაზავების შემდეგ მოწინააღმდეგეებს დაუბრუნეს დაღუპულები. ბრძოლაში დაიღუპა შვიდასი არგოსელი, ორასი მანტინეელი და ორასი ათენელი, მათ შორის ორივე სარდალი. ლაკედემონელთა მოკავშირეების დანაკარგი კი უმნიშვნელო იყო. თვით ლაკედემონელთა შესახებ სიმართლის დადგენა ძნელია. ამბობენ, რომ მათ სამასი კაცი დაკარგეს.

ამ დროს ლაკედემონელთა მეორე მეფე, პლეისტოანაქსი თავისიანების დასახმარებლად მიდიოდა. გზად მან შეიტყო გამარჯვების შესახებ და უკან გაბრუნდა. ლაკედემონელებმა დაითხოვეს მოკავშირეები და თვითონაც თავის ქვეყანაში დაბრუნდნენ. ერთი გამარჯვებით მათ ძველი დიდება აღიდგინეს.

ამ ბრძოლამდე ერთი დღით ადრე ეპიდავროსელები შეიჭრნენ დაუცველ არგოსში. ბრძოლის შემდეგ მანტინეელებთან სამი ათასი ელეელი ჰოპლიტი და ათასი ათენელი მივიდნენ. სანამ ლაკედემონელები ზეიმობდნენ, მოკავშირეებმა ეპიდავროსზე გაილაშქრეს და ქალაქის გარშემო საალყო კედლის აგება დაიწყეს. მოკავშირეებმა მალე შეწყვიტეს მუშაობა და მხოლოდ ათენელებმა დაასრულეს მათი ნაწილის აგება კონცხზე, ჰერას სამლოცველოს მახლობლად. აგებულ სიმაგრეში მოკავშირეებმა დაცვა დატოვეს და თვითონ შინ გაბრუნდნენ. ასე დასრულდა ზაფხული.

ზამთრის დასაწყისში, დღესასწაულების დასრულების შემდეგ, ლაკედემონელები სალაშქროდ წავიდნენ. ტეგეადან მათ არგოსელებს სამშვიდობო წინადადებები გაუგზავნეს. არგოსში ადრეციყვნენ ლაკედემონელთა მომხრეები, რომლებიც დემოკრატიის დამხობაზე ოცნებობდნენ. წარუმატებელი ბრძოლის შემდეგ მათ უფრო იოლად დაიყოლიეს ხალხი მშვიდობაზე. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ, რომლებსაც ალკიბიადესიც ესწრებოდა, ლაკედემონელთა მომხრეებმა დაარწმუნეს ხალხი, დაედოთ სამშვიდობო ხელშეკრულება.

ხელშეკრულების დადების შემდეგ ლაკედემონელთა ლაშქარი შინ დაბრუნდა, ხოლო მოლაპარაკებები გაგრძელდა. იმავე ჯგუფმა, ვინც სამშვიდობო ხელშეკრულება დადო, მანტინეელებთან, ელეელებთან და ათენელებთან კავშირის დარღვევას და ათენელებთან ორმოცდაათწლიანი სამოკავშირეო ხელშეკრულების დადებას მიაღწია. ამ ხელშეკრულებით ლაკედემონელებმა და არგოსელებმა მოაგვარეს თავისი სადავო საკითხები. ახლა ისინი ერთობლივად მოქმედებდნენ. გადაწყვიტეს, არ მიეღოთ ათენელთა ელჩები დამაცნეები, თუ ათენელები არ დატოვებდნენ პელოპონესს. ორივე ქვეყანამ გაგზავნა ელჩობა თრაკიულ ქვეყნებში და პერდიკასთან, რათა ისინი მათ კავშირს შეერთებოდნენ. პერდიკამ გადაწყვიტა ათენელებისთვის არგოსელთა მსგავსად ეღალატა. მოკავშირეებმა ქალკიდელებთან ძველი ხელშეკრულება განაახლეს და დადეს ახალი. არგოსელებმა ელჩები გაგზავნეს ათენში და ეპიდავროსთან ციხის დატოვება მოითხოვეს. ათენელებმა დემოსთენესი გაგზავნეს რაზმის გამოსაყვანად. შემდგომში ათენელებმა განაახლეს ხელშეკრულება ეპიდავროსელებთან და ციხე მათ გადასცეს.

არგოსის კავშირიდან გამოსვლის შემდეგ მანტინეა ერთხანს კიდევ უწევდა წინააღმდეგობას ლაკედემონელებს, მაგრამ ბოლოს მასაც მოუწია დაზავებოდა და უარი ეთქვა დამორჩილებულ ქვეყნებზე. ლაკედემონელებმა ჯერ სიკიონში დაამყარეს ოლიგარქიული მმართველობა, შემდეგ კი თავის არგოსელ მოკავშირეებთან ერთად ბოლო მოუღეს დემოკრატიას არგოსში. ასე დასრულდა ომის მეთოთხმეტე წელი.

მომდევნო ზაფხულს ათონელმა დიოსელებმა უღალატეს ათენელებს და ქალკიდელთა მხარეზე გადავიდნენ, ხოლო ლაკედემონელებმა აქაიაში მათთვის სასურველი სახელმწიფო წყობა დაამყარეს.

ამასობაში არგოსში ხალხმა ძალა მოიკრიბა და ოლიგარქებს თავს დაესხა. ქუჩის ბრძოლებში ხალხმა გაიმარჯვა. ოლიგარქიის მომხრეები დახოცეს ან განდევნეს. ოლიგარქებმა საშველად ლაკედემონელებს უხმეს. მათ კი დღესასწაულის გამო დახმარება დაუგვიანეს. ტეგეაში მისულმა ლაკედემონელებმა გაიგეს ოლიგარქების მარცხის შესახებ და, ლტოლვილთა თხოვნის მიუხედავად, უკან გაბრუნდნენ. მოგვიანებით არგოსელთა ორივე დაჯგუფების ელჩები ლაკედემონში ჩავიდნენ. ხანგრძლივი განხილვის შემდეგ ლაკედემონელებმა გამარჯვებული პარტია დაადანაშაულეს და არგოსის დალაშქვრა გადაწყვიტეს, მაგრამ ლაშქრობის მომზადება გაჭიანურდა. ამასობაში, ლაკედემონელთა შიშით, არგოსელები კვლავ ათენთან კავშირისკენ გადაიხარნენ. მათ დაიწყეს გრძელი კედლების მშენებლობა ზღვამდე, რათა ხმელეთიდან მათი ბლოკადის შემთხვევაში ათენელებს ზღვით მიეწოდებინათ სურსათი. ყველა მშენებლობაზე გავიდა, ათენელებმა კი მათ ხელოსნები მიაშველეს.

მომდევნო ზამთარს ლაკედემონელებმა გაიგეს კედლების მშენებლობის შესახებ და მოკავშირეებთან ერთად არგოსზე გაილაშქრეს. ლაშქრობას აგისი სარდლობდა. მისი იმედი ქალაქში მყოფი მომხრეების დახმარებაზე არ გამართლდა, მაგრამ მაინც მოახერხეს მშენებარე კედლის დანგრევა. მათ დაიკავეს ერთი ციხე და დახოცეს ტყვედ ჩავარდნილი მოქალაქეები. შემდეგ ლაკედემონელები უკან გაბრუნდნენ. არგოსელებმა კი გაილაშქრეს ფლეიუნტზე, რადგან მათი დევნილების უმრავლესობას იქ ჰქონდა თავი შეფარებული. მათ დაარბიეს ქვეყანა და უკან დაბრუნდნენ.

იმავე ზამთარს ათენელებმა ესკადრა გაგზავნეს მაკედონიის სანაპიროს ბლოკადისათვის. ისინი საყვედურობდნენ პერდიკას ლაკედემონელებთან კავშირს და ამფიპოლისის წინააღმდეგ ლაშქრობის ჩაშლას. ასე დასრულდა ომის მეთხუთმეტე წელი.

შემდეგ ზაფხულს ალკიბიადესი ოცი ხომალდით არგოსში გაემგზავრა. მან დაატყვევა სამასი არგოსელი, ვისაც ლაკედემონელთა თანაგრძნობაში ადანაშაულებდნენ, და ისინი ერთ-ერთ კუნძულზე გადაიყვანა. შემდეგ ათენელებმა გაილაშქრეს მელოსის წინააღმდეგ. ლაკედემონელთა ეს ახალშენი, სხვა კუნძულებისგან განსხვავებით, არ ემორჩილებოდა ათენელებს. თავიდან მელოსელები ნეიტრალიტეტის დაცვას ცდილობდნენ. მაგრამ საქმე აშკარა ომამდე მივიდა. ათენელები კუნძულზე გადასხდნენ და ელჩები გაუგზავნეს მელოსელებს მოსალაპარაკებლად. მელოსელებმა ელჩები არ დაუშვეს სახალხო კრებაზე და მთავრობასთან მოლაპარაკება შესთავაზეს.

ხანგრძლივი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. რადგან მელოსელებს არაფრის დათმობა არ სურდათ, ათენელებმა საომარი მოქმედებები დაიწყეს. მათ გაანაწილეს სამუშაოები მოკავშირეთა შორის და ქალაქს საალყო კედელი შემოავლეს.

იმავე დროს არგოსელები თავს დაესხნენ ფლეიუნტის ოლქს, მაგრამ მახეში მოყვნენ და ოთხმოცი კაცი დაკარგეს.

ათენელთა გარნიზონმა პილოსში დიდი ნადავლი მოიპოვა. სანაცვლოდ ლაკედემონელებმა საომარი მოქმედებები დაიწყეს, თუმცახელშეკრულებაზე უარი არ უთქვამთ. მათ ნება მისცეს ნებისმიერ ლაკედემონელს, მოეწყო ყაჩაღური თავდასხმები ათენელებზე.

შემდეგ კორინთელებმა ომი დაიწყეს ათენთან, დანარჩენი პელოპონესელები კი მშვიდობას ინარჩუნებდნენ.

მელოსელები ღამით თავს დაესხნენ ათენელთა საალყო კედელს,მოკლეს რამდენიმე კაცი და გაიტაცეს სურსათი. ამის შემდეგ ათენელებმა კედელზე უფრო მკაცრი დაცვა დააწესეს. ასე დასრულდა ზაფხული.

მომდევნო ზამთარს ლაკედემონელები გაემზადნენ არგოსზე სალაშქროდ, მაგრამ საზღვარზე მსხვერპლშეწირვა არახელსაყრელი აღმოჩნდა და უკან დაბრუნდნენ. არგოსელებმა ლაკედემონელთა გადაადგილების გამო ეჭვი მიიტანეს ზოგ მოქალაქეზე და ისინი დაატყვევეს. დაახლოებით ამავე დროს მელოსელებმა მოახერხეს საალყო კედლის სხვა ნაწილის დაკავება. ამის შემდეგ ათენელებმამოალყეებს მაშველი ძალები გაუგზავნეს. ახლა ათენელები ენერგიულად აგრძელებდნენ ალყას. ქალაქში ღალატი მომწიფდა. მელოსელები დანებდნენ. ათენელებმა დახოცეს კაცები, ხოლო ქალები და ბავშვები მონებად აქციეს. შემდეგში მათ ხუთასი კოლონისტი გაგზავნეს კუნძულზე.
მეექვსე წიგნი

იმ ზამთარს ათენელებმა გადაწყვიტეს კიდევ ერთხელ, ამჯერად უფრო დიდი ძალებით, ლაქეტესისა და ევრიმედონის სარდლობით დაელაშქრათ სიცილია და, თუ შესაძლებელი იქნებოდა, დაეპყროთ კუნძული. სიცილიის ზომასა და მოსახლეობის რაოდენობაზე მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, არ ეგონათ, რომ იწყებდნენ ისეთსავე რთულ ომს, როგორიც პელოპონესისა იყო. სიცილიის გარშემო სავაჭრო ხომალდით მგზავრობას რვა დღე სჭირდება. ამასთან, კუნძული ხმელეთიდან მხოლოდ ოცი სტადიონითაა დაშორებული.

უძველესი დროიდან კუნძულზე სხვადასხვა ხალხი ცხოვრობდა. გადმოცემით, მისი უძველესი მოსახლეობა კიკლოპები და ლესტრიგონები იყვნენ. ვინ იყვნენ ისინი წარმოშობით, საიდან მოვიდნენ და სად წავიდნენ, ვერაფერს გეტყვით, ამიტომ პოეტების ნაამბობს უნდა დავჯერდეთ. მათ შემდეგ კუნძულზე, როგორც ჩანს, სიკანები დასახლდნენ. ისინი თავს მკვიდრ მოსახლეობად მიიჩნევენ, მაგრამ სინამდვილეში წარმოშობით იბერიელები არიან. კუნძულს ადრე მათი სახელი ერქვა – სიკანია. ისინი დღესაც ცხოვრობენ კუნძულის დასავლეთით. ილიონის აღების შემდეგ აქ გადმოსახლდნენ ტროელებიც, მოგვიანებით კი – ფოკიდელები. სიკულები აქ იტალიიდან გადმოსახლდნენ. მათ სძლიეს სიკანებს და კუნძულს საკუთარი სახელი მისცეს. სიკულებმა ელინთა მოსვლამდე სამასი წლით ადრე კუნძულის საუკეთესო ნაწილი დაიკავეს და დღესაც კუნძულის შუაგულსა და ჩრდილოეთ ნაწილში ბინადრობენ. მათ გარდა კუნძულზე გაბნეულია ფინიკიელთა დასახლებები. ისინი სიკულებთან სავაჭროდ კონცხებსა და ნაპირთან ახლოს მდებარე პატარა კუნძულებზე დასახლდნენ. ელინთა მოსვლის შემდეგ ფინიკიელებმა ნაწილობრივ დატოვეს კუნძული. ისინი დასახლდნენ ელიმების მეზობლად, საიდანაც მოკლე გზით უკავშირდებოდნენ კართაგენს.

პირველი ელინები სიცილიაზე ქალკისიდან მოვიდნენ. მათ დააარსეს ნაქსოსი და აპოლონს საკურთხეველი აუგეს. მომდევნო წელს კორინთელებმა დააარსეს სირაკუზა, ხოლო ხუთი წლის შემდეგ ქალკიდელებმა გაილაშქრეს ნაქსოსიდან, განდევნეს სიკულები და დააფუძნეს ლეონტინა, მერე კატანა.

თანდათანობით კუნძულზე მრავალი ბერძნული დასახლება გაჩნდა, ძირითადად, ქალკიდელთა და დორიელთა.

აი, ამდენი ელინური და ბარბაროსული ხალხი ცხოვრობდა სიცილიაზე და მათ დასაპყრობად გაემართნენ ათენელები მოკავშირეთა დაცვის საბაბით. ეგესტელებმა მათ სელიუნტთან და სირაკუზასთან ბრძოლაში დახმარება სთხოვეს. ისინი ახსენებდნენ ათენელებს მათ ძველ კავშირს ლეონტინასთან და იმ საფ რთხეს, რაც მათ და ემუქრებოდათ, თუ დორიული სირაკუზა მთელ სიცილიას დაეპატრონებოდა და პელოპონესს მიეხმარებოდა. ამასთან, ეგესტელები მზად იყვნენ გაეღოთ ამ ომის ხარჯები. ათენელებმა ვითარების გასარკვევად ჯერ ელჩები გაგზავნეს ეგესტაში.

იმავე ზამთარს ლაკედემონელებმა მოკავშირეებთან ერთად არგოსზე გაილაშქრეს, მიწა ააოხრეს და რამდენიმე ურემი მარცვლეული გაიტაცეს. არგოსელი დევნილები მათ ორნეაში დაასახლეს და იქ მცირე გარნიზონი დატოვეს. შემდეგ დაზავდნენ დალაკედემონელები შინ დაბრუნდნენ.

ათენელებმა ოცდაათი ხომალდი და ექვსასი ჰოპლიტი გაგზავნეს არგოსში. ისინი არგოსელებთან ერთად თავს დაესხნენ ორნეას. დევნილები ღამით გაიქცნენ, არგოსელებმა კი ქალაქი დაანგრიეს და უკან დაბრუნდნენ.

ათენელებმა მეთონეში მაკედონელ დევნილთა გარკვეულ რაოდენობასთან ერთად მხედრები გადასხეს და პერდიკას მიწების რბევას შეუდგნენ. ლაკედემონელებმა ელჩები გაუგზავნეს თრაკიელ ქალკიდელებს და უბრძანეს მათ პერდიკას დახმარება, მაგრამ მათ უარი განაცხადეს. ასე დასრულდა ომის მეთექვსმეტე წელი.

მომდევნო ზაფხულის დასაწყისში ათენელი ელჩები დაბრუნდნენ სიცილიიდან ეგესტელებთან ერთად. მათ სამოცი ტალანტი ვერცხლი ჩამოიტანეს სამოცი ხომალდის აღსაჭურვად. ათენელებმა სახალხო კრება მოიწვიეს. ელჩების მიმზიდველი და მცდარი ცნობების მოსმენის შემდეგ გადაწყდა სიცილიაზე ესკადრის გაგზავნა. სარდლებად შეუზღუდავი ძალაუფლებით დაინიშნენ ალკიბიადესი, ნიკიასი და ლამაქოსი. ისინი უნდა დახმარებოდნენ ეგესტას სელიუნტთან ომში და, თუ საქმე კარგად წავიდოდა, დაებრუნებინათ ლეონტინელები მათ ქვეყანაში, სხვაფრივ კი ისე ემოქმედათ, როგორც ათენისათვის სასარგებლოდ მიიჩნევდნენ.

ხუთი დღის შემდეგ კიდევ მოიწვიეს კრება, რომელსაც ესკადრის სასწრაფოდ აღჭურვა უნდა დაედგინა. ნიკიასი, რომელიც მისი ნების საწინააღმდეგოდ აირჩიეს სარდლად, ამ წამოწყებას დამღუპველად მიიჩნევდა. მან ასე მიმართა შეკრებილთ:

„ეს კრება იმისთვისაა მოწვეული, რომ სიცილიაზე ლაშქრობის სამზადისი განიხილოს. მაგრამ, ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ, გვჭირდება თუ არა ეს ლაშქრობა. ჩვენ ნაჩქარევად არ უნდა გადავწყვიტოთ ასეთი მნიშვნელოვანი საქმე. ამ ომში მე საპატიო თანამდებობა მექნება და საკუთარ ბედზე დარდი არ მომიწევს, თუმცა კარგი მოქალაქე საკუთარ სიცოცხლესა და ქონებასაც უნდა აფასებდეს და, ამ შემთხვევაში, სამშობლოს კეთილდღეობაზეც იზრუნოს. მე თქვენ წინაშე ჩემი რწმენის საწინააღმდეგოდ არც ადრე გამოვსულვარ მხოლოდ იმიტომ, რომ თანამდებობა და დიდება მომეპოვებინა. არც ახლა ვიზამ ამას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რაც საუკეთესოდ მიმაჩნია. თქვენი განწყობიდან გამომდინარე, ალბათ, აზრი არა აქვს გითხრათ, რომ გაურკვეველი მომავალი სარგებლის გამო არ ღირს იმის საფრთხეში ჩაგდება, რაც უკვე გაქვს. ამიტომ შევეცდები დაგარწმუნოთ, რომ თქვენი აჩქარება უდროოა, ხოლო სურვილები – ძნელი შესასრულებელი.

სიცილიაში წასვლით თქვენ ზურგში ბევრ მტერს იტოვებთ, იქ კი ახლებს მოიპოვებთ. ნუ გაქვთ იმედი, რომ დადებული ზავი მყარია. სანამ თქვენ ახალ წამოწყებებზე უარს ამბობთ, მშვიდობა სიტყვიერად მაინც არსებობს: სწორედ ამას მიაღწიეს როგორც ჩვენმა, ასევე მოწინააღმდეგის მოღვაწეებმა. მაგრამ წარუმატებლობის შემთხვევაში, ისინი მაშინვე შემოგვიტევენ. მათ ხომ ზავის დადება მარცხის შემდეგ მოუხდათ. თვით ხელშეკრულებაშიც არის

სადავო პუნქტები. ამასთან, ზოგი ქვეყანა კიდევ არ შეერთებია ამ ქვეყანას. ისინი ან აშკარად გვებრძვიან, ან ჯერ კიდევ არა, რადგან ლაკედემონელები მშვიდობას იცავენ. როგორც კი დაინახავენ ჩვენი ძალების დაქსაქსვას, რის გაკეთებასაც ჩვენ ახლა ვაპირებთ, თავს დაგვესხმიან სიცილიელებთან ერთად. ჩვენ ეს უნდა გვახსოვდეს, რათა არ ჩავაგდოთ ქვეყანა საფრთხეში და არ ვესწრაფვოდეთ სამფლობელოების გამრავლებას, სანამ იმას არ განვიმტკიცებთ, რაც უკვე გვაქვს. ჩვენ კი ამას ვაპირებთ იმ დროს, როდესაც თრაკიის სანაპიროზე ქალკიდელთა ამბოხება ჯერ კიდევ არ არის ჩახშობილი და ზოგი მოკავშირეც არ არის სანდო. ჩვენ გვეჩქარება მოკავშირეების დახმარება ეგესტაში, როდესაც თვითონ გვიჭირს.

თუ ჩვენ დავამარცხებთ აჯანყებულ ქალკიდელებს, შევინარჩუნებთ ბატონობას ამ მხარეში. შორეული სიცილია მისი მრავალრიცხოვანი მოსახლეობით რომც დავიმორჩილოთ, ვერ მოვახერხებთ იქ ბატონობის შენარჩუნებას. უგუნურებაა თავს დაესხა ქვეყანას, რომელზე ბატონობასაც ვერ შეინარჩუნებ გამარჯვების შემთხვევაშიც კი, ხოლო მარცხი ბევრად დაამძიმებს ჩვენს მდგომარეობას. ჩემი აზრით, სიცილიელები ჩვენთვის ნაკლებად სახიფათონი გახდებიან, თუ მათ სირაკუზელები დაიმორჩილებენ. დღეს ცალკეულ ქვეყნებს კიდევ შეუძლიათ ლაკედემონელების ხათრით ჩვენთან ომი. ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებული სიცილია ჩვენ დაგვიპირისპირდეს. როგორც ახლა შეეძლებოდათ სიცილიელებს პელოპონესელებთან კავშირში ჩვენი განადგურება, იმავე საშუალებებით შეეძლებოდათ, ალბათ, პელოპონესელებსაც მათი ბატონობის მოსპობა. სიცილიელი ელინები ჩვენ განსაკუთრებით დაგვაფასებდნენ, თუ საერთოდ არ მივიდოდით იქ ან, უკიდურესშემთხვევაში, ვაჩვენებდით ძალას და სწრაფად დავტოვებდით სიცილიას. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ გაოცებს შორეული, რის შესახებაც მხოლოდ გაგიგონია. თუ ჩვენ დავმარცხდებით, ისინი პატივისცემას დაკარგავენ და მაშინვე ჩვენს მტრებს შეუერთდებიან. სწორედ ეს დაგემართათ, ათენელებო, ლაკედემონელებთან მიმართებაში. ადრე თქვენ მათი გეშინოდათ, ახლა კი, როდესაც მოულოდნელად გაიმარჯვეთ, აღარ ერიდებით მათ და სიცილიის დაპყრობაც კი გინდათ. მაგრამ შემთხვევითი წარმატება თავში არ უნდა აგვივარდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ ლაკედემონელებს ერთი მიზანი აქვთ – დაგვამცირონ ჩვენ, რათა გამოისყიდონ თავისი დამცირება, რადგან ოდითგანვე აფასებდნენ საკუთარ დიდებას. თუ გონიერები ვიქნებით, არ ვიდარდებთ ბარბაროს ეგესტელთა ბედზე და ვეცდებით, ჩვენი ქვეყანა ოლიგარქიული სახელმწიფოს ხრიკებისგან დავიცვათ.

ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ გავთავისუფლდით საშინელი ჭირისგან, ომის უბედურებებისგან და დავიწყეთ დანაკლისის აღდგენა. სახსრები ჯობია აქ მოვიხმაროთ, ვიდრე ამ დევნილებს შევალიოთ.ლიტონი სიტყვების გარდა მათგან ვერაფერს ეღირსებით. თუ საქმეკარგად მიუდით, უმადურები არიან, ხოლო დამარცხებისას თქვენც გადაგიყოლებენ უფსკრულში.

ნუ მისცემთ უფლებას, ქვეყნის საფრთხეში ჩაგდების ფასადსახელი გაითქვას მან, ვისაც აღაფრთოვანებს სარდლად არჩევა, მიუხედავად იმისა, რომ ამ თანამდებობისთვის მეტისმეტად ახალგაზრდაა და ვინც მოგიწოდებთ სალაშქროდ მხოლოდ თავისი პირადი გამორჩენისათვის. ასეთი ხალხი არა მხოლოდ საკუთარ ქონებას ფლანგავს, არამედ ქვეყნისთვისაც სახიფათოა. საქმე მეტად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უმწიფარ ხალხს შეეძლოსმისი გაძღოლა.

შეშფოთებით ვუყურებ მის მომხრე ახალგაზრდებს და დაბეჯითებით გთხოვთ უფროსებს: ნუ დააშინებინებთ თავს, ნუ აჰყვებით უცხო ქვეყნების დაპყრობის დამღუპველ ვნებას. ცნობილია, რომ ვნებებს აყოლილი ხალხი იშვიათად აღწევს წარმატებას. როგორც წესი, გონიერი და წინდახედული იმარჯვებს. სამშობლოს დასაცავად კენჭი უყარეთ მშვიდობას. ნუ შეეჭიდებით ბუნებრივ საზღვრებს, რომლებიც სიცილიისგან გვყოფს. სიცილიელებმა ერთმანეთში მოილაპარაკონ. ეგესტელებმა როგორც დაიწყეს ომი, ისევე იზრუნონ ზავზე. ჩვენ არ გვჭირდება მოკავშირე, ვინც ჩვენგან ელის დახმარებას, ჩვენ კი არაფრით გვადგება.

შენ კი, თავმჯდომარევ, თუ გინდა კეთილი მოქალაქე იყო, დააყენე კენჭისყრაზე ჩემი წინადადება. თუ ეჭვი გეპარება იმაში, დასაშვებია თუ არა ხელმეორე კენჭისყრა, გახსოვდეს, რომ ამდენი მოწმის წინაშე კანონის დარღვევას ვერავინ დაგწამებს. პირიქით, თუ დამღუპველი გადაწყვეტილებისგან გადაგვარჩენ, ქვეყნის მკურნალი იქნები“.

ორატორთა უმრავლესობა ომის მომხრე და ახალი კენჭისყრის მოწინააღმდეგე იყო. ლაშქრობას ყველაზე თავგამოდებით ალკიბიადესი მოითხოვდა. იგი საერთოდაც ნიკიასის პოლიტიკური მეტოქეიყო, ახლა კი მას ნიკიასის სიტყვებიც აიძულებდა სიტყვით გამოსულიყო და სარდლობის სურვილიც. მას იმედი ჰქონდა, რომ სიცილიასა და კართაგენს დაიპყრობდა, რითაც დიდებასა და სიმდიდრეს მოიხვეჭდა. ალკიბიადესი ხალხს უყვარდა, მაგრამ მისი ცხოვრების წესი, დოღის ცხენები და სხვა გასართობები ბევრად მეტ ფულს მოითხოვდა, ვიდრე მას ჰქონდა. მისი მისწრაფებები და ახირებები კი ქვეყნისთვის საბოლოოდ დამღუპველი აღმოჩნდა. თანდათანობით ხალხი გააღიზიანა მისმა აღვირახსნილობამ. ფიქრობდნენ, რომ იგი ტირანიას ესწრაფოდა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ იგი ბრწყინვალე სარდალი აღმოჩნდა, თანამდებობა ჩამოართვეს, სხვებმა კი ქვეყანა უცბად დაღუპეს. ალკიბიადესმა ხალხს ასე მიმართა:

„ათენელებო, მე სხვაზე მეტი უფლება მაქვს, ვიყო სარდალი, დამჯერა, რომ ვიმსახურებ კიდეც ამ თანამდებობას. იძულებული ვარ ასე დავიწყო ჩემი გამოსვლა, რადგან ნიკიასი თავს დამესხა. რასაც მსაყვედურობენ, სწორედ იმით მოვიპოვეთ მე და ჩემმა წინაპრებმა სახელი და ვემსახურეთ სამშობლოს. ოლიმპიური თამაშებისათვის ჩემმა ბრწყინვალე აღჭურვილობამ ელინები დაარწმუნა ჩვენს ძლიერებაში მაშინ, როდესაც ეგონათ, რომ ომმა მთლიანად გამოგვფიტა. მე შეჯიბრზე გამოვიყვანე შვიდი ეტლი, რაც აქამდეარც ერთ კერძო პირს არ უქნია, და გავიმარჯვე. ასეთ წარმატებას პატივისცემა მოაქვს და ჩვენს ძლიერებას ასაბუთებს. მეორე მხრივ, ის ბრწყინვალება, რომლითაც მე საზოგადოებრივ ვალდებულებებს ვასრულებ, ბუნებრივია მოქალაქეთა შურს იწვევს, მაგრამ უცხოელების თვალში ასეთი სიუხვე ჩვენი ძალის დასტურია და არ შეიძლება უგუნურებად ჩავუთვალოთ ხარჯი მას, ვინც არა მარტო საკუთარ თავს, არამედ ქვეყანასაც არგებს. გამორჩეული ადამიანები სიცოცხლეში სძულთ, სიკვდილის შემდეგ კი ადიდებენ,როგორც სამშობლოს კეთილისმყოფელებს. ამას ვესწრაფვი მეც და ამიტომ ხდება სალაპარაკო ჩემი პირადი ცხოვრება, მაგრამ თქვენ იმაზე უნდა დაფიქრდეთ, როგორ ვართმევ თავს საზოგადოებრივ მოვალეობებს. განა მე არ გავაერთიანე პელოპონესის ძლიერი ქვეყნები ლაკედემონელთა წინააღმდეგ თქვენი დანახარჯებისა და საფრთხეში ჩაგდების გარეშე? მართალია, მანტინეასთან მათ გაიმარჯვეს, მაგრამ დღემდე ვერ აღუდგენიათ საკუთარი ძალების რწმენა.

მე დავამყარე კავშირი პელოპონესის ძლიერ ქვეყნებთან, დიპლომატიითა და თავგამოდებით მათი ნდობა მოვიპოვე. მაშ, ნუ შეგეშინდებათ ჩემი ახალგაზრდობის და, სანამ ძალა მაქვს, გამომიყენეთ ისევე, როგორც იღბლიანი ნიკიასი. ნუ შეცვლით სიცილიაზე ლაშქრობის გადაწყვეტილებას. ნუ შეგეშინდებათ იქ ძლიერი მეტოქის ხილვისა. სიცილიის მრავალრიცხოვანი მოსახლეობა თავისებური ბრბოა, ქვეყნები იოლად იცვლიან მოქალაქეებს და იღებენ ახლებს. იქ სამშობლოს ან თავის დასაცავად არავის აქვს იარაღი და ქალაქებიც არ არის დაცული. თითოეული მხოლოდ იმის იმედად არის, თუ მჭევრმეტყველებით ან დაჯგუფების ხელმძღვანელობით რაიმეს წაგლეჯს სახელმწიფო ხაზინას, და მზად არის, მარცხის შემთხვევაში სხვაგან წავიდეს. წარმოუდგენელია, ეს ბრბო გაერთიანდეს დიდი საქმისთვის. ვფიქრობ, თითოეული მათგანი სიამოვნებით გადმოვა ჩვენს მხარეზე, თუ ჩვენგან რამე სასურველს მოისმენს; მით უმეტეს, რომ მათ ახლა შინაომი აქვთ. სირაკუზელებსა და სხვა ელინებსაც ბევრად ნაკლები ჰოპლიტი ჰყავთ, ვიდრე ამას თვითონ ამბობენ. ასეთია საქმის ვითარება სიცილიაზე და იგი შეიძლება ჩვენთვის სასიკეთოდ კიდევ შეიცვალოს. ჩვენ იმედი გვაქვს მრავალი ბარბაროსისა, რომლებსაც სირაკუზელები სძულთ. აქაური საქმეებიც ვერ შეუშლის ხელს ექსპედიციას. ჩვენს მამებს იგივე მტრები ჰყავდათ, რომლებზედაც გვეუბნებიან, რომ მათ ჩვენს ზურგში ვტოვებთ. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს მიდიის მეფეც. და მაინც, მათ შექმნეს დიდი სახელმწიფო, რასაც ზღვაზე ბატონობით მიაღწიეს. პელოპონესელებს არასოდეს ჰქონიათ ჩვენს წინააღმდეგ წარმატების ისე მცირე იმედი, როგორც ახლა. რასაკვირველია, მათ შეუძლიათ თავს დაესხან ჩვენს მიწას, კიდევაც რომ არ გავემგზავროთ სიცილიაზე. ზღვაზე კი ვერაფერს დაგვაკლებენ, რადგან აქაც საკმაო რაოდენობის ხომალდებს ვტოვებთ. მაშ, რით გავამართლებთ ჩვენს ყოყმანს საკუთარი თავისა და სიცილიელი მოკავშირეების წინაშე? რადგან დავპირდით დახმარებას, პირობა უნდა შევასრულოთ, მიუხედავადიმისა, რომ ისინი ჩვენ არ გვეხმარებიან. ჩვენ მათთან კავშირი იმისთვის კი არ დავდეთ, რომ აქ დაგვეხმარონ, არამედ იმისთვის, რომ სიცილიაზე შეაკავონ ჩვენი მტრები.

როგორც ყველა ძლიერმა სახელმწიფომ, ჩვენც ძლიერებას იმიტომ მივაღწიეთ, რომ მზად ვიყავით ყველგან დავხმარებოდით ელინებსა და ბარბაროსებს, ვინც ამას გვთხოვდა. თუ ხელს არ გავანძრევთ და ხანგრძლივ ბჭობას დავიწყებთ იმაზე, დავეხმაროთ თუ არა ვინმეს, ამით ჩვენს ძლიერებას კი არ განვავრცობთ, არამედ ქვეყანას დავღუპავთ. ძლიერ მტერს უნდა დაასწრო თავდასხმა. ჩვენ წინასწარ ვერ განვსაზღვრავთ, რამდენად შორს გავრცელდება ჩვენი ძალაუფლება, მაგრამ მან უკვე იმ ზომას მიაღწია, რომ ერთს უნდა შევუტიოთ, მეორე კი შევაკავოთ. თუ ჩვენ არ ვიბატონებთ სხვებზე, მოგვიწევს უცხოს დავმორჩილდეთ. ამიტომ ჩვენს უმოქმედობას ნუ გავამართლებთ სხვისი მაგალითით, თუ არ გვინდა ჩვენი მდგომარეობაც შეიცვალოს. რადგან გვაქვს იმედი, რომ სიცილიაზე თავდასხმით ჩვენს ძალაუფლებას გავზრდით, ნუ გადავდებთ ლაშქრობას. ამით ჩვენ ვაჩვენებთ პელოპონესელებს, რომ არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით. თუ გავიმარჯვებთ და კუნძულს დავიკავებთ, მთელი ელადის ბატონები გავხდებით. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ დავასუსტებთ სირაკუზელებს, ეს კი, როგორც ჩვენი, ისე ჩვენი მოკავშირეების ინტერესებშია. ფლოტი ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს როგორც წარმატების, ასევე უკან დახევის შემთხვევაში. ზღვაზე უპირატესობა გვექნება, მთელი სიცილიაც რომ გაერთიანდეს ჩვენ წინააღმდეგ. ნუ შეგაჩერებთ ნიკიასის სიტყვები, რომელიც უმოქმედობისა და თაობათა შორის შუღლისკენ მოგიწოდებთ. ჩვენი მამების მსგავსად, რომლებიც ერთად იღებდნენ გადაწყვეტილებებს და ამიტომაც აიყვანეს ჩვენი ქვეყანა დღევანდელ სიმაღლემდე, სცადეთ ურთიერთგაგებით კიდევ უფრო განადიდოთ იგი. გახსოვდეთ, რომ ახალგაზრდობა და სიბერე ერთმანეთის გარეშე უძლურნი არიან. ახალგაზრდული სილაღის, ზომიერებისა და ზუსტი გათვლის სწორი შეზავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო საქმეებში. თუ ქვეყანა უმოქმედოდ დარჩება, სხვა ნებისმიერი ორგანიზმის მსგავსად გამოიფიტება, ყოველგვარი ცოდნა და ხელოვნება დაიკარგება. ბრძოლაში კი ის გამოცდილებას დააგროვებს და მიეჩვევა თავის დაცვას არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით. მე დარწმუნებული ვარ, უმოქმედობას მიუჩვეველი სახელმწიფო სწორედ უმოქმედობისგან შეიძლება დაიღუპოს. ვფიქრობ, ყველაზე უსაფრთხოდ ის ცხოვრობს, ვინც პოლიტიკაში ძველ ჩვევაზე უარს არ ამბობს“.

მისმა სიტყვამ და სიცილიელთა თხოვნამ ხალხს კიდევ უფრო განუმტკიცა მიღებული გადაწყვეტილება. ნიკიასი ხედავდა, რომ ძველი დასაბუთების გამეორებით ხალხს ვერ შეაკავებდა და ახლა სხვა მხრიდან შემოუარა:

„მე ვხედავ, რომ ყველას ომი გსურთ. იმედი მაქვს, იგი ისე დასრულდება, როგორც ჩვენ გაგვიხარდება, მაგრამ მაინც უნდა გითხრათ ჩემი აზრი. ქვეყნები, რომელთა წინააღმდეგაც ჩვენ სალაშქროდ მივდივართ, რამდენადაც გადმოცემით ვიცი, ძლიერები და დამოუკიდებლები არიან და არ ესწრაფვიან პოლიტიკურ ცვლილებებს, რაზედაც სიამოვნებით წავიდოდა მონობაში მყოფი. კუნძულზე ბევრი ელინური ქვეყანაა. საეჭვოა, რომ მათ ჩვენი ბატონობა ამჯობინონ თავისუფლებას. ნაქსოსისა და კატანას გარდა, რომლებიც ლეონტინელებთან ნათესაობის გამო, ალბათ, ჩვენი მოკავშირეები იქნებიან, იქ კიდევ შვიდი ქვეყანაა. ისინი მშვენივრად არიან მომარაგებულნი და ზუსტად ისეთივე შეიარაღება აქვთ, როგორიც ჩვენს ჯარს. მათ ჰყავთ ბევრი ჰოპლიტი, მშვილდოსანი, შუბოსანი და საკმარისი რაოდენობა ხალხისა, რომ სამხედრო ხომალდებზე დასხან. კერძო სახსრების გარდა, სელიუნტის ტაძრებში დიდი საგანძური ინახება, სირაკუზელები კი ბარბაროსებისგან იღებენ ხარკს. ამის გარდა, მათ ჰყავთ მრავალი მხედარი, ხოლო პური თვითონ მოჰყავთ. აქ მათ დიდი უპირატესობა აქვთ ჩვენთან შედარებით.

ასეთი ძალის წინააღმდეგ ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ ხომალდები, არამედ ძლიერი სახმელეთო ჯარი. ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება მტრის ცხენოსნებს, ხელი შეუშალონ ჩვენს გადმოსხდომას, მით უმეტეს, რომ სიცილიელთა გაერთიანების შემთხვევაში ეგესტელთა გარდა ვერ ვნახავთ მოკავშირეებს, ვინც მხედრებს მოგვაშველებს. სამარცხვინო იქნება, თუ მტერი უკუგვაგდებს ან შემდეგ დახმარების თხოვნა დაგვჭირდება. ამიტომ აქედან უნდა წავიდეთ ძლიერი ლაშქრით და გვესმოდეს, რომ სამშობლოსგან ძალიან შორს ვიქნებით. ზამთრის ოთხი თვის მანძილზე იქიდან ამბავიც კი არ აღწევს ჩვენამდე.

ჩემი აზრით, იქ უნდა გავგზავნოთ ბევრი ჰოპლიტი, ჩვენიც, მოკავშირებისა და მოხარკეებისაც და, სასურველია, პელოპონესში დაქირავებულიც. ასევე ბევრი მშვილდოსანი და მეშურდულე მტრის მხედრებისაგან თავის დასაცავად. ჩვენი უპირატესობა ზღვაზე გადამწყვეტი უნდა იყოს, რათა უზრუნველვყოთ სურსათით მომარაგება. სატვირთო ხომალდებით უნდა წავიღოთ მარცვლეულის დიდი მარაგი და წავიყვანოთ პურის მცხობელები, რათა არ გვქონდეს საკვების პრობლემა, თუ ცუდი ამინდის გამო გზაში შევყოვნდებით. ჯარს ხომ ყველა ქალაქი ვერ გამოკვებავს. საერთოდ, შეძლებისდაგვარად უნდა მოვიმარაგოთ ყველაფერი, განსაკუთრებით კი ფული, რათა სხვაზე არ ვიყოთ დამოკიდებული. რაც შეეხება ეგესტელთა მიერ ჩვენთვის გადადებულ ფულს, მერწმუნეთ, ის მხოლოდ სიტყვიერად არსებობს.

თუ აქედან მტრის წინააღმდეგ არა მხოლოდ თანასწორი, არამედ ყველაფერში აღმატებული ძალებით წავალთ, გამარჯვება და ლაშქრის შენარჩუნება იოლი მაინც არ იქნება. წარმოვიდგინოთ, რომ ვაარსებთ ქალაქს მტრის ქვეყანაში უცხო მოსახლეობით. გადმოსხდომიდან პირველსავე დღეს ჩვენ უნდა დავიკავოთ მიწა, სხვა შემთხვევაში მთელი ქვეყანა ჩვენ წინააღმდეგ იქნება. სწორედამის მეშინია, რადგან წარმატება თქვენს სწორ გადაწყვეტილებაზე უფრო მეტად ბედზეა დამოკიდებული. ამ ლაშქრობაში ნუ ვენდობით იღბალს. წავიდეთ ისეთი ძალებით, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება ქვეყნისთვის, ხოლო ლაშქრობაში მიმავალთათვის – გადარჩენის საწინდარი. ვინც სხვა აზრისაა, მზად ვარ დავუთმო ჩემი თანამდებობა“.

ნიკიასს იმედი ჰქონდა, რომ ექსპედიციის სირთულეებზე ლაპარაკით ან საერთოდ უარს ათქმევინებდა ათენელებს ლაშქრობაზე, ან აიძულებდა, ის კარგად მოემზადებინათ. სირთულეებმა ათენელები ვერ შეაშინა. ისინი გულმოდგინედ შეუდგნენ ლაშქრობისათვის სამზადისს. მათ მოიწონეს ნიკიასის წინადადება. ყველა სიცილიაში გამგზავრების სურვილით იყო ანთებული. ზოგს იქ სახელი იზიდავდა, ზოგს – უცხო ქვეყნების ნახვა, ზოგსაც – ფული. ბოლოს, ერთმა მოქალაქემ ნიკიასს მოსთხოვა ზუსტად დაესახელებინა, რა ძალა იყო ლაშქრობისთვის საჭირო. ნიკიასს ერჩია ეს საკითხი სხვა სარდლებთან ერთად განეხილა. დაახლოებით კი, მისი აზრით, მათსჭირდებოდათ: ასი საკუთარი ტრიერი, სატვირთო ხომალდები დააგრეთვე მოკავშირეთა დახმარება, ჰოპლიტები (სულ ცოტა, ხუთი ათასი), მშვილდოსნები და შურდულოსნები.

ათენელებმა სარდლებს შეუზღუდავი უფლებამოსილება მისცეს. ამის შემდეგ დაიწყო სამზადისი. გაუგზავნეს ბრძანება მოკავშირეებს, დგებოდა მოქალაქეთა სიები. ქვეყანამ ახლახან დააღწია თავი საშინელ ეპიდემიასა და ხანგრძლივ ომს, გაიზარდა ახალი თაობა, მშვიდობის დროს ხაზინაში კვლავ დაგროვდა ფული.

ამასობაში, ათენში ერთ ღამეს დააზიანეს ჰერმები – ოთხწახნაგა ბოძები, რომლებიც კერძო სახლებისა და სამლოცველოების შესასვლელებთან იდგა. დაიწყეს დამნაშავეთა ძებნა. დიდი ჯილდო დაწესდა მისთვის, ვინც დამნაშავეს დაასმენდა. ათენელებმა ჰერმების დაზიანება ძალზე განიცადეს, რადგან ეს ლაშქრობის წინ ცუდ ნიშნად ჩათვალეს.

რამდენიმე მეტეკმა და მსახურმა მთვრალი ახალგაზრდების მიერ ქანდაკებების დაზიანების შესახებ განაცხადა. მათ თქვეს ასევე, რომ ზოგ სახლში მისტერიებს მკრეხელურად დასცინოდნენ. ამაში,სხვათა შორის, ალკიბიადესსაც ადანაშაულებდნენ. ალკიბიადესის მტრებმა ეს ბრალდებები აიტაცეს. მათ სურდათ მისი განდევნა, რის შემდეგაც ქვეყანაში პირველობის მოპოვებას იმედოვნებდნენ.

ალკიბიადესმა უარყო ბრალდებები და განაცხადა თანხმობა, წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე სიმართლის დასადგენად ჯერ კიდევ ლაშქრობის წინ: თუ დამნაშავე აღმოჩნდებოდა, დაესაჯათ, ხოლო თუ გამართლდებოდა, ის სარდლობას შეინარჩუნებდა. იგი ითხოვდა, არ დაეგდოთ ყური ცილისმწამებლური ბრალდებისთვის მისი არყოფნის დროს. თუ დამნაშავე იყო, ჯობდა ახლავე მოეკლათ. ყოველ შემთხვევაში, უფრო გონივრული იქნებოდა, სასამართლოსგანაჩენამდე ის არ წასულიყო სიცილიაში სარდლის სტატუსით. მის მტრებს ეშინოდათ, რომ მას ლაშქარი დაუჭერდა მხარს და ხალხიც გულკეთილობასა და მადლიერებას გამოიჩენდა. ამიტომ მათ ყველანაირად გააჭიანურეს სასამართლო, ხოლო მათი დაქირავებული ორატორები ალკიბიადესის დაუყოვნებლივ გამგზავრებას მოითხოვდნენ. მათ უნდოდათ მის წინააღმდეგ კიდევ უფრო მძიმე ბრალდებები მოეპოვებინათ და შემდეგ გამოეხმოთ ის სასამართლო პროცესზე. ამდენად, გადაწყდა, ალკიბიადესი წასულიყო.

შუა ზაფხულს ესკადრა სიცილიისკენ დაიძრა. მოკავშირეებმა, სურსათით დატვირთულმა სატრანსპორტო ხომალდებმა და სხვა გემებმა, რომლებიც ესკადრას თან ახლდნენ, მიიღეს ბრძანება, ძირითადი ძალების პირეოსიდან გასვლამდე კერკირასთან მოეყარათ თავი. ათენელები და ზოგი მოკავშირე, ვინც ჯერ კიდევ ქალაქში იყო, დილით დაეშვნენ პირეოსში, რათა ხომალდებზე დამსხდარიყვნენ. იქ მოგროვდა მთელი მოსახლეობა. ქალაქის მცხოვრებლები აცილებდნენ თავის ახლობლებს, მეგობრებს, ნათესავებს დაპყრობის იმედითა და ცრემლებით, რადგან ესმოდათ, რომ შორეული და სახიფათო მოგზაურობა ელოდათ.

განშორების მომენტში ათენელები უფრო დააფიქრა ლაშქრობის ბედმა, ვიდრე სახალხო კრებაზე გადამწყვეტი კენჭისყრის დროს. მაგრამ ნანახმა სამხედრო ძალამ მათ მხნეობა შესძინა. უცხოელებიც გაკვირვებული შეჰყურებდნენ საოცარ სანახაობას. მართლაც, ასეთი ძვირფასი და ბრწყინვალე ფლოტი ჯერ არც ერთ ელინურ ქვეყანას არ აღეჭურვა. მართალია, პერიკლესის ეპიდავროსზე და ჰაგნონის პოტეიდაიაზე ლაშქრობისას ცოტა ხომალდი და ჰოპლიტი არ შეუკრებიათ, მაგრამ ეს ლაშქრობები მოკლე დროზე იყო გათვლილი და ჩვეულებრივად აღჭურვილი. ახლა კი ხანგრძლივი ლაშქრობისთვის ემზადებოდნენ და აქ იყო ყველაფერი, როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო ომისთვის. ხომალდების მშენებლობაზე ტრიერარქებსა და სახელმწიფოს დიდი ფული დაეხარჯათ. თითოეულ მეზღვაურს სახელმწიფო ერთ დრაჰმას უხდიდა. გაამზადეს აგრეთვე სამოცი სწრაფი და ორმოცი სატვირთო ხომალდი ჰოპლიტების გადასაყვანად. ეს ხომალდები საუკეთესო მენიჩბეებით დააკომპლექტეს. მეთაურები სახელმწიფო ხელფასის გარდა საკუთარი სახსრებიდანაც უხდიდნენ მენიჩბეებს ფულს. თითოეული მეთაური ცდილობდა, ყველაზე ლამაზი და სწრაფმავალი მისი ხომალდი ყოფილიყო. სახმელეთო ლაშქარი რჩეული ხალხისგან შედგებოდა. ისინი აღჭურვილობითა და აბჯრით ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

დანარჩენი ელინების თვალში ეს სამზადისი უფრო ათენელთა ძალისა და სიმდიდრის წარმოჩინებას ემსახურებოდა, ვიდრე მტერთან ომს. ხაზინასა და ცალკეულ მონაწილეებს ეს ლაშქრობა მრავალი ტალანტი დაუჯდა.

როდესაც ყველანი ხომალდებზე ავიდნენ, მესაყვირემ დუმილის ნიშანი მისცა. შემდეგ წარმოთქვეს ჩვეულებრივი ლოცვები თითოეულ ხომალდზე და მსხვერპლშეწირვა შეასრულეს. მათთან ერთად ლოცულობდნენ ნაპირზე მდგომი მოქალაქეები. შემდეგ ხომალდები პეანის სიმღერით ზღვაში შეაცურეს. ჯერ საბრძოლო წყობით მიდიოდნენ, შემდეგ კი ხომალდები სისწრაფეში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, რათა კერკირაზე მალე მისულიყვნენ, სადაც შეკრება იყო დანიშნული.

სირაკუზამდე აღწევდა ცნობები ათენელთა სამზადისის შესახებ, მაგრამ დიდხანს ამისი არ სჯეროდათ. სახალხო კრებაზაც აზრები გაიყო. ზოგი ერთს ამტკიცებდა, ზოგი – მეორეს. სიტყვით ჰერმოკრატესი გამოვიდა. მან მოუთხრო მოქალაქეებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და მოუწოდა, მომზადებულიყვნენ. მას იმედი ჰქონდა, რომ სიცილიელები გაიმარჯვებდნენ, და მათ გაერთიანება შესთავაზა, რათა მტერს კუნძულზე გადმოსხდომამდე შეგებებოდნენ. ხანგრძლივი კამათის შემდეგ სირაკუზელებმა გადაწყვიტეს მიეღოთ საჭირო ზომები ქალაქის დაცვისთვის და მოვლენებს დალოდებოდნენ.

ამასობაში ათენელები და მათი მოკავშირეები კერკირასთან შეიკრიბნენ. სარდლებმა კიდევ ერთხელ დაათვალიერეს ხომალდები და განსაზღვრეს თანმიმდევრობა, თუ როგორ უნდა ჩაეშვათ ღუზა გადმოსხდომის დროს. ესკადრა სამ რაზმად გაყვეს, ერთობლივი ცურვისას წყლისა და სურსათის მიწოდების სირთულეების თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე იმისთვის, რომ გაემარტივებინათ გადმოსასხდომად ნავსადგურის მოძებნა. ათენელები მიიჩნევდნენ, რომ სარდლის ყოფნა თითოეულ რაზმში აამაღლებდა მანევრულობასა და დისციპლინას. შემდეგ სამი ხომალდი გაგზავნეს იტალიასა და სიცილიაში, რათა გაერკვიათ, რომელი ქვეყნები მიიღებდნენ ათენელებს და რომელი ნავსადგურებისკენ გაეცურათ.

ამის შემდეგ უზარმაზარი ფლოტილია სიცილიისკენ დაიძრა. სულ იყო ას ოცდათოთხმეტი ტრიერი და ორი ორმოცდაათნიჩბიანი როდოსული ხომალდი. ჰოპლიტების საერთო რაოდენობა ხუთი ათას ასს აღწევდა. მათგან ათას ხუთასი ათენელი მოქალაქე იყო, შვიდასი თეტი საზღვაო ქვეითად მსახურობდა. დანარჩენი ჰოპლიტები მოკავშირეებმა გამოგზავნეს. ხუთასი არგოსმა და მანტინეამ, ამას გარდა, კიდევ ორას ორმოცდაათი მოქირავნე იყო. მათ ახლდათ ოთხას ოთხმოცი მშვილდოსანი, ას ოცი როდოსელი მეშურდულე და ას ოცი მსუბუქად შეიარაღებული მეგარელი. ამის გარდა, იყო კიდევ ერთი ხომალდი მხედრების გადასაყვანად, ზედ ოცდაათი მხედრით.

სამხედრო ხომალდებს მიჰყვებოდა ოცდაათი სატვირთო ხომალდი სურსათითა და ხელოსნებით, აგრეთვე ასი მცირე გემი. გარდა ამისა, მრავალი სავაჭრო ხომალდი თავისი ნებით შეუერთდა ფლოტილიას. მათ ერთად გასწიეს კერკირადან იონიის ზღვაში. ისინი მიადგნენ იაპიგიის კონცხსა და ტარენტს და შემდეგ იტალიის სანაპიროს დაუყვნენ. იტალიური ქალაქები არ იღებდნენ ათენელებს და არ უშვებდნენ მათ თავიანთ ბაზარზე. მხოლოდ წყალსა და მათ ნაპირთან ღუზის ჩაშვების ნებას აძლევდნენ. ბოლოს ესკადრამ რეგიოსს მიაღწია იტალიის სამხრეთში. ათენელები ქალაქში არ შეუშვეს და ისინი არტემისის სალოცავთან დაბანაკდნენ, სადაც ბაზრობაც მოეწყო. ათენელებმა ხომალდები ნაპირზე ამოათრიეს და დასასვენებლად განლაგდნენ. შემდეგ მოლაპარაკებები დაიწყეს და რეგიელთაგან ლეონტინელთა დახმარებას ითხოვდნენ. მაგრამ რეგიელებმა უთხრეს, რომ ნეიტრალიტეტს ამჯობინებენ და სხვა იტალიელი ელინების გადაწყვეტილებას დაელოდებიან. მაშინ ათენელი სარდლები დაფიქრდნენ, როგორ გაეგრძელებინათ კამპანია, თან ეგესტადან მათი ელჩების დაბრუნებას ელოდებოდნენ.

ამასობაში სირაკუზელებმა ათენელთა ფლოტის რეგიოსში ჩასვლა შეიტყვეს და საომარი სამზადისი დააჩქარეს.

ეგესტაში გაგზავნილი სამი ხომალდი დაბრუნდა. მათ ჩამოიტანეს ცნობა, რომ იქ დანაპირები ფულის ნაცვლად მხოლოდ ოცდაათი ტალანტი აღმოჩნდა. ამან ისევე, როგორც რეგიელთა უარმა, მონაწილეობა მიეღოთ ლაშქრობაში, ათენელი სარდლები დაადარდიანა. ნიკიასს არ გაჰკვირვებია ეს ცნობა. ორ დანარჩენ სარდალს კი ეგესტელთა ტყუილი კიდევ უფრო უცნაურად ეჩვენა, ვიდრე რეგიელთა უარი.

ეგესტელებმა კი, როდესაც ათენელი ელჩები პირველად ჩავიდნენ მათ ფასეულობათა დასათვალიერებლად, ეშმაკობას მიმართეს. ელჩებს ჯერ აფროდიტეს სამლოცველოს განძი აჩვენეს, შემდეგ კერძო მიღებებზე ერთი და იმავე, ხშირად მეზობლებისგან ნათხოვარი, ოქროსა და ვერცხლის თასებით უმასპინძლდებოდნენ. ამით ათენელ ელჩებსაც და მეზღვაურებსაც თავი მდიდრად მოაჩვენეს. ახლა კი, როდესაც აღმოჩნდა, რომ ეგესტელებს ფული არ ჰქონდათ, მეომრებმა ელჩებს უსაყვედურეს, რომლებიც ჯერ თვითონ მოტყუვდნენ, მერე კი სხვებიც მოატყუეს.

სარდლებმა ბჭობა დაიწყეს, რა ექნათ შექმნილ ვითარებაში. ნიკიასმა შესთავაზა, მთელი ფლოტით სელიუნტისკენ წასულიყვნენ, რისთვისაც იყვნენ კიდეც გამოგზავნილი. თუ ეგესტელები მთელ ლაშქარს გადაუხდიდნენ ფულს, შეიძლებოდა შესაბამისად ემოქმედათ. თუ არა, მაშინ მოითხოვდნენ სამოცი ხომალდის საფასურს და სელიუნტთან მანამ დარჩებოდნენ, სანამ იგი თავისი ნებით ან იძულებით არ შეურიგდებოდა ეგესტას. ამის შემდეგ უნდა გაეცურათ

სხვა ქალაქების გასწვრივ, ეჩვენებინათ თავისი ძალა, მეგობრების დახმარებისთვის მზადყოფნა და შინ დაბრუნებულიყვნენ.

ალკიბიადესმა თქვა, რომ ასეთი ძალებით უშედეგოდ უკან დაბრუნება სამარცხვინო იქნებოდა. მან ურჩია, გაეგზავნათ მაცნეები ყველა ქალაქში სელიუნტისა და სირაკუზის გარდა და მათი გადაბირება ეცადათ. პირველ რიგში, მესენას მიმხრობა სჭირდებოდათ, რადგან ეს ქალაქი სიცილიის გასაღებია. აქედან, მას მერე, რაც დაადგენდნენ, ვისი იმედი შეიძლებოდა ჰქონოდათ, უნდა გაელაშქრათ სირაკუზასა და სელიუნტზე, თუ სელიუნტელები არ დაუზავდებოდნენ ეგესტელებს, ხოლო სირაკუზელები არ დაუბრუნებდნენ ლეონტინელებს მათ ქალაქს.

ბოლოს, ლამაქოსმა შესთავაზა, პირდაპირ სირაკუზაზე გაელაშქრათ. ასეთი არმია შიშს დასაწყისში იწვევს. უეცარი თავდასხმა, სანამ მოწინააღმდეგე გონს მოვა, ათენელებს გამარჯვების ყველაზე მეტ შანსს აძლევდა. მოწინააღმდეგეს შეაშინებდა უზარმაზარი ლაშქრის დანახვაც და მოსალოდნელი განსაცდელიც. სირაკუზელები, ალბათ, არ იყვნენ მზად თავდასხმისთვის და ბევრი ქალაქის კედლებს გარეთ იმყოფებოდა. როდესაც გამარჯვების შემდეგ ქალაქის კედლებთან დაბანაკდებოდნენ, სხვა სიცილიელ ელინებს აღარ გაუჩნდებოდათ კითხვა, ვისკენ იხრება სასწორი, და ათენელებს მიემხრობოდნენ.

ამ სიტყვის მერე ლამაქოსი მაინც ალკიბიადესის აზრისკენ გადაიხარა. ალკიბიადესი თავისი ხომალდით გაემართა მესენაში, მაგრამ ვერ მოახერხა მესენიელთა მიმხრობა. მათ უარი თქვეს ათენელთა ქალაქში შეშვებაზე და მხოლოდ ქალაქგარეთ ბაზრობის მოწყობაზე დათანხმდნენ. ალკიბიადესი უკან დაბრუნდა რეგიოსში.

სარდლებმა შეარჩიეს სამოცი ხომალდი, შეავსეს სურსათის მარაგი და ნაქსოსისკენ გასწიეს. იქიდან სანაპიროს გასწვრივ კატანას მიადგნენ. კატანელებმა ათენელები არ მიიღეს და მათ ღამის გათევა ზღვაში მოუხდათ. ერთ ხაზზე დაწყობილმა ხომალდებმა სირაკუზისკენ განაგრძეს გზა. ათი ხომალდი ნავსადგურში შევიდა. მაცნემ გამოაცხადა აქ მოსვლის მიზეზი – ლეონტინელთათვის მათი ქალაქის დაბრუნება. შემდეგ ქალაქი, ნავსადგური და მიდამო დაზვერეს და უკან გაბრუნდნენ.

ამასობაში კატანაში გაიმართა სახალხო კრება, რომელმაც გადაწყვიტა, არ მიეღოთ ათენელთა ლაშქარი, მაგრამ მოესმინათ სარდლებისათვის. ალკიბიადესის გამოსვლის დროს, როდესაც მთელი ყურადღება მისკენ იყო მიპყრობილი, ათენელმა ჯარისკაცებმა გააღეს ერთ-ერთი კარი და ბაზარზე მივიდნენ საყიდლებისთვის. მტრის დანახვაზე სირაკუზელთა მცირერიცხოვანმა მომხრეებმა ქალაქი დატოვეს, ხოლო კატანელებმა ათენთან კავშირი გადაწყვიტეს და ლაშქარი თავისთან მიიწვიეს. ათენელები რეგიოსში დაბრუნდნენ და იქიდან მთელი ფლოტი კატანაში გადმოიყვანეს.

ამასობაში კამარინადან მოვიდა ცნობა, რომ ათენელთა იქ მისვლის შემთხვევაში ქალაქი მზად იყო მათ შეერთებოდა, ხოლო სირაკუზელები ხომალდებს ამზადებდნენ საბრძოლველად. ათენის ესკადრამ სანაპიროს გასწვრივ გაცურა. მან სირაკუზელთა ხომალდები ვერ ნახა და კამარინას მიადგა. ქალაქმა უარი თქვა ათენელთა მიღებაზე და ესკადრა უკან გამობრუნდა. გზად სირაკუზელთა სანაპირო დაარბიეს.

კატანაში მათ ათენიდან ალკიბიადესის წასაყვანად ჩამოსული ხომალდი დახვდათ. ის ათენში სასამართლოს წინაშე უნდა წარმდგარიყო მის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებების გამო. მასთან ერთად რამდენიმე სხვა მებრძოლსაც იწვევდნენ მკრეხელობისა და ჰერმების დაზიანების ბრალდებით.

ესკადრის გამგზავრების შემდეგ გამოძიება გაგრძელდა. ხალხს აკავებდნენ გადაუმოწმებელი დასმენის საფუძველზეც კი. ათენელებს ყველგან დემოკრატიის მტრები ელანდებოდათ და არ უნდოდათ, რომ მკაცრ გამოძიებას გადარჩენოდა ვინმე, ვისზედაც კი ოდნავი ეჭვი გაჩნდა.

ფიქრობდნენ, რომ ჰერმებისა და მისტერიების საქმე შეთქმულებას უკავშირდებოდა ოლიგარქიისა თუ ტირანიის დამყარების მიზნით. ამის საფუძველზე ბევრი წარჩინებული მოქალაქე დააკავეს. ბოლოს ერთმა ტუსაღმა, მეგობრის რჩევით, აღიარა დანაშაული და თანამზრახველებიც დააბეზღა. დღემდე არავინ იცის, მართალია ეს თუ არა, მაგრამ მაშინ ათენელებმა მას სიამოვნებით დაუჯერეს. თვით დამსმენი და მისი ამხანაგები გაათავისუფლეს, ხოლო მის მიერ დადანაშაულებულები სიკვდილით დასაჯეს. ვინც გაქცევა მოასწრო, დაუსწრებლად მიუსაჯეს სიკვდილი. ამ პროცესზე ვერავინ იტყვის, რამდენად სამართლიანად დაისაჯნენ ბრალდებულები, მაგრამ სხვა მოქალაქეთათვის საქმის ასეთი დასასრული სასარგებლო აღმოჩნდა.

ამასობაში ალკიბიადესის მტრები მის წინააღმდეგ ხალხს აქეზებდნენ. ათენელები დაარწმუნეს, რომ ალკიბიადესი მონაწილეობდა შეთქმულებაში დემოკრატიის დასამხობად. როდესაც ხალხი ამის გამო ბობოქრობდა, ლაკედემონელთა მცირე რაზმი ისთმოსს მიადგა ბეოტიელებთან შესახვედრად. ათენელებმა დაასკვნეს, რომ ლაკედემონელები ალკიბიადესთან შეთანხმებით მოქმედებდნენ. მის არგოსელ მეგობრებზედაც მიიტანეს ეჭვი, რომ ისინი დემოკრატიის დამხობას აპირებდნენ.

ათენელებმა ალკიბიადესის გასამართლება და სიკვდილით დასჯა განიზრახეს და მის ჩამოსაყვანად სიცილიაზე ხომალდი გაგზავნეს. ალკიბიადესს უბრძანეს ათენში ჩასულიყო. მისი დაპატიმრება სიცილიაშივე ვერ გაბედეს, რათა ლაშქარი არ აღეშფოთებინათ და მტრის ყურადღება არ მიეპყროთ. განსაკუთრებით ეშინოდათ, არდაეკარგათ მანტინეელებისა და არგოსელების მეგობრობა, რომლებიც ალკიბიადესმა დაითანხმა ლაშქრობაში მონაწილეობაზე. ამიტომ იგი სხვა ეჭვმიტანილებთან ერთად საკუთარი ხომალდით გაემგზავრა. ცილისმწამებლური ბრალდებების გამო მათ ათენში ჩასვლა აღარ მოინდომეს, გზაში გამცილებლებს გაექცნენ და თავიპელოპონესს შეაფარეს. ათენელებმა მათ დაუსწრებლად მიუსაჯეს სიკვდილი.

სიცილიაზე დარჩენილმა ორმა სარდალმა წილისყრით გადაინაწილა ესკადრა და მთელი ძალებით სელიუნტისა და ეგესტასკენ გასწია. მათ სურდათ ეგესტელებისაგან დანაპირები თანხა მიეღოთ და გარკვეულიყვნენ მათ დავაში სელიუნტელებთან. ჩრდილოეთი სანაპიროს გასწვრივ ცურვისას ესკადრა მიადგა რეგიონში ერთადერთ ელინურ ქალაქს – გიმერას, რომელმაც ათენელები არ მიიღო. ესკადრამ გზა განაგრძო და დაიკავა სიკულთა ქალაქი გიკარა. ათენელებმა მოსახლეობა მონებად გაყიდეს, ქალაქი კი გადასცეს ეგესტელებს, რომლებმაც მათ მხედრები დაახმარეს. ნიკიასმა ეგესტაში ოცდაათი ტალანტი მიიღო, ხოლო ტყვეები ას ოც ტალანტად გაყიდეს. კატანადან მოკავშირე სიკულებს შიკრიკები გაუგზავნეს მაშველი რაზმების მოთხოვნით. შემდეგ ჰიბლაზე გაილაშქრეს, მაგრამ ქალაქი ვერ აიღეს. ასე დასრულდა ზაფხული.

მომდევნო ზამთარს ათენელებმა სირაკუზაზე თავდასხმისთვის დაიწყეს მზადება. სირაკუზელებიც, თავის მხრივ, ათენელებზე აპირებდნენ იერიშს. როდესაც მათ ნახეს, რომ ათენელები არ ჩქარობენ მათზე გალაშქრებას, ისინი თანდათანობით გათამამდნენ. ჰიბლაზე წარუმატებელმა იერიშმა მათ თავდაჯერებულობა შემატა. ისინი სარდლებს სთხოვდნენ კატანაზე წასვლას. სირაკუზელი მხედრებიკი, რომლებიც ათენელთა ბანაკს ადევნებდნენ თვალყურს, დამცინავად ეკითხებოდნენ ათენელებს, აქ დასასახლებლად ჩამოხვედით თუ ლეონტინელთა დასახმარებლადო.

ათენელმა სარდლებმა გადაწყვიტეს, გამოეტყუებინათ მტრის ლაშქარი რაც შეიძლება შორს ქალაქიდან, ხოლო თვითონ ღამით გაეცურათ და მოხერხებულ ადგილას დაბანაკებულიყვნენ. მათ ესმოდათ, რომ გაუჭირდებოდათ ნაპირზე გადასხდომა მტრის თვალწინ. სირაკუზელთა მრავალრიცხოვანი მხედრობა მათი მსუბუქად შეიარაღებული ქვეითებისა და აღალისათვის დიდ ხიფათს წარმოადგენდა. თუ მტერს გაიტყუებდნენ, მაშინ მოახერხებდნენ გადასხდომასა და ბანაკისათვის მოხერხებული ადგილის შერჩევას. სირაკუზელმა დევნილებმა მათ ოლიმპოელი ზევსის სამლოცველოს მახლობლად დაბანაკება ურჩიეს. ამ გეგმის განსახორციელებლად ათენელებმა ამგვარ ხრიკს მიმართეს. მათ სირაკუზაში გაგზავნეს ერთგული კაცი, რომელიც სირაკუზელი სარდლების ნდობითაც სარგებლობდა. ის კატანელი იყო და სირაკუზაში მათი კატანელი მომხრეების სახელით ჩავიდა. მან სირაკუზელებს ათენელთა ბანაკზე თავდასხმის გეგმა შესთავაზა და კატანელთა მხარდაჭერა აღუთქვა.

საკუთარ ძალებში დარწმუნებული სირაკუზელი სარდლები ისედაც ფიქრობდნენ კატანაზე ლაშქრობას და ახლა ამ კაცს მიენდვნენ. მათ დღე და უნიშნეს და კაცი უკან გაგზავნეს. დათქმულ დროს სირაკუზელები მოკავშირეებთან ერთად კატანასკენ დაიძრნენ. გზად ერთი ღამე ლეონტინას მხარეში გაათიეს. ამასობაში ათენელები ხომალდებზე დასხდნენ და სირაკუზისკენ აიღეს გეზი. განთიადზე ათენელები ოლიმპოელი ზევსის სამლოცველოსთან გადასხდნენ და ბანაკი მოაწყეს. სირაკუზელმა მხედრებმა პირველებმა მიაღწიეს კატანას და ათენელთა ზღვაში გასვლის ამბავი გაიგეს. სირაკუზელები სასწრაფოდ უკან გამობრუნდნენ საკუთარი ქალაქის დასაცავად.

კატანადან სირაკუზამდე საკმაოდ დიდი გზაა და ათენელებს საკმარისი დრო ჰქონდათ ბანაკის გასამაგრებლად. ქალაქიდან არავინგამოსულა მათთვის ხელის შესაშლელად. პირველები სირაკუზელი მხედრები დაბრუნდნენ, მათ დანარჩენი ლაშქარიც მოჰყვა. ისინი მიუახლოვდნენ ბანაკს, მაგრამ, რადგან ათენელები არ გამოსულან მათ შესახვედრად, უკან დაიხიეს.

მეორე დილით მხარეები საბრძოლველად გაემზადნენ. მათი ძალები ასე განლაგდა: მარჯვენა ფრთაზე არგოსელები და მანტინეელები იდგნენ, ცენტრში – ათენელები, მარცხენა ფრთაზე კი დანარჩენი მოკავშირეები. ლაშქრის ერთი ნახევარი ავანგარდში იდგა, რვა რიგად. მეორე ნახევარი კარვებთან რეზერვში იყო ოთხკუთხედად განლაგებული, ასევე რვა რიგად. ისინი უნდა მიხმარებოდნენ იქ, სადაც ამის საჭიროება შეიქმნებოდა. ამ ოთხკუთხედის შიგნით იყო აღალი. სირაკუზელებმა თავისი ჰოპლიტები თექვსმეტ რიგად დააწყვეს. ლაშქარში მათი მოკავშირეებიც იყვნენ, პირველ რიგში, სელიუნტელები. მათ ჰყავდათ ორასი მხედარი გელადან, ოცი მხედარი და ორმოცდაათი მშვილდოსანი კამარინადან. თავისი ათას ორასი მხედარი სირაკუზელებმა მარჯვენა ფრთაზე განალაგეს, ხოლო მათ გვერდით – შუბის მტყორცნელები. ათენელებმა გადაწყვიტეს ბრძოლის დაწყება და ნიკიასმა ასეთი სიტყვებით მიმართა მათ:

„მეომრებო, განა გჭირდებათ თქვენ გამხნევება? განა აქ ერთი საქმისთვის არ ვართ? ამ მშვენიერი ლაშქრის ერთი დანახვაც საკმარისია, რომ სიმამაცე შეგძინოთ. მართლაც, როდესაც ჩვენ – არგოსელები, მანტინეელები, ათენელები და კუნძულის ძირითადი წარმომადგენელები აქ გავერთიანდით, დარწმუნებულები უნდა ვიყოთ გამარჯვებაში, რადგან ჩვენს წინაშე უბრალო სახალხო ლაშქარია და არა რჩეული მეომრები, როგორებიც თქვენ ხართ. მათ უგუნური სიმამაცე მეტი აქვთ, ვიდრე სამხედრო გამოცდილება. გახსოვდეთ, რომ ჩვენ უცხო მხარეში ვიმყოფებით და არ გვყავს მეგობრები, თუ მათ იარაღით არ მოვიპოვებთ. მოწინააღმდეგის სარდლებს შეუძლიათ გაამხნევონ თავისი მეომრები სიტყვებით – თქვენ იბრძვით თქვენი სამშობლოსთვის. მე კი შეგახსენებთ, რომ მტრის მიწაზე ხართ და, თუ არ გაიმარჯვებთ, დაიღუპებით. გაიხსენეთ თქვენი დიდება და თამამად შეუტიეთ მტერს. ეს ერთადერთი გამოსავალია“.

ამ სიტყვების მერე ნიკიასი ჯარს წინ გაუძღვა. სირაკუზელები არელოდნენ ბრძოლის ასე ადრე დაწყებას. ზოგი ქალაქში იყო წასული, ზოგიც ბანაკის მახლობლად იმყოფებოდა. მათ სასწრაფოდ მიაშურეს პოზიციებს და დადგნენ, სადაც მოხვდათ. სირაკუზელები არ ჩამორჩებოდნენ ათენელებს არც თავგანწირვით, არც სიმამაცით, მაგრამ მათ სამხედრო ოსტატობა აკლდათ.

ხელჩართული ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა. ამასობაში, მებრძოლებს ავდარი დაატყდა თავს. ამან გამოუცდელი მეომრები შეაშინა, მაგრამ გამოცდილებმა ის წლის დროით ახსნეს, მათ მტრის წინააღმდეგობა უფრო აშფოთებდათ. ბოლოს არგოსელებმა და ათენელებმა მოახერხეს სირაკუზელთა უკუქცევა, მაგრამ ვეღარ სდიეს მათ მხედრების წინააღმდეგობის გამო. მათ გამარჯვების ნიშანი აღმართეს. გაქცეული სირაკუზელები კვლავ შეიკრიბნენ და რაზმი გაგზავნეს ზევსის სამლოცველოსკენ, რათა იქ მყოფი საგანძური ათენელებს არ ჩავარდნოდათ ხელში.

ათენელები არ წასულან სამლოცველოსკენ. მათ დაკრძალეს დაღუპულები და ღამე ბრძოლის ველზე გაატარეს. შემდეგ დღეს დაზავდნენ და სირაკუზელებს მათი დაღუპულები გადასცეს. სულ სირაკუზელთა მხრიდან ორას სამოცი კაცი დაიღუპა, ათენელები კი – მხოლოდ ორმოცდაათი. შემდეგ ათენელები ნადავლით კატანაში დაბრუნდნენ. ზამთარში მათ არ უნდოდათ სამხედრო ოპერაციების გაგრძელება, სანამ ათენიდან და ადგილობრივი მოკავშირეებისაგან მხედრებს არ მიიღებდნენ. გარდა ამისა, მათ უნდოდათ შეეგროვებინათ ფული და მიემხროთ ცალკეული სიცილიური ქვეყნები. ათენელებს იმედი ჰქონდათ, რომ გამარჯვების შემდეგ მეტ მოკავშირეს შეიძენდნენ და გაზაფხულისთვის სირაკუზაზე თავდასასხმელად უკეთ მოემზადებოდნენ.

სირაკუზელებმა დაღუპულთა დაკრძალვის მერე სახალხო კრება მოიწვიეს. შეკრებილთ ჰერმოკრატესმა მიმართა. მან გაამხნევა თანამემამულენი. მთავარია, რომ საბრძოლო სული შეინარჩუნეს, ხოლო უმნიშვნელო მარცხი გამოუცდელობის ბრალი იყო. მათ ხომ ელადის საუკეთესო მეომრებთან მოუწიათ შერკინება. მარცხის მეორე მიზეზი სარდლების სიმრავლე და ერთიანი ხელმძღვანელობის არარსებობა იყო. თუ შეარჩევდნენ რამდენიმე გამოცდილ სარდალს, გაზრდიდნენ ჰოპლიტების რიცხვს და წვრთნას ზამთარშივე დაიწყებდნენ, მათ გამარჯვების იმედი უნდა ჰქონოდათ.

სირაკუზელებმა მიიღეს მისი წინადადებები და მხოლოდ სამისარდალი აირჩიეს, მათ შორის თვითონ ჰერმოკრატესი. სირაკუზელებმა აგრეთვე გაგზავნეს ელჩები კორითსა და ლაკედემონში ათენელთა წინააღმდეგ ომის დაწყების თხოვნით.

ამასობაში ათენელებმა მესენას წინააღმდეგ გაილაშქრეს. მათ იმედი ჰქონდათ, რომ მოღალატეების დახმარებით აიღებდნენ ქალაქს, მაგრამ არ გაუმართლდათ. ალკიბიადესმა მისი გაწვევის შემდეგ უკანა გზაზე შეთქმულების შესახებ მესენაში სირაკუზელთა მომხრეებს შეატყობინა. მათ დახოცეს ალკიბიადესის მიერ დასახელებული მოღალატეები, ხოლო შემდეგ ხალხი აიძულეს ათენელებთან მეგობრობაზე უარი ეთქვათ. ათენელები მესენასთან ცამეტ დღეს იდგნენ, უამინდობითა და სურსათის ნაკლებობით შეწუხებულები. შემდეგ ნაქსოსში დაბრუნდნენ, ბანაკი გაამაგრეს და გამოსაზამთრებლად მოემზადნენ. მათ გაგზავნეს ათენში ტრიერი და ფული და მხედრები მოითხოვეს.

ზამთარში სირაკუზელებმა ქალაქის მახლობლად კედლის მშენებლობა დაიწყეს, რათა მათი წარუმატებლობის შემთხვევაში მოწინააღმდეგეს საალყო კედელი უშუალოდ ქალაქის ახლოს ვერ აეშენებინა. მათ ციხესიმაგრეებად აქციეს აგრეთვე მეგარა და ოლიმპოელი ზევსის სამლოცველო. სანაპიროზედაც გაამაგრეს შესაძლო გადმოსხდომის ადგილები.

როდესაც ათენელთა ნაქსოსში გამოსაზამთრებლად წასვლის ამბავი შეიტყვეს, სირაკუზელებმა კატანაზე გაილაშქრეს, ტერიტორია ააოხრეს და ათენელთა ბანაკი დაწვეს. მათ გაიგეს, რომ ათენელები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ კამარინასთან ძველი სამოკავშირეო ხელშეკრულების აღდგენის შესახებ და თვითონაც გაგზავნეს იქ ელჩები. ისინი ეჭვობდნენ, რომ კამარინელები პირველ ბრძოლაშიც მათ უგულოდ ეხმარებოდნენ, ახლა კი, ათენელთა გამარჯვების შემდეგ, მტრის მხარეზე გადავიდოდნენ. ჰერმოკრატესმა კამარინელთა სახალხო კრებას ასე მიმართა:

„კამარინელებო, ჩვენ ჩამოვედით არა იმის შიშით, რომ თქვენ ათენელთა ლაშქარი დაგაფრთხობდათ. ჩვენ გვადარდებს, მათ მანამდე არ მოახერხონ თქვენი დარწმუნება, სანამ ჩვენ მოგვისმენთ. ათენელები სიცილიაზე კარგად ცნობილი საბაბით ჩამოვიდნენ, მაგრამ ამავე დროს, ფარული განზრახვითაც, რომლის შესახებ, ალბათ, ყველანი ვხვდებით. მათ სურთ არა ლეონტინელთა დაბრუნება მათ ქალაქში, არამედ ჩვენი განდევნა ჩვენი ქალაქებიდან. ვინ დაიჯერებს, რომ ხალხი, რომელიც ელადაში ანგრევს ქალაქებს, სიცილიაში აღადგენს მათ, ხოლო ვინც ქალკიდელებსა და ევბეელებს იმორჩილებს, ლეონტინელების მიმართ საუკეთესო გრძნობებით იქნება გამსჭვალული მათი ქალკიდელებთან ნათესაობის გამო. განა იმავე გზით არ მიაღწიეს ბატონობას თავის ქვეყანაში, რა გზითაც მის დამყარებას ახლა აქ აპირებენ? იონიელებმა და სხვა მოკავშირეებმაისინი ნებაყოფლობით აქციეს ბელადად მიდიელებთან ომში, მაგრამ ათენელებმა ყველა დაიმონეს. ზოგი სამხედრო ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულეს, ზოგიც – შინააშლილობაში, ყოველთვის რაღაც საბაბს პოულობდნენ. ამგვარად, არც ათენელები ებრძოდნენ მიდიის მეფეს ელინთა გასათავისუფლებლად, არცელინები – საკუთარი თავისუფლებისთვის: ათენელებს ელინებზე ბატონობა სურდათ, ელინებს კი – ბატონის შეცვლა.

აქ ათენელების ძალადობასა და უსამართლობაში დასადანაშაულებლად არ მოვსულვართ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს თავზე. ჩვენ გვაქვს მაგალითი იქაური ელინებისა, ვინც ვერ მოახერხათავის დაცვა და თავისუფლება დაკარგა. ახლა ამას ათენელები ჩვენ წინააღმდეგ იყენებენ. გავერთიანდეთ და ვაჩვენოთ მათ, რომ ჩვენ თავისუფალი დორიელები ვართ, ვინც აქ დამოუკიდებელი პელოპონესიდან გადმოსახლდა. ხომ არ დაველოდებით, სანამ ისინი რიგრიგობით არ დაიპყრობენ ჩვენს ქალაქებს. მათ ხომ ჩვენი ძლევა მხოლოდ ასე შეუძლიათ.

შეიძლება კამარინელმა იფიქროს, რომ ათენელთა მტერი ის კი არა, სირაკუზელია. მაგრამ მან უნდა იცოდეს, რომ ჩემი მიწისთვის ბრძოლისას ის თავის სამშობლოსაც იცავს, მით უფრო წარმატებულად, რომ მას მოკავშირეები ჰყავს. შეიძლება შურის ან შიშის გამო თქვენ ხელს გაძლევთ სირაკუზის დასუსტება, მაგრამ თქვენივე უსაფრთხოებისთვის გსურთ, რომ იგი მაინც გადარჩეს. იცოდეთ, რომ ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება ასეთი სიზუსტით მოვლენათა მსვლელობის განსაზღვრა. თუ დღეს ჩვენ დავიღუპებით, ხვალ თქვენი ჯერი დადგება და სინანული დაგვიანებული აღმოჩნდება.

ნუ გაფიქრებთ ათენელებთან ხელშეკრულების დარღვევა. ეს ხელშეკრულება იყო არა თქვენი მეგობრების წინააღმდეგ, არამედ თქვენს დასაცავად დადებული. თქვენ უნდა დაეხმაროთ ათენელებს, თუ მათ თავს დაესხმიან, მაგრამ არ ხართ ვალდებული მათთან ერთად ეომოთ მეზობლებს. წარმოშობით ქალკიდელი რეგიელებიც კი არ ეხმარებიან ათენელებს მათი თანამემამულე ლეონტინელთა დაბრუნების საქმეში. განა უცნაური არ არის, რომ რეგიოსი მიხვდა

ათენელთა ნამდვილ ზრახვებს და გონივრულად იქცევა, თქვენ კიმზად ხართ მტერს დაეხმაროთ თქვენი ახლობლების დაღუპვაში.

ნუ შეგეშინდებათ ათენელების ძლიერების. თუ სიცილიელები გავერთიანდებით, მტერი ვერაფერს დაგვაკლებს. საფრთხე ჩვენს დაქსაქსულობაშია, ამიტომ მტერი ცდილობს ერთმანეთს დაგვაშოროს. მაგრამ მათ ასეც კი ვერ მიაღწიეს მიზანს, გამარჯვების შემდეგაც კი იძულებულნი გახდნენ, უკან დაეხიათ.

თუ ისევ გავერთიანდებით, ნამდვილად გავიმარჯვებთ. ჩვენ დაგვეხმარებიან პელოპონესელებიც, რომელთა ძალა ათენელებისას აღემატება.

ნუ იფიქრებთ, რომ თქვენი ფრთხილი პოლიტიკა ჩვენს მიმართ სამართლიანი და თქვენთვის უსაფრთხო იქნება. მართალია, ის თანმიმდევრული ჩანს, მაგრამ უსამართლოა. თუ ჩვენ თქვენი დახმარების გარეშე დავმარცხდით, განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ გაგვწირეთ? უფრო კეთილშობილური იქნებოდა, ჩვენთვის დახმარების ხელი გამოგეწოდებინათ და თქვენი მეგობარი ათენელები უსამართლობისგან შეგეკავებინათ.

არ ღირს ბევრი ლაპარაკი იმის შესახებ, რაც თქვენც კარგად იცით. ჩვენ დახმარებას გთხოვთ და, თუ უარს მივიღებთ, ვაცხადებთ: ჩვენ გვემუქრება ძველი მტერი – იონიელები, თქვენ კიდორიელები ხართ და დორიელებს ღალატობთ. თუ ათენელები დაგვიპყრობენ, თქვენ უნდა გიმადლოდნენ, მაგრამ დიდება მათ ერგებათ, თქვენ კი მათი ნადავლის ნაწილი იქნებით. ხოლო თუ ჩვენ გავიმარჯვებთ, თქვენ დაისჯებით. დაფიქრდით და აირჩიეთ, რა გირჩევნიათ: მონობა თუ ჩვენთან ერთად გამარჯვება, ათენელთა უღელი თუ ჩვენი მტრობა“.

ჰერმოკრატესის შემდეგ ათენელმა ელჩმა ითხოვა სიტყვა:

„ჩვენ ჩამოვედით აქ, რათა განვაახლოთ ძველი კავშირი. სირაკუზელი ელჩის თავდასხმები გვაიძულებს, მოგითხროთ ჩვენი ხელისუფლების შესახებ, რომელსაც სავსებით სამართლიანად ვფლობთ. ამისი საბუთი თვით ჰერმოკრატესის სიტყვებია, რომ დორიელები და იონიელები ოდითგანვე მტრები იყვნენ. ჩვენ, იონიელები, ვცხოვრობდით დორიული წარმოშობის მრავალრიცხოვანი პელოპონესელის მეზობლად და უნდა გვეფიქრა, თუ როგორ დაგვეცვა ჩვენი დამოუკიდებლობა. მიდიელებთან ომის შემდეგ ჩვენ ავაგეთ ფლოტი და გავთავისუფლდით ლაკედემონელთა ჰეგემონიისგან. ჩვენ ვითავეთ მეფის ყოფილ ქვეშევრდომთა წინამძღოლობა და შევინარჩუნეთ იგი, რადგან ასე უკეთ დავიცავდით თავს. ჩვენ სამართლიანად დავიმორჩილეთ იონიელები და კუნძულების მცხოვრებლები, რადგან მათ მიდიელებთან ერთად ჩვენზე, მათ მეტროპოლიაზე, გამოილაშქრეს.

ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენს მოკავშირეებს და ვიმსახურებთ კიდეც ამას. ჩვენ არა მარტო ავაგეთ უძლიერესი ფლოტი, არამედ თავგანწირვითაც ვიბრძოდით ელინებისთვის. ამასთანავე, ჩვენ ვცდილობდით პელოპონესელებს წინ აღვდგომოდით. ჩვენ არ გეტყვით მაღალფარდოვან სიტყვებს ჩვენი ბატონობის გასამართლებლად, არ გეტყვით, რომ მარტომ დავამარცხეთ ბარბაროსი და რომ ომში სხვის თავისუფლებაზე მეტად ვზრუნავდით, ვიდრე საკუთარ თავზე. ვერავის გაამტყუნებ, თუ ის საკუთარ ინტერესებზე ფიქრობს. სწორედ საკუთარ უსაფრთხოებაზე ფიქრმა მოგვიყვანა აქ და მიგ ვაჩნია, რომ ეს როგორც ჩვენს, ისე თქვენს ინტერესებშია. როგორც გითხარით, ჩვენი ბატონობა ელადაში შიშისგან აღმოცენდა. ამავე მიზეზით ვართ აქ, რათა განვამტკიცოთ ჩვენი უსაფრთხოება და დაგიცვათ თქვენ.

ნურავინ იფიქრებს, რომ თქვენზე ზრუნვით სხვის საქმეში ვერევით. უნდა გესმოდეთ, რომ სანამ თქვენ სირაკუზელთათვის წინააღმდეგობის გაწევა შეგიძლიათ, ისინი ვერ მიეშველებიან პელოპონესელებს და ვერ გვავნებენ ჩვენ. ამდენად, თქვენი ბედი ჩვენ ძალიან გვადარდებს. ამავე მიზეზით, ჩვენ გვინდა დავაბრუნოთ ლეონტინელები მათ ქალაქში, მაგრამ არა იმისთვის, რომ ისინი, მათი მონათესავე ევბეელების მსგავსად, ჩვენს მოხარკეებად ვაქციოთ, არამედ იმისთვის, რომ ძლიერი მოკავშირე გვყავდეს სირაკუზელთა მეზობლად. ელადაში ჩვენ დამოუკიდებლად ვართმევთ თავს ჩვენს საქმეს და არ გვჭირდება, რომ ევბეელებს შეიარაღება ჰქონდეთ. აქ კი ჩვენ ხელს გვაძლევს ჩვენი მოკავშირეების დამოუკიდებლობა.

ვინც სხვაზე ბატონობს, ყველაფერი, რაც ხელსაყრელია, გონივრულიცაა და არ არსებობს ნათესავი, თუ მას ვერ ენდობი. ჩვენ იძულებული ვართ, შევარჩიოთ მეგობრები, ვითარებიდან გამომდინარე, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში. აქ ჩვენ გვჭირდება ძლიერი მეგობრები, ვინც ჩვენს მტერს შეაჩერებს. თქვენ არ გაქვთ საფუძველი, რომ არ გვენდოთ. ელადაშიც ჩვენ, ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე ვექცევით მოკავშირეებს. ქიოსელები და მეთიმნელები მხოლოდ ხომალდებს გვაწვდიან. სხვა მხრივ კი დამოუკიდებლები არიან. უმრავლესობას ნაკლები დამოუკიდებლობა აქვს და ხარკს გვიხდის. ზოგი კი, მიუხედავად იმისა, რომ კუნძულზე ცხოვრობს და ჩვენ მათი დაპყრობა არ გაგვიჭირდებოდა, თავისუფლებას ინარჩუნებს, რადგან მათი კუნძულები კარგი დასაყრდენია პელოპონესის წინააღმდეგ ომში. ამიტომ სიცილიაზე ჩვენი პოლიტიკა ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარეობს და სირაკუზელთა წინააღმდეგ არის მიმართული. მათ სურთ თქვენზე ბატონობა და ცდილობენ, გაგაერთიანონ ჩვენდამი უნდობლობით. თუ ჩვენ კუნძულის დატოვება მოგვიწევს, ისინი მას დაეუფლებიან.

ვისაც არ სჯერა, მას რეალობა დაარწმუნებს. როდესაც პირველად მოგვიწვიეთ, გვარწმუნებდით, რომ თქვენი დატოვება სირაკუზელთა ხელში ჩვენთვის საზიანოა. ახლა უსამართლო იქნება, თუ საკუთარ სიტყვებს არ დაუჯერებთ და მხოლოდ იმიტომ შემოგვხედავთ ეჭვის თვალით, რომ ახლა ჩვენი ძალები სირაკუზელებისას აღემატება. სირაკუზელებისა თქვენ მეტად უნდა გეშინოდეთ. ჩვენ თქვენი დახმარების გარეშე სიცილიაზე ვერ დავრჩებით. კუნძული ვერაგობითაც რომ დავიპყროთ, მას ვერ შევინარჩუნებთ. სიცილიამდე ხომ გრძელი გზა გვაქვს და ძალა არ გვეყოფა დიდი ქალაქების სახმელეთო ომში დასაცავად. სირაკუზელები კი თქვენი უახლოესი მეზობლები არიან. ისინი ბანაკის ნაცვლად ქალაქში ცხოვრობენ და მათ ბევრად მეტი ხალხი ჰყავთ. ისინი მუდამ მზად არიან ავნონ სხვა ქვეყნებს. ეს მათ ლეონტინელთა შემთხვევაშიც დაადასტურეს. ახლა კი თავხედურად გთხოვენ, დაეხმაროთ იმათ წინააღმდეგ, ვინც თქვენს თავისუფლებას იცავს. ჩვენ გთავაზობთ უფრო რეალურ უსაფრთხოებას, ვიდრე ისინი და გთხოვთ, ნუ უგულებელყოფთ ორმხრივ სარგებელს“.

კამარინელები კეთილად იყვნენ განწყობილი ათენელებისადმი, მაგრამ აფიქრებდათ მათი ზრახვები; მეზობელ სირაკუზელებთან კი მათ მუდმივად დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. შექმნილ ვითარებაში მათ საბოლოოდ ნეიტრალიტეტი ამჯობინეს და ორივე ელჩობამ ქალაქი დატოვა. სირაკუზელებმა ომისთვის სამზადისი დაიწყეს, ათენელები კი ნაქსოსზე დაბრუნდნენ და სიკულებთან შეუდგნენ მოლაპარაკებას. სირაკუზის მოკავშირეები, რომლებიც დაბლობში ცხოვრობდნენ, ძირითადად, მისი ერთგულნი დარჩნენ. ხოლო კუნძულის სიღრმეში მცხოვრები სიკულები ათენელებს მიემხრნენ: ისინი ამარაგებდნენ ლაშქარს სურსათით, ზოგი ფულითაც ეხმარებოდა. ზამთარში ათენელებმა სადგომი ნაქსოსიდან კატანაში გადაიტანეს და აღადგინეს სირაკუზელების მიერ დამწვარი ბანაკი.

მათ გაგზავნეს ტრიერი კართაგენში, რათა კავშირი შეეთავაზებინათ და გაერკვიათ, ხომ არ მიიღებდნენ იქიდან დახმარებას. ელჩები გაგზავნეს ტირსენიაშიც, სადაც ზოგმა ქვეყანამ ომში ჩაბმა გადაწყვიტა. ათენელებმა სიცილიელ ტომებსა და ეგესტელებს ცხენები მოსთხოვეს. მათ მოიმარაგეს აგრეთვე სხვადასხვა მასალა, რაც საალყო სამუშაოებისთვის დასჭირდებოდათ ომის განახლების შემდეგ.

კორინთოსსა და ლაკედემონში გაგზავნილი სირაკუზელი ელჩები ცდილობდნენ იტალიელი ელინებიც ათენელთა წინააღმდეგ განეწყოთ. კორინთოსში ელჩები დაბეჯითებით ითხოვდნენ დახმარებას. კორინთელები მათ თხოვნას სიამოვნებით გამოეხმაურნენ, მაგრამ მანამდე ლაკედემონში გაგზავნეს ელჩობა, რათა ლაკედემონელებიც მიემხროთ. იქ კორინთელი ელჩები ალკიბიადესსა და მის ამხანაგებს შეხვდნენ. ისე მოხდა, რომ ალკიბიადესი სახალხო კრებას იმავეს ურჩევდა, რასაც კორინთელი და სირაკუზელი ელჩები ითხოვდნენ. ეფორებსა და სხვა ხელისუფალთ სურდათ ელჩების გაგზავნა სირაკუზაში, რათა ისინი არ დანებებოდნენ ათენელებს, თუმცა დახმარების გაგზავნა არ უნდოდათ. მაშინ ალკიბიადესმა სახალხო კრებას ასე მიმართა:

„პირველ ყოვლისა, უნდა გითხრათ რამდენიმე სიტყვა ჩემ მიმართ წამოყენებული ბრალდებების შესახებ, რათა უნდობლად არ მოეკიდოთ ჩემს წინადადებებს. მართალია, ჩემმა წინაპრებმა უარი თქვეს თქვენთან სტუმარმასპინძლობაზე, მაგრამ მე თვითონ ვცდილობდი აღმედგინა იგი და საკუთარი ნებით გაგიწიეთ გარკვეული სამსახური, განსაკუთრებით პილოსთან მარცხის შემდეგ. ჩემი მეგობრობის მიუხედავად, თქვენ სამშვიდობო მოლაპარაკებებს ჩემს მოწინააღმდეგეებთან აწარმოებდით და ამით მათ სახელი მოუტანეთ. ამიტომ ბუნებრივია, რომ მე მანტინეელების და არგოსელების სასარგებლოდ და თქვენ წინააღმდეგ ვმოქმედებდი. თუ ჩემი საქციელი თქვენს გაღიზიანებას იწვევდა, ახლა იცით ამის მიზეზი და შეგიძლიათ შეიცვალოთ აზრი. ის, რომ მე დემოკრატიის მომხრე ვარ, არ უნდა იყოს თქვენი უკმაყოფილების საფუძველი. ჩვენ, ალკმეონიდები, ყოველთვის ტირანიას ვებრძოდით. „დემოკრატიად“ კი გვესმის ყველაფერი, რაც ერთი კაცის ბატონობას უპირისპირდება. ამიტომ ჩვენ ყოველთვის ხალხის მომხრეთა სათავეში ვიყავით. დემოკრატიის განვითარებასთან ერთად ჩვენს ქვეყანაში გვიწევდა გარკვეულ ვითარებასთან შეგუება. მაინც დემოკრატიისათვის დამახასიათებელი თავაშვებულობის საპირისპიროდ ჩვენ ზომიერი პოლიტიკის მომხრე ვიყავით. მაგრამ როგორც ჩვენი წინაპრების დროს იყვნენ ადამიანები, ვისაც ხალხი სხვა მიმართულებით მიჰყავდა, დღესაც არიან დემაგოგები. სწორედ მათ განმდევნეს მე. ჩვენ ვიდექით ხალხის და არა რომელიმე პარტიის სათავეში და ჩვენს ვალად მიგვაჩნდა შეგვენარჩუნებინა ის წყობა, რომელმაც სახელმწიფოს ძლიერება და თავისუფლება მოუტანა. როგორც ყველა საღად მოაზროვნეს, ჩვენც გვესმოდა, რა არის დემოკრატია და მე სხვაზე მეტი მიზეზიარ მაქვს, რომ ის ვლანძღო. მიუხედავად იმისა, რომ ამ საყოველთაოდ აღიარებულ უგუნურებაზე ახალს ვერაფერს იტყვი, მაინც ჩვენ სახიფათოდ მიგვაჩნდა სახელმწიფო წყობის შეცვლა მაშინაც, როდესაც თქვენისთანა მტრები კარიბჭესთან დგანან.

აი, საიდან გაჩნდა ცილისმწამებლური ბრალდებები ჩემ წინააღმდეგ. ახლა გადავალ განსახილველ საკითხზე და, რაკი უკეთ ვარ ჩახედული საქმეში, შემიძლია სასარგებლო რჩევა მოგცეთ.

ჩვენ გავილაშქრეთ სიცილიაზე იმ იმედით, რომ დავიპყრობდით იქაურ ქვეყნებს, შემდეგ დავიმორჩილებდით იტალიელ ელინებს და ბოლოს ვეცდებოდით, დაგვემორჩილებინა კართაგენის სამფლობელოები და თავად კართაგენელები. თუ ეს გამოვიდოდა, ჩვენ თავსდავესხმოდით პელოპონესს ახლად შეძენილ მოკავშირეთა მთელი ძალებით. ჩვენ გვსურდა აგრეთვე ფლოტის გაძლიერება იტალიაში მრავალი ახალი ხომალდის აგებით და ამ ფლოტით პელოპონესის ბლოკირება. იმავე დროს ჩვენ ვფიქრობდით, ხმელეთიდან შეგვეტია თქვენი ქალაქებისთვის, აგვეღო შტურმით ერთი და ალყაში მოგვექცია სხვები. ამგვარად ჩვენ მოვიპოვებდით ბატონობას მთელ ელინურ სამყაროზე. ახალი დაპყრობები მოგვცემდა სახსრებს ამ გეგმების განსახორციელებლად. ამ ცნობას თქვენ იღებთ კაცისგან, ვინც ესზუსტად იცის. სიცილიაში დარჩენილი სარდლები შეეცდებიან იგივე განახორციელონ. თუ თქვენ ახლავე არ დაეხმარებით სიცილიის ქვეყნებს, ისინი ათენელთა თავდასხმებს ვერ გაუძლებენ. მართალია, სიცილიელებს გამოცდილება აკლიათ, მაგრამ თუ გაერთიანდებიან, გადარჩებიან. მხოლოდ სირაკუზელები, განსაკუთრებით მას მერე, რაც მათი ლაშქარი დამარცხდა, ხოლო ისინი ზღვიდან ათენის ფლოტით არიან მოჭრილები – ვერ შეძლებენ გაუმკლავდნენ ათენელებს. თუ ამ ქალაქს აიღებენ, მთელი სიცილია ათენელთა ხელში აღმოჩნდება. ამას კი მოჰყვება იტალიის დამორჩილება. ამიტომ საფრთხე თქვენც გემუქრებათ. გახსოვდეთ, რომ საქმე მხოლოდ სიცილიას კი არ ეხება, არამედ პელოპონესსაც. ნუ დაკარგავთ დროს, სასწრაფოდ გაგზავნეთ სიცილიაში ჰოპლიტები, რომლებსაც მენიჩბეებადაც შეუძლიათ სამსახური, რათა გადმოსხდომის შემდეგ მაშინვე შეეძლოთ ბრძოლაში ჩაბმა და, რაც ყველაზე მთავარია, გაგზავნოთ სპარტელი სარდალი. მან უნდა დაამყაროს ლაშქარში დისციპლინა. ამით გაამხნევებთ იქაურ მეგობრებს, ხოლო მერყევებს თქვენს მხარეზე გადმოიყვანთ. აქაც, ელადაში, აშკარად უნდა დაიწყოთ სამხედრო მოქმედებები. სირაკუზელები დაინახავენ, რომ თქვენ ისინი არ მიატოვეთ, ხოლო ათენელებს გაუჭირდებათ სიცილიაზე მაშველი ძალების გაგზავნა. თქვენ აუცილებლად უნდა გაამაგროთ დეკელეა ატიკაში, რისიც ათენელებს ძალზე ეშინიათ. ეს ერთადერთი უბედურებაა, რაც მათ ამ ომში ჯერ არ გამოუცდიათ. ეს მათი სუსტი წერტილია და თვითონ ამის შესახებ ყველაზე კარგად იციან. მოგახსენებთ, რა სარგებელს ნახავთ თქვენ დეკელეის გამაგრებით და რა ზიანი შეგიძლიათ მიაყენოთ ამით მოწინააღმდეგეს. თქვენ ხელში ჩაიგდებთ ქვეყნის მარაგებსა და სახსრებს. ათენელებს მოაკლდებათ შემოსავალი ლავრიონის ვერცხლის საბადოებიდან, მიწიდან და ხომალდებიდან. განსაკუთრებით შემცირდება ხარკი: როდესაც მოკავშირეები დარწმუნდებიან, რომ თქვენ გადამწყვეტ ბრძოლაში ჩაებით, აუცილებლად შეუწყვეტენ მათ ხარკის გადახდას.

თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად და ენერგიულად შეუდგებით ამ გეგმის განხორციელებას. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ის განხორციელებადია. იმედი მაქვს, ჩემზე ცუდს არ იფიქრებთ იმის გამო, რომ დღეს ჩემი სამშობლოს დაუძინებელ მტრებთან ერთად თავს ვესხმი მას. მე ლტოლვილი ვარ, მაგრამ გავიქეცი ჩემი მტრების სულმდაბლობის გამო და არა იმიტომ, რომ თქვენ გემსახუროთ. დაუძინებელ მტრებად მე გთვლით არა თქვენ, რომლებიც ომში მტრებს ვნებთ, არამედ მათ, ვინც ათენს მეგობრები დააკარგვინა. სანამ მე მოქალაქის უფლებებით ვსარგებლობდი, მე მიყვარდა სამშობლო, მაგრამ მას მერე, რაც მძიმე და დაუმსახურებელი შეურაცხყოფა მომაყენეს, მე აღარ ვარ პატრიოტი. თუმცა, ვფიქრობ, რომ ახლაც არ მივდივარ სამშობლოს წინააღმდეგ, რადგან ის აღარ მაქვს. თუმცა, ვცდილობ კვლავ მოვიპოვო იგი. სამშობლოს ნამდვილი მეგობარი სწორედ ის არის, ვინც მისი უსამართლოდ დაკარგვის შემდეგაც ესწრაფვის მის მოპოვებას. ამ პირობებში შეგიძლიათ ჩამრთოთ თქვენს სახიფათო და რთულ წამოწყებებში. თუ მე, როგორც მტერმა, ბევრი ზიანი მოგიტანეთ, ახლა შევძლებ სასარგებლო მეგობარი გავხდე. ათენში ჩემთვის ყველაფერი ნაცნობია, თქვენ შესახებ კიმხოლოდ რაღაცის მიხვედრა შემეძლო. თქვენ იღებთ ახლა უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას. სასწრაფოდ გაგზავნეთ ექსპედიცია სიცილიაზე და გაილაშქრეთ ატიკაზე. პატარა რაზმსაც თუ დროულად მიახმართ, თქვენ გადაარჩენთ დიდ ქალაქს და დაამხობთ ათენელთა ძლიერებას. ამგვარად, თქვენ მშვიდად და უსაფრთხოდ იცხოვრებთ თქვენს ქვეყანაში და ჩაუდგებით სათავეში მთელ ელადას, რომელიც საკუთარი ნებითა და სიყვარულით დაგემორჩილებათ“.

ლაკედემონელები ისედაც ფიქრობდნენ ათენის წინააღმდეგ გალაშქრებაზე, ახლა კი ალკიბიადესის სიტყვებმა მათი გადაწყვეტილება გაამყარა. მათ დაადგინეს, გაემაგრებინათ დეკელეა და გაეგზავნათ მაშველი ძალა სიცილიაზე. სარდლად გილიპოსი დანიშნეს და უბრძანეს, სირაკუზელებთან და კორინთელებთან მოთათბირებით მიეღო ყველა საჭირო ზომა. გილიპოსმა კორინთელებს გემები მოსთხოვა და დაიწყო საზღვაო ლაშქრობისთვის სამზადისი. სირაკუზელი ელჩები შინ დაბრუნდნენ. ამასობაში ათენში ჩავიდა ტრიერი, რომელიც სარდლებმა თანხისა და მხედრების ჩამოსაყვანად გააგზავნეს. ათენელებმა მოისმინეს სარდლების თხოვნა და დაადგინეს მათთვის დახმარების გაგზავნა. ასე დასრულდა ზამთარი და ომის მეჩვიდმეტე წელი.

მომდევნო გაზაფხულს ათენელებმა გაილაშქრეს კატანადან და დაარბიეს სირაკუზის სანაპიროები. უკან დაბრუნებულებს დახვდათ ათენიდან გამოგზავნილი აღჭურვილობა ორას ორმოცდაათი მხედრისათვის, ოცდაათი მოისარი მხედარი და სამასი ტალანტი ვერცხლი.

იმავე გაზაფხულზე ლაკედემონელებმა გაილაშქრეს არგოსზე, მაგრამ მიწისძვრის გამო უკან დაბრუნდნენ. შემდეგ უკვე არგოსელებმა დალაშქრეს თირეს ოლქი და ოცდახუთი ტალანტის ღირებულების ნადავლი იგდეს ხელთ. ზაფხულში თესპიელთა სახალხო დაჯგუფებამ სცადა აჯანყება, მაგრამ წარუმატებლად. თებელთა დახმარებით აჯანყებულები შეიპყრეს, სხვებმა კი ათენს შეაფარეს თავი.

ზაფხულში სირაკუზელებმა გაიგეს, რომ ათენელებს მხედრები შემოემატნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ თუ მტერს არ მიუშვებდნენ ქალაქის მახლობლად მდებარე მაღლობზე – ეპიპოლაზე, მაშინ გამარჯვების შემთხვევაშიც კი ათენელები ვერ მოახერხებდნენ ქალაქის საალყო კედლით ჩაკეტვას. ჰერმოკრატესმა და მისმა ამხანაგებმა ლაშქრის დათვალიერება განიზრახეს, ეპიპოლას დასაცავად კი ექვსასი რჩეული ჰოპლიტი დააყენეს ანდროსიდან დევნილი დიომილოსის სარდლობით.

წინა ღამით ათენელებმა შეუმჩნევლად გადმოსხეს სახმელეთო ჯარი ქალაქიდან ექვსი თუ შვიდი სტადიონის დაშორებით, ხოლო ფლოტმა თაფსოსთან ჩაუშვა ღუზა. მეზღვაურებმა კონცხი გაამაგრეს, ხოლო სახმელეთო ლაშქარი სწრაფი მარშით გაემართა ეპიპოლასკენ და მიმდებარე ბორცვი მანამდე დაიკავა, სანამ სირაკუზელები ამას შეამჩნევდნენ. დომილოსი გაემართა მათ შესახვედრად, დაბლობიდან კი დანარჩენი ლაშქარიც დაიძრა. მათ დიდი მანძილი ჰქონდათ გასავლელი და ბრძოლაში ჩართვა ისე მოუწიათ, რომ სათანადოდ ვერ დაეწყვნენ. სირაკუზელები დამარცხდნენ და ქალაქს შეაფარეს თავი, დიომილოსი და მისი სამასი მებრძოლი კი ბრძოლის ველზე დაეცნენ. ათენელებმა გამარჯვების ნიშანი აღმართეს და სირაკუზელებს მათი დაღუპულები დაუბრუნეს.

მეორე დღეს ათენელები ქალაქის კედლებთან მივიდნენ, მაგრამ სირაკუზელები მათ შესახვედრად არ გამოსულან. მაშინ ათენელებმა სურსათისა და აღჭურვილობის შესანახად ლაბდალოსთან ეპიპოლაზე სიმაგრე ააგეს.

მალე ათენელებს მოკავშირეთა ოთხასი მხედარი შეუერთდა. საკუთარ მხედრებთან ერთად, ვისაც ცხენები ადგილზე შეუძინეს, ცხენოსანთა რაოდენობამ ექვსას ორმოცდაათს მიაღწია. ათენელებმა ლაბდალოსში გარნიზონი დატოვეს, სიკეზე გაემართნენ და იქ დაიწყეს კედლის მშენებლობა. სირაკუზელები გააოცა მშენებლობის ტემპმა. მათ გადაწყვიტეს, ხელი შეეშალათ ათენელთათვის და გარეთ გამოვიდნენ. მაგრამ ლაშქრის მოწყობა ვერ მოახერხეს და ქალაქში შებრუნდნენ, ათენელთა შესაწუხებლად კი მხედრები დატოვეს. ათენელი ჰოპლიტები და ცხენოსნები იერიშზე გადავიდნენ და უკუაქციეს ისინი. ათენელებმა კვლავ აღმართეს გამარჯვების ნიშანი.

მომდევნო დღეს ათენელებმა კედლის მშენებლობა გააგრძელეს. სირაკუზელებმა გადაწყვიტეს, აღარ ჩაეგდოთ ლაშქარი საფრთხეში. მათ საკუთარი კედლის მშენებლობა წამოიწყეს, რომელიც ათენელებს შეაფერხებდა.

ათენელები ხელს არ უშლიდნენ სირაკუზელებს მუშაობაში, რადგან არ უნდოდათ ძალების დაქსაქსვა, თანაც ეჩქარებოდათ საკუთარი მშენებლობის დასრულება. როდესაც სირაკუზელებმა გადაწყვიტეს, რომ შვეული კედელი და მესერი საიმედოა, მათ დატოვეს იქ პატარა რაზმი, თვითონ კი ქალაქში დაბრუნდნენ. ათენელებმა ჯერ დაანგრიეს წყალგაყვანილობა, რომლითაც ქალაქი წყლით მარაგდებოდა, შემდეგ კი ხელსაყრელ დროს დაელოდნენ და სამასი რჩეული მებრძოლით თავს დაესხნენ სირაკუზელთა კედელს. ჰოპლიტებმა იერიშით აიღეს მესერი და მისი დამცველები გააქციეს. დანარჩენმა ჯარმა კი დაანგრია კედელი, დაშალა მესერი და მასალა ბანაკში წაიღო. შემდეგ ათენელებმა გამარჯვების ნიშანი აღმართეს.

მომდევნო დღეს ათენელებმა გააგრძელეს კედლის მშენებლობა, სირაკუზელებმაც განაახლეს მესრის მოწყობა და მის გასწვრივ თხრილიც ამოთხარეს, რათა ათენელებს კედელი ზღვამდე ვერ მიეყვანათ. ათენელებმა შეუტიეს მესერსა და თხრილს. ხომალდებს უბრძანეს, თაფსოსიდან სირაკუზის დიდ ნავსადგურში გადასულიყვნენ. თვით ათენელები კი გამთენიისას ეპიპოლადან დაბლობში დაეშვნენ. მათ ფართო ფიცრების დახმარებით გადაიარეს ჭაობიდა მზის ამოსვლისთვის დაეუფლნენ მესერსა და თხრილს. ბრძოლაში უპირატესობა კვლავ ათენელთა მხარეზე იყო. სირაკუზელთა მარჯვენა ფრთა ქალაქისკენ გაიქცა, მარცხენამ კი მდინარისკენ დაიხია. ათენელებმა სამასი რჩეული ჰოპლიტი გაგზავნეს ხიდისკენ, რათა მოწინააღმდეგისთვის გზა მოეჭრათ. სირაკუზელებმა მათ წინააღმდეგ თავიანთი მხედრების დიდი ნაწილი გაგზავნეს. მხედრებმა მოახერხეს ათენელთა უკუქცევა და მოწინააღმდეგის მარჯვენა ფრთას შეუტიეს. ეს რომ დაინახა ლამაქოსმა, მშვილდოსნებისა და არგოსელების მცირე რაზმით დასახმარებლად გასწია. მაგრამ მახეში მოექცა და დაიღუპა. სირაკუზელებმა დაღუპულები უსაფრთხო ადგილას გადაასვენეს, ხოლო ათენელთა ძირითადი რაზმების მოსვლის შემდეგ უკან დაიხიეს.

წარმატებამ ქალაქში გაქცეული სირაკუზელები გაამხნევა. ისინი კვლავ გამოვიდნენ და ათენელთა მარცხენა ფრთის წინ საბრძოლოდ მოეწყვნენ. მათ რაზმი გააგზავნეს ეპიპოლას შემოვლითიკედლის წინააღმდეგ, რადგან იმედი ჰქონდათ, რომ დაცვის გარეშე დარჩენილ კედელს აიღებდნენ. მართლაც, მათ მოახერხეს კედლის პატარა მონაკვეთის ხელში ჩაგდება, მაგრამ ისინი შეაჩერა ნიკიასმა, რომელიც ავადმყოფობის გამო იქ დარჩენილიყო. ნიკიასმა უბრძანა მსახურებს, ცეცხლი წაეკიდებინათ საალყო მანქანებისა და ხის მასალისათვის. მებრძოლების გარეშე მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. ცეცხლმა შეაჩერა სირაკუზელები და მათ უკან დაიხიეს. ამასობაში კედელთან ათენელთა რაზმი მოვიდა, ხოლო ესკადრამ თაფსოსიდან დიდ ნავსადგურში გადაინაცვლა. სირაკუზელებმა სასწრაფოდ შეაფარეს თავი ქალაქს. მათ უკვე აღარ შეეძლოთ კედლის მშენებლობისთვის ხელის შეშლა.

ათენელებმა გამარჯვების ნიშანი აღმართეს და სირაკუზელებს დაღუპულები გადასცეს, მათგან კი ლამაქოსისა და მისი მხლებლების ცხედრები დაიბრუნეს. როდესაც ყველა ძალას თავი მოუყარეს, ათენელებმა გადაწყვიტეს სირაკუზის ორმაგი კედლით მოჭრა. სურსათი ჯარისთვის მთელი იტალიიდან მოდიოდა. სიკულთა სხვადასხვა ტომი, ვინც აქამდე ყოყმანობდა, ახლა ათენელებს შეუერთდა. სირაკუზელებმა თითქმის დაკარგეს ქალაქის გადარჩენის იმედი, რადგან პელოპონესიდანაც კი არაფერი ისმოდა. მათ შორის გამოჩნდა ხალხი, ვინც მშვიდობას ითხოვდა. მათ ნიკიასთან მოლაპარაკებაც დაიწყეს. მაგრამ საქმე შეთანხმებამდე ვერ მივიდა.

ამასობაში გილიპოსი და კორინთული გემები ლევკადიდან სიცილიისკენ მოემართებოდნენ. მათ მოუვიდათ ცნობა, რომ სირაკუზა ალყაში იყო. გილიპოსმა დაკარგა სიცილიის შენარჩუნების იმედი და ახლა მხოლოდ იტალიის გადარჩენაზე ფიქრობდა. თვით გილიპოსი და კორინთელი პითენი ტარენტში გაემართნენ. დანარჩენ კორინთელებს კი დამატებითი ხომალდების აღჭურვა უბრძანეს. გილიპოსმა სცადა, მოკავშირეები მოეპოვებინა იტალიაში, მაგრამ უშედეგოდ. ნიკიასმა მშვიდად მიიღო ცნობა გილიპოსის მოახლოების შესახებ.

ხომალდების ამ რაოდენობით მოწინააღმდეგე მხოლოდ მეკობრულთავდასხმებს თუ მოაწყობდა. ამიტომ ნიკიასს უსაფრთხოების არავითარი დამატებითი ზომები არ მიუღია.

იმ ზაფხულს ლაკედემონელებმა არგოსის მიწა ააოხრეს. ათენელებმა არგოსელების დასახმარებლად ოცდაათი ხომალდი გაგზავნეს, რითაც აშკარად დაარღვიეს ლაკედემონელებთან სამშვიდობო შეთანხმება. აქამდე ისინი მხოლოდ ყაჩაღურ თავდასხმებს აწყობდნენ პილოსიდან. ისინი არ ეკარებოდნენ ლაკონიის სანაპიროებს დამხოლოდ პელოპონესის სხვა ნაწილებში იბრძოდნენ როგორც არგოსელთა და მანტინეელთა მოკავშირეები. ახლა ისინი გადმოსხდნენ ლაკონიაში და ქვეყნის რბევა დაიწყეს, რითაც ლაკედემონელებს საფუძველი მისცეს იმის სამტკიცებლად, რომ ეს უკანასკნელნი ათენელთა წინააღმდეგ თავდაცვით ომს აწარმოებენ. ათენელთა ხომალდების ლაკონიიდან, ხოლო ლაკედემონელთა არგოსიდან წასვლის შემდეგ არგოსელები ფლეიუნტში შეიჭრნენ და ქვეყანა ააოხრეს.

წიგნი მეშვიდე
გილიპოსმა და პითენმა ამასობაში უფრო სარწმუნო ცნობები მიიღეს სირაკუზიდან: საალყო კედელი ჯერ არ იყო დასრულებული და ეპიპოლას მხრიდან შეიძლებოდა ქალაქში შეღწევა. სარდლები ბჭობდნენ, რომელი გზა აერჩიათ. ბოლოს გადაწყდა, გიმერაში წასულიყვნენ. ისინი ასცდნენ ნიკიასის მიერ მათ წინააღმდეგ გამოგზავნილ ატიკურ ხომალდებს და რეგიოსისა და მესენას გავლით გიმერაში ჩავიდნენ. გილიპოსმა და პითენმა ამოათრიეს ხომალდები ნაპირზე და ადგილობრივები დაიყოლიეს, ცოცხალი ძალითა და იარაღით დახმარებოდნენ მათ. მათ სელიუნტელებსაც მოსთხოვეს დახმარება. მათ მიეშველნენ აგრეთვე გელა და სიკულები, რომელთა ნაწილიც ლაკედემონელებს მიემხრო მეფე არქონიდასის გარდაცვალების შემდეგ. ამდენად, გილიპოსმა სირაკუზაზე შემდეგი ძალებით გაილაშქრა: შვიდასი ლაკედემონელი საზღვაო ქვეითი, ათასი ჰოპლიტი და მსუბუქად შეიარაღებული ქვეითი და ასი მხედარი გიმერადან, მსუბუქად შეიარაღებული ქვეითები სელიუნტიდან და გელადან, დაახლოებით ათასი სიკული.

კორინთელებიც ლევკადადან თავისი ხომალდებით სირაკუზელთა დასახმარებლად წავიდნენ. მათი პირველი ხომალდი სწორედ მაშინ ჩავიდა, როდესაც სახალხო კრება ომის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას აპირებდა. მაშველმა ძალამ გაამხნევა სირაკუზელები და ისინი ქალაქიდან გავიდნენ გილიპოსის შესახვედრად. ის კი ამ დროისათვის ეპიპოლას მოადგა იმავე მხრიდან, საიდანაც ადრე – ათენელები. გილიპოსმა და სირაკუზელებმა ერთად შეუტიეს ათენელთა სიმაგრეებს. ის სწორედ იმ დროს გამოჩნდა, როდესაც ათენელებმა დაასრულეს კედლის დიდ ნავსადგურამდე შვიდი თუ რვა სტადიონის სიგრძეზე მშენებლობა და პატარა მონაკვეთიღა ჰქონდათ დარჩენილი, კედლის დანარჩენი ნაწილისათვის კი მასალა უკვე გამზადებული ჰქონდათ. ასეთი საფრთხის წინაშე იყო სირაკუზა.

მტრის მოულოდნელმა გამოჩენამ ჯერ დააფრთხო ათენელები, მაგრამ მალე ისინი საბრძოლოდ მოეწყვნენ კედლებთან. გილიპოსმა მათ მაცნე გაუგზავნა და სიცილიის ხუთ დღეში დატოვება მოსთხოვა. ათენელებმა ეს წინადადება უპასუხოდ დატოვეს.

გილიპოსი ხედავდა, რომ სირაკუზელთა რიგებში წესრიგის დამყარება ძნელი იქნებოდა, ამიტომ უფრო ღია ადგილისკენ დაიხია. ნიკიასი არ დაედევნა მტერს და კედლებთან დარჩა. გილიპოსის ჯარმა ღამე ბორცვზე გაათია. მეორე დილით ის კვლავ მოადგა ათენელთა კედლებს, რათა ათენელები ვერ მიხმარებოდნენ თავისნაწილებს სხვა ადგილას. პატარა რაზმი მან ლაბდალოსის წინააღმდეგ გაგზავნა, აიღო იგი და ტყვეები დახოცა. იმავე დღეს სირაკუზელებმა დიდ ნავსადგურში ღუზაზე მდგომი ათენური ტრიერი ჩაიგდეს ხელთ.

სირაკუზელებმა მოკავშირეებთან ერთად დაიწყეს კედლის შენება ეპიპოლაზე, რათა ათენელთათვის ხელი შეეშალათ. ათენელებს ზღვასთან მშენებლობა უკვე დასრულებული ჰქონდათ და ახლა ამ ადგილს მისდგომოდნენ. ათენელთა კედლის ერთი ნაწილი ჯერკიდევ სუსტი იყო. სწორედ აქ მიიტანა გილიპოსმა ღამით იერიში. ათენელებმა დროულად შეამჩნიეს მტერი და მის შესახვედრად გამოვიდნენ. გილიპოსმა უკან დაიხია. ათენელებმა გაამაგრეს კედლის ესმონაკვეთი და თავის თავზე აიღეს მისი დაცვა, მოკავშირეები კი სხვა ადგილებში განალაგეს. ნიკიასმა გადაწყვიტა გაემაგრებინა კონცხი, რომელიც დიდი ნავსადგურის შესასვლელში მდებარეობდა. ამით ის სურსათით მომარაგების გაუმჯობესებას ვარაუდობდა. ფლოტიც უფრო ახლოს ჩაუშვებდა ღუზას, ახლა კი მას მტრის გამოჩენისას ზღვაში გასვლა უფრო შორეული ადგილიდან უწევდა. საერთოდ, ნიკიასმა მეტი ყურადღება დაუთმო საზღვაო მოქმედებებს, რადგან გილიპოსის მოსვლის მერე ხმელეთზე წარმატების ნაკლები იმედი დარჩა. მან ჯარის ნაწილი და ხომალდები კონცხზე გადაიყვანა და იქ სამი სიმაგრე ააგო. იქ უნდა განთავსებულიყო აღჭურვილობისა და სურსათის საწყობი და იქვე ჩაუშვებდნენ ღუზას სატვირთო გემები და სწრაფმავალი ტრიერები. მაგრამ ამ გადაწყვეტილებამ მათ ახალი განსაცდელი მოუტანა. სასმელი წყალი შორიდან გახდა საზიდი და წყალსა და ფიჩხზე გასულ მეზღვაურებს სირაკუზელი მხედრები ესხმოდნენ თავს. სირაკუზელებმა ცხენოსნების ნაწილი ზევსის სამლოცველოსთან განალაგეს, რათა კონცხის გარნიზონი ეკონტროლებინათ. ამასობაში ნიკიასმა შეიტყო კორინთელთა ხომალდების მოახლოების შესახებ და მათ წინააღმდეგ ოცი ხომალდი გაგზავნა.

ამ დროს გილიპოსი ათენელების მომარაგებული მასალით კედელს აშენებდა ეპიპოლაზე. ამასთან ერთად, მას ხშირად გამოჰყავდა სირაკუზელები და მოკავშირეები და მათ საბრძოლოდ აწყობდა კედელთან. ათენელებიც მათ პირისპირ ეწყობოდნენ. როდესაც გილიპოსმა გადაწყვიტა, რომ უკვე მოქმედების დრო დადგა, შეუტია მტერს. ხელჩართული ბრძოლა კედლებს შორის გაიმართა და სირაკუზელთა ცხენოსანი ჯარი უსარგებლო აღმოჩნდა. სირაკუზელები დამარცხდნენ. მათ დაზავების შემდეგ დაიბრუნეს დაღუპულები, ხოლო ათენელებმა გამარჯვების ნიშანი აღმართეს. მაშინ გილიპოსმა ჯარიშეკრიბა და განაცხადა, რომ თვითონ იყო დამარცხების მიზეზი. ამიტომ იგი კვლავ წავა მტრის წინააღმდეგ. იგი არწმუნებდა მეომრებს, რომ ისინი საბრძოლო ძალითა და შეიარაღებით არ ჩამოუვარდებოდნენ მოწინააღმდეგეს, ხოლო სიმამაცით აღემატებოდნენ მათ.

მან შეარჩია ხელსაყრელი დრო და კვლავ შეუტია მტერს. ნიკიასს ესმოდა, რომ ყველა შემთხვევაში უნდა შეეშალა ხელი სირაკუზელთა კედლის მშენებლობისთვის, რადგან, თუ ათენელები თავის სამუშაოს ვერ დაასრულებდნენ, საბოლოო მიზნისთვის ერთი ფასი ექნებოდა, მოიპოვებდნენ ისინი ყოველ ჯერზე გამარჯვებას წვრილ-წვრილ ბრძოლებში, თუ საერთოდ იტყოდნენ ბრძოლაზე უარს. ამიტომ ათენელები მტრის შესახვედრად გავიდნენ. გილიპოსმა ამჯერად თავისი ჰოპლიტები კედლიდან მოშორებით განალაგა, ცხენოსნები და შუბის მტყორცნელები კი ღია ადგილას დააყენა ათენელთა ფლანგზე. მათ უკუაქციეს ათენელთა მარცხენა ფლანგი, შემდეგ კი – მთელი ლაშქარიც. მომდევნო ღამეს სირაკუზელებმა მიიყვანეს თავისი კედელი ათენელთა კედლის ხაზის მიღმა. ამიერიდან მათ მშვიდად შეეძლოთ გაეგრძელებინათ სამუშაო, ათენელებს კი მოუსპეს ქალაქის ალყაში მოქცევის იმედი.

კორინთელთა თორმეტი ხომალდი გაუსხლტა ათენელებს დაშევიდა სირაკუზის დიდ ნავსადგურში. ამ ხომალდების ეკიპაჟი დაეხმარა სირაკუზელებს კედლის მშენებლობის გაგრძელებაში. გილიპოსი კი გაემართა სიცილიის სხვა ოლქებში, რათა მაშველი ძალა და ახალი მოკავშირეები მოეპოვებინა. მაშველი ძალა ლაკედემონსა და კორინთსაც სთხოვეს. სირაკუზელებმაც დაიწყეს თავისი ხომალდებისთვის ხალხის შეკრება და წვრთნა, რათა ათენელებს ზღვიდანაც დასხმოდნენ თავს.

ნიკიასი ხედავდა, რომ მტრის ძალა დღითიდღე იზრდებოდა, ხოლო ათენელთა მდგომარეობა სულ უფრო რთული ხდებოდა. მან შიკრიკები გაგზავნა ათენში მოთხოვნით – ან გაეწვიათ ლაშქარი სიცილიიდან, ან მნიშვნელოვანი მაშველი ძალა გამოეგზავნათ. ნიკიასი არ ენდო ბოლომდე შიკრიკებს და თავისი წინადადებები მათ წერილობითი ფორმითაც გაატანა: იმედი ჰქონდა, რომ ათენელები უკეთ გაერკვეოდნენ საქმის ვითარებაში, თუ უშუალოდ მის აზრს გაეცნობოდნენ. ნიკიასი სარდლის მოვალეობის შესრულებისას ცდილობდა გაფრთხილებოდა ლაშქარს და, თუ დიდი საჭიროება არ იყო, მას საფრთხეში არ აგდებდა.

იმავე ზაფხულის მიწურულს ათენელთა სარდალმა ევეტიონმა და პერდიკამ თრაკიელთა დიდი ჯარით ამფიპოლისზე გაილაშქრეს. ქალაქის აღება მათ ვერ მოახერხეს და მისი ალყა დაიწყეს.

ზამთრის დასაწყისში ათენში ნიკიასის შიკრიკები ჩავიდნენ დასახალხო კრებას გააცნეს მისი წერილი:

„გადაწყვეტილების მისაღებად თქვენ უნდა იცოდეთ, რაოდენ რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით: მას მერე, რაც სირაკუზელებთან თითქმის ყველა ბრძოლაში გავიმარჯვეთ და საალყო სიმაგრე ავაშენეთ, აქ ჩამოვიდა ლაკედემონელი გილიპოსი პელოპონესელთა და სიცილიელთა ლაშქრით. პირველ ბრძოლაში ჩვენ გავიმარჯვეთ, ხოლო მეორეში ცხენოსნებისა და შუბის მტყორცნელების დაწოლის შედეგად იძულებულები ვიყავით, სიმაგრეში დაგვეხია. ახლა მოწინააღმდეგის რიცხობრივი უპირატესობის გამო შევწყვიტეთ კედლის მშენებლობა და უმოქმედოდ ვართ. ამასობაში მტერმა ჩვენ წინააღმდეგ ააშენა კედელი, რის გამოც ქალაქის ალყას ვერ დავასრულებთ, თუ ვინმე არ მოვა დიდი ლაშქრით და არ დაიკავებს ამ შვეულ კედელს. ისე მოხდა, რომ თავად აღმოვჩნდით ალყაში: მტრის ცხენოსნების შიშით ბანაკიდან შორს ვერ გავდივართ.

გარდა ამისა, მტერმა პელოპონესიდან გამოითხოვა დახმარება, ხოლო გილიპოსი სიცილიაზე აგროვებს მაშველ ძალას. რამდენადაც გავიგე, მტერი აპირებს თავს დაესხას ჩვენს სიმაგრეს ხმელეთიდანაც და ზღვიდანაც. ნუ გაგაკვირვებთ ზღვიდან თავდასხმის აზრი.მართლაც, ჩვენი ფლოტი თავიდან მშვენიერ მდგომარეობაში იყო: ხომალდები – მშრალი და ეკიპაჟი – სრული შემადგენლობით. ახლახომალდები წყლით გაიჟღინთა, ეკიპაჟი კი შეთხელდა. ხომალდები გასაშრობად ნაპირზე ვერ ამოგვყავს, რადგან მუდმივად მტრის თავდასხმას ველით. მოწინააღმდეგის გემები თავისუფლად მანევრირებენ და მათზეა დამოკიდებული, თავს დაგვესხან თუ ხომალ-დები გააშრონ.

მეტი ხომალდი რომ გვყავდეს და ისინი არ უნდებოდნენ თვალთვალს, მაინც გაგვიჭირდებოდა წინააღმდეგობის გაწევა. თუ ხომალდების ნაწილს თვალთვალისგან გავათავისუფლებთ, სურსათით მომარაგება შეგვიწყდება. ახლაც დიდი გაჭირვებით ვახერხებთ მის შემოტანას. ეკიპაჟების შემადგენლობა კი იმიტომ შემცირდა, რომ ბანაკიდან წყალზე ან ფიჩხზე გასულებს ცხენოსნები ხოცავენ. მას მერე, რაც უპირატესობა დავკარგეთ, ჩვენი მსახურები და მოქირავნეები გარბიან.

შეგახსენებთ, რომ ხომალდის ეკიპაჟი სანიმუშო მდგომარეობაში ცოტა ხნით იმყოფება. მაგრამ ჩემთვის ძირითადი სირთულე იმაშია, რომ არ შემიძლია მდგომარეობის შეცვლა. არ ვიცი, საიდან შევავსო ეკიპაჟები. მოწინააღმდეგის შესაძლებლობა კი, ამ მხრივ, ამოუწურავია. ჩვენ მხოლოდ იმ ხალხის იმედით ვართ, ვინც აქ ჩამოვიყვანეთ. ნაქსოსი და კატანა, რომლებიც ჯერ კიდევ ჩვენს მხარეზე არიან, ვერ დაგვეხმარებიან. შეიძლება შეგვიწყდეს მომარაგება იტალიიდან და მაშინ უბრძოლველად დანებება მოგვიწევს.

მე შემეძლო თქვენთვის უფრო სასიამოვნო ცნობებიც მომეწოდებინა, მაგრამ, ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილების მისაღებად თქვენ ზუსტი მონაცემები გჭირდებათ. გარდა ამისა, ვიცნობ თქვენს ხასიათს, თქვენ მხოლოდ სასიამოვნო ამბების მოსმენა გსურთ და შემდეგ, როდესაც საქმე ცუდად წავა, სხვას ადანაშაულებთ. მე უფრო უსაფრთხოდ მივიჩნიე, არ დამემალა სიმართლე.

რაც შეეხება თავდაპირველ ამოცანას, გარწმუნებთ, რომ როგორც რიგითმა მეომრებმა, ასევე სარდლებმა ვალი პატიოსნად მოიხადეს და არ იმსახურებენ საყვედურს. მაგრამ ახლა მთელი სიცილია ერთიანდება ჩვენს წინააღმდეგ და პელოპონესიდან მაშველ ძალას ელის. ჩვენ აღარ შეგვიძლია არსებული ძალებით მტერს წინააღმდეგობა გავუწიოთ. ამიტომ თქვენ ან უნდა გაიწვიოთ ლაშქარი შინ, ან გამოგვიგზავნოთ მნიშვნელოვანი სახმელეთო და საზღვაო ძალა, აგრეთვე – დიდი ფული. ბოლოს, გთხოვთ, მიპოვოთ შემცვლელი, რადგან თირკმლების დაავადების გამო აქ ვეღარ დავრჩები. თქვენი გულისხმიერების იმედი მაქვს. სანამ ჯანმრთელი ვიყავი, პატიოსნად გემსახურეთ. მიღებული გადაწყვეტილებები სასწრაფოდ შეასრულეთ გაზაფხულის დადგომისთანავე, რადგან მოწინააღმდეგე მალე მიიღებს დახმარებას“.

ათენელებმა მოისმინეს ნიკიასის გზავნილი და გადაწყვიტეს, იგი თანამდებობაზე დაეტოვებინათ. დამხმარე ძალის ჩასვლამდე მას ორი თანაშემწე დაუნიშნეს, რათა სარდლობის ტვირთი შეემსუბუქებინათ. გადაწყდა, დამატებით გაეგზავნათ ფლოტიდა ქვეითი ჯარი დემოსთენესის და ევრიმედონის სარდლობით. ევრიმედონი ათი ხომალდითა და ოცი ტალანტი ვერცხლით სასწრაფოდ გაემგზავრა.

დემოსთენესი ათენში დარჩა და გაზაფხულზე წასასვლელადემზადებოდა: მან მოკავშირეებს ჯარის გამოგზავნა მოსთხოვა, ათენში კი ფულს, აღჭურვილობას, ხომალდებსა და ჰოპლიტებს აგროვებდა. ათენელებმა გაგზავნეს ოცი ხომალდისგან შემდგარი ესკადრა პელოპონესის წყლებში, რათა სიცილიაზე მაშველი ძალის გაგზავნისთვის ხელი შეეშალათ. მართლაც, კორინთოსში სიცილიიდან სასიხარულო ცნობების ჩამოსვლის შემდეგ კორინთელები გამხნევდნენ და იქ ჰოპლიტების გაგზავნას აპირებდნენ. ლაკედემონელებსაც უნდა გაეგზავნათ ჰოპლიტები. გარდა ამისა, კორინთელებმა ოცდახუთი ხომალდი აღჭურვეს ნავპაქტოსზე თავდასასხმელად, რათა ათენელებს მათი სატრანსპორტო გემებისთვის გზა არ გადაეღობათ.

ასევე ემზადებოდნენ ლაკედემონელები ატიკაში შესაჭრელად. სირაკუზელები და კორინთელები სთხოვდნენ მათ ამას, რათა სიცილიაში ათენელთა ახალი ექსპედიციის გაგზავნა შეეყოვნებინათ. ალკიბიადესიც ურჩევდა მათ, გაემაგრებინათ დეკელეა და დაეწყოთ ომი. მთავარი კი ის იყო, რომ ლაკედემონელებმა საკუთარი ძალების რწმენა დაიბრუნეს. ისინი ფიქრობდნენ, რომ ათენელებს იოლადდაამარცხებდნენ, რადგან მათ ორ ფრონტზე უწევდათ ბრძოლა. მათ ამხნევებდა ისიც, რომ ამჯერად ათენელებმა დაარღვიეს სამშვიდობო ხელშეკრულება. წინა ომში, პირიქით, ხელშეკრულება თვითონ დაარღვიეს, რადგან თებელები დაესხნენ თავს პლატეას, ხოლო თვითონ არ ისურვეს ათენელებთან დავის სასამართლოში გადაწყვეტა. ამიტომ ლაკედემონელები თავის მარცხს დამსახურებულად მიიჩნევდნენ. მას მერე, რაც ათენელთა ოცდაათი ხომალდი არგოსიდან ლაკედემონს თავს დაესხა, ხელშეკრულების დამრღვევი უკვე ათენი გახდა. იმავე ზამთარს ლაკედემონელებმა მოკავშირეებს მოსთხოვეს მასალა და იარაღი დეკელეას გასამაგრებლად. ამასთან, დაიწყეს ლაშქრის შეგროვება სიცილიაზე გასამგზავრებლად. ასედასრულდა ომის მეთვრამეტე წელი.

გაზაფხულის დადგომისთანავე ლაკედემონელები აგისის სარდლობით ატიკაში შეიჭრნენ. მათ ააოხრეს დაბლობი და მისი მიდამოები, ხოლო შემდეგ დაიწყეს დეკელეაში სიმაგრის მშენებლობა. დეკელეა ათენიდან დაახლოებით ას ოცი სტადიონითაა დაშორებული. ოდნავ ნაკლები მანძილია იქიდან ბეოტიის საზღვრამდე. სანამ მშენებლობა მიდიოდა, პელოპონესიდან სიცილიაზე ჰოპლიტები გაგზავნეს: ექვსასი ლაკედემონელი, სამასი ბეოტიელი, ხუთასი კორინთელი და ორასი სიკიონელი. ჯერ კიდევ ზამთარში აღჭურვილი ოცდახუთი კორინთოსული ხომალდი ნავპაქტოსთან იდგა ოცი ატიკური ხომალდის პირისპირ, სანამ ჰოპლიტებმა სატვირთო გემებით არ დატოვეს პელოპონესი.

სანამ ლაკედემონელები დეკელეას ამაგრებდნენ, ათენელებმა ქარიკლესის სარდლობით ოცდაათი ხომალდი გაგზავნეს არგოსში,რათა, ხელშეკრულების თანახმად, არგოსელი ჰოპლიტები წამოეყვანათ. ათენელებმა სიცილიაზე გაგზავნეს დემოსთენესი, სამოცი ათენური, ხუთი ქიოსური ხომალდითა და ათას ორასი ჰოპლიტით. დემოსთენესი ჯერ უნდა მიხმარებოდა ქარიკლესს ლაკონიის დალაშქვრაში.

გაზაფხულზე გილიპოსი დაბრუნდა სირაკუზაში სიცილიაზე შეგროვილი მაშველი ძალებით, შემდეგ მან სირაკუზელებს მოსთხოვა აღეჭურვათ რაც შეიძლება მეტი ხომალდი და ბედი საზღვაო ბრძოლაში ეცადათ. მას იმედი ჰქონდა, რომ ომის ბედს ზღვაზე წარმატება გადაწყვეტდა. მას ჰერმოკრატესმაც დაუჭირა მხარი და სირაკუზელებმა საზღვაო ბრძოლისთვის დაიწყეს სამზადისი.

ხომალდების აღჭურვის შემდეგ გილიპოსმა ღამით სახმელეთო ძალები დაძრა კონცხზე აგებული სიმაგრის დასალაშქრად. იმავე დროს სირაკუზელთა ხომალდებიც ზღვაში გავიდნენ – ოცდათხუთმეტი ტრიერი დიდი ნავსადგურიდან, ხოლო ორმოცდახუთი – მცირედან, სადაც სირაკუზელებს გემსაშენი ჰქონდათ. ათენელებიც სასწრაფოდ დასხდნენ თავიანთ სამოც ხომალდზე. მათგან ოცდახუთი შეებრძოლა სირაკუზელთა ოცდათხუთმეტ ხომალდს დიდ ნავსადგურში. დანარჩენები კი გემსაშენიდან მომავალი ხომალდების წინააღმდეგ გაემართნენ. დიდი ნავსადგურის შესასვლელთან ხანგრძლივი ბრძოლა გაიმართა.

სანამ ათენელები ნაპირიდან თვალს ადევნებდნენ ზღვაზე განვითარებულ მოვლენებს, გილიპოსი თავს დაესხა სიმაგრეებს დასაკმაოდ იოლად აიღო ისინი. სიმაგრის დამცველებმა სატვირთო ხომალდით მიაღწიეს ათენელთა ბანაკს. ზღვაზე თავიდან სირაკუზელებს ჰქონდათ უპირატესობა. მაგრამ შემდგომში მაინც ათენელებმა სძლიეს. სირაკუზელებმა უწესრიგოდ მიაშურეს ნაპირს და თავს უშველეს. ათენელებმა ჩაძირეს სირაკუზელთა თერთმეტი ხომალდი, მათი ეკიპაჟი კი დახოცეს. მხოლოდ სამი ხომალდის ეკიპაჟი აიყვანეს ტყვედ. თვითონ ათენელებმა სამი ხომალდი დაკარგეს. მათ აკრიფეს სირაკუზელთა ხომალდების ნამტვრევები დაკუნძულზე კონცხის პირდაპირ გამარჯვების ნიშანი აღმართეს, შემდეგ კი ბანაკში დაბრუნდნენ.

საზღვაო ბრძოლაში დამარცხების მიუხედავად, სირაკუზელებმა დაიკავეს კონცხი და იქ გამარჯვების ნიშანი აღმართეს. ერთი სიმაგრე მთლიანად დაანგრიეს, ორში კი თავისი გარნიზონი ჩააყენეს. ამ სიმაგრეების აღებისას ბევრი დაიღუპა ან ტყვედ ჩავარდა. აგრეთვე, მათ ხელთ აღმოჩნდა ათენელთა სურსათისა და აღჭურვილობის მარაგი. ეს იყო ათენელთა პირველი დიდი წარუმატებლობა. ლაშქარმა კი მხნეობა დაკარგა.

ამის შემდეგ სირაკუზელებმა თორმეტი ხომალდი გაგზავნეს. ერთმა ელჩები წაიყვანა პელოპონესში, რათა ლაკედემონელებისთვის სასიხარულო ამბავი ჩაეტანათ. დანარჩენები კი იტალიისკენ წავიდნენ, რათა გაენადგურებინათ ტრანსპორტი, რომელსაც ათენელთათვის სურსათი და აღჭურვილობა მოჰქონდა. გარდა ამისა, მათ დაწვეს ათენელთა ფლოტისთვის გამზადებული ხის მასალა. პელოპონესიდან სატვირთო ხომალდმა თესპიელი ჰოპლიტები ჩამოიყვანა. სირაკუზელებმა აიყვანეს ისინი თავიანთ ხომალდებზე და შინ დაბრუნდნენ. ათენელთა გუშაგმა ხელთ იგდო ერთი ხომალდი ეკიპაჟით, დანარჩენებმა კი სირაკუზას შეაფარეს თავი. თავად ნავსადგურში ბრძოლა მოხდა იმ მესერის გამო, რომელიც ზღვის ფსკერზე დაამაგრეს ძველ გემსაშენთან, რათა ღუზაზე მდგომი ხომალდები ათენელთა თავდასხმისგან დაეცვათ. ათენელებმა მიაყენეს მესერს უზარმაზარი სატვირთო ხომალდი (ათი ათასი ტალანტის ტევადობის) ხის კოშკებითა და დამცავი ჯებირებით. მათ თოკები მოაბეს მესერს და მიათრევდნენ მას, ხოლო მყვინთავები წყალქვეშ ხერხავდნენ სამაგრებს. სირაკუზელები მათ ძველი გემსაშენიდან ესროდნენ, ათენელები კი სატვირთო ხომალდიდან. ბოლოს, ათენელებმა მოახერხეს მესერის დიდი ნაწილის დანგრევა. თუმცა, შემდგომში სირაკუზელებმა ახალი ააგეს. მხარეები იგონებდნენ სხვადასხვა საშუალებას, როგორ ევნოთ ერთმანეთისთვის. გამუდმებით ხდებოდა წვრილი შეტაკებები. სირაკუზელებმა გაგზავნეს ელჩები სიცილიის ქვეყნებში და ამცნეს კონცხის დაკავება.ელჩებს უნდა დაერწმუნებინათ სიცილიელები, რომ სირაკუზელებს გამარჯვების იმედი აქვთ, და დახმარება ეთხოვათ.

ამასობაში დემოსთენესმა შეკრიბა სიცილიაში გასამგზავრებელი ფლოტი და ეგინიდან პელოპონესისკენ დაიძრა. ის შეუერთდა ქარიკლესის ესკადრას. სარდლებმა აიყვანეს ხომალდებზე არგოსელი ჰოპლიტები და ლაკონიას დაესხნენ თავს. მათ დაარბიეს ქვეყანა, ხოლო შემდეგ კითერაზე გადასხდნენ. იქ მათ ააგეს სიმაგრე, რათა მოეწყოთ ბაზა ყაჩაღური თავდასხმებისთვის. შემდეგ დემოსთენესი კერკირასკენ გაემართა, რათა იქ მოკავშირეები აეყვანა და სიცილიისკენ წასულიყო. ქარიკლესი კი მშენებლობის დასრულებამდე იქ დარჩა, შემდეგ გარნიზონი დატოვა, თვითონ კი ოცდაათი ხომალდითა და არგოსელებით შინ დაბრუნდა.

იმავე ზაფხულს ათენში ჩამოვიდა ათას სამასი თრაკიელი პელტასტი, რომლებიც დემოსთენესს უნდა გაჰყოლოდნენ სიცილიაზე, მაგრამ მათ დააგვიანდათ და ათენელები ყოყმანობდნენ, ხომ არ გაეგზავნათ ისინი უკან, რადგან დეკელეას ომში მათი შენახვა ძვირი დაუჯდებოდათ. დეკელეა თავიდან პელოპონესელთა მთელმა ლაშქარმა გაამაგრა, შემდეგ კი აქ რიგრიგობით იდგნენ მოკავშირე ქალაქების გარნიზონები. მათი თარეში დიდად ვნებდა ათენელებს. ძველი შემოჭრები არ იყო ხანგრძლივი და არ უშლიდა გლეხებს ხელს, შუალედებში მოსავალი აეღოთ. ახლა კი, როდესაც მტერი ატიკაში გამაგრდა, მას მუდმივი თარეშის საშუალება მიეცა. ათენელები კიდიდ განსაცდელში ჩაცვივდნენ. მათი ქვეყანა თითქმის მთლიანად მტრის ხელში იყო, ოცი ათასი მონა, ძირითადად, ხელოსნები, გაიქცნენ. საქონელი თითქმის მთლიანად გაწყდა.

სურსათი ევბეადან ადრე ოროპოსისა და დეკელეას გავლით შემოდიოდა, ახლა კი ზღვით შემოჰქონდათ სუნიონის გავლით, რის გამოც ის გაძვირდა. ქალაქი სამხედრო ბანაკს დაემსგავსა. მას აკლდა ყველაფერი, რაც ადრე გარედან შემოჰქონდათ. დღისით ათენელები მიწაყრილებთან დარაჯობდნენ, ღამით კი საგუშაგოებსა და კედლებზე. მაგრამ ყველაზე რთული ორი ომის წარმოება იყო. მაინც გასაოცარი იყო მათი სწრაფვა გამარჯვებისკენ. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ თითქმის ალყაში იყვნენ, ათენელები მაინც არ მოეშვნენ სიცილიას და აგრძელებდნენ სირაკუზის ალყას. ეს ქალაქი ზომით ათენს არ ჩამოუვარდებოდა. არავინ ელოდა მათგან ასეთ ძალასა დამხნეობას. ერთნი ფიქრობდნენ, რომ ომი ერთ წელს გასტანდა, სხვანი – ორს ან სამს. ვინ იფიქრებდა, რომ მათ მიწაზე მტრის თარეშის პირობებში, ათენელები ჩვიდმეტწლიანი ომის შემდეგ კიდევ ახალ ომს წამოიწყებდნენ სიცილიასთან – არანაკლებ მძიმეს, ვიდრე პირველი იყო. უზარმაზარმა ხარჯებმა და დეკელეადან მიყენებულმა ზარალმა ათენელები უკიდურეს გასაჭირში ჩაჰყარა. ამ დროს ძველი ხარკის ნაცვლად მათ მოკავშირეებს დაუწესეს გადასახადი – საქონლის ღირებულების ერთი მეოცედი.

ამჯერად, ათენელებმა უკან გაისტუმრეს თრაკიელები, რომლებმაც დემოსთენესს ვერ ჩამოუსწრეს, მათ გამცილებელს კიდაავალეს ისე წასულიყვნენ, რომ გზადაგზა მოწინააღმდეგისთვის რამე ევნოთ. თრაკიელებმა ჯერ ტანაგრის ოლქში ჩაიგდეს ხელთ ნადავლი, შემდეგ კი ბეოტიაში გადასხდნენ და მიკალესოსს დაესხნენ თავს. ღამე მათ ჰერმესის სამლოცველოსთან გაატარეს,ხოლო დღისით ქალაქში შეიჭრნენ. მოსახლეობისთვის თავდასხმა სრულიად მოულოდნელი იყო. ზღვისგან მოშორებით ისინი თავს უსაფრთხოდ გრძნობდნენ და ქალაქი არ იყო გამაგრებული. თრაკიელებმა დაიწყეს სახლებისა და სამლოცველოების ძარცვა და მოსახლეობის უმოწყალო ჟლეტა. თრაკიელები, ველური ბარბაროსების მსგავსად, თუ მათ საფრთხე არ ელის, უაღ რესად სასტიკნი არიან. ახლაც დიდი უბედურება დაატრიალეს. ისინი სკოლასაც კი თავს დაესხნენ და ყველა ბავშვი მოკლეს.

თებელები სასწრაფოდ წამოვიდნენ დასახმარებლად. ისინი ქალაქიდან მოშორებით დაეწივნენ თრაკიელებს და წაართვეს ნადავლი. შემდეგ მტერს სდიეს ზღვამდე, სადაც გემები ელოდებოდათ. ბევრი თრაკიელი ხომალდზე ასვლისას დაიღუპა, რადგან ბარბაროსებმა ცურვა არ იცოდნენ, ხოლო ხომალდები ნაპირისგან მოშორებით იდგა. თავიდან თრაკიელები მოხერხებულად იგერიებდნენ მხედრების თავდასხმას. სულ ორას ორმოცდაათი თრაკიელი დაიღუპა,თებელებმა კი ოცი მებრძოლი და ერთი სარდალი დაკარგეს. მიკალესოსმა მის მოსახლეობასთან შედარებით ელადაში ყველაზე მძიმე დანაკლისი განიცადა.

ამასობაში დემოსთენესმა ააგო სიმაგრე ლაკონიკაში და კერკირასკენ გაცურა. ელეაში ის წააწყდა სატვირთო ხომალდს, რომელსაც კორინთელი ჰოპლიტები მიჰყავდა სიცილიაზე და მოსპო იგი. ხალხი კი გადარჩა და შემდგომში სხვა გემით წავიდა სიცილიისკენ.

დემოსთენესი ჩავიდა ძაკინთოსსა და კეფალენიაში, სადაც მას ჰოპლიტები შეუერთდნენ. მან გამოიძახა მესენიელი ჰოპლიტებიც ნავპაქტოსიდან და აკარნანიაში გადავიდა. აქ დემოსთენესი შეხვდა სიცილიიდან დაბრუნებულ ევრიმედონს, რომლისგანაც იქაური ამბები შეიტყო. აქ მათთან მოვიდა ნავპაქტოსის სარდალი კონონი და დახმარება სთხოვა კორინთელთა ესკადრის წინააღმდეგ ბრძოლაში. დემოსთენესმა და ევრიმედონმა კონონს ათი სწრაფმავალი ხომალდი მისცეს, თვითონ კი ლაშქრის შეგროვებას აგრძელებდნენ.

სირაკუზელმა ელჩებმა კონცხის დაკავების შემდეგ მიიმხრეს სიცილიელთა ქვეყნები და იქ ლაშქარი შეაგროვეს. ნიკიასმა სთხოვა ათენელთა მოკავშირე სიკულებს, არ გაეტარებინათ თავიანთ მიწაზე მოწინააღმდეგეები. სიკულები ჩაუსაფრდნენ სიცილიელებს და მოულოდნელი თავდასხმით რვაას კაცამდე დაუხოცეს. დაიღუპნენელჩებიც, გარდა კორინთელისა. სწორედ მან ჩაიყვანა სირაკუზაში ათას ხუთასი კაცი.

იმ დღეებში სირაკუზელებმა დახმარება მიიღეს კამარინადან:ხუთასი ჰოპლიტი, სამასი შუბის მტყორცნელი და სამასი მშვილდოსანი. გელადან ხუთი ხომალდი, ოთხასი შუბის მტყორცნელი და ორასი მხედარი მოვიდა. მართლაც, თითქმის მთელი სიცილია გაერთიანდა ათენელთა წინააღმდეგ. სირაკუზელები სიკულებისგან მიღებული დარტყმის მერე მოერიდნენ ათენელებზე თავდასხმას.

ამასობაში დემოსთენესმა და ევრიმედონმა შეავსეს ლაშქარი კერკირასა და ხმელეთზე და იტალიაში გადავიდნენ. აქ მათ დაიწყეს მოლაპარაკებები ახალ მოკავშირეთა მოპოვებაზე.

დაახლოებით ამავე დროს პელოპონესელთა ესკადრა ნავპაქტოსთან ათენელთა ესკადრის პირისპირ იდგა. პელოპონესელებმა დამატებითი ხომალდები აღჭურვეს, თითქმის გაუთანაბრდნენ რიცხობრივად ათენელებს და საბრძოლველად გაემზადნენ. მათ გადაინაცვლეს აქაიას სანაპიროსთან, ნახევარმთვარის ფორმის ყურეში. დასახმარებლად მოსულმა სახმელეთო ჯარმა ორივე კონცხი დაიკავა, ხომალდები კი ხაზზე იდგნენ. ათენელთა ოცდაცამეტი ხომალდი ნავპაქტოსიდან გამოემართა მათ წინააღმდეგ. ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა. კორინთელთა სამი ხომალდი ჩაიძირა. ათენელებს, მართალია, ხომალდი არ დაუკარგავთ, მაგრამ შვიდი დაზიანდა კორინთელთა გემებთან შეჯახებისას. სწორედ ამ მიზნით კორინთელებმა მათ უფრო მძლავრი ტარანები დაუყენეს. ბრძოლა უშედეგოდ დასრულდა. ორივე მხარე თავს გამარჯვებულად მიიჩნევდადა ორივემ გამარჯვების ნიშანი აღმართა. კორინთელთათვის დიდი წარმატება ის იყო, რომ არ დამარცხებულან. ათენელები კი მარცხად აღიქვამდნენ იმას, რომ გადამწყვეტ გამარჯვებას ვერ მიაღწიეს.

ამასობაში თურიელებმა ათენელთა დასახმარებლად შვიდასი ჰოპლიტი და სამასი შუბის მტყორცნელი გამოიყვანეს. დემოსთენესი და ევრიმედონი იტალიის სანაპიროს გასწვრივ დაიძრნენ.

ათენელთა ახალი ესკადრის მოახლოება რომ შეიტყვეს, სირაკუზელებმა გადაწყვიტეს, მათ მოსვლამდე ხელმეორედ ეცადათ ბედი. მათ შემოიღეს გარკვეული სიახლეები, რამაც წინა ბრძოლაში მათ ერთგვარი უპირატესობა მისცა. დაამოკლეს ხომალდების წინა ნაწილი, რითაც უფრო გააძლიერეს იგი. აქ მოათავსეს მსხვილი ძელი – ტარანი, რომელიც საგანგებოდ დაამაგრეს ხომალდის გვერდებზე განლაგებულ ექვსი წყრთის სიგრძის სამაგრებზე. ამგვარი მოწყობილობა ჰქონდათ კორინთელთა ხომალდებსაც ნავპაქტოსთან ბრძოლაში. სირაკუზელები ამგვარად ფიქრობდნენ უპირატესობის მოპოვებას ათენელთა ხომალდებზე, რომლებსაც უფრო თხელი წინა ნაწილი ჰქონდათ. ის გათვლილი იყო იერიშზე გვერდიდან, მაგრამ ვერ გაუძლებდა პირდაპირ შეჯახებას. ნავსადგურის სივიწროვეში ათენელებს არ უნდა ჰქონოდათ მოწინააღმდეგის მწყობრისგარღვევის ან გვერდიდან იერიშის მიტანის საშუალება. ამიტომ სირაკუზელებს შეეძლოთ გამოეყენებინათ ის ილეთი, რომელიც ადრე მესაჭეს შეცდომად ჩაეთვლებოდა – პირდაპირი შეჯახება. ნაპირთან მისასვლელიც ათენელებს მხოლოდ ერთ ვიწრო ზოლში ჰქონდათ, რაც მათი რიგების არევასა და ხომალდების შეჯახებას გამოიწვევდა. ათენელებს სწორედ ეს ვნებდა ყველაზე მეტად საზღვაო ბრძოლებში.

ასეთი გეგმა შეიმუშავეს სირაკუზელებმა. პირველი წარმატებით გათამამებულებმა გადაწყვიტეს ერთდროულად მიეტანათ იერიში ზღვიდან და ხმელეთიდან. გილიპოსი ქალაქიდან უფრო ადრე გამოვიდა და ათენელთა კედლისკენ გაემართა. მეორე მხრიდან დაიძრნენ სირაკუზელთა ჰოპლიტები, მხედრები და მსუბუქად შეიარაღებული ქვეითები. შემდეგ სირაკუზელთა ესკადრაც გავიდა ზღვაში. ათენელები ჯერ მხოლოდ ხმელეთიდან ელოდნენ თავდასხმას. ესკადრის გამოჩენამ შეაშფოთა ისინი. ერთნი კედლების დასაცავად გავიდნენ, სხვები კი სასწრაფოდ ხომალდებზე დასხდნენ და მტერს შეეგებნენ. ათენელებს სამოცდათხუთმეტი ხომალდი ჰყავდათ სირაკუზელთა ოთხმოცი ხომალდის წინააღმდეგ.

მთელ დღეს მოწინააღმდეგეები მანევრირებდნენ, მაგრამ ვერცერთმა მხარემ ვერ მიაღწია რამე უპირატესობას და ერთმანეთს გაერიდნენ. უკან დაიხია სირაკუზელთა სახმელეთო ჯარმაც. მეორე დღეს სირაკუზელებს მშვიდად ეჭირათ თავი. ნიკიასი ახალ იერიშს ელოდა და ზომები მიიღო. მან ბრძანა დაზიანებული ხომალდების შეკეთება, ხოლო ზღვის ფსკერზე ჩარჭობილ დამცავ მესერთან დიდი სატვირთო გემები დააყენა, რათა მის ხომალდებს საიმედო თავშესაფარი ჰქონოდათ.

მომდევნო დღეს დილაადრიან სირაკუზელებმა კვლავ წამოიწყეს იერიში ზღვიდან და ხმელეთიდან. ორივე ესკადრა კვლავ პირისპირ მანევრირებდა. მაშინ კორინთელმა არისტონმა ასეთ ხერხს მიმართა. მისი რჩევით, ქალაქიდან სანაპიროზე გადმოიტანეს ბაზრობა. სირაკუზელები უკან გაბრუნდნენ, ნაპირზე გადავიდნენ და სადილად დასხდნენ. ათენელებმა იფიქრეს, მტერი ქალაქში დაბრუნდა და ბრძოლის განახლებას აღარ აპირებსო და ისინიც ნაპირზე გადმოვიდნენ, მშვიდად მიხედეს საკუთარ საქმეებს. უეცრად სირაკუზელები ისევ დასხდნენ ხომალდებზე და იერიშზე გადავიდნენ. ათენელები უწესრიგოდ მიაწყდნენ თავიანთ გემებს, ბევრმა სადილობაც ვერ მოასწრო. ერთხანს მოწინააღმდეგეები კვლავ პირისპირ იდგნენ, ბოლოს ათენელებმა დამქანცველ მოლოდინს შეტევა ამჯობინეს. სირაკუზელთა ტარანებმა და ხომალდებზე მყოფმა შუბის მტყორცნელებმა დიდი ზიანი მიაყენეს ათენელთა ფლოტს.

ათენელები დამარცხდნენ და უკუიქცნენ. სირაკუზელებმა მათ სატვირთო ხომალდებამდე სდიეს. აქ მათ გზა გადაუღობეს ხომალდებიდან ჩამოშვებულმა დელფინებიანმა ძელებმა. დევნით გართულ სირაკუზელთა ორი ხომალდი აქ დაიღუპა, ერთი ეკიპაჟითურთ ტყვედ ჩავარდა. სირაკუზელებმა კი ათენელების შვიდი ხომალდი ჩაძირეს და ბევრი დააზიანეს. მათი ეკიპაჟები კი დაიღუპა ან ტყვედ ჩავარდა. სირაკუზელები უკან გაბრუნდნენ და ორივე საზღვაო ბრძოლის აღსანიშნავად გამარჯვების ნიშანი აღმართეს. ამ დღიდან მათ ირწმუნეს საკუთარი უპირატესობა და გამარჯვების იმედი გაუჩნდათ.

სირაკუზელები ახალ თავდასხმას ამზადებდნენ, როდესაც დემოსთენესი და ევრიმედონი ჩამოვიდნენ ათენელთა მაშველი ძალებით: სამოცდაცამეტი ხომალდი, ხუთი ათასი ჰოპლიტი, მრავალი შუბის მტყორცნელი, მეშურდულე და მშვილდოსანი. სირაკუზელები და მათი მოკავშირეები გააოგნა ათენელთა ხილვამ. მიუხედავად დეკელეაშიმტრის დგომისა, ათენელებმა სიცილიაზე გაგზავნეს ახალი ლაშქარი, რომელიც პირველს არ ჩამოუვარდებოდა. მათი ძალა უსაზღვრო ჩანდა. ნიკიასის მეომრები კი გაამხნევა მაშველის მოსვლამ.

დემოსთენესმა გადაწყვიტა, დრო არ დაეკარგა და ნიკიასის დღეში არ აღმოჩენილიყო. მართლაც, ნიკიასი თავიდან შიშის ზარს სცემდა მტერს, მაგრამ რადგან მან არ შეუტია სირაკუზას და კატანაში დაიზამთრა, შიშიც გაქრა. ამასობაში გილიპოსმა პელოპონესიდან ჩამოიყვანა ლაშქარი, რომელსაც სირაკუზელები არც კი უხმობდნენ, ნიკიასი რომ მათ დაუყოვნებლივ დასხმოდა თავს. ისინი მხოლოდმაშინ მიხვდებოდნენ, რა დაემართათ, როდესაც საალყო კედლით იქნებოდნენ მოჭრილნი, და მაშინ ვეღარც პელოპონესელთა დახმარება გამოადგებოდათ. ასე ფიქრობდა დემოსთენესი და ჩქარობდა ესარგებლა იმ შთაბეჭდილებით, მისმა ჩამოსვლამ მტერზე რომ მოახდინა. იგი ხედავდა, რომ ქალაქის ალყის დასრულებას სირაკუზელთა შვეული კედელი უშლიდა. იგი ერთ რიგად იყო ნაგები დათუ ეპიპოლაზე ასასვლელსა და იქ მდებარე ბანაკს დაეუფლებოდა, კედელსაც იოლად აიღებდა. საჭირო იყო გადამწყვეტი მოქმედებები, რაც ომს წერტილს დაუსვამდა. წარმატების შემდეგ იგი სირაკუზას აიღებდა, ხოლო მარცხის შემთხვევაში უკან დაბრუნდებოდა, რათა ათენელთა ძალები და სახსრები ტყუილუბრალოდ არ ეფლანგა.

ათენელები ბანაკიდან გამოვიდნენ და სირაკუზის სანახების რბევა დაიწყეს. შემდეგ დემოსთენესი შეეცადა კედელი საალყო მანქანების გამოყენებით აეღო. მაგრამ, როგორც კი მანქანები კედელს მიაყენეს, კედლის დამცველებმა მათ ცეცხლი წაუკიდეს და იერიშიც მოიგერიეს. მაშინ დემოსთენესმა ნიკიასისა და სხვა სარდლების თანხმობით ეპიპოლაზე თავდასხმის გეგმა შეიმუშავა. დღისით ეპიპოლაზე ასვლა შეუძლებელი ჩანდა. მან მოამარაგა მეომრები ხუთი დღის საგზლით, ხელოსნებით და აღჭურვილობით,რაც წარმატების შემთხვევაში საალყო სამუშაოებისთვის დასჭირდებოდათ, და პირველი ძილის დროს ეპიპოლასკენ დაიძრა, ნიკიასი კი ბანაკში დარჩა. ათენელები შეუმჩნევლად ავიდნენ ეპიპოლაზე, პირველი სიმაგრე ხელთ იგდეს და გარნიზონის ნაწილი ამოხოცეს. დანარჩენები გაიქცნენ სამ დანარჩენ სიმაგრეში და სირაკუზელებს მტრის მოახლოება ამცნეს. ყველაზე ახლოს სირაკუზელთა ექვსასკაციანი რაზმი იდგა. იგი მაშინვე გამოემართა დემოსთენესთან შესახვედრად. მედგარი წინააღმდეგობის მიუხედავად, დემოსთენესმა დაამარცხა და უკუაგდო ისინი და წინსვლა განაგრძო. მას არ სურდა ხელსაყრელი შესაძლებლობის გაშვება და უნდოდა ბოლომდე მიეყვანა საქმე. ათენელთა დანარჩენმა რაზმებმაც წინ წაიწიეს, აიღეს კედელი და მიწაყრილის დანგრევას შეუდგნენ. სირაკუზელებმა, მათმა მოკავშირეებმა და გილიპოსმა სასაწრაფოდ დაძრეს საკუთარი რაზმები საშველად. მაგრამ მათ ვერ მოასწრეს სწორად დაწყობა. ათენელებმა ისინი უკუაგდეს და უწესრიგოდ დაედევნენ, თავი უკვე გამარჯვებული ეგონათ. ბეოტიელებმა პირველებმა გაუწიეს მათ წინააღმდეგობა და გააქციეს ისინი.

ახლა უკვე ათენელები აირივნენ. მათ არ შეეძლოთ მიმდინარე მოვლენების შესახებ ზუსტი ცნობების მიღება. დღისითაც კი, როდესაც ყველაფერი უკეთ ჩანს, ფრონტის ერთ მონაკვეთზე ხშირად არ იციან, რა ხდება სხვაგან. როგორღა უნდა წარმოედგინათ ბრძოლის სურათი ორი დიდი ლაშქრის ღამით შერკინებისა? მართალია, მთვარიანი ღამე იყო და რაღაცის დანახვა ხერხდებოდა, მაგრამ ჭირდა მტრისა და მოყვრის გარჩევა – მხარეები არც აღჭურვილობით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან და არც ენით. ათენელთა ზოგი რაზმი იმარჯვებდა, ზოგიც მარცხდებოდა, ლაშქრის დიდი ნაწილი კი ახალი ასული იყო სიმაღლეზე და ვერ ხვდებოდა, საით წასულიყო. საშინელ ხმაურში მეომრები უყვიროდნენ ერთმანეთს, მაგრამ ვერაფერს აგებინებდნენ. ათენელების ძირითადი ძალების სიმაღლეზე ასვლის დროს მათი ავანგარდი უკვე უკუიქცა. მათ კიყველა, ვინც მათკენ მოდიოდა, მტერი ეგონათ და პაროლს ეკითხებოდნენ. ამგვარად, პაროლი მალე მტრისთვისაც ცნობილი გახდა. დიდად ავნო მათ პეანმა, რომელსაც ორივე მხარეს მყოფი დორიელები ერთნაირად მღეროდნენ. არეულობაში არა მარტო მოკავშირეები, მეგობრები და ახლობლებიც აღმართავდნენ ერთმანეთზე იარაღს. ეპიპოლადან ჩამოსასვლელი ციცაბო იყო. ამიტომ გაქცეულებმა იარაღი დაყარეს და ჩამოსვლისას ბევრი დაიმტვრა და დასახიჩრდა. ქვემოთ ჩამოსულთაგან ძველმა მებრძოლებმა იოლად მიაგნეს ბანაკს, ახალჩამოსულებს კი გზა დაებნათ და სირაკუზელი მხედრების მსხვერპლნი გახდნენ.

მეორე დღეს სირაკუზელებმა გამარჯვების ორი ნიშანი აღმართეს: ეპიპოლას მწვერვალზე მიმავალ გზაზე და იქ, სადაც ბეოტიელებმა პირველად შეაჩერეს ათენელები. დაზავების შემდეგ ათენლებმა დაღუპულთა ცხედრები დაიბრუნეს. ციცაბოზე დაშვებისას მებრძოლებმა ფარები დაყარეს და მათი ფარები მოწინააღმდეგემ ჩაიგდო ხელში. მებრძოლთა ნაწილი დაიღუპა, ნაწილი კი გადარჩა.

გამარჯვებამ სირაკუზელები გაამხნევა. მათ კვლავ ელჩები დააგზავნეს მთელ სიცილიაზე მაშველი ძალის სათხოვნელად. ეპიპოლაზე წარმატების შემდეგ მათ ათენელთა ბანაკზე იერიში განიზრახეს.

ამასობაში ათენელი სარდლები შექმნილი ვითარების შესახებ ბჭობდნენ. ისინი ხედავდნენ, რომ მათი წამოწყებები უშედეგო იყო, ხოლო მეომრები დათრგუნა სიცილიაზე ხანგრძლივმა ყოფნამ. ბევრი ავად გახდა, რადგან ჭაობიანი ადგილის მახლობლად იყვნენ დაბანაკებული. მეომრებს თავიანთი მდგომარეობა უიმედოდ მიაჩნდათ. ამიტომ დემოსთენესი ფიქრობდა, რომ აღარ ღირდა სიცილიაზე დარჩენა. ეპიპოლაზე მარცხის შემდეგ უმჯობესი იყო დროული გაბრუნება, სანამ ამინდი ზღვაოსნობას ხელს არ უშლიდა, ხოლო ახალი ესკადრა ზღვაზე უპირატესობას უზრუნველყოფდა. მისი აზრით, სახელმწიფოს უნდა ებრძოლა საკუთარ მიწაზე შეჭრილ მტერთან და არა სირაკუზელებთან, რომელთა დამარცხებაც ახლა ძალიან ძნელი გახდა. უგუნურება იყო აგრეთვე უსასრულოალყაზე სახელმწიფო სახსრების ხარჯვა.

ნიკიასიც მდგომარეობას უაღრესად სახიფათოდ მიიჩნევდა, მაგრამ არ უნდოდა საჯაროდ ათენელთა სისუსტეზე ლაპარაკი, რათა ამის შესახებ მოწინააღმდეგეს არ შეეტყო. თუ ისინი უკან დახევას გადაწყვეტდნენ, ამ გეგმის შეუმჩნევლად გატარება ძნელი იქნებოდა. გარდა ამისა, ნიკიასს სხვა სარდლებზე უკეთ ჰქონდა წარმოდგენილი მტრის მდგომარეობა და მას ჯერ კიდევ ჰქონდა იმის იმედი, რომ ალყის გონივრულად გაგრძელების შემთხვევაში მტერი უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, ვიდრე ათენელები. მართლაც, როდესაც მტერს ფული გაუთავდებოდა, ათენელები შეძლებდნენ მათი წინააღმდეგობის დაძლევას, მით უმეტეს, რომ ზღვაზე ახლაც ათენელები ბატონობდნენ. და ბოლოს, თვით სირაკუზაში იყო ხალხი, ვისაც უნდოდა ქალაქის ათენელთათვის ჩაბარება. ისინი სთხოვდნენ ნიკიასს, არ მოეხსნა ალყა. აქედან გამომდინარე, ნიკიასი მერყეობდა. თავის ოფიციალურ გამოსვლაში კი უკან დახევას მხარი არ დაუჭირა. ის ამბობდა, რომ მათ არავინ აპატიებდა უნებართვოდ უკან დაბრუნებას. ათენში მათ განაჩენს გამოუტანდა ხალხი, ვინც არ ყოფილა სიცილიაში და წარმოდგენა არ ჰქონდა საქმის ვითარებაზე. ნიკიასს ერჩია ბრძოლაში დაღუპულიყო, ვიდრე შინ უსამართლო ბრალდებათა მსხვერპლი გამხდარიყო. ამასთან, მან იცოდა, რომ სირაკუზელთა მდგომარეობა მძიმე იყო. მათ უამრავი ფული დაეხარჯათ დაქირავებულ მეომრებზე, ქალაქის გამაგრებასა და ფლოტის შენახვაზე. ორი ათასი ტალანტი მათ უკვე დახარჯული ჰქონდათ და ახლა დიდი ვალების აღება მოუწევდათ, რადგან თუ ხარჯებს შეზღუდავდნენ, სწრაფად დამარცხდებოდნენ.

დემოსთენესი ალყის გაგრძელების წინააღმდეგი იყო და ფიქრობდა, რომ თუ ლაშქარი ათენელთა ნებართვის გარეშე ვერ დატოვებდა სიცილიას, უმჯობესი იქნებოდა ბანაკი თაფსოსში ან კატანაში გადაეტანათ. იქიდან ათენელები მარბიელი ლაშქრობებით ააოხრებდნენ ქვეყანას და მტერს დიდად ავნებდნენ, თვითონ კი სურსათს მოიპოვებდნენ. საზღვაო ბრძოლა, დემოსთენესის აზრით, უნდა გაემართათ არა ვიწრო ადგილას, მოწინააღმდეგისთვის ხელსაყრელ პირობებში, არამედ ღია ზღვაში, სადაც ათენელების საზღვაო ხელოვნება და მანევრის თავისუფლება მათ უპირატესობას მისცემდა. ამდენად, ადგილზე დგომა დემოსთენესს შეცდომად მიაჩნდა. იგი ითხოვდა, რაც შეიძლება სწრაფად დაძრულიყვნენ იქიდან. ევრიმედონიც იზიარებდა დემოსთენესის აზრს, მაგრამ სარდლები ყოყმანობდნენ. გადაწყვეტილება ვერ მიიღეს და, შესაბამისად, ადგილზე დარჩნენ.

ამასობაში გილიპოსი დაბრუნდა მაშველი ძალით. პელოპონესელი ჰოპლიტები ქარიშხალმა ლიბიის ნაპირებთან მირეკა და მხოლოდ ახლა მოვიდნენ ისინი სელიუნტში. ჰოპლიტების ჩამოსვლის მერე სირაკუზელებმა კვლავ დაიწყეს ათენელებზე იერიშისთვის მზადება ზღვიდან და ხმელეთიდან. ათენელმა სარდლებმა დაინახეს, რომ მოწინააღმდეგემ მაშველი ძალა მიიღო, ხოლო მათი მდგომრეობა უარესდებოდა ჯარში გავრცელებული ავადმოყოფობების გამო. მათ ინანეს, რომ ადრე არ წავიდნენ სირაკუზიდან და დაიწყეს სამზადისი იმისთვის, რომ შეუმჩნევლად დაეტოვებინათ ბანაკი. როდესაც ყველაფერი მზად იყო, მთვარე დაბნელდა და ათენელთა უმრავლესობამ სარდლებს გამგზავრების გადადება მოსთხოვა. ნიკიასიც, რომელიც ამგვარ ნიშნებს დიდ ყურადღებას აქცევდა, წინააღმდეგი იყო დაძრულიყო ადგილიდან, სანამ სამჯერ ცხრა დღე არ გავიდოდა. ათენელები სირაკუზასთან დარჩნენ.

სირაკუზელებმა შეიტყვეს ათენელთა გადაწყვეტილების შესახებ და გამხნევდნენ: რადგან ათენელებს წასვლა გადაეწყვიტათ, ე.ი. თავის მდგომარეობას ცუდად აფასებდნენ. ამასთან, სირკუზელებს არ უნდოდათ, რომ ათენელები სიცილიის სხვა ადგილას დამკვიდრებულიყვნენ, და გადამწყვეტი ბრძოლის გამართვა ჩაიფიქრეს. მათ ზღვაში გაიყვანეს ხომალდები და სასწავლო მანევრებს ატარებდნენ. ხელსაყრელ დროს კი იერიში მიიტანეს ათენელთა სიმაგრეზე. მათ წინააღმდეგ ჰოპლიტებისა და მხედრების პატარა რაზმი გამოვიდა. სირაკუზელებმა ისინი უკუაქციეს. ბრძოლაში ათენელებმა სამოცდაათი ცხენი და რამდენიმე ჰოპლიტი დაკარგეს.

იმ დღეს სირაკუზელებმა უკან დაიხიეს. მეორე დღეს მათი ესკადრა, რომელიც სამოცდათექვსმეტი ხომალდისგან შედგებოდა, ზღვაში გავიდა. ამავე დროს ათენელთა სიმაგრეს სახმელეთო ჯარმა შეუტია. ათენელთა ოთხმოცდაექვსი ხომალდი მოწინააღმდეგესთან შესახვედრად დაიძრა. ათენელთა ესკადრის მარჯვენა ფრთაზე ევრიმედონი შეეცადა შემოვლითი მანევრის განხორციელებას, მაგრამ ძალიან გაჭიმა საბრძოლო ხაზი და ნაპირს მიუახლოვდა. სირაკუზელებმა ათენელთა ცენტრი დაამარცხეს, შემდეგ კი ევრიმედონი ნავსადგურის სიღრმეში მოიმწყვდიეს. თვითონ ევრიმედონი დაიღუპა, მისი ხომალდები კი განადგურდა. მტერი დაედევნა ათენის ესკადრას და ცდილობდა იგი ნაპირისკენ მიერეკა.

გილიპოსმა შენიშნა, რომ მტრის ხომალდები მარცხდებოდნენ და ნაპირზე იმ ადგილს უახლოვდებოდნენ, რომელიც ათენელებს არ ჰქონდათ დაკავებული. ის დაიძრა იმ ნაპირისკენ, რათა მოწინააღმდეგე გადმოსხდომისას გაენადგურებინა. ტირსენებმა, რომლებიც ათენელთა პოზიციას იცავდნენ, შეამჩნიეს, რომ მოწინააღმდეგე უწესრიგოდ უტევდა და დასახმარებლად მივიდნენ. ისინი დაესხნენ მოწინააღმდეგის მეწინავე რაზმს და ჭაობში შერეკეს. თავიანთი ხომალდების ბედით შეწუხებული ათენელებიც დაიძრნენ სირაკუზელთა წინააღმდეგ. მათ გაიმარჯვეს ხელჩართულ ბრძოლაში, უკუაქციეს მტერი და დევნისას ჰოპლიტები დაუხოცეს. ათენელებმა გადაარჩინეს ესკადრის დიდი ნაწილი, მაგრამ თვრამეტი ხომალდითავის ეკიპაჟიანად დაიღუპა. ათენელთა ხომალდების მოსასპობად სირაკუზელებმა ასეთ ხერხს მიმართეს: ძველი სატვირთო ხომალდი ფიჩხითა და ფისიანი ჩირაღდნებით გაავსეს, ცეცხლი მოუკიდეს და ქარს გაატანეს, რომელიც ათენელებისკენ უბერავდა. ათენელებმა დროულად მიმართეს საჭირო ზომებს და ეს საფრთხე თავიდან აიცილეს.

ამის მერე სირაკუზელებმა აღმართეს გამარჯვების ნიშანი, რადგან საზღვაო ბრძოლა მოიგეს და ათენელთა სიმაგრესთან ჰოპლიტების რაზმი დაამარცხეს. ათენელებმაც აღმართეს გამარჯვების ნიშანი, რადგან ხმელეთზე სირაკუზელთა უკუგდება მოახერხეს.

ათენელები გატეხა დემოსთენესის ესკადრის მარცხმა. საბრძოლო ბედის შემობრუნებამ მათ იმედი გაუცრუა. მაგრამ კიდევ უფრო დიდი იყო სინანული ამ ლაშქრობის გამო. სიცილიაზე ათენელები პირველად დაუპირისპირდნენ მსგავსი კულტურისა და სახელმწიფო წყობის ქვეყნებს. მათ ვერც განხეთქილება შეიტანეს ამ ქვეყნებში და ვერც სამხედრო ძალით დათრგუნეს ისინი. მათი გათვლები არ გამართლდა და, თუ ადრეც ხვდებოდნენ თავისი მდგომარეობის სირთულეს, ზღვაზე მარცხის შემდეგ ის კატასტროფული აღმოჩნდა.

გამარჯვების შემდეგ სირაკუზელები თამამად დაცურავდნენ ნავსადგურის გასწვრივ და კეტავდნენ მის გასასვლელს. ახლა ისინი საკუთარ გადარჩენაზე კი აღარ ფიქრობდნენ, არამედ იმაზე, რომ ათენელთათვის მოესპოთ გადარჩენის იმედი. ისინი თავიანთ მდგომარეობას სრულიად სამართლიანად ხელსაყრელად მიიჩნევდნენ და დარწმუნებულები იყვნენ, რომ საბოლოოდ დაამარცხებდნენ ათენელებს ხმელეთსა და ზღვაზე, რაც ელინთა თვალში უდიდესი გმირობა იქნებოდა. მაშინ სხვა ელინებიც მოიპოვებდნენ თავისუფლებას, ხოლო სირაკუზელები – დიდებას.

სირაკუზასთან ბრძოლაში, ამა თუ იმ მხარეს, თითქმის მთელი ელადა მონაწილეობდა. მაგრამ ერთ მხარეს ათენელები წარმოადგენდნენ წამყვან ძალას, მეორე მხარეს კი – სირაკუზელები. სირაკუზელებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ საბოლოოდ დაამარცხებდნენ ათენელებს და არ მისცემდნენ მათ არც ზღვით და არც ხმელეთით უკან დახევის საშუალებას. მათ გადაკეტეს დიდი ნავსადგურიდან გასასვლელი, რომელიც დაახლოებით რვა სტადიონი სიგანისა იყო. გარდა ამისა, მათ მიიღეს სხვა ზომები იმ შემთხვევისათვის, თუ ათენელები კიდევ გაბედავდნენ ზღვაზე ბრძოლას.

ათენელი სარდლები კვლავ სათათბიროდ შეიკრიბნენ. მათ გადაწყვიტეს დაეტოვებინათ ზემო სიმაგრეები და გაემაგრებინათ რაც შეიძლება მცირე სივრცე თავიანთი გემების მახლობლად, ავადმყოფებისა და აღჭურვილობისათვის. ჯარის დანარჩენი ნაწილი უნდა ასულიყო გემებზე და გადამწყვეტი ბრძოლა გაემართა. გამარჯვების შემთხვევაში კატანას მიმართულებით წავიდოდნენ, ხოლო თუ დამარცხდებოდნენ, ხომალდებს დაწვავდნენ და ეცდებოდნენ ხმელეთზე გაეკაფათ გზა იმ მიმართულებით, სადაც ბარბაროსი ან ელინი მეგობრები ეგულებოდათ. ასეც მოიქცნენ. მათ ფარულადდატოვეს ზემო სიმაგრეები და ხომალდებზე დასხეს ხალხი. სულ ას ათი ხომალდი აღჭურვეს. ნიკიასმა გამამხნევებელი სიტყვით მიმართა მებრძოლებს:

„თანამებრძოლებო, ჩვენ მივდივართ ბრძოლაში, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის თანაბრად არის სიცოცხლისთვის და სამშობლოსთვის ბრძოლა. თუ გავიმარჯვებთ, ზოგი ჩვენგანი მაინც იხილავს სამშობლოს. ამიტომ ნუ დავღონდებით ახალბედებივით, ვისთვისაც პირველი მარცხის შემდეგ შიში თვითონ იქცევა უბედურებად. უნდა გახსოვდეთ, რომ ომში მოულოდნელობები ხდება. იმიმედით, რომ ბედი ისევ გაგვიღიმებს, უნდა წავიდეთ საბრძოლველად და ვიომოთ ისე, როგორც ჩვენს დიდ ლაშქარს შეშვენის. ჩვენ მივიღეთ ყველა ზომა, რომლებიც, ჩვენი აზრით, გამოგვადგება იმ მოწყობილობათა წინააღმდეგ, რითიც მტერმა დაგვამარცხა. ჩვენ ხომალდებზე გვყავს მშვილდოსნები და შუბის მტყორცნელები. ღია ზღვაში რომ გვიწევდეს ბრძოლა, რასაკვირველია, ამდენ ხალხს არ ავიყვანდით, რადგან გადატვირთული გემი ცუდად მანევრირებს. მაგრამ ახლა ჩვენ ხომალდებიდან ისე უნდა ვიბრძოლოთ, თითქოს ხმელეთზე ვართ. ჩვენ მოვიგონეთ სხვადასხვა მოწყობილობა, რითიც ხომალდების ბრძოლისუნარიანობა გავზარდეთ. ჩვენ გვაქვს სააბორდაჟო კაუჭები რკინის თათებით, რომლებიც შეჯახების მერე მოწინააღმდეგის ხომალდს აღარ გაუშვებს. რადგან ჩვენ ხომალდებზე ისე უნდა ვიბრძოლოთ, როგორც ხმელეთზე, ცხადია, არც თვითონ უნდა დავიხიოთ უკან და არც მტერი გავუშვათ, მით უფრო, რომ სანაპირო თითქმის მთლიანად მტრის ხელშია.

ეს უნდა გვახსოვდეს და არ მივცეთ მათ საშუალება ნაპირთან მიგვიმწყვდიონ. მოწინააღმდეგის ხომალდს რომ გადაებმებით, მხნედ უნდა იდგეთ, სანამ მათ ჰოპლიტებს გემბანიდან არ გადაყრით. ამას პირველ რიგში ჰოპლიტებს ვავალებ, რადგან ეს არის გემბანზე მყოფი მეომრების ძირითადი ამოცანა. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ სახმელეთო ძალებით. მენიჩბეებს კი ვთხოვ, ნუ დააღონებთ წარსული წარუმატებლობები. ჩვენი გემები ახლა უკეთ არის მოწყობილი და გემებიც ახლა უფრო მეტი გვყავს.

ათენელებო, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გემსაშენებში აღარ გვყავს ამგვარი ხომალდები და თქვენ ვეღარ შეგცვლიან ახალგაზრდა ჰოპლიტები. თუ თქვენ ვერ გაიმარჯვებთ, თქვენი აქაური მტრები მაშინვე ელადას მიაშურებენ და თქვენი თანამემამულეები ვეღარ მოახერხებენ მტრის მოგერიებას. ამის შედეგად თქვენ სირაკუზელთა ხელში აღმოჩნდებით, ხოლო თქვენი თანამემამულეები – ლაკედემონელთა ბატონობის ქვეშ. ამ ბრძოლაში წყდება თქვენი და მათი ბედი. ამიტომ მაგრად იდექით და გახსოვდეთ, რომ თითოეული თქვენგანი წარმოადგენს ფლოტსაც, ლაშქარსაც და თქვენზე დგას ათენის სახელმწიფო. თუ რომელიმე თქვენგანი რამე ცოდნით ან ღირსებით გამოირჩევა, ახლა გამოავლინოს ეს. უკეთესი საშუალება მას აღარ ექნება“.

ნიკიასმა ამ სიტყვების შემდეგ ბრძანა ხომალდებზე ასვლა. გილიპოსსა და სირაკუზელებს კარგად ესმოდათ ათენელთა სურვილი.გარდა ამისა, სირაკუზელებმა წინასწარ გაიგეს რკინის კაუჭების შესახებ და მათ საწინააღმდეგო ზომები მიიღეს: ხომალდების წინა ნაწილსა და გვერდებს ტყავი გადააკრეს, რომ კაუჭი მასზე გასრიალებულიყო და გემს ვერ ჩასჭიდებოდა. როდესაც ყველაფერი მზად იყო, გილიპოსმა და სხვა სარდლებმა თავიანთი მეომრები გაამხნევეს:

„თქვენი საგმირო საქმეებისა და მომავალი ბრძოლის შესახებ, რომელიც ახალ დიდებას მოგვიტანს, თქვენ რასაკვირველია იცით, მაგრამ მაინც შეგახსენებთ. ათენელები მოვიდნენ აქ, რათა დაიმორჩილონ სიცილია, შემდეგ პელოპონესი და ბოლოს მთელი ელადა.მათ უკვე მიაღწიეს უდიდეს ძლიერებას ელინურ სახელმწიფოთა შორის. თქვენ პირველები იყავით, ვინც ისინი ზღვაზე დაამარცხა. თქვენ, ცხადია, ახლაც გაიმარჯვებთ, რადგან, როდესაც ადამიანი იქ მარცხდება, სადაც განსაკუთრებით ძლიერი და გამოცდილია, ის თავის ძალებში რწმენასა და მხნეობას კარგავს. ასეთ დღეში არიან ახლა ათენელები. თქვენ კი გაბედეთ მათთან ბრძოლა, როდესაც ჯერ კიდევ გამოუცდელები იყავით. ახლა ძლევამოსილები გახდით და სრული საფუძველი გაქვთ, რომ კიდევ გაიმარჯვოთ. რაც შეეხება მათ მცდელობას, მიიღონ ჩვენს საბრძოლო მოწყობილობათა საპირისპირო ზომები, ის მათ წარმატებას არ მოუტანს. ჩვენ კარგად ვიცნობთ ამ საშუალებებს და მზად ვართ. ათენელებს ჩვეულების საწინააღმდეგოდ ბევრი ჰოპლიტი და სხვა სახმელეთო მებრძოლი ჰყავთ გემებზე. როგორ აიცილებენ გადატვირთვით გამოწვეულ საფრთხესა და არეულობას ამ უჩვეულო სიტუაციაში? მათი ხომალდების რიცხობრივი უპირატესობა მათ არ უშველის, რადგან ვიწრო ადგილას ხომალდების სიმრავლე მანევრებს აფერხებს. ჩვენ კი ჩვენი მოწყობილობების მეშვეობით მტერს დიდ ზიანს მოვუტანთ. დაბოლოს, გეტყვით ნამდვილ მიზეზს, რის გამოც ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ. გამოუვალმა მდგომარეობამ ათენელები სასოწარკვეთამდე მიიყვანა. ისინი უფრო მეტად იღბალს ენდობიან, ვიდრე საკუთარ მზადყოფნას. მათ სურთ გააღწიონ აქედან ზღვით ან ხმელეთით, რადგან იციან, რომ ამაზე უარესი აღარაფერი მოუვათ.

მაშ, შევუტიოთ ჩვენს მოსისხლე მტრებს, რომლებიც ბედმაჩვენ წინაშე დააჩოქა. გახსოვდეთ, ადამიანს აქვს უფლება შურიიძიოს მტერზე და ამ ტკბილ შურისძიებას ჩვენ მალე აღვასრულებთ. ხოლო ათენელები რომ ჩვენი დაუძინებელი მტრები არიან, თქვენ კარგად იცით. ისინი აქ ჩვენს დასამონებლად მოვიდნენ. ამიტომ არავითარი დანდობა მტერს. მათ რომ დავამარცხებთ, მთელ სიცილიას თავისუფლებას შევუნარჩუნებთ. ეს მშვენიერი ჯილდოა გამარჯვებისთვის“.

ამ სიტყვების მერე გილიპოსმა და სირაკუზელმა სარდლებმა ლაშქარი ხომალდებზე დასხეს. ბოლო წუთს ნიკიასმა ხიფათის მოახლოება იგრძნო და დაიბნა. მას ეჩვენებოდა, რომ ყველაფერი არ იყო მზად და ხალხისთვის კიდევ რაღაცის თქმა უნდოდა. მან კვლავ შეკრიბა ხომალდების მეთაურები და მათ სათითაოდ მიმართა, გაიხსენა მათი ძველი დამსახურებები და მოუწოდა სიმამაცისკენ. ამის შემდეგ ნიკიასმა სახმელეთო ჯარი სანაპიროსკენ დაძრა და საბრძოლო ხაზი მაქსიმალურად გაჭიმა, რათა ხომალდებზე მყოფნი გაემხნევებინა. დემოსთენესმა კი სადგომი დატოვა და ნავსადგურიდან გასასვლელისკენ გაცურა.

სირაკუზელებსა და მათ მოკავშირეებს დაახლოებით იმდენივე ხომალდი ჰყავდათ, რამდენიც ადრე. მათი ნაწილი ნავსადგურიდანგასასვლელის ჩასაკეტად დააყენეს, დანარჩენები კი მთელ ნავსადგურში განლაგდნენ, რათა ათენელებისთვის ყველა მხრიდან შეეტიათ. ამავე დროს სირაკუზელთა ქვეითი ჯარი ისე განლაგდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ხომალდებს დახმარებოდა. ათენელებმა იერიში მიიტანეს გასასვლელში მდგომ ხომალდებზე და შეეცადნენ, ჯაჭვი გაერღვიათ. სირაკუზელები და მათი მოკავშირეები ყველა მხრიდან თავს დაესხნენ ათენელებს და ფიცხელი ბრძოლა გაჩაღდა. მებრძოლები ორივე მხრიდან დიდ ხელოვნებასა და თავგანწირვას იჩენდნენ. ჯერ არასოდეს უბრძოლია ამდენ ხომალდს ასეთ პატარა ტერიტორიაზე. ორივე მხრიდან თითქმის ორასი ხომალდი იყო. ისინივერ იყენებდნენ საზღვაო ბრძოლისთვის დამახასიათებელ ილეთებს. ძირითადად, შემთხვევითი შეჯახებები ხდებოდა, როდესაც ერთი ხომალდი მეორეს გაურბოდა და მესამეს ეჯახებოდა. სანამ გემები ერთმანეთს უახლოვდებოდნენ, მეომრები ერთმანეთს შუბებს, ისრებსა და ქვებს ესროდნენ, ხოლო როდესაც ახლოს მივიდოდნენ, გემბანზე მყოფთა შორის ხელჩართული ბრძოლა იმართებოდა.

სახმელეთო ჯარი ორივე მხრიდან დაძაბულად ადევნებდა თვალს საზღვაო ბრძოლას. ათენელებს მთელი იმედი ხომალდებზე ჰქონდათ გადატანილი და მათ მომავლის წინაშე შიში იპყრობდა.

ხანგრძლივი და სასტიკი ბრძოლის შემდეგ, რომელშიც ორივე მხარემ დიდი დანაკარგი განიცადა, მაინც სირაკუზელებმა გაიმარჯვეს. მათ აკრიფეს ხომალდების ნამტვრევები და დაღუპულთა ცხედრები, ქალაქში დაბრუნდნენ და გამარჯვების ნიშანი აღმართეს. თავზარდაცემულ ათენელებს არც კი უთხოვიათ თავიანთი დაღუპულები დასაკრძალად. ისინი მხოლოდ იმაზე ფიქრობდნენ, თუ როგორ გაეღწიათ იქიდან. დემოსთენესმა ურჩია ნიკიასს, ასულიყვნენ გადარჩენილ ხომალდებზე და კიდევ ერთხელ ეცადათ ნავსადგურიდან გასვლა. იგი ამტკიცებდა, რომ ათენელებს მეტი გამართული ხომალდები დარჩათ, ვიდრე მოწინააღმდეგეებს. მართლაც, მათ კიდევ სამოცი ხომალდი ჰქონდათ, მტრებს კი ორმოცდაათამდე. ნიკიასი დაეთანხმა ამ აზრს, მაგრამ შეშინებული ხალხი უარს ამბობდა ასულიყო ხომალდებზე.

მაშინ გადაწყდა ხმელეთით უკან დახევა. სირაკუზელი ჰერმოკრატესი მიუხვდა ათენელებს ჩანაფიქრს. ის სახიფათოდ მიიჩნევდა, რომ მტრის დიდი ლაშქარი სიცილიაზე სხვაგან გამაგრებულიყო და იქიდან დაეწყო ახალი ომი სირაკუზის წინააღმდეგ. ამიტომ მან მიმართა ხელისუფლებას წინადადებით, ხელი შეეშალათ ათენელთა ღამის მანევრისთვის. მისი რჩევით, სირაკუზელები უნდა დაძრულიყვნენ მთელი ლაშქრით, ჩაეხერგათ გზები და დაეცვათ ვიწრო გასასვლელები. ხელისუფლებას ეს წინადადება მოეწონა, მაგრამმათ ვერ აიძულეს ხალხი გამარჯვების შემდეგ, თანაც ჰერაკლეს ზეიმის დროს, კვლავ საბრძოლველად გასულიყვნენ. მაშინ ჰერმოკრატესმა ასეთ ხერხს მიმართა. მან მიაგზავნა რამდენიმე კაცი ათენელთა ბანაკთან. მათ თავი ნიკიასის მეგობრებად წარადგინეს და გააფრთხილეს ათენელები, არ გასულიყვნენ ღამით, რადგან გზები ჩახერგილი იყო.

ათენელებმა დაიჯერეს და რამდენიმე დღით კიდევ ბანაკში დარჩნენ. ისინი ცდილობდნენ მოემარაგებინათ ყველაფერი, რაც გზაში დასჭირდებოდათ. ამასობაში სირაკუზელებმა და გილიპოსმა დაიკავეს ის გზები, რომლებითაც ათენელები უნდა წასულიყვნენ. სირაკუზელთა ხომალდები კი მიადგნენ ნაპირს და ათენელთა გადარჩენილი გემები ბუქსირით წაათრიეს.

საზღვაო ბრძოლიდან მესამე დღეს ნიკიასმა და დემოსთენესმა გადაწყვიტეს, რომ ყველაფერი მზად იყო ბანაკის დასატოვებლად. ათენელთა მდგომარეობა საშინელი იყო. მათ დაკარგეს თავიანთი ხომალდები და დიდი გამარჯვების ნაცვლად საკუთარი თავიც და სახელმწიფოც განსაცდელში ჩააგდეს. გარდა ამისა, ბანაკიც საზარელი სანახავი იყო. დაღუპულები არ დაუმარხავთ. მკვდრების გვერდით ტოვებდნენ დაჭრილებსა და ავადმყოფებსაც. მათი მუდარა და ტირილი კიდევ უფრო თრგუნავდა ლაშქარს. ისინი ეხვეწებოდნენ თავიანთ ახლობლებს წაეყვანათ თან, მაგრამ ლაშქარს ამის საშუალება არ ჰქონდა. მათ თრგუნავდა ასევე გაურკვეველი მომავალი.

უკან დახევა წააგავდა მოსახლეობის გაქცევას მტრის მიერ დაკავებული დიდი ქალაქიდან: ეს ბრბო დაახლოებით ორმოცი ათასი კაცისგან შედგებოდა. ამასთან, თითოეულ მებრძოლს მიჰქონდა ყველაფერი, რაც სჭირდებოდა. ჰოპლიტები და მხედრებიც კი იარაღის გარდა მიათრევდნენ სურსათსაც, რადგან ზოგს მსახურები აღარ ჰყავდა, ზოგი კი მათ აღარ ენდობოდა. სურსათიც ცოტა ჰქონდათ, პური თითქმის აღარ იყო ბანაკში. ერთგვარი ნუგეში მათთვის ის იყო, რომ ამ დღეში უამრავი ხალხი აღმოჩნდა.

ნიკიასი ხედავდა მისი მეომრების დათრგუნულ მდგომარეობას და ცდილობდა გაემხნევებინა ისინი:
„ათენელებო და მოკავშირეებო! ამ საშინელ მდგომარეობაშიც არ უნდა დაკარგოთ იმედი. სხვას უარესი განსაცდელისთვისაც დაუღწევია თავი. ნუ დაიდანაშაულებთ თავს ცალკეულ წარუმატებლობებსა და დაუმსახურებელ უბედურებაში, რაც თავს დაგვატყდა. აი, მეც რა დღეში ჩამაგდო ავადმყოფობამ. არც პირადი კეთილდღეობით, არც კერძო, არც სახელმწიფო საქმეებში სხვას არ ჩამოვუვარდებოდი. ახლა კი რიგით მეომრებთან ერთად ვარ ამ განსაცდელში. ამასთან, მე არასოდეს მიღალატია ჩემი ვალისთვის ღმერთების წინაშე და ყოველთვის პატიოსანი ვიყავი ადამიანებთან ურთიერთობაში. ამიტომ ახლაც, მიუხედავად ყველაფრისა, იმედით ვუყურებ მომავალს. ჩვენი განსაცდელი არ მაშინებს, რადგან ის მალე დასრულდება. ჩვენს მტრებს ბედი უკვე დიდი ხნის მანძილზე სწყალობდა, და თუ ჩვენ სიცილიაში ლაშქრობით რომელიმე ღვთაება განვარისხეთ, უკვე საკმარისად გამოვისყიდეთ ჩვენი დანაშაული. ამიტომ, იმედი მაქვს, ღმერთი ახლა უფრო გულმოწყალე გახდება. ჩვენ მის თანაგრძნობას უფრო ვიმსახურებთ, ვიდრე შურს.

თუ თქვენ თავს შეხედავთ, როდესაც აბჯარასხმულები საბრძოლო ნაბიჯით მიდიხართ, თქვენი ბედი არ უნდა გადარდებდეთ. თუ სადმე დაბანაკდებით, შეგიძლიათ ქალაქიც შექმნათ და სიცილიის ვერც ერთი სხვა ქალაქი ვერ შეძლებს თქვენთან გამკლავებას. ახლა თქვენ თავად უნდა ადევნოთ თვალი იმას, რომ თქვენი ლაშქრობა მოწესრიგებულად მიდიოდეს. თითოეული გოჯი მიწა, რომლისთვისაც გიწევთ ბრძოლა, შეიძლება იქცეს თქვენს დასაყრდენად. ჩვენ გაუჩერებლად უნდა ვიაროთ დღე და ღამე. საკვები ცოტა გვაქვს და თავს სამშვიდობოზე მხოლოდ მაშინ ვიგრძნობთ, როდესაც ჩვენი მოკავშირე სიკულების მიწას მივაღწევთ. ჩვენ უკვე გავუგზავნეთ მათ ბრძანება, რომ დაგვხვდნენ და საკვები მოგვაწოდონ. გახსოვდეთ, მამაცები უნდა იყოთ, რადგან აქ არ არის ადგილი, სადაც თავის შეფარებას შეძლებთ. თუ აქედან გავაღწიეთ, ისევ ნახავთ იმას, რაც გვინდა – სამშობლოსა და ახლობლებს. თქვენ, ათენელებო, აღადგენთ თქვენი ქვეყნის ძლიერებას. ქვეყანა ხომ ხალხია და არა კედლები და ცარიელი ხომალდები“.

ასე ამხნევებდა ნიკიასი თავის ჯარისკაცებს. ამგვარად იქცეოდა დემოსთენესიც. ათენელთა ლაშქარი მართკუთხედად იყო დაწყობილი: წინ ნიკიასის რაზმი მიდიოდა, მას დემოსთენესი მიჰყვებოდა, აღალი შუაში იყო მოქცეული და მას ჰოპლიტები იცავდნენ. ხიდთან მათ გზა სირაკუზელებმა გადაუღობეს. ათენელებმა უკუაგდეს მტერი და გზა გააგრძელეს. სირაკუზელები მათ არ ასვენებდნენ. მხედრები ფლანგებიდან ესხმოდნენ თავს, ხოლო მსუბუქად შეიარაღებული ქვეითები შუბებს ესროდნენ. იმ დღეს ათენელებმა მდინარის მარჯვენა ნაპირზე ორმოცი სტადიონი გაიარეს და ღამე რომელიღაც ბორცვთან გაათიეს. მეორე დღეს ისინი დილაადრიან დაიძრნენ, ოცი სტადიონი გაიარეს, დაბლობში დაეშვნენ და იქ დაბანაკდნენ. მათ უნდოდათ წყლის მარაგის შევსება. ამასობაში სირაკუზელებმა მათ ისევ მოუჭრეს გზა და ციცაბო ფერდობებზე განლაგდნენ. მეორე დღეს ათენელებმა გზა განაგრძეს. მაგრამ სირაკუზელი მხედრების შემოტევის გამო, ხანგრძლივი ბრძოლისმერე, იძულებულები გახდნენ ბანაკში დაბრუნებულიყვნენ.

მეორე დილით ათენელები კვლავ დაიძრნენ ბანაკიდან. ბრძოლა განახლდა. ათენელებმა ვერ მოახერხეს სიმაღლის აღება და დასასვენებლად უკან დაიხიეს. ამ დროს შემოდგომისათვის ჩვეული ჭექა-ქუხილი და წვიმა დაიწყო. ეს ათენელებმა ცუდ ნიშნად მიიჩნიეს. სანამ ისინი ისვენებდნენ, გილიპოსმა და სირაკუზელებმა ლაშქრის ნაწილი გაგზავნეს ათენელთა ზურგში, რათა უკან დასახვევი გზა მოეჭრათ. ათენელებმაც გაგზავნეს რაზმი მათ წინააღმდეგ. შემდეგ კიდევ დაიხიეს დაბლობის სიღრმეში და ღამე ღია ცის ქვეშ გაატარეს. შემდეგმა დღემაც ასე ჩაიარა. ათენელებმა ხუთი თუ ექვსი სტადიონი გაიარეს და დასასვენებლად გაჩერდნენ. სირაკუზელები თავიანთ ბანაკში დაბრუნდნენ.

ათენელები უმძიმეს მდგომარეობაში იყვნენ. მათ არ ჰყოფნიდათ საკვები და მტერთან გაუთავებელი შეტაკებების გამო ბევრი დაჭრილი ჰყავდათ. ნიკიასმა და დემოსთენესმა გადაწყვიტეს ჩირაღდნები აენთოთ და ღამითვე დაძრულიყვნენ, მაგრამ არა იმ გზით, რომლითაც თავდაპირველად მიდიოდნენ, არამედ საპირისპირო მიმართულებით, სადაც მათ სირაკუზელები არ ელოდნენ. ნიკიასის რაზმი სწრაფად მიდიოდა, მაგრამ დემოსთენესის რაზმის დიდი ნაწილი ჩამორჩა. დილას ორივე რაზმმა ზღვას მიაღწია და იქიდან მდინარის ხეობას აუყვნენ სიკულების ქვეყნისაკენ. მდინარესთან მათ კვლავ სირაკუზელთა რაზმმა გადაუღობა გზა. ათენელებმა ისიც უკუაქციეს და სვლა გააგრძელეს.

ამასობაში სირაკუზელებმა და მოკავშირეებმა აღმოაჩინეს, რომ ათენელები ბანაკიდან წასულიყვნენ. მათ ეჭვი გაუჩნდათ, რომ გილიპოსმა მათ გაქცევის საშუალება მისცა. სირაკუზელები დაედევნენ მტერს და ათენელებს შუადღისთვის დაეწივნენ. ისინი მაშინვე ეკვეთნენ დემოსთენესის რაზმს. ნიკიასი კი დაახლოებით ორმოცდაათი სტადიონით წინ იყო. იგი დემოსთენესზე უფრო სწრაფად მიდიოდა და მიიჩნევდა, რომ სწორედ სწრაფი უკან დახევა და უკიდურეს შემთხვევაში ბრძოლაში ჩაბმა გადარჩენის მეტ იმედს იძლეოდა. დემოსთენესმა ზურგში სირაკუზელები დაინახა და გადაწყვიტა მათ შებრძოლებოდა. რაზმის საბრძოლოდ დაწყობაზე მან საკმაო დრო დაკარგა და სირაკუზელების ალყაში აღმოჩნდა. სირაკუზელები ერიდებოდნენ ხელჩართულ ბრძოლას. მათ შორიდან ესროდნენ ისრებსა და შუბებს.

მთელი დღე ასე გაგრძელდა. შემდეგ გილიპოსმა და სირაკუზელებმა მაცნეს მეშვეობით გამოაცხადეს, რომ კუნძულის მკვიდრთ შეეძლოთ მათ მხარეზე გადასვლა და თავისუფლების შენარჩუნება. მართლაც, რამდენიმე ქვეყნის რაზმი სირაკუზელების მხარეზე გადავიდა. შემდეგ დემოსთენესის დანარჩენმა მებრძოლებმაც დაყარეს იარაღი იმ პირობით, რომ მათ სიცოცხლეს შეუნარჩუნებდნენ. სულ ექვსი ათასი კაცი დანებდა. ფული, რაც ჰქონდათ, მეომრებმა ფარებზე დაყარეს. ასე გაივსო ოთხი ფარი, რომლებიც სირაკუზელებმა სასწრაფოდ ქალაქში წაიღეს.

შემდეგ დღეს სირაკუზელები დაეწივნენ ნიკიასს, აცნობეს მას დემოსთენესის დანებების შესახებ და მასაც იგივე მოსთხოვეს. ნიკიასს ამის დაჯერება არ უნდოდა და მხედარი გააგზავნა, რომ დარწმუნებულიყო ამაში. მხედარი მალე დაბრუნდა და დაადასტურა, რომ დემოსთენესის რაზმი მართლა დანებდა მოწინააღმდეგეს. მაშინ ნიკიასმა შესთავაზა გილიპოსსა და სირაკუზელებს, რომ დადებდა ხელშეკრულებას ათენელთა სახელით და აუნაზღაურებდა სირაკუზელებს ომის ხარჯებს, თუ ისინი მის ჯარს გაუშვებდნენ. ფულისგადახდამდე ის მძევლად უტოვებდა ათენელებს თითო კაცს ერთ ტალანტზე. გილიპოსმა და სირაკუზელებმა უარყვეს ეს წინადადება. ისინი თავს დაესხნენ ათენელებს, ალყაში მოაქციეს და ყოველი მხრიდან ისრები და შუბები დაუშინეს. ათენელთა მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. მათ გადაწყვიტეს, ღამით გასცლოდნენ იქაურობას, მაგრამ სირაკუზელებმა შენიშნეს ეს და პეანის სიმღერა დაიწყეს.ათენელებმა უარი თქვეს გაქცევაზე, გარდა ერთი სამასკაციანი რაზმისა, რომელმაც მტრის ყარაული გაარღვია და ალალბედზე წავიდა.

მეორე დღეს ბრძოლა განახლდა. ათენელები ცდილობდნენ მიეღწიათ ისეთი ადგილისთვის, სადაც მოწინააღმდეგის მხედრები მათ ვეღარ შეაწუხებდნენ. მათ მიაღწიეს მდინარემდე და უწესრიგოდ მიაშურეს მას. მტერი მათ ზურგიდან უტევდა და მეორე ნაპირზე გადასვლაში ხელს უშლიდა. მოწყურებული მებრძოლები წყალს დაეწაფნენ. მტერი კი ამ დროს ისრებსა და შუბებს აყრიდა მათ. ბევრი დახოცეს. ბოლოს ნიკიასი დანებდა გილიპოსს, რადგან მას უფრო ენდობოდა, ვიდრე სირაკუზელებს. ნიკიასმა სთხოვა, იგი მოეკლათ,ოღონდ ხოცვა-ჟლეტა შეეწყვიტათ. ამის შემდეგ გილიპოსმა ბრძანა, ათენელები ტყვედ აეყვანათ. ყველა მეომარი, იმათ გარდა, ვინც სირაკუზელებმა ფარულად წაიყვანეს, ტყვედ ჩავარდა. სირაკუზელებმა მხედრები დაადევნეს იმ სამას მეომარს, რომლებიც ღამე გაიქცნენ, და ხელთ იგდეს ისინი. სახელმწიფოს მიერ ტყვედ აყვანილებზე ბევრად მეტი იყო ფარულად დატყვევებული და მთელი სიცილია გაივსო ასეთი ტყვეებით. ბოლო ბრძოლა ყველაზე სისხლისმღვრელი აღმოჩნდა და იქ ძალიან ბევრი დაიღუპა, თუმცა ბევრმა მოახერხა გაქცევა ან უშუალოდ ბრძოლის მერე ან შემდგომში – მონობიდან და მათ კატანას შეაფარეს თავი. სირაკუზელები და მოკავშირეები ერთად შეგროვდნენ, წამოიყვანეს ტყვეები, წამოიღეს ნადავლი და ქალაქში დაბრუნდნენ. ტყვეები ქვის სამტეხლოში გაგზავნეს. მათი აზრით, ყველაზე საიმედო ადგილას, ხოლო ნიკიასსა და დემოსთენესს, მიუხედავად გილიპოსის წინააღმდეგობისა, სიკვდილი მიუსაჯეს. გილიპოსს იმედი ჰქონდა, რომ სხვა საგმირო საქმეებთან ერთად მას დიდ სახელს მოუტანდა ლაკედემონში მტრის სარდლების ჩაყვანა. ერთ-ერთი მათგანი, დემოსთენესი, მისი დაუძინებელი მტერი იყო, მეორე კი – მეგობარი. მართლაც, ნიკიასმა დაადებინა ათენელებს ზავი და მიაღწია ტყვეების განთავისუფლებას. ამის გამო ლაკედემონელები მის მიმართ კარგად იყვნენ განწყობილი და ნიკიასიც სწორედ ამიტომ ენდო გილიპოსს. მაგრამ ის ხალხი სირაკუზაში, ვინც ნიკიასს ემხრობოდა, ახლა შიშობდა, მას ისინი არ გაეთქვა. კორინთელები კი ფიქრობდნენ, რომ ნიკიასი მოახერხებდა თავის გამოსყიდვას და სახლში დაბრუნებული მათ ახალ უსიამოვნებას მოუტანდა. ეს და მსგავსი მოსაზრებები გახდა ნიკიასის სიკვდილით დასჯის მიზეზი. იგი ჩემი დროის ელინთა შორის ყველაზე ნაკლებად იმსახურებდა ამგვარ ბედს.

პირველ ხანებში სირაკუზელები სასტიკად ეპყრობოდნენ ქვის სამტეხლოებში მყოფ ტყვეებს. უამრავი ადამიანი ჰყავდათ ღრმა და ვიწრო სათავსოებში შეყრილი. დღისით ისინი მზის სხივებისა და სიცხისგან იტანჯებოდნენ, ხოლო შემოდგომის ღამეს – სიცივისგან. ბევრი დაავადდა. სამოცდაათი დღის შემდეგ ტყვეების უმრავლესობა, ათენელების გარდა, მონებად გაყიდეს. სულ დაახლოებით შვიდი ათასი ტყვე იყო.

ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო მოვლენა არა მარტო ამ ომის განმავლობაში, არამედ საერთოდაც ელინთა ისტორიაში – ყველაზე ბრწყინვალე გამარჯვებულთათვის და დამღუპველი დამარცხებულისთვის. მართლაც, ათენელები სასტიკად დამარცხდნენ, მათ დაკარგეს ფლოტი და სახმელეთო ჯარი. მხოლოდ ერთეულებმა მოახერხეს შინ დაბრუნება. ასე დასრულდა ლაშქრობა სიცილიაზე.
მერვე წიგნი
ათენელებს დიდხანს არ სურდათ დაჯერება, რომ მათი ძალები სიცილიაზე დაიღუპა. ბოლოს, გაიგეს სიმართლე და თავს დაესხნენ ორატორებს, ვინც ამ ექსპედიციისკენ მოუწოდებდა მათ, თითქოს თვითონ არ მიეღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. ისინი ბრაზობდნენ აგრეთვე წინასწარმეტყველებზე, ნიშანთა ამხსნელებზე და, საერთოდ, ყველაზე, ვინც კი მათ სიცილიაზე წარმატების იმედს უნერგავდა.

ათენელები შიშმა და დაბნეულობამ მოიცვა. თითოეული მოქალაქე გლოვობდა თავის ახლობლებს, ხოლო ქვეყანა დათრგუნული იყო ჰოპლიტების, მხედრების, ახალგაზრდების აუნაზღაურებელი დანაკლისით. გარდა ამისა, ხაზინაც ცარიელი იყო, აღარც ხომალდები და მენიჩბეები ჰყოფნიდათ. ისინი გადარჩენის იმედს კარგავდნენ, დარწმუნებულები იყვნენ, რომ მტერი დაუყოვნებლივ მთელი ძალით შემოუტევდათ. მათ მაინც გადაწყვიტეს, არაფერი დაეთმოთ მტრისთვის და შეძლებისდაგვარად შეექმნათ ახალი ჯარი და ფლოტი. გადაწყდა, შეემცირებინათ სახელმწიფო ხარჯები და აერჩიათ უხუცესთა საბჭო, რომელიც წინასწარ განიხილავდა სავალდებულო ღონისძიებებს. როგორც დემოკრატიას სჩვევია, შიში აიძულებდა ათენელებს, დაეცვათ მკაცრი წესრიგი. ასე დასრულდა ზაფხული.

სიცილიაზე ათენელთა მარცხის მომდევნო ზამთარს მთელი ელადა მღელვარებამ მოიცვა. ზოგი ქვეყანა, რომელიც აქამდე ნეიტრალიტეტს იცავდა, ახლა ათენელთა წინააღმდეგ ამხედრდა. მათ ეგონათ, რომ სიცილიაზე გამარჯვების შემდეგ ათენელები მათაც დაესხმოდნენ თავს. სინამდვილეში კი ისინი ხედავდნენ, რომ ომი მთავრდებოდა და ახლა უნდოდათ სახელის მოპოვება. ლაკედემონელთა მოკავშირეებს ომის დასრულება ეჩქარებოდათ. ათენელთა მიერ დამორჩილებული ქვეყნებიც მზად იყვნენ აჯანყებისთვის, რადგანაც მათ არ ეგონათ, რომ ათენი კიდევ ერთ წელიწადს გაძლებდა. ყოველივე ამის გამო ლაკედემონელთა პოლიტიკა უფრო გაბედული გახდა. გარდა ამისა, მათ იმედი ჰქონდათ, რომ გაზაფხულზე სიცილიელი მოკავშირეები დიდ ძალებს გამოგზავნიდნენ და ძლიერი ფლოტი გაუჩნდებოდათ. ლაკედემონელები მზად იყვნენ მთელი ძალებით ჩაბმულიყვნენ ომში და, გამარჯვების შემთხვევაში, მთელ ელადაზე ბატონობა მოეპოვებინათ.

ზამთრის დასაწყისშივე აგისმა დეკელეადან გაილაშქრა და მოკავშირეთაგან შეაგროვა ფული ფლოტის ასაშენებლად. მან დალაშქრა ეტეელები, აქეელები და სხვა ტომები ფთიაში და თესალიელთა უკმაყოფილების მიუხედავად, მათ ხარკი დააკისრა. მძევლები კორინთოსში გაგზავნა და შეეცადა ეს ხალხები ლაკედემონელთა კავშირისთვის მიეერთებინა. ლაკედემონელებმა მოკავშირეებს ასი ხომალდის აგება უბრძანეს და გაზაფხულისთვის სამხედრო სამზადისს შეუდგნენ.

ათენელებიც საკუთარი გეგმის მიხედვით ემზადებოდნენ. მათ მოიმარაგეს ხის მასალა, ააგეს ხომალდები და გაამაგრეს სუნიონი, რომ პურის შემოტანა უზრუნველეყოთ. მათ დატოვეს სიმაგრე ლაკონიის სანაპიროზე და, საერთოდ, შეამცირეს ზედმეტი ხარჯები, თან ძალიან ყურადღებით უთვალთვალებდნენ მოკავშირეებს, რადგან აჯანყებებისა ეშინოდათ.

ორივე მხარე ისე ემზადებოდა, თითქოს ომი ახალი დაწყებული იყო. ევბეელებმა ელჩები გაუგზავნეს აგისს და მის მხარეზე გადასვლის სურვილი გამოთქვეს. აგისმა ევბეაზე გაგზავნა ალკამენოსი და მელანთოსი სამასი მებრძოლით. თვითონ მეფე კი კუნძულზე გადასასვლელად ემზადებოდა, როდესაც მასთან ლესბოსელი ელჩები მოვიდნენ და აჯანყების მზადყოფნა აუწყეს. ბეოტიელთა მხარდაჭერით მათ დაარწმუნეს მეფე, ევბეაზე ლაშქრობა გადაედოდა ლესბოსზე წასულიყო. აგისი ლაკედემონელთა ხელისუფლებას-თან შეუთანხმებლად მოქმედებდა. სანამ მისი ლაშქარი დეკელეაში იდგა, მას უფლება ჰქონდა საკუთარი ნებით გაეგზავნა რაზმები, აეკრიფა გადასახადები და ხარკი. ამ დროს აგისი მოკავშირეებზე ბევრად უფრო დიდი გავლენით სარგებლობდა, ვიდრე ლაკედემონის ხელისუფლება, რადგან თავისი ჯარით ყველას შიშს ჰგვრიდა. მეფის ლესბოსელებთან მოლაპარაკების დროს ქიოსელებმა და ერიტრიელებმაც გამოთქვეს აჯანყების სურვილი, მაგრამ მათ ლაკედემონს მიმართეს და არა მეფეს. მათთან ერთად იქ ჩავიდა სპარსელთა სატრაპის, ტისაფერნესის, ელჩიც. ტისაფერნესიც ცდილობდა პელოპონესელების მიმხრობას და მათ სურსათის მიწოდებას ჰპირდებოდა. მეფე სატრაპს ხარკსა სთხოვდა, მაგრამ ტისაფერნესმა ვერ მოახერხა ელინურ ქალაქებში მისი აკრეფა ათენელთა წინააღმდეგობის გამო. სატრაპს იმედი ჰქონდა, რომ ათენელების დასუსტების შემდეგ მოახერხებდა ხარკის აკრეფას.

ამდენად, ქიოსელები და ტისაფერნესი საერთო ინტერესებს იცავდნენ. ამ დროს ლაკედემონში ჩამოვიდნენ ფარნაბაძოსის ელჩები. იგი ხომალდების გაგზავნას ითხოვდა ჰელესპონტში. ტისაფერნესის მსგავსად, ფარნაბაძოსსაც სურდა აემხედრებინა თავისი პროვინციის ელინური ქვეყნები ათენელთა წინააღმდეგ და მათგან ხარკი აეღო, აგრეთვე უნდოდა ლაკედემონელები მეფესთან კავ-შირზე დაეყოლიებინა. ფარნაბაძოსის და ტისაფერნესის ელჩები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებდნენ და კამათობდნენ ხოლმე. ერთნი ითხოვდნენ, ლაკედემონელებს ქიოსსა და იონიაზე გაელაშქრათ, მეორენი კი – ჰელესპონტზე. თვითონ ლაკედემონელები უფრო ქიოსელთა და ტისაფერნესის წინადადებისკენ იხრებოდნენ. მათ მხარეზე იყო ალკიბიადესიც, რომელსაც ძველი მეგობრობა აკავშირებდა ეფორ ენდიოსთან. მიუხედავად ამისა, ლაკედემონელებმა ჯერ კაცი გაგზავნეს ქიოსზე, რათა შეემოწმებინათ, რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს ცნობები მათი ძალის შესახებ. როდესაც ეს ცნობები დადასტურდა, ლაკედემონელებმა ქიოსელები და ერიტრიელები მიიღეს საკუთარ კავშირშიდა გადაწყვიტეს მათთვის ორმოცი ხომალდის გაგზავნა. თავიდან ისინი ათი ხომალდის გაგზავნას აპირებდნენ მელანქრიდასის სარდლობით, მაგრამ მიწისძვრის შემდეგ ქალკიდევსი გაგზავნეს ხუთი ხომალდით. ასე დასრულდა ომის მეცხრამეტე წელი.

გაზაფხულის დადგომისთანავე ქიოსელებმა ლაკედემონელებს სთხოვეს, სასწრაფოდ გაეგზავნათ მათთვის დახმარება. მათ ეშინოდათ, რომ ათენელები გაიგებდნენ მათი საიდუმლო მოლაპარაკებების შესახებ. ლაკედემონელებმა კორინთოსში ბრძანებაგაგზავნეს, სასწრაფოდ გადაეყვანათ ხომალდები კორინთოსის ყურიდან ყელის მეორე მხარეზე. ეს ხომალდები, მათ შორის აგისის მიერ ლესბოსისთვის განკუთვნილებიც, ქიოსზე უნდა წასულიყვნენ. სულ მოკავშირეთა ესკადრაში ოცდაცხრამეტი ხომალდი იყო. ფარნაბაძოსის ელჩებმა არ მიიღეს მონაწილეობა ამ ლაშქრობაში და არც ფული მისცეს ლაკედემონელებს ხომალდების აღსაჭურვად. ისინი ფიქრობდნენ საკუთარი ექსპედიციის მოწყობას. აგისიც არ იყო წინააღმდეგი, რომ ლაკედემონელები ჯერ ქიოსზე წასულიყვნენ. მოკავშირეები კორინთოსში შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს ქიოსზე, ლესბოსზე და ჰელესპონტზე ლაშქრობა. ისთმოსზე ხომალდთა მხოლოდ ნახევარი გადაიყვანეს და ზღვაში შევიდნენ, რათა ათენელთა ყურადღება არ მიეპყროთ. ათენელების მათ დიდად აღარ ეშინოდათ და ზღვაში ოცდაერთი ხომალდით გავიდნენ.

მოკავშირეებს ეჩქარებოდათ გამგზავრება, მაგრამ კორინთელებს არ სურდათ ზღვაში გასვლა ისთმური თამაშების დასრულებამდე. მაშინ აგისმა შესთავაზა, რომ მარტო დაიძვრებოდა, მაგრამ კორინთელებმა ამაზედაც უარი თქვეს და ლაშქრობა გადაიდო. ამასობაში ათენელები მიუხვდნენ ქიოსელებს ჩანაფიქრს. მათ ქიოსზე სარდალი არისტოკრატესი გაგზავნეს და ისინი ღალატში დაადანაშაულეს. ქიოსელებმა უარყვეს ბრალდება. მაშინ ათენელებმა ერთგულების ნიშნად მათ ხომალდები მოსთხოვეს. ქიოსელებმა შვიდი ხომალდი აღჭურვეს. ხალხმა საერთოდ არაფერი იცოდა ლაკედემონელებთან მოლაპარაკების შესახებ.

ამასობაში ისთმურ თამაშებზე მყოფი ათენელთა ელჩები მოწინააღმდეგის გეგმებში საბოლოოდ დარწმუნდნენ. მათი შინ დაბრუნების შემდეგ ათენელებმა ზომები მიიღეს, რომ მოწინააღმდეგის ესკადრისთვის ხელი შეეშალათ. ზეიმის დასრულების შემდეგ პელოპონესელთა ოცდაერთი ხომალდისგან შემდგარი ესკადრა ალკამენესის სარდლობით ქიოსისკენ დაიძრა. ათენელები იმავე რაოდენობის ხომალდებით გაჰყვნენ მათ და შეეცადნენ მტერი ღიაზღვაში შეეტყუებინათ. პელოპონესელებმა მალე კურსი შეიცვალეს და უკან მიბრუნდნენ. ათენელები ბოლომდე არ ენდობოდნენ ქიოსელთა ხომალდებს. ამიტომ საკუთარი ხომალდები დაამატეს და მათი რაოდენობა ოცდაჩვიდმეტამდე გაზარდეს. ისინი დაედევნენ ნაპირის გასწვრივ მიმავალ მოწინააღმდეგეს. პელოპონესელებმა ზღვაში ერთი ხომალდი დაკარგეს, დანარჩენები კი ნავსადგურს მიადგნენ. ათენელები თავს დაესხნენ მათ და მოწინააღმდეგის ხომალდების უმრავლესობა დააზიანეს. სარდალი ალკამენესი ბრძოლაში დაიღუპა. ათენელებმა კი სულ რამდენიმე კაცი დაკარგეს.

ათენელებმა ადგილზე დატოვეს ხომალდების საკმარისი რაოდენობა, რათა მოწინააღმდეგისთვის თვალი ედევნებინათ. დანარჩენმა ხომალდებმა კი ღუზა ჩაუშვეს მახლობელ კუნძულთან. ისინი იქ დაბანაკდნენ და ათენში კაცი გაგზავნეს დახმარების სათხოვნელად. შემდეგ დღეს პელოპონესელთა დასახმარებლად და ხომალდების ხმელეთიდან დასაცავად მოვიდნენ კორინთელები და სხვა მეზობლები. ისინი დარწმუნდნენ, რომ ამ უკაცრიელ ადგილას ხომალდების დაცვა რთული იყო, ამიტომ ვერ გადაეწყვიტათ, რა ექნათ. ბოლოს, ხომალდები ნაპირზე აათრიეს და მათ დაცვა დაუყენეს. ლაკედემონელები ძალზე დაამწუხრა პირველმა წარუმატებლობამ და გადაწყვიტეს, აღარ გაეგზავნათ ხომალდები. მათ ადრე გაგზავნილებიც უკან გაიწვიეს.

ალკიბიადესმა ამის შე სახებ რომ გაიგო, ენდიოსს და სხვა ეფორებს კვლავ ურჩია დაუყოვნებლივ გალაშქრება. თუ ექსპედიცია ქიოსს უფრო ადრე მიაღწევდა, ვიდრე ცნობა ლაკედემონელთამარცხის შესახებ, ის პირადად დაარწმუნებდა იონიურ ქვეყნებსათენელთა სისუსტესა და ლაკედემონელთა ძალაში და დაიყოლიებდა მათ აჯანყებაზე. პირისპირ კი იგი არწმუნებდა ენდიოსს, რომ შეძლებდა მეფესთან კავშირის დამყარებას და აგისის გარეშეწარმატების მიღწევას (აგისთან ალკიბიადესი ნაჩხუბარი იყო). მან დაიყოლია ეფორები და ალკიბიადესი ლაკედემონელ ქალკიდევსთან და ხუთ ხომალდთან ერთად ზღვაში გავიდა.

დაახლოებით ამავე დროს უნდა დაბრუნებულიყო სიცილიიდან პელოპონესელთა ესკადრა გილიპოსის სარდლობით. ლევკადასთანმათ თავს დაესხნენ ატიკური ხომალდები. მიუხედავად დაზიანებებისა, პელოპონესელთა ხომალდებმა მაინც ჩააღწიეს კორინთოსში.

ქალკიდევსი და ალკიბიადესი ყველა შემხვედრ ხომალდს ატყვევებდნენ, რათა არავის გაეგო მათი გადაადგილების შესახებ. მათ ხმელეთზე გადმოსხეს ტყვეები, შემდეგ კი მოულოდნელად მიადგნენ ქიოსს. მათი მისვლა ქიოსელი ოლიგარქების საბჭოს სხდომას დაემთხვა. ქალკიდევსმა და ალკიბიადესმა საბჭოს განუცხადეს, რომ კიდევ მრავალი ლაკედემონური ხომალდი მოდიოდა კუნძულისკენ. ამგვარად, ჯერ ქიოსელები, შემდეგ კი ერიტრიელები განუდგნენ ათენს. ალკიბიადესი და ქალკიდევსი სამი ხომალდით გადავიდნენ კლაძომენეში და ქვეყანას აჯანყებისკენ უბიძგეს. აჯანყებულებმა სიმაგრეთა მშენებლობა და ომისათვის სამზადისი დაიწყეს.

როდესაც ამ ცნობებმა ათენს მიაღწია, ათენელები მიხვდნენ, რა საფრთხეც ემუქრებოდა მათ. ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირის განდგომის შემდეგ შეიძლებოდა სხვა მოკავშირეებიც დაეკარგათ. მათ გადაწყვიტეს, გამოეყენებინათ ხელუხლებელი მარაგი – ათასი ტალანტი – და დიდი ფლოტი აღეჭურვათ. მათ დაუყოვნებლივ გაგზავნეს ქიოსზე რვა ხომალდი სტრომბიქიდესის სარდლობით, შემდეგ კიდევ თორმეტი – თრასიკლესის მეთაურობით.

სტრომბიქიდესი რვა ხომალდით სამოსზე მივიდა. მან იქ კიდევ ერთი დაიმატა და თეოსზე გადაინაცვლა. იქით გაემართა ქიოსიდან ქალკიდევსის ოცდასამი ხომალდიც, სანაპიროს გასწვრივ კი კლაძომენელთა და ერიტრიელთა ლაშქარი მოდიოდა. სტრომბიქიდესმა უკან დაიხია სამოსზე. მტერმა კი თეოსი აიღო და კედლები დაანგრია.

ქალკიდევსმა და ალკიბიადესმა პელოპონესელთა ხომალდების მენიჩბეებს მძიმე აღჭურვილობა გადასცეს და ისინი ქიოსზე დატოვეს. მათ ნაცვლად ქიოსზე საკუთარი ხომალდებისთვის ახალი ეკიპაჟი შეკრიბეს და მილეტოსისკენ გასწიეს. ალკიბიადესს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მილეტელ ოლიგარქებთან, იგი იმედოვნებდა, რომ პელოპონესიდან ახალი ესკადრის ჩამოსვლამდე მოახერხებდა მილეტოსსა და სხვა იონიურ ქვეყნებში აჯანყების მოწყობას. ამით გამარჯვებულის სახელს მოიპოვებდნენ თავად ალკიბიადესი, ქალკიბიადესი და ენდიოსი. გზის დიდი ნაწილი მათ შეუმჩნევლად განვლეს, სულ ცოტა ხნით ჩაასწრეს მილეტოსში სტრომბიქიდესის და თრასიკლესის გაერთიანებულ ესკადრას და ქალაქი განდგომისთვის წააქეზეს. ათენელთა ცხრამეტი ხომალდი მილეტოსს მიადგა, მაგრამ ისინი ქალაქში არ შეუშვეს. მილეტოსის აჯანყების მერე ლაკედემონელებმა პირველი ხელშეკრულება დადეს მეფესთან ტისაფერნესისა და ქალკიდევსის შუამავლობით:

„ლაკედემონელები და მოკავშირეები კავშირს კრავენ მეფესთან და ტისაფერნესთან. ყველა მიწა და ქალაქი, რომლებსაც მეფე ფლობს ან მისი წინაპრები ფლობდნენ, მეფეს ეკუთვნის. მეფე და ლაკედემონელები ნუღარ დაუშვებენ, რომ ამ ქვეყნებიდან ათენელებს შემოსავალი ჰქონდეთ. მეფე და ლაკედემონელები ერთობლივად აწარმოებენ ომს ათენელების წინააღმდეგ და ერთმანეთის თანხმობის გარეშე არ დაუზავდებიან მათ. თუ ვინმე მეფეს აუჯანყდა, ლაკედემონელთა მტერი იქნება. თუ ვინმე ლაკედემონელებს აუჯანყდა, ის მეფის მტერი იქნება“.

ქიოსელებმა კიდევ ათი ხომალდი აღჭურვეს და სანაპირო ქვეყნების ათენელთა წინააღმდეგ წასაქეზებლად გაემართნენ. გზაში ისინი ათენელთა ახალ ესკადრას გადააწყდნენ დიომედონის სარდლობით. ქიოსელები გაიქცნენ. ათენელებმა ოთხი ხომალდი იგდეს ხელთ და სამოსზე წავიდნენ. დაახლოებით ამ დროს სპირეოსთან ბლოკირებულმა პელოპონესელთა ოცმა ხომალდმა მოახერხა იქიდან გაღწევა. მათ გაიმარჯვეს ბრძოლაში, ოთხი ათენური ხომალდი იგდეს ხელთ და შინ დაბრუნდნენ. პელოპონესელთა ფლოტის სარდლად ლაკედემონელი ასტიოქოსი დაინიშნა. იგი შეუდგა იონიაში სალაშქროდ მზადებას.

ამ დროს სამოსზე ამბოხება მოხდა. ათენელთა ხომალდების მხარდაჭერით ხალხი არისტოკრატებს აუჯანყდა. აჯანყებულებმა ორასი კაცი მოკლეს და ოთხასი განდევნეს. ათენელებმა ირწმუნეს სამოსელთა ერთგულება და მათ დამოუკიდებლობა მისცეს.

მთელი ზაფხულის განმავლობაში ქიოსელები გულმოდგინედ იღვწოდნენ, რათა პელოპონესელთა გარეშეც აეჯანყებინათ ქვეყნები. აჯანყდა ლესბოსი, მეთიმნა, შემდეგ კი – მიტილენე.

ამასობაში ასტიოქოსი ოთხი ხომალდით ჩავიდა ქიოსზე, იქიდანკი ლესბოსზე მყოფი ქიოსელთა ესკადრის დასახმარებლად გაემართა. იქ მან შეიტყო, რომ ათენელებს მიტილენე აეღოთ. ათენელთა ესკადრა მოულოდნელად შეიჭრა ნავსადგურში, დაამარცხა იქ მდგომი ქიოსელები და შტურმით აიღო ქალაქი. ასტიოქოსი შეეცადა ლესბოსზე ცალკეული ქვეყნების გადაბირებას და ათენელთათვის წინააღმდეგობის ორგანიზებას, მაგრამ უშედეგოდ. ათენელებმა აღადგინეს საკუთარი ხელისუფლება ლესბოსზე, ზღვაში გავიდნენ და კლაძომენელთა მიერ გამაგრებულ პოლიქნეს დაეუფლნენ, თვითონ კლაძომენე კი კავშირში დააბრუნეს.

იმავე ზაფხულს მილეტოსთან მდგომი ესკადრიდან ათენელებმა დესანტი გადასხეს. მათთან ბრძოლაში დაიღუპა ქალკიდევსი.ათენელები აგრძელებდნენ ოპერაციებს ქიოსელთა წინააღმდეგ.

ზღვასა და ხმელეთზე რამდენიმე გამარჯვების შემდეგ მათ ააოხრეს ქიოსის მიწა, რომელზედაც მიდიელთა შემდეგ მტერს ფეხიარ დაედგა. ქიოსელები, რამდენადაც ვიცი, ლაკედემონელების მსგავსად, გონივრულ ზომიერებას და კანონიერ სახელმწიფო წყობას ინარჩუნებდნენ. ახლაც მხოლოდ იმიტომ აჯანყდნენ, რომ არ ეგონათ, თუ ათენს სიცილიაზე კატასტროფის შემდეგ აღარაფრის თავი არ ექნებოდა. შექმნილ ვითარებაში დემოკრატიის მომხრეები ათენთან კავშირის აღდგენაზე დაფიქრდნენ, ხელისუფლებამ კი ასტიოქოსი მიიწვია სათათბიროდ.

ზაფხულის მიწურულს ათენელებმა სამოსზე ორმოცდარვა ხომალდით გაგზავნეს ათასი ათენელი ჰოპლიტი, ათას ხუთასი არგოსელი და ათასი მოკავშირე. ლაშქარი მილეტოსთან გადასხდა ნაპირზე და ქალაქის მახლობლად დაბანაკდა. რვაასი მილეტელი ჰოპლიტი, ქალკიდევსის მეომრები და ტისაფერნესის მოქირავნეები გამოვიდნენ ქალაქიდან მათ წინააღმდეგ. ზედმეტად თავდაჯერებული არგოსელები უწესრიგოდ გადავიდნენ შეტევაზე და დამარცხდნენ. სამაგიეროდ, ათენელებმა ჯერ პელოპონესელებს სძლიეს, შემდეგ კი – ბარბაროსები და დანარჩენი ლაშქარი უკუაგდეს. ისე მოხდა, რომ ამ ბრძოლაში ორივე მხრიდან იონიელებმა სძლიეს დორიელებს. ათენელებმა აღმართეს გამარჯვების ნიშანი და საალყო კედლით კონცხზე განლაგებული ქალაქის მოჭრა გადაწყვიტეს. მათ იმედი ჰქონდათ, რომ მილეტოსის აღებით სხვა იონიელებსაც დაიმორჩილებდნენ.

საღამოს ათენელებმა მიიღეს ცნობა პელოპონესიდან და სიცილიიდან ორმოცდათხუთმეტი ხომალდის ჩამოსვლის შესახებ. მართლაც, სირაკუზელმა ჰერმოკრატესმა დაარწმუნა მოკავშირეები, ერთობლივი ძალებით მოეღოთ ბოლო ათენელთა ძლიერებისთვის. ესკადრას ხელმძღვანელობდა ლაკედემონელი თერიმენესი, რომელსაც ხომალდები ასტიოქოსისთვის უნდა ჩაებარებინა. ესკადრამ კურსი ლეროსზე აიღო. აქ მათ შეიტყვეს, რომ ათენელები მილეტოსთან იდგნენ. მათთან მივიდა ალკიბიადესი, რომელიც ბრძოლაში მილეტელთა და ტისაფერნესის მხარეზე მონაწილეობდა. მან ურჩია პელოპონესელებს, სასწრაფოდ მიხმარებოდნენ მილეტოსს.

პელოპონესელები ემზადებოდნენ განთიადზე გასასვლელად. ამასობაში ათენელმა სარდალმა ფრინიქოსმა ლეროსიდან ზუსტი ცნობები მიიღო მოწინაღმდეგის შესახებ. მიუხედავად სხვა სარდლების სურვილისა, რომ საზღვაო ბრძოლა გაემართათ მტრისთვის, ფრინიქოსმა გადაწყვიტა, არ ჩაეგდო საფრთხეში ქვეყნის უკანასკნელი იმედი და მილეტოსს გაეცალა. მან ბორტზე აიყვანა დაჭრილები, ქვეითი ლაშქარი და წაიღო მთელი აღჭურვილობა. ნადავლი კი დატოვა, რათა ხომალდები არ გადაეტვირთა. ესკადრა სამოსზე დაბრუნდა. ამგვარად, ათენელებმა მილეტოსი დატოვეს და ვერ ისარგებლეს საკუთარი გამარჯვების შედეგებით. ნაწყენიარგოსელები კი სამოსიდან შინ დაბრუნდნენ.

მილეტოსში მისულ პელოპონესელებს ათენელები იქ აღარ დახვდნენ. მათთან მოვიდა ტისაფერნესი საკუთარი ლაშქრით. მან დაარწმუნა პელოპონესელები, ერთად გაელაშქრათ იასოსზე მისი მტრის,ამორგესის წინააღმდეგ. პელოპონესელები იასოსს მოულოდნელად დაესხნენ თავს და აიღეს იგი. ბრძოლაში განსაკუთრებით სირაკუზელებმა გამოიჩინეს თავი. ამორგესი ტყვედ ჩავარდა. პელოპონესელებმა იასოსი დაანგრიეს და იქიდან დიდი ნადავლი წამოიღეს. ამორგესის მოქირავნეები ძირითადად პელოპონესელები იყვნენ დალაშქარს შეუერთდნენ. ქალაქი და ტყვეები კი ტისაფერნესს გადასცეს წინასწარ შეთანხმებულ ფასად: ერთი კაცი – ერთ დარიკად.

მომდევნო ზამთარს ტისაფერნესმა იასოსი გაამაგრა და იქ გარნიზონი დატოვა, თვითონ კი მილეტოსში ჩავიდა. აქ მან გადაუხადა ლაკედემონელთა ხომალდების ეკიპაჟებს ხელფასი – კაცს დღეში ერთი ატიკური დრაჰმა. მაგრამ სამომავლოდ მხოლოდ სამი ობოლის გადახდა შესთავაზა. თერიმენესი მზად იყო დაეთმო, მაგრამ სირაკუზელი ჰერმოკრატესი წინააღმდეგი წავიდა. მაშინ ტისაფერნესმა გადაწყვიტა, ორმოცდათხუთმეტი ხომალდისთვის თვეში ოცდაათი ტალანტი გაეღო.

იმავე ზამთარს სამოსზე ათენიდან კიდევ ოცდათხუთმეტი ხომალდი ჩავიდა. ოცდაათი ხომალდი ქიოსზე გასაგზავნად გაამზადეს, ხოლო დანარჩენები ზღვას აკონტროლებდნენ და მილეტოსის მიდამოში თარეშობდნენ.

ასტიოქოსს ქიოსელთა ღალატის ეშინოდა და მან მძევლები აიყვანა. თერიმენესის ესკადრის ჩამოსვლის შემდეგ ის გათამამდა და ოცი ხომალდით ზღვაში გავიდა. იგი შეეცადა აეღო პტელეოსი დაკლაძომენე, მაგრამ – უშედეგოდ.

მასთან გამოცხადდნენ ლესბოსელთა ელჩები და ათენელთა წინააღმდეგ ახალი აჯანყება შესთავაზეს. ასტიოქოსი მზად იყო მათ დახმარებოდა, მაგრამ სხვა მოკავშირეები წინააღმდეგნი იყვნენ. მაშინ ასტიოქოსი ქიოსზე გადავიდა და მათ ლესბოსზე ლაშქრობაში მონაწილეობა მოსთხოვა, მაგრამ იქაც უარი მიიღო. ასტიოქოსი გაუწყრა ქიოსელებს და დაემუქრა, რომ აღარ დაეხმარებოდა მათ განსაცდელის ჟამს. შემდეგ იგი თავისი ხომალდებით მილეტოსში წავიდა. ამასობაში ათენელთა ესკადრა სამ ქიოსურ გემს დაედევნა. ქიოსელები ქარიშხალმა გადაარჩინა. მათ გაჭირვებით მიაღწიეს ნავსადგურამდე. ათენელებმა კი სამი ხომალდი დაკარგეს. დანარჩენები უკან გაბრუნდნენ და ლესბოსს მიადგნენ.

იმავე ზამთარს ლაკედემონელი ჰიპოკრატესი თორმეტი ხომალდით კნიდოსში მივიდა. პელოპონესელმა სარდლებმა მას უბრძანეს, ხომალდების ნაწილს კნიდოსი დაეცვა, დანარჩენებს კი უბრძანეს თავს დასხმოდნენ ეგვიპტიდან მომავალ პურით დატვირთულ ტრანსპორტს. ათენელებმა შეიტყვეს ამის შესახებ, სამოსიდან ზღვაში გავიდნენ და ხელთ იგდეს მტრის ექვსი ხომალდი. შემდეგმათ კნიდოსის იერიში სცადეს, მაგრამ ქალაქი ვერ აიღეს, ქვეყანა დაარბიეს და სამოსზე დაბრუნდნენ.

იმ დროისათვის, როდესაც ასტიოქოსმა მილეტოსში სარდლობა ჩაიბარა, პელოპონესელებს სურსათი ჯერ კიდევ საკმარისი ჰქონდათ, მეომრებს კარგ გასამრჯელოს უხდიდნენ და მილეტელებიც მზად იყვნენ ომის სირთულეთა გადასატანად. პელოპონესელებმა ტისაფერნესსა და ქალკიდევსს შორის დადებული ძველი ხელშეკრულება თავისთვის არახელსაყრელად მიიჩნიეს და თერიმენოსის თაოსნობით ახალი ხელშეკრულება დადეს, რომლის თანახმადაც მეფე გაიღებდა მის მიწაზე მყოფი ლაკედემონელების შენახვის ხარჯებს.

ამის შემდეგ თერიმენესმა სარდლობა ასტიოქოსს გადააბარა, თვითონ კი მილეტოსი დატოვა და გაქრა. ამასობაში ათენელები ლესბოსიდან ქიოსზე გადავიდნენ და ქალაქის მახლობლად გამაგრდნენ. ქიოსელები უმოქმედოდ იყვნენ. მათ უკვე რამდენიმე მარცხი განიცადეს და შინაური მდგომარეობაც საკმაოდ დაძაბული ჰქონდათ. ისინი ასტიოქოსს სთხოვდნენ დახმარებას, მაგრამ – უშედეგოდ. მაშინ ქიოსელებმა ასტიოქოსს ლაკედემონში უჩივლეს. ამრიგად, ქიოსზე მდგომარეობა ათენელთათვის ხელსაყრელი იყო. მათი ესკადრა დროდადრო ესხმოდა თავს მტრის ხომალდებს მილეტოსში, მაგრამ მტერი ბრძოლას თავს არიდებდა.

იმავე ზამთარს პელოპონესიდან იონიაში ოცდაშვიდი ხომალდისგან შემდგარი ახალი ესკადრა გაემართა ანტისთენესის სარდლობით. მას თან ახლდა თერთმეტი სპარტელი, რომლებიც ლაკედემონელებმა ასტიოქოსს დაუნიშნეს მრჩევლებად. ისინი ადგილზე უნდა გარკვეულიყვნენ ვითარებაში და გადაეწყვიტათ ფარნაბაძოსისთვის მაშველი ძალის გაგზავნის საკითხი. მელოსთან ისინი შეხვდნენათენელთა ათ ხომალდს, სამი ხელთ იგდეს და დაწ ვეს. მათ ეშინოდათ, რომ დანარჩენები მათ შესახებ სამოსზე მყოფ ათენელებს შეატყობინებდნენ ამიტომ მილეტოსში შემოვლითი გზით გაცურეს.

ამასობაში ქიოსელები შიკრიკებს უგზავნიდნენ ასტიოქოსს და დახმარებას სთხოვდნენ, რათა სრულ ბლოკადაში არ აღმოჩენილიყვნენ. ბოლოს ასტიოქოსმა გადაწყვიტა დახმარებოდა. ამასობაში მან მიიღო ცნობა ოცდაშვიდი ხომალდისა და ლაკედემონელი მრჩევლების მოახლოების შესახებ. ასტიოქოსმა გადაწყვიტა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ზღვაზე ბატონობა დაემყარებინათ და ესკადრა უხიფათოდ ჩაეყვანათ მილეტოსში. მან გეგმა შეცვალა და ქიოსის ნაცვლად ესკადრის შესახვედრად წავიდა. მან დაიკავა და გაძარცვა კოსი, იქიდან კი კნიდოსზე გადავიდა, სადაც ათენელთა ესკადრა ქარმინოსის სარდლობით იყო ჩასაფრებული და პელოპონესიდან მომავალ ხომალდებს ელოდებოდა.

ასტიოქოსი ზღვაში გავიდა მოწინააღმდეგის ესკადრის მოსაძებნად. წვიმასა და ნისლში მისმა ხომალდებმა ერთმანეთთან კავშირი დაკარგეს. გამთენიისას ესკადრა გაიფანტა და მისი ერთი ნაწილი ათენელებს გადაეყარა. ქარმინოსს ეგონა, რომ ის ხომალდები დაინახა, ვისაც ელოდა, და შეტევაზე გადავიდა. მან ჩაძირა მტრის სამი ხომალდი, მრავალი დააზიანა და უკვე იმარჯვებდა, როდესაც ლაკედემონელთა ფლოტის ძირითადი ნაწილი გამოჩნდა. ათენელები უკუიქცნენ და ექვსი ხომალდიც დაკარგეს. პელოპონესელებმა ღუზა ჩაუშვეს კნიდოსთან და იქ დაელოდნენ კავნოსიდან მომავალ ოცდაშვიდ ხომალდს, კუნძულ სიმეზე კი გამარჯვების ნიშანი აღმართეს. საზღვაო ბრძოლის შესახებ რომ შეიტყვეს, ათენელები მთელი ძალით დაიძრნენ სამოსიდან სიმეზე. ისინი არ დასხმიან თავს პელოპონესელებს კნიდოსზე. სიმეზე მათ ხელთ იგდეს პელოპონესელთა ხომალდების აღჭურვილობა და უკან გაბრუნდნენ. პელოპონესელებმა კნიდოსზე ბრძოლაში დაზიანებული ხომალდები შეაკეთეს. ამასობაში თერთმეტი ლაკედემონელი მოლაპარაკებებს აწარმოებდა ტისაფერნესთან. მათ დაიწუნეს ქალკიდევსის და თერიმენესის ხელშეკრულებები. მათი აზრით, დაუშვებელი იყო მეფისთვის იმ მიწების გადაცემა, რასაც ის ან მისი წინაპრები ოდესმე ფლობდნენ. მართლაც, ლაკედემონელებს ეს წინადადება რომ მიეღოთ, ყველა კუნძული, თესალია და ელიდა,ბეოტიის ჩათვლით, კვლავ მიდიელთა ხელში აღმოჩნდებოდა. მაშინ ლაკედემონელები ელინებს თავისუფლების ნაცვლად მიდიელთა ბატონობას მოუტანდნენ. ამიტომ მათ მოითხოვეს ახალი უკეთესი ხელშეკრულების დადება, ან ყოველ შემთხვევაში ძველის გაუქმება. ამ პირობებში ლაკედემონელებს არ სჭირდებოდათ ფლოტისა დალაშქრის დაფინანსება. აღშფოთებულმა ტისაფერნესმა მოლაპარაკებები ისე მიატოვა, რომ ვერაფერზე შეთანხმდნენ.

ამასობაში პელოპონესელებს როდოსელმა ოლიგარქებმაც მიმართეს. პელოპონესელებმა გადაწყვიტეს მიემხროთ ეს კუნძული, რომელსაც დიდი საზღვაო და სახმელეთო ძალა ჰქონდა. მასთან დაკავშირების შემდეგ, მათ ფლოტის შესანახად ტისაფერნესის ფული აღარ დასჭირდებოდათ. პელოპონესელები ოთხმოცდათოთხმეტი ხომალდით მიადგნენ როდოსს და მოსახლეობა დაარწმუნეს, განდგომოდნენ ათენელებს. ათენელებმა სასწრაფოდ მიაშურეს როდოსს, მაგრამ უკვე გვიანი აღმოჩნდა. შემდგომში ისინი თავდასხმებს აწყობდნენ როდოსზე ქალკედან და კოსიდან. პელოპონესელებმა როდოსს ოცდათორმეტი ტალანტის გადახდა დააკისრეს, ხომალდები ხმელეთზე აათრიეს და ოთხმოცი დღის მანძილზე უმოქმედოდ იყვნენ.

ქალკიდევსის დაღუპვის შემდეგ ალკიბიადესმა პელოპონესელებს ეჭვი აღუძრა და ასტიოქოსს ლაკედემონიდან მისი მოკვლის ბრძანებაც კი გაუგზავნეს. ამიტომ ტისაფერნესს შეაფარა თავი. ახლა იგი ცდილობდა, ყველანაირად ევნო პელოპონესელთათვის, პირველ რიგში, სატრაპი განეწყო მათ წინააღმდეგ. ტისაფერნესი დაარწმუნა მენიჩბეთა ხელფასი სამ ობოლამდე შეემცირებინა.

ალკიბიადესი აგრეთვე ურჩევდა ტისაფერნესს, არ დაეჩქარებინა ომის დასასრული და არ ჩაერთო საქმეში ფინიკიელთა ფლოტი. მისი აზრით, მეფეს უნდა შეენარჩუნებინა წონასწორობა ელინთა ორ ძალას შორის და ერთი მეორის წინააღმდეგ გამოეყენებინა. თუ ერთი მხარე გაიმარჯვებდა და ზღვასა და ხმელეთზე გაბატონდებოდა, მაშინ მეფეს ვინღა დაეხმარებოდა გამარჯვებულთან ჭიდილში? საბოლოოდ, მეფეს თავად მოუწევდა ომი ბევრად მეტი დანახარჯებითა და ხიფათით. ახლა კი სრულიად უსაფრთხოდ და მცირე ფულით მას შეეძლო მიეშვა ელინები, რათა მათ ერთმანეთი დაესუსტებინათ.

ალკიბიადესის აზრით, მეფისთვის უფრო მოსახერხებელი იყო ათენელებთან ძალაუფლების გაყოფა, რადგან ისინი, ლაკედემონელთაგან განსხვავებით, არ ესწრაფოდნენ დაპყრობებს ხმელეთზე. ათენელები კუნძულებს დაიკავებდნენ, ტისაფერნესი კი – ელინურ ქვეყნებს აზიის სანაპიროზე. ლაკედემონელები კი მათ გასათავისუფლებლად მოვიდნენ და, საეჭვოა, ისინი ათენელთაგან იმისთვის დაიხსნან, რომ მეფეს გადასცენ. ალკიბიადესი ურჩევდა ტისაფერნესს, ჯერ ორივე მხარე გამოეფიტა და შემდეგ ლაკედემონელებიც განედევნა აზიიდან. სატრაპმა, თუ მისი მოქმედების მიხედვით ვიმსჯელებთ, მიიღო ეს გეგმა. მან შეუმცირა ხელფასი მეომრებს, არ ჩქარობდა ფინიკიური ფლოტის საქმეში ჩართვას და ლაკედემონელთა ფლოტის ოპერაციებსაც აყოვნებდა.

ალკიბიადესს სჯეროდა, რომ მისი რჩევა სასარგებლო იყო მისი მასპინძლებისთვის. ამავე დროს, მას იმედი ჰქონდა, რომ სამშობლოში დაბრუნდებოდა. თუ საბოლოოდ არ დაღუპავდა თავის ქვეყანას, იგი მოახერხებდა თანამემამულეთა დარწმუნებას, რომ ისისევ მიეღოთ. ტისაფერნესთან მეგობრობა ამ თვალსაზრისითაც სასარგებლო იყო. მართლაც, სამოსზე მყოფმა ათენელებმა შეიტყვეს, რომ ალკიბიადესს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა სატრაპის კარზე. ალკიბიადესმაც შეუთვალა გავლენიან ხალხს და ლაშქარს ათენში, რომ იგი მზად არის მათთან ერთად ემსახუროს სამშობლოს, მაგრამ არა ბრბოს, რომელმაც იგი განდევნა. ხომალდების მეთაურები და სხვა გავლენიანი ათენელები მისგან დამოუკიდებლადაცფიქრობდნენ დემოკრატიის შეცვლაზე.

დემოკრატიის მიმართ უნდობლობა ჯერ სამოსზე გაჩნდა და შემდეგ გადაედო ქალაქსაც. რამდენიმე კაცი სამოსიდან დაუკავშირდა ალკიბიადესს. იგი დაჰპირდა მათ ჯერ ტისაფერნესთან, შემდეგ კი თვით მეფესთან დამეგობრებას, თუ დემოკრატიას შეცვლიდნენ და ამით მეფის ნდობას მოიპოვებდნენ. წარჩინებულ მოქალაქეებს, რომლებიც განსაკუთრებით იტანჯებოდნენ ომის უბედურებათაგან, გაუჩნდათ არა მარტო ომში გამარჯვების, არამედ ხელისუფლებაში მოსვლის იმედიც.

სამოსზე დაბრუნებულებმა მოძებნეს თანამზრახველები და მეომრებს განუცხადეს, რომ მეფე ათენელთა მეგობარი გახდება და მათ ფულს გადაუხდის, თუ ალკიბიადესს დააბრუნებენ და დემოკრატიას დაამხობენ. მეომრები მეფის ფულმა მოხიბლა, მხოლოდ სარდალი ფრინიქოსი უყურებდა ეჭვის თვალით ამ წამოწყებას. მან იცოდა, რომ ალკიბიადესს მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებდა და არა დემოკრატია თუ ოლიგარქია. მეფის დახმარებაც სათუო იყო, სანამ ლაკედემონელებს ძლიერი ფლოტი ჰყავდათ და მნიშვნელოვანი ქალაქებიც ეპყრათ. წყობის შეცვლა ათენს ვერც ძველ მოკავშირეებს დაუბრუნებდა და ვერც ამჟამინდელთა ერთგულებას განამტკიცებდა – მათთვის მონობა ნებისმიერ წყობაში მონობად დარჩებოდა.

შეთქმულებმა მაინც მოიწონეს ალკიბიადესის წინადადება და ათენში ხალხი გაგზავნეს პეისანდროსის მეთაურობით საქმის მოსაგვარებლად.

ფრინიქოსი ხვდებოდა, რომ ათენელები დააბრუნებდნენ ალკიბიადესს, ხოლო ეს უკანასკნელი მასზე შურს იძიებდა, ამიტომ გადაწყვიტა ზომები მიეღო. მან წერილი მისწერა ასტიოქოსს, რომ ალკიბიადესი ცდილობდა ტისაფერნესის ათენელთათვის მიმხრობას. ასტიოქოსმა კი ამის შესახებ ალკიბიადესს და ტისაფერნესს აცნობა. როგორც ამბობენ, იგი მოსყიდული იყო და საიდუმლო მოლაპარაკებებს აწარმოებდა სატრაპთან. ალკიბიადესმა სამოსზე მყოფ სარდლებს შეატყობინა ფრინიქოსის ღალატი და მისი სიკვდილით დასჯა მოითხოვა.

შეშფოთებულმა ფრინიქოსმა კვლავ მისწერა ასტიოქოსს წერილი და უსაყვედურა საიდუმლოს გამხელა. ამავე დროს, მან პელოპონესელებს შესთავაზა გაუმაგრებელ სამოსზე თავდასხმისა და ათენელთა ლაშქრის განადგურების დეტალური გეგმა. ასტიოქოსმა ამ წერილის შესახებაც აცნობა ალკიბიადესს.

ფრინიქოსმა გაითვალისწინა ასტიოქოსის მუხანათობა და ლაშქარს აცნობა მტრის მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ. მან სასწრაფოდ წამოიწყო კუნძულზე სიმაგრეების მშენებლობა. ამ დროს მოვიდა ალკიბიადესის წერილი, რომელშიც იგი სარდალს ღალატშიადანაშაულებდა, მაგრამ მას არ დაუჯერეს. ამდენად ალკიბიადესმა ვერაფერი ავნო ფრინიქოსს, პირიქით, მხოლოდ გაამყარა მისი მდგომარეობა.

ალკიბიადესი ყველანაირად ცდილობდა, ტისაფერნესი ათენელთათვის მიემხრო. სატრაპს აშინებდა პელოპონესელთა ძლიერება, მაგრამ იგი ალკიბიადესსაც უწევდა ანგარიშს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ლაკედემონელებმა თავად დაადასტურეს ალკიბიადესის სიტყვები, რომ ისინი ელინთა გასათავისუფლებლად იყვნენ მოსულნი.

ამასობაში პეისანდროსი და ათენელი ელჩები სამოსიდან ათენში ჩავიდნენ. სახალხო კრებას მათ ზოგადად მოახსენეს მდგომარეობის შესახებ და ამცნეს, რომ შესაძლებელი იყო მეფესთან შეთანხმება და ლაკედემონელთა ძლევა, თუ ალკიბიადესს დააბრუნებდნენ და უკიდურეს დემოკრატიაზე უარს იტყოდნენ. ხალხი თავიდან ცუდად   შეხვდა ამ აზრს, მაგრამ ელჩებმა დაარწმუნეს, რომ ეს ერთადერთი გამოსავალი იყო. გადაწყდა, პეისანდროსი და კიდევ ათი კაცი გაეგზავნათ ტისაფერნესთან და ალკიბიადესთან მოსალაპარაკებლად.

პეისანდროსის საჩივრის საფუძველზე, ხალხმა ფრინიქოსს სარდლობა ჩამოართვა და ფლოტი დიომედონსა და ლეონს ჩააბარა. პეისანდროსმა შემოიარა პოლიტიკური დაჯგუფებები და დაარწმუნა ისინი, ერთიანი ძალებით გამოსულიყვნენ დემოკრატიის წინააღმდეგ. შემდეგ კი ტისაფერნესთან გაემართა. ამასობაში ლეონმა და დიომედონმა სამოსზე ათენის ფლოტი გადაიბარეს და იმავე ზამთარს როდოსი დალაშქრეს. მათ აღმოაჩინეს ნაპირზე ათრეული პელოპონესური ხომალდები, სძლიეს როდოსელებს დაქალკეზე დაბრუნდნენ. აქედან უფრო იოლად შეეძლოთ თვალყურის დევნება პელოპონესელთა ესკადრის გადაადგილებისთვის. ათენელთა სიმაგრე ქიოსზე უკვე მზად იყო და ლაკედემონელებმა გადაწყვიტეს, ქიოსელებისთვის დახმარება გაეგზავნათ. თავიდანმათ მოახერხეს კედლის ნაწილისა და რამდენიმე ათენური ხომალდის ხელში ჩაგდება, მაგრამ ათენელთა ძირითადმა ძალებმა საბოლოოდ დაამარცხეს მტერი და დიდი ნადავლი იგდეს ხელთ. ქიოსი ალყაში აღმოჩნდა და ქალაქში შიმშილი დაიწყო.

პეისანდროსი და სხვა ათენელი ელჩები ტისაფერნესთან ჩავიდნენ. ალკიბიადესი ხე დავდა, რომ სატრაპი ჯერაც დიდ ანგარიშს უწევდა პელოპონესელებს და ცდილობდა ორივე მხარე დაესუსტებინა. მაშინ ალკიბიადესმა ამგვარ ხერხს მიმართა: დაარწმუნა სატრაპი, ათენელთათვის მიუღებელი მოთხოვნები წაეყენებინა, რათა შეთანხმება არ შემდგარიყო. ათენელები თავიდან ყველაფერზე თანახმანი იყვნენ, მაგრამ ბოლოს მიხვდნენ, რომ მათ ატყუებდნენ და განრისხებულები სამოსზე დაბრუნდნენ.

იმავე ზამთარს ტისაფერნესმა პელოპონესელები მილეტოსში მიიწვია, რათა მათთან ახალი ხელშეკრულება დაედო. მას ხელსარ აძლევდა პელოპონესელებთან განხეთქილება. ტისაფერნესმა გადაწყვიტა გადაეხადა მათი მეომრებისთვის ხელფასი, რათა მათი ფლოტი არ დაშლილიყო და ყაჩაღობა არ დაეწყოთ. ახალი ხელშეკრულებით, მეფე ინარჩუნებდა აზიურ სამფლობელოებს და

იღებდა ვალდებულებას, სამეფო ფლოტის ჩამოსვლამდე შეენახა ლაკედემონელთა ხომალდები.

ამის შემდეგ ტისაფერნესმა დაიწყო სამზადისი ფინიკიური ფლოტის ჩამოსაყვანად და სხვა ვალდებულებათა შესასრულებლად. ზამთრის მიწურულს ბეოტიელებმა დაიკავეს ოროპოსი და განდევნეს იქიდან ათენელთა გარნიზონი, რის შემდეგაც ერეტრიელებმა როდოსზე კაცი გაგზავნეს და პელოპონესელებს ევბეაზე თავდასხმა სთხოვეს. პელოპონესელებს, პირველ რიგში, ქიოსისდახმარება სურდათ და როდოსიდან დაიძრნენ. გზაში ისინი ათენელთა ხომალდებს შეხვდნენ. ვერც ერთმა ესკადრამ ვერ გაბედა მოწინააღმდეგეზე თავდასხმა და ისინი უკან გაბრუნდნენ. პელოპონესელები საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ საზღვაო ბრძოლის გარეშე ქიოსს ვერ გაათავისუფლებდნენ. ასე დასრულდა ომის მეოცე წელი.

გაზაფხულზე ქიოსელებმა საზღვაო ბრძოლა გაუმართეს ათენელებს. სასტიკ ბრძოლაში ქიოსელები არ დამარცხებულან და დაღამებისას ქალაქში დაბრუნდნენ.

ლაკედემონელებმა ჰელესპონტისკენ გაგზავნეს სპარტელი დერკილიდასი მცირე რაზმით, რათა მას აბიდოსში აჯანყება მოეწყო. აბიდოსი და ლამპსაკოსი დერკილიდასს და ფარნაბაძოსს მიემხრნენ. ათენელებმა დაუყოვნებლივ გაგზავნეს სტრომბიქიდასი ოცდაშვიდი ხომალდით. მან დაამარცხა ლამპსაკელები და იერიშით აიღო ქალაქი, აბიდოსის აღება კი ვერ მოახერხა და ჰელესპონტზე კონტროლის დასამყარებლად სესტოსში დაბანაკდა.

ამასობაში ქიოსელებმა და პელოპონესელებმა უფრო თავისუფლად დაიწყეს ზღვაზე მოქმედება. ათენელები ერთმანეთს არენდობოდნენ და მათ წინააღმდეგ ზღვაში არ გადიოდნენ.

დაახლოებით ამ დროს ათენში დემოკრატია დაემხო. სამოსზე დაბრუნების შემდეგ პეისანდროსმა და სხვა ელჩებმა განამტკიცეს თავიანთი გავლენა ლაშქარზე და გადაწყვიტეს ალკიბიადესის გარეშე მიეყვანათ საქმე ბოლომდე. მათ სცადეს აღედგინათ სამოსზე ოლიგარქია. ისინი სხვა მოკავშირე ქვეყნებშიც დემოკრატიულ წყობასოლიგარქიულით ცვლიდნენ.

ათენში ჩასულმა პეისანდროსმა შეიტყო, რომ ახალგაზრდა შეთქმულებს მოეკლათ ანდროკლესი და დემოკრატიის მომხრეთა რამდენიმე თავკაცი. ამის შემდეგ შეთქმულებმა სახალხო კრებას შესთავაზეს, სახელმწიფოს ხელფასი გადაეხადა მხოლოდ სამხედრო სამსახურში მყოფ მოქალაქეთათვის და სახელმწიფო საქმეებში ჩართული ყოფილიყო არა უმეტეს ხუთი ათასი მოქალაქისა, რომლებსაც შეეძლებოდათ ქვეყნის სამსახური, გამომდინარე მათი პირადი ღირსებებიდან და ქონებრივი მდგომარეობიდან.

ეს წინადადებები მიზნად ისახავდა მოქალაქეთათვის გზა-კვალის აბნევას და რეალური ხელისუფლების შეთქმულთა ხელში გადასვლას. სახალხო კრება და ხუთასის საბჭო ჯერ კიდევ იკრიბებოდა, მაგრამ მხოლოდ შეთქმულთა მიერ წინასწარ მოწონებულ საქმეებს განიხილავდნენ. ხალხი დაშინდა, მან არ იცოდა შეთქმულთა რეალური რაოდენობა და ძალა და ამიტომ თითოეულ მოქალაქეს ერჩია თავი ხიფათში არ ჩაეგდო.

ასეთ მდგომარეობაში იყო ათენი, როდესაც პეისანდროსი და მისი მეგობრები იქ ჩავიდნენ და გადატრიალების დასრულებას შეუდგნენ. მათ მოიწვიეს სახალხო კრება და აარჩევინეს მას ათკაციანი კომისია სახელმწიფო მოწყობის შესამუშავებლად. დათქმულ დღეს კომისიამ წარუდგინა სახალხო კრებას მხოლოდ ერთი წინადადება: ამიერიდან თითოეულ მოქალაქეს დაუსჯელად უნდა შესძლებოდა ნებისმიერი წინადადების წარდგენა. მხოლოდ ამის შემდეგ აშკარად შეიტანეს ახალი პროექტი, რომლის მიხედვითაც უქმდებოდა ყველა სახელმწიფო თანამდებობა და ირჩევდნენ ხუთკაციან საბჭოს. ეს ხუთი კაცი შეარჩევდა კიდევ ასს, ისინი კი (თითოეული) – სამ-სამს. ეს „ოთხასი“ კაცი დაიკავებდა საბჭოს შენობას და მართავდა ქვეყანას, აღჭურვილი განუსაზღვრელი უფლებებით. მათ შეეძლოთ, საჭიროების შემთხვევაში, მოეწვიათ კრებაზე ხუთი ათასი მოქალაქე.

ეს წინადადება პეისანდროსს ეკუთვნოდა. მასთან ერთად გადატრიალებას თაობდნენ ანტიფონი, ფრინიქოსი, თერამენესი. გადატრიალება სწორედ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ მას ბევრი გონიერი და ნიჭიერი ადამიანი ხელმძღვანელობდა. არ იყო იოლი თავისუფლების წართმევა ათენელთათვის, რომლებმაც ასი წლისწინ დაამხეს ტირანია და რომლებიც თავისუფლებასა და სხვებზემბრძანებლობას იყვნენ მიჩვეულნი.

მას შემდეგ, რაც სახალხო კრებამ დაამტკიცა ეს წინადადებები, იგი დაითხოვეს, ხოლო „ოთხასმა“ და სხვა შეთქმულებმა ძალით დაიკავეს საბჭოს შენობა.

საბჭოს წევრებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. სხვა მოქალაქეებიც სიმშვიდეს ინარჩუნებდნენ. „ოთხასმა“ წილისყრით შეარჩიათანამდებობის პირები და ჩაატარა ასეთი შემთხვევისათვის გათვალისწინებული მსხვერპლშეწირვა. მათ გააუქმეს დემოკრატიული მთავრობის დადგენილებები, მხოლოდ დევნილები არ დაუბრუნებიათ, პირველ რიგში ალკიბიადესს. თავიანთ მოწინააღმდეგეთაგან ზოგი სიკვდილით დასაჯეს, ზოგი დაატყვევეს, ზოგიც ქვეყნიდან განდევნეს. მათ სამშვიდობო წინადადებები გაუგზავნეს დეკელეაში აგისს.

აგისს არ სჯეროდა, რომ ათენელები ასე იოლად იტყოდნენ თავისუფლებაზე უარს. მან გადაწყვიტა, ათენის კედლებთან მისულიყო და ამით ქალაქში არეულობა გამოეწვია. მაგრამ მტრის გამოჩენას ქალაქი მშვიდად შეხვდა. ათენელმა მხედრებმა დახოცეს კედლებთან ახლოს მისული ჰოპლიტები და მსუბუქად შეიარაღებული ქვეითები და ნადავლს და მათ საჭურველს დაეუფლნენ. აგისი მიხვდა თავისშეცდომას და დეკელეაში დაბრუნდა, რის შემდეგაც სამშვიდობო მოლაპარაკებები განახლდა.

„ოთხასმა“ მათი წარმომადგენელი გაგზავნა სამოსზე, რათა ლაშქარი დაემშვიდებინათ და აეხსნათ მათთვის, რომ ოლიგარქიული მმართველობა ქვეყნის გადასარჩენად დამყარდა და არა მოქალაქეთა ჩაგვრისთვის. ქვეყანას, მათი მტკიცებით, ხუთი ათასი კაცი მართავდა. ადრეც უმნიშვნელოვანეს საკითხთა გადასაწყვეტად ხუთი ათასი კაცი იშვიათად მიდიოდა სახალხო კრებაზე. მთავრობის წარმომადგენლებს ლაშქრისთვის უნდა ეცნობებინათ სხვა ზომების შესახებაც. ისინი საფუძვლიანად შიშობდნენ, რომ მეზღვაურთა დიდი ნაწილი არ შეეგუებოდა ოლიგარქიულ წყობას. მართლაც, სანამ ათენში „ოთხასის“ გადატრიალება მზადდებოდა, სამოსზე დაიწყო მოძრაობა ოლიგარქიის წინააღმდეგ. სამოსელთა ჯგუფმა, პეისანდროსის გავლენით, სამასამდე თანამოაზრე შეკრიბა და დემოკრატებზე თავდასხმას აპირებდა. დემოკრატებმა გააფრთხილეს სარდლები ლეონი და დიომედონი, აგრეთვე თრასიბულოსი, თრასილოსი და შეთქმულთა ზოგიერთი სხვა მოწინააღმდეგე და სთხოვეს მათ, არ ჩაეგდოთ მტრის ხელში სამოსი, ათენის უკანასკნელი დასაყრდენი. მართლაც, ოლიგარქების თავდასხმის დროს, ათენელმა მეზღვაურებმა დემოკრატებს დაუჭირეს მხარი და მათი გამარჯვება უზრუნველჰყვეს.

სამოსელებმა და ათენელებმა სასწრაფოდ გაგზავნეს ხომალდი ათენში, რათა გადატრიალების შესახებ ეცნობებინათ. მათ ჯერ არ იცოდნენ, რომ ათენში ხელისუფლება უკვე „ოთხასს“ ეკუთვნოდა. როგორც კი ხომალდი ნავსადგურში შევიდა, მთავრობის ბრძანებით,მისი რამდენიმე თავკაცი დააპატიმრეს, ხოლო ეკიპაჟი სხვა გემებზე გადაანაწილეს. ოლიგარქიის აშკარა მოწინააღმდეგემ, ათენელმა ქაირეასმა მოახერხა გაქცევა და სამოსზე ჩააღწია. მან მეტისმეტად მუქ ფერებში დაუხატა თანამებრძოლებს ათენის მოვლენები. მეომრები აღშფოთდნენ და ოლიგარქებზე გალაშქრება მოინდომეს. თუმცა, ზომიერმა ხალხმა მოახერხა მათი დამშვიდება. თრასიბულოსმა და თრასილოსმა აშკარად გამოაცხადეს დემოკრატია სამოსზე. მათ დაიფიცეს, რომ გააგრძელებდნენ ომს პელოპონესელებთან და ამავე დროს იქნებოდნენ „ოთხასის“ მტერი და მათთან მხოლოდ მაცნის მეშვეობით ილაპარაკებდნენ. ბრძოლისუნარიანმა სამოსელებმაც ერთგულება შეჰფიცეს ათენელ მეომრებს და ისინი გაერთიანდნენ, რათა ჭირი და ლხინი ერთად გაეზიარებინათ.

ასე დაიწყო ბრძოლა ორ დაჯგუფებას შორის: ერთნი ცდილობდნენ აღედგინათ დემოკრატია, მეორენი – ლაშქარი და ფლოტი ოლიგარქებისთვის დაემორჩილებინათ. მეომრები შეიკრიბნენ, გადააყენეს სარდლები, ვინც ოლიგარქიას თანაუგრძნობდა, და აირჩიეს ახლები, მათ შორის თრასიბულოსი და თრასილოსი. ისინი ერთმანეთს ამხნევებდნენ და სიმტკიცისკენ მოუწოდებდნენ. სამოსზე მათი მდგომარეობა საკმაოდ მყარი იყო. ისინი ბატონობდნენ ზღვაზე და უკეთ შეძლებდნენ მოკავშირეთაგან ფულისა და სურსათის მოპოვებას, ვიდრე ათენის ხელისუფლება. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ალკიბიადესი მეფესთან დააკავშირებდა. უარესშემთხვევაში, სრული მარცხის შემდეგაც კი, ამოდენა ფლოტით ისინი შეძლებდნენ თავისთვის ახალი მიწა ეპოვათ.

მეომრები გაათკეცებული ძალით ემზადებოდნენ ომისთვის, „ოთხასის“ წარმომადგენლებმა კი ვერ გაბედეს ჩასვლა.

ამასობაში პელოპონესელთა ესკადრაში უკმაყოფილება მწიფდებოდა. მეზღვაურები ჩიოდნენ, რომ ასტიოქოსი და ტისაფერნესიღუპავენ მათ. ასტიოქოსი ადრეც გაურბოდა მტერთან ბრძოლას დაახლაც, როდესაც ათენელები აირივნენ, ხოლო მათი ფლოტი გაფანტული იყო, ძველებურად იქცეოდა. იგი კვლავაც ამაოდ ელოდა ტისაფერნესის ფინიკიურ ესკადრას. ტისაფერნესი კი მათ ფლოტს ასუსტებდა ხელფასის უწესრიგოდ და ნაწილობრივად გადახდით.ამიტომ ისინი გადამწყვეტ ბრძოლას მოითხოვდნენ.

ასტიოქოსმა გაითვალისწინა ლაშქრის განწყობილება და ბრძოლის გამართვა გადაწყვიტა. ას თორმეტი ხომალდით ის მიკალესკენ გაემართა. ათენელთა ოთხმოცდაორმა ხომალდმა სამოსისკენ დაიხია. ათენელები სტრომბიქიდესის ესკადრას ელოდნენ აბიდოსიდან. პელოპონესელები მიკალესთან განლაგდნენ და მეორე დღეს სამოსზე თავდასხმას აპირებდნენ, მაგრამ შეიტყვეს მაშველი ძალის მოსვლის შესახებ და მილეტოსში გაბრუნდნენ. მაშინ ათენელებმა ას რვა ხომალდით მილეტოსისკენ გაცურეს, მაგრამ მტერი ზღვაზე არ გამოჩნდა და ისინი უკან დაბრუნდნენ.

პელოპონესელებმა არ იცოდნენ, სად ეშოვათ ფული ხომალდების შესაკეთებლად და ორმოცი ხომალდი კლეარქოსის სარდლობით ფარნაბაძოსს გაუგზავნეს. პელოპონესელთა ესკადრა ღია ზღვაში გავიდა, რათა ათენელებს არ შეხვედროდა, მაგრამ ქარიშხალში მოჰყვა. ხომალდების დიდი ნაწილი უკან დაბრუნდა, ათმა კი ჰელესპონტს მიაღწია.

სამოსელი სარდლები, განსაკუთრებით თრასიბულოსი, ალკიბიადესის დაბრუნების მომხრენი იყვნენ და მათ სახალხო კრებაც დაიყოლიეს. ალკიბიადესი სამოსზე ჩავიდა. მან მოიპოვა ლაშქრის ნდობა და სარდლის თანამდებობა. მეომრები მზად იყვნენ, გაელაშქრათ ათენზე, მაგრამ ალკიბიადესმა უარყო ეს აზრი დაგადაწყვიტა ტისაფერნესთან გაეგრძელებინა მოლაპარაკებები. ათენელთა სარდლად არჩევის შემდეგ მას შეეძლო ტისაფერნესი ათენელებით დაეშინებინა, ათენელები კი – ტისაფერნესით.

ალკიბიადესის დაბრუნების შემდეგ მილეტოსში მყოფ პელოპონესელებს ტისაფერნესისა და ასტიოქოსისადმი უნდობლობა გაუღრმავდათ.

ასტიოქოსი ძლივს გადაურჩა მეზღვაურთა ანგარიშსწორებას, ხოლო მილეტელებმა აიღეს ტისაფერნესის სიმაგრე და იქიდან მისი გარნიზონი განდევნეს.

ლაკედემონელებმა ფლოტის სარდლად მინდაროსი დანიშნეს. მან გადაიბარა ასტიოქოსისგან სარდლობა, ასტიოქოსი კი ლაკედემონში გაემგზავრა. მას ახლდა ტისაფერნესის ელჩიც, რომელსაც სატრაპი შესაძლო ბრალდებებისგან უნდა დაეცვა. ლაკედემონში ტისაფერნესის დასადანაშაულებლად გაემგზავრნენ მილეტელი ელჩებიც და სირაკუზელი ჰერმოკრატესიც.

ამასობაში სამოსზე ჩავიდნენ ალკიბიადესიც და მთავრობის ელჩებიც. მებრძოლებს ელჩების მოსმენა არ სურდათ და პირეოსზე გალაშქრებას ითხოვდნენ. ალკიბიადესმა მოახერხა მათი დაშოშმინება და ხელი ააღებინა არა მარტო ლაშქრობაზე, არამედ ელჩების დასჯაზეც. ალკიბიადესმა გაათავისუფლა ელჩები და მათ ასეთი რჩევა მისცა: ის არ იყო „ხუთი ათასის“ მმართველობის წინააღმდეგი, მაგრამ „ოთხასი“ უნდა გაეუქმებინათ და „ხუთასის“ საბჭო აღედგინათ. მან მოიწონა ხარჯების შემცირება და მოუწოდა ათენელებს, არაფერი დაეთმოთ მტრისათვის. თუ ისინი მტერს გადაურჩებოდნენ, მხარეები ერთმანეთში მოილაპარაკებდნენ, ხოლო სამოსზე ან ათენში მარცხის შემთხვევაში ისინი განწირულები იყვნენ.

იმ ზაფხულს ურთიერთობა პელოპონესელებსა და ტისაფერნესს შორის დაიძაბა. ეჭვების გასაფანტად, ტისაფერნესი ასპენდოსში წავიდა, რათა იქიდან ფინიკიური ესკადრა წამოეყვანა. გაუგებარი დარჩა, რატომ ვერ გასცდა ფინიკიელთა ას ორმოცდაშვიდი ხომალდი ასპენდოსს. ალკიბიადესიც ცამეტი ხომალდით ასპენდოსისკენ დაიძრა. ლაშქარს კი დაჰპირდა, რომ ან ფინიკიელებს ჩამოიყვანდა ან, უკიდურეს შემთხვევაში, მათ ხელს შეუშლიდა პელოპონესელებთან შეერთებაში. მან, როგორც ჩანს, თავიდანვე იცოდატისაფერნესის ჩანაფიქრი და ახლა თავისი ნაბიჯით ცდილობდა გაეღრმავებინა უთანხმოება ტისაფერნესსა და პელოპონესელებს შორის და სატრაპი ათენელთა მხარეს გადაებირებინა.

სამოსიდან დაბრუნებულმა ელჩებმა ათენელებს გადასცეს ალკიბიადესის სიტყვები. ისინი ყვებოდნენ, რომ ალკიბიადესს ჰქონდა ლაშქრის მოქალაქეებთან შერიგებისა და მტერზე საბოლოო გამარჯვების იმედი. გამხნევებული მოქალაქეები უფრო თამამად გამოთქვამდნენ მთავრობით უკმაყოფილებას. ამ განწყობას იზიარებდნენ თერამენოსი, არისტოკრატესი და ოლიგარქიული მთავრობის სხვა წევრებიც. მიუხედავად მათი გადატრიალებაში მონაწილეობისა, ახლა მათ ადარდებდათ, ერთი მხრივ, ლაშქარი დაალკიბიადესი, მეორე მხრივ კი, ლაკედემონში საიდუმლოდ გაგზავნილი ელჩობა. ისინი არ იყვნენ ოლიგარქიის წინააღმდეგნი, მაგრამ მოითხოვდნენ საქმით „ხუთი ათასის“ მმართველობის დამყარებას და ისონომიის დაცვას. სინამდვილეში ეს ლიტონი სიტყვები იყო და თითოეულს პირველობა უნდოდა, რაც საერთოდ ღუპავს კიდეც დემოკრატიიდან წარმოშობილ ოლიგარქიულ რეჟიმს.

„ოთხასელებს“ შორის დემოკრატიის აღდგენის მოწინააღმდეგეები იყვნენ ფრინიქოსი, არისტარქოსი, პეისანდროსი და ანტიფონი.მათ გაგზავნეს ელჩები ლაკედემონში მშვიდობის დასამყარებლად.ამასობაში გრძელდებოდა ეეტიონეას სიმაგრის მშენებლობა. სამოსიდან ელჩების დაბრუნების შემდეგ ოლიგარქებს უფრო სწრაფად მოქმედება მოუხდათ. მათ გაგზავნეს ანტიფონი და ფრინიქოსი ლაკედემონში, რათა მეტ-ნაკლებად მისაღებ პირობებზე ზავი დაედოთ, თან სიმაგრის მშენებლობა დააჩქარეს. თერამენესის აზრით, აქედან შესაძლებელი იქნებოდა, საჭიროების შემთხვევაში, მტრის შემოყვანა ქალაქში. იქვე იქნებოდა მარცვლეულის მარაგი.

ეჭვები უსაფუძვლო სულაც არ ჩანდა. ამ დროს ათენში ბაზრობაზე უამრავი ხალხის თვალწინ მოკლეს ლაკედემონიდან დაბრუნებული ფრინიქოსი. მკვლელმა მიმალვა მოახერხა და ხელისუფლებამ მის კვალს ვეღარ მიაგნო.

პირეოსის მახლობლად მტრის ხომალდების გამოჩენამ გააღრმავა ეჭვები. ჰოპლიტებმა, რომლებიც ციხეს აგებდნენ, დაატყვევეს სარდალი ალექსიკლესი. მათ ჰოპლიტების დიდი ნაწილი უჭერდა მხარს. როდესაც „ოთხასის“ საბჭომ ამის შესახებ შეიტყო, განგაშის გამოცხადება გადაწყვიტეს, ხოლო თერამენესსა და მის მომხრეებს ბრალდება წაუყენეს. თერამენესმა თავი იმართლა და თქვა, რომ მზად იყო თვითონ წასულიყო პირეოსში ტყვეთა გასათავისუფლებლად. მასთან ერთად გაემართა არისტარქოსი და რამდენიმე მხედარი. მთელი ქალაქი შეშფოთებული იყო. ათენელებს ეგონათ, რომ პირეოსი აჯანყებულებმა დაიკავეს, ხოლო პირეოსი თავდასხმას ელოდა. ხნიერი მოქალაქეები ძლივს აკავებდნენ ახალგაზრდებს და მათ სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ. თერამენოსისა და არისტარქოსის მისვლის შემდეგ ჰოპლიტებმა გაათავისუფლეს ალექსიკლესი, მაგრამ სიმაგრე დაანგრიეს. ისინი მოითხოვდნენ „ხუთი ათასის“ მმართველობის დამყარებას, სინამდვილეში კი დემოკრატიის აღდგენას ესწრაფოდნენ.

მეორე დღეს „ოთხასი“ სათათბიროდ საბჭოს შენობაში შეიკრიბა. შეიარაღებულმა ჰოპლიტებმა სახალხო კრება გამართეს და დიოსკურების ტაძართან საბრძოლველად დაეწყვნენ. „ოთხასის“ წარმომადგენლები ცდილობდნენ მათ დაშოშმინებას და ჰპირდებოდნენ უახლოეს ხანებში „ხუთი ათასის“ არჩევას. ჰოპლიტები დამშვიდდნენ და საბოლოო გადაწყვეტილება შემდეგი კრებისათვის გადადეს.

კრებისთვის დანიშნულ დღეს მათ შეიტყვეს მტრის ხომალდების მოახლოების შესახებ. ყველას ეგონა, რომ ეს ის საფრთხე იყო, რის შესახებაც მათ თერამენესი ეუბნებოდა. შესაძლოა, მართლა არსებობდა გარკვეული შეთანხმება, მაგრამ ისიც დასაშვებია, რომ მტერი, რომელმაც იცოდა ქალაქში არსებული ვითარება, ყოველი შემთხვევისათვის მის სიახლოვეს იმყოფებოდა. მთელი ქალაქი პირეოსისკენ გაემართა ნავსადგურის დასაცავად.

პელოპონესელთა ხომალდებმა კი გზა განაგრძეს, სუნიონს შემოუარეს და ოროპოსისკენ გაცურეს. ათენელებმა მათ დაადევნეს სასწრაფოდ აღჭურვილი ესკადრა. მეზღვაურების გამოუცდელობისა და უდისციპლინობის გამო ათენელებმა სასტიკი მარცხი განიცადეს, ოცდაორი ხომალდი და უამრავი ხალხი დაკარგეს. პელოპონესელები ევბეას დაეპატრონენ.

მარცხის შემდეგ ათენი არნახულმა შიშმა მოიცვა. არც სიცილიური ექსპედიციის დაღუპვას და არც სხვა გასაჭირს ასეთი სასოწარკვეთილება არ მოუგვრია მათთვის. სამოსზე აჯანყებული ლაშქარი იდგა, ხომალდები და მეზღვაურები ათენელებს აღარ ჰყავდათ და არც ის იცოდნენ, როდის იფეთქებდა ამბოხება თვით ქალაქში. მარცხის შედეგად მათ დაკარგეს ფლოტიც და ევბეაც, რომელზედაციყო დამოკიდებული მათი სურსათით მომარაგება.

ათენელები ყოველ წუთს ელოდნენ მტრის გამოჩენას პირეოსში. პელოპონესელებს რომ მეტი გაბედულება გამოეჩინათ, ამის გაკეთებას იოლად შეძლებდნენ. პირეოსთან ესკადრის დაყენებით ისინი მიაღწევდნენ შინაომს ათენში. თუ აჯანყებული ესკადრა მშობლიური ქვეყნის მიხმარებას გადაწყვეტდა, მაშინ პელოპონესელებს შეეძლებოდათ თავისუფლად მოქმედება იონიაში, ჰელესპონტსა დაკუნძულებზე. ამით ათენელთა მთელი სამფლობელოები მათ ხელში აღმოჩნდებოდა. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ზანტი ლაკედემონელები ათენელთათვის მოსახერხებელი მოწინააღმდეგეები აღმოჩნდნენ.

მარცხის შემდეგ ათენელებმა მაინც მოახერხეს ოცი ხომალდის აღჭურვა. მათ პნიქსზე მოიწვიეს სახალხო კრება და ძალაუფლება „ხუთი ათასს“ გადასცეს. მათ რიცხვში მხოლოდ ის მოქალაქეები შედიოდნენ, რომლებსაც საკუთარი მძიმე აღჭურვილობა ჰქონდათ. გაუქმდა ანაზღაურება სახელმწიფო თანამდებობებისათვის. მომდევნო სახალხო კრებებზედაც ათენელები იღებდნენ გადაწყვეტილებებს მათი წყობის შემდგომი სრულყოფისათვის. ეს წყობა ყველაზე კარგი იყო მათ შორის, რასაც მე მოვესწარი. იგი ოლიგარქიისა და დემოკრატიის გონივრულ ნაზავს წარმოადგენდა. სახელმწიფო წყობამ პირველად გამოიყვანა ქვეყანა იმ მძიმე მდგომარეობიდან, რომელშიც ის აღმოჩნდა. გადაწყდა დაებრუნებინათ ალკიბიადესსი და სხვა დევნილები. ალკიბიადესსა და სამოსზე მდგომ ლაშქარს უბრძანეს ომისთვის მზადება.

ოლიგარქების ბელადები დეკელეაში გაიქცნენ, არისტარქოსი კი გაემართა ოინოეში, მოტყუებით გამოიყვანა იქიდან ათენელთა გარნიზონი და ციხე მტერს ჩააბარა. ასე დასრულდა ათენში ოლიგარქთა მმართველობა და სამოქალაქო დაპირისპირება.

იმავე ზაფხულს მინდაროსმა პელოპონესის ესკადრა მილეტოსიდან ჰელესპონტში გადაიყვანა. ტისაფერნესის წარმომადგენლებს არ მიჰქონდათ მათთვის ფული, არც ფინიკიელთა გემები ჩანდნენ და არც ტისაფერნესი. ამ დროს ფარნაბაძოსმა თავისთან მიიწვია პელოპონესელები, რათა მათი ესკადრის დახმარებით აეჯანყებინა ათენელთა მოკავშირე ქვეყნები. მინდაროსმა სამოცდაცამეტი ხომალდი მოულოდნელად დაძრა ჰელესპონტის მიმართულებით.

მისი ესკადრა ქარიშხალმა შეაყოვნა და ქიოსთან გარიყა.
თრასილოსი სწრაფოდ დაიძრა ორმოცდათხუთმეტი ხომალდით, რათა მისთვის ჰელესპონტისკენ გზა გადაეღობა. როდესაც მან გაიგო, რომ მინდაროსი ქიოსზე იმყოფებოდა, მოაწყო საგუშაგოები ლესბოსსა და ხმელეთზე კუნძულის პირდაპირ. თვითონ კი მეთიმნესკენ გაემართა, რათა სურსათი მოემარაგებინა და იქიდან დასხმოდა თავს ქიოსს, თუ მინდაროსი იქ გაჩერდებოდა. ამასთან ერთად, თრასილოსს უნდოდა ამბოხებული ერესოსის აღება. აქ თავი მოიყარა ათენელთა სამოცდაშვიდმა ხომალდმა და მათი ეკიპაჟები ქალაქის ალყას შეუდგნენ.

ამასობაში პელოპონესის ესკადრამ ქიოსზე ორი დღის საგზალი აიღო და ზღვაში გავიდა. ისინი ცდილობდნენ გვერდი აევლოთ ათენელთა ესკადრისთვის და ლესბოსის გასწვრივ შემოვლითი გზით გაცურდნენ.

ამასობაში სესტოსთან მდგომმა ათენელთა თექვსმეტი ხომალდისგან შემდგარმა ესკადრამ მიიღო ცნობა მტრის მოახლოების შესახებ. ისინი ღამითვე დაიძრნენ, რათა მტრის მოსვლამდე მოესწროთ ღია ზღვაში გასვლა. ათენელებმა შეუმჩნევლად აუარეს გვერდი აბიდოსთან მდგომ ესკადრას და დილით მინდაროსს შეხვდნენ.ხომალდების უმრავლესობამ მოასწრო თავი შეეფარებინა იმბროსისა და ლემნოსისთვის, ოთხი ხომალდი კი მტერს ჩაუვარდა ხელში.

პელოპონესელთა ორი ესკადრა შეერთდა და ოთხმოცდაექვსი ხომალდით ისინი თავს დაესხნენ ელაიუნტს, მაგრამ ქალაქი ვერ აიღეს და აბიდოსთან მობრუნდნენ. ერესოსთან მდგომი ათენელები მიხვდნენ, რომ მოტყუვდნენ გათვლებში და მოწინააღმდეგემ მათ გვერდი აუარა. მათ კურსი აიღეს ჰელესპონტისკენ, ელაიუნტს მიადგნენ და საბრძოლოდ გაემზადნენ.

ათენელები ერთ ხაზზე გამწკრივდნენ და სანაპიროს გასწვრივ სესტოსისკენ გაცურეს. პელოპონესელებმა შეამჩნიეს მოწინააღმდეგე და აბიდოსიდან გამოვიდნენ. პელოპონესელთა მარჯვენა ფლანგზე სირაკუზელთა ხომალდები იდგნენ, მარცხენაზე კი – თვით მინდაროსი, მისი ყველაზე სწრაფმავალი გემებით. ათენელთა მარცხენა ფლანგს თრასილოსი სარდლობდა, მარჯვენას კი – თრასიბულოსი.

პელოპონესელები ჩქარობდნენ ბრძოლის დაწყებას. მათი გეგმები ასეთი იყო: ალყაში მოექციათ ათენელთა მარჯვენა ფრთა და მოეჭრათ მისთვის სრუტიდან გასასვლელი; ამავდროულად ცენტრი უკუეგდოთ ნაპირამდე. ათენელებმა გამოიცნეს მოწინააღმდეგის გეგმა, გაჭიმეს ხომალდების ხაზი იმ მიმართულებით, სადაც მოწინააღმდეგე მათთვის გზის გადაღობვას აპირებდა. ამით ათენელთა ცენტრი შესუსტდა.

პელოპონესელებმა შეუტიეს ათენელთა ცენტრს, მოიმწყვდიეს ის ნაპირთან და მეტოქეს ხმელეთზე დაედევნენ. ცენტრს ვერ დაეხმარებოდნენ ფლანგებიდან, რადგან მათ კონცხი უფარავდა ხედს, თანაც მოწინააღმდეგის საკმაო რაოდენობის ხომალდებთან უწევდათ დაპირისპირება. მაგრამ როდესაც გამარჯვებულმა პელოპონესელებმა უშიშრად და უწესრიგოდ დაიწყეს დამარცხებული მტრისდევნა, მათი საბრძოლო მწყობრი აირია. თრასიბულოსი მოუტრიალდა მტერს, თავს დაესხა და უკუაგდო იგი. სირაკუზელებმაც ვერ გაუძლეს თრასიბულოსის იერიშს და გაიქცნენ. დამარცხების შემდეგ პელოპონესელები აბიდოსისკენ გაიქცნენ. ათენელებმა მტრის ხომალდების მხოლოდ მცირე რაოდენობა იგდეს ხელთ, რადგან ჰელესპონტში ბევრი თავშესაფარი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, გამარჯვება ძალზე დროული იყო. ამ დღემდე წვრილ-წვრილი წარუმატებლობებისა და სიცილიასთან კატასტროფის შემდეგ მათ პელოპონესელთა ფლოტის ეშინოდათ. ახლა კი მათ დაიბრუნეს საკუთარი ძალების რწმენა. ათენელებმა მტრის ოცდაერთი ხომალდი იგდეს ხელთ, თვითონ კი თხუთმეტი დაკარგეს. მათ გამარჯვების ნიშანი აღმართეს, ხომალდების ნამტვრევები შეაგროვეს და დაზავების შემდეგ მოწინააღმდეგეს დაღუპულთა ცხედრები გადასცეს.შემდეგ ათენში ტრიერი გაგზავნეს სასიხარულო ცნობით. ევბეაზე მარცხისა და ქალაქში არეულობის შემდეგ ათენელები ძლივს იჯერებდნენ ამ ბედნიერებას. მათ მდგომარეობა აღარ ეჩვენებოდათ განწირულად და გამარჯვების იმედი გაუჩნდათ.

ბრძოლიდან მეოთხე დღეს ათენელები სესტოსიდან აჯანყებული კიძიკოსისკენ დაიძრნენ. გზად ხელთ იგდეს პელოპონესელთა რვა ხომალდი და მათი სახმელეთო რაზმი. ათენელებმა კიძიკოსი დაიმორჩილეს და მას ხარკი დააკისრეს.

დაახლოებით ამავე დროს სამოსზე კავნოსიდან დაბრუნდა ალკიბიადესი ცნობით, რომ მან ხელი შეუშალა ფინიკიელთა ფლოტის პელოპონესელებთან შეერთებას და რომ ამიერიდან ტისაფერნესი ათენელებთან კავშირისკენ იხრებოდა.

ტისაფერნესმა შეიტყო, რომ პელოპონესელებმა მილეტოსიდან ჰელესპონტში გადაინაცვლეს, და იონიაში დაბრუნდა. პელოპონესელთა ჰელესპონტში ყოფნის დროს მათ ჰოპლიტები გაგზავნეს ანტანდროსში და იქიდან ტისაფერნესის ქვეშევრდომი არსაკოსი განდევნეს.

მილეტოსში, კნიდოსსა და ანტანდროსზე მომხდარის შემდეგ ტისაფერნესმა საბოლოოდ აიყარა გული პელოპონესელებზე. ის მათგან მხოლოდ ახალ უსიამოვნებებს ელოდა. ამასთან, ის ძალზეგაღიზიანდა, როდესაც გაიგო, რომ თარნაბაძოსმა ნაკლები დანახარჯებით და უფრო სწრაფად მიიმხრო პელოპონესელები და ათენელებთან ბრძოლაში მეტ შედეგსაც მიაღწია. ამიტომ ტისაფერნესმა გადაწყვიტა, ჰელესპონტში წასულიყო და გაესაჩივრებინა პელოპონესელთა საქციელი ანტანდროსში. ამავე დროს, თავი ემართლებინა ფინიკიელთა ესკადრის დაგვიანების გამო. ის თავიდან ეფესოსში ჩავიდა და არტემისს მსხვერპლი შესწირა. ასე დასრულდა ომის ოცდამეერთე წელი.

Комментариев нет:

Отправить комментарий